ხუთშაბათი, ივლისი 10, 2025
10 ივლისი, ხუთშაბათი, 2025

ჯადობაზობა

0

წიგნიცაა და წიგნიც. აი, ეს შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილას გადაშალოთ, დამშეულ თვალს სათავისო მიაგებოთ და მერე, სანამ კითხვას შეწყვეტდეთ, ერთი გვარი და ერთი მუსიკალური კომპოზიციის სახელწოდება მაინც დაიმახსოვროთ – რომლებიც ბოლოს ახსენა ავტორმა. ან დასაწყისში – რა მნიშვნელობა აქვს? და მოძებნასა და მოსმენას წინ რაღა უდგას? სიხარულია – მაშინ უფრო, როცა არაერთხელ მოსმენილს, წლების წინ ყურშეჩვეულს გადააწყდებით.

ზურაბ ქარუმიძის „ჯაზის ცხოვრებას“ ვგულისხმობ, ხელის გაწვდენაზე რომ მიდევს, ლურჯი ქაღალდის სახელდახელო სანიშნებით გამოვსებული.

როგორ კარგად მახსოვს ის დრო, ჯაზი რომ უცხო იყო, ძალიან უცხო და შესაფერისი განწყობა, ყურადღების მოკრება, სხვა ყველაფრისგან გათავისუფლება მჭირდებოდა თუნდაც მცირე ხნით მის მოსასმენად. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ამ ტყეში შევაბიჯებდი, სასეირნო ადგილებს არ დავჯერდებოდი და სიღრმისაკენ გავწევდი.

ახალი, შეუსწავლელი ვირუსი, შეცვლილი ცხოვრება, გადაკარგული მეგობრები, რომლების ნახვის იმედიც გადამეწურა, წაკითხული წიგნების თავიდან წაკითხვის არცთუ უხიფათო ჩვევა, ჩუმი შეშლილობა, რომელიც ნელ-ნელა მომწონდა კიდეც – ეს ხომ იყო და ერთი ჯგუფი ვიპოვე, კლასიკური ჯაზის მოყვარულების. მხოლოდ 1920-35 წლების მუსიკას უსმენდნენ, ამ დროს შექმნილ-ჩაწერილს. ბიქს ბაიდერბეკი. დიუკ ელინგტონი. ფლეტჩერ ჰენდერსონი. ამიყოლიეს. ავყევი და მივხვდი, რომ კარგად ვარ, რომ სხვა აღარაფრის მოსმენა მინდა და თუ გული საკუნისწინანდელი სიხარულით ფეთქავს, სიცოცხლისკენაც მობრუნებულა.

მერე მეგობრის შვილმა ეს წიგნი მირჩია – ზურაბ ქარუმიძის ეს კარგი წიგნი, რომელიც გამოსაჩენ ადგილას უნდა იდოს მუსიკის მასწავლებლის მაგიდაზე. და, ცხადია, არა მხოლოდ მის მაგიდაზე. კენ ბერნსის დოკუმენტურ სერიალს „ჯაზი“ (2001) კი თვითონ გადავაწყდი – ათ ნაწილად გაყოფილი ფილმია ძველი ფოტოებით, ძვირფასი ჩანაწერებით, თავბრუდამხვევი ისტორიებით.

ჯადობაზობა, ჯადობაზები – სიტყვები, რომლებიც „ჯაზის ცხოვრების“ კითხვისას სულ თავში მიტრიალებდა, ავტორისაგან სწორად, ყურადღებით შერჩეული უნდა იყოს. მაშ, ვინ არიან ეს ადამიანები, შესაძლებლის საზღვრებს რომ არ სცნობენ? მაშ, რა ჰქვია მათ ხელობასა და ხელოვნებას, ფეხქვეშ რომ მიწას გაცლის და სადღაც შორს უწონო ქაღალდივით მიგაფრიალებს? არტ-ტეიტუმზე წერს, ოსტატობის მწვერვალს რომ მიაღწია, ისე უკრავდა, გეგონებოდა, ოთხი ხელი აბიაო. მაილზ დეივისზე კი ნათქვამი აქვს: „ბგერა განუმეორებელი ჰქონდა – მოუხეშავი და იმავდროულად ბუნებრივი, როგორც სუნთქვა, დიახ – მაილზი კი არ უკრავდა, არამედ სუნთქავდა საყვირით“.

ზემოთ მუსიკის მასწავლებელი ვახსენე. მთელ წიგნს თუ არ წაიკითხავს, ჩარლი პარკერის ამბები მაინც გადაიკითხოს – საყურადღებო და ჩასაღრმავებელი. ერთს აქვე ამოვწერ: „ჩარლის მოსიყვარულე დედა ზრდიდა, შვილზე გადაგებული და მისი ახირებების დამყოლი. თერთმეტი წლისას დანაზოგი გროშებით საქსოფონი უყიდა – ეგებ მუსიკამ სწორ გზაზე დააყენოსო. ჩარლიმ ერთხანს კი „ითამაშა“ იმ საქსოფონით, მაგრამ მალე მობეზრდა და მეზობელს ათხოვა, ისე, რომ რამდენიმე წელი არც გახსენებია. სკოლაშიც უვარგისი იყო, კლასიდან კლასში ძლივს გადაჰყავდათ. თუმცა გამოხდა ხანი და ისევ მუსიკის ჟინმა სძლია – ის თავისი განათხოვრებული საქსოფონი დაიბრუნა და დღის უმეტეს ნაწილს თავისებურ მუსიკალურ ეკზერსისებში ატარებდა. ღამღამობით კი კანზას-სიტის ბარებსა და კლუბებში დაყიალობდა“.

ელა ფიცჯერალდი – თვალი რამე შორეულ წერტილს გაუშტერეთ, წამით გაიხსენეთ, რა ქალი იყო, რა მომღერალი და მერე წაიკითხეთ: „ვოკალური დიაპაზონის სიფართოვესთან ერთად იგი დიდებულ ჟანრობრივ დიაპაზონსაც ფლობდა – ბოსა-ნოვასაც და „ბიტლზის“ სიმღერებსაც ისევე გაართვა თავი, როგორც მანამდე სუინგსა და ბიბოპს, სასცენო მანერები კი ერთობ სადა ჰქონდა – ეს გოროზი ქალი ზოგჯერ იდგა და რაღაცნაირად შებოჭილი მღეროდა, როგორც რომ ბაპტისტური საეკლესიო გუნდის სოლისტი, პირველად რომ გამოდის საკვირაო წირვაზე, ან კიდევ – როგორც რომ სკოლის მოწაფე გოგო, თავისზე ლამაზ ბიჭს სიყვარული რომ უნდა გაუმხილოს“.

რა აღარ მოვნიშნე წიგნის კითხვის დროს, მოყოლით კი, აბა, რას მოვყევი… ის ჯობია, თვითონ ნახოთ და ჯაზის ტყეშიც გაბედულად შეაბიჯოთ. ალაგ-ალაგ გაუვალიცაა, სახიფათოდ ჩაბნელებულიც, უცნაური არსებებით დასახლებულიც, მაგრამ რა ხმები ისმის, რა სიცოცხლეა!

 

ბოლო ზარი შინდისში

0

მახსოვს ტყვიისფერი ცა. ჰაერი _ გაჭიმული ატლასი _ ჩრდილების ამრეკლი. ამ ჩრდილებში გვირილები და მიხაკები ჩავაწყვეთ. კიდევ, ვარდები. 17 საფლავი მოირთო ტყვიისფერი ცის ქვეშ.

შიდა ქართლში, გორის რაიონის სოფელ შინდისში, რკინიგზის ძველ სადგურთან ახლა გმირთა მემორიალი და მათი სულების სახელზე აგებული ტაძარი დგას. იმ დღეს, რომელზეც ვყვები, მხოლოდ მემორიალი დაგვხვდა, ჯერ ტაძარი არც იყო აგებული და მემორიალიც _ საფლავის ქვებისა და იმ ტრაგიკული დღისგან „სახსოვრად“ შემორჩენილი ნივთებისგან შედგებოდა. თითოეული ნივთი თავისი ისტორიის ჟანგით ყვებოდა ამბავს დიდ გმირობასა და ღირსებაზე და ჩვენ ვეხებოდით მათ, ვხედავდით უკვდავების ამ სევდიან ილუსტრაციას.

2008 წლის აგვისტოს ომიდან მხოლოდ ორი წელი იყო გასული. მაისი იდგა და იმ დღეს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკა. თბილისიდან სხვადასხვა სკოლის მეთორმეტეკლასელების თავაწყვეტილი ჟრიამულიც გამოვიყოლეთ _ დაქროდნენ ქუჩებში თეთრ-პერანგაჭრელებულები, აჟივჟივებულები, აჭყვიტინებდნენ ფერად საყვირებს _ თითქოს მომავალს აძლევდნენ სიგნალს, გაბმულად და თავაწყვეტით, და მომავალიც გამოდიოდა შიშის ბურუსიდან (რადგან მასზე ყოველთვის მოქმედებს ასეთი შეძახილები!)… იმ დღეს, მხოლოდ ერთ სკოლაში „ჩატარდა“ ყველაზე განსხვავებული, უცნაური ბოლო ზარი, როგორსაც ალბათ მანამდე ვერც ის მოსწავლეები წარმოიდგენდნენ და როგორის წარმოდგენა ახლაც გაუჭირდება ყველას, ვისთვისაც ეს დღე მხოლოდ მხიარულებასთან, დროსტარებასთან, ლხენა-ყიჟინასთან ასოცირდება.

154-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, მანანა კიკნაძემ, 2010 წლის 15 მაისს თავის მეთორმეტეკლასელებს ერთ ავტობუსში მოუყარა თავი. ავტობუსი შინდისისკენ დაიძრა.

შინდისის ბრძოლის შესახებ, დაწვრილებით, მე პირადად სწორედ იმ დღეს შევიტყვე. მერგო პატივი, ჩემს მეგობარ პოეტებთან _ მარიამ წიკლაურთან და მარიამ ხუცურაულთან ერთად ამ ბოლო ზარის მონაწილე ვყოფილიყავი. 2008 წლის 11 აგვისტოს, როცა უკვე დასრულებული იყო საომარი მოქმედებები და გამოცხადებული იყო ე.წ. „კორიდორი“, სენაკის მეორე ბრიგადის საშტაბო ასეული რუსული არმიის ჩასაფრებაში მოყვა. უთანასწორო ბრძოლაში დაიღუპა 17 ქართველი მებრძოლი. 5 მეომრის გადარჩენა ადგილობრივმა შინდისელებმა შეძლეს.

ამ ისტორიას ბევრი გმირი ჰყავს _ ჯარისკაცებიც და ადგილობრივებიც. ლეგენდად ჰყვებიან ამბავს იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდა 22 მეომარი 500-კაციან რუსულ არმიას, როგორ ებრძოდნენ ავტომატების ამარა დარჩენილი ქართველები ტანკებით და ბეტეერებით აღჭურვილ მტერს… რამდენიმე დაჭრილმა სადგურთან მდებარე შენობის ნანგრევს შეაფარა თავი და მათაც გარდაუვალი სიკვდილი ელოდათ, რომ არა ერთ-ერთი ჯარისკაცის _ ალეკო ონიანის თავდადება: მუხლებში სასიკვდილოდ დაჭრილი ნათლულის, რომან ზოიძის თავი ედო ალეკოს, თანამებრძოლებს გასძახა თურმე _ მტერს ცოცხალი არცერთი არ ჩავბარდებითო, მერე „მამაო ჩვენო“-ს ლოცვა დაიწყო და ყუმბარას თავი წააცალა… მტრის თვალწინ აიფეთქა ალეკო ონიანმა თავი. ომის დაუწერელი კანონის თანახმად კი, როცა ერთ-ერთი მხრიდან ვინმე ასეთ თავგანწირვაზე მიდის, მეორე მხარე დროებით წყვეტს შეტაკებას, რადგან მსგავსი ქმედების განმეორების დიდი რისკია…

ასე მისცა ქართველმა ჯარისკაცმა დრო შინდისელ მოსახლეობას, დაჭრილები სამშვიდობოს გაეყვანათ.

როცა 11 აგვისტოს ერთ-ერთ გმირს _ შინდისელ ბადრი (ახმეტა) ხუციშვილს ეკითხებიან, არ გეშინოდა, იმ სასაკლაოდან მეომრები რომ გამოგყავდაო? ახმეტა (ამ სახელით იცნობს მას დღეს მთელი საქართველო) გაკვირვებით პასუხობს: იმ დროს ვერც შიშს ვგრძნობდი და ვერც ვერაფერს, მხოლოდ იმას ვაკეთებდი, რასაც გული მკარნახობდაო. გულის კარნახით, რამდენიმე თანასოფლელის დახმარებით, გაარიდა ცეცხლწაკიდებულ ბრძოლის ველს 5 დაჭრილი. მეომრები შინდისელებმა მალულად და სიცოცხლის რისკის ფასად შეიფარეს, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საპატრიარქოდან წარგზავნილი სასულიერო პირების დახმარებით გახდა შესაძლებელი დაჭრილების თბილისში გადმოყვანა.

სასულიერო პირების ძალისხმევითვე დაუბრუნეს ოჯახებს იმ მეომართა ცხედრებისგან დარჩენილი ფერფლი და ძვლები, რომლებიც 11 აგვისტოს ბრძოლაში ჩაწვნენ. ერთი შინდისელი ყვებოდა: შაოსანი ქალი იდგა სადგურზე, დამწვარ მანქანასთან, დიდხანს იდგა და ტიროდა, მერე გამოაღო კარი და მუჭით გამოჰქონდა ფერფლი, ჩანთაში იყრიდა და ამბობდა _ ეს ჩემი შვილია, ეს ჩემი შვილიაო…

ახმეტა ხუციშვილი პროფესიით ელექტრიკოსია. ომამდეც და მერეც თავის საქმეს ერთგულად ემსახურება. ერთგულება მისი პიროვნული ბეჭედია. მან დაჭრილ მეომრებსაც უერთგულა და გარდაცვლილებსაც. ყველა ბოლო გზამდე გააცილა _ ამ სოფელშიც და მიღმა სოფელშიც. აგვისტოს იმ ტრაგიკული დღეების ბუქი რომ გადაიწმინდა, თავის სამუშაო ადგილას, დენის გადაჭრილი მილებისგან ჯვარი შეკრა და ბრძოლის ველზე დაამაგრა. ეს პირველი ნიშანი იყო. ახმეტამ მოაგროვა ასევე იმ დღის ნივთიერი ანაბეჭდები _ დაცხრილული „ბათინკები“, ჩაჩქანები, ტყვიები… ასე შეიქმნა შინდისის მემორიალი, რომელიც ყოველწლიურად უფრო მეტად თვალსაჩინოვდება. სულ მალე კი, თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, იქ შინდისის ბრძოლის ამსახველი მუზეუმიც გაჩნდება.

