პარასკევი, აპრილი 3, 2026
3 აპრილი, პარასკევი, 2026

კიდევაც ვნახავ გაზაფხულს…

0

წინა წერილში შეგპირდით, რომ დღეს რეაქციის სადავეებზე
ვისაუბრებდით. რადგან გაზაფხულმა მართლაც დაიგვიანა, მინდა დაპირებული თემა ერთი კვირით
გადავდოთ (ჩვენი გაზაფხულივით) და დღეს სხვა თემა შემოგთავაზოთ.

რატომ ველით ასე გაზაფხულს? რას ველოდებით მისგან? სითბოს?
მაშინ რატომ პირდაპირ ზაფხულს არ ვნატრობთ. ზაფხულში ხომ უფრო “თბილა”. გაზაფხულს
ჩვენ ზამთრის სიცივისაგან შეწუხებულები სითბოს მოტანისათვის არ ველოდებით. ასე, რომ
იყოს, მას “წელიწადის ყველაზე თბილ დროს” დავარქმევდით და არა “წელიწადის
ყველაზე ლამაზ დროს”.

მაინც რატომ არის გაზაფხული ლამაზი? ვაჟა მას მოკლედ
და ძალიან ლამაზად ხსნის:

 

“კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,

ყელმოღერებულ იასა,

სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,

იმის სიტურფეს ღვთიანსა,

ამწვანებულსა მთა-ბარსა,

დამწყაზრულს, ყვავილიანსა”.

ზამთრის ერთფეროვნებით, მიძინებულ-მიყუჩებულ მდგომარეობაში
მყოფი ბუნების ცქერით (და რა სუსხით) შეწუხებულ ჩვენს თვალსა და გულს ეჩქარება გალაღება,
გამწვანებული, აკვირტებული, აყვავილებული ველ-მინდვრების ხილვა. მისი შემხედვარე სხვადასხვა
პროფესიის ადამიანს თითქმის ერთნაირი ვერდიქტი გამოაქვს: აცხადებს რომ “ლამაზია”
და ეს სილამაზე განპირობებულია კონტურებით, მოხაზულობით, ფერით, ელფერით და ა.შ. პოეტური
ნიჭით დაჯილდოვებულები არ იშურებენ დახვეწილ ქარაგმებსა და მეტაფორებს. ქიმიკოსის თვალით
კი ეს სულ სხვანაირად ჩანს.

ქვემოთ მოცემულ სურათზე ლამაზი ყვავილია.

Description: cactus_flower.jpg

ამ სურათზეც ბუნების ერთ-ერთი მშვენიერი ქმნილებაა გამოსახული:

Description: lily_pad_lotus_flower.jpg

მაგრამ ბუნებას ჩვენთვის მისი სილამაზე რომ წარმოეჩინა
ამ ყვავილთან ერთად პიგმენტებიც შექმნა. რომ არა პიგმენტები, იგი ერთი უსახური ნივთი
შეიძლება ყოფილიყო… არ მეთანხმებით? მაშინ ამ სურათსაც შევხედოთ. აქ ერთი სახეობის
ყვავილია, პიგმენტი კი… ბევრად მეტი.

Description: flower_bulb_fundraiser_lg.jpg

ამიტომ ბუნებაში თუ რაიმე ლამაზია, პიგმენტების არსებობით
არის განპირობებული. რომ არა პიგმენტები, ჩვენს წინ წამომართული ახლად შეფოთლილი მთა,
ერთ დიდ შავ ლოდად მოგვეჩვენებოდა…

რას წარმოადგენს პიგმენტი? რატომ აქვს მას ფერი? ან საერთოდ რამდენი ფერი არსებობს?

კიდევ ერთ სურათს შევხედოთ:

Description: flower-15.jpg

მართლაც ლამაზი თაიგულია. მოდით შევეცადოთ და ჩამოვთვალოთ
ყველა ფერი.

ნურც ეცდები,
ტყუილად გაირჯებით.

ქართულ ენაში (და არც ერთ სხვა ენაში) არ არსებობს იმდენი
სიტყვა, რომელიც “ყველა” ფერს ზუსტად და ცალსახად აღწერდეს. ჩვენი ლექსიკა
ფერებთან მიმართებაში ძალიან მწირია. სულ რამდენიმე სიტყვით ვიფარგლებით: “წითელი”,
“ლურჯი”, “მწვანე”, “თეთრი”, “შავი”,
“ყვითელი”. როდესაც ეს სიტყვები აღარ გვყოფნის, შემდეგ ვიგონებთ სხვადასხვა
დამხმარე მსაზღვრელებს “ბაცი”, “ღია”, ან რაღაც ობიექტებს ვადარებთ
(მაგალითად, ცისფერი, ყავისფერი, ნარინჯისფერი და ა.შ. ), მაგრამ რეალობიდან მაინც ძალიან შორს ვრჩებით. ამ
რთულ სიტუაციაში გამოსავალი ისევ ქიმიკოსებმა იპოვეს. დღეისათვის ფერების დასახელება
წარმოებს რიცხვების მიხედვით. შექმნილია შესაბამისი ქრომატოგრამები, რომელზეც ყოველ
ფერს შეესაბამება გარკვეული კოორდინატები.
ერთ-ერთი ასეთი სტანდარტი ცნობილია CIE Lab-ის
სახელით. მოცემული სისტემით მიხედვით ისაზღვრება სამი კოორდინატი: L, a და b. როგორც ქვემოთ მოყვანილ სურათზეა გამოსახული,
თქვენ უკვე შეგიძლიათ ერთმანეთისაგან განასხვავოთ სამი სხვადასხვა ყვითელი ფერი.

Description: colors-flowers copy.jpg

მოცემული სისტემის მიხედვით ფერის დახასიათება შეიძლება
სამი პარამერტით: განათებულობით, ფერის სიღრმითა და ტონალობით, რომელიც შეიძლება ქრომატულობის
სფეროს სახით წარმოდგინდეს:

 

მაქსიმალური განათებულობა იძლევა თეთრ ფერს, ხოლო განათებულობის
მინიმუმამდე შემცირება – შავს. ტონალობას წარმოქმნის ყვითელი, მწვანე, წითელი და ლურჯი
ტონები, რომელიც “ეკვატორის” მიხედვით იცვლება. ტონები სფეროს ცენტრისკენ
ღრმავდება.

თუ ობიექტს წარმოვადგენთ მხოლოდ განათებულობის საშუა­ლებით,მაშინმიიღებაე.წ. შავთეთრი გამოსახულება, რომელზეც შუქჩრდილებიიქნებაშენარჩუნებული (მარცხენა). თუ ობიექტსმხოლოდმასშიგამოყენებულიტონებისმიხედვითგამოვსახავთ, იგი ფერების პალიტრას უფრო დაემგვანება (შუა სურათი),
ვიდრე სურათს, ხოლო თუ ორივეს ერთად გამოვიყენებთ, სურათი მიიღებს ორიგინალურ სახეს
(მარჯვენა სურათი).


ასეთი ხანგრძლივი პრელუდიის შემდეგ დავუბრუნდეთ პიგმენტებს.
პიგმენტები შეიძლება იყოს ბუნებრივი, სინთეზური და ხელოვნური, ქიმიური ბუნების მიხედვით კი – ორგანული და არაორგანული.
ბუნებრივი ორგანული პიგმენტები გავრცელებულნი არიან ცოცხალ ორგნიზმებში.

სტაფილოსა და ჭარხლის ფერი
განპირობებულია მასში ბეტა–კაროტინის არსებობით.
ორგანიზმში მოხვედრისას
კაროტინი მეტაბოლოზმის შედეგად შუაზე იხლიჩება და მიიღება
A-ვიტამინი.

იას სინაზესა და სილამაზეს ლურჯი ფერის პიგმენტი ანტოციანინი
განაპირობებს, რომლის ზოგადი ფორმულაც ქვემოთ მოყვანილ სურათზეა.

მაგრამ იგი მხოლოდ ამ ერთ პიგმენტს არ შეიცავს. მისი
ფოთლების სიმწვანე კი ქლოროფილის დამსახურებაა.

ალბათ გაინტერესებთ, სად ქრება ქლოროფილი შემოდგომობით.
იგი იჟანგება. მცენარეებში მისი “სიცოცხლის ხანგრძლივობა” გაზაფხულიდან შემოდგომამდე
გრძელდება. მთელი ქლოროფილი ამ დროის განმავლობაში იბრძვის გარემოსთან და შეძლებისდაგვარად უმკლავდება ჟანგბადის შემოტევას.
ეს ბრძოლა შეუპოვარი და უთანასწოროა. პიგმენტის მცირერიცხოვანი მოლეკულების რაზმი ვერ
უმკლავდება მოზღვავებულ ჟანგბადის მრავალრიცხოვან არმიას და ბოლოს ნებდება. შესაბამისად
ასპარეზი რჩება კაროტიოიდებს – ყვითელი (ზოგჯერ მოწითალო) ფერის პიგმენტებს:

 

პიგმენტებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება…

დასასრულს ერთს დავამატებ. პიგმენტებისა და საღებრების
როლი ჩვენს ცხოვრებაში მხოლოდ ამით არ ამოიწურება. ეს პიგმენტების როლის ლამაზი და
“პოეტური” ასპექტია. რეალურად მათ
გარეშე წარმოუდგენელია ჯანდაცვა, დიაგნოსტიკა, კოსმეტიკა, კომპიუტერული და ციფრული
ტექნოლოგიები, კოსმონავტიკა…

შორს არ არის დრო, როდესაც საღებრები ჩვენს წარმოდგენებს
თუნდაც კომპიუტერულ ტექნიკაზე, მათ შესაძლებლობაზე რადიკალურად შეცვლის…

ამის შესახებ შემდეგ წერილებში ვისაუბროთ, თუ დაგაინტერესებთ.
მანამ, წელიწადის ყველა დროს გისურვებთ ბევრ თქვენს ფერს და სინათლეს, რომელიც ცოდნასა
და განათლებას ახლავს.

სასწავლო პროცესის შეფასება მოსწავლის მიერ

0

სასწავლო პროცესის შეფასება სწავლების მონიტორინგის და ხარისხის კონტროლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმია.

განათლების სისტემაში მონიტორინგის და შეფასების სხვადასხვა მიდგომა და მეთოდი გამოიყენება. სასწავლო პროცესის მონიტორინგს, ძირითადად, საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია ახორციელებს. შეფასება, ასევე, შეიძლება აწარმოოს ამა თუ იმ საკითხით დაინტერესებულმა მკვლევარმა, მკვლევართა ჯგუფმა, საერთაშორისო ორგანიზაციამ, ან შეფასების/მონიტორინგის სახელმწიფო თუ საერთაშორისო პროგრამამ. მონიტორინგი პროცესის ცალმხრივად ან გლობალურად შეფასებას ახდენს. მას სწავლების ყოველდღიური დინამიკის აღწერა, სრულყოფილი სურათის დახატვა არ შეუძლია. მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გერმანიაში საფუძველი ჩაეყარა შეფასების 360-გრადუსიან სისტემას, რომელიც ყველა დასავლურ ქვეყანაში ფართოდ გავრცელდა. ეს სისტემა ყოველმხრივი ან მრავალმხრივი შეფასების სისტემის სახელითაცაა ცნობილი და გულისხმობს პროცესში ჩართული ყველა მხარის მონაწილეობას მონიტორინგსა თუ შეფასებაში და მიღებული მონაცემების კომპლექსურ ანალიზს.
ზოგადად, მონიტორინგისა და შეფასების თანამედროვე მიდგომებში, მრავალმხრივი შეფასების მეთოდის პოპულარიზაციის ტენდენციის ფონზე, დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემსწავლელის, როგორც სასწავლო პროცესის ძირითადი სუბიექტის მიერ სწავლების შედეგების შეფასებას. დასავლეთის ყველა მოწინავე სკოლა, დღეს, რეგულარულად იყენებს მოსწავლეებისა და სტუდენტების მიერ სასწავლო პროცესის შეფასების მექანიზმს. 360-გრადუსიანი შეფასების მეთოდის მსგავსად, მასაც მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის ისტორია გააჩნია. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სტენფორდის უნივერსიტეტში სტუდენტის მიერ სასწავლო პროცესის შეფასების მეთოდი პირველად 1996-1997 აკადემიურ წელს გამოიყენეს. ამავე პერიოდში დაიწყეს სხვა მოწინავე სკოლებმაც მოსწავლეთა შეფასებების გამოყენება. დღეს უკვე მოსწავლის/სტუდენტის მიერ სასწავლო პროცესის შეფასება დასავლური საგანმანათლებლო სისტემების განუყოფელი ნაწილია.

სასწავლო პროცესის შეფასებას მოსწავლის მიერ, შეფასების სხვა მეთოდებთან შედარებით, ბევრი უპირატესობა აქვს. პირველ რიგში, ეს მიდგომა მოსწავლეზეა ორიენტირებული და სასწავლო პროცესისა და მოსწავლეთა საჭიროებების ერთმანეთთან შესაბამისობის განსაზღვრის საშუალებას იძლევა. გარდა ამისა, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ მოსწავლეთა მიერ სასწავლო პროცესის შეფასება, ზოგადად, ზრდის მათ ჩართულობას აკადემიურ ცხოვრებაში. დღეისთვის, საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში უკვე ფუნქციონირებს სამეურვეო საბჭოები და მოსწავლეთა თვითმმართველობები, რომლებიც მოსწავლეებს სკოლის ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის და გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების საშუალებას აძლევს. თუმცა ასეთი სახის ჩართულობა მხოლოდ წარმომადგენლობითი სახისაა და თითოეული მოსწავლის ინდივიდუალურ აქტიურობას არ განაპირობებს, არც სწავლების დეტალურად შეფასების საშუალებას იძლევა.

