შაბათი, აპრილი 4, 2026
4 აპრილი, შაბათი, 2026

მარტოკაცის საქმე – ერნესტ ჰემინგუეი

0

ჰემინგუეი ავადმყოფობის გამო სტოკჰოლმში ვერ ჩავიდა.

“კარგადაც რომ ვიყო, – თქვა ნობელიანტმა, – მაინც არ წავალ, კოსტუმი არასოდეს მცმია და არც ახლა ვაპირებ კოსტუმში გამოწყობასო”.

მწერლის სანობელო სიტყვა ნობელის კომიტეტს ამერიკის ელჩმა გადასცა.

მიუხედავად იმისა, რომ საზეიმო სიტყვის წარმოთქმის ოსტატი არ გახლავართ და არც რიტორიკასა და მჭევრმეტყველებაში გავწაფულვარ, მსურს მადლობა გადავუხადო მათ, ვინც ალფრედ ნობელის უხვ დანატოვარს განკარგავს.

ყოველი მწერალი, რომელმაც იცის, რამდენ დიდ მწერალს არ მიუღია ეს პრემია, ამ ჯილდოს მოწიწებით იღებს. დიდ მწერალთა ჩამოთვლა არც არის საჭირო – დამსწრეთაგან თითოეულს თავისი სიის შედგენა შეუძლია საკუთარი ცოდნისა და სინდისის კარნახით.

წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნის ელჩს იმ სიტყვის წარმოთქმა ვთხოვო, სადაც ყოველი მწერალი საკუთარ გულისნადებს ატევს. მის ნაწერში შეიძლება ისეთი რამ აღმოჩნდეს, თავდაპირველ სიცხადეს რომაა მოკლებული და ამით მწერალმა შესაძლოა მოიგოს კიდეც. ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი სინათლეს შეიძენს და ამაზე, ისევე როგორც მწერლის ნიჭიერებაზეა დამოკიდებული, შემოქმედის სახელი მარადიულად იცოცხლებს თუ დავიწყებას მიეცემა.

მწერლობა, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, მარტოკაცის საქმეა. სამწერლო ორგანიზაციები ცდილობენ, დაეხმარონ მწე­რალს ამ სიმარტოვის დაძლევაში, თუმცა მეეჭვება, რომ ამით ხელი შეუწყონ, შეეწიონ მის შემოქმედებას. იგი იზრდება ხალხის თვალში, როცა ფართო ასპარეზზე გამოდის, მაგრამ ხშირად ეს საზიანოა მუშაობისთვის – მწერალი ხომ მარტოკა მუაშაობს და გამუდმებით იმაზე უნდა ფიქრობდეს, შერჩება თუ არა მომავალს მისი სახელი.

ნამდვილი მწერლისათვის ყოველი ახალი წიგნი ხელახალი დაბადებაა, ცდა მიუღწევლის მისაღწევად. იგი მუდამ უნდა ცდილობდეს შექმნას რაღაც ისეთი, რაც მანამდე არავის გაუკეთებია, ანდა უცდია, მაგრამ უშედეგოდ. და ხანდახან, თუ ბედიც წყალობს, გაიმარჯვებს კიდეც.

იოლი იქნებოდა მწერლობა, კარგად დაწერილის სხვაგვარად გადაწერა რომ კმაროდეს. სწორედ იმის გამო, რომ დიდი მწერლები გვყავდა, დღეს მწერალმა თავისი გზით უნდა იაროს იქით, სადაც მას ვეღარავინ მიეშველება.
მწერლის კვალობაზე შეუფერებლად გამიგრძელდა სიტყვა. რაც სათქმელი აქვს, მწერალმა კი არ უნდა ილაპარაკოს, არამედ – დაწეროს. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ.

როგორ დავწეროთ CV

0

პორტფოლიოს შეფასებისას ყურადღება ექცევა როგორც მის გარეგნულ ფორმას, ასევე
თითოეული დოკუმენტის შინაარსობრივ მხარეს.

პორტფოლიოში თავფურცელსა და სარჩევს უნდა მოსდევდეს პორტფოლიოს ავტორის CV.
რა არის CV (Curriculum Vitae)

Curriculum Vitae ლათინური სიტყვაა და ნიშნავს “ცხოვრების გზას”. CV ძალიან
გავრცელებული და დამკვიდრებული ტერმინია საქართველოში, მაგრამ ხანდახან

მას რეზიუმესაც უწოდებენ.

სრულად

ფიზიკა ამოცანებში 4

0

ვაგრძელებთ ამოცანების ამოხსნების ნიმუშების გამოქვეყნებას. წინამდებარე წერილში განვიხილავთ ბრუნვით მოძრაობას, აგრეთვე რამდენიმე ამოცანას ჰიდროსტატიკიდან და ჰიდროდინამიკიდან. თეორიული მასალა მოიცავს სითხეებში წნევის და წნევის ძალების გაანგარიშებას, არქიმედის კანონს და სხეულების ტივიტივის პირობებს, უწყვეტობის განტოლებას, ბერნულის კანონს და ა.შ.

ვრცლად

ახალი ცნობები თამარისა და დავითის საფლავების შესახებ

0
21-ე საუკუნეს თავისი ისტორიკოსები ჰყავს, რომლებიც ფაქტებსა და მოვლენებს ახლებურად გაიაზრებენ და ისტორიის კვლევაში ახალ ნაბიჯებს დგამენ. ახალგაზრდა მკვლევრის თემურ კენკებაშვილის ნარკვევების კრებული „ქრონოლოგიური პარადიგმები”, რომელიც მე-13 საუკუნის საქართველოს ისტორიულ მოვლენებს იკვლევს, რამდენიმე თვის წინ იხილა საზოგადოებამ. წიგნი აკადემიკოს იულონ გაგოშიძის რედაქტორობით გამოიცა. მთავარი სიახლე, რომლითაც წიგნი მკითხველზე შთაბეჭდილებას ახდენს, თამარ მეფის გარდაცვალების საკითხს ეხება, რაც ასე სადავო და ბურუსით მოცულია თანამედროვე ისტორიოგრაფიაში.

სულ მალე კი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დაისტამბება თემურ კენკებაშვილის საისტორიო ნარკვევების კრებული „აწმყო შობილი წარსულისაგან”, რომელშიც შევა ნაშრომები შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიის საკითხებზე, მათ შორის – ნარკვევები თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის საფლავთა ადგილმდებარეობის შესახებ. ეს ნარკვევები, რომლებსაც სპეციალისტებიც გამოიყენებენ, საინტერესო დამატებით მასალად შეიძლება იქცეს მასწავლებლებისთვისაც აღნიშნული ეპოქის სწავლებისას. მით უფრო, რომ ხალხში ფესვგადგმულ ლეგენდებს ინფორმაციის ნაკლებობის გამო პედაგოგები ხშირად ვერაფერს უპირისპირებენ.

ნარკვევებში ასევე განხილულია ქვემო ქართლის ისტორიისა და გეოგრაფიის საკითხები, სამეფო ხელისუფლებისთვის ბრძოლის ისტორია აღმაშენებლის მემკვიდრეთა მაგალითზე, რამდენიმე ეპიზოდი საქართველოს ეკლესიის უახლესი ისტორიიდან და სხვა. წიგნის რედაქტორია აკადემიკოსი იულონ გაგოშიძე, ხოლო სარედაქციო კოლეგიას წარმოადგენენ პროფესორები: სერგო ვარდოსანიძე, ანდრო გოგუაძე, მანანა ხომერიკი.

თამარის პიროვნება სიცოცხლეშივე შეიმოსა ლეგენდებით და ასევე გადმოჰყვა საუკუნეებს. ყოველივე საუკეთესოსა და მშვენიერს ქართველი ხალხი მას და მის ეპოქას უკავშირებდა. ამავე ლეგენდის ნაწილად იქცა თამარის საფლავის ადგილმდებარეობის საკითხიც, რასაც საისტორიო წყაროების ნაკლებობამაც შეუწყო ხელი. თამარის მეფობის შესახებ მისი თანამედროვე ორი ისტორიკოსი (ერთ-ერთი მათგანის ვინაობა დღემდე დაუდგენელია) და ლაშა გიორგის მემატიანე მოგვითხრობენ.

როგორც ახალგაზრდა ისტორიკოსი აღნიშნავს, საქართველოს ისტორიაში ამ მეფის უაღრესად დიდი როლისა და პოპულარობის მიუხედავად, მის შესახებ გამოკვლევები არცთუ სრულფასოვანია. თემურ კენკებაშვილი ცდილობს, თავის ნარკვევში „გარდაცვალება და დაკრძალვა თამარ მეფისა” ისტორიულ წყაროებსა და მოვლენებზე დაყრდნობით დაასაბუთოს, რომ თამარი 1215 წლის 27 იანვარს გარდაიცვალა და იგი გელათის მონასტერში დაკრძალეს.

თამარის გარდაცვალების თარიღზე მსჯელობა ქართულ ისტორიოგრაფიაში ერთი საუკუნის წინ დაიწყო. ისტორიის სახელმძღვანელოებში სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა თარიღი იყო მითითებული – 1207, 1210, 1212, 1213, 1216 წლები. ამ თარიღის კვლევას პირველად თედო ჟორდანიამ მიჰყო ხელი მე-19 საუკუნის ბოლოს და მანვე ივარაუდა თამარის გარდაცვალების თარიღად 1213 წელი, რასაც შემდეგ ივანე ჯავახიშვილიც ემხრობოდა. საქმე ის არის, რომ თამარის ისტორიკოსები პირდაპირ არსად მიუთითებენ მეფის გარდაცვალების თარიღს, მხოლოდ ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანე ასახელებს 1207 წელს, თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, ეს დავით სოსლანის გარდაცვალების თარიღია და არა თამარისა, ხოლო შეცდომა აშკარად გადამწერებს მოსვლიათ. მატიანეები, როგორც წესი, გადაწერებით ივსებოდა. მაგალითად, აღმაშენებლის მატიანეში თარიღები არ იყო, ისინი შემდგომი პერიოდის გადამწერებმა ჩასვეს.

თამარის მემატიანე, ბასილი ეზოსმოძღვარი, მეფის მხოლოდ სიკვდილის დღეს – 18 იანვარს მიუთითებს, წელზე კი არაფერს ამბობს. თედო ჟორდანიამ დაასკვნა, რომ 1213 წლის შემდეგ თამარი ისტორიულ მოვლენებში აღარ იხსენიება. ამ კუთხით კვლევა კორნელი კეკელიძემ განაგრძო, რომელმაც ეს საკითხი ღრმად შეისწავლა. სხვები თუ არაბულ და სომხურ წყაროებს იშველიებდნენ, მან ანალიზი ქართულ წყაროებზე დაყრდნობით გააკეთა და დაასკვნა, თამარი 1216 წელს უნდა გარდაცვლილიყო.

თემურ კენკებაშვილმა მე-12-13 საუკუნეების თითქმის ყველა ქართული და უცხოური წყარო მოიძია – თამარ მეფის ისტორიკოსთა, ლაშა გიორგის მემატიანის თხზულებები, ვახუშტი ბატონიშვილის „აღწერა სამეფოსა საქართველოისა”, შუა საუკუნეების ქრონოლოგიური ცნობები, ასევე – სომეხი ისტორიკოსების მხითარ აირივანეცის, სტეფანოზ ორბელიანის, ვარდან არევნეცის და სხვათა ნაშრომები.

