ორშაბათი, აგვისტო 25, 2025
25 აგვისტო, ორშაბათი, 2025

კომპლექსური დავლება – ლაპაროსკოპი, რევოლუცია ქირურგიაში

0
Human Hands Hold Tablet Control Robot Arms Surgeon Making Surgery Patient on Operating Table. Nanorobot Treats Blood Cells on Screen. Vector Robotic Surgery. Nano Technology Intervention Illustration

ყველა სტატიის იდეა ჩემს ყოველდღიურობას უკავშირდება, ზოგჯერ იდეის ავტორები ჩემი შვილები არიან. ისინი დაწყებით საფეხურზე სწავლობენ. მიუხედავად მცირე ასაკისა, დიდ ინტერესს იჩენენ საკმაოდ რთული საკითხების მიმართ. ჩემი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ ასაკის მოსწავლეებს არც ტერმინების დამახსოვრება უჭირთ და თემასაც იაზრებენ, თუ მათი ასაკის შესაბამისად არის განმარტებული.  ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ადვილად, ძალდატანების გარეშე მუშაობს საკითხზე, როცა იაზრებს, რაში გამოადგება მისი ცოდნა. ნებისმიერ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობასაც მასწავლებელი სწორედ ამ ეტაპით იწყებს. მოსწავლეს აცნობს, როგორ უკავშირდება საკითხი ყოველდღიურ ცხოვრებას, რაში გამოადგება ის. გთავაზობთ საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ერთ კომპლექსურ დავალებას.

(მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა ჯერ არ დაწყებულა საშუალო საფეხურზე, ამიტომ ახალი სტანდარტიც არ არსებობს. ამ ეტაპზე საბაზო საფეხურის სტანდარტში მოცემულ მკვიდრ წარმოდგენებს და სამიზნე ცნებები გამოვიყენებ).

დავალების შესრულებისთვის ვიმუშავე შემდეგ საკითხებზე:

ბიოლოგია: საჭმლის მომნელებელი და რეპროდუქციული სისტემების აგებულება და ფუნქცია (მიმოხილვა);

ქიმია: ნახშირორჟანგის, ჟანგბადის, ჰაერის, ქსენონის, ჰელიუმის, არგონის და აზოტის მონოოქსიდისა და დიაზოტის ოქსიდის გამოკვლევა აგებულებისა და ფიზიკური და ქიმიური თვისებების მიხედვით;

ფიზიკა: სრული შინაგანი არეკვლა, ჩაზნექილი ლინზა და სინათლის წყაროები.

საგანი: მეცნიერება (პირობითად)     ინტეგრირებული დავალება : ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგია
კლასი: 10/11/12
სამიზნე ცნება:

მატერია;

ჯანმრთელობა და დაავადება;

მეცნიერება და ტექნოლოგია;

კვლევა;

მიმართულება: მეცნიერება და ტექნოლოგიები:

ქიმ/ბიოლ/ფიზ.საბ.11. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება;

ქიმ/ბიოლ/ფიზ.საბ.12. საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სხვადასხვა პროფესიასთან დაკავშირება.

დავალების პირობა: 65 წლის დიაბეტით დაავადებულ ადამიანს სჭირდება ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა). ქირურგი ურჩევს ოპერაციას ლაპაროსკოპიული მეთოდით. თუმცა პაციენტი სკეპტიკურად უყურებს საკითხს და ღია წესით ოპერაციის ჩატარებს მოითხოვს. არ სჯერა, რომ მანიპულაცია უსაფრთხოა და ხარისხიანი. საპრეზენტაციო სისტემაში მოამზადე მასალა, სადაც წარმოადგენ:

⮚       ნივთიერების რა თვისებებია გათვალისწინებული ოპტიკური ხელსაწყოს – ლაპაროსკოპის  დამზადების პროცესში (ფიზ.საბ.1);

⮚       რა კავშირია ოპტიკური მოვლენების პრინციპების ცოდნასა და მედიცინას შორის (ფიზ.საბ.10,11,12).

⮚      რა მნიშვნელობა აქვს ლაპაროსკოპიას ადამიანის რეპროდუქციული და სისტემის მდგომარეობის (ჯანმრთელობის დაცვა, უშვილობის დაძლევა, დაავადებები, ხელოვნური განაყოფიერება, მედიცინა, იმუნოლოგია) შესწავლასა და გაუმჯობესებაში (ბიოლ.საბ.11,12,13).

⮚      რატომ გამოიყენება ლაპაროსკოპიაში კონკრეტული ნივთიერებები და რა კავშირია მათ მოლეკულურ შედგენილობას,  ქიმიური ბმის ტიპსა და მათ  გამოყენებას შორის (ქიმ საბ.2).

 

რეკომენდაციები დავალების შესრულებისას:

დავალების შესრულებამდე იმუშავე სიმულაციებში:

https://bit.ly/3iNAnlz

https://bit.ly/3iK7V4e

https://bit.ly/2Xp3Mu9

https://bit.ly/3CR879V

გაეცანი ლიტერატურას, რომელიც მოცემულია ჰიპერლინკების სახით: ლაპაროსკოპის აგებულება და გამოყენების ისტორია;

პრეზენტაციის მომზადებისას გაითვალისწინე:

⮚      ფიზიკის რომელ აღმოჩენებს ეფუძნება ლაპაროსკოპის მუშაობა;

⮚      რამდენი ტიპის ლაპაროსკოპი არსებობს და რა განასხვავებს მათ ერთმანეთისგან;

⮚      რა უპირატესობა და შეზღუდვები ახასიათებს მას;

⮚      რომელი ორგანოების კვლევისთვის და ოპერირებისთვის გამოიყენება ლაპაროსკოპიული მეთოდი;

⮚      რა მნიშვნელობა აქვს ლაპაროსკოპიული პროცედურის წინ პაციენტის  მომზადების ეტაპს;

⮚      რომელი გაზები გამოიყენება მანიპულაციის დროს და რატომ;

⮚      რატომ არის მნიშვნელოვანი ადამიანის ასაკის გათვალისწინება;

⮚      რატომ არის მნიშვნელოვანი თანმხლები დაავადების, შაქრიანი დიაბეტის გათვალისწინება.

 

დავალებაზე მუშაობისას შეგიძლიათ გამოიყენოთ სურათები. პირველი სურათი გამოსახავს მუცლის ღრუს ლაპაროსკოპით გადიდებულ და საწყის მდგომარეობაში. მეორე სურათი გამოსახულებებს შორის სხვაობას, როცა მანძილი ორგანოსა და მუცლის ღრუს კედელს შორის 4 და 12 სმ-ია. მესამე სურათი გამოსახავს გამოსახულებებს შორის  სხვაობას, როცა სინათლის ინტენსივობაა 1500 ლუქსი და 20000 ლუქსი.

  1. შეარჩიე იდეალური გაზი ლაპაროსკოპიული მანიპულაციის დროს

ლაპაროსკოპიული ოპერაციის ან დიაგნოსტირების ტიპის გათვალისწინებით პაციენტს სთხოვენ, არ მიიღოს საკვები ოპერაციამდე  6-12 საათის განმავლობაში.

ლაპაროსკოპიული მანიპულაციის ჩასატარებლად, დიაგნოსტიკის ან ოპერაციის დროს, საჭიროა სივრცე, ამიტომ აუცილებელია პნევმოაბდომინალური ღრუს მოცულობის გაზრდა. მასში არ უნდა მოხდეს სინათლის შთანთქმა. ლაპაროსკოპიის განვითარების ისტორიის მანძილზე მრავალი გაზი მოსინჯეს, მათ შორის ჰაერი, აზოტის ოქსიდები, ჟანგბადი, ჰელიუმი, არგონი და ნახშირორჟანგი.

რესურსი მასწავლებლისთვის:

ძალიან კარგ ვარიანტად ითვლებოდა დიაზოტის ოქსიდი და აზოტის მონოოქსიდი. ისინი უფეროა, სისხლში ადვილად იხსნება, ფილტვებით მათი ამოსუნთქვა ადვილია. არა აალებადი და იაფია. მიუხედავად ამისა, მათი გამოყენება საშიშია. რადგან ხდება მათი უკონტროლო აბსორბცია სისხლის ნაკადში.

ჰაერი და ჟანგბადი არასასურველია, რადგან ისინი ადვილად აალებადი აირებია, არ შთაინთქმებიან სისხლით. მათი გამოყენების შემთხვევაში შესაძლოა პაციენტის თრომბოემბოლიით სიკვდილი დადგეს.

ჟანგბადისა და ჰაერის დიდი კონცენტრაციის შემთხვევაში მეთანთან შეერთებამ შესაძლოა მუცლის ღრუს  „აფეთქება“ გამოიწვიოს.

ნახშირორჟანგის შემთხვევაში ემბოლიის რისკი დაბალია. ის აინჰიბირებს წვას, ადვილია მისი რეაბსორბცია, ამოისუნთქება ფილტვების საშუალებით, იაფია, ქსოვილებისთვის „ნაცნობი“ გაზია.

ჰელიუმის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა სპეციალური ადაპტორების გამოყენება. ამას გარდა, წამლის სააგენტო კრძალავს მის გამოყენებას სამედიცინო მანიპულაციების დროს.  ზოგჯერ გამოიყენება ნახშირორჟანგის და არგონის ნარევი. ეს ნარევი ადამიანის ჰემოდინამიკას არ ცვლის.

ლაპაროსკოპიული ქირურგიის უპირატესობები და შეზღუდვები

უპირატესობები შეზღუდვები
⮚      ამცირებს სისხლდენას, ამიტომ სისხლის გადასხმის საჭიროება ნაკლებია;

⮚      ნაკვეთი მცირე ზომის არის და ამცირებს ტკივილის შეგრძნებას და შეხორცების დროს;

⮚      პოსტ-ოპერაციული პერიოდი ხანმოკლეა;

⮚      არ სჭირდება ან იშვიათად სჭირდება ტკივილ გამაყუჩებლები;

⮚      ოპერაციის დროს გამოიყენება ადგილობრივი ანესთეზია;

⮚      ჰოსპიტალიზაციის პერიოდი ხანმოკლეა;

⮚      ინფექციის განვითარების რისკი დაბალია.

⮚      საჭიროა პნევმოპერიტონიუმის მოცულობის გაზრდა;

⮚      სამოძრაო არე ნაკლებია;

⮚      ხელით მანიპულაცია არ ხდება და ტაქტილური შეგრძნებების შემოწმება შეუძლებელია;

⮚      ინსტრუმენტის ბოლო წერტილები მოძრაობს ქირურგის ხელის მოძრაობის საპირისპიროდ, ამიტომ მანიპულირება საკმაოდ რთულია და ქირურგის მხრიდან წინასწარ ხანგრძლივ მომზადებას მოითხოვს;

⮚      ზოგჯერ საჭიროა ღია ჭრილობის გაკეთება.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://bit.ly/3m3udQi

https://bit.ly/3CNcfYr

უძვირფასესი

0

ოქროსა და ვერცხლს ერიდეთო, არ დაემონოთო, – ჯერ კიდევ როდის შეგვაგონებდნენ. არ შევისმინეთ. ვინ მოთვლის, რამდენი ოფლი და სისხლი დაღვრილა ამ ორი მეტალის გულისთვის მათი აღმოჩენის დღიდან, რამდენ ადგილას გაუფატრავთ დედამიწის გულმკერდი, რამდენი ადამიანი გაუწირავთ მათ მისხალ-მისხალ შესაგროვებლად, ხაზინებისა თუ მიწისქვეშა საგანძურების ასავსებად, ზეპურთა დარბაზებისა თუ ძვირფასეულობის მოტრფიალეთა სხეულის ვიტრინების შესამკობად…

რატომ გავაფეტიშეთ მაინცდამაინც ეს ორი ქიმიური ელემენტი? ვითომ მართლა ყველაზე ძვირფასია?

ამჟამად 118 ელემენტია ცნობილი. ცხადია, ყველა მათგანი მეტალი არ არის, მაგრამ საკუთარი ღირებულება ყველას აქვს.

ოქრო-ვერცხლის პოპულარობას ხელი რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო. უპირველეს ყოვლისა – იმან, რომ, სხვა მეტალებისაგან განსხვავებით, ბუნებაში თავისუფალი სახით მოიპოვებოდა. საკმარისი იყო წერაქვი და მკლავში ძალა, „თვალნი ქორებულ მხედავნი“ და ცოტაოდენი იღბალიც. რკინის, სპილენძის, ალუმინისა და სხვა მეტალების მიგნებას და მეტალად ქცევას კი ქიმია-მეტალურგიის ცოდნა სჭირდებოდა. მეორე ფაქტორი ამ ელემენტთა ინერტულობაა: მიწაშიც და ზარდახშაშიც საუკუნეების განმავლობაში უცვლელად ინახება, ჟანგი მათ გულს არ ეკარება. კიდევ ერთი ფაქტორი მათი ადვილად გალღობის უნარი და პლასტიკურობა იყო – მარტივი ნახშირის ღუმლის მცხუნვარება საკმარისი გახლდათ ოქროსა და ვერცხლის „მდინარეების“ მისაღებად. ჩაქუჩსაც ადვილას ემორჩილებოდა, დამყოლი და დამჯერი მასალები იყო. ამავე ჯგუფის კიდევ ერთ ელემენტს, პლატინას, სწორედ ამ საკითხში არ გაუმართლა – მასაც რიყის ქვებივით ადვილად მოიპოვებდნენ, მაგრამ ღუმელში ჯიუტდებოდა, ამიტომ ვერაფერი მოვუხერხეთ და ზურგი ვაქციეთ მანამდე, სანამ პირიდან ცეცხლის მფრქვეველი დანადგარები არ მოვიგონეთ.

ეკონომიკის კანონები თუ ოდნავ მაინც ესმის ადამიანს, ლოგიკური კითხვა გაუჩნდება: რატომ უნდა იყოს ოქრო სპილენძზე, რკინასა და ალუმინზე ძვირი? ოქროს მოსაპოვებლად საკმარისია, დაიხარო და აიღო, რკინისა და ალუმინის მისაღებად კი ტონობით ნედლეული უნდა მოთხარო, წაიღო, უზარმაზარ ღუმელში ჩაყარო, ცეცხლი შეუნთო და რამდენიმე საათს ათუხთუხო.

პასუხს ისევ ეკონომიკის კანონებში ვიპოვით, რომელიც მარტივი ენით ასე გამოითქმის: „ოდეს ტურფა გაიაფდეს, არა ღირდეს არცა ჩირადო“. ოქრო კი საკმარისი რაოდენობით მოიპოვებოდა დედამიწაზე, მაგრამ სპილენძი, რკინა და ალუმინი კიდევ უფრო მეტი აღმოჩნდა. თუმცა მათი სიიაფე უმთავრესად მაინც ქიმიური ტექნოლოგიის დამსახურებაა – მათი მიღების მარტივი მეთოდები მოვიგონეთ, თორემ იყო დრო, ელემენტთა პერიოდულობის კანონის დიდ შემოქმედს მენდელეევს დამსახურების აღსანიშნავად ვერცხლთან ერთად ალუმინის თასიც მიართვა ქიმიურმა საზოგადოებამ.

და მაინც, რომელია ყველაზე ძვირფასი ელემენტი? დღეისთვის ცნობილ ელემენტებს შორის ოქროს მხოლოდ მე-19 ადგილი უკავია. ის ერთი ნაბიჯით უსწრებს პლატინას და ასევე ერთი ნაბიჯით ჩამორჩება პალადიუმს. მათი ღირებულება კილოგრამზე 50 000 დოლარის ფარგლებში ვარირებს. ოქროზე ცოტა ძვირია ირიდიუმი და ცეზიუმი. ტექნეციუმი კი მთელი 100 000 დოლარი ღირს. როდიუმი 147 000-იანი ნიშნულით მე-14 ადგილს იკავებს. სიის კენწეროსკენ ელემენტების ღირებულება ასტრონომიულ რიცხვებს აღწევს: მეოთხე-მეხუთე ადგილებს კალიფორნიუმ-249 და ბერკლიუმ-249 იყოფენ (185×109 დოლარი), მესამეზე ტექნეციუმ-99-ის მეტასტაბილური იზოტოპია (1.9×1012 დოლარი), მეორეზე – აქტინიუმ-225 (29×1012 დოლარი), პირველზე – პოლონიუმ-209 (49.2×1012 დოლარი).

