შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

სხვა საქართველოს დასანახად

0

ეს სპექტაკლი იქამდე ვნახე, ვიდრე მთელ დედამიწას ენით უთქმელი განსაცდელი დაატყდებოდა თავს. ფიქრები, რომლებიც მისი ნახვის შემდეგ გამომყვა,  სხვა სიხშირეზე იყო მომართული, სხვა ფერი ჰქონდა და მოთმინებით ვამწიფებდი მათ, რათა ზუსტად გადმომეცა ჩემი შთაბეჭდილება და ის სპექტაკლის სიმართლეს დამთხვეოდა…

მაგრამ ყველაფერი ისე აირია, როგორც ყველაზე აბსურდულ წარმოდგენაში. ჩვენ თვალწინ კი ის სინამდვილე გათამაშდა, რაც აქამდე მხოლოდ მხატვრული ტექსტების ფაბულა გვეგონა, წარმატებით გაყიდული აპოკალიპსური ჟანრის სასცენარო სქემები,  რაც აქამდე მხოლოდ გასართობად, თავშესაქცევ ატრაქციად  მოვუგონეთ ჩვენს პლანეტას – ეს ყოველივე, კიდევ უფრო შემზარავი სიმძაფრით, ახდა და კაცობრიობა კიდევ ერთხელ დატოვა დიდი თავსატეხის წინაშე.

დატოვა საერთოდაც, მგონი თავდაპირველი კითხვის პირისპირ: რას ნიშნავს სიცოცხლე დედამიწაზე და რისთვის ვჭირდებით სამყაროს?

მგონია, რომ ამის შემდეგ ყველაფერი სხვაგვარად შეფასდება და აღიქმება. კორონავირუსის ომი  ის წყალგამყოფი აღმოჩნდება, რომლის მეორე, მომავლის ნაპირზე დარჩენილები ყველა ფიქრს და საქციელს ნებით თუ უნებლიეთ, ამ ომის ხსოვნით დავიწყებთ. პანდემია გადაივლის, მაგრამ კაცობრიობის ცნობიერებაში ალბათ დატოვებს სამუდამო ვირუსს, მეხსიერების ბაქტერიას, რომელიც ჩვენს სასიცოცხლო სისტემას სამყაროს ენერგიებთან ახალი სიხშირეებით დააკავშირებს.

ჩემი ფიქრებიც, სპექტაკლის „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ შესახებ ახალი ულტრაბგერიდან იწყება. და, ახლა კიდევ უფრო საინტერესოდ მეჩვენება იგი, სულ უფრო და უფრო საინტერესოდ. რადგან ეს სპექტაკლი ხედვაზეა, ხედვის სინათლეზე, გულის თვალზე, რომელიც მაშინაც კი ახელილია, როცა ყველა ხედი დახშულია სამყაროში.

„ხედი სასტუმრო საქართველოდან“ უცნაური სპექტაკლია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ დაიდგა თბილისში, „აბრეშუმის თეატრში“ და როგორც იტყვიან, მაყურებელთაგან არავინ დატოვა გულგრილი. ეს გახლავთ სპეციფიკური პროექტი, რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობდნენ: თბილისის მერიის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება (პროექტის ხელმძღვანელი – სოფიო სიხარულიძე), ამავე უწყების თანამშრომელ უსინათლო ლაშა ცაიშვილის (იგია პროექტის კონსულტანტიც) შეთავაზებითა და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინკლუზიური პროექტების პროგრამისა და „სილქ ფექთორი სთუდიოს“ მხარდაჭერით. სწორედ ამ კომპანიის კუთვნილ „აბრეშუმის თეატრში“  გაიმართა სპექტაკლის პრემიერები. პროექტის თავისებურებას კი ის განაპირობებს, რომ ორ პროფესიონალ მსახიობთან (ლილი ხურითი და გივიკო ბარათაშვილი) ერთად, სპექტაკლში მოყვარული და თან უსინათლო მსახიობები მონაწილეობენ.

სპექტაკლის რეჟისორი იოანე ხუციშვილია (რეჟისორის ასისტენტი ილია ტატალაშვილი), პიესა საგანგებოდ ამ პროექტისათვის ალექს ჩიღვინაძემ დაწერა. საერთოდ, სპექტაკლის მხატვრულ ხარისხს შემოქმედებითი ჯგუფის ჰარმონიული ტანდემიც განაპირობებს, რომელიც ყველა დეტალში და კომპონენტში იგრძნობა – ტექსტში, რეჟისორულ ხედვაში, სცენოგრაფიაში, სამსახიობო შესრულებაში. სპექტაკლის მთავარი გმირები სასტუმრო საქართველოს ერთი უბადრუკი და ჭერჩამოქცეული ოთახის მკვიდრი და-ძმაა, აფხაზეთიდან დევნილი ლილი და ილია. ილია უსინათლოა, ისევე, როგორც მათი მომავალი სტუმარი, აფხაზი მეზობელი რაული, რომელიც შვილის სამკურნალოდ ჩამოდის თბილისში.

სასტუმროს საქართველო ჰქვია. ეს ოთახიც, სადაც მოქმედება დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ვითარდება, ბევრი რამით ჰგავს საქართველოს. ძვალსა და რბილში გამჭოლი სინაცრისფრე, რომელსაც ბადებს სიღარიბის, უმწეობის, უიმედობის განცდა; წვიმისგან ჩამომპალი ჭერი და იატაკზე ტყვიის სიმძიმით მოწანწკარე წვეთები; გაუხეშებული, ბალახგადავლილი ურთიერთობები, ძუნწად გადმოყრილი სიტყვების გროშები და ხედი – არაფრისკენ, არსაით, მხოლოდ შუქნიშნების ხმოვანი სიგნალებით გამიჯნული მყიფე სივრცე… (სცენოგრაფი თეო კუხიანიძე – მინიმალისტური დეკორაციით, შუქ-ჩრდილებით და ფერის აქცენტებით შექმნილი უზუსტესი გარემო).

ესაა სივრცე, სადაც პეტრე, უსინათლო მუსიკოსი, დროდადრო წელავს აკორდეონს და ეს ხმაც ომის ხსოვნის რეფრენია პიესის ავტორისათვის.

ომის სუნი, ფერი და გემო ყველაფერს მსჭვალავს სპექტაკლში. მიუხედავად იმისა, რომ სიუჟეტის მიხედვით, აფხაზეთის კონფლიქტიდან რამდენიმე წელია გასული, გარემოც და ვითარებაც პოსტტრავმული სინდრომის მატარებელია. დროც გაჩერებულია, დაპაუზებულია ამ ერთგვარად კოშმარულ სამუზეუმო ატმოსფეროში, სადაც ყველაფერი მხოლოდ იმისთვისაა აქცენტირებული, რომ ომი გაახსენოს მის „ექსპონატებსაც“ და დამთვალიერებელსაც. უფრო სწორად, ომის ძალა, მისი ყოვლისმომცველობა. ეს უტრირებული „ზედაპირულობა“, სამუზეუმო განფენილობა თავისთავად დრამატურგისა და რეჟისორის ერთობლივი მხატვრული პოზიციაა, რათა უფრო მკაფიოდ წარმოაჩინონ სათქმელის სიღრმე („სახლს კი არა, ჩვენს რეალობას არა აქვს სიღრმე, წლებია მტვრიან ზედაპირზე დავხოხავთ ყოფილი სასტუმრო „საქართველოს“ შუაზე გადატიხრულ ნომერში“). 

მხატვრული რეალობის სიღრმე კი სწორედ სიტუაციის იმ ერთი შეხედვით გამოუვალობაშია, რომელიც კუს ბაკანივით შეზრდია პერსონაჟთა ცხოვრებას. ამ ჰერმეტულ სივრცეში იხარშება წლებისგან განიავებული ტკივილები, შთაბეჭდილებები, პროტესტი, ხსოვნა… აქ ყველაფერი აკუმულირებულია, ხელშესახებია და ცოცხალი, იქნებ სწორედ ამან დააბრმავა ილიაც და პეტრეც, და იქნებ სწორედ ამ სიბრმავეშია ის სიღრმე, რომლის მიღმაც უკვე სხვა სინათლის წყარო იწყება?!

უსინათლოები არიან ქართველიც და აფხაზიც (ეს უკანასკნელი ომის დროს დაბრმავდა, ნაღმზე აფეთქების შედეგად), მათ ოდესღაც სულ სხვა სივრცე, სხვა ხედი აკავშირებდა, თუმცა ახლა ეს ყველაფერი საერთო წყვდიადმა შეცვალა. რაულს და ლილის ერთმანეთი უყვარდათ. გავიდა წლები და ახლა, სასტუმროს ძველ ნომერში, დევნილობაში მცხოვრები ლილი ცოტა ხნით დაუშვებს, რომ შესაძლოა ისევ გაიხსენოს სიყვარული, გაჰყვეს რაულს აფხაზეთში და ბოლოს და ბოლოს იცხოვროს საყვარელ ადამიანთან. თუმცა, ეს არაა მთავარი არც პერსონაჟებისთვის, არც მთლიანი მხატვრული ტექსტისთვის. მთავარი აქ უკვე დიდი ხანია მოხდა და ის იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ვიბრირების ტალღებით დღემდე თავის სიხშირეზე ამყოფებს ყველას, ვისაც შეეხო. შესაძლოა ლილი მართლა წავიდეს და მიატოვოს უსინათლო ძმა, შესაძლოა ილიას ცხოვრებაშიც შეიცვალოს რამე, მაგრამ გარსს, რომელშიც ეს გმირები არიან, როგორც დაინფიცირებულ ზონაში მოყოლილი განწირული ადამიანები – არაფერი შეეხება, ეს გარსი მათთვისაა, ომის ხსოვნისთვის და სიმართლისთვისაა. აი, ამისთვისაა, რაზეც პერსონაჟი კუ ლაპარაკობს:

ომში ყველაფერი ერთბაშად ხდება, მერე მზადდება ანგარიშები, ეწყობა ფოტოგამოფენები, შრიალებენ გენერალთა ცოლების საღამოს კაბები, სტატისტიკა განგაშებს… თავს ვაჩვენებთ, რომ ომის დამთავრების შემდეგ, ყველაფერი თავიდან იწყება, იქმნება ოჯახები, იბადებიან ბავშვები, დგამენ გმირების ძეგლებს, ნანგრევებს წმენდნენ, მკვდრებს მარხავენ, პროტეზებს ასალაშინებენ, მედლებს აპრიალებენ… ჩვენთან, აფხაზეთში კი თავიც არ მოგვიჩვენებია. ომი უბრალოდ ყოველდღიურობის საზრუნავის მტვრიან ფარდას ამოეფარა“.

არა თავის მოსაჩვენებლად, არამედ ამ სიცოცხლის სატარებლად – ხანდახან იმხელა ძალაა საჭირო, რომ შენგან რაღაც ეწირება მას. ზოგჯერ ეს რაღაც – თვალისჩინია. უნდა ითქვას, რომ უსინათლო მსახიობების პროფესიონალურმა თამაშმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა – რევაზ ტატალაშვილი (ილია), გედევან კევლიშვილი (პეტრე), ალექსანდრე ლაბაძე (ომარი), ზვიად ფხიკლეშვილი (რაული) და ირმა ჩიხლაძე (მზია). თამაშის დახვეწილი, ბუნებრივი და ორგანული ხერხებით, უშუალო და გულწრფელი ინტონაციით, მთელი არსებით გათავისებული ემოციით ისინი ქმნიან ამბავს, რომელიც, ცხოვრების ყველა კანონის დაცვით, შესაძლოა რეალურადაც ხდება პარტერსა და სცენას შორის გავლებული უხილავი საზღვრის მიღმა…

სპექტაკლში გამუდმებით ისმის ერთი სიმღერა – გასული საუკუნის 60-70-იანი წლების ჰიტი და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და სევდიანი „კართან მოდგმა შემოდგომა“ (მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების შესრულებით). შემოდგომა მართლაც ყველაზე სასურველი სტუმარია სპექტაკლის პერსონაჟებისათვის. ის მარადიულობის სიხარულსაც გულისხმობს და წარმავალობის სევდასაც, მას რაღაცნაირი სინათლე აქვს – ღამის აბაჟურივით მკრთალი, მაგრამ აუცილებელი, რათა ადამიანმა თავის თავში ნაწერი სინდისი იკითხოს.

აფხაზეთზე არაერთი პიესა, ფილმი თუ ლიტერატურული ტექსტი შეიქმნა. სარისკო და საპასუხისმგებლო თემაა – ბანალურობისგან, პოპულარული და არაფრისმომცემი მიდგომისგან, სპეკულაციური მეტიჩრობისგან რომ დაიზღვიო თავი. თან, დრო გადის და თემაც, სამწუხაროდ, სულ უფრო და უფრო მყიფდება, ჩვენს ყოველდღიურობაში კი იმდენი ხმაურიანი, ლოკალურ-გლობალური მოვლენა ხდება, რომ მათი ექოებიც თანდათან ფარავს ამ მწვავე ტკივილს. ზუსტად ამ სიტყვის მნიშვნელობით – ტკივილს, აფხაზეთს.

