ხუთშაბათი, აპრილი 30, 2026
30 აპრილი, ხუთშაბათი, 2026

მავნე  ჩვევები ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

0

ერთხელ, ცხრა წლის გიოს დედამ შეწუხებულმა შემომჩივლა – „არ ვიცი რა მოვუხერხო ამ ბავშვს, ვერაფრით გადავაჩვიე ამ საშინელ ჩვევას, გამუდმებით თითი უდევს პირში და საწოვარასავით წოვს. რა არ გავაკეთე, ვეჩხუბე, ფიზიკურადაც კი დავსაჯე, მაგრამ არაფერმა იმოქმედა. პირიქით, ცემის შემდეგ აღნიშნულ პრობლემას მეტყველების პრობლემაც დაემატა, ენის ბორძიკით დაიწყო ლაპარაკი, რაც ადრე არ შემიმჩნევია. ვფიქრობ, უკვე თანატოლებიც დასცინიან. ბოლო ხანებში მასთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენას ვერიდები; შევწუხდი ცნობისმოყვარე ადამიანების გაუთავებელი შეკითხვებით – „რა სჭირს შენს შვილს? ვფიქრობ, რაღაც პრობლემა აქვს“.

უნდა ითქვას, რომ მავნე ჩვევები ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული მოვლენაა. ამასთან, თითის წოვა არ არის ერთადერთი ჩვევა, რაც შეიძლება მშობელს აწუხებდეს.

თითის წოვა, ფრჩხილების კვნეტა, ცხვირის ჩიჩქნა, თმების წიწკნა, ტანსაცმლის თმის, ფანქრის, კალმის ღეჭვა – ეს მცირე ჩამონათვალია იმ მავნე ჩვევებისა, რომლებსაც შეიძლება ბავშვებში შევხვდეთ და რომლებიც, როგორც წესი, შემაწუხებელი ხდება მშობლებისთვის და ხშირად განგაშსაც კი იწვევს მათში. ზოგიერთი მშობელი პრობლემასთან გამკლავებას დასჯით ცდილობს, ზოგი მოქმედებს დარწმუნების მეთოდით, არიან ისეთებიც, რომლებიც პრობლემის თვითდინებაზე მიშვებას ამჯობინებენ. მაინც, რომელი შეიძლება მივიჩნიოთ ყველაზე ეფექტიან სტრატეგიად და რა გავაკეთოთ, როცა ბავშვში რაიმე მავნე ჩვევას ვხედავთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა გავარკვიოთ, რამ შეუწყო ხელი აღნიშნული ჩვევის ჩამოყალიბებას. მიზეზების გარკვევის გარეშე გაგვიჭირდება მოქმედების სწორი სტრატეგიის შერჩევა მავნე ჩვევის დასაძლევად.

ბავშვებში მავნე ჩვევების ჩამოყალიბების გამომწვევი ძირითადი მიზეზები: 

  • ბავშვისთვის არაკომფორტული, სტრესის გამომწვევი გარემო – როცა ბავშვი თავს ცუდად გრძნობს, ნერვიულობს, თითის წოვა ან ფრჩხილების კვნეტა შეიძლება მისთვის დამამშვიდებელი საშუალება აღმოჩნდეს. დროთა განმავლობაში, ხშირი განმეორების შემთხვევაში კი ეს მოქმედებები, დიდი ალბათობით, ჩვევად ჩამოყალიბდება;
  • ოჯახური კონფლიქტები, მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობა, მათი დაცილება ასევე შეიძლება გახდეს იმ მოქმედებების ჩვევად ჩამოყალიბების ხელშემწყობი, რომელიც ასე აღიზიანებს მშობელს;
  • ყურადღების, სითბოს, სიყვარულის დეფიციტი მშობლების მხრიდან – ასეთი დამოკიდებულება ბავშვს აფიქრებინებს, რომ ის არასასურველია, ზედმეტია ოჯახში, ის არ უყვართ. ნებისმიერი ბავშვი ინტუიციურად გრძნობს თუნდაც შენიღბულ მიუღებლობას და თუ ეს მიუღებლობა აშკარაა, მან შეიძლება „დასახმარებლად“ და დასამშვიდებლად ამა თუ იმ მავნე ჩვევას მიმართოს, რომელიც, დიდი ალბათობით, მშობლის გაღიზიანების, გაბრაზების, განაწყენების მიზეზი გახდება, რაც, თავის მხრივ, კიდევ უფრო გაართულებს ბავშვისა და მშობლის ურთიერთობას;
  • მკაცრი საუბრის მოსმენა, აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, გაურკვეველ სიტუაციაში ყოფნა და დიდხანს ლოდინი, საშინელებათა ფილმების ყურება – ყველაფერი, რაც აშფოთებს ბავშვს შეიძლება ფრჩხილების კვნეტის ან რაიმე სხვა, ჩვენთვის მიუღებელი ქცევის თანხლებით მიმდინარეობდეს;
  • გადაჭარბებული მოთხოვნები მშობლების მხრიდან – იმ შემთხვევაში, როცა მშობლები ბავშვისაგან მოითხოვენ იმაზე გაცილებით მეტს, რისი გაკეთებაც მას რეალურად შეუძლია, ზედმეტად ტვირთავენ მის გონებას, ძლიერდება ბავშვის ნერვული დაძაბულობა და კარგი ნიადაგი იქმნება მავნე ჩვევების ჩამოსაყალიბებლად. მშობლები კი მოჯადოებულ წრეზე იწყებენ ტრიალს – ერთი მხრივ, ისინი აღშფოთებული არიან ბავშვის მავნე ჩვევით და მოითხოვენ მისგან მის შეწყვეტას, მეორე მხრივ კი, თავისი მოთხოვნებით განამტკიცებენ, აძლიერებენ ამ ჩვევას.
  • უფროსების ქცევის კოპირება – თუ იმ გარემოში, სადაც ბავშვს უწევს ყოფნა, რომელიმე ზრდასრულს ესა თუ ის მავნე ჩვევა აქვს, ბავშვმა შეიძლება სწორედ მისი მიბაძვით დაიწყოს აღნიშნული მოქმედების განმეორება და დროთა განმავლობაში ეს ჩვევადაც ჩამოუყალიბდეს;
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სამედიცინო ხასიათის პრობლემები – ესა თუ ის მავნე ჩვევა, მაგ. თითის წოვა ხშირად დემონსტრირებას უკეთებს იმ ფაქტს, რომ ბავშვი დასუსტებულია ავადმყოფობით, ინფექციებით, ნევროპათიით.

რეკომენდაციები ბავშვებში მავნე ჩვევების დასაძლევად:     

  • უპირველეს ყოვლისა, მოვერიდოთ ბავშვის დასჯას, საყვედურებს, გაკიცხვას. ასეთი ქმედებებით ჩვენ მას ვერ დავეხმარებით. თუ ყურადღებას გავამახვილებთ და სერიოზული განსჯის საგნად ვაქცევთ პატარას ამა თუ იმ ჩვევას, შეიძლება უფრო განვამტკიცოთ ის და გადავიტანოთ აკრძალული მოქმედებების რანგში. ასეთ დროს ჩვენი ნეგატიური რეაქციებით შეშინებული ბავშვი, ჩვენ წინ კი დაიწყებს საკუთარი თავის კონტროლს, მაგრამ სავარაუდოდ, როგორც კი მარტო დარჩება საკუთარ თავთან, ის გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც მიეჩვია. თუმცა, შესაძლოა სხვა ვარიანტიც მივიღოთ – როცა ბავშვი გაიგებს, რომ ჩვენ გვაღიზიანებს მისი ესა თუ ის მოქმედება, შეიძლება ყურადღების მისაპყრობად მოახდინოს ჩვენი პროვოცირება ცხვირის ჩიჩქნით, ტანსაცმლის ღეჭვით, ყველა იმ მოქმედებით, რომელიც იცის, რომ გაგვაბრაზებს, გაგვაღიზიანებს;
  • კარგი იქნება, თუ შევეცდებით, რომ ყოველგვარი ძალადობის გარეშე გადავიტანოთ ბავშვის ყურადღება სხვა რამეზე, როცა დავინახავთ, რომ ის ჩაფლულია თავის „საყვარელ საქმიანობაში“. შევეცადოთ, დავაკავოთ პატარა ხელით შესასრულებელი, მისთვის საინტერესო საქმიანობით, მაგ. ხატვით, ძერწვით, ფაზლების აწყობით. ამასთან, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი გვერდით ყოფნა და მასთან ერთად მუშაობა ბევრად უფრო საინტერესოს ხდის ბავშვისთვის აღნიშნულ საქმიანობებს;
  • ნუ გამოვიჩენთ ძალდატანებას ბავშვის მიმართ და ვიაზროვნოთ პოზიტიურად; არ ვიფიქროთ იმაზე, რას იტყვიან გარშემომყოფები, ნუ შეგვაშინებს მათი რეაქცია. გავითვალისწინოთ, რომ იდეალური ბავშვები, ისევე როგორც იდეალური მშობლები არ არსებობენ და პრაქტიკულად თითოეულ ბავშვს აქვს ესა თუ ის მავნე ჩვევა, რომელიც, სწორი დამოკიდებულების პირობებში, დროთა განმავლობაში თავისითაც გაივლის;
  • მოვარიდოთ ბავშვი ოჯახურ კონფლიქტებს. შევუქმნათ მას მშვიდი, კეთილგანწყობილი გარემო, ვაგრძნობინოთ, რომ ის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, სასურველი და საყვარელია;
  • გავუძლიეროთ ბავშვს საკუთარი ძალების რწმენა. ცუდი არ იქნება, თუ დროებით მაინც უარს ვიტყვით ხმაურიან ღონისძიებებზე, საშინელებათა ფილმების ყურებაზე, კომპიუტერულ თამაშებზე, ყველაფერ იმაზე, რაც ბავშვის შფოთიანობის დონეს ამაღლებს. აუცილებელია დავეხმაროთ ბავშვს, იპოვოს დადებითი ემოციების წყარო;
  • მოვერიდოთ ბავშვის დაცინვას ამა თუ იმ ქცევის გამო. ეს არა მხოლოდ გააღრმავებს პრობლემას, არამედ შეიძლება გამოიწვიოს მასში უნდობლობა უფროსების მიმართ. ასეთ შემთხვევაში ძნელი იქნება ბავშვისთვის ჩვენი მხარდაჭერის, დახმარების, სიყვარულის დაჯერება;
  • მავნე ჩვევების დაძლევის პროცესში არ არის საჭირო აჩქარება და თვითკონტროლის დაკარგვა. მით უმეტეს არ შეიძლება ბავშვის უხერხულ მდგომარეობაში ჩაყენება და მისი პრობლემების განხილვა სხვა ადამიანების თანდასწრებით;
  • ნუ დავისახავთ მიზნად ბავშვის იდეალურ, უნაკლო ადამიანად აღზრდას. ეს დაუძლეველი ამოცანაა. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ჩვენი სისუსტეები და ნაკლოვანებები. როგორც წესი, ამ ყველაფრის მიმართ ბევრად უფრო შემწყნარებლები და ლმობიერები ვართ, ვიდრე ბავშვის ნაკლოვანებების მიმართ. თუ მავნე ჩვევა არ აზიანებს ბავშვის ჯანმრთელობას ან მის იმიჯს თანატოლთა შორის, პირიქით, აქვს ზოგიერთი დადებითი ფუნქცია, არ ღირს აღუკვეთოთ პატარას უფლება რეაგირების ინდივიდუალურ ხერხზე. მაგ. თუ ბავშვი ტუჩებს „კბენს“ ან ფანქრის წვერს კბილებით ეხება და ასე ცდილობს გაკვეთილზე ფოკუსირებას, აჯობებს ამას გაგებით მოვეკიდოთ;
  • გავზარდოთ ნდობა ჩვენ შორის. დავეხმაროთ ბავშვს ყოველ საჭირო შემთხვევაში. ზოგჯერ მივცეთ შესაძლებლობა თავად მიიღოს გადაწყვეტილება; ეს ხელს შეუწყობს დამოუკიდებლობის, პასუხისმგებლობისა და თავდაჯერებულობის ჩამოყალიბებას. ეს თვისებები კი, თავის მხრივ, დაეხმარება ბავშვს მავნე ჩვევებისაგან განთავისუფლებაში;
  • ვიზრუნოთ ბავშვში სწორი ჩვევების ჩამოყალიბებაზე. მავნე ჩვევების პრევენციის საუკეთესო ხერხს წარმოადგენს არა პერიოდული ნოტაციები არასასურველი ქცევის განხორციელებისას, არამედ შექება სწორი მოქმედებისათვის. ასეთი დამოკიდებულებით ჩვენ წავახალისებთ სასურველ ქცევას და გამოვხატავთ სურვილს, რომ მომავალშიც ასე მოიქცეს; უკეთესი იქნება, თუ შევეცდებით გამოვუმუშაოთ ბავშვს სასურველი ჩვევები, ნაცვლად იმისა, რომ მუდმივად გავამახვილოთ ყურადღება არასასურველ ქცევასა და მიდრეკილებებზე.

დაბოლოს, როგორიც არ უნდა იყოს მავნე ჩვევა, ის უნდა მივიღოთ იმის ნიშნად, რომ ბავშვი მძიმე, რთულ მდგომარეობაშია. ეს ნიშნავს, რომ  ჩვენი მთავარი ამოცანაა არა გაკიცხვა, არამედ დახმარება; არა დასჯა, არამედ სასარგებლო გამოცდილების ჩვენება და გაზიარება.

 

 

„ციფრული“ ლექსიკა

0

„ადამიანები ცხოვრობენ არა მხოლოდ საგანთა ობიექტურ და საზოგადოებრივი შემოქმედების სამყაროში, ისინი მნიშვნელოვანწილად იმყოფებიან კონკრეტული ენის გავლენაში; იმ ენისა, რომელიც მოცემული საზოგადოების ურთიერთობის საშუალებაა. შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენ შეგვიძლია ენის გარეშე სრულად გავაცნობიეროთ რეალობა; ენა არის დამხმარე საშუალება აზროვნებისა და ურთიერთობის ზოგიერთი პრობლემის გადასაწყვეტად. „რეალური სამყარო“ მნიშვნელოვანწილად იგება მოცემული ჯგუფის ენობრივი ნორმების საფუძველზე. ჩვენ ვხედავთ, გვესმის და ვიღებთ ამა თუ იმ ფაქტსა და მოვლენას ასე თუ ისე, იმის შემწეობით, რომ ჩვენი საზოგადოების ენობრივი ნორმები გვთავაზობს მოცემულ ფორმებს“.

სეპირი [1]

თანამედროვე საზოგადოება სრულიად განსხვავებულად ფორმირდება ყოველდღიურობაში შემოჭრილი ვირტუალური რეალობით. სამყაროს ვირტუალიზაცია –  ეს არის სამყაროს ახალი მდგომარეობა, როდესაც ხდება ძველი სამყაროს გარდაქმნა და ახლის ფორმირება. ვირტუალურ/ციფრულ სამყაროში რეალობის მდგომარეობის  ჩანაცვლება ხდება სახეებით, ნიშნებით. იქმნება სრულიად  ახალი სემიოტიკური მოდელი  ჩვენი თანამონაწილეობით; ენა/მეტყველება, როგორც ურთიერთობის საშუალება, იცვლება სიმულაციური ციფრული პარადიგმის გავლენით.

მოზღვავებული ინფორმაციისა და აჩქარებული დროის პირობებში მინიმალისტური გამოხატვა უკვე დროისა და კონტექსტის მოთხოვნა გახდა! მინიმალიზმი კი ადამიანის ცნობიერების ახალი ევოლუციური მდგომარეობაა, რომელიც აქ და ახლა მიმდინარეობს, თუმცა ჯერ ყველას არ შეხებია. უმრავლესობის ნარატივი სოციალურ ქსელებში ისეთივეა, როგორც მანამდე იყო ცხოვრებაში, მაგრამ ბევრი აცნობიერებს, რომ თუ ეკონომიურად, კრეატიულად და შემოქმედებითად არ გამოიყენებს ენას, შესაძლოა, მისი აზრები უკვალოდ შეერთოს ყოველდღიური ინფორმაციის ოკეანეს. ენის მინიმალისტური ფუნქციონირება ავითარებს ენას, რადგან მომხმარებელი ბევრს ფიქრობს, არჩევს და ცოტას წერს. ვრცელ პოსტებს, როგორ სიბრძნესაც არ უნდა ქადაგებდეთ, ძალიან ცოტა კითხულობს.

ჩვენ კი გვინდა, რომ გამორჩეულები ვიყოთ. ამ გამორჩეულობას დღეს ციფრულ სამყაროში ცალსახად ჩვენი კონტენტი ქმნის და ამ კონტენტის შემადგენელი – სიტყვები, რომლებიც სულ უფრო მეტად „იკუმშებიან“, რათა ადაპტირდნენ ციფრულ გარემოში.

აი, რას წერს ნორბერტ ბოლცი: „რაც უფრო მეტ ინფორმაციას ვფლობთ, მით უფრო მწირია მნიშვნელოვანი ინფორმაციები, და მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინფორმაციები ინფორმაციების შესახებ. ამას გვთავაზობენ საძიებო სისტემები. ანგლო-საქსონურად ერთი მშვენიერი ტერმინი არსებობს სადაზვერვოების სამუშაოსთვის: Intelligence Service. დღესდღეობით გუგლი, როგორც ყოველდღიურობის ერთგვარი საიდუმლო სამსახური, სწორედ ინტელექტის ამ მომსახურებას გვთავაზობს. ეს მაშინვე გასაგები გახდება, თუკი გავიაზრებთ, რომ ინტელექტი საძიებო სისტემის უმაღლესი გამოხატულებაა. და როცა საძიებო სივრცე საკმაოდ დიდია, ადამიანი ძიებასა და შემოქმედებითობას ერთმანეთისგან ვეღარ ასხვავებს“[2].

წარმოიდგინეთ „საფოსტო მტრედების“ და ფოსტალიონების ეპოქა. რამდენი დრო სჭირდებოდა წერილს, რომ ადრესატამდე მიეღწია და შემდეგ პასუხი დაბრუნებულიყო…  და ამ დროში (მოლოდინის რეჟიმში) ადამიანი ნელა და დიდხანს ფიქრობდა…. ახლა ჩვენი ყოველდღიურობა გავაანალიზოთ, როგორ ხდება ეს დღეს?  კომუნიკაციის საშუალებები ჩვენზეც მოქმედებს და გვაიძულებს, სწრაფად ვიმოქმედოთ. ციფრულობამ შეკუმშა სივრცე და „გლობალურ სოფლად“ (მაკლუენის ტერმინი) აქცია მთელი სამყარო. ისე შეიძლება მონაწილეობდე სხვის საქმეებში, როგორც საკუთარში; მაკლუენის აზრით, კომუნიკაციის ეს ფორმა აყალიბებს ახალ სოციოლოგიურ სტრუქტურას მოცემულ კულტურაში[3].