ნახშირბადი, რომელიც ანთრაციტის წვით მიიღება, უფრო ძვირი ღირს, ვიდრე ქლორი. ეს უკანასკნელი ყველაზე იაფ ელემენტად არის შეფასებული. დაუჯერებელია? იგივე აღებ-მიცემობის კანონები ამას მარტივად ხსნის: ქლორი თანაური პროდუქტის სახით მიიღება ნატრიუმის ჰიდროქსიდის წარმოებისას და ვინაიდან ნატრიუმის ტუტეზე მოთხოვნა დიდია და აუარება იყიდება, ქლორის ფასი, გაცილებით დაბალი მოთხოვნის გამო, მნიშვნელოვნად ეცემა. უფრო მეტიც – ზოგჯერ იმდენი გროვდება, რეზერვუარებს ავსებს და მწარმოებლები სულაც უფასოდ გაგატანენ, თუ წაიღებთ და წარმოებას გაჩერებას გადაარჩენთ.

25 ელემენტი (At, Rn, Fr, Ra, Pa, Es, Fm, Md, No, Lr, Rf, Db, Sg, Bh, Hs, Mt, Ds, Rg, Cn, Nh, Fl, Mc, Lv, Ts, Og) ჯერაც ფასდაუდებელია – იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჯერ არ იწარმოება.

ყიდვა-გაყიდვის კანონების თანახმად, საქონლის ფასს მისთვის დახარჯული რესურსი კი არა, მისი ხელში ჩაგდების სურვილი განაპირობებს და პირიქით, ერთი ნივთით რაც უფრო დიდ რამეს იყიდი, მისი ღირებულებაც მით უფრო დიდია.

თუ მართლა ასეა, მაშ, ვერცხლი ყოფილა ყველაზე ძვირფასი მეტალი, რადგან ყველა დროის ყველაზე დიდი გარიგება ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში შედგა და მაშინ მთელი კაცობრიობის სინდისი და ნამუსი 30 ვერცხლად გაიყიდა…

კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხები

0

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის უმნიშვნელოვანესი სიახლეა კომპლექსური ხასიათის დავალებებზე მუშაობა. ერთი შეხედვით ეს თითქოს განსაკუთრებულ სირთულესთან დაკავშირებული დავალება სინამდვილეში სრულიადაც არაა დამღლელი და რთული. მასწავლებელს შეუძლია აქტიურად გამოიყენოს კომპლექსური დავალების შექმნის სხვადასხვა ხერხი და მარტივად მოახერხოს „ჩვეულებრივი“ დავალებების ადაპტირება კომპლექსური ტიპის დავალებად.

N1 ხერხი – ზოგადად, უმჯობესია, კომპლექსური დავალება ღია ტიპისა იყოს. ამიტომ I ეტაპზე იქმნება ღია ტიპის დავალება, II ეტაპზე კი უზრუნველვყოფთ მის კომპლექსურობას (დავალება აიგება ისე, რომ მოსწავლეს მიეცემა ამოხსნისთვის მრავალი სხვადასხვა ცოდნისა და უნარ-ჩვევის ერთობლივად, ურთიერთკავშირში გამოყენების საშუალება), ბოლო ეტაპზე კი ამოცანა ჩაისმება საყოფაცხოვრებო/პრაქტიკულ კონტექსტში, რათა მოსწავლეს დასჭირდეს ცოდნის ტრანსფერი.

ამისათვის დახურული ტიპის ამოცანის მიხედვით/საშუალებით ვქმნით შესაბამის ღია ტიპის ამოცანას, რისთვისაც განვიხილავთ მოცემულის შებრუნებულ ამოცანას. განვიხილოთ მაგალითების ნიმუშები ისტორიის სწავლების საბაზო საფეხურის სტანდარტის შედეგების გათვალისწინებით (ისტ. საბ. 1; 2; 3; 7; 9).

მაგალითად, დახურული ტიპის ამოცანებია:

1. შემოხაზე, რომელია ძველი მსოფლიოს ცნობილი ბრძოლები?

ა) საგუნტუმის, ქარხემიშის, გავგამელას, იერუსალიმის;

ბ) ფარსალოსის, კანეს, ქადეშის, ალეზიის;

გ) მაგნეზიის, ტრასიმენის, ზამას, აიუნ ჯალუთის;

დ) ელ-ალამეინის, ნინევიის, მემფისის, პერსეპოლისის.

2.რომელს დაამატებდი ძველი მსოფლიოს ბრძოლების სქემას?

3.რომელი ეპოქის მეომრებს ხედავთ ნახატებზე?

           

4.რუკაზე დაიტან მარშრუტი, რომლითაც შეძლებდი ათენიდან პირდაპირ შუშანში მოხვედრას?

 დაწერე ძველი მსოფლიოს სახელმწიფოების რიგით მომდევნო წევრი:

ძველი ეგვიპტე; ასურეთი; ბაბილონი; ხეთები; ურარტუ; მიდია; სპარსეთი; ……..

4.ზემოთ მოყვანილი რუკის მიხედვით ჩამოწერე ძველი მსოფლიოს ისტორიული რეგიონები.

შესაბამისად, I-ელი ეტაპის ღია ტიპის ამოცანები იქნება ასეთი:

  1. დაშალე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით;
  2. გაგვაცანი ძველი მსოფლიოს ომები სქემის სახით;
  3. დახატე სამი სხვადასხვანაირი ეპოქის მეომარი და აღწერე, რა აქვთ მათ განსხვავებული;
  4. დახატე ძველი მსოფლიოს რუკა და დაიტანე მასზე ათენიდან შუშანამდე მისასვლელი შესაძლო მარშრუტები;
  5. დაწერე ძველი მსოფლიოს სახელმწიფოთა ისეთი მიმდევრობა, რომელიც შემდეგი კანონზომიერებით იქნება დალაგებული: „ასურეთი, ურარტუ, მიდია, სპარსეთი, საბერძნეთ-მაკედონია…. “.
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით შეადგინე ძველი მსოფლიოს ორი რეგიონის სქემატური რუკა.

II ეტაპი – მიღებული ღია ტიპის დავალებები გადავაქციოთ კომპლექსურ დავალებებად. მოცემული მაგალითების შესაბამისი კომპლექსური დავალებებია:

 

  1. დაშალე/განიხილე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით; განიხილე მინიმუმ სამი განსხვავებული შემთხვევა. შედეგი წარმოადგინე ცხრილის ან სქემის სახით;
  2. გაგვაცანი ძველი მსოფლიოს ომების სქემა. გამოიყენე შესაბამისი პერიოდის სამხედრო აღჭურვილობის მოდელები/ფიგურები;
  3. დახატე სამი სხვადასხვა ეპოქის მეომარი. აღწერე, რა აქვთ მათ განსხვავებული; დაარქვით მათ სახელები განსაკუთრებული თვისებების მიხედვით;
  4. დახატე ძველი მსოფლიოს რუკა და დაიტანე მასზე ათენიდან შუშანამდე მისასვლელი რამდენიმე მარშრუტი; აღწერე, რა საერთო აქვთ ამ მარშრუტებს?
  5. ჩამოწერე თანმიმდევრობით ძველი აღმოსავლეთის სახელმწიფოები, რომლებიც იმავე კანონზომიერებით იქნება დალაგებული, როგორც შემდეგი მიმდევრობა: „ასურეთი, ურარტუ, მიდია, სპარსეთი, საბერძნეთ-მაკედონია….“.
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით დახაზე ძველი მსოფლიოს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სქემატური რუკა, ისე, რომ თითოზე სულ ცოტა 2 რეგიონი მაინც იყოს დატანილი.

III ეტაპი – მიღებული ამოცანა ჩავსვათ საყოფაცხოვრებო/პრაქტიკულ კონტექსტში, რათა მოსწავლეს დასჭირდეს ცოდნის ტრანსფერი.

შესაბამისი საყოფაცხოვრებო/პრაქტიკული კონტექსტის მქონე დავალებებია:

  1. დაშალე/განიხილე ძველი მსოფლიო ისტორია ცნობილი ბრძოლების მიხედვით, ისე, რომ წარმოადგინო – რომელი ბრძოლა მოახდენდა განსაკუთრებით დიდ გავლენას კაცობრიობის ბედზე, სხვა შედეგით რომ დასრულებულიყო. განიხილე მინიმუმ სამი განსხვავებული შემთხვევა. შედეგი წარმოადგინე ცხრილის ან სქემის სახით;
  2. წარმოადგინე ძველი მსოფლიოს ისტორია შესაბამისი პერიოდის სამხედრო აღჭურვილობის მოდელების/ფიგურების გამოყენებით; რომელმა საომარმა იარაღმა მოახდინა განსაკუთრებული გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე?
  3. დახატე სამი სხვადასხვა პერიოდის მეომარი. ახსენი, რითაა განპირობებული მათი განსხვავებულობა?
  4. დახაზე ძველი აღმოსავლეთის, ძველი ბერძნული სამყაროსა და ძველი ხმელთაშუაზღვისპირეთის სქემატური რუკა, შემდეგ კი შეეცადეთ, გამოჭრათ ისინი. მიღებული „ნაჭრები“ მაგიდაზე განალაგეთ ისე, რომ მიიღოთ ძველი მსოფლიოს რუკა. ახსენით, რატომ განალაგეთ ისინი ასეთი თანმიმდევრობით?
  5. მეშვიდეკლასელ გურამს ლოტოში მიმდევრობით მოუვიდა ზემოთ მოცემულ რუკაზე არსებული ქალაქების სახელები: ათენი, ფილიპე, ეფესო, ტარსოსი, ანტიოქია, ბაბილონი, შუშანი. დაწერე, რა სახელები მოუვიდოდა მის თანაკლასელებს, მათი ქალაქების სახელების მიმდევრობაც იმავე კანონზომიერებით რომ დაელაგებინათ, როგორც გურამის?
  6. ზემოთ მოცემული ფიზიკური რუკის მიხედვით დახატე/დახაზე ძველი მსოფლიოს ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული რეგიონი, ისე, რომ თითოს ესაზღვრებოდეს როგორც ზღვა, ასევე მაღალი მთები.

N 2 ხერხი – დახურული ტიპის ტექსტური ამოცანის მიხედვით/საშუალებით ვქმნით შესაბამის ღია ტიპის ამოცანას, რისთვისაც განვიხილავთ მოცემული ამოცანის მოდიფიკაციას არასრული მონაცემებით. მაგალითად, განვიხილოთ დახურული ტიპის ამოცანა:

  • „მუზეუმში ისტორიკოსმა უამრავი სხვადასხვა სახის საომარი იარაღი დაათვალიერა. რამდენი ეპოქის საომარ იარაღს უნდა გაეცნოს ისტორიკოსი, რომ ძველი მსოფლიოს სამხედრო ხელოვნების შესახებ სრული წარმოდგენა შეექმნას?“

შესაბამისი ღია ტიპის ამოცანაა:

  • „მუზეუმში განთავსებულია პრეისტორიული, ბრინჯაოს, ანტიკური და გვაინანტიკური პერიოდის საომარი იარაღები. რომელი პერიოდის საომარი იარაღი უნდა შეისწავლოს ისტორიკოსმა, რომ წარმოიდგინოს, რა სახის იარაღებით იბრძოდნენ ალექსანდრე მაკედონელის მეომრები გავგამელას ბრძოლაში. მოიყვანე არგუმენტი, დაასაბუთე, რატომ ფიქრობ ასე?

N 3 ხერხი – შესაძლებელია თავიდანვე მივაღწიოთ დავალების კომპლექსურობას იმის საშუალებით, რომ ერთ საკითხთან დაკავშირებით მოსწავლეს რამდენიმე დავალება მივცეთ, ისე, რომ ეს ერთი საკითხი მრავალი სხვადასხვა მხრიდან/კუთხიდან განიხილოს და გამოიკვლიოს, მათ შორის საყოფაცხოვრებო/გამოყენებითი თვალსაზრისითაც.

მაგალითად, შევთავაზოთ,  შეავსოს ორი ან მეტი უჯრა/მეოთხედი, ე.წ. ფრეიერის სქემაზე:

სქემის შევსების ინსტრუქცია:

  • ზედა მარცხენა კუთხეში მოსწავლეები წერენ ცნების განმარტებას თავიანთი სიტყვებით ან ლექსიკონის დახმარებით (მოცემულ შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს მაგალითად, ცნება/სიტყვა „ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი“, ან „სამხედრო აღჭურვილობა“ და სხვ.);
  • ზედა მარჯვენა კუთხეში წერენ მახასიათებლებს ახალ ცნებასთან დაკავშირებით (სურვილისამებრ, შეუძლიათ დაურთონ ილუსტრაცია) (მაგალითად, ზღვისპირა, მთიანი, წამახვილებული, ლითონის…);
  • ქვედა მარცხენა კუთხეში წერენ ზუსტ მაგალითებს (მაგალითად, ეგვიპტე, მიდია, შუბი, ფარი, მუზარადი…).
  • ქვედა მარჯვენა კუთხეში წერენ არაზუსტ მაგალითებს (მაგალითად, ცეცხლსასროლი იარაღი, ტანკი…).

 

შესაძლებელია, აგრეთვე, შევთავაზოთ,  შეავსონ ორი ან მეტი უჯრა/მეოთხედი მოდიფიცირებულ სქემაზე:

ფრეიერის სქემის მოდიფიკაცია

 

საკითხი

ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი

 

მაგალითი თანამედროვეობიდან

მცირე აზია..

გამოსახულება (დიაგრამა, სქემა, სურათი)

…….

ჩემი ახსნა-განმარტება

…….

 

 

აღსანიშნავია, რომ მოცემულ შემთხვევებშიც, ისევე როგორც ზოგადად, ესგ შედეგების ინდიკატორების საფუძველზე შეიქმნება ის კრიტერიუმებიც, რომლებიც აზუსტებს მოთხოვნებს მოსწავლის ნამუშევრის მიმართ. ეს კრიტერიუმები პირობასთან ერთად შექმნის კომპლექსური დავალების ერთიან ჩარჩოს. შესრულებული კომპლექსური დავალების პრეზენტაციისას მოსწავლეებს მოეთხოვებათ, აგრეთვე, სიტყვიერად აღწერონ/დაასაბუთონ ნამუშევარი, რაც დამატებითი კრიტერიუმის საშუალებით ფიქსირდება კომპლექსური დავალების ერთიან ჩარჩოში.

კომპლექსური დავალების შექმნის მარტივი ხერხების გამოყენება ხელს უწყობს მასწავლებელს დავალებების შექმნისთვის განკუთვნილი დროის ეკონომიურად და ეფექტურად გამოყენებაში, რაც წარმატებული საგაკვეთილო საქმიანობის მნიშვნელოვანი პირობაა.

 

 

 

 

პირველკლასელების პირველი ონლაინ გაკვეთილი

0

 

 

სამყარო მართლა შეიშალა. სულ რაღაც სამი წლის წინ, სამეცნიერო ფილმებს პოპკორნთან ერთად რომ ვუყურებდით და მძაფრი სიუჟეტისგან ადრენალინიც ჭარბად გამოგვეყოფოდა, აი, ამ სიუჟეტებმა და სამეცნიერო ფანტასტიკამ გადმოინაცვლა დღეს, ჩვენს ყოველდღიურობაში,  გადმოინაცვლა და ასე მიყოლებით დაიწყეს ფილმებმა და შიშებმა ახდენა. თანმიმდევრობით, ნელ-ნელა, ოღონდ ისე, რომ ამ ყველაფერს ჯერჯერობით ბოლო არ უჩანს.

ცუდი დროება დაგვიდგა, ძალიან ცუდი და მძიმე. თითქოს ყველა ბოროტებამ და უძველესი დროების კოშმარებმა ჩვენს ეპოქაში დაიდეს ბინა, თითქოს რომელიღაც ბნელმა ძალამ გაიღვიძა და შურისძიება მოწყურებული ართმევს ადამიანებს ყველაზე ძვირფასსა და სანუკვარს: ერთმანეთს, იმედს. სანაცვლოდ კი  შიშებითა და შფოთვებით ამარაგებს, მარტოობას და საკუთარი ნებითა და სურვილებით გამოკეტვას აიძულებს. სიხარული მიაქვს, მის ადგილას კი გაურკვეველ, ჰიბრიდულ გრძნობას გვიტოვებს. ეს გრძნობა რაღაც ახალია, აქამდე გამოუცნობი და არარსებული, შიშისა და უმწეობის, სასოწარკვეთისა და მბჟუტავი იმედის ერთობლიობა. იქნებ არც არის ახალი და ეს გრძნობა ისეთივე ძველია, როგორც მთლიანად სამყარო, იქნებ ომებგამოვლილთათვის ძალიანაც ახლობელი და ნაცნობია.

