შაბათი, მაისი 17, 2025
17 მაისი, შაბათი, 2025

უკაცრავად, თქვენ პარაცელსუსი ხართ?

0

(ადრინდელი ამბის გახსენება)

რვა წლის ასაკიდან ახალი წელი აღარ მეხალისება. აუცილებლად გადასაგორებელი ღონისძიებების სიაში მაქვს გადატანილი. სულ ვცდილობ, გავიგო, რას ვულოცავთ ერთმანეთს. კი ბატონო, სიახლეებს, ახალ განწყობას, ახალ იმედებსო, მეტყვით. ჰო, მაგრამ არ ვიცით, ეს ახალი რა იქნება და წინასწარ ისიც არ ვიცით, მოსალოცად გვექნება საქმე, თუ არა. ალბათ უფრო ლოგიკურია გასული წლის მშვიდობიანად დამთავრება აღნიშნოს ადამიანმა, თუმცა, კაცია და გუნება.

შარშანდელი ახალი წელი ხომ გახსოვთ. ტრადიციული აჟიოტაჟი და ყიჟინა იდგა. შუშხუნებსაც ჩვეულებრივად უშვებდნენ, თუმცა, ერთი რამ გამოგვრჩა… 2020 წელი დგებოდა…

დიახ, საშინელი წელი, რომელმაც დედამიწა გააჩერა. უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ეკონომიკა დაანგრია, შიშს აყოლილი ადამიანები კიდევ უფრო შეაშფოთა, სახლებში გამოგვკეტა და ნიღბებიც აგვაფარა.

მე ამ ვირუსის არც თავიდან შემშინებია და არც ახლა მეშინია. „არ მეშინია“ ნიშნავს, რომ სახლში ახალი ამბების მოსმენისას ვერ ვიცახცახებ. ვერც ქუჩაში ვივლი შფოთვით, რადგან, რაც მოსახდენია, მაინც მოხდება და შიშით შეიძლება ყველაფერი კიდევ უფრო დავამძიმო. გარდა ამისა, საკუთარ თავზე რამდენჯერმე მაქვს გამოცდილი, რომ რაც მეტად გეშინია კონკრეტული რამის, ის რაღაც უეჭველად თავს გადაგხდება. ამიტომ, თავს პირობა მივეცი, რომ არასოდეს აღარაფრის შემეშინდება და თუ მთლად „უშიშარი ვითარცა უხორცო“ ვერ გავხდები, საშუალო დონის „უშიშრობა“ მაინც ვაიძულო თავს.

თუმცა…

„არ მეშინია“ არ ნიშნავს ბედის გამოცდას და სიფრთხილე ყოველთვის მნიშვნელოვანია.

რა, ქიმიურ ლაბორატორიაში არ უნდა იფრთხილო?

საჭესთან ყოფნისას არ უნდა იფრთხილო?

ქუჩაში ფეხით სიარულისას არ უნდა იფრთხილო?

პაციენტის მკურნალობისას არ უნდა იფრთხილო?

ექიმის შერჩევისას არ უნდა იფრთხილო? (შეიძლება ისეთს გადაეყარო, სისხლში კალციუმის ნორმალურ დონეს ვერ არჩევდეს).

აღელვებულ ზღვასთან თამაშისას არ უნდა იფრთხილო?

და ასე უამრავი „არ უნდა იფრთხილოს“ ჩამოთვლა შემიძლია.

ზუსტად ასევე, აუცილებელია სიფრთხილე ვირუსებთან და პათოგენებთან. ოღონდ, მათ გააქტიურებამდე გაცილებით ადრე უნდა იმოქმედო. მე იმუნიტეტის გაძლიერებაზე ვსაუბრობ და თუ ვირუსი ადამიანის ორგანიზმში მაინც მოხვდება, ის მისივე იმუნიტეტმა უნდა „შეჭამოს“. იმუნიტეტზე ზრუნვას კი ხანგრძლივად და მუდმივად მუშაობა სჭირდება.

ერთი უცხოური არხის ყურებისას იაპონელი ექიმების მიერ ჩატარებულ კვლევებზე ჰყვებოდნენ. ახალი კორონავირუსის შედეგად დაღუპულ ადამიანებს მიკროელემენტ თუთიის ნაკლებობა აღენიშნებოდათ. ამ რისკჯგუფში ყველაზე მეტად მძიმე წონიანი და დიაბეტიანი ადამიანები ყოფილან. სხვათა შორის, დიაბეტის ზოგიერთი ფორმის დროს ვითარდება ცინკურია, ანუ ორგანიზმიდან შარდით თუთია ირეცხება.

თავად სახელწოდება მიკროელემენტი გვეუბნება, რომ მისი მიღება მიკროდოზებით არის აუცილებელი და ეს დღე-ღამეში 15მგ-ს შეადგენს.

თუთია, როგორც კოფაქტორი, შედის რამდენიმე ასეული ფერმენტის შემადგენლობაში. ეს ფერმენტები ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში მონაწილეობენ. ამიტომ, თუთია ადამიანის საკვების შეუცვლელი კომპონენტია. ჰორმონი ინსულინი პანკრეასის უჯრედებში გროვდება თუთიასთან წარმოქმნილი კომპლექსის სახით.

თუთია მონაწილეობს ენისა და ცხვირის ღრუს რეცეპტორების მიერ გემოსა და სუნის შეგრძნების აღქმაში.

რამე გეცნოთ? ახალი კორონა ვირუსის ერთ-ერთი ინდიკატორი ხომ სწორედ ეს არის – გემოს და ყნოსვის შეგრძნების დაკარგვა.

ამ მეტალს, შესაბამის ფერმენტებთან ერთად, შეუძლია ვირუსის რნმ-ის რეპლიკაციის დათრგუნვა. ანუ, ვირუსის გამრავლების ბლოკირება. ასევე ორგანიზმში თუთიის ერთ-ერთი ფუნქცია ჩვენი დნმ-ის სტაბილიზაციაა.  თუთიადამოკიდებული ფერმენტების ერთი ქვეჯგუფი კი ქსოვილიდან ნახშირორჟანგს იღებს და ხელს უწყობს გაზთა ცვლას. თუთია ჰემოგლობინის სინთეზშიც მონაწილეობს. ღვიძლში ფერმენტებს ააქტიურებს, რომლებიც, თავის მხრივ, დეტოქსიკაციაში მონაწილეობენ. თუთიადამოკიდებული ფერმენტები კოლაგენის სინთეზს ააქტიურებენ, რაც ჯანმრთელ და ახალგაზრდა კანს ნიშნავს.

თუთიის შემცველობის მიხედვით ჩემპიონი პროდუქტი ხამანწკებია, ნორმის მისაღებად დღეში მხოლოდ 16 გრ. პროდუქტია საჭირო. თუმცა, ჩვენს რეალობაში ხამანწკები მეეჭვება ყოველდღიური მენიუს შემადგენლობაში ჩავრთოთ. შემდეგი საქონლისა და ფრინველის ღვიძლია, დღიური ნორმაა 100გრ. ბუნებრივია, ხორცის შემადგენლობაშიცაა, რადგან თუთია 300-ზე მეტი ფერმენტის ნაწილია. ფერმენტი კი ცილას წარმოადგენს, რომელიც ხორცში დიდი რაოდენობითაა.

მცენარეული პროდუქტებიდან ყველანაირ ბურღულეულში, ასევე ხორბლის ღივებში გვხვდება, ეს უკანასკნელი დღიურად 121გრ. არის აუცილებელი. არის წითელ ლობიოში, ზღვის კომბოსტოსა და ოსპში, შეიცავს გოგრის თესლი (დღიურად ერთი ჩაის კოვზია საჭირო).

თუმცა, მცენარეულ წყაროში შედიან ფიტინის მჟავას წარმოებული ფიტატები. ეს უკანასკნელნი ელემენტებთან და მათ შორის, თუთიასთან მყარ კომპლექსნაერთს წარმოქმნიან. ამის გამო, თუთია მცენარეული წყაროდან მთლიანად ვერ შეიწოვება. შედარებით გამონაკლისს გოგრის თესლი წარმოადგენს და სტატიის წერისას სწორედ მისი კნაწუნით ვარ გართული. სხვათა შორის, თუთიას, ადამიანების არ იყოს, თავისი პატარა მტერიც ჰყავს, მარტივი შაქარი, გლუკოზა. ეს კი ნიშნავს, რომ ბევრი ტკბილის მიღება თუთიის შეთვისებას ბლოკავს.

ასევე ცუდად შეითვისებს ორგანიზმი კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობისას.

მოდით, კორონავირუსს შევეშვათ და უბრალოდ, წარმოვიდგინოთ ქალი, რომელსაც თუთიის დეფიციტი აქვს.

ფრჩხილები დაბზარული და თეთრი წერტილებით სავსე ექნება (ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში). ეს ფრჩხილის ლაქის ქვეშ სულ იოლად დაიმალება, არა? ტუჩის კუთხეები დაუწითლდება და შესაძლოა ნახეთქებიც გაუჩნდეს. თუმცა, ესეც იოლი დასამალია ნიღბის ქვეშ.

კიდევ?

გემოს შეგრძნებას დაკარგავს.

მადა გაქრება და ასეთი ქალბატონი უეჭველი ერთ ათეულ კილოგრამს მაინც დაემშვიდობება. ჭარბწონიანობისას შეიძლება ეს სიმპტომი კარგიც იყოს, თუმცა ნორმალური წონის ადამიანისთვის უკვე საგანგაშოა.

აკნე, ეგზემა, დერმატიტები იჩენს თავს, ძნელად შეხორცდება ჭრილობები (თუმცა, ამ უკანასკნელთ ბევრი სხვა გამომწვევი მიზეზიც აქვს).

თუთიის დეფიციტისას ვიტამინ A-ს შეთვისება მცირდება. თმები ცვენას იწყებს, თუმცა, ესეც არ არის პრობლემა, დაგრძელებაა შესაძლებელი.

მიხვდით, ალბათ… ყველაფრის შენიღბვაზე მსუბუქი ირონიით ვწერ. თუმცა, არსებობს ისეთი საგანგაშო ნიშნებიც, რომელთა შენიღბვა შეუძლებელია. მაგ. ორგანიზმის თავდაცვის უნარის მკვეთრად შესუსტება.

ახლა ზემოთ ნახსენები შიში გავიხსენოთ. რა არის შიში? სტრესული მდგომარეობა. სტრესის გრძნობას სტეროიდული ბუნების ჰორმონი კორტიზოლი იწვევს. ის თირკმელზედა ჯირკვლის გარეთა შრეში გამომუშავდება და თუთიის მოქმედებას ბლოკავს.

გარეთ ზამთარი უკვე იგრძნობა. ზამთარში დაბადებული, ზამთარს ვერ ვიტან. რაღაცნაირი სევდა მიპყრობს. არც ზამთრის თბილისი მიყვარს, ტატოს ვეთანხმები და ვფიქრობ, რომ სიცივეში „თბილისი ქალაქია სევდისა და ჯავრის აღმძვრელი”. ახლა ეს სევდა ერთი-ორად მომატებულა და ზოგჯერ გარეთაც იპარება. თუმცა, ჯიუტად მაინც უკან ვაბრუნებ, რადგან ხალხს შენი განწყობა არ აინტერესებს, ხალხს ყოველთვის მოღიმარი სჭირდები.

ფეხით მივდივარ, სხვა რა გზა მაქვს, არაფერი მოძრაობს. სახეზე ნიღაბი მაქვს აფარებული და ზამთრის სუსხი მხოლოდ ლოყების დაუფარავ ნაწილზე მხვდება. ჩემს წინ კვლავ ვიღაც კაცი მიდის. იქნება ასე 70 წლის. ისიც მისეირნობს.

-ჰმ, გარეთ გამოსულა, არ ეშინია… ჩემდა უნებურად მიელვებს თავში.

სწრაფი სიარული მჩვევია, უცებ ჩამოვიტოვებდი უკან, მაგრამ მინდა, კარგად შევათვალიერო. ჯერ ოდნავ გავუსწრებ, მერე მოვტრიალდები და ცოტა ხანს უკან გავყვები. სრული ტანისაა, მაღალი არ ეთქმის, ნიღაბი მთელ სახეს უფარავს და მხოლოდ მკაცრად მომზირალი თვალები ჩანს. ვერც კი ამჩნევს, რომ ათვალიერებენ. მე კი მინდა, მივიდე და ვკითხო:

– უკაცრავად, თქვენ პარაცელსუსი ბრძანდებით? როგორ უმკურნალეთ ქოლერის ეპიდემიას საფრანგეთში? მაშინ რით იცავდით თავს?…

არ ვეკითხები. ვერ გაიგებს, იუარებს, შეგეშალათო, და მთელი დღის განმავლობაში მოჰყვება, ამ მართლაც უცნაურ დროში, რა უცნაურობა დასჩემდა ხალხსო.

თქვენც რამე რომ არ დამწამოთ, გეტყვით, რომ პარაცელსუსი ალქიმიკოსი იყო. ეს სახელიც ფსევდონიმად აქვს აღებული, თორემ ისე ფილიპ აურეოლ თეოფრასტუს ფონ ჰოჰენჰეიემი ერქვა. მეათე საუკუნის იტალიელ ექიმს ავლუს კორნელიუს ცელსს ეჯიბრებოდა და ამტკიცებდა, მასზე აღმატებული ვარო. ჰოდა, დაირქვა პარაცელსუსი, ანუ ცელსზე აღტაცებული. ფილოსოფიურ ქვად თუთიას, სუფრის მარილს და წყალს ცნობდა…

პარაცელსუსზე ადრე უკვე დავწერე  უკაცრავად, თქვენ პარაცელსი ბრძანდებით?..თუმცა, მომკალით და დღესაც შემხვდა ქუჩაში.