შემოქმედებითი ჯგუფის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ „ხედი სასტუმრო საქართველოდან“ ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარია, რაც აფხაზეთის თემაზე აქამდე შექმნილა. ეს, უპირველეს ყოვლისა, რეჟისორის უზუსტესი მხატვრული ამოცანისა და დრამატურგის დამსახურებაა. ყოველგვარი პათეტიკისგან თავისუფალი, ძალიან ადამიანური და ნაღდი – რამდენიმე სიტყვით ასე შეიძლება შევაფასოთ სპექტაკლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს ყველამ და დიდი იმედი მაქვს, რომ როცა ეს საყოველთაო განსაცდელი ჩაივლის, სპექტაკლი კვლავ აღდგება და მაყურებელს მისი ხილვა შეეძლება.

პიესას ეპიგრაფად ორი გამოცანა ახლავს. აქედან ერთი აფხაზურია: „თავისუფლად დაბადებული, მზის აღზრდილი, დედის დანახვისას იღუპება“. რას უნდა ნიშნავდეს ეს გულისგამგლეჯად მტკივნეული გამოცანა, რა პასუხი აქვს მას?..

ჩვენ, ბევრ ომგამოვლილებმა, ახლა კიდევ ერთ წყალგამყოფ ომს უნდა გადავაბიჯოთ. ასეთი ნაბიჯებისას ყველაზე მეტად ის შინაგანი სინათლე გვამხნევებს, რომელმაც ყველა ტკივილის სხივი აირეკლა, ყველა ადამიანურ ჯურღმულში გააღწია და რაღაც ცოდნით დაიმუხტა.

ასეთ სინათლეს წინ ახალი ხედი ეშლება. აქედან საქართველო სანახავია.

 

დისტანციურ საკლასო ოთახში განხორციელებული ერთი აქტივობის შესახებ

0

21-ე საუკუნე ინფორმაციულად დატვირთული საუკუნეა. თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებმა მსოფლიო დაიპყრო. ტექნოლოგიების განვითარებამ სკოლები და უნივერსიტეტები ელექტრონული სწავლების აუცილებლობამდე მიიყვანა. საჭირო გახდა ტრადიციული საკლასო ოთახის გამრავალფეროვნება, ტექნოლოგიებით აღჭურვა. ეროვნული სასწავლო გეგმაც მოითხოვდა მედიაწიგნიერი ადამიანის აღზრდას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მხოლოდ კორონავირუსმა გამოგვაფხიზლა და დაგვანახა აუცილებლობა ელექტრონული სწავლებისა. სანამ დისტანციური სწავლების აუცილებლობა დადგებოდა, მანამდე კლასში რომ მულტიმედია ტექსტები გამოგვეყენებინა, დღეს ეს საქმეს ბევრად გაგვიმარტივებდა.

თანამედროვე საკლასო ოთახი თითოეული ბავშვის შესაძლებლობებს უნდა მოერგოს და მისცეს შესაძლებლობა, შეიძინოს ის უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია 21-ე საუკუნის საზოგადოებისთვის. ამისთვის სხვადასხვა მეთოდები და მიდგომები არსებობს.

მოსწავლეების მიერ პრეზენტაციის წარდგენა, სასწავლო პროცესის ერთ-ერთ მრავალფეროვან და საინტერესო აქტივობას წარმოადგენს. ამ მეთოდის გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეს, განივითაროს:

      1. ინფორმაციის მოძიებისა და გაფილტვრის უნარი;

  1. საკუთარი ნამუშევრისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება;
  2. მეტყველების უნარი;
  3. შემოქმედებითი აზროვნება;
  4. საკუთარი შემოქმედების პრეზენტაციის უნარი;
  5. აუდიტორიის წინაშე წარდგომის უნარი.

როცა მოსწავლეებს დავალებული აქვთ რომელიმე თემაზე პრეზენტაციის გაკეთება, ცდილობენ,  რომ აუდიტორიისთვის საინტერესო ნამუშევარი გამოუვიდეთ, მუშაობენ კითხვაზე, რომ თავიანთი პრეზენტაცია მსმენელისთვის არ იყოს მომაბეზრებელი მოსასმენი, ეჩვევიან გამომეტყველებით კითხვასაც.

კიდევ ერთი დადებითი მხარე, რომელიც პრეზენტაციების მოწყობაში დავინახე, არის ის, რომ მშობელიც ერთვება ამ პროცესში. ეხმარება ბავშვს ინფორმაციის მოძიებასა თუ ნამუშევრის გაფორმებაში. ეს პროცესი კი ხელს უწყობს მშობლისა და შვილის დაახლოებას.

დღეს კი, როცა მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევის წინ დგას, პასუხისმგებლობა დიდია თითოეულ ჩვენგანზე. მომწონს გამონათქვამი – ,,თუ ბედავ ასწავლო, შენც უნდა ისწავლო“ და ღირსეულად გაუმკლავდე თანამედროვე გამოწვევებს.

ამიტომ აქტიურად ჩავერთე დისტანციურ სწავლებაში და გადავწყვიტე გამომეყენებინა პრეზენტაციის მეთოდი. ვფიქრობ, დისტანციური სწავლაც იმასვე მოითხოვს, რასაც საკლასო ოთახში განხორციელებული აქტივობები. სწავლის პროცესი უნდა იყოს მარტივი, სახალისო და ე.ს.გ.-ის მიზნებზე მორგებული. ამიტომ გადავწყვიტე ტყის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს გაეკეთებინათ პრეზენტაცია თემაზე „გავუფრთხილდეთ ტყეს’’ .

გაკვეთილის მიზნად დავისახე მოსწავლეებისათვის გარემოსდაცვითი საკითხების გაცნობა და ბუნებისადმი კეთილგანწყობილი დამოკიდებულების ჩამოყალიბება.

გაკვეთილის მსვლელობის დროს გამოვიყენე ჩემ მიერ შექმნილი მულტიმედია ტექსტები. მულტიმედიური ტექსტები კი საშუალებას იძლევა ერთდროულად გამოიყენო ენობრივი, ხმოვანი და ვიზუალური საშუალებები. ამ მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში ხელს უწყობს შემოქმედებითი, კრიტიკული აზროვნების განვითარებას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოტივაციის ამაღლებასაც შეუწყო ხელი. ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ წიგნიერი მოსწავლეები. წიგნიერებას, მედიაწიგნიერებასთან და ციფრულ წიგნიერებასთან ერთად, ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამჭოლ კომპეტენციად მოიხსენებენ და ეს ყველაფერი ერთად უკავშირდება მულტიმედიურ სწავლებას. თანამედროვე ახალგაზრდა წიგნიერად არ ითვლება მხოლოდ მის მიერ წაკითხული წიგნების ოდენობით. მას უნდა შეეძლოს სხვადასხვა წყაროდან, მათ შორის ციფრული ტექნოლოგიებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება. ამ უნარის ჩამოყალიბებაში კი მოსწავლეს მასწავლებლის დახმარება სჭირდება.

სანამ პრეზენტაციის ეტაპამდე მივიდოდით, დისტანციურად ავხსენი ერთ-ერთი საგაკვეთილო პროგრამა „ტყე და მისი ბინადრები“. ამ საგაკვეთილო საათზე ჩვენ საუბარი

გვქონდა ტყის მნიშვნელობაზე ადამიანთა ცხოვრებაში, ვისაუბრეთ სხვადასხვა სახეობის ხეებისა და მათი სამკურნალო და სასარგებლო თვისებების შესახებ. მხოლოდ

სიტყვიერად არ მისაუბრია, ჩემ მიერ შექმნილი პრეზენტაცია ვუჩვენე ეკრანზე.

 

ახალი ცოდნა დაუკავშირეს ბუნებასა და ქართულში შეძენილ ცოდნას. ქართულში საგაკვეთილო საათის ფარგლებში საუბარი გვქონდა თემაზე ,,დედამიწა ჩვენი საერთო სახლი“. (ვისაუბრეთ, რომ დედამიწა დაავადებულია ადამიანთა გაუფრთხილებლობით, რომ მას შველა და გაფრთხილება სჭირდებ; ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ზიანს აყენებს დანაგვიანებული გარემო პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთლობას. ასევე ამ საგაკვეთილო საათის ფარგლებში კლასში ერთობლივად ვუყურეთ „გამარჯობა დედამიწას“

 

 

და „დედამიწა დაიღალას

სახლში უყურეს ,,ბოცო და გვანცას“

 

ბუნებაში განვიხილეთ ,,მარადმწვანე ხეები“’. წინარე ცოდნამ მათ შესაძლებლობა მისცა, გაეკეთებინათ პრეზენტაცია „გავუფრთხილდეთ ტყეს“.

საჭირო იყო არსებული ცოდნა გაემდიდრებინათ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების დახმარებით. მათ ინფორმაციის მიღების წყაროდ აირჩიეს გუგლის საძიებო სისტემა.

მოძიებული ინფორმაციები გააფორმეს შესაბამისი ილუსტრაციით და გადმომიგზავნეს პირად შეტყობინებაში. თავიანთ პრეზენტაციებში ძირითადად საუბრობდნენ იმაზე, რომ ტყე გამოყოფს ჟანგბადს, ასუფთავებს ჰაერს, ჰქმნის წყაროს, არის სხვადასხვა ცხოველის თავშესაფარი და სიცოცხლის წყარო. ბუნებრივი კატასტროფების მიზეზად ტყის გაუფრთხილებლობას ასახელებდნენ. მსმენელ აუდიტორიას კი ასე მოუწოდებდნენ: გავუფრთხილდეთ ბუნებას!“,  ,,არ მოჭრათ ხეები!“, ,,არ დაანაგვიანოთ ტყე!“, ,,ტყე დედამიწის მწვანე ფილტვებია!“. ნამუშევრები მესენჯერის საშუალებით შევამოწმე და უკუკავშირიც განმავითარებელი შეფასების სახით მიიღეს.

შეუძლებელია მასწავლებელმა მიზანს მიაღწიოს, თუ მას მშობელი არ დაუჭერს მხარს. მათი ჩართულობა გამოვლინდა როგორც კი დისტანციური სწავლების შესახებ მივაწოდე ინფორმაცია. მალევე გაიაზრეს აუცილებლობა. სწორედ მშობელთა მხარდაჭერის შედეგი იყო ის, რომ 16 მარტს ჩვენ უკვე Zoom-ის პლატფორმით დავიწყეთ სასწავლო პროცესი.  დროულად დაწყებულმა და განახლებულმა სასწავლო გარემომ ბავშვებიც მალევე მობილიზებული გახადა და შეაჩვია ონლაინგაკვეთილებს. ისწავლეს ის წესები, რომელთა ცოდნაც აუცილებელია დისტანციური გაკვეთილის ჩატარების დროს. მაგ: მიკროფონის გათიშვა და ჩართვა. აქედან გამომდინარე სამუშაო პროცესს შეჩვეულმა ბავშვებმა და ამ პროცესში ჩართულმა მშობლებმაც ერთიანი მონდომებითა და პასუხისმგებლობით საუკეთესოდ გაართვეს თავი საპრეზენტაციო დავალების შესრულებას.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

შევკრიბე თითოეული მათგანის ნაშრომი, ავაწყვე პრეზენტაცია, დავადე მუსიკა „ტყე შეუნახე შვილებსა“ და გავაკეთე ვიდეორგოლი. დავდე ფეისბუქის ჯგუფში (ჩვენ 16 მარტიდან zoom-ის პლატფორმით ვსწავლობთ, ახლა თიმსზე გადავდივართ) და თიმსშიც (უკვე ყველა დარეგისტრირდა, ვემზადებით 1 აპრილიდან თიმსზე გადასასვლელად.)  მივეცი დავალება, რომ ენახათ პრეზენტაცია და წაეკითხათ მეგობრის ნამუშევარი.

შემდეგი საგაკვეთილო ჩართვისთვის კი მოვამზადე შეკითხვები:

რა არის ტყე?

რა ზიანს აყენებს მას ადამიანი გაუფრთხილებლობით?

რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ტყეს?

რა სარგებლობა მოაქვს მას ადამიანისთვის?

როგორ უნდა გავუფრთხილდეთ?

რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ბუნება არ დაზიანდეს?

ამ შეკითხვებზე მიღებული პასუხებით, ასევე მათ მიერ გაკეთებული პრეზენტაციების გაცნობით დავრწმუნდი, რომ ბავშვებს შეექმნათ ბუნების მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.

დისტანციურად მოწყობილ პრეზენტაციებს კიდევ ერთი დადებითი მხარე მოვუძებნე: თუ კლასში მხოლოდ მოსწავლეები ხედავდნენ თავიანთ ნამუშევარს და შემდეგ ცდილობდნენ უკეთესი ნამუშევრისთვის მიებაძათ, ახლა მშობლებიც უფრო მეტი მონდომებით ჩაერთნენ ამ პროცესში და ერთობლივად ცდილობენ კარგი პრეზენტაციის მოწოდებას. სანამ პრეზენტაციებს ჯგუფში გავაზიარებდი, ყველა მშობლის თანხმობა მივიღე.

