სამშაბათი, აგვისტო 26, 2025
26 აგვისტო, სამშაბათი, 2025

აქტივობები ბოლო ნაბიჯებამდე

0

პანდემიის შემდეგ საკლასო ოთახში დაბრუნებულ მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს შემდეგი კითხვა დავუსვი:

რა იყო მათთვის რთული, როცა 2 წლის სახლში ყოფნის შემდეგ საკლასო ოთახში დაბრუნდნენ?

პასუხები იყო ბევრნაირი, მაგრამ მათგან ყველაზე საინტერესო ასეთი იყო:

მობილიზება, თავისუფლების დაკარგვა, მერხთან დიდხანს გაჩერება, დიდი ხნით უმოძრაობა…

მათ მონიტორის მიღმა შეეძლოთ კამერა გამოერთოთ, ფეხზე დამდგარიყვნენ, ჩაიც კი დაელიათ. ეს უჩვეულო რეჟიმი 2 წელი გაგრძელდა, რაც რთული აღმოჩნდა ბავშვებისათვის.

დავიწყე ფიქრი იმაზე, როგორ შეიძლებოდა მრავალრიცხოვანი კლასი, თუნდაც 5 წუთით თავისუფლად ფეხზე წამომდგარიყო ან გაევლო, ისე, რომ მიზანი მიღწეული ყოფილიყო და პროცესი მართული.

როგორც ვიცით, ახალი სტანდარტის მიხედვით, საბოლოო პროდუქტის მიღებამდე ექვსი ეტაპი უნდა გავიაროთ და თემები ისე ავაგოთ. მთავარი ამ შემთხვევაში ის ცოდნაა, რომელსაც მოსწავლე მიიღებს. ასევე, მათ მიერ განხორციელებული კომპლექსური დავალების ფარგლებში მიღებული შედეგი.

 

მერვე კლასში კომპლექსური დავალების შერჩევამდე და შეჯამებამდე საკმაოდ გრძელი გზაა. ეს გზა სასურველია, ცოტა სახალისოდ გავიაროთ.

ნატურალური რიცხვები, მთელი რიცხვები

არითმეტიკული მოქმედებები მთელ რიცხვებზე.

რაციონალური რიცხვები

რაციონალური რიცხვების წარმოდგენა წილადებისა და ათწილადების სახით (მათ შორის, უსასრულო პერიოდული ათწილადის სახით). არითმეტიკული მოქმედებები რაციონალურ რიცხვებზე. რიცხვების შედარება და არითმეტიკული მოქმედებების შედეგის შეფასება. რიცხვითი გამოსახულებები, მოქმედებათა თანმიმდევრობა რიცხვით გამოსახულებებში, არითმეტიკულ მოქმედებათა თვისებები.

ირაციონალური რიცხვები

ირაციონალური რიცხვის არსებობა (  -ის ირაციონალობა,  რიცხვი).

 

ზოგადი ცნებები ცნებები საკითხები
რიცხვები რაციონალური რიცხვის მთელმაჩვენებლიანი ხარისხი.

ირაციონალური რიცხვი.

არითმეტიკული ფესვი რიცხვიდან, კუბური ფესვი რიცხვიდან.

·         მთელმაჩვენებლიანი ხარისხი. ნამრავლის, ფარდობის და ხარისხის აყვანა ხარისხში. ტოლფუძიანი ხარისხების ნამრავლი და შეფარდება;

·         რიცხვის ჩაწერის სტანდარტული ფორმა და მისი კავშირი პოზიციურ სისტემასთან;

·         არითმეტიკული ფესვი რიცხვიდან; კუბური ფესვი რიცხვიდან. რიცხვებისა და რიცხვითი გამოსახულებების (მათ შორის ხარისხების ან არითმეტიკული ფესვების შემცველი გამოსახულებების) შედარება;

·         „სამომხმარებლო არითმეტიკა“: მარტივად დარიცხული საპროცენტო განაკვეთი; სხვადასხვაგვარი ფასდაკლება; მარტივი ხარჯთაღრიცხვა.

 

 

მოსწავლეებს ვახსენებ ნატურალურ და მთელ რიცხვებს. გადავდივარ რაციონალური რიცხვების ზუსტ განმარტებაზე. ამ გაკვეთილამდე უკვე იციან პერიოდული ათწილადი და მათი ალგებრულ წილადად ჩაწერის წესი. ვწერ უსასრულო არაპერიოდულ ათწილადებს და ვთხოვ, მოიფიქრონ, როგორ უნდა მოხდეს ამ ათწილადების შემოკლება. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვები უნდა დამრგვალდეს. აქ უკვე შემომაქვს ირაციონალური რიცხვის ცნება.

როგორც კი ირაციონალურ რიცხვს ცნებას შემოვიტან უკვე კლასს ვთხოვ, წამოდგნენ ფეხზე. მათთვის ეს მოულოდნელია. ვაწყებინებ დათვლას ერთიდან, შემდეგი პირობით: თუ დათვლისას შეხვდებათ რიცხვი, რომელიც მარტივია, ასეთ რიცხვს ეგებებიან ერთი ტაშით; თუ დათვლისას შეხვდებათ რიცხვი, რომელიც რიცხვის ერთზე მეტი ხარისხია, ამ რიცხვს – ორი ტაშით.

შედეგი ასეთი უნდა იყოს:

  • 2 ტაში;
  • 1 ტაში;
  • 1 ტაში;
  • 2 ტაში;
  • 1 ტაში;
  • ვამბობთ რიცხვს;
  • 1 ტაში;
  • 2 ტაში;
  • 2 ტაში;
  • ვამბობთ რიცხვს;
  • 1 ტაში;
  • ვამბობთ რიცხვს;
  • 1 ტაში;
  • ვამბობთ რიცხვს;
  • -ვამბობთ რიცხვს;
  • 2 ტაში;
  • 1 ტაში;
  • ვამბობთ რიცხვს;
  • 1 ტაში;
  • ვამბობთ რიცხვს;
  • ვამბობთ რიცხვს;
  • ვამბობთ რიცხვს;
  • 1 ტაში;
  • ვამბობთ რიცხვს;
  • 2 ტაში.

და ასე შემდეგ.

ვისაც შეეშლება, თამაშს ეთიშება და ჯდება, თუმცა აგრძელებს მოსმენას და აკვირდება შედეგებს. ჩვენზეა დამოკიდებული რამდენ ბავშვზე და რომელ რიცხვზე შევწყვეტთ.

რამდენჯერმე გამეორების შემდეგ მათ უკვე შეგვიძლია რადიკალის სიმბოლო შევთავაზოთ. ისინი იმასაც აკვირდებიან, რომ არ არსებობს 3 ტაშით რიცხვები, ანუ მარტივი რიცხვიდან კვადრატული და კუბური ფესვი რომ არ ამოვა, მარტივად ასკვნიან. ჩამოვწერთ უკვე მოცემულ რიცხვებს და განვიხილავთ რადიკალის გამოყენებით. აქ ვარაუდებსაც მარტივად აკეთებენ – ის რიცხვები, რომლებსაც 2 ტაში არ შეხვდათ, რომელ 2 რიცხვს შორისაა მოთავსებული. როცა უკვე გარკვეულ ცოდნას დააგროვებენ, ასეთ კითხვას ვუსვამთ: რატომ ავირჩიე 1 ტაშისთვის მოცემული რიცხვები პასუხებიდან? ვაკეთებინებთ დასკვნას, რომ ეს რიცხვები მამრავლებად არ იშლება და მათი რადიკალის ქვეშ არსებობის შემთხვევაში  ნაწილობრივ ფესვის გარეთ გამოტანასაც ვერ მოვახერხებთ. ვსწავლობთ ფესვის თვისებებსაც.

შემდეგი ეტაპი ამ რიცხვების ვენის დიაგრამაში მოთავსებაა, სანამ ამას გავაკეთებთ, ფურცლებზე ვწერთ ბევრ რიცხვს, ისე, რომ რამდენიმე რიცხვი სხვადასხვა სიმრავლეს რამდენჯერმე ეკუთვნოდეს. ვურიგებთ ამ ფურცლებს. ვთხოვთ, დააკვირდნენ რიცხვებს და გაიაზრონ, სად მოთავსდება ეს რიცხვები. ვამბობთ, წამოდგეს ის, ვინც თვლის, რომ მისი რიცხვი ირაციონალურია. ვამოწმებთ ყველა მოსწავლის ფურცელს. ზოგი იმის გამო ეთიშება თამაშს, რომ უნდა დარჩენილიყო სკამზე; ზოგიც იმიტომ, რომ არასწორად ადგა. შემდეგი: წამოდგეს, ის, ვინც თვლის, რომ მისი რიცხვი ნატურალურია. იმავე პრინციპით განვიხილავთ შედეგს. ასე ვამბობთ ყველა სიმრავლეზე. ვინც ყველა ეტაპს გაივლის, ის გამარჯვებულია. ამას ვიმეორებთ რამდენჯერმე, რომ ყველა მოსწავლე დავაფიქროთ.

მათ  არა აქვთ უკუკავშირისა და მომენტალური განმავითარებელი შეფასების შიში. პროცესი იმდენად სახალისოა და სწრაფი, რომ წაგება არ მიაჩნიათ პრობლემად. თუმცა მოგება უხარიათ.

ბოლო ეტაპი ამ თემის სახალისოდ გასააზრებლად არის ვენის დიაგრამის დიდი ზომის მოდელის შექმნა. ეს შეიძლება ლენტებით შემოსაზღვრული ტერიტორია იყოს საკლასო ოთახში, ან ეზოში ცარცით დახატული. აქაც ურიგდებათ ფურცლები და მათ შესაბამისად დგებიან. ვისაც შეეშლება, ეთიშება.

ამ ყველაფრის შედეგად ისინი მოახერხებენ რაციონალური და ირაციონალური რიცხვის გარჩევას. კომპლექსური დავალების თემაც, რომელიც ამ თემას შეაჯამებს, იქნება ისეთი ნაკვეთების პერიმეტრების პოვნა, რომელიც რომელიმე გვერდით ირაციონალურია. შეუძლიათ თავად შექმნან ასეთი ნაკვეთი, რომელშიც ობიექტებს ექნებათ მართკუთხა სამკუთხედის ფორმა, კათეტები, მთელი რიცხვები, ხოლო ჰიპოტენუზა დასადგენი ჰქონდეთ.

ისინი აუცილებლად დაინახავენ საჭიროებას ,,უხმო“ და ,,ყრუ“ რიცხვებისა. განეწყობიან დადებითად, ხოლო კომპლექსური დავალების ფარგლებში ისწავლიან მის გამოყენებასაც. აუცილებლად გავახსენოთ π რიცხვი და განვიხილოთ მისი ადგილი ვენის დიაგრამაში.

 

სამეურვეო საბჭო – სასკოლო დემოკრატიის მთავარი ინსტრუმენტი

0

საქართველოს საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები დაინიშნა. სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს წევრებს სასკოლო საზოგადოება მეექვსედ აირჩევს. პირველი არჩევნები სკოლებში 2006 წელს ჩატარდა, თუმცა წლების მატების მიუხედავად, არ ჩანს, რომ იზრდება დადებითი გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება სკოლაში დემოკრატიულად, საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს არჩევნები.

საქართველოს კანონმდებლობით, სამეურვეო საბჭოს არჩევნები თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით უნდა ტარდებოდეს. სკოლის ავტონომიურობის შესანარჩუნებლად სასკოლო საზოგადოებამ სამეურვეო საბჭო ობიექტურად მოაზროვნე მასწავლებლებით, მოსწავლეებითა და მშობლების უნდა დააკომპლექტოს. რათა შემდეგი 3 წლის განმავლობაში ამ ადამიანებმა მართონ სკოლა. კერძოდ, აირჩიონ დირექტორი, დაამტკიცონ ბიუჯეტი, შინაგანაწესი, დირექტორის მიერ მომზადებული წლიური ანგარიში, გამოხატონ თანხმობა სასწავლო გეგმისა და სასწავლო მასალის შესახებ, განიხილონ საჩივრები და მიიღონ შესაბამისი ზომები, დაგეგმონ და განახორციელონ კლასგარეშე აქტივობები, შეისწავლონ მშობელთა განწყობები ა.შ.

სისტემა  საკანონმდებლო დონეზე გამართულია. რეალობაში კი ჩვენ ძირითადად ვხედავთ დემოტივირებულ სასკოლო საზოგადოებას, სადაც დირექცია უიშვიათესად ახერხებს: ა) მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს დროულად და ხარისხიანად მიაწოდოს ინფორმაცია, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლის ავტონომიურობისთვის ობიექტური სამეურვეო საბჭოს არსებობა; ბ) გაზარდოს სასკოლო საზოგადოების, მათ შორის მშობლების ცნობიერების დონე, მათი უფლება-მოვალეობების, მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ; გ) შექმნას თანასწორი, კონკურენტული გარემო და წაახალისოს სამეურვეო საბჭოში იმ მშობლების მონაწილეობა, რომლებიც არ არიან სკოლის მიმართ მაამებლური დამოკიდებულებით განმსჭვალულნი და კრიტიკულ სიტუაციებშიც შეუძლიათ ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნება; დ) წაახალისოს ამომრჩეველი მშობლები და მასწავლებლები, რათა მათ ხმა მისცენ მათთვის სანდო პერსონას და იცოდნენ, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მისგან.

იმისთვის, რომ სკოლის დირექციამ სამეურვეო საბჭოს არჩევნები დემოკრატიული პრინციპებით ჩაატაროს, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რა უშლის ხელს რეალური ძალაუფლების სამეურვეო საბჭოსთვის გადაცემას. პრობლემის იდენტიფიცირებისთვის დაგვეხმარება შემდეგი სამი შეკითხვა:

I – ნამდვილად გვინდა, რომ მშობელი ჩაერთოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში, თუ მხოლოდ იმიტომ ვირჩევთ მას სამეურვეო საბჭოში, რომ კანონში გვიწერია? კანონი იმიტომ მივიღეთ, რომ ეს მოგვწონს, თუ იმიტომ, რომ ვიცით, ეს არის დემოკრატიის წესი.

II – გვაძლევს თუ არა განათლების სისტემა იმის შესაძლებლობას, რომ სკოლა იყოს ავტონომიური და მართოს სამეურვეო საბჭომ?

