ხუთშაბათი, ივნისი 5, 2025
5 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

გოგოთურ და აფშინას ირგვლივ

0

ვაჟა-ფშაველას  „გოგოთურ და აფშინა“ მისი სხვა პოემების ფონზე მკითხველთა ფართო წრისთვის თითქმის უცნობია. არადა, ნაწარმოებში დასმული საკითხი არანაკლებ აქტუალურია ყოველი დროისა და ეპოქისათვის.

პოემებში „ალუდა ქეთელაური“ და  „სტუმარ -მასპინძელი“ უცხოტომელ მოსისხლე მტერში ვაჟკაცობის დამნახავ-დამფასებელი ღირსებაა შექებული და ამდენად, ორივე პოემა საკაცობრიო მნიშვნელობისაა.  „გველისმჭამელში“ „გასხივოსნებულ“ ადამიანს არა მხოლოდ სხვათა გამო, არამედ ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარეც უჭირს თავისი სიწმინდის დაცვა. „ბახტრიონში“ კი მამულისათვის თავგანწირვაა ადამიანის უმაღლეს სათნოებად მიჩნეული, რამდენადაც იგი ღვთივკურთხეული მოვალეობაა. და „გოგოთურ და აფშინა“?

პირველი, რაც მკითხველს ამ პოემაში იზიდავს, ესაა იმთავითვე დამაინტრიგებელი გახსნა ამბისა (ალუდა ქეთელაურშიც ასეა: „მაცნე მოიდა შატილსა? ქისტებმა მოგვცეს ზიანი“) და გარდა ამისა, თხრობის სიმსუბუქე:

„ამბობენ ბლოელ აფშინა,

მინდოდაურის გვარისა.

სცარცვავს სჯულიან-უსჯულოს,

მარჯვედ მამხმარე ფარისა.

ჭერხო აავსო უნჯითა

როგორც სალარო ხანისა“.

მაგრამ ამ შთამბეჭდავი დახასიათების შემდეგ, აფშინას, ერთი შეხედვით, „კაი ყმად“ რომ წარმოგვიდგენს, უცებ გოგოთური წამოიმართება, რომელიც  თურმე აფშინას „ნეკით გასტყვარცნის“ და იქვე „მსჯობნს მსჯობნი არ გამოელევაო“ გაგახსენებს:

„ნეკით გასტყვარცნის აფშინა

ხე და ქვათ შაეცხებაო“.

პოემა, მიუხედავად მისი მომცროობისა, თავის თავში ეპოსის შტრიხების მატარებელია.  გოგოთურის სახე ეპიკური ნაწარმოების გმირის დარადაა გამოხატული, რომელსაც  ხსენებულ ფიზიკურ სიძლიერესთან ერთად, მაღალი მორალიც ამშვენებს – მეომრობისდაკვალად იგი გამრჯე ადამიანი („ამბობს ომის დროს ვიომოთ, არა’დ ვიქნიოთ ცელია“) და კარგი მონადირეა.

ყოველი ეპოსის გმირს, რომელიღაც მომენტში, ჭარბი ძალა აუცილებლად საფრთხის ქვეშ აყენებს. ასე ვთქვათ, საკუთარი ძალის ზემოქმედებას განიცდის და შედეგად, გაბუდაყებულ-გაბოროტებული ისჯება კიდევაც. გოგოთურმა იცის ეს და ამიტომაცაა, რომ შინ უქმად არ ჩერდება და საკუთარ ენერგიას სასიკეთოდ წარმართავს. თუმცა ამ დროს ცდუნებაც წამოყოფს თავს ცოლის სახით:

„ცოლი აუტყდა გოგოთურს:

-რად გინდა დიდი სხეული,

თუკი ზღურბლს არ გაცილდები

როგორც სახადით სნეული?!

წადი შენც ვინმე გაცარცვე,

არ გინდა სარჩო ნეტარა?

ქისტებს თავები გაჰბალთე,

ხევსურთ დაადევ ბეგარა.

ამბობენ აფშინაის ცხენს

ტანი სულ ვერცხლით ეფარა“.

ცოლის მიერ წამოყვედრებული თითოეული არგუმენტი გოგოთურის სიქველის, ღვაწლის არად ჩაგდებაა.  ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ცუდ-მრუდ აფშინას სახელი უფრო შორსაა გავარდნილი და ერთგვარ იდეალად წარმოსახული, ვიდრე ჭეშმარიტი გმირის – გოგოთურისა.  პოემა გმირისა და ფსევდოგმირის  გამოვლინებას ეთმობა.

ცოლთან პაექრობაში გოგოთურის შინაგანი სამყარო უფრო მეტად იშლება. ჩანს, რომ იგი სახელისათვის არ იბრძვის – მაშინ მუდამდღე ამას დაიკვეხნიდა; პატივისათვის არ იხარჯება – მაშინ მეფის შემოთავაზებას სიხარულით აიტაცებდა. არც სიმდიდრისთვის იკლავს თავს, რადგან საკუთარი ოფლით ნაშოვნს არ დასჯერდებოდა და მომხვეჭელობის ვნებას აყოლილი, თუნდაც ქისტებს დაეცემოდა. ერთადერთი, რის გამოც გოგოთური წუხს, ეს სამშობლოსთვის, რაც შეიძლება მეტხანს, სამსახურია, მანამ, სანამ ჯანი და ღონე ასდევს.

გოგოთურის სიდინჯეში ბრძენი კაცის ცინიზმი გამოსჭვივის, რომელსაც ეს ყველაფერი უკვე დიდი ხნის ნაფიქრი აქვს და მონოლითურ, ბზარდაუმჩნეველ მრწამსად ჩამოუქნია. ამიტომაცაა, რომ არ ამჩატდება, არ დაიბოღმება და:

„დედაკაცს დაათათბირებს

-უნდა მიმოვვლო ხმელიო,

რასაც შენა მთხოვ, იმისა,

წავალ, ვიქნები მქნელიო.

მოყვრებში გამაემართა

ამის დაცინვით მთქმელიო“.

გოგოთურის სახლიდან გამოსვლა, თუნდაც დროებით, თან, ისიც მოყვრებში, ერთგვარად სიწმინდის შესანარჩუნებლად, მაცდურად ჩასმენილი ზრახვებისაგან თავის არიდებად,  „განსაწმენდად“ წამოსული კაცის ნაბიჯად უნდა შეფასდეს. აკი თავად ეუბნება ცოლს:

„თუკი მაცდური არა ხარ,

ეგ საყვედური რა არი?!“

ვაჟას პოემებისთვის ერთი რამაა ნიშნეული – მას ეპიკისათვის სამყოფი მასალა მცირე, ცალკეული პოემების სახით გადმოუცია (მისი თანამედროვე ეპოქა ითხოვს ასე) და თითო პოემაში თითო საკითხისათვის მიუჩენია ადგილი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს პოემები სინამდვილეში ერთმანეთის გაგრძელებანი არიან, უფრო სწორად, ერთი თემის ვარიაციებს წარმოადგენენ.

ცოლისა და საზოგადოების, აგრეთვე, სხვა გარემოებებით გულდამძიმებული მინდიაც უამრავ საცდუნებელთა წინაშე აღმოჩნდება.  თუმცა კარგავს თავის უნარს, რომლითაც იგი საკუთარ ხალხს ეხმარებოდა და ეს  მისი ტრაგედიის საფუძველი ხდება:

„…რომ სწუწუნებდი, ჩიოდი:

„სიცივე ბავშვებს მილევსო“,

შვილ-მამკვდარივით ჰკიოდი:

„ბერდიას რამდენ შეშა აქვ,

როგორ ცეცხლს ანთებს ჰნახოდი“,

ცხოვრების მაგალითადა

ბრიყვები დამისახოდი“.  (აქ კურსივი ჩვენია -ო.ქ.)

გოგოთურის შემთხვევაში კი ასეთ უნარად მისი შეგნება წარმოგვიდგება, რომლისაც მის ცოლს/საზოგადოებრივ აზრს არაფერი ესმის. გოგოთური არ უჩერდება ამ აზრს, არ ეთრევინება.

აზერბაიჯანულ საგმირო ეპოს „ქოროღლიში“ მთავარ გმირ ქოროღლის ტოლ ვაჟკაცად გიზიროღლი მუსტაფა ბეგია მიჩნეული:

„ბაღდადის მიღმა-მოღმა მოსადევარში იყო ერთი სახელგანთქმული ვაჟკაცი, გიზიროღლი მუსტაფა ბეგი. ეს გიზიროღლი მუსტაფა ბეგი ძალიან ყოჩაღი და მკლავღონიერი კაცი იყო. იმისი მამა წინათ გზირი ყოფილიყო, მერე ხონთქარს როგორღაც თვალში არ მოსვლოდა და უსამართლოდ ჩამოეხრჩო.  ამის შემდეგ მისი შვილი გიზიროღლი მუსტაფა ბეგი ორმოცი თანამზრახველი ცხენოსნით მთაში ყაჩაღად გავარდნილიყო. ფაშებთან მტრობა ჰქონდა. ხანდახან მამამისის მტრებიდან რომელიმეს დაეცემოდა, დაიჭერდა, სახრჩობელაზე ჩამოჰკიდებდა და ისევ მთებში დაიკარგებოდა.

 გიზიროღლი მუსტაფა ბეგს დიდი ხანია  უნდოდა, როგორმე ქოროღლის შეხვედროდა, ორთარკენაში გამოეწვია და ძალ-ღონეში დასტოლებოდა.  ნათქვამია, ორი ყოჩის თავი ერთ ქვაბში არ მოიხარშებაო და გიზიროღლიც ამბობდა: „ან ჩემი ბიჭობა უნდა ითქვას, ან იმისიო. ქოროღლისაც ბევრი გაეგო გიზიროღლი მუსტაფა ბეგზე. პირადად არასოდეს ენახა, მაგრამ მის მკლავმაგრობაზე ბევრი სმენოდა. ისიც კარგად იცოდა, რომ გიზიროღლი, როგორც იტყვიან – ის მთა მე და ეს ხევი შენიო – ამის მადევარი იყო და პირველობას ეძიებდა“.

ორი ყოჩის თავი ერთ ქვაბში არ მოიხარშებაო“ – ეს აქსიომაა, მაგრამ ქოროღლის არ ანაღვლებს გიზიროღლი მუსტაფა ბეგთან შებმა. ალბათ, ორი გარემოების გამო: 1) ქოროღლის ვინმესთან ჭიდილი საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად არ სჭირდება – იგი ან ვიღაცის დასამეგობრებლად იყენებს ამ ხერხს, ანდა მტრებთან ბრძოლაში ავლენს თავის უძლეველობას. 2) გიზიროღლი მუსტაფა ბეგიც მასავით მამის მიმართ ჩადენილი უსამართლობის გამო იბრძვის და ამდენად, ქოროღლი მის მიმართ სიმპათიითა განწყობილი. ამიტომაცაა, რომ ხალხური ცნობიერება მათ შერკინებას კომიკურად აღწერს. ყირათის დარად გიზიროღლის ალაფაჩას (მათი ცხენების სახელებია -ო.ქ.) სიჩაუქესაც ასხამს ხოტბას და ქოროღლის „ნეტავ ერთი მამა გვყავდესო“ ათქმევინებს.

თუმცა გოგოთურსა და აფშინას შეხვედრას „ქოროღლიდან“ ქოროღლისა და დალი ჰასანის შეყრა უფრო ეთანადება.

დალი ჰასანმა „ჯერ ქოროღლის შეხედა, მერე ყირათი შეათვალიერა და იკითხა:

-ვინა ხარ და ამ ადგილებში რას დადიხარ?

-მგზავრი ვარ – მოუგო ქოროღლიმ.

ბიჭმა ქოროღლის ცხენი კიდევ შეათვალიერა და:

  • ეგ ცხენი სად გიშოვნია?
  • ჩემი ცხენია.
  • დღეიდან ჩემი იქნება. ჩამო ცხენიდან.

ქოროღლიმ უთხრა:

-გირჩევ, წახვიდე და გზას ბარაქა დააყარო. თორემ შენი საქმე ცუდად იქნება!

ბიჭი ამ სიტყვებზე გაბრაზდა. სადავე მოსწია, ცხენი ყალყზე შეაყენა და ქოროღლის ეუბნება:

-ჩანს, რომ არა გცნობივარ! რომ გცნობოდი, ასე აღარ დამიწყებდი ლაპარაკს. მე დალი ჰასანს მეძახიან. ამ გზაზე ვინც აივლ-ჩაივლის, ყველა ბაჟსა და ხარაჯას მიხდის.

ქოროღლი მამის სიკვდილის დღიდან მოყოლებული,  დალი ჰასანს ეძებდა. უნდოდა, დამეგობრობოდა და მასთან ყოფილიყო, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ამ საქმეს ასე იოლად თავი არ მოებმებოდა, უჩხუბ-უომრად არაფერი გამოვიდოდა“.

და ქოროღლი ჯერ თავისას ცდილობს. სურს, დალი ჰასანი გონზე მოიყვანოს. მაგრამ დაცინვის მეტს ვერაფერს იღებს და: „… ბოლოს ქოროღლიმ ერთი დელიბაშურად დაჰკივლა, დალი ჰასანი აიღო, მიწაზე დასცა და გულბოყვზე მუხლი დააჭირა. ქოროღლიმ რომ ხელი ხმლისკენ წაიღო, დალი ჰასანს ერთი ოხვრა დასცა.

ქოროღლიმ უთხრა:

  • ერთი პეშვი სისხლი რა გაგხდომია, რომ ეგრე ამოიოხრე?
  • ჰეი, ვაჟკაცო, არ გეგონოს, ჩემს სულს დავკანკალებდე. აღთქმა მქონდა დადებული, აღთქმას ვერ ვასრულებ და იმაზე ამოვიოხრე.
  • რა აღთქმა იყო ასეთი? – შეეკითხა ქოროღლი.
  • ის აღთქმა იყო, რომ ვინც მე დამამარცხებდა, ძმად და მეგობრად გავხდომოდი“.

(თარგმანი ზეზვა მედულაშვილისა)

 

გოგოთური და აფშინა ერთმანეთს არ დაეძებენ, რადგან ორივე სხვადასხვა ცნობიერების ადამიანია. გოგოთურისთვის აფშინასთვის მოცლა დროის ფუჭი  დაკარგვაა. ხოლო აფშინას გოგოთურის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ გოგოთური მას არაფერს ეცილება. თუმცა გარდაუვალობა მათ მაინც ახვედრებს ერთმანეთს:

 

„გოგოთურს ჰხედავს აფშინა,

გულშიაც ჩაეცინება,

ზედ მიჰვარდება ცხენ-და-ცხენ,

უდივრად შაიგინება, –

აფშინას ბაწარაულის

შუქი შორს გაიფინება:

-იარაღნ მამცენ, ფშაველო,

რად გი, არ იცი ხმარება! –

პირდაპირია აფშინა,

ვაჟკაცს არ უყვარს პარება.

რა გაკვირვებით მიყურებ?

აფშინას მეძახიანო!

ჰა, თორო შავთხოვ ფრანგულსა,

ხმალო, გამიჭერ, ფხიანო!“

 

აფშინა გაბუდაყებული, გათავხედებული ადამიანია, რადგან მას შეგნება აკლია, შეგნება სიქველისა და სიავის გარჩევისა. დალი ჰასანის დარად ისიც ამპარტავნობითაა აღვსილი, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ დალი ჰასანი თავისი მომრევის გამოჩენას ელოდება. აფშინაც უნდა შეიცვალოს, მიუხედავად იმისა, რომ მას თავად არ სურს და არც მოელის ამას.

ვაჟა-ფშაველას მიერ აფშინას თუნდაც ირონიულად ვაჟკაცად მოხსენიება („ვაჟკაცს არ უყვარს პარება“) მისდამი ავტორის ერთგვარ სიმპათიასაც  უსვამს ხაზს.

ქოროღლის მსგავსად, გოგოთურსაც სურს კეთილის სიტყვით გამოარკვიოს აფშინა.  თანაც აინტერესებს, თუ მოსდგამს სიბრალულისა და ადამიანურობის რაიმე ნიშატი. ამიტომაც ჯერ თავის ვინაობას არ ამხელს და თავსაც ისაწყლებს:

 

„ – რადა, ძმობილო, რად-აგრე?

გან დიაცი ვარ ორსული?

დედამ გამზარდა მენაცა,

ნეხვჩი არა ვარ მოსული!

თუ მართლა აფშინაი ხარ,

იარაღთ რად მყრი, ძმისაო?

