კვირა, აპრილი 12, 2026
12 აპრილი, კვირა, 2026

ზაქარია გიუნაშვილი – Wolfram|Alpha – Google-ის ალტერნატივა?

0
სტივენ ვოლფრამი (Stephen Wolfram) 15 წლის იყო (იგი 1959 წელს დაიბადა), როდესაც პირველი სამეცნიერო ნაშრომი გამოაქვეყნა, 20 წლისამ კი სამეცნიერო ხარისხი მოიპოვა თეორიულ ფიზიკაში კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში. 1981 წელს ვოლფრამმა მიიღო მაკარტურის პრემია (MacArthur Prize), რომელსაც „გენიოსების პრემიას” უწოდებენ. სწორედ მაშინ გადაწყვიტა მან, რომ დრო იყო, დაეწყო ფიქრი ისეთი რთული სისტემების შესწავლაზე, როგორიცაა ბუნება და იმაზე, როგორ შეიძლებოდა ასეთი სისტე­მების იმიტაცია. ვოლფრამმა 1973 წელს დაიწყო კომპიუტერის გამოყენება, 1986 წელს კი მის კომპანიაში, რომელსაც ეწოდება Wolfram Research, შეიქმნა დღეს უკვე კარგად ცნობილი კომპიუტერული პროგრამა Mathematika. მას იყენებენ მრავალ დარგში, საინჟინრო საქმითა და მედიცინით დაწყებული, ფინანსური სფეროთი დამთავრებული. მისი საშუალებით შესაძლებელია როგორც სწრაფი და მაღალი სიზუსტის გამოთვლების შესრულება, ასევე მოდელირება.

2002 წელს სტივენ ვოლფრამმა გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „ახალი ტიპის მეცნიერება” („A New Kind of Science”), რომელშიც იგი გამოთქვამს რწმენას, რომ რთული სისტემების აღწერა შესაძლებელია მარტივი წესების საშუალებით. მის წიგნში გადმოცემული პრინციპებისა და კომპიუტერული პროგრამა Mathematica-ს მაღალი შესაძლებლობების გათვალისწინებით, ვოლფრამმა გადაწყვიტა, შეექმნა სისტემა Alpha. მისი ერთ-ერთი მიზანი გახლდათ ისეთი სისტემის შექმნა, რომელსაც მომხმარებელი ნებისმიერ კითხვას დაუსვამდა და პასუხს მიიღებდა. ეს საკმაოდ რთული ამოცანა იყო, რადგან ყველამ, ვისაც კი შეხება ჰქონია გამოთვლით სისტემებთან, იცის, რომ ბუნებრივ (სასაუბრო) ენაზე გადმოცემული ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავება ძალზე რთულია. Wolfram Research-ის თანახმად, მის საიტზე განთავსებული სისტემა სპეცი­ალურ ალგორითმებს იყენებს ამგვარი მასალის დასამუშავებლად და მისთვის გამოთვლადი სტრუქტურის მისაცემად. ამგვარი დამუშავების შედეგად სისტემა „ხვდება”, რა აინტერესებს მომხმარებელს, როდესაც შეაქვს მასში საძიებო ფრაზა. მაგალითად, თუ შეტანის ველში შეიტანთ სიტყვებს „my age” („ჩემი ასაკი”), სისტემა მოახდენს ამ მოთხოვნის ყველაზე ადეკვატურ ინტერპრეტაციას და გკითხავთ თქვენი დაბადების თარიღს. გარდა უშუალო პასუხისა, სისტემა მოგაწვდით დამატებით ინფორმაციასაც (მაგალითად, ასაკების განაწილების დიაგრამას მსოფლიოს მოსახლეობის მიხედვით). სურვილისამებრ, შეგიძლიათ დააზუსტოთ მოთხოვნის ფრაზა და მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია.

როგორც Wolfram Research-ი ამბობს, სისტემა Alpha ოთხ ბურჯს ეყრდნობა. ესენია: მონაცემები, დინამიკური გამოთვლები, ბუნებრივი ენის ინტერპრეტაციის უნარი და გამოთვლების ესთეტიკა. მონაცემებთან Wolfram Research-ის თანამშ­რომლები მუშაობენ, ხოლო დანარჩენზე ზრუნავს სისტემა, რომელიც რთული ალგო­რითმების რეალიზაციისთვის იყენებს პროგრამა Mathematika-ს ბირთვს.
ტრადიციულ საძიებო სისტემებთან შედარება
 

თანამედროვე ინტერნეტსივრცეში საძიებო სისტემებს შორის დომინირებს Google. 2009 წელს, როდესაც ვოლფრამმა ახალი წამოწყების შესახებ გამოაცხადა, Google-ს ეკავა საძიებო სისტემების ბაზრის 64.2 პროცენტი. მას მოსდევდა Yahoo – 15.8 პროცენტი და Windows Live – 10.3 პროცენტი. ვოლფრამის განცხადება ტექნო­ლოგიური სიახლეების სამყაროში სენსაციური იყო. მაშინ როდესაც Google-თან პაექრობა ვერ შეძლეს ისეთმა გიგანტებმა, როგორებიც არიან Yahoo და Microsoft-ი, რა შანსი აქვს Wolfram Research-ს და მის სისტემას?

რა თქმა უნდა, ამჟამად შეუძლებელია, ეს სისტემა განვიხილოთ როგორც Google-ის სერიოზული კონკურენტი უნივერსალური საძიებო სისტემების სფეროში, მაგრამ მას აქვს უპირატესობა ზოგიერთი სპეციფიკური მიმართულებით. მაგალითად, თუ მოთხოვნა დაკავშირებულია რომელიმე მეცნიერული შინაარსის მქონე ინფორმაციის მოძიებასთან ან ტექნიკური ხასიათის ამოცანის ამოხსნასთან, Wolfram|Alpha საკმაოდ ზუსტ და ადეკვატურ პასუხს აბრუნებს. ამასთან, ხაზგასასმელია ისიც, რომ მის მიერ მოწო­დებული ინფორმაცია სანდოობის მაღალი ხარისხით გამოირჩევა, რადგან ეფუძნება მეცნიერულ მონაცემებს, განსხვავებით სხვა გავრცელებული საძიებო სის­ტემებისგან, რომლებიც მონაცემებს ძირითადად სტატისტიკური მახასია­თებლების მიხედვით ახარისხებენ.

სისტემის ამოქმედების დასაწყისში ბევრი მომხმარებელი მოელოდა, რომ იგი იმუშავებდა ტრადიციული საძიებო სისტემის მსგავსად, რომელიც მარტივი საძიებო ფრაზის საპასუხოდ მონაცემთა კატალოგში ეძებს ყველაზე ადეკვატურ მონაცემებს და იძლევა მათ რანჟირებულ სიას, მაგრამ, Google-ისა და სხვა სისტემებისგან განსხ­ვავებით, Alpha ახდენს არა მსოფლიო ქსელში არსებული ინფორმაციის კატალოგიზაციას, არამედ, როგორც Wolfram Research-ი ამბობს, მუშაობს როგორც „ცოდნის გამომთვლელი მანქანა” („Computational Knowledge Engine”).

ტრადიციული საძიებო სისტემები პერმანენტულად ათვალიერებენ მსოფლიო ქსელის ვებსაიტებს და მათში არსებულ ინფორმაციას ამატებენ საკუთარ დირექტორიებს, რომლებშიც პარალელურად ხდება ინფორმაციის რანჟირება სპეციალური ალგორითმების საშუალებით. მისგან განსხვავებით, Wolfram|Alpha მსოფლიო ქსელის სკანირებას კი არ ახდენს ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად, არამედ ეფუძნება ლიცენზირებულ მონაცემთა ბაზებს და შინაარსს, რომელიც დამუშა­ვებული და კატალოგიზებულია Wolfram Research­-ის თანამშრომლების მიერ. მონაცემთა ბაზის შევსებამდე ისინი ამოწმებენ მონაცემთა სანდოობას და სიზუსტეს. გარდა ამისა, Wolfram|Alpha-ს მონამცემთა კატალოგს აქვს მდიდარი სემანტიკური სტრუქტურა, რომელსაც სისტემა იყენებს არა უბრალოდ მონაცემთა ამოსარჩევად, არამედ მათი ურთიერთკავშირის დასადგენადაც.
Wolfram|Alpha და განათლება

Wolfram|Alpha არის უფასო ონლაინ ცოდნის მანქანა, რომელიც იძლევა არა მხოლოდ ფაქტობრივ ცოდნაზე დამყარებულ ინფორმაციას, არამედ გააზრებულ პასუხს დიდი მოცულობის მასალის ლოგიკური დამუშავების გზით. ცოდნის ამგვარი სისტემის გამოყენება სასწავლო პროცესში საკმაოდ ღირებულია. როგორც აღვნიშნეთ, ეს სისტემა ეფუძნება სპეციალიზებულ კომპიუტერულ პროგრამა Mathematica-ს, რომლის თავდაპირველი დანიშნულება ძირითადად მათემატიკით შემოიფარგლება. მიუხედავად ამისა, სისტემა იყენებს მონაცემთა ლოგიკური დამუ­შავების მძლავრ მექანიზმს არა მხოლოდ მათემატიკურ გამოთვლებთან დაკავშირებული შედეგების, არამედ ნებისმიერი სახის მონაცემებზე დაფუძ­ნებული დასკვნების მისაღებადაც.

გარდა ახალი ტიპის საძიებო სისტემისა, რომელიც განთავსებულია მისამართზე www.wolframalpha.com, არსებობს მისი საგანმანათლებლო პორტალიც: Wolfram Education Portal, – რომლის მისამართია education.wolfram.com. მასზე განთავსებულია რესურსები როგორც მასწავლებლებისთვის, ასევე მოსწავლეებისთვისაც. ამასთან, Wolfram Research-ი სისტემატურად აცხადებს სხვადასხვა საგანმანათლებლო შინა­არსის კონკურსს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის. აქ შესაძლებელია სხვა­დასხვა მასალისა და გაკვეთილის გეგმების განთავსება და მოძიება.

კომპიუტერული პროგრამა Mathematica საკმაოდ ძვირად ღირებული მათემატიკური პაკეტია, მაგრამ მისი სადემონსტრაციო ვერსიისა და თანმხლები დოკუმენტაციის გადმოტვირთვა შესაძლებელია მისამართიდან www.wolfram.com/mathematica/trial. ონლაინ სისტემა, როგორც აღვნიშნეთ, უფასოა და მისი გამოყენება სხვადასხვა სასწავლო დისციპლინაში შეუზღუდავად შეიძლება.
 
პორტალზე წარმოდგენილია უამრავი საგანმანათლებლო შინაარსის ნიმუში, მათ შორის – ინტერაქტიული ციფრული მასალა.

სკოლა წარუმატებელი მოსწავლეების გარეშე!

0
უილიამ გლასერი, ამერიკელი ფსიქიატრი, დაიბადა 1925 წელს. იგი ავტორია რეალობის თერაპიისა და არჩევანის თეორიისა. 1967 წელს არიზონაში დააარსა „რეალობის თერაპიის” ინსტიტუტი ( The Institute for Control Theory, Reality Therapy and Quality Management).
ბევრი მოსწავლე იტანჯება სკოლებში წარუმატებლობის გამო. ერთი შეხედვით, წარუმატებლობა სკოლაში იმ უამრავ პრობლემათაგანია, რომელსაც ეჯახება ადამიანი თავის სიცოცხლეში. ეს შეცდომაა – მრავალმხრივი წარუმატებლობა არ არსებობს. „რეალობით თერაპიის” (იხ. განმარტება) პრინციპებიდან გამომდინარე, წარუმატებლობა სულ ორი ტიპისაა, მაგრამ ორივე – სიყვარულის ნაკლებობა და დაბალი თვითშეფასება – იმდენადაა გადაჯაჭვული ერთმანეთს, რომ მათი განცალკევება რთულიცაა და არაბუნებრივიც.

ჩვენ გულდასმით უნდა გავაანალიზოთ ადამიანის ძირითადი მოთხოვნილებები. ესენია სიყვარული და ღირსების გრძნობა. ადამიანმა სხვისი სიყვარულიც უნდა ისწავლოს და თვითონაც უნდა გრძნობდეს იმავეს სხვისგან. თუ ადამიანს განუცდია ურთიერთსიყვარული, თანაც – მთელი სიცოცხლის განმავლობაში, ის გარკვეულწილად უკვე წარმატებულია. მიჩნეულია, რომ სიყვარულის მოთხოვნილება ოჯახში უნდა დაკმაყოფილდეს, მაგრამ ირკვევა, რომ ასეთი შეხედულება მცდარია. მასწავლებლებს ფაქტობრივად აძრწუნებენ ბავშვები, რომლებსაც სითბო და ალერსი სჭირდებათ, არ იციან, როგორ მოიქცნენ მათი მხრივ სიყვარულის აშკარა გამოხატვის დროს. ბავშვები, რომლებსაც სიყვარულის ასეთი მძაფრი მოთხოვნილება აქვთ, – არა მარტო უფროსების, არამედ თანატოლების მხრივაც, – იშვიათად იღებენ თბილ და უანგარო დამოკიდებულებას. თქმა, რომ სიყვარულის მოთხოვნილების დაკმაყოფილება სკოლის მოვალეობა არ არის, იგივეა რაც ვამტკიცოთ, რომ თუ ბავშვი ოჯახში მოკლებულია სითბოს, არც მომავალში უნდა ჰქონდეს მისი იმედი. მოზრდილი ადამიანები, რომელთაც ბავშვობაში სიყვარული აკლდათ, ძალიან ძნელად სწავლობენ სიყვარულს.

რაც შეეხება ბავშვის მეორე ძირითად მოთხოვნილებას, საკუთარი მეს მნიშვნელობის შეგრძნებას, სკოლასთან მისი უშუალო კავშირი ეჭვს არ იწვევს. ცოდნა და აზროვნების უნარი ხომ აუცილებელია საკუთარი თავის პატივისცემისთვის. თუ ბავშვი დადის სკოლაში, მაგრამ ვერ ახერხებს ცოდნის მიღებას და მასწავლებლის მოთხოვნათა შესრულებას, ოჯახი და გარემო ძნელად თუ შეცვლიან რამეს. გარდა ამისა, თუ ბავშვი სწავლობს ფიქრს და მის წინაშე წამოჭრილი ამოცანების გადაჭრას (რასაც უპირველესი მნიშვნელობა აქვს ადეკვატური თვითშეფასებისთვის), ის იმავდროულად საკუთარი თავის რწმენასაც იძენს, ურომლისოდაც ასე ძნელია გიყვარდეს სხვა და სხვასაც უყვარდე. საკუთარი თავის რწმენა აძლევს ადამიანს ძალას, გადაიტანოს ცალმხრივი სიყვარული, ეს კი ნიშნავს, რომ მეტი შანსი აქვს ამ მოთხოვნილების რეალიზებისა. თუ ადამიანს შესწევს სიყვარულის უნარი და ისიც უყვართ, წარმატება მისი თანამგზავრი იქნება, რადგან სიყვარული მამოძრავებელი ძალაა მიზნისკენ მიმავალთათვის და ხელს უწყობს საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებას, მაგრამ თუ თვითონ არ შეუძლია სიყვარული და მხოლოდ გარშემო მყოფებისგან ითხოვს ამას, იოლად აღმოჩნდება ჩიხში. ამის მაგალითია განებივრებული ბავშვები, რომელთაც არ ესმით, რატომ არ იქცევა მთელი სამყარო ისე, როგორც მათი წინდაუხედავი მშობლები.

სიყვარული და საკუთარი თავის პატივისცემა ერთმანეთთან ისეა გადაჯაჭვული, რომ მათი განხილვა მიზანშეწონილია იდენტობის ერთი ინტეგრალური ცნების ჭრილში, როგორიცაა საკუთარი თავის პიროვნებად. 
დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის კარდინალური მოთხოვნილებაა საკუთარი თავის აღქმა პიროვნებად – რწმენა, რომ გარშემო მყოფები პატივს სცემენ, რწმენა საკუთარი მნიშვნელობისა და დადებითი შეფასებისა მათი მხრივ.

ამრიგად, სიყვარული და საკუთარი თავის პატივისცემა ის ორი გზა, რომლებსაც, როგორც გვიჩვენებს კაცობრიობის გამოცდილება, საკუთარი იდენტობის გაცნობიერებისკენ მივყავართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მხოლოდ ის აღიქვამს თავის თავს სრულყოფილ პიროვნებად, ვინც პოულობს გზას სიყვარულისა და საკუთარი თავის პატივისცემისკენ, ეს უკანასკნელი კი დამოკიდებულია შეძენილ ცოდნაზე, გამოცდილებასა და ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის უნარებზე.

ბავშვების უმეტესობას აქვს ორი ადგილი, სადაც შეუძლიათ მისდიონ ამ გზას – სახლი და სკოლა. თუ შინ ყველაფერი რიგზეა, ბავშვს შეუძლია, მიაღწიოს წარმატებას იმ ნეგატივის მიუხედავად, რაც სკოლაში ხდება, მაგრამ ამის იმედზე ყოფნა სარისკოა. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ სკოლამ, სადაც ბავშვი იძენს ძირითად სოციალურ გამოცდილებას, უზრუნველყოს ორივე გზის გავლის შესაძლებლობა: მასაც უყვარდეს და ისიც უყვარდეთ, მიიღოს კარგი განათლება და, შესაბამისად, შეიძინოს საკუთარი თავის რწმენა.
საუკეთესო იქნება, თუ სკოლებში სიყვარულს განიხილავენ როგორც სოციალურ პასუხისმგებლობას. თუ ბავშვებს არ განუვითარებთ ურთიერთპასუხისმგებლობის გრძნობას, სწრაფვას, დაეხმარონ და იზრუნონ ერთმანეთზე არა მხოლოდ სხვისი, არამედ საკუთარი თავისთვის – სიყვარული დაკარგავს თავის ჭეშმარიტ სახეს, გადაიქცევა საცოდავ და პრიმიტიულ გრძნობად. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლებს და მოსწავლეებს ერთმანეთი უნდა უყვარდეთ ოჯახური ან რომანტიკული სიყვარულის მსგავსად, მაგრამ მათ უნდა ისწავლონ, არ იყვნენ ერთმანეთისადმი გულგრილნი და დაეხმარონ ერთმანეთს სირთულეთა დაძლევაში. სოციალური პასუხისმგებლობის აღზრდა ყველა სასკოლო პროგრამაში უნდა შევიდეს. თუ ეს არ მოხდა, ბევრი ბავშვი ვერ იპოვის საკუთარ თავს ამ ცხოვრებაში. შეძლებული ოჯახებიც კი ვერ ახერხებენ სკოლის პრობლემათა  კომპენსირებას, თუმცაღა ამ ბავშვების მდგომარეობა გაცილებით უკეთესია. ჩვენს საზოგადოებას არ შეუძლია, ოჯახურ ურთიერთობებზე იყოს დამოკიდებული, ამიტომ სწორედ სკოლამ უნდა გაუხსნას ყველა ბავშვს გზა მთავარი ცხოვრებისეული მოთხოვნილების რეალიზაციისკენ – გააცნობიერონ საკუთარი თავი სრულყოფილ პიროვნებებად. ამის უუნარობა არ ნიშნავს,რომ ადამიანი საერთოდ ვერ აღიქვამს თავს პიროვნებად. ბევრი ისე ცხოვრობს, რომ არ იცის, რას წარმოადგენს. ასეთები არიან სულით ავადმყოფები ან საბოლოოდ წყალწაღებულები, რომლებიც ბუნაგებში ან გამოსასწორებელ დაწესებულებებში ცხოვრობენ. ასეთი ადამიანი არცთუ ისე ბევრია იმ დროს, როდესაც ადამიანები, რომლებსაც აქვთ წარუმატებლობის დამთრგუნველი შეგრძნება, იტანჯებიან არასრულფასოვნების კომპლექსით – გვხვდებიან ყოველ ნაბიჯზე და სწორედ ისინი წარმოადგენენ დრამატული პრობლემების წყაროს, რომლებიც ხანდახან მოუგვარებელი გვეჩვენება.

ადამიანს თითქოს უნდა ახასიათებდეს შერეული თვითშეგნება, ანუ წარმატებასთან ერთად წარუმატებლობის მიღებაც, მაგრამ ასეთი რამ ჩემს პრაქტიკაში არ შემხვედრია. ადამიანი ან ცხოვრობს წარმატებულობის შეგრძნებით, აქვს საკუთარი თავის რწმენა და შინაგანი კმაყოფილება, ან თავი წარუმატებლად მიაჩნია და ამაოდ ცდილობს, თავი დააღწიოს თანამდევ ფსიქოლოგიურ დისკომფირტს. იშვიათად, როდესაც ადამიანში ერთდროულად ცხოვრობს ორივე საწყისი, წესისამებრ, ერთ-ერთი მათგანი იმარჯვებს. აქედან გამომდინარე, თუ ადამიანი ვერ აცნობიერებს თავის იდენტობას სიყვარულისა და საკუთარი თავის პატივისცემის საფუძველზე, მას რჩება ორი გზა – კონფრონტაცია საზოგადოებასთან, რაც დანაშაულის ჩადენით გამოიხატება და საკუთარ თავში ჩაკეტვა. ასეთ არჩევანს გარკვეულ თვითშეგნებამდე მივყავართ. ყალიბდება არშემდგარი პიროვნების კომპლექსი. რაც უფრო მეტად შედის ჩიხში მისი ცხოვრება, მით უფრო მძაფრდება არასრულფასოვნების კომპლექსი. წარუმატებელა მოსწავლემ (პიროვნებამ) უნდა გაიგოს (და სკოლამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მის დასახმარებლად), რომ არსებობს საიმედო ალტერნატივა -სიყვარული და საკუთარი ღირსების გრძნობა, ე.ი. შესაძლებლობა გააცნობიერო თავი სრულყოფილ პიროვნებად, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს წარმატებას. მაშინ მას ექნება საკუთარი თავის რწმენა.

თუ ბავშვს შინ პრობლემები აქვს, თუ გრძნობს, რომ ის არავის სჭირდება, აკლია სიყვარული და პატივისცემა, საქმე ძალიან რთულადაა. მიუხედავად ამისა, მან უთუოდ უნდა დაიკმაყოფილოს ყველა ადამიანისთვის ორგანული მოთხოვნილება – გაარკვიოს, ვინ არის ის. თუ შინ ამას ვერ ახერხებს, ის ცდილობს, იპოვოს საკუთარი თავი ქუჩაში, მათ შორის, ვისთვისაც ეს გრძნობა გაურკვეველ ხასიათს ატარებს. პატივისცემის მოპოვებისა და ვინმესთან მჭიდრო ურთიერთობის დამყარების დამოუკიდებელი მცდელობა მარცხით მთავრდება. კანონის უგულებელყოფის მიზეზით ასეთი მოზარდები ხშირად ხვდებიან ციხეში და ამ არაბუნებრივი მეთოდით პოულობენ ადამიანებს, რომლებიც მათ მიმართ მზრუნველობას გამოიჩენენ, მაგალითად, პოლიციის ინსპექტორს, რომელიც ზედამხედველობას უწევს პირობით მისჯილებს. საბაზო მოთხოვნილებების – სიყვარულისა და პატივისცემის მოპოვების – დაუკმაყოფილებლობის გამო ასეთ მოზარდებს იპყრობს ღვარძლი და იმედგაცრუება. ისინი ყველაფერში ადანაშაულებენ საზოგადოებას, რომელმაც მათ ნორმალური არსებობის საშუალება წაართვა, ამიტომ მათი ქმედებები მიმართულია ამ საზოგადოების წინააღმდეგ. ისინი ცდილობენ, ძალის გამოყენებით მიაღწიონ საწადელს. თუ ეს სასოწარკვეთილი მცდელობაც ამაო აღმოჩნდა ან შიშმა საშუალება არ მისცა, დასდგომოდნენ დანაშაულებრივ გზას, ადამიანები იტანჯებიან და იკეტებიან საკუთარ თავში.

ტანჯვა და საკუთარ თავში ჩაკეტვა შედეგია საკუთარი თავის შეცნობის წარუმატებელი მცდელობისა. ჩვენ ვცდებით, როდესაც ასეთი ადამიანების ქცევას მათ ფსიქიკურ აშლილობას მივაწერთ. ისინი ავადმყოფები არ არიან. მათ არაფერი სჭირთ ისეთი, თვითონვე რომ ვერ განიკურნონ. თუ ბავშვებისთვის კარგი გვინდა, უნდა შთავუნერგოთ მათ, რომ ცხოვრებისთვის მნიშვნელოვან მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება მნიშვნელოვანწილად მათ ძალისხმევაზეა დამოკიდებული. ისინი თვითონ არიან პასუხისმგებელნი იმ სამოქმედო გზის არჩევაზე, რომელიც მათ საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებამდე მიიყვანს. ამას მათ ნაცვლად ვერავინ გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ სკოლები უამრავ ბარიერს უქმნიან მოსწავლეებს ინდივიდუალური ღირებულებების გაცნობიერებაში, შეუძლებელია სათანადოდ არ შევაფასოთ თითოეული მოსწავლის პასუხისმგებლობა ცოდნის მიღების კუთხით – როგორც არ უნდა შევცვალოთ სკოლები,  თავდაუზოგავი შრომისა და თვითდისციპლინის გარეშე ისინი ყოველთვის დამარცხდებიან.

თუ ბავშვის პიროვნული მოთხოვნილებები არ რეალიზდება შინ, ის უნდა რეალიზდეს სკოლაში. წარმატების გზაზე მან სკოლაში უნდა მიიღოს ის, რაც აკლია: თბილი ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან. მარტოხელა ადამიანს, ბავშვი იქნება თუ მოსიყვარულისა და საკუთარი თავის პატივისცემისკენ მიმავალი გზა ზრდილი, ვერასდროს ექნება კმაყოფილების შეგრძნება, თუნდაც იმ ორი გზით იაროს, რომლებზეც ზემოთ იყო საუბარი. მთავარ პრობლემად კვლავ დარჩება გარშემო მყოფებს შორის ისეთი ადამიანების არარსებობა, რომელთანაც ბავშვი პიროვნულ ურთიერთობას დაამყარებდა, ამიტომ სკოლის იმედიღა რჩება. მარტო დარჩენილი ბავშვი ვერასოდეს გააცნობიერებს თავს პიროვნებად და არარეალიზებული დარჩება. მისთვის დახშული იქნება სიყვარულისა და საკუთარი თავის პატივისცემისკენ მიმავალი გზა.

წარმატებული ადამიანი წარმატებულია ურთიერთობებშიც, წარუმატებლები კი უჩივიან იზოლირებას. მათი მთავარი პრობლემა მარტოსულობაა. სკოლაში წარუმატებლობის პრობლემას არ უკავშირებენ მარტოსულობას და თუ მაინც აღიარეს მისი არსებობა, ამტკიცებენ, რომ მას სკოლასთან საერთო არაფერი აქვს. მარტოსული და, შესაბამისად, წარუმატებელი ბავშვების რაოდენობის შესამცირებლად ერთ-ერთი გზაა კლასის კრებების ჩატარება – ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

სკოლას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, იხსნას ბავშვი ან, სულ ცოტა, შეუმსუბუქოს პიროვნული განვითარების ისეთი ნეგატიური ფაქტორი, როგორიცაა მარტოობა. სკოლაში ბევრია მგძნობიარე ადამიანი, რომელიც თანახმაა, დაეხმაროს ბავშვებს, მაგრამ, სამწუხაროდ, პედაგოგიური პროგრამები არ უწყობს ხელს მათთან ახლო ურთიერთობის დამყარებაში, ამიტომ ისინი თავს იკავებენ ასეთი კავშირებისგან. სწორედ სკოლას ძალუძს დაეხმაროს მოსწავლეებს, გახდნენ თავდაჯერებულები და შეიძინონ საკუთარი მნიშვნელობის განცდა. სასწავლო პროცესი ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ წაახალისოს ბავშვები აკადემიური და სოციალური ხასიათის პრობლემების გადაწყვეტისკენ. 
* „რეალობით თერაპია” – ესაა გლასერის მიერ შემუშავებული ფსიქოთერაპიული მიდგომა, რომლის ძირითადი მიზანია პაციენტისთვის „რეალობის შეგრძნების” გააქტიურება და დახმარება იმ ნაპრალის გადალახვაში, რომელიც არის მის მიზნებსა და რეალურ ცხოვრებაში მათი განხორციელების შესაძლებლობას შორის.

ამ მეთოდის გამოყენებისას უარს ამბობენ იმ შეხედულებებზე, რომლებიც ასე თუ ისე „ხსნის” შეუსაბამობას ინდივიდის გეგმებსა და მათ რეალიზაციას შორის („გაუცნობიერებელი მოტივები”, „დამცავი მექანიზმები” და სხვ.). მოცემული მექანიზმები კი არ ასუსტებს რეალობის განცდას, არამედ, პირიქით, ამ უკანასკნელის შესუსტებას მივყავართ ფსიქიკური მოვლენების წარმოშობამდე. რეალობის განცდის შესუსტების შედეგია ის, რომ ინდივიდს უქვეითდება საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გრძნობა. ადამიანი საკუთარ თავს კი არ მიიჩნევს იმის მიზეზად, რაც მის თავს ხდება, არამედ ფიქრობს, რომ ბედმა ის სათამაშოდ აქცია, რის გამოც ერღვევა განწყობა მომავლისადმი, მომავალი საქმეების დაგეგმვისადმი დამოკიდებულება.

ფსიქოთერაპევტი ეხმარება პაციენტს საკუთარი სურვილების გაცნობიერებაში, მიზნების დასახვასა და სამომავლო გეგმების დაწყობაში. ისინი ერთად განიხილავენ მათი რეალიზების გზებს, მაგრამ არასდროს ეხებიან შესრულებული საქმეების მიზეზებს (მიიჩნევა, რომ პაციენტმა თავადაც იცის ეს მიზეზები), უარს ამბობენ აგრეთვე ფსიქოთერაპევტიულ დიაგნოზზე, რადგან ის ვერშესრულებული საქმეებიდან დიაგნოზზე გადაიტანს პასუხისმგებლობას. არც პაციენტის წარსულს განიხილავენ (რადგან მისი შეცვლა უკვე შეუძლებელია). ამ მეთოდის პრაქტიკულმა გამოყენებამ გვიჩვენა, რომ ის განსაკუთრებით ეფექტურია იმ პაციენტებთან მუშაობისას, რომელთაც გაცნობიერებული აქვთ თავიანთი ფსიქიკური ან სხვა პრობლემები, აგრეთვე სამართალდამრღვევ მოზარდებთან მუშაობისას, და ნაკლებეფექტურია, როდესაც პაციენტს აქვს გაუცნობიერებელი კონფლიქტები.
კახა ჟღენტი
თეკლა ხუნწარია

ლექსი საზეპიროდ, ჩავარდნილი გამოცდის მიზეზი

0

დაახლოებით ერთი წლის წინ მეგობრებთან ერთად მიმიწვიეს საზოგადოებრივი რადიოს ერთ-ერთ გადაცემაში. ვსაუბრობდით თანამედროვე ქართულ პოეზიაზე, საკუთარ შემოქმედებასა და ლიტერატურასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე. ღია ეთერში დაგვიკავშირდა რადიომსმენელი, რომელსაც აინტერესებდა, ითვლება თუ არა პოეზიად ისეთი ლექსი, რომლის ზეპირად სწავლა თითქმის შეუძლებელია. მაშინ, დროის სიმცირის გამო, მე და ჩემი მეგობრები მოკლე პასუხით შემოვიფარგლეთ, მაგრამ მივხვდი, რომ მსგავსი დამოკიდებულება თანამედროვე ქართული პოეზიის მიმართ არცთუ იშვიათია და ყურის მაამებელი „მუსიკა უპირველეს ყოვლისა”, თუნდაც გალაკტიონისეული სიმფონიის ფერმკრთალი აჩრდილი, ისევ პირველ ადგილს იკავებს.

***
უნდა ვაღიარო, ერთადერთი „ჩავარდნილი” გამოცდა, ჩემდა სამარცხვინოდ, ქართულ ლიტერატურაში მქონდა. იმის გამო, რომ ოცდაათამდე ლექსი ვერაფრით დავიზეპირე, მასწავლებელმა ჩემი გვარის გასწვრივ გავაზივით კუდმოქნეული ორიანი შემოხაზა სხვა მოსწავლეთა ცოდვებით ისედაც საკმაოდ დამძიმებულ სასკოლო ჟურნალში და იმ წუთიდან ჩემი კალენდრიდან გაქრა სიტყვა „ზაფხული”. მთელი თვის განმავლობაში ნაზუთხ-ნაწვალები ტვინით მივედი სკოლაში, მაგრამ გამოცდაზე შესვლისთანავე ნასწავლი მასალა ფრაზებად, მეტაფორებად და რითმებად დაიშალა, თითქოს ბოროტმა დედინაცვალმა ერთმანეთში განგებ აურიაო, და ვეღარაფრით მოვახერხე ერთმანეთისგან მათი განცალკევება. პირველად მაშინ გამიჩნდა კითხვა, ნეტავ რომელ კეთილ საქმეს ემსახურება ლექსის დაზეპირების აუცილებლობა-მეთქი.

მიუხედავად იმისა, რომ დღესაც ძალიან ძნელად ვიმახსოვრებ ლექსებს (მათ შორის – საკუთარსაც), სწავლის ეს მეთოდი, თუნდაც მეხსიერების გასავარჯიშებლად, ძალიან სასარგებლო რამ მგონია, მაგრამ ჩემთვის ის უფრო საინტერესოა, რამდენად აუცილებელია ტექსტის დაზეპირება მისი გაგებისთვის, ან საიდან ჩამოყალიბდა კრიტერიუმი, რის მიხედვითაც პოეზიად ვერ ჩავთვლით ტექსტს, რომლის დაზეპირებაც შეუძლებელია. მგონი, საინტერესოა, რა სასწორზე იწონება, რომელ საზოგადოებრივ საზომ ერთეულს უნდა მოერგოს თანამედროვე ქართული პოეზია – გიტარის სიმებს, პირთამდე სავსე სასმისის ყელს, სახელდახელო სკამ-სცენაზე შესკუპებული გვარის სიამაყეების პირტიტველა, წვრილ ხმებს თუ გულზე მუშტის ბრაგუნის რიტმს.

მიუხედავად იმ უამრავი მოსაზრებისა, რაც პოეზიის შესახებ იწერებოდა და იწერება, მისი შეფასება მაინც სუბიექტური აღქმის საქმე მგონია: წავიკითხე, განვიცადე, დამრჩა. პირადად მე კითხვისას ხშირად მეუფლება შეგრძნება, რომ ლექსი, როგორც ადამიანი, მოდის ჩემკენ თავისი სიარულის მანერით, მიმიკებით, სუნით, ფერით და მოაქვს თავისი ამინდი ჩემს სამყაროში. პოეზიის კითხვისას თითქოს ყველაზე აუხნელი მოვლენებიც კი ლოგიკური გვეჩვენება და არც ის გვიკვირს , როცა ერთი ადამიანის გულში მთელ მსოფლიოს აღმოვაჩენთ:

„ბედნიერების წამო, რა ვქნა, როგორ გიხელთო, როგორ გაქციო საუკუნედ, ჩემს სახლში როგორ დაგაბერო?” (ბესიკ ხარანაული)

ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა, როცა რომელიმე ლექსის (თუნდაც სასკოლო პროგრამაში შესულისა და ნაძალადევი მორჩილებით ნასწავლის) რომელიმე ფრაზა აკვიატებია. ეს ფაქტორი კონვენციურ ლექსებთან უფრო მოქმედებს, რაც მართლაც სიტყვის მუსიკის დამსახურებაა. თუმცა ქართულ ვერლიბრსაც ვერ დავწამებთ „სრულ სიყრუეს”. მეც კი, საკმაოდ არასახარბიელო მეხსიერების პატრონი, ხშირად ვციტირებ საყვარელი თანამედროვე ქართველი ავტორების ფრაზებს, რაც, ჩემი აზრით, ლექსის შინაარსის, მისი უხმო, ძარღვებში ჩაკეტილი სისხლის მუსიკის დამსახურებაა. ასეთი ლექსი სულ სხვა ხერხით დაგამახსოვრებთ თავს: შიშველი სიმართლით, გულახდილობით, მეტაფორების სილამაზით… ასეთ სამყაროში შესვლისას საკუთარ თავსაც ხშირად იპოვი. ასე რომ, ერთი შეხედვით, გაურანდავი სტრიქონების მიღმა შეიძლება ნამდვილ საბადოს გადააწყდეს ლექსთან კირკიტის მოყვარული მკითხველი.
***
„არავის უნდა, უჩუმარი კედელი იყოს და ყველას უნდა იყოს ჩუქურთმა. ვინმე ხომ უნდა დაწვეს ბილიკად მწვერვალისაკენ… ცისკენ… ვინმე ხომ უნდა დამთავრდეს ჩუმად?” (ელა გოჩიაშვილი)

დღეს ქართულ პოეზიაში თვალში საცემად მომრავლდნენ ნოვაციის მოყვარული ავტორები, რომელთა შემოქმედებაც კარგა ხანია გასცდა კონვენციური პოეზიის ჩარჩოებს, არა მარტო ფორმის -სათქმელის თვალსაზრისითაც. ამ სახის ცვლილებებს მკითხველთა გარკვეული ნაწილი მტკივნეულად აღიქვამს. საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმის ასეთი შენიშვნები: „ეს არ არის პოეზია!” ან – „ამ ლექსს ზეპირად არავინ ისწავლის!” შევეცდები, მათი შეშფოთება ცოტათი მაინც გავაბათილო და შევახსენო, რომ არსებობენ და ყოველთვის იარსებებენ ავტორები, რომელთა ლექსებსაც სიამოვნებით დაიზეპირებენ, იმღერებენ ან სადღეგრძელოდ გამოიყენებენ და იმედს ვიტოვებ, ისეთებიც, რომლებიც დროს გაუძლებენ და შესაშურ ვირტუოზულ ტექნიკასთან ერთად მნიშვნელოვანი სათქმელითაც გაგვაოცებენ.

გალაკტიონის მსგავსი ვირტუოზები არცთუ ხშირად იბადებიან. მაგრამ, ჩემი აზრით, ქართულ თანამედროვე პოეზიას უკვე ჰყავს თავისი კორიფეები: ლია სტურუა, ბესიკ ხარანაული, ზვიად რატიანი, ელა გოჩიაშვილი… სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, იმის ახსნას აღარ დავიწყებ, რა წვლილი მიუძღვით მათ ქართული ვერლიბრის დახვეწა-განვითარებაში. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მათი შემოქმედება ყველაზე უკეთ პასუხობს იმ ერთი შეხედვით უმნიშვნელო კითხვას, რომელმაც ასე დიდხანს მაფიქრა.

ვინ იცის, ქართულ პოეზიაში მიმდინარე პროცესებს როგორ შეფასებას მისცემს მომავალი თაობა – დრო ხომ ყველაზე ზუსტი საზომია, ამიტომ დაველოდოთ. მე კი ვეცდები, ჩემს მოსწავლეებს სულ სხვა სასწორზე ავაწონინო „ცხოვრება ქვებში”, „ბილიკად გაწოლილი ჩუმი არსებობა” და „ბედნიერების წამის” მოხელთების ოცნებით ცხოვრება.

განათლება სამხრეთ კორეაში

0
სტატია შეეხება აღმოსავლეთ აზიის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის, სამხრეთ კორეის, საგანმანათლებლო სისტემას. რატომ მაინცდამაინც სამხრეთ კორეა? იმიტომ, რომ ამ ქვეყანას ერთ-ერთი წარმატებული საგანმანათლებლო სისტემა აქვს. 2012 წელს კომპანია `Economist Intelligence Unit~-მა 40 ქვეყანაში ჩაატარა გამოკვლევა. ეს ქვეყნები შეადარეს სამი სხვადასხვა ინდექსით – შეაფასეს ახალგაზრდებისა და მოსწავლეების კოგნიტური შესაძლებლობები, საერთო განათლების დონე, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების ცოდნა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ აზიის რამდენიმე ქვეყანა პირველ ათეულში შედის. ათეული კი ასე გამოიყურება: ფინეთი, სამხრეთი კორეა, ჰონკონგი, იაპონია, სინგაპური, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, შვეიცარია და კანადა. როგორც ხედავთ, ზემოთ მოყვანილი კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოიკვეთა ლიდერი ქვეყნები – ფინეთი და სამხრეთი კორეა. ამ გამოკვლევამ შესაძლოა ერთგვარი დაბნეულობაც კი გამოიწვიოს განათლების სფეროს სპეციალისტებში, რადგან ამ ორ ქვეყანაში დამკვიდრებული საგანმანათლებლო სისტემები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან. სამხრეთ კორეაში, ისევე როგორც აზიის ქვეყნების უმეტესობაში, მთავარი აქცენტი დაისმის მოსწავლის მიერ მასალის `დასწავლაზე~, ეს კი მიიღწევა მოსწავლეთა მიერ კლასში მაქსიმალური დროის გატარებით. გარდა ამისა, სამხრეთკორეელი მოსწავლეების უმეტესობა დამატებით დადის კერძო სკოლებში თუ რეპეტიტორებთან. რაც უფრო მაღალ კლასშია მოსწავლე, ასეთი გაკვეთილები უფრო და უფრო მრავლდება. ფინეთში მიდგომა სხვაგვარია. აქ სწავლების მთავარი პრინციპია, დაეხმარონ მოსწავლეს სასწავლო მასალის გაგებაში, რათა შემდეგ მხოლოდ კი არ გაიმეოროს ნასწავლი, არამედ ცხოვრებაში გამოიყენოს საკუთარი ცოდნა.

მიუხედავად ასეთი განსხვავებისა, სამხრეთ კორეისა და ფინეთის საგანმანათლებლო სისტემებს საერთოც აქვთ. ეს არის პროფესიონალი მასწავლებლების მაქსიმალურად მაღალი დონე. ისიც კი შეიძლება ითქვას, რომ ამ ქვეყნების განათლების სისტემა დგას არა ნიჭიერ მოსწავლეებზე, არამედ ნიჭიერ მასწავლებლებზე. ორივე ქვეყანაში პედაგოგის ადგილზე კონკურსი ძალიან დიდია. ყოველივე ამის გამო თითქმის ყველა მასწავლებელს ან მაგისტრის, ან კიდევ სამეცნიერო ხარისხი აქვს. მასწავლებლის პროფესიის ასეთ პოპულარობას უზრუნველყოფს მათი საქმიანობის მაღალი ანაზღაურება. კერძოდ, ფინეთში მასწავლებლის ხელფასი საშუალო ან საშუალოზე ოდნავ მაღალია, ხოლო სამხრეთ კორეაში – საშუალოზე ორჯერ მეტი.

ახლა უფრო დაწვრილებით შევეხებით სამხრეთკორეულ საგანმანათლებლო მოდელს. მის ჩამოყალიბებაზე გარკვეულწილად მოახდინა გავლენა ისტორიულმა პროცესებმა, რომლებიც ამ ქვეყანაში განვითარდა. ჯერ კიდევ XIX საუკუნეში იაპონიის გავლენით აქ დამკვიდრდა განათლების პრუსიული მოდელი, თუმცა კორეული სკოლების მოსწავლეთა 60%-ს იაპონელი ბავშვები შეადგენდნენ. ამავე დროს, ამ ტიპის (პრუსიული მოდელის) სკოლა ახალგაზრდას ძირითადად უმაღლესი სკოლისთვის ამზადებდა ანუ ამზადებდა ელიტის წევრს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, 1945 წლიდან, ამერიკული ოკუპაციის პერიოდში სამხრეთ კორეის საგანმანათლებლო სისტემა დასავლურ (ამერიკულ) მოდელზე გადაეწყო, პრუსიული სკოლის გავლენა მაინც ძლიერი დარჩა, თუმცა უფრო მეტი ყურადღება დაეთმო ადამიანის სოციალიზაციას, თვითგამოხატვას. თუ პრუსიული სისტემა ახალგაზრდას ზრდის შემდეგი პრინციპით: `შენ შედგები მომავალში!~ – დასავლური მოდელი მას ეუბნება: `შენ უკვე შედექი!~

1945 წლიდან სამხრეთკორეული სკოლა გადავიდა სწავლების 12-წლიან ციკლზე: 6-წლიანი დაწყებითი განათლება, 3-წლიანი საშუალო სკოლა და 3-წლიანი უმაღლესი სკოლა, ე. წ. ჰაისქული. ამის შემდეგ ახალგაზრდას შეუძლია, ჩააბაროს უმაღლეს სასწავლებელში – უნივერსიტეტში, კოლეჯში. პირველი ცხრა კლასის განათლება კი სავალდებულო გახდა.

ამჟამინდელი სამხრეთკორეული საგანმანათლებლო სისტემა შეიძლება შემდეგ საფეხურებად დავყოთ:
• სკოლამდელი განათლება (საბავშვო ბაღები);
• 6-წლიანი დაწყებითი განათლება;
• 3-წლიანი საშუალო სკოლა;
• 3-წლიანი უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლა – ჰაისქული;
• 4-წლიანი უმაღლესი განათლება.

საბავშვო ბაღები არ არის კორეული საგანმანათლებლო სისტემის აუცილებელი კომპონენტი, ანუ არ არის აუცილებელი ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა. არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საბავშვო ბაღები.

სამხრეთ კორეაში არსებობს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო დაწყებითი სკოლები, რომლებშიც ბავშვები 6 წლის ასაკიდან შეჰყავთ. სახელმწიფო სკოლებში სწავლობენ კორეულ და ინგლისურ ენებს, მათემატიკას, საზოგადოებათმცოდეობას, ეთიკას, ხელოვნებასა და მუსიკას. კერძო სკოლების პროგრამულ ნაწილშიც იმავე საგნებს ასწავლიან, ოღოდ მათ ემატება სხვდასხვა დამატებითი საგნებიც.

12-დან 14 წლამდე ბავშვები საშუალო სკოლაში სწავლობენ, ხოლო 15-17 წლის ახალგაზრდები – უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლაში. სამხრეთკორეულ საშუალო სკოლაში პრიორიტეტი ენიჭება რამდენიმე საგანს: მათემატიკას, კორეულ და ინგლისურ ენებს, ზუსტ მეცნიერებებს. `დამატებითია~ სახელოვნებო საგნები, ისტორია, ფიზიკური კულტურა, ჩინური იეროგლიფიკა, ეთიკა, საოჯახო ეკონომიკის მართვა, კომპიუტერული განათლება. სწავლება მიმდინარეობს თითქმის მთელი დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ასევე – თვის პირველ, მესამე და მეხუთე შაბათს ნახევარი დღე. შაბათობით მოსწავლეები მეცადინეობენ დამატებით წრეებშიც. როგორც დაწყებით, ასევე საშუალო სკოლაში მოსწავლე მოსწრების მიუხედავად გადადის კლასიდან კლასში. ამის გამო ერთსა და იმავე კლასში შესაძლოა აღმოჩნდნენ განათლების სხვადასხვა დონეზე მყოფი მოსწავლეები. ქულებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საშუალო სკოლის დამამთავრებელ კლასში, რადგან გავლენას ახდენს ახალგაზრდის რეიტინგზე უმაღლეს, ჰაისქულში ჩაბარების დროს. უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლადამთავრებულებს შეუძლიათ გააგრძელონ სწავლა კოლეჯებში ან უნივერსიტეტებში. ამ ტიპის სკოლები ორ კატეგორიად იყოფა: საერთო საგანმანათლებლოდ და პროფესიულად. საერთო საგანმანათლებლო უმაღლესი საფეხურის სკოლებში სწავლობენ ჰუმანიტარულ, საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო საგნებს, ხელოვნებას და უცხო ენებს. სკოლები, სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, იყოფა სპეციალიზებულ განყოფილებებად. მაგალითად, არსებობს `სამეცნიერო~, უცხო ენების შემსწავლელი და ხელოვნებათმცოდნეობითი ჰაისქულები. პროფესიულ ჰაისქულებში ახალგაზრდები ცოდნას იღებენ კომპიუტერულ ტექნიკაში, შეისწავლიან ბიზნესადმინისტრირებას, მანქანათმშენებლობას, სოფლის მეურნეობას და საზღვაო საქმეს. არის არცთუ ისე ბევრი შერეული ტიპის `საერო~ სკოლაც, სადაც ისწავლება როგორც საერთო საგანმანთლებლო, ასევე პროფესიული საგნები.

უმაღლესი საფეხურის სკოლები ახალგაზრდებს არ ძლევენ სპეციალობას, მაგრამ ამზადებენ უნივერსიტეტებისა და კოლეჯებისთვის. სამხრეთკორეულ სკოლებში მოქმედებს რეიტინგული სისტემა. რაც უფრო მაღალი რეიტინგი აქვს მოსწავლეს, მით მეტია უნივერსიტეტში ან კოლეჯში მოხვედრის შანსი. ასევე, ამ სკოლების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია კოლექტივიზმის აღზრდა. ვინც უნივერსიტეტში ან კოლეჯში არ აბარებს, შეუძლია, სწავლა პროფესიულ სასწავლებელში განაგრძოს. 1987 წლის მონაცემებით, თუ უმაღლეს სასწავლებლებში აბარებდა 1 397 359 აბიტურიენტი, იმავე დროს პროფესიულ სასწავლებლებში სწავლობდა 840 265 ახალგაზრდა. ამ სასწავლებლებში ახალგაზრდები სპეციალიზდებიან შემდეგ სფეროებში:

• სამიწათმოქმედო მეურნეობის მართვა;
• თევზჭერა;
• კომერცია;
• ვაჭრობა;
• ზღვაოსნობა;
• საინჟინრო საქმე;
• სახელოვნებო დარგები.

უმაღლესი სასწავლებლებიც, კოლეჯები თუ უნივერსიტეტები, არის სახელმწიფოც და კერძოც. ბაკალავრიატში სწავლება 4 (სამედიცინო ფაკულტეტებზე – 6) წელი გრძელდება, მაგისტრატურაში – 2, ხოლო დოქტორანტურაში – 4 წელი. უნივერსიტეტში სასწავლო წელი ორსემესტრიანია. პირველი იწყება მარტში და ივლისის შუა რიცხვებში სრულდება; მეორე იწყება აგვისტოს ბოლოს და თებერვლის შუა რიცხვებში სრულდება.

სამხრეთ კორეის ეროვნულმა საგანმანათლებლო პროგრამამ უკანასკნელ წლებში უდიდეს წარმატებას მიაღწია, რაც სახელმწიფოს მიერ ფინანსების მობილიზების წყალობით მოხდა: თუ 1945 წლისთვის წერა-კითხვის მცოდნე მოსახლეობის 22% იყო, 1970 წლისთვის ამ მაჩვენებელმა 87,6%-ს მიაღწია, ხოლო 80-იანი წლების ბოლოსთვის – 93%-ს. იმავე 80-იანი წლების დამლევს სტუდენტური ასაკის ახალგაზრდების 1/3 უმაღლეს სასწავლებელში აბარებდა. 1960 წელს სტუდენტების რაოდენობა 100 000-ს აღწევდა, ხოლო 1987 წლისთვის მათი რაოდენობა 1,3 მილიონამდე გაიზარდა, რაც იმ დროისთვის უდიდესი მაჩვენებელი იყო აშშ-ის შემდეგ. თუ 1975 წელს განათლებისთვის გამოყოფილი იყო 220 მლრდ ვონი, რაც შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 2,2%-ს ანუ სახელმწიფო ბიუჯეტის 13,9%-ს, 1986 წლისთვის ის გაუტოლდა 3,76 ტრილიონს, ანუ მშპ-ს 4,5%-ს ან სახელმწიფო ბიუჯეტის 27,3%-ს.

2001 წლიდან სამხრეთ კორეის მთავრობამ პრიორიტეტად გამოაცხადა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა. განათლების სამინისტრო გადაკეთდა განათლებისა და მართვის სამინისტროდ, გაიზარდა მინისტრის უფლებამოსილებები და ის ვიცე-პრემიერის დონეზე ამაღლდა. აქ უნდა ითქვას, რომ განათლებისა და მართვის მინისტრს, ისევე როგორც სხვა მინისტრებს, პრეზიდენტი ნიშნავს მხოლოდ ერთი წლის ვადით.

სამხრეთ კორეაში სავალდებულო 9-წლიანი განათლებაა და ჰაისქულის დასრულება აუცილებელი არ არის. მიუხედავად ამისა, 2005 წლისთვის ახალგაზრდა სამხრეთკორეელების 97%-მა დაასრულა უმაღლესი სკოლა (ჰაისქული). ამას თავისი მიზეზები აქვს: ვინც ამას ვერ ახერხებს, მას ეკონომიკური და სოციალური წარმატების ნაკლები შანსი რჩება. უმაღლესი განათლების დიპლომი ახალგაზრდა კორეელს სოციალური სტატუსის ამაღლების, მაღალანაზღაურებადი სამუშაოს შოვნის შესაძლებლობას აძლევს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ როგორც სკოლაში, ისე უმაღლეს სასწავლებლებშიც (უნივერსიტეტში, კოლეჯში) კორეელ ახალგაზრდას საკმაოდ დატვირთული გრაფიკით უწევს სწავლა. საინტერესოა, რომ სამხრეთ კორეაში 5-6 წლამდე ასაკის ბავშვების აღზრდა ძალიან ლიბერალური მეთოდებით მიმდინარეობს, სკოლაში შესვლისთანავე კი ბავშვს უკვე მკაცრი, მომთხოვნი მეთოდებით ზრდიან. სამხრეთკორეული სკოლები გამოირჩევა მკაცრი დისციპლინით. იყენებენ დასჯის ფიზიკურ მეთოდებსაც. საერთოდ, გამოკითხული სამხრეთკორეელი მშობლების 73% აცხადებს, რომ ბავშვებს ფიზიკურად სჯიან.

როგორც საშუალო სკოლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში დატვირთვა იმდენად დიდია, რომ ახალგაზრდებს დასვენებისა და გართობისთვის ძალიან მცირე დრო რჩებათ. უმაღლესი საფეხურის საშუალო სკოლებში ტესტირება სემესტრში ორჯერაა და ის იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც უნივერსიტეტში ან კოლეჯში მისაღები გამოცდები. მიიჩნევა, რომ ასეთი ტესტის დასაძლევად ახალგაზრდებმა 60-დან 100 ფურცლამდე ტექსტი უნდა დაიხსომონ. წარმატებისთვის მათ უწევთ პირად, საზოგადოებრივ თუ ოჯახურ ცხოვრებაზე უარის თქმა. ასევე ძალიან მძიმეა დატვირთვა უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. ეს `საგამოცდო ჯოჯოხეთი~ და, საერთოდ, სწავლისას მძიმე დატვირთვები მიიჩნევა კორეელ ახალგაზრდებში სუიციდის სიხშირის ერთ-ერთ მიზეზად (სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ახალგაზრდების სიკვდილიანობის მიზეზთაგან პირველ ადგილზეა ავტოავარია, ხოლო სუიციდეი – მეორეზე).

რა შეიძლება გავითვალისწინოთ სამხრეთკორეული გამოცდილებიდან? ჩემი აზრით, უპირველესად, დაფინანსების გაზრდა და მთლიან შიდა პროდუქტზე მიბმა. თუ საზოგადოებრივი მაუწყებლობის დაფინანსება მშპ-ზეა მიბმული, განათლების ბიუჯეტის მიბმაც სავსებით შესაძლებელია. შესაბამისად, აუცილებელია მასწავლებლებს მკვეთრად გაეზარდოთ ანაზღაურება; მეორე _ დაფინანსების ზრდის პარალელურად აუცილებელია მოქმედი მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლება და ახალი პროფესიონალი კადრების მომზადება; მესამე – სპეცილაიზებული ჰაისქულების სისტემის შექმნა; მეოთხე – სხვადასხვა პროფილის პროფესიული სასწავლებლების შექმნა. აქ უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქვეყნის მოთხოვნები ამა თუ იმ პროფესიაზე; და მეხუთე _ ჩემი აზრით, საჭიროა 2000 წელს დაწყებული რეფორმის (ის 2007-2008 წლებში ფაქტობრივად შეჩერდა) გარკვეული კორექტივებით, ზომიერად, აუჩქარებლად გაგრძელება.

არასოდეს ვთქვათ “არა”

0

გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”


– ნობელის პრემია ყოველი მეცნიერის ოცნებაა.
თქვენთვის, ბატონო ბედნორცო, და ალექს მიულერისათვის 1987 წელი იყო ოცნებათა ასრულების
წელი. თქვენი აღმოჩენა, რომელმაც დაა- დასტურა ზოგიერთი კერამიკული  ნივთიერების უნარი, გამოავლინოს ზეგამტარობის თვისება  ისეთ ტემპერატურებზე, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო,
ჩათვალეს ისეთი  მნიშვნელობის მოვლენად, რომ
მოგენიჭათ ნობელის პრემია ფიზიკაში. რა იყო გადამწყვეტი ამ გამარჯვებაში:  კარგი ლაბორატორია, შეხმატკბილებული კოლექტივი,
მკვლევართა პირადი უნარი თუ  მათი განსაკუთრებული
პატივმოყვარეობა? რა იყო თქვენი წარმატების წანამძღვარი?

გეორგ ბედნორცი:
– წარმატების ძირითადი წანამძღვარი ასეთია: მკვლევარი უნდა იყოს ცნობისმოყვარე, ხარბად
ეწაფებოდეს ცოდნას და ცდილობდეს, ჩასწვდეს ყველაფერს. ეს გახლავთ საფუძველი და ფუნდამენტურ
სამეცნიერო გამოკვლევათა მამოძრავებელი ძალა.

– ასე მუშაობს ათასობით ფიზიკოსი მთელს მსოფლიოში,
მაგრამ  მხოლოდ  მცირედნი ხდებიან  ნობელის  პრემიის ლაურეატები.

– დიახ, კიდევ საჭიროა
ცოტა გამართლებაც. უნდა გქონდეს მართებული იდეები, რომ  დაადგე  წარმატებისკენ  მიმავალ გზას. ასევე მნიშვნელოვანია სამეცნიერო ჯგუფის სამუშაო მზადყოფნა.

– ამას უნდა დავუმატოთ ხელშემწყობი  პირობები, რომელიც შექმნილია IBM ფირმის სამეცნიერო-კვლევით
ინსტიტუტში, სადაც თქვენ მუშაობთ. მაგალითად, ასეთია კვლევის მიმართულების არჩევანის
თავისუფლება.

 

– დიახ, როცა არ ხარ
მოქცეული მკაცრი სავალდებულო პროგრამის არტახებში, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევის
პროცესში უნდა გქონდეს საშუალება, ხედავდე თანამდევ საკითხებსაც, რათა არ გამოგრჩეს
პერსპექტიული მიმართულებანი; დაინახო ის, რაც ყურადღების ღირსია მეცნიერების სხვა დარგებში,
დაინახო, კიდევ სად დარჩა გაუკვალავი ბილიკები. ნიმუშად შეიძლება მოვიყვანოთ ბინინგისა
და რორერის შრომები: როცა გერდ ბინინგი მოვიდა ჩვენს ინსტიტუტში, მან მუშაობა  დაიწყო ზეგამტარობის საკითხებზე.

– ზეგამტარობაზე? ეგ ხომ თქვენი კვლევის სფეროა!

– მე კი დავიწყე მუშაობა
ხვრელურ მიკროსკოპიაში.

– მაპატიეთ,  ხომ არ მოგვეყურა, ნობელის პრემია ჯეროვნად არ იყო
განაწილებული? როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო?

– დიახ. ყოველ შემთხვევაში
გერდმა აქ მუშაობა ზეგამტარობაში ჩემთან ერთად დაიწყო, მაგრამ ჩვენ არაფერი არ გამოგვდიოდა
და ბინინგი გადაერთო ხვრელური მიკროსკოპიის სამუშაოებში.  ჩვენს ინსტიტუტში კვლევის ეს დარგი საწყის მდგომარეობაში  იმყოფებოდა, მაგრამ, რაც უფრო გვიძლიერდებოდა წარმატების
იმედი, მით უფრო მეტ ძალასა  და ენერგიას ვაქსოვდით
ამ სამუშაოში.

– ასევე მუშაობდით  ზეგამტარობის დარგში?

– ზუსტად ასევე.
1983 წლიდან ალექს მიულერი და მე ვმუშაობდით სეგნეტოელექტრიკებსა და ინდივიდუალურ ოქსიდებზე,
რომლებშიც ბევრი რამ საერთო აღმოვაჩინეთ. არაოფიციალურად ამ თემაზე შემდგომშიც ვმუშაობდით
და, როგორც კი გაჩნდა წინსვლის იმედი, ჩვენს მთელ ძალებს თავი მოვუყარეთ ამ მიმართულებით.
და, საერთოდ, გავაგრძელე ის სამუშაო, რომელიც დავიწყე ჯერ კიდევ ციურიხის  უმაღლეს ტექნიკურ  სკოლაში.  კერძოდ, ვსწავლობდი ე. წ.  პეროვსკიტებს თხელ  აფსკებში, რისთვისაც ვამუშავებდი თხელაფსკიან ტექნოლოგიას
და  ვიღებდი აუცილებელ მასალას. როგორც კი ტექნოლოგიაში
წარმატებას მივაღწიე, დადგა ხვრელურ მიკროსკოპიაზე მუშაობის რიგი, ხოლო შემდეგ ისევ  დავუბრუნდი ახალ მასალას.

– ე. ი. საშუალება  გქონდათ, საკვლევი  საკითხი  თვითონვე ამოგერჩიათ.

– იმ ჯგუფში, რომელიც
ზეგამტარობაზე მუშაობდა, გაჩნდა ვაკანსია. ლაბორატორიის თანამშრომლებს  ჰკითხეს, ხომ არ იყო მათ შორის  მსურველი, ვინც ერთი სამუშაო ჯგუფიდან მეორეში გადავიდოდა?
და ძალიან  მიხარია, რომ  ეს შესაძლებლობა დიახაც გამოვიყენე.

– რა არის საჭირო, რომ სამუშაოდ ამ ლაბორატორიაში მოხვდე?

– როცა ჩვენთან ვაკანსია
გაჩნდება, წარმოიქმნება  არჩევანის გაკეთების  პრობლემა. ყოველ ადგილზე უამრავი  პრეტენდენტია და ხშირად დიდი დროა საჭირო, რათა
მათ შორის ამოარჩიო ისეთი, რომელიც კეთილსინდისიერად იმუშავებს და ყოველდღიური კონტროლი
არ  დასჭირდება.  თუკი  ამგვარის  მონდომებით შერჩეულ თანამშრომელს გაუჩნდება იდეა, რომელიც სცილდება ოფიციალურ პროგრამას,
მას საშუალება  ეძლევა იმუშაოს მის მიერ  ამორჩეული მიმართულებით.

– ამრიგად,  წარმატების ერთ-ერთი საწინდარია არჩევანის თავისუფლება, რაც ინსტიტუტის თანამშრომლებს  ეძლევა.

– დიახ,  აქ დიდი მნიშვნელობა  ენიჭება სამეცნიერო  კვლევის ხელმძღვანელობას.  აქ ავშარას არავის  ამოსდებენ,  აქ არ არიან მარიონეტები, რომლებიც მხოლოდ სხვის
ნება-სურვილს ასრულებენ. ჩვენს თანამშრომლებს სრული უფლება აქვთ, ეძებონ პრობლემის საკუთარი გადაწყვეტა.  არა  გვყავს
კონტროლიორები, რომლებიც საშინაო დავალებას შეამოწმებენ.

– ე. ი. მუშაობას არანაირად არ აკონტროლებენ?

– რა თქმა უნდა,  კონტროლდება, მაგრამ არა  სამხედრო წესებით. უბრალოდ, ყოველ სამ თვეში ვაკეთებთ მოხსენებას გაწეული სამუშაოს შესახებ.

– მაშასადამე, ახალი  იდეები არათუ დასაშვები, არამედ სასურველიც გახლავთ.

– ხანდახან ახალ იდეებზე
მუშაობენ სტაჟიორები, რომლებიც ინსტიტუტში მოდიან სამიდან ექვსი  თვის ვადით, მაგრამ უფრო
ხშირად ახალ იდეებზე სტუდენტები მუშაობენ. მე თვითონ, როცა სტუდენტი ვიყავი, აქ არდადეგების დროს  ვმუშაობდი.

– ის ფაქტი, რომ  ადრე კრიტიკული ტემპერატურა არ აღე- მატებოდა
23.5 Ê, არ ითვლებოდა დამაკმაყოფილებლად?

– რა თქმა უნდა, მიმდინარეობდა
კვლევა; ყველანაირი ხერხითა და მონდომებით ცდილობდნენ, ეპოვათ შესაძლებლობა ინტერმატალური
შენაერთების კრიტიკული ტემპერატურა როგორმე აეწიათ, მაგრამ წარმატების არავითარი შანსი
არ ჩანდა. იაპონიაში შეიმუშავეს სამწლიანი პროგრამა ისეთი ნივთიერების მოსაძებნად,
რომელსაც შედარებით მაღალი კრიტიკული ტემპერატურა ექნებოდა. პროგრამაში თავიდან მონაწილეობას
იღებდა ოცამდე მკვლევარი. 1987 წლის მარტისათვის ამ პროგრამის მოქმედების დრო იწურებოდა
და ისე ჩანდა, რომ იგი უნდა დაეხურათ, მაგრამ, როგორც კი იაპონელებმა გაიგეს ციურიხში
გამოკვლეული ზეგამტარული ოქსიდების შესახებ, მაშინვე გააფართოვეს პროგრამა, რომელშიც
ახლა 2000-მდე მეცნიერი მუშაკია ჩართული.

– ამ მიმართულებით სხვა ქვეყნებში რამდენი  ადამიანი მუშაობს?

– 1000-მდე კაცი ევროპაში
და დაახლოებით ამდენივე აშშ-ში.

– წინა წლებთან შედარებით, უკანასკნელი ნობელის
პრემიები მიენიჭათ ისეთი  სამუშაოებისათვის,  რომლებიც თვალსაჩინოა ფართო მასებისათვის. გვირაბული მიკროსკოპი იძლევა მიკროო- ბიექტების
თვალსაჩინო გამოსახულებას; ზეგამტარობის მოვ- ლენა ცხადად ჩანს მაგნიტურ ველში ზეგამტარის  მოთავსებით, რომელიც ამ დროს ჰაერში თავისუფლად
ფარფატებს. ელემენ- ტარულ ნაწილაკთა მოვლენების დემონსტრირება კი, რომელთაც ბოლო წლების
ნობელის პრემია მიენიჭათ, ერთობ ძნელია.

– მართლაც, უკანასკნელი
ორი გამოკვლევის შედეგები, რომელთაც ნობელის პრემია მიენიჭათ, მარტივი და თვალსაჩინოა,
მაგრამ მათ საფუძველში არსებული მოვლენები, მაგალითად, ხვრელურობა, – არათვალსაჩინოა,
ხოლო ზეგამტარობის შემთხვევაში საერთოდ არაა ცნობილი, რა ხდება კერამიკული მასალის
კრისტალურ მესერში.

– როგორი იყო თქვენი  კოლეგების  რეაქცია, როცა  გაიგეს, რომ ნობელის მეორე პრემია
ზედიზედ მიენიჭა ერთსა და იმავე კოლექტივს?

– იმ მომენტში, როცა
ნობელის პრემიის მინიჭების ირგვლივ გადაცემა მიმდინარეობდა, ტელეფონით ვლაპარაკობდი
და ცალი ყურით ვუსმენდი. ამიტომ ვერ შევნიშნე ჩემი კოლეგების რეაგირება, ხოლო შემდეგ,
როცა სტოკჰოლმში დავრეკე, თანამშრომლები შემომეხ- ვივნენ  გულისყურით და უსმენდნენ საუბარს. უცნობი  მამაკაცის ხმამ დაგვიდასტურა, რომ მართლაც მომენიჭა
1987 წლის ნობელის პრემია ფიზიკაში. მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი სულელური აზრი გამიელვებდა
ხოლმე და ნამდვილად მხოლოდ მაშინ გავიხარე, როცა მივიღე ტელექსი, რომელზეც შავით თეთრზე
ყველაფერი ეწერა. ამის შემდეგ ადგილობრივი რადიოგადაცემითაც გვაუწყეს ყოველივე, რამაც
დიდი აღელვება გამოიწვია.

– ამ ახალმა სიტუაციამ იმოქმედა თუ  არა  თქვენს
პირად ცხოვრებაზე? მაგალითად, გაქცევენ თუ არა  ყურადღებას ქუჩაში?

– ხანდახან ვამჩნევ,
გამვლელები შემომაჩერდებიან. როცა მეგობარ ქალთან ერთად ქალაქგარეთ ერთ-ერთ სასაუზმეში
ვიჯექი, ვიღაცამ რამდენჯერმე  გაიარა ჩვენს
მაგიდასთან, ალბათ, იმისათვის, რომ კარგად დავემახსოვრებინე,  მაგრამ, ამავე დროს, კმაყოფილებით უნდა შევნიშნო: ადამიანები ცნობისმოყვარეობის გამოჩენით
თავს მაინცდამაინც არ მაბეზრებენ.

– თქვენი ეზოს  მეზობლები? – ისინი როგორ მოიქცნენ?

– მათ ჩემთან ერთად
გაუხარდათ. იმავე დღეს, საღამოს, როცა სამსახურიდან დავბრუნდი, ზეიმიც გამიმართეს.

– ახლა, ალბათ, თავს გაბეზრებენ, რომ წაიკითხოთ
მრავალი ლექცია თქვენს დარგში.

– ამ მხრივ ცოტა რამ
თუ  შეიცვალა. მიწვევები მანამდეც საკმარისი
მქონდა. ერთადერთი, რაც შეიცვალა – ეს ჰონორარია.

– როგორ ფიქრობთ, მაღალტემპერატურული ზეგამტარობის
აღმოჩენით დაიწყება თუ  არა  ტექნიკის ახალი ეპოქა?

– ეს ხსნის ფანტასტიკურ
პერსპექტივას, მაგალითად, ელექტროენერგიის გადაცემაში.

– ზეგამტარული კერამიკა არის საკმაოდ მყიფე
მასალა, ხოლო ენერგიის გადასაცემად საჭიროა სადენები. ეს არის ერთი მიზეზი, რაც ფანტასტიკური
პროექტების ავტორებს წინ ეღობება.

– ფანტაზია იმიტომ
არსებობს, რომ გადავწყვიტოთ პრობლემები და არა იმისთვის, რომ  შევქმნათ ახალი წინააღმდეგობანი.
მით უმეტეს, რომ  ასეთი  მოსაზრებანი ეყრდნობა არასწორ  ინფორმაციას. ხომ ისწავლეს  გაეკეთებინათ სადენები  ძალიან მყიფე ინტერმეტა- ლური
ზეგამტარებისაგან. ახლა  ამუშავებენ  ისეთი კომპოზიტების ტექნოლოგიას, როცა მყიფე მასალა
ჩაისმება პლასტიკურ მატრიცაში. ზეგამტარული კაბელის თვისებები, რომელიც ასეთი  კომპოზიტების საფუძველზე მიიღება, შეიძლება გავაუმჯობესოთ
შემდგომი თერ- მული დამუშავებით.

– დასაშვებად მიგაჩნიათ, რომ ამგვარი ტექნოლოგია
დაძლევს კერამიკის ნაკლს?

– ამ მიმართულებით
უკვე გადაიდგა პირველი ნაბიჯები. დანამცეცებული კერამიკით ავსებული ლითონის ცილინდრებს
სადენივით ჭიმავენ. თერმული დამუშავების შემდეგ ასეთი  სადენი ხდება ზეგამტარი, ოღონდ იგი კარგავს ზეგამტარობას უმნიშვნელო დენის გავლის დროს. ეს მაინც იძლევა უკანდახევის  საფუძველს. გავიხსენოთ, რომ ინტერმეტალური ზეგამტარი
პრაქტიკული მიზნებისათვის გამოიყენეს მისი აღმოჩენიდან ოცი წლის შემდეგ. ჩვენ ჯერ მხოლოდ
ერთი წელი დავკარგეთ და ამის გამო სიძნელეებს არ უნდა შევუშინდეთ. ახლა მთელ მსოფლიოში
მუშაობენ ზეგამტარული კომპოზიტური მასალების შესაქმნელად, რაც პრაქტიკაში გამოდგება.

– როგორია ყველა ამ წამოწყების საბოლოო მიზანი?
როგორ გადაწყდება ენერგიის გადაცემის პრობლემა?

– დიახ, სპეციალისტები
ფიქრობენ, რომ ძლიერი გამტარები, რომლებიც იმუშავებენ აზოტის დუღილის ტემპერატურაზე,
დამზადდება 2000 წლისათვის.  როცა  საუბრობენ ენერგიის  გადაცემაზე, მუდამ გულისხმობენ სადენებს, მაგრამ   ამ მიზნისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს  ზეგამტარული აფსკები, რომელსაც უკვე აფენენ სხვადასხვა მასალის ზედაპირებზე. მაგალითად აშშ-ში
მინას პლაზმური  ნახერხით ფარავენ. ერთი შეხედვით,
ამას სპორტული ინტერესი აქვს, მაგრამ  ეს ტექნოლოგია
შეიძლება გამოყენებულ იქნეს  იმ შემთხვევაში,
როცა ახდენენ გარეშე მაგნიტური ველის ეკრანიზებას. სურვილის შემთხვევაში ამგვარი  აფსკით შეიძლება დაფარო დიდი შენობის კედლებიც. თუ ზეგამტარული აფსკით დავ- ფარავთ
სპილენძის ან ალუმინის გამტარს, მიიღება ზეგამტარული კაბელი.

– ოღონდაც, თქვენ დაგავიწყდათ სიცივე.

– აქ პრობლემას ვერ  ვხედავ. ხომ შეიძლება, ნავთობის გადამტან მილებში
გავუშვათ თხევადი აზოტი? ამით არაფერი დაშავდება.

– და საერთოდ, შეიძლება თუ  არა,  რომ  ზეგამტარობა წარმოიშვეს ოთახის ტემპერატურაზე?

 

– 1987 წლის აღმოჩენების  შემდეგ ვერავინ გაბედავს იმის  მტკიცებას, რომ  ეს არ შეიძლება, თუმცა რამდენიმე
წლის წინათ ითვლებოდა, რომ  ზეგამტარობის ტემპერატურული
ზღვარია 30° და მისი გადალახვა შეუძლებელია. ჩვენ მივეჩვიეთ: არასოდეს ვთქვათ
“არა”.

– წინსვლაზე ფიქრი ემპირიულ ძიებას დაეფუძნება  თუ თეორიულ მოსაზრებებს? მაგალითად, მასალათა  კრისტალური სტრუქტურის განსაკუთრებულობას?  თქვენ ხომ მუშაობა თეორიით დაიწყეთ?

– რამდენადაც ვიცი,
აქ ჯერ კიდევ არავითარი ახსნა-განმარტება არ არსებობს. ჩვენ უფრო მეტად უნდა შევისწავლოთ
კერამიკული ზეგამტარული  ოქსიდების ფიზიკური
გარდაქმნები.  უნდა  შევისწავლოთ მასზე ციკლური თერმული დამუშავების
ზეგავლენა. ყველაფერი ეს მძიმე სამუშაოა,  რაც
უნდა გაკეთდეს.

– თქვენ ოქსიდების ერთგული რჩებით?

– დიახ, ოღონდ ვცდილობთ
სხვა ელემენტების კომბინირებასაც.

– ამ სამუშაოთა ეშხია
სხვადასხვა ვალენტობასთან თამაში. ჩვენ კრისტალურ მესერში ერთმანეთს ვუკავშირებთ სხვადასხვა
რადიუსის იონებს,  საფუძვლად ვიღებთ გარდამავალი
ელემენტების სხვა კომბინაციებსაც. ჩემთვის არ იქნება მოულოდნელი, თუ ექსპერიმენ- ტების
დროს უკუშედეგებს მივიღებთ. ჩვენ ეს ბევრჯერ მოგვსვლია და ამას კიდეც შევეჩვიეთ.

– როგორია თქვენი ახლანდელი კვლევის მიზანი?

ვცდილობთ, გავაფართოოთ
ზეგამტარულ მასალათა პალიტრა. აქ საჭირო იქნება ქიმიური ეშმაკობანი.   ამჟამად ყველაზე  მეტად დაინტერესებული ვართ სპილენძით, რომელიც  ზეგამტარული კერამიკის ძირითად ელემენტად ითვლება.
სპილენძის შემცვლელს თუ  ვიპოვით, ეს უდიდესი
წარმატება იქნება.

სიმშვიდის ადგილი უცვლელია

0

მე და ჩემი საყვარელი პერსონაჟი ბავშვობაში არ შევხვედრივართ ერთმანეთს. ჯოან როულინგს ჰერმიონ გრეინჯერი ოთხმოცდაათიანებში რომ შეექმნა, ადრევე დავიჯერებდი, რომ ხუთოსანი, წიგნების გროვაში ჩაკარგული გოგოც შეიძლება წიგნის გმირი იყოს. არადა, ბევრი ვიარე და ვიკითხე, სანამ მას აღმოვაჩენდი და ის-ის იყო, შევეგუე აზრს, რომ ჩემისთანებზე არავინ წერს, რომ ჰერმიონიც გამოჩნდა იმის დასტურად, რომ კითხვა და თავგადასავლების ძიება ერთმანეთს ხელს არ უშლის და კარგად სწავლა სულაც არ გულისხმობს მოსაწყენ ცხოვრებას.

 

 

დეიდაჩემი ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ბავშვობის ბევრი კარგი დღე სწორედ იქ გავატარე. უზარმაზარ, ჭერს მიწვდენილ თაროებს შორის სეირნობა მიყვარდა. წიგნების გადმოლაგებას არავინ მიშლიდა. ვეძებდი, ვარჩევდი და ვკითხულობდი. წიგნების მტვრისა და სუნის ხსენებაზე დღემდე იქაურობა მახსენდება, ნახევრად ჩაბნელებული, უზარმაზარი საცავი, რომელიც უამრავ საიდუმლოსა და თავგადასავალს იტევდა.
ახლა ბიბლიოთეკებზე მეტად წიგნის მაღაზიები მიყვარს. არ ვიცი, ამას ჩემი მესაკუთრე ბუნება განაპირობებს თუ რაიმე სხვა, მაგრამ ფაქტია – თავს ვერსად ვგრძნობ ისე მშვიდად, როგორც წიგნის მაღაზიაში და ქალაქს, სადაც წიგნის კარგ მაღაზიას ვერ ვიპოვი, მგონია, რაღაც აკლია, სწორედ ის რაღაც, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ჰოდა, დღეს ჩემს მეხსიერებაში ვიქექები და ფრაგმენტებს წინ გილაგებთ. მათ წიგნების სუნი აქვთ, მე კი ეს სუნი ისევე მიყვარს, როგორც საკუთარი ბავშვობა.
ბოსტონი. თებერვალი ნამდვილად არ არის საუკეთესო თვე ამ ქალაქის მოსანახულებლად, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ბოსტონში სწორედ თებერვალში აღმოვჩნდით, ჰარვარდის უნივერსიტეტის ორგანიზებულ კონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ციოდა, ოკეანიდან მონაბერი ქარი ქურთუკებშიც ატანდა და კანშიც, დღისით საშინლად გვეძინებოდა და ცხოვრების ხალისს შუაღამისას ვიბრუნებდით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ბოსტონის ქუჩებში გასეირნება – ბოლო დღეს, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, გზამკვლევში აღმოჩენილი პატარა გალერეის სანახავად წავედით, სადაც, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, პიკასოს რამდენიმე ნახატის ორიგინალი იყო გამოფენილი. მითითებულ მისამართზე გალერეა არ დაგვხვდა, სამაგიეროდ, ორიოდე ქუჩა გავიარეთ და წიგნის მაღაზიას მივადექით. ასეთი მაღაზია მანამდე მხოლოდ ფილმებში მენახა: უზარმაზარი, რამდენიმესართულიანი, ნათელი, უამრავი წიგნით, მოღიმარი ადამიანებით, ყავის სუნით, შექსპირით, ბიტნიკებით, სულის შეხუთვამდე მაგარი პოეტური კრებულებით. მოკლედ, მაშინ მივხვდი, როგორი შეიძლება იყოს სამოთხე ჩემისთანა ადამიანისთვის. უკან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეგობარს ბენაზირ ბჰუტოს ავტობიოგრაფიული წიგნი უყიდია, მე კი არა. ჯერ ვითავხედე და მაჩუქე-მეთქი, ვთხოვე. უარი რომ მივიღე, შედარებით ძვირად მოყიდვაც შევთავაზე. ბოლოს უკან დავიხიე და მათხოვა. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და ბჰუტო დღესაც ჩემს თაროს ამშვენებს. დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობარი ბედნიერია, რომ მისთვის „წართმეულმა” წიგნმა ჩემს მშვენიერ კოლექციას ჩაუყარა საფუძველი – იქიდან მოყოლებული, ცნობილი ქალების ავტობიოგრაფიულ და ბიოგრაფიულ წიგნებს ვაგროვებ.

თესალონიკი. ბერძნული გაზაფხული მიყვარს, ფორთოხლების სუნით გაჟღენთილი გაზაფხული. მიუყვები თესალონიკის ვიწრო ქუჩებს, გვერდით ფორთოხლის ხეების მწკრივი მიგყვება. აქ ყველა გზა ზღვისკენ მიდის და მაშინაც კი, როცა გგონია, რომ მზიანი, ხმაურიანი თესალონიკი, სადაც ყველაზე მეტად ცეკვა, სიმღერა და შუადღის მშვიდი ძილი უყვართ და თვეში ერთხელ აუცილებლად იფიცებიან, შენი ქალაქი სულაც არ არის, რომელიმე პატარა ქუჩაზე შეიძლება, იპოვო წიგნის მაღაზია, სადაც ნებისმიერ დროს გაიქცევი. გაქცევის მიზეზი კი ყოველთვის მოიძებნება: სახლიდან შორს ყოფნა, მონატრება, ბევრი სამეცადინო, მასპინძელი ერის ხასიათთან შეუგუებლობა, სრულიად გაუგებარი სიყვარული… ჰოდა, თუ გაქცევაა, წიგნის მაღაზიაში გაქცევა იყოს, მით უმეტეს, თუ მაღაზიის მეპატრონე სასწაულებს ახდენს შენი ხათრით, სპეციალურად შენთვის იწერს წიგნებს, აუცილებლად გადანახული აქვს წიგნები, რომლებიც მოგეწონება და არასოდეს ეზარება, შენ გამო საწყობი გადაატრიალოს. იქნებ ვინმემ თქვას, რომ ამაში არაფერია გასაოცარი – როცა ფულს იხდი, შესაბამისი პროდუქტიც უნდა მიიღო, მაგრამ დამიჯერეთ, ყველას არ შეუძლია წიგნის გაყიდვა, ყველას არა აქვს წიგნებსა და ადამიანებთან ერთდროულად ურთიერთობის ნიჭი.
ბრიუსელი. ბრიუსელი იმ ქალაქთაგანია, რომელთა ქუჩებსაც იშვიათად ვიხსენებ. თითქმის არასდროს მენატრება. ზოგჯერ მგონია, რომ არც გამიჩნდებოდა ბრიუსელში დაბრუნების სურვილი, რომ არა ორი რამ: შოკოლადიანი მარწყვი და სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი წიგნის მაღაზია. ზემოთ უკვე ვთქვი ორიოდე სიტყვა ჩემი ბავშვობის შესახებ. ბიბლიოთეკის თაროებს შორის თავგადასავლების მაძიებელ პატარა გოგოდ ყოფნის ის არაჩვეულებრივი შეგრძნება სწორედ ბრიუსელში დამიბრუნდა. იატაკზე ვიჯექი, წიგნებს ადგილს ვუცვლიდი, ჩემ გარშემო ვალაგებდი, არავინ არაფერს მიშლიდა. ცხადია, წიგნის კითხვა უდიდეს თავისუფლებასა და სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს და მგონი, წიგნის არჩევაც არ არის ნაკლები. ბრიუსელის წყალობით ჩემს ბიბლიოთეკას არაჩვეულებრივი წიგნები შეემატა და კიდევ ერთი რამ: ჩემი უძილო ღამეების ერთგული თანამგზავრი, ჩემი ნაწერების თანაავტორი – ჭიქა, რომელსაც ინგლისურად აწერია: ვირჯინია ვულფი, „საკუთარი ოთახი”.

თბილისურ მაღაზიებზე ბევრს არ ვილაპარაკებ. დარწმუნებული ვარ, თავადაც მშვენივრად იცით, სად გირჩევნიათ წიგნების შეძენა. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ყველაზე ხშირად „დიოგენეს” და „სანტა ესპერანსას” ვსტუმრობ. მიზეზი მარტივია – მიყვარს, როცა კონსულტანტები მართლა კონსულტანტები არიან და თავიანთი დამოკიდებულება აქვთ ავტორებისა და წიგნების მიმართ.
რადგან ქალაქებზე მოვყევი და თან ზაფხული მოდის, ბათუმს ვერ გამოვტოვებ. ბათუმი ჩემი სიმშვიდის ქალაქია, წელიწადის ყველა დროისთვის საუკეთესო ქალაქი, სადაც დანარჩენ სამყაროზე არ ვფიქრობ. მალე ბათუმს ისეთი მაღაზია ექნება, როგორსაც ნამდვილად იმსახურებს – „წიგნები ბათუმში”, მე კი – კიდევ ერთი მიზეზი აჭარაში ხშირად ჩასასვლელად.
რაზე შეიძლება ოცნებობდეს ჰერმიონ გრეინჯერი მას შემდეგ, რაც ბოროტება დამარცხდება და ჯიუტი რონ უისლიც დაყრის ფარ-ხმალს მის წინაშე? მგონი, საკუთარ წიგნის მაღაზიაზე, სადაც ჯადოსნური წიგნებით სავსე თაროები ჭერს მისწვდება, სადაც ადამიანები ყოველთვის იპოვიან თავშესაფარს მოსაწყენი ყოველდღიურობისგან გასაქცევად, სადაც სხვადასხვა თაობის ჰერმიონები ურთულეს კითხვებზე პასუხს იპოვიან მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად დასჭირდებათ მათ, მათ მეგობრებს და საზოგადოებას.

 

ნოდარ ბეგიაშვილი – ხატვის პროცესში ნასწავლი „ვეფხისტყაოსანი“

0
ანიმაციური ფილმი სრულიად საქართველოს ბავშვების ხმებითა და ნახატებით
„შემეცნების პროცესი ბევრად უფრო ეფექტური ხდება, როცა ბავშვებს მათსავე ენაზე ველაპარაკებით”, – ამბობს რეჟისორი ნოდარ ბეგიაშვილი, რომელიც უკვე ორი ათეული წელია, ბავშვების ნახატების გაცოცხლებით ანიმაციურ ფილმებს ქმნის. დაახლოებით ათი წლის წინ კი გადაწყვიტა, „გაცოცხლებული ნახატებით”, ანუ თამაშით, მათთვის „ვეფხისტყაოსანი” ესწავლებინა. მის მიერ დაარსებულ სტუდია „ტელევეზირს” მთელ საქართველოში ასეულობით ბავშვის ნახატი და ხმა აქვს შეგროვებული და პროცესი კვლავაც გრძელდება. ნოდარ ბეგიაშვილს გადაწყვეტილი აქვს, ბავშვთა ნახატებით შემნას ანიმაციური ფილმი „ვეფხისტყაოსანი”, რომელიც ბავშვების მიერვე იქნება გახმოვანებული. თუმცა წინ კიდევ რამდენიმე წლის შრომაა. 

„სასკოლო ასაკის მოზარდებისთვის ნაწარმოების ძველი, არქაული ენა, ასევე გმირების, ერთი შეხედვით, წინააღმდეგობრივი ხასიათები, თავბრუდამხვევი პერიპეტიები ისეთ დიდ ბარიერებს ქმნის, რომ პოემის აღქმა ერთი შეხებით თითქმის შეუძლებელია, თუმცა ჩვენ მიერ მიგნებულიხერხი – ბავშვებთან ურთიერთობა `გაცოცხლებულინახატებით~, მათივე ენით, საშუალებას გვაძლევს, შემეცნებითი პროცესი უფრო სახალისო გავხადოთ”, – გვიზიარებს გამოცდილებას რეჟისორი.

– როგორია „ვეფხისტყაოსანზე” მუშაობის პროცესი? 

– დღეს პროექტს ამგვარი ფორმა აქვს: კვირა დღეს ჩვენთან მოდიან 5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები, ვირჩევთ პოემიდან რომელიმე ამბავს, ვკითხულობთ, ვხსნით, ვმსჯელობთ და ვიწყებთ მის დასურათებას. და ხდება ისე, რომ „ჯდა მტირალი წყლისა პირსა” ოთხი სიტყვა კი აღარ არის, არამედ მთელი სამყარო. ამ პროცესში ერთია სტროფების ზეპირად სწავლა, მეორე – დასურათება, ხოლო როცა ამ სტრიქონებს უკვე ხმამაღლა ამბობენ, ეს სიტყვების რახარუხი კი აღარ არის, უკვე გაცნობიერებული ცოდნაა. სკოლაში ბავშვებისთვის ყველაზე საძულველი ფორმაა ტექსტის ზეპირად ჩაბარება, რაც, ამავე დროს, არაეფექტურია  – სწავლობ არა იმისთვის, რომ შენთვის გქონდეს, არამედ იმისთვის, რომ თავიდან მოიშორო. ხატვის პროცესში კი ბავშვები იწყებენ „ვეფხისტყაოსანზე” ფიქრს. პოემის შესწავლის კიდევ ერთი ხერხია მისი ინსცენირება – ნიქოზში დავდგით 40-წუთიანი სპექტაკლი. და როცა თამაშობენ, ბავშვები ხვდებიან, რომ არაფერი ამ პოემაში უცხო არ არის. 

ეს პროექტი იმიტომ დავიწყე, რომ ფილმის გაკეთება მინდოდა, მაგრამ სწავლების პროცესი ისეთი საინტერესო აღმოჩნდა, რომ მინდა, დიდხანს გაგრძელდეს. 3000-მდე ნახატი მაქვს და 800-ზე მეტი ბავშვი მყავს ჩაწერილი, მაგრამ მინდა, 2-3 წელი კიდევ ვიარო საქართველოში და ხმები და ნახატები მოვაგროვო. კულტურის სამინისტრო დაგვპირდა, რომ დაგვეხმარება, რეგიონებში ექსპედიციები მოვაწყოთ. მერე კი ეს ყველაფერი ფილმად აიკინძება. ბუნებრივია ფილმში ყველა ნამუშევარი ვერ მოხვდება, ამიტომ ვაკეთებთ ვებსაიტს, სადაც დაიდება ყველა ნახატი და ხმა, ხოლო მომხმარებელს შეეძლება, ამოირჩიოს ნახატები და სტროფების მიხედვით თვითონ დაალაგოს. 

– თუ იცნობენ თქვენთან მოსვლამდე ბავშვები ამ პოემას? 

– თბილისში „ვეფხისტყაოსანი” ზეპირად ძალიან ცოტამ იცის. მეგონა, რეგიონებში უფრო ეცოდინებოდათ, მაგრამ მთლად ასეც არ არის. იდეალური შემთხვევაა, როცა ადგილზე გვხვდება პედაგოგი, რომელსაც უყვარს ეს პოემა და მოსწავლეებს მის შესახებ ესაუბრება. ასეთი იყო, მაგალითად, ყაზბეგში მათემატიკის მასწავლებელი ნაზი ჩოლოყაშვილი, ხევსურეთში – შუქია არაბული. 23 წლის გოგო ასწავლის ბარისახოში. როცა 2-3 სტროფი უკვე იციან, სულ სხვა სიღრმეებზე ვიწყებთ მუშაობას.

თბილისის 43-ე სკოლის მასწავლებელი ნანო ნოზაიძე პირველი კლასიდან ასწავლიდა თავის მოსწავლეებს ამ ტექსტს, დღესაც მთელი კლასი მოდის ხოლმე ჩემთან სახატავად. ასეთივე სიტუაცია დაგვხვდა სკოლა „IB-მთიებში” – ბავშვებმა ავთანდილის ანდერძი იცოდნენ ზეპირად. ხდება ისეც, რომ ჩვენ ჩავდივართ და პირველად ჩვენგან იგებენ ამ პოემის შესახებ. მაშინ ყველაფრის თავიდან ახსნა გვიწევს. 

სწავლების პროცესში ჩვენ პრივილეგია გვაქვს, რადგან ბავშვებს ვეუბნებით, რომ გვსურს, მათი ნახატებით გავაკეთოთ ფილმი, შესაბამისად, მოტივაცია უჩნდებათ და სწავლობენ, მაგრამ ჩემთვის მთავარი არ არის მხოლოდ ფილმის გაკეთება – მინდა, ბავშვებს გავუღვიძო ინტერესი „ვეფხისტყაოსნის” სამყაროსადმი. სვანეთში რომ ვიმუშავეთ, ბავშვებმა სამ-სამი სტროფი ისწავლეს.შემთხვევით მეორედ მომიწია ჩასვლა და გავოცდი: უკვე თავები იცოდნენ.

ადამიანები იმას ვირჩევთ, რაც ნაცნობია, მარტივი, გასაგები. თუკი „ვეფხისტყაოსანს” შევხედავთ როგორც მე-12 საუკუნეში შეთხზულ რთულ ტექსტს, მასთან მიახლოება დაგვაფრთხობს. როცა ბავშვებს სიტყვებს ვუხსნით, მათ მეტყველებაში ახალი ფერები ჩნდება, ლექსიკა მდიდრდება. პირველ და მეორე დღეს გაკვირვებულები გვიცქერიან, შეიძლება, ვერც გაიგონ. მესამე დღეს ნავსი ტყდება და მერე უკვე თვითონ მელაპარაკებიან რუსთველის ენით, აფორიზმებით. სწავლის პროცესში, ასევე, მივმართავთ კალიგრაფიასაც. როცა ასურათებ ან წერ, უფრო მეტად შენი ხდება ეს ნაწარმოები, პირდაპირ შენში გადმოდის, შენში იღვრება.

ჩემთან საუკეთესოები მოდიან. აღფრთოვანებული ვარ ამ თაობით. „თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები” – ეს ნაწარმოები სწორედ ამის რწმენას გაძლევს. ევროპული კანონები ვერ გვიშველის, თუ ჩვენ თვითონ არ გავიზარდეთ… და რომ ვიზრდებით, ამასაც ვგრძნობ.

– „ვეფხისტყაოსანი” თამამი არჩევანია, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. რატომ აირჩიეთ ეს პოემა და არა რომელიმე ზღაპარი?

– მივხვდი, რომ გაცოცხლებული ნახატებით ყველაფერზე შეიძლება ესაუბრო ბავშვებს, ამიტომ იმაზე საუბარი ჯობია, რაც მნიშვნელოვანია, „ვეფხისტყაოსანზე” მნიშვნელოვანს კი რას ვიპოვიდი!

როცა ეს ხმამაღლა ვთქვი, გარშემო მყოფთა პირველი რეაქცია ორაზროვნი იყო. პირველი აქცია ახალგორში გავმართეთ 2003 წელს – მეუფე ისაიამ გვთხოვა, ბავშვთა სახლისთვის რამე გაგვეკეთებინა. როდესაც მივედით, 70 აღსაზრდელი დაგვხვდა. ვიკითხე, აბა, „ვეფხისტყაოსანი” ვინ იცით-მეთქი. მაშინ პირველად ჩავწერეთ ბავშვების ხმები. მასალა რომ გადავათვალიერე, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, გადავწყვიტეთ, საქართველოს რეგიონებში მოგვეწყო ექსპედიციები და ბავშვთა ნახატებთან ერთად მათი ხმებიც შეგვეგროვებინა. მოვიარეთ ჯავახეთი, კახეთი, სვანეთი, მთიულეთი, თან ვაჩვენებდით ჩვენს ფილმებს, ვუხსნიდით, რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა მათი ნახატებით. მერე ეკრანზე ვაჩვენებდით ერთ სტროფს და ვაჯიბრებდით, ვინ უფრო სწრაფად დაისწავლიდა. ეს პოემა იმითაა უნიკალური, რომ ყველა, თავისი ასაკის შესაბამისად, იღებს მისგან იმას, რისი აღქმაც შეუძლია. გარდა ამისა, იგი იძლევა პასუხს ყველა შეკითხვაზე, რაც ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის სჭირდება. ვფიქრობ, რუსთაველის სამყაროს გაცნობა 5 წლის ასაკიდან დროულია.

– „ვეფხისტყაოსნის” სწავლების მიმართ სკოლასა თუ საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი დამოკიდებულება არსებობს…

– მეკითხებიან, რატომ უნდა ვისწავლოთ ზეპირად. ახსნისას ასეთ მაგალითს ვიშველიებ ხოლმე: როდესაც გოგონას უკეთია სამკაული, ხედავთ, როგორი მშვენიერია ის, როგორ ბრწყინავს… ხოლო როცა ლექსი იცის ადამიანმა, შიგნიდანაა შემკული, შიგნიდან ანათებს.

„ვეფხისტყაოსანი”, ერთგვარად, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაა; მოიცავს უზარმაზარ საკრალურ ცოდნას, რასაც ქართველები ატარებდნენ გულით, ხოლო როცა ზეპირად სწავლობ ნაწარმოებს, მთელი ეს ცოდნა შენში გადმოდის, ხოლო იმის შეგნება, რომ რაღაც იცის, ხდის ადამიანს პიროვნებად.

ინდოეთში ვედების ჩაწერა სირცხვილად მიიჩნეოდა. პირველ საუკუნემდე არ ჩაუწერიათ. ცოდნის გარეთ გამოტანა მის გაუფასურებას ნიშნავდა, ამიტომ ძველმა ხალხმა ზეპირად იცოდა უზარმაზარი პოემები. ადამიანი ფასობდა იმით, რა იცოდა და არა იმით, რა ჰქონდა. მამაჩემი მიყვებოდა, რომ სოფლებში, სადაც მღვდელბი ასწავლიდნენ წერა-კითხვას, ვინაიდან წიგნები ცოტა იყო, ერთხელ აჩვენებდნენ ტექსტს და ზეპირად უნდა დაესწავლათ. რა უცნაურიც არ უნდა მოგეჩვენოთ, ეს შესაძლებელი იყო. ადამიანს შეუძლია წაკითხული ტექსტის მთლიანად დამახსოვრება, უბრალოდ, თანამედროვე ადამიანებმა გონება გავაზარმაცეთ. გონების ფლობა, მისი სრულყოფა, ისევე შესაძლებელია, როგორც სხეულის განვითარება ვარჯიშით. აზროვნების საშუალებით მაღლდება ადამიანი გარე სამყაროზე.

– სკოლასა და ოჯახს შორის გამუდმებით მიმდინარეობს კამათი ბავშვის აღზრდაში მთავარი როლის შესახებ. თქვენ რა დასკვნის გამოტანა შეგიძლიათ მოსწავლეების მაგალითზე?

– ყველაფერი მაინც ოჯახიდან მოდის. ბავშვი პირდაპირი ანარეკლია იმ შეხედულებების, ურთიერთობებისა და ფასეულობების, რაც ოჯახში ტრიალებს. სკოლაში ეს ყველაფერი წარმოჩნდება. თუ მასწავლებელი ძლიერი პიროვნებაა, რაღაც ცვლილებებს ისიც მოახდენს, მაგრამ სკოლა მაინც ასპარეზია, პიროვნება ოჯახში ყალიბდება. სკოლა ვერ უშველის, თუ ფასეულობებს ოჯახში არ ჩაეყარა საფუძველი. ამიტომ სკოლამ მშობლებს უნდა აუხსნას, რომ შვილის აღზრდა მათი პასუხისმგებლობაც არის, უპირველესად, მათი „ტვირთია”. ის, რომ მშობელი დაკავებულია და ბავშვისთვის აღარ სცალია, ტყუილი მიზეზია – ერთი წუთიც კი კმარა ბავშვისთვის მიმართულების მისაცემად – როგორ შეხედავ, რას გაუზიარებ, როგორ აჩვენებ შენს დამოკიდებულებას სამყაროს მიმართ, რად აღიარებ თვითონ მას. მე მინდა, ჩემი შვილი იყოს დამოუკიდებელი, თვითონ იყოს, თვითონ აირჩიოს, მე მხოლოდ ვაჩვენებ. სწავლის პროცესი, გარდა იმისა, რომ დაგროვილი ცოდნის გადაცემას გულისხმობს, საკუთარი თავის პოვნასაც ნიშნავს, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას, რომ პიროვნებას შეუძლია რაღაცის გაკეთება, შემეცნება. 

– როგორ „გაცოცხლდნენ” პირველად ბავშვების ნახატები?

– საბავშვო გადაცემა „ტელევეზირი” პირველად 1994 წლის7 იანვარს გამოჩნდა „პირველი არხის” ეკრანზე. ეს ის დრო იყო, როცა ქვეყანაში უშუქობის, უფულობის პერიოდი იდგა და ჯიხურებში გამოჩენილ „სნიკერსებს” ბავშვები შორიდან შეჰყურებდნენ. ერთხელ ხილიანის ქუჩაზე ყური მოვკარი მათ ლაპარაკს, როგორ უხსნიდნენ ერთმანეთს ამ შოკოლადის გემოს. იმ დღეს, სახლში მოსულს, ჩემმა 4 წლის შვილმა დამახვედრა ნახატი – ტელევიზორის ჩარჩოში მოქცეული ბიჭის პორტრეტი. ნახატი ჩემს მეგობარს წავუღე, რომელიც სარეკლამო სააგენტო „ტვ-პლუსში” მუშაობდა და კომპიუტერი ჰქონდა – იქნებ ტუჩები აუმოძრაო-მეთქი. და აი, ტელევიზიის ეთერით სასაცილო კაცუნამ თავი „ტელევეზირად” გამოაცხადა და ბავშვებს სთხოვა მისთვის ნახატები გამოეგზავნათ, თან დაჰპირდა, გაგიცოცხლდებიანო… მოდიოდნენ მშობლები და მოჰქონდათ ნახატები. ძალიან პოპულარული გახდა ეს გადაცემა. თვითონ ნახატი გვეუბნებოდა, რა შეიძლებოდა გამოსულიყო მისგან. პირველი ანიმაციური ფილმიც მაშინ გავაკეთეთ – „ანდრო და დარო”, რომელიც და-ძმას შორის დიალოგს ასახავდა და მხოლოდ ერთი ნახატით გაკეთდა. საბავშვო გადაცემა „ტელევეზირმა” ოსტანკინოს საერთაშორისო ტელეფესტივალზე „ტელიკ-94″ მიიღო მთავარი პრიზი და პრიზი „ახალი ჟანრის წარმატებული ძიებისათვის”. პროექტით დაინტერესდნენ რუსული ტელეარხები, ჩამოვიტანეთ შეკვეთები, მაგრამ მაშინ ჩვენმა ტელევიზიამ ეს უზარმაზარი შეკვეთა ჩააგდო. ჩვენ ენთუზიაზმზე გავაკეთეთ 12 გადაცემა, მერე კი პირველი არხი დავტოვე. შემდეგ, 1998 წელს, გარემოს დაცვის სამინისტრომ შემოგვთავაზა, „ტელევეზირის” ხერხით გადაგვეღო ფილმი ოზონის შრეზე. ნახატების გაცოცხლება საუკეთესო ხერხია ბავშვებისთვის ინფორმაციის გადასაცემად. გავაკეთეთ 15-წუთიანი ანიმაციური ფილმი „უზარმაზარი ცა”, რომელმაც პარიზში, RIENA International Environmental Film Festival-ზე, მიიღო პრიზი „საუკეთესო ანიმაციური ფილმისათვის”, ხოლო ლონდონში ნაჩვენები იყო მსოფლიოს 50 ქვეყნის გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის დაცვის მინისტრთა კონგრესზე. ამას მოჰყვა ფილმი „შემოდგომის ავტობუსი”. ორივე ეს ფილმი შეტანილია TACIS-ის ვიდეოთეკაში.

2001 წელს კი გაკეთდა ფილმი „პონტო – შავი, შავი ზღვა”, სადაც არა მხოლოდ ნახატები, ტექსტის ნახევარზე მეტიც ბავშვების დაწერილია და გახმოვანებითაც მათ გაახმოვანეს. ფილმმა უამრავი საფესტივალო ჯილდო დაიმსახურა დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში.

მიზეზი, რამაც ამ ფილმების წარმატება გამოიწვია, ის უშუალობა, გულწრფელობა, სილაღე და თავისუფლებაა, რაც ბავშვთა ნახატებიდან გამოსჭვივის. ბავშვები ხომ გაცილებით გულწრფელნი არიან, ვიდრე დიდები. და მგონია, უფროსებმა კი არ უნდა ვასწავლოთ მათ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მათგან გარე სამყაროსადმი დამოკიდებულება. მე პროფესიონალი ანიმატორი არ გახლავართ, დრამის რეჟისორი ვარ, ნახატების გაცოცხლება ჩემთვის მაყურებელთან, ბავშვებთან ურთიერთობის საშუალებაა, თან ისეთი ურთიერთობის, სადაც მაყურებელი არის არა პასიური, არამედ შემოქმედებითიპროცესის თანამონაწილეა.

საზღვარგარეთ ამ მოძრაობას ათასჯერ მეტი რეზონანსი აქვს. 2001 წელს თუმანიშვილის თეატრში გავმართეთ აქცია „გაცოცხლებული ნახატები”. ეს ერთდღიანი აქცია იყო იუნისეფის მხარდაჭერით,. მოდიოდნენ ბავშვები, იქვე ხატავდნენ, ჩვენც იქვე ვაცოცხლებდით მათ ნახატებს, ეკრანზე ვუშვებდით და ავტორები თვითონვე ახმოვანებდნენ. ეს აქცია ნახეს გერმანელებმა და მიგვიწვიეს ჰამბურგში, საბავშვო ფესტივალზე, სადაც ეს საბავშვო-შემოქმდებითი აქცია 5 დღეს გაგრძელდა.

– ამჟამად რა ეტაპზეა „ვეფხისტყაოსანი”? 

– ყველაფერი კვლავ ენთუზიაზმით კეთდება, ჩემთან ერთდ მუშაობენ სტუდენტები, რომლებიც ჯავახეთის ექსპედიციაში გავიცანით. სურვილი გვაქვს, მოვიაროთ საინგილოს სკოლები, ტაო-კლარჯეთი და ფერეიდანი და იქაური პატარა ქართველების ნახატები და ხმებიც ჩამოვიტანოთ. ფერეიდანში პირველად 2004 წელს ვიყავი, შევხვდი იქაურ ბავშვებს. მათ „ვეფხისტყაოსანი” არ იცოდნენ, მე კი მაშინ დრო არ მქონდა, რომ ამეხსნა, მესწავლებინა… მათ თავიანთი ნახატები გამომატანეს, რომლებიც გავაცოცხლეთ და შემდეგ ბავშვთა ნახატების გალერეაში გამოფენაზე წარმოვადგინეთ. ფერეიდნიდან 30 კაცი ჩამოვიდა ამ გამოფენაზე და ბავშვებიც ჩამოიყვანეს. ირანში, ფესტივალზე ყოფნისას თეირანის საბავშვო ფილმების სტუდიის პრეზიდენტმა კარემია სარემიმ შემომთავაზა, დარჩი ჩვენთან და გააკეთე ფილმი ბავშვების ნახატებითო. კონოცენტრს წარვუდგინეთ პროექტი ქართულ-ირანული ფილმისა, რომელიც აგებული იქნებოდა ფერეიდნელი ბავშვების ნახატებსა და იქ შემორჩენილ ქართულ ფოლკლორზე. მაგალითად, ლექსი  „წიმა, წიმა მოიდა” საქართველოში აღარ არსებობს, მაგრამ ფერეიდანში ახსოვთ. ეს, დაახლოებით, „მოდი, ვნახოთ ვენახის” ტიპის ლექსია. პროექტმა დაფინანსება ვერ მიიღო და ეს ხიდიც ჩაინგრა… მაგრამ კიდევ მინდა ფერეიდანში ჩასვლა, მსურს, ამჯერად „ვეფხისტყაოსანი” ჩავუტანო, ვასწავლო და დავახატვინო. თუ წარმოვიდგენთ იმასაც, რომ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ბავშვები პოემის სტრიქონებს სხვადასხვა კილოკავზე კითხულობენ, ვფიქრობ, ფილმი მართლაც ძალიან ლამაზი და მრავალფეროვანი გამოვა  – „გვაქვს უთვალავის ფერითა…”
P.S. ჩვენ კი ამ ყველაფერს დავამატებდით, რომ სტუდია „ტელევეზირის” სახელოსნოში მისვლა, „ვეფხისტყაოსნის” თემაზე ილუსტრაციების შექმნა და დასწავლილი სტროფების ჩაწერა შეუძლია 5-დან 13 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს, ვისაც კი შოთა რუსთაველის სახელი გაუგია და ვისაც ხატვა უყვარს. სტუდიის მისამართია: ლეონიძის ქ. 18, მე-2 სადარბაზო, მე-5 სართული, კარზე აბრაა – „გაცოცხლებული ნახატები”. ტელეფონი: 299 02 63; მობ.: 577 466 108)ხოლო სტუდია „ტელევეზირში” გაცოცხლებული ნახატები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე :https://www.televeziri.org.ge

ინფორმაცია პროექტის შესახებ – „ჩვენ ვკითხულობთ, ვსწავლობთ, ვასურათებთ „ვეფხისტყაოსანს” (შემოქმედებითი აქციები – ექსპედიციები, საქართველოს კუთხეებში) – შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე

ასევე, შეგიძლიათ ნახოთ ბავშვების ნახატებით შექმნილი ფილმი „პონტო – შავი, შავი ზღვა”შემდეგ ბმულზე

ბერას ფრედერიკ სკინერის ოპერანტული განპირობებულობის თეორია და პედაგოგიკა

0
ამერიკელი ფსიქოლოგი ბერას ფრედერიკ სკინერი, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი, 1945-1948 წლებში ინდიანას უნვერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი იყო. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე ჰარვარდში მოღვაწეობდა. მის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ამერიკაში ფსიქოლოგიის ისტორიკოსებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგად სკინერმა ყველა დროის ფსიქოლოგთა შორის – მერვე, ხოლო თანამედროვეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა.
 
1. რა არის ქცევათმეცნიერების ძირითადი დებულება? 
ქცევათმეცნიერება აღმოცენდა აშშ-ში მე-20 საუკუნის დასაწყისში. მისი ძირითადი დებულების თანახმად, ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს ინდივიდის ფსიქიკის ის გამოვლინებები, რაც დაკვირვებადი და გაზომვადია, ამიტომ შეიძლება, ობიექტურად და მეცნიერულად შევისწავლოთ და გავზომოთ მხოლოდ ის, რაც ზემოქმედებს ინდივიდზე გარედან (სტიმული) და ინდივიდის რეაქცია მასზე (ქცევა).
 
2. რატომ მიიჩნევა სკინერი „რადიკალური ბიჰევიორიზმის” მიმდრად და განმავითარებლად? 
სკინერი „რადიკალური ბიჰევიორიზმის” მიმდევარი და განმავითარებელი იყო. ამ მეცნიერული მიდგომის მიხედვით, ფსიქიკური პროცესების მეცნიერული ახსნა და ზუსტი ინტერპრეტაცია შეუძლებელია, ვინაიდან ისინი ადამიანის „შიგნით” მიმდინარეობს და ხანდახან თვითონ ადამიანსაც არ ძალუძს, ბოლომდე გააცნობიეროს მათი არსი. მეცნიერებას შეუძლია ისეთი ფენომენის ახსნა, რაზე დაკვირვება და რის შემოწმებაც შესაძლებელია. ასეთად სკინერს ქცევა მიაჩნია. შესაბამისად, ფსიქოლოგიამ უნდა შეისწავლოს ორგანიზმის ქცევა და ამ ქცევის შედეგები. თუ ბიჰევიორისტული დასწავლის ზოგიერთი თეორეტიკოსი ადამიანის ან ცხოველის ქცევის ასახსნელად ხშირად იყენებს ტერმინებს „მოთხოვნილება”, „მოტივაცია”, ანუ ისეთ ფენომენებს, რომლებზეც პირდაპირ დაკვირვება შეუძლებელია, ის არ არის მნიშვნელოვანი რადიკალური ბიჰევიორიზმისთვის. 
 
3. რას გულისხმობს ტერმინი „ქცევის ექსპერიმენტული ანალიზი”? 
ქცევის ექსპერიმენტული ანალიზი სკინერის ტერმინია და გულისხმობს ქცევასთან დაკავშირებული სამი ცვლადის ანალიზს. ეს ცვლადებია:
1. ორგანიზმის ქცევა;
2. პირობები, რომლებშიც მიმდინარეობს ქცევა;
3. ქცევის შედეგები (მეორდება თუ არა ქცევა თანმხვედრ გარემოებათა შემთხვევაში).
 
4. როგორ ხდება ქცევის ექსპერიმენტული ანალიზის მეშვეობით ქცევის ახსნა?  
ქცევის ახსნა სამი ცვლადის (ორგანიზმის ქცევა, პირობები, რომლებშიც მიმდინარეობს ქცევა და ქცევის შედეგები) ანალიზის საფუძველზე ხდება. ბავშვის პრობლემურ ქცევას  ყოველთვის რაღაც მიზეზი აქვს, რაც მოცემულ მომენტში არ ჩანს, ამიტომ აუცილებელია იმაზე დაკვირვება და აღწერა, რაც უძღვოდა წინ პრობლემურ ქცევას, თვითონ ამ ქცევის აღწერა (როგორი ინტენსივობისაა და რას აკეთებს ბავშვი) და აღწერა მისი შედეგისა. სკინერს, ისევე როგორც სხვა ბიჰევიორისტებს, მიაჩნია, რომ ქცევის პირობების, თვით ქცევისა და მისი შედეგების აღწერა უნდა იყოს დეტალური, ზუსტი, ობიექტური, ყოველგვარი სუბიექტური შეფასების გარეშე.
 
5. ქცევის რამდენ ტიპს გამოყოფს სკინერი? 
სკინერი ქცევის ორ ტიპს გამოყოფს: 
1. რესპონდენტულს – რეაქცია სპეციფიკურ სტიმულზე (მაგ., ცემინება, თვალების ხამხამი, შიმშილი და სხვ.) 
2. ოპერანტულს – სტიმულის გარეშე ორგანიზმის მიერ სპონტანურად შესრულებული გარკვეული ქცევა (მაგ., წერილის წერა, მანქანის მართვა, წიგნის კითხვა და სხვ.)
ოპერანტული ქცევა საპასუხო რეაქცია არ არის, ის შეიძლება გაკონტროლდეს ადამიანის მიერ და ემორჩილება ოპერანტული განპირობებულობის კანონებს.
 
6.რა არის ოპერანტული განპირობებულობა?
 
ოპერანტული განპირობებულობა – ეს არის დასწავლის ტიპი, როცა რომელიმე რეაქციის წარმოშობის ალბათობა იზრდება, თუ მას მოსდევს განმამტკიცებელი (მაგ., თუ მოსწავლე ყურადღებით უსმენს მასწავლებელს და მასწავლებელი მის ასეთ ქცევას ღიმილით ან ქებით აღნიშნავს, დიდია ალბათობა, მოსწავლე მომავალშიც ასეთივე ყურადღებიანი იყოს).
 
6.რა არის განმამტკიცებელი? 
განმამტკიცებელი შედეგია, შემდგომი მოვლენა, რაც მაშინვე მოჰყვება პასუხად ინდივიდის მოქმედებას, ქცევას. 
 
7.როგორ მოქმედებს განმამტკიცებელი ქცევაზე? 
განმამტკიცებელი აძლიერებს ქცევის აღმოცენების ალბათობას.
 
8.რა სახის განმამტკიცებელი სტიმულები არსებობს?   
არსებობს დადებითი და უარყოფითი განმამტკიცებლები.
 
9.აღწერეთ დადებითი და უარყოფითი განმამტკიცებლები 
განმამტკიცებელი სტიმული შეიძლება იყოს:
* დადებითი – დაჯილდოება (მაგ., ყოველთვის, როცა მასწავლებელი აქებს მოსწავლეს, უწერს მას მაღალ შეფასებას ან ეუბნება მშობელს, რა ნიჭიერია მისი შვილი, ის იყენებს პოზიტიურ განმამტკიცებელს); 
* უარყოფითი განმამტკიცებელი – შვება (უსიამოვნო სტიმულის გაქრობა ქცევის გამოსწორებისთანავე, მაგ., ყურის აწევა; როგორც კი არასასურველი ქცევა გამოსწორდება, ყურზე ხელს უშვებენ).
ორივე შემთხვევაში განმამტკიცებელი ზრდის მომავალში სასურველი ქცევის აღმოცენების ალბათობას.
 
10. რა არის დასჯა? 
დასჯა ისეთი ქმედებაა, რომელიც ამცირებს მომავალში ქცევის აღმოცენების ალბათობას.
 
11. დავასახელოთ დადებითი და უარყოფითი დასჯის მაგალითები. 
დადებითი დასჯა – სასჯელი თანამედროვე სკოლებში ნაკლებად გამოიყენება. მაგ., მოსწავლე ცუდი ქცევისთვის ისჯება საკლასო ოთახის დალაგებით.
უარყოფითი დასჯა – ჯარიმა – ამის მაგალითი უფრო ხშირია (მაგ., იმის გამო, რომ უმცროს დას აწვალებ, ტელევიზორს გამოგირთავ და დღეს შენს საყვარელ ფილმს ვერ ნახავ!).
 
12. რატომ ერევათ ერთმანეთში უარყოფითი განმტკიცება და დადებითი დასჯა და როგორ გავარჩიოთ ისინი? 
ხშირად ერთმანეთში ერევათ უარყოფითი განმტკიცება და დადებითი დასჯა, იმიტომ, რომ ორივე შეიცავს უსიამოვნო, ე. წ. ავერსიულ სტიმულებს, თუმცა მათი გარჩევა ადვილია ქცევაზე თითოეულის ზეგავლენის მეშვეობით, რადგან ეს ზეგავლენა მნიშვნელოვნად განსხვავებულია. სკინერის მიხედვით, ოპერანტული სწავლის დროს მომავალში ქცევის განმეორების ალბათობას ზრდის განმტკიცება (თავისი ორი ფორმით), ხოლო ამცირებს დასჯა (თავისი ორი ფორმით).
 
13. დასჯის საწინააღმდეგოდ რა არგუმენტები მოჰყავს თავად სკინერს? 
თავად სკინერს დასჯის საწინააღმდეგოდ მრავალი არგუმენტი მოჰყავს. 
ა) მას მიაჩნია, რომ დროთა განმავლობაში დასჯა არაეფექტური ხდება, ის მხოლოდ ახშობს არასასურველ ქცევას; როცა დასჯის შიში გაივლის, ქცევის ინტენსივობა უბრუნდება პირვანდელ დონეს, ანუ ეფექტი დროებითია.
ბ) მნიშვნელოვან არგუმენტად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ დასჯა მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რა არ უნდა გააკეთო და არა იმაზე, რის გაკეთება იქნებოდა მისაღები და კარგი. 
გ) დასჯა ამართლებს სხვა ადამიანისთვის ტკივილის მიყენებას (ბავშვს, რომელიც დედამ მიტყიპა, ერთადერთი დასკვნის გამოტანა შეუძლია – რომ არსებობს სიტუაციები, როცა ტკივილის მიყენება ნებადართულია) და იწვევს აგრესიას დამსჯელის ან სხვების მიმართ.
 
14. სკინერის აზრით, აქვს თუ არა დასჯას ალტერნატივა? 
სკინერის აზრით, დასჯას არაერთი ალტერნატივა აქვს: 
1. სიტუაციის შეცვლა;
2. იგნორირება 
3. განმამტკიცებლის მიგნება და გამორიცხვა.
 
15. სკინერის მიხედვით მოიყვანეთ მაგალითები, რატომაა დასჯაზე უფრო ეფექტური ალტერნატიული გზების გამოყენება. 
დასჯაზე უფრო ეფექტურია ალტერნატიული გზების გამოყენება. მაგალითად:
1. სიტუაციის ცვლილება არასასურველი ქცევის თავიდან ასაცილებლად (წინასწარ მოვაცილოთ ძვირფასი ლარნაკი ბავშვისთვის ხელმისაწვდომი ადგილიდან), 

2. უბრალოდ იგნორირება, რაც კარგ შედეგს იძლევა არასასურველი, პრობლემური ქცევის შემთხვევაში; მაგ., როდესაც ბავშვი ბრაზობს და ტირის, რადგან შოკოლადს სადილამდე არ აძლევენ, ეფექტურია იგნორირება. ამ დროს უფროსი არ აქცევს ყურადღებას ბავშვის ტირილს, თითქოს არც კი ესმის; სკინერის მიხედვით, ამ სტრატეგიის რამდენჯერმე გამეორება აქრობს ქცევას, რადგან იგი არ განმტკიცდება და ბავშვი ხვდება, რომ ამ გზით სასურველს ვერ მიიღებს. 

3. განმამტკიცებლის მიგნება და გამორიცხვა – გაკვეთილზე, როდესაც ბავშვმა იცის, რომ მისი გამოკითხვის ჯერი მოვა, ისე იქცევა, რომ კლასიდან გაუშვან, რადგან ასეთი ქცევისთვის მასწავლებელი ყოველთვის კლასიდან უშვებს ხოლმე ბავშვს. ამრიგად, მოსწავლის მიზანი მიღწეულია – მან კლასში თავიდან აიცილა დავალების შესრულება. თუ მასწავლებელი გააანალიზებს ბავშვის ქცევას და აღმოაჩენს, რომ მას წინ უძღვის მოსალოდნელი გამოკითხვა, ის მიხვდება პრობლემური ქცევის მიზეზს და აღარ განამტკიცებს მას კლასიდან გაშვებით.
 
16. სკინერის აზრით, აუცილებელია თუ არა რთული თეორიების ჩამოყალიბება ადამიანის ქცევის შესასწავლად? 
სკინერის აზრით, ადამიანის ქცევის შესასწავლად რთული თეორიების ჩამოყალიბება აუცილებელი არ არის. ის ძირითად ამოცანად მიიჩნევს სტიმულის ტიპებსა და რეაქციის ტიპებს შორის ურთიერთქმედების საფუძვლების შესწავლას. ეს გულისხმობს მასტიმულირებელი მოვლენისა და გაზომვადი ქცევის ფუნქციურ ანალიზს.
 
17. სკინერის თეორიის მიხედვით, რის საშუალებას იძლევა ფუნქციური ანალიზი? 
სკინერს მიაჩნდა, რომ ფუნქციური ანალიზი საშუალებას იძლევა, სრული წარმოდგენა ვიქონიოთ ორგანიზმზე როგორც ქცევით სისტემაზე, ანუ იმაზე, რაზე რეაგირებს ან არ რეაგირებს ინდივიდი, რა პირობებში მიმდინარეობს ქცევა და რა შედეგი აქვს მას.
 
18. დაინტერესებული იყო თუ არა სკინერი განათლების სისტემაში საკუთარი თეორიის გამოყენებით? 
სკინერი დაინტერესებული იყო განათლების სისტემაში საკუთარი თეორიის გამოყენებით. მას მიაჩნდა, რომ დასწავლა ეფექტურია, როცა:
1. ასათვისებელი მასალის მიწოდება ხდება თანდათანობით;
2. მოსწავლეები იღებენ დაუყოვნებელ უკუკავშირს იმის შესახებ, რამდენად სწორად დაისწავლეს მიწოდებული მასალა;
3. დასწავლა მიმდინარეობს მოსწავლეთათვის მისაღებ ტემპში.
ამ მიდგომით, მასწავლებელი ინფორმაციის, ცოდნის გადამცემია. ის ქმნის პირობებს ამ ცოდნის გადაცემისთვის და ასევე არჩევს მასალას, მოსწავლეები კი ამ ცოდნას ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებენ.
 
19. რაში მდგომარეობს ბიჰევიორიზმის (ქცევათმეცნიერების) გავლენა სასწავლო გეგმასა და სწავლებაზე? 
ბიჰევიორიზმმა რამდენიმე მიმართულებით მოახდინა მნიშვნელოვანი გავლენა საგანმანათლებლო პროგრამებსა და ტექნოლოგიებზე. კერძოდ:

. ქცევითი მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა სასწავლო გეგმაში;

. ბიჰევიორიზმის გავლენით სასწავლო გეგმაში 40-იანი წლებიდან დაიწყეს სასწავლო მიზნების სპეციფიკური ფორმულირების პრინციპების დანერგვა. სასწავლო მიზნები და სწავლების შედეგები ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ შეიძლებოდეს მათზე დაკვირვება და რაოდენობრივი შეფასება. მე-20 საუკუნის 60-იანი წლების დამლევისთვის ამერიკელი მასწავლებლების უმრავლესობა იყენებდა სასწავლო მიზნებისა და სწავლების შედეგების ფორმულირების წესებს. ქცევის მიზნებისა და შედეგების სპეციფიკური განსაზღვრის მოთხოვნამ მისცა ბიძგი გავარჯიშებით დასწავლის მიდგომას. კერძოდ, მორისონმა მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სკოლაში შეიტანა ე. წ. „დაოსტატების ფორმულა”: წინატესტირება, სწავლება, შემდგომი ტესტირება, საჭიროებისამებრ – ადაპტაციისა და დახმარების პროცედურა, სწავლება და შემდგომი ტესტირება. მორისონის გეგმა გულისხმობს, რომ კლასში ყველა მოსწავლემ უნდა აითვისოს გაკვეთილზე გათვალისწინებული მასალა.

მე-20 საუკუნის 30იანი წლები

მე-20 საუკუნის 40იანი წლები

მე-20 საუკუნის 60იანი წლები

ქცევის მიზნებისა და შედეგების სპეციფიკური განსაზღვრის მოთხოვნამ მისცა
ბიძგი გავარჯიშებით დასწავლის მიდგომას

ბიჰევიორიზმის გავლენით სასწავლო გეგმაში დაიწყეს სასწავლო მიზნების სპეციფიკური
ფორმულირების პრინციპების დანერგვა

აშშ-ში მასწავლებლების უმრავლესობა
იყენებდა სასწავლო მიზნებისა და სწავლების შედეგების ფორმულირების წესებს

ა) სწავლებისადმი ინდივიდუალური მიდგომა
აშშ-ის განათლების სისტემაში ეს იდეა დაინერგა მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან და კელერის გეგმასთან არის დაკავშირებული. ამ გეგმის მიხედვით, სწავლება უნდა განხორციელდეს მოსწავლის ინდივიდუალურ საჭიროებათა განსაზღვრის საფუძველზე. ამ ტიპის სასწავლო გეგმის სპეციფიკაა სწავლის ინდივიდუალური ტემპის გათვალისწინება, დაოსტატების ტექნიკის გამოყენება, სასწავლო მოტივაციის გაძლიერება, მასალის ნაწილებად დაყოფა და მათი ათვისებისთვის საჭირო ეტაპების გამოყოფა, ყოველი ნაწილის ათვისების შეფასება. ამ გეგმის საფუძველზე მე-20 საუკუნის 70-იან წლებში პიტსბურგის უნივერსიტეტში შეიქმნა სწავლების ინდივიდუალური გეგმა და ფლანაგანის სასწავლო გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა დახმარება და დამატებითი სწავლება კონკრეტული საჭიროების გათვალისწინებით.

ბ) კომპიუტერის დახმარებით სწავლება. აშშ-ში გავრცელდა მე-20 საუკუნის 50-იანი წლებიდან და ძირითადად მიმართული იყო ჩვევების გავარჯიშებისა და მექანიკური დასწავლისკენ. სწავლების პრინციპი ბიჰევიორისტულ მიდგომაზე იყო დაფუძნებული: მიზნის განსაზღვრა, დავალების ნაწილებად დაყოფა, ყოველ ნაწილზე მუშაობა კონკრეტული ალგორითმის საფუძველზე და შედეგის შეფასება. დღეს კომპიუტერს სასწავლო პროცესში მრავალმხრივ იყენებენ არა მხოლოდ სასწავლო კომპიუტერული პროგრამების სახით, არამედ სასწავლო პროცესში დავალების შესრულების დროს კომპიუტერის გამოყენების გზითაც.

გ) სწავლებისადმი სისტემური მიდგომა. მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში ჩამოყალიბდა და კომპიუტერული მეტაფორა დაედო საფუძვლად. შესაბამისად, სწავლების სისტემის დიზაინი გულისხმობს მოსწავლის საჭიროებათა შეფასებას, გრძელვადიანი მიზნების დადგენას, მათ საფუძველზე მოკლევადიანი მიზნების ჩამოყალიბებას, შეფასების სტრატეგიის განსაზღვრას, სწავლების მეთოდის შემუშავებას, მასალების შერჩევას, მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებას.
 
20. რა არის თეორიის ძლიერი მხარე? 
თეორიის ძლიერი მხარეები:

ა) ბიჰევიორისტული მიდგომა ეფექტურია ჩვევების ასათვისებლად, მასალის შინაარსის დასასწავლად, ქცევის მართვისთვის, სასურველი ქცევის მისაღწევად და ქცევის შესაცვლელად.

ბ) სწავლების მეთოდოლოგია:
* დავალების ანალიზი და კომპონენტების გამოყოფა;
* მოსწავლეთა მისაღები ქცევების განსაზღვრა და მათი განმტკიცება;
* სწავლების მეთოდიკა დამყარებულია ხშირ ასოციაციურ კავშირებზე, შესრულებასა და მისაღწევ მიზანს შორის მკაფიო უკუკავშირზე. 

გ) დავალებები იყოფა მცირე კომპონენტებად და მათ ასათვისებლად საჭირო ეტაპებად, შემდეგ კი ხდება გამთლიანება. გამოიყოფა დახმარების ხარისხები: ფიზიკური დახმარება, ერთობლივად კეთება, სიტყვიერი, მითითებით დახმარება და დამოუკიდებელი შესრულება. დავალებების მიწოდება ხდება მარტივიდან რთულისკენ და მოსწავლე ოსტატდება კონკრეტული დავალების დამოუკიდებლად შესრულებაში.

გზაგასაყარი უდაბნოში

0
ასე ერქვა პატარა მოთხრობას, რომელიც დიდი ხნის წინ რომელიღაც გაზეთიდან თუ ჟურნალიდან ამოხეულ ფურცლებზე ამოვიკითხე. მას შემდეგ ამ მოთხრობის გმირები სულ თვალწინ მიდგანან. შევეცდები, გიამბოთ მისი შინაარსი.

უდაბნოს გრძელ ბილიკს თაკარა მზის ქვეშ ორი გლახაკი დასდგომოდა. კერიის მიტოვება ორივეს დუხჭირი ცხოვრებით გამო მოუწია. გზაც თითქმის ერთი ჰქონდათ – უდაბნოს მეორე ნაპირი. ერთს იქ პორტი ეგულებოდა, მეორეს – საყდარი. პირველს იმედი ჰქონდა, პორტში რაიმე საქმეს იპოვიდა, ცოტა ფულს იშოვიდა, თავსაც გაიტანდა და შინ დარჩენილ ცოლ-შვილსაც დააპურებდა… მეორეს გაეგონა ძველი სასწაულმოქმედი ეკლესიის ამბავი და იქ მიეჩქარებოდა. ეს მისი უკანასკნელი იმედი იყო. მანამდე თავის მხარეში ყველა წმინდა ადგილი მოელოცა, მრავალჯერ დაჩოქილიყო ხატების წინაშე, მრავალი საათი გაეტარებინა ვედრებაში, შეეწიეო, უფალო, ჩემს ოჯახს, მაგრამ მუდმივი თანამგზავრებისთვის – შიმშილისა და სიცივისთვის – ვერა და ვერ დაეღწია თავი.

მიუყვებოდა ბილიკს ეს ორი გლახაკი – მაშვრალი და მლოცველი – და დაუსრულებელ, მომქანცველ გზას ფიქრებით იმოკლებდა. ერთმანეთს ბილიკზე შეხვედრისას გამოლაპარაკნენ. გაანდეს თავ-თავიანთი გულისნადები და მიხვდნენ რა, რომ მათი გზები უდაბნოს ბოლოს უნდა გაყრილიყო, დადუმდნენ… გზას ჩუმად მიუყვებოდნენ. ერთი კია, ერთმანეთის ფიქრები თითქმის ესმოდათ…

“უფალო, რა იქნება ამ მაშვრალ კაცს თვალი აუხილო და შეაგნებინო, რომ ხსნა მხოლოდ შენს სიყვარულშია. ერთადერთი სწორი გზა შენკენ მოდის. იქნებ დაინახოს გზა ჭეშმარიტებისა და ჩემთან ერთად წამოვიდეს შენს ტაძარში…” – ფიქრობდა მლოცველი.

“ეჰ, რა იქნებოდა, ჩემი თანამგზავრიც პორტში მოდიოდეს. ერთად ხომ უფრო ადვილად ვიშოვით ლუკმაპურს. ერთს გვექნებოდა – მეორეს გავუზიარებდით… გზაც გაგვიიოლდებოდა, ერთად უკეთაც მოვიფიქრებდით ამ ძაღლუმადური ცხოვრებიდან გამოსავალს…” – ფიქრობდა, თავის მხრივ, მაშვრალი.

“ღმერთო, როგორ შეიძლება, ასე უგუნურად იცხოვროს ადამიანმა, ეს გლახაკი რომ ცხოვრობს? მთელი ცხოვრება წელებზე ფეხს იდგამს, დღესა და ღამეს ასწორებს ლუკმაპურის საშოვნელად და ერთხელაც არ მომდგარა შენს კარზე, გროშიც არ გაუღია სანთლის დასანთებად…” – კიცხვაზე გადავიდა ტაძრისკენ მიმავალი.

“ალბათ დიდი ჭკუა-გონებით არ გამოვირჩევი… თუნდ ჩამქოლოთ, არ მესმის, როგორ შეიძლება, მთელი ცხოვრება მხოლოდ ღმერთს ევედრო სარჩოს და თავად ერთი კვალიც არ გაავლო ხნულში, ხორბლის ერთი მარცვალიც არ ჩააგდო მიწაში”, – ბრაზი მოერია მაშვრალსაც.

უცებ ზურგს უკანიდან შორეული სიცილი შემოესმათ. ორივე შედგა და უკან მიიხედა. არავინ ჩანდა… წინ დიდი გზა ედოთ, ამიტომ გააგრძელეს სიარული, თუმცა ნაბიჯს უკლეს, იმ იმედით, რომ ის მესამე წამოეწეოდათ.

“რა იქნება, ისიც პორტში მოდიოდეს… მაშინ ხომ ჩემს თანამგზავრს ადვილად დავაჯერებდი, რომ მე უფრო სწორ გზას ვადგავარ დღეს. მაშინ უკვე სამნი ვიქნებოდით ერთად…” – ფიქრიდან ოცნებისკენ გადაუხვია მაშვრალმა.

“ღმერთო, მიეცი ძალა, რომ მალე დაგვეწიოს და დაინახოს ამ გლახაკმა, საით უნდა მიდიოდეს”, – გაიფიქრა მლოცველმა, თითქმის დარწმუნებულმა, რომ ის მესამეც მისნაირი იყო.

კვლავ შემოესმათ სიცილი, ახლა – უფრო ახლოდან… ისევ მიიხედეს – ისევ ვერავინ დალანდეს… თუმცაღა დიდი იყო მესამის შემოერთების წადილი, დრო არ ითმენდა და არც ამათ შეუნელებიათ ნაბიჯი.

“ღმერთო დიდებულო, უზომოა შენი მოწყალება. ჰქმენი მადლი და მოაბრუნე ჭეშმარიტი გზისკენ ეს ცოდვილი. როგორ შეიძლება, ერთხელაც არ მიხვიდე წირვაზე, ერთხელაც არ მოინანიო შეცოდებანი?! აბა, შეხედეთ, სული ისე აქვს დამძიმებული ცოდვებით, რომ ფეხებს ძლივს მოათრევს”, – ფიქრობდა მლოცველი.

“განა მე არ ვიცი, რომ ცოდვილი ვარ, განა დაიარება ამ ქვეყანაზე სულიერი, ცოდვა არ ჩაედინოს? მაგრამ ყველაზე დიდი ცოდვა იმ ცოდვის მონანიება მგონია, რომელსაც ვიცი, რომ ისევ ჩავიდენ. ღმერთო, ნუ მიწყენ, რომ არ მოვდივარ შენს ტაძარში და არ ვინანიებ ცოდვებს შენ წინაშე. ვერ მოგატყუებ… უკანასკნელი ამოსუნთქვის წინ მოვალ შენთან, მაშინ გეტყვი აღსარებას, მეტად ვეღარ შემაცდენს ცხოვრება… მანამდე კი მაპატიე ჩემი თავნებობა…” – თითქოს მიუხვდა მაშვრალი მლოცველს…

ასე მიუყვებოდნენ უსასრულო ბილიკს და მათი ფიქრებიც განაგრძობდნენ ხეტიალს ფიქრთა უკიდეგანო სამყაროში. ხან კიცხავდნენ ერთმანეთს, ხან იცოდებდნენ და ხანაც, ვინ იცის, ოცნებით რომელი მთის მწვერვალს იპყრობდნენ… დროდადრო ისევ ესმოდათ მოგუდული სიცილი, თუმცა მესამე ჯერ კიდევ არ ჩანდა… მათაც ნელ-ნელა მიავიწყდათ იგი. ახლოვდებოდა გზის დასასრული… იმდენად დიდი იყო საწადელის მიღწევის სურვილი, რომ უხილავი თანამგზავრის სიცილს ყურადღებას აღარც აქცევდნენ.

ბოლოს, როგორც იქნა, მიაღწიეს გზის გასაყარს… აქ მათი გზები იყრებოდა. წუთით შეჩერდნენ და თვალებში ჩახედეს ერთმანეთს მდუმარედ.

“მენანები, გლახაკო, დიდ შეცდომას უშვებ, სალოცავად რომ არ მომყვები. წამოდი, ილოცე და შენც გეშველება და შენს ოჯახსაც…” 

“მე გამომყევი, თანამგზავრო, ერთად ვღვაროთ ოფლი, ერთად მოვიპოვოთ სარჩო. ასე უფრო შეისმენს უფალი შენს ლოცვა-ვედრებას…”

გაიფიქრეს ეს, ზურგი აქციეს ერთმანეთს და მარტონი გაუყვნენ თავ-თავის ბილიკს.

ღმერთი კი იცინოდა…
რატომ დამამახსოვრდა ეს ამბავი ასე კარგად? ვინც ლაბორატორიაში ერთხელ მაინც ყოფილა და ორგანული ნაერთის სინთეზი უცდია, ადვილად მიმიხვდება სათქმელს… ვიღებთ რეაგენტებს, ვურჩევთ რეაქციის პირობებს, მოწყობილობებს, მერე რამდენიმე საათის განმავლობაში თავს დავტრიალებთ, ცივ ნიავს არ ვაკარებთ… მაგრამ, მთელი ჩვენი ცოდნისა და რამდენიმესაათიანი მუყაითი გარჯის მიუხედავად, სულ სხვა ნაერთს ვიღებთ… რატომ? ალბათ ქიმიის ჯერ კიდევ შეუცნობელი კანონზომიერებები დაგვცინიან…

მასწავლებელი ზოგჯერ უშვილო, ანუ სასიკვდილო ჩვენ ვართ მხოლოდ

0
მეგობარი მყავს ერთი, უნივერსიტეტის, მასწავლებელი თუ ვარ დღეს, მისი დამსახურებაა. კაი ხნის ამბავს ვყვები, იმდენი ხნისას, ჩემმა დირექტორმა გაიცინა ერთი კვირის უკან, მე და შენ მგონი შევაბერდით ერთმანეთსო.

გამექცა სიტყვა. ჰოდა, იმას მოგახსენებდით, ჩემი ძმაკაცის დამსახურებაა-მეთქი ჩემი მასწავლებლობა, „თხამ შეჭამა ვენახს” ჰგავს ეგ ამბავი. ჩემი ძმაკაცის ნაცნობს თავისმა ნაცნობმა ჰკითხა, ვინმე ახალგაზრდა ხო არ იცი, სკოლაში რომ გამოდგებოდეს, ისეთიო, ჩემი ძმაკაცის ნაცნობმა ჩემს ძმაკაცს ჰკითხა, –  სტუდენტები ვიყავით მაშინ ჯერ კიდევ, – შენიანს მუშაობა ხო არ უნდა ვინმესო, ამ ჩემმა ძმაკაცმა – ჩვენს საერთო ძმაკაცს, რას იტყვიო, იმან – მე არა, მაგრამ ეგ იზამსო, ჩემზე, მერე ჩემმა ძმაკაცმა მითხრა მე, მე ვუთხარი „კი” ჩემს ძმაკაცს, იმან – თავის ნაცნობს, იმ ნაცნობმა – თავისას და ის ნაცნობის ნაცნობი აგერ ამდენი წელია ჩემი დირექტორია, მოკლედ, უკუღმა დატრიალდა ეს კარუსელი. 

ამ ოდესღაც მომხდარს იმიტომ არ ვყვები ახლა, რომ სენტიმენტები შემომაწვა და მაისის ხვატში იანვრის გაყინული დილით ჩატარებული პირველი გაკვეთილი გამახსენდა, რომლის, ვაღიარებ და, ნახევარი რაა, მეოთხედიც არ ჩამრჩენია გონებაში, ნერვიულობისგან. არა სულ სხვა ისტორია მინდა გიამბოთ, სიტყვა გამექცა ისევ.

ჩვენ შორის მუშაობა ყველაზე ადრე იმ ჩემმა ძმაკაცმა დაიწყო. ჩვენ სკოლაში წასვლა არ გვიფიქრია თავიდან, გოგოების არ ვიცი და ფილოლოგი ბიჭები ცოტა სხვას ფიქრობდნენ ხოლმე გუნებაში, როცა უნივერსიტეტის პირველ კორპუსში პირველ სექტემბერს 103-ე აუდიტორაში მოხვედრაზე ოცნებობდნენ. ჰოდა, ჩვენც მივედ-მოვედებოდით ათას საქმეს, მასწავლებლობას შორს ვიჭერდით, სკოლაში მაინც, – უიღბლოთა საქმედ ჩანდა 19 წლის პოეტებისა და მთარგმნელებისთვის ორმოცწუთიანი ლაყაფი, „წესიერად მოიქეცი, გაკვეთილი რატომ არ იცი” მონოლოგები, ჟურნალის წარმოება და წლის ბოლოს გამოყვანილი ნიშნები. ახალი გამოქცეულები ვიყავით ბავშვობიდან და არავითარი სურვილი უკან დაბრუნების არ გვქონდა. 

ამ ჩემმა ძმაკაცმა კიდე დაადო თავი და პირველმა დაიწყო მუშაობა, შეჰყვა და შეჰყვა, ახლა ვიცი, როგორც არი, მაშინ გვეუცხოებოდა; ჩვენ რომ მომავლის გეგმებზე დავიწყებდით ხოლმე ლაპარაკს, ის თავის ბავშვებზე გვიყვებოდა – როგორ გაჰყავდა თითისტოლა პირველკლასელები ტუალეტში მოსაფსმელად და როგორ წითლდებოდა თვითონ ყურებამდე.

ჰოდა, იმან თქვა ერთხელ, უკეთესი სამსახური შემომთავაზეს და არ ვიცი, რა ვქნაო, მეთქი, როგორ რა უნდა ქნა, დათანხმდი. მოვიდა ერთ კვირაში, უარი ვთქვიო. დავცინეთ, მახსოვს, მარტო მაშინ კი არა, მთელი სტუდენტობა ვეშაყირებოდით, ის კიდე ჩვენთან ერთად იცინოდა და თავის მართლებასავით გაიძახოდა, რა ვქნა, არი რაღაცაო, ვერ დავტოვებო. იმის მერე წლები გავიდა, უკვე ვიცი, რო მართალი იყო ის ჩემი ძმაკაცი, მართლა არი ის რაღაც და ბავშვმა ერთხელ თუ გკითხა, „მომავალ წელსაც ხო თქვენ გვასწავლით, მასწავლებელოო”, მერე მოკვდები და მთლად ოქროს საბადო თუ არ შემოგაძლიეს, იმ ბავშვს იმედს ვერ გაუცრუებ. არადა მაინც დიდივით ეტყვი, რომ არ იცი, სასექტემბროდ რა და როგორ იქნება.

ერთი კვირის უკან ძალიან გაიქაჩნენ ჩემი მეათეები. ბოროტებით არ მოსდიოდათ – რასაც ისმენდნენ და უყურებდნენ, იმას იმეორებდნენ, მე კიდე ტვინში სისხლი ჩამექცა კინაღამ, მეთქი, „ვეფხისტყაოსანი”, მეთქი, შუშანიკი, მეთქი, ხანძთელი, მეთქი, „აბოს” პირველი თავი, მეთქი, გეი ვარ და თუ ვინმე გინდათ შეიძულოთ, პირველ რიგში ჩემი შეძულება მოგიწევთ. დაიზაფრნენ, დაიზაფრნენ უბედურად. თან ახლა „,დავითიანის” პირველ ნაწილს გადიან, აი, იმას, „ისწავლე სწავლის მძებნელომდე” როა, რომელიღაც ჭკუის კოლოფმა სკოლის პროგრამიდან რომ ამოიღო, ჰოდა, მაგრად უჭირთ ეს გურამიშვილისეული სახარება და ქრისტიანობა. 

პარასკევს არ ვიცი რომელიმემ მიბედა თუ არა იმ მუშტის ტრიალში, აღარც მიკითხავს მერე, იმედი კი მაქვს, რომ უმრავლესობა შინ დარჩებოდა. არადა რამდენი სკოლისჩანთაგადაკიდებული დაგლიჯინობდა აქეთ-იქით ჩვიდმეტში, იგინებოდა და უხაროდა ბრბოს ნაწილობა. იმის ილუზია არა მაქ, მე დამიჯერეს და იმიტომ დაეტივნენ-მეთქი სახლში – პირიქით, დარწმუნებულიც ვარ, რაღაც სულ ერთი გრამი არ ეყოთ ველურობისა, თორე წამსვლელები იყვნენ. თავის მოტყუება იქნება სხვანაირად ფიქრი, თავის მოტყუება კიდე რა საკადრისია.

რატო მოვყევი ამ ყველაფერს და ჩემს ეზოში ჩემს თაობაში სამი კაცის გარდა ყველა ან ყოფილი ნარკომანია, ან მოქმედი. ჩემი კლასელებიდან ერთი ჩხუბში დაჭრეს და სისხლი მოეწამლა, ერთი კაიფში ჩარჩა და, რაც თავი მახსოვს, სულ მკურნალობდნენ, ზოგი დაიჭირეს, გოგოები დათხოვდნენ, ბიჭები კიდე სულ თითზე ჩამოსათვლელები ვართ გადარჩენილები. ჩემი დის კლასიდანაც ეგრეა. ერთი თვის უკან ჟვანიას მოედანზე თოთხმეტიოდე წლის ბიჭი ჩემ წინ აჭერდა ხელს შუქნიშნის ღილაკს და იგინებოდა, კარი რატო არ იღებაო. პარასკევს კიდე ზღვა ხალხი დარბოდა ჩვენი ქვეყნის მთავარ მოედანზე, დაგხოცავთო, ყვიროდნენ.

თევზი თავიდან ყროლდებაო, ნათქვამია. რამდენი თაობა უნდა დავკარგოთ ჩვენ, ქართულმა სკოლამ, ქართველმა მასწავლებლებმა, რომ მივხვდეთ – ეტყობა, რაღაცას ისე ვერ ვასწავლით, როგორც საჭიროა. იმ ხუთმა, ათმა თუ თხუთმეტმა ათასმა კაცმა ხო არაფერი არ იცოდა თავისი ქვეყნის, სამშობლო რა არი, არ იცოდა, ,,ვეფხისტყაოსანი” არ იცოდა, ვაჟა არ იცოდა და გურამიშვილი. სულ იმას ვფიქრობ, ეტყობა, ვერ ვასწავლით კარგად. არადა წლებია, მამაცურად ვდუმვართ, ოო, რა მამაცები ვართ თვალის მოხუჭვაში, ხმის ჩაკმენდაში. თქვენი არ ვიცი და მეხუთე დღეა, ეგ დუმილი კივილად რეკავს ჩემს გულგვამში, კივილად რეკავს, ხმაჩახლეჩილი.

ეგრე მგონია, ჩვენ, მასწავლებლებს, ყველას, ქართული სახელმწიფოს წინაშე ბოდიში გვაქვს მოსახდელი, პატიება უნდა ვთხოვოთ არა მხოლოდ იმათ, ავტობუსებში მსხდომებს, დაზარელებულებს, ვითომ ბარიკადს იქით გადადენილებს, არამედ პირველ რიგში იმ ბიჭების, იმ გოგოების მშობლებს, შეშლილი სახეებით რომ დარბოდნენ რუსთაველის გამზირზე. პატიება უნდა ვთხოვოთ – ვერ გაგვიზრდია, წაგვიხდენია მშობლებისგან გულმხურვალედ მობარებული შთამომავლობა. თორმეტი წელი გვიწვალია და დაგვიმახინჯებია, ნაიარევებით აგვივსია ოდესღაც ტუალეტში მოსაფსმელად გაყვანილი თითისტოლები. არ იფიქროთ, ექვსი წლისანი, როცა პირველად დასხდნენ მერხებთან, ამგვარები იყვნენო; არა, არა და არა – ჩვენ ვაქციეთ ისინი ასეთებად, პოტენციურ კაცის მკვლელებად. ჩვენ ვერ ვასწავლეთ სიყვარული მათ, ვერც ადამიანის, ვერც სამშობლოსი, ვერც ზნეობის და კარგი კაცობის. 
ჩვენ, ქართველმა მასწავლებლებმა, 17 მაისს კიდევ ერთხელ გავუცრუეთ იმედი საქართველოს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...