ჩემთვის, როგორც დამწყები პედაგოგისთვის, ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ეს პროცესი. ვფიქრობ, ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ბევრ საინტერესო ინფორმაციას ვეცნობი, რომ უფრო უკეთესი გაკვეთილები შევთავაზო ჩემს მოსწავლეებს, ონლაინსივრცეში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ციფრული დრამა, კიბერბულინგი და მათგან თავის დაცვის მეთოდები

0

ბავშვები და მოზარდები საჯარო სივრცეებიდან გაქრნენ და ონლაინ სამყაროში გადაინაცვლეს. დახურულია სკოლები, ბაღები და უნივერსიტეტები. ლექციები და გაკვეთილები ონლაინ ტარდება, მეტი დრო ჩნდება ონლაინ ფორუმებისა და სოციალური ქსელებისთვის, მეგობარს ვიდეო ჩათში ხვდები და ახლობლებსაც იმავე გზით ეკონტაქტები – ერთი შეხედვით ყველაფერი კარგად არის, ცხოვრება გრძელდება, სწავლა არ წყდება, კომუნიკაციის ახალი ფორმები მეტ ლეგიტიმაციას იძენს. მომავალი იმაზე მალე დადგა, ვიდრე ველოდით და ჯერ არ ვიცით, რამდენად კარგად ვართ საჭირო ცოდნითა და უნარებით აღჭურვილი, თუმცა ვიცით რისკები, რაც ამ ყველაფერს ახლავს თან.

 

ციფრულ სამყაროში ბავშვებისა და მოზარდების მარტო დატოვება არც ისე უსაფრთხოა – კიბერბულინგი, შანტაჟი და სიძულვილის ენა, სილამაზის სტანდარტები და პირადი მონაცემების დაცვა ვირუსამდელ, არაიზოლირებულ სამყაროშიც გამოწვევას წარმოადგენდა და პირველ რიგში, ყველაზე მოწყვლადებისთვის, მოზარდებისთვის იყო საშიში, რომლებიც, რიგ შემთხვევებში, უკეთ არიან ტექნოლოგიებთან დამეგობრებულები, თუმცა ასაკის და ცხოვრებისეული გამოცდილების სიმწირის გამო მეტად მოწყვლადები არიან ძალადობის ნებისმიერი ფორმის მიმართ. მათ დაცვა სჭირდებოდათ და ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდებათ.

 

როგორი იქნება ონლაინ გაკვეთილი? რა გამოჩნდება ფონად მათ უკან? კარგად მუშაობს თუ არა მიკროფონი? აქვს თუ არა პრინტერი, სადაც დავალებების ამობეჭდვას შეძლებს – თუ არა, რა ქნას? თქვას, რომ სახლში არ არის მისთვის ცალკე კომპიუტერი ან მიკროფონიანი ყურსასმენი ან საბეჭდი მოწყობილობა თუ დასცინებენ? გულგრილი, ცინიკური დამოკიდებულება ჰქონდეს ამ ყველაფრის მიმართ, თუ თქვას, რომ ყველაფერი რიგზე არ არის და ამაში მისი ბრალი არაფერია? გაიგებენ ამას მასწავლებლები და მეგობრები? და რა უთხრას მშობელს, რომელიც იქვე ზის და უყურებს, როგორ ურთიერთობს მეგობრებთან, მასწავლებლებთან? ეს ხომ მისი სივრცე იყო აქამდე. ვერავინ, ყოველ შემთხვევაში ოჯახის წევრები ვერ ხედავდნენ, რას ამბობდა, როცა რაღაცას ვერ იგებდა ან როცა თავისი ცოდნის პრეზენტაცია სურდა. რა მოხდება, თუკი ამ ვიდეოგაკვეთილის “სქრინს” ვინმე გაავრცელებს სოციალურ ქსელებში. და რას ვეუბნებით ბავშვებს, რომლებსაც საკუთარი სივრცე ან სულაც სახლში ინტერნეტი და გაჯეტები არ აქვთ, მათ რა უნდა აკეთონ ამ დროის განმავლობაში? მოკლედ, ათასი კითხვა არსებობს, რაც მოზარდებს ონლაინ გაკვეთილამდე ან ონლაინ გაკვეთილის შემდეგ აწუხებთ და თუ გვინდა ეს პროცესი მათთვის ტანჯვად არ იქცეს და მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩანაცვლდეს ჩვეულებრივი საგაკვეთილო პროცესი ონლაინ სწავლებით, უფროსები მზად უნდა ვიყოთ ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად და მათ გასამხნევებლად.

 

ეს ყველაფერი ცოტა იმას გავს, შორეულ წლებში სკოლის პირველი დღისთვის ზოგს ფეხსაცმელი რომ არ ჰქონდა, ზოგს თავის ზომა ტანსაცმელი და ზოგს ახალი ჩანთა, სახელმძღვანელოების შეძენა ფუფუნებად რომ ითვლებოდა და ყველას ერთად გვაწუხებდა ამ რეალობის გამო უხერხულობა და სირცხვილის გრძნობაც. ჩვენ ვიცით, ეს რას ნიშნავს და წესით არ უნდა გაგვიჭირდეს, მხარი დავუჭიროთ ბავშვებს და ვუთხრათ, რომ ის, რასაც ისინი განიცდიან, არც ჩვენთვის არის უცხო და ამგვარი სევდები ყოველთვის არსებობდა და იარსებებს, უბრალოდ ზოგჯერ ფორმას იცვლის, ზოგჯერ არც.

 

კიბერბულინგი და ციფრული დრამები აქამდეც იყო და გულუბრყვილოები თუ არ ვიქნებით, უნდა ვაღიაროთ, რომ არც არსად გაქრება. მთავარი ისაა, მათგან თავის დაცვა ვისწავლოთ.

 

მასწავლებლები მთელს მსოფლიოში ყვებიან თავიანთი ახალი გამოცდილების და გამოწვევების შესახებ, რაც ახალმა რეალობამ მოიტანა. რამდენიმე რამ შეიძლება გამოდგეს ამ გამოცდილებებიდან:

  • ონლაინ გაკვეთილი არ უნდა იყოს ხანგრლივი და მონოტონური. ბავშვებს უნდა შეეძლოთ ჩართვა და ინტერაქცია. თუკი ვინმეს ტექნიკური საშუალებები არ აძლევს საშუალებას, ჩანდეს ან კონკრეტულ დროს იყოს ონლაინ, ნუ გააკეთებთ ამაზე აქცენტს.
  • ბავშვისთვის, რომელმაც კონკრეტულ დროს ვერ შეძლო გაკვეთილზე ჩართვა ობიექტური მიზეზების გამო, დაუტოვეთ ალტერნატივად გაკვეთილის ჩანაწერი, რომელსაც მოსმენენ, როცა შეძლებენ, თუმცა სხვა მოსწავლეებმა ჩაწერისას უნდა იცოდნენ, რომ პროცესი იწერება და ის, ვისაც ჩანაწერი გადაეცემა, გააფრთხილეთ, რომ მასალის გავრცელება არანაირი გზით არ შეიძლება.
  • ადვილი არ არის, მაგრამ ვიდეო გაკვეთილების გარდა, შესთავაზეთ ბავშვებს კომუნიკაცია სხვა გზებითაც: მაგალითად, მეილით ან, უკიდურეს შემთხვევაში, ტელეფონით იმ შემთხვევებისთვის, თუკი რაიმე ვერ გაიგო ან დაზუსტება სჭირდება. უთხარით მათ, რომ ახლა ყველასთვის რთული დროა და თუ მხარდაჭერა ან დახმარება დასჭირდება, ან კითხვები ექნება, შეუძლია, თქვენი იმედი ჰქონდეს.
  • ამას სახელმწიფო უნდა აკეთებდეს, მაგრამ ვინაიდან ფორსმაჟორია, შეიძლება საკუთარ თავზე აიღოთ და ონლაინ გაკვეთილების დაწყებამდე მოაგროვოთ მონაცემები ბავშვების სახლში სამუშაო პირობების, ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ და გაითვალისწინოთ კონკრეტული “შავი ხვრელები” საგაკვეთილო პროცესში. გახსოვდეთ, რომ ეს ბავშვებისთვის დელიკატური უნდა იყოს და სიფრთხილე გამოიჩინეთ.
  • მასწავლებელი არ არის ის, ვისაც არაფერი ეშლება. ეს ვითარება თქვენთვისაც ახალია და თუკი იმასაც ეტყვით ბავშვებს, თქვენ რისი გეშინიათ, რა გიჭირთ ან რა მოგწონთ ამ პროცესში, ეს მათთვის საინტერესო იქნება და უხერხულობის გრძნობასაც საკუთარი პრობლემების გაზიარებით გაუქრობთ.
  • ეცადეთ, ამ პერიოდის თუნდაც ფრაგმენტული დოკუმენტაცია შეაგროვოთ, არავინ იცის, ეს გამოცდილება როდის და რა ფორმით დაგჭირდებათ. ნებისმიერი მასწავლებლის გამოცდილება საინტერესოა.

 

აი, რამდენიმე რჩევა მშობლებისთვის სანდო წყაროებიდან:

  • დაიცავით ასაკობრივი შეზღუდვა, რაც სოციალურ ქსელებს აქვთ და არ დაარეგისტრიროთ იმაზე პატარები, ვიდრე ამას კონკრეტული სოციალური ქსელის წესები მოითხოვს.
  • აუხსენით ბავშვებს, რომ ციფრული სამყაროც ისეთივეა, როგორიც ჩვეულებრივი, თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეებით, საფრთხეებით და სიკეთეებით და ნებისმიერი საფრთხის დროს შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერის იმედი ჰქოდნეთ.
  • უთხარით მოზარდებს, რომ დაბლოკონ ყველა, ვინც მათ შევიწროებას, შანტაჟს ან დაბულინგებას დააპირებს ონლაინ სამყაროში.
  • შეინახონ ის მტკიცებულებები, რაც მათ მიმართ ძალადობად ან ბულინგად შეიძლება შეფასდეს.
  • მოზარდებისთვის მნიშვნელოვანია, უფროსების და თანატოლების მხარდაჭერის იმედი ჰქონდეთ. თუ სჭირდებათ, უნდა ილაპარკონ და არ დამალონ, როცა ვინმე  ავიწროებს, ეს მათი ბრალი და დანაშაული არ არის.
  • ეს თქვენთვისაც სიახლეა და შეიძლება ადვილი არ იყოს, მაგრამ მხარი დაუჭირეთ მათ ონლაინ სწავლებისას. შეეცადეთ შეუქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და პერსონალური სივრცე, იყავით მხარდამჭერები და არა მაკონტროლებლები;

 

 

 

რას ამბობენ იტალიელი, ფრანგი და ესპანელი მასწავლებლები დისტანციურ სწავლებაზე

0

დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ახალი კორონავირუსის ელვისებური პანდემიის პირობებში ევროპაში უფრო მკვეთრად მოხდა, ვიდრე საქართველოში. ადგილობრივ მასწავლებლებს მოულოდნელ სირთულეებთან გამკლავება მოუწიათ. დღეს იმ პედაგოგთა აზრს გაგიზიარებთ, ვინც წარმატებით გაართვა თავი ამ პროცესს და არამცთუ დაკარგა მოსწავლეებთან კავშირი, არამედ უფრო გაიმყარა და სწავლებაც ეფექტიანი გახადა.

პიერპაოლო ბეტონი, მეთოდისტი და იტალიელ მასწავლებელთა ასოციაციის კოორდინატორი: „ქალაქ ბრეშიაში ვცხოვრობ, მილანთან ახლოს. ვმუშაობ მეთოდისტად, ხშირად მიწევს მასწავლებლებისთვის ტრენინგების ჩატარება. ცხადია, ამჟამად ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზეა გადასული. ვცდილობთ, ეს პროცესი მაქსიმალურად შეუფერხებლად განვახორციელოთ.

ყველაფერი პრაქტიკულად ერთ კვირაში შეიცვალა, მაგრამ, სინამდვილეში, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით: სკოლის სისტემა დიდი ხანია მოითხოვდა, რომ გაკვეთილებისთვის საჭირო ყველა მასალა ყოფილიყო როგორც ბეჭდური, ასევე ციფრული სახით. ამიტომ ძირითადი საკითხი  მხოლოდ სწავლების ორგანიზებას ეხებოდა.

პრობლემებიც გვქონდა, უფრო დაწყებით სკოლასთან მიმართებაში, ყველაზე პატარა მოსწავლეებთან, სადაც პროგრამა მხოლოდ სახელმძღვანელოს არ მიჰყვება. რაღაცეების ონლაინ ორგანიზება ვერ შევძელით, რადგან ეს რაღაცეები მხოლოდ საკლასო ოთახის სივრცეს ერგებოდა. მაგალითად, ჩვეულნი ვიყავით მინი ჯგუფებში მუშაობას – ამის დისტანციურად მოწყობა შეუძლებელი გახდა.

ასევე,  უმცროს კლასელი ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის პირადად  შეხვედრას, მასთან პირდაპირ კომუნიკაციას. ზოგჯერ მშობლებთან დაკავშირება გვიწევდა, რადგან ბავშვებს ბევრი კითხვა ჰქონდათ, მშობლებს კი ყოველთვის არ ჰქონდათ ამის დრო პანდემიის პირობებში. უფროსკლასელებთან და თინეიჯერებთან ერთად, ონლაინ სწავლა ძალზე საინტერესო არის, ხშირად ისინი გაკვეთილებისთვის მასწავლებელზე უკეთაც კი ემზადებიან.

ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანს ჯერ კიდევ უცნაური დამოკიდებულება აქვს  ტექნოლოგიებთან, თუმცა მე ამას უშუალოდ ასაკს არ დავუკავშირებდი. მამაჩემი 78 წლისაა, მაგრამ მშვიდად იყენებს iPhone-ს და ვიდეო კომუნიკაციას. ამავდროულად, არიან მასწავლებლები, რომლებსაც უბრალოდ სახლში Wi-Fi არ აქვთ. იტალიაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ორთაბრძოლა თანამედროვე და ძველი სწავლების მეთოდების მასწავლებლებს შორის.

ჩვენ გვაფრთხილებენ, რომ თვითიზოლაცია კიდევ დიდხანს გაგრძელდება და გვეშინია. ზოგი ამბობს, ყველაფერი ერთ თვეში დასრულდება, ზოგს კი მიაჩნია, რომ ასეთ რეჟიმში სასწავლო წლის ბოლომდე ვიმუშავებთ. ამის გამო, დადებითი განწყობა იკლებს: ჩვენ, მასწავლებლებს ყოველთვის მხოლოდ ერთი მიზანი გვაქვს – შედეგი და მას როგორღაც უნდა მივაღწიოთ. მასწავლებლებიც ადამიანები არიან და ეშინიათ. დისტანციური სწავლების დროს ისინი ცდილობენ  პოზიტიური განწყობის შენარჩუნებას, მაგრამ სახლში ხშირად მოიწყენენ…

ასევე მშობლებსაც უჭირთ: ზოგი სამსახურში მაინც დადის, უმეტესობა შვილებთან ერთად სახლშია.

სინამდვილეში, დისტანციური სწავლება ძალიან სასარგებლოა იმის გამო, რომ რეჟიმს ვეჩვევით. ბავშვმა უკვე იცის, რომ კონკრეტულ დროს უნდა დაუკავშირდეს მასწავლებელს და დავალება მიიღოს.

გაგიკვირდებათ ისიც, რომ ყველა ოჯახს არა აქვს ინდივიდუალური კომპიუტერი და ყველაზე მეტად ამ მხრივ სოციალურად დაუცველი ბავშვები ზარალდებიან.

ვირჯინი ობინი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, საფრანგეთი: „ახლა 12.5 მილიონი ფრანგი სკოლის მოსწავლე კარანტინში ცხოვრობს. საფრანგეთისთვის ეს ექსტრაორდინალური სიტუაციაა: ჩვენი სკოლები არასოდეს ყოფილა კარანტინში, თუნდაც ომის დროს. ჩვენთვის ყველასათვის ადვილი არ არის მიიღოს ის, რაც ხდება: ახლა ჩვენი ქვეყანა, ევროპა და მთელი მსოფლიო რთულ პერიოდს გადის. ჩვენ იტალიას ვესაზღვრებით და ხშირად ხდება, რომ იქიდან ჩვენთან სამუშაოდ ჩამოდიან, ფრანგები კი იტალიაში გადადიან. სასაზღვრო რაიონებში ყოველდღიურად უამრავი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ჩვენ განვიცდით იტალიელთა ამბებს, ისინი – ჩვენსას.

ინფექციის გავრცელების შემცირების მიზნით, 16 მარტიდან ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ამასთან, დისტანციური სწავლა არც თუ ისე ადვილია. ყველა ოჯახს არა აქვს ინდივიდუალური კომპიუტერი და ახლა ყველაზე ღარიბი ბავშვები მოწყვლად ჯგუფად გადაიქცნენ. მა სამინისტრო დაპირდა საზაფხულო სასწავლო მოდულების გამოშვებას ხელმისაწვდომი ფორმატით, რაც საშუალებას მისცემს დაეწიონ და არ ჩამორჩნენ თანაკლასელებს.

ჩვენთვის დისტანციური სწავლებაზე გადასვლა არ იყო რაღაც განსაკუთრებული.  ჩვენ უკვე გვაქვს ციფრული საგანმანათლებლო სისტემები OpenDigitalEducation და EcoleDirecte, ასევე დისტანციური სწავლების ეროვნული ცენტრის პლატფორმა (CNED), რომელშიც შეგვიძლია დავალებების მიცემა, საშინაო დავალებების შემოწმება და მოსწავლეებთან კავშირზე დარჩენა. ის ჩვენს სკოლაში დაახლოებით სამი წელია მუშაობს, მაგრამ მანამდე უფრო მეტად მხარდამჭერი იყო, ვიდრე სრულფასოვანი. ახლა მასზე დიდი დატვირთვა მოდის.

როგორც პედაგოგი ვწუხვარ, რომ ვერ ვასწავლი იმ ბავშვს, ვისაც არ აქვს კამერიანი კომპიუტერი.

ჩვენ მართლაც ვსწავლობთ დისტანციურად: ვაძლევთ დავალებებს, ვთხოვთ მეტი იკითხონ (ლიტერატურისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია) და თან სასწავლო გეგმას ვაახლებ, ყველა გაკვეთილში შესწორებები შეგვაქვს. მეც ვამოწმებ საშინაო დავალებებს და ვწერ ინტერაქტურ დავალებებს. ახლა გაცილებით მეტს ვმუშაობ.

წინ სააღდგომო არდადეგებია, რომლის დროსაც, ვფიქრობ, 90 ათასი მასწავლებელი იმუშავებს სასწავლო გეგმის გადახედვაზე: გაკვეთილების შემოკლებაზე,  დავალებების ინტერაქტიულობაზე.

ყველაზე რთულად საქმე უფროს სკოლას აქვს (ივნისში გამოცდებია) და უმცროსი მოსწავლეებსაც, რომლებთან მეცადინეობა მშობლები უწევთ. ყველა პატარას არ შეუძლია კომპიუტერთან ჯდომა და გაკვეთილების მოსმენა.

მთავრობა დაგვპირდა, რომ ახლო მომავალში ქვეყნის მასშტაბით სრულფასოვან საგანმანათლებლო გარემოს შექმნის. ყველა სახელმძღვანელო უკვე ხელმისაწვდომია ინტერნეტით – ბევრმა ბავშვ სახელმძღვანელოები ხომ სკოლის კარადაში დატოვა. გარდა ამისა, ფრანგული ტელევიზიის მეოთხე არხმა დაიწყო ონლაინ გაკვეთილების მაუწყებლობა სხვადასხვა კლასებისთვის – ფრანგულის და მათემატიკის. განათლების სამინისტრომ ჩაუშვა პროგრამა „ერი სწავლობს“, რომლის ფარგლებში ხელმისაწვდომია France TV-ს საგანმანათლებლო კონტენტი, ასევე, ფრანგულ-გერმანულ არხზე Arte და „საფრანგეთის რადიოზე“.

რეიჩელ ევანსი, ესპანეთის ნოვაასკოლის დირექტორი: „ჩვენთან კარანტინი შუა აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ეს, იმაზე იქნება დამოკიდებული თუ რამდენად გაიზრდება კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა უახლოეს კვირებში.

საბედნიეროდ, სკოლაში გვაქვს ციფრული სწავლების პლატფორმა, სახელწოდებით myAgora +, რომელიც ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა. მასწავლებლები მას ყოველდღიურად იყენებენ (არა მხოლოდ კარანტინის პირობებში) საკლასო ოთახში. ასევე გვაქვს მულტიმედიური ბიბლიოთეკა, სადაც მასწავლებლები იწერენ თავიანთ გაკვეთილებს, რათა მოსწავლეებმა გაკვეთილების ნახვა სახლებში შეძლონ და ცოდნა გაიმყარონ.

ჩვენ ვართ ლიცენზირებული Microsoft სკოლა, ამიტომ ჩვენს მოსწავლეს  და მშობელს აქვს წვდომა მის ყველა აპლიკაციაზე. ასე რომ, ონლაინ სწავლების თვალსაზრისით, მე პირადად არ ვნერვიულობდი: ვიცოდი, რომ ჩვენი მასწავლებლები მზად იყვნენ ამისთვის. უფრო მეტად ვნერვიულობდი და ვნერვიულობ საკარანტინო პერიოდთან დაკავშირებული ფსიქოლოგიურ ფაქტორებზე.

პირველმა დისტანციურმა დღემ კარგად ჩაიარა: ჩვენი მოსწავლეები დილის 09:30 საათზე უკვე ონლაინ იყვნენ და მუშაობას აგრძელებდნენ ჩვეული გრაფიკის შესაბამისად, ვირტუალურ საკლასო ოთახში სასწავლო დღის ბოლომდე. ჩვენ იმაზეც ვიზრუნეთ, რომ დილის შესვენება და ლანჩზე მათ სრული საათი ჰქონოდათ.

დისტანციური სწავლების პირველი დღის შემდეგ მშობლებისგან მასწავლებლებს უამრავი მადლობა მოგვივიდა..

ჩვენ შევქმენით დამხმარე ჯგუფები WhatsApp–ზე, რათა მასწავლებლებს შეეძლოთ თავიანთი გამოცდილების გაზიარება. თუ მათ უმძიმთ იზოლაცია,  ვცდილობთ, რომ თავი პოზიტიურად ვაგრძნობინოთ, თუნდაც ხუმრობების მოყოლით. ჩვენ ყველას გვაქვს მომენტები, როდესაც დეპრესია გვიტევს. ამიტომ მნიშვნელოვანია გყავდეს კოლეგა, რომელიც გაგამხნევებს, გაგაცინებს. ზოგადად, ჩვენი პედაგოგებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი ყველა პრობლემას, გაოცებული ვარ მათი ძალისხმევით.

მოსწავლეებიც მშვენივრად იქცევიან: მათთვის ეს სიახლეა, მაგრამ მოთმინებას და განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გამოხატავენ ცვლილების მიმართ.  მაგალითად, დღეს მშვენიერი მზიანი დღეა, მაგრამ მთელ ესპანეთში ბავშვებს არ შეუძლიათ დატოვონ თავიანთი სახლები, არ შეუძლიათ პარკებში ან პლაჟებზე წასვლა, ისინი ვერ იქნებიან თავიანთ მეგობრებთან ერთად. ამ ყველაფრის დასრულების შემდეგ, მსურს, რომ რამე განსაკუთრებული გავაკეთო მოსწავლეებისთვის მადლიერების ნიშნად.

როცა სწავლება დისტანციურია, გამოწვევა მოსწავლეთა მოტივაციისთვის

0

ყველაფერი იმის გაფიქრებით დაიწყო, რომ დახურულ ჯგუფში მიცემული დავალებების შესრულების შემდეგ მოსწავლეებს უამრავი დრო რომ დარჩათ, რომელსაც უმეტესობა კომპიუტერთან გაატარებდა, კარგი იქნებოდა, რამე სასარგებლო ინფორმაციით დაკავებულიყვნენ.

დახურულ ჯგუფებში მოვათავსე ასეთი მესიჯი:

მე ვწერ რიცხვს და თქვენ მესიჯში მიწერთ კითხვას ან ამოცანას, თუ შეძლებთ რა თქმა უნდა, რომლის პასუხიც არის ეს რიცხვი. პირველი რიცხვია 90.

დასვით შეკითხვები, რომლის პასუხი არის 90.

გზავნილი  მოვათავსე მხოლოდ მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასების ჯგუფებში. აიტაცეს. ზოგმა შეკითხვამ და ამოცანამ უბრალოდ გამაოცა.

აი ზოგიერთი მათგანი:

ხის მორი სიგრძეში 89-ჯერ ჩაჭრეს. რამდენი მორის ნაჭერი მიიღეს საბოლოოდ?
3) ტოლფერდა სამკუთხედის ფუძე ფერდზე 2-ით მეტია. იპოვეთ სამკუთხედის ფერდი თუ სამკუთხედის p=120-ს. ფერდის პასუხს გამოაკელით 8 და გაამრავლეთ 3-ზე და შედეგს გამოაკელით. რა მიიღეთ?
4) წრე რომ 4 ტოლ სექტორად დავყოთ, რამდენი გრადუსი იქნება თითოეული სექტორი?
5) 9000 წელს მერამდენე საუკუნეი ქნება დედამიწაზე?
6) რომელია 89-ის მომდევნო და 91-ის წინამდგომი რიცხვი?
7) რას მივიღებთ თუ მანქანის ზეთის სიმკვრივეს, ანუ 900 კგ/მ კუბს შევამცირებთ 10-ჯერ?
8) ორი ქალაქიდან ერთმანეთის შესახვედრად ორი მოტოციკლეტისტი დაიძრა. პირველი საათში გადიოდა 20კმ-ს, მეორე კი 25კმ-ს. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ 2 საათის შემდეგ. რა მანძილიაა მქალაქებს შორის
9) მსოფლიოში ყველაზე სწრაფმა მატარებელმა 3-წამში გაიარა 270 მ. გამოთვალეთ მატარებლის სიჩქარე მეტრ/სამებში.
10) ტოლფერდა სამკუთხედის ფერდი=30მ p=150მ რას უდრის სამკუთხედის ფუძე?
11) რას უდრის გაშლილი კუთხის ნახევარი?
12) რამდენი გრადუსია მართი კუთხე?
13) X+130=120+50+50რასუდრის x ?
14) ათი ქათამი დღეში 10 კვერცხს დებს. რამდენ კვერცხს დადებენ ეს ქათმები 9 დღეში?
15) 3×(15+15)=?
16) რამდენი წუთია საათ-ნახევარში?
17) რამდენი წუთი გრძელდება 2 გაკვეთილი?
18) რას უდრის სამკუთხედის კუთხეების ჯამის ნახევარი?
19) რას უდრის ოთხკუთხედის მეოთხე კუთხე თუ დანარჩენი კუთხეები უდრის:70 გრადუსს, 50 გრადუსს და 150 გრადუსს?
20) ხუთკუთხედის შიდა კუთხეთა ჯამს გამოვაკლოთ ოთხკუთხედის შიდა კუთხეთა ჯამი და მართი კუთხის გრადუსული ზომა
21) რას უდრის კვადრატის ერთი კუთხე?
22) ტოლგვერდა სამკუთხედში ორი კუთხის ჯამს გამოკლებული 30 გრადუსი. რას მივიღებთ?
23) რას უდრის კათეტის კვადრატი თუ მისი გეგმილი არის 9 და ჰიპოტენუზა 10?
24) ABC სამკუთხედში BD მედიანა AC გვერდის ნახევარს უდრის. იპოვეთ B კუთხე
25) რას უდრის მართი კუთხის გარე კუთხე?
26) რას უდრის მეზობელი კუთხეების ჯამის ნახევარი?
27) გამოითვალე საშუალო:
45, 67, 10, 49, 67, 89, 100, 56, 78, 98.
28) ტოლფერდა მართკუთხა სამკუთხედში რას უდრის მახვილი კუთხეების ჯამი?