თემურ კენკებაშვილი: „შუა საუკუნეებში ბიზანტიური ისტორიოგრაფია მიიჩნევდა, რომ მაღალი დონის ნაწარმოებში თარიღები არ უნდა ყოფილიყო. მათი გავლენით ქართველი ისტორიკოსებიც იშვიათად მიუთითებდნენ. ასევეა ბასილი ეზოსმოძღვრის თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”, თუმცა კი მასში აღწერილი ფაქტები მოწმობს, რომ თამარი 1210 წელს და მის შემდეგაც ცოცხალია. მაგალითად, ამ წელს გაილაშქრეს ქართველებმა ირანში და ეს ლაშქრობა უშუალოდ თამარის ბრძანებით მოხდა. ისტორიკოსს დაწვრილებით აქვს აღწერილი ლაშქრის გაგზავნის ამბები. ამის შემდეგ გარდაიცვალა ზაქარია მხარგრძელი, რაც, როგორც ლაპიდარული წარწერებიდან და ისტორიული დოკუმენტებიდან დავადგინეთ, 1212 წელს უნდა მომხდარიყო. ზაქარიას გარდაცვალების შემდეგ თამარი ათაბაგობას აძლევს მის ძმას ივანეს. შემდეგ უკვე მემატიანე აღწერს სამეფო კარის ცხოვრებას – თამარის ზამთრისა და ზაფხულის დასვენების ამბებს, რასაც მოსდევს ამბები მთიელთა აჯანყების ჩახშობისა, რაც თამარმა უშუალოდ დაავალა ივანე ათაბაგს. ეს კი 1213 წლის ივნის-ივლის-აგვისტოში უნდა მომხდარიყო. ამის შემდეგ მემატიანე იწყებს თამარის გარდაცვალების ამბის თხრობას. როგორც ბასილი ეზოსმოძღვარი წერს, დაავადება დედოფალს ნაჭარმაგევში ყოფნისას გამოაჩნდა ადრე გაზაფხულზე. მაგრამ ეს უკვე მთიელთა აჯანყების მომდევნო წლის გააფხულია, ანუ 1214 წელი. იგი სასწრაფოდ თბილისში წამოიყვანეს, მერე კი „აგარათა ციხეში” ანუ დღევანდელ კოჯრის ციხეში გადააბრძანეს, სადაც გარდაიცვალა კიდეც იანვარში, ესე იგი, 1215 წელს. რაც შეეხება გარდაცვალების თარიღს, 27 იანვარს, ის პირდაპირ არის მითითებული იერუსალიმის სვინაქსარში, სადაც 27 იანვარს მიწერილია ასეთი ტექსტი: „ამ დღესა განცვალა აქათ ესე მეფობაი ცხოვრებად და სუფევად საუკუნოდ ნეტარებით მოხსენებულმან თამარ დედოფალმან, რომლისა ხსენებაი და კურთხევაი საუკუნომცა არს”.

რაც შეეხება მეფე ქალის ლეგენდადქცეულ საძვალეს, ამაზე კამათი ისევ მე-20 საუკუნეს უკავშირდება. მანამდე ყველა მემატიანე ერთხმად მიუთითებს, რომ თამარი გელათში, ბაგრატიონთა საძვალეში დაკრძალეს: „წარიყვანეს სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხსა პატიოსანსა”, – რაც სავსებით ლოგიკური იყო.
მე-19 საუკუნეში თამარის საფლავი მოუნახულებია თბილისიდან იერუსალიმში ფეხით მიმავალ გიორგი ავალიშვილს. 

„როდესაც 1919 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა ამ მიზნით გელათი გათხარა, მან მხოლოდ ერთი საფლავის გახსნა მოასწრო, სადაც თამარი არ აღმოჩნდა, მეორე საფლავი კი არ გაახსნევინეს და ექსპედიცია შეწყდა. შესაძლოა, თამარის ნეშტი იქ არც აღმოჩენილიყო, როგორც აღმაშენებელი არ აღმოჩნდა პირვანდელს ადგილას, რადგან, წმინდანად შესხმის შემდეგ, წესად იყო ნეშტის ამოსვენება და საკურთხეველში დაკრძალვა. ასე აღმოჩნდა აღმაშენებლის ნეშტი გელათის ტრაპეზის ქვეშ, რაზეც საბინინი წერს. სავარაუდოდ, თამარის ნეშტიც გელათის საკურთხეველში უნდა ვეძებოთ”, – ამბობს თემურ კენკებაშვილი.

ახალგაზრდა ისტორიკოსი თამარის სამუდამო განსასვენებლზე მსჯელობისას ქართულ და უცხოურ წყაროებს ეყრდნობა, რომელთა შესწავლაც საფუძველს აძლევს დაასკვნას, რომ თამარი გელათის მონასტერში დაკრძალეს. რაც შეეხება საფლავის შემდგომ ისტორიას, ნარკვევის ავტორის აზრით, მოვლენები ასე განვითარდა:
„დღეს ფართო საზოგადოებამ იცის, რომ თამარის საფლავის ადგილი უცნობია, რასაც უამრავი ლეგენდა ამყარებს. მიუხედავად იმისა, რომ თამარის ისტორიკოსები პირდაპირ წერენ: „წაიყვანესა სამკვიდრებელსა მათსა გელათს და დამარხეს სამარხსა პატიოსანსა”, – ხალხში უფრო პოპულარულია მისი იდუმალებით მოსილი საფლავის ვერსია. მე-17-19 საუკუნეებში ხალხის ცნობიერებაში ჯერ კიდევ არსებობდა ინფორმაცია, რომ თამარი გელათის მონასტერში იყო დაკრძალული და პირდაპირ მიუთითებდნენ ადგილზე – გელათის ღვთისმშობლის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთ მინაშენზე, რომელიც თამარის ეკვდერად არის წოდებული. აქ 1730 წელს იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ დაკრძალა თავისი მეუღლე დარეჯან დედოფალი… თვით ალექსანდრეს აქვს შედგენილი სპეციალური გუჯარი, სადაც წერს, რომ გელათის ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით „იპოებოდა დრო-ჟამთაგან დაძველებული ეკვდერი”, რომელიც მან აღადგინა და მეუღლე იქ დაკრძალა. ზოგიერთი ისტორიკოსი ფიქრობდა, რომ ალექსანდრე V-მ უკანონოდ მიითვისა თამარის განსასვენებელი. ცხადია, ეს არ მომხდარა. ქრისტიანი მეფე საფლავის შეურაცხყოფას არ იკადრებდა. მით უფრო, გუჯარში აღნიშნულია, რომ მან ეს კათალიკოსის თანხმობით გააკეთა. ჩანს, იმ დროისათვის თამარი ეკვდერიდან გადასვენებულია. ამას ეხმიანება მე-19 საუკუნის რუსი მოგზაურის ანდრეი მურავიოვის ცნობა, რომლისთვისაც იმერეთის მიტროპოლიტს დავით წერეთელს უთქვამს, რომ მე-18 საუკუნემდე თამარის საფლავს ყოველწლიურად ხსნიდნენ და იქ იხდიდნენ პანაშვიდს”.

1920 წელს, როცა ექვთიმე თაყაიშვილმა თამარის ეკვდერი გათხარა, იქ მხოლოდ ალექსანდრე V-ისა და დარეჯან დედოფლის საფლავები დახვდა. გაუთხრელი საფლავი, სავარაუდოდ, დავით ნარინს უნდა ეკუთვნოდეს, მაგრამ ეს სხვა კვლევის თემაა. არ მოიპოვება არავითარი ცნობა იმის შესახებ, რომ თამარი გელათის ან რომელიმე სხვა ტაძრის საკურთხეველში გადაასვენეს. მისი ნეშტის გადასვენების შესახებ ერთადერთი ცნობა არსებობს – ფრანგი ჯვაროსანი რაინდის, დე ბუას ეპისტოლე, რომლის მიხედვითაც, ლაშა გიორგი უზარმაზარი მხედრობით მიემართება წმინდა მიწაზე საბრძოლველად და თან მიაქვს თამარის ნეშტი. თემურ კენკებაშვილი ვარაუდობს, რომ ამ ეპისტოლეში რაღაც სხვა ლეგენდა აისახა, რადგან ლაშა გიორგი იმ პერიოდში თამარის გადასვენებას ვერ მოახერხებდა. დე ბუას ეპისტოლეს სიმართლეში ეჭვის შეტანის საფუძველს ახალგაზრდა მკვლევარს ის ფაქტი აძლევს, რომ მე-11 საუკუნეში გავრცელდა ლეგენდა იოანე პრესვიტერის შესახებ. დე ბუას ეპისტოლეს მსგავს ასობით წერილს ნახავთ, სადაც ნათქვამია, რომ იოანე პრესვიტერი ლაშქრით გაემართა წმინდა მიწისკენ იერუსალიმის გასათავისუფლებლად. სავარაუდოდ, ლაშა გიორგი ამ ლეგენდარული პიროვნების პროტოტიპია; შეუძლებელია, დე ბუას ეპისტოლეში სიმართლე ვეძიოთ, რადგან არ გვაქვს იმის დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი, რომ ლაშა იერუსალიმისკენ დაიძრა. მე-13 საუკუნის 10-იანი წლების შემდეგ საქართველოში ისეთი გეოპოლიტიკური ვითარება იყო, რომ შეუძლებელია, ქართველებს იერუსალიმისკენ გაელაშქრათ. ლეგენდა მაინც დაილექა ხალხში. უფრო მეტიც – საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სწამთ, რომ თამარი საიდუმლო ვითარებაში სწორედ მათ მხარეში დაკრძალეს.

თამარის გადასვენება მისი წმინდანად შერაცხვის შემდეგ უნდა მომხდარიყო, მაგრამ როდის შერაცხეს? ამის შესახებ არც საერო და არც სასულიერო ხასიათის დოკუმენტი არ მოგვეპოვება. თემურ კენკებაშვილმა დაიწყო კვლევა იმის მიხედვით, როდიდან ზეიმობს საქართველოს ეკლესია თამარის ხსენების დღეს. არსებობს მე-11 საუკუნეში გადაწერილი დიდი სვინაქსარი, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება (A 97 ხელნაწერი) და სადაც ერთ-ერთი მინაწერი ასეთი შინაარსისაა: „თვესა მაისსა პირველსა, ამასვე დღესა, წმიდისა ნეტარისა თამარ დედოფლისა”. მინაწერს თარიღი არ უზის, მაგრამ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარმა სპეციალისტმა ენრიკო გაბიძაშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ იგი მე-13 საუკუნის მე-2 ნახევარს უნდა ეკუთვნოდეს. ეს დღე საეკლესიო კალენდარში თამარის ხსენების დღეა. უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი წმინდანად შერაცხვა და საკურთხეველში ან მასთან ახლოს გადასვენება მე-13 საუკუნეშივე, უკვე მონღოლთა ბატონობის პერიოდში მოხდა.

რასაკვირველია, არქეოლოგიური გათხრები დაადასტურებდა ახალგაზრდა მეცნიერის ჰიპოთეზას, თუმცა მოქმედი ტაძრის საკურთხევლის გათხრა იოლი არ არის, ამაზე საპატრიარქომ უნდა იმსჯელოს. გარდა იმისა, რომ არქეოლოგიური გათხრები იქ წირვა-ლოცვას რამდენიმე თვით შეაფერხებს, წმინდანის ნეშტთან შეხებაც არ იქნება ადვილი.

