ორშაბათი, მაისი 19, 2025
19 მაისი, ორშაბათი, 2025

ლევ ვიგოტსკი და ინკლუზიური განათლების ძირითადი პრინციპები

0
„ერთი მხრივ, დეფექტი ნაკლია, შეზღუდვა, განვითარებაში ჩამორჩენა, მეორე მხრივ კი, სწორედ იმით, რომ დაბრკოლებას ქმნის, იგი სტიმულს აძლევს წინსვლას”.
განათლების ფილოსოფია ლ. ვიგოტსკის იდეების ძლიერ გავლენას განიცდის. დასავლეთის მეცნიერები სინანულით აღნიშნავენ, რომ ვიგოტსკის შეხედულებებმა 50 წლის დაგვიანებით მიაღწია მათთან. დღეს ეს შეხედულებები ძალზე პოპულარულია და, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, სწავლებისადმი თანამედროვე მიდგომის ქვაკუთხედს წარმოადგენს. რასაკვირველია, იგივე ითქმის ინკლუზიური განათლების შესახებაც.
განვითარებაში უკვე მიღწეული დონის (განვითარების აქტუალური დონე) და ბავშვის პოტენციური შესაძლებლობების (განვითარების უახლოესი ზონა) დიფერენცირება, ასევე სენზიტიურ (რამის სწავლისთვის ოპტიმალურ) პერიოდზე აქცენტირება მეტად პროდუქტიული აღმოჩნდა სწავლებისა და განვითარების უთიერთდამოკიდებულების გააზრებისთვის, მათ შორის – ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთანაც.

აცნობიერებს რა ინკლუზიურ კლასებში* მუშაობის სირთულეებს და ამის თაობაზე მასწავლებლების შიშს, ვიგოტსკი მათ მიმართავს: „ტიპურ ბავშებთან მუშაობის თქვენეული გამოცდილება, ცოდნა, დაკვირვებისა და შეფასების, საგანმანათლებლო მიზნებისა და ამოცანების დასახვის, განხორციელების უნარი ის საფუძველია, რომელზეც შეიძლება დააფუძნოთ ინკლუზიურ კლასებში წარმატებული მუშაობა. ამასთანავე, უნდა იცოდეთ, რომ ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან მუშაობის პროგრამა არ არის დაფუძნებული მტკიცედ დადგენილ მეთოდოლოგიაზე ან პროცედურებისა და მეთოდების ერთიან სისტემაზე. სწავლების პროცესი მეტად შემოქმედებითია, ბავშვის ინდივიდუალურ თავისებურებებს, მის მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს მისადაგებული. მთავარია გქონდეთ ისეთი ორიენტირები, ზოგადი მიზნების ისეთი ხედვა, რაც ბავშვისთვის სასაგებლო და ეფექტიანი იქნება”.

მოკლედ განვიხილოთ ზოგიერთი პრინციპი, რომლებიც ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებთან მიმართებით ჩამოაყალიბა ლ. ვიგოტსკიმ:

1. საზოგადოებისგან იზოლაცია მავნეა ნებისმიერი ბავშვისთვის, მით უმეტეს – ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონეთათვის.

2. ყველა ბავშვს აქვს პოტენციური შესაძლებლობები და, შესაბამისად, უნარი, სრულად გამოამჟღავნოს ისინი, თუმცა ეს შესაძლებლობები სხვადასხვაგვარია.

3. ბავშვი უკეთ ვითარდება, როდესაც სწავლის პროცესში იკვლევს სამყაროს, ამჟღავნებს ინიციატივას, მასწავლებელი კი უქმნის ამისთვის სათანადო პირობებს.

4. ბავშვობის ძირითადი ნიშნებია განვითარება და პლასტიკურობა. აღზრდა და განვითარება ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვს უფრო სჭირდება, ვიდრე ტიპურს.

5. ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვის განვითარების ზოგადი კანონზომიერებანი ფეხდაფეხ მიჰყვება ტიპური ბავშვისას. აქედან – დასკვნა: მათ საერთო მეტი აქვთ, ვიდრე განსხვავებული.

