ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

გზა იუნიბაკენამდე ძალიან შორია

0

აქამდე ვწერდი სკოლის არარსებობაზე, დისტანციური სწავლების გამოწვევებსა და ბავშვების პანდემიურ მოწყენილობაზე. ვფიქრობდი, რომ მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო სკოლების გახსნა ბავშვების ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. საშიში იყო იზოლაცია ყველასთვის და განსაკუთრებით ბავშვებისთვის. როდესაც სკოლების გახსნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს, ჩემმა მესამეკლასელმა შვილმა პირისპირ სწავლების მოდელი აირჩია და სკოლაში ბედნიერი წავიდა. მესამე კლასი სწავლას 12:10 წუთზე იწყებს და სამ საათზე ამთავრებს. ეს ისეთი დროა, როცა ოჯახის რომელიმე უფროსი წევრის მთელი სამუშაო დრო ჰაერშია გამოკიდებული და მთელი დღე, ფაქტობრივად, ბავშვის სკოლაში მიყვანა-მოყვანაზე იხარჯება.

ბავშვების სკოლაში მიყვანა-მოყვანის დიდი კარუსელი დილიდან იწყება და განსაკუთრებით რთულია მათთვის, ვისაც ერთზე მეტი ბავშვი ჰყავს: ჯერ სკოლაში ის ბავშვები მიჰყავთ, ვინც პირველ ცვლაში სწავლობს. შემდეგ ისევ ბრუნდებიან სახლებში და 12 საათისთვის მეორე ცვლის ბავშვები მიჰყავთ. ამასობაში, პირველი ცვლის ბავშვებს გაკვეთილები უმთავრდებათ და ახლა ისინი მიჰყავთ სახლში. სამი საათისთვის ისევ სკოლაში ბრუნდებიან და სახლში მეორე ცვლის ბავშვები მიჰყავთ ხან სპორტულ და ხან კი შემოქმედებით წრეებზე. ასე წინ და უკან სიარული და მთელი დღის მგზავრობაში გატარება თავბრუდამხვევ კარუსელს წააგავს. მიუხედავად იმისა, რომ ყველას ინდივიდუალური სირთულეები გვაქვს, მაინც ვფიქრობ, სწავლების ცოცხალ პროცესს ვერაფერი გადაწონის და ალბათ, ამიტომაც არის, რომ მშობლები ცდილობენ, საუკეთესო აირჩიონ საკუთარი შვილებისთვის და მზად არიან ყველა სირთულესთან გასამკლავებლად… ხშირად, საკუთარი ინტერესების დათმობის ხარჯზე.

მას შემდეგ, რაც სკოლები ისევ გაიხსნა, მთელი ოჯახი დილის ცხრა საათზე გავდივართ სახლიდან. უმცროსი გოგონა (მომავალ წელს სკოლაში მიდის) საბავშვო ბაღში მიგვყავს, შემდეგ კი მე და ჩემს მესამეკლასელ შვილს ორსაათ-ნახევარი გვრჩება თავისუფალი დრო გაკვეთილების დაწყებამდე. ვცდილობთ, ეს დრო სხვადასხვა აქტივობით დავტვირთოთ: ან ქალაქის ქუჩებში ვსეირნობთ, ან სკვერში ვსხდებით, ვლაპარაკობთ. ეს ნამდვილად სასიამოვნო პროცესია ხანგრძლივი კარჩაკეტილობის შემდეგ. მაგრამ, ადრეული გაზაფხულია, ცვალებადი ამინდებით, ხშირი წვიმითა და სუსხიანი ქარით. დიდხანს გარეთ ყოფნით ვერ დატკბები. ერთ ასეთ დღესაც, როცა პირისპირ სწავლების დღეების დაგეგმვას ვცდილობდი, გადავწყვიტე ჩვენს საყვარელ საჯარო ბიბლიოთეკაში მივსულიყავით, რომელსაც ხშირად ვსტუმრობდით სხვადასხვა ღონისძიებების დროს ერთად თუ ცალ-ცალკე. გეგმაც მოვამზადე: მე ჩემი ლეპტოპით ვიმუშავებ, ის თავისი სასკოლო წიგნებით თუ საყვარელი საკითხავი წიგნით, რომელსაც სკოლაში დაატარებს, რომ თავისუფალ დროს იკითხოს. დროს ასე უფრო სასარგებლოდ გავიყვანთ, შემდეგ კი, გაკვეთილების დაწყების დროს მივალთ სკოლაში. პანდემიამ კიდევ ერთი სიურპრიზი მოგვიწყო: აღმოჩნდა, რომ ბიბლიოთეკაში მესამეკლასელი ბიჭი თავის სასკოლო წიგნებს ვერ შეიტანს. ისე შეგვიძლია შესვლა, მაგრამ წიგნების გარეშე. სხვა რა გზაა, თავს მაკდონალდსს ვაფარებთ, სადაც წიგნების შეტანას არავინ გვიშლის, თუმცა ხმაურიანი მუსიკა კონცენტრირებას აფერხებს. ჩემი შვილი გაკვეთილებს მეცადინეობს, მე ჩემს ლეპტოპში სამუშაოს ვამთავრებ. გულდაწყვეტილი ვართ, რომ ასე ცოტა სივრცეა ბავშვებისთვის ჩვენს ქალაქში და ზოგ შემთხვევაში კი – საერთოდ არ არის. უფრო მეტად კი მე ვარ გულდაწყვეტილი, რადგან კარგად ვიცი, როგორ აისახება ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში მათზე.

ამ ამბიდან რამდენიმე დღის შემდეგ ანდრია ქართულის დავალებას წერდა, როცა დამიძახა და წიგნის რვეულში იუნიბაკენის ზღაპრის მუზეუმის შესახებ წამიკითხა: „იუნიბაკენი ადგილია, სადაც ცდილობენ, ბავშვს წიგნი და კითხვა შეაყვარონ. ადგილი, რომელიც ერთხელ მაინც უნდა ნახო“. შემდეგ დაამატა, ჩვენთან საქმე ცოტა სხვანაირად არისო, თუ გინდა წიგნი წაიკითხო, ამაში ხელს არავინ გიწყობს, მგონი უფრო პირიქითო…

იუნიბაკენი ცნობილი შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის შემოქმედების მიხედვით შექმნილი მინიატურული სამყაროა სტოკჰოლმში, კუნძულ იურგორდენზე. იქ მოხვედრილი იღბლიანი ბავშვები ცოტა ხნით საყვარელი მწერლის ზღაპრულ სამყაროში მოგზაურობენ. მუზეუმი ასტრიდ ლინდგრენის უშუალო მონაწილეობით 1996 წელს და ორსართულიან შენობაში გაიხსნა. ის 6000 კვადრატულ მეტრზეა განლაგებული. ეზოში საპატიო ადგილას კი ასტრიდის ძეგლი დგას. მუზეუმის ემბლემაზე გამოსახულია პატარა გოგონა ქოლგით ხელში – ეს მადიკენია, ასტრიდის ერთ-ერთი წიგნის გმირი იუნიბაკენიდან. მუზეუმსაც ამიტომ ჰქვია იუნიბაკენი.

„მუზეუმი ჰგავს ქალაქის მოედანს, სადაც ხის პატარა სახლები დგას. აქ შეგიძლია გაეცნო შვედი ავტორების წიგნების გმირებს. თუმცა ასტრიდის სახლს მოედანზე ვერ იპოვი. ამისთვის ჯერ სადგურში უნდა მიხვიდე. იგი ვიმერბიუს რკინიგზის სადგურის მაკეტია. ვიმერბიუ პატარა ქალაქია, სადაც ასტრიდი გაიზარდა. სადგურზე ვაგონი გელოდება. ჩაჯდები შიგ და ის მწერლის ზღაპრულ სამყაროში წაგიყვანს. აქ შეგიძლია ნახო კარლსონი, ემილი, მადიკენი და სხვა გმირები. ბოლო გაჩერება არის პეპის ვილა „ყიყლიყო“. ეს სამყარო ასტრიდის დაკვეთით მისი წიგნების მხატვარმა შექმნა. გზაში შეგიძლია ხმოვან ტექსტს მოუსმინო შენ მიერ არჩეულ ენაზე. შვედურ ენაზე კი მას თავად ასტრიდი კითხულობს. იუნიბაკენში არის შვედეთის ყველაზე დიდი საბავშვო მაღაზია. წიგნის გარდა, მაღაზიაში იყიდება უამრავი ლამაზი ნივთი. აქვეა კაფე, სადაც პეპის მაჭკატი და კარლსონის ფუნთუშა ცხვება. დიდ სცენაზე კი ყოველ საღამოს იმართება სპექტაკლი“, – ვკითხულობთ მესამე კლასის სკოლის სახელმძღვანელოს რვეულში და ეს ის შემთხვევაა, როცა ძალიან გვშურს იმ ბავშვებისა და ადამიანების, რომლებიც ამ ზღაპრულ სამყაროში მოხვდება, მაშინ, როდესაც ჩვენს ქალაქში უბრალოდ ისეთი სივრცის ნაკლებობაა, სადაც მესამეკლასელი მოსწავლე საკუთარი წიგნებით ისარგებლებს და დროს ნაყოფიერად გაატარებს.

როდესაც ბავშვების კეთილდღეობასა და სასიკეთო ცვლილებებზე ლაპარაკობენ, ვფიქრობ, რომ მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა, ისეთი საკითხების მოგვარებითა და მხარდაჭერით იწყება, როგორიც არის ხელმისაწვდომი და საინტერესო სივრცეების შექმნა მათი ინტელექტუალური, ფიზიკური თუ პიროვნული განვითარებისთვის. ეს უდიდესი სიკეთე იქნებოდა ბავშვებისთვის, დიდი მხარდაჭერა ოჯახებისთვის და წინ გადადგმული ნაბიჯი ბავშვების უკეთესი მომავლისთვის. როდესაც, ბავშვზე ორიენტირებულ გარემოზე ლაპარაკობენ, ვფიქრობ ეს არის ისეთი გარემო, სადაც უყვართ ბავშვები, ფიქრობენ მათ საჭიროებებზე, სადაც ყოველთვის მოიძებნება შესაძლებლობა მათი ინტერესების დასაკმაყოფილებლად: ეს იქნება წიგნებთან, ლიტერატურასთან და ხელოვნებასთან დამაახლოებელი სივრცეების შექმნა და ამ სივრცეებში ბავშვების სურვილების გათვალისწინება. იუნიბაკენამდე კი მართლაც ძალიან შორია და არც საქართველოა შვედეთი, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ამის გაკეთება აქაც შესაძლებელია.

 

 

 

 

მორფოლოგიური ანალიზატორი – მასწავლებლის „თანაშემწე“

0

რამდენ დროს ვხარჯავთ მასწავლებლები მექანიკური, მორფოლოგიური და ორთოგრაფიული შეცდომების გასწორებაზე?

ბევრს.

ხშირ შემთხვევაში, ჩვენ მოვნიშნავთ ხოლმე არასწორ ფორმას, ვუთითებთ მართებულ ვარიანტს ან შეცდომის ტიპს რვეულის არშიაზე და ვთხოვთ მოსწავლეს, დაიმახსოვროს სწორი დაწერილობა.

ონლაინ დაშორებული სწავლების დროს შეცდომების ავტომატური „გამსწორებელი“ შეუცვლელი დამხმარე იქნებოდა ჩემთვის. ახლა ეს შესაძლებელია და აკრეფილი ტექსტის მორფოლოგიური და ორთოგრაფიული შეცდომების წითლად მონიშვნა რამდენიმე წამის ამბავია.

ქართულ ვებსივრცეში უკვე გვაქვს საიტი „მცდარ-ბეჭდილ-მძებნი“  , რომელიც საშუალებას გვაძლევს სრულიად უფასოდ შევამოწმოთ ნაბეჭდი ტექსტი. კერძოდ,  ბეჭდვისას გაპარული ე.წ. „კორექტურა“, არასწორად დართული პირის ნიშნები, კუმშვა-კვეცისას დაშვებული შეცდომები და სხვა მორფოლოგიური ტიპის „მცდარი ბეჭდილები“.

მცდარ-ბეჭდილ-მძებნი ტექსტში არსებული შეცდომების მორფოლოგიური შემმოწმებელია. ვებსაიტზე  (www.spellchecker.ge)  სპეციალურ განყოფილებაში ჩასმულ ტექსტში გაწითლდება მორფოლოგიურად ან ორთოგრაფიულად მცდარი ფორმები. მათზე დაწკაპუნების შემთხვევაში კი სისტემა შემოგთავაზებთ ჩასანაცვლებელი სიტყვების სიას.

მცდარ-ბეჭდილ-მძებნის შემქმნელი მონაცემთა მეცნიერი, ვახტანგ ელერდაშვილია. ის გერმანიაში ცხოვრობს და მუშაობს. სამსახურისგან თავისუფალ დროს ბოლო რამდენიმე წელია, მორფოლოგიური ანალიზატორის შექმნას უთმობს. მასთან საუბრისას  გამოიკვეთა  ბიოგრაფიულად ისეთი გარდამტეხი და საინტერესო დეტალები, რომ მისი გამოცდილების გაზიარება ჩვენი ინტერნეტგაზეთის მკითხველისთვისაც მნიშვნელოვნად მივიჩნიე.