ჰიპერტექსტი[4]. სამყაროს გლობალური აღრევა ლექსიკაზეც მოქმედებს.  ქართული ენის ტრანსფორმაციას სოციალურ ქსელში სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. იცვლება არა მხოლოდ ლექსიკა, არამედ სინტაქსიც. თითქოს (რაღა თითქოს…) სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელი ერთ „კვების ბლოკზეა“ დაერთებული. კომუნიკაციაც შეიძლება განვიხილოთ, როგორც ჰიპერტექსტუალური მოცემულობა. მომხმარებელთა პოსტები ხშირად დამოუკიდებელი ტექსტები კი არ არის, არამედ საინფორმაციო გამოშვების ან დღის მთავარი თემის კომენტარებია. რომელიმე აქტუალური თემის შესახებ მიდის უწყვეტი გამოხმაურებები – ყველაფერი ერთ ქვაბში იხარშება. თუ ჩამორჩი სოცქსელების რეალობას, უკვე იბნევი და აღარ იცი, რაზე წერენ ადამიანები, მერე გაოცებული კითხულობ: რა გამოვტოვე? რადგან რომელიმე პოსტი მოვლენას კი არ აღწერს, არამედ აგრძელებს და გამისამართებს მთავარ ამბავზე. და ასე მოგზაურობ ბმულიდან – ბმულზე.

სოციალური ქსელების საკომუნიკაციო სისტემამ ბარბარიზმებიც მოამრავლა ენაში. იმის მიუხედავად, რომ ქართული ინტერფეისიც გვაქვს და ფეისბუქსაც მოვარგეთ ქართული სახელი „პირწიგნაკი“, ჩვენ მაინც დომინანტი ენის ლექსიკას ვირჩევთ და ამით თითქოს უფრო ვიმარტივებთ გამოხატვას.

როგორც განიცდიდა დამპყრობლის ენის გავლენას ქართული ენა, ახლაც ისე ხდება, გლობალური „დამპყრობელი“ თავის ენას ასე შეუმჩნევლად და ჩვენივე ნებით თავს გვახვევს. ახალი თაობა უკვე მათი მშობლებისთვისაც კი გაუგებარ ქართულ ენაზე მეტყველებს. ახალგაზრდები განსაკუთრებული სისწრაფით იღებენ და ავრცელებენ ბარბარიზმებს, რომლებიც ხვალ შეიძლება ენის სრულუფლებიან ლექსიკურ ერთეულებად იქცნენ. თუ ქართული ენის განმარტებით ლექსიკონებში ჩაიხედავთ, ნახავთ, რომ ჩვენ რომ ძირძველი ქართული ლექსიკა გვგონია, ოდესღაც ისინიც სხვა ენებიდან შემოვიდა.

„ენის ისტორია განუყოფელია ერის ისტორიისაგან და ენის ლექსიკა ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს ერის ისტორიულ პერიპეტიებს. სწორედ ამიტომ არის თანამედროვე ქართულ ენაში სპარსული, არაბული და თურქული ნასესხები სიტყვები. ასევე გასაგები უნდა იყოს, რატომ შემოვიდა ამდენი სიტყვა ქართულში რუსული ენიდან, როდესაც ჩვენი ქვეყანა პრაქტიკულად ორენოვანი იყო ორი საუკუნის განმავლობაში. ნასესხობა ენისა და ერის ისტორიითაა განპირობებული და სიტყვების ეტიმოლოგიაში აისახება. ქართული ლექსიკის ის ნაწილი, რომელიც ნასესხებია სპარსულიდან, თურქულიდან, არაბულიდან, რუსულიდან, თუ ნებისმიერი სხვა ენიდან ქართული ლექსიკისა და ქართული ენის განუყოფელი ნაწილია, მათი ისტორია კი ასახულია ამ სიტყვების ეტიმოლოგიაში“[5].

ახალი და ძველი ბარბარიზმები შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ბარბარიზმების ონლაინ ლექსიკონში[6].

დაბუსტვა – რეკლამის გაკეთება ფეისბუკზე; დაკლიკვა –  დაწკაპუნება ინტერნეტ-ბმულზე; დალინკვა – ინტერნეტ-ბმულის შექმნა, გაზიარება; ლინკი – ბმული; სპამი – არასაჭირო ინფორმაცია; დაფორვარდება – შეტყობინების (ძირითადად იმეილის) გადაგზავნა; დალაიქება – მოწონება; დათაგვა – ადამიანის ან ადგილის მონიშვნა; დაჰაიდება – არასასურველი ადამიანის/რეკლამის დამალვა; ფოლოვერი – გამომწერი; დაფოლოუება – გამოწერა; დაპოსტვა – სტატუსის გამოქვეყნება; ემოჯი – ემოციებისა ამსახველი გამოსახულება; სმაილი – ღიმილაკი; დატროლვა – მოტყუება,  გასულელება; დასპოილერება – შინაარსის წინასწარ თქმა; დაჰაჰავება – დაცინვა ფეისბუკის ემოჯით;  დასინვა – შეტყობინების ნახვა პასუხის გარეშე.

„რებელა ქრაშები“, „თამბლერა შეყვარებულები“, „ლუზერები“ და „სტალკერები“ – ეს მცირე ჩამონათვალია იმ ტერმინების, რომლებსაც თინეიჯერები უკვე მშობლიურივით იყენებენ და თანამედროვე მშობლების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს რაზე ლაპარაკობენ მათი შვილები. საბჭოთა საქართველოში დაბადებულ მშობლებს კარგად ესმით, რა დგას რუსული ენიდან შემოტანილი ჟარგონების უკან, თუმცა ინგლისური ენიდან ასეთივე წარმატებით შემოსული არანორმატიული ლექსიკის გაგება უჭირთ“[7].

„ეტალონი“ ცდილობს განმარტოს ახალი სიტყვები, აი, ზოგიერთი მათგანი:

„ქრაში“ – შეიძლება ითქვას, რომ ეს ახალგაზრდებში გავრცელებული ყველაზე პოპულარული ტერმინია. ინგლისურად „crush“ შეჯახებას ნიშნავს და „ქრაშიც“ სწორედ ის ადამიანია, ვისაც საბედისწეროდ შევეჯახეთ, შორიდან მოგვწონს და ვუმიჯნურდებით, თუმცა მან, როგორც წესი, ამის შესახებ არაფერი იცის. მარტივად რომ გითხრათ, ეს ისაა, ვისზეც დაქალი გვეუბნება ხოლმე: „გიყურებს, არ გახედო“ ან „წამო, ჩავუაროთ“.

„სტალკვა“ – ეს სიტყვა, რაც ინგლისურად თვალთვალს ნიშნავს, გულისხმობს ჩვენთვის საინტერესო ობიექტის სოციალური ქსელების შესწავლას და მოითხოვს უფრო კარგ საგამომძიებლო უნარებს, ვიდრე FBI-სა და პენტაგონის რომელიმე თანამშრომელს ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტს აქვს. როგორც წესი, ვსტალკავთ ჩვენს ქრაშებს, ვიწყებთ მისი მეგობრებისა და ნათესავების იდენტიფიცირებას, ვიცით, სად დადის, რას აკეთებს, რომელ საათზე გადის სოციალური ქსელიდან დასაძინებლად და ა.შ. თუ არც ისე იღბლიანი ხართ, შეიძლება თქვენი ქრაშის შეყვარებულის სტალკვაც მოგიწიოთ, რაც თქვენი და იმ ავადსახსენებელი ადამიანის შედარებითი ანალიზისთვისაა საჭირო. მთავარი სტალკვისას ისაა, რომ ობიექტის ხუთი წლის წინანდელი პოსტი შემთხვევით არ მოვიწონოთ და მან ჩვენი ფარული გამოძიების შესახებ არ გაიგოს.

„დაქრინჯვა“ – ეს სირცხვილისა და დისკომფორტის განცდაა, რომელსაც ჩვენში სხვა ადამიანების ქმედებები იწვევენ. მაგალითად, შეიძლება დაიქრინჯოთ, როცა ვიღაც ცდილობს გაგაცინოთ, მაგრამ თქვენ არ მოგწონთ მისი იუმორი ან სხვა ადამიანების ისეთ საუბარს ისმენთ, რაც თქვენში უხერხულობას იწვევს.

ინგლისურად cringe – ნიშნავს უხერხულობას: „ to suddenly move away from someone or something because you are frightened Irma Irma Tavelidze informal to feel very embarrassed: I cringed at the sight of my dad dancing.“

ქართულად დაქრინჯვა სირცხვილის განცდას უკავშირდება სხვისი საქციელის გამო, მაგრამ, ვფიქრობ, კონტექსების მიხედვით უფრო შესატყვისია სლენგი: გამიტყდა[8] ინგლისურიდან ახლად შემოსულ სიტყვებს ჯერ ზუსტი უზუსური (სალექსიკონო) მნიშვნელობები არ აქვთ ჩამოყალიბებული.

იმ დღეს სოციალურ ქსელში ერთი ახალგაზრდა მწერალი წერდა: ხალხო, მიშველეთ, ეს „ჯაჯვა“ რაღას ნიშნავს? ქუჩაში მოვისმინე, ერთი ეუბნებოდა მეორეს: – სულ ნუ მჯაჯავო და იმან: – შენთვის რომ კარგი მინდა, იმიტომ გჯაჯავო.

მოკლედ, აღმოჩნდა, რომ ეს ყოფილა judge – „a public official appointed to decide cases in a court of law”.

როგორც ხედავთ, ქართული ციფრული პლატფორმის ლექსიკა ყოველდღე „მდიდრდება“.

ახალი ლექსიკის მნიშვნელობათა დაზუსტებისთვის სოციალურ ქსელში ჩავატარე გამოკითხვა „ქრაშის მსტალკავებისთვის“ და  მრავალგვარი განმარტება მოვისმინე. უფროსმა თაობამ ვერც გაიგო, რას ვკითხულობდი. ვინც გაიგო, ათასგვარი ინტერპრეტაცია მოვისმინე (კითხვა ასეთი იუმორისტული იყო: ვისაც ქრაშავთ, სტალკავთ კიდეც?).

იყო ასეთი გამოხმაურებაც:

ნონა ხიხაძე განმანათლებთ თუ ,,თავსა დამართ უნდა ვსცემდე და ცრემლითა მწარითა ვიტყოდე, საწყალობელ იქმნა უბადრუკი მხევალი ესე ღვთისა, რამეთუ უვარჰყო შეჭმარიტი იგი სიბრძნე და შეერთო გოიმთა?”. ბოლო სიტყვის დაძველების ეფექტი მომაშველეთ.

Nina Chaganava  სხვათა შორის, დავაკვრიდი და сrush და stalking საქართველოში ცოტა სახეშეცვლილი შინაარსით იყენებენ. შიდა კულტურული გავლენა უნდა იყოს ალბათ, თუმცა ზუსტად ვერ დავამტკიცებ. სტალკვაზე საერთოდ შეიძლება გიჩივლონ კიდეც. ნუ…  ევროპა – ამერიკაში.

Davit Kobiashvili ანდაზა – „ქრაშმა ქრაშს რითი აჯობა და სტალკვითაო“.

ეს კომენტარები იმისთვის მოვიტანე, რომ დავაკვირდეთ, ჩვენ თვალწინ როგორ იძენს ახალი სიტყვა მნიშვნელობას, რამდენგვარი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი და როგორ მკვიდრდება ლექსიკა ჯერ სოციალურ ქსელებში და მერე – ყველგან.

თინეიჯერებმა ცალსახად ყველამ იცის ამ ტერმინების მნიშვნელობა, თუმცა შეიძლება განმარტება ვერ გითხრან. ძალიან საინტრესო სქემა მომაწოდა მასწავლებელმა ირინე კვანჭიანმა. რამდენიმე მოსწავლის მიერ გაკეთებული სქემა:

 

ქრაში – მქრაშავი – მექრაშება

 

 

შესწავლილი მასალებიდან ამ ტიპის ლექსიკას ნამდვილად გასდევს ციფრული კონტექსტი. შეიძლება მომავალში მას ეწოდოს – ციფრული ლექსიკა, რადგან ქრაშვაც და სტალკვაც უშუალოდ ამ პლატფორმაზე გაჩენილი სიტყვებია და ჯერ კიდევ უზუსური მნიშვენლობის გამომუშავების პროცესშია, ამიტომ ყველა განმარტება ძირითადად ინტეპრეტაციაა, თუმცა ძირითადი მნიშვნელობაც  უკვე იკვეთება.

მიჯნურობის ამ ტიპს ზოგი მომხმარებელი ადარებს არაციფრულ რეალურ დროში – მსახიობებზე, სპორტსმენებზე და ასე შემდეგ –  გამიჯნურებას, რომელიც იყო „შორით ბნედა, შორით კვდომა“ და ფოტოების აკვრა კედლებზე.

როგორც ჩანს, ეს „პლატონურობა“ ჩვენი ცნობიერების შემადგენელია, რომელსაც ციფრულ ეპოქაში ასე ვავლენთ.

 

[1] Сепир Э. Избранные труды по языкознанию и культурологии. М.1993:181

[2] ნორბერტ ბოლცი, „წკაპუნით მომუშავეთა სამყარო“ – https://demo.ge/index.php?do=full&id=1836

[3] Marshall McLuhan – The Gutenberg Galaxy, https://bit.ly/3DdrpFW

[4] ჰიპერტექსტი (ინგლ. hypertext) ანუ ჰიპერტექსტური სისტემა — სხვადახსვა ტიპის დოკუმენტების სისტემა, რომელშიც ყოველი დოკუმენტი დაკავშირებულია რომელიმე სხვა დოკუმენტთან ამავე სისტემიდან. კავშირი (link) ჰიპერტექსტურ სისტემაში არის ერთი დოკუმენტის მეორე დოკუმენტზე გადასვლის საშუალება. კავშირს ჰიპერტექსტურ დოკუმენტში ზოგჯერ ჰიპერკავშირს (hyperlink) უწოდებენ.

[5] თინათინ მარგალიტაძე – https://barbarisms.ge/article1/

[6] https://barbarisms.ge/

[7] ეტალონი – https://bit.ly/3BWFbeZ

[8] ეს შესატყვისი მომაწოდა მწერალმა ირმა ტაველიძემ.

 

სკოლის დონეზე პროფესიული განვითარების მიდგომები

0

როგორც ყველასათვის ცნობილია, მაღალი ხარისხის ზოგადი განათლება პირდაპირ კავშირშია სკოლებში მაღალი სტანდარტის საგაკვეთილო პროცესთან. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ წელს მილიარდობით დოლარი იხარჯება საკლასო პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. თუმცა ცხადია, რომ არ ვიცით, რა გავლენა აქვს ამ ინვესტიციას მოსწავლეების შედეგებზე.

როგორც წესი, მასწავლებლის პროფესიული განვითარება (In-service (INSET)) თავისი მრავალფეროვანი ფორმით, კლასის მიღმა ტარდება ხოლმე და შეიძლება 1-3-დღიანი ვებინარის, ვორქშოპის ან რამდენიმედღიანი ტრენინგის სახე ჰქონდეს. ტრენინგი შეიძლება რამდენიმე კვირაც გაგრძელდეს, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ამგვარი ინიციატივები მოკლევადიანია. დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – რამდენად ახდენენ მასწავლებლები ამ ტრენინგებზე შეძენილი ცოდნის ეფექტურ ტრანსფერს საკლასო ოთახში. ამჟამად არ გვაქვს რაიმე მყარი მტკიცებულება იმისა, რომ მასწავლებლები საკლასო გარემოში ეფექტურად ნერგავენ ასეთ ტრენინგებზე შეძენილ უნარებს. უფრო მეტიც, აშშ-ში ჩატარებული კვლევების თანახმად, აღნიშნული სახის ტრენინგებზე დასწრებას არანაირი კავშირი არ აქვს მოსწავლეების გაუმჯობესებულ შედეგებთან.

საქართველოში OECD TALIS-ის 2018 (2019)  წლის კვლევის მიხედვით, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების ტრენინგებში მონაწილეობა დღის წესრიგის ნაწილია. მაგალითად, ზემოაღნიშნული კვლევის ფარგლებში მასწავლებლების 94% და სკოლის დირექტორების 99% აცხადებს, რომ გამოკითხვამდე ერთი წლით ადრე მონაწილეობა სულ მცირე ერთი პროფესიული განვითარების აქტივობაში ჰქონდათ მიღებული. ამ მხრივ ჩვენ მე-4 ადგილს ვიკავებთ სინგაპურის, ხორვატიისა და სამხრეთ კორეის შემდეგ. იმავე კვლევის თანახმად, სემინარებზე და ტრენინგკურსებზე დასწრება ჩვენთან ყველაზე პოპულარული პროფესიული განვითარების სახეობებია. საინტერესო ის გახლავთ, რომ გამოკითხული მასწავლებლების 88% აცხადებს, რომ პროფესიული განვითარების ამგვარმა აქტივობებმა პოზიტიური გავლენა იქონია მათ საკლასო პრაქტიკაზე. როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, მსგავსი კვლევები არაზუსტია და არ გვაძლევს საშუალებას, გამოვიტანოთ სწორი დასკვნები (Guskey, 2003). ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ნაკლები ვიცით იმ პროფესიული გადამზადების მიდგომების ეფექტურობაზე, რომლებსაც დღეს ვიყენებთ და რომლებზე დაყრდნობითაც ჩვენ მასწავლებელთა განვითარებას ვაფასებთ.

 

ეფექტური პროფესიული განვითარება

 

ბოლო 15-20 წლის განმავლობაში პროფესიული გადამზადების ეპიცენტრი სწორედ რომ საკლასო ოთახი ხდება. დღესდღეობით არაერთი კვლევა არსებობს, რომელიც ხაზს უსვამს იმ ძირითად მახასიათებელ პრინციპებსა და მექანიზმებს, რომლებსაც პროფესიული გადამზადების პროგრამა უნდა მოიცავდეს იმისათვის, რომ საგრძნობი შედეგი გამოიღოს მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე (Allen et al., 2015; Dudley, 2015; Sims & Fletcher-Wood, 2021). ეს პრინციპები და მექანიზმებია:

 

ასევე ნიშანდობლივია ის ძირითადი ელემენტი, რომელიც ამ მიდგომებს აქვს. ეს არის საკლასო პრაქტიკაზე ძლიერი ფოკუსირება. ამჟამად გვაქვს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ ის მიდგომები, რომლებიც პრაქტიკული ელემენტს მოიცავს, პოზიტიურ გავლენას ახდენს მოსწავლეების შედეგებზე (Sims et al. 2021). ასევე, მასწავლებლები უფრო იმ მიდგომებს ითვისებენ მალე და ეფექტურად, რომლებიც თავად აქვთ ნაცადი და იციან, რომ მუშაობს თავიანთ საკლასო გარემოში (Bolster, 1983).