III – შეგვიძლია სკოლაში დავნერგოთ  დემოკრატიული კულტურა, სადაც მშობლები რეალურად იქნებიან ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, იმიტომ, რომ საქმე მათ შვილებს ეხება.

თუ დირექტორი ამ შეკითხვებზე პასუხისას ორჭოფობს, ეს შეიძლება იყოს ნამდვილი მიზეზი იმისა, თუ რატომ ტარდება სამეურვეო საბჭოს არჩევნები „შეკოწიწებული დემოკრატიის“ სახით. თუ სკოლის ხელმძღვანელობა სამივე შეკითხვას უპასუხებს და დაადგენს, რომ მას ნამდვილად სურს და შეუძლია სამეურვეო საბჭოს გადასცეს კანონით კუთვნილი პასუხისმგებლობა, აქტიურად უნდა შეუდგეს საარჩევნო პროცესისთვის მზადებას და სასკოლო საზოგადოებაში საინფორმაციო კამპანიის წარმოებას.

  • პირველ რიგში საჭიროა, ავუხსნათ მშობლებს, რა არის სამეურვეო საბჭო და რა ფუნქციები აქვს მას. ეს აუცილებელი ნაბიჯია, იმისთვის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რას ელის სკოლა და განათლების სისტემა მათგან. ამისთვის დაგეხმარებათ შემდეგი რესურსები: https://mshobeltaskola.ge/?p=1194; https://mshobeltaskola.ge/?p=1151
  • მნიშვნელოვანია, ყველა მშობელს მივაწოდოთ ინფორმაცია, რა მოლოდინი უნდა ჰქონდეთ მათ სამეურვეო საბჭოსგან, რა შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ საბჭოს ან მის ცალკეულ წევრს. თუ სკოლაში კარგი პრაქტიკა არსებობს, სასურველია, საბჭოს ყოფილმა წევრებმა გააკეთონ ანგარიში, თუ რას საქმიანობდა საბჭო გასული სამი წლის განმავლობაში და წარუდგინონ სასკოლო საზოგადოებას. ერთი მხრივ, ისაუბრონ მიღწევებზე, მეორე მხრივ, დაასახელონ გამოწვევები, რომლებიც ჯერ კიდევ გადაულახავია.
  • მნიშვნელოვანია, მშობლებს დროულად მივაწოდოთ ინფორმაცია სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატად რეგისტრაციის ვადებისა და პროცედურების შესახებ. ამისთვის გამოვიყენოთ სკოლის ციფრული გვერდები, სოციალურ ქსელში არსებული ღია და დახურული ჯგუფები. ჩავრთოთ კლასის დამრიგებლების რესურსიც, რათა თითოეული მოსწავლის მშობლამდე მივიდეს ინფორმაცია.
  • მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ კანდიდატ მშობლებს საბჭოს ყოფილ წევრებთან დიალოგში, ამომრჩევლებთან შეხვედრის ორგანიზებაში, პროგრამების წარდგენაში, რათა კანდიდატებს მიეცეთ შესაძლებლობა, ერთი მხრივ, გააცნონ თავიანთი ხედვა პოტენციურ ამომრჩევლებს, მეორე მხრივ კი, მოისმინონ სხვა მშობლების მოსაზრებები.
  • შესაძლებელია, არჩევნების ჩატარებამდე სკოლაში ჩატარდეს პირისპირ ან Online დისკუსია შემდეგ საკითხზე – რა უშლის ხელს სამეურვეო საბჭოს ფუნქციონირებას. დისკუსიაში მონაწილეობა უნდა მიიღონ, როგორც მშობლებმა, ისე პედაგოგებმა და დირექციის წარმომადგენლებმა. წახალისდეს ყველა აქტორის მონაწილეობა, რათა დისკუსიის შემდეგ მათ შეიმუშაონ გეგმა, როგორ აღმოფხვრან გამოვლენილი პრობლემები.
  • დაბოლოს, უშუალოდ არჩევნების დღეს, აუცილებელია შევქმნათ თანასწორი გარემო სკოლაში, რათა ყოველ მსურველს შესაძლებლობა მიეცეს მშვიდ, უხერხულობისგან დაცლილ გარემოში, გააკეთოს არჩევანი.

რატომ უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხს მეტი პასუხისმგებლობითა და გულისყურით? რატომ უნდა დავხარჯოთ ამდენი დრო და ენერგია სამეურვეო საბჭოს არჩევნებისთვის?

  • დემოკრატიულად მიღებული გადაწყვეტილებები უფრო სამართლიანი და გონივრულია. მართვის ასეთი ფორმა ადამიანის უფლებების დაცვას ემსახურება და გვიცავს ერთი ლიდერის რეჟიმისგან.
  • სამეურვეო საბჭოს საშუალებით ჩვენ უზრუნველვყოფთ სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის პროპორციულ, თანაზომად მონაწილეობას სკოლის მართვაში. ის განსხვავდება სკოლის ტრადიციული მართვის პრინციპისგან, სადაც მინისტრი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი თუ სკოლის დირექტორი ერთპიროვნულად იღებენ გადაწყვეტილებებს.
  • სამეურვეო საბჭო არის სამართლებრივი ბერკეტი, რომელიც მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ნაწილობრივ მაინც გვაძლევს შესაძლებლობას, თავად გადავწყვიტოთ, როგორი სკოლა გვქონდეს.

 

 

დილემებით სწავლება

0

მასწავლებლის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობაა შეუქმნათ მოსწავლეებს სასიამოვნო ატმოსფერო გაკვეთილზე და მივცეთ თავისუფლება, დავეხმაროთ მათ გახდნენ ავტონომიურები და საკუთარი სასწავლო პროცესის მართვა თავად შეძლონ.

სასწავლო პროცესის დამოუკიდებლად მართვის სწავლა შესაძლებელია სწორად დაგეგმილი აქტივობების საფუძველზე.  მოსწავლე ყოველდღიურად იფართოებს  ცოდნასა და გამოცდილებას და საკუთარ შესაძლებლობებს დამოუკიდებლად გამოცდის.  ბავშვი ძალიან ცოდნისმოყვარეა  და ყველა სიახლისადმი დიდი ინტერესს იჩენს. ამიტომ, მასწავლებელი უნდა შეეცადოს, საგაკვეთილო პროცესი იმდენად საინტერესოდ წარმართოს, რომ მოსწავლეს სურვილი გაუჩნდეს, თავად მოიძიოს ეს სიახლეები და უფრო მეტი აღმოაჩინოს.

დღეს მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი საინტერესო მეთოდი – დილემებით სწავლება.  დილემა ბერძნული სიტყვაა და იძულებით მდგომარეობას ნიშნავს.  იგი გულისხმობს ორ ერთმანეთისაგან გამომრიცხავ დებულებას, რომელთაგანაც ერთ-ერთის არჩევა აუცილებელია. დილემის შინაარსის მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, მისი შეტანა შესაძლებელია როგორც ცალკე საგნის, ასევე ინტეგრირებულ გაკვეთილზე. დილემა უნდა უკავშირდებოდეს შესასწავლ საკითხს და იმ აქტუალურ თემას, რომელიც მოსწავლისათვის საინტერესოა და საზოგადოებას აღელვებს.

დილემის  სასწავლო პროცესში შეტანა 11 ნაბიჯს მოიცავს, რათა მოსწავლემ საკითხი სრულფასოვნად გააანალიზოს. გიზიარებთ ჩემს პრაქტიკულ მაგალითს.

კლასი: IX

მასწავლებელი: ნათია მეკოკიშვილი

სამიზნე ცნება: ისტორიული მოვლენა/პროცესი

მკვიდრი წარმოდგენები;

შედეგები:    საბაზო საფეხური:  3, 7, 8

1) ყველა ისტორიულ მოვლენას აქვს  მიზეზი / მიზეზები და შედეგი / შედეგები;

2) ისტორიკოსები ხშირად კამათობენ ისტორიული მოვლენების მიზეზებისა და შედეგების შესახებ;

3) ზოგიერთ ისტორიულ მოვლენას ლოკალური, ზოგს კი გლობალური მნიშვნელობა აქვს;

4) ისტორიული ფაქტები და მოვლენები ტიპოლოგიურად შეიძლება დაჯგუფდეს პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული ნიშნით.

 

დილემა

ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის დამყარებისთანავე საქართველოში რეპრესიები დაიწყო. რეპრესიების ტალღა  საქართველოში 30–იან წლებში განხორციელდა  და უშუალოდ ლავრენტი ბერიას სახელთან არის დაკავშირებული, მან, პირველ რიგში, ძველი ბოლშევიკი რევოლუციონერები მოიშორა თავიდან და მათ ადგილზე ახალი, საკუთრივ თავისი და სტალინის პოლიტიკური კურსის მომხრე კადრები დააწინაურა.

რეპრესიებს ვერ გადაურჩა ქართველი საზოგადოების მოაზროვნე ნაწილი, რომელიც 1921 წლიდანვე აშკარად თუ ალეგორიული შემოქმედებით გამოხატავდა თავის განწყობას რუსეთის ბოლშევიკური  რეჟიმისადმი. ხელოვანი და შემოქმედებითი ადამიანები, რომლებმაც ტოტალიტარიზმთან დაპირისპირება გაბედეს, სასიკვდილო ეშაფოტზე აღმოჩნდნენ. მრავალმა ქართველმა ინტელექტუალმა ციხეებსა და შორეულ გადასახლებაში დალია სული. მართალია, ფიზიკურ განადგურებას გადაურჩნენ, მაგრამ უმძიმეს მორალურ–ფსიქოლოგიურ ატმოსფეროში აღმოჩნდნენ და მრავალი ტანჯვა-წამება გამოიარეს ცნობილმა ქართველმა მეცნიერებმა და მწერლებმა: ივანე ჯავახიშვილმა, შალვა ნუცუბიძემ, ვუკოლ ბერიძემ, სიმონ ყაუხჩიშვილმა და სხვებმა.  ამ ადამიანების მთავარი დანაშაული განსხვავებული  აზრის გამოხატვა გახდა.

ამ საკითხის განხილვას ორი მიმართულება გააჩნია. ხელისუფლება რეპრესირებულ  ადამიანებს სახელმწიფოს ინტერესების  და საუკეთესო მომავლის განვითარების ხელშემშლელებად მიიჩნევდა, ხოლო საზოგადოების მეორე ნაწილი თვლიდა, რომ  პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები ამბობდნენ იმას, რასაც ხედავდნენ.

  1. არის თუ არა განსხვავებული აზრის გამოხატვა სახელმწიფო ინტერესებისათვის საშიში?
  2. როგორ უნდა მოიქცეს განსხვავებული აზრის მქონე საზოგადოება, რომ აგრესიის მსხვერპლი არ გახდეს?
  3. რა იცით რეპრესიების შესახებ.
  4. როგორ/რატომ შეიძლება აღმოჩენილიყვნენ მხატვრები, ლიტერატორები, მეცნიერები, მსახიობები და სხვა მრავალი პროფესიის ადამიანები რეპრესირებულთა რიგებში?
  5. რა სარგებლობა ან ზიანი მოაქვს განსხვავებული აზრის გამოხატვას?
  6. რა უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის: ინტელიგენციის კომპრომისი ხელისუფლებასთან თუ პირდაპირი პროტესტი მის მიმართ?
  7. როგორ ფიქრობ, რამდენად ამართლებს ახალი, თუნდაც ბევრად უკეთესი საზოგადოების მშენებლობის იდეა ასეთ რეპრესიებს?
  8. ასეთ სიტუაციაში თავი უნდა შეიკავონ თუ არა აზრის გამოხატვისგან/ქმედებისგან პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებმა?
  9. აღნიშნული რეპრესიების განხორციელებით რა მოიგო ხელისუფლებამ? საზოგადოებამ?

აღნიშნული დილემა საგაკვეთილო პროცესში შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკითხის სიღრმისეული ანალიზის ეტაპზე, მაშინ, როდესაც მასწავლებლის მითითებით და დამატებითი კითხვების საშუალებით ფაქტობრივი მასალის დასახელება და ანალიზი განხორციელდება, გაკვეთილის მსვლელობის მეორე ეტაპი დაეთმობა დილემის განხილვას, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მოსწავლემ მოახდინოს არა მარტო ფაქტებისა და მოვლენების ინტერპრეტაცია, არამედ შეძლოს საკითხის სიღრმისეული ანალიზი და კრიტიკული შეფასება გამყარებული არგუმენტირებული მსჯელობის საშუალებით.

N ნაბიჯი შინაარსი სწავლების სოციალური ფორმა გაკვეთილი
1.

 

დილემის შეტანა
რომელი ღირებულებები დგას დისკუსიის ცენტრში?
კლასი ღირებულებითი განათლება
2.

 

პირველი გადაწყვეტილება რომელი მოსწავლე ეთანხმება და რომელი არ ეთანხმება დილემის გამომრიცხავ დებულებებს? კლასი ღირებულებითი განათლება
3.

 

პირველი არგუმენტირება რომელი მოსწავლეა წინააღმდეგი ან მომხრე ამა თუ იმ გადაწყვეტილების? რომელი არგუმენტების მოყვანა შეუძლია მას საკუთარი აზრის დასაცავად? ჯგუფი ღირებულებითი განათლება
4.

 

გამოცდილების გაზიარება და არსებული ინფორმაციის ახლით შევსებისათვის მზადება როგორ შეუძლია მოსწავლეს საკუთარი არგუმენტების გამყარება?

o რომელი კითხვები რჩება პასუხგაუცემელი?

 

კლასი ღირებულებითი განათლება
5.

 

ინფორმაციის მოძიება მოსწავლეების მიერ რომელი ინფორმაციის/ინფორმაციების მოძიებაა საჭირო საკუთარი არგუმენტების გასამყარებლად? კლასი ცოდნის შეძენა
6. ინფორმაციის გაცვლა ერთმანეთს შორის როგორია მიღებული შედეგები და საკმარისია თუ არა მოძიებული ინფორმაცია? კლასი ცოდნის შეძენა
7.

 

მეორადი არგუმენტირება დილემის შესახებ რატომ არის მოსწავლე წინააღმდეგი და რატომ არ ეთანხმება წარმოდგენილ მოსაზრებას? ჯგუფი ღირებულებითი განათლება
8.

