შაბათი, ივნისი 28, 2025
28 ივნისი, შაბათი, 2025

ლაშა ბაქრაძე – რატომ არ დადიან მოსწავლეები მუზეუმებში

0

თბილისის გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორი, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ლაშა ბაქრაძე ქართველი ახალგაზრდების განათლებაზე საუბრისას ერთ თვალში საცემ და ნამდვილად დასაფიქრებელ ნაკლს აღნიშნავს: ზედაპირულობასა და ანალიზის უნარის უქონლობას.

თანამედროვე გარემო თითქოს არჩევანს ართმევს მათ – უნდა მიიღონ და გადაამუშაონ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია, იყვნენ კონკურენტუნარიანები, მობილიზებულები, ჰქონდეთ სწრაფი რეაქციის უნარი, იცოდნენ უცხო ენები, დაეუფლონ ქართულ ბაზარზე მოთხოვნად პროფესიას, და მაინც, ვერც სკოლის, ვერც უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგებისგან ვერ გაიგონებთ, რომ ქართველი მოსწავლე ახალგაზრდობა რომელიმე ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ხოლო ლაშა ბაქრაძე, თავისი დაკვირვებით, კიდევ ერთ რამეს ასკვნის: ჩამოყალიბდა წარმატებაზე ორიენტირებულთა ახალი ტიპი, ისინი, ვინც ცოდნის შეძენისა და მისი გაანალიზებისკენ კი არ ისწრაფიან, არამედ ცდილობენ, მაღალი ქულები დააგროვონ და “გაძვრნენ”, ეს კი სწორედ ჩვენში ფესვგადგმული ზედაპირული აზროვნების შედეგია.

საზოგადოებას კი გამუდმებით აწუხებს კითხვა: რა არის საჭირო პროფესიონალი და საქმის მცოდნე თაობის აღსაზრდელად?

ვინაიდან ლაშა ბაქრაძე ლიტერატურის მუზეუმის დირექტორია, გადავწყვიტეთ, მისთვის უპირველესად მუზეუმის როგორც საგანმანათლებლო რესურსის შესახებ გვეკითხა.

ლაშა ბაქრაძე: “სამწუხაროდ, მოსწავლეები მუზეუმებში არავის დაჰყავს. ალბათ მასწავლებლები საპირისპიროს იტყვიან, მაგრამ ჩემი გამოცდილება სხვა რამეს მეუბნება. უცხოეთში, როცა არ უნდა შეხვიდეთ მუზეუმში, ყოველთვის არიან იქ მოსწავლეთა ჯგუფები. ჩვენთან ასეთი რამ უიშვიათესია. გასულ წელს გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეოდ გავმართეთ მართლაც უნიკალური გამოფენა. გავუგზავნეთ თბილისის სკოლებს ამის შესახებ ინფორმაცია. ზოგმა გვითხრა, რომ მუზეუმში წასვლა გეგმაში არ ჰქონდათ, ზოგმა კი – რესურსცენტრი თუ დაგვავალებს, მოვალთო. ეს კიდევ უფრო გასაოცარი იყო – თურმე მასწავლებლებმა მუზეუმში ვიღაცის დავალებით უნდა ატარონ ბავშვები.

ამჟამად, აპრილის ბოლომდე, ჩვენს მუზეუმში მიმდინარეობს გამოფენა 1832 წლის შეთქმულებისა და მისი შედეგების შესახებ, რაც ყველასათვის საინტერესო იქნება, ვისაც კი გაუგონია ქართული რომანტიზმი და თვითონ ეს შეთქმულება, როგორც ფაქტი. ჩვენი თანამშრომლები ურეკავენ სკოლებს, სთავაზობენ, ახსენებენ, რომ გამოფენა უფასოა, ხოლო თუ გიდი დასჭირდათ, ეს მომსახურება ერთჯერადად ღირს 10 ლარი. არ მოდიან. უფრო მეტიც – მასწავლებლები ინფორმაციას არ ავრცელებენ მოსწავლეებში, იქნება და არის ბავშვი, რომელსაც ეს დააინტერესებს და თუ სკოლა ვერ უწევს ორგანიზებას, მშობლებმა მოახერხონ ეს. ამ გამოფენის ნახვას ყველას ვურჩევ, წელს 1832 წლის აჯანყების იუბილეა და ეს თემა აქტუალურია თუნდაც რუსეთთან ურთიერთობის კუთხით. გამოფენა საინტერესო იქნება პედაგოგებისთვისაც, მერწმუნეთ, ისინიც ბევრს გაიგებენ ახალს. საზოგადოდ კი, პედაგოგებს შეუძლიათ, ლიტერატურის მუზეუმის ვებგვერდზე თუ ფეისბუქის გვერდზე გამუდმებით მიადევნონ თვალი აფიშას.

მუზეუმებში არსებობს მუდმივი ექსპოზიციები და ცვალებადი გამოფენები. ჩვენ ხშირად გვაქვს სიახლეები და მათში სკოლების ჩართულობით თუ ვიმსჯელებთ, მათ გეგმებში გამოფენებზე სიარული, როგორც ჩანს, საერთოდ არ შედის. მე კი ვიტყოდი: არა მხოლოდ სპეციფიკურ გამოფენებზე, გალაკტიონის ხელნაწერი არქივი იქნება ეს თუ 1832 წლის აჯანყება, – საზოგადოდ, გამოფენებზე სიარული, თუნდაც ეს თანამედროვე მხატვრებისა იყოს, ასევე კინოჩვენებებზე დასწრება აუცილებელია, რათა ბავშვი მიეჩვიოს კულტურულ ღონისძიებებზე სიარულს. ლიტერატურის მუზეუმში ბევრი ახალგაზრდა დადის, მათ უამრავ საინტერესო პროგრამას ვთავაზობთ, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე ნაწილი თბილისელი ახალგაზრდებისა. მე ვხედავ ერთსა და იმავე სახეებს, რომლებმაც ან თვითონ იპოვეს, ანდა მშობელმა თუ მასწავლებელმა გაუხსნათ გზა გალერეებისკენ. ასეთივე მდგომარეობაა კინოსა თუ თეატრთან მიმართებით. პედაგოგს მიაჩნია, რომ მუზეუმში სიარული არ არის სავალდებულო; აქედან გამომდინარეობს ის გაუნათლებლობა, რაც დამახასიათებელია დღევანდელი ახალგაზრდებისთვის.

– კიდევ რას სთავაზობს ლიტერატურის მუზეუმი მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს?

– ჩვენთან მუდმივმოქმედი გამოფენა არ არის, მაგრამ თემატურ გამოფენებთან ერთად ლიტერატურის ინსტიტუტი გამუდმებით სთავაზობს საზოგადოებას ლიტერატურულ შეხვედრებს და კითხვებს. პროზის კითხვას პირადად მე დიდ პროპაგანდას ვუწევ. საქართველოში პოეზიის კითხვა იყო მხოლოდ მიღებული, მაშინ როდესაც ძალიან საინტერესოა იმის მოსმენა, როგორ კითხულობს მწერალი საკუთარ ტექტს. მოსწავლეებისა და მათი პედაგოგებისთვის არც ასეთ ღონისძიებაზე დასწრება იქნებოდა ცუდი – თანამედროვე ავტორებს გაეცნობოდნენ. ასევე ხშირად ვმართავთ კინოჩვენებებს. ამ ცოტა ხნის წინ ლიტერატურის მუზეუმმა კავკასიური ფილმების ფესტივალს უმასპინძლა. მე ის მაწუხებს, რომ ამ ღონისძიებებზე ახალგაზრდები არ დადიან, თორემ დარბაზი მუდამ სავსეა, მაშინ როცა სასურველია, მაღალი კლასის მოსწავლეებმა უკვე ლიტერატურულ შეხვედრებზეც იარონ და კინოჩვენებებზეც. მაგრამ ჩვენთან რატომღაც ითვლება, რომ სკოლის მოსწავლეები ბავშვები არიან და არ სჭირდებათ სერიოზული ფილმი. ამგვარი დამოკიდებულება გრძელდება უმაღლეს სასწავლებელშიც, სადაც ლექტორი ბრძენია, ხოლო სტუდენტი – მხოლოდ ინფორმაციის მიმღები, მაშინ როცა მოსწავლეები მაღალ კლასებში უკვე უნდა სწავლობდნენ შეკითხვის დასმას, აზრის გამოთქმას და ეს არ ნიშნავს თავხედობას, ეს კოლეგიალური დამოკიდებულების გამოხატულებაა. სტუდენტებს ვთავაზობ ხოლმე, შენობით მომართონ – ეს მათ პედაგოგის თანასწორად აგრძნობინებს თავს. სტუდენტს არა აქვს ისეთი განათლება, როგორიც პედაგოგს, მაგრამ აზრის გამოთქმაში ის თანასწორია, თავხედობა კი ორივე ფორმით შეიძლება გამოხატოს ადამიანმა, თქვენობითითაც და შენობითითაც. გარდა ამისა, მიმართვის შენობითი ფორმა სტუდენტს აგრძნობინებს, რომ მისი მოწაფეობა დამთავრდა და იგი ცხოვრების ახალ საფეხურზე გადავიდა. სამწუხაროდ, ეს განსხვავება სკოლის მოსწავლესა და სტუდენტს შორის ჩვენთან არ არის.

– კერძოდ, სად “სცოდავენ”დღევანდელი ახალგაზრდები?

– სტუდენტებს, ილიას უნივერსიტეტში იქნება თუ სამხატვრო აკადემიაში, ვხედავ, რომ აქვთ სურვილი, მონდომება, მაგრამ სკოლაში არავითარი უნარ-ჩვევები არ მიუღიათ, მაგალითად, როგორ ჩაიწერონ სწორად დავალება, ანდა მთელი კვირის განმავლობაში წაიკითხონ 20-30 გვერდი და მისი მოკლე შინაარსის გადმოცემა შეძლონ. სტუდენტებისთვის ამის სწავლება უკვე დაგვიანებულია. მე ვასწავლი მე-20 საუკუნის ისტორიას და როდესაც რუკაზე რამეს ვაჩვენებ, ეს ისეთივე უცხოა მათთვის, როგორც ჩემთვის – კომპიუტერის შიგა სქემა. ეს იმიტომ, რომ მათ არ უსწავლიათ სკოლაში მსოფლიოს რუკა, არ იციან ქალაქის გეგმის წაკითხვა. ექსპერიმენტი რომ ჩავატაროთ, გავიდეთ ქუჩაში და ვთხოვოთ გამვლელებს, თბილისის გეგმაზე გვაჩვენონ ლესელიძის ქუჩა, 90% ამას ვერ შეძლებს. ეს სამარცხვინოა. როდესაც სტუდენტებს რუკაზე ვუხსნი, როგორი იყო ევროპა I მსოფლიო ომამდე, აბსოლუტურად ვერ გრძნობენ განსხვავებას. როგორ ავუხსნა მათ, როგორ შეიცვალა სამყარო, თუკი ამ რუკაზე ვერაფერს ხედავენ? პირდაპირ მშურს, უცხოეთში როგორ იციან ბავშვებმა არა მხოლოდ რუკა, არამედ მცენარეების, ცხოველებისა ა ფრინველების სახელებიც, რაც ქართველმა ბავშვებმა ასევე არ იციან.

უმაღლესი სასწავლებელი ბევრ რამეს ვეღარ შეცვლის. მე არ მაქვს საშუალება, ერთ სემესტრში ვასწავლო ტექსტის მთავარი შინაარსის გადმოცემა. ამაში მარტო სკოლა არ არის დამნაშავე – საბავშვო სატელევიზიო შოუები, სადაც ბავშვებმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა უპასუხონ კითხვებს, მხოლოდ ზეპირი ცოდნის მავნე პროპაგანდას წარმოადგენს. მოზარდებს არც სკოლაში და არც უმაღლეს სასწავლებელში არავინ ასწავლის დაფიქრებას და ანალიზს. ამ ზედაპირულობის საბოლოო შედეგი ის არის, რომ, როგორც მე ვაკვირდები, სტუდენტების უმრავლესობა მოტივირებულია, რამენაირად გაძვრეს ამ ცხოვრებაში, მიიღოს ქულები და არა ცოდნა. შესაძლოა ვინმემ მითხრას, მუდამ ასე იყოო. მუდამ ასე არ ყოფილა. ამ ტიპის აფერისტები ბოლო ხანს ჩამოყალიბდნენ და ეს საკვირველია, რადგან დღეს დიპლომს გაცილებით ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე წინათ; დღეს მართლაც მოეთხოვება ადამიანს რაღაცის ცოდნა, ამიტომ არ მესმის, რატომ არის ეს თაობა მომართული გაძვრომაზე, ცხოვრების მორგებაზე. ხშირად მესმის, თითქოს ახალმა თაობამ კარგად იცის კომპიუტერისა და ინტერნეტის მოხმარება. ამის საპირისპიროდ ვიტყოდი, რომ მე უკეთესად შემიძლია ინტერნეტში ძიება, ვიდრე მათ უმრავლესობას. იმისთვის, რომ საჭირო ინფორმაცია იპოვო, ლოგიკური აზროვნებაა საჭირო, ინტერნეტში ყველაფერი ხელისგულზე არ დევს. მათ კი არც მოთმინება აქვთ საიმისო და არც ცოდნა, რომ, თუ რამე პირველსავე საძიებელ სიტყვაზე ვერ იპოვეს, სასურველ შედეგამდე სხვაგვარად მივიდნენ.

– განათლების ზედაპირულობას შრომის ბაზარიც ხომ არ განაპირობებს?

– შრომის ბაზრის განუვითარებლობა ბევრ რამეს განაპირობებს ქართულ სინამდვილეში, მაგრამ ქართველებს მენტალურად უჭირთ, იყვნენ მობილურები, ერთი ადგილიდან მეორეზე გადავიდნენ, შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილები და სამსახურები, ანდა მიღებული განათლება რაიმე პროფესიას მოარგონ. ამაშიც ზოგადი განათლების უქონლობა უშლით ხელს. მაგალითად, საბჭოთა დროს ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც მსახიობებს ამზადებდა, იყო თეატრალური ინსტიტუტი, სადაც ძალიან რთული კონკურსის შედეგად ხდებოდა ჩარიცხვა. დღეს ამ პროფესიის ხალხს უამრავი სასწავლებელი ამზადებს. რასაკვირველია, ამდენი მსახიობი საჭირო არ არის, მაგრამ გვყავს უამრავი ახალგაზრდა, რომელთაც სხვა განათლება არ გააჩნიათ და სხვა პროფესიას არ იძენენ, იმიტომ რომ მსახიობის დიპლომი აქვთ და მათ ამბიციას დაკმაყოფილება სჭირდება. ასეა ბევრ სხვა სახელოვნებო დაგრში – მხატვრები, რეჟისორები, თეატრის რეჟისორები, სადაც ვითომდა ამ დარგის სპეციალისტების რედუცირება ხდება. ამის პარალელურად კი ქვეყანაში არავითარი ყურადღება არ ექცევა ახალი პედაგოგიური კადრების მომზადებას. ჩვენს პედაგოგთა რიგები ძალიან დაბერდა და ერთ დღესაც ეს კრიზისში გადაიზრდება. ვგულისხმობ არა მაინცდამაინც პედაგოგის დიპლომის მქონე ადამიანებს, არამედ ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებსაც, რომელთაც სურთ, ასწავლონ სკოლაში. ერთია, რომ არ გვყავს პროფესიონალები და მეორე, რომ განათლების სამინისტრო არც არაფერს აკეთებს მათ მოსამზადებლად, რაც ერთ მშვენიერ დღეს სერიოზულ პრობლემას შექმნის.

საქართველოსთვის, საერთოდ, დამახასიათებელია ჰუმანიტარული საგნებისკენ დიდი გადახრა, მაგრამ ქვეყანას თუ უნდა, წარმატებული იყოს, ახალგაზრდებმა ბაზისური ცოდნა მაინც უნდა მიიღონ, რომ ზუსტ მეცნიერებებზე წარმოდგენა ჰქონდეთ. ამავე დროს, ჩემი ნაცნობები, რომლებმაც თავის დროზე ზუსტი მეცნიერებები შეისწავლეს, გაცილებით განათლებულები არიან, მეტი ინტერესით კითხულობენ ლიტერატურას, ნახულობენ ფილმებს თუ ეცნობიან მხატვრობას, ვიდრე ჰუმანიტარული განათლების მქონენი. ესეც ჩვენს ზედაპირულობაზე მეტყველებს – ადამიანს ეზარება სერიოზული ჩაჯდომა და შემეცნება და ჰუმანიტარული განათლების მიღება იოლი ჰგონია. ბევრი ჩემი ნაცნობი სწავლობს უცხოეთში იურიდიულ ფაკულტეტებზე და ვიცი, რამხელა ენერგია სჭირდება ამას. მიკვირს, ჩვენთან რამდენად უფრო იოლად უყურებენ ამავე ფაკულტეტზე სწავლას. იმავეს ვიტყოდი სამედიცინოზეც – რამდენად ზედაპირულია მედიცინის სწავლა საქართველოში და რა რთული და დეტალურია დასავლეთში.

– თქვენი თაობის, ანუ საბჭოთა სკოლა რით განსხვავდებოდა დღევანდელისგან?

– არც მე მისწავლია კარგ სკოლაში და მიმაჩნია, რომ უმაღლესმა სასწავლებელმაც ბევრი არაფერი მომცა. ცოდნის მიღება უმეტესად პიროვნებაზეა დამოკიდებული, სკოლა თუ უმაღლესი სასწავლებელი ბაზისს ქმნის, ხოლო იმისთვის, რომ სტანდარტიზაცია არ მოხდეს, ზოგჯერ სისტემის საპირისპიროდ ცურვაც არის საჭირო. მიმაჩნია, რომ იმდენი თარიღი, ჩვენ რომ გვაზეპირებინებდნენ, შესაძლოა არ იცოდე, მაგრამ უნდა შეგეძლოს ანალიტიკური აზროვნება და მოვლენების ერთმანეთთან დაკავშირება. მეც ვამბობდი სკოლაში, ამდენი გეომეტრია რა საჭიროა-მეთქი, მაგრამ ლოგიკას და აზროვნებას მოზარდს სწორედ ზუსტი მეცნიერებები ასწავლის, ხოლო ლექსის დაზეპირება სულ არ არის საჭირო იმისთვის, რომ ლიტერატურა იცოდე. ჩემი დროის სკოლა იყო საბჭოთა სკოლა, რომელსაც უამრავი ნაკლი ჰქონდა, მაგრამ შეიცვალა კი ის? დღეს ქართული სკოლა აღარ არის იდეოლოგიზებული, მაგრამ ტიპობრივად ის არ შეცვლილა. მე არ ვარ ძველის იდეალიზების მოყვარული, როგორც მაშინ ვხედავდი პრობლემას, ვხედავ დღესაც. თუ ახალი თაობის პედაგოგები არ მოვიდნენ სკოლაში, ახალი სკოლა ვერ შეიქმნება. უცხოეთში განათლების მიღება საკმარისი არ არის იმისთვის, რომ თაობამ ახლებურად აზროვნება დაიწყოს. პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, დღეს კი ვხედავ, რომ, ფაქტობრივად, ახალგაზრდებში ხდება ძველი თაობის აზროვნების რეპროდუქცია. ჩვენი ისტორიის საბჭოთა პერიოდების შესწავლა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებმა დაინახონ, რა იყო მიუღებელი იმ დროში, მათ შორის – ის კარიერისტული მისწრაფებები და ზედაპირულობა, რაც დღევანდელ თაობასაც ახასიათებს.

