ოთხშაბათი, აგვისტო 20, 2025
20 აგვისტო, ოთხშაბათი, 2025

სასკოლო განათლება სლოვაკეთში

0
სლოვაკეთში საბავშვო ბაღები (materska škola) სასკოლო განათლების განუყოფელ ნაწილად მოიაზრება, რომელთა ფუნქციობასაც განათლების სამინისტრო განაგებს. აქ ორიდან ექვს წლამდე ასაკის პატარებს იღებენ. ბაღში ყოველდღე დადიან, გარდა შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო უქმეებისა. ბავშვები მცირერიცხოვან ჯგუფებად არიან დაყოფილნი და ბაღში დილის ექვსიდან საღამოს ექვს საათამდე იმყოფებიან. საბავშვო ბაღის გადასახადი დამოკიდებულია დაწესებულების სტატუსზე (სახელმწიფოა ის თუ კერძო), ასევე – რაიონზე, სადაც საბავშვო ბაღი მდებარეობს. ამ გადასახადებს, როგორც წესი, სახელმწიფო იხდის. 
ქვეყანაში ბავშვების აღზრდა-განათლების სტანდარტი საკმაოდ მაღალ დონეზე დგას. სხვა აქტივობებთან ერთად საბავშვო ბაღის სასწავლო პროგრამები გულისხმობს ექსკურსიებს, ვიზიტებს თეატრებში და განმავითარებელ თამაშებს, არცთუ იშვიათად – უცხო ენების შესწავლასაც კი მოცემული ასაკის ბავშვებისთვის შესაფერის დონეზე.
სლოვაკეთის მოსახლეობის 90 პროცენტს დაჰყავს შვილი საბავშვო ბაღში – ეს ოჯახური აღზრდის დამატებით და აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევა, რომელიც მშობლებს ბავშვის ყოველმხრივ განვითარებაში, სკოლისთვის მის მომზადებაში ეხმარება.
სლოვაკეთში 6-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სასკოლო განათლება სავალდებულოა. დაწყებითი სკოლა (zakladna škola), რომელშიც ბავშვები 6 წლის ასაკში შეჰყავთ, ორი საფეხურისგან შედგება. პირველი პირველ-მეოთხე კლასებს მოიცავს, მეორე – მეხუთე-მეცხრე კლასებს. დაწყებით სკოლებში სწავლა უფასოა, მხოლოდ კერძოშია ფასიანი. არსებობს ნული კლასიც 6 წელს მიღწეული იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზით სკოლაში მისასვლელად ჯერ არ არიან მზად.
დაწყებითი განათლება გულისხმობს სასწავლო გეგმებს (učebne plany) და სასწავლო კურსებს (učebne osnovy), რომლებსაც განათლების სამინისტრო ამტკიცებს. სასწავლო გეგმით განისაზღვრება დაწყებითი სკოლის ყველა კლასის დისციპლინის ხარისხი და შინაარსი. არსებობს სასწავლო გეგმის რამდენიმე ვარიანტი, რომლებიც გულისხმობს, მაგალითად, მათემატიკის დამატებით გაკვეთილებს, საბუნებისმეტყევლო ციკლის სხვა საგნებს, უცხო ენებს, ტექნიკურ განათლებას, სახვით ხელოვნებას და მუსიკას.
დაწყებით სკოლებში წერა-კითხვის შესწავლა ინტეგრირებულია მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგანთან. ყველა მოთხოვნა განისაზღვრება მოცემული კურსის სასწავლო გეგმითა და სლოვაკური ენისა და ლიტერატურის საგანმანათლებლო სტანდარტით. კურსის მნიშვნელოვანი ნაწილი ეძღვნება წერასა და კითხვასთან დაკავშირებული უნარების განვითარებას, განსაკუთრებით – პირველ და მეორე კლასებში. მეორე კლასის შემდეგ მოსწავლე მხოლოდ სრულყოფს წინა კლასებში მიღებულ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს. ბუნებრივია, კითხვის ცოდნა მჭიდროდ უკავშირდება მომდევნო კლასებში სლოვაკური ლიტერატურის შესწავლას. ამასთან, ყურადღება ექცევა, რომ წერა-კითხვის შესწავლა სიამოვნებას ანიჭებდეს მოსწავლეს და დადებითად განაწყობდეს, საზოგადოდ, მშობლიური კულტურის მიმართ.
სლოვაკეთის რესპუბლიკაში, მართალია, წერა-კითხვის შესწავლა ოფიციალურად პირველი კლასიდან იწყება, მაგრამ სკოლამდელი განათლებაც საკმაოდ კარგ პირობებს ქმნის კითხვის საბაზისო ჩვევების ასათვისებლად. პირველიდან მეოთხე კლასამდე სლოვაკური ენის ფარგლებში კითხვისა და ზოგადად ლიტერატურის შესწავლას შემდეგი მიზნები აქვს: ა) ტექსტის გაგების ხარისხის ამაღლება; ბ) კითხვისადმი ინტერესის სტიმულირება; გ) სიტყვათა მარაგის გამდიდრება; დ) ზეპირი და წერითი მეტყველების კულტურის განვითარება; ე) კითხვისა და ლიტერატურის ეთიკური და ესთეტიკური ფუნქციის გაცნობიერება. მოსწავლეები ეუფლებიან ასევე სწორ არტიკულაციას, რითმისა და რიტმის საფუძვლებს, სწრაფ კითხვას, ტექსტის საკუთარი სიტყვებით გადმოცემის უნარს და ტექსტის შინაარსთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების გაცემას. დაწყებითი სკოლის მეორე საფეხურზე კი, ანუ მეხუთე-მეცხრე კლასებში, დიდი ყურადღება ექცევა წაკითხული ტექსტის ანალიზსა და შეფასებას. ამ ტექსტების უდიდესი ნაწილი მხატვრულია.
ამრიგად, სკოლა მოსწავლეს უვითარებს შემდეგ ჩვევებსა და უნარებს:
• ტექსტის კითხვა სხვადასხვა სახით, სწრაფად, თავისთვის თუ ხმამაღლა, აღქმის შესაბამისი ხარისხითა და სიჩქარით;
• მახვილების, რიტმისა და ინტონაციის მართებულ გამოყენებას;
• ტექსტის ძირითადი იდეის განსაზღვრას;
• მთავარი გმირების შეფასებას, მათი ურთიერთმიმართების ანალიზს და სხვა.
სლოვაკურ სკოლებში ლიტერატურა ისწავლება განსხვავებული კუთხითაც. სხვადასხვა ტიპის ტექსტების კითხვით მოწაფეები სწავლობენ ჟანრების გარჩევას და ეცნობიან გარკვეულ ლინგვისტურ ტერმინებსა და გამოთქმებს.
პირველ საფეხურზე, როგორც წესი, ერთი მასწავლებელი ასწავლის ყველა (ან თითქმის ყველა) საგანს. ამ ეტაპზე მოსწავლეები სწავლობენ სლოვაკურ ენასა და ლიტერატურას, მათემატიკასა და სახვით ხელოვნებას. ისტორიის, გეოგრაფიის, ბიოლოგიის, ქიმიისა და ფიზიკის საფუძვლები ინტეგრირებულია ქვეყნის ისტორიისა და საბუნებისმეტყველო ციკლის კურსებში. მეხუთე კლასიდან ანუ მეორე საფეხურიდან კი ყველა ჩამოთვლილი დისციპლინა ისწავლება ცალკე საგნად სხვადასხვა და არა ერთი მასწავლებლის მიერ, რომლებიც მოცემული სფეროს სპეციალისტები არიან. მეოთხე კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეს, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი აღმოაჩნდება აკადემიურ დისციპლინებში, სახელოვნებო სფეროში ან სპორტში, შეუძლია სწავლის გაგრძელება რვაწლიან გიმნაზიაში, კონსერვატორიაში (იგივე ხელოვნების სკოლა) ან სპორტულ სკოლაში.
სხვათა შორის, იმ მოსწავლეთა შორის, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებში აპირებენ სწავლის გაგრძელებას, ხსენებული გიმნაზიები, სადაც შესაძლებელია ამა თუ იმ პროფესიაზე ორიენტირება, დიდი პოპულარობით სარგებლობს. შესაბამისად, ასეთ გიმნაზიაში ჩასაბარებლად მათ უწევთ საკმაოდ რთული კონკურსის გავლა, რომელშიც მხოლოდ ძლიერი კანდიდატები იმარჯვებენ. გიმნაზიის კურსდამთავრებულები გამოსაშვებ გამოცდებს (maturitna skuška) აბარებენ.
მეცხრე კლასში მოსწავლეები სახელმწიფო გამოცდებს (Monitor 9) აბარებენ მშობლიურ ენასა და მათემატიკაში, მერე კი საშუალო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად დამატებითი (მისაღები) გამოცდების ჩაბარება უწევთ.
საშუალო სკოლა სამი ტიპისაა: გრამატიკული (gymnazium), საშუალო სპეციალური (stredna odborna škola) და საშუალო პროფესიული (stredne odborne učilište). გრამატიკული სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს აკადემიურ კურსებს სხვადასხვა სფეროში და მათ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაბარებისთვის ამზადებს. ამგვარ სკოლებში ორი უცხო ენის შესწავლა სავალდებულოა. მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის მიხედვით დამატებითი კურსების არჩევაც შეუძლიათ. სწავლა ოთხიდან რვა წლამდე გრძელდება.
საშუალო სპეციალური სკოლები მოსწავლეებს ამზადებენ ეკონომიკისა და ტექნოლოგიების სფეროებში სამუშაოდ. ასეთი სკოლების პროგრამები, როგორც წესი, ოთხწლიანია. მათი დასრულების შემდეგ აუცილებელია გამოსაშვები გამოცდების ჩაბარება. 
კონსერვატორიებს, რომლებიც საშუალო სკოლების განსაკუთრებულ სახეობას წარმოადგენს, ექვსწლიანი სასწავლო პროგრამები აქვს, რომელთა ფარგლებში მოსწავლეები ეუფლებიან მუსიკის, სიმღერისა და ცეკვის ხელოვნებას. ამ ტიპის სკოლები მოსწავლეებს აგრეთვე ამზადებენ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად.საშუალო პროფესიულ სკოლებში ძირითადად პრაქტიკული მეცადინეობები იმართება. აქ ამზადებენ მომავალ კადრებს სხვადასხვა სპეციალობისთვის. კურსი ორ- ან სამწლიანია. მისი დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები იღებენ შესაბამის სერტიფიკატებს. ოთხწლიანი სპეციალური საგანმანათლებლო კურსები აგრეთვე სრულდება სავალდებულო გამოსაშვები გამოცდებით.
სლოვაკეთის ყოველგვარი ტიპის სკოლებში, ერთი მხრივ, მასწავლებლებს ევალებათ, მიჰყვნენ ეროვნული სასწავლო გეგმის ზოგად რეკომენდაციებს, მაგრამ, მეორე მხრივ, უფლება აქვთ, სრულიად დამოუკიდებლად შეიმუშაონ სტრატეგიები და მოქმედების ფორმები; მთავარია, სასწავლო გეგმით დასახული შედეგები მიიღონ.

ცეცხლს უგულობა ახელებს…

0
თოვს ისევ. უკვე მესამე დღეა, გადაუღებლად თოვს. წყლის ანც მოლეკულებს შესცივებიათ, მობუზულები, ერთმანეთს მიჰკვრიან და, გულდამძიმებულნი, შორეული სიმაღლეებიდან ფარფატით უბრუნდებიან დედამიწას. გარეთ სიცივე ძვალ-რბილში ატანს. სოფლად ყინვასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალება შეშის ღუმელია…
შეშის ნაჭრებს ვუკეთებ ბებერ, ჟანგისგან აქა-იქ გვერდებდასვრეტილ ღუმელს და მაშით ვცდილობ მათ გასწორებას. არ გამომდის, აგიზგიზებული ცეცხლი მინავლებას იწყებს. „გული გამოუღე, პაპაისკაცო, გული”, – მარიგებს ძველი ტახტის კიდეზე ჩამომჯდარი პაპაჩემი. ასაკის გამო ვერ ვერევი ვერც, ალბათ, საუკუნის წინ გამოჭედილი მაშის სიმძიმეს, ვერც პაპაჩემის დარიგებას. ერთიც და მეორეც სახეზე მაწერია. პაპა დგება და ნელი ნაბიჯით მიახლოვდება, მაშის ერთი ოსტატური მოძრაობით ცეცხლს „გულს უღებს” და ისიც უმალ იწყებს გიზგიზს. პაპაჩემი მაშას მიბრუნებს, დინჯად უბრუნდება ტახტს და თითქოს თავისთვის ამბობს: „ცეცხლს უგულობა ახელებს, ვაჟკაცს კი გულიანობაო”…

რატომ გიზგიზებს გულგამოღებული ცეცხლი? ან საიდან მოდის სითბო? ერთი შეხედვით, ძალიან მარტივი კითხვებია, მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ნივთიერების წვასა და ამ წვით მიღებული სითბოს რაოდენობას ქიმიურ (და არა მარტო ქიმიურ) ინჟინერიაში ათასობით შრომა ეძღვნება და ამდენივე პატენტია გამოქვეყნებული…

წვა ქიმიური პროცესია. ისეთივე ქიმიური რეაქცია, როგორიც მეტალის კოროზია ან მეთანის ჰალოგენირება. შესაბამისად, რეაქციათა ზოგადი კანონზომიერებები მისთვისაც სამართლიანია, მათ შორის – მორეაგირე კომპონენტების სტექიომეტრიული თანაფარდობაც.