 

ინფორმაციის სინთეზი (დისკუსია დილემის შესახებ)

(შდრ. მე-4 ნაბიჯს)

რომელი არგუმენტები ეყრდნობა მიღებულ ახალ ცოდნას? კლასი ღირებულებითი განათლება
9.

 

საჭიროების შემთხვევაში მე-4-დან მე-8 ნაბიჯების გამეორება დარჩა თუ არა დილემასთან დაკავშირებული კითხვები პასუხგაუცემელი? ჯგუფი/

კლასი

ღირებულებითი განათლება/

 

10.

 

ბოლო პროდუქტი, სინთეზი (ინფორმაციების შეჯერება) რა შედეგამდე მივიდა კლასი? კლასი
ცოდნის შეძენა
ღირებულებითი განათლება/

ცოდნის შეძენა

11.

 

განზოგადება როგორ განზოგადდება საკითხი და წარიმართება დისკუსიები სხვა თემებზე? კლასი ღირებულებითი განათლება/

ცოდნის შეძენა

 

                                               შეფასება

პედაგოგი:

სწავლა-სწავლების მიზანი/თემა:

დილემა:                                  თარიღი:

თვითდაკვირვების ფურცელი კი ნაწილობრივ არა
მოსწავლეებმა დავალება კარგად გაიგეს
დავალება მათთვის საინტერესო იყო
მოსწავლეები პროცესში აქტიურად ერთვებოდნენ
მოსწავლეებმა თავად მიაკვლიეს პრობლემას და იპოვეს გადაჭრის გზები
მოსწავლეებმა შეიძინეს საკითხთან დაკავშირებული ცოდნა
მოსწავლეებს შეუძლიათ შეაფასონ საკუთარი პროგრესი

 

გამოყენებული ლიტერატურა

 

  1. განვითარებისა და სწავლის თეორიები. ნ. ჯანაშია, ნ. იმედაძე, ს. გორგოძე. 2008. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.
  2. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა საბაზო საფეხური 2018–2024.
  3. ე შავერდაშვილი, თ. მოსიაშვილი, ცოდნა და ღირებულებითი  განათლება შესავალი, თბ. 2018
  4. ლ. ჭელაძე, კრიტიკული აზროვნება – თანამედროვე სამყაროს მთავარი საყრდენი. თბ. 2019
  5. მ. გოგოლაძე, ნ. გვარამაძე, განმავითარებელი შეფასება, როგორც მოტივაციის ინსტრუმენტი. თბ. 2020 .

მშობლები, რომლებიც საკუთარ თავს და შვილებს ვნებენ

0

გინახავთ ერთნაირი მშობლები? ალბათ, არა და ეს მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ბევრი მშობელი იდენტურ შეცდომას უშვებს. საშიში ეს სულაც არაა, თუკი შევძლებთ ხანდახან მაინც დავაკვირდეთ საკუთარ თავს და დროულად აღმოვფხვრათ შეცდომები.

ბავშვს მიწებებული მშობელი – ორსული ქალი მჭიდროდაა დაკავშირებული ჯერ არდაბადებულ შვილთან. მაგრამ ხდება ისე, რომ დედა ბავშვს დაბადებიდან კარგა ხნის მერეც არ სცილდება. ის თითქოს შესისხლხორცებულია მასთან და სხვანაირად არ შეუძლია.

ალბათ გსმენიათ ახალგაზრდა დედა რომ მრავლობითში ამბობს: „ჩვენ ვჭამეთ, ჩვენ გვეძინა, ჩვენ მუცელი გვტკიოდა“. სინამდვილეში, ის მხოლოდ ბავშვს გულისხმობს, მაგრამ მის გარეშე თავი ვერ წარმოუდგენია.

დედა-შვილს ფიზიკური დისტანცირებისთვის დრო სჭირდება. თუმცა, ეს დრო თუ გაიწელა, მანკიერ ფორმებს მიიღებს. სამი წლის ასაკიდან ბავშვი ნელ-ნელა დამოუკიდებლობის სწავლას იწყებს. ის შორდება დედას. მან თავი ცალკე სოციალურ არსებად უნდა იგრძნოს. მნიშვნელოვანია, რომ დედამაც უნდა დაიწყოს ბავშვის ცალკე ადამიანად აღქმა და შესაბამისად მოქცევა. დედის შვილზე მიჯაჭვულობამ ორივეს ცხოვრება არ უნდა დაანგრიოს.

დაგვეთანხმებით, საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურება დედა, რომელიც წამითაც არ ტოვებს შვილს: კუდში დასდევს, უკრავს ფეხსაცმლის თასმებს, მასთან ერთად ბეჯითად სწავლობს, დაჰყვება სტუმრად. რატომ იქცევა ის ასე? იმიტომ, რომ, მისივე განმარტებით, შვილს აკლია დამოუკიდებლობა, ცოტა უპასუხისმგებლოა, ცოტა გულმავიწყი, ცოტა უინიციატივო. მაგრამ რატომ? იმიტომ, რომ არ ეძლევა საკუთარი თავის გამოხატვის, გამოჩენის საშუალება. სახლში დაბრუნებულ შვილს დედა ჩანთას უჩხრეკს, უმოწმებს, რა აქვს დავალება; დეტალურად ეკითხება, რომელმა მასწავლებელმა რა უთხრა. დედა თავის ჭკუაზე უწყობს ბავშვს სამეცადინო კუთხეს, უთვლის კალმებსა და რვეულებს, არწმუნებს, რომ დედა შვილის ერთადერთი საუკეთესო მეგობარია. ასეთ პირობებში ძნელია, ბავშვმა თავი დამოუკიდებელ ადამიანად იგრძნოს, მით უფრო პიროვნებად, რომელიც რაიმე ინიციატივასა და პასუხისმგებლობას გამოიჩენს.

მშობელიც წყვეტს საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას. მისი „მე“ გაიგივებულია ბავშვის „მესთან“. ასეთი მშობელი არ აძლევს შვილს გასაქანს არც 17 და არც 35 წლის ასაკში. ის დაჟინებით ითხოვს მისგან ყველა საქმის კურსში ყოფნას, სად არის, ვისთან, რატომ, მოუყვეს – აქვს თუ არა ყველაფერი რიგზე, ის სულ აიძულებს მას სატელეფონო „ანგარიშის ჩაბარებას“.

რეკომენდაციები და კითხვები მშობლებს:

  • დააკვირდით, ხშირად მოიხსენებთ მრავლობითში საკუთარ თავს? თუ – კი, რა სიტუაციებში? როგორ ფიქრობთ, რატომ გიჩნდებათ ეს სურვილი?
  • შეეცადეთ ფორმულირება გაუკეთოთ თქვენს ნათქვამს და ნაცვალსახელი „ჩვენ“ შეცვალოთ და თქვა „მე“ ან „ის“.

ინტროექცირებული მშობელი – ინტროექცირებული ადამიანი არაკრიტიკულია გარემოსა და საკუთარი თავის მიმართ. ის პასიურად იღებს იმას, რასაც გარემო სთავაზობს, საკუთარი სურვილებისა და მოსაზრებების გაცნოებიერების გარეშე. მშობელსა და შვილს შორის ურთიერთქმედების ინტროექტული ფორმა კი იმაში გამოიხატება, რომ მშობელი ბავშვში სხვადასხვა მზა გზავნილს „დებს“ და უკეტავს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების შესაძლებლობას.

ინტროექცირებული მშობლები მკაცრი წესების მიხედვით მოქმედებენ. მათ ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთოს ბავშვმა და რა – არა, მათ ზუსტად იციან, როგორ არის მოწყობილი სამყარო.

თუმცა, სხვადასხვა მზა გზავნილის ნაკადში მშობლების სასარგებლო შეტყობინებებიც მოიძებნება. მაგალითად: „ფეხმავლისთვის გზის გადაკვეთა წითელ შუქზე არ შეიძლება“ ან „კბილების გახეხვა საჭიროა დღეში ორჯერ“. ამ შეტყობინებებით ბავშვი სწავლობს, როგორ მოიქცეს გარკვეულ სიტუაციაში. თუმცა, ამ შეტყობინებებს ბავშვი ხშირად ხმამაღალი გაჟღერების გარეშეც მშვენივრად, დაკვირვების გზით ითვისებს, რადგან ეს ის ქცევაა, რომელსაც ყოველდღიურად იმახსოვრებს. მაგალითად, სახლში მისული მშობელი ხელებს იბანს. ბავშვი უყურებს და იმეორებს.

თუმცა არსებობს სხვა შეტყობინებებიც: „სადილზე ყოველთვის უნდა გქონდეს წვნიანი“, „ბიჭი არ უნდა ტიროდეს“, „თუ არ ისწავლი, დამლაგებლად იმუშავებ“ და სხვ. ბავშვი, რომელიც რეგულარულად ისმენს მსგავს მესიჯებს, მომავალში ვერ მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას. ის მიჰყვება პოსტულატებს, რომლებსაც არ აუხსნიან, თუ რატომ არ უნდა იტიროს ბიჭმა ან რა არის იმაში ცუდი, თუკი ბიჭი ატირდა?..

ინტროექცირებული მშობლების შვილებს უჭირთ, ისწავლონ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ხშირად ისინი ცხოვრობენ ისე, „როგორც საჭიროა“, ავიწყდებათ თავიანთი მოთხოვნილებები და სურვილები და მათი დაკმაყოფილების შესაძლებლობა.

რეკომენდაციები და კითხვები მშობლებს:

  • თქვენ რა გზავნილი გადმოგცეს მშობლებმა? როგორი გავლენა მოახდინეს მათ თქვენს ცხოვრებაზე? როგორ გრძნობთ თავს, როცა გახსენდებათ ეს გზავნილები?
  • შეადგინეთ თქვენი საკუთარი ინტროექტიური შეტყობინებების სია, რომლებსაც სთავაზობთ თქვენს შვილს. რომელია სასარგებლო? იქნებ უარი თქვათ ზოგიერთზე?
  • „სცადეთ“ თითოეული ინტროექტული მესიჯის მორგება საკუთარ თავზე. მაგალითად, შვილს თუ ეუბნებით: „აუცილებლად უნდა ჭამო ყველაფერი, რაც თეფშზეა“, საკუთარ თავსაც იგივე უთხარით: „აუცილებლად უნდა ვჭამო ყველაფერი, რაც ჩემს თეფშზეა“. რას იგრძნობთ?

პროექციულ მშობელი – როგორც წესი, ადამიანი თავის მოტივებს, სურვილებს, ინტერესებს გარე სამყაროს მიაწერს. მაგრამ პროექციული მშობელი სხვაგვარად იქცევა. პროექციის უმარტივესი მაგალითია: სეირნობისას გაყინული დედა თბილ სამოსს ბავშვს აცმევს, თუმცა ბავშვს არ სცივა, მაგრამ რადგან დედას სცივა, ის დარწმუნებულია, რომ ბავშვიც დისკომფორტშია.

ასევე, პროექციულ მშობელს ჰგონია, რომ ყველაფერი იცის: როდის შია ბავშვს, როდის იწყენს, როდის ეძინება, როდის უნდა იმხიარულოს და რა არის მისთვის საინტერესო. მაგრამ, სინამდვილეში, მშობელი თავის საკუთარი გრძნობებით, სურვილებითა და მოთხოვნილებებით ხელმძღვანელობს.

მაგალითად, ბავშვი დიდი მონდომების გარეშე დადის ცეკვაზე, დედამისი კი ყველას ეტრაბახება: „ჩემი გოგო გიჟდება ცეკვაზე, ისე ძალიან მოსწონს“. დედა არც კი ეკითხება შვილს, მართლა სიამოვნებს თუ არა მას ცეკვა, რადგან ის თვითონ მოსწონს და ფიქრობს, რომ შვილსაც უნდა მოსწონდეს.

კიდევ ერთი გავრცელებული მაგალითი: ბებია ხშირად „თანაუგრძნობს“ შვილიშვილს: „ჩემო საბრალო, სწავლა ძალიან რთულია, ვიცი, ძალიან იღლები“. სინამდვილეში, შვილიშვილი კარგადაც სწავლობს და სულაც არ იღლება. ბებია საკუთარ თავზე ლაპარაკობს – მას, ხანდაზმულ ადამიანს, შვილიშვილის დაკავებულობა ტანჯვად ეჩვენება. ეჩვენება, რომ ბავშვი იღლება. ის კი თანდათან უკლებს სწავლას. ბავშვი რეგულარულად უსმენს ბებიას გამონათქვამებს/პროექციებს და იჯერებს, რომ სწავლა მართლა რთული და დამქანცველია.

კითხვები და რეკომენდაციები მშობლებს:

  • შეგიძლიათ, გაიხსენოთ თვენი მშობლების პროექციული განცხადებები? რას ფიქრობთ ახლა ამ განცხადებებზე?
  • გაიხსენეთ თქვენი განცხადებები, რომლებიც გავლენას მოახდენდნენ თქვენს შვილებზე?

დეფლექსირებული მშობელი – დეფლექსია გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი თავის ენერგიას არ მიმართავს იმ ობიექტზე, რომლისთვისაც ის თავდაპირველად იყო განკუთვნილი, არამედ გადაამისამართებს მას, ანდა მიმართავს მას სხვა რამეზე. დეფლექსია კონტაქტისგან გაქცევის, მისთვის თავის არიდების მიზნით სხვა საკითხებზე ყურადღების გადატანაა. დეფლექსიას ახასიათებს ბევრი საუბარი სხვადასხვა თემაზე, შორიდან შემოვლა, ზედაპირული ინფორმაციის გაცემა. დეფლექსიაში მყოფი ადამიანი ისხლეტს პირდაპირი კონტაქტის მცდელობას.

დეფლექსირებულ მშობელს სურს, ჩაერთოს ბავშვის განვითარებაში, თუმცა თვითონ არ ერთვება ბავშვთან ერთად ძერწვის, ხატვის, წიგნების კითხვისა თუ სხვა საქმიანობაში. ის დიდ დროს ხარჯავს აღმზრდელობით-მეთოდოლოგიური ლიტერატურის ძიებასა და კითხვაზე. ის იმდენად დიდ დროს უთმობს ამ ყველაფერს, რომ შვილთან ერთად მეცადინეობის თავი აღარ აქვს.

