კვირა, ივნისი 15, 2025
15 ივნისი, კვირა, 2025

სასკოლო რეფორმების  მარცხი (მეორე ნაწილი)

0

გთავაზობთ ამერიკელი ავტორისა და განათლების სპეციალისტის ჯონათან გელბარტის სტატიას სეიმურ სარასონის წიგნის „სასკოლო კულტურა და ცვლილების პრობლემა“ („The Culture of the School and the Problem of Change“) შესახებ. სტატიაში გადმოცემულია იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორის სეიმურ სარასონის მოსაზრებები სასკოლო კულტურაზე, სასკოლო განათლებასა და მისი რეფორმირების სირთულეებზე. სარასონის მოსაზრებები სასკოლო რეფორმების შეუძლებლობის შესახებ სულ სხვა კუთხით დაგვანახებს სკოლის სამყაროს, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთქმედების თავისებურებებს და სკოლისა და საზოგადოების მჭიდრო კავშირს, რომელიც უმეტესად გამქრალია ზოგადი სასკოლო პოლიტიკიდან და სასკოლო განათლებასთან დაკავშირებული კანონებიდან თუ რეგულაციებიდან.

პირველი ნაწილი

  1. სასკოლო კულტურა ხელს უწყობს უარყოფით ინერციას

სარასონი თავის წიგნში საკმაო ადგილს უთმობს სასკოლო კულტურას. ერთგან იგი წერს: „როდესაც ორგანიზაცია ვერ აღწევს თავის მიზნებს და ვერ ასრულებს დანიშნულებას, უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი სტრუქტურა და კულტურა წარმოადგენს პრობლემას და არა მის გადაწყვეტას“.

სარასონი გამოყოფს სასკოლო კულტურის, მისი აზრით, ყველაზე უარყოფით ასპექტებს:

ა) წინასწარვე ჩამოყალიბებული, არაკონფრონტაციული და რისკებისგან დაცული სამასწავლებლო შემადგენლობა და მისი სტრუქტურა, რომელიც ჩანასახშივე ახშობს ახალ იდეებს, თვითანალიზსა და კონსტრუქციულ კრიტიკას;

ბ. მასწავლებლების შეზღუდული შესაძლებლობა, შეხვდნენ ერთმანეთს სასკოლო სხდომების მიღმა აკადემიური პრობლემების განსახილველად.

სარასონი აღნიშნავს: „არასდროს მინახავს სასკოლო სისტემაში ისეთი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობდა სისტემის მასშტაბით ფორუმებსა და პრობლემების შესახებ დისკუსიებს. სკოლებში თითქმის არ არსებობს ფორუმები თვითანალიზის, – ცვლილებებისა და გაუმჯობესებისთვის, როგორც ეს სხვა ტიპის ორგანიზაციებშია (რელიგიური ორგანიზაციები, კერძო სექტორი და სხვ.), რომლებიც იძულებული გახდნენ და მოახერხეს კიდეც, მნიშვნელოვნად შეცვლილიყვნენ“.

სარასონი ამბობს, რომ იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობს სკოლები, რომელთა მთავარ მიზანს „მოსწავლეების სასიკეთოდ მიმართული თვითანალიზი წარმოადგენს“. ეფექტური სკოლები დაეძებენ და პასუხს სცემენ კრიტიკას, რომელიც გარე წყაროებიდან მომდინარეობს.

მოსწავლეთათვის სასიკეთო ცვლილებებისთვის ბრძოლის მაგალითად სარასონს მოჰყავს სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლების ბრძოლა სასწავლო პროგრამის გამო. ადმინისტრაციის თვალთახედვით, კურიკულუმი მხოლოდ გზამკვლევია და პრობლემები წარმოიშობა მასწავლებელთა არასაკმარისი „კრეატიულობის“ გამო. შესაბამისად, მათთვის პრობლემა სასწავლო განრიგი კი არა, არამედ მასწავლებელია. ამაზე მასწავლებლების პასუხი დაახლოებით ასე ჟღერს: „ერთადერთი, რაც მათ აინტერესებთ და რითაც ჩემს საქმიანობას განსჯიან, გახლავთ ტესტების შედეგები, რომლებიც წლის ბოლოს ჩემმა ბავშვებმა მიიღეს“.

ამის შემდეგ სარასონი პრობლემის მეორე პუნქტზე გადადის – მასწავლებლებს ძალიან ცოტა დრო აქვთ იმისთვის, რომ ერთდ იმუშაონ. „მათ არ გააჩნიათ არავითარი შესაძლებლობა დისკუსიისთვის, გეგმების შემუშავებისთვის, კომუნიკაციისთვის, არ გააჩნიათ დაკვირვების შესაძლებლობა, რათა მისი შედეგები სასიკეთო ცვლილებებისთვის გამოიყენონ“. იმედია, ეს შეიცვლება და მასწავლებლებს თანამშრომლობის მეტი შესაძლებლობა მიეცემათ.

 

  1. მასწავლებელებს მართლაც არარეალისტურ მოთხოვნებს უყენებენ

ამ თავში სარასონი რამდენიმე მთავარ საკითხს ეხება: საზოგადოებას მართლაც არარეალისტური მოლოდინი აქვს მასწავლებლებისგან. მას სურს, მასწავლებლები „თანაბრად ადეკვატურები იყვნენ როგორც კლასის, ისე კლასში ბავშვების და მათი პრობლემების მართვის კუთხით“.

მასწავლებლები ხშირად ცვივიან მცირე ინტელექტუალური სტიმულირების მქონე „რუტინული არსებობის“ ორმოში, რაც მათ მიერ ბავშვების ინტელექტუალური სტიმულირების შესაძლებლობასაც ამცირებს. კლასების მნიშვნელოვნად დაპატარავება შეუძლებელია, რადგან ამდენი მასწავლებლის დაქირავებას ვერავინ ვერასდროს შეძლებს.

მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გაიზიარონ და დაისწავლონ მათ პროფესიაში არსებული საუკეთესო პრაქტიკები და მუდმივად იყვნენ მათ პროფესიაში, მათ საგანში მიმდინარე პროცესების კურსში – ეს გახლავთ პროფესიონალისა და პროფესიონალიზმის მთავარი მახასიათებლები.

 

  1. სკოლის დირექტორები უნდა სწავლობდნენ ცვლილების პროცესს და არა სტატუს კვოს შენარჩუნებას

სკოლაში ცვლილებების განხორციელების პროცესი ყოველთვის დირექტორების პირდაპირი პასუხისმგებლობა იქნება. არ აქვს მნიშვნელობა, ვისგან მოდის ცვლილებების მოთხოვნა – კანონმდებლებისგან, ოლქის ადმინისტრატორისგან თუ მშობლებისგან. „დირექტორი იმსახურებს „ცვლილებების მეკარის“ წოდებას“, – ამბობს სარასონი, თუმცა იქვე დასძენს, რომ „დირექტორი, მისი როლიდან, მომზადების დონიდან და ტრადიციიდან გამომდინარე, შესაძლოა ვერ გახდეს ცვლილებების კარგი შემსრულებელი“. თუ ასეა, როგორღა მოვიქცეთ? პროფესორი სარასონი პირდაპირ არ პასუხობს კითხვას, თუმცა გვთავაზობს დამატებით ინფორმაციას ასეთი შემთხვევის შესახებ:

ვინაიდან მათ [დირექტორებს] დავალებული აქვთ სისტემის და მისი ფუნქციურობის შენარჩუნება, ადმინისტრატორები ნაკლებად შეეწინააღმდეგებიან მათ და ნაკლებად წაახალისებენ იმ თანამშრომლებს, რომლებიც [ცვლილებების] მიმართულებით წავლენ“.

თვით დირექტორის არჩევის ტრადიციაც ამას გვეუბნება – დირექტორის კანდიდატურის შერჩევის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ის არის, რომ იგი „კარგი“ მასწავლებელია და ამ დროს „კარგი“ არა მხოლოდ მის სამასწავლებლო ხარისხს აღნიშნავს, არამედ იმ უსიტყვო თანხმობასაც, რომელსაც გამოხატავს იგი არსებული მდგომარეობის მიმართ.

სარასონი სვამს რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას, რომლებზე საფიქრალადაც დირექტორებს იშვიათად სცალიათ და რომლებზე პასუხის გაცემაც არ „დაუსწავლიათ“:

* რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს დირექტორს იმის მიმართ, რასაც ბავშვები კლასში განიცდიან/გრძნობენ?

* როგორ უნდა მოახერხოს დირექტორმა, რომ მასწავლებლმა შეცვალოს თავისი პრაქტიკა და დამოკიდებულბები?

* როგორ უნდა მოიქცეს [დირექტორი], როდესაც პრობლემური ბავშვი პრობლემური მასწავლებლის ანარეკლია?

* როგორ უნდა გაართვას თავი დირექტორმა სიტუაციას, როდესაც მშობლის პრეტენზიები მასწავლებლის მიმართ სამართლიანია?

* ვის მხარეზე უნდა იყოს დირექტორი? ბავშვის? მასწავლებლის? სისტემის? თემის?

იდეალურ შემთხვევაში სკოლის დირექტორი და მასწავლებელთა კონტინგენტი ზემოთ დასმულ კითხვებს ერთად უნდა სცემდნენ პასუხს. ეს იზოლაციისა და მარტოობისგან თავის დაღწევაში მათ დაეხმარება.

 

  1. თუ მოსწავლეებს მოვთხოვთ, ბრმად მისდიონ წესებს, ამით შესაძლოა ჩავახშოთ მათი შემოქმედებითი ძალა და დამოუკიდებლობა

სარასონი წერს იმის შესახებაც, რომ მოსწავლეებს თითქმის არასდროს ეძლევათ შესაძლებლობა, გავლენა მოახდინონ კლასსა თუ სკოლაში ქცევის წესების შემუშავებაზე. სარასონის თვალსაზრისით, პრობლემას ამწვავებს მასწავლებლებსა და ადმინისტრატორებს შორის გავრცელებული დამოკიდებულება, რომ უძლურების შეგრძნება ვერ მოახდენს გავლენას სწავლის პროცესსა და სწავლისადმი მოსწავლის ინტერესზე.

სარასონს მიაჩნია, რომ ეს დაშვება მცდარია – სკოლაში ქცევის წესები დიდ გავლენას ახდენს სასკოლო კულტურაზე.

სკოლა ის ადგილია, სადაც მოსწავლეს მიუთითებენ, რა უნდა აკეთოს. ის პასუხობს კითხვებს, მაგრამ არ სვამს მათ; მისი განსაკუთრებული (ან არც ისე განსაკუთრებული) ინტერესები და ცნობისმოყვარეობა პრივატული საკითხი უნდა იყოს; ის არ უნდა ხარჯავდეს დროს ისეთი საკითხებისთვის, რომლებიც არ არის მონიშნული სასწავლო პროგრამაში.

შევაჯამოთ: საკლასო კულტურას აკლია პროდუქტიული სწავლების ყველა ნიშანი. საგანმანათლებლო იერარქიის ყველა დონე მასზე დაბლა მდგომ დონეს განიხილავს ისე, როგორც მასწავლებლები განიხილავენ მოსწავლეებს.

სარასონის აზრით, „ბავშვების სასკოლო გამოცდილება საბოლოოდ იმით სრულდება, რომ მათ უდასტურებენ, თითქოს მათი გადაადგილების სფერო უნდა შეიზღუდოს. ბავშვების ბუნებრივი ინტერესები და ცნობისმოყვარეობა სწავლის პროცესის ხელის შემშლელ ფაქტორებად განიხილება“.

სარასონთან საუბრის შემდეგ ერთმა მასწავლებელმა სარკასტულად იკითხა: „რას გვეუბნებით? ბავშვებს ისე მოვექცეთ, როგორც ჩვენ გვინდა მოგვექცნენ?“

 

  1. სკოლის ფუნდამენტური დანიშნულება, მისი არსი უმეტესწილად დავიწყებულია

სკოლის ადმინისტრატორებს სარასონი მწვავედ აკრიტიკებს, რადგან ისინი საკუთარ თავს არ უსვამენ კითხვას: „რისთვის არსებობს სკოლები?“ სასკოლო პერსონალი იშვიათად ეკითხება საკუთარ თავს (თუ საერთოდ ოდესმე ეკითხება) შემდეგს:

  1. რა არის სასკოლო განათლების ყოვლისმომცველი განზრახვა და მიზანი, რომელიც თუ არ განხორციელდა, უაზრობად აქცევს ყველა სხვა მიზანს?
  2. რა არის პროდუქტიული სწავლების კონტექსტებისთვის დამახასიათებელი?

ალბათ გასაკვირი და მიუტევებელია, რომ ეს კითხვები არ დგას საგანმანათლებლო საზოგადოების სცენის ცენტრში. სარასონი არაერთგზის უბრუნდება ამ კითხვებს და თვითონვე პასუხობს:

„სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც მოსწავლეები ითვისებენ დემოკრატიულ ღირებულებებს და ჯგუფურად ცხოვრების ძირითად წესებს“. ეს მნიშვნელოვანია, რადგან „დემოკრატია ყველა თაობამ თავიდან უნდა ისწავლოს, და… ეს სოციალური სტრუქტურის ბევრად უფრო რთული ფორმაა (სასწავლად და შესანარჩუნებლად), ვიდრე ავტოკრატია“.

„ისეთი არაშემეცნებითი თვისებების სწავლება და გაღვივება, როგორებიცაა პატრიოტიზმი, პუნქტუალობა, ცნობისმოყვარეობა და კრეატიულობა და ისეთების თავიდან აცილება, როგორიცაა კონფორმიზმი და პასიურობა, იქნებ უფრო მნიშვნელოვანიც იყოს, რადგან ისინი უფრო მეტად უწყობენ ხელს ადამიანის სიცოცხლის ხარისხის ამაღლებას და ბედნიერების განცდას, ვიდრე შემეცნებითი უნარები“.

დასასრულ, პროფესორი სარასონი ერთხელ კიდევ უსვამს ხაზს პროდუქტიული სწავლების მნიშვნელობას და როლს ახალგაზრდის ჩამოყალიბებაში: „პროდუქტიული სწავლების მტრები არიან ინტერესის უქონლობა, მოწყენილობა და განცდა, რომ რასაც შენ ფიქრობ და გრძნობ, უადგილო და არარელევანტურია სხვებისთვის. სწავლა რუტინული სამუშაოა, რომლითაც მოზრდილებმა დატვირთეს ბავშვები. სამწუხაროდ, ისინი მოსწავლეს უყურებენ როგორც ცარიელ ჭურჭელს, რომელიც უნდა შეავსონ და ამ შევსების მიზანი, გაუგებართან ერთად, მიუღებელიც არის ახალგაზრდისთვის“.

 

  1. სასკოლო აქტივობები ხშირად არ შეესაბამება მოსწავლეთა ცხოვრებას

სკოლის მიტოვება ყოველთვის განიხილებოდა როგორც „უარყოფითი სიმპტომი“, როგორც ინდივიდის ცუდი ადაპტაციური თვისებების გამოვლინება.

თუმცა არსებობს ამ საკითხისადმი სხვაგვარი დამოკიდებულებაც: სკოლის მიტოვება შესაძლოა რეალისტური პასუხი იყოს სასკოლო კულტურაზე, რომელიც ზოგიერთი მოსწავლისთვის მომაკვდინებლად მოსაწყენია, არ აქვს კავშირში მათი ცხოვრების არასასკოლო კონტექსტებთან და უბრალოდ არსაით მიმავალი გზაა.