მოსწავლეების მიერ სასწავლო პროცესის შეფასებას ბევრი სხვა სარგებელიც მოაქვს. მოსწავლეებს შეფასებაზე მუშაობისას უვითარდებათ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორიცაა აზრის გამოხატვისა და მსჯელობის, გადაწყვეტილების მიღების უნარი; ისინი გაცილებით ანალიტიკურები ხდებიან და ეზრდებათ თვითშეფასების განცდა. ამასთანავე, შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართვა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პროფესიონალურ ურთიერთობებს და კომუნიკაციას აუმჯობესებს; მასწავლებელს კი საშუალებას აძლევს, უკეთ გაიცნოს მოსწავლეები, შეიტყოს მათი მოსაზრებების, საჭიროებების და ინტერესის სფეროების შესახებ.
შეფასების საგნის განსაზღვრა

შეფასების გამოყენება შესაძლებელია, როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად, მასწავლებლის ან სკოლის მიერ. შეფასების საგნად კი შემდეგი კატეგორიები მოიაზრება:
მასწავლებლის სწავლების სტილის შეფასება;
სასწავლო მეთოდების შეფასება;
სასწავლო მიზნებისა და სასწავლო პროცესის შესაბამისობის შეფასება;
სასწავლო მასალებისა და რესურსების შეფასება და სასწავლო გარემოს შეფასება.

თითოეული ეს კატეგორია, თავის მხრივ, მრავალ ქვე-კატეგორიად შეიძლება დაიყოს. მაგალითად, სწავლების შეფასების ფარგლებში, მოსწავლეს შეიძლება ვთხოვოთ, შეაფასოს, თუ რამდენად ეფექტურად ხსნის მასწავლებელი ახალ მასალას, გადმოსცემს ინსტრუქციებს, იმეორებს განვლილ მასალას, ყურადღებას აქცევს ყველა მოსწავლეს, იყენებს შესაბამის აქტივობებს, ადეკვატურად და დროულად პასუხობს მოსწავლეების შეკითხვებს, ახერხებს მოსწავლეების ყურადღების მიპყრობას, იყენებს ვიზუალურ დამხმარე მასალას, აკავშირებს თეორიას პრაქტიკასთან, ლოგიკურად და თანმიმდევრულად ავითარებს გაკვეთილს და ა.შ.
სასწავლო გარემოს შეფასებისას მოსწავლეები დააკვირდებიან, თუ რამდენად ახერხებს მასწავლებელი ყველა მოსწავლის ჩართვას გაკვეთილში, როგორ მართავს დროს, მოძრაობს კლასის გარშემო, აკონტროლებს დისციპლინას, საინტერესოდ აწყობს საკლასო ოთახს და ა.შ.
შეფასების ფორმების განსაზღვრა
მოსწავლის მიერ შეფასების განხორციელება შესაძლოა როგორც ანონიმურად, ისე ღიად. შეფასების სიხშირე კი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებისა თუ სასწავლო პროგრამისთვის სხვადასხვა პერიოდულობით შეიძლება განისაზღვროს. თქვენი პრიორიტეტებისა და სწავლების პროცესში არსებული სირთულეების გათვალისწინებით, შეგიძლიათ მოსწავლეებს შესაძლებლობა მისცეთ, ყოველდღიურადაც კი შეაფასონ სასწავლო პროგრამა, პროცესი ან გარემო. შეფასების სიხშირის განსაზღვრისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეფასების შედეგების სრულყოფილ ანალიზს საკმაოდ ბევრი დრო და რესურსი სჭირდება, რომ აღარაფერი ვთქვათ ანალიზის შედეგად მიღებული რეკომენდაციების შემუშავებასა და შესრულებაზე.

რაც შეეხება შეფასების ტიპებს, ყველაზე გავრცელებულია შეფასების შემდეგი ხერხები:
ზეპირი გამოკითხვა გულისხმობს გაკვეთილის ბოლოს რამდენიმე მარტივი შეკითხვის ზეპირად დასმას: რა მოგეწონათ? რა ისწავლეთ? გაკვეთილის რა ასპექტები საჭიროებს გაუმჯობესებას? ზეპირ გამოკითხვას მინიმალური დრო სჭირდება და მისი წარმოება ყოველდღიურადაც შესაძლებელია. შეფასების ამ ფორმით მასწავლებელს შეუძლია განსაზღვროს, რამდენად შეესაბამებოდა გაკვეთილი მოსწავლეების საჭიროებებს, რამდენად დაკმაყოფილდა გაკვეთილის მიზნები და რა ხარვეზებს ჰქონდა ადგილი გაკვეთილის მსვლელობისას.
შეფასების უფრო კომპლექსური ფორმაა წერილობითი გამოკითხვა. ის შესაძლოა იყოს მარტივი, დეტალური, ანალიტიკური ან ფსიქოლოგიური სახის.

მარტივი წერილობითი გამოკითხვა ზეპირი გამოკითხვის მსგავსია, თუმცა მასში ისეთი ტიპის დამატებითი შეკითხვებიც შედის, როგორიცაა: რისი გაგება გაგიჭირდათ სასწავლო კურსში? რა ასპექტებში გჭირდებათ დამატებითი დახმარება?

დეტალური წერილობითი გამოკითხვა შეიცავს შეკითხვებს მოსწავლეების საჭიროებების, სწავლის სტილის, შესაძლებლობების, მოლოდინების, რეკომენდაციების და რჩევების შესახებ. ასეთი შეკითხვების მაგალითებია: რა საკითხები იყო სასწავლო კურსში თქვენთვის ყველაზე საჭირო და პრაქტიკული? რა საკითხების შესწავლა იქნებოდა სასურველი ამ სასწავლო კურსის ფარგლებში? გქონდათ თუ არა სასწავლო პროცესში აქტიურად მონაწილეობის შესაძლებლობა? ადეკვატური იყო თუ არა სასწავლო კურსის მოთხოვნები და შესასრულებელი სამუშაოს სტანდარტი? იღებდით თუ არა რეგულარულად ინფორმაციას თქვენი პროგრესის შესახებ? როგორ დაგეხმარათ აღნიშნული სასწავლო კურსი აკადემიური მიზნების მიღწევაში?

ანალიტიკური წერილობითი გამოკითხვა შეიძლება განხორციელდეს დამოუკიდებელი სახით ან დეტალური გამოკითხვის ფარგლებში. ამ დროს დაისმის ისეთი შეკითხვები, როგორიცაა: რა საკითხები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სასწავლო კურსში და რატომ? რომელი სასწავლო მეთოდი იყო ყველაზე ეფექტური და რატომ? რომელი აქტივობა იყო ყველაზე ეფექტური და რატომ? რისი გაკეთება შეგიძლია მოცემული სასწავლო კურსის გავლის შემდეგ, რაც მანამდე არ შეგეძლო? რა უარყოფითი მხარეები შენიშნეთ სასწავლო კურსში და თქვენი აზრით, როგორ შეიძლება მათი დაძლევა? რამ განაპირობა თქვენ მიერ მოცემული კურსის დადებითად/უარყოფითად შეფასება? დამოუკიდებელი ანალიტიკური წერილობითი გამოკითხვა, შეკითხვების შინაარსის გამო, ძირითადად, უფროსკლასელებთან ან სტუდენტებთან გამოიყენება, უმცროსკლასელებთან კი ანალიტიკური შეკითხვები ინტეგრირებულია დეტალურ გამოკითხვაში.

ფსიქოლოგიური გამოკითხვა სასწავლო კურსის ან სწავლების მეთოდების არა შინაარსობრივ მხარეს, არამედ, მოსწავლეების რეაქციებს და სასწავლო პროცესის მიმართ ემოციურ დამოკიდებულებას აფასებს. ამ ტიპის გამოკითხვის ფარგლებში ისეთი შეკითხვები დაისმის, როგორიცაა: რა მოგეწონათ სასწავლო კურსში? რამდენად უსაფრთხოდ გრძნობდით თავს კლასში? რა არ მოგეწონათ სასწავლო კურსში?

წერილობითი გამოკითხვის არცერთი ფორმა, მარტივი გამოკითხვის ჩათვლით, ყოველდღიურად ან ყოველკვირეულად არ ტარდება. შედეგების გაანალიზებას გარკვეული დრო სჭირდება. წერილობითი გამოკითხვის სიხშირე, ჩვეულებრივ, სემესტრული ან წლიურია. ეს გამოკითხვები მომდევნო სემესტრის ან აკადემიური წლისთვის სასწავლო კურსში, პროცესსა თუ გარემოში ცვლილებების შეტანას ისახავს მიზნად.
შეფასების სხვა ფორმებს შორის, ასევე, გავრცელებულია ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფების და SWOT ანალიზის მეთოდი. ინტერვიუს მეთოდი, ძირითადად, გამოიყენება იმ შემთხვევებში, თუ სხვა სახის შეფასების შედეგად წინააღმდეგობრივი მოსაზრებები დაფიქსირდა, ან თუ კლასში აღმოჩნდა რამდენიმე მოსწავლე, რომელთაც სპეციფიკური პრობლემები გამოკვეთეს შეფასების ფორმებში. ფოკუს ჯგუფების მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია წინააღმდეგობრივი მოსაზრებების განსახილველად. მოსწავლეებს ჯგუფური განხილვის პირობებში საშუალება ეძლევათ, უფრო ღრმად გააანალიზონ საკუთარი მოსაზრებები, მოუსმინონ სხვა მოსწავლეების მოსაზრებებს და გუნდურად შეჯერდნენ იმ საკითხებზე, რომელთა გაუმჯობესებაც აუცილებელია. ამ მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეები დებატებისა და არგუმენტირების უნარ-ჩვევებსაც ივითარებენ.

SWOT ანალიზის ჩატარება ეფექტურია არა იმდენად სასწავლო კურსის შესაფასებლად, არამედ სასწავლო გარემოს და სასწავლო პროცესის გაანალიზებისთვის. SWOT ანალიზი ნიშნავს ძლიერი (S) და სუსტი (W) მხარეების გამოვლენას, ისევე როგორც შესაძლებლობების (O) და საფრთხეების (T) განსაზღვრას.
მოსწავლეთა მიერ სასწავლო პროცესში შეფასების ნებისმიერი ფორმის გამოყენებისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ თუ კითხვებს სწორად არ დავსვამთ, შესაძლოა სრულიად არარელევანტური და გამოუსადეგარი ინფორმაცია მივიღოთ. მაგალითად, თუ გვაინტერესებს, რამდენად დააკმაყოფილა სასწავლო კურსმა სასწავლო გეგმის ფარგლებში დასახული მიზნები, მოსწავლეებს არ უნდა დავუსვათ შემდეგი შეკითხვა: როგორ ფიქრობთ, დააკმაყოფილა თუ არა სასწავლო კურსმა დასახული მიზნები? ასეთი დახურული შეკითხვის პასუხად საჭირო ინფორმაციის მიღებას ვერ შევძლებთ. ამ შემთხვევაში, აუცილებელია ღია ფორმის შეკითხვის დასმა, მაგალითად: აღწერეთ, რა ცოდნა მიიღეთ მოცემული სასწავლო კურსის ფარგლებში, ან დაასახელეთ ის საკითხები, რომელთა შესწავლის მოლოდინიც გქონდათ და რომლებსაც ვერ გაეცანით მოცემული კურსის ფარგლებში.

როგორ გამოვიყენოთ მოსწავლეთა შეფასების შედეგები
მოსწავლეთა შეფასების ეფექტურად გამოყენებისთვის აუცილებელია შეფასების შედეგების სწორად გაშიფვრა. პირველ ეტაპზე, უნდა გამოვლინდეს დადებითი და უარყოფით შეფასებები. ამავე დროს, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ უარყოფითი შეფასება არის გაუმჯობესების შესაძლებლობა და არა პირადი კრიტიკა. როგორც სწავლების შეფასების მკვლევარი უილიამ ქაშინი აღნიშნავს: “მოსწავლეთაგან კრიტიკული შეფასება მასწავლებლის პროფესიული წინსვლის დასაწყისია და არა დასასრული”. გარდა ამისა, აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, რომ ხშირად შეფასებებში მოსწავლეთა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები ფიქსირდება. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელია აღნიშნული მოსაზრებების უფრო დეტალურად განხილვა, გამოცდილ კოლეგებთან კონსულტაციების გავლა, ან შეფასების შედეგების ორგანიზება, ისე, რომ ურთიერთსაწინააღმდეგო კომენტარების არსებობის მიზეზები დადგინდეს.