უიარაღო გამიშვა

ხათრი არა გაქვს ღვთისაო?!“

 

მაგრამ ამან აფშინას გული არათუ ვერ მოულბო, არამედ კიდევ უფრო გაუსასტიკა და გაახელა. აფშინამ მიიჩნია, რომ გოგოთურს მისი ეშინოდა და ეს ხვეწნა მუდარაც მხოლოდ საკუთარ ნივთთათვის ვერშემლევი კაცის აჯა იყო და მეტი არაფერი.

როდესაც თავისი მცდელობით გოგოთურმა აფშინასთან ვერაფერი გააწყო და კეთილი სიტყვითაც ვერაფერი ჩააგონა, ჯერი უკიდურეს ზომაზე – ფიზიკური ძალის გამოყენებაზე მიდგა. გოგოთური აფშინას მაშინ დაეცა, როცა ეს უკანასკნელი ამას არაფრით მოელოდა და მორიგი „გამარჯვებით“ დამტკბარი თავის სამყოფლოში აპირებდა გაბრუნებას. გოგოთურის მიერ „მარჯვე დროის“ შერჩევამ ფსიქოლოგიურად გადაასხვაფერა აფშინა.  ზოგადად, ამგვარი შერკინებების ამსახავი ქართული თუ უცხოური ლიტერატურა აჩვენებს, რომ ორი მებრძოლიდან ერთ-ერთი, ძლევის შემთხვევაში, ფსიქოლოგიურად ჩიავდება ან  კიდევ უფრო მეტად იბოღმება.  მაგალითად,  „ამირანდარეჯანიანში“  საკუთარი თავის ტოლუპოვარ ფალავნად წარმომსახავი ამირან დარეჯანის ძე,  როცა იგებს, რომ ვიღაც ამბრი არაბს აქებენ, სასწრაფოდ  გასწევს მასთან შესარკინებლად, მაგრამ ცოცხალს ვერ მიუსწრებს. ამბრი არაბს უკვე მიასვენებდნენ, რომელსაც გზად კუბოდან ცალი ფეხი გადმოეკიდა იმ ჯაყჯაყში. ამირან დარეჯანის ძე კი რამდენიც არ შეეცადა, რომ ფეხი ისევ კუბოში ჩაესვენებინა,  არაფერი გამოუვიდა და ამან თავზარი დასცა – მას – მკვდარს ვერ მოვერიე და ცოცხალს როგორღა გავუმკლავდებოდიო.  ამ შემთხვევამ იგი მართალია დროებით, მაგრამ მაინც დააძაბუნა. რატომ?  იმიტომ, რომ ამ ეპოსში ფალავნის სიძლიერე მის ფიზიკურ შესაძლებლობებთან არის გაიგივებული და ზღვარდადებული. არადა, მხოლოდ სულიერი სამყაროა თვალუწვდენელი, ამოუწყავი და ვაჟკაცობაც, პირველ ყოვლისა, სულის თვისებაა, სულის კეთილშობილებაა, ფიზიკური სიძლიერე მხოლოდ საშუალებაა მის გამოსავლენად.

აფშინაც ფიზიკურ სიძლიერეზე ორიენტირებული პერსონაჟია, განსხვავებით გოგოთურისაგან, რომელიც აჩვენებს, რომ მეომრის დანიშნულება სულაც არ არის ადამიანთა მიზანმიმართული ხოცვა-ჟლეტა, მით უმეტეს ძარცვა, პირიქით, მათი გადარჩენა და დაცვაა. ჭეშმარიტი გმირი ფიზიკურ სიძლიერეს იშვიათად, ისიც აუცილებლობის შემთხვევაში იყენებს.

გოგოთურმა აფშინა სამი ფსიქოლოგიური ეტაპის გამოტარებით ააღორძინა:

  • ჯერ თავი ისაწყლა და ამით აფშინას მედიდურობა, საკუთარ თავში ზღვარგადასული დარწმუნებულობა მწვერვალებს უწვდინა;
  • ფიზიკური დაჯაბნვით მას ეს ილუზია გაუფანტა და შემდეგ მის მიერ შერჩეული გზის სიმცდარე გაუთვალცხადა;
  • ხელი არ ჰკრა კაცს, რომელმაც შველა ითხოვა მისგან და ძმადაც გაეფიცა.

 

რატომ არ მოკლა გოგოთურმა აფშინა?

მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოთურმა მასში ენერგია, შემართება იგულა – „შენც ჯანიანი ყოფილხარ, როგორაც წეღან გცადია“ – ეუბნება იგი აფშინას დაძმობილების შემდეგ. აფშინას მოკვლით გოგოთური მოსპობდა ამ ენერგიას და მამულისთვის უხმარს გახდიდა. იგი მიხვდა, რომ ზნეობრივად დაცემულ ადამიანს, ზნეობრივი თანადგომა ესაჭიროებოდა.  სად ჰყავს მამულს დასაკარგავი შვილები? – ეს ვაჟას კრედოა.

რაც შეეხება აფშინას, მანაც თავის მხრივ გაიცნობიერა, რომ გოგოთურის სიძლიერე მისი ადამიანურობიდან იკვებებოდა და ამან გააოგნა.  შეიგნო, რომ რასაც აქამდე სჩადიოდა, მას ვაჟკაცობასთან საერთო არაფერი ჰქონდა და თვალები ახლა აეხილა:

„მეგონა თავი, ამბობდა,

გაუტეხელი ბურჯია;

ეხლა სჯობს სახჩი ვიმალო,

თავზე დავირტყა გურჩია.

მოდი, გაკოცო, გოგოთურ,

სიკეთისათვის შუბლჩია“.

 

აფშინამ დააგდო ძველი გზა, ცხენი და აბჯარი სხვას მისცა – „გახდა ერთგული რჯულისა“ ანუ მონანიებას მიჰყო ხელი და პოემის ბოლოსკენ მას უკვე ხევისბრად ვხედავთ.

ვაჟა-ფშაველა სახელმწიფოებრივ ცნობიერებაზე, მოქალაქეობრივ შეგნებაზე მოფიქრალი პოეტი და მოაზროვნეა, – იმდენად ღრმად აქვს ეს ფაქტორი შესწავლილ-გამოკვლეული.

თუკი ილია ჭავჭავაძე ქართველი ერის, როგორც თანამედროვე გაგებით ნაციის ჩამოყალიბებას ესწრაფოდა, ვაჟა პიროვნებისა და სახელმწიფო/მამულის მიმართების სამარადჟამოდ აქტუალურ კონცეფციას უკირკიტებს, რისი ერთ-ერთი ცხადი დასტურიც სწორედაც რომ „გოგოთურ და აფშინაა“.

წიგნიდან  „129  გვერდი  ლიტერატურაზე“

წავიდა წავიდა წავიდა წავიდა

0

რამდენიმე თვის წინ გადასარევი პოეტი, ლიტერატორი და ადამიანი ნუგზარ ზაზანაშვილი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე, უმალვე მისი ერთი ფეისბუქპოსტი გამახსენდა, სადაც წუხდა, რომ მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანას თავი ვერ მოაბა, მაშინ, როცა ჩვენზე ბევრად ჩამორჩენილ ქვეყნებში ვაქცინაცია უკვე დაწყებული იყო. პოსტი ასე მთავრდებოდა: ჩემსავით რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ. თუ აგცდა – აგცდა, თუ მოგხვდა – გაგაგორებს! პერიფრაზია, სიზუსტეზე თავს ვერ დავდებ, შინაარსი გადმოვეცი, აი, ბოლო წინადადება კი ზუსტად ეს იყო, რადგან ღრმად ჩამებეჭდა გონებაში. „თუ აგცდა – აგცდა, თუ მოგხვდა – გაგაგორებს!“ – სლენგით ასე მარტივად და პირდაპირ გადმოცემულმა ფატალურმა ალბათობამ შემძრა, ჩანდა, ამ სიტყვების ავტორი მზად იყო ყველაფრისთვის, მაგრამ მაინც ენანებოდა აქაურობის დატოვება.

ბატონი ნუგზარის გარდაცვალების შემდეგ ფეისბუქზე მისი ბევრი ლექსი დაიდო, ყველაზე მეტჯერ კი ერთი უსათაურო ლექსი, რომელიც ასე იწყება:

„ჩიტსაც სული აქვს,

რა თქმა უნდა, ჩიტსაც სული აქვს…“.

 

და ასე მთავრდება:

„მე მინდა,

ჩემი სულიც ბოლოს იქ მოხვდეს,

სადაც მკვდარი ჩიტების სულებია…“.

 

თუ შეიძლება, რომ პოეტი გაიგივდეს ერთ კონკრეტულ ლექსთან, ან, სულაც, ტროპულ ერთეულთან ან პასაჟთან, ნუგზარ ზაზანაშვილის შემთხვევაში ეს ფუნქცია უეჭველად დაეკისრა აღნიშნული ლექსის საწყის ორ ტაეპს. „ჩიტსაც სული აქვს, / რა თქმა უნდა, ჩიტსაც სული აქვს…“ – ეს ნაივურად ანიმისტური, მანამდე ბევრჯერ ინტერპრეტირებული, ახლებურად მოდიფიცირებული თქმა გახდა ნუგზარ ზაზანაშვილის საფირმო ნიშანი, ერთგვარი ვერბალურ-ტექსტუალური იკონი.

ნუგზარ ზაზანაშვილის ბოლო კრებულში „წავა წავა წავა წავა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“) შესულ ერთ ლექსში ციტირებულია გრანელის ცნობილი სტრიქონები: „გაზაფხულის საღამოა მშვიდი, / ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი“. ამ სტრიქონებში არც შთამბეჭდავი მხატვრული სახეა და არც რამე აფორისტული სიბრძნე, უბრალო პეიზაჟური დესკრიფციაა. პოეზიაში მანამდე რამდენჯერ გადაფრენილა ჩიტი ერთი ხიდან მეორეზე, მაგრამ ასე შთამბეჭდავად, ასეთი პოეტური მაგიით, არასოდეს. ტარიელ ჭანტურიას თქმისა არ იყოს, „ამქვეყნად სანამ ორი ხე და ერთი ჩიტი იარსებებს, ეს ლექსიც იარსებებს“. იგივე შემიძლია, ვთქვა ნუგზარ ზაზანაშვილის ზემოთ ნახსენები ლექსის დასაწყისზეც. ლიტერატურაში რამდენჯერ შევხვედრივართ ფრინველებისა და ცხოველების განსულიერებას, მაგრამ აქ ეს ყველაფერი სულ სხვა რეგისტრში ადის. ტარიელ ჭანტურიას ნათქვამის მცირედი მოდიფიკაცია რომ მოვახდინოთ: სანამ ამქვეყნად ერთი ჩიტი იარსებებს, ეს სტრიქონები და ეს ლექსიც იარსებებს.

***

ნუგზარ ზაზანაშვილს პირადად არც ვიცნობდი, ჩვენი ურთიერთობა ფეისბუქზე ერთმანეთის ფოტოების და ნაწერების დალაიქება-დაგულვით შემოიფარგლებოდა. მხოლოდ ერთხელ მივწერეთ ერთმანეთს. ერთხელ ფოტო დავდე, სადაც ჩემს შვილს მხარზე თუთიყუში აზის და ბატონმა ნუგზარმა ასეთი რამე მომწერა: „მიხარია, რომ შენს თოჯინას ცხოველები და ფრინველები უყვარს“. მანამდე ჩემი შვილის ზაზუნას ფოტოც მედო და, როგორც ჩანს, ეგეც ახსოვდა. ის გარემოს დამცველიც იყო და უყვარდა ცხოველები და, განსაკუთრებით, ფრინველები (ეს მისი შემოქმედებიდანაც ჩანს) და ეს მონაწერი არ გამკვირვებია.

როგორც ყველა ნიჭიერ ადამიანს, სხვისი შემოქმედებით გულწრფელი აღფრთოვანება შეეძლო, ამას მოწმობს მისი ძალიან მაგარი და პროფესიონალური ლიტერატურული წერილები.

***

თანამედროვე ქართულ პოეზიაში თუ რამეა წმინდა პოსტმოდერნისტული ესთეტიკის მატარებელი, პირველ რიგში ნუგზარ ზაზანაშვილის პოეზიაა. არც მისი ბოლო კრებულია გამონაკლისი. ღრმად ინდივიდუალურ ხმასთან ერთად აქ შეგნებული თუ გაუცნობიერებელი ექოები ისმის. ერთ თავის წერილში ის ვახტანგ ჯავახაძეს „მოთამაშე პოეტს“ უწოდებს, თვითონაც მოთამაშე პოეტია. ჯავახაძისგან და ჭანტურიასგან, თამაშის ვნებასთან ერთად, ირონიაც აქვს „ნასწავლი“ (ერთ წერილში თავის თავს, სხვა რამდენიმე პოეტთან ერთად, ჭანტურიას ხაზის გამგრძელებლად აცხადებს). მის კონვენციურ ლექსებში ჯავახაძე-ჭანტურიას ინტონაციებიც გაკრთება ხოლმე. ზოგადად კონვენციურ ლექსს ნუგზარ ზაზანაშვილი ფაქიზი ლირიკული განცდების გადმოსაცემად (რაც მასთან არც ისე ხშირია) და ირონიისთვის და თვითირონიისთვის მიმართავს, იტაცებს რითმიანი ლექსის სილაღე, თუმცა კონვენციური ლექსის „კეთებით“ არასოდეს სცოდავს, ხელოვნური არასოდესაა, მისი რითმიანი ლექსები ცოცხალი და ექსპრესიულია. მისი ვერლიბრები კი მისი კონვენციური ლექსების სრული ანტიპოდია ამ მხრივ. ზოგმა შეიძლება, საერთოდაც ამ ვერლიბრების ლექსობაშიც კი შეიტანოს ეჭვი (აქ მაინცდამაინც თავისუფალი ლექსის მოძულეებს არ ვგულისხმობ). ეს ტექსტები მოგონებების და შთაბეჭდილებების აღნუსხვა უფროა, ვიდრე ლირიკულ-ექსპრესიული აქტივობა. თავისუფალი ლექსის გრაფიკა რომ მოვაშოროთ და პროზის ფორმა მივცეთ, სადღიურო ჩანაწერები გვეგონება. მაგრამ ეს მხოლოდ პირველადი ეფექტია, მოჩვენებითი ფლეგმატურობისა და დღიურულობა-დესკრიფციულობის მიღმა უმაღლესი ხარისხის პოეზია იმალება. უნებურად გაგვახსენდება შოთა ჩანტლაძე, რომლის ჩანაწერებში ვერც ხვდები, სად მთავრდება უბრალოდ ჩანაწერი და იწყება პოეზია. შოთა ჩანტლაძის ლირიკული გმირივით, ნუგზარ ზაზანაშვილის ლირიკული გმირის სტიქიაც ურბანულ გარემოზე ობსერვაციაა, იმ განსხვავებით, რომ ჩანტლაძის ლირიკული გმირი თბილისშია გამოკეტილი, ზაზანაშვილის ლირიკული გმირი კი დღეს შეიძლება, თბილისში იყოს, ხვალ – ბათუმში, ზეგ – ბაქოში, მაზეგ – ერევანში, შემდეგ – სტამბოლში და ა. შ. მას „უცხო ქალაქის“ ბინადრებზე დაკვირვებაც ხიბლავს. თან ჩანტლაძის ლირიკული გმირი მოძრავია, სიარული უყვარს, ზაზანაშვილის ლირიკული გმირი კი თითქმის მუდამ ზის და ისე აკვირდება გარემოს („ვზივარ გემოვნებით გაფორმებული კაფეს ტერასაზე“; „ვჯდები ქუჩის სკამზე / ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს“; „…ბერლინის რომელიღაც / სასტუმროს კაფეში ვზივარ“; „ვზივარ საღამოთი უცხო ქვეყნის სასტუმროს / ცარიელ რესტორანში“; „უცხო ქალაქში, საღამო ხანს / ვზივარ ბაღში“; „ხანშიშესულები კი ვსხედვართ ბაღის / სკამებზე“; „საღამოს ბაღი კიდევ სხვაა, / შეღამებულზე, ლამპიონების დაბინდულ-მოყვითალო / შუქში… ჩამოვჯექი. გავაბოლე… “ და ა. შ.) ამ ყველაფერზე თვითონვე წერს ერთ უსათაურო ლექსში, რომელსაც შვილებს უძღვნის:

„თუკი გკითხავთ ვინმე ჩემზე,

რა უყვარდაო ყველაზე მეტად? –

ასე უპასუხეთ:

 

სასმელზე და დროსტარებაზე,

წიგნის კითხვასა და ლექსის წერაზე მეტად

უყვარდა საღამოობით ქალაქების

პარკებში მარტო ჩამოჯდომა,

სიგარეტის გაბოლება

და სახეების თვალიერება, –

იქ, სადაც ვერავინ ცნობდა,

ზოგს – მიხრა-მოხრითაც კი –

ის კი თითქოსდა ცნობდა ყველას,

თქო…“.