 

შესაბამისად ისმის კითხვა: რომელი კონკრეტული პროფესიული გადამზადების მიდგომები ეყრდნობა ამ 4 პრინციპს? ამ სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ იმ 5 მიდგომაზე, რომლებიც ამ 4 პრინციპს სრულებით ან ნაწილობრივ ითვალისწინებს (Education Endowment Foundation, 2021) და რომლებიც ბოლო 15-20 წლის განმავლობაში პოპულარობას იძენს მსოფლიო მასშტაბით: როგორც აზიაში, ასევე ევროპასა და აშშ-ში. ესენია: ინსტრუქციული ქოუჩინგი, გაკვეთილის კვლევა (Lesson Study), მასწავლებელთა განვითარების ჯგუფები და მასწავლებლის მოტივაციაზე დაფუძნებული დანერგვის მოდელი (Concerns-Based Adoption Model). ამ სტატიაში ასევე მოკლედ განვიხილავთ მენტორინგის ერთ-ერთ ფორმას, რომელიც იმავე პრინციპებს ეყრდნობა, რომლებსაც ზემოთ ჩამოთვლილი პროფესიული განვითარების 4 მიდგომა.

 

მენტორინგი

 

მენტორინგი, როგორც წესი, განკუთვნილია დამწყები მასწავლებლებისათვის და გულისხმობს ორწლიან პრაქტიკულ პროგრამას მასწავლებლის სკოლის ბაზაზე. მენტორინგის პროგრამას საფუძვლად უდევს მასწავლებლის კომპეტენციის მოდელი (Core Content Framework), რომელიც წარმოადგენს ერთგვარ კურიკულუმს იმისა, თუ რა უნდა შეძლოს მასწავლებელმა ორწლიანი მენტორინგის პროგრამის დასასრულისათვის. კომპეტენციის მოდელი, როგორც წესი, იშლება სამ კატეგორიად: სასწავლო პროცესის მართვა, სწავლა-სწავლების მიდგომები და საგნობრივი ცოდნა/პედაგოგიკა. ეს კატეგორიები კი თავისთავად ჩაშლილია ინდივიდუალურ სტრატეგიებად, რომლებსაც მასწავლებელი ნაბიჯ-ნაბიჯ ეუფლება მენტორისა და პროგრამის ხელმძღვანელის დახმარებით. ეს პროცესი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს:

  • ეტაპი 1. მასწავლებელი ეცნობა პროგრამით განსაზღვრულ სტრატეგიას წერილობითი სახით ან/და ასევე უყურებს ვიდეოჩანაწერს, სადაც დემონსტრირებულია ეს მიდგომა საკლასო გარემოში. ზოგიერთ შემთხვევაში, თავად მენტორი ახდენს საკლასო ოთახში სტრატეგიის დემონსტრირებას.
  • ეტაპი 2. მასწავლებელი იყენებს სტრატეგიას საკუთარ კლასში მენტორის დასწრებით ან კეთდება ვიდეოჩანაწერი.
  • ეტაპი 3. უკუკავშირის სესიაზე მენტორი და მასწავლებელი განიხილავენ ჩატარებული გაკვეთილის ძლიერ და სუსტ ელემენტებს და მსჯელობენ წინ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

 

როგორც წესი, ერთი ასეთი ციკლი ერთი კვირის განმავლობაში გრძელდება, თუმცა ეს დამოკიდებულია სკოლის რესურსზე. ამ მხრივ, ამ პროცესის ვარირებაა შესაძლებელი.

 

პრაქტიკული ელემენტის გარდა, მასწავლებლებს ასევე რეგულარულად უტარდებათ პროგრამაზე მორგებული ტრენინგები, პერიოდული რეფლექსიის სესიები, და შემაჯამებელი შეფასების შეხვედრები მენტორებთან და პროგრამის ხელმძღვანელებთან.

მთლიანობაში მენტორინგის პროგრამის მონახაზი ასეთია:

აღწერა წელი 1 წელი 2
მოდული მომზადება 1) საკითხავი მასალა: მასწავლებელი ეცნობა საკითხავ მასალას (15 წუთი).

 

2) მასწავლებელი ეცნობა ვიდეო მასალას (10 წუთი).

 

3) მასწავლებელი ახდენს ინდივიდუალურ რეფლექსიას (15 წუთი).

კვირაში 40 წუთი ორ კვირაში 40 წუთი
ქოუჩინგი დასწრება: მენტორი ესწრება მასწავლებელს (15-20 წუთი).

 

უკუკავშირი: ქოუჩინგ-შეხვედრა მასწავლებელსა და მენტორს შორის (30-45 წუთი).

კვირაში 60 წუთი ორ კვირაში 60 წუთი
კონფერენცია მენტორინგის პროგრამის წარდგენა/პრეზენტაცია. ერთი დღე აკადემიური წლის დაწყებამდე ერთი დღე აკადემიური წლის დაწყებამდე
რეფლექსია რეფლექსია გაკვეთილის სუსტ და ძლიერ მხარეებზე ორჯერ ერთი სემესტრის მანძილზე (120 წუთი) ორჯერ ერთი სემესტრის მანძილზე (120 წუთი)
შეფასება მასწავლებლის შეფასება კომპეტენციის მოდელზე დაყრდნობით ორჯერ პირველ წელს (60 წუთი) ერთხელ პირველ წელს (60 წუთი)

 

ინსტრუქციული ქოუჩინგი

 

ინსტრუქციული ქოუჩინგი სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ევროპის ქვეყნებში. იგი ძირითადად გამოიყენება ზოგადად პედაგოგიური ზრდის ან კონკრეტული პედაგოგიური უნარების განვითარება-დანერგვის მიზნით. ინსტრუქციული ქოუჩიგნის მრავალი მოდელი არსებობს, მაგრამ ამ სტატიაში განვიხილავთ ჯიმ ნაითის მოდელს (2017), რადგან ის დღესდღეობით ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს გარშემო და შედარებით მარტივ მოდელს წარმოადგენს.

ინსტრუქციული ქოუჩინგის შეიძლება დაიყოს სამ მარტივ ეტაპად:

  • ეტაპი 1. იდენტიფიკაცია: ამ ეტაპის მიზანია, მოხდეს გამოსასწორებელი ასპექტების იდენტიფიკაცია, დაისახოს მიზნები და შეირჩეს მიზნის მისაღწევი სტრატეგია (იხ. ილუსტრაცია). ამისათვის ქოუჩი ესწრება მასწავლებლის რომელიმე გაკვეთილს ან ხდება გაკვეთილის ჩაწერა, რის შემდეგაც ქოუჩი და მასწავლებელი თანხმდებიან, რა უნარის ან სტრატეგიის გაუმჯობესებაზე იქნება ფოკუსი და არჩევენ საუკეთესო მიდგომას/სტრატეგიას. როგორც წესი, დასახული მიზანი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს, რომლებსაც ჯიმ ნაითი PEERS მიზნებს უწოდებს:
    • შედეგის მომტანი;
    • მარტივად გასაგები;
    • მასწავლებლისათვის ემოციურად რელევანტური;
    • მიღწევადი;
    • მოსწავლეზე ორიენტირებული.

ამ ეტაპზე, როგორც წესი, ქოუჩი ასევე ესაუბრება მოსწავლეებს და აკვირდება მათ მიერ შესრულებულ ნამუშევრებს, რომ უკეთ გაეცნოს რეალობას საკლასო ოთახში.

  • ეტაპი 2. დასწავლა: ქოუჩი მასწავლებელს ეხმარება შერჩეული სტრატეგიის ათვისებაში შემდეგი გზებით: საკითხავი მასალის გაზიარება, სტრატეგიის დემონსტრირება საკლასო ოთახში ან ამ სტრატეგიის გამოყენების ვიდეო-ინსტრუქციის მასწავლებლისათვის გაზიარება.
  • ეტაპი 3. პრაქტიკის გაუმჯობესება: ქოუჩი გაკვეთილზე ესწრება მასწავლებელს, რის შემდეგაც ქოუჩი და მასწავლებელი ხვდებიან ერთმანეთს და თანხმდებიან წინსვლის გზებზე. ამ ეტაპზე, ასევე ხდება მონაცემების შეგროვება მოსწავლეების პროგრესზე. ეს შეიძლება იყოს კითხვარის სახით, მოსწავლეებთან გასაუბრების ან მათი ახალი ნამუშევრების ნახვის გზით.

 

 

 

ინსტრუქციულ ქოუჩინგს მენტორინგის პროგრამისგან ის განასხვავებს, რომ აქ თავად მასწავლებელს უჭირავს წამყვანი როლი. მასწავლებელი ირჩევს, რა მხრივ უნდა დაეხმაროს ქოუჩი მას. ინსტრუქციული ქოუჩინგის პროცესი პარტნიორულ პრინციპებს ეყრდნობა და მასწავლებელს არასდროს არ უნდა გაუჩნდეს იმის შეგრძნება, რომ ქოუჩი მას კარნახობს ან ჭკუას არიგებს, როგორ უნდა გამოიყენოს ესა თუ ის სტრატეგია გაკვეთილის დროს.

 

გაკვეთილის კვლევა (Lesson Study)

 

გაკვეთილის კვლევა ყველაზე ძველი მიდგომაა, რომელიც იაპონიაში ჯერ კიდევ 1870 წელს დაინერგა (Dudley, 2015), მას შემდეგ ბევრი ცვლილება განიცადა და დღესდღეობით ამ მოდელის ჩინური, სინგაპურული და კორეული მოდელებიც არსებობს. გაკვეთილის კვლევის პოპულარულობა მზარდია ევროპაშიც და შუა აზიაშიც. მაგალითად, ყაზახეთში საჯარო სკოლები საკმაოდ აქტიურად არიან ჩართულნი გაკვეთილის კვლევის პროგრამებში. ბოლო წლებია მიდგომა ფეხს იკიდებს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: ინგლისი, ჰოლანდია, ავსტრია, მალტა, შვედეთი, ნორვეგია და ა.შ.

 

ამ მოდელში გაცილებით უფრო მეტი ყურადღება ეთმობა მოსწავლის როლს და იმას, თუ რა გავლენა აქვს ამა თუ იმ მასწავლებლის მიერ გამოყენებულ მიდგომას/სტრატეგიას მოსწავლის პროგრესზე უშუალოდ გაკვეთილის დროს. ამავე დროს, ქოუჩისა და მენტორის ნაცვლად აქ გვხდება თავად მასწავლებელთა ჯგუფი, რომელიც 2-4 წევრისაგან შედგება.

 

გაკვეთილის კვლევის პროცესი შედგება სამი ციკლისაგან და ასე გამოიყურება:

 

  • ეტაპი 1. მიზნის დასახვა: მასწავლებლები ხვდებიან ერთმანეთს მისაღწევი მიზნის დასასახად, და ასევე თანხმდებიან, რა ხერხებითა და სტრატეგიებით მიაღწევენ შეთანხმებულ მიზანს.
  • ეტაპი 2. პირველი საკვლევი გაკვეთილის ერთობლივი დაგეგმვა: მასწავლებლები ერთად გეგმავენ საკვლევ გაკვეთილს. ირჩევენ სამ მოსწავლეს, რომლებსაც მასწავლებლები ამ გაკვეთილების დროს დააკვირდებიან. მოსწავლეების შერჩევა სხვადასხვა პრინციპის მიხედვით შეიძლება. იაპონიასა და ინგლისში საკმაოდ გავრცელებულია მოსწავლეების აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით შერჩევა: ერთი მოსწავლე შედარებით ძლიერი ჯგუფიდან, ერთი საშუალო და ერთიც ყველაზე დაბალი აკადემიური მოსწრებით.
  • ეტაპი 3. პირველი გაკვეთილი: მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს და მისი კოლეგები აკვირდებიან შერჩეულ სამ მოსწავლეს. მასწავლებლები იყენებენ ერთობლივად მომზადებული გაკვეთილის გეგმას.
  • ეტაპი 4. მოკლე გასაუბრება მოსწავლეებთან: მასწავლებლები ესაუბრებიან მოსწავლეებს და უსვამენ წინასწარ მომზადებულ 4-5 შეკითხვას. გასაუბრება გრძელდება არაუმეტეს 5 წუთისა.
  • ეტაპი 5. უკუკავშირი: მასწავლებლები ხვდებიან ერთმანეთს, განიხილავენ ჩატარებულ გაკვეთილს და ემზადებიან ახალი გაკვეთილის ციკლისათვის.

ერთი გაკვეთილის კვლევის პროცესი სამი ციკლისაგან შედგება: მასწავლებელი სამ გაკვეთილს ატარებს და ზემოაღნიშნული პროცესი სამჯერ მეორდება. ამ პროცესის დროს შერჩეული მიზანი უცვლელი რჩება.

 

მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფები

 

პროფესიული განვითარების ეს ფორმა კოლაბორაციული ხასიათისაა, რაც ითვალისწინებს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების ჩამოყალიბებას და თანამშრომლობას საერთო მიზნის ან მიზნების მისაღწევად. პროგრამის ფოკუსი შეიძლება სხვადასხვა იყოს. მაგალითად, კლასის ეფექტური სტრატეგიების ან განმავითარებელი შეფასების სტრატეგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირება. პირველ ეტაპზე მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფი ირჩევს ფოკუსს, რომელზეც ისინი, როგორც წესი, კონცენტრირდებიან სულ მცირე ორი წლის განმავლობაში.

 

მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების ძალიან ბევრი ფორმა არსებობს, მაგრამ აქ ჩვენ მის უფრო გავრცელებულ ფორმაზე ვფოკუსირდებით. როგორც წესი, მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების სამუშაო პროცესი შედგება ოთხი ძირითადი კომპონენტისგან: ვორკშოპი, პირადი სამოქმედო გეგმის განვითარება, გაკვეთილებზე დასწრება და ქოუჩინგი. ეს პროცესი ციკლური ხასიათისაა და ერთი ციკლი დაახლოებით ერთი თვე გრძელდება:

  • ეტაპი 1. გრძელვადიანი მიზნის შერჩევა და მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების ჩამოყალიბება: მასწავლებლები და უშუალოდ სკოლა თანხმდებიან მომდევნო 2 წლის განმავლობაში პროფესიული განვითარების აქცენტებზე, იქნება ეს კლასის მართვა, შეფასება, თუ სოციალურ-ემოციური სასწავლო სტრატეგიების გამოყენება, ასევე იქმნება სასწავლო ჯგუფები, რომლებიც 10-12 (მაქსიმუმ 14) მასწავლებლით კომპლექტდება.
  • ეტაპი 2. ვორქშოპების ორგანიზება: ორი წლის განმავლობაში მასწავლებლებს დაახლოებით 17-20 ვორქშოპი უტარდებათ. თითოეული თვეში ერთხელ ტარდება და დაახლოებით 75 წუთს გრძელდება. ვორქშოპის სტრუქტურა შემდეგნაირია:
    • შესავალი, ვორქშოპის მიზნების გაზიარება;
    • დაწყებითი აქტივობა;
    • უკუკავშირი იმ მასწავლებლებისაგან, რომლებმაც საგაკვეთილო პროცესში სცადეს ახალი სტრატეგიების გამოყენება;
    • ახალი განმავითარებელი შეფასების სტრატეგიები;
    • სამოქმედო გეგმაზე მუშაობა;
    • შეჯამება.
  • ეტაპი 3. უკუკავშირი და სამოქმედო გეგმა: ვორქშოპის მსვლელობისას მასწავლებლები ახდენენ რეფლექსიას იმაზე, თუ როგორ გამოიყენეს სასწავლო პროცესში ესა თუ ის სტრატეგია გასულ თვეს. ასევე ირჩევენ, რომელ ახალ სტრატეგიას გამოიყენებენ მომდევნო თვის განმავლობაში. ამისათვის მასწავლებლები იყენებენ სამოქმედო გეგმას. როგორც წესი, აქ ძალიან კარგად მუშაობს გიბსის (1988) რეფლექსიის ციკლი, სადაც სამოქმედო გეგმის ელემენტიც შედის.
  • ეტაპი 4. გაკვეთილებზე დასწრება და ქოუჩინგი: მასწავლებლები წყვილდებიან (ჯგუფში მაქსიმალური რაოდენობა 3) და ერთი თვის განმავლობაში ესწრებიან ერთმანეთს. აკვირდებიან, როგორ ახდენენ მასწავლებლები სტრატეგიის დანერგვა-გამოყენებას საკლასო პროცესში. შეძლებისდაგვარად, გაკვეთილის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს უკუკავშირის მისაღებად.
  • ეტაპი 5. აუდიტი: აუდიტისა და ხარისხის კონტროლის მხრივ ბევრი ინსტრუმენტის გამოყენება შეიძლება, მაგრამ მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფებში ხშირად ვხვდებით, ეგრეთ წოდებულ, სასწავლო ვიზიტებს (learning walks), რომლის ფარგლებშიც ერთი ან ორი მასწავლებელი 3 კლასში ერთი და იგივე საგაკვეთილო დროის ფარგლებში შედის. მაგალითად, თუ გაკვეთილი 45 წუთიანიანია, 15 წუთი ესწრება ერთი კლასში გაკვეთილის დასაწყის ეტაპს. შემდგომ დამკვირვებლები გადაინაცვლებს მეორე საკლასო ოთახში მომდევნო 15 წუთის განმავლობაში, რათა იქ დაესწროს გაკვეთილის შუა ეტაპს, ხოლო მესამე საკლასო ოთახში გაკვეთილის დასასრულს მოხვდებიან. ეს იმისათვის, რომ დამკვირვებელმა მასწავლებლებმა შეძლონ გაკვეთილის სამივე ეტაპზე დაკვირვება სამ სხვადასხვა კლასში 45 წუთის განმავლობაში. ასევე აუდიტისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნას მოსწავლეთა უკუკავშირი ან სხვა დამატებითი მონაცემი, რომელზეც სკოლას მიუწვდება ხელი.

 

მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების პრაქტიკა ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში და უფრო მეტი სიხშირით მათ ევროპულ ქვეყნებშიც ვხვდებით.

მასწავლებლის მოტივაციაზე დაფუძნებული დანერგვის მოდელი (Concerns-Based Adoption Model)

 

ეს მოდელი ზემოთ ხსენებული მიდგომებისაგან იმით განსხვავდება, რომ მისი ეფექტური განხორციელება საკმაოდ დიდ ძალისხმევას და რესურსს მოითხოვს. ასევე, მასში არსებული ინსტრუმენტები თავისუფლად შეიძლება იქნას ინტეგრირებული სხვადასხვა პროფესიული განვითარების ინიციატივებში.

 

რაც უფრო მეტადაა მასწავლებელი ჩართული პროგრამის განხორციელებაში (მათ შორის ემოციურად) და აქვს შინაგანი მოტივაცია, აითვისოს ახალი უნარები, უფრო მეტია პროგრამის წარმატების შანსები.