პირველ რიგში, დარწმუნებული ვარ, მასწავლებლებისთვის სასარგებლო იქნება ტექსტების „გამსწორებელი“ თანაშემწე. მოსწავლეებისთვის კი იმის გაგება იქნება ნიშანდობლივი, თუ როგორ შეიძლება ბავშვობისდროინდელი გატაცება პროფესიად იქცეს, რატომ შეიძლება ადამიანი მთელ თავისუფალ დროს მისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებას უსასყიდლოდ უთმობდეს და როგორ შეიძლება სოციუმისთვის მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილეებად მთელი საზოგადოება გაიხადო.

ბავშვობა, კროსვორდი და პროფესია

ბნელ და უშუქო 90-იანი წლებში ისე ვერთობოდით, როგორც შეგვეძლო. გასართობიც ბევრი არაფერი იყო. მამასთან ერთად ამ პერიოდში კროსვორდების შედგენამ მომავალი მეცნიერის პროფესია განსაზღვრა.

„ლინგვისტიკა დიდი ხანია, რაც მაინტერესებს, ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან, როცა კროსვორდებს ვადგენდი. ამისთვის ლექსიკონებს ვამუშავებდი და სიტყვებს ვუკირკიტებდი… ამ საქმიანობამ იმდენად გამიტაცა, პროფესიულ არჩევანზეც კი იმოქმედა. ვისწავლე პროგრამირება, შორეულ 2000-იანებში ქართულ ენაზე კროსვორდის შესადგენი პროგრამა დავწერე, პროგრამისტი გავხდი, შემდეგ ავსტრიაში ვსწავლობდი კომპიუტერულ მეცნიერებას და საბოლოოდ მონაცემთა მეცნიერებაზე შევჩერდი. როცა გადავწყვიტე, ენის კომპიუტერული დამუშავების მეთოდოლოგია შემექმნა, ეს გამოცდილება ძალიან გამომადგა“.

იდეა, როგორც „გვერდითი მოვლენა“

მონაცემთა სფეროში მუშაობის პროცესში მეცნიერი ვახტანგ ელერდაშვილი გენეტიკოსებს ეხმარებოდა თავიანთი მონაცემების დამუშავებაში. მონაცემთა მეცნიერება ქმნის ალგორითმებს, რომლებიც მეგამონაცემებს ( დიდი რაოდენობით მონაცემების) ამუშავებენ. კანონზომიერებების აღმოჩენა, ანალიზი და ინტერპტეტირება სკრუპულოზული, საინტერესო საქმეა. მუშაობის პროცესში მეცნიერი დააკვირდა, რომ რაც გენეტიკაში გენებია, ის ლინგვისტიკაში სიტყვებია, რაც გენეტიკაში გენომია, ის ლინგვისტიკაში გრამატიკული ცხრილებია, ენაც ისევე განიცდის „მუტაციას“, როგორც ორგანიზმი და ისიც „მემკვიდრეობით გადმოგვეცემა“ და…ევრიკა! ბუნებრივი ენის დამუშავების მეთოდოლოგიაში პირველი ნაბიჯები გადაიდგა.

„ამ ეტაპზე გაჩნდა დიდი დაბრკოლება – ქართულ ენაზე არ იყო ხელმისაწვდომი ტექსტები, რათა კორპუსი შემექმნა. დავიწყე ტექსტების შეგროვება. ორი წელიწადი ვაგროვებდი ტექსტებს. 3500 წიგნი, ფეისბუქის გვერდები, ფორუმების პოსტები, ერთ მილიონამდე „ნიუსი“ სააგენტოებიდან – ეს ყველაფერი გროვდებოდა ჩემს საცავში. სადაც კი რამეს მივწვდი, ყველაფერი გადმოვქაჩე და 24 გიგაბაიტიანი კორპუსი შევაგროვე. მილიარდ ორმოცდაშვიდი მილიონი სიტყვა დამიგროვდა“.

დაბრკოლებების გადალახვა, გამოწვევებისა და სირთულეების დაძლევა ნებისმიერი წამოწყების წარმატებით დასრულების საწინდარია. საჭირო გახდა ასეთი შრომით დაგროვებული სიტყვების მარაგის შეჯერება და ვალიდაცია, რისთვისაც მეცნიერმა ქართული ეროვნული კორპუსი გამოიყენა (ქართული ენის ეროვნული კორპუსი აერთიანებს ქართული ენის როგორც წერილობით, ისე ზეპირმეტყველების ნიმუშებს).

„ეროვნულმა კორპუსმა აჩვენა, რომ დაახლოებით 3 მილიონი მორფოლოგიურად ვალიდური სიტყვაა, სწორად ეს 3 მილიონი სიტყვა დაედო საფუძვლად ქართული ენის კომპიუტერულ მოდელს, რომელიც შევქმენი. ამ ეტაპზე ეს მოდელი 93 500 არაზმნური სიტყვის ფორმებს და 7500 ზმნის ფუძის ფორმებს შეიცავს. ყველა ფორმა რომ დავაჯამოთ, რისი გენერაციას მოდელს შეუძლია რამდენიმე ასეულ მილიონ ფორმას მივიღებთ. ეს წარმოუდგენელი რიცხვია. მაგალითად სიტყვა “მეცნიერს” ქართულში 1000-მდე ფორმის წარმოება შეუძლია, აქამდე ამისი წარმოდგენაც კი არ შემეძლო“.

მართლაც საოცარი წარმოსადგენია. აქამდე, თითქოს, ყველამ ვიცოდით, რომ ქართული სიტყვათწარმოება, ზმნური ფორმების წარმოება უამრავ ახალ ფორმას ბადებს, მაგრამ ასე თვალსაჩინოდ, კომპიუტერულად დათვლილი ზუსტი რაოდენობა მაინც რაოდენ შთამბეჭდავია. ერთი სიტყვისგან ნაწარმოები ასობით ფორმის თვალნათივ ხილვა გასაოცარი რამაა.

ღია, გამჭვირვალე, საზოგადოებრივი

ვიკიპედიის მსგავსად, საიტის ნებისმიერ მომხარებელს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს მის დახვეწასა და შევსებაში. ანალიზატორის მარაგის შევსება ყოველდღიურად ხდება და ვახტანგის განცხადებით, მოსალოდნელზე დიდიც კია საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა.

„თავიდან გვქონდა მოლოდინი, რომ მხოლოდ ახლო მეგობრები შემოუერთდებოდნენ წამოწყებას და დაგვეხმარებოდნენ შევსებასა და გაუმჯობესებაში, შევქმენით ჯგუფი სოციალურ ქსელში და ჩვენთვისვე მოულოდნელად უამრავი ადამიანი ჩაერთო პროცესში. ენის სპეციალისტები, მასწავლებლები, ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები. ღია და გამჭვირვალე პროცესი ჩემთვის მნიშვნელოვანია და არანაკლებ ღირებულია ისიც, რომ თითოეულს შეუძლია წვლილის შეტანა საერთო საქმეში“.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფი ფასდაუდებელ შრომას სწევს თანამედროვე სალიტერატურო ნორმების შემუშავების საქმეში.

რამდენი ფორმაა დაგროვებული, რაც სასწრაფოდ საჭიროებს გადაწყვეტას? რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ორთოგრაფიული ლექსიკონები ერთმანეთს ეწინააღმდეგებიან და სხვადასხვა ფორმას მიიჩნევენ ნორმად? ნეოლოგიზმებიდან რომელი უნდა დარჩეს სალიტერატურო ენაში და რომელი უნდა უგულებელვყოთ? რა ნორმებია გადასახედი და შესაცვლელი ხალხური მეტყველებისა და გამოყენების სიხშირის გამოისობით? ეს და სხვა საკითხები აქტიურად მიმოიხილება და თუ აქამდე ეს ყველაფერი სპეციალისტთა ვიწრო წრისთვის იყო ხელმისაწვდომი ან სპეციალურ გამოცემებსა და ჟურნალებში იბეჭდებოდა, ახლა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი.

საიტის შემქმნელი ირწმუნება, რომ ეს რესურსი მუდამ უფასო და ხელმისაწვდომი იქნება მსურველებისთვის. სამომავლოდ სემანტიკური და სინტაქსური შემოწმებაც გახდება შესაძლებელი. ასევე – ბარბარიზმის ჩასანაცვლებელი მოდელიც მუშავდება, რათა მხატვრულ ტექსტში ლეგიტიმურად გამოყენებული ბარბარიზმი კი არ გაწითლდეს, არამედ გალურჯდეს და იქვე სწორი შესატყვისიც მიეწოდოს მომხმარებელს.

მანამდე კი მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საპრეზენტაციო თემების, რეფერატების, საშინაო წერითი დავალებებისა და კომპიუტერში აკრეფილი ნებისმიერი მოცულობის სხვა ტექსტების მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ „გამსწორებლად“  უფასო საიტი https://www.spellchecker.ge შეგვიძლია გამოვიყენოთ.

ვრცელი ინტერვიუ ვახტანგ ელერდაშვილთან გამოქვეყნდა ვებსაიტზე „მედიაჩეკერი“, რუბრიკა „ფილოლოგის სვეტი“

 

 

 

აქტივობები გუნდის მშენებლობისა და ყინულის ლღობისთვის

0

სასკოლო სივრცეში დაბრუნებისთანავე მასწავლებლებს „ხელ-ფეხი გაგვეხსნა”. განვაახლეთ საკლუბო და საწრეო მუშაობა. არაფორმალური განათლების მიწოდების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება უშუალო გარემოს შექმნას, მონაწილეთა დაახლოებასა და უკეთ გაცნობას, მათი ძლიერი მხარეების, მნიშვნელოვანი უნარების გამოკვეთას. ამ კუთხით სხვადასხვა ტიპის უდიდეს როლს თამაშობს აქტივობა. ამ სტატიაში სწორედ გუნდის მშენებლობისა და ე.წ. „ყინულის ლღობის აქტივობებს“ გაგიზიარებთ.

 

სახალისო თამაშები, ერთი მხრივ, ააქტიურებს მოსწავლეებს, მეორე მხრივ – ხელს უწყობს ერთმანეთის უკეთ გაცნობას, დაახლოებას. ამასთანავე, ენერჯაიზერები ავითარებს დაგეგმვის, კრეატიულობის, შემოქმედებითობის, კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, კოორდინაციის, დაკვირვებულობისა და სხვა უნარებს.

კოშკის მშენებლობა

მონაწილეების მიზანია, ააგონ ყველაზე მაღალი კოშკი ჩვენ მიერ მიწოდებული რესურსებით. – კოშკი უნდა იყოს ვერტიკალური, სულ ცოტა, ათი წამი მაინც უნდა გაძლოს ასეთ მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი უნდა იყოს კოშკის გადაადგილება.

აქტივობის ჩასატარებლად დაგჭრდებათ:

  • თითო ჯგუფზე 25-25 საწრუპი;
  • წებოვანი ლენტი/ქაღალდის ლეიკოპლასტირი;
  • მაკრატელი;
  • ნაჭერი თვალის ასახვევად;
  • სახაზავი (კოშკის სიმაღლის დასადგენად);
  • როლური ბარათები.

შევადგინოთ 5-5 წევრისგან შემდგარი ჯგუფები. დავარიგოთ როლური ბარათები, 25-25 საწრუპი, წებოვანი ლენტები, მაკრატელი და ნაჭერი თვალების ასახვევად. ვთხოვოთ მოსწავლეებს, გაეცნონ როლებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს ბარათები ერთმანეთს არ აჩვენონ. ჩვენ ვართ არბიტრები, ფასილიტატორები. შესაბამისად, დავაკვირდეთ პროცესს და გავაკეთოთ ჩანაწერები. ლიდერმა უნდა შეძლოს ჯგუფის ყველა წევრის ჩართვა კოშკის აგების აქტივობაში.

 

ბარათი #1: შენ ხარ ჯგუფის ლიდერი. შენ უნდა უთხრა შენი ჯგუფის წევრებს, რომ თქვენი მიზანია რაც შეიძლება მაღალი და მდგრადი კოშკის აგება მოცემული რესურსების მეშვეობით. ბარათი #2: შეგიძლია ისაუბრო მხოლოდ ინგლისურად.
ბარათი #3: აიხვიე თვალები. ბარათი #4: კოშკის ასაგებად უნდა გამოიყენო მხოლოდ მარცხენა ხელი.
ბარათი #5: შეგიძლია საკუთარი აზრის გამოხატვა მხოლოდ წერილობითი ფორმით.

 

კითხვები შეჯამებისთვის:

  • რა განცდები დაგეუფლათ კოშკის აგების პროცესში?
  • იმედგაცრუებული იყავით როდესაც საუბარი არ შეგეძლოთ?
  • რა ხერხებს მიმართეთ კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად?
  • როგორ მიიღეთ გადაწყვეტილება კოშკის სტრუქტურასთან დაკავშირებით?
  • ვინ იტვირთა ლიდერის როლი? როგორ? რატომ?
  • როგორ დაუკავშირებთ ამ სავარჯიშოს თანასწორობის, ტოლერანტობის საკითხებს?
  • თქვენი აზრით, რა უნარების ათვისება შეიძლება ამ სავარჯიშოს მეშვეობით? (დაგეგმვა, კრეატიულობა, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, კოორდინაცია, დიზაინი, დაკვირვებულობა)

 

 

ჩემი აზრით, ყველაზე რთული იყო ასე მუშაობა, რადგან სხვებს შეეძლოთ, ეყურებინათ იმისთვის, თუ რას აკეთებდნენ, შეხებოდნენ. მე ეს ყველაფერი არ შემეძლო, ამის გამო ნაკლებად ვიყავი ჩართული დავალების შესრულებაში. ჩემი ჯგუფის წევრებისგან ვერ ვიღებდი საკმარის ინფორმაციას იმაზე, რას აკეთებდნენ ისინი, ვსვადი უამრავ შეკითხავას, თუმცა იშვიათად მცემდნენ პასუხს“.