დეფლექსირებული მშობელი კითხულობს უამრავ სტატიას და წიგნს პედაგოგიკაზე, წაუკითხავს არ ტოვებს საგანმანათლებლო საიტებს. ხშირად ეჩვენება, რომ სწორედ ახლა ისწავლის რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს და ამის შემდეგ გახდება იდეალური მშობელი.

კითხვები და რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • ნუ ეცდებით, იყოთ იდეალური მშობელი. ბავშვს სჭირდება ჩვეულებრივი მოსიყვარულე და გვერდით მყოფი მშობელი.
  • არ დაგეგმოთ ბევრი გრანდიოზული აქტივობა. ჯობია უბრალოდ ერთად ითამაშოთ, დახატოთ ან პარკში გაისეირნოთ.
  • ესაუბრეთ თქვენს შვილს საკუთარ თავზე, თქვენს გრძნობებსა და გამოცდილებაზე. ნოტაციების კითხვას ეს ნამდვილად სჯობს.

მშობელი, რომელიც აუფასურებს საკუთარ თუ შვილის დამსახურებებს. ჩვენ გვხვდება ორი ასეთი ტიპის მშობელი – პირველი აუფასურებს თავის, როგორც მშობლის დამსახურებებს, მეორე – აუფასურებს შვილის დამსახურებებს.

მშობელი, რომელიც საკუთარ დამსახურებებს აუფასურებს, ცხოვრობს პრინციპით „მე ვარ ცუდი დედა/მამა“. მას მიაჩნია, რომ ძალიან ცოტას აკეთებს ბავშვისთვის, რომ სხვა მშობლები ბევრად მეტს ცდილობენ. ამასთან, საკუთარი თავისკენ მიმართული ყველა ბრალდება, როგორც წესი, დაუსაბუთებელია. ასეთი მშობელი ბავშვს ზიანს არ აყენებს, ყოველ შემთხვევაში ხილულად, მაგრამ ის არ აძლევს საკუთარ თავს უფლებას იცხოვროს მშვიდად, რადგან მუდმივად გრძნობს თავს „ყველაზე ცუდ“, „არასრულფასოვან“ მშობლად.

მშობელი, რომელიც შვილის დამსახურებებს აუფასურებს, ბავშვისგან არნახულ წარმატებას მოელის და მისით გამუდმებით უკმაყოფილოა. მშობელი ბავშვს ძალიან ბევრს სთხოვს. მას არ ახარებს მისი წარმატება, ის მას სულ ახალ-ახალ მიზნებს უსახავს. ასეთ მშობელს ჰგონია, რომ ბავშვს ქება ვნებს. ის უკმაყოფილოდ უყურებს სხვა მშობლებს, რომლებიც, მისი აზრით, შვილებს შექებით „აფუჭებენ“.

კითხვები და რეკომენდაციები მშობლებისთვის:

  • შეადგინეთ სია, რასაც აკეთებთ თქვენი შვილისთვის, რაც შეიძლება არ გააკეთოთ (არ ხართ ვალდებული გააკეთოთ). სხვა მშობლები ამ სიის ყველა პუნქტს ასრულებენ?
  • რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს?

ჩაკეტილი მშობელი – ეს არის ადამიანი, რომელიც შეგნებულად იკეტება სხვებისგან და არავისთან სიახლოვეს არ ეძებს. მას არ სურს ბავშვთან ახლო კონტაქტში შესვლა. მშობელი ყინულის დედოფალივით ცივია. სინამდვილეში, ასეთი მშობელი ისწრაფვის იდეალისკენ და სურს, ჰყავდეს იდეალური შვილი: კეთილგანწყობილი, ყოველთვის სუფთა, მოწესრიგებული, მშვიდი, თავაზიანი.

იმის თქმა, რომ ასეთ მშობელს არ აინტერესებს ბავშვი, დაუშვებელია. უბრალოდ, მას ურჩევნია ბავშვთან სტრუქტურირებული და შუამავლობითი კომუნიკაცია იქონიოს. მაგალითად, მოსწონს კულტურული პროგრამის შემუშავება – მუზეუმში, კინოში, თეატრში, ზოოპარკში, პლანეტარიუმში ბავშვთან ერთად სიარული. ის მზად არის წაუკითხოს, ეთამაშოს სამაგიდო თამაშები, ასწავლოს მათემატიკა, მაგრამ მას არ მოსწონს ბავშვის სპონტანური სწავლება, სპონტანური თამაშები და მასთან გულწრფელი საუბრები.

კითხვები და რეკომენდაციები მშობლებს:

შეეცადეთ, არ უპასუხოთ კითხვას კითხვით. უპასუხეთ ბავშვის შეკითხვას და მხოლოდ ამის შემდეგ დაუსვით კითხვა.

მოუსმინეთ ბავშვს. თუ გაგიჭირდებათ ხანგრძლივი დიალოგი (და ზოგიერთ ბავშვს უყვარს გაუთავებელი ლაპარაკი), მაშინ შემოიფარგლეთ დამხმარე სიტყვებით. საკმარისია ხანდახან თავი გააქნიოთ და თქვათ „ასეა“, „ეს რა ყოფილა“, „საინტერესოა“. ეს არის პირველი ნაბიჯი დიალოგური კომუნიკაციისკენ.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

 

 

ლაჟვარდის დრო

0

***

სკოლას რომ ვამთავრებდი, ერთი კაბა მქონდა, თეთრი წითელი ზოლებით. მაშინ ასე აღვიქვამდი. პირველად ამ კაბით მივხვდი, რომ ჩემი ფიქრები და სხეული ერთმანეთს გაუტოლდა. მას შემდეგ, როგორც კი დავინახავ წითელს თეთრი ზოლებით (ახლა ასე აღვიქვამ), წონასწორობა მიბრუნდება, დროებით, მაგრამ მაინც. ზოლებად დაფერილი ნიჟარის საყურეებიც ასე წამლად ვიყიდე.

***

ერთხელ სკოლაში გეოგრაფიის გაკვეთილი პრაქტიკანტმა ჩაგვიტარა. იმ გოგოს ეცვა მწვანე ჯემპრი ღამურასახელოებით და დიდი, იასამნისფერი საყურეები ეკეთა. მთელი 45 წუთი ამ ორი ფერის შეხამებას ვაკვირდებოდი და სიგიჟემდე მომწონდა. ასეთი აკვიატებები დღემდე შემომრჩა. შეიძლება გეგონოთ, რომ ყურადღებით გისმენთ, მაგრამ ფიქრი ფერების დაწყვილებისკენ გამექცეს.

***

დედაჩემის ატრაქციონი: იატაკის ჯოხზე ჩამოცმული ძველი, მწვანე კაბა, სახლის ლაგებისას ტილოზე დასკუპება და დიდ ოთახში კისკისით სრიალი. ბავშვობის მოგონებებში მსგავს ამბებს ვეძებთ მე და ელენე.

***

ერთ ზაფხულს პრიზი მოვიგე სანაყინისგან – ცივი ამარეტო ლატეთი. მისვლისას გამყიდველისთვის მხოლოდ პაროლი უნდა მეთქვა – წითელი ველოსიპედი.

***

რაღაც სამაჯური მომეწონა. წითელი მოვისინჯე, კონსულტანტმა თეთრიც გვაქვსო. წითელი იყოს, გულის გადახალისება მინდა-მეთქი. ვერ მოვირგე და აღარ ვიყიდე. იმის მერე, ყოველდღე მეკითხება მატასი – დე, გულის გადახალისება რომ გინდოდა?

***

ერთ ჩემს მეგობარს ჰქონდა ნარინჯისფერი თავშალი, რომელიც ძალიან მომწონდა. იმან, ახლახან მაჩუქეს, ცოტა ხანს ვატარებ და მერე შენი იყოსო. მომეცა დარდი – სადმე თუ მიაგდებდა, ვიღებდი და ვკეცავდი. ყავას თუ სვამდა, ვაფრთხილებდი, არ გადაესხა. ხშირად თუ ეკეთა, ვბრაზობდი. ამასობაში მაღაზიაში გადავაწყდი იმდაგვარს და ვიყიდე. დიდხანს ვატარე, მერე მომბეზრდა. ახლა კარადაში მიდევს, დავხედავ და ეს ამბავი მახსენდება.

 

***

თითქმის ათი წლის მერე ანტრესოლიდან ჩამოვიღეთ „მონოპოლი“. დაფასაც და ბარათებსაც შერჩენილი აქვს წითელი ღვინის ლაქები და კარგი დროის მოგონებები – როცა მეგობრებთან ერთად გათენებამდე ვთამაშობდით.

***

დათოვლილი მთების ფოტო მინდოდა დამედო. მერე ვიფიქრე, აბა, რის ჩვენებაც გინდოდა, ის დაწერე-მეთქი. სულაც არ გამოვიდა თოვლიანი პეიზაჟი. სულ პირიქით შემობრუნდა მზერა – ლევანი დაფიფქულ შეშას აბინავებს, მე მწვანილს ვჭრი ლობიოსთვის, თან წითელი კომბოსტოს მწნილი მახსენდება და ლურჯ გრაფინს გავყურებ, არაყი თუ ჩარჩა-მეთქი, ისევ ლევანისთვისთვის, თორემ ჩემი მხოლოდ თვალი ჭამს და თვალი სვამს. აი, ამ ფერებით რომ დავნაყრდები, მერე დესერტისთვის ისევ დათოვლილ მთებს გავხედავ ფანჯრიდან.

 

***

ნიჩბისში ისეთი ქარია, წითელი ტაშტი გაიტაცა და მე ცისფერი კიმონოთი გავედევნე. გარედან შევხედე და ფერები მომეწონა, თორემ ისე ძაან შემცივდა.

***

მაინც მძიმე სანახავია ნიჩბისის ქვის კარიერები – ტექნიკის ხმასთან ერთად როგორ ჩნდება თეთრი ლაქები მთის მწვანე ფერდობზე.

***

ახლა მინდა იმერული საღამო, ჭიშკარს რომ ჩაუვლიან მინდვრიდან დაბრუნებული ბატები და წითლად ჩამავალი მზისკენ გაფრინდებიან.

***

ახალ წელს ვხვდები ძველი კაბით, ასაკს არ გავამხელ (კაბისას). მახსოვს, დედაჩემმა საზამთრო კაბა ვიყიდეო და ველოდებოდით, რომ მრგვალ, მწვანე, ზოლებიან კაბაში გამოეწყობოდა. საზამთრო კაბა კი აღმოჩნდა შინდისფერი, თეთრი გულებით.

***

სართული ისევ შემეშალა, მაგრამ ოთახი – არა. ის ნომერიც ზუსტად ლიფტთან იყო. კარის ჯაჯგურზე ისევ ის ქალი გამოვიდა, დიდი, ყვითელი მძივით და წინა დღეებში თუ თავაზიანად მიხსნიდა, თქვენ აქ არ ცხოვრობთო, ახლა უკვე წარბშეკრულმა შემომიბღვირა. მერე ლიფტში სიცილი ამიტყდა ამის გამო. არადა, ლიფტი იყო ჩუმად სამგზავრო – კარი როგორც კი იხურებოდა, თოლიების ხმა ირთვებოდა.

***

ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ პოეტური ფოტო „პრაჟსკი“ შემოდგომისა, ერთ მშვენიერ დღეს ყვითელი ფოთლის ამოცნობით დასრულდებოდა და ვიტყოდი – ეს ბოსტონის სურო უნდა იყოს.

***

„აქეთ შავი დათვი იცის, ეს ეტყობა გადაფერდა“, – ლაგოდეხის ნაკრძალის ვიზიტორთა ცენტრში თეთრი დათვის ფიტულთან შევჩერდით მე და ჩემი მასპინძელი.

***

ფანჯრიდან გავიხედე, კაცი მომესალმა მანქანიდან. არ მეცნო, ალბათ ხშირად დადის ამ გზაზე. როდესაც წითელი ანთია, მეც ყოველდღე ვაკვირდები მძღოლების ჟესტებს უნებისყოფოთა ამოსაცნობად. ისინი კიდევ ჩვენი კორპუსისკენ იყურებიან, თითქოს უმისამართო მზერით. ზოგი ისე გაერთობა ხოლმე, უკან მდგომის სიგნალი აფხიზლებს. ასეთია შუქნიშანთან ცხოვრება.

***

„ნაყოფის აღწერა მხოლოდ ფერის მიხედვით და ისიც მხოლოდ „წითელის”აღნიშვნით სრული არაა, რადგან წითელი შეიძლება იყოს ძოწეული წითელი, მუქი წითელი, კაშკაშა წითელი, მკრთალი წითელი და სხვა,“ – ნიკო კეცხოველის წიგნიდან ამომიწერია ჩვენებურ კოწახურებზე.

 

***

ერთმა მცოდნე კონსულტანტმა თვალისთვის ყავისფერი ფანქარი მირჩია, შავთან შედარებით უფრო ბუნებრივად გამოიყურება და მეტ სიღრმესაც აჩენსო. ახლა მეტი რა უნდა მოეთხოვებოდეს ერთ კოსმეტიკურ ფანქარს-მეთქი, ვიფიქრე და ჩვეული ყოყმანის გარეშე ვიყიდე. რამდენიმე დღის მერე შესადარებლად ერთი თვალი შავი ფანქრით მოვიხატე, მეორე ყავისფრით. განსხვავება აშკარაა – რაც კონსულტანტმა მითხრა, სარკეში ამიხდა, მაგრამ ახლა ჩემი კეთილი რჩევა მრჩეველს: მელანქოლიურ ქალებს არასოდეს შესთავაზოთ ყავისფერი ფანქარი, თორემ კომპლიმენტის ნაცვლად გარდაუვალია შეკითხვა: „რა გჭირს, მოხდა რამე?”

 

***

დღეს ქუჩაში პატარა გოგოებმა ჩამირბინეს და სიჩქარეში ერთს შარფი დაუვარდა, ლურჯი ყვავილებით. წარმოვიდგინე, როგორ დამწყდებოდა გული, მე რომ ასეთი ლამაზი შარფი დამეკარგა. ავიღე და გავეკიდე. ისე გარბოდნენ, ვერ ვეწეოდი, მაგრამ მაინც ავედევნე. ჩქარი ნაბიჯით მივაფრიალებდი აბრეშუმს და გზაჯვარედინზე, საითაც ნარინჯისფერ ჟაკეტს დავლანდავდი, მეც იქით ვაგრძელებდი გზას. მომატარეს მთელი უბანი, ბოლოს შუქნიშანთან დავიჭირე. ისეთი გულამოვარდნილი ვიყავი, იმის თქმის თავიც არ მქონდა, საიდან ვდიე. დაგივარდათ-მეთქი და უი, ჰო, ჩემია, მადლობაო. ალბათ ეგონა იმ წუთის ამბავი იყო. არადა, არა.