მომეჩვენა ვითომ? არადა, შეიძლება, მართლაც პარაცელსუსი იყო, დროსა და საუკუნეებში ჩაკარგული, თავადაც, რომ აღარ ახსოვს ვინ არის.

 

სწავლის მოშინაურება

0

მე დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვარ. 1-4 კლასელ ადამიანებთან ვურთიერთობ და მუდმივად იმის ფიქრში ვარ, როგორ დავაჭერინო ამ პატარა ასაკის ადამიანებს   „სწავლის ხიბლი“.

დისტანციური სწავლება რომ შედგეს, საჭიროა მასწავლებლები მარტონი არ დავრჩეთ ეკრანის წინ. ახლა როგორც არასდროს, მინდობილნი ვართ ოჯახებზე და, რა თქმა უნდა, მოსწავლეებზე, რომ შემოგვიერთდნენ და სასწავლო პროცესი არ ჩავარდეს.

აქტიურად მეფიქრება ბავშვების განწყობაზე, მოტივაციაზე, ემოციებზე და ასევე, ოჯახის, მშობლების ემოციურ მდგომარეობაზე, შვილისადმი თანაგრძნობისა და გაგების გამოხატვასა და მიდგომებზე.

 

ამჟამად პირველკლასელ ადამიანებთან და მათ ოჯახებთან ვთანამშრომლობ და ასევე, აქტიური ურთიერთობა მაქვს მე-3 და მე-4 კლასელებთან.

მინდა, ჩემი წარმატებული გამოცდილება და მიდგომები გაგიზიაროთ, რამაც დადებითად იმოქმედა მოსწავლეთა განწყობასა და სასწავლო მოტივაციის შექმნაზე და შესაბამისად, პოზიტიური და შემართებული გახდა მათი ოჯახების განწყობაც.

სწავლება, რომელიც ახარებს მოსწავლეებს!”

მუდმივად თავში მიტრიალებს ეს წინადადება, თავისი არსით, მიზნით, შემდეგ ფიქრებში რომ წარმოვიდგენ ბედნიერღიმილიან მოსწავლეებს, უფრო მეტად მომწონს!

ჩემი აზრით, კარგი მასწავლებელი მაშინ ხარ, როდესაც, გაკვეთილზე ყველა მოსწავლის გახარებას, გაღიმებას შეძლებ!

ამას კი შევძლებთ მაშინ, როცა არა საკუთარ, არამედ მოსწავლის ინტერესებზე ვიფიქრებთ!

ამ „ჩაქუფრულ” სამყაროში მასწავლებლის ყველაზე დიდ მიღწევად მისი ქმედებებითა და დამოკიდებულებებით გახარებული მოსწავლეების სიმრავლე მიმაჩნია!

მოვიშველიებ ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებლის, შალვა ამონაშვილის სიტყვებს:

„ამ ახალ თაობას როგორი პედაგოგიკა უნდა? გამოადგებათ თითის ქნევის პედაგოგიკა, ნიშნების პედაგოგიკა? აბა გაკვეთილი მომიყევიო, ამის პედაგოგიკა გამოადგებათ?  არა!  ახალ ბავშვს ახალი პედაგოგიკა უნდა. ახალი პედაგოგიკა წიგნებში კი არ არის, მასწავლებლის სულსა და გულშია“.

სინამდვილეში, უფრო მარტივი მგონია გულწრფელ, ურთიერთგაგებაზე დაფუძნებული სწავლა-სწავლების პროცესი!

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამჟამად, პირველი კლასის მასწავლებელი ვარ. ყოველ ჯერზე, როდესაც მათ ნაშრომებს ვეცნობი, გული და სული ამაღლებული განწყობით მევსება: პატარა ხელებით, მრავალფეროვანი, დაუსაზღვრავი აზროვნებითა და ფიქრებით, ყოველდღე რაღაც მნიშვნელოვანს რომ ამატებენ საკუთარ შესაძლებლობებს. პატარა ხელებით შექმნილი ნაშრომები მუდმივად მახსენებს, რომ

„1+0″-ითა და ,,აი ია”-თი დაწყებული მნიშვნელოვანი წარწერების ფასი გაცილებით მაღალია, ვიდრე მხოლოდ გულგრილად  დაწერილი „საშინაო დავალება”.

ყველა ჩვენგანი ხომ სწორედ აქედან მოვდივართ. ასე ვიწყებთ და შემდეგ გრძელდება…

ამიტომ:

პირველი და უმთავრესი, პოზიტიური ურთიერთობისთვის არის ის, რომ არ დავივიწყოთ, რომ ერთ დროს ჩვენც ვიყავით მოსწავლეები, ჩვენც ვცდილობდით, ჩვენთვისაც იყო ბევრი სირთულე, დაბრკოლება, ნუ დავივიწყებთ იმდროინდელ ემოციებსა და ფიქრებს და თანაგრძნობა და გაგებაც თავისთავად მოვა!

დღევანდელი სამყაროს „ჩამუქებულობა” თანმდევი უსიამოვნო, დაუნდობელი, უიმედო, გულსატკენი, იმედგამაცრუებელი ფაქტორებით, უფრო მეტად უნდა გვიბიძგებდეს მასწავლებლებს, გავხდეთ ჩვენი მოსწავლეების საყრდენი, თანამგრძნობი, გამზიარებელი.   შევცვალოთ, შევამსუბუქოთ, გავალამაზოთ, გავამარტივოთ, ძვირფასი გავხადოთ ყველაფერი ის, რაც სიმძიმის, დამთრგუნველობის მატარებელია.

მეორე უმთავრესი რამ აღმოვაჩინე:

ჩემი აზრით, ბავშვებს პატარაობიდანვე უნდა გავაცნობიერებინოთ საკუთარი დანიშნულების, მიზნების, გეგმების აღქმა. დაე, ისმენდნენ ჩვენგან გამამხნევებელ შეძახილებს, რომ „მათაც აქვთ საქმე, რასაც აუცილებლად გაუმკლავდებიან, შეძლებენ!”  პატარაობიდანვე იცოდნენ, რომ „ჰაერიდან“ არაფერი ცვივა, დაუმსახურებლად არაფერი გვეძლევა!

ყველა ასაკს აქვს თავისი შესაფერისი საქმე და ეს ფაქტი სულაც არ არის ცუდი და მოსაწყენი.

პირიქით!

მახსოვს, როცა ტერმინი „საშინაო დავალება” „სახლის საქმით” შევცვალე, რამდენიმე მშობლისგან პირად შეტყობინებაში შექება მივიღე. ამან მოწონება დაიმსახურა, რადგან დავალება უფრო მძაფრად ჟღერს და აბა, რომელ პატარას უხარია დავალებების მიღება. „სახლის საქმე“ კი ყველა ოჯახის წევრს აქვს. პატარებს კი მუდმივად აქვთ მოთხოვნილება, „დიდური ამბები” მათაც შეეხოთ.

ჩემი აზრით, მასწავლებლები და ოჯახები ძლიერი ვიქნებით მაშინ, როდესაც შევძლებთ, რომ  ჩვენმა ბავშვებმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღონ სწავლით! დიახ, ისიამოვნონ იმ მომენტებით, როცა საკუთარი თავით იამაყებენ – „ეს მე გამომივიდა!”, „ეს მე შევძელი”, „ნახე, რა მაგარი ვარ!” გაბედნიერდებიან ჩვენგან მიღებული შექებით, სიურპრიზითა და ჯილდოთი!

და ამ ყველაფერთან ერთად თანდათან აღიჭურვებიან განათლებით!

სწავლა რაში გამომადგება? –

როცა გავიზრდები, კარგი სამსახური რომ მქონდეს! – პასუხობენ ხოლმე ბავშვები. და ეს პასუხი გაუცნობიერებლად და უგულოდ ჟღერს ამ პატარა ადამიანების ბაგეებიდან, უმრავლესობას სულაც არ უფიქრია ამაზე. რა სამსახური, რა მომავალი, მათთვის ხომ ეს სრულიად აბსტრაქტული და რთულად წარმოსადგენი რამეა. აბა წარმოიდგინეთ, როგორ მიუდგება ადამიანი საქმეს, როცა იცის, რომ ამას აკეთებს რაღაც გაუცნობიერებლისთვის, რომელზე ფიქრიც მისთვის რთულია. უბრალოდ, ასე ესმის უფროსებისგან და ამ პასუხმაც მყარად გაიდგა ფესვები მის გონებაში და ყოველ ჯერზე, კითხვაზე: „რატომ სწავლობ? – ინსტიქტურად პასუხობს, „კარგი სამსახური რომ მქონდეს…“, ან მსგავსი შინაარსის პასუხს სცემს, რომელიც უმეტესად სამომავლო გეგმებითაა დატვირთული. გეგმებით, რომლებიც ისევ უფროსებმა შეუდგინეს…

ბავშვებს „სწავლა უნდა მოვაშინაურებინოთ“. გავაცნობიერებინოთ, დავანახოთ, რომ სწავლა ახლაც ადგებათ ბევრ რამეში, მეტიც, ყველა ბედნიერი წამის, მხიარული და მშვიდი მომენტის მომტანი სწორედ რომ სწავლაა!.. ამ აბზაცის დასაწყისში ჩამოთვლილი არასრული ფაქტორების დაფასება ვასწავლოთ და გავაცნობიერებინოთ, რომ ყველა ის მომენტი, როცა საკუთარი თავით ამაყობ და შენით ხარობენ შენი საყვარელი ადამიანები, ეს  სწავლისგან მიღებული ამჟამინდელი სარგებელია! და რომ ეს შესანიშნავია!

 

 

ბავშვებს ძალიან სჭირდებათ მხარდაჭერა, თანაგრძნობა, გაგება!

რთულია მათთვის დღევანდელი სასწავლო რეალობა. საუბარი მაქვს, განსაკუთრებით, პირველკლასელ ადამიანებზე, რომლებმაც ჯერ ვერც კი გააცნობიერეს, რა ხდება მათ თავს, სახლში არიან და თან სკოლის მოსწავლეები ჰქვიათ. სახლიდან გაუსვლელად აღმოჩნდებიან ხოლმე დილაობით „ვირტუალურ სკოლაში”. მათი თავისუფალი დრო შემცირდა და ეს საქმეებმა დაიკავეს.

უფროსებმა მიდგომები უნდა შევცვალოთ. წახალისებით ყველაფერი გამოვა!

მშობლებო, თქვენ უკეთ იცით შვილის ხასიათი, ჩაეჭიდეთ ძლიერსა და პოზიტიურს, რაც შვილთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ, თუნდაც ამისთვის დაგჭირდეს ჯილდოების, სიურპრიზების გაკეთება, ჯერ ასეა საჭირო. შემდეგ კი შრომა ბავშვებს ჩვევაში გადაუვათ, პასუხისმგებლობაც გაეზრდებათ.

ახლა, როგორც არასდროს, სკოლას ისე სჭირდება ოჯახის თანადგომა!

ბავშვი დღეს თითქმის მთელ დროს ოჯახში ატარებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ოჯახის წევრების დამოკიდებულებები და მიდგომები:

  • გაამხნევეთ, გვერდში დაუდექით. შეგეშალა? არაუშავს, კიდევ სცადე, მეც მეშლება.
  • როგორი რთულია და შენ რა ადვილად დაწერე!
  • როგორ მიხარია, ასეთი შრომისმოყვარე რომ ხარ!
  • ყოველ ჯერზე უკეთესად გამოგდის!
  • ვიცი, რომ ძალიან მოინდომე!
  • შენ ეს გამოგივიდა!

და მსგავსი შექებები აბედნიერებთ ბავშვებს. მუდამ ვუმეოროთ ასეთი რამეები, რომ დაილექოს და ღრმად გაუჯდეთ!

„შეძახილმა ხე გაახარა” – შევცვალე ცნობილი გამონათქვამი, რადგან ღრმად მჯერა, რომ თუ გახმობა შეუძლია, გახარებასაც შეძლებს.

მოუყვანეთ თქვენი მაგალითი. ხომ მუშაობთ? მანაც უნდა იშრომოს და შრომით მიიღოს ის ყველფერი, რაც მას აბედნიერებს. აქედანვე დავაფიქროთ და ჩავუნერგოთ, რომ მცირე სასიკეთო ქმედებაც დაუფასდება. თუ დროს სწორად გაანაწილებს, ნახავს, რომ თამაშის დროც დარჩება და ამის შემდეგ კი ოჯახის წევრების გახარებასაც შეძლებს, შექებას დაიმსახურებს, მისით იამაყებენ. ჯილდოებსა და სიურპრიზებსაც ნუ მოაკლებთ, ეს უფროსებსაც გვიყვარს და გვახარებს და პატარებს ხომ საერთოდ.

მოგიწოდებთ თქვენც და საკუთარ თავსაც:  მოსწავლეებს გავაცნობირებინოთ, რომ სწავლა არ არის მათგან განცალკევებული რამ, რომ დაძალებით, ინერციით ან ვიღაცების ხათრით კი არ უნდა ისწავლონ, არამედ ბედნიერებისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად.  ჯერ გაურკვეველი მომავლისთვის კი არა, ახლანდელი დროისთვისაც კარგი და საჭიროა, რათა მიიღო ის ყველაფერი, რაც ზემოთ ჩამოვთვალე და საკუთარი თავი მეტად შეიყვარო!

