სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

გეოგრაფიის როლი თანამედროვე სამყაროში

0

ამა თუ იმ მეცნიერების როლი თანამედროვე სამყაროში და მისი მნიშვნელობა კაცობრიობის განვითარების პროცესში მის მიერ შესრულებული ფუნქციებით განისაზღვრება.

გეოგრაფია ერთადერთი ფუნდამენტური მეცნიერებაა, რომელიც ერთდროულად სწავლობს საზოგადოებისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების პრობლემებს. იგი აქტიურად თანამშრომლობს მეცნიერებათა პრაქტიკულად ყველა ჯგუფთან: სოციალურთან, საბუნებისმეტყველოსთან, ტექნიკურთან და ა.შ. ცოდნის ურთიერთგამდიდრება ხელს უწყობს მეცნიერული ცოდნის მთელი სისტემის ფართო გეოგრაფიზაციას.

„გეოგრაფი არ უნდა იყოს მოსიარულე ენციკლოპედია, მაგრამ მან უნდა განავითაროს საკუთარ თავში ენციკლოპედიური ცნობისმოყვარეობა… გეოგრაფია ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ პროფესიას: იგი უფრო მეტად სამყაროს გაგების გზაა. გეოგრაფი არა მხოლოდ უყურებს და აკვირდება გარემოს და მასში მიმდინარე მოვლენებსა და ცვლილებებს, არამედ ავტომატურად ცდილობს გაიაზროს, რას ხედავს, რატომ იცვლება ის, რასაც ხედავს, როგორია სხვა ადამიანების საქმიანობა, ცხოვრება და როლი ამ ცვლილებებში და უფრო ობიექტურად შეაფასოს საკუთარი ცხოვრება“, – ასე აფასებს გეოგრაფიის როლს გამოჩენილი ფრანგი გეოგრაფი, სორბონის უნივერსიტეტის პირველი ქალი პროფესორი ჟაკლინ ბოჟე-გარნიე.

XXI საუკუნეში გეოგრაფიული მეცნიერების შემეცნებითი ფუნქციის არსი იმაში მდგომარეობს, რომ იგი ადამიანის კულტურის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და საზოგადოებასა და ბუნებას შორის ურთიერთზემოქმედების კანონზომიერებათა გააზრებას ემსახურება. ადამიანის მიერ დედამიწის შესწავლის საბოლოო შედეგიც ხომ სამყაროს გეოგრაფიული სურათია, რომელიც დედამიწისა და მისი განვითარების სივრცულ-დროითი მახასიათებლების შესახებ ჰოლისტურ გეოგრაფიულ წარმოდგენას გვიქმნის. გეოგრაფიის კონსტრუქციული როლი კაცობრიობის ცხოვრებაში გამოყენებითი გეოგრაფიული კვლევის განვითარებით გამოიხატება, რაც უახლესი მეთოდების, კომპიუტერული და დისტანციურ-კოსმოსური სივრცის გეოინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენებაზეა დაფუძნებული.

XX საუკუნის მეორე ნახევრიდან გეოგრაფია დიდ როლს ასრულებს ბუნებრივი რესურსების, ბუნებათსარგებლობისა და გარემოსდაცვითი პრობლემების, ეკონომიკური პროექტების გარემოსდაცვითი ექსპერტიზის, ადამიანის საცხოვრებელი გარემოს მონიტორინგისა და სხვა სახის კვლევებსა და პრობლემების გადაწყვეტაში.

დიდი მნიშვნელობა აქვს გეოგრაფიის იდეოლოგიურ, კულტურულ-შემეცნებით, საგანმანათლებლო და საინფორმაციო ფუნქციებს. მას უდიდესი როლი აკისრია სამყაროს და მასში ადამიანის ადგილის შესახებ ცოდნის საფუძვლების ჩამოყალიბებაში. გეოგრაფია აფართოებს პიროვნების თვალსაწიერს, ეხმარება მას გლობალური პრობლემების გაგება-გააზრებაში, შესაბამისად, მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში, ხელს უწყობს ადამიანებში ჰუმანიზმისა და პატრიოტიზმის სულისკვეთების ფორმირებას და, საზოგადოდ, სამყაროს მიმართ ადამიანის დამოკიდებულებას აყალიბებს.

მეტად მრავალფეროვანია გეოგრაფიის კულტურული და საგანმანათლებლო ფუნქციები. გეოგრაფიული კულტურა ნებისმიერი ხალხის კულტურის ნაწილია, რომელიც ამ ხალხის გარემოსთან ურთიერთობის კულტურას, ეთნიკური ურთიერთობების კულტურასა და საქმიანობის რეგიონულ კულტურას მოიცავს. გეოგრაფიულ კულტურას უკავშირდება აღმზრდელობითი ფუნქციებიც, რაც პიროვნების მაღალი ზნეობრივი და მორალური თვისებების ფორმირებითა და განვითარებით, სამშობლოს სიყვარულითა და ბუნების პატივისცემით, მიზნების დასახვისა და მიღწევის მდგრადობით ვლინდება.

გეოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფუნქცია მისი ინფორმაციულობაა. აქ განსაკუთრებული ადგილი საგანმანათლებლო გეოგრაფიას უკავია, რომელიც ადამიანებს გეოგრაფიული ცოდნით „ამარაგებს“ და მათ გარემოსა და ადამიანების ურთიერთზემოქმედების შესახებ ინფორმაციის სწორად აღქმისა და გააზრებისთვის ამზადებს.

ჩვენს დროში გეოგრაფების საქმიანობის სფეროები და ფუნქციები მეტად მრავალფეროვანია, თანაც მუდმივად ფართოვდება, რაც კაცობრიობის განვითარებაზე გეოგრაფიული მეცნიერების გავლენის შესაძლებლობას ზრდის. გეოგრაფების პროფესიული საქმიანობის ფორმები სხვადასხვა გეოგრაფიული დისციპლინით არის წარმოდგენილი და დაახლოებით 90-მდეა. ის მოიცავს: სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, გეოგრაფიული განათლების განვითარებას უნივერსიტეტებსა და სასწავლო დაწესებულებეში, გეოინფორმაციულ საქმიანობას, სასკოლო გეოგრაფიის სწავლებას, გეოგრაფიულ განათლებასა და გეოგრაფიული ცოდნის მნიშვნელობის პოპულარიზაციას, გეოგრაფების საქმიანობას სამთავრობო სტრუქტურებსა და კერძო სექტორში სხვადასხვა მიმართულებით.

გეოგრაფიის განვითარების პერსპექტივები XXI საუკუნის პირველ ათწლეულებში მკაფიოდ გამოიკვეთა. გეოგრაფიის ახალი ამპლუა გარემომცველი სამყაროს შესახებ შემდგომ ცოდნასა და, კაცობრიობის ინტერესებიდან გამომდინარე, მის მიზანმიმართულ ტრანსფორმაციას, კერძოდ კი რეალურ ცხოვრებაში მისი გამოყენებითი მნიშვნელობის კიდევ უფრო გააქტიურებას გულისხმობს. ასევე აუცილებელია გეოგრაფიაში ინტეგრაციის პროცესების განვითარება, იმ დარგებისა და მიმართულებების სრულყოფა, რომლებიც ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენების შესწავლას აერთიანებს.

ტექნოლოგიების საუკუნეში ძალიან სწრაფად ვითარდება „საინფორმაციო“ გეოგრაფიაც. მრავალფეროვანი ინფორმაციის სწრაფად შეკრების შესაძლებლობები ელექტრონული რუკების სახითაა რეალიზებული. ინტერაქციული ელექტრონული რუკები გვაწვდიან ინფორმაციას ატმოსფერული დაბინძურების, მდინარეებში, ტბებსა და ზღვებში წყლის დონის, ტყეების ჩეხვისა და გაშენების, დანაშაულის მაჩვენებლების, პოლიტიკური დაძაბულობის, ვალუტის კურსების, საბაზრო ფასების, რეალურ დროში მიმდინარე ცვლილებების შესახებ.

აქტუალური იქნება გეოგრაფიის როლი ბუნებრივი, ტექნოგენური, ანთროპოგენური, კოსმოსური წარმოშობის კატასტროფების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის და ფინანსური ინვესტიციების მიმდინარე რისკების შეფასებისა და პროგნოზირების დროს. გეოგრაფია როგორც ადამიანისა და ბუნების ურთიერთზემოქმედების პროცესების მართვისა და საზოგადოების განვითარების ერთ-ერთი ინსტრუმენტი სწრაფი პროცესების გეოგრაფიად გარდაიქმნება.

გეოგრაფიამ უნდა იპოვოს თავისი ნიშა ამ გრანდიოზული ცვლილებების ეპოქაში და საპატიო ადგილი დაიკავოს როგორც თანამედროვე ადამიანის ცხოვრებაში, ისე მეცნიერებათა სისტემაში. მომავალში გეოგრაფიულ მეცნიერებათა სისტემა უფრო მოქნილი უნდა გახდეს, ხოლო მისი ცალკეული ნაწილები, სავარაუდოდ, ერთმანეთს „გადაფარავს“ და კიდევ უფრო მეტ გადაკვეთის წერტილს დავინახავთ. შედეგად გაჩნდება სრულიად ახალი „ინტეგრაციის არეალები“, რასაც გეოგრაფიული და მასთან დაკავშირებული მეცნიერებების შერწყმა გამოიწვევს.

როგორ  გამოვიყენოთ  აღქმის  მოდალობები  მასალის  ასათვისებლად

0

მოდალობას როგორც ინფორმაციის მიღების სახეობა(გრძნობათა ორგანოებსა და შეგრძნებებთან მიმართებით)  დიდი მნიშვნელობა აქვს  შემეცნებით პროცესებში.  არსებობს მოდალობის ოთხი ძირითადი ტიპი:

  • ვიზუალური – როდესაც დომინანტია მხედველობითი სისტემა: ფორმა, განლაგება, ფერი;
  • სმენითი – ინფორმაციის გადამუშავებისას დომინანტის როლს ასრულებს ხმები, მელოდიები, ტონი, ტემბრი, სიხშირე;
  • კინესთეტიკური – აქ დომინანტია სენსორული ინფორმაცია: შეხება, გემო, სუნი, ტექსტურის შეგრძნება, ტემპერატურა;
  • ციფრული – ასოცირებულია ლოგიკურ კონსტრუქციებთან.

ამ ოთხი მოცემულობიდან ერთ-ერთი დომინანატი ანუ წამყვანი სისტემაა, ის იწყებს აზროვნების პროცესს, მისგან ხდება იმპულსის გადაცემა სხვა ფსიქიკური  პროცესებისთვის, როგორიცაა  მეხსიერება, წარმოდგენა და წარმოსახვა. მაგალითად, მოსწავლეებს სთხოვენ, წარმოიდგინონ „აღელვებული ზღვა“.  შედეგად:

  • მოსწავლევიზუალი ჯერ ზღვას წარმოიდგენს და მხოლოდ ამის შემდეგ გაიხსენებს, როგორია აღელვებული ზღვა;
  • მოსწავლეაუდიალი ჯერ ტალღების ან თოლიების ხმას გაიხსენებს და შემდეგ – სხვა შეგრძნებებს;
  • მოსწავლეკინესთეტიკი მაშინვე გრძნობს წყლის შეხებას და მხოლოდ ამის შემდეგ დაინახავს ზღვის გამოსახულებას.
  • ციფრული მოდალობის მოსწავლე ჯერ თავის თავს „გაესაუბრება“, თავის ცნობიერს „ეტყვის“,   რა არის ზღვა და შემდეგ  წარმოიდგენს აღელვებულ  ზღვას.

ფაქტობრივად, თითოეული მათგანი თავის თავში დაინახავს აღელვებული ზღვის გამოსახულებას, მაგრამ ზოგი – მაშინვე,  ზოგიც – ცოტა მოგვიანებით, მისთვის დამახასიათებელი დომინანტური სისტემის შესაბამისად. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ  მკაცრად გავლებული ხაზები აქ არ არსებობს. შესაძლებელია, მოსწავლე  ბუნებით ეკუთვნოდეს რომელიმე ტიპს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მას სხვა მოდალობების გამოყენება არ შეუძლია. რაც უფრო მეტ არხს გამოიყენებს მასწავლებელი ინფორმაციის გადაცემისას  და სწავლებისას,  ცხადია, მით უფრო მეტი იქნება შედეგიც.

 

იმისთვის, რომ ინდივიდის აღქმის მოდალობები წარმატებით გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში, მნიშვნელოვანია:

I – მოსწავლის წამყვანი სისტემის, მისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი ინფორმაციის აღქმისა და დამახსოვრების პრინციპის დადგენა. ამისთვის შესაძლებელია დაკვირვებისა  და ტესტის გამოყენება;  II – მიღებული შედეგების საფუძველზე პრაქტიკული საგაკვეთილო საქმიანობის დაგეგმვა და რეკომენდაციისა თუ შენიშვნის გაცემის ფორმის გათვალისწინებაც. მაგალითად:

I – დაკვირვების ეტაპზე:

ა) მოვინიშნოთ, ვინ როგორ ჩაიწერს და ჩაინიშნავს დაფაზე დაწერილ დავალებას:

  • ვიზუალი: წყნარად გადაშლის რვეულს და ჩაიწერს/გადაიწერს დავალებას. ის ადვილად აღიქვამს დაფაზე დაწერილ ტექსტს. ურჩევნია, თავად ჰქონდეს საჭირო ინფორმაცია, ვიდრე სხვებს ჰკითხოს და ამის შემდეგ მშვიდად გრძნობს თავს;
  • აუდიალი: დაფიდან გადაწერის/ჩაწერის ნაცვლად ურჩევნია, სახლში მისვლისთანავე დარეკოს თანაკლასელთან და ტელეფონით ჩაინიშნოს დავალება;
  • კინესთეტიკი: დიდხანს ეძებს რვეულს, შემდეგ ამოიღებს ჩანთიდან სახელმძღვანელოს, მოძებნის საჭირო გვერდს და პირდაპირ სახელმძღვანელოში მოინიშნავს დავალებას.

 

ბ) დავაკვირდეთ, რას აკეთებენ მოსწავლეები შესვენებაზე, გაკვეთილის დამთავრების შემდეგ:

  • ვიზუალი რჩება საკლასო ოთახში, როდესაც მოსწავლეთა უმეტესობა ოთახიდან გადის. მისთვის მთავარია, მშვიდად „ჩაიძიროს“ ვიზუალურ გამოსახულებებში. მაგრამ მას შესაძლოა ხელი შეუშალოს კლასში შემოსულმა სმენითების ხმაურმა ანდა კინესთეტიკების დაუსრულებელმა თამაშმა. ის მხოლოდ ამის შემდეგ გადის კლასიდან და ისიც იმიტომ, რომ ახლა დერეფანში დააკვირდეს სხვა ბავშვებს ან მიიღოს ინფორმაცია კედელზე გაკრული მასალებიდან;
  • აუდიალები დასვენებაზე ბევრს საუბრობენ და ხმაურობენ;
  • კინესთეტიკები დასვენებას იყენებენ აქტიური ფიზიკური მოძრაობისთვის.