თუ ამ საკითხს „საბაზრო“, მოთხოვნა-მიწოდების ჭრილში შევხედავთ, შეიძლება ასე ვიმსჯელოთ: თუ სკოლა ვერ სთავაზობს იმას, რაც მოსწავლეს სჭირდება, მაშ, რა აზრი აქვს სასკოლო განათლების „შეძენას“ (ყიდვას)? რატომ უნდა ვიყიდოთ ის, რაც ვერ უჩენს ადამიანს შეგრძნებას, რომ ღირებულია, კომპეტენტური, პროდუქტიული, ან მიეკუთვნება რომელიმე ადგილს ან ჯგუფს?

შეიძლება ვეძებოთ არსებული სისტემის ამა თუ იმ ასპექტის შეცვლის გზები, – ასკვნის ავტორი, – მაგრამ სანამ ეს ცვლილებები პირდაპირ ან ირიბად არ შეცვლის მასწავლებელი-მოსწავლის ურთიერთობებს, სასკოლო სწავლება არაპროდუქტიული დარჩება. შესაბამისად, მოსწავლეები „ისწავლიან“, მაგრამ ამას არ ექნება პერსონალური ან მოტივაციური მნიშვნელობა მოსწავლისთვის. სწავლის სურვილსა და სწავლის აუცილებლობას შორის უზარმაზარი განსხვავება და სივრცეა.

დასასრულ, სარასონი მოიხმობს ცნობილი ამერიკელი სოცოლოგის ქრისტოფერ ჯენქსის მოსაზრებას, რომელიც გვეუბნება, რომ ჩვენ ერთი ნაბიჯით უკან უნდა დავიხიოთ, თავი დავანებოთ გრძელვადიანი მიზნებისთვის ბრძოლას და ყურადღება გავამახვილოთ მილიონობით ამერიკელი მოსწავლის ყოველდღიურ რეალობაზე; მილიონობით ბავშვისა, რომლებიც დღის უმეტეს ნაწილს და ახალდაწყებული ცხოვრების წლებს სკოლებში ატარებენ.

„ნაცვლად იმისა, რომ სკოლებს ვაფასებდეთ მათი კურსდამთავრებულების წარმატებათა მიხედვით, ვფიქრობთ, უკეთესი იქნება, სკოლები შევაფასოთ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის უშუალო ურთიერთობის შედეგებით… ზოგი სკოლა მოსაწყენი და ხანდახან საშიში ადგილია,  ზოგან კი სწავლა და სწავლება სიცოცხლით სავსე, კომფორტულ და ხალისიან ატმოსფეროში მიმდინარეობს. თუ სასკოლო ცხოვრებას და მის მიმდინარეობას შევაფასებთ როგორც საკუთრივ მიზანს და არა საშუალებას სხვა მიზნების მისაღწევად, ეს განსხვავება მეტად მნიშვნელოვანი გახდება. ვინაიდან ბავშვები სკოლაში (და უნივერსიტეტში) ცხოვრების მეხუთედს ატარებენ, სკოლების „კარგ ადგილად“ გადაქცევა უზარმაზარი მიღწევა იქნება.

 

  1. კითხვაზე, ვის ეკუთვნის სკოლა, პასუხი ჯერ გაცემულა

პრაქტიკაში ვის უპყრია ხელთ საგანმანათლებლო სფეროში გადაწყვეტილებების მიღების ძალაუფლება? რა შეიძლება გახდეს ჩვეული პრაქტიკის შეცვლის საფუძველი? ვინ არიან „ძალის მპყრობელები“? მასწავლებლები? მშობლები? დირექტორები? სკოლის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები? როგორც ვხედავთ, ძალთა ამ სამყაროში ბევრი ადამიანი და როლი მონაწილეობს და არცთუ ნათელია – არა მხოლოდ ოფიციალური კუთხით, არამედ კულტურულადაც – სად იწყება და მთავრდება პასუხისმგებლობა.

როდესაც ერთი ჯგუფი ფიქრობს, რომ „ფლობს სკოლას“, ხოლო მეორე არ ეთანხმება, შესაძლოა კონფლიქტი გაღვივდეს. თუ სკოლას, ფართო გაგებით, თემი და მოსწავლეთა მშობლები „ფლობენ“, მაშინ მათი აზრი ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გახდეს. ამჟამად ეს აზრი და დამოკიდებულება უმეტესად უარყოფითია. „დღეს, სავალდებულო უნივერსალური საშუალო განათლების სისტემის ამოქმედების შემდეგ პირველად, სულ უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ საჯარო სასკოლო სისტემა, როგორსაც ჩვენ მას ვიცნობთ, მოძველებულია“. ეს სიტყვები 1996 წელს დაიწერა და როგორც ჩანს, ისინი დღესაც სამართლიანია.

 

ბოლოსიტყვაობა

„ეს წიგნი არ გახლავთ „როგორ-გავაუმჯობესოთ-სასკოლო-სისტემა“-ტიპის სახელმძღვანელო, მასში ვერ იპოვით პრობლემის გადაწყვეტის სქემებს ან რჩევებს. სარანსონის აზრით, ეს წიგნი იმისთვის დაიწერა, რომ გავიაზროთ და დავფიქრდეთ შემდეგზე:

თუ გვსურს, შევცვალოთ და გავაუმჯობესოთ სასკოლო სწავლების შედეგები მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, უნდა დავინახოთ ის კულტურული თვისებურებები, რომლებიც არსებობს სკოლებში და რომლებიც შესაცვლელია. თუ მათ ვერ შევცვლით, რეფორმების ყველა მცდელობა მარცხით დასრულდება“.

აქვე სარასონი აღნიშნავს, რომ „სკოლის კულტურის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების შეცვლა, სამწუხაროდ, არ ხელეწიფებათ მათ, ვინც ამ კულტურაში მოღვაწობს“. აქედან გამომდინარე, სარასონი ასკვნის, რომ „სკოლები, როგორებიც ისინი იყვნენ, ვერ შეიცვლებიან და სამუშაოს შესრულების ამჟამად მიღებული კრიტერიუმებით, შესაძლოა უარესებიც კი გახდნენ“.

თუმცა ავტორი ოპტიმისტურად გვემშვიდობება: „აწმყო მხოლოდ ერთი მომავლით არ გახლავთ ორსულად – მან შეიძლება ბევრი შესაძლო და განსხვავებული მომავალი შვას. ეს ფაქტი ყველას გავავალდებულებს, არ მივეცეთ სასოწარკვეთილებასა და ნიჰილიზმს და არ ვუღალატოთ ცვლილებისთვის საჭირო მიზნებს“.

მოგზაურობა აფრიკაში ჰემინგუეისთან ერთად

0

კვლავ ჰემინგუეი და აფრიკა. ვერ მოვიცილე ფიქრები და ვუბრუნდები. რატომ? ალბათ იმიტომ, რომ ვგრძნობ ჩემი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ლიტერატურას ვცილდები. მხოლოდ საქმიანობასთან დაკავშირებული ლიტერატურით ვიფარგლები. მხატვრული ლიტერატურა უყურადღებოდ მრჩება. ამიტომაც ვეძებ ხოლმე გეოგრაფიასა და მხატვრულ ნაწარმოებებს შორის კავშირებს. და ვპოულობ… ნაირობიზე სტატიის წერის დროსაც მინდოდა კავშირი ჰემინგუეისთან გამევლო, მაგრამ შემდგომისთვის გადავდე. ახლა კი გვერდს ვეღარ ავუვლი ვერც კენიას და ვერც მასაის ტომს, რომელიც აფრიკის ნახევრად მომთაბარე და სრულიად განსხვავებული ხალხია.

ჰემინგუეიმ, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა აფრიკას, სწორედ მასაის ტომის ენაზე დაწერა „Ngaje Ngae”- ანუ „ღმერთის სახლი”. სწორედ მისკენ მიისწრაფვის ბოლოს ნაწარმოების გმირი – „ვრცელი, როგორც მთელი ქვეყანა, დიდი მაღალი მზის შუქისაგან წარმოუდგენლად ქათქათა… მაშინ კი მიხვდა, რომ ეს ის ადგილია, საითკენაც იგი მიდიოდა”.

ინგლისელი მწერალი ქალი – კარელ ბრიქსენი, თავის ცნობილ რომანში „Out of Africa” წერს, რომ მასაი არასოდეს ყოფილა მონა, რომ მასაის ვერასოდეს აიძულებ გააკეთებინო ის, რაც შენ გინდა, იგი უმართავია. მასაი ციხეში ვერ ძლებს, რამდენიმე თვეში სევდით კვდება, ასე რომ, მის დატყვევებას აზრი არა აქვს.

მასაის ტომი

„აფრიკის მწვანე ქედები“ ხომ აფრიკის თემის შესწავლისას კარგი მოტივატორია:

„ახლა, აფრიკაში ყოფნის დროს, ხარბად ვცდილობდი, რაც შეიძლებოდა მეტი რამე წამეღო მისგან – წელიწადის დროთა ცვლა, წვიმები, როცა ერთ ადგილას გამოიმწყვდევი და ფეხი ვეღარ მოგიცვლია; მოუწყობლობა, რასაც მოთმინებით ეჩვევი, რათა უფრო კარგად განიცადო ყველაფერი, სოფლების სახელწოდებანი, წვრილ-წვრილი ცხოველები და ფრინველები. ცდილობ, ენაც შეისწავლო, რაც შეიძლება მეტი დრო გამონახო, რათა კარგად ჩასწვდე ყველაფერს და არსაით მიგეშურებოდეს, მთელი ჩემი დღე და მოსწრება სხვადასხვა ქვეყნების სიყვარულში გამიტარებია“.

ამიტომაც მომინდა ახალ კომპლექსურ დავალებაში ჰემინგუეისთან ერთად მოგზაურობა და მასთან გასაუბრება.  ახლავე თუ არა, იმედი მაქვს რამდენიმე წლის შემდეგ, ჩვენი მოსწავლეები ეზიარებიან ჰემინგუეის პროზას და მასთან ერთად გადაეშვებიან თავგადასავლების მორევში. შემდეგ კი უკვე ჰემინგუეი აზიარებს ლიტერატურასაც და სიყვარულსაც. როგორც აკა მორჩილაძემ თქვა – „ჰემინგუეის ნაწერი სხვანაირად გეპარება, რადგან  მან მოიგონა საუკუნის ტემპი, საუკუნის დიალოგი, საუკუნის ნოველა…“.

მასაის ტომი ძირითადად კენიის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო ტურიზმია.  კენიის ველური ბუნება იზიდავს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან. აქ შეიძლება ნახოთ ლომების ნადირობა ანტილოპებზე, ბეჰემოთების ბანაობა და მსოფლიოში ყველაზე დიდი ვარდისფერი ფლამინგოების კოლონია. კენიის უზარმაზარი ტერიტორია უკვე 15 წელზე მეტია ეროვნული პარკია და ამიტომ აქ ნებისმიერი ნადირობა მკაცრად ისჯება.

აი, ასეთია დღევანდელი კენია.

გთავაზობთ მხოლოდ კომპლექსური დავალების პირობას და რამდენიმე რესურსს. დანარჩენი თქვენთვის მომინდვია.

საკითხი: მასაი – „ღმერთის სახლის“ მცველები

საკვანძო შეკითხვა: როგორ ავუხსნაჰემინგუეის თუ რა ურთიერთკავშირია მასაის ტომის ცხოვრების წესსა და ველურ ბუნებას  შორის?

როგორ შეიძლება ჰარმონიულად თანაცხოვრება ველურ ბუნებასთან და რა მნიშვნელობა აქვს ამ ურთიერთკავშირს?

დავალების პირობა:

ქვეყანა ისეთივე უნდა დარჩეს, როგორიც პირველად ვიხილეთ ჩვენ. ჩვენ მოსულები ვართ, და ჩვენი სიკვდილის შემდეგ, ქვეყანა იქნებ სულ გატიალდეს; დარჩენით უსათუოდ დარჩება, მაგრამ კაცმა არ იცის, როგორი იქნება. ვაითუ ისეთივე ბედი ეწიოს, რაც გობის უდაბნოს ერგო! სიამოვნებით ჩამოვიდოდი აფრიკაში კიდევ ერთხელ – ერნესტ ჰემინგუეი „აფრიკის მწვანე ქედები“.

წარმოიდგინე, რომ წახვედი საფარაზე აფრიკაში დღევანდელ დროში ჰემინგუეისთან ერთად, რომელსაც ძალიან აინტერესებს, როგორი ქვეყანაა დღეს კენია და როგორ ცხოვრობს კილიმანჯაროს მთასთან მცხოვრები მასაის ტომი – „ღმერთის სახლის“ მცველები. შენი მიზანია, მეგზურობა გაუწიო მწერალს და გააცნო მასაის ტომის დღევანდელი ყოფა. შექმენი მოგზაურობის ილუსტრირებული დღიური.

დღიურში ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რა ურთიერთკავშირია მასაის ტომის ყოფა-ცხოვრებასა და ველურ ბუნებას შორის და როგორ შეიცვალა მათი საქმიანობა ცივილიზაციასთან ერთად? (მოსახლეობა და მეურნეობა, ..1;2).
  • რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებები მოსახლეობის ცხოვრების დონესა და იდენტობის შენარჩუნებაზე? (მოსახლეობა და მეურნეობა, ..3).
  • რა მნიშვნელობა აქვს მასაის ტომის საცხოვრებელი გარემოს შენარჩუნებას და როგორ იცავს ადგილობრივი ხელისუფლება არსებულ ველურ ბუნებას? (მდგრადი განვითარება  .. 1; 2,).

რესურსები: მე-7 კლასის გეოგრაფიის სახელმძღვანელოში მოცემულ პარაგრაფები: N 35, 37, 38 და 39. აგრეთვე სტატიები: ნაირობი- ცივი ნაკადული და აფრიკა – კონტრასტების კონტინენტი.

ვიდეოფილმები – საფარა კენიაში

კენია –

ვებგვრდზე https://tabula.ge/ge/topic/75681 – უამრავ საინტერესო რესურსს იპოვით.

ნაბიჯების დაგეგმა თქვენთვის მომინდვია.

ვიმოგზაუროთ ჯერ კიდევ უცნობ ჰემინგუეისთან უცხო და ამოუცნობ აფრიკაში.

გამოყენებული ინტერნეტგვერდები: https://burusi.wordpress.com/literature/ernest-hemingway-1899-–-1961/ ; https://www.qwelly.com/group/literature/forum/topics/afrikis-mwvane-qedebi ; https://tabula.ge/ge/topic/75681 .

 

 

ცოტა რამ გენდერული ლინგვისტიკის საკითხებზე

0

ცოტა ხნის წინ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ ორგანიზებულ მშვენიერ კონფერენციაში მივიღე მონაწილეობა, გენდერის საკითხებზე მომუშავე მოსწავლეებისათვის მენტორობა უნდა გამეწია. ჩემი ჯგუფის პროფილი ენა იყო, გენდერული ლინგვისტიკა და გენდერული სტერეოტიპების ასახვა ენასა და აზროვნებაში.

