ქიმია, საქმის და სამშობლოს სიყვარულით
ერთი მუჭა მზესუმზირისთვის
„კაკალივით სემიჩკაა” – მითხრა ლუსიკამ, 30 თეთრი გამომართვა და სამი ნათალი ჭიქა ცხელ–ცხელი მზესუმზირა გაცრეცილი ჯინსის ჯიბეში ჩამიყარა. ნახევარიც მუჭით მიამატა. ციმბირულად ციოდა. მზე ისე ანათებდა, თითქოს ვინმე ჯანიანს ქეჩოში ხელი წაევლოს და უფრო მაღლა მიეჭედებინოს. მერე კი ცაზე ფერადი მინა აეკრას. ნესტიანი ქარი სახეზე ძილის ნარჩენებს მიყინავდა და გათოშილ ფეხებს ჯიბეში მოჩხრიალე ცხელი მზესუმზირა მითბობდა. მე გავრბოდი. გავრბოდი მთელი ძალით და უკანმოუხედავად, რათა მიმეღწია იმ მიწამდე, სადაც სამ ჭიქა – ნახევარ ბედნიერებაში არავინ შემეცილებოდა.
შემცილებელი კი – იცოცხლე, ვაზისუბანში ბევრი იყო.
ისე მოხდა, რომ განგებამ დედამიწის სამ საუკეთესო მემზესუმზირეს, მაშინ რომ უფროსებმა „სემიჩკის პაბლოესკობარები” შეარქვეს, ჩვენი უბნის მე-11 კორპუსში მოუყარა თავი. სამი მაგნატი – სამივე ერთსა და იმავე კორპუსში. ისინი სერჯიო ლეონეს ფილმის გმირებივით იყვნენ – ქერა, ტუკო და ანგელოზისთვალება. გნებავთ ისტორიული ტიტანები – კეისარი, პომპეუსი და კრასუსი. სინამდვილეში კი მოხუცი დედაბრები გახლდნენ და დიდ ხელოვნებას მოკლებული სახელები ჰქონდათ – ლუსიკა, ვართუშა და სედა.
ლუსიკა იყო მცივანა. იშვიათად მძიმე პალტოს, ჭრელაჭრულა თავსახვევისა და შალის ჟაკეტის გარეშე გამოჩენილიყო, რომლის ჯიბეშიც მოჭმუჭნული ცხვირსახოცი გუნდასავით გამოეკრა. სახლშიც ასე დადიოდა. სახეზე სქელ-სქელი ნაოჭები სატკაცუნო პარკივით ელაგა. ლუსიკა 18:00 საათზე გამოდიოდა და დახლს მისი სადარბაზოს წინ, იმ ხესთან შლიდა, რომელიც ბანანის მსგავს, ჭიის ნაწლავისოდენა ნაყოფს ისხამდა.
ვართუშა ღილაკივით ქალი გახლდათ. თითქოს შენელებულ კადრში მოხვედრილიყო, მაგრამ მე თუ ვართუშა ღიმილის გარეშე მენახოს, ულვაში მომპარსეთ. კეთილი და ძალაგამოცლილი. ვართუშა 18:30 – ზე ქოქავდა ბიზნესს და საკუთარი ფანჯრის ქვეშ ჯდებოდა – იქ, სადაც ყველა გაივლის, ვისაც საღამოხანს ოღრო-ჩოღრო ნაასფალტარზე ფეხის გაშლა მოსდომებია.
სედა? სედა იყო ტანმომცრო, ხმელ-ხმელი, კაკლის საბერტყი ჯოხივით ქალი. თავსახვევს რაფაელ ნადალივით იკრავდა და გეგონებოდათ ეს-ესაა ჰოვარდ კარტერმა ტუტანხამონის სამარხი გახსნაო – წუთისოფელს ძვლისა და კანის ამარა დაეტოვებინა, ხორცი – წლებს წაეღო. სედა ზარმაცობდა და სამზესუმზირე ალაგს მაშინღა შლიდა, პატარა ისარი რო შვიდს მიატანდა, დიდი კი თორმეტს. მაინც ეყიდებოდა. სედას მზესუმზირა ისეთივე იდეალური იყო, როგორიც უოლტერ უატის მეტანფიტამინი. საშუალო სისქმის მარცვლები, შიდა კედელზე გულმიბჯენილი, კუპრივით შავი გარეკანი, წამი-წამზე გამოთვლილი მოხალვის პრონომეტრაჟი და თეთრ მიტკალზე გადმოყრილი, ცხელცხელი მზესუმზრირა, რომელიც შავგვრემანი ლამაზმანივით გემრილ სურნელს აფრქვევდა. რამდენჯერმე მოხალვის პროცესს ჩემი თვალით ვუყურე. სანამ საღამო შემოდგებოდა, ტრიუმვერატს აღებ-მიცემობა სახლებში ჰქონდა გამართული. სედას სახლამდე მისასვლელი გზა მეტად იდუმალი და გამაჭაღარავებლად საშიში იყო, მაგრამ ერთ ჩასვლაზე თმაში თითო ჭაღარის გამორევა იმ გემოდ ღირდა. ვაზიანი ხეივანი უნდა შეგევლო, სადარბაზოში შესულიყავი. ლიფტთან ახვიდოდი თუ არა, სიარული პირქვე გაგეგრძელებინა. მერე მარცხნივ შეგეტეხა და უკუნში აღმოჩენილიყავი – იქ, სადაც არწივის მზერაც ვერას გახდებოდა და სედას კარისთვის სურნელით უნდა მიგეგნო. მერე კი, სანამ ავი სულები მოგეწეოდნენ, ბედის ანაბარა, შიშის კანკალით დალოდებოდი სედას კარის გამოღებას. ზუსტად ისევე როგორც ლუკ ბესონის ფილმშია, როცა ნატალი პორტმანის გმირი იცდის, სანამ ჟან რენო კარს გახსნის და გარი ოლდმენის კაციჭამია მკვლელებისგან დაიხსნის.