ხშირად შევახსენოთ შვილებსა და მოსწავლეებს იმ სარგებლის შესახებ, რომელსაც ისინი ყოველდღიურად სასწავლო პროცესში ჩართულობით იღებენ, ნათლად დავანახოთ მათ განათლების საჭიროება, „მოვაშინაურებინოთ სწავლა”, და განწყობაც ამაღლდება!

 

 

 

ტრეისი ბიკერი და ზედსართავი სახელები

0

ტრეისი ბიკერი 10 წლის გოგოა, ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრობს, რომელსაც „ბავშვთა ნაგავსაყრელს” ეძახის. ხშირად ჩხუბობს და აბუჩად იგდებს სოციალურ მუშაკებს, რომლებიც მის დახმარებას ცდილობენ. ტრეისი ყოველ შაბათს ჯიუტად ელოდება დედას, რომელიც არა და არ მოდის. გოგონა დარდობს და ეს დარდი აუტანელი რომ არ გახდეს, თავის ამბებს წერს, თანაც კარგად, სხარტად და გასაგებად, ისე, რომ ყველა სხვა ბავშვი ერთი ამოსუნთქვით კითხულობს მას.

 

მიხვდებოდით, ტრეისი ბიკერი წიგნის გმირია და მისი თავგადასავალი იმგვარია, ბავშვებს ერთდროულად ბევრ რამეზეც რომ დააფიქრებს და თან ადვილად წაეკითხებათ – ბევრი ნახატით, სევდითა და თავგადასავლით. ტრეისისთან ერთად თავშესაფარში რამდენიმე ბავშვი ცხოვრობს, მათ შორის ჯასტინ ლიტლვუდი, რომელიც გაბედავს და ტრეისის საუკეთესო მეგობარს დაუმეგობრდება. ამის შემდეგ ტრეისის მარტოობა კიდევ უფრო აუტანელი ხდება. ჯასტინი კი მის მტრად იქცევა, რომელსაც ეჩხუბება, სცემს და სახელსა და გვარს შორის სხვადასხვა ზედსართავ სახელს უმატებს იმის მიხედვით, რა ამბავს ჰყვება მასზე და როდის როგორ იქცევა ჯასტინი. ასე გვხვდება სხვადასხვა გვერდზე სხვადასხვანაირი ჯასტინი.

 

ჯასტინ-სულელი-ლიტლვუდი;

ჯასტინ-კირკიტა-ლიტლვუდი;

ჯასტინ-ამრევი-ლიტლვუდი;

ჯასტინ-მეტიჩარა-ლიტლვუდი;

ჯასტინ-შურიანი-ლიტლვუდი;

ჯასტინ-ჩემი მოქიშპე-ლიტლვუდი;

ჯასტინ-ჩემი მეგობრის ქურდი-ლიტლვუდი;

ჯასტინ-შურით დაბრმავებული – ლიტლვუდი;

ჯასტინ-წარმოუდგენლად საძულველი-ლიტლვუდი;

ჯასტინ-არასაიმედო-ლიტლვუდი;

და ასე დაუსრულებლად.

 

ტრეისი ბიკერის წიგნის ქართულად გამოცემა კარგად დაემთხვა იმ დროს, როცა ჩემი შვილი ზედსართავ სახელებს სწავლობდა და ამაზე მარტივად მგონი არასოდეს არაფერი დაუმახსოვრებია – ყველაფერი, რაც ჯასტინ ლიტლვუდის გვარსა და სახელს შორის არის, ზედსართავი სახელია. გვეხმარება უფრო კარგად დავახასიათოთ ადამიანები, საგნები და მოვლენები და ჩვენი მეტყველება უფრო მდიდარი გავხადოთ. ფაქტობრივად, ინსტრუმენტია სამყაროს უკეთ შესაცნობად, იმის განსასაზღვრად, რა როგორია და რას რა სახელი მოუხდება. წიგნი უცბად შეისანსლა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერთობით ჩვენი გამოგონილით თამაშით, რომლის წესებიც უმარტივესია:

 

ვირჩევთ კარგად ნაცნობ ადამიანს და ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი და მის ხასიათთან ახლოს მყოფი ზედსართავი სახელი ჩავსვათ მის სახელსა და გვარს შორის – ტრეისი ბიკერისგან ის განგვასხვავებს, რომ დადებითი კონოტაციის მქონე ზედსართავები სჭარბობს უარყოფითს და ალბათ ბუნებრივიც არის, ჩვენ ხომ ძირითადად მეგობრებზე ვლაპარაკობთ ხოლმე და არა „მოსისხლე მტრებზე” ან „მოქიშპეებზე” და თანაც ვცდილობთ მათი ყველაზე უფრო სახასიათო თვისებები გამოვხატოთ ზუსტად შერჩეული ერთი სიტყვით – მონატრებულ მეგობრებს და ამბებსაც ვიხსენებთ და ენის ოსტატურად ფლობაშიც ვვარჯიშობთ.

 

მადლობა ტრეისი ბიკერ შენი თავგადასავლის ოსტატურად მოყოლისა და ახალი თავშესაქცევისთვის!

 

თუ ტრეისი ბიკერი თქვენ და თქვენ გარშემო მყოფ ბავშვებსაც მოეწონებათ და შეუყვარდებათ, კიდევ ერთი გასართობიც შემიძლია გირჩიოთ. მის შესახებ რამდენიმე წიგნი არსებობს, ერთ-ერთში თვითონ ხდება დედა და თანაც სრულიად შესანიშნავი – გასართობიც ეგ არი, ტრეისი ბიკერისა და მისი შვილის, ჯესის წვეულების ნაკრებები, რომელიც სახლის პირობებში წვეულების მოსაწყობად ყველა საჭირო ინსტრუქციას მოიცავს ფლეილისტიდან დაწყებული სასუსნავების მომზადებით დამთავრებული და თან ინგლისურში გასავარჯიშებლადაც გამოდგება.

 

 

 

როგორ აღვზარდოთ „დამჯერი“ შვილები

0

პატივცემულ მშობლებს შესანიშნავად მოეხსენებათ, რომ ამ სტატიის სათაური გარკვეულ ირონიას შეიცავს, რადგან სწორედ „დამჯერი“ შვილების აღზრდაა ის, რაც რობერტა კავალოს და ანტონიო პანარეზეს მიზანი არ არის, – აი, ასე უნდა დავიწყოთ კიდევ ერთი ნაწყვეტის წარდგენა ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ავტორების წიგნიდან „ნუ დააპროგრამებთ შვილებს: გავლენა, რომელსაც ჩვენი სიტყვები ახდენენ ბავშვებზე“.

 

„ბავშვებს არ ევალებათ კარგად მოქცევა, მათ ევალებათ, იყვნენ თვითმყოფადები“.

არ შეგეშინდეთ, მშობლებო, ეს პროვოკაცია არ არის. ჩვენ მხოლოდ ის გვინდა, ჯიუტად, ნებისმიერ ფასად არ მისდევდეთ საკუთარ პრინციპებს, რომლებიც განპირობებულია შიშებით, კონფორმიზმით და აბსტრაქტული კულტურული რაციონალიზმით. ჩვენ უბრალოდ იმედს ვიტოვებთ, რომ დაეხმარებით შვილებს, შეინარჩუნონ საკუთარი უნიკალურობა, პიროვნული განუმეორებლობა. ამისთვის მზად უნდა იყოთ, მიიღოთ მათი შეცდომები, ამბოხი, ყველასა და ყველაფრისადმი პროტესტი. ბოლოს და ბოლოს, რა არის ეს „კარგად მოქცევა“ და „დამჯერობა“? ან რატომ ითხოვენ უფროსები ბავშვებისგან სიყოჩაღეს და „კარგ ბიჭობას (გოგოობას)“? ამას შეიძლება რამდენიმე მიზეზი ჰქონდეს.

პირველი მიზეზი სწორედ ის არის, რომ მშობლები რობოტებივით იმეორებენ იმას, რასაც მათ ბავშვობაში ეუბნებოდნენ. მაგალითად, ყველას ემახსოვრება ის სიტუაცია, როდესაც სადმე წასვლის წინ უფროსები თბილ ტანსაცმელს აცმევდნენ და თანაც აფრთხილებდნენ: „აბა, შენ იცი, კარგად მოიქეცი/იყოჩაღე“. ვფიქრობთ, – განმარტავენ ავტორები. – მშობლები ამით მოვალეობას იხდიან და თავს უფრო მშვიდად გრძნობენ მაშინ როდესაც შვილები მათი თვალთახედვის არეში არ არიან. აქ, ჩვენი დაკვირვებით, ერთი საყურადღებო გარემოება იჩენს თავს. მშობლები მსგავს ფრაზებს ამბობენ მაშინ, როდესაც შვილები სხვა უფროსების გარემოცვაში აღმოჩნდებიან. აბა, გაიხსენეთ: როცა ბავშვი თანატოლებთან სათამაშოდ მიდის, მაშინ მას ასე მოძღვრავენ: „არ იცელქო; შორს არ წახვიდე; ტანსაცმელი არ დაისვარო; დროზე დაბრუნდი, თავი არ მაძებნინო!“

მეორე მიზეზი ის არის, რომ მშობლებს ძალიან ეშინიათ, არ შერცხვნენ სხვების წინაშე, თუ მათი შვილი სათანადოდ არ მოიქცევა. ამ წინადადების წაკითხვისას მშობლების გარკვეული ნაწილი, სავარაუდოდ, პროტესტს გამოთქვამს და იტყვის, რომ მას შვილის გაფრთხილება უბრალოდ ჩვევად აქვს ან ამ სიტყვების წარმოთქმისას ერთადერთი სურვილი ამოძრავებს: ცუდი არაფერი მოხდეს და ბავშვი კარგად იყოს. მსგავს სიტუაციაში მყოფ მშობლებს რობერტა კავალო და ანტონიო პანარეზე სთავაზობენ, დაფიქრდნენ: რა სიღრმისეული მიზეზები ალაპარაკებს მშობელს ამგვარად? შესაძლოა, მშობლების ნაწილი ასეთ ფრაზებს სრულიად ინსტინქტურად ისროდეს, უბრალოდ ასეთი პირობითი რეფლექსი ჰქონდეს გამომუშავებული. ან იქნებ ასეთ „ჭკუის სწავლებას“ მართლა სერიოზული დატვირთვა აქვს და მშობლებს ძალიან უნდათ, მათ შვილები კარგად იქცეოდნენ, განსაკუთრებით – ისეთი ადამიანების წინაშე, რომელთა აზრსაც უფროსებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს? თუ მართლაც ასეა, ეს ნიშნავს, რომ მშობლების თვითშეფასება ძალიან დაბალია.

არაადეკვატური თვითშეფასება ხშირად ბავშვობიდან მოსდევს ადამიანს. მას მიაჩნია, რომ სხვაზე უარესია, ამიტომ გამუდმებით ცდილობს, გარშემო მყოფთა ქება დაიმსახუროს და ძალიან ეშინია საკუთარ თავზე უარყოფითი აზრის მოსმენის. ამიტომ არის, რომ ზრდასრულ ასაკში იწყება საზოგადოების პოზიტიური შეფასების ძიება, უფროსები ცდილობენ სოციუმის მოლოდინის გამართლებას, შედეგად კი სხვანაირად იქცევიან შინ და სულ სხვანაირად – უცხო ადამინების გარემოცვაში. შემდეგ ჩნდებიან შვილები, რომლებიც თავისთავად აღმოჩნდებიან ასეთ მანკიერ  წრებრუნვაში.  ჩვენი შვილები ჩვენივე ძალისხმევის შედეგები არიან!  თუ მათი აღზრდილები წესიერად იქცევიან, არ ავიწყდებათ „ბოდიში“, „თუ შეიძლება“, „უკაცრავად“, „გმადლობთ“, მშობლები  მშვიდდებიან და გამოდის, რომ შვილები ავსებენ იმ სიცარიელეს, რომელიც მშობლებს საკუთრი დაბალი თვითშეფასების შედეგად გაუჩნდათ.

მესამე მიზეზი: „ჩვენ გვეშინია, რომ მოლოდინს ვერ გავამართლებთ. თუ ბავშვობაში გვეჩვენებოდა, რომ მშობლები მეტისმეტად მკაცრად გვექცეოდნენ და მეტისმეტად ბევრს ითხოვდნენ ჩვენგან, დიდი ალბათობით, ჩვენი შფოთვის მიზეზი სწორედ ეს ვერგამართლებული მოლოდინია“, – განმარტავენ ავტორები და განაგრძობენ: ადამინები გამუდმებით სწავლის რეჟიმში არიან. შეცდომები ნორმალურია და ბუნებრივი, ადამინები თვითმყოფადები უნდა იყვნენ; არ არის სავალდებულო, ისინი თავიანთ მშობლებს ჰგავდნენ. მაგრამ როდესაც მშობლები რაღაცას მოელიან შვილებისგან, ისე ხდება, რომ მათი მოლოდინები არ შეესაბამება რეალობას. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სხვებისგან სრულყოფილების მოლოდინი ორპოლუსიანია. ერთ პოლუსზე იდეალისკენ წრაფვაა, მეორეზე – განკითხვა, რაც თან ახლავს იდეალის მიღწევის შეუძლებლობას. ანუ მშობლები მუდამ უკმაყოფილოები იყვნენ შვილებით, ისინი კი უნიათობის გამო თავს იდანაშაულებდნენ. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ზრდასრულია ადამიანი, ის მაინც დათრგუნულია და თან ამ სქემით აგრძელებს ცხოვრებას –  ასევე ექცევა შემდგომში საკუთარ შთამომავლებს.