 

დიახ, ნუგზარ ზაზანაშვილის ლირიკულ გმირს უყვარს ადამიანების თვალიერება, ეს იქნება ოთხმოცდაათს მიტანებული მოხუცი პროფესორი, რომელიც „ვარჯიშობს, „დარბის“, / მორბენალივით ხელები მკლავებში მოუხრია. და ფეხებს მიაჩანჩალებს, / მიბარბაცებს, / მთვრალივით მიბარბაცებს, / გეგონება, აი, ახლა წაიქცევაო… / სიკვდილს გაურბის…“, ესენი იქნებიან „მეტისმეტად სიმპათიური ძაღლი / და ძაღლის პატრონი – სპორტულ ფორმაში გამოწყობილი, / შუახნის, მსუქანი, მელოტი კაცი“, ეს იქნება „ახალგაზრდა წყვილი, / რომელიც, ჩემი არ იყოს, / მოხიბლა მეტისმეტად სიმპათიურმა ძაღლმა“, ეს იქნება „გვერდით მაგიდაზე, დიდ ფანჯარასთან“ მჯდომი „შუახნის სიმპათიური ქალბატონი“, თუ ეს იქნება „შუა-ხანს-გადაცილებული, / სიმპათიური ცოლ-ქმარი“, რომელიც ფანჯარასთან ზის, და ასე უსასრულოდ.

 

***

ნუგზარ ზაზანაშვილს უყვარს თანამედროვე და კიბერტერმინოლოგიისა და ინტერნეტსლენგის გამოყენება, ხშირად იყენებს უცხოურ დასახელებებს თუ ტრანსლიტერაციას. კრებულში შესულ ერთ ლექსს, რომელიც ცნობილი საბჭოთა ფირმის მიერ წარმოებულ რადიოს ეძღვნება, რადიოს ფოტო აქვს დართული, ასევე დართული აქვს სიმღერის ორი იუთუბლინკი. კრებული ძალიან საინტერესო ციკლით მთავრდება, რომელსაც „სიყვარული მოკვდა ანუ საოჯახო ალბომი“ ჰქვია, სადაც ვხვდებით პოეტის წინაპრების ფოტოებს, ძველი საკანცელარიო დოკუმენტების თუ მისალოცი ბარათების ასლებს თუ გრაფიკულ იმიტაციებს… ვიზუალურ მასალას თან ერთვის კომენტარები და ამ ტექსტუალურ-რეტინალური ბინარულობით ძალიან საინტერესო შედეგი მიიღწევა.

 

***

კრებულში შესულ ერთ ლექსში, რომელსაც „გარდაცვლილი მეგობრის ფეისბუქგვერდი“ ჰქვია, ვკითხულობთ:

 

„უცნაური გრძნობა მიპყრობს,

როცა გარდაცვლილი მეგობრის

ფეისბუქგვერდზე მოვხვდები ხოლმე…

ულოცავენ დაბადების დღეს… გეგონება,

ისევ გრძელდებოდეს მისი არსებობა…”.

 

ლექსი ასე მთავრდება:

 

„მაგრამ მე მაინც გავაუქმებ ჩემს გვერდს

სიკვდილის წინ, ან თუ ვერ მოვასწარი –

ა ბატონო, დამიბარებია –

გააუქმეთ!..”.

 

ამ ლექსის წაკითხვისთანავე ფეისბუქზე „ძებნაში“ მისი სახელი და გვარი ჩავწერე, რატომღაც მეგონა, რომ მისი ფეისბუქგვერდი გაუქმებული იქნებოდა, მაგრამ მოიძებნა. მართლაც უცნაური გრძნობა გიპყრობს, როცა გარდაცვლილი ადამიანის ფეისბუქგვერდზე მოხვდები.

 

 

მოჭარბებული მეურვეობა – დამოუკიდებელი პიროვნების ფორმირების დამაბრკოლებელი

0

 

რამდენიმე დღის წინ ძალიან საინტერესო და საყურადღებო სიტუაციის უნებლიე მოწმე და მონაწილე აღმოვჩნდი. ქუჩაში, ტრანსპორტის გაჩერებაზე მდგომმა ჩემსკენ გაღიმებული სახით მომავალი ერთი ძველი ნაცნობი, დიდი ხნის უნახავი ქალბატონი შევნიშნე. მას თან ახლდა თავისი გოგონა, რომელიც სულ პატარა მახსოვდა, ახლა კი სიმაღლით დედასაც კი უსწრებდა. ისინი ხელიხელჩაკიდებული, გაღიმებული სახით მოდიოდნენ ჩემკენ. როცა მომიახლოვდნენ, გაოცება ვერ დავმალე მოზარდის დანახვაზე – „ეს თამუნაა არა? როგორ გაზრდილა“! –„აბა, აბა, გავიზარდეთ, გავიზარდეთ, დრო ძალიან სწრაფად გარბის“ – აღფრთოვანებას და სიამაყეს ვერ მალავდა ჩემი დიდი ხნის უნახავი ნაცნობი ქალბატონი. „თამუნა, რომელ კლასში ხარ“? – შევეცადე მოზარდს გამოვლაპარაკებოდი. მან პასუხის გაცემა დააპირა, მაგრამ დედამ დაასწრო – „ჩვენ უკვე მეთერთმეტეში გადავედით“. „თამუნა, მომავალი პროფესია ალბათ უკვე არჩეული გექნება, ასეა?“ – ვცდილობდი, როგორმე ამელაპარაკებინა გოგონა, რომ მისი ხმა გამეგო, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დედამ დაასწრო. „ექიმობა გვინდა, სამედიცინოზე ვაპირებთ ჩაბარებას, მონაცემებიც გვაქვს“. თამუნა უხერხულად იღიმებოდა, დედა კი გაუჩერებლად ლაპარაკობდა. ამ დროს ავტობუსიც გამოჩნდა და ჩვენი გზები გაიყო, დავცილდით ისე, რომ მოზარდი გოგონას ხმის გაგონება მაინც ვერ მოვახერხე. თუმცა, მის შესახებ დედისგან საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივიღე.

 

ვფიქრობ, ანალოგიური სცენები უცხო არ არის ჩვენი საზოგადოებისთვის. დედა შეწუხებულია იმის გამო, რომ ბავშვი აგვიანებს სახლში დაბრუნებას და აღმოჩნდება, რომ ეს „ბავშვი“ 60 წლის კაცია. ან აფთიაქში შესული მამაკაცი წამალს ეძებს ბავშვისთვის და როგორც ირკვევა „ბავშვის“ ასაკი 25 წელია. რა თქმა უნდა, მშობლისთვის შვილი, მისი ასაკის მიუხედავად, ყოველთვის ბავშვად რჩება, მაგრამ, როცა ასეთი დამოკიდებულების დემონსტრირებას საზოგადოებაში უცხო ადამიანების თანდასწრებით ახდენს, ის ნებით, თუ უნებლიეთ უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს და არცთუ იშვიათად დაცინვის ობიექტადაც კი შეიძლება იქცეს.

 

რა შედეგის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მშობლის მხრიდან შვილის უზომო მეურვეობა და მთელი მისი ცხოვრების წინასწარ გაწერა. როგორც წესი, ასეთ მშობლებს წინასწარ, ჯერ კიდევ ბავშვის დაბადებამდე შედგენილი აქვთ შვილის მთელი ცხოვრების გეგმა – დაბადებიდან თითქმის ღრმა სიბერემდე – ვინ უნდა შეურჩიონ ძიძად; რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ის ადამიანი, ვისაც საკუთარ შვილს ანდობენ; როგორი უნდა იყოს საბავშვო ბაღი, სადაც ბავშვს შეიყვანენ; რა უნდა ისწავლოს ბავშვმა სკოლაში შესვლამდე – შვილთან დაკავშირებულ გეგმაში მუსიკის, ცეკვის, ერთი-ორი უცხო ენის შესწავლა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ამ შემთხვევაში მშობლები, როგორც წესი, საკუთარი ბავშვობისდროინდელი არარეალიზებული სურვილების, მისწრაფებების, დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული. მაგ. ბავშვობაში ძალიან უნდოდა მუსიკის შესწავლა, მაგრამ მშობლებმა არ იზრუნეს, რომ მუსიკალური განათლება მიეცათ. ახლა ის ყველანაირად ცდილობს ეს „შეცდომა“ გამოასწოროს და საკუთარ შვილს შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მან მუსიკალური განათლების მიღება შეძლოს. რა თქმა უნდა, არც მუსიკის და არც უცხო ენების შესწავლა ზედმეტი არ არის  ბავშვისთვის, მაგრამ გაუმართლებელია, როცა მას არავინ ეკითხება, რა აინტერესებს, რა ურჩევნია – მუსიკის თუ ხატვის შესწავლა, ცეკვაზე სიარული თუ სპორტის რომელიმე სახეობის დაუფლება. ასეთ დროს მშობელთა დიდი ნაწილი საკუთარი ინტერესებითა და მისწრაფებებით უფრო ხელმძღვანელობს, ვიდრე ბავშვის სურვილებითა და გატაცებებით.

 

ყველაზე სერიოზულ პრობლემას მშობლები შვილისთვის სკოლის შერჩევის დროს აწყდებიან. ვფიქრობ, ადვილი არ უნდა იყოს შვილის უზომო მეურვეობითა და მისი ცხოვრების წინასწარ გაწერილი გეგმის მიხედვით მოქმედი მშობლისთვის ისეთი სკოლის შერჩევა, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მის მოთხოვნებს და შვილთან დაკავშირებული საკუთარი გეგმების განხორციელებაში ხელს არ შეუშლის. როგორც წესი, ასეთი მშობელი ძალიან ხშირად უცვლის ბავშვს სკოლას და მიზეზად სხვადასხვა რამეს ასახელებს – ან მასწავლებლები არ მოსწონს, ან ის სასწავლო გეგმა, რომლითაც სკოლა მუშაობს, ან მის შვილთან თანაკლასელების დამოკიდებულებაა მშობლისთვის მიუღებელი. ყოველ შემთხვევაში მისთვის მიზეზის პოვნა ძნელი არ არის იმისათვის, რომ უკმაყოფილება გამოხატოს შერჩეული სკოლის მიმართ და შვილი სხვა სკოლაში გადაიყვანოს. სკოლების ხშირი მონაცვლეობა, თავის მხრივ, ახალი პრობლემების წინაშე აყენებს ბავშვს. როგორც წესი, ამ პრობლემების მიზეზებს მშობელი ისევ გარეთ ეძებს და საკუთარ ბრალეულობას სრულად გამორიცხავს, რაც ბუნებრივია პრობლემის მოგვარებას საკმაოდ ართულებს. შვილების უზომო მეურვეობით და მათი ცხოვრების განკარგვით დაკავებული მშობლები მოზარდის მიერ სკოლის დამთავრების შემდეგაც არ წყვეტენ მის ცხოვრებაში აქტიურ ჩარევას და მიმდინარე მოვლენებში წამყვან როლს ასრულებენ. ისინი საკუთარ თავზე იღებენ შვილისთვის პროფესიის არჩევას, მოგვიანებით მისთვის სამსახურის შერჩევაც საკუთარ მოვალეობად მიაჩნიათ. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ასეთი მშობლები, როგორც წესი, მიინევენ, რომ მათზე უკეთესად ოჯახურ ცხოვრებას ვერავინ მოუწყობს. ამიტომ, მთელ პასუხისმგებლობას ამ საქმეშიც საკუთარ თავზე იღებენ და თავად წყვეტენ, ვინ იქნება მათი შვილისთვის ცხოვრების საუკეთესო მეგზური. იმ შემთხვევაში, თუ მშობლების აქტიური ჩარევით მოწყობილ პირად ცხოვრებაში ახალგაზრდას რაიმე პრობლემა ექმნება, ის, როგორც წესი, მშობლებს ადანაშაულებს და მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ „უბედურებაზე“ მათ აკისრებს.

 

რა თქმა უნდა, ყველა შვილი მორჩილად როდი მიჰყვება მშობლების გეგმებს. ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ის „სერიოზულ“ ამბოხს აწყობს მათ წინააღმდეგ და ყველანაირად ცდილობს, თავად განკარგოს საკუთარი მომავალი. არცთუ იშვიათად მშობლების გეგმებიდან გადახვევით ისინი სერიოზულ წარმატებებსაც აღწევენ, რაც გულწრფელად ახარებს მშობლებს და სერიოზულად ამაყობენ საკუთარი შვილითა და მისი მიღწევებით. თუმცა, არიან ისეთი ახალგაზრდებიც, რომლებიც სიტყვაშეუბრუნებლად ემორჩილებიან მშობლებს და საკუთარ ცხოვრებას მათ მიერ შედგენილი გეგმის მიხედვით წარმართავენ. გარკვეული აზრით, მათ მოსწონთ კიდეც ასეთი ცხოვრება, როცა მოხსნილი აქვთ მთელი პასუხისმგებლობა გადაწყვეტილების მიღებაზე და ყველაფერი მათ ცხოვრებაში ძალიან მარტივად, მათი ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გვარდება. თუმცა, ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე მშობლებს უკვე თავად აღიზიანებთ შვილის მათზე უზომო დამოკიდებულება, პასიურობა, ინფანტილიზმი და საყვედურებსაც არ იშურებენ მის მიმართ – „უჩემოდ არაფრის გაკეთება შეუძლია“, „ყველა პრობლემა მე უნდა გადავუწყვიტო“, „ხელით  სატარებელი მყავს ამხელა კაცი“, „რა ეშველება მე რომ აღარ ვეყოლები გვერდით, ნამდვილად დაიღუპება“. ასეთ დროს მშობლები გულწრფელად წუხან შექმნილი მდგომარეობის გამო, მაგრამ ამ დროისათვის პრობლემის მოგვარება და რაიმეს შეცვლა თითქმის შეუძლებელი ხდება.

 

ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა – როდიდან უნდა დავიწყოთ ბავშვის დამოუკიდებელ, ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ზრუნვა? პასუხი ამ შემთხვევაში ერთადერთია – რაც შეიძლება ადრე. ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პატარა დაუხვეწავი მოძრაობებით გაჭირვებით ახერხებს ფეხსაცმლის ან ტანსაცმლის ჩაცმას, კოვზის პირთან მიტანას და დამოუკიდებლად, დაუხმარებლად ჭამას. ასეთ დროს უფროსები, როგორც წესი, ხელიდან სტაცებენ ბავშვს კოვზს და თავად აჭმევენ, თავადვე აცმევენ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, რომ არ „დაიტანჯოს“ მათი ნებიერა. მიუხედავად იმისა, რომ 2-3 წლის ბავშვი, რომლის საყვარელი ფრაზაა „მე თვითონ“, ჭირვეულობს და დაჟინებით მოითხოვს, რომ თავად ჩაიცვას, თვითონ დაიჭიროს კოვზი ხელში და დამოუკიდებლად ჭამოს, უფროსები კი არ აძლევენ მას ამის საშუალებას იმ მოტივით, რომ დიდ დროს კარგავენ და თავად აკეთებენ ყველაფერ იმას, რასაც ამ ასაკის ბავშვი მართალია გაჭირვებით, მაგრამ თვითონ უნდა აკეთებდეს.

 

დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი მოზარდში კიდევ უფრო მეტად ძლიერდება განვითარების მეორე კრიტიკულ პერიოდში, რომელიც 10-11 წლიდან 15-16 წლამდე გრძელდება. თუ მშობელი ამ პერიოდშიც შეეცდება, ყველანაირად ჩაახშოს ბავშვის დამოუკიდებლად მოქმედების სურვილი, ის ან პროტესტის გამოხატვას დაიწყებს აქტიურად სხვადასხვა ფორმით – უხეშობით, ჩხუბით, სახლიდან გაქცევითაც კი, ან შეეგუება არსებულ მდგომარეობას და მოგვიანებით შეიძლება მოეწონოს კიდეც, რომ მას არანაირი ძალისხმევის გამოჩენა არ სჭირდება და მის პრობლემებს მშობლები წყვეტენ. ეს კი, ბუნებრივია, უფროსებზე ზედმეტად დამოკიდებული პიროვნების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ხდება, ისეთი პიროვნების, რომლის მიმართაც თავად მშობლებიც უკმაყოფილებას გამოხატავენ, მაგრამ უკვე ვეღარაფერს ცვლიან.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბევრად უკეთესი იქნება, თუ მოზარდი ცხოვრების საკუთარ გზას გაივლის, იცხოვრებს არა ისე, როგორც მას მშობლებმა წინასწარ დაუგეგმეს, როგორც მათ სურთ, რომ იცხოვროს, არამედ საკუთარი ინტერესების, შეხედულებების გათვალისწინებით. შეიძლება მან შეცდომებიც დაუშვას, მაგრამ ამ შეცდომებზე პასუხისმგებელი თავად იქნება და ამ შეცდომებითაც ბევრს ისწავლის. რა თქმა უნდა, შვილს ყოველთვის სჭირდება მშობლის გვერდში დგომა, მისი რჩევებიც, მაგრამ, ამასთან ერთად, მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ყოველ ასაკობრივ საფეხურზე, გარკვეულ საზღვრებში დამოუკიდებლად მოქმედების უფლების მინიჭება. ეს ყოველივე მას ბევრად უფრო ძლიერ პიროვნებად ჩამოაყალიბებს და ამით, პირველ რიგში, თავად მშობელი იამაყებს.