ესაუბრა ბელა ჩეკურიშვილი

შაბათი ახლოვდებოდა…

0
გვერდის პარტნიორია გამომცემლობა “ინტელექტი”

ისააკ ბაშევიჩ ზინგერი დილაობით წერდა ხოლმე. შუადღისას სასეირნოდ ბროდვეიზე გადიოდა. გამზირზე სადმე ვეგეტარიანულ კერძს  მიირთმევდა და მერე ჩიტებს აჭმევდა. ჯიბით საბანკო წიგნაკს და ათასობით დოლარს ატარებდა – ვინ  იცის, ნიუ იორკიდან გაქცევა დამჭირდესო. სჯეროდა, რომ “ეს” შეიძლებოდა კიდევ ერთხელ მომხდარიყო.

ზინგერი პოლონეთში, ვარშავის მახლობელ სოფელ რაძიმინში, დაიბადა  1904 წელს. აღმერთებდა  ძმას,  მწერალ ისრაელ ჯოშუა ზინგერს; მის კვალს გაჰყვა და მწერლობას მიჰყო ხელი. ისააკ ზინგერი ჰიტლერულ რეჟიმს გამოექცა და 1935 წელს ამერიკაში ჩავიდა. ჯიბეში  ერთი  პენიც  კი  არ ჰქონდა  და  ერთადერთი  ინგლისური ფრაზა იცოდა. ამერიკაში  თავისი ძმის მოულოდნელმა სიკვდილმა და,  საერთოდ, ევროპაში  თავისი სამყაროს  განადგურებამ  მძიმე დაღი დაასვა. შვიდი წლის განმავლობაში  არაფერი დაუწერია, მაგრამ მერე ისევ  დაიწყო წერა… და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მწერალი გახდა. მისი მისიაა: უკვდავყოს ებრაელთა  სამყარო.

ზინგერი ამბობდა, ორ კერპს  ვემსახურებიო – ლიტერატურასა და სიყვარულს, თუმცა ესეც მისი სიტყვებია: “ღვთის რწმენის მოთხოვნილება ისეთივე ძლიერია, როგორც სექსის  მოთხოვნილება”.

კრიტიკოსები “ებრაელ შეჰერეზადას” ეძახდნენ. ყოველკვირეულ გაზეთ “ფორვარდის” ყოველ ნომერში ერთი-ორ მოთხრობას ან ფრაგმენტს ბეჭდავდა 40 წლის განმავლობაში.  გამოქვეყნებული აქვს 45 ტომი  – მოთხრობები,  რომანები,  საბავშვო  ზღაპრები, პიესები, მემუარები. შვედეთის აკადემიამ ნობელის პრემია 1978 წელს მიანიჭა.
 
როდესაც უკანასკნელად აძლევდა ინტერვიუს, ზინგერი თავის ბინაში იჯდა, ბროდვეიზე, ფანჯრიდან შემოსული ნაცრისფერი შუქის ჩარჩოში მზე ჩადიოდა, შაბათი ახლოვდებოდა.

– თქვენს მოთხრობებსა  და ინტერვიუებში ჩანს, რომ გწამთ: ადამიანებში ცოცხლობს თავისუფალი ნება, თუმცა…
– მწამს, რომ ადამიანებში არსებობს თავისუფალი ნება. მეტსაც გეტყვით: ისიც კი მწამს, რომ  ცხოველებშიც არსებობს უმაღლესი აზრი ან თავისუფალი ნება.

– თუმცა   ისიც ცნობილია, რომ  სულებისა და  დემონების არსებობაც გწამთ. თქვენს ნამუშევრებში ჭინკები ღუპავენ ადამიანებს:  მათ  წინააღმდეგ  მათივე  ვნებებს იყენებენ  – სექსს, სიყვარულს, ფულს და ღვთის შეცნობის  ვნებასაც კი.

– ვიტყოდი, რომ მწამს თავისუფალი ნება და ამავე დროს, მწამს ბედისწერა. ეს თითქოს შეუსაბამობას ჰგავს, მაგრამ ასე არ არის. სხვა სიტყვებით რომ  ვთქვათ,  არაფერი – არც ჩვენი ვნებები და არც სხვა რამ – ჩვენ არ შეგვიქმნია. ყველაფერი უფრო მაღალმა ძალებმა შექმნეს.  ამავე დროს, არჩევანის  გაკეთებაც შეგვიძლია; ჩვენ უნდა  არჩევანი გავაკეთოთ  სიკეთესა  და ბოროტებას შორის. ასე რომ  არ იყოს, ვერ  ვიარსებებდით.

– ერთ ინტერვიუში ბრძანეთ,  რომ თავისუფალი ნება უფლის მიერ ჩვენთვის ნაბოძები ერთ-ერთი უდიდესი წყალობაა, მაგრამ ჩვენ ვერ  ვიყენებთ. როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს წყალობა?

– მოგახსენებთ. ჩვენ უნდა შევძლოთ გადაწყვეტილებების მიღება და  შესრულება, ბოლომდე მიყოლა. არ კმარა გადაწყვეტილებების  მიღება. მთავარია  მათი ბოლომდე მიყოლა. ათი მცნება იყო ერთგვარი  გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს  მოსემ  და  სხვა ებრაელებმა. ჩვენ ვერ  შევასრულეთ ეს მცნებები. ხშირად სრულიად საპირისპიროდ ვიქცეოდით. ათი მცნება ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ  რა შეუძლია გადაწყვეტილების მიღებას, თუკი სიტყვას არ გავტეხთ და ნამდვილად ბოლომდე მივყვებით.

– წაკითხული მაქვს, რომ  პატარა ექსპერიმენტებს  ატარებთ საკუთარ თავზე  გადაწყვეტილების მიღებისას: დღეს  იჯდებით და იმუშავებთ სამი საათის  განმავლობაში.  დროს არ დაკარგავთ გუშინდელი გაზეთების კითხვაზე ან ფანჯარაში საათობით ცქერაზე, ან ტელეფონით მუსაიფზე.

 
– გადაწყვეტილებები ძალზე მნიშვნელოვანია. თუ  შეგიძლიათ მათი შუსრულება, ეს ძალას გმატებთ. თუ  არ შეგიძლიათ, მხოლოდ ამას  გეტყვით: “კიდევ სცადეთ”.  ჩვენ  არ შეგვიძლია  მოდუნება. არ შეგვიძლია  ცდაზე ხელის  აღება. ისევ  და ისევ  უნდა  ვცადოთ. თავისთავად ის ფაქტი, რომ თქვენ აქ მობრძანდით და მელაპარაკებით, რომ ჟურნალისტი ხართ, რომ სამუშაო გაქვთ, ნიშნავს, თქვენ აღასრულეთ რაღაც გადაწყვეტილებები. საქმე ბოლომდე რომ  არ მიგეყვანათ და დინებაზე  მიგეშვათ, სადმე თავშესაფარში ან კაცმა არ იცის, სად  იქნებოდით. ეს ასეა თქვენთან თუ  ნებისმიერ სხვა ადამიანთან დაკავშირებით, ვინც არ უნდა  იყოს იგი; თუ  ჩვენ არ ვასრულებთ გადაწყვეტილებებს, თუ არ შეგვიძლია მათი შესრულება, მაშინ ჩვენი საქმე წასულია.

– თქვენ ნათქვამი გაქვთ, რომ ლიტერატურა, პირველ ყოვლისა, გასართობი უნდა იყოს, სხვაგვარად  ვინ წაიკითხავს?

– რასაკვირველია.  ის მწერლები, მკითხველის კისერზე ჩამოკიდებულები რომ  ქვითინებენ და  სხვა არაფრის მაქნისი არიან, ნაკლებ ინფორმაციასაც იძლევიან, და ნაკლებადაც ართობენ საზოგადოებას. ასე რომ,  ამის გამო მათ ყოველგვარ ექსპერიმენტს ჩალის ფასი ედება.

– მაგრამ,  ნება მიბოძეთ, გკითხოთ: ნათქვამი გაქვთ, რომ ლიტერატურას პრაგმატული ღირებულება აქვს. რა არის ლიტერატურის პრაგმატული ღირებულება?

– მოგახსენებთ. ინფორმაცია პრაგმატულია თავისთავად. როცა რომანს კითხულობ, საფუძვლიანად ეცნობი ქვეყანას ან გარკვეულ გარემოს, ეს უკვე განათლებას სძენს მკითხველს. და, თუ, ამავე დროს,  თქვენი  სულიც ხალისობს და ერთობა,  ესე იგი მწერალმა ნამდვილად მიაღწია მიზანს.

– მაგრამ ეს პრაგმატული ღირებულება, თქვენ რომ ახსენეთ, უფრო მიწიერია, ვიდრე  მე ველოდი. სადღაც  გულის სიღრმეში ხომ არ გეიმედებათ, რომ თქვენი ნამუშევარი როგორღაც თვალს აგვიხელს ან გულს  გაგვიხსნის?

– პირადად მე,  როცა ვჯდები და  წერას  ვიწყებ, ვერ  ვიტყვი, რაღაც ისეთი უნდა დავწერო, რომ გული და გონება გაგიხსნათ  და უკეთესი ადამიანები გაგხადოთ-მეთქი. მაგრამ ასობით წერილის, ადამიანებთან საუბრებისა და შეხვედრების მეშვეობით ვიცი, რომ ჩემმა ნამუშევრებმა რაღაც მაინც გააკეთეს. იმ სიყვარულით სავსე ყველა წერილს, რომლებიც მიმიღია,  გარკვეული მნიშვნელობა აქვს. მწერენ, რა კარგია, ნობელის პრემია  რომ  მიიღეთ,  კიდევ მეტი პრემიები და მეტი სიკეთე გეკუთვნითო. ეს ადამიანები ისე მემადლიერებიან, რომ ვხედავ – მათთვის რაღაც გამიკეთებია. რაკიღა ამას საგანგებოდ არ ვაკეთებ, ესე იგი ამ საქმეში ფარული განზრახვაა. იმიტომ, რომ მჯერა რაღაც დიდისა, რაზეც აქამდე არ გვილაპარაკია – მჯერა, რომ  ყველაფრის უკან ღმერთი დგას.

– ყველაფრის უკან ღმერთი დგას?

– ისაა ყველაფრის უკან. მის საწინააღმდეგო რამეს რომ  ვაკეთებთ,  მაშინაც კი იქ არის. სულერთია, რას  ვაკეთებ. მამასავით, რომელიც ხედავს, რომ  მისი  შვილები ბევრ  სისულელეს, სიგლახეს სჩადიან. უჯავრდება, სჯის. ამავე დროს ეს მისი შვილები არიან. მე მჯერა, ამგვარი ღვთიური სიძლიერისა. ასე რომ, მთლიანად არაფერი იკარგება, რადგან მამა კვლავ თვალყურს ადევნებს თავის შვილებს, სულერთია, რას  აკეთებენ ისინი.

– ნათქვამი გაქვთ, რელიგიას რომ  ვქმნიდე, ეს პროტესტის რელიგია იქნებოდაო.

– მოგახსენებთ, რას  ვგულისხმობ: ადამიანური ბუნება და, საზოგადოდ ბუნება, არ გვაჩვენებს, არ გვიცხადებს რომელიმე გზას ან იდეას იმისა, რაც უნდა გავაკეთოთ;  ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი ვარაუდებია. ჩვენ იძულებული ვართ, ვივარაუდოთ საგნები თუ მოვლენები, არადა რეალურად ეს არ შეგვიძლია. სინამდვილეში ჩვენი ზნეობრიობა აგებულია იმის  კეთებაზე, რაც ბუნებას ეწინააღმდეგება. ბუნებამ უნდა გიკარნახოს, რომ ლამაზ  ქალს დანახვისთანავე უნდა  დაეუფლო, მაგრამ  რაღაც, უფრო მაღალი  გეუბნება, რომ ამგვარი საქციელით დაანგრევ  საზოგადოებას, თავსაც  დაიღუპავ, შვილებსაც და მომდევნო თაობებსაც  დაღუპავ. ასე რომ,  ჩვენ არ შეგვიძლია გამუდმებით ქათინაურებით ვამკოთ ყოვლისშემძლე, ვილოცოთ მასზე და ვუძახოთ:  “რა კარგი ხარ”.  ჩვენ პროტესტის გრძნობა  გვაქვს… რატომ შეიქმნა ეს “ღვთიური სამსჯავრო” ჩვენს სატანჯველად! ვფიქრობ, მავანს შეუძლია თაყვანს სცემდეს ღმერთს, თაყვანს სცემდეს მის სიბრძნეს, მაგრამ, ამავე დროს, აპროტესტებ- დეს მის ეგრეთ წოდებულ ნეიტრალიტეტს. არ მგონია, რომ რელიგია ამის წინააღმდეგი იყოს. დიდი სულიერი წინამძღოლებიც თავისებური პროტესტანტები იყვნენ. შესაქმე პროტესტის წიგნია. ასეთია ბევრი დიდი წიგნი  და დიდი აღმოჩენა.

– შევნიშნე, რომ ნათქვამი გაქვთ: “კაცი საწამებლად დაიბადა. შანსი რომ მიეცეს, კლდეებზე დაანთხევს ტვინს”.

– რასაკვირველია.

– რატომ ვირჩევთ ტანჯვას?

– იმიტომ, რომ  ერთ წუთში  გიყვართ; მეორე  წუთში  გძულთ. ერთ წუთში  დახმარება  გინდა;  მეორე  წუთში  – მოსპობა.  ჩვენ წყევლასავით თან გვდევს ემოციები, რომლებიც ანადგურებს ჩვენს ცხოვრებას. ამ ემოციების გამო მოსვენება არ არის. ჰუმანურობის, ცივილიზაციის მსახურებისთვის  ემოციებზე  უფრო ძლიერი უნდა იყო და  ეს ბრძოლა ისე  ძნელია, ისე  საშინელი, რომ  ვერასდროს ვთავისუფლდებით, მაგრამ ეს უნდა გავიაროთ.

– ხომ არ გგონიათ, რომ  საკუთარი  ემოციების დაპყრობით რომანტიკული სიყვარულის დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ?

– ჩვენ ყველაფრის დაკარგვა გვემუქრება. გვემუქრება ჩვენი სიყვარულის, საწოლის, ბინის, სახლების დაკარგვა.  თავისთავად სიცოცხლე თავიდან ბოლომდე ერთი დიდი რისკია…

– თქვენს ნამუშევრებში იშვიათადაა პირდაპირ ნახსენები მსხვერპლშეწირვა, რატომ?

– ჩემს წიგნში “მტრები, სიყვარულის ამბავი”  ამას ხშირად ვახსენებ.  საქმე ისაა, რომ, ჩემი აზრით, საერთოდ ადამიანების ისტორია ერთი დიდი მსხვერპლშეწირვაა. ამას მხოლოდ ებრაელთა ისტორიაზე არ ვამბობ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანების ისტორია მათი მსხ- ვერპლად შეწირვის ისტორიაა. სულერთია, ვის  ხოცავენ – რუსებს, ებრაელებს, არაბებს თუ სხვებს, ეს ერთი დიდი მსხვერპლშეწირვაა. აი,  რას  დავამსგავსეთ ცხოვრება მხოლოდ იმიტომ, რომ  უკეთესი ვერაფერი ავარჩიეთ და პირობა  გავტეხეთ. ჩვენ არ ვიქცევით საკუთარი არჩევანის შესაბამისად.

– საკუთარი არჩევანის შესაბამისად არ ვიქცევით?

– ჩვენ არ ვირჩევთ სწორ გზას; და, თუ  სწორ გზას ამოვირჩევთ, აღარ  ვიქცევით არჩევანის შესაბამისად.

ხომ არ დავიღალეთ?..

0

“ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა…” არა, მე არც დავღლილვარ და ჯერ არც სიკვდილს ვაპირებ, უბრალოდ, მომწონს შექსპირი და მისი სონეტები. თანაც აპრილში მისი დაბადების დღეა. დაღლა რა მოსატანია. ჯერ კიდევ ცნობილმა რომაელმა ღვთისმსახურმა და ალქიმიკოსმა ალბერ მაგნუსმა, უფრო ალბერ დიდის სახელით რომ ვიცნობთ, “ალქიმიის დიდ წიგნში” წარმატების მისაღწევად შვიდი რჩევა მოგვცა. უფრო სწორად, ოქროს მაძიებელ ალქიმიკოსებს მისცა, მაგრამ, თუ დავუკვირდებით, ამ რჩევების უმეტესობა ნებისმიერი პროფესიის ადამიანს გამოადგება:

1. ზედმეტი ყბედობით საფრთხეში აგდებ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ საერთო საქმესაც.

2. სამუშაო ადგილი ყურადღებით შეარჩიე. ეცადე, იყოს არცთუ თვალში საცემი სხვისთვის და მოხერხებული შენთვის.

3. დაიწყე საქმე დროულად და დროულადვე დაასრულე; არ აჩქარდე, მაგრამ არც ზანტად იმოქმედო, თორემ წააგებ.

4. იყავი მომთმენი! მოთმინების გარეშე არაფერი გამოდის. მონდომებით დაიწყე და დაასრულე შენი საქმე. დასვენების სურვილი დამარცხების პირველი ნიშანია.

5. იცოდე შენი საქმე. უცოდინრობას სიკვდილი მოსდევს.

6. ყურადღებით შეარჩიე სამუშაო მასალა და შეამოწმე მისი სისუფთავე, რათა თავიდან აიცილო მიღებული პროდუქტის დაბინძურება.

7. მუდამ გჯეროდეს საკუთარი თავის და გაიმარჯვებ!
ვინც ჩემს წერილებს კითხულობს, შეამჩნევდა, რომ ალქიმიკოსების ნააზრევს ხშირად ვიშველიებ. მართალია, გეორგ შტალმა მათ სულ თაღლითები ეძახა, მაგრამ ზოგიერთმა მათგანმა მნიშვნელოვანი აღმოჩენები შემატა ქემეიას, უკაცრავად – ალქიმიას, ოჰ, კვლავ ბოდიშს ვიხდი – ქიმიას, და მე მათდამი სიმპათიით ვარ განწყობილი.

