პარასკევი, ივლისი 25, 2025
25 ივლისი, პარასკევი, 2025

Club 27

0
არსებობენ ადამიანები, რომლებიც მუსიკის სამყაროში ჩემს იდეალებად მიმაჩნია. მათი რიცხვი არცთუ დიდია. ზოგი უკვე აღარ არის ცოცხალი, რამდენიმეს კონცერტს კი ახლაც სიამოვნებით დავესწრებოდი. მაგალითად, როჯერ უოტერსისა, ანდა ბი ბი კინგისა… სამწუხაროა, რომ ვეღარასოდეს მოვუსმენ ცოცხლად ისეთ მუსიკოსებს, როგორებიც, მაგალითად, ჯიმი ჰენდრიქსი ან ჯენის ჯოპლინი იყვნენ. რობერტ ჯონსონზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

სხვათა შორის, ეს სამი სახელი შემთხვევით არ მიხსენებია ერთ ჭრილში. მიუხედავად არათანადროულობისა, ამ სამ მუსიკოსს ბევრი ერთ დიდ კლუბში აერთიანებს. მასში მოხვედრა, მართალია, დიდი პატივია, მაგრამ ერთი უარყოფითი მხარეც აქვს: კლუბში მხოლოდ გარდაცვლილი მუსიკოსები ხვდებიან.

ყოველთვის მინდოდა დამეწერა ამ მისტიკური “კლუბის” შესახებ. მას “Club 27” ჰქვია და მის გარეშე მუსიკის შესახებ ფიქრი ჩემთვის წარმოუდგენელია… ამ თემას გაკვრით შევეხე წერილში “გზაჯვარედინზე”, როდესაც რობერტ ჯონსონის შესახებ ვწერდი. ამჯერად კი მინდა, პოსტების სერია წამოვიწყო და “ოცდაშვიდელთა კლუბს” რამდენიმე პუბლიკაცია მივუძღვნა.

თავდაპირველად მოკლედ მოგითხრობთ იმის შესახებ, რას წარმოადგენს ეს კლუბი.

ყველაფერი 1969-1971 წლებში დაიწყო, როდესაც მუსიკის მოყვარულებმა ზედიზედ რამდენიმე ძალიან სამწუხარო დანაკარგი განიცადეს. 69-ში ბრაიან ჯონსი გარდაიცვალა. ის ლეგენდარული ამერიკული როკ ჯგუფის, “The Rolling Stones”-ის, ერთ-ერთი დამფუძნებელი და ლიდერი გახლდათ. ჯონსის გარდაცვალებას კიდევ ორი ძალიან დიდი და, ვიტყოდი, მსოფლიო მუსიკის ისტორიაში ნამდვილად გამორჩეული ადამიანის სიკვდილი მოჰყვა: ჯენის ჯოპლინისა და ჯიმი ჰენდრიქსისა.

ჯოპლინი – მუსიკის მეამბოხე ქალღმერთი, ჩახლეჩილი ხმით, დამახასიათებელი მანერულობითა და წარმოუდგენლად ძლიერი ვოკალური მონაცემებით. ქალღმერთი, რომელმაც სიცოცხლე ნარკოტიკების გამო დაასრულა…

დიდი ალბათობით, იმავე მიზეზს მიეწერება მსოფლიოს ყველა დროის ნომერ პირველი გიტარისტის, ჯიმი ჰენდრიქსის გარდაცვალებაც. ჰენდრიქსზე მომდევნო პოსტში უფრო დაწვრილებით მოგითხრობთ, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ მსოფლიოს პირველი გიტარისტის სტატუსი მას მუსიკალურ სამყაროში ძალიან ავტორიტეტულმა ჟურნალმა, “როლინგ სტოუნმა” მიანიჭა. ამავე ჟურნალმა 2005 წელს ჰენდრიქსს მე-6 ადგილი მიაკუთვნა მსოფლიოს ყველა დროის 100 საუკეთესო ხელოვანს შორის.

განგებამ მუსიკის მოყვარულებს ეს დანაკლისიც არ აკმარა – 1971 წელს ჯიმ მორისონიც გარდაიცვალა, ჯგუფ “The Doors”-ის ვოკალისტი და შესანიშნავი ამერიკელი პოეტი. გარდაცვალების მიზეზი – ჰეროინის ზედმეტი დოზა…

ალბათ ძნელია იმ ეპოქაში ცხოვრება, როდესაც მუსიკალური იდეალები ნელ-ნელა გეცლება ხელიდან… თანაც ყველა ზუსტად 27 წლისა გარდაიცვალა. არავინ იცის, ეს უბრალო დამთხვევაა თუ რაღაც მისტიკური მოვლენა, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება.

სწორედ ამ ფაქტიდან გამომდინარეობს “ოცდაშვიდელთა კლუბის” იდეაც. ეს იდეა თითქოს კიდევ ერთხელ “დაადასტურა” ჯგუფ “ნირვანას” ლიდერის, კურტ კობეინის მოულოდნელმა გარდაცვალებამ 1994 წელს. გავრცელებული ვერსიით (რომლისაც ჯგუფის თაყვანისმცემელთა დიდ ნაწილს დღემდე არ სჯერა), მან ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე თავი მოიკლა. კურტიც 27 წლის იყო.

ბევრი “ოცდაშვიდელთა კლუბის” იდეის დაბადებას კობეინის დედას, უენდი ო’კონორს უკავშირებს. კურტის გარდაცვალების შემდეგ მან ასეთი კომენტარი გააკეთა: “ახლა ის მკვდარია და შეუერთდა იმ საშინელ კლუბს… მე მას ვთხოვდი, ამ სულელურ კლუბს არ შეერთებოდა…”

კობეინის გარდაცვალებამ და მისი დედის განცხადებამ “Club 27”-ის შესახებ დისკუსიის აქტიურ გაგრძელებას დაუდო სათავე. არადა, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ო’კონორი “კლუბში” არა მუსიკოსებს, არამედ კურტ კობეინის ბაბუის ძმასა და ორ ბიძას გულისხმობდა – სამივე მათგანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

მოკლედ, საქმე კიდევ ერთ მისტიფიკაციასთან გვაქვს, რომელიც ლეგენდარულ ხელოვანთა თაყვანისმცემლებმა თავად განახორციელეს. მთავარი იდეა დაახლოებით ასე ჟღერს: “ყველაზე ძლიერი როკმუსიკოსები 27 წლისანი იხოცებიან”.

ასეა თუ ისე, “ოცდაშვიდელთა კლუბში” მსმენელებმა 50-მდე ცნობილი თუ ფართო მასებისთვის ნაკლებად ცნობილი მუსიკოსი გააერთიანეს. ერთ-ერთი მათგანია 1938 წელს გარდაცვლილი რობერტ ჯონსონი, რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ წერილში “გზაჯვარედინზე”. სადღეისოდ კლუბის უკანასკნელ წევრად R&B-ს მომღერალი, 5 გრემის მფლობელი ემი უაინჰაუსი ითვლება – ისიც 27 წლისა გარდაიცვალა 2011 წელს.

აი, ასეთია ისტორია “ოცდაშვიდელებისა”, რომელიც ლეგენდებსა და ნაკლებად ცნობილ მუსიკოსებს აერთიანებს. სხვებისგან განსხვავებით, ისინი სამუდამოდ ახალგაზრდებად დარჩნენ.

თუმცა უნდა ითქვას, რომ რამდენიმე მათგანი ყველასგან გამორჩეულია. ამაში მალე თავად დარწმუნდებით – მომდევნო პოსტი ხომ ამ ადამიანზე იქნება:

 

თანამშრომლობითი სწავლების მეთოდები. სეგმენტური მეთოდი

0

სოფიკო ლობჟანიძე

თანამშრომლობითი სწავლება წარმოადგენს სწავლების ყველაზე თანამედროვე ფორმას, რომელსაც მასწავლებლები სულ უფრო აქტიურად იყენებენ სასწავლო პროცესში. იგი მიმართულია პარტნიორული და ჯგუფური მუშაობისკენ, რომელიც მოითხოვს მონაწილეთა სინქრონულ და ასინქრონულ, კოორდინირებულ და კონსტრუქციულ აქტივობას პრობლემის ერთობლივად გადასაჭრელად და საერთო მიზნის მისაღწევად.

თანამშრომლობითი სწავლების დროს, დამოუკიდებელი და კონკურენტული სწავლებისგან განსხვავებით, მოსწავლეებს უვითარდებათ ორმაგი – როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური – პასუხისმგებლობა. ამ დროს თითოეული მათგანი პასუხს აგებს არა მარტო საკუთარ თავსა და კეთილდღეობაზე, არამედ ჯგუფსა და მის წარმატებაზეც.

ამრიგად, თანამშრომლობითი სწავლებისას გამოყოფენ პასუხისმგებლობის ორ დონეს. პირველია ჯგუფური პასუხისმგებლობა, რათა ჯგუფმა მიაღწიოს მიზანს, ხოლო მეორე – ჯგუფის თითოეული წევრის პასუხისმგებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ჯგუფის მუშაობასა და წარმატებაში. სწორედ პასუხისმგებლობის ეს ორი დონე უნდა იყოს ინტეგრირებული თანამშრომლობით გაკვეთილში, თითოეულ მოსწავლეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ მისი წარმატება ჯგუფის წარმატების საწინდარია.

თანამშრომლობითი სწავლებისთვის შექმნილი ჯგუფის ერთ-ერთი ამოცანაა, თითოეული წევრი აქციოს მკვეთრად გამოხატულ ინდივიდად, თუმცა კვლევები გვიჩვენებს, რომ ჯგუფური მუშაობის დროს ბევრი მოსწავლე ცდილობს, სხვის ხარჯზე გავიდეს ფონს და დაუმსახურებლად მიიღოს ჯილდო. აქედან გამომდინარე, ადვილი არ არის, შევაფასოთ ჯგუფურ მუშაობაში თითოეული მოსწავლის მიერ შეტანილი წვლილი. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა გონივრულად უნდა შეარჩიოს ჯგუფური მუშაობის მეთოდი.
გთავაზობთ თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთ მეთოდს – სეგმენტურ მეთოდს, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური პასუხისმგებლობის განვითარებაში და საშუალებას აძლევს მასწავლებელს, შეაფასოს როგორც თითოეული მოსწავლის პირადი წვლილი ჯგუფურ მუშაობაში, ასევე ჯგუფის საქმიანობის საერთო პროდუქტი.
მეთოდის მოკლე აღწერა
სეგმენტური მეთოდი არის გრაფიკულად სტრუქტურირებული თანამშრომლობითი სწავლების მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, ჯგუფის ყველა წევრის ინდივიდუალური მუშაობის შედეგების შერწყმით მომზადდეს და კლასს წარედგინოს ჯგუფის საერთო პროდუქტი.
მეთოდის მიმდინარეობა
. კლასი იყოფა ოთხ-, ხუთ- ან ექვსკაციან ჯგუფებად.
. თითოეულ ჯგუფს ურიგდება მუშაობისთვის საჭირო რესურსები – A3 ან უფრო დიდი ზომის ფორმატი და მარკერები.
. ფორმატი იყოფა სეგმენტებად – ერთ ცენტრალურ და რამდენიმე გარე სეგმენტად (გარე სეგმენტების რაოდენობა ჯგუფის წევრთა რაოდენობაზეა დამოკიდებული. თუ ჯგუფი ოთხი წევრისგან შედგება, გარე სეგმენტიც ოთხია და ა.შ.).