 

***

ხანდახან მხოლოდ ერთ ფერს აღვიქვამ გამძაფრებულად. მაგალითად, ახლა ლურჯს ვხედავ შინ და გარეთ. მანამდე იყო ჟოლოსფერი, იქამდე – მწვანე. ტყუილად არასოდეს ჩაუვლია ამ ეიფორიას, ბოლოს ახალი საყურე შემრჩება ხოლმე. ახლა ლაჟვარდის დროა.

 

 

რაფთ და რაფთ-ი

0

წერითი დავალება „რაფთ“ გულისხმობს მოსწავლის გააზრებულ არჩევანს წერითი დავალების შესრულებისას, რომელიც ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლებას. „რაფთ“ არის შემდეგი სიტყვების აკრონიმი:

  • ოლი;
  • უდიტორია;
  • ორმატი;
  • ემა.

მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ შესასწავლი მასალის შინაარსზე და მოემზადონ წერითი დავალების შესასრულებლად. თუმცა, ვიდრე წერას დაიწყებენ, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვის როლს მოირგებენ, ვისი პოზიციის გამოხატვას შეეცდებიან საკუთარი ნაწერით. ამის შემდეგ მოსწავლემ უნდა შეარჩიოს აუდიტორია, რომელსაც მიმართავს. როლისა და აუდიტორიის შერჩევის შემდეგ, მოსწავლე გადაწყვეტს, რა ფორმით სურს სათქმელის გამოხატვა და კონკრეტულად რომელ თემაზე სურს აქცენტის გაკეთება.

წარმოვიდგინოთ მერვე კლასის ქართული ენისა და ლიტერატურის მასალა – ნოდარ დუმბაძის მოთხრობა „ბოშები“ – „რაფთ-ის“ წერითი მეთოდის გამოყენებით. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა ამ ოთხი კომპინენტიდან აარჩიონ მათთვის სასუველი და ისე შეასრულონ დავალება.

 ოლი – ავტორი, ავტორის კალამი; ლევარსი ბერეჟიანი; ბოშების მეთაური – ნიკოლა; ნენა – ბებია; მილიციის უფროსი – კიკიტია; ჟურნალისტი, რომელიც ავტორის მეგობარია და ჩავიდა სტუმრად და შეესწრო ამ ფაქტს; მკითხავი ბოშა; ტურისტი, რომელიც ზენობანს სტუმრობს; მოპარული ხბო ან თხა; ახალშობილი გრიშა – შეგიძლიათ მოიფიქროთ თავად

უდიტორია – ავტორი; პერსონაჟი; უფროსი თაობა; კლასელი ანუ თანატოლი; იმ ქვეყანაში მცხოვრები თანატოლი, სადაც კონფლიქტია (უკრაინა); სხვა ნაწარმოების პერსონაჟიუიმედო ტარიელი; ფილმის პერსონაჟი; მასწავლებლები; იმედდაკარგული ადამიანი; მშობლები; საზოგადოებათავად შეგიძლიათ მოიფიქროთ

ორმატი – წერილი; დღიური; ჩანახატი; ინტერვიუ; რეპორტაჟი; ფოტოკოლაჟი; რეფერატი; ვიდეოკლიპი (წარწერებით); მუსიკის ტექსტი; ბლოგი; დიალოგური მოთხრობა; პლაკატი (დევიზი); სცენარი – მოიფიქრეთ თქვენც

 ემა – ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფია – მოგონებები; ადამიანური სიკეთე; ადამიანური მადლიერება; „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“… მორჩილებას მიუჩვეველი ბოშებისაზოგადოებრივი წესრიგი;
უიმედობასთან ბრძოლა; ომის სისასტიკე; ჩაქრობაზე მიმდგარ კერას შეუბერეს სული; კაცობრიობის გადარჩენის გზა – იმედი და სიკეთე – თქვენც შეგიძლიათ მოიფიქროთ

ვინაიდან „რაფთ“ არის წერითი დავალების შესრულების შემოქმედებითი სტრატეგია, იგი იძლევა დიფერენცირებული სწავლების მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას; მისი გამოყენებით მოსწავლე საკუთარ თავს მოარგებს კონკრეტულ როლს და ურთიერთობას ამყარებს მის მიერ შერჩეულ კონკრეტულ აუდიტორიასთან, რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს მოსწავლის რეალური გამოცდილება, ცოდნა და შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე;

რატომრაფთ-ი?“

უცხო სიტყვების ენაში შემოტანის საკითხი დგება მაშინ, როდესაც ენობრივი კოლექტივი ეცნობა ახალ რეალიებს ან იქმნება ახალი ცოდნა, რასაც მოსდევს ახალი ცნებებისა და შესაბამისად ახალი სიტყვების წარმოქმნა. ამ შემთხვევაში ენას ორი არჩევანი აქვს: იგი ამგვარი ახალი ცნებებისათვის ქმნის მშობლიურ სიტყვებს საკუთარი ენის რესურსებით, ან სიტყვა შემოაქვს ენაში როგორც უცხო სიტყვა. ქართული ენა საკმაოდ ღიაა ამ თვალსაზრისით, იგი იღებს უცხო სიტყვებს, თუმცა, ქართული ენის რესურსებით ახალი სიტყვების შექმნის არაერთი წარმატებული მაგალითი არსებობს. ამიტომ მცირე წვლილი ჩვენც შეგვიძლია შევიტანოთ მარტივად და, ვინაიდან „რაფთ“ წერით სტრატეგიას ვიყენებთ  ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე, ამიტომ დროის დაზოგვისა და „ქართული გაკვეთილის“ ჩასატარებლად, შეგვიძლია ჩვენეული ინტერპრეტირება გავუკეთოთ და „რაფთ-ს დავამატოთ ი-ინტეგრირება ანუ „ქართული ლიტერატურა და გრამატიკა ერთად“ – მივიღებთ „ქართულ სიტყვას“ და სტრატეგიას, რომელშიც „ჩავაშენებთ“ გრამატიკის საკითხებსაც.

ი-ს საკითხები გრამატიკიდან, რაც საჭიროა ამ წერითი დავალების შესრულებისას ანუ: დიალექტები; ნეოლოგიზმები; ეპითეტები, შედარებები, მეტყველების ნაწილები; სინტაქსური და პუნქტუაციური მართლწერა; მწერლის ენა და სხვა.

რის შემდეგაც რაფთი ასე გამოიყურება:

 ოლი  ოლი – ავტორი, ავტორის კალამი; ლევარსი ბერეჟიანი; ბოშების მეთაური – ნიკოლა; ნენა – ბებია; მილიციის უფროსი – კიკიტია; ჟურნალისტი, რომელიც ავტორის მეგობარია და ჩავიდა სტუმრად და შეესწრო ამ ფაქტს; მკითხავი ბოშა; ტურისტი, რომელიც ზენობანს სტუმრობს; მოპარული ხბო ან თხა; ახალშობილი გრიშა – შეგიძლიათ მოიფიქროთ თავად
უდიტორია უდიტორია – ავტორი; პერსონაჟი; უფროსი თაობა; კლასელი ანუ თანატოლი; იმ ქვეყანაში მცხოვრები თანატოლი, სადაც კონფლიქტია (უკრაინა); სხვა ნაწარმოების პერსონაჟიუიმედო ტარიელი; ფილმის პერსონაჟი; მასწავლებლები; იმედდაკარგული ადამიანი; მშობლები; საზოგადოებათავად შეგიძლიათ მოიფიქროთ
ორმატი ორმატი – წერილი; დღიური; ჩანახატი; ინტერვიუ; რეპორტაჟი; ფოტოკოლაჟი; რეფერატი; ვიდეოკლიპი (წარწერებით); მუსიკის ტექსტი; ბლოგი; დიალოგური მოთხრობა; პლაკატი (დევიზი); სცენარი – მოიფიქრეთ თქვენც
 ემა  ემა – ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფია – მოგონებები; ადამიანური სიკეთე; ადამიანური მადლიერება; „თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ“… მორჩილებას მიუჩვეველი ბოშებისაზოგადოებრივი წესრიგი; უიმედობასთან ბრძოლა; ომის სისასტიკე; ჩაქრობაზე მიმდგარ კერას შეუბერეს სული; კაცობრიობის გადარჩენის გზა – იმედი და სიკეთე – თქვენც შეგიძლიათ მოიფიქროთ
-ს საკითხები გრამატიკიდან, რაც საჭიროა ამ წერითი დავალების შესრულებისას ი-ს საკითხები გრამატიკიდან, რაც საჭიროა ამ წერითი დავალების შესრულებისას ანუ: დიალექტები; ნეოლოგიზმები; ეპითეტები, შედარებები, მეტყველების ნაწილები; სინტაქსური და პუნქტუაციური მართლწერა; მწერლის ენა და სხვა.

 

 

„რაფთი“-ს გამოყენება შესაძლებელია ყოველთვის, როცა მასწავლებელი საჭიროდ ჩათვლის წერითი დავალების მიცემას მოსწავლეებისთვის. მისი მიზანი შეიძლება იყოს მოსწავლეების განვითარება გარკვეული მიმართულებით, პროექტის შეჯამება ან უბრალოდ გამოყენებული იყოს, როგორც სახალისო, დამაინტერესებელი, შემაჯამებელი, შექმნაზე ორიენტირებული აქტივობა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი – „განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება – სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის.“

https://ganatldi.ge/app/uploads/2019/pdf

  1. ბარბარიზმების ლექსიკონი – https://barbarisms.ge/article1/
  2. ინტერაქტიური სწავლების მეთოდები. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2018.

წინწანაქარი

0

გასული საუკუნის ოთხმოციანების შუაწლები ახალი გადასულია. დიადი საბჭოეთი უკვე ნაჩერნობილარია. საგაზაფხულო ხვნა-თესვაც ჩატარებულია – იმ წელს პირველად დაითესა ახალი კულტურა სახელად „გლასნოსტი“… აშკარაა, რაღაც ახალი ხდება ქვეყანაში, თუმცა არავინ იცის, რომ თვით ქვეყანას უკვე სასიკვდილო სენი აქვს შეყრილი. ძალიან ახლობლებმა იქნებ იციან, მაგრამ ჩვენ არ გვეუბნებიან. ამიტომ მთელი ქვეყნის ჭირ-ვარამი ისევ ისე თუხთუხებს ჟანგიან და გამურულ ქვაბში, როგორც ხუთი და ათი წლის წინ.

ჰოდა, აი, ასეთ დროს ჩვენს სკოლას სტუმრად ეწვია ლატვიის ერთი დაძმობილებული სკოლა სუვენირებითა და საჩუქრებით ხელში. გაცილებისას ჩვენც დავიწყეთ ჩურჩხელებისა და ღია ბარათების შეგროვება. მერე შემთხვევით ერთ-ერთ სტუმარს ვკითხე: რა მოგეწონათ ყველაზე მეტად? იმას გაჩუქებთ-მეთქი. მამაჩემი ჯარში ერთ ქართველთან ერთად მსახურობდა და დამაბარა, იქნებ ქართული ბროწეული და ჩაჩა წამომიღოო. ბროწეული ვიყიდე და ეს ჩაჩა რა არის, ვერ მივაგენიო. ავუხსენით, რომ ჩაჩას ქართულად ჭაჭა ჰქვია, ეროვნული მაღალგრადუსიანი ალკოჰოლური სასმელია და მაღაზიებში არ იყიდება. ამის გამგონემ, ჯერ დაიმორცხვა, ეს რა გთხოვეთ ამ გაგანია მშრალ კანონშიო, მერე გაუკვირდა – ღვინის სამშობლოში ჭაჭა როგორ არ იყიდებაო…

დიახ, ასე იყო დიად საბჭოეთში. ღვინისა და დავით სარაჯიშვილის სამშობლოში ქარხნები რუსულ ვოდკას (სტალიჩნაია) ასხამდნენ, ქართული მაწვნის ნაცლად ჩვენი რძის კომბინატები რუსულ პრასტაკვაშას ადედებდნენ. ასე ითხოვდა გეგმური ეკონომიკა და საბჭოთა იდეოლოგია – ეროვნულობას სახლის ზღურბლისთვის არ უნდა გადმოებიჯებინა, გარეთ კი უკვე საბჭოეთი იყო და ყველაფერი – საბჭოური.

საბჭოეთი ამ ამბებიდან მალე დაიშალა. გეგმური ეკონომიკაც, ცხადია, უკან გაჰყვა, მაგრამ ჭაჭამ, ჟიპიტაურმა, ლირდემ კიდევ დიდხანს ვერ მოიკიდეს ფეხი ჩვენს ცნობიერებაში. ვისკის, ტეკილასა და თვით ვოდკას გვერდით მეჯლისზე მოხვედრილი მენახირე ბიჭივით იყო – დამორცხვებული, თავჩაქინდრული, კუთხეში მიყუჟული.

თუ ჩვენი ხაჭაპური პიცის ტოლ-სწორია, ჭაჭა რატომ უნდა იყოს ტეკილაზე ნაკლები? ან რაში სჭირდება სიტყვა „არყის“ დამატება? მით უფრო – ისეთი ფორმით, როგორითაც ჩვენში გაიდგა ფეხი – „ჭაჭის არაყი“? ტეკილას ვინ მოიხსენიებს კაქტუსის არყად? საბედნიეროდ, ბოლო დროს ყინული გალღვა და ჩვენი მაღაზიების თაროებზე უკვე გამოჩნდა ჭაჭა, მაგრამ დასანანი იქნება, თუ ამ სახელს სიტყვა „არაყს“ დავურთავთ ხოლმე.