კვლავ ალბერ დიდის რჩევებს დავუბრუნდეთ. არ დაიღალოთ, – გვეუბნება ის მეოთხე პუნქტში, – დასვენების სურვილი დამარცხების პირველი ნიშანიაო. რომ არ დავიღალოთ, ენერგია გვჭირდება. ჩვენ კი არა, თვით მოლეკულებსაც კი სჭირდებათ ენერგია, რომ ქიმიური რეაქცია დაიწყოს. აი, მაგალითად, რატომ არ ხდება რეაქცია ოთახის ტემპერატურაზე აირად წყალბადსა და ჟანგბადს შორის? ან, მოდი, ასე ვიკითხოთ: ჩვენ ირგვლივ მრავლადაა წვადი ნივთები, ქაღალდი, ტანსაცმელი… ისინი მუდმივად ჟანგბადის არეში არიან, მუდმივად ხდება მოლეკულების დაჯახება, მაგრამ წვა (ქიმიური რეაქცია) არ მიმდინარეობს.

ნივთიერებათა ნაწილაკების ყოველი შეჯახება ქიმიურ რეაქციას არ იწვევს. ნივთიერებები, რომლებიც მხოლოდ ჟანგბადთან კი არ ურთიერთქმედებენ ადვილად, არამედ, საერთოდ, ადვილად ახორციელებენ ქიმიურ გარდაქმნებს, რეაქციის შედეგად სითბოს გამოყოფენ.

სხვადასხვა ნივთიერების ურთიერთქმედების შედეგად სითბოს გამოყოფა ადასტურებს, რომ ჯერ კიდევ რეაქციის დაწყებამდე ეს ნივთიერებები ფარული ფორმით ფლობენ განსაზღვრულ ენერგიას. ენერგიის ეს ფარული ფორმა თავისუფლდება ქიმიური პროცესის დროს და მას ნივთიერების შინაგანი ენერგია ეწოდება.

ენერგიის მუდმივობის კანონიდან გამომდინარე, ქიმიური რეაქციების დროს ენერგია ერთი ფორმიდან მეორეში გადადის. ნივთიერების შინაგანი ენერგია სითბურ, ელექტრულ ან მექანიკურ ენერგიად გარდაიქმნება. შედეგად ეგზოთერმულ რეაქციებს ვიღებთ.

მაშ, ქიმიური რეაქცია როდისღა ხდება? მხოლოდ მაშინ, როდესაც რეაქციისთვის საჭირო ენერგიის მქონე ნაწილაკები ერთმანეთს ეჯახება. თუ ჯამური მოლეკულების კინეტიკური ენერგია საკმარისი აღმოჩნდა ძველი ბმების გასაწყვეტად, მოხდება ატომთა გადაჯგუფება და წარმოიქმნება ახალი ნივთიერება. ე.ი. აქტიური მოლეკულები გვჭირდება, მაგრამ როგორ გავააქტიუროთ ისინი?

ტემპერატურის გაზრდით მოლეკულებს დამატებითი ენერგია გადაეცემა, შედეგად აქტიური მოლეკულების რიცხვი გაიზრდება, მათი ეფექტური შეჯახება კი ახალი პროდუქტის წარმოქმნას გამოიწვევს.

მოდი, სახელდახელოდ ჩავატაროთ ორი ცდა. ორ სინჯარაში განზავებული მარილმჟავას ხსნარი ჩავასხათ. პირველს დავამატოთ ინდიკატორი მეთილნარინჯი და თეთრი ფერის მაგნიუმის (II) ოქსიდი. რეაქციის შედეგად წითელი ხსნარი ღია ნარინჯისფერი გახდება, რაც იმას დაადასტურებს, რომ რეაქცია მოხდა და ხსნარში მჟავა უკვე აღარ არის. მეორე სინჯარას ფუძე ოქსიდი – სპილენძის (II) ოქსიდი დავამატოთ. სპილენძი, მაგნიუმივით, ორვალენტიანი მეტალია, მაგრამ მისი ოქსიდი მარილმჟავასთან მხოლოდ გაცხელებით ურთიერთქმედებს.

რისი ბრალია ეს?

სვანტე არენიუსმა ჩამოაყალიბა თეორია, რომლის თანახმადაც, რეაქციაში მხოლოდ საკმარისი ენერგიის მქონე აქტიური ნაწილაკები შედიან. ენერგიის იმ რაოდენობას, რომელიც უნდა ჰქონდეს მოლეკულებს ახალი ნივთიერების წარმოსაქმნელად, აქტივაციის ენერგია ეწოდება (Eაქტ; კჯ/მოლი). ტემპერატურის მომატებისას აქტიურ მოლეკულათა რიცხვი იზრდება, იზრდება რეაქციის სიჩქარეც. ვანტ-ჰოფმა დაადგინა, რომ ჰომოგენური რეაქციებისთვის ტემპერატურის 100C-ით მომატებისას რეაქციის სიჩქარე 2-4-ჯერ იზრდება. მათემატიკურად ვანტ-ჰოფის წესი ასე გამოისახება:

 
 
ვანტ-ჰოფის წესი მხოლოდ რეაქციის სიჩქარეზე ტემპერატურის გავლენის საორიენტაციოდ გამოიყენება.

ორგანიზმებს, მათ შორის – ადამიანსაც, აქვთ ენერგიის მარაგი. როგორ? ორგანიზმებში ენერგიის უნივერსალური წყარო ადენოზინტრიფოსფორმჟავაა (ATP), რომელიც თავისუფალ, ბიოლოგიურად აქტიურ ნუკლეოტიდს წარმოადგენს. ATP-დან ფოსფატური ჯგუფების მოხლეჩისას ხდება ენერგიის გამოთავისუფლება, რის ხარჯზეც სხვადასხვა სასიცოცხლო პროცესი მიმდინარეობს. აი, თუნდაც ახლა – ამ წერილს მხოლოდ ATP-ის დახმარებით ვწერ.

ამ ნუკლეოტიდის სინთეზში, თავის მხრივ, მარტივი ნახშირწყალი გლუკოზა მონაწილეობს. გლუკოზის მარაგი ღვიძლშია. უფრო სწორად, ღვიძლშია რთული პოლისაქარიდი გლიკოგენი, რომელსაც ცხოველურ სახამებელსაც უწოდებენ. სწორედ ეს მარაგად გადანახული გლიკოგენი იშლება გლუკოზად, რომლის ერთი მოლეკულა ძალიან გრძელ გზას გაივლის, რათა ნახშირორჟანგისა და წყლის წარმოქმნით დაიჟანგოს და უჯრედი 23 მოლეკულა ATP-ით მოამარაგოს.

ღვიძლი მხოლოდ გლუკოზით კი არ ამარაგებს სხვა ორგანოებს, არამედ პასუხისმგებლობასაც იღებს სისხლში შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებაზე. თუ საღამოს 8 საათის შემდეგ არაფერს მივირთმევთ, დილით ღვიძლში გლიკოგენის მარაგი აღარ გვექნება. სწორედ ამიტომაა ასე საჭირო საუზმე. ამიტომაც გვასწავლიან, რომ უსაუზმოდ შინიდან არ უნდა გავიდეთ.

გამოდის, რომ ჩვენი “საწვავი” გლუკოზა ყოფილა. სწორედ ის გვამარაგებს ასე აუცილებელი ენერგიით (ენერგიის სინთეზში ცხიმები და ცილებიც მონაწილეობს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი ნახშირწყლების მიღებაზე უარს ამბობს, თუმცა ორგანიზმისთვის ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება).

დაღლილობა იმ საქმემაც იცის, რომლისკენაც ადამიანის სული და გული არ მიუწევს და მხოლოდ მოვალეობის გამო უწევს კეთება.

ასე იყო პარიზში, სადაც ის გადასახადების ამკრეფად მუშაობდა. ოჯახის უფროსი ვაჟი იყო და კლერკად მუშაობის ტრადიციას აგრძელებდა. თავისუფალ დროს მოიხელთებდა თუ არა, ქიმიურ ლაბორატორიაში იკეტებოდა და სასწაულებს ახდენდა. კლერკობის გამო თავი მოჰკვეთეს, დიდი ქიმიკოსობა მხოლოდ მომავალში დაუფასეს. ანტუან ლორან ლავუაზიე…

მთვარიან ღამეს ვიწრო ბილიკს კოჭლობით მიუყვება გაცრეცილქურთუკიანი გამხდარი ყმაწვილი. მაიკო ორბელიანისგან დილით მიღებულ წერილს გულში მერამდენედ იმეორებს. ხომ ხედავ შენი სახლის გარემოებასო, ვერაფრით შეცვლი მძიმე ვითარებასო, ოჯახს არ უნდა უპატრონოო?.. მას იურიდიულ სამსახურში ჩადგომას სთხოვენ, მისი სული კი მთლიანად პოეზიას დაუსაკუთრებია, მაგრამ მოვალეობის გრძნობის გამო უმეტესი დრო სხვა საქმეს უნდა დაუთმოს. ნიკოლოზ (ტატო) ბარათაშვილი…

მე ამ მხრივ ძალიან გამიმართლა – ჩემი ქიმიაც მიყვარს, ჩემი სტუდენტებიც და წერაც…

“ყველაფრით დაღლილს, სანატრელად სიკვდილი დამრჩა…” არა, ეს შექსპირის სონეტი იწყება ასე. მე არც დავღლილვარ და არც სიკვდილს ვნატრობ. მე მოძრაობას ვაგრძელებ, რადგან სანამ გზას ვხედავ, უნდა ვიარო!

პასექი ქუთაისურად

0

ქუთაისი უცნაური ქალაქია. ერთნი ამბობენ, “ინდუსტრიის მშენებელიო”, მეორეთ მიაჩნიათ, რომ “ქუთაისი ჩქარა და იოლად ქრება მეხსიერებიდან და შეიძლება ეს იყოს მისი ერთადერთი და უკანასკნელი ღირსება”. წლების წინ მავანს ქუთაისის სტუდენტურ ქალაქად გადაქცევა ჰქონდა განზრახული, წლების შემდეგ კი სხვებმა მას გამოსაცოცხლებლად პარლამენტი შეაშველეს.

ჩემი, საკუთარი ქუთაისი უფრო პატარაა და მშვიდი, ვიდრე სინამდვილეშია. ის რუსთაველის ქუჩით იწყება და იქ მთავრდება, სადაც სალოცავად უძველესი ქუთაისელები, ჭკვიანი და დინჯი ებრაელები იკრიბებიან – მეორე სინაგოგასთან.

ყოფილ შაუმიანის ქუჩას და მის მიმდებარე ტერიტორიას ქუთაისში დღემდე ებრაელების უბანს ეძახიან. რიონის პირას გაშენებულ ულამაზეს სახლებს შორის ორი სინაგოგა დგას, რომლებსაც მთელი ბავშვობა მორიდებით ვუვლიდი გვერდს. ძალიან მინდოდა, ერთხელ მაინც მენახა, რა ხდებოდა შენობაში, მაგრამ ქცევის წესები არ ვიცოდი და მეშინოდა, “უცხო ღმერთები” არ გამებრაზებინა, ამიტომ ვერც ერთხელ ვერ გავბედე სინაგოგის კარის შეღება.

როგორც ბევრ ქუთაისელს, მეც მყავდა ებრაელი თანაკლასელი. მიშიკო ერქვა. წყნარი, უკონფლიქტო ბიჭი იყო, ლაპარაკში ხანდახან ახსენებდა თავის შორეულ, სულ სხვა სამშობლოს და რელიგიის გაკვეთილებზე, სანამ ჩვენ ხმამაღლა გვაკითხებდნენ ლოცვებს, ისიც ჩვენთან ერთად იდგა ფეხზე, ოღონდ ჩუმად.

ყველაზე ხშირად მიშიკო გაზაფხულობით მახსენდება, პასექის ჟამს. ყოველ წელს, პასექის პერიოდში, უამრავი მაცა მოჰქონდა სკოლაში. პატარები ვიყავით და ნორმალურად არც ერთს არ გვესმოდა, რას ვზეიმობდით, მაგრამ მაცა ყველას გვიყვარდა. ჩვენი საკლასო პასექის დღეები ჩემს მეხსიერებაში ასეთია: სკოლის წინ უზარმაზარ ხეს თეთრი ყვავილები გამოუსხამს და საოცარ სურნელს აფრქვევს, ქუჩაში გაზაფხულის თბილი ამინდია, კლასი კი მხიარული ხრაშუნით ივსება. ყველა ცდილობს, მეტი მაცა შეიხვედროს, სხვანაირად წარმოუდგენელია, ბოლოს და ბოლოს, მიშიკოს არავინ აწყენინებს. კარგად ვიცით, რომ ცოტა ხანში არც ის იტყვის უარს ჩვენს შეთავაზებულ პასკაზე.

მოგვიანებით ვიღაცამ მითხრა, რომ მაცას ჭამა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ცოდვად ითვლება. არ ვიცი, ალბათ ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რამხელა ტვირთის ზიდვა შეუძლია მის სულს. მე ვერავის საქმეში ვერ ჩავერევი. უბრალოდ, მიყვარს იმ დღეებზე ფიქრი. ბავშვობაში ხომ “ცოდვა” და “მადლი” ძალიან რთულ სიტყვებად გვეჩვენება და უფრო მარტივ დაყოფას ვამჯობინებთ, ამიტომ მხოლოდ “სიკეთე” და “ბოროტება” არსებობს და მე თუ მკითხავთ, ნაწილობრივ სწორიცაა. ჰოდა, რა შეიძლება იყოს უფრო დიდი სიკეთე, ვიდრე მეგობრის სიხარულის გაზიარება, მისი დღესასწაულის აღნიშვნა, მისი პურის გატეხვა?

რელიგიურ ნიადაგზე ატეხილ კამათში არასოდეს ვერთვები. უფრო მეტიც – მიკვირს, სხვები რომ კამათობენ. ჩემთვის ყველაფერი დღესაც ისეთივე მარტივია, როგორიც მაშინ იყო, არც ისე შორეულ ბავშვობაში. როგორც ჩანს, უფროსებს სირთულეები გვიყვარს და ხანდახან გვეთაკილება, ყველაზე სერიოზულ საკითხებს ბავშვის თვალით შევხედოთ, ვისწავლოთ ჩვენი შვილებისა და მოსწავლეებისგან სიკეთე, ურთიერთგაგება და ურთიერთობა, ვისწავლოთ სამყაროს სიყვარულით, თავდაპირველი სიმშვიდით აღქმა და აღარ მოგვინდება, ერთმანეთს გავემიჯნოთ.

ჩვენი საკლასო ტრადიცია სადღაც მეშვიდე კლასამდე გაგრძელდა, მერე კი, სხვა ქუთაისელი ებრაელებივით, მიშიკოს ოჯახიც გაემგზავრა ისრაელში. შეიძლება, ქუთაისი მართლაც სწრაფად ქრება მეხსიერებიდან, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ყოველ წელს, გაზაფხულზე, მასაც ვახსენდებით კლასელები, სკოლის წინ თეთრად აყვავებული ხე, თავისი მაცა და ჩვენი პასკები.

მე კი დიდი ხნის ოცნება ავიხდინე და შაბათის ლოცვას დავესწარი, თუმცა ეს წლების შემდეგ, ქუთაისისგან შორს მოხდა. ვილნიუსის სინაგოგაში ჩემმა ამერიკელმა ჯგუფელმა, მაიკმა წამიყვანა. “ყველა რომ ადგება და შეტრიალდება, შენ შეგიძლია, არ ადგე”, – მითხრა მან. მე მაინც ავდექი. უბრალოდ, ვერ შევძელი სხვანაირად. ვუყურებდი ჩემ გარშემო მლოცველ ადამიანებს და თუმცაღა სიტყვაც არ მესმოდა, მეჩვენებოდა, რომ ყველაფერი კარგად ნაცნობი იყო ჩემთვის. მახსენდებოდა წლების წინანდელი ბავშვური რიტუალი და ვიდექი ჩუმად, როგორც ჩემი ებრაელი კლასელი სკოლაში, რელიგიის გაკვეთილებზე.

სწავლის მოტივაცია – თეორია და სტრატეგიები

0

აღარავინ დავობს, რომ სწავლის მოტივაცია მოსწავლის წარმატების უმთავრეს ფაქტორს წარმოადგენს. აღარც ის მოსაზრებაა საეჭვო, რომ სწორედ მასწავლებელზე და არა ცალკეულ დისციპლინაზეა დამოკიდებული მოსწავლეთა მოტივაციის ხარისხი.

რაღა თქმა უნდა, მოსწავლე სკოლაში მოტივაციის განსაზღვრული ხარისხით მიდის; მნიშვნელოვანია მისი მზაობა ამა თუ იმ კომპეტენციის დასაუფლებლად, შესასწავლი საგნის სტრუქტურა, დასახული ამოცანები და სხვა ამგვარი ფაქტორები, თუმცა უდავოა, რომ მასწავლებლის ქცევა, მისი გადმოცემის უნარი და მოსწავლეებთან არაფორმალური ურთიერთობა, პოზიტიური, შედეგზე ორიენტირებული სასწავლო გარემო გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაში.

განათლების ფსიქოლოგები სწავლის მოტივაციის განხილვისას ორ ძირითად ფაქტორს გამოყოფენ – შინაგანსა და გარეგანს. შინაგანი მოტივაცია ამა თუ იმ საკითხის/საგნის შესწავლის სურვილიდან გამომდინარეობს. ის მოსწავლის თანდაყოლილ ინტერესებზე, კომპეტენციის ზრდისა და საკუთარი თავის სრულყოფის მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული. ასეთი მოსწავლის მიზანი ჯილდოსა თუ დადებითი შეფასების მიღება არ არის.

გარე ფაქტორებია, მაგალითად, უარყოფითი შეფასების ან სასჯელისთვის თავის არიდების სურვილი.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მასწავლებლებმა სწორედ შინაგანი მოტივაციის გასაძლიერებლად არ უნდა დაიშურონ ძალისხმევა, თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად პირიქით ხდება – სწორედ გარე ფაქტორების მეშვეობით ცდილობენ აამაღლონ მოსწავლეთა წარმატების მოტივაცია.