ქერას, ტუკოს და ანგელოზისთვალებას დახლები ერთმანეთს უყურებდა. არჩევანის გაკეთება რთული იყო. ერთი მაინც შეგიმჩნევდა ღალატს და ეწყინებოდა. თუ მაინცდამაინც, თავი უნდა გაგეგიჟებინა და ისეთი გზებით გევლო, თითქოს შოუშენკის ციხიდან გაქცევა განგეზრახოს. ასეც მოვქცეულვარ.
ახლა, როცა არცერთი მათგანი ცოცხალი აღარ არის, ხშირად გადმოვდგები ხოლმე აივანზე და იმ ადგილებს დავყურებ, სადაც ისინი ისხდნენ. სანამ სიგარეტი საკუთარ თავს ამოჭამს, ვცდილობ ვიფიქრო ისევე, როგორც ვართუშა, ლუსიკა და სედა ფიქრობდნენ. სამი მოხუცი, რომლებიც გზის დასასრულს გრძნობდნენ მაგრამ უკან დასაბრუნებელი გზა კი მოჭრილი ჰქონდათ. სამივეს პირამიდების ბედი ერგო – უძრავად დგომა და სხვათა მოძრავი ცხოვრების ყურება. არადა, გგონიათ არ მოსდომებით ამდგარიყვნენ და ერთმანეთისგან მზესუმზირა ეყიდათ? მერე წასულიყვნენ, უბადრუკი გზა ჩენოჩოებით მოეფინათ და ამბები მოეყოლათ. ამბები, რომლებიც არავისთვის უთქვამთ და ალბათ, საფლავში წაიღეს.
გასაკვირია, მაგრამ სამივეს ცხოვრება ისე არ დამთავრებულა, როგორც ჩვეულებრივ, მოხუცი მემზესუმზირეების სიცოცხლე წყდება ხოლმე. სედა მოკლეს. მოკლეს სასტიკად. მკვლელმა სადარბაზოს ბნელეთი გაიარა, სახლში შეიჭრა და დანა გამოუსვა ყელში. ვაზისუბანში ხმა დაირხა ხალიჩის ქვეშ 800 დოლარი ჰქონდა შენახული და ამისთვის შეუცვივდნენო. ალბათ სიმართლეა. მგონი სწორედ ამიტომ იყო, მის დასაფლავებას რომ ბევრი ადამიანი დაესწრო – რაც უფრო ხმაურიანია სიკვდილი, მით მეტი ჭირისუფალი გამოჩნდება ხოლმე. აი, ლუსიკას და ვართუშას კუბოები ისე ჩაატარეს, ასფალტზე ყვავილიც არ დაუტოვებიათ.
ახლა პაკეტებში მოთავსებულ მზესუმზირას მივირთმევ ხოლმე. ზოგი გემრიელია, მაგრამ ერთი გაკრატუნება კმარა იმის მისახვედრად, რომ გემოს მოხუცის ხელი, ძველისძველი თუჯის ტაფა და თეთრი მიტკალი აკლია. მსუქანი მარცვალი შემხვდება? – ლუსიკასას წააგავს; თეთრ ნაოჭიანი? – ვართუშა უნდა იყოს; გულიანად დაპრესილი და ცხიმიანი? – სედასია.
არა, ისინი არ იყვნენ სერჯიო ლეონეს პერსონაჟები, მაგრამ კარგიც, ცუდიც და ბოროტებაც პატარ-პატარა დოზებით იყო მათში.
გუშინ ბავშვობისდროინდელ ტანსაცმელს ვათვალიერებდი და ქურთუკის ჯიბეში, ნაკერებს შორის, ქსოვილში ღრმად ჩაჭედილი მზესუმზირის ჩენჩო აღმოვაჩინე. საოცარია არა? – ხანდახან მზესუმზირის ერთი ჩენჩო სამი ადამიანის მოგონებას იტევს.
გაფუჭება როგორც ცხოვრების წესი
იმ დროს, როდესაც საქართველოში ყველაფერი ინგრეოდა და ყოველი ჩვენგანი ნანგრევებად ქცეული ქვეყნის ნაწილი იყო, სპორტისთვის თითქმის არავის ეცალა, მაგრამ იავარქმნილ ქვეყანაშიც მოიძებნებოდნენ ფეხბურთზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც საქონლის საძოვრად ქცეულ სტადიონებზე დაძუნძულებდნენ და ამ შორტების ამარა მორბენალი ხალხის დანახვა ისეთივე გაოცებას იწვევდა, როგორსაც მაღაზიის გამყიდველი, რომელიც პურის რიგში მდგომ ბავშვს შინ ერთი პურით მეტს გაატანდა.