უნდა ვაღიარო, პროფესიის მიუხედავად, გენდერული ლინგვისტიკის მიმართ ზედაპირული დამოკიდებულება მქონდა. ასე ვთქვათ, შორიდან ვცემდი პატივს, კონკრეტულად არასდროს მიკვლევია. როდესაც საკითხს ჩავუღრმავდი, კიდევ ერთხელ მივხვდი, რა საინტერესო მუშაობის საშუალებას იძლევა ენათმეცნიერება, მითუმეტეს, მისი ახალი დარგები, რამდენი კარგი პროექტის დაგეგმვა შეიძლება მოსწავლეებთან ერთად.

ენა რომ კომუნიკაციისა და აზრის გადმოცემის მთავარი საშუალებაა, ამ ანბანურ ჭეშმარიტებას ყველანი ვეთანხმებით. დაბადებიდან, ენობრივ გარემოში მოხვედრის პირველივე წუთიდან, ენობრივი არსებები ვხდებით და ყველაფერი, რაც ჩვენ გარშემოა, ჩვენთან ენის საშუალებით ურთიერთობს. მოვლენებსაც ენის მოწვდილი პრიზმით ვაკვირდებით და აღვიქვამთ. მოკლედ, ენაში ვცხოვრობთ და ენა ცხოვრობს ჩვენში.

არ არსებობს სოციალური ურთიერთობის არცერთი ფორმა, რომელსაც ენა არ ასახავს.  ამიტომაც გენდერულ თანასწორობაზე საუბრისას, მხატვრულ ტექსტებსა თუ კონკრეტულ საილუსტრაციო ამბებთან ერთად შეგვიძლია ლინგვისტური კვლევებიც გამოვიყენოთ.

გენდერული ლინგვისტიკა, როგორც  ენათმეცნიერების ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან აქტუალური ნაწილი, განსაკუთრებით აქტუალური მეოცე საუკუნეში გახდა, რას გვიყვება ენა სქესთა შორის უთანასწორობაზე ზოგადად და რა აქვს სათქმელი კონკრეტულად ჩვენს, ქართულ ენას?

ქართული ენის კურიკულუმში ბევრი საკითხის განხილვაა შესაძლებელი გენდერულ ჭრილში, როგორიცაა.

  1. საკუთარი სახელების გენდერული ანალიზი;
  2. გენდერული სტერეოტიპები ფრაზეოლოგიზმებში;
  3. ქართული ენა, რომელიც სქესს არ განარჩევს;
  4. მეცხრამეტე საუკუნის ქართული ენა და მეტყველება და გრამატიკული სქესის მარკირების ხელოვნური ცდა;
  5. ქალი პერსონაჟების ენობრივი „სურათი“, სტერეოტიპები და მზა ხედვა;
  6. როგორ აღწერს პატრიარქალური სამყარო ქალს – ენობრივი დისკრიმინაციული ფორმულები;
  7. პროფესიის სახელები და დისკრიმინაციული გამოხატვა -მორფოლოგია, სინტაქსი, სემანტიკა
  8. და სხვა.

პირველ ეტაპზე  ზოგადი საკითხების ჩამონათვალი მოვამზადეთ და განვიხილეთ ამ საკითხებთან დაკავშირებული მეთოდიკა, მიმართულებები, ხედვა, მასალა და ა.შ.

მსჯელობის პროცესში შევჯერდით, რომ თანამედროვე პროცესები, ახალი მედიისა და ტექნოლოგიების ენა უფრო საინტერესო და აქტუალური იქნებოდა, მით უფრო, რომ იმ  თაობასთან ვმუშაობთ, რომელიც ერთგვარად ტექნოლოგიურად აზროვნებს და   ამ მედიუმში ისეა, როგორც თევზი წყალში.  ამიტომაც მოსწავლეებმა თავად, დისკუსიისა და ერთგვარი ფოკუს შეხვედრის პროცესში თავად აირჩიეს საკვლევი თემა, მათ არჩევანის სრული თავისუფლება მიეცათ.  ეს მნიშვნელოვანი იყო მათი მოტივაციის გასაზრდელად. გადაწყდა, რომ მათი კვლევის ობიექტი თანამედროვე მედიუმების, კონკრეტულად კი, რეკლამის ენა აიქნებოდა.

შემდეგი ეტაპი იყო კვლევის მეთოდიკის არჩევა და ლიტერატურის გაცნობა, აღსანიშნავია, რომ კვლევის მეთოდოლოგია, რაც მასალის მოპოვებას და სტატისტიკურ კვლევას ემყარებოდა, აგრეთვე თავად მოსწავლეთა არჩევანი იყო.

მნიშვნელოვანი იყო მასალის მრავალფეროვნება. ენა მთავარი მედიუმია, ენა ყველაფერშია, ჩვენ გარშემო ყველაფერი ენაა, ამიტომაც, როგორც სამეტყველო ენა, ისე ტექსტური გზავნილები, ენობრივი მეტაფორები და ვიზუალური სიმბოლოები, ყველაფერი გამოგვადგა კვლევის მასალად. საბოლოოდ, რამდენიმე ეტაპიანი კვლევის საინტერესო შედეგიც ვიხილეთ და დავრწმუნდით, რომ ენა, როგორც ჩვენი აზროვნების იარაღი, ჩვენი ყოფის ხატი ბევრ საიდუმლოსა და თავსატეხს ინახავს, რომლის ამოსახსნელად ისევ ჩვენ გველოდება.

 

ისევ ონლაინ სწავლებაზე – რა ელით პირველკლასელებს?

0

ვფიქრობდი, პანდემია იმაზე მალე დამთავრდებოდა, ვიდრე ჩემი მეორე შვილის სკოლაში წასვლის დრო დადგებოდა, ყველაზე მეტად ამაზე ვდარდობდი… მაგრამ, ისე როგორც ბევრი გეგმა, ჩემი მოლოდინიც არ გამართლდა. Პპანდემია არ თავსდება ჩვენს მიერ მონიშნული დროის განრიგებში, არ ემორჩილება დროით საზღვრებს, პირიქით, თავისი კანონები აქვს, რომელსაც აქეთ უნდა დაემორჩილო და მოერგო.

ორი წელი გადის, რაც პანდემიური ცხოვრება ვისწავლეთ – ვმუშაობთ სახლიდან, ვსწავლობთ სახლიდან, ავითვისეთ სასწავლო პლატფორმები, სასწავლო რესურსები და ვცდილობთ თანაცხოვრება გამოგვივიდეს ვირუსთან, რომელმაც სამყარო ააყირავა. Ა გამოდგა იოლი იმის დაკარგვა, რაც აქამდე ყოველდღიური ჩვეულებრიობა იყო ყველასთვის. ავშვები სკოლებსა და ბაღებს მისტირიან, უფროსები კი განვიცდით მათ ბედს, გვადარდებს არა მარტო მათი განათლება, არამედ მათი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. ბავშვებს ძალიან მოაკლდათ სრულყოფილი კომუნიკაცია თავიანთ თანატოლებთან, მოაკლდათ სივრცე სკოლის და ბაღის სახით, სადაც ბევრ უნარს ივითარებდნენ და უფრო თავდაჯერებული და დამოუკიდებლები ხდებოდნენ.

კოლაში წასვლა ახალი ცხოვრების დაწყებას ნიშნავს, არა მარტო ბავშვისთვის, მთელი ოჯახისთვის. ვემზადებით ამისთვის, გვიხარია და ბედნიერებას გვანიჭებს ჩვენი პირველკლასელი ბავშვების სასკოლო ცხოვრებაზე ფიქრი.

4 ოქტომბერს პირველკლასელები სკოლაში წავიდნენ, რეალურ სასწავლო სივრცეში. მანამდე საუბრობდნენ იმაზე, რომ შეიძლებოდა დისტანციურად დაწყებულიყო მათთვის სწავლება, რაც სრულიად წარმოუდგენელი რამ იქნებოდა. Კიდევ კარგი ეს გადაწყვეტილება შეიცვალა და პირველკლასელები სკოლის კედლებში შეხვდნენ მასწავლებელს და ახალ კლასელებს, გაიცნეს ერთმანეთი და პატარა კავშირები გააბეს. 6 წლის ანასტასიაც წავიდა სკოლაში პირბადით, სანიტაიზერით და ინსტრუქციით აღჭურვილი. Ბედნიერი დღე იყო ყველასთვის, მშობლებისთვის, ბავშვებისთვის და მასწავლებლებისთვის. ბავშვების გაბრწყინებული და მოლოდინით სავსე თვალები ყველაფერს ამბობდა სკოლაში წასვლის სიხარულზე, ახალი ცხოვრების დაწყების ბედნიერებაზე და უბრალოდ, ცვლილებებზე, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს.

ნოემბერია და ჩემს პირველკლასელ შვილს რამდენიმე საათში პირველი ონლაინ გაკვეთილი დაეწყება “თიმსში”, მეორე შვილს ცოტა მოგვიანებით. (ისიც უნდა ითქვას, რომ სკოლისგან ნაჩუქარი “ბუკები” ონლაინ სწავლებას ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფს და ჩემი შვილები მშობლების ლეპტოპებს გაინაწილებენ. თუმცა, არსებობს ოჯახები, სადაც რამდენიმე სკოლის მოსწავლე ჰყავთ და არ აქვთ იმდენი მოწყობილობა, Რომ ყველა ბავშვი ჩაერთოს ონლაინსწავლებაში) ერთთვიანი პირისპირ სწავლების შემდგომ Სკოლა დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 12 დღით, შემდეგ რა იქნება, ეს არავინ ვიცით, მაგრამ ვირუსის გავრცელების მზარდი სტატისტიკა საიმედო პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. ისევ არასტაბილურ გარემოში სწავლა და ცხოვრება მოგვიწევს. ვისურვებდი, ვცდებოდე…

პირველკლასელები უკვე ანბანის სწავლას შეუდგნენ და წერა-კითხვის სირთულეებიც დაიწყო. “დღეს ჩვენს კლასში ანბანი შემობრძანდა”- მახარა ორი კვირის წინ ანასტასიამ. ანბანის პერიოდი ხშირად მათთვის მოტივაციის დაკარგვის და იმედგაცრუების მიზეზი ხდება, რადგან ამ პროცესს თან ახლავს სირთულეები, შეცდომები, მერე საყვედურები ბავშვის მიმართ, მათი ცრემლები, ზოგჯერ შედარება იმ ბავშვებთან, რომელთა მშობლებმა თადარიგი დაიჭირეს და წინასწარ შეასწავლეს წერა-კითხვა შვილებს, რომ ეს გამოწვევები უფრო უმტკივნეულოდ გადაელახათ. არ იქნება გასაკვირი, თუ სწავლის დაწყება პირველკლასელი მოსწავლისთვის უსიამოვნო, მტკივნეული და მტანჯველი გამოცდილება გახდება, თუ არ შევცვლით მასთან როგორც სწავლის, ასევე საკომუნიკაციო მიდგომებს და თუ არ გავუმარტივებთ სასწავლო მასალას, არ გადავტვირთავთ ზედმეტად, არ დავუტოვებთ დროს თამაშისთვის და საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. ამ სასიხარულო, თან ამავე დროს საპასუხისმგებლო ეტაპზე Მშობლებისთვისაც არანაკლებ დიდი გამოწვევაა შეინარჩუნონ სიმშვიდე, გადადონ თავიანთი საქმეები გვერდზე (ისედაც მწირი დროა დარჩენილი ყველაფრისთვის, ოჯახისთვის, საკუთარი თავისთვის, შვილებისთვის, ძილისთვის, დასვენებისთვის) და დრო დაუთმონ თავიანთ პირველკლასელს. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბევრ მშობელს არ აქვს ცოდნა წერა-კითხვის სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ და არ იცის, როგორ უნდა გაუმარტივოს შვილს წერა-კითხვასთან დაკავშირებული სირთულეები.

ახლა, რაც ყველა მშობელმა უნდა გავაცნობიეროთ, ის არის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება და პოზიტიური მიდგომა, რათა პატარა ადამიანისთვის სწავლების პროცესი ნამდვილ დრამად არ გადაიქცეს. პირველკლასელობის გამოწვევების დაძლევა მარტივი არ იქნება პატარებისთვის ონლაინსწავლების რეჟიმში, მარტივი არ იქნება ჩვენთვის – მშობლებისთვის და არც მასწავლებლებისთვის, რომლებიც ჩვენთან ერთად იმყოფებიან არასტაბილურ გარემოში და ცდილობენ ფეხი აუწყონ ცვლილებებს.

ველაზე მთავარი რაც, სწავლების ამ პროცესში ჩართულ ადამიანებს გამოგვადგება ბავშვის მიერ დაშვებული შეცდომებისადმი ტოლერანტული განწყობაა. თუ ჩვენ გავუგებთ ბავშვს იმაში, რომ მას ნამდვილად უჭირს კითხვა და ამას საკაცობრიო პრობლემად არ გადავაქცევთ, უფრო სწრაფად მივიღებთ კარგ შედეგს, მაგრამ მთავარია ამ ეტაპზე მათ გვერდით ვიყოთ და სიმშვიდით და იუმორით შევხვდეთ მათ შეცდომებს.

– აბა, დაიწყე კითხვა – ვეუბნები ჩემს პირველკლასელ შვილს.

ი – კითხულობს. კარგად ცნობს ასოებს, მაგრამ სიტყვის გამთლიანება უჭირს.

Რა გამოვიდა?- ვეკითხები.

ოთახი – მპასუხობს ის. ვიცინით 🙂

Მას შემდეგ, რაც იუმორით და სიმშვიდით შევხვდით სირთულეებს, ბევრი ვიცინეთ წაკითხულზე ორივემ, ყველაფერი უკეთ წავიდა. Მთავარია, დრო გამოვძებნოთ მათ დასახმარებლად და მეტი. ენერგია მივმართოთ იქითკენ, სწავლება სასიამოვნო პროცესად ვაქციოთ. Კარგი იქნება თუ გვეცოდინება ისიც, რომ ონლაინ სწავლება პირველკლასელთათვის (არამარტო მათთვის) ბევრი მიზეზის გამო იქნება კიდევ არაკომფორტული. ბავშვები დარდობენ როგორ გამოიყურებიან ეკრანზე, როგორ გამოიყურება მათ უკან ფონი, რამდენად აქვთ ხელშეწყობა ოჯახებიდან, ხომ არ არის ხმაური სახლში (ტელევიზორის ხმა, ოჯახის წევრების ლაპარაკი), რაც მათ აბნევს და ყურადღებას უფანტავს;

ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ არც ისე კარგად იცნობენ კლასელები ერთმანეთს და ონლაინ კომუნიკაციისას რცხვენიათ აზრის გამოთქმა, რცხვენიათ შეცდომების დაშვების კითხვის დროს და ამას უფრო მეტად განიცდიან. Ბევრი ასეთი დეტალია, რომელიც ონლაინსწავლებას თან ახლავს და რეალურ სასწავლო გარემოში, ეს უფრო მალე იქნებოდა დაძლეული. თუმცა, რა რეალობაც გვაქვს, უმჯობესია იმ რეალობას მოვერგოთ და ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ. ამ პატარა დეტალების არ შემჩნევა კი ნამდვილად დააზარალებს მოსწავლეს და დააზარალებს სწავლების ხარისხსაც, პირველკლასელის განწყობას და დამოკიდებულებას სასწავლო პროცესის მიმართ, თუ დროულად არ ჩავერევით.