იხ. ქვემოთ მოცემული გრაფიკული გამოსახულება:
 
თითოეული გარე სეგმენტი ჯგუფის თითო წევრს ეკუთვნის, ხოლო ცენტრალური – მთელ ჯგუფს.
. ჯგუფის ყოველი წევრი იღებს მასწავლებლისგან დავალებას (ერთსა და იმავეს ან სხვადასხვას).
. მოსწავლეები საკუთარ იდეებს მათთვის განკუთვნილ სეგმენტში აღწერენ და ხელის მოწერით ადასტურებენ. ამ ეტაპზე მეთოდი მოითხოვს სრულ მდუმარებას, ერთმანეთთან კომუნიკაცია იკრძალება.
. მას შემდეგ, რაც ჯგუფის თითოეული წევრი შეავსებს საკუთარ სეგმენტს, მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის ნააზრევს და თუ საჭიროდ მიიჩნიეს, ურთავენ წერილობით კომენტარებს.
. მომდევნო საფეხურზე იმართება დისკუსია, ერთიანდება ყველა წევრის ნამუშევარი, გამოიყოფა ყველასათვის მისაღები იდეები, იბადება ახალიც. საბოლოოდ ყველა იდეა ჯამდება და ფიქსირდება ცენტრალურ სეგმენტში, სადაც ჯგუფის ყველა წევრი აწერს ხელს.
. უკანასკნელ ეტაპზე თითოეული ჯგუფი წარმოადგენს თავის შესრულებულ სამუშაოს.

მეთოდის თეორიული და პრაქტიკული დასაბუთება
სეგმენტური მეთოდი შეიძლება განვიხილოთ როგორც კონსტრუქტივისტული. კონსტრუქტივიზმის ძირითადი იდეაა, ვასწავლოთ მოსწავლეებს ძველი და ახალი ცოდნის შედარების მეშვეობით ახალი ინფორმაციის შეგროვება, დასკვნების დამოუკიდებლად გამოტანა, დამოუკიდებლად აზროვნება, ცოდნის კონსტრუირება-შენება. ამ დროს მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა. კონსტრუქტივისტული თეორიის მიმდევრები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სასწავლო გეგმებს, რომლებიც მოსწავლეთა ინტერესებზე, მათ წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზეა აგებული. სეგმენტური მეთოდი სწორედ იმ მეთოდთაგანია, რომლებიც მოსწავლეთა გამოცდილებასა და წინარე ცოდნას ეფუძნება. ამ დროს კონკრეტული თემის ან პრობლემის შესწავლისას აქტიურდება თითოეული მოსწავლის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი უნარები, დგება იდეათა, შეხედულებათა ინტერპერსონალური კავშირები, ჯგუფის წევრთა მოსაზრებების გაცნობითა და საკუთარი კომენტარების დართვით იზრდება თითოეული მოსწავლის ინფორმირებულობა, ვითარდება ინტერპრეტაციის უნარი, დისკუსიის საშუალებით კი მოსწავლეები ანალიზის, შეფასებისა და შეჯამების უნარებს ივითარებენ.
სეგმენტური მეთოდის სასწავლო შედეგები მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მოსწავლეთა სუბიექტურ წარმოდგენებზე, დამოკიდებულებებზე, რომლებიც თავდაპირველად ინდივიდუალურად, მერე კი სხვებთან იდეების გაცვლა-გამოცვლის პროცესში სტრუქტურირდება. ამრიგად, სწავლა სეგმენტური მეთოდით არ უნდა გავიგოთ როგორც მხოლოდ ცოდნის რეპროდუქციის პროცესი – ეს არის აქტიური ათვისება, “სადაც ათვისებული ყოველთვის მასწავლებლის თვალთახედვით მოდიფიცირდება, იცვლება, რეკონსტრუირდება, მაგრამ, ამავე დროს, ხელახლა კონსტრუირდება ინდივიდის ხედვით” (Reich, K. (2006) Konstruktivistische Didaktik (3. Auflage). Weinheim:Beltz:195).

ვინაიდან კომუნიკაციური და თანამშრომლობითი უნარების განვითარება ეფექტიანი სწავლების მნიშვნელოვანი საყრდენია, გაკვეთილმა უნდა უზრუნველყოს მრავალფეროვანი სოციალური ინტერაქცია – საუბრები, დისკუსიები, დებატები და სხვა – და, რაც მთავარია, როგორც დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება, ისე სხვისი ნააზრევის გაგების, ანალიზის, შეფასებისა და ერთიანი დასკვნის გამოტანის უნარები. სწორედ სეგმენტურ მეთოდს შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ უნარების განვითარებაში. ამ მეთოდის გამოყენებისას მოსწავლეებს უვითარდებათ როგორც წერითი (საკუთარი აზრის წერილობით ფორმულირება, მეგობრის ნააზრევზე წერილობითი კომენტარის დართვა), ასევე ვერბალური (დისკუსიის პროცესში) კომუნიკაციის უნარები.
მეთოდური კომპეტენციები
სეგმენტური მეთოდის ეფექტიანობა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად აქვთ განვითარებული მოსწავლეებს ზემოხსენებული უნარები. მათ უნდა შეეძლოთ, განსაზღვრულ დროში გარკვევით, ზუსტად და გამართულად გამოხატონ საკუთარი თვალსაზრისი, რათა ჯგუფის სხვა წევრებმა შეძლონ მისი ადეკვატურად გაგება და კომენტირება. გარდა ამისა, ეს მეთოდი მოსწავლისგან მოითხოვს აბსტრაქციის, განზოგადების უნარს, ასევე – უნარს, იყოს აქტიური მსმენელი, გაუგოს სხვებს, გააგებინოს და დაიცვას საკუთარი მოსაზრება, გააანალიზოს და მიუკერძოებლად შეაფასოს როგორც საკუთარი, ასევე სხვათა იდეები, რაც აუცილებელი პირობაა კონსენსუსის უნარის განსავითარებლად.
მეთოდის გამოყენება
სეგმენტური მეთოდი ეკუთვნის იმ უნივერსალურ მეთოდთა რიცხვს, რომელთა გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო ჯგუფსა (ელემენტარული სკოლით დაწყებული, მოზრდილთა განათლებით დამთავრებული) და დისციპლინაში. ეს მეთოდი შეიძლება განვიხილოთ როგორც ჯგუფური დისკუსიის ალტერნატიული ვარიანტი, სადაც ჯგუფის თითოეული წევრის აზრს ისმენენ და ითვალისწინებენ. მეთოდი მეტად ეფექტურია პრობლემის გადაჭრის გზების საპოვნელად – აქამდე მოსწავლეთა იდეების განხილვასა და შეჯერებას მივყავართ. მეთოდი იმითაც არის უნივერსალური, რომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც თემის შესწავლის დაწყებისას, როდესაც მასწავლებელს სჭირდება მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება, ასევე შესწავლის პროცესში, როდესაც გვსურს გავიგოთ, როგორ მიმდინარეობს ის, და დასრულება-შეჯამებისას, რაც საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ როგორც თითოეული მოსწავლის, ასევე ჯგუფის მიღწევა განსაზღვრული ეტაპის ბოლოს.
პრაქტიკული გამოცდილება
სკოლებში მეთოდის დანერგვის შედეგად მიღებულმა გამოცდილებამ მეთოდის პოზიტიური ეფექტი დაადასტურა. მეთოდის დაყოფას ინდივიდუალური და ერთობლივი მუშაობის ფაზებად მინიმუმამდე დაჰყავს ჯგუფური მუშაობის დროს თავჩენილი ის რისკები, რომლებიც წერილის დასაწყისში ვახსენეთ.

მადლობა ჩემო საყვარელო ფრაუ, ასტრიდ ლინდგრენს

0

ბავშვობა სულაც არ არის სახლის მსგავსი რამ, სახლის კარი, შესაძლებელია, ერთხელაც სამუდამოდ გამოიხურო. “ბავშვობის ასაკიდან გამოსვლა” ან “ბავშვობის ასაკში დაბრუნებაც” არაზუსტი ცნებები და სუსტი მცდელობაა, ბავშვობა ოთხკედელშუა მოაქციო, შუაში კი კარი ჩამოუკიდო და თქვა, რომ რადგან 13, 14, 15 წელს გადასცდი, ამ კარიდან უკანმოუხედავად უნდა გახვიდე, ხოლო თუ 70– ს უკვე მიაღწიე, დაბრუნების დროა. კედლის თვისება სიმყარეა და ამ თვისებას მას სხვადასხვა ტიპის საშენი მასალა სძენს. სამშენებლო მასალები კი იმდენად კონკრეტულია, მეტაფორულადაც შეუძლებელია ამ მოსაწყენი რამეებით ისეთი უზარმაზარი და მნიშვნელოვანი რამ ააგო, როგორიც ბავშვობაა. თუმცა, უზარმაზარობასთან ერთად, დიახაც, მისი კომპაქტურობაც აღსანიშნავია: სახლს მთელი ცხოვრება ზურგზე მოგდებულს ვერ ატარებ, ბავშვობა კი სულ თან რომ არ გქონდეს, იმაზე მეტად გაგიჭირდებოდა, ვიდრე უწყლოდ თუნდაც სულ მცირე უდაბნოს გადალახვისას.

ბოლოსდაბოლოს, ბავშვობა ხანდახან არის წიგნი. წიგნი სრულიად უთვისებოა იმ შემთხვევაში, თუ მას დანიშნულებისამებრ არ გამოიყენებ, სხავადსხვა და სასარგებლო თვისებებს კი საჭირო დროს საჭირო ადამიანების ხელში მოხვედრისას იძენს. მაგრამ არანაირი საჭირო დრო და საჭირო ადამიანები არ არსებობენ მაშინ, როცა ასტრიდ ლინდგრენზე ვსაუბრობთ: რჩებიან ადამიანები და დრო. ადამიანების და დროის საერთო თვისება დავიწყებაა, დავიწყების პოზიტიური გაგება უფროსების მიერ ასაკის, როგორც ხელსაქმის, გვერდზე გადადებას, ბავშვების მიერ კი უფროსების, როგორც ცენზორების მივიწყებას გულისხმობს. ეს დროებითი ამნეზია მხოლოდ იმ შემთხვევაში “გვემუქრება”, თუ ჩვენს საყვარელ ასტრიდ ლინდგრენს ვკითხულობთ.