მნიშვნელოვანია, თითოეულ მოსწავლეს სწავლაზე ორიენტირებული საზოგადოების ნაწილად ვაგრძნობინოთ თავი, შევუქმნათ ღია, პოზიტიური ატმოსფერო საკუთარი მისწრაფებებისა და მონაცემების გამოსავლენად.
ამასთან დაკავშირებით განათლების ფსიქოლოგიის სპეციალისტები გვირჩევენ, მეტი ყურადღება მივაქციოთ მოტივაციის ზოგიერთ ფაქტორს. მაგალითად:
დადებითი უკუკავშირი
დადებით უკუკავშირად შეიძლება მივიჩნიოთ ქება, წახალისება, განმავითარებელი და არა განმსაზღვრელი შეფასება, რომელიც მოსწავლის მიღწევებს გაუსვამს ხაზს და არა მარცხს. განმავითარებელი შეფასება წარმოაჩენს მათ ყველა მიღწევას, თუნდაც ნაკლებმნიშვნელოვანსა და კომპლექსურს. ყოველგვარი წარუმატებლობა თუ შეცდომა კი უნდა შეფასდეს სწავლის განუყრელ კომპონენტად და განიხილებოდეს არა ნეგატიური, არამედ დადებითი კუთხით, ანუ შეცდომების გამოსწორების საშუალებად.
შესრულებადი ამოცანების დასახვა
სპეციალისტები გვირჩევენ, მოტივაციის ასამაღლებლად მოსწავლეებს დავუსახოთ მარტივი, შესრულებადი ამოცანები; ნაბიჯ-ნაბიჯ ავუმაღლოთ ცოდნა, შევძინოთ ესა თუ ის უნარი. კომპლექსური, ძნელად შესასრულებელი, დაუძლეველი ამოცანები სწავლის მოტივაციას მხოლოდ ვნებს.
რეალისტური, მოსწავლის ინტერესებზე დაფუძნებული თემატიკა
მოსწავლის შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად მნიშვნელოვნად მიიჩნევენ კიდევ ერთ ფაქტორს: სასწავლო მასალა ზედმიწევნით უნდა ასახავდეს მათ რეალურ ცხოვრებას, შერჩეული უნდა იყოს ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით.
არჩევანის უფლების მინიჭება
მოტივაციის სტიმულირებისას გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება მოსწავლისთვის ერთგვარი ავტონომიის მინიჭება. მას უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. მაგალითად, სასურველია, მოსწავლეს მსგავსი თემატიკის ტექსტებიდან, ამოცანებიდან და სხვ. ერთ-ერთის არჩევის უფლება უფლება ჰქონდეს. ამით მას სწავლის პროცესში თანამონაწილეობისა და ჩართულობის შეგრძნებასაც გავუღვივებთ.

კუთვნილების შეგრძნების გაღვივება

ვინაიდან კუთვნილების შეგრძნება ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, ამ შეგრძნების გაღვივება მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსწავლის შინაგანი მოტივაციის ასამაღლებლად. კვლევების თანახმად, მოსწავლეები, რომლებსაც სკოლისადმი, კლასისადმი, საზოგადოდ, აკადემიური გარემოსადმი კუთვნილების შეგრძნება აქვთ, გაცილებით უკეთ ართმევენ თავს სასწავლო პროცესს. მასწავლებლები, რომლებიც უქმნიან მოსწავლეებს ღია, თავისუფალ, მყუდრო, ენთუზიაზმსა და პოზიტიურ დამოკიდებულებაზე აგებულ სასწავლო გარემოს, ამით კუთვნილების შეგრძნებასაც უღვივებენ მათ.
მხარდაჭერაზე დაფუძნებული ურთიერთობა

მზრუნველობასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული ურთიერთობა, რომელსაც მასწავლებელი უყრის საფუძველს, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად. მასწავლებელს უნდა შეეძლოს აღსაზრდელებთან კომუნიკაცია, თანაგრძნობისა და სიმპათიის გამოხატვა.
“ურჩი” მოსწავლეებისთვის სასწავლო სტრატეგიების შემუშავება

დაბალი აკადემიური მოსწრებისა და სასწავლო გარემოსთვის შეუსაბამო ქცევის მქონე მოსწავლეთა ძირითად პრობლემას სწავლის დაბალი მოტივაცია წარმოადგენს. ასეთი მოსწავლეებისთვის მოტივაციის ასამაღლებლად საკმარისი არ არის სასწავლო პროცესის მსვლელობისას გამოჩენილი დამატებითი ძალისხმევა. წარმატების მიღწევა შესაძლებელია მართებული სასწავლო სტრატეგიების დასახვით, მაგალითად, ამა თუ იმ აქტივობის გეგმის შემუშავებით, ჩანაწერების გაკეთებით, შავი ნამუშევრის გადათეთრებით და სხვ. ამა თუ იმ აქტივობისთვის შესაფერისი სასწავლო სტრატეგიის შეთავაზებით მასწავლებელმა შესაძლოა საგრძნობი შედეგი მიიღოს მოსწავლის მოტივაციისა და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესების კუთხით.

ნაბიჯი მარადობისკენ

0

“საუკუნეები და ერები, როგორც ლეგენდარული არმიები, იკრიბებიან და იშლებიან: სახელმწიფოები და ადამიანები თავიანთი ჩვეულებებით, სურვილებით, იდეალებით და ილუზიებით აფართქალდებიან, ღელავენ, ეძებენ და იტანჯებიან, საუკუნეთა განმავლობაში მრავლდებიან, ორგანულ-ბიოლოგიურად იზრდებიან; დაიქანცებიან ღელვა-ძიებაში და წუთისოფელს შორდებიან, ვით უდაბნოში მოხეტიალე მგზავრები. დროთა მდუმარე სასაფლაოზე მოდიან სხვები და შლიან უთავბოლო პოემის ახალ რვეულებს, ჩმახავენ ახალ სიტყვებს, იგონებენ ღმერთებს და მეცნიერულ ზღაპრებს…” – წუხს ცხოვრების წარმავლობაზე კონსტანტინე კაპანელი…

“ყოფნა? არყოფნა?” – ეს კითხვა შექსპირამდეც აღელვებდა ადამიანს და მომავალშიც არაერთხელ შეახსენებს თავს. რაც უნდა ღრმად გვწამდეს მითი თუ სინამდვილე სულის უკვდავებისა და სამოთხისა, მაინც არ გვეთმობა ჩვენი ამქვეყნიური სადგომი, სავსე ტალახით, ცრემლით, ტანჯვით, დარდით, სიხარულით, იმედით…

სანამ სული უდგას, სხეული ინარჩუნებს სიმრთელეს. სული ინჰიბიტორივითაა – ერთმანეთისგან დაცილების საშუალებას არ აძლევს ჩვენს მოლეკულებს.

და სანამ სული გვიდგას და გული ფეთქავს, რას არ ვჩადით, რომ როცა სხეული ვეღარ შეძლებს სიარულს, ჩვენმა მისტიურმა მე-მ გააგრძელოს ამქვეყნად ყოფნა.

ჩვენი ყიჟინა შვილის დაბადებისას სხვა არაფერია, თუ არა ჩვენი ქვეცნობიერის გადაძახილი ერთი თაობის იქით, მარადობასთან ერთი ნაბიჯით მიახლოების სიხარული. მამალიც ყივის, როცა დედალი საქათმეში კვერცხს დებს. პრობლემა ერთი გვაქვს. გადაჭრის გზაც ერთია. თუმცა ჰომო საპიენსებს კიდევ გვაქვს რაღაც, რაც ასევე დააოკებს ჩვენს ჟინს, მარადობისკენ რომ მიილტვის. ეს გახლავთ საქმე. საქმიანობა სახელს ქმნის, სახელი კი გადადის თაობიდან თაობაში და გენეტიკურ კავშირებს არად დაგიდევთ.

ილტვიან მარადობისკენ მოლეკულები? რა თქმა უნდა. უფრო მეტიც – ჩვენ ეს ლტოლვა მათგან ვისწავლეთ.

მოდი, განვიხილოთ ერთ-ერთი ყველაზე კარგად ცნობილი ელექტროფილური ჩანაცვლება არომატულ ბირთვში.
თავიდანვე შევნიშნავ, რომ არომატული ნაერთები იმ მოლეკულათაგანნი არიან, ათასწლეულებს რომ გაუძლეს, მედგრად გაუმკლავდნენ დედამიწის წიაღის აგრესიულ გარემოს, მაღალ ტემპერატურასა და წნევას. ბენზოლიც მათ რიცხვს ეკუთვნის. ორი საუკუნის წინ მას პირველად შეეხო ქიმიკოსის ხელი. მისი შემადგენლობის დადგენით გამოწვეული სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. იმ ფაქტმა, რომ ბენზოლში შემავალ ექვს ნახშირბადატომს მხოლოდ ექვსი წყალბადატომი უმშვენებდა გვერდს, ბევრი თავსატეხი გააჩინა. მანამდე არსებული ზოგიერთი კონცეფცია თავდაყირა დადგა – ბენზოლი უფრო უჯერი ნაერთი იყო, ვიდრე იმ დროის ქიმიკოსთა ხელთ არსებული ალკენები, ალკინები, ალკადიენები… შესაბამისადაც მიუდგნენ. ეთენივით, მასაც დაამატეს კალიუმის პერმანგანატი, მაგრამ ამ უკანასკნელის ნაცვლად მეცნიერთა წარმოდგენები გაუფერულდა. მოგვიანებით კიდევ უფრო დიდი ლაფსუსი შეამჩნიეს: უჯერი ნაერთი ბენზოლი რეაქციებში ნაჯერი ნაერთებივით შედიოდა – მოსალოდნელი (იმ დროის ლოგიკით) მიერთების რეაქციების ნაცვლად მისთვის ჩანაცვლების რეაქციები იყო დამახასიათებელი. ამიტომ იგი რამდენიმე ხნით “თაროზე შემოდეს”.

ბენზოლის ასეთ ქცევას რეაქციის მექანიზმის შესწავლამ მოჰფინა ნათელი. ბენზოლის ბირთვში თავმოყრილი ელექტრონები (p სექსტეტი) მსუყე საკბილოა ელექტროფილური (ელექტრონის მაძებარი) ნაწილაკისთვის, ამიტომ, თუ ერთ სისტემაში (კოლბაში) მოხვდნენ, ელექტროფილი გულგრილად ვერ ჩაუვლის ბენზოლს. ჯერ შორიდან ზვერავენ ერთმანეთს. ადვილი როდია უკარება ბენზოლთან საერთო ენის გამონახვა, ამიტომ ეს ურთიერთობა შესაძლოა კრახით დასრულდეს. ქიმიურ ენაზე კი ბენზოლსა და ელექტროფილს შორის პირველ ეტაპზე წარმოიქნება p კომპლექსი. თანაც ამ კომპლექსის წარმოქმნა შექცევადი პროცესია. p კომპლექსის ფორმირება უმალ აისახება სისტემის ენერგიაზე – იგი იმატებს. თუ ბენზოლსა და ელექტროფილს აღმოაჩნდათ საკმარისი ენერგია (ნება), გააგრძელონ ურთიერთობა და კიდევ უფრო ზევით აუყვნენ ენერგეტიკული პროფილის ციცაბო კალთას, მათი ურთიერთობა უკვე სერიოზულ ხასიათს მიიღებს და კომპლექსად გარდაიქმნება. s კომპლექსში უკვე ფორმირდება კოვალენტური ბმა ელექტროფილსა და ერთ-ერთ ნახშირბადატომს შორის. ბმის ფორმირებას თან ახლავს p სექსტეტის რღვევა. ელექტროფილს ერთი ელექტრონი აკლია, ამიტომ იგი p სექსტეტიდან მხოლოდ ერთ ელექტრონს მიიტაცებს – მისთვის ორი და მეტი ელექტრონი ისეთივე თავსატკივარია, როგორიც უელექტრონობა. მის მიერ ბენზოლში შემოტანილი მუხტი კი მეზობელ ნახშირბადატომზე მიგრირდება და სისტემა კვლავ დამუხტული (აღგზნებული) დარჩება, მაგრამ მცირე ხნით – ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა შეუძლებელია, გამოსავალი სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს…

ეს ენერგეტიკული თვალსაზრისით ყველაზე მაღალი მწვერვალია, საიდან დაშვებაც ორი გზით შეიძლება: უკან დასაბრუნებელი ბილიკით და მარჯვენა ციცაბო კალთით. მაგრამ წარმოიდგინეთ თქვენი თავი – ზურგჩანთააკიდებულმა, ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ მიაღწიეთ მწვერვალს და, დაღლილ-დაქანცული, დაშვებას გეგმავთ. რომელ გზას აირჩევდით? ცხადია, პირდაპირს. s კომპლექსიც ასე იქცევა.
 

 
მაგრამ მთავარი ახლა იწყება. დადებითი მუხტის მატარებელ კომპლექსს მუხტის მოცილების ორი შესაძლებლობა აქვს. ერთია მიერთება იმავე სისტემაში ეულად მოხეტიალე უარყოფითად დამუხტული ნუკლეოფილისა (რომელიც ასევე არაკონდიციურ მდგიმარეობაში იმყოფება და ელექტრონის გაცემა-გაზიარებას ცდილობს). მაგრამ ეს პრობლემის მოგვარების მარტივი გზაა. ეს არჩევანი სტაბილიზაციისკენ მსწრაფი მოლეკულის დროებითი გამოსავალია. ამ დროს (მიერთების რეაქციის შედეგად) მიიღება დიენური ნაერთი, რომელიც პირველსავე შემხვედრ სუსტ ელექტროფილთან ჭიდილში დამარცხებისთვის არის განწირული. იცის ეს ბენზოლის მოლეკულამ და ამიტომ სხვა არჩევანს აკეთებს: ის მოლეკულიდან მოიკვეთს წყალბადის პროტონს, რომელთან ერთად, ვინ იცის, რამდენი ათასწლეული გაატარა. s კომპლექსიდან პროტონის მოხლეჩა ბენზოლის ბირთვს საშუალებას აძლევს, აღადგინოს p სექსტეტი და კიდევ რამდენიმე ათასწლეული მშვიდად იგრძნოს თავი. ამ ჟესტით ბენზოლი ნაბიჯს დგამს მარადობისკენ.
სულიერი თუ გონიერიცაა, უნდა ფიქრობდეს ამქვეყნად ბიოლოგიურ შთამომავლობასთან ერთად მისი საქმის გამგრძელებლის დატოვებაზეც. ეს მიმაჩნია მარადობისკენ გადადგმულ საუკეთესო ნაბიჯად. გაიხსენეთ, როგორ მოძღვრავდა დედა აქილევსს ტროას ომის წინ…

მასწავლებლის პროფესიის არჩევა უკვე ნიშნავს ნაბიჯს მარადობისკენ… ამ გზაზე სიარული ყველას არ შეუძლია…

კომუნისტური აკრძალვიდან “ფარფლების” ლაივამდე

0

უფროსი თაობა ხშირად ჰყვება, როგორ ჭირდა საბჭოთა კავშირში ხარისხიანი უცხოური მუსიკის მოსმენა. რიგითი მოქალაქე ძნელად თუ იშოვიდა ისეთი ჯგუფების ფირფიტებს, როგორებიც “Pink Floyd”, “Beatles” ან “Scorpions” არიან. ეს იმიტომ, რომ საბჭოეთში როკმუსიკას იდეოლოგიურ მტრად აღიქვამდნენ. მაგალითად 1985 წელს უკრაინის ალკკ-ის – ახალგაზრდული ლენინური კომუნისტური კავშირის (ЛКСМ – Ленинский коммунистический союз молодёжи) – ერთ-ერთი რეგიონული კომიტეტის მიერ გამოცემული დოკუმენტიც კმარა, რომლის ტექსტი დაახლოებით ასეთია:

“პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!

…გიგზავნით სიას, რომელშიც მოყვანილია ის შემსრულებლები და მუსიკალური ჯგუფები, რომელთაც შემოქმედებაში იდეურად მავნე ნაწარმოებები აქვთ.

გაძლევთ რეკომენდაციას, ეს ცნობები გამოიყენოთ დისკოთეკების მუშაობაზე გაძლიერებული კონტროლისთვის.

აუცილებელია, ეს ინფორმაცია გადაეცეს ყველა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსამბლსა და დისკოთეკას”.

სიის ერთ მხარეს ჯგუფებისა და შემსრულებლების სახელები იყო ჩამოწერილი, მეორე მხარეს კი – მათი “ცოდვები”, რასაც კომუნისტები “იდეურ მავნებლობას” უწოდებდნენ. სწორედ ასე დააბრალეს ჯგუფ Scorpions-ს ძალადობა, Pink Floyd-ს – სსრკ-ის საგარეო პოლიტიკის “გარყვნა”, Sex Pistols-ს – პროპაგანდა პანკური სუბკულტურისა, რომელიც, რატომღაც, დანაშაულად ჩათვალეს, AC/DC-ს – ნეოფაშიზმი და ა.შ.

 
აკრძალვების მიუხედავად, მელომანები როგორღაც მაინც ახერხებდნენ უშიშროების სამსახურისგან ფარულად ფირფიტების გადამრავლებას. ასე რომ, ხალხი იცნობდა Black Sabbath-ს, Iron Maiden-ს, Deep Purple-ს…

საბჭოთა კავშირის არსებობის უკანასკნელ წლებში ყველაფერი შედარებით გამარტივდა. 1990 წელს, როცა, “წითელი მზე ბოლომდე იყო დამწვარი” (ვიქტორ ცოის სიტყვები) და აღარც რკინის ფარდა გახლდათ საკმაოდ მყარი, საქართველოს “Deep Purple”-ის ვოკალისტი, იან გილანი ეწვია. მე სწორედ იმ წელს დავიბადე და ბევრი არაფერი ვიცი მისი კონცერტის შესახებ, მაგრამ გამიგონია, რომ გილანის გამოსვლებს ქართული ხალხური ჰანგები ენაცვლებოდა. როგორც ჩანს, საინტერესო ექსპერიმენტი გამოვიდა. გილანმა “ჩემო კარგო ქვეყანაც” კი შეასრულა ქართველ მომღერლებთან ერთად, დასასრულისკენ მისთვის დამახასიათებელი ვოკალური სიგიჟით .

მას მერე ოცდასამი წელი გავიდა და, როგორც ჩანს, სულ მალე ეს მუსიკოსი საქართველოში დაბრუნდება! “Deep Purple” თბილისში, დინამო არენაზე, ფესტივალ Tbilisi Open Air-ზე დაუკრავს. გილანი, პეისი, მორსი, გლოვერი – სავარაუდოდ, ბენდის ასეთ შემადგენლობას ვიხილავთ 5 ივნისს თბილისში.

სულ რაღაც 30 წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა მოვლენების ასეთ განვითარებას. დრონი იცვალნენ, დღეს სსრკ-ის სამართალმემკვიდრე ქვეყნის, რუსეთის, პრეზიდენტიც კი აღიარებს, რომ ახალგაზრდობაში “Deep Purple”-ის დიდი თაყვანისმცემელი იყო. კომუნისტური აკრძალვები უკვე აღარ არის აქტუალური, როკმუსიკა კი – პირიქით.