ინ რთული სასწავლო სეზონი გვაქვს, არც ისე საიმედო ეპიდემიოლოგიური პროგნოზით და იმ საერთაშორისო თუ ადგილობრივი ანგარიშებით და კვლევებით, სადაც აღნიშნულია აკადემიური დანაკარგების შესახებ, განსაკუთრებით დაწყებით კლასებში. Მოდუნების და თვალის მოხუჭვის დრო არ გვექნება, მათ გვერდით უნდა ვიყოთ, როცა დავჭირდებით და უნდა წავახალისოთ დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები, რომ შემდეგ კლასებში უკვე დამოუკიდებლად გაართვან თავი სირთულეებს. მანამდე კი დავეხმაროთ მათ მათთვის გადაულახავი პრობლემის გადაჭრაში, რომ შემდეგ თავად იკვლიონ გზა სწავლის სამყაროში, რომელიც ერთდროულად არის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესი.

მოგზაურობა „უღლების მატარებლით“

1

ყველა ჩემმა მოსწავლემ იცის, რომ – თამუნა მასწავლებლის საყვარელი მეტყველების ნაწილია ზმნა. მის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ხოლმე. გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის სახალისო გამეხადა ქართული ზმნის მეტად რთული ბუნების შესწავლა და შევქმენი რესურსი, თვალსაჩინოება. რესურსის შექმნის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში ზეპირი და წერილობითი კულტურის უნარის დახვეწა. ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა ხომ უცილობლად ყველა ქართველის ვალია.  წინადადების ხერხემალი კი გახლავთ ზმნა. მეტყველების ნაწილი, რომლის საფუძვლიანი შესწავლაც მრავალ კლიტულს გააღებს. ზმნის უღლება ხომ მოსწავლეების აქილევსის ქუსლია.

 

არ მინდოდა სერიებისა და მწკრივების შესახებ მოსწავლეებს მხოლოდ განყენებული წარმოდგენებით დაეზეპირებინათ რთული წესები. ისინი ვამოგზაურე „უღლების მატარებლით“ ზმნის სამყაროში. რესურსი შეესაბამება ესგ-ით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს ამა თუ იმ კლასში.

 

თვალსაჩინოების მეშვეობით:

  • მოსწავლეებმა განიმტკიცეს სერიებისა და მწკრივების შესახებ შეძენილი თეორიული ცოდნა;
  • განუვითარდათ დაკვირვებისა და ტრანსფერის უნარი;
  • შეძლეს ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურების მართებულად გამოყენება;
  • შეძლეს ტექსტების ენობრივ-სტრუქტურული ანალიზი;
  • მოახდინეს სხვადასხვა სახის ინფორმაციის სინთეზი.

 

შემოთავაზებული თვალსაჩინოება გახლავთ სახალისო სწავლებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი ნიმუში.

 

აღნიშნული თვალსაჩინოების გამოყენება შესაძლებელია VII, VIII, IX, X, XI კლასებში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. თვალსაჩინოება მოსწავლეს დაეხმარება ვიზუალური მასალის აღქმით ქართული ენის ესოდენ რთული ბუნების გათავისებაში. ვინაიდან ზმნა წინადადების ხერხემალია, სული და გულია ქართული ენისა. იგი არის მოსწავლეთა სწავლების სამიზნეც. თვალსაჩინოების გამოყენება შესაძლებელია როგორც მიმდინარე, ასევე შემაჯამებელ გაკვეთილზე.

 

ჩვენ მას „უღლების მატარებელი“ დავარქვით, ყველა ვაგონს, ანუ ქაღალდის ყუთს ჰქვია მწკრივის სახელი, ყუთებში ჩაყრილია კითხვები, მაგალითები, წინადადებები, მონაკვეთები ტექსტიდან, რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება, უკეთ აღიქვას და განიმტკიცოს თეორიულად ნასწავლი მასალა სერიებისა და მწკრივების შესახებ.

 

აღნიშნული თვალსაჩინოება მოსწავლეებს დაეხმარება არა მხოლოდ ენის სისტემის აღწერა-კლასიფიკაციაში, არამედ სამეტყველო ამოცანის შესატყვისი სწორი, აზრობრივად ზუსტი, სტილისტურად მართებული ტექსტის აგებასა და გადმოცემაში.

 

„უღლების მატარებელი“ შეგვიძლია გამოვიყენოთ კონკრეტული ტექსტის განხილვისას, ვთხოვოთ მოსწავლეებს ტექსტიდან ამოკრიბონ ზმნები, გადაანაწილონ და დააჯგუფონ უღლების ტიპის მიხედვით.

 

თვალსაჩინოების გამოყენება შესაძლებელია უცხო ენების სწავლებისას, ენათა გრამატიკული საკითხების შედარებისას, მათ შორის მსგავსება-განსხვავების წარმოსაჩენად. იგი ასევე ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ ისტორიის გაკვეთილზეც და მას „დროის მატარებელი“ ვუწოდოთ – ყუთებში განთავსებული ზმნების მეშვეობით მოსწავლეებს ფაქტები ქრონოლოგიური სიზუსტით დავალაგებინოთ და ა.შ.

გირჩევთ, თავად შექმნათ რესურსები მოსწავლეებთან ერთად, ჩართოთ ისინი კეთების პროცესში. რესურსის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ცოდნის სამივე კატეგორიაზე გასვლას, განსაკუთრებით კი აქცენტი გავაკეთოთ პირობისეულ ცოდნაზე.

როგორ წავაკითხოთ კლასიკური რომანი მოზარდებს – პირველი ნაწილი

0

საბავშვო ლიტერატურა დროსთან ერთად იცვლება – რას ვკითხულობდი მე, რას კითხულობდა ჩარლზ დიკენსი და რას კითხულობს ჩემი 12 წლის გოგონა? დროისა და სივრცის უცნაური გადაკვეთაა. მკითხველად ჩამოყალიბების გზა არ არის მარტივი, პირიქით, გაუვალ ტყეში სიარულს ჰგავს. ერთხელ ჩემმა მეგობარმა ნიკამ მითხრა, ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ მთის ბილიკებს ბალახებმა და ხეებმა გადაუარაო. კითხვაც მთის ბილიკებს მაგონებს – სხვების ნავალს, მერე მივიწყებულსა და აღმოსაჩენს, თუმცა, ახალი გზის მიგნებაც შესაძლებელია.

ხშირად ვუბრუნდები ბავშვობას. თითოეულ მოგონებას გულში ვინახავ და ვუფრთხილდები. ბავშვობაში წაკითხულმა წიგნებმა ჩემი ცხოვრება შექმნა. ამას ხშირად ვუმეორებ ჩემს შვილებსა და მოსწავლეებს, ჯერ რომ ვერ ხვდებიან ნათქვამის არსს და ვალდებულების მოხდის მიზნით მეთანხმებიან.

დროსთან ერთად საკითხავი ლიტერატურაც იცვლება. მესამე კლასში წავიკითხე „ბიძია თომას ქოხი“, რომელსაც ხელმეორედ 27 წლისა მივუბრუნდი და გამიკვირდა, როგორ შევძელი მისი წაკითხვა. თუმცა ახლაც მძაფრად მახსოვს პატარა ევას სიკვდილი. ჩემს ოთახში ვიჯექი და ცხარე ცრემლით ვტიროდი. ჩემი ძმის მეგობარი ამირანი გაოცებული მიყურებდა. რომ არა ეს ეპიზოდი, 8-9 წლის ლელას ცხოვრების ერთი დღე სამუდამოდ დაიკარგებოდა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თანამედროვე სამყაროში ნებისყოფა, რომლის გარეშე ადამიანები კითხვის სირთულეებს თავს ვერ გავართმევთ, ელვისუსწრაფესად ქრება.

ბავშვობის შთაბეჭდილებების გამოხმობა და ჩემი გოგონასთვის გაცნობა, კლასიკური რომანისადმი ინტერესის გაღვივება და მისთვის ზრუნვა – ეს ყოველივე გახდა მიზეზი „დავით კოპერფილდის“ წაკითხვისა და თეკლასთვის კითხვის სურვილის აღმძვრელი მეგზურის შექმნისა.

ამ წერილის ადრესატი ჩემი გოგონა თეკლაა, თუმცა, რადგან სტატიად უნდა იქცეს, ყველა მის თანატოლს მოვიაზრებ და მივმართავ.

თეკლა, დიდი იმედი მაქვს, ჩემი აზრები შენთვის საინტერესო იქნება და წიგნის წაკითხვის სურვილი გაგიჩნდება, თუმცა, თავიდანვე უნდა გაგიმხილო, რომ ცოტა მეშინია. ჩარლზ დიკენსმა „დავით კოპერფილდი“ 1850 წელს დაწერა. ზუსტად 171 წლის წინ. ამ წიგნში ასახული ეპოქა XXI საუკუნის ტექნოლოგიური სამყაროსგან განსხვავდება. პერსონაჟები ცხენებზე შებმული დილიჟანსით დადიან, ერთმანეთს წერილებს სწერენ, მამაკაცებს ფრაკები აცვიათ, ხოლო ქალებს – კორსეტიანი, გრძელი კაბები, თუმცა, შენ იმაშიც დარწმუნდები, რომ ამ სამყაროში არსებობს მარადიული ღირებულებები – სიკეთე, მეგობრობა, ზრუნვა, თავდადება, გულწრფელობა, სიმართლე, პატიება და ასევე არსებობს მანკიერებები – ბოროტება, ღალატი, სიძულვილი, ტყუილი, მლიქვნელობა, ორპირობა და მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი განსხვავებებისა, გრძნობათა აღზრდის საუკეთესო საშუალებად კაცობრიობას ლიტერატურა გამოუგონებია. შენ მიხვდები, რომ ლიტერატურა ჩვენში ზრდის კეთილსურნელოვან ხეს, რომელიც გულში იდგამს ფესვებს. შენ რომელი ხე გაგახსენდა ახლა? მე ბეღლორის ბექობზე მდგარი უზარმაზარი ნაძვი.

მოდი, დავიწყოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ.

რატომ შევარჩიე ეს წიგნი?

მარისი ბებოს და პაპიკოს სახლის მისაღებ ოთახში, ე.წ. „ზალაში“, ყველაზე დიდ კედელთან კაკლის ხის დაჭიანებული კომოდი დგას. ორასამდე წლის უჯრების გამოხსნას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ის მარისი ბებოს ბებიამ, მატრომ, მე მაჩუქა. კახეთიდან ძლივს ჩამოვიტანეთ. მახსოვს, მატრო ბებოს როგორ ჰქონდა ჩაწყობილი გახამებული და საგულდაგულდ დაუთავებულ-დაკეცილი თეთრეული. ჩემს ბავშვობაში კედელთან კომოდის ნაცვლად უსახური თაროები იდგა. ერთ-ერთ თაროზე, ზურა ძიას ოთახთან ახლოს, საბავშვო წიგნები ეწყო. ჩვენს დროს არც ინტერნეტი იყო, არც მობილური ტელეფონები და კომპიუტერები გვქონდა, ამიტომ დროის მოსაკლავად წიგნებს შევაფარე თავი. ამ თაროზე მარისი ბებოს ერთ რიგად ჩაემწკრივებინა პრიალაყდიანი წიგნები, რომლის სერიის საერთო სახელი იყო „ბიბლიოთეკა ბავშვებისთვის“. ერთ-ერთს ლურჯი კანტი გასდევდა და ყდაზე დიდი ასოებით ჩარლზ დიკენსი ეწერა. მართალი გითხრა, ბევრი არაფერი მახსოვს ამ წიგნიდან ერთი ეპიზოდის გარდა – მთავარი პერსონაჟი ფანჯრის რაფაზე მოკუნტულა და გულნატკენი საკუთარ შიშებთან გამკლავებას ცდილობს. კიდევ მახსოვს საჭმელები, ძირითადად, ჩემთვის უცხო ტკბილეულობა, მაგალითად, სიტყვა „პუდინგი“ და კმაყოფილების განცდა, როცა მშიერი დავითი გემრიელად ნაყრდებოდა. ალბათ, მიხვდი მიზეზს. 90-იანებში თითქმის ყველა ბავშვს გვშიოდა და პერსონაჟებთან ერთად დანაყრებაც კი დიდი სიამოვნება იყო ჩვენთვის. შენ თუ აკვირდები საჭმელების სახელწოდებებს წიგნებში? ვიცი, რომ ენიდ ბლაიტონის პერსონაჟების გავლენით ჯინჯერის ლიმონათის დაგემოვნებაზე ოცნებობ. კიდევ რა შეგიძლია გაიხსენო?

ალბათ, შეგიმჩნევია, წაკითხული წიგნების შინაარსი, ავტორისა და პერსონაჟთა სახელები რა მალე გვავიწყდება. ეს საგანგაშო სულაც არ არის. ბევრჯერ მითქვამს, თუკი წიგნზე საუბარი გვსურს, მაშინ არ უნდა დაგვეზაროს საინტერესო ადგილებისა და უცხო სიტყვების მონიშვნა, წიგნის შესახებ რეცენზიების წაკითხვა, ავტორის ბიოგრაფიის გაცნობა. შენთვის „დავით კოპერფილდის“ კითხვა მაისში დავიწყე. წიგნში ალაგ-ალაგ დაგხვდება მინაწერები, რომლებიც ჩემს ყოველდღიურობას ასახავს, ასევე მოკლე კომენტარები მოვლენებისა და პერსონაჟების შესახებ. კითხვა აგვისტოში განვაგრძე და მივხვდი, რომ კარგად აღარ მახსოვდა შინაარსი, ამიტომ ხელახლა წავიკითხე. ბოლოს ისევ ფურცელ-ფურცელ მივუბრუნდი და ამოვიწერე ყველაფერი, რაც წერილისთვის დამჭირდებოდა. ასე დაწვრილებით იმიტომ აღვწერ პროცესს, შენთვის პირად მაგალითად რომ იქცეს.

ჩარლზ დიკენსს უწერის სკოლაში დავუახლოვდი ხელახლა. შენ მაშინ 5 წლის იყავი. „ოლივერ ტვისტი“ ონში შევიძინე და პირველ ლიტერატურულ კაფეში წარვადგინე. მერე ყველამ წაიკითხა და შეიყვარა ობოლი და თავგადასავლებიანი ოლივერი. მერე „ნიკოლას ნიკლბი“, „პიკვიკ კლუბის ჩანაწერები“, „ორი ქალაქის ამბავი“ და „დიდი იმედები“ წავიკითხე. „დავით კოპერფილდი“ კი ყველაზე ხშირად მხვდებოდა ჩემი მეგობრების წერილებსა თუ რომანებში. ორი კურდღლის ერთად დაჭერა გადავწყვიტე – პირველი ის, რომ ჩემს ბავშვობას მივბრუნებოდი და მეორეც, შენთვის წამეკითხა, შესაბამისად, საკუთარი აზრი ჩამომყალიბებოდა ამ კლასიკური რომანისადმი.

