წიგნები სპორტზე
მანდარინების ომი
ომი, როგორც ასეთი, არ მახსოვს. იმ დროს ძალიან პატარა
ვიყავი და ჩემი ოჯახი სურამში ცხოვრობდა, რკინიგზის სადგურთან. თუ სურამისნაირ პატარა
დასახლებაში რომელიმე ადგილს ხალხმრავალი შეიძლება დაერქვას, ეგ იყო ეგეთი ადგილი.
ხშირად აკაკუნებდნენ კარზე ახალგაზრდა, გაბურძგნილი
და დაუბანელი ბიჭები, დედა პურს უხვევდა ხოლმე გაზეთში და რომ წავიდოდნენ, ოხრავდა.
საღამოობით, შუქი თუ იყო, ტელევიზორში ასეთივე ბიჭებს აჩვენებდნენ, ოღონდ დაბანილებს,
გაპარსულებს და დედა მათ დანახვაზე ტიროდა.
გვიან მივხვდი: ის ბიჭები, დედა პურს რომ აძლევდა, ომს
გადარჩენილები იყვნენ, ისინი, ვის დანახვაზეც ტიროდა – ომში დაღუპულები. უფრო გვიან
დედა იტყოდა ხოლმე, სულ მეშინოდა, მამაც ომში არ წასულიყოო.
მახსოვს ისიც, რომ სკოლაში არსებობდა ცალკე კასტა –
„ლტოლვილები”. სულ რამდენიმე იყო ასეთი ბავშვი, რომლებიც, მაგალითად, კლასის რემონტის
ფული თუ იყო შესაგროვებელი, უარს ამბობდნენ არგუმენტით, ლტოლვილები ვართო. ისიც მახსოვს,
ამ „კასტაზე” ვიღაცები როგორ ბრაზობდნენ – ლტოლვილები ეგენი კი არა, ჩვენ ვართ, მაგათ
მშვენივრად აიწყვეს ცხოვრებაო…
ომი, როგორც ასეთი, თითქმის არ ჩანს ზაზა ურუშაძის ფილმში
„მანდარინები”, სადაც ნარატივი რამდენიმე, უფრო სწორად, ოთხი მთავარი გმირის (ორი აფხაზეთში
მცხოვრები ესტონელი, ომში წასული ქართველი სტუდენტი და ჩეჩენი ბოევიკი) ამბის ფონზე
მიმდინარეობს. კი, ისმის აფეთქება, სროლა, ჩანს რამდენიმე დაღუპული, მაგრამ ომი ეგ
არ არის, ომი გაცილებით საშიში და საშინელია.
ფილმის ერთ-ერთი გმირი, აფხაზეთში მცხოვრები ესტონელი,
რომელსაც მანდარინის უზარმაზარი პლანტაცია აქვს, კარგი მოსავლით ხარობს და ომის პირობებში
მისი რეალიზაციის სირთულეებზე დარდობს, ამ ომს მანდარინების ომს უწოდებს. მეორე ესტონელი,
მისი მეზობელი, რომელსაც სამხერხაო აქვს და პირველს მანდარინებისთვის ყუთების გაკეთებაში
ეხმარება, ამბობს, რომ ეს მანდარინების კი არა, მიწის, ტერიტორიების გადანაწილებისთვის
ომია. პირველი თავისას არ იშლის – იქნებ ასეც არის, მაგრამ ეს მიწა მანდარინების მიწააო.
ფილმის სათქმელი კი ის გახლავთ, რომ ეს არავის ომი არ
არის. არც ერთ მათგანს, ვისაც დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უყურებ ეკრანზე,
ომი არ უნდა. ისინი ამ არეულობაში შემთხვევით მოხვდნენ. ესტონელები იქ ცხოვრობენ. მათი
ახლობლები ომის დაწყებისთანავე დაბრუნდნენ სამშობლოში, მათ კი იქაურობა არ ეთმობათ.
ერთს მანდარინის პლანტაცია აკავებს, მეორეს – ომში დაღუპული შვილის საფლავი. დედისერთა
ქართველ სტუდენტს, რომელიც ფრონტზე იმიტომ წავიდა, რომ ეს თავის ვალად მიიჩნია, არ
სურს, თავისი მიწა სხვას ჩაუგდოს ხელში, მაგრამ მან ომისა არაფერი იცის, მსახიობია
და პირველივე შეტაკებისას იჭრება. დაქირავებული ჩეჩენი მეომრისთვის კი ომი უბრალოდ
ხელობაა; ის ხალხს ხოცავს და ამაში აღებულ ფულს ოჯახს უგზავნის. თან სჯერა, რომ ფეხი
აფხაზების მიწაზე უდგას.
ქართველისთვის ჩეჩენი უბრალოდ უწიგნურია, რომელსაც სკოლაში
ისტორია არ უსწავლია, ჩეჩნისთვის ქართველი მტერია, რომელმაც მეგობარი მოუკლა, ესტონელისთვის
კი ორივე გარემოებათა მსხვერპლია, ვიღაც მესამემ ერთმანეთის მტრებად რომ აქცია, ამიტომაც
ორივე დაჭრილს შეიფარებს და ერთმანეთის სიძულვილს ავიწყებს. მას არ მოწონს ეს ომი,
არ მოსწონს სიკვდილის გარშემო მოსიარულე ახალგაზრდები.