 

რას გვეუბნება ასეთი დაკვირვება? არ უნდა ვაიძულოთ ყველა მოსწავლე, დასვენებაზე წყნარ მუსიკას უსმინონ. მთავარია, შევქმნათ პირობები, ყველა მოიქცეს ისე, როგორც უნდა და გამოიყენოს დასვენება და საგაკვეთილო დრო ძალების აღდგენისა და აქტიური სწავლისთვის.

 

გ) ინდივიდისთვის დამახასიათებელი პერცეფციული დომინანტი მოდალობის დასადგენად აქტიურად გამოიყენება სპეციალური ტესტები (https://goaravetisyan.ru/en/test-na-vospriyatie-onlain-test-na-opredelenie-tipa-vospriyatiya-kanaly/ )

მოსწავლისთვის დამახასიათებელი წამყვანი არხის დასადგენად შესაძლებელია ადაპტირებული ტესტის გამოყენებაც. სპეციალისტების მითითებით, სწავლის დაწყებით საფეხურზე იყენებენ ნაწილობრივ ვარიაციას – 5 ცნების გამოყენებით, ხოლო ზედა საფეხურის მოსწავლეებთან – სრულ ვარიანტს – 15 ცნების გამოყენებით (იმის მიხედვით, რა დონეზე იცნობენ მოსწავლეები ცნების შინაარსს).

ტესტის ინსტრუქცია: ქვემოთ მოცემული სიტყვათწყობიდან ამოირჩიეთ შესაბამისი, რომელიც მეტ-ნაკლებად  ზუსტად შეესაბამება დასახელებულ ცნებას.

ტესტის გასაღები: თუ პასუხებში ბევრი „ვ“ დაფიქსირდა, ნიშნავს, რომ ეს ვიზუალი-მოსწავლეა, თუ უმეტესობაა „ა“ – აუდიალი/სმენითი, თუ „კ“ – კინესთეტიკი.

 

ტესტი  დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის:

 

„ცუდი ამინდი“

  1. ქარის ზუზუნი, წვეთების წკაპუნი (აუდიალი)
  2. სიცივე, ტენიანობის შეგრძნება (კინესთეტიკი)
  3. ღრუბლიანი ცა, ნაცრისფერი ღრუბლები (ვიზუალი)

 

„თაფლი“

  1. ტკბილი სუნი (კ)
  2. ოქროსფერი გამჭვირვალე სითხე (ვ)
  3. ფუტკრების ზუზუნი, კოვზების ხმა (ა)

 

„ზღვა“

  1. მოლურჯო-მომწვანო წყალი, თეთრი ტალღები (ვ)
  2. თბილი მარილიანი წყალი, ცხელი ქვიშა (კ)
  3. ტალღებისა და თოლიების ხმა (ა)

 

„ვაშლი“

  1. ჩაკბეჩის ხმა (ა)
  2. მაღალ ხეზე ჩამოკიდებული წითელი, ყვითელი ან მწვანე ფერის მრგვალი ნაყოფი (ვ)
  3. ტკბილი / მჟავე გემო… ჯემი… (კ)

 

„თოვლი“

  1. მზეზე მობრჭყვიალე თეთრი ფარდა (ვ)
  2. ცივი, რბილი, ფუმფულა (კ)
  3. ხრაშუნი ფეხქვეშ (ა)

 

 

ტესტი საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის:

 

  1. „სიჩქარე“

ა) ლანდშაფტის სწრაფი ცვლილება, „გარბიან“ ხეები, სახლები (ვ)

ბ) ქარის ხმაური, საბურავებისა და მუხრუჭების ხმა (ა)

გ)  გულისცემის ხმა, სახეში ქარი გცემს… (კ)

 

  1. „ცუდი ამინდი“

ა) ქარის ზუზუნი, წვეთების წკაპუნი (ა)

ბ)  სიცივე, ტენიანობის შეგრძნება (კ)

გ) ღრუბლიანი ცა, ნაცრისფერი ღრუბლები (ვ)

 

  1. „თაფლი“

ა) ტკბილი სუნი (კ)

ბ) ოქროსფერი გამჭვირვალე სითხე (ვ)

გ) ფუტკრების ზუზუნი, კოვზების ხმა (ა)

  1. „ზღვა“

ა) მოლურჯო-მომწვანო წყალი, თეთრი ტალღები (ვ)

ბ) თბილი მარილიანი წყალი, ცხელი ქვიშა (კ)

გ) ტალღებისა და თოლიების ხმა (ა)

 

  1. „დაღლილობა“

ა)  ძილიანობა, თავის ტკივილი… (კ)

ბ) ნაცრისფერი სამყარო… უფერული გარემო (ვ)

გ) გამაღიზიანებელი ხმაური… სიმშვიდე გინდა (ა)

 

  1. „ვაშლი“

ა) ჩაკბეჩის ხმა (ა)

ბ) მაღალ ხეზე ჩამოკიდებული წითელი, ყვითელი ან მწვანე ფერის მრგვალი ნაყოფი (ვ)

გ) ტკბილი / მჟავე გემო… ჯემის სუნი… (კ)

 

  1. „თოვლი“

ა) მზეზე მობრჭყვიალე თეთრი ფარდა (ვ)

ბ) ცივი, რბილი, ფუმფულა (კ)

გ) ხრაშუნი ფეხქვეშ (ა)

 

  1. „საღამო“

ა) ბუნდოვანი ფერები, ფარნების შუქი, გრძელი ჩრდილები (ვ)

ბ) ახლობლების ხმა, ვახშმის ფუსფუსი სამზარეულოში (ა)

გ) სასიამოვნო დაღლილობის შეგრძნება, მოხერხებული სავარძელი, ცხელი ჩაი ფინჯნით (კ)

 

  1. „კოცონთან“

ა) სითბო, კვამლი თვალებს წვავს, ათბობს (კ)

ბ) ცეცხლის წითელი ენები, ნაცრისფერი კვამლი (ვ)

გ) გახურებული ნახშირი, შეშის ტკაცუნი (ა)

  1. „ხესთან“

ა) ფოთლების შრიალი, ტოტების რხევა (ა)

ბ) მაღალი, სწორი ყავისფერი ზრო, მწვანე გვირგვინი, მზის სხივები ფოთლებში (ვ)

გ) უხეში ქერქი, რბილი ფოთლები, სიგრილის შეგრძნება (კ)

 

  1. „ბიბლიოთეკა“

ა) გადაფურცვლის ხმა, მოგუდული საუბარი, სკამების ჭრაჭუნი (ა)

ბ) რბილყდიანი წიგნები, სქელი ტომები, ძველი წიგნების სუნი (კ)

გ) მაღალი თაროები, ფერადი, პრიალა წიგნის ყდები (ვ)

 

  1. „ქალაქი“

ა) შერეული სუნი, მრავალფეროვნება, ფერადი ვიტრინები (კ)

ბ) მაღალი შენობები, ნაცრისფერი ხიდები, მყვირალა სარეკლამო ბანერები (ვ)

გ) მანქანების ხმა, გუგუნი, სიგნალების ხმა, კარების ჯახუნი (ა)

 

  1. „დილა“

ა) ვარდისფერი მზე ჰორიზონტთან (ვ)

ბ) ჩიტების ჭიკჭიკი, სიჩუმე, ფოთლების მშვიდი შრიალი (ა)

გ) გრილი ჰაერი, ნესტიანი ბალახი, მზის თბილი სხივები, გინდა, ღრმად ისუნთქო (კ)

 

  1. „რემონტი“

ა) მტვრის, საღებავის, ლაქის სუნი, წებოვანება (კ)

ბ) სისუფთავე, თეთრი ჭერი, უწესრიგობა (ვ)

გ) ჩაქუჩის ხმა, ბურღის გუგუნი, ექო ცარიელ ოთახებში (ა)

 

  1. „ტაძარი“

ა) სანთლის შუქი, უძველესი ხატების დაბინდული ფერები (ვ)

ბ) ღვთისმსახურთა მონოტონური ხმა, საგალობლები, სანთლების ციმციმი (ა)

გ) საკმევლის ტკბილი სუნი, დამწვარი სანთლის სუნი, სიმშვიდის განცდა (კ)

 

II – მას შემდეგ, რაც დავადგენთ მოსწავლეთა პერცეფციულ, დომინანტ მოდალობებს,    შეგვიძლია, გავითვალისწინოთ ისინი პრაქტიკულ საგაკვეთილო საქმიანობაში სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად. მაგალითად,  ახალი  მასალის გადაცემისას:

  • ვიზუალი: ა) ცდილობს, დაიმახსოვროს, როგორ გამოიყურება გაკვეთილის ფურცელი, სახელმძღვანელო, სურათები. მას ამის საშუალება უნდა მივცეთ; ბ) ამავე დროს შეიძლება მოვთხოვოთ დავალების სწრაფად შესრულება, შევთავაზოთ, აღწეროს ფერი, ფორმა, ზომა, ადგილმდებარეობა, სხვადასხვა ფერით გამოყოს ცალკეული პუნქტები, ან შინაარსი ასახოს სქემატურად, ჩაიწეროს მოქმედება, ცხრილები და სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალების გამოყენებით შეასრულოს დავალება; გ) უმჯობესია, შევთავაზოთ ფურცელი, რომელზეც მასალის გააზრების დროს შეძლებს ინფორმაციის ტრანსფორმაციას – დახაზავს, დახატავს და სხვ.; დ) ვიზუალებთან მუშაობისას სასურველია, კარგად გამოვიყურებოდეთ, სწავლებისას ხშირად ვიყენებდეთ ვიზუალურ მასალებს, ნახატებს, ინტელექტუალურ რუკებს, ილუსტრაციებს, სქემებს; ე)  მათ შედარებით უჭირთ რიცხვით მოქმედებებთან დაკავშირებული დავალებების შესრულება, ამიტომ სასურველია, ვიზუალიზაციის საშუალებები ჩავრთოთ სწავლებაში.
  • კინესთეტიკისთვის კი ამას მნიშვნელობა არ აქვს. მისთვის მასალის ამ გზით ათვისება წარმოუდგენელია. ის უკეთესად გაიგებს ინფორმაციას: ა) თუ შეიგრძნობს მასალას, სუნს, გემოს; ბ) თუ გამოიყენებს თეორიული მასალის მატერიალურ განსახიერებას, მაგალითად, ისეთ სასწავლო მოდელებს, როგორიცაა სათვლელი ჩხირები (სწავლის დაწყებით საფეხურზე), ასევე -სწავლის ზედა საფეხურზე, მაგალითად, ფიზიკის შესწავლისას, იმის ასახსნელად, როგორ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო… მისთვის არ არის აუცილებელი, უყუროს სასწავლო ფილმს ამის შესახებ, საკმარისია, ვაშლისა და ნათურისგან შექმნილი „მოდელი“ ნახოს. სწორი პედაგოგიური მიდგომა იქნება, თუ მასწავლებელი საშუალებას მისცემს ასეთ მოსწავლეს, ვაშლზე („დედამიწაზე“) თავად მონიშნოს „დღე“ და „ღამე“, მონიშნოს, „დედამიწის“ რომელ მხარესაა „ზაფხული“ და რომელ მხარეს – „ზამთარი“… კინესთეტიკი ნებისმიერ ახსნაზე უკეთესად ამ გზით იგებს მასალას; გ) გაკვეთილზეც და შინ მეცადინეობის დროსაც კინესთეტიკებს მეტი მოთმინებით უნდა მოვეპყროთ; არ უნდა მივცეთ ისეთი დავალება, რომელიც მათგან დიდხანს ჯდომას მოითხოვს; შევთავაზოთ მოტორული აქტივობები: დაწერონ დაფაზე, შეამოწმონ თანაკლასელების რვეულები. უყვართ როლური თამაშებიც. მოძრაობის დროს ისინი მასალას უკეთ იმახსოვრებენ და იაზრებენ;
  • აუდიალ მოსწავლეებს: ა) ურჩევნიათ, ხმამაღლა იკითხონ მასალა. ამის აკრძალვა ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს – უბრალოდ, ისინი ვერ დაიმახსოვრებენ იმას, რაც უნდა იცოდნენ. უმჯობესია ვთხოვოთ, ჩუმად იმეცადინონ; ბ) დამახსოვრებისთვის სჭირდებათ სიჩუმე, გულისყურის მოკრება; გ) ამავე დროს, შეიძლება მოვთხოვოთ მოსმენილი მასალის მშვიდად გამეორება, ახსნის დროს კი გამოვიყენოთ შესაბამისი ტონალობა, პაუზები; ისინი ინფორმაციას უკეთესად გაიაზრებენ საუბრის დროს; დ) დავალების შესრულებისას თუ ხმაურობენ, ხმებს გამოსცემენ, ესე იგი, უკეთ იმახსოვრებენ და იაზრებენ; ე) არაჩვეულებრივი მთხრობელები და მუსიკოსები არიან;
  • ციფრული მოდალობის მოსწავლეები: ა) კარგად სწავლობენ ზუსტ მეცნიერებებს, შეუძლიათ ლოგიკური კავშირების დამყარება; ბ) თუმცა იშვიათად ავლენენ ემოციებს ურთიერთობის დროს; გ) სტრესულ სიტუაციებში ისინი ყველაზე მეტად ინარჩუნებენ ლოგიკური აზროვნების უნარს, სიმშვიდეს, აზროვნების სიცხადეს და გარემო პირობების ობიექტურ აღქმას.

შენიშვნის მიცემის დროსაც უმჯობესია, „მათივე ენა“ გამოვიყენოთ:

  • ვიზუალებთან შესაძლებელია ჟესტური მიმიკის გამოყენება, თავის დაქნევა და სხვ.
  • აუდიალს შეგვიძლია ჩავჩურჩულოთ: „ჩჩჩ…“
  • კინესთეტიკს ხელით ვანიშნოთ მოწონება, ტაში შემოვკრათ და სხვ.