ჰოდა, ბნელმა ძალებმა ბავშვების გამოკეტვა და მარტოობის მისჯა დააპირა. სიხარულისა და ბედნიერების წართმევა, მათ ნაცვლად კი იმედგაცრუებისა და მოწყენილობის ჩანერგვა.  აი, აქ კი, ბნელ ძალებს არ გაუმართლათ, თან ძალიან არ გაუმართლათ! რადგან არსებობენ მასწავლებლები, რომლებიც სინამდვილეში სუპერ გმირები არიან, ოღონდ ეს მათმა უმრავლესობამ ჯერ კიდევ არ იცის, როცა დრო მოდის, როცა ერთ ბავშვს მაინც სჭირდებიან, სუპერ ძალები თავისთავად იჩენენ ხოლმე თავს და დიახ, შეუძლებელი უკვე შესაძლებელი ხდება. ეს თითქოს ჩვეულებრივი სამყარო, სინამდვილეში სავსეა სასწაულებით, როგორც ერთი ყოფილი ბავშვი და მწერალი-მფრინავი ამბობდა: მთავარი უხილავია, კი, გულით დასანახი თვალით დასანახად რთულია, მაგრამ შესაძლებელი.

რაც უფრო ახლოვდება სწავლის დაწყების დღე, რაც უკვე ოფიციალურად გამოცხადდა დისტანციური სწავლება დიდ ქალაქებში, მას მერე, სოციალურ ქსელებში, მასწავლებლების თითქმის ყველა ჯგუფში დიდი ფუსფუსი და ალიაქოთია. ეს ჩვენი, თითქოს ჩვეულებრივი, მასწავლებლები წამიერად გარდაისახნენ განსაკუთრებული ძალების მქონე არსებებად, მათი მთავარი მიზანია: ბავშვებმა არ მოიწყინონ! ბავშვები არ დადარდიანდნენ! შეინარჩუნონ სიხარული და ბედნიერების განცდა. განსაკუთრებით ის მასწავლებლები დაქრიან ჯგუფებში და საგანმანათლებლო ფეისბუქ გვერდებზე, რომლებიც პირველ კლასს ელოდებიან, თან ონლაინ! წარმოგიდგენიათ, რამხელა მისია აკისრიათ? წარმოგიდგენიათ, რა რთული იქნება ბოროტ ძალებთან გამკლავება?!  სიხარულის წართმევის და იმედგაცრუების ყველაზე დიდი საფრთხე ხომ იმ ბავშვებს ემუქრებათ, რომლებმაც ეს ესაა უნდა შედგან ფეხი სკოლაში და ეს ესაა უნდა გაიჩინონ ძალიან, ძალიან ბევრი მეგობარი. აი, ამ მოლოდინებსა და იმედებს შეუდგა წყალი. ჰოდა, ეძებენ მასწავლებლები ისეთ ჯადოსნურ რესურსებს, ისეთ აქტივობებს, რომ პირველკლასელებისთვის სუპერ მასწავლებლად იქცნენ და ჯადოსნური ჯოხით უკან დაახევინონ ბოროტ ძალებს.

ვკითხულობ და ვკითხულობ, რას გეგმავენ, როგორ გეგმავენ, როგორ ეძებენ, რას ეძებენ, როგორ ემზადებიან ბავშვებთან ეკრანის მიღმა და ეკრანით შეხვედრებისთვის.

ჰოდა, ვიფიქრე, აბა მეც ვცადო, რას გავაკეთებდი, პირველკლასელებთან პირველი შეხვედრა რომ მიწევდეს ონლაინ?

რას გავაკეთებდი დაა…

შეხვედრას დავიწყებდი ძალიან, ძალიან ეფექტურად და თვალისმომჭრელად. აი, მაგალითად,  გავხსნიდი Google earth – გვერდს: https://earth.google.com/web/ და მათ თვალწინ დავაბზრიალებდი დედამიწას. დაე, იცოდნენ, რომ მასწავლებლებს ჯადოსნური ძალა გვაქვს! ვეტყოდი, მოგესალმებით, ჩვენი ყველას საერთო სახლიდან: დედამიწიდან! მერე რაა, რომ  ერთ ოთახში არ ვართ, მერე რაა, რომ ეკრანია ჩვენ შორის, ჩვენ ერთი დიდი სახლის მაცხოვრებლები ვართ და ეს გვაერთიანებს. ამის შემდეგ მაუსით გადავლახავდი ოკეანეებსა და კონტინენტებს და მივადგებოდი ჩვენს მშობლიურ ევრაზიის კონტინენტს, სხვათა შორის, ვახსენებდი, რომ ეს ჩვენი კონტინენტია, ისე გაკვრით, შემდეგ კიდევ უფრო დავაახლოებდი და საქართველოს აღმოვაჩენდი! ამას კი ხმამაღლა და მკვეთრად განვაცხადებდი, რომ ეს საქართველოა, ჩვენი სამშობლო, ხოლო ბოლო ნაბიჯი იმ ქალაქის, რაიონის, სოფლის ჩვენება იქნებოდა სადაც ჩვენი სკოლაა, იმდენად დახვეწილია ეს აპლიკაცია, რომ სკოლის ნახვის შესაძლებლობაც კია და აი, ეკრანს იქით და აქეთ მსხდომი მასწავლებელი, მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ზემოდან დავხედავდით და მოვინახულებდით ჩვენს რეალურ სკოლას.

მერე ვთხოვდი, რომ აბა, კარგად მოკალათებულიყვნენ საკუთარ მაგიდებთან და დაეხატათ სკოლა – როგორიც მათ წარმოუდგენიათ, ოღონდ  აუცილებლად შიგნით საკუთარი თავებიც დაეხატათ, სად იქნებიან ნეტა? რომელ მერხზე? რომელ ოთახში? როგორ გამოიყურება მათი წარმოსახვით საკლასო ოთახი, შიგნით რა ნივთები აწყვია?

როგორი ეზო აქვს სკოლას? ან აქვს თუ არა? და აი, როცა ყველა ბავშვი შეასრულებს დავალებას, დრო არ დაგვენანოს, რომ ბავშვებმა ისაუბრონ,  წარუდგინონ კლასელებს წარმოსახვითი სკოლები და მოყვნენ, რას ფიქრობენ, როგორი სკოლა სურთ. საერთოდაც, კარგი იქნება, თუ ონლაინ სწავლებისას, ძირითადად ბავშვები ეკრანთან კი არ იმუშავებენ, არამედ მის მიღმა, ფურცლით და ფანქრებით. ვეცდებოდი, ეკრანი მხოლოდ შეხვედრებისთვის და გაკვეთილის ჩატარების საშუალებად მექცია.

და აი, მოვიდა დრო, მეც გავეცნო ჩემს მოსწავლეებს. ვინ ვარ მე? წინასწარ მომზადებულ საინტერესო და სასაცილო პრეზენტაციას ან ანიმაციას წარვუდგენდი ჩემ შესახებ, რომელი მულტფილმი მიყვარს? რომელი ზღაპარი? რომელი ფერი? რომელია ჩემი საყვარელი პერსონაჟი? ანუ ის ყველაფერი, რაც ბავშვებს ძალიან, ძალიან აინტერესებთ და უნდათ, რომ იცოდნენ, თან არ დაგვავიწყდეს, პატარები უზომოდ ცნობისმოყვარეები არიან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მასწავლებელს არ იცნობენ პირისპირ, არადა როგორ აინტერესებთ!

ახლა მოსწავლეები უნდა გავიცნოთ, ამ აქტივობას ისე წარვმართავდი, რომ ბავშვებს ერთმანეთში საერთო ინტერესები აღმოეჩინათ, ეს ძალიან, ძალიან საჭირო და აუცილებელია, განსაკუთრებით ონლაინ სწავლებისას. აქაც წინასწარ მომზადებული პრეზენტაცია დამეხმარებოდა, მოვამზადებდი ძალიან შთამბეჭდავ ფერებში, ანიმაციებით და საყვარელი გიფებით, ასეთი შეკითხვებით: ვის უყვარს ნაყინი? ვის უყვარს მოანა? ვის უყვარს მეფე ლომი? ვის წაუკითხავს „ლოტა აურზაურის ქუჩიდან“? ვის აქვს ცისფერი თვალები? შავი თმა? ვისი სახელი იწყება ასო-ბგერა მ-ზე? ვისი გვარი იწყება ასო-ბგერა ნ-ზე? ვინ იყო ამ ზაფხულს ზღვაზე? ვინ იყო ამ ზაფხულს სოფელში? ვის ჰყავს სახლში ძაღლი? ვის ჰყავს სახლში კატა? ვისი საყვარელი ფერია მწვანე? წითელი? და, რა თქმა უნდა, ბავშვები დაიწყებენ, დაიწყებენ და ზუსტად ვიცი, გაკვეთილის დროს გადავაჭარბებთ, რადგან ყველას მოუნდება თავის თავზე რაღაც თქვას, ყველას მოუნდება წამოიძახოს: მეც მყავს ძაღლი, ჩემს ძაღლს ჩარლი ჰქვია! მე ამ ზაფხულს ცურვა ვისწავლე!, ლოტა ჩემი საყვარელი პერსონაჟია ან პეპი უფრო მომწონს. და ის ყინულიც გალხვება, რომელიც ეკრანმა გააჩინა. ჰოდა, მგონია, რომ ბედნიერება მათთან დარჩება, ოღონდ შემდეგ შეხვედრებზე ამ ბედნიერების შენარჩუნებისთვის ბრძოლა მომიწევს. თუმცა, მთავარი დასაწყისია, მთავარი პირველი შეხვედრა და პირველი გაკვეთილია.

მერე რაა, რომ პანდემიაა, მერე რაა, რომ ფიზიკურად ვერ შევხვდით, ჩვენ ხომ ერთი სახლი გვაქვს, ჩვენ სახლს დედამიწა ჰქვია და ის ისევ ბზრიალებს…

 

მაღალი შესაძლებლობების ადრეული და სკოლამდელი კურიკულუმი

0

 

წინა სტატიაში (https://mastsavlebeli.ge/?p=30102) ვახსენე, რომ მაღალი შესაძლებლობების სკოლამდელი კურიკულუმი (Highscope preschool curriculum) გამოიყენეს კვლევაში, რომელმაც მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია ადრეულ საგანმანათლებლო სივრცეში. ამ წერილში მინდა აღნიშნულ კურიკულუმზე უფრო ვრცელი ინფორმაცია გაგიზიაროთ. ტექსტი ნათარგმნია ინგლისურიდან.

მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმი ემყარება დიდი ხნის კვლევას ბავშვთა ადრეული განვითარების შესახებ და დამტკიცდა სასწავლო გეგმის პირდაპირი შეფასებით. 0-3 და 3-5 წლის ასაკის ბავშვთა განათლების მხარდაჭერის აღნიშნული პროექტი ემყარება განვითარების 58 მნიშვნელოვან ინდიკატორს (KDI), რომელიც შესაბამისია ადრეული სწავლის ეროვნულ და სახელმწიფო სტანდარტებთან (მათემატიკისა და ინგლისური ენის შესწავლის მაღალი დონის აკადემიური სტანდარტი (Common Core) და (ELOF) ჰედ სტარტი).

ადრეული განათლების კურიკულუმი

სანდო ურთიერთობების მხარდაჭერა ბავშვებში

როგორ ასწავლიან?

ჩვილებს სჭირდებათ ისეთი უსაფრთხო და სანდო გარემო, რომ შეძლონ ისწავლონ მთელი სხეულით და შეგრძნებებით. მაღალი შესაძლებლობების ადრეული განათლების პროგრამაში აღმზრდელები ფოკუსირდებიან მხარდამჭერ ურთიერთობებზე. ქმნიან მდიდარ და საინტერესო გარემოს, რომელიც ბავშვს აღმოჩენებისა და ძიების სტიმულს უქმნის; აღმზრდელები ბავშვებს ეხმარებიან ჩაერთონ ისეთ აქტივობებში, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა სფეროს განვითარებას. აღნიშნული კურიკულუმის განმახორციელებელი გუნდი თვლის, რომ ბავშვის პირველი აღმზრდელები მშობლები არიან. სწორედ ამიტომ, თანამშრომლობენ ოჯახებთან, უზიარებენ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებულ ცოდნას, რომ უკეთ შეძლონ თავიანთი შვილების მოვლა და მათი ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობა. შედეგად, პროგრამა ამყარებს ძლიერ კავშირს ბავშვს, მშობელსა და მეურვეს შორის.

აქტიური სწავლა არის ის ფუნდამენტი, სადაც პატარა ბავშვები ცოდნას იძენენ თამაშით, გარემოსთან, შემთხვევებთან და ადამიანებთან ინტერაქციით.

დაკვირვება

 ბავშვისა და სასწავლო პროგრამის უწყვეტი დაკვირვება/შეფასება არის მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ბავშვზე ობიექტური დაკვირვება მასწავლებელს საშუალებას აძლევს დაგეგმოს მიზნობრივი ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები და ბავშვს ხელი შეუწყოს ხარაჩოს პრინციპით* ძველ ცოდნას დააშენონ ახალი, გაახანგრძლივონ აღმოჩენების/სწავლის პროცესი.

უფროსის და ბავშვის ინტერაქცია

ძიძები, პასუხისმგებლობიანი  აღმზრდელები უზრუნველყოფენ ჩვილის პირველად მოვლას და მოვლის უწყვეტობას მათი ინდივიდუალური მოთხოვნილებებისა და ტემპერამენტის გათვალისწინებით. უფროსისა და ბავშვის ინტერაქციის საკვანძო სტრატეგიებია შეხება, მზრუნველობა, ჩვილი ბავშვის ტემპითა და განვითარების დონის შესაბამისად თამაში,  სიტყვიერი და არავერბალური კომუნიკაცია ემოციების/საგნების გაცვლისას, ბავშვის არჩევანის პატივისცემა, მათი შესაძლებლობების წახალისება, ბავშვის ძლიერი ემოციების გააზრება და პატარების ჩართვა კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

დღის განრიგი და რუტინა

თანმიმდევრული, თუმცა, ამავე დროს, მოქნილი რუტინა ჩვილებს და პატარებს აძლევს დაცულობის, უსაფრთხოების და სტაბილურობის განცდას, რაც ქმნის სანდოობას ბავშვსა და მეურვეს შორის. ამავდროულად, პატარას სძენს დამოუკიდებლობას, ვინაიდან, ბავშვი ჩართულია მის გარშემო მიმდინარე პროცესებში. თითოეული რუტინა დაშენებულია ყოველდღიურ შემთხვევებსა და მზრუნველ აქტივობებზე, რომელიც პატივს სცემს ჩვილებისა და პატარების სწავლის ტემპერამენტს.

სასწავლო გარემო

ფიზიკური გარემო არის კომფორტული, უსაფრთხო, განვითარების სხვადასხვა სფეროების შესაბამისად ადვილად გადასაადგილებელი და ბავშვის ინტერესებზე ორიენტირებული. სივრცე დაყოფილია სათამაშო და მოვლის ზონებად, რომელიც ეხმიანება ჩვილებისა და პატარების მოთხოვნილებებს, აღჭურვილია სხვადასხვა სახის სენსო-მოტორული მასალებით. აღნიშნული ნივთები ადვილად ხელმისაწვდომია პატარებისთვის, რათა აღმოაჩინონ გარემო და ითამაშონ ისე, როგორც მოესურვებათ.

რას ასწავლიან?

ბავშვის განვითარების თანამედროვე თეორიისა და კვლევის საფუძველზე, მაღალი შესაძლებლობების ადრეული განათლების კურიკულუმი არის მტკიცებულებებზე დაფუძნებული. 0-დან 3 წლამდე ჩვილებისა და პატარების სწავლის მხარდამჭერი ჩარჩო დოკუმენტი ემყარება განვითარების 42 ინდიკატორს. სწავლა ფოკუსირებულია შემდეგ 6 მიმართულებაზე:

  • სწავლის მიღწევები
  • სოციალური და ემოციური განვითარება
  • ფიზიკური განვითარება და ჯანმრთელობა
  • კომუნიკაცია, მეტყველება და წიგნიერება
  • კოგნიტური განვითარება
  • შემოქმედებითი ხელოვნება

 ადრეული განათლების კურიკულუმის შინაარსი

ადრეული სწავლა და განვითარება ზემოთ ჩამოთვლილი 6 მიმართულებით შესაძლებელია 42 ძირითადი ინდიკატორის გამოყენებით, რომელიც ფოკუსირებულია სკოლასა და ზრდასრულობაში წარმატების მიღწევაზე.

სკოლამდელი განათლების კურიკულუმი

მაღალი შესაძლებლობების სკოლამდელ კურიკულუმში სწავლება ფოკუსირებულია 8 მიმართულებაზე:
1. სწავლის მიღწევები

  1. სოციალური და ემოციური განვითარება
  2. ფიზიკური განვითარება და ჯანმრთელობა
  3. ენა, წიგნიერება და კომუნიკაცია
  4. მათემატიკა
  5. შემოქმედებითი ხელოვნება
  6. მეცნიერება და ტექნოლოგიები
  7. სოციალური სწავლება

კურიკულუმის შინაარსი

აღნიშნული 8 მიმართულებით სწავლება მოიცავს განვითარების 58 ძირითად ინდიკატორს. თითოეული მათგანი აწესებს მნიშვნელოვან სასწავლო მიზანს ბავშვისთვის. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ბავშვის ნორმალური განვითარება და სწავლა ფართოდ ვარირებს 8 კატეგორიაში და 58 ძირითადი ინდიკატორი მოიცავს ამ ფართო მოლოდინებს. აღნიშნული კურიკულუმი აღმზრდელებს ეხმარება სასწავლო პროგრამა ყველა ბავშვს მიაწოდონ ისე, რომ ყველა მიმართულებაში მიაღწიონ სათანადო შედეგს.