ფილმის სიუჟეტი გამართულია, ზედმეტი გმირები აქ არ არიან,
ნარატივი მკაფიოა, თუმცა თავად თემა, მტრების დამეგობრება და ომის სისასტიკე ისეთი
შაბლონია, „მანდარინების ომი” ჩვეულებრივი კარგი ფილმის კატეგორიას ვერ სცდება. და
მაინც, ის აუცილებლად სანახავი სურათია, მით უმეტეს – ჩვენს სინამდვილეში, როცა საქართველოს
ლამის მესამედი ოკუპირებულია, როცა ვითომ ჩვენს იურისდიქციაში მყოფ სოფლებში მავთულხლართს
მავთულხლართზე აბამენ, როცა ვიღაც იმაზე დავობს და ორჭოფობს, არის თუ არა სოჭის ოლიმპიადაში
ქართველების მონაწილეობაზე უარის თქმა ღირსების საქმე, როცა ომს ომი დაემატა და ჩემი
მოწაფეობისას არსებული „ლტოლვილების” რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. ან რა მნიშვნელობა
აქვს, კარგია თუ არა ფილმი – მთავარია, რომ ის დაგაფიქრებს შენს ღია ჭრილობებზე, ომში
დახოცილ ბიჭებზე, დაქირავებულ მეომრებზე, რომლებიც, რომ არა დამქირავებელი, ამ ბიჭების
მეგობრები იქნებოდნენ, ზღვისპირა ტყეებში გათხრილ შვილების საფლავებზე, მარტო დარჩენილ,
მიწას მიჯაჭვულ მოხუცებზე, თუნდაც მანდარინის პლანტაციებზე.
ელემენტების მიგრაცია
გადადებული საქმეების და შეხვედრების შესახებ
ცისანა დოლიძე – სიყვარულით პროფესიაში
თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლა 1967 წელს დაარსდა. იგი
წარმოადგენს ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიკურ მეცნიერებათა სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორიას, რომლის თანამშრომელთა მიერ შემუშავებულ მეცნიერულ იდეებს პრაქტიკულად ახორციელებენ სკოლის მასწავლებლები. ურთიერთთანამშრომლობით იქმნება სახელმძღვანელოები, დიდაქტიკური მასალები, მუშავდება მეთოდური მითითებები სხვადასხვა საგანში. ლაბორატორიის კვლევაძიებითი მუშაობა ძირითადად ბავშვის საერთო განვითარების ლ. ვიგოტკისეულ მოძღვრებას და დ. უზნაძის განწყობის თეორიას ეფუძნება. წინა პლანზეა წამოწეული სწავლების განმავითარებელი ფუნქცია. ექსპერიმენტული დიდაქტიკის ლაბორატორია პრინციპულად ცვლის მოსწავლეებისა და მასწავლებლის ურთიერთდამოკიდებულებას. იგი მასწავლებელ–მოსწავლის თანამშრომლობის ჰუმანურ საწყისზეა აგებული. ბავშვებს მზამზარეული ცოდნა კი არ ეძლევათ, არამედ ხდება მეცნიერული ცოდნის აღმოჩენა ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.
ამ სკოლაში დაარსების დღიდან მუშაობს ქართული ენისა და
ლიტერატურის მასწავლებელი ცისანა დოლიძე, რომელიც იმავდროულად დირექტორის მოადგილეცაა.
ცისანა დოლიძე 17 წლისა მივიდა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში. დღეს
ის, როგორც მისი ყოფილი მოსწავლეები ამბობენ, ამ სკოლის ლეგენდაა. ცისანა დოლიძე mastsavlebeli.ge-ს სტუმარია.
. ბევრი ბავშვი ოცნებობს
მასწავლებლობაზე, მაგრამ უმეტესობა საბოლოოდ სხვა პროფესიას ირჩევს. თქვენ რით გხიბლავდათ
ეს საქმიანობა? როგორ ფიქრობთ, სწორად აირჩიეთ პროფესია?
– მასწავლებლობა ალბათ ჩემს ბავშვობაში უფრო იყო საოცნებო.
მეც ხშირად მითამაშია მასწავლებლობანა. მაგრამ დღევანდელ ბავშვებს ეს პროფესია ნაკლებად
ხიბლავთ. მათ უკვე სხვა ინტერესები აქვთ. მეშემთხვევით არ მოვსულვარ სკოლაში სამუშაოდ, მე სიყვარულით მოვედი ამ სფეროში. საკმაოდ
კარგად მოვირგე ეს პროფესია. ჩემს ხასიათს ჩინებულად მიესადაგა ბავშვთან ურთიერთობა.
17 წლის ვიყავი, როდესაც ამ სკოლაში პიონერხელმძღვანელად დავიწყე მუშაობა. მოსწავლეებს
უფროსი მეგობარივით ვეპყრობოდი, თუმცა ერთგვარი დისტანცია ჩვენ შორის ყოველთვის იყო.