აღქმის მოდალობისა და მიღებული ტიპის შესაბამისი მეთოდური მიდგომების   გათვალისწინება მნიშვნელოვანია დიფერენცირებული სწავლებისა და რემედიაციული ჩარევის დროსაც. ის ხელს უწყობს  სასწავლო პროცესის მოქნილობას და ეფექტურობას და წარმატებით გამოიყენება თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში.

„უუნარო ვარ“. გახსოვდი დამარცხებული?

0

ასეთი შეფასება ხშირად ჟღერს ჩემთან შეხვედრებზე. საკუთარი თავის შესახებ ამ რწმენის მატარებელნი იტანჯებიან განცდით, რომ აწმყოში თუ არა, მომავალში მაინც მათ უუნაროებად და უნიჭოებად შეაფასებენ; ირგვლივ მყოფები აუცილებლად „მიხვდებიან“, „ამხელენ“ და „გამოამჟღავნებენ“, რომ ისინი „უუნაროები“ და „უნიჭოები“ არიან. ამ მოლოდინის თანმხლებ მტანჯველ, ძლიერ შფოთვასთან გასამკლავებლად ადამიანი ოთხ გზას მიმართავს:

გაქცევა  – როდესაც ამ რწმენის მქონე ადამიანი აღმოჩნდება ისეთი სირთულის ან ამოცანის წინაშე, რომელიც მასში აცოცხლებს შეფასებას − „უუნარო ვარ“, ის ცდილობს, გაექცეს ამ რწმენის მაცოცხლებელ გარემოს თუ გამღიზიანებელს. მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი გადააწყდა ტექსტის ისეთ მონაკვეთს, რომლის შინაარსის გაგებაც ერთი წაკითხვით გაუჭირდა. თუ მან ეს სირთულე შეაფასა როგორც მისი უუნარობის ან უნიჭობის დასტური, შესაძლოა, ტექსტის კითხვა შეწყვიტოს და ყურადღება სიამოვნების აღმძვრელი ან ისეთი საქმიანობისკენ მიმართოს, რომელიც მასში უნარიანობის განცდას აღძრავს. ნაცვლად იმისა, რომ ტექსტის მონაკვეთთან დაბრუნება და მასში ჩაღრმავება სცადოს, ვიდეოთამაშს არჩევს, რადგან იქ დაბრკოლებების გადალახვა, ერთი მხრივ, ცნობისმოყვარეობის აღმძვრელია, მეორე მხრივ კი შესაძლებელი. ანუ მას აქვს განცდა, რომ შეუძლია დასახულ მიზანს მიაღწიოს და, შესაბამისად, კმაყოფილება განიცადოს. კმაყოფილება და სიამოვნება კი ორი ისეთი რამაა, რისკენაც, როგორც წესი, მივილტვით.

დაპირისპირება – თუ ადამიანი უუნარობის განცდასთან გასამკლავებლად დაპირისპირებას ირჩევს, მას უჭირს ამ განცდის აღმძვრელი გარემოს მიტოვება. გაქცევის ნაცვლად ის ირჩევს თავაუღებლად შრომას, ზოგჯერ უარს ამბობს სიამოვნების სხვა წყაროებზე, ვერ წყვეტს დაბრკოლებებზე ფიქრს, ვერ ივიწყებს მათ. გაიხსენეთ, რამდენჯერ გაგიგრძელებიათ მშფოთვარე ფიქრი ისეთ ამოცანაზე, რომლის ამოხსნაც მყისიერად ვერ შეძელით. ცნობისმოყვარეობით სავსე მიზანდასახულობისგან განსხვავებით, უუნარობის განცდასთან დაპირისპირებით გამკლავება გაჯერებულია უსიამოვნო შფოთვით, სულსწრაფი დაჟინებით. მეჩქარება დავამტკიცო, რომ უუნარო არ ვარ. „ვაითუ ვერ შევძლო“, „ვაითუ თავი ვერ გავართვა“. ამ შემთხვევაში დაჟინებას ამოძრავებს უუნარობის დადასტურების შიში და არა შემეცნების წყურვილი ან წრფელი ცნობისმოყვარეობისთვის საჭირო უსაფრთხოების განცდა, რომელიც, შეცდომის პასუხად, უპირველეს ყოვლისა, ირგვლივ მყოფებისგან მიღებული, თანმიმდევრულად გამოხატული, შემწყნარებლური დამოკიდებულების გაშინაგნების შედეგია.

გაშეშება – თავი ხელებში მაქვს ჩარგული და ტექსტს დავყურებ. რაღაც ვერ გავიგე და ამის პასუხად ჩემს გონებაში თითქოს სრული სიცარიელეა; სხეული შებოჭილი მაქვს, გულისცემა – ზოგჯერ შენელებული, ზოგჯერ აჩქარებული, მაგრამ ვხვდები, რომ საკუთარ თავში შევბრუნდი, გარემოს გავუუცხოვდი. რადგან გარემოს დატოვება და გაქცევა არ შემიძლია, თითქოს ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდება, სულაც არ ხდება ჩემს თავს; სიტყვები, რომლებსაც ვკითხულობ, უშინაარსოა, მიჭირს ტექსტზე ყურადღების შეჩერება და, საერთოდაც, რა მოხდება, თუ ოცნებებში ჩავიკარგები, სადაც ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია?

განრიდება – განრიდება უუნარობის განცდასთან გამკლავების სხვა გზებისგან იმით განსხვავდება, რომ ადამიანი სრულიად განერიდება გარემოს, სადაც შესაძლოა მისი უუნარობა დადასტურდეს. მაგალითად, შესაძლოა უარი თქვას სიახლეებსა და წამოწყებებზე, რადგან ეშინია, რომ ცხოვრების რომელიღაც საფეხურზე მაინც აუცილებლად „ამხელენ“ „უუნარობასა“ და „უნიჭობაში“. „ვაითუ მიხვდნენ, სინამდვილეში როგორიც ვარ…“

ოთხივე გზა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ქცევაა და ოთხივე მათგანი მიზნად ისახავს უუნარობის რწმენის დადასტურებისგან თავის დაცვას.

რატომ გვეშინია ასე უუნარობისა და უნიჭობის რწმენის დადასტურების?

ადამიანების უმრავლესობისთვის ძირეული, უუნარობის შფოთვას „ამოფარებული“, მის მიღმა მდგომი შფოთვა უარყოფის და მის საფუძველზე მივიწყების შფოთვაა. რა მოხდება ყველაზე უარესი, თუკი წარმოვიდგენთ, რომ მართლაც უუნაროდ და უნიჭოდ მიგიჩნიეს? ამ კითხვაზე პასუხი ხშირად ასახავს გარიყვის, უარყოფისა და მიტოვება-მივიწყების შფოთვასა და მოლოდინს: „ადამიანები ჩემდამი ინტერესს დაკარგავენ, იფიქრებენ, რომ მოსაწყენი ადამიანი ვარ, რომ ჩემთან მეგობრობა არ ღირს, უვარგისად ჩამთვლიან და დამივიწყებენ“. ასეთი მტანჯველი, უკიდურესად მტკივნეული შფოთვა, როგორც წესი, განვითარების საკმაოდ ადრეულ საფეხურზე განცდილი მიტოვებისა და მივიწყების შფოთვის ანარეკლია.

როგორ უმკლავდებოდნენ ჩემს მარცხს ჩემი მშობლები თუ სხვა აღმზრდელები? მარცხი ჩემი განვითარების განუყოფელი ნაწილი იყო თუ მე, როგორც მარცხის განმცდელ (და არავითარ შემთხვევაში უუნარო ან უნიჭო) ადამიანს, მივიწყებდნენ? მშობლები და სხვა აღმზრდელები უგულებელყოფდნენ თუ არა იმას, რომ მეც შეიძლებოდა დავმარცხებულიყავი, მეც შეიძლებოდა უზადოდ ვერ გამერთმია თავი ამოცანისთვის? რას მეუბნებოდნენ, როდესაც ხელი მეცარებოდა?

კიდევ უფრო ზუსტად: გახსოვდი დამარცხებული? თუ ზურგს მაქცევდი, მებუტებოდი და ჩემთან კავშირის გაწყვეტა მარცხის პასუხად მიღებული სასჯელი იყო?

უუნარობის განცდისა და მისგან განრიდების მიღმა ხშირად სასოწარკვეთილი ვედრებაა: ხომ არ დამივიწყებ, თუ დავმარცხდი? ხომ დამიყრდნობ, თუ რამეს ვერ გავუმკლავდი? ოღონდ დამიყრდნობ დროებით და არა იმისთვის, რომ სამუდამოდ შენზე დავრჩე დამოკიდებული, რადგან ჩემი ძირეული მოთხოვნილება, უსაფრთხოების განცდასთან ერთად, სწორედ უნარიანობის განცდაა, სირთულეებთან შეჭიდებისა და მათი დაძლევისკენ ლტოლვა. შენგან მჭირდება თანაგრძნობა და შემწყნარებლობა – არა როგორც სამუდამო თავშესაფარი, რომელშიც ზრდას შევწყვეტ, არამედ დროებითი, იმისთვის, რომ შევძლო, ისევ გავიდე სამყაროში, საკუთარ უსაფრთხოებაში დარწმუნებული, იმ განცდით, რომ შემიძლია შევიმეცნო, გავიზარდო და განვვითარდე – არა როგორც გზააბნეული, შფოთვით სავსე ადამიანი, რომელიც, არც კი ვიცი, საით მიემართება (ჩემი ქცევები უწესრიგო, განსაზღვრულ მიზანს მოკლებულია, რადგან არ მეგულები), არამედ ადამიანი, რომელსაც, საკუთარი უსაფრთხოების განცდისგან გამომდინარე, უნარი შესწევს, დაგეგმოს, გაიაზროს, აწონ-დაწონოს, რა ელის და ასე შეაბიჯოს ზრდასრულთა სამყაროში, რომელიც სავსეა პირობებით და სადაც მარცხი მართლაც გარდაუვალია.

გახსოვდი დამარცხებული?

სკოლამდელი აღზრდის მიდგომების გავლენა ბავშვის მიღწევებზე სკოლაში

0

ჩემი შვილებისთვის საბავშვო ბაღის ძებნა ორი წლის წინ დავიწყე. დავინტერესდი, სად რომელ მეთოდს მიჰყვებოდნენ და თუ შეეძლოთ, გაეზიარებინათ მიმდინარე წლის პროგრამა. ცოტა დაბნეული თანამშრომლებისგან იმდენად ზოგად პასუხებს ვიღებდი, რომ რამდენიმე ცდის შემდეგ კითხვების დასმა შევწყვიტე და ვენდე დაწესებულებას, რომელიც სახლთან ახლოს მდებარეობდა. ალბათ ბევრი მშობელი იქცევა ასე და ბაღის შერჩევის კრიტერიუმებიდან (ადგილმდებარეობა, გარემო, ფასი, სწავლის მიდგომები, სამუშაო საათები, კვების რაციონი, ჯგუფში ბავშვების რაოდენობა…) ძალიან ცოტა ანიჭებს პრიორიტეტს სასწავლო პროგრამას, რომლითაც აღმზრდელები ბავშვებთან ყოველდღიური მუშაობისას უნდა ხელმძღვანელობდნენ. არადა სკოლამდელი აღზრდა და განათლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამომავლო მიღწევებზე სკოლაში.

არსებობს სკოლამდელი განათლების ტრადიციული და ე.წ. ალტერნატიული მიდგომები. მცირერიცხოვანია სამეცნიერო კვლევები იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა მიდგომა ბავშვის განვითარებაზე და განსხვავდება თუ არა სწავლის შედეგები სწავლების ალტერნატიული მიდგომების მიხედვით.

2022 წელს ჟურნალში „Frontiers in Psychology“ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც სწავლობდა სკოლამდელი ასაკის ბავშვების დამოკიდებულებებს, სასკოლო მოტივაციასა და აღმასრულებელი ფუნქციების[1] განვითარებას სხვადასხვა ტიპის საბავშვო ბაღში. კვლევის მიზანი იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში სკოლამდელი განათლების სხვადასხვა მიდგომის გავლენის შეფასება ფსიქოლოგიური ცვლადების კონტექსტში, სადაც აისახებოდა კვლევის მონაწილე ბავშვების ის უნარები, რომლებიც სკოლის სამომავლო მიღწევებს უწყობს ხელს. კვლევის ცვლადი იყო სასკოლო მზაობის ჯგუფის ბავშვების დამოკიდებულებები, მოტივაცია და ძირითადი აღმასრულებელი ფუნქციები. კვლევის ავტორებმა შეადარეს სკოლამდელი განათლების ტრადიციული და ე.წ. ალტერნატიული, სკოლამდელი განათლების პროგრამის შედეგები. კვლევაში მონაწილეობდა 861 ბავშვი, რომლებიც დადიოდნენ ტრადიციულ (84.9%) და ალტერნატიულ (15.1%) – რელიგიურ, მონტესორის და ვალდორფის – საბავშვო ბაღებში. ვინაიდან მონტესორისა და ვალდორფის პედაგოგიური მიდგომები ბევრისთვის კარგად ნაცნობი და საერთაშორისოდ აღიარებულია, მოკლედ შევეხები ტრადიციულ და რელიგიურ საბავშვო ბაღებს, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედებს.

ტრადიციული საბავშვო ბაღები ალტერნატიული ბაღებისგან განსხვავდება მეთოდებით, დაკვირვების ფორმებითა და საგანმანათლებლო სივრცის ორგანიზებით. ტრადიციულ ჯგუფში 24-28 ბავშვია. ეს ინდივიდუალურ მუშაობას ხელს უშლის, ამიტომ აღმზრდელები ირჩევენ ყველასთვის ხელმისაწვდომი შინაარსის აქტივობებს. სკოლამდელი განათლება ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგულირდება ჩარჩო პროგრამით, რომელიც განსაზღვრავს სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლების შინაარსს, პირობებს და წესებს. ტრადიციულ საბავშვო ბაღებს აქვთ საერთო მახასიათებლები, რომლებიც ეფუძნება სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ჩეხეთის სკოლამდელი განათლების ისტორიულ კონტექსტს.  მიუხედავად ამისა, ბაღებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლების მიდგომები. მთელი სასწავლო პროცესი კი დამოკიდებულია აღმზრდელის მითითებებსა და სწავლების რიტმზე.

რელიგიური სკოლების დაარსება ჩეხეთში მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ეკლესიებსა თუ რელიგიურ თემებს შეუძლიათ. მათი მიდგომები ემსახურება რელიგიურ განათლებას და მორალს (ქრისტიანულს, ებრაულს და ა.შ.). ჩეხეთის რესპუბლიკაში ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებებში უმეტესად ქრისტიანული საბავშვო ბაღები ჭარბობს და ტრადიციულისგან ის გამოარჩევს, რომ დღის განმავლობაში იქ ლოცვებს კითხულობენ და რელიგიურ დღესასწაულებს (აღდგომა, შობა…) აღნიშნავენ.