 

სამი შეკითხვა

მოიფიქრე სამი შეკითხვა, რომლებსაც დაუსვამდი ჯგუფის წევრს/თანაკლასელს მისი უკეთ გაცნობის მიზნით. კითხვები შეიძლება ეხებოდეს მის მიზნებს, მისწრაფებებს, ინტერესის სფეროს, მოტივაციის წყაროს და ა.შ.

შემდეგ დავყოთ მონაწილეები ორ დიდ ჯგუფად. პირველი ჯგუფის წევრები ქმნიან დიდ წრეს. მეორე ჯგუფის წარმომადგენლები დადიან წრეში და კითხვებს უსვამენ პირველი ჯგუფის წევრებს. პასუხებს ინიშნავენ წიგნაკში. როდესაც ყველა მონაწილე დასვამს შეკითხვას, შემდეგ ცვლიან როლებს.

შეჯამება

მთლიანი აქტივობის დასრულების შემდეგ დავსხდეთ წრეზე და ერთმანეთს გავუზიაროთ საინტერესო კითხვები და პასუხები.

ხატვა კარნახით

ვორდის ფაილში ააწყვეთ მარტივი ბარათი, რომელშიც შეგიძლიათ ჩასვათ ფიგურა, ნახატი ან ნებისმიერი სხვა გამოსახულება. ვთხოვოთ მოსწავლეებს, შემთხვევითობის პრინციპით დასხდნენ ერთმანეთისკენ ზურგით განლაგებულ სკამებზე. ერთ მწკრივს დავურიგოთ ჩვენ მიერ შექმნილი და ამობეჭდილი ბარათები, ხოლო მეორე მწკრივს – თეთრი ფურცლები. პროცესზე დამკვირვებლები შეგიძლიათ ცალკე გამოყოთ (2-3 მოხალისე).

ვისაც შეხვდება ბარათები, მათ ზურგს უკან მყოფ პარტნიორს ინსტრუქციებით/კარნახით უნდა დაახატვინოს ის, რაც ბარათზეა. მნიშვნელოვანია სიზუსტე და პროპორციების დაცვა.

შეჯამება

პროცესი ძალიან სახალისოდ მიმდინარეობს. ზოგიერთი წყვილი ახერხებს ინსტრუქციების შესრულებას, ზოგი – ვერა. შეჯამების ეტაპზე ერთად განვიხილოთ ის მიზეზები, რომელთა გამოც მცდელობა დასრულდა წარმატებით ან წარუმატებლად. ყურადღება გავამახვილებინოთ სწორი კომუნიკაციის, მოსმენის, კითხვის დასმის უნარებზე.

 

ჯადოსნური ჯოხი

დავსხდეთ მონაწილეებთან ერთად წრეზე. ვუთხრათ, რომ სესიის დაწყებამდე იპოვონ ჯადოსნური ჯოხი, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სამი რამ, რაც დაკავშირებულია სკოლასთან/სწავლასთან საკლუბო საქმიანობასთან/პროექტებთან და თემთან.

მონაწილეები რიგ-რიგობით ასახელებენ იმას, რასაც ჯადოსნური ჯოხის დახმარებით შეცვლიდნენ. პასუხები ჩავინიშნოთ წიგნაკში ან დავწეროთ დაფაზე/ფლიპჩარტზე.

შეჯამება

ყურადღებით დავაკვირდეთ პროცესს. გამოიკვეთება საკითხები, რომლებიც ყველაზე მეტჯერ დასახელდება. დავინტერესდეთ მიზეზით. ამ აქტივობის დროს გავიგებთ მონაწილეთა სურვილებსა და საჭიროებებს. ეს კი, გაგვიწევს დახმარებას სამუშაო პროცესის სწორად დაგეგმვაში.

 

დაასრულე წინადადებები

ამოვბეჭდოთ წინასწარ მომზადებული დაუსრულებელი წინადადებები და გამოვაკრათ სამუშაო სივრცეში. სთხოვეთ მონაწილეებს, გაეცნონ შემოთავაზებულ წინადადებებს და დაასრულონ ისინი. სასურველია პირველი მაგალითი ჩვენ თვითონ მივცეთ.

  • მე ვეხმარები სხვას, რადგან…
  • მე მიადვილდება კომუნიკაცია, როცა…
  • მიხარია/მწყინს, როცა…
  • თავისუფლად გამოვთქვამ მოსაზრებას, როცა…
  • მიადვილდება სამუშაოს შესრულება ისეთ პირობებში, როცა…

შეჯამება

აქტივობა ეხმარება მონაწილეების უკეთ გაცნობას, მათი ძლიერი მხარეების გამოკვეთას. სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ ან შევცვალოთ შემოთავაზებული ვერსიები, მოვარგოთ იმ თემატიკას, რომლის ირგვლივაც ვმუშაობთ.

 

ვიპოვოთ საერთო

⦁ დავყოთ მონაწილეები 3 ჯგუფად. თითოეულ ჯგუფში წევრებმა უნდა იპოვონ ერთმანეთთან საერთო სამი რამ, მაგალითად: წლის საყვარელი სეზონი, ფილმი, არდადეგები და ა.შ.

⦁ შემდეგ სამივე ჯგუფიდან აირჩევა თითო წევრი. ახლა მათ უნდა წარმოადგინონ ჯგუფი და ის სამი რამ, რაც საერთოა ჯგუფის წევრებისთვის.

⦁ თქვენ შეგიძლიათ, თამაში უფრო მხიარული გახადოთ სხვადასხვა დამხმარე ინსტრუქციის საშუალებით; მაგალითად, ვთხოვოთ ჯგუფის წევრს, ისაუბროს საკუთარ ჯგუფზე ისე, თითქოს ის რომელიმე ცნობილი ტელეწამყვანია.

მსგავსი აქტივობების გამოყენება ფორმალურ სასწავლო პროცესშიც მისასალმებელია. ერთ-ერთმა მოსწავლე მითხრა: „გაკვეთილზე მსგავს საკითხებზე არ ვამახვილებთ ყურადღებას, შესვენებაზე კი არასოდეს მომივიდოდა აზრად ამ შეკითხვების დასმა“.

 

სტატიაში გაზიარებული რესურსები შემუშავებულია მენტორინგის პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურებზე. პროგრამის პარტნიორია ტალინის უნივერსიტეტი.

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

 

 

აქტივობების კრებული, 6-18 წლის ბავშვებისა და მოზარდებისთვის, ასოციაციასაქართველოს SOS ბავშვთა სოფელი.

https://toolbox.hyperisland.com/.

https://www.salto-youth.net/tools/toolbox/.

პერსონაჟის მორალურ-ეთიკური პრობლემების ანალიზი (წერილი I)

0

ლიტერატურის მასწავლებელთათვის მხატვრული ტექსტების ანალიზის კომპონენტების სწავლება  უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. თანამედროვე აზროვნება, განსხვავებით საბჭოთა ეპოქის სააზროვნო უნარებისგან, მოითხოვს არა მხოლოდ ტექსტების აღქმა-გაგებას, არამედ მათ ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას. ეს პროცესი ხშირად დაუძლეველ სირთულედ ექცევათ ხოლმე მოსწავლეებს. ზოგადი სურათი ასეთია: მოზარდი ისე ამთავრებს სკოლას, რომ გარკვეული კულტურით გამართული ანალიტიკური ტექსტის შედგენის შესაძლებლობებს მოკლებულია. წლების მანძილზე მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ ამ უნარების განსამტკიცებლად, მაგრამ ხშირად – ამაოდ. ერთიანი ეროვნული გამოცდების ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო და ლიტერატურის არჩევით გამოცდებზე გამსწორებლები ისეთ კურიოზებს აწყდებიან, რომ ეს ყველაფერი არა კომიკური, არამედ უფრო ჩვენი განათლების სისტემური კრიზისის ტრაგიკული სურათია, სამწუხაროდ.

ტექსტების დეკოდირების პროცესში უმთავრესი, როგორც ყველას მოეხსენება, არის ნაწარმოების იდეურ-მხატვრული და სახეობრივი ანალიზი. ხშირად ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ტექსტის საანალიზო მითითება ფორმულირებულია ამგვარად: „იმსჯელეთ ტექსტში დასმული მორალურ-ეთიკური პრობლემების გარშემო“. ისტერიულად ეშინიათ აბიტურიენტებსა და უფრო დაბალი საფეხურის მოსწავლეებს სწორედ ამგვარი დავალებისა, რადგან ავტორისეული მიზანდასახულობის წვდომა და მორალურ-ეთიკური პრობლემების სწორად იდენტიფიცირება მათთვის არ არის იოლი ამოცანა.

ლიტერატურათმცოდნეებისგან ხშირად მსმენია, რომ მწერლობაში ახალი თემები და იდეები ძნელად იკვეთება, რომ ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია, რომ ადამიანური პრობლემები, რომელთა გამოსახვა ლიტერატურის უმთავრესი მისიაა, არ ძველდებიან და მწერლის ნოვატორობა მხოლოდ იმაში გამოიხატება, რომ მკითხველისთვის კარგად ნაცნობი თემები ახალი რაკურსით, ახლებურ ჭრილში გააცოცხლოს, უბრალოდ ახალი პლასტებით გაამდიდროს ის. ძალიან პატივსაცემი მკვლევრებისგან მომისმენია, რომ  მსოფლიო მწერლობის თემატიკა 20-25 თემატური მოტივისგან შედგება, რადგან სწორედ ამ თემების გარშემო ტრიალებს კაცობრიობის ჰუმანისტური პრობლემები დასაბამიდან დღემდე.

მწერლები ხშირად გვთავაზობენ იდეალებს, ამაღლებულ გმირებს, თუმცა ტექსტებში მკითხველისთვის ყველაზე დამაინტრიგებელი და მიმზიდველი მაინც ყოველთვის ყოფის შეულამაზებლად წარმოჩენაა. მკითხველს იზიდავს ბუნებრივი, ადამიანური ცოდვა-მადლით დამძიმებული პერსონაჟი, ე.წ. „საშუალო სტატისტიკური“ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ან გარშემო მყოფ უამრავ პიროვნებას მოაგონებს. მის გზაში, მის მსოფლაღქმასა და ქმედებებში სარკის პრინციპით საკუთარი სახის დანახვა შეუძლია. კონსტანტინე გამსახურდია ერთგან წერდა, მე მუდამ ცოდვილი, გაოფლილი, ოთხმოცპულსიანი ადამიანი მაინტერესებდაო. ლიტერატურის მთავარი თემა ხომ ყველა ეპოქაში ადამიანია, თავისი ვნებებით, ორსახოვნებით, შინაგანი ბრძოლებით, ტანჯვითა თუ დიდებით. ამიტომაც ეპიკურ ტექსტებში ყოველთვის გადამწყვეტია ბოროტისა და კეთილის ჭიდილის გამოსახვა, რაც ადამიანური ყოფის პროექციაა და დამაჯერებელია მკითხველისთვის. თუ ავტორმა თავისი გმირები მოწყვიტა რეალობას, ის კარგავს მკითხველის ნდობას. ადამიანის მორალურ-ეთიკური პრობლემების აქცენტირებით მწერალი ღიად თუ ფარულად ყოველთვის ახმოვანებს საკუთარ იდეებს, აუცილებლად კონკრეტულ იდეურ გადაწყვეტას უძებნის ამგვარი კოლიზიების პროცესში გმირის ბედს.

ბავშვებს ხშირად იმის გაგებაც უჭირთ, თუ რას ნიშნავს ცნება „მორალურ-ეთიკური პრობლემა“, უძნელდებათ მისი მარკირება ტექსტში და ვერც ავტორისეულ მიზანდასახულობას სწვდებიან. ჩვენი მსჯელობები რომ ზოგადი და თეორიული არ იყოს, შევეცდები ბევრი კონკრეტული მაგალითი მოვიყვანო ქართული მწერლობის სასკოლო პროგრამებში შეტანილი ტექსტებიდან. მოზარდებს უპირველესად უნდა ავუხსნათ, რომ მორალური პრობლემები ადამიანის ზნეობასთან, საკაცობრიოდ მიღებულ კოდექსებთან არის დაკავშირებული, ხშირად მწვავე და გადაუჭრელია, მრავალპლანიანია,  ხოლო ეთიკური პრობლემები შედარებით მსუბუქია, ეთიკასთან, ქცევის სტანდარტებთან არის დაკავშირებული და ნათლად წარმოაჩენს პიროვნების შინაგან სამყაროს, ხშირად გმირის ღრმა ფსიქოპორტრეტს გვიცოცხლებს.