გარდა პიონერებისა, ურთიერთობა მქონდა მეცხრე-მეათეკლასელებთანაც. ფაქტობრივად, იმ
პერიოდში ვისწავლე ბავშვებთან ურთიერთობა, რაც მასწავლებლად მუშაობისას ძალიან დამეხმარა.
მოგვიანებით ჩავაბარე პედაგოგიურ სასწავლებელში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, დაუსწრებელ
განყოფილებაში. ამასობაში გავხდი დირექტორის მოადგილე აღმზრდელობით დარგში და მასწავლებლობაც
შევითავსე.
. თქვენს თაობაში თუ იყო
მასწავლებლობა პრესტიჟული, ახლა რატომ აღარ არის ეს პროფესია მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის?
. ორმოცდაექვსი წელია, სკოლაში ვმუშაობ და დღეს უკვე
ჩემი ყოფილი მოსწავლეების შვილები არიან ჩემი მოსწავლეები. ეს უკვე სულ სხვა თაობაა,
სულ სხვა ინტერესებით. გაჩნდა ახალი პროფესიები, შეიცვალა დამოკიდებულებები. წინათ
ბავშვისთვის მასწავლებელი იყო ცოდნის, განათლების სიმბოლო. მაშინ სკოლისადმი ოჯახის
დამოკიდებულებაც რადიკალურად განსხვავებული გახლდათ. მშობლები უფრო ხშირად დადიოდნენ
სკოლაში და ინტერესდებოდნენ შვილების განათლებით… თუმცა ჩვენს სკოლაშიბევრი ახალგაზრდა მასწავლებელია,
რომლებიც წინა თაობის პედაგოგებთან ერთდ მუშაობენ. საზოგადოდ,მასწავლებლობა რთულია.
კლასში ბოლომდე იხარჯები, შემდეგ სახლში მუშაობ, მეორე დღისთვის ემზადები, თვითონაც
სწავლობ… ამისთვის კი სულ 300-400 ლარს იღებ, ამიტომ ახალგაზრდებს ურჩევნიათ, ეძებონ
ისეთი სამსახური, სადაც ნაკლები დატვირთვაა, ნაკლები დაძაბულობა და მეტი ხელფასი. თუმცა,
რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს პრობლემა არ არის…
. მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთდამოკიდებულება
თუ შეიცვალა?
– ცხადია,
შეიცვალა. წინათ ეს ურთიერთობა უფრო მენტორული იყო. დღეს პედაგოგები მოსწავლეებთან
თანამშრომლობენ. ჩვენი სკოლა ექსპერიმენტულია, ამიტომ აქ უფრო ადრე დაინერგა ბავშვებთან
თანამშრომლობა, მათი აზრის გათვალისწინება, დებატები. მოსწავლეებს ვუთანხმებთ განსაზღვრულ
საკითხებს, ვითვალისწინებთ მათ ავტორიტეტს… პედაგოგის ოსტატობა სწორედ ის არის, ყველა
საკითხის თაობაზე შეძლოს ბავშვთან ურთიერთობა. მოსწავლე სწავლობს მასწავლებლისგან,
მაგრამ არის მომენტები, როდესაც მოსწავლისგანაც ბევრ რამეს ვსწავლობთ. უნდა მიჰყვე
მოზარდს და მიხვდები, რა როგორ აკეთო.
ბავშვის
აღზრდაში სამი ფაქტორია მთავარი: ოჯახი, სკოლა და საზოგადოება. მშობლები გვერდით უნდა
ედგნენ ბავშვს, რადგან ეს ურთიერთობა სჭირდება მას განათლების დასაუფლებლად. დღეს მშობლების
უმეტესობას შვილისთვის აღარ სცალია. დღევანდელი მშობლები ისე მტკივნეულად აღარ განიცდიან
შვილის დაბალ ნიშანს… ბავშვი კი ყველაფერს ისრუტავს და განიცდის. ეს ჩანს მის ქცევაში,
უფროსებისადმი დამოკიდებულებაში, სწავლაში. გარდატეხის ასაკი ძალიან სახიფათო პერიოდია.
მოზარდს განსაკუთრებული დახმარება სჭირდება. მარტო სკოლა ვერაფერს გააკეთებს, თუ ოჯახი
თავის ადგილას არ დგას.
. როგორც ვიცი, სკოლები სისტემატურად აწვდიან მშობლებს
ინფორმაციას შვილების სწავლისა თუ ქცევის შესახებ. როგორია რეაგირება?
– მშრალი
ინფორმაციის მიღება ვერაფერს ცვლის, თანამშრომლობაა საჭირო, რომ მოსწავლემ ზუსტად გაიგოს,
რას ვითხოვთ მისგან. მოთხოვნა ადვილია, მაგრამ ამ დროს გვავიწყდება, რომ ბავშვთან გვაქვს
საქმე, რომელსაც ჩვენი მოთხოვნების დამოუკიდებლად შესრულება ხშირად უჭირს.
. იმ ხნის განმავლობაში, რაც თქვენ სკოლაში მუშაობთ,
განათლების სისტემამ უამრავი მინისტრი გამოიცვალა და რეფორმის რამდენიმე ეტაპი გაიარა.