თემურ კენკებაშვილს მიაჩნია, რომ იქვე უნდა იყოს დავით აღმაშენებლის საფლავიც.
ფაქტია, დავითი გელათის კარიბჭეში იყო დაკრძალული, იქ, სადაც დარუბანდის კარი კიდია. თუმცა ისიც ვიცით, რომ ექვთიმე თაყაიშვილმა გათხრისას ამ ადგილას ადამიანის ნეშტის ვერავითარი ნიშანწყალი ვერ აღმოაჩინა. საინტერესოა, რატომ დაკრძალეს მეფე ტაძრის კარიბჭეში. თემურ კენკებაშვილის აზრით, ამაზე პასუხის გაცემა ლოგიკურად შეიძლება, ყოველგვარი ლეგენდის გარეშე. დავითმა გელათის ტაძრის მშენებლობა 1106 წელს დაიწყო და როდესაც გარდაიცვალა, ტაძარი დასრულებული არ იყო. თავის მეორე ანდერძში აღმაშენებელი წერს: „ხოლო დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად. და წარმყვა მისთვისცა ტკივილი სამარადისო. აწ შვილმან ჩემმან მეფემან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ საუკუნოდ სალოცავად ჩემთვის, მისთვის და მომავალთა ჩემთათვის”. და რაკი ტაძარი დასრულებული არ იყო, მეფე შესასვლელში დამარხეს. „თუნდაც დაებარებინა, კარიბჭეში დამმარხეთო, შთამომავალი იქ არ დაკრძალავდა. საფლავზე ფეხის დადგმის ლეგენდა, სავარაუდოდ, „გალობანი სინანულისანის” ანარეკლია. როგორც ჩანს, შემდეგ, ასევე წმინდანად შერაცხვის გამო, მეფის ნეშტი გადაასვენეს. ამის თაობაზე უკვე ცნობა მოგვეპოვება. მე-19 საუკუნეში მიხეილ საბინინი „საქართველოს სამოთხეში” წერს, დავითი ოდეს წმინდანად შერაცხეს, დაკრძალეს გელათის ტრაპეზის ქვის ქვეშო. მართალია, ეს ცნობა გვიანდელია, მაგრამ უდავოდ ძველი წყაროებიდან უნდა მომდინარეობდეს. რაც შეეხება დავითის წმინდანად შერაცხვის თარიღს, ამის შესახებ არავითარი ცნობა არ გაგვაჩნია და ამაზე საუბარი რთულია. სავარაუდოდ, ეს მე-13 საუკუნის ბოლოს ან მე-14-ის დასაწყისში უნდა მომხდარიყო”, – ასეთია ახალგაზრდა მეცნიერის დასკვნა.

ინტერნეტის შექმნის მოკლე ისტორია

0
ინტერნეტის შექმნის ზუსტ თარიღს ვერ დავასახელებთ. მან მრავალი საფეხური გაიარა, ვიდრე საბოლოო, ჩვენთვის ნაცნობ სახეს მიიღებდა. მისი განვითარება შეგვიძლია რამდენიმე ეტაპად დავყოთ. ერთ-ერთი ასეთი ეტაპი 1969 წლის 29 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ერთმანეთისგან 640 კილომეტრით დაშორებულ ორ კომპიუტერს შორის პირველი ინტერნეტკავშირი შედგა. ამ შემთხვევაზე ქვემოთ დაწვრილებით ვისაუბრებთ, მანამდე კი ორიოდე სიტყვით ინტერენტის პრეისტორიას მოგითხრობთ.

პრეისტორია

 

მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა ხელოვნური თანამგზავრი შექმნა და 1957 წელს დედამიწის ორბიტაზე გაუშვა, შეერთებული შტატების თავდაცვის უწყებამ მიიჩნია, რომ საბჭოთა კავშირში ტექნოლოგიები მაღალ დონეზე იყო განვითარებული და ფართომასშტაბიანი ომის შემთხვევაში ამერიკელებს ინფორმაციის გადაცემის საიმედო სისტემა დასჭირდებოდათ. მანამდე არსებული სისტემების ერთ-ერთი ნაკლი ის იყო, რომ მათ სამართავი ცენტრი ჰქონდათ, ანუ ადგილი, რომლის გათიშვის შემთხვევაშიც მთელი სისტემა ითიშებოდა. მაგალითად, ტელევიზიაში ცენტრალური სააპარატო თუ გამოირთო, მთელი ტელევიზია გაითიშება. რადიოც იმავე პრინციპზეა აგებული. საჭირო იყო ისეთი ქსელის შექმნა, რომელსაც არ ექნებოდა მართვის ერთიანი ცენტრი და რომელიმე სეგმენტის გათიშვის შემთხვევაში დანარჩენები შეუფერხებლად იმუშავებდა. ამ მიზნით დაარსდა მოწინავე პროექტების კვლევის სააგენტო – Advanced Research Projects Agency, ცნობილი როგორც ARPA. სწორედ იქ შეიმუშავეს ინტერენტის კონცეფცია.
ამრიგად, ინტერნეტის შექმნის იდეა ამერიკელ სამხედროებს ეკუთვნით, იდეის განხორციელება კი ამერიკულმა უნივერსიტეტებმა ითავეს. ასე შეიქმნა ინტერენტის წინამორბედი – ARPANET-ი.

პირველი ინტერნეტკავშირი

 

1969 წლის 29 ოქტომბერს ARPANET-ში ჩართულ ორ ობიექტს შორის პირველი კავშირი შედგა. ისინი ერთმანეთისგან 640 კილომეტრით იყვნენ დაშორებულნი. ერთი კალიფორნიის უნივერსიტეტში, ქალაქ ლოს-ანჯელესში (UCLA) მდებარეობდა, მეორე კი – სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტში (SRI). ჩარლი კლაინი (Charley Kline) ცდილობდა, სტენფორდის კვლევათა ინსტიტუტის კომპიუტერს დაკავშირებოდა და მისთვის მონაცემები გადაეგზავნა. მონაცემთა გადაცემის პროცესს სტენფორდში ბილ დიუვალი (Bill Duvall) აკვირდებოდა. ამ ისტორიული ექსპერიმენტის შედეგებს იგი ტელეფონით ამცნობდა კოლეგას.
პირველი ჩართვისას მხოლოდ სამი სიმბოლოს გადაგზავნა (LOG) მოხერხდა, რის შემდეგაც ქსელმა ფუნქციობა შეწყვიტა. გადასაცემი სიტყვა იყო LOGON (ანუ სისტემაში შესვლის ბრძანება). სისტემის სამუშაო რეჟიმში დაბრუნება მხოლოდ საათ-ნახევრის შემდეგ მოხერხდა და მომდევნო ცდა წარმატებით დასრულდა. სწორედ ეს თარიღი შეიძლება ჩაითვალოს ინტერნეტის დაბადების დღედ.
ამერიკის შეერთებული შტატების პარალელურად ევროპის ქვეყნებშიც დაიწყეს ინტერნეტის მსგავსი ქსელების შექმნა. 1973 წელს ტრანსატლანტიკური კაბელის საშუალებით მასში პირველი არაამერიკული ორგანიზაციები ჩაერთო (დიდი ბრიტანეთიდან და ნორვეგიიდან) და ქსელი საერთაშორისო გახდა. 1983 წელს კი „ინტერნეტი” ეწოდა ერთიან ქსელს, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ARPANET-ი წარმოადგენდა.

თანამედროვე საკომუნიკაციო ქსელი

 

თავდაპირველად ინტერენტის საშუალებით მხოლოდ ინფორმაციის გაგზავნა და მიღება იყო შესაძლებელი. ეს იმ დროისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ, რადგან დიდი მოცულობის ინფორმაციის გაგზავნა და მიღება მანამდე მხოლოდ ფაქსით იყო შესაძლებელი. ფაქსით მრავალგვერდიანი ტექსტის გაგზავნა და მიღება, მოგეხსენებათ, რამდენიმე სირთულესთან არის დაკავშირებული, ინტერენტით კი ეს იოლად ხერხდება. გარდა ამისა, ინტერნეტის საშუალებით შესაძლებელია ერთი და იმავე დოკუმენტის ერთდროულად რამდენიმე ადგილას გაგზავნა, რის შესაძლებლობასაც ფაქსი, ასევე, მოკლებულია.
შექმნის მომენტში ინტერნეტი ცარიელი იყო; ამ რთული, მაღალტექნოლოგიური ქსელის მეშვეობით ადამიანები მხოლოდ ინფორმაციას უცვლიდნენ ერთმანეთს.

ტიმ ბერნერს ლის გამოგონება

 

ასე გაგრძელდა, სანამ ერთ მეცნიერს არ დაებადა იდეა, რომელმაც ინტერნეტი მილიონობით ადამიანისთვის შეუცვლელ ინსტრუმენტად აქცია. 1989 წელს ევროპაში, ცერნის ლაბორატორიაში (ფრ. Conseil Européen pour la Recherche Nucléaire, CERN), ტიმ ბერნერს ლიმ (Sir Timothy John «Tim» Berners Lee) ვების (World Wide Web (WWW)) კონცეფცია წარადგინა. იდეა, ერთი შეხედვით, მარტივი და დღევანდელი გადასახედიდან სავსებით ბუნებრივი იყო – ინტერნეტის მომხმარებლებს, ნაცვლად იმისა, რომ ინფორმაცია ერთმანეთისთვის გაეგზავნათ, მისი ინტერნეტში განთავსების საშუალება მიეცემოდათ.
ასე გაჩნდა ჩვენთვის ნაცნობი ვებგვერდები.
ტიმ ბერნერს ლი კიდევ უფრო შორს წავიდა და თავის მიერ შექმნილი ვებგვერდები ერთმანეთთან ბმულებით დააკავშირა, რათა მომხმარებელი ადვილად გადასულიყო სხვა გვერდზე და თავისთვის საინტერესო თემის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიეღო.
საყურადღებოა, რომ ტიმ ბერნერს ლის თავისი გამოგონება არ დაუპატენეტებია, მან ის კაცობრიობას აჩუქა. მის გამოგონებას ამ წერილის მკითხველებიც ყოველგვარი გადასახადის გარეშე იყენებთ. ხოლო იმ კომპანიებმა, რომლებიც დღეს ინტერენტგიგანტებად მიიჩნევიან (Google, Amazon, Facebook და სხვა), სწორედ ტიმ ბერნერს ლის გამოგონების ხარჯზე იშოვეს კაპიტალი.

ინტერენტი ყველგან

 

1990 წელს ინტერნეტში სატელეფონო ხაზით (Dialup access) შეერთება გახდა შესაძლებელი. ამრიგად, ინტერნეტის გამოყენება გამარტივდა და ქსელი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. ამან ინტერნეტში მასობრივ ჩართვას შეუწყო ხელი.
დღესდღეობით ინტერნეტში ჩართვის უამრავი საშუალება არსებობს: თანამგზავრული კავშირი, ტელეფონი, ფიჭური კავშირი, სპეციალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ხაზები და სხვა. ვები დღევანდელი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
ინტერნეტის აუდიტორია ხუთი წლის განმავლობაში 50 მილიონ მომხმარებლამდე გაიზარდა. სხვა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს მსგავსი შედეგის მისაღწევად გაცილებით მეტი ხანი დასჭირდათ: რადიოს – 38 წელი, ტელევიზიას – 13, ინტერნეტს კი საამისოდ სულ რაღაც 5 წელი ეყო.
2010 წლის იანვრიდან ინტერნეტით სარგებლობა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდანაც გახდა შესაძლებელი. როდესაც ერთ-ერთ კოსმონავტს ჰკითხეს, როგორ გამოიყენა პირველად ინტერნეტი კოსმოსში, მან უპასუხა, რომ კოსმოსიდან მეუღლისთვის ინტერნეტით საჩუქარი დაუკვეთა.