17 გარდაცვლილ ჯარისკაცს შორის ერთს, 22 წლის მიხეილ დვალიშვილს, ჯიბეში ლექსი უპოვეს. ამ ლექსმა შინდისის ისტორიას ახალი ფერი მისცა, ახალ ძალად გახმაურდა. ის იყო საბაბი, პირველწყარო რეჟისორის _ ედმონდ მინაშვილისთვის, რათა შინდისის ბრძოლის ამბავს გულდაგულ მიჰყოლოდა და ის მთელი საქართველოსთვის გაეცნო. ედმონდმა ახმეტა აღმოაჩინა, ახმეტამ და დანარჩენმა შინდისელებმა ყველაფერი უამბეს, _ ასე გაჩნდა, თავდაპირველად, დოკუმენტური, მერე კი მხატვრული ფილმის იდეა. ცოტა ხნის წინ ფილმ „შინდისის“ სატელევიზიო პრემიერაც შედგა. ამ ფილმმა არაერთი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა და დღეს შინდისის გმირების შესახებ საქართველოს გარეთაც იციან…

2010 წლის 15 მაისის „ბოლო ზარს“ ედმონდიც ესწრებოდა. მისი დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი უახლესი წარსულის ამ ამბავმა მთელი ქვეყანა აალაპარაკა და ჩვენი თვალი და გული შინდისისკენ მიაპყრო.

„ტრადიციული ბანკეტისა და „ბოლო ზარის“ მიღმა, ქართველ ახალგაზრდას ცხოვრების გზაზე გასასვლელად სხვა „ხიდიც“ სჭირდება. სამშობლოს სიყვარული გმირების უკვდავყოფით უნდა იწყებოდეს“ _ ეს იყო მანანა მასწავლებლის ჩანაფიქრის იდეაც და მიზანიც.

გაკვეთილი უჩვეულოც იყო და „ჩვეულებრივიც“ _ ყველაფერი სიის ამოკითხვით დაიწყო. სიაში 17 ჯარისკაცის გვარ-სახელი მოხვდა. პასუხი _ „ვარ!“ _ მათ მაგივრად, 154-ე სკოლის მოსწავლეებმა გასცეს.

ოდნავ მოშორებით, ჯერკიდევ ნაომარი მიწის მტვერში ჩაკარგული ლიანდაგები კი მისდევდნენ გზას, რომელიც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის გადო განგებამ.

მას შემდეგ ხშირად მიფიქრია მაგ დღეზე. რა იყო ეს? მასწავლებლის აქცია-პერფორმანსი? ცხოვრების გაკვეთილი? ალქიმია?.. მანანა კიკნაძემ ამ აქტით რაღაც უმნიშვნელოვანესი ჩაიდინა _ დიდი გამბედაობის, შესაძლოა რისკის ფასადაც, მოსწავლეებს „ბოლო ზარის ხიბლი“ გამოსტაცა და სულ სხვა, ყველაზე მტკივნეული მხრიდან შეახედა ცხოვრებას; იმ ზღვართან მიიყვანა, სადაც დიდი შეკითხვები და დიდი პასუხების მოლოდინია ხოლმე; სადაც იოლი არაფერია, თუმცა ეს შიშიც _ ცხოვრების, მომავლის შიში _ იმ გმირულად დაღუპული მეომრების სისხლის ფასადაა გამოსყიდული.

მას შემდეგ სულ მინდა, ამ „გაკვეთილზე“ ან დავწერო რამე, ან ვინმეს ვუამბო, მაგრამ ესაც რთულია, ძალიან რთული, რადგან მკითხველშიც და მსმენელშიც თავდაპირველი ემოციის დასაბადებლად, სიტყვასთან ერთად, კიდევ რაღაც აქტია საჭირო. რაღაც ქმედება, მოძრაობა, რომელშიც აი ის გმირობა და ღირსებაა არეკლილი, შინდისის ისტორიის შინაარსი, იმ ბოლო გაკვეთილის შინაარსი…

მე ველოდები ამ ძალას ჩემში. ის ბიჭები, შინდისელები, თავიანთი საქციელით, მუდმივად გვაიძულებენ _ ეს ძალა ყველამ ჩვენს თავში ვიპოვოთ. სხვაგვარად სიცოცხლე სადღაც, ლიანდაგებს შუა ჩაიხერგება.

სხვაგვარად, ფასს დაკარგავს სიცოცხლე.

 

 

 

 

 

 

 

უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის განვითარების ასაკობრივ-ფსიქოლოგიური  თავისებურებები

0

ვფიქრობ, დღეს ყველა თანხმდება, რომ ბავშვის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინება აუცილებელია, როგორც სასწავლო პროცესში, ასევე სახელმძღვანელოების, სასწავლო გეგმების შედგენისას და, ზოგადად, ნებისმიერ სიტუაციაში ბავშვთან ურთიერთობისას. არცთუ იშვიათია შემთხვევები, როდესაც უფროსი – მასწავლებელი ან მშობელი რაღაცას უხსნის ბავშვს, ის ვერ იგებს, დაბნეულობა აღებეჭდება სახეზე, უფროსი კი ბრაზობს და  გაოცებას ვერ მალავს: „რა უნდა ამის გაგებას, ეს ხომ ასეთი მარტივია?!“.

 

ჩვენთვის შეიძლება ეს მართლაც ადვილად აღსაქმელი და გასაგები იყოს, მაგრამ ბავშვის აღქმა, აზროვნება, ყურადღება და სხვა ფსიქიკური პროცესები ხომ სრულიად განსხვავდება ზრდასრული ადამიანის ფსიქიკური პროცესებისგან. სწორედ ამიტომ, თუ გვინდა გავუგოთ ბავშვს და ავხსნათ მისი ქცევა, აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, თუ რა ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებით ხასიათდება ბავშვი, რომელთანაც ჩვენ გვაქვს ურთიერთობა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სასკოლო პერიოდში ბავშვთან ურთიერთობისას აღმოცენებული პრობლემების დაძლევის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას ბავშვის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებების გათვალისწინება წარმოადგენს. ეს განსაკუთრებით საჭიროა დაწყებით სასკოლო პერიოდში, ვინაიდან ამ დროს ჩამოყალიბებული განწყობა-დამოკიდებულებები სკოლისა და სასწავლო პროცესის მიმართ ბავშვს მთელი სასკოლო პერიოდის განმავლობაში მიჰყვება. ძალიან ხშირად პედაგოგების მცდელობა, მოახდინონ კორექცია საშუალო და უფროსი სასკოლო ასაკის ბავშვის დამოკიდებულებაში სწავლის მიმართ, უშედეგოდ მთავრდება. ამასთან ერთად, დაწყებითი კლასების მასწავლებელი, ბავშვის ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, აღსაზრდელზე ზემოქმედების უდიდესი შესაძლებლობების მატარებელია. თუმცა, ამ შესაძლებლობების რეალიზება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ პედაგოგი ბავშვთან ურთიერთობისას გაითვალისწინებს მის განვითარებაში მომხდარ ცვლილებებს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სასწავლო პროცესში აღმოცენებული პრობლემების დასაძლევად კარგად უნდა ვერკვეოდეთ და ვითვალისწინებდეთ არა მხოლოდ ინტელექტუალურ, არამედ ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებაში დაფიქსირებულ ცვლილებებს:

ფიზიკური, ანუ ბიოლოგიური განვითარება

  • ამ პერიოდში მიმდინარეობს ბავშვის ორგანიზმის ინტენსიური ბიოლოგიური ზრდა-განვითარება;
  • მატულობს ნერვული პროცესების აქტივობა – აგზნება ჭარბობს შეკავებას, რის გამოც ბავშვი ხასიათდება მომატებული ემოციური აგზნებადობითა და მოუსვენრობით;
  • მსხვილი კუნთების განვითარება უსწრებს წვრილი კუნთების განვითარებას, რის გამოც ბავშვს უჭირს ნატიფი, დახვეწილი მოძრაობების შესრულება, რომელთა განხორციელებაც სიზუსტეს მოითხოვს. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, გასაგები გახდება, რატომ უძნელდება უმცროსკლასელს წერითი სამუშაოების შესრულება, რატომ არ შეუძლია სწრაფად და დიდხანს წერა. ამიტომ, უნდა ვერიდოთ უმცროსი ასაკის მოსწავლეთა წერითი სამუშაოებით გადატვირთვას და მით უმეტეს ცუდად შესრულებული დავალების ხელმეორედ შესრულების მოთხოვნისაგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგანაც გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვს ხელი სწრაფად ეღლება, შესრულებული დავალების გადაწერა გაუმჯობესების ნაცვლად, პირიქით – აუარესებს შედეგებს.
  • ზრდის პროცესი არათანაბრად მიმდინარეობს – გული არ იზრდება სხეულის პროპორციულად, ამიტომ, ბავშვს არ შეუძლია დიდხანს იყოს დაკავებული დაძაბული ფიზიკური აქტივობით.

კოგნიტური, შემეცნებითი პროცესების განვითარება

  • აღქმა – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აღქმა არასაკმარისად დანაწევრებულია, ამიტომ ის ხშირად ურევს მსგავსი მოხაზულობის ასოებსა და ციფრებს; ვერ ცნობს ფიგურას, თუ მას სივრცეში მდებარეობას შევუცვლით. ბავშვი აღიქვამს საგნის მთლიან გამოსახულებას და ვერ ხედავს მის ელემენტებს. საგანში ამჩნევს არა მთავარს, მნიშვნელოვანს, არამედ საგნის თვალშისაცემ თვისებებს (ფერი, ფორმა, ზომა). ყოველივე აღნიშნული აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც პატარებს რაიმე სასწავლო მასალას ვაწვდით აღსაქმელად;
  • ყურადღება – უმცროსი სასკოლო ასაკისთვის დამახასიათებელია სუსტად განვითარებული ნებისმიერი ყურადღება. ბავშვს უჭირს ყურადღების მართვა; სამაგიეროდ, კარგად აქვს განვითარებული უნებლიე ყურადღება – ყველაფერი ახალი, მოულოდნელი, საინტერესო, ნათელი იქცევს ბავშვის ყურადღებას. მან შეიძლება არ შეაჩეროს ყურადღება არსებით დეტალებზე სასწავლო მასალაში და პირიქით, ყურადღება გაამახვილოს არაარსებითზე, რადგანაც სწორედ მათ მიიქციეს მისი ყურადღება. ამ ასაკში ბავშვის ყურადღებას აკლია ასევე სიმტკიცე – ყურადღების ხანგრძლივი წარმართვა ერთი და იმავე მიმართულებით, ერთსა და იმავე ობიექტზე;
  • მეხსიერება – უმცროს სასკოლო ასაკში მეხსიერება ატარებს უნებლიე ხასიათს – ბავშვს ჯერ კიდევ კარგად არა აქვს განვითარებული დასამახსოვრებელი მასალის გააზრების უნარი. მეხსიერების წამყვანი ფორმებია ემოციური და თვალსაჩინო-ხატოვანი მეხსიერება. ბავშვები უფრო ადვილად და კარგად იმახსოვრებენ თვალშისაცემ, ნათელ და საინტერესო მასალას, რომელმაც მათზე ემოციური ზეგავლენა მოახდინა; ასევე კონკრეტულ საგნებს, მოვლენებს, სახეებს, ვიდრე განმარტებას, აღწერას, ახსნას;
  • აზროვნება – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის აზროვნება თვალსაჩინო-ხატოვანია. მას უჭირს სიტყვიერად გამოთქმული აზრის გაგება, თუ ამ აზრს თვალსაჩინო საყრდენი არ გააჩნია. ამიტომ, ამ პერიოდში სწავლება ეფექტურია მაშინ, როცა აზროვნება ეფუძნება თვალსაჩინო ხატებს. უმცროსკლასელებს უჭირთ საგნებსა და მოვლენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დამყარება, ამიტომ სწავლების პროცესში მივაჩვიოთ ისინი საგანთა, მოვლენათა სისტემატურ ანალიზსა და სინთეზს, გავუცნობიეროთ მათ მოვლენათა შორის შინაგანი კავშირი და დავეხმაროთ, რომ განასხვაონ ისინი გარეგნული კავშირისაგან;
  • მეტყველება – უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მეტყველების განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული აზროვნების განვითარებასთან. მარტივი წინადადებებიდან ის გადადის რთული თანწყობილი და ქვეწყობილი წინადადებების გამოყენებაზე, წინადადებების ფორმულირებისას იყენებს კავშირებს – „იმიტომ“, „რომ“, „თუ“, „იმისთვის“ და ა.შ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ასაკში ბავშვებს ზეპირი მეტყველება უკეთესად აქვთ განვითარებული, ვიდრე წერითი. წერის დროს ისინი, როგორც წესი, მოკლე წინადადებებს იყენებენ, მაშინ, როდესაც ზეპირი მეტყველებისას სათქმელს ბევრად უფრო გრძელი წინადადებებით გადმოსცემენ.

სოციალური, ანუ პიროვნული განვითარება

უმცროს სასკოლო პერიოდში ბავშვის სასწავლო წარმატებები დამოკიდებულია არა მხოლოდ ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების გარკვეულ დონეზე, არამედ იმაზეც, თუ როგორია მისი სოციალური, პიროვნული განვითარების დონე. თუ ბავშვი პიროვნულად, სოციალურად მზად არის სასკოლო სწავლისათვის, მას უნდა შეეძლოს, სასწავლო სიტუაციაში თავის თავზე აიღოს მოსწავლის სოციალური როლი, დაექვემდებაროს სკოლის წესებს, მიიღოს და განახორციელოს სკოლიდან მომდინარე ამოცანები. მომწიფებული უნდა იყოს იმ სოციალურ ურთიერთობებში ჩართვისათვის, რომელიც გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესში მყარდება. ამასთან, უნდა შეეძლოს ანგარიში გაუწიოს ჯგუფის ინტერესებს და გაითვალისწინოს ჯგუფში მიღებული წესები. პიროვნული განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისყოფის განვითარებას. თუ სკოლამდელ პერიოდში ბავშვი მიჩვეული იყო საკუთარი თავისადმი კონტროლის გაწევის გარეშე მოძრაობას, ლაპარაკს, გრძნობათა გამოვლენას, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე გამოხატავდა თავის სურვილებსა და მისწრაფებებს, სასკოლო გარემო მას ავალდებულებს კონტროლი გაუწიოს ყველა თავის მოქმედებას, თავი შეიკავოს ზედმეტი მოძრაობისა და უადგილო სიტყვიერი რეაქციებისაგან, შეასრულოს უფროსების მოთხოვნები   და დავალებები მაშინაც კი, როცა ამის სურვილი არა აქვს. ყოველივე აღნიშნული ნებისყოფის განვითარების გარკვეულ დონეს საჭიროებს. ამდენად, კარგი ფიზიკური და ინტელექტუალური განვითარების პირობებშიც კი, თუ ბავშვი პიროვნულად, სოციალურად არ არის საკმარისად განვითარებული, ის სერიოზული პრობლემებისა და სირთულეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე უმცროს სასკოლო ასაკში სასწავლო პროცესის წარმატებულად და ეფექტიანად წარმართვის უზრუნველსაყოფად გავითვალისწინოთ ამ ასაკისთვის დამახასიათებელი ასაკობრივ-ფსიქოლოგიური თავისებურებები და ნუ მოვთხოვთ ბავშვს იმაზე მეტს, რაც მას თავისი ასაკიდან გამომდინარე შეუძლია და თუ რომელიმე ასპექტით ამა თუ იმ მიზეზის გამო ჩამორჩება განვითარებაში და ისე ვერ ასრულებს დავალებებს, როგორც ჩვენ ვისურვებდით, საყვედურების და გაკიცხვის ნაცვლად დავეხმაროთ  და ხელი შევუწყოთ მის შემდგომ განვითარებას.