რა გავლენას ახდენდა ეს ცვლილებები სკოლის ცხოვრებაზე და როგორ უწყობდით მათ ფეხს პედაგოგები?
– ჩვენი
სკოლის მასწავლებლებმა წარმატებით დაძლიეს ყველა რეფორმა. გამოცდის ჩაბარება არც ერთ
მათგანს არ გასჭირვებია და დღეს სწავლება ახალი მეთოდებით, ახალი პროგრამებით მიმდინარეობს.
ვერ მივცემ თავს იმის თქმის უფლებას, რომელი რეფორმა იყო მისაღები თუ მიუღებელი, მაგრამ,
ჩემი აზრით, განათლების სამინისტროს ყოველგვარ გადაწყვეტილებას უკრიტიკოდ არ უნდა დავეთანხმოთ.
სიახლე, რა თქმა უნდა, სადღაც უკვე არის აპრობირებული, ამიტომ იქიდან უნდა ავიღოთ კარგი,
ხოლო იმაზე, რაც მიუღებელია, უარი ვთქვათ. მით უმეტეს, ქართულ ხასიათს ყველაფერი ადვილად
არ ერგება. ყველა ერი სხვადასხვანაირია. სხვადასხვანაირები არიან მოსწავლეებიც. ქართველი
მოსწავლის აღზრდა საკმაოდ რთულია და ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
. განათლების რეფორმატორები პრაქტიკოსი მასწავლებლების
აზრს თუ ითვალისწინებენ სიახლეთა დანერგვისას?
– პრაქტიკა
და თეორია ხშირად შორიშორს არის ერთმანეთისგან. შესაძლოა, თეორია კარგი იყოს, მაგრამ
სწავლების პროცესში მისი რეალიზება ვერ მოხერხდეს. მშობლები კითხულობენ, შვილისთვის
არაფერი დაგვიკლია და გზას რატომ ასცდაო. იქნებ სწორედ ის იყო შეცდომა, რომ არაფერი
დაუკლიათ… ბავშვის აღზრდა ძალიან რთული პროცესია. ჩვენი სკოლა იყო პედაგოგიური კვლევითი
ინსტიტუტის საკვლევი, სამეცნიერო, სარეზერვო სკოლა და აქ ტარდებოდა ექსპერიმენტები
აღმზრდელობით დარგში, სწავლებაში, გაკვეთილების ხარისხთან მიმართებით, ვაკვირდებოდით,
რა იყო ბავშვებისთვის მისაღები, სასიკეთო და რა – არა. გაკვეთილებს უმაღლესი სასწავლებლებიდან
მოწვეული ლექტორები ატარებდნენ… ამიტომ იყო, რომ ჩვენი სკოლის მასწავლებლებს მიმდინარე
რეფორმების გადალახვა არ გასჭირვებიათ. ჩვენი პრაქტიკოსი პედაგოგებისგან არის აღებული
ბევრი მეთოდი, რომლებიც შემდეგ თეორიასა და ზოგად პრაქტიკაში დაინერგა.
. ალბათ, ამ მეთოდოლოგიის დიდი დამსახურებაა, რომ პირველ
ექსპერიმენტულ სკოლადამთავრებულმა მოსწავლეებმა წარმატებას მიაღწიეს. აქ სწავლობდანენ
ზურაბ ჟვანია, დავით ონოფრიშვილი, ირინა სარიშვილი, ერთხანს – მიხეილ სააკაშვილიც…
– სწავლება ექვსასი მოწაფით დავიწყეთ და ისინიც ძლივს
შევაგროვეთ, მაგრამ სამი-ოთხი წლის შემდეგ სკოლამ ისეთი სახელი დაიმკვიდრა, რომ ბავშვის
ჩარიცხვა უკვე ჭირდა. დღეს ორი ათას ექვსასზე მეტი მოწაფე გვყავს.
სკოლის
წარმატების მაჩვენებელი კარგი მოსწავლეა. ყველა მასწავლებელი ბედნიერია, როდესაც მისი
ნამოწაფარი წარმატებას აღწევს. ბევრი ტრაბახობს კიდეც ამით. სხვათა შორის, შენახული
გვაქვს ბევრი ბავშვის საინტერესო ნივთები, ჩანაწერები, ნახატები, წერილები. ათი-ოცი
წლის შემდეგ ბრუნდებიან ჩვენი მოსწავლეები, ხვდებიან ყოფილ მასწავლებლებს და ნახულობენ
ამ ნივთებს. ძალიან გულის ამაჩუყებელი ტრადიციაა.
ეს
სკოლაა ჩემი ცხოვრება და პირადი ბედნიერება. მთელი სიცოცხლე აქ გავატარე და ყოველი
ხე, ყოველი კედელი თუ ნივთი მიყვარს. გურული ვარ და ბავშვებსა თუ მასწავლებლებთან ურთიერთობაში
ხშირად ვიყენებ იუმორს. ეს საუკეთესო საშუალებაა ურთიერთობის დასამყარებლად. სხვათა
შორის, გამოსაშვებ საღამოზე ბავშვები ხშირად იხსენებენ ჩემს ფრაზებს. ეს ძალიან სასიამოვნოა.