ხშირად ჩვენი მისამართით ისმის ასეთი გამოხმაურებები: გასაგებია, რომ უმჯობესია შვილები დამოუკიდებელ, თვითმყოფად პიროვნებებად აღვზარდოთ. მაგრამ როგორ მოვიქცეთ, თუ ბავშვები ამის გამო ცუდად მოქცევას დაიწყებენ? ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული საკითხია ჩვენთვის – უფროსებისთვის. ჩვენ ხომ მიჩვეულნი ვართ სხვების მიერ შემოთავაზებული სქემებით ცხოვრებას, ჩვენ ხომ იმას ვაკეთებთ, რაც გარშემო მყოფებმა მოგვახვიეს თავს და გამუდმებით ვცდილობთ ვიყოთ ისეთები, როგორებადაც სოციუმს უნდა რომ გვხედავდეს. ამ ორომტრიალში სულ გვავიწყდება, რომ შეგვიძლია, თავად ავირჩიოთ, როგორები ვიყოთ და როგორ წარვმართოთ საკუთრი ცხოვრება. ყველაზე კარგი კი იქნებოდა, მშობლები „ყოჩაღებად“ თვლიდნენ შვილებს, თუ ისინი:

* დარწმუნებულნი არიან, რომ მათ უსმენენ;

* შეუძლიათ საკუთრი ემოციებისა და მოთხოვნილებების ადეკვატურად გამოხატვა;

* იცნობენ საკუთარ ძლიერ მხარეებს, აქვთ სამომავლო გეგმები;

* შესწავლილი აქვთ საკუთარი სისუსტეები და განუწყვეტლივ არ იმუნათებენ თავს ამის გამო;

* უყვართ საკუთრი თავი, იციან, როგორ დატკბნენ ცხოვრების სიკეთეებით და სრულფასოვნად შეუძლიათ თავისუფალი დროის გატარება;

* თანამიმდევრულად სწავლობენ საკუთარი შიშებისა და ნაკლოვანებების მიღებას, მათთვის თვალის გასწორებას და მათთან გამკლავებას;

* აქვთ საკუთრი თავის რწმენა და ცხოვრებას რეალისტურად უყურებენ;

* შესწევთ უნარი, თამამი ნაბიჯები გადადგან, საკუთარი მოსაზრების შესაბამისად;

* დარწმუნებული არიან, რომ მათი შესძლებლობები უსაზღვროა;

* ზუსტად იციან, რომ არიან თვითმყოფადები და არ ჰგვანან სხვებს; შეუძლიათ, ნებისმიერ რთულ სიტუაციაში საკუთარი გადაწყვეტილებების ერთგული დარჩნენ.

ამგვარად მშობლები საფუძველს ჩაუყრიან დიდ ნდობასა და პატივისცემას. გარდა ამისა, ბავშვები შეძლებენ, თავისუფლად გამოხატონ ემოციები, იქნებიან გულწრფელები და იძულებულები არ იქნებიან, იცრუონ. რთულ სიტუაციებში დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მშობლებს მიმართავენ. გაცილებით მეტი ხალისით დაეხმარებიან საოჯახო საქმიანობაში და ისე ძალიან აღარ გაუჭირდებთ უფროსების თხოვნების შესრულება.

ძვირფასო მშობლებო, თქვენ ხომ იცით, რომ ყველა ბავშვი ასეთია! და თუ მათ დაპროგრამებას კი არ შეეცდებით, არამედ დაეხმარებით მათ, ასეთებადვე დარჩებიან. დახმარება კი, აი, რას გულისხმობს:

* პატივი ეცით შვილების პირად სივრცეს, მათ ბიოლოგიურ რიტმს, მოთხოვნილებებს და ხასიათის თავისებურებებს;

* თავი არიდეთ უსაგნო განსჯას და უსამართლო დამცირებას (ყვირილს, დასჯას, მანიპულაციებს);

* მიიღეთ ბავშვების მოტივები და ემოციები მწვავე კრიტიკისა და მტრული დამოკიდებულების გარეშე;

* ყურადღებით ადევნეთ თვალყური შვილებს და უსმინეთ მათ.

 

თქვენ გაეცანით კიდევ ერთ ფრაგმენტს წიგნიდან: „ნუ დააპროგრამებთ შვილებს: გავლენა, რომელსაც ჩვენი სიტყვები ახდენენ ბავშვებზე“.

ავტორი: რობერტა კავალო – პედაგოგი, ფსიქოლოგი, აღზრდის შესახებ რამდენიმე წიგნის ავტორი და თანაავტორი. იტალიაში მისი ყველა წიგნი გამოსვლისთანავე ბეტსელერად იქცა. როგორც თავად რობერტა კავალო აღნიშნავს, მან საკუთრ თავზე იწვნია ის წნეხი, რასაც მშობლების სტერეოტიპები ახდენს ბავშვებზე და მიაჩნია, რომ თუ ადამიანს სურს, ცხოვრებაში მიზანს მიაღწიოს, მან საკუთარ ოცნებებზე უარი არ უნდა თქვას.  რობერტა კავალოს აქვს საკუთარი ცენტრი „Bimbiveri“, სადაც უხსნის მშობლებსა და აღმზრდელებს, რამდენად მნიშვნელოვანია, მისცენ ბავშვს საშუალება, საკუთრ მისწრაფებებსა და სურვილებთან ჰარმონიაში იყოს, ბავშვებს კი ეხმარება, განივითარონ პოტენციალი, გარშემო მყოფებთან გაფუჭებული ურთიერთობები აღიდგინონ და განამტკიცონ. თავად რობერტა ამბობს, რომ ის ეხმარება მშობლებს ბავშვების ქცევის „საიდუმლო გზავნილებისა“ და „მინიშნებების“ ინტერპრეტაციაში, რათა მათ წარმატებით მოახერხონ შვილების განათლებისა და ქცევის მართვის პრობლემების გადაჭრა.

წიგნის თანაავტორია მწერალი ანტონიო პანარეზე.

საბავშვო ბაღის შექმნის იდეა და თანამედროვე გამოწვევები

0

ვერიდებოდი, მაგრამ წერილის დაწყება მაინც პანდემიაზე აქცენტებით მიწევს. ჩემი სტატიების მკითხველებს ემახსოვრებათ ბოლო სტატია, სადაც საბავშვო ბაღებში ონლაინ სწავლების გამოცდილებასა და გამოწვევებზე ვწერდი COVID19 – გამოწვევები ადრეული და სკოლამდელი სწავლების მიმართულებით. რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია საბავშვო ბაღებში დისტანციური სწავლების განახლების შესახებ. თემატურ ჯგუფში ამ საკითხს საბავშვო ბაღებში დასაქმებულთა ვრცელი დისკუსია მოჰყვა. აღმზრდელთა ნაწილს მიაჩნია, რომ მშობლებთან ან აღსაზრდელებთან ელექტრონული კომუნიკაცია არაფრის მომცემია, ხოლო ზოგ შემთხვევაში შესაძლოა საზიანოც კი აღმოჩნდეს ბავშვებისთვის. თუმცა აქ მეორე საკითხი იჩენს თავს: თუ გაურკვეველი დროით ისევ სრულიად შევწყვეტთ საგანმანათლებლო პროცესს და ამას დავუმატებთ 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის პერიოდში შეწყვეტილი სწავლის ხანგძლივობას, გაუზვიადებლად შეგვეძლება ვთქვათ, რომ საქართველოში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების განვითარების თითქმის ერთი წელი დაკარგულია.

ამის თაობაზე დარდში ხელახლა დავფიქრდი საბავშვო ბაღების ბედსა და არსებობის საჭიროებაზე. ვინ ან რატომ მოიგონა საბავშო ბაღი? იქნებ მართლა არც ისეთი საჭიროა, როგორიც გვგონია, იქნებ მართლა ბავშვების მეთვალყურეობის ადგილია მანამდე, სანამ მშობლები მუშაობენ?

ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გუგლის საძიებო სისტემამ დაახლოებით 2-3 საუკუნით უკან მამოგზაურა.

ისტორია იწყება 1782 წელს, როცა შორეული გერმანიის ცენტრალურ ნაწილში, ტურინგენში, დაიბადა ფრიდრიხ ფრობელი. ფრიდრიხი 9 თვისა იყო, როცა დედა გარდაეცვალა. მამას მარტოს მოუწია სამი შვილის გაზრდა და, ბუნებრივია, ბავშვებთან ურთიერთობისთვის საკმარისი დრო არ ჰქონდა. ამ უგულებელყოფის განცდისგან თავის დასაღწევად პატარა ფრიდრიხი უმეტეს დროს მარტო, სახლის ახლოს მდებარე ბაღებში თამაშში ატარებდა. სწორედ ამან გაუღვივა ბუნების სიყვარული და უბიძგა, შეექმნა დაწესებულება, რომლის იდეაც ძალიან სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

როგორც წყაროებიდან ირკვევა, იმხანად გავრცელებული იყო მოსაზრება, რომ 7 წლამდე ასაკის ბავშვების განათლებაზე ზრუნვა დროის ფუჭი ხარჯვაა, რადგან მათ ემოციურ და კოგნიტიურ უნარებს ვერ განვუვითარებთ. შესაბამისად, არც 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი სკოლები არსებობდა. თუმცა იყო ბავშვთა მოვლის ცენტრები, რომლებსაც “მოსაცდელი სკოლები”, “ახალშობილთა თავშესაფრები” ან “ახალშობილთა სკოლები” ერქვა. ამ დაწესებულებებს მხოლოდ ბავშვების მოვლა და ზიანისგან მათი დაცვა ევალებოდა, სანამ მათი მშობლები მუშაობდნენ. ამ ტიპის სკოლებს ძირითადად ეკლესია მფარველობდა, რომელსაც ერთადერთი მიზანი ჰქონდა – ბავშვებისთვის რაც შეიძლება ადრე ჩაენერგა რელიგიური მოწიწება.

1805 წელს ფრიდრიხ ფრობელმა მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ფრანკფურტის ერთ-ერთ უძველეს სკოლაში, სადაც ცნობილი შვეიცარიელი პედაგოგისა და განათლების რეფორმატორის იოჰან ჰაინრიხ პესტალოცის იდეებს მისდევდნენ. პესტალოცის მიაჩნდა, რომ ბავშვებს თავიანთ განათლებაში აქტიური როლი უნდა შეესრულებინათ. მისი დევიზი იყო “სწავლა თავით, ხელებით და გულით”. ფრიდრიხ ფრობელმა ეს მიდგომა გაიზიარა, 1806 წელს სამსახური მიატოვა და ერთ-ერთი ფრანკფურტელი ოჯახის სამი შვილის კერძო აღმზრდელი გახდა. მათმა მშობლებმა ფრობელს აჩუქეს მიწა, რომელიც ბავშვების სათამაშო ტერიტორიად უნდა გამოეყენებინა. 1808-დან 1810 წლამდე ფრიდრიხმა ამ ბაღში არაერთი სასწავლო სესია ჩაატარა. შედეგებმა ის დაარწმუნა, რომ ბავშვების განათლებისთვის პირდაპირი დაკვირვება და შემოქმედებითი მიდგომა იყო საჭირო. პესტალოცისა და ფრანგი ფილოსოფოსის ჟან-ჟაკ რუსოს ფილოსოფიაზე დაყრდნობით მან ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების გეგმა შეიმუშავა.

 

პირველი საბავშვო ბაღი

1837 წელს ტურინგენში, ქალაქ ბლანკენბურგში, ფრობელმა გახსნა პირველი სკოლა ადრეული ასაკის ბავშვებისთვის, რომელსაც პატარა ბავშვების განვითარების ინსტიტუტი ერქვა. 1840 წელს დაწესებულებას სახელი შეუცვალა და “საბავშვო ბაღი” (kindergarten) დაარქვა. ფრობელი ბავშვებს პატარა ყვავილებს ადარებდა. მას მიაჩნდა, რომ თუმცაღა ბავშვებს მოვლა სჭირდებათ და ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თითოეული მათგანი ლამაზია თავისთავად და როდესაც ერთად იყრიან თავს, მომხიბვლელ გარემოს ქმნიან.

ფრიდრიხ ფრობელი მიიჩნევდა, რომ ბავშვები თამაშით სწავლობენ, საბავშვო ბაღი კი ის ადგილი უნდა იყოს, სადაც თამაშს შეძლებენ. და რადგან თამაში სწავლას ნიშნავს, უფროსებისთვის საბავშვო ბაღი უნდა იქცეს ადგილად, სადაც ისწავლიან, როგორ შეუქმნან სათანადო პირობები ბავშვებს. მისი ფილოსოფია ემყარებოდა იდეას, რომ ბავშვები უნდა განისწავლებოდნენ მუსიკის, მოთხრობების, დრამატული თამაშის და ბუნების შესწავლის გზით. თავის საბავშვო ბაღში ფრობელმა შემოიღო ე.წ. “წრის დრო”, რათა ბავშვებს ჯგუფურად ესწავლათ. მანვე შექმნა განმავითარებელი სათამაშოების სერია “საჩუქრები”.