თან, თუ დიდ მეფეს ვახტანგ VI-ს დავუჯერებთ (ვახტანგ VI. წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის. თსუ-ს გამომცემლობა, 1981), სიტყვა „არაყი“ სულაც არ ნიშნავს მაინცდამაინც სასმელად ვარგის სითხეს. აი, რას წერს ქართულ ენაზე გამოცემული ქიმიის პირველი სახელმძღვანელოს ავტორი:

 

  1. ნარინჯისა, თურინჯისა და ლიმონის არაყი და ზეთი

მოიტანე, ან გამხმარი, ან ნედლი, ნარინჯისა გინდა, თუ თურინჯისა, თუ ლიმოს ყვითელი ქერქი. ერთს ქვის ქვაბი იყოს, თუ მინისა ბადია იყოს, ან ქაშანურისა ბადია იყოს, რა ერთიც გინდოდეს, ჩაყარე. ზედ, რა ერთი წყალიც გინდოდეს, დაასხი. თავს დაახურე. 7-8 დღე დადგი. მერმე საარაყეს ქვაბში ჩაასხი, არაყსავით გამოხადე. რა დენა გაათაოს, რაც გამოვიდეს, ნახე. ერთ რაშიმე ჩაასხი ზეთი, მაგრამ ქერქი ისე უნდა გასთალო, სითეთრე არა ჰქონდეს, ქაღალდსავით იყოს.

 

  1. არაყი დართულისა

დართული დანაყე. სხვას არაყსავით გამოხადე. ჯერ არაყი გამოვა, მერმე – ზეთი.

 

  1. ქაფურის არაყი

მოიტანე სამი წილი გილიერმანი, ერთი წილი ქაფური. ცალ-ცალკე დანაყე, მერმე ერთად გარიე. შუშა მრუდი რომ იქნება, იმაში ჩაყარე. ქვიშა ქვაბში ჩაყარე და მინა შიგ ჩადგი. ნელი ცეცხლი მიეც. ქაფური მინის ყელში ამოვა. რა ამივიდეს, გარდმოიღე. ქაფური ამოიღე და რაც მინაში დარჩეს, გარდაყარე და ქაფურში სამი თავისი წონა გილიერმანი გაურიე, კიდევ ცეცხლი მიეც; კიდევ ასე ქენ. სამჯერ რომ ისე ქენ, მესამედ არაყად გადნება და შუშაში ჩამოვა და აღარ გაყინავს.

 

მაშასადამე, „არაყი“ თანამედროვე ტერმინოლოგიით დისტილატს (გამონახადს) ნიშნავს. გამოხდის პროცესით კი ბევრი რამის მიღება შეიძლება, იმისდა მიხედვით,
„საარყე ქვაბში“, ტექნოლოგები კუბს რომ ვეძახით, რას მოვათავსებთ. ვახტანგ VI-ისა და ძველი არაბი ქიმიკოს-ტექნოლოგების მიხედვით, ჭაჭაც, ნავთიცა და ბენზინიც არაყია…

 

ქართულში კიდევ ერთი კარგი სიტყვა გვაქვს – წინწანაქარი, რომელიც ზუსტად აღწერს პროცესსაც და მის პროდუქტსაც. თუ ვინმეს ერთხელ მაინც გამოუხდია რამე კოლბასა თუ საარყე ქვაბში, ადვილად მიხვდება ამას.

რამდენი პროცენტია – ერთი გაკვეთილისთვის

0

პროცენტების გაგებისა და კომპეტენტურად მუშაობის უნარი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად ესმის მოსწავლეს ათობითი პოზიციური სისტემა და რიცხვთა თანრიგები, წილადები და მათზე მოქმედებები. მოსწავლეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გამოიკვლიონ, ამოიცნონ, წარმოაჩინონ და გამოხატონ ეს კავშირები და თავისუფლად იმუშაონ.

პროცენტული პრობლემების რეალური კონტექსტის უზრუნველყოფა მნიშვნელოვანია. მოსწავლემ უნდა დაინახოს, სად ჩნდება პროცენტი მის ცხოვრებაში და როგორ იყენებს მას, რამდენად სასარგებლოა მისი ცოდნა. სასურველია, შეაგროვონ და აღწერონ მაგალითები პროცენტულად სკოლის მონაცემებიდან, სარეკლამო მასალებიდან, მედიიდან… ასეთი აქტივობები დაეხმარება მათ, გააცნობიერონ რამდენად ხშირად გამოიყენება პროცენტები ყოფა-ცხოვრებაში.

გაგაცნობთ მე-7 კლასში ჩატარებული გაკვეთილის გეგმას, პროცენტების სწავლების ერთი ეტაპს.

თემა: როგორ გამოვთვალოთ პროცენტი

კლასი: მე-7

მიმართულება: რიცხვები. რიცხვითი გამოსახულებები

სამიზნე ცნება: პროცენტი

საკითხი: ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია

მკვიდრი წარმოდგენები:

  • ეკვივალენტური ფორმები გვეხმარება რაოდენობებს შორის კავშირის დადგენასა და განზოგადებაში.
  • ფარდობა ადგენს შესაბამისობას ორ რაოდენობას (სიდიდეს) შორის.
  • პროპორციული დამოკიდებულება გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება რაოდენობები ერთმანეთთან მიმართებაში/დამოკიდებულებაში. აღნიშნული დამოკიდებულება შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით.
  • პროპორციის მეშვეობით შესაძლებელია კავშირის დადგენა ზომის სხვადასხვა ერთეულებს შორის, ასევე რაოდენობებს შორის.

გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ, წარმოადგინონ ერთი რიცხვი მეორეს რამდენი პროცენტია, შეძლებენ პროცენტების შესახებ ცოდნის სინთეზირებასა და კონცეფციების გამოყენებას პრაქტიკული ამოცანების გადაჭრისას, სხვადასხვა გზით.

აქტივობა 1. ფაზლის აწყობა (მოსწავლეთა ორგანიზება)

მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნათა კონსოლიდირება, კონვერტაციები პროცენტს, წილადს, ათწილადსა და ვიზუალურ წარმოდგენებს შორის.

აღწერა: თითოეულ მოსწავლეს ურიგდება ფაზლის ნაწილი. მოსწავლეებს აქვთ საკლასო ოთახში გადაადგილების საშუალება. ისინი ეძებენ ერთმანეთში ფაზლის ნაწილებს შესაერთებლად. აწყობილი ფაზლი ქმნის ერთ ჯგუფს. მაგალითად 30%; 48%; 12%;150%. ასე ხდება კლასის ორგანიზება ოთხ ჯგუფად.

გიზიარებთ ამ აქტივობის ზოგიერთ ფოტოს საკლასო ოთახიდან:

მასწავლებლის მიერ შექმნილი ფაზლი ფაზლის აწყობის პროცესი ჯგუფის მიერ აწყობილი ფაზლი (30%)

 

 

ეს აქტივობა, სახალისო იყო, ამავდროულად მოსწავლეებმა გაივარჯიშეს რიცხვების ეკვივალენტურ ფორმებად წარმოდგენაზე

აქტივობა 2: წინარე ცოდნის გააქტიურება (სავარჯიშო საშინაო დავალებიდან)

მიზანი: მოსწავლეთა მათემატიკური უნარების გაძლიერება და მზადება ახალი კონცეფციისათვის

მოსწავლეთა ორგანიზება: მთელი კლასი

აღწერა: კლასში განვიხილეთ საშინაო დავალების ერთი სავარჯიშო.

თუ 4 არის რიცხვის 5%, რამდენია ამ რიცხვის 30%?

ეს დავალება ერთი შეხედვით რთული არაა, მაგრამ კლასში განხილვა საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეებმა სხვადასხვა გზით ამოხსნეს ის და სხვადასხვა მიდგომების ერთმანეთთან გაზიარება მნიშვნელოვანია. ბავშვებმა თავად აღნიშნეს, რომ პროცენტული ამოცანების ერთი მეთოდით ამოწურვა ნაკლებად დამაკმაყოფილებელია.

გიზიარებთ მოსწავლეთა პასუხებს (მოკლედ):

1.       ვიპოვე 1%. თუ 1% არის 4/5 მაშინ 30% არის 4/5 ·30=24
2.       რადგან 30% 6 -ჯერ აღემატება 5%-ს, ამიტომ 4·6=24
3.       რადგან

4.       რადგან

5.       რადგან

6.      

მოსწავლეები პასუხობენ შეკითხვებს:

  • 4 რა რიცხვის 5%-ია?
  • 4 რა ნაწილია 80-ის?
  • 24 რა რიცხვის 30 %-ია?
  • 24 რა ნაწილია 80-ის?

ეს შეჯამება შემდგომში დაეხმარებათ მოსწავლეებს, განსაზღვრონ ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია.

აქტივობა 3. გიოს და მისი მეგობრების შინაური ცხოველები

მოსწავლეთა ორგანიზება: 5-6 მოსწავლისაგან შედგენილი 4 ჯგუფი

მიზანი: მოსწავლეები ცოდნათა სინთეზირებითა და მსჯელობით დაადგენენ, როგორ იპოვონ, ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია.

აღწერა: მოსწავლეთა ჯგუფებს ვურიგებ თითო ამოცანას ამოსახსნელად. (3 წთ.)

I ჯგუფი IIჯგუფი
გიოს ჰყავს პატარა ახალშობილი ლეკვი, რომელიც 600 გრამს იწონის, რაც მისი ზრდასრული წონის 20%-ია.

დიაგრამის გამოყენებით იპოვე, რა უნდა იყოს ზრდასრული ლეკვის წონა.

გიოს მეგობარ ლუკას ჰყავს ძაღლი.

აქ არის გიოს მიერ დახაზული დიაგრამა, რომელიც გამოსახავს ძაღლის წონას.

შეავსე დიაგრამა და იპოვე ლუკას ძაღლის წონა.

IIIჯგუფი IVჯგუფი
გიოს მეგობარ ნინის ჰყავს ფისო, რომლის 50% არის 1,5 კგ.

იპოვე ფისოს წონა

ნინის ფისო იწონის 3 კგ-ს. ვეტერინარმა ურჩია, რომ დღის განმავლობაში ფისოს კვების ულუფა მისი წონის 3,5% უნდა შეადგენდეს. რა რაოდენობის საკვებს ჭამს ფისო დღეში?

 

ამ ოთხმა ამოცანამ გაამთლიანა „ამბავი“. მოსწავლეებმა გამოიტანეს გადაწყვეტილებები და 1-2 წუთიანი წარდგენის შემდეგ, შეჯამების მიზნით კლასს ვუსვამ შეკითხვებს:

– ზრდასრული ლეკვის წონის რა ნაწილია ახალშობილი ლეკვის წონა? (როგორ ხედავ დიაგრამაზე?)

– რამდენჯერ აღემატება ძაღლის წონა ლეკვის წონას?

– შეადარე ლეკვის წონა ძაღლის წონას წილადის გამოყენებით.

– შეადარე ლეკვის წონა ძაღლის წონას პროცენტის გამოყენებით.

– ფისოს წონა გიოს ლეკვის წონის რამდენი %-ია?

– საკვების ულუფა ფისოს წონის რა ნაწილია?

– საკვების ულუფა ფისოს წონის რამდენი პროცენტია?

ამ კითხვებზე პასუხების ანალიზით მოსწავლეებმა თავად დაადგინეს, რამდენი პროცენტია ერთი რიცხვი მეორისა პოვნის ალგორითმი.

იმისათვის, რომ ვიპოვოთ ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია, საჭიროა:

1.       ვიპოვოთ ერთი რიცხვი მეორეს რა ნაწილია და გამოვსახოთ თანაფარდობა წილადით;

2.        მიღებული წილადი გამოვსახოთ პროცენტით.

 

დავუბრუნდით მე-2 აქტივობის სავარჯიშოს. გადავამოწმეთ:

  • 4 რამდენი %-ია 80-ისა?
  • 24 რამდენი % -ია 80-ისა?

 აქტივობა 4. „კი- არა“ მაგალითები:

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ, იპოვონ ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია, საკითხის გაგების გასამყარებლად.

მოსწავლეთა ორგანიზება: მთელი კლასი

აღწერა: მოსწავლეებს აქვთ ორი ფერის ბარათი. ლურჯი და ყვითელი. კლასს თანმინდებრობით ვუკითხავ შეკითხვებს. თითოეულზე მთელი კლასი მაჩვენებს შესაბამისი ფერის ბარათს. თუ წინადადება ჭეშმარიტია, კლასის თითოეულმა მოსწავლემ უნდა აჩვენოს ლურჯი ბარათი, თუ მცდარია – ყვითელი ბარათი. კლასზე ერთი თვალის მოვლებით ვიგებ საკითხის გაგების ხარისხს, თუმცა დასაზუსტებლად ზოგიერთ მოსწავლეს საშუალებას ვაძლევ, ახსნას მისი გადაწყვეტილება მსჯელობით, ან თუ შეცდომით პასუხობს მოსწავლე, ვეხმარები საკითხის გააზრებაში.

·         30 არის 40-ის 10%. – (ეს მგონი არაა სწორი)

·         50 არის 100-ის 50%.

·          3 დმ. ნერგის სიმაღლე 15 მ ხის სიმაღლის 20%-ია.

·         მომღერალთა გუნდში 22 ქალი და 18 მამაკაცია. გუნდის წევრთა 55% არის ქალი,

ü  გუნდის წევრთა 18% მამაკაცია.

ეს აქტივობა განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია.

აქტივობა 5: გასასვლელი ბარათები

მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ, იპოვონ ერთი რიცხვი მეორის რამდენი პროცენტია.

მოსწავლეთა ორგანიზება: ინდივიდუალური

აღწერა: თითოეულ მოსწავლეს ვურიგებ ინდივიდუალურ სამუშაო ბარათს. ბარათზე 2 პატარა ამოცანაა. 3-4 წუთში უნდა შეასრულონ.

გიზიარებთ ბარათების ოთხ ვარიანტს:

1)      12$ 16$-ის რამდენი პროცენტია?

 

 

 

2)      კლასში 25 მოსწავლიდან 10 გოგონაა. კლასის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია ვაჟი?

 

 

1)      75 ₾ 200 ლარის რამდენი პროცენტია?

 

 

 

2)      კლასში 25 მოსწავლიდან 15 გოგონაა. კლასის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია ვაჟი?

3)      40$-ის რამდენი პროცენტია 12$?

 

 

 

კლასში 30 მოსწავლიდან 12 გოგონაა. კლასის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია ვაჟი?

1)      რამდენი პროცენტია 200 ლარის 45₾?

 

 

 

კლასში 30 მოსწავლიდან 18 გოგონაა. კლასის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია ვაჟი?