6. ვინაიდან პიროვნების ფსიქიკის ადამიანური თავისებურებები განპირობებულია სოციალური გარემოთი, სოციალური ზემოქმედებით, სწავლა/სწავლების როლი განუზომელია. რთული უმაღლესი (კულტურული ) ფსიქიკური პროცესების (მაგ., ნებისმიერი მეხსიერების, ნებისმიერი ყურადღების და ა. შ.) ჩამოყალიბებაში გარემოს როლი უმნიშვნელოვანესია, განხვავებით ნატურალური, უნებლიე ფორმებისაგან.

7. ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვთან მიმართებით მთავარია პოზიტიური ხედვა (არა რა აკლია მას, არამედ რა ახასიათებს). ოპტიმისტური განწყობა, აქცენტი შესაძლებლობებზე.

8. მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს არა სიმპტომზე ან სიმპტომთა კომპლექსზე, არამედ გახსნილ უნდა იქნეს მოვლენის ბუნება, მისი შინაგანი ლოგიკა. არ არის საკმარისი ვარჯიში და დრესურა, პირობითი რეაქციების შემუშავება; მთავარია ბავშვის მთლიანპიროვნული განვითარება.

9. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივ საქმიანობას, თანამშრომლობას, რომელიც მრავალმხრივ (როგორც გონებრივი, ისე სოციალური კომპეტენტურობის) განვითარებას უწყობს ხელს.

10. არსებობს პირველადი დეფექტი, გამოწვეული, მაგალითად, რომელიმე ორგანოს დაავადებით, და მეორეული დეფექტი – ჩამოყალიბებული არასწორი და არადროული პედაგოგიური ჩარევის შედეგად.

11. მოსწავლეთა გადარჩევა და დაჯგუფება ნეგატიური ნიშნით (პრინციპით: „ვერ აკეთებს”, „აკლია”, „არ შეუძლია”) იწვევს იმას, რომ პოზიტიური დაჯგუფებისას სულ სხვადასხვა ჯგუფებს მივიღებთ.

12. რაოდენობრივი გაზომვა და ნეგატიური ნიშნით შეფასება მცდარია. ვიგოტსკი ფსიქომეტრიული სკალების გამოყენების წინააღმდეგია.

13. ფსიქიკური განვითარების დარღვევების მქონე ბავშვი განუვითარებელი კი არა, სხვაგვარად განვითარებულია.

14. კომპენსაცია არ გულისხმობს სხვა ორგანოს ანატომიურ გაუმჯობესებას; ეს არის ფუნქციური შესაძლებლობების გაზრდა გავარჯიშების გზით. ასე რომ არ იყოს, მაშინ, მაგალითად, რომელიმე ორგანოს დეფექტი თავისთავად გამოიწვევდა სხვა ორგანოს განვითარებას, მაგრამ ასე არ არის, ორგანო ვითარდება ფუნქციური თვალსაზრისით.

15. სოციალური მოთხოვნები აიძულებს ბავშვს, განავითაროს შემოვლითი გზები, აამოქმედოს კომპენსატორული მექანიზმები – „რაც არ მკლავს, მაძლიერებს”. კომპენსაციის პროცესი – ეს ბრძოლის პროცესია. ის შეიძლება დამთავრდეს გამარჯვებით ან დამარცხებით. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის როლი.

16. მართალია, გონებრივი ჩამორჩენილობა ინტელექტის უკმარისობაა, მაგრამ არამხოლოდ ეს! ბავშვმა არ იცის, არც შეუძლია და არც უნდა – აი, ეს ქმნის დაბრკოლებას.

17. ძნელი გასარკვევია, ინტელექტუალური შეფერხება იწვევს ნებისყოფის, მოთხოვნილებების (აფექტური სფეროს) ჩამორჩენას თუ პირიქით. ვიგოტსკის მიაჩნია, რომ ჯერ აფექტური სფერო აფერხებს ინტელექტუალურ განვითარებას და შემდეგ უკვე პირიქით, ინტელექტი – აფექტური სფეროს განვითარებას.

18. ინტერესს შეუძლია გახსნას გონება და პირიქით, ამიტომ მოტივაცია სწავლება/სწავლის პროცესში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავისთავად ნიჭიერება.