წვის პროცესი შეიძლება დიაგრამაზე გამოვსახოთ. დიაგრამა პირამიდის სახეს მიიღებს, რომლის გვერდითი წახნაგები საწვავი, ჟანგბადი, ენერგია (გამოყოფილი სითბო) იქნება, ხოლო ჯაჭვური რეაქციები – ფუძე. როდის გამოიყოფა მაქსიმალური სითბო? მაშინ, როდესაც სამივე გვერდითი წიბო ერთმანეთის პროპორციულია.
რა მოხდება, თუ საწვავის რაოდენობას შევამცირებთ, ანუ პირამიდის საწვავის შესაბამის წიბოს დავაპატარავებთ? პირამიდამ ფორმა რომ შეინარჩუნოს, ცხადია, ყველა გვერდი პროპორციულად უნდა უნდა შემცირდეს. შესაბამისად, შემცირდება გამოყოფილი სითბოს რაოდენობაც. თუ საწვავის მიწოდებას მთლიანად შევწყვეტთ, მაშინ პირამიდა „დაინგრევა”, ხოლო ანთებული გაზქურა ჩაქრება. ამიტომ გამოყოფილი სითბოს (ენერგიის) სამართავად ნებისმიერ აგრეგატს აქვს საწვავის მიწოდების სამართავი მოწყობილობა: გაზქურას – სახელური, ავტომობილს – აქსელერატორის სატერფული და ა. შ.

როგორ აისახება წვის პროცესზე ჟანგბადის რაოდენობის შემცირება? ჟანგბადი საწვავის მორეაგირე კომპონენტია, ამიტომ მას ისეთივე გავლენა ექნება, როგორიც საწვავს. ამიტომ არის, რომ სპირტქურაზე, რომელსაც სპირტის (საწვავის) მიწოდების მარეგულირებელი სახელური არ გააჩნია, ცეცხლს ჟანგბადის მიწოდების შეწყვეტით ვაქრობთ. ხანძრის ჩასაქრობადაც ყველაზე ეფექტური საშუალება მისი „მოგუდვაა” – ჰაერის მიწოდების ბლოკირება. ცეცხლმაქრის მოქმედებასაც ეს პრინციპი უდევს საფუძვლად.

რატომ ქრება სანთელი სულის შებერვისას? ამ დროს საწვავის რაოდენობა ხომ იგივეა, ჰაერს (ჟანგბადს) კი უფრო ინტენსიურად ვაწვდით? სანთლის ჩაქრობას ვერც ჩვენს ამონასუნთქში არსებულ ნახშირორჟანგს დავაბრალებთ, რადგან იგი კიდევ უფრო „დიდი წარმატებით” ქრება ქარში. მაშ, რაშია საქმე? ჰაერის დიდი ნაკადის შებერვისას „ცეცხლის პირამიდას” ენერგიის (გამოყოფილი სითბოს) წახნაგს „ვუნგრევთ”. ქიმიურად რომ ვთქვათ, წვის პროცესიდან ისეთი რაოდენობის სითბოს ვართმევთ, რომელიც ჯაჭვური რეაქციების წარმართვას აფერხებს. წვის შედეგად გამოყოფილი სითბოს გარკვეული ნაწილი ახალი მოლეკულების წვას (აქტივაციის ენერგიის ბარიერის გადალახვას) ემსახურება. თუ სისტემას ამ ენერგიას წავართმევთ, საწვავისა და ჟანგბადის მოლეკულები ვეღარ გადალახავენ აქტივაციის ბარიერს და რეაქცია შეწყდება – ცეცხლი ჩაქრება.
 
ეს მოდელი შეიძლება ბუნებაში მიმდინარე მრავალ პროცესსა და მოვლენას მოვარგოთ…

და, ვან გოგის თქმისა არ იყოს – „ჯობს ერთხელ აენთო და დაიწვა, ვიდრე მთელი ცხოვრება ხრჩოლავდეო”, თითოეულ ჩვენგანს, მასწავლებელსაც და მოსწავლესაც, ხელმწიფესაც და გლახაკსაც, სჭირდება მაგიური ტრიადა (სამება): ნიჭი, გარჯა და ნებისყოფა!

უცნობი მშობლიური ქალაქები

0
ყოველთვის ასე მემართება – ვიწყებ ფიქრს, რაზე დავწერო პოსტი, მოვიფიქრებ, რედაქტორსაც შევატყობინებ და უცებ ისეთი რამ მოხდება, ფიქრები სულ სხვა მხარეს გამირბის და სულ სხვა ამბავს ვწერ, ამბავს, რომელმაც დაუგეგმავად შემაწუხა.

ერთხელ რადიოგადაცემიდან დამირეკეს, მთხოვეს, რომელიმე ქალაქზე მელაპარაკა. ჯერ საყვარელი ვილნიუსი შევთავაზე, მერე – ბავშვობის ახდენილი ოცნება, ბერლინი, ბოლოს – შორეული გუანაჰუატო. წამყვანმა მოთმინებით მომისმინა ბოლომდე და ვერსიების ჩამოთვლას რომ მოვრჩი, მითხრა, იქნებ ქუთაისზე მოგვიყვეთ რამესო. რა თქმა უნდა, უარი არ მითქვამს. გამოგიტყდებით, ყველაზე რთული რადიოეთერი აღმოჩნდა ჩემთვის. ზოგჯერ შეუძლებელია მიხვდე, რატომ გიჭირს ლაპარაკი – ძალიან ბევრი გაქვს სათქმელი თუ ძალიან ცოტა.

ქუთაისში თექვსმეტი წელი გავატარე, უფრო სწორად, თექვსმეტი გრძელი წელი და ახლა, ოცდაშვიდი წლის ასაკში, მაწუხებს ფიქრი, რომ მშობლიურ ქალაქს საერთოდ არ ვიცნობ. ახლა, როცა სტუმრის თვალით ვუყურებ ქუთაისის ქუჩებს, ძველ სახლებს, ინტუიცია მეუბნება, რომ მათი კედლები უამრავ საინტერესო ამბავს და სახელს ინახავს, რომლებიც ჩემთვის არავის მოუყოლია.

არ ვიცი, სკოლაში სწავლის პერიოდში რატომ დავდიოდით ყოველთვის ერთი და იმავე, ბაგრატის ტაძრის მიმართულებით, რატომ არ დავყავდით მშობლებს და მასწავლებლებს ულამაზეს პატარა ქუჩებში, რატომ არავინ გვიამბობდა ძველ კედლებში ჩამალულ ისტორიებს. ალბათ იმიტომ, რომ ოთხმოცდაათიანებში გავიზარდეთ და ქუჩაში სეირნობის განწყობა არავის ჰქონდა, არც წინა საუკუნეების რომანტიკის გახსენების. ახლა კი, როცა ჩემი ბავშვობის გასეირნების ძირითად ადგილს, ბაგრატის ტაძარს, ახლებური იერსახის წყალობით გაჭირვებით ვცნობ, უფრო სხვა მხარეს მიმიწევს გული, თითქოს ვცდილობ, მშობლიურ ქალაქთან დაახლოების ახალი გზა მოვძებნო, გზა, რომელიც ასე ახლობელ და ამავე დროს უცნობ ქუჩებზე გადის.

თბილისი ჩემთვის სხვა ქალაქია, ქალაქი, რომელიც შევიყვარე და ვისწავლე. კარგა ხანს ვსწავლობდი ჩემი მეგობრების და, მოგვიანებით, ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო ლექტორის, ცირა ელისაშვილის დახმარებითა და დამსახურებით. ჰოდა, ზოგჯერ, როცა აღმოვაჩენ, რომ თბილისში დაბადებულმა და გაზრდილმა ადამიანებმა არ იციან, სად არის, მაგალითად, ათეშგა, ჯერ მიკვირს, მერე კი ის ქუთაისი მახსენდება, რომლის შესწავლაც ვერ მოვასწარი.

საღამოობით, თუ ამინდი ხელს მიწყობს, სამსახურიდან სახლში ფეხით ვბრუნდები. მივუყვები წინამძღვრიშვილის ქუჩას და შენობებს ვათვალიერებ. ერთ დღეს მარჯვენა ტროტუარზე მივსეირნობ, მეორე დღეს – მარცხენაზე, რომ მოპირდაპირე მხარეს მდებარე შენობებს კარგად დავაკვირდე, ვჩერდები, ვუყურებ სახლებს და, მგონი, ხანდახან ვუღიმი კიდეც. მათი სიძველე, მათი აივნები და ორნამენტები ადამიანებივით მიყვარს და მიხარია, რომ ბევრ მათგანს ახლოს ვიცნობ.

ზოგჯერ ასეც მემართება – ვცდილობ, ემოციები თავიდან მოვიშორო, აზრები დავალაგო და ისე ვწერო, მაგრამ არ გამომდის. საკუთარი თავი და უკვე მომხდარი მაწუხებს და ვწერ ამბებს, რომლებსაც ჩემი არცთუ ისე მშვიდი ყოველდღიურობა მკარნახობს.

შორეულმა, სრულიად უცხო ქალაქებმა მიმახვედრა, რომ ქვეყნის სიყვარული, ქალაქის სიყვარული ზოგჯერ არ იწყება შემაღლებულ ადგილებში წამომართული საკულტო ნაგებობებით, რომ ეს დიდი და უცნაური გრძნობა ზოგჯერ ყველაზე ვიწრო ქუჩებისკენ, მოუვლელი და შელახული შენობებისკენ გექაჩება, იქ მიჰყავხარ, სადაც ერთი ჩვეულებრივი ოჯახის ეზოში ცეცხლის ტაძარი დგას, რომ შორს წასულს ეს სიყვარული მთავარ პროსპექტს კი არ გასიზმრებს, არამედ ძველ ჭიშკრებსა და სადარბაზოებს ფერადი მოზაიკითა და ნახატებით, რომლებიც, სინამდვილეში, რემონტის დროს გადაღებეს შენმა მეზობლებმა. ამ სიყვარულს შაბათ-კვირას გარეთ გაჰყავხარ, ფეხით გატარებს, ხისა და აგურის გულისცემას გასმენინებს და გაგრძნობინებს, რომ მარტო არა ხარ ამხელა სამყაროში.

აქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ისე დავაბიჯებთ, რომ ზოგჯერ გვერდზე გახედვაც გვეზარება, ყოველდღე ჩნდება ახალ-ახალი ბზარები, სიძველის, მოუვლელობის, უსიყვარულობის ანაბეჭდები. ჰოდა, გავიდეთ გარეთ, ხელით შევეხოთ მზით გამთბარ აგურს და ვისწავლოთ საკუთარ გარემოსთან თანაცხოვრება, სანამ ჩვენ და ჩვენი ქალაქები ერთად ვართ ჩვენსავე დედამიწაზე.

როგორ მივაღწიოთ სკოლებში სწავლების მაღალ ხარისხს-დასასრული

0
წერილი მომზადებულია მოცემული კვლევის ორიგინალური და რუსული გამოცემების საფუძველზე: Barber, M. and Mourshed, M. (2007) How the World’s Best Performing Schools Come Out on Top. London, McKinsey & Company;  М. Барбер, М. Муршед. КАК ДОБИТЬСЯ СТАБИЛЬНО ВЫСОКОГО КАЧЕСТВА ОБУЧЕНИЯ В ШКОЛАХ. „Вопросы образования” (2008)
 
წარმატებულ სისტემათა უმრავლესობაში მონიტორინგსა და სწავლების შედეგების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა გაყოფილია ერთმანეთისგან. სკოლის შემოწმების ორგანიზება დამოკიდებულია საერთოდ სისტემის მუშაობის დონეზე, ზოგ შემთხვევაში კი – ცალკეული სკოლის შედეგების დონეზე. სკოლის სისტემის მუშაობის გაუმჯობესებასთან ერთად მონიტორინგის ფუნქციები გარედან სკოლის შიგნით გადაინაცვლებს.

● ყოველწლიური გარე შემოწმებები. სკოლის სისტემები, რომლებიც ატარებენ მასშტაბურ რეფორმებს, როგორც წესი, ხშირ გარე შემოწმებებს იყენებენ. ნიუ-იორკში, კატარსა და ბაჰრეინში გარე ინსპექციები ტარდებოდა წელიწადში ერთხელ და იგეგმებოდა მათი ხანგრძლივობისა და რაოდენობის შემცირება შედეგების გაუჯობესებისთანავე.

● დამოუკიდებელი შეფასებები გარე შემოწმებასთან ერთად ყოველ 3-4 წელიწადში ერთხელ. ინგლისში, ჰონკონგსა და ახალ ზელანდიაში სკოლების ინსპექცია ტარდება 3-4 წელიწადში ერთხელ; ამასთან ერთად ყურადღება ექცევა აუცილებლობას, სკოლამ თვითონვე განახორციელოს ინტენსიური დამოუკიდებელი შეფასება სწავლების გაუმჯობესების პერიოდში. შეფასების ინტენსივობა მუშაობის გაუმჯობესებისთანავე მცირდება.