მაღალი შესაძლებლობების განვითარების ძირითადი ინდიკატორები

 

  • აღმზრდელებს აწვდის ბავშვის განვითარების “ფილტრს” იმისთვის, რომ დააკვირდნენ და აირჩიონ ინდივიდუალურად, ბავშვზე მორგებული, აქტივობები
  • აღმზრდელებს ეხმარება ბავშვის ქცევა და მეტყველება განმარტონ განვითარების უწყვეტობის გათვალისწინებით
  • აღმზრდელებს საშუალებას აძლევს, ბავშვების მიმართ შეინარჩუნონ გონივრული მოლოდინები
  • აძლიერებს ბავშვების თამაშს, როგორც სწავლის ძირითად მექანიზმს
  • ამ რესურსებით აღმზრდელები ხდებიან მეტად კომპეტენტური და საშუალება აქვთ, ყოველდღიურად დაგეგმონ ინდივიდუალური განრიგი როგორც ბავშვებისთვის, ასევე მთლიანად ჯგუფისთვის.

 

შეფასება

ბავშვის განვითარების უწყვეტი შეფასება არის მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმის ფუნდამენტი. ბავშვის აქტივობებსა და თამაშზე ობიექტური დაკვირვება აღმზრდელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს ბავშვის პროგრესი და დაგეგმოს მორიგი სასარგებლო აქტივობები.

უფროსის და ბავშვის ინტერაქცია

აღმზრდელები მოქმედებენ, როგორც მშობლები. მუშაობენ ბავშვების გვერდით. იმისთვის, რომ წაახალისონ ბავშვის სწავლის სურვილი,  მათთან კომუნიკაციაში აქტიურად შედიან როგორც ვერბალურად, ასევე არავერბალურად.  მთავარი ამოსავალი უფროსსა და ბავშვს შორის ურთიერთობაში არის გადანაწილებული პასუხისმგებლობები, ბავშვთან ისე მოქცევა, როგორც თანასწორ ადამიანთან, თამაშის წახალისება არა დაჯილდოების პრინციპით, არამედ შინაგანი მოტივაციის და ინტერესის გაზრდით. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვები სწავლობენ კონფლიქტების მოგვარებას და პრობლემების გადაჭრას.

ყოველდღიური რუტინა

დღის განრიგის ჩარჩოს წარმოადგენს ბავშვისთვის დაბალანსებული, მაგრამ ამასთან, მრავალფეროვანი გამოცდილებების გაზიარება და შესაძლებლობების აღმოჩენა. ბავშვები ერთვებიან როგორც ინდივიდუალურ, ასევე მცირე და დიდ ჯგუფურ აქტივობებში. მონაწილეობას იღებენ დალაგებაში, უვითარდებათ თავის მოვლის უნარები. ყოველდღიური რუტინის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია “დაგეგმე-განახორციელე-შეაფასე” მიდგომა და მისი თანამიმდევრულობა, რომელშიც ბავშვები იღებენ გადაწყვეტილებებს, რას გააკეთებენ, შემდეგ განახორციელებენ თავიანთ იდეებს და ბოლოს განიხილავენ თავიანთ საქმიანობას უფროსებთან და სხვა ბავშვებთან ერთად. ეს უმაღლესი დონის სააზროვნო უნარები დაკავშირებულია ლიდერული უნარების განვითარებასთან, რაც საჭიროა სკოლასა და ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად.

 

სასწავლო გარემო

აქტიური სწავლისა და პროგნოზირებადი გარემოს შესაქმნელად აღმზრდელები კლასს აწყობენ მრავალფეროვანი და ე.წ. ღია მასალებით, რომლებიც დაკავშირებულია მათ ოჯახებთან, კულტურასა და ენასთან. ოთახი მოწესრიგებული, ნივთები კი სახელდებულია იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს და წაახალისოს ბავშვები თავიანთი იდეების განხორციელებაში.

მაღალი შესაძლებლობების კურიკულუმი არის აკადემიური საფუძვლებით გამდიდრებული რესურსი, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვებში დამოუკიდებლობის, გადაწყვეტილების მიღების, თანამშრომლობის, პრობლემების გადაწყვეტის და შემოქმედებითობის უნარების განვითარებას. ამ მიზნების მისაღწევად აღმზრდელები აქტიურად თანამშრომლობენ მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან. კურიკულუმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას აწვდიან მშობლებს, აცნობენ ადრეული სწავლების სტრატეგიებს, ეპატიჟებიან საკლასო აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად, განიხილავენ ბავშვების მიღწევებს და უზიარებენ ცოდნას, რათა საკლასო სწავლება გაგრძელდეს სახლშიც. შედეგად, აღმზრდელები აღნიშნავენ, რომ მშობლები უფრო მეტად აცნობიერებენ თავიანთი შვილების განვითარების ეტაპებსა და მიღწევებს.

 

წყარო –  https://highscope.org/

*” „ხარაჩოს მეთოდი” – მასწავლებელი ისეთ დავალებებს აძლევს მოსწავლეებს, რომელთა შესრულებაც მათ დამოუკიდებლად გაუძნელდებათ. მასწავლებელი ეხმარება, დახმარების წილს თანდათან ამცირებს და საბოლოოდ, მოსწავლე თავად ახერხებს დავალების შესრულებას.” თამარ კაციტაძე, https://mastsavlebeli.ge/?p=2323

ზოოპარკი და კომპლექსური დავალება

0

 

ბავშვობაში ისე მიყვარდა შაბათ-კვირის ოჯახური სეირნობები, რომ ზოოპარკსა და ცირკში სტუმრობაზეც თანახმა ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონდა არც ზოოპარკის და არც ცირკის სუნი. ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი, როცა ქალაქგარეთ მივდიოდით. დიდხანს გამომყვა ის უცნაური შეგრძნება, რომელიც გალიებში მყოფი ცხოველების დანახვისას მეუფლებოდა. განსაკუთრებით მაღიზიანებდნენ მაიმუნების გალიებთან მდგომი მოღიმარი ადამიანები, რომლებიც ცხოველებს საკვებს აწვდიდნენ და აღტაცებით უყურებდნენ, როგორ შეექცეოდნენ ისინი კანფეტებსა თუ ორცხობილებს. მაიმუნებს გულში პატიებას ვთხოვდი და ვნატრობდი, კარის გაღება და მათი გათავისუფლება შემძლებოდა.

დიდხანს არ ვიცოდი ზოოპარკების დანიშნულება. არც არავის აუხსნია, ვიდრე სკოლაში არ დავიწყე მუშაობა. ამიტომაც მინდა, მოკლედ გაგაცნოთ ზოოპარკის განვითარების გზა და მისი როლი ბიომრავალფეროვნების გადარჩენაში.

„ზოოპარკებს თანამედროვე სამყაროში უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია: განათლება, კონსერვაცია (ცხოველთა გენოფონდის შენარჩუნება), რეინტროდუქცია (სახეობების ბუნებაში დაბრუნება), ცხოველთა ქცევისა და ბუნებაში არსებული სიტუაციის შესწავლა“, – წერია თბილისის ზოოპარკის ფეისბუქგვერდზე.

ზოოპარკის დანიშნულებასა და როლზე საუბრობს ჯეინ გუდალი (ცნობილი ინგლისელი კონსერვაციონისტი, პრიმატოლოგი და ანთროპოლოგი, რომელმაც მთელი სიცოცხლე ველურ ბუნებაში შიმპანზეების შესწავლას მიუძღვნა). „არსებობს მოსაზრება, რომ ცხოველი ველურ ბუნებაში უკეთ გრძნობს თავს, ვიდრე ზოოპარკში“, – წერს ის და დასძენს, რომ ზოოპარკებს უდიდესი როლი აკისრია კონსერვაციის, ადამიანების განათლებისა და ცნობიერების ამაღლების საქმეში.

ლონდონის ზოოპარკი მსოფლიოში უძველესი სამეცნიერო პარკია. იგი ჯერ კიდევ 1849 წელს გაიხსნა.

გაერთიანებული სამეფოს ყველა ზოოპარკი იძულებული გახდა, მარტში დროებით დახურულიყო კორონავირუსის პანდემიის გამო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ლონდონის ზოოპარკმა კარი ჩაკეტა.

სერ დევიდ ეტენბორომ, ცნობილმა ბრიტანელმა ბუნებისმეტყველმა და მეცნიერმა, ველური ბუნების შესახებ გადაღებული არაჩვეულებრივი ფილმების ავტორმა და წამყვანმა, ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების საპატიო წევრმა, თხოვნით მიმართა საზოგადოებას, დახმარებოდა ლონდონისა და ვიპსნეიდის ზოოპარკების დახურვისგან გადარჩენაში.

BBC-ს დოკუმენტური ფილმების სერიის „პლანეტა დედამიწის“ შემქმნელმა ხმა მისცა სატელევიზიო მიმართვას, რომლითაც ითხოვენ ფულის შეგროვებას ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოებისთვის.

კიდევ შეიძლება მაგალითების მოყვანა, თუმცა ამას უკვე თავად მოსწავლეები მოახერხებენ კომპლექსურ დავალებაში, რომლის პირობასაც აქვე გთავაზობთ.

 

საკითხი: ზოოპარკი – ველური ბუნების მცველი

კომპლექსური დავალება: ვირტუალური ზოოპარკის მაკეტის შექმნა კონსერვაციის, ადამიანების განათლებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით

სამიზნე ცნება: გეოგრაფიული გარსი (გეო. საბ. 4, 5, 7, 9, 11, 12); მდგრადი განვითარება (გეო. საბ. 11, 12, 13); გეოგრაფიული კვლევა და ანალიზი (გეო. საბ. 1, 2, 3)

საკვანძო კითხვები:

  • როგორ წარმოვაჩინო მაკეტის დახმარებით ზოოპარკების როლი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში?
  • როგორ დავარწმუნო მოწინააღმდეგეთა ჯგუფი, რომ ზოოპარკები მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების შესანარჩუნებლად?

ზოოლოგიური და ბოტანიკური პარკები სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულებებია. ზოოპარკებში – ვოლიერებში, გალიებში ან ბუნებრივ გარემოს მიმსგავსებულ დიდ ფართობებზე – სადემონსტრაციოდ, სამეცნიერო მიზნით ან გასამრავლებლად ჰყავთ გარეული ცხოველები. სწავლობენ ცხოველთა ბიოლოგიას, სამეურნეო მნიშვნელობას, პროპაგანდას უწევენ მათ დაცვას. გარდა ამისა, დიდი ყურადღება ექცევა გადაშენების გზაზე მდგომი ცხოველების დაცვასა და მოშენებას. მაგალითად, სწორედ ზოოპარკის პირობებში გადაურჩა ამოწყვეტას პრჟევალსკის ცხენი (მისი ერთი ეგზემპლარი დღეს თბილისის ზოოპარკშიც ჰყავთ), ჰავაიური ღერღეტი და სხვ.

XX საუკუნის დასაწყისში ზოოპარკის არსებობის ისტორიაში პირველი მნიშვნელოვანი რევოლუციური ცვლილება მოხდა – გალიები ცხოველთა საბინადრო გარემოს მიხედვით შექმნილი ვოლიერებით შეიცვალა.

ზოოპარკებში იმართება შემეცნებითი ექსკურსიები, ლექციები, საგანმანათლებლო ჩვენებები, გამოფენები, თეატრალური და მუსიკალური წარმოდგენები ღია ცის ქვეშ და სხვ.

წარმოიდგინე, რომ შენს ქალაქში ახალი ზოოლოგიური პარკი იხსნება და შენ მისი დირექტორი ხარ.

შენი ამოცანაა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით და ზოოპარკის გახსნის მოწინააღმდეგებისთვის აზრის შესაცვლელად განახორციელო შემეცნებითი/სასწავლო პროექტი. კრიტიკული ეკორეგიონების ინტერაქციული რუკის დახმარებით შეარჩიე აზიაში ადამიანის მიერ ყველაზე მეტად ათვისებული და სახეშეცვლილი ბუნებრივი ზონა და შექმენი ზოოპარკისთვის მწვანე კუთხე, სადაც წარმოდგენილი იქნება ბუნებრივი ზონა მისთვის დამახასიათებელი ცხოველებითა და შესაბამისი ბუნებრივი საარსებო გარემოთი. მწვანე კუთხე შეგიძლია წარმოადგინო როგორც მაკეტის სახით, ისე პროგრამა მაინკრაფტში.

მწვანე კუთხის შექმნისას წარმოაჩინე:

  • რა როლს ასრულებს ზოოპარკი ველური ბუნების გადარჩენაში;
  • რა თავისებურებები და კანონზომიერებები ახასიათებს აზიის (შენ მიერ შერჩეული) ბუნებრივი ზონების განლაგებას;
  • როგორი ეკოლოგიური მდგომარეობაა ადამიანის მიერ ყველაზე მეტად ათვისებულ და სახეშეცვლილ ბუნებრივ ზონებში;
  • რატომ არის მნიშვნელოვანი აზიის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება მდგრადი განვითარებისთვის;
  • რა როლს ასრულებს ზოოპარკები რეგიონის მკვიდრი მოსახლეობის ცხოვრებაში.

გამართე მწვანე კუთხის პრეზენტაცია და განიხილე შენ მიერ ჩატარებული კვლევა.

 

პრაქტიკული რჩევები

  • ტექსტზე მუშაობისას და კრიტიკული ეკორეგიონების ინტერაქციული რუკის განხილვისას ყურადღება გაამახვილე ეკორეგიონის ლანდშაფტის ჩამოყალიბების ფაქტორებზე; ჩაინიშნე, რა ტიპის ლანდშაფტია მოცემული, რა მნიშვნელობა აქვს ველურ ბუნებას და ახსენი, რატომ შეარჩიე კონკრეტულად ეს რეგიონი.
  • მოიძიე დამატებითი რესურსები, ფოტოები, ტექსტები, რუკები, ნახატები, ილუსტრაციები.
  • გაეცანი მსოფლიოს საუკეთესო ზოოპარკებსhttps://zooclub.ambebi.ge/zuu/saintereso/3518-msoflios-sauketheso-zooparkebi-i-natsili.html  – და ახსენი, რატომ შეარჩიე წარმოდგენილი მცენარეები და ცხოველები.
  • აღნიშნე, აზიის რომელი ქვეყნების ტერიტორიებზეა გავრცელებული შენ მიერ შერჩეული ბუნებრივი ზონა, რომელი ქვეყნის ტერიტორიიდან რომელ ცხოველს წამოიყვან და რომელ მცენარეს წამოიღებ.
  • შეადგინე გეგმა, როგორი თანმიმდევრობით განალაგებ ბუნებრივ ზონაში გავრცელებულ მცენარეებსა და ცხოველებს.
  • გაითვალისწინე სიმაღლებრივი სარტყლურობა აზიის კონტინენტზე.
  • ბუნებრივ ზონაში ჩახატე ამ ზონისთვის დამახასიათებელი სურათი, მაგალითად, ზაფხულის ტუნდრა, ზამთრის ტაიგა, რომელიმე ტიპური მცენარე ან ცხოველი და ა.შ.
  • ახსენი, რატომ გვხვდება ზომიერ სარტყელში რამდენიმე ბუნებრივი ზონა.
  • აღწერე, აზიაში რომელი ბუნებრივი ზონაა ადამიანის ცხოვრებისა და საქმიანობისთვის ხელსაყრელი და რატომ.
  • როგორ ფიქრობ, რატომ გვხვდება ტყესტეპები, სტეპები, ნახევარუდაბნოები და უდაბნოები აზიის მხოლოდ შიდა რაიონებში?

 

მწვანე კუთხის მოსაწყობად გაეცანი რესურსებს:

თბილისის ბოტანიკური ბაღი – https://georgiantravelguide.com/ka/tbilisis-botanikuri-baghi

თბილისის ზოოპარკიhttps://www.zoo.ge/

რატომაა ზოოპარკები კარგი, უფრო სწორად, საჭირო

ზოოპარკების დანიშნულება

https://forestry.ge/ge/kviris-tema/31023-ra-aris-biomravalpherovneba https://zooclub.ambebi.ge/zuu/zooparki/6678-thbilisis-zooparki-hipopotami-begisthvis-qcolebsq-chamoiyvans-qgvinda-rom-gavamravlothq.html

https://www.facebook.com/TbilisiZoo/posts/10159306532399575/

ვფიქრობ, ამ კომპლექსური დავალებით მოსწავლეებს გავუღვივებთ გარემოზე პასუხისმგებლობას და ზოოპარკის შესახებ არსებულ სტერეოტიპებსაც დავამსხვრევთ.

