სამშაბათი, აპრილი 7, 2026
7 აპრილი, სამშაბათი, 2026

მოლეკულები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს

0

სამყარო დასაბამიდან გამუდმებით იცვლება. იცვლება გარემო, ლანდშაფტი, ატმოსფერო, რელიეფი, იბადება და იღუპება ცივილიზაციები… მოკლედ, იცვლება ყველაფერი ჩვენ გარშემო და ვიცვლებით ჩვენც. რა იწვევს ამ ცვლილებებს? რა ძალა ატრიალებს მუდმივი ცვალებადობის ღერძს? ცხადია, ამ დაუსრულებელ ორომტრიალში ბუნება ხშირად არაფერს გვეკითხება, მაგრამ დროდადრო იბადებიან ადამიანები, რომელთაც შესწევთ უნარი, სამყაროს გაქანებას უფრო მეტი ბიძგი მისცენ ან მის დინებას გეზი უცვალონ. მაინც ვინ არიან ისინი? მცდარია აზრი, თითქოს ეს მხოლოდ პოლიტიკოსებსა და მეომრებს _ მეფეებს, იმპერატორებს, დიქტატორებს, მხედართმთავრებს – ხელეწიფებოდეთ; კაცობრიობის ისტორიაში მრავალი უფრო დიდი რევოლუციური ნახტომი სხვა პროფესიის ადამიანებს ეკუთვნით. მათ შორის, ცხადია, ქიმიკოსებიც არიან.

მინდა, დღეს პირველი ათეული გაგაცნოთ. მეორეს მომდევნო ბლოგში განვიხილავ. ამთავითვე ვიტყვი, რომ მოყვანილი ნუსხა მავანს შესაძლოა საკამათო მოეჩვენოს. გარდა ამისა, ზოგიერთი, ასევე ფრიად მნიშვნელოვანი ნაერთი ამ ჩამონათვალში ვერ მოხვდა. მაგრამ მუდმივი ცვალებადობის კანონი ამ სიასაც ეხება – გავა დრო და მრავალი მათგანი ადგილს სხვას დაუთმობს.
დღევანდელი გადასახედიდან კი ეს ათეული ასე გამოიყურება:
1. პენიცილინი
 
პენიცილინი 1928 წელს აღმოაჩინა ბრიტანელმა მიკრობიოლოგმა ალექსანდრ ფლემინგმა, რომელმაც შეამჩნია, რომ პენიცილინიან პეტრის ჯამში ბაქტერიები აღარ მრავლდებოდნენ. ფლემინგს აზრადაც არ მოსვლია, რა საჩუქარი უძღვნა კაცობრიობას, რომელმაც მისი ფასი გაცილებით გვიან, 1940-იან წლებში გაიგო და ხელი მიჰყო პირველი ანტიბიოტიკის წარმოებას, რომელმაც 200 მილიონზე მეტი ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს.
2. ნატრიუმის ქლორიდი – NaCl
ამ უბრალო თეთრმა მლაშე ფხვნილმა, რომელიც ნებისმიერ სამზარეულოში შეგვიძლია მოვიძიოთ, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ცივილიზაციას. 4000 წლის წინ მას უკვე იყენებდნენ საკვების კონსერვირებისთვის. ნატრიუმის ქლორიდი, რომელსაც ყოფაში, უბრალოდ, სუფრის მარილს ვუწოდებთ, განუყრელი თანამგზავრი იყო აბრეშუმის გზაზე მიმავალი ვაჭრებისა თუ ალყაშემორტყმულ ციხესიმაგრეებში გამაგრებული მეომრებისთვის. გარდა ამისა, ნატრიუმის ქლორიდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნედლეულია სხვა ძვირფასი ნაერთების, მათ შორის – ნატრიუმის ტუტეს, სოდის, ქლორის, საპნის, ქაღალდის დასამზადებლად. მის მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ წელიწადში დაახლოებით 240 მილიონი ტონა იწარმოება.
3. კალიუმის ნიტრატი – KNO3
ადამიანი გაჩენის დღიდან იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწა უკვე საკმარისად არის გაპოხილი ბრძოლაში დაღუპულთა სისხლით, ჰომო საპიენსმა კი გონებრივი განვითარების საკმაოდ დიდი გზა განვლო, ბრძოლის ჟინი მაინც ვერ მოიკლა. კალიუმის ნიტრატი ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია დენთისა, რომლის წყალობითაც ომებმა სახე იცვალა – კომბლებისა და ხმლების ნაცვლად ჯარი ცეცხლსასროლი იარაღით აღიჭურვა. ამჟამად მსოფლიო შეიარაღებაში 500 მილიონზე მეტი ცეცხლსასროლი იარაღია, რომლებითაც დღეში საშუალოდ 1000 კაცი იღუპება. დენთის ფორმულა მე-8 საუკუნეში აღმოაჩინეს. თავდაპირველად მისგან უმთავრესად მაშხალებს ამზადებდნენ, მე-13 საუკუნიდან კი იგი „აგრესიული” გახდა.

4. ასპირინი

 ალბათ გაგიგონიათ – გაციებულ ადამიანს ხშირად ურჩევენ ჟოლოს ან კომშისმურაბიან ჩაის. ეს იმიტომ, რომ ერთიცა და მეორეც დიდი რაოდენობით ასპირინს შეიცავს. სახალხო მედიცინა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნეში იცნობდა მის სამკურნალო ეფექტს. ასპირინს წლების განმავლობაში სიცხის დამწევად იყენებდნენ, მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა მისი გამოყენება ართრიტის სამკურნალოდ, გულის შეტევის პრევენციისთვის და სხვა. სინთეზურად ასპირინი 1897 წელს მიიღო გერმანელმა ქიმიკოსმა ფელიქს ჰოფმანმა. ის იყო ერთ-ერთი პირველი სინთეზური მედიკამენტი, რომლის მიღებამ ქიმიის განვითარებას დიდად შეუწყო ხელი. სადღეისოდ წელიწადში ასპირინის 100 მილიონზე მეტი აბი იწარმოება.

5. ნატრიუმის სტეარატი

როგორ წარმოგიდგენიათ დღეს ჩვენი ყოფა საპნის გარეშე? რამდენიმე საუკუნის წინ კაცობრიობა არ იცნობდა ნატრიუმის სტეარატს – საპნის პროტოტიპს. დღეს მას უცვლელი ადგილი უკავია პირადი ჰიგიენის საშუალებებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ სამომხმარებლო ბაზარზე “თხევადი საპნები” გამოჩნდა. ამ უკანასკნელებს, წესით, საპნები არ უნდა ერქვათ, რადგან ქიმიური შედგენილობით მათთან საერთო არაფერი აქვთ.
საპნებმა, შეიძლება ითქვას, დაასწრო მედიკამენტებს და უამრავი ხალხი იხსნა ინფექციური დაავადებებისგან. UNCF-ის მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად 1.4 მილიონი ბავშვის გადარჩენა ხელის საპნის დამსახურებაა.
საპნებს, გარდა პირადი ჰიგიენისა, ფართოდ იყენებენ ინდუსტრიაშიც – ჭაბურღილების გასაკეთებლად, ფლოტაციური მეთოდით ნედლეულის გასამდიდრებლად და ა.შ.
6. სილიციუმი – Si
დედამიწაზე გავრცელებულ ელემენტებს შორის სილიციუმს პირველი ადგილი უკავია. იყო დრო, როდესაც იგი უხვად მოიპოვებოდა, – ეს გახლდათ დედამიწის ქერქის ფორმირების დასაწყისში, – მაგრამ ჟანგბადის აგრესიული ბუნების გამო მთლიანად ოქსიდად გარდაიქმნა და დღეს მისი მიღება სინთეზურად გვიწევს. ბევრმა იქნებ არც კი იცის – რომ არა ქვიშა, რომელზეც, ცურვით დაღლილები, მზის აბაზანების მისაღებად ვნებივრობთ, დღეს არ გვექნებოდა თანამედროვე მიკროპროცესორებზე აგებული ციფრული ტექნიკა. ამ უკანასკნელს კი 1954 წელს დაედო დასაბამი, როდესაც სილიციუმიანი ნახევარგამტარული ტრანზისტორი დამზადდა. პირველივე წელს ამ ტექნოლოგიამ 160-მილიონიანი მოგება მოიტანა.
დღეს სილიციუმს იყენებენ მზის ბატარეების, ჰიდროფობური მასალების, ფეთქებადი ნაერთებისა და სამედიცინო იმპლანტანტების ტექნოლოგიაშიც.
7. იზოპრენი და კაუჩუკი
ბუნებრივ კაუჩუკს წლების განმავლობაში ბუნებრივი წარმოშობის ლატექსისგან აწარმოებდნენ. ინდუსტრიაში მისი დანერგვა დაკავშირებულია ჩარლზ გუდიარის სახელთან, რომელმაც მისგან მედეგი, მაგრამ ელასტიკური მასალის დამზადება მოახერხა. ამ აღმოჩენამ უდიდესი გავლენა მოახდინა ავტო- და, საზოგადოდ, სატრანსპორტო ინდუსტრიის განვითარებაზე. ლატექსის მოპოვების ტემპი და რესურსები საგრძნობლად ჩამოუვარდებოდა მოთხოვნას. ქიმიკოსებმა გამოსავალი იპოვეს და სინთეზურად ჯერ იზოპრენი მიიღეს, მერე კი, მის ბაზაზე – ბუნებრივი კაუჩუკი. იზოპრენი სინთეზურად 1931 წელს მიიღო ელმერ ბოლტონმა. ამჟამად წელიწადში 21 მილიონი ტონა რეზინი იწამოება, რომელსაც ინდუსტრიის პრაქტიკულად ყველა დარგი იყენებს.
8. სილიციუმის დიოქსიდი
სილიციუმი ტოპათეულში მეორედ მოხვდა, ამჯერად – ოქსიდის სახით. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 5000 წლით ადრე კაცობრიობა უკვე იყენებდა მას მინის წარმოებაში. არქეოლოგები ამის არაერთ ნივთმტკიცებას პოულობენ. მინაც, რეზინის მსგავსად, ინდუსტრიის უამრავ დარგში გამოიყენება და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მასალაა.
9.პოლიეთილენი – -CH2=CH2-
პოლიეთილენი პირველი სინთეზური პოლიმერია. პოლიმერი, რომელსაც ბუნებრივი ანალოგი არ მოეძებნება. ის შემთხვევით აღმოაჩინეს, სადღეისოდ კი ერთ-ერთი მსხვილტონაჟიან წარმოებათაგანია. მისი აღმოჩენის შესახებ რამდენიმე ხნის წინ დაწვრილებით გესაუბრეთ, ამიტომ აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებ. დავძენ მხოლოდ იმას, რომ პოლიეთილენმა ბევრი ბუნებრივი პროდუქტი განადგურებას გადაარჩინა. რამდენიმე ათეული წლის წინ მას 60 მილიონ ტონაზე მეტს აწარმოებდნენ, რადგან არსებულ პოლიმერებს შორის ყველაზე მდგრადი იყო, მაგრამ სწორედ ეს მდგრადობა იქცა იმის მიზეზად, რომ კაცობრიობა მასზე ნელ-ნელა უარს ამბობს და მისი წარმოებაც დღითი დღე მცირდება.
10. DDT
 
DDT, ე.წ. დუსტი, 1950-იან წლებში იქნა აღმოჩენილი და ათ წელიწადში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მუსრი გაავლო მალარიას, რითაც 25 მილიონზე მეტი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა. იგი ძალიან ჰგავს გამარჯვებულ გენერალს, რომელმაც სიცოცხლე გადასახლებაში დაასრულა. DDT მეტად მდგრადი ნაერთია, გრუნტში მოხვედრისას არ იშლება და აბინძურებს მას, ამიტომ დღეს მისი გამოყენება კანონით ისჯება.
ასე გამოიყურება პირველი ათეული მოლეკულებისა, რომლებმაც შეცვალეს ჩვენი ყოფა და თავის დროზე უდიდესი სამსახური გაგვიწიეს. დღეს მათი უმეტესობა „დამსახურებულ” პენსიაზეა, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, მათ დამსახურებას პატივი არ მივაგოთ…
მომდევნო კვირას ამავე თემით დაგიბრუნდებით და კიდევ 10 მოლეკულას წარვადგენ „დიდების კვარცხლბეკზე”.