● დამოუკიდებელი შეფასებები არარეგულარულ გარე შემოწმებებთან ერთად. სინგაპურში სკოლები ატარებენ რეგულარულ შეფასებებს გარე შემოწმებებთან ერთად, რომლებიც 5 წელიწადში ერთხელ ტარდება. ფინეთში შემოწმების პერიოდულობა არ არის განსაზღვრული; სკოლას ნებისმიერ მომენტში შეუძლია მოითხოვოს სწავლებისა და შედეგების აუდიტი შიდა შემოწმების პროცესთან ერთად.

მონიტორინგი ტარდება იმისთვის, რომ სისტემამ მიიღოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სათანადო ზომების მისაღებად, თუ თვითონ სკოლას არ შესწევს უნარი, თავი გაართვას შედეგების გაუმჯობესებას. ეფექტური საკორექციო ღონისძიებებისთვის, რომელთა ნიმუშებია ინგლისი, ნიუ-იორკი და ახალი ზელანდია, დამახასიათებელია შემდეგი ნიშნები:
სკოლის მუშაობის ანგარიშების პუბლიკაცია. 

მუშაობის გამჭვირვალობა ზრდის სკოლის პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, ასტიმულირებს შემდგომ გაუმჯობესებას. სკოლის სისტემების მუშაობის ანალიზმა გვიჩვენა, რომ ბევრ კარგ სკოლაში საქმე უკეთესობისკენ მიდის, ხოლო ცუდი სკოლები იშვიათად ახერხებენ მაჩვენებლების გაუმჯობესებას მხოლოდ ამ ერთი ფაქტორის ზემოქმედებით: „თუ სკოლამ არ იცის, როგორ გააუმჯობესოს მუშაობა, ვერავითარი ზეწოლა ვერ შეცვლის ვითარებას და ვერ გააუმჯობესებს სწავლების ხარისხს”. „ზოგიერთ ეფექტურ სისტემაში შედეგების ღიაობა აღიქმება როგორც სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ხელის შემშლელი და არა დამხმარე ფაქტორი”. გაუმჯობესება ხდება მაშინ, როდესაც ამისთვის არსებობს უნარები და საშუალებები და როდესაც ის ერწყმის მასწავლებლების და მთლიანად სკოლის სწრაფვას უკეთესობისკენ. დამატებით ზეწოლას შეუძლია გამოიწვიოს განათლების ხარისხის უკან დახევა, დაქვეითება”. 
დაფინანსება

ახალ ზელანდიაში, ინგლისში, ჩიკაგოში შემოღებულ იქნა დაფინანსების მოდელი, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი რესურსების გამოყოფას იმ სკოლებისთვის, რომელთა მუშაობაც გაუმჯობესებას მოითხოვს. ფინანსირების ასეთი ფორმულირება საშუალებას იძლევა, გაიზარდოს იმ სკოლების ფინანსური დახმარება, სადაც ნაკლებად უზრუნველყოფილი ოჯახების შვილები სწავლობენ. ინგლისში დამატებითი დაფინანსება ეძლევა ისეთი სკოლების დიდ ნაწილს, რომლებიც შედის რისკის ჯგუფში (ისინი შესაძლოა ვერ გაუმკლავდნენ მათთვის დასახულ ამოცანებს). ამ მიზნით მათ ყოველ სასწავლო წელს გამოეყოფათ 1,5 მლნ დოლარი.
ხელმძღვანელობის შეცვლა ან გაუმჯობესება

სუსტი სკოლების მუშაობის ანალიზი გვიჩვენებს, რომ ძლიერი ხელმძღვანელობის გარეშე სიტუაციის გარდატეხა შეუძლებელია. წარმატებულ სისტემებში შექმნილია მექანიზმები, რომლებიც საშუალებას აძლევს ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობას, თუ სხვა ზომები არ აღმოჩნდა საკმარისი, სკოლის ხელმძღვანელობა შეცვალოს.
გარდა ამისა, საუკეთესო სისტემებში მონიტორინგისა და კორექციისთვის განკუთვნილ ღონისძიებათა შედეგები გამოიყენება იმ მოწინავე მეთოდების ეფექტების გამოსავლენად, რომლებიც შეიძლება გავრცელდეს მთელ სისტემაში. სინგაპური ყოველწლიურად 10 მლნ დოლარს ხარჯავს კვლევებზე, რომლებმაც უნდა სრულყოს პედაგოგიური საქმიანობა. ინგლისში ინსპექციებისა და შემოწმების მონაცემები გამოიყენება საუკეთესო სკოლებისა და პედაგოგების გამოსავლენად, მერე კი მათი გამოცდილება ახალი გეგმებისა და სტრატეგიების განხორციელებას ხმარდება.
მონიტორინგი და პრობლემების გადაჭრის ზომები მოსწავლეების დონეზე

პრობლემის გადასაჭრელად გამიზნული ღონისძიებები, რომლებიც სკოლების დონეზე ტარდება, საშუალებას იძლევა, თავიდან იქნეს აცილებული სისტემაში სუსტი რგოლების გაჩენა. მაგრამ ყველაზე ეფექტურ სკოლებსა და სკოლის სისტემებში მონიტორინგი და პრობლემის დაძლევისკენ მიმართული ზომები ხორციელდებოდა ცალკეული მოსწავლეების დონეზე. ეს აუცილებელია მაქსიმალური ეფექტის მისაღებად. მაგ., აშშ-ის მონაცემების მიხედვით, 3 წლის ასაკის ბავშვს, რომელიც დიპლომირებული სპეციალისტების ოჯახში იზრდება, აქვს 1100 სიტყვის მარაგი და მისი IQ 117-ის ტოლია, მაშინ როცა შემწეობით მცხოვრებ ოჯახში აღზრდილი ბავშვის სიტყვების მარაგი არ აღემატება 525-ს, ხოლო IQ – 79-ს. თუ სკოლებმა მოსწავლის დონეზე არ იმოქმედეს, ისინი ვერ შეძლებენ ბავშვების განვითარების დონეებს შორის სხვაობის შემცირებას. სკოლის საუკეთესო სისტემები ქმნიან მექანიზმებს, რომლებიც უზრუნველყოფს საერთო მაღალ დონეს მთელ სისტემაში.

ფინელი ბავშვები მოსამზადებელ კლასში 6 წლის ასაკში შედიან, ხოლო სკოლაში – 7 წლის ასაკში, სამი წლით გვიან, ვიდრე მათი ევროპელი თანატოლები. დაწყებით კლასებში ისინი დღეში მხოლოდ 4-5 საათს ატარებენ სკოლაში. ფინელი ბავშვები 7-დან 14 წლამდე გაცილებით ნაკლებ ხანს სწავლობენ, ვიდრე მათი ევროპელი თანატოლები. მიუხედავად ამისა, 15 წლის ასაკში, ტესტების მიხედვით, ისინი ლიდერობენ კითხვაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო საგნებში.

ეს იმით აიხსნება, რომ ფინეთმა მოახერხა საუკეთესო კადრების მოზიდვა მასწავლებლის პროფესიაში. ამასთან ერთად, ფინეთში შექმნილია მაღალეფექტური საკორექციო ზომების სისტემა სკოლის დონეზე, რომელიც თითოეულ მოსწავლეს ეხმარება. ყველა სკოლას ჰყავს სპეციალური მასწავლებლები (ყოველ 7 საგნობრივზე 1 ასეთი მასწავლებელი მოდის), რომლებიც ინდივიდუალურ და ჯგუფურ მეცადინეობებზე ეხმარებიან ჩამორჩენილ მოსწავლეებს. საერთო ჯამში, ასეთი მასწავლებლები სკოლის მოსწავლეების 30%-თან მუშაობენ.

სხვა ეფექტურმა სისტემებმა მიაგნეს ჩამორჩენილ მოსწავლეთა დახმარების ალტერნატიულ მეთოდებს. აზიური სისტემებისთვის დამახასიათებელია თავად პედაგოგების მუდმივი მზადყოფნა, დაეხმარონ მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლა უჭირთ. სინგაპურში მასწავლებლები სწავლის დამთავრების შემდეგ რჩებიან ასეთი მოსწავლეების დასახმარებლად. ახალ ზელანდიაში მოქმედებს პროგრამა იმ ბავშვების დასახმარებლად, რომლებიც ცუდად კითხულობენ.
დასკვნა

სასკოლო განათლების სისტემაში სწავლების სტაბილურად მაღალი დონის შენარჩუნებისთვის მონიტორინგს და საკორექციო ზომებს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. საუკეთესო სასკოლო სისტემები თავიანთ ეფექტურობას გამოცდებით და ინსპექტირებით აკონტროლებენ. მონიტორინგის შედეგებს ითვალისწინებენ საკორექციო ღონისძიებების ჩატარებისას, რომლებიც მოსწავლისთვის სწავლების სტანდარტისა და სტაბილურად ხარისხიანი განათლების ამაღლებისკენაა მიმართული. საუკეთესო სისტემებში ეს პროცესები გადატანილია სკოლის დონეზე, სადაც ბავშვების მოსწრება მუდმივად კონტროლდება და დახმარება მიმართულია იმ მოსწავლეებისკენ, რომელთაც ჩამორჩენა ემუქრებათ.
განათლების სისტემა და მოქმედების ვექტორი

სამხრეთ კორეამ და სინგაპურმა გვიჩვენა, რომ სასკოლო სისტემას შეუძლია, რამდენიმე ათწლეულში ჩამორჩენილიდან წარმატებულად იქცეს. ასეთი მიღწევები განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან, როგორც წესი, მასშტაბური რეფორმების შედეგები მრავალი წლის შემდეგ იჩენს თავს: საშუალოსკოლადამთავრებულთა ცოდნის დონე მნიშვნელოვანწილად დამოკიდებულია დაწყებითი განათლების ხარისხზე, რომელიც ათი წლის წინ აქვთ მიღებული, ხოლო დაწყებითი განათლების დონე, თავის მხრივ, მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მასწავლებელთა კვალიფიკაციაზე. ბოსტონისა და ინგლისის გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ განათლების ხარისხი და ფაქტორები, რომლებიც მასზე ახდენს გავლენას, შეიძლება მოკლე ხანში საგრძნობლად გაუმჯობესდეს. ზოგიერთმა რეფორმამ, მაგ., აშშ-ში მოსწავლეთა შედეგები 16%-ით გააუმჯობესა.

სასკოლო სისტემებმა, რომლებმაც შესამჩნევ გაუმჯობესებას მიაღწიეს, ეს მოახერხეს იმის ხარჯზე, რომ უზრუნველყვეს სისტემის ფუნქციობის შემდეგი პირობები: 

● სკოლაში მუშაობდეს უფრო მეტი ნიჭიერი ადამიანი; 

● მათ ჰქონდეთ პედაგოგიური განვითარების საშუალება; 

● ეს კვალიფიციური მასწავლებლები მუშაობდნენ ყველა მოსწავლესთან სისტემაში, რაც უზრუნველყოფს განათლების სტაბილურ მაღალ დონეს.

არსებობს ამ მიზნის მიღწევის სხვადასხვა გზა. სინგაპურში სისტემა ცენტრალიზებულად იმართება და ეს რეფორმისთვის იქნა გამოყენებული. ინგლისში რეფორმატორებს დეცენტრალიზებულ სასკოლო სისტემაზე კონტროლის ნაკლები საშუალება აქვთ, ამიტომ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა ფინანსირება, სკოლის პასუხიმგებლობა საზოგადოების წინაშე და დახმარების ძლიერი მექანიზმები, გამოიყენეს ისეთი პირობების შესაქმნელად, რომელთა ფონზე განათლების ხარისხის ამაღლება გახდებოდა შესაძლებელი. სხვა სისტემებში რეფორმის თავისებურებებსა და სიჩქარეზე – და არა მის მიმართულებაზე – გავლენას ახდენენ პროფკავშირები და პოლიტიკური ველის მოთამაშეები.

სხვა სისტემებში ამ სამი პირობის რეალიზებისთვის აუცილებელია უფრო მასშტაბური სასკოლო რეფორმა. რეფორმა ვერ იქნება წარმატებული სისტემისა თუ სკოლის დონეზე ეფექტური ხელმძღვანელობის გარეშე. ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ერთი სასკოლო სისტემა, რომელმაც მიმწოლი, ერთგული და ნიჭიერი ხელმძღვანელის გარეშე შეძლო ძირეული ცვლილებების გატარება, ამიტომ ხელმძღვანელის შეცვლა სისტემაში შესაძლოა გაუმჯობესების აუცილებელი წინა პირობა იყოს. სისტემებს, რომლებიც სათანადოდ არ ფინანსდება, კარგი მუშაობის ორგანიზების მცირე შანსი აქვს. სასკოლო პროგრამის ხარისხი მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ მისი შინაარსის ცვლილება, სწავლების ეფექტური სისტემის გარეშე, შედეგებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს.

საბოლოო ჯამში, წარმატებული აღმოჩნდა რეფორმები, რომლებიც ეყრდნობოდა ჩამოთვლილ სამ ფაქტორს, რადგან ისინი სხვებზე მეტ გავლენას ახდენენ სწავლების ხარისხზე. რეფორმების განხორციელებისას გამოიყენება მიდგომები, რომლებიც ამ ბერკეტების დახმარებით გაუმჯობესების საშუალებას იძლევა. როგორც სისტემების, ასევე სკოლის ხელმძღვანელობა იყენებდა დაგროვილ მონაცემებს, კვლევების შედეგებს, პილოტურ პროექტებს და ანალიტიკური ინსტრუმენტების წყებას, რათა განესაზღვრა, რომელი მექანიზმები მუშაობდა და რომელი – არა.