 

ეს მოდელი სამი ძირითადი კომპონენტისაგან შედგება:

 

  • წარმატების კრიტერიუმები;
  • ემოციური დამოკიდებულების დონეები (Stages of Concern);
  • გამოყენების დონეები (Levels of Use).

 

ეს სამი ინსტრუმენტი გვეხმარება სკოლის ბაზაზე გარკვეული ცვლილებების წარმატებით განხორციელებაში. მექანიზმები შეიძლება წარმოვიდგინოთ სამი დიდი დაფის სახით, რომლებიც ერთგვარ ხიდს წარმოქმნის და გვეხმარება ერთი ნაპირიდან მეორე ნაპირზე გადასვლაში:

 

როგორც წესი, პროცესი იწყება გრძელვადიანი მიზნის შერჩევით. სკოლაში თანხმდებიან, თუ რა სახის ცვლილება ესაჭიროებათ მასწავლებლებს სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისათვის. მას შემდეგ, რაც სკოლა თანხმდება ამ მიზანზე (მაგალითად, განმავითარებელი შეფასება), იწყება მუშაობა წარმატების კრიტერიუმებზე, რაც გულისხმობს სამიზნე უნარების 5 დონეზე გაწერას. ეს პროცესი ასე შეიძლება გამოისახოს:

 

(1) ახლანდელი რეალობა (4) ახლო მომავალი (2) შუალედი (3) მიზნის მიღწევამდე (5) საბოლოო მიზანი
პრაქტიკის/ცვლილების მახასიათებლები

 

პრაქტიკის/ცვლილების მახასიათებლები

 

პრაქტიკის/ცვლილების მახასიათებლები

 

პრაქტიკის/ცვლილების მახასიათებლები

 

პრაქტიკის/ცვლილების მახასიათებლები

 

 

პირველად დგინდება, სად (1) იმყოფება ახლა რიგითი მასწავლებელი განმავითარებელი შეფასების გამოყენების კომპეტენტურობის თვალსაზრისით; შემდეგ ხდება პროფესიული განვითარების შუა ეტაპისათვის რიგითი მასწავლებლის მოსალოდნელი კომპეტენციის ჩამოწერა რუბრიკის სახით (2) (მაგალითად, თუ პროგრამა ორწლიანია, გაიწერება პედაგოგის კომპეტენციის მოსალოდნელი დონე ერთი წლის შემდეგ. ასევე, თუ სად უნდა იყოს პედაგოგი პროფესიული განვითარების თვალსაზრისით ბოლოს წინა ეტაპზე: „მიზნის მიღწევამდე“ (3) და ა.შ.

 

პროგრამის მსვლელობის დროს, მასწავლებლებს უტარდებათ 3 ტიპის გამოკითხვა, რათა შეიქმნას ერთგვარი მონაცემთა ბაზა მათი ემოციური ჩართულობის განსაზღვრის მიზნით. ესენია:

  • სწრაფი არაფორმალური ხასიათის გასაუბრება;
  • კითხვარი;
  • ინტერვიუ.

მონაცემები საშუალებას აძლევს სკოლას, დაადგინოს, რამდენად არიან მასწავლებლები მოტივირებულები მათი ამა თუ იმ პროფესიული განვითარების პროგრამაში ჩართულობის შემდგომ. თუ სკოლაში მოტივაციის დონე დაბალია, მაშინ საჭიროა პროგრამა გადაიხედოს და დადგინდეს, რა პირობები უშლიან, აფერხებენ მასწავლებლების მოტივაციისა და აქტივობის ზრდას. ყველაფერი 6-დონიან შკალაზე იზომება, სადაც ციფრი 1 ყველაზე ნაკლებად, ხოლო 6 ყველაზე მეტად მოტივირებულს აღნიშნავს.

 

ქვემოთ მოცემულ (ა) გრაფაში ჩანს, რომ მასწავლებლების მოტივაცია უმეტესწილად სახეზეა და უნდა დადგეს საკითხი, როგორ შეინარჩუნოს სკოლამ ჩართულობის ეს დონე ან/და კიდევ უფრო გაზარდოს იგი. თუ საქმე (ბ) გრაფაში მოცემულ რეალობასთან გვაქვს, მაშინ ეს ნიშნავს, რომ მასწავლებლებს არ გააჩნიათ მოტივაცია, იყვნენ ჩართულნი ამ ინიციატივაში და შესაბამისად, პროგრამის მართვის ჯგუფმა უნდა იმუშაოს მოცემულობის გამოსწორების გეგმაზე.

 

იმისათვის, რომ დავადგინოთ, რამდენად იყენებენ მასწავლებლები პრაქტიკაში სიახლეს, შეგვიძლია მივმართოთ შემდეგ მექანიზმებს: არაფორმალური გასაუბრება; გაკვეთილზე დასწრება. გაკვეთილზე დასწრებამ შეიძლება მრავალი ფორმა მიიღოს, მაგალითად:

  • სასწავლო ვიზიტი (learning walks);
  • სწავლის მტკიცებულების ძიება (looking for learning);
  • დაუსწრებელ გაკვეთილზე დაკვირვება (Unseen classroom observations) (Rinvolucri, 1988).

ამას თან ახლავს არაფორმალური გამოკითხვა, რომელიც გვეხმარება ზუსტად დავადგინოთ, გამოყენების რომელ შკალაზე იმყოფება ესა თუ ის მასწავლებელი.

 

თავისი ბუნებიდან გამომდინარე პროფესიული განვითარების ზემოაღნიშნული მიდგომები მოითხოვს ძალიან ფრთხილ დაგეგმვას. როგორც წესი, დაგეგმვის ეტაპზე დგინდება შემდეგი:

  • ცვლილების თეორია (გრძელვადიანი გეგმა);
  • სამოქმედო გეგმა;
  • საკომუნიკაციო გეგმა;
  • პროგრამის ეფექტურობის უზრუნველყოფისა და შეფასების გეგმა;
  • აღმასრულებელი გუნდის შემადგენლობა.

 

 

დასკვნა

 

ამ მოკლე სტატიაში შევეცადე წარმატებული სკოლების ბაზაზე დღეისათვის გამოყენებული 5 მიდგომის მიმოხილვა. ხუთივე მათგანი ქვემოთ ჩამოთვლილ პრინციპებს ეყრდნობა, და სწორედ ეს პრინციპები განაპირობებს მათ წარმატებულობას:

 

  • ის ტარდება სკოლის ბაზაზე, ძირითადად სასკოლო შტატის ჩართულობით;
  • გრძელვადიანი ხასიათისაა (გრძელდება სულ მცირე 2 წლის მანძილზე);
  • ორიენტირებულიასაკლასო პრაქტიკაზე;
  • განმავითარებელი ხასიათისაა და არა განსჯადი;
  • შეიცავს გაკვეთილებზე დასწრების ძლიერ ელემენტს სხვადასხვა ფორმით;
  • დიალოგზე ორიენტირებულია;
  • ხშირად მასწავლებელი ნებაყოფლობით იღებს მონაწილეობას.

 

იმისათვის, რომ მოხდეს პოზიტიური ძვრები პროფესიული ზრდის თვალსაზრისით სკოლებს სჭირდებათ დახმარება ამგვარი მიდგომების დანერგვაში. ეს დახმარება გააძლიერებს სკოლებში სწავლა-სწავლების ხარისხსა და მასწავლებლების ჩართულობას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

Allen, J. P., Hafen, C. A., Gregory, A. C., Mikami, A. Y., & Pianta, R. (2015). Enhancing secondary school instruction and student achievement: Replication and extension of the My Teaching Partner-Secondary intervention. Journal of Research on Educational Effectiveness8(4), 475-489.

 

Bolster, Jr, A. (1983). Toward a more effective model of research on teaching. Harvard Educational Review53(3), 294-308.

 

Dudley, P. (2015). Lesson study. Professional learning for our time.

 

Gibbs, G. (1988). Learning by doing: A guide to teaching and learning methods. Further Education Unit.

 

Guskey, T. R. (2000). Evaluating professional development. Corwin press.

 

Kennedy, M. (1998). Form and Substance in Inservice Teacher Education. Research Monograph.

 

Knight, J. (2017). The impact cycle: What instructional coaches should do to foster powerful improvements in teaching. Corwin Press.

OECD (2019) TALIS 2018 Results (Volume I): Teachers and School Leaders as Lifelong Learners, TALIS, OECD Publishing, Paris.

Rinvolucri, M. (1988). A role-switching exercise in teacher training. Modern English Teacher15(4), 20-25.

 

Sims, S., Fletcher-Wood, H., O’Mara-Eves, A., Cottingham, S., Stansfield, C., Van Herwegen, J., & Anders, J. (2021). What Are the Characteristics of Effective Teacher Professional Development? A Systematic Review and Meta-Analysis. Education Endowment Foundation.

 

Wenglinsky, H. (2001). Teacher classroom practices and student performance: How schools can make a difference. ETS Research Report Series2001(2), i-37.

 

სტატია მომზადებულია კოალიციის „განათლება ყველასთვის – საქართველო“ მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთვარობის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების თვალსაზრისს.

ქიმია შერეული მედიაწიგნიერება

0

ორწლიანი პაუზის შემდეგ კვლავ აეროპორტისკენ ავიღე გეზი. ბოლო ვიზიტი პრატოში მქონდა, ფლორენციასთან ახლოს რომაა, იმ ქალაქში. ამაზე წერილიც დავწერე და თუ სურვილი გექნებათ, გადაიკითხეთ უკაცრავად, ინგლისურად საუბრობთ?.

 

შემდეგ პალერმოში უნდა წავსულიყავი, მაგრამ პირადი პრობლემების გამო ყველანაირად დაფინანსებულ ვიზიტზე უარი ვთქვი. შემდეგ რა მოხდა? პრობლემები უფრო გამძაფრდა და ზედ პანდემიაც დაერთო… ასე რომ, მყარად ჩავრჩი ერთ ადგილას და აგერ ახლა კვლავ იტალიით გამეხსნა გზა.

 

რა თქმა უნდა, თურქეთის ავიახაზებით წავედი. მომწონს მათთან ერთად ფრენა და იმიტომ. სტამბულის აეროპორტში ვერც კი იფიქრებთ, რომ გარეთ პანდემიაა, კვლავ უამრავი ხალხია. ნიღბების გაკეთებით დიდად თავს არ იწუხებენ.

 

ძველებურად ბევრი იაპონელი მოგზაურობს, ძველებურად ქალები ჭარბობენ და აეროპორტის ტუალეტების დიდ სარკეებში ძველებურად უამრავ კოსმეტიკას ისვამენ სახეზე (ითხიპნიან-მეთქი, მინდოდა მეთქვა, მაგრამ რაღაცნაირად მომერიდა და გადავიფიქრე). სხვათა შორის, მათი ენერგია მუდმივად მაკვირვებდა. მე მგზავრობის დროს სულ გადალასლასებული ვარ და აეროპორტის სარკეში სახეზე რამის წასმა ერთხელაც არ მომსვლია თავში აზრად.

 

თუმცა, კოსმეტიკის წინააღმდეგი სულაც არ ვარ და ჩემი ბიუჯეტის რაღაც ნაწილი ასევე მის შესაძენად იხარჯება. უფრო სწორად, მე უფრო თავის მოვლის საშუალებები მიზიდავს, თუმცა, ბოლოში მაინც ყველაფერი კოსმეტიკამდე დადის.

 

პირველად არომატული ეთერზეთების გამოყენება ძველმა ბერძნებმა დაიწყეს. მას ქარის, მზისა და სხვა ბუნებრივი მოვლენებისგან თავის დასაცავად იყენებდნენ. ჭვარტლითა და ნახშირით თვალების დახატვაც მათივე მოგონილია. ამ ყველაფერს აბუსალათინის ზეთში ხსნიდნენ. ასევე სწამდათ, რომ ეს მოხატულობა მათ ბოროტი ძალებისგან დაიფარავდა. ებერტის პაპირუსი პირველი ნაწერი დოკუმენტია, სადაც კოსმეტიკის, წამლებისა და ჰიგიენური საშუალებების შექმნის რეცეპტებია შემონახული. აქვეა ხნაზე დამზადებული თმის საღებავების პირველი რეცეპტურაც.

 

დღეს კოსმეტიკა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ეს ყველაფერი ორგანული ქიმიის განვითარების წყალობით მოხდა. გასაყიდად გამოფენილია უამრავი დასახელების პროდუქცია უამრავი მწარმოებლისგან და საქმეში გაურკვეველი ადამიანი იოლად დაიბნევა. თითო ასეთ პროდუქტში 1-დან 15-მდე ქიმიური ინგრედიენტია შეერთებული და არეული.

 

ჰოდა, ამოცანა გვეკითხება, როგორ გავარჩიოთ კარგი და ცუდი პროდუქტი ერთმანეთისგან და არ წამოვეგოთ მარკეტინგულ ხრიკებს. ანუ, ფაქტობრივად აქაც მედიაწიგნიერება გვჭირდება, ოღონდ ეს მედიაწიგნიერება ქიმიაშერეული უნდა იყოს.

 

ნებისმიერი კოსმეტიკა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: გამხსნელი, ანუ ის სითხე, რაშიც დანარჩენი კომპონენტები გაიხსნება. ყველაზე ხშირად გამხსნელად ჩვეულებრივი წყალი გვევლინება. შემდეგი კომპონენტი ემულგატორია, რომელიც შეურევადი კომპონენტების ფენებად დაყოფას აგვარიდებს თავიდან. ბევრი საშუალება ეფუძნება ემულსიას, ანუ ცხიმის წვეთებს, რომლებიც წყალშია დისპერგირებული. წყალი და ცხიმი ერთმანეთს არავითარ შემთხვევაში არ შეერევა, ამიტომ კოსმეტიკურ საშუალებას, ზედაპირული დაჭიმულობის მოსახსნელად ემულგატორს უმატებენ. შედეგად, მიიღება ერთგვაროვანი მასა.

 

შემდეგი კომპონენტი კონსერვანტებია, რომლებიც მიკროორგანიზმების წარმოქმნას და გამრავლებას უშლის ხელს, ასევე პროდუქტის ვარგისიანობის დროს ახანგრძლივებს. შემდეგი კომპონენტი სიბლანტის სტაბილიზატორია. ის პროდუქტს საჭირო კონსისტენციასა და სტრუქტურას აძლევს. მჟავიანობის სტაბილიზატორები აუცილებელია იმისთვის, რომ პროდუქტის თითოეულმა კომპონენტმა ვარგისიანობის მთელი დროის განმავლობაში თავისი ფუნქცია შეასრულოს. ამ ყველაფერს პარფიუმერული კომპოზიცია დაემატება, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტის სურნელი გადაფაროს. ასევე უმატებენ პიგმენტებს. ის შეიძლება იყოს ორგანული ნახშირწყალბადების ბაზაზე ან არაორგანული. ეს ორი კატეგორია, არ უნდა შეგვეშალოს სინთეზურსა და ნატურალურში.

 

შეფუთვაზე მითითებული პირველი ათი ნივთიერება, როგორც წესი აქტიურია, დანარჩენები, ე.წ. დამხმარეები არიან. უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად თითქმის ყველა კოსმეტიკური საშუალება შეიცავს მჟავებს, მაგრამ რაც არ უნდა დიდი რაოდენობით დავიტანოთ კანზე ეს საშუალებები, მაქსიმუმ მისი გაღიზიანება გამოიწვიოს, ქიმიურ დამწვრობას ვერ მივიღებთ, რადგან მჟავათა რაოდენობა და კონცენტრაცია ძალიან მცირეა.

 

კოსმეტიკური საშუალებების ფასები კიდევ სხვა თემაა. ზოგჯერ ფასის განმსაზღვრელი გამოყენებული აქტიური ნივთიერებაა. ამას ემატება ბრენდის ფასიც და უსაშველო რამ გამოდის. მცენარეული ინგრედიენტები საშუალებას უფრო ბიუჯეტურს ხდის. თუმცა, მცენარეული ექსტრაქტების გამოყენება მათი მაღალი ალერგენობის გამო მაინც შეზღუდულია. გარდა ამისა, შეფუთვაზე უფრო ნივთიერებების სავაჭრო სახელებს აწერენ, ვიდრე მათ ნამდვილ ქიმიურ სახელწოდებებს. ეს კომერციულ საიდუმლოს უკავშირდება და გამოდის, რომ ალქიმიკოსების ძველი ლოზუნგი – „Aluminibus et Salibus“ კვლავ ძალაშია. თუმცა, ყველა ინგრედიენტის მითითება, თუნდაც დაშიფრულად, მაინც აუცილებელია, რადგან ერთი მაინც თუ გამორჩებათ და ვინმე ახირებული ქიმიკოსი ანალიზით აღმოაჩენს, მაშინ მწარმოებელს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი შეიძლება დაეკისროს. ამიტომ, თუ კოსმეტიკური საშუალება სერტიფიცირებული და კვლევებითაა გამოცდილი, ერთადერთი, რა პრობლემაც შეიძლება წარმოიქმნას, ინდივიდუალური აუტანლობა და ალერგიული რეაქცია იქნება.

 

კოსმეტიკური საშუალებების ერთიანი კლასიფიკატორი არ არსებობს, თუმცა გამოყენების მიხედვით სამ ჯგუფად შეიძლება დავყოთ:

 

პირველი ჯგუფი – სპეციალური დანიშნულების კოსმეტიკაა. ანუ, საბავშვო, პირის ღრუსა და ინტიმური;

 

მეორე ჯგუფი – ე.წ. პროფესიული კოსმეტიკა, მაღალი კონცენტრაციის მოქმედი ინგრედიენტებით. ეს კოსმეტიკა მხოლოდ სპეციალისტებმა უნდა გამოიყენონ. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, სახლში გამოსაყენებელი არაა და უფრო სალონური მოხმარების არის.

 

მესამე ჯგუფი კი – ჩვეულებრივი კოსმეტიკაა, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია.

 

„რაც უფრო ძვირია, უფრო კარგია“ – ასეთი მიდგომა მთლად სწორი არ არის. ნედლეული ყველგან ერთნაირია გამოყენებული. თუმცა, ზოგმა მწარმოებელმა შეიძლება თქვას, რომ მის ნელსაცხებელში ყოჩივარდა, მაგ. ჰიმალაის მთებშია მოკრეფილი, სხვას კი შაქრო პაპას ბაღის ყოჩივარდა აქვს გამოყენებული. ბუნებრივია, ჰიმალაის ყოჩივარდა უფრო ძვირი ეღირება.

 

ფასზე გავლენას ახდენს დამზადების ადგილი, ანუ რომელი ფირმის სპეციალისტებმა შეურიეს ერთმანეთს ინგრედიენტები, შემდეგ ტესტი როგორ და სად გაიარა და ა.შ. გარდა ამისა, საჭიროა კარგი რეკლამა და შეფუთვა. ეს უკანასკნელი ზოგჯერ თავად საშუალებაზე ძვირი გამოდის ხოლმე.