 

 

 

 

საშლელები – რეპრესირებული ტკივილების მეტაფორა

0

მინდოდა დამეწერა, გასულმა წელმა მეტისმეტად მძიმე ახალგაზრდული ისტორიებით დაგვამახსოვრა თავი-მეთქი. თუმცა ეს განსაცდელი, ვირუსივით, 2020-ში არ დაბადებულა და არც მისი წასვლით დასრულებულა. მას გაცილებით დიდი ისტორია და რთული აგებულება აქვს. თუმცა პანდორას ყუთი, თითქოს, ერთიანად ამოიფრქვა შემზარავ ამბებად, სასოწარკვეთილ მიმიკებად, ფრაზებად, ქუჩის წარწერებად, გულისგამაწვრილებელ მელოდიებად და ჯერ კიდევ შეუჩერებლად აზიდებს ჩვენი ცნობიერების ბნელ კუნჭულებში გადავიწყებულ, უთქმელ ტრავმებსაც.

ვიცით – ადამიანური ტრაგედიები დროის, სივრცისა და სხვა პირობითობების მიღმაა. ისინი უკვე მოხდა. მათ ვერც შეცვლი, ვერც ჯადოსნური ჯოხის აქნევით გააქრობ. მე ვფიქრობ, გაკვეთილადაც ვერ გამოდგება.

ერთადერთი ეთიკური კითხვა, რაც შეიძლება ასეთ დროს საკუთარ თავსა და საზოგადოებას დაუსვა, ისაა, თუ როგორ შევეცადეთ, შეგვეცვალა სამყარო უკეთესობისკენ ჩვენი მოსწავლეების, შვილების, მოზარდი მოქალაქეებისთვის? რითი უპასუხა სახელმწიფომ, მედიამ, ეკლესიამ და რა თქმა უნდა, სკოლამ – უშუალოდ მის წიაღში ამოფრქვეულ უბედურებებს? რა გამოსავალი, რომელი ახალი მიდგომა, ინსტრუმენტი, პლატფორმა შევთავაზეთ მოზარდებს, რათა მათ ერთმანეთის მიღება, დანდობა და თანამშრომლობა ესწავლათ?

საინტერესოა, ხელოვნებამ, მწერლობამ როგორ აირეკლა ეს პრობლემა. თუკი ლიტერატურა სარკეა, რომელიც ცხოვრებას ბაძავს, სადაც მჭვრეტელმა საკუთარი თავი უნდა ამოიცნოს, საკუთარი ტკივილები გვერდიდან დაინახოს და განიწმინდოს, უკეთესი გახდეს, რატომ არის ე.წ. ლიტერატურული კანონი სკოლაში სამუზეუმო ექსპონატივით ხელშეუხებელი?

მეტად სევდიანი ამბავია, რომ ყმაწვილი ადამიანების ხმა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში ძალიან სუსტად, ან თითქმის, არ ისმის. იმ საამო და იშვიათ მცდელობებს კი, სადაც მწერლები მოზარდთა ენით ლაპარაკობენ, ლიტერატურის სახელმძღვანელოები ყურს უყრუებს. რომლებიც არ უყრუებს და ამ საჭიროებას თვალს უსწორებს, ასეთები, როგორც წესი, სახელმწიფო გრიფის გარეშე რჩება, თითქოსდა, ლიტერატურული კანონიდან ერეტიკული თუ ნაივური გადახვევის გამო. დღემდე ერთი-ორი ავტორი თუ მაინც შეეცადა, მსოფლიოს საყმაწვილო ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშების შემოტანას, მაქსიმუმ, დამხმარე რესურსების სახით, ეს სახელმძღვანელოები მასწავლებელთა დიდმა ნაწილმა არ მიიღო, როგორც „არაქართული“, „რთულად სასწავლებელი“, ან მოსწავლეთათვის „რთულად აღსაქმელი”. როგორც ჩანს, ქართულ ლიტერატურას სკოლაში მასწავლებელთა და საგნობრივი პოლიტიკის შემქმნელთა დიდი ნაწილი ხედავს, როგორც სტერილურ, ხელშეუხებელ სამუზეუმო ექსპონატს, ნივთიერ ძეგლსა და საგანძურს. ამიტომ შორდებიან მოსწავლეები ლიტერატურას და არა იმიტომ, რომ უქნარა თაობა მოდის, ან, რომ „ვეფხისტყაოსანი“ საყმაწვილო პრობლემებზე ვერ „გადმოითარგმნება“. გამონაკლისები ისევ ცალკეული მასწავლებლების დიდი ძალისხმევის მიღწევებად უნდა მივიღოთ.

წარმოიდგინეთ, როგორი საინტერესო ინსტრუმენტი შეიძლებოდა ყოფილიყო ქართული ლიტერატურა მოზარდთა ფსიქო-ემოციური, ან, თუნდაც, სამოქალაქო პრობლემების რეფლექსიისთვის. თუმცა, თითქოს, უხილავი ხელი არ აძლევს საშუალებას მოზარდებს, სიცხადე შეიტანონ თავიანთ ყოფაში, შეძლონ საკუთარი განცდების ვერბალიზება, დამოკიდებულებების შეფასება-გადაფასება, ქცევების მართვა, საბოლოოდ – სკოლის, ოჯახისა და საზოგადოების ამ ბუნდოვან, ნისლიან ღირებულებრივ გარემოში ორიენტირება.

ეს დამთრგუნველი ბუნდოვანება და ბურუსი, როგორც ჩვენი საზოგადოებრივი და სასკოლო ცხოვრების მეტაფორა კარგად გადმოსცა თამარ გეგეშიძემ თავის საყმაწვილო რომანში – „საშლელები“. ტექსტი მრავალმხრივაა საინტერესო – თავისი თემატური დიაპაზონით, საინტერესო გმირებით, ავთენტური ამბებით, სწორი ინტერტექსტებით, თუმცა ყველაზე ძლიერი შთაბეჭდილება, რაც წიგნისგან დამრჩა, სწორედ ეს ნისლიანი, ბუნდოვანი მიკროკლიმატია. ეს აღქმა, შესაძლოა, თავიდან ბოლომდე ჩემი სიყმაწვილის დავიწყებული ტრავმების გამოძახილიც იყოს, თუმცა მე ვფიქრობ, ავტორის მიერ ძალიან გულწრფელად და ოსტატურად შესრულებული თხრობის ეფექტია.

„საშლელები“ მოზარდების სასკოლო ცხოვრებაზე ცამეტი წლის ანას ენით გვიამბობს. თხრობა ძალიან გულწრფელი და სადაა. სიფაქიზის მიუხედავად, დიდი პროტესტით დამუხტული. ესეც საკმაოდ უჩვეულოა, რადგან მსოფლიო ლიტერატურაში მოზარდების ჯანყი, უმეტესად, ყმაწვილი კაცების სპეციფიკურ, საკმაოდ უხეშ ენასთანაა გაიგივებული, ან იმ გოგოებთან, რომლებიც, თითქოს, სათქმელის ვალიდაციისთვის ბიჭებივით ლაპარაკს, ქცევას, პროტესტის „ბიჭური“ სტილით გამოხატვას ცდილობენ. მერვეკლასელი გოგონას მგრძნობიარე თხრობა კი, თითქოს, იისფერი ვენასავით ნატიფად და ზუსტად ფეთქავს ჩვენი ღონემიხდილი საყმაწვილო ლიტერატურის მაჯაზე. ეს ხმა, ცხადია, წინამორბედი გმირი გოგოების – ნაირა გელაშვილის ნიას („მე ის ვარ“), თეა ლომაძის მარიამის („წერილი ბოთლში“) ალტრუიზმით, ეიფორიით, გულწრფელობით, გამბედაობითაც საზრდოობს, თუმცა ბევრი თვითმყოფადი შტრიხი და ახალი კონტექსტი შეუძენია.

საერთოდ, უმწეო ბავშვის, მით უმეტეს, მგრძნობიარე გოგოს სულიერი სამყაროს გადმოშლა, როგორც ომის, რეჟიმის ან – პატრიარქალური საზოგადოების ბრუტალურობის, დეჰუმანიზებულობის კონტრასტი, ლიტერატურასა და საყმაწვილო რომანშიც, კარგად გამოცდილი ხერხია. ამ კონტექსტში არ შეიძლება, თამთა მელაშვილის „გათვლა“ არ გაგვახსენდეს, რომელიც ამგვარი მცდელობის ერთ-ერთი პირველი და ძალიან შთამბეჭდავი ნიმუშია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში.

ამავე ხერხს მიმართავს თამარ გეგეშიძე. როგორც ჩვენში იტყვიან, „სიფრიფანა გოგოს“ ჭვრეტას, მის ეგზისტენციურს კითხვებს, ფაქიზ და წრფელ ამბოხს სალი კლდესავით ხვდება ქანცგაწყვეტილი დედებისა და ინფანტილური მამების, გულგრილი მასწავლებლებისა და ბრაზიანი მეზობლების მიერ გულმოდგინედ ნაშენი, ღირებულებრივად ეკლექტური, უკიდურეს მატერიალიზმსა და რელიგიურ მისტიციზმს შორის მუტანტ ურბანულ ნაგებობასავით ამოზრდილი, უსახური საზოგადოებრივი სტრუქტურა.

ანა რიგითი ინტელიგენტი, მშრომელი და პატიოსანი ოჯახის შვილია, თუმცა  საზოგადოებაში, რომელიც ჰუმანიზმის კრიზისს განიცდის, ასეთი მშობლებისთვისაც კი ხშირად ნათესავ-მეზობლების აზრი, საზოგადოებრივი წესები და რიტუალები უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე – საკუთარი შვილების მიმართ ემპათია. ამგვარ საზოგადოებაში ბავშვი არ განიხილება, როგორც დამოუკიდებელი ინდივიდი, თავისთავად ღირებული ქმნილება, რომელსაც თვითმყოფადი განცდები, სურვილები, ინტერესები აქვს. ამიტომ არცთუ იშვიათად, ანას დაბნეული მშობლები უნებლიეთ უარყოფენ შვილების ინტერესებს, მათ განცდებს, მეორე მხრივ კი, დიდი მონდომებით ცდილობენ, გაუმკლავდნენ მათს ასაკობრივ ახირებებს. საპირისპიროდ, მოზარდები თავგანწირვით ილტვიან თავისუფლებისკენ – ზოგი ლიტერატურულ წრეებში ეძებს ამ ძალას, ზოგი – ექსტრემალურ სპორტში.

მაგალითად, ანას უფროსი ძმა, კოსტა სამთო ველოსპორტის ერთ-ერთი განხრით, დაუნჰილითაა დაკავებული. როგორც ჩანს, კოსტას არ აქვს ოჯახის მხარდაჭერის იმედი და, ალბათ, ამიტომ არ უმხელს მშობლებს თავისი გატაცების შესახებ. გზას, რომელსაც მათი მშობლები სიუჟეტური ქარგის განვითარებასთან ერთად გადიან, მათ სრულ ფერისცვალებამდე მივყავართ. რომანის ფინალში მშობლებისთვის უმნიშვნელო ხდება საზოგადოებრივი აზრი და სრული თავდაჯერებით უჭერენ მხარს შვილის საყვარელ საქმიანობას, უფრო ზუსტად – წაახალისებენ მის სწრაფვას თავისუფლებისკენ. თითქოს, თავიანთი სწორი ღირებულებრივი არჩევანითა და ჰუმანურობით, ალეგორიულად, ისინიც დიდი ნახტომით თავზე გადაევლებიან „მამათა“ და „შვილთა“ შორის გაჩენილ უზარმაზარ ნაპრალს, რომელზეც ეს წიგნი გვიამბობს.

მამათა და შვილთა, რბოლას სხვადასხვა „ორბიტებზე“, ბუნებრივია, განსაზღვრული ისტორიული, კულტურული და სოციალური კონტექსტიც აქვს. ლიტერატურაში ახალგაზრდობა იმთავითვე გაიგივებული იყო ჯანყთან, პატიოსან შემართებასთან, ალტრუიზმთან, თუმცა, გარდა ამისა, არაერთი თანამედროვე კვლევა ამბობს, რომ Z თაობაში (Gen Z), აი, იმ თაობაში, რომელსაც გრეტა ტურნბერგი წარმოადგენს, ღირებულებრივი ალგორითმები არსებითად შეიცვალა. ამ თაობას გაცილებით დიდი მგრძნობელობა და პასუხისმგებლობა აქვს გარემოსა და ადამიანების მიმართ. ისინი, ყველაზე პატრიარქალური გაგებით, „მამათა“ მიერ შექმნილ ძალაუფლების პარადიგმას მძლავრად არყევენ. ეს ეკოფემინისტური მოდელი კი ძალიან ახლო დგას „საშლელების“ პროტაგონისტი რომანტიკოსი (ამ სიტყვის ფართო გაგებით) გოგოს ერთი შეხედვით, უმწეო და, ამავდროულად, ძალუმ, წრფელ პათოსთან.

თეა ლომაძის – „წერილი ბოთლში“ შემთხვევით არ გამიხსენებია. ეს წიგნი, თითქოს, ინტერტექსტივით შემოდის „საშლელებში“ ანას თანაკლასელ ბათას თხზულებიდან – „დედა სკოლაში მიდის“. ბიჭი დედამისის ბავშვობის ყველაზე ნათელ მოგონებას აღწერს სოხუმიდან – გზას მწვანე ხეივნიდან და ზღვისპირა კენჭებიდან – იქაური სკოლის ჭრიალა კარამდე. და მიუხედავად იმისა, ანამ და მისმა მეგობრებმა ბევრი არაფერი იციან აფხაზეთზე, შესაძლოა, სწორედ ბათას დედის სიყმაწვილეა თეა ლომაძის წიგნის პროტაგონისტი მარიამი, ვისმა სევდიანმა და გულწრფელმა თხრობამ სოხუმის დაცემასა და დაკარგულ ბავშვობაზე ყველას გამორჩეულად დაგვამახსოვრა თავი.