. თქვენ ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლით.
ეს ალბათ დიდ პასუხისმგებლობას გაკისრებთ.
– მართლა დიდი პასუხისმგებლობაა, ქართველ ბავშვს ასწავლო
ქართული ენა, შეაყვარო მშობლიური ლიტერატურა. ძნელია, შეაჩვიო მოსწავლე წიგნთან ურთიერთობას,
როდესაც ის კომპიუტერს არის მიჯაჭვული. არადა, კითხვის გარეშე პიროვნების ჩამოყალიბება
წარმოუდგენელია. კითხვა ბავშვს აკეთილშობილებს, სულიერად ზრდის, უვითარებს ფანტაზიას,
ლექსიკას. დღეს უკვე ძნელია, შეუძღვე მოსწავლეს მისთვის უცხო ეპოქაში; გარდასული ეპოქების
ადამიანთა ხასიათის თვისებები ბევრისთვის სრულიად გაუგებარია. დასანანია, რადგან არ
უნდა გაქრეს ის გრძნობები, არ უნდა გაცივდეს სული, არ უნდა ვეკიდებოდეთ მოვლენებს უემოციოდ.
რა გამოვა მაშინ? – არაფერი. არადა ეს ტენდეცია უკვე შეინიშნება.
. როგორ ფიქრობთ, რატომ? არა მგონია, ეს მხოლოდ მასწავლებლებისა
და მოსწავლეების პრობლემა იყოს…
– მხოლოდ სკოლა ბავშვის აღზრდას თავს ვერ გაართმევს. ჩვენ
გლობალიზაციის ეპოქაში ვცხოვრობთ. შესაძლოა, ოჯახიც შესანიშნავი იყოს და მასწავლებელიც,
მაგრამ საჭირო შედეგი ვერ მივიღოთ.
. დღეს ხშირად საუბრობენ ქართული ენის არასათანადო ცოდნაზე,
მეტყველების პრობლემებზე…
– ენა
ცოცხალია. იგი იცვლება, შემოდის ახალი სიტყვები, ძველი ხმარებიდან გადის. ზოგჯერ ისეთი
სიტყვის მნიშვნელობას იკითხავენ ბავშვები, გული დაგწყდება… ენას უმთავრესად წიგნიერება
ავითარებს. ნაკითხ ადამიანს, ცხადია, სიტყვათა მარაგიც მდიდარი აქვს. ენის გადასარჩენად
საჭიროა კითხვა და წიგნის სიყვარული. დღეს მხოლოდ ტელევიზორს უყურებენ და იძნებენ…
. რა არის ის, რამაც 46 წელი ერთსა და იმავე სკოლაში
გაგაძლებინათ?
– სიყვარული
– საქმის, სკოლის, ხეების, რომლებიც მე თვითონ დავრგე, ეკლესიის, რომელიც ჩემი მუშაობის
პერიოდში აშენდა. „უსიყვარულოდ არა საქმე არ ეგების”. ტკივილიც ახლავს პედაგოგის საქმიანობას,
მაგრამ თუ სიყვარულით მიუდგები, ყველაფერი მოგვარდება. მასწავლებლობა დიდი ხელოვნებაა.
საუნივერსიტეტო ვალი: გარდაუვალი გასაჭირი თუ ფინანსური პირამიდა ?
სასკოლო საბჭოები დიდ ბრიტანეთში
სწავლის შემაფერხებელი ფაქტორები

ნინო ჭიაბრიშვილი – კონფლიქტის გადაჭრის „უდანაკარგო“ მეთოდი თავი 11
იმ მშობლებისთვის, რომლებმაც კონფლიქტის გადაჭრის მხოლოდ ტრადიციული – „გამარჯვება–დამარცხება” – მიდგომა იციან, ალტერნატივის არსებობა ნამდვილი აღმოჩენა ხდება. მათი უმრავლესობისათვის შვებისმომგვრელია იმის გაგება, რომ მესამე მეთოდიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ მეთოდის გაგება იოლია, მისი გამოყენებისათვის მშობლებს გარკვეული მომზადება და პრაქტიკა სჭირდებათ.
მასწავლებლის თვითშეფასების მნიშვნელობათვითშეფასების ეფექტური ინსტრუმენტები
მასწავლებლის თვითშეფასება შიდა სასკოლო შეფასების სისტემის, სკოლის განვითარების გეგმის, ინდივიდუალური პროფესიული განვითარების გეგმის ან გარე შეფასების შემადგენელი ნაწილი შეიძლება იყოს. წინამდებარე წერილში მასწავლებელთა თვითშეფასების დადებით მხარეებს, თვითშეფასების ინსტრუმენტებს და მათ გამოყენებას, აგრეთვე შესაძლო სირთულეებს მიმოვიხილავთ.
უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ თვითშეფასების მიზნით შეფასების ინსტრუმენტების გამოყენებამდე საჭიროა წინასწარი ტრენინგი თვითშეფასების მეთოდებისა და შედეგების ანალიზში, ინსტრუმენტების შექმნის და/ან მოდიფიცირების საკითხებში. ტექნიკური ცოდნის გარდა, მნიშვნელოვანია, რომ შეფასების ინსტრუმენტები ითვალისწინებდეს და ეფუძნებოდეს პროფესიულ სტანდარტს. ისინი მასწავლებლის საჭიროებებზე უნდა იყოს მორგებული, რათა შედეგების გამოყენებით შესაძლებელი გახდეს სწავლების ხარისხის გაუმჯობესება. იმისათვის, რომ თვითშეფასების განმავითარებელი ინსტრუმენტები ეფექტურად გამოვიყენოთ, აუცილებელია მათი დიფერენცირება დამწყები და გამოცდილი მასწავლებლებისთვის. თვითშეფასების შედეგები, პირველ რიგში, სწავლების პროცესის, სასწავლო მასალების და ანგარიშგების გაუმჯობესებისთვის გამოიყენება. ასევე, რეკომენდებულია მასწავლებელთა თვითშეფასების შედეგების გამოყენება სკოლის განვითარების გეგმის ფორმირებისას.
მასწავლებლის თვითშეფასების საანალიზო სფეროები შეიძლება იყოს: პროფესიული ცოდნა, სწავლების მეთოდიკა და ტექნიკა, სასწავლო პროცესის მართვა, პროფესიული უნარები/თვისებები და მოსწავლეთა შეფასების პროცესი. აღსანიშნავია, რომ შიდა სასკოლო შეფასებისა და გარე შეფასების პროცესშიც სწორედ ამ მიმართულებების დაკვირვება ხორციელდება და ამდენად, თვითშეფასება მასწავლებლს შემაჯამებელი გარე შეფასების წარმატებით გავლაშიც შეუწყობს ხელს. უკეთესი წარმოდგენისთვის დეტალურად მიმოვიხილავ, თუ რა კომპონენტებს შეიძლება მოიცავდეს თითოეული მიმართულება.
·პროფესიული ცოდნა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან: საგნობრივი კომპეტენცია, სასწავლო გეგმა, წარმატებული პრაქტიკა, საგნობრივი მასალის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე, ადეკვატური სასწავლო მიზნები, დავალებები.
·სწავლების მეთოდიკა _ სასწავლო ამოცანების, აქტივობების და შეფასების შესაბამისობა სტანდარტებთან, ადეკვატური სტრატეგიები, ტექნიკები, დიფერენცირებული სწავლება, რესურსები, მასალა, მოსწავლეთა მონაცემების ანალიზი გრძელვადიანი სასწავლო გეგმების შესაქმნელად, ჩართულობა (მოსწავლეთა მოტივაცია სწავლისადმი/მონდომება/ხალისით სწავლა).
·სწავლების პროცესი _ სასწავლო მიზნების გაცნობა, მოსწავლეთა ცოდნის შემოწმება, მოსწავლეთა მომზადება ახალი მასალისთვის (თემისთვის), ახალი მასალის წარდგენა, ცოდნის გაღრმავება, ცოდნის გამოყენება, აზროვნებისა და სწავლის კულტურა, მოსწავლეების რეფლექსიის ხელშეწყობა.
·მასწავლებლის პროფესიონალური უნარები – გაკვეთილის დაგეგმვა, პოზიტიური ურთიერთობები / სასწავლო გარემო, ორგანიზება, წესები და პროცედურები, მოლოდინები, ნდობა, გუნდური მუშაობა, უსაფრთხო გარემო, მოსწავლეთა პატივისცემა, მიუკერძოებელი დამოკიდებულება, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, კოლეგებთან თანამშრომლობა.
·მოსწავლეთა შეფასება _ გაზომვადი მიზნები, განმავითარებელი და შემაჯამებელი შეფასების გამოყენება, საჭიროებების გამოვლენა, სწავლების ეფექტურობის შეფასება, მოსწავლეებისთვის შეფასების ინსტრუმენტების/კრიტერიუმების წარდგენა/ახსნა; დროული, ხშირი, ეფექტური, ინდივიდუალური უკუკავშირის უზრუნველყოფა.
ცხადია, ყველა ამ სფეროს ანალიზი და თვითანალიზი შეუძლებელი იქნება გარკვეული პრიორიტეტების დასახვის და სტრატეგიის შემუშავების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ თვითშეფასების ყველა სფეროსთვის, მასწავლებლის საჭიროებების და განვითარების მიზნების გათვალისწინებით, შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა იქნება საჭირო.
წარმოგიდგენთ მასწავლებლის თვითშეფასების ინსტრუმენტების სპექტრს და მათი შემუშავებისა და გამოყენების პრინციპებს.
თვითშეფასების ინსტრუმენტებს, მათი ფორმატის მიხედვით, პირობითად, სამ ძირითად კატეგორიად დავყოფ: თავისუფალი, სტრუქტურირებული და ინტეგრირებული. რაც შეეხება მათ გამოყენებას, თვითშეფასების ინსტრუმენტები შეიძლება იყოს განმავითარებელი და/ან შემაჯამებელი.