ჟაკ გოდიე – ფრანგული მისია

0

ფრანგული ენასა და ლიტერატურის მასწავლებელი ჟაკ გოდიე,ოთხი წელიათბილისში განსაზღვრული მისიით ჩამოდის.ის საფრანგეთში დაახლოებით 40 წელი ასწავლიდა კოლეჯსა და ლიცეუმში. 2008 წლიდან იგი ქალაქ ნანტის AGIR ასოციაციის წევრია. ამჟამად ჟაკ გოდიე ორი თვით სტუმრობს რობერ შუმანის სახელობის ევროპულ სასწავლებელთან არსებულ თბილისის მარი ბროსეს სახელობის ფრანგულ-ქართულ სკოლა-ლიცეუმს, სადაც მოსწავლეები ქართულთან ერთად ფრანგულ ატესტატსაც იღებენ.

 

ბატონო ჟაკ, გვიამბეთ AGIR  ასოციაციის  შესახებ.

ეს ასოციაცია რამდენიმე წელია არსებობს. მისი წევრები სხვადასხვა პროფილის მასწავლებლები არიან. მათ საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ პედაგოგიური მეთოდებისა და მიდგომების გამოყენების კუთხით. ასოციაციის მისიაა, გამოცდილების გაზიარებისა და დახმარების მიზნით მასწავლებლები სხვადასხვა ქვეყნის სკოლებში გაანაწილოს. ასოციაციის წევრები მიწვეულნი არიან როგორც საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონის სკოლებში, ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ბელგია, იტალია, ჩინეთი, აფრიკა, რუსეთი, მაკედონია, საქართველო. ისინი ეხმარებიან როგორც მასწავლებლებს, ასევე სკოლის მოსწავლეებსაც. ასოციაცია 80-მდე პედაგოგს აერთიანებს. არსებობს ამ ორგანიზაციის პატარ-პატარა ფილიალები საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში მოთხოვნების შესაბამისად. ამ ორგანიზაციის წევრობა ნებაყოფლობითია და არაანაზღაურებადი. ასოციაციის წევრები მოხალისე მასწავლებლები არიან. თუმცა ნანტის მერია გამოყოფს გარკვეულ თანხას ასოციაციისთვის და სხვადასხვა ქვეყანაში მივლინებულ ფრანგ მასწავლებლებს გზის ხარჯებს უნაზღაურებს.

რამდენი ხანია, თქვენი ასოციაციიდან მოწვეული მასწავლებლები თბილისის სკოლებში ასწავლიან? რომელი სკოლებია ესენი?

ჩვენი ორგანიზაცია თხოვნას იღებს სხვადასხვა ქვეყნის სკოლების ხელმძღვანელებისგან. თუ შეთანხმებას მივაღწიეთ, სკოლაში განსაზღვრული მისიითა და ხნით იგზავნება პედაგოგი. თბილისსა და ნანტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს, ნანტის მერია მეგობრობს თბილისის მერიასთან, ამდენად, ჩვენთვის თბილისში ჩამოსვლა ადვილია. თბილისის ორ სკოლასთან დაახლოებით თხუთმეტი წელია ვთანამშრომლობთ. ესენია თბილისის 151-ე საჯარო სკოლა და მარი ბროსეს სახელობის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმი.

უფრო დაწვრილებით გვიამბეთ მისიის შესახებ.

საქართველოში ჩამოსულ მასწავლებლებს სხვადასხვა მისია გვაკისრია. 151-ე სკოლაში ჩვენი პედაგოგები ფრანგული ენისა და ლიტერატურის ქართველ მასწავლებლებს სწავლების როგორც თანამედროვე, ისე ევროპის სკოლებში არსებულ მეთოდებს აცნობენ, თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ, სკოლის მოსწავლეებს ფრანგული ენის გრამატიკის ადვილად ათვისებაში ეხმარებიან, ასწავლიან გამართულ, სწორ მეტყველებას, თუმცა ფრანგი მასწავლებლები გაკვეთილებს არ ატარებენ. მარი ბროსეს სკოლაში კი ჩვენ რამდენიმე მისია გვაკისრია, რადგან სკოლა შედის ჩრდილო და აღმოსავლეთ ევროპის სასკოლო ქსელში, სწავლება მიმდინარეობს როგორც ქართულ, ასევე ფრანგულ სექტორში, ყველა საგანი ფრანგულ ენაზე ისწავლება. გარდა ამისა, არის ისეთი საგნები, რომლებსაც ქართულ სკოლებში არ ასწავლიან. ამ სკოლის პედაგოგებს დახმარება სჭირდებათ, რადგან მათ მიერ ჩატარებული გაკვეთილები ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. ჩვენ მზად ვართ, მათ ყველა კითხვაზე ვუპასუხოთ და საჭიროებისამებრ დავეხმაროთ, ასევე მოვიძიოთ პედაგოგები, რომლებიც ინტერნეტის მეშვეობითაც შეძლებენ ქართველი კოლეგების დახმარებას სავარჯიშოებით, სახელმძღვანელოებით თუ ინტერნეტრესურსებით. აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დავალებები საკონტროლოების სახით იგზავნება საფრანგეთში და კლასიდან კლასში გადასვლა საფრანგეთიდან მიღებულ შეფასებაზეა დამოკიდებული, ამდენად, მნიშვნელოვანია, სწორად მოამზადონ ნებისმიერი საგნის შემაჯამებელი თავი.

მარი ბროსეს ქართულ-ფრანგულ სკოლა-ლიცეუმში გამოვყოფდი რამდენიმე მისიას, რომლებიც მოხალისე ფრანგ პედაგოგებს გვაკისრია:

პირველი – ყოველ სასწავლო წელს სამი პედაგოგი ორ-ორი თვით ჩამოდის ამ სკოლაში. ისინი ატარებენ გაკვეთილებს როგორც ცალკე, ასევე ქართველ მასწავლებლებთან ერთად. ეს დიდ დახმარებას უწევს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, რომლებიც საატესტატო (საფრანგეთში – Brevet დაBac) გამოცდებისთვის ემზადებიან. ისინი, ისევე როგორც მათი ფრანგი თანატოლები, გამოცდებს საფრანგეთში, ნანტში აბარებენ. სასწავლო წლის განმავლობაში რამდენიმე თვით ჩვენი მასწავლებლების ჩამოსვლა ეხმარება არა მარტო მოსწავლეებს, არამედ ამ სკოლის პედაგოგებსაც, რომლებსაც საშუალება ეძლევათ, დახვეწონ სასაუბრო ენა, აითვისონ ახალი მეთოდები და მოისმინონ ჩვენგან ზოგიერთი რთული სიტყვის განმარტება.

მეორე – სკოლის X და XII კლასების მოსწავლეები ყოველ წელს ერთი ან სამი თვით მიემგზავრებიან ნანტში და იქაურ კოლეჯში ან ლიცეუმში სწავლობენ. დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები გამოცდების ჩასაბარებლადაც მიდიან ნანტში. ჩვენი ორგანიზაცია მათთვის მოიძიებს ოჯახებს, რომლებსაც შეუძლიათ, უფასოდ უმასპინძლონ მოსწავლეებს. აქ ბავშვები ყველა საგანს ფრანგულ ენაზე სწავლობენ. “ფრანგულ გარემოში” იხვეწება მათი ფრანგულიც. ამ სკოლის ბევრი მოსწავლე უკვე სწავლობს საფრანგეთის უნივერსიტეტებში. ვფიქრობ, ეს უკვე ნიშნავს მისიის შესრულებას, თუმცა ჩვენ დღემდე ვთანამშრომლობთ.

და მესამე – ორგანიზაცია საკუთარ თავზე იღებს, დაეხმაროს სკოლას და მოიძიოს ისეთი საგნების სპეციალისტები, როგორიცაა ფილოსოფია, ეკონომიკა, ტექნოლოგია. ამ საგნებში ტარდება ონლაინგაკვეთილები. ეს ის საგნებია, რომელთა სწავლებაც, საფრანგეთის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სავალდებულოა.

გარდა ამისა, ზოგჯერ მასწავლებლებიც იგზავნებიან საფრანგეთში სტაჟირებაზე. მათი მგზავრობის ხარჯებს ჩვენი ორგანიზაცია იხდის. 2012 წლის იანვარში ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელი ორი კვირით ესტუმრა ლა ერდრის ლიცეუმს ნანტში. სტაჟირების მიზანი დამამთავრებელ კლასებში საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება გახლდათ. შარშან თბილისში იმყოფებოდა AGIR ასოციაციის წევრი, ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელი ჟოზიან გარო (Josiane Garreau) და ქართველი პედაგოგის სტაჟირება საფრანგეთში სწორედ მასთან თანამშრომლობით განხორციელდა. შარშან სტაჟირებაზე დაწყებითი კლასის მასწავლებელი გაიგზავნა.

მართავთ თუ არა ტრეინინგებს მასწავლებლებისთვის?

– საჭიროებისამებრ. გასულ სასწავლო წელს თბილისს ესტუმრა ბატონი ჟან-მარი ბალტაზარი (Jean-Marie-Balthazar), რომელიც მთელი ვიზიტის განმავლობაში დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ტრენინგებს მართავდა. ტრენინგი შეიძლება ჩაუტარდეს როგორც ერთ პედაგოგს ცალკეული პროგრამით, ასევე პედაგოგების ჯგუფს.

– პრეზენტაციებსა და პროექტებშიც ხომ არ მონაწილეობთ ქართველ პედაგოგებთან ერთად?

– როდესაც პედაგოგს სჭირდება რჩევა პრეზენტაციის გამართვის თაობაზე, სიამოვნებით ვაძლევთ. ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებით მასწავლებლები ინტენსიურად ამზადებენ პროექტებს. გამოვარჩევდი შარშანდელ პროექტს, რომელშიც სპექტაკლი იყო ჩართული. მასში პედაგოგების თხოვნით გარკვეული ცვლილება შევიტანე და საინტერესო გამოვიდა. ამ პროექტმა ლიონში მასწავლებელთა მე-4 საერთაშორისო ფორუმზე გამარჯვება მოიპოვა.

– შეიძლება თუ არა, თქვენი ორგანიზაცია საქართველოს სხვა სკოლების პედაგოგებსაც დაეხმაროს?

რა თქმა უნდა, შეიძლება. ამისთვის მათ ჩვენს ორგანიზაციას უნდა მიმართონ. იმისდა მიხედვით, რა ტიპის დახმარებას ითხოვს სკოლა თუ ცალკეული პედაგოგი, შეიძლება ეს დახმარება ინტერნეტსივრცითაც შემოიფარგლოს. შეთანხმების შემთხვევაში ჩვენ, მოხალისე მასწავლებლები, მათი სკოლის კარსაც შევაღებთ.

ნებისმიერი უცხო ენის შესწავლა პრაქტიკულ გარემოში ადაპტირების შედეგია. ხშირად ნაყოფიერი საგაკვეთილო პროცესი იძლევა ამ შედეგს, შედეგი კი მისიის აუცილებელი კომპონენტია, რომლისთვისაც “მასწავლებელი” ანაზღაურების გარეშეც კი მზადაა, ფასდაუდებელი საქმიანობა გასწიოს.