სკოლამდელი აღზრდის ფილოსოფიისა და სწავლების მეთოდების განსხვავებულობის მიუხედავად, ბავშვების განვითარება ერთმანეთს ძალიან ჰგავს. კვლევამ მხოლოდ მინიმალური განსხვავება გამოავლინა ჩეხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა ტიპის საბავშვო ბაღებს შორის სასკოლო მიღწევებთან (ბავშვების დამოკიდებულება საბავშვო ბაღის მიმართ, მთავარი აღმასრულებელი ფუნქციები, სკოლაში სწავლის მოტივაცია) მიმართებით. ამავე დროს სხვადასხვა ტიპის საბავშვო ბაღებს აქვთ სპეციფიკური ძლიერი მხარეებიც. მაგალითად, მონტესორის განათლება ყველაზე დადებითად აღიქმება ბავშვების მიერ და ხელს უწყობს მიღწევაზე ორიენტირებულ აღმასრულებელ მოტივაციას, ხოლო ვალდორფის მიდგომა ხასიათდება საუკეთესო შედეგებით აღმასრულებელი ფუნქციების განვითარების თვალსაზრისით.

 

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი ტიპის საბავშვო ბაღს ბავშვები დადებითად აღიქვამენ და ყველა საკმარისად ავითარებს აღმასრულებელ ფუნქციებთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, ალტერნატიული სკოლამდელი განათლება მეტი წარმატებით ამზადებს ბავშვებს მომავლისთვის.

[1] აღმასრულებელი ფუნქცია არის კონსტრუქცია, რომელიც ეხება ურთიერთდაკავშირებულ ნეიროფსიქოლოგიურ ფუნქციებს და ჩართულია ისეთი კოგნიტიური, ქცევითი და ემოციური ფუნქციების წარმართვაში, რეგულირებასა და მართვაში, რომლებიც მნიშვნელოვანია აკადემიური და ცხოვრებისეული წარმატებისთვის. ეს პროცესები ბავშვობაში ვითარდება. განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ყურადღება ეთმობა თვითრეგულაციას, იმპულსების კონტროლს, სამუშაო მეხსიერებას და გონებრივ მოქნილობას. თუმცა ასევე არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები აჩვენებენ დაგეგმვის, ორგანიზებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებსაც. მრავალი კვლევა ადასტურებს მჭიდრო კავშირს სასკოლო მიღწევებსა და აღმასრულებელ ფუნქციებს შორის.

 

10 უცნაური შეცდომა, რომლებსაც მშობლები უნებლიეთ ვუშვებთ

0

ჩემი უფროსი შვილი მალე თინეიჯერი გახდება. გარდატეხის ასაკი, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა გაიაროს და სასურველია, გაიაროს სწორ დროს, მალე თავს იჩენს. ამისთვის შინაგანად ვემზადები და თავსაც შემოვუძახებ ხოლმე: აბა, მზად ხარ, შვილის გვერდით იდგე თუ შენც გჭირდება გაზრდა იმისთვის, რომ ამ მომენტს სწორად შეხვდე?

 

ბოლო თვეებია, კიდევ უფრო მეტს ვფიქრობ ბავშვებზე. წიგნის „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“ გამოცემის შემდეგ თითქოს პასუხისმგებლობა გამიორმაგდა. უცნაურია, მაგრამ საკუთარი შეცდომები კიდევ უფრო ცხადად დავინახე. რაღაცას აღარაფერი ეშველება. როგორც ყველა სხვა მშობელი, მეც საკუთარი შვილების ცნობიერად ან არაცნობიერად მატრავმირებლად დავრჩები. რაღაცის გამოსწორება კიდევ შესაძლებელია, სხვა რამეს იქნებ თავიც ავარიდო.

იქნებ ჩემი გამოცდილება, დაკვირვება ვინმესთვის სასარგებლო აღმოჩნდეს და გაიზიაროს კიდეც.

თანამედროვე კვლევებს ფსიქოლოგიასა თუ პედაგოგიკაში თვალს ვადევნებ ხოლმე. ამასწინათ ერთ საინტერესო სტატიას წავაწყდი, რომელშიც დამუშავებული იყო ფსიქოლოგთა ჯგუფის მიერ ნაკვლევი ასამდე ცდისპირის გამოკითხვის ფორმულარები. ისინი დეპრესიას მკურნალობდნენ და სწორედ ამ მიმართულებით ჩატარდა კვლევაც.

 

როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა დიდ ნაწილს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდა. მათ არ გადაუტანიათ რაიმე სერიოზული ტრავმა, გაიზარდნენ მეტ-ნაკლებად კომფორტულ გარემოში. რა არის მათი სულიერი მდგომარეობის სიმძიმის მიზეზი?

ხშირად ვფიქრობთ ხოლმე, რომ შვილების მიმართ გულგრილობაა ის მთავარი ტრავმა, რომელსაც მომავალი თაობა „კლდის პირას“ მიჰყავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხანდახან პრობლემა ისეთ ყუთში იმალება, სადაც ყველაზე უკეთ დაცული გვგონია საკუთარი თავი.

როდესაც წიგნს „როგორ ველაპარაკოთ შვილებს“ ვწერდი, უკვე მეფიქრებოდა სულ სხვა, ჩვენი და კიდევ ბევრი სოციუმისთვის საჭირბოროტო საკითხზე, რომელსაც მშობლისა და შვილის ურთიერთობის პრობლემებთან მივყავართ. მაგრამ გამოხმაურებამ, შეხვედრებმა და წერილებმა, რომლებსაც აუდიტორიისგან ვიღებდი, ამ ახალი ტექსტის დაწერის აუცილებლობაში დამარწმუნა.

მშობლები ხშირად გამოთქვამენ წუხილს ჩემთან საუბრისას და ეს წუხილი მეც მაქვს. სად ვუშვებთ შეცდომას აღზრდისას, როდესაც თითქოს „არაფერს ვაკლებთ“ ოჯახის უმცროს წევრებს, ისინი კი იზრდებიან და ხშირად დეპრესიული ფონი უვითარდებათ?

მოზარდებში გახშირებულმა სუიციდის ფაქტებმა ეს პრობლემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადა.

ამ საკითხზე თანამედროვე მსოფლიო აქტიურად ფიქრობს. ფიქრობენ ფსიქოლოგები, პედაგოგები, ექიმები – რატომ იმატებს დეპრესიისა და თვითმკვლელობების რიცხვი ისეთ ოჯახებშიც კი, სადაც თითქოს „არავის არაფერი აკლია“?

 

ხშირად ვკითხულობ უახლეს კვლევებს, რჩევებს, რეკომენდაციებს. ვიაზრებ მათ კლასიკური ფსიქოლოგიის პრიზმაში. ვადარებ ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მაგალითებს და შესაძლოა, ერთგვარი სურათის დახატვაც შევძლო, რაც, ცხადია, მთის წვერის ცალი მხრიდან დანახვის მცდელობა იქნება, მაგრამ მაინც.

 

რატომ არიან ჩვენი ნალოლიავები შვილები უბედურები?

 

რას აკეთებს მშობელი, როდესაც ბავშვი მიწაზე ეცემა?

ამ კითხვაზე პასუხი იქიდან უნდა დავიწყოთ, რომ ჩვენ მანამდე ვწუხვართ, სანამ პატარა წაიფორხილებს. მშობლებს არ გვსურს (რაც ლოგიკურია), შვილმა ხანდახან უსიამოვნებაც ნახოს ცხოვრებაში და ამისთვის ვებრძვით ყველა არსებულ თუ შესაძლო განსაცდელს.

არადა, წარმოიდგინეთ, რომ გაუვალ ჯაგნარში, რომელსაც დასასრული არ აქვს, მიგვყავს შვილები. წლები გადის, ჩვენ კი მივდივართ, მივდივართ, მივდივართ. ვცდილობთ, გზა იმგვარად გავკაფოთ, რომ ჯერ პატარა, მერე კი უკვე ზრდასრული ჩვენი შვილები ეკლებმა არ დაკაწროს. დრო მიდის, ისინი არხეინად მოგვყვებიან უკან და უცებ ჩვენ სადღაც ვქრებით, ისინი კი შუაგულ ტყეში, გაუვალ ეკალ-ბარდებში თავიანთ შვილებთან ერთად რჩებიან…

მშობლებს შვილებისთვის უსიამოვნებების არიდება საკუთარ მოვალეობად მიგვაჩნია, არადა, უსიამოვნებაც ხომ ისეთივე ნაწილია ცხოვრებისა, როგორიც სიამოვნება. ის უნარ-ჩვევები, რომლებიც პატარ-პატარა პრობლემების გადაჭრისას გამოუმუშავდება მოზარდს, ზრდასრულობაში დიდ უსიამოვნებებთან გამკლავებაში ეხმარება. ვისაც ჩაქუჩით ლურსმნის დაჭედებას არ ვასწავლით, სახლს თავისით ვერასოდეს ააშენებს. ამიტომ ასაკისთვის შესაფერისი პრობლემების წინაშე შვილების მარტო დატოვება ლოგიკური და აუცილებელიც კია.

ცნობილი ამერიკელი ფსიქიატრი პოლ ბონი ასეთ საინტერესო რამეს ამბობს: „მშობელი ცდილობს, შვილი დისკომფორტს აარიდოს და ამ დროს ხელიდან აცლის მას სიამოვნების ჰორმონებს, სიამოვნებისა, რომელსაც ორგანიზმი პრობლემის გადაჭრისას განიცდის!“

 

დიახ, ჩვენი ჰიპერმზრუნველობით, ხელის ჩაჭიდებითა და შიშით, რომ „ეს თაობა“ დაუხმარებლად ვერ გადარჩება, ბავშვებს რაღაც მნიშნელოვანს ვაცლით ფეხქვეშ და ერთ დღესაც ისინი მტკივნეულად ეცემიან.

 

მაშ ასე, რომელია ათი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რასაც მშობელი უშვებს? საკუთარი გამოცდილებით და მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული შემთხვევების შეჯამებით დავწეროთ:

 

შეცდომა N1 – ჩემი შვილი ჩემი ღმერთია!

ვის არ უყვარს, როცა უყვართ? მეტიც: ერთი ჩემი მეგობარი მღვდლის, გიორგი წეროძისა არ იყოს, ხანდახან ადამიანისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, უყვარდეთ, ვიდრე თავად უყვარდეს, რათა ფიზიკურად გადარჩეს.

შვილებს ჩვენი სიყვარული წყალივით სჭირდებათ, მაგრამ როგორც კი მათ ვაკერპებთ, მათ სულში ჭია იწყებს ძრომიალს და რაღაც ყროლდება. ეს პატარა საყვარელი ადამიანები თავს სამყაროს ცენტრად წარმოიდგენენ და, როგორც ყველა კერპს სჩვევია, ზრდასრულობაშიც ითხოვენ თაყვანისცემას – მეუღლისგან, თანამშრომლისგან, შვილებისგან, უცხოებისგანაც კი. კაცობრიობა კი ასე არ არის მოწყობილი. აბა, დაფიქრდით, რამდენ თქვენგანს უხარია, როდესაც ვიღაც უცხო ადამიანი უპირობო თაყვანისცემას ითხოვს? რას პასუხობთ? სწორედ ამ პასუხს მიიღებენ ჩვენი შვილებიც, რადგან დასაწყისში ისინი დავაზიანეთ.

 

შეცდომა N2 – ჩემი შვილი უნაკლოა.

ჩემი სამასწავლებლო გამოცდილებიდან ვიცი, რომ მშობლებს შვილები ხშირად უნაკლოებად წარმოუდგენიათ.

უნაკლო ადამიანები არ არსებობენ – ეს აქსიომაა. არც ისეთი ნაკლი არსებობს, რომელიც გამოსწორებას არ ექვემდებარება, მაგრამ როგორც ნაკლოვანებებზე ჩაციკვლა და ამით თვითგვემა იწვევს ბავშვის შინაგან ნგრევას (ხშირად ეს შედეგია ჩვენი, მშობლების, არაცნობიერი პრობლემების სხვაში მოგვარების მცდელობისა, რასაც ფროიდი გადატანას უწოდებს), ასევე რეალურ პრობლემაზე თვალის დახუჭვას მძიმე შედეგებამდე მივყავართ.

მე ვიცნობ ბავშვებს, რომლებსაც აშკარა პრობლემა აქვთ – სხვა ბავშვებს აბულინგებენ. მშობლები ამ პრობლემას ვერ ხედავენ, უარყოფენ და მძიმედ განიცდიან საგანმანათლებლო დაწესებულებისა თუ დაბულინგებული ბავშვების მშობლებისგან მიწოდებულ ინფორმაციას.

ვიცი ასეთი შემთხვევა – ბავშვი დანას ატარებდა და სკოლამ საქმის კურსში ჩააყენა მშობელი, რომელმაც კატეგორიულად უარყო მსგავსი ფაქტის არსებობა და პრობლემის ცივილიზებულად გადაჭრის ნაცვლად შვილს სკოლა შეუცვალა.

მეორე ამბავი მოზარდებში ადრეული დეპრესიის ნიშნებია, რასაც მშობელი პრობლემად კი არა, სასირცხვილო ამბად მიიჩნევს და უარყოფს, რაც მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

 

შეცდომა N3 – ჩემი შვილის საუკეთესო მეგობარი მე ვარ!

ხშირად მშობელი არაცნობიერად ცდილობს, შვილისგან აღიარება მოიპოვოს და ამისთვის მასთან „თანასწორი“ ურთიერთობის ფიქციას მიმართავს, რითაც უარს ამბობს თავისი ბუნებრივი ფუნქციის შესრულებაზე. არადა, მშობელი მაინც მშობელია. პატივისცემა, გულახდილობა და პრობლემების დროს გვერდით დგომა ძალიან კარგია, მაგრამ ჩვენ შვილების საუკეთესო მეგობრები ვერ გავხდებით და არც უნდა ვიყოთ. რატომ? – ეს ძალადობის ერთგვარი ფორმაა. ასე გვსურს, ისინი მუდმივად საკუთარ ორბიტაზე გვყავდნენ და ვაკონტროლოთ. ამას შვილები ხვდებიან და არაცნობიერი პროტესტის განცდა უჩნდებათ, კარგავენ ჩვენდამი პატივისცემას და როცა „ნამდვილ საუკეთესო მეგობარს“ პოულობენ, სრულიად გვშორდებიან.