სასკოლო სისტემების შედარებითი ანალიზი გვიჩვენებს, რომ შედეგების გაუმჯობესება ურთულესი ამოცანაა, მაგრამ არა მიუღწეველი. გზები, რომლებიც სხვადასხვა სასკოლო სისტემამ განვლო და რომელსაც კიდევ ბევრი სისტემა გაივლის, ძალზე განსხვავდება ერთმანეთისგან. ხშირად საჭიროა დაფინანსების ან ხელმძღვანელობის შეცვლა, რათა სისტემაში დაინერგოს პროცესები, რომლებიც სწავლების შედეგებს გააუმჯობესებს. კონტექსტი, კულტურა, პოლიტიკა, მართვის სისტემა და თვითონ სისტემის საწყისი მდგომარეობა განსაზღვრავს კურსს, რომელსაც გაჰყვება ლიდერი. 

საბოლოო ჯამში, შედეგების გაუმჯობესებისთვის უნდა იხელმძღვანელონ სამი პრინციპით: 

1) განათლების სისტემის ხარისხი ვერ იქნება მასში მომუშავე მასწავლებლების ხარისხზე მაღალი; 
2) შედეგების გასაუმჯობესებლად აუცილებელია სწავლების გაუმჯობესება; 
3) მოსწავლეთა განათლების მაღალი დონის უზრუნველყოფა შეუძლებელია იმ მექანიზმების აუმოქმედებლად, რომლებიც უზრუნველყოფს ხარისხიანი სწავლების თითოეულ მოსწავლესთან მიტანას. 

მოსწავლეთა დეფექტური ცოდნის გამოვლენის საშუალებები – მეორე ნაწილი

0
როდესაც ვსაუბრობთ სასწავლო პროცესის ხელშემწყობი ეფექტური წესებისა და თეორიების ძიებაზე და საამისოდ პრაქტიკულად „მოსარგები” ხერხების გამოყენებაზე, ვაღიარებთ, რომ საამისოდ დიდია მოსწავლეთა დეფექტური ცოდნის გამოვლენა/კორექციის მნიშვნელობა და შესაფერის გონებრივ აქტივობათა „სარტყლების” შერჩევა, მაგრამ ამ დროს აუცილებლობა მოითხოვს დეფექტური და არასრულფასოვანი ცოდნის სწორ გააზრებას.
არსებობს „სამი” სახის „სუფთა” დეფექტური გონებრივი აქტივობა („სარტყლების” რაოდენობის მიხედვით, რომელთა შესახებაც სტატიის I ნაწილში უკვე ვისაუბრეთ) და რამდენიმე სახის არასრულფასოვანი გონებრივი აქტივობა.

ვრცლად

მეტაფორები, რომლებითაც ვცხოვრობთ

0
მეტაფორა ახალი არომატია
მას, ვინც ყურადღებას მიაქცევს ენაში ისეთ მოვლენას, როგორიცაა მეტაფორა, მალე ადამიანთა ენა მთლიანად მეტაფორული მოეჩვენება.
ბ ი უ ლ ე რ ი 

რა არის მეტაფორა?

ეგებ გგონიათ, რომ ეს მხოლოდ ის არის, რაც ამშვენებს პოეზიას ან მხატვრულ შემოქმედებას… მეტაფორა უფრო მეტია – ის ჩვენი ყოველდღიურობაა. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მეტაფორებით და, საერთოდ, ჩვენ ვცხოვრობთ მეტაფორებში. ხოლო თუ უფრო შორს წავალთ, ჩვენ ვართ მეტაფორები…

გამოხატვისთვის არასდროს კმარა ჩიქობავას შვიდტომეულში შესული სიტყვები; სულხან-საბას ლექსიკონებიც რომ დაუმატოთ და სხვა დანარჩენიც, სიტყვათა მარაგი მაინც მწირი იქნება იმ აზრების, გრძნობების, განცდების გადმოსაცემად, რომლებიც ჩვენშია. ამიტომ თითოეული ჩვენგანი მიმართავს ქმნადობას და იწყებს ერთი საგნის, მოვლენის, ფაქტის რომელიმე ასპექტის გადატანას მეორეზე. ეს იგივეა, ერთ საგანს შეხედოთ სხვა საგნის „თვალით”. ამ შემთხვევაში გამოთქმული აზრი იღებს და აერთებს ორივე თვისებას (ასპექტს) და ვიღებთ მესამეს, სრულიად განსხვავებულს, რომელმაც ახალი ნაზავით ახალი არომატი შექმნა. ისევე როგორც სადილის მომზადებისას, ცალ-ცალკე ინგრედიენტებს რომ განსხვავებული გემო აქვთ, ურთიერთშერევისას კი ახალ გემოს ქმნიან. დიახ, ზუსტად ასეა. არის რაღაც ქიმია მეტაფორების შექმნაში. ალქიმიაც კი.

მაგალითად, როგორ შეიძლება წარმოვიდგინოთ მეტაფორა „ადამიანი-ლომი”? ახალი არსება უკვე არც ადამიანია და არც ლომი. ის დაახლოებით ისე შეიძლება გამოიყურებიდეს, როგორც ქვემოთ, ილუსტრაციაზეა წარმოდგენილი. შედარებით იოლადაა საქმე, როცა კონკრეტული საგნებით ხდება მეტაფორიზება – ადვილად შეგვიძლია წარმოვისახოთ მათი ნაერთი… აი, რაც შეეხება აბსტრაქტულ საგნებს, აქ საქმე გაცილებით რთულადაა, პოეზიაში კი საერთოდ პიკს აღწევს მეტაფორიზაცია. მაგრამ არც კონკრეტული საგნების შემთხვევაშია ყველაფერი ასე მარტივად; ბევრი მეტაფორა დღემდე ამოუხსნელი რჩება. მაგალითად, არავინ იცის, როგორია „ივლისისფერი ყინვის თასები”…

შესაძლოა ვერ გაუგოთ ადამიანს, რომელიც მეტაფორებს ხშირად მიმართავს, რადგან მეტაფორებით მეტყველება მეტყველების მაღალი ხარისხია… უბრალოდ, შესაძლოა შეცდეთ და მეტაფორებით გადმოცემული აზრი პირდაპირ მიიღოთ… ცოდნა მეტაფორების შესახებ ჩვენს ცნობიერებას აფართოებს და ცხოვრებასაც უფრო საინტერესოს ხდის.
 

ორი უნივერსალური მეტაფორა
◊ კონცეპტუალური მეტაფორის ძალა განისაზღვრება მისი გაუცნობიერებელი გამოყენებით. ლაკოფის მიხედვით, მეტაფორათა თვისებაა, რომ ისინი კი არ ქრებიან, არამედ რჩებიან ადამიანთა ცნობიერებაში, მათი მოქმედების ლოგიკური შედეგები კი ჩვენ მიერ სამყაროს აღქმის თავისებურებებში ვლინდება.
ნაშრომში „მეტაფორები, რომლებითაც ვცხოვრობთ” ჯონსონი და ლაკოფი დაწვრილებით განიხილავენ ორ უნივერსალურ მეტაფორას და მეტაფორის მამოდელირებელ ფუნქციაზე საუბრობენ.

მე-20 საუკუნეში დაიწყო მეტაფორის მოდელირების ფუნქციის გამოყოფა. მეტაფორა განიხილებოდა არა მხოლოდ როგორც პოეტური და რიტორიკული გამომსახველობითი საშუალება, არამედ როგორც სინამდვილის აღქმისა და გააზრების სერიოზული მექანიზმი.

მაგალითად, ყველასათვის ცნობილი უნივერსალური მეტაფორები: „კამათი ომია” და „დრო ფულია” – ადამიანთა ცნობიერების გარკვეულ მხარეს წარმართავენ. შევცვლით მეტაფორას და ცნობიერებაში სინამდვილის გააზრების ახალი კონსტრუქტები წამოიქმნება.

თუ „კამათი ომია”, მაშინ კამათის აღწერა ხდება ომის ტერმინებით და შესაძლებელია:

• კამათში (და ომში) გამარჯვება;
• კამათში (ომში) დამარცხება;
• კამათში (და ომში) შეტევაზე გადასვლა;
• კამათში (და ომში) საკუთარი პოზიციების დაცვა;
• კამათში (და ომში) წინ წასვლა;
• კამათში (და ომში) დანებება;
• კამათში (და ომში) განსაზღვრული სტრატეგიის გამოყენება;
• კამათში (და ომში) სტრატეგიის შეცვლა და სხვა.
 
იგივე ხდება მეორე მეტაფორის – „დრო ფულია” – შემთხვევაში:

• დროის (ფულის) წართმევა;
• დროის (ფულის) ეკონომია;
• დროის (ფულის) დათმობა;
• დროის (ფულის) გაფლანგვა;
• დროის (ფულის) დაკარგვა;
• დროის (ფულის) გამოყოფა;
• დროის (ფულის) დახარჯვა;
• დროის (ფულის) დარჩენა;
• დროის (ფულის) საქმეში ჩადება.
 

მართალია, განხილულ მეტაფორებს დაკარგული აქვთ ადამიანზე ემოციური ზეგავლენის ფუნქცია, რადგან ისინი, შეიძლება ითქვას, „გაცვეთილია”, მაგრამ აქ კარგად ჩანს, როგორ ახდენს მეტაფორა ჩვენი ცნობიერების მოდელირებას და როგორ უკავშირდება ჩვენი მსოფლაღქმა ამ მეტაფორებით მოდელირებულ რეალობას.
შეცვალე მეტაფორა – შეიცვლება ცხოვრება
ამის შემდეგ აქტუალური იქნება გამოთქმა: შეცვალე მეტაფორა – შეიცვლება ცხოვრება!
მხოლოდ სოციალურ ცხოვრებას როდი აქვს თავისი მეტაფორები; თითოეულს ჩვენ-ჩვენი მეტაფორები გვაქვს, რომლებიც იმის მიუხედავად არსებობენ და მოქმედებენ ჩვენზე, ვაცნობიერებთ თუ არა მათ არსებობას…
ახლა, როცა ამ სტრიქონებს კითხულობთ, რა არის თქვენი ცხოვრების მეტაფორა? მე შემიძლია, უამრავი გაცვეთილი მეტაფორა ჩამოვთვალო:
•  ცხოვრება  თამაშია;
• ცხოვრება გამოცდაა;
• ცხოვრება ბრძოლაა;
• ცხოვრება ცირკია;
• ცხოვრება სადგურია
და ასე შემდეგ…
იყავით ორიგინალური და შექმენით თქვენი ცხოვრების საუკეთესო მეტაფორა. ნახავთ, როგორ შეცვლის ის თქვენს ცხოვრებას…
მაშ ასე, დაასრულეთ:
• ცხოვრება – ?
(გაგრძელება იქნება)

მასწავლებლობიდან მსოფლიოს ლიდერობამდე

0
ჩვენთვის ძნელი დასაჯერებელია, რომ მსოფლიოში ცნობილმა გენიოსებმა და სხვა გავლენიანმა ადამიანებმა თავიანთ წარმატებას საფუძველი მასწავლებლობით ჩაუყარეს. „ფარდობითობის თეორიის” აღმოჩენამდე ალბერტ აინშტაინი რიგითი პედაგოგი გახლდათ, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტიც ხშირად ამეცადინებდა მუსიკაში რეალური სასწავლებლის მოწაფეებს. ნობელიანტმა სელმა ლაგერლიოფმა მოღვაწეობა ვეტერნის გაყინული ტბის მახლობლად გაშენებულ ფიცრულ სკოლაში დაიწყო. თავის დროზე სასულიერო სემინარიის ლექტორი იყო დედა ტერეზა… ალბათ არც ის უნდა გაგიკვირდეთ, რომ მოსწავლეთა აღზრდის საპატიო პროფესიას არაერთი პოლიტიკური ლიდერისთვის გაუკაფავს გზა. მასწავლებლობას მომავალი მმართველები ბევრჯერ გადაურჩენია შიმშილით სიკვდილისა თუ ნაკლებად შემოქმედებითი, თავდაუღწეველი სამუშაო რუტინისაგან.

მსოფლიოს ლიდერობამდე დაწინაურებული პედაგოგის საინტერესო მაგალითია შეერთებული შტატების 36-ე პრეზიდენტი ლინდონ ჯონსონი.

ლინდონ ჯონსონი ტეხასელი ფერმერების ოჯახში დაიბადა. ბავშვობა და ცხოვრების უდიდესი ნაწილი მან სამხრეთის ამ ცხელ შტატში გაატარა. მომავალი ლიდერი სამოქალაქო აქტივიზმში ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო. სკოლაშიც კი იგი კლასის პრეზიდენტი იყო. ზოგადი განათლების მიღების შემდეგ ნიჭიერ მოსწავლეს უმაღლესი სასწავლებლის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია, 1926 წელს ტეხასის პედაგოგიურ კოლეჯში ჩააბარა. საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე იყო მისი სტუდენტობის წლებიც. დემოკრატი სტუდენტი კოლეჯის პერიოდულ გამოცემას, გაზეთ „The College Star-ს” რედაქტორობდა და აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პოლიტიკურ კამპანიაში. კოლეჯში სწავლის პარალელურად მან პედაგოგიური მოღვაწეობაც დაიწყო. 1928 წელს ჯონსონმა ლექციები დროებით მიატოვა და პატარა ქალაქ კოტულაში გაემგზავრა, სადაც სეგრეგირებულ მექსიკელ ბავშვებს ინგლისურსა და სხვა ძირითად დისციპლინებს ასწავლიდა. პედაგოგის დიპლომის მოპოვების შემდეგ მან ჰიუსტონის უმაღლეს სკოლაში მასწავლებლის მრავალწლიანი, წარმატებული კარიერის აწყობაც მოახერხა.

სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობამ მომავალ სახელმწიფოს მეთაურს მთელი სიმძაფრით დაანახვა ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური მდგომარეობა და მოქალაქეთა სხვადასხვა ნიშნით შევიწროების ტენდენცია. სტუდენტური გაზეთის ყოფილმა რედაქტორმა სასკოლო პოლიტიკიდან დიდ ბრძოლაში გადაინაცვლა. ლინდონ ჯონსონი დემოკრატიული პარტიის აქტიური წევრი გახდა და 1937 წელიდან ექვსჯერ მოიპოვა წარმომადგენლობითი პალატის წევრის მანდატი. მაღალი პოლიტიკური სტატუსის მიუხედავად, კონგრესმენს არც მეორე მსოფლიო ომისთვის აურიდებია თავი. ჯონ კენედისთან ერთად, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად არჩევამდე, ჯონსონი სენატში მოღვაწეობდა და დემოკრატთა ფრაქციას ედგა სათავეში, 1963 წელს კი თავად ჩაიბარა მსოფლიოს ლიდერის პორტფელი და სახელმწიფოს მეთაურის პოსტი.

მასწავლებლის პრეზიდენტობის ხანა მეოცე საუკუნის ისტორიის ურთულეს პერიოდს დაემთხვა. ყოფილ სენატორს წილად ხვდა გაურკვეველი მიზეზებით მოკლული კენედის მემკვიდრეობა. მასვე მოუწია 1945 წლის შემდეგ დაბადებულთა (Baby boom) ჰიპერაქტიურ თაობასთან, პანკებთან, „ახალ მემარცხენეებსა” და სხვა რადიკალურ ჯგუფებთან ურთიერთობა. ტეხასელ პოლიტიკოსს დაეკისრა კარგად გაჩაღებული „ცივი ომის” სირთულეების გადალახვის პასუხისმგებლობაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მან არაერთი შეცდომა დაუშვა და საგარეო პოლიტიკაში ბევრი უსარგებლო ნაბიჯიც გადადგა. მიუხედავად ყველაფრისა, სამხრეთელ დემოკრატს მაინც წარმატებულ ლიდერად განიხილავენ. რატომ?

60-იან წლებამდე ამერიკული საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის თავისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ოპერაციების უსაფრთხო განხორციელებას ნიშნავდა. მოსახლეობის უმრავლესობა სიმდიდრის იოლად მოპოვების ილუზიით გახლდათ შეპყრობილი. ისინი არ ფიქრობდნენ დაჩაგრულ და ბედის ანაბარა მიტოვებულ ხელმოცარულებსა თუ ღატაკებზე. სახელმწიფო აუცილებელ ბოროტებად და ინდივიდის შევიწროებისთვის შექმნილ დემონიზებულ სტრუქტურად განიხილებოდა. 

ლინდონ ჯონსონმა ამგვარ ვითარებას „დიადი საზოგადოების” იდეა დაუპირისპირა, რომელიც სოციალური სამართლიანობისა და კეთილდღეობის დამკვიდრებას ისახავდა მიზნად. 36-ე პრეზიდენტის პროგრამა მომგებიანად განხორციელდა. პედაგოგის მმართველობის დროს აშშ-ში შეიქმნა უფასო სამედიცინო დახმარების პროგრამა მცირეშემოსავლიანი ოჯახებისთვის, აფროამერიკელთა და სხვა მოქალაქეთა სეგრეგაციის წინააღმდეგ მიღებულ იქნა ისტორიული „სამოქალაქო უფლებათა აქტი”, საფუძველი ჩაეყარა მეცნიერების განვითარების ეროვნულ ფონდს. რაც მთავარია, ჯონსონის ინიციატივით ამოქმედებულმა სტრატეგიამ ჩამოაყალიბა სათემო კოლეჯების ქსელი და გაზარდა უნივერსიტეტთა სახელმწიფო დაფინანსება.

ჯონსონი ყოველთვის ამბობდა, რომ მის პოლიტიკურ საქმიანობას სათავე დაუდო დისკრიმინირებულ მექსიკელ მოსწავლეებთან ურთიერთობამ და პატარა დასახლებაში განცდილმა უსამართლობის გრძნობამ.

ამერიკას ერთი მასწავლებელი პრეზიდენტი დღესაც არ აწყენდა. თქვენ კი, თუ პერიფერიის რომელიმე სკოლაში მუშაობთ და ღარიბ ბავშვებს ასწავლით, თუ უკმაყოფილო ხართ სასწავლო გარემოთი და პირადი შემოსავლით, თუ არ გაქვთ არსებული პოლიტიკური ელიტისა და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების იმედი, იცოდეთ, რომ რაღაცით ლინდონ ჯონსონს ჰგავხართ. პოლიტიკის უკეთესობისკენ შეცვლას თქვენი მეტი მოქმედება სჭირდება.

რატომ უნდა ვასწავლოთ კრიტიკული აზროვნება?

0

კრიტიკული აზროვნება აზროვნების მაღალი დონეა, რომელიც თანდაყოლილი უნარი არ არის და ვითარდება პედაგოგის დახმარებით. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ამდენად, კრიტიკული აზროვნების უნარი ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. განათლების სპეციალისტები გვარწმუნებენ, რომ XXI საუკუნის ადამიანისათვის ის, უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია. საქმე ისაა, რომ ინფორმაციული ინდუსტრიის ეპოქაში ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. „შავი” და „თეთრი” რიტორიკის შემცველი ინფორმაციის შემოტევის პირობებში ეს პროცესი ლოკალური ან კერძო ხასიათისაა. რამდენადაც თითოეულ მოქალაქეს პერმანენტულად უწევს სწრაფად ცვალებად გარემოში არჩევანის გაკეთება, ბუნებრივი იქნება, საზოგადოება დაინტერესდეს, როგორ მიიღება ეს გადაწყვეტილებები. მრავალრიცხოვანი ფაქტები ჩვენი რეალობიდან ადასტურებს, რომ სწავლების ისეთი ფორმების არსებობა, რომლებიც დაეხმარება ადამიანს, უფრო პროდუქტიულად იაზროვნოს, დღევანდელობის გადაუდებელ ამოცანას წარმოადგენს.

საერთაშორისო კვლევები წიგნიერებაში, რომლებშიც საქართველომ ბოლო 10 წლის განმავლობაში მიიღო მონაწილეობა, გვაჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა, მოსწავლეებში წიგნიერების, ანუ წერისა და კითხვის უნარების განვითარების მონაცემებით, მსოფლიოს ქვეყნების ჩამონათვალის ბოლო ათეულშია. ამ ფაქტზე აქტიურად დაიწყო მსჯელობა მასმედიამ, თუმცა ეს არ არის საკმარისი, რადგან წიგნიერების დონე მხოლოდ წაკითხული წიგნების რაოდენობით არ განისაზღვრება, როგორც ზოგადად გავრცელებული აზრია. მნიშვნელოვანია კითხვის სტრატეგიების დაუფლება, რომლების არცოდნაც მეთოდური პრობლემაა. ჩვენ ვაკლებთ ახალგაზრდებს განათლების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტს. ვერ ვუყალიბებთ მათ კრიტიკული აზროვნების უნარს. თუკი ეროვნული და საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების დასკვნები საკმარისი არ აღმოჩნდა კრიტიკული აზროვნების სწავლების აუცილებლობაში დასარწმუნებლად, მაშინ სხვაგვარად შევხედოთ საკითხს _ მომავლის პერსპექტივის გათვალისწინებით, როგორც ამას კრიტიკული აზროვნების ფსიქოლოგიის მკვლევარი დ. ჰელპერნი გვთავაზობს. ცნობილია, რომ “ადამიანების უმრავლესობა ასრულებს ოფიციალურ განათლებას 18-დან 22 წლამდე. დავუშვათ, რომ დღევანდელი ახალგაზრდების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა ყველაზე დიდია კაცობრიობის ისტორიაში: მათი უმრავლესობა, სავარაუდოდ, 70 წელზე მეტს იცოცხლებს. წარმოსადგენადაც კი ძნელია, როგორი იქნება რეალობა 2080 _ 2090 წლებში. ეს სწორედ ის ეპოქაა, რომელშიც იცხოვრებს ამ სტატიის მკითხველთა უმრავლესობა. დარწმუნებით შეიძლება ერთი რამ ითქვას: უმეტესობას, ვინც დღეს ახალგაზრდაა, მოუწევს იმგვარი სამუშაოს შესრულება და იმგვარი ტექნოლოგიებით სარგებლობა, რომლებიც არც კი დაესიზმრებათ თანამედროვე მეცნიერ-ფანტასტებს. მაშ, როგორი ცოდნის მიღებაა აუცილებელი სიცოცხლის პირველ საფეხურზე, რომ მშვიდად გრძნობდე თავს შემდეგი 50 წლის განმავლობაში?”

 მეცნიერები თანხმდებიან, რომ გამოსავალი პერსპექტივაზე გათვლილ განათლებაშია, რომელსაც საფუძვლად უნდა ედოს ორი პრინციპი: 1. ინფორმაციის მზარდ ნაკადში სწრაფი ორიენტაციისა და საჭირო მასალის მოძიების უნარი; 2.  უნარი, სწორად იქნას გააზრებული და გამოყენებული მიღებული ინფორმაცია. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ინფორმაციის გაცხრილვა, წესრიგში მოყვანა: მნიშვნელოვანის გამოყოფა მეორეხარისხოვანისაგან, ანალიზი, ინტერპრეტაცია და გათავისება. თუკი ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გავერკვეთ საკითხების მრავალფეროვნებაში, მაშინ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ მივიღებთ პასუხებს შეკითხვებზე, მაგრამ ვერ მოვახდენთ მათზე რეფლექსიას.  

დღემდე მოსწავლე-ახალგაზრდობის მიმართ ტრადიციული მოთხოვნაა, რომ დაისწავლონ, დაიმახსოვრონ, გააანალიზონ ფაქტები, გადაჭრან დასმული ამოცანები, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, არ ხდება იმის შეფასება, რამდენად შესწევთ ახალგაზრდებს ამ ცოდნის გამოყენების უნარი სხვადასხვა კონტექსტში, ან როგორ უნდა გააკეთონ ეს. XX საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა საერთოO მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა უნდა იყოს განათლების არსი. ურთიერთშეთანხმება მიღწეულ იქნა ლიბერალური განათლების მომხრეთა პოზიციებზე დაყრდნობით. ახალი კონცეფციის მიხედვით, განათლების არსს, პირველ რიგში, უნდა წარმოადგენდეს: ინფორმაციის განხილვა, გააზრება, ათვისება და არა არასისტემატიზებული უნარ-ჩვევებისა და სწრაფად დაძველებადი ცნობების დაგროვება. უკვე ათწლეულის ბოლოს საშუალო და უმაღლესი განათლების დაწესებულებების სასწავლო გეგმებში კრიტიკული აზროვნების (კა) დანერგვის პროცესი საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა. ამ ტენდენციის კვალდაკვალ, რეფორმა განხორციელდა საქართველოშიც, თუმცა _ მძიმედ. სიახლე სერიოზულ სირთულეებს წააწყდა იმპლემენტაციის პროცესში. ამის ერთ-ერთი მიზეზი _ მასწავლებელთა პროფესიული მომზადების არასათანადო  დონე _ დღემდე ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, რაც აისახა კიდეც მოსწავლე-ახალგაზრდობის კრიტიკული აზროვნების განვითარების ხარისხზე. საქმე ისაა, რომ პედაგოგი, რომელიც თავად არ არის კრიტიკულად მოაზროვნე, ვერც ახალგაზრდებში შეძლებს ამ უნარის განვითარებას.

ამ ეტაპზე ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ მასწავლებლებს სპეციალური პროგრამები, რომლებიც მეტ-ნაკლებად გააცნობს მათ კრიტიკული აზროვნების დიდაქტიკურ საფუძვლებს. კრიტიკული აზროვნების განვითარება უწყვეტი პროცესია, რაზედაც ადამიანი დაუსრულებლად ზრუნავს. მასწავლებელი თავად უნდა ცდილობდეს პედაგოგიური ტექნოლოგიების გამდიდრებას კრიტიკული აზროვნების უნარის განვითარებაზე ორიენტირებული სტრატეგიებით. ამ მხრივ, უნივერსიტეტებს შეუძლიათ სკოლებს სერიოზული დახმარება გაუწიონ (ერთობლივი სემინარების მომზადება, პრაქტიკული კვლევების ჩატარება, ტრენინგები, კითხვის ასოციაციების ჩამოყალიბება და სხვა). პრობლემის დასაძლევად კი, პირველ რიგში, განათლების სპეციალისტები უნდა შეთანხმდნენ რამდენიმე საკვანძო საკითხზე:

1. კონკრეტულად რა უნარები და მახასიათებლები გამოარჩევს კრიტიკულ აზროვნებას? 2. კრიტიკული აზროვნების სწავლების რა ეფექტური მეთოდები არსებობს? 3. როგორი ადამიანი შეიძლება ჩაითვალოს კრიტიკულად მოაზროვნედ?