თავისუფალი ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ფართოდ გამოიყენება რეფლექსიის წერილობითი ან ზეპირი ფორმები, მულტიმედია საშუალებების გამოყენებით თვითდაკვირვება და შეფასება (მაგ., გაკვეთილის ვიდეო გადაღება და შემდგომი ანალიზი) და შენიშვნებისა და ჩანაწერების დღიური. რეფლექსია, ხშირ შემთხვევაში, მასწავლებლის პორტფოლიოს ნაწილად წარმოგვიდგება, თუმცა ის დამოუკიდებლადაც ხორციელდება. მისი მიზანია, მასწავლებელმა გააანალიზოს, თუ როგორია მისი დამოკიდებულება სწავლების პროცესისადმი, რა ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, რამდენად თავდაჯერებულია თავის კომპეტენციებში. რეფლექსიის დროს მასწავლებელს შესაძლებლობა აქვს, გააანალიზოს, დაასაბუთოს ან გააკრიტიკოს თავისი გადაწყვეტილებები, იფიქროს ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენებისას მოსწავლეთა რეაქციებზე და მათ უკუკავშირზე. მულტიმედია საშუალებების გამოყენება თვითშეფასების პროცესში უფრო და უფრო პოპულარული ხდება ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენებასთან ერთად. გაკვეთილის ვიდეო გადაღება და შემდგომი ანალიზი თვითანალიზის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, როგორც დამწყები, ისე გამოცდილი მასწავლებლებისთვის. მხოლოდ რეფლექსიით შეუძლებელია საგაკვეთილო პროცესის ყველა დეტალის აღქმა და საანალიზოდ გახსენება, ვიდეო გადაღება კი სკრუპულოზური ანალიზისთვის საუკეთესო მასალას იძლევა. რეფლექსია და ვიდეო გადაღება გარკვეული პერიოდულობით შეიძლება განახორციელოს მასწავლებელმა. ჩანაწერების დღიურის წარმოება ყველაზე მოქნილი მეთოდია. თუმცა ანალიზის სიღრმის თვალსაზრისით, დღიურში წარმოებული ჩანაწერები მყისიერ რეაგირებას უფრო ეფუძნება, ვიდრე საკითხის კომპლექსურ ანალიზს.
სტრუქტურირებული ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებს განეკუთვნება: კრიტერიუმების ჩამონათვალი, კითხვარი, მოსწავლეთა გამოკითხვა, რანჟირებული შეფასება, რეიტინგის მინიჭება. აღნიშნული ტიპის ინსტრუმენტები შესაძლებელია ეფუძნებოდეს შესრულების კრიტერიუმებს, სასკოლო მიზნებს ან სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმას, ეროვნულ სასწავლო გეგმას, მასწავლებელის პროფესიულ სტანდარტს, ეთიკის კოდექსს ან სხვა ნებისმიერ ნორმატიულ თუ პროცედურულ დოკუმენტს. სტრუქტურირებული ფორმატის ინსტრუმენტების საანალიზო საკითხები შეიძლება იყოს:
·როგორ ვხელმძღვანელობ (ან ვხელმძღვანელობ თუ არა) გაკვეთილის დაგეგმვისას სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტით?
·როგორ შევიმუშავებ გაკვეთილის დაგეგმვისას (ან შევიმუშავებ თუ არა) შეფასების სტრატეგიას და ინსტრუმენტებს?
·ვიყენებ თუ არა მრავალფეროვან შეფასების ინსტრუმენტებს სწავლის შედეგის და აკადემიური მიღწევის სტანდარტის შესაბამისად?
·რა დროს ვუთმობ შეფასებას?
·მოსწავლეებს ყოველთვის ვაცნობ და ვუხსნი გაკვეთილის მიზნებს?
·ვაძლევ თითოეულ მოსწავლეს უკუკავშირს ზეპირად და წერილობით?
·რა დამხმარე მასალას ვიყენებ?
·რა აქტივობებს ვიყენებ სპეციფიკური მიზნით?
·რა სტრატეგიას ვიყენებ საშუალო და სუსტ ბავშვებთან მუშაობისთვის?
·აკადემიური პასუხისმგებლობის გარდა რა ვალდებულებებს ვასრულებ?
·როგორ ვიყენებ საგაკვეთილო “ფანჯარას”?
·რა მეთოდებით ვუწყობ ხელს მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ კლასგარეშე აქტივობებში?
·კლასის მართვის რა მეთოდებს ვიყენებ?
·ვთანამშრომლობ კოლეგებთან, რათა უკეთ გავიგო მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე სხვადასხვა კლასში?
·როგორ ვმუშაობ მშობლებთან?
·რა სახით შეიძლება პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნა?
·როგორ ვინარჩუნებ სისუფთავეს კლასში?
·როგორ ვიცავ ვადებს?
შეკითხვების სახით ფორმულირება შეესაბამება კითხვარის ან გამოკითხვის მეთოდს. კრიტერიუმების ჩამონათვალის ან რანჟირების მეთოდის გამოყენებისას ზემოთ ჩამოთვლილი ტიპის შეკითხვები თხრობით ფორმას მიიღებს და რანჟირების შემთხვევაში, რამდენიმე სავარაუდო პასუხიც წარმოდგენილი იქნება.