მორალურ-ეთიკური პრობლემები ამაღლებულ გმირსაც შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ ძირითადად ის დაკავშირებულია უარყოფითი გმირის, მარგინალის, აუტსაიდერის, ამორალური ადამიანის სახელთან. თუ ამაღლებული გმირი მკითხველისთვის მოდელია ადამიანობისა, ამ ტიპის გმირი, პირიქით, იმას გვასწავლის, თუ როგორი არ უნდა იყოს ადამიანი.

ძალზე საინტერესო საანალიზოა იაკობ ხუცესის „შუშანიკის წამების“ ანტაგონისტის, ვარსქენ პიტიახშის მხატვრული სახე. უპირველესად გმირის ქმედებების მიხედვით უნდა ამოვიცნოთ, რასთან ასოცირდება ის? ვარსქენი თვითმარქვია, მოძალადე, კოლაბორაციონისტი, უგულო, სასტიკი და ეგოისტი ადამიანია. მას უპირისპირდება რწმენისა და ეროვნული ინტერესებისთვის თავდადებული, ჰუმანური, ყველასთვის საყვარელი დედოფალი შუშანიკი. მართალია, ჰაგიოგრაფიული ტექსტის სპეციფიკიდან გამომდინარე, აქ შუშანიკის სახეა ჰიპერბოლიზებული და ვარსქენი მწერლის ყურადღების მიღმა რჩება, ავტორს არც მისი სიკვდილით დასჯის ამბავი უხსენებია, მაგრამ ქვეტექსტებში მან მაინც მოახერხა მისი მარგინალიზება. ტექსტში აშკარად იკვეთება, რომ ვარსქენი ყველასთვის მიუღებელ, ძალადობასთან ასოცირებულ, საზოგადოებისგან გარიყულ პერსონად იქცა. ყველა ის პრობლემა, რასთანაც ვარსქენი ასოცირდება, მისი მორალურ-ეთიკური ფსიქოკონსტიტუციის ნათელმყოფელია. მისი სახის ჩვენებით იაკობ ხუცესმა ხაზი გაუსვა იდეას, რომ ძალმომრეობა, სისასტიკე, ეროვნული ინტერესების ღალატი დაუსჯელი არ რჩება. შესაძლოა, ამ თვისებების გამო გმირმა დროებით დიდების ზენიტს და წარმატებასაც კი მიაღწიოს, მაგრამ საბოლოო ჯამში დრო ყველაფერს თავის სახელს არქმევს და ასეთი პიროვნების მორალური კრახი გარდაუვალია.

გავიხსენოთ X საუკუნის გენიალური მწერლის, გიორგი მერჩულის, თხრობის მანერა მის ჰაგიოგრაფიულ შედევრში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“ და ის დრამატული ეპიზოდები, რომლებიც თემატურადაც სიახლე იყო სასულიერო მწერლობის ქმნილებისთვის. ამ სამ ეპიზოდს ასე დავასათაურებდი: „აშოტ კურაპალატის გარდარეული სიყვარული“, „ადარნესეს შეცოდებანი“ და „ცქირი – ღვარძლი იფქლთა შორის“.

მოკლედ განვიხილოთ ამ ეპიზოდების მოქმედ გმირთა მორალურ-ეთიკური პრობლემები და დავაკავშიროთ ისინი ავტორის იდეურ აქცენტებთან. მწერლის მიზანი აქ უპირველესად არის იმის ხაზგასმა და წარმოჩენა, რომ კლარჯეთელი უდაბნოს ბერები, მამა გრიგოლის საძმოს წევრები, თავიანთი ანგელოზებრივი ცხოვრებით, ტალანტების გამრავლებით, ღვაწლის მძლეობით ერის ზნეობრივ სადარაჯოზე დგანან, მხილება მათი იარაღია, თავად უმაღლესი ზნეობრივი მაგალითების მაჩვენებელნი, ერისკაცებსაც უცოდველი, წესიერი და სულიერი ცხოვრებისკენ უბიძგებენ, ვინც მათ დაუპირისპირდება, ქრისტეს გზის, მოყვასის სიყვარულის წინააღმდეგ ილაშქრებს.

აშოტ მეფე ახალგაზრდა, ძლიერი, მებრძოლი, დაუცხრომელი, ჰუმანური, მომხიბვლელი ადამიანი იყო, მას მამა გრიგოლი ქრისტიანთა ზღუდედ მიიჩნევდა, მაგრამ როცა ის სასიყვარულო ვნებისგან იძლია და სასახლეში, საკუთარი მეუღლისა და შვილების გვერდით, მთელი ერის სალაპარაკოდ, მოიყვანა სიძვის დედაკაცი, რომელიც თანამდებობრივადაც დააწინაურა და მეჭურჭლეთუხუცესად დანიშნა, ამით მეფემ შელახა მრავალი ღირებულება: ოჯახის ერთგულება, საზოგადოებრივი ინტერესი, დარტყმა მიაყენა მეფის რეპუტაციას, რაც, ცხადია, ნეგატიურ გავლენას ახდენს ხალხზე, რადგან მეფე ქვეყნის სიმბოლოა. მართალია, არ არის ძნელი გასაგები აშოტის გრძნობათა ცეცხლის სიმწვავე, „ტრფობა წამებული“, როგორც მას ვასილ ბარნოვმა უწოდა, მაგრამ მამა გრიგოლი კატეგორიულად მოითხოვს მეფისგან ამ ცოდვის დათმობას. ის თავს უფლებას აძლევს, რომ მეფის დაუკითხავად მისი ფავორიტი ქალბატონი მერეს დედათა მონასტერში დედა ფებრონიას ჩააბაროს და მისი სულის ხსნაზე იფიქროს. ქალი მორალურად მტკიცე და მორჩილი აღმოჩნდა, მან მწარე სინანული გამოხატა თავისი მდგომარეობის გამო და წმინდა მამის ეპიტიმიაც (წელზე თოკშებმულად მონასტერში წაყვანა) მორჩილად მიიღო. მორჭმული მეფე კი, ამჯერად „მართლმხილებისგან კდემული“, დედა ფებრონიას წინაშე დაუჯერებლად უძლური აღმოჩნდა, ვინაიდან „ხორციელად ძლიერსა მეფესა სულიერად ძლიერთა კაცთა სძლეს, შეჭურვილთა მათ საღმრთოითა შურითა“.

მრუშობის ცოდვა, ვნების ღირებულებებზე წინ დაყენება, გულისთქმის მონობა მეფე აშოტის მორალურ-ეთიკური პრობლემებია, რომელთა დაძლევაშიც მას მამა გრიგოლისა და დედა ფებრონიას მკაცრი „სანქციები“ დაეხმარა. მეფის სინანული ეპიზოდის ფინალში სულისშემძვრელია. „ნეტარ მას კაცსა, ვინ არღარა ცოცხალ არს!“ – ამოიგმინა გულშეჭირვებულმა და უძლეველმა მეფემ მორჩილად თავი დაუხარა უბრალო მონაზონს. ამ ეპიზოდით ავტორმა წარმოაჩინა ის იდეა, რომ სწორედ ეკლესიის მისიაა ზრუნვა მრევლის გაკეთილშობილებაზე, ამიტომაც სიკვდილის წინ თამამად ამბობს მამა გრიგოლი, რომ ის და მისი ძმები „მრავალ სულთა ნავთსაყუდელად იქცნენ“… ხოლო მეფე აშოტს თუკი ამ სიყვარულის გარეშე სიცოცხლე არ შეეძლო, სამეფო ტახტი უნდა დაეთმო და ხალხის თვალში ასე კომპრომეტირებული არ უნდა დარჩენილიყო. ხშირად აშოტის მხარდამჭერები აპელირებენ იმაზე, რომ ვინაიდან მეფე საქრისტიანოს ასეთი ბურჯი იყო, ვინაიდან მეფეები ძირითადად უსიყვარულოდ ქორწინდებოდნენ პოლიტიკური მიზნებით და გრძნობები სხვის მიმართ ჰქონდათ, ვინაიდან ყველა მეფეს ისედაც ჰყავდა სეფექალთა შორის უამრავი საყვარელი, ვინაიდან მეფე აშოტს „გარდარეული სიყვარულით“ უყვარდა ის დედაკაცი, ხომ არ ჯობდა, რომ მამა გრიგოლი მეფის პირად ცხოვრებაში ასე „ქირურგიულად“ არ ჩარეულიყო, თვალი მოეხუჭა მის ცოდვაზე და ამდენი პასუხისმგებლობით დამძიმებული მეფისთვის ეს ერთი ცოდვა შეერგო, თუ ეს სიყვარული მისთვის ესოდენ ძვირფასი იყო. ვასილ ბარნოვმა ამ თემისადმი მიძღვნილ რომანში („ტრფობა-წამებული“) სწორედ ამ ჭრილში წაიყვანა თავისი ქმნილების იდეური ხაზი:  აშოტი და მისი სატრფო (რომელსაც მრავლისმთქმელი სახელი  შუქია უწოდა) უკვდავი სიყვარულის სახე-სიმბოლოებად, ხოლო მამა გრიგოლი და დედა ფებრონია სიყვარულის წინააღმდეგ მებრძოლ, სასტიკ ადამიანებად წარმოაჩინა.

ადარნესე მეფის სასიყვარულო ისტორია უფრო დრამატული და დამზაფვრელია, რადგან მისი გმირი დედაკაცი, აშოტის საყვარლისგან განსხვავებით, ურჩი, ცილისმწამებელი, საკუთარი ცოდვის ვერგამააზრებელი, კონფლიქტური და შფოთის მთესველია. მან წმინდა დედათა შორის ინტრიგების ხლართვით ყველა აღაშფოთა. ამ ეპიზოდის ლაიტმოტივია ცილისწამების ცოდვის სიმძიმე, რამაც ადარნესე საღვთო შურისგებით დასაჯა – ის მძიმედ დაავადდა და სანამ ცოლყოფილს, რომელსაც სიძვა შესწამა, მიტევება არ სთხოვა, ვერ დააღწია თავი სასჯელს. საინტერესო სახეა ადარნესეს ცოლყოფილი, მეფე ბაგრატ შაროელის ასული ბევრელისი, იგივე დედა ანასტასია (ოჯახიდან უსამართლოდ განკვეთილი ქალი ფერსათის მთაზე მონაზვნად შედგა და უმძიმესი ასკეტური ცხოვრებით აგრძელებდა ღვთისმსახურებას). ის ცილისმწამებელი ქმრის მიერ მოგზავნილ კაცს გულწრფელად ეუბნება, რომ არასდროს ადარნესე არ დაუწყევლია და ახლაც სულგრძელად შეუნდობს მას მძიმე ცოდვას. ადარნესეს საყვარელმაც მწარედ ზღო საკუთარი ცოდვებისთვის. ის მალევე გარდაიცვალა და წმინდა დედათა შორის დამარხულს რაღაც შეუცნობელი ძალით საფლავიდანაც კი თხრიდნენ. ეკლესიის ეზოში დაკრძალული წმინდა დედები მონაზონთა გამოცხადებებში ჩიოდნენ ამ ანტიქრისტეს მათ გვერდით დამარხვის გამო. ამ მისტიკური სიუჟეტის მიღმა იკითხება იდეა, რომელიც დავით გურამიშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, ასე გამოიხატება: „სულს მიუძღვის ხორცთ ნაქნარი, ავსა – ავი, კარგსა – კარგი“…

პერსონაჟთა მორალურ-ეთიკურ პრობლემებზე დისკუსიები ხშირად მწვავე, უაღრესად საინტერესო დებატებად იქცევა ხოლმე საკლასო ოთახებში და სწორედ ამგვარი პროცესი უწყობს ხელს ყველაზე მეტად მოსწავლეთა ანალიტიკური უნარების განვითარებას. ამით ჩვენ მოსწავლეს ვუბიძგებთ, რომ იყოს ტექსტის მკვლევარი, უწყვეტად იფიქროს ხელოვნებაში მხატვრული სახის იდეურ დატვირთვაზე, განავითაროს სინთეზირების უნარ-ჩვევები, დააკავშიროს ერთმანეთთან ხელოვნების სხვადასხვა დარგები, რადგან ლიტერატურული გმირი დიდად ენათესავება მხატვრობასა და მუსიკალურ ხელოვნებაში გაცოცხლებულ სახეებს. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მომდევნო წერილში უსათუოდ გავაგრძელებთ ამ საკითხებზე მსჯელობებს და სიამოვნებით ველით მკითხველის გამოხმაურებებს.

 

 

 

 

 

კომპლექსური დავალებები დისტანციური სწავლებისას

0

დღეს, გლობალური ინფორმაციის ეპოქაში, საჭიროა თაობა, რომელსაც შეუძლია, არა მხოლოდ დამოუკიდებლად და კრიტიკულად შეაფასოს, დაალაგოს და გაფილტროს ინფორმაციის ნაკადი, არამედ საკუთარი მაღალი ხარისხის საინფორმაციო პროდუქტიც შექმნას. ეს ეხება მოსწავლეებსაც. მათ კარგად იციან, როგორ მოიძიონ საჭირო ინფორმაცია ქსელში, მაგრამ ყოველთვის არ იციან, პრობლემის გადასაჭრელად როგორ შექმნან მაღალი ხარისხის პრაქტიკულად საჭირო რესურსი.