 

მაღაზიებში გაყიდული სერტიფიცირებული კოსმეტიკა წესით უსაფრთხოა. თუმცა, მაინც არსებობენ, ე.წ. სახიფათო კომპონენტები. ესენი აკრძალული ან შეზღუდული ნივთიერებების სიაშია. ასეთია, მაგ.:

 

პარაბენები – ქიმიური ნივთიერებების კლასია, რომლებსაც კონსერვანტებად იყენებენ ხოლმე. პარა-ჰიდროქსილბენზოილმჟავას ესთერია. ეს უკანასკნელი ბუნებრივი სახით ბევრი ხილისა და ბოსტნეულის შედგენილობაში შედის. კოსმეტიკაში იყენებენ – მეთილ, ეთილ, პროპილ, ბუტილ, იზობუტილ პარაბენებს. იაფი ნივთიერებებია და მაღალი ანტისეპტიკური თვისებები აქვთ. 2004 წელს ერთი პუბლიკაცია გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო შესაძლო კავშირზე პარაბენებსა და ძუძუს კიბოს განვითარების რისკს შორის. პუბლიკაცია ინგლისის რედინგის უნივერსიტეტიდან ფილიპ დარბრეს ეკუთვნოდა. წერდა, რომ ძუძუს კიბოს 20 ნიმუშიდან 18 პარაბენებს შეიცავდა. შემდეგ კიდევ ბევრი იკვლიეს და აღმოჩნდა, რომ პარაბენებიდან ყველაზე მეტი რისკი ბუტილ პარაბენს აქვს, დანარჩენებს კი კოსმეტიკურ საშუალებებში მცირე კონცენტრაციებით არსებობა შეუძლია და მათი ორგანიზმში დაგროვების ალბათობა ძალიან მცირეა. თუმცა, ხომ გაგიგიათ, ტაშტი გატყდა და ხმა გავარდაო. განა მართლა გატყდაო… ჰოდა, მწარმოებელიც აღარ უმატებს. უფრო მეტიც, პროდუქციას უზარმაზარი ასოებით აწერს – არ შეიცავს პარაბენებს!

 

დეზოდორანტებში გამოყენებული ალუმინის ჰიპოქლორატი ბლოკირებას უკეთებს ოფლის სადინრებს და ოფლის გამოყოფას ამცირებს ან სულაც ზღუდავს. არსებობს მოსაზრება, რომ ეს პროცესი ჩვენს ორგანიზმში ტოქსინების დაგროვებას უწყობს ხელს, რადგან გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევს. ალუმინის დამატებაც მთელმა რიგმა მწარმოებლებმაც შეაჩერეს და სიმართლე გითხრათ, მეც სწორედ ისეთ დეზოდორებს ვანიჭებს უპირატესობას, რომლებიც მას არ შეიცავენ.

 

ტრიკლოზანი – თავიდან შემუშავებლი იყო, როგორც ანტიბაქტერიული საშუალება, რომელსაც ქირურგიული იარაღების დასამუშავებლად იყენებდნენ. მოგვიანებით კი საპონსა და კბილის პასტაში დამატება დაიწყეს. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ტრიკლოზანის ხანგრძლივი ზემოქმედება ლაბორატორიულ ვირთხებში ღვიძლის ფიბროზსა და კიბოს იწვევდა. ასევე, რევდა ჰორმონალურ ფონს.

 

ფორმალდეჰიდი, იგივე ფორმალინი საწმენდი და ჰიგიენური საშუალებების დანამატად შედის, როგორც კონსერვანტი. ამერიკის ძუძუს კიბოს ასოციაციის მიერ ეს ნივთიერება პირველი ჯგუფის კარცეროგენადაა აღიარებული. თუმცა, მისი 0.01%-ით გამოყენება დაშვებულია და მრავალი პროდუქტის შემადგენლობაში გვხვდება. ოღონდ ეს კოსმეტიკა, ე.წ. ჩამოსაბანი საშუალებებია, რაც ნიშნავს, რომ მისი სხეულთან კონტაქტის დრო უმნიშვნელოა.

 

ფთალატები – ფტალის მჟავას ესტერებია. მათზე ცალკე წერილი მაქვს დაწერილი და შესაბამისად ამ ლინკს მიჰყევით https://mastsavlebeli.ge/?p=13531.  იმას დავწერ, რომ ტუჩსაცხებსა და ფრჩხილის ლაქებში შეიძლება შეგვხვდეს.

 

ჩასხდომას აცხადებენ და მეც გასასვლელისკენ გავრბივარ. თავის მოვლის საშუალებებზე საუბარი კი არ დამისრულებია. პირიქით, ახლა დავიწყე.

 

 

 

 

კიდევ ერთხელ საახალწლოდ…

0

„როცა, ზარები რეკვას იწყებენ, საათი 12-ჯერ ჩამოკრავს, დრო გაჩერდება და თავიდან დაიწყებს ათვლას, წარსული და მომავალი ერთ დიდ აწმყოდ იქცევა, და ეს აწმყო ისეთია, დასასრული რომ აღარ უჩანს, ყველაზე გრძელი და ყველაზე მარადიული…“.

გადის დრო, უჰ, ისეთი სისწრაფით, რომ ჯერ წინა წლის ეიფორიიდან ვერ გამოსულხარ, კარს უკვე მეორე და მესამე ახალი წელი მოგდგომია. ისიც მართალია, რომ დრო გრძნობებს ახუნებს და იმ ცეცხლსაც ანავლებს, ასე ძლიერად რომ გიზგიზებდა ამ რამდენიმე წლის წინ. აღფრთოვანებას, სიხარულის შეგრძნებას, ვნებებს, ბავშვურ აღტყინებას აქრობს და მათ ადგილას გულგრილ, გაცვეთილ, ჩვეულებად ქცეულ გრძნობებს გვთავაზობს. ნაპერწკლები თუღაა სადღაც შიგნით შემორჩენილი, ისინიც მალე მინავლება, თუ ხელახლა არ აგიზგიზდა.

კაპიტალიზმმა კაპიტალიზმური ახალი წელი მოგვიტანა, სადღაც ორი თვით ადრე იწყება საახალწლო პროდუქციის გაყიდვა, მაღაზიის ვიტრინები აელვარებულია, თითოეული ნივთი გეძახის – მოდი, წამიყვანე, მიყიდეო. აგრესიული რეკლამებით სავსეა ვირტუალური თუ რეალური სივრცეები. როგორც ჩემმა თინეიჯერმა შვილმა აღნიშნა, ოქტომბერი არ გასულა და ნაძვის ხეები უკვე ლამისაა სახლებში ძალით დაგვიდგან და მორთვა გვაიძულონო. ნებისმიერი ფორმისა და ფერის თოვლის ბაბუები და სანტები, თოვლის კაცები და ელფები, ჯუჯები და გნომები, ფიფქები და ვარსკვლავები, თითქოს მთელი გალაქტიკა დეკემბერში დედამიწაზე ჩამოსულა, რომ კიდევ უფრო ააბრდღვიალოს და გააკაშკაშოს ის. ფარდების ნათურები და კედლის განათებები, ნაძვის ხის ღობეები და მანათობელი პროექტორები, ირმები და ვეფხვები, ო, როგორ გინდება ყველაფერი! როგორ გინდა ყველაზე დიდი და ფუმფულა ხე იყიდო, მორთო ფასკუნჯებითა და ფარშევანგებით, ალისებითა და მაკნატუნებით, ბალერინებითა და პრინცესებით. თან დათოვლილიც უნდა იყოს, რომ მერე ძალიან ბევრი ფოტო გადაუღო, სასურველია რომელიმე ფილტრით და დადო სოციალურ ქსელში, უჰ, მაშინ კი ამოისუნთქავ და თავს საზოგადოების ღირსეულ წევრად იგრძნობ!

აბა, სადღაა ახალი წლის ჯადოსნურობა?

კომერციად იქცა ახალი წელი, თან ძალიან დაუნდობელ და სასტიკ კომერციად. ვხარჯავთ, რაც კი ფინანსები გაგვაჩნია, საკრედიტოებითა თუ ანაბრებით ვიკლავთ ახალი წლის განივთებისა და გამატერიალიზების დაუოკებელ წყურვილს. პლასტმასის ხე გვყავს გაკულტებული, ხოლო კეთილი ნიკოლასის მითი დიდ აფერად გვიქცევია.

მოაქვს კი ამ ყველაფერს ბედნიერება?

ამაზე მაშინ დავფიქრდებით, როდესაც 31 დეკემბერს ბოლო კერძს შეუნთებ ცეცხლს (სუფრაზე რომ ცხელი მივიდეს), ინდაურის დიდ ბარკლებს ჩადებ საცივში, და 12 საათის გახდომამდე ცოტა ხნით ჩამოჯდები, ერთს ღრმად ამოისუნთქავ და შესაძლოა მაშინ წამოყოს ფიქრმა თავი – გაბედნიერებს ეს ყველაფერი? თუმცა ამაზე პასუხის გაცემის დროც აღარაა, აგერ წეღან გაზზე შემოდგმული კერძი ზედმეტად გაცხელდა, სასწრაფოდ წამოხტები და ისევ ჩაერთვები საახალწლო დიდ ქაოსსა და ორომტრიალში. თან გადახედავ გაწყობილ სუფრას და სევდა მოგერევა, რა აალაგებს და რა გარეცხვას ამდენ რამეს!

დღეს ახალ წელი უდრის მკვლელობებს!

ახალი წლის სამზადისისთვის უამრავი ცოცხალი არსება კვდება, გოჭები, ქათმები, წიწილები, ინდაურები, ხბოები, ძროხები… უამრავი ხე იჭრება, უამრავ ქუჩის ძაღლსა და კატას უსკდება გული ფეიერვერკებისგან. სად მიდის ეს ენერგია? სასიკვდილოდ განწირული ცხოველების საბოლოო ამობღავლება? გადატრიალებული თვალები, უკანასკნელი გაფართხალება? ისევ ჩვენ გვიბრუნდება, ჩვენთან რჩება. საიდან ვიცი? რა ცოდნა უნდა, ჩვენი ყოფა სავსეა სისასტიკითა და ავადობებით. კი, ხორცს მეც მივირთმევ, ვერ მოვიცილე ეს ჩვევა, კი მეც ერთი ნაწილი და რგოლი ვარ ამ სიგიჟის.

სულ არ ვაპირებდი ამ წერილში ახალი წლის ასეთ ბნელ მხარეებზე საუბარს, მინდოდა უბრალოდ რამდენიმე კარგი ისტორია და ამბავი მერჩია, იმისთვის, რომ ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს მაინც ვაგრძნობინოთ, რომ შობა და ახალი წელი, არ არის მხოლოდ ნაძვის ხის ქვეშ, ძვირფასი ქაღალდით შეფუთული „ლოლის“ თოჯინები და „სპაიდერმენები“, ის მეტად ღრმაა და ფესვები შორეულ წარსულში გაუდგამს.

ახალი წელი ყოველთვის არსებობდა, ქრისტეს შობამდეც, ოღონდ ყველა ეპოქა და საზოგადოება მას თავის სახელს არქმევდა. განახლება, აყვავება, ახლის დასაწყისი, ციკლის დასრულება – დედამიწაზე მუდამ აღინიშნებოდა, ხან ხეების მორთვით, ხან რიტუალური ცეკვებით – ეს ყველაფერი კი ძალიან ნამდვილი და გულშიჩამწვდომი უნდა ყოფილიყო. მე ასე მგონია. ხე – თავად უნივერსალურია. ის თავისი ტანით სამ სამყაროს აკავშირებს – ფესვებით ქვესკნელს, ტანით ჩვენს ადამიანებისთვის ხილულ სამყაროს, ვარჯით კი ზესკნელს. ის მედიუმია, გამტარია, შუამავალია ადამიანებსა და ღმერთებს შორის. ხისგან გამოითალა იესოს ჯვარი და ხის ნაყოფმა გვაქცია ადამის შვილებადაც. ამიტომ, ხის მორთვა და თაყვანისცემა სწორედ მისი სიმბოლური მნიშვნელობიდან უნდა გამომდინარეობდეს. ნატვრის ხეების არსებობაც ამას მოწმობს. ხე ცოცხალია, ის შეისმენს ჩვენს თხოვნებს და მიაქვს ღმერთებთან, რადგან ძველი გადმოცემით, ხის ტოტებში ღმერთებს უყვართ ზეციდან ჩამოსვლა და მოსვენება. ვფიქრობ, სწორედ ეს ნატვრის ხეებია ჩვენი ნაძვის ხის შორეული წინაპარი და წინასახე. ჰოდა, მოდი, ამ კუთხით ვიფიქროთ, დღეს საახალწლოდ რას ვრთავთ? რას ვცემთ თაყვანს? მკვდარ ხეებს? პლასტმასის ხეებს? რომლებიც უბრალოდ დეკორაციადაა ქცეული და შინაარსისგან სრულიად დაცლილია, ისევე როგორც ჩვენი ყოფა და ყოველდღიურობა, ისევე როგორც თითოეული რიტუალი, ისევე როგორც რელიგია. ჩვენ ხომ ნივთებისა სამყაროში ვცხოვრობთ, ჩვენთვის რიტუალი იმდენადაა მნიშვნელოვანი რამდენადაც მსუყედ ხელშესახებია, ჩვენთვის ხომ საბოლოოდ დაიკეტა მიღმური სამყაროების სარკმლები და მივეჯაჭვეთ პლასტმასებს, სილიკონებს, სანტა კლაუსებსა და ათას უსარგებლო ბრჭყვიალებს.

ჰოდა, ამ ჩაკეტილი წრიდან, ლაბირინთიდან გზის გამოსაგნები ძაფის გორგალი საშობაო ისტორიები და ამბებია. და აი, წერილის დასასრულსღა უნდა მოგიყვეთ ერთ წიგნზე, რომელიც წესით თავშივე უნდა მეხსენებინა ჟანრის კანონის მიხედვით. მაგრამ, არა უშავს, იყოს ბოლოს და ამ წიგნით დავასრულოთ ეს საახალწლო ჟრიამულიც. ნორვეგიელი მწერლის მაია ლუნდეს „თოვლის და“ გამომცემლობა პალიტრამ გამოსცა. წიგნი ერთი შეხედვითაც მოგაჯადოებთ, და თუ გადაშლით ხომ საერთოდ, თქვენთან მაშინვე მოიქროლებს ათასწლეულებს მიღმა დარჩენილი ნამდვილი ახალი წლისა და შობის სული. ისეთი ილუსტრაციები აქვს, ისე სასწაულად ლამაზი და დახვეწილი, თან ცოტა სევდიანი, ცოტა ნოსტალგიური, ამაღელვებელი, გამორიცხულია გული მაშინვე არ აგითრთოლდეთ და დასაწყისში ნახსენები მინავლული ნაპერწკალი არ აბრდღვიალდეს! თქვენი გულგრილობა, გადაღლილობა, მოწყენილობა მაშინვე გაქარწყალდება. მთავარია, ეს წიგნი გადაშალოთ! თან თუ ამ ყველაფერს შვილებს ან მოსწავლეებს გაუზიარებთ, ნამდვილი ცეცხლი დატრიალდება! მერე ამბავი როგორია, როგორი ღრმა და სევდიანი, ამავდროულად კი რამხელა იმედის მომცემი, ზუსტად ისეთი, როგორც შობასა და ახალ წელს უხდება.

ეს წიგნი ნამდვილად გააღებს იმ მიგმანულ სარკმლებს, მიღმურ სამყაროსთან რომ ამოვქოლეთ, და ისეთი დიდებული ამბავი გადაიშლება ჩვენ წინ – ნამდვილად კაშკაშა და ჩახჩახა, ამაფორიაქებელი და დამაფიქრებელი. ჩემთან „თოვლის და“ სწორედ მაშინ მოხვდა, როდესაც ყველაზე მეტად იმედი და რწმენა მჭირდებოდა. მოვიდა და თან მოიყოლა მზის სხივები, რაღაც არაამქვეყნიური განცდები მაჩუქა. მოკლედ, ეს წიგნი აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და წაუკითხოთ ბავშვებს, იქნებ ასე მაინც გადავარჩინოთ ახალი წელი. კიდევ ერთი ძველებური რეცეპტი ნამდვილი ახალი წლისთვის: ვყიდულობთ ციტრუსებს – ლიმონი, ლაიმი, ფორთოხალი, გრეიფრუტი… ფერადებსა და ლამაზებს, ვჭრით რგოლებად. შუქზე რომ გაიხედავთ, სამყარო უნდა შეიღებოს. ჰოდა ამ ჩვენი ციტრუსის რგოლები კარგად უნდა გამოვაშროთ, შემდეგ შევაბათ ლენტები და დავკიდოთ ჩვენს ხეზე, კედლებზე, ჭერზე, მთელი სახლი სურნელებითა და ფერებით აივსება.

დარიჩინიანი ჩაი, ციტრუსის რგოლები, „თოვლის და“. ეს მგონი კარგი დასაწყისი უნდა იყოს ახალი წლის და ახალი ციკლის. თან თუ ჩვენი აივნებიდან ან ეზოებიდან ვარსკვლავები მოჩანს, მაშინ, უფ როგორ გაგვიმართლებს! გახდება 12 საათი, ავხედავთ ცას. ის ერთი ცელქი ვარსკვლავი, რომელიც მუდამ თან დაგვყვება, თვალს ჩაგვიკრავს, ჩაიციმციმებ-ჩაიკისკისებს და ჩამოგძახებს – მრავალ ახალ წელს! შენ საპასუხოდ სურვილებს გაუგზავნი და ეტყვი, რომ მანძილი შენიდან მის სამყარომდე არც ისე გრძელია და სინამდვილეში, ერთი მთლიანობაა მთელი სამყარო, უხილავი ფარდებით გადატიხრული. სინამდვილეში ერთიანია დრო – და წარსული არ არსებობს. ყველაფერი ახლა და აქ ხდება, და ჩვენ მრავალ ალტერნატივად დაშლილი ვაგრძელებთ ცხოვრებას. აი, ამას რომ გავაცნობიერებთ, სამყაროს სუნთქვას რომ შევიგრძნობთ, თვალებს რომ დავხუჭავთ და ჩვენს ენერგიას კოსმოსის ენერგიას შევუერთებთ, მაშინ მართლა დადგება ახალი წელი, ახალი ცხოვრება, ახალი ეპოქა, ახალი დასაწყისი. გილოცავთ!

 

 

 

მონაცემთა წარმოდგენა დიაგრამებით

0

გაკვეთილის თემა „მონაცემთა წარმოდგენა დიაგრამებით“ ეფუძნება სამიზნე ცნებას: მონაცემები, მათი წარმოდგენის საშუალებები, მონაცემთა ანალიზი.

ამ გაკვეთილში წარმოგიდგენთ აქტივობებს, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება მონაცემთა შეგროვების, მონაცემთა გაანალიზების,  სხვადასხვა სახით წარმოდგენისა და ინტერპრეტაციის კონცეფციების გააზრებასა და განმტკიცებაში; ისწავლიან მონაცემთა საპოვნელად მონაცემთა ონლაინ ბაზის გამოყენებას. თითოეული აქტივობა შეიძლება ადაპტირებული იყოს დაბალი ან მაღალი დონის მოსწავლეებისთვის.