სწორედ იმ ავადსახსენებელ დროს ვნახე, ერთ პატარა სოფელში ფეხშიშველა ბიჭები შუა ყანაში საკუთარი ხელით როგორ აკეთებდნენ სტადიონს და მიუხედავად იმისა, რომ მათი მშობლები შვილების ამ წამოწყებას ეჭვის თვალით უყურებდნენ, ბავშვები მაინც ჯიუტად ცელავდნენ გაველურებული სიმინდის ძირებს, ასწორებდნენ მიწას და მეზობლად მცხოვრებ, ქვეყნიერებაზე დაბოღმილ ელექტროშემდუღებელს ყელგამოწევით ეხვეწებოდნენ, ჟანგიანი მილებისგან საფეხბურთო მოედნის კარის მსგავსი რამ შეეკოწიწებინა.
როდესაც კაცს ეს ყველაფერი საკუთარი თვალით გინახავს, აბა, გული როგორ არ გეტკინება, როდესაც დაინახავ, რომ აგერ, სულ ახლახან სახელმწიფო პროგრამით გაკეთებული ეზოს ხელოვნურსაფარიანი მოედნების დიდი ნაწილი უკვე გავერანებულია და უპატრონოდაა მიგდებული.
იმაზე არავინ დავობს, რომ ბოლო დროს გაკეთებული ბევრი ეზოს სტადიონი საკმაოდ უხარისხოა და ევროპულ სტანდარტებს ოდნავაც არ აკმაყოფილებს, მაგრამ კაცი რაც არ უნდა კირკიტა და ჩასაფრებული იყო, ხომ ფაქტია, რომ იქ, სადაც ადრე ლოთების ბირჟა და ნარკომანების თავშესაყარი იყო, სტადიონი გაკეთდა.
ეს, თავისთავად, მრავლისმეტყველია და კარგი ტენდენციის დასაწყისადაც შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ, სამწუხაროდ, არიან საქართველოში ადამიანები, რომლებიც თავად ხომ არაფერზე გაირჯებიან და სხვისი გაკეთებულიც არად უღირთ.
როდესაც ამის შესახებ სტატიის დაწერა გადავწყვიტე, სხვების მონათხრობს არ ვენდე, ავდექი და საკუთარი თვალით ვნახე რამდენიმე ახალგაკეთებული და უკვე მოოხრებული მინისტადიონი. ნანახმა გული მატკინა. დიღმის მასივში 5-დან 3 მინისტადიონიდან უკვე მოუპარავთ რკინის ბადურა ღობე. ერთგან კარიც კი ამოუგლეჯიათ – ჯართში თუ ჩააბარეს. გლდანში მავან უსაქმურს იმდენი „მოუხერხებია”, რომ სტადიონის ხელოვნური საფარის მოზრდილი ნაწილიც ამოუჭრია – ვერ ვხვდები, რაში გამოიყენა, ოთახის ნოხად რომ არ გამოდგებოდა, აშკარაა; ვერც კედელზე დაკიდებდა და ვერც საბანს შეიკერავდა. დიდი-დიდი, ოთხკუთხედ ნაჭრებად დაეჭრა და კართან ჩვრის ნაცვლად დაეგდო. როგორც ჩანს, ზოგიერთი ადამიანის სამოქალაქო თვითშეგნება სწორედ ჩვარსა და ტილოზე გადის.
დიდუბეში პლასტმასის სკამები მოუტეხიათ და ფეხბურთის მოყვარული ბიძაკაცები სტადიონზე მოთამაშე ბავშვებს საიდანღაც მოთრეულ ქვებზე ჩამომსხდარნი უცქერდნენ. როდესაც ერთ-ერთ მათგანს ვუთხარი: „თქვე დალოცვილებო, ამ ქვების მოთრევას, სკამების მომპარავები დაგედგინათ-მეთქი”, – ბიძაკაცმა მხრები აიჩეჩა და „რა ჩემი საქმეაო?” – ჩაიბურტყუნა.
სწორედ ეს „რა ჩემი საქმეა?” უთხრის ძირს არა მხოლოდ ქართულ სპორტს, არამედ მთელ საქართველოს. წარმოიდგინეთ, არგენტინელმა ან გერმანელმა ქომაგმა რომ დაინახოს, მისი საყვარელი სტადიონიდან ვინმე სკამებს იპარავს – ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, როგორ მოექცევა ასეთი უსინდისობის ჩამდენს.
საქართველოში კი, თუ ყაჩაღი სახლში არ შემოგვივარდა და გვარიანად არ მიგვბეგვა, პოლიციაში დარეკვაც გვეთაკილება.
სკა და რეგეი. ნაწილი პირველი
დღევანდელ მსოფლიოში, სადაც საზღვრები ფაქტობრივად აღარ
არსებობს და ყველას შეუძლია თავისი იდეების, შეხედულებების, თუნდაც მუსიკის მსოფლიოს
ნებისმიერ წერტილამდე მიტანა, პატარა ქვეყნებისთვის ძალიან რთულდება საკუთარი კულტურული
ტრადიციების შენარჩუნება და წარმოჩენა. პატარა ერმა თავისი მუსიკალური კულტურა საზღვრებს
გარეთ რომ გაიტანოს და, ასე ვთქვათ, თავს მოახვიოს სხვა ქვეყნებს, მან რაიმე განსაკუთრებული,
სრულიად უნიკალური უნდა შექმნას.
უნიკალური მუსიკის შექმნა ძნელია, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც,
რომელთა შესახებაც, სავარაუდოდ, ჩემს მკითხველსაც გაუგონია.