სწორი იქნება, კონსტრუირების “ტექნიკური” ეტაპების განხილვამდე საკვანძო თეორიულ წინაპირობებზე შევჩერდეთ.

რა არის კრიტიკული აზროვნება?

კრიტიკული აზროვნების თემის საკვანძო კატეგორიას წარმოადგენს ცნება “კრიტიკული აზროვნება”. ექსპერტები გამოყოფენ კრიტიკული აზროვნებისათვის დამახასიათებელ კონკრეტულ კოგნიტიურ უნარ-ჩვევებს. ისინი თითქმის ერთსულოვნად ასახელებენ ძირითადი უნარ-ჩვევების რიცხვში ანალიზის, შეფასებისა და დასკვნების ფორმულირების უნარს. მათი უმრავლესობა ამატებს ამ ჩამონათვალს ინტერპრეტაციის, განმარტებისა და თვითრეგულაციის უნარს. კრიტიკული აზროვნების ცნობილი მკვლევარი დ. კლუსტერი განსაზღვრავს კრიტიკულ აზროვნებას 5 ძირითადი პრინციპით:

1.         კრიტიკული აზროვნება არის დამოუკიდებელი აზროვნება. ამგვარად, აზროვნება შეიძლება იყოს კრიტიკული მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ინდივიდუალურია;

2.         ინფორმაცია წარმოადგენს კრიტიკული აზროვნების საწყის და არა საბოლოო პუნქტს. ცოდნა აჩენს მოტივაციას, რომლის გარეშეც ადამიანს არ შეუძლია იაზროვნოს კრიტიკულად;

3.         კრიტიკული აზროვნება იწყება საკითხის წამოჭრითა და გადასაჭრელი პრობლემის გააზრებით;

4.         კრიტიკული აზროვნება მიისწრაფვის სარწმუნო არგუმენტაციისკენ. კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი პოულობს პრობლემის გადაჭრის საკუთარ გზას და ამყარებს საკუთარ გადაწყვეტილებებს გონივრული არგუმენტებით, საფუძვლიანი მოსაზრებებით. არგუმენტაციის სტრუქტურული ელემენტებია: მოსაზრება, მტკიცებულება, დასაბუთება და საფუძველი. ეს უკანასკნელი  ყველა დანარჩენი ელემენტის ათვლის წერტილია. საფუძველი – ეს ის წანაპირობაა, რომელიც საერთოა ორატორის ან მწერლის და მათი აუდიტორიისათვის. საფუძველს ეყრდნობა მთელი არგუმენტაცია.

5.         კრიტიკული აზროვნება სოციალური მოვლენაა, რამდენადაც ყოველი მოსაზრების გამოცდა და დახვეწა ხდება მაშინ, როდესაც მას ვუზიარებთ სხვებს, ან როგორც ფილოსოფოსი ჰანა არენდტი წერს: “სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ცოცხალ ურთიერთობაში, ვისიმე თანდასწრებით”.

კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონცეფცია ეკუთვნის ამერიკელ პედაგოგს, რ. ენისს. მან ერთ-ერთმა პირველმა დაამუშავა კრიტიკული აზროვნებისათვის მზაობის, განწყობის ან, სხვაგვარად, შინაგანი მოტივაციების სისტემა, რომელიც აზროვნების “ხარისხს” განაპირობებს. რ. ენისის კონცეფციის თანახმად, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი უნდა:

1.    ზრუნავდეს იმაზე, რომ მისი შეხედულებები და გადაწყვეტილებები იყოს დასაბუთებული. ამისათვის მას სჭირდება:

·    წყაროებისა და დასკვნების ალტერნატიული განმარტებების, ახალი ჰიპოთეზების მოძიების უნარი;

·    ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი;

·      საკუთარისაგან განსხვავებული თვალსაზრისების განხილვის უნარი;

·      მისწრაფება მრავალმხრივი ცოდნისა და საკუთარი თვალსაწიერის მუდმივი გაფართოებისაკენ;

2.  ფლობდეს როგორც საკუთარი, ასევე სხვისი პოზიციის ნათლად  წარმოდგენის უნარს;

·         ნათლად და ზუსტად ესმოდეს ნათქვამისა და დაწერილის არსი, სიტუაციის თავისებურებების გათვალისწინებით;

·         ახერხებდეს კონცენტრაციას საკითხსა და დასკვნებზე, ცდილობდეს, არ ასცდეს ძირითად თემას;

·         ეძებდეს და წარმოადგენდეს დასაბუთებულ მოსაზრებებს;

·         ითვალისწინებდეს სიტუაციას მთლიანობაში;

·         კარგად იაზრებდეს საკუთარ პოზიციას;

3.    პატივს უნდა სცემდეს თანამოსაუბრის აზრსა და ღირსებას, ე.ი.:

·         შეეძლოს სხვების მოსმენა და გაგება.

მოცემული უნარების გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასწავლო პროცესში ხდება დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების საფუძველზე. კრიტიკული აზროვნება არის თავისებური “აზროვნება ცოდნაზე”, რომელიც საშუალებას იძლევა “იმისა, რომ შეიქმნას რაღაც ახალი, გამოყენებულ იქნას ადრე მიღებული ცოდნა”. ამასთან ერთად, ცნება “ცოდნა” გამოიყენება ამ სიტყვის ყველაზე ფართო გაგებით.

 ცოდნა და აზროვნება

თანამედროვე გაგებით, ცოდნა არასტატიკურია. ის არ შეიძლება გადაეცეს ადამიანიდან ადამიანს ისე, როგორც შეიძლება გადავასხათ რაიმე სითხე ჭურჭლიდან ჭურჭელში. ის დინამიკურია. ცხადია, მცდარი იქნება, ვიფიქროთ, რომ ყველამ უნდა დავიწყოთ ნულიდან და თავიდან გამოვიგონოთ ბორბალი. კოგნიტიურ ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ჩვენ ვეყრდნობით ვიღაცის მიერ შექმნილ ცოდნას იმისათვის, რომ შევქმნათ რაღაც ახალი. ჩვენ ვქმნით ცოდნას ყოველ ჯერზე, როდესაც ვეცნობით ახალ ცნებებსა და იდეებს. ახლად მიღებული ინფორმაცია გამოიყენება ჩვენი საკუთარი ცოდნის შინაგანი სტრუქტურის შესაქმნელად (ცოდნის სტრუქტურა – ეს ტექნიკური ტერმინის მსგავსი ცნება გამოიყენება კოგნიტიური ფსიქოლოგიის მიერ ყველა ურთიერთდაკავშირებული წარმოდგენის აღსაწერად, რაც გვაქვს თითოეულ ჩვენგანს ყველა განსხვავებულ საგანსა და მოვლენაზე). ცოდნა – ეს “გაგების მდგომარეობაა”, რომელიც ახასიათებს მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ცნობიერებას, რაც ურთიერთობის პროცესში შეგვიძლია გავუზიაროთთ სხვა ადამიანებს. ჩვენ ვიყენებთ ჩვენს ცოდნას ახალი ინფორმაციის გასააზრებლად. ამგვარად, ცოდნის შეძენა წარმოადგენს აქტიურ ფსიქიკურ პროცესს. ყოველი ადამიანი აგებს “ცოდნის მუდმივად გაფართოებად სტრუქტურას”, რომელიც აკავშირებს ახალ იდეებს უკვე არსებულთან. ამიტომ ცოდნა ყოველთვის პიროვნულია და გარკვეული თვალსაზრისით _ უნიკალური. ცოდნის ეს სტრუქტურები ან სქემები სამყაროს ჩვენეული მოდელია.

 სამეცნიერო ლიტერატურაში ვხვდებით განსხვავებულ მიდგომებს კრიტიკული აზროვნების ცოდნის კომპონენტის განსაზღვრებისადმი. ასე, მაგალითად, მ. მეისონი მას ახასიათებს, როგორც “ცოდნის გარკვეულ მოცულობას, იქნება ეს კრიტიკული აზროვნების ძირითადი ცნებების ცოდნა, ან ამა თუ იმ მეცნიერული დისციპლინის ცოდნა, რომლისთვისაც მოგვიანებით შეიძლება გამოყენებულ იქნას კრიტიკული აზროვნება”. რ. ენისი თვლის, რომ კრიტიკული აზროვნება, როგორც დისციპლინათშორისი და ზესაგნობრივი კატეგორია, ატარებს დედუქციურ ხასიათს: მოსწავლე იძენს კრიტიკული აზროვნების ინტელექტუალურ უნარებს კონკრეტული დისციპლინის გარეშე და შეუძლია გამოიყენოს ისინი ცოდნის განსხვავებულ სფეროებში. ჯ. მაკ პენი ყურადღებას ამახვილებს კრიტიკული აზროვნების ინდუქციურ ხასიათზე: იგი თვლის, რომ კრიტიკული აზროვნება კონკრეტული მეცნიერული სფეროსაგან განუყოფელია. ამა თუ იმ  მეცნიერული დისციპლინის პრობლემების კრიტიკული განხილვის აუცილებებლი პირობაა ამ დისციპლინის სიღრმისეული ცოდნა. “ჩვენ არ შეგვიძლია კრიტიკულად განვიხილოთ ბირთვული ფიზიკის პრობლემები, თუკი არაფერი გაგვეგება   ბირთვულ ფიზიკაში”, _ წერს ის.

იმისათვის, რომ პრობლემებს კრიტიკულად მივუდგეთ, აუცილებელია, განვიხილოთ განსხვავებული მოსაზრებების სუსტი და ძლიერი მხარეები, ღირსებები და ხარვეზები.

ვინ არის კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი?

კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ყოველთვს ღიაა სიახლის მიმართ, აღიქვამს სამყაროს მთელი თავისი მრავალფეროვანებით და პრინციპულად იცავს საკუთარ ღირებულებებს. კრიტიკულად მოაზროვნენი აცნობიერებენ მათთვის უცნობ იდეებზე მსჯელობის უსამართლობასა და აბსურდულობას ამ იდეების სიღრმისეული გააზრების გარეშე (“მე არ მაინტერესებს, შენ რას ფიქრობ, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, რასაც ამბობ, არასწორია”). კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი ემიჯნება ეგოცენტრულობასა და სოციოცენტრიზმს.

ეგოცენტრულობა – ეს რეალობის ჩანაცვლებაა პიროვნული აღქმით. ის თავს ამჟღავნებს, როგორც ყველა იმ  თვალსაზრისის, იდეისა თუ ფაქტის გაანალიზებისა და მიღების უუნარობა (ან სურვილის არქონა), რაც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებასთან. მისი უკიდურესი ფორმა ხასიათდება პრეტენზიით, “იყოს მართალი ყველაფერში”; თანმიმდევრულობისა და სიცხადისადმი არასაკმარისი ინტერესით; “ყველაფერი ან არაფერი” – დამოკიდებულებით (“მე მართალი ვარ 100%-ით, თქვენ 100%-ით ცდებით”); საკუთარი სააზროვნო პროცესისადმი კრიტიკული დამოკიდებულების უქონლობით. ეგოცენტრული ინდივიდი უპირატესად მიმართულია, ზოგადად, სიმართლისა და სამართლიანობის ძიებისაკენ და ნაკლებად ისწრაფვის, თავად იყოს პატიოსანი და სამართლიანი. ეგოცენტრულობა კრიტიკული აზროვნების საპირწონეა.

ვინაიდან ყველა ადამიანი სოციალიზებულია, ეგოცენტრულობა ნაწილობრივ ვითარდება სოციოცენტრულობის ჩარჩოებში. ინდივიდი შეუმჩნევლად გადადის  განცხადებიდან “მე მართალი ვარ” განცხადებაზე “ჩვენ მართლები ვართ”.

თუკი ეგოცენტრულობა და სოციოცენტრულობა სენია, მაშინ თვითშეგნება მისი წამალია.

ჩვენი თავდაჯერებულობა ადვილი შესანარჩუნებელია იმიტომ, რომ მონდომებით ვხუჭავთ თვალს საკუთარი აზროვნების შეცდომებზე. თითქმის ავტომატურად ვუმალავთ ჩვენს ეგოცენტრულობას საკუთარ თავს. ძნელად ვამჩნევთ, როდის ეწინააღმდეგება ჩვენი ქცევა ჩვენს წარმოდგენას საკუთარ თავზე. ჩვენი რწმენა ეფუძნება მცდარ ვარაუდებს, რომელთა წარმომავლობის შესახებ არაფერი ვიცით. არ შეგვიძლია გამოვყოთ რელევანტური განსხვავებები, თუმცა სხვა სიტუაციაში ვიცით, როგორ შევქმნათ ისინი და არ გვიჭირს ამის გაკეთება (მაგალითად მაშინ, როდესაც ამგვარი განსხვავებების გამოყოფა არ გვიშლის ხელს მივიღოთ ის, რაც გვინდა). ჩვენ უარვყოფთ ან “ვივიწყებთ” ფაქტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებებს. არასწორად განვმარტავთ ან ვამახინჯებთ იმას, რაზეც საუბრობენ სხვები.