როგორ უნდა დაწერო ლინდგრენზე მაშინ, როცა მისი დაბადების დღეა? როგორ ულოცავენ საყვარელ ადამიანებს დაბადების დღეებს? მით უმეტეს, ამას როგორ აკეთებს დაბადების დღეების ყველაზე ცუდი მომლოცველი დედამიწის ზურგზე?– კარგი. მაშ ასე, ჩემო საყვარელო ფრაუ, მადლობა, რომ მაჩუქეთ ყველაზე კომპაქტური ბავშვობა, მე მას ხანდახან ჩანთითაც ვატარებ, თუ გავითვალისწინებთ ჩემს მისამართს, რომელიც თბილისის ცენტრს საკმაოდაა მოშორებული, მიხვდებით, რომ ეს განსაკუთრებული პირობა მგზავრობაში დაკარგულ დროს გულისხმობს. მაგრამ მე ხომ ჩანთაში კომპაქტური ბავშვობები მიდევს ხოლმე. ნებისმიერ დროს, ნავთლუღის ბაზრის მისადგომებთან, ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე თუ ავლაბარში, მე შემიძლია ვიმოგზაურო შხერებში.
მე საერთოდაც ბევრი რამ შემიძლია. შემიძლია, ახლა დავკარგო ჭკუა ზომიერად ფერხორციან, მოწიფულ მამაკაცზე და მივხვდე, რომ ეს მამაკაცი, სინამდვილეში, ერთი მარტოსული ბიჭია, რომლის ტყუილებიც ამ მარტოობიდან გაქცევის და უადამიანობის დავიწყების ერთადერთი საშუალებაა.
მე შემიძლია, ბიულერბიუელ ბავშვებთან ერთად თივის ზვინზე მეძინოს მაშინ, როცა ჩემს ქალაქში ფუმფულა საწოლებზე მისვენებული ფუმფულა სხეულები ფუმფულა სიზმრებს ხედავენ. და რა თქმა უნდა, მერე თავადაც ფუმფულა ლოგინს მივაშურო– ვის გაუგონია, სულ თივაზე ძილი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასეთი ალერგიული ვარ.
მე, პეპის გადამკიდეს, შემიძლია, ჩემს მეგობრებთან სტუმრობისას სრულიად არასტუმრულად და არამოკრძალებულად მოვიქცე და მთელი ტკბილეული გადავჭამო. მე შემიძლია, მათ შინ აღარასდროს მიმიწვიონ.
მე შემიძლია, გადავწყვიტო, გავხდე მანდილოსანი და ჭორფლები ძალიან არამანდილოსნურად მეყაროს სახეზე.
მე შემიძლია, ჩემ გვერდით მჯდომ სიმპათიურ ბიჭს ბოროტმოქმედობა მხოლოდ ჩემოდნის მსგავსი ჩანთის გამო დავაბრალო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ ჩანთაში იარაღის და ფულის ნაცვლად სრულიად უწყინარი ლეპტოპი უდევს. სხვათაშორის, ეს ყველაფერი სინდისის ქენჯნის გარეშე, გამობლუმკვისტების ჟამს შემიძლია.
მე შემიძლია მოდიოდეს სამი გოგონა და სამივე ჩემი შეყვარებული კი არა, ბოროტმოქმედი მეგონოს. ვწერდე: “მე შემიძლია, მოდიოდეს სამი გოგონა. აქედან ერთი ბოროტმოქმედია და მეორე ბოროტმოქმედია და მესამე კი ბოროტმოქმედია” და ძალიან მიკვირდეს ზვიად რატიანის, რომელმაც ზუსტად ამ გოგონებზე კარგა ხნის წინ სხვანაირად დაწერა.
მე შემიძლია, ყველა უსახლკარო ბავშვი მაწანწალა რასმუსი მეგონოს და განსაკუთრებით შემიძლია, ვერ დავეხმარო. მე შემიძლია, გული მტკიოდეს.
მე შემიძლია, შენი უცნაური, არც თუ ისე სამაგალითო პერსონაჟები, რომლებიც გამოსწორებას სულაც არ გეგმავენ, მხოლოდ იმიტომ მიყვარდეს, რომ როგორც ბავშვმა ვიცოდე: მათთან არ მოვიწყენ და როგორც ცოტათი უფროსი კი, ანტიავტორიტარული აღზრდის სიკეთეებზე და ემანსიპაციის პრობლემებზე დავფიქრდე.
“საბავშვო ლიტერატურის გმირთა შორის პეპი არის პირველი გოგონა, რომელთან იდენტიფიკაციაც არა მარტო გოგონებისთვის, არამედ ბიჭებისთვისაც მისაღები გახდა. ასე რომ, ასტრიდ ლინდგრენის წიგნებს ”ემანსიპაციაც” იმაზე უფრო ადრე მოევლინა, ვიდრე 60-იან წლებში მოდურ ცნებად ქცევას მოახერხებდა. მაგრამ პეპის დამაჯერებლობასა და პოპულარობას მარტო მისი უჩვეულობა როდი განაპირობებს: თუ ურჩ გოგონას სკოლა გულზე არ ეხატება, ეს არ ნიშნავს, რომ წიგნი ბავშვებს სკოლის დაგმობისა და უარყოფისაკენ მოუწოდებს. პეპიც და ჩვენში არანაკლებ პოპულარული კარლსონიც ბავშვური ფანტაზიის ნაყოფი, ბავშვების წარმოსახვითი გმირები არიან. ისინი არ არიან ბრმად მისაბაძი ფიგურები, არამედ შიშისა და მარტოობის დაძლევაში, საკუთარი ნიჭისა და ძალის აღმოჩენაში ეხმარებიან პატარებს – ასტრიდ ლინდგრენის წიგნების ნამდვილ გმირებს”– ამას მარიამ ჭიაურელი ამბობს რადიო “თავისუფლებისთვის” და რადგან, ციტატების მოყვანა კარგ ტონად ითვლება ხოლმე სხვადასხვა ტიპის ტექსტის წერისას (თან გაითვალისწინეთ, რომ ეს პოსტი უფროსებისთვისაც იწერება), დაე, ვიყო მოდური და ტონები კარგად შევახამო.
ბოლოსდაბოლოს, მე შემიძლია, ბედნიერი ვიყო, რადგან ვიცოდე, რომ ეს ყველაფერი შემიძლია.

და რადგან მე ეს ყველაფერი შემიძლია, დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო ფრაუ.

ლ. ბონდარი – თამაში სწავლის პროცესში

0

ალბათ, არც ერთი კულტურული მოვლენა ისე არ უკავშირდება განათლებას, როგორც თამაში. ეს კავშირი ანტიკური ხანიდან არსებობს. სიტყვა ludus-ს, რომლითაც რომაელები “თამაშს” აღნიშნავდნენ, მეორე მნიშვნელობაც აქვს – „სწავლა”. იოჰან ჰეიზინგას ნაშრომის შემდეგ კულტურაში თამაშის როლის უზარმაზარი მნიშვნელობის დასაბუთების საჭიროება აღარ არსებობს. კერძოდ სწავლის პროცესში კი თამაშის მნიშვნელობაზე ბევრი უფიქრიათ ფსიქოლოგებს, პედაგოგებს, მეთოდისტებსა და ფიზიოლოგებსაც კი. ყველას მოეხსენება, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის თამაში, რომელიც ავითარებს მას. ასევე შეუძლებელია უარვყოთ თამაშებრივი საწყისის არსებობა მეცნიერებაში. ამ გარემოებას კი, თავის მხრივ, მივყავართ იდეამდე, რომ ნებისმიერი დისციპლინის შესწავლის პროცესი თამაშს ჰგავს. თამაშს კი თავისი წესები აქვს. ქვემოთ ჩვენ მხოლოდ თამაშის ძირითად წესებზე ვისაუბრებთ, რომლებიც მნიშვნელოვანწილად ჰეიზინგას ხედვას ეფუძნება.

უპირველეს ყოვლისა, თამაშის კანონების დაცვა მასწავლებელს აიძულებს, შემოსაზღვროს სივრცე და იმ ინდივიდების წრე, რომლებიც პროცესის მონაწილენი იქნებიან. იმთავითვე გაცნობიერებულ უნდა იქნეს, რომ ამ თამაშში მონაწილეობას მხოლოდ ჩვენ მივიღებთ, სხვა არავინ. უცხოები თამაშის მიღმა რჩებიან. ბევრი გამოცდილი პედაგოგი ქვეცნობიერად იცავს ამ წესს, როდესაც არ აძლევს სხვა მსმენელებსა თუ პედაგოგებს ასეთ გაკვეთილებზე დასწრების უფლებას.

მოთამაშეთა წრის ასეთი შეზღუდვით ხსენებულ პროცესში შეძენილი ცოდნა დამატებით ღირებულებას იძენს. რჩეულთა შორის ყოფნის სურვილი და იმ ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა, რომელიც ყველასთვის არ არის ხელმისაწვდომი, ძლიერი სტიმულია სწავლის პროცესში. ცოდნა განსაკუთრებულ მიმზიდველობასა და ღირებულებას იძენს, როდესაც ძნელი მოსაპოვებელია.

მეორე: ეს პროცესი გულისხმობს უკან დახევებსა და განმეორებებს. თამაში ვერ იქნება თამაში, თუ ის მხოლოდ წინსვლითია. უკან დაბრუნება, განმეორება, გახსენება თამაშისა და შემეცნების განუყოფელი ნიშნებია. თამაშმა წრეზე უნდა იტრიალოს და მოთამაშე მოკლებული იყოს შემოსაზღვრული სივრცის დატოვების შესაძლებლობას, რითაც ხაზი ესმება თამაშის მთავარი წესების უნივერსალურ ხასიათს.

მესამე: საჭიროა წესრიგის ანუ წესების არსებობა, რომლებიც არ უნდა დაირღვეს. ეს მთელ კურსს ავტომატურად აქცევს თამაშად. მეთოდი უამრავია: მისასალმებელი სიტყვების შემოღება (მაგალითად, ერთ-ერთი საშუალო სკოლის ყველა კლასში გერმანულის გაკვეთილები იწყება ერთი და იმავე სიტყვებით: Guten Tag! Es hat gelautet. Die deutsche Stunde beginnt); შეთანხმება ერთნაირი ნივთების გამოყენების თაობაზე (მაგალითად, შეიძლება მასწავლებელმა სთხოვოს მოსწავლეებს, რომ მათი უნიფორმები და რვეულები ერთი და იმავე ფერისა იყოს); მეცადინეობებზე ერთმანეთისადმი მხოლოდ სახელებით (და არა გვარებით) მიმართვა და სხვ. არ აქვს მნიშვნელობა, ამ წესებს ვინ დაადგენს – მოსწავლეები თუ მასწავლებლები (რასაკვირველია,ურთიერთშეთანხმებით); მთავარია, ისინი განუხრელად იქნეს დაცული.