 

 

 

 

 

სამართალი, აბსურდი და წინასწარგანზრახულობა

0

(ფრანც კაფკა პროცესი”, განაჩენი”, სადამსჯელო კოლონიაში”)

 სანამ კაფკას შემოქმედებაში სამართლის კატეგორიაზე ვისაუბრებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მწერალი პრაღის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა და შეისწავლა იურისპრუდენცია, რომელიც იმ დროისთვის პრესტიჟულ და პერსპექტიულ დარგად ითვლებოდა. მან კარგად იცოდა კანონები, თუმცა ამას არ შეუშლია ხელი, მათი ეგრძნო აბსურდულობა ადამიანთა, სახელმწიფოს ხელში. არც ადამიანი და არც სახელმწიფო არაა ბოლომდე სამართლიანი. იქნებ ეს განცდა მას სწორედ მამასთან ურთიერთობამ გაუჩინა (რადგან კაფკას ნაწარმოებების უმეტესობა ეხება ვაჟებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო მამებთან კონფლიქტურ ურთიერთობებში არიან, კონფლიქტებს კი საბოლოო ჯამში დამანგრეველი შედეგები მოაქვთ მათთვის).

 

კაფკამ 36 წლის ასაკში დაწერა ავტობიოგრაფიული ნაწარმოები „წერილი მამას”, რომელსაც მისი შემოქმედების გასაღებად მიიჩნევენ. ეს წერილი ასე იწყება და გრძელდება: „ამას წინათ მკითხე, რატომ ვამბობ, რომ შენი მეშინია. როგორც ყოველთვის, არ ვიცოდი, რა მეპასუხა, ნაწილობრივ იმიტომ, რომ შენი ისევ მეშინია და ამ შიშს საფუძვლად იმდენი წვრილმანი უდევს, მეგონა მათ ბოლომდე გააზრებას ვერასდროს შევძლებდი. შევეცდები წერილით გიპასუხო ამ კითხვაზე, თუმცა, ალბათ, არც ეს იქნება სრულყოფილი პასუხი, რადგან წერის დროსაც კი შენს გავლენას ვგრძნობ და შიში მიპყრობს, რაც შემდეგ გონებაში ირევა და თავგზას მაკარგვინებს… სულაც არ არის აუცილებელი მზის შუაგულში შეჭრა, მაგრამ დედამიწის ერთ სუფთა ნაწილამდე ხომ მაინც უნდა მიცოცდე, სადაც მზე ხანდახან გამოანათებს, რომ ცოტათი გათბობა შეძლო…”. მკითხველისთვის აშკარა ხდება კაფკას გამუდმებული დეპრესიის, საკუთარი თავსა თუ სამყაროსადმი უნდობლობის, დაუცველობის (რომლის განცდა მის ნაწარმოებთა უმეტესობაშია), ადამიანებისადმი გაუცხოების მიზეზი – მამის სიმკაცრე და ბავშვობაში დაბადებული უსამართლობის შეგრძნება.

 

წუთისოფლის ბუნდოვანების, აბსურდულობისა და გროტესკულობის განცდა, რომლებსაც ფრანც კაფკას ნაწარმოებები ტოვებს, სწორედ ადამიანური ბუნების, ურთიერთობების, სამართლის არასრულყოფილების შედეგია, რომელიც, როგორც ვაჟა იტყოდა, „ცოდვა-ბრალითაა” მონათლული. კაფკა გვიჩვენებს, რომ განაჩენი, რომელიც ადამიანებს გამოაქვთ ერთმანეთისთვის, ცხოვრებისეული თუ იურისპრუდენციის თვალსაზრისით, აბსურდულია და ნაკლულოვანი, მათი ცოდვილი ბუნებიდან გამომდინარე. ამ უკანასკნელის გამჟღავნებაა ღვთაებრივი სამართალიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია და ალოგიკური თავისი შეუცნობლობით. კაფკა აჩვენებს სასამართლოს უძლურებას. დაგვანახებს, რომ ის, რაც ჩვენ სწორი გვგონია, ასეთი არაა. გვგონია, რომ რაღაცები აუცილებელი და სამართლიანია, სინამდვილეში აღმოჩნდება, რომ ჩვენ აბსურდს ვემსახურებით, იმას, რაც სიმართლე არაა და რისი ფუნქციებიც მორღვეულია. სახელმწიფო სისტემის (რომელიც ყველაზე სრულყოფილიც კი ბოროტების მექანიზმია) გაუმართაობაა ის, რომ მის საძირკველშივე უთანასწორობა და უსამართლობაა ჩადებული. აპარატი, კი რომელზეც ოფიცერი მოგზაურს უყვება, მოწყობილია ისე, რომ აღასრულოს განაჩენი.

 

საინტერესოა ისიც, რომ აპარატი „დამნაშავის“ სხეულზე ტვიფრავს იმას, რის გამოც განაჩენი იქნა გამოტანილი. ოფიცერი ამ აპარატით აღფრთოვანებული იყო, „თუ აქამდე ხელით გვიწევდა მუშაობა, ახლა ყველაფერს აპარატი შეასრულებს“, თუმცა მოგზაურში მან იგივე რეაქცია ვერ გამოიწვია, რის გამოც საფრთხის ქვეშ დგებოდა აპარატის არსებობის საკითხი. აპარატი, როგორც ამას ოფიცერი აღწერს, სამი ნაწილისაგან შედგება, ქვედა – საწოლი, ზედა – კალამი, ხოლო შუა, დაკიდებული ნაწილი – ფარცხი, რასაც განაჩენის აღსრულება ეკისრება. ეს სამი ნაწილი შეიძლება შევადაროთ სახელმწიფო ხელისუფლების სამ შტოს, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო.

 

კაფკას მიერ აპარატის სამ ნაწილად დაყოფა შემთხვევითი არ არის, რაც ნამდვილად კარგად შეესაბამება ამ შტოებს. ჯარისკაცი, რომელსაც ბრალად ედება დაუმორჩილებლობა და უფროსის შეურაცხყოფა, ვერ დაიცავს და ვერ იმართლებს თავს, რადგან მას ამის შესაძლებლობა არ აქვს. ოფიცერი, ამაოდ ირჯება, როცა საკუთარ სიცოცხლეს უკვე გარდაცვლილი კომენდანტის იდეებს შესწირავს, აპარატი, რომელიც სრულყოფილებად მიაჩნდა, ანუ ის იდეები, რომლებიც კომენდანტმა დააფუძნა, აბსურდი აღმოჩნდა. ამრიგად მისი განაჩენიც, რომ თავი შეეწირა, აბსურდი იყო. სწორედ ამ ყოველივეს გამო არ აღსრულდა ის, აპარატი მოიშალა, რაც მის არასრულფასოვნებაზე მიუთითებდა და აჩვენებდა მის არასამართლიანობას.

 

კაფკას მიერ აღწერილ მოთხრობებში წარმოჩენილი სახელმწიფო წყობა საჭიროებს ცვლილებებს, რათა შეიქმნას ახალი და შედარებით სამართლიანი. რამდენად სამართლიანია განაჩენი, რომელიც მამას გამოაქვს შვილისთვის? („განაჩენი”) ბიზნესმენი გეორგი, რომელიც ცოლის შერთვას აპირებს და რომელიც მამასთან იმის საკითხავად შედის, მისწეროს თუ არა ეს ამბავი თავის პეტერბურგელ მეგობარს, რჩევის ნაცვლად განაჩენს წააწყდება, რომელსაც მას საკუთარი მამა გამოუტანს. იგი მამისგან მსგავს საყვედურს არ იმსახურებდა. თუმცა, როცა მოთხრობას კითხულობ, მრავალ დეტალს ხედავ, რომლებიც მის გულგრილობას აჩვენებს სხვების მიმართ, თუმცა გულგრილობა სასიკვდილო განაჩენის გამოტანის საბაბი არ უნდა იყოს. წაყალში დახრჩობა ის განაჩენია, რომელიც მამას საკუთარი თავისთვისაც გამოაქვს, არა მარტო გეორგისთვის.

 

ყოველი ჩვენგანი ერთგვარი მსხვერპლია გარემოებებისა, მოვლენებისა და ადამიანებისა, რომლებიც აყალიბებენ მას პიროვნულად, მყიფეს ხდიან მის ფსიქიკას. გეორგი თავს იკლავს, რადგან მამისგან უარყოფილია, რადგან მის ცხოვრებაში დემოკლეს მახვილივით ჩამოეკიდება წინასწარგანზრახულება, რომლისგან თავდაცვა მას არ შეუძლია – მშობლის წყევლა და ასე გადადის ადამიანური სამართალი ღვთაებრივიში. ეს უკანასკნელი კარგად ჩანს „პროცესში”. სასამართლო, რომელიც ამ ნაწარმოებშია, ძალიან ჰგავს ეშმაკის სამსჯავროს და მკითხველიც ამბის თუ პერსონაჟთა გროტესკულობის, არაბუნებრიობის გამო (საუბრები, რომლებიც თითქოს რეალურ ადამიანებსა და მოვლენებს ეხება, ფანტასმაგორიული და არარეალურია) ხვდება, რომ აქ მეტაფიზიკურ, ზებუნებრივ ძალთა კანონებია თითქოს („სასამართლოს ამქვეყნად ყველასთან და ყველაფერთან აქვს კავშირი”). თუმცა აქვეა მღვდლის იგავი სოფლელზე, კანონის საუფლოში რომ არ უშვებს შესასვლელი კარის მცველი. ისიც იცდის ამ კართან მთელი სიცოცხლე, სანამ ბოლოს არ ეტყვიან, რომ ის მხოლოდ მისთვის ყოფილა განკუთვნილი. კაფკას იოზეფ კ. უმოქმედობით ჩვენს საბრალო ლუარსაბს მახსენებს. ანა კარენინასაც, ჩაკლული პროტესტით. ადამიანი შექმნილია არა თვითტკბობისთვის, არამედ განვითარებისთვის, არა განსაცდელით, ეშმაკით ჯაბანობისთვის, არამედ გამარჯვებით ღვთის წიაღში დაბრუნებისთვის. პავლე მოციქული გავიხსენოთ: „წინ აღუდექით ეშმაკს და გაიქცევა თქვენგან”, ისუ ზირაქის სიბრძნეც – „სიკვდილამდე იბრძოლე სიმართლისთვის და ღმერთი უკუნისამდე იბრძოლებს შენთვის”.
უცნაურია კაფკასეული მოდერნისტულ-ეგზისტენციალური სამყარო, რომელშიც დაკვირვებული მკითხველი ქრისტიანულ საწყისებს მოიძიებს. კაფკას რომანებში „მოხვედრისას” თვალშისაცემია პლატონისეული „ყოფიერების უკმარისობა”, მიუღებლობა, გაუცხოება, სამყაროსადმი შიში და უნდობლობა რომ ბადებს. ძალაუნებურად გახსენდება „ღმერთის სიკვდილის” აღიარება ნიცშესთან. თუმცა კაფკასთან ეს არაა, არამედ დაკარგული ჰარმონიის, ღვთაებრივი წესრიგის (რუსთველური „შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა”) ძიებაა, ამ წიაღის ქვეცნობიერი შეგრძნებაა, რაზეც მოწმობს ბიბლიური მინიშნებები მის ნაწარმოებებში.
ყოველი ჩვენგანი გადის ხოლმე კაფკასა და მისი გმირებივით იობის გზა-გამოცდას, როცა ჩვენ შიგნით თუ გარეთ სამყარო თავისი თავის ჭამას იწყებს (თუნდაც დღევანდელობის „ბრძოლა ყველასი ყველას წინააღმდეგ”).
წუთისოფელი არენაა ამ ბრძოლებისა, შინაგანი თუ გარე მეტამორფოზებისა.
„პროცესის” იოზეფ კ. საბოლოოდ დაუძლეველი ადამიანური ვნების, ამპრატავნების მონად, ძაღლად იქცევა („ძაღლივით დამოკლეს”). ის მარცხდება, რადგან ემორჩილება. როგორც მას მღვდელი ეუბნება: „როცა მოდიხარ, სასამართლო გიღებს, როცა მიდიხარ – გიშვებს”.
…და კიდევ, წაკითხულის მიღმა, გროტესკულობისა და მისტიკური, თითქოს საბედისწერო უცნაურობებისა, იგრძნობა მწერლის დაუოკებელი სურვილი, რომ მისი გმირი არ დაიღუპოს, როგორმე ყოველი ჩვენგანისთვის ღვთისგან ბოძებული მადლი შეინარჩუნოს. ამ ღვთაებრივისა და დემონურის ხშირად განურჩეველ გადაწნეხვაში ვგრძნობთ მწერლის მწარე, მაგრამ უმანკო ცრემლების გემოს… იქნებ ამის საქვეყნოდ წარმოჩენა აღარ უნდოდა და ამიტომ მოითხოვდა სიკვდილის წინ თავისი ნაწარმოებების განადგურებას?
წიგნის ბოლოს კი შეგრძნება: დიდებული ქმნილებაა ადამიანი, ღრმა და მრვალშრიანი, თუნდაც თავისი მელანქოლიითა და დეპრესიით…

 

 

 

 

 

მათთვის, ვინც ზაფხულში სამხრეთში ისვენებს

0

არ შეიძლება ყველამ სათითაოდ მოჰყვეს ზაფხულში რა გეგმები აქვს? – კითხულობს ერთი მეექვსეკლასელი გოგო სასწავლო წლის ბოლო დღეს და კლასში ხმაური იწყება. ზოგი ყვირის საფრანგეთში მივდივარო, ზოგი ამერიკაში, ზოგი მაიორკაზეო. ამავე კლასში ზის გოგო, რომელსაც ცალი ფეხი უბუჟდება და პირი უშრება ზაფხულის არდადეგების ხსენებისას. ის არდადეგებზე არსად არ მიდის. არდადეგებზე კი არა, მეგობრების დაბადების დღეებზეც არ დადის, დედას რომ საჩუქრის ფული არ სთხოვოს, რომელიც დიდი ალბათობით მას არ ექნება და აუცილებლად ინერვიულებს ამის გამო.

ინა ზაფხულს საკუთარი ქალაქის უსახურ გარეუბანში გაატარებს. ის აქ ცხოვრობს დედასთან ერთად იაფფასიან ბინაში – დედას ცხოვრებაში რთული პერიოდი აქვს, სამსახური და სიცოცხლის ხალისი დაუკარგავს, არც ფული და შვილზე ზრუნვის საჭიროების შეგრძნება გააჩნია. ინა ყოჩაღი გოგოა, მაგრამ როცა მეგობრები ჰყვებიან, რა ელოდებათ ხორვატიაში, ესპანეთში, ფლორიდასა თუ დანიაში, ძლივს შეკოწიწებული სიყოჩაღე ეკარგება და ითვლის ბავშვების რაოდენობას სანამ მას მოუწევს უპასუხოს კითხვაზე, რომლის პასუხიც არ მოსწონს, რომელსაც ხმამაღლა ვერ იტყვის, რომლის გამოც რცხვენია.

ინა ნორვეგიელი მწერლის, მარიანე კაურინის წიგნის გმირია. წიგნს “ჩვენი სამხრეთი” ჰქვია და ახლახან გამოვიდა ქართულ ენაზე. ინა ამ წიგნის გარეშეც ნაცნობი პერსონაჟია – ყველა კლასში არის ყველაზე ცოტა ერთი გოგო ან ბიჭი, რომელსაც სხვა ბავშვებზე მეტად უჭირს, რომელსაც რცხვენია იმის გამო, რომ მშობლებს ფული არ აქვთ ან რაიმე სხვა ოჯახური პრობლემა აწუხებთ, რომელიც ცდილობს ამის გამო ღირსება არ დაკარგოს, მეგობრებმა არ დასცინონ, არ გარიყონ. ის, რაც ამ წიგნში საყურადღებოა, არის გამოსავალი, რომელსაც ინა თავის კლასში ახალგადმოსული ბიჭის დახმარებით იპოვის – ისინი ამბობენ, რომ ამ ზაფხულს სამხრეთში გაატარებენ, სადაც ზღვა, მზე და მშვენიერი სანაპიროებია და სადაც არაფერი სჯობს ზაფხულის გატარებას. სამხრეთი არაკონკრეტული ადგილია და ყველგან შეიძლება იყოს, სადაც მოისურვებ, სადაც შეძლებ ისევე კარგად იყო, როგორც ცხელ ზაფხულში ზღვის სანაპიროზე იქნებოდი ქვიშასა და წყალში.