მართალია, მას მერე ფასადი შელამაზდა, თუმცა არსებითად ბევრი არაფერი შეცვლილა საზოგადოებაში, სკოლასა და ოჯახში იმ თვალსაზრისით, რომ უთქმელი და გადავიწყებული ტრავმები  ტრავმებად დარჩა. შესაძლოა, ოჯახები ეკონომიკურად წელში გაიმართნენ და 90-იან წლებთან შედარებით, განათლებისა და პატიოსანი შრომის პერსპექტივაც გამოჩნდა, თუმცა ამასთან ერთად, ჩემი თაობის მშობლებს უკიდურესი გაჭირვების შემდეგ უკიდურესმა მომხვეჭელობამ შეგვიპყრო. მატერიალისტური პრიორიტეტების მიღმა დარჩნენ შვილები, რომლებიც უდავოდ იღებენ უფრო ძვირადღირებულ განათლებას, უფრო კარგადაც იმოსებიან, სწავლისა და გართობის საშუალებების დიდი არჩევანიც აქვთ, თუმცა ამ სიკეთეებისთვის გაცილებით დიდ ფასსაც იხდიან. მშობლებთან გატარებულ უფრო და უფრო მცირე დროს, უფრო ნაკლებ ყურადღებას, ნაკლებ ემპათიას, შესაბამისად, ნაკლებ მხარდაჭერასაც.

მეორე მხრივ, თავად ბავშვებიც ჩავაბით ამ დაძაბულ, შემგროვებლურ რბოლაში, რადგან ვასწავლეთ, რომ რაკი დრო ფულია, ის მხოლოდ მონეტიზებადი ცოდნის დასაგროვებლად უნდა დახარჯო. ამ ქანცგაწყვეტილ მარათონში კი მოზარდებს აღარ რჩებათ მეგობრებთან ურთიერთობის, სილაღის, მოდუნების საშუალება; ვეღარ იცლიან სხვებთან და საკუთარ თავთან კომუნიკაციისთვის, საკუთარ განცდებთან და სხეულთან დიალოგისთვის.

90-იანების შემდეგ, თითქოს, სკოლაც დაოსტატდა ისეთი ტერმინებით თავის მოწონებაში, როგორიცაა „ინტერაქტიურობა“, „კვლევითი უნარები“, „ფასილიტაცია“, „გუნდური მუშაობა“, „ინდივიდუალური მიდგომა“, „პროექტებით სწავლა“, თუმცა ამ ტერმინების სიმყიფე ბოლოდროინდელმა ამბებმა განსაკუთრებით მწვავედ გვაჩვენა. აღმოჩნდა, რომ სკოლა ისევ ის მოუქნელი, თვითკმარ სტრუქტურებსა და თეორიებზე ორიენტირებული ნაგებობაა, რომლის ცივი და დამთრგუნველ დერეფნების ნისლში ბავშვები, როგორც ინდივიდები, ორიენტაციას კარგავენ.

აღმოჩნდა, განათლების ცენტრში არ მოიაზრება ბავშვი, მოზარდი, რომელიც მისთვის არა თვითმყოფადი სუბიექტი, არამედ – ცოდნის მიმღები ობიექტია, „სუფთა დაფაა“. აღმოჩნდა, რომ სკოლაში ბავშვები კვლავ მარტო არიან  ძალადობასთან, ჩაგვრასთან, საკუთარი სხეულის სიძულვილთან, სოციალურ უთანასწორობასთან, საგანმანათლებლო სირთულეებთან, უპასუხო და მიჩქმალულ განცდებთან, თვითუარყოფის მომწამლველ მიდრეკილებასთან და სკოლა, ცალკეული ბედნიერი შემთხვევების გარდა, მათ ამ პრობლემებთან  გამკლავებაში ვერაფრით ეხმარება.

სწორედ, ამ პრობლემების გარშემო ვითარდება „საშლელები“, რომელიც თამარ გეგეშიძის მეორე საყმაწვილო რომანია. უნდა ითქვას, რომ ეს ავტორი, მუდამ, დიდი სიფრთხილითა და პასუხისმგებლობით, თუმცა მაინც თამამად ახმოვანებს საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილის – მოზარდთა პრობლემებს და ამ მხრივ ერთ-ერთი უიშვიათესია თანამედროვე ქართველ ავტორებს შორის.

ხშირად მიფიქრია, სულ რაღაც ოცდაათიოდე წელი გავიდა ჩემსა და ჩემი შვილების ბავშვობას შორის, არადა, ორი სხვადასხვა ეპოქაა სრულიად განსხვავებული სოციალური, ეკონომიკური და კულტურული კონფიგურაციებით. და მიუხედავად იმ დიდი შესაძლებლობებისა, რითაც გლობალიზაცია და ინფორმაციული ტექნოლოგიები ჩვენს შვილებს აჯილდოებს, მთელი ამ სამი ათეული წლის შემდეგაც ისინი ფსიქო-ემოციურად, ინტელექტუალურად ჩვენი თაობის ღია ჭრილობებს ვერ იშუშებენ.

როგორც ჩანს, ამ ტრავმების, მარცხის ისტორიების შესახებ ბევრი არაფერი დაწერილა, საკმარისად არ თქმულა სკოლაში, მედიასა თუ საკვირაო ქადაგებებზე. მეტიც, ამ „მემკვიდრეობას“, რომელსაც ახალი და ახალი თაობები ტვირთად ეზიდებიან, სკოლაც, ოჯახიცა და საზოგადოებაც პირდაპირ დავიწყებით, მეტაფორულად – საშლელებით უპირისპირდებიან. არ ვიცი, რამდენად ახერხებს ეს ტრავმები გაქრობას, უფრო გაბლარულ და ჭუჭყიან მტკიცებულებებად რჩება ჩვენს ისტორიასა და მეხსიერებაში. როგორც ანას მეგობარი – თოკო ამბობს, დიდი ფანქარი უნდა გვქონდეს, რომ ჯერ ყველაფერი დავხატოთ, რისი წაშლაც გვინდა და მხოლოდ მერე ვიფიქროთ მათ დავიწყებაზე. ეს არის ამ წიგნის მთავარი გზავნილიცა და ზუსტი მეტაფორაც – ახალგაზრდა ადამიანების განცდების, ტკივილების, საფიქრალის მოხელთება და  ფორმულირება. ისევ რუსთველს თუ დავესესხებით, „მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს“ ჰკურნოს“…ფორმულირება. ისევ რუსთველს თუ დავესესხებით, „მას მკურნალმან რაგვარ ჰკურნოს“…

მოზარდობის ხანა – კავშირი მოტივაციასა და კრეატიულობას შორის

0

თანამედროვე ფსიქოლოგიაში მოტივაციასა და კრეატიულობას შორის ურთიერთმიმართების შესწავლა მეცნიერების მიერ ფართოდ განხილვის საკითხია.

 

მოტივაციაზე საუბრისას მკვლევრები ხშირად ხაზს უსვამენ მოტივაციის როგორც გარეგან, ისე შინაგან ტიპს და განიხილავენ მას სხვადასხვა ცვლადთან მიმართებაში.

 

ზოგიერთი ავტორი კრეატიულობას განსაზღვრავს როგორც ინდივიდის შემეცნებით უნარს, რომელიც მოითხოვს სამ განსხვავებულ და ამასთან, ურთიერთდაკავშირებული მახასიათებლის თანაარსებობას ინდივიდში.

 

ეს მახასიათებლებია: კოგნიტური (ინტელექტი და ცოდნა); პიროვნული (პიროვნება, მოტივაცია და ემოციები) და გარემო ფაქტორები (Sternberg, Lubart 1995).

 

დღესდღეობით მეცნიერები კრეატიულობას სხვადასხვა ფორმით განმარტავენ და სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ მას.

 

მრავალი მკვლევრის თანახმად, კრეატიული გარემოს არსებობა ნებისმიერი სკოლის სისტემის აუცილებელი ნაწილია, გამომდინარე იქედან, რომ ის მოსწავლეებს სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს.

 

მეცნიერებმა რიგი კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ შინაგანი მოტივაცია, არის მოტივაციის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ტიპი, რომელიც დადებითად ზემოქმედებს ინდივიდის კრეატიული აზროვნების განვითარებაზე. ხოლო გარეგანი მოტივაცია, პირიქით ამცირებს მისი გამოხატვის შესაძლებლობებს (Amabile, 1988).

 

საგანმანათლებლო მიმართულების მიხედვით მოტივაცია არის მრავალგანზომილებიანი სტრუქტურა, რომელიც დადებითად კორელირებს ინდივიდის სასწავლო და აკადემიურ მოტივებთან (Mohamadi, 2006).

 

დღესდღეობით მოტივაციის უამრავი განმარტება არსებობს, რომელიც მოიცავს სხვადასხვა ტიპის დისციპლინას. მათ შორის არის საგანმანათლებლო დისციპლინაც, რომლის მიხედვით მოტივაცია განიმარტება, როგორც სამი განზომილებისაგან შემდგარი ფენომენი, სადაც გაერთიანებულია, ერთი მხრივ, ინდივიდის რწმენა, რომ მას აქვს უნარი წარმატებით გაართვას თავი სპეციფიკურ დავალებებს; მეორე მხრივ, ინდივიდის მიზნები, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული დავალების შესრულებასთან. დაბოლოს ის ემოციური პასუხები, რომლებსაც ადგილი აქვს პიროვნების მხრიდან კონკრეტულ მომენტში, კონკრეტულ სიტუაციაზე (Hassanzadeh, Amuee, 2001).

 

ერთ-ერთი კვლევა, რომელიც 2015 წელს საფრანგეთში ჩატარდა, მიზნად ისახავდა, ფსიქოლოგებს შეესწავლათ სკოლის გარემოს გავლენა მოზარდის კრეატიულობის პოტენციალზე, მოტივაციასა და ცხოვრებით კმაყოფილებაზე (Maud Besançon, 2015).

 

კვლევაში ავტორები განიხილავენ სხვადასხვა საკითხს, სადაც განმარტავენ, რომ კრეატიულობა არის პიროვნების ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს როგორც უნარი ისე გააჩნია, თუმცა მისი განვითარების ნაირსახეობა დამოკიდებულია სხვადასხვა პიროვნულ თუ გარემო ფაქტორების ზემოქმედებაზე.

 

მოცემულ სტატიაში ავტორები იკვლევენ სხვადასხვა მნიშვნელოვან ცვლადს. კერძოდ: გარემოს, პიროვნულსა და კოგნტიურს, რომლებიც გავლენას ახდენენ მოზარდის კრეატიულობის ხარისხზე, მოტივაციასა და ცხოვრებით კმაყოფილებაზე.

 

სტატიაში მეცნიერების მიერ დამატებით შესწავლილია სასკოლო გარემოს გავლენა ზემოთ ხსენებულ საკვლევ ცვლადებთან მიმართებაში და საუბარია პედაგოგიურ ფაქტორზე, როგორც სასკოლო კლიმატის ერთ-ერთ განუყოფელ ნაწილზე.

 

კვლევაში მონაწილეობა მიიღო საფრანგეთის კონკრეტული რეგიონის, კერძოდ, ვალდორფისა და საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. კვლევის განხორციელებამდე მკვლევრები ვარაუდობდნენ სხვადასხვა შინაარსის ჰიპოთეზებს მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.

 

მათი აზრით, პედაგოგიური სწავლების ტიპი, გავლენას ახდენს მოსწავლის როგორც კრეატიულობის ხარისხზე, ასევე მოზარდის მოტივაციისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონეზე. გარდა ამისა, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კრეატიულობა დაკავშირებულია მოსწავლის კონკრეტული მოტივაციის ტიპთან და ცხოვრებით კმაყოფილების გარკვეულ დონესთან.

 

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ არ ვლინდება განსხვავებული შედეგები კერძო და საჯარო სკოლების პედაგოგიური სწავლების ტიპსა და კონკრეტული სკოლის მოსწავლის ცხოვრებით კმაყოფილების მაღალ და/ან დაბალ ხარისხს  შორის.

 

გარდა ამისა, მიმდინარე კვლევის შედეგად დადგინდა, რომ არის ნეგატიური კავშირი კრეატიულობასა და მოზარდის გარეგანი მოტივაციის ტიპს შორის და მაღალი გარეგანი მოტივაცია მოზარდებში  განსაზღვრავს დაბალ კრეატიულ შედეგებს.

 

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ წინამდებარე კვლევის შედეგად ვალდორფის სკოლის მოსწავლეებში, განსხვავებით საჯარო სკოლებისაგან, დადასტურდა დაბალი გარეგანი მოტივაციის ტიპი და მაღალი კრეატიულობის დონე, ხოლო საჯარო საშუალო ასაკის სკოლის მოსწავლეებში მაღალი გარეგანი მოტივაციის ტიპი და დაბალი კრეატიულობის ხარისხი. შესაბამისად, დადგინდა, რომ მაღალი შინაგანი მოტივაცია სასკოლო საშუალო ასაკის მოზარდებში განსაზღვრავს მაღალ კრეატიულ შედეგებს.

 

მიმდინარე კვლევიდან გამომდინარე სასურველია, მოხდეს შინაგანი მოტივაციის გაძლიერება საშუალო სასკოლო ასაკის მოზარდებში სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობით, რათა მომავალში მივიღოთ მაღალი კრეატიულობის უნარის მქონე ინდივიდი.

 

მოცემულ კვლევას გააჩნდა რიგი შეზღუდვა, სადაც საუბარია ცხოვრებით კმაყოფილებაზე, როგორც ერთ-ერთი ცვლადის გაზომვის შესახებ და მეცნიერების მიერ გამოთქმულია მოსაზრება, რომლის თანახმადაც სასურველია, სამომავლოდ ეს ცვლადი მოსწავლეებში შესწავლილ იქნას სხვა კომბინირებული ინსტრუმენტით, სადაც მკვლევრებს მიეცემათ საშუალება, გაითვალისწინონ მოსწავლეების არამარტო მიმდინარე ცხოვრებით კმაყოფილების დონის ინდექსი, არამედ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა წარსული გამოცდილება.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ჩირგაძე, უ. (2020); სამაგისტრო ნაშრომი ,,სკოლის სასწავლო გარემოს გავლენა, მოსწავლის კრეატიულობის ხარისხსა და მიღწევის მოტივაციაზე’’;
  2. Maud Besançon, F. F. (2015, October ). Influence of school environment on adolescents’ creative potential, motivation and well-being. Learning and Individual Differences, 43, 178-184.

 

 

ინტერნეტმაღაზია – მოქმედებები რიცხვებზე ქართული ფულის ერთეულებით. კომპლექსური დავალება

0

 მოქმედებები რიცხვებზე ქართული ფულის ერთეულებით

„თუ თქვენი ბიზნესი არ არის ინტერნეტში, მაშინ თქვენ არ ხართ ბიზნესში”. ბილ გეითსი

 

ბოლო წლებში ონლაინმაღაზია აღარავისთვისაა უცხო, თუმცა პანდემიის ჟამს ონლაინვაჭრობა გეომეტრიული პროგრასიით გაიზარდა და კვლავ მზარდია. მასში ყოველდღიურად უამრავი ახალი წევრი ერთვება. მეოთხე კლასში რიცხვებზე  მოქმედებების უკეთ გააზრებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი აუცილებლობის დასანახად  ონლაინმაღაზიაში ნივთების ყიდვა-გაყიდვით მოსწავლეებს შევასწავლე ნატურალური რიცხვების შეკრების, გამოკლებისა და შედარების მოქმედებები. მინდა, გაგიზიაროთ მეთოდი.

საკითხის შესწავლას დავუთმე 2 კვირა.