 

ესაუბრა ხათუნა გოგალაძე

მეთოდოლოგიური სწავლება მოსწავლეებს სკოლასთან მჭიდროდ აკავშირებს

0
გევინი ნიჭიერი და მეგობრული ახალგაზრდაა ნევარკიდან (ნიუ-ჯერსის შტატი). მან ხუთი წლის წინ მიატოვა სკოლა. ცოტა ხნის წინ გევინმა GED პროგრამაში ჩარიცხვა განიზრახა. ჩვენ ერთმანეთს ვაშინგტონში, განათლების საკითხებისადმი მიძღვნილ ნაციონალურ კონფერენციაზე შევხვდით. შესვენებისას გამოველაპარაკე და ვკითხე, როდის დაკარგა სკოლაში სწავლისადმი ინტერესი.
გევინი გააკვირვა ამ შეკითხვამ. „აქამდე ეს ჩემთვის არავის უკითხავს”, – მითხრა მან, ხანმოკლე პაუზის შემდეგ კი მიპასუხა: „მესამე კლასიდან. მასწავლებელმა ტესტი მოგვცა და მივხვდი, რომ ეს ტესტი მე არ მეხებოდა… სწავლისადმი ჩემი დამოკიდებულება უფრო და უფრო გაუარესდა. ეს განსაკუთრებით მეხუთე კლასიდან გახდა საგრძნობი და სწორედ იმ დღეს, როცა 16 წელი შემისრულდა, სკოლის მიტოვება გადავწყვიტე”. – „და იმ დღესვე მიატოვე?” – „იმ დღეს არა, რადგან შაბათი იყო, მაგრამ ორი დღის შემდეგ ეს გადაწყვეტილება სისრულეში მოვიყვანე”.
კონფერენცია, სადაც მე და გევინი ერთმანეთს შევხვდით, ახალგაზრდების მიერ სწავლის მიტოვების „ეპიდემიას” ეძღვნებოდა. გევინის ისტორია ამის მკაფიო ილუსტრაცია იყო. ყოველწლიურად ამერიკელი მოსწავლეების მესამედი სწავლას თავს ანებებს ან უბრალოდ ვერ ამთავრებს სკოლას – ეს ჩვენი ქვეყნის ნაციონალური სენია. მაგრამ გევინის მოგონებები იმაზეც მიუთითებს, რომ საიტყვა „ეპიდემიამ” როგორც მეტაფორამ შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს. გევინის შემთხვევა გულისხმობს იმედგაცრუებას, რომელიც თითქმის ათი წლის განმავლობაში ღრმავდებოდა, სანამ ის შეუერთდებოდა იმ ახალგაზრდებს, ვინც სწავლა მიატოვა. ეს არ არის ვირუსი, რომელიც უეცრად იპყრობს ადამიანს მოზარდ ასაკში და სწავლის მიტოვებას აიძულებს. გევინს წლების განმავლობაში სძულდა სკოლა და მოთმინებით ელოდა იმ დროს, როდესაც მის მიტოვებას შეძლებდა. ამის მთავარი მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მოსწავლე, ფაქტობრივად, არ იყო ჩართული სწავლის პროცესში.
ადრეული ასაკის ბავშვთა სასწავლო პროცესში ეფექტური ჩართვა ცნობილი პრობლემაა. სკოლა კარგად მუშაობს იმ ბავშვებთან, რომლებსაც სწავლა და ცოდნის მიღება სწყურიათ. მათ უმეტესობას, თუნდაც დაბალი მოსწრების ბავშვებს, შეუძლია საკუთარ თავში სწავლის სიყვარული განავითაროს. მაგრამ არიან მოწაფეები, რომლებსაც თავიდანვე (ანუ სასკოლო ასაკამდე, დ. თ.) არ გააჩნიათ გამოცდილება, ყურადღებით მოეკიდონ შესასწავლ ობიექტს და არც თანამშრომლობითი (ინტერაქციული, დ.თ.) უნარი აქვთ განვითარებული. მათთვის სკოლა ერთგვარად ცივი და მაიძულებელი გარემოა, ამიტომ ასეთი მოსწავლეები შესაძლოა ვერასოდეს ჩაერთონ სკოლის ცხოვრებაში. ასეთ ბავშვებს ეჩვენებათ, რომ სკოლას არ სურს ან არ იცის, როგორ ჩამოუყალიბოს მათ საჭირო უნარები, როგორ გაუღვივოს სწავლის წყურვილი ან როგორ მისცეს ცოდნა. 
ახლა კი დადებითი სიახლის შესახებ. კვლევისას აღმოვაჩინე, რომ მეთოდოლოგიური სწავლება, რომელიც უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ეფექტურ პედაგოგიკად იქცა საშუალო და უმაღლესი განათლების სფეროში, შესაძლოა ადაპტირებულ იქნეს ადრეული ასაკის ბავშვებისთვისაც, რაც მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება სკოლასთან მჭიდრო კავშირის დამყარებაში. კურიკულუმის დამხმარე ასეთ სტრატეგიას აქვს როგორც ექსპერიმენტული, ისე ეთიკური განზომილება, რომელიც მოსწავლეებს ჯანსაღი იდენტობის ჩამოყალიბებაში ეხმარება. მე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი ერთწლიანი მეთოდოლოგიური სწავლების დახვეწაზე, რომელსაც Penny Harvest, ეს პროგრამა აშშ-ის         1 000 სკოლაში მოქმედებს.
მოტივაციისა და ღირებულებების ჩამოყალიბება. ოჯახურ გარემოში ყურადღებიანი მშობლები შვილებს ასწავლიან იმპულსური ქმედებების ურთიერთგაცვლას იმით, რომ აქებენ მათ ზოგიერთ ქცევას როგორც „განსაკუთრებულ ნიჭს”. ამგვარი შეფასება ბავშვს ინდივიდუალობის ძალზე სასარგებლო შეგრძნებას ანიჭებს. კარგად აგებულ მეთოდოლოგიურ სწავლებასაც შეუძლია იმავე შეგრძნების გაჩენა, თუ ხაზი გაესმება ახალგაზრდების როგორც თაობის სხვადასხვა ნიჭს.
ასეთი სტრატეგია ბავშვებს ეხმარება ეგოისტური ქცევის დაძლევაში და მის სანაცვლოდ თანამშრომლობითი ღირებულების ჩამოყალიბებაში, მაგალითად, ემპათიურობის გულწრფელი გამოხატულების დაჯილდოებით. როდესაც ბავშვი სხვისთვის აკეთებს რამეს და ამისთვის მას საჯაროდ აქებენ, მას უძლიერდება შეგრძნება გარკვეული ერთობისადმი (კლასი, წრე, სამეგობრო, დ.თ.) კუთვნილებისა. გარდა ამ შეგრძნების გაძლიერებისა, ამგვარი საქციელის დაფასება აძლიერებს ბავშვში ეთიკურ სტანდარტს, რომელიც აუცილებელია ხსენებული კავშირის შესანარჩუნებლად.
როცა მეთოდოლოგიური სწავლების მიზნები თანხვდება ახალგაზრდა თაობის მისწრაფებებს, აღიარებს მათ ემპათიურ შეგრძნებებს და იქცევა საინტერესო ინტელექტუალურ სტრატეგიად, ის მოიტანს სამმაგ ეფექტს, რომელიც დაკავშირებულია სწავლის პროცესში ჩართულობის განმტკიცებასთან – იდენტობის, კავშირისა და რეალიზებულობის შეგრძნებებს.
ნდობის მოპოვება. ვინაიდან სწავლა უმეცრების მიზანმიმართულ დაძლევას ითხოვს, ეს ხშირად საკლასო ოთახში, მასწავლებლისა და თანატოლების წინაშე, გაბედულ და რისკიან ქცევას გულისხმობს. მრავალი მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეთა ნდობის მოპოვებას, მაგრამ შემდეგ, ტესტირებათა რეგულარული „ზეწოლის” გამო, ეს ნდობა ქრება (გავიხსენოთ გევინის მაგალითი). სხვის მიმართ გამოვლენილ ყურადღებაზე რეაგირება ადამიანს ნდობას უნერგავს. სოციალურ პრობლემაზე ერთად მუშაობა გულისხმობს როგორც საერთო ზრახვებს, ისე ერთობლივ მოქმედებას. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიბნელით დაწყევლილ სამყაროში მეფე ის არის, ვისაც სინათლე აქვს. ეს ფაქტი ბავშვს რაციონალობისადმი, ცოდნისა და სხვა უნარებისადმი ნდობას უყალიბებს. ამ დროს მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ფლობს მათ.
დეფრაგმენტირებული ერთობები. დაბოლოს, ამგვარი მეთოდოლოგიური სწავლებით სკოლასთან მჭიდროდ დაკავშირების ეს პროცესი შეიძლება დაიწყოს წარმატებულ მოსწავლეებთან სხვების გათანაბრებით. ეს ზრდის პოზიტიურ ინტერაქციას და პოტენციურად ამცირებს დამთრგუნველ იზოლაციას, რომლითაც ზოგიერთი მოსწავლე ქრონიკულად იტანჯება.
მაგრამ ენთუზიაზმს მოსწავლეთა იზოლაციის საწინააღმდეგოდ მოქმედი მეთოდოლოგიური სწავლების მიმართ სამი შემზღუდველი ფაქტორი ანელებს.
პირველი: მოზარდის მიერ სწავლის მიტოვების ცნებას ამჟამად უმთავრესად 11-დან 14 წლამდე ასაკის მოსწავლეების (middle school) მიმართ იყენებენ, მაშინ როცა ჩვენი ტრაგიკული დანაკარგი 5-11 წლის მოსწავლეებს შორის (primary school) ის პატარა საიდუმლოა, რომლის მოსმენაც არავის სიამოვნებს.
მეორე: ჩორპორატიონ ფორ Corporation for National and Community Service-ს უკანასკნელი მონაცემებიდან ჩანს, რომ სკოლების დირექტორები მიკერძოებით ეკიდებიან ექსპერიმენტულ განათლებას.
მესამე და ყველაზე მტკივნეული: მეთოდოლოგიური სწავლების მოდელების უმეტესობის მოქმედების არეალი არ იზრდება. წლიდან წლამდე ნიჭიერი მასწავლებლები იღრმავებენ გამოცდილებას, მაგრამ ეს მეთოდი ფართოდ არ ვრცელდება.
პრობლემები არსებობს, მაგრამ მათი დაძლევა შესაძლებელია. Common Cents-ისა და Penny Harvest-ის მსგავსი მეთოდოლოგიური პროგრამების წარმატება ცხადყოფს, რომ მოსწავლეების სკოლასთან მჭიდროდ დაკავშირება სავსებით შესაძლებელია საკუთარი თავის, სხვებისა და სწავლის პროცესის შეყვარებით.
იმავდროულად საჭიროა მეორე ფრონტის გახსნაც სწავლის მიტოვების წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია, სკოლაში სწავლის წლები ისე საინტერესო გავხადოთ, რომ მოსწავლეს სურვილი გაუჩნდეს, ხელმეორედ გაიაროს ეს პერიოდი.