ინა და ვილმერი (ასე ჰქვია მის ახალ კლასელს მისივე უბნიდან) სამხრეთს თავიანთი ღარიბული და მახინჯი უბნის ერთ-ერთი სახლის მიტოვებულ სარდაფში მოაწყობენ და ყველაფერი კარგად იქნება მანამ, სანამ სხვა კლასელები არ მიხვდებიან, რომ ინა იტყუება და ის არა მდიდრულ სამხრეთულ სასტუმროში, საკუთარ სახლში ატარებს ზაფხულს. ამის შემდეგ გოგო რთულ გზას გადის, სადაც სირცხვილის გრძნობას, უხერხულობას უნდა გადააბიჯოს, სიმართლე თქვას და მიიღოს ის რეალობა, რომელშიც ცხოვრობს. მეტიც, ინა უნდა მიხვდეს, რომ სიღარიბე მისი ბრალი არ არის და თუ ზაფხულში შენ გვერდით ის ბიჭია, რომელიც მოგწონს, რომელსაც მოსწონხარ, რომელიც შენი ბედნიერებისთვის ყველაფერს აკეთებს და რომელსაც შენი ესმის, შეიძლება სახელდახელოდ მოწყობილ სარდაფშიც ბედნიერი იყო. შეიძლება იმათზე მეტადაც კი, ვინც მართლა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს აუზზე ფოტოების გადაღებით და მერე სხვებისთვის ამის ჩვენებით იწონებს და ირთობს თავს. ინამ უნდა თქვას, რომ არ აინტერესებს რა არის ბედნიერება მისთვის და არც იმის ვალდებულება აქვს, ისეთივე ბიჭი მოეწონოს, როგორიც სხვებს. ინას შეუძლია თქვას რომ მან მოხუცი ქალისგან გაიგო, როგორ უნდა დაიცვა სიყვარული და მისი ბიჭი არავის რომ არ ჰგავს, ეს ძალიანაც კარგია. როცა კარგი ბიჭი გიყვარს და ზაფხულს კარგად ატარებ, აღარ უნდა გადარდებდეს, რას იტყვიან შენზე სხვები – ინა ზაფხულის მიწურულს, სკოლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ხვდება, რომ მთავარი არა სხვების წარმოდგენებია ბედნიერებაზე, არამედ თავისი ნაპოვნი და ნაშენი ბედნიერება. ბედნიერებას და სიყვარულს კი დაცვა და გაფრთხილება ჭირდება.

“ჩვენი სამხრეთი” ზაფხულის არდადეგების დაწყებამდე წავუკითხე ჩემ შვილებს. პირველივე გვერდებზე ის ზაფხულები გამახსენდა, რომლებსაც მშობლების სოფლებში ვატარებდი მაშინ, როცა სხვები ზღვაზე მიდიოდნენ დასასვენებლად. ისეთებიც იყვნენ, არც სოფელი და არც სადმე წასასვლელი რომ არ ჰქონდათ და ისეთებიც, მშობლებს მძიმე საოჯახო სამსახურში რომ უნდა მოხმარებოდნენ. როცა ინასავით და ჩემი შვილებივით პატარა გოგო ვიყავი, ქვეყნის გარეთ დასვენება შეუძლებლად გამოიყურებოდა და ამაზე არც არავინ ვფიქრობდით. ეს მოცემულობა ნაწილობრივ შეცვლილია – რამდენიმე წლის მითხრა ერთმა ჩემმა კარგმა ნაცნობმა გოგომ, რომელიც იმ დროს ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა თბილისის ერთ-ერთ კერძო სკოლაში, ჩემს კლასში მხოლოდ მე ვარ ისეთი, ვისაც ლუვრი ნანახი არ აქვს და ზაფხულს საქართველოში ატარებსო. სოციალური უთანასწორობა ყოველთვის და ყველგან არსებობს სხვადასხვა ფორმით და სიმწვავით – მთავარია გვქონდეს უნარია, გადავრჩეთ უთანასწორო სამყაროში. მთავარია ვილმერივით ვიცოდეთ, რომ მაშინაც კი, როცა არ არსებობს გამოსავალი, ის არსებობს. ინასავით იმაზე მეტი უნდა გვინდოდეს ვიდრე გვაქვს და საკუთარი მონაპოვრის დაცვა შევძლოთ.

ყველას თავისი “სამხრეთი” აქვს. განა ჩვენ რას ვაკეთებთ ვილმერისა და ინასგან განსხვავებულს, როცა განმარტოების კუნძულებს, ჩვენ ადამიანებს ვეძებთ. ან როცა რიტუალებს ვიგონებთ და მერე მათ დაცვას ვცდილობთ – რაც ბავშვების თამაში გვგონია, სინამდვილეში ჩვენი იარაღია გადარჩენისთვის ბრძოლაში.

სასწავლო წლის ბოლო დღეები უკვე იყო, ახალი სასწავლო წლის პირველ დღეებში აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენს ირგვლივ იქნებიან “სამხრეთიდან” დაბრუნებული ბავშვები და ჩვენ მათი “დასვენების” ამბები ყურადღებით უნდა მოვისმინოთ. ისე ყურადღებით, საინტერესო გამოცდილებად ქცევა შევძლოთ. ჩვენი “სამხრეთის” ამბებიც უნდა მოვყვეთ – პატარებმა უნდა იცოდნენ, რომ არაფერი, რაც მათ თავს ხდება, ჩვენთვის უცხო არ არის. მათ შორის არც ის, რას გრძნობს პატარა გოგო ან პატარა ბიჭი, როცა ზაფხულის არდადეგებზე მოულოდნელად გაიგებს, რა ყოფილა სიყვარული.

ვინ არიან „ინდიგო ბავშვები“ და როგორ (არ) ვასწავლოთ მათ?

0

„იყავი ცვლილება, რომლის დანახვაც გსურს სამყაროში“

მაჰათმა განდი 

 

„საზოგადოებამ ინდიგო ბავშვების მაღალი ცნობიერება  ძველი ცნობიერების პროკრუსტეს საწოლში „ჩააწვინა“;

ინდიგო გახდა „განსაკუთრებულის“, „საუკეთესოს“, „მაღალგანვითარებულის“ სინონიმი და ამბიციური მშობლებისთვის – სტატუსური ემბლემა.

მაგრამ ეს ბავშვები გვიჩვენებენ ჩვენ, რომ ახალი ხედვა ძველი სამყაროს სისტემაში ვერ მოთავსდება“.

Lee Carroll,  Jan Tober [1]

 

ლი კეროლი (Lee Carroll)  წიგნში – “ინდიგო ბავშვები: ახალი ბავშვები უკვე მოვიდნენ” – გვიამბობს ამ მაღალი ცნობიერების ბავშვების შესახებ. კეროლი ინდიგო ბავშვების ოთხ ტიპს გამოჰყოფს. ესენია: ჰუმანისტები, მხატვრები, კონცეპტუალები და “ყველა განზომილებაში მცხოვრებნი”;

ჰუმანისტები ჰიპერაქტიურები და კომუნიკაბელურები არიან, მხატვრები – ზე-მგრძნობიარეები გარშემომყოფთა მიმართ, ამიტომ რთულად ესმით მათი; კონცეპტუალები – ლიდერები და მმართველები, ხოლო ისეთი იშვიათი ტიპი, როგორიცაა, „ყველა განზომილებაში მცხოვრებნი“ – გენიოსები არიან, ისინი არასდროს სხვის აზრს არ იღებენ.

ამ წიგნის დაწერის შემდეგ სამყარო კიდევ შეიცვალა. Lee Carroll-ს და  Jan Tober-ს ეკუთვნის კიდევ ერთი საინტერესო წიგნი: „ინდიგო ბავშვები, 10 წლის შემდეგ“. ავტორები გვარწმუნებენ, რომ დღეს ბავშვების 90 % ახალი ცნობიერებით იბადება და ამ ახალ ბავშვებს, „კოსმოსის ბავშვებს“ ჩვენ რას ვახვედრებთ, როგორ სამყაროს?

ინდიგო ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია თავისუფლება, ურთიერთობები, დამოკიდებულებები და არა როლები; ამიტომ მათთვის მოსაწყენია შაბლონები, რუტინა, ერთი და იგივე,  მზა ქცევის წესები, „ჭკვიანი შვილის“ როლის თამაში და სხვა; „ახალი ბავშვები“ არიან სპონტანურები, შემოქმედებითები და მათთვის მოსაწყენია ტრადიციული აღზრდის სისტემა, ტრადიციული სკოლა და უნივერსიტეტი.

ლი კეროლის ზემოხსენებულ  წიგნში – “ინდიგო ბავშვები: ახალი ბავშვები უკვე მოვიდნენ” – ერთ-ერთი ინდიგო ჰყვება:

„სკოლას ვერ ვიტანდი, არა იმიტომ, რომ თავს იზოლირებულად ვგრძნობდი, ან – თეთრ ყვავად მთვლიდნენ, არამედ იმიტომ, რომ ვიცოდი: იმ სამუშაოს უმეტესობა, რომელსაც სკოლაში ვასრულებდი, იყო სრული სისულელე და არავითარი კავშირი არ ჰქონდა რეალობასთან. ვიცოდი, რომ სკოლაში ნასწავლი არაფერში არ გამომაგდებოდა და ვერავინ დამარწმუნებდა საპირისპიროში“.[2]

ლიტერატურის პერსონაჟებიდან ინდიგო ბავშვის აზროვნებას ძალიან ჰგავს ეკზიუპერის „პატარა უფლისწული“. ახლა სწორედ ეს პერსონაჟი გამახსენდა.  ამ ნაწარმოებშიც დიდები ვერ უგებენ პატარებს, დიდებს არ ესმით, დიდებს ხომ ყველაფერი უნდა აუხსნა, უცნაური ხალხია ეს დიდები – და სხვა რამდენი ფრაზა გაგახსენდებათ კიდევ.

პატარა უფლისწულიც ახალი და პროგრესული ცნობიერებაა – გულწრფელი და ნამდვილი და ის მანამდე „ჩამოვიდა“ დედამიწაზე, ვიდრე ინდიგო-ბავშვები ასე მომრავლდებოდნენ.

პატარა უფლისწულსაც ის პრობლემები აქვს, რაც თანამედროვე „ახალ ბავშვებს“. ერთ ფრაგმენტს გაგახსენებთ:

„ამ ასტეროიდის ამბავი ასე დაწვრილებით იმიტომ მოგიყევით და მისი ნომერიც იმიტომ აღვნიშნე, რომ დიდებს გაეგოთ ჩემი ნათქვამი. მათ ხომ ძალიან უყვართ ციფრები. თუ თქვენ მათ რომელიმე ახალ მეგობარზე უამბობთ რამეს, ისინი არასოდეს გკითხავენ იმას, რაც მთავარია. არასოდეს გკითხავენ, როგორი ხმა აქვს შენს მეგობარს, რა თამაში უყვარს, ან პეპლების კოლექციას თუ აგროვებს. ამის მაგიერ გკითხავენ: რამდენი წლისაა, რამდენი ძმა ჰყავს, რამდენს იწონის და რა ჯამაგირი აქვს მამამისო. და მათ ჰგონიათ, რომ ამით უკვე ყველაფერი გაიგეს. დიდებს რომ უთხრათ, „ვარდისფერი აგურისგან ნაგები ლამაზი სახლი დავინახე, რომლის ფანჯრის რაფებზე გერანი ყვაოდა, ხოლო სახურავზე მტრედები დაგოგმანებდნენო“, ვერ მიხვდებიან, როგორია ეს სახლი, მათ ასე უნდა უთხრათ: „მე დავინახე სახლი, რომელიც ასი ათასი ფრანკი ღირს“ და მაშინ აღტაცებით წამოიძახებენ, რა მშვენიერი სახლი ყოფილაო!“

ახლა კი Gene Hunt[3] – ის, პედაგოგიკის ექსპერტის და კონსულტანტის, 10 რჩევა, როგორ არ უნდა მოექცეთ „ახალ ბავშვებს“:

  1. ჩვენ ძალიან ბევრს ვითხოვთ ბავშვებისგან. ჩვენ გვინდა, რომ ჩვილი ჩუმად იყოს. 2 წლისას ვთხოვთ, რომ წყნარად იჯდეს, 4 წლის ასაკში მისგან ოთახის დალაგებას ვითხოვთ. ჩვენი მოთხოვნები ამ სიტუაციებში ხომ არარეალურია, ამიტომ მუდმივად იმედგაცრუებულები ვრჩებით, ხოლო ბავშებს ვწირავთ წარუმატებლობისთვის – ჩვენთვის სიამოვნების მონიჭების გზაზე; ერთი სიტყვით, ჩვენ გვინდა, ბავშვები ბავშვებივით არ იქცეოდნენ!
  2. ჩვენ ვბრაზობთ, როდესაც ბავშვი არ ამართლებს ჩვენს მოლოდინებს. მას კი მხოლოდ იმდენი შეუძლია, რამდენიც შეუძლია და უსამართლობაა, მისგან ვითხოვდეთ იმას, რაც ჩვენ გვინდა!
  3. ჩვენ არასწორად განვმარტავთ ბავშვის ქცევების მოტივს. ჩვენი მოთხოვნების შეუსრულებლობას განვიხილავთ, როგორც გაუგონრობას და დაუმორჩილებლობას ბავშვის მხრიდან. ნამდვილი სურათი რომ დავინახოთ, საჭიროა, სიტუაციას შევხედოთ ბავშვის თვალით;
  4. ჩვენ ბავშვებს ვაკარგვინებთ ბავშვობას; რატომღაც გვავიწყდება, რომ ჩვენც ოდესღაც ბავშვები ვიყავით და პატარა ბავშვისგან დიდის ქცევებს მოვითხოვთ! ჯანმრთელი ბავშვი ხმაურიანი და მოუსვენარია, მას არ შეუძლია, დიდი ხნით შეაჩეროს ყურადღება ერთ რამეზე; რასაც მშობლები პრობლემად თვლიან, საერთოდ არ არის პრობლემა; ეს ნორმალური ბავშვის ქცევებია; არანორმალურია ჩვენი საზოგადოება, რომლსაც ჩამოყალიბებული აქვს ბავშვის იდეალური ქცევების „კოდექსი“.
  5. ჩვენ ვითხოვთ და გვსურს, რომ ჩვენი შვილი ამართლებდეს ჩვენს მოლოდინებს: იყოს წყნარი, დიდხანს ეძინოს, შეასრულოს ჩვენი სურვილები და ასე შემდეგ… ვაიძულებთ შვილებს, ჩვენს კომფორტზე იზრუნონ; ისე ვართ ჩაციკლულები ჩვენს არარეალიზებულ და აუსრულებელ ოცნებებში, რომ გვავიწყდება, რომ ბავშვსაც აქვს თავისი სურვილები, რომლის შესრულებაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ;
  6. როდესაც ბავშვი ცდება, ჩვენ მას ვადანაშაულებთ და ვაკრიტიკებთ. ბავშვებს ხომ ცხოვრებისეული გამოცდილება ცოტა აქვთ და, ბუნებრივია, შეცდომებსაც დაუშვებენ. ნებისმიერ ასაკში ეს სწავლების ბუნებრივი პროცესია. იმის მაგივრად, რომ გავამხნევოთ და მხარი დავუჭიროთ, ჩვენ მას ვაკრიტიკებთ! ნუ ელოდებით ბავშვებისგან იდეალურ ქცევებს! შეცდომები ადამიანის ბუნებრივი შემადგენელია ცხოვრების გზაზე;
  7. ჩვენ გვავიწყდება, რომ დადანაშაულებით და კრიტიკით ჩვენ ღრმა სულიერ ჭრილობას ვაყენებთ ჩვენს შვილებს; რისხვა და ხმამაღალი სიტყვა თრგუნავს ბავშვებს, თავდაჯერებას უკარგავს და ჰგონიათ, რომ არავის უყვართ, არავის სჯერათ მათი და არავის არ ჭირდებათ.
  8. გვავიწყდება, რომ მთავარი სიყვარულია, რომ სიყვარულს შეუძლია განკურნოს! გვავიწყდება, ჩავეხუტოთ შვილებს, წავახალისოთ, ავუმაღლოთ თვითშეფასება, ჩავუნერგოთ უსაფრთხოების გრძნობა. დედა ტერეზა ამბობდა: საკმარისია, 2-3 კეთილი სიტყვა, რომელთა წარმოთქმა ადვილია, მაგრამ რომელიც იჟღერებს მარადიულად;
  9. ჩვენ გვავიწყდება, რომ ბავშვისთვის საუკეთესო გაკვეთილები – მშობელთა ქცევებია. ბავშვი სინამდვილეში ჩვენს სიტყვებს კი არ უსმენს, ჩვენს ქცევებს ხედავს; ბავშვები სწავლობენ რეალური ცხოვრებისეული სიტუაციებიდან და არა შეგონებებით!
  10. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ბავშვის ქცევას ზედაპირულად და არა მის სიყვარულს და კეთილ ზრახვებს. აჩუქეთ ბავშებს სიყვარული და საპასუხოდ მხოლოდ სიყვარულს მიიღებთ!