როკის აქტუალობის მიუხედავად, ამ ჟანრის კონცერტებითა და ფესტივალებით საქართველო განებივრებული არ არის. ალბათ იმიტომ, რომ მოთხოვნა ამ ტიპის მუსიკაზე დიდი არ არის. ის აინტერესებს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს, რომლის აზრიც საერთო განწყობაზე დიდ გავლენას ვერ ახდენს. პირადად მე როკმუსიკისა და მისი თანამედროვე ტრანსფორმაციების განვითარება საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, ამიტომ მიმაჩნია, რომ ფესტივალი “Tbilisi Open Air” ძალიან კარგია არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვისაც. შარშან ფესტივალზე ლეგენდარულმა რუსულმა ჯგუფმა, “DDT”-მ დაუკრა, წელს კი დინამო არენაზე ორგანიზატორები გამორჩეულ საღამოს გვპირდებიან. საქმე მხოლოდ ის არ არის, რომ “ფარფლები” ჩამოვლენ, – რა თქმა უნდა, ისინი ფესტივალის მთავარი ჰედლაინერები იქნებიან, მაგრამ არც სხვა ჯგუფები უნდა დავივიწყოთ.

კონცერტს ქართული ბენდი “Kid Jesus” გახსნის, რომელმაც 2012 წელს მოიპოვა ფესტივალში მონაწილეობის უფლება. ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, როდესაც ქართულ ჯგუფს საკუთარი თავის წარმოსაჩენად ასეთი კარგი შანსი ეძლევა. ვფიქრობ, ბიჭები მას გამოიყენებენ და ღირსეულად გამოვლენ ათეულობით ათასი მსმენელის წინაშე.

ელექტრონული მუსიკის მოყვარულებს წელს ნამდვილად კარგი დღე ექნებათ, მათთვის Black Strobe, Modeselector და Tricky დაუკრავენ (ეს უკანასკნელი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, რადგან ძალიან კარგი ჯგუფის, “Massive Attack”-ის ყოფილი წევრი გახლავთ). ვფიქრობ, შედარებით განსხვავებული იქნება “Infected Mushrooms”-ის გამოსვლა, – სავარაუდოდ, ის უფრო მძიმე სტილსა და მეტ ფსიქოდელიას შესთავაზებს მსმენელს. “The Subways”-სთან, 2000 წელს დაარსებულ ჯგუფთან, ძალიან თბილი ასოციაციები მაკავშირებს და თითქმის დარწმუნებული ვარ, მათ მიმართ ჩემი დადებითი განწყობა ამ ლაივის შემდეგ ერთიორად გაიზრდება. ინდივიდუალური სტილი, ცოტა პანკი და გრანჟი ამ ჯგუფის სავიზიტო ბარათია.

 
საღამოს ლეგენდარული “ფარფლები” დახურავენ… ათეულობით წელია, ისინი სცენაზე დგანან და აღაფრთოვანებენ მსმენელს. ბევრს მიაჩნია, რომ მობერდნენ, ბევრისთვის ისინი არასდროს დაბერდებიან, მე კი მგონია, რომ შეუძლებელია, ამ ჯგუფის კონცერტი ცუდი გამოვიდეს. მე დიდ შოუს ველოდები, ვნახოთ, რა იქნება.

ჭკუის მასწავლებლად არ გამოვდგები, ვერავის მივუთითებ, აუცილებლად დაესწროს ამა თუ იმ კონცერტს. მით უმეტეს, ხელოვნებაში სიტყვა “უნდას” გამოყენების სასტიკი წინააღმდეგი ვარ. არ არსებობს ჯგუფი, რომელსაც “უნდა” უსმინო, კომპოზიცია, რომელიც “უნდა” მოგეწონოს ან კონცერტი, რომელზეც აუცილებლად “უნდა” წახვიდე. 5 ივნისის შესახებ ერთადერთ რამეს ვიტყვი – Tbilisi Open Air-ის წლევანდელი კონცერტი თავისი მასშტაბითა და მნიშვნელობით ნამდვილად უპრეცედენტო იქნება დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის ისტორიაში, ამიტომ გირჩევთ: თუ როკი გიყვართ და მიგაჩნიათ, რომ მუსიკას ბევრი რამის შეცვლა შეუძლია თქვენს ცხოვრებაში, ურიგო არ იქნება, ამ კონცერტის ბილეთები რაც შეიძლება მალე შეიძინოთ.

როგორ ვუსმინოთ ისე, რომ შვილებს ჩვენთან საუბარი უნდოდეთ

0

დოქტორ თომას გორდონის პროგრამას “როგორ გავხდე კარგი მშობელი” (Parent Effectiveness Training – PET) საფუძველი 1962 წელს ჩაეყარა. ის მშობლებს ასწავლის, როგორ დაამყარონ ჯანსაღი ურთიერთობა შვილებთან და მოაგვარონ ოჯახური კონფლიქტები. სწორედ ამ პროგრამის საფუძველზე შეიქმნა ამავე სახელწოდების წიგნი.

მე-3 თავი.

თხუთმეტი წლის გოგონა ყოველკვირეული საკონსულტაციო სესიის ბოლოს, ოთახიდან გასვლამდე, მომიბრუნდა და მითხრა:
“კარგია, როცა შეგიძლია, ვინმეს საკუთარ გრძნობებზე ესაუბრო. მანამდე არავისთან მისაუბრია ასეთ რამეებზე. ჩემს მშობლებს ასე ვერასდროს დაველაპარაკები”.
სკოლაში წარუმატებელი თექვსმეტი წლის ბიჭის დედ-მამამ მკითხა:
“როგორ მოვიქცეთ, რომ ჯასტინი გვენდობოდეს? არასდროს გვეუბნება, რაზე ფიქრობს. ვიცით, რომ ბედნიერი არ არის, მაგრამ წარმოდგენა არ გვაქვს, რა ხდება მის თავს”.
ცამეტი წლის მიმზიდველმა გოგონამ ორ მეგობართან ერთად სახლიდან უიღბლო გაქცევის შემდეგ ასე მრავლისმთქმელად შეაფასა დედასთან ურთიერთობა:
“საქმე იქამდე მივიდა, რომ ისეთ უმნიშვნელო რამეებზეც კი ვეღარ ვსაუბრობდით, როგორიცაა… სკოლის ამბები. შიშით ვერ მეთქვა, რომ გამოცდაზე ჩავიჭერი – ვეტყოდი, ცუდად ვუპასუხე-მეთქი, მკითხავდა, რატომო და შემდეგ მეჩხუბებოდა. ამის შემდეგ უბრალოდ მოტყუება დავიწყე. არ მიყვარს ტყუილი, მაგრამ ვიტყუებოდი და საბოლოოდ შევეჩვიე… ბოლოს ისე ვსაუბრობდით, როგორც ორი სრულიად უცხო ადამიანი – არც ერთი ჩვენგანი არ ამჟღავნებდა თავის ნამდვილ გრძნობებს… არ ამბობდა, რას ფიქრობდა სინამდვილეში”.
ეს ტიპური მაგალითებია იმისა, როგორ ამბობენ უარს შვილები მშობლებისთვის საკუთარი განცდების გაზიარებაზე. მათ ისწავლეს, რომ მშობლებთან საუბარი უსარგებლო და ხშირად სახიფათოც კია. შედეგად ბევრი მშობელი შვილებისთვის ცხოვრებისეული პრომლემების მოგვარებაში დახმარების ათასობით შანსს ხელიდან უშვებს.
რატომ “ჩამოწერენ” შვილები მშობლებს როგორც დახმარების წყაროს? რატომ არ ესაუბრებიან მათ იმის შესახებ, რაც ნამდვილად აღელვებთ? მხოლოდ ზოგიერთი მშობელი რატომ ინარჩუნებს შვილებთან ნდობით აღსავსე ურთიერთობას?
მეორე მხრივ, რატომ არის ბავშვებისთვის პროფესიონალ კონსულტანტთან საუბარი მშობლებთან საუბარზე უფრო ადვილი? რას აკეთებს პროფესიონალი კონსულტანტი ისეთს, რაც მას ბავშვებთან ნდობით სავსე ურთიერთობის დამყარების საშუალებას აძლევს?
უკანასკნელ წლებში ფსიქოლოგებმა მრავალ კითხვას უპასუხეს. კვლევებისა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე ჩვენ ვიწყებთ იმის გაცნობიერებას, რა არის ეფექტიანი, ნდობით აღსავსე ურთიერთობის აუცილებელი კომპონენტი. შესაძლოა, უმნიშვნელოვანესი იყოს “აღიარების (მოწონების) ენა”.

აღიარების ენის ძალა
როცა ადამიანი გულწრფელად გრძნობს და გამოხატავს მეორე ადამიანის აღიარებას (მოწონებას), ის სხვებისთვის ძლიერ დამხმარე აგენტად იქცევა. ადამიანის ისეთად მიღება (აღიარება), როგორიც არის, მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც მას ზრდის, განვითარების, კონსტრუქციული ცვლილებების, პრობლემების მოგვარების, სულიერი წონასწორობის დაცვის საშუალებას მისცემს, გახდის უფრო პროდუქტიულს, შემოქმედებითს და გაააქტიურებინებს მთელ თავის პოტენციალს. აი ცხოვრების ერთ-ერთი მარტივი, მაგრამ მშვენიერი პარადოქსი: როცა ადამიანი გრძნობს, რომ მას გულწრფელად აღიარებენ ისეთს, როგორიც არის, ფრთებს შლის და იმაზე იწყებს ფიქრს, როგორ შეიცვალოს, როგორ გაიზარდოს, როგორ გახდეს უკეთესი, როგორ მოახდინოს საკუთარ შესაძლებლობათა სრული რეალიზაცია.
აღიარება ნოყიერ ნიადაგს ჰგავს, რომელიც პაწაწინა მარცვალს ლამაზ ყვავილად აქცევს. ამასთან, ნიადაგი მარცვალს მხოლოდ ყვავილად ქცევის საშუალებას აძლევს. ის ბიძგს კი აძლევს მარცვლის ზრდის უნარს, მაგრამ ეს უნარი თვით მარცვალშია. მარცვლის მსგავსად, ბავშვის არსებაშიც არის განვითარების უნარის ჩანასახი, აღიარება კი ნიადაგს ჰგავს – ის ბავშვს პოტენციალის რეალიზების საშუალებას აძლევს.
რატომ ახდენს მშობლების აღიარება ბავშვზე ასეთ მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას? მშობელთა უმრავლესობას ეს არ ესმის, რადგან იმ რწმენით გაიზარდა, რომ თუ შვილი მუდამ აქე, მოუწონე საქციელი – წინ ვერ წავა; თუ მისი დახმარება გსურს, მუდამ უნდა აღნიშნო, რას უწუნებ. ამიტომ მშობელთა უმრავლესობა ბავშვის აღზრდისას მთლიანად ეყრდნობა არაღიარების (დაწუნების) ენას, რადგან ეს დახმარების საუკეთესო გზად მიაჩნია. ნიადაგი, რომელსაც მშობელთა უმრავლესობა უმზადებს შვილებს, დამძიმებულია კიცხვით, კრიტიკით, ჭკუის სწავლებით, მორალის კითხვით, შეგონებითა და ბრძანებით – ბავშვის მიუღებლობის ფარული შეტყობინებებით.
მაგონდება სიტყვები ცამეტი წლის გოგონასი, რომელიც ის-ის იყო მშობლების ფასეულობებისა და სტანდარტების წინააღმდეგ ამბოხს იწყებდა:
“ისინი ისე ხშირად მეუბნებიან, რომ ცუდი ვარ, რომ სულელური აზრები მომდის და ჩემი ნდობა არ შეიძლება, ჯიბრზე ვაკეთებ იმას, რაც არ მოსწონთ. თუ მათ თვალში უკვე მაინც ცუდი და სულელი ვარ, ხომ შემიძლია, მართლა ასეთი ცუდი და სულელური რამეები ვაკეთო?”
ეს ლამაზი გოგონა საკმაოდ გონიერი იყო იმისთვის, რომ გაეგო აზრი ძველი ანდაზისა – შეძახილმა ხე გაახმოო. ბავშვები ხშირად სწორედ ისეთები ხდებიან, როგორებიც მშობლებს ჰგონიათ.
გარდა ამისა, მიუღებლობა აუცხოებს მშობლებსა და შვილებს. შვილები წყვეტენ მშობლებთან საუბარს. ისინი გამოცდილებით სწავლობენ, რომ საკუთარი გრძნობებისა და პრობლემების დამალვა გაცილებით უსაფრთხოა.
აღიარება ბავშვს გულის გადაშლის საშუალებას აძლევს. ის თავისუფლად გვიზიარებს საკუთარ გრძნობებსა და პრობლემებს. პროფესიონალი ექიმებისა და კონსულტანტების გამოცდილებამ აჩვენა, რა ძლიერი ზემოქმედება შეიძლება მოახდინოს ამგვარმა აღიარებამ. ყველაზე წარმატებულნი ის ექიმები და კონსულტანტები არიან, რომლებსაც მათთან დახმარებისთვის მისული ადამიანების მიმართ გულწრფელი აღიარების გამოხატვა შეუძლიათ. სწორედ ამიტომ გვესმის ასე ხშირად ამ ადამიანებისგან, რომ კონსულტანტთან ან ექიმთან ვიზიტისას მათ სულაც არ ეშინოდათ გაკიცხვის – თამამად ლაპარაკობდნენ თავიანთ ნაკლოვანებებზე, რადგან გრძნობდნენ, რომ, რაც უნდა ეთქვათ, კონსულტანტი მათ არ გაკიცხავდა.
პროფესიონალი კონსულტანტებისგან გაგვიგონია ისიც, რომ მიუღებლობა, შენიშვნა, გაკიცხვა ხშირად ადამიანს საკუთარ თავში კეტავს, თავდაცვით მდგომარეობაში ამყოფებს, უზრდის დისკომფორტს და უნერგავს საკუთარი თავის მცდარი შეფასების შიშს. ამრიგად, პროფესიონალი ექიმის “წარმატების საიდუმლო” ნაწილობრივ ისიც არის, რომ ურთიერთობისას კიცხვას გამორიცხავს და შესწევს უნარი, ისაუბროს წრფელი მოწონების ენით.
მშობლებთან მუშაობისას დავრწმუნდით, რომ შესაძლებელია მათვის იმ უნარების სწავლება, რომლებსაც პროფესიონალი კონსულტანტები იყენებენ. შედეგად უმრავლესობამ რადიკალურად უკლო არაღიარების გამომხატველ შეტყობინებებს და აღიარების ენის გამოყენებაში ოსტატობის გასაოცრად მაღალ დონეს მიაღწია.
როცა მშობლები სიტყვების მეშვეობით ბავშვის აღიარების შინაგანი გრძნობის გამოხატვას ისწავლიან, ისინი ეფექტიანი იარაღის მფლობელები გახდებიან. მათ შეუძლიათ, ამ იარაღით შვილს საკუთარი თავის მოწონება და აღიარება, საკუთარი მნიშვნელობის გაცნობიერება ასწავლონ, საგრძნობლად დაეხმარონ გენეტიკურად ბოძებული პოტენციალის რეალიზებაში, დამოუკიდებლობისა და თვითმართვის უნარის განვითარებაში, ასწავლონ ცხოვრებისეული პრობლემების საკუთარი ძალით მოგვარება და გადასცენ ძალა, რომელიც მათ ბავშვობასა თუ მოწიფულ ასაკში იმედგაცრუებისა და გულისტკენის კონსტრუქციულად დაძლევაში დაეხმარება.
აღიარების არც ერთი შედეგი არ არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორიც ბავშვის გრძნობა, რომ ის უყვართ. ადამიანის ისეთად მიღება, “როგორიც არის”, სიყვარულის ჭეშმარიტი აქტია; იგრძნო, რომ გაღიარებენ, ნიშნავს იგრძნო, რომ უყვარხარ. ფსიქოლოგიაში ახლაღა ვიწყებთ “ვუყვარვარ” გრძნობის სასწაულმოქმედი ძალის გააზრებას: მას შეუძლია გონებისა და სხეულის განვითარების ხელშეწყობა და შესაძლოა, როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური ნაკლის ჩვენთვის ცნობილი ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალება იყოს.
აღიარებას დემონსტრირება სჭირდება