თარგმნა დავით თინიკაშვილმა

ცვლილება როგორც სკოლის განვითარების აუცილებელი პირობა

0

ცვლილება სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვაგვარ ემოციას იწვევს: ერთნი გამუდმებით სიახლეების ძიებაში არიან, მეორენი ცვლილებებს შიშითა და უნდობლობით ხვდებიან. მიუხედავად ამისა, ერთი რამ ცხადია: ცვლილება აუცილებელია განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, სკოლის განვითარებისთვისაც. ამიტომ ცვლილების დაგეგმვისა და პრაქტიკაში განხორციელების გზების ცოდნა სკოლის ხელმძღვანელისთვის საჭირო და გამოსადეგია.

 

სკოლაში ცვლილება ერთ-ერთი ყველაზე მეტად საჭირო, მაგრამ, იმავდროულად, ძნელად განსახორციელებელი რამაა. ვიდრე სკოლის ხელმძღვანელი სკოლაში ცვლილებას განახორციელებს, მან რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გასცეს პასუხი. ეს კითხვებია:

. რა უნდა შეიცვალოს სკოლაში?

. რა მეთოდით/მიდგომით უნდა განხორციელდეს ცვლილება?

. როგორია ცვლილების სავარაუდო შედეგი?

დავიწყოთ პირველი შეკითხვით: რა უნდა შეიცვალოს სკოლაში? პასუხი მარტივია: ყველაფერი, რაც გაუმჯობესებას მოითხოვს. იმისათვის, რომ სკოლის ხელმძღვანელმა იცოდეს, სახელდობრ რა მოითხოვს ცვლილებას, მან კარგად უნდა შეისწავლოს სკოლაში არსებული სიტუაცია. დაიწყეთ, მაგალითად, სასწავლო და სამუშაო გარემოს მოწყობით. გააანალიზეთ, რა მდგომარეობაა სკოლაში ამ კუთხით, რათა დაადგინოთ, როგორ უნდა შეიცვალოს ის უკეთესობისკენ. მოიძიეთ პროფესიული ლიტერატურა იმის შესახებ, როგორ უნდა იყოს მოწყობილი სასწავლო და სამუშაო გარემო, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლების მოტივაცია და შრომისუნარიანობა აამაღლოს. როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, სასურველია, გამოკითხოთ მოსწავლეები და მასწავლებლები, რათა შეიტყოთ, როგორი გარემო სურთ მათ. მოსწავლეებისა და მასწავლებლების აზრი გამოგადგებათ, როდესაც სასწავლო და სამუშაო გარემოს გასაუმჯობესებლად დაიწყებთ მუშაობას.

თვალი გადაავლეთ სასკოლო სასწავლო გეგმასა და სკოლის მიერ დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებს. მოისმინეთ ორგანიზატორების, მოსწავლეებისა და მშობლების აზრი ჩატარებული ღონისძიებების შესახებ. ამგვარად მომავალში ბევრ რამეს უკეთ გააკეთებთ.

როგორია სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა და მათი ჩართულობა სკოლის მიერ განხორციელებულ პროფესიული განვითარების ღონისძიებებში? თქვენ უკვე იცით, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რაოდენობა უნდა შეიცვალოს – მათი რიცხვი აუცილებლად უნდა გაიზარდოს.

კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობას და თქვენი სკოლის კონკურენტუნარიანობას. თქვენ გსურთ, სიტუაცია ამ კუთხითაც შეცვალოთ უკეთესობისკენ: მომავალში მეტი და საინტერესო ღონისძიება დაგეგმოთ და განახორციელოთ. თქვენი სკოლა მომავალი სასწავლო წლიდან უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს.

ერთი სიტყვით, სკოლაში არსებული მდგომარეობის შესწავლით უამრავ მიზეზს აღმოაჩენთ, რომლებიც სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების თემად გამოდგება.

მეთოდები ცვლილებების განსახორციელებლად განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით არის ასარჩევი. ვინაიდან სკოლაში ცვლილებების მთავარი გამტარებელი მასწავლებელია, ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მასწავლებლებთან ინფორმაციის გაზიარება და მათი უფრო ინტენსიური ჩართვა სკოლაში დაგეგმილ ცვლილებებში. მასწავლებელი შეიძლება გახდეს ერთსა და იმავე დროს ცვლილებების სამიზნეცა და მოწინააღმდეგეც. სკოლის ხელმძღვანელის პირდაპირი მოვალეობაა, აქციოს მასწავლებელი სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების მოკავშირედ, მოქნილი მიდგომებით დაანახოს მას სასკოლო ცვლილების საჭიროება და, რაც მთავარია, საკუთარი (მასწავლებლის) როლი ამ ცვლილებაში. ნებისმიერი სასკოლო ცვლილება, რომელიც მასწავლებელს აიძულებს, უარი თქვას მანამდე დაგროვილ ცოდნაზე, იქამდე მიგვიყვანს, რომ სკოლის განვითარებისთვის აუცილებელ ცვლილებას მასწავლებელი მტკივნეულად აღიქვამს და საბოლოო ჯამში უარს იტყვის მის გატარებაზე. საზოგადოდ, ყოველგვარ ცვლილებას ადამიანები იგონებენ და ადამიანებმა უნდა განახორციელონ, ამიტომ სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილების დაგეგმვისა და განხორციელებისას ადამიანური მხარის უგულებელყოფა თანამედროვე განათლების სისტემაში სკოლის ხელმძღვანელის ალღოს უქონლობის შედეგი შეიძლება იყოს.

სკოლის ხელმძღვანელმა სკოლაში გასატარებელი ღონისძიებების დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: აუცილებელია, დაიგეგმოს პირველი და მეორე რიგის ცვლილებები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცვლილების განხორციელება ორ შრედ დაგეგმოს. პირველი შრე გულისხმობს განსახორციელებელი ღონისძიებების იდეურ და სამართლებრივ დონეზე გადამოწმებას – ის, რაც დაგეგმილი გვაქვს სკოლის განვითარებისთვის, რამდენად შეესაბამება არსებულ კანონმდებლობას და გამართლებულია იდეურად; მეორე შრე კი უკვე ჩამოყალიბებული კონცეფციის, სამართლებრივი ბაზისა და სამოქმედო გეგმის პრაქტიკაში განხორციელებას გულისხმობს. ორივე შრე საკმაოდ შრომატევადია და ინტენსიურ მუშაობას მოითხოვს. ამასთან, თუ პირველი შრე წარმატებულად და გონივრულად არ დაიგეგმა, მეორე ვერასოდეს იმუშავებს. მაგრამ ვერც პირველ ეტაპზე დაგეგმილი ცვლილებები განხორციელდება წარმატებით, თუ არ გავითვალისწინეთ ადამიანური ფაქტორი, ანუ მათი პოზიცია, ვის მხრებზეც მხარზეც გადაივლის ცვლილებებისა და მათი შედეგების მთელი სიმძიმე.

სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისას გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ცვლილების ყველაზე დიდი ხელშემწყობიც შეიძლება გახდეს და ხელის შემშლელიც. ეს არის სკოლის კულტურა. ნებისმიერ ორგანიზაციაში, მათ შორის – სკოლებშიც, არსებობს ადამიანთა შორის გარკვეული ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული ურთიერთობები, ღირებულებები, შეხედულებები და ცოდნა. სკოლის შიგნით ჩამოყალიბებული კულტურა ბუნებით კონსერვატიულია და ცვლილებებს ეწინააღმდეგება. სტრუქტურული ცვლილება, რომელიც ხელმძღვანელმა შეიძლება დაგეგმოს, აუცილებლად გამოიწვევს ამ კულტურის ცვლილებას, კულტურის ცვლილება კი ადამიანების უნდობლობას იწვევს, რადგან ცვლილება მათთვის ჩვეულ გარემოს საფრთხეს უქმნის. იმისთვის, რომ ორგანიზაციაში მოღვაწე ადამიანები ცვლილებათა მოწინააღმდეგეები არ გახდნენ, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს დაგეგმილ ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების მათთვის გასაგებ ენაზე განმარტებას. თუ სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებებმა მასწავლებლებისთვის ჩვეული გარემოს საფრთხე შეუქმნა და ამას დაერთო მასწავლებლების ბუნდოვანი წარმოდგენა ცვლილების მიზანზე, მაშინ ისინი ისეთ წინააღმდეგობას გაგიწევენ, რომ საბოლოო ჯამში სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილებების წარმატებით განხორციელება შეუძლებელი გახდება.

სკოლის განვითარებაში მონაწილე ნებისმიერმა მხარემ, თავად სკოლის ხელმძღვანელიდან დაწყებული, ცვლილების ნებისმიერი გამტარებლით დასრულებული, შესაძლოა უნებლიეთ ხელი შეუშალოს სკოლის განვითარებას:

სკოლის ხელმძღვანელი: თუ სკოლის ხელმძღვანელმა სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვამდე არ ჩაატარა სათანადო მოსამზადებელი სამუშაოები – სკოლაში არსებული სიტუაციის კვლევა, საერთაშორისო და სხვა წარმატებული სკოლების გამოცდილების ანალიზი, სკოლის განვითარებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვისას არ გაითვალისწინა შესაბამისი იურიდიული შესაძლებლობებისა და განსახორციელებელი ცვლილებების იდეური შესაბამისობა განათლების პოლიტიკასთან, გამოვა, რომ სკოლის ხელმძღვანელი თავად იქცევა წარუმატებელი რეფორმის მიზეზად.

მასწავლებელი: მასწავლებლების უმეტესობა ბუნებით კონსერვატორია. ისინი თავიანთი პრაქტიკის განმავლობაში აგროვებენ გამოცდილებას, რომელიც შემდეგ მათი მთავარი იარაღია პროფესიულ ცხოვრებაში. თუ მასწავლებლებს არ ექნებათ საკმარისი ინფორმაცია ცვლილებათა აუცილებლობის შესახებ და მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, ისინი ხელს შეუშლიან სკოლის ხელმძღვანელის მიერ დაგეგმილი ცვლილების წარმატებით განხორციელებას.

თუ დაგეგმილი გაქვთ, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში სერტიფიცირებულ მასწავლებელთა რიცხვი უნდა გაორმაგდეს, ეს საკითხი უნდა განიხილოთ მასწავლებლებთან ერთად, რათა სერტიფიკატის მისაღებად მათი მზაობა და სურვილი თანხვდეს სკოლის განვითარებისთვის დაგეგმილ ღონისძიებას. თუ გსურთ, უკეთესობისკენ შეცვალოთ საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხი და სკოლის კონკურენტუნარიანობა გაზარდოთ, მოისმინეთ მასწავლებელთა მოსაზრებებიც ამ საკითხზე და გაითვალისწინეთ მათი პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობა ამ მიზნის მისაღწევად.

სკოლის განვითარებისთვის აუცილებელი ცვლილების დაგეგმვისას არასოდეს დარჩეთ მარტო პრობლემის პირისპირ. მასწავლებლების ჩართულობის, მათი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების გარეშე არაფერი გამოვა. ჩართეთ ისინი ცვლილებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, მოისმინეთ და გააანალიზეთ მათი მოსაზრებები, კოლეგების კარგი და ცუდი გამოცდილება და დაინახავთ, რომ ცვლილება, რომელიც სკოლის განვითარებისთვის დაგეგმეთ, სხვებისთვის მისაბაძი და წარმატებულია.