პერცეპტუალური დასწავლა და პედაგოგიური პრაქტიკა

0
პრაქტიკოსი პედაგოგები ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ დადგა დრო, ვიმსჯელოთ არა თეორიულ პედაგოგიკაზე, არამედ პედაგოგიურ პრაქტიკაზე, ამისთვის კი მნიშვნელოვანია განვიხილოთ პედაგოგის კონკრეტულ აქტივობათა დაგეგმვისა და განხორციელების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები.
პედაგოგის სწავლების მეთოდიკა კონკრეტული კლასისთვის მაქსიმალურად ეფექტური სწავლების მეთოდების შერჩევისკენაა მიმართული. ხშირად პრაქტიკოსი მასწავლებლები ორ პარალელურ კლასშიც კი ერთი და იმავე საგაკვეთილო მასალის სწავლებისას, კლასის საჭიროებიდან გამომდინარე, სრულიად სხვადასხვა მიდგომებსა და მეთოდებს იყენებენ.
სასკოლო სახელმძღვანელოები შედგება გაკვეთილებისაგან/პარაგრაფებისაგან, რომლებიც შეიცავს:

ვრცლად

ნამდვილი მკლავჭიდი, წესების დაცვით

0
მკლავჭიდის სიყვარულმა არ იცის არც დრო, არც სივრცე. სპორტის ეს სახეობა თავისი არსით საერთაშორისო და კოსმოპოლიტურია, რამდენადაც მასში ჩადებულია უზარმაზარი ბიოლოგიური აზრი – მკლავჭიდი ყველა მამაკაცს აძლევს საშუალებას, უმარტივესი გზით გამოავლინოს თავისი ძალა და ამით ზიანი არავის მიაყენოს.

სპორტის სახეობა არმრესტლინგი (იგივე მკლავჭიდი) კალიფორნიის ქალაქ პეტალუმას ერთ-ერთ ბარში დაიბადა 1961 წელს. მას შემდეგ ამ ქალაქში ყოველწლიურად იმართებოდა მსოფლიო ჩემპიონატი პროფესიონალ მკლავჭიდელთა შორის. ამ მოვლენის პატივსაცემად პეტალუმაში ძეგლიც კი დაიდგა.

მკლავჭიდის მამამთავრად პროფესიონალ ჟურნალისტ ბილ სობერანსს მიიჩნევენ. მან პირველმა დააფუძნა რისტრესტლინგის მსოფლიო კორპორაცია WWC, რომელიც დღეს თხუთმეტი ქვეყნის სპორტულ ფედერაციებს აერთიანებს.

როგორც სამოყვარულო, ისე პროფესიონალური შეჯიბრება საკმაოდ მარტივი და ღია წესებით იმართება. სპორტსმენები სპეციალურ მაგიდასთან დგებიან (წინათ მკლავჭიდელები მჯდომარენი პაექრობდნენ), ფეხებით მყარად ებჯინებიან იატაკს, ხელის მტევნებს კი მაგიდის შუაგულში ისე გადააჭდობენ ერთმანეთს, რომ რეფერიმ მათი ცერა თითების ფალანგები კარგად დაინახოს; ცალი ხელი იდაყვში აქვთ მოხრილი, თავისუფალი ხელით კი სპეციალურ პალოს ეჭიდებიან. ამასთან, სპორტსმენების ხელი მაგიდის კიდის პარალელურად უნდა იყოს მოთავსებული და არ სცდებოდეს საკონტროლო ხაზს. ისეც ხდება, რომ გადამეტებული ძალისხმევის შედეგად მკლავჭიდელებს ხელები უსხლტებათ. ამ შემთხვევაში მსაჯი მათ ხელის მტევნებს სპეციალური ქამრით უკრავს.
„ყურადღება, დაიწყეთ!” – ბრძანებას გასცემს მსაჯი და ორთაბრძოლა იწყება. ის, ვინც მოწინააღმდეგეს პირველი აიძულებს მაგიდაზე სპეციალურად მოთავსებულ ბალიშზე თითების, ხელის მტევნის ან წინამხრის დადებას, გამარჯვებულად ცხადდება. თუმცა გამარჯვებისთვის ისიც საკმარისია, თუ მეტოქე პირობით ჰორიზონტალურ ხაზს (ორ ბალიშს შორის) გადაკვეთს.