 

 

ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო, შეგიძლიათ, გააგრძელოთ!

 

 

[1] https://www.library.raikevich.com/carroll/01.html#37

[2] https://www.litmir.me/br/?b=104369&p=50

 

[3] https://www.naturalchild.org/counseling/

 

სასწავლო კვლევითი პროექტი ფიზიკაში – სითხის გარდატეხის მაჩვენებლის განსაზღვრა ექსპერიმენტის საშუალებით

0

პროექტებით მუშაობა ეფექტურად შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური სწავლების დროს. პროექტებით სწავლება მოზარდებში იწვევს ინტერესისა და მოტივაციის ამაღლებას. საკითხის მრავალმხრივ დანახვა და მისი ალტერნატიული გზით გადაჭრა ერთგვარი სტიმულია მოსწავლისთვის, რომელსაც მობეზრებული აქვს ტრაფარენტულად მიწოდებული ახალი მასალა. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, მასწავლებელი მუდამ ზრუნავდეს სწავლების სასწავლო პროცესში სახალისო ელემენტების შეტანაზე. გარდა ამისა, ასეთი მეთოდები ეხმარება მოსწავლეს საკუთარი დასწავლის სტილის ჩამოყალიბებაში.

მეტად მნიშვნელოვანია და სახალისო ფიზიკის სწავლებისას მარტივი კვლევითი პროექტებით მუშაობა. განსაკუთრებით საინტერესოა ხოლმე პროექტებზე მუშაობისას მოსწავლეებისთვის რაიმე ალტერნატიული გზების ძიება და შეთავაზება. ასეთი მიდგომები ეხმარება მოზარდს ცოდნის აგებასა და ინტერგირებაში. მოსწავლეებს ხშირად ვაწვდით სამეცნიერო მეთოდით აღმოჩენილ და დამტკიცებულ დებულებებსა და კანონებს. თუკი მოზარდი თავად გახდება ამ აღმოჩენის თანამონაწილე, ეს იქნება საუკეთესო გზა, დაარწმუნო ახალგაზრდა საკუთარ შესაძლებლობებში.

საკუთარი კვლევის გზები, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, გაზომვები, დამოკიდებული და დამოუკიდებელი სიდიდეების კლასიფიკაცია, გრაფიკების აგება, ცხრილების შევსება, ცდომილების გამოთვლა, შეცდომების მიზეზების ძიება, წინარე ცოდნასთან დაკავშირება და ახლის ფორმულირება, დასკვნების გამოტანა. სწორედ ასეთი მუშაობის საშუალებას გვაძლევს სასწავლო კვლევითი პროექტები.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ განხორციელებულ სასწავლო კვლევით პროექტს.

 

პროექტის სახელწოდება სითხის გარდატეხის მაჩვენებლის განსაზღვრა ექსპერიმენტის საშუალებით
პროექტში მონაწილეები მე-9 კლასის მოსწავლეები;
პრობლემის ანალიზი

 

მოსწავლეებს უჭირთ:

–          საკითხის ფიზიკური შინაარსის გარკვევა, თეორიულად ნასწავლი საკითხის პრაქტიკასთან დაკავშირება.

–          შემოქმედებითად აზროვნება; მოვლენის სიღრმისეული წვდომა და გააზრებულის გამართულად ჩამოყალიბება; ცოდნის ტრანსფერი.

პროექტის მიზანი

 

 

გრძელვადიანი მიზანი

 

–         საჭირო თეორული მასალისა და ექსპერიმენტის საშუალებით სინათლის გავრცელებას, არეკვლასა და გარდატეხაზე დაკვირვება.

–         ნივთიერების გარდატეხის მაჩვენებლის განსაზღვრა ექსპერიმენტის საშუალებით.

 

–         განუვითარდეს მაღალი სააზროვნო უნარები დემონსტრირებისა და კეთების სწავლების მეთოდით, სიტუაციის მოდელირებით, სიმულაციით, კერძო შემთხვევების განხილვით, არგუმენტირებული მსჯელობით, ინფორმაციის ანალიზითა და სინთეზით.

 

–         ფაქტის და მოსაზრების ერთმანეთისგან გამიჯნვა; ინფორმაციის კრიტიკულად გააზრება და შეფასება; მოპოვებული ინფორმაციის ეფექტურად გამოყენება; საკუთარი მოსაზრების დასაბუთება შესამაბისი არგუნებტების და მაგალითების მოყვანით.

 

 

–         გამოიმუშაოს ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება-ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.

პროექტის ამოცანები

 

 

 

–         მოსწავლეები მოამზადებენ პრეზენტაციას სინათლის გავრცელების შესახებ ერთგვაროვან გარემოსა და გარემოს გამყოფ საზღვარზე დაცემის შემთხვევაში;

–         მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით დაგეგმავენ ექსპერიმენტს და განახორციელებენ საჭირო გაზომვებს.

მოსალოდნელი შედეგები

 

 

–         მოსწავლეები სიტუაციურ ამოცანას გადაწყვეტენ მარტივი ექსპერიმენტით.

–         მსგავს გაზომვებს გამოიყენებენ სხვა შემთხვევებში (მაგ. ამოიცნობენ უცნობ სითხეს).

–         მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას ფიზიკაში და განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო და ცოდნის ტრანსფერული უნარები.

–         გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება; ექპერიმენტის დაგეგმვა; პრეზენტაციის მოწყობა).

სტანდარტთან კავშირი ფიზ.IX.8. მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული ოპტიკის ძირითადი პრინციპების ანალიზი.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

–         ადეკვატურად იყენებს შესაბამის ცნებებს, კანონებსა და ფორმულებს ამოცანების ამოსახსნელად;

–         ატარებს ცდებს სინათლის გავრცელების შესასწავლად, იყენებს სხივის გეომეტრიულ მოდელს და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს;

–         აკვირდება და აღწერს სინათლის გავრცელებას ერთგვაროვან და არაერთგვაროვან გარემოში (ჩრდილის წარმოქმნა, არეკვლა, სრული არეკვლა, შთანთქმა, გარდატეხა), აანალიზებს ამ მოვლენეს სათანადო ფორმულების გამოყენებით.

კვლ.IX.1. მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

–         აყალიბებს კვლევის მიზანს;

–         გამოთქვამს მოსაზრებას/ვარაუდს;

–         არჩევს მონაცემების მოპოვების გზებს (მაგ., ცდით).

კვლ.IX.2. მოსწავლეს შეუძლია კვლევითი პროცედურის განხორციელება/ მონაცემების აღრიცხვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

–         იყენებს შესაბამის მასალას ან/და აღჭურვილობას და ატარებს დაგეგმილ ცდას უსაფრთხოების წესების დაცვით;

–         აწარმოებს დაკვირვებას და/ან გაზომვებს, აღრიცხავს მონაცემებს.

კვლ.IX.4. მოსწავლეს შეუძლია მონაცემთა ანალიზი და შეფასება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

–         აანალიზებს მონაცემებს და გამოაქვს დასკვნები;

–         ადარებს დასკვნებს გამოთქმულ ვარაუდს.

ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები

 

აქტივობა 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისთვის პროექტის იდეის გაცნობა. მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს პრეზენტაციას და აცნობს სიტუაციური ამოცანის პირობას. ატარებს სადემონსტრაციოს ცდას, იყენებს ტელესკოლის, ხანის აკადემიის ვიდეოგაკვეთილებს და ვირტუალურ ლაბორატორიას:

https://1tv.ge/video/fizikis-dro-xxxvi-gakvetili-sinatlis-gardatekha-22-maisi-2020-teleskola/

https://www.youtube.com/watch?v=1HNkiYbULSw

https://ka.khanacademy.org/science/physics/geometric-optics/reflection-refraction/v/refraction-in-water

https://phet.colorado.edu/sims/html/bending-light/latest/bending-light_en.html

აქტივობა 2. მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა და დავალებების განაწილება

ა) საჭირო ლიტერატურის გაცნობა;

ბ) პრეზენტაციის მომზადება

გ) ექსპერიმენტის გაცნობა და ჩატარების დაგეგმვა.

აქტივობა 3. მიცემული დავალებების მიხედვით სამუშაო შეხვედრების ჩატარება და მონიტორინგი (მოსწავლეთა ნამუშევრების გადახედვა და სწორი მიმართულების მიცემა).

აქტივობა 4. ექსპერიმენტის დაგეგმვა და განხორციელება. შესაბამისი გამოთვლების (მათ შორის ცდომილებების) გამოთვლა.

აქტივობა 5. პროექტის პრეზენტაცია.

აქტივობა 6. პროექტის შეფასება შეფასების რუბრიკის საშუალებით.

მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით აკეთებს შედეგების შეჯამებას და გაწეულ მუშაობას აკავშირებს პროექტის მიზანთან, რამდენად იქნა მიღწეული დასახული მიზანი.

 

    სიტუაციური ამოცანა:

 გიორგის მასწავლებელმა მისცა დავალება, სახლში ლაზერის და ტრანსპორტირის საშუალებით განესაზღვრა სითხის გარდატეხის მაჩვენებელი. გიორგიმ ვეღარ ნახა ის ტრანსპორტირი, რომელიც უჯრაში საგულდაგულოდ ჰქონდა შენახულიუჯრაში მხოლოდ სახაზავი დახვდა. ის არ დაიბნა და დაგეგმა ახალი ექსპერიმენტი.

 გაზომვებისთვის გამოიყენა ლაზერი და სახაზავი, ასევე შესაბამისი ცოდნა მათემატიკიდან.

ცდის მიზანი:

 სითხის გარდატეხის მაჩვენებლის განსაზღვრა ექსპერიმენტის საშუალებით

    

 

   ლაზერის სხივი ეცემა A წერტილში და C გამოდის წერტილში. მარტივად შეიძლება გაიზომოს AB, BC და BD მანძილები.

ცდისთვის საჭირო ხელსაწყოები:

  1. ჯამი ან სინჯარა;
  2. სითხე (მაგ. წყალი, გლიცერინი);
  3. ლაზერის გამანათებელი;
  4. სახაზავი;
  5. ფლომასტერი.

 

ცდის მსვლელობა:

  1. სინჯარის ზედა ნაწილთან ფლომასტერით მოვნიშნოთ რაიმე წერტილი;
  2. ლაზერის სინათლე მივმართოთ ამ წერტილისადმი რაიმე კუთხით ( ისარგებლეთ მოცემული ნახაზით);
  3. სინჯარის ფსკერზე ფლომასტერით მოვნიშნოთ სხივის გამოსახულების შესაბამისი წერტილი;
  4. სინჯარა ავავსოთ წყლით (გლიცერინით) მონიშნული წერტილის დონემდე;
  5. იმავე კუთხით მივმართოთ ლაზერის სინათლე ზუსტად იმავე წერტილში;
  6. მოვნიშნოთ სინჯარის ფსკერზე მიღებული სინათლის წერტილი;
  7. ნახაზის გამოყენებით გავზომოთ მანძილები:

AB (სითხის სიმაღლე), BC და BD.

  1. სამუშაო ფორმულის საშუალებით განვსაზღვროთ სითხის გარდატეხის მაჩვენებელი.
  2. ექსპერიმენტი გავიმეოროთ სამჯერ (შევცვალოთ სხივის დაცემის კუთხე, ასევე შეიძლება შევცვალოთ სითხის სიმაღლე.
  3. გამოთვალეთ სითხის გარდატეხის მაჩვენებელი და მისი საშუალო მნიშვნელობა.
  4. მიღებული შედეგი შეადარეთ ცხრილის მონაცემებს.

 

  AB (სმ) BC (სმ) BD (სმ) n ( სითხის გარდატეხის მაჩვენებელი)
1.        
2.        
3.        
4.        
საშუალო მნიშვნელობა  

 

     
ცხრ. მონაც. (სითხის გარდ. მაჩვენებელი. იხ.დანართი)        
აბსოლუტური ცდომილება  

 

 

     
ფარდობითი ცდომილება        

 

 

დანართი:

    ზოგიერთი ნივთიერების აბსოლუტური გარდატეხის მაჩვენებელი

ალმასი 2,42 მინა 1,47-2,04
გლიცერინი 1,47 პლექსიგლასი 1,5
ეთილის სპირტი 1,36 სკიპიდარი 1,47
კვარცი 1,54 ყინული 1,31
ლალი 1,76 წყალი 1,33
ჰაერი 1,0003

 

 

ქსპერიმენტის შეფასება
დამოუკიდებლად ექსპერიმენტის ჩატარების უნარი ვერ გეგმავს და ვერ ატარებს ექსპერიმენტს.

ვერ აღრიცხავს და აანალიზებს შედეგს.

უჭირს ექსპერიმენტის ჩატარება.

უჭირს შედეგის აღრიცხვა და ანალიზი.

ყოველთვის ატარებს ექსპერიმენტს.

ყოველთვის აღრიცხავს და აანალიზებს შედეგს.

დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები. პარამეტრი მოცემული ცდის განმავლობაში არ აქვს მითითებული, ან არ არის კავშირში საკვლევ კითხვასთან.

არ არის კავშირში საკვლევ კითხვასთან – ცდის მიმდინარეობასთან.

შეცდომით აქვს განსაზღვრული დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები.

 

სწორად აქვს განსაზღვრული დამოკიდებული და დამოუკიდებელი ცვლადები.
მონაცემების, შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და გამოტანილი დასკვნები არა აქვს გაანალიზებული მონაცემები, ან ანალიზი და დასკვნები არასწორია. მონაცემების ანალიზი სწორია, თუმცა დასკვნა არასწორად აქვს ჩამოყალიბებული ან რამდენიმე შესაძლო დასკვნიდან მხოლოდ ნაწილი აქვს წარმოდგენილი. მონაცემების ანალიზი სწორია, დასკვნა სწორად აქვს ჩამოყალიბებული.
პასუხი საკვლევ კითხვაზედადასტურდა თუ არა შენი ჰიპოთეზა? პასუხი არ შეესაბამება კითხვას, შეცდომით აქვს განსაზღვრული. საბოლოო დასკვნა ნაწილობრივ პასუხობს საკვლევ კითხვას. საბოლოო დასკვნა სრულად პასუხობს საკვლევ კითხვას.

სასწავლო კვლევით პროექტებზე მუშაობისას ვფიქრობ, კარგი შეთავაზება იქნება სიტუაციური ამოცანები, მათი გააზრება, სამუშაო ფორმულის გამოყვანა და ამის შემდეგ ექსპერიმენტის ჩატარება; ასევე, მნიშვნელოვანია პრეზენტაციის მომზადება და ნამუშევრის არგუმენტირებულად, დასაბუთებულად გადმოცემა.

სარგებელი, რასაც მოსწავლეები ასეთი პროექტის განხორციელებით მიიღებენ, არის ის, რომ მსგავს სიტუაციურ ამოცანებს მომავალში იოლად და დამოუკიდებლადაც გადაწყვეტენ, გამოიყენებენ ნებისმიერი კვლევისას და ცხოვრების რეალურ სიტუაციებში.

 

ექსპერიმენტის შედეგები

https://drive.google.com/file/d/1y32hQm0VQ6jL9thRLlR85Cenio3iSR9t/view

 

 

 

 

 

 

თვითშეფასება დაწყებით საფეხურზე 

0

ვინ ვარ მე?! ეს კითხვა ადამიანის ცხოვრების თანამდევი ნაწილია. მასზე პასუხის ძებნას ბავშვობიდან ვიწყებთ, თუმცა ამ უზარმაზარ სამყაროში საკუთარი ადგილისა და დანიშნულების აღმოჩენა არც ისე ადვილია. მე-კონცეფცია ნიშნავს პიროვნების აზრებსა და შეხედულებას საკუთარ თავზე. დადებითი და უარყოფითი შეხედულების მიხედვით კი თვითშეფასება ან დაბალია, ან – მაღალი.