მშობლის ოთხი ტიპი

0

 

თანამედროვე ფსიქოლოგები მშობლების ოთხ ძირითად ტიპს გამოყოფენ, რომლებიც სუფთა სახით ბუნებაში იქნებ არ გვხვდება, მაგრამ სწორი კლასიფიკაციისთვის ათასობით გამოკითხულის პასუხების შეჯამების შემდეგ გვთავაზობენ შემდეგ ვერსიებს:

 

  1. ზოოტოპისტები;
  2. ვერტმფრენები;
  3. ვეფხვივით დედიკოები;
  4. სიტუაციის დამლაგებელი მშობლები.

 

თითოეულ მათგანს აღზრდის საკუთარი სტილი აქვს და, როგორც ფსიქოლოგიური ტესტები მოწმობს, მათი ამოცნობა არცთუ ისე რთულია.

ზოოტოპისტები „ცდისა და შეცდომის“ მეთოდის მომხრეები არიან. „იტკენს და აღარ გაიმეორებს“ – ეს მათი ცხოვრებისეული ფილოსოფიაა.

2008 წელს „ნიუ იორკ თაიმსის“ ბლოგერმა ლენორ სკენენზმა გამოაქვეყნა წერილი, რომელშიც წერდა, თუ როგორ გაუშვა 9 წლის შვილი ნიუ იორკის მეტროთი.

ამ წერილს ფართო და არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. გაზეთისგან მოითხოვდნენ ჟურნალისტის სამსახურიდან გაძევებას, მისთვის მშობლობის უფლების ჩამორთმევას და ა.შ.

სკენენზის ლოგიკა ასეთი იყო: ჩემმა შვილმა იცის კითხვა, მე მას ვასწავლე ხაზებისა და ციფრების მიხედვით საჭირო სადგურის ამოცნობა და ჩამოსვლა, მივეცი მგზავრობისთვის საჭირო ფული და იმედი, რომ ის უკვე დიდი ბიჭია, ყველაფერი გამოუვა.

საპროტესტო მუხტმა, რომელიც ლენორის წერილს მოჰყვა, აიძულა ჟურნალისტი, წამოეწყო მოძრაობა „ვერტმფრენების“ ანუ შვილზე გადაფოფრილი მშობლების წინააღმდეგ.

„დაუტოვეთ შვილებს მეტი თავისუფალი სივრცე, მიეცით მათ რწმენა, რომ თვითმყოფად ცხოვრებას მოახერხებენ, ასწავლეთ არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთება!“ – ასეთი იყო სკენენზის მოწოდება, რომელსაც ბევრი მშობელი აჰყვა.

ამ მოძრაობის მოწინააღმდეგენი კი ამტკიცებდნენ, რომ 9 წლის ბავშვის ნიუ იორკის მეტროთი მარტო გაშვება იგივეა, რაც ლომის გალიაში თიკნის ჩასმა იმ იმედით, რომ გამოსავალს იპოვის.

„ეს უპასუხისმგებლობაა და არა თავისუფლება!“ – ამუნათებდნენ სკენენზის და საკითხის ირგვლივ გამართულმა რამდენიმეთვიანმა დისკუსიამ საზოგადოებაში შემდეგი შეკითხვები გააჩინა:

  • რამდენი წლიდან შეიძლება დიდ ქალაქში ბავშვის მარტო გაშვება?
  • უსაფრთხოა თუ არა ბავშვის პარკში სათამაშოდ დატოვება უფროსის მეთვალყურეობის გარეშე?
  • და სახლში, მარტო? რა ასაკიდან?
  • რა ასაკიდან შეიძლება მოზარდმა მიაქციოს ყურადღება მასზე უმცროსს?
  • უნდა ისჯებოდეს თუ არა მშობელი უფლებების შეზღუდვით, თუ ის ნაადრევ თავისუფლებას აძლევს შვილს რისკების გაუთვალისწინებლად?

დისკუსიამ შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ზოგი მშობლისთვის თუ 7 წლის ბავშვის კინოში ან გასართობ ატრაქციონზე მარტო დატოვება მისაღები იყო, ზოგი 12 წლის შვილისთვის მომვლელს ქირაობდა.

სკენენზის მოუხდა განემარტა, რას გულისხმობდა ზოოტოპიური მშობლის ცნებაში. ის წერდა, რომ შვილისთვის თავისუფალი სივრცის დატოვება არამც და არამც არ ნიშნავს უპასუხისმგებლობას და უყურადღებობას ბავშვის მიმართ. ლენორის თქმით, აღზრდის ასეთი თავისუფალი მიდგომა შემდეგ ფუნდამენტურ კონცეფციას ეფუძნება:

ა) მოსაწყენ და წინასწარ გაწერილ გრაფიკში (მუსიკის, მათემატიკის, ხატვის გაკვეთილები, ჩოგბურთი სამზე, სკოლიდან უმალ რეპეტიტორთან და ა.შ.) ბავშვს უნდა დავტოვოთ „დაუგეგმავი“ დროც, როცა ის თავად გადაწყვეტს რა გააკეთოს, მივცეთ თანატოლებთან მეტი დროის გატარების საშუალება და განცდა, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია, თუმცა შეუძლია, ბევრი რამ, უფროსისთვის ხელმისაწვდომი, მასაც გამოუვიდეს.

ბ) ზოოტოპისტები მხარს უჭერენ ბავშვის მეტ ინტეგრაციას ბუნებასთან, არ უშლიან შვილებს ცხოველების მიკარებას, ხშირად უშვებენ ეზოში, არ ტეხენ პანიკას, თუ ბავშვი ტალახში გაგორდა ან ბლის ხეზე აცოცდა და გაურეცხავი ხილის ჭამა დაიწყო.

გ) ბავშვების დამოუკიდებლობა ასეთი მშობლებისთვის გარანტიაა იმისა, რომ ისინი ზრდასრულ ასაკშიც დამოუკიდებლები იქნებიან. ადვილად არ დაემორჩილებიან სხვის აზრს, ექნებათ ძლიერი „მე“ და არ შეეშინდებათ, ამოატრიალონ სამყარო თავიანთი გიჟური იდეებით.

დ) ზოოტოპისტებს მიაჩნიათ, რომ უბედური შემთხვევისგან არავინ არის დაზღვეული, ამიტომ ბავშვს კი არ უნდა აუკრძალო, არამედ უნდა ასწავლო, როგორ იაროს სწორად ველოსიპედით, როგორ გადავიდეს გზაზე ფრთხილად, როგორ გაიგნოს გზა ცხოვრებაში. მათი გადმოსახედიდან, ასეთი აღზრდა უფრო მეტ შრომას მოითხოვს, რადგან ბავშვს მუდმივად ჭირდება ახსნა, როგორ იყოს დამოუკიდებელი.

 

ვერტმფრენი მშობლები

„აღარ არის ის დრო, ბავშვს ადვილად რომ უშვებდი გარეთ, ახლა ქუჩაში მეტი მანქანა და საშიში ადამიანი დადის!“ – პასუხობენ „ზოოტოპისტებს“ მეორე ტიპის მშობლები. ფსიქოლოგებმა მათ ვერტმფრენები უწოდეს.

ვერტმფრენი მშობლები ბევრ დროს ატარებენ შვილების გვერდით, ეხმარებიან სასკოლო დავალებების შესრულებაში, მფარველობენ მათ და მუდმივად თავს დასტრიალებენ. ამიტომაც შეარქვეს „ვერტმფრენები“.

თუმცა ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ამ ტიპის მშობლების დიდი ნაწილი მზრუნველობისას აჭარბებს, რადგან დამოუკიდებელ სივრცეს მნიშვნელოვნად უზღუდავს შვილებს.

ტერმინი პირველად ჰაიმ გინოტმა გამოიყენა 1969 წელს წიგნში „მშობელსა და თინეიჯერს შორის“. ის წერდა, რომ დედამისი მთელი ცხოვრება ვერტმფრენივით დასტრიალებდა თავს.

ბევრს ასეთი მშობელი, პირიქით, მისაბაძად მიაჩნია, რადგან ის ჩვილობიდან უმაღლესის დასრულებამდე და ხშირად დაოჯახების შემდეგაც ზრუნავს „ბავშვზე“, ოჯახის ბიუჯეტს შვილების საჭიროებების მიხედვით გეგმავს, „თავად ყველაფერს იკლებს, რომ შვილებს მოახმაროს“ და ასე შემდეგ.

ასეთი მშობლები, დედებიც და მამებიც, ზედმეტად ერევიან შვილების ცხოვრებაში, უგეგმავენ ყოველ წუთს, სამეგობრო წრეს, მიზნებს და ეხმარებიან მათ წარმატების მიღწევაში. თუმცა ამას გამუდმებით აკეთებენ საკუთარი გადმოსახედიდან, სხვისი ცხოვრების მუდმივი მონიტორინგით.

მეორე მხრივ, ასეთი მშობლები მისწრებაა სკოლის ან სპორტული წრის ადმინისტრაციისთვის. ისინი გამუდმებით შვილების ახლოს ტრიალებენ და საქმეს უიოლებენ მასწავლებლებს და ადმინისტრაციას. მათ ვერ დაასწრებ ექსკურსიის დაგეგმვას თუ ბავშვების „მწყემსვას“, როცა სხვა მშობლები მინდორზე წამოკოტრიალებულები მწვადსა და წითელ ღვინოს აგემოვნებენ.

ვერტმფრენი მშობლების შვილებს აქვთ შემდეგი ცხოვრებისეული ჩვევები:

  • ისინი ზედმეტად არიან დამოკიდებულები მშობლებზე. 18 წლისაც კი დედამ უნდა გააღვიძოს, მამა სამსახურის პოვნაში დაეხმაროს, ბებომ სადილი მოუმზადოს და ასე შემდეგ.
  • ასეთი ბავშვები ზრდასრულ ასაკშიც კი სხვის აზრზე დამოკიდებულები რჩებიან. მათთვის „მფარველი“, „პატრონი“ ცნობიერების რომელიღაც ღრმა შრეზე არსებული სიგნალივითაა, რომელიც მუდმივად აქტიურდება კრიტიკულ მომენტში.
  • ასეთი ბავშვები ჯეროვნად თავის დაცვას ვერ ახერხებენ. ისინი მიჩვეულები არიან, რომ ვიღაც სხვა, დამხმარე უნდა გამოჩნდეს და მოუგვაროს პირადი თუ საზოგადო პრობლემა.
  • ისინი არ არიან მზად ბუნებრივი „უბედურებებისთვის“ თვალის გასასწორებლად. მათ მუდამ ვიღაც იცავდა ბულინგისგან, მშობლებმა ისინი გულისტკენას გადაარჩინეს, სამეგობრო წრე მუდამ მოწესრიგებული ჰქონდათ და ასე შემდეგ, მოკლედ, ბუდასავით იზრდებოდნენ, მაგრამ ცხოვრება კოლბა არ არის და მშობელიც ყოველთვის ვერ იქნება გვერდით.

 

სიტუაციის დამლაგებელი მშობლები

ალბათ ყველა მასწავლებელს შეხვედრია მამა, დედა, ბებია ან ბაბუა, შვილისა თუ შვილიშვილის ნიშნებს რომ აპროტესტებს, ითხოვს დეტალურ ანგარიშს იმის თაობაზე, რატომ არ აქვთ მათ შესაბამისი მოსწრება – ისინი ხომ ყველაფერს აკეთებენ, რომ მათი მზრუნველობის ქვეშ მყოფი მოზარდების წინაშე ყველა ბარიერი დაინგრეს!

სინამდვილეში, ასეთი მშობლები, რაღაც გაგებით, დაყრილ ნაგავს ხვეტავენ საკუთარი წარსულიდან. ისინი სიცოცხლის ბოლომდე ასეთები რჩებიან – უნივერსიტეტში პირადად იცნობენ შვილების ლექტორებს, კურსდამთავრებულებისთვის ეძებენ სამსახურს, მერე დამქირავებელთან არკვევენ მათი „პატარების“ ხელფასსა და შვებულების დღეებს, ერევიან შვილების პირად ცხოვრებაშიც, რომ პარტნიორმა „არ დაჩაგროს“, არჩევენ სასტუმროს, სადაც მათი ვაჟი ან ქალიშვილი უნდა გაჩერდეს მეუღლესთან ერთად, ეშინიათ, „ბავშვმა“ თვითმფრინავზე არ დააგვიანოს და იქამდეც კი მიდის ხოლმე საქმე, რომ შვილებს უკვე შვილიშვილებისგანაც იცავენ. ასეთი მზრუნველობა თითქოს ცხოვრებას უნდა უიოლებდეს ადამიანს, მაგრამ ფსიქოლოგები სხვაგვარად ფიქრობენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მზრუნველობის ობიექტი ასეთ დროს საშინლად ითრგუნება, თავს უმწეოდ გრძნობს და დეპრესიის ნაადრევ ნიშნებს ავლენს.

სიტუაციის დამლაგებელ მშობლებს იმის დაშვებაც კი არ შეუძლიათ, რომ მათმა შვილებმა ცხოვრებაში შეიძლება რამენაირი დისკომფორტი განიცადონ. ტკივილს, იმედგაცრუებას, რაც ყოფიერებას ახლავს თან და გვზრდის, შეიძლება შეეჯახოს „ყველა სხვა, მაგრამ არა მათი შვილები“. ასეთი მშობლები გაუტამას მამასავით არიან: – ტკივილი არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი შვილი მას ვერ იგრძნობს, – ასეთია მათი ლოგიკა. მაგრამ ცხოვრება სრულიად საპირისპიროა და მათი აღზრდილი ბავშვებიც უნებურად უნებისყოფობით, გადაწყვეტილების მიღების უუნარობით და სოციალური იმპოტენციით იტანჯებიან.

თუ ასეთი ბავშვი მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახში გაიზარდა, პირველივე ეკონომიკური გაჭირვება მას სრულიად უუნაროს გახდის პრობლემის მიმართ.

ის, რაც მშობელს პრობლემებისგან შვილის დაცვა ჰგონია, სინამდვილეში დათვური სამსახურია.

„ამას შენ უჩემოდ ვერ გააკეთებ. ნებისმიერ პრობლემას მე მოგიგვარებ!“ – ასეთი დამოკიდებულება უსახურ მოქალაქეებს ზრდის. როდესაც საზოგადოების კრიტიკული ნაწილი „სხვაზე მინდობილია“, მას არც პასუხისმგებლობის განაწილება შეუძლია. ის მუდმივად გარეთ ეძებს მხსნელს და როდესაც ასეთი არ ჩანს, წარმოუდგენლად იტანჯება.

„პატრონი არ მყავს!“, „კაცი მჭირდება, რომ ხელი წამკრას!“ – ასეთი ადამიანები თავის დროზე ბრძოლისუუნაროებად გაზარდეს. მშობლების, ვიტყოდი, ბუნებრივი, მაგრამ გადამეტებული ზრუნვა მათთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა, მათ არ მიეცათ შანსი, „ცდისა და შეცდომის“ მაგალითზე პიროვნულად განვითარებულიყვნენ და გახდნენ ისეთები, როგორებიც გახდნენ. თავის მხრივ, ახლა ისინი ცდილობენ გადაეფარონ შვილებს იქ, სადაც მოზარდი თავად უნდა გაუმკლავდეს პრობლემას და ჯაჭვი უწყვეტ და დაუსრულებელ სახეს იღებს.

მეორე მხრივ, სიტუაციის დამლაგებელ მშობლებს ძნელად გამოეპარებათ ბულინგი. ისინი თავიანთი პედანტურობითა და ჰიპერაქტიურობით სასკოლო ცხოვრების ხარისხის ამაღლებასაც უწყობენ ხელს, მაგრამ მთლიანობაში მათი როლი მაინც შესასუსტებელია.

როგორ ამოვიცნოთ საკუთარ თავში ასეთი მშობელი?