 

გაკვეთილის გეგმა

სამიზნე ცნება: მონაცემები, მათი წარმოდგენის საშუალებები, მონაცემთა ანალიზი

მკვიდრი წარმოდგენები:

  • მოვლენის კვლევისა და ანალიზისთვის საჭიროა მონაცემების შეგროვება. მონაცემები იყოფა რაოდენობრივად და თვისობრივად.
  • მონაცემების შეგროვება და გაანალიზება ყველა პროფესიის ადამიანს სჭირდება თავისი საქმიანობის უკეთ დასაგეგმავად.
  • მონაცემების უკეთ აღქმისა და გაანალიზებისთვის მათი მოწესრიგება/ ორგანიზება და წარმოდგენაა საჭირო.

საკითხი: მონაცემთა წარმოდგენა დიაგრამებით

კლასი: მე-6

მიზანი: მოსწავლეები  შეძლებენ  საძიებო სისტემების გამოყენებით საჭირო მონაცემების მოპოვებასა და მოწესრიგებას, სვეტოვანი და წრიული დიაგრამებით მონაცემების წარმოდგენას, განუვითარდებათ ელექტრონული რესურსების მოძიებისა და სასწავლო პროცესში გამოყენების უნარები

 

ესგ სტანდარტით მისაღწევი შედეგები

მათ.დაწყ.(II).11. მონაცემთა წყაროები და მონაცემთა მოპოვების საშუალებები

დასმული ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოპოვება

მათ.დაწყ.(II).12. მონაცემთა მოწესრიგების ხერხები და მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები

თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:

დიაგრამების წაკითხვა. ინფორმაციის ქსელური ძიება

რესურსები: კომპიუტერული ლაბორატორია. ინტერნეტი, მასწავლებლის მომზადებული საპრეზენტაციო ფაილი

აქტივობა 1.  თემის მიზნისა და შეფასების გაცნობა, მოსწავლეთა ორგანიზება

მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის თემასა და მიზნს, კლასი დაყოფილია წყვილებად.

ხანგრძლივობა: 2-3 წთ

 

აქტივობა 2. კითხვა -პასუხი

დიაგრამების წაკითხვა (წინარე ცოდნის გააქტიურება)

მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს მონაცემთა წაკითხვა სხვადასხვა ტიპის დიაგრამებზე.

აღწერა: მთელ კლასს ვაჩვენებ ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაციიდან სლაიდ 2-ს, რომელზეც კონკრეტული მონაცემები დალაგებულია ცხრილში. ცხრილის მიხედვით აგებულია სვეტოვანი და წრიული დიაგრამები. სლაიდები 3, 4, 5, 6. კითხვა-პასუხის რეჟიმში მოსწავლეები ასახელებენ თითოეული მონაცემის რიცხვით მახასიათებელს და მის შესაბამისობას დიაგრამაზე.

კლასის ორგანიზება: მთელი კლასი

ხანგრძლივობა: 4-5 წუთი

 

აქტივობა 3. დიაგრამის აგების ალგორითმი

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ Microsoft Power Point პროგრამის გამოყენებით დიაგრამების აგება.

კლასის ორგანიზება: წყვილებში

ხანგრძლივობა: 6-8 წთ

აღწერა:  მოსწავლეებს ვაძლევ შემდეგ ინსტრუქციას:

. გადაშალონ სახელმძღვანელო „მათემატიკა. მე–6 კლასი. II  ნაწილი“ (ავტ. ნანა ჯაფარიძე, ნანი წულაია, მაია წილოსანი) 51–ე გვერდზე, სადაც აღწერილია კომპიუტერულ პროგრამა Microsoft Power Point-ით  მონაცემების გრაფიკული წარმოდგენა. გაჰყვნენ ინსტრუქციას ნაბიჯ-ნაბიჯ და ააგონ დიაგრამები. სლაიდი 7 (ფოტო სახელმძღვანელოდან).

აქტივობის პროცესში განუწყვეტლივ ვაკვირდები მოსწავლეთა მუშაობას, საჭიროებისამებრ ვაძლევ განმავითარებელ შეფასებას.

 

აქტივობა 4: ინფორმაციის მოძიება ინტერნეტის გამოყენებით

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ინფორმაციის ქსელში მოძიება და შესაბამისი გრაფიკული ხერხით წარმოდგენა

კლასის ორგანიზება: წყვილებში მუშაობა

ხანგრძლივობა: 10-12 წთ      

აღწერა:  მოსწავლეთა წყვილებს ვაძლევ დავალებას, რომელიც  მოითხოვს, ინტერნეტში მოიძიონ ინფორმაცია და შეავსონ ცხრილი, ხოლო ცხრილის მიხედვით პროგრამა Microsoft Power Point–ში ააგონ დიაგრამა.

 

დავალების პირობები

დავალება 1

ინტერნეტში მოიძიე ინფორმაცია და ჩაწერე ცხრილში.

საქართველოს ზოგიერთი მდინარის სიგრძე კილომეტრებში

მტკვარი  
ჭოროხი  
რიონი  
ცხენისწყალი  
თერგი  

ცხრილის მიხედვით კი პროგრამით Microsoft Power Point ააგე დიაგრამა.

 

დავალება 2

ინტერნეტში მოიძიე ინფორმაცია და ჩაწერე ცხრილში.

საქართველოს ზოგიერთი მწვერვალის სიმაღლე კილომეტრებში

შხარა  
უშბა  
მყინვარწვერი ყაზბეგი  
ბაბის მთა  

ცხრილის მიხედვით კი პროგრამა Microsoft Power Point–ში ააგე დიაგრამა.

 

 

დავალება 3

ინტერნეტში მოიძიე ინფორმაცია და ჩაწერე ცხრილში.

ლარის კურსი დოლართან მიართებით ბოლო 5 დღის განმავლობაში

20. 10. 2021 21. 10. 2021 22. 10. 2021 23. 10. 2021 24. 10. 2021
         
         

ცხრილის მიხედვით კი პროგრამა Microsoft Power Point–ში ააგეთ დიაგრამა

(ეს 3 დავალება გადანაწილდა მთელ კლასზე)

 

აქტივობა 5: გასეირნება ვირტუალურ გალერეაში

კლასის ორგანიზება: მთელი კლასი

ხანგრძლივობა: 2-3 წთ

აღწერა: მოსწავლეები თავიანთ ნამუშევრებს გადაგზავნიან მასწავლებლის ფაილში. პროექტორის გამოყენებით  მოსწავლეთა ნამუშევრებს ვაჩვენებ ეკრანზე. მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, დაათვალიერონ და შეაფასონ ერთმანეთის ნამუშევრები.

 

აქტივობა 6: მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია

კლასის ორგანიზება: მთელი კლასი

ხანგრძლივობა: 6-8 წთ

აღწერა: ეკრანზე ჩანს მოსწავლის ნამუშევარი. მოსწავლე პრეზენტაციის დროს აღწერს და მსჯელობს, როგორ მოიძია მონაცემები, რა ფორმით წარმოადგინა ისინი და რატომ აირჩია მონაცემთა წარმოდგენის ეს ფორმა;  რატომ არის მნიშვნელოვანი მონაცემთა შეგროვება და გაანალიზება; რატომ ხდება მონაცემთა ორგანიზება და წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით; რა დასკვნის გამოტანა შეუძლია თავის მიერ დამუშავებული მონაცემების ინტერპრეტირების შედეგად; როგორ გვეხმარება მონაცემთა მოპოვების, ორგანიზებისა და  დამუშავების ხერხები  საკითხების შესახებ დასკვნის გამოტანაში.

გაკვეთილის შეჯამება–შეფასება: 2-3 წთ

საშინაო დავალების მიცემა: მოიძიეთ ინფორმაცია საქართველოში ტბების ფართობების შესახებ, მონაცემები წარმოადგინეთ გრაფიკულად, პროგრამა Microsoft Power Point-ის გამოყენებით.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum/satesto-seqtsia/akhali-sastsavlo-gegmebi-2018-2024/datskebiti-safekhuri-i-vi-klasebi-damtkitsda-2016-tsels

  1. მათემატიკის გზამკვლევი, მე-6 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში

https://math.ge/meegvse-klasi/

პროფესიული განვითარება სკოლის ბაზაზე სასკოლო პროექტების ორგანიზებით

0

სასკოლო ბაზაზე პროფესიული განვითარების ერთ-ერთი გზა შეიძლება იყოს სასკოლო პროექტების ორგანიზება. რატომ პროექტები? მასწავლებლების აბსოლუტურ უმრავლესობას გავლილი აქვს სხვადასხვა სახის ტრენინგი, ჩაბარებული აქვთ გამოცდები, მიღებული აქვთ მონაწილეობა სქემით გათვალისწინებულ აქტივობებში. სკოლების უმრავლესობა ჩართული იყო დაწყებითი განათლებისა და სამოქალაქო განათლების სხვადასხვა პროექტში, რამდენად აისახა ტრენინგის შედეგები რეალურ სასწავლო პროცესზე, დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი. თუმცა სკოლის დონეზე ხარისხის მართვის, აღიარებისა და მხარდაჭერის მექანიზმების არქონის პირობებში, შეუძლებელია არსებითი ცვლილებები მიგვეღო ორგანიზაციულ და სასკოლო კულტურის დონეზე. რეალურად ტრენინგებით, გამოცდებითა და სქემის აქტივობებით/ეროვნულ დონეზე განხორციელებული პროექტების დამსახურებით მასწავლებლების უმრავლესობამ თეორიულ დონეზე გაიგო სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ. მასწავლებლების რაღაც ნაწილმა ის სრულად დანერგა პრაქტიკაში, მეორე ნაწილმა – ნაწილობრივ, მესამემ – მხოლოდ საჩვენებელ გაკვეთილებზე წარუდგინა კოლეგებს. მაინც, როგორ შეგვიძლია შევაფასოთ მასწავლებლების ცოდნა პრაქტიკაში მისი სრულად დანერგვის გარეშე. ეროვნული სასწავლო გეგმა ცოდნის სამ კატეგორიას მოიაზრებს: დეკლარაციულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

„დეკლარაციული ცოდნა სტატიკური ხასიათისაა. იგი გულისხმობს თეორიების, ფაქტების, წესების ცოდნას და პასუხობს კითხვას: რა ვიცი?

პროცედურული ცოდნა დინამიკურია და იძლევა ცოდნის რეალიზების საშუალებას. პროცედურული ცოდნა პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო/როგორ შევასრულო?

პირობისეული ცოდნა დინამიკურია და გულისხმობს პირობების, ანუ არსებითი ნიშან-თვისებების ამოცნობას. იგი უზრუნველყოფს სხვადასხვა კონტექსტში ცოდნის ადეკვატურად გამოყენებას და პასუხობს კითხვას: როდის და/ან რატომ გამოვიყენო ეს ცოდნა?”.

თუ ამავე პრინციპს მასწავლებლებზე და მთლიანად სკოლაზე გავავრცელებთ, ტრენინგებითა და სკოლის გარეთ გამართული აქტივობებით მიღებული ცოდნა ძირითადად დეკლარაციულ და პროცედურულ ხასიათს ატარებს. არსებული კონტექსტიდან გამომდინარე სწორედ ამ ცოდნის განმტკიცების, გამოცდილების გაზიარებისა და სკოლის დონეზე რეალურად პილოტირებისა და დანერგვის მიზნით მნიშვნელოვანია საერთო სასკოლო პროექტების ორგანიზება, სკოლის დირექტორის, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის ხელმძღვანელობით.

რა სახის პროექტები შეგვიძლია განვახორციელოთ სკოლაში პროფესიული განვითარების მიმართულებით: უპირველეს ყოვლისა ასეთი პროექტები სწავლა-სწავლების საკითხებს უნდა ეხებოდეს. დავიწყოთ ყველაზე მარტივით – სკოლის დონეზე რომელიმე სასწავლო მეთოდის ან სწავლა-სწავლების ინსტრუმენტის გამოყენებით. მაგალითად, როგორიცაა გონებრივი იერიშის, საშინაო დავალების სწორად ორგანიზების საკითხები, განმავითარებელი შეფასება, როგორ ვმართოთ რესურსები დისტანციური სწავლების პლატფორმის გამოყენებით. როგორ ჩავაშენოთ რუბრიკები, როგორ გავაგზავნოთ ჩვეულებრივი ან კომპლექსური დავალება სრულყოფილად ამა თუ იმ პლატფორმაზე და ა.შ. სკოლა იწყებს სამუშაო ჯგუფის შექმნას, რომელშიც აქტიურად მონაწილეობს დირექცია და მასწავლებლები. დიდ სკოლებში ეს შეიძლება იყოს კათედრა, პატარა სკოლებში – მთლიანი კოლექტივი. სამუშაო ჯგუფის ბირთვს შეიძლება შეადგენდნენ წამყვანი და მენტორი მასწავლებლები (ზოგიერთმა სკოლამ შეიძლება განსხვავებულად გადაწყვიტოს), რომელთა უმრავლესობას სქემის გამოცდილებით პრაქტიკულად ან თეორიულად მაინც აქვს წარმოდგენა სკოლის საჭიროების კვლევაზე (თავის დროზე სკოლის საჭიროების კვლევა უნდა განეხორციელებინა არაუმეტეს 3 მასწავლებელს). დირექტორის ხელმძღვანელობითა და ფასილიტაციით ყალიბდება პროექტი, რომელიც პირობითად შესაძლოა შემდეგი ნაბიჯებისგან შედგებოდეს:

  1. აღნიშნული მეთოდის შესახებ ლიტერატურის ანალიზი (რაზე პასუხისმგებლობაც მასწავლებელთა გარკვეულ ჯგუფს ეკისრება).
  2. სამუშაო შეხვედრის ორგანიზება, რომელიც უნდა ემსახურებოდეს, ერთი მხრივ, ტრენინგებზე და საკუთარი პრაქტიკის დროს მიღებულ გამოცდილებას; მეორეს მხრივ, უკვე ჩატარებული ლიტერატურის ანალიზის შედეგების ურთიერთგაზიარებას და არჩეული მეთოდის სწორად გამოყენების შესახებ საერთო სასკოლო შეთანხმებას. ეს პროექტის განხორციელების ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი უნდა იყოს.
  3. მეთოდის/ინსტრუმენტის პილოტირება, რომელიც მოიცავს ურთიერთდასწრებებს, გაკვეთილებზე ფოკუსირებულ დაკვირვებას; „კრიტიკული მეგობრის“ ჩართვას ამ პროცესში და ა.შ.
  4. პირველადი შედეგების გაანალიზება, ღონისძიებების დაგეგმვა და ა.შ.

შესაძლებელია პროექტი სკოლის ბაზაზე განხორციელებული ტრენინგებით დაიწყოს და ამის შემდეგ სკოლამ კოლექტიურად მოახდინოს სიახლის პილოტირება თავიდან მცირე ჯგუფში, პირველადი რეფლექსიის განხორციელების შემდეგ კი – სკოლის დონეზე. ისიც შესაძლებელია, რომ პროექტი საერთოდ საკვლევ საკითხზე მონაცემებისა და მტკიცებულებების შეგროვებით დაიწყოს. ზოგადად, სასურველია სასკოლო პროექტები არ იყოს მკაცრად სტრუქტურირებული და თავად სკოლამ გადაწყვიტოს საჭიროების შესაბამისად. მთავარია, პროფესიული განვითარების პროექტის განხორციელება მოხდეს დირექტორის აქტიური ჩართულობით, ორგანიზაციის წევრების კოლექტიური რეფლექსიით. მსგავსი მიდგომა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების კუთხით, ასევე – გაზიარებული ლიდერობის, ორგანიზაციული მთლიანობისა და საერთო სასკოლო კულტურის განვითარების თვალსაზრისითაც. მთავარია, სკოლამ გაბედოს და თავად დაგეგმოს, განახორციელოს, გამოცდილებაზე დაყრდნობით ისწავლოს, სასკოლო კულტურისა და სკოლის საერთო შეთანხმების ნაწილად აქციოს ტრენინგებითა და გამოცდებით დაგროვილი ცოდნა.

დროთა განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან განათლების სფეროში მოქმედი ორგანიზაციების შესაბამისი მხარდაჭერაც იქნება. სკოლებს შეუძლიათ უფრო რთული სახის პროექტები განახორციელონ, როგორიცაა, მაგალითად, ფოკუსირებული თვითშეფასება, რომლიც პროფესიულ განვითარებასთან ერთად ხარისხის მართვის საკითხებსაც მოიცავს.

რა სახის მხარდაჭერა შეუძლია სამინისტროსა და სხვა ორგანიზაციებს სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების პროექტების დასახმარებლად:

  • დაინტერესდნენ, აღიარონ და წაახალისონ სკოლების მიერ განხორციელებული მსგავსი პროექტები.
  • განახორციელონ ამ მიმართულებით სკოლების საგრანტო დაფინანსება (მაგ. როგორიც იყო თავის დროზე სასკოლო აქტივობების დაფინანსების ქვეპროგრამა).
  • საექსპერტო მხარდაჭერა გაუწიონ სკოლებს მსგავსი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით: განსაკუთრებით პროექტის განხორციელების ეტაპზე საჭირო საფინანსო და შესყიდვების მიმართულებით (სკოლებს ფინანსური შეცდომების დაშვების შიშით ხშირად უჭირთ გაბედული ნაბიჯების გადადგმა).

პროფესიული განვითარების პროექტების განხორციელებით, მეთოდების/ინსტრუმენტების სკოლაში პილოტირებითა და რეალური დანერგვით გავიგებთ, რა პრაქტიკული სარგებელი მოჰყვება მის დანერგვას კონკრეტული სკოლისთვის, რა სითულეებია დასაძლევი, რა რესურსია ამისთვის საჭირო, თუნდაც დროის თვალსაზრისით. ყველამ ვიცით, მასწავლებლები გარე დაკვირვებისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ და მაქსიმალურად იყენებდნენ სკოლაში არსებულ ყველა რესურსს გაკვეთილის დაგეგმვისთვის. ამ შემთხვევაში გავიგებთ, რის გაკეთება შეგვიძლია ყოველდღიურობაში საშუალო სტატისტიკურ გაკვეთილზე. აქედან გამომდინარე ნებისმიერი სკოლა უკეთესად დაგეგმავს პრიორიტეტებსა და განვითარების მიმართულებებს.

 

სტატია მომზადებულია კოალიციის „განათლება ყველასთვის – საქართველო“ მიერ გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთვარობის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შეიძლება არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების თვალსაზრისს.