ერთია, როცა მშობელი გრძნობს შვილისგან აღიარებას და მეორეა, როცა შვილს აგრძნობინებს ამას. თუ შვილმა ვერ იგრძნო, რომ მშობელი მას აღიარებს, ამ უკანასკნელს ვერ ექნება მასზე გავლენა. მშობელმა უნდა ისწავლოს აღიარების გამომჟღავნება.
ამისთვის განსაკუთრებული უნარებია საჭირო. მშობელთა უმრავლესობას აღიარება პასიურ მოვლენად (გონების მდგომარეობად, დამოკიდებულებად, გრძნობად) მიაჩნია. მართალია, აღიარება შინაგანი განწყობაა, მაგრამ სხვაზე გავლენის ეფექტურ საშუალებად რომ იქცეს, ის აქტიურად უნდა გამოვხატოთ. მე ვერ ვიქნები დარწმუნებული, რომ მაღიარებენ, სანამ რომელიმე აქტიური საშუალებით არ მაჩვენებენ ამას, არ დამარწმუნებენ ამაში.
პროფესიონალ ფსიქოლოგ კონსულტანტსა და ფსიქოთერაპევტს, რომელთა დახმარების ეფექტიანობა ბევრად არის დამოკიდებული მათ უნარზე, გამოხატონ აღიარება, წლები სჭირდებათ იმის სასწავლად, რომ ურთიერთობის ჩვევები ამგვარი დამოკიდებულებით გაამდიდრონ. ფორმალური სწავლებითა და ხანგრძლივი გამოცდილებით პროფესიონალი კონსულტანტი იძენს აღიარების გამოხატვის სპეციფიკურ უნარს. ის სწავლობს, რომ მის სიტყვებზეა დამოკიდებული, დაეხმარება თუ ვერა.
საუბარს შეუძლია მკურნალობა და კონსტრუქციული ცვლილებების სტიმულირება. მაგრამ საუბარიც არის და საუბარიც.
იგივე შეიძლება ითქვას მშობლებზეც. მათ შვილებთან საუბრის უნარზეა დამოკიდებული, დაეხმარებიან თუ ავნებენ. კარგმა მშობელმა, კარგი კონსულტანტის მსგავსად, უნდა ისწავლოს აღიარების გამოხატვა და ურთიერთობის შესაბამისი ჩვევები აითვისოს.
ხშირად მშობლები ეჭვით კითხულობენ: “შეუძლია კი ჩემისთანა არაპროფესიონალს პროფესიონალი კონსულტანტის უნარების შესწავლა?” ოცდაათი წლის წინ ჩვენ ვუპასუხებდით, რომ “არა”. მიუხედავად ამისა, ჩვენმა კურსებმა გვიჩვენა, რომ მშობელთა უმრავლესობა სწავლობს, როგორ იქცეს შვილისთვის ეფექტიან დამხმარე აგენტად. ახლა უკვე ვიცით, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიის ცოდნა ან ადამიანის ინტელექტუალური შეცნობა კარგ კონსულტანტად ვერ გვაქცევს; ამისთვის, უპირველესად, ადამიანებთან “კონსტრუქციულად” საუბრის სწავლაა საჭირო.
ფსიქოლოგები ამას “თერაპიულ ურთიერთობას” უწოდებენ და მიაჩნიათ, რომ განსაზღვრული შეტყობინებები ადამიანზე “თერაპიულ” ან გამაჯანსაღებელ ეფექტს ახდენს. მათი წყალობით ის უკეთ გრძნობს თავს, საუბრის სტიმული უჩნდება, უკეთ გამოხატავს გრძნობებს, ეუფლება საკუთარი ღირსებისა და პატივისცემის გრძნობა, უმცირდება საფრთხის მოლოდინი, შიში, ხელი ეწყობა ზრდასა და კონსტრუქციულ ცვლილებებში.
არსებობს “ანტითერაპიული”, ანუ დესტრუქციული საუბარიც. მისი მეშვეობით გაგზავნილი შეტყობინებები ადამიანს კიცხვის ან დანაშაულის შიშს უჩენს, ხელს უშლის წრფელი გრძნობების გამოხატვას, წარმოშობს საფრთხის მოლოდინს, აღვივებს საკუთარი უღირსობის განცდას და დაბალ თვითშეფასებას, აიძულებს ადამიანს, ჯიუტად დაიცვას საკუთარი თვითმყოფადობა, ამუხრუჭებს ზრდას და კონსტრუქციულ ცვლილებებს.
მხოლოდ მშობელთა უმცირესობას აქვს ინტუიციურად და “ბუნებრივად” განვითარებული ეს თერაპიული უნარი. მშობელთა უმრავლესობამ კი, უპირველესად, უნდა დაივიწყოს ურთიერთობის დესტრუქციული ჩვევები და მხოლოდ ამის შემდეგ ისწავლოს კონსტრუქციული ურთიერთობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობელმა ჯერ ურთიერთობის საკუთარი ტიპური ჩვევები უნდა გამოააშკარაოს, რომ ნათლად დაინახოს მათი დესტრუქციულობა და ანტითერაპიულობა, მერე კი შვილებთან ურთიერთობის ახალი უნარები შეიძინოს.
აღიარების არავერბალური გამოხატვა
ჩვენ შეტყობინებებს ვაგზავნით სიტყვების საშუალებით (როცა ვსაუბრობთ) ან, როგორც მეცნიერები ამბობენ, არავერბალური გზით (როცა არ ვსაუბრობთ). არავერბალური შეტყობინებები იგზავნება ჟესტით, პოზით, სახის გამომეტყველებით და სხვა ქცევით. გაიქნიეთ მარჯვენა ხელი ზურგით ბავშვისკენ – ის ამ ჟესტს, სავარაუდოდ, ასე გაიგებს: “წადი”, “მომშორდი”, “ნუ მაწუხებ”. დაიქნიეთ რამდენჯერმე ხელი ხელისგულით თქვენკენ – ბავშვი ამ ჟესტს თარგმნის როგორც: “მოდი” ან “მოდი ახლოს” ან “მინდა, ჩემთან იყო”. პირველი ჟესტი გაკიცხვას გამოხატავს, მეორე – მოწონებას.

ჩაურევლობა როგორც აღიარების გამოხატვა
მშობელს აღიარების გამოხატვა შეუძლია ბავშვის საქმიანობაში ჩაურევლობითაც. წარმოვიდგინოთ ბავშვი, რომელიც სანაპიროზე ქვიშისგან სასახლის აშენებას ცდილობს. მშობელი, რომელიც შვილის საქმიანობაში არ ერევა და მას “შეცდომის” ან საკუთარი უნიკალური დიზაინის სასახლის (რომელიც შესაძლოა სულაც არ მოსწონდეს მშობელს, ან კიდევ სასახლეს სულაც არ ჰგავდეს) აშენების საშუალებას აძლევს, აღიარების (მოწონების) არავერბალურ შეტყობინებას უგზავნის შვილს.
ამ დროს ბავშვი გრძნობს: “კარგია, რასაც ვაკეთებ”, “ჩემი სასახლე მოსწონთ”, “დედას მოსწონს, რასაც ახლა ვაკეთებ”.
ბავშვის საქმიანობაში ჩაურევლობა აღიარების არავერბალური გამოხატვის მძლავრი საშუალებაა. მრავალი მშობელი ანგარიშს არ უწევს, რა ხშირად ატყობინებს შვილს არავერბალურ არმოწონებას უბრალოდ ჩარევით, თავს მოხვევით, კონტროლით, შემოწმებით, მის საქმიანობაში ჩართვით. უფროსები თავს არ ანებებენ ბავშვებს, იჭრებიან მათ ოთახებში ან მათ პირად და ფარულ ფიქრებში, არ აძლევენ “ავტონომიის” უფლებას. ხშირად ეს თავად მშობლების შიშისა და მღელვარების, საკუთარი თავისადმი ურწმუნობის შედეგია.
მშობლებს უყვართ სწავლება (“აი, როგორი უნდა იყოს სასახლე”). ისინი თავს უხერხულად გრძნობენ, როცა შვილი შეცდომას უშვებს (“წყლისგან მოშორებით ააშენე სასახლე, რომ ტალღამ არ დაგინგრიოს კედელი”). მათ სურთ, იამაყონ შვილის მიღწევებით (“ნახე, რა მშვენიერი სასახლე ააშენა კოდიმ”). ისინი თავს ახვევენ შვილებს თავიანთ “დიდურ” შეხედულებებს სწორისა და არასწორის შესახებ (“შენს სასახლეს თხრილი არ უნდა ჰქონდეს?”). მათ შვილებთან დაკავშირებული ფარული პატივმოყვარე გეგმები აქვთ (“მთელი დღეა, მაგ რაღაცას აშენებ, როდისღა უნდა ისწავლო”?). მათ მეტისმეტად აღელვებთ, რას იფიქრებენ სხვები მათ შვილებზე (“ისეთი კარგი სასახლე ვერ გამოგივიდა, როგორიც შეგეძლო აგეშენებინა”). მათ სურთ, გრძნობდნენ, რომ შვილებისთვის საჭირონი არიან (“მოდი, მამი, დაგეხმარო”) და ა. შ.
ამრიგად, “არაფრის კეთება” (უმოქმედობა) მაშინ, როცა ბავშვი რაღაცას აკეთებს, მშობლის მხრივ აღიარების მკაფიო შეტყობინებაა. გამოცდილებით ვიცი, რომ ძალიან ხშირად მშობლები შვილს ამგვარი “ავტონომიის” უფლებას არ აძლევენ. გასაგებიცაა – “თავის დანებების” დამოკიდებულება ძნელად მიიღწევა.
“მახსოვს, როგორ მეწყინა, როცა ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა სასწავლო წლის დამთავრების აღსანიშნავად მეგობრები მოიწვია და მათი გართობის ჩემეული შემოქმედებითი და კონსტრუქციული წინადადებები უარყო. მხოლოდ მაშინ, როდესაც მისი თხოვნით, თავი დამენებებინა, გამოწვეულ მსუბუქ დეპრესიას დავაღწიე თავი, მივხვდი, არმოწონების როგორ არავერბალურ შეტყობინებებს ვუგზავნიდი – “დამოუკიდებლად ვერ გამართავ კარგ საღამოს”, “ჩემი დახმარება დაგჭირდება”, “ვერ ვენდობი შენს შეხედულებებს”, “ვერ იქნები კარგი მასპინძელი”, “შესაძლოა, რამე შეგეშალოს”, “არ მინდა, საღამო ჩაიშალოს” და ა.შ.
აღიარების გამოხატვა პასიური მოსმენით

აღიარების ასევე მკაფიოდ გამოხატვაა შესაძლებელი არაფრის თქმით. დუმილი – “პასიური მოსმენა” – ეფექტური არავერბალური შეტყობინებაა, რომელიც წარმატებით შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ადამიანს წრფელი აღიარება ვაგრძნობინოთ. პროფესიონალმა ეს კარგად იცის და ინტერვიუს დროს ფართოდ იყენებს დუმილს. ამიტომ არის, რომ ადამიანი ფსიქოლოგთან ან ფსიქიატრთან თავის პირველ ინტერვიუს ასე აღწერს: “ის არაფერს ამბობდა; მხოლოდ მე ვლაპარაკობდი”; ან “საკუთარ თავზე საშინელი რამეები ვუამბე, მაგრამ მას არც კი გავუკრიტიკებივარ”; ან “ვერ ვიფიქრებდი, რომ რამის თქმას შევძლებდი, მაგრამ მთელი საათი ვილაპარაკე”.
ასე აღწერენ ადამიანები თავიანთ, როგორც ჩანს, პირველ, გამოცდილებას – საუბარს ადამიანთან, რომელიც მათ უბრალოდ უსმენდა. არაჩვეულებრივი განცდაა, როცა ადამიანის დუმილით აღიარებას გრძნობ. როგორც დედასა და უფროსკლასელ ქალიშვილს შორის ქვემოთ მოყვანილი დიალოგიდან ჩანს, ზოგჯერ დუმილი გაცილებით მრავლისმთქმელია:
შვილი: დღეს სასწავლო ნაწილთან დამიბარეს.
დედა: მართლა?
შვილი: ჰო. მისტერ ფრენკსმა თქვა, რომ გაკვეთილზე მეტისმეტად ბევრს ვლაპარაკობ.
დედა: გასაგებია.
შვილი: ვერ ვიტან იმ ბებრუხანას. ზის და ან თავის უსიამოვნებებზე გველაპარაკება, ან შვილიშვილებზე და ჰგონია, რომ ძალიან გვაინტერესებს. ვერ წარმოიდგენ, რა მოსაწყენია.
დედა: ჰმ!
შვილი: შეუძლებელია, მის გაკვეთილზე იჯდე და არაფერი აკეთო! გაგიჟდები! როცა ის ლაპარაკობს, ჯენი და მე ვსხედვართ და ანეკდოტებს ვუყვებით ერთმანეთს. ყველაზე საშინელი მასწავლებელია, რომლის წარმოდგენაც კი შეიძლება. მაგიჟებენ ასეთი საზიზღარი მასწავლებლები!
დედა: (დუმს)
შვილი: კარგ მასწავლებელთან კარგად ვიქცევი, მაგრამ როცა მისტერ ფრენკსისნაირი მხვდება, არაფრის სწავლა არ მინდა. რატომ აძლევენ ასეთებს მასწავლებლობის უფლებას?
დედა: (მხრებს იჩეჩავს).
შვილი: ალბათ, უნდა შევეგუო, ყოველთვის კარგი მასწავლებელი ხომ არ მეყოლება. ცუდები უფრო მეტნი არიან, ვიდრე კარგები და ცუდებზე თუ ნერვებს მოვიშლი, კარგი კოლეჯისთვის საჭირო ქულებს ვერ მოვაგროვებ. გამოვა, რომ საკუთარ თავს ვავნებ.
ამ მოკლე ეპიზოდში კარგად ჩანს დუმილის ფასი. მშობლის პასიურმა მოსმენამ საშუალება მისცა შვილს, სასწავლო ნაწილთან დაბარების საწყისი ფაქტის კონსტატაციაზე შორს წასულიყო, გაეცნობიერებინა რატომ დასაჯეს, განთავისუფლებულიყო მასწავლებელზე ბრაზისა და ზიზღისგან, განეხილა ცუდ მასწავლებლებზე მსგავსი რეაგირების შედეგები და მისულიყო დამოუკიდებელ დასკვნამდე, რომ ამგვარი ქცევით ის ფაქტობრივად საკუთარ თავს ვნებდა. ამ მოკლე ხნის განმავლობაში, როცა ბავშვი აღიარეს, ის გაიზარდა. მას საკუთარი გრძნობების გამოხატვის საშუალება მისცეს; მას დაეხმარნენ, მარტოს ევლო პრობლემის გადაჭრის თვითინიციატივიანი გზით. ამის შედეგად კი ის თავად მივიდა, თუნდაც საცდელ, მაგრამ საკუთარ კონსტრუქციულ გადაწყვეტილებამდე.
მშობლის დუმილმა ხელი შეუწყო ამ “განვითარების მომენტს”, ამ პატარა “ზრდას”, ორგანიზმის მდგომარეობას თვითმიმართული ცვლილების პროცესში. რა ტრაგედია იქნებოდა მშობლისთვის, ხელიდან გაეშვა შვილის გაზრდის ხელშეწყობის ეს შანსი ბავშვის საუბარში ასეთი შენიშვნებით (გაკიცხვის, არმოწონების ტიპური მაგალითებით) ჩარევით:
“რა? სასწავლო ნაწილთან გამოგიძახეს?! ღმერთო ჩემო!”
“შენთვის კარგი გაკვეთილი იქნება!”
“გამოდის, რომ მისტერ ფრენკსი არც ისე ცუდია, არა?”
“საყვარელო, ოდნავ მაინც უნდა ისწავლო საკუთარი თავის კონტროლი!”
“უმჯობესია, ყველანაირ მასწავლებელს შეეგუო!”
ყველა ეს და მრავალი სხვა შეტყობინება, რომელსაც მშობელი ასეთ სიტუაციაში უგზავნის შვილს, მხოლოდ არმოწონებას როდი გამოხატავს – ის შემდგომი ურთიერთობის დასასრულია და ბავშვს პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარების საშუალებას ართმევს.
ამრიგად, არაფრის თქმით, ისევე, როგორც არაფრის კეთებით, შესაძლებელია აღიარება გამოვხატოთ, აღიარება კი კონსტრუქციულ ზრდას და ცვლილებებს უწყობს ხელს.
აღიარების ვერბალური გამოხატვა
მშობელთა უმრავლესობას ესმის, რომ ურთიერთობის პროცესში ხანგრძლივი დუმილი შეუძლებელია. ადამიანებს სჭირდებათ ვერბალური ურთიერთობა. ცხადია, ინტიმური, ეფექტური ურთიერთობისთვის საჭიროა, მშობლები ესაუბრონ შვილებს, რომლებსაც ეს საუბარი სჭირდებათ.