საკითხის გადაწყვეტა გულისხმობს იმას, რომ ვიფიქროთ საკუთარ რწმენასა და ქცევაზე; გავხადოთ ვარაუდები ზუსტი, არაორაზროვანი, კრიტიკულად გავაანალიზოთ ისინი და როდესაც ჩვენი პოზიცია მცდარია, შევწყვიტოთ მისი მტკიცება; შევაფასოთ როგორც საკუთარი თავი, ასევე სხვები ერთი პოზიციიდან; განვიხილოთ ყოველი რელევანტური ფაქტი და გამოვიტანოთ დასკვნები მხოლოდ მათზე დაყრდნობით. მთავარია, შეგვეძლოს ყურადღებით და უარყოფითი განწყობის გარეშე მოვუსმინოთ მათ, ვისაც არ ვეთანხმებით. ჩვენ შევძლებთ შევცვალოთ ეგოცენტრული ტენდენციები, თუკი გავაცნობიერებთ მათ ობიექტურად. მაშინ დავინახავთ, რომ ასეთი ტენდენცია ირაციონალური და დაუსაბუთებელია. ამგვარად, ადამიანის მიერ ეგოცენტრული და სოციოცენტრული აზროვნების სპეციფიკის გაგება კრიტიკული აზროვნების ათვისების უმნიშვნელოვანესი  წინაპირობაა.

 

 

 

 

 

სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად

0
ამ სტატიაში  კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა მოსწავლის აკადემიური მიღწევების გაუმჯობესების პროცესში, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი და როგორ უნდა უზრუნველვყოთ მშობელთა აქტიურობა ამ მიმართულებით. მშობელთა ჩართულობას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის განვითარებაზე, როგორც  სკოლამდელ  ასაკში, ასევე სასკოლო ასაკში, როდესაც მოსწავლის წინაშე სერიოზული აკადემიური და სოციალური გამოწვევები ჩნდება. 

მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად – რთულად მისაღწევი. კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ გავლენას მოსწავლის მიღწევებზე. კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ ის მშობლები, რომლებსაც უფრო მაღალი მოლოდინი აქვთ შვილების მიღწევების მიმართ, უფრო ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში. 

მშობელთა ჩართულობის მასშტაბი და ფორმები შესაძლოა იცვლებოდეს და დამოკიდებული იყოს მათ განათლებაზე, სოციალურ სტატუსზე, ასაკზე და სხვ.  ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც სასკოლო დავალებების შესრულებისას შვილის დახმარებას, ასევე მოსწავლის ხელშეწყობას, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, დროის სწორი მენეჯმენტი; ასევე მშობელთა აქტიურ  ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და აქტიურ კომუნიკაციას შვილის პედაგოგებთან. 

რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა? 

მოსწავლეები მცირე ასაკში ძირითადად ორი წყაროდან იღებენ განათლებას: მშობლისგან და მასწავლებლისგან. შემდეგ ეს წყაროები, რა თქმა უნდა, უფრო მრავალფეროვანი ხდება: საზოგადოება, მეგობრები, უნივერსიტეტი და სხვ.  შესაბამისად, ადრეულ ასაკში ყველაზე დიდ გავლენას მოსწავლის განვითარებაზე ოჯახი და სკოლა ახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე რგოლის ჩართვა მოსწავლის განვითარებაში, თანაც ისე, რომ ორივე აცნობიერებდეს ამ მნიშვნელობას და თავის როლს. 

მშობელთა ჩართულობა  შეიძლება გულისხმობდეს:

1. ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში 
2. ხელშეწყობას  მოსწავლეთათვის სასკოლო დავალებების შესასრულებლად და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. 

მშობელთა ჩართულობის საკითხი საქართველოში ნაკლებად არის გამოკვლეული და შესაბამისად, რთულია, ვისაუბროთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობის გარეშე. იმ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც სტატიის ბოლოსაა მოყვანილი, საერთაშორისო პრაქტიკები და კვლევები უდევს საფუძვლად. 

რატომ არის მნიშვნელოვანი მშობელთა ჩართულობა?

მშობელთა ჩართულობა ბავშვის სკოლამდელ ასაკში 

კვლევების მიხედვით, ბავშვის ადრეულ ასაკში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვნად უკავშირდება მოსწავლის კოგნიტურ-ემოციურ  განვითარებას. ის, თუ რას აკეთებენ მშობლები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა განათლება და გამოცდილება აქვთ მათ. მაგალითად, მშობელთა მიერ სახლში განხორციელებული აქტივობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შემოსავალი, პროფესია და განათლება. 

სამიდან შვიდ წლამდე ბავშვის მშობლის ჩართულობის მიმართულებით კვლევებში რამდენიმე აქტივობის მნიშვნელობა გამოიყოფა:  

·ციფრებით და ასოებით თამაში, ანბანთან დაკავშირებული თამაშები, ბავშვთან ერთად კითხვა;
·სიმღერების და რიტმის სწავლება, ხატვა, ძერწვა და სხვ.;
·ბიბლიოთეკებში სტუმრობა. 

კვლევების თანახმად, ხშირ შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული სტრატეგიები გოგონების მიმართ უფრო გამოიყენება, ვიდრე ბიჭების მიმართ. სქესობრივ განსხვავებას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და განმავითარებელი სტრატეგიები ორივე სქესის ბავშვის მიმართ უნდა გამოიყენებოდეს. ასეთი მიდგომის შედეგი შესაძლოა თვალსაჩინო მოგვიანებით გახდეს და მოსწავლე გოგონები უფრო მეტად კოგნიტურად განვითარებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ბიჭები. 

მშობელთა ჩართულობა სასკოლო ასაკის მოსწავლეების განვითარების პროცესში  

კვლევები ადასტურებს მშობელთა ჩართულობის დიდ მნიშვნელობას მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდშიც. კვლევამ, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ მშობელთა ჩართულობა დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის განვითარების პროცესზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. მშობელთა ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორი  აღმოჩნდა  სკოლის ყველა საფეხურზე, სკოლაში შესვლისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მოსწავლის კოგნიტური მზაობა სკოლისათვის. 

მშობელთა ჩართულობის ზეგავლენა ზრდასრულობის ასაკში

მოსწავლეების მიღწევების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 7 წლის ბავშვის განვითარების პროცესში დედის და მამის ჩართულობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოგვიანებით, 20 წლის ახალგაზრდის წარმატებებზე. მშობელთა ჩართულობაში ამჯერად იგულისხმება ბავშვთან ერთად გატარებული დრო, მშობლების დაინტერესება ბავშვის განათლებით და შვილთან ერთად კითხვა. 

მშობლების ჩართულობა სასკოლო დავალებების მომზადებისას 

არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, დავალებების შესრულებისას მშობელთა ჩართულობა უკავშირდება თუ არა მოგვიანებით მოსწავლეთა უკეთეს მიღწევებს. კვლევებში გამოიყოფა მშობელთა დახმარების ფორმების განსხვავებული ეფექტიც. მაგალითად, აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობელთა არაპირდაპირ დახმარებას (დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავება) უფრო მაღალი ეფექტი ჰქონდა გამოცდებზე, ვიდრე მშობლის მიერ პირდაპირ დახმარებას. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ სასწავლო გარემოს შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს მოსწავლის მიღწევებზე. მშობლის არაპირდაპირი ჩართულობით შესაძლოა მოსწავლეს შეექმნას შესაფერისი სასწავლო  გარემო, რაც, საბოლოო ჯამში,  მის მიღწევებს გააუმჯობესებს. 

რაც შეეხება მოსწავლის წიგნიერებაში მიღწევებს, აღნიშნულმა კვლევამ სამი ძირითადი ფაქტორი გამოყო: 3-5 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად კითხვა, ანბანის და ციფრების თამაშები და ბიბლიოთეკაში სტუმრობა. 
ოჯახურად სწავლების ეფექტები

ოჯახურად სწავლება გულისხმობს მშობლისა და ბავშვის ერთობლივ სწავლებას, პროგრამებს, თამაშებს, სადაც ბავშვი მშობელთან ერთად მონაწილეობს. ეს შესაძლოა იყოს სესიები, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა უნარის განვითარებისკენ, მათ შორის  კითხვის უნარების გაუმჯობესებისაკენ.

კვლევამ, რომელიც ზომავდა ამ ტიპის სესიების ეფექტს, დაადგინა, რომ მოსწავლეთა კითხვის და ანგარიშის  უნარები ამაღლდა, მასწავლებლებს გაუადვილდათ კლასის მართვა, მშობლები უფრო ჩართულები გახდნენ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში და უკეთ უწყობდნენ ხელს თავიანთ შვილებს აკადემიურ პროცესში.
მშობელთა მოლოდინების ზეგავლენა მოსწავლის მიღწევებზე 

მრავალი კვლევა ადასტურებს იმ პოზიტიურ ეფექტს, რომელიც აქვს მშობელთა მოლოდინებს მოსწავლის მიმართ და თავად მოსწავლის მოლოდინს. თუმცა კავშირი მშობლის მოლოდინებსა და მოსწავლის მიღწევებს შორის დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: 

·კვლევები აკავშირებს მშობლის განათლებას შვილის მიმართ მოლოდინებთან. რაც უფრო მაღალია მშობლის განათლების დონე, მით უფრო მაღალი მოლოდინები აქვს მას შვილის  მიმართ. თუმცა შესაძლოა მაღალი განათლების მქონე მშობლებს ყველა პირობის შექმნის საფუძველზე ჰქონდეთ მაღალი მოლოდინები. 

·ხშირ შემთხვევაში, მშობელთა წარმოდგენები შვილის უნარ-ჩვევების შესახებ ქმნის მათ მოლოდინებს მიღწევებთან დაკავშირებით.

·მშობლები, რომლებიც მაღალი შეხედულების არიან შვილის მიღწევებზე, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი შვილის განათლების მიღების პროცესში. 

რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელია ასეთი დასკვნების გაკეთება:

·შესაძლოა მშობლებს შვილის ადრეულ ასაკში მაღალი მოლოდინები ჰქონდეთ მიღწევებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოლოდინებმა სხვადასხვა  სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის გამო დაიკლოს. 

·მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო მიღწევებისთვის, ისინი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს იმ მოსწავლეთათვის,  რომლებიც შეძლებულ სოციალურ კლასს მიეკუთვნებიან.

·მოლოდინების ეფექტი დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, მიუხედავად მშობლების მაღალი მოლოდინებისა, მოსწავლეებს შეიძლება ნაკლები პროგრესი ჰქონდეთ იმის გამო, რომ დაბალი ხარისხის განათლებას იღებენ, ან ზოგადად, ნაკლებად ხელშემწყობი გარემო ჰქონდეთ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. 

მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება მხოლოდ სკოლას ეკისრებოდეს. მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის დადგომამდე მშობელთა აქტიური ჩართულობა, მაღალი მოლოდინების ქონა შვილის მოსალოდნელი მიღწევებისადმი  და ჩართულობის სწორი ფორმების შერჩევა.  

მიუხედავად იმისა, რომ თავად მშობლებიც აცნობიერებენ მათი ჩართულობის დიდ მნიშვნელობას, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გამო რთული ხდება იმ სტრატეგიების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სწორი ფორმებით.

ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას სასკოლო ასაკის მოსწავლის მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად.

სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის გაზრდისათვის 

უმასპინძლეთ მოსწავლეთა ოჯახებს სკოლაში შემდეგ ღონისძიებებზე: 

Øწიგნების გამოფენა-გაყიდვა;
Øსაქველმოქმედო აქცია: ნამცხვრების ცხობა და გაყიდვა ქველმოქმედებისათვის;
Øსემინარები მშობლებისათვის – როგორ ჩაერთონ შვილის განათლებაში;
Øმშობლის/მოსწავლის საორიენტაციო დღე ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში;
Øმშობელთა სემინარი კონკრეტულ საგნობრივ ჯგუფში – როგორ დაეხმარონ მოსწავლეს;
Øმოხალისეობის პროგრამა (მშობელი-მოხალისე 2-3 საათი წელიწადში);
Øსპექტაკლები (მოსწავლეები თავად აკეთებენ მოსაწვევებს მშობლებისთვის);
Øსკოლის გარეშე პროგრამები;
Øკონფერენციები, სადაც მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, მიღწევებს მშობლების წინაშე. 
მშობელთან ურთიერთობისას გამოიყენეთ სხვადასხვა მეთოდი:  
Øშეიმუშავეთ კომუნიკაციის მეთოდები, რომლებიც მორგებული იქნება თითოეულ მშობელზე (დარეკვა, იმეილი, მესიჯი, შეხვედრა);
Øშეაქმნევინეთ მოსწავლეებს ბლოგები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლებისთვისაც;
Øმისწერეთ მშობლებს საერთო ინფორმაციის შემცველი წერილები, რომლებშიც თითოეული მოსწავლის შესახებ ინდივიდუალურადაც იქნება საუბარი;
Øმოუწყვეთ მშობლებს შეხვედრები დირექტორთან;
Øშეაფასებინეთ საკუთარი თავი მოსწავლეებს და წარუდგინეთ მშობლებს; 
Øაწარმოეთ ანგარიშები მოსწავლეთა შესახებ, გააცანით ისინი მშობლებს ინდივიდუალურად;
Øგანიხილეთ მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილება (რეგულაციები, წესები, შეფასების სისტემა, დავალებების ტიპები);
Øმიეცით რეკომენდაციები მშობლებს მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად;
Øაღნიშნეთ ხშირად, თუ რას აკეთებს მოსწავლე კარგად; მოსწავლის რვეულში გააკეთეთ აღნიშვნები მიღწევების შესახებ;  
Øგამართეთ შეხვედრები მშობლებთან სხვადასხვა დროს: გაკვეთილების შემდეგ, გაკვეთილების დაწყებამდე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ; 
Øჩაატარეთ საჭიროებათა კვლევა (გამოკითხვა) მოსწავლეებსა და მშობლებში;
Øგაუზიარეთ მშობლებს მოსწავლის შესახებ სრული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და განმავითარებელი  შეფასების შესახებ,  კომენტარებით.
მშობლების უზრუნველყოფა დამატებითი რესურსებით: 
Øშესთავაზეთ ტრენინგები მშობლებს მათთვის საინტერესო თემებზე (მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიები, უცხო ენის სწავლება, მოსწავლის საშინაო დავალებების მომზადება);
Øჩაატარეთ სემინარები ფსიქოლოგებთან ერთად, ასევე პროფესიული ორიენტაციისა და აკადემიური პროგრამების არჩევის შესახებ;
Øგააცანით მშობლებს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სტრატეგიები, გაუზიარეთ შესაბამისი რესურსი.  