გამოცდილი მკვლევარები და ექსპერტები გვირჩევენ, რომ რეკომენდაციების შემუშავების შემდეგ დავსახოთ პრიორიტეტები, ვიყოთ რეალისტები და შევარჩიოთ მხოლოდ ორი-სამი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გაუმჯობესებაზეც ვიმუშავებთ. მოსწავლეთა შეფასების შედეგების საფუძველზე, სასწავლო კურსში, პროცესსა თუ გარემოში ცვლილებების შეტანის შემდეგ აუცილებლად უნდა ვაცნობოთ მოსწავლეებს, თუ როგორ გამოვიყენეთ და გავითვალისწინეთ მათი მოსაზრებები, რათა მათ მომავალშიც ჰქოდეთ ინტერესი, აქტიური მონაწილეობა მიიღონ და სერიოზულად მოეკიდნონ შეფასების პროცესს.

ფიზიკა ამოცანებში 1

0

ფიზიკის სწავლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ამოცანების ამოხსნა სწავლების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს ელემენტარული ფიზიკის თუ სპეციალური ფიზიკური განათლების დონეზე. ფიზიკის კანონების ცოდნა მოიცავს ამ კანონების სწორად გამოყენების უნარს ამა თუ იმ ამოცანების ამოხსნისას. კანონების ღრმა ცოდნა მჟღავნდება მათი გამოყენების უნარში კონკრეტული ფიზიკური მოვლენის ანალიზის დროს. ნებისმიერი ამოცანის ამოხსნა იწყება იმ პროცესის ანალიზით, რომელიც მოცემულია ამოცანაში. ამოცანაში აღწერილი ფიზიკური პროცესის სწორად გაგება ამოცანის სწორად ამოხსნის საწინდარია, ამავე დროს ის მიუთითებს ფიზიკური კანონების გააზრების სიღრმეზე. ამოცანის ამოხსნის დაწყების წინ უმნიშვნელოვანესია გავერკვეთ ამოცანაში ჩამოყალიბებულ მონაცემებში და საძიებელ ფიზიკურ სიდიდეებში, გავერკვეთ არსებული ფიზიკური კანონებიდან რომელი მიესადაგება დასმულ ამოცანას და რატომ. სწორედ აქ მჟღავნდება ამოცანის გადაწყვეტის სწორი გზის მონახვის უნარი, რაც მიუთითებს ფიზიკური კანონების ცოდნის სიღრმეზე. ჩვენი ღრმა რწმენით ამოცანების ამოხსნა თავის მხრივ იწვევს გამოყენებული ფიზიკური კანონების უფრო ღრმად გააზრებას, იმ თითქოს და უმნიშვნელო მომენტებზე ყურადღების გამახვილებას, რომლებიც გამორჩენილ იქნა თეორიული მასალის ათვისებისას.

ვრცლად 

„ჩვენ ვცხოვრობთ და ვარსებობთ ერთმანეთისთვის“იაპონია და განათლება

0

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში ყოფნის შესაძლებლობა მხოლოდ ერთხელ მქონდა, სავსებით საკმარისი იყო იმისთვის, რომ უზომოდ შემყვარებოდა ეს ქვეყანა. დაუვიწყარია შეხვედრები იაპონელ ბავშვებთან, განათლების ექსპერტებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და შეხვედრა „იაპონური ფონდის” თანამშრომლებთან, რომელთა წყალობითაც შევძელი, გავცნობოდი იაპონიას და მის საგანმანათლებლო სისტემას. ერთიცაა, რაც უფრო მეტს და ახლოს ვეცნობოდი იაპონიას, მით უფრო მეტი მინდოდა მცოდნოდა მის შესახებ.

 

 

ყველგან, სკოლებში, ოჯახებში, ოფიციალურ თუ არაოფიციალურ შეხვედრებზე, ვეძებდი პასუხს კითხვაზე, თუ როგორ მოახერხა ამ ხალხმა ასე მცირე დროში შეექმნა ის სასწაული, რომელიც ვნახე და რომელსაც თანამედროვე იაპონია ჰქვია და რა ადგილი უჭირავს ამ წარმატებაში განათლებას?

 

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ იაპონიაში, ყველაზე პრიორიტეტული და აქტუალური განათლების ახალი სისტემის შექმნა, ჩამოყალიბება და ძირეული რეფორმა იყო. მორალურად თუ ფიზიკურად დამარცხებულ და დაზიანებულ ქვეყანას მომავლის საიმედო ბაზისებზე დაშენება სჭირდებოდა. ყველაზე მყარ და საიმედო ბაზისად, ახალი სახელმწიფო მშენებლობისთვის, განათლების სისტემა იქნა მიჩნეული, რომლის რეფორმირებაში, პოლიტიკის განსაზღვრასა და განხორციელებაში უდიდესი დახმარება იაპონელ ხალხს ამერიკის სახელმწიფომ აღმოუჩინა. განათლების პოლიტიკა ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას, სიტყვის, შეკრებისა და აღმსარებლობის თავისუფლებას დაეფუძნა. ომის შემდეგ განათლების სისტემაში გაჩნდა ასეთი დევიზი: „ჩვენ ვცხოვრობთ და ვარსებობთ ერთმანეთისთვის”. ამ სულისკვეთებას ადამიანი თანამედროვე იაპონიაში ყველგან იგრძნობს .

 

რას წარმოადგენს იაპონური სკოლა დღეს?

სასწავლო პროგრამებსა და განათლების ორიენტირებს სკოლაში ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს. რომლის მონიტორინგსა და განახლებაზე ყოველ 10 წელიწადში ზრუნავს განათლების სამინისტრო. რეფორმის ფარგლებში ხდება ყველა საკითხისა და პრობლემის დამუშავება, რაც, შესაძლოა, რამდენიმე წელი გაგრძელდეს, რის შემდეგაც ცვლილებებს საკანომდებლო ხელისუფლება ამტკიცებს. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია იაპონიის განათლების სისტემის მიზნები, აღზარდოს:

• სიცოცხლის მოყვარული;

• ფიზიკურად ჯანმრთელი და განვითარებული;

• აკადემიურად წარმატებული;

• სულიერად განვითარებული და მორალური;

• საზოგადოებრივად მოაზროვნე და თვითკრიტიკული პიროვნება.

 

პრეფექტურებს (რეგიონულ მმართველობებს), ეროვნულ სასწავლო გეგმასთან ერთად, შეუძლიათ, განსაზღვრონ საკუთარი საგანმანათლებლო პოლიტიკაც. პრეფეფექტურის გეოგრაფიული, ეკოლოგიური ან ტრადიციული სპეციფიკიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ პრეფექტურის განათლების დეპარტამენტებს მინიჭებული აქვთ მასწავლებლობის სერტიფიკატის გაცემის, ადამიანური რესურსების მოძიებისა და დასაქმების უფლება.

 

მასწავლებელს იაპონიაში დიდი ავტორიტეტი აქვს, ალბათ ამას ისიც განაპირობებს, რომ ძალიან რთულია, ადამიანმა მასწავლებლობის უფლება მოიპოვოს. უნივერსიტეტში 4 წლის სწავლის შემდეგ, სადაც ახალგაზრდები კონკრეტულ მეცნიერებასთან ერთად, პედაგოგიურ მეცნიერებებს, ფსიქოლოგიასა და სკოლის სასწავლო პროგრამის ზოგად კურსს ეუფლებიან, მასწავლებლობის უფლების მოპოვებისა და დასაქმებისთვის, აბარებენ სამ ურთულეს გამოცდას პედაგოგიურ უნარ-ჩვევებში, კონკრეტულ საგანსა და ზოგად განათლებაში.

 

განათლების მიხედვით ხდება პედაგოგთა განაწილება სკოლებშიც. იაპონური სკოლა დაყოფილია საფეხურების მიხედვით. დაწყებითი სკოლა (1-6 კლასი); საბაზო სკოლა (7-9 კლასი); საშუალო სკოლა (10-12 კლასი). ყველაზე დიდი მოთხოვნები და რთული კონკურსი საშუალო სკოლის მასწავლებლების მიმართ ხორციელდება. დაწყებითი და საბაზო სკოლებისგან განსხვავებით, საშუალო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად, მოსწავლეებიც 5 გამოცდას აბარებენ, რაშიც გასაუბრებაც შედის. საშუალო სკოლაში სწავლა ფასიანია. გადასახადის ოდენობა კი განისაზრვრება სკოლის პროფილის მიხედვით, რასაც მოსწავლეები ზოგადი განათლების პარალელურად ეუფლებიან. მაგალითად, თანამედროვე ახალგაზრდებში ყველაზე პოპულარულია ტექნიკის, სოფლის მეურნეობისა და კომერციის პროფილის სკოლები. საშუალო სკოლაში მათემატიკური და ტექნიკური საგნები განსაკუთრებული სირთულით ისწავლება. საბაზო სკოლაში კი მეტი დათვირთვა აქვს იაპონურ ენასა და ლიტერატურას, ასევე, საფუძვლიანად ისწავლება იაპონიისა და მსოფლიოს ისტორია და გეოგრაფია, პოლიტეკონომია და ესთეტიკური მეცნიერებები. ხოლო დაწყებით სკოლაში მთელი აქცენტი გადატანილია იეროგლიფების შესწავლასა და კალიგრაფიაზე, საყოფაცხოვრებო კულტურის ჩამოყალიბებასა და ფიზიკურ განვითარებაზე.

 

სამივე საფეხურზე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ესთეტიკურ აღზრდასა და ფიზკულტურას. მოსწავლეები საფუძვლიანად ეუფლებიან ხატვას, მუსიკას, ძერწვასა და ტრადიციული ხელოვნების დარგებს. საშუალოდ, ყველა სკოლაში 15 სახეობის სპორტული წრეა, მოსწავლე, საკუთარი არჩევანის მიხედვით, ვალდებულია, გაწევრიანებული იყოს რომელიმე სპორტულ წრეში. წრის ხელმძღვანელები ჩვეულებრივი მასწავლებლები არიან, რომლებიც გაკვეთილების შემდეგ ითავსებენ ამ, ყველა პედაგოგისთვის სავალდებულო საქმიანობას. ერთ კონკრეტულ სპორტის სახეობას მასწავლებლები უნივერსიტეტში სწავლისას ეუფლებიან. ესთეტიკური და სპორტული განათლების კუთხით, იმდენად სერიოზული მოთხოვნებია, რომ ერთ სკოლაში, თავად ვიხილე მე-9 კლასის ყველა მოსწავლე როგორ უკრავდა მუსიკის გაკვეთილზე პერსონალურ, ელექტროპიანინოზე. ხოლო იაპონური ენის მასწავლებელი ქალბატონი, გაკვეთილების შემდეგ, როგორ ამზადებდა სკოლის მოსწავლე ბიჭების ნაკრებს კალათბურთში, სკოლების ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად.

 

გარდა იმისა, რომ ყველა სკოლას აქვს საკუთარი ტრადიციები, ასევე, ბევრ მათგანს აქვს საკუთარი მეურნეობა, სახელოსნო და მაღაზია. სკოლის კუთვნილ მაღაზიაში მოსწავლეები ყიდიან თავიანთ ნაკეთობებს და ნაწარმს, საიდანაც მოგებას თავადაც იღებენ და მნიშვნელოვან ნაწილს ქველმოქმედებას ახმარენ. ერთ-ერთ ასეთ მაღაზიაში სამახსოვრო საჩუქრები მეც ვიყიდე და ჩემი გადახდილი თანხის 50% შიდსით დაავადებული აფრიკელი ბავშვების ფონდში გადაირიცხა.

 

აღსანიშნავია, რომ იაპონელი მოსწავლეები ძალიან ბევრს მოგზაურობენ საკუთარ ქვეყანაში, რის ორგანიზებასაც მშობლებთან ერთად სკოლა ანხორციელებს. ყველა ქალაქის აეროპორტებსა თუ რკინიგზის სადგურებში შეხვდებით სასკოლო ფორმაში გამოწყობილ მოსწავლეებს, მასწავლებლებთან ერთად. სკოლაში ყოველი შაბათი ასეთი ღონისძიებებით არის დატვირთული და გათვალისწინებულია სასწავლო პროგრამაში. იაპონელი ბავშვები ზაფხულში სამი თვის ნაცვლად, 40 დღეს ისვენებენ. ისინი 240 დღეს ატარებენ სკოლაში, სადაც, გარდა იმისა, რომ სწავლით არიან დაკავებულები, მასწავლებელთა დახმარებითა და მეთვალყურეობით, თავად ასუფთავებენ და ალაგებენ საკლასო ოთახებს, დერეფნებს, ეზოსა და საპირფარეშოებსაც კი. ამიტომაც არის, რომ გარშემო ყველაფერზე და ყველგან იგრძნობა მზრუნველი ხელი.

 

დროის სიმცირის მიუხედავად, ბავშვები სკოლაშივე ემზადებიან სახელმწიფო გამოცდებისთვის, რომლებიც სხვადასხვა საგანსა და ხელობაში ყოველწლიურად ტარდება. გამოცდები ნებაყოფლობითია და მოსწავლეები ცდილობენ, ბევრი ამგვარი გამოცდა ჩააბარონ, რათა სერტიფიკატები მოიპოვონ. ამგვარი სერტიფიკატები მომავალში მათ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად და დასაქმებაში ეხმარებათ. მაგალითად, არსებობს გამოცდა სწრაფი ბეჭდვის ტექნიკაში, ბუღალტერიაში, კალიგრაფიაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებში და ა.შ.