„პირველად იყო რატომ“, ანუ რატომ უნდა შევიყვაროთ შეკითხვები

0

ამასწინათ ელექტრონული ბიბლიოთეკის თვალიერებისას შემთხვევით გადავაწყდი საიმონ სინეკის (ბრიტანელი წარმოშობის ამერიკელი ავტორი და ინსპირაციული სპიკერი) წიგნს „პირველად იყო რატომ“. ბიზნესის მართვისა თუ ფინანსების მოზიდვის თემით არასდროს დავინტერესებულვარ, თუმცა სათაურმა მომხიბლა და წიგნის წაკითხვა გადავწყვიტე. აქვე დავძენ, რომ მიზნობრივი შეკითხვების სწორად ფორმულირება/დასმა მხოლოდ ორგანიზაციული ქცევის პრეროგატივა არაა. იგი მედიაწიგნიერების ერთ-ერთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევას წარმოადგენს და საგანმანათლებლო სივრცის განუყოფელი ნაწილია.

https://www.ted.com/talks/simon_sinek_how_great_leaders_inspire_action

სინეკის თქმით, წარმატებულ კომპანიებს დანარჩენებისგან კითხვა „რატომ“ განასხვავებს. ამ კონცეფციის განსამარტად იგი ე.წ. ოქროს წრეს წარმოგვიდგენს:

როგორც წესი, ადამიანთა უმრავლესობა იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა და როგორ უნდა გააკეთოს და შესაძლოა, ბირთვში მოთავსებულ მთავარ შეკითხვაზე არც კი დაფიქრდეს. სინეკი კი ყველასაგან გამორჩეულ ორგანიზაციებს უწოდებს იმათ, ვინც ჯერ თავიანთი საქმიანობის მიზანს განსაზღვრავს და შემდეგ იწყებს მოქმედებას, რადგან „ადამიანები არ ყიდულობენ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ისინი ყიდულობენ მიზეზს, რატომაც აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ“.

კიდევ ერთი საკითხი, რაც სინეკას „ოქროს წრის“ კონცეფციის გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ, კონკურენციის თემაა. „აჯობეთ საკუთარ თავს!“ – გვირჩევს ზემოაღნიშნული კონცეფციის ავტორი. საკუთარი წინსვლის დანახვა და შედეგების გაუმჯობესებაზე ზრუნვა წარმატების ერთგვარ ფორმულად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ამგვარ დამოკიდებულებას (მოსწავლეთა ინდივიდუალური პროგრესის მიხედვით შეფასება) სწავლა-სწავლების პროცესშიც აქტიურად მივმართავთ, რითაც მოტივაციისა და თვითეფექტურობის გაზრდას მნიშვნელოვნად ვუწყობთ ხელს.

რატომ ვაკეთებთ იმას, რასაც ვაკეთებთ? ეს კითხვა საკუთარ თავს გამუდმებით უნდა დავუსვათ, რადგან იგი ყველაზე უკეთ შთაგვაგონებს და მოქმედების მოტივაციას გვიქმნის. ალბათ დამეთანხმებით, თითოეული ჩვენგანი დიდი ენთუზიაზმით მუშაობს ისეთ საკითხებზე, რომლებისაც სჯერა და მხარს უჭერს. ბუნებრივია, თუ თავად არ გჯერა იმ მიზნის, რომლისკენაც ისწრაფვი, სხვებს შენი შრომის ნაყოფის უპირატესობაში როგორღა დაარწმუნებ?!

ხშირად ხდება ასე, ჩვენს თავში იბადება საინტერესო იდეა, რომელსაც სხვადასხვა მიზეზის გამო (მოუცლელობა, რესურსების ნაკლებობა, სიზარმაცე და სხვ.) ვერ განვახორციელებთ. რაღაც დროის შემდეგ კი ვხედავთ მას – საკუთარ იდეას, სხვის მიერ ხორცშესხმულსა და წარმატებულს. ამიტომ უნდა გავაკეთოთ „დღეს“ და არა – „ხვალ“. ეს კი არც თუ ისე ადვილია, რადგან საკუთარი თავისთვის სწორი შეკითხვების დასმის ხელოვნებას ვერა და ვერ დავეუფლეთ.

საზოგადოების დიდი ნაწილი კითხვებს უმეტესად ლოკალური/პირადი ინტერესების დასაკმაყოფილებლად სვამს. ქაოსური და არათანმიმდევრული შეკითხვები ვერ ქმნის ჩვენს თავში ინფორმაციის სრულ ხატს და იძლევა არასრულ მონაცემებს, რომელთა სასურველი მიმართულებით ფორმირება ადამიანის სუბიექტური ბუნების ჩვეული საქმიანობაა. შედეგად ვიღებთ პარალელურ რეალობას, რომელში ცხოვრებაც თავად გვაწყობს და მნიშვნელოვნად ვცდებით აწმყოს, რომლის გაუმჯობესებისთვის ვერაფერს მოვიმოქმედებთ, რადგან, უბრალოდ, „შინ არ ვართ“.

უკვე აღარავინ კამათობს იმაზე, რომ თანამედროვე ცხოვრებაში სწრაფად და ეფექტურად ორიენტირება რთულია, თუ არ ფლობ მედიაწიგნიერების ისეთ ფუნდამენტურ უნარებს, როგორიცაა: საჭირო ინფორმაციის მოძიება, მთავარის მეორეხარისხოვნისაგან გამოყოფა, წყაროების სანდოობის/ვალიდურობის განსაზღვრა და ა.შ. ზემოაღნიშნული უნარების გამომუშავებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს სიტუაციის ანალიზის მეთოდი (Case-study). მოდით, განვიხილოთ ერთ-ერთი სიტუაცია:

თქვენ გსურთ საოფისე სივრცის დაქირავება 8-10 ადამიანის მოსათავსებლად. თქვენი თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვანია: სიმშვიდე, სუფთა და აუცილებელი კომუნალური მომსახურებით (გათბობა/გაგრილება, წყალი, შუქი, ინტერნეტი…) უზრუნველყოფილი სამუშაო გარემო, მუშაობისთვის საჭირო ინვენტარი (მაგიდები/სკამები, თაროები…), მოწესრიგებული სველი წერტილი, ცალკე სივრცე ლანჩისთვის (ყავის/ჩაის გამზადების და წახემსების შესაძლებლობა), პარკირების ზონა და  საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის შესაძლებლობა.

თქვენი მიზანია, სატელეფონო ზარის დახმარებით შეაგროვოთ საჭირო ინფორმაცია, რათა დრო არ დახარჯოთ ყველა გასაქირავებელი ფართის დათვალიერებაზე და მხოლოდ თქვენი საჭიროების შესაბამისი ვარიანტები მოინახულოთ. რა ტიპის კითხვებს დაუსვამდით გამქირავებლებს?

ზემოაღნიშნული აქტივობის შესასრულებლად ჯგუფური სამუშაო ფორმატის გამოყენებას გირჩევთ. რაც შეეხება წინარე ცოდნის გააქტიურებას, მოსწავლეები უნდა ფლობდნენ გარკვეულ ცოდნას შეკითხვათა ტიპების (ფაქტობრივი, დამაზუსტებელი, შეფასებითი, შემოქმედებითი) შესახებ, კითხვარის შედგენისა და ინტერვიუს წარმართვის უნარებს. დავალების შესრულებამდე შეგვიძლია ერთობლივად ვიმსჯელოთ, თუ რა ტიპის შეკითხვები გამოგვადგება მოცემულ სიტუაციაში და პირველი შეკითხვა ერთად ჩამოვაყალიბოთ. აქვე შემოგთავაზებთ ზემოაღნიშნული „ქეისის“ შესაბამისი კითხვების სავარაუდო ჩამონათვალს:

  1. რამდენი კვადრატული მეტრია თქვენი საოფისე სივრცე?
  2. გაქვთ თუ არა დამონტაჟებული გათბობა-გაგრილების სისტემა, დენი, წყალი ინტერნეტი?
  3. აქვს თუ არა თქვენს საოფისე ფართს საკუთარი სველი წერტილი და სამზარეულო?
  4. თქვენს ქუჩაზე დატვირთული სატრანსპორტო მოძრაობაა? კორპუსში მხოლოდ ოფისებია განლაგებული თუ ოჯახებიც ცხოვრობენ?
  5. როგორ (რომელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით) შეიძლება მოვიდე თქვენს ოფისამდე? შესაძლებელია თუ არა ოფისთან ახლოს მანქანის დაყენება?
  6. საოფისე ავეჯით აქირავებთ ფართს, თუ მის გარეშე? თუ – კი, რა ტიპის ავეჯი დამხვდება ოფისში?

შენიშვნა: პირველ რიგში, უნდა გავიგოთ ქირის რაოდენობა, რათა ჩვენი ბიუჯეტისთვის შეუსაბამო ვარიანტის გაცნობაზე დრო არ დავხარჯოთ.

კითხვარის შედგენის შემდეგ სიტუაციის გათამაშების დრო დგება. მოსწავლეები შესაბამის როლებს მოირგებენ  და შეკითხვების რელევანტურობას ინტერვიუს ფორმატში გამოცდიან, მიღებული შედეგების საფუძველზე კი არჩევანს ყველაზე შესაფერის ვარიანტზე შეაჩერებენ.

სინეკის ოქროს წრეს რომ მივუბრუნდეთ, ბავშვები ყველაზე ხშირად სვამენ კითხვას „რატომ“, მაგალითად: „რატომ უნდა ვისწავლო (მაგ., გამრავლების ტაბულა), რაში მჭირდება, რაში გამომადგება?“ ზრდასრულების (მასწავლებელი, მშობელი) გარკვეულ ნაწილს არ გამოსდის პრობლემის შედეგად ქცევა, ამიტომ მათი პასუხი თავდაცვითი ხასიათისაა: „სავალდებულოა, უნდა ისწავლო და მორჩა!“. აღნიშნული პრობლემის მაგალითს საკუთარი გამოცდილებიდან მოვიყვან:

ახლაც მწარედ მახსოვს, როგორ ვწვალობდით, როცა ამა თუ იმ საგნის ხელმძღვანელი მცირე დროში დიდი მასალის დამუშავებას გვთხოვდა, თუმცა ჩვენთვის ე.წ. სწრაფი კითხვა არავის უსწავლებია. ვიცოდით, რომ სავალდებულო შრომას ვერ ავცდებოდით. ამიტომ ვისხედით, ღამეებს ვათენებდით, ვიზუთხავდით, მიღებულ ინფორმაციას ყოველგვარი დახარისხების გარეშე ვაკონსპექტებდით… მთავარი იყო, „სავალდებულო“ მასალა მეხსიერების საკანში გამოკითხვის ჩატარებამდე გაგვეჩერებინა, შემდეგ კი დაუნანებლად ვთავისუფლდებოდით მისგან.

აქვე გავიხსენებ ჯემალ ქარჩხაძის ერთ-ერთ მოთხრობას ,,კაპიტონ მანაგაძის ბოლო ექსპერიმენტი“, სადაც მოთხრობის მთავარი გმირი სწორედ დინამიკური კითხვის ნიჭით არის დაჯილდოებული. თანამშრომლებს ძალიან უკვირთ, თუ როგორ ახერხებს კაპიტონი წაუკითხავად, მხოლოდ თვალის ერთი შევლებით, წერილის შინაარსის გაგებას, მთავარი აზრის გამოტანას. ჩვენთვის კი უკვე ცნობილია, რომ სწრაფი მკითხველები:

  1. კითხულობენ ვერტიკალურად (ზემოდან ქვემოთ) და არა – ჰორიზონტალურად (მარცხნიდან მარჯვნივ ან პირიქით);
  2. ტექსტს აღიქვამენ ერთ მთლიანობად, ანუ ამოიკითხავენ სიტყვათა ჯგუფს და არა – ცალკეულ სიტყვებს;
  3. იშვიათად ჩერდებიან წაკითხულ მონაკვეთთან მისაბრუნებლად (გაუგებარი სიტყვის თუ მონაკვეთის დაზუსტების მიზნით).

დღეისათვის სწრაფი კითხვის უნარი ღვთით ბოძებულ ნიჭად აღარ მიიჩნევა, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში აღნიშნული მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. და მაინც, რატომ უნდა წავიკითხოთ სწრაფად, ანუ რა არის სწრაფი კითხვის მთავარი  მიზანი? რა თქმა უნდა, მას კონკრეტული დანიშნულება აქვს. დინამიკური კითხვის ტექნიკა დიდი მოცულობის ინფორმაციის სწრაფად დახარისხებასა და არსებითი საკითხების აღმოჩენაზეა ორიენტირებული.

როგორც ვხედავთ, სწრაფი კითხვისა თუ სწორი კითხვების დასმის უნარები, ინფორმაციის სწორად მოპოვება-დამუშავების გარდა, პირადი ინტერესებისა და შეხედულებების ფორმირებაშიც გვეხმარება, რაც საკუთარი თავის გაცნობისკენ მიმავალ გზაზე წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. საკუთარი თავის (მიზნების, ინტერესების, მისწრაფებების) გაცნობა კი იწყება კითხვით „რატომ“, რომლის დასმისაც ნურასდროს შეგეშინდებათ.

 

 

ფსიქიკური ჯანმრთელობის კურიკულუმი სკოლებში – როგორ ეხმარება ის მასწავლებლებს?

0

საქართველოში სასკოლო განათლების შესახებ დისკუსიებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ კარგად ვერ აცნობიერებს სკოლის სოციალურ ფუნქციას. სკოლის მიმართ მოთხოვნა ძალიან ხშირად დაკავშირებულია მოსწავლეთათვის საგნობრივი კომპეტენციების განვითარებასთან. არადა, რეალურად, ვიცით, რომ სკოლას არანაკლებ მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი – აღზრდის კომპონენტიც აქვს. ამისათვის კი, უმნიშვნელოვანესია სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება მოსწავლეებში და მათი ფსიქიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა. სწორედ ამას ისახავს მიზნად ახლად დაწყებული პროექტი, რომელსაც „შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო“ ახორციელებს. პროექტის ინიციატორი ლონდონში მოღვაწე, სამეფო კოლეჯის (King’s College London) კრიზისული სამსახურის ექიმი-ფსიქიატრი სიმონ სურგულაძეა.

  1. სიმონ, პირველ რიგში, დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით. იქნებ მოკლედ გვითხრათ, რატომ დაინტერესდით ამ პროექტით და რატომ არის ის მნიშვნელოვანი სკოლის განვითარებისათვის?

 

ჩემი სამეცნიერო ინტერესები დიდი ხანია, დაკავშირებულია ემოციური პროცესების ნეირობიოლოგიური მექანიზმების კვლევასთან. აფექტური ნეირომეცნიერება შეისწავლის იმ პროცესებს, რომლებიც აქტიურდება თავის ტვინში, როდესაც ადამიანი რაღაცას ემოციურად განიცდის ან ჩართულია სოციალურ ინტერაქციებში. საკმაოდ კარგად ვიცით, რა ცვლილებები ხდება თავის ტვინის სხვადასხვა სტრუქტურაში, როდესაც ადამიანი ემოციურ სტრესშია. შესაბამისად, არსებობს თერაპიული მიდგომები, რომლებიც ადამიანს სტრესისაგან დაიცავს. მოგეხსენებათ, მოზარდობა არის კრიტიკული პერიოდი, როდესაც ახალგაზრდა ადამიანს უწევს ურთულესი ემოციური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა და ეს, რა თქმა უნდა, სტრესს იწვევს. ამიტომ, კარგი იქნებოდა მოზარდს ჰქონდეს სტრესის დაძლევის უნარები/ცოდნა.

ჩვენი პროექტი მიზნად ისახავს სწორედ ამ უნარების მიწოდებას 6-7 კლასის მოსწავლეთათვის. აქ ორი ასპექტი უნდა გამოვყოთ: პირველ რიგში – თვით ამ მოზარდების ყოველდღიური ემოციური პროცესების უკეთესი მართვა, რაც მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობას შეუწყობს ხელს. მეორე ასპექტი კი მომავალზეა ორიენტირებული. როგორც უკვე აღვნიშნე, სტრესი იწვევს თავის ტვინის უჯრედების/სტრუქტურების ცვლილებებს მოლეკულურ დონეზე, რომელიც შემდგომში ხელს უშლის ადამიანის ოპტიმალურ ფუნქციონირებას. ეს თავისთავად არასასურველი ამბავია. მაგრამ ეს ამით არ მთავრდება. რაც უფრო დამაფიქრებელია – ზოგ შემთხვევაში სტრესი იწვევს ადამიანის გენომის ცვლილებებს, რაც შემდეგ თაობებს გადაეცემა, როგორც სტრესის მიმართ მოწყვლადობა. ანუ, წარმოიდგინეთ, რომ დღევანდელმა სტრესმა შეიძლება წარმოშვას უწყვეტი ჯაჭვური რეაქცია, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა. ჩვენი პროექტის სტრატეგიული ამოცანაა ამ ჯაჭვური რეაქციის შეწყვეტა. და ეს არის შესაძლებელი იმ ფსიქოლოგიური მიდგომების გამოყენებით, რომლებიც აძლიერებს სტრესის მიმართ მედეგობას. ამჟამინდელი საპილოტე პროექტი პირველი ნაბიჯი იქნება ამ გეგმის განხორციელებაში.

 

  1. ძალიან მოკლედ რომ გვითხრათ თავად კურიკულუმის შესახებ – რა საკითხებს ფარავს ის?

 

ჩვენ ვიყენებთ ჩეხი კოლეგების მიერ შემუშავებულ კურიკულუმს, რომელმაც მათ ქვეყანაში აპრობაცია უკვე გაიარა. ჩვენი საპილოტე პროექტის ფარგლებში უნდა შევისწავლოთ, რამდენად მოერგება ჩეხეთის გამოცდილება საქართველოს რეალობას. ამ ეტაპზე ვაპირებთ სოციალურ-ემოციური სწავლების შემოტანას 20 სკოლაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ამის შესახებ უკვე გვქონდა საუბარი განათლების სამინისტროსთან და მივიღეთ პროექტის ჩატარების მხარდაჭერა. კურიკულუმში 5 ძირითადი თემაა: 1) ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საბაზისო ინფორმაცია; 2) ემოციური პროცესები, აზროვნებისა და ქცევის ურთიერთკავშირი; 3) ურთიერთობები; 4) კომუნიკაცია; 5) პირველადი დახმარება ფსიქიკური პრობლემების შემთხვევაში. საპილოტე პროექტის შედეგები (კითხვარების სახით) გაიზომება, ჩატარდება სტატისტიკური დამუშავება, რომელიც გვიჩვენებს – რამ იმუშავა, და რა არის შესაცვლელი.

 

  1. როგორც იცით, ჩვენი აუდიტორია ძირითადად მასწავლებლები არიან. გარდა იმისა, რომ ეს პროგრამა მნიშვნელოვანია მოსწავლეთათვის, ვიცით, რომ ის მასწავლებლების სოციო-ემოციურ განვითარებასაც უწყობს ხელს, ახდენს გადაწვის პრევენციას და ა.შ. ამ კუთხით რას გვეტყვით?