ამ პასუხების წაკითხვა უდიდესი სიამოვნება იყო. ზოგი ზემოთა ამოცანაში რიცხვებს ცვლიდა, ზოგი პირადში მითანხმებდა, ზოგმა იქვე მოითხოვა მგონი არ მაქვს სწორი, მაგრამ ეს ამოცანა მინდაო და იქვე დავეხმარე. ეს იყო საინტერესო წუთები.
სამომავლოდ გავიმეორებ სხვა რიცხვისთვის.

მეორე გამოწვევა უფრო შემოქმედებითი იყო:
ეს უკვე საჯარო გამოწვევა იყო,როგორებიც ხშირად შეგვხვედრია სხვადასხვა თემებზე. მოვათავსე ერთი საინტერესო ფოტო და დავაწერე: გიწვევთ რამდენიმე წუთით დაკავდეთ საინტერესო რამეებით, რომლები ცმათემატიკითაა შექმნილიან მათემატიკას უკავშირდება. გააზიარებთ და გამოიწვევთ სხვა ვინმეს. მოვნიშნე 3 მოსწავლე ერთი მეშვიდე ,ერთიმ ერვე და ერთი მეცხრე კლასელი და…
შედეგად ვიხილე უამრავი საინტერესო რამ.  ლიდერობდა ოქროს კვეთა, მერე ხელოვნებაში მათემატიკის კვალი, ვეფხისტყაოსანი,  არქიტექტურა,  ადამიანები მათემატიკაში განსაკუთრებული წვლილით, კიმპიუტერული მეცნიერებები, საიდუმლო კოდები, მუსიკა და მათემატიკა, ფუნქციები ჩვენს გარემოცვაში, ცეკვაში მათემატიკის წვლილიც კი და ასე შემდეგ.
ამ მეორე აქტივობამ კიდევ ერთი კარგი რამე გააკეთა: სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ჩაერთო. მარტო მისი კლასელები არ გამოუწვევიათ, რადგან საჯარო იყო. ასევე, ერთი კლასიდან უცხოეთში ოჯახით წასული მოსწავლეც კი ჩაერთო.
ეს ორი რამ ექვემდებარება მოდიფიკაციას. ძალიან საინტერესო და ხელსაყრელია დისტანციური მუშაობის დროს.
ყველაზე ნათელი მიზანი იყო მოსწავლეთა მოტივირება და დაუკარგავი წუთები. ვინ იცის თითოეულმა რამდენი ამოცანა დაწერა და წაშალა სანამ სასურველი რიცხვი მიიღო.
პირველი აქტივობა არ გამოვა იმ კლასებში, სადაც შეცდომის დაშვების ეშინიათ. მოსწავლე უნდა აცნობიერებდეს, რომ მას შეუძლია შეეშალოს და ამისთვის არავინ ეტყვის საყვედურს .წინააღმდეგ შემთხვევაში იგი გამოწვევას არ აიტაცებს.

ამ პასუხების წაკითხვა უდიდესი სიამოვნება იყო. ზოგი ზემოთა ამოცანაში რიცხვებს ცვლიდა, ზოგი პირადში მითანხმებდა, ზოგმა იქვე მოითხოვა მგონი არ მაქვს სწორი მაგრამ ეს ამოცანა მინდაო და იქვე დავეხმარე. ეს იყო საინტერესო წუთები. სამომავლოდ გავიმეორებ სხვა რიცხვისთვის.

 

ვწერ მასწავლებლისთვის!

0

 ალექსანდრე ლორთქიფანიძე- მწერალი

როცა ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge”-სთვის წერა დავიწყე, პირველი რასაც ვფიქრობდი, ის იყო, ნეტავ ამას ჩემი მასწავლებლები თუ წაიკითხავენ-მეთქი. გარკვეული ხნის შემდეგ უკვე ჩემს მოსწავლეებზე მეფიქრებოდა, ახლა კი, თითოეული ტექსტის შეთხზვისას, თითქოსდა მთელი საზოგადოების წინაშე განვიცდი პასუხისმგებლობას, იმდენად საყოველთაოა ეს რესურსი. ყველაზე მნიშვნელოვანი, რატომაც მასწავლებლისთვის წერა მსურს, საკუთარი აზრის გაზიარების უბორკილო, თავისუფალი და ყველასათვის ხელმისაწვდომი სივრცეა. ამ პლატფორმას იყენებენ ხანდაზმული ადამიანებიც და ბავშვებიც, მემარცხენეებიც და მემარჯვენეებიც, ასეთებიც და ისეთებიც, ერთი სიტყვით, ყველა კატეგორიის ხალხი, ამიტომ ეს შესანიშნავი ტრიბუნაა, სადაც შეგიძლია შენი ფიქრების გუდას პირი მოაღო და მზად იყო ჯანსაღი პოლემიკისთვის. და მაინც, ყველაფერი მასწავლებლებისგან იწყება, ისინი ხშირად განსაზღვრავენ არამხოლოდ პიროვნებათა მომავალს, არამედ მათი ჩამოყალიბებით სრულიად საზოგადოების, ქვეყნის და კაცობრიობის პერსპექტივას. მასწავლებლობა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა და შესაბამისად, მასწავლებლისთვის წერა – შესაძლოა, არანაკლებ საპასუხისმგებლო საქმეც კი. სიმართლე ითქვას, ხშირად ვერ ვახერხებ ახალ-ახალი ტექსტებით მკითხველის განებივრებას და იქნებ ეს, სწორედ აღნიშნული პასუხისმგებლობის შეგრძნების ბრალიც კია, რადგან ყოველ ჯერზე ვცდილობ, ერთდროულად ვიყო თამამი, პირდაპირი და თან ყოველ სიტყვას ვზომავ, სისულელე არა წამოვროშო. მიუხედავად ამისა, მგონია, რომ შესაბამისი იშვიათობით გამოქვეყნებული ჩემი თითოეული ტექსტი აღწევს ადრესატამდე, მოსწავლეებამდეც და მასწავლებლებამდეც და იქნებ სულ მცირედით მაინც უზიარებს მათ ჩემს საფიქრალსა და მოსაზრებებს. იმედი მაქვს, ჩვენი ინტერნეტგაზეთი დიდხანს იარსებებს, ასეთივე პოლიტიკით და კიდევ უფრო დიდი მასშტაბით და რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ კავშირი ჩვენს მასწავლებლებთან კიდევ უფრო მჭიდრო გახდება, ჩვენი ბლოგები კი – კიდევ უფრო საინტერესო.

ალექსანდრე ლორთქიფანიძის ბლოგები

ონლაინ გაკვეთილები გეოგრაფიაში

0

უკვე უამრავი სტატია დაიწერა ონლაინგაკვეთილებზე.

ჩვეულ რეჟიმში ძალიან მიყვარს ონლაინმუშაობა. ჩემი სამუშაო რეჟიმი მარტო გაკვეთილებით არ შემოიფარგლება. ამიტომ ვამბობ, რომ მასწავლებლობა სამსახური არ არის, ეს ცხოვრების წესია. განსაკუთრებით პროექტებზე მუშაობის პერიოდში ვაქტიურობთ. მოდელირების დროს ხომ საერთოდ ვაფეთქებთ სოციალურ ქსელს. მაგრამ ახლა ეს ონლაინგაკვეთილები… თუმცა სხვა გზა არ გვქვს. ამ პროცესსაც აქვს თავისი დადებითი მხარე. ახლა ყველაზე მეტი შესაძლებლობა გვაქვს, მოსწავლეებს დავანახოთ ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენების საჭიროება. განსაკუთრებით გეოგრაფიის გაკვეთილები შეგვიძლია გამოვიყენოთ ამ მიზნით.

მე არ განვიხილავ რამდენად კარგია ონლაინგაკვეთილები ან რამდენად შევძლებთ საგნის ფუნდამენტურ სწავლებას. ეს ტერმინი საერთოდ არ არის ჩემთვის მისაღები, რადგან ვფიქრობ, რომ სწავლა-სწავლების პრინციპებს რადიკალურად ეწინააღმდეგება. პირველი პრობლემა რაც გამოიკვეთა, აღმოჩნდა ახალი მასალის მიწოდება, ანუ ახსნა. ამიტომ იყო საჭირო, რომ მოსწავლეებისთვის გვესწავლებინა დამოუკიდებლად მუშაობა, შემოქმედებითი და კრიტიკული, მეტაკოგნიტური უნარების განვითარება. კრიტიკულმა მდგომარეობამ მე პირადად ნათლად დამანახა არსებული პრობლემები. გაზიარებული რესურსების გაცნობის შემდეგ გარკვეული დასკვნა გამოვიტანე. ამაზე აუცილებლად დავწერ.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს პერიოდი შეგვიძლია კარგად გამოვიყენოთ სწავლა-სწავლების პრინციპების დასანერგად, მოსწავლეებისთვის დამოუკიდებლად სწავლის უნარების განვითარებისთვის. საჭიროა ახლა მაინც მივცეთ დავალებები, რომელთა შესრულებაც დაეხმარება მოსწავლეებს მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში.

გთავაზობთ კლასების მიხედვით რამდენიმე მაგალითს, როგორ ვხედავ ონლაინგაკვეთილებს.

მაგალითი 1.

 მე-7 კლასი: ბუნებრივი ზონების შესწავლა ისედაც არ მიმაჩნია მარტივად და შეიძლება, არც მარტო სახელმძღვანელოში მოცემული ტექსტის დაზეპირებით. ახლა მაინც გვაქვს ამისი შესაძლებლობა, რომ მოსწავლეებს მივაწოდოთ ფილმები, რომლებიც თვალნათლივ დაანახებს მათ, როგორ იცვლება ბუნებრივი ზონები. ამისთვის გამოვიყენე BBC-ის ფილმები სერიიდან „პოლუსიდან პოლუსამდე“ და „უდაბნოები“. ამ გვერდზე არის ფილმების ქართული ვარიანტები: https://www.adjaranet.com/movies/1002290/Planet-Earth?lang=GEO&quality=SD&season=1&episode=5&fbclid=IwAR0fzPvcCg3zXzFOZwwBNyo-Yqs2cHvo-xqu6LiSpW3P9DLxXrfagawNKmk.

დავალება ფილმის ყურების დროს – შეავსონ ცხრილი:

 ბუნებრივი ზონა/უდაბნო მდებარეობა ჩამოყალიბების ფაქტორები აღწერა
     

 

 

ონლაინგაკვეთილამდე შეიძლება კონტურული რუკებიც შევავსებინოთ: შექმნან რუკის ლეგენდა და აღნიშნონ ბუნებრივი ზონები.

ამ ცხრილის გამოყენება კარგი იქნება მეორე ფილმის ყურების დროსაც. მოსწავლეები ამ შემთხვევაში ფილმის ნახვის დროს იწერენ უდაბნოებს და აღნიშნავენ მათ კონტურულ რუკაზე.

მაგალითი 2.

მე-8 კლასი: თავდაპირველად ეს პერიოდი გამოვიყენე ნომენკლატურის შესასწავლად-გასამეორებლად და მივუთითე ონლაინთამაშის ვებგვერდის მისამართი: https://www.ilike2learn.com/ilike2learn/geography.asp?fbclid=IwAR1Sm8kIj3PztNLRuldxDaDN_0XTIOh5rP8MP2U_tkqCycbtiSDSP2z9Ak0. ამ გვერდზე კონტინენტების მიხედვით ყველა ნომენკლატურული ერთეული ცალ-ცალკეა გამოყოფილი. საკმაოდ მარტივი და გასაგები თამაშებია, რომლებიც ქულებსაც გიწერს. ამ თამაშის გამოყენება და შედეგების წარდგენა მუდმივ დავალებად შეიძლება გამოვიყენოთ.