 

 

მოსწავლეთა ნამუშევრების ანალიზი მეხმარება მათი მზაობის დონის გამოსავლენად და მომდევნო გაკვეთილის დასაგეგმად.

საშინაო დავალება:

მოიძიეთ ინფორმაცია. უპასუხეთ კითხვებს:

·         ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია გოგონა/ვაჟი?

·         ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია დაწყებითი საფეხურის, საბაზო საფეხურის და საშუალო საფეხურის?

·         ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია სოციალურად დაუცველი ოჯახიდან?

·         ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია მრავალშვილიანი ოჯახიდან?

·         ჩვენი სკოლის მოსწავლეთა რამდენი პროცენტია დაკავებული სპორტით?

·         რაში შეიძლება გამოიყენოს სკოლის ადმინისტრაციამ, ან სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ ან სხვა დაინტერესებულმა პირმა ეს ინფორმაცია?

დავალების წარდგენისას იმსჯელე:

როგორ მოიპოვე ინფორმაცია, როგორ შეასრულე მოქმედებები, როგორ შეიძლება შენ მიერ გაკეთებული გამოთვლების სასარგებლოდ გამოყენება.

 

 

მოსწავლეებს მოეწონათ ხალისიანი გაკვეთილი, სახალისო აქტივობებით. გაკვეთილის შეჯამებისას აღნიშნეს, რა იყო მათთვის ყველაზე საინტერესო და რატომ.

ჩემი აზრით, თუ ნამდვილად გვსურს ბავშვებმა საფუძვლიანად გაიგონ საკითხი, გაკვეთილზე უნდა გამოვიყენოთ მრავალფეროვანი რესურსები, აქტივობები და მეთოდები ნაცვლად მრავალფეროვანი თემების გაცნობისა.

გიზიარებთ საპრეზენტაციო მასალას, რომელიც დაგეხმარებათ გაკვეთილის პროცესის წარმართვაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა

https://ncp.ge/ge/curriculum?subject=36&subchild=198

  1. მათემატიკის გზამკვლევი მე-7 კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ, ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში.

https://math.ge/meshvide-klasi/

  1. მე-7 კლასის ონლაინსახელმძღვანელო. თავი 3. პროცენტი ავტორი ქეთი ცერცვაძე. https://drive.google.com/drive/folders/12t4YQKbuHKf_OgR5l1ZF-i09T7DjqqMs

 

 

მასწავლებლის ერთი მოთხრობა, რომელიც სასკოლო თემისთვის დაიწერა.

0

მასწავლებლები ხშირად ვაწყდებით პრობლემას, როდესაც რაიმე კონკრეტულ საკითხზე გვიჭირს მხატვრული ტექსტის მოძიება. ერთხელ ჩემმა მეგობარმა მასწავლებელმა მთხოვა, დედამიწის დღესთან დაკავშირებით გარემოს დაცვაზე პატარა მოთხრობა დამეწერა. ეს ამბავი მივიღე როგორც გამოწვევა და დავთანხმდი. ასე შეიქმნა „მზის მეგობარი“, რომელიც შემდეგში უკვე მეც გამოვიყენე. ბავშვებს მოეწონათ, იმსჯელეს, წერილები მისწერეს პერსონაჟებს და ხეებიც დარგეს. გარდა ამისა, თავისთავად გაეცნენ დღიურის ჟანრსაც და სცადეს დღიურების შექმნა. ბუნებასთან ინტეგრირებით მშვენიერი გაკვეთილები გამოგვივიდა, საერთოდაც კვირეული. მოთხრობის გაცნობის პარალელურად ვიმსჯელეთ ხეებზე, გარემოს დანაგვიანებაზე, იმაზე, თუ რა ზიანი მოაქვს ადამიანს ბუნებისთვის. ვნახეთ ანიმაციური ფილმი: „ლორაქსი“, ბოლოს კი „გადასაყრელი“ ნივთებისგან დამზადებული სამკაულებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მოვაწყვეთ, მოვიპატიჟეთ მშობლები, მიღებული თანხით და უპატრონო ძაღლთა თავშესაფრის ბინადრებს საკვებით გავუმასპინძლდით. იმდენად საინტერესო და სასარგებლო აღმოჩნდა ამ პატარა მოთხრობით დაწყებული თავგადასავალი, თქვენც გიზიარებთ.

 

მზის მეგობარი

 

ისეთი ლურჯი და მბზინვარე კანი აქვს, რომ ძნელია საკუთარი თავი არ მოსწონდეს. განსაკუთრებით მაშინ, მზის ოქროსფერი სხივები რომ გადაწყვეტენ ხოლმე მასთან თამაშს. ოჰ, ეს ისეთი სანახაობაა, რომ მერწმუნეთ მის მსგავს ვერსად ვერ ნახავთ.

ეს მზესთან მოთამაშე, ძალიან ლამაზი, ძალიან კეთილი და მხიარული არსება პატარა დელფინი გახლავთ, სახელად ზიზი.

ზიზი ზღვაში ცხოვრობს, სადაც საკუთარი სახლი მოუწყვია, ნიჟარებითა და ათასნაირი წყალმცენარეებით, მარჯნებით, ზღვის ვარსკვლავებით მორთულ-მოკაზმული.

ზიზი, დილით ძალიან ადრე დგება და მაშინვე მზესთან შესახვედრად მიემართება. მისთვის ეს ყველაზე საყვარელი დროა. მზეც სწორედ ამ დროს ამოდის და ერთი სული აქვს, თავის პატარა მეგობარს მიაკითხოს, სხივები მის სველ ტანზე ააცეკვოს, მიეალერსოს, ათასგვარად ააბრჭყვიალოს, შეუღიტინოს, მოკლედ რომ ვთქვათ, კარგად გაერთონ.

ერთხელ, როდესაც პატარა დელფინი მზის სხივებს ეხუტებოდა, კუდზე სამკაულად ზღვის ვარსკვლავი დაებნია, ყელზე კი ნიჟარებში ნაპოვნი მარგალიტების მძივი, სწორედ მაშინ ზიზიმ შეამჩნია, რომ რაღაც ძველებურად ვერ იყო. თითქოს სხივებს მხიარულება და სიხალისე მოჰკლებოდათ, ისე აღარ ბრჭყვიალებდნენ, ზანტადაც კი მოძრაობდნენ დელფინის კრიალა კანზე.

ზიზის, რაღა თქმა უნდა, ბევრი არ უფიქრია და მაშინვე ჰკითხა სხივებს მოწყენილობის მიზეზი:

  • მზეო, მზეო ჯადოსნურო, ბრჭყვიალავ და ოქროსფერო, დღეს რა დაგმართია, რატომ დაჰკარგვია ხალისი შენს სხივებს?
  • ჩემო ტკბილო და კეთილო! ერთ ამბავს შევესწარი, მეტად ნაღვლიანს, ერთ გოგონას, ზღვის ნაპირას ქოხში რომ ცხოვრობს, საყვარელი ლეკვი დაჰკარგვია, ვერ გავუძელი მისი ცრემლების ყურებას. გასამხიარულებლად სხივებიც კი გავგზავნე, მაგრამ სულ ამაოდ.

ამოიოხრა მზემ, და ოხვრას თეთრი ღრუბლის ქულაც ამოაყოლა. თავის ჩაქინდვრაც კი დააპირა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ მზე იყო, თავის დახრით კი დედამიწაზე უამრავ ცოცხალ არსებას მოაკლებდა სითბოს. ამიტომაც, მოიკრიბა ძალები და წითლად გაკაშკაშდა.

შემდეგ კი დაამატა:

  • ამ ამბავში, ყველაზე სევდიანი ის არის, რომ ლეკვს ერთი ხე ჰქონდა ამოჩემებული, მაღალი, ბრტყელ ფოთლებიანი, ამ ხით განსაზღვრავდა ხოლმე სად იყო, ამ ხით იგნებდა ყოველთვის გზას. ერთხელაც, ადამიანებმა ხე – მოჭრეს, მოსპეს სიცოცხლე, იმისთვის, რომ საკუთარი სურვილები აეხდინათ, ფუფუნებაში ეცხოვრათ. ხესთან ერთად უამრავი სიცოცხლე დაიღუპა და დარჩნენ უსახლკაროდ: ხეზე, მცხოვრები ჩიტები, ჭიაღუები, ციყვები. თავად ადამიანებიც ჩავარდებიან ცუდ დღეში, თუ ასე გააგრძელეს, რადგან ხეები სუნთქვისთვის აუცილებელ ჟანგბადს აძლევენ, ქარისგან და მტვრისგან იცავენ. საწყალმა ლეკვმა, კი გზა დაკარგა და ამით პატარა გოგოც ძალიან დაანაღვლიანა.
  • მზეო, ცის გვირგვინო! შენ ხომ ყველაფერს ხედავ მთელ ქვეყანაზე, იქნებ იცოდე, სად იმყოფება გოგონას ლეკვი, იქნებ დაეხმარო, რომ გოგონამ საკუთარი ბედნიერება კვლავ იპოვოს. რა კარგი იქნება დაეხმარო ადამიანებს იმის გაგებაში, რომ დედამიწაზე ნებისმიერ სიცოცხლეს უნდა გაუფრთხილდნენ, საკუთარი თავებისთვის, ჩვენთვის. რამდენი ზღვის ბინადარია დაღუპული – იმ საშინელი ნივთებით, საწვავით თუ ნაგვის ნარჩენებით, დაურიდებლად რომ ყრიან წყალში. ერთხელ, რაღაც ბრჭყვიალა ნივთს წავაწყდი ფსკერზე. მინდოდა, გამეგო, რა იყო. მივუახლოვდი. როგორც კი შევეხე, ისეთი ბასრი პირი ჰქონდა რომ კანი გამიჭრა. ძალიან შემეშინდა, უკან მოუხედავად გამოვიქეცი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზღვაში მოსროლილი კონსერვის ქილა იყო.

ზიზიმ ამოიოხრა. ამ საკითხზე ძალიან ბევრს ფიქრობდა და გამოსავალს ეძებდა. მზეს კი მოლოდინით სავსე თვალებით შეჰყურებდა, და გულში კი გაუჩერებლად იმეორებდა: რა მოხდება გოგონამ დაიბრუნოს თავის ლეკვი, რა მოხდება ლეკვი გოგონასთან დაბრუნდესო.

  • მშვენიერო ზიზი, როგორ არ ვიცი. პატარა ლეკვს გზა აბნევია, და ახლა შეშინებული, აკანკალებული, ზედ ზღვის ნაპირზე, მეთევზის ძველი ფარდული რომაა იქ შეყუჟულა, და დაბნეულობისგან აღარ იცის, რა ქნას. უბრალოდ ზის და ელოდება, როდის იპოვიან. მე მზე ვარ და არ შემიძლია, გოგონას რაიმე ვუთხრა, დაველაპარაკო, მივანიშნო. თან უამრავი საქმე მაქვს, სანამ საუბრით ვერთობი, შეიძლება სადღაც ადამიანი, ცხოველი თუ მცენარე იყინებოდეს და მზის სხივებს ნატრობდეს. ადამიანებს კი მუდამ მივანიშნებ, რომ გარემოს გაუფრთხილდნენ, თუმცა ვინ იგებს და ვის ესმის ჩემი ნიშნების! ახლა უნდა დაგტოვო. აბა, ხვალინდელ დილამდე მეგობარო!

ჰოდა, ამის მერე იყო რომ ჩვენმა ზიზიმ გადაწყვიტა: რაც არ უნდა მომხდარიყო, ლეკვს პატრონს აუცილებლად დაუბრუნებდა და მიწაზე ერთ ხეს მაინც დარგავდა, ოღონდ როგორ ეს ჯერ არ იცოდა.

 

ანას დღიურიდან

გამარჯობა დღიურო. ერთი საოცარი ამბავი მინდა მოგიყვე. ხომ გახსოვს, ლეკვი რომ მაჩუქა მამიკომ? როგორ მიყვარდა, როგორ ვუფრთხილდებოდი, სულ მამიკოს მახსენებდა. მამიკო მეზღვაურია, ზღვაშია. ასე მეგონა, თავის რაღაც ნაწილი დამიტოვა. მჯეროდა, რომ თუ ჩემი ლეკვს არ შესცივდებოდა, მამიკოც თბილად იქნებოდა, თუ ლეკვი მაძღარი მეყოლებოდა, მამიკოსაც არ ეშიებოდა. ჰოდა, რამდენიმე დღის წინ ლეკვი დაიკარგა, სად აღარ ვეძებე! ძალიან დავსევდიანდი, მაშინვე გამეფიქრა: მამიკოს ხომ არ უჭირს ნეტა რამე-მეთქი, ღმერთმა დაიფაროს! ცრემლები ღაპაღუპით ჩამომდიოდა და ვგლოვობდი: აქეთ ხმელეთზე – ლეკვს და ზღვაში – მამას. აღარც მზის სხივები მახარებდა და აღარც ლურჯად მოკიაფე ზღვა.

ეს დარდი მაქვს გულში, თან ზღვის ნაპირს მივუყვები და რას ვხედავ, ზღვის ნაპირს, ნელი ცურვით მოუყვება პატარა, ლურჯი დელფინი. გავჩერდი. ისიც გაჩერდა. გადავდგამ ნაბიჯს და მომყვება. აი, საოცრება! ვფიქრობ, იქნებ რამის თქმა უნდა, უნდა ვცადო. გადავწყვიტე, გავყოლოდი. გავყევი, ვდიე, ვდიე კარგა ხანს. დაღლილობისგან შევჩერდებოდი ხოლმე, შეჩერდებოდა ჩემი წყლის მეგზურიც და შემდეგ ერთად ვაგრძელებდით გზას. ვიარეთ, ვიარეთ და მივადექით ერთ, ძველ ფარდულს. აქ გაჩერდა ის და ცხვირით რაღაცას მანიშნებს, ვუყურებ და მგონია, თითქოს მიღიმის. დედას გეფიცები ასეთი კეთილი სახე იშვიათად თუ მენახოს. მივუხვდი, რისი თქმაც სურდა. ფარდულს მივუახლოვდი, სადაცაა უნდა გავაღო მისი ჭრიალა კარი, რომ ლეკვის წკმუტუნი არ შემომესმა! სიხარულისგან და გაოცებისგან ლამის გავგიჟდი, შევვარდი შიგნით, იქიდან კი ჩემი პატარა, საწყალი, შეშინებული ლეკვი შემომახტა. სველი ენით მთელი სახე ამილოკა, თან კუდს აქიცინებდა და ბედნიერებისგან თვალები უციმციმებდა. გამოვედით ფარდულიდან, გავიხედე ზღვისკენ, ჯადოსნური რამ ვნახე: ჩემი დელფინი ტალღებზე ცეკვავდა, მალაყებს გადადიოდა, მის სველ, ლურჯ კანზე კი მზის სხივები ოქროსფრად ელავდნენ, ისე ბრჭყვიალებდნენ, რომ თვალი ძლივს გავუსწორე. თითქოს მზე და პატარა დელფინი ერთ დიდ ალმასად ქცეულიყო.