მეგობრობა არჩევანის ნაწილია, პიროვნული გადაწყვეტილებაა და ვალდებულებასთან კავშირი არ აქვს. მშობელი და შვილი შეიძლება ძალიან კარგი მეგობრებიც იყვნენ, მაგრამ როლური ურთიერთობა ასევე მნიშნელოვანია. მამისა და დედის ხატი მთელი ცხოვრება თან დაჰყვება ადამიანს და მის ბევრ გადაწყვეტილებაზე ახდენს გავლენას. თუ მშობელი შვილის პიროვნებას თრგუნავს, რა ილეთებიც არ უნდა გამოიყენოს, მისი მცდელობა, გახდეს შვილის საუკეთესო მეგობარი, წარუმატებლობისთვისაა განწირული. ჩვენსა და შვილებს შორის, სულ მცირე, თაობა დგას, თაობათა შორის ღირებულებითი სხვაობა თავისას შვრება. ის, რაც ჩემი შვილისა და მისი გარემოცვისთვის სასაცილოა, მე აღარ მაცინებს და რაზეც მე მეღიმება, მათთვის გაუგებარია. როგორც არ უნდა ვეცადო, ცხვრის ტყავი გადავიცვა, ცხვარი ვერ გავხდები და სიმართლე სადღაც გამოაშკარავდება.

იყავით შვილის მეგობარიც, მაგრამ საუკეთესო მეგობარი თუ თქვენ ხართ, იცოდეთ, რომ სადღაც შეცდომა დაუშვით.

 

შეცდომა N4 – რასაც მე ვერ მივაღწიე, ის იზამს.

ერთხელ ერთ ნაცნობს, ყოფილ მოჭიდავეს, ვკითხე: როგორ მოიქცევი, შენმა ერთადერთმა ვაჟმა ჭიდაობას თავი რომ დაანებოს და ბალერონობა გადაწყვიტოს-მეთქი? ჯერ დაიბნა, გაუკვირდა კიდეც, რადგან არასოდეს დაუშვია მსგავსი ფიქრი, ჩემმა კითხვამ კი აამღვრია და ცხოვრება გაუმწარა, შუბლი დაეღარა და ბევრი გინება ამოუშვა პირიდან საკუთარი შვილის მიმართ.

შვილს კი სრულიად სხვა ინტერესები ჰქონდა. მაგრამ მამას, ვერშემდგარ მოჭიდავეს, შვილის მიღწევებით სურდა იმის კომპენსაცია, რაც თავად არ გამოუვიდა.

ეს ამბავი სევდიანად, თუმცა კლასიკურად დასრულდა: ბევრი იჭიდავა, ბევრი სცადა შვილმა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა და ახლა ერთი დაბნეული ახალგაზრდა კაცია, რომელიც 32 წლისა ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს. ძალიან კი უჭირს.

მშობლებს ძალიან გვიჭირს იმის განსაზღვრა, სად ვმთავრდებით ჩვენ და სად იწყება ჩვენი შვილი. ჩვენი ვერრეალიზებული და გაზრდილი ეგოს სხვა ადამიანით რეალიზება შეუძლებელია და შედეგი რომც მოიტანოს (ასეთებიც ხდება – გავიხსენოთ ბეთჰოვენის მაგალითი), კაცმა არ იცის, რა ჯობია პიროვნებისთვის: იყოს ბედნიერი თუ ვიღაცის სურვილების ასრულებას შეეწიროს.

მშობლის მოვალეობა უფრო მეტად შვილის ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში მის გვერდით დგომა მგონია. რასაც მე ვერ მივაღწიე, სხვა მიაღწევს, მაგრამ ეს სხვა შეიძლება ჩემი შვილი არ იყოს.

 

შეცდომა N5 – ვერავინ უნდა გაჯობოს!

სადაც კი მისწავლებია, ყველგან მოსულა ერთი მშობელი მაინც, შეშინებული, განწირული ადამიანის თვალებით და უკითხავს: რას შვრება ჩემი შვილი? პასუხი დიდად არც აინტერესებთ, რადგან კითხვის განმარტება ტუჩის კუთხეზე ადგათ და ამატებენ ხოლმე: ისეთი მორცხვია, ყველა თავზე გადასდის და ჯაბნის. არ მინდა, უკანასკნელი იყოს კლასში.

„არ მინდა, უკანასკნელი იყოს!“ – ამ სიტყვების მიღმა ბევრი მშობელი სინამდვილეში იმას გულისხმობს, რომ სურს, მისი შვილი ყოველთვის და ყველგან იყოს პირველი, რაც ყველას ხასიათის ნაწილი არ არის. ზოგი ბუნებრივად ცდილობს, ჩრდილში დარჩეს და ასე დაიმკვიდროს თავისი ადგილი მზისქვეშეთში.

 

შეცდომა N6 – გამოიცვალე ასაკი, სამოსივით!

მახსოვს, ბავშვობაში ძილის წინ ოცნება მიყვარდა. უშუქობაში, რომელიც მაშინდელ თბილისს არ უკვირდა, ძლივს ჩამთბარ ლოგინში, თავზე საბანგადაფარებული რაღაცებზე ვოცნებობდი. ეს იყო სრულიად ბავშვური და სასაცილო ოცნებები, რომლებსაც კეთილი სიზმრები მოჰქონდა. ტყეში ხეტიალი, თანატოლებთან ერთად გართობა – უფროსების გადმოსახედიდან, უაზროც კი – ჩემთვის ახალი დღის სიხარულით გათენების საწინდარი იყო.

ჩემს მოსწავლეებს რომ ვეკითხები, რით ერთობიან, პასუხი გულს მიკლავს, რადგან მათ ხშირად არც კი აქვთ საამისო დრო, ან მათი ერთადერთი გასართობი „გაჯეტია“, რომელსაც მაშინვე მოიგდებენ ხოლმე ხელში, როგორც კი თავისუფალ დროს გამონახავენ. ვინ წაართვა ბავშვს თავისუფალი დრო? მშობელმა, ვისაც კარგის მეტი ალბათ არაფერი სურს შვილისთვის. როგორ? ისე, როგორც თავად წარმოუდგენია: ცეკვა, ხატვა, უცხო ენები… სპორტიც ხომ უნდა ბავშვს? ტყეში სეირნობის ნაცვლად – რეპეტიტორიდან რეპეტიტორის კარზე ხეტიალი, შაბათ-კვირას – საკვირაო სკოლა… მერე თვითონ სკოლაც რამდენ დავალებას იძლევა? ბავშვს ამოსუნთქვის საშუალება არ აქვს, ვერ ერთობა, ვერ თამაშობს, როცა სწორედ თამაშში უნდა გაიზარდოს და განვითარდეს როგორც ინდივიდი. ლომიც კი უტოვებს ბოკვერს თამაშისა და გართობის საშუალებას, რადგან იცის, რომ ასე სწავლობს პატარა ცხოვრებას, ასე ემზადება დაუნდობელ გარემოსთან პირისპირ დასარჩენად და ასე შეიძლება გამოიწრთოს ნამდვილი მონადირე.

ბავშვობა ჩვენი ცხოვრების ის მონაკვეთია, რომელიც აღარასოდეს განმეორდება. თუ პატარაობაშიც ისე ვაცხოვრებთ შვილს, როგორც დიდს, მას მალე მობეზრდება ყველაფერი, რადგან ორჯერ მოუწევს იმ გზის გავლა, რომელიც ერთხელ უნდა გაიაროს ადამიანმა. ორჯერ შუახანი, ორჯერ სიბერე, თუნდაც ორჯერ ახალგაზრდული მსუბუქი ტვირთი – როგორი გადასატანია? იქნებ ამიტომ იღლება ადამიანი მალე და ეკარგება ცხოვრების ინტერესი?

რაც გავიზარდე, ვაკვირდები თავს და აღარ ვოცნებობ. ის დრო კეთილ მოგონებად დამრჩა. მადლობის მეტი რა მეთქმის ჩემი მშობლებისთვის – ყოველთვის მიტოვებდნენ თამაშის დროს და ეს წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი მგონია.

 

შეცდომა N7 – „რა შევუკვეთე და რა ჩამომივიდა“

მშობლების ნაწილი შვილის ჩასახვის დღიდან გეგმავს მის მომავალს. წარმოუდგენია მისი თვალის ფერიც, ხასიათიც და პროფესიაც კი და მოულოდნელად აღმოჩნდება ხოლმე, რომ „ჩვენი სისხლი და ხორცი“, ჩვენი ნაწილი სულ სხვანაირია. სხვანაირი გარეგნობით თუ სურვილებით, ჩვევებით და წესებით. მაგრამ ჩვენ ხომ ასე არ დაგვიგეგმავს, სხვანაირად წარმოგვედგინა და სხვანაირად გვინდოდა, რადგან არაცნობიერად საკუთარი ეგოსთვის მოედანს ვამზადებდით შვილების სახით.

თუ პიროვნების უნიკალურობას ვადასტურებთ, პატივიც უნდა ვცეთ ამას. თუ ვფიქრობთ, რომ საკუთარი ასლი გვჭირდება, რომელიც ისეთი იქნება, როგორიც ჩვენ ვერ გავხდით, გვახსოვდეს, რომ, ცხოვრების კანონების მიხედვით, ყველაფერი თავდაყირა დადგება.

 

შეცდომა N8 – დამიჯერე, შვილო!

როგორც ბევრი სხვა მშობელი, მეც ვუშვებ ამ შეცდომას – შვილს ვეუბნები ერთს და ვაკეთებ მეორეს.

ამას, ცხადია, ვერ ვამჩნევ, მაგრამ ბავშვებს არაფერი გამოეპარებათ, რადგან ჩვენ გვერდით იზრდებიან და ყველაფერს ლუპით აკვირდებიან. რამდენიც უნდა შეაგონო შვილს, ერთი საპირისპირო მოქმედება ყველაფერს წყალში ჩაყრის და შეიძლება უარესიც მოხდეს, რადგან ბავშვი თავს მოტყუებულად ჩათვლის და ეცდება, სწორედ ის გააკეთოს, რასაც მთელი ცხოვრება უკრძალავდნენ.

 

შეცდომა N9 – მეზვერისა და ფარისევლის იგავი

ჩვენ არ ვიცით, რას უმზადებს ცხოვრება ჩვენს შვილებს, რა შეცდომას დაუშვებენ და როგორ წარიმართება მათი ბედი. პროგრამა, რომელსაც მშობელი დებს საკუთარ შვილში, ხანდახან ისეთი ძლიერია, რომ ბევრ რამეს განსაზღვრავს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კოდების მოფიქრება ან კოდებზე საერთოდ უარის თქმა.

როდესაც შვილის თანდასწრებით სხვა მოზარდს ან მის მშობელს განვსჯით, სწორედ ასეთი კოდები იწერება ბავშვის არაცნობიერში. კრიტიკულ ვითარებაში, იმავე შეცდომის დაშვების მომენტში (და ამისგან არავინაა დაზღვეული) ჩვენი შვილი ასეთი პროგრამირების წყალობით შესაძლოა უფსკრულის პირას აღმოჩნდეს, უკანასკნელი დასაყრდენის იმედი აღარ დარჩეს და უბედურებაც მოხდეს.

პრაქტიკაში (ვმართავ წერითი თერაპიის ჯგუფს) მქონია შემთხვევა, როდესაც მონაწილემ სუიციდური ფიქრების შესახებ ილაპარაკა, რომლებიც თინეიჯერობისას ჰქონდა. მიზეზი ბანალური, მაგრამ მისთვის ძალიან მტკივნეული იყო. თინეიჯერობისას ნაადრევი სექსუალური ურთიერთობა ჰქონდა შეყვარებულთან, რომელსაც მიზეზთა გამო დაშორდა. თვითმკვლელობაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც ფაქტი გააანალიზა და წარმოიდგინა, რას იტყოდა მამამისი, ეს რომ გაეგო. კაცი ხომ მთელი ცხოვრება „გარყვნილ“ გოგოებს და მათ მშობლებს ლანძღავდა. საბედნიეროდ, გოგონამ სიცოცხლეზე უარი არ თქვა, მაგრამ ტრავმებს დღემდე ებრძვის.

 

შეცდომა N10 – წაიკითხე პერსონაჟი სწორად!

მხატვრული ნაწარმოების აგებისას ერთ-ერთი უმთავრესი რამ, რაც ავტორმა უნდა მოახერხოს, პროტაგონისტის სრულყოფილად დანახვაა. იმის გაგება, ვინ არის ის რეალურად, როგორი ხასიათი აქვს, როგორ მოქმედებს და რითია უნიკალური, საშუალებას გვაძლევს, დამაჯერებელი და საინტერესო ტიპაჟი შევქმნათ.

შვილებთან ურთიერთობისას ერთ-ერთი ფუნდამენტური შეცდომა მათი ამგვარად გააზრების უუნარობაა.

მშობელი თითქოს კარგად იცნობს – ან უნდა იცნობდეს – საკუთარ შვილს, მაგრამ ჰოი, საოცრებავ, მის წინაშე სრულიად უცნობი ადამიანია, რომელსაც იმ თვისებებს მიაწერს, რაც თავად წარმოუდგენია ან უნდა, რომ მას ჰქონდეს.

შვილის შემყურე, ბევრი მშობელი წუხს, რადგან „რაღაც ვერ არის რიგზე მის თავს“ და მოზარდს ასაკისთვის შეუფერებლად აფასებს, ავიწყდება, რომ 7-8 წლის ბავშვი სურვილების მოკლევადიან დაკმაყოფილებაზე ბუნებრივად ზრუნავს (წარმოიდგინეთ პატარა, კომუნალურ გადასახადებზე ფიქრით ნაყინზე უარს რომ ამბობდეს). ეს ტრაგედია არ არის და თავს ტყუილად ნუ აიტკივებთ.

დაბადებიდან მოყოლებული, კარგი იქნება, თუ დაწვრილებით შეისწავლით შვილის ჩვევებს, ხასიათს, მიდრეკილებებს და მათ გარდაქმნას კი არა, გამოყენებას ეცდებით. არ არსებობს ცუდი და კარგი თვისება – არსებობს თვისებები, რომლებიც ცუდად ან კარგად განვითარდა და ამაში მშობელს არცთუ უკანასკნელი წვლილი შეაქვს.

შვილების შეცდომებისთვის თვალის გასწორება ძნელია. ძნელია ამ დროს თავის ხელში აყვანაც. მაგრამ, ისევ ლიტერატურის კანონებს და ერთ ჩინურ ანდაზას თუ მოვიხმობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო დიდია მარცხი, მით მეტად გვმართებს ძვირფასი ღვინის გახსნა, რადგან სადღაც იქვე დიდი წარმატება მომდგარა კარს.