პარალელურ რეჟიმში შეგვიძლია სხვა თემების განხილვაც. იმედი მაქვს, დიდხანს არ მოგვიწევს ამ რეჟიმში ყოფნა. მე-8 კლასში რამდენიმე ისეთი თემაა განსახილველი, როდესაც კარგად გამოვიყენებთ შებრუნებული საკლასო ოთახის მეთოდს. მაგალითად – მიგრაცია, ურბანიზაცია.

მიგრაციის თემა დღეს საქართველოში თითქმის ყველა ოჯახისთვის აქტუალური თემაა. ამიტომ შეიძლება მისი განხილვის პროცესში მშობლების ჩართვაც. მოსწავლეებმა შეიძლება გამოიკითხონ ნათესავ-მეგობრებიდან ვინ სად და რატომ არის წასული ქვეყნიდან. შეავსონ მარტივი ცხრილი.

ქევეყნიდან წასული პიროვნება ასაკი წასვლის მიზეზი ქვეყანა, რომელშიც წავიდა შენიშვნა
 

 

 

       

დისტანციურ გაკვეთილზე შეგროვებულ ინფორმაციას გავაერთიანებთ და დავაჯგუფებთ მიგრაციის სახეების მიხედვით. ცალკე დავაჯგუფებთ გამომწვევ მიზეზებს. შევქმნით კლასტერებს.

შემდეგ ჩვენ მიერ შედგენილ კლასტერებს შევადარებთ სახელმძღვანელოში არსებულ სქემას. საჭიროების მიხედვით მოსწავლეები თავად შეავსებენ გამოტოვებულ ტერმინებს.

დამოუკიდებლად შესასრულებელი (ანუ საშინაო) დავალება: მოსწავლე ეცნობა თემას მიგრაცია, რომელიც მოცემულია სახელმძღვანელოში. ჩამოწერენ მიგრაციის ძლიერ და სუსტ მხარეებს, ანუ ემზადებიან შემდეგი გაკვეთილისთვის, რომელზეც უკვე გამოიყენებენ SWOT ანალიზის მეთოდს. თუ ჯერ არ იციან მეთოდის შესახებ, მაშინ მასწავლებელი აჩვენებს SWOT ანალიზის სქემას და ერთად განიხილავენ თითოეულ ნაწილს.

როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახლაც გამაოცეს ჩემმა მე-8 კლასელებმა. ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის მათი მოსაზრებების მოსმენა.

მაგალითი 3.

 მე-9 კლასი: საქართველოს გეოგრაფია ჩემი საყვარელი ნაწილია. მე-9 კლასში ყოველთვის ხალისით შევდივარ ხოლმე. ახლა პირველი, რაც მოვიფიქრე, ტრადიციების გეოგრაფიის განხილვაა.  ჩვეულებრივი გაკვეთილების დროსაც მქონდა ეს თემა დისკუსიის რეჟიმში. ყოველ ჯერზე ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობდა, უამრავ განსხვავებულ აზრს ვისმენდი ჩემი მოსწავლეებისგან. მინდოდა, თავიდანვე გაერჩიათ (განესხვავებინათ) ბავშვებს ტრადიცია, ვალდებულება და ცრურწმენა. დავალება: ოჯახის წევრებთან ჩაატარონ გამოკითხვა, რას ნიშნავს მათთვის ტრადიცია. შემდეგ დაალაგონ მათი შეხდულებისამებრ. ონლაინგაკვეთილზე კი წარმოადგინონ ყველაზე საყვარელი ტრადიცია.

ვარიანტი 2. სადისკუსიო კითხვა: ტრადიცია თავისუფლება თუ…

მაგალითი 4.

მე-10 კლასთან მუშაობა უსაზღვრო შესაძლებლობს იძლევა უკვე. ამიტომაც მათ საკუთარი ემოციის დაწერა ვთხოვე. მათი აზრები სტატიად შევკარი, სათაურიც ერთად მოვიფიქრეთ: „პანდემიური არდადეგები“. წერითი უნარების განვითარება მნიშვნელოვანია. ონლაინგაკვეთილზე უფრო მეტად გამოხატეს ემოციები, საკუთარი დამოკიდებლებების ჩამოყალიბება და გამოხატვა ამ არცთუ ისე მსუბუქ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგალითი 5.

მე-11 კლასი: კორონავირუსი რაც პანდემიად გამოცხადდა, მას შემდეგ ვცდილობ მისი გავრცელების გეოგრაფიული კანონზომიერების ახსნას. გაკვეთილამდე მოსწავლეებს გავუგზავნე  ვებგვერდის მისამართი https://gisanddata.maps.arcgis.com/apps/opsdashboard/index.html#/bda7594740fd40299423467b48e9ecf6, სადაც არის პანდემიის გავრცელების  ინტერაქტიული რუკა და სტატისტიკური მონაცემები. მოსწავლეები თვალ-ყურს ადევნებენ გავრცელების პროცესს, ამუშავებენ მოცემულ სტატისტიკურ მონაცემებს, ეცნობიან მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და გაკვეთილზე წარმოადგენენ საკუთარ ხედვასა და გეოგრაფიული გავრცელების ანალიზს. შეეცდებიან, ახსნან გავრცელების კანონზომიერება. დისკუსია გარდაუვალია.

მოხარული ვიქნები, თუ ჩემი გამოცდილება გამოგადგებათ.

დისლექსიის ადრეული ნიშნების გზამკვლევი

0

მშობლებსა და მზრუნველებთან ერთად, საბავშვო ბაღისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლები საფუძველს უდებენ იმას, რომ ბავშვმა მთელი ცხოვრების მანძილზე შეძლოს სწავლა. მათი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლია ბავშვებისათვის მყარი საფუძველის შეთავაზება კითხვის განვითარებაში. მაგრამ ძალიან ბევრ ბავშვს უჭირს კითხვის უნარის განვითარება. ბევრი ავლენს ენაზე დაფუძნებული კითხვის უუნარობის, დისლექსიის ადრეულ ნიშნებს, რომლებიც ისტორიულად ბავშვების 10-15%-შია.

 

ქვემოთ მოცემულია მოკლე განმარტება დისლექსიის საერთაშორისო ასოციაციისაგან:

 

დისლექსია სწავლის სპეციფიკური უუნარობაა, რომლის წარმოშობაც ნეირობიოლიგიურია. ის ხასიათდება სიტყვების ცნობის სირთულეებით და მართლწერისა და დეკოდირების მწირი შესაძლებლობებით. ეს სირთულეები ჩვეულებრივ ენის ფონოლოგიურ [ბგერების დამუშავების] კომპონენტში დეფიციტის შედეგია, რაც ხშირად მოულოდნელია სხვა კოგნიტიურ შესაძლებლობებთან მიმართებაში და ეფექტური – საკლასო ინსტრუქციებით უზრუნველყოფისას.

 

0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან ჩატარებული ბოლოდროინდელი კვლევები გვიჩვენებს, რომ დისლექსია ასოცირდება ტვინის იმ ნაწილების სტრუქტურულ ცვლილებებთან, რომლებიც კითხვას უწყობს ხელს. მაგრამ დისლექსიის ნეირობიოლიგიური ფესვების მიუხედავად, რჩება გაუგებრობები. დისლექსია არ არის უშუალოდ გაგების პრობლემა, თუმცა თუ ბავშვს კითხვა უჭირს, შესაძლოა გაგების პრობლემებიც ჩამოუყალიბდეს. დისლექსიას  მხედველობის დეფიციტიც არ იწვევს – დისლექსია არ არის სიტყვების ან/და ასოების უკუღმა, არეულად დანახვა. ამერიკის პედიატრიის აკადემიის 2009 წლის დასკვნით ხაზგასმულია, რომ მხედველობის პრობლემები დისლექსიას არ იწვევს.

 

პროფესიული ორგანიზაციები, როგორიცაა – დისლექსიის საერთაშორისო ასოციაცია, წიგნიერების საერთაშორისო ასოციაცია და ამერიკის სწავლის შეზღუდული უნარების ასოციაცია, მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანია დისლექსიის მქონე ბავშვების ადრეული იდენტიფიცირება.

 

რას მივაქციოთ ყურადღება ადრეულ პერიოდში

 

როდესაც მშობლებმა და საბავშვო ბაღების სპეციალისტებმა იციან, რომ დისლექსია არის დეფიციტი ბავშვის შესაძლებლობისა, გაიგოს ბგერითი სტრუქტურები, ისინი უკეთ არიან მომზადებული, რათა შეამჩნიონ ზოგიერთი ადრეული გამაფრთხილებელი ნიშანი. ფონოლოგიური ცნობიერება წიგნიერების ფუნდამენტური უნარია; ის საშუალებას აძლევს ბავშვებს, მიიღონ ზეპირი მეტყველების „ნაკადი” და დაყონ ისინი ცალკეულ სიტყვებად, სიტყვები მარცვლებად, მარცვლები კი – ცალკეულ ბგერებად.

 

მყარი ფონოლოგიური ცნობიერების უნარების გარეშე ბავშვებს შეიძლება უჭირდეთ ასოების მათ შესაბამის ბგერებთან დაკავშირება, სიტყვების ნაწილებად დაყოფა, კონკრეტული ასო-ბგერების სიტყვებად გაერთიანება ან ბგერებით მანიპულირება.

 

ჩვენ ვიცით, რომ დისლექსიის მომასწალებელი ნიშნები  შესამჩნევია უკვე 3 წლის ასაკიდან და გამოიხატება ფონოლოგიური, ასოების ამოცნობის, სწრაფად დასახელებისა  და მუშა მეხსიერების უნარების შესუსტებაში. ჩამოთვლილთაგან მხოლოდ ცალკეული მათგანი არ არის საკმარისი დისლექსიის დიაგნოზირებისათვის. ქვემოთ მოცემულია დისლექსიის მომასწავებელი  ადრეული მარკერები.

 

ყველა ასაკის შესაბამისი საოჯახო და სამედიცინო ისტორია:

 

– შესაძლოა ჰქონდეს დისლექსიის საოჯახო ისტორია;

– ყურადღების დეფიციტი, დარღვევა; ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი;

– ენის განვითარების დარღვევები;

– შესაძლოა ჰქონდეს დისპრაქსია, დარღვევა კოორდინაციის განვითარებაში.

 

დისლექსიის პოტენციური ნიშნები პატარებსა და სკოლამდელებში:

 

– შესაძლოა უჭირდეს სიტყვების წარმოთქმა;

– ვერ შეძლოს ზუსტი სიტყვის გახსენება;

– უჭირდეს რითმის აღქმა და დამახსოვრება;

– შეფერხება ჰქონდეს მეტყველების განვითარებაში;

– იყენებდეს გაურკვეველ ენას ან უჭირდეს სპეციფიკური სიტყვების შერჩევა;

– უჭირდეს ასოების დასახელებების დასწავლა და დამახსოვრება;

– ვერ ცნობდეს ასოებს საკუთარ სახელში.

 

დისლექსიის პოტენციური ნიშნები საბავშვო ბაღსა და პირველ კლასში:

 

– შესაძლოა უჭირდეს სიტყვის ნაწილებით მანიპულირება;

– ვერ შეძლოს მარტივი სიტყვების წარმოთქმა;

– უჭირდეს სიტყვაში ბგერების იდენტიფიცირება;

– ასოების დასახელებების და მათი ჟღერადობის იდენტიფიცირება;

– შესაძლოა ხმამაღლა კითხვისას უშვებდეს შეცდომებს;

– წარმოთქვას ან დაწეროს რთულად გასაშიფრად;

– უჭირდეს ბგერების გაერთიანება.

 

დისლექსიის პოტენციური ნიშნები მეორე კლასში და შემდეგ:

 

– შესაძლოა გამოხატავდეს ფრუსტრაციას, მაგ. თავს არიდებდეს კითხვას ან წუწუნებდეს, რომ კითხვა ძალიან რთულია;

– შესაძლოა უჭირდეს ხელით წერა;

– გამოთქმა;

– უცნობი სიტყვების დეკოდირება;

– შესაძლოა კითხულობდეს რთულად ან გაჭირვებით;

– გაუჭირდეს წაკითხულის გაგება ან გახსენება;

– მაღალსიხშირიანი სიტყვების დამახსოვრება;

– დამატებითი დრო დასჭირდეს კითხვებზე ზეპირი პასუხის გასაცემად.

 

მასწავლებლებმა უნდა შეაგროვონ კლასის მონაცემები, აღნუსხონ მოსწავლის პროგრესი, მოახდინონ შეფასება საგანგებო საჭიროების მქონე მოსწავლეთა გამოსავლენად. ეს მნიშვნელოვან ინფორმაციას მიაწვდის სკოლის ფსიქოლოგებს, ვისაც შეუძლია დისლექსიის ფორმალური დიაგნოზის დასმა. არ დაგავიწყდეთ – მშობლებს შეუძლიათ დახმარება.