 

ამგვარი დატვირთვით, იაპონელი მშობლები და მასწავლებლები, მოსწავლეებს შრომისმოყვარეობასა და სიზარმაცის დაძლევის უნარს უვითარებენ. მათ სწამთ, რომ ბავშვის წარმატება დამოკიდებულია სწავლაზე და მის მონდომებაზე, ხოლო სკოლამ და მასწავლებელმა ამ მონდომებას სწორი მიმართულება უნდა მისცეს. ამიტომაც არის, რომ იაპონიაში არ არის მუსიკალური, მათემატიკური ან ე.წ. „ნიჭიერ ბავშვთა” სკოლები. განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებიც ჩვეულებრივ სკოლებში სწავლობენ. ქალაქ ფუჯის სკოლაში მიღებისას, ჩვენს საპატივსაცემოდ, 500 მოსწავლე სიმღერას ჟესტების ენის პარალელურად ასრულებდა, რადგან სკოლაში ყრუ-მუნჯი ბავშვებიც სწავლობდნენ.

 

თუმცა არსებობს სპეციალური სკოლებიც, სადაც მძიმედ დაავადებული ბავშვები სწავლობენ. ასეთ ბავშვებს სახელმწიფო ყველა დონეზე აფინანსებს და მთელი ცხოვრების განმავლობაში მეურვეობს. სპეციალურ სკოლებში მოსწავლეები სპეციალური პროგრამებით სწავლობენ ყოფით უნარებს, მაგალითად: ჩაცმას, გახდას, დაბანას, ჭამას და ა.შ. თუმცა იაპონურიც, მათემატიკაც და ფიზკულტურაც აუცილებელი საგნებია. ამ შემთხვევაში სკოლის მთავარი ამოცანაა, მათთვის დამოუკიდებელი ცხოვრების სწავლება და შრომის უნარის განვითარება. იაპონური სპეციალური სკოლების დიდი მიღწევაა, რომ საშუალო სკოლის ასაკში მოსწავლეთა უმრავლესობას შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. ასეთი ბავშვები წელიწადში ორჯერ, ერთი თვის განმავლობაში, გადიან სწავლებასა და პრაქტიკას ქარხნებში, ფაბრიკებში, სახელოსნოებში, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ საქმდებიან კიდეც. ერთ-ერთი სპეციალური სკოლისან ჩემი ქართველი მოსწავლეებისთვის, იაპონელმა ბავშვებმა საკუთარი ხელით გაკეთებული „ორიგამები” გამომატანეს. „ორიგამი”- ეს არის ქაღალდის გაკეთების ხელოვნება.; ყველაზე პოპულარული ფიგურა კი ხელით გაკეთებული იაპონური წეროებია, რომელიც ბედნიერების სიმბოლოდ ითვლება.

 

საინტერესოა, რომ იაპონელები სკოლამდელი აღზრდის თვალსაზრისითაც გამოირჩევიან, რადგან იაპონელი ბავშვების 80% საბავშვო ბაღში დადის, რაც მსოფლიო პრაქტიკაში, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. მაგალითად, ინგლისში 40%-ია, ხოლო ამერიკაში ეს მაჩვენებელი 30%-მდე დავიდა. სამაგიეროდ, ამ ქვეყნებში დღითიდღე იზრდება დაკვეთა ძიძების ინსტიტუტზე.

იაპონური საგანმანათლებლო პოლიტიკის მიხედვით კი, როგორც სკოლაში, ასევე საბავშვო ბაღებში ბავშვებს ასწავლიან და უვითარებენ ჯგუფური მუშაობისა და საზოგადოებაში ცხოვრების უნარებს. მაგალითად, სასკოლო განათლების ყველა საფეხურზე, ყველა კლასში, მოსწავლეებს თვეში ორჯერ უტარდებათ გაკვეთილი ადამიანის უფლებების შესახებ, ხოლო კვირაში 2 გაკვეთილი „საკლასო საათი” აქვთ, რომლის დროსაც მოსწავლეები დისკუსიებსა და პრეზენტაციებს მართავენ. ამასთან ერთად, მოსწავლეები სწავლობენ „საზოგადოებათმცოდნეობასა” და „მორალს”.

 

დამერწმუნებით, შემთხვევითი არ არის, რომ იაპონურ სკოლას მრავალი ქვეყნის მეცნიერი იკვლევს. უამრავი ფაქტი მოწმობს, თუ რა დიდ როლს ასრულებს განათლება იაპონიის ეკონომიკურ და პოლიტიკურ წარმატებაში. ამ ქვეყანაში, მაღალი ეკონომიკური განვითარების პარალელურად, მაღალი ხარისხის განათლება ხორციელდება და თვალნათელია, რომ „იაპნური სასწაულის” საიდუმლო განათლებაშია.

 

 

 

 

კიდევ ერთხელ მარკესის შესახებ

0
რამდენიმე დღის წინ (9 ოქტომბერს) The New York Times-ში წერილი გამოქვეყნდა გაბრიელ გარსია მარკესის შესახებ. დიდი არაფერი, ავტორი უბრალოდ შეგვახსენებდა, რომ გაბო ცოცხალია და რომ კოლუმბიაში მისი მოგონებების წიგნიც გამოვიდა. “იცხოვრო, რათა მოყვე”, ასე ჰქვია მის ბოლო წიგნს, რომელზეც, უფრო დაწვრილებით შემდგომში მოგითხრობთ, ახლა კი შევეცდები კიდევ ერთხელ გავაქარწყლო ის ყალბი მითი, რომელიც ბოლო წლებში მარკესის გარშემო შეიქმნა და რომელიც განსაკუთრებით ქმედითი საქართველოში აღმოჩნდა. კიდევ ერთხელ, რადგან ადრე უკვე მქონდა ამგვარი “გაქარწყლების” ცდა, ეს გასულ წელს იყო, “ქომაგის” ფურცლებზე, დღეს კი მინდა უფრო ფართო წრეს გავაცნო მარკესთან დაკავშირებული უცნაური ამბები, რადგან როგორც რამდენიმე დღის წინ დავრწმუნდი, ხალხში ჯერ კიდევ ცოცხალია იმ პატარა, ყალბი ტექსტის ხიბლი, ტექსტისა, რომელიც შარშან ლამის ყველა ქართულ გაზეთში გამოქვეყნდა.

15 სექტემბერი, 2002
სიკვდილი, მოგეხსენებათ, ისეთი რამეა, რაც მხოლოდ სხვებს ემართებათ ხოლმე, ამიტომაც ე.წ. ანდერძებს ყოველთვის სევდიანი ხალისითა და მწუხარე აღტაცებით კითხულობს ხალხი. შესაძლოა ცოტა უცნაურადაც ჟღერდეს ეს ჩვენი “სევდიანი ხალისი”, მაგრამ რას იზამ, ასეთია სიკვდილის რიტორიკა, ხალხმა სწორედ რომ აღტაცებით მიიღო 2001 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული მარკესის ე.წ. ანდერძი კოდური სახელწოდებით “ჩალის თოჯინა”.

ვიღაცა შემომედავება, კაცი კვდება, მკითხველს ეთხოვება, შენ კიდე დამდგარხარ და კაიფობო. იმასაც იტყვის, “კოდური სახელწოდება” რაღა შუაშიაო…. არა მეგობარო, მე სულაც არ მეხუმრება, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს “ანდერძი” კარგად შესრულებული ლიტერატურული ხრიკი აღმოჩნდა და მეტი არაფერი, საერთაშორისო მასშტაბის ოპერაცია, რომელიც ნამდვილად იყო იმის ღირსი, რომ მისთვის კოდური სახელწოდებაც მოეფიქრებინათ (თავის დროზე მეც წამოვეგე ამ ხრიკზე, მაგრამ სევდანარევი აღტაცებით აღვსილს ცივი წყალი გადამასხა ერთ-ერთმა ესპანურმა სააგენტომ).

მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებს:
ფილტვის კიბოზე პირველი ოპერაცია 1992 წელს გაუკეთდა მარკესს; ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, მაგრამ უკვე 1999 წელს ექიმებმა მას ლიმფომაც აღმოუჩინეს და სწორედ ამ პერიოდშივე გავრცელდა პირველი ჭორიც მისი გარდაცვალების შესახებ. ლოს-ანჯელესის ონკოლოგიურ კლინიკაში ჩატარებულმა კურსმა შედეგი გამოიღო, მარკესი გამოჯანმრთელდა და თავისი მოგონებების პირველი ტომის გამოქვეყნებასაც დაპირდა მკითხველს. არ გასულა რამდენიმე თვე, რომ პერუანულ გაზეთ “La Republica”-ში დაიბეჭდა და მყისვე ინტერნეტითაც გავრცელდა ზემოხსენებული ტექსტი მარკესის ხელმოწერით, რომელიც 2000 წლის 8 დეკემბრით იყო დათარიღებული. ეს ტექსტი ტონითაც და სტილურადაც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ასეთია სიკვდილის ყალბი რიტორიკა და მასთან შედარებით კონკრეტული მწერლის სტილური თავისებურებები ძალას კარგავენ. ერთი სიტყვით, სიკვდილის რიტორიკამ მთლიანად გადაფარა მარკესის მიერ გამოგონილი სიკვდილის შემთხვევები, წაშალა მთელი მისი შემოქმედება და ავტორის სახელსა და გვარს თავისი სიუჟეტი მიაბა.

მაშ ასე, გაბრიელ გარსია მარკესი წარმოგიდგენთ თავის ბოლო ნამუშევარს…..
“ნეტა წამით მაინც დაევიწყებინა ღმერთს, რომ ჩალის თოჯინა ვარ, მაშინ ხომ არ ვიტყოდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობ და უფრო მეტს ვიფიქრებდი მასზე, რასაც ვამბობ.
საგნებს ღირებულებით კი არა, მნიშვნელობის მიხედვით შევაფასებდი.
ნაკლებს ვიძინებდი, მეტს ვიოცნებებდი და მეცოდინებოდა, რომ ყოველი თვალდახუჭული წუთით სინათლის სამოცწამიან მონაკვეთს ვკარგავთ.

ვივლიდი, როცა სხვები თავს შეიკავებდნენ ამისგან, გავიღვიძებდი, როცა სხვებს ეძინებოდათ, მოვისმენდი სხვათა საუბრებს. და რომ იცოდეთ, როგორ ვისიამოვნებდი შოკოლადის ნაყინით.
ღმერთს რომ ცოტაოდენი ცხოვრება ებოძებინა, უბრალოდ ჩავიცვამდი, მზის პირველ სხივთან ერთად წამოვდგებოდი, სხეულის გარდა სულსაც გავიშიშვლებდი.

ღმერთო ჩემო, გული რომ მქონოდა, ზიზღს ყინულის ბორკილებში მოვაქცევდი და მზის ამოსვლას დაველოდებოდი. ვარსკვლავების შუქზე ვხატავდი, როგორც ვან გოგი, ვიოცნებებდი ბენედეტის პოემაზე, სერას სიმღერა კი ჩემი მთვარის სერენადა იქნებოდა. ვარდებს ცრემლებით დავალტობდი, რათა მათი ეკლების ჩხვლეტა მეგრძნო და ფურცლების ცეცხლოვანი ამბორის ღირსი გავმხდარიყავი.

ღმერთო ჩემო, მე რომ ცოტაოდენი სიცოცხლე დამრჩენოდა….დღეს არ გამოვტოვებდი, რათა მეთქვა ძვირფასი ადამიანებისთვის, თუ როგორ მიყვარან ისინი. დავარწმუნებდი ყველა ქალსა და მამაკაცს, რომ ისინი ჩემი მიჯნურები არიან და ვიცხოვრებდი ასე, სიყვარულში სიყვარულით.
დავუმტკიცებდი ადამიანებს, თუ როგორ ცდებიან, როცა ფიქრობენ, რომ სიბერესთან ერთად სიყვარულსაც კარგავენ: არადა პირიქითაა, ისინი იმიტომ ბერდებიან, რომ აღარ უყვართ.
ბავშვს ფრთებს მივცემდი, მაგრამ ვასწავლიდი თავისით ეფრინა.

მოხუცებს ვასწავლიდი, რომ სიკვდილი სიბერისგან კი არა, დავიწყებისგან მოდის.
რამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, ადამიანებო….

მივხვდი, რომ ყველას მთის მწვერვალზე სურს ცხოვრება, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება მათ დაღმართისას ელით.

მივხვდი, რომ როცა ახალშობილი პირველად მოიქცევს მამის თითს თავის პაწია მუჭში, იგი მას აღარასდროს გაუშვებს ხელს.

მივხვდი, რომ ადამიანს მხოლოდ მაშინ აქვს უფლება ზემოდან უყუროს სხვას, როცა ფეხზე წამოდგომაში ეხმარება მას.

მე ამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, მაგრამ სიმართლე ითქვას, ეს ცოდნა ვერაფერს მშველის, რადგანაც ყველაფერ ამით აღვსილი, მე, სამწუხაროდ, ვკვდები.”
მარტში მარკესს 73 წელი შეუსრულდა, ანუ როგორც დიდი კუბელი ხოსე ლესამა ლიმა იტყოდა, Tristicia Caducitatis-ის ასაკში შეაბიჯა, ჩვენებურად კი სიბერის სევდა შემოეპარა. წარსულის მაქსიმუმისა და მინიმალური მომავლის პირობებში მისგან მართლაც მოსალოდნელი იყო რაღაც აღსარება, მაგრამ არა ასეთი. ასე მხოლოდ მისი პერსონაჟები ლაპარაკობენ, გახსოვთ ალბათ სანტიაგო ნასარის ბოლო სიტყვები “გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკიდან”: “მომკლეს, დეიდა ვენე! მომკლეს!” – ამბობდა იგი და ნაწლავებიდან მიწას იფერთხავდა….