ფრიდრიხ ფრობელის სწავლების ფილოსოფიაზე უფრო ვრცლად იხ. ანა ჯანელიძის სტატიაში – ფრობელის კვალდაკვალ

ფრობელი იყო პირველი, ვინც საბავშვო ბაღში ხელსაქმის შემოიღო. ამას საფუძვლად ედო მისი თეორია, რომ ბავშვებს უკვე აქვთ ცნობისმოყვარეობის სურვილი, რომელიც შეუძლიათ გამოიყენონ სოციალური და შემეცნებითი უნარების შესაძენად. ფრობელს სჯეროდა, რომ ბავშვებს უნდა მიეცეთ საშუალება, ისწავლონ ყველაფერი, რაც აინტერესებთ. აღმზრდელს კი მათთვის ამ შემეცნებითი გზის გაკვალვა ევალება.

ფრობელი ფიქრობდა, რომ ქალებს უკეთ გამოსდიოდათ პატარების მეთვალყურეობა და შეეძლოთ, უკეთ დახმარებოდნენ მათ ემოციური უნარების განვითარებაში ბუნებრივი მგრძნობიარობისა და სხვა ქალური თვისებების გამო. ამ მიდგომის გასამყარებლად მან დააარსა სატრენინგო სკოლა მხოლოდ ქალებისთვის, რომლის მიზანი საბავშვო ბაღის მასწავლებლების მომზადება იყო. ფრობელმა შეიმუშავა პროგრამა, სადაც ხაზგასმული იყო ის აქტივობები, რომლებიც ბავშვის შესაძლებლობებს შეესაბამება.

როგორც ყველა სხვა სიახლეს, ფრიდრიხ ფრობელის მიდგომებსაც გამოუჩნდნენ კრიტიკოსები სამშობლოში, თუმცა XIX საუკუნეში მთელ მსოფლიოში არაერთი საბავშვო ბაღი გაიხსნა.

1852 წელს ფრიდრიხ ფრობელი გარდაცვალა და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონში პირველად შეიტანეს სიტყვა kindergarten.

ფრიდრიხ ფრობელის მიდგომები საფუძვლად უდევს დღევანდელი საბავშვო ბაღების ფუნქციონირებას.

ორ საუკუნეზე მეტი ხნის წინ საბავშვო ბაღის შექმნის იდეა რომ რევოლუციური იყო, დღეს უკვე აშკარაა. ადრეულ და სკოლამდელ განათლებაში სწავლების დისტანციური კომპონენტის შემოტანაც, ვფიქრობ, რევოლუციურია, მის შედეგებს კი მოგვიანებით დავინახავთ.

 

„People die, but people stay. So let us plant the seed that will bear fruit that will bring blessings to the future“.

Friedrich Froebel

 

„ადამიანები იხოცებიან, მაგრამ ადამიანები რჩებიან. მოდი, ჩავაგდოთ თესლი, რომელიც მომავლისთვის სასარგებლო ნაყოფს გამოიღებს“.

ფრიდრიხ ფრობელი

 

 

წყარო:

https://www.friedrich-froebel-online.de/

ფოტოგრაფია და ქართული ლიტერატურის გაკვეთილები

0

ფოტოების გადაღება ბავშვობიდან მიყვარდა. სასიამოვნო რიტუალი იყო ფირის შეძენა, კოდაკის აპარატში მოთავსება,  36 სურათის გადაღება (36 კადრს იტევდა ფირი) და გამჟღავნება. ახლაც მახსოვს, როგორ ვგეგმავდი თითოეულ სურათს, არცერთი კადრი არ უნდა გამეცდინა. მერე გამჟღავნებულ ფირს საგულდაგულოდ ვაკვირდებოდი, სასურველი კადრების ნომრებს ამოვიწერდი და ბაღდათიდან დასაბეჭდად თბილისში გავგზავნიდი. 1 ფოტოს დაბეჭდვა 25 ან 30 თეთრი ღირდა. დაბეჭდილ სურათებს ბლოკნოტში საგულდაგულოდ ჩავაკრავდი და მათზე ვწერდი. ჩემთვის ეს არავის დაუვალებია, უბრალოდ, მსიამოვნებდა. როცა გავიზარდე და მასწავლებელიც გავხდი, მივხვდი, ფოტოები და ჩანაწერები ჩემთვის მხოლოდ  თავშესაფარი კი არ ყოფილა, ასე წერასაც ვსწავლობდი. ის 25-თეთრიანი სურათები მთელ ჩემს ბავშვობასა და მოგონებებს ინახავს.

ალბათ, ბევრს მოგეპოვებათ ასეთი არქივი. საინტერესოა,  დაგიწერიათ თუ არა ფოტოების შესახებ. თუ გიცდიათ, გეცოდინებათ, რა სასიამოვნო პროცესია, თუ არა, გირჩევთ, დაწეროთ ფოტოამბავი ან სურათის გადაღების ისტორია, ამგვარად არაერთი მოგონება ამოგიტივტივდებათ და სიტყვები თავად გაიკვალავენ გზას ფურცლებზე.

22 წლის ასაკში, როცა ქართულის მასწავლებელი გავხდი, ძალიან ვღელავდი, რადგან  უფროსკლასელები მანდეს, თუმცა ეს ნდობა საოცარი ძალით მავსებდა და მეხმარებოდა დაბრკოლებების გადალახვაში. დაბრკოლება კი, რომელსაც მაშინ წავაწყდი, ის იყო, რომ ბავშვები მეუბნებოდნენ, ვერ ვწერთო,  არ შეგვიძლიაო, არ გამოგვდისო. მე ბოლომდე მჯეროდა, რომ შეეძლოთ, რომ გამოუვიდოდათ და ეს არ ყოფილა ,,განწირული სულისკვეთება“.

ჩემი გონება გამოსავალს ეძებდა. ამიტომაც ვიხსენებდი ბავშვობას, ვცდილობდი, თავი  მოსწავლეების ადგილას წარმომედგინა და მივმხვდარიყავი, რა შთააგონებდა მათ წერის დაწყებას, რა დაარწმუნებდა, რომ ეს შეეძლოთ. ასე მომაგონდა ბავშვობის დროინდელი ფოტოები და ნაწერები. ერთ დილას დავსტაცე ხელი ჩემი მეუღლის საგამოფენო სურათს (იგი ფოტოგრაფია და შეიძლება ამანაც განაპირობა, რომ ჩვენი პროფესიები ერთმანეთს დაუმეგობრდნენ), პროგრამულ მასალას გადავუხვიე, დაფაზე ის ფოტო ჩამოვკიდე, ბავშვებს ვუამბე მისი გადაღების ისტორია და ვთხოვე, დაესათაურებინათ და მერე ჩანახატი დაეწერათ. თამამად შემიძლია ვთქვა, იმ გაკვეთილმა დიდწილად განაპირობა ჩემი შემდგომი პედაგოგიური ხედვა.

XI კლასში სწავლობდა ერთი ბავშვი, რომელთანაც ყველაზე მეტად მიჭირდა საერთო ენის გამონახვა. იგი ბევრ რამეს აპროტესტებდა, დავალების შესრულებაზეც უარს ამბობდა ხოლმე, შეეძლო, წამიერად შეეცვალა საკლასო ამინდი. მე, გამოუცდელ მასწავლებელს, ხანდახან მეშინოდა კიდეც მისი. და მან შეძლო… გამოუვიდა. ფოტოს ფოთლების სევდა დაარქვა და ისეთი ჩანახატი დაწერა, რომ მისი წაკითხვისას დღემდე მეტირება. რაც მთავარია, ამ ნაწერმა დამანახა, რომ ავტორს არათუ კარგად გამოსდიოდა წერა (თავადაც დარწმუნდა ამაში), ის მეტად მგრძნობიარე ადამიანი იყო. იმ მეამბოხე მეთერთმეტეკლასელის მიღმა, რომლის ,,ხუმრობებს“ შეიძლება ჩემი გაკვეთილი ჩაეშალა, სათუთი სამყარო იმალებოდა. ვერასოდეს დავივიწყებ მის გაფართოებულ თვალებს, როცა ჩემი აღფრთოვანება გავუზიარე. ერთმა ფოტოჩანახატმა ბევრი რამ შეცვალა. მან დავალებების წერა დაიწყო. აღარასოდეს ამბობდა უარს წერაზე. მეც შევიცვალე, მისი ,,ხუმრობების“ აღარ მეშინოდა, საერთო ენაც ვიპოვეთ.

ის მეთერთმეტეკლასელი ბიჭი ახლა კაცია, ცხოვრების გზას მიუყვება და არ ვიცი, ახსოვს თუ არა 10 წლის წინ დაწერილი ფოტოჩანახატი, მე კი არასოდეს დამავიწყდება. ხშირად მახსენდება მისი სიკეთით სავსე სამყარო, რომელსაც, ალბათ, ვერასოდეს დავინახავდი, ის ჩანახატი რომ არ დაეწერა.

მაშინ ინტუიციამ მიკარნახა, რომ ეს აქტივობა დამეხმარებოდა მოსწავლეთა წერითი უნარების გაუმჯობესებაში და ასეც მოხდა. ხანდახან საჭიროა ერთგვარი ბიძგი, შთაგონება, რომ წერა დაიწყო, რომ სიტყვები გონებიდან, კალმის წვერიდან გარეთ ,,გამოუშვა“. ახალბედა მასწავლებელს მეგონა, რომ ეს ჩემი მიგნება იყო, მერე და მერე, როცა უფრო მეტი წავიკითხე სწავლების მეთოდების შესახებ, გავიგე, რომ ფოტოების მიხედვით წერა ნაცადი აქტივობა ყოფილა.

თუ აქამდე მსგავსი რამ არ გაგიკეთებიათ, გირჩევთ, მეტიც, გთხოვთ, სცადოთ, მოძებნოთ რომელიმე ცნობილი ან უცნობი ფოტოგრაფის ნამუშევარი, სულაც თქვენივე გადაღებული სურათი და მოსწავლეებს სთხოვოთ, ამ ფოტოს მიხედვით მოიგონონ ისტორია, დაწერონ რამე ამბავი, ჩანახატი, მინიატურა, თუნდაც – ლექსი, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მხოლოდ სურათის აღწერა. მთავარია, ბავშვებმა თავიანთ წარმოსახვას გასაქანი მისცენ. შთამბეჭდავი იდეები ჩნდება მაშინაც, თუ მოსწავლეებს ვკითხავთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო ფოტოს გადაღებამდე ან რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ბავშვების ფანტაზიას ხომ არ აქვს საზღვარი. ჩვენ კი თუ დავეხმარებით წარმოსახვის უნარის განვითარებაში, ძალიან კარგი იქნება.

ამ აქტივობის შესახებ მეტს შეიტყობთ სასწავლო-მეთოდური ფილმიდან – ჩემი ფოტოამბავი. ცხადია, შეგიძლიათ რაღაცები გადააკეთოთ და თქვენი მოსწავლეების გემოვნებას, ინტერესებსა და საჭიროებას მოარგოთ.

 

***

გავიდა წლები. ფოტოგრაფია არაერთხელ შემოიჭრა ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებზე. მეც, როგორც მასწავლებელი, ძალიან გამზარდა ფოტოების ძიებამ და ფოტოგრაფების თვალით დანახული სამყაროს გაცნობამ. როცა რაღაცას ვეცნობი და ვიგებ, სურვილი მიჩნდება, ჩემს მოსწავლეებსაც გავუზიარო. ცოდნას  საოცარი ძალა აქვს, გასცემ და გიბრუნდება. ასე გავაცანი ჩემს მოსწავლეებს ძმები ლუმიერები, მსოფლიოს პირველი ფოტოს ისტორია, უძველესი გადამღები აპარატი. მერე ქართველი ფოტოგრაფის, გიორგი წიბახაშვილის, შემოქმედებაზე ვუამბე. არის ასეთი საინტერესო კრებული – „ზამთარი გადატანილია“, რომელშიც გიორგი წიბახაშვილის ფოტოებს ერთვის ანა კორძაია-სამადაშვილის ჩანაწერები. ასევე გამოცემულია გიორგი წიბახაშვილის ფოტოამბები (სერია ,,თან საკითხავი“) – ფოტოგრაფი წერს თითოეული სურათის გადაღების ამბავს. როცა კითხულობ და ათვალიერებ, გგონია, რომ ხელოვნებას, ისტორიას ხელით ეხები და შეიგრძნობ,  ფოტოპერსონაჟები კი თითქოს შენი ყოველდღიურობის ნაწილნი ხდებიან.

 

სწორედ ამ ყველაფერმა შთამაგონა აქტივობა, რომელზეც ახლა გიამბობთ. ჩემს მოსწავლეებს შევთავაზე, თავად ქცეულიყვნენ ფოტოგრაფებად.

 

  • გადაეღოთ ის, რაც სურდათ, იქნებოდა ეს პეიზაჟი, პორტრეტი, ქუჩა, ადამიანები, ცხოველები, ნივთები თუ სხვა რამ;
  • კარგად მოეფიქრებინათ, რას ან ვის გადაიღებდნენ. მთავარი პირობა იყო ის, რომ რასაც აღბეჭდავდნენ, იმის ცქერას ავტორისთვის სასიამოვნო განცდები და სიმშვიდე  მოეტანა, რადგანაც შემდეგ ამ ფოტოებს კლასში გამოვფენდით და ყოველდღიურად მოუწევდათ შეხედვა;
  • გადაღების შემდეგ დაებეჭდათ ფოტო და იმის მიხედვით, რაც გადაიღეს, დაეწერათ ფოტოამბავი ან ჩანახატი, ე.ი. შეეძლოთ, გადმოეცათ რეალური ან გამოგონილი ისტორია.