ამჟამად უფრო და უფრო აქტუალური ხდება სწავლების სტრატეგიები და მეთოდები, რომლებიც ქმნის ახალი ცოდნის დამოუკიდებლად მიღების, საჭირო ინფორმაციის შეგროვების, ჰიპოთეზების წამოყენების და დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას.

ზოგადი დიდაქტიკა და აკადემიური საგნის კერძო მეთოდები მოითხოვს მოსწავლეების დამოუკიდებლობისა და თვითგანვითარების უნარების გამომუშავებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრას. ეს გულისხმობს სწავლების ახალი ფორმებისა და მეთოდების ძიებას, განათლების შინაარსის განახლებას. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია პროექტებით, აქტიური სწავლების სხვადასხვა ფორმით, კომპლექსური დავალებებით.

კომპლექსური დავალებები ქმნის ხელსაყრელ პირობებს აქტიური, შემოქმედებითი და დამოუკიდებელი უნარებისა და პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლად ცოდნის შეძენას, მიღებული ცოდნის, უნარებისა და უნივერსალური საგანმანათლებლო საქმიანობის გამოყენებას.

დღეს აქტუალურია სკოლაში დისტანციური სწავლების საკითხი. დისტანციური სწავლება არის განათლების ახალი ფორმა, რომელიც გულისხმობს ისეთ საშუალებებს, მეთოდებს, განათლების ორგანიზაციის ისეთ ფორმებს, რომლებიც ინფორმაციული ქსელებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით ხორციელდება. მნიშვნელოვანია მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ურთიერთქმედების ფორმების გამოყენებაც.

დისტანციური სწავლების ნებისმიერი მოდელი უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა დამოუკიდებელი შემეცნებითი საქმიანობის მოქნილ კომბინაციას ინფორმაციის სხვადასხვა წყაროსა და სასწავლო მასალასთან. სწავლების ეს მოდელი გულისხმობს სასწავლო პროცესში ე.წ. ინოვაციური პედაგოგიური ტექნოლოგიების ჩართვას. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპლექსური დავალებები, რომლებიც მოიცავს როლური თამაშების ორგანიზებას, თანამშრომლობის სწავლას და ა.შ. ყველა მათგანი ხელს უწყობს მსმენელთა შესაძლებლობების გამოვლენას და, იმავდროულად, პიროვნების სოციალური თვისებების ფორმირებას (გუნდში მუშაობის უნარი, სხვადასხვა სოციალური როლის შესრულება, ერთმანეთის დახმარება ერთობლივ საქმიანობაში). ამიტომ დისტანციური სწავლების პროცესში დამოუკიდებელი სამუშაო უნდა დაიგეგმოს ისე, რომ არა მარტო საპროგრამო მასალის აღქმას უზრუნველყოფდეს, არამედ მოსწავლეთა ყოვლისმომცველ განვითარებასაც უწყობდეს ხელს.

სამუშაოს ერთ-ერთი ფორმაა დისტანციური კომპლექსური დავალებები, რომელთა შესრულებისას მოსწავლეები არა მხოლოდ პრაქტიკულად იყენებენ არსებულ უნარებს, არამედ სამუშაოს ახალ მახასიათებლებსაც სწავლობენ. ეს მოტივირებული სწავლის წინაპირობაა და არა უბრალოდ მასწავლებლის გამოცდილების გადაცემის საშუალება.

ამასთან, დისტანციური სწავლების ფონზე ჩვენ ვეჯახებით პროექტის საქმიანობის ორგანიზების თავისებურებებს.

ამ ფორმის თავისებურება ის არის, რომ ტრადიციული ეტაპები (პროცესში ჩართვა, სამუშაოების დაგეგმვა, შედეგების პრეზენტაცია, შეფასება, ასახვა) მონაწილეებთან პირისპირ კომუნიკაციისას კი არ ხორციელდება, არამედ ქსელური კომუნიკაციის კორესპონდენციის ფორმით – ფორუმზე, ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მასწავლებლის ფუნქციები იგივე რჩება: მიზნების დასახვა, მოსწავლეთა საქმიანობის ორგანიზება, ამ აქტივობების მართვა და მიღებული შედეგების შეფასება.

როგორც დაგეგმვის, ისე კომპლექსური დავალების ნებისმიერ ეტაპზე პედაგოგი სთავაზობს მოსწავლეებს მუშაობის პირობებსა და ნაბიჯებს.

როგორ დავგეგმოთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა დისტანციური სწავლების გარემოში?

გთავაზობთ თითოეულ ეტაპს და აქტივობას დისტანციური სწავლების პირობებში. ეს ეტაპები პირობითია და არ არის კავშირში მატრიცაში არსებულ ეტაპებთან. ამ საკითხზე მომდევნო სტატიებში გესაუბრებით.

პირველი ეტაპი მოიცავს ისეთი პრობლემის ფორმულირებას, რომლის შესწავლაც მნიშვნელოვანი იქნება მოსწავლეებისთვის. ეს ეტაპი იწყება დავალების საკითხის (თემის), მისი ტიპის, საბოლოო პროდუქტის, მონაწილეთა რაოდენობის, მიზნებისა და ამოცანების გაცნობით. დავალება საინტერესო და აქტუალური უნდა იყოს.

როგორ გავაკეთოთ ეს? დავალება ფორმულირებული უნდა იყოს მოსწავლისთვის ბუნებრივი ენით და ისე, რომ მას ინტერესი გაუჩნდეს. თავად პრობლემებს მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით გამოყოფენ. მართალია, მასწავლებელი თემიდან გამომდინარე არჩევს საკითხს, აკავშირებს მას ცნებებსა და მკვიდრ წარმოდგენებთან, მაგრამ მთავარი მოსწავლეთა მოტივაცია და ჩართულობაა, რასაც აუცილებლად მივაღწევთ, თუ მათი ინტერესების სფეროსაც გავითვალისწინებთ. დიდი მნიშვნელობა აქვს წარდგენას და კითხვის დასმას, რომელზეც დაისმის ძირითადი აქცენტი და რომელიც ყველაზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს მოსწავლის მოტივაციის ამაღლებაში. როდესაც გაკვეთილზე მოსწავლეებს, მათი დაინტერესების მიზნით, ვუთხარი, რომ ახალ დავალებას ვიწყებდით, მივეცი სამი მინიშნება, ისინი კი გამოთქვამდნენ ვარაუდებს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს. ამ მარტივი აქტივობის შედეგად რამდენიმე საინტერესო საკითხიც გამოიკვეთა.

მომდევნო ნაბიჯი მოიცავს ისეთი გეგმის შემუშავებას, რომელიც დასახული მიზნისკენ წაგვიყვანს. მეორე ჩართვისას უკვე შექმნილი იყო ჯგუფები და დასახული -სამოქმედო გეგმა. ამ ეტაპზე მოსწავლეებმა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს: „რა უნდა გაკეთდეს? რა მეთოდებს გამოიყენებთ? რა შედეგი მოჰყვება დავალებას? როგორ ფიქრობთ, როგორი პროდუქტი იქნება უფრო მისაღები და ეფექტური/ეფექტიანი?“

ერთად დაიგეგმა დავალებები და განაწილდა როლები, თითოეულ მოსწავლეს მიეცა განსაზღვრული მოცულობის სამუშაო.

მოსწავლეებს ყველა ეტაპზე სჭირდებათ დახმარება. მის ორგანიზებაში დაგვეხმარა ვიდეოკონფერენცია, რომელზეც განვიხილეთ ყველა წამოჭრილი კითხვა.

ინფორმაციის ძიების მეორე ეტაპი – სინამდვილეში, ეს არის დავალების მასალების დამოუკიდებელი დამუშავება, ძირითადის ხაზგასმა (არსებითისა და უმნიშვნელოს გამიჯვნა), სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განზოგადება და ანალიზი, სადავო საკითხებზე დისკუსია. ამ ეტაპზე რეფლექსია სავალდებულოა.

დისტანციური სწავლების პირობებში რეფლექსია შეიძლება აისახოს დავალებების კომენტარებში. აქ მოსწავლეებმა გააზიარეს დავალების მიმდინარეობა: გეგმები, რუკები, თვალსაჩინოებები, შეაგროვეს მასალა, განიხილეს მონაწილეებსა და „დამკვირვებლებთან“.

მესამე ეტაპი: კომპლექსური დავალების დასრულების შემდეგ გაკეთდა დასკვნები, მოსწავლეებმა წარადგინეს პროდუქტი.

ეს დავალება შეიძლება შესრულდეს ჯგუფში.

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის ბოლო, მეოთხე ეტაპია პრეზენტაცია, მისი დაცვა. ამ ეტაპზე მონაწილეები აჯამებენ კომპლექსური დავალების შედეგებს, პასუხობენ კითხვებს, რომლებიც მიზნად ისახავს პროექტის ეფექტურობის დადგენას და მისი მონაწილეების მიერ საქმიანობისა და პროდუქტის თვითშეფასებას: მიაღწიეს თუ არა მიზანს, რა გაკეთდა, როგორ იყო დაგეგმილი, რისი ბრალია წარუმატებლობა და გეგმიდან გადახრა, რა სირთულეებს შეეჯახნენ და ა.შ.

პრეზენტაციის დროს ურთიერთშეფასების გამოყენება ძალზე ეფექტურია. ამ დროს ყველა ყურადღბით ისმენს და ჩართულია სასწავლო პროცესში.

დისტანციური სწავლება იძლევა მულტიმედიური რესურსების ფართო გამოყენების შესაძლებლობას, მაგრამ სიტყვით გამოსვლის პირველი გამოცდილებისთვის კომპლექსური დავალების მონაწილეებმა გაკვეთილზე ერთმანეთს წარუდგინეს პრეზენტაცია. გამოცდილების შეძენისთანავე მოსწავლეებს უკვე შეეძლებათ მომზადება დამოუკიდებელი პრეზენტაციისთვის. ჩემი როგორც მასწავლებლის ამოცანაა, ვასწავლო სწორად ორიენტირება და შესაბამისი ქცევის ჩამოყალიბებაში დავეხმარო.

ვფიქრობ, ამ გამოცდილებაში მთავარი ის არის, რომ კომპლექსური დავალების აქტივობათა გამოყენება მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, გააგრძელონ კომუნიკაცია, ურთიერთქმედება, პრობლემების გადაჭრა და ერთად დაეუფლონ კომპიუტერს. მუშაობის განმავლობაში მათ ჰქონდათ ოპერატიული უკუკავშირი, რამაც მათ საშუალება მისცა, გაეანალიზებინათ სხვადასხვა ეტაპზე შესრულებული დავალებები.

ასეთი დავალებები მოსწავლეს საშუალებას აძლევს, იმუშაოს ერთდროულად ჯგუფშიც და ინდივიდუალურადაც.

სახალისო დავალებები

0

ახალი გაკვეთილის ახსნის დროს ხშირად ვგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს, რათა ის მრავალფეროვანი გამოგვივიდეს.  აქტივობების მსგავსად მნიშვნელოვანია მოსწავლეებს მივცეთ საინტერესო და სახალისო დავალებები, რომლის შესრულებაც არ დაეზარებათ. მასწავლებლები ხშირად გამოვთქვამთ უკმაყოფილებას, რომ მოსწავლეს დავალება არ აქვს შესრულებული ხარისხიანად.  ხან ავიწყდებათ ან უბრალოდ არ ასრულებენ. ეს პრობლემა  მეც მაწუხებდა, ამიტომ გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის პერიოდულად შემექმნა იმისგან  განსხვავებული დავალებები, ვიდრე ვაძლევდი. ეს დავალებები მორგებული იყო მთლიანად საგაკვეთილო თემაზე. რომელიც იყო მარტივი, სახალისო და ემსახურებოდა ცოდნის განმტკიცებას.

სტატიაში შემოგთავაზებთ ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესწავლილ იაკობ გოგებაშვილის  ტექსტის მიხედვით: ,,მუხა და ლერწამი“ ჩემ მიერ  შედგენილ დავალებებს.

 

მოსწავლეებს სახელმძღვანელოში მოცემულ ილუსტრაციაზე გავუმახვილე ყურადღება.  გონებრივი იერიშის გამოყენებით, მოვისმინე მათი მოსაზრება, რას ფიქრობდნენ ილუსტრაციისა და ტექსტის კავშირზე, რა შეიძლება ყოფილიყო ტექსტის შინაარსი? ვარაუდების გამოთქმის შემდეგ ტექსტი დავყავი მონაკვეთებად და თითოეული მოკვეთის წაკითხვის შემდეგ ვსამდი დამაზუსტებელ შეკითხვებს, ახალი ცოდნის განმტკიცების მიზნით. ტექსტში მოცემული უცხო სიტყვები ჩამოვწერე დაფაზე და მივუწერე განმარტებები. ტექსტის წაკითხვისა და დამუშავების პროცესში დავახასიათეთ პერსონაჟები ვენის დიაგრამის გამოყენებით.

 

 

ტექსტის დამუშავების შემდეგ მოსწავლეებს დავალების სახით მივეცი შემდეგი:

  • პირველ დავალებაში უნდა ეპოვათ პერსონაჟის დამახასიათებელი თვისებები. მოცემული იყო გაფანტული ასოები, სადაც უნდა ეპოვათ სიტყვა, რომელიც გამოხატავდა პერსონაჟის თვისებას.