ასეა ლიტერატურაშიც – მხოლოდ დიდი ქარტეხილების შემდეგ ხდება უბრალო პერსონაჟი დაუვიწყარი გმირი, რადგან თუ მის პრობლემებს სულ სხვა მოაგვარებს, ვიღაზე დაწეროს მწერალმა?

ალბათ ღირს დახსომებად, რომ სანამ შვილის პრობლემის მოგვარებას შევუდგებოდეთ, თავს ვკითხოთ: შეძლებს ჩვენი შვილი მის დაძლევას? იქნებ ჯერ ადრეა ხისტად ჩარევა? იქნებ მხოლოდ გვერდით დგომა და გამხნევებაც საკმარისია, იქნებ ვაცადოთ, თავადვე გაძლიერდეს?

ხანდახან ხანმოკლე ტკივილი ხომ დიდი და ხანგრძლივი სიხარულის საწინდარია! აარიდებ ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და შეიძლება ცხოვრება წაართვა ადამიანს.

ზღაპრებშიც ხომ ასეა!

ციფრული მინიმალიზმი ანუ როგორ ვისწავლოთ ბაგირზე სიარული

0

„უმნიშვნელო მიზეზების გამო ჩვენ დავიწყეთ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება, მაგრამ ერთ დღესაც გავიღვიძეთ და აღმოვაჩინეთ, რომ მათ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ძირითადი ნაწილის კოლონიზაცია მოახდინეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ არ მოგვიწერია ხელი ისეთი ციფრული სამყაროსთვის,

რომელშიც ახლა ვართ ჩაძირული”.

Cal Newport Digital Minimalism

სამყაროს მთავარი პერსონაჟი ადამიანია. ციფრული სამყარო და ტექნოლოგიები ადამიანს სცენიდან ვერ გაიყვანს, თუ თავად არ დატოვებს მას!

ც.ბ.

ჩვენ უკვე ორი ცხოვრება გვაქვს: ერთი – ე.წ. რეალობა და მეორე – ციფრული რეალობა. ეს სტატია არ მოგიწოდებთ, რომ არჩევანი გააკეთოთ, ან რომელიმეს უპირატესობაზე იფიქროთ, არამედ ორივეზე ადამიანის უპირატესობა მინდა რომ დავინახოთ. ორივე სამყაროში ჩვენ ვართ, შესაძლოა, სრულიად სხვადასხვაგვარად, მაგრამ – ჩვენ. ინტერნეტი გახდა სარკე, რომელმაც აგვირეკლა და ამავე დროს, მან მოიპოვა დამოუკიდებელი არსებობა და დაიწყო ჩვენთვის „გზის სწავლება“.

თუმცა ვინ ვართ ჩვენ? – ეს ჩვენი ორივე სამყაროში ცხოვრების მნიშვნელოვანი კითხვაა. კითხვა, რომელიც დაავიწყდა ადამიანს, რადგან მისი ცნობიერება ინფორმაციული სანაგვე გახდა, რომელშიც იშვიათად აღმოაჩენთ რაიმე ღირებულს.

ცხოვრებაც და ციფრული ცხოვრებაც პრობლემა ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ არ ვიცით, რა გვინდა და მივყვებით ერთ შემთხვევაში – ცხოვრების დინებას და, მეორე შემთხვევაში, – ინფორმაციების ნაკადს, რომელიც არ ვიცით, სად ჩაგვიტანს.

სოციალურ ქსელებში „(ს)ქროლვა“ გახდა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. ქუჩაში, ტრანსპორტში, ლექციებზე, შეკრებებზე, შეხვედრებზე – ორ სამყაროში გვიდგას ფეხი. ვეღარ ვტკბებით გარემოთი, ადამიანებით, ურთიერთობებით და, ციფრულ რეალობაში ჩვენი ნებით ემიგრირებულები, განვაგრძობთ სქროლვას…

ზოგჯერ მგონია, რომ ეს სქროლვა მაგნეტიზმია და ძალისხმევის გარეშე არ დაიძლევა… აი, როგორც მაგნიტი – რკინას, გარკვეულ მანძილზე იზიდავს და მერე ნებდება, რადგან მანძილი ძალას აკარგვინებს მაგნიტს.

გადაცემა „60 წუთში“ 2017 წელს გუგლის ყოფილმა ინჟინერმა, ტრისტან ჰარისმა, ანდერსონ კუპერთან საუბრისას დაადასტურა, რომ ტექნოლოგიების შემქმნელები აკეთებენ ყველაფერს, რათა მათი პროდუქტი გამოვიყენოთ, რაც შეიძლება დიდხანს. ამისთვის მიმართავენ სხვადასხვა მანიპულაციას. ეს ჩვენთვის სიახლე სულაც არ არის, თუმცა, როცა ამას გუგლის ინჟინერი ამბობს, სხვაგვარად აღვიქვამთ.

ჰარისი ძალიან საინტერესო მეტაფორას გვთავაზობს: სმარტფონებს ადარებს სათამაშო ავტომატებს: ყოველთვის, როცა მათ ვამოწმებთ, გვინდა ვიცოდეთ, რა მივიღეთ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: როგორ ფიქრობთ, Silicon Valley აპლიკაციებს აპროგრამებს თუ ადამიანებს? ჰარისი უპრობლემოდ პასუხობს:

– ისინი აპროგრამებენ ადამიანებს. თქვენ მუდმივად გესმით ისტორიები, რომ ტექნოლოგია ნეიტრალურია და ჩვენ ვართ, ვინც წყვეტს, როგორ გამოვიყენოთ იგი. მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება…

– მაშ, ტექნოლოგია არ არის ნეიტრალური? – შეაწყვეტინა კუპერმა.

– არა, ისინი არ არიან ნეიტრალური. თქვენ უნდა გამოიყენოთ ისინი გარკვეულ ვითარებაში ან გარკვეულ დროს. იმიტომ რომ, კორპორაციები ფულს ამ გზით შოულობენ.

ასე ჩაგვიდეს ჯიბეში მოწყობილობა, რომელიც იწვევს დამოკიდებულებას. ადრე ჰარისმა კოლეგებისათვის დაწერა მანიფესტი: „მოწოდება მომხმარებელთა ყურადღების მინიმიზაციასა და მათ მიმართ პატივისცემაზე“. ამ წერილის შემდეგ ჰარისი გადაიყვანეს სხვა პოზიციაზე. ის გახდა „პროდუქტის ფილოსოფოსი“. მაგრამ ამას სიკეთე არ მოუტანია. რადგან მომხმარებელთა ყურადღების პატივისცემას მოჰყვა შემოსავლის შემცირება. საბოლოოდ, ჰარისი გაათავისუფლეს სამსახურიდან და მან დააფუძნა ორგანიზაცია Time Well Spent / კარგად გატარებული დრო. ორგანიზაციის მისია იყო: ტექნოლოგიები გვემსახურება ჩვენ და არა რეკლამას.

შეგვიძლია გავიხსენოთ, რამდენი უსარგებლო ნივთი შეგვიძენია მხოლოდ რეკლამის გამო და იმის გამო, რომ მუდმივ ინფორმაციულ მდინარეში ვართ, საიდანაც „მშრალად ვერ ამოვალთ“.

ნივთები – ნივთებად, მაგრამ ჩვენ ამ სივრცეში ვკარგავთ დროს, ყურადღება გადაგვაქვს უსარგებლო ინფორმაციების მიღება-განხილვაზე… ხოლო სადაც ჩვენი ყურადღებაა – იქ არის ჩვენი ენერგიაც. ეს ენერგია კი ჩვენთვის უფრო სასარგებლო საქმეებში შეგვეძლო დაგვეხარჯა.

„ციფრული რეალობა და ტექნოლოგიები სულ უფრო ინტენსიურად მართავენ ჩვენს განწყობებსa და ქცევებს და გვაიძულებენ, გაჯეტები გამოვიყენოთ იმაზე უფრო ხშირად, ვიდრე ჩვენ ვთვლით ნორმალურად – გვთავაზობენ უფრო და უფრო მომგებიან აქტივობებს.

ჩვენ ვგრძნობთ, რომ ვკარგავთ კონტროლს საკუთარ ცხოვრებაზე და თავს არაკომფორტულად ვგრძნობთ. მაგალითად, როდესაც ჩვენ ვეღარ ვტკბებით მომენტით – ვირტუალური აუდიტორიისთვის მისი დოკუმენტირების სასოწარკვეთილი სურვილის გარეშე“ – ეს არის ფრაგმენტი Cal Newport-ის წიგნიდან „Digital Minimalism“. წიგნის მეორე სათაურია: „ფოკუსირებული ცხოვრების არჩევა ხმაურიან სამყაროში“. წიგნში საუბარია იმ გამოსავლის ძიებაზე, რომელიც დაგვაბრუნებს საკუთარ თავთან.

თუ კარგად გავაცნობიერებთ, აღმოვაჩენთ, რომ „ჩვენი თავები ჩვენ აღარ გვეკუთვნის“. აქ შეიძლება ილიას სიტყვებიც გაგვახსენდეს: „ჩვენი თავი რომ ჩვენვე გვეყუდნეს“, მაგრამ ეს უარესი „დაპყრობაა“, ვიდრე ის, რაზეც ილია წერდა. რადგან ოკუპირებულია ჩვენი გონება, გატეხილია ყველა პაროლი და ჩვენს ცნობიერებაში სხვა ოპერატორები სხედან, რომლებიც იქით გაგახედებენ, საითაც მათ სურთ და თან ისე, რომ შენ გეგონოს, რომ ეს შენი გადაწყვეტილებაა. არადა, ღმერთმანი, ჩვენ სულ გვგონია, რომ სოცქსელებში უბრალოდ ვერთობით… დიახ, ზუსტი იყო ის შედარება სათამაშო ავტომატებზე: ვერთობით ისე, როგორც კაზინოებში… ქსელებში არავის ეკუთვნის თავისი თავი, ის ეკუთვნის ქსელების სისტემის დემონს. ეს არ არის უბრალოდ ინტერნეტდამოკიდებულება… ეს უფრო უარესია. ჩვენ, შესაძლოა, რეალურ ცხოვრებაშიც ასე ვართ, მაგრამ ციფრულ რეალობაში ეს მკვეთრად გამოჩნდა.

კელ ნიუპორტის აზრით, სოცქსელებიდან მექანიკური გათიშვა საკმარისი არ არის ინტერნეტდამოკიდებულების დასაძლევად. ტექნოლოგიების გამოყენებას საფუძვლად უნდა დაედოს ფილოსოფია, რომელიც თქვენს ღირებულებებს ეფუძნება. ამ ფილოსოფიის თავის ვერსიას ნიუპორტმა უწოდა „ციფრული მინიმალიზმი”. მისი მიმდევრები შეიძლება შევადაროთ ბაგირზე მოსიარულეებს, რომლებმაც მიაღწიეს წონასწორობას იმის მიუხედავად, რომ ყურადღების გაფანტვის უამრავი ფაქტორი არსებობდა. ციფრული მინიმალიზმის იდეა მარტივი სლოგანით გამოიხატება: „ცოტა უკეთესია… დიახ, უკეთესია!”.

ციფრული მინიმალიზმის ფილოსოფია და მისი მთავარი პრაქტიკული კომპონენტი – ციფრული დალაგება – დაგეხმარებათ, გადაიაზროთ თქვენი ცხოვრება, დაუბრუნდეთ ჭეშმარიტ ღირებულებებს და ისწავლოთ ტექნოლოგიების გამოყენება თქვენ სასარგებლოდ.

„თანამედროვე ციფრული ცხოვრება ხასიათდება სიტყვით – ამოწურვა. ეს არ არის ის, რომ აპლიკაციები ან ვებსაიტები ცუდია. პრობლემაა დიდი რაოდენობით კაშკაშა „გამღიზიანებლების” გავლენა, რომლებიც ყურადღებას გართმევენ და ასე აკონტროლებენ მომხმარებლების განწყობას. ინტერნეტ-აქტივობა უკონტროლოა. სოციალური ქსელები ჩვენს დროს ამსხვრევენ და ძალიან ცოტა დრო გვრჩება გაცნობიერებული ცხოვრებისთვის. (Cal Newport „Digital Minimalism“)

P.S. წიგნი იხილეთ ბმულზე: https://www.goodreads.com/book/show/40672036-digital-minimalism

დიკენსის დიდი გაკვეთილი

0

ჩარლზ დიკენსის „ინგლისის საყმაწვილო ისტორიის“ კითხვა დავიწყე თუ არა, ცამეტი წლის იმ გოგოდ ვიქეცი, რომლის ყველაზე საყვარელი სასკოლო საგანიც ისტორია იყო. გაკვეთილამდე დარჩენილ დღეებსა და საათებს ვითვლიდი ხოლმე, და სულაც არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, რომ სხვა საგნები გაეუქმებინათ და ორშაბათიდან შაბათამდე მხოლოდ ისტორია მესწავლა. რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი ის იყო, რომ კარგზე კარგი მასწავლებელი მყავდა, რომელსაც კითხვა ძალიან უყვარდა, დიდი მწერლების წიგნები ჰქონდა წაკითხული და ახერეხებდა, რომ მათი გმირები თვალნათლივ დაგვენახა. ამბები ერთმანეთში ირეოდა, ისტორიკოსების მონათხრობს ავტორების გამონაგონი ავსებდა, დაუვიწყარს ხდიდა.

წიგნი, რომელიც სამუშაო მაგიდაზე მიდევს, ჩემი მასწავლებლისთვის ნამდვილი განძი იქნებოდა. ვკითხულობ და გული მწყდება, რომ ვერ წაიკითხავს, ვერ მონუსხავს მოსწავლეებს საყვარელი მწერლის ფრაზებით, წარსულის თავზარდამცემი სახე-ხატებით, სიძველეების სილამაზით.

რა თქმა უნდა, ინგლისის ეს თავგადასავალი ყველასთვისაა და არა მხოლოდ ყმაწვილებისთვის. დროდადრო ისეთ დამზაფვრელ სიტყვებს ვაწყდები, ყოყმანსაც კი ვიწყებ – გაუძლებს კი ოცდამეერთე საუკუნის მოზარდის თვალი ამდენ სისასტიკეს, საუკუნეების სიბნელეში გაფურჩქნილ ამდენ ბოროტ ყვავილს? არადა, ასეთი იყო დასაწყისი, ასე იქმნებოდა და შენდებოდა, იცვლებოდა, იზრდებოდა და ლამაზდებოდა სამყაროს ის ნაწილი, რომელიც შევიყვარეთ.