ერთი მხრივ, ყველაფერი ძალიან მარტივია. მეორე მხრივ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზომიერების გრძნობა, რათა ეს წესები არ გადავაქციოთ დამოკლეს მახვილად, არ მივცეთ ნება, ბორკილებად გვექცეს. ამას გვასწავლის თამაშის ფილოსოფიაც: დროულად უნდა შეგვეძლოს შეჩერება, იდეალური სამყაროდან რეალურში დაბრუნება, რათა თამაში უგუნურებად არ იქცეს. გამარჯვების სურვილმა ნებისმიერი საშუალების გამოყენებისკენ არ უნდა გვიბიძგოს და არც თამაშის წესები უნდა გახდეს მონოტონური.

მეოთხე: რიტმის ანუ დაძაბული მუშაობისა და დასვენების მონაცვლეობა. ეს სასწავლო პროცესის იმდენად ცხადი და გასაგები კომპონენტია, რომ მასზე დაწვრილებით აღარ შევჩერდებით.

არსებობს თამაშისთვის დამახასიათებელი კიდევ ერთი ნიშანი: ადამიანს სჭირდება არა მხოლოდ თამაში, არამედ სათამაშოებიც – ნივთები. იშვიათია ადამიანი, რომელსაც აბსტრაქტული ცნებებით თამაში შეუძლია. ამ კუთხით ლინგვისტური თამაშები ყველაზე რთულია, მრავალი მათგანი მხოლოდ ინტელექტუალთათვის არის განკუთვნილი. საშუალოსტატისტიკურ ადამიანს კი სჭირდება სათამაშო, როგორც თამაშის მატერიალური განსხეულება. საუბარია, უპირველეს ყოვლისა, მრავალფეროვან და თვალსაჩინო მასალაზე, მაგრამ ასეთი სათამაშო შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რვეულიც. შემჩნეულია, რომ სკოლის მოსწავლეები ხშირად ცდილობენ რვეულით “თამაშს”, მისით მანიპულირებას: უყვართ მისი მორთვა, მოხატვა და სხვა.

მასწავლებელს შეუძლია, გამოიყენოს ეს გარემოება, მაგალითად, დაადგინოს რვეულში ჩაწერის წესები (ანუ გამოიგონოს თამაშის დამატებითი წესი), კერძოდ: უცხო ენის გაკვეთილზე თითოეულ საკითხზე შეიძლება როგორც უცხო, ისე მშობლიურ ენაზე წერა; ან: მეცადინეობის დასასრულს რვეულის მინდვრებზე ვაკეთებთ შენიშვნებს (“საინტერესო თემაა”, “უინტერესოა”, “გასაგებია”, “რთულია”, “მნიშვნელოვანია”, “მოითხოვს გააზრებას” და სხვ.). აქ მოსწავლე მხოლოდ თამაშის ფორმალურ წესებს კი არ ასრულებს, არამედ, თავის მხრივ, მოცემული მასალის შეფასებით თამაშობს მასწავლებელს (ან ასრულებს მის როლს).

მომდევნო ნაბიჯი – მასწავლებელი საგნის შესაბამისად იყენებს გამზადებულ “სამუშაო რვეულებს”, რომლებსაც მოსწავლეები გაკვეთილზე ავსებენ მასწავლებლის ხელმძღვანელობით. ასეთი რვეულების გამოყენებას რამდენიმე მიზანი აქვს:
. გვაზოგვინებს დროს, რომელიც კონსპექტის შესადგენად არის საჭირო;
. გამორიცხავს მრავალ შეცდომას, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას სმენითი აღქმის დროს;
. შემოაქვს თამაშის ელემენტი;
. მოსწავლეები ავსებენ ერთგვარ ბლანკს, მის ცარიელ ადგილებს – ეს ძალიან საინტერესო პროცესია (მაგალითად შეგვეძლო მოგვეყვანა ბევრისთვის საყვარელი საქმიანობა – კროსვორდების შევსება, როცა ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორი სწორედ ცარიელი გრაფების შევსებაა).

საბოლოოდ სხვადასხვა მოსწავლის კონსპექტი ხდება ერთნაირი. ეს, ერთი მხრივ, შეიძლება უნიფიკაციად და ინდივიდუალიზმის დათრგუნვად მოგვეჩვენოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ამაში არის თამაშის მნიშვნელოვანი ელემენტი. თამაშ-შეჯიბრებებისა და თამაშ-გამოცანების დროს ხომ სწორი პასუხი ერთადერთი; ასეთ თამაშში გამარჯვებული ის არის, ვინც სწორად შეასრულა ყველა პირობა და მივიდა ერთადერთ სწორ შედეგამდე ანუ გამარჯვებამდე.

გარდა ამისა, ნუ დავივიწყებთ ანტიკურ სიბრძნეს: Aut disce, aut discede – “ან ისწავლე, ან დაგვტოვე”. ნებისმიერი სახის განსწავლა იწყება არა შემოქმედებით, არამედ ანბანური ჭეშმარიტების ათვისებით და აქ ორი აზრი არ შეიძლება არსებობდეს. სწორედ ასეთი ჭეშმარიტებების ადგილია “სამუშაო რვეულები”. ერთიანი ცოდნა ხომ ამა თუ იმ სამეცნიერო სკოლის საფუძველია. შემოქმედება და ინდივიდუალიზმი – ეს მომდევნო ეტაპია.
კონსპექტები ყველას ერთნაირი აქვს, ყველამ იცის, რომ ავსებენ ერთსა და იმავე “ბლანკებს”, შესაბამისად, შედეგებსაც ერთნაირს ვიღებთ. თამაშის ეს “კოლექტიური ფაქტორი” ძალიან მნიშვნელოვანია. ამაზე მიგვითითებს კაცობრიობის კულტურის ისტორიაც, რომლის განმავლობაშიც კოლექტიური თამაშები ძალზე პოპულარული იყო – სახალხო ზეიმები, კარნავალები და დემონსტრაციები, გულშემატკივრებით სავსე სტადიონები და სხვ.
გარდა ამისა, ბევრ მოსწავლეს უყვარს მასწავლებლის ახსნა-განმარტების სახელმძღვანელოს ტექსტთან შედარება-გადამოწმება. ზოგ შემთხვევაში ეს მოუთმენლობის გამოვლინებაა, ზოგ შემთხვევაში – შინაგანი მოთხოვნილება, რომელიც აღქმის თავისებურებებთან არის დაკავშირებული. ასეთი სტუდენტებისთვის შაბლონური კონსპექტი სწორედ რომ მისწრებაა.

რასაკვირველია, შეიძლება არსებობდეს “სამუშაო რვეულის” სხვა ვარიანტებიც – ეს პედაგოგის შემოქმედებით ინიციატივაზეა დამოკიდებული.

“თამაშის” ცნება გულისხმობს როგორც “გართობას”, ისე “შეჯიბრებას”. შეჯიბრების შედეგი კი შეიძლება იყოს როგორც გამარჯვება, ისე მარცხი. პედაგოგებმა არ უნდა დაივიწყონ მედლის ეს მეორე მხარე. ფსიქოლოგებისა და პედაგოგების უმრავლესობის მითითებით, მოსწავლისთვის მთავარი სტიმული წახალისებაა. მაგრამ როდესაც ვივიწყებთ დამარცხებულთა დასჯას, ჩვენ თამაშის წესებს ვარღვევთ. ზოგჯერ ნეგატიური სტიმული უფრო ძლიერია, ვიდრე პოზიტიური.

ამ კუთხით ჭკუის სასწავლი უნდა იყოს თანამედროვე სატელევიზიო შოუ-თამაშები, სადაც თამაშის ერთადერთი მიზანია რაც შეიძლება მეტი ფულის მოგება, ანუ სადაც არ არსებობს სასჯელის გაგება: “თუ მოვიგე – დამაჯილდოებენ, თუ ვერ მოვიგე – არა”. ამგვარ თამაშებში ხშირად შეინიშნება მონაწილეთა აქტივობის ხარისხის დაცემა. მაგრამ თუ გაჩნდა სასჯელის – მაგალითად, სუსტი მოთამაშის ჯგუფიდან გარიცხვის, გაკიცხვის და ა.შ. – საფრთხე, ეს ზრდა-განვითარებისთვის ძლიერ სტიმულად იქცევა ხოლმე. მაგრამ უნდა შეგვეძლოს იმის განსაზღვრაც, რომელ მოთამაშეზე რომელი სტიმული (პოზიტიური თუ ნეგატიური) მოახდენს უფრო მეტ გავლენას.

ი. ჰეიზინგას მითითებით, თამაშში ასევე უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს რისკისა და არაპროგნოზირებადობის მომენტს. თამაშის შედეგი ადვილად გამოსაცნობი არ უნდა იყოს. ის დეტექტივს უნდა ჰგავდეს – წესების სიცხადისა და სიმარტივის მიუხედავად, ყოველთვის არსებობდეს ინტრიგა და იდუმალება. მასწავლებელმა არ უნდა დაივიწყოს ეს ცალკეული გაკვეთილისა თუ მთელი კურსის დაგეგმვისას.

ამრიგად, დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ვინაიდან სწავლა არსობრივად წარმოადგენს თამაშს, სასურველია, ის შეიცავდეს თამაშის ყველა ფორმალურ ნიშანსაც: შეზღუდულ სივრცესა და მონაწილეთა რაოდენობას, განმეორების ელემენტებს, წესებსა და რიტმს; შეძლებისამებრ, უნდა არსებობდეს სათამაშოებიც, შეჯიბრებითობა კი გულისხმობდეს როგორც ჯილდოს, ისე სასჯელს; თამაში არ უნდა იყოს ადვილად პროგნოზირებადი. ასე რომ, წარმატებული სწავლისთვის საჭიროა თამაშის წესების შესწავლა და მათი დაცვა. თუ მოსწავლემ დაარღვია წესები, ის წარმატებას ვერ მიაღწევს. მასწავლებელსაც შეუძლია დაარღვიოს ან არ გაითვალისწინოს ეს წესები, – ამ შემთხვევაში თავად იგემებს მარცხს.
მცირეოდენი შემოკლებით
თარგმნა დავით თინიკაშვილმა

ქცევის სტრატეგიები კონფლიქტურ სიტუაციებში

0

თეო ჭყოიძე

 

ალბათ ხშირად წავწყდომივართ სიტუაციას, როდესაც მოსწავლეები ერთმანეთთან, მასწავლებელთან ან სკოლის ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას კონფლიქტურ და დაძაბულ გარემოს ქმნიან.