  • მეორე დავალებაში ტექსტიდან ძირითადი და საკვანძო სიტყვები იყო მოცემული. ასოები იყო არეულად, მოსწავლეს კი უნდა დაელაგებინა ის და შეედგინა სიტყვა.

  • მესამე დავალებაში მოსწავლეს ფოტოზე გამოსახული საზოგადო მოღვაწე და მათ შორის, ტექსტის ავტორი იაკობ გოგებაშვილი, უნდა ეპოვა არეულ მარცვლებს შორის და დაეკავშირებინა გამოსახულებასთან. ამ დავალების მიზანი ცოდნის განმტკიცებაა.

ვფიქრობ ჩემი მოსწავლეებისთვის აღნიშნული დავალებების შესრულება სახალისოა, რომელიც ემსახურება მიღებული ცოდნის განმტკიცებასა და თამაშით სწავლებას.

 

 

 

 

ბრიტანული სწავლების შესახებ

0

დიდი ბრიტანეთი რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ლიდერად განათლებაში. აქაური სკოლები განთქმულია ტრადიციებით, სწავლის მაღალი დონით. ბრიტანულ სკოლებში სწავლა შეუძლიათ როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელებს. სწავლის საფასური წელიწადში საშუალოდ 30 ათას ფუნტამდეა და წარმატებულ მომავალში ჩადებულ ინვესტიციად მიიჩნევა. სკოლისა და უნივერსიტის დიპლომი ახალგაზრდებს ბევრ საოცნებო კარს უღებს. დიპლომის მფლობელს ყველა ქვეყნის დასაქმების ბაზარზე „მწვანე“ ენთება. თუმცა შექსპირის სამშობლოში სწავლასაც აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

დადებითი:

პრესტიჟულობა. ბრიტანული სკოლა კარგი სკოლის ეტალონია. ყველაზე მოკრძალებული შეფასებით, ბრიტანეთის განათლების სისტემის ისტორია 10 საუკუნეს ითვლის. შექსპირის დროსაც კი ინგლისური განათლება ელიტარულად ითვლებოდა. ცოდნის მისაღებად აქ სხვადასხვა კონტინენტიდან ჩამოდიოდნენ. ამბობენ, რომ ინგლისურ სკოლაში სწავლისას ბავშვი საუკუნეების საგანმანათლებლო ტრადიციებს ისისხლხორცებს და ამით უპირატესობას იძენს ნებისმიერ უმაღლესს სასწავლებელში ჩაბარებისას ან დასაქმების პროცესში.

ხარისხი. დიდ ბრიტანეთში განათლებას უკიდურესად სერიოზულად უყურებენ, შეღავათების გარეშე: მილიარდერების შვილებს ისეთივე სიმკაცრით მოეკითხებათ, როგორც ბავშვებს ჩვეულებრივი ოჯახებიდან. ინგლისის სკოლაში დაუშვებელია სიზარმაცე, გაკვეთილების გაცდენა და ტყუილები. მკაცრი დისციპლინა წარმატებული სწავლის საფუძველია. ამავდროულად, სკოლაში სწავლა არ ჰგავს ჯარში მსახურებას, ნიველირება აქ წარმოუდგენელია – მასწავლებლები თითოეული მოსწავლისთვის ინდივიდუალურ მიდგომას ეძებენ, ცდილობენ მისი ნიჭიერი მხარეების გამოვლენას. ინგლისურ სკოლებში პედაგოგები ნამდვილი პროფესიონალები არიან, ბევრი მათგანი პრესტიჟულ უნივერსიტეტშიც ასწავლის. ბავშვს პატარობიდანვე აქვს საქმე დარგის საუკეთესო მცოდნეებთან და ექსპერტებთან. თუ ინგლისში ისწავლე, ეს ნიშნავს, რომ ფლობ არა მხოლოდ ლამაზყდიან დიპლომს, არამედ ნამდვილ ცოდნას.

ინგლისური ენის სწავლის შესაძლებლობა. დიდ ბრიტანეთში სწავლა, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზეა. თუ ბავშვს ინგლისური სხვა ქვეყანაში აქვს ნასწავლი, ერთი წლის შემდეგ ის თითქმის ისევე ისაუბრებს ამ ენაზე, როგორც საკუთარზე საუბრობს, აქცენტის და შეცდომების გარეშე. 14 წლიდან მოსწავლეები ერთვებიან პროგრამაში, რომელიც მათ ამზადებს საშუალო განათლების სერტიფიკატის GCSE მისაღებად. მასში შედის სავალდებულო საგნები – ინგლისური და მათემატიკა.

კავშირები. ბრიტანეთის კერძო სკოლების კურსდამთავრებულები განსაკუთრებულ „კასტას“ წარმოადგენენ. პრივილეგირებული მშობლების შვილები ნიჭიერები და მიზანდასახულები იზრდებიან და ხდებიან მსხვილი ბიზნესმენები, მსახიობები, პოლიტიკოსები, ეკონომისტები, იურისტები, მეცნიერები. ისინი თავინთი სკოლების მომავალი ინვესტორები არიან. ინგლისში სწავლა აფართოვებს ბავშვის ნაცნობობის წრეს. სკოლის მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება, ისინი ინტერესდებიან ერთმანეთის წარმატებებით.

უცხო უნივერსიტეტების ხელმისაწვდომობა. 16 წლიდან სკოლაში იწყება A-Level-ი – უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელების მოსამზადებელი პროგრამა. ის მოიცავს სავალდებულო საგნებს და დამატებით ორ-სამ არჩევით დისციპლინას. ოქსფორდის, სორბონის, იელის და ბრიტანეთის სხვა კერძო სკოლების დიპლომი კარგი სამსახურის დაწყების საწინდარია.

სხვა კულტურულ გარემოში ჩაძირვა. ინგლისში სწავლის დროს ბავშვი ურთიერთობს არა მხოლოდ მკვიდრ ბრიტანელებთან. ეს აფართოვებს მის კულტურულ ჰორიზონტს.

უარყოფითი:

სტრესი. ჩვეულებრივ, სხვა ქვეყნებში მცხოვრები ბავშვები დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად 12-14 წლის ასაკში ჩადიან. ეს ის პერიოდია, როდესაც მოზარდები  ცდილობენ გახდნენ დამოუკიდებლები. ეს საკმაოდ რთული ასაკია. ბევრის უჭირს ოჯახის გარეთ ცხოვრება, ადაპტირება ახალ რეალობასთან, ახალ მეგობრების მოძიება, ცდილობს შეეჩვიოს მშობლის მზრუნველობის გარეშე ყოფნას. ერთი მხრივ, ეს სასარგებლოა და ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებას, მეორეს მხრივ კი დიდი სტრესია.

ფასი. ბრიტანული განათლების ყველა უპირატესობა გავლენას ახდენს სწავლის საფასურზე. სწავლა ძვირი სიამოვნებაა. ამის შესაძლებლობა ყველა ოჯახს არ გააჩნია.

დაძაბული გრაფიკი. ინგლისურ სკოლაში მოსწავლეს ძალიან ცოტა თავისუფალი დროა აქვს. მას უწევს მუდმივად სწავლა – საკლასო ოთახში თუ კლასის გარეთ. აღსანიშნავია, რომ კლასგარეშე აქტივობები ინგლისში ნებაყოფლობით-სავალდებულოა, ანუ, სხვანაირად  რომ ვთქვათ, მოსწავლეს შეუძლია აირჩიოს ის, რაც მას მოსწონს – სპორტი, ხელოვნება, მუშაობა სოციალურ პროექტებზე – მაგრამ ამ არჩევანაის გაწკეთება აუცილებელი პირობაა.

კერძო თუ საჯარო სკოლა?

უმეტეს შემთხვევაში, ასეთი არჩევანის წინაშე ვერ დგები, რადგან ბრიტანეთში საჯარო სკოლებში სწავლა შეუძლიათ მხოლოდ ქვეყანაში დაბადებულ ბავშვებს და მათ შვილებს, ვისაც აქ მუდმივად ცხოვრების უფლება აქვთ. თუ მშობლები გრძელვადიანი ვიზით ცხოვრობენ ბრიტანეთში, ბავშვს შეუძლია სკოლაში იაროს. მაგრამ უცხოელ ბავშვებს, ვისი მშობლებიც სხვა ქვეყანაში ცხოვრობენ, მხოლოდ კერძო სკოლები იღებენ (არსებობს გამონაკლისები).

კერძო და საჯარო სკოლების სტანდარტები და სასწავლო პროგრამა ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მაგრამ კერძო სკოლა მუნიციპალურ სკოლასთან შედარებით გაცილებით კომფორტულია და არჩევითი საგნების სიმრავლითაც გამოირჩევა.

კერძო სკოლის კლასში მოსწავლეთა რაოდენობა ნაკლებია, რაც ბავშვებისადმი ინდივიდუალური მიდგომების საშუალებას იძლევა. და ბოლოს, კერძო სკოლებში მოსწავლეთა სოციალური დონე უფრო მაღალია – სწავლის მაღალი საფასურის გამო, აქ მხოლოდ შეძლებული ოჯახიშვილები სწავლობენ. ბევრი ბრიტანელი, რომელსაც შეუძლია შვილის საჯარო სკოლაში ტარება, უპირატესობას მაინც კერძო სკოლას ანიჭებს.

რადგან ბრიტანეთის სკოლებში სწავლა მხოლოდ ინგლისურ ენაზე მიმდინაწრეობს, ბავშვი მას კარგად უნდა ფლობდეს. დონე upper-intermediate-ეზ დაბალი არ უნდა იყოს. ამიტომ ინგლისში გამგზავრებამდე ერთი წლით ადრე სასურველია ენის ინტენსიური სწავლება. ამ მიზნით ბავშვებისათვის შეძლებული ოჯახები  ხშირად იწვევენ ინგლისიდან ძიძებსა და პედაგოგებს.

დღის სკოლა თუ პანსიონი?

უცხოელ მოსწავლეებს ევროპაში სწავლისა და ცხოვრების ორი არჩევანი აქვთ: დღის სკოლები, სადაც მხოლოდ სწავლობენ, მაგრამ ცხოვრობენ მიმღებ ოჯახებში, სკოლის მახლობლად მდებარე სახლებში და სკოლა-პანსიონები, სადაც მოსწავლეები სწავლობენ და ცხოვრობენ კიდეც. სკოლა-პანსიონში ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ (სპეციალურ საერთო საცხოვრებლებში). ასეთი შენობებში ბევრი პატარა ოთახია, 3-4 ადამიანისთვის განკუთვნილი.

თითოეულ კორპუსს აქვს საერთო მისაღები ოთახი, სადაც ბავშვებს სწავლა და ურთიერთობა შეუძლიათ. ისინი სკოლის კაფეტერიაში იკვებებიან. პანსიონის მოსწავლეებს წელიწადში ორჯერ სახლს სტუმრობენ – ზაფხულის და საშობაო არდადეგებზე.

სკოლა-პანსიონების კამპუსების ტერიტორიებს საგანგებოდ იცავენ. ბევრგან 15 წლამდე ბავშვებს პედაგოგების გარეშე ტერიტორიის დატოვება ეკრძალებათ. უფროსკლასელებს ქალაქში სასეირნოდ უშვებენ ,ხოლოდ იმ პირობით, თუ კონტაქტზე იქნებიან და დათქმულ დროს დაბრუნდებიან. ბრიტანეთის კერძო სკოლების უცხოელ მოსწავლეთა უმეტესობა ასეთ პანსიონებში ცხოვრობს.

ორივე სისტემას აქვს თავისი უპირატესობა: პანსიონში დისტიპლინა და მუდმივი კონტროლი, სახლის პირობებში კი უფრო მეტი სულიერება, უფროსი თაობის უშუალო ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში.

ევროპაში დღემდე არსებობს სკოლები ცალკე ვაჟებისთვის და ცალკე გოგონებისათვის. მიჩნეულია, რომ ორი სქესის განცალკევებით სწავლება პოზიტიურად ზემოქმედებს აკადემიურ მოსწრებაზე. ასეთი სკოლები ისტორიულად უფრო ელიტარულად მიიჩნეოდა და კლასებში, სადაც ცოტა ბავშვი სწავლობდა, ინდივიდუალური მიდგომაც მეტად იყო გარანტირებულია.

ერთ-ერთი ასეთი ცნობილი და პრესტიჟული ქალთა სკოლაა Badminton School, ბრისტოლში. სკოლა დაარსდა XIX საუკუნის შუა ხანებში. სკოლის საკუთრებაშია უზარმაზარი მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია სასწავლო და საერთო საცხოვრებლის შენობები, უამრავი სპორტული მოედანი – აქ სპორტული ტრადიციები საკმაოდ მძლავრია. თითქმის ყველა მოსწავლე დაკავებულია ცხენოსნობით, საბრძოლო ხელოვნებით, ჩოგბურთით ან ცურვით.

სკოლის განსაკუთრებული სიამაყეა ახლად აშენებული ხელოვნების ცენტრი. ინტენსიური კლასგარეშე აქტივობები არც აკადემიურ მოსწრებას უშლის ხელს – ბადმინტონის სკოლის კურსდამთავრებულების უმეტესობა პრესტიჟულ უნივერსიტეტებში იოლად აბარებს. სასწავლო პროგრამა საკმაოდ რთულია, აქცენტით ზუსტ მეცნიერებებსა და ხელოვნებაზე.

