ოთხშაბათი, აპრილი 8, 2026
8 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

გვჭირდება თუ არა “მწვანე” ქიმია ?

0

წარმოვიდგინოთ, რომ მე და თქვენ თითო ვაშლი გვაქვს და ერთმანეთს ვუცვლით. რას მოიგებს თითოეული ჩვენგანი? არაფერს – ისევ თითო ვაშლი შეგვრჩება ხელში. ახლა წარმოვიდგინოთ, რომ მე და თქვენ ერთმანეთს იდეები ან ინფორმაცია გავუცვალეთ. ამჯერად რაღას მოვიგებთ? – მივიღებთ ახალ ინფორმაციას, გამოცდილებას და შესაძლოა, ერთობლივი პროექტის იდეაც კი დაგვებადოს.

ესეც ბერნარდ შოუმ თქვა და ესეც – დიდი ხნის წინათ, მაგრამ, რომ დავუკვირდი, აღმოვაჩინე, რომ ჩემი და ჟურნალ “მასწავლებლის” ურთიერთობა სწორედ ამ პრინციპს ეფუძნება: მე, როგორც ავტორი, მას საკითხის ჩემეულ ხედვას ვაცნობ, ხოლო მისგან, როგორც მკითხველი, ახალ ინფორმაციასა და გამოცდილებას ვიღებ. გამოდის, ბერნარდ შოუს ეს ჩვენზეც უთქვამს…

გაკვეთილზეც იგივე ხდება: მასწავლებელი და მოსწავლეები ერთმანეთს უწყვეტ რეჟიმში უზიარებენ ინფორმაციას. მოდი, მოსწავლისთვის მისაწოდებელი ინფორმაცია უფრო მეტად გავამძაფროთ, აი, ისე, ზარის დარეკვა და გაკვეთილის დასრულება რომ ეწყინოს. არ გჯერათ, რომ ასეთი რამ შესაძლებელია? ჩვენ ჩვენი ვცადოთ…

ჯერ კიდევ 2009 წელს გამოეხმაურა მსოფლიო კინემატოგრაფი მაიას კალენდარს მასშტაბური ფილმ-კატასტროფით, რომელიც 2012 წლის 21 დეკემბერს ჩვენი პლანეტის დაღუპვას გვაუწყებდა. ბავშვებს მოსწონთ ასეთი მძაფრსიუჟეტიანი სურათები, მათზე საუბარიც უყვართ. ჰოდა, ავდგეთ და ვესაუბროთ, ოღონდ კატასტროფებზე კი არა, ეკოლოგიურ ქიმიაზე, ან, როგორც მას უწოდებენ, “მწვანე” ქიმიაზე.

ექსპერტების აზრით, მაიას ტომის წინასწარმეტყველება ამჯერად არ ახდება, მაგრამ თუ დაინტერესდებით და სააფთიაქო ქსელში გაყიდული მედიკამენტების სტატისტიკას ჩახედავთ, გაოცდებით – მოთხოვნის მხრივ ერთ-ერთი პირველი პოზიცია ანტიჰისტამინურ, ანუ ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებებს უკავია. გამოდის, რომ თითქმის ყოველ მეორეს ალერგია ტანჯავს. ეს ცუდი ეკოლოგიური ვითარების დამსახურებაა. მიზეზი უამრავია. მაგალითად, მძიმე მეტალები. გაეროს კომისიამ განსაკუთრებით საშიშ მეტალებად მიიჩნია ვერცხლი, ტყვია, კადმიუმი, ქრომი, მანგანუმი, ნიკელი, კობალტი, ვანადიუმი, სპილენძი, რკინა, თუთია, სტიბიუმი. ისინი ძალიან ადვილად ერთვებიან კომპლექსწარმომქნელ რეაქციებში და სხვადასხვა ტიპის კომპლექსნაერთს წარმოქმნიან, მათ შორის – ბიოლიგანდებთანაც კი; გამოდის, რომ ცოცხალ ორგანიზმებში (ბუნებრივია, ადამიანის ორგანიზმშიც) ისინი ბიოლიგანდების შემადგენლობაში ხვდებიან. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ზოგიერთ მათგანს ადამიანის ორგანიზმი შეიცავს, – მათ გარეშე მეტაბოლური პროცესები დაირღვევა, – თუმცა მხოლოდ ზოგიერთს და ისიც – ცოტას.

ყველაზე საშიშ მეტალებს: ვერცხლისწყალს, კადმიუმს, ტყვიას – ქსენობიოტიკებსაც უწოდებენ. ისინი თიოლურ შხამებს წარმოადგენენ, რადგან ცილების თიოჯგუფებთან მდგრად ნაერთებს წარმოქმნიან. დაავადებებსაც საკმაოდ მძიმეს იწვევენ: ვერცხლისწყალი – მინამატას დაავადებას (პირველად 1956 წელს იაპონიის ქალაქ მინამატაში იჩინა თავი და სახელწოდებაც აქედან მიიღო), კადმიუმი – იტაი-იტაის. არანაკლებ საშიშია ტყვიაც. მისი ბრალის წარმოსაჩენად ისიც კმარა, რომ ბეთჰოვენი სწორედ მან იმსხვერპლა.

ალბათ გაგიგონიათ ზღვის პროდუქტების სიკეთის ამბავი. სრული სიმართლეა, თუმცა ჩვენს დროში, როდესაც ეკოლოგიური ვითარება დღითი დღე მძიმდება, ზღვის ნობათი შესაძლოა ვერცხლისწყლის ნაერთების წყაროდ იქცეს. საიდან ხვდება ეს მეტალი ზღვის, მდინარის, ოკეანის ორგანიზმებში? – ნაგავსაყრელებიდან. დიახ, არ მოგჩვენებიათ… ვიცით კი, როგორ უვნებელვყოთ თერმომეტრის გატეხისას დაღვრილი ვერცხლისწყალი? ვიცით კი, რომ აპარატურის მძიმე მეტალების შემცველი ნაწილების პირდაპირ სანაგვეზე გადაყრა ჩვენთვისვეა საშიში? რა ემართება ვერცხლისწყალს ნაგავსაყრელზე მოხვედრისას? წვიმების, განსაკუთრებით – მჟავა წვიმების, ზემოქმედებით გამოთავისუფლდება და მიწისქვეშა წყლების მეშვეობით საბოლოოდ მდინარეებში, ზღვებსა თუ ოკეანეებში აღმოჩნდება (ამას ნიადაგის ეროზიაც უწყობს ხელს, რაც ტყეების მასიური განადგურების უშუალო შედეგია), იქ სპეციალური ბაქტერიების გავლენით მეთილირდება, ანუ მეთილის ჯგუფს იერთებს და მდგრად მეთილჰიდრარგირუმს წარმოქმნის, ეს უკანასკნელი პლანქტონთან ერთად პატარა თევზების ორგანიზმში ხვდება, პატარა თევზი ადრე თუ გვიან დიდის საკბილო ხდება, დიდი თევზი კი ჩვენს თეფშზე აღმოჩნდება. აი, ასეთ ჯადოსნურ წრეს კრავს ვერცხლისწყალი ჩვენ მიერ გადაგდებული გატეხილი თერმომეტრიდან ჩვენსავე ორგანიზმამდე. ოღონდ ამ გზით მიღებული ჰიდრარგირუმი ჩასუნთქულზე გაცილებით ვერაგია. რატომ? ის მეთილირებულია და ცილების მოლეკულებთან მდგრადი ნაერთის წარმოქმნა შეუძლია. ამის კვალობაზე, ორგანიზმიდან გამოსასვლელად თავისუფალი ვერცხლისწყლის ორთქლზე გაცილებით მეტი ხანი სჭირდება.

ზემოთ ტყვია ვახსენე. საიდან შეიძლება იგი ჩვენს ორგანიზმში მოხვდეს? – მანქანების გამონაბოლქვიდან. ოქტანური რიცხვის გადიდება შესაძლებელია ე.წ. ანტიდეტონატორების დამატებით. ამისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ ტეტრაეთილტყვიას – Pb(C2H5)4. ასეთ ბენზინს ეთილირებული ბენზინი ეწოდება. იგი ჯანმრთელობისთვის საშიშია, რადგან მისი წვისას ტყვიის ტოქსიკური ნაერთები გამოიყოფა. თითოეული ავტომანქანა, რომელიც ეთილირებულ ბენზინზე მუშაობს, ყოველ 100 კილომეტრზე 3 გრამამდე მავნე ნაერთს გამოაფრქვევს.

ტეტრაეთილტყვია ძლიერი შხამია, ამიტომ მისი გამოყენება ევროკავშირის ქვეყნებში კანონით იკრძალება. გაცილებით ეფექტური ანტიდეტონატორია მარტივი ეთერი (მეთილიზობუტილეთერი), რომელიც არ არის შხამიანი და გარემოსაც არ აბინძურებს.

სამწუხაროდ, არ ვიცი, როგორ არის საქმე ამ მხრივ საქართველოში – როგორ საწვავს ვიყენებთ და რა აქვს მას ანტიდეტონატორად დამატებული. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ტეტრაეთილტყვია არ არის.

ალბათ, მალე დადგება დრო, როდესაც ბარელი ნავთობის კი არა, ტონა მარცვლეულის ფასს ვიკითხავთ. რატომ? იმიტომ, რომ მარცვლეული ნედლეულია, რომლისგანაც ბიოსაწვავს იღებენ. ავტომშენებლობის პიონერმა ფორდმა ჯერ კიდევ 1908 წელს შექმნა მოდელი FORD T, რომლის ძრავაც ბიოეთანოლზე მუშაობდა. ბიოეთანოლი ეთილის სპირტის გაუწყლოებით მიიღეს. თუმცა ბენზინისა და სპირტის კონკურენციის შედეგად უპირატესობა პირველმა მოიპოვა, უკანასკნელ ხანს კი ბიოსაწვავი სულ უფრო პოპულარული ხდება.

ბიოეთანოლი-ეთილის სპირტის (C2H5OH) მისაღებ ნედლეულად გამოიყენება შაქრის მაღალი შემცველობის კულტურები – ლერწამი, სიმინდი, კარტოფილი, ჭარხალი.

ბიობუტანოლი- ბუტილის სპირტი (C4H9OH) ასევე მცენარეული ნედლეულისგან მიიღება, ოღონდ არა დუღილის შედეგად, არამედ სპეციალური ბაქტერიების მეშვეობით.

ბიომეთანოლს-მეთილის სპირტს (CH3OH) სწრაფად მზარდი წყალმცენარეებისგან იღებენ.

რატომ მიიჩნევა ბიოსპირტები ეკოლოგიურად სუფთა საწვავად? იმიტომ, რომ მძიმე მეტალებს საერთოდ არ გამოყოფს, ნახშირორჟანგს კი მხოლოდ იმდენს, რამდენსაც ატმოსფეროდან ნედლეულად გამოიყენებდა მცენარე.
გამოდის, რომ 21-ე საუკუნე სწორედ “მწვანე” ქიმიაზეა დამოკიდებული, თუმცა ცოდნა უნდა მოვიხმოთ, რომ უნებლიე შეცდომა ჩვენვე არ შემოგვიბრუნდეს.

დადგება თუ არა ოდესმე საქართველოსთვის ლოკალური “21 დეკემბერი”, ძნელი სათქმელია… მე კი მიმაჩნია, რომ როგორც ქართველობას ვერ დაშრეტ და ვერ ამოწურავ, ასევე შეუძლებელია (მიუხედავად მავანთა მცდელობისა) ჩვენი მადლიანი ბუნების ბოლომდე განადგურება.

სტატიაში დასმულ ყველა კითხვაზე პასუხს ჩემსავე ვიდეოლექციებში იპოვით, ეს ინფორმაცია კი, ვფიქრობ, გაკვეთილს უფრო საინტერესოს გახდის.

მე თქვენ საკითხის ჩემეული ხედვა გაგაცანით. თქვენგანაც იმავეს ველი. ხომ გახსოვთ, რა თქვა ბერნარდ შოუმ ჩვენს ურთიერთობაზე?..

მანანა მელიქიშვილი – ფსიქოლოგია და განათლება

0

საუკუნეზე მეტია, ფსიქოლოგები სწავლობენ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობას, ეძებენ გზებს, რომლებიც მასწავლებელს – მოსწავლისთვის ცოდნის გადაცემაში, ხოლო მოსწავლეს ამ ცოდნის ათვისებაში დაეხმარება. ამრიგად, განათლების სისტემის განვითარებაში ფსიქოლოგიას განსაკუთრებული როლის შესრულება შეუძლია.

 

სწორედ განათლების სისტემაში ფსიქოლოგის როლია თსუ-ის ასოცირებულ პროფესორთან, ფსიქოლოგ მანანა მელიქიშვილთან ჩვენი საუბრის თემა.

უკანასკნელ ხანს საქართველოში აქტუალურ თემად იქცა განათლების ფსიქოლოგია. რას არის ეს და რა მნიშვნელობა აქვს სასკოლო განათლებისთვის?

განათლების ფსიქოლოგია სწავლობს სწავლა-სწავლების პროცესის ფსიქოლოგიურ თავისებურებებს, იყენებს ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდებსდა ეორიებს, ცდილობს პედაგოგიური პროცესის გაუმჯობესებას. განათლების ფსიქოლოგები შეისწავლიან მოსწავლეთა აზროვნებას, მათ გრძნობებსა და მოტივაციას, ასევე – პედაგოგსა და მოსწავლეს შორის არსებულ ურთიერთობებს.

– რა მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისთვის ელემენტარული ფსიქოლოგიის ცოდნას?

– ფსიქოლოგიის ცოდნა მასწავლებელს იმისთვის სჭირდება, რომ დაეუფლოს სწავლების სხვადასხვა სტრატეგიას, კლასის მართვის ხერხებს, იცოდეს ბავშვების ასაკობრივი განვითარების თავისებურებები და შეეძლოს ინდივიდუალობის დანახვა.

სწავლებისუნარჩვევებიადამიანს მემკვიდრეობითარგადაეცემა. ფსიქოლოგიასშეუძლია,ამუნარჩვევებისგანვითარებაშიდაგვეხმაროს.

მოსწავლე სხვადასხვა ასაკში სხვადასხვა ფსიქოლოგიური თავისებურებით გამოირჩევა. ეს გამოიხატება არა მარტო მისი ქცევით, არამედ ცოდნის ათვისების სპეციფიკითაც… ცოდნაიმისშესახებ, როგორსწავლობენმოსწავლეები, როგორვითარდებიან, რაახდენსმათმოტივირებას, როგორფიქრობენდაიმახსოვრებენ, მასწავლებელს სწავლის პროცესის წარმართვას უადვილებს.

წინათ ქართული საგანმანათლებლო სისტემა ფაქტობრივი ცოდნის გადაცემაზე იყო აგებული. სადღეისოდ მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. მასწავლებელმა სწავლების ისეთი მეთოდები უნდა შესთავაზოს მოსწავლეს, რომ იგი თვითონვე გახდეს ცოდნის აღმომჩენი.

შვეიცარიელი ფსიქოლოგი ჟან პიაჟე, რომლის კვლევის ძირითადი სფერო ბავშვის აზროვნების განვითარებაა, ამტკიცებს, რომ ბავშვი უბრალოდ კი არ რეაგირებს გარემოზე, არამედ აქტიურად მოქმედებს და გარემოსთან შეგუების პროცესში იძენს ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. პიაჟეს თეორიის მიხედვით, აზროვნების განვითარების შესაბამისად ბავშვებს უნდა მივაწოდოთ რეალური სამყაროს აღქმის შესაბამისი საშუალებები; აზროვნების განვითარება ხდება ისეთი სავარჯიშოების ან სიტუაციების მეშვეობით, რომლებიც ხელს უწყობს სასწავლო პროცესში ბავშვების აქტიურ ჩართვას. სასწავლო მასალები და სავარჯიშოები უნდა შეესატყვისებოდეს ბავშვის აზროვნების განვითარების დონეს… ერთი სიტყვით, არსებობს არაერთი ფსიქოლოგიური თეორია, რომლებიც მასწავლებლებს მოსწავლეებთან ურთიერთობასა თუ სწავლებაში ეხმარება.

– როგორია კარგი მასწავლებლის ფსიქოლოგიური პორტრეტი?

– მასწავლებელსუნდა უყვარდეს ბავშვები და თავისი პროფესია; ჰქონდეს საგნის აკადემიური ცოდნა; ფლობდეს სწავლების სტრატეგიებს, საკლასო ოთახის მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს. ამასთან, უნდა ჰქონდეს ემპათიის (თანაგანცდის) უნარი, გრძნობდეს მოსწავლეთა საჭიროებებს. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის დადებითი ურთიერთობა ძლიერ გავლენას ახდენს ბავშვის პიროვნების განვითარებასა და სასწავლო პროცესზე.

ყოველივე ამასთან ერთად, მასწავლებელს უნდა შეეძლოს საკუთარი პიროვნების შეცნობა და მართვა (მისწრაფებების, ძლიერი და სუსტი მხარეების გაცნობიერება). მერწმუნეთ, თუ მასწავლებელმა ეს შეძლო, იგი ადვილად ჩასწვდება თითოეული ბავშვის ხასიათსაც და წარმატებით შეძლებს მათთან ურთიერთობას.

ასწავლებელმა ბევრი დრო უნდა დაუთმოს მოსწავლის სოციალურ და ემოციურ განვითარებას. აუხსნას მას, რა არის პასუხისმგებლობა და სამართლიანობა, ხელი შეუწყოს მისი თვითშეფასების ამაღლებას, სწავლებისას გაითვალისწინოს თითოეული მოსწავლის უნარები და შესაძლებლობები.

– რამე განსაკუთრებული თვისება თუ აქვთ ქართველ პედაგოგებს?

– წინათ ქართველი მასწავლებელი ავტორიტარი გახლდათ, რის გამოც მოსწავლის როლი და მნიშვნელობა სწავლის პროცესში სრულიად იყო იგნორირებული. მოგვიანებით სწავლებისადმი ამგვარი მიდგომა უარყოფილ იქნა და გაჩნდა მასწავლებელი-მეგობარი – მასა და მოსწავლეს შორის ყოველგვარი ზღვარი წაიშალა. დღეს მასწავლებელი პარტნიორია; მართალია, მოსწავლესთან მას მეგობრული ურთიერთობა აქვს, მაგრამ სასწავლო პროცესს თავად მართავს, რაც ხაზს უსვამს მის ავტორიტეტს. მასწავლებელი-პარტნიორი არის ბავშვის შემეცნებითი აქტივობის კონსულტანტი, ორგანიზატორი და კოორდინატორი.

– დღეს ხშირად ლაპარაკობენ მასწავლებლის ავტორიტეტზე. რა არის საჭირო, რომ პედაგოგი მოსწავლისთვის ავტორიტეტი იყოს?

პირველ რიგში, ის უნდა იყოს პროფესიონალი, კარგად იცოდეს თავისი საგანი და, ამასთან, ჰქონდეს ფართო ზოგადი განათლება, შეეძლოს კონსტრუქციული ურთიერთობა როგორც მოსწავლესთან, ისე მის მშობლებსა თუ გარშემო მყოფ საზოგადოებასთან. მასწავლებელმა უნდა შექმნას სწავლების ისეთი პირობები (მეთოდები, სწავლის ფორმები, შეფასების სისტემა), რომლებიც უკეთ წარმოაჩენს თითოეული მოსწავლის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, აზროვნების ინდივიდუალირ სტილს, პრობლემების გადაჭრის უნარს.

ყოველივე ამასთან ერთად, აუცილებელია, სახელმწიფო აღიარებდეს და აფასებდეს პედაგოგის პროფესიას, რაც სათანადო ანაზღაურებითაც გამოიხატება. წინათ მასწავლებელობა პრესტიჟულად მიიჩნეოდა. დღეს მისდამი დამოკიდებულება შეიცვალა და მიმაჩნია, რომ აუცილებელია, პედაგოგთან ერთად მის ავტორიტეტზე საზოგადოებამ და სახელმწიფომაც იზრუნონ, რადგან მასწავლებელი ის ადამიანია, რომელიც მომავალ თაობას ზრდის, ამიტომ ავტორიტეტი მას ისე სჭირდება, როგორც არავის.

– მასწავლებლისთვის პრობლემად შეიძლება იქცეს მშობელიც…

– ასეც ხდება. არსებობენ მშობლები, რომლებიც ცდილობენ, აქტიურად იყონ ჩართულნი შვილების სწავლის პროცესში, თუმცა ხშირად მიკერძოებულნი არიან. ამ შემთხვევაში მასწავლებელს ვურჩევთ, არ დაკარგოს წონასწორობა, მოიხმოს ემპათია, გადავიდეს პასიური მსმენელის პოზიციაში, დააცადოს მშობელს ლაპარაკი, თუნდაც ჩხუბი, რათა მას ბრაზი გაუნელდეს და მხოლოდ ამის შემდეგ აუხსნას საქმის ვითარება. ამასთან, პედაგოგი ყოველთვის უნდა ცდილობდეს მშობლის თვალში ავტორიტეტის შენარჩუნებას.

– ცოტა ხნის წინ საქართველოს სკოლებს ჰყავდათ ფსიქოლოგები. მოგვიანებით ეს საშტატო ერთეული გაუქმდა. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია სკოლაში ფსიქოლოგის ყოფნა?

– ფსიქოლოგებმა, მათ შორის – მეც, რამდენიმე წელი ვიმუშავეთ სკოლებში და, ვფიქრობ, ბევრი რამ გავაკეთეთ როგორ მოსწავლეთა ურთიერთობის, ასევე მოსწავლის, პედაგოგისა და ადმინისტრაციის ურთიერთობის კუთხით. სკოლის ფსიქოლოგის შტატი რომ გაუქმდა, ამის მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ბევრ სკოლაში ფსიქოლოგებად არაპროფესიონალები დაინიშნენ. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ იყო მცდელობა ამ საშტატო ერთეულის აღდგენისა. განათლების სამინისტროს დავალებით, სპეციალური გამოკვლევაც კი მოვამზადეთ. ჩემი აზრით, კარგი იქნება, სკოლებს ისევ ჰყავდეთ ფსიქოლოგები – დღევანდელი პედაგოგები ჯერ კიდევ არცთუ კარგად არიან გათვითცნობიერებულნი ამ კუთხით, რაც მრავალ პრობლემას უქმნით, ფსიქოლოგები კი მათ ამ სირთულეთა დაძლევაში დაეხმარებოდნენ.

– თქვენ განათლების ფსიქოლოგიის მიმართულებით მუშაობთ და კარგად იცით პედაგოგების დამოკიდებულება ამ დარგისადმი. როგორ ფიქრობთ, თავად მათ თუ აქვთ გაცნობიერებული ფსიქოლოგიის როლი სწავლის პროცესში?

იყო დრო, როდესაც ქართველ მასწავლებლებს ფსიქოლოგიის ცოდნა ზედმეტად მიაჩნდათ, მაგრამ ვითარება თანდათან შეიცვალა. სასერტიფიკატო გამოცდებში უნარების ტესტების შეტანის შემდეგ პედაგოგებს გარკვეული ფსიქოლოგიური ცოდნა დაუგროვდათ, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს არ არის საკმარისი. ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, პედაგოგებს პერიოდულად ჩაუტარდეთ ტრეინინგი და გაიარონ ფსიქოლოგიის კურსი.

ესაუბრა თამარ კაციტაძე

 

წერა-კითხვისა და მხატვრული წარმოსახვის ქებათა ქება – მარიო ვარგას ლიოსა

0

წერა-კითხვა ხუთი წლისამ სალიეს კოლეჯში, წმინდა ძმის, ხუსტინიანეს კლასში ვისწავლე. კოლეჯი ბოლივიის ქალაქ კოჩაბამბაში მდებარეობდა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემს ცხოვრებაში, და სამოცდაათი წლის შემდეგაც ნათლად მახსოვს ის საოცარი განცდა, რომლის წყალობითაც სიტყვები სურათ-ხატებად გარდაისახებოდა და ჩემს ცხოვრებას ამდიდრებდა. ამან შემაძლებინა გადამელახა დროისა და სივრცის საზღვრები, კაპიტან ნემოსთან ერთად 80 ათასი კილომეტრი წყალ­ქვეშ გამეტარებინა, დარტანიანის, ათოსის, პორთოსისა და არამისის მხარდამხარ, კარდინალ რიშელიეს ხრიკების წინააღმდეგ მებრძოლა, დედოფალს განადგურებით რომ ემუქრებოდა. პარიზის მიწისქვეშეთშიც ამოვყავი თავი და ჟანვალჟანადაც გადავიქეცი, მარიუსის უსიცოცხლო სხეული ზურგზე რომ მოეკიდებინა.

ამრიგად, ჩემთვის, პატარა ბიჭისთვის, წერა-კითხვა ცხოვრებისეულ ოცნებად გადაიქცა და ოცნების სამყაროს მაზიარა. მახსოვს, დედაჩემი მიამბობდა: პირველი თხზულებების წერა რომ დაიწყე, ხან წაკითხული ამბების გაგრძელებას ცდილობდი, რადგან ბოლოში რომ გადიოდი, გული გწყდებოდა, ხანაც ამ ამბებს შენებურად გადააკეთებდი ხოლმეო. იმ დროს ჩემს საქციელს ნამდვილად ვერ ვაცნობიერებდი, რადგან წაკითხული ამბები ჩემს ბავშვობას აღფრთოვანებითა და თავგადასავლებით ავსებდა და დროში გრძელდებოდა, მე კი ამასობაში ვიზრდებოდი, ვვაჟკაცდებოდი და ვბერდებოდი.

რა ბედნიერი ვიქნებოდი, დედაჩემი ახლა ყველაფერ ამას რომ ხედავდეს! ეს ის ქალი იყო, ამადო ნერვოსა და პაბლო ნერუდას პოემების კითხვისას ტირილს რომ ვერ იკავებდა. გამიხარდებოდა, ამ ცერემონიალს ჩემი გრძელცხვირა, თავმოტვლეპილი პაბლო პაპაც თუ დაესწრებოდა, გამუდმებით ჩემი ლექსების ქებაში რომ იყო! არც ბიძაჩემი ლუჩო იშურებდა ძალებს, რათა შთავეგონებინე, მთელი ჩემი არსება წერისთვის მიმეძღვნა, თუმცა ეს საქმე იმ­ხანად არცთუ დიდად შემოსავლიანი იყო. მთელი სიცოცხლის განმავლობაში გარს ის ადამიანები მეხვია, ვისაც ვუყვარდი და შთაგონებით მავსებდა, ხოლო ეჭვებით შეპყრობილს მამხნევებდა და რწმენას მინერგავდა. სწორედ ამ ადამიანებისა და ჩემი დაჟინებული ხასიათის, თუმცა, ალბათ იღბლის წყალობითაც, შევძელი ჩემი დიდი და საუკეთესო დრო ამ გატაცებისთვის მიმეძღვნა. ეს ამაღელვებელი საოცრება, წერა რომ ჰქვია, იმ პარალელურ სამყაროში ამოგაყოფინებს თავს, მძიმე წუთების დროს თავის შეფარება რომ შეგიძლია; შენს თვალწინ ამ დროს ბუნებრივი ამბები საოცრებად გარდაიქმნება, უჩვეულო ამბები კი ბუნებრივად წარმოგიდგება, წერისა და კითხვის პროცესი ფანტავს ქაოსს, ალამაზებს სიმახინჯეს, მარადიულს ხდის წამს და სიკვდილს დროებით მოვლენად აქცევს.

წერა სულაც არ ყოფილა ადვილი საქმე. ხელში კალმის აღებისთანავე, ჩანაფიქრი უძლურდება ქაღალდზე, იდეები და სახეები კი თვალს ეფარება. ჰოდა, როგორღა ჩავუდგათ მათ სიცოცხლე? საბედნიეროდ, არსებობდნენ მასწავლებლები, რომლებმაც ამის სწავლა შემაძლებინეს. ფლობერმა, მაგალითად, მასწავლა, რომ ნიჭიერება მკაცრ დისციპლინასა და უსაზღვრო მოთმინებას მოითხოვს. ფოლკნერის აზრით, წერა და წერის პროცესი ერთგვარი ფორმებია, ხან რომ ამდიდრებენ, ხან კი აღარიბებენ თემებს. მარტორელის, სერვანტესის, დიკენსის, ბალზაკის, ტოლსტოის, კონრადისა და თომას მანის აზრით, რომანის წერის დროს ამბიციასა და მოცულობას ისეთივე მნიშვნელობა აქვს, როგორც სათანადო სტილსა და თხრობის სტრატეგიას. სარტრი ამბობს: სიტყვები ქმედების ის სახეობაა, რომლის წყალობითაც აქტუალურ რომანს, პიესას თუ ესეს, შეუძლიათ ისტორიის მსვლელობა სასიკეთოდ შეცვალონ. კამიუსა და ორუელის აზრით, ზნეობას მოკლებული ლიტერატურა ჰუმანური ვერ იქნება, ხოლო მალრო ამტკიცებს, რომ ჰეროიკული და ეპიკური პოეზიის არსებობა, დღეს ისევე შესაძლებელია, როგორც “არგონავტების”, “ილიადასა” და “ოდისეას” ეპოქაში.

ჩემს გამოსვლაში ყველა იმ მწერლისთვის რომ მიმეგო პატივი, ვისგანაც მეტ-ნაკლებად დავალებული ვარ, აქ მყოფთ ალბათ მარტო ამ სახელების ხსენებაც კი გვაგრძნობინებდა მათ ბუმბერაზობას. მათი წყალობით თხრობის საიდუმლოს ვეზიარე და შევძელი ჩავწვდომოდი ადამიანის შინაგან სამყაროს, რომელიც აღმაფრთოვანებდა და იმავდროულად მაძრწუნებდა თავისი სისასტიკით. დიახ, ეს მწერლები იქცნენ ჩემს გულითად და უშურველ მეგობრებად, ჩემს მოწოდებას შთაგონებით რომ ავსებდნენ. სწორედ მათ წიგნებში ამოვიკითხე, რომ თვით ყველაზე მძიმე მდგომარეობაშიც კი არ უნდა დაკარგო იმედი, რომ ცხოვრებაში არსებობს იმედგაცრუება, თუმცა ეს არაფერია სიცოცხლესთან შედარებით, რადგან მის გარეშე ვერც კითხვას და ვერც მხატვრულად აზროვნებას ვერ შევძლებდით.

ხანდახან ვეკითხებოდი საკუთარ თავს: პერუს მსგავს ქვეყნებში, სადაც ამდენი ღარიბ-ღატაკი, უქონელი და წერა-კითხვის უცოდინარი ადამიანი და ასე ცოტა მკითხველი არსებობს, სადაც კულტურის სიკეთე, მხოლოდ ადამიანთა მცირერიცხოვანი ფენის ხვედრია, წერა მეტისმეტი ფუფუნება ხომ არ არის-მეთქი. მაგრამ ამგვარი ეჭვები ვერ ახშობდა ჩემს მოწოდებას და ისეთ რთულ პერიოდშიც კი, ჯიუტად ვაგრძელებდი საქმეს, როდესაც მთელი ჩემი დრო საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრს მიჰქონდა. მგონია, რომ სწორად მოვიქეცი, რადგან ლიტერატურის წყალობით, საზოგადოება, პირველ რიგში, მაღალ კულტურას უნდა ზიარებოდა, უნდა ესწავლა თავისუფლების, სამართლიანობისა და კეთილდღეობის ფასი, რადგან ამის გარეშე თვით ლიტერატურა ვერასოდეს ვერ იარსებებდა.

წარმოსახვისა და შთამაგონებელი ჟინის წყალობით, ლიტერატურა რეალობას გამოგვარიდებს და, როდესაც ოცნების მოგზაურობიდან ვბრუნდებით, ადამიანური ყოფა ნაკლებად სასტიკი გვეჩვენება, როგორც ეს იმხანად მოხდა, მთხრობელებმა ცხოვრებას თავდაპირველად რომ მიანიჭეს ადამიანური სახე. ნაღდი ლიტერატურის გარეშე, ბევრად უარეს თვისებებს გამოვავლენდით, უფრო კონფორმისტულები, მორჩილები და ნაკლებად ზეშთაგონებულები ვიქნებოდით; აღარ იარსებებდა პროგრესის მაუწყებელი კრიტიკული აზროვნება. ისევე როგორც წერა, კითხვაც ერთგვარი პროტესტია, როდესაც შეგიძლია შენს წარმოსახვაში შეეწინააღმდეგო ცხოვრების ნაკლოვანებებს და ეძებო ის, რაც რეალურად არ არსებობს. ჩვენთვის საჩუქრად ნაბოძებ სიცოცხლეს არ შესწევს უნარი, სრულიად დაგვიკმაყოფილოს შემეცნების წყურვილი, მაგრამ ეს სიცოცხლე ადამიანური არსის საფუძველია და გვინდა, რომ ის უკეთესად გამოიყურებოდეს. ამიტომაც ვქმნით მხატვრულ სახეებს; ამ სახეების წყალობით შესაძლებლობა გვეძლევა, უამრავი სიცოცხლის თანამონაწილეც გავხდეთ, რადგან თავად ჩვენ მხოლოდ ერთადერთი სიცოცხლე გაგვაჩნია.

მხატვრული აზროვნების გარეშე ნაკლებად გავაცნობიერებდით თავისუფლების მნიშვნელობას, აზრად არ მოგვივიდოდა, რომ ეს ცხოვრება უფრო ადამიანური გაგვეხადა და ჯოჯოხეთად არ გვექცია, ტირანიას, იდეოლოგიას ან რელიგიას ფეხით რომ არ გაეთელა. ლიტერატურა მშვენიერებას რომ გვაზიარებს და ოცნების სამყაროში გვამყოფებს, იმავდროულად სხვა საფრთხე­ებისგანაც გვიცავს. ჰოდა, ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, საკუთარ თავს ჰკითხოს: მაშ, რატომ აკონტროლებს ყველა რეჟიმი ადამიანის ნებისმიერ საქციელს დაბადებიდან კუბოს კარამდე, ასე ძალიან რატომ ეშინია მავანს და მავანს მისი ქმედებებისა, რომ დასათრგუნად ცენზურას აწესებს და უნდობლობით ეკიდება შემოქმედ მწერლებს. ცხადია, ასე იმიტომ იქცევიან, რომ იციან, თუ ადამიანების წარმოსახვა წიგნის ფურცლებზე გადავა, მაშინ ამბოხებული მკითხველი ცენზურას თავისუფლების მოთხოვნას დაუპირისპირებს. ნაწარმოების ქარგას რომ თხზავს, მწერალი მკითხველში უნებლიეთ უნდობლობას იწვევს, რადგან ამ დროს იმის გაცხადება ხდება, თუ რა უსამართლოდაა მოწყობილი ეს ქვეყანა. მწერლის წარმოსახვითი სამყარო კი ამ დროს ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება. თუ ეს მოსაზრება მკითხველის გონებაში ფესვებს გაიდგამს, მათ შენ ჭკუაზე ვეღარ მოაქცევ და ვეღარ დააჯერებ, თითქოს გისოსებს მიღმა, გამომძიებლებისა და ციხის ზედამხედველების გარემოცვაში, უკეთესი და უსაფრთხო ცხოვრება ელით.

ნაღდ ლიტერატურას ადამიანებს შორის ხიდების გადება შეუძლია. ის გვაიძულებს სიამოვნება, აღტაცება ან გაოცება დაგვეუფლოს. ლიტერატურა ერთმანეთთან გვაკავშირებს ენით, წარმოშობით, უნარ-ჩვევებით, ჩვეულებებით, ცრურწმენებით და, იმავდროულად, ჩვენს შორის არსებულ განსხვავებებს დაგვანახებს. როცა დიდმა თეთრმა ვეშაპმა ზღვაში კაპიტანი აჰაბი შთანთქა, ამან ერთნაირად ატკინა მკითხველს გული ტოკიოშიც, ლიმაშიც და ტომბუკტუშიც; როცა ემა ბოვარი საწამლავს სვამს, ანა კარენინა მატარებელის ბორბლებს უვარდება, ჟულიენ სორელი ეშა­ფოტზე აჰყავთ და ბორხესის მოთხრობის “სამხრეთის” პერსონაჟი ხუან დალმანი დუქნიდან დანამომარჯვებული გარბის, რათა მავან ჩხუბისთავს ანგარიში გაუსწოროს, ანდა ცნობილი ხდება, რომ კომალაში, პედრო პარამოს სოფლის არც ერთი მოსახლე ცოცხალი აღარ არის, აი ამ დროს ყველა აღმსარებლობისა თუ წარმომავლობის მკითხველს, ერთნაირად იპყრობს თანაგრძნობა, და მნიშნელობა არა აქვს, იგი ბუდას მიმდევარია, კონფუცის, ქრისტესი თუ ალაჰის, ან სულაც აგნოსტიკოსია, პიჯაკი აცვია და ჰალსტუხით დადის, ხიჯაბში, კიმონოში თუ ბომბაჩაშია გამოწყობილი. ლიტერატურა ადამიანებს აერთიანებს და შლის საზღვრებს, იდეოლოგიების, რელიგიების და ენათა შორის განსხვავების წყალობით რომ არსებობს.

ყველა ეპოქას თავის ფანტომები ჰყავდა, ჩვენ დროებას კი ფანატიზმი ახასიათებს. ტერორისტები იმ რწმენით ხელმძღვანელობენ, თითქოს უდანაშაულო ადამიანების მოკვლით სამოთხეში მოხვდებიან, უცოდველთა სისხლი წარხოცავს საყოველთაო შეურაცხყოფას, აღადგენს სამართლიანობას და ურწმუნოებს ჭეშმარიტ რჯულზე მოაქცევს. მათ ამ რწმენას მსოფლიოში ყოველდღიურად ურიცხვი ადამიანი ეწირება მსხვერპლად, მკვლელები კი აბსოლუტური ჭეშმარიტების მქადაგებლებად შერაცხავენ საკუთარ თავს. გვეგონა, რომ ტოტალიტარული იმპერიების ნგრევასთან ერთად შესაძლებელი გახდებოდა ადამიანთა მშვიდობიანი თანაცხოვრება, პლურალიზმთან ერთად დამკვიდრდებოდა ჰუმანური კანონებისადმი პატივისცემა და სამყარო მსხვერპლშეწირვებს, გენოციდს, დაპყრობით და გამანადგურებელ ომებს დააღწევდა თავს, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა. მკვიდრდება ფანატიზმისა და ველურობის ახალი სახეობები, მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება რომ უმაგრებს ზურგს. არ არის გამორიცხული, ამ “მხსნელი” შეშლილების რომელიმე გაერთიანების წყალობით ერთ დღეს, მსოფლიო ბირთვული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ამიტომ აუცილებელია ამ ბოროტების აღმოფხვრა, მასთან ბრძოლა და ბოლომდე განადგურება. ისინი არცთუ ისე ბევრნი არიან, მაგრამ თავიანთი მოქმედებებით მთელ პლანეტას შიშით აზანზარებენ, და არ უნდა დავუშვათ, რომ მათ დაგვაშინონ, ის თავისუფლება წაგვართვან, კაცობრიობამ ხანგრძლივი დროის მანძილზე გმირობის ფასად რომ მოიპოვა. აუცილებელია, დავიცვათ ლიბერალური დემოკრატია, რომელიც, ყველა შეზღუდვის მიუხედავად, ისევ და ისევ პოლიტიკური პლურალიზმის, თანაარსებობის, ადამიანის უფლებების დაცვის, კრიტიკის პატივისცემის, კანონიერების, თავისუფალი არჩევნების და ხელისუფლებაში ცვლილებების შეტანის პრინციპებს იცავს. სწორედ ამ პრინციპების წყალობით დავაღწიეთ თავი ველურ არსებობას, თუმცა ვერ შევქმენით იმ სრულყოფილი ცხოვრების მოდელი, რომელსაც ლიტერატურის მეშვეობით მხო­ლოდ ქაღალდზე დაწერილსა და წაკითხულს შევიცნობთ ხოლმე. მკვლელი ფანატიკოსების წინააღმდეგ ბრძოლით, საკუთარ ოცნებებსა და იმ უფლებებს ვიცავთ, ამ ოცნებების რეალურად განხორ­ციელებაში რომ დაგვეხმარება.

ახალგაზრდობაში, ჩემი თაობის ბევრი მწერლის მსგავსად, მეც მარქსისტი ვიყავი და, ვიმედოვნებდი, რომ სოციალიზმი ტოტალური უსამართლობისა და ექსპლუატაციის აღმოსაფხვრელად საუკეთესო საშუალება იქნებოდა. ეს იდეოლოგია იმხანად ჩემს ქვეყანაში, ლათინურ ამერიკაში და, ზოგადად მთელს მსოფლიოში იკიდებდა ფეხს. ჩემმა იმედგაცრუებამ მონოპოლისტური სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ, მოგვიანებით დემოკრატად და ლიბერალად გარდამქმნა, რაც დღეს ვარ, ან ვცდილობ ასეთად დავრჩე; ეს ხანგრძლივი და საკმაოდ რთული პროცესი იმ ცვლილებების შემდეგ დაიწყო, კუბის რევოლუციამ რომ განიცადა და პირველ ხანებში აღმაფრთოვანებდა. ამის მიზეზი ასევე საბჭოთა კავშირის ავტორიტარული, ვერტიკალური მოდელი, გულაგის მავთულხლართებს გამოვლილი დისიდენტების ჩვენებები და ვარშავის პაქტის მონაწილე ქვეყნების ჩეხოსლოვაკიაში შეიარაღებული შეჭრა იყო. მაგრამ ისეთი მოაზროვნეების წყალობით, როგორიც რაიმონდ არონი, ჟან ფრანსუა რეველი, ისაია ბერლინი და კარლ პოპერი იყვნენ, ჩემში დღევანდელი დემოკრატიული და არადემოკრატიული საზოგადოების ღირებულებების გადაფასება მოხდა. ეს ადამიანები განმანათლებლობისა და სიმამაცის მაგალითებს გვაძლევდნენ, როდესაც დასავლეთის ქარაფშუტა და ოპორტუნისტული ინტელიგენცია დაბრმავებული იყო საბჭოთა სოციალიზმის ყალბი მომხიბვლელობით, ან კიდევ უარესი, ჩინეთის კულტურული რევოლუციის სისხლიანი შაბაშის მიმართ გულგრილი რჩებოდა.

ბავშვობიდან ვოცნებობდი პარიზზე, რადგან ფრანგული ლიტერატურით თავბრუდახვეულს მეგონა, იქ ცხოვრება და იმ ჰაერით სუნთქვა, ბალზაკი, სტენდალი, ბოდლერი და პრუსტი რომ სუნთქავდნენ, დამეხმარებოდა ნამდვილ მწერლად ჩამოვყალიბებულიყავი. ვიცოდი, პერუდან თუ არ წავიდოდი, ჩემგან ერთი ჩვეულებრივი, თავშესაქცევი, ვაიმწერალი დადგებოდა. ჰოდა, უნდა ვაღიარო, რომ ვალში ვარ საფრანგეთის, ფრანგული კულტურისა და განმანათლებლობის წინაშე. ლიტერატურა ხომ ისეთივე თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს, როგორც ნებისმიერი სხვა საქმიანობა. საფრანგეთში იმ დროს მომიხდა ცხოვრება, როცა ჯერაც ცოცხალი კამიუ და სარტრი აქტიურად იღვწოდნენ და სწორედ იმ წლებში, იქ, იონესკო, ბეკეტი, ბატაი და სიორანიც მოღვაწეობდნენ. იმხანად აღმოვაჩინე ბრეჰტის თეატრი, ინგმარ ბერგმანის ფილმები, ჟან ვილარის “ნაციონალური სახალხო თეატრი”, ჟან ლუი ბაროს თეატრი “ოდეონი”, “ახალი ტალღა” და “ახალი რომანი”, ანდრე მალროს უმშვენიერესი თეატრალური პიესები კი იმ დროისთვის, ევროპაში ალბათ ყველაზე საინტერესო სანახაობა იყო; იქ იმართებოდა პრესკონფერენციები და ისმოდა გენერალ დე გოლის ოლიმპიური ჭექა-ქუხილი. მაგრამ საფრანგეთს ყველაზე მეტად იმაში ვემადლიერები, რომ მისი წყალობით ხელახლა აღმოვაჩინე ლათინური ამერიკა. სწორედ პარიზში გავაცნობიერე, რომ პერუს თავისი ისტორია და გეოგრაფია, სოციალური გარემო, პოლიტიკა და კეთილხმოვანი ენა ჰქონდა, რომელზეც წერდნენ და ლაპარაკობდნენ. სწორედ იმ წლებში ჩაეყარა ამ კონტინენტზე საფუძველი თანამედროვე და სწრაფად განვითარებად ლიტერატურას. საფრანგეთში გავეცანი ბორხესს, ოქტავიო პასს, კორტასარს, გარსია მარკესს, ფუენტესს, კაბრერას ინფანტეს, რულფოს, ონეტის, კარპენტიერს, ედვარდსს, დონოსოს და ბევრ სხვას, რომელთა ქმნილებებმაც ესპანური ენის ნარაციულ სფეროში გარდატეხა გამოიწვიეს და რევოლუცია მოახდინეს. სწორედ მათი წყალობით გაიცნო ევროპამ, მერე კი მსოფლიოს სხვა ქვეყნებმაც აღმოაჩინეს, რომ ლათინური ამერიკა მხოლოდ ომებისა და ამბოხებების, კომიკური პერსონაჟების, წვერიანი მეომრების, “მამბო”-ს, “ჩა- ჩა- ჩა”-ს და “მარაკა”-ს სამშობლო არ იყო და იდეების, არტისტული ფორმების და მხატვრული აზროვნების კონტინენტსაც წარმოადგენდა. ჰოდა, აღმოჩნდა, რომ იქ ადამიანებს ხატოვნად აზროვნება და უნივერსალურ ენაზე ლაპარაკი შეეძლოთ.

ამ დროიდან ლათინურმა ამერიკამ განვითარების გზით დაიწყო სიარული, თუმცა ეს გზა წინააღმდეგობებითა და შეცდომებით იყო აღსავსე. სწორედ ამას გულისხმობს სეზარ ვალიეხო თავის ლექსში, როცა ამბობს: “ძმებო, ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი”. დიქტატურა ახლა ძველებურად აღარ გვთრგუნავს და ამ კონტინენტს მხოლოდ კუბა, მისი თანამოაზრე ვენესუელა და ბოლივიისა და ნიკარაგუის პოპულისტური, ტაკიმასხარა ფსევდოდემოკრატიაღა შემორჩა. კონტინენტის დიდ ნაწილში კი ავად თუ კარგად, დემოკრატია მაინც მუშაობს. ფართო, პოპულარულ ერთსულოვნებისა და ისტორიის პრინციპებს იზიარებენ მემარცხენეები და მემარჯვენეები ბრაზილიაში, ჩილეში, ურუგვაიში, პერუში, კოლუმბიაში, დომენიკის რესპუბლიკასა და მექსიკაში; თითქმის მთელი ლათინური ამერიკა პატივისცემით ეკიდება მართლმსაჯულებას, არჩევნებს, კრიტიკის თავისუფლებას და ცვლილებებს ხელისუფლებაში. ეს მართებული გზაა და, თუ ამ ქვეყნებმა დაჟინებით გააგრძელეს კორუფციასთან ბრძოლა და მსოფლიოში ინტეგრირება მოახდინეს, ლათინური ამერიკა ბოლოს და ბოლოს დაემშვიდობება მომავლის კონტინენტის სახელს და დღევანდელი დღის კონტინენტად გადაიქცევა.

არც ერთ ქვეყანაში არ მქონია იმის განცდა, რომ უცხოელი ვიყავი. ყველგან, სადაც კი ცხოვრება მომიხდა, პარიზში იქნებოდა ეს, ლონდონში, ბარსელონაში, მადრიდში, ბერლინში, ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, ბრაზილიასა თუ დომენიკის რესპუბლიკაში, თავს ისე ვგრძნობდი, როგორც საკუთარ სახლში. ყოველთვის ვპოულობდი ნავსაყუდელს, სადაც შემეძლო მშვიდად მეცხოვრა, მემუშავა, სამყარო შემეცნო, ოცნებებით ვყოფილიყავი შთაგონებული და ერთგული მეგობრებიც შემეძინა; შემეძლო საინტერესო წიგნების წაკითხვა და საწერი თემის გამონახვა. მაგრამ ფიქრადაც კი არ მომსვლია, რომ შეიძლებოდა ამის გამო “მსოფლიო მოქალაქედ” გადავქცეულიყავი, რადგან მაშინ მნიშვნელობას დაკარგავდა ის ცნება, “ფესვებს” რომ ეძახიან და, ჩემს ქვეყანასთან რომ მაკავშირებდა. პერუდან გამოყოლილი გამოცდილება ვეღარ გამომკვებავდა როგორც მწერალს და ჩემი წარმოდგენები ამ ქვეყანაზე, ყოველ ჯერზე, ვეღარ აისახებოდა ჩემს ნაწარმოებებში, როგორც ეს პერუდან მოშორებით აღწერილ ამბებშიც კი ხდებოდა.

ასე მგონია, იმ ქვეყნის გარეთ დიდხანს ცხოვრებამ, სადაც დავიბადე, გაამყარა-მეთქი ჩემი კავშირი მასთან. უფრო მეტიც, უკეთეს შუქში დამანახა და ნოსტალგიით გამსჭვალა. ამ სიტყვას ესმის მისგან ნაწარმოებ ზედსართავსა და არსებით სახელს შორის განსხვავება და ჯიუტად აირეკლავს მოგონებებს. სულაც არ არის სავალდებულო ის ქვეყანა გიყვარდეს, სადაც დაიბადე, მაგრამ მისდამი, შენდა უნებურად, იმავე გრძნობით გიძგერს გული, შეყვარებულების, მამის, შვილებისა და მეგობრების სიყვარულს რომ სჩვევია ხოლმე.

პერუს გულით ვატარებ, რადგან იქ დავიბადე, გავიზარდე, დავვაჟკაცდი და ახალგაზრდული თუ ყმაწვილკაცური გამოცდილებაც შევიძინე, შემდგომში ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებას რომ შეუწყო ხელი და, საკუთარი მოწოდებისადმი ლტოლვაც გამიძლიერა. და, კიდევ იმიტომ მიყვარს პერუ, რომ იქ შეყვარებული ვიყავი, მძულდა, დაბრკოლებებს ვუმკლავდებოდი და ვოცნებობდი. ამიტომ სხვა ქვეყნების ბედზე მეტად, ჩემი ქვეყნის ბედი და იქ მიმდინარე მოვლენები უფრო ახლოს მიმაქვს გულთან და მაფორიაქებს. დიახ, ეს ასეა, თუმცა ზოგიერთი ჩემი თანამემამულე სამშობლოს ღალატსაც მაბრალებდა; მერე უკანასკნელი დიქტატურის დროს კინაღამ პერუს მოქალაქეობაც ჩამომართვეს, რადგან მსოფლიოს დემოკრატიულ მთავრობებს თხოვნით მივმართე, ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციების გამოყენებით, დაესაჯათ არსებული რეჟიმი. სწორედ ასე ვიქცეოდი ნებისმიერი დიქტატურის წინააღმდეგ, იქნებოდა ეს პინოჩეტისა თუ ფიდელ კასტროსი; ავღანეთის თალიბების, ირანის იმამების, სამხრეთ აფრიკის აპართჰეიდებისა და ბირმის უნიფორმიანი სატრაპების მიმართ. ხვალაც ასე მოვიქცევი, თუკი ვინმე ქვეყნის კეთილდღეობას და პერუელების ნებას არ დაჰყვება. ჩვენი მყიფე დემოკრატიის განადგურების შემთხვევაში, პერუ როგორც სახელმწიფო დაინგრეოდა და ამას უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვებოდა. ეს დემოკრატია არც ნაჩქარევი ყოფილა და არც საგანგებოდ მგზნებარე, როგორც მას ზოგიერთი ვაიპოლიტიკოსი აფასებდა; ისინი ხომ მიჩვეულები იყვნენ საკუთარი პატარკაცობიდან გამომდინარე განეკითხათ. ჩემი ლოგიკით, ამის მიზეზი ის იყო, რომ დიქტატურამ სისასტიკითა და კორუფციით ქვეყანა უფსკრულის პირამდე მიიყვანა და ის ღრმა ჭრილობები დააჩნია, რომელთა მოშუშებას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. სწორედ ეს კლავს მომავლის იმედს, ნერგავს არაჯანსაღ ჩვევებსა და გამოცდილებას მომავალ თაობებში და აფერხებს დემოკრატიის ფეხზე წამოდგომას. ამიტომაც დიქტატორებს არ უნდა ჰქონდეთ შენდობა, და, ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით, მათ შორის ეკონომიკური სანქციების მეშვეობითაც, დამხობილი უნდა იქნენ. რა სამწუხაროა, როცა ხედავ, რომ დემოკრატიული მთავრობები, ნაცვლად იმისა, სოლიდარობა გამოუცხადონ “კუბელ თეთრსამოსელიან მანდილოსნებს”, ვენესუელელ მებრძოლებს ან აუგ სან სუ ჩუის და ლუი სიაობოს, რომლებიც მამაცურად იბრძვიან დიქტატურის წინააღმდეგ, საქმეს სწორედ მათ მტრებთან იჭერენ. ეს გულადი ადამიანები ხომ მხოლოდ საკუთარი თავის კი არა, ჩვენს გამოც იბრძვიან.

ჩემი თანამემამულე ხოსე მარია არგედასი პერუს “აღრეული სისხლის ქვეყანას” უწოდებს. არა მგონია, ამ აზრის გამოხატვა ამაზე უკეთესად შეიძლებოდეს. ჰო, ასეთია ჩვენი შინაგანი ბუნება, მოგვწონს ეს თუ არა; ამ ქვეყანამ ტრადიციებს, რასებს, წარმომავლობებს და კულტურას, სამყაროს ოთხივე კუთხიდან მოუყარა თავი. მეამაყება, რომ წინარეესპანური კულტურის მემკვიდრე, ნასკას, პარაკასის, მოჰიკანების შთამომავალი ვარ, ქსოვილებისა და ფრინველის ბუმბულისგან მოსასხამებს რომ კერავდნენ. ჩემი წინაპრები ინკები იყვნენ, რომელთა კერამიკა მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებს ამშვენებს; ასევე მაკჩუ პიკჩუს, გრან ჩიმუს, ჩან ჩანის, კუელაპის, სიპანის ძეგლების, სოლის და ლუნას ყორღანების მშენებლების და, ამავდროულად, ესპანელების მემკვიდრეც ვარ, ჩაცმულობა, ხმლები, ცხენები, ებრაულ-ესპანური ტრადიცია, აღორ­ძინება, სერვანტესი, კებედო, გონგორა რომ ჩაიტანეს პერუში, საბერძნეთსა და რომში და, რაც მთავარია, ნატიფი კასტილიური ენა დაამკვიდრეს, რომელიც ანდების მკვიდრმა მოსახლეობამ კიდევ უფრო კეთილხმოვანი გახადა. ესპანეთთან ერთად პერუში შემოვიდა აფრიკაც, თავისი ცეცხლოვანი ბუნებით, მუსიკით, ამაღელვებელი წარმოდგენებით და უფრო გაამდიდრა ამ ქვეყნის ჰეტეროგენული სივრცე. თუ სიღრმეებს ჩავყვებით, დავინახავთ, რომ პერუ, ბორხესის “ალეფის” მსგავსად, მთელი სამყაროს წიაღში აღმოცენებული პატარა სამყაროა. მართლაცდა, საოცარი პრივილეგიაა ქვეყნისათვის, არ ჰქონდეს საკუთარი იდენტურობა, მაგრამ ამ იდენტურობას ყველა ქვეყანაში ვხედავდეთ.

ამერიკის დაპყრობაც, საერთოდ ყველა დაპყრობითი ომის მსგავსად, სასტიკი და ძალადობრივი ქმედება იყო და, კრიტიკას იმსახურებს, მაგრამ აქ უნდა გავიხსენოთ ის ესპანელი წინაპრები, უკეთურების ჩასადენად ამერიკაში რომ გაემგზავრნენ და იქ მოახდინეს ასიმილაცია, და არა ისინი, თავიანთ მიწაზე, ესპანეთში რომ დარჩნენ.

ამ კრიტიკას სამართლიანობისთვის, აუცილებლად თვითკრიტიკა ესაჭიროება; მართალია, ორასი წლის წინ ესპანელების უღლისგან გავთავისუფლდით, მაგრამ მერე, ძველ კოლონიებში ძალაუფლების ხელში აღების შემდეგ, ნაცვლად ინდიელების დაცვისა და სამართლიანობის აღდგენისა, ესპანელებმა, როგორც ნამდვილმა დამპყრობლებმა, ხალხის ექსპლუატაცია კიდევ უფრო მეტი სიხარბითა და სისასტიკით განაგრძეს; რამდენიმე ქვეყანაში კი მთლიანად ამოჟლიტეს და გაანადგურეს ადგილობრივი მოსახლეობა. უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ორი საუკუნის შემდეგ ინდიელების გათავისუფლება მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და ვერ აღვასრულეთ. აღნიშნული პასუხისმგებლობა დღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება მთელ ლათინურ ამერიკაში და ამ შეურაცხმყოფელ და სამარცხვინო მდგომარეობაში ერთი გამო­ნაკლისიც კი არ შეინიშნება.

ესპანეთი ისევე მიყვარს, როგორც პერუ და ამ ქვეყნის წინაშე ჩემი ვალი ჩემი მადლიერების ტოლფასია. რომ არა ესპანეთი, ვერასოდეს მოგმართავდით ამ ტრიბუნიდან, არც ცნობილი მწერალი და გამომცემელი არ ვიქნებოდი და, შესაძლოა, ბევრი ჩემი ხელმოცარული კოლეგის გვერდით ვმდგარიყავი, მკითხველი რომ არ ჰყავთ, მერე კი მათ ნიჭს, ერთ დღესაც, მომავალი თაობა სევდიანი ნუგეშით აღმოაჩენს. ჩემი ყველა წიგნი ესპანეთში დაიბეჭდა, აქ მოვიპოვე გადაჭარბებული აღიარება და ჩემმა მეგობრებმა, კარლოს ბარარიმ და კარმენ ბალსელსმა ძალ-ღონე არ დაიშურეს, რათა ჩემს ნაწარმოებებს მკითხველი ჰყოლოდა; ესპანეთმა მიბოძა მეორე მოქალაქეობა, როცა საკუთარი თითქმის დავკარგე. მცირედი გაუცხოვებაც არასოდეს მიგრძვნია იმის გამო, რომ პერუელი ვიყავი, თუმცა ესპანური პასპორტი მქონდა, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ესპანეთი და პერუ მედლის ორი მხარე იყო და, არა მხოლოდ ჩემი პატარა პიროვნების გამო, არამედ სინამდვილეში, ეს ისტორიის, კულტურის და ენის საფუძველზე ხდებოდა.

იმ დროიდან მოყოლებული, რაც ესპანეთის მიწაზე დავდგი ფეხი, სუნთქვაშეკრული, აღფრთოვანებით ვიგონებ იმ ხუთ წელიწადს, სამოცდაათიანი წლების დასაწყისში, ჩემს საყვარელ ბარსელონაში რომ გავატარე. ფრანკოს დიქტატურა ჯერ ისევ მძვინ­ვარებდა, ბრძოლით ისევ იბრძოდა, მაგრამ უკვე სულს ღაფავდა. ეს განსაკუთრებით აისახებოდა კულტურაზე, რომლის კონტროლი რეჟიმს უკვე აღარ ძალუძდა. გაიხსნა ყველა ღრიჭო და გასასვლელი, ცენზურა უკვე ვეღარ აკონტროლებდა მდგომარეობას და ესპანური საზოგადოება სულმოუთქმელად დაეწაფა ახალ იდეებს, წიგნებს, აზროვნების ნაკადს, მხატვრულ ფორმებსა და ფასეულობებს, აქამდე ქვეყნის დამაქცევრები რომ კრძალავდნენ. ესპანეთის ვერც ერთმა ქალაქმა იმხელა წარმატებას ვერ მიაღწია ამ სფეროში, როგორც ბარსელონამ. ის ესპანური კულტურის დედაქალაქად და იმ ადგილად გადაიქცა, სადაც თავისუფლად შეიძლებოდა სუნთქვა. ბარსელონა იმავდროულად ლათინური ამერიკის დედაქალაქიც იყო იმ მხატვრების, მწერლების, გამომცემლების და მსახიობების გამო, ამერიკიდან მრავლად რომ წამოსულიყვნენ და ახლა აქ მოღვაწეობდნენ, ან უბრალოდ მოგზაურობდნენ. სწორედ ამ ქალაქში უნდა გეცხოვრა, თუ გინდოდა, რომ ჩვენი დროების პოეტი, მწერალი, მხატვარი ან კომპოზიტორი ყოფილიყავი. ჩემთვის ის წლები, მართლაც, დაუვიწყარი იყო მეგობრობისა და ნაყოფიერი ინტელექტუალური მუშაობის თვალსაზრისით. პარიზის მსგავსად ბარსელონაც ბაბილონის გოდოლი, კოსმოპოლიტური და უნივერსალური ქალაქი იყო, რომელიც სტიმულს აძლევდა ცხოვრებას და მუშაობას, სადაც სამოქალაქო ომის პერიოდიდან მოყოლებული, ესპანელი და ლათინოამერიკელი მწერლები პირველად დაუკავშირდნენ ერთმანეთს, დაძმობილდნენ და, რაკი თავი ერთი და იმავე ტრადიციის პატრონებად შეიცნეს, საერთო საქმითა და იდეით გაერთიანდნენ; ისინი ღრმად იყვნენ დარწმუნებულები იმაში, რომ დიქტატურის დასასრული გარდუვალი იყო და დემოკრატიულ ესპანეთში კულტურა ძირითად და მთავარ ძალად გადაიქცეოდა.

თუმცა მთლად ასე არ მომხდარა. ესპანეთის გადასვლა დიქტა­ტურიდან დემოკრატიაზე თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა და მაგალითი იყო იმისა, თუ როდის და რა ფორმით ვითარდებოდა რაციონალიზმი და საღი აზრი, როცა პოლიტიკური მტრები ფარ-ხმალს თავად ყრიდნენ. მოვლენები ისე სწრაფად ვითარდებოდა, როგორიც მაგიური რეალიზმის ჟანრის ნაწარმოებში. ამ დროს ესპანეთში ავტორიტარულ რეჟიმს თავისუფლება ცვლის, ჩამორჩენილი ეკონომიკა იწყებს განვითარებას, საზოგადოებაში არსებულ სოციალური კონტრასტების და მესამე სამყაროსათვის დამახასიათებელი უთანასწორობის ფონზე, ქვეყანაში საშუალო ფენა იქმნება. ევროპაში ქვეყნის ინტეგრაციამ, დემოკრატიულ კულტურასთან სწრაფმა ადაპტაციამ, მთელი მსოფლიო გააოცა. ჩემთვის, მართლაც, ამაღელვებელი იყო, ამ მოვლენებთან ასე ახლოს დგომა, რამაც დიდი შემეცნებითი გამოცდილება შემძინა. კარგი იქნება, თუ ნაციონალიზმი განუკურნებელი სენით რომ აავადებს თანამედროვე სამყაროს, მათ შორის ესპანეთსაც, არ დაამახინჯებს ისტორიის ამ ბედნიერ ფურცლებს.

მძულს პროვინციული ნაციონალიზმის და, მით უფრო, რელიგი­ური იდეოლოგიის ყველანაირი გამოვლინება. ის ინტელექტუალურ ჰორიზონტს ავიწროებს, თავის თავში ეთნიკურ და რასისტულ ცრურწმენებს მალავს და უმაღლეს ფასეულობად, მორალურ და ონტოლოგიურ პრივილეგიად ადამიანის წარმომავლობას აღიარებს. რელიგიასთან ერთად ნაციონალიზმი ისტორიის ყველაზე საშინელი სასაკლაოების მიზეზად იქცა. ამის თვალნათელი მაგალითია ორი მსოფლიო ომი და ახლო აღმოსავლეთში დაღვრილი სისხლი. სწორედ ნაციონალიზმმა შეასრულა ყველაზე დიდი როლი, რათა ლათინური ამერიკა სისხლით მორწყულიყო, უგუნურ ბრძო­ლებში, ანგარიშსწორებებში ჩაბმულიყო და უზარმაზარი ფული გაენიავებინა იარაღის საყიდლად, ნაცვლად იმისა, რომ სკოლები, ბიბლიოთეკები და ჰოსპიტლები აეშენებინა.

არ უნდა გავაიგივოთ “ყურითმოთრეული”, ძალადობრივი ნაციონალიზმი იმ ნაციონალიზმთან, რომელიც პატრიოტიზმით, ნაზი და სენტიმენტალური სიყვარულით მსჭვალავს ადამიანს მშობლიური მიწის მიმართ. აქ მან პირველად იხილა მზის სინათლე, აქ ცხოვრობდნენ მისი წინაპრები და, მისი პირველი ოცნებაც ამ ადგილს უკავშირდება. ეს ის ნაცნობი პეიზაჟები და საყვარელი ადამიანები არიან, მოგონებებად რომ გადაიქცევიან და მარტოობასთან ბრძოლაში გეხმარებიან. დროშა, ჰიმნი და ეროვნული გმირების უკვდავსაყოფად ნათქვამი მაღალფარდოვანი სიტყვები არ განასახიერებენ სამშობლოს. სამშობლო იმ ნაცნობ ადგილებსა და ადამიანებს გულისხმობს, ჩვენს მეხსიერებაში რომ ჩაბეჭდილან და სევდიანი, თბილი მოგონებებით გვავსებენ; ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს სად იქნები, რადგან იცი რომ არსებობს მშობლიური კერა, სადაც ყოველთვის შეგიძლია დაბრუნება.

პერუ ჩემთვის არეკიპაა, სადაც დავიბადე, მაგრამ არასოდეს მიცხოვრია; ქალაქზე სევდით მიყვებოდნენ დედაჩემი, პაპაჩემი, ბებიაჩემი, ბიძაჩემი და დეიდაჩემი და, იმ აზრს შთამაგონებდნენ, რომ ამ “თეთრ ქალაქზე” მოგონება მუდამ თან მეტარებინა, რადგან ჩემი საგვარეულო აქედან იყო წარმოშობით და, როგორც ყველა მომთაბარე არეკიპელს, ეს არ უნდა დამვიწყებოდა. ქალაქი პიურა, სადაც ბავშვობა გავატარე, უდაბნოშია გაშენებული; აქ კერატის ხეებია აღმართული და თვინიერი ვირები დადიან; მახსოვს, ჩემს ყმაწვილკაცობაში ამ, მართლაც ლამაზ ცხოველებს ნაღველნარევ მეტსახელს “მაშველ ფეხებს” რომ ეძახდნენ. აქ აღმოვაჩინე, რომ ჩვილი ბავშვები წეროებს კი არ მოჰყავთ, არამედ მოკვდავთა გადაცდომების შედეგად ჩნდებიან. პიურაში სან მიგელის კოლეჯი და “ვარიეტეს თეატრია”, სადაც პირველად ვნახე საკუთარი პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენა. აქვეა დიეგო ფერესა და კოლუმბის შესახვევი და ლიმური “მირაფლორესიც” “სიხარულის უბანს” რომ ვეძახით. პირველად აქ ჩავიცვი შორტების ნაცვლად გრძელი შარვალი, მოვწიე პირველი სიგარეტი, ვისწავლე ცეკვა, აქ მიყვარდა და გოგოებს ვუტყდებოდი ჩემს გრძნობებში. აქ არის გაზეთი “ქრონიკის” ძველი და მშფოთვარე რედაქციაც, სადაც თექვსმეტი წლისამ, ძალა პირველად მოვსინჯე ჟურნალისტიკაში. ამ საქმიანობამ, ლიტერატურასთან ერთად, მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა და, ისევე როგორც წიგნების, მისი წყალობითაც ვისწავლე, როგორ უნდა მეცხოვრა უფრო ნაყოფიერად, უკეთ როგორ უნდა შემეცნო სამყარო და დავმეგობრებოდი კარგ, ცუდ და საზიზღარ ადამიანებსაც კი. პიურაშია “ლეონსიო პრადოს” სამხედრო აკადემია, სადაც მასწავლეს, რომ პერუ არ არის მხოლოდ საშუალო ზომის სავარჯიშო მოედანი, სადაც, თავს თუმცა დაცულად ვგრძნობდი, მაგრამ ისე ვცხოვრობდი თითქოს გადასახლებაში ვიყავი. აქ მასწავლეს, რომ ეს დიდი ენერგიის მქონე, ცვალებადი და ფეთქებადი ქვეყანაა, საკუთარი სოციალური ქარიშხლები რომ ატყდება თავს. აქ კაუიდეს მიწისქვეშეთის საკნებში, სანმარკინოელ სტუდენტებთან ერთად, მსოფლიო რევოლუციისთვის ვემზადებოდი. ამასთან, პერუს “თავისუფალი მოძრაობის” ყველა იმ მეგობართან ვაიგივებ, ვისთან ერთადაც, სამი წლის განმავლობაში, ბომბების, ელექტროენერგიის გათიშვისა და ტერორისტი მკვლელების წინააღმდეგ ვიბრძოდი დემოკრატიისა და ეროვნული კულტურის დასაცავად.

პერუ ჩემი აპრეხილცხვირიანი და დაუდგრომელი ბიძაშვილი პატრისიაა, რომელზეც 45 წლის წინ ვიქორწინე. ის დღემდე უდრტვინველად ეგუება ჩემს უცნაურ ხასიათს, ნევროზს და წამიერ აფეთქებას და ასე მეხმარება წერაში. რომ არა ეს ქალი, დიდი ხნის წინ უკვე წამიღებდა ავბედითი ქარიშხალი, არ გაჩნდებოდნენ ალვარო, გონსალო, მორგანა, არ მეყოლებოდა ექვსი შვილიშვილი, ასე რომ მიხანგრძლივებენ და მიხალისებენ სიცოცხლეს. პატრისიას ყველაფერი გამოსდის ხელიდან. ის აგვარებს პრობლემებს, უძღვება საოჯახო მეურნეობას და წესრიგს ამყარებს ყველაფერში, ამასთან, აბეზარ ადამიანებს და ჟურნალისტებს არ აძლევს ზედმეტის თქმის საშუალებას, უფრთხილდება და იცავს ჩემს დროს, გეგმავს შეხვედრებსა და მოგზაურობებს, მეხმარება ჩემოდნების ჩალაგება-ამოლაგებაში და, მართლაც შესანიშნავია ის წუთები, როცა თავად ჰგონია, რომ მეჩხუბება, სინამდვილეში კი ჩემი ქება-დიდება გამოსდის და მეუბნება: “მარიო, ერთადერთი საქმე, რაც უნდა აკეთო, წერაა”.

და ისევ ლიტერატურას დავუბრუნდეთ. ბავშვობისდროინდელი სამოთხე ჩემთვის ლიტერატურული მითი კი არა, იმდროინელი რეალობაა, როცა კოჩაბამბაში, დიდ, საგვარეულო, სამეზოიან სახლში ვცხოვრობდი. აქ ჩემს ბიძაშვილებთან და მეგობრებთან ერთად ვანსახიერებდი ტარზანს და სალგარის რომანის სხვა გმირებს. ამასვე ვაკეთებდი პიურაში ცხოვრების წლებშიც. მახსოვს ის პრეფექტურა, რომლის სხვენშიც ღამურები ბუდობდნენ, ირგვლივ უხმო ლანდები დაბორიალობდნენ და მიწის სიმხურვალით გაჟღენთილ ვარსკვლავებიან ღამეებს იდუმალებით ავსებდნენ. იმ წლებში წერა ჩემთვის თამაში იყო, ამ თამაშში მთელი ოჯახი იყო ჩართული და ქებასაც არ იშურებდნენ, რადგან ვის შვილიშვილად და ვის ძმისშვილად ვეკუთვნოდი; საერთოდ კი უმამო ბავშვი ვიყავი, რადგან მამა იმხანად უკვე გარდაცვლილი მყავდა და მისი სული ზეცაში იყო. მამაჩემის ფოტო მაგიდაზე მედო; იქიდან მეზღვაურის ფორმაში გამოწყობილი ტანმაღალი, მშვენიერი ყმაწვილი მიმზერდა. ძილის წინ მუდამ ვლოცულობდი და სურათს ვკოცნიდი. ერთ დაუვიწყარ დილას, დედაჩემმა სიმართლე გამიმხილა და მითხრა, მამა თურმე ცოცხალია და დღესვე მასთან ლიმაში საცხოვრებლად გადავდივართო. იმხანად თორმეტი წლის ვიყავი და მივხვდი, რომ ამ შემთხვევამ ჩემს ცნობიერებაში ბევრი რამ შეცვალა. მაშინ ვიგრძენი, რომ დავემშვიდობე გულუბრყვილობას და სიმარტოვემ შემიპყრო. მერე კი ძალაუფლების წყურვილი და მოზრდილი ადამიანისთვის ჩვეული შიში ვიგრძენი. ხსნად კითხვა მექცა. კარგი წიგნების კითხვა საშუალებას მაძლევდა სხვადასხვა სამყაროში მეპოვნა თავშესაფარი, სადაც ცხოვრება ამაღელვებელი და სასიამოვნოდ დაძაბული იყო; მერე თავგადასავალს თავგადასავალი მოსდევდა, შემეძლო თავისუფლება შემეგრძნო და ბედნიერი ვყოფილიყავი. ფარულად ვწერდი, თითქოს რაღაც დაუშვებელსა და სამარცხვინოს ჩავდიოდი და, ლიტერატურა ჩემთვის უკვე თამაში აღარ იყო. ახლა ის საშუალებას მაძლევდა მძიმე სიტუაციებს გავმკლავებოდი, პროტესტი გამომეთქვა, წინააღმდეგობა გამეწია. აქედან მოყოლებული, დღემდე, ყოველთვის, როცა თავს დამცირებულად, დათრგუნულად ვგრძნობდი და უიმედობით ვიყავი შეპყრობილი, მთელ ჩემს არსებას წერას ვუძღვნიდი. წერა ჩემთვის სინათლე იყო, გვირაბის გასასვლელზე რომ მიმანიშნებდა და იმ მაშველ რგოლს გადმომიგდებდა, ნაპირზე გამოსვლაში რომ მეხმარებოდა.

დიდი შრომა გავწიე, ოფლიც საკმაოდ დავღვარე და, როგორც ყველა მწერალი, ახლაც ვგრძნობ ხოლმე უკმარისობის მუქარას, ფანტაზიის ერთგვარ გაღარიბებას. ცხოვრებაში არაფერი არ მანიჭებს ისეთ სიამოვნებას, როგორც თვეებისა და წლების განმავლობაში ისტორიების შეთხზვა და ქაღალდზე გადატანა. წარმოდგენები, მოგონებას რომ შემოუნახავს, ისევ და ისევ ბრუნდებიან, ღელვით და შემართებით იდგამენ ოცნებაში ფესვებს, რათა შემდგომ, რომელიმე ბურუსით მოცული პროექტისა თუ გადაწყვეტილების განხორციელებისას, ისტორიებად გადაიქცნენ. “წერა ცხოვრების შეცნობის ერთ-ერთი საშუალებაა”, – თქვა ფლობერმა. დიახ, სწორედ ასეა. ამ დროს მანამდე ებრძვი წარმოდგენებითა და სიყვარულით ანთებულ ცეცხლოვან სიტყვებს, ვიდრე ბოლომდე არ დაიმორჩილებ. წერა სამყაროს შეცნობაა და, როგორც მონადირე მისდევს კვალდაკვალ თავის მსხვერპლს, მწერალიც ისევე ცდილობს დაედევნოს საკუთარ ფანტაზიებს და ჩააცხროს მათი დაუოკებელი რბოლა. მერე, გრძნობ თხზულების განვითარებასთან ერთად წარმოდგენები ნელ-ნელა როგორ შთანთქავენ დანარჩენ ისტორიებს. მართალაც რომ თავბრუდამხვევია იმის შეგრძნება, როგორ იწყებს შენზე ბატონობას ნაწარმოების ქარგა, როდესაც წერის ამა თუ იმ ფორმას ირჩევ და ცხოვრებას საკუთარ წარმოსახვას მოარგებ. ხატავ პერსონაჟებს, რომლებიც გადაადგილდებიან, მოქმედებენ, ფიქრობენ, განიცდიან, პატივისცემასა და ყურადღებას მოითხოვენ. მათ თვითნებურად უკვე ვეღარ მართავ, ვერც უფლებებს ვეღარ წაართმევ თუ, რასაკვირველია, სასიკვდილოდ არ გაიმეტებ. ეს განცდა ყოველ­თვის ხელახლა მაჯადოებს და ისეთი საამო და თავბრუდამხვევია, თითქოს დღეების, კვირებისა და თვეების განმავლობაში მუდმივად შეიგრძნობდე საყვარელი ქალის ალერსს.

როდესაც წარმოსახვასა და ფანტაზიაზე ვლაპარაკობდი, ძირითადად ლიტერატურულ ნაწარმოებს ვგულისხმობდი, ხოლო თეატრსა და მის ამაღელვებელ ფორმებზე კი თითქმის არაფერი მითქვამს, რაც აშკარად უსამართლობაა. თეატრისადმი სიყვარული იმ წუთიდან ვიგრძენი, როდესაც ჩემს ახალგაზრდობაში, ლიმის “ტეატრო სეგურაში”, არტურ მილერის სპექტაკლი “კომივოიაჟერის სიკვდილი” ვნახე. წარმოდგენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და მიბიძგა ინკებზე დრამა დამეწერა. ორმოცდა­ათიანი წლების ლიმაში, თეატრალური ჟანრის არსებობის შემთხვევაში, დრამატურგობას მივყოფდი ხელს, მაგრამ იმ დროისთვის უპერსპექტივო ჟანრი იყო და მეც რომანების წერა უფრო მართებულად მივიჩნიე, თუმცა თეატრისადმი სიყვარული არასოდეს გამნელებია; იგი პროზაული თხზულებების ჩრდილქვეშ თვლემდა, ისე რომ ყოველთვის შევიგრძნობდი მის ცდუნებას და მისდამი ნოსტალგიას, როცა რომელიმე ამაღელვებელ პიესას ვუყურებდი.

მახსოვს, სამოცდაათიანი წლების ბოლოს გონებაში ბებიაჩემის დის, ასი წლის მამაეს ამბავი ამომიტივტივდა. ამ ქალმა, თავის დროზე, რეალობასთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და მოგონებებისა და ოცნებების სამყაროს შეაფარა თავი. ამ ადამიანის ცხოვრება ჩემთვის პიესის შთაგონებად იქცა და მივხვდი, ეს სიუჟეტი სპექტაკლისთვის უჩვეულო და, თან საინტერესო თემა იქნებოდა, რომელიც სცენარში გაცოცხლდებოდა და საოცარ ემოციებს გამოიწვევდა. პიესის წერა ახალბედასთვის ჩვეული ხელის კანკალით და დიდი მოწიწებით დავიწყე; მოგვიანებით კი, როდესაც სცენაზე მთავარი გმირის როლში ნორმა ალეანდრო ვნახე, უჩვეულო კმაყოფილება ვიგრძენი. ამ დროიდან მოყოლებული, პიესის წერას შიგადაშიგ ისევ მივუბრუნდებოდი ხოლმე, მაგრამ ვერასოდეს წარმოვიდგენდი, სამოცდაათი წლის ასაკში სცენაზე თუ ავიდოდი (უფრო სწორად ავფორთხდებოდი) და მაყურებლის წინაშე როლს შევასრულებდი. ამ გაბედული გადაწყვეტილების წყა­ლობით, პირველად შევიგრძენი საკუთარი სხეულის მნიშვნელობა და გავაცნობიერე ამ საოცრების არსი. ვინც მთელი ცხოვრება პერსონაჟებს იგონებდა, ხორცს ასხამდა მათ და საკუთარი შრომის ნაყოფს საზოგადოების წინაშე წარმოაჩენდა, მისთვის ეს მართლაც რომ საოცრება იყო. ვერასოდეს შევძლებ, საკადრისი მადლიერება მივუზღო ჩემს მეგობრებს, რეჟისორ ხოან ოლეს და მსახიობ აიტანა სანჩეს ხიხონს, რომლებმაც შთამაგონეს მათთან ერთად მემუშავა როლზე და, ეს უჩვეულო გამოცდა, რომელსაც თან შიშიც ახლდა, ღირსეულად ჩამებარებინა.

ლიტერატურაში ცხოვრება მოჩვენებითი გულწრფელობით წარმოგვიდგება, მაგრამ, ამასთან ერთად, მის უკეთ შეცნობაში გვეხმარება და გზას იმ ლაბირინთში გვიკვლევს, სადაც ვიბადებით, სიცოცხლეს ვაგრძელებთ და ვკვდებით. ლიტერატურა გარკვეულწილად დაგვიამებს უიღბლობისა და დანაკლისის შეგრძნებას, რაც რეალობას არ სჩვევია. სწორედ ლიტერატურის წყალობით ნაწილობრივ ვხდით ფარდას იმას, რაც ცხოვრებაში უფრო მეტად გვაეჭვებს, ვიდრე იმას, რაც დარწმუნებით ვიცით. ამ დროს ქედს ვიხრით ისეთი თემების წინაშე, როგორიცაა: ტრანსცენდენტურობა, ინდივიდუალური ან კოლექტიური ბედისწერა, ადამიანის სული, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო ამბები, ამქვეყნიური და იმქვეყნიური სამყაროს რაციონალური შეცნობა.

ყოველთვის აღტაცებაში მოვდიოდი, როდესაც წარმოვიდგენდი იმ იდუმალ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი წინაპრები აღმოჩნდნენ. ამ არსებებმა, ცხოველებისაგან ჯერ ოდნავ რომ განსხვავდებოდნენ, ახლად ამოდგმული ენით დაიწყეს ერთმანეთთან ურთი­ერთობა და გამოქვაბულებში, ჭიაკოკონების გარშემო, ბნელ და საშიშ ღამეებში, წვიმის, ჭექა-ქუხილის, მტაცებელი ცხოველების ხმების თანხლებით ამბების თხზვა დაიწყეს. ის დრო კაცობრიობის მომავალი ბედ-იღბლის განმსაზღვრელი იყო, რადგან ამ პრიმიტიული არსებების ფანტაზიიდან, ცივილიზაციამ დაიწყო არსებობა და საკმაოდ გრძელი გზა განვლო, ვიდრე ნელ-ნელა ადამიანებად, შემდგომ კი უკვე დამოუკიდებელ პიროვნებებად ჩამოვყალიბდებოდით, საკუთარ ტომსა თუ თემს გამოვეყოფოდით, ხელოვნებას, კანონმდებლობას, თავისუფლებას ვეზიარებოდით, თან ბუნებას, საკუთარ სხეულს, სივრცეს დავაკვირდებოდით, დაბოლოს, ვარსკვლავებისკენ გაფრენას მოვინდომებდით. ის პირველქმნილი თხზუ­ლებები, მითები, ფაბულები და ლეგენდები, სამყაროს შეუცნობელი იდუმალებით და ხიფათებით შეშინებულ მსმენელს თავდაპირველად ახალი მუსიკასავით ჩაესმა ყურში. ეს იმ არსებებისათვის მხოლოდ ჭამაზე, თავშესაფარზე, ნადირობასა და მრუშობაზე რომ ფიქრობდნენ, რაღაცის მაუწყებელი ნიშანი უნდა ყოფილიყო. როცა ადამიანებმა კოლექტიურად დაიწყეს ოცნება და ერთმანეთს საკუთარი ფანტაზიები სიტყვიერად გაუზიარეს, მაშინ შეწყვიტეს თვითგადარჩენაზე ფიქრი და მათზე, როგორც ცხოვრების უმთავრეს მიზანზე, უარი თქვეს. ამრიგად, მათ ცხოვრებაში ოცნებები, ფანტაზიები, და რევულუციური მისწრაფებები გაჩნდა, რის წყალობითაც ადამიანმა დაიწყო ბრძოლა, რათა დაემსხვრია ბორკილები, გაეუმჯობესებინა ან შეეცვალა თავისი ცხოვრება და დაეკმაყოფილებინა საკუთარი სურვილები და ამბიციები. ეს კი წარმოსახულ სამყაროში არსებობას უკავშირდებოდა და ადამიანის ირგვლივ გამეფებულ იდუმალებას უარყოფდა.

ეს პროცესი კიდევ უფრო ნაყოფიერი მას შემდეგ გახდა, რაც ადამიანებმა წერა ისწავლეს. მოსმენის გარდა, ახლა მათ კითხვაც დაიწყეს, ახლა უკვე შეეძლოთ ლიტერატურის გავლენა მუდმივად განეცადათ. ამიტომ ახალ თაობებს დაუსრულებლად უნდა ვუმეოროთ და დავარწმუნოთ, რომ მხატვრული წარმოსახვა თამაშსა და გართობაზე, და, თვით ინტელექტუალურ წრთვნაზე მეტს ნიშნავს, რადგან იგი ამძაფრებს აღქმას და აღვიძებს კრიტიკულ სულს. ეს აუცილებელია, რათა ცივილიზაციამ არსებობა განაგრძოს და ჩვენში საუკეთესო თვისებები შემოინახოს. ადამიანი ველურ არსებობას აღარ უნდა დაუბრუნდეს და ცხოვრება მხოლოდ იმ პრაგმატულ აზროვნებამდე არ უნდა დაიყვანოს, სპეციალისტებს საგნების ძირეულად კვლევის დროს რომ სჩვევიათ, რადგან ამ დროს ისინი ვერ აღიქვამენ დანარჩენ მოვლენებს, ამ საგნებს თან რომ ახლავს ან მათ გაგრძელებას შეადგენს. ეს საჭიროა, რათა ჩვენივე ხელით შექმნილი მანქანების მონებად არ ვიქცეთ, რომლებიც ჩვენვე უნდა გვემსახურონ. ლიტერატურის გარეშე სამყარო სურვილებისა და იდეალებისაგან დაცლილი იქნებოდა. რობოტების ხანა კი იმას უნდა ემსახუროს, რათა ადამიანი უფრო ჰუმანური გახადოს. საკუთარი გარსიდან გამოსვლის და სხვა ადამიანის სხეულში გადასახლების უნარი ჩვენივე ოცნების თიხისგანაა გამოძერწილი და ამ უნარს გამოქვაბულიდან ცათა­მბჯენებამდე, კომბლიდან მასობრივ გამანადგურებელ იარაღამდე, ერთფეროვანი ტომობრივი ყოფიდან გლობალიზაციამდე მივყავართ. მხატვრული ნაწარმოებებიდან მიღებულმა გამოცდილებამ ნაყოფი გამოიღო და არ დაუშვა, რათა ადამიანი ლეთარგიულ ძილს მისცემოდა და სრულ მორჩილებას შეჰგუებოდა. არაფერს არ გამოუწვევია ისეთი მშფოთვარება და არ აუფორიაქებია ჩვენი წარმოსახვა და სურვილები ისე, როგორც იმ გამოგონილი ამბებით ცხოვრებას, რომელსაც ლიტერატურა გვთავაზობს. ამ ამბებსა და წარმოდგენებს ხშირად საკუთარსაც ვუმატებთ და ისეთ თავგადასავლებს ვიგონებთ, ცხოვრებაში ვერასოდეს რომ ვერ გადაგვხდებოდა. ნაწარმოებში ამოკითხული გამოგონილი ამბები, ფანტაზიის საშუალებით სიმართლედ გარდაიქმნება. მხატვრული წარმოსახვის დაუოკებელი სურვილი გვტანჯავს და მუდმივად ეჭვის თვალით ვუყურებთ ამ არადამაჯერებელ რეალურ სურათებს.

მართლაც ნამდვილი ჯადოქრობაა, როცა მხატვრული წარმოსახვა რაღაც არარსებულის მესაკუთრედ გადაგაქცევს, იმ არსებად აღგაქმევინებს საკუთარ თავს, არასოდეს რომ არ ყოფილხარ, იმ საოცარ სამყაროში ჩაგასახლებს, სადაც, წარმართული ღმერთების მსგავსად, მოკვდავნიც ვართ და უკვდავნიც; ამ წარმოსახვას ჩვენს სულებში ნონკონფორმიზმისა და ამბოხის სურვილი შემოაქვს. ამის წყალობით კი შემცირდება ადამიანებს შორის ძალადობა, თუმცა შემცირება მთლიანად გაქრობას არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, არც ჩვენი ნება და არჩევანი შეწყვეტს არსებობას და შევძლებთ, გავაგრძელოთ ოცნება, ვიკითხოთ და ვწეროთ. ეს ყველაზე ეფექტური საშუალებაა, რათა საკუთარი მდგომარეობა შევიმსუბუქოთ, დავამარცხოთ დრო და მისი თანმხლები სევდა, მერე კი შეუძლებელი შესაძლებლად ვაქციოთ.

მერე რა, რომ სუსტია სუსტი წყალბადური ბმა…

0

გახსოვთ ალბათ ლაშა თაბუკაშვილის პიესა “მერე რა, რომ სველია სველი იასამანი”. მარტივი ფორმულირებაა, თან კითხვასაც ჰგავს, მაგრამ პასუხსაც გულისხმობს. ერთი შეხედვით დიდი თავის მტვრევა არ სჭირდება…

თქვენ როგორ ფიქრობთ? მართლა არ მოითხოვს დაფიქრებას? კითხვა განსაზღვრებასაც შეიცავს, განსაზღვრება კი ისევე ემორჩილება დიდი აინშტაინის ფარდობითობის თეორიას, როგორც სხეულის მასა და სიჩქარე.

აქედან გამომდინარე, სუსტი შეიძლება ყოველთვის სულაც არ იყოს “სუსტი”. ჩემი მოსაზრების დასამტკიცებლად, როგორც მჩვევია, მოლეკულებს მოვიშველიებ.

ქიმიაში ცნობილია ერთი კანონზომიერება – რაც უფრო დიდია ნივთიერების მოლეკულური მასა, მით უფრო მაღალია მისი დუღილის ტემპერატურა. ეს წესი მოქმედებს როგორც ჰომოგიური რიგის შიგნით, ისე კლასებს შორისაც. მაგალითად, ეთანს მეთანზე მაღალი დუღილის ტემპერატურა აქვს, მაგრამ უფრო დაბალი, ვიდრე ბუტანს, ეთანოლი უფრო ადვილად ათუხთუხდება კოლბაში, ვიდრე ბუტილის სპირტი და ა.შ. როგორც მოგახსენეთ, ეს კანონზომიერება სამართლიანია კლასებს შორისაც, მაგრამ არა ყოველთვის (ფარდობითობის თეორიის კიდევ ერთი გამოვლინება).

მოდი, ერთმანეთს შევადაროთ პენტანი და წყალი. პირველის მოლეკულური მასა 72-ია. წყლის მოლეკულა მასთან შედარებით კაფანდარაა – სულ რაღაც 18 ერთეულს იწონის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს წყალი ადვილად ხელწამოსაკრავი ნაერთი იყოს…

ორივე ნაერთი მოვათავსოთ თავღია ჭურჭელში და ქურაზე შემოვდგათ. კოლბა ოდნავ შეთბება თუ არა, პენტანი “გაქრობას” – აორთქლებას დაიწყებს. მისი დუღილის ტემპერატურა 36 გრადუსია ცელსიუსით, ამიტომ ხელისგულზე რომ დავისხათ, იქაც კი დაიწყებს დუღილს. წყლის ადუღება კი ყოველ დილას გვიწევს და ადვილად წარმოიდგენთ, რა დრო (და ენერგია) სჭირდება.

საიდან აქვს წყლის მოლეკულას ასეთი შეძლება? ამ ერთი ციცქნა სტომაქში როგორ ეტევა ამდენი ენერგია?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად კოლბაში შევიხედოთ და მოლეკულებს დავაკვირდეთ.

მოლეკულები პატარა ბავშვებივით არიან – გამუდმებით ბორგავენ, ხტიან, “თამაშობენ”. ქურაზე შემოდგმული კოლბა გაცხელებას ფსკერიდან იწყებს, ამიტომ სითბოს (ენერგიის) შეტევას პირველები ის მოლეკულები იგრძნობენ, რომლებიც ხეტიალისას კოლბის ფსკერთან აღმოჩნდებიან. ისინი შთანთქავენ ამ სითბოს და უფრო ენერგიულად იწყებენ მოძრაობას, უფრო დიდი სიჩქარით ეჯახებიან მათ, ვინც წინ გადაეღობებათ და დაჯახებისას თავიანთ მოჭარბებულ ენერგიას გადასცემენ. ასე გაგრძელდება, სანამ ქურა ენთება და არ შეწყდება ენერგიის გარედან გადაცემა. მაგრამ საზღვარი ყველაფერს აქვს, მათ შორის – მოლეკულების ამტანობასაც. ზოგიერთ მათგანს ნებისყოფა მალევე ღალატობს, თანამოძმეებს ტოვებს და ატმოსფეროს უკიდეგანო სივრცეში ეძებს თავშესაფარს.

მოლეკულა რაც უფრო მძიმეა, მით უფრო ზანტია, შესაბამისად, მით მეტი ენერგიაა საჭირო, რომ სითხის მიტოვება აიძულო. მაგრამ წყალი?! რა აძლევს ამ ერთი ციცქნა მოლეკულას ამდენ ძალას, მთელ 100 გრადუსამდე გაუძლოს ენერგიის შეტევას? სიყვარული და თანადგომა! ეს კი მოლეკულებს შორის წყალბადური ბმით გამოიხატება.

პენტანის მოლეკულა ეგოისტია, მხოლოდ საკუთარი თავით ცხოვრობს და თანამოძმეებს, რომელთა გვერდითაც, ვინ იცის, რამდენი საუკუნე გაუტარებია დედამიწის წიაღში, მხოლოდ ხელის ჩამორთმევით, მყისიერი შეხებით თუ იცნობს. ასეთ საზოგადოებაში აგრესორს ყველა ცალ-ცალკე ებრძვის, ამიტომ მალე მარცხდებიან და ცალ-ცალკე გარბიან თავის გადასარჩენად.

ბუნება მართალაც რომ გენიოსი შემოქმედია. იგი თავის ქმნილებებს სიცოცხლესთან ერთად თავის გადასარჩენ იარაღსაც აძლევს: ვეფხვს კლანჭები აქვს, ზღარბსა და ვარდს – ეკლები, მამაც მეომარს – მკლავი და აბჯარი, სუსტს – ეშმაკობა, ჭკვიანს – თანადგომა და ერთობა…

წყლის მოლეკულას არც კლანჭები აქვს, არც ეკლები, არც მახვილისა და აბჯრის ტარება შეუძლია, მაგრამ მას აქვს ერთობა – ყველაზე ეფექტური იარაღი მომხდურთან გასამკლავებლად.

მაგრამ რის ხარჯზე მიიღწევა ეს ერთობა? თუ წყლის მოლეკულას კარგად დავაკვირდებით, ძალიან საინტერესო (და პატარა ერებისთვის ფრიად საგულისხმო) ფაქტს აღმოვაჩენთ. წყლის მოლეკულა ორი სხვადასხვა, დიამეტრულად განხსხვავებული ხასიათის ნივთიერების – ჟანგბადისა და წყალბადის – ატომებისგან შედგება. თითოეულ მათგანს აქვს სხვადასხვა წარმოდგენა ელექტრონის დასაკუთრების თაობაზე და სხვადასხვა ძალაუფლება (ელექტროუარყოფითობა) მათზე. ეს, ცხადია, მათ შორის დაძაბულობას წარმოშობს, მაგრამ ჰყოფნით გონიერება, მათი შემაერთებელი ძირითადი ხაზი – კოვალენტური ბმა – არ გაწყვიტონ (რასაც ვერ ვიტყვით HCl-ის მოლეკულაზე, სადაც სრული პოლარიზაცა და იონებად დაშლა ხდება). ჟანგბადსა და წყალბადს შორის ელექტრონების გონივრული გადანაწილების შედეგად კი მოლეკულა იღებს დიპოლის (სხვადასხვა პოლუსების მატარებელი ნაწილაკის) სახეს და სწორედ ეს უზრუნველყოფს მდგრადი საერთო სისტემის ჩამოყალიბებას. წყლის მოლეკულები ერთმანეთს წყალბადური ბმებით უკავშირდებიან და წარმოქმნიან უზარმაზარ ასოციატებს:

აი, ამ ერთი შეხედვით სუსტი წყალბადური ბმების შედეგად ხდება მდგრადი წყლის მოლეკულა. როდესაც წყლის ადუღებას ანუ რომელიმე ერთი მოლეკულის სითხიდან “ამოგლეჯას” ვცდილობთ, ბაგირის ერთ მხარეს ჩვენ ვდგავართ, ხოლო მეორე მხარეს – უამრავი მოლეკულა. ამიტომაც გვჭირდება დიდი ძალიასხმევა – მთელი 100°C.
დაბოლოს, დააკვირდით, როდის გამოსცემს ყველაზე დიდ ხმას გაზქურაზე შემოდგმული ჩაიდანი – ადუღების წინ, ანუ მანამდე, სანამ სისტემა ჯერ კიდევ ერთიანია. ამ დროს მოლეკულების ვნებათაღელვა პიკს აღწევს, ისინი უკვე ხვდებიან, რომ განწირულნი არიან და თავიანთ კარ-მიდამოს გლოვობენ. გაივლის სულ ცოტა ხანიც და მოხდება პირველი ამოფრქვევა – დასაწყისი ერთიანობის რღვევისა. ჩაიდანიც დუმდება და ახრჩოლებულ, აკვამლებულ ციხესიმაგრეს ემსგავსება….
P. S. ვინმემ რომ ჩემი მასწავლებლების ჩამოთვლა მთხოვოს, აუცილებლად დავასახელებ რამდენიმე გვარსა და სახელს (ზოგიერთ მათგანს არც კი შევხვედრივარ) და, უსათუოდ,_მოლეკულებს. მე დღესაც ბევრს ვსწავლობ მათგან…

როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს თანამშრომლობითი უნარები

0
თანამშრომლობითი უნარების განვითარება მოწესრიგებული, სისტემური, მიზანმიმართული პროცესია. იგი მოითხოვს განსაზღვრული ხერხებისა და პროცედურების ათვისებას.
იმის თქმა, რომ ადამიანი ფლობს ამა თუ იმ ჩვევას, შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის:
. აცნობიერებს ამ ჩვევის არსს და იცის, როდის უნდა გამოიყენოს იგი;
. “თარგმნის” ჩვევას კონკრეტულ ქმედებათა ენაზე, რომელიც გასაგებია მათთვის, ვისთანაც ურთიერთობს;
. სარგებლობს მოცემული ჩვევით რეალურ ცხოვრებაში და თავისუფლდება ამ დროს წარმოშობილი შეცდომებისგან რეგულარული ვარჯიშის მეშვეობით, გარემომცველ ადამიანებთან უკუკავშირით, უკუკავშირზე საკუთარი რეაქციით, საკუთარი ქცევის კორექციით და უკვე კორექტირებული ჩვევების განმეორებითი გამოყენებით. ეს მანამდე მეორდება, სანამ ჩვევა იმდენად არ გაჯდება ძვალსა და რბილში, რომ მას მოწაფე უკვე ავტომატურად გამოიყენებს. სწორედ მოსწავლეთა მიერ სასურველი ჩვევების ბუნებრივად გამოყენება უნდა იყოს მასწავლებლის მიზანი.
იმისთვის, რომ თანამშრომლობით ჯგუფებში სწავლების ხარისხი სისტემატურად უმჯობესდებოდეს, მოსწავლეები უნდა ეხმარებოდნენ ერთმანეთს იმ შეცდომათა აღნუსხვასა და გამოსწორებაში, რომლებიც მოსდით მათ ამა თუ იმ ჩვევის გამოყენებისას, მასწავლებელმა კი თვალყური უნდა ადევნოს კოლექტიური მუშაობის პროცესს. ეს მნიშვნელოვანია სამი მიზეზის გამო:
. პირველი: მასწავლებელს უნდა ჰქონდეს მოსწავლეთა კოლექტიური მუშაობის რაციონალიზების, მისი მაქსიმალურად გამარტივების საშუალება;
. მეორე: მან დროულად უნდა აღკვეთოს შეუფერებელი საქციელი;
. მესამე: მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია მიაღწიოს თანამშრომლობითი ჯგუფის ყველა წევრში კოლექტიური მუშაობის უნარების უწყვეტ სრულყოფას. ამაში მას ხელს უწყობს დაკვირვების შედეგად შეგროვილი მონაცემების დამუშავება, რის საფუძველზეც იგი გადაწყვეტს, რა არის საჭირო ჯგუფის ერთსულოვან გუნდად გადასაქცევად.
 
თანამშრომლობითი ჯგუფის ყველა წევრის მიერ საკუთარი სოციალური ჩვევების მუდმივი სრულყოფა და მყარი, ღრმა ცოდნის შეძენის უნარი ჯგუფის წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა.
 
გთავაზობთ ჯონსონების (David W. Johnson, Roger T. Johnson, Edythe Johnson Holubec; Circles Of Learning, Cooperation In The Classroom, Fourth Edition, 2001) მიერ შემუშავებულ მეთოდიკას – ხუთ თანამიმდევრულ ეტაპს, რომლებიც მოსწავლეებს სოციალური ჩვევების დაუფლებასა და დახვეწაში ეხმარება:
. უპირველეს ყოვლისა, მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ მოსწავლეებს ესმით, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია სოციალური უნარები თითოეული მათგანისთვის. სოციალური ჩვევების დაუფლების სტიმული რომ გაუჩნდეთ, საჭიროა გააცნობიერონ, რომ ამ ჩვევას ისინი გვერდს ვერ აუვლიან, რომ იგი აუცილებელია სოციუმთან მათი ადაპტაციისთვის. თავდაპირველად მასწავლებელს შეუძლია ისაუბროს სოციალიზაციის მნიშვნელობაზე, მოიყვანოს მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან, განიხილოს მსგავსი თემატიკის ლიტერატურული ნაწარმოები ან ფილმი, დაკიდოს კლასში პლაკატები, რომლებზეც აღბეჭდილია, რა მნიშვნელობა აქვს კოლექტივში მუშაობას, გამუდმებით შეაქოს მოსწავლე, რომელსაც ეს ხელეწიფება და სხვ.
. მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოსწავლეებს ესმით, რას წარმოადგენს ჩვევა, რომელზეც ლაპარაკია, კერძოდ, როდის უნდა იქნეს იგი გამოყენებული. ჩვევას რომ დაეუფლოს, მოსწავლეს ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს მასზე და იმაზე, როგორ და როდის შეიძლება მისი გამოყენება. უნდა ხდებოდეს ჩვევის დემონსტრირება და დახვეწა მანამდე, სანამ მოსწავლეები მიხვდებიან, როგორ “გამოიყურება” და როგორ “ჟღერს” ის. ამ დროს სასარგებლოა როლური თამაშების გამოყენება, სადაც ჯგუფის წევრები გაითამაშებენ სხვადასხვა ჩვევას. როლური თამაშის განხილვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, რა პოზიტიური შედეგები მოაქვს ადამიანისა და მის ირგვლივ მყოფი სოციუმისთვის კონკრეტულ ჩვევას. მეტად სასარგებლოა ასევე ნეგატიური მაგალითები – სცენები, რომლებიც თვალსაჩინოდ აჩვენებს, რა ნეგატიური შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჩვევის არარსებობას.
მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ჩვევის არსი და ისიც, როდის არის უპრიანი მისი გამოყენება. ამის სწავლებისას ხშირად იყენებენ სპეციალურ ცხრილებს. ქვემოთ მოყვანილია ასეთი ცხრილის ნიმუში. მასწავლებელი არჩევს კონკრეტულ ჩვევას (მაგ., უნარი, გაამხნეო მეგობარი, რომელთან ერთადაც მუშაობ) და ეკითხება კლასს: “როგორ შეიძლება, უსიტყვოდ – ჟესტებით, მიმიკებით – გაამხნეო ის, ვინც შენ გვერდით მუშაობს?” რამდენიმე პასუხის მოსმენის შემდეგ მასწავლებელი სვამს მეორე კითხვას: “რა სიტყვებით შეიძლება გაამხნეო ის, ვინც შენ გვერდით მუშაობს?” მოსწავლეთა პასუხები მასწავლებელს შეაქვს ცხრილში და თვალსაჩინოს ხდის მოსწავლეებისთვის.
 
როგორ გავამხნეოთ ის, ვინც ჩვენთან ერთად მუშაობს
 

ჟესტებ, მიმიკები

სიტყვები

ღიმილი

შენ რას იტყვი?

ამოხედვა

ყოჩაღ!

ცერის ზემოთ აწევა

ბრწყინვალე იდეაა!

ზურგზე ხელის დარტყმა

საინტერესო აზრია!

 
. ნასწავლი ჩვევის გამოყენება კონკრეტულ სიტუაციებში და მისი დამუშავება. იმისთვის, რომ მოსწავლეები უნაკლოდ ფლობდნენ ჩვევებს, საჭიროა მათ გამოყენებაში მუდმივი ვარჯიში. მასწავლებელი, მას შემდეგ, რაც გაესაუბრება მოსწავლეებს ჩვევის შესახებ და აუხსნის, რას წარმოადგენს, რა ფორმით ვლინდება და რა შემთხვევაში გამოიყენება იგი, სთავაზობს მათ, რამდენჯერმე მოახდინონ მისი დემონსტრირება გვერდით მჯდომ მეგობართან.
. მასწავლებელი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოსწავლეები ერთმანეთში სისტემატურად განიხილავენ, რამდენად კარგად იყენებენ ისინი მუშაობისას შეძენილ ჩვევებს. ჩვევის მხოლოდ პრაქტიკული გამოყენება არ არის საკმარისი მისი სრულყოფილად დაუფლებისთვის; აუცილებელია იმის განსჯაც, სწორად იყენებენ თუ არა ამ ჩვევას და რამდენად ინტენსიურად მიმართავენ მას. თუ ჯგუფი სერიოზულად არის განწყობილი წარმატებისთვის, ასეთი მსჯელობები აუცილებელია. ამ დროს მოსწავლეები განიხილავენ გამოყენებულ ჩვევებს და აკრიტიკებენ ერთმანეთს შეცდომებისთვის. მასწავლებელმა ამისთვის მათ გარკვეული პირობები უნდა შეუქმნას, მისცეს დრო განხილვისთვის და აუხსნას, როგორ უნდა წარიმართოს ასეთი მსჯელობა.
. მასწავლებელმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ბავშვები დაჟინებით და შეუპოვრად ვარჯიშობდნენ ამა თუ იმ ჩვევის გამოყენებაში, სანამ ის მათთვის ბუნებრივი და ორგანული არ გახდება. სწავლების დასაწყისში ჩვევათა უმრავლესობის ათვისება ნელა ხდება, შემდეგ დგება შესამჩნევი პროგრესის პერიოდი, მას მოჰყვება პერიოდი შესამჩნევი ძვრების გარეშე, შემდეგ – კვლავ პროგრესი და ა.შ. ბევრი დროა საჭირო იმისათვის, რომ მოსწავლეებმა გაიარონ ყველა სტადია და ავიდნენ იმ დონეზე, როდესაც ათვისებული ჩვევა ჩვეულებაში გადაიზრდება და ქცევის განუყოფელ თვისებად იქცევა.
 
 
ჩვევათა უმრვლესობის ათვისება მრავალსტადიური პროცესია:
პირველი სტადია – ჩვევის ფრთხილი, მოუქნელი გამოყენება. ნებისმიერი ადამიანი, როდესაც რაიმეს პირველად აკეთებს, თავს უხერხულად გრძნობს და სხვების თვალში უცნაურად გამოიყურება.
მეორე სტადია – უხერხულობა გაივლის, იმატებს თავდაჯერება, ჩვევის გამოყენება ხდება უფრო ბუნებრივი. თუმცა ბევრი თავს ამ ეტაპზეც უხერხულად გრძნობს. სწორედ ამ დროს უნდა გაამხნეონ იგი პედაგოგმა და მეგობრებმა.
მესამე სტადია – ჩვევის სწორი, მაგრამ “მექანიკური”, შებოჭილი გამოყენება.
მეოთხე სტადია – ჩვევის ავტომატური გამოყენება, რომლის დროსც ის მთლიანად ინტეგრირებულია ქცევით “რეპერტუარში” და ბუნებრივად გამოიყურება.
სოციალური ჩვევების დაუფლების პროცესი უსასრულოა, რადგან თავად ეს ჩვევები გამუდმებით უნდა იცვლებოდეს ცხოვრების მოთხოვნათა შესაბამისად, ეგუებოდეს მას და იხვეწებოდეს. ჯონსონები გვთავაზობენ საინტერესო მეთოდიკას პედაგოგებისთვის განსაზღვრული მიდგომების შესამუშავებლად, რომელთა მეშვეობითაც მოსწავლეები შეაფასებენ საკუთარ უნარებს მოცემულ მომენტში და მონიშნავენ მათი განვითარების გზებს. გაკვეთილები, რომლებიც აგებულია თანამშრომლობითი სწავლების პრინციპებზე, ქმნის საუკეთესო პირობებს ყველა ჩვევის მუდმივი დახვეწისთვის. ამას ისინი რამდენიმე ეტაპად ყოფენ:
. მასწავლებელი გეგმავს გაკვეთილს და განსაზღვრავს მის მიზნებსა და ამოცანებს, წყვეტს, სახელდობრ, რომელი ჩვევის განვითარებაზე გაამახვილოს ყურადღება – თითოეული გაკვეთილი, რომელიც თანამშრომლობაზეა დაფუძნებული, მოსწავლეებს აყენებს აუცილებლობის წინაშე, გადაწყვიტონ არა მხოლოდ აკადემიური პრობლემები, არამედ ისინიც, რომლებიც კოლექტიური მუშაობის პროცესში წარმოიშობა.
. მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რას ელის მათგან – აღწერს ჩვევას, რომელზეც უნდა ივარჯიშონ. სასურველია, წარუდგინოს მათ სპეციალური ცხრილი (მაგ. იხ. ზემოთ). ხანდახან ძალიან სასარგებლოა, სთხოვო კლასს თავად შეადგინონ მსგავსი ცხრილი, სადაც მოცემული იქნება ამა თუ იმ ჩვევის ვერბალური და არავერბალური გამოხატულება.
. მასწავლებელი ემზადება გაკვეთილის პროცეში ჯგუფებზე დასაკვირვებლად – ამისთვის იგი ამზადებს სპეციალურ დაკვირვების ცხრილს, სადაც გაწერილია, რა ქცევაზე ხდება დაკვირვება და რა კრიტერიუმებით მოხდება მისი შეფასება. დამკვირვებლის როლი შეიძლება შეასრულოს მასწავლებელმა, მოსწავლემ ან სტუმარმა (თუ ასეთი არსებობს). ვიდრე ჯგუფები დავალებაზე მუშაობენ, ცხრილით შეიარაღებული დამკვირვებლები თვალს ადევნებენ, როგორ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან ჯგუფის წევრები. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა იმ ჩვევას, რომლის ათვისებაც წარმოადგენს გაკვეთილის მიზანს. დამკვირვებლების ამოცანაა, შეკრიბოს ობიექტური ინფორმაცია არა მარტო მთელი ჯგუფის, არამედ თითოეული მოსწავლის მუშაობის შესახებაც.
. ჯგუფი დამკვირვებელთან ერთად განიხილავს შესრულებულ სამუშაოს – ჯგუფის თითოეული წევრი წერს ანგარიშს (ან ავსებს ანკეტას), როგორ გამოიყენა გაკვეთილზე ჩვევა, რომელიც უნდა დაეხვეწა. შემდგომ ეს მონაცემები გამოიყენება ჯგუფის მუშაობის შესაფასებლად. დამკვირვებელი წარმოადგენს თავის ჩანაწერებს, ხდება დამკვირვებლისა და ჯგუფის თითოეული წევრის შეფასებათა ერთმანეთთან შედარება. ჯგუფი გაიაზრებს და ანალიზს უკეთებს მის მიერ გამოყენებული სოციალური უნარების ეფექტურობას. ეს აუცილებელია, რადგან ჯგუფი მხოლოდ ასე გაიგებს, რა ეხმარება მას სწავლაში და რა უშლის ხელს, ვის ქმედებას მოაქვს სარგებლობა და ვისი ქმედებაა უსარგებლო ან დამაბრკოლებელი. დამკვირვებელი ეხმარება ჯგუფის წევრებს იმის თაობაზე დასკვნის გამოტანაში, რამდენად კარგად გაართვეს თავი დავალებას, ხშირად გამოიყენეს თუ არა ჩვევები, რომლებიც უნდა დაეხვეწათ და უნდა გააძლიერონ თუ არა ურთიერთთანამშრომლობა, რათა მომავალში უფრო უკეთეს შედეგს მიაღწიონ.
დამკვირვებელს ევალება, დაახასიათოს ჯგუფის ყველა წევრის ქცევა მას შემდეგ, რაც ყველა ჯგუფი დაასრულებს თვითშეფასებას და გააანალიზებს ამ შედეგებს. ბოლოს მასწავლებელი განიხილავს მთელი კლასის მუშაობას და გამოთქვამს საკუთარ აზრს.
. ჯგუფი სახავს გზებს სოციალური ჩვევების გასაუმჯობესებლად – თვითშეფასებისა და დამკვირვებლის შეფასების ანალიზის საფუძველზე მოსწავლეები ეძებენ და პოულობენ შეცდომების გამოსწორების გზებს.
. დამაგვირგვინებელი ეტაპი – ჯგუფი ზეიმობს საკუთარ წარმატებას სოციალური ჩვევების ათვისებაში.

 

“არ დამიღონდეთ… მე დავბრუნდები…” – პაციფისტური პოსტი

0

მირზა (რევაზ) გედეონის ძე გელოვანი, (*2მარტი, 1917, სოფ. ნაქალაქარი, ახლანდელი
თიანეთის რაიონი

ივლისი, 1944, დაკრძალულია ბელარუსში
, ვიტებსკის
ოლქის ბერენკოვიჩის რაიონის სოფ. სანიკის საძმო სასაფლაოზე), ქართველი პოეტი, შოთა
რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1975, სიკვდილის შემდეგ)

ბიოგრაფია [რედაქტირება]

 

19361939
წლებში ცხოვრობდა თბილისში, თავისუფალ მსმენელად დადიოდა უნივერსიტეტში. მუშაობდა
გამომცემლობა “ფედერაციაში”, “საბჭოთა აფხაზეთის” რედაქციაში.
მისი ლექსები 1935 წლიდან იბეჭდებოდა “ჩვენს თაობაში” და სხვა ჟურნალ
გაზეთებში. 1939 წელს წითელ არმიაში გაიწვიეს.
დაიღუპა სსრკ
გერმანიისომის მიწურულს. დაკრძალულიაბელარუსში, ვიტებსკის ოლქის ბერნეკოვიჩის
რაიონის სოფელ სანიკის საძმო სასაფლაოზე.

 

მირზა გელოვანი იმ ახალგაზრდა პოეტთა თაობას
ეკუთვნოდა, რომლებმაც
თვითმყოფადი,
ხალასი და ალალ
მართალი ლექსებით
თავისებური ხიბლი შემატეს თბილისის ლიტერატურულ ცხოვრებას. მირზა გელოვანმა შექმნა
თავისთავადი პოეტური სამყარო. მისი ლექსები (განსაკუთრებით სამიჯნურო) გამოირჩევა
ნათელი სახეებით, ლაკონიზმით, ემოციურობითა და ექსპრესიულობით. აღიარება მოუტანეს
ლექსებმა: “თუშის ქალი წყაროზე”, “ცხრაკარა”,
“შავლეგო”, “მელოდე”, “მთაწმინდიდან სმოლენსკამდე”,
“იჯექი წყნარად”, “მთვარე”, “შემოღამება
საბადურზე”, “მახსოვს”, “ხრეშად დაცვივდა სიტყვები”;
ასევე აღსანიშნავია ბალადა “აონი”, პოემა “შავნაბადა” და სხვ.
მირზა გელოვანმა სულ სამიოდე წელი იტრიალა დედაქალაქის ლიტერატურულ წრეებში, ხოლო
შემდეგ, ომში წასული, დროდადრო სამშობლოში აგზავნიდა ნაჩქარევად დაწერილ ლექსებსა
და წერილებს, რომლებშიც თბილისის მონატრება ჩანდა:

“წუხელ ვებრძოდი ცეცხლსა და ურაგანს

და საშინელი ბრძოლების ნისლში

მე მომეჩვენა, სადღაც, ჩემს უკან

აელვებული იდგა თბილისი”.

გამოცემულია მისი ლექსების კრებულები: “ლექსები”
(1954), “შავნაბადა” (1956), “ცხრაკარა” (1960), “უბის
წიგნაკიდან” (1964), “თეთრი მიწა” (1972), “ფრონტული
ლექსები” (1975).

მირზა გელოვანს სიკვდილის შემდეგ მიენიჭა
საქართველოს კომკავშირის პრემია (1973). თბილისში, ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე, არის
მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკა. თელეთში, თბილისის მახლობლად, დგას მისი
ძეგლი.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

უცვლელად გთავაზობთ ვიკიპედიის მშრალ ინფორმაციას
ბიჭზე, რომელიც ვერ გადარჩა. მას არც ჯადოსნური ჯოხი ჰქონდა, არც ტეხილი ნაიარევი
შუბლზე და არც პრაივეტ დრაივის #4-ში ცხოვრობდა. დიახ, მას არაფერი ჰქონდა
ჯადოსნური, თქვენ წარმოიდგინეთ, წიგნის პერსონაჟიც კი არ იყო. სამაგიეროდ,
ძალიანაც არაჯადოსნურ, უბრალო ლექსებს წერდა და ასეთივე არაჯადოსნური ტყვიებით
იბრძოდა. მისი ლექსები ყოველთვის მაგონებდა დედას მოქსოვილ ჯემპრს, – უხეშად
ნაქსოვს, მშობლიურსა და თბილს. ასეთ არაჯადოსნურ ბიჭებზე კი ვიკიპედია ან დუმს, ან
სიტყვაძუნწია. არა, ქართულიდან თარგმნის სირთულესა და, საზოგადოდ, ლექსის თარგმნის
სირთულეებზე საუბარს არ ვაპირებ. არც იმაზე გაღვრევინებთ ცრემლს, როგორ მოკლეს
1944 წლის 19 ივლისს, მდინარე დვინის გადალახვისას, მირზა გელოვანი, დაჭრილი
თანამებრძოლის, ვაუტის გადარჩენას რომ ცდილობდა. არც მაინცდამაინც მის საცოლეზე,
ნინო ახვლედიანზე გიამბობთ და არც სასიყვარულო დეტალებს გაგიმხელთ, რომლებიც, რა
თქმა უნდა, ისეთივე არაჯადოსნური და ჩვეულებრივია, როგორიც ნებისმიერი ჩვენგანის
სიყვარული, რომელიც ნებისმიერსავე ჩვენგანს არაჩვეულებრივი ჰგონია (მაგრამ, თუ ამ
ჩვენი სიყვარულის მასშტაბების გაზომვას არ ვეცდებით ან მხოლოდ ლოკალურ სტანდარტებს
მივანიჭებთ, ის, რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის სასწაულად დარჩება). პოსტებში
მწერლების ბიოგრაფიული დეტალების გახსენება კიდევ ერთი რამის გამო არ მიყვარს – ტექსტის
გადაფარვა ავტორებით და ტრაგიზმით მანიპულირება ისევე მეზარება, როგორც ალუბლის
ჭამისას კურკების გამორჩევა. რა თქმა უნდა, არანაირი პირადი ცხოვრება და არანაირი ბიოგრაფია
ალუბალს არ აქვს, თუ არ ჩავთვლით მცირე, სრულიად არაადამიანურ “მეხსიერებას”,
რომელსაც ამინდები ან ჩიტები უტოვებენ მატლების ან “ორმოების” სახით.

გამოდის, ალუბალს ერთ “სხეულად”
აღვიქვამ. მეტიც: ავტორების ერთადერთი სხეული მათი ტექსტები მგონია და არასდროს დავინტერესებულვარ,
ასეირნებდნენ თუ არა საკუთარ ცხოველებს ყოველდღე და, საერთოდ, რას ფიქრობდნენ
ცხოველთა უფლებების შესახებ.

ადამიანის უფლებები კი თავისუფლების პრინციპის
გარკვეული დოზით ხელყოფის შედეგადაა მიღებული. აი, მაგალითად, თუ ყოველ ადამიანს
აქვს სიცოცხლის, თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლება, ე. ი. ჩვენ ვერ მივაყენებთ
ზიანს მეორე ადამიანს, რაც არ უნდა მანიაკურად გვსურდეს ეს. სხვაგვარად კონსტიტუციის
ფარგლებში დავისჯებით. თავისუფლება ხომ არ არის ისეთი უნივერსალური ცნება,
როგორიც, მაგალითად, სიკეთეა; ხომ შესაძლებელია, ვინმესთვის თავისუფლება ბოროტის კეთებისა
და ზიანის მიყენების სინონიმი იყოს? ე.ი. ადამიანის უფლებები შეიცავს პოზიტიურ
“შეზღუდვებს”. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა საქმე ომამდე მიდის და
ადამიანების საქმე არა ონკანის შეკეთება ან ნათურის გამოცვლა, არა ბავშვების
სკოლაში წაყვანა და სამსახურში ზუსტად 9-დან 17-ამდე გაუსაძლისი საქმიანობა, არა
წიგნების წერა ან რომელიმე ტბის ალგოფლორის შესწავლა, არამედ სხვა ადამიანების
ხოცვა ხდება. ომი, ყველა კანონის დამრღვევი მონსტრი, ისე ანადგურებს ადამიანებს,
თითქოს ქვიშის კოშკები იყვნენ. ფაფუ, აღარაფერი რჩება “ძმათა სასაფლაოების”
გარდა, სადაც დაკარგულია ყოველგვარი ისტორია და ინდივიდუალობა, თითქოს ადამიანები
პიროვნებები კი არა, სიცოცხლეშიც ხორცის მასები ყოფილიყვნენ და ერთადერთი
დანიშნულება ჰქონოდათ: ტყვიების ფრქვევა. მე არ მესმის მირზასი, როცა ის ერთ-ერთ
წერილში ამბობს: “ჩემი გზა მილიონობით გზას მიჰყვება და არსად თავდება,
რადგან მილიონების გზის დამთავრება არ შეიძლება. მე ის ზღაპრული მოყმე ვარ, ყველგან
რომ იპოვიდა საკუთარ ადგილს”. შეუძლებელია, მილიონობით ადამიანის გზა ომის
გზა იყოს, მაშინაც კი, თუ ამ ომს მშვიდობამდე მივყავართ.

 

ასეა თუ ისე, ომში წავიდა და ვერ გადარჩა. წერდა
იმედიანად, ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ ჯარისკაცს, აი, იმას, ვინც ხანდახან
მარტო იმიტომ არ ფიქრობს, რომ ჯარისკაცია: “არ დამიღონდეთ… მე დავბრუნდები…”
“დაბრუნებით ტკივილებს წავშლი…” ტკივილი კი იმდენი იყო, რამდენიც
ვერმოხვედრილი და ოდნავაცდენილი ტყვია.

ტყვიები იქით იყოს (ისინი ისტორიის ფურცლებიდან მშვიდობის
ჟამსაც ბოროტად ზუზუნებენ) და მირზას ლექსები, რომლებიც ტოვებს განცდას, რომ ერთი
ხელის მოსმითაა დაწერილი (რადგან აქ სიტუაციებსა და განწყობას, ლამისაა, გემოც
გაუსინჯო, როგორც ახლახან მომზადებულ ლაიმის ფრეშს), ერთდროულად არის სევდიანი და
მშობლიური (“მე ვხედავ თოვლზე დაყრილ ნაფოტებს./მეზობლის ბიჭი ამზადებს
მარხილს./ბაღში ჩემი ძმა დაბერტყავს ტოტებს,/თოვლის სიმძიმით მიწაზე
დაყრილს.”) უბრალო და, ამასთანავე, შეუმჩნევლად შემოპარული “ბრალიანი” პოეტური სახეებით (“ნუ
მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში,/რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს,/რომ საქართველო
ამ გაზაფხულში,/როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს,/რომ ორთაჭალამ ჩაიცვა
თეთრი,/რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის,/რომ მტკვარი ოხრავს, როგორც
ყოველთვის,/როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის.”), ექსპრესიული (“ვდგევარ
სხივებით, სველი ფარაჯა/არაფერს მაძლევს, სიცივის გარდა”) და თამამი
ექსპერიმენტებით გაჯერებული (რომლებსაც მარტივი და არაორიგინალური რითმის
გამოყენებით მიღწეულ ოსტატობას დავარქმევდი).

მე კი, როცა ამ ვერგადარჩენილი ბიჭის ლექსებს
ვკითხულობ, ხშირად არა აღმაფრენას, არამედ ისეთ სასოწარკვეთილებას განვიცდი, მზად
ვარ ვიტირო ისევე, როგორც ფიროსმანის მეთევზეზე, პერანგი რომ უნთია წითლად და
ხელში ერთი თევზი უჭირავს.

აკადემიური თავისუფლება

0

აკადემიური თავისუფლების გარეშე ვერც საგანმანათლებლო
სისტემა განვითარდება და ვერც საზოგადოება. პროფესორები ატარებენ ფასეულ კვლევებს და
ქმნიან ახალ ცოდნას. სწავლებისა და კვლევის თავისუფლება რომ არა, კაცობრიობა ვერასოდეს
მიაღწევდა განვითარების დღევანდელ ეტაპს.

აკადემიური თავისუფლება აღიარებულია განათლების სფეროს
ძირითად პრინციპად და დეკლარირებულია მრავალი ქვეყნის კონსტიტუციაში.

აკადემიური თავისუფლების პრინციპი ევროპაში წარმოიშვა.
იგი უკავშირდება იტალიელი ფილოსოფოსის, ტომაზო
კამპანელას სახელს. 1622 წელს “გალილეოს დაცვაში” (The Defense of Galileo) ფილოსოფოსმა
ახსენა libertas philosophandi, რაც “სწავლების თავისუფლებას” ნიშნავს.
მოგვიანებით, 1694 წელს, ქ. ჰალეში დაფუძნდა ფრიდრიხის უნივერსიტეტი, რომელიც საქმიანობას თავისუფალი კვლევისა და სწავლების პრინციპით წარმართავდა.თუმცა, გავრცელებული მოსაზრებით, აკადემიური
თავისუფლების თანამედროვე გაგება მაინც 1810 წელს დაფუძნებულ ბერლინის უნივერსიტეტსა
და ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სახელს უკავშირდება. ჰუმბოლდტის დოქტრინა სწავლისა და სწავლის
თავისუფლების, სწავლებისა და კვლევის ერთიანობის შესახებ საფუძვლად დაედო თანამედროვე
კვლევითი უნივერსიტეტების საქმიანობას ევროპაშიც და მის ფარგლების გარეთაც.

1988 წელს ევროპის უნივერსიტეტების
ასოციაციამ უნივერსიტეტთა ქარტიაში აღნიშნა, რომ კვლევისა და სწავლების თავისუფლება
უნივერსიტეტის ცხოვრების ფუნდამენტური პრინციპია. სამთავრობო დაწესებულებებმა და უნივერსიტეტებმა
თავ-თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში უნდა უზრუნველყონ აკადემიური თავისუფლების
დანერგვა.

1997 წელს UNESCO-მ (განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია) გასცა რეკომენდაცია, რომელიც სახელმწიფოში აკადემიური
თავისუფლების არსებობისთვის აუცილებელ პარამეტრებს განსაზღვრავს. ეს პარამეტრებია:

 

. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ინსტიტუციური
ავტონომია

უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებას უნდა ჰქონდეს უფლება
, დამოუკიდებლად განახორციელოს საქმიანობა. მას უნდა ჰქონდეს თვითმმართველობის
ისეთი ხარისხი, რომელიც აუცილებელია ეფექტიანი გადაწყვეტილებების მისაღებად.

 

. ინდივიდუალური
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა

უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში აკადემიური თავისუფლების პრინციპი ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. აკადემიური
თავისუფლების დაცვა თავად აკადემიურ პერსონალსაც ევალება. პროფესორს თავისუფლად უნდა
შეეძლოს მონაწილეობა სწავლებასა და დისკუსიაში, სამეცნიერო კვლევის განხორციელებაში,
მისი შედეგების გავრცელებასა და გამოქვეყნებაში. პროფესორს თავისუფლად უნდა შეეძლოს
საკუთარი აზრის გამოხატვა იმ ინსტიტუტის ან სისტემის შესახებ, რომელშიც ის მუშაობს.
ის დაცული უნდა იყოს ინსტიტუციური ცენზურისგან.

 

. თვითმმართველობა და გადაწყვეტილებების მიღება კოლეგიური წესით

აკადემიურ პერსონალს
უნდა ჰქონდეს უფლება და შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს უნივერსიტეტის მართვაში,
აირჩიოს წარმომადგენლები მისი მმართველობის ორგანოებში, ჩაერთოს ისეთ გადაწყვეტილებათა
მიღებაში, რომლებიც ეხება უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას, უმაღლესი სასწავლებლის
პოლიტიკას, კურიკულუმს, სამეცნიერო კვლევას, საქმიანობის გაფართოებას და სხვა.

 

. Tenure-სისტემა

აკადემიურ თანამდებობაზე
არჩეულ ან დანიშნულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს,
უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ ის დასაქმებულია დიდი ხნით, თუნდაც დაწესებულებაში რეორგანიზაცია
განხორციელდეს.

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 2006 წლის 30 ივნისს გასცა რეკომენდაცია
აკადემიური თავისუფლებისა და უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიის შესახებ. დოკუმენტის
მიხედვით, აკადემიური თავისუფლება და უნივერსიტეტის ავტონომია დემოკრატიული საზოგადოების
აუცილებელი ელემენტია.
პროფესორს უნდა შეეძლოს არსებული ცოდნის კრიტიკა, ახალი
იდეების გენერირება, სამეცნიერო კვლევების თავისუფლად განხორციელება, მოსაზრების შეუზღუდავად
გამოხატვა როგორც წერილობით (მაგ., სამეცნიერო სტატიაში), ასევე ზეპირად (აუდიტორიაში
სასწავლო პროცესის განხორციელებისას). პროფესორის საქმიანობაში პოლიტიკური ან რელიგიური
დაწესებულებების ჩარევა უნდა გამოირიცხოს. პროფესორის შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევაში
უნდა იყოს შესაძლებელი, თუ კვალიფიციური ორგანო შესაბამისი სფეროს ექსპერტების მიერ
საკითხის შესწავლის შედეგად დაადგენს, რომ პროფესორი არაკომპეტენტურია ან მისი საქმიანობა
ეწინააღმდეგება პროფესიული ეთიკის ნორმებს.

საქართველოში
აკადემიური თავისუფლების პრინციპის სათანადოდ დანერგვის ვალდებულებას აღიარებს კონსტიტუციის
35-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფომ უნდა
უზრუნველყოს ქვეყნის
საგანმანათლებლო სისტემის ჰარმონიზაცია საერთაშორისო
საგანმანათლებლო სივრცეში.


ზემოაღნიშნული კონსტიტუციური ვალდებულება გულისხმობს განათლების სფეროში
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების, მათ შორის – აკადემიური თავისუფლების პრინციპის
სათანადოდ დანერგვას.

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად,აკადემიური თავისუფლება არისაკადემიური
პერსონალისა და სტუდენტთა უფლება,დამოუკიდებლად
განახორციელონ სამეცნიერო კვლევა, სწავლება და სწავლა. კანონი ასევე ადგენს, რომ საქართველოში უმაღლესი განათლების მიზნების
მისაღწევად სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სწავლის, სწავლებისა და სამეცნიერო კვლევის
თავისუფლება. დადგენილია აკადემიური თავისუფლების შეზღუდვის შემდეგი შემთხვევები:

. სამეცნიერო კვლევის თავისუფლებისთვის – საორგანიზაციო საკითხებსა და პრიორიტეტების
განსაზღვრაში;


. სწავლების თავისუფლებისთვის – სასწავლო პროცესის ორგანიზაციული საკითხების
გადაწყვეტაში, ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების დამტკიცების საკითხებში;


. სწავლის თავისუფლებისთვის – სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და მაღალი ხარისხის
სწავლების უზრუნველყოფაში.


აკადემიური თავისუფლების პრინციპის სათანადო დანერგვას ისახავს მიზნადუმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის
კონცეფციის პროექტი. კონცეფციის თანახმად, აკადემიური თავისუფლება აუცილებელია
მაღალი სამეცნიეროდა საგანმანათლებლო ხარისხის მისაღწევად. პროფესორ-მასწავლებლებსდა სტუდენტებს მინიჭებული უნდა ჰქონდეთ სრული თავისუფლებაასწავლონ და გაავრცელონ იდეები მათი მეცნიერული მრწამსის შესაბამისად, განურჩევლად იმისა, ეწინააღმდეგება თუ არა ისინი ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა თუ მმართველი წრეების ინტერესებს. აკადემიური მოღვაწეობა მათ არ უნდა უქმნიდეს სამუშაოს დაკარგვის ან პიროვნული თუ პროფესიული რეპრესიის საფრთხეს.


მნიშვნელოვანია, რომ სათანადო დანერგვა არ გულისხმობს მხოლოდ კანონმდებლობაში
დეკლარაციული ხასიათის ნორმების არსებობას. აუცილებელია ისეთი სამართლებრივი ნორმები,
რომელთა საფუძველზეც პროფესორს რეალურად ექნება შესაძლებლობა, თავისუფლად განახორციელოს
სწავლება და კვლევა და სამართლებრივი მექანიზმებით დაიცვას თავი ჩარევისგან როგორც
საჯარო (სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირი), ისე კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

ენით დაკოდილთა შესახებ

0

პოეტი, ენათმეცნიერი და მასწავლებელი – ყველანი ერთი დიდი ტაძრის მლოცველები არიან, სადაც სიტყვის ძალას სცემენ თაყვანს.

სიტყვას რომ ყველაფერი შეუძლია, ამის დასამტკიცებლად, გარდა საკუთარი გამოცდილებისა, სხვადასხვა მითოლოგია თუ რელიგიური წიგნი გამომადგება, თუმცა ასეთ ღრმა და ფილოსოფიურ წიაღსვლებს არც ვგეგმავ, მარტივი, ყოფითი მაგალითებით შემოვიფარგლები.

თქვენ როგორ გგონიათ, რომელ ძალას შეუძლია, მოვლენები თუ წესები შეცვალოს, ჰო, მთლიანად შეცვალოს? ღმერთს, – მიპასუხებენ მორწმუნენი, ათეისტები მეცნიერულ ახსნას დაუწყებენ ძებნას, ენათმეცნიერები კი უბრალოდ მეტყვიან: ენას. დიახაც, ასეა, – ვუპასუხებ მე.

მზე ამოდის და ჩადის – მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში დედამიწა ბრუნავს მზის გარშემო; კასპიის ზღვა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვა კი არა, ტბაა, მაინც ზღვად იწოდება; ზღაპრის მძლეთამძლე, თუმცა მხდალია, მაინც მძლეთამძლეა, იმიტომ, რომ მოისურვა, ასე ყოფილიყო; ასე ეწოდა, ესე იგი ასეც არის…

ხორხე ლუის ბორხესს თავის ცნობილ ანთოლოგიათა შორის, ერთი ძალიან საინტერესო წიგნი აქვს – “ფანტასტიკური ცხოველების ანთოლოგია” ჰქვია. თუ ამ გამოგონილი ცხოველების ენობრივ არსებობაზე გავამახვილებთ ყურადღებას და იმ თეზას გავყვებით, რომ ყველაფერი, რაც ენაში არსებობს, ნამდვილადაც არსებობს, მაშინ ამ წიგნის ბინადრებთან ერთად რეალურ არსებობას შეიძენენ ათასი ჯურის დევები თუ მაძახურები, ტყაშმაფები თუ ოჩოკოჩები…

ბავშვობაში, როცა ძალიან მომინდებოდა სკოლის გაცდენა, ვიტყოდი, სიცხე მაქვს, სიცხე მაქვს-მეთქი და თერმომეტრის ვერცხლისწყლის სვეტი მართლაც სცდებოდა 37.8-ს.

ახლა, რისთვის დამჭირდა ამხელა შესავალი:
ზუსტად არ მახსოვს, მგონი, მეექვსე- თუ მეშვიდეკლასელი ვიყავი, როცა ჩვენი რაიონის გამგებელმა საუკეთესო მოსწავლეებისთვის სტიპენდია დანიშნა, კოლოსალური სტიპენდია – თვეში მთელი 10 ლარი.

თითო სკოლიდან თითო ბავშვი უნდა აერჩიათ, ჰოდა, ჩემი სკოლის დირექტორმა მე გამგზავნა – აქტიური და შემოქმედებითი ბავშვი ვიყავი, ოლიმპიადებსა თუ კონფერენციებში ვმონაწილეობდი, ხშირად უგზავნიდნენ სკოლას მადლობებს, გამოხმაურებებსა თუ ფარატინა დიპლომებს ჩემი სახელითა და გვარით. სწავლაშიც არა მიშავდა რა, თუმცა იყვნენ ჩვენს სკოლაში უფრო გამართული ხუთოსნებიც, ვინც უფრო ბეჯითად იზეპირებდა წესებსა თუ თეორიას, მაგრამ სკოლის დირექტორმა სხვა პრინციპით აარჩია – შემოქმედებითი უნარების მიხედვით.

ჰოდა, დილით მითხრეს, რომ სწორედ მე გავხდებოდი სტიპენდიანტი. ძალიან გამიხარდა. გარდა იმისა, რომ როგორც ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, სხვანაირადაც გამიხარდა – ჩვენ, მარჩენალდაკარგულები, პენსიითა და დედას მასწავლებლის მიზერული ხელფასით (ისიც ხან იყო, ხან არა) ვირჩენდით თავს და მაშინ მეგონა, რომ დედას შვილი მოესწრო და ფინანსურად ამოვუდგებოდი მხარში.

სკოლის კიბეზე გახარებული ჩამოვრბოდი და ერთი მასწავლებელი შემომხვდა, უკვე იცოდა ახალი ამბავი და ალბათ არც ჩემი გაბრდღვიალებული სახე გამოპარვია. – რა კარგად მოიქცა დირექტორი, – დამტკბარი და მოსაწყლებული სახით მითხრა, – შენ მამა მოგიკვდა და ისედაც, ყველაზე გაჭირვებული ხარ სკოლაში, – მითხრა და გაიარა.

მან გაიარა, მე კი კიბეზე დავრჩი, მართლა ყველაზე საწყალი, დაპატარავებული და გაჭირვებული. ყველაფერმა ფასი დაკარგა.

და მერე რა, რომ ის სტიპენდია აღარც მოუციათ ბავშვებისთვის (უფრო სწორად, სულ ერთხელ მოგვცეს, სურათი გადაგვიღეს და რაიონის გაზეთში გამოაქვეყნეს გამგებლის ქება-დიდებასთან ერთად), – იქნებოდა ის თუ არა,  ჩემთვის უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.

არ ვიცი, რისი ბრალი იყო, რომ მთელი ბავშვობა მესიზმრებოდა ერთი კადრი: როგორ ვიდექი კლასში, როგორ მეხვეოდნენ მკბენარები და როგორ ითვლიდა ის მასწავლებელი ხმამაღლა მკბენარებს ჩემს თავში – კლასი კი იცინოდა.

არ ვიცი, რა ძალა დამეხმარა, რომ “შეძახილმა ხე არ გაახმო” და მთელი ცხოვრება სხვისი ხელის შემყურე ადამიანის ფსიქოლოგიით არ მოვჩანჩალებ. ალბათ, დედაჩემი დამეხმარა, რომელიც არასდროს მინახავს გულხელდაკრეფილი და იმედგადაწურული, ზოგიერთი ჩემი მასწავლებელი დამეხმარა, მაგალითად, ნაზი თოდრაძე, ქართული ენისა და ლიტერატურისა, რომელსაც არასდროს აღუნიშნავს ჩემი ობლობა თუ დედაჩემის უბედურება – უამისოდაც ახერხებდა, ქართულად კარგად წერა ესწავლებინა…

ეს პატარა ამბავი ამას წინათ გამახსენდა, როცა ისევ ჩემი მოსწავლეების ნახატებსა და წერილებს ვახარისხებდი და ვალაგებდი (ეს უგუნებობასთან ბრძოლის საუკეთესო ხერხია), ჰოდა, ერთი ნახატის ნახვისას ჯერ ის ემოცია გამახსენდა, რომელიც მაშინ დამეუფლა, – სულ იისფერი ნახატია, იისფერი წვიმა და ქარი, პატარა გოგონა სკეიტბორდზე დგას და ქარისკენ მიქრის, – მერე კი მისი მხატვარი, პატარა ქერა გოგონა, რომელმაც ერთხელ გულისტკივილით მომიყვა, როგორ უთხრა ერთმა მასწავლებელმ: გოგო, დედაშენი რატომ არასდროს გვარცხნის მაგ ბუწუწა თმასო.

ჰოდა, ძვირფასო მასწავლებლებო, ენით დაკოდილი დათვის ამბავი ხომ გახსოვთ? არ შუშდება ენობრივი ჭრილობები, არა!

პ.ს. მკბენარებზე კიდევ ერთი ამბავი გამახსენდა, ერთ-ერთი შორეული სოფლის სკოლაში გაკვეთილებს ვატარებდი. უნდა ვაღიარო ჩემი ცუდი საქციელი – გრძელი თმა მქონდა და მკბენარების შიშით თავსაფარი წავიკარი, ჩემი ჭკუით, ბავშვებისგან დავიცავი თავი.

მეორე დღეს კლასის ყველა გოგო თავსაფრით მოვიდა სკოლაში. მიზეზი რომ ვკითხე – თქვენ რომ დაგმსგავსებოდითო, მიპასუხეს.

ასე გამაწნეს უთბილესი და უკეთილშობილესი სილა ანგელოზებმა, ნამდვილმა ანგელოზებმა…

ონლაინტრეინინგები

0
საქართველოში მიმდინარე საგანმანათლებლო რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია მასწავლებელთა მომზადება და მათი პროფესიული განვითარება. ამ მიზნით საქართველოს განათლების სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური კონცეფცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სკოლის მასწავლებელია ის მთავარი ძალა, რომელმაც ცვლილებათა წყება პრაქტიკულად უნდა განახორციელოს. რეფორმის ფარგლებში დაინერგა ისეთი სიახლეები, როგორიცაა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები, შემუშავდა ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა, მასწავლებლის პროფესიული და ეთიკური კოდექსი და სხვა, თუმცა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად აუცილებელია ამაღლდეს სწავლების ხარისხი, რისთვისაც უმთავრესი ფაქტორი მასწავლებელთა პროფესიონალიზმის ამაღლებაა. 21-ე საუკუნეში ამ კუთხით ყველაზე ხელსაყრელია მასწავლებლებისთვის კარგად დაგეგმილი და მეცნიერული სტანდარტების მიხედვით მომზადებული ონლაინკურსების შეთავაზება. განათლების სფეროს წარმომადგენლებმა, მასწავლებლებმა და საზოგადოებამ უნდა იცოდნენ, რომ ონლაინსწავლება ვალიდური და გამოცდილი მეთოდია. ამავე დროს, ისინი უნდა აცნობიერებდნენ, რა მოლოდინი შეიძლება არსებობდეს ამა თუ იმ ონლაინკურსის დაგეგმვისას, ოპერირება ხდება მისი საშუალებით თუ სწავლა/სწავლება. აუცილებელია, გათვალისწინებულ იქნეს ონლაინკურსებისადმი შემსწავლელთა დამოკიდებულება და აღქმა, ასევე – რა გავლენას ახდენს ზემოხსენებული ფაქტორები შემსწავლელთა მოტივაციასა და წარმატებაზე კურსის მსვლელობისას.
საქართველოში მასწავლებელთა ონლაინსწავლება შედარებით ახალი მოვლენაა. კვლევაც ამ კუთხით ახალი დაწყებულია. ამის კვალობაზე, ნაკლებად არის შესწავლილი კომპიუტერული კომუნიკაცია და მისი თავისებურებებიც. მეორე მხრივ კი, როგორც ითქვა, ინტერესი ამგვარი სწავლების დანერგვისადმი არსებობს. ის განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც ქართველ მასწავლებლებს მიეცათ საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა ქვეყნის მიერ შემუშავებულ მასწავლებლების ონლაინმომზადების პროექტებში. ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელშიც რამდენიმე ათეულმა ქართველმა ინგლისური ენის მასწავლებელმა მიიღო მონაწილეობა, ჯერჯერობით ETTO-ა – ინგლისური ენის მასწავლებლების ონლაინმომზადების კურსი. თურქეთის ბრიტანულ საბჭოში შემუშავებულ ამ პროექტში ჩართულნი არიან შავი ზღვის აუზის ქვეყნები. გარდა ამისა, რამდენიმე ათეულმა მასწავლებელმა ონლაინკურსები ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებში გაიარა.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩატარებული გამოკვლევების მონაცემთა ანალიზი საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ონლაინტრეინინგპროგრამებს ტრადიციულ ტრეინინგებთან შედარებით მრავალი უპირატესობა აქვს. მათი პოპულარობის მთავარი მიზეზი  მაინც მასწავლებელთა დატვირთული გრაფიკია. დისტანციური წვრთნა მათ საშუალებას აძლევს, განვითარდნენ პროფესიულად და “მიიღონ, რაც სჭირდებათ და როცა სურთ, თანაც მათთვის მისაღები ფორმით”. გარდა ამისა, სწავლების ეს ფორმა გაცილებით იაფია, რაც მასზე მოთხოვნას ზრდის. 
სწავლება/სწავლის ამ მედიუმის დანერგვამ და სწრაფმა განვითარებამ ლინგვისტური თვალსაზრისითაც მრავალი სიახლე წარმოშვა. იმისთვის, რომ ტრეინინგის ეს სახესხვაობა წარმატებული აღმოჩნდეს, საჭიროა იმ მეთოდებისა და პრინციპების შესწავლა, რომლებიც მის ეფექტურობას უზრუნველყოფს. ონლაინკურსები უმთავრესად ორი ტიპის სწავლებას ეყრდნობა: სინქრონულსა და ასინქრონულს. ორივე ტიპი კომპიუტერულ, ანუ ელექტრონულ კომუნიკაციას იყენებს, კომუნიკაციის ამ ფორმას კი თავისი მახასიათებლები აქვს და სრულიად განსხვავდება კომუნიკაციის სხვა ტიპებისგან.
უკანასკნელ ხანს მკვლევარები განსაკუთრებით დაინტერესდნენ ონლაინინტერაქციით. მათი მიზანია, სწავლება-სწავლის ეს სრულიად ახალი, მაგრამ სწრაფად განვითარებადი მედიუმი კიდევ უფრო შედეგიანი გახდეს. ამ კუთხით არსებული ლიტერატურის მიმოხილვა ცხადყოფს, რომ სწორედ დიალოგის ხარისხი და სწორი განვითარებაა კურსების წარმატების წინა პირობა.
პოლიტიკური, საგანმანათლებლო თუ სოციალური კონტექსტი, რომელშიც მასწავლებლებს უწევთ მოღვაწეობა, გამუდმებით იცვლება. აქედან გამომდინარე, მათთვის საჭიროა უწყვეტი პროფესიული განვითარება, რათა ფეხი აუწყონ ამ ცვლილებებს. ტრადიციულ, პირისპირ ტრეინინგებსა და ერთჯერად სემინარებს ხშირად არასათანადო ეფექტი აქვს და არცთუ დიდ გავლენას ახდენს მასწავლებლების სწავლების სტილზე, მათ პრაქტიკაზე.
განმანათლებლები გამუდმებით ზრუნავენ მასწავლებლების პროფესიული განვითარების უფრო ეფექტიანი მოდელის შემუშავებაზე, რაც თავისთავად ითვალისწინებს მიმდინარე ცვლილებებს. წარმატებისთვის განვითარება უწყვეტი უნდა იყოს, შეიცავდეს ინდივიდუალური რეფლექსიის შესაძლებლობებს, ეფუძნებოდეს სასწავლო გეგმას და გამოსადეგი იყოს სასკოლო პრაქტიკაში გამოსაყენებლად. ტრეინინგის კოლაბორაციული ბუნება, რაც მის მონაწილეებს კოლეგებთან მუდმივი ინტერაქციის საშუალებას მისცემს, და მისი ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით ფასეულია მასწავლებლებისთვის. აქედან გამომდინარე, პროფესიული განვითარების ონლაინმოდელი გვესახება განვითარების არა თავს მოხვეულ, არამედ ისეთ ფორმად, რომელშიც მასწავლებლები თვითონვე აქტიურად არიან ჩართულნი და იღებენ საკლასო ოთახში პრაქტიკულად გამოსადეგ უნარ-ჩვევებსა და ცოდნას.

შელახული ღირსება ანუ როგორ იბადება ძალმომრეობა

0
ბოლო ხანს სერიალების ყურება დავიწყე. თითქოს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა – უამრავი მაყურებელი ჰყავს ბრაზილიურ თუ მექსიკურ საპნის ოპერებს, ამერიკულ ეგრეთ წოდებულ მაღალი კლასის სერიალებს… მაყურებლის ნაკლებობას არც ქართული საპნის ოპერები უჩივიან. ათასში ერთხელ მათი ყურება ნამდვილად შეიძლება და არც იმით დაშავდება რამე, თუ მეც ტელევიზორთან დროის მოსაკლავად მოკალათებულთა სიაში ჩავეწერები. ან რა არის დასაძრახი – სხვისი ცხოვრებით ტკბობა ხომ ადამიანის ერთ-ერთი ინსტინქტია. ჩვენ გამუდმებით ვადევნებთ თვალს მეზობლების, მეგობრების, ნათესავების, თანამშრომლებისა თუ უბრალო ნაცნობების პირად ცხოვრებას, განსაკუთრებულ ინტერესს კი ინტიმური დეტალების მიმართ ვიჩენთ: ვინ ვის ხვდება, ვინ ვისი შეყვარებულია, ვინ ვისი საყვარელი… სერიალებიც სწორედ ამ ინსტინქტის დაკმაყოფილების საშუალებას გვაძლევს და მათი პოპულარობაც ადამიანის ამ ქვეცნობიერი ლტოლვით არის განპირობებული. საპნის ოპერის ერთადერთი მიზანი ჩვენი გართობაა – გართობა სხვისი ცხოვრების ხარჯზე. დღეს ბევრი თავის პირად ცხოვრებასთან გაუცხოებასაც განიცდის, ამ ტიპის ტელეპროდუქტი კი რამდენადმე ავსებს ამ დანაკლისს. ჩვენ გვაბედნიერებს სხვისი უბედურება ან, პირიქით, გვახარებს წარმატება – გააჩნია გმირს.
ცივილიზაციის ასეთივე პროდუქტია ბულვარული პრესა. საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში, თუ რომელიმე პერიოდული გამოცემა მოგებიანია, სწორედ ყვითელი პრესა. სკანდალები ჩვენი მთავარი გასართობია. ყვითელი პრესის ჟურნალისტებიც განუწყვეტლივ გვამარაგებენ ამით. მათი საქმიანობა ერთი შეხედვით არცთუ იოლია – გამუდმებით სხვის თეთრეულში ქექვა დიდად სასიამოვნო არ უნდა იყოს, მაგრამ რას ვიზამთ – მკითხველს სანახაობა სურს…

ჩემი პოსტის მიზანი არც რომელიმე სერიალის ანალიზია და არც, მით უმეტეს, ყვითელ პრესაში დაბეჭდილი რომელიმე სკანდალური მასალისა. ამჯერადაც წიგნზე მსურს გესაუბროთ. გერმანელი მწერლის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ჰაინრიხ ბიოლის წიგნზე, რომელშიც ბრწყინვალედ არის ნაჩვენები, სადამდე შეიძლება მიიყვანოს ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეული ადამიანი მისდამი ყვითელი პრესის ინტერესმა.

“კატარინა ბლუმის შელახული ღირსება ანუ როგორ იბადება ძალმომრეობა და სადამდე მივყავართ მას” პირველად 1974 წელს დაიბეჭდა და მალევე გამოიცა წიგნად. რომანი, რომელიც ბულვარული ჟურნალისტიკის უმწვავეს პრობლემებს ამხელდა, უმალვე პოპულარული გახდა. მისდამი ინტერესი დღემდე არ განელებულა, მასში წამოჭრილ პრობლემას კი ჯერაც არ დაუკარგავს სიმწვავე. პირიქით, რაც დრო გადის, მით მეტად ვეჯაჭვებით სხვების ცხოვრებას და ხშირად თვითონვე ვქმნით სკანდალურ გმირებს, თუნდაც მათი ბრალეულობა ამ სკანდალში მინიმალური იყოს.

“მოთხრობის სიუჟეტი და მთავარი გმირები გამოგონილია. მასში წარმოდგენილი ჟურნალისტური ხერხები და მეთოდები ძალიან ჰგავს გაზეთ “ბილდსისას”, მაგრამ ეს მსგავსება არც წინასწარგანზრახულია და არც შემთხვევითი – ის გარდაუვალია… ფაქტები, რომლებსაც შემოგთავაზებთ, სასტიკია”, – გვაფრთხილებს რომანის დასაწყისში ჰაინრიხ ბიოლი. რომანი კი შინამოსამსახურე კატარინა ბლუმის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შემთხვევით იქცევა სენსაციების მოყვარული გაზეთის დევნის ობიექტად. მისი ერთადერთი დანაშაული ის არის, რომ არახელსაყრელ დროს არახელსაყრელ ადგილას აღმოჩნდა. გაზეთის ჟურნალისტი კი მისგან ქმნის სკანდალურ გმირს, იქექება მის პირად ცხოვრებაში, რომელშიც, კაცმა რომ თქვას, არაფერია განსაკუთრებული – ანგელოზები ხომ ადამიანთა შორის არ სახლობენ, თითო-ოროლა ცოდვა ყველას გვაწევს… შედეგი შემზარავია – საზოგადოებრივი აზრის წნეხის ქვეშ მოქცეულ ახალგაზრდა ქალს ისღა დარჩენია, იარაღით დაიცვას საკუთარი ღირსება.

“კატარინა ბლუმის შელახული ღირსება” 2012 წელს გამოსცა გამომცემლობა “პალიტრა L-მა”. შესანიშნავი თარგმანის წყალობით ის ერთი ამოსუნთქვით იკითხება. მისი წაკითხვის შემდეგ კი, იმედი მაქვს, მეტი სიფრთხილით მოვეკიდებით ჩვენს ვუაიერისტულ გატაცებებს და ვამჯობინებთ, ისინი უფრო უწყინარი მეთოდით, თუნდაც სერიალების ყურებით დავიკმაყოფილოთ.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...