წესის დარღვევად ითვლება იდაყვის მაგიდიდან აცილება ან გაცურება, მაგიდის შუა ხაზის თავით, მხრებით გადაკვეთა, ასევე თავის ან მხრის მკლავზე შეხება ან ხელის მოკიდება. ჭიდილის დროს დაუშვებელია პალოდან ხელის აღება ან ფეხის იატაკიდან აცილება.

მკლავჭიდი ფიზიკურთან ერთად დაძაბული ფსიქოლოგიური ბრძოლაც არის, ამიტომ გამარჯვებისთვის საჭიროა, სრულყოფილად ფლობდე სპორტის ამ სახეობის ტაქტიკურ და ტექნიკურ ილეთებს, ანუ მკლავჭიდის სკოლას. ყველა ჩემპიონს საკუთარი ტექნიკა და ტაქტიკა აქვს.

მკლავჭიდის სკოლა პირობითად სამ ფაზად იყოფა. ესენია: სასტარტო პოზიცია, შეტევა და უპირატესობის გამოყენება. ნებისმიერი მკლავჭიდელის აზრით, ორთაბრძოლის ბედი თითოეული მათგანის ზედმიწევნით ცოდნამაც შეიძლება გადაწყვიტოს.

მაგალითად, ამ სპორტის ოქროს წესად მიიჩნევა სასტარტო პოზიციაში დგომის ისეთი მანერა, რომლის დროსაც მხარი და მკლავი უკიდურესად ახლოსაა ერთმანეთთან (ოღონდ არ ეხება). სხვათა შორის, სპორტსმენს ორთაბრძოლისას დამატებითი უპირატესობა გაუჩნდება, თუ სტარტის დროს ერთმანეთს შეუთავსებს საკუთარი სხეულის სიმძიმის ცენტრსა და ჩაჭიდების წერტილს და ოდნავ გადასწევს სხეულის მასის პროექციას დაჭიდებული მკლავის მხარეს). 

ყოველი პროფესიონალი მკლავჭიდელი ცდილობს, მსაჯის ბრძანებისთანავე წამის დაუკარგავად აიძულოს მოწინააღმდეგე, იმოქმედოს მისთვის სასურველი ტაქტიკით. ვიღაც მეტოქის საჩვენებელი თითიდან გასხლტომას ცდილობს და მას თავის ხელისგულს აფარებს („იერიში ზემოდა”); სხვა სასტარტო პოზიციიდან ამჯობინებს მტევნის ჩაზნექას და მეტოქის ხელის ნეკით მოქაჩვას („იერიში კაუჭით”), ზოგი კი არბიტრის ნიშნის გაგონებისთანავე მაჯაში მოხრილი ხელით მეტოქის ხელს წინ კრავს და შემდეგ თავისკენ ქაჩავს („იერიში მუჯლუგუნით”).

ნებისმიერ შემთხვევაში მკლავჭიდელმა უნდა მოახერხოს მეტოქის ხელის მაგიდის მხარეს 45-გრადუსიანი კუთხით დახრა, მერე კი მისი დანარცხება აღარ გაუჭირდება, მაგრამ აქ ერთი მთავარი პირობა უნდა გაითვალისწინოს – არ გადაამლაშოს და წარმატებით აღფრთოვანებულმა მთელი ძალით არ დაარტყმევინოს მეტოქეს მაგიდაზე ხელი, თორემ ასე შეიძლება მასაც მოსტეხოს კიდური და თავადაც დაშანდეს. ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა შეჯიბრების დროს.

მკლავჭიდელებს განსაკუთრებულად ახსოვთ 1987 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. ზუსტად შეჯიბრების დროს კინოკომპანია „უორნერ ბროზერსი” იღებდა მხატვრულ ფილმს „მთელი ძალით”, რომელშიც მთავარ როლს სილვესტერ სტალონე ასრულებდა. მთავარი პრიზი, 100 000 დოლარი და 250 000 დოლარად შეფასებული სატვირთო ავტომობილი „მერსედესი”, რომელსაც ფილმის გმირი იგებს, სინამდვილეში სწორედ ჯონ ბრზენკმა დაისაკუთრა.