მითოსად ქცეული ტკივილი

0

“Всякая рукопись беззащитна. Я вся – рукопись”

Марина Цветаева”
როდესაც უკვე ცნობილ პოეტს ჟურნალისტები თუ უბრალო მკითხველები აწუხებდნენ ხოლმე, ის, ჩია და წელში მოხრილი, თავისი გამაოგნებლად ღარიბული ოთახის კუთხეში შეიყუჟებოდა და საუბრის სწრაფად დამთავრებას ცდილობდა. სამხრეთ ავსტრიაში მდებარე მისი პატარა სოფლის ცხოვრება დიდად არ შეუცვლია არამარტო მეოცე საუკუნის სოციალურ კატაკლიზმებსა და ორ მსოფლიო ომს, არამედ მრავალი საუკუნის დინებასაც. ამ პატარა ქალსაც ქალაქელი სტუმრები ალბათ ისე უყურებდნენ, როგორ ეთნოგრაფიულ ღირსშესანიშნაობას: მუქი თავსაფარი და წინსაფარი მას თავისი წინაპრებისაგან არაფრით გამოარჩევდა. ოღონდაც ეს თავისებურება სჭირდა: ღამღამობით სულ რაღაცას წერდა. სტუმრები, ცხადია, განუწყვეტლივ უსვამდნენ კითხვებს მის შემოქმედებაზე და საერთოდ ლიტერატურაზე, რაც მისთვის აბსტრაქტულ ცნებებს წარმოადგენდა. ქრისტინე ლავანტისთვის ცოცხალი და კონკრეტული მხოლოდ გრძნობები იყო. ერთ-ერთ ასეთ კითხვაზე გაცემული პასუხი ლავანტისეული კრედოს კლასიკურ ფორმულირებად იქცა: “ჩემი შემოქმედება სხვა არაფერია, თუ არა დასახიჩრებული ცხოვრება”, – ეს კი იმას ნიშნავდა, რომ წერას თავის მოწოდებად არ თვლიდა, ეს სწრაფვა ჩვეულებრივი ადამიანური ცხოვრების ნაკლულოვნებიდან აღმოცენდა და სიცარიელის ამოვსების მცდელობა იყო. მისი ფიზიკური ძალები თითქოს უნაშთოდ იხარჯებოდა იმაზე, რომ როგორმე თავი გაეტანა და თვალი გაესწორებინა ყოფითი სიძნელეებისათვის, ხოლო სულიერი ძალები – იმაზე, რომ შეენარჩუნებინა სიახლოვე თუნდაც იმ ერთ ადამიანთან, ვინც მის ტკივილს გაიზიარებდა და ანუგეშებდა. ადამიანთა უმეტესობას იგი შიშითა და ეჭვით შეჰყურებდა, მაგრამ თუკი იშვიათ შემთხვევაში ვინმეს გაენდობოდა, დაჟინებითა და მუდარით ისწრაფოდა ამ ადამიანისკენ, შეიძლება ითქვას, ებღაუჭებოდა მას, მისგან ისრუტავდა საარსებოდ აუცილებელ სულიერ ძალებს, აქცევდა მას თავის “გოდების კედლად”, გზისმაჩვენებელ ვარსკვლავად, მფარველ ანგელოზად. ლავანტთან ამგვარი სიახლოვე (სხვანაირს იგი უბრალოდ არ მიიღებდა) მძიმე და დამთრგუნველი უნდა ყოფილიყო. თანაც, ეს მაინც ცალმხრივი ურთიერთობა იყო: ლავანტი მუდამ რეციპიენტად რჩებოდა. მას ვერ დავაბრალებთ ეგოიზმს, რადგან მუდამ გულწრფელად თანაგრძნობდა მეგობრის გასაჭირს, გულთან ახლოს მიჰქონდა ყოველი წვრილმანი ისე, როგორც ეს მხოლოდ მას შეეძლო… და მაინც: დიალოგების ცენტრში უფრო ხშირად მისი პრობლემები იყო. ეს გასაგებიცაა: მას ხომ სხვა ადამიანებზე ბევრად მეტი ტკვიილი და დარდი ხვდა წილად.

ლავანტი აპოლიტიკურ პიროვნებად და ავტორად ითვლება, რადგან არასოდეს გამოუხატავს თავისი პოლიტიკური მრწამსი. ერთი შეხედვით, საკუთარი თავით იყო დაკავებული, მაგრამ მისი პიროვნების უფრო ახლო გაცნობა ნათელს ხდის, თუ რა წრფელი და საღი დამოკიდებულება ჰქონდა ამ ქალს ცხოვრების ნებისმიერი სფეროს მიმართ, რა ნათლად ხედავდა ყოველივეს თავისი ბეცი თვალებით. ამის დამადასტურებლად მოვიყვან ნაწყვეტს წერილიდან, რომელიც მან 1063 წელს ებრაელ ნაცნობს, გერტრუდე რაკოვსკის მისწერა. აქ ჩანს ლავანტის პოლიტიკური, ეთიკური, უფრო ზუსტად კი – ადამიანური პოზიცია: “რა თქმა უნდა, მაშინვე გაგიხსენე! შენ ხომ ის საბრალო კეთილი ებრაელი გოგო ხარ, მაშინ, სანკტ-ვაიტში, ჩემს ლექსებს რომ უპატრონე და ანი ფონ როგალასთან მიშუამავლე. არსებობს ქვეყნად სიკეთე, რომელსაც ვერანაირი უბედურება ვერ ამოშლის ჩვენი მეხსიერებიდან. გთხოვ, ეს გამოთქმა – “ებრაელი გოგო” – სწორედ ისე მიიღო, როგორც მე მას ვგულისხმობ: როგორც საპატიო წოდება და დანაშაულის გამოსწორების დიდი სურვილი. დიახ, მეც მიმიძღვის ბრალი თქვენს წინაშე, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს შემყრია ნაციზმის სენი, – პირიქით: ებრაელ ხალხში ჩემთვის მუდამ იყო რაღაც იდუმალი და მიმზიდველი. მაგრამ იქნებ ასეთი გულახდილობა მხოლოდ ტკივილს გაყენებს? … უკვე რამდენიმე წელია სახელმწიფოსაგან ყოველთვიურ ფულად დახმარებას ვიღებ, ამით ვცხოვრობ, თორემ ძველებურად ქსოვით თავს ვეღარ ვირჩენდი: ხშირად ვავადმყოფობ, თვალები აღარ მივარგა (ბაზედოვის დაავადება მაქვს) და მორალურადაც მძიმე მდგომარეობაში ვარ. ჩემი მეუღლე ლოგინადაა ჩავარდნილი და წუთით ვერ ვტოვებ, ასე რომ საკუთარ მკურნალობაზე ფიქრიც კი არ შემიძლია. მაგრამ რაა ეს ყველაფერი იმ ტანჯვასთან შედარებით, შენ და მილიონობით შენმა და-ძმამ რომ გამოიარეთ! თქვენს წინაშე დიდი ცოდვის შეგრძნება დღითიდღე იზრდება ჩემში. აქ ბოდიშიც კი უადგილოა. ერთადერთი, რაც უნდა გვექნა, ესაა: თავიდანვე ყველაფერი უნდა გვცოდნოდა, გვერდით უნდა ამოგდგომოდით და თქვენი ბედი უნდა გაგვეზიარებინა. ახლა კი გვიანია…”

ზედაპირული შთაბეჭდილება ქრისტინე ლავანტზე, როგორც უბრალო, გულუბრყვილო სოფლელ ქალზე, რომელიც თავისთვის მოულოდნელი ზენა შთაგონების ძალით არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა, ქრება, თუკი ჩავუფიქრდებით თუნდაც იმას, რომ ის ცდილობდა თავისი ტექსტების გამოქვეყნებას (მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ამას იმ მარტივი მიზეზით სჩადიოდა: ახალ-ახალი ტექსტებისათვის ფულად ანაზღაურებას იღებდა), ან თუნდაც იმას, რომ იგი დათანხმდა რედაქტორის მიერ შეთავაზებულ ფსევდონიმზე და თავისი “ჩვეულებრივი” გვარი ტონჰაუზერი მშობლიური მდინარის მჟღერ სახელზე გაცვალა. ასევე საკმარისია შევხედოთ ერთ-ერთ მის ფოტოსურათს, სადაც ის აშკარად წინასწარ მოფიქრებულ პოზაში, ინდიელივით უდრტვინველი, გულზე ხელებდაწყობილი, გოროზი და მედიდურია – რომ ძალაუნებურად ვასკვნით: შეუძლებელია ცალსახად შევხედოთ ამ ქალს, გარე სამყაროსაგან თავის დასაცავად ხშირად ნიღაბს რომ ეფარება ხოლმე (ხსენებული ფოტოსურათი მან, როგორც აღმოჩნდა, ბევრ თავის ნაცნობ-მეგობარს გაუგზავნა საჩუქრად: სწორედ ასეთად სურდა დაენახათ). შინაგანი წინააღმდეგობრიობა, გახლეჩილობაც კი ლავანტის პიროვნებისა და მისი პოეზიის ყველაზე თვალშისაცემი ნიშანია.

იმ ორი პიროვნებიდან, გადამწყვეტი როლი რომ ითამაშა ლავანტის ცხოვრებაში, პირველი – მისი ერთადერთი და ტრაგიკული სიყვარული, ცნობილი მხატვარი ვერნერ ბერგი – თითქმის მთლიანად გამოუცნობი რჩება. თავისი ცხოვრების ამ დიდ ბედნიერებასა და ტკივილს ლავანტი წერილებსა და პირად საუბრებში მეტწილად დუმილით უვლის გვერდს. უცნობია მათი ურთიერთობის დეტალები. შეიძლება იმის თქმა, რომ ამ სიყვარულს ბედი არ ეწერა თუნდაც იმ ვალდებულების გამო, რომელსაც ორივენი მძაფრად შეიგრძნობდნენ: ლავანტს მოხუცი ქმარი ჰყავდა, ბერგს – ცოლი და ხუთი შვილი. ეს – თუ გარეშე თვალით შევხედავთ. მაგრამ არის კიდევ მეორე, ღრმა წვდომის შესაძლებლობაც: 1956 წ. გამოქვეყნებული ლირიკული კრებული “გლახის ფიალა” სწორედ ამ პერიოდს ასახავს და ფარულად სწორედ ბერგს ეძღვნება. ლავანტი ბოდიშს უხდიდა მეგობრებს იმის გამო, რომ ამ კრებულს ვერავის ჩუქნიდა სახსოვრად, თუმცა, როგორც წესი, უყვარდა წიგნების გაჩუქება: “ეს უბრალოდ არ შემიძლია. ეს წიგნი მხოლოდ მას ეკუთვნის”.

“გლახის ფიალაში” დაკარგული სატრფოს ფიგურა მითიურ მასშტაბს უღებს, მისდამი დამოკიდებულება ერწყმის ლავანტის რელიგიურ განცდას, მიმართებას ღმერთთან, რომელსაც ის საკუთარი ტანჯვის გამო ემდურის და დაუღალავად ეკამათება. როგორც მორწმუნე კათოლიკე, ლავანტი აღიარებს, რომ თვინიერად და უსიტყვოდ უნდა აიტანოს ყველა განსაცდელი, მაგრამ მისი პიროვნების წიაღში მაინც გამუდმებით ჩნდება უსამართლობის შეგრძნება და ამბოხისკენ სწრაფვა. ლუციფერი და იობი – აი, ორი მითიური სახე, რომელთა შორისაც მერყეობს ლავანტის ლირიკული გმირი.