სამიზნე ცნება: მოქმედებები რიცხვებზე

საკითხი: ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებები – შეკრება; გამოკლება; შედარება.

თემის დასაწყისში პირველ გაკვეთილზე მოსწავლეებს ვეკითხები:

– ახლა, როცა ქვეყანაში პანდემიის გამო სავალდებულო რეგულაციები დაწესდა, მაღაზიებში დადიხართ? პასუხები არაერთგვაროვანია. დიახ, სასურსათო მაღაზიებში დადიან.

– ტანსაცმელს როგორ ყიდულობთ? აქაც სხვადასხვა პასუხი იყო, ან არ ყიდულობენ ან ონლაინმაღაზიებში იძენენ მათი მშობლები.

– რა გსმენიათ ონლაინმაღაზიებზე? – როგორ ხდება ონლაინმაღაზიებში პროდუქციის ყიდვა -გაყიდვა?

– როგორ ფიქრობთ რა ნივთების ყიდვა -გაყიდვაა შესაძლებელი?

– როგორ ხდება ანგარიშსწორება და საქონლის მოტანა?

– რა არის საჭირო იმისათვის, რომ ონლაინმაღაზიიდან რაიმე ნივთი შეიძინო?

– რა არის საჭირო, რომ ბიზნესმენმა ონლაინმაღაზია შექმნას?

– საჭიროა თუ არა, ყიდვა-გაყიდვისას კარგად ვიცოდეთ მათემატიკური მოქმედებები?

კითხვა-პასუხისა და რამდენიმე ინლაინმაღაზიის საიტის დათვალიერების შემდეგ, მოსწავლეებს გააქტიურება და  დაინტერესება შევამჩნიე. ამის შემდეგ გავაცანი დავალება:

წარმოგიდგენთ კომპლექსური დავალების ბარათს.

დავალების პირობა

ბოლო წლებში მომრავლდა ინტერნეტით პროდუქციის ყიდვა-გაყიდვა, რასაც ინტერნეტმაღაზიები უწევენ ორგანიზებას.

ციფრული რესურსის „ვსწავლობ თამაშით“ ან სახატავ ფურცელზე ფერადი ფანქრების გამოყენებით დახატე და შექმენი შენთვის სასურველი ნივთების (მაგალითად, ტანსაცმლის) ინტერნეტმაღაზია.

·         მაღაზიაში გასაყიდად დადე 8 ნივთი.

·         რვავე საქონლის ფასების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს და უნდა იყოს 500 ლარზე მეტი.

თითოეული საქონლის ფასი გამოსახეთ ლარებითა და თეთრებით (მაგალითად, კაბა ღირს 79.99 ლარი).

დავალების  შესასრულებლად  გაითვალისწინეთ

·         ინტერნეტმაღაზიის ფორმატი ინტერნეტმაღაზია

·         ციფრული რესურსით ან სახატავი საშუალებებით, აღწერე თითოეული პროდუქციის ფოტო და მიუწერე ფასი.

·         გაითვალისწინე 1 ლარი შედგება 100 თეთრისაგან.

 

დავალების წარდგენისას ისაუბრე:

·         როგორ შექმენი ინტერნეტმაღაზია;

·         როგორ მიანიჭე ფასები საქონელს? (არის თუ არა რეალურ ფასებთან მიახლოებული);

·         წარმოადგინე რვავე საქონლის ჯამის მიახლოებითი და ზუსტი გამოთვლები;

·         ისაუბრე, აკმაყოფილებს თუ არა შენ მიერ შექმნილი ინტერნეტმაღაზია დავალების სამივე პირობას;

·         შენს მაღაზიაში რომელია ყველაზე ძვირადღირებული საქონელი და რამდენით ძვირია ის ყველაზე იაფიანთან შედარებით;

·         თუ გაქვს 350 ლარი, მაქსიმუმ რამდენი ნივთის ყიდვა შეგიძლია?

·         რა სტრატეგია გამოიყენე „ფასების“ შეკრება გამოკლების დროს?

·         შეგიძენიათ თუ არა ოჯახში რაიმე ნივთი ინტერნეტმაღაზიაში?

·         შექმენი მსგავსი დავალება შენი მეგობრებისათვის.

 

პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

·   რა ოპერაციებია საჭირო გამოსაანგარიშებლად და რაოდენობის დასადგენად და როგორ გვეხმარება სტრატეგიის შერჩევა, რომ გამოთვლები ვაწარმოოთ იმის მიხედვით, თუ როგორ არის საჭირო ზუსტი თუ მიახლოებითი გამოთვლა?

·   როგორ გვეხმარება არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებების ცოდნა გამოთვლების წარმოებაში?

·   რა მნიშვნელობა აქვს მოქმედებათა თანმიმდევრობის დაცვას გამოთვლების წარმოებისათვის?

 

პრაქტიკული რჩევები მოსწავლისათვის:

·         პირველ რიგში შეასრულე სავარჯიშოები, ის დაგეხმარება კომპლექსური დავალების შესრულებაში სავარჯიშოები;

·         თუ დავალებას შექმნი ციფრული რესურსის„ ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით, მაშინ დაგეხმარება ეს ინსტრუქცია ვსწავლობთ თამაშით.

·         შექმენი ინტერნეტმაღაზია, დაალაგე პროდუქცია და მიუწერე შესაბამისი ფასი.

შემდეგ დაიწყე დავალების სამივე პირობის გადამოწმება. თუ შენ მიერ შექმნილი „ინტერნეტ მაღაზია“ რომელიმეს არ აკმაყოფილებს, შეცვალე ფასები.

 

მოსწავლეებს ვეუბნები, რომ დავალება უნდა წარმოადგინონ ორი კვირის შემდეგ, რომელიც შეამოწმებს, რა  ისწავლეს ამ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე კი ყოველ გაკვეთილზე ნაბიჯ-ნაბიჯ ვისწავლით, როგორ შევასრულოთ შეკრება-გამოკლებისა და შედარების მოქმედებები ფულის ერთეულების დახმარებით. რა სტრატეგიები უნდა გამოვიყენოთ მოქმედებათა ეფექტური შესრულებისათვის, და რატომაა მოსახერხებელი ზოგჯერ მიახლოებითი გამოთვლების ჩატარება.

ჯერ ვიხსენებთ წინარე ცოდნას. ვასრულებთ ნატურალურ რიცხვებზე შეკრება-გამოკლებისა და შედარების სავარჯიშოებს (სამნიშნა ოთხნიშნა). შემდეგი დავალებაა ქართული ფულის ისტორიის შესახებ ინფორმაციისა და დღეს მიმოქცევაში არსებული ბანკნოტების მოძიება. მომდევნო დავალება არის საფულის ან ყულაბის შექმნა. ბავშვები ხატავენ ან ამობეჭდავენ ფულის კუპიურებს, ასევე მონეტებს, ამოჭრიან და გარკვეული რაოდენობის ფულის მარაგს ქმნიან. რამდენიმე გაკვეთილს ვუთმობ სიტუაციურ ამოცანებსაც. მაგალითად, ტექნიკის მაღაზიაში ვიყიდოთ რაიმე ნივთი. მოსწავლეებს ვუჩვენებ ინტერნეტმაღაზიის ფორმატის მსგავს ფოტოს.

ვთქვათ, გვინდა ტექნიკის შეძენა.

მთელ კლასთან ერთად შევავსეთ ცხრილი.

ნივთის  დასახელება ფასი. ₾
ტელევიზორი TCL
  ტელევიზორი PANASONIC
ტელეფონი APPLE IPHONE 11
გამათბობელი ILITEK IL
ტელეფონი HUAWEI P30

ბავშვებმა უპასუხეს კითხვებს: საკმარისია თუ არა 1000 ლარი ტელეფონის შესაძენად? 1450 ლარიდან რამდენი დაგრჩება თუ იყიდი PANASONIKIS ფირმის ტელევიზორს? 2000 ლარში მაქსიმუმ რამდენი ნივთის შეძენაა შესაძლებელი? თუ დედის ხელფასი 700 ლარია მამის კი 840, შეძლებს თუ არა ოჯახი, იყიდოს რომელიმე ფირმის ტელევიზორი, ისე, რომ სხვა ხარჯებისთვის 500 ლარი მაინც დარჩეს? ტელეფონის HUAWEI P30-ის შესაძენად ბებო ყოველ თვეში 80 ლარს გჩუქნის, ბაბუა კი 100 ლარს. რამდენ თვეში შეძლებ ამ ტელეფონის ყიდვას და რა თანხა დაგრჩება?

შემდეგ მოსწავლეები თავიანთ ყულაბაში ჩავახედე, და უკვე ინდივიდუალურად პასუხობდნენ მსგავს კითხვებს. ეყოფათ თუ არა თანხა რომელიმე ნივთის შესაძენად? რა თანხა რჩება საფულეში თუ იყიდის რომელიმე ნივთს? რამდენი უნდა დაამატოს, რომ შეძლოს რომელიმე ნივთის ყიდვა? როდის დასჭირდა ზუსტი გამოთვლები და როდისაა ხელსაყრელი გამოთვლების „სწრაფი შეფასება?“ და ა.შ

მომდევნო გაკვეთილზე უკვე მონეტებიც ჩავრთეთ მოქმედებაში. (ახალი მასალა. ლარითა და თეთრებით გამოსახული ფასების შეკრება-გამოკლება, შედარება). ჯერ ვვარჯიშობთ, როგორ ჩავწეროთ ლარითა და თეთრებით გამოსახული ფასები. შემდეგ მოქმედებების შესასრულებლად ისევ გავითამაშეთ სიტუაცია. ამჯერად მოქმედება ონლაინაფთიაქში ხდება. მოვიძიე ყელის ტკივილის წამლები, მოსწავლეებს ვაჩვენე ფოტო.  ვთქვათ, აგვტკივდა ყელი. სამი პრეპარატი საკმარისია ყელის მოსარჩენად. აქედან ერთი აეროზოლი (სპრეი) უნდა იყოს, ერთი – ტაბლეტი, ერთიც – სითხე. სულ 40 ლარი გვაქვს. რომელ პრეპატარებს იყიდით? გამოიყენეთ ჯამის სწრაფი შეფასების ხერხი, პასუხი დაასაბუთეთ. რა თანხა დაგრჩება პრეპარატების ყიდვის შემდეგ? ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია შეკრების რომელი ხერხია მიზანშეწონილი – სწრაფი  თუ ზუსტი?

მოსწავლეების ეძლევათ დავალება ინდივიდუალური მუშაობისათვის. უნდა  მოიფიქრონ კითხვები და ამოცანები მოცემული ფოტორესურსის ირგვლივ. და მეთოდით „გადააწოდე მიკროფონი“ შეკითხვა დაუსვან თანაკლასელებს.

შემდეგ ისევ საკუთარ ყულაბებსა და საფულეებს ვუბრუნდებით და მსგავს კითხვებს საფულეში არსებული ფულის კუპიურებისა და მონეტების მიხედვით პასუხობენ.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს ეძლევათ საშინაო დავალებად. ასევე განვიხილავთ სავარჯიშოებს სახელმძღვნელოდან.

იმის გასარკვევად, თუ როგორ გაიაზრეს მოსწავლეებმა საკითხი, როგორ ასრულებენ რიცხვებზე მოქმედებებს, მათ ვაწერინებ შუალედურ ქვიზს  https://www.tvschool.ge/s/hw/fW3IOJY_N.  ქვიზის შედეგების ანალიზის საფუძველზე ვგეგმავ მომდევნო საქმიანობას

ორი კვირის განმავლობაში მოსწავლეებს ხშირად ვახსენებდი, რომ დავალება  წარსადგენია კლასის წინაშე და მათ  ეტაპობრივად შეუძლიათ შექმნან, რაც შეიძლება შემოქმედებითი პროდუქტი. ბოლოს კიდევ ერთხელ შევახსენე დავალების პირობა და გასათვალისწინებელი რჩევები. შეფასების რუბრიკაც გავაცანი (ესაა მოსწავლისთვის ადაპტირებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკა სოლო ტაქსონომიის მიხედვით).

დაბალი საშუალოზე დაბალი მაღალი საშუალოზე მაღალი მაღალი
ვერ იაზრებს ამოცანის პირობას, ვერ იწყებს დავალებას. ან შეიძლება გამოიტანოს გასაყიდად სხვადასხვა სახეობის რვა ნივთი. მოსწავლემ წარმოადგინა ინტერნეტმაღაზია და გამოიტანა გასაყიდად რვა ნივთი, მიუწერა მას ფასი შესაბამისი შეზღუდვით. ფასი ლარსა და თეთრებში. რვავე ნივთი ერთი და იმავე სექციიდანაა. *წარმოადგინა  ინტერნეტმაღაზია, სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით, ან სახატავ ფურცელზე, ფერადი ფანქრების გამოყენებით.

*გასაყიდად გამოიტანა დავალების პირობაში მითითებული რაოდენობის ნივთი- 8 ნივთი.

*თითოეულ საქონელს მიუწერა პირობის მიხედვით გათვალისწინებული ფასი – თითოეული ლარსა და თეთრებში. ფასები შეესაბამება რეალურს.

*საქონლის ფასების ჯამი აკმაყოფილებს დავალების პირობას. რვავე საქონლის ფასის ჯამი არ  აღემატება 600 ლარს და არის 500 ლარზე მეტი. აქვს ხარვეზები.

*ერთმანეთთან ვერ აკავშირებს საქონლის ჯამის მიახლოებით და ზუსტ გამოთვლებს.

 

*წარმოადგინა  ინტერნეტმაღაზია, სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით, ან სახატავ ფურცელზე, ფერადი ფანქრების გამოყენებით.

*გასაყიდად გამოიტანა დავალების პირობაში მითითებული რაოდენობის ნივთი – 8 ნივთი.

*თითოეულ საქონელს მიუწერა პირობის მიხედვით გათვალისწინებული ფასი- თითოეული ლარსა და თეთრებში. ფასები შეესაბამება რეალურს.

*საქონლის ფასების ჯამი აკმაყოფილებს დავალების პირობას. რვავე საქონლის ფასის ჯამი არ  აღემატება 600 ლარს და არის 500 ლარზე მეტი.

*წარმოადგინა საქონლის ჯამის მიახლოებითი და ზუსტი გამოთვლები.

*მსჯელობს დამაჯერებლად.

*წარმოადგინა  ინტერნეტმაღაზია, სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით, ან სახატავ ფურცელზე, ფერადი ფანქრების გამოყენებით.

*გასაყიდად გამოიტანა დავალების პირობაში მითითებული რაოდენობის ნივთი – 8 ნივთი.

*თითოეულ საქონელს მიუწერა პირობის მიხედვით გათვალისწინებული ფასი – თითოეული ლარსა და თეთრებში. ფასები შეესაბამება რეალურს.

*საქონლის ფასების ჯამი აკმაყოფილებს დავალების პირობას. რვავე საქონლის ფასების ჯამი არ  აღემატება 600 ლარს და არის 500 ლარზე მეტი.

*წარმოადგინა საქონლის ჯამის მიახლოებითი და ზუსტი გამოთვლები.