ცოტა ხანში, ასე ცეკვა-ცეკვით ნაპირს მოუახლოვდა, და ჩემს მოლოდინში გაინაბა. მეც მივედი, ერთი ხელით ლეკვს ვიხუტებ, მეორით კი მინდა, დელფინს მივეფერო, მადლობა გადავუხადო. დელფინი არ ინძრევა, ხელი გადავუსვი მის სლიკინა კანს, ის კი პირით მეფერება. ვიგრძენი ხელში რაღაცას მიდებს, მუჭა გავაკეთე. პატარა მარცვლებია, წვრილი კენჭების ტოლა. დავემშვიდობეთ ერთმანეთს. მაგრამ ვიცი, რომ კიდევ შევხვდებით, ის უკვე ჩემი მეგობარია.

ჩემო დღიურო, როგორ უნდა გაგაოცო! დელფინმა კენჭები კი არა, თესლი მაჩუქა, ნამდვილი ხის თესლი. სახლიდან მოშორებით დავთესე ისეთ ადგილას, რომ ზღვიდანაც კარგად მოჩანდეს. ძალიან სწრაფად იზრდება. ძალიან დიდი ფოთლები აქვს. ჩემს ლეკვს ისე უყვარს, რომ სულ მის ჩრდილში ნებივრობს. ბევრი არ მიჯერებს, ამ ამბავს. მაგრამ შენ ხომ მაინც გჯერა?

 

ნაბიჯები შემაჯამებელი დავალებისკენ

0

ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ იმ გაკვეთილის  მრავალფეროვანი, სახალისო აქტივობები, რომელიც  დამეხმარა  მოსწავლეები შემემზადებინა შემაჯამებელი  დავალებისათვის.

სახელმძღვანელოში მოცემულმა თავმა  ,, ძალა  ერთობაშია’’  შემოგვთავაზა  ნინო ბეზარაშვილის მოთხრობა   ,, ერთი გემი’’, რომლის მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით  მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ ტექსტის დახმარებით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება და ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება და ახალი კუთხით წარმოჩენა.

სამიზნე ცნების, ქვეცნების და მკვიდრი წარმოდგენების გაცნობის შემდეგ დავგეგმე  გაკვეთილი, რომელიც მიზნად ისახავდა ტექსტის მოსმენას, გაგება-გააზრებას და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას პერსონაჟების, მათი საქციელის და მოთხრობაში განვითარებული მოვლენების მიმართ.

გაკვეთილის თემა მოსწავლეებს საშუალებას მისცემდა, საკუთარი  ცოდნა და გამოცდილება  დაეკავშირებინათ  ერთმანეთთან და საკითხი მრავალ ჭრილში  გაეაზრებინათ. მოსწავლეები შეფასდებოდნენ გაკვეთილზე აქტიურობის, ჯგუფში მუშაობის ( თანამშრომლობის )  და მსჯელობის უნარის მიხედვით.

საშინაო დავალების შემოწმების და მოსწავლეთათვის უკუკავშირის დაბრუნების  შემდეგ,  მოსწავლეებს  გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა, თემა კი უცნობი დავტოვე, რადგან გამოწვევის ფაზაზე მჭირდებოდა გარკვეული დროით თემა დაფარული ყოფილიყო.

საილუსტრაციოდ აქვე წარმოგიდგენთ შეფასების რუბრიკას:

 

 

დაბალი

 

 

საშუალო

 

 

 

 

მაღალი

 

გაკვეთილზე აქტიურობა

 

მოსწავლე უმეტესად პასიურია და არ ერთვება აქტივობებში

 

მოსწავლე   აქტიურია, ხანდახან ერთვება აქტივობებში და იჩენს ინიციატივას

მოსწავლე  ყოველთვის აქტიურია.  ნაყოფიერად  ერთვება ყველა აქტივობაში და ყოველთვის იჩენს ინიციატივას
 

ჯგუფებში  მუშაობა

 

(თანამშრომლობა)

 

 

მოსწავლე პასიურია,  არ იჩენს ინიციატივას  ჯგუფში დავალების  შესრულებისას, არ ეხმარება ჯგუფის წევრებს მოსწავლე ზოგჯერ ეხმარება ჯგუფის წევრებს და ცდილობს  წვლილი შეიტანოს დავალების შესრულებაში მოსწავლე ყოველთვის  თანამშრომლობს ჯგუფის  სხვა წევრებთან და   წვლილი შეაქვს დავალების შესრულებაში
 

მსჯელობის უნარი

 

მოსწავლე არგუმენტირებულად ვერ ასაბუთებს  მოსაზრებას

.

 

მოსწავლე ხანდახან ასაბუთებს მოსაზრებას და მოჰყავს არგუმენტები

 

მოსწავლე ყოველთვის ასაბუთებს მოსაზრებას  და მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები

 

 

მოსწავლეებში  გაკვეთილის თემის მიმართ ინტერესის გაზრდისათვის გამოვიყენე  “იდუმალი ყუთი’’, რომელიც წარმოადგენდა ლამაზად შეფუთულ ყუთს. ყუთში მოვათავსე ხის სათამაშო გემი და მოსწავლეებს ვკითხე, რა შეიძლება ყოფილიყო  მოთავსებული შიგნით. ვერსიები  მრავალფეროვანი იყო, თუმცა მათ შორის სწორი პასუხი რადგან  არ გაჟღერდა,  გადავწყვიტე სენსორული უნარების განვითარებისათვის  ერთი მოსწავლე თვალდახუჭული შეხებოდა სათამაშოს და აღეწერა ბავშვებისათვის, მისი აზრით, რა  ნივთი “იმალებოდა” ყუთში.

ამ ქმედებამ უფრო გაზარდა ბავშვების ინტერესი და  ჩართულობა. მოსწავლეთა ვარაუდების გაჟღერების შემდეგ, ვაჩვენე მოსწავლეებს გემი და მის ნაწილებზეც ვესაუბრე. ამ აქტივობამ საშუალება  მისცა  ბავშვებს,თვითონ გამოეცნოთ შემდეგი დავალება – ,, დღის სიტყვა ‘’.  დაფაზე  დავწერე  სიტყვა ,, გემი’’ და მოსწავლეებმა გაიხსენეს, რა იცოდნენ ამ სიტყვის შესახებ, დაახასიათეს სიტყვა ასოების, ხმოვნების, თანხმოვნების, მარცვლების მიხედვით და შეადგინეს განსხვავებული შინაარსის წინადადებები.

ინტერესის გამოწვევისა და  დღის სიტყვის დახასიათების შემდეგ, გადავედით დავალებაზე – ,, ყველაზე მნიშვნელოვანი’’. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფებში   (მოსწავლეთა ჯგუფებად განაწილება  მოვახდინე გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით). ეპიზოდებად დაყოფილი ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა ნაწყვეტი შეაჯამა ერთი წინადადებით, მეორე  ჯგუფმა კი ამოარჩია 4 მნიშვნელოვანი სიტყვა და დაასაბუთა, რატომ იყო ეს სიტყვები მნიშვნელოვანი ტექსტში.

აქტივობის დასრულების შემდეგ მივიღეთ 3 შემაჯამებელი წინადადება და 12 მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში. დავალების დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრებმა რიგ-რიგობით წარადგინეს დავალებები,  გაუზიარეს და დაასაბუთეს  თავიანთი მოსაზრებები კლასელებს.

იმის შესამოწმებლად, როგორ მისმენდნენ მოსწავლეები კითხვის დროს და მიაქციეს თუ არა  ყურადღება ტექსტში გამოყენებულ უცხო სიტყვებს, გამოთქმებს, პერსონაჟთა მრავალფეროვნებას და ა. შ.,  მივმართე სახალისო აქტივობას – ,, კითხვების ბურთები’’. ამ აქტივობისათვის დამჭირდა ფერადი ფურცლები და სხვადასხვა დონის სააზროვნო კითხვების მომზადება ტექსტიდან :

  • რა ნივთები გამოიყენეს ბავშვებმა გემის ასაგებად?
  • რატომ უბრაზდებოდა მეეზოვე ბავშვებს, რა იყო პრობლემა?
  • რა მოილაპარაკეს ბავშვებმა?
  • ვინ შეკერა ალამი გემისთვის?
  • რა გამოიყენეს ბავშვებმა საკვამლე მილად?
  • ვის დაავალა მეეზოვემ აუზის სისუფთავეზე ზრუნვა?
  • რა მოილაპარაკეს ბავშვებმა ? და  ა.შ

( ამ აქტივობისათვის დაგვჭირდება იმდენი კითხვის მომზადება, რამდენი მოსწავლეცაა კლასში ) .

ფერად ფურცლებზე დაწერილ კითხვებს მივეცი  ბურთების ფორმა და ავყარე ჰაერში.  მოსწავლეები წამოხტნენ ადგილებიდან და დაუწყეს ძებნა კლასში მიმოფანტულ ,, ბურთებს’’. ირჩევდნენ არა ახლოს მდებარე , არამედ მათთვის საყვარელი ფერის ბურთს.

 

მოსწავლეებმა ხალისით უპასუხეს კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში, ეხმარებოდნენ კიდეც ერთმანეთს.  ტექსტის გაგება-გააზრების შემდეგ გადავედით  ,, რეაქციის ბარათების ‘’  დახმარებით პირადი დამოკიდებულების გამოხატვაზე პერსონაჟების, მათი საქციელის და მოთხრობაში განვითარებული მოვლენების მიმართ.  ამ აქტივობისათვის მომზადებული მქონდა მყარი მუყაოსგან შექმნილი ბარათები სიტყვებით  ,, მე ვფიქრობ’’ ,  ,, მე არ მინდოდა”,  ,, მე მომეწონა ‘’,  ,, მე არ მომეწონა ‘’,  ,, მე აღმოვაჩინე  რომ..’’,   ,, მე გამიხარდა’’, მე დავფიქრდი’’ ,   ,, მე შევცვლიდი’’,  ,, მე რომ…ვყოფილიყავი’’,   ,,მაინტერესებს, რატომ’’ და ა. შ.  შემთხვევითობის პრინციპით შეხვედრილი ბარათებით მოსწავლეებმა გამოთქვეს და დაასაბუთეს  თავიანთი  მოსაზრებები.   ( აღნიშნულ ბარათებს ვიყენებთ დღის შესაჯამებლადაც და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებ მათგან , რაც მეხმარება შემდეგი აქტივობების  დაგეგმვაში ).

 

ძირითადი აქტივობების დასრულების შემდეგ დადგა დრო შეგვეჯამებინა გაკვეთილი და გაგვერკვია, მივაღწიეთ თუ არა მიზანს, რომელიც დასაწყისში  დავისახეთ. მოსწავლეების დახმარებით  გავიხსენეთ გაკვეთილის მიზანი და ყველა აქტივობა, რომელიც შევასრულეთ მისი მიმდინარეობის დროს.  ერთობლივი მსჯელობით მივედით იმ აზრამდე, რომ გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა და მიზანი მიღწეულია. თვითშეფასების დროც დადგა.

მოსწავლეებს ვაჩვენე დაფაზე გაკრული პლაკატი, რომელიც თემასთან შესაბამის  კომპოზიციას წარმოადგენდა, კერძოდ, აუზში, რომლის შუაგულში შადრევანი ჩქეფდა, ,,დაცურავდნენ’’  1 აფრიანი, 2 აფრიანი და 3 აფრიანი გემები.  პლაკატის დაბლა სტიკერებზე ეწერა  თითოეული  მოსწავლის  სახელი.

თუ მოსწავლე ჩათვლიდა, რომ შეფასების რუბრიკაში ჩამოთვლილ კრიტერიუმებს ძალიან კარგად გაართვა თავი,  ირჩევდა 3 აფრიან გემს და იქ მიაკრავდა თავის სახელს, თუ საშუალო შედეგი ჰქონდა 2აფრიანს და თუ დაბალი შედეგი-1 აფრიანს. ყველა მოსწავლემ მოახდინა თვითშეფასება, რასაც მოჰყვა შემდგომ მასწავლებლის განმავითარებელი კომენტარები მათი შესრულებული დავალებების  შესახებ. შეფასების შემდეგ დადგა იმ აქტივობის დრო, რომელიც ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ.  ერთ-ერთი ტრენინგის დასრულების შემდეგ, რომელზეც დიფერენცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს გავეცანი, გამიჩნდა იდეა მომემზადებინა პოსტერი ქართულ ენაში, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემდა, თვითონ  აერჩიათ სასურველი დავალება ინტერესის და შესაძლებლობების მიხედვით.

პოსტერი აერთიანებს  შემდეგ დავალებებს  –  ,, დიორამა’’,   ,, აფიშა’’ , ,,მისწერე წერილი პერსონაჟს’’,   ,, პერსონაჟთა გალერეა’’,  ,, პოსტერი’’,   “კომიქსი’’,  ‘’ აღწერე პერსონაჟი’’,  ,, გააგრძელე მოთხრობა ან ზღაპარი ‘’ და ა.შ.  მოსწავლეებმა ამოირჩიეს მათთვის სასურველი დავალება,  რომელიც შემდეგ გაკვეთილზე უნდა წარმოედგინათ კლასში. აღნიშნული აქტივობა გათვლილია სხვადასხვა მოდალობის,  ინტელექტის და მზაობის მქონე მოსწავლეებისთვის და მათ თავისუფლად შეუძლიათ შექმნან მათთვის სასურველი პროდუქტი და იყონ აქტიურები.

ეს თანმიმდევრული ნაბიჯები  ძალიან დაეხმარა ჩემს მოსწავლეებს  შემაჯამებელი დავალების წარმატებით განხორციელებაში.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...