ინტეგრირებული ფორმატის თვითშეფასების ინსტრუმენტებში ერთიანდება: მასწავლებლის პორტფოლიო, პროფესიული განვითარების გეგმა, შეფასების რუბრიკა, სწავლის შედეგების ანალიზი, მტკიცებულებათა შეკრება და არტეფაქტების შეგროვება-ანალიზი. ინტეგრირებული ფორმატის ინსტრუმენტების გარკვეული კომპონენტები სტუქტურირებულია სკოლის ან შემფასებლების მიერ განსაზღვრული სტანდარტის ნაწილში, ხოლო თავისუფალი ფორმატისაა მასწავლებლის ინდივიდუალური მიზნების და ამოცანების შესაბამისად.
მასწავლებლის პორტფოლიო მტკიცებულებებზე დაფუძნებული წერილობითი დოკუმენტია, რომელშიც მასწავლებელი ლაკონურად, სტრატეგიულად და სელექციურად განათავსებს ინფორმაციას მიმდინარე მიღწევების შესახებ. პორტფოლიო, როგორც წესი, 8-10 გვერდისგან შედგება და სამ ძირითად სფეროს მოიცავს: სწავლებას, კვლევას და ბენეფიციარებთან მუშაობის ხარისხს. პორტფოლიოში განთავსდება სასწავლო პროცესის ანალიზი, მასალები, გარე შეფასების შედეგები და მოსწავლეების მიღწევები. სწავლების მიმართულებით პორტფოლიო აღწერს მასწავლებლის მიერ გამოყენებულ მეთოდებს, მიზნებს, მასალებს, აქტივობებს. ბენეფიციარებთან მუშაობის ხარისხი განისაზღვრება თანამშრომელთა შეფასებების, სასკოლო რეიტინგების, წლიური შეფასებების, ჯილდოებისა და პრემიების, მოსწავლეებისგან, მშობლებისა და კოლეგებისგან მიღებული მადლობის წერილების მეშვეობით. მოსწავლეთა მიღწევები განისაზღვრება განმავითარებელი შეფასებების, შესრულებული პრე- და პოსტ-ტესტების, გამოცდების, პროექტების, პრეზენტაციების, ესეებისა და უკუკავშირის მეშვეობით.
პროფესიული განვითარების გეგმა იმავე კომპონენტებს მოიცავს, რასაც პორტფოლიო (მიზნები, სტრატეგია, სწავლების ტექნიკა, მასალები). პროფესიული განვითარების გეგმაში დამატებით განსაზღვრულია დავალებების შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებები და შესრულების ვადები. მრავალ ქვეყანაში პროფესიული განვითარების გეგმის წარმოება რესერტიფიცირების ავტომატური საშუალებაა.
მასწავლებელთა თვითშეფასების რუბრიკას მარტივი ცხრილის სახე აქვს. ის შეფასების სამიზნედ სამ კომპონენტს იღებს: სასწავლო გარემოს, სწავლების ტექნიკასა და კლასის/გაკვეთილის ორგანიზებას. თვითშეფასების სხვა ფორმებისგან განსხვავებით, რუბრიკაში აღინიშნება სასწავლო გარემოში არსებული ნეგატიური ფაქტორები ან შემთხვევები და განისაზღვრება მათი მოგვარების გზები, ასევე, სწავლების პროცესში წამოჭრილი შინაარსობრივი და ტექნიკური პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
მტკიცებულებათა ნაკრები და არტეფაქტები შესაძლებელია პორტფოლიოს ფარგლებში შეგროვდეს, მასალების გაუმჯობესებისა და მენეჯმენტის შემადგენელი ნაწილი იყოს, ან დამოუკიდებელი მიზნისთვის გამოიყენოს პედაგოგმა (მაგალითად, საუკეთესო გაკვეთილის გეგმის კონკურსში).
მასწავლებლის მიერ თვითშეფასების განხორციელებას გარკვეული სირთულეებიც სდევს თან. როგორ ზემოთ აღინიშნა, აუცილებელია, მასწავლებლმა გაიაროს შესაბამისი ტრენინგი თვითშეფასების მეთოდებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას შეფასების სიზუსტე/სანდოობა, შეირჩეს სათანადო სფეროები შეფასებისთვის, შეფასების ინსტრუმენტები შეესაბამებოდეს სასწავლო მიზნებს, პროფესიულ სტანდარტებს და პროფესიული პრაქტიკის კრიტერიუმებს (სტანდარტები შეიძლება მოიცავდეს კომპეტენციებს, სამუშაო პროფილს, სამუშაოს აღწერას, ეთიკის კოდექსს, მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს, წლიურ სამოქმედო გეგმას). ასევე, მასწავლებელმა სწორად უნდა განსაზღვროს მონაცემების შეგროვების მიზნობრიობა, უნდა შეაგროვოს სათანადო მონაცემები და განსაზღვროს თვითშეფასების გეგმის განხორციელების შესაძლებლობა.