მოდი, ვცადოთ: ვინ ან რა გახსენდებათ პირველი, როდესაც თქვენ გვერდით ვინმე იამაიკას
(უფრო სწორად, ჯამაიკას) ახსენებს? დარწმუნებული ვარ, მკითხველთა უმრავლესობას ერთი
სახელი ამოუტივტივდა მეხსიერებაში. სახელი ადამიანისა, რომლის წყალობითაც იამაიკური
კულტურა დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში იმსახურებს აღტაცებასა და პატივისცემას,
რომლის გამოც არაერთი ბენდი შექმნილა და რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პაციფისტი იყო,
ვისთვისაც კი ოდესმე მომისმენია. მან ჩემს გემოვნებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ეს ადამიანი
ბობ მარლი გახლავთ.
რეგეი (Reggae) – ეს არის სტილი, რომელშიც მარლი უკრავდა
და რომლის განვითარებაშიც მან უდიდესი წვლილი შეიტანა. ეს მუსიკა მრავალი სხვა ჟანრის
გავლენით შეიქმნა, მათ შორის – R&B-სა, ჯაზისა, როკსტედისა და სკასი. სწორედ ამ
უკანასკნელზე, სკა მუსიკაზე მინდა შევჩერდე დღეს.
სკა როგორც ცალკეული მუსიკალური ჟანრი იამაიკაში
1950-იან წლებში შეიქმნა. ეს გახლდათ იამაიკური ფოლკლორის (ე.წ. მენტო მუსიკის) ელემენტების,
ამერიკული ჯაზისა და რიტმ-ენდ-ბლუზის ძალზე საინტერესო სინთეზი. მარტივი, მაგრამ დასამახსოვრებელი
რიტმები, სახასიათო მელოდიები და სრულიად უნიკალური, იამაიკური ჟღერადობა, რომელიც
მხოლოდ სკა მუსიკას აქვს. ეს სტილი ინსტრუმენტთა მრავალფეროვნებითაც გამოირჩევა – სტანდარტულ
სეტთან (დასარტყამი, ბასგიტარა, რიტმგიტარა და კლავიში) ერთად სკა მუსიკაში ჩასაბერ
ინსტრუმენტებსაც (ტრამპეტს, ტრომბონს, საქსოფონს, მელოდიკას და სხვ.) ხშირად იყენებენ.
სკა კომპოზიციების „ჩონჩხი” ხშირად ორი ან, მაქსიმუმ,
სამი ძირითადი აკორდისგან შედგება. აკორდული სისტემით ეს სტილი ძალიან ახლოსაა ბლუზთან,
თუმცა მისი შესრულება გაცილებით სპეციფიკურია.
1960-იანი წლებიდან სკა მუსიკა ძალიან პოპულარული გახდა
როგორც იამაიკაში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. გამოყოფენ მის სამ ტალღას. პირველი
მათგანი სკა მუსიკის იამაიკის ფარგლებში გავრცელებას მოიცავს (სწორედ ამ დროს განვითარდა
სხვადასხვა ჟანრის შერევით რეგეი, რომელიც დღეს იამაიკური კულტურის განუყოფელი ნაწილია),
მეორე, ეგრეთ წოდებული „2 Tone” – სკა პანკი – ბრიტანელების მიერ ათვისებული და როკმუსიკასთან
შეზავებული იამაიკური ჟღერადობა, ძალიან პოპულარული გახდა 1970-იანი წლებში. სკა პანკი
ორიგინალურ იამაიკურ მუსიკასთან შედარებით მძიმე, უხეში და პროტესტით სავსე იყო. რაც
შეეხება მესამე ტალღას, ის 1980-იან წლებში დაიწყო და მოედო მთელ ბრიტანეთს, შემდეგ
– ევროპას, შტატებს და მალე სკა მუსიკის ჰანგები უკვე შორეულ ავსტრალიასა და ლათინურ
ამერიკაშიც კი ისმოდა.
აღსანიშნავია, რომ სკა ძალიან პოპულარული გახლდათ ბრიტანეთის
სკინჰედურ სუბკულტურაში. აქ მცირე განმარტებაა საჭირო – სკინჰედები ბრიტანელი მუშათა
კლასის წარმომადგენელი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც ჩაცმის სტილით, გარეგნობით (კერძოდ,
გადაპარსული თავით) და გემოვნებით გამოირჩეოდნენ. ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ თავდაპირველად
ბრიტანელი სკინჰედები (რომელთაც მათი ტრადიციულობის გამო Trad-ებსაც უწოდებენ) შორს
იყვნენ რასისტული იდეებისგან და საერთოდ არ იზიარებდნენ იმ თეორიას, რომლითაც თანამედროვე
ულტრანაციონალისტი სკინჰედები ხელმძღვანელობენ (რუსი სკინჰედები არაერთხელ დასხმიან
თავს უცხოელებს, მათ შორის – ქართველ სტუდენტებსაც. თავდასხმები რასობრივი ნიშნით ხდებოდა).
Trad-ები უსმენდნენ პანკ როკს, სკას, ოდნავ მოგვიანებით – Oi-ს (პანკ როკის ერთ-ერთ
განშტოებას) და რეგეის, რომელიც ყველაზე პაციფისტურია და სამყაროსადმი ჰუმანისტურ დამოკიდებულებას
ქადაგებს. რასისტულ განშტოებათა პირველი ჩანასახები სკინჰედურ სუბკულტურაში 60-იან
წლებში გაჩნდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ამავე დროიდან არსებობენ მათი მოწინააღმდეგე,
ანტირასისტი სკინჰედებიც.