“სამწუხაროდ ვკვდები…” ამ სიტყვებს გაბო არაფრის დიდებით არ დაწერდა, ნუთუ წარმოსადგენია, რომ სიკვდილთან ასე გაშინაურებულ კაცს აგრერიგად დაემცირებინა მისი დიდებულება; ან ეს ფრთები და ვარდები რაღა შუაშია. ერთი კია, მისტიფიკატორმა გაითვალისწინა, რომ სიცოცხლე (ცოცხალი მარკესი) ვერ მოახერხებდა თავისი სიკვდილის აფიშირებას და რომ მომაკვდავი მწერალი იძულებული გახდებოდა ისევ და ისევ სიცოცხლის ტრიუმფზე მოეთხრო რამე და მხოლოდ შემდეგ მომკვდარიყო. მან ისიც ზუსტად გათვალა, რომ თავად მარკესიც სულ “წინასწარგამოცხადებულ” სიკვდილებზე წერდა მთელი ცხოვრება. ზემოთ ნახსენები მოთხრობის გარდა “მარტოობის ასი წელი” და “სიყვარულს მოფარებული გარდაუვალი სიკვდილიც” შეგვიძლია გავიხსენოთ: “სენატორი ონესიმო სანჩესს ექვსი თვისა და თერთმეტი დღის სიცოცხლეღა დარჩენოდა, თავის საოცნებო ქალს რომ შეხვდა….” – ასე იწყებდა თხრობას გაბო.

არავინ იცის კიდევ რამდენ ხანს იცოცხლებს მარკესი, მაგრამ საბედნიეროდ იგი ჯერ კიდევ ცოცხალია და ესპანური “El Pais”-ის მკითხველი უკვე გაეცნო კიდეც ფრაგმენტებს დაპირებული მოგონებებიდან. და რაც მთავარია, გამოირკვა ანდერძის ავტორი, ეს ადამიანი გახლდათ ვინმე აბელ პარენტინი, არგენტინის ელჩი პერუში.

https://arili2.blogspot.com/2009/09/blog-post_23.html

ენის ტრიუმფატორი

0

გაბრიელ გარსია მარკესი: ცხოვრება
ჯერალდ მარტინი
Gabriel García Márquez: A Life
By Gerald Martin


დაახლოებით 10-12 წლის წინ, ჟურნალს “არილის” იფისში ერთი სასაცილო ფოტო მქონდა გაკრული. ფოტოზე ფიდელ კასტრო და გაბრიელ გარსია მარკესი იყვნენ გამოსახული, ფოტოზე ორივეს შორტები აცვია და ორივეს რაღაც უცნაურ ფლოსტებში (თუ სანდლებში) აქვთ ფეხები წაყოფილი. ორივე ბედნიერია, ერთი მსოფლიოს უნიჭიერეს მწერალთან მეგობრობით ამაყობს ალბათ, მეორეს სიამაყის მიზეზთა ჩამოთვლა კი შორს წაგვიყვანდა, (ერთხელ, კასტროს კოლუმბიაში სტუმრობისას, მარკესს თურმე მისი მცველის ფუნქციაც კი უკისრია). ასეთი ფოტო შემდეგაც არაერთხელ გადაიღეს ძველმა მეგობრებმა, ხან სუფრასთან, ხან ბუნების წიაღში სეირნობისას, ხანაც სპორტულებში ან ოფიციალურ შეხვედრაზე, თუმცა უშუალობით ამ ფოტოს ვერც ერთი ვერ შეედრება.

მარკესს ფიდელის ლაქიასაც უწოდებდნენ. მაგალითისთვის, მისი ყოფილი მეგობარი, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მწერალი, მარიო ვარგას ლიოსა (რომელიც მემარჯვენე იდეებითაც უპირისპირდება მარკესს) ნამდვილად არ იშურებდა ხოლმე ამგვარ შედარებებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 1976 წელს მეგობრებმა გვარიანად იჩხუბეს. მაშინ ლიოსაც და მარკესიც ოჯახებით ბარსელონაში იყვნენ თურმე ჩასულები. ლიოსა ვიღაც შვედ ლამაზმანს გადაყრია და ოჯახიდან წასულა, მარკესებს კი, პატრიციასთვის, ლიოსას მეუღლესთვის რჩევა მიუციათ, გაეყარე და ქონებაც გაიყავითო. ლიოსას მალე დაუღწევია თავი იმ ქერათმიანი შვედი ქალის ხიბლიდან, დაბრუნებულზე კი მარკესების რჩევის შესახებაც გაუგია მეუღლისგან. ამის გამო ლიოსას მამა-პაპურად მოუდია თურმე მარკესისთვის ის თავისი ჯანიანი მარჯვენა (მემარჯვენე ტყულად კიარაა!) და თვალიც დაულილავებია დიდი მწერლისთვის (სხვათა შორის, არსებობს ფოტოგრაფ როდრიგო მოიას ორი ფოტოსურათი, სადაც მარკესს მარცხენა თვალი აქვს ჩალურჯებული).

ჯერალდ მარტინის წიგნში ამაზე არანაკლებ საინტერესო ამბებია მოთხრობილი, სადაც მწერლის გენეალოგიიდან და მისი შემოქმედებითი ფესვებიდან მოყოლებული, აუარება ისტორიას ამოიკითხავთ. თუმცა ისტორიებზე თუ ჭორებზე უფრო მნიშვნელოვანი მაინც ის არის, რომ წიგნის ავტორი მწერლის შემოქმედებაზეც ძალზე ზუსტ დაკვირვებებს აკეთებს და თავდაპირველ ამოცანად სკანდალურ ისტორიებს კიარა, მწერლად ჩამოყალიბებისა და განვითარების დეტალებს მიიჩნევს.

მარკესს ჩვეულებრივი ბავშვობა ჰქონია, სხვა მოზარდებივით ისიც კითხულობდა დიუმას და ათას ერთ ღამეს, XVI-XVII საუკუნეების ესპანურ ლიტერატურას, შემდეგ ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში სწავლის სტიპენდიაც მოუპოვებია, სადაც რუბენ დარიოს შემოქმედებას სწავლობდა, პირველი აღსანიშნავი თარიღი კი მარკესის ცხოვრებაში 1950 წელი ყოფილა, როცა პრუსტის, ჯოისის, ვულფისა და ფოლკნერის ესპანური თარგმანების კითხვაში გართულ 22 წლის ახალგაზრდას მტკიცედ გადაუწყვეტია მწერალი გამხდარიყო.

მარტინის წიგნში საკმაოდ დამაჯერებელ აბზაცებს ამოიკითხავთ მარკესის “მაგიურ რეალიზმზეც”, რომელიც, მისი აზრით, ესპანური ლიტერატურის ოქროს ხანას ეფუძნება. მარტინის სიტყვით, მარკესის “მაგიური რეალიზმი” ესაა გაპრიმიტივებული და გახალხურებული გონგორიზმი (იგულისხმება ესპანური ბაროკოს ყველაზე გამორჩეული პოეტი, ლუის დე გონგორა) ადგილობრივი საკმაზებითა და თემებით.

წიგნის ავტორის აზრით, მარკესის საუკეთესო ნაწარმოები “პატრიარქის შემოდგომაა”. მისი სიტყვით, ესაა ენის ტრიუმფი, რომანი, სადაც მწერლის ოსტატობა წარმოუდგენელ სიმაღლეებს აღწევს. ეს ნაწარმოები ყველანაირი გაგებით ტირანულია, იგი მოგვითხრობს ტირანიაზე, უპირისპირდება ენის ტირანიას და ამგვარი გაბედულებით ტირანივით მართავს მკითხველს.

ჯერალდ მარტინი 17 წლის განმავლობაში იკვლევდა მარკესის ცხოვრებას და ნაწერებს, მან ასეულობით ინტერვიუ აიღო მწერლისგან, მისი მეგობრებისგან, სხვა მწერლებისგან. წიგნში დეტალურადაა გადმოცემული “გაბოს” ჟურნალისტური კარიერის, ევროპაში მოგზაურობის, შემდეგ კი მექსიკაში გატარებული წლების შესახებ, სადაც მან “მარტოობის ასი წელი” დაწერა. ბევრ რამეს შეიტყობთ გვიანი პერიოდის მარკესის შესახებაც, ამ წლების შესახებ განსაკუთრებით ის ადამიანები დაინტერესდებიან, ვინაც რამდენჯერმე გამოიტირა გაბო (წლების წინ ჩემი ყურით მოვისმინე, როგორ მისტიროდა ერთი “განათლებული” მაღალჩინოსანი მარკესს, ეს რა კაცი დავკარგეთო) და ვისაც დღემდე გონია, რომ პერუში არგენტინის ელჩის, ვინმე აბელ პარენტინის მიერ შეთხზული ტექსტი-ანდერძი მარკესს ეკუთვნის. ეს მოკლე ტექსტი ასე მთავრდებოდა: “მე ამდენი რამ ვისწავლე თქვენგან, მაგრამ სიმართლე ითქვას, ეს ცოდნა ვერაფერს მშველის, რადგანაც ყველაფერ ამით აღვსილი, მე, სამწუხაროდ, ვკვდები”.
მას შემდეგ 9 წელი გავიდა და მარკესმა დაამტკიცა, რომ იგი სიკვდილს არ აპირებს, ძველებურად წერს და რაც მთავარია, თავის ბიოგრაფებსაც ეხმარება წერაში.
https://arili2.blogspot.com/2009/09/blog-post_21.html

ინტერვიუ ივ ბონფუასთან

0

“მათ, ვისაც რელიგია იზიდავს, პოეზიაზე უნდა იფიქრონ”