კრიტიკოს იოჰან შტრუცის თქმით, ლავანტის მხატვრული სამყაროსათვის დამახასიათებელია “ესთეტიკური კონცეფციების რელიგიის სფეროში გადატანა”. იგი მრავლად იყენებდა რელიგიურ მოტივებსა და სახეებს თავისი მსოფლმხედველობის გადმოსაცემად.

მისი მხატვრული სამყაროს მეორე დიდი მასაზრდოებელი წყარო კი გერმანული მითოლოგიაა, ნაწილობრივ ასახული გრიმების ზღაპრებში, და ის გადმოცემები და ცრურწმენები, რომელიც მისთვის ბავშვობიდანვე ყოფის ცოცხალ ნაწილს შეადგენდა. ლავანტის ლექსებში ვხვდებით ავტორის პიროვნებასთან უეჭველად მიახლოებულ, მითოლოგიიდან ნასესხებ სახეებს: მთვარეზე დამწყვდეულ კუდიან ქალს (არსებობს კარინტიული ლეგენდა “მქსოველი ქალი მთვარეში”), ანდა “შავ გოგოს”, რომელიც მუდამ დასჯილი და გაძევებულია, მაშინ როცა “კარგი გოგო”, “უფლის მხევალი”, გამარჯვებულია და ჯილდოსაც იმსახურებს (ეს სახე გარკვეულწილად ვერნერ ბერგის მეუღლეს უახლოვდება, მაგრამ ზოგიერთ ლექსში ის ღვთისმშობლის ფიგურასთანაცაა დაკავშირებული; მისგან დისტანცირებით პოეტი კიდევ უფრო უსვამს ხაზს საკუთარ “სიცუდეს”). ასეთი დაპრისპირება ძალზე წააგავს ზღაპრულ მოტივს, მაგალითად “Goldmarie” და “Pechmarie” გრიმების ზღაპარში “Frau Holle”. მაგრამ ლავანტთან საპირისპირო საწყისები მუდამ ერთი არსის ფარგლებში თავსდება: ის თავს იმდაბლებს, მაგრამ, ამავე დროს, შეიგრძნობს, რომ სინამდვილეში თავად უნდა იდგას გამარჯვებული “დედოფლის” ადგილას, ის მოკლე ხნით (ან, იქნებ, მხოლოდ სიზმარში?) იყო კიდეც გამარჯვების მწვერვალზე, მაგრამ კუთვნილი ადგილი მას რაღაც დიდი, კოსმიური უსამართლობის გამო წაერთვა. და, როგორც გრიმების ზღაპარში, თავდავიწყების წუთიერ ბურუსს ლავანტთანაც მამლის მჭახე ყივილი არღვევს, შავსა და თეთრს თავ-თავის სახელს არქმევს და დღის ულმობელ შუქს ჰფენს ყოველივეს. მამალი – პეტრეს მიერ მაცხოვრის უარყოფის მოწმე – ლავანტთანაც მუდამ ღალატის, გამოფხიზლების, მტრული რეალობის ხატია. როცა დღის სიხარული, მზის შუქი და სითბო წართმეულია, რჩება მხოლოდ ღამე – ის მაგიური სივრცე, რომელსაც ლავანტის თითქმის ყველა ლექსი გვაზიარებს. ეს ჯადოქრობისა და ზმანების სამყაროა.

ის, რაც ლავანტისეულ სურათ-ხატებს ქვეცნობიერში ჩაბეჭდილ სიმბოლოებად წარმოგვიდგენს, რაც მისი ლექსების უმეტესობას მხატვრულად გადმოცემულ სიზმრებს უახლოვებს, – ვერ განისაზღვრება მხოლოდ იმით, რომ ლავანტი ჭარბად იღებდა ნარკოტიკულ ნივთიერებებს, თუმცა პოეტი თავადაც აღიარებდა ამ მომენტის მნიშვნელობას: როგორც თვითგმობის ერთ-ერთი მიზეზი და საფუძველი, ის ლავანტის არაერთ ტექსტში ყაყაჩოს სიმბოლოთი შემოდის. ყაყაჩო მისთვის ბრალეული ლუციფერის ყვავილია, მის სათესლე კოლოფს ლავანტი დაცემული ანგელოზის გვირგვინს ადარებს, მასთან გაიგივებით ის თავის ლირიკულ გმირს თუნდაც უკეთური, მაგრამ მაინც მიმზიდველი დიდებით მოსავს.

თავისი ხილვისეულ-სიზმრისეული ბუნებით ლავანტის პოეზია მოგვაგონებს მისი თანამემამულის, გეორგ თრაქლის მხატვრულ სამყაროს. საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ თრაქლიც იღებდა ნარკოტიკებს, მაგრამ ჩვენი მხრივ დაუფიქრებლობა (ან სიტლანქე) იქნება, ამ ორი პოეტის შემოქმედების მსგავსება მსგავსი სენით რომ შემოვფარგლოთ. თრაქლისა და ლავანტის სულისკვეთება და აზრთა წყობა ერთი და იმავე სულიერი სიღრმიდან მოდის – ამ სიღრმეს დიონისური თრობა ჰქვია. ამასთანავე, ორივე გამოირჩევა უაღრესად წრფელი რელიგიურობით და საკუთარი ცოდვისადმი ორივეს ულმობელი, თვითგანადგურებამდე მისული დამოკიდებულება აქვს. აქვე ვიტყვი, რომ მსგავსების მიუხედავად, თრაქლის ლექსები ჩემზე მეტწილად ჰერმეტული სურათების, უგასაღებო შიფრის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაშინ, როდესაც ლავანტის მიერ შექმნილი თითქმის ყველა მხატვრული სახე ახსნადია ბიოგრაფიული დეტალებისა და მითოლოგიური წყაროების ცოდნის შემთხვევაში.

ლავანტთან ვაწყდებით იმ, ერთი შეხედვით, ბავშვურ მაქსიმალიზმს, რომელიც სინამდვილეში სამყაროს მთლიან და უშუალო აღქმას წარმოადგენს. იგი იმდენად არა ჰგავს სხვებს, რომ სრულებით ვერ ითავისებს საყოველთაოდ მიღებულ ცნებებს: რწმენა, სიყვარული, მეგობრობა -მისთვის ეს ყოველივე ერთ დაუნაწევრებელ გრძნობაშია შერწყმული. ის ტექსტები, რომლებიც ლავანტმა თავის მეგობარ ქალს, ინგებორგ ტოიფენბახს მიუძღვნა (ლექსები, პირადი წერილები და მოთხრობა “ყაყაჩოსკაბიანი მზეთუნახავი”) სწორედ ასეთი ყოვლისმომცველ და გამოუთქმელ განცდაზე მეტყველებს. მსოფლიო ლიტერატურაში არის არაერთი მაგალითი იმისა, რომ არაორდინალურ პიროვნებებს სწორედ ასეთი სიყვარულის უნარი აქვთ მომადლებული, -სიყვარულისა, რომელიც დროისა და სივრცის შეგრძნებასთან ერთად სქესის ცნებასაც აუქმებს. ქრისტინე ლავანტიც ისე ეთაყვანება მშვენიერ ინგებორგს, როგორც არაამქვეყნიურ არსებას; მისთვის ის “მზეთუნახავი” და “ანგელოზია”, ყოველივე იმის განსახიერებაა, რაც მას თავად აკლია: სილამაზის, ჯანმრთელობის, დედობის, მატერიალურად უზრუნველყოფილი არსებობისა… 2001 წლის აგვისტოში გაზეთ “ჩვენი მწერლობის” ორ ნომერში “ყაყაჩოსკაბიანი მზეთუნახავის” გამოქვეყნებას მოჰყვა გამოხმაურება, რომლის ავტორიც, ქ-ნი ბორენა ჯაჭვლიანი, სრულიად მართებულად ადარებს ამ მოთხრობს მარინა ცვეტაევას “ამბავს სონეჩკაზე”. ცვეტაევასა და ლავანტს, განსხვავებული კულტურული გარემოსა და ხასიათის მიუხედავად (თუნდაც ის, რომ ცვეტაევა საკუთარ თავს იმთავითვე გენიალურ პოეტად აღიქვამდა!), მაინც ბევრი რამ აკავშირებთ, უპირველესად კი სიყვარულის სწორედ ის ყოვლისმომცველი უნარი, ორმაგი – ქალური და პოეტური – გენიალურობის ნაზავში რომ გვეძლევა.
ქრისტინე ლავანტი ცნობილი და დაფასებულია პირველ რიგში თავისი სამი, უკვე ნახსენები პოეტური კრებულით; ნაკლებად ცნობილია მისი ადრეული კრებული “არშემდგარი სიყვარული” (1949 წ.). გარდა ამისა, მას აქვს ვრცელი მოთხრობები, რომლებიც მის პოეზიასთან შედარებით ნაკლებადაა დაფასებული, თუმცა, ჩემი აზრით, ლავანტის უკვე ხსენებული მოთხრობა “ყაყაჩოსკაბიანი მზეთუნახავი” მე-20 საუკუნის პროზის ბრწყინვალე ნიმუშია.
1973 წელს ლავანტის გარდაცვალების შემდეგ მის არქივში ნაპოვნი, მანამდე უცნობი მასალების -მათ შორის მრავალი ლექსია – გამოცემაზე მუშაობენ ინსბრუკისა და კლაგენფურტის ლიტერატურული ინსტიტუტები. კლაგენფურტში ყოფნისას რობერტ მუზილის სახელობის ლიტერატურულ მუზეუმში მოვინახულე ლავანტის პირადი ნივთები და წიგნები, წლების მანძილზე გარს რომ ერტყა მას. მათ ჯერაც არ შეუძენიათ სამუზეუმო ექსპონატებისთვის ჩვეული სიძველის ელფერი. ჯერ კიდევ ცოცხალია ლავანტის მემკვიდრე (მისი დისშვილი) და მრავალი ადამიანი, ვინც მას იცნობდა ან უბრალოდ შეხვედრია… კარინტიის მიწას ჯერაც ატყვია ამ უცნაური ადამიანის მიწიერი არსებობის თბილი კვალი. თუმცა მე სხვა ადგილიც მეგულება, -სადაც ეს კვალი დროის დინებისაგან საიმედოდ დაცული, მარად ცხელი და ამაღელვებელი რჩება. ეს მისი ტექსტებია.

ჩვენ ლავანტისაგან დროის ზუსტად იმხელა მანძილი გვყოფს, რათა თვალსაჩინოდ დავინახოთ, თუ როგორ იქცევა ცოცხალი ადამიანი ლეგენდად, ცოცხალი ავტორი – კლასიკოსად. ეს ალბათ კანონზომიერია, მაგრამ მე ერთი რამისა მეშინია – იმის, რაც, ალბათ, მაინც გარდუვალია: მე არ მინდა, რომ ქრისტინე ლავანტის ტკივილი ჩვენთვის ოდესმე იქცეს არამხოლოდ მითოსად (ეს მან დაიმსახურა!), არამედ ქრესტომათიადაც. აი, ამას კი ალბათ არც ერთი პოეტი, არც ერთი გულწრფელი ადამიანი არ უსურვებდა საკუთარ თავს.
როცა ვფიქრობ იმაზე, თუ რა ბედი ეწევა მომავალში ამ ჩემთვის ასე ძვირფასი პოეტის სახელს, მახსენდება ახმატოვას პწკარები:
“И это станет для любой
Как времена Веспасиана.
А было это – только рана
И муки облачко над ней”.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...