  • თუ შვილის პრობლემის შეტყობისთანავე მოგვარებას მთლიანად საკუთარ თავზე იღებთ და საშუალებას არ აძლევთ მოზარდს, ჯერ თავად სცადოს მისი გადაჭრა,
  • თუ აკონტროლებთ წრეს, რომელთანაც ბავშვმა უნდა იკონტაქტოს და ნებისმიერი ყოფითი კონფლიქტის წამოჭრისას შვილს „მოძალადეს“ განარიდებთ,
  • თუ მიგაჩნიათ, რომ ყველა ბავშვი, ვინც თქვენს შვილს ეკონტაქტება, სანიმუშო უნდა იყოს,
  • თუ მიგაჩნიათ, რომ „თქვენი შვილი ამას არ იზამდა“ და ყოველთვის სხვაა დამნაშავე,
  • თუ ბანაკში ან ექსკურსიაზე ღამისთევისას „საკუთარისთვის“ საუკეთესო ოთახს ითხოვთ,
  • თუ შვილის დავალებას თავად წერთ, რომ არავინ შეუსწოროს და დასცინოს,
  • თუ შვილი ასაკით უმცროსების კლასში შეგყავთ, რომ სხვაზე ჭკვიანი გამოჩნდეს, –

შესაძლოა, სწორედ ამ ტიპის მშობელი იყოთ.

 

ვეფხვივით დედიკო

ამ ტერმინის უკან, ცხადია, იგულისხმება მამიკოც. ის, უბრალოდ, სპეციფიკური ტიპის მშობელს მოიაზრებს, რომელიც ძალიან მომთხოვნია შვილების მიმართ.

ასეთი მშობლები შვილებს ადრეული ასაკიდანვე უსახავენ მიზანს და მის მისაღწევად უძილო ღამეებს, ზემოტივაციას, მეგობრებთან დროის გატარებაზე ფიქრის თავიდან ამოგდებას და მშვილდივით დაჭიმულობას სთხოვენ.

ტერმინი პირველად იურისტ ემი ჩუას გამოუყენებია, როდესაც დედაზე და საკუთარ როგორც მშობლის გამოცდილებაზე სტატიას წერდა.

წიგნის „ოდა ვეფხვ მშობელს“ გამოცემის შემდეგ მედია და პედაგოგიკის სფეროთი დაინტერესებული ფსიქოლოგები ტერმინზე ალაპარაკდნენ.

„ვეფხვივით დედიკომ“ შვილზე შესაძლოა დადებითი გავლენაც მოახდინოს, განსაკუთრებით – თუ ბავშვი სუსტი ნებისყოფისა ან ზარმაცია, მაგრამ აუცილებელია მოზომილი ქცევა და იმ მიზნის გათვალისწინება, რომლის მიღწევაც მშობელს უნდა.

ასეთი მიდგომა, ერთი მხრივ, თვითდისციპლინას უვითარებს მოზარდს, მეორე მხრივ, კი სტრესულ გარემოს უქმნის მაღალი და ხშირად მიუღწეველი მიზნის წარმოდგენისას. ბეთჰოვენის მამა შვილს სთხოვდა, მოცარტივით გენიალური ყოფილიყო. ამისთვის 8 წლის ისედაც ნიჭიერ ლუდვიგს 4 წლისად წარადგენდა და სასაცილო მდგომარეობაში აგდებდა, ღამეებს ათენებინებდა და გვარიანადაც წკეპლავდა, რომ „პატარა გენიოსი“ ყოფილიყო. კომპოზიტორს ბავშვობაშ შეძენილი თვითდისციპლინა მთელი ცხოვრება გაჰყვა და მერეც, დრო რომ მოეგო, თავის გამოსაფხიზლებლად ყინულიანი წყლით იბანდა თავს, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია კიდეც მისი სიყრუე.

ასეთი მშობლის მეთვალყურეობის ქვეშ აღზრდილი ბავშვები პატარაობიდანვე ბევრ დროს უთმობენ სწავლას და ცოტას – თამაშს, წუხან დაბალ შეფასებაზე, განიცდიან კარიერულ დაღმასვლას და ხშირად, ბედნიერება ისე ჩაუვლით ხოლმე გვერდით, ვერც კი მჩნევენ, რადგან მიზნისკენ მიმავალ გზას დასასრული არ აქვს.

მაშინ, როდესაც კარგი კარიერა მათთვის სტიმული და სწორი ცხოვრების ნიშანია, მარტივ სოციალურ ურთიერთობებში ისინი სრულ კრახს განიცდიან ხოლმე და ეს მთელი ცხოვრება ტანჯავთ. განიცდიან ნებისმიერ წარუმატებლობასაც, რადგან რეალური ან გარდაცვლილი მშობლების იმედგაცრუებისა ძალიან ეშინიათ.

2013 წლის კვლევებმა აჩვენა, რომ, მიუხედავად ასეთი „მობილიზებულობისა“, „ვეფხვი დედიკოებისა“ და თავისუფალი სტილის მომხრეების მიერ გაზრდილი
შვილების აკადემიური მოსწრება, მთლიანობაში თითქმის არ განსხვავდება, მაშინ როდესაც მკაცრი, მაღალ მოტივაციაზე ორიენტირებული ბავშვები თინეიჯერობის დასასრულიდანვე უფრო მეტად არიან მიდრეკილნი მელანქოლიისა და დეპრესიისკენ.

ფსიქოლოგების ნაწილი აღზრდის ასეთი სტილის მომხრე მშობლებს ურჩევს, ოდნავ შეარბილონ მიდგომა, ზომიერად, ნელ-ნელა ასწიონ თამასა და, შესაბამისად, შეამცირონ შვილზე ზეწოლა და სტრესი, გაიზიარონ მისი წარუმატებლობა, გაამხნეონ, მეტი სიყვარულით მოეპყრონ და ასწავლონ მათ, რომ ხანდახან წაგება ბუნებრივია.

პედაგოგიკის თანამედროვე სკოლები მიიჩნევენ, რომ მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში აღზრდის ეს სტილი ყველაზე მეტადაა დამკვიდრებული და დროა, იქაურებმა იმაზე იფიქრონ, როგორ შეაზაონ სხვადასხვა მეთოდოლოგია ისე, რომ არც მწვადი დაიწვას და არც შამფური. ბოლოს და ბოლოს, სუფთა სახით ხომ აღზრდის არც ერთი მეთოდი არ გვხვდება ბუნებაში და იმან, რაც ერთი ოჯახისთვის დამღუპველია, მეორეს შესაძლოა უშველოს.

 

წერილი მომზადებულია ელისონ ენდრიუსისა და კარლი სნაიდერის წიგნების მიხედვით.

რას ნიშნავს სპირალური განათლების მოდელი?

0

 

 

„ჩვენ ხელი უნდა შევუშალოთ სკოლებში მოსწავლეების მოწყენილობას“[1].

„მე მწამს ისეთი სკოლის, რომელიც ასწავლის ბავშვს არა მარტო იმას, რაც ვიცით სამყაროს შესახებ, არამედ მის შესაძლებლობებზე ფიქრსაც“.

ჯერომ ბრუნერი

 

ოდესმე მიგიღიათ ერთსა და იმავე კითხვაზე მოსწავლეებისა და სტუდენტებისგან ერთნაირი პასუხი? ალბათ არასდროს.

რატომ ხდება ასე? რატომ არ არსებობს კითხვებზე ზუსტი პასუხები?

ვთქვათ, ახალგაზრდამ მე-10 კლასში წაიკითხა „ვეფხისტყაოსანი“. თუ მე-12 კლასში ჰკითხავთ: „წაგიკითხავს პოემა?“ – ის გიპასუხებთ: „დიახ!“ – მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. ტექსტი უნიკალური და დაუსრულებელი სისტემაა, ისევე როგორც ადამიანის განვითარება და სანამ ადამიანი ვითარდება, შეუძლებელია, რამე სასრული არსებობდეს სამყაროში. ეს ძალიან ჰგავს სპირალს. დიახ, სპირალს და არა წრეს. წრე სასრულია და ჩაკეტილი, სპირალი მუდმივად განვითარებადი და გახსნილი.

ის, თუ როგორ შევიმეცნებთ ტექსტს ამა თუ იმ მომენტში, ბევრ რამეზეა დამოკიდებული: ჩვენს განვითარებაზე, ცოდნაზე, ახალ უნარებზე, ღირებულებებზე, სოციალურ კონტექსტზე, პირად მოტივებზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, განწყობაზე და ასე შემდეგ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტექსტის „მიღება“ სხვადასხვა დროს სხვადასხვა პარამეტრებით ხდება და ეს შედეგზეც აისახება. შინაარსის ცოდნა მხოლოდ პირველი ეტაპია, ტექსტის გაცნობიერება კი, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრება გრძელდება. იქნებ სწორედ ამას გულისხმობს ფრაზეოლოგიზმი – „სწავლა სიბერემდე“.

ეს ეხება არა მხოლოდ ტექსტებს, არამედ მთელ სამყაროს, მის ნებისმიერ დეტალს, ფაქტს, მოვლენას… ამიტომ „წაკითხვა“ თავისთავად ბევრს არაფერს ნიშნავს; მთავარია ჩვენი ცნობიერების ის ფოკუსები, რომლებიც ტექსტის/ცხოვრების მრავალფეროვნებას და სიღრმეს გვიჩვენებს.

ამ იდეას ეფუძნება განათლების თანამედროვე სისტემაში ჯერომ ბრუნერის „სპირალური განათლების მოდელი“.

რას გულისხმობს ის?

ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ მოსწავლეებს ჯერ ფუნდამენტური სტრუქტურები უნდა გავაცნოთ და მერე ნელ-ნელა სიღრმეებისკენ წავიყვანოთ.

წიგნში „სწავლის პროცესი“ ბრუნერი წერს: „ნებისმიერი საგნის საფუძვლები ნებისმიერ ასაკში შეიძლება გავაცნოთ ბავშვს, თუ  გასაგები ფორმით მივაწვდით. საქმე ის არის, რომ ბავშვს განვითარების ყოველ სტადიაზე აქვს სამყაროს ხედვისა და ახსნის თავისებური საშუალებები. თუ გვეცოდინება ამა თუ იმ ასაკის ბავშვის ენა და ამ ენაზე დავამყარებთ მასთან კონტაქტს, შევძლებთ დავეხმაროთ მას, გადავიდეს აზროვნების უფრო და უფრო მაღალი დონის საშუალებათა გამოყენებაზე. სწავლების ეს ხერხი ერთნაირია ყველა საგნისთვის, მათემატიკა იქნება ეს, ლიტერატურა, თუ საზოგადოებრივი მეცნიერებები“[2].

 

სპირალური განათლების მოდელი და სპირალური დინამიკა

საიდან უნდა მომდინარეობდეს და რას უნდა ეფუძნებოდეს ცოდნის მიღების სპირალურობა, თუ არა ჩვენი ცნობიერების ღრმა სტრუქტურებს? სამყარო, ადამიანი და მთელი კაცობრიობა – ეს უწყვეტი მოძრაობაა. ეს არ არის წრეზე ტრიალი, თუმცა ასეთი მარტივი ცნობიერებაც/საზოგადოებებიც არსებობს. და ვინაიდან ცნობიერება მოძრაობაშია და არ არის ჩაკეტილი, ტვინს შეუძლია შეცვალოს თავისი „პროგრამები“, შესაბამისად, ადამიანთა ქცევა და ცხოვრების ხარისხიც. კაცობრიობა სწორედ დღეს იმყოფება ასეთ მოცემულობაში.

არსებობს ასეთი ცნება – სპირალური დინამიკა. ეს არის ღირებულებათა ევოლუციის მოდელი. მისი ავტორია ფსიქოლოგიის პროფესორი კლერ გრეივზი. გრეივზი გვაფრთხილებდა: „მოცემულ მომენტში ჩვენი საზოგადოება ცდილობს გაუმკლავდეს ყველაზე რთულ და, ამავე დროს, ყველაზე მღელვარე ცვლილებას ყველა ცვლილებას შორის, რომელიც კი კაცობრიობას გაუვლია. ეს მხოლოდ არსებობის ახალ ეტაპზე გადასვლა კი არ არის, არამედ ახალი რიტმის დასაწყისი ადამიანური იდენტობის სიმფონიაში“.[3]

სპირალური დინამიკის იდეა განავითარეს გრეივზის მოსწავლეებმა. მათ შორის იყო დონ ბეკი, რომელიც წერდა: „40 წლის განმავლობაში მე პრაქტიკაში გამოვცადე გრეივზის თეორია და შევიტანე ჩემი თეორიული და პრაქტიკული წვლილი ამ ცოდნაში. მე მივხვდი, როგორ შევქმნა პრაქტიკაში „სამმაგი მოგება“ – იგებთ თქვენ, ვიგებ მე და იგებს მთელი პლანეტა!“[4]

დონ ბეკის წიგნში „Spiral Dynamics in Action: Humanity’s Master Code“ აღწერილი თეორია უკავშირდება რთულ პრობლემას: როგორ უმკლავდებიან ინდივიდები, ადამიანთა ჯგუფები და საზოგადოებები ცხოვრების პირობების შეცვლას; ხალხის, ორგანიზაციისა და საზოგადოების წარმოდგენა სისტემის სახით გვეხმარება იმის გაგებაში, როგორ ადაპტირდნენ ისინი ცვლილებებთან.

მართლია, ეს წიგნი პანდემიამდე დაიწერა, მაგრამ, ვფიქრობ, მასში წარმოდგენილი საკითხები ეხმაურება სამყაროს ამჟამინდელ მდგომარეობას და გამოსავალსაც გვთავაზობს. როგორც ჩანს, სამყარო დიდი ხანია ემზადებოდა ცვლილებებისთვის და პანდემიამ ეს ცვლილებები კიდევ უფრო დააჩქარა.

პრობლემებიდან გამოსავალი ცნობიერების სპირალურ მდგომარეობაშია, რომელიც ვლინდება როგორც ბუნებაში, ასევე სოციალურ ცხოვრებაში. სპირალურობა მატერიის საერთო მახასიათებელია.

დააკვირდით ბუნების მოვლენებს და ადვილად აღმოაჩენთ მსგავს ფორმებს: მცენარეებში, ქარის ქროლაში, წყლის ნაკადში, კოსმოსში, ცუნამიში, მორევში…

განათლებაში კი სპირალური მოდელი არის უწყვეტი განვითარება და ერთი ტექსტის სიღრმეში ეტაპობრივად ჩასვლა.

პასუხი კითხვებზე: „წაგიკითხავს „ვეფხისტყაოსანი“? „შეიცან თავი შენი?“ „ის ხარ, ვინც უნდა იყო?“ – არ არსებობს, რადგან კითხვის მოსმენის შემდეგ მე უკვე აღარ ვარ ის, ვინც კითხვის მოსმენამდე ვიყავი…

[1] ინტერვიუ, რომელიც ბრუნერმა El País– ს მისცა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა განმარტა, თუ როგორ უნდა ასწავლონ სკოლებმა ცოდნის სიყვარული

[2]  The Process of Education: Bruner, Jerome

Click to access Master.text_.3.pdf

 

[3] https://mybook.ru/author/don-bek-2/spiralnaya-dinamika-na-praktike-model-razvitiya-li/read/?page=2 გვ.3.

[4] by Prof. Don Edward Beck ...., Spiral Dynamics in Action: Humanity's Master Code

https://libribook.com/ebook/16648/spiral-dynamics-action-humanitys-master-code-pdf

 

 

სივრცული ფიგურები და მცირე ფანტაზია -კლასიკური საშინაო დავალების ალტერნატივა

0

საშინაო დავალებას, თუ მას „ტრადიციული დავალების“ სახე აქვს, ბავშვისთვის მოსაწყენია, შრომატევადი, უინტერესო. რატომ მივედი ამ დასკვნამდე? მშობლიურ სოფელში დასასვენებლად ჩასულს, მეგობრის შვილმა საზაფხულო საშინაო დავალების შესრულებაში დახმარება მთხოვა. საშუალება მომეცა, პროცესის კულისებში შემეხედა და ეს საქმიანობა ჩემთვისაც კი მოსაწყენი და შრომატევადი აღმოჩნდა. ბავშვებს, რომლებმაც სწავლის პერიოდში კარგად არ აითვისეს მასალა, აუცილებლად დასჭირდებათ უფროსების დახმარება, ხოლო მათთვის, ვინც კარგად სწავლობდა, ასეთი დავალება უსარგებლოა. მასწავლებელმა მოსწავლეთა მზაობის შესაბამისად უნდა მოახდინოს დავალებების დიფერენცირება და დამხმარე მასალებიც მიაწოდოს მათ დამოუკიდებელი სწავლისთვის.

შევეცადე, მეპოვა „კლასიკური საშინაო დავალების“ ალტერნატივა, რომელსაც ბავშვები ხალისით და სიამოვნებით შეასრულებენ იმ კავშირების შენარჩუნებით, რომლებიც ეროვნულ სასწავლო გეგმაშია და სკოლაში ისწავლება. ეს დავალება ზაფხულს უფრო მეტად შეეფერება. მართალია, საგნის ერთ მიმართულებასა და ერთ სამიზნე ცნებას ეხება, მაგრამ ინტეგრირებულია. მისი შესრულების დროს ბავშვები დაამყარებენ კავშირებსა და ასოციაციებს თავიანთ ცოდნასა და გამოცდილებაში.