სკა დღეს ბევრს ალბათ აღარც ახსოვს. საქართველოში ის
პოპულარული არასოდეს ყოფილა. პირადად მეც სულ რამდენიმე მეგობარი მყავს, რომელსაც რაიმე
გაუგია ამ მიმდინარეობის შესახებ. მიუხედავად ამისა, არ მეგულება დედამიწაზე კუთხე,
სადაც სკა მუსიკის გავლენით შექმნილი სტილი, რეგეი და ბობ მარლის „No Woman No Cry”
ერთხელ მაინც არ მოესმინოთ. ბობი ჩვენთანაც უყვართ და უსმენენ, განურჩევლად იდეოლოგიისა,
სოციალური სტატუსისა თუ, საზოგადოდ, ცხოვრების სტილისა. კითხვაზე „რატომ” ყველას საკუთარი
პასუხი აქვს.
მომდევნო პოსტში მე ჩემს პასუხებს გაგაცნობთ.
ყველაფერს ვეტყვი პრეზიდენტს…
ეს
სიტყვები ირაკლი ჩარკვიანის „დისკოს” ცოცხალი შესრულებიდან მაშინ გამახსენდა, როცა
ამასწინათ, მეგობრებთან ერთად
მანქანით მგზავრობისას, გზად ტრაფარეტს გადმოვხედე, იქ კი ორი სიტყვა ეწერა:
„ძველი ხიბულა”. მერე ჩემდაუნებურად გონებაში ის ადამიანიც წამომიტივტივდა, რომლის მიერ
ინგლისურიდან ქართულად თარგმნილი ამერიკული პოეზიის კრებული დღემდე ჩემი საყვარელი წიგნია.
ზვიად
გამსახურდიას სახელი ისევე გადაეჯაჭვა სოფელ ძველ ხიბულას, როგორც გასული საუკუნის
საუკეთესო ამერიკელ პოეტებს, რომელთაგან ერთ-ერთის – რობერტ ფროსტის ლექსი, მე
პირადად, ყოველ შემოდგომაზე მახსენდება. თქვენც გაგახსენებთ:
„მშვიდი
ოქტომბრის მოალერსე, მყუდრო დილაო,
მომწიფებულან
დასაცვენად შენი ფოთლები;
ხვალინდელ
ქარში გარინდებულ გზებს დაჩრდილავენ
ჩუმი
ოცნებით…”
ახლა
ვერ გეტყვით, როდის წავიკითხე, რამ მიბიძგა, ვინ გამიღვივა ინტერესი ამ პოეტისადმი
(არადა პირველი, ძლიერი შთაბეჭდილების ყველა წვრილმანი მამახსოვრდება ხოლმე),
მაგრამ დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ის ერთი სტრიქონი არაერთხელ, მეგობრებთან
მყოფს თუ მარტო დარჩენილს, გამხსენებია და ხმამაღლა თუ ჩურჩულით მითქვამს:
„ტყეზე ყვავების ყრანტალია დამაოსები…”
ლექსში
იმდენად არა, მაგრამ ცალკე, ტექსტიდან ამოგლეჯილი ეს სიტყვები გაცილებით სახიფათო
და ავადმეტყველია. მით უმეტეს, თუ უახლოესი წარსულის მწარე გამოცდილებას გავითვალისწინებთ,
ან კიდევ დღევანდელობას – რთულ და წინააღმდეგობრივ დროს. სიმბოლო („ყვავების
ყრანტალი”) ერთი შეხედვით მარტივია, მაგრამ მარადიულიც, ისევე, როგორც სიკვდილის,
გაცამტვერების, გარდუვალი გაქრობის მოლოდინი.
ეს
მოლოდინი თუ რაღაც უსიამოვნო წინათგრძნობა, რობერტ ფროსტის ლექსის ფინალში თითქოს კიდევ უფრო
ცხადი ხდება, არ რჩება მხოლოდ ნიუ ჰემპშირულ განწყობილებებად, არამედ ზოგად სახეს
იძენს და თითოეული ჩვენგანისთვის მახლობელია:
„ფრთხილად,
ო ფრთხილად!
აი,
ეს ვაზი შეიბრალე, დაყურსულს, ჩრდილში,
შეჭირხლებია
ნაადრევი ყინვისგან ლერწი.
სულ
მცირედიც-და მისი ტანიც გახდება ბერწი,
ადროვე
ვაზებს მიბრუნება კვლავ ზამთრის ძილში…”
მწუხარე,
ნაღვლიანი განწყობა გეუფლება, და როცა ამერიკელი პოეტების ანთოლოგიის გამოცემის თარიღს
– 1971 წელი – უკვირდები, ფიქრობ, რომ ეს წიგნი მხოლოდ ერთი კაცის ცხოვრების კი
არა, ქართული კულტურისა და სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილიცაა. ქვეყნისა, რომლის პირველი პრეზიდენტიც ამ
თარგმანების გამოცემიდან ოცი წლის შემდეგ ზვიად გამსახურდია გახდა.
დღეს კი, მისი ტრაგიკული აღსასრულიდან ოცი
წლის შემდეგ, რა შეიძლება ვუთხრათ პრეზიდენტს? – ის, რომ მის მიერ დიდი ხნის წინ
თარგმნილი უოლტ უიტმენი, ეზრა პაუნდი და ედგარ ლი მასტერსი მოგვწონს, თუ ის, რომ
ამდენი ხნის მერე მისი სიკვდილის ამბავი ჯერაც გამოუძიებელია? გადატრიალებას გადატრიალება არ ჰქვია, წაგებულ ომს
– წაგებული ომი, გამცემს – გამცემი და კრიმინალს – კრიმინალი. ეს იმიტომ, რომ
ჩვენში ნამდვილი სახელის დარქმევა ძნელი გამხდარა. გვირჩევნია, ქუჩებს, მოედნებსა
და აეროპორტს ჩამოვურიგოთ სახელები, მის იდუმალებით მოცულ სიკვდილს კი დიდხანს
გავუჩუმდეთ, თითქოს სულ ახლახან, ჩვენთან, ჩვენს გვერდით არ მომხდარა, უფრო მეტიც
– საერთოდ არ მომხდარა!