მწერალი

Google-ის საძიებო ველში ჩაწერე ჩარლზ დიკენსი და სურათს დააკვირდი. XIX საუკუნის პორტრეტიდან შუახნის მამაკაცი ნაღვლიანი თვალებით გვიმზერს. „დავით კოპერფილდი“ რომ დაწერა, უკვე საკმაოდ ცნობილი მწერალი ყოფილა. ჩარლზ დიკენსი ინგლისელი მწერალია. რვაშვილიან ოჯახში დაიბადა. მამას ვალები ჰქონია, რის გამოც ციხეშიც კი მჯდარა. პატარა ჩარლზს მძიმე შრომა უწევდა თავის სარჩენად. ერთხანს ფეხსაცმლის საწმენდი საშუალების მწარმოებელ ქარხანაშიც უმუშავია. მისი რომანები ჟურნალ-გაზეთებში ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა. ხალხი მოუთმენლად ელოდა ამბის გაგრძელებას. დაახლოებით რომ წარმოიდგინო, პარალელი გაავლე სერიალების ყურებით გატაცებული უფროსი თაობის ადამიანებთან.

ჩარლზ დიკენსი აღწერდა ინგლისის საზოგადოების რეალურ ყოფას. ის ამხელდა საზოგადოებრივ უთანასწორობას, უბრალო ადამიანებს ახლოდან აცნობდა მკითხველს და ამ მხრივ ხელს უწყობდა თავისი ქვეყნის განვითარებას.

მის ბიოგრაფიაში მუდამ აღნიშნულია პირადი ცხოვრების ღრუბლიანი მხარე. ცოლთან ათი შვილი შეეძინა, შემდეგ კი გაშორდა. გირჩევ, მისი საქციელის განსჯისგან თავი შეიკავო, რადგან ცხოვრება იმაზე რთულია, ვიდრე წარმოგვიდგენია და ყველა ადამიანს აქვს თავისი წილი სიმართლე. ყველა შემდგომი სასიყვარულო ურთიერთობა იმდეგაცრუებით დასრულებულა.

„დავით კოპერფილდი“ ავტობიოგრაფიული რომანია. ჩარლზ დიკენსს ეპიზოდებსა თუ პერსონაჟების ხასიათებში თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება მიმოუბნევია. თავადაც ყველაზე მეტად „დავით კოპერფილდი“ ჰყვარებია.

 

წარწერა

წიგნების წარწერებს თუ აკვირდები? თუ ცდილობ, ამოიცნო, რა მოტივით წერდა ადრესანტი წარწერას? ამ ბოლო დროს წარწერები სევდას მგვრის, რადგან დროის ულმობელობას მახსენებს. ჩემი საყვარელი ადამიანების ხელწერა კი გულს სითბოთი მივსებს. წიგნზე, რომელიც უნდა წაიკითხო, 1989 წლის 12 ივლისს ანა ბებოს თავისი სამი ბიჭის სახელი დაუწერია. გახსოვს, როგორი ხელწერა აქვს შენს ბებიებს?

ყდა, ილუსტრაციები, სარედაქციო კოლეგია

ჩემი ბავშვობის წიგნებს ძალიან ცოტა და მინიმალისტური ილუსტრაცია ამშვენებდა. ერთი თვის წინ უწერის სკოლის „ჯადოსნური სამყაროს ოთახში“ რობინ ჰუდის ძველი გამოცემა აღმოვაჩინე. გადავშალე და ნაცნობმა ნახატმა შემომანათა – რობინ ჰუდს ხელში უჭირავს მერიენი. ეს იმდენად ამაღელვებელი იყო ბავშვობისას, რომ საათობით დავყურებდი. მხატვრის მიერ ასახული ილუსტრაცია უცნობ სამყაროსთან მაახლოებდა, უკვე გაზრდილს რომ უნდა განმეცადა.

კიდევ თენგიზ მირზაშვილის მინიმალისტური ორნამენტები და ფიგურები მახსოვს ქართული ხალხური ზღაპრებიდან. ვუყურებდი და მთელ ზღაპრულ სამყაროს ვხედავდი.

ილუსტრაციების „წაკითხვა“ ჩემს მოსწავლეებთან ერთად ვისწავლე. თითქოს აქამდე ვერც კი ვამჩნევდი ბევრ რამეს. შენ ჩემგან განსხვავებით დაკვირვებული თვალი გაქვს, თან ციფრული სურათ-ხატების სამყაროში ცხოვრობ და ეს ძალიან მომწონს. მიყვარს, როცა შენ ჩემზე მეტს და განსხვავებულად ხედავ.

ამ წიგნს ამშვენებს სულ რამდენიმე ილუსტრაცია, რომლის მხატვარი ჩემთვის უცნობი ნინო ზაალიშვილია. ძალიან მომწონს ოვალურ წრეში ჩახატული ლურჯ ფრაკში გამოწყობილი პატარა დავითი, რომლის ფონად ლონდონის უჩვეულოდ მზიანი ცა და ფერადი შენობები იკვეთება. ოვალის მიღმა სხვა პერსონაჟები არიან გამოსახულნი, ჩემი აზრით, ცილინდრის ფორმის შლაპიანი მამაკაცი დავით კოპერფილდია ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. მეორე ილუსტრაციაზე ადვილად ამოიცნობა დავითი დედასთან, მისის კოპერფილდთან, ერთად. ოთახის ინტერიერიც ძველებურია – ბუხრის თავზე პორტრეტი ჰკიდია, შანდალი, საათი და პატარა ჩაიდანიც ფიქრების ამშლელია. დავითს დედასთან ყოფნით ტკბობა დიდხანს არ დასცალდა. ალბათ, ამიტომ შეარჩია ეს ეპიზოდი მხატვარმა, რადგან მისის კოპერფილდს მწერალი დაჩაგრულ ქალად გვაცნობს, თუმცა მისი დედობრივი სინაზე და სიყვარული მომნუსხველია.

წიგნი გამომცემლობა „ნაკადულს“ ეკუთვნის. თავფურცელზე სარედაქციო კოლეგიაა დატანილი. სახელებსა და გვარებში რამდენიმე საყვარელი მწერალიც აღმოვაჩინე. მათ შენც იცნობ საპროგრამო მასალიდან, მაგალითად, რევაზ ინანიშვილი, არჩილ სულაკაური, გურამ პეტრიაშვილი, გივი ჭიჭინაძის ლექსებს კი პატარაობისას ხშირად გიკითხავდი.

ერთი სიტყვით, ჩემი მიზანია, წიგნზე დაკვირვებისკენ გიბიძგო. სანამ ის ჩვენამდე მოაღწევს, დიდ გზას გადის და ბევრი ადამიანის ფიქრსა და შრომას მოიცავს. მადლიერებით სავსე ფიქრები, რომლებსაც მათ გავუგზავნით, აუცილებლად გაიკვლევს გზას.

შენ რომელი ილუსტრაცია გახსენდება წაკითხული წიგნებიდან?

შესავალი წერილი

„წიგნი სიკეთისა“ – ასე ჰქვია წერილს, რომელიც რომანის დასაწყისამდე შემოგხვდება. მისი ავტორი ძალიან კარგი მწერალი, ოთარ ჩხეიძეა. ვფიქრობ, შესავალი წერილის წაკითხვა ამ ეტაპზე გაგიჭირდება და შეიძლება, რომანის კითხვის სურვილიც გაგინელოს. ჯერ ცოტა რთულია შენთვის ვრცელი საინფორმაციო ტექსტების კითხვა, თუმცა, ამის დროც მოვა, როცა ისინი დიდ სიხარულსა და სიამოვნებას მოგანიჭებს. მე კი ოთარ ჩხეიძის წერილი „წიგნი სიკეთისა“ რამდენჯერმე წავიკითხე. როგორც სათაურიდან მიხვდი, ავტორი „დავით კოპერფილდს“ სიკეთის წიგნს უწოდებს და ეს ისეთი ზუსტი შეფასებაა, ვერაფერს დავუმატებ. აქვე გამოყოფს ორ პერსონაჟს – სტირფორდსა და ური ჰიპს და მსჯელობს მათი ბნელი მხარეების სივერაგეზე.

მთარგმნელი

ოთარ ჩხეიძის წერილიდან ასევე ვიგებთ მთარგმნელის – ქეთევან-ბაქრაძე ინგოროყვას – შესახებ. ქალბატონ ქეთევანს წიგნი 1934 წელს უთარგმნია, თითქმის ასი წლის წინ და ეს ლექსიკასაც (სიტყვებს) ეტყობა. გიფიქრია თარგმანის შესახებ? წარმოიდგინე, როგორი დიდი და შრომატევადი საქმეა. მე ყოველთვის ვაკვირდები მთარგმნელთა სახელებსა და გვარებს. ჩემი აზრით, ისინი განსაკუთრებული ადამიანები არიან და მკითხველის სიყვარულს იმსახურებენ.

ალბათ, დაგაინტერესა რატომ აქვს მთარგმნელს ორი გვარი? ოთარ ჩხეიძე წერილის ბოლო აბზაცში წერს, რომ ქალბატონი ქეთევანი ცნობილი ფილოლოგის, ძველი ქართული საგალობლებისა და ტექსტების მკვლევრის, პავლე ინგოროყვას მეუღლე ყოფილა. „პავლე ინგოროყვამ ორი თავისი ნაწარმოები უძღვნა ქალბატონ ქეთევანსა: „ჩახრუხაისძე. პოეტი. მოგზაური“, ადრეულ ხანებში, და „გიორგი მერჩულე“, ჭეშმარიტი შედევრი ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევისა, სიკვდილის შემდგომ“. – ამ ინფორმაციამ კვლევა-ძიებისკენ მიბიძგა. შევიძინე როსტომ ჩხეიძის წიგნი პავლე ინგოროყვას შესახებ და რომ იცოდე, თეკლა, რა საოცარი ამბები წავიკითხე! საქმე ის არის, რომ სტუდენტობისას ხშირად ვკითხულობდი პავლე ინგოროყვას ნარკვევებს, მაგრამ ახლა დიდი გულისტკივილით გაგიმხელ, რომ გულგარეთ ვკითხულობდი თურმე. შეიძლება, ასაკის გამო ან შეიძლება, არავინ გამიწია მეგზურობა მის დასაფასებლად. ის იყო უდიდესი მეცნიერი, საქართველოზე თავდავიწყებით შეყვარებული ადამიანი. მონაწილეობდა ჩვენი ქვეყნის საზღვრების დადგენაში. მან გამოიკვლია ძველი ქართული ტექსტები და გზა გაგვიკვალა ძველი ქართველი მწერლებისკენ, მათი ნაშრომების ახლებური გააზრება შემოგვთავაზა.

პავლე ინგოროყვას ძალიან ჰყვარებია ქალბატონი ქეთევანი. იმდენად ძლიერად ჰყვარებია, რომ, როცა ქალბატონი ქეთევანისგან უარი მიუღია, საკუთარი თავისთვის ზიანიც კი მიუყენებია – სხეულში ტყვია დაუხლია. საბედნიეროდ, გადარჩენილა, მაგრამ ტყვია ჩარჩენია და სიყვარულის ნიშნად მთელი ცხოვრება უტარებია. ტრაგიკული სიყვარული გარკვეული დროის შემდეგ ბედნიერად დასრულებულა – პირველ ქმართან დაშორების შემდეგ ქალბატონი ქეთევანი ცოლად მოუყვანია პავლე ინგოროყვას და მთელი ცხოვრება დიდ მეგობრობას უწევდა თურმე.

ქალბატონ ქეთევანს სხვა ქალებისგან განსხვავებული გზა აურჩევია – შვილის გაჩენაზე უარი უთქვამს, რათა ქმრის სამეცნიერო მუშაობისთვის ხელი არ შეეშალა. 1934 წელს გასაკვირია ქალი მთარგმნელი. განა მაშინ არ იყვნენ ქალები, რომლებიც სწავლობდნენ და საყვარელი საქმიანობით იყვნენ გატაცებულნი, მაგრამ ამ გადასახედიდან მათი მიზნები, არჩევანი, სურვილები გასაკვირი და დასაფასებელია. ქალებს კაცებისგან განსხვავებით ყოველთვის მეტი შრომა უწევდათ, რადგან პასუხისმგებლობა ოჯახურ საქმიანობაზე, შვილების მოვლასა და აღზრდაზე ძირითადად მათ ეკისრებოდათ.

სათაური

კვლევა-ძიებისას მეც პირველად შევიტყვე, რომ წიგნის სრული სათაური ყოფილა – The Personal History, Adventures, Experience and Observation of David Copperfield the Younger of Blunderstone Rookery (Which He Never Meant to Publish on Any Account), თუმცა დიდ ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში ყველა „დავით კოპერფილდად“ იცნობს. აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ სახელის თარგმნაზე. წესით, „დევიდი“ პირდაპირ უნდა იყოს გადმოტანილი ქართულ თარგმანში. სავარაუდოდ, რადგან ქართული რეალობისთვის „დავითი“ უფრო ნაცნობი სახელია, მთარგმნელმაც „დევიდის“ ნაცვლად ამიტომ შეარჩია.

გამიზიარე შენი ფიქრები სახელის თარგმნის შესახებ.

სიუჟეტი

შეგახსენებ, სიუჟეტი – მოვლენათა განვითარებას გულისხმობს. ამბავი დავითის დაბადებიდან იწყება, მოიცავს მის ბავშვობას, მოზარდობისა და ზრდასრულობის ნაწილს. ჩარლზ დიკენსის ეპოქაში გავრცელებული იყო მთავარი გმირის ცხოვრების აღწერა. შენ ხომ არ გახსენდება მსგავსი წიგნი? შენთვის ალბათ ყველაზე საინტერესო იქნება დავითის ბავშვობის, სკოლისა და პირველი სიყვარულის ამბები, შემდეგ შეიძლება ცოტა მოიწყინო, მაგრამ ერთ მინიშნებას გეტყვი – ამ რომანში არაფერი ხდება შემთხვევით. ყველა ამბავი საოცარი ოსტატობით სიმბოლურად არის ერთმანეთთან გადაჯაჭვული, ამიტომ, გთხოვ, დიდი ყურადღებით წაიკითხო ბოლომდე.

მთხრობელი თავად დავით კოპერფილდია. ის პირველ პირში გვიამბობს თავისი ცხოვრების ამბებს, დროდადრო ჩერდება და აფასებს განვლილ გზას.

თხრობას საინტერესოს ხდის მხატვრული ხერხი – იუმორი და თვითირონია, ასევე სიღრმისეული დიალოგები.

შევეცდები მოკლე შინაარსი იმგვარად გიამბო, რომ პირად აღმოჩენებსა და დაკვირვებებში ხელი არ შეგიშალო.