საუბარი მნიშვნელოვანია, მაგრამ გადამწყვეტია, როგორ ესაუბრება მშობელი შვილს. ბევრი რამის თქმა შემიძლია მშობელი-შვილის ურთიერთობის შესახებ მხოლოდ მათი საუბრის, განსაკუთრებით კი მშობლის პასუხების საფუძველზე. თითოეულმა მშობელმა კარგად უნდა შეისწავლოს საკუთარი ვერბალური რეაქციები, რადგან სწორედ მათშია დამალული მშობლის ეფექტიანობის გასაღები.
PET კურსებზე ვიყენებთ სავარჯიშოს, რომელიც მშობლებს იმის გაგებაში ეხმარება, რა ვერბალურ პასუხებს იყენებენ ისინი, როცა შვილები გრძნობებსა და პრობლემებს უზიარებენ. თუ ამ სავარჯიშოს შესრულება გსურთ, დაგჭირდებათ მხოლოდ ქაღალდი და კალმისტარი ან ფანქარი. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი თხუთმეტი წლის შვილი ერთ საღამოს, ვახშმობისას, აცხადებს:
“სკოლა ტეხავს! უამრავ უსარგებლო რამეს გასწავლიან, არაფერში რომ არ გჭირდება. გადავწყვიტე, სულაც არ გავაგრძელო სწავლა კოლეჯში. წარმატებული რომ გახდე, განათლება სულაც არ არის საჭირო. უამრავი სხვა გზაა ცხოვრებაში წინ წასაწევად”.
ახლა ფურცელზე დაწერეთ, რას უპასუხებდით შვილის ამ აღიარებას. გამოხატეთ თქვენი ვერბალური შეტყობინება ზუსტად იმ სიტყვებით, რომლებსაც გამოიყენებდით პასუხისას.
ამის შემდეგ სხვა სიტუაცია წარმოიდგინეთ. ათი წლის ქალიშვილი გეუბნებათ:
“არ ვიცი, რა მჭირს. ჯინის მოვწონდი, ახლა აღარ მოვწონვარ. ის აღარ მოდის ჩემთან სათამაშოდ. როდესაც მასთან მივდივარ, ის ეშლის ეთამაშება. ერთად თამაშობენ და მხიარულობენ, მე კი მარტო ვდგავარ. ორივე მეჯავრება”.
ისევ სიტყვასიტყვით დაწერეთ, რას უპასუხებდით ქალიშვილის ამ შეტყობინებას.
აი კიდევ ერთი სიტუაცია – თერთმეტი წლის შვილი გეუბნებათ:
“რატომ უნდა დავასუფთაო ეზო და გავიტანო ნაგავი? რეის არ აიძულებს დედა ამ საზიზღრობების კეთებას! უსამართლოდ მექცევი. ბავშვმა არ უნდა აკეთოს ამდენი საქმე. არავინ აკეთებს იმდენ სისულელეს, რამდენსაც მე”.
დაწერეთ თქვენი პასუხი.
მშობლის პასუხები უამრავი კატეგორიად შეიძლება დაიყოს. ისინი ქვემოთ არის მოცემული. აიღეთ თქვენი პასუხები და ნახეთ, ყველაზე მეტად რომელ კატეგორიას შეესაბამება ისინი.
1. ბრძანება, მოთხოვნა, იძულება
აიძულებთ ბავშვს, ბრძანებითა და მოთხოვნით გააკეთოს რაიმე:
“არ მაინტერესებს, როგორ იქცევიან სხვა მშობლები, ეზო უნდა დაასუფთაო!”
“ასე ნუ მელაპარაკები!”
“დაბრუნდი უკან და ჯინის და ეშლის ეთამაშე!”
“შეწყვიტე სლუკუნი!”
2. გაფრთხილება, დარწმუნება, მუქარა
ახსენებთ ბავშვს, რა შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს:
“ეს თუ გააკეთე, ინანებ!”
“კიდევ ერთი სიტყვა და ოთახიდან გახვალ!”
“თუ უსიამოვნებები არ გინდა, უმჯობესია, ეგ არ გააკეთო!”
3. შეგონება, ჭკუის სწავლება, ქადაგება
ახსენებთ ბავშვს, რა ევალება:
“ასე არ უნდა მოიქცე!”
“ვალდებული ხარ, ეს გააკეთო…”
“უფროსებს პატივი უნდა სცე!”
4. რჩევა, კარნახი, შეთავაზება
ეუბნებით ბავშვს, როგორ მოაგვაროს პრობლემა, აძლევთ რჩევას ან სთავაზობთ მზამზარეულ პასუხებს ან გადაწყვეტილებებს:
“სთხოვე ჯინის და ეშლის, ჩვენს ეზოში ითამაშონ”.
“რამდენიმე წელი მოიცადე, ვიდრე კოლეჯის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდე”.
“კარგი იქნება, თუ ამის შესახებ მასწავლებელებს დაელაპარაკები”.
“ეცადე, სხვა გოგოებს დაუმეგობრდე”.
5. სწავლება, ლოგიკური არგუმენტაცია
ცდილობთ, ბავშვზე გავლენა მოახდინოთ ფაქტებით, კონტრარგუმენტებით, ლოგიკით, ინფორმაციით ან თქვენი შეხედულებებით:
“კოლეჯი საუკეთესო გამოცდილებას შეგძენს”.
“ბავშვებმა უნდა ისწავლონ ერთმანეთთან შეგუება”.
“მოდი, მაგალითებით ვნახოთ, რას აღწევენ კოლეჯდამთავრებულები”.
“თუ ბავშვები სახლის საქმეებზე პასუხისმგებლობას იკისრებენ, მათგან პასუხისმგებლობით სავსე ადამიანები დადგებიან”.
“მოდი, ამას ასე შეხედე – დედას ოჯახურ საქმეებში შენი დახმარება სჭირდება”.
“როცა შენხელა ვიყავი, ორჯერ მეტ საქმეს ვაკეთებდი”.
6. გაკიცხვა, კრიტიკა, უთანხმოება, დადანაშაულება
ბავშვს კიცხავთ ან ნეგატიურად აფასებთ:
“არასწორად ფიქრობ”.
“რა ბავშვობაა!”
“ძალიან ცდები”.
“ვერ დაგეთანხმები”.
7. ქება, თანხმობა
გამოხატავთ პოზიტიურ აზრს ან შეფასებას, თანხმობას:
“კარგი შვილი ხარ”.
“კარგად სწავლა შეგიძლია”.
“ვფიქრობ, მართალი ხარ”.
“გეთანხმები”.
8. სალანძღავი სახელების წოდება, დაცინვა, შერცხვენა
ბავშვს სამარცხვინო მდგომარეობაში აყენებთ:
“გაფუჭებული, გაუზრდელი ბავშვი ხარ!”
“მომხედე, ყოვლისმცოდნევ!”
“ველურივით იქცევი!”
“კარგი, ჩემო “პატარავ”.
9. ინტერპრეტაცია, ანალიზი, დიაგნოზის დასმა
უხსნით ბავშვს მისსავე მოტივებს ან აანალიზებთ, რატომ ამბობს ან იქცევა ასე; ამცნობთ, რომ იცით, რაშია საქმე ან სვამთ დიაგნოზს:
“შენ უბრალოდ ეჭვიანობ ჯინიზე”.
“ამას იმისთვის ამბობ, რომ გამაგიჟო”.
“სინამდვილეში სულაც არ ფიქრობ ასე”.
“ასე იმიტომ ფიქრობ, რომ სკოლაში საქმე კარგად ვერ გაქვს”.
10. დამშვიდება, თანაგრძნობის გამოხატვა, ნუგეშისცემა, მხარდაჭერა
ცდილობთ, ბავშვს თავი უკეთ აგრძნობინოთ, უკეთეს გუნებაზე დააყენოთ, გაუქარწყლოთ ნეგატიური ემოციები:
“ხვალ ამაზე გაგეცინება”.
“ზოგჯერ ყველა ბავშვს ემართება ასე”.
“ნუ დარდობ, ყველაფერი მოგვარდება”.
“შენი შესაძლებლობების წყალობით საუკეთესო სტუდენტი იქნები”.
“ადრე მეც ასე მეგონა”.
“ვიცი, სკოლა ხანდახან ძალიან მოსაწყენია”.
“შენ ხომ სხვა ბავშვებს კარგად ეგუები”.
11. გამოკვლევა, გამოკითხვა, დაკითხვა
ცდილობთ, დაადგინოთ მიზეზები, მოტივები, საფუძველი, მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ, რაც პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ:
“როდის მერე ფიქრობ ასე?”
“რატომ გგონია, რომ სკოლა გეჯავრება?”
“გითხრეს ბავშვებმა, რატომ არ უნდათ შენთან თამაში?”
“რამდენ ბავშვს ესაუბრე ოჯახური პრობლემების შესახებ?”
“ვინ ჩაგაგონა ეს აზრი?”
“რას იზამ, თუ კოლეჯში არ წახვედი?”
12. ყურადღების გადატანა, გაქარწყლება, ხუმრობა, სხვა თემაზე გადართვა
ცდილობთ, ბავშვს პრობლემა დაავიწყოთ და თავადაც აარიდოთ მას თავი:
“უბრალოდ დაივიწყე”.
“მოდი, ამაზე ჭამის დროს ნუ ვილაპარაკებთ”.
“მოდი, რამე სასიამოვნოზე ვისაუბროთ”.
“როგორ მიდის ფეხბურთის საქმეები?”
“ალბათ, პრეზიდენტსაც კი არ ექნება ისეთი რთული პრობლემები, როგორიც შენ”.
“ჩვენ ყველამ გამოვიარეთ ეს ყველაფერი”.
თუ თქვენი პასუხები ერთ-ერთ ამ კატეგორიას მიაკუთვნეთ, ტიპური მშობელი ხართ. თუ ისინი თორმეტიდან ვერც ერთს ვერ მიესადაგა, მოითმინეთ, სანამ ბავშვების შეტყობინებებზე პასუხების ზოგიერთ სხვა კატეგორიასაც წარმოგიდგენდეთ – შესაძლოა, რომელიმე მათგანს თანხვდეს.

როცა ჩვენს კურსებზე მშობლები ამ სავარჯიშოს აკეთებენ, მათი პასუხების 90% ამ თორმეტი კატეგორიის შესაბამისია. დედებს და მამებს აოცებთ ასეთი ერთსულოვნება – უმრავლესობისთვის არავის უჩვენებია, როგორ ესაუბრებიან ისინი შვილებს, კომუნიკაციის რა საშუალებებს იყენებენ მათი გრძნობებისა და პრობლემების პასუხად.
ერთ-ერთი მშობელი აუცილებლად იკითხავს: “კეთილი, ახლა ვიცით, როგორ ვსაუბრობთ, მაგრამ მერე რა? რა შეიცვლება 12 საკომუნიკაციო გზამკვლევის გამოყენებით?”
 

რას ნიშნავს “12 საკომუნიკაციო გზამკვლევი”?
იმისთვის, რომ მშობლებმა გაიგონ, რა გავლენა აქვს ამ საკომუნიკაციო გზამკვლევებს ბავშვებზე ან მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე, უპირველესად, უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ პასუხებს, ჩვეულებრივ, ერთზე მეტი მნიშვნელობა ანუ შეტყობინება აქვს. მაგალითად, შვილის ჩივილზე, მეგობარს აღარ მოვწონვარ და ჩემთან თამაში აღარ უნდაო, თქვენი პასუხი: “მგონია, რომ თუ ჯინის უკეთ მოექცევი, ის ისევ მოინდომებს შენთან თამაშს” – ბავშვისთვის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ თქვენი რჩევის შიშველი “შინაარსი”. ბავშვს “ესმის” ერთი ან რამდენიმე (თუ ყველა არა) დამალული შეტყობინება:
“შენთვის უცხოა ჩემი გრძნობები და ამიტომ გინდა შევიცვალო”.
“არ გჯერა, რომ ამ პრობლემას თავად მოვაგვარებ”.
“მიგაჩნია, რომ ყველაფერი ჩემი ბრალია”.
“შენსავით ჭკვიანად არ მიგაჩნივარ”.
“მიგაჩნია, რომ არასწორად ვიქცევი”.
ან, დავუშვათ, თუ შვილი გეუბნებათ: “ვერ ვიტან სკოლას და ვერაფერს, რაც მას უკავშირდება”, – ხოლო თქვენ პასუხობთ: “ჰო, ყველას გამოგვიცდია ეგ გრძნობა! არა უშავს, გაგივლის!” – ის პარალელურად ამგვარ შეტყობინებებსაც იღებს:
“ესე იგი შენთვის ჩემი გრძნობები უმნიშვნელოა”.
“შენთვის მიუღებელია სკოლის მიმართ ჩემი დამოკიდებულება”.
“ფიქრობ, რომ მე ვცდები და არა სკოლა”.
“არასერიოზულად აღმიქვამ”.
“ჩემი აზრი სკოლის შესახებ უსაფუძვლოდ მიგაჩნია”.
“სულაც არ გადარდებს ჩემი გრძნობები”.
შვილისადმი მიმართულ სიტყვებში ხშირად მშობლების შეფასება ჩანს. ამიტომ ახდენს ურთიერთობა ამგვარ გავლენას ბავშვზე როგორც პიროვნებაზე და, საბოლოო ჯამში, თავად თქვენს ურთიერთობაზეც. შვილთან ყოველი საუბრისას თითო აგურს ამატებთ თქვენი ურთიერთობის სტრუქტურას. თითოეული შეტყობინება ბავშვს ეუბნება, რას ფიქრობთ მასზე. თანდათანობით მას წარმოდგენა ექმნება იმის თაობაზე, როგორ აღიქვამთ მას. საუბარი შეიძლება იყოს როგორც კონსტრუქციული ბავშვისთვისაც და ურთიერთობისთვისაც, ასევე დესტრუქციულიც.
მშობლებმა ადვილად რომ გაიგონ, რამდენად დესტრუქციული შეიძლება იყოს 12 საკომუნიკაციო გზამკვლევი, ვთხოვთ გაიხსენონ საკუთარი რეაქციები მეგობართან გულახდილობისას. ყველა ჩვენი მსმენელი, უგამონაკლისოდ, აღიარებს, რომ ამ გზამკვლევებს დესტრუქციული გავლენა ჰქონდა მათზე ან მათ ურთიერთობაზე. აი, ამგვარი საუბრების შედეგის რამდენიმე მაგალითი:
“ლაპარაკის საშუალებას არ მაძლევენ, პირში ბურთს მჩრიან”.
“მაიძულებენ, თავი დავიცვა”.
“მაიძულებენ, ვეკამათო, კონტრშეტევაზე გადავიდე”.
“თავს უსუსურად მაგრძნობინებენ, მამცირებენ”.
“მაიძულებენ, გავბრაზდე და აღვშფოთდე”.
“თავს უმაქნისად, დამნაშავედ მაგრძნობინებენ”.
“მაგრძნობინებენ, რომ თუ მინდა, მაღიარონ, უნდა შევიცვალო”.
“მაგრძნობინებენ, რომ არ სჯერათ, რომ ძალა შემწევს, საკუთარ პრობლემებს თავად გავართვა თავი”.
“მაგრძნობინებენ, თითქოს შემწყნარებლურად მექცევიან, როგორც პატარას”.
“მაიძულებენ ვიფიქრო, რომ ვერ გამიგეს”.
“მაიძულებენ ვიფიქრო, რომ ჩემი გრძნობები გაუმართლებელია”.
“ცდილობენ,საუბარიგამაწყვეტინონ”.
“მაიძულებენ, თავი იმედგაცრუებულად ვიგრძნო”.
“თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მოწმედ ვიყო ჯვარედინ დაკითხვაზე”.
“მაგრძნობინებენ, რომ მსმენელს სულაც არ აინტერესებს, რას ვეუბნები”.
ჩვენი მსმენელები მაშინვე ხვდებიან, რომ რაკი ამ 12 საკომუნიკაციო გზამკვლევს ასეთი გავლენა აქვს მათზე სხვებთან ურთიერთობისას, ალბათ, ამგვარივე გავლენა ექნება მათ შვილებზეც.
მართლებიც არიან. სწორედ ეს თორმეტი სიტყვიერი პასუხია, რომელთა გვერდის ავლაც ისწავლეს პროფესიონალმა თერაპევტებმა და ფსიქოლოგებმა ბავშვებთან მუშაობისას. ასეთი პასუხები პოტენციურად “არათერაპიული”, ანუ “დესტრუქციულია”. პროფესიონალები ბავშვების შეტყობინებებზე პასუხის სხვა გზებს იყენებენ. ნაკლებსარისკოა, რომ ეს პასუხები ბავშვებს საუბრის სურვილს გაუქრობს, თავს დამნაშავედ ან არშემდგარად აგრძნობინებს, თვითშეფასებას დაუმცრობს, თავდაცვის სურვილს გაუჩენს, გაანაწყენებს, უღიარებლობის გრძნობას გაუჩენს და ა.შ.
ამ წიგნის დანართში მოყვანილია 12 საკომუნიკაციო გზამკვლევის კატალოგი, სადაც უფრო დაწვრილებითაა აღწერილი მათი მოსალოდნელი დესტრუქციული შედეგები.
ამ გზამკვლევებზე მიჯაჭვულობის გაცნობიერებისთანავე მშობლები ერთსა და იმავე შეკითხვას სვამენ: “სხვაგვარად როგორ უნდა ვუპასუხოთ? რა გზები არსებობს?” “თუ არ ვკითხე, როგორ გავიგებ, რა ხდება?”
შემდეგ სტატიაში რამდენიმე ალტერნატივა იქნება მოცემული.

საშინაო დავალების გავლენა სწავლის ეფექტიანობაზე

0

საშინაო დავალება, მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ზოგადი განათლების საფეხურზე, სწავლების სავალდებულო ნაწილია. მისი შესრულება მოსწავლეთა ყოველდღიური პასუხისმგებლობაა. თუმცა არის ქვეყნებიც, სადაც საშინაო დავალება იკრძალება ან იზღუდება ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკით, ან რეგულირდება შიდა-სასკოლო პოლიტიკით.

 

რამ განაპირობა საშინაო დავალების ფენომენისადმი ამდენად განსხვავებული დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემაში? საშინაო დავალების რა სახეებს ვხვდებით? არსებობს თუ არა ისეთი მიდგომები, რომლებსაც გამოკვეთილად დადებითი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სწავლის ეფექტიანობაზე? რა მტკიცებულებებს გვთავაზობს ჩატარებული კვლევები? გვაქვს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად?

პირველ რიგში, განვსაზღვროთ, თუ რა ასპექტებზე შეიძლება მოახდინოს გავლენა საშინაო დავალებამ. მოსწავლის დაინტერესება, მოტივაცია, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა, კლასგარეშე მუშაობის უნარი და ცოდნის გამყარება/აპლიკაცია/რეალურ კონტექსტში წარმოდგენა, საგაკვეთილო პროცესში მონაწილეობა და ჩართულობა _ აი, ის ასპექტები, რომლებზეც საშინაო დავალებამ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს. საშინაო დავალების უარყოფითი გავლენა შეიძლება გამოიხატოს მოსწავლეების მიერ გადაწერასა და პლაგიარიზმში.

მასწავლებლისთვის საშინაო დავალება შესწავლილი მასალის გამყარების, სასწავლო გეგმის სრულყოფილად დაფარვის, ჯგუფის პროგრესის შეფასების ეფექტური საშუალება შეიძლება იყოს, თუმცა, მეორე მხრივ, ის დამატებით სამუშაო საათებად, თავსატეხად და მოსწავლეების უკმაყოფილების საბაბად შეიძლება გადაიქცეს. საშინაო დავალების გამო, ალბათ, არაერთ მოსწავლესა და მშობელს შორის, ან მასწავლებელსა და მშობელს შორის წარმოშობილა კონფლიქტი. დადებით ჭრილში, მშობლისთვის საშინაო დავალება შეიძლება განვიხილოთ შვილის აკადემიური პროგრესის მონიტორინგის, სასწავლო პროცესში ჩართვის შესაძლებლობად. საშინაო დავალება მშობელს ინფორმაციას აწვდის ბავშვის აკადემიური განვითარების, მის წინაშე მდგომი სირთულეების და მისი წარმატებების შესახებ.

განათლების სპეციალისტებს, ექსპერტებსა და პოლიტიკის შემმუშავებლებს შორის აზრთა სხვადასხვაობას ვხვდებით. საშინაო დავალების თემაზე ჩატარებული კვლევების შედეგებიც განსხვავებულია. ერთნი თვლიან, რომ საშინაო დავალება მოსწავლეთა შორის უთანასწარობის გამძაფრებას უწყობს ხელს, რადგან დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენელ ბავშვებს იმის შესაძლებობა არ აქვთ, რომ მშობლები დაიხმარონ დავალების შესრულებაში, არ აქვთ იზოლირებული და კომფორტული სამუშაო სივრცე სახლში, ტექნოლოგიური საშუალებები (კომპიუტერი/ინტერნეტი), რომელთა გამოყენებასაც, დღეს, ხშირად ითვალისწინებს საშინაო დავალების ფორმატი. ექსპერტთა მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საშინაო დავალება სწორედ მოსწავლეების ინდივიდუალური შესაძლებლობების გამოვლენის, ინდივიდუალური მუშაობის სწავლის და მოსწავლის მიერ მუშაობის სასურველი ტემპის შერჩევის შესაძლებლობებს გვთავაზობს.

რა თავისებურებებს ვხვდებით სხვადასხვა ქვეყანაში?

ინგლისში ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული საშინაო დავალებისთვის რეკომენდებული საათები. უელსში თვლიან, რომ საშინაო დავალების მოცულობა ეროვნული პოლიტიკით რეგულირებული კი არ უნდა იყოს, არამედ უნდა შემუშავდეს თითოეული სკოლის მიერ. საფრანგეთში მიმდინარე წლამდე დამკვიდრებული იყო კვირაში 4-დღიანი სასწავლო კვირა (8:30-დან 16:30-მდე). ახალი საგანმანათლებლო სტრატეგიის მიხედვით, იგეგემება 5-დღიან სწავლაზე გადასვლა და საშინაო დავალების გაუქმება. ამ გადაწყვეტილების მიზეზად ხელისუფლება მოსწავლეების უთანასწორო მდგომარეობას ასახელებს. იმ ბავშვებისთვის, რომელთაც სახლში სამუშაო პირობები ან მშობლის დახმარება არ აქვთ, საშინაო დავალება არა ცოდნის გაღრმავების, არამედ აკადემიური რეგრესის წყარო ხდება. ამდენად, საფრანგეთში, ახალი გადაწყვეტილების მიხედვით, დავალებებს მოსწავლეები სკოლაშივე, აკადემიური საათების დასრულების შემდეგ, დამხმარე გაკვეთილებზე შეასრულებენ.