გაჯეტების თაობა

0

ნატა 15 წლისაა და კითხვა არ უყვარს. ყოველ შემთხვევაში, ასე ეგონათ მის მშობლებს მანამდეც და მას შემდეგაც, რაც გოგონას პლანშეტური კომპიუტერი აჩუქეს. ნატას ხელში წიგნი მეც იშვიათად შემიმჩნევია. სამაგიეროდ, ახალი გაჯეტის მეშვეობით ჰელენა გომესის ცხოვრების უმნიშვნელო დეტალებიც კი შეისწავლა, თუმცა “ტომ სოიერის თავგადასავალიც” არ წაუკითხავს (მისი მშობლების დასკვნას ვენდე).

წლევანდელი ზაფხული ჩემთვის უკიდურესად დამქანცველი აღმოჩნდა. რაკი სტრესულ რუტინას დღემდე ყველაზე უკეთ მულტფილმების ყურება და მოზარდების ლიტერატურის კითხვა მავიწყებს, ხოლო შინ ტელევიზორს მულტფილმებისთვის არასოდეს სცალია, გადავწყვიტე, ფენტეზიში მემოგზაურა და “ნიუ-იორკ თაიმსის” ბესტსელერს, სიუზან კოლინზის “მშიერ თამაშებს” ჩავუჯექი. მეორე გვერდიდანვე მივხვდი, რომ ის, რასაც ვკითხულობდი, სრულიად არ ჰგავდა პოტერისეულ ჯადოსნურ ეგზოტიკას. სიუჟეტური ქარგა უჩვეულოა, ხოლო ავტორი – საოცრად კარგი მთხრობელი, მაგრამ, მერწმუნეთ, აქ არც ლამაზი სიყვარულის ამბავია აღწერილი, არც რაინდების საგმირო საქმეები. სიუჟეტს არ მოვყვები, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რომანი დისტოპიური ჟანრისაა (დიახ, ეს სწორედ ჯორჯ ორუელის “1984”-ისა და რეი ბრედბერის “ფარენჰეიტი 451”-ის ჟანრია). ის ბავშვების მიერ მოყვარული მშობლების დაკარგვის, ბავშვების ექსპლოატაციის, მედიის როლისა და სიკვდილის შესახებ მოგვითხობს, თანაც უბრალოდ სიკვდილისა კი არა, არამედ იმის შესახებ, როგორ იქცა ბავშვების სიკვდილი სანახაობად. შემზარავია, არა? იქნებ ეს თემები თინეიჯერებისთვის შეუფერებლად მიიჩნიოთ, მაგრამ ეს სწორედ ის წიგნია, რომელსაც 2008 წლიდან დღემდე პირველი ადგილი უკავია მსოფლიოს მოზარდების საყვარელი წიგნების ნუსხაში.

სწორედ ამიტომ გამიკვირდა, როცა ნატამ (იმ ნატამ, კითხვა რომ არ უყვარს!), იმის გაგებისას, რას ვკითხულობდი, აღფრთოვანება ვერ დაფარა. ჩავეკითხე და დიდხანს ვისაუბრეთ “მშიერ თამაშებზე”.

ვისაუბრეთ იმაზე, რა უსამართლოდაა დოვლათი განაწილებული მსოფლიოში, რადგან ზოგი ლუკმაპურისთვის იბრძვის, ზოგმა კი არ იცის, თავი რით შეიქციოს; რა საშინელებაა, რომ მესამე მსოფლიოს ქვეყნებში ბავშვები შიმშილით იხოცებიან, მაშინ როცა ზოგიერთ სახელმწიფოში ზედმეტ საჭმელს უბრალოდ ყრიან; განვიხილეთ, როგორ მანიპულირებს ზრდასრული, გონიერი ადამიანებით მედია, როგორ გვიყალიბებს და გვინერგავს თავისთვის ხელსაყრელ ღირებულებებს; როგორ გვიმონებენ ჩვენი ცხოვრების თანამდევი გაჯეტების ეკრანები, გვალაპარაკებენ, გვაპოსტინებენ: “აუუუ, თმას ვიღებავდი, ეს რომ ვნახე. რა შემზარავი იყო! კინაღამ გული წამივიდა!” ვისაუბრეთ იმაზეც, რა სასტიკები ვართ, როგორ არაფერს ნიშნავს ჩვენთვის ადამიანის სიცოცხლე. და თუ წიგნის დასაწყისში ავტორზე ბრაზობ – ასეთი საშინელება რამ მოაფიქრა და დააწერინაო, რამდენიმე ათეული გვერდის შემდეგ საკუთარ თავს იმ ფიქრში იჭერ, ოღონდ მთავარი გმირი გადარჩეს და სხვას ყველას გზაც იქით ჰქონიაო.

და კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ გაიზარდნენ ბავშვები. მათ აღარ იზიდავთ აღარც ზღაპრები ფერიებზე, აღარც ინდიელებით დასახლებული ველური დასავლეთი და აღარც საიდუმლო კუნძულზე დაფლული განძის გამოცანები; მათ უფრო საშინელ, სასტიკ ამბებზე უწევთ ფიქრი. მათი ინტერესები გაცილებით ახლოსაა რეალობასთან, ვიდრე ჩვენი იყო. ისინი ხშირად უკეთ ხვდებიან და ხსნიან იმ მოვლენებს, რომლებიც ჩვენ გარშემო ხდება.

როცა ნატას ვკითხე, როდის ან სად წაიკითხა ეს წიგნი, თავის პლანშეტურ კომპიუტერს გადახედა, თან ამიხსნა, რა მარტივი და მოხერხებული იყო მისთვის სასურველი წიგნის/რესურსის/ინფორმაციის მოპოვება, როგორ ეცნობოდა პარალელურად იმ თემებს, რომლებიც რომანში ნახსენებია, მაგრამ სიღრმისეულად არ არის განხილული.

ასე რომ, ვიდრე ჩვენი მოსწავლეების უწიგნურობასა და მხოლოდ კომპიუტერით გატაცებაზე დავიწყებდეთ წუწუნს, კარგად დავფიქრდეთ, რამდენად წიგნიერები, უფრო სწორად, “ნაკითხები” ვართ ჩვენ, მასწავლებლები; რა წიგნი წავიკითხეთ ბოლოს? რა ვიცით იმ პრობლემების შესახებ, რომლებსაც ჩვენი მოსწავლეები 10-15 წლის შემდეგ უნდა შეეჭიდონ იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველი და მშვიდი სიბერე გვქონდეს?
ერთი რამ ცხადია – ნატა ჩემზე უკეთესი მკითხველია!

კვირის გეგმით მუშაობა

0

კვირის გეგმის ისტორიული ფესვები

გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დამლევს დასავლეთის სკოლებში დაიწყო კვირის გეგმით მუშაობის მეთოდის დანერგვა, ხოლო მის მასობრივ გამოყენებას მოგვიანებით, მე-20 საუკუნის ოთხმოციანი წლებიდან ჩაეყარა საფუძველი, მას შემდეგ, რაც სკოლის მასწავლებლებმა გააცნობიერეს, რომ კვირის გეგმა საუკეთესო მეთოდია, რომელიც მოსწავლეებს დამოუკიდებლად სწავლის შესაძლებლობას აძლევს და ისეთი მეტაკოგნიტური უნარების განვითარებაში ეხმარება, როგორებიცაა დაგეგმვა, მონიტორინგი/ანალიზი, შეფასება/თვითშეფასება.
კვირის გეგმის ისტორიული ფესვები რეფორმპედაგოგიურ მიმართულებას უკავშირდება. სელესტინ ფრეინემ განავითარა კონცეფცია „სამუშაო გეგმა” – იგი კლასის საბჭოში ყოველი კვირის ბოლოს განიხილავდა მომავალი კვირის თემებსა და დავალებებს. კლასის საბჭოს მიერ დადგენილი კვირის სამუშაო პროგრამის მიხედვით დგებოდა კოლექტიური გეგმა – კლასის სამუშაო გეგმა, ამ უკანასკნელზე დაყრდნობით კი ყოველი მოსწავლე კვირის დასაწყისში წარმოადგენდა კვირის ინდივიდუალურ გეგმას, რომელსაც ან დამოუკიდებლად, ან მასწავლებლის დახმარებით ადგენდა.
ამერიკელმა სოფლის მასწავლებელმა ჰელენ პარკჰურსტმა, მას შემდეგ, რაც მარია მონტესორის დაემოწაფა, წამოიწყო სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებთან მუშაობა მათი ინდივიდუალური ნიჭისა და შესაძლებლობების, მიდრეკილებებისა და რიტმის გათვალისწინებით. იგი მასალით ამარაგებდა მათ და აძლევდა მითითებებს, როგორ გამოეყენებინათ ის. ამ მასალისა და მითითებების გათვალისწინებით თითოეულ მოსწავლეს უნდა შეედგინა ინდივიდუალური ერთკვირიანი სასწავლო გეგმა, რომელსაც მასწავლებელს წარუდგენდა. ეს იყო ერთგვარი კონტრაქტი (Daltoplan), რომელიც იდებოდა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის და რომლის შესრულებაზეც მოსწავლე აგებდა პასუხს.

სასწავლო პროცესი და ინტუიციური და დისკურსიული აზროვნება

0
ცნობილია, რომ კოგნიტური პროცესებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი აზროვნებაა. ადამიანის ბიოლოგიური სახეობისთვის ის ნამდვილად სასწაულებრივი ნიჭია – იგი წარმოადგენს ორიენტირების, პრობლემის მოგვარების, ამოცანის გადაჭრის უნარს, რომელიც მყისვე ირთვება, როცა ინფორმაცია გაუგებარი, ხარვეზიანი და არასრულია. ამოცანის გადაჭრით პიროვნების პრობლემაც გვარდება. ამრიგად, აზროვნება განაპირობებს საქმიანობას, რომელიც აუცილებელია ადამიანის ფიზიკური არსებობისთვის.

ვინაიდან სწავლა ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთ ურთულეს საქმიანობად ითვლება, აზროვნება და, საზოგადოდ, აზროვნების ფორმები წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ ასეთ საპასუხისმგებლო საქმეში: კოგნიტური პროცესების დაუფლებითა და გავარჯიშებული გონებით სწავლა/სწავლების პროცესი – უფრო ეფექტური, ადამიანის საქმიანობა – გაცილებით შედეგიანი, მისი ცხოვრება კი უფრო საინტერესო გახდება.
რაკი სააზროვნო ფორმების განვითარება მეტწილად საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასკოლო ასაკში ხდება, ამ პროცესის წარმატება მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია მასწავლებელზე – მისი ხელშეწყობით ჩანერგილმა სააზროვნო უნარებმა და ჩვევებმა მოსწავლის მთელი შემდეგი ცხოვრება უნდა განსაზღვროს, საფუძვლად დაედოს მის სამომავლო საქმიანობას.