მეფე ჰარდიკანიუტი ბრძანებს, ჰაროლდ კურდღლისფეხა საფლავიდან ამოთხარონ, თავი მოკვეთონ და მდინარეში გადააგდონ. სხვა ისტორიაში ლოცვანს წმინდანების ძვლებით სავსე კასრზე დადებენ და მეფეს ასე დააფიცებენ. ტომას ა. ბეკეტი „ჯვალოს ჭუჭყიან და მკბენარებიან სამოსს“ ჩაიცვამს, რადგან ეს დიდ სათნოებად მოეჩვენება. ჯონ უმიწაწყლოზე კი ვკითხულობთ: საკუთარი ხელით მხეცურად წვავდა იმავე სახლს, სადაც ღამე გაეთიაო. ერთ დღეს კი – დამსახურებისამებრ – მას ბერები მსხალს, ატამს, ახალ სიდრსა და საწამლავს მიართმევენ.

დიდი ბრძოლებია, უმოწყალო სისხლისღვრა. ყველაფერს ელოდები, რადგან უკვე შეგიქმნია წარმოდგენა ეპოქაზე, მაგრამ მაინც შეიძლება გადააწყდე რაღაც ისეთს, რაც საკვირველიცაა და ძნელად სარწმუნოც. გადმოცემებს ხომ უცნაურიც აღარ ეთქმის: „მოხუცმა მეფემ, როგორც ამბობენ, დააფიცა თავისი უმაქნისი შვილი, რომ არ დამარხავდა მის ძვლებს, არამედ გაწმენდდა და გაასუფთავებდა, ჭურჭელში მოათავსებდა და ინგლისის არმიას გაუძღვებოდა წინ, ვიდრე სკოტლენდი საბოლოოდ დამორჩილდებოდა“.

საუკუნიდან საუკუნეში მოგზაურობ, მწერლის ნაჩვენებ გეზს მიჰყვები და გიხარია, რომ ადამიანმა ყველა ამ განსაცდელს გაუძლო, თავს დატეხილი ეპიდემიების, ომების, წარმოუდგენელი საშინელებების მიუხედავად, სიცოცხლის სურვილი შეინარჩუნა. გიხარია, რომ რვა წლის გოგონას ხუთი წლის ბიჭუნაზე აღარ აქორწინებენ, რომ შავ ჭირს ნახევარი ქვეყნის გაწყვეტა აღარ შეუძლია, რომ წინადადება – „გზად ყველა პატარა ქალაქი გადაწვა, ჩვეულებისამებრ, ვიდრე პარიზამდე მივიდოდა“ – წარსულის საკუთრებაა და ვეღარასდროს შეიძენს ახალ შინაარსს.

მაგრამ ადამიანის სიბრიყვე, სიხარბე, სისასტიკე დღესაც რომ პოულობს ნოყიერ ნიადაგს და ომებში ისევ კვდებიან, ისევ სახიჩრდებიან?

ამ წიგნის ავტორს ნამდვილად ვერ დავწამებთ პესიმიზმის ზღვაში მკითხველის ჩახრჩობის მცდელობას. პირიქით, ხშირად გვახალისებს, სიცილის გუნებაზე გვაყენებს.

ჰენრი მეშვიდის ამბავი: „დედოფალი გარდაიცვალა. მეფემ იდარდა და როცა გამოერკვა, მისმა გონებამ ფულის ძიება დაიწყო სანუგეშოდ, და ფიქრობდა, შეერთო ნეაპოლის ქვრივი დედოფალი, ვინც ძალზე მდიდარი გახლდათ, მაგრამ როცა გაირკვა, რომ მის ფულს ვერ დაეუფლებოდა, ხელი აიღო განზრახვაზე. დიდად კი არ სურდა, მაგრამ მალე ხელი სთხოვა სავოის ქვრივ ჰერცოგონიას, ცოტა ხნის მერე – უკვე კასტილიის მეფის ქვრივს, რომელიც შეშლილი გახლდათ. მაგრამ ფულზე ვერ მორიგდნენ და ეს მცდელობაც ჩაიშალა“.

ჰენრი მერვე კი ერთ-ერთ ქორწინებას იმით აღნიშნავს, რომ რამდენიმე პროტესტანტ პატიმარს წვავს „პაპის დოქტრინების უარყოფისთვის“ და რამდენიმე კათოლიკე პატიმარსაც – „მისი უზენაესობის უღიარებლობისთვის“.

ასეთი ამბები მოდის ინგლისიდან, საუკუნეთა საშიში და მიმზიდველი სიღრმიდან.

და მართლაც – სად არის ძაღლის თავი დამარხული?

0

ისტორია და ლიტერატურა ძალიან ხშირად კვეთს ერთმანეთს, გიზიარებთ ერთ აქტივობას, რომელიც შესაძლოა ამ ორი საგნის ინტეგრირებისთვის გამოგადგეთ.

თუ ჩახლართული, საიდუმლოებით მოცული, იდუმალი ამბები გიზიდავს, ან დეტექტივებს კითხულობ, შესაძლოა ასეთ გამონათქვამს წასწყდომოდი: „ძაღლის თავი ნამდვილად აქ არის დამარხულიო“, და იქვე საიდუმლოს გასაღებიც აღმოგეჩინა. აღნიშნულ ფრაზას იმ შემთხვევაში იყენებენ, როდესაც რაიმე გაუგებარ საკითხს გამოიცნობენ და მასზე ნიშნისმოგებით აღნიშნავენ ხოლმე. ეს გამოთქმა XVI საუკუნეში გერმანიაში წარმოიშვა.

ერთ-ერთ მებრძოლს, შესაძლოა რაინდსაც კი, ერთგული მეგობარი ძაღლი ჰყოლია. რომელიც მუდამ თან ახლდა და ერთხელ სიკვდილისგანაც კი უხსნია. ოღონდ არ ვიცით, როგორ და რა სიტუაციაში.

გავიდა დრო, ძაღლი მოკვდა, რამაც გერმანელ მხედარს გული ძალიან დაწყვიტა და ძალიან დაასევდიანა. იმდენად უყვარდა ოთხფეხა მეგობარი, რომ გადაწყვიტა სიკვდილის შემდეგაც ღირსეული პატივი მიეგო მისთვის. ამიტომ, როდესაც ძაღლი დაკრძალა, საფლავზე ძეგლი აუგო. ძაღლის ძეგლი თურმე ძალიან შთამბეჭდავი და ორიგინალური ყოფილა, იმდენად, რომ მის შესახებ შორეულ რაიონებშიც კი შეუტყვიათ.

ოთხი საუკუნის წინ ადამიანებს უფრო ნაკლები სანახაობა ჰქონდათ, ვიდრე დღეს, ამიტომ, როდესაც ასეთ ამბებს გაიგებდნენ, მაშინვე სანახავად გაემართებოდნენ ხოლმე. რაინდის ერთგული ძაღლის ძეგლის სანახავადაც დაძრულა ხალხი, რომლებიც ადგილობრივ მკვიდრებს ეკითხებოდნენ: სად არის ძაღლი ჩამარხულიო, და ასე იკვლევდნენ ძეგლისკენ მიმავალ გზას.

როგორც ჩანს, ეს გზა არც ისე მარტივი გასავლელი, ხოლო ძაღლის საფლავი არც ისე მარტივი საპოვნელი ყოფილა. ალბათ სანახაობის მოყვარულთ ხშირად უწევდათ ძეგლის ადგილმდებარეობის საპოვნელად ათასგვარი კვლევა-ძიება. ამიტომაც იყენებენ ფრაზას – „ძაღლის თავია დამარხული“, როცა საიდუმლოებით მოცული ამბის გორგალს წვერი გამოუჩნდება ხოლმე.

რამდენიმე ფრაზის გააზრებისთვის

შენი თვალთახედვით ახსენი მოცემული ფრაზები, როგორ გესმის ისინი შენ, გადმოეცი შენი სიტყვებით:

  • ნიშნისმოგებით აღნიშნავენ ხოლმე.
  • ოთხი საუკუნის წინ ადამიანებს უფრო ნაკლები სანახაობა ჰქონდათ, ვიდრე დღეს.

ამიტომაც იყენებენ ფრაზას – „ძაღლის თავია დამარხული“, როდესაც საიდუმლოებით მოცულ ამბის გორგალს წვერი გამოუჩნდება ხოლმე.წარმოიდგინე, როგორი იქნებოდა რაინდის მეგობარი ძაღლი, შექმენი მისი ილუსტრაცია. შეგიძლია ქანდაკების, ძეგლის სახითაც წარმოადგინო.

გაიხსენე, სად წაგიკითხავს ან გაგიგია, ან თუ გამოგიყენებია გამონათქვამი: „ძაღლის თავი ნამდვილად აქ არის დამარხული“, რასთან ან ვისთან მიმართებით. თუ მსგავსი შემთხვევა არ გახსენდება, დაფიქრდი, რა დროს და რა სიტუაციაში გამოიყენებდი ამ ფრაზას?

შენი წარმოდგენით როგორია რაინდი?

თვისებები/ხასიათი

 

 

 

გარეგნობა/ილუსტრაცია
მიზნები/ოცნებები

 

 

 

საქმიანობა/ჩადენილი გმირობები

 

როგორია, შენი აზრით, ის ადამიანი, რომელიც საკუთარ ოთხფეხა მეგობარს ძეგლს აუგებს? გარშემო მიუწერე ის თვისებები, რომლებითაც ამ ადამიანს დაახასიათებდი.

დაუკვირდი მოცემულ ნაწყვეტს და შეეცადე, თხრობა მომავალ დროში გადაიყვანო და ისე გადაწერო.

გავიდა დრო, ძაღლი მოკვდა, რამაც გერმანელ მხედარს ძალიან დაწყვიტა გული და ძალიან დაასევდიანა. იმდენად უყვარდა ოთხფეხა მეგობარი, რომ გადაწყვიტა სიკვდილის შემდეგაც ღირსეული პატივი მიეგო მისთვის. ამიტომ, როდესაც ძაღლი დაასაფლავა, საფლავზე ძეგლი აუგო. ძაღლის ძეგლი თურმე ძალიან შთამბეჭდავი და ორიგინალური ყოფილა, იმდენად, რომ მის შესახებ შორეულ რაიონებშიც კი შეუტყვიათ.

გადმოეცი ტექსტის მოკლე შინაარსი რამდენიმე წინადადებით, გრაფიკულად, თითოეული სიტყვას შეუქმენი გრაფიკული გამოსახულება. რამდენიმე იდეას მე მოგაწვდი:

 

 

 შექმენი ამბავი გერმანელ რაინდზე, როგორ იხსნა ის ერთგულმა მეგობარმა – ძაღლმა სიკვდილისგან. ძაღლს და რაინდს მოუფიქრე სახელები. შენი ამბავი შუა საუკუნეების გერმანიაში უნდა მოხდეს. სანამ წერას დაიწყებდე მოიძიე ინფორმაცია რაინდებისა და მებრძოლების შესახებ, გააკეთე ილუსტრაცია და თხზულება დაასათაურე.

 

 

 

 

ორი გაფრენა

0

შენგელაიას „შერეკილები“ ქართული კინოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშია. ფილმი გვიჩვენებს, რომ ხანგრძლივი ფიქრის, თავდადებული შრომის, უდრეკი მიზანსწრაფულობის წყალობით ერთი შეხედვით აუხდენელი ოცნებაც კი შეიძლება სინამდვილედ იქცეს. მთავარია, ადამიანს სიყვარულისა და თავისუფლების იდეა ამოძრავებდეს. რეზო გაბრიაძის სცენარი ნაციონალურ, მხოლოდ ერთი ქვეყნისთვის დამახასიათებელ მოვლენას არ აღწერს. „შერეკილები“ ყველგან, მსოფლიოს ყველა კუთხეში არსებობენ და სწორედ მაშინ იწყებენ კაშკაშს, როდესაც ირგვლივ სრული სიბნელე ისადგურებს.

„ცივი ომის“ ბნელ პერიოდში რამდენჯერმე გამოანათეს ადამიანებმა, რომლებმაც აკრძალული ფრენებით სცადეს „რკინის ფარდის“ გარღვევა. შესაძლოა, მათ ევროპისა და დანარჩენი მსოფლიოს გამყოფი კედლის გარღვევა ვერ შეძლეს, მაგრამ ბზარები მაინც გაუჩინეს ზღუდეს. თავზე ხელაღებულებს იმედი ჰქონდათ, რომ ურყევ ბარიერს ამ ბზარებით მოუღებდნენ ბოლოს. მგონი, საწადელს მიაღწიეს კიდეც.

ჩემი სტუდენტების თაობას არაფერი გაუგონია მათიას რუსტის შესახებ. დღეს ის აღარავის აინტერესებს. ხანდახან თავად თუ შეახსენებს თავს საზოგადოებას სკანდალით ან პოკერის ტურნირში საპრიზო ადგილის მოპოვებით. ქურდობა და თანამშრომელთა სიცოცხლისთვის ზიანის მიყენება მათიასს ცხოვრების წესად ექცა. თუმცა ახალგაზრდობაში ის სულ სხვანაირი იყო – იდეალისტი.

1987 წელს რუსტი 18 წლის ჰამბურგელი თინეიჯერი გახლდათ, რომელსაც მსოფლიოს მომავალი ადარდებდა. მოზარდი იმედგაცრუებული დარჩა იმით, რომ 1986 წელს პრეზიდენტმა რეიგანმა და გენერალურმა მდივანმა გორბაჩოვმა რეიკიავიკში შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს და „ცივი ომის“ დაძაბულობის შემცირებისკენ მცირე ნაბიჯის გადადგმაც ვერ მოახერხეს. რუსტს სურდა, შოკისმომგვრელი მოქმედებით მთელი მსოფლიოს ყურადღება მიეპყრო.

სწორედ იმ პერიოდში ახალგაზრდა კაცი ჰამბურგის აეროკლუბის გამოცდებს აბარებდა მფრინავის ლიცენზიის მოსაპოვებლად. საგამოცდოდ მას „ჩესნას“ მარკის მცირე ზომის თვითმფრინავით წრე უნდა დაერტყა ჩრდილოეთის ზღვის ნაწილისთვის. ერთ-ერთი გაფრენის დროს ის ჰელსინკიში გაჩერდა და მეორე დღეს მოულოდნელად გეზი საბჭოთა კავშირისკენ აიღო.