…სხვათა შორის,
ზვიად გამსახურდია სიკვდილის შემდეგ ირაკლი ჩარკვიანის ავტობიოგრაფიული რომანის
პერსონაჟიც გახდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, ლიძავის სანაპიროს წარმოდგენისას, ავტორს პირველი
პრეზიდენტიც ახსენდება, რომელიც „თავის საბჭოურ ველოსიპედზე შემომჯდარი,
რადიომიმღებით ხელში შეუპოვრად დაეძებდა იმ სანუკვარ ადგილებს, სადაც მისი
რადიომიმღები რადიოსადგურ „თავისუფლებას” უკეთ დაიჭერდა. მაშინ ყველა არასაბჭოთა
გადაცემას ახშობდნენ და მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ რომ ოლიმპიური სიმშვიდით
ეგუებოდა ამ ფაქტს, ორიოდე ადამიანის გარდა. ერთ-ერთი მათგანი ზვიად გამსახურდია
იყო. ის მთელი ღამე გულმოდგინედ დაეძებდა იმ დროებითი თავისუფლების კუნძულებს,
სადაც გარკვევით შეეძლო გაეგო მაშინ ჩვენთვის სანუკვარი, დღეს კი ჰამბურგერივით
ჩვეულებრივი სიტყვები. ინფორმაციით სავსე ამაყად ჩაუქროლებდა ხოლმე
თაბუკაშვილებისა და ომიაძეების სახლებს, ბედნიერი, რომ სხვებისგან განსხვავებით
მან მაინც შეძლო და ეზიარა ვაშინგტონიდან ნატყორცნ იმედიან გამონათქვამებს”.
ეს ის დროა, როცა საბჭოთა სინამდვილეში
ეროვნული მოძრაობა იკრებს ძალებს, ის დრო, როცა ქართულ ენაზე უკვე არსებობს რობერტ
ფროსტის ბრწყინვალე ლექსი:
„მშვიდი
ოქტომბრის მოალერსე, მყუდრო დილაო,
დღევანდელი
დღის საათები ქმნიან ზღუდეებს,
ო,
გაარღვიე ზღუდეები და დღის ნათელი
გაგვიხანგრძლივე,
მიეჩვია გარდაქმნას გული…”
თომას გორდონი- “როგორ გავხდე კარგი მშობელი” მეცხე თავი
როგორ გავუიოლოთ პატარა მოსწავლეს სკოლასთან შეგუება
დავიწყებული ლოცვებისათვის
რამდენიმე მოსაზრება კრიტიკული აზროვნების შესახებ
ამბავი ოთხი ძმაბიჭისა და ერთი შემოკრული სილის
დარდი ვიცი ხოლმე, აი ათასი წელიც იყოს გასული, ამბავი
გულზე თუ მომხვდა, ისე მედარედარდება, როგორც რომ გუშინ მომხდარიყოს. საქმე გამოგლევიაო,
იტყვის მავანი, აბა, რა ვუყო, ეგრე კი არი და, განა მე მინდა. ჰოდა დღესაც ეგ გადავწყვიტე
დარდისა უნდა მოგიყვეთ. ამბები სხვათა და სხვათა, ზოგის ჩვენებურისა და ზოგის კიდევ
გადამთიელისა. იყო ერთი ფრანგი ოფიცერი, მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს, დიდი ნიჭი როდი
მოსდგამდა ჯარისკაცობისა, ჯარისკაცობისა–მეთქი, თორეპოეტობისა იმდენი ჩამოებერტყა,
რა ვიცი. და იყო ისე, სხვისი ნაცვამი ხალათი რომ მოგირგია თანზე და არ მოგხდომია, ხელი
კი ჩაგიქნევია მაინც, რა არის, სხვა ტანისამოსი არ გეშოვება და იმიტო. იყო ეს ოფიცერი
კარგი, ფრანგული ოჯახიდან, გვარიშვილიც დიდებული და ისეც, შესახედავადაც, სრულიად არაშემაწუხებელი.
სანამდი აცალა წუთისოფელმა, იმსახურა თავის რაზმში მშვიდად, აი რევოლუცია და კაცის
კვლა რო ატყდა ქვეყანაზე, ადგა ეს პატიოსანი კაცი, დატოვა სამსახური. აღარ მიუდგა აღარც
ერთს, სულაც დაკრა ფეხი და წავიდა საფრანგეთიდან, ჰე, ჰე, ამერიკაში წავიდა. იცხოვრა ერთ ხანს. რად მოვყევი ეხლა ამოდენა ამბავი, მეფე
რო დაიჭირეს, საგილიოტინოთ რო გაწირეს, გულმა აღარ გაუძლო იქა, ჩამობრუნდა უკან და
მონარქისტებს შეუერთდა. თოფი დაიჭირა ისევ ხელში. სულ ეგ მაინტერესებს, რამ აიძულა
ოკეანის გაღმა ცხოვრებააწყობილი კაცი დანგრეულ, შინა ომით განაწამებ საფრანგეთში წამოსულიყო,
ან რა გულით ქნა ეგა და ან რამ წაახალისა. ბიოგრაფები ბევრნი აღნიშნავდნენ, მეფის დამხობა
ვერ აიტანაო, მისი დაჭერაო, მოკვდინებაცო.