როგორც წესი, თვითშეფასება ორი უმთავრესი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად ყალიბდება. იგი ეყრდნობა ხალხის წარმოდგენას ჩვენზე და ჩვენივე წარმოდგენას საკუთარ თავზე. ხშირად გარემოცვის დამოკიდებულება დომინირებს და ქმნის ყველაფერში ხელმოცარულ ინდივიდს, რომელიც საზოგადოების სარკეში დანახულ საკუთარ თავს უბრძოლველად იღებს და არც კი ცდილობს უკეთესი მომავლისკენ ნაბიჯის გადადგმას. თუმცა წარუმატებლობის მიზეზად საკუთარ თავზე გადაჭარბებული წარმოდგენაც შეიძლება იქცეს.

ობიექტური თვითშეფასების ჩამოყალიბება განაპირობებს ადამიანის თვითეფექტურობას, რაც მუდმივ პიროვნულ ზრდასა და განვითარებას უწყობს ხელს. თვითეფექტურ პიროვნებას სჯერა საკუთარი შესაძლებლობების, თუმცა თავი ყოვლისშემძლე არ ჰგონია. მას არ ეშინია შეცდომის დაშვების და პირველივე დაბრკოლებასთან ფარ-ხმალს არ ყრის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ზემოაღნიშნულისგან სრულიად საპირისპირო დამოკიდებულება დომინირებს. მარცხის გამო დაცინვა/დატუქსვა ან იმედგაცრუების ღიად გამოხატვა აღზრდა-გაკაჟების ერთგვარ იდეოლოგიურ ფენომენს წარმოადგენს. არადა, თვითეფექტურ ადამიანს მუდმივი გამარჯვების მოლოდინი კი არ ამოძრავებს, საკუთარ კომპეტენციაში ობიექტურადაა დარწმუნებული და იცის, რომ შეცდომაზე დაკვირვება და გამოსავლის ძიება ახალი გამოცდილების/ცოდნის შეძენის საკმაოდ ეფექტური მეთოდია.

დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები შეცდომის დაშვების შიშით უმოქმედოდ ყოფნას არჩევენ ან პირველივე დაბრკოლებასთან მოტივაციას კარგავენ. ყველაზე დიდ დემოტივატორს წარმოადგენს ე.წ. მკვლელი სიტყვები, რითაც ავტორიტეტული პირები (ოჯახი, სკოლა, საცხოვრებელი უბანი) გამუდმებით დომინირებენ ინდივიდზე და ისიც საკუთარ თავს საზოგადოების პოზიციაზე დაყრდნობით აფასებს. ამას გარდა, მოზარდები ხშირად ხდებიან არასწორი, გაზვიადებული შეფასების მსხვერპლი. ადრე თუ გვიან, პირველ მარცხს აუცილებლად იგემებენ და საზოგადოების მაღალი მოლოდინისგან განსხვავებული საკუთარი თავის დანახვა დიდ დარტყმას მიაყენებს მათ თვითშეფასებას.

ზემოაღნიშნული პრობლემები ხშირად ჩნდება სწავლის პროცესშიც. დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლისთვის ყოველი ახალი საკითხის დამუშავება დაუძლეველ დაბრკოლებად აღიქმება. შეიძლება პირიქითაც მოხდეს და დასახული მიზნ(ებ)ის მიღწევისთვის დაჭირო უნარ-ჩვევებით შეიარაღებული მოზარდი მაინც სწავლის/განვითარების დაბალი მოტივაციით გამოირჩეოდეს. „დამნაშავე“ ამ შემთხვევაშიც არაადეკვატური თვითშეფასებაა. შესაძლოა, ოდესღაც მისი მოსაზრება/ინიციატივა დაიწუნეს ან არაფრად ჩააგდეს, რამაც მას საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენა შეურყია.

როგორც ვხედავთ, არაადეკვატური წარმოდგენები (როგორც დადებითი, ასევე – უარყოფითი) აფერხებს პიროვნული ზრდის პროცესს და შედეგად ვიღებთ გადაჭარბებულ თავდაჯერებულობას ან შესაძლებლობის შეუსაბამო უმოქმედობას. არაადეკვატური შეფასების სასწორის ერთ პინას ამძიმებს კითხვა: „რაში მჭირდება სწავლა, მე ხომ ისედაც ყველაფერი ვიცი?!“ მეორეს კი – „მაინც არ გამომივა და რატომ უნდა ვცადო?!“

დაბალი თვითშეფასების მქონე მოსწავლეების ამოცნობა არ გახლავთ რთული. ისინი იშვიათად იჩენენ ინტერესს საგაკვეთილო პროცესის მიმართ, უჩივიან გადაღლას, თავს არიდებენ ურთიერთობებს და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში ამყარებენ კომუნიკაციას. მათი ემოციური მდგომარეობა მყიფეა, ხშირად შფოთავენ და პატარა ბარიერსაც უდიდეს პრობლემად აღიქვამენ. ზოგიერთი მათგანი საკუთარი თავს ზემოაღნიშნული „მკვლელი სიტყვებით“ აფასებს (მე ხომ სულელი/მოუხერხებელი ვარ, არასოდეს გამომივა და ა.შ.). ამიტომაც ვსაუბრობთ სისტემატური, ეფექტური უკუკავშირის გაცემის აუცილებლობაზე, შეცდომებისადმი დამოკიდებულების შეცვლაზე, ემოციების მართვის უნარის განვითარებაზე და ა.შ. ადრე თუ გვიან, მოსწავლეები შეძლებენ მიმდინარე სასწავლო პროცესებისა და საკუთარი ქმედებების ობიექტურად შეფასებას, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს მათ თვითეფექტურობაზე.

მოსწავლეებს აუცილებლად უნდა მივცეთ ემოციების ვერბალიზაციის საშუალება. ეს მათ შფოთვას შეამცირებს და თვითშეფასებასაც აღარ მიაყენებს ზიანს. ემოციების გამოხატვასთან დაკავშირებული არაერთი აქტივობა არსებობს. მოსწავლეები მიუსადაგებენ თავიანთ განწყობებს სასწავლო მასალებს, ეძლევათ საკუთარი ემოციის კორექტულად გამოხატვის უფლება/საშუალება და სხვ. ალბათ გახსოვთ, როგორ ებრძვიან ერთგვარ შიშის ქამელეონს, ჯადოსნურ არსებას ბოგარტს (ჯ. როულინგი, „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“). მსგავსი ექსპერიმენტი ერთხელ მეც ჩავატარე დაწყებითი საფეხურის ერთ-ერთ კლასში, სადაც ზემოაღნიშნული ავტორის წიგნებს კარგად იცნობდნენ. ჯერ ზემოაღნიშნული წიგნის მიხედვით გადაღებული ფილმიდან ბოგარტთან ბრძოლის ნაწყვეტს ვუყურეთ. შემდეგ დავხატეთ ისეთი არსებები/მოვლენები, რომლებიც შიშს ან ბრაზს იწვევენ ჩვენში, ბოლოს კი ნამუშევრებს სასაცილო დეტალები დავამატეთ. ჩემი აზრით, ამ აქტივობამ უფრო დაგვაახლოვა, რადგან ერთად და თან სიცილით დავამარცხეთ თუნდაც ერთი უსიამოვნო ფიქრი.

რაც შეეხება წარუმატებლობის შიშს, ჩემი აზრით, ჩვენს აღსაზრდელებს პატარა მიღწევებით სიხარული უნდა ვასწავლოთ. მაქსიმალურად ფრთხილად უნდა მივუთითოთ შეცდომაზე, შევეცადოთ, გაკვეთილზევე გავასწორებინოთ და დადებითი კომენტარით განვამტკიცოთ მათი შრომა. მოსწავლეთა დამოკიდებულების შეცვლის მიზნით, კლასებში ხშირად ვაწყობ „შეცდომებზე ნადირობას“, შემდეგ კი ერთმანეთს ვეხმარებით ხარვეზების გამოსწორებაში. ამ გზით ტექსტის კორექტირების საწყის უნარებსაც ვეუფლებით და შეცდომის მიმართ შიშიც ნელ-ნელა ქრება.

დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს უძნელდებათ შესასრულებელი სამუშაოს სწორად დაგეგმვა: დროის გადანაწილება, ვრცელი ინსტრუქციის საფეხურებად დაშლა, დავალების სრულად და თანმიმდევრულად შესრულება… საკუთარ ნაწერში ხარვეზების ხშირად აღმოჩენა კი მოსწავლეთა თვითრწმენას უქმნის საფრთხეს. ამიტომ დრო არ უნდა დაგვენანოს და, შეცდომების მიმართ დამოკიდებულების შეცვლასთან ერთად, მოზარდებს ინსტრუქციის სწორად წაკითხვა-გაგება ვასწავლოთ. ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ერთ-ერთი აქტივობა, რომელსაც ზემოაღნიშნული ხარვეზების აღმოჩენისას ვასრულებინებ. ვაძლევ გამართული დავალების ნიმუშს, რომლის მიხედვითაც უნდა ჩამოაყალიბონ ინსტრუქცია. ზემოაღნიშნული დავალების ერთგვარი ვარიაციაა მზა ინსტრუქციისა და არასრული დავალების ნიმუშის შედარება. მოსწავლეები ინსტრუქციას შლიან პატარა ნაბიჯებად და დავალებაში გამორჩენილ დეტალს ეძებენ. დაკვირვების უნარს ასევე კარგად წვრთნის არეული ტექსტის თანმიმდევრულად დალაგება, თხზულების გეგმის შედგენა, საყვარელი კერძების რეცეპტებისა და საყიდლების სიის შექმნა, საკლასო გამოკითხვა (კითხვარების შედგენა, შედეგების შეჯამება) და სხვ.

სასკოლო პრაქტიკისთვის სიახლეს აღარ წარმოადგენს თვითშეფასების ტესტები, რომლებსაც ფსიქოლოგები და საგნის პედაგოგები ადგენენ. მათი დახმარებით განსაზღვრავენ ინდივიდის თვითშეფასების დონეს და სასწავლო პროცესის მიმართ დამოკიდებულებას. პორტფოლიო, რეფლექსია, ყოველდღიური თუ ყოველკვირეული ჩანაწერები/სამუშაო დღიური, შესასვლელი/გასასვლელი ბილეთები, თვითშეფასებისა და გაკვეთილის შეფასების რუბრიკები… ეს იმ ინსტრუმენტების მცირე ჩამონათვალია, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეები განივითარებენ სასწავლო პროცესებისა და საკუთარი მიღწევების ობიექტურად შეფასების უნარებს, რასაც ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბება მოჰყვება.

ნიმუში #1 

სამწუხაროდ, მასწავლებლებს ხშირად დრო არ რჩებათ შეფასების რუბრიკების გამოსაყენებლად (მათი შევსება უმეტესად გაკვეთილის დასასრულს იგეგმება, ამ აქტივობისთვის გამოყოფილი წუთები კი სამუშაო პროცესს ეწირება). ხანდახან გვგონია, რომ ყოველდღიური ზეპირსიტყვიერი უკუკავშირი დამატებითი ინსტრუმენტების ჩართვას აღარ საჭიროებს. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ სასწავლო პროცესისა და მასში საკუთარი ჩართულობის შესაფასებლად საჭიროა ამ საკითხებზე დაფიქრება, რასაც ზემოაღნიშნული რუბრიკები (იხ. ნიმუშები) მნიშვნელოვნად უწყობს ხელს  და მოსწავლეთა დამოკიდებულება თუ მოლოდინები უფრო კონკრეტული და გაზომვადი ხდება.

 

წესრიგი და ბავშვის ასაკი

0

ძვირფასო მშობლებო, აღმზრდელებო, მკითხველებო, თქვენ უკვე გაეცანით რამდენიმე სტატიას ნაგისა ტაცუმის წიგნიდან: „დალაგების მაგია ბავშვებისთვის, ანუ როგორ ეხმარება ბავშვის განვითარებას წესრიგის დამყარების ხელოვნება“. ამჯერად, გაგაცნობთ ავტორის მოსაზრებებს წესრიგის დამყარების შესახებ ბავშვების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით. ნებისმიერი ზრდასრული ადამიანისთვის ცნობილია, რომ სამი წლის პატარა საკმაოდ განსხვავდება თუნდაც რვა წლის ბავშვისგან, ამიტომ აუცილებელია, მშობლებს დავეხმაროთ, რათა მათ სწორედ განსაზღვრონ, რა ასაკიდან უნდა დაავალონ ბავშვს წესრიგის დამყარება დამოუკიდებლად და რა ასაკიდან უნდა შეწყვიტონ ამ პროცესში ჩარევა. ნაგისა ტაცუმი – ბესტსელერის იაპონელი ავტორი, მწერალი და ჟურნალისტი წერს: „დალაგებაზე ფიქრისას მივხვდი, რომ მასში გაცილებით დიდი შინაარსი დევს, ვიდრე მხოლოდ სახლის სისუფთავე და წესრიგი. დალაგებისა და წესრიგის დამყარებისას ადამიანი სწავლობს ნივთებთან სწორად მოქცევას; წესრიგისა და სისუფთავისათვის თვალ-ყურის დევნების დადებითი მომენტი ჩემთვის ის არის, რომ ის გვეხმარება სხვა ადამიანებთან ჰარმონიულად ვიცხოვროთ; და კიდევ ერთი მთავარი გარემოება: დასუფთავება ისეთი აქტივობაა, რომელიც ჩვენ გვეხმარება, ჩვენს გარშემო დავინახოთ სიახლეები. მინდა, ბავშვებმა პროცესის მიყოლა, მისით ტკბობა ისწავლონ, რათა ცხოვრების განმავლობაში ყოველთვის ეყოთ ძალისხმევა, კეთილსინდისიერად მოეკიდონ ნებისმიერ საქმიანობას. წესრიგის დამყარება – ასეთი უმნიშვნელო წვრილმანი და თან ისეთი უსერიოზულესი რამ არის, რომ მისი სწავლება თქვენს პატარას დაეხმარება, ჰქონდეს არა მხოლოდ დალაგებული და მოწესრიგებული ოთახი, არამედ ცხოვრების გზაზე თამამად და ხალისიანად იაროს“.

ნაგისა ტაცუმის მიაჩნია, რომ სავარაუდო ასაკობრივი ორიენტაცია არის 3, 6 და 10 წლის ასაკი. ამ ასაკობრივ პერიოდზე აქცენტი საკუთარ ბავშვობაზე, შვილებსა და სხვა გარშემომყოფ ბავშვებზე დაკვირვების შედეგია.

სამი წლის ბავშვი, სავარაუდოდ, უკვე საბავშვო ბაღში დადის, ექვსი წლისა სკოლაში იწყებს სიარულს, ათი წელი კი უკვე შეიძლება მისი პიროვნული „მე“-ს ჩამოყალიბების პერიოდად ჩაითვალოს. სამ წლამდე ასაკის პატარის მშობლები თავად წყვეტენ – რა, სად და როგორ დაალაგონ. ბავშვი მხოლოდ გარკვეულ მონაწილეობას იღებს ამ პროცესში. აქ მთავარია, უფროსებმა არ განუსაზღვრონ პატარას მხოლოდ დამკვირვებლის როლი. უთხარით ბავშვს: „მოდი ერთად მივალაგოთ“. და მართლაც დაიწყეთ ოთახის მოწესრიგება მასთან ერთად. ამ პროცესში საქმის ოთხმოცდაათ პროცენტს უფროსი ასრულებს, მაგრამ დარჩენილი ათი პროცენტი მაინც დაუტოვეთ პატარას. ყოველთვის მოიძებნება რაიმე მსუბუქი საქმიანობა, აი მაგალითად: წიგნის დადება კონკრეტულ ადგილას; სათამაშოს ყუთში ჩადება; ფეხსაცმლის კარადაში შენახვა. თანდათანობით ბავშვი ხვდება, რომ არსებობს გარკვეული პრინციპები, რომლებიც თანამიმდევრულად უნდა შესრულდეს წესრიგის დამყარებისას. საქმის დასრულების შემდეგ ბავშვი ისმენს მშობლის აღფრთოვანებულ რეპლიკებს: „რა სისუფთავეა! რა კარგად გამოგვივიდა ყველაფერი!“. პატარა ხვდება, რომ დალაგებულ ოთახში გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე არეულ-დარეულ ოთახში და კიდევ იმას, რომ წესრიგს ყველასთვის სიხარული მოაქვს.