 სკოლა არის ადგილი, სადაც ხშირად იჩენს თავს ინტერპერსონალური კონფლიქტები. ეს გარდაუვალი ნაწილია ადამიანების ინტერაქციისა, ზრდისა და განვითარებისა. მოგვარებული კონფლიქტები შემდეგ, როგორც წესი, სკოლის კულტურის ნაწილი ხდება და განსაზღვრავს ჯანსაღი სასკოლო სოციუმის ჩამოყალიბებასა და საზოგადოების დამოკიდებულებას სკოლის ღირებულებათა მიმართ.

პედაგოგებსა და განათლების მუშაკებს ხშირად უწევთ სხვადასხვა ტიპის კონფლიქტურ სიტუაციებში ჩარევა, მაგრამ არც ისე ადვილია ეფექტური სტრატეგიების შერჩევა პრობლემების უმტკივნეულოდ მოსაგვარებლად.

ინტერპერსონალური კონფლიქტების დაძლევა, რომელთა რიცხვი ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა, მეტად აქტუალურია, სკოლა კი ის ადგილია, სადაც დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ამგვარი საკითხების განხილვას, მათ თეორიულ შესწავლასა და პრაქტიკასთან დაკავშირებას. კონფლიქტების მოგვარება ხელს უწყობს არა მარტო მოსწავლეებში მოლაპარაკების, პრობლემის შემოქმედებითად გადაჭრის, სტრესთან გამკლავების, სიტუაციის მრავალი კუთხით დანახვა-შეფასებისა და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღების უნარების ჩამოყალიბებას, არამედ ამ კუთხით მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიულ განვითარებასაც განაპირობებს. კონფლიქტების დაძლევის სტრატეგიების გამოყენება და კონსტრუქციული დიალოგი პიროვნების განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.

ბევრს მიაჩნია, რომ კონფლიქტი არღვევს წესრიგს, იწვევს მძაფრ ემოციებს, სტრესს და, ამდენად, ის თავიდან უნდა ავიცილოთ. რა თქმა უნდა, კონფლიქტური სიტუაცია ყოველთვის არასასიამოვნოა და დაძაბულობას წარმოშობს, ვინაიდან ეს არის ინტერესების, შეხედულებების, მიზნების, სურვილების დაპირისპირება ორ ან მეტ მხარეს შორის, მაგრამ აუცილებელი როდია, კონფლიქტმა ნეგატიური გავლენა მოახდინოს. კონფლიქტები ხშირად დადებით ცვლილებებსაც იწვევს. მთავარი ის კი არ არის, როგორ ავიცილოთ კონფლიქტი თავიდან, არამედ ის, თუ როგორ გამოვიყენოთ იგი პოზიტიური ცვლილებისთვის. როდესაც კონფლიქტს ეფექტურად ვუმკლავდებით, პრობლემის გადაჭრის ალბათობა იზრდება, ძლიერდება ინტერპერსონალური, სოციალური უნარები და მცირდება კონფლიქტის შედეგად მიღებული სტრესი. გარდა ამისა, ინტერპერსონალურმა კონფლიქტებმა შესაძლოა ნათელი მოჰფინოს მხარეთა რეალურ ინტერესებსა და მიზნებს, გააქარწყლოს დაძაბულობა, ხელი შეუწყოს ახალი იდეების გენერირებასა და კონსტრუქციულ ცვლილებებს.

როდესაც კონფლიქტი აღმოცენდება, ის სწორედ კომუნიკაციის პროცესზე აისახება. ადამიანები საკომუნიკაციო ხერხების საშუალებით გამოხატავენ საკუთარ პროტესტსა თუ განსხვავებულ აზრს. იმავდროულად, კომუნიკაცია უთანხმოების წარმატებით დაძლევაში გვეხმარება. პიროვნების ინტერესების, შეხედულებებისა და გრძნობების აღიარება, ემპათია, ნდობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება, სიცხადე ურთიერთობაში და ორმხრივი სარგებლის მიღების შესაძლებლობა კონფლიქტის პოზიტიურად მოგვარებას უწყობს ხელს.

პრობლემურ სიტუაციებში ადამიანებს ძირითადად ორი ინტერესი აქვთ: საქმესთან დაკავშირებული მიზანი, რომლის მიღწევაც სურთ და ურთიერთობა, რომელიც მეორე მხარესთან აკავშირებთ. ამ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით ირჩევენ ისინი კონფლიქტის მოგვარების სტილს. ამის შესაბამისად განისაზღვრება მათი საპასუხო ქცევაც სიტუაციასთან მიმართებით.

სტატიაში განვიხილავთ კონფლიქტის დროს ქცევის 5 სტრატეგიას (Thomas-Kilmann Conflict Mode Instrument). მათი გააზრება მასწავლებელს სხვადასხვა სიტუაციასთან მიმართებით შესაბამისი მიდგომის შერჩევაში დაეხმარება.

 

1. თავიდან აცილება

თავიდან აცილება კონფლიქტის მოგვარების არაკომუნიკაციური და არათანამშრომლობითი სტილია, რომლის დროსაც ადამიანი პასიურობს, იგნორირებას უწევს კონფლიქტს და დაპირისპირებაში არ შედის. ეს არის ისეთი სტრატეგია, როდესაც ადამიანი ხუმრობაში ატარებს სადავო საკითხს, ცდილობს, შეცვალოს თემა ან საერთოდ გაერიდოს კონფლიქტურ გარემოს. თავიდან აცილება არ არის საკუთარი ინტერესების განხორციელების აგრესიული ფორმა, მაგრამ ის არც სხვებს ეხმარება კონფლიქტის გააზრებაში.

თავიდან აცილების დროს კონფლიქტში ჩართული მხარე ნაკლებად არის დაინტერესებული როგორც საკუთარი მიზნის მიღწევით, ისე ურთიერთობის შენარჩუნებით.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

თავიდან აცილება როგორც კონფლიქტის მართვის სტილი, ჩვეულებრივ, კონტრპროდუქტიულია. მართალია, ის ხშირად გვარიდებს სტრესს და მომავალ კონფლიქტს, მაგრამ მუდმივად ასეთი მიდგომა გრძნობების დამალვას, გაღიზიანებას, იმედგაცრუებას, საკუთარ თავში ჩაკეტვას ან აგრესიას იწვევს.

თავიდან აცილება კონფლიქტის მოგვარებისადმი სტატიკური მიდგომაა და არაფერს აკეთებს პრობლემის გადასაჭრელად, არც იმ ცვლილებისთვის, რომელიც შესაძლოა კონფლიქტის პრევენციისთვის იყოს საჭირო. თუმცა არსებობს სიტუაციები, როდესაც თავიდან აცილება კონფლიქტის შეჩერების კარგი საშუალებაა, მაგალითად, როდესაც გამოსავალი ტრივიალურია ან წინასწარ ცნობილია, რომ კონფლიქტის შედეგი მნიშვნელოვნად უარყოფითი იქნება. თავიდან აცილების ტაქტიკის გამოყენება შესაძლოა ეფექტური იყოს ასევე კონფლიქტის განმუხტვისა და დროებით მოგვარებისთვის, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს დრო სჭირდებათ დასამშვიდებლად და საუკეთესო გამოსავლის საპოვნელად.

 

2. შეგუება

შეგუება სხვების ინტერესების დაკმაყოფილებისკენ მიმართული სტილია და ურთიერთობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ამ დროს ადამიანი აღიარებს სხვების საჭიროებებს და იგნორირებას უწევს საკუთარს. ის მიმართავს შემდეგ ფორმულირებებს: “შენ ხარ მართალი”, “მე გეთანხმები”, “მოდი, დავივწყოთ” _ და ა.შ.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

შეგუება საშუალებას აძლევს ადამიანს, თავი დააღწიოს შინაგან დისკომფორტს. დათმობით მას შეუძლია შეამციროს ფრუსტრაცია, რომელსაც კონფლიქტური სიტუაცია იწვევს. ეს სტრატეგია ეფექტურია, როდესაც პრობლემის გადაწყვეტაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობაში ჰარმონიის შენარჩუნებაა.

მიუხედავად იმისა, რომ შეგუებას კონფლიქტის სწრაფად მოგვარება შეუძლია, ამ დროს ადამიანმა შესაძლოა ურთიერთობის შესანარჩუნებლად მცდარი გადაწყვეტილება მიიღოს და დათრგუნოს საკუთარი სურვილები, მიზნები და ინტერესები, რაც ხშირად შიდაპიროვნული კონფლიქტის საფუძველი ხდება.

 

3. კონკურენცია

კონკურენცია არის სტრატეგია, რომლის დროსაც ადამიანი ორიენტირებულია საკუთარი მიზნების მიღწევაზე და არ არის დაინტერესებული ურთიერთობის შენარჩუნებით. ის გულისხმობს მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების დაკმაყოფილებასა და ცალმხრივი გადაწყვეტილების გატანას. ეს სტილი მიმართულია გამარჯვება-დამარცხებისკენ და უმეტესად ამწვავებეს დაპირისპირებას.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

მიუხედავად ზემოთქმულისა, კონკურენცია ზოგიერთ სიტუაციაში პოზიტიური შედეგის მომტანია, მაგალითად, როდესაც სწრაფი, გადამწყვეტი მოქმედებაა საჭირო და არ არის განხილვისა და მსჯელობისთვის საკმარისი დრო. გარდა ამისა, კონკურენცია შეიძლება ხელს უწყობდეს შემოქმედებითი იდეების გენერირებასა და მოტივაციის ამაღლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ის უბიძგებს დაპირისპირებულ მხარეებს, გამოავლინონ მაქსიმალური ძალისხმევა გამარჯვების მოსაპოვებლად.

თუმცა კონკურენტული მიდგომა მაინც უფრო უეფექტოა, ვიდრე შედეგიანი. ის ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს ერთი მხარის ინტერესების აღიარებას და უგულებელყოფს დანარჩენების პრობლემებსა და საჭიროებებს, ამას კი ხშირად არასტაბილურ სიტუაციამდე და დესტრუქციულ კომუნიკაციამდე მივყავართ.