დავითის მამა შვილის დაბადებამდე გარდაიცვალა. პირველივე გვერდებზე კოპერფილდებს ეწვევათ პაპიდა – ბეტსი ტროტვუდი, რომლის გამოჩენა ახალგაზრდა ქვრივსა და მკითხველს ერთდროულად სცემს თავზარს. ოჯახს საშინაო საქმეებში მოსამსახურე მისის პეგოტი ეხმარება. დავითის ბავშვობაც დედასა და მისის პეგოტის მზრუნველობის ქვეშ ჩაივლიდა, რომ არა დავითის დედის გადაწყვეტილება – ის მისტერ მორდსტონს – სასტიკ, უსულგულო, ანგარებიან მამაკაცს – მისთხოვდა. მისტერ მორდსტონთან ერთად სახლში, რომელსაც ულამაზესი სახელი – „ბლონდერსტონის ჭილყვავები“ – ჰქვია, მისი დის, მისის მორდტსონის, პირქუში წესები გაბატონდება. დავითის დედა სრულიად უმწეო აღმოჩნდება და-ძმის სიმკაცრისა და უსამართლობის წინააღმდეგ. დავითს გაგზავნიან სალემის სასწავლებელში, რომელიც მაშინდელი სკოლის ზოგადი სახეა. XIX საუკუნის ინგლისში, ისევე როგორც საქართველოში, სკოლაში გაბატონებული ყოფილა ჩაგვრა, მასწავლებლები სცემდნენ ბავშვებს, მოვლენებს აბუქებდნენ და „დამნაშავეებს“ სამარცხვინოწარწერებიან დაფას ჰკიდებდნენ. მოდი, აქ შევჩერდები და დავითთან ერთად სალემის სასწავლებელში დაგტოვებ.

 

 

10 მნიშვნელოვანი ცვლილება საკლასო ოთახში ADHD-ისთვის

0

ქვემოთ მოცემულია 10 რჩევა, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად იმოქმედოს ADHD-ის (ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის) მქონე ბავშვის წარმატებაზე.

 

ცვლილებები დროის მართვაში

 

 

  1. დამატებითი დრო საკლასო სამუშაოს, საშინაო დავალებისა და ტესტის დასასრულებლად

 

ADHD-ის მქონე მოსწავლის შემთხვევაში ხშირია დროის მართვასთან დაკავშირებული სირთულეები. ეს რჩევა ასევე შეიძლება დაეხმაროს საგამოცდო შფოთვისა და სიჩქარის ნაკლებობის მოგვარებაში..

 

  1. პომოდოროს მეთოდი

 

ADHD-ის მქონე მოზარდის ტვინს დასვენება უყვარს. და ეს არა იმიტომ, რომ ის უფრო „ზარმაცია“, არამედ იმიტომ, რომ ADHD-ის მქონეს ტვინის „ბატარეა“ უფრო პატარაა, ვიდრე ნეიროტიპური ტვინისა. შესაბამისად, ის უფრო მალე იფიტება და უფრო ხშირი შესვენებები სჭირდება „დასამუხტად“. პომოდოროს მეთოდის დანერგვა „დამუხტვის“ კარგი გზაა. ჩვეულებრივ, ეს მეთოდი გვირჩევს წამმზომის 20 წუთზე დაყენებას და 5-წუთიან შესვენებებს, მაგრამ ADHD-ის მქონე პატარებისთვის დრო შეიძლება შეიცვალოს, მაგალითად, 15 წუთი მუშაობა და 3 წუთი შესვენება 8-დან 18 წლამდე ბავშვებისათვის.

 

ცვლილებები გარემოში

 

  1. მნიშვნელოვანია საკლასო ოთახში მერხების/სკამების განლაგება

 

ყურადღების კონცენტრაციისა და გრძელი გაკვეთილის დროს ჯდომის პრობლემა ADHD-ის დამახასიათებელი ნიშანია. ყურადღების გადამტანების შეზღუდვა მარტივი გზაა უყურადღებობის, არასათანადო ქცევისა და იმპულსური ქმედებების შესამცირებლად. ნუ დასვამთ ასეთ ბავშვებს იქ, სადაც მეტი მოძრაობაა (მაგ. საკლასო ოთახის კართან ახლოს). ასევე ისინი სასურველია ისხდნენ ისეთი დისტრაქტორებისაგან მოშორებით, როგორიცაა – ფანჯარა, კონდიციონერი, დინამიკები და ხელისშემშლელი თანატოლები.

 

მორგებული ხელსაწყოები და აღჭურვილობები

 

  1. მორგებული სკამები

 

ADHD-ის მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით ჰიპერაქტიურ-იმპულსური ტიპისას, უჭირთ წყნარად, უმოძრაოდ ჯდომა, და ზოგადად, სხეულის კონტროლი. სპეციალური, მორგებული სკამები საშუალებას აძლევს მათ, დახარჯონ მოჭარბებული ენერგია სკამზე ჯდომისას და ეს შვებაა როგორც მასწავლებლების, ასევე მათი თანატოლებისათვის. სპეციალური ლენტები საშუალებას აძლევს მათ, ამოძრაონ ტერფები ისე, რომ სხვები არ შეაწუხონ. ასევე დასაშვებია მოძრავი სკამები,  ბალიშები და წონასწორობის ბურთები.

 

  1. რჩევა წერის სირთულის მოსაგვარებლად

 

ADHD-ის ბავშვებს ხშირად ახასიათებს დისგრაფია – სწავლის სირთულე, რომელიც გამოიხატება როგორც ასოების, ასევე ციფრების წერის უუნარობაში. ფანქრის დამჭერები (Pencil grips), დახრილი დაფები, გრაფიკული ორგანიზატორები და ხაზგასმული ფურცლები შეამცირებს წერის პრობლემებს.

 

რჩევა მუშა მეხსიერების დეფიციტისას

 

  1. მეხსიერების დატვირთვის შემცირება

 

მუშა მეხსიერება ხშირად შესამჩნევი პრობლემაა ADHD-ის მქონე ბავშვებში. ეს გავლენას ახდენს მათ შესაძლებლობაზე, ისწავლონ და დაიმახსოვრონ ინფორმაცია გამოცდებისათვის. მათთვის მასწავლებელმა შეიძლება შექმნას ჩანაწერები ან სასწავლო მითითებები. უმჯობესია, თუ რომელიმე ბეჯითი მოსწავლე თავის ჩანაწერებს მიაწვდის მას. რა თქმა უნდა, ამ დროს დაცული უნდა იყოს კონფიდენციალურობა.

 

რჩევები შფოთვისას

 

ხშირად ADHD-ის მქონე ბავშვს სხვა შფოთვითი აშლილობაც აქვს, მაგალითად, ზოგადი შფოთვა, სოციალური შფოთვა და პანიკური აშლილობა. ამას ხელს უწყობს ის, რომ არ შეუძლია ფოკუსირება, აქვს მეხსიერების პრობლემები და სხვა სტრესი.

 

  1. შესვენებები კედლებგარეთ

 

ბავშვისთვის საკლასო ოთახის დატოვების უფლება მნიშვნელოვანია. ADHD-ისა და შფოთვის მქონე ბავშვებისათვის ეს განტვირთვა საჭიროა, რადგან საკლასო ოთახი მათთვის დამღლელი და ხშირად ზედმეტად მასტიმულირებელია. გართულებების თავიდან ასაცილებლად, მასწავლებელს შეუძლია შეზღუდოს გასვლების რაოდენობა, ან კედლებგარეთ გატარებული დრო.

 

  1. ADHD და სოციალური შფოთვა

 

კვლევებით დადგინდა, რომ სოციალურ შფოთვას ხშირად თან ახლავს ADHD. საკლასო პრეზენტაციები ასეთი ადამიანებისათვის პანიკის გამომწვევი და მატრავმირებელიც შეიძლება იყოს. მასწავლებელს შეუძლია ნება დართოს ასეთ ბავშვს, წინასწარ ჩაიწეროს სახლში პრეზენტაცია ან პირადად წარუდგინოს მას. საუკეთესო გამოსავალია შესაბამისი სპეციალისტის დახმარება შიშის დასაძლევად, რათა ეს ცვლილება არ გახანგრძლივდეს.

 

სოციალიზაციის მხარდაჭერა

 

  1. მეგობრების დახმარება

 

ADHD-ის მქონე ბავშვებს უჭირთ ცვლილებებთან გამკლავება: კლასების შეცვლა, საგნიდან საგანზე გადართვა, დავალებაზე მუშაობის დაწყება და ა.შ. გარდა დამატებითი დროის მიცემისა, მასწავლებლის მიერ დანიშნული თანატოლის ხელშეწყობა გაცილებით შეამსუბუქებს ამ ცვლილებებს.

 

  1. სთხოვეთ მასწავლებელს, დააკისროს თქვენს ბავშვს სპეციალური როლი გაკვეთილის დროს

 

ADHD ბავშვი ხშირად ხდება ბულერების სამიზნე, რადგან მათი ქცევა ხშირად იქცევს ნეგატიურ ყურადღებას. მასწავლებლის მიერ მისთვის „სპეციალური“ როლის ან საქმის დაკისრება ხელს შეუშლის მსგავს შემთხვევებს. ეს შეიძლება იყოს მაგ. „მოსწავლის დამხმარე“, „ფურცლების (რვეულების) დამრიგებელი“, „მასწავლებლის ასისტენტი“ და სხვ.

 

 

 

წყარო: https://www.psychologytoday.com/intl/blog/the-reality-gen-z/202109/10-essential-classroom-accommodations-adhd

 

 

ხმამაღლა კითხვის აუცილებლობა

0

ამერიკელ მწერალსა და პედაგოგს დუგ ლემოვს მიაჩნია, რომ წიგნების ხმამაღლა კითხვა არა მხოლოდ ლექსიკას უმდიდრებს ბავშვს, არამედ იმაშიც ეხმარება, რომ უფრო ყურადღებიანი გახდეს. გარდა ამისა, კითხვა ავითარებს კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარს.

როდესაც მკითხველი ამჩნევს, რომ კითხვის დროს რაღაც გამორჩა ან კარგად ვერ გაიგო, წაკითხულს უბრუნდება და გამორჩენილ პასაჟს ან წინადადებას თავიდან კითხულობს. ზოგს მინდვრებზე კომენტარების გაკეთება ან ფანქრით მისთვის მნიშვნელოვანი წინადადებების ხაზგასმა სჩვევია, ზოგი უცხო სიტყვის განმარტებისთვის ლექსიკონს იშველიებს, ზოგი ძილის წინაც კი ფიქრობს იმ ფარგმენტზე, რომელმაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა და ცდილობს, წინასწარ ამოიცნოს როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო თავში.

კითხვისას რთული სისტემების სიმბოლოთა სწრაფი დეკოდირების უნარი ის უნარია, რომელიც ადვილად შეიძლება განვავითაროთ. დუგ ლემოვის აზრით, ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა წიგნის კლუბის მარტივი ვარიაციის შექმნაა.

„წიგნის კლუბი ნიშნავს წიგნის ერთობლივ და ხმამაღალ კითხვას, რომელშიც მთელი კლასია ჩართული, – ამბობს ის, – კლუბი ხელს უწყობს სწრაფი კითხვის, მეტყველების, კომუნიკაციის უნარის განვითარებას, ლექსიკის გამდიდრებასა და ყურადღების კონცენტრირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებსაც ხშირად უგულებელყოფენ“.

გაგაცნობთ სამ პრაქტიკას, რომლებსაც ლემოვი და სხვა პედაგოგები კლასში ხმამაღლა კითხვის დასაწყებად გვირჩევენ:

  1. წიგნის კლუბი – მასწავლებელი ირჩევს საინტერესო წიგნს და მას ხმამაღლა კითხულობს. ის ამბავზე უფრო ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე მის ანალიზზე. ლემოვის თქმით, ეს პრაქტიკა ნებისმიერ სასკოლო საგანს შეეფერება. „რამდენიმე წლის წინ წიგნის კლუბი Rochester Prep-ის სკოლაში დავნერგეთ. კითხვის პროცესში ყველა მასწავლებელი ჩავრთეთ და შევქმენით მცირე ჯგუფები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურდათ, მეტი ეკითხათ“.

ხმამაღლა კითხვის დროს მასწავლებელი იყენებს გამომსახველობით საშუალებებს და საავტორო პაუზებს, – ამბობს ლემოვი, – რომლებიც ასე აცოცხლებს წიგნს. შეუძლია, დროდადრო მცირე ხნით შეწყვიტოს კითხვა ცალკეული სიტყვების ასახსნელად. ბევრი ბავშვი სწორედ ასე სწავლობს კითხვის სიყვარულს, ივითარებს სწრაფი აზროვნების, ყურადღების კონცენტრირების უნარს, ივსებს სიტყვების მარაგს.

  1. გუნდური კითხვა – საკლასო ოთახში ერთხმად კითხვა ბავშვებისთვის კითხვას პროცესს უფრო სასიამოვნო და ინკლუზიურ პროცესად აქცევს. ეს მეთოდი წარმატებით ენაცვლება ერთმანეთის მიყოლებით წრეში კითხვის მეთოდს, ასევე – მეთოდს, როდესაც მოსწავლეები თავად ირჩევენ, კითხვა ვინ გააგრძელოს. „ჩემ მიერ წაკითხული ოცდაათზე მეტი სტატიიდან, რომლებიც საკლასო ოთახში კითხვას ეხებოდა, მხოლოდ ერთი მიეძღვნა წრიული კითხვის სარგებლობას და მის ვარიაციებს“, – ამბობს ტომ ფინლი, ინგლისური განათლების პროფესორი.

ნიუ იორკის Concourse Village-ის დაწყებითი სკოლა აქცენტს სვამს სწრაფ კითხვაზე და ხაზს უსვამს ერთი და იმავე ტექსტის განმეორებით წაკითხვის მნიშვნელობას. მოსწავლეები ერთად კითხულობენ ტექსტს და იმეორებენ მას მთელი კვირის განმავლობაში საკლასო ოთახში, წყვილებად ან ცალ-ცალკე. ისინი ყოველდღე მუშაობენ ამა თუ იმ უნარის დახვეწაზე: მთავარი იდეის ხაზგასმაზე, კომენტარის გაკეთებაზე, მნიშვნელოვანი დეტალების გამოვლენაზე, ავტორის ოსტატობის ანალიზსა და დასკვნების ფორმულირებაზე. ვინაიდან ერთ რთულ ტექსტს ხუთი დღის განმავლობაში კითხულობენ, ბავშვები ითვისებენ რთული ტექსტების შესწავლის ძალიან მნიშვნელოვან და საიმედო უნარს.

  1. ბოლო ხუთი წუთი – საშუალო სკოლის ასაკის მოსწავლეთა უმეტესობა წიგნებს ხმამაღლა აღარ კითხულობს, არც სკოლაში, არც შინ, – წერს კეისი შორტი, ენებისა და სოციალური მეცნიერებების მასწავლებელი. მისი აზრით, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც მოზარდები ხმამაღლა წაკითხულს ისმენენ, ტექსტის გაგება და რთული ლიტერატურის გააზრების უნარი ეხვეწებათ, სტრესის დონე კი უმცირდებათ.

კლასში კითხვის სიყვარულის განსავითარებლად შორტი თავის მოსწავლეებს ხმამაღლა უკითხავს წიგნს გაკვეთილის ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში. „ხშირად მეკითხებიან, როგორ ვახერხებ კითხვისთვის ყოველდღიურად დროის გამონახვას, მაგრამ ეს ხუთი წუთი ნამდვილი საჩუქარია მოსწავლეებისთვის, – წერს შორტი, – მე მათ ვუზიარებ კითხვის სიყვარულს, ვხვეწ ენის სწავლების მეთოდებს და ვაცნობ ახალ ავტორებს, ჟანრებსა და თემებს“.