სამიდან ექვს წლამდე პერიოდში მშობლები ასწავლიან შვილებს გადაწყვეტილების მიღებას. დაახლოებით სამი წლიდან ბავშვები იწყებენ საუბარს, რომ თავად შეუძლიათ ყველაფრის გაკეთება. შეკითხვა „რატომ?“ – პატარების უსაყვარლესი შეკითხვა ხდება, სიჯიუტესთან და დაუმორჩილებლობასთან ერთად. სწორედ ამიტომ აუცილებელია, პატარებს ჰქონდეთ რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა, თავად მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები. იაპონელი ავტორი დარწმუნებულია, რომ მცირე ასაკის ბავშვებსაც კი შეუძლიათ ფიქრი და საკუთარი მოსაზრებების ვერბალურად გადმოცემა. კარგი იქნება, ბავშვს მშობლებმა დაუსვან შეკითხვები: „როგორ ფიქრობ, სად შეიძლება ამ წიგნების დადება?“, „აი ამ ტანსაცმელს შენ კიდევ ჩაიცვამ?“, „მე ვფიქრობ, შენ გაიზარდე და ეს შარვალი აღარ გეტევა, ამიტომ იქნებ ვინმეს ვაჩუქოთ?“. შეკითხვების რაგვარობა, რა თქმა უნდა, სიტუაციის მიხედვით იცვლება. თავდაპირველად პატარა გიპასუხებთ, რომ მან არ იცის, როგორ მოიქცეს. ამ დროს უფროსების პოზიცია უნდა იყოს ფრთხილი, მან უნდა მიანიშნოს პატარას: „იქნებ ასე მოვიქცეთ?“; „იქნებ ასე სჯობდეს?“. თანდათანობით ბავშვი ხვდება, რომ არ არსებობს ერთმნიშვნელოვნად მართებული პასუხები და რომ ძალიან მნიშვნელოვანია მისი პირადი გადაწყვეტილებები. მშობლებმა ნელ-ნელა, თანამიმდევრულად უნდა მიაჩვიოს პატარა დალაგებას, რადგან ბავშვს, როგორც უკვე ბევრჯერ ვთქვით, წესრიგის დამყარება სულაც არ ეხალისება. მშობლის მითითების შემდეგ ის დაიწყებს სათამაშოების ყუთში ჩაყრას, მაგრამ სულ მცირე ხანში სხვა რამეზე გადაერთვება, თამაშს დაიწყებს. დედიკოს და მამიკოს ამ დროს მოთმინება მართებს, მათ კვლავ დალაგებისკენ უნდა მიმართონ პატარას ყურადღება და თან თავადაც დაეხმარონ მას. არც საქებარი სიტყვები უნდა დაიშურონ მშობლებმა, რადგან პატარას ძალიან გაუხარდება, რომ მან საქმე ბოლომდე მიიყვანა და შექებაც დაიმსახურა.

ექვსიდან ათ წლამდე ასაკი არის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების პერიოდი. ამ ასაკში ბავშვი სწავლობს წესების მიხედვით ქცევას, სხვა ადამიანებზე ფიქრს, მათი სურვილების შეძლებისდაგვარად გათვალისწინებას. ნაგისა ტაცუმის მიაჩნია, რომ ზუსტად ამ პერიოდში ბავშვი იწყებს საკუთარი თავის აღქმას, როგორც პიროვნება და ცდილობს, საკუთარ გადაწყვეტილებებზე დაყრდნობით იცხოვროს, მაგრამ სხვა ადამიანების მოსაზრებებიც არ უგულვებელჰყოს. ექვსიდან ათ წლამდე ასაკის ბავშვი, ასე ვთქვათ, ცდილობს, იმოქმედოს დამოუკიდებლად, იმ ცოდნის გამოყენებით, რომლებიც მათ მშობლებმა ასწავლეს.

თუ ბავშვის ოთახში აუტანელი უწესრიგობაა, ამ შემთხვევაში მშობლები იძულებული ხდებიან, მოიფიქრონ, სად შეინახონ საჭირო ნივთები ან რამდენი ნივთი დატოვონ და რამდენით შეამცირონ მათი რაოდენობა. უფროსებმა შვილებს ისე სასხვათაშორისოდ, მსუბუქად უნდა მიუთითონ, რომ დროა, წესრიგი დაამყარონ და თან რამდენიმე რჩევა მისცენ პატარებს. ეს სრულებით საკმარისია, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვილები თავად ითხოვენ დახმარებას. ბევრი მშობელი, რომელსაც სახლის სივრცე საშუალებას აძლევს, შვილს საკუთარ ოთახს მიუჩენს, რადგან პირადი სივრცე ბავშვებისთვის უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ხდება. თუ ცალკე ოთახი ოჯახისათვის მიუღწეველი ამოცანაა, მაშინ ბავშვს მცირე კუთხე მაინც უნდა ჰქონდეს გამოყოფილი, საკუთარი მაგიდით, თაროებით, რომელსაც მხოლოდ ის განაგებს და თავად არის პასუხისმგებელი იმ სივრცის მოწესრიგებაზე.

როდესაც მე დაწყებით სკოლაში ვსწავლობდი – უზიარებს საკუთარ მოგონებებს ქალბატონი მკითხველებს – მახსოვს ძალიან მიყვარდა დედაჩემის საკერავი მანქანის ქვეშ შეძრომა და გამოგონილ რეალობაში ჩაძირვა. კიდევ ძალიან მიყვარდა დერეფანში მდგარ კარადაში შეკუჭვა და იქ ნახევრადჩაბნელებულ გარემოში თოჯინებით თამაში. ისიც ძალიან კარგად მახსოვს, როგორი უსიამოვნო განცდა მიპყრობდა, როდესაც უცაბედად დედის ხმა გაისმოდა, რომელიც მოულოდნელად რეალობაში მაბრუნებდა.

საკუთარი „მე“-ს თანდათანობითი შემეცნება, გაცნობიერება ადამიანებს გვეხმარება – დამოუკიდებელ, განცალკევებულ პიროვნებებად ჩამოვყალიბდეთ. ამიტომ, მოდით, მივიღოთ ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი პირადი სივრცის განკარგვა თავისივე ნება-სურვილის მიხედვით. აუცილებელია, უფროსებმა დაიმახსოვრონ და ბავშვსაც აუხსნან, რომ სახლი საერთო ტერიტორიაა, ისევე როგორც კარადები, მაგიდის ქვეშ არსებული სივრცეები და სხვა მსგავსი ადგილები, რის გამოც მათი სამალავებად ან სხვა რამისთვის არადანიშნულებისამებრ ხშირი გამოყენება არ არის სასურველი, რადგან ოჯახის წევრებს შესაძლოა ამის გამო დისკომფორტი შეექმნათ. სანამ ბავშვი ჯერ ათი წლისაც არ არის, უმჯობესია მის პირად სივრცეში შესვლა მშობლებისთვის შედარებით მარტივი იყოს, რათა მათ შეძლონ, თვალი შეავლონ ხოლმე მის სივრცეს, ოღონდ ისე, რომ უხეშად არ ჩაერიონ შვილის ცხოვრებაში. უფროსებს მხედველობიდან არ უნდა გამორჩეთ, რომ ბავშვის მიერ პირადი სივრცის საკუთარი შეხედულების მიხედვით განკარგვის თავისუფლებას მეორე მხარეც აქვს და ეს არის პასუხისმგებლობა, თავად აკონტროლოს იქ წესრიგი და სისუფთავე.

ათი წლიდან ბავშვი ხდება დამოუკიდებელი – მიაჩნია წიგნის ავტორს – ამ დროს ბავშვი თანდათანობით უახლოვდება, ე.წ., გარდატეხის ასაკს და დამოუკიდებლობას იძენს. ოჯახში უკვე გარკვეული წესებია შემუშავებული და დამკვიდრებული, ბავშვმა კარგად აითვისა წესრიგის დამყარების უნარ-ჩვევები და მშობლების დაუხმარებლადაც ახერხებს საკუთარი სივრცის მოწესრიგებას. ამ ასაკისთვის მშობლის დახმარება ბავშვის ოთახისა და მისი პირადი ნივთების მილაგებაში პრაქტიკულად საერთოდ უნდა გამოირიცხოს. ერთადერთი, რაც მშობლებს შეუძლიათ, გააკეთონ, მათ უნდა განაგრძონ ბავშვისთვის დამოუკიდებლობის სულ უფრო მეტი დოზით მინიჭება წესრიგის დამყარების საკითხებში. მაგრამ, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბავშვი მაინც ბავშვად რჩება და ის კვლავ უფროსებზეა დამოკიდებული როგორც მორალურად, ასევე მატერიალურადაც. ზოგჯერ საჭირო ხდება მისთვის ამის შეხსენება. თუნდაც მაშინ, როდესაც ის შეეცდება ოჯახში ახალი წესების შემოტანას. ამ დროს დედამ და მამამ საკუთარი პოზიცია უნდა დაიცვან. ასევე, მტკიცედ უნდა აუხსნან შვილს, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მათთან შეთანხმების გარეშე არ მიიღება, მაშინაც კი, როდესაც არჩევანი ბავშვის გასაკეთებელია.

მაშ ასე, წესრიგის დასამყარებლად აუცილებელია ხუთი ძირითადი პრინციპის დაცვა:

  1. ნივთებისათვის მოსახერხებელი ადგილის გამონახვა;
  2. ნივთების ოპტიმალური რაოდენობის განსაზღვრა;
  3. ხშირი შეხსენებები, რომ ნივთის გამოყენების შემდეგ აუცილებელია მისი კუთვნილ ადგილას შენახვა;
  4. ნივთების ისეთ ადგილას შენახვა, რომ მათი გამოყენება და შემდეგ კვლავ უკან დაბრუნება მოსახერხებელი და ადვილი იყოს;
  5. მშობლებს შეუძლიათ საკუთარი სახლისთვის ინდივიდუალური წესების შემუშავება, რომელთა დაცვა ოჯახის ყველა წევრისთვის სავალდებულოა.

 

 

 

ვირჯინია ვულფი: მაგიური სარკეები

0

17 მაისს,  ხანგრძლივი, რიტუალური სატელეფონო საუბრისას დედაჩემმა მითხრა: „ჩვენზე ხომ არ ყოფილა დამოკიდებული, როგორები დავიბადებოდით – როგორი სურვილებით?“ წლების წინაც ასე ფიქრობდა. ანტიჰომოფობიური სატელევიზიო გადაცემების კვალის ძებნა არ უნდა დამეწყო.

დედებზეც საუბრობს ვირჯინია ვულფი „საკუთარ ოთახში“ – ვრცელ ესეში, რომლის თავიდან წაკითხვაც გადავწყვიტე. წინა თაობების, წინა საუკუნეების ქალებს იხსენებს – მათ, ვინც შემოხაზული წრის შუაგულში ჩააყენეს და სამოქმედო არე მკაფიოდ დაანახეს: ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ საზღვრის, ჯებირის არსებობა ემახსოვრებოდათ, თუ ცხოვრების მიერ გამომეტებულს დასჯერდებოდნენ.

ავტორი შიშობს, „პირწავარდნილ ფემინისტად“ არ გამოვჩნდეო, მაგრამ ცხადი ხდება, რომ სადარდებელთაგან ეს ყველაზე მცირე უნდა იყოს: აბზაცი აბზაცს მოსდევს და მისი ნააზრევი უფრო და უფრო ემსგავსება საბრალდებო დასკვნას. „ქალები საუკუნეების განმავლობაში იმ მაგიური სარკეების როლს ასრულებდნენ, რომლებშიც მამაკაცები ბუნებრივზე ორჯერ უფრო მაღლები ჩანდნენ. ამ მაგიური ძალის გარეშე დედამიწა ალბათ დღემდე გაუვალი ჭაობებითა და ჯუნგლებით იქნებოდა დაფარული; არანაირი მემატიანე არ გვიამბობდა კაცობრიობის ომებისა და მათში საგმირო ამბების შესახებ. ძვლებზე ირმის კონტურების გამოყვანას თუ მოვახერხებდით დღემდე და პრიალა ქვებს თუ გავცვლიდით ცხვრის ტყავში, ან სხვა უბრალო ორნამენტებს, რასაც ჩვენი უპრეტენზიო გემოვნება გაწვდებოდა. ზეკაცები და ბედის რჩეულები არ იარსებებდნენ“. და იქვე – კიდევ უფრო მკაცრად: „როცა ქალი სიმართლის თქმას იწყებს, სარკეში მამაკაცის სილუეტი პატარავდება; მცირდება მამაკაცის ძალა არსებობისათვის ბრძოლაში. თვითრწმენის გარეშე მისთვის რთული ხდება, მიიღოს გადაწყვეტილებები, დაიპყროს ახალი ტერიტორიები, კანონები შექმნას, წიგნები წეროს […] მას სჭირდება სარკეები გარშემო, საუზმესა და სადილებზე, რომ საკუთარი თავი, სულ მცირე, ორჯერ უფრო მაღალი დაინახოს იმაზე, ვიდრე სინამდვილეშია“.

დასაფასებელი პირდაპირობაა, რომელიც, ცხადია, გამაღიზიანებელი იქნებოდა ორივე სქესის იმ წარმომადგენლებისათვის, საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებისადმი უპირობო მორჩილება რომ ცხოვრების წესად გაეხადათ. მწერალს კი უფრო და უფრო მეტი სინათლე შეაქვს აღწერილ სურათში, რაც, წესით, არასწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას უნდა გამორიცხავდეს. ვირჯინია ვულფი ერთფეროვნების საფრთხეზეც გვაფრთხილებს: „ძალიან სამწუხარო იქნებოდა, ქალები რომ ისე წერდნენ, როგორც მამაკაცები, ან ცხოვრობდნენ, როგორც მამაკაცები, ან გამოიყურებოდნენ, როგორც მამაკაცები, რადგან ეს უზარმაზარი სამყარო, ალბათ, ძალიან ერთფეროვანი გახდებოდა, თუკი ორი განსხვავებული სქესის მაგიერ ერთი სქესით მოგვიწევდა მასში ცხოვრება. ნუთუ განათლებამაც, სქესებს შორის მსგავსებებზე მეტად, წინ სწორედ განსხვავებები არ უნდა წამოსწიოს და გააძლიეროს? რადგან მსგავსება ისედაც ძალიან ბევრი გვაქვს და თუ რომელიმე თანამედროვე მკვლევარი იმის ხელხლა აღმოჩენას და მტკიცებას აპირებს, რომ ორი სქესი სხვადასხვა ხის ტოტებს მიღმა არ გაჰყურებს სხვადასხვა ცას, ეჭვი მეპარება, ამ მკვლევარმა დიდი სამსახური გაუწიოს კაცობრიობას“.

წერისას გულწრფელობაა არსებითი და მწერალიც სწორედ ამას სთხოვს მათ, ვისაც ხის, მისი ტოტებისა და ტოტებს მიღმა დანახული ცის კვლევა ცხოვრების მთავარ საქმედ გაუხდიათ. აფრთხილებს კიდეც, საკუთარ სქესში, როგორც მკვლელ გალიაში, ისე არ გამოიკეტონ და ხანგრძლივი შრომის ნაყოფი გასახმობად არ გაწირონ. „საბედისწეროა წერისას საკუთარ სქესზე ფიქრი. მწერლისათვის საბედისწეროა, იყოს უბრალოდ ქალი ან კაცი; მას ორივე ბუნება უნდა გააჩნდეს. ქალისათვის საბედისწეროა, თუნდაც მცირედი აქცენტი გააკეთოს თავის სქესზე და დაიჩივლოს, თუნდაც სამართლიანად, ნებისმიერ წინააღმდეგობაზე, რომელიც მას გაჩნია, როგორც ქალს. და „საბედისწერო“ არ არის მხოლოდ მძაფრი სიტყვა, რადგან ყველაფერი, რაც ასეთი გაქანებით დაიწერება, სიკვდილისთვისაა განწირული. ის მთავარი მარცვლის გაღვივებას ვერ მოახერხებს. როგორი ბრწყინვალე და ეფექტური, ძლევამოსილი და ოსტატურიც არ უნდა ჩანდეს ერთი-ორი დღის მანძილზე, ადრე თუ გვიან მაინც გახმება; სხვების გონებაში ვერ ჰპოვებს ნიადაგს“.

ვირჯინია ვულფის ამ ესეში მრავალი ბილიკია, რომელსაც შეიძლება გაჰყვე – იმ იმედით, რომ საკუთარ თავს მიგაახლოებს, საკუთარი ოთახის ჩრდილებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანს შეგამჩნევინებს. მე მხოლოდ ერთი ამოვირჩიე – რომელიც წლების წინაც მომწონდა და წერისადმი ჩემი დამოკიდებულების სისწორეში მარწმუნებდა. ორი ბუნებისა კი მხოლოდ მწერლები არ არიან – ყველაა, განურჩევლად იმისა, რამდენად თანაუგრძნობენ 17 მაისს ფერადი დროშების ფრიალით გართულებს.

 

 

 

 

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...