– მას შემდეგ, რაც სურრეალისტებს დაშორდით, თქვენი პოეტური გზა, აი, უკვე სამოცი წელია, დაუსრულებელ დიალოგად იქცა ფერწერასთან და მუსიკასთან. ამასთან ერთად, ესეებსა და კრიტიკულ წერილებში იკვლევთ პოეზიისა და ლექსის სიღრმეებს. თქვენი მცდელობა კითხვების დასმისა და პასუხების ძიებისა, დაზუსტებისა და ახსნა-განმარტებისა ხომ არ არის გამოწვეული იმ კრისიზით, რომელიც პოეზიამ განიცადა მე-20 საუკუნეში?
– მიხარია, რომ ეს კითხვა დამისვით, რადგან ის თვით საკითხის არსს ეხება. აშკარაა, რომ კრიზისი, რომელსაც პოეზია განიცდის (ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთში) მას შემდეგ, რაც დაინგრა “დედაბოძი” (“principal pilier”), ესე იგი დაიკარგა წერის, განცდის და აზროვნების შესაძლებლობა, ისე, როგორც ამას ახერხებდა ჰიუგო უკანასკნელ ლექსებში, უკავშირდება იმ ერთობ მნიშვნელოვან მოვლენას, რომელიც დღესაც ესოდენ საცნაურია: პოეტური სიტყვა “გაეხსნა” მეცნიერების, ფერწერის, მუსიკის ექსპერიმენტებს და კრიტიკას. ახლა ისღა დაგვრჩენია, გავიაზროთ ამ ორმხრივი გაცვლის საჭიროების მიზეზი, რადგან მისი ამოცნობა აუცილებელია ჩვენი მომავლისთვის.
მიზეზი, ამჯერად, არა მხოლოდ დედაბოძის ნგრევაა, არამედ, იმ ჭერის ჩამოქცევა, რომელიც დედაბოძს ეყრდნობოდა: სიტყვა, რომელსაც სწამდა, რომ სინამდვილეს ასახავდა, თვით ქმნის მეტ წილს სინამდვილისას. ჰიუგომდე (მივმართავ ჰიუგოს, როგორც რეფერენტს, რადგან ის იყო უკანასკნელი წარმომადგენელი “ნათელმხილველთა” (voyants) რიგისა, რომლის სათავეში დგანან ვირგილიუსი და დანტე, ამ პოეტებს თვით ჰიუგო წინამორბედებად მიიჩნევდა) პოეტური სიტყვა წარმოიდგენდა, რომ მის წინაშე გადაშლილი სინამდვილე ფლობდა შინაგან სტრუქტურას და საკუთარ კანონებს, რომლებსაც ადამიანები ობიექტურ ფაქტებად მიიჩნევდნენ, თუმც კარგად უწყოდნენ, რომ სინამდვილე, თუ კი მის სიღრმეებს მოვიხილავთ, ბნელი უფსკრულია. დღეს ჩვენ აზრი ვიცვალეთ. თანამედროვე მეცნიერების მიერ გამოწვეული რევოლუცია იმდენად ცოდნის გზების სამყაროს ახალი ასპექტებისკენ გადაადგილება არ გახლავთ, რამდენადაც შეგრძნება იმისა, რომ არცერთ გზას აღარ მივყავართ თვით რეალობამდე (realite en soi-რეალობა თავისთავად): ჩვენ ვხვდებით, რომ აზროვნება, ამიერიდან, აღარ არის სინამდვილის გაშიფრვა, არამედ, სინამდვილის ჩვენს მიერვე შექმნილი მარტივი ხატების კვლევა და თუ საჭირო გახდა, დეკონსტრუქცია.
ამ ვითარებაში, ღრმა სიტყვა, ის, რომელიც იკვლევს და წარმოაჩენს ადამიანურის, როგორც ასეთის, კავშირს არსებულთან, მიემართება საკუთარი სათავისკენ, რომელიც ჩვენშია და შეიცნობს რა თავისი არსის ქმნის პროცესს, ხვდება, რომ იგი უფრო ვრცელი და რთულია, ვინემ აქამდე წარმოედგინა და რომ მის მიერ აღნიშნული (signifiants) სურვილი უფროა, ვიდრე სამყაროს ყოფიერების ანარეკლი. გადალახავს თუ არა საკუთრივ ვერბალურ სივრცეს, სიტყვა მხატვრის ან, თუ გნებავთ, მუსიკოსის შემოქმედებაში დაივანებს. ახალი ცოდნა უნდა იყოს ნაკლებად მეცნიერული, რომელიც ადგენს კანონებს, ვინემ პოეზია, რომელიც არღვევს ამ კანონებს, რათა შეგვახსენოს, რომ არსებობს “მიღმა ფონი”, ის “გარეთ”, რომელიც ავსებს ჩვენს არსებას ამწუთიერ ყოფიერებაში. ხელოვნებანიც იქცევიან პოეზიად, თუკი შესძლებენ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ აზრის ჩამოყალიბების საკუთარი მანერა. სწორედ აქედან გამომდინარეობს დღევანდელი პოეზიისთვის დამახასიათებელი სრულიად ბუნებრივი აუცილებლობა მიუბრუნდეს, უპირველეს ყოვლისა, ფერწერას, რომელიც საშუალებას მისცემს გაიაზროს საკუთარი თავი, რაც თავის მხრივ, უფრო ღრმა განსჯისკენ უბიძგებს და საბოლოო ჯამში, დაეხმარება აქციოს საკუთარი თავი კრიტიკულ აზრად, რომელიც მრავალ სხვა სფეროს გადაწვდება.
გეგმის იდენტურობამ, პოეზიისა და ხელოვნებათა საშუალებების ნათესაობამ ჯერ კიდევ აღორძინების ეპოქაში იჩინა თავი ფლორენციაში, განსაკუთრებით კი ვენეციაში. შემდეგ კი, კრისიზი, რომელზედაც ახლა ვსაუბრობთ, ბოდლერისთვის იქცა ყოფიერების ფაქტად, რომლის პირველი შედეგების წარმოჩენა ესოდენ აფრთხობდა პოეტს დელაკრუას შემოქმედებაში. იქნებ დელაკრუა იყო მეორე, ეჭვმიუტანლად მყარი “დედაბოძი”, რომელიც იცავდა ტრადიციის მარადიულობის პრიციპს, რომლის მემკვიდრედ დელაკრუა საკუთარ თავს რაცხდა? ან იქნებ, შინაგანი წინააღმდეგობებით, პესიმიზმით და გასაოცარი უნაყოფობით, რომელიც საკუთარ შესაძლებლობათა უკიდურეს ზღვარზე გაცხადდა, დელაკრუა წარმოგვიჩენს სწორედ იმ სირთულეს, რომელმაც ესოდენ დიდი გავლენა მოახდინა მომავლის პოეზიაზე?
ეს კითხვა მეტ სიმწვავეს იძენს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ მხატვრები მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოაჩენენ საუკუნიდან საუკუნემდე, სხვათა მიერ ნაკარნახევი და მათ მიერ ხმამაღლა გაცხადებული ყალბი ჭეშმარიტებების ილუზიურ ხასიათს, თუ კი ნდობას გამოუცხადებენ და “მოიხიბლებიან” იმით, რაც ხელოვანს საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევს: ენას. მანე (გავიხსენოთ ბოდლერის წუხილი და საყვედური) თავის ტილოებში ნებას რთავს ენას გამოამზეუროს ადამიანური ურთიერთობები და მისთვის დამახასიათებელი ხიბლი, ნაცვლად იმისა, რომ გაიხსენოს საკუთარი როლი და მიზანი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ დაგვეხმაროს მოვაწესრიგოთ ჩვენი ურთიერთობა იმასთან, რაც არ არის ენა, მისგან განსხვავებულია და რამდენადაც ხელეწიფება, შესძინოს აზრი სიცოცხლეს.
– თქვენთვის პოეზია “გამანადგურებელ ძალებთან ბრძოლაა”, რომელთა შორის უპირველესია ფაშიზმი. მაგრამ XXI საუკუნის დასაწყისში, უფრო ბუნდოვან, ამიტომაც უფრო საშიშ საფრთხეს წინასწარმეტყველებთ. რას გულისხმობთ, რას უნდა ვუფრთხოდეთ?
– ნაციზმი იყო იდეოლოგია, რომელიც ტრაგიკულ ვითარებათა თანხვდომის წყალობით, საკუთარი ლოგიკის ზღვრამდე მივიდა, რაც, საბოლოო ჯამში, სხვათა მკვლელობასა და თვითგანადგურებაში გამოიხატა. ეს იყო საზარელი თავისუფლება, რომელმაც, ისტორიის გარკვეულ მონაკვეთზე, მსგავს საზარელ სიმთვრალესა უგუნურებას მისცა დასაბამი. მაგრამ საფრთხეს სხვა ცბიერი ფორმებიც გააჩნია. იდეოლოგია გარკვეული პრინციპების სისტემის აბსოლუტიზაციაა, რომელიც ყოველდღიურად, რუტინულ სიტუაციაში ხმარებულ სიტყვებში იჩენს თავს. ამასაც, ბოლოს და ბოლოს, მკვლელობამდე მივყავართ. ამრიგად, ეს საფრთხე, რომელიც ნებისმიერ აზრს განადგურებით ემუქრება, დღეს, ჩვენს თვალწინ, უფრო და უფრო იზრდება და ძალას იკრებს. ამ პროცესს სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. მეცნიერება, თუმც კი საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, კონცეპტუალურ დონეზე დაყვანილ აზრებს კონსერვის ქილებში ათავსებს და მზადაა, ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ წუთს, ერთადერთ საკვებად შემოგვთავაზოს. ერები გვერდიგვერდ ცხოვრობენ, ერთმანეთს ხედავენ და ეს თავისთავად კარგია, მაგრამ არაფრისმთქმელი სიტყვებით, უფრო ზუსტად, სტერეოტიპებით შორიდან ესაუბრებიან ერთმანეთს. რას წარმოადგენს ინგლისური ენა, რომელიც დღეს შუამავლის როლს კისრულობს, თვით პოლიტიკის დონეზე? იგი ნაკლებადაა ენა, უფრო მეტად, კონცეფციების სისტემა, რომელმაც მხოლოდ გაუგებრობის წყალობით მოიკიდა ფეხი ხელოვნებაში და რომელსაც თუნდაც სხვადასხვა ქვეყნის მომღერლების “ღრმა სიტყვასთან” არაფერი აკავშირებს.
– თუ კი პოეზია არის “რადიკალური უარყოფა ყოველივეს კონტროლის პრეტენზიისა, რის საფრთხეც კონცეპტუალურ აზროვნებაში იმალება”, ხომ არ უნდა განვიხილოთ თანამედროვე ეპოქის მიერ ტექნიკის მიღწევათა გამოყენება გამოწვევად, მომენტად, როდესაც პოეზია იქნება აუცილებელი, მაგრამ ისეთი რთული, როგორც არასოდეს?
– მე ვთქვი “ყველაფრის კონტროლი”? შეიძლება, მაგრამ “ყველაფერში” ვიგულისხმე არა ემპირიული სინამდვილის ცვალებადობა, რომლის ყოველმხრივი შესწავლის უფლება აქვს კონცეპტუალურ აზროვნებას, არამედ თვით უმცირესი ნივთის რეალობის განსხვავებული დონეები. ერთი გახლავთ ფორმა, რომელსაც ნივთი იღებს მეცნიერულ დისკურსში, მეორე, რაც შეეხება ცოცხალ არსებებს და მისთვის ძვირფას საგნებს, არის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელნი არსებობენ რაღაც დროით, სადღაც ამქვეყნად და სწორედ ამის გამო არ წარმოადგენენ იმ უბრალო ნივთებს, რომელთა ჩანაცვლება შეიძლება იდეით, რომელიც მათ შესახებ გაგვაჩნია. ისინი “აქ” და “ახლა” არსებულნი არიან და მიელტვიან სხვა “აქ” და “ახლა” არსებულთ. მათი გააზრება და შეგრძნება აზროვნების კატეგორიებით და განცდის ამა თუ იმ ყაიდით მხოლოდ მას ძალუძს, ვინც იცის, რას ნიშნავს საკუთარ თავთან ურთიერთობა, რასაც საკუთარი სასრულობის შეცნობა შეგვიძლია ვუწოდოთ. კონცეპტუალური აზროვნება სასრულობას მხოლოდ იმ შემთხვევაში ამჩნევს, როდესაც კითხვის ქვეშ დგება თვით მისი არსებობა. იოცნებო “აბსოლუტურ კონტროლზე”, თუ გნებავთ “აბსოლუტურ Fფლობაზე”, ნიშნავს უარი თქვა საკუთარ არსებობაში ეჭვის შეტანაზე. პოეზია, რომელიც არ იზიარებს ამ ოცნებას, ისეა აუცილებელი, როგორც არასდროს და იგი რთულია როგორც არასდროს.