საბჭოეთში „პერესტროიკის“ ხანა იდგა, სამხედრო ელიტა და გენერალიტეტი პოლიტიკური კლასისა და საზოგადოებისგან განსაკუთრებულ ზეწოლას გრძნობდნენ. მათ ყოველ გადაწყვეტილებას კრიტიკის ქარცეცხლში ატარებდნენ. წინააღმდეგობას მიუჩვეველი მეთაურები დაბნეულები ცდილობდნენ, ახალი ეპოქისთვის ალღო ააღოთ. ატომური დაპირისპირების საფრთხის გამო მესაზღვრეები თითოეულ უცხო მფრინავ ობიექტს აღრიცხავდნენ, მაგრამ მცირე ზომის თვითმფრინავების წინააღმდეგ ზომების მიღება უჭირდათ, ბეღურისთვის ზარბაზნის სროლას ერიდებოდნენ. ამასთანავე, საბჭოთა საჰაერო ნავიგაციის მუშაკები, ცოტა არ იყოს, დააკომპლექსა 1983 წელს მომხდარმა ტრაგიკულმა შემთხვევამ, როდესაც საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის გამო რუსმა სამხედროებმა კორეული სამგზავრო ხომალდი ჩამოაგდეს და უკლებლივ ყველა მგზავრი, სამასამდე უცხოელი, სიცოცხლეს გამოასალმეს.

მოკლედ, თუ რადარებისთვის შეუმჩნეველ ზონაში იფრენდა, რუსტს გადარჩენის შანსი ჰქონდა. შლეზვიგელმა თინეიჯერმა თამამად გადალახა საბჭოთა კავშირის საზღვარი. ცხადია, ის მალევე აღმოაჩინეს, მაგრამ მინიატურული საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესი გაჭიანურდა. სანამ საბჭოთა სამხედროები და მესაზღვრეები „ჩესნას“ ბედზე ბჭობდნენ, მათიასმა მოსკოვამდე მიაღწია და პირდაპირ წითელ მოედანთან მდებარე ხიდზე დაეშვა. მოქალაქეები გაოგნებულები უყურებდნენ „ციდან ჩამოვარდნილ“ უცხოელს, უცხოელი კი ყველას უხსნიდა, რომ ის მშვიდობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის მოთხოვნით ჩამოფრინდა.

მსოფლიოს უძლიერესმა ატომურმა ზესახელმწიფომ ვერ მოახერხა 18 წლის პილოტის შეჩერება და მას ლამის კრემლის კედლამდე მიფრენის საშუალება მისცა. ბუნებრივია, ამ ამბავმა მთელი ევროპა შეძრა, წლების განმავლობაში ლაპარაკობდნენ ამ თავზე ხელაღებულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც უამრავი გენერლის კარიერა შეეწირა. რუსტის წყალობით „პერესტროიკის“ არქიტექტორებსაც გაეხსნათ ხელ-ფეხი და უფრო აქტიურად დაიწყეს საზოგადოებრივი აზრის მომზადება აშშ-სთან შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების სასარგებლოდ.

მათიას რუსტი „ცივი ომის“ ერთადერთი „ერთაოზ ბრეგვაძე“ არ ყოფილა. თინეიჯერის მოსკოვში გასეირნებამდე რვა წლით ადრე, 1979 წელს, სრულიად გასაოცარი ამბავი დატრიალდა თიურინგიაში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში.

ქალაქ პიოსნეკის პლასტმასის ქარხნის ორ თანამშრომელს ყელში ამოუვიდა ავტორიტარულ სახელმწიფოში ცხოვრება, პარტიული ბოსების აღვირახსნილობა, უშიშროების სამინისტროს ტერორი, თანაქალაქელებთან თავისუფლად საუბრის შიში… პეტერ სტრელციკმა და გიუნტერ ვენცელმა – ელექტროინჟინერმა და სატვირთო მანქანის მძღოლმა – ამ დამთრგუნველი რეჟიმისგან გათავისუფლება განიზრახეს. 70-იანი წლების აღმოსავლეთი გერმანიიდან დასავლეთში გაქცევა თითქმის წარმოუდგენელი იყო. ადამიანები თხრიდნენ გვირაბებს, მიჰყვებოდნენ საკანალიზაციო მილებს, ახტებოდნენ მავთულხლართებს, მაგრამ უმეტესობას არაფერი გამოსდიოდა, სახალხო პოლიცია გაქცევის მსურველებს ადგილზე ხვრეტდა.

თიურინგიის ტყეებში გზის გაკვლევა და საგანგებოდ გაწვრთნილი ძაღლებისგან გაქცევა სტრელციკს და ვენცელს არ შეეძლოთ. მეგობრების განზრახვამ მხოლოდ მაშინ შეისხა ხორცი, როცა ერთმა მათგანმა ოჯახში ნათესავის მიერ გამოგზავნილი ჟურნალი აღმოაჩინა, რომელშიც მექსიკაში მიმდინარე საჰაერო ბურთების ფესტივალის შესახებ ვრცელი სტატია იყო დაბეჭდილი. სტრელციკი და ვენცელი მიხვდნენ, რომ „ცათმფრენის“ აგება არ გაუჭირდებოდათ. პეტერსაც და გიუნტერსაც ცოლები და ორ-ორი შვილი ჰყავდათ. მათ ოჯახის წევრები საჰაერო ბურთის აწყობის იდეაში დაარწმუნეს, მიიღეს კონსპირაციისთვის აუცილებელი ზომები და საქმეს შეუდგნენ.

„სოციალისტური ბანაკის“ ქვეყნები, მოგეხსენებათ, საყოფაცხოვრებო პროდუქტების დეფიციტით გამოირჩეოდა. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა 70-იანი წლების მიწურულს საჰაერო ბურთისთვის საკმარისი სპეციალური ქსოვილისა და პროპანის გაზის ბალონების შოვნა, მეზობლებისგან შეუმჩნევლად ბურთის შეკერვა, გონდოლის დამზადება… ვენცელები და სტერლიცკები მთელ ქვეყანაში მოგზაურობდნენ და პატარ-პატარა მაღაზიებში წყალგაუმტარი მასალის საწვიმარ ლაბადებს ყიდულობდნენ.

ასეთი ტანჯვა-წამებით მეგობრებმა სამჯერ შეკერეს საჰაერო ბურთი. პირველი მცდელობისას კონსტრუქციამ გამოცდას ვერ გაუძლო და ოჯახები ძლივს გადაურჩნენ უბედურებას. მეორე ჯერზე აფრენა შეძლეს, მაგრამ ძლიერი ქარის გამო საზღვრის გადალახვა ვერ მოახერხეს – საჰაერო ბურთი აკრძალულ ზონაში დაეშვა. ოთხმა უფროსმა და ოთხმა ბავშვმა როგორღაც მოახერხეს შტაზის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან გამოქცევა, მაგრამ საფრენი მოწყობილობა იქვე დარჩათ. მეორე დღეს რეგიონის მთავარი გაზეთი ნაპოვნის შესახებ წერდა და დამნაშავეებს უმკაცრესი ზომებით ემუქრებოდა.

უშიშროების სამსახურების ზედამხედველობისა და რამდენჯერმე განცდილი ტექნიკური მარცხის მიუხედავად, მუშებმა მაინც სასწორზე შემოდეს თავიანთი ოჯახების სიცოცხლე და მესამედაც აფრინდნენ ცაში. ბურთი კვლავ ქარიშხალში მოჰყვა, ბურუსს ყინვაც დაერთო… აფრენიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვენცელები და სტერლიცკები ტყეში დაეშვნენ. სიკვდილს გადარჩენილებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ, გააღწიეს თუ ვერა სამშვიდობოს. მამაკაცებმა ქალები და ბავშვები დამალეს და მარტონი გაუდგნენ გზას. კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ მათ ბავარიის ფედერალური მიწის საგზაო ნიშნები დაინახეს და მიხვდნენ, რომ ოცნება აუხდათ.

საჰაერო ბურთით „რკინის ფარდის“ გადალახვის ამბავი მალევე მოედო მთელ მსოფლიოს. მეორე დღეს მსოფლიოს პრესა თიურინგიელ „ერთაოზსა და ქრისტეფორეზე“ წერდა.

 აქტივობები ქცევის წესების შემუშავებისა და განვლილი მასალის რეფლექსიისთვის

0

ყოველ სასწავლო წელს მასწავლებლები ახალი შემართებითა და გაორმაგებული ენერგიით ვაგრძელებთ მუშაობას. ხშირად ჩვენი დაწყებული საქმის გაგრძელება გვიწევს, ზოგ შემთხვევაში კი ახალ კლასებში ვიწყებთ სწავლებას.

სასწავლო წლის დასაწყისში მნიშვნელოვანია ქცევის წესების შემუშავება. დაკვირვების შედეგად შესამჩნევი გახდა, რომ მოსწავლეების მიერ ნაკარნახევი წესები მალე ეძლევა დავიწყებას. ამიტომ გადავწყვიტე განსხვავებული მიდგომის გამოყენებითა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით წარმემართა პროცესი.

დიდი ზომის ქაღალდზე წინასწარ მოვამზადე ოთხი დებულება:

  • დაასრულეთ წინადადება – ვთანხმდებით, რომ…;
  • ჩვენ ველოდებით, რომ ვისწავლით;
  • გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ;
  • ჩვენი რეკომენდაცია მასწავლებელს.

საკლასო ოთახში მოვაწყვე ოთხი „გაჩერება“, რის შემდეგაც მოსწავლეები დავყავი ოთხ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ერთ გაჩერებაზე 5 წუთს ატარებდა, რა დროსაც ისინი მსჯელობდნენ დებულებებზე და აფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებებს. თუ მათი მოსაზრება უკვე დაფიქსირებული იყო, ისინი სხვა მიმართულებით აგრძელებდნენ ფიქრს.

დაახლოებით ოცი წუთის შემდეგ პროცესი დასრულდა. ჯგუფებმა პრეზენტაციების სახით წარმოადგინეს დაფიქსირებული პასუხები, რის შემდეგაც დავიწყეთ დისკუსია. მთლიან კლასს მივმართე კითხვებით:

    • რა აღმოჩენები გააკეთეს პროცესში?
    • რა მოეწონათ აქტივობაში?
    • რატომ არის მნიშვნელოვანი საკლასო წესების შემუშავება მათი ჩართულობით?
    • რამეს ხომ არ დაამატებდით ან შეცვლიდით დაფიქსირებულ პასუხებში?

მოსწავლეებს თავისუფალი აზროვნების არეალი უფართოვდებათ. ისინი გრძნობენ, რომ შეუძლიათ მოსაზრებების დაფიქსირება შეზღუდვების გარეშე. ბევრ საინტერესო რეკომენდაციას, სურვილსა თუ მოლოდინს აღმოაჩენთ.

ამავდროულად, ეს არის ერთგვარი შეთანხმება მასწავლებელსა და მთელ კლასს შორის. რეკომენდაციებისა და მოლოდინების განყოფილებაზე მეტწილად მასწავლებელია პასუხისმგებელი, შეთანხმების ნაწილზე – მოსწავლეები, ხოლო სურვილები ზოგადია და შეიძლება სცდებოდეს კონკრეტული მასწავლებლის მოვალეობებს.

საკუთარ პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგად მრავალი საგულისხმო ფაქტის გამოვლენაა შესაძლებელი. საგან „მოქალაქეობის“ სწავლება მე-7 კლასიდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში გვიწევს ჩვენთვის უცნობ მოსწავლეებთან შეხვედრა. სწორედ პრაქტიკაზე დაკვირვების შედეგად აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეთა გაცნობა, მზაობის, შესაძლებლობებისა და წინარე ცოდნის დადგენა ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ პირველ ორ კვირას (დაახლოებით ოთხ აკადემიურ საათს) მოსწავლეთა უკეთ გაცნობას ვუთმობ.

აქტივობა – „ბარათები მეშვიდეკლასელებს“ „მოქალაქეობის“ გაკვეთილზე გამოვიყენე. სკოლის დაწყებამდე თავი მოვუყარე იმ საკითხებს, ტერმინებსა და მნიშვნელოვან ცნებებს, რომლებიც მე-7 კლასის სტანდარტითაა განსაზღვრული და განხილულია სახელმძღვანელოებში.

ბავშვის უფლებები დემოკრატია დისკრიმინაცია ტოლერანტობა თემი
მოსწავლეთა თვითმმართველობა განსხვავებული აზრი შშმ პირი გენდერი უსაფრთხო სკოლა
პარლამენტი კანონმორჩილი მოქალაქე არგუმენტირებული მსჯელობა სამართალი დაუწერელი კანონები
ბრაკონიერობა ეროვნული ბანკი პროექტი პროტესტი ფული
ბიუჯეტი კულტურული მემკვიდრეობა გენდერული თანასწორობა ვანდალიზმი საიდან მოდის ფული
ფინანსური ბაზარი ეკონომიკა კონსტიტუცია აქტივიზმი ბუნების დაბინძურების წყაროები
ჰაერის დაბინძურება ეკოლოგია ბუნებრივი რესურსები მდგრადი განვითარება ადიქცია
ბულინგი კიბერბულინგი კიბერ ჰიგიენა ადრეული ქორწინება მავნე ჩვევები
კვების რაციონი ჯანსაღი კვება არასრულწლოვანთა დანაშაული მრავალფეროვნება ლიდერობა
ბარტერული გაცვლა კონფლიქტი კონფლიქტის გადაჭრის გზები საგზაო უსაფრთხოება მოხალისეობა

 

შემდეგ ეტაპზე დავყავი კლასი ოთხ ჯგუფად, დავურიგე მათ ბარათები და ვთხოვე გაენაწილებინათ ისინი ოთხი დებულების მიხედვით.

ბარათები სურვილისამებრ შეგიძლიათ დაურიგოთ ინდივიდუალურად, ამუშაოთ წყვილებში ან ჯგუფურად. მე ჯგუფური სამუშაო ვამჯობინე და გაამართლა. ჯგუფებში ხშირად იყო განსხვავებული მოსაზრებები, ზოგიერთმა იცოდა კონკრეტული ტერმინი და ცდილობდა განემარტა სხვებისთვის.

აქტივობა იმდენად საინტერესო გამოვიდა, რომ მე-8 კლასელებსაც შევთავაზე იმის დასადგენად, თუ რა ახსოვდათ გასული სასწავლო წლიდან.

სწავლის დაწყებიდან საკმაო დრო გავიდა და შედეგები თანდათან თვალსაჩინო ხდება – თუ ვინმე არღვევს დადგენილ წესს, ერთმანეთს უთითებენ და ახსენებენ, რომ შეთანხმდნენ ამ წესების დაცვაზე.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...