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/raising-readers-writers-and-spellers/202003/guide-early-markers-dyslexia?fbclid=IwAR2kG-seH7hURK0bohdcbvUsqEC6jeZo7F6VBMjGI9RjVmTR3W_JE3ZFn2w

ბავშვები იცვლებიან, როცა მშობლები ცვლიან აღზრდის მეთოდებს

0

დაწყებითი კლასის მასწავლებლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მოსწავლეებს ძალიან უჭირთ გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრირება, ათვისების უნარებიც  გაუარესებული აქვთ წინა თაობებთან შედარებით და ამის სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. რამდენიმე ხნის წინ არაქართულ საგანმანათლებლო საიტზე წავაწყდი ფსიქოლოგის განსჯებს ამავე თემაზე, თავისი განმარტებებითა და რჩევებით და მინდოდა, ჩვენი მკითხველისთვის გამეზიარებინა. სწორედ ამ პერიოდში დედამიწა კორონას სადარდებელმა მოიცვა და მოვლენებიც ელვის უსწრაფესად განვითარდა. მიმდინარე პროცესებმა ამ საკითხებზე კიდევ ახალი კუთხით შეგვახედა.

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვის ტვინი ,,დამყოლია“ და გარემო ფაქტორების მიხედვით ვითარდება. შესაბამისად, ის შეიძლება იყოს ,,ძლიერი“ , ან  ,,სუსტი“. ბუნებრივია, მშობელს ბავშვთან მიმართებაში საუკეთესო სურვილები ამოძრავებს, მაგრამ ხშირად მაინც არასწორი გზით მიდის.

დღეს ბავშვების უმეტესობა მყისიერად ისრულებს ყველა სურვილს: იტყვიან ,,მშია“ და მშობელი წუთში შესთავაზებს იქვე შეძენილ რამეს, ,,მწყურიასაც“ იგივე პასუხი მოსდევს, ,,მომეწყინა, რა გავაკეთო?“ იტყვის ბავშვი და მაშინათვე ტელეფონს მივაჩეჩებთ.

ამგვარი რეაგირებით მშობელი მოკლე ხნით ,,აბედნიერებს“ ბავშვს, გრძელვადიან პერსპექტივაში კი  წარუმატებლობისთვის იმეტებს. ეს მიდგომა გზას უჭრის ბავშვს, განივითაროს მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გადადების უნარი, რომელიც წარმატების მიღწევის გზაზე  საკვანძო უნარს წარმოადგენს. თუ ადამიანს შეუძლია, გადადოს/შეაყოვნოს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ის სტრესულ სიტუაციაშიც ინარჩუნებს ფუნქციონირების უნარს. საწინააღმდეგო მიდგომით, ბავშვები ვეღარ უმკლავდებიან უმნიშვნელო სტრესულ სიტუაციებსაც კი, რაც უდიდეს წინააღმდეგობას უქმნის ცხოვრებაში.

ყველა წავწყდომივართ ბავშვის მიერ გათამაშებულ მძაფრ სცენებს ქუჩაში, ტრანსპორტში, სავაჭრო ცენტრებში, როცა  რაიმე სურვილზე ,,არას“ ეუბნებიან. ეს არის რეაქცია მისი ტვინისა, რომელიც მიეჩვია, უმალ მიიღოს ყველაფერი, რაც მოუნდება.

იგივე ქცევა გრძელდება ზრდასრულობაშიც. სამწუხაროდ, გვაქვს უახლესი მაგალითები: საშიშროება კი არის, მაგრამ ევროპაში მოგზაურობა რატომ უნდა გადავდო? თვითიზოლაციაში კი ვარ, მაგრამ თუ გარეთ გასვლა ან ვინმეს მონახულება მინდა, რას დაველოდო? და ასე შემდეგ.

ეს პრობლემა ბავშვობიდან იღებს სათავეს. ბავშვმა ველოსიპედით რომ იაროს, ამისთვის უნდა ვავარჯიშოთ, ასევე სჭირდება ვარჯიში ბავშვის ტვინს, რომ მან მოცდა, მოთმინება ისწავლოს.

მშობლები ბავშვს უქმნიან ხელოვნურ სამყაროს, სადაც სულ გართობა და მხიარულებაა და არ არის მოწყენილობა. თუ შევნიშნეთ, რომ ბავშვი მოწყენილია, მაშინათვე მივრბივართ, რომ ახალი გასართობი მივუმარჯვოთ. ასე გვესმის კარგი მშობლის როლი. ჩვენ რეალურ სამყაროში ვცხოვრობთ,  ბავშვები – ხელოვნურში; მშობლები – შრომის, პრობლემების სამყაროში არიან, ბავშვები – მხიარულების სამყაროში.

მშობლები არიდებენ ბავშვს მონოტონურ საქმეებს სამზარეულოში, სახლში, საკუთარ  სათამაშოებსაც კი არ აკრეფინებენ, არ უნდათ დაღალონ ისინი. არადა, ასეთი უბრალო, მონოტონური სამუშაო ავარჯიშებს ტვინს, იფუნქციონიროს მოსაწყენი მოვალეობების შესრულების დროს. ეს სწორედ ის „კუნთია“,  რომელიც მას აუცილებლად სჭირდება სწავლისთვის.

როცა ბავშვები სკოლაში მიდიან და დგება ანბანის შესწავლის, წერის ეტაპი, ხშირად ისინი წუწუნებენ: ,,აღარ შემიძლია, ეს ძალიან რთულია, ძალიან მოსაბეზრებელი“. რატომ? იმიტომ, რომ უსასრულო მხიარულებაში მათ საქმის კეთების ,,კუნთი“ არ განუვითარდათ. ეს ,,კუნთი“ მხოლოდ მუშაობაში ვითარდება.

მეორეც, დღეს გაჯეტები იქცნენ ჩვენი ბავშვების  ძიძებად. ამ სამსახურისთვის ჩვენ ძალიან ძვირს ვიხდით. ვიხდით  ჩვენი ბავშვების ნერვული სისტემით, მათი სხვადასხვა საჭირო უნარების – ყურადღების, მოთმენის დეფიციტით.

ყოველდღიური ცხოვრება ვირტუალურთან შედარებით მოსაწყენია.  ბავშვები მოდიან სკოლაში და აწყდებიან რეალურ ადამიანურ ხმებს, შესაბამის ვიზუალურ სტიმულატორებს, განსხვავებულს  გრაფიკული აფეთქებებისა და სპეცეფექტებისაგან, რომელთა ყურებასაც ისინი ეკრანზე მიეჩვივნენ.

ვირტუალურ სამყაროში გატარებული საათების შემდეგ ბავშვებს სულ უფრო უძნელდებათ კლასში მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, რადგან ისინი მიეჩვივნენ სტიმულაციის მაღალ დონეს, რომელსაც სთავაზობს ვიდეოთამაშები. ბავშვებს არ შეუძლიათ გადაამუშაონ ინფორმაცია უფრო დაბალი დონის სტიმულაციით და ეს უარყოფითად მოქმედებს მათ შესაძლებლობაზე, აკადემიური ამოცანების გადაჭრის თვალსაზრისით.

ტექნოლოგიები  ემოციურადაც გვაშორებენ ჩვენს ბავშვებს, ოჯახებს. მშობლებთან ემოციური კავშირი – ეს არის ძირითადი ,,საკვები ნივთიერება“ ბავშვის ტვინისთვის. სამწუხაროდ, ეს ,,საკვები“ მათ თანდათან ეზღუდებათ.

,,არ უყვარს ბოსტნეული“, ,,არ უყვარს ადრე დაძინება“, ,,არ უყვარს საუზმე“, ,,არ უყვარს სათამაშოები, მაგრამ კარგად ერკვევა პლანშეტში“, ,,არ უნდა თვითონ ჩაიცვას“,  ,,ეზარება, რომ თავად ჭამოს…“. ასეთ ფრაზებს ხშირად მოისმენთ მშობლებისგან.

შეუძლიათ თუ არა ბავშვებს, განსაზღვრონ, რა არის მათთვის სასარგებლო და აუცილებელი და რა – არა? თუ ბავშვებს ვკითხავთ, უმრავლესობა თავის რაციონს ,,ჩიპსებითა“ და მისთანებით შეადგენს, დღის რეჟიმს კი – მხოლოდ ტელევიზორის ყურებით, პლანშეტში თამაშით და ძილს არასდროს მოისურვებს. მშობლები კი პასუხისმგებლები არიან, რომ განსაზღვრონ, რა არის მათთვის კარგი და რა  – არა.

ამას გარდა, ბავშვებს აბნევთ მშობლის არასწორი მესიჯები, რომელთა თანახმად, ისინი სწავლობენ, რომ შეუძლიათ გააკეთონ ყველაფერი, რაც სურთ. მათთვის უცხო რჩება გაგება  ,,უნდა გავაკეთო“; ცხოვრებისეული მიზნის მისაღწევად კი  უფრო ხშირად გვიწევს გავაკეთოთ, რაც აუცილებელია, და არა – რაც გვსურს.

ბავშვები ისახავენ ცხოვრებისეულ მიზნებს, მაგრამ მათთვის მძიმე ხდება გააკეთონ ის, რაც ამ მიზნის მისაღწევად არის აუცილებელი. ამას მივყავართ მიუღწეველ მიზნებამდე და დიდ განხიბლვამდე.

აღზრდა რთული საქმეა,  გავითვალისწინოთ ფსიქოლოგთა რჩევები:

არ მოერიდოთ იმ ჩარჩოების შეთავაზებას, რომლებიც ბავშვისთვის სასარგებლოა.

ასწავლეთ მოთმინება და ლოდინი, ეს მათ ძალიან გამოადგებათ.

აცალეთ, მოიწყინონ, ეს ნორმალური განცდაა, პირველი ნაბიჯია შემოქმედებისკენ.

თანდათანობით გააზრდევინეთ შუალედი ,,მე მინდასა“ და ,,მე მივიღეს“ შორის.

შეუზღუდეთ გაჯეტების ხელმისაწვდომობა და აღადგინეთ ემოციური სიახლოვე  მათთან.

შეეცადეთ თავადაც არ გამოიყენოთ გაჯეტები მათთან ერთად – ესაუბრეთ, ეთამაშეთ.

პატარაობიდანვე  შეასრულებინეთ  ყოველდღიური, მონოტონური სამუშაო, ამით საფუძველს ჩაუყრით მათ შრომისუნარიანობას.

იყავით შემოქმედებითი, ეს ვალდებულებები შეასრულებინეთ ხალისიანად, რომ ტვინმა მოახერხოს მათი ასოცირება  რაიმე პოზიტიურთან.

ასწავლეთ განაწილება, დამარცხება და გამარჯვება, სხვების შექება, მადლობის თქმა, სხვისი აზრით დაინტერესება.

ფსიქოლოგები ასკვნიან, რომ ბავშვები იცვლებიან იმ მომენტში, როცა მშობლები ცვლიან აღზრდის მეთოდებს.

ინკოგნიტო განწყობილებები

0

მიწას ჩაეზარდა ჩემი საწოლი, ბალახზე მძინავს და გრილი ნიავი მახურავს. ხეები ამოვიდა და მათი დღისით დაღლილი ფოთლების ჩუმი შრიალი და ზღაპრის ჭაობისფერი ჩიტების მწუხრის ,,იავნანა” ჩამესმის ჩემი ტვინის მუდამმღვიძარე, იდუმალ ხვეულებში ჩაკარგულს. იქ კი სიზმრის ველებია, ღამის ლურჯი ბატონის მდუმარე საუფლო, ქვესკნელთან წილნაყარი. მისი სინოტივე გსუსხავს, მაგრამ არ ფხიზლდები, ბნელი დინებით გამოგზაურებენ, რომ სიცივეატანილს უფრო მოგენატროს სინათლის ქალაქის მკვეთრი ფერები, კონტურები, თბილი ხელები, რომლებსაც უფრო ენდობი, ვიდრე ჩაციებით მომზირალ, მდუმარე ქიმერებს, ნიმფებს, სიშიშვლეს ბურუსითა და ორთქლით რომ იფარავენ. ბრუნდები და უკვე დავიწყებულშიშგამოვლილი ჩურჩულებ: იყავნ ნათელი!.. და კვლავ ვიბადები.

 

*     *     *

 

რეკვიემი

ჩუმი ჩქამით დაიშალა ოცნებათა უკვე კარგა ხანია დაბზარული, ბზინვარებადაკარგული, ჰაერში მსუბუქად მცურავი, სფეროსებრი წარმონაქმნი და ბასრი ნამსხვრევები სახეზე მაცვივა. სისხლი მწკლარტეა და არ კლავს სიფაქიზის, მშვენიერების, სრულქმნილების, ბედნიერების წყურვილს. ვინ ამომიღებს ამ წვრილ ნაჭუჭებს თვალებიდან, რომ გამრუდებულმა მხედველობამ ისევ დაიბრუნოს იმედის, მომავლის, ფერადოვნების აღქმის უნარი?!…თვალდახუჭული კარგია, მქრქალ სულის ლანდებთან, მდუმარებით რომ გაფრთხილებენ, სიმშვიდისაკენ მოგიწოდებენ, მაგრამ სიზმარიც მთავრდება, როგორც სხვა ყველაფერი ამქვეყნად და ცას ააცქერდები: ყვავებს გადაუფარავთ მისი სილაჟვარდე ფრთების ხუნდებით. გულს ჩახედავ – განწირულობის საცეცებია მოდებული, მიაყურადებ და სიკვდილის ცხელი სუნთქვაა. ჯერ ნუ გაბინდისფერდები, ნუ…….