რა სახისაა ის სააზროვნო ფორმები და სახეები, რომელთა განვითარება/გააქტიურებაზეც ასეა დამოკიდებული ადამიანის მთელი მოღვაწეობა? როგორ უნდა უზრუნველყოს მასწავლებელმა მათი ეფქტურობა, მოსწავლეთა მიერ მათი წარმატებით ათვისება?

აზროვნებას ფსიქოლოგები მრავალი პრინციპის მიხედვით შეისწავლიან. ამის კვალობაზე, აზროვნების ფორმების კლასიფიკაციაც სხვადასხვაგვარია. თანამედროვე ფსიქოლოგიაში, ანგარიშგასაწევი ფსიქოლოგებისა და მრავალრიცხოვანი ფსიქოლოგიური სკოლის [აზროვნების ასოციაციური თეორია, ბიჰევიორიზმი, ინტუიტივიზმის ფილოსოფია, აზროვნების ფსიქოლოგიის ვიურცბურგის სკოლა, მატერიალისტური ფსიქოლოგია და სხვ. (დ. ჰარტლი, ჯ. პრისტლი, ი. ტენი, ბ. ვუნდტი, ე. თორნდაიკი, ჯ. უოტსონი, ვ. კიოლერი, კ. კოფკა, კ. ლევინი, ა. ბინე, ო. კიულპე, ლ. ვიგოტსკი, ი. ალექსანდროვა და სხვ.)] მემკვიდრეობის შეჯერებით აზროვნების კლასიფიკაცია შეიძლება ამგვარად წარმოვიდგინოთ:

ვრცლად

სიმპათიური ხელოვნება

0

მეოცე საუკუნის ჰალუცინოგენი ერთი უბრალო სათამაშო ცხენი გახლდათ. ამ ცხენით დიდი ბავშვები ერთობოდნენ და პარალელურად ანარქიაზე ოცნებობდნენ. ბავშვებისთვის ეს დაჭერობანას თამაშზე უფრო მარტივი საქმეა; სირთულე უფროსების დარწმუნებაა, ისეთებისა, რომლებმაც ბავშვებად დარჩენა ვერ შეძლეს. ამის გაკეთება, ბოლოს და ბოლოს, ხელოვნებით მაინც შესაძლებელია, უფრო სწორად, ანტიხელოვნებით. ერთი სიტყვით, ლექსების მდაბიურად და სიმპათიურად მწერ ადამიანებზე უნდა გიამბოთ და მათ გოგლი- მოგლზე. გოგლი-მოგლი ყველა ბავშვს უყვარს.

ჩანართი 1: ყველა, ვინც ამბობს, რომ ქართველი (და არამხოლოდ ქართველი) დადაისტები მალევე გაიზარდნენ და დასერიოზულდნენ და ყველა „ნორმალურ” პოეზიას დაუბრუნდა, ცდება. საკამათოა „ნორმალური პოეზიის” განსაზღვრების მცდელობანი, ფორმალიზმი ძალიან ხშირად მომაბეზრებელი ხდება და, მით უმეტეს, ის ვერასოდეს იქნება ჰალუცინოგენი; ვერასოდეს წარმოიდგენ კომიკურ სცენას, როგორ ერჭობა ქინძისთავს იალბუზი.

გამოდის, ბოლოდან დავიწყეთ. დადაიზმზე საუბრისას ცოტა ბუნდოვანება და ქაოსი არ გვაწყენდა – ხანდახან მაინც ნუ ვიქნებით ასეთი სწორხაზოვანნი. მიხაკმიბნეული, „ლექსი-მეწყერის” დამწერი ტიციანი ხანდახან სათამაშო ცხენით რომ ერთობოდა, ზოგისთვის არახალი ამბავია, ბევრმა კი არც იცის. ყოველ შემთხვევაში, მე ამისა სკოლის ასაკში არაფერი გამეგებოდა და მისი პოეტური მემკვიდრეობა ჩემთვის „ლექსი-მეწყერით” შემოიფარგლებოდა. მაშინ უკვე დაწყებული მქონდა პატარ-პატარა პოეტური ექსპერიმენტები და მობეზრებული – რითმა; მღლიდა ფორმალიზმი და სევდიანი სონეტი, არც ფლორისადმი სენტიმენტალურ ლტოლვას განვიცდიდი და წვიმის წვეთებს აყოლილი პოეტების დარდებიც ფეხზე მეკიდა. ერთი სიტყვით, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და მაშინ, ირემს რომ წყარო სურინ, ზუსტად ასევე მისწრება იქნებოდა ჩემთვის სიმპათიური ლექსების მწერალი ქართველი პოეტების აღმოჩენა. ისე, მოგვიანებითაც არა უშავდა ჟანგოს მიერ სხვის სახეზე ნაპოვნი სავარძლის მიგნებას.

სანამ ღოღობერიძე სხვის სახეზე სავარძელს აღმოაჩენდა და მასში ძროხას წვალებით ჩასვამდა (ეს არ ყოფილა ელესდესეული ჰალუცინაცია – დასაწყისშივე ხომ გითხარით ცოტა რამ სათამაშო ცხენის შესახებ), ტრისტან ტცარამ „დიდებული არაფერი” აღმოაჩინა – დადა. „დადა” „ხის სათამაშო ცხენსაც” ნიშნავს და ბავშვის ტიტინსაც. აი, ასე, ლატარიის პრინციპით შედგა ანტიხელოვნების ნათლობა, თუმცა ჯეკპოტი არავის მოუგია – დადაისტები ისე გაიზარდნენ, ხალხის სიყვარული ვერ მოიპოვეს. უფროსები „აბდაუბდაზე” არ გიჟდებიან. ვერც თავად ნათლიამ უპატრონა ნათლულს – სევდიან და სენტიმენტალურ ლექსებზე გაცვალა.

პაციფისტი, ანარქიის სურვილით შეპყრობილი ხელოვანები მეჭეჭში უფრო მეტ ესთეტიკას ხედავდნენ, ვიდრე, მაგალითად, შესაშური საიუველირო სინატიფის ბეჭედში, არ სწყალობდნენ ფორმალიზმს და მიმდინარეობებს, დასცინოდნენ „იზმებით” შებოჭილ საზოგადოებას, განსაკუთრებით – ბურჟუებს და სწორედ ირონიით დაუმატეს დადას „იზმი”. ისინი ფუტურისტებივით იოლად ვერ თმობდნენ – ძველი სამყაროსგან ახალი უნდა შეექმნათ, მასალა კი პრიმიტიული ხელოვნება გახლდათ და ის ისეთივე დიდებული იყო, როგორიც ორი წლის ბავშვის მიერ ფურცელს მიხატული მზე. ასეთი მზე საქართველოში მალევე, ტიციანის („ცისფერყანწელების”) საშუალებით ამოვიდა – ეტყობა, მიხაკი დროებით მოიხსნა და გულის აჩქარებაზე გათვლილი საკუთარი ლექსები ცოტათი ძველმოდური ეჩვენა.

ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ქართული დადაიზმი ქართულ ფუტურიზმს უსწრებდა, საბოლოოდ კი, როგორც ატომური ორბიტალები ერწყმის ერთმანეთს და ახალ ორბიტალს წარმოქმნის, ასევე იქმნებოდა ახალი ლიტერატურული ჰიბრიდი. თუ ინდურ მითოლოგიაში სამყარო კვერცხიდან შეიქმნა, ქართველი დადა თავად სამყარომ, კვახივით მრგვალმა და მელოტმა წარმოშვა:
„პირველად მსოფლიო იყო მელოტი
შემდეგ მელოდია, მელოტი მრგვალია,
როგორც კვახი.
კვახი გადაგორდა და გასკდა.
დაიბადა

დადა”.

გრიგოლ ცეცხლაძის ეს ვერლიბრი დადა მანიფესტის ნაწილია. ის მაშინ უკვე ზედმეტად სიმპათიურადაც კი წერდა („მე ვამტკიცებ: კალოშები საჭირო არაა სრულებით,/საჭიროა დილ-დილობით გოგლი-მოგლი/და მოკლე-მოკლე/ლექსების წერა მდაბიური ენით და სიმპათიურად”. („სიმპათიური ლექსი”)), იმდენად სიმპათიურად, რომ ტიციანსაც აღაფრთოვანებდა.

ჩანართი 2: დადა შეიძლება არანორმალური გახლდათ, მაგრამ – ძალიან სიმპათიური.
ხელოვნების კავშირი ქიმიასთან

დიახაც რომ კავშირშია. ყოველ შემთხვევაში – 20-30-იანი წლების საქართველოში, ლიტერატურულ საქართველოში. თავაშვებული, არაქიმიური ცდების ასპარეზად H2SO4 იქცა – დადაისტებისა და ლიტ. ფუტურისტების ჟურნალი. ჟურნალი ნამდვილად ენათესავებოდა მჟავას: ძველი ხელოვნების დასახიჩრებას ცდილობდა. იწერებოდა სინტაქსურად გაუმართავი ვერლიბრი პუნქტუაციის საგანგებო რღვევით. ყველაფერი მაინც კარგად იყო: ნოზაძის პრიმიტიული დადა ხანდახან ლურსმანს მისტიროდა, თანაც – ერთი შეხედვით, აბულაძე მამლის ზღაპარს ჰყვებოდა და ხანდახან მამადავითს აჯდებოდა შუბლზე, ღოღობერიძეს ხეებზე აჰყავდა ხალხი და ამ ხეზე რატომღაც ძვლებიღა რჩებოდნენ და არაფრისდიდებით არ ჩამოდიოდნენ დაბლა, ცეცხლაძის პეპელა კი პროპელერს დასდევდა.

ყველაფერი კარგადაა, რადგან როცა ალოგიკურის ამოხსნას და დალაგებას ცდილობ, უფრო მეტს ფიქრობ, ვიდრე წყალივით მორაკრაკე ლექსებზე, რომელთა კალაპოტი ვიწროა. ეს გონების სავარჯიშოები ძალიან სჭირდებოდა იმდროინდელ ლიტერატურულ საზოგადოებას, რომელსაც ნაფტალინი თავზე საყრელად ჰქონდა.

ჩანართი 3: ნაფტალინი უმოძრაო სამყაროს ინახავს, შესაბამისად, სამყაროს უკუღმა ვერაფრით გაატარებ. ვერც წაღმა.

შემდგომ უკუღმა სვლა სათამაშო ცხენით კვლავაც სცადეს ქართველმა ინტელექტუალებმა, ქარვასლაში დადა აქციაც კი გამართეს და დადა მეფედ ზურაბ რთველიაშვილი შერაცხეს. ეს უკვე მოგვიანებით მოხდა, მაშინ, როცა დადა უკვე ძალიან ძველი იყო: ოდესმე სათამაშო ცხენებიც ძველდება და პულტით სამართავ სათამაშოებს კონკურენციას ვეღარ უწევს.

თუმცა 20-იანი წლების შემდეგაც ბევრი არაფერი შეცვლილა: ძალიანაც რომ გინდოდეს, ახლაც ვერაფრით გადაიქცევი მცირე აზიის ყველაზე ლამაზ ხედ და მაიმუნიდან ფეხის დაჭერითაც ვერ გამოიყვან მოკუზულ სინათლეს – ღოღობერიძე ხომ არ ხარ.