 

ამ პროგრამის ერთ-ერთი ქვაკუთხედი არის მასწავლებლების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მასწავლებლები გაივლიან ტრენინგს, რომელიც მათ შეასწავლის საკუთარი ემოციების უკეთ მართვის უნარებს, რაც სტრესის დაძლევაში დაეხმარება. აქაც დიდი სურათი უნდა დავინახოთ – მასწავლებელიც ხომ იმ სტრესული მოჯადოებული წრის ერთ-ერთი ნაწილია, რომელშიც უკვე კარგა ხანია მოზარდებიც და მოზრდილებიც ვტრიალებთ.

  1. დაბოლოს, როგორია თქვენი სამოქმედო გეგმები ამ პროგრამასთან მიმართებით?

 

ჩვენ უკვე ვგეგმავთ უფრო ფართომასშტაბიან პროექტს მომავალი 2022-2023 სასწავლო წლისათვის. იმედი გვაქვს, რომ 30 სკოლა ჩაერთვება და სწავლება ჩატარდება საპილოტე პროექტის ფარგლებში გადამუშავებულ/მორგებული კურიკულუმით. ეს პროექტი ჩატარდება რანდომიზებულ-კონტროლირებადი კვლევის მეთოდოლოგიით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, შედეგები სანდოობის მაღალი მაჩვენებლით შევაფასოთ და საბოლოოდ გადავწყვიტოთ – მუშაობს თუ არა ჩვენი კურიკულუმი. თუ მუშაობს – ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ განათლების სამინისტრო მხარს დაუჭერს ამ კურიკულუმის შეტანას საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში.

 

ჩემი ღრმა რწმენით, სოციალურ-ემოციური სწავლება უწყვეტი უნდა იყოს და არა ერთჯერადი. ამიტომ, შორს მიმავალი გეგმები თუ გაინტერესებთ – ვფიქრობთ, 8-11 კლასებშიც დავნერგოთ სოციალურ-ემოციური სწავლების გაკვეთილები – წელიწადში 3-3 გაკვეთილი „ბუსტერის პრინციპით“, რომელიც გაამაგრებს მე-7 კლასში მიღებულ ცოდნასა და უნარებს.

ასევე სასარგებლო იქნებოდა, ემოციებთან შეხების ელემენტარული ჩვევების განვითარება უფრო ადრეულ ასაკშიც დაწყებულიყო, მაგ. 5-6 წლის ასაკიდან. ასეთი პროგრამებიც არსებობს. ესენი აგებულია როლურ თამაშებზე, სხვადასხვა ისტორიის, ზღაპრის გარჩევაზე და ამდენად, მორგებულია ბავშვის განვითარების დონეს. ამაზე ცოტა ადრეა საუბარი, ჯერ საპილოტე პროექტი გვაქვს გასაკეთებელი. აქვე მადლობა მინდა, გადავუხადო პროექტის ძირითად სპონსორს – აშშ საელჩოს და აგრეთვე რე|ბანკს და თიბისი ბანკს ფინანსური მხარდაჭერისათვის.

 

მასწავლებელი on facebook

0

ფეისბუქი პირველი და უკანასკნელი სოციალური ქსელია, რომელსაც შევეთვისე და სახლად ვიქციე. მანამდე, როცა ყველა რუსულ ოდნოკლასნიკებში იყო, მასზე უარს ვამბობდი. მერე დავრეგისტრირდი ტვიტერზე, გუგლ პლუსზე, ინსტაგრამზე, მაგრამ ვერცერთს ვერ შევეწყვე და ყველა დავივიწყე. ფეისბუქთან მაკავშირებს უთვალავი თავგადასავალი, ახალი თუ აღდგენილი ნაცნობობა; ფეისბუქით მომიგვარებია უამრავი პრობლემა, დამიგეგმავს მნიშვნელოვანი პროცესები, მიმიგნია უამრავი სიახლისთვის. აქ აქტიურად გამოვხატავ საკუთარ თავს, ვწერ ყველაფერზე, რაც მაღელვებს და მიხარია, ვაკომენტარებ ჩემთვის საინტერესო თემებს, ვეხმიანები ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. ეს ყველაფერი ბევრ დროსაც მართმევს და თან მიზოგავს კიდეც დროს. ფეისბუქი ჩემი ტელევიზიაც არის, გაზეთიც, ფოსტაც, ტელეფონიც, გასართობი კლუბიც, მოკლედ – სრული თვითრეალიზაცია. აქ შინ ვარ. აქ ძირითადად ის ვარ, რაც ვარ. რასაკვირველია, კი ვცდილობ, როგორც ყველა, უფრო ლამაზი, უფრო ნათელი და საინტერესო წარმოვჩნდე, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, სხვაობა რეალურ მაკასა და ფეისბუქპროფილზე წარმოდგენილს შორის მინიმალურია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენს განვითარებად ქვეყანაში თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის პრობლემა უმრავლესობას აქვს. ფეისბუქმა ეს დანაკლისი შეგვივსო. ფეისბუქი ცოდნის გასამდიდრებლადაც უნიკალური არხია. უამრავი მწერალი, მეცნიერ-მკვლევარი და უბრალოდ საინტერესო ადამიანი აქ აქვეყნებს ფასდაუდებელ შემეცნებით რესურსებს, რომლებიც განათლებას გვიმრავალფეროვნებს და გვაძლევს შთაგონებას უამრავი სიახლის აღმოსაჩენად თუ შესაქმნელად.

თუმცა თვითგამოხატვაც არის და თვითგამოხატვაც. ფეისბუქის პროფილზე შეიძლება ბევრნაირ უსიამოვნებასა და სკანდალში გაეხვიო, გქონდეს არასასურველი, უხეში, არაკორექტული პოლემიკა, რადგან აქ ხალხი თავს უფლებას აძლევს, ხან დაფარული, ხან კი ღია პროფილებით დაუბრკოლებლად გამოხატოს აგრესია, ილაპარაკოს უხამსად. ყველა როდი იცავს ცივილიზებული კაცობრიობის მიერ მიღებულ სტანდარტებსა და ღირებულებებს.

ხშირად გვქონია პოლემიკა ფეისბუქზე მასწავლებლის პროფილთან დაკავშირებით. ძირითადად თავს იჩენს ორი პრობლემა: 1. უნდა დაიმეგობროს თუ არა მასწავლებელმა თავისი მოსწავლეები და მათი მშობლები და 2. მოსწავლეებთან მეგობრობის შემთხვევაში აქვს თუ არა მასწავლებელს ფეისბუქზე ისეთი კონტენტის გამოქვეყნების უფლება, რომელსაც სასკოლო გარემოში, მოსწავლეებთან არ გააზიარებდა.

ორივე საკითხზე არსებობს ურთიერთსაპირისპირო პოზიციები. ზოგი კატეგორიულად გამორიცხავს მასწავლებლისა და მოსწავლეების მეგობრობას სოციალურ ქსელში, ხოლო მისი დაშვების შემთხვევაში მოითხოვს უმკაცრეს თვითცენზურას და ავალდებულებს მასწავლებელს, არამც და არამც არ გამოაქვეყნოს ფეისბუქზე იმგვარი შინაარსის რამ, რასაც საკლასო ოთახში ვერ აჩვენებდა ან წააკითხებდა მოსწავლეებს.

მოდი, კიდევ ერთხელ გავხსნათ დისკუსია ამ თემაზე და პოზიციები შევაჯეროთ. დავიწყოთ იმით, უნდა დავიმეგობროთ თუ არა მოსწავლეები, მივცეთ თუ არა მათ შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ ჩვენს აქტივობებს. მე პირადად სასწავლო პროცესი ვერც კი წარმომიდგენია ფეისბუქის გარეშე (შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ან დაფარულ ანგარიშს შევქმნი, ან ორი ანგარიში მექნება, რადგან როგორც ერთი ვარ ცხოვრებაში, ისევე ერთი პროფილით უნდა ვიყო სოციალურ ქსელშიც). ფეისბუქს აქტიურად ვიყენებთ კოლეგებსა და ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის, კლასებთან სწრაფი და მოქნილი კომუნიკაციისთვის, მშობლებთან მიმოწერისა და პრობლემებზე დროული რეაგირებისთვის. წარმოუდგენელია, რომ თუნდაც როგორც დამრიგებელმა, სატელეფონო კავშირით შევძლო კლასის საჭიროებების მართვა. ფეისბუქზე კლასის ჯგუფი და მესენჯერი საამისოდ საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, ფეისბუქით ვგზავნი რესურსებს, ვიღებ უკუკავშირს, მოსწავლეთა ნაშრომებს. ფეისბუქის მესენჯერი თიმსთან ერთად ამ მხრივაც ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევს. ამ სიკეთეებს ვერაფერი ჩაანაცვლებს, ამიტომ მოსწავლეთა და მათ მშობელთა დამეგობრება ჩემი არჩევანიც კი არ არის – აუცილებლობაა, გარდაუვალი აუცილებლობა. სხვაგვარად დაიხშობა სასიცოცხლოდ აუცილებელი საკომუნიკაციო სივრცეები.

მივუბრუნდეთ მეორე საკითხს.

ფეისბუქზე ხომ ვეხებით თანამედროვე ყოფის ყველა სფეროს, ყველა თემას. დავიწყოთ პოლიტიკით. მასწავლებელი ამომრჩეველია და, რასაკვირველია, ჰყავს თავისი რჩეული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნდობას უცხადებს, ხმას აძლევს არჩევნებზე. მეტიც, მასწავლებლები ძირითადად პოლიტიკურად აქტიური ნატურები ვართ, რადგან ჩვენი აქტიური ცხოვრების წესი საზოგადოების ყველა სფეროსთან გვაახლოებს. სკოლა აბსოლუტურად დეპოლიტიზებული დაწესებულებაა. მოსწავლეებთან მასწავლებელი აპოლიტიკურია. ეს აქსიომაა! საგაკვეთილო პროცესი თავისუფალია პოლიტიკური თემებისგან. ფეისბუქზე კი მასწავლებელს სურს გამოეხმაუროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლნებს. მე პირადად სკოლის მერხიდან აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან დაიწყო ჩემმა თაობამ პოლიტიკაში აქტიური ჩართვა და ახლა ამას რა შეცვლის, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, არაფერი. პოლიტიკურ არენაზე მყავს მეგობრები, ნაცნობები, რომელთაც, რასაკვირველია, აქტიურად ვეკონტაქტები, ჩვენ შორის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აზრთა გაზიარება. უამისოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. იმის გამო, რომ მეგობრებში მოსწავლეებიც მყავს, საკუთარი შეხედულებების გამოხატვაზე უარს ვერ ვიტყვი. და ვფიქრობ, სავსებით ნორმალურია, ამ პროცესს თვალს ადევნებდეს ჩემი მოსწავლე, რადგან უმჯობესია, მან გამიცნოს არა მხოლოდ როგორც გაკვეთილზე მყოფი ნეიტრალური ფიგურა, უცხო და შორეული, არამედ როგორც სოციალურად აქტიური პერსონა, ადამიანი თავისი ვნებებით, ინტერესებით, თვალსაზრისებით, ავითა თუ კარგით. მთავარია, მოსწავლემ არ ნახოს, რომ მისი მასწავლებელი, რომელიც უსათუოდ ავტორიტეტი უნდა იყოს მისთვის, არის უკულტურო, უცენზურო, არაკორექტული, აგრესიული, ჰომოფობიისა და ანტიჰუმანიზმის ადეპტი, მიკერძოებული, სწორხაზოვანი და ტოლერანტობისგან დაცლილი. მე მირჩევნია, მოსწავლემ მნახოს არა სტერილური, უგრძნობი, უემოციო, უპოზიციო, არამედ მიხილოს ჩემი ადამიანური ვნებებით, სატკივრით, არჩევნით, გემოვნებით, ხედვით, რომელიც შესაძლოა მისი და მისი ოჯახისას არ თანხვდებოდეს, მაგრამ უსათუოდ იმსახურებს პატივისცემას, ისევე როგორც მისი და მისი ოჯახის განსხვავებული პოზიციები იმსახურებს უპირობო პატივისცემას ჩემგან. მყოლია პოლიტიკურად მტრულ ბანაკებს შორის მყოფ ოპონენტთა შვილები მოსწავლეებად, მაგრამ ვერავინ ვერასდროს წამომაძახებს, თითქოს ამას უარყოფითი გავლენა მოეხდინოს მოსწავლესთან ან მშობელთან ჩემს ურთიერთობაზე. პირიქით, მეტი პატივისცემა, გულისხმიერება და ურთიერთგაგება გვქონია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პიროვნებების შვილებთან. მე არ მრცხვენია ჩემი პოლიტიკური არჩევანის. კარგად მაქვს გააზრებული, ვის რატომ ვირჩევ, რას მოვითხოვ, რას ვაპროტესტებ, რას ვეთანხმები. ვიმეორებ, სავსებით ნორმალურია, რომ მოსწავლე ჩემს შეხედულებებს კითხულობდეს, იაზრებდეს, აანალიზებდეს და მიღებდეს ისეთს, როგორიც ვარ, ისევე როგორც მე ვიღებ მას უპირობო სიყვარულით, განურჩევლად იმისა, რომელ ბანაკს ეკუთვნის მისი ოჯახი და გარემო. მირჩევნია, მოსწავლეს ვასწავლო განსხვავებულის მიღება, პოლემიკისა და კონსტრუქციული დებატების კულტურა, ვიდრე გავასაიდუმლოო საკუთარი ხედვა.

არჩევნებისა თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების დროს ჩემი კედელი ფეისბუქზე შესაძლოა მეტისმეტად პოლიტიზებული იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამით არაფერს ვავნებ ჩემი მოსწავლეების ფაქიზ აღმქმელობას. ბოლო დროს ფეისბუქზე საკვირველ აგრესიას ვაწყდები, რასაც ძალიან განვიცდი ხოლმე. თუკი მკვახე და უსიამოვნო საუბარში გადაიზრდება პოლემიკა განსხვავებული გემოვნების გამო, ვფიცავ, არასდროს ამის ინიციატორი მე არ ვარ. ხშირად მინახავს, რომ ადამიანი გადადის ჩემს პროფილზე, ნახულობს, რომ ვარ პედაგოგი და იწყებს საუბარს ჩემს პროფესიასა და პროფესიონალიზმზე. ვფიქრობ, უკიდურესი სიბნელეა მსგავსი დამოკიდებულება, რადგან განსხვავებული ხედვა არ გვაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ადამიანი თავის პროფესიაში უვარგისია. არასდროს, არასდროს შემიტანია ეჭვი ადამიანის პროფესიულ კომპეტენციაში იმის გამო, რომ ჩემგან განსხვავებული ხედვა ჰქონია.

ერთხელ საარჩევნო პერიოდში სასურველი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერი ტექსტი გამოვაქვეყნე და ცნობილი პროფესორი ისე აგრესიულად და არაკორექტულად დამესხა თავს, გაოგნებული დავრჩი. როცა კი თავად გამოხატავდა საკუთარ შეხედულებებს თავის კედელზე, არასდროს აზრად არ მომსვლია, მიმეთითებინა, რომ ეს დაუშვებელი, მიუღებელი ან აკრძალული იყო. რა ჯურის ადამიანებისგან არ მიმიღია შენიშვნა, არ გამომეხატა ჩემი პოლიტიკური სიმპათიები, ვინაიდან მასწავლებელი ვარ. ჩემი არჩევანი ქვეყნის ღალატად და რენეგატობადაც კი შეურაცხავთ. ერთი ტელევიზიის შეფმა, ყოფილმა მეგობარმა, ერთხელ სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადა იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერი თვალსაზრისი გამოვთქვი. უკაცრავად, მაგრამ სოციალურ ქსელში მე თავისუფალი მოქალაქე ვარ, თვითგამოხატვის სურვილით. ის, რომ ვიღაცას თანავუგრძნობ და შესაძლოა თანამებრძოლადაც ვთვლიდე თავს, არც დანაშაულია და არც დასაძრახი ქცევა. აქ გაკვეთილზე არ ვარ. ვერავინ ამიკრძალავს თავისუფალ თვითგამოხატვას და ვისაც უნდა, ჰკითხოს ჩემს მოსწავლეებს, ოდესმე რომელიმეს ინტერესი სულ ოდნავ მაინც თუ დამიზიანებია ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ყოფილა შემთხვევა, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი მწვავედ გამიკრიტიკებია, მაგრამ ესეც ჩემი უფლებაა და თვითგამოხატვას ვერავინ შემიზღუდავს.

თუ ჩემი მოსწავლეები დაინახავენ, რომ მათი მასწავლებელი – მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას მათი ოჯახებისგან განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია – ობიექტურია, სამართლიანი, აქტიური, სტკივა, აღელვებს გარშემო არსებული სინამდვილე, იბრძვის თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რა არის აქ დასაფარავი და მისაჩუმათებელი? ხოლო თუ სტერილურად გავზრდით ჩვენს მოსწავლეებს და არ ვასწავლით მათ, რომ არსებობს სამყაროს მრავალგვარი ხედვა და რომ ადამიანები ბევრი რამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, თუმცაღა საერთოც ბევრი გვაქვს, ჩვენ მივიღებთ არა თანამედროვე ცივილიზაციის გამოწვევებისთვის მომზადებულ მოქალაქეს, მაღალი თვითშეგნებითა და ღირებულებებით, არამედ ჩაკეტილ, სტერილურ, პასიურ, თავდაჯერებას მოკლებულ ადამიანს, რომელსაც თანამედროვე რეალობაში ოპერირების უნარი არ გააჩნია.

ძალიან მინდა, შემეკამათონ არგუმენტებით, მაგალითებით, პოზიტიური განწყობით და არა ჩაქოლვისკენ მოწოდებით, მოღალატედ შერაცხვით. სამყაროს მორალისტები აშავებენ და არა თავისუფლად მოაზროვნეები. ორიოდე წლის წინ ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა, რომელსაც ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდა, მომწერა, რომ ჩემი პოსტები მას სიცოცხლეს უმწარებდა და ამ ერთმა ფრაზამ დაასრულა ჩვენი მეგობრობა. მტკივნეული იყო, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ ჩანდა. მას არ შეეძლო მივეღე ისეთი, როგორიც ვარ, ხოლო მისნაირი ვერაფრით გავხდებოდი, თუნდაც მსხვერპლი ჩემთვის უძვირფასეს ადამიანთან ურთიერთობის დათმობა ყოფილიყო. მეც არ ვეთანხმებოდი მის შეხედულებებს, მაგრამ სიცოცხლეს არ მიმწარებდა გააზრება იმისა, რომ ჩემს მეგობარს სხვა ხედვა ჰქონდა. მოდით რა, დიდებმაც და პატარებმაც ვისწავლოთ განსხვავებული აზრის პატივისცემა და ამით მოგვარდება მთელი სპექტრი პრობლემებისა, რომელთა გამოც ჩვენი ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის შეფერხებული.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...