 

როგორც გიორგი წიბახაშვილი ამბობს, ,,ფოტოგრაფია არის ვიზუალური მეხსიერება. წერას თუ შევადარებთ, ის, ალბათ, დაახლოებით იგივეა, რაც ჩანაწერი“. ეს სინთეზი ძალიან მოუხდა ქართული ლიტერატურის გაკვეთილებს. ჩემმა მოსწავლეებმა მოირგეს ფოტოგრაფებისა და მწერლების როლები, რაც მთავარია, გაუმარტივდათ ამ გზით სათქმელის გადმოცემა.

ბავშვებს სჭირდებათ თვითგამოხატვა და, ვფიქრობ, რაც უფრო მრავალფეროვანი იქნება მათთვის ეს შესაძლებლობა, მით უკეთესი.

ძალიან საინტერესო ფოტოგამოფენა მოეწყო ჩვენს საკლასო ოთახებში. კედლებს დღემდე აფერადებს ეს ფოტოები და ჩანაწერები და ყოველ ჯერზე, როცა კი არ უნდა შევხედოთ, გვახსენებს, რომ თითოეული ფოტოსა და ჩანაწერის მიღმა ინდივიდი დგას.

 

თუ მეტად დაინტერესდებით ამ აქტივობით, რომელიც მოსწავლეებს წარმოსახვის, შემოქმედებითობისა და წერითი მეტყველების უნარებს უვითარებს, შეგიძლიათ, გაეცნოთ კომპლექსურ დავალებას, რომელიც პროექტის ფარგლებში მე და ჩემმა კოლეგამ – თამარ გეგეშიძემ მოვამზადეთ. რესურსი გამოქვეყნებულია ვებგვერდზე www.el.ge (საჭიროა დარეგისტრირება). აქვე გაგიზიარებთ ბმულს -> ფოტოამბავი.

მჯერა, რომ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში ბევრი შთამბეჭდავი მომენტია. შეგვიძლია, ,,შევაჩეროთ ეს მშვენიერი წამები“ და ამგვარად ქართული ლიტერატურის გაკვეთილები უფრო მრავალფეროვანიც გავხადოთ.

 

 

ჯანჯაფილიანი თაფლაკვერები ერთი გაკვეთილისთვის

0

ჟოლოს კექსები, მაჭკატები, ქოქოსიანი ნამცხვრები, ქლიავის დიდი ღვეზელი, ტკბილი კვერები, ჯანჯაფილის თაფლაკვერები – პ.ლ. ტრევერსის „მერი პოპინსის“ კითხვისას საგულდაგულოდ ვინიშნავდი ტკბილეულის სახელწოდებებს. ერთ მშვენიერ დღეს გამომცმელობა „დიოგენეს“ ფეისბუკგვერდზე ვიდეოს ვუყურე. ილუსტრატორი ია გიგოლაშვილი ჯანჯაფილიან თაფლაკვერებს აცხობს, რეცეპტსა და მომზადების წესებს უშურველად გვიმხელს და თან მერი პოპინსისეულ ზღაპრულობას ასხივებს.

ია გიგოლაშვილის სახელისა და გვარის ამოკითხვისას ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“ გამახსენდა. წიგნი მესამეკლასელებთან ერთად წავიკითხე გასულ წელს და საკლასო პროექტად ვაქციეთ. ობოლი ნიგო, ძია თხილო, ნესტარ მეორე, პრინცესა რაფაელა – ილუსტრაციებზე გამოსახულ პერსონაჟებზე დაკვირვებისას რამდენჯერ გაგვიგზავნია მადლობა ილუსტრატორისთვის მე და ჩემს მოსწავლეებს. ახალი იდეაც არ აყოვნებს – ვეძებ ეპიზოდს მისიზ კორის ჯანჯაფილიანი თაფლაკვერების შესახებ, ვკითხულობ, პარალელურად ვიდეოზე მეფიქრება, მალე მესამე და მეექვსე კლასებისთვის საინტერესო გაკვეთილის მონახაზი მზად მაქვს.

ვფიქრობ, თქვენთვისაც საინტერესო იქნება, როგორ ვაქციე ჩემი იდეა მულტიმედიურ გაკვეთილად და Teams-ის „ფანჯრებში“ აკიაფებული ბავშვებიც მოვხიბლე ლიტერატურით, ილუსტრატორითა და ჯანჯაფილიანი თაფლაკვერებით.

მერი პოპინსი – მისტერ და მისიზ ბრონქსების ოთხი შვილის ძიძა – ალუბლების ქუჩის 17 ნომერში ზენა ქარს მოჰყვა. ფარდაგისგან შეკერილი ჩანთა და თითიყუშისთავიანი ქოლგა უცნაური, მედიდური მერის მხატვრულ სახეს პირველივე გვერდებიდან მშვენივრად გამოკვეთს. თანდათან კი მისი მკაცრი გამომეტყველების მიღმა უსაზღვროდ კეთილ და ჯადოსნურ გულს ამოიცნობთ.

მერი პოპინსი იდუმალებით მოცული ადამიანია. ჯეინისა და მაიკლის ცხოვრებაც საიდუმლოებებით ივსება.

„განა არ იცით, რომ ყველას თავისი ზღაპრული ქვეყანა აქვს?“ – რიტორიკული შეკითხვით პასუხობს ბავშვებს მერი პოპინსი. მოდის ალუბლების ქუჩაზე და მოაქვს ცოდნა ზღაპრულობით სავსე სამყაროს შესახებ. ყოფითი ცხოვრების მიღმა არსებული არაჩვეულობრიობის განცდა მთავარ მოტივად გასდევს წიგნს.

მერი პოპინსის მოყოლილი ამბები და მისი უჩვეულო მეგობრები იმ რწმენით ავსებს, სამყაროსთვის ნდობის გამოცხადებისას რომ გეუფლება.

მისიზ კორის საკვირველი მაღაზია, ია გიგოლაშვილის ვიდეო, თაფლაკვერების რეცეპტი, რიცხვითი სახელების მართლწერა და სახალისო დავალება – ასე იკითხება გაკვეთილის შესახებ ჩანაწერი ჩემს დღიურში.

მისიზ კორის საკვირველი მაღაზია

ერთ მშვენიერ დღეს მერი პოპისნი ბავშვეთან ერთად საყიდლებზე წავა. საყასბოსა და თევზეულის მაღაზიის დალაშქვრის შემდეგ თაფლაკვერების ყიდვის ჯერი დგება. ბავშვები მერი პოპინსთან ერთად მოულოდნელად ყველაზე საკვირველ მაღაზიასთან აღმოჩნდებიან: „მოცუცქნული, უსუფთაო შენობა იყო. ვიტრინებში გახუნებული, ჩამოფხრეწილი ფერადი ქაღალდები გირლანდებივით ეკიდა, თაროებზე შარბათის გაცრეცილი კოლოფები, ძირტკბილას გამხმარი ფესვები და თითქმის გაქვავებული, ჯოხზე წამოცმული კანფეტები ეწყო. ვიტრინებს შორის ვიწრო, ბნელი შესასვლელი მოჩანდა“. – მაღაზიის აღწერა ნამდვილად შთამბეჭდავია და თან ზედსართავ სახელებზე დაკვირვებას ვიწყებთ.

ჯანჯაფილიანი თაფლაკვერები

ბავშვებს მისიზ კორის საკვირველი მაღაზიის შესახებ მოკლედ ვუამბე, რადგან საკმაოდ ვრცელი თავია და წაკითხვა გართულდებოდა. შემდეგ კი ილუსტრატორ ია გიგოლაშვილის ვიდეო გავუზიარე და რეცეპტის ამოწერა დავავლე.

რეცეპტი და რიცხვითი სახელის მართლწერა

ლიტერატურული კაფესთვის ერთმა მეექვსეკლასელმა გოგონამ მართლაც გამოაცხო თაფლაკვერები. ტკბილეულის რეცეპტის ირგვლივ კი დიდი კვლევა-ძიება გავმართეთ. კერძოდ, მოვიძიეთ ჯანჯაფილის განმარტება, ჯანჯაფილიანი ლიმონათი კი ახსოვდათ „ცნობილი ხუთეულიდან“, მაგრამ სიტყვის მნიშვნელობა დაზუსტებით არ იცოდნენ.

არსებითი სახელის ბრუნების გასააზრებლად დავაკვირდით სიტყვებს: „მინანქრისთვის“, „ლიმონის“, „შაქრის“, „კვერცხის“, „კაკაოს“, შემდეგ კი რიცხვითი სახელების მართლწერის წესები განვიხილეთ და თეორიულ მასალას პრაქტიკული სამუშაო მივაბით – რიცხვები სიტყვიერად ჩაწერეს.

ყურადღების გამახვილება შეიძლება რეცეპტისთვის საჭირო ენის შესახებ, როგორ იწერება შემოკლებით სიტყვები და რომ წინადადებები ინსტრუქციის მსგავსად მოკლე უნდა იყოს, მოქმედებები კი – თანმიმდევრული.

 

ჯანჯაფილიანი თაფლაკვერები „მერი პოპინსის“ მიხედვით

ცომისთვის:

 

კარაქი – 115 გრ.

შაქრის პუდრა – 30 გრ.

კვერცხი – 1 ც.

თაფლი – 150 გრ.

ფქვილი – 360 გრ.

კაკაოს ფხვნილი – 10 გრ.

დარიჩინი – 1 ჩ/კ.

ჯანჯაფილი – 0.5 ჩ/კ.

 

მინანქრისთვის:

 

კვერცხის ცილა – 1 ცალი

შაქრის პუდრა – 200 გრამი

1-2 ლიმონის წვეთი

 

თითოეული რიცხვი სიტყვიერად ჩაწერეთ:

115
30
170
150
360
10
200
0.5

 

სახალისო დავალება

ვიდეოს ყურების, ეპიზოდისა და თაფლაკვერების რეცეპტის გაცნობის შემდეგ კომპლექსური დავალების დრო დადგა. ინსტრუქციის საფეხურები ბავშვებთან ერთად მოვიფიქრე და გაწეული შრომის საფასურად შესანიშნავი დავალებები დამიბრუნეს.

გიზიარებთ დავალების ინსტრუქციასა და ერთ-ერთი მოსწავლის, მეოთხეკლასელი ანასტასიას, ნამუშევარს.

ინსტრუქცია:

ალბათ, მოგეწონა მისიზ კორის საკვირველი მაღაზია. ჯანჯაფილიან თაფლაკვერებთან ერთად სიტყვებიც ხომ არ შეახრამუნე?

მოიფიქრე, როგორია შენი საოცნებო მაღაზია და აღწერე ის:

  • სად მდებარეობს?
  • როგორ გამოიყურება?
  • რა იყიდება?
  • ვინ მუშაობს?

 

აღწერისას გამოიყენე ზედსართავი სახელები, წაიკითხე ხმამაღლა, შეასწორე და დახატე შესაბამისი ილუსტრაცია.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ პ.ლ. ტრევერსის ორი წიგნი „მერი პოპინსი“ და „მერი პოპინსი ბრუნდება“ ლელა დუმბაძემ თაგმნა და გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა. ორივე წიგნი საინტერესო გაკვეთილებისთვის იდეების საბადოა.

„შობის მთელი აზრიც ხომ საჩუქრების ჩუქებაშია, არა?“ – ეს ვარსვკვლავგოგონას, მაიას, მერი პოპინსის კიდევ ერთი ჯადოსნური მეგობრის, სიტყვებია. ვფიქრობ, სტატიის დასასრულს ძალიან მოუხდება. საშობაო განწყობასაც შექმნის და თან ჯანჯაფილიანი თაფლაკვერების რეცეპტის მიხედვით გემრიელი საშობაო განწყობის შექმნასა და თავბრუდამხვევი სურნელის დატრიალებასაც შევძლებთ.

შობის გახსენება

0

როცა შობაზე ვფიქრობ, უპირველს ყოვლისა ბაგაში ჩაწოლილი პატარა იესო კი არა, ბებია მახსენდება და ვხედავ, რბილი ხელებით როგორ ზელს ცომს საშობაო ღვეზლისთვის. მერე საკუთარ თავსაც წარმოვიდგენ, გამხდარსა და აწურულს, და როგორ მივუყვები ქუჩას დედაჩემის გრძელი ქოლგით, რომელსაც ქოხს ვუწოდებ, რადგან საჭიროების შემთხვევაში კიდევ სამ-ოთხ ჩემნაირს შეიფარებს. რა თქმა უნდა, ჩემს პატარა ქალაქში წვიმს, მე ჭრელი ბოტები მაცვია და წყალი კოჭებამდე მწვდება. ვინც ამგვარ ამინდში სიარულს შეჩვეული არაა, ალბათ, გაუჭირდება კიდეც, მაგრამ მე სიამოვნებით მივტოპავ წყალში და ოდნავადაც არ მაღელვებს, რომ „ცა ფეხად ჩამოდის“, „კოკისპირულად წვიმს“ თუ წვიმისგან „თვალთან თითს ვერ მიიტან“.