 

4. კომპრომისი

კომპრომისი გულისხმობს კონფლიქტში ჩართული მხარეების მიერ დათმობაზე წასვლას როგორც საქმის, ასევე ურთიერთობის კუთხით. ამ სტრატეგიის დროს დამაკმაყოფილებელი შედეგი ორივე მხრიდან ნაწილობრივი დათმობის ხარჯზე მიიღწევა.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

კომპრომისი თანამშრომლობასა და კომუნიკაციას ემყარება. ის კონფლიქტის მოგვარებისადმი პოზიტიური მიდგომაა და გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ყველა დანარჩენი. კომპრომისი საშუალებას აძლევს მხარეებს, მოახდინონ ძალების გადანაწილება-დაბალანსება და, ამგვარად, ერთობლივად მიაღწიონ ცალ-ცალკე დასახულ მიზანს.

თუმცა, ისევე როგორც სხვა გზებს, მასაც აქვს ნაკლოვანებები. მაგალითად, კომპრომისი შესაძლოა იქცეს მარტივ გზად შედეგის მისაღწევად, მაგრამ არ იყოს საკმარისი კონფლიქტის ეფექტურად მოგვარებისთვის. გარდა ამისა, კომპრომისის დროს მხარეები მთლიანად არ გამოხატავენ საკუთარ მოთხოვნებსა და სურვილებს და, შესაბამისად, სრულყოფილად არც ერთი მხარის ინტერესების დაკმაყოფილება არ ხდება.

 

5. თანამშრომლობა

თანამშრომლობა კონფლიქტის მოგვარების ყველაზე ეფექტური გზაა. ის აღიარებს ადამიანებს შორის კონფლიქტის გარდაუვლობას და მას კონსტრუქციული შედეგის მისაღებად იყენებს. ამ დროს ორი ან მეტი მხარე საერთო მიზნისთვის ერთობლივი ძალისხმევით მოქმედებს და კონფლიქტის ყველა მონაწილის ინტერესის დაკმაყოფილებას ცდილობს. ეს არის გამოცდილების გაზიარების, უწყვეტი განათლებისა და კონსენსუსის მიღწევის შემოქმედებითი პროცესი. თანამშრომლობის არსი ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმალური გამოყენებით მაქსიმალური შედეგის მიღწევაა.

თანამშრომლობა ორიენტირებულია მხარეების მიერ როგორც საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილებასა და მიზნის მიღწევაზე, ასევე ურთიერთობის შენარჩუნებაზე.

 

დადებითი და უარყოფითი მხარეები

თანამშრომლობითი სტრატეგიის არჩევისას კონფლიქტის შედეგი ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია. ამ დროს ორივე მხარე გამარჯვებულია, კომუნიკაცია ეფექტურია, ურთიერთობები _ ძლიერი, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებები გრძელვადიან პერსპექტივაზეა ორიენტირებული.

სამწუხაროდ, თანამშრომლობა ყველაზე რთული სტილია შედეგის მისაღწევად. მონაწილეთა განსხვავებების, ინტერესის სფეროების სიღრმისეულად შესასწავლად და ისეთი გადაწყვეტილების ასარჩევად, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება, საჭიროა შრომა, მოლაპარაკებების წარმართვა, შემოქმედებითი მიდგომა და ახალი ალტერნატივების შესწავლა, რაც, შესაბამისად, დიდ დროს მოითხოვს.

კონფლიქტის დროს ეს ხუთი სტრატეგია შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში გამოვიყენოთ, მაგრამ ვიდრე რომელიმე მათგანს მივანიჭებდეთ უპირატესობას, მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ პრობლემის არსი და მისი გადაჭრის ალტერნატიული გზები, რათა თავიდან ავიცილოთ არასწორი არჩევანი და ხელი შევუწყოთ კონფლიქტის დროებით, ნაწილობრივ ან სრულად მოგვარებას.

თვითმოტივაცია როგორც წარმატების აუცილებელი პირობა

0

ნინო ელბაქიძე

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებას ლოდინში ატარებენ. ელიან, როდის დაუდგებათ უკეთესი დრო, როდის გაუღიმებთ ბედი, როდის მიაღწევენ დიდი ხნის წინ დასახულ მიზანს ან აისრულებენ ნატვრას. ამ მოლოდინში გადის დრო, რომელსაც თან მიაქვს მიუღწეველ მიზნებზე ოცნება და ხანდახან ადამიანს ავიწყდება კიდეც, რაზე ოცნებობდა.

მაგრამ არსებობენ სხვანაირი ადამიანებიც. ისინი არ ელიან, ისინი თავად იღებენ ხელში ვითარების სადავეებს და მიზნის მისაღწევად მოქმედებას იწყებენ. ფუნდამენტური განსხვავება პროაქტიურ (მოქმედ) და რეაქტიულ (მოლოდინის რეჟიმში მყოფ) ადამიანებს შორის სწორედ ეს არის – ერთი ელოდება, მეორე მოქმედებს.

წარმატების ფორმულა იოლი გამოსაყვანია: მიზანს რომ მივაღწიო, საჭიროა, კი არ ველოდო, არამედ ვიმოქმედო. მაგრამ იქვე ჩნდება კითხვა: როგორ? როგორ გამოვიწვიო საკუთარი მოტივაცია იმისთვის, რომ დავისახო მიზნები და სისტემურად ვიმოქმედო მათ მისაღწევად?

ამერიკელი მოტივაციის მკვლევარი მიჰაი ჩიკსენტმიჰაი აკვირდებოდა ადამიანებს, რომლებიც თავისუფალ დროს რაიმე აქტივობით იყვნენ დაკავებულნი, მაგალითად, თამაშობდნენ ჭადრაკს, რგავდნენ მცენარეებს ან ექსტრემალურ სპორტს მისდევდნენ. ეს ადამიანები თავიანთ პროფესიულ მოვალეობას სიამოვნებით, ძალდაუტანებლად და, შესაბამისად, ნაყოფიერადაც ასრულებდნენ. ამის კვალობაზე, ჩიკსენტმიჰაიმ დასვა კითხვა: რა შეიძლება ვიღონოთ, რომ ძირითადი საქმიანობა, სამუშაო, ადამიანისთვის სასიამოვნო და, ამასთან, პროდუქტიული გახდეს? როგორ მივაღწიოთ იმას, რომ მუშაობისას დრო შეუმჩნევლად გადიოდეს, ადამიანს სიამოვნებდეს პროფესიული მოვალეობის შესრულება და, რაც მთავარია, აღწვდეს წარმატებას?
ადამიანის ძირითადი საქმიანობის წარმატების საიდუმლო სასწორის ორ პინაზე დევს. ერთ მხარეს “შესაძლებლობაა”, მეორე მხარეს – “გამოწვევა”.

არ აქვს მნიშვნელობა, გამოწვევა უფრო მეტია, ვიდრე ჩვენი შესაძლებლობა თუ პირიქით – ემოციური სტაბილურობის ბალანსი, ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი თუ ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ იქნება სახარბიელო, როდესაც წონასწორობა გამოწვევასა და შესაძლებლობას შორის დარღვეულია. ამგვარი დისბალანსი აქვეითებს მოტივაციას, რაც უშუალოდ აისახება ჩვენს პირად თუ პროფესიულ წარმატებაზე.
როდესაც ადამიანს მეტი შეუძლია, ვიდრე პროფესიული გარემო მოითხოვს მისგან, იგი კარგავს ინტერესს სამსახურის მიმართ და მოუსვენრობა იპყრობს. ეს იმ გამოთავისუფლებული ენერგიის შედეგია, რომელიც ადამიანმა ვერ მოახმარა თავის საქმიანობას, გამოუყენებელი პოტენციისა, რომელიც მასში ძევს.

როდესაც გამოწვევა აღემატება შესაძლებლობას, ჭარბი ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვა იწვევს სტრესს, რაც უარყოფითად აისახება ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე. ამ შემთხვევაში შესასრულებელი სამუშაო ადამიანისგან სასიცოცხლო ძალების მობილიზებას მოითხოვს. თუ ეს დიდხანს გაგრძელდა, ადამიანი დატვირთვას, უბრალოდ, ვეღარ გაუძლებს და ბორნ აუტის, ანუ პროფესიული გადაწვის სინდრომის რისკის წინაშე აღმოჩნდება.

დასაქმებულთა მოტივაციაზე, ბუნებრივია, მენეჯერები და ხელმძღვანელი პირები უნდა ზრუნავდნენ, მაგრამ ჩვენ გვაინტერესებს, როგორ გამოვიწვიოთ თვითმოტივაცია, რომ პროფესიულ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიოთ. ჩვენ არ ველით, როდის ჩაატარებს ჩვენი ორგანიზაციის ტოპმენეჯმენტი კადრების აკადემიურ საჭიროებათა კვლევას, ანდა გამოიკვლევს ჩვენს პოტენციას. არ ველით – ვმოქმედებთ. ამიტომ უნდა მოვძებნოთ გზები შესაძლებლობასა და გამოწვევას შორის ბალანსის აღსადგენად.

რა პლუსი შეიძლება ჰქონდეს პირველ შემთხვევას, როდესაც შესაძლებლობა გამოწვევას აღემატება? თუ მიგაჩნიათ, რომ სამსახურში არასათანადოდ ხართ დატვირთული და მეტი შეგიძლიათ, ესე იგი თქვენ გაქვთ ფუფუნება, პროფესიული განვითარებისთვის იზრუნოთ. თქვენ გაცილებით მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გევალებათ? – ეს ნიშნავს, რომ თქვენ ბევრი თავისუფალი დრო და ენერგია გრჩებათ. პროფესიულ ზრდაზე უკეთესს რას მოახმართ? თქვენ გაქვთ ორი არჩევანი: თავისუფალი დრო გაფლანგოთ, იწუწუნოთ და უკმაყოფილო იყოთ ცხოვრებით, ანდა რამე სასარგებლოს მოჰკიდოთ ხელი, თუნდაც ისწავლოთ ის უცხო ენა, რომლის სწავლაც დიდი ხანია გინდოდათ. ცოდნა, რომელსაც აგროვებთ, ინფორმაცია, რომელსაც მოიპოვებთ, პროფესიული განვითარებისთვის ზედმეტი არასოდეს იქნება; თუ საკუთარ თავზე იმუშავებთ, აუცილებლად მოგეცემათ მისი გამოყენების შესაძლებლობა. თუ დროს უქმად დახარჯავთ, ისიც დაგავიწყდებათ, რაც იცოდით და ხვალ თქვენს ადგილს, რომლითაც ასე უკმაყოფილო ხართ დღეს, სხვა დაიკავებს.