დეპეშის ამბავი ხო იცით, რუსეთიდან გამოგზავნილის, მთავრობაძე გარდაიცვალაო, აი სულ
ორი დღე იქნებოდა ალბათ გასული ე მაგ ამბოდან, მაგდენიც არა კიდე და რკინიგზის სადგურზე,
ფოშტის გზასთან ერთი ახალუხიანი ნათავადარი მოდიოდა ფეხით, ან ეხლა რაა იმერეთის სადგურები
და მაშინ რა უნდა ყოფილიყო, ეხლაც მერცხლის ბუდეებადაა მთის წირებში მიდგმული, მაშინაც,
ოღონდ განსხვავებით დღეისდღისაგან, ფიცრით ნაკეთები. ჰოდა იმას გიყვებოდით, მოდის ეს
ნათავადარი, პაპის მამა ჩემი, გაზაფხულის პირი დგება უკვე, თოვლი დათხელებულია და სატალახოდ
თუ გამოდგება, თორემ სამარხილედ და საწვალებლად აღარ, მოდის და კაცი შეეყარა თავისოფლელი,
ბევრნიც შეეყარნენ და ის ერთიც იმათთან ერთად. ერთი ფორიაქი შესდგომოდა მაშინ ქვეყანას,
ვინ ვის იწონებდა, ვინ ვის ემდუროდა, ძნელი სარჩევი იყო. შეხვედრიან კარგი მოკითხვით,
სალმით, ჰოდა, იმ ერთს, თედო რო ერქვა, უხარებია პაპაჩემის მამისთვის, ლადიკოო, ეგრე
ერქვა ცხონებულს, გაიგე, ნიკოლოზა ჩამოაგდესო, უცინოდა სახე თურმე, მეფეო კი არა თქვა,
ნიკოლოზაო. ამან კიდე არც აცია, არც აცხელა და სილა გაუშალა. დიდედაჩემი, ცოლი იმისი,
სულგანათლებულისა, ასე მიყვებოდა, რბილი კაცი იყო, დავიდარაბა და გაწევ–გამოწევა კი
არა, ხო ოცდაათი წელი მოვათიეთ ცოლ–ქმრად, ერთი არ უთქვამს, წინ ზიხარ, უკან დაჯექიო.
იმ დღეს რა ეტაკა რა ვიცი, ადგა თურმე, გაუშალა და სილა ტკიცა გზაში შეხვედრილ კაცს,
შენ რა გიხარია მერეო. გაშველებამდე არ მისულა საქმე, არ ვიცი, იმათ ვეღარ შეუბედავთ,
თუ რა იყო, იქნება გამოარიდეს კიდეც გაჯავრებულ თავადიშვილს სხვებმა. ზღაპრად მიყვებოდნენ
მე მაგ ამბავს, ოღონდაც ჩემსობას იმ სილის მიზეზი აღარ იცოდა უკვე აღარავინ, ჩავლილი
ამბავი იყო, საუკუნე შესრულდება სადაცაა მას აქეთ. მიზეზი აღარ ახსოვდათ–მეთქი. ყვებოდნენ
კია. დარდის კაცი ვარ, ხო ვთქვი თავში და ჩამრჩა და ჩამრჩა. ახლაც ხანდახან, თუ დავუფიქრდი
ცოტა, იმ შემოკრულის ხმა ყურებში მიდგას ხოლმე, მოზრდილობაში შემრცხვა მაგ სილისა და
იმიტომ. ჰე, ჰე, დანამდვილებით ვინ იტყვის მართალს, კაცის ფიქრს და მიზეზს ჩადენილისას
მით უფრო. ჩვენი ძველი თავადობისა, მოგეხსენებათ, ქვეყანას დიდად რო არ დაგიდევდნენ,
ეს ჩემი პაპის მამაც ეგეთი არ იყოს–მეთქი, ცუდად მიწიოდა გული. ამას წინათ, ორიოდე
წელიც არ გასულა მგონია იმის მერე, სიცილს შევესწარი ნაცნობისას, ნამეგობრალისას, ავს
ყვებოდა, ქალის საქმე იყო, ავს ყვებოდა და იცინოდა, ნიშნის მოგებით არა, ისე, სხვანაირად,
გვჩვევია კაცებს, ვიტყვით ხოლმე ერთმანეთში რაღაცას და ჩვენ წაცხებულ ლაფს ცხრა მდინარე
ვეღარ ჩამორეცხს მერე. ჰოდა, ავს ამბოდა–მეთქი ისიც, ქალზე ყვებოდა, ნანახი მყავდა
ის ქალი, ლამაზი ქალი იყო, იქნებ მქნელიც ნათქვამისა თუ დაბრალებულისა, ვუსმენდი და
მეკიდებოდა ცეცხლი, გავსკდი გულზე, ხმა არ კი ამომიღია. ვითომ ხო რაში მეხებოდა ეგ
სუყველაფერი, ყველა ალხანას თავისი ჩალხანა ყავსო, ხო ნათქვამია, ვფიქრობდი მაგასაც,
მაგრამ იმოტელა კი ვიყავი, მეგრძნო, ამის, ჩემი ნაცნობისა თუ ნამეგობრალის სიცილი რო
უფრო მაცოფებდა, ვიდრე ის მეორე. აბა, ნახვითაც ერთხელ მენახა ის ქალი იქამდე, და არ
იყო და სატრფო ჩემი და რად უნდა მწყენოდა ვითომ მოსმენილი. დღემდე მომდევს, სულ მართალი
საქმე რო იყოს, მდაბალის სიხარულის ვერ ვიტან, ვერც იმის გამარჯვებას და ვერც დროშის
ფრიალს მისას, კიდე ვიძახი, სულ მართალი საქმეც რო იყოს. ე მაგას რო მივხვდი, ის პაპაჩემის
მამაც გამახსენდა და იმ დღეზე ბედნიერი დღე თუ გამთენებია როდისმე, არ მგონია ახლაც.