ბიბლიოთეკა, რომელიც ემიგრანტებს გააერთიანებს

0
ქართული ემიგრაციის ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. ჩვენი თანამემამულეები არაერთი უძველესი სახელმწიფოს შუაგულში აღმოჩენილან. მეოცე საუკუნეს მოსახლეობის ქვეყნიდან გადინების რამდენიმე ტალღა ახსოვს. თავდაპირველად საქართველოს მოქალაქეები დაპყრობილი პირველი რესპუბლიკიდან ბოლშევიკურ აგრესიას გაექცნენ, მერე კი მშობლიური გარემოს მიტოვება მათ უმძიმესმა პოსტსაბჭოთა ეკონომიკურმა ვითარებამ აიძულა. წლებია, ევროპისა და ამერიკის უამრავ ქალაქში ათასობით ქართველი ცხოვრობს. მათი უდიდესი უმრავლესობა დამქანცველ ყოველდღიურ შრომას ეწევა. ეროვნული და სამოქალაქო იდენტობის შესანარჩუნებლად, გათიშულობის დასაძლევად ემიგრანტებს უმცირესი შანსი რჩებათ.

ჩვენი თანამემამულეები კავშირების გამყარებას საკვირაო სკოლების, დიასპორის კრებების, ადგილობრივი ეკლესიის, სამშობლოდან ჩამოსული საპატიო სტუმრების მასპინძლობისა და არაფორმალური შეხვედრების საშუალებით ცდილობენ, თუმცა ამგვარ ღონისძიებებს არ აქვს სისტემური ხასიათი, მათში ყველა სტაბილურად და ინტენსიურად ვერ მონაწილეობს. მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქალაქში თუ ნახავთ ქართული კულტურის სრულყოფილ ცენტრს. ამასთანავე, ხშირად თავს იჩენს გაუცხოება სხვადასხვა თაობის ემიგრანტებს შორის. ერთი სიტყვით, უცხო მიწაზე თვითორგანიზება, მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და სოლიდარობის გამოხატვა სერიოზულ წინააღმდეგობებთან არის დაკავშირებული.

მსოფლიოს ყველა დასახლებულ კონტინენტზე მიმოფანტული საქართველოს მოქალაქეები დიასპორების გასაძლიერებლად უფრო ეფექტური მეთოდების გამონახვას ცდილობენ. რამდენიმე კვირის წინ ტრადიციული ხერხის გამოყენება სცადეს ბავარიის დედაქალაქში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა. მიუნხენელმა ქართველებმა სამხრეთ გერმანიის უდიდეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრში შოთა რუსთაველის სახელობის ბიბლიოთეკის დაარსება გადაწყვიტეს. ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და რამდენიმე სხვა ორგანიზაციამ ემიგრანტთა ინიციატივას მხარი დაუჭირეს. გერმანიაში გასაგზავნად თბილისში ასობით წიგნი, ჟურნალი და პუბლიკაცია შეგროვდა. მასალები ეტაპობრივად გაიგზავნება ალპებით შემოსაზღვრულ რეგიონში და უახლოეს მომავალში მიუნხენის ბიბლიოთეკაც ამოქმედდება.

რა გამოარჩევს ევროპის შუაგულში დაფუძნებულ წიგნსაცავს?

მისი მთავარი ღირსება უცხო ქვეყანაში ქართულენოვანი ლიტერატურის ხელმისაწვდომობის ზრდაა. უამრავ ადამიანს მიეცემა მშობლიურ ენაზე ნებისმიერი თემატიკის წიგნის წაკითხვის შესაძლებლობა. ბიბლიოთეკა ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ქართულ სააზროვნო სივრცეში დაბრუნებას.

უმნიშვნელოვანეს ფუნქციად შეგვიძლია მივიჩნიოთ ის, რომ წიგნსაცავს სხვადასხვა ასაკის ემიგრანტების საერთო გარემოში თავმოყრის ძალაც შესწევს. თბილისიდან გასაგზავნ წიგნებს შორის ყველაზე პრეტენზიული და ორიგინალური გემოვნებისთვის შესაფერისიც მოიძებნება.

შეუძლებელია, ყურადღება არ გავამახვილოთ სასკოლო ასაკის ემიგრანტებზე. მშობლებს და საკვირაო სკოლის მასწავლებლებს ამიერიდან ხელთ ექნებათ მდიდარი ლიტერატურა, რათა ბავშვებს ინტერესი გაუღვივონ და უკეთ შეასწავლონ ქართული ენა.