კლასში წასაკითხ წიგნებს მოსწავლეები არჩევენ. წიგნი არა მხოლოდ საინტერესო, რთულიც უნდა იყოს. კითხვის დროს მასწავლებელს შეუძლია, კითხვაც დასვას, უბიძგოს მოსწავლეებს აზრთა გაცვლა-გამოცვლისკენ, ამ და სხვა ტექსტებს შორის კავშირების აღმოჩენისკენ. ხუთწუთიანი კითხვის შემდეგ კლასიდან გამოსული მოსწავლეები აგრძელებენ წიგნზე საუბარს, ხშირად აინტერესებთ, როგორ გაგრძელდება ამბავი.

არავინ დავობს იმაზე, რომ ბავშვებმა ხმამაღლა უნდა იკითხონ და სწავლის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი არ გამოტოვონ, მაგრამ გვჭირდება თუ არა ხმამაღალი კითხვა ზრდასრულებს? თურმე გვჭირდება. ხმამაღალი კითხვა მოზრდილებსაც აძლევს საშუალებას, ნებისმიერ ასაკში განივითარონ გონებრივი და სამეტყველო უნარები.

ხმამაღალ კითხვას უხმოსთან შედარებით აქვს რამდენიმე უპირატესობა, რომლებიც ტვინის მუშაობის მექანიზმებს უკავშირდება: ხმამაღლა კითხვის დროს ადამიანი სხვა რამეზე არ ფიქრობს, მისი ყურადღება ტექსტზეა კონცენტრირებული. თუ ახალი სიტყვები შეხვდა, უნდა გაიგოს მათი მნიშვნელობა და შეამოწმოს წარმოთქმა, ეს კი ზრდის მის აქტიურ ლექსიკონში უცნობი სიტყვების მოხვედრის ალბათობას. გარდა ამისა, წაკითხულ ტექსტს ტვინი სამმაგად ამუშავებს – როგორც ვიზუალურ, ხმოვან და კუნთოვან (ტუჩებისა და ენის მოძრაობები) ინფორმაციას. ტვინის რამდენიმე უბნის (მხედველობითი, სმენითი და მოტორული ქერქის) ერთდროული მუშაობა ბუნებრივად ზრდის წაკითხულის გაგებისა და დამახსოვრების შანსს.

ხუთი წლის წინ მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადასტურეს კოლეგების დასკვნა მეხსიერებასა და ყურადღებაზე ხმამაღალი კითხვის დადებითი გავლენის შესახებ – სიტყვების დამახსოვრების ექსპერიმენტში ჩართულმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ხმამაღლა უკითხავდნენ ტექსტებს სხვებს, სწავლაში გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენეს, ვიდრე „თავისთვის“ მკითხველებმა.

ექსპერტები ზრდასრულებს ურჩევენ, იკითხონ ხმამაღლა ისე, როგორც მსახიობები კითხულობენ თავიანთი პროფესიული უნარების დასახვეწად. საკმარისია, დღეში 15 წუთი დავუთმოთ ხმამაღალ კითხვას, რომ რამდენიმე კვირაში შევამჩნევთ, როგორ დაგვეხვეწა მეტყველება.

როდესაც გვესმის ჩვენივე ხმით წაკითხული თუნდაც ლიტერატურული ტექსტი, ვამჩნევთ გამოთქმისა და ინტონაციის იმ თავისებურებებს, რომლებსაც ყოველდღიურ საუბრებში ყურადღებას არ ვაქცევთ და დეფექტების გამოსწორების შანსი გვეძლევა. ხმამაღლა კითხვა კარგი სავარჯიშოა მათთვის, ვისაც საჯაროდ გამოსვლა აშინებს.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ერთობლივმა და ხმამაღალმა კითხვამ შესაძლოა ისეთი დაავადებებიც კი შეამსუბუქოს, როგორიცაა შაკიკი, ზურგის ტკივილი ან დემენცია. ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ წიგნის ხმამაღალი კითხვა ქრონიკულ ტკივილს უფრო უკეთესად უმკლავდება, ვიდრე პოპულარული კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია. მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის მონაწილეებიც 6 თვის განმავლობაში განიცდიდნენ ტკივილებს. მეცნიერები ყოველკვირა კრებდნენ ასეთ 10-12 ადამიანს და სთხოვდნენ, ერთად წაეკითხათ წიგნი, დაეკავშირებინათ მისი შინაარსი თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. „წიგნის საღამოების“ წყალობით ამ ადამიანებმა შეძლეს ყურადღების გადატანა ცხოვრების სასიამოვნო მომენტებზე, მოგონებებზე, ისწავლეს ემოციების მართვა.

განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტები

0

გთავაზობთ ისეთი ინსტრუმენტების ნაკრებს, რომლებიც ადვილად გამოიყენება სასწავლო პროცესის მსვლელობისას, უშუალოდ გაკვეთილებზე.

ეს ინსტრუმენტები გვეხმარება, სწრაფად გადავამოწმოთ მიმდინარე სასწავლო სიტუაციის ეფექტიანობა.

მათი გამოყენებით შეგვიძლია სწრაფად გავიგოთ, თუ როგორ მოგვყვებიან მოსწავლეები, რას ითვისებენ და რაში სჭირდებათ დამატებითი დახმარება.

  1. ერთწუთიანი პასუხები
  2.   გაკვეთილის  დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები და ისინი  ანონიმურად ბარათებზე აფიქსირებენ პასუხს ორ კითხვაზე:
  1. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ვისწავლე დღეს?
  1. რა კითხვა მიმაჩნია ყველაზე აქტუალურად დღევანდელი გაკვეთილის დასრულების შემდეგ?

კითხვა – რამდენად სასარგებლოა ასეთი დავალება მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის?

პასუხი – ასეთი დავალებები  სასარგებლოა იმისათვის, რომ:

ა). მასწავლებელი  მიუბრუნდეს იმ საკითხებს, რომლებიც პრობლემური,  არასწორად ან არასრულად გააზრებული დარჩა.

ბ) მოსწავლისთვის კი ეს საუკეთესო საშუალებაა მოახდინოს იმ გაკვეთილის თვითრეფლექსია

  1. რეაქციის ბარათები

რეაქციის ბარათებიც წერითი განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტია. მისი გამოყენების ეტაპებია:

პირველი ეტაპი – მოსწავლეებს გაკვეთილის  დასაწყისში  ურიგდებათ ბარათები, ისინი აწერენ თავიანთ სახელებს.

მეორე ეტაპი – გაკვეთილის  მსვლელობისას, ნებისმიერ დროს, აკეთებენ კომენტარს,  მაგ. მასწავლებლის  დასმულ კითხვაზე ან  მოსწავლის კითხვებზე ან კლასში მიმდინარე სასწავლო პროცესზე დაკვირვებებზე და ა.შ.

მესამე ეტაპი – გაკვეთილის ბოლოს ბარათებს აგროვებს მასწავლებელი და მომდევნო გაკვეთილისთვის  მოკლე უკუკავშირით უბრუნებს მოსწავლეებს.

შეგვიძლია დავნერგოთ სასწავლო პროცესში ეს ინსტრუმენტი და  ვიმსჯელოთ, რამდენად სასარგებლოა ასეთი დავალება მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის

რეაქციის ბარათი

მოსწავლის სახელი და გვრი ————————————————-

მოსწავლის კომენტარები :

3. საკვანძო იდეების ბარათი

მასწავლებლის თხოვნით, მოსწავლეები თემის, თავის  თუ საკითხის გარშემო მასალის დასრულების შემდეგ,  ავსებენ საკვანძო იდეების ბარათს, ვიდრე შემაჯამებელი დავალება მიეცემათ,  ამ ბარათებზე აყალიბებენ წერილობით იმ საკითხებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნიეს.

საკვანძო იდეების ბარათი

1….

2….

3….

დაშ

კითხვა რამდენად სასარგებლოა ასეთი დავალება მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის?

ფაქტია, მასწავლებელი იგებს, რამდენად სიღრმისეულად გაიგეს საკითხი მოსწავლეებმა  და რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი ხომ არ  დარჩა მათი ყურადღების მიღმა. მოსწავლე კიდევ ერთხელ გაიაზრებს განვლილ მასალას და დაფიქრდება, ხომ არაფერი გამორჩა.

4. ახალი ცნებების გამოყენება

     გაკვეთილის დასასრულამდე 10 წუთით ადრე, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ჩამოაყალიბონ დებულებები,  რომლებიც  გაკვეთილის თემასთან   არის დაკავშირებული:

 

    1.როგორც გავიგე, დღევანდელი გაკვეთილის მთავარი საკითხი

(ცნება ან იდეა) იყო …………

    2.ამ საკითხის / იდეის კარგი მაგალითი შეიძლება იყოს

  1. მნიშვნელოვანი ბარათი

დროგამოშვებით მასწავლებელი აძლევს მოსწავლეებს წერილობით დავალებას, ურიგებს მოსწავლეებს ბარათებს და სთხოვს:

  1. ფურცლის/ბარათის ერთ მხარეს დაწერონ დამუშავებული ტექსტის მთავარი აზრი მაქსიმუმ სამი წინადადებით;
  2. ფურცლის მეორე მხარეს კი დასვან კითხვა ტექსტის იმ ნაწილის შესახებ, რომელიც კარგად ვერ გაიგეს.
დაწერეთ დამუშავებული ტექსტის მთავარი სათქმელი მაქსიმუმ სამი წინადადებით.

1….

2. …

3. …

დასვით კითხვები ტექსტის იმ ნაწილზე, რაც ბუნდოვანია თქვენთვის.

 

 

  1. თორმეტსიტყვიანი  რეზიუმე (შეჯამება)

გაკვეთილის დასრულებისას მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაწერონ რეზიუმე (შეჯამება), რომლისთვისაც მხოლოდ 12 სიტყვას გამოიყენებენ. ეს ეხმარება მასწავლებელს იმის დადგენაში, თუ რამდენად აითვისეს მოსწავლეებმა გაკვეთილის მასალა და მისი ძირითადი კომპონენტები.

სიტყვების რაოდენობის შეზღუდვა “აიძულებს” მოსწავლეებს, ყველაზე მნიშვნელოვან აზრებს მოუყარონ თავი. შესაძლებელია სიტყვების ნაცვლად წინადადებების რაოდენობის შეზღუდვაც (მაგალითად, დაწერონ რეზიუმე ორი ან სამი წინადადებით).

  1. ანალოგიები

ანალოგიების მოტანა განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სტრატეგიაა. ამისათვის შესაძლებელია ანალოგიის ქარგის გამოყენებაც:

 

______________ (ცნება, პროცესი, პერსონაჟი) ჰგავს _______________ -ს, ვინაიდან _____________________________________________________ .

ანალოგიების გაკეთებით მოსწავლეები გამოავლენენ იმას, თუ რამდენად სიღრმისეულად გაიაზრეს მოცემული ტექსტი. მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, დაასახელონ ანალოგია მათთვის უკვე ნაცნობ საკითხსა და ახალ ინფორმაციას შორის.

  1. სამწუთიანი პაუზა

მასწავლებელი გამოყოფს დროს ახალი მასალის გასააზრებლად. ის შეჩერდება და სთხოვს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ კლასში წარმოდგენილ ახალ ცნებებსა და იდეებზე, დაუკავშირონ ისინი საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას, ახსნან და განმარტონ ისინი. შესაძლებელია წინადადებების ქარგის გამოყენებაც:

მე შემეცვალა წარმოდგენა _______________-ის შესახებ.

მე უკეთ გავიგე _______________.

მე გამიკვირდა, რომ _________________________.

მე _____________ დავუკავშირე ____________-ს.

მე თანაგრძნობა გამიჩნდა _____________-ის მიმართ

  1. ერთწინადადებიანი შეჯამება

მოსწავლეები წერენ შემაჯამებელ წინადადებას, რომელიც პასუხობს თემასთან დაკავშირებულ კითხვებს:

  • ვინ?
  • რა?
  • სად?
  • როდის?
  • რატომ?
  • როგორ?
  1. ერთსიტყვიანი შეჯამება (რეზიუმე)

მოსწავლეები მოიფიქრებენ ერთ სიტყვას, რომელიც ყველაზე უკეთ შეაჯამებს თემას/საკითხს.

  1. ოთხი კუთხე

მასწავლებელი კლასში წარადგენს კონკრეტულ თეზისს (მოსაზრებას). მოსწავლეები ირჩევენ პოზიციას და დგებიან საკლასო ოთახის ერთ-ერთ კუთხეში.

  • პირველი კუთხე: სრულიად ვეთანხმები.
  • მეორე კუთხე: უფრო ვეთანხმები, ვიდრე არ ვეთანხმები.
  • მესამე კუთხე: უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები.
  • მეოთხე კუთხე: კატეგორიულად არ ვეთანხმები.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები კუთხეებში გადანაწილდებიან, მათ ეძლევათ საშუალება, შეაჯერონ საკუთარი მოსაზრებები და ამის შემდეგ გაუზიარონ ისინი კლასს

  1. შავი ლაქა

ეს არის “ერთწუთიანი მოხსენება” კითხვაზე: “რა იყო დღევანდელი გაკვეთილის შავი ლაქა?” როგორც წესი, აქტივობა ტარდება გაკვეთილის ბოლოს, მასალის ახსნის ან მასწავლებლის მინილექციის დასრულებისას. შესაძლებელია, მასწავლებელმა ასეც დასვას კითხვა:

“რა დაგვრჩა გაურკვეველი _______ საკითხში?”

შესაძლებელია, რომ საუბარი ერთ წუთზე მეტხანსაც გაგრძელდეს.

  1. სიტყვების დახარისხება

მოსწავლეებს ეძლევათ სიტყვების/ცნებების ნაკრები. მათ უნდა დაახარისხონ/ დააჯგუფონ სიტყვები წინასწარ მიცემული ან მათ მიერ მოფიქრებული კატეგორიების მიხედვით.

მაგალითად, ჩამონათვალი დასაჯგუფებელია

სულიერი უსულო

ან ჩამონათვალი დასაჯგიფებელია

ფუძე ოქსიდი მჟავა ოქსიდი ამფოტერული ოქსიდი
  1. პასუხები წრეში

მოსწავლეები (მთელი კლასი ან ჯგუფი) სხდებიან წრეზე. მასწავლებელი წარუდგენს მათ კონკრეტულ შეკითხვას ან დასამუშავებელ საკითხს. ყველა მოსწავლე წერს პასუხს ბარათზე/ფურცელზე. მასწავლებლის სიგნალზე ყველა გადააწვდის თავის ბარათს მარჯვნივ მჯდომ მოსწავლეს. ყველა მოსწავლე აგრძელებს წერას მარცხნივ მჯდომი მოსწავლისგან მიღებულ ბარათზე. ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველას თავისი ბარათი არ დაუბრუნდება. მოსწავლეები ეცნობიან ბარათზე დაწერილ ინფორმაციას, რასაც მოსდევს შემაჯამებელი დისკუსია.

  1. ერთი კითხვა და ერთი კომენტარი

მოსწავლეებს წასაკითხად ეძლევათ ტექსტი (ან ერთი ნაწყვეტი). ტექსტის შინაარსის მიხედვით მათ უნდა მოიფიქრონ ერთი შეკითხვა და ერთი კომენტარი. მოსწავლები მორიგეობით უზიარებენ კლასს (ან ჯგუფს) მოფიქრებულ შეკითხვასა და კომენტარს, რასაც აქტიური დისკუსია მოსდევს. დისკუსიის მსვლელობისას მომდევნო მოსწავლეს შეუძლია ჯერ უპასუხოს წინა მოსწავლის მიერ დასმულ კითხვას ან გამოეხმაუროს კომენტარს, შემდეგ კი თავისი შეკითხვა და კომენტარი წარმოთქვას. აქტიურ ფაზაში შესვლისას მოსწავლეებს შორის სიღრმისეული დიალოგი იმართება და ყველა მოსწავლეს ეძლევა საშუალება, წაკითხულ ტექსტს ახლებურად შეხედოს.