დავალება სივრცული აზროვნების განვითარებას ისახავს მიზნად. ეს აზროვნება ყოველდღიურად გამოიყენება ჩვენს ცხოვრებაში, სარეკლამო, კომერციულ, ტექნოლოგიურ თუ სამრეწველო სფეროებში. სივრცითი მსჯელობა ინჟინერიის, არქიტექტურული დაგეგმარებისა და დიზაინის მრავალი პრობლემის გადაჭრის საფუძველია და მისი ეფექტური გამოყენება ამ კონცეფციის ცოდნას და გაცნობიერებას მოითხოვს. დავალების შესრულებისას მოსწავლეებს შეეძლებათ გაეცნონ სხვადასხვა სახის მასალებს, დინამიკურ ვირტუალურ სიმულაციებსა და რესურსებს, რომლებიც დაეხმარება მათ სივრცული ცნებების გააზრებაში და ფორმებისა და საგნების სივრცეში გადატანაში.

სივრცული აზროვნებისა და მსჯელობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია „ობიექტის მშენებლობისა და დაშლისათვის“ სხვადასხვა სახის მანიპულატივების გამოყენება, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უკეთ დაინახონ ფორმებისა და საგნების თვისებები.

მიღებული სასწავლო უნარები და შემოქმედებითი მიდგომები მნიშვნელოვანია შემდგომში ცხოვრებისეული სიტუაციების გადაჭრის სტრატეგიის შემუშავებისთვის. ბავშვებს საშუალება ეძლევათ, უპასუხონ მათ მიერ ხშირად დასმულ კითხვებს (სად გამოვიყენებ, რაში მჭირდება?). გარდა ამისა, მოსწავლეთა ინტერესის სფეროების უკეთ გაცნობის საშუალებაც მომეცემა.

 

დაწყებითი საფეხური (IV, V, VI კლასები)

საგანი: მათემატიკა

მიმართულება: გეომეტრია და სივრცის აღქმა

სამიზნე ცნება: გეომეტრიული ობიექტები. ორიენტირება სივრცეში

მკვიდრი წარმოდგენები:

  • ჩვენ გარშემო და გარემომცველ ბუნებაში არსებულ უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს.
  • გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთისგან განირჩევიან თვისებრივი და რაოდენობრივი ნიშნებით – ფორმით, ზომით.
  • გეომეტრიული ფიგურების თვისებების ცოდნა გვეხმარება გეომეტრიული ობიექტებისა და მოდელების აგებაში.
  • გეომეტრიული ფიგურებისა და მათი ელემენტების ურთიერთგანლაგების სქემები და მოდელები სივრცეში ორიენტირების საშუალებას იძლევა.

საკვანძო კითხვა: როგორ გამოვიყენოთ გეომეტრიული ფიგურები, შლილები სხვადასხვა საგნისა და მოდელის დასამზადებლად და გასაფორმებლად?

მოსწავლეს შეუძლია:

  • მსჯელობა იმის შესახებ, რომ ჩვენ გარშემო და გარემომცველ ბუნებაში არსებულ უამრავ საგანს გეომეტრიული ფიგურების ფორმა აქვს;
  • რომ გეომეტრიული ფიგურები ერთმანეთისგან გარჩევა ნიშან-თვისებებით;
  • გეომეტრიული ფიგურების თვისებების გამოყენებით გეომეტრიული ობიექტებისა და მოდელების აგება;
  • მსჯელობა იმაზე, გეომეტრიული ფიგურებისა და მათი ურთიერთგანლაგების სქემების, მოდელების საშუალებით როგორ ხდება სივრცეში ორიენტირება.

 

დავალების ბარათი მოსწავლისთვის „მინიატურული ბაღი ჩემი პერსონაჟისთვის“

ყოველდღიურ ცხოვრებაში, შენ გარშემო, ყოველთვის ხედავ რამდენიმე ობიექტს, რომლებსაც სხვადასხვა ფორმა აქვს. მაგალითად, წიგნებს, ბურთს, კონუსური ფორმის ნაყინს, კარადას, სახლს… ამ ობიექტებისთვის საერთოა ის, რომ ყველას აქვს გარკვეული სიგრძე, სიგანე და სიმაღლე. ამრიგად, მათ აქვთ სამი განზომილება, მაშასადამე, წარმოადგენენ სივრცულ ფიგურებს. სამგანზომილებიან სამყაროში შეგიძლია იმოგზაურო მარჯვნივ, მარცხნივ, წინ, უკან, ზევით და ქვევით.

შენი დავალებაა:

გეომეტრიული სივრცული ფიგურების გამოყენებით და ცოტაოდენი ფანტაზიის მოშველიებით შექმენი შემოქმედებითი პროდუქტი „მინიატურული ბაღი ჩემი პერსონაჟისთვის“. პერსონაჟი შეიძლება იყოს რომელიმე ზღაპრის ან ლიტერატურული ნაწარმოების გმირი.

გაალამაზე შენი სახლის კოპწია აივანი, პატარა ბაღი ან ფანჯრის რაფა შენ მიერ შექმნილი „პატარა ზღაპრული სამყაროებით“. როგორ? ძალიან მარტივად! მოიძიე სახლში ძველი, უკვე გამოუსადეგარი, გადასაგდებად გამზადებული ჯამები, პოლიეთილენის კონტეინერები, სათლები, ქოთნები, ხის ყუთები, აირჩიე რომელიმე მათგანი, შეავსე მიწით, დადგი ზედ პატარა სახლები, ზღაპრული კოშკები, ქოხები, ჩიტის ბუდეები და ა.შ. ბოლოს კი გასაფორმებლად მიწაში ჩარგე პატარა ოთახის ყვავილები, სასურველია, სეკულენტები.

რეკომენდაცია:

·       მინიატურული ბაღის იდეისთვის დაიხმარე ქვემო მოცემული ჰიპერბმულები – მათზე ნაჩვენებია უამრავი მინიატურული ბაღის სხვადასხვა დიზაინი: როგორ შევქმნათ მინიატურული ბაღები; ორიგინალური იდეები ზღაპრული ბაღის შესაქმნელად გატეხილი ქოთნებით.

·       ჯერ გაიხსენე სივრცული ფიგურები და მათი შლილები. კუბი, მართკუთხა პარალელეპიპედი, სამკუთხა პრიზმა, პირამიდა, ცილინდრი, კონუსი, სფერო და ა. შ. სივრცული ფიგურების დამზადებაში დაგეხმარება შემდეგი მასალები:

გეომეტრიული სივრცული ფიგურებივიდეოგაკვეთილი;       ციფრული რესურსი.

აქ მოცემულ სიმულაციებში ნაჩვენებია, როგორ შეიძლება დაიკეცოს შლილები ისე, რომ სივრცული გეომეტრიული ფიგურები მივიღოთ: შეისწავლეთ კუბის სხვადასხვა შლილები, მართკუთხა პარალელეპიპედის შლილი, პირამიდის შლილები, ცილინდრის შლილი, კონუსის შლილი

მინიატურული ბაღის შექმნისას გაითვალისწინე:

·       ბაღი უნდა იყოს ცოცხალი მცენარეებით გაშენებული;

·       მიწისთვის უნდა აიღო ძველი, გამოუსადეგარი ჭურჭელი, რომელსაც გაალამაზებ (შეღებავ, ფორმას მისცემ…) და ახალ სიცოცხლეს შესძენ;

·       მიწის ზედაპირზე უნდა იდგეს შენ მიერ დამზადებული ორი სივრცული ობიექტი მაინც (სახლი, ქოხი, სასახლე, კოშკი, ჩიტის ბუდე, შინაური ცხოველების სადგომი…), რომელთა დამზადებისას გამოიყენებ შენთვის ნაცნობ სივრცულ გეომეტრიულ ფიგურებს;

·       ბაღი უნდა იყოს ზღაპრის ან ლიტერატურული პერსონაჟისა (მაგალითად კონკიასი).

პრეზენტაციისას წარმოაჩინე:

·       ზღაპრის, მოთხრობის ან წიგნის რომელი პერსონაჟი აირჩიე;

·       მინიატურული ბაღისთვის რა ჭურჭელი გამოიყენე, როგორ გადააკეთე/გაალამაზე და მოამზადე მიწის ჩასაყრელად; იმსჯელე, რითაა კარგი ძველი, გამოუსადეგარი ნივთებისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება;

·       როგორ დაამზადე სივრცული გეომეტრიული ფიგურები მათი შლილების მიხედვით;

·       როგორ გააკეთე 3D ფიგურების შლილები;

·       გეომეტრიული ფიგურებისგან როგორ შექმენი მინიატურული ბაღისთვის საჭირო ობიექტები.

ყველა ეს საფეხური დაასურათე და წარმოადგინე რომელიმე საპრეზენტაციო ფაილით.

პრეზენტაციის შემდეგ ისაუბრე:

·       რა იყო ყველაზე რთული დავალების შესრულებისას?

·       რას შეცვლიდი, დავალებას თავიდან რომ ასრულებდე?

 

ბედნიერ ზაფხულს გისურვებ. იმედი მაქვს, ეს დავალება შენთვის სახალისო და საინტერესო აღმოჩნდება.

 

მოსწავლეთა მიერ შესრულებულ დავალებებს დიდი ინტერესით ველოდები. ნამუშევრებს განვათავსებ აქ .

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

  1. ქეთი ცერცვაძე. მათემატიკის გზამკვლევი კურიკულუმის შედგენისთვის. დამხმარე რესურსი მასწავლებლებისთვის (მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით)

https://clck.ru/SkNrc

  1. https://www.allassignmenthelp.com/blog/summer-homework/
  2. https://study.com/blog/why-is-summer-reading-so-important-for-kids-success.html
  3. https://lebonbinome.fr/devoirs-de-vacances

„თავდაპირველად ადამიანი ვარ“

0

საქართველოს ისტორია, ლიტერატურა და მთელი კულტურული მემკვიდრეობა ცხადყოფს ქართველი ერის შემწყნარებლობას სხვათა მიმართ. ეს ისტორია სავსეა დაცემისა და აღდგენის უამრავი მაგალითით, მაგრამ ყოველ ეპოქაში, სიძნელისა  და გაჭირვების, თვითგადარჩენაზე ფიქრისა და ზრუნვის მიუხედავად, ქართველს არასოდეს დაუკარგავს ტოლერანტობის გრძნობა. უცხოტომელებს ქართველი ყოველთვის ღირსეულად ექცეოდა,  იმსახურებდნენ თუ არა ამას ისინი.

 

შექსპირის „ჰამლეტის“ ცნობილი ეპიზოდი გავიხსენოთ, როდესაც ჰამლეტი პოლონიუსს მსახიობთა ღირსეულად დახვედრას ავალებს: „არ შეიძლება, ჩემო ბატონო, ეს აქტიორები კარგად დააბინავებინო, და უბრძანო კარგადაც დაუხვდნენ? თორემ ხომ იცი: ეგენი ამ დროის შემოკლებულნი მატიანენი არიან და სიკვდილის შემდეგ საფლავის ქვაზედ ცუდი წარწერა უნდა გერჩიოს, სიცოცხლის დროს მაგათთან ცუდი ხმების დაყრასა“. პოლონიუსი ჰპირდება: „მე ისე მივიღებ მაგათ, ხელმწიფისშვილო, როგორც ეკადრებათ“.  ჰამლეტი კი მახვილგონივრულად არიგებს ჭკუას: „ყველას რომ ისე მოექცე, როგორც ეკადრება, არავის არ აცდება გამათრახება. შენის სახელისა და ღირსების კვალობაზედ უნდა დაუხვდე მაგათ. რაც უფრო ნაკლების ღირსნი არიან, შენი სიკეთე მით უდიდესი გამოჩნდება“ (ივანე მაჩაბლის თარგმანი). ადამიანის ქცევას ღირსება უნდა განაპირობებდეს,  ჰუმანური ღირებულებები უნდა იყოს ზნეობის  მასაზრდოებლი.

 

როგორც გრიგოლ რობაქიძე აღნიშნავს, „გაიხარე, გამახარეს“ პრინციპი ქართველის ცხოვრების ძარღვია. ამ სულისკვეთებითაა გაჟღენთილი  უცხოელებთანაც მისი დამოკიდებულება. ამას წარსულის გამოცდილება მოწმობს. „სხვასთან“  ურთიერთობის ეს პარადიგმა დავით აღმაშენებელმა თავისი ძლიერი და მოქნილი პოლიტიკური იდეოლოგიის  ნაწილად აქცია და ეროვნული მსოფლმხედველობა სწორედ შემწყნარებლობის კონცეფციას დააფუძნა. უცხოტომელთა მიერ  საქართველოს სამშობლოდ შეგრძნება ერს გააერთიანებდა და განამტკიცებდა. დავითმა სახელმწიფოებრიობას დაუქვემდებარა რელიგიურ-ეთნიკური თუ კულტურული განსხვავებულობა. რა თქმა უნდა, მის ტოლერანტობას საფუძვლად ახალი აღთქმისეული პრინციპები ჰქონდა.

 

ქართველი თავისი სახელწიფოებრივ-ეროვნული იდეალებით მიისწრაფოდა მსოფლიოსკენ, მასთან კულტურულ დიალოგებს მართავდა. ეს დიალოგი ფილოსოფიურ-რელიგიური ლიტერატურის ბერძნულიდან, სომხურიდან, კოპტურიდან და სხვა ენებიდან ქართულად თარგმნასაც ითვალისწინებდა. ამ თვალსაზრისით,  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ათონელ წმინდა მამათა ღვაწლი. მაგალითად,  ექვთიმე ათონელის თარგმანების სიტკბოება, როგორც მისი ცხოვრების აღმწერი გიორგი  მთაწმინდელი  აღნიშნავს, ოქროს საყვირის მაღალ ხმასავით ეფინებოდა მთელ ქვეყნიერებას, არა მხოლოდ ქართლს, არამედ საბერძნეთსაც.  ექვთიმემ  ქართულიდან ბერძნულად გასაოცარი სრულყოფილებით  თარგმნა  შუასაუკუნეების განთქმული ძეგლი „სიბრძნე ბალაჰვარისა“. სწორედ ამ  ბერძნული თარგმანიდან გადაიღეს ჯერ ლათინურ და შემდეგ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ენაზე. როგორც რევაზ სირაძე აღნიშნავს: „საქართველოზე დასავლეთისა და აღმოსავლეთის დასაკავშირებლად მხოლოდ საქარავნო გზები კი არ გადიოდა, არამედ სულიერი ურთიერთობის გზებიც“.

 

შემწყნარებლობის თვალსაზრისით გამორჩეული მწერალია მიხეილ ჯავახიშვილი,  იგი, უპირველესად, ქართული ლიტერატურული ტრადიციისა და,  კერძოდ, ილიას გზის გამგრძელებელია. მის არაერთ ნაწარმოებში წარმოჩნდება ტოლერანტობა, როგორც ცხოვრების ხერხემალი. „არსენა მარაბდელში“ რუს ჯარისკაცებს არსენასთან ერთად ებრძვიან უკრაინელი ოსტაპი, ოსი მეშთა, სომეხი ბაღო, თათარი დალიჰასანი, რუსი კარპიჩა. მათ თავისუფლების წყურვილი და ადამიანური  ტკივილები აერთიანებთ. საბჭოურმა კრიტიკამ, მართალია, თავის დროზე არსენა მარაბდელის პერსონაჟთა მეგობრობა ინტერნაციონალიზმად მონათლა, ხოლო მათი ბრძოლა კლასობრივად მიიჩნია და არსენა ლამის ბოლშევიკთა წინაპრად გაიზრა, სინამდვილეში, მწერალი ამ რომანით წითელი რუსეთის იმპერიალისტურ ზრახვებს ამხელდა და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობასკენ სწრაფვას გამოხატავდა, ქართველის  ოცნებად გადაქცეულ  მისწრაფებას – „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ – წარმოაჩენდა.

 

1927 წელს მიხეილ ჯავახიშვილს ლექცია უნდა წაეკითხა თემაზე: „ქართული ლიტერატურისა და მეტყველების განვითარების გზები“, შემონახულია თეზისები, რომელთა მიხედვითაც, ჩანს, რომ მწერალი საგანგებოდ ისაუბრებდა X-XII საუკუნეებში საქართველოში გაშლილ ჰუმანიზმზე და დააპირისპირებდა ამავე პერიოდში ევროპაში მიმდინარე ინკვიზიციასთან.