უნდა ვაღიარო, თბილი სახლიდან წვიმაში სახეტიალოდ ტყუილად არ გამოვსულვარ. საქმე ისაა, რომ შობის წინა, ანუ მარხვის ბოლო დღეა და გადავწყვიტე, როგორც ჭეშმარიტ ქრისტიანს შეეფერება, მხოლოდ პურითა და წყლით ვისაზრდოო და მთელი დღე რუდუნებაში გავატარო. მაგრამ საყოფაცხოვრებო საკითხებმა არაერთხელ მომაცდინა. თანაც უკვე მეოთხედ ვარ გამოსული პურის საყიდლად. რაკი ქართულმა ბატონმა ვერ დამანაყრა, ვცადე ქართული შოთის პურიც, შემდეგ უკვე სომხური ლავაში, ახლა კი ლამის ქალაქის ბოლოში ჩავიდე თურქული პურის საყიდლად. რატომღაც იმედი მაქვს, რომ ნაციონალური მრავალფეროვნება დამეხმარება დღის მილევაში. წინასწარ რომ მცოდნოდა ეს დღე როგორ დასრულდებოდა, ანუ როგორ მაიძულებდა ჩემი ხეტიალითა და სამზარეულოში არაერთხელ შეჭრით თავმობეზრებული დედა შემწვარი კარტოფილის ჭამას, ალბათ, თავს არც შევიწუხებდი და მხოლოდ რუდუნებას ავირჩევდი.

შობის ღამეს ტრადიციულად მთელი ოჯახი ეკლესიაში მივდივართ და წირვას ვესწრებით. არა მხოლოდ ჩვენ, მთელი პატარა ქალაქი იქითკენ მიემართება. სიბნელეში, ქალაქის მთავარი ტაძრისკენ მიმავალ ყველა ვიწრო ქუჩაზე ისმის მწყობრი ნაბიჯების ხმა და მხიარული საუბრები. ამიტომ, შეიძლება ითქვას, შობის ღამე საუკეთესო დროა შეხვედრებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრას აქ არავინ ნიშნავს. აქ აუცილებლად ნახავ ახლო მეგობარს, საყვარელ მასწავლებელს, ძველ მეზობელს, ბიძაშვილის შეყვარებულს, უცნობ თაყვანისმცემელს, ცეკვის მეწყვილესა და პოტენციურ მეწყვილეს, ასაკოვან ნათესავს, რომელსაც ვერ იცნობ, მაგრამ თავად გიცნობს, სკოლის დარაჯს, სკოლის ყველაზე პოპულარულ და არაპოპულარულ ბიჭებს, ქალაქის რჩეულ საზოგადოებას და მოწყალების მთხოვნელთა მთელ არმიას. საერთო სიხარული გვიპყრობს, ამიტომ არაფრად მიგვაჩნია ხალხით გაძეძგილი ტაძრის ეზო, სავსე ტაძარი, საიდანაც ერთიმეორის მიყოლებით გამოყავთ ჰაერის უკმარისობისგან გულწასული ქალები, არც ხანგრძლივი წირვა გვაშინებს და არც სვეტებზე თავმიდებულებს თუ მუხლებზე დამხობილებს ჩაძინება.

– სირცხვილია, ბიჭო! – ვაფხიზლებ ჩემს ძმას. ისიც დგება და გაბრუებული გადის უკანა ეზოში, სადაც უფრო სიხალვათეა და ბავშვები შესაწირად მიყვანილ ცხვრებს დააჭენებენ. მე კი საყვარელ გალობას ველოდები. მთელი წირვა ოცნებაში რომ გავატარო და ერთი სიტყვაც ვერ გავიგონო, იმ გალობას მაინც არ გამოვტოვებ. რაღაცნაირად მაბრუებს და გუგებს ცრემლებით მივსებს. მაგრამ როგორც კი დასრულდება, თავს უფლებას ვაძლევ, მეგობარს მივუბრუნდე და დავინტერესდე, რის ჩაცმას აპირებს ზეგინდელ დაბადების დღის წვეულებაზე.

წირვა მთავრდება, ყველა ერთმანეთს ულოცავს, სანთლებს ანთებს, საშობაო ღვეზლებს გვირიგებენ, მე და ჩემი ძმა სახლისკენ მივკუნტრუშებთ. პატარა, ახალშობილი ქრისტე, მის წინ დაჩოქილი მოგვები და კაშკაშა ვარსკვლავი ისევ არავის ახსოვს.

დილაა, დიდხანს და მშვიდად მძინავს. როცა ვიღვიძებ, ფანჯრიდან უცნაური სითეთრე მჭრის თვალს, გავიხედავ და მოუთოვია. არადა ჩვენთან ისე იშვიათად თოვს, დაახლოებით ოთხ წელიწადში ერთხელ. გადათეთრებულა ჩვენი მშვიდი ქუჩა და მოცოცავენ სქელი ფანტელები. ვერ მომატყუებს, ვიცი, ამ თოვლის ქვეშ წყალია და როგორც კი ფეხს დააბიჯებ, მაშინვე აჭყაპუნდება. თვალს მაინც უხარია. სურნელს მისაღები ოთახისკენ მივყვები. თბილა, მაგიდაზე სანთელ ჩარჭობილ მთვარის ფორმის საშობაო ღვეზლებს ოხშივარი ასდის. სამზარეულოდან შერეული ხმები ისმის, ტელევიზორში ვიღაც მღერის „ოცდახუთსა დეკემბერსაო“. ამ აკვიატებულ სიხარულის შეგრძნებას ვერაფერს ვუხერხებ, არადა ვიცი, არც თოვლია მიზეზი და არც ბებიას ღვეზლები…იქნებ, პატარა იესო?

 

 „წითელი პერანგების საიდუმლო“- ედუარდ დე ბონო

0

„უნივერსიტეტები უნდა ასწავლიდეს ხელოვნებას: ინფორმაციის ფლობის ხელოვნებას, აზროვნების ხელოვნებას, ურთიერთობის ხელოვნებას, მენეჯმენტის ხელოვნებას და ასე შემდეგ“.

Edward de Bono

„უკვე საკმარისი არ არის, რაღაც გააკეთო კარგად, უნდა გააკეთო განსხვავებულად!“

Edward de Bono

 

ზოგჯერ ერთი მეტაფორის გააზრება უფრო მნიშვნელოვან ცოდნას გვაძლევს, ვიდრე წლობით წიგნების კითხვა. მით უფრო, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ ცნობიერის შესაძლებლობებს, არამედ არაცნობიერი ცოდნის გამოყენებას ჩვენი მიზნებისთვის.

ახლა რომ გითხრათ, „წითელი პერანგების საიდუმლოს“ თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია მეთქი, შეიძლება არ დამიჯეროთ, მაგრამ ვფიქრობ, მაინც ინტერესით გააგრძელებთ კითხვას, იმის დასამტკიცებლად, რომ არაფრის შეცვლაც არ შეუძლია ამ „წითელ პერანგებს“, მაგრამ, ვგონებ, ამ სტატიას მაინც  ბოლომდეც ჩაიკითხავთ… იქნებ… ჰო, რა იცი, იქნებ მართლა რაღაც ხდება.

  • იცით, რატომ არის ეს საიდუმლო ძალიან ძლიერი?

 

  • იმიტომ რომ, წამებში გააცნობიერებთ, როგორ შეიძლება შეცვალოთ ყურადღების ფოკუსი და გადართოთ ისე, რომ მუდმივად და გარანტირებულად იყოთ კონცენტრირებული თქვენი ცხოვრების მთავარ მიზანზე;

 

  • თქვენ ადვილად აირიდებთ თავიდან ისეთ ფაქტორებს, რომლებიც დროს და ენერგიას გაკარგვინებენ, გსტრესავენ და გაყოვნებენ მიზნისკენ მიმავალ გზაზე;

 

  • თქვენ შეძლებთ, ასწავლოთ თქვენს არაცნობიერს, ავტომატურად და გამუდმებულად „ეძებოს“ ის, რაც მართლა გინდათ. ამავე დროს, ყურადღება არ მიაქციოს ისეთ მოვლენებს, რომლებიც მიზნისკენ არ მიდის;

 

  • ტექნიკური ტერმინებით რომ ვთქვათ, ეს „პროგრამაა“, რომელსაც თავად ადგენთ გაცნობიერებულად არაცნობიერისათვის;

 

  • ეს მეთოდი მუშაობს ყოველთვის და ყველასთვის, არა აქვს მნიშვნელობა სქესს, ასაკს, სოციალურ სტატუსს და მდგომარეობას.

 

 

  • ეს სტრატეგია შენთვისაცაა!

 

ახლა კი ყურადღებით მომისმინეთ:

წარმოიდგინეთ, რომ ვართ ხალხით გადაჭედილ სტადიონზე. ირგვლივ ათასობით ადამიანია. მე მოგიბრუნდები და გეუბნები: „- დახუჭე, თვალები, თუ შეგიძლია!“ შენ ხუჭავ თვალებს. მე კი გეკითხები: – შეგიძლია, მითხრა, სტადიონზე რამდენი წითელი პერანგი დაინახე? შენ მეუბნები, რომ არ შეგინიშნავს, რადგან უბრალოდ, ხალხს უყურებდი… კარგი, მაშინ მეორე შანსს გაძლევ: გაახილე თვალები და კიდევ ერთხელ „დაასკანერე“ ხალხი, ოღონდ ამჯერად გახსოვდეს, რომ წითელი პერანგები უნდა შეამჩნიო! და აქ ხდება საოცრება: შენ ამჩნევ იმდენ წითელ პერანგს: მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ, გვერდით…. რომ ვეღარც კი ითვლი. მხოლოდ მას შემდეგ, რაც შენ დაიწყე ფიქრი წითელ პერანგებზე, შენ ასწავლე შენს არაცნობიერს, მოძებნოს ისინი. და ახლა მას შენ ყველგან ხედავ! ბოლოს აღმოაჩენ, რომ თავადაც წითელი პერანგი გაცვია!

აი, სწორედ ამ მომენტიდან იცვლება შენი თვალთახედვა და, შესაბმისად, ცხოვრებაც. თუმცა წითელი პერანგები მანამდეც მრავლად ეცვათ ადამიანებს, მაგრამ შენ ამისთვის არასდროს მიგიქცევია ყურადღება, ისინი ყოველთვის შეუმჩნეველი რჩებოდა, ვიდრე შენ არ დაიწყე მისი ძებნა და შემჩნევა!

ამ პატარა საიდუმლომ და  აღმოჩენამ ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა. რაც გიამბეთ, ეს ყველაფერი მეტაფორაა, მაგრამ ახლა ავდგეთ და ამ მეტაფორაში შევცვალოთ „წითელი პერანგები“ თქვენი ნებისმიერი იდეით და ნახავთ, რა საოცრებაც მოხდება.

  • საუკეთესო სამსახური
  • ფინანსური კეთილდღეობა
  • ნამდვილი სიყვარული
  • მოგზაურობა მთელი სიცოცხლის მანძილზე
  • კარგი მეგობრები
  • გააგრძელეთ….

როდესაც ყველაფერი ერთად გინდათ, სამყარომ არ იცის, რა შემოგთავაზოთ, ყველაფერი ერევა „არაცნობიერის გუგლს…“, მაგრამ როდესაც იცით, რაც ეძებთ, პოულობთ კიდეც („ეძიებდე და ჰპოვებდე“, დააკაკუნე და გაგეღება…)!

მარტივი საიდუმლოა, არა?

მოდი, დაგეხმარები კითხვების დასმაში, რომ შენი მიზანი კარგად ჩამოაყალიბო. შეგიძლია, შენს თავს ჰკითხო და შემდეგ გულწრფელი პასუხი გასცე ამ კითხვას:

  • რა გაბედნიერებს ყველაზე მეტად?

როგორც კი დაიწყებთ თქვენი „წითელი პერანგების“ (სამსახური, ფული, ჯანმრთელობა, სიყვარული…) ძებნას, თქვენ აღმოაჩენთ არა ერთ და ორ შანსს, არამედ უამრავს, რომელიც, ამავე დროს, თქვენ გვერდით იყო და არასდროს შეგინიშნავთ, რადგან არ იცოდით „წითელი პერანგების საიდუმლო“. ახლა კი იცი!

რესურსი და შესაძლებლობები, რომლებიც აქამდეც შენ სიახლოვეს იყო, უბრალოდ, ელოდებოდა, რომ თქვენ ისინი შეგემჩნიათ.

  • აუცილებელია, გახსოვდეთ: თუ თქვენ ეძებთ წითელ პერანგს, თქვენ ეძებთ მხოლოდ წითელ პერანგს და მორჩა, სხვას არაფერს!

რაც შეეხება, კითხვის დასმას, რომ თქვენი „წითელი პერანგი“ იპოვოთ, ეს შეგიძლიათ ნებისმიერ დროს გააკეთოთ: როდესაც რაიმე რუტინულ სამუშაოს ასრულებთ, რომელიც ფიქრს არ მოითხოვს, ან როდესაც მანქანით მგზავრობთ, ან ქუჩაში მისეირნობთ…

საიდუმლოს გაგება საკმარისი არ არის, ამის შემდეგ თქვენ უნდა სცადოთ და თავად დარწმუნდეთ, როგორ მუშაობს საიდუმლო. რაც უფრო მეტად მოახერხებთ ყურადღების ფოკუსირებას სასურველ მიზანზე, მით მეტი ჯადოსნური ამბავი მოხდება თქვენს ცხოვრებაში, მით უფრო მეტად გახსნით სამყაროს და საკუთარ თავს.
ობიექტური რეალობა თავისთავად არ არსებობს, არც არავინ იცის, ეს რა არის.