დადებითი მხარე აქვს მეორე შემთხვევასაც, როდესაც იმაზე მეტს გავალებენ, ვიდრე შეგიძლიათ. გამოწვევები ხელს უწყობს ჩვენს პროფესიულ განვითარებას. საქმიანობა, რომელიც დღეს ბევრ ენერგიასა და მობილიზებას მოითხოვს თქვენგან, ხვალ უფრო ადვილად გამოგივათ ხელიდან. რა თქმა უნდა, ეს რეცეპტი ყოველთვის არ ჭრის – ხანდახან გამოწვევასა და შესაძლებლობას შორის დისბალანსი იმდენად დიდია, რომ საფრთხესაც კი უქადის ადამიანის ჯანმრთელობას. ამ შემთხვევაში ერთადერთი მრჩეველი და მაკონტროლებელი თქვენივე თავია.
არსებობს ე.წ. დეპრესიის სპირალი, რომელიც ადამიანს საკუთარი თავისა და იმ სტრესის შეფასებაში ეხმარება, რომელიც მის ემოციურ სტაბილურობა საფრთხეს უქადის.
თვითმოტივირებული ადამიანის რამდენიმე მახასიათებელი:

. თვითმოტივირებული ადამიანები ცნობისმოყვარენი არიან. ისინი ყველა შესაძლებლობას იყენებენ იმისთვის, რომ ისწავლონ.
. თვითმოტივირებული ადამიანები დიდი სიამოვნებით ასწავლიან სხვებს, რადგან იციან, რომ სწავლა და სწავლება პროფესიული ზრდის საუკეთესო საშუალებაა.
. თვითმოტივირებულმა ადამიანებმა იციან, რომ ორივე – მასწავლებლისა და მოსწავლის – როლში ყოფნა წარმატების ერთ-ერთი საიდუმლოა.
. თვითმოტივირებული ადამიანები არასოდეს ელიან “სასწაულს”, არ ელიან, რომ მათ მიზნებს მათ მაგივრად ვინმე სხვა მიაღწევს, მათ მოვალეობებს სხვა შეასრულებს. მათ აქვთ მიზანი და ხედავენ ამ მიზნისკენ მიმავალ გზას.
მარტივი ტესტი იმის გასარკვევად, რამდენად მოტივირებულები ვართ ჩვენი სამუშაოს შესასრულებლად
უპასუხეთ კითხვებს “დიახ” ან “არა”:

1. ყოველ დილით სიამოვნებით მივდივარ სამსახურში.
2. მუშაობაში დრო თვალსა და ხელს შუა გარბის.
3. ჩემი ხელმძღვანელი მაძლევს შესაძლებლობას, პროფესიულად დავიხარჯო.
4.ჩემს საქმიანობაში ჩემთვის საინტერესო ბევრი გამოწვევაა.
5. ვაღწევ დასახულ მიზნებს/წარმატებით ვასრულებ პროექტებს.
6. საკმაო რესურსი მაქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად.
7. ჩემ მიერ შესრულებული სამუშაოსთვის ხელმძღვანელობისგან სისტემატურად ვიღებ უკუკავშირს.
8. მაქვს საკუთარი პროფესიული განვითარების გეგმა, რომელიც შეთანხმებულია ჩემს ხელმძღვანელთან და ვმოქმედებ ამ გეგმის შესასრულებლად.
თუ კითხვების ნახევარზე მეტს უპასუხეთ “დიახ”, ესე იგი საკმარისად ხართ მოტივირებული, რათა პროფესიულ ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოთ.
რა გზას დავადგეთ, თუ კითხვების უმეტესობას უარყოფითად ვუპასუხეთ?

რამდენიმე რჩევა წონასწორობის აღსადგენად და თვითმოტივაციის გამოსაწვევად:

. კარგად გამოიძინეთ, რათა ძალ-ღონე აღიდგინოთ და დილაობით მშვიდად ისაუზმოთ. საუზმე აუცილებელია!
. ნუ მისცემთ თავს უფლებას, დილაობით ცაიტნოტის გამო სტრესი განიცადოთ. ჯობს, 10 წუთით ადრე ადგეთ და მშვიდად წახვიდეთ სამსახურში.
. როდესაც უარყოფითი ემოციები გეძალებათ, გაიღიმეთ, რა ძნელიც არ უნდა იყოს ეს. გაუღიმეთ სარკეში საკუთარ თავს. ეს განწყობას შეგიმსუბუქებთ.
. პროფესიული რუტინა სხვადასხვა აქტივობით გააფერადეთ: შეასრულეთ სამუშაო ადგილზე ვარჯიშები, რათა აამუშაოთ სისხლის მიმოქცევა, შესვენების დროს გარეთ გადით, სამუშაო მაგიდისთვის შეიძინეთ ახალი აქსესუარი, სამუშაო ოთახში დადგით ქოთნის მცენარე, კოლეგებთან ერთად მოაწყვეთ განხილვა.
. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გაქვთ მისაღები, გაემიჯნეთ პრობლემურ საკითხს და ეცადეთ, შორიდან შეხედოთ მას.
. გააკეთეთ ობიექტური თვითშეფასება. საფუძვლიანია თქვენი უკმაყოფილება სამუშაო პირობებით?
. შეიმუშავეთ წესები თქვენი სამუშაო გარემოსათვის და მისდიეთ მათ. უქმად ნუ დახარჯავთ დროს. აი, დასვენება კი დროის ფლანგვა არ არის.
. ბრაზი და წყენა გულში არ ჩაიხვიოთ, თორემ შიგნიდან შეგჭამთ. უთანხმოების მიზეზებზე ესაუბრეთ ხელმძღვანელობას, გაერკვიეთ ვითარებაში. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ყველაფერზე შეგვიძლია საუბარი.
. გამოიყენეთ ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევა, რათა ფიზიკურად იაქტიუროთ. მაგალითად, იარეთ კიბით ლიფტის ნაცვლად, ფეხით ტრანსპორტის ნაცვლად, თავისუფალ დროს, ნაცვლად ტელევიზორის ყურებისა, ისეირნეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანსაღ კვებას.

„გასწრობანა“. კანონის ფილოსოფია

0

იშვიათად, მაგრამ მაინც – როცა ამის დრო და განწყობა მაქვს, სიამოვნებით ვკამათობ მეგობრებთან: ჯერ ფილოსოფია იყო თუ ჯერ ადამიანი. ზოგჯერ ადამიანებისკენ ვარ, ზოგჯერ – ფილოსოფიისკენ. ისევ განწყობას გააჩნია. ესეც ფილოსოფიური საკითხია.

უფრო იშვიათად, მაგრამ ასეც ხდება – არ ვკამათობთ და ერთსულოვნად ვთანხმდებით, რომ ზედმეტი ფილოსოფია მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. საბოლოოდ, ეს შეიძლება ფილოსოფიის კანონადაც ვაღიაროთ, ვნახოთ.

კიდევ უფრო იშვიათად, მაგრამ მაინც – როცა საუბარი თუ კამათი ფილოსოფიიდან კანონებზე გადადის, აქ ჩემს შინაგან შუქნიშანზე სამივე ნათურა წითლად ინთება და მე საუბარს ვწყვეტ. ეს ჩემი საკუთარი კანონია (ან კანონის ჩემეული ფილოსოფია) და ყოველთვის ვემორჩილები, მაგრამ სხვებს ამას არასდროს ვუხსნი, რადგან ვთვლი, რომ საკუთარი კანონი შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს სხვისი ჯანმრთელობისთვის!

ერთხელ, კამიუს „სტუმარზე” რომ გიამბეთ, თვალი ავარიდე ჩემს შუქნიშანზე ერთდროულად ანთებულ სამ წითელ ნათურას და ჩემი კანონების კანონი გაგანდეთ (ურთულესი!): რომ საბოლოოდ მართლა ვერაფერი ზრდის ადამიანს ისე, როგორც ნდობა. ამ კანონისთვის ჩემი „კანონმდებელი” მეგობრებისგან არნახული ქებაც კი დავიმსახურე! მაგრამ მას შემდეგ ვერაფრით მოვიშორე თავიდან ფიქრი, რამდენად ზრდის, ან კანონების რა დოზა ზრდის ადამიანს… ან სად, როდის და რატომ ირღვევა ბალანსი საკუთარ და საზოგადო კანონებს შორის. ზევით გითხარით, რომ ზედმეტი ფილოსოფია მავნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. არა მგონია, მაინცდამაინც მედიცინის დარგის საკვლევი იყოს, კანონების რა „დოზა” და, საერთოდ, როგორი კანონებია მავნებელი ადამიანის არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვის…

ვერაფრით მოვიშორე თავიდან იმაზე ფიქრი, რა სახიფათოდ დიდია „კანონმდებელი” ადამიანების პასუხისმგებლობა და მათიც, ვინც ადამიანს კანონებთან ურთიერთობას აჩვევს და ასწავლის… და საერთოდ, რანაირად ყალიბდება ჯანსაღი კანონმორჩილება.

ასე ორი კვირის წინ 2-დან 5 წლამდე ბავშვების საზოგადოებაში მოვხვდი. ჩემი შეთავაზებული მშვიდი გასართობები რომ მოსწყინდათ, ერთ-ერთმა, ლუკამ შემოგვთავაზა, „გასწრობანა” ვითამაშოთო. ეს თამაში მის გარდა არავინ იცოდა. მე რაღაც მოვიმიზეზე, თამაშს გამოვეთიშე და დამკვირვებლად დავრჩი. ლუკამ მონდომებით აუხსნა წესები მასზე უმცროს თანამოთამაშეებს და, ჩემდა გასაოცრად, ეს ახალნასწავლი წესები არავის დაურღვევია მთელი თამაშის განმავლობაში!

და უცებ გამახსენდა ერთი კანონი, რომელიც განსაკუთრებით ჩამრჩა გონებაში, როცა მართვის მოწმობის თეორიული გამოცდისთვის ვემზადებოდი:

საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან…

აი, მაგალითად, ასეთი დავალება:

სწორი პასუხია: 3. არა.