შეკითხვა კომენტარი
1…

2…

1…

2…

  1. გასეირნება გალერეაში

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დიდფორმატიან ქაღალდზე გადაიტანენ თავიანთ პასუხებს, დასკვნებსა და მოსაზრებებს, ნამუშევრები კლასში გაიკვრება. შესაძლებელია, რომ თითოეულმა ჯგუფმა დანიშნოს `გიდი~, რომელიც ნამუშევართან ახლოს დადგება. მოსწავლეთა ჯგუფები გადაადგილდებიან კლასში, ათვალიერებენ სხვა ჯგუფების ნამუშევრებს და კითხვებს უსვამენ `გიდს~. შემდეგ ბრუნდებიან თავიანთ ჯგუფებში ნამუშევრების განსახილველად და თავიანთ “გიდებსაც” აცნობენ სხვა ჯგუფებისგან მიღებულ ინფორმაციას.

   შესასწავლი  მასალის, საკითხის  სიღრმისეულად გააზრებისა და მეხსიერებაში ხანგრძლივად  შენახვისა და  ტრანსფერულ ცოდნად  გადაქცევისათვის   უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესში ინტენსიურად დავნერგოთ განმავითარებელი შეფასების მრავალფეროვანი ინსტრუმენტები.

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ესგ 2018-2024
  2. https://kargiskola.ge/teachers/resource_books/kitxva/resursi_kitxva.pdf
  3. Trumbull, E., & Lash, A. (2013). Understanding formative assessment: Insights from learning theory and measurement theory. San Francisco: WestEd.
  4. Green, S., K., Johnson, R., L. Kim, D-H., Pope, N., S., (2007) Ethnics in Classroom assessmentpractices: Issues and Attitudes, Teaching and Teacher Education 23 (2007) 999–1011
  5. HEPPLESTONE, S., and CHIKWA, G., (2014). Understanding how students process and use feedbackto support their learning. Practitioner Research in Higher Education, 8 (1), 41-53

ურბანული სამყარო

0

ერთხელ გაგიზიარეთ აქტივობები ურბანიზაციის საკითხზე. ახლა მინდა, შემოგთავაზოთ რესურსი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან საინტერესოა ურბანიზაციის პროცესის შესწავლისას. საიტი, რომელზეც ეს სტატია აღმოვაჩინე, შეიცავს არაერთ ინტერაქტიულ რუკასა თუ დიაგრამას, სადაც მსოფლიოს ყველა ქვეყანაზე შეგიძლიათ ინფორმაციის მიღება. ამავე დროს ნახავთ ამ საკითხის კორელაციას სხვადასხვა საკითხთან.

რატომ ეს საკითხი? ალბათ იმიტომ, რომ დღეს საქართველოსთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი და აქტუალურია. რადგან ურბანიზაციის საკითხი სხვადასხვა კრიტერიუმის განმსაზღვრელია და მრავალი პროცესის გამომწვევი მიზეზიც შეიძლება გახდეს.

მოკლედ მივყვეთ სტატიას.

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი დღეს ქალაქში ცხოვრობს. თუმცა, ურბანული პარამეტრები შედარებით ახალი ფენომენია კაცობრიობის ისტორიაში. ამ გადასვლამ შეცვალა ჩვენი ცხოვრების, მუშაობის, მოგზაურობის და სოციალური ქსელების შექმნის გზა.

კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობდა მცირე თემებში. ბოლო რამდენიმე საუკუნეა – განსაკუთრებით ბოლო ათწლეულების განმავლობაში – რეალობა მკვეთრად შეიცვალა. მოხდა მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია სოფლიდან ქალაქში.

რამდენი ადამიანი ცხოვრობს დღეს ქალაქში?

გაეროს შეფასებით, 2019 წლის მონაცემებით მსოფლიოში 4.1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა ქალაქში.

ეს ნიშნავს, რომ მსოფლიოს ნახევარზე მეტი (55%) ცხოვრობს ურბანულ გარემოში. გაერო აფასებს ამ საეტაპო მოვლენას – როდესაც ქალაქების მოსახლეობის რაოდენობამ გადააჭარბა სოფლის მოსახლეობას – 2007 წელს.

თქვენ შეგიძლიათ შეისწავლოთ მონაცემები ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის შესახებ ნებისმიერი ქვეყნისა თუ რეგიონისთვის, ინტერაქტიული სქემის „ქვეყნის შეცვლის“ გამოყენებით.

მონაცემები სწრაფად იცვლება. ნებისმიერ ქვეყანაზე დაწკაპუნებით შეგიძლიათ ნახოთ, როგორ იცვლება ურბანიზაციის მაჩვენებლები დროთა განმავლობაში მრავალი ქვეყნისთვის. თქვენ ხედავთ მოსახლეობის სწრაფ მიგრაციას ქალაქში.

ქალაქებში მცხოვრები მოსახლეობის ხვედრითი წილი 2020 წელი

რა ვიცით ურბანული მოსახლეობის შესახებ და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

უფრო მეტი ადამიანი ურბანულ გარემოში ცხოვრობს, ვიდრე სოფლად (ურბანული ნიშნული 50%–ზე მეტია).

მთელ მსოფლიოში ურბანულ გარემოს მაღალი სიმჭიდროვე ახასიათებს (ზოგჯერ ძალიან მაღალი).

მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩანდეს, რომ  დიდი ქალაქები იკავებენ  დედამიწას, მათ გლობალური მიწის მხოლოდ 1% უჭირავთ.

ურბანიზაციის მაჩვენებლები სწრაფად იზრდება ყველა რეგიონში (1800 წელს ყველა რეგიონის მოსახლეობის 10%-ზე ნაკლები ცხოვრობდა ქალაქში).

მოსალოდნელია, რომ ურბანიზაციის მაჩვენებელი კვლავ გაიზრდება შემოსავლების ზრდისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულების ხვედრითი წილის შემცირების გამო.

ურბანული მოსახლეობის რაოდენობა სადავო ხდება, რადგან წარმოიქმნება უთანხმოება განსაზღვრების განსხვავებებიდან გამომდინარე. რატომ ხდება დასახლებული პუნქტი ქალაქი?

მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობაზე უთანხმოება შეიძლება შეუსაბამოდ გამოიყურებოდეს, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ქალაქი, მისი ურბანიზაციის მაჩვენებელი, ადამიანების განაწილება და სიმჭიდროვე. რესურსების განაწილება – დაწყებული საცხოვრებლითა და ტრანსპორტით, ჯანდაცვით, განათლებითა და დასაქმების შესაძლებლობებით – ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ სად იცხოვრებენ ადამიანები. მოცემულ ქვეყანაში ადამიანების განაწილების ცოდნა აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესაბამისი რესურსები და მომსახურება ხელმისაწვდომი იყოს იქ, სადაც საჭიროა.

გაეროს მე-11, მდგრადი განვითარების მიზანი (SDG) არის „ქალაქებისა და დასახლებების ინკლუზიური, უსაფრთხო, მოქნილი და მდგრადი განვითარება“. თუ ჩვენი მიზანია, რესურსებს ეფექტური გადანაწილება, ინკლუზიური ქალაქების განვითარება-დაგეგმარებისთვის აუცილებელია იმის გაგება, რამდენი ადამიანი უნდა უზრუნველყონ ამ რესურსით.

მოდით, შევხედოთ ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს იმის შესახებ, რამდენად ურბანულია ჩვენი სამყარო და საიდან მოდის ეს განსხვავებები.

ერთი შეხედვით პასუხი მარტივია. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (გაერო) ციფრები პირდაპირ პასუხს იძლევა.

1960 წელს ორჯერ მეტი ადამიანი ცხოვრობდა სოფლად (2 მილიარდი), ვიდრე ქალაქში (1 მილიარდი). 2007 წელს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობა თითქმის თანაბარი, 3.33 მილიარდი იყო. 2016 წელს ურბანული მოსახლეობა გაიზარდა 4 მილიარდამდე; მაშინ, როდესაც მსოფლიოს სოფლის მოსახლეობა მხოლოდ მცირედით 3.4 მილიარდამდე გაიზარდა.

გაეროს შეფასებები იუწყება, რომ მსოფლიოში 2016 წელს მოსახლეობის 54% ცხოვრობდა ქალაქში. გაეროს ურბანიზაციის პერსპექტივების პროგნოზებით, 2018 წელს ეს არის მსოფლიოს 55%-ზე ოდნავ მეტი.

გაეროს მონაცემები ყველაზე ფართოდ გამოიყენება. მასში მოყვანილია მონაცემები გლობალური ურბანიზაციის შესახებ. თუმცა, ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ გაცილებით მეტი ადამიანი ცხოვრობს ქალაქში, ვიდრე ამას ციფრები გვიჩვენებს.

როგორ განისაზღვრება ურბანული ტერიტორია?

ამჟამად არ არსებობს უნივერსალური განმარტება, თუ რას ნიშნავს „ურბანული“. გაერო აქვეყნებს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ურბანული გარემოს განმარტებას. პრობლემა ისაა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ურბანული გარემოს განსაზღვრება სხვადასხვაა. ზოგი ქვეყანა იყენებს მოსახლეობის მინიმალური რაოდენობის კრიტერიუმს, ზოგი – მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ინფრასტრუქტურის განვითარებას, დასაქმების ტიპს ან უბრალოდ წინასწარ განსაზღვრული ქალაქების მოსახლეობის რაოდენობას.

ვებგვერდზე ცხრილში მოცემულია სხვადასხვა ქვეყნის ურბანიზაციის რაოდენობრივი მაჩვენებელი. გაეროს მსოფლიო ურბანიზაციის მონაცემთა ბაზა ასევე იძლევა სტატისტიკური „განმარტებების“ სრულ  ჩამონათვალს თითოეული ქვეყნისათვის.

მაშინაც კი, თუ ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ ერთი მაჩვენებელი განმარტებისთვის – როგორიცაა დასახლების მოსახლეობის მინიმალური რაოდენობის ზღვარი – ქვეყნებმა მიიღეს ძალიან განსხვავებული ბარიერის დონე.

ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში ჩვენ შევადგინეთ მოსახლეობის მინიმალური ბარიერი იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ამას იღებენ „ურბანული“ განსაზღვრების ფარგლებში. 2000 და 5000 მოსახლე ერთობლივად იყო ყველაზე ხშირად მიღებული ბარიერი. თუმცა, განსხვავება ქვეყნებს შორის არის ძალიან დიდი. შვედეთმა და დანიამ ეს ბარიერი მხოლოდ 200 მოსახლეზე დაიყვანეს; იაპონიამ 50,000-ზე.

გაეროს ამჟამინდელი კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ „ურბანიზაციის“ ასეთი მრავალფეროვანი განმარტებები იწვევს მსოფლიოს ურბანული მოსახლეობის მნიშვნელოვან დაქვეითებას. მაგალითად, ევროკომისიის მკვლევრებმა განაცხადეს, რომ ადამიანების 85%  ცხოვრობს ქალაქებში.

ევროკომისიამ გამოიყენა დასახლებების უნივერსალური განმარტება ყველა ქვეყნისთვის:

ურბანული ცენტრი: უნდა ჰყავდეს მინიმუმ 50,000 მცხოვრები პლუს მოსახლეობის სიმჭიდროვე უნდა იყოს არანაკლებ 1500 ადამიანის კვადრატულ კილომეტრზე ან ასაშენებელი ფართობის სიმჭიდროვე 50%-ზე მეტი.

ურბანული კლასტერი: უნდა ჰყავდეს მინიმუმ 5,000 მცხოვრები პლუს მოსახლეობის სიმჭიდროვე უნდა იყოს არანაკლებ 300 ადამიანის კვადრატულ კილომეტრზე (კმ 2 ).

სოფელი: 5000-ზე ნაკლები მოსახლე.

ამ განმარტებების გამოყენებით იგი იუწყება, რომ მსოფლიოს 52% ცხოვრობდა ურბანულ ცენტრებში, 33% ქალაქურ კლასტერში და 15% სოფლად. 2015 წ. კონტინენტების მიხედვით ურბანული წილი ნაჩვენებია ქვემოთ მოცემულ დიაგრამაში.

ევროკომისიის შეფასება გააკრიტიკეს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მკვლევრებმა, რომლებიც ხსნიან, რატომ არის ასეთი მაჩვენებელი ძალიან მაღალი: სოფლის მეურნეობის დასაქმების მაჩვენებლის მიხედვით, მათი შეფასებით, ურბანული მოსახლეობა არ შეიძლება აღემატებოდეს 60%-ს; ევროპული კომისიის მიერ მიღებული ურბანული სიმჭიდროვის მაჩვენებლის დაბალი ბარიერი ნიშნავს, რომ მთელი მიწათმოქმედი რეგიონები კლასიფიცირდება, როგორც ურბანული; ამავე დროს ეს დაბალი  ბარიერი შეუსაბამოა ქალაქების განაპირა დასახლებების გამოც.

ოდესმე მიიღწევა კონსენსუსი ურბანული მოსახლეობის განსაზღვრებაზე?

მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ დონეზე აშკარად განსხვავდება შეფასებები, ეროვნულ დონეზე ურბანიზაციის საერთო ტენდენცია (მიუხედავად მათი განსაზღვრისა) მაინც მნიშვნელოვანია. მაგალითად, ინდოეთისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ 1990 წლიდან 2016 წლამდე მისი ურბანული მოსახლეობა გაიზარდა 148 მილიონით. ამ ცვლილების მაჩვენებელი მნიშვნელოვანია პროგრესის, დემოგრაფიული ცვლილებებისა და ეროვნული დაგეგმარების შესაფასებლად. გლობალურ დონეზე განმარტების კონსენსუსის არარსებობამ არ უნდა დაჩრდილოს ის, რაც განსაზღვრული და მისაღებია ეროვნულ დონეზე.

ქვეყნებს აქვთ უფლება, განსაზღვრონ, რას მიიჩნევენ ქალაქად და სოფლად. ერთი შემოთავაზებული ვარიანტია ეროვნული ინდივიდუალური განსაზღვრებების შენარჩუნება.

მიიღებს თუ არა სამყარო სტანდარტიზებულ განსაზღვრებას? გაეროს სტატისტიკის სამმართველო მიზნად ისახავს ექსპერტთა ჯგუფის მოწვევას (24 წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლების ჩათვლით) ამ წლის ბოლოს, რათა კონსენსუსის მიღწევა სცადონ.

ამან შეიძლება ერთი ნაბიჯით დაგვაახლოოს შეთანხმებამდე იმის შესახებ, თუ რამდენად ურბანულია სამყარო სინამდვილეში.

 

გამოყენებული ვებგვერდი:

https://ourworldindata.org/urbanization#urban-populations-tend-to-have-higher-living-standards

 

მანანა სეხნიაშვილი

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...