ოცდაერთი არ შესრულებოდა მაშინ ჯერ, ოცდაერთი წლის კაცს კიდე სისხლი სულ შხუილით დაუდის
ტანში. იმასაც დაუდიოდა. რატო უნდა დასწყვეტოდა ნიკოლოზაზე გული ვითომ, რა ჩინ–მენდლებს
ელოდებოდა, ჯინჯილები, ეგრე გამოვიდა, რომ მამას არ კეთებია მისას, პაპას და პაპის
პაპას. რუსული ჩექმა ეცვა ფეხზე და ფოშტის გზას ადგა, სად მიდიოდა ეგ კი აღარ ვიცი,
ვისაც რო ვკითხე, არც იმათ იცოდნენ. ჰოდა, ბედნიერი დილა გამითენდა მეთქი ამ ორი წლის
წინ, ნამუსი მოვწმინდე იმ ჩემი ცოდვით სავსე წინაპარს თითქოს, ის დღეა და ის დღე, ეგრეც
მჯერა, მჯერა რომელია, გზად შეხვედრილების სიცილი ვერ აიტანა ეტყობა, პატარა კაცის
სიხარული, ხო უცნობის, მაგრამ თავისზე უკეთესის, თავისზე დიდის, თავისზე ძლიერის დამრცხებას
რო აღტაცებაში მოეყვანა, იმ პატარა კაცისა. ვიფიქრე ეგა და თითქოს ლოდი ჩამომეგდოს
მხრებიდან. თუმცა ვინ იცის, გულში რა უდევს ადამის შვილს, თავში რა უტრიალებს, ეგება
სულ სხვაგვარადაც იყო საქმე. ეჭვიც ხო არი მაინც, ეჭვიც, არი და ჰა, სულ შერჩენილი
მექნება და ვერც მოვიშორებ ალბათ ვერასდიდებით, მაგრამ როცა რომ აი ტალახის გუბე შემხვდება
ხოლმე გზად და თავს ზემოთ ძალა არ არი, წელამდე უნდა შევტოპო შიგნით, სულ ის საუკუნის
უკან შემოკრული მახსენდება და მშველის დიდად. ფეხი თუ არ მეშლება ხოლმე დღეს არა, უფრო იმ ხსოვნის მადლით, იმის მადლით
და ჩემი სიჯიუტით.
ხანძთელს ვსწავლობდით წელს, აი სახლიდან გაქცეული მღვდლისა და მისი ძმაბიჭების ამბავს.
ჰოდა, წერია იქა, ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა
ჟამი შეიქირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულებისო. კირილეისონზეც წერია. მივდექ–მოვდექით
მე და ჩემი მეათეები, სულ წაღმა უკუღმა ვატრიალეთ ეს ერთი ბეწო საქართველო, აბა საზღვარი
სად გადის, აბა, რატო თქვა დალოცვილმა ასე და სხვა მისთანები. ბოლოს ვკითხე, ხანძთა
საქართველოა–მეთქი? მაშო, გაიკვირვეს. დახედეთ–მეთქი რუკას. შეცბნენ ერთი, ჩვენი იყო
და წაგვართვესო . წაგვართვეს ჰო, მაგრამ დღეს თუ არი–მეთქი. აიბნენ, გაწყრნენ კიდეც
ყმაწვილურად ერთი გაწრომა, ვერა თქვეს საზღვრის ამბავი. მერე ავდექი და შატობრიანისა
მოვუყევი, რენესი, მეფე შეუპყრიათო, რო გაიგო და ნახევარი დედამიწა უკან გადმოიარა,
ქვეყანას ხელში მე ამათ ვერ დავუტოვებო. ეშორათ. ჩემიც მოვაყოლე, სილის გარტყმისა.
მეთქი ჩემთვის არა, აი ეს ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების იმ გაქნეული ხელიდან
იწყება, იმიტო რო ეს ოხერი ქვეყანა ტკივილადაც ხოა და შვებადაცაა, შვებად უფროა. ჰოდა,
თუ ხანძთის მონგრეული ქვები ოდესმე დაგენანოთ, ფიქრად მოგრჩეთ, არ გეზედმეტოთ, მოკვდომია
პატრონი ყველა სახელმწიფოს, თქვენი წილი ქართლის საზღვარი ისევ იქა, მარტო თქვენ რო
იცით სადაც, გავლებული–მეთქი. კარგი დღე იყო ის დღე. არ გვზედმეტებია. ჩემი ამბისა
კი რა ვთქვა, სახლში რო ჩავალ ხოლმე არა, ნაგაზაფხულარზე, იმისი, ახალუხიანი, პირგაპარსული,
ულვაშიანი პაპაჩემის მამისა და გალეული, კნაჭა, თალხკაბიანი დიდედაჩემის სურათი კედელზე
დამხვდება. გვერდიგვერდ დგანან იმ სურათში, დგანან და მოღლილი მზერით იცქირებიან, ფოტოგრაფმა
თუ გააწვალა თავის დროზე.