ამასთანავე, ეს სირთულე ბედის საჩუქარია, რადგან ერთდროულად, ნათელჭვრეტისკენ მოწოდებაა, რომელიც საშური საქმეების მოგვარებისკენ გვიხმობს. XXI საუკუნემ, შეიძლება, პოეზიის სულთაბრძოლა და თვით სიკვდილიც იმ ნანგრევების ქვეშ იხილოს, რადაც საუკუნემ ბუნება და საზოგადეობა მოაქცია. თუმცა, ვინ უწყის, იქნებ, სწორედ ეს საუკუნე გახდეს ჭეშმარიტი პოეზიის მკვდრეთით აღდგომის მოწმე, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი პოეზია საკუთარ თავს შეიცნობს. ეს ის ცოდნაა, რომელიც აქამდე არ გამჟღავნებულა ექსპლიციტური ცნობიერების დონეზე, რომლის საფუზველზეც პოეზია შეძლებდა დიალოგი გაემართა “სამყაროში ყოფნის” სხვა ფორმებთან.
პოეზია აღარ იქნება წიგნის გვერდების ჩარჩოში მოქცეული ლექსი, მსგავსი, ვინ იცის, რომელი ტოტიდან ჩამოვარდნილი ვაშლისა. ლექსის მოძრაობა განივრცობა, გადავა წიგნიდან წიგნში, იქცევა ძიებად, განვითარდება არა როგორც ტექსტი, არამედ კითხვა, რომელიც მიემართება თვით ტექსტს. ეს იქნება მოძრაობა, ვიმეორებ, განვრცობა, რომელიც, ერთმანეთში გადახლართულ პროზად და პოეზიად, აქამდე უხილავ ჰორიზონტებს გადაწვდება.
– მახსოვს, თქვენი პირველი წიგნი ანბანს, ენის პირველქმნილ სახელმძღვანელოს შეადარეთ, რომელშიც სიტყვები “მარტივი სამყაროს ნივთებს” აღნიშნავენ. არის თუ არა ძირეული განსხვავება პოეტური სიტყვის უბრალოებასა და იმ “სიმარტივეს” შორის, რომელსაც ყოველდღიური ენა მიაწერს იმას, რასაც, “პოეტურს” და “განცდებით დატვირთულს” უწოდებს?
– ანბანი? წიგნებში, რომლითაც კითხვას სწავლობენ, ყოველდღიურად ხმარებულ სიტყვებს თან ახლავს მათ მიერ აღნიშნული ნივთების გულუბრყვილოდ არქეტიპული, გამარტივებული გამოსახულებანი. ისინი ანბანის რიგითობითაა წარმოდგენილი. სწორედ ამის გამო ხდება არა მხოლოდ ენის ფაქტის, სიტყვების და სიტყვებს შორის არსებული კავშირების, ესე იგი შინაგანი ლოგიკური მთლიანობის გაცნობიერება, არამედ, ერთდროულად, სამყაროს უწესრიგობის, ან თუ, ამ უწესრიგობის შესაძლებლობის აღმოჩენაც. ანბანი, გაგებული მხოლოდ იმ სახით, როგორც ის გვეძლევა, არის ხიდი, გადებული ენის მიერ “დამუშავებულ” სინამდვილესა და თვით ენას შორის, რაც ქმნის სინამდვილის და ენის განუყოფლობის ილუზიას, და ეს იმ დროს, როდესაც ენას ძალუძს დაშორდეს სინამდვილეს და თავისუფალი შემოქმედების საძირკვლად იქცეს.
და ისევ თქვენს კითხვას ვუბრუნდები. რით განსხვავდება ჭეშმარიტი პოეზიისთვის დამახასიათებელი უბრალოება, გრძნობების, განცდების და სიყვარულის გამოხატვის სიმარტივისგან? შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ადამიანის არსებობის სასრულობის გათვალისწინებით, პოეზია სწორედ მსგავსი განწყობის და გრძნობების გამოხატვას უნდა ესწრაფოდეს, რადგან ისინი, ინტელექტუალური აქტებისგან განსხვავებით, ჭეშმარიტად ჩვენს მიერ განცდილი, “ნაცხოვრები” არიან.
მაგრამ ასე არ გახლავთ. განცდილი და გადატანილი, თუნდაც მღელვარე და შფოთით სავსე, არ უნდა ვიგულოთ აუცილებლად სასრულობის “ბინად”. უფრო მეტიც, ისინი არაფერს გვასწავლიან სასრულობის შესახებ. სურვილები, მათი უმრავლესობა მაინც, და ემოციები, რომლებიც მათგან იბადება, კონცეპტუალური აზროვნების მიერაა სტრუქტურიზებული და მის კუთვნილ სიბრტყეშია გამოკეტილი. აქ იღებენ ისინი ჩვენი წარმოდგენების სახეს, რომლებიც, თუ კი მათ გარეგნულ სახეს არ მივენდობით, მხოლოდ აბსტრაქციებია, მიუხედავად იმისა, მათი მიზეზით ვიტანჯებით თუ ვკვდებით. რამდენი ასეთი ვითომდა განცდა, ვნება და უიმედობა ქცეულა, ზოგჯერ, დიდი ლიტერატურის საწყისად, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ისინი ამცირებენ იმას, რასაც ჩვენ “პოეტურს” ვუწოდებთ. პოეზიის წესის მიხედვით არსებობისთვის, განცდები უნდა მიემართონ საკუთარ რეალურ მიზანს და საგანს და არა იდეა-ქიმერას, რომელსაც მათგან და ადამიანებისგან ქმნიან. დიდი ლირიზმი საკუთარი თავის ძლევაა,-სიყვარული კერპის თაყვანისცემა არ გახლავთ, ის ილუზიურის, წარმოდგენილის ან წარმოსახულის აღმოჩენაა. ლირიზმში სწორედ ილუზიურის ფორმების წარმოჩენა მძაგს.
– თქვენ ერთმანეთისგან ანსხვავებთ პოეზიას და მისტიკას, თუმც კი ხაზს უსვამთ მათ სიახლოვეს, აცხადებთ, რომ პოეზია “რელიგიურის მიღმაა”. დღეს, “რელიგიურის აღზევების” ჟამს, როგორ გესახებათ ეს განსხვავება?
– მე ვაახლოვებ პოეზიას და მისტიკას, რადგან ისინი ერთსა და იმავე ინტუიციას ეფუძნებიან. ეს ერთადერთის ინტუიციაა, იმ ერთის, რომლის არსებობას შევიგრძნობთ ყოველ ცოცხალ არსებაში, როდესაც მას ვხედავთ ისეთს, რიგორიც ის არის, რამეთუ სწორედ ეს არსებობა აქცევს მას მთლიან ანუ, რეალურ არსებად და არა იდეად, რადაც ჩვენ მას ხშირად წარმოვიდგენთ. მე ვაშორიშორებ პოეზიას და მისტიკას, რადგან მისტიკა იმისთვის, ვინც ეძიებს მის ერთობას პოეტიკასთან, არის ადამიანის არსებობის თვითმყობადობის დავიწყება, იმ დროს, როდესაც პოეზია ამას არასოდეს ივიწყებს და გამუდმებით უბრუნდება ადამიანს და მისი ყოფიერების განსაკუთრებულობას წარმოაჩენს.
რატომ იქცევა ასე პოეზია? იმიტომ, რომ საკუთარი სასრულობის გააზრება და მიღება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ გამოცდილებით ცნობიერების გამდიდრება, შენს გვერდით, “აქ” და “ახლა” მყოფი მოყვასის არსებობის აღიარებას და აქედან გამომდინარე, ენის წიაღში დარჩენას ნიშნავს.
მე კარგად ვხედავ, რომ “რელიგიური” ცდილობს დაუბრუნდეს ადამიანების ენას, მაგრამ გზად, მხედველობის არედან უსხლტება საკუთარი მიზანი, რადგან “კონცეპტუალურად მოიხმარს” ენას, რომელსაც გადარჩენა სჭირდება. ეს ბადებს მეტყველებას, რომელიც ზებუნებრივის რწმენის აუცილებლობას ითხოვს და ეკლესიას, რომელიც ადამიანთა სულში იდეოლოგიად ქცეული ოცნების დანერგვას ისახავს მიზნად. ამ მავნე მცდელობამ თავისი დაღი დაასვა საუკუნეებს. მან, ვისაც რელიგია იზიდავს, პოეზიაზე უნდა იაზროვნოს.
– თქვენს შემოქმედებაში ხშირად მიმართავთ მოგონებებს, “პირველქმნილ სცენას” უბრუნდებით. რა განსხვავებაა პოეზიასა და დღეს ესოდენ დაფასებულ პროზას შორის?
– “პირველქმნილი სცენა”? ზოგჯერ გამართლებულია ფსიქოანალიზისგან ნასესხები ტერმინის ხმარება. ამ დროს “ღრმა რეაქცია” მჟღავნდება ბავშვის ქმედებაში, საკუთარი თავისთვის შიშის, გაოცების და დამნაშავეობის შეგრძნების აკრძალვაში, ერთი სიტყვით, ბავშვის მხრიდან ეს არის ნდობის გამოცხადება.
ხშირად, პოეზიაზე საუბრისას, იხსენებენ პირველსაწყის გამოცდილებას, რაც პოეზიის გამქიქებელთ თითქოსდა ნებას რთავს პოეზიას პასეიზმში (წარსულის განდიდება-გ. ე.), საკუთარ არსებაში ჩაძირვასა და საზოგადოების ამწუთიერი პრობლემების უგულველყოფაში დასდონ ბრალი. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ლექსებში, თუკი ისინი ჭეშმარიტ პოეზიას მიეკუთვნება, პირველი გამოცდილების წარმოჩენა ნდობის გაცხადებაა. საწყისებისკენ მიბრუნების სურვილი პოეტში მუდამ ცოცხლობს. ეს არ არის აროდეს არსებული, მითიური “ოქროს ხანის” სინანული და თუ კი მითი მაინც იჩენს თავს ენაში, მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გამოხმობით, პოეტი ნდობას უცხადებს მეორეს, ვიღაც სხვას, რომელიც მისგან ორ ნაბიჯზეა, მიუხედავად იმისა, რომ ამ სხვას შეიძლება ხელთ ეპყრას ნაჯახი ან მახვილი. პოეტი ცივ გონებას სიტყვათა მაგიას უპირისპირებს.
რაც შეეხება რომანს, მე მისი მტერი არ გახლავართ. პირიქით, ბევრ რომანს ადამიანის გონების მცდელობის და თვით პოეზიის უმაღლეს გამოხატულებად მივიჩნევ, რადგან აქაც იმ ნდობის გაცხადებას ვპოულობ, რომლის შესახებ მაღლა ვისაუბრე და რომელიც ენის სათავეებისკენ მიგვახედებს. პოეზია ერთის გახსენება და ამასთან ერთად, მისტიკისგან განსხვავებით, საზოგადოებისკენ მიბრუნებაა.
განა საკუთარი დანიშნულების ერთგული რომანისტიც ასე არ იქცევა, როდესაც პირისპირ წარუდგება მათ, ვის შესახებ წერს, პოეტად ქცეული ბავშვის მსგავსად, გაოცების და შიშის გარეშე.
დიდი რომანი ფანტავს ბოროტ ზმანებებს და ყოველი მხრიდან ამოზიდავს სინათლეს. დიდი რომანიო, ვთქვი… სხვა ბევრიც, ნაკლებად მნიშვნელოვნად მიჩნეული, წარმოადგენს პოეზიას მოქმედებაში.
რაც შეეხება “ავტოფიქციას” (საკუთარ თავის თხზვა-გ. ე.), თქვენ რომ ახსენეთ, ეს გარდუვალია, რადგან წერა მწერლის გამოცდილებას ემყარება. სხვების შესაცნობად, უპიველესად, საკუთარი თავი უნდა შეიცნო, გაიგო ვინ ხარ, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავს, მკითხველს წარმოუჩინო შენი თავგადასავლების, ცხოვრებისეული კოლიზიების შელამაზებული ფოტოსურათები, რომელიც, ხშირად, საკუთარი თავის განქიქებას ემსგავსება, რასაც ცოდვას ვუწოდებდი, ეს სიტყვა ესოდენ რომ არ მზარავდეს.
ფიქცია (გამონაგონი-გ. ე.) ჩვენი არსების სიღრმეში იმალება და ჩვენ იმდენად ვღირვართ, რამდენადაც შევძლებთ მის წარმოჩენას და სხვებისთვის გაზიარებას.