 

საგულისხმოა, რომ მწერალი წერაქვში დაიბადა და სიონში გაიზარდა, მაშინდელ  სადახლოს (დღევანდელი მარნეულის) რაიონში. ამიტომ მან ბავშვობიდანვე შეისწავლა აზერბაიჯანული და შემდეგ, როდესაც ევროპა მოიარა, ფრანგულს დაეწაფა, ეს ენა არ დავიწყებია. მის ნაწარმოებებში ფრანგი თუ სპარსი პერსონაჟები საუბარში თავიანთი მშობლიური ენის სიტყვებსაც გამოურევენ და, ამგვარად, მეტ უშუალობას და გულწრფელობას მატებენ ნათქვამს. მწერალმა ბავშვობის დროინდელი შთაბეჭდილებები, „იოლდაშები“ პროტოტიპებად გამოიყენა და პერსონაჟებად აქცია. ქართველთა შემწყნარებლობის თვალსაზრისით,  მოთხრობა „ლამბალო და ყაშა“ გამოირჩევა. მოქმედება I მსოფლიო ომის დროს ხდება სპარსეთში, ურმიის ტბის გარშემო. ამ ადგილებს რუსეთის იმპერია ებღაუჭება. დაუფარავია მათი განზრახვა. აქ ადგილობრივთა გასაქრისტიანებლად ჩამოსული ეპისკოპოსი პავლე ასე მრისხანებს: „სპარსეთში კი არა, რუსეთში ვართ, რუსეთში! სადაც რუსის სისხლი დაიღვრება და სადაც რუსის სამხედრო დროშა ჰფრიალებს, ის ქვეყანაც ჩვენია-მეთქი!“

 

მწერალი მოთხრობაში სიკეთესა და ბოროტებას ლამბალოსა და ყაშას სახეებით უპირისპირებს, თვითონ სახელებიც იტევენ თითქოს ამ სიყვარულისა და სიძულვილის ენერგიებს. სახელი ლამბალო მელოდიური და კეთლხმოვანია,  ყაშა კი ამ მუსიკას ახშობს, პირქუშია და დამთრგუნველი.

 

ლამბალო მოთხრობის ერთი უბრალო  პერსონაჟია, რომელიც სპარსეთში შემთხვევით შეხვდება ქართველ ექიმს და დაუმეგობრდება. მისი ნამდვილი სახელი მაშადი ჰასანია. მწერალი ცხოვრებისეულ დრამას საგანგებოდ ურმიის მიდამოებში გაათამაშებს. ის ერთგვარი ბაბილონის გოდოლია, სადაც სხვადასხვა რჯულისა და ეროვნების ხალხი ირევა. მწერალი არა მხოლოდ კოლორიტულობას უნარჩუნებს პერსონაჟს, როდესაც თავის მშობლიურ  ენაზე სიტყვებს წარმოათქმევინებს, არამედ სურს, რომ სხვა ენასაც მიუგდოს ყური მკითხველმა, სხვისი ენის სილამაზეც დააფასოს, ალბათ, უპირველესად, ამიტომ წერდა თეიმურაზ მეფე: „სპარსთა ენისა სიტკბომან მასურვა მუსიკობანიო“. ისიც შეიძლება გავიხსენოთ, რომ გრიგოლ რობაქიძემ „გველის პერანგში“ ქართული ასოებით ჩართო სპარსული ლექსი, რათა მკითხველს უცხო ქვეყნის ეგზოტიკა,  სხვათა ენის მუსიკა და სიტკბო ხელშესახებად შეეგრძნო.

 

მოთხრობის მიხედვით, დაუძლურებული სპარსეთი იძულებულია ეპირფეროს რუსეთსა და ინგლისს. ურმიის მმართველი ქართველ ექიმს წუხილით გაუზიარებს: „რა დღე დააყარეს საწყალ სპარსეთს ურუსმა და ენგლიზმა? ბულდოგი და დათვი ჩვენს კისერზე მორიგდნენო“. იმ დროს, როცა სპარსი თავის თანამემამულეს პატივმოყვარეობის გამო არ ინდობს, ქართველი ექიმი ესარჩლება.

 

მოთხრობაში კარგად ჩანს, თუ როგორ ამძაფრებს ომი ქვეყნიერებაზე გამეფებულ სულიერ ქაოსს, რომელიც სიძულვილისა და შეუწყნარებლობის წყაროა. სწორედ ამ უსულგულობის ფონზე გამოკვეთს მწერალი, მუსლიმანი და ქართველი ერთმანეთს როგორ ეძმობილებიან, რუსული იმპერიის „სულიერი  დამცველი“ ეპისკოპოსი კი  როცა გაიგებს, ექიმი ქართველია, „თანაგრძნობით“ ეტყვის: „ქართველობა დიდი უბედურება არ არის, რადგანაც ქართველიც ადამიანია და კეთილი ქრისტიანი ქართველებშიც მოიპოვება“. სრულ მორჩილებას შეჩვეული პავლე ეპისკოპოსი არც ამჯერად ელოდა შეწინააღმდეგებას, ამიტომაც ასე შეურაცხყო უდანაშაულო, ახლად გაცნობილი ექიმი, (შეიძლება შემთხვევითი არ არის, რომ, ამ ეპისკოპოსს იმ რეალური ეგზარქოსის, პავლეს, სახელი ჰქვია, რომელმაც სიონის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას საჯაროდ დაწყევლა ქართველი ხალხი. მაშინ ტაძარში ქართველმა დიდებულებმა უსიტყვოდ მოისმინეს ეგზარქოსის მიერ უდანაშაულო ქართველთა დაწყევლა. ხმა მხოლოდ დიმიტრი ყიფიანმა ამოიღო, რომელიც მაშინ წირვას არ ესწრებოდა და ეგზარქოსს ღია წერილით მიმართა, საჯაროდ ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშის მოხდა მოსთხოვა).

 

მოთხრობის მიხედვით კი, რუსი ეპისკოპოსი ქართველის მოულოდნელ ამბოხს გადააწყდა: „მართალს ბრძანებთ, თქვენო უსამღვდელოესობავ, – ეპისკოპოსის ლმობიერ კილოზევე დავიდასტურე მე. – კეთილი ადამიანი როგორც ქართველებში, ისე რუსებშიც მოიძებნება“. ეს პასუხი სიტყვიერ შეტევას და ბრძოლისთვის მზადყოფნას  ნიშნავდა. პავლემ იგრძნო, რომ ამჯერად შეცდა. ეს კაცი თავს ასე უბრალოდ არ დააჩაგვრინებდა და არც შეურაცხყოფას გადაყლაპავდა. ამიტომაც წერს მწერალი: „ერთმანეთი თვალებით დავხვრიტეთ. ჩემმა სიტყვამ გაკრავებული მგელი შიგ გულში დაჭრა“. ექიმმა იგრძნო, რომ სიტყვიერი ბრძოლის უპირატესობა მის მხარეს გადაიხარა, რადგან სიმართლე მისკენ იყო, ამიტომაც პავლეს სიტყვა შეაწყვეტინა: „ქართველობა ჩემთვის უდიდესი ბედნიერება გახლავთო“. ბერს ნერვიულობა დაეტყო და ბოდიში მოითხოვა, ქართველები მეტისმეტად ამაყები არიანო. ამაყი კი არა, თავმოყვარე გახლავართო, – შეუსწორა ექიმმა. მწერალი შენიშნავს პერსონაჟის პირით: „მისი ბოდიში ვიკმარე და ისე დავჯექი. ცხადი იყო, რომ გაბერებული მგელი არაფერს მაპატიებდა, არც „ქართველობის ბედნიერებას“ და არც თავის ბოდიშს დაივიწყებდა. ხილული იარაღი დავყარეთ და უხილავით აღვიჭურვენით“.

 

პავლე ეპისკოპოსი ასე აღიქვამს და ახასიათებს ურმიის ტბის შემოგარენში არსებულ სულიერ ვითარებას: „მართლმადიდებლებს ყველანი სდევნიან: ნესტორიელი პატრიარქი „მარშიმუნი“, ბენიამინე – ცრუ, ფლიდი და უსახლკარო ლტოლვილი, რომელსაც რუსეთი ინახავს, ამერიკელი მისიონერი – მზაკვარი დოქტორი შეედი, რომელიც დოლარებით ყიდულობს ასურელების საცხონებელ სულებს; რუსეთის მოკავშირე ფრანგი იეზუიტი მონსინიორი დეკრო, რომელსაც გაიძვერობაში მუსლიმანებიც კი ვერ დაეწევიან; ინგლისელი მისიონერი ბრაუნი – ორპირი და გამოქნილი ფარისეველი, რომელმაც სტერლინგებით გაავსო ურმია. ეს კიდევ არაფერი: სპარსელებიც: წუნკალი, ველური „პერსიუკებიც“ კი ჩუმ-ჩუმად სდევნიან მართლმადიდებელ ასურელებს და ათასი ხრიკით იბრძვიან თავიანთი „უწმინდური“ მუსლიმანების დასაცავად“. ასეთი შეუწყნარებელია მართლმადიდებელი პავლეს დამოკიდებულება ყველას მიმართ, ვინც მისი რჯულისა და ეროვნებისა არ არის.  ის დამპყრობელი ქვეყნის სულიერი სახეა, ხოლო ყაშა ლაზარე, გამართლმადიდებული ასურელი, მის ხელში საშინელ  იარაღად ქცეული, სადისტი და განსხეულებული ბოროტება, რომელიც თავის ბინძურ საქმეებს სწორედ პავლეს მფარველობით ჩადის. ამიტომაც არის, რომ ორივე კაცთმოძულე პერსონაჟს მოთხრობის ბოლოს ხალხის შურისძიება იმსხვერპლებს.

 

ქართველი ექიმი კი სწორედ შემწყნარებლობით გამოირჩევა, ალბათ, შემთხვევით არ შეურჩია მწერალმა ამ პერსონაჟს ექიმის ხელობა, ის მართლაც მკურნალია, არა მხოლოდ ხორცისა, არამედ, უპირველესად, სულისა. ამიტომაც არის, რომ მასთან საოცარ სულიერ ერთობას გრძნობენ მუსლიმანები და, განსაკუთრებით, ლამბალო და მისი ოჯახი. ლამბალომ მუსლიმანური ადათიც კი დაარღვია და ახლად შერთულ ცოლი ექიმს არა მხოლოდ გააცნო, არამედ მის წინაშე ჩადრიც კი ააწევინა და სახე აჩვენებინა, რომლის ნახვაც, ქმრის გარდა, ყველას ეკრძალებოდა: „აი, ჩემი ძმა და მამა. შენი პირით გადაუხადე მადლობა. ეგ ჩადრი მოიხსენი, ნუ გრცხვენიან… არავინ არა გვხედავს“.

 

ექიმი სპარსელებთან მათ ენაზე ლაპარაკობს, ისინიც ცდილობენ, თუ რამ იციან ქართული, ახლა გაიხსენონ და ასიამოვნონ უცხო რჯულის, მაგრამ მაინც მათ  ქართველ ძმას. სპარსეთის მმართველი, ფრანგული სპარსულზე უკეთ რომ ეხერხება, არ მფარველობს თანამემამულეებს, პირიქით, უდანაშაულო ლამბალოს ყურით ხეზე მიაჭედინებს, რათა რუს პავლეს ასიამოვნოს. მას უკვირს, ქართველს რაღა რჯის, რომ ვიღაც თათრისთვის თავს იწუხებს. ქართველი ექიმი კი მრავალმნიშვნელოვან პასუხს აძლევს, რომელიც სრულიად გამოხატავს ქართველი ერის შემწყნარებლურ ბუნებას: „მე უცხოელი ვარ. სპარსებს იმოდენა ჰმართებს გურჯებისა, რომ ასი ათასმა თქვენისთანამ რომ ჩამოიხრჩოს თავი და სპარსელის ხსენებაც მოისპოს, ჩვენი ვალიდან მაინც ვერ ამოხვალთ, მიუხედავად ამისა, მე თქვენი ისტორიული მტერი და რუსეთის  ქვეშევრდომი, თქვენს ქვეშევრდომს ვესარჩლები, ხოლო თქვენ, სპარსეთის გენერალ-გუბერნატორი, თქვენს უცოდველ ქვეშევრდომს ოდნავადაც არ იცავთ“. სპარსელ ითიმად  ოდ-დოულის რცხვენია, მაგრამ სხვა გზა არა აქვს. მწერალი კი დასძენს: „ფიცხსა და სიმართლის მდევარს ქართველს და მოშლილი ირანის ლაყე შვილს ერთმანეთისა არ გვესმის“. სამაგიეროდ, კარგად ესმის უბრალო სპარსელისა, უძველეს ტრადიციებს რომ ინახავს. ქართველი ექიმის  სამართლიანობა და უცხო ტომელის  გამოსარჩლება  სპარსელების  აღტაცებას იმსახურებს.  ბაზარში სიხარულით ხვდებიან და ხელს ართმევენ: „გურჯი აქიმბაშია, გურჯი!… ალაჰმა მშვიდობა მისცეს… ალაჰ იყოს მაგის შემწე… ალაჰ ონა ხეირ ვერსინ… ჩოხ საღოლ, აღა, ჩოხ! – მადლობელი ვართ, ბატონო, დიდი მადლობელი!“

 

როგორც მიხეილ ჯავახიშვილი წერს, დიდი სახელი ჰქონდათ მაშინ გურჯებს სპარსეთში. მოთხრობაში არც მთხრობელი და არც პერსონაჟი სპარსეთის  კონკრეტულად არცერთ აგრესიას არ იხსენებენ. ქართველი ექიმის ტოლერანტობის ფონზე განსაკუთრებით იკვეთება ასურელი ყაშას, რუსი ეპისკოპოსისა და სპარსელი მმართველის შეუწყნარებლობა. ყაშა ამბობს: „უწმინდური „პერსიუკის“ წყალი ქრისტიანს არ დაელევა, ცოდვაა, დიდი ცოდვა“.

 

რუსებისგან განსხვავებით, ქართველს არ აქვს რაიმე პრეტენზია ურმიის მიდამოებზე, თუმცა: „იყო დრო, როდესაც ურმიის მიდამოებში ქართული რაშები, ტაიჭები და ქურანები ჭიხვინებდნენ და ჩვენი ალმებიც ჰბიბინებდნენ. ეხლა კი ამავე გზებს დონის ცხენები სთელავენ და სამფეროვანი ბაირაღები აჭრელებენ. მარადიულობისათვის და მსოფლიოს ტრიალისთვის განა სულ ერთი არ იყო?!“.

 

ამ მოთხრობის მიხედვით, ქართველი სწორედ მარადიულობის გადასახედიდან აფასებს მოვლენებს და ამიტომაც არ ემონება წარმავალ ღირებულებებს, ყველაზე მაღლა ჰუმანურ იდეალებს აყენებს და სიკეთეს  საქმით ემსახურება. სიყვარული სიყვარულს  რომ ბადებს, ეს კარგად წარმოჩნდება სპარსი ლამბალოს ქორწილში: „მალე გამოირკვა, რომ მე, შორეული გურჯი, და ის მდაბიო თათრები, თურმე ღვიძლი ნათესავები ვიყავით: რომ მე და ინით შეღებილი ჯალილები, თავმოპარსული რაზახები და სუნიანი ჯებრაილები სადღაც და ოდესღაც ერთად შევიზარდენით და იდუმალი მეგობრული ჯაჭვებით შევიჯაჭვენით. ვინ, როდის, რად ან როგორ გააბა ეს უხილავი სიმები – არც ეხლა მესმის. რას ელოდნენ დაშრეტილი სპარსები და თარაქამა თათრები ოდესღაც თავიანთივე ხელით დაწრეტილი ერთი მუჭა გურჯებისგან? შველას? არ შეგვეძლო. დაჩაგრულთა იდუმალ კავშირს? აგრე მგონია. თანაგრძნობასაც? ვგრძნობდი, მესმოდა“.

 

უსამართლო და სასტიკი ცემით სულამოხდილი ლამბალოს მამა მაშადი შურს იძიებს ბოროტ და სადისტ ყაშა ლაზარეზე (გველებს დააკბენინებს). მომაკვდავ ყაშასთან მისულ  ექიმს ოდნავ გაუღიმებს. ექიმი მიხვდება ამ, ერთი შეხედვით, უადგილო ღიმილის არსს: „ერთმანეთის სათქმელი უსიტყვოდ გავიგეთ. მეც უნებურად გავიღიმე. რა მექნა? მეც თავდაპირველად ადამიანი ვარ, მერმე ექიმი და ბოლოს ქრისტიანი, ან ჯერ ქრისტიანი და შემდეგ ექიმი“.

 

მიხეილ ჯავახიშვილი შორსაა ეთნოცენტრიზმისგან, ამიტომაც  მის შემოქმედებაში წარმოჩენილია, როგორც ქართველთა ღირსებები, ასევე ნაკლოვანებანი. მთავარი კი ისაა, რომ მისთვის შემწყნარებლობა ადამიანის ზნეობის საყრდენია.

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...