სკოლა დიდი არაა (120 მოსწავლე), რაც ქმნის მეგობრულ, თითქმის ოჯახურ ატმოსფეროს. ის ინგლისში ერთ-ერთი ყველაზე მყუდრო დაწესებულებაა. აქ დიდ ყურადღებას აქცევენ მოსწავლეთა კომფორტს. სკოლამ რამდენჯერმე მიიღო სპეციალური ჯილდოები ადგილობრივი შეფ-მზარეულების სამაგალითო მუშაობისთვის.

მეორე მაგალითად სკოლების ჩამონათვალში შეგვიძლია დავასახელოთ დორსეტის საგრაფოში, შერბორნში მდებარე ნიჭიერ ვაჟთა კერძო სკოლა-პანსიონი, სადაც 600-მდე მოსწავლე სწავლობს. აქ ბავშვებს 13-დან 18 წლამდე ასაკში იღებენ. მოსწავლეთა უმეტესობა ბრიტანელია, ცოტაც უცხოელი. სკოლა სამართლიანად ამაყობს თავისი კურსდამთავრებულებით: მსახიობი ჯერემი აირონსი, MI6 ხელმძღვანელი დევიდ სპედინგი, სვაზილენდის მეფე მსვატი III, გამოჩენილი კრიპტოლოგი და მათემატიკოსი ალან ტიურინგი და ხელოვნების, პოლიტიკისა და მეცნიერების მრავალი სხვა წარმომადგენელი.

შერბორნის სკოლა მდებარეობს ძველი მონასტრის შენობაში. მასზე დიდი გავლენა იქონიეს ტრადიციებმა (დაარსდა მე-16 საუკუნეში), თუმცა მისი ამჟამინდელი დირექტორი კრის დევისი უპირატესობას სწავლების ინოვაციურ და არაკონფორმისტულ მიდგომებს ანიჭებს. პირველ რიგში, მას სურს ასწავლოს მოსწავლეებს აზროვნება და საკუთარი რესურსების გამოყენება. ამისათვის გამოჩენილ ფსიქოლოგ გაი კლასტონთან თანამშრომლობით სკოლაში შეიქმნა სპეციალური სასწავლო გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ შერბორნს ძირითადად აღებული აქვს ჰუმანიტარული გეზი, ასევე აქვს ძალიან ძლიერი მათემატიკური განყოფილება, სადაც ძალიან ნიჭიერი ბავშვები სწავლობენ.

კინგჰემ ჰილის სკოლა-პანსიონი, რომელიც ოქსფორდშირის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას მდებარეობს, 1886 წელს დაარსდა. აქ 11-დან 18 წლამდე ბავშვებს იღებენ,  უცხოელებს – 14 წლიდან. დღეს კინგჰემ ჰილში 280 ბავშვი, ვაჟები და გოგონები. 70%-ზე მეტი მუდმივად ცხოვრობს სკოლაში. ეს საგანმანათლებლო დაწესებულება არ არის შერჩევითი, ანუ არ ახორციელებს შერჩევას აკადემიური მოსწრების საფუძველზე. კინგჰემ ჰილის მისიაა ნიჭიერი ბავშვების განვითარება და ამავდროულად საშუალო შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების დახმარება, რათა მათ სწავლაში ახალ სიმაღლეებს მიაღწიონ.

აკადემიური გაგებით, სკოლა იცავს სტანდარტულ სასკოლო სასწავლო გეგმას, რომელიც გთავაზობთ ძალიან მრავალფეროვან კლასგარეშე ღონისძიებებს, აქცენტით სპორტზე – ცხენოსნობა, რაგბი, საბრძოლო ხელოვნება, ჰოკეი, ასევე ცეკვა და ბალეტი.

ჟურნალ “სკოლის მართვის” 2021 წლის პირველი ნომერი

0

ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა (და, ამავე დროს, დიდი გამოწვევაც), მკითხველს ჟურნალის ამ გვერდიდან მივმართო, განსაკუთრებით, ბატონი გია მურღულიას შემდეგ.

სარედაქციო კოლეგიის სახელით, საჯაროდ ვუხდი მადლობას ბატონ გიას ჟურნალის მიმართ გაწეული შრომისთვის, ღვაწლისთვის და ვპირდები, რომ ჟურნალი იმ იდეებისა და მიზნების ერთგულებას აუცილებლად გააგრძელებს, რომელთაც აქამდე ემსახურებოდა.

ერთი წელია, უჩვეულო, სრულიად ახალ რეალობაში ცხოვრობს მსოფლიო. ამ ერთმა წელმა და ახალმა რეალობამ უამრავი ახალი საზრუნავი და საფიქრალი გაგვიჩინა, განსაკუთრებით, მომავალი თაობის განათლებაზე პასუხისმგებელ პირებს. კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა, თუ როგორი უნდა იყოს დღეისთვის ასე ბუნდოვან და გაურკვეველ მომავალზე პასუხისმგებელი სკოლა და სკოლის ხელმძღვანელი, რა არ უნდა გამოვტოვოთ ჩვენი წარსულიდან თუ აწმყოდან იმისათვის, რომ ბუნდოვანი მომავლის გამოწვევას საუკეთესოდ გავართვათ თავი…

სწორედ ამ საფიქრალზე იქნება ორიენტირებული ჟურნალიც.

შევეცდებით, თითოეულმა ნომერმა ერთი კონკრეტული საკითხის გარშემო გაერთიანებული ხედვები შესთავაზოს მკითხველს – როგორც თეორიული თვალსაზრისით, ასევე, პრაქტიკული მაგალითებით გამდიდრებული. ჟურნალში დიდი ადგილი დაეთმობა კვლევებს სკოლის მართვის შესახებ, საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებული სასკოლო სიტუაციების ანალიზს. შევეცდებით, გავამდიდროთ სკოლის დირექტორის ბიბლიოთეკა საინტერესო საკითხავით, ამასთანავე, ადგილი დავუთმოთ სკოლებს, რათა გაგვიზიარონ თავიანთი საინტერესო და წარმატებული გამოცდილება, ან გვესაუბრონ იმ სირთულეებზე, რომელთაც ხშირად აწყდებიან.

ჟურნალის ყველა ნომერში შეხვდება მკითხველი იმ „კარგად დავიწყებულ ძველს“, რომელიც დღესაც აქტუალურია და რომლის არდავიწყებაც წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება.

ამ ნომერში მართვის სტილზე, ლიდერობის თეორიებზე ვილაპარაკებთ, წარმოგიდგენთ ორ კვლევას: რა გავლენას ახდენს დირექტორის მართვის სტილი მასწავლებელთა შრომით კმაყოფილებაზე და რას მიიჩნევენ დირექტორები ყველაზე მნიშვნელოვნად მასწავლებელთა პროფესიული განვითარების თვალსაზრისით. გაეცნობით საინტერესო პროექტებსა და სასკოლო სიტუაციის ანალიზს. მაგრამ ამ ნომერში ყველაზე მთავარი მაინც ჩვენთვის ყველასთვის ერთი შეხედვით „კარგად ნაცნობი“ დიმიტრი უზნაძეა, რომლის პორტრეტიც, შევეცადეთ, სხვა რაკურსით გვეჩვენებინა – რას გვკარნახობს დიმიტრი უზნაძე, სკოლის რეფორმატორი ხელმძღვანელი, საუკუნის მიღმა საქართველოდან, როგორი უნდა იყოს მომავლის სკოლა…

მთავარი რედაქტორი- ნათია ნაცვლიშვილი

 

 

ამ ნომერში წაიკითხავთ:

სკოლის მართვა #1

კორექტორი– მაია წიკლაური
დიზაინერი  ბესიკ დანელია

ნომრის ავტორები 

ლელა მახოხაშვილი, დიმიტრი უზნაძე, ბერიკა შუკაკიძე, მაია არავიაშვილი, დენის წურწუმია, ნათია ნაცვლიშვილი, კახა ჟღენტი, დიმონ არახამია, ზაზა ჭანტურია, თამარ გელაშვილი

სარედაქციო კოლეგია:
ბერიკა შუკაკიძე
განათლების დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორი
მანანა რატიანი
გეოგრაფიის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორის მოადგილე
დავით ხვედელიძე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე
მაია არავიაშვილი
სოციოლოგიის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის ანალიტიკური სამსახურის უფროსი
ნატალია ინგოროყვა
სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი,
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის
საინფორმაციო- საგანმანათლებლო და
მეთოდური რესურსების პროგრამის მენეჯერი
ხათუნა ბარაბაძე
პედაგოგიკის დოქტორი, მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის მასწავლებლის პროფესიის
რეგულირების პროგრამის ხელმძღვანელი
დენის წურწუმია
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
შიდა აუდიტის დეპარტამენტის შიდა აუდიტის
სამმართველოს უფროსი,
განათლების სამართლის მკვლევარი
კახა ჩხარტიშვილი
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის იურიდიული სამსახურის
უფროსი

„ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ როგორც სასწავლო რესურსი

0

2019 წელს „არტანუჯმა“ გამოსცა ქართველი მწერლისა და ენათმეცნიერის დიანა ანფიმიადის ნახევრად დოკუმენტური და ნახევრად მხატვრული წიგნი „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“. 2020 წელს წიგნმა იაკობ გოგებაშვილის პრემია მიიღო ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“ 13 წლისა და უფრო მაღალ ასაკობრივ კატეგორიაში.

მართლაც, ვფიქრობ, რომ „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ მოზარდებისთვის დაწერილი ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია. ის სასიამოვნოდ საკითხავია მათთვის, ვისაც საერთოდ წიგნი უყვარს და მათთვისაც, ვისაც გვინდა წიგნი შევაყვაროთ. მწერლის მაღალ ოსტატობასთან ერთად წიგნში მკვეთრად იგრძნობა ავტორის როგორც მეცნიერის ნამუშევარი და ეს საინტერესო ნაზავი ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვაა ქართულ ლიტერატურაში.

„ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“, როგორც სათაურიდანაც ჩანს, შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაზეა, ოღონდ არა ტექსტზე, არამედ ხელნაწერებზე, უფრო კი იმ ადამიანებზე, რომლებიც ამ ხელნაწერებზე კვალს ტოვებდნენ. „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ ბევრ საინტერესო სახეს აცოცხლებს. ზოგი მათგანი გამოგონილია, ზოგი – მართლა არსებული. მღელვარე, ინტიმური, ხშირად ცრემლისა თუ ღიმილის მომგვრელი ამბები იკითხება ამ ისტორიებში. მაგალითად, ერთი, ყველასთვის ცნობილი „თავაქარაშვილისეული ხელნაწერის“ ამბავი გადამწერის დრამატული ბედის შესახებ მწერლის ფანტაზიით ისეა შევსებული, ძნელია ზღვარის დადება, სად გამონაგონია და სად – სინამდვილე. ის კი ცხადია, რომ ხელნაწერები ჰყვებიან:

„დიდება სრული მყოფელსა ღმერთსა, ყოველთა შემწე მფარველს. ვეფხის ტყაოსანი თიბათვის ცამეტსა, სრულ თვრამეტსა აგვისტოსა, ქორონიკონსა სამოცდა თორმეტ… რამ აკლდეს, ნურავინ დამწყევლით. ტყვეობაშიდ ვსწერდი, ოცდა ცხრა რვეული არის, ფურცელი… ორმოცი“.

და ჰყვება დიანა ანფიმიადიც:

„როდესაც კალიგრაფს „ვეფხისტყაოსნის“ გადაწერა უბრძანა [ლევან მეორე დადიანმა], ნახატებით შემკობა და გაწყობა, რასაკვირველია, იგულისხმა კიდეც, რომ მისი პორტრეტიც უნდა აღმოჩენილიყო მინიატურათა შორის. დიდი პოეტი და დიდი მთავარი – მშვენიერი შეხვედრა საუკუნეების შემდეგ, ასეთი იყო მთავრის ამბიცია“.

დიანა ანფიმიადი ამ წიგნს რომანს უწოდებს, რომანს, რადგან მას ერთი მთავარი პერსონაჟი ჰყავს – „ვეფხისტყაოსანი“.

ლიტერატურის მასწავლებლის ერთ-ერთი ამოცანაა, შეაყვაროს მოსწავლეს კითხვა, მხატვრული სიტყვა. თავისთავად ცხადია, ამას ის მარტო ვერ შეძლებს, მშობლის, გარემოს, ბიბლიოთეკის – ბევრი ფაქტორის თანხვედრაა საჭირო. ასწავლო, ერთია და ასწავლო სიამოვნების მიღება – მეორე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი სხვადასხვაგვარი სტრატეგია და სიფრთხილე, რათა მოსწავლეები არ დავტოვოთ სავალდებულო საზეპიროების პირისპირ და არ შევაძულოთ ის, რაც, წესით, მათი, როგორც ქართულენოვანი მკითხველის, მთავარ სიამოვნებად უნდა იქცეს.