ფრანგულიდან თარგმნა გიორგი ეკიზაშვილმა

https://arili2.blogspot.com 

კლასგარეშე კითხვის სიამოვნება

0

ანუ ბორის აკუნინის ახალი რომანის განნაღმვა-დანაღმვითი სამუშაოები მოსკოვის ორი “პეიზაჟისა” და იგორ სტრავინსკის მიერ მოწონებული სიმღერის თანხლებით

“კლასგარეშე კითხვა” ბორის აკუნინის მესამე დიდი პროექტის (თავად რომ “არალიტერატურულს” უწოდებს) “მაგისტრის თავგადასავლების” ორ ტომად დასტამბული (გამომცემლობა “ოლმა-პრესი”, 2002) მეორე რომანი გახლავთ ავტორისეული რედაქციით და შეეხება, ერთი მხრივ, ერასტ პეტრეს ძე ფანდორინის ინგლისიდან ჩამოსულ და მოსკოვში დარჩენილ შვილიშვილს, კემბრიჯის უნივერსიტეტის ისტორიის მაგისტრს, ბარონეტ ნიკოლას ალექსანდრეს ძე ფანდორინის ახალ თავბრუდამხვევ ამბავს; ხოლო, მეორე მხრივ კი – იმპერატრიცა ეკატერინა დიდის ეპოქაში მცხოვრები დანილა ლარიონის ძე ფონდორინისა და წიგნის ბოლოს სამსონ დანილას ძე ფონდორინად გადაქცეული, ექვსი წლის ვუნდერკინდის – დიმიტრი, იგივე მითრიდატე ალექსის ძე კარპოვის არანაკლები სიმძაფრის თავგადასავალს.
სნობური მიდრეკილებებისგან თავისუფალ მკითხველს თავდაპირველად გამოცდილი მწერლის მიერ დაგებული რამდენიმე ნაღმისგან თუ ხაფანგისგან მოუწევს თავის დაღწევა.
პირველი მათგანი თავად აკუნინის მიერ მიზანმიმართულად შექმნილი საკუთარი იმიჯია: “უბრალოდ საკითხავია, ბატონებო, უბრალოდ საკითხავი, შეძლებისდაგვარად სიკეთეს რომ გვასწავლის, პანთეონზე პრეტენზიას არ ვაცხადებთ!”
არადა, უკვე თავისუფლად შეიძლება მივხვდეთ, რომ აკუნინის შემოქმედებამ კარგა ხანია გადალახა პოპკულტურის ხელოვნურად შექმნილი ჩარჩოები და მარტოოდენ რუსეთისა და პოსტსაბჭოთა სივრცის კი არა, ევროპული მასშტაბის “აკუნიზაცია” მოახდინა, და ასეთივე წარმატებით აგრძელებს მთელი მსოფლიოს “აკუნიზაციას” (რეჟისორ პოლ ვერხოვენის მიერ ჰოლივუდში გადასაღებად შეძენილი ბორის აკუნინის რომანი “აზაზელი” და სხვა).
მომდევნო ხაფანგი თუ ნაღმი ყველასთვის არცთუ ადვილად ამოსაცნობი “მიბაძვებია”: სნობი მკითხველი რომანის პირველივე თავში მაინც “აღმოაჩენს”, რომ “კლასგარეშე კითხვის” თანამედროვე ნაწილი მიბაძვაა უილიამ სტაირონის 70-იან წლებში გახმაურებული რომანისა “სოფის არჩევანი”, რომელიც ალან პაკულას კარგი ფილმის წყალობით ბევრს ახსოვს – ეს ხომ იმაზეა, თუ როგორ გახდიან იძულებულს საკონცენტრაციო ბანაკში მოხვედრილ პოლონელ სოფის არჩევანი გააკეთოს თავის შვილებს, ბიჭსა და გოგოს შორის და სასიკვდილოდ გაწიროს ერთ-ერთი მათგანი; იგივე სნობი მკითხველი რომანის მეორე თავშიც გაიხალისებს, რაკი მიხვდება, რომ ეს ექვსი წლის ვუნდერკინდი მითრიდატი, იმპერატრიცა ეკატერინა დიდისთვის რომ მიუყვანია მამამისს, ძალიან ჩამოჰგავს ჯერომ დევიდ სელინჯერის ბოლო “პოვესტის” – “ჰეპვოურტ-16, 1924”-ის გმირს, შვიდი წლის საიმურ გლასს (თავის მხრივ, საიმურ გლასის პროტოტიპი არის ცნობილი ინგლისელი მათემატიკოსი, დუბლინის უნივერსიტეტის ასტრონომიული ობსერვატორიის დირექტორი, ირლანდიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი უილიამ როუენ ჰამილტონი (1805-1865) – შესაბამისი სტატია იხილეთ ინგლისურ “ნაციონალური ბიოგრაფიების ლექსიკონში”).
აი, ახლა კი ჩვენ შეგვიძლია ამგვარი “აღმოჩენებით” გალაღებული და მწერლის ზემოდან დამყურე (“აბა, რა ეგონა, ვერ მივუხვდებოდით?!”) სნობი მკითხველი პარალელურად მოთხრობილი, მძაფრსიუჟეტიანი რომანის ციტატებით დანაღმულ ველზე უჩვენოდ გავუშვათ და წინდაწინვე შევპირდეთ, რომ ნაწარმოების ცალკეული თავების (“როგორ მოგწონთ ეს?”, “ექიმი მისდაუნებურად”, “ფლიდობა და სიყვარული”, “აურზაური არაფრის გამო”, “მამები და შვილები” და ასე შემდეგ) და თვით პერსონაჟების მამის სახელებშიც კი (“ერემეი უმბერტოს ძე მეტასტაზიო”!) ხშირად მიეცემა სიხარულის მიზეზი.
ხოლო ვინც დავრჩებით, თუკი ჩვენი სიხარულის მიზეზი ის შეიქმნება, რომ ამდენ ნაღმსა თუ ხაფანგს მშვიდობიანად დავაღწიეთ თავი, შეგვიძლია, ყოველგვარი ციტატების ძებნის გარეშე, მივყვეთ მწერლის მიერ მაღალპროფესიული ოსტატობით აგებულ, მართლაც პარალელურ და მძაფრსიუჟეტიან ამბავს, ერთმანეთში გადაძახილებითა თუ სხვა სიუჟეტური სვლებით რომ არის შეკრული.
ასე, მაგალითად, რომანის 21-ე თავში უაღრესად საშიში გამტაცებლებისგან თავდაღწეული ნიკოლას ფანდორინი და მირანდა კუცენკო ახალი იერუსალიმის მონასტრის ეზოში დიმიტრი ალექსის ძე კარპოვის საფლავის ქვაზე კითხულობენ, რომ იგი გარდაცვლილა 1795 წლის 16 მარტს, შვიდი წლის ასაკში და ცივწყალგადასხმულ მკითხველს ჰგონია, მისი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟი მტრად მოკიდებულმა დიდმოხელეებმა მოკლეს – ნეტავი, მაინც რომელმა: ეკატერინა დიდის ფავორიტ პლატონ ალექსანდროვიჩ ზუროვის მდივანმა ერემეი უმბერტოს ძე მეტასტაზიომ თუ იგივე ფავორიტის ადიუტანტმა, პრეობრაჟენსკის პოლკის კაპიტან-პორუჩიკმა ანდრეი პიკინმა, საიდუმლო ექსპედიციის უფროსმა პროხორ ივანოვიჩ მასლოვმა (სინამდვილეში სატანოფაგების მასონური სექტის დიდმა მაგმა!) თუ ბრიგადირმა მირონ ანტიოხოვიჩ ლიუბავინმა, მოსკოვის გუბერნატორმა დავით პეტროვიჩ დოლგორუკმა თუ სულაც მამამ – ალექსეი ვოინოვიჩ კარპოვმა? (აქ და მერეც წიგნში თუკი რუსული გვარ-სახელების კეთილხმოვანება დაგვატყვევებს – ვთქვათ, “პავლინა ანიკიტიშნა ხავრონსკაია”! – შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ დონის მონასტრის საფლავის ქვებთან მოტრიალე გრიგოლ შალვას ძე ჩხარტიშვილი, უკაცრავად, ბელეტრისტი ბორის აკუნინი, წარწერილი გვარ-სახელების პოეზიას ჩვენამდე რომ მოუხიბლავს – ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აცხადებს ინტერნეტში).
მაგრამ მომდევნო, 22-ე თავში მკითხველი აღმოაჩენს, რომ ეს დარდი და წუხილი ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ “აურზაური არაფრის გამო”, ვინაიდან ამ პატარა ვუნდერკინდის მფარველ პავლინა ანიკიტიშნა ხავრონსკაიას და მასზე შეყვარებულ დანილა ლარიონის ძე ფონდორინს გადაურჩენიათ ბიჭი; დანილას დაკარგული შვილის – სამსონის სახელით უშვილებიათ და გადამტერებულ დიდმოხელეთა არწივულ მზერალს ურალს იქით მდებარე ერთ დასახლებაში მოჰფარებიან.
აქვე შეგვიძლია დავუპირისპირდეთ კიდეც დიმიტრი ბიკოვის მოსაზრებას, რომ თითქოსდა “ქალური საწყისი აკუნინთან ყოველთვის მტრულია წესიერებისა და საღი აზრისა, ქალი მასთან – ცვალებადობის განსახიერებაა, რომ არა, სულაც, ღალატისა” (“ოგონიოკი”, ¹ 28, 2002). აბა, მაშინ ვინ არის პავლინა ანიკიტიშნა ხავრონსკაია, გნებავთ ალტინ მამაევა ანდა სულაც მონაზონი პელაგეა?!
რომანის კითხვისას სხვა მრავალ საინტერესო პერსონაჟსა თუ პერიპეტიას გავეცნობით – ვთქვათ და, აღმოვაჩენთ, რომ ეკატერინა დიდის მიერ ვოლტერისთვის გაგზავნილი წერილები ყოფილი კამერ-მდივნის დანილა ლარიონოვიჩ ფონდორინის დაწერილი ყოფილა…
მაგრამ მთავარი ის არის, რომ ამგვარი წაკითხვა ბორის აკუნინის მიერ დასმულ სერიოზულ შეკითხვებამდე მიგვიყვანს, რომლებიც აღარავისი მიბაძვა აღარ არის:
რატომაა, რომ “ჩვენს ჯუნგლებში დიდი ფული აკეთო წვერწამახული ეშვების გარეშე და თან ხელების სისუფთავეზეც იზრუნო, სრულიად შეუძლებელია”? (ტ. 2. გვ. 264).
რატომ იქცევა ნებისმიერი კარგი წამოწყება ისეთ თაღლითობად, რომ ყოფილი კლასელები, ამჟამად კი კოსმეტიკური ქირურგიის მანათობელი ვარსკვლავი მირატ ვილენოვიჩ კუცენკო და “კეთილი ექიმი აიბოლიტის” აფთიაქების ქსელის მეპატრონე ოლეგ სტანისლავოვიჩ იასტიკოვი ერთი ქიმიური კომბინატის ხელში ჩასაგდებად შვილის გაწირვასაც არ ერიდებიან? იმიტომ ხომ არა, რომ “კომერციული ფირმების ნახევარი მაგასვე აკეთებს: შესვამენ ქალს ნაოჭების საწინააღმდეგო რომელიმე კრემზე და მერე იმ კრემის გარეშე იმ გამოჩერჩეტებულ უბედურს სიცოცხლე აღარ შეუძლია – მაშინვე მთელი სიფათი ჩამოეჩაჩება” (ტ. 2. გვ. 254).
რატომ იკითხავს დანილა ფონდორინი – “ო, უბედურო რუსეთო! რატომაა, რომ კანონის დაცვას აქ ყოველთვის ბატკნებს კი არა, მტაცებელ მგლებს ანდობენ?” (ტ. 2. გვ. 45).
რამ გადააქცია, თავისი თქმით “უმაღლესი რანგის პროფესიონალი” ჟანნა ბოგომოლოვა ასეთ არაადამიანად?
რატომ გასჭირვებია ქალაქ ჩუდოვის მახლობლად დასახლებულ, ადრე ფლიბიუსტერ-ბანკირ სოსო გაბუნიას, ამჟამად კი წმინდა მოხუც სისოის ყველას ერთნაირად შეყვარება? – “იცით, ნიკოლოზ ალექსანდრეს ძევ, ყველაზე ძნელი რა არის ქრისტიანულ სწავლებაში? ყველა ადამიანის ერთნაირად სიყვარული – ახლობლისაც და შორეულისაც” (ტ. 2. გვ. 22).
რატომ ამბობდა ბარონი რეიხელი, რუსი ქვისმტეხლებიდან ყველაზე ღირსეული – “ყოველგვარი მასსონობა, რომელსაც პოლიტიკური მიმართულება აქვს, ყალბია” (ტ. 2. გვ. 233) და რა მიმართულება აურჩევიათ “ოქრო-ვარდისფერ ძმობას” ანდა სატანოფაგებს?
აი, აკუნინისეული პრობლემატიკის ის წრე, რომელიც მარტოოდენ რუსეთისთვის, ანდა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცისთვის თუ ევროპისთვის კი არა, მთელი კაცობრიობისთვის აქტუალურად და თანამედროვედ ჟღერს.
ამჯერად, კიდევ ერთი აკუნინისეული ნაღმისა თუ ხაფანგის გაუვნებელყოფა კი არა, ჩადება მოგვიწევს ჩვენი სნობი მკითხველისთვის – გაზეთ “სეგოდნიას” კორესპონდენტ ალექსანდრ მაკარკინთან გამართულ ინტერვიუში ბორის აკუნინი თავისი პროექტის “მაგისტრის თავგადასავლების” პირველი რომანის შესახებ იტყვის: “ალტინ-ტოლობასი” თავისი ჟანრის მიხედვით იმდენად დეტექტივი არ არის, რამდენადაც საიდუმლოების შემცველი რომანი, ერთგვარი ნაზავი “ორი კაპიტნისა” “სამ მუშკეტერთან” უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” დამატებით”. სწორედ ასევე შეუძლია ამ ახალ რომანზედაც განაცხადოს: “კლასგარეშე კითხვა” თავისი ჟანრის მიხედვით იმდენად დეტექტივი არ არის, რამდენადაც პოლიტიკური ინტრიგის შემცველი რომანი, ერთგვარი ნაზავი უილიამ სტაირონის “სოფის არჩევანისა” ჯერომ დევიდ სელინჯერის “ჰეპვოურტ-16, 1924”-თან, უმბერტო ეკოს “ფუკოს ქანქარას” დამატებით”.
და რაკი ამ ერთი პატარა სტატიის მანძილზე აკუნინისეული დანაღმვა-განნაღმვის არცთუ ურიგო სპეციალისტებიც გავხდით, მოდით, ცოტა შევისვენოთ და მწერლის მოსკოვური ხედებითაც დავტკბეთ:
“ესეთია აი ეს ქალაქი – მოსკოვი, მაშინვე კი არ დაგატყვევებს, პირველი გაცნობისთანავე, არამედ ნელ-ნელა შემოაღწევს სულში. ეს თავისებური გიგანტური ხახვია: ასი სამოსი აცვია, ყოველგვარი შესაკრავების გარეშე, ერთი მეორის მიყოლებით ხდი, ხდი, თავად კი სტირი. იმიტომ სტირი, რომ გესმის – ბოლომდე ვერასოდეს გახდი” (ტ. 2. გვერდი არა, ყდაზე უნდა ვნახოთ!).
“მოსკოვი ყველაზე ძალიან ჩეხოვის საყვარელ ტიპაჟს აგონებდა ნიკოლასს: ლამაზ, ოდნავ გადამწიფებულ ქალს, ცოტა ცინიკურს, ყველაფერი რომ ყელში ამოსვლია; არცთუ ბედნიერს სიყვარულში, ქვეყანაზე ყველაფრის მნახველს, მაგრამ მაინც ცხოვრებაზე დახარბებულს. დღისით ამ არკადინა-რანევსკაია-ვოინიცევას მოწყენილობა შემოსწოლია, საშინაოდ გამოწყობილი დადის, მაგრამ საღამოსთვის, როგორც კი სტუმრები შეიკრიბებიან, გაიპუდრება, მოიკაზმება, ცეცხლისგან დამზადებულ ბრილიანტის კოლიეს მოირგებს, პროჟექტორის საყურეებს დაიკიდებს და ისეთ ძუ ლომად გადაიქცევა, შეიძლება დაგაბრმავოს კიდეც” (ტ. 1. გვ. 259).
ამ ჩინებული ლიტერატურული “პეიზაჟების” დათვალიერების შემდეგ, ალბათ, უპრიანი იქნება, მწერლის ისტორიული სამშობლოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე, გურია გავიხსენოთ, სადაც სხვებთან ერთად ახლაც ცხოვრობენ ჩხარტიშვილები.
გურიაში “კრიმანჭულს” მღერიან ხოლმე, მთელი დედამიწის ზურგზე ერთადერთ შვიდხმიან სიმღერას, თავის დროზე გაუგონარი პოლიფონიზმითა და კეთილხმოვანებით ასე ძალიან რომ მოხიბლა და აღაფრთოვანა მეოცე საუკუნის უდიდესი კომპოზიტორი იგორ სტრავინსკი.
იაპონური “სატორითა” (თავისებური “გასხივოსნება” ძენ-ბუდიზმში) და წმინდა რუსეთის მართლმადიდებლობით გამდიდრებულ ასეთ “კრიმანჭულს” მაგონებს ბორის აკუნინის საუკეთესო რომანები, იმდენად ცხადი და კატასავით მოქნილი სტილით გამოირჩევიან. იმ რომანთა შორის “კლასგარეშე კითხვაცა” და “ალტინ- ტოლობასიც” აუცილებლად მეგულება
https://arili2.blogspot.com/2009/09/blog-post.html

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...