შორეულ ქვეყნებში ქართული ბიბლიოთეკები ყოველდღე არ იხსნება. ემიგრანტები უმთავრესად სხვა ტიპის დაწესებულებებზე სვამენ აქცენტს. ამჯერად გერმანიაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა გაერთიანებისა და შეკავშირების გზად განათლების კერის ჩამოყალიბება დაისახეს. მინდა, თქვენთან ერთად ვუსურვო წარმატებები შოთა რუსთაველის სახელობის მიუნხენის ქართულ ბიბლიოთეკას. მხარდაჭერის გაძლიერების, ინიციატივების სიმრავლის შემთხვევაში ეგებ სხვა ქალაქებშიც დაიწყოს ცოდნის პატარა სახლების დაფუძნება.

ვგონებ, კარგის მეტს არაფერს მოგვიტანს, თუ ყოველთვის გვემახსოვრება ჩვენი მოვალეობა საზღვარგარეთ მცხოვრები და მომუშავე თანამოქალაქეების წინაშე.

რა ფაქტორები უწყობენ ხელს სწავლის მოტივაციის ამაღლებას

0
ვიდრე უშუალოდ დასმულ კითხვაზე გავცემდეთ პასუხს, მოკლედ განვიხილოთ, რა არის მოტივაცია და რა მნიშვნელობა აქვს მას სწავლა-სწავლების პროცესში.

მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტერმინია თანამედროვე პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. ის მოიცავს მოსწავლის ქმედებისა და ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და გარე (გარემო) სტიმულებზე საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ. საზოგადოდ, ადამიანის ქმედება უმეტესად მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული და მას განსაზღვრული მოტივები უდევს საფუძვლად. აქედან გამომდინარე, მოტივაცია შეიძლება განიმარტოს როგორც სასურველი მიზნის მიღწევისკენ მიმართული პროცესი.
პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გააზრება როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.
სწავლის მოტივაცია სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება. განვიხილავთ რამდენიმე მნიშვნელოვან შიდაპიროვნულ ფაქტორს, რომლებიც სწავლის მოტივაციას განაპირობებს:
1.ცნობისმოყვარეობა

ადამიანი ბუნებით ცნობისმოყვარეა. ის გამუდმებით ეძებს ახალ გამოცდილებას, თავსატეხს, ცდილობს, გადაჭრას ახალ-ახალი პრობლემები და ა.შ., რის შედეგადაც მას ისეთი უნარები და კომპეტენციები უვითარდება, რომლებიც ხელს უწყობს გარემოსთან ადაპტაციასა და შინაგანი წონასწორობის დამყარებაში.

სწავლა-სწავლება ყველაზე ეფექტურია მაშინ, როდესაც იგი მოსწავლის ინტერესებისკენ არის მიმართული. მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებს გაუღვიძოს ცნობისმოყვარეობა შესასწავლი საკითხის მიმართ. ცნობისმოყვარეობა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელი ფაქტორია და, ამდენად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სწავლა-სწავლების პროცესში. ის გონებას მიმართავს პასიურობიდან აქტიურობისკენ, ახალი იდეების აღმოჩენისა და ჰიპოთეზების წარმოდგენისკენ, ახალი მოვლენებისა და ფაქტების შემეცნებისკენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცნობისმოყვარეობა მოსწავლეს კვლევა-ძიებისკენ უბიძებს.

სასურველია, მასწავლებელმა მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას ნაცნობი გამოცდილების კონტექსტში, გამოიყენოს ისეთი სტიმულები, რომლებიც არ იქნება მათთვის სრულიად უცხო. საჭიროა ბალანსის დაცვა მოსწავლის უკვე არსებულ კოგნიტურ სქემასა და ახალი დავალების სირთულეს შორის _ წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოსწავლემ დაუძლევლად მიიჩნიოს ამოცანა და პასიურ მდგომარეობაში გადავიდეს.

მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს ცნობისმოყვარეობა აღუძრას: პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მიწოდებით; რეალური ფაქტის გაცნობამდე მასში წარმოდგენილ პრობლემურ სიტუაციაზე მსჯელობით; ვარაუდის გამოთქმაზე ორიენტირებული კითხვების დასმით