„ჩვენ ვცხოვრობთ ობიექტურ რეალობაში კი არა, არამედ იმ რეალობაში, რომელსაც ჩვენ აღვიქვამთ“ – Edward de Bono.

 

P.S. აქვე მინდა გითხრათ, რომ „წითელი პერანგების საიდუმლო“ ედუარდ დე ბონოს ეკუთვნის, მე მხოლოდ უმნიშვნელოდ შევცვალე თხრობა. ამ მეთოდს მსოფლიოში უამრავი ადამიანი იყენებს და შემდეგი შენ ხარ!

ონლაინსწავლება,   ჩართული და გამორთული ვიდეოკამერები

0

რამდენად პრიორიტეტულია ჩართული კამერა ონლაინგაკვეთილისას და  რა  შედეგები შეიძლება მოჰყვეს კამერის ჩართვის დაჟინებულ მოთხოვნას?

უნდა აღინიშნოს, რომ თუ სკოლის ადმინისტრაცია მიიღებს გადაწყვეტილებას, კამერის გამორთვის ხშირ ფაქტებზე მასწავლებელს ჰქონდეს რეაგირება და დააწესოს ერთგვარი „სანქციები“  (გათიშული კამერის გამო არას დაფიქსირება; მშობლის ყოველდღიურად ან ხშირად საქმის კურსში ჩაყენება და ა.შ.) ის, თითოეული პედაგოგის მხრიდან,  უნდა განხორციელდეს, რათა არ მოხდეს მოსწავლის თვალში სკოლის შინაგანაწესის გაუფასურება.

ვფიქრობ, მსჯელობის დასაწყისშივე უნდა დავსვათ კითხვა, რა არის სწავლა-სწავლების პრიორიტეტი? ჩემი აზრით, თანამედროვე ეპოქაში ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არ არის რთული… ბავშვი მაქსიმალურად ჩართული უნდა იყოს საგაკვეთილო პროცესში. ფრონტალური გაკვეთილისას მოისმინოს და გაიაზროს ინფორმაცია, „თანამშრომლობითი სწავლებისას“ იყოს აქტიური, არ ეშინოდეს შეცდომების დაშვების, აზრის გამოთქმის და ა.შ.

ახლა განვიხილოთ ჩართული კამერის  სხვადასხვა ასპექტები.

დასაწყისში მოვიყვან კარლ როჯერსის, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელის, ციტატას: „ადამიანი, არსებითად კარგი და კეთილი არსებაა თვითრეალიზაციის თანდაყოლილი მიდრეკილებით. იმისთვის, რომ ადამიანი პიროვნულად გაიზარდოს, შემდეგი სამი პირობაა მნიშვნელოვანი: გულწრფელობა, კეთილგანწყობილი დამოკიდებულება და ემპათია“.

კამერის ჩართვის მოთხოვნა და მოთხოვნის არშესრულების შემთხვევაში გამოყენებული „სანქცია“ რამდენად გააღვივებს ბავშვებში გულწრფელობას, კეთილგანწყობილ დამოკიდებულებასა და ემპათიას?!

განვიხილოთ  ონლაინგაკვეთილისას  ჩართული და გამორთული ვიდეოთვალის  რამდენიმე ასპექტს:

  • ჩართული კამერისას მოსწავლის მიმიკები, გამოხედვა, გამომეტყველება ჩანს, ვიზუალური კონტაქტი დამყარებულია, რაც მასწავლებელს უადვილებს გამოიცნოს მოსწავლის ჩართულობის ხარისხი, მისი მზაობა კითხვა-პასუხისა თუ სხვა პედაგოგიური მეთოდის გამოყენების შემთხვევაში;
  • გამორთული კამერის პირობებში შეუძლებელია მასწავლებელმა განსაზღვროს მოსწავლის ადგილსამყოფელიდან დაწყებული, აქტივობით დასრულებული, ნებიმიერი მოქმედება. ბავშვი, შეიძლება, სულაც არ იყოს გაკვეთილზე ან თამაშობდეს კომპიუტერულ თამაშს და ა.შ.
  • კამერის ჩართვის მოთხოვნისას, შესაძლებელია, მოსწავლეს შეექმნას დისკომფორტი. სახლის პირობებში ძნელია გააკონტროლოს მის ზურგსუკან არსებული სიტუაცია (განსაკუთრებით, მრავალსულიან ოჯახებში);
  • მოსწავლის მხრიდან კამერის ჩაურთველობის შემთხვევაში, თუ საქმის კურსში ხშირად ჩავაყენებთ მშობელს, სკოლამ, რეალუარდ, არ იცის, მას როგორი რეაგირება ექნება, როგორ აუხსნის ბავშვს, რომ მოთხოვნის შესრულება აუცილებელია. არსებობს რისკი, რომ მშობელი „ხისტად“ მოიქცევა, რაც ბავშვში მოტივაციის ჩაკვლასთან ერთად, გამოიწვევს იმედგაცრუებას. სკოლის, მასწავლებლის მიმართ უნდობლობასა და აგრესიას;
  • კამერების ჩართვის ხშირი მოთხოვნა იწვევს გაკვეთილის რიტმის ვარდნას, დროის დაკარგვასა და საგაკვეთილო პროცესში ნეგატიური ენერგიის შეტანას;
  • მასწავლებლის მხრიდან ნებისმიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია კონკრეტული მოსწავლის გამორთული კამერის მიზეზის დადგენისკენ(მოწოდება, საუბარი, პირადი მიმოწერა და ა.შ.) მოითხოვს გარკვეულ დროს, რომელიც, ასევე, აკლდება საგაკვეთილო პროცესს;
  • ბავშვებს აქვთ უამრავი „მიზეზი“, დაწყებული გარდატეხის ასაკისათვის დამახასიათებელი სახეზე გამონაყარის არსებობით, დასრულებული იმ შეგრძნებით, რომ, უბრალოდ, მოსწავლეს საკუთარი თავი არ მოსწონს და არ აქვს სურვილი მთელი გაკვეთილი მონიტორზე უყუროს… ეს ყოველივე ბავშვს უქმნის დისკომფორტს და მისი გონება, თვისობრივად, ვერ ახდენს კონცენტრაციას, რადგან მოსწავლე დაძაბულია;
  • ონლაინსწავლებამ გამოიწვია ის, რომ სკოლა „სახლში მივიდა“, ანუ მოსწავლეს აქვს განცდა, არა მხოლოდ მასწავლებელი და თანაკლასელები უსმენენ, არამედ კლასელების მშობლები, ბებიები, ბაბუები და ა.შ. ბავშვის ფიქრები, ამ შემთხვევაში, მიმართულია განცდისკენ, რომ მის შეცდომას გარეშე პირებიც დააფიქსირებენ. მასწავლებელს ონლაინსწავლებისას ორმაგი ძალისხმევის გაღება უწევს, რათა არასტრესული, მშვიდი გარემო შექმნას, სადაც მოსწავლეს შეცდომის დაშვების არ შეეშინდება. ამ ფონზე, კამრერის ჩართვის ხშირი მოწოდება, მით უმეტეს, თუ მოთხოვნის დაუმორჩილებლობა „სანქციას“ გამოიწვევს, ვფიქრობ, კიდევ უფრო მეტად დაამძიმებს ბავშვებისათვის ისედაც სტრესულ გარემოს.
  • ზოგიერთმა სკოლამ, საგაკვეთილო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გადაწყვიტა ონლაინგაკვეთილებს დაესწროს (თუნდაც გამორთული კამერით) ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, ეხმარება მასწავლებელს. ერთვება საგაკვეთილო პროცესში, აკეთებს რეპლიკებს, იძლევა მითითებებს, – შენიშვნებსაც კი. ამ შემთხვევაში, ერთი მხრივ, რეალურად ხდება პროცესის გაუმჯობესებული მართვა, მაგალითად: როცა მასწავლებელს გაზიარებული აქვს მასალა, იზღუდება მისი ხედვის არეალი, შეუძლებელია ყველა მოსწავლის დანახვა და თუ გაკვეთილზე რაიმე გაუთვალისწინებელი ხდება(არაიდენთიფიცირებული მომხმარებლის შემოსვლა, ხმაური და ა.შ.), ადმინისტრაციის წარმომადგენელი სიტუაციის გაკონტროლებაში ეხმარება მასწავლებელს. თუმცა, მეორე მხრივ, მოსწავლე, ბუნებრივად, ვერ გრძნობს თავს კომფორტულად, რადგან, ბავშვსა და პედაგოგს შორის დგას ადმინისტრაციის წარმომადგენელი, რომელსაც, ძალაუნებურად, სტრესული გარემო შეაქვს კლასში, რადგან, როგორც ზრდასრულ ადამიანს, ასევე მოსწავლეს არ სიამოვნებს მესამე პირის ჩარევა ადამიანურ ურთიერთობებში(მოსწავლისა და მასწავლებლის დამოკიდებულება რომ ადამიანურ ურთიერთობაზეა დამყარებული, მგონი, ყველანი ვთანხმდებით?!). შესაბამისად, სასვსებით დასაშვებია, საგაკვეთილო პროცესის დროს ბავშვს არ უნდოდეს, რომ ადმინისტრაციის წამომადგენელს კამერა ჩაურთოს, ის უცხოა…

მოცემული პუნქტები, შესაძლოა, არასრული ჩამონათვალია, თუმცა, ვფიქრობ, არსებული ინფორმაცია საკმარისია სიტუაციის გასაანალიზელბად.

ისევ დავსვათ მთავარი კითხვა(ახლა რიტორიკულად) – რა არის პრიორიტეტი, ბავშვის საგაკვეთილო პროცესში ჩართულობა თუ ჩართული კამერა?

დავუბრუნდეთ როჯერსს…

ალბათ, ყველა ადამიანი, რომელსაც, ასე თუ ისე, შეხება აქვს სკოლასთან მიხვდება, რომ მეცნიერის „სამეული“ (გულწრფელობა, კეთილგანწყობილ დამოკიდებულება და ემპათია) სწორედ ის მოვლენაა, რომლის განვითარების პირობებშიც მოსწავლე საუკეთესოდ გაჰყვება მასწავლებელს. „ბავშვს ხელი უნდა ჩაჰკიდო და ფრთხილად გაიყვანო თითოეული დავალების ლაბირინთში, ის უნდა გენდობოდეს, მოგყვებოდეს… მოსწავლემ უნდა იცოდეს, რომ არ დაკარგავ, არ გადაჩეხავ სწავლების ვიწრო ბილიკზე და ამ შემთხვევაში, მიზანს აუცილებლად მიაღწევ, ბავშვს საგანი შეუყვარდება. მისი მონდომება და ძალისხმევა გაათმაგდება“ – ეს სიტყვები ერთმა არაჩვეულებრივმა, გამოცდილმა პედაგოგმა მითხრა და ვფიქრობ, საკმაოდ დამაფიქრებელია…

რამდენად ვართ დარწმუნებულები, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბავშვს სტრესის ქვეშ არ მოვაქცევთ და კეთილგანწყობის მაგიერ, თავს არ შევაძულებთ, ან გულწრფელობის მაგივრად, მასში უნდობლობას არ დავთესავთ?!

თვალსაჩინოებისთვის, პირადი პრაქტიკიდან რამდენიმე მაგალითს მოვიყვან: არის შემთხვევები, როცა მოსწავლე რთავს კამერას, მონიტორზე კი მხოლოდ მის თხემი და ჭერი ჩანს ან ბავშვები პირდაპირ ამბობენ, რომ არ მოსწონთ საკუთარი ვიზუალი… ასევე, არიან ბავშვები, რომლებსაც კამერები გამორთული აქვთ, მაგრამ მათი ჩართულობა საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურია. რამდენად ღირს, ასეთ მოსწავლეებს „სანქციები“ დავუწესოთ გამორთული კამერის გამო?

რა თქმა უნდა, არიან მოსწავლეებიც, რომლებიც „სარგებლობენ“ გამორთული კამერით და სათანადოდ არ ერთვებიან სწავლა-სწავლების პროცესში, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან ფრთხილი, მოზომილი მიდგომაა საჭირო, როგორც მასწავლებლის, ასევე სკოლის ადმინისტრაციისა და მშობლის მხრიდან.

ბუნებრივია, ჩართული კამერა გაცილებით უკეთესია, ვიდრე გამორთული, მაგრამ, ზემოხსენებული დადებითი და უარყოფითი მხარეების პირობებში, რამდენად არის ლოგიკური კამერის ჩართვის მკაცრი მოთხოვნა და მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში „სანქციების“ გატარება?

    ჩემი აზრით, დასახული მიზნის(მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალური ჩართულობა) მისაღწევად, არა ძალდატანებით, არამედ მოსწავლის მხრიდან ნებაყოფლობით ჩართული კამერაა საჭირო, ხოლო მოცემული ამოცანის გადასაჭრელად როჯერსის „სამეული“ გვჭირდება, რომელიც სხვადასხვა საინტერესო აქტივობით, მასწავლებლის/ადმინისტრაციის მხრიდან სტრესის მოხსნის, გულწრფელი, თბილი დამოკიდებულებით მიიღწევა.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...