*მსჯელობს დამაჯერებლად.

*აკავშირებს დავალების პირობას რეალურ ცხოვრებასთან, მოჰყავს მაგალითები

*ქმნის მსგავს დავალებას 3 პირობით.

 

 

ახლა წარმოგიდგენთ ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარს

თუ ამ კონკრეტული მოსწავლის ნაშრომს განვიხილავთ, მან შექმნა ამოცანის მიხედვით ინტერნეტმაღაზია. რვავე ნივთს დააწერა შესაბამისი ფასი ლარებსა და თეთრებში. ისე, რომ ფასთა ჯამი 500 ლარიდან 600 ლარამდე მერყეობს. მეორე ფურცელზე უკვე აწარმოებს გამოთვლებს. პირველ მოქმედებაში ფასები ჩაწერა ლარებში, ზოგიერთი დაამრგვალა. მეორე მოქმედებას „სწრაფი შეკრების“ ხერხით ასრულებს. ამით აჩვენებს, რომ ფასთა ჯამი 500-დან 600 ლარამდეა. შემდეგ მოქმედებაში აწარმოებს ზუსტ გამოთვლებს თვისებების გამოყენებით და ადგენს, ზუსტად რა თანხა რჩება 600 ლარამდე შესავსებად. შედარების მოქმედებას აკეთებს სწორად, ბოლო მოქმედებასაც სწორად აფასებს. მესამე ფურცელზე კი ქმნის მსგავს ამოცანას თანაკლასელებისთვის. წარდგენის დროს მსჯელობს ლოგიკურად და საკითხს უკავშირებს ყოფით ცხოვრებას. დავალება წამოადგინა სასწავლო რესურსის „ვსწავლობთ თამაშის“ გამოყენებით.

შეფასების რუბრიკის  მიხედვით იმსახურებს მაღალ შეფასებას, სოლო ტაქსონომიის დონეებთან  შესაბამისობაში, ესაა აბსტრაქტული დონე.

შემოგთავაზებთ სხვა მოსწავლეთა ნამუშევრებსაც (შეფასების გარეშე)

მოსწავლეებს მოსწონთ კეთებით სწავლა.

მოსწავლეებმა გაიაზრეს:

  • ზოგიერთ სიტუაციაში ზუსტი გამოთვლებია საჭირო, ზოგიერთში კი, მიახლოებითი გამოთვლაც საკმარისია;
  • არითმეტიკული მოქმედებები მჭიდრო ურთიერთკავშირშია ერთმანეთთან;
  • არსებობს რიცხვების შეკრება/გამოკლების რამდენიმე სტრატეგია; შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

თემის დასასრულ მოსწავლეს შეუძლია:

  • იმსჯელოს იმის შესახებ, მოცემულ სიტუაციაში როგორი გამოთვლაა საკმარისი ზუსტი თუ მიახლოებითი;
  • კავშირების დადგენა არითმეტიკულ მოქმედებებს შორის;
  • შეკრება/გამოკლების სტრატეგიების შერჩევა და ანალიზი, რომ შედეგი არ არის დამოკიდებული სტრატეგიის არჩევაზე.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198;

  1. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შედგენისათვის. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისათვის. (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით) ქეთი ცერცვაძე

https://clck.ru/SkNrc.

 

 

ოჰ, ეს უცნაური, უცნაური სკოლები

0

დედამიწაზე არსებობს სკოლა, რომელიც 1424 წელია უწყვეტად ფუნქციონირებს. ეს სკოლა, რა რთული გამოსაცნობია და, ბრიტანეთში კენტერბერის საგრაფოში მდებარეობს. მიიჩნევა, რომ ამ სასწავლო დაწესებულებას თანამედროვე განათლების შესაფერისი ტექნიკური აღჭურვილობა და ოთახები არ აქვს, მაგრამ რაკი ბრიტანელებისთვის ტრადიციის შენარჩუნება უმთავრესი ღირებულებაა, შენობის რეკონსტრუქციაზე, დანგრევაზე ან შეუსაბამოდ გათანამედროვებაზე არავინ ფიქრობს. და მაინც, ამ ნაკლოვანების მიუხედავად, კენტერბერის სამეფო სკოლა 21-ე საუკუნის შესაფერის თანამედროვე განათლებას იძლევა და აქ სწავლა ძალიან, ძალიან პრესტიჟულია.

ხომ უცნაური და საოცარი ამბავია, მაგრამ ინტერნეტში უფრო საინტერესო ისტორიებს წააწყდებით, თუ რამდენიმე წუთს სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ინფორმაციის მოძიებას დაუთმობთ.

მაგალითად, მონტესორის ცნობილი სკოლების ქსელს ფილიალი ინდოეთშიც აქვს, სადაც, არც მეტი და არც ნაკლები, 32 000 მოსწავლე სწავლობს. ეს ნამდვილი სკოლა-ქალაქი 3700 კომპიუტერითა და 1000-მდე უნიტაზითაა აღჭურვილი. ამ ამბის წაკითხვამ კიდევ ერთხელ ცხადად დამანახვა, რა პატარაა ჩემი ქვეყანა, სადაც 1000-ბავშვიანი სკოლა გრანდიოზულად ითვლება. არ ვიცი, რა უნარები აქვს ინდოეთის ქალაქ ლუკნოუს სკოლის დირექტორს, მაგრამ 32 000 ბავშვისთვის თანამედროვე განათლების მიცემა მარტივი ამბავი არ მგონია.

როგორც კი Google-ის საძიებო სისტემაში Phumachangtang-ს ჩაწერთ, პირველს, რასაც გუგლი შემოგთავაზებთ, დედამიწის საოცრება – პუმაჩანგტანგის სკოლაა, რომელიც ზღვის დონიდან 5 373 მეტრზე მდებარეობს. უფრო ცხადად რომ აღვიქვათ, რა მასშტაბზეა ლაპარაკი, წარმოიდგინეთ, რომ თქვენი შვილი კილიმანჯაროს, იალბუზის ან შხარას წვერზე საკლასო ოთახში იჯდეს და მეხუთე კლასის მათემატიკის წიგნში ამოცანას ხსნიდეს. ხომ საოცრებაა?

 

ჰოლანდიაში სწავლა 4 წლის ასაკიდან იწყება (ამის საპირისპიროა ფინეთი, სადაც 7 წლამდე ასაკის ბავშვისთვის სახლი და თამაშია რეკომენდებული და არა მეცადინეობა) და აქ სწავლას ძალიან სახალისო და საინტერესო ტრადიცია აქვს: როგორც კი ბავშვი მიაღწევს 4 წელს, ის სკოლაში უნდა მივიდეს, შესაბამისად, კლასში მუდამ ზის ერთი ახალი მოსწავლე და ბავშვები დინამიკურ ურთიერთობებს სწავლობენ.

კენიაში სკოლაში სიარული ნებაყოფლობითია, მაგრამ ყველა, ვისაც მიზერული შანსი მაინც აქვს, გაკვეთილს დაესწროს, სკოლას არ აცდენს.

ბრაზილიელებთან ოჯახური ტრაპეზი ლამის წმინდა ზიარებაა, ამიტომ, ხელისუფლებამ სწავლის დაწყება დილის 7 საათზე დააწესა, რათა სადილისთვის ოჯახის ყველა წევრი ერთი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბოს.

ფრანგები, ცნობილი გურმანები არიან და რა გასაკვირია, რომ Curriculum-ში სადილობაც შედის, სადაც ბავშვებს მაგიდასთან მოქცევის წესებსა და კულინარიას ასწავლიან.

ბანგლადეშში 1000-ზე მეტი გემი-სკოლაა, რომლებსაც დენის ალტერნატიული წყარო და საკვების რეზერვუარები აქვთ. ქვეყანამ ეს უცნაური გადაწყვეტილება მეზღვაურობის პოპულარიზაციისთვის კი არა, პრაქტიკული მიზნით მიიღო – სექტემბერ-ოქტომბერში და გაზაფხულზე ბანგლადეშის ქალაქებისა და სოფლების დიდი ნაწილი იტბორება, რადგან გადაუღებელი წვიმა იცის. გზები უბრალოდ აღარ არსებობს და ბავშვებმა რომ შეუფერხებელი განათლება მიიღონ, სკოლები გემებზე ეწყობა.

კოლუმბიაში არის სოფელი Los Panos, რომლის მოსწავლეები სკოლამდე და სახლისკენ ზიპლაინებით მიდიან. სხვა რა გზა აქვთ – მისასვლელი ბილიკი 70 კილომეტრიანია და რთული რელიეფის გადალახვას ითხოვს. ზიპლაინით კი ჰოპ და 5 წუთში სკოლაში ხარ.

ყველაზე დამოუკიდებელი და მოწესრიგებული ბავშვები იაპონელებს ჰყოლიათ. აბა რა, 7 წლიდან სკოლაში მარტონი დადიან (ხშირად ეს სახლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული), საკვები თან დააქვთ, კლასებსა და საპირფარეშოებს თვითონ ალაგებენ და ამიტომაც, იაპონიის სკოლაში არ არსებობს „დამლაგებლის“ ვაკანსია.

2014 წელს ტურინის სკოლას დედამიწის ყველაზე პატარა სკოლის ტიტული ერგო – იქ ერთი მოსწავლე და ამდენივე მასწავლებელი იყო. სევდიანი ამბავია, განსაკუთრებით ჩვენთვის, რადგან საქართველოს მთიანეთი სავსეა ასეთი სკოლებით და მათი რიცხვი მატულობს. მთიულეთის ერთ-ერთ სოფელში ვნახე სკოლა, რომელიც თავის დროზე 300-მდე ბავშვზე იყო გათვლილი. ახლა იქ 6 მოსწავლე დადის და პირველ, მეორე და მესამეკლასელები არ ჰყავთ.

იმედია, მსოფლიოს არ გავაოცებთ სკოლებით, სადაც მხოლოდ მასწავლებლები ივლიან, სხვა მხრივ კი, ყველაფერი კარგი წინ გვაქვს.

 

,,პირველად იყო სიტყვა…”

0

 (პლატონის დიალოგი „გორგია”)

 მოდით, მიმოვიხილოთ, რა არის ღმერთად წოდებული სიტყვა, რა ფუნქცია აქვს მას ადამიანთა საზოგადოებაში და რომელ დისციპლინებშია წარმოჩენილი მისი რაობა თუნდაც ანტიკურ პერიოდში, დღევანდელობასთან მიმართებით…

სიტყვა, როგორც ხელოვნება

რა არის რიტორიკა, როგორც სწავლება? პლატონის გაგებით, ის არის ცოდნა, მოხერხებულობა, რომლებიც შეიძლება ისწავლო, გამოიმუშაო საკუთარ თავში (ამის შეძენა სხვადასხვა მიზნით შეიძლება – ბოროტი თუ კეთილი). რიტორიკა, როგორც ამ ხერხის შესწავლა, არის მჭერმეტყველების ხელოვნება, რომელიც აუცილებელია დემოკრატიის პირობებში, რადგან ამ დროს ყოველი მოქალაქე იმყოფება თავისი თანამოქალაქეებისგან პოტენციური საფრთხის წინაშე. ნებისმიერ თანამოქალაქეს შეუძლია, როგორც იტყვიან, მიადგეს და დაადანაშაულოს მეორე საკუთარი თავის სასარგებლოდ, მოუწოდოს სასამართლოსკენ და მოიგოს ის, წაართვას ქონება და ცხოვრება. შესაბამისად, მოხერხებული სიტყვა გეხმარება, დაიცვა თავი და არისტოკრატული მეზობლობის პირობებში, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო ბრძოლაშიც კი. თუ მოქალაქეს უნდა, ქალაქს რაიმე შესთავაზოს, იგი ეჯახება საზოგადოებრივ აზრს, რომელიც ყოველთვის კონსერვატიული და სიტუაციურია იმ გაგებით, რომ ბრბო ასამართლებს ნებისმიერ წინადადებას, თავისი განწყობიდან გამომდინარე, რომელიც მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით იცვლება. ასეთ შემთხვევაში მჭერმეტყველების ხერხი გეხმარება, დაარწმუნო მოქალაქეები, დაეთანხმონ შემოთავაზებულს. ყოველი თვითშემოქმედი და თავგამოდებული ადამიანი განიცდის შევიწროებას საზოგადოებრივი აზრისგან, და სთავაზობს რა ახალს, ყოველთვის რისკავს სიცოცხლითა და ავლა-დიდებით. მჭერმეტყველება ეხმარება ადამიანს, მოიპოვოს საზოგადოებაში უფრო ხელსაყრელი მდგომარეობა, თანამოქალაქეების გარკვეული პატივისცემა და გაიუმჯობესოს თავისი მატერიალური საქმეები.

ამგვარად, რიტორიკა სასარგებლოა, მაგრამ ისევ სოკრატეს პირით, პლატონი ამტკიცებს, რომ საზოგადოება და კერძო პირი შეიძლება დაზარალდეს იმით, რომ ისეთი რიტორები, როგორიც გორგიაა, ქადაგებენ, ე.წ. პრაქტიკულ მორალს. ამიტომაც, საუბრის ობიექტური თავისებურებების, როგორც სოციალური ბრძოლის ინსტრუმენტის გაგებით, საჭიროა შეცვლა მორალისა, რომელზეც დამოკიდებულია სიტყვიერი საქციელი. პლატონის აზრით, საჭიროა არა პრაქტიკული, არამედ სულიერი მორალი მართავდეს სიტყვიერ ქცევებს. ამისთვის საჭიროა მორალის შეცვლა არა მარტო ორატორების, არამედ საზოგადოებისთვისაც. პრაქტიკული მორალი, სიტყვა და ქცევა, მისგან გამომდინარენი, უნდა იქცეს არა საპატიოდ, არამედ, საზოგადოებრივი აზრით, სამარცხვინოდ.

პლატონი, სულიერი მორალის მტკიცებისას, ამბობს, რომ უსამართლოდ ტანჯვა – ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს გაწირო ამქვეყნიური თუ იმქვეყნიური ტანჯვისთვის ის, ვინც უსამართლო ტანჯვა მოგაყენა. სულიერ მორალს სჯერა, რომ მჩაგვრელს უფრო უჭირს, ვიდრე ჩაგრულს. ეს მდგომარეობა – ერთ-ერთი ქვაკუთხედია მომავალი რელიგიური ქადაგებისა. ის პარადოქსულია პრაქტიკული მორალის გადასახედიდან და ვარაუდობს სინდისის კონტროლს ადამიანის სურვილებსა და ქცევებზე, რაც არ ახასიათებს პრაქტიკული მორალის მატარებელს.