დიანა ანფიმიადის ეს წიგნი სწორედ იმ ტექსტებს მიეკუთვნება, რომლებიც დაეხმარება ჩვენს მოსწავლეებს, ემოციური ბმა გაუჩნდეთ „ვეფხისტყაოსანთან“ და, ამასთანავე, შეიქმნან წარმოდგენა იმის შესახებ, რამდენად ძვირფასი იყო ეს ტექსტი ჩვენი ქვეყნისთვის და რამდენად საინტერესო, მძიმე და სახიფათო გზა გამოიარა, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა.

წიგნთან ერთად მოწაფეებს შეგვიძლია გავაცნოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენის კორპუსის მიერ მომზადებული საიტი, სადაც ამომწურავი ინფორმაციაა „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერების შესახებ:

ქართული ენის კორპუსი

რითაა მნიშვნელოვანი და მომხიბვლელი სასწავლო რესურსად „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“?

მოდი, ცოტა შორიდან დავიწყოთ.

ბავშვის წიგნიერებაზე ზრუნვა, საუკეთესო შემთხვევაში, წლამდე ასაკში იწყება. თანამედროვე ბაზარზე უამრავი წიგნი-სათამაშოა, რომლებიც, როგორც საყვარელი ნივთები, სამყაროს შეცნობის ერთ-ერთი სასურველი კომპონენტია პატარისთვის. მერე ჩნდება ამ წიგნებში სიტყვა, ჯერ – ცოტა, მერე – უფრო მეტი. რაღაც ასაკიდან მშობელი უყვება და შვილი ათვალიერებს, განვითარებასთან ერთად ეჩვევა წაკითხულის მოსმენასაც, სკოლის ასაკიდან უკვე ცდილობს კითხვას და ყველა ამ ეტაპზე მისთვის მნიშვნელოვანია წიგნი – როგორც ნივთი, რომელსაც ახლავს გარკვეული მოგონებები, ემოციები, ბებიისა თუ ბაბუის სურნელი, ოჯახური იდილიის განცდა.

„ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ სწორედ ამ გრძნობებზე გვიყვება. გვიყვება ამბებზე, წიგნის იქით რომ ხდებოდა, ეს წიგნი რომ ვიღაცის საკუთრება იყო და გვიბიძგებს, ჩვენც მოვძებნოთ ჩვენი „ვეფხისტყაოსნები“, ამ პოემასთან დაკავშირებული ჩვენი ისტორია, ჩვენი ემოციური თავგადასავალი, რომელიც დაგვეხმარება, უფრო ახლოდან დავინახოთ ტექსტი და მივიღოთ ის სიხარული, რომელიც დიდი ნაწარმოების კითხვას ახლავს თან.

წიგნის გაცნობის შემდეგ მრავალგვარი საშინაო დავალების მიცემაა შესაძლებელი და ეს დავალებები სწორედ იმ ტიპისაა, რომლებიც მოზარდებს აძლევს საშუალებას, იყვნენ მეტად თავისუფალნი, მეტად გამოავლინონ თავიანთი ინდივიდუალობა და მეტად დაინახონ საკუთარი თავი ამ ტექსტისა და თავად „ვეფხისტყაოსნის“ გვერდით.

უპირველესად, ვფიქრობ, საინტერესო იქნება, მათი როგორც მკითხველების გამოცდილება რომელიმე ერთ წიგნთან დაკავშირებით. შეიძლება, ერთმანეთს გაუზიარონ, რა გამოცდილება აქვთ, ჰქონდათ თუ არა და ახსოვთ თუ არა თავიანთი წიგნები, რომლებსაც სკოლამდე უკითხავდნენ ან თავად კითხულობდნენ უმცროს კლასებში, ახსოვთ თუ არა რომელიმე ილუსტრაცია. იქნებ ახლაც აქვთ შინ ის წიგნები. მერე შეგვიძლია მივცეთ საშინაო დავალებად, თავად „ვეფხისტყაოსნის“ ისტორიები გამოიკვლიონ. შეიძლება, სახლში ჰქონდეთ „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც რამდენიმე თაობაა ოჯახშია და სწავლისა და კითხვისგან უკვე ისე გაცვეთილი, რომ თავისთავად ასახავს რაღაც ისტორიას. შეიძლება, სკოლის ბიბლიოთეკაში მოძებნონ, ან თუნდაც მეგობრებთან.

ასევე მნიშვნელოვანია დისკუსია ელექტრონული წიგნისა და ნაბეჭდი წიგნის შესახებ. შეიძლება, ამას დებატების სახე მივცეთ, შეიძლება, არგუმენტირებული ესეს დაწერა დავავალოთ. მნიშვნელოვანია, ამ დროს არ გამოვამჟღავნოთ, ჩვენი სიმპათია რომელ მხარესაა, რათა რაც შეიძლება თამამად იგრძნონ თავი და მეტად შეეცადონ არგუმენტების გაზიარებას.

თავისთავად ცხადია, ელექტრონულ წიგნსაც და ნაბეჭდ წიგნსაც უამრავი პლუსი და მინუსი მოეძებნება, თუმცა რამდენიმე ნაბეჭდი წიგნი, თუნდაც გამონაკლისის სახით, ვფიქრობ, ყველა ოჯახში უნდა იყოს.

ასევე შეიძლება, არა კონკრეტულად წიგნზე, არამედ წაკითხვის, სწავლების ისტორიაზე შევაკრებინოთ მასალა. ვთხოვოთ, ჩაიწერონ მოკლე ზეპირი ისტორიები სხვადასხვა თაობის ადამიანებთან: როგორ სწავლობდნენ, როგორ და სად კითხულობდნენ, რა მოგონებები აკავშირებთ; დავავლოთ ინფორმაციის მოძიება იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იციან.

ლიტერატურის სწავლებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია ჟანრული თავისებურებების განსაზღვრა, თავად ჟანრის განვითარების ისტორია. ამ კუთხითაც მნიშვნელოვანი წიგნია „ჩვენ, ვეფხიტყაოსნები“. ის უდავოდ რომანია, ოღონდ თანამედროვე რომანი, რომელიც უპირველესად ახალი ფორმის ძიებას და თავად ჟანრის კანონების რღვევას გულისხმობს. თუ გავიხსენებთ, რომ 2015 წელს შვედეთის აკადემიამ ნობელის პრემია მიანიჭა ბელარუს ქალს, სვეტლანა ალექსიევიჩს „ლიტერატურაში ახალი ჟანრის დამკვიდრებისთვის“ (ის ზეპირ ისტორიებს აქცევს რომანებად), ცხადი გახდება, რომ ოცდამეერთე საუკუნე მეტი თავისუფლებისკენ მიილტვის და ამ ძიებით პოულობს კიდეც ახალ ფორმებს, რომლებიც მეტად მომხიბვლელია თანამედროვე მკითხველისთვის.

დიანა ანფიმიადის „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ სწორედ ამ ტიპის ლიტერატურაა. ისიც ერთგვარი ისტორიებია, ოღონდ არა ზეპირი, არამედ წერილობითი. ამდენად, ლიტერატურის მასწავლებელს ის ლიტერატურათმცოდნეობის კუთხითაც მრავალგვარი საუბრისა თუ პოლემიკის საშუალებას აძლევს. არის თუ არა ეს წიგნი რომანი, როგორია თავად რომანის ისტორია, რა სახეცვლილებით აგრძელებს ეს ჟანრი განვითარებას, რამ გამოიწვია ჟანრული თავისებურებების აღრევა თუ მკვეთრი ხაზის გაქრობა, რას შეიძლება ვუწოდოთ ისტორიული ნაწარმოები?

ამდენად, დიანა ანფიმიადის „ჩვენ, ვეფხისტყაოსნები“ მნიშვნელოვანი შენაძენია როგორც უბრალოდ მკითხველისთვის, ასევე სკოლისთვისაც, რადგან მას აქვს პოტენციალი, მრავალგვარი დანიშნულების სასწავლო რესურსად გარდაიქმნას.

 

გოგონების გვერდით

0

ამასწინათ ანასტასიას, ჩემს ექვსი წლის გოგონას, ელინორ პორტერის „პოლიანა“ წავუკითხე. პატარა ობოლი გოგონას შესახებ საუცხოოდ მოთხრობილმა ამბავმა ისე დამაინტერესა, ყოველ საღამოს კითხვის ძილისწინა რიტუალს ვეღარ დაველოდე და იმ დღესვე დავამთავრე.

„პოლიანას“ წაკითხვის სიამოვნება ბავშვობაში არ მქონია, რადგან ის, დიდი ხანი არ არის, თარგმნეს. ამიერიდან უფრო მეტი მკითხველი გაიცნობს კეთილ და იმედიან პერსონაჟს და, ვფიქრობ, თანამედროვე ბავშვები მას ისევე შეიყვარებენ, როგორც სხვა, უკვე ცნობილი ლიტერატურული გმირები შეიყვარეს.

თერთმეტი წლის პოლიანა ერთადერთ ცოცხალ ნათესავთან –  დეიდასთან მიემგზავრება. ლამაზ და მდიდრულად მორთულ სახლში, როგორზეც პოლიანა მანამდე ოცნებობდა, არც ისე კეთილი დამოკიდებულება და სასიამოვნო ატმოსფერო ხვდება. პოლიანა მხიარული და კეთილი გოგონაა, რომელსაც განსაკუთრებული უნარი აქვს, ადამიანებს სიხარული განაცდევინოს. მისი ძლიერი მხარე და ბედნიერების გასაღები საიდუმლო თამაშია, რომელსაც ის ბავშვობიდან თამაშობს. „სიხარულობანა“ – ასე ჰქვია თამაშს, რომელიც გოგონას მოძღვარმა მამამ ასწავლა. თამაშის პრინციპი ასეთია: იმ ამბებში, რომლებიც ჩვენს თავს ხდება, ყოველთვის შესაძლებელია რამე სასიხარულოს პოვნა. პოლიანა სხვებსაც ამას ასწავლის: როცა ჩვენ გარშემო ყველაფერი ძალიან ცუდადაა, როგორ ვიპოვოთ ნუგეში და სიხარული, რომელიც გადაგვარჩენს და სიცოცხლის სურვილს დაგვიბრუნებს. მამამ პოლიანას მთავარი ცხოვრებისეული სიბრძნე გაუზიარა, რომელსაც მარტო დარჩენილი პატარა გოგონა წარმატებით იყენებს.

მშობლობის მთავარი დანიშნულება შვილების გაძლიერებაა. იმ უნარების გაღვივება, რომლებიც მათ რთულ სიტუაციებში დაეხმარება, მაშინ, როცა თავად ვერ შევძლებთ მათ დახმარებას ან ფიზიკურად ვერ ვიქნებით მათ გვერდით – როგორ გადაირჩინონ თავი, როგორ დაუძვრნენ პრობლემების სქელ ღრუბელს, ვის სთხოვონ დახმარება. ამ ყველაფრის სწავლება შესაძლებელია და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. როგორ მოვახერხებთ ამას, ეს უკვე ჩვენს – მშობლების ოსტატობაზეა დამოკიდებული.

რა ხდება გოგონების თავს? როგორ გრძნობენ თავს ისინი, როდესაც მარტო აღმოჩნდებიან განსაცდელის პირისპირ? ვის სთხოვენ დახმარებას, როცა უჭირთ? გვიყვებიან პრობლემების შესახებ თუ ჩუმად არიან? ან რატომ არ გვთხოვენ დახმარებას ჩვენ? როგორ მოვიქცეთ, რომ ისინი უფრო ძლიერები, უფრო თავდაჯერებულები, ბედნიერები და ლაღები იყვნენ? როგორ დავიცვათ მათზე უფრო ძლიერებისა და უხეშებისგან? – მშობლობა ასეთ კითხვებზეც მოითხოვს პასუხებს.

თოთხმეტი წლის ნინის ამბავი ყველამ გავიგეთ, ყველა შეგვზარა. მას შემდეგ კვირა არ გავა, რამე ამბავი არ გავიგოთ პატარა გოგონებზე, რომლებზეც იძალადეს, დაჩაგრეს, სცემეს, გული ატკინეს და რომლებსაც არავინ არ ჰყავდათ ისეთი, ვისაც ენდობოდნენ, ვინც მათ ტრაგიკულ ამბებს დაიტევდა, თანაუგრძნობდა… მთელი ამ ხნის განმავლობაში ელიანორ პორტერის პოლიანა მახსენდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი თავგადასავალი არ ჰგავს ჩვენი გოგონების თავგადასავლებს, სადაც ისინი მარტო რჩებიან უდიდესი პრობლემების პირისპირ.

პოლიანას გმირი ჩვენი ტრაგიკული გოგონებისგან იმით განსხვავდება, რომ მშობელმა მას მთავარი ცხოვრებისეული სიბრძნე ასწავლა და მერე, როცა უკვე თვითონ აღარ იყო მის გვერდით, მის გოგონას უკვე მამისგან ნასწავლი სიბრძნე იცავდა, მატებდა ძალას.

ჩვენ რას ვასწავლით ჩვენს გოგონებს? როგორ უნდა მოიქცნენ ისინი, თუ პრობლემების უფსკრულს შეეჩეხებიან? ვაძლევთ იმედს, რომ მათ დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებთ? გავაძლიერებთ თუ ვკიცხავთ, ვარცხვენთ თუ კიდევ უფრო მეტ ტკივილს ვაყენებთ?

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...