 

*     *     *

 

არის ცხოვრებაში ტკივილისა და უსიამოვნებების მუტაციები, მაგრამ რისთვისაა წიგნი, ჩემი განუყრელი მესაიდუმლე და ნუგეშისმცემელი? მიშელ უელბეკის ,,მორჩილებაში”, მიუხედავად იმისა, რომ მთლად აპოკალიფსური ვითარებაა, სულიერებისაგან ადამიანის დაცლის ტრაგედია და პოლიტიკად ნაქცევი ისლამი, წალეკვით რომ ემუქრება მთელ სამყაროს (მოქმედება მომავალში ხდება), მაინც ვიპოვე შვება. ნაწარმოების მთავარი გმირი, ფრანსუა, ჩემსავით მე-19 საუკუნეს რომ ეტრფიალება, სრულიად უმწეოა საკუთარი ტკივილებისგან გაუცხოებულ, სიყვარულისგან დაწრეტილ გარემოსთან: ,,კომპიუტერის ეკრანს თვალი მოვაცილე და რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი ფანჯრისკენ; ოსპის მარცვლის ფორმის განცალკევებული ღრუბელი, რომლის გვერდები ჩამავალ მზეს ნარინჯისფრად შეეღება, შარლენის სტადიონის თავზე ეკიდა, ისეთივე უმოძრაო, ინდიფერენტული, როგორიც პლანეტათაშორისი ფრენისთვის განკუთვნილი კოსმოსური ხომალდი. მხოლოდ ყრუ, შენელებულ ტკივილს ვგრძნობდი, მაგრამ საკმარისად მტანჯველს, რომ ნათლად აზროვნებისთვის ხელი შეეშალა; მხოლოდ იმას ვხვდებოდი, რომ კიდევ ერთხელ მარტო დავრჩი, სიცოცხლის მისუსტებული სურვილით, და მომავალში მოსალოდნელი უთვალავი უსიამოვნებით…ეს იყო ნელი დეგრადაცია ,,იმ ფუნქციების ერთობლიობის, რომლებიც სიკვდილს ეწინააღმდეგება”. ის ეძებს ხსნას და ამაოდ ესტუმრება გარეუბნის ერთ-ერთ მონასტერს, რომელშიც სუსტადაა ცივილიზაციის ნიშნები. გადაწყვეტს, რომ იქ მისი ადგილი არაა, თუმცა მასში იღვიძებს სიცოცხლის სასიამოვნო შეგრძნება: ,,ამქვეყნად ცხოვრების ყველაზე უმწიკვლო სიხარულია, საწოლში ჩაწვე მარტო, ხელის გაწვდენაზე გქონდეს კარგი წიგნები და თამბაქოს პაკეტი”… გმირისადმი თანაგრძნობამ ტვინი აქტიურად ამიმუშავა. მაინტერესებს, წიგნშიც და ცხოვრებაშიც რამდენად გადარჩება ტექნოკრატიის, გაუცხოების ბრჭყალებში მოქცეული ადამიანი, თუ მორჩილებით, ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს. ანაც სადაა ხსნა, წიგნში თუ ადამიანებში, რომლებსაც ერთმანეთის აღარ ესმით, თუ რწმენაში, რომელიც ყველაზე ამაღლებული, ბუნებრივი მდგომარეობა უნდა იყოს სულისა და არა თავს მოხვეული ყრუ ფანატიზმი… ცხოვრება სრულად ვერა ან საერთოდ არ პასუხობს კითხვებს, მაგრამ კითხვის დასმა უკვე ცხოვრებაა…

 

*     *     *

 

– რად მოგიწყენია, თოჯინავ, შენ ხომ ადამიანი უნდა გაართო და გაამხიარულო?
– ახლა ვისვენებ აქ, ოთახის ბნელ კუნჭულში და ,,ვფიქრობ”…
– რაზე? –
-კაცად ყოფნაზე.
– რატომ? ადამიანები ხომ ყველაზე დარდიანები არიან ამქვეყნად, შენ ბევრად უზრუნველი ხარ, იდუმალი. თან ისედაც ჰგავხართ ერთმანეთს, ისიც ,,თოჯინაა”…
– კი, მაგრამ მომბეზრდა ვიყო ხის იმიტაცია. მინდა ნამდვილი სევდა, ოცნება, მინდა, ჩემს თვალებში არა ანარეკლი, ცის სიღრმე და სიფაქიზე… ტკივილი, სიკვდილიც მინდა!…

 

*     *     *

 

ადამიანი – იდეის ანარეკლი, ჩვენი წარმოდგენები თუ ილუზიები – ჩვენი ანარეკლები. რეალობის ზუსტი შეგრძნება სჯობს თუ ილუზორულობა? ვისთვის როგორ… წარმოდგენა საპნის ბუშტს ჰგავს, ხელის შეხებით ქრება. ილუზიაც ასეა – რეალობა კლავს. თუმცა ისინი ხშირად გადარჩენაა. ამიტომ სანამ გაქრება (იქნებადა, სულ იარსებოს?!), თავი შეაფარე ანარეკლის ანარეკლს, როგორც ლამაზ სათამაშო სფეროს, რომელშიც ყვავილის ფანტელები ცვივა და ყურში ჩაგესმის წყნარ მელოდიად: ,,სინამდვილეს არ ვემდური, არ ყოფილა თითქმის… ითქმის… ის…”.

 

*     *     *

 

სამყარო, ხილული თუ უხილავი, ერთი მფეთქავი ორგანიზმია. ამქვეყნად ჩვენი სხეულები მძაფრი განცდების სისხლძარღვებითაა მასზე მიერთებული. ამ მტკივნეულ კავშირს სიკვდილი წყვეტს. რა ხდება შემდეგ, როცა დიადის ნაწილი ხდები? როცა სიმშვიდეა და არა ტკივილი, სრულყოფილება და არა ნაკლულოვნება? რისკენ ისწრაფი, მიზანია თუ უმიზნობა? შ ე ნ ხარ თუ, უბრალოდ, ერთიანობა? რა ქმნის მთელს, როცა აღარაა ურთიერთგანმსაზღვრავი ორსახოვნება? როგორ გიყვარს და გიხარია? ხარ კი თავისუფალი უკვე უპირობითობაში? რა ქმნის ფორმასა და შინაარსს? რაშია სიღრმე და აზრი არსობისა? რამდენად დასაზღვრულია ჩვენი სული და მრავალფეროვანი სანახები? ჰარმონია სევდისმომგვრელი ხომ არაა თუ სევდაც არასრულყოფილია? ან კითხვები ჩნდება ,,იქ” საერთოდ?…

 

*     *     *

 

გუშინ მეგობართან ვსაუბრობდი ადამიანის ემოციურ ასაკზე და გალაკტიონი ბოლომდე იყო მარადი ბავშვი, რომელიც მკაცრად დავსაჯეთ, დავტანჯეთ, რადგან საქართველოში მკვდარი პოეტები უფრო უყვართ. თუმცა ღმერთი მასთან იყო მაშინაც, როცა თავს იკლავდა და მერეც, ,,ვარდისფერი გზით” მარადისობას რომ შეერთო. მისთვის აქაც და ,,იქაც” მხოლოდ ერთი სინამდვილე არსებობდა და არსებობს. გალაკტიონი ამქვეყნად მოვიდა, რომ ჩვენც მოვხვედრილიყავით მისი ლექსით სამოთხეში…

*     *     *

 

ფიქრები უილიამ ფოლკნერის წიგნზე ,,დროშები მტვერში”

წუთისოფლის ლაბირინთში ,,მოხეტიალეებზე” – არსებობს სიცოცხლის ვნება, რაც მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანშია. თუმცა არიან მისით შეპყრობილებიც. (წიგნში – ვაჟას ალუდა, მიტია კარამაზოვი, ნატაშა როსტოვა ,,ომი და მშვიდობაში” ან ბაიარდ სარტორისი ,,დროშები მტვერში”, ცხოვრებაში – ვან გოგი, ბარათაშვილი, ორივე გურამი: რჩეულიშვილი და თიკანაძე…) ასეთები ვერაფრით ეგუებიან ცხოვრების მიერ შემოთავაზებულ მოჩვენებით მოწესრიგებულობას და საშიში ჟინით ებმებიან მასთან ბრძოლაში (თუ ნამდვილ ომს გადაურჩნენ). ეს ბრძოლა უთანასწოროა და, ძირითადად, ფატალურად მთავრდება, რადგან სამყარო, როგორც წესი, არავის პატიობს მასთან ამხედრებას. თუმცა ამ ადამიანებისნაირად ვერავინ გრძნობს არსებობის სიტკბოსა და სიმძაფრეს. მათი ცხოვრებაც ნაღველშეპარული, მაგრამ ძალიან ომახიანი სიმღერაა სიცოცხლისა და ვინც ამ ჰანგებს ვერ ცნობს, მას არც უცხოვრია…

 

*     *     *

 

თვალები მებინდება, ზურგი ცხელი სისხლისგან მეწვის… რატომ?! შენ ხომ გამზარდე, მივლიდი, გიყვარდი. მეც მიყვარხარ! შემომხედე – შენ ხომ ყველაზე კარგად იცი, რა არის ტკივილი? განა ტანჯვა და სიკვდილი გართობაა?! მეც შემიძლია, ვიყო სასტიკი და წაგართვა სიცოცხლე, მაგრამ განა მეგობრებს, სიყვარულს კლავენ?!…
– ტორრრო! არენაზე! სიკვდილთან შესახვედრად!!!

 

*     *     *

 

თოჯინას სიკვდილი

იყო კიდეც და არც იყო. ეზოში, ქვიშაში ძველი, გატეხილი თოჯინა ეგდო. აწვიმდა მის უხელო ტანს, უთვალებო, ერთ დროს ულამაზეს თავს. იწვა მორჩილად, ბედს მინებებული. წვიმის წვეთები უფერულ ლოყებზე ეღვრებოდა და თითქოს ტიროდა თავის წარსულს: უღრუბლოს, ბავშვებით მხიარულს…
ეს არ იყო ტკივილი, მხოლოდ პირზე შერჩენილი მქრქალი, ნიღბად ქცეული ღიმილი და თოჯინას სევდა, რომელიც აუცილებლად ტრანსფორმირდებოდა ნაკადულების, ახლადგამოღვიძებული ჩიტუნიების ხმად, დილის სიოს მოლამუნებად, ციცინათელების მოულოდნელად გამომკრთალ, იდუმალ, ბურუსიან ნათებად და ასე განიბნეოდა სამყაროში…

 

*     *     *

უსარგებლო ნივთები… უსარგებლო ადამიანები… დაძველებულები, მობეზრებულები, არასაჭირონი, გამოუსადეგარნი, ყავლგასულები, დაუშნოებულები, გულმიუსვლელნი, გაცრეცილები და ფერ-დანიშნულებადაკარგულნი… არც ისე ადვილია მათგან გათავისუფლება: მათში უცნაური ენერგეტიკაა, ჯერ კიდევ ჩაუმქრალი მუხტი, შინაარსი, ისტორია, თავგადასავალი, ნაღველი და სულისშემძვრელი სიმარტოვე. მათ სჭირდებათ ყურადღება, მაგრამ აღარ ითხოვენ მას; მათ სჭირდებათ მოვლა, მაგრამ არ გავალდებულებენ. მათი არსებობა ერთ დიდ კითხვის ნიშნად ქცეულა.
,,რატომ?”- მდუმარედ კივიან ისინი.
,,რისთვის?” – მოისმის პასუხად.
სამყარო კი ხვნეშით ცდილობს გათავისუფლდეს ყველა დრომოჭმულისგან…
,,დროზე! დროზე!” – მათ მოსწყინდათ.
,,სანაგვეზე?” – კითხულობს დრო…

 

*     *     *

 

ნათელი და ბნელი, ორი ურთიერთგანმსაზღვრავი მოცემულობა, რომელიც წუთისოფლეში ,,სუფთა” სახით არ არსებობს, სულ ნარევია. ეს ნარევი განსაზღვრავს სამყაროს, ადამიანთა ბედს…
თუ ბედისწერა წინასწარგანზრახულობაა, მაშინ ბედისწერა იყო იუდას ღალატიც, პეტრეს მამალის ყივილამდე სამგზის ღვთის უარყოფაც და თვით იესოს მოვლინებაც. ამაზე მეტყველებს ბიბლიურ თუ ამსოფლიურ წინასწარმეტყველთა არსებობა, რომლებიც დროს უსწრებდნენ და კაცობრიობას ამცნობდნენ სხვადასხვა კატაკლიზმებს.
მაგრამ ამ წინასწარგანზრახულობებში არის საბედისწერო შემთხვევითობებიც, რომლებიც ადამიანს შეუძლია შეცვალოს. სწორედ ესაა ადამიანის ნება.
ხოლო ღვთის ნებაა, რომ დროში მოჩვენებითად მზარდი და ,,გამარჯვებული” ბოროტების წყვდიადი საბოლოოდ მაინც მარცხდება ნათლის, კეთილის მიერ.
დიდი იშვიათობა, მარად მოუწესრიგებელი ცხოვრების ჰარმონიაა სინერგია – ღვთისა და კაცის ნების შერწყმა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...