სოკრატე პლატონთან ერთად უპირატესობას ანიჭებდნენ სხვაგვარ სიტყვიერ – ფილოსოფოს-პედაგოგის კარიერას. პედაგოგიკა კი, ფილოსოფიაზე დაყრდნობით, ცვლის საზოგადოების ზნეს, იმდენად რამდენადაც შესაძლებლად მიაჩნია სულიერი მორალიდან გამომდინარე მტკიცებები. პედაგოგიური სიტყვა – დიალექტიკა – ესეც საუბარია. ამგვარად პლატონი ახალ აზრს სძენს რიტორიკას, როგორც სიტყვის ხელოვნებას. დიალოგების პრაქტიკაში იგი ამკვიდრებს მეტყველების ახალ ფორმას, რომელსაც არ ახასიათებს ორატორული სოფისტიკა და ერისტიკა. პირობითად, დიალექტიკა გამომდინარეობს განსაკუთრებული წინასწარი მოლაპარაკებისგან – ერთად და არადაინტერესებულად ეძებოს ჭეშმარიტება. აქ წარმატების კრიტერიუმია არა ერთ-ერთი მოსაუბრის ზეიმი, რომელიც შეიძლება იყოს თვითსარგო, არამედ საგნის ბუნების შესახებ ჭეშმარიტების პოვნა. ამგვარად, სასამართლოში და თავყრილობაზე მეტყველებისას, სადაც მთავარია მოგება, მკვიდრდება მეტყველების ახალი ფორმა – დიალექტიკა. დიალექტიკაში არაა რომელიმე პირის მოგება, მაგრამ არის დიალოგის ყველა მონაწილის მოგება. ეს ფილოსოფიურ-მასწავლებლური საუბრის სახე წარმოადგენს ანტიკური სიბრძნისა და ახალი მეცნიერების საფუძველს. პლატონთან დიალექტიკა მოიცავს ქადაგება-პოლემიკის ელემენტებს.

გორგიას თანახმად, აუდიტორია თავს ახვევს ორატორს პრაქტიკულ ეთიკას, რომელსაც ის ხორცს ასხამს სიტყვაში. წარმოიშობა ურთიერთდაპირისპირება საუბრის ორი ტიპისა ეთიკურ საფუძველზე:

ა) ორატორიკა (გორგია) – პრაქტიკული მორალი;

ბ) დიალექტიკა (პლატონი სოკრატეს პირით) – სულიერი მორალი.

სამეტყველო ხელოვნების საერთო სტრუქტურები

მეტყველების ხელოვნება წარმოადგენს არა მარტო იმას, რაც მთავარი ნიშანია საზოგადოებისა – ურთიერთობას, არამედ წარმოდგენასაც გვიქმნის სიტყვის საშუალებით საზოგადოების განვითარების დინამიკაზე.

მეტყველების ნებისმიერი ფორმა, გავრცელებული ანტიკურ ხანაში: საყოფაცხოვრებო მეტყველება, ორატორობა, პოეზია, დიალექტიკა, სამეცნიერო წერითი მეტყველება, სასწავლო მეტყველება – ემორჩილება ანალიზს. მათი განსხვავებულობა ისაა, რომ მათ ჰყავთ სხვადასხვა აუდიტორია და აქედან გამომდინარე, აქვთ განსხვავებული ამოცანები. სხვადასხვა აუდიტორია არსებობს იმიტომ, რომ ასე დააწესა ჩვეულებამ და კანონმა. მაგრამ მეტყველების სტილმა შეიძლება ახალი აუდიტორიის შექმნამდე მიგვიყვანოს, რომელიც ორგანიზებული იქნება ახალი ჩვეულებებითა და კანონის უფლებით. შესაბამისად, იზრდება კულტურის ახალი პლასტი და რთულდება განათლება.

დასავლეთისა და აღმოსავლეთის ფილოსოფიური კულტურის შედარება (ბერძნული და რომაული ანტიკურობა, ინდური და ჩინური კლასიკა) გვაჩვენებს, რომ განსხვავება მეტყველების საზოგადოებრივ მოწყობაში ბადებს ფილოსოფიურობის განსხვავებულ ტიპებს. ისინი გამყარდა კულტურაში და გავრცელდა განათლებაში.

ძველი კლასიკური ცივილიზაციები განსხვავდებოდნენ გარემომცველი ბარბაროსი ხალხებისგან. ბარბაროსი ხალხები არ ესწრაფვიან სტილურ ძალისხმევას და ბედნიერად ცხოვრობენ თავიანთ საზოგადოებებში, სტაგნაციის ან ნელი განვითარების პირობებში, ახორცილებენ რა თავიანთ აზრობრივ-სამეტყველო აქტებს. მეტყველების სისტემის ცვლას, ახალი სამეტყველო აზროვნების სტილის შეთხზვას შეეძლო, შეეცვალა მათი ცხოვრების მდინარება. ამას აჩვენებს გამოცდილება სხვა ხალხებისა, რომლებიც ისტორიულ დროში ცივილიზაციაზე გადავიდნენ.

დაწერილი თუ წარმოთქმული მეტყველების განხილვა, ანალიზი ან მასში მხოლოდ პრეცედენტის გათვალისწინება – ნიშნავს განასხვავო დეტალები და ვერ დაინახო მთლიანობა. ასე შეიძლება გააკეთო კერძო რიტორიკაში, მაგრამ არა რიტორიკის საერთო თეორიაში. რიტორიკის თეორიის ამოცანაა – დაინახო მეტყველების განვითარება საზოგადოებრივ კონტექსტში, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარების უმთავრესი ფაქტორი. იმისთვის, რომ საზოგადოებიდან წავიდეს, ადამიანს უნდა ჩამოერთვას მსჯელობაში ჩართვის უფლება. ეს ხდება ან ასკეტიზმის გზით, ან ფიზიკური თუ მენტალური პათოლოგიების მიზეზით. ამ შემთხვევების გარდა, მეტყველების გარეშე საზოგადოებაში ცხოვრება შეუძლებელია. პიროვნება იმყოფება სიტყვიერი ნაკადის შიგნით და თვითონაა მისი თანამონაწილე.

 

 

 

 

 

ცნებებზე მუშაობა დენოტატიური გრაფიკების გამოყენებით

0

ცნებების შესწავლის დროს ეფექტიანობის თვალსაზრისით საინტერესოა დენოტატიური გრაფიკების გამოყენება. ინფორმაციის გრაფიკულად წარმოდგენა/დამუშავების ეს მიდგომა საშუალებას გვაძლებს, ისე შევკვეცოთ დიდი მოცულობის ინფორმაცია, რომ საფუძვლიანად დამუშავდეს ცნების შინაარსი და არ დაიკარგოს ხარისხი. ის შეიძლება განვიხილოთ როგორც ჰერმანევტიკული მიდგომაც (დენოტატიური – „აღსანიშნი“/„აღვნიშნავ“/„ვწერ“), რომელიც ეხმარება მოსწავლეს ცნების არსებითი ნიშნების გამოყოფასა და ინფორმაციის სწრაფად დამახსოვრებაში. დენოტატიური გრაფიკი წარმატებით გამოიყენება რთული მასალის ახსნის დროსაც, როდესაც არ ვართ დარწმუნებული, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა მასალა. შესაძლოა, მათ სწორად უპასუხეს დასმულ შეკითხვებს, არცთუ ცუდად შეავსეს ტესტიც, მაგრამ „არადამაჯერებლად“ გამოიყურებიან მასალის არასათანადოდ გააზრების გამო. დროთა განმავლობაში „ნასწავლი“ მასალაც დავიწყებას მიეცემა და მოსწავლეს რჩება არასრულფასოვანი ცოდნა. დენოტატიური გრაფიკის დანიშნულებაც ესაა – ასწავლოს მოსწავლეებს გააზრება, უფრო მეტიც, ის თავად წარმოადგენს გააზრების ინსტრუმენტს, აზუსტებს ცნების არსს, თვალსაჩინოს ხდის ცნების შინაარსსა და სტურქტურას, ავითარებს ლოგიკას.

 

დენოტატიური გრაფიკი რთული აგებულების სქემაა, ერთგვარი გრაფიკი-სქემა-ხეა, რომლის „ტოტები“ ცნების გახსნასა და მისი ცალკეული ასპექტების გააზრებას ემსახურება. ცნება-„ტოტიდან“ მოემართება ზმნები – „შტოები“, რომლებზედაც „გამოსხმულია“ – „ფოთლები“-სახელები. აქედან: ზმნები – ქმედების და ურთიერთობების აღსანიშნავია, ცნების არსია, ხოლო სახელი-სიტყვა-ცნებები ის განმარტებები და მოვლენებია, რომლებიც ძირითადად დაკავშირებულია ცნების შინაარსთან.

 

შედგენის წესი (აუცილებელია გვახსოვდეს, რომ დენოტატიური გრაფიკი ივსება ზემოდან – ქვემოთ):

  • ტექსტში ძირითადი სიტყვის/ცნების პოვნა, რომლისგანაც (რომლის საფუძველზეც) აიგება დენოტატიური გრაფიკი;
  • ჩამოიწერება ცნებასთან/ძირითად სიტყვასთან აზრობრივად დაკავშირებული ზმნები და არსებითი სახელები, განსაზღვრებები, ძირითადი თვისებები (შეირჩევა, შეგროვდება ცნებასთან დაკავშირებული არსებითი მახასიათებელი ნიშნები);
  • გრაფიკში არსებითი სახელი (ან სახელთა ჯგუფი) და ზმნები აისახება მონაცვლეობით;
  • გრაფიკში თითოეული სიტყვა აზრობრივად დაკავშირებულია ძირითად სიტყვასთან/ცნებასთან;
  • შესაძლებელია „ტოტების“ „დაგრძელება“ – „შტოების“ გამოყოფა;
  • მიღებულია გრაფიკის თითოეული სიტყვის ძირითად ცნებასთან აზრობრივი კავშირების გადამოწმება/დადგენა.

 

რეკომენდებულია შემდეგი სახის ზმნების გამოყენება:

  • ზნმები, რომლებიც აღნიშნავენ მიზანს: მიმართება, შეთავაზება, მიცემა, წინამძღოლობა…
  • ზმნები, რომლებიც აღნიშნავენ შედეგს: მიიღწევა, ეყრდნობა, განხორციელდება, ეფუძნება…
  • ზმნები, რომლის დახმარებითაც ხდება კონკრეტული ცნების შესახებ წარმოდგენების ფორმირება – არსებითი მახასიათებლების გამოყოფა (1-3 ნიშნის მაინც).

გამოყენების ალგორითმი:

  • განსაზღვრავს, აღნიშნავს, პასუხობს, გამოხატავს – ხაზს უსვამს საგნის ნიშან-თვისებას..
  • პასუხობს კითხვაზე: ვისი? რისი? როგორი? რანაირი? როდინდელი? როგორ?…
  • მიუთითებს გარემოებაზე, რაოდენობაზე, ადგილმდებაროებაზე, თვისებაზე, ცვალებადობაზე.

 

 

დენოტატიური გრაფიკის მაგალითები:

მაგალითი 1. ცნება „ფოთოლი“ /ბუნებისმეტყველების გაკვეთილიდან:

ფოთოლი
იკვებება სუნთქავს ორთქლდება შლის
ფოტოსინთეზი ჟანგბადი წყალი მავნე ნივთიერებები
წარმოიქმნება დაიხურება გაიშლება ჩამოვარდება
ჟანგბადი …ნახშირორჟანგი …. ….
 გლუკოზა ….. შთანთქავს ფოთოლცვენა

 

გრაფიკის აგების დროს ზოგადად შესაძლებელია ზმნის გარდასახვა „შემასმენლად“, ანუ მოქმედების აქტიურად ქმედებაში გამოსახვა).

 

მაგალითი 2 – ცნება „პროექტი“

 

პროექტი
მოწვევა შედგება განხორციელება განთავსება
მოსწავლეები კონკურსი მონიტორინგი ინფორმაციის
აცნობს დაფუძნებულია ახასიათებს  ავრცელებს
საზოგადოებას კომპეტენციაზე შემოქმედობითობა ინოვაციას

 

მაგალითი 3. / ისტორიის გაკვეთილიდან:

ცნება „რევოლუცია“  – გაკვეთილის თემაა „საფრანგეთის დიდი რევოლუცია“. ჯერ ხდება ტექსტიდან ძირითადი ცნების გამოყოფა – მეტწილად ის ემთხვევა თემის სათაურს. მოცემულ შემთხვევაში ესაა ცნება „რევოლუცია“. მოსწავლეები ამ სიტყვას/ცნებას წერენ ზედა დიდ უჯრაში. შემდეგ ცნებას შეურჩევენ ზმნებს (შემასმენლის ფორმით): შექმნა; განხორციელება; დაპატიმრება; დასჯა; დამხობა; შეცვლა… ისინი ჩაიწერება ცხრილში/ან აისახება გრაფიკის მეორე რიგში, როგორც ცნების „ტოტები“, დანარჩენი „გაგრძელებები“ კი იქნება „შტოები“, ანუ არსებითი დამახასიათებელი ნიშნები, ძირითადად არსებითი სახელების სახით. მაგალითად, „ქმნიდნენ“ – ტოტის განშტოება იქნება – კონსტიტუცია, „დაამხეს“ – მონარქია, „დაამყარეს“ – თავისუფლება და ა.შ. ისინი ჩაიწერება „ქვედა რიგში“.

 

რევოლუცია
შექმნა შეცვლა განადგურება დასჯა
სიტუაცია ხელისუფლება მონარქია მოწინააღმდეგე
მიღება არჩევა ჩამოშლა გაუქმება
კონსტიტუცია დეპუტატი რეჟიმი მოღალატე
 გათავისუფლება რეფორმირება …. ….

 

მაგალითი 4 – ცნება „ინტერვენცია“ – დამხმარე კითხვებით /პროცესუალურად:

 

ინტერვენცია (რისკენაა მიმართული?)
პროცესი (რა არის?) აგრესია ოკუპაცია ანექსია
თავდასხმა (როგორი ხასიათი აქვს?) შეიარაღებული ….. ……
ჩარევა (ჩარევა რაში?) სხვა ქვეყნის და ხალხის საშინაო საქმეში ჩარევა ტერიტორიის ქვეყნის
 სფერო (რომელ სფეროში შეიძლება არსებობდეს?) პოლიტიკური, ეკონომიკური.. სოფლის… სავაჭრო გზების… მხარის… სოფლის…

 

მაგალითი 4 – ცნება „საზოგადოება“

 

საზოგადოება
რეგულირება ცვალებადობა იდენტობა კავშირ-ურთიერთობა
წესრიგის დაცვა დროში, სივრცეში …… ……
განსაზღვრა ორგანიზება თავმოყრა  ზრუნვა
გადაწყვეტა პრობლემა ….. ……
 დახმარება წევრი    

 

მაგალითი 5 – სიტყვა/ცნება „შალვა ახალციხელი“

 

შალვა ახალციხელი
ებრძვის.. იცავს.. უპირატესობას აძლევს.. ამჯობინებს..
მტერს სამშობლოს სიყვარულს თავდადებას
ის ნამდვილი რაინდია

 

 

დენოტატიური გრაფიკების საშუალებით:

  • ერთიანობაში ხდება პრობლემის გააზრება;
  • თვალსაჩინო და გასაგებია პრობლემის სტურქტურა;
  • ინფორმაციის გრაფიკულად გამოსახვა ხელს უწყობს იდეების გენერირებას;
  • იზრდება მოტივაცია;
  • ინფორმაციის აღქმა გაადვილებულია;
  • პასუხები ცალსახაა;
  • გამარტივებულია ძირითადი ცნებისა და თანდართული მასალის დასწავლა/გახსენება;
  • ვითარდება მოსწავლის ინტელექტუალური შესაძლებლობები;
  • სინთეზისა და ანალიზის, ძირითადი ნაწილების გამოყოფის უნარები;
  • მასალის გააზრება/გაგება;
  • ცნებათა დამაკავშირებელი არსებითი ნიშნების მოძიების უნარი
  • და ა.შ.