,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ანუ მშობლიური მიწის მტვერი და ახალბედა მკვლევარი

0
17 ნოემბერი  გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღეა. ამ დღეს ჩემებურად აღვნიშნავ, მთელი დღის განმავლობაში მონატრებულ ლექსებს ვკითხულობ. ყოველ ჯერზე ახალ გალაკტიონს აღმოვაჩენ და დღემდე მაოცებს ეს ამბავი. ამ შესანიშნავ პოეტზე იმდენი დაწერილა და თქმულა, ახალს ვერაფერს ვიტყვი, ამიტომ ჯობს მოგიყვეთ, როგორ ,,გავიცანი” გალაკტიონი.
გვერდებშეყვითლებულ, ისტორიად ქცეულ ნამდვილ ამბებს მოწყურებული ბავშვებისთვის ლიტერატურის მუზეუმთან არსებული სახელოსნო ნამდვილი ,,საოცრებათა ქვეყანა” გახლდათ (დღემდე უზომოდ მადლიერი ვარ ქალბატონი იზა ორჯონიკიძის, რომლის წყალობითაც სკოლის მოსწავლისთვის უჩვეულო გამოცდილება შევიძინე და ძალიან საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება მომეცა). საოცარია, როგორ პოულობდნენ თავისუფალ დროს მოსწავლეებისთვის ისეთი სახელგანთქმული ლექტორები, როგორიც გახლდათ, მაგალითად, თამაზ ჩხენკელი, რომელიც ყოველ კვირას ქართული ლიტერატურის შედევრებზე გვესაუბრებოდა. შემოვიდოდა, დადგებოდა კართან და ცალ ფეხზე ჩამოყრდნობილი გაირინდებოდა, თითქოს მოსვლის მიზეზი დაავიწყდაო, მაგრამ გაკვეთილის ბოლოს უკვე იმაზე მეტი იყო ნათქვამი, ვიდრე ამის სიტყვებით გადმოცემა შეიძლება. 

დავალებას იშვიათად გვაძლევდა, არც მომთხოვნი იყო და, წესით, ხშირად უნდა გაგვეცდინა მისი ლექციები, მაგრამ პირიქით – ყოველ გაკვეთილზე სავსე იყო საკლასო ოთახი და, მიუხედავად ბავშვების სიმრავლისა, კლასში მხოლოდ ბატონი თამაზის მშვიდი, ნელი საუბარი ისმოდა. ერთხელ გვითხრა, თუ სურვილი გექნებათ, საცავში შესასვლელ საშვს გამოგიწერთ, აირჩიეთ მუზეუმში დაცული ერთი ქართველი მწერლის არქივი და მისი ხელნაწერები შეისწავლეთო. გავიხარეთ და თან როგორ… თითქოს რამდენიმე წელი მოგვემატა, თავს ნამდვილ მკვლევარებად მივიჩნევდით, ვდიდობდით. საათობით ვისხედით საცავში და მოწიწებით ვფურცლავდით შეყვითლებულ, მელნით კიდეებმოთხვრილ ხელნაწერებს. აი, მაშინ სულ სხვანაირად წავიკითხე გალაკტიონი, თითქოს წერის დროს მის გვერდით ვიდექი, თითქოს ყველა სიტყვა ჩემი თანდასწრებით იწერებოდა. მართალია, ის ლექსი, რომლის გამოქანდაკების პროცესიც ხელნაწერების შესწავლის შედეგად უნდა აღმედგინა, სულაც არ გახლდათ მწერლის საუკეთესო ნამუშევარი და არც ჩემი რჩეული ყოფილა, მაგრამ აქ მთავარი სულ სხვა რამ იყო; ჯერ კიდევ უსინათლო, ჩვილი ბარტყებივით ლექსების პატრონმა დიდი პოეტის სამზარეულოში შევიჭყიტე და მიუხედავად იმისა, რომ ლექსის წერის პროცესზე, ჩემი მოკრძალებული ,,სამზარეულოს” შემხედვარეს, ბუნდოვანი წარმოდგენა მაინც მქონდა, მივხვდი, რომ სულ სხვა სამყაროში მოვხვდი, სადაც ყოველ ბგერას, ასოს, წერტილს გონების ლუპით აკვირდებიან, წვრთნიან, მისი მოუხეშავი ნაკვთები საჭრეთელის ყოველი დაკვრის შემდეგ იცვლება, მკვეთრდება და იწმინდება. თავიდან ისე შემეშინდა, ფურცელი და კალამი დიდი ხნით გადავდე გვერდზე, სად ჩემი გაჭვარტლული სამზადი და სად ნამდვილი პოეტების ბუხრისგულა, ყველა საჭირო ინგრედიენტითა და ჭურჭლით აღჭურვილი უზარმაზარი სამზარეულო-მეთქი. სამაგიეროდ, ჩემმა პირველმა ლიტერატურულმა კვლევამ შიდა კონკურსზე პირველი ადგილი დაიმსახურა.

,,ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო – 
ის გადარჩა და სახელად 
ეწოდება საქართველო. 
მშობლიურო ჩემო მიწავ, 
შენს საყვარელ სახელს ვფიცავ, 
რომ დავიცავ შენს დიდებას, 
წინაპართა ძვლებს დავიცავ!”

აი, ამ ლექსის ხელნაწერების ნახვის ბედნიერება მერგო წილად. მართალია, დღეს სულ სხვა გალაკტიონი მიყვარს, მაგრამ ყველაზე თბილი მოგონება მაინც ამ ლექსს უკავშირდება. 

***
უცნაურია, მაგრამ რატომღაც, ლამის დაბადებიდან, კონსერვატორიისთვის მამზადებდნენ, მარწმუნებდნენ, შენგან დიდი პიანისტი ან კომპოზიტორი დადგებაო. კარგი სმენა მქონდა. მერე რა, რომ ოქტავას ძლივს ვაწვდენდი თითებს, სამაგიეროდ თავგამოდებით ვმეცადინეობდი. პროგრამით გათვალისწინებული ბახის, მოცარტის, ბეთჰოვენისა თუ შოპენის ნაწარმოებების შესწავლას სხვაზე მეტ ენერგიასა და დროს ვახარჯავდი, მაგრამ მთავარი ხომ შედეგი იყო. სკოლის გუნდში ერთ-ერთი წამყვანი სოლისტი გახლდით, მასწავლებლები მაქებდნენ, ადგილობრივ კონცერტებზე ხშირად სოლოსაც მაძლევდნენ, მაგრამ ყველაზე გემრიელი ლუკმა (ე.წ. გასტროლები) რატომღაც სხვა მოსწავლეებს ერგებოდათ ხოლმე. ერთხელ გავბედე და ვიკითხე, ასე რატომ ხდება-მეთქი. კარგი ხარ, მაგრამ საკმარისად კარგი – არაო, დაახლოებით ასეთი პასუხი მივიღე (ნეტავ რას უნდა ნიშნავდეს ეს ,,საკმარისად კარგი”, თქვენ ხომ არ იცით?). აი, ამ დღიდან ეჭვი შემეპარა, იქნებ სულ სხვა გზას ვადგავარ-მეთქი. 

სკოლის დამთავრებამდე სამი წლით ადრე ჩემი თვითშეფასების საძირკველი საგრძნობლად გაიბზარა და საცაა ჩამოიშლებოდა იმედებისა და გეგმების ხუხულა, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრების განმავლობაში რომ ვაშენებდი. საბოლოოდ ქართული ფილმის, ,,ჩვენი ეზოს”, მთავარ გმირს დავემსგავსე. ძალიან მრცხვენია, მაგრამ უნდა ვაღიარო (იმედია, ამ წერილს დედა ვერ წაიკითხავს) – როცა პიანინოს მივუჯდებოდი, თითებს თავის ნებაზე მივუშვებდი, ისინი ხან კარგად ნასწავლ ნაწარმოებს უკრავდნენ, ხან სხვადასხვა აკორდს იღებდნენ, გამებს იმეორებდნენ, მე კი ამ დროს წინ ნოტების ნაცვლად წიგნი მედო… მუსიკალური განათლების არმქონე ოჯახის წევრები ვერაფერს ხვდებოდნენ, სამაგიეროდ, სკოლის ჟურნალში სამადლოდ დაწერილი (ეჰ, რა კარგი გოგო იყო, ხომ არ გავრიცხავთ, გოგოა მაინც, დავამთავრებინოთ სკოლა…) სამიანები მომიმრავლდა. მეათე კლასში, როგორც იქნა, მომბეზრდა იქ ყოფნა, სადაც ჩემს თავს ვეღარ ვხედავდი, ავდექი და ფილოლოგიურზე ვაბარებ-მეთქი, სახლში ხმამაღლა გამოვაცხადე (დედა ლამის მთელი წელი არ მელაპარაკებოდა).

თავიდანვე მივხვდი, უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტს ვეღარ ,,შევწვდებოდი” – შვიდ თვეში უნდა მესწავლა წლების განმავლობაში სკოლაში გასავლელი ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამა, საქართველოს ისტორია (მუსიკალურ სასწავლებელში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის პროგრამას თითქმის არ გავდიოდით, მთელი ჩვენი დრო და ყურადღება არჩეული ინსტრუმენტის, ჩემს შემთხვევაში – ფორტეპიანოს, სოლფეჯიოს, ელთეორიის, ჰარმონიისა და მუსიკასთან დაკავშირებული სხვა საგნების შესწავლას ეთმობოდა). მეგობრისგან შევიტყვე, რომ ხელოვნებისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ამჟამად თეატრალური ინსტიტუტის დაქვემდებარებაშია) ბატონ ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ დაფუძნებული ლიტერატურული სახელოსნოს ტიპის ფაკულტეტი ფუნქციობდა. ძალიან მინდოდა ქართული ლიტერატურის შესწავლა, გადავწყვიტე, მეცადა და მთელი წლის განმავლობაში თითქმის არ მიძინია. ძალიან ვგავდი გალაკტიონის ,,ყვავის ბახალას”, ქარმა უცნობ სამყაროში რომ გადაისროლა, მას კი ჯერ საკუთარი ჩრდილიც აშინებს.
*** 
როგორც იქნა, ოცნება ავიხდინე და პირველივე ცდაზე სასურველ ფაკულტეტზე მოვხვდი. პირველი ლექცია, როგორც მახსოვს, შემოქმედებით დაოსტატებაში ჩაგვიტარდა. ამ საგანს ხუთი წლის განმავლობაში ბატონი ვახტანგ ჯავახაძე მასწავლიდა. მისი წყალობით სულ სხვა გალაკტიონი გავიცანი. დღემდე უზომოდ მადლიერი ვარ ბატონი ვახტანგის – მან ხომ დროულად მიმითითა საჭირო კარისკენ. მოკლედ, ქართული ლიტერატურის შესწავლა გალაკტიონით დავიწყე და უნივერსიტეტიც გალაკტიონის პოეტიკის კვლევასთან დაკავშირებული სადიპლომო ნამუშევრით დავასრულე. თითქმის ათი წელია, მასზე არაფერი დამიწერია. ამ ხნის განმავლობაში ჩემი გალაკტიონი ვიპოვე, მივხვდი, რომ სიტყვისა და მუსიკის ვირტუოზზე მეტად მასში ჩვეულებრივი ამბებით გაოცებული ბავშვი მიყვარს. ბავშვი, რომელიც მომქანცველი ყოველდღიურობის ფსკერზე პოულობს ნამდვილ საგანძურს. 

,,ქუჩაში, მტვერში წაიქცა ბავშვი 
ნუკრის თვალებით, თმით – მიმოზებით 
და მწუხარების მალენიავში 
მოფრინდნენ ლურჯი ანგელოზები. 
შეშლილი სახით კიოდა ქუჩა,
შორს კი მზე დარჩა და მშობლის კერა! 
მზეზე ჰყვაოდა სოფლად ალუჩა
და გაისმოდა დების სიმღერა.”

მას შემდეგ ბევრჯერ დავრჩენილვარ გატეხილი წამის, დამსხვრეული საუკუნის, დროისა და სივრცის მიღმა, მაგრამ ლექსები მაინც არ მიმიტოვებია. დასასრულთან შესახვედრად გაფრენილ მეოცე საუკუნეს ხომ მკითხველისთვის მეტი არც არაფერი უთხოვია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...