ბევრ ქვეყანაში დაწყებით კლასებში საშინაო დავალებას არ აძლევენ. კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ უმცროსკლასელი მოსწავლეები დავალებისგან ვერ იღებენ სარგებელს (კუპერი, 2001). ამ გავრცელებული მიდგომისაგან განსხვავებით, გერმანიაში პირველივე დღიდან აქვთ ბავშვებს საშინაო დავალება შესასრულებელი. თუმცა აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე წელს რამდენიმე სკოლამ გერმანიაში საშინაო დავალება აკრძალა. იაპონიაში აკადემიური სწავლება დღეში 6 საათს გრძელდება, საზაფხულო არდადეგები 6-კვირიანია, ხოლო ზამთრის არდადეგები – 2-კვირიანი. იაპონელ მოსწავლეებს დავალება ყოველდღიურად აქვთ შესასრულებელი, არდადეგების პერიოდის ჩათვლით. აშ.შ.-ში საშინაო დავალება მხოლოდ 1950-იან წლებში გახდა სავალდებულო. მისი შემოღება ცივ ომს უკავშირდება. სკოლის მოსწავლეების მიმართ მოლოდინები გაიზარდა და ქვეყანამ მიზნად დაისახა რუსული სკოლების აკადემიური მიღწევებისთვის გადაეჭარბებინა. საშინაო დავალების სავალდებულო ხასიათი დღემდე შენარჩუნებულია. 2007 წლის კვლევამ გამოავლინა, რომ საშინაო დავალების მოცულობა იზრდება და ამჟამად მისი შესრულება, საშუალოდ, დღეში სამ საათზე მეტ დროს მოითხოვს.

საშინაო დავალების ტიპები და მათი ეფექტურად გამოყენება

საშინაო დავალების ეფექტურობის განსაზღვრაში დიდ როლს ასრულებს მასწავლებლის მომზადება და საშინაო დავალებების შედგენის, გამოკითხვის და შეფასების მეთოდოლოგიის ცოდნა.

განასხვავებენ აკადემიური და არააკადემიური ტიპის საშინაო დავალებებს. პირველ კატეგორიას განეკუთვნება: განმამტკიცებელი, მოსამზადებელი, სააზროვნო, ინტეგრირებული და შემოქმედებითი ტიპის საშინაო დავალებები. ხოლო არააკადემიური დავალებების კატეგორიაში ერთიანდება პიროვნული და სოციალური თვისებების და უნარ-ჩვევების განმავითარებელი დავალებები.

აკადემიური საშინაო დავალების სახეები:

განმამტკიცებელისაშინაო დავალება ყველაზე ფართოდ გამოიყენება და კლასში შესწავლილი მასალის გამეორება-განმტკიცებას ემსახურება. მოსწავლეს შეიძლება დაევალოს დამატებითი ფაქტების, ცხრილების, მწკრივების და სერიების, მათემატიკური ფორმულების, ფიზიკის კანონების, გეოგრაფიული მდებარეობების და ა.შ. დამახსოვრება.

მკვლევარების მოსაზრებით, ყველაზე ეფექტურია ისეთი განმამტკიცებელი დავალებები, რომლებიც ახალი მასალისა და მოსწავლის პირადი გამოცდილების დაკავშირებას უზრუნველყოფს. მაგალითად, თუ მოსწავლეებმა ასტრონომიის გაკვეთილზე ისწავლეს დიდი დათვის თანავარსვლავედი, ეფექტური იქნება დავალება, რომლის ფარგლებშიც, მათ სხვადასხვა სურათზე უნდა ამოიცნონ ეს თანავარსკვლავედი. ასეთივე ტიპის იქნება დავალებები, რომლებიც ამბის, მოთხრობის დაწერას, მშობლებისგან ინტერვიუს აღებას, ოჯახის სხვა წევრებისთვის ახალი მასალის სწავლებას გულისხმობს.

განმამტკიცებელი დავალებები ახალი ცოდნის გამყარებას და კონკრეტულ უნარ-ჩვევაში დახელოვნებას ემსახურება.

მოსამზადებელი საშინაო დავალება, ტრადიციულად, შეიძლება გულისხმობდეს: საკითხავი მასალის გაცნობას და საბიბლიოთეკო ან ინტერნეტ კვლევას, პრეტესტის დაწერას, ახალი ამბების მოსმენას, კლასში მისატანად სხვადასხვა ნივთის მოპოვება-მომზადებას, ახალ თემატიკაზე შეკითხვების განხილვას. ამ ტიპის დავალებები უფრო მეტად უფროს კლასებში და ჰუმანიტარულ დისციპლინებში გამოიყენება, თუმცა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ლაბორატორიული მუშაობის მოსამზადებელ ეტაპზეც შეიძლება შეგვხვდეს.

მოსამზადებელი საშინაო დავალებების მთავარი მიზანია, მოსწავლე შეემზადოს ახალი ცნებების და მასალის გასაცნობად, მოხდეს მისი მოტივირება.

სააზროვნო ტიპის საშინაო დავალება მიღებული ცოდნის განმტკიცების და უნარ-ჩვევების ათვისების შემდეგ, მის ახალ კონტექსტში ან ახლებურად გამოყენებას გულისხმობს. სააზროვნო დავალებებს შორის ყველაზე გავრცელებულია საგანში მიღებული ცოდნის გამოყენება რეალური პრობლემების გამოსაკვლევად და გადასაჭრელად. ასევე, სააზროვნო დავალების ფარგლებში, შესაძლოა განხორციელდეს თეორიული მსჯელობა პრობლემისა და ჰიპოთეზების გარშემო. ამ ტიპის დავალებები შედარებით რთულია და მათი შესრულება მეტ მოსამზადებელ დროს მოითხოვს.

ინტეგრირებული დავალება, სააზროვნო საშინაო დავალების მსგავსად, ამოცანების, პრობლემების გადაჭრის, ჰიპოთეზის განხილვის, შედარებითი და ისტორიული ანალიზის, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოძებნის სახით შეიძლება წარმოადგინოს მასწავლებელმა. ინტეგრირებული დავალების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მის შესასრულებლად მოსწავლემ სხვადასხვა უნარ-ჩვევა ან სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნა უნდა გამოიყენოს.

შემოქმედებითი ტიპის საშინაო დავალებებს განეკუთვნება ისეთი დავალებები, როგორიცაა: წიგნის ანალიზი, სემესტრული თემა, კვლევითი პროექტი. ასეთი დავალებები გრძელვადიანია და კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება. შემოქმედებითი დავალებების მიზანია, მასწავლებელმა მოსწავლისგან მიიღოს ინდივიდუალური და ორიგინალური პროდუქტი.

აკადემიური სახის საშინაო დავალებებს შორის ყველაზე გავრცელებულია განმამტკიცებელი და მოსამზადებელი დავალებები. ამის ერთ-ერთი საფუძველი ალბათ ის გახლავთ, რომ ახალი მასალის 50%-იანი ხარისხით განმტიცებას ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების ოთხჯერ გავრჯიშება მაინც სჭირდება, ხოლო ცოდნის 80%-იანი ხარისხის მიღწევას _ 24-ჯერ გავარჯიშება. გარდა ამისა, ამ ტიპის დავალებები, როგორც წესი, წინასწარ გაწერილია სახელმძღვანელოებში და შესაბამისად, მათ შედგენაზე მასწავლებელს დამატებითი დრო არ ეხარჯება. შემოქმედებითი, ინტეგრირებული და სააზროვნო დავალებები კი, ძირითადად, მასწავლებლის მოსაფიქრებელი და შესადგენია. მათი შედგენისას მას შეუძლია, თავისუფლად გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები, მათი ცოდნის დონე, სოციალური ფონი და ა.შ.

არააკადემიური საშინაო დავალებები: ქცევითი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით, მასწავლებელმა არაკადემიური და აკადემიური დავალებების სინთეზი შეიძლება მოახდინოს. მაგალითად, თუ მოსწავლეს ლიტერატურის გაკვეთილზე ევალება პერსონაჟის ანალიზი, ეს ხელს უწყობს როგორც სასწავლო მასალის ათვისებას, ასევე ქცევითი ნორმების განხილვა/განსაზღვრასაც. მოსწავლეთა შორის გუნდური მუშაობის დანერგვის მიზნით, მასწავლებლები ჯგუფურ პროექტებს, პრეზენტაციებს და საველე გასვლებს იყენებენ. მოსწავლეებსა და მშობლებს შორის კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად და სასწავლო პროცესში მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად ინიშნება მშობელთა ინტერვიუები სხვადასხვა საკითხზე. სამოქალაქო აქტივობის ასამაღლებლად მასწავლებელმა მოსწავლეები შეიძლება ჩართოს მოხალისეობრივ საქმიანობაში, მოიწვიოს თემის ლიდერები (მეცნიერები, პედაგოგები, ხელისუფლების წარმომადგენლები, ექიმები) საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე მსჯელობის მიზნით.

არააკადემიური სახის დავალებების ზემოქმედება სასწავლო პროცესზე კვლევის საგანი ჯერ არ გამხდარა და ამდენად, მათი გავლენა მოსწავლის განვითარებაზე უცნობია, თუმცა, ექსპერტების და სპეციალისტების მოსაზრებით, არააკადემიურ დავალებებს უფრო მასშტაბური გავლენა შეიძლება ჰქონდეს, აკადემიური სახის დავალებებთან შედარებით.

დავალების შეფასება ხორციელდება ნიშნებით, სიტყვიერად, წერილობითი კომენტარებით ან ისეთი წამახალისებელი ფორმით, როგორიც არის ჯილდო. საშინაო დავალების შერჩევისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შეფასების შესაძლებლობები. მან დავალების გამოკითხვას 10 წუთზე მეტი არ უნდა დაუთმოს, ხოლო შინ დავალების შესწორებას თითოეულ კლასზე დაახლოებით ერთი საათი უნდა დაუთმოს.

საშინაო დავალების ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო პოლიტიკის არსებობა, რომელიც დაარეგულირებს საშინაო დავალების ტიპებს და მოცულობას, გაწერს საშინაო დავალებას სხვადასხვა საგნის სილაბუსებში, კოორდინაციას მოახდენს სხვადასხვა საგნის მასწავლებლებს შორის. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან კვლევების დროს ცხადად გამოვლინდა, რომ დიდი მოცულობის დავალება უარყოფით გავლენას ახდენს მოსწავლის მოტივაციაზე, ინტერესსა და აკადემიურ მოსწრებაზე. რეკომენდებული მოცულობაა დღიურად არა უმეტეს 2 საათისა ყველა საგანში ერთად. კვლევებმა ასევე დაადგინა, რომ საშინაო დავალება კონტრპროდუქტულია დაბალშემოსავლიანი და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის. აღნიშნული პრობლემის დასაძლევად, სასურველია, სკოლებში არსებობდეს დამხმარე გაკვეთილები, სადაც საჭიროების მქონე მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ, ინსტრუქტორის დახმარებით იმუშაონ დავალებების შესრულებაზე. აღსანიშნავია, რომ კლასგარეშე დამატებითი/დამხმარე გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა ქცევის, მოტივაციის და სამუშაო თვისებების გაუმჯობესებას. სხვადასხვა ტიპის (განმამტკიცებელი, მოსამზადებელი, სააზროვნო, ინტეგრირებული და შემოქმედებითი) საშინაო დავალებების ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია და/ან მტკიცებულებები ჯერ არ არსებობს. ამ მიმართულებით კვლევის ჩატარება უაღესად მნიშვნელოვანია და განათლების მკვლევართათვის მომავლის საქმეა.

გრამატიკული და მითოლოგიური ოპოზიციები როგორც სისტემის გასაღები

0

გრამატიკის ნებისმიერი საკითხის, ნებისმიერი თემის, ნებისმიერი კატეგორიის სწავლებისას საქმეს აუცილებლად გაგიადვილებთ ერთი უწყინარი ლინგვისტური ტერმინი – ენობრივი ოპოზიცია.

ნებისმიერი გრამატიკული კატეგორია, გრამატიკული სისტემა არსებობს იმდენად, რამდენადაც იგი აერთიანებს საწინააღმდეგო ცალის არსებობის იდეას. ეს ერთგვარად პოპულარული ფილმებისა თუ სერიალების სცენარივითაა – თუ არსებობს დადებითი გმირი, აუცილებლად უნდა არსებობდეს მისი საპირისპიროც.

რასაკვირველია, გრამატიკაში თვისებრივი თუ ხარისხობრივი მახასიათებლით ვერც ერთი სისტემის ვერც ერთ წევრს ვერ შევამკობთ, მაგრამ, თუ მოსწავლეებს გრამატიკული წესრიგის ცნებას ავუხსნით, მრავალი საკითხის შემეცნებას გავუადვილებთ.

ცნობილი ენათმეცნიერის, რომან იაკობსონის აზრით, ოპოზიციები საფუძვლად უდევს კულტურას. ერთ-ერთ ადრეულ ნაშრომში მან აჩვენა, რომ ტომის ფარგლებში ოჯახები/თემები წყვილ ჯგუფებად არსებობდნენ, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ და, ამავე დროს, ერთმანეთისთვის აუცილებელი იყვნენ. მაგ., ამაზონის აუზში ორი დიდი ოჯახი თავიანთ სახლებს აშენებდა ერთმანეთისკენ პირით მდგომი ნახევარწრის სახით, რომლებიც ერთად ერთ დიდ წრეს ქმნიდა.

ეთნოლოგი და სოციოლოგი კლოდ ლევი-სტროსი, აგრეთვე, კულტურისა და ენის მთავარ წარმომქმნელ ძალად ოპოზიციებს მიიჩნევდა.

მითოლოგია, ისევე როგორც ენა, კულტურისა და აზროვნების პირველსაწყისებთან დგას, შესაბამისად, ენობრივი მოვლენების ასახსნელად მითოლოგიური პარალელების გამოყენებამ, მით უმეტეს, როდესაც მითოლოგიის შესწავლას სკოლაში მნიშვნელოვანი დრო ეთმობა, მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილის პერსპექტივა შეიძლება წარმოაჩინოს.

რა კავშირი აქვს გრამატიკასა და მითოლოგიას?

გავიხსენოთ, რომ ნებისმიერი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი მითოსის კოსმოგონია, სამყაროს შექმნა, ქაოსისგან წესრიგის წარმოშობით იწყება. პირველსაწყისიდან თავისთავად თუ დემიურგი ღმერთის მეშვეობით ქაოსიდან გამოიყოფა ბინარული სისტემის ერთი წევრი – ვთქვათ, ნათელი, და მის საპირისპიროდ ჩნდება ბნელი – ღამე, წყლისა და ხმელეთის, სულიერისა და უსულოს, კაცისა და ქალის ოპოზიციები.

აი, რამდენიმე მითოლოგიური თვალსაჩინოება:

ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, თავდაპირველად არსებობდა მხოლოდ უსაზღვრო და ბნელი ქაოსი, რომელმაც შვა მთელი სამყარო, მათ შორის – უკვდავი ღმერთებიც. პირველად ქალღმერთი-დედამიწა – გეა გაჩნდა. შემდეგ – ურანოსი-ცა, ტარტაროსი-ბნელი, სიბნელე-ერება, ნათელი-ჰემერა, შემდეგ – დღე და ღამე.

შუმერებს სწამდათ, რომ სამყარო ასე შეიქმნა: თავდაპირველად იყო მხოლოდ პირველქმნილი ოკეანე; მასში ჩაისახა ცის თაღი და ბრტყელი დედამიწა. ცის თაღი ანმა, ზეცის ღვთაებამ დაისაკუთრა, ხოლო მიწა – ენლილმა, დედამიწის ღმერთმა. მათ შორის წარმოიშვა ატმოსფერო, რომელშიც ცის მანათობელი სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები – გაჩნდა. ქვესკნელი ერეშქიგალს ერგო.

ინდოელებს სამყაროს შექმნა ასე წარმოედგინათ: პირველქმნილი უმოძრაო უკუნიდან წყალი გაჩნდა, მზე, მთვარე და ვარსკვლავები ჯერ კიდევ არ იყო. წყალმა შვა ცეცხლი, ცეცხლის სიმხურვალემ კი ოქროს კვერცხი გააჩინა. კვერცხი ზღვაში დაცურავდა. შემდეგ იგი ორად გაიყო და ქვედა ნაწილი მიწად იქცა, ზედა – ზეცად.

დუალისტური, ბინარული სისტემის მაგალითი შეიძლება იყოს ძველჩინური კოსმოლოგიური წარმოდგენებიც, რომელთა მიხედვითაც, სამყაროში ნათელი (იანი) და ბნელი (ინი) საწყისების მოქმედება-მონაცვლეობის ფაზები დამოკიდებულია ინის (ქალური) და იანის (მამაკაცური) მორიგეობაზე – რომლის მოქმედების ფაზაში იმყოფება სამყარო. ეს მორიგეობა განსაზღვრავს სიკვდილ-სიცოცხლის, დღე-ღამის, ზამთარ-ზაფხულის მონაცვლეობას.

ტექსტს მითოლოგიური პარალელებით აღარ გავართულებ, ვფიქრობ, ისევე, როგორც ქაოსისგან სამყაროს წარმოშობა ენობრივი ოპოზიციით იწყება, ასევე ენობრივი ოპოზიცია შეიძლება იყოს არსი ნებისმიერი გრამატიკული სისტემისა – ეს თეზა თავისი მითოლოგიური მაგალითებით უფრო საინტერესოს გახდის და გააადვილებს თქვენს გრამატიკის გაკვეთილს. თუ გრამატიკას დავინახავთ როგორც სისტემას, წესრიგს, მასში გარკვევა ძალიან გაგვიადვილდება…

ოპოზიციების სახით სხვადასხვა საკითხის შემეცნება ადამიანის, მით უმეტეს – ბავშვის, გონებისთვის უფრო ადვილია.

ასეთ ორ- თუ სამწევრა ოპოზიციებად შეგვიძლია განვიხილოთ ზმნის მრავალი კატეგორია: დრო, გვარი, ასპექტი, კონტაქტი; არსებითი სახელის ჯგუფები, ზედსართავი სახელის ხარისხის ფორმები და სხვა.

შეიძლება მარტივი გრაფიკული ცხრილებიც შევქმნათ, რათა გრამატიკული წესრიგის ცნება ადვილად დაიმახსოვრონ ბავშვებმა.

გრამატიკა მხოლოდ წესების ერთობლიობა არ არის, იგი ენის როგორც შემოქმედებითი პროცესის სისტემათა კრებულია, კულტურაა, ფილოსოფიაა, გავზარდოთ გრამატიკის როლი ჩვენს გაკვეთილებზე და შედეგი აუცილებლად საუკეთესო იქნება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...