ზოგადად, დენოტატიური გრაფიკი თავისი არსით რეფლექსიურია, ამიტომ მას ხშირად მიმართავენ გაკვეთილზე მასალის შეჯამებისათვის, თუმცა არანაკლებ წარმატებით გამოიყენება ახალი მასალის გადაცემის, განზოგადებისა და გამეორების დროს. ის ახალისებს სასწავლო პროცესს, უფრო კომუნიკაციურს და აქტიურს ხდის მას, ამიტომ წარმატებით გამოიყენება სწავლებაში.

 

 

 

 

 

 

უკუკავშირის წყურვილი

0

ჩვენი ინტერნეტგაზეთის ახალგაზრდა ავტორი ნათია უჩავა სასწაული გოგოა. ნოვატორული იდეების გენერატორია ეს საოცრად მომხიბვლელი მკვლევარი და  მასწავლებელი. ფეისბუქზე აქვს გვერდი, რომელსაც „აქტივობები კლასში“ ჰქვია და უკვე 26 ათასზე მეტი წევრი ჰყავს. ამ გვერდზე აღმოაჩენთ მრავალფეროვან რესურსებს საკლასო ოთახში კრეატიული იდეებისა და დისტანციური სწავლების სიახლეებისთვის. დღეს დილით ფეისბუქზე ნათიას პოსტი შემომხვდა ასეთი სათაურით: „როგორ შეამოწმოს თიმსის აპლიკაციამ ავტომატურად საშინაო დავალებები“… ჩავრთე და ვუსმენ საგანგებოდ მომზადებულ ვიდეოინსტრუქციას. ავტორი გვასწავლის, რომ თურმე თიმსი ავტომატურად აკეთებს ყველა საშინაო დავალების უკუკავშირს. გაოცება და სკეპსისი ერთად მიპყრობს! ვიდეოს დასასრულს ნათია სიცილით გამოგვიტყდება, რომ მასწავლებლის ნაცვლად საშინაო დავალებებს ვერავინ შეამოწმებს და გვირჩევნია დრო არ დავკარგოთ. ნათიას ეშმაკობამ კარგ გუნებაზე კი დამაყენა, მაგრამ ასევე დამაფიქრა დისტანციური სწავლების პროცესში უკუკავშირის რაობაზე.

ვის შორის არის უკუკავშირი სწავლა-სწავლების პროცესში ყველაზე აქტუალური? უპირველესად მასწავლებლისა მოსწავლის მიმართ და პირიქით. უკუკავშირი მოსწავლისგან მასწავლებლისთვის ისევე სასიცოცხლოდ აუცილებელია, როგორც მოსწავლის განვითარებითვის არის გადამწყვეტი. მასწავლებელი მოსწავლეთაგან მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით აკორექტირებს გაკვეთილის გეგმებს, აქტივობებს, აუმჯობესებს ურთიერთობებს, ხვეწს სასწავლო პროცესს.

რა შეიცვალა ამ მიმართულებით დისტანციური სწავლების პროცესში? – ბევრი რამ! მასწავლებლის უკუკავშირი გადამწყვეტია როგორც განმსაზღვრელი, ისე განმავითარებელი შეფასებისას. საკლასო ოთახში მასწავლებელი მყისიერად ართმევს თავს განმსაზღვრელ შეფასებებს, გაკვეთილზევე იძლევა განმავითარებელი შეფასებებს, მიაქვს მატერიალური მასალა – საშინაო/საკლასო დავალების ტესტები თუ რვეულები და ოპერატიულად ახერხებს მათ შესწორებას, აკომენტარებს და აფასებს, ოპერატიულადვე აბრუნებს კლასში. როგორია რეალობა დისტანციური სწავლების დროს? მასწავლებელს უამრავი მოსწავლისგან დაუსრულებლად მოსდის საშინაო დავალებები ხან თიმსში, ხან ფეისბუქის მესენჯერში, ხან ელექტრონულ ფოსტაზე. ნაშრომები შესრულებულია ვორდის ფაილში, ან ფოტოს, ან Power Point-ის პრეზენტაციის სახით არის გადმოგზავნილი. მიღებულ დოკუმენტს ხშირად აქვს ბევრნაირი ტექნიკური ხარვეზი, არ იხსნება, დავირუსებულია, უხარისხოდ არის გადაღებული, მკრთალია და არ აღიქმება, მასწავლებლის გაჯეტი ვერ კითხულობს. ამასთან, მოსწავლეთა უმრავლესობა აგვიანებს ან დედლაინის მიწურულს გზავნის დავალებას. ამდენი დავალების ნახვა, გულდასმით წაკითხვა, ობიექტურად შეფასება, კომენტირება და რედაქტირება წარმოუდგენელი და ხშირად დაუძლეველი გამოწვევაა. მოსწავლეს კი უკუკავშირი უნდა! უდავოდ ლეგიტიმური მოთხოვნაა! თუ მასწავლებელმა უკუკავშირი დააგვიანა, მოსწავლე კიდევ რამდენჯერმე მისწერს, მშობელი ცალკე მოიკითხავს. მასწავლებლისთვის ძნელია გარკვევა, საიდან და როგორ არის დავალება შესრულებული, რომელი ინტერნეტრესურსიდან არის გადმოკოპირებული, ეჭვი ეპარება ავტორის კეთილსინდისიერებაში, მაგრამ ამის გადამოწმება და ობიექტურობის დადგენა ვერ ხერხდება.

ერთხელ დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლემ, რომელსაც საგაკვეთილო პროცესში არასდროს შეუსრულებია წერილობითი დავალება თუნდაც დამაკმაყოფილებელ დონეზე, გადმომიგზავნა უზადო საშინაო დავალება. დიდი კლასიკოსის მოთხრობა გარჩეული იყო უმაღლეს დონეზე, მეცნიერ-მკვლევრის ენითა და ხედვით. იმსახურებდა უმაღლეს შეფასებას. დავრეკე მოსწავლესთან და ვცადე, რომ გულწრფელად მესაუბრა ამ დავალების გარშემო. იდეურ-მხატვრულად ურთულესი ნაწარმოები იყო და მის ასეთ განხილვას არამცთუ საბაზო საფეხურის მოსწავლე, უნივერსიტეტის ამ მიმართულების წარჩინებული სტუდენტიც კი ვერ შეძლებდა. თანაც ვორდის ფაილი მომზადებული იყო თვით უმნიშვნელო კორექტურის გარეშე, უზადოდ. მოსწავლეს შევუქე ნაშრომი და უმაღლესი კეთილგანწყობით აღვნიშნე, რომ საუკეთესო იყო, მაგრამ დამოუკიდებელ ნაშრომს არ ჰგავდა და ვკითხე, ვინმე ხომ არ  დაგეხმარა მის შესრულებაში-მეთქი? მან დაბეჯითებით და ომახიანად მომიგო: – არა, მასწ, მე დავწერე, თავიდან კი ცოტა გამიჭირდა, მაგრამ მას მერე, რაც ტექსტი მეორედ წავიკითხე, საერთოდ არ გამჭირვებიაო! არადა, იმედი მქონდა, რომ ჩემი მეგობრული საუბარი მასაც გულწრფელობისკენ უბიძგებდა და მეტყოდა, რომ ჰყავს კერძო მასწავლებელი, პროფესორი ნათესავი ან ჩემი საგნის სპეციალისტი ბებია და გასაგები იქნებოდა ყველაფერი, მაგრამ…  გამომცდელი კითხვებით ვცდილობდი, რომ რამე ეთქვა ვინმეს დახმარების ხელზე, მაგრამ – ამაოდ! თანაც სემესტრის მანძილზე მას არცერთი დავალება არ გადმოუგზავნია და როცა სემესტრის მიწურულს მოისმინა, რომ მასწავლებელი იძულებული იქნებოდა შეუფასებელი დაეტოვებინა კლასის ის ნაწილი, რომელსაც არასდროს მიუღია მონაწილეობა აქტივობებში, იკადრა და გადმოგზავნა უნაკლოდ შესრულებული ნაშრომი, რომელიც, სავარაუდოდ, ან საიდანმე გადმოაკოპირა, ან ვინმეს დააწერინა მაღალი სემესტრული შეფასების მოსაპოვებლად. აი, ამგვარ სიტუაციაში რა უნდა ქნას მასწავლებელმა?

ვფიქრობ, მასწავლებლებმა ჩვენს მოსწავლეებს უპირველესად სწორი უკუკავშირის მნიშვნელობა უნდა გავააზრებინოთ. „სწორი“ პირობითი სიტყვაა და აქ ვგულისხმობ იმას, რომ მოსწავლის უკუკავშირი მოიცავდეს კითხვების დასმას სასწავლ თემასთან და დავალებასთან დაკავშირებით, კომენტირებას, პრობლემების გამოკვეთას და მსჯელობას მათ არსზე, საკლასო დისკუსიებში მონაწილეობას, მასწავლებლის მიერ უკვე შემოწმებული დავალების გარშემო კითხვების დასმას, კრიტიკულ და თავისუფალ მიდგომას ნებისმიერი საკითხისადმი.

ჩემი ნათესავი, რომელიც მეათეკლასელი მოსწავლის დედაა, მეუბნებოდა, რომ შეწუხებულია დისტანციური სწავლების პროცესში შვილის კლასელთა პასიურობით და მასწავლებლის უმძიმესი მდგომარეობით. მაღალ კლასებში ეს ისეთი დაუძლეველი პრობლემაა, საგონებელში ვარ ჩავარდნილი და ვერაფრით ვპოულობ გამოსავალს. ვცდილობ, ჩავრთო კლასი საგაკვეთილო აქტივობებში, თავაზიანად ვთხოვ, რომ ჩართონ კამერები, დასვან კითხვები, გააკეთონ კომენტარები, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის სურვილს მხოლოდ ორიოდე მოსწავლე თუ გამოთქვამს. შემდეგ კლასი „ეჩვევა“ იმას, რომ ჰყავთ აქტიური თანაკლასელები, რომელთაც მასწავლებელთან ერთად „მიჰყავთ“  საგაკვეთილო პროცესი და მთლიანად უთმობენ მათ ასპარეზს. რანაირი მცდელობები არ მქონია, რომ გამეაქტიურებინა პასიური მოსწავლე, მაგრამ ამაოდ. რასაც საკლასო ოთახში ვახერხებდით, აქ შეუძლებელია. საერთოდ ქრება უკუკავშირი. მოსწავლე არც ვიდეოს რთავს, არც მიკროფონს, არ პასუხობს მიმოწერაზე, ან ასახელებს პრობლემას ტექნიკური ხარვეზის, ან ინტერნეტის მიწოდების შეზღუდვის შესახებ და იქმნება შეუღწეველი ჯავშანი, მოჯადოებული წრე, რომლის დაძლევა შეუძლებელია. ამდენ მოსწავლესთან დაკავშირებით სათითაოდ რომ დამრიგებელი და მშობელი ჩააყენო საქმის კურსში, შეუძლებელია. საამისო დრო მასწავლებელსაც არ აქვს და პრობლემა სულ უფრო და უფრო ღრმავდება. ამას საშინლად განვიცდი, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ვხედავ. ალბათ ნორმალური სასწავლო რეჟიმის დაბრუნების შემდეგ ასეთ მოსწავლეებს, რომლებიც საგანგებოდ ირჩევენ აუტსაიდერის პოზიციას, კიდევ უფრო გაუჭირდებათ სასკოლო სივრცეში სოციალიზაცია.

უკუკავშირის სიკეთე და მისი როლი სწავლა-სწავლების ხარისხის ოპტიმიზაციაში – ამ თემაზე ალბათ უნდა გავმართოთ მშობელთა კრებები, დამრიგებლებმა საგანგებოდ უნდა გაამახვილონ ყურადღება კლასის საათებზე, მოსწავლეებს სპეციალური ლიტერატურა უნდა გავაცნოთ ამასთან დაკავშირებით და სასწავლო პროცესის ყოველმა აქტორმა (მასწავლებელმა, მოსწავლემ, მშობელმა, სკოლის ადმინისტრაციამ) უნდა გააცნობიეროს, რომ სისტემატური და სრულფასოვანი უკუკავშირის გარეშე წამოუდგენელია ჩვენი საერთო მიზნების შედეგებად ქცევა.

ასევე პრობლემაა უკუკავშირის დეფიციტი მასწავლებლის მხრიდან. ხშირად აქტიურ მოსწავლეს წყურია მასწავლებლის შეფასების მოსმენა, სჭირდება სხვადასხვა ტიპის რეკომენდაცია, ზედამხედველობა სასწავლო თემებსა თუ კომპლექსურ დავალებებზე მუშაობის დროს, ობიექტური და კეთილგანწყობილი განმავითარებელი კომენტარი, მაგრამ მასწავლებელი ან გულგრილია, ან არაკომპეტენტური, რომ მოსწავლის საჭიროებები აღიქვას და სათანადო პასუხები გასცეს ყველა გამოწვევას. ეს იწვევს მასწავლებლისადმი მოსწავლისა და მშობლის უნდობლობას, გაუცხოებას და ძალიან ხშირია პრობლემური ურთიერთობები, რაც ფსიქოლოგიურად ორივე მხარეს აზიანებს.

დისტანციურ სწავლებას ბევრი პლუს-მინუსი აქვს, მაგრამ როცა დავფიქრდი მის მახასიათებლებზე, პირველი, რაც მომაგონდა, უკუკავშირის დეფიციტი და მისი გაუსაძლისი წყურვილია. ვისურვებ, რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყოს ჩართული სასწავლო პროცესში. ხშირად მასწავლებლის ძალებს აღემატება მოსწავლის დაინტერესებისა და გააქტიურების შესაძლებლობა და ყოველმა მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ მასაც ეკისრება პასუხისმგებლობა სასწავლო პროცესის ნაყოფიერად წარმართვაზე. ვისურვებ, რომ არც მოსწავლეებს და არც მასწავლებლებს სანატრელი არ გვქონდეს ეს ჯადოსნური სიტყვა – უკუკავშირი და ის პროცესი, რომელსაც ეს სიტყვა გულისხმობს. როცა ვირტუალური ურთიერთობები ისედაც გამორიცხავს ცოცხალ კომუნიკაციას და ეს ხელს გვიშლის სრულფასოვანი სასწავლო პროცესის აწყობაში, უკუკავშირის დეფიციტი კიდევ უფრო აბნელებს ურთიერთობის სივრცეებს, რაც ჩვენი ყველას ერთობლივი ძალისხმევით თუ გამოსწორდება, ცალმხრივი მცდელობებით – ვერანაირად.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...