პროფესიული სტანდარტები განათლებაში

0

რა არის პროფესიული სტანდარტი განათლებაში?

პროფესიული სტანდარტები განათლებაში გასული საუკუნის ბოლო წლებში და 21-ე საუკუნის დასაწყისში აქტუალური თემა გახდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის განათლების სისტემაში. ზოგადად საგანმანათლებლო სტანდარტებზე დისკუსია პირველად მეოცე საუკუნის ოთხმოციან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოსწავლეთა მიერ მიღწეული შედეგების კვლევა ჩატარდა. კვლევის შედეგებმა პირველად დააფიქრა განათლების სისტემის მესვეურები, შემოეღოთ ისეთი მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც მოსწავლეთა მიერ მისაღწევ მინიმალურ შედეგებს განსაზღვრავდა და დაეხმარებოდა მასწავლებლებს, ორიენტაცია აეღოთ, რა შედეგს უნდა მიეღწია მოსწავლეს სასწავლო პროცესის გარკვეული საფეხურის დასრულების შემდეგ.

განათლებამ ტერმინი „სტანდარტი” ტექნიკური სფეროდან ისესხა. „სტანდარტი” პროფესიულ ლიტერატურაში ასეა განმარტებული: „სტანდარტი არის დაინტერესებულ მხარეთა მიერ აღიარებული და შეთანხმებული ფორმა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა ფორმის, დეტალის, მასის გასაზომად.” ფაქტობრივად გამოდის, რომ სტანდარტის ძირითადი ფუნქცია არის რაიმეს გაზომვა, რამდენად შეესაბამება მოცემული დეტალი დაინტერესებულ მხარეთა მიერ შეთანხმებულ სტანდარტს.
განათლების სისტემაში სტანდარტს დაახლოებით მსგავსი ფუნქცია აქვს, თუმცა მისი გამოყენების ფუნქცია კი გაცილებით მრავალფეროვანია. ზოგადად განათლებაში ორი სახის სტანდარტები არსებობს: საგანმანათლებლო და პროფესიული. რას ნიშნავს თითოეული მათგანი და რა მსგავსება-განსხვავებაა მათ შორის?
ორივე სახის სტანდარტებს შორის მსგავსებაც არის და განსხვავებაც. მთავარი განმასხვავებელი ნიშანი საგანანმანათლებლო და პროფესიულ სტანდარტებს შორის მათი ფუნქციებია. საგანანმანათლებლო სტანდარტები განსაზღვრავენ მოსწავლის მიერ გარკვეული კლასის ან სასწავლო საფეხურის დასრულების შემდგომ მისაღწევ შედეგებს. პროფესიულ სტანდარტებს განათლებაში კი მულტი ფუნქცია გააჩნიათ. პირველ რიგში პროფესიული სტანდარტი განსაზღვრავს რა უნდა შეეძლოს და რა უნდა იცოდეს ამ კონკრეტული პროფესიით მომუშავე ადამიანმა (მასწავლებელმა) საიმისოდ, რომ დაეხმაროს მოსწავლეს საგანმანათლებლო სტანდარტებით მისაღწევი შედეგების მიღწევაში. მარტივად რომ ვთქვათ, მასწავლებელმა უნდა იცოდეს მინიმუმ ის, რაც მოეთხოვება მოსწავლეს და მისი ცოდნისა და უნარების მაქსიმუმი განსაზღვრული არ არის. ამასთანავე უნდა ფლობდეს ამ ცოდნის გადაცემისა და მოსწავლის უნარების განვითარებისათვის საჭირო მეთოდოლოგიას.

პროფესიული სტანდარტები განათლებაში კი გამოიყენება მომავალი კადრების მომზადებისა და ასევე მათი პროფესიული განვითარების მიზნით; თვითშეფასების მიზნით, რათა მასწავლებელმა ან სკოლის დირექტორმა თავად შეძლოს შეაფასოს, რამდენად არის შესაბამისობაში მისი ცოდნა და უნარები იმ სტანდარტებთან, რომელიც სახელმწიფოს მიერ აღიარებულია, როგორც მისაღწევი და სასურველი შედეგი; პროფესიული სტანდარტები გამოიყენება უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების აკრედიტაციის პროცესისათვის და ასევე განათლების ხარისხის მართვისა და განვითარებისათვის. როდესაც ვსაუბრობთ პროფესიულ სტანდარტებზე განათლებაში, პირველ რიგში ვგულისხმობთ საქართველოს განათლების სისტემაში მოქმედ სამ ძირითად დოკუმენტს: მასწავლებლის, სკოლის დირექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის სტანდარტებს.
როგორ ხდება პროფესიული სტანდარტის შემუშავება?

პროფესიული სტანდარტის შემუშავება ხანგრძლივი, შრომატევადი და ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა. პროფესიული სტანდარტის შემუშავებისას რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვას უნდა გაეცეს პასუხი:

მაგალითად

რა გავლენა აქვს პროფესიულ სტანდარტებს უმაღლესი სასწავლებლების მოსამზადებელ პროგრამებთან?

ჩატარდა თუ არა სტანდარტების კვლევა საერთაშორისო გამოცდილების დონეზე, მოხდა თუ არა შედარებითი დახასიათება?

რა შედეგები მოაქვს სტანდარტებს მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამებისათვის?

რა კავშირშია სტანდარტი მასწავლებლობის მაძიებლობის ინსტიტუტთან?

იყო თუ არა ყველა დაინტერესებული მხარე სტანდარტის შემუშავებაში ჩართული? და იქნა თუ არა მათი მოსაზრებები მუშაობის დროს გათვალისწინებული?

განიხილება თუ არა სტანდარტები სისტემატურად?

ჩატარდა თუ არა პედაგოგების მომზადების დონესა და სტანდარტების მოთხოვნებს შორის არსებული მდგომარეობის დიაგნოსტიკა? (მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევა)

მასწავლებლის სტანდარტის დაინტერესებული მხარეებს შორის ერთერთი მნიშვნელოვანი ორგანიზაცია არის ის უნივერსიტეტები, რომლებიც მომავალ მასწავლებელს ამზადებს. სტანდარტი განსაზღვრავს იმ სავალდებულო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რაც უნდა ჰქონდეს მომავალ მასწავლებელს. შესაბამისად, უნივერსიტეტისათვის მასწავლებლის სტანდარტი არის სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ის ქმნის მასწავლებლის მოსამზადებელ პროგრამას. უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისათვის პროფესიული სტანდარტები არის ასევე დამხმარე დოკუმენტი, რათა უნივერსიტეტებმა შეძლონ, თავიანთი სასწავლო პროგრამები მოარგონ არსებულ დამტკიცებულ სტანდარტებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მომავალი მასწავლებლების მომზადების პროგრამები ისეა გაწერილი, რომ შესაბამისობაშია სახელმწიფოს მიერ დამტკიცებულ მაღალკვალიფიციური მასწავლებლის მიერ შესასრულებელ სტანდარტებთან.
პროფესიული სტანდარტების შემუშავებას ყოველთვის უძღვის წინ საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში არსებული მსგავსი დოკუმენტების კვლევა. კვლევის მიზანია, რომ ჩვენს მიერ შემუშავებული ეროვნული სტანდარტები შესაბამისობაში იყოს სხვადასხვა წარმატებული ქვეყნებისა და განათლების სისტემების მიერ აღიარებულ და დამტკიცებულ სტანდარტებთან.
მასწავლებლის სტანდარტის მიხედვით ხდება მაძიებლის სტანდარტის შემუშავება. ამ დოკუმენტის მიზანია, რომ დაადგინოს, რა უნარების განვითარება ესაჭიროება მასწავლებლობის მაძიებელს იმისათვის, რომ შეძლოს პროფესიაში შესვლა. მაძიებლის სტანდარტი ეხმარება ერთის მხრივ თავად მაძიებელს იმაში, რომ მან თანმიმდევრულად შეძლოს იმ უნარების განვითარება პრაქტიკაში, რომელიც მას, როგორც დამოუკიდებლად მომუშავე მასწავლებელს აუცილებლად დასჭირდება. მეორეს მხრივ კი მაძიებლის სტანდარტი არის ერთგვარი გზამკვლევი მენტორისათვის, რათა იგი დაეხმაროს მაძიებელს, წარმატებით გაიაროს მოსამზადებელი პერიოდი პროფესიაში შესვლამდე.

სტანდარტების შემუშავებაში ჩართულები არიან როგორც საგნის ექსპერტები, ფსიქოლოგები და განათლების სპეციალისტები, ასევე თავად მასწავლებლები. მასწავლებლების ჩართვა სამუშაო პროცესში ერთერთი აუცილებელი პირობაა, რადგან მასწავლებლის მიერ გამოთქმული შენიშვნები და შემოთავაზებები მაქსიმალურად იქნას გათვალიწინებული სამუშაო პროცესში. წინააღმდეგ შემთხვევაში სტანდარტი ვერ იქნება ქმედითი დოკუმენტი და ის პრაქტიკაში ვერ განხორციელდება.
სტანდარტი დინამიური დოკუმენტია და იგი პერიოდულად იცვლება. ცვლილებები სტანდარტში უკავშირდება პირველ რიგში ერთერთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს- ეს არის ეროვნული სასწავლო გეგმა. როდესაც ცვლილებები შედის ეროვნულ სასწავლო გეგ მაში, ეს ცვლილებები აუცილებლად უნდა აისახოს მასწავლებლის სტანდარტშიც. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლებელია მოხდეს, რომ მოსწავლის მიერ მისაღწევია ისეთი შედეგები, რომლებიც არ არის ასახული მასწავლებლის სტანდარტში და მათი სწავლება მასწავლებელს, უბრალოდ, არ ევალება. ამას გარდა საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში სისტემატურად ხდება მასწავლებლის პროფესიის კვლევა, მოსწავლეთა მიერ მისაღწევი შედეგების გადახედვა და კორექტირება. მიმდინარე ცვლილებებზე მუდმივი დაკვირვებით, ადგილობრივად ჩატარებული კვლევებისა და სერტიფიცირების შედეგების ანალიზის საფუძველზე მზადდება ცვლილებები მასწავლებლის სტანდარტის დახვეწისა და მისი შესაბამისობის მიზნით საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან.
პროფესიული სტანდარტების კრიტიკა და ანალიზი

პროფესიული სტანდარტების კრიტიკოსების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ სტანდარტებმა გამოიწვია მასწავლებელთა მოსამზადებელი პროგრამების „გადავსება” სასწავლო თეორიული მასალით და პრაქტიკის ნაკლებობა. რადგან მასწავლებლობა პრაქტიკული საქმიანობაა, კრიტიკოსები თვლიან, რომ მთავარი დატვირთვა მასწავლებლების მომზადებისა და პროფესიული განვითარების დროს უნდა ეთმობოდეს პრაქტიკას, გამოცდილებას და სისტემატურ წვრთნას, ნაკლებად გადაჭარბებული თეორიული ცოდნის მიღებას. მომავალი და მოქმედი მასწავლებლები აღჭურვილნი უნდა იყვნენ მეტი უნარებით, რომლებიც მათ პროფესიული და პიროვნული თვითგანვითარებისათვის ესაჭიროებათ. მასწავლებელმა თავად გადაწყვიტოს, რა ესაჭიროება მას იმისათვის, რომ იყოს კარგი მასწავლებელი და არა სახელმწიფომ უკარნახოს ეს. კრიტიკოსები თვლიან, რომ ორი უმთავრესი პირობა მასწავლებელთა პიროვნული და პროფესიული განვითარებისათვის არის ნდობა და თავისუფლება. მასწავლებელს ასევე ესაჭიროება არა სტანდარტების დაწესება, არამედ ფუნდამენტური უნარების განვითარება, ისეთების, როგორიცაა კვლევის ჩატარება, დროის მენეჯმენტი, თვითშეფასება, მოტივაციისა და კომუნიკაციის უნარი და სხვა.

სხვადასხვა საერთაშორისო კვლევის ჩატარებამ და შედეგების ანალიზმა ბევრი განვითარებული ქვეყანა დააფიქრა პროფესიული სტანდარტების აუცილებლობაზე განათლების სისტემაში. ამგვარი სტანდარტები იცავს ქვეყნებს საერთაშორისო დონეზე ცუდი შედეგების ჩვენებისაგან და ასევე განაპიროებებს განათლების ხარისხის მართვას სახელმწიფოში. ამიტომ პირველადი კრიტიკისა და უნდობლობის მიუხედავად მასწავლებლის პროფესია მაინც რეგულირებად და სახელმწიფოს მიერ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მრავალ ქვეყანაში.
პროფესიული სტანდარტების შემოღება, პირველ რიგში, „საფრთხეს” უქმნის გამოცდილი და პროფესიაში დიდ ხანს მყოფი მასწავლებლის გამოცდილებასა და ცოდნას, რადგან სტანდარტები თავისთავად ბევრ სიახლეს ამკვიდრებს პროფესიაში და შესაბამისად მასწავლებელმა, მის მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნასა და გამოცდილებას, კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს და გადასინჯოს ისინი ახალ მოთხოვნებთან მიმართებაში. პროფესიული სტანდარტების შემოღებამ მასწავლებელი მიაჩვია იმას, რომ ცოდნა სწრაფად იცვლება და მას სისტემატური განახლება სჭირდება. ზოგადად განათლების სისტემა და მით უმეტეს მასწავლებლის პროფესია ერთერთი ყველაზე კონსერვატიზმისკენ მიდრეკილი დარგი იყო ყოველთვის. პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება და მათი სისტემატური განახლება ამ მოძველებულ შეხედულებას თანდათანობით ამარცხებს.

დემოკრატიული ცნობიერების ამაღლების ასპექტები თანამედროვე სასკოლო განათლებაში

0

ზოგადი დებულებების თანახმად, დემოკრატია გამოვლინდება:

1) ცხოვრების ფორმაში;
2) საზოგადოების ფორმაში;
3) მართვის ფორმაში.სწავლებისას დემოკრატია სამივე ამ ასპექტში ვლინდება. რამდენიმე ხნის წინ დემოკრატიულ ასპექტად მხოლოდ მართვის ფორმა მიიჩნეოდა, თანამედროვე წარმოდგენით კი დემოკრატია გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ მართვა.

დემოკრატიული ცნობიერების ვიწრო ჭრილში განსახილველად საჭიროა ისტორულ-პოლიტიკური გარემოს გათვალისწინება. ამერიკისა და ევროპის წამყვანმა სახელმწიფოებმა დემოკრატიული ცნობიერების განვითარების უდავოდ გრძელი გზა განვლეს. საპირისპირო ვითარებაა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა), სადაც დემოკრატიის როგორც მართვის ფორმის ისტორია მხოლოდ ორ ათეულ წელიწადს მოიცავს.
გზა ავტორიტარიზმიდან დემოკრატიამდე გადამწყვეტია ნებისმიერი ერისათვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოსტსაბჭოთა ქვეყნების განათლების სისტემა ძირფესვიანად შეიცვალა. ორიენტირად უმთავრესად დასავლური გამოცდილება იქნა გამოყენებული. დასავლეთ ევროპის დემოკრატიულ ფასეულობებში მთავარი ადგილი პირად (ინდივიდუალურ) პასუხისმგებლობას ეკავა, მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირში უპირატესად კოლექტიური პასუხისმგებლობა მიიჩნეოდა.
მოზარდის პიროვნულ ჩამოყალიბებაში ოჯახთან ერთად უდიდეს როლს ასრულებს სკოლაც. განათლების სპეციალისტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ სწორედ სკოლა უყალიბებს და უვითარებს მოზარდს ლიბერალურ ღირებულებებს.
სკოლა დაწესებულებაა, რომელსაც საკუთარი სტრუქტურა და წესები აქვს. ეს არის ადგილი, სადაც საგანმანათლებლო და პიროვნების ჩამოყალიბების პროცესები სინქრონულად იმართება, ერთი სიტყვით, სკოლა არის სოციალური ინსტიტუტი, სადაც პიროვნება ყალიბდება.
თანამედროვე ცივილიზებულ ქვეყნებში განსაზღვრულია ღირებულებანი, რომლებიც საგანმანათლებლო დაწესებულებამ, კერძოდ, სკოლამ უნდა განუვითაროს მოზარდს. თავისუფლება, პატივისცემა, პასუხისმგებლობა, მეგობრობა, ღირსება, ტოლერანტობა, ჰუმანურობა – ეს ზნეობრივი ნორმები სწორხაზოვნად გასდევს ნებისმიერი დემოკრატიული საგანმანათლებლო სისტემის ქმედებას. აქვე ნიშანდობლივია საქართველოს მაგალითი. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ეროვნულ გეგმაში ხაზგასმულია ლიბერალურ ღირებულებათა როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში: სკოლამ განსაკუთრებულად უნდა მიაქციოს ყურადღება ისეთი ღირებულებების განვითარებას, როგორებიცაა ღირსება, სამართლიანობა, ურთიერთპატივისცემა, სხვისი აზრის მოსმენა და აღიარება. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელი პირად მაგალითზე აჩვენებდეს მოსწავლეს, რას ნიშნავს ურთიერთპატივისცემა და სამართლიანობა.
მაშასადამე, კანონი ზოგადი განათლების შესახებ და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები პირდაპირ ავალდებულებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს, ხელი შეუწყონ მოსწავლეებში სამოქალაქო ღირებულებების დამკვიდრებას.
საქართველომ, როგორც ევროსაბჭოში გაწევრებულმა ქვეყანამ, აღიარა საერთოევროპული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები. განათლების სისტემა მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
ღირებულებების სწავლება მანამდე არ იქნება ეფექტური, სანამ ის გარკვეულ ადგილს არ დაიკავებს სასკოლო განათლებაში. სკოლა წარმოადგენს დემოკრატი მოქალაქის მოსამზადებელ ადგილს, რომელსაც ოთხი ძირითადი ფუნქცია აკისრია:
1. მისცეს მოსწავლეს ყველა ის უფლება, რაც კანონით არის გათვალისწინებული;
2. ხელი შეუწყოს დემოკრატიულ სწავლებას;
3. თანაბარი უფლებებით ჩართოს თითოეული მოსწავლე სასწავლო პროცესებში;
4. წაახალისოს მოსწავლეები სოციალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის და ასწავლოს მათ მოქალაქეობრივი უფლებები.
დემოკრატ მოქალაქეებად მოსწავლეთა აღზრდა ნებისმიერი სასკოლო პროცესის გლობალური მიზანია. ადამიანური ფასეულობანი, რომლებსაც განვითარების ადრეულ ეტაპზე ეუფლებიან ბავშვები, მათ ასაკთან ერთად ვითარდება. დაწყებით კლასებში მასწავლებელი ფოკუსირებას ახდენს ინდივიდუალიზმზე; მისი მიზანია, ბავშვებს დამოუკიდებელი მუშაობის უნარი გაუღვივოს. ამ შემთხვევაში დემოკრატია როგორც ცხოვრების ფორმა საშუალებას აძლევს მოზარდებს, პირდაპირი კავშირი დაამყარონ სასწავლო პროცესსა და ყოველდღიურ გამოცდილებასთან.
სასკოლო განათლების საბაზო საფეხურზე აქცენტი კეთდება დემოკრატიაზე როგორც საზოგადოების ფორმაზე; სოციუმზე, რომლის მიზანია ხელსაყრელი სოციალური განათლების მიღება (კომუნიკაციის განვითარება, სხვათა მიმართ პატივისცემა, პასუხისმგებლობა, ურთიერთთანამშრომლობა).
მოზარდთა ცნობიერების ფორმირების პროცესი თანდათანობით და მოქნილად უნდა იქნეს შეტანილი სასწავლო გეგმაში. ვინაიდან სწავლება კონსერვატიული, სავალდებულო ქმედებაა, მასწავლებელმა სინქრონულად, სრულიად ძალდაუტანებლად უნდა ჩართოს ფასეულობათა სწავლება არსებულ პროგრამაში, რათა მოსწავლეებს აღეძრათ ინტერესი დასმული საკითხის ირგვლივ.
ღირებულებები ისწავლება პირდაპირი და არაპირდაპირი მნიშვნელობით. თუ ჩვენ სასწავლო პროცესს მხოლოდ ტერმინებისა და განმარტებების დასწავლით წარვმართავთ, მივიღებთ პირდაპირ სწავლებას, რომელიც უეფექტოა, მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ასეთი სახით შესწავლილი ზნეობრივი ნორმები მოზარდის პიროვნებას ვერ განავითარებს. ადამიანურ კრიტერიუმთა შეფასების სტანდარტები, რომლებსაც მოსწავლე გაკვეთილზე წიგნიდან პირდაპირი მნიშვნელობით აითვისებს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ გადმოიტანება, ვინაიდან ეს პროცესი წმინდა მექანიკურ დატვირთვას შეიძენს. დემოკრატიული ღირებულებების პრაქტიკაში გადატანა და დანერგვა მეტად საპასუხისმგებლო მომენტია. მასწავლებელმა სწავლების პროცესში აუცილებლად უნდა ჩართოს სოციალურ უნარ-ჩვევათა სისტემა. მოსწავლეები ფასეულობებს ითვისებენ ძირითადად სოციალური მეცნიერებების, ხელოვნების, ისტორიისა და ლიტერატურის სწავლის შედეგად.
`ღირებულებების ათვისება” ხორციელდება სწავლების სხვადასხვა მეთოდით, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს ცოდნის დაუფლებასთან. აქ მნიშვნელოვანია, რა გზით მივიტანთ ამ მზა „პროდუქტს” მოსწავლემდე და რა სტრატეგიებს ჩავრთავთ სასწავლო პროცესში. როგორც უკანასკნელმა პედაგოგიურმა კვლევებმა ცხადყო, დემოკრატიული ცნობიერების განვითარებას, მის ფორმირება-ჩამოყალიბებას საფუძვლად უდევს სასწავლო მიზნის, კურიკულუმის, დიდაქტიკური მეთოდებისა და სწავლების სტრატეგიების მართებული განსაზღვრა. თანამშრომლობა, სასწავლო პროცესებში ჩართულობა და ინტერაქციული მუშაობა ამაღლებს მოსწავლეთა ცნობიერებას და უყალიბებს მათ ლიბერალურ ღირებულებებს. ასევე ყურადსაღებია ნებისმიერი მოსწავლის ხედვის გაზიარება მასწავლებელთან ურთიერთთანამშრომლობითი პროცესებით.

არსებობს საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ შემუშავებული ეფექტური სტრატეგიები, რომლებიც, დასავლური გამოცდილების გათვალისწინებით, ხელს შეუწყობს მოზარდის დემოკრატიული ცნობიერების ჩამოყალიბებას. ამ სტრატეგიების თანახმად:

1. მოსწავლეთა ცნობიერების განვითარება და ფორმირება უნდა მოხდეს პირადი ღირსების, პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ძალდაუტანებლად, სასწავლო პროცესების თანხლებით;
2. სწავლება წარიმართოს ერთობლივი და თანამშრომლობითი, ჯგუფური სწავლების საფუძველზე;
3. სკოლებში სასწავლო პროცესები განხორციელდეს იმ სასწავლო დოკუმენტებით, რომლებიც დემოკრატიული განათლების პრინციპებს ემყარება.

მეგობრობის ტექნოლოგია

0

ამას წინათ ეზოში ორი ექვსი წლის გოგონას საუბარს შევესწარი: ერთმანეთს პირობა მისცეს, სახლში შესვლისთანავე ხმამაღლა დაეყვირათ ერთმანეთის სახელი, რაც სიყვარულისა და ორმხრივი მეგობრობის ნიშანი იქნებოდა. ეჭვგარეშეა, მეგობრული ურთიერთობა ბავშვებისთვის ასეთ მცირე ასაკშიც ძალზე მნიშვნელოვანია.

 

მეგობრობა თბილ, სასიამოვნო განცდებს ბადებს. ზოგიერთ ფსიქოლოგს მიაჩნია, რომ ბავშვობისდროინდელი ურთიერთობით გამოწვეული ეს განცდები ქმნის ერთგვარ იმუნიტეტს, რომელიც ზრდასრულ ასაკშიც გვეხმარება სტრესის დაძლევაში, ხოლო ადამიანები, რომელთაც ბავშვობაში მეგობრები არ ჰყოლიათ, ზრდასრულ ასაკშიც მარტოსულებად რჩებიან და თავს არ ანებებთ საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილების განცდა.

ბავშვმა მეგობრები რომ შეიძინოს, აუცილებელია, თანატოლებთან თავისუფლად ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდეს.

მეგობრის ყოლის სურვილი ბავშვს პირველად 5 წლის ასაკში უჩნდება, მაგრამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ეს მისთვის 7-8 წლიდან იძენს. ხშირად მეგობრები უფრო ობიექტურად აფასებენ ბავშვის უნარებსა თუ შესაძლებლობებს, ვიდრე მშობლები და მასწავლებლები. უმცროს სასკოლო ასაკში მეგობარი ერთგვარი “სარკეა”, რომელიც ბავშვს პასუხს სცემს კითხვებზე: “როგორი ვარ მე? რა შემიძლია? რა გამომდის ყველაზე უკეთ?”

ზოგიერთი უფროსი, რომელსაც აწუხებს, რომ მის შვილს არ ჰყავს მეგობრები, თავად იწყებს პატარების ურთიერთობაში ჩარევას. ეს შეცდომაა – ბავშვების მეგობრობა მათსავე დადგენილ წესებს, მათ მიერვე შემუშავებულ “მეგობრობის კოდექსს” ემყარება. უფროსებს შეგვიძლია გავლენის მოხდენა, მაგრამ ირიბად; პატარები ხომ ჩვენ გვბაძავენ, ამიტომ, თუ ვაჩვენებთ მათ მეგობრობის მაგალითს (იმით, როგორ ვურთიერთობთ მეგობრებთან,კოლეგებთან), პატარას გაუადვილდება იმავე მოდელის გადატანა საკუთარი ურთიერთობების სფეროში. ბავშვი, უწინარეს ყოვლისა, ოჯახურ გარემოში სწავლობს კონფლიქტის მოგვარებას, მოლაპარაკებას, კომპრომისზე წასვლას. ყველა ეს უნარი მეგობრებთან ურთიერთობისას ვითარდება და ასაკთან ერთად უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებს საქმიან თუ პირად ცხოვრებაში.

მეგობრობა მრავალ უნარსა და ჩვევას მოიცავს, რომელთა მიზანმიმართული განვითარება შესაძლებელია. მათ მიეკუთვნება გაცნობის, საუბრის დაწყებისა და დასრულების, დახმარების თხოვნის, დათმობისა თუ გაზიარების, ზრუნვის, მადლიერებისგამოხატვისა და სხვისგან მისი მიღების და, თქვენ წარმოიდგინეთ, მარტო დარჩენის უნარიც კი, რათა ბავშვი მუდამ სხვაზე დამოკიდებულებას არ გრძნობდეს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასიამოვნო განცდებთან ერთად მეგობრობას თან ახლავს კონფლიქტებიც, გამოწვეული უკმაყოფილებით, იმედგაცრუებით, ეჭვიანობით. როგორც არ უნდა ვეცადოთ უფროსები, პატარებს უსიამოვნო განცდები თავიდან ავაცილოთ, ვერ უარვყოფთ, რომ სოციალურ-პიროვნულ განვითარებაში ბავშვს ამგვარი გამოცდილებაც ეხმარება.

ხშირად ჩნდება კითხვა, ჩავერიოთ თუ არა ბავშვის ურთიერთობათა სფეროში, როცა მისი მეგობრები არ მოგვწონს.

ბავშვი, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანი, მეგობრებს განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით ირჩევს – ის მისი თანასწორი უნდა იყოს და მის ინტერესებს იზიარებდეს. უფროსები კი ზოგჯერ სულსწრაფობას ვიჩენთ – ვერ ვითმენთ, სანამ ბავშვი თვითონ მოაგვარებს საკუთარ პრობლემებს. გირჩევთ, შვილთან ისეთი ურთიერთობა დაამყაროთ, რომ მას ნებისმიერ საკითხზე შეეძლოს თქვენთან საუბარიდა რჩევის თხოვნა.

რით დავეხმაროთ?

ფსიქოლოგი სინტია ერდლი (Cynthia Erdley) მიიჩნევს, რომ უფროსებს საკუთარი გამოცდილება ან გვეხმარება, ან ხელს გვიშლის ბავშვების დახმარებაში. უფროსები, რომლებიც პატარაობისას თვითონ იყვნენ მორცხვები, ბავშვის ურთიერთობათა სფეროში უფრო აქტიურად ერევიან, ქმნიან იმგვარ სიტუაციებს, სადაც მათ შვილს ახალი მეგობრების შეძენა შეეძლება. მას კი, ვისაც თავად არ ჰქონია ურთიერთობების პრობლემა, მიაჩნია, რომ მეგობრების შეძენა და შენარჩუნება იოლია და ეს არც მის შვილს უნდა გაუჭირდეს.

არსებობენ ბავშვები, რომელთაც უჭირთ დამეგობრება და მერე ამ ურთიერთობის შენარჩუნება. მათ არ ესმით მეგობრობის ელემენტარული წესები, ამიტომ დახმარება სჭირდებათ.

როგორ დავეხმაროთ?

მორცხვი

თუ ბავშვი მორიდებულია, დამეგობრებაში დაეხმარეთ: თავი მოუყარეთ მასა და მის თანატოლებს, შესთავაზეთ აქტივობ,რომელიც ინტერესთა სფეროს გამოვლენას ემსახურება, მერე კი ამ ინტერესების გათვალისწინებით რაიმედავალების ჯგუფურად შესრულება დაავალეთ.მსგავსი ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობაუფრო იოლია. შექმენით სიტუაციები, სადაც ბავვს იმ უნარების გამოვლენა დასჭირდება, რომლებსაც კარგად ფლობს. საუბრისას ხშირად ჰკითხეთ აზრი. შესთავაზეთ ამა თუ იმ სიტუაციაში ქცევის მზა მოდელი. არავითარ შემთხვევაში არ მიაკეროთ იარლიყი (“ისეთი მორცხვია, გვერდიდან არ მშორდება”) – მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს ბავშვზე და ეს როლი გაუმყაროს: “როგორ ვთამაშო ბავშვებს, მე ხომ მორცხვი ვარ!”

აგრესიული

თუ ბავშვი ხშირად ჩხუბობს, თანაც ერთსა და ორს კი არა, თითქმის ყველა მეგობარს ეჩხუბება, დააკვირდით, ყოველთვის ერთი და იმავე სცენარით ხომ არ ვითარდება კონფლიქტი. მაგალითად, ბავშვი მეგობარს მხოლოდ მაშინ უწყრება, როდესაც ის დახმარებას სთხოვს. ესაუბრეთ მას იმის თაობაზე, როგორ სურდა ურთიერთობის გაგრძელება, როგორ შეიძლება ამის სხვაგვარად მიღწევა. წაახალისეთ, როდესაც სირთულეს მშვიდად მოაგვარებს და აუცილებლად აუხსენით, რა მოსდევს ჩხუბს, სიფიცხეს – სხეულის დაშავება, მეგობრის დაკარგვა…

თავის მომაბეზრებელი

თუ ბავშვი თავის ნივთებს გამუდმებით სჩუქნის სხვას, რათა “მეგობრობა იყიდოს” ან მეტისმეტად ბევრ ყურადღებას ითხოვს მეგობრებისგან, ესე იგი მას დაბალი თვითშეფასება აქვს. შეეცადეთ მიიღოთ ის ისეთი, როგორიც არის, ხაზი გაუსვათ მის ძლიერ მხარეებს, გამოიკვლიოთ მისი ინტერესები და ინტერესთა სფეროს გაღრმავებაში დაეხმაროთ.

ძუნწი

ნუ დააძალებთ, ათხოვოს სხვას სათამაშო, როდესაც თავად არ სურს ეს. ზოგჯერ უფროსებს ისე გვინდა ბავშვის ხელგაშლილობის დემონსტრაცია, რომ ვაიძულებთ, დათმოს მისთვის ყველაზე ფასეული ნივთი. ბავშვისთვისკი ნივთებიხშირად მე-კონცეფციის ნაწილია;ის მათ საკუთარ ნაწილად აღიქვამს – ამიტომაც უჭირს მათთან შელევა. თუ გვსურს, ბავშვს გაზიარება ვასწავლოთ, სასურველიაშევქმნათ იმგვარი სიტუაცია, სადაც ბავშვები გარკვეული მიზნის გარშემო გაერთიანდებიან.მაგალითად, უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებშეიძლება შევთავაზოთ თამაში “მსგავსი ხელთათმანი”: წყვილებსდაურიგოთ ხელთათმანის კონტურებდა ერთნაირიხელთათმანებისშექმნადავავალოთ.მათ მოუწევთ, შეთანხმდნენ ორნამენტის,ფერების თაობაზე… მუშაობისასთავისთავად გაუზიარებენ ერთმანეთფანქრესა და ფლომასტერებ, რომ გამოყენებული ფერები სხვადასხვანაირიარ აღმოჩნდეს...

მიუხედავად იმისა, რომ პრობლემას სხვადასხვა მიზეზი აქვს, უფროსებს დახმარება შეგვიძლია. პირველ რიგში, თავად უნდა ვუჩვენოთ ბავშვებს მეგობრობისა და თანამშრომლობის მაგალითი; ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვს შინ თუ სკოლაში ჰქონდეს ინტერაქციული სამაგიდო სათამაშოები, რომლებითაც რამდენიმე ადამიანთან ერთად შეეძლება თამაში; ვასწავლოთ დადებითი ემოციების გამოხატვა, სხვისი შექება: “რა კარგად ხატავ!”, “რა საინტერესო ამბავს მომიყევი!” დავაკვირდეთ სხვებთან მის ურთიერთობას – უჭირს თუ არა, რა უნარის განვითარება სჭირდება, რათა უკეთ შეძლოს კომუნიკაცია, რა გზით არის შესაძლებელი ამ უნარის განვითარება… რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ბავშვთან იმგვარი ურთიერთობა, რომ მას შეეძლოს ჩვენთვის ნებისმიერი პრობლემის გაზიარებადა დახმარებისთხოვნა.

გაკვეთილის დაგეგმვა

0

თემისა და, ამის კვალობაზე, თითოეული გაკვეთილის სწორად დაგეგმვა სასწავლო მიზნის შესრულების მნიშვნელოვანი კომპონენტია – მიზნების განსაზღვრა აქტივობებისა და შეფასების სწორი ფორმების შერჩევაშიც გვეხმარება.

გაკვეთილების ძირითადი პარამეტრების დაგეგმვის შემდეგ მნიშვნელოვანია, დაზუსტდეს საგაკვეთილო მიზანი და კონკრეტული თემა, შეირჩეს კლასში მუშაობის შესაფერისი ფორმა.

მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს, სამფაზიანი გაკვეთილის რომელ ეტაპზე იქნება გამოყენებული შერჩეული აქტივობები და გაითვალოს სავარაუდო დრო

მნიშვნელოვანია, ზუსტად განისაზღვროს ეგრეთ წოდებული ძირითადი კითხვები – მათზე პასუხები გვიჩვენებს, რამდენად გაიაზრა, გაიგო მოსწავლემ თემა. კითხვები და პასუხები გაკვეთილის შედეგიანობის განსაზღვრის ეფექტური ინდიკატორებია.

საშინაო დავალება საგაკვეთილო პროცესის ლოგიკურ გაგარძელებას და განვითარებას წარმოადგენს. იმავდროულად, ის ქმნის მოტივაციას მომდევნო გაკვეთილისთვის.

წარმოგიდგენთ გაკვეთილის ერთ-ერთ სცენარს, რომელიც გათვლილია მე-7 კლასისთვის და უპასუხებს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნას, კერძოდ:
ბუნ.VII.7 – მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება, გამოიყენოს კლასიფიკაციის პრინციპი და იმსჯელოს ჯგუფებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

. წარმოადგენს ორგანიზმთა ერთი და იმავე სიმრავლის დაჯგუფების რამდენიმე გზას თავის მიერ შერჩეული კრიტერიუმების მიხედვით, ხსნის ამა თუ იმ ჯგუფის გამოყოფის მიზეზს, აკეთებს პრეზენტაციას;
. ასახელებს ორგანიზმების ჯგუფებად (სოკოები, წყალმცენარეები, ხავსები, გვიმრები, ყვავილოვანი მცენარეები) დაყოფის მთავარ კრიტერიუმებს;

. მოიპოვებს მასალას ადგილობრივ გარემოში მცენარეთა და ცხოველთა მრავალფეროვნების შესახებ და ანაწილებს შესაბამის ტაქსონომიურ ერთეულებად დამახასიათებელი ნიშნების მიხედვით (მაგ., ნაძვი, ფიჭვი, ცაცხვი – მცენარეთა სამეფო, შესაბამისად, შიშველ- ან ფარულთესლოვანი);

. ბუნებაში ამოიცნობს ორგანიზმებს საველე სარკვევების/სათანადო ლიტერატურის დახმარებით;
. მოიპოვებს ინფორმაციას და აღწერს ცოცხალი სამყაროს სამეფოებს, ადგენს მარტივ გენეალოგიურ ხეს და წარმოადგენს მას სხვადასხვა გამომსახველობითი საშუალებით (მაგ., სქემა, ნახატი).
გაკვეთილის მიზანი:
. სოკოთა სამეფოს დამახასიათებელი ნიშან-თვისებების გარკვევა;
. ქუდიანი სოკოების კვებისა და აგებულების თავისებურებათა შესწავლა;
. სოკოების მნიშვნელობის გააზრება ბუნებასა და ადამიანის საქმიანობაში;
. ანალიზის, სისტემატიზაციისა და შეჯამების უნარების განვითარება.
გაკვეთილზე გამოყენებულია ელექტრონული პრეზენტაცია.
მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად გაკვეთილს ვიწყებთ საუბრით: ბუნება უამრავ გამოცანას გვთავაზობს. ერთ-ერთ ასეთ გამოცანას დღეს გავეცნობით, ამიტომ გთავაზობთ შემდეგ დავალებას:
. წაიკითხეთ სიტყვები, იპოვეთ მათ შორის ზედმეტი და მოიფიქრეთ, რატომ არის ისინი ზედმეტი.
წყალი – ნაძვი
ხე – მელა
კოდალა – არყისძირა
კალია – ბაყაყი
იასამანი – ხვლიკი
ზამბახი – ქვიშა
– ზედმეტია ”წყალი” და ”ქვიშა”, იმიტომ რომ არაცოცხალი ბუნების აღმნიშვნელია.
. როგორ სხეულებს აღნიშნავს დანარჩენი სიტყვები?
– ცოცხალს.
. დაასახელეთ ცოცხალის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.
– ცოცხალის ნიშნებია: სუნთქვა, კვება, ზრდა, გამრავლება, მოძრაობა, სიკვდილი. ყველა ცოცხალს აქვს უჯრედული აგებულება.
. დააჯგუფეთ დარჩენილი სიტყვები.
– მცენარეები, ცხოველები, სოკოები.
მცენარეები და ცხოველები ჩვენ უკვე შევისწავლეთ. ესე იგი დღეს ვისაუბრებთ სოკოებზე. ეს იქნება ჩვენი გაკვეთილის თემა.
ეს აქტივობა ემსახურებოდა მოსწავლეებთან თანამშრომლობის ერთ-ერთ ფორმას – მიზნის ერთობლივად დასახვას.
აქტივობა: ახალი მასალის შესწავლა
სოკოები ცოცხალი ორგანიზმების თავისებური ჯგუფია. დღესდღეობით ცნობილია მათი 100 ათასზე მეტი სახეობა (სლაიდი). ზოგიერთი მათგანის არსებობას მხოლოდ მათი ქმედების შედეგად ვიგებთ.
მრავალუჯრედიან სოკოებს შორის განსაკუთრებულ ჯგუფს წარმოადგენს ქუდიანი სოკოები.
მეცნიერები დიდხანს მსჯელობდნენ, რა იყო სოკო – მცენარე თუ ცხოველი. საბოლოოდ ისინი ცალკე სამეფოდ გამოყვეს.
როგორ ფიქრობთ, რა ნიშნების საფუძველზე გამოყვეს სოკოები ცალკე სამეფოდ?
ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ მცენარეებისა და ცხოველების დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.
გაიხსენეთ, რა ძირითადი ნიშან-თვისებებით გამოირჩევიან მცენარეები:

  

გაიხსენეთ, რა ძირითადი ნიშან-თვისებებით გამოირჩევიან ცხოველები.

აქტივობა: ინფორმაციის გააზრება და დახარისხება
დავალება: მოსწავლეებს ვურიგებთ ბარათებს საინფორმაციო ტექსტით (შესაძლებელია სახელმძღვანელოც) და ვთხოვთ, ცხრილის შესაბამის გრაფაში ჩაწერონ სამეფოს დამახასიათებელი ნიშან-თვისებები:
 
მცენარეები სოკოები ცხოველები
შემდეგ მოსწავლეებს ვუსვამთ კითხვას: იპოვეთ მსგავსება მცენარეებსა და ცხოველებთან? რომელთან უფრო მეტი მსგავსებაა? როგორ ფიქრობთ, რატომ?

მოსაზრებათა გამოთქმის შემდეგ ვუსვამთ ახალ კითხვებს: გინახავთ ვინმეს სოკოები ტყეში? თუ დააკვირდებით, უფრო ხშირად სად გვხვდება ისინი? როგორ ფიქრობთ, რატომ?

სოკოები ხშირად გვხვდება ხეების ძირას, თანაც გარკვეული სახეობები – გარკვეული ხეების ძირას (მაგ. არყა – არყის ძირას).

რას ეფუძნება ხისა და სოკოს ასეთი „კეთილმეზობლური ურთიერთობა”?
სოკოს ჰიფები გარს ერტყმის ხის ფესვებს. სოკო ხიდან იღებს ორგანულ ნივთიერებას, რომლის წარმოქმნა (სინთეზი) თვითონ არ შეუძლია ქლოროფილის უქონლობის გამო, თავად კი მცენარეს წყალსა და მინერალურ მარილებს აწვდის. მაშ, რა ეწოდება მოცემულ თანაცხოვრებას?

დავალება: ჩამოთვლილი ტერმინებიდან აირჩიეთ ის, რომელიც ამ ურთიერთობას გამოხატავს.

ციტოპლაზმა: “ციტოს” – ჭურჭელი, “პლაზმა” -წარმონაქმნი
ქლოროფილი: “ქლოროს” – მწვანე, “ფილონ” – ფოთოლი
ფოტოსინთეზი: “ფოტონ” – სინათლე, “სინთეზი” – შექმნა
სიმბიოზი: ლათ. simbiosis – ერთად ცხოვრება, თანაცხოვრება

შემაჯამებელი შეკითხვა: რა ძირითადი ნიშან-თვისებები ახასიათებს სოკოებს?

სოკოს მნიშვნელოვანი ნაწილია ნაყოფსხეული, ობობას ქსელის მაგვარი ძაფების გროვა კი მიწაშია ჩამალული. ნაყოფსხეული ფეხისა და ქუდისგან შედგება. სოკოს აქვს უჯრედული აგებულება. მის უჯრედებში არ გვხვდება ქლოროფილი. უჯრედის გარსი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას – ქიტინს, ხოლო სამარაგო ნივთიერებად – გლიკოგენს. სოკოები უმოძრაოა და შეუზღუდავად იზრდება.

როგორც ზემოთ ითქვა, ეს არის გაკვეთილის ერთ-ერთი სავარაუდო მონახაზი, რომელშიც დაგეგმილი აქტივობები აკმაყოფილებს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების შემდეგ კრიტერიუმებს:
1. გაუჩნდეს მოსწავლეს ინტერესი გარემომცველი სამყაროს კვლევის, სიახლეთა აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;
2. განუვითარდეს ბუნებისმეტყველისთვის საჭირო ელემენტარული კვლევაძიებითი და მისი სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენების უნარ-ჩვევები;
3. გაცნობიერებული ჰქონდეს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობა.

ვიტამინების რაობა

0

ბავშვობაში დროის მანქანაზე ვოცნებობდი. იმხანად საფრანგეთზე ვიყავი შეყვარებული და ვინმეს მართლა რომ ეჩუქებინა ასეთი რამ, დაუფიქრებლად შუა საუკუნეების საფრანგეთისკენ ავიღებდი გეზს. ახლა გამახსენდა ეს ოცნება და ვიფიქრე, ხომ შეიძლება, მოსწავლეებს წარმოსახვითი მოგზაურობა შევთავაზო-მეთქი. მით უმეტეს, ქიმიის დიდაქტიკის დარგში მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტები სწავლებისას განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ ისტორიული ფაქტების გამოყენებას უთმობენ.

წარმოვიდგინოთ, რომ 1497 წელია. ცნობილი პორტუგალიელი მოგზაური ვასკო და გამა სამოგზაუროდ ემზადება. აფრიკა და ინდოეთი უნდა აღმოაჩინოს, ოღონდ ეს ჯერ არ იცის. არც ის, რომ ამ აღმოჩენას მისი 100 მეზღვაური შეეწირება. მიზეზი C ვიტამინის, იმავე ასკორბინის მჟავას უკმარისობით გამოწვეული დაავადება იქნება ძალიან უცნაური სიმპტომებით: სიფითრით, ბადურას შემღვრევით, ღრძილებიდან სისხლდენითა და კბილების ცვენით. დაავადებას სურავანდს უწოდებენ, თუმცა ეს მოგვიანებით მოხდება, მანამდე კი იგი გაცილებით მეტ მეზღვაურს გამოასალმებს სიცოცხლეს, ვიდრე მეკობრეთა თავდასხმები.

ევროპაში ამ დაავადებას ლიმონის წვენით მკურნალობდნენ, ამერიკელი ინდიელები კი წიწვების ნახარშითა და ზოგიერთი მცენარის ნაყენით.

მხოლოდ 1910-1912 წლებში გაირკვა, რომ სურავანდის მიზეზი საკვებში განსაკუთრებული ნივთიერების ნაკლებობა იყო. მოგვიანებით ამ ფაქტორს ასკორბინის მჟავა – ვიტამინი C უწოდეს. 1935 წელს კი მისი ქიმიური აღნაგობა დაადგინეს. ეს არის თეთრი ფერის, წყალში კარგად ხსნადი კრისტალური ნივთიერება; არ იხსნება ორგანულ გამხსნელებში; ფართოდ არის გავრცელებული მცენარეებში.
ლაბორატორიულ პირობებში C ვიტამინს ნებისმიერ პროდუქტში იოლად აღმოვაჩენთ რკინის (III) ჰექსაციანო ფერატით


კარგი აღმომჩენია ბისმუტის მარილებიც, თუმცა ამ უკანასკნელთა ტოქსიკურობის გამო მოსწავლეებთან მათ გამოყენებას ჯობს მოვერიდოთ.

ვიტამინ C-ს ანტივიტამინიც აქვს – ფერმენტი ასკორბატოქსიდაზა. C ვიტამინის მსგავსად, ისიც ხილისა და ბოსტნეულის უმრავლესობაშია გავრცელებული, ოღონდ არააქტიური სახით. თუ ხილს ან ბოსტნეულს გავფცქვნით ან გავჭრით და ერთხანს გავაჩერებთ, ჰაერში არსებული ჟანგბადის მეშვეობით ასკორბატოქსიდაზა გააქტიურდება და C ვიტამინის დაშლას დაიწყებს.
მოგვიანებით გაირკვა, რომ ვიტამინები ბიოკატალიზატორების ანუ ფერმენტების შემადგენლობაში შედის.
მოსწავლეებს სიამოვნებით ვურჩევდი, წარმოსახვითი დროის მანქანით 1941 წლის დანიაში ემოგზაურათ. აქ დანიის მეფე ქრისტიან X ცნობილ ბიოქიმიკოსს ლინდერსტრემ-ლანგუს ფერმენტების კვლევისთვის უმაღლეს სამეცნიერო ჯილდოს – ერსტედის ოქროს მედალს გადასცემს.
მეფემ მეცნიერს სთხოვა, საზოგადოებისთვის თავისი აღმოჩენის შესახებ მოეთხრო. მეცნიერმა თხრობა მამასა და სამ ძმაზე დაიწყო, რომელთა მთელი სიმდიდრე 17 თეთრი აქლემი იყო. სიკვდილის წინ მამამ ძმებს აქლემები ასე გაუნაწილა: უფროსს ნახევარი არგუნა, შუათანას – მესამედი, ხოლო უმცროსს – ერთი მეცხრედი. მამის დაკრძალვის შემდეგ ძმებმა აქლემების გაყოფა განიზრახეს, მაგრამ უშედეგოდ. ამ დროს მათ კართან ერთმა მოხუც,ა ჩამოიარა წიგნებით დატვირთული შავი აქლემით. ძმებმა რჩევა სთხოვეს. მოხუცმა დასახმარებლად თავისი შავი აქლემის ჩუქება შესთავაზა. ძმები დათანხმდნენ და… 18 აქლემი გაუხდათ. უფროსმა თავისი ნახევარი, ანუ 9 აქლემი მიიღო, შუათანამ – ერთი მესამედი, 6 აქლემი, უმცროსმა კი – ერთი მეცხრედი, 2 აქლემი. თუმცა 9, 6 და 2 ერთად 17 აქლემი გამოვიდა, მეთვრამეტე კი ზედმეტი დარჩა. მაშინ მოხუცმა უთხრა ძმებს, დამიბრუნეთ ჩემი აქლემი, რადგან მან თავისი საქმე უკვე გააკეთაო. მე სწორედ მეთვრამეტე, შავი აქლემი აღმოვაჩინეო, – მიმართა მეცნიერმა დანიის მეფეს. ეს “მეთვრამეტე აქლემი” ფერმენტია, რომელიც ასრულებს რეაქციას, ოღონდ ისე, რომ თვითონ არც იცვლება და არც იხარჯება.
როგორც აღვნიშნე, მოგვიანებით გაირკვა, რომ ფერმენტების დამატებით ჯგუფში, კოფერმენტების ან პროსტეთულ ჯგუფში, შედის სწორედ ვიტამინები. სხვათა შორის, სახელწოდება “ვიტამინები” – “სიცოცხლის ამინები” – მათ მხოლოდ ისტორიულად შემორჩათ, რადგან არც ერთი მათგანი ამინებს არ შეიცავს. ამიტომ ისინი ისეთი საერთო ნიშნის მიხედვით დააჯგუფეს, როგორიც ხსნადობაა. დღეს ვიტამინების ორი ჯგუფია ცნობილი: ცხიმში ხსნადი (ლიპოვიტამინები) – A- A, D, E, K – – და წყალში ხსნადი (ჰიდროვიტამინები) – B ჯგუფის ყველა ვიტამინი, C, H.
ჩემი ადრინდელი წერილი მეტალებს შეეხებოდა. მინდა, აქაც ვახსენო ორი მათგანი: კალციუმი, რომლის გადამტანიც ორგანიზმში D D ვიტამინია და მაგნიუმი, რომელსაც B B6 ვიტამინი სისხლიდან უჯრედებამდე მიაქვს.
მოსწავლეებისთვის საინტერესო იქნება ცნობაც ანტივიტამინების შესახებ.
სასკოლო პროგრამაში ვიტამინებზე ასე თუ ისე მოიპოვება ინფორმაცია, მაგრამ არაფერია ნათქვამი ე.წ. ანტივიტამინებზე. ანტივიტამინები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც აგებულებით ვიტამინებს ჰგავს. ამის გამო ისინი შესაძლოა ვიტამინების ნაცვლად შეუერთდნენ ფერმენტებს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელნი აქტივობას დაკარგავენ. თუ უჯრედში ანტივიტამინების რაოდენობამ გარკვეულ ზღვარს მიაღწია, ნივთიერებათა ცვლა შეფერხდება. ანტივიტამინები ვიტამინებსაც უშლიან ხელს ფუნქციათა შესრულებაში – წარმოქმნიან მათთან ერთად მდგრად ნაერთებს და „გამოთიშავენ” ნივთიერებათა ცვლიდან. ყოველივე ამასთან ერთად, ანტივიტამინები ბლოკავენ საკვებიდან ვიტამინების შეწოვას, აჩქარებენ ორგანიზმიდან მათ გამოდევნას, გადაჰყავთ ისინი არააქტიურ მდგომარეობაში.
მაგალითად, ვიტამინ B B1-ის ანუ თიამინის ანტივიტამინი ფერმენტი თიამინაზაა, რომელიც ზღვისა და ოკეანის ზოგიერთი თევზის შემადგენლობაში შედის, ამიტომ აღმოსავლური სამზარეულოს მოყვარულებს (უმი თევზის კერძები) შესაძლოა თიამინის ავიტამინოზის განვითარების საფრთხე დაემუქროთ.
ვიტამინი H H, ანუ ბიოტინის ანტივიტამინი ცილა ავიდინია, რომელიც უმი კვერცხის ცილაში მოიპოვება. ავიდინი ბოჭავს ბიოტინს და ნაწლავებს მისი შეწოვის საშუალებას არ აძლევს. ბიოტინი კი, თავის მხრივ, გლუკოზის შეწოვაზ აგებს პასუხს.
ვიტამინი PP PP (B5), იგივე ნიაცინი, ნიკოტინმჟავა. მისი ანტივიტამინი ამინმჟავა ლეიცინია. ეს ამინმჟავა შედის ფერადი ბრინჯის, ლობიოს, სოიის, სოკოს, თხილის, ძროხის რძის, ხორბლისა და სოიის ფქვილში. ავიტამინოზი მხოლოდ იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ ჩვენს ყოველდღიურ საკვებ რაციონს მხოლოდ ეს პროდუქტები შეადგენს. ანტივიტამინებია ინდოლილძმარმჟავა და აცეტილპირიდინიც. ორივე დიდი რაოდენობითაა სიმინდში.
ახალგაზრდობის ვიტამინი A, იგივე რეტინოლი. მისი ავიტამინოზის ნიშნებია: ქსეროფთალმია, კერატომალაცია (თვალის რქოვანას დარბილება საცრემლე ჯირკვლის დაზიანების გამო), ქათმის სიბრმავე, ეპითელური გარსის ანთება (ბატის კანი), ზრდის შეჩერება. მისი ანტივიტამინი კი მეორადი ცხიმები და მარგარინია.
ახალგაზრდობისთვის მეორე ვიტამინიც აუცილებელია – E E, ანუ ტოკოფეროლი. ავიტამინოზის ნიშნები შთამბეჭდავი აქვს: მეგალობლასტური ანემია, რაც ერითროციტების მემბრანის ნაადრევი დაზიანებითა და მათი ნაადრევი ჰემოლიზითაა გაპირობებული. აუცილებელია ორსულებისთვის, რათა ახალშობილთა ანემია თავიდან აიცილონ. მისი ანტივიტამინი კი პოლიუჯერი მჟავებია, რომლებიც დიდი რაოდენობით არის მცენარეულ ზეთში. სწორედ ამიტომ ნებისმიერი წარმოების რაფინირებულ ზეთს აქვს წარწერა, რომ შეიცავს ვიტამინ E E -ს, ანუ ორგანიზმს ზეთთან ერთად ეს ვიტამინი დამატებით მიეწოდება.
არ შეიძლება არ ვახსენოთ ანტივიტამინების უნივერსალური სამეული. მათი მეშვეობით ყველა ვიტამინი ითრგუნება და იშლება. მოსწავლეებისთვის მათი ცოდნა სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს. მაშ ასე, იცნობდეთ, განსაკუთრებით საშიში „დამნაშავენი”:
1. ალკოჰოლი – თრგუნავს B, C da K K ვიტამინებს;
2. თამბაქო – ერთი სიგარეტის მოწევის შედეგად იშლება 25-100 მგ C ვიტამინი; დღიური ნორმაა 50-100მგ;
3. კოფეინი – თრგუნავს B B ჯგუფის ვიტამინებისა და C ვიტამინის შეწოვას.
ვიტამინების შესახებ ვიდეოლექცია შეგიძლიათ მოისმინოთ აქ:

გაახალისეთ მოსწავლეები ვიტამინების სიმღერით:

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...