გასწრების აკრძალვის ნიშანი რომც არ იდგეს, მაინც არა! მერე რა, რომ მარჯვენა ზოლი თავისუფალია, მაინც არა! იმიტომ რომ საქართველოს კანონის „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” (28.05.1999 წელი) მე-5 თავის, 30-ე მუხლის, მე-2 პუნქტის თანახმად, ურელსო სატრანსპორტო საშუალების გასწრება ნებადართულია მხოლოდ მარცხენა მხრიდან…

არადა, ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი კანონია, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მოდით, საშინაო დავალება გვქონდეს ასეთი – ერთხელ მაინც დავსხდეთ ჩვენ ჩვენს მეგობრებთან, მათთან, ვინც დედამიწაზე თუნდაც ერთ ადამიანთანაა პასუხისმგებელი, კანონმორჩილება სწორად ასწავლოს, და გულწრფელად ვილაპარაკოთ ამ ძალიან მნიშვნელოვან კანონზე: როდის, როგორ და საიდან შეიძლება გაასწრო შენ წინ მიმავალს…

იმედია, დამეთანხმებით, რომ ამაზე დაფიქრება და საუბარი ნამდვილად ღირს…


 

საუკეთესო მასწავლებელი

0

დავით ბოლქვაძე

 

უკანასკნელ ხანს, სასკოლო რეფორმის პარალელურად, მრავალი გამოკვლევა მიეძღვნა საკითხს, რა არის მთავარი იმისთვის, რომ კარგი მასწავლებელი გახდე. გამოიკვეთა რამდენიმე მახასიათებელი: განათლება, საგნის ღრმა ცოდნა, მოსწავლეთა მაღალი შედეგები, სხვა მასწავლებელთა შეფასებები და სხვა. ამ გამოკვლევებს ერთი ნაკლი ჰქონდა: სათანადო ყურადღებას არ აქცევდა მასწავლებელთა შრომის მთავარ მომხმარებლებს – მოსწავლეებს. თითქმის არავინ დაინტერესებულა მათი აზრით. არადა, მოსწავლეები ხომ ყველაზე მეტ დროს ატარებენ მასწავლებლებთან… აღმოჩნდა, რომ მათ ამ საკითხის თაობაზე უამრავი საინტერესო და ყურადსაღები მოსაზრება აქვთ და შესანიშნავად შეუძლიათ იმ თვისებების ჩამოთვლა, რომლებიც, მათი აზრით, უნდა ჰქონდეს კარგ მასწავლებელს.

სწორედ მოსწავლეები და მათი მოსაზრებები მოექცა ამერიკელი მეცნიერების კელი მიდლტონისა და ელიზაბეტ პეტიტის კვლევის არეალში. მათ შეისწავლეს ეს მოსაზრებები, გააანალიზეს ისინი და გამოკვლევის შედეგები წიგნად “უბრალოდ საუკეთესო: 29 მოთხოვნა, რომლებსაც, მოსწავლეთა აზრით, საუკეთესო მასწავლებელი უნდა აკმაყოფილებდეს” – გამოსცეს. ვფიქრობთ, ამ ნაშრომის გაცნობა ქართველი მასწავლებლებისთვისაც სასარგებლო იქნება.

მოსწავლეთა მოსაზრებები, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. მასწავლებლების მიმართ მათ აქვთ როგორც ძალიან უბრალო (გაუღიმონ მოსწავლეებს, მიმართონ სახელებით), ასევე შედარებით ძნელად შესასრულებელი მოთხოვნები (დაესწრონ მოსწავლეთა ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს, ესტუმრონ მათ შინ).

მიდლტონი და პეტიტი ამტკიცებენ, რომ მასწავლებლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მოსწავლეებთან ჯანსაღი ურთიერთობის დამყარება, ასევე იმის გააზრება, რომ თითოეული მათგანი დამოუკიდებელი ინდივიდია. მკვლევართა აზრით, მასწავლებლები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ მომენტებს ითვალისწინებენ, აღწევენ მაღალ აკადემიურ პროგრესს და მუშაობისას გაცილებით ნაკლებ პრობლემას აწყდებიან.

მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ გავრცელებულ ეფექტზე, რომელიც მოსწავლეებთან პოზიტიურ ურთიერთობას მოაქვს. კითხვაზე: “რატომ არის მოსწავლეებთან ურთიერთობა გაცილებით მნიშვნელოვანი ჩვენს დროში?” – წიგნის ავტორები პასუხობენ: “ურთიერთობა ყოველთვის იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი როგორც სწავლის, ასევე სწავლების პროცესში, თუმცა ჩვენს დროში ნათლად გამოიკვეთა, რომ მოსწავლე-მასწავლებლის ტრადიციული ტიპის ურთიერთობები აღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე გამოწვევებს და გარკვეულ კორექტივებს მოითხოვდა. ახალი ტიპის ურთიერთობებში სულ უფრო მეტად მკვიდრდება ისეთი მომენტები, როგორებიცაა თანამშრომლობა, კეთილგანწყობა, ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა, მოსწავლეთა ინდივინდუალიზმის გათვალისწინება და სხვა. კვლევები მოწმობს, რომ ზოგიერთი მოსწავლე ურთიერთობის დეფიციტს განიცდის. მათ იშვიათი კონტაქტი აქვთ მშობლებთან, ზოგ შემთხვევაში უჭირთ ურთიერთობის დამყარება თანატოლებთანაც. მოსწავლესა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის გარეშე სავსებით ლოგიკური იქნება, თუ ბევრი მოსწავლე ქრონიკულად გამოეთიშება სასწავლო პროცესს”. ამის საპირისპიროდ, მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ მოსწავლე-მასწავლებლის მჭიდრო ურთიერთობასა და მოსწავლეთა აკადემიურ წარმატებებს შორის უშუალო კავშირია. წიგნში დასახელებულია ის კონკრეტული შედეგებიც, რაც ასეთ ურთიერთობას მოჰყვება:

. იზრდება მოსწავლეთა ცოდნის დონე და მათი სურვილი, მიაღწიონ უფრო მაღალ სტანდარტებს;
. იშვიათდება მოსწავლეთა ნეგატიური ქცევა, პრაქტიკულად აღარ გვიხდება ისეთი მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, როგორიცაა, მაგალითად, სკოლიდან გარიცხვა;
. იზრდება მოსწავლეთა აქტიურობა და, შესაბამისად, სასწავლო პროცესი უფრო ეფექტური ხდება;
. მოსწავლეებს უჩნდებათ სკოლის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება;
. მოსწავლეებს უყალიბდებათ ისეთი სოციალური თვისებები, როგორებიცაა ურთიერთპატივისცემა, ემპათია, სოციალური პასუხისმგებლობა.

პროფ. რობერტ მარზანო გვთავაზობს, გავიზიაროთ მისი მოსაზრება იმის შესახებ, რომ თავიანთ მოსწავლეებთან მასწავლებლების ურთიერთობის ხარისხი არის ამოსავალი წერტილი საკლასო მენეჯმენტის ეფექტური წარმართვისთვის და მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მთელი სასწავლო პროცესის წარმატებასაც. იქ, სადაც მოსწავლე-მასწავლებლის თანამშრომლობით ურთიერთობას დიდ ყურადღებას აქცევენ, თვალსაჩინოა ასეთი ურთიერთობის შედეგი და იგი გავლენას ახდენს სასკოლო-საგანმანათლებლო პროცესის ყველა ასპექტზე, დაწყებული მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებით, დამთავრებული სკოლაში უსაფრთხო ატმოსფეროს შექმნით. დადგინდა, რომ პოზიტიური ურთიერთობები სკოლის კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია და, თავის მხრივ სკოლაში არსებული ატმოსფეროს საიმედო ინდიკატორს წარმოადგენს.
კვლევებმა აჩვენა, რომ მოსწავლეები მეტი მონდომებით სწავლობენ იმ მასწავლებლების ხელმძღვანელობით, რომლებსაც სჯერათ მათი და რომლებიც სიტყვით თუ საქმით გამოხატავს მოსწავლეთა მიმართ მზრუნველობას, მათ პატივისცემას.

აქვე უნდა განვმარტოთ, რომ მჭიდრო, კეთილგანწყობილი ურთიერთობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ, საკლასო ოთახში, რაც უნდათ, ის აკეთონ. არც იმას ვგულისხმობთ, რომ მასწავლებელი მოსწავლის მეგობარი უნდა გახდეს ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ჩვენ ვამბობთ, რომ მასწავლებელი კარგად უნდა იცნობდეს მოსწავლეს, სჯეროდეს მისი და მასაც ჩაუნერგოს საკუთარი თავის რწმენა; პატივისცემით ეპყრობოდეს მოსწავლეს, უქმნიდეს ხელსაყრელ პირობებს ცოდნის დემონსტრირებისთვის, თუნდაც ამან მის გეგმაში გარკვეული ცვლილება შეიტანოს და, რაც მთავარია, მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მასწავლებელი მასთან ურთიერთობას აფასებს. ურთიერთობა უნდა იყოს ყოველდღიური და მასში არ იგრძნობოდეს ფავორიტიზმი.

მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ყველაზე მტკივნეული საკითხია მასწავლებლების დამოკიდებულება საკუთარი შეცდომების მიმართ. სავსებით შესაძლებელია, მასწავლებელს შეცდომა მოუვიდეს სასწავლო პროცესში ან მოსწავლესთან ურთიერთობის დროს. იგი მზად უნდა იყოს ამისთვის, თუმცა ბევრს უჭირს იმ აზრთან შეგუება, რომ შეუცდომელი არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შეცდომის დანახვა და მის გამოსასწორებლად ზომების მიღება. ცდება, ვისაც მიაჩნია, რომ მასწავლებელი სრულყოფილი უნდა იყოს და ყველა კითხვაზე ჰქონდეს პასუხი. უკვე აღარავინ დავობს, რომ მოსწავლის შეცდომა და მისი გამოსწორება ხელს უწყობს სწავლის უნარის ამაღლებას. მოსწავლეები უკეთესად ვითარდებიან, როდესაც შეცდომებისა არ ეშინიათ, როდესაც მათ დაუყოვნებლივ არ სჯიან ამის გამო. მაგრამ როგორ ავუხსნით მოსწავლეებს, რომ შეცდომისა არ უნდა ეშინოდეთ, როგორ განვუვითარებთ მისი აღმოჩენისა და გამოსწორების უნარს, როგორ ვასწავლის გაბედულ აზროვნებას, თუ თავად არასოდეს გადავაფასეთ საკუთარი შეხედულებები? გამოკვლევა მოწმობს, რომ უმჯობესია, შეცდომა მოგვივიდეს და შემდეგ წარმატებით გამოვასწოროთ იგი, ვიდრე “არასოდეს შევცდეთ”.

მკვლევართა საბოლოო დასკვნა ასეთია: მასწავლებლის პროფესიული ცოდნის დონე უმნიშვნელოვანესი კომპონენტია მოსწავლის აკადემიური წარმატების მისაღწევად, მაგრამ ეს არ არის საკმარისი; უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება მასწავლებლის უნარი, დაამყაროს მოსწავლესთან კარგი ურთიერთობა, რაც, თავის მხრივ, უამრავი მცირე თუ დიდი დეტალისგან შედგება (ხშირად გაღიმება, სახელებით მიმართვა, მოსწავლეთა ხასიათების ცოდნა, მათი სურვილების გაგება, მათთვის საკუთარი პიროვნების უკეთ გაცნობა, თანამიმდევრულობა ურთიერთობისას, შეცდომის შიშის დაძლევა და სხვ.). კეთილგანწყობილი ურთიერთობა მასწავლებლისთვის უნდა იყოს იარაღი, რომლითაც იგი მოსწავლეს უკეთ ჩართავს სასწავლო პროცესში და შეუქმნის მას ხელსაყრელ პირობებს როგორც პიროვნული, ისე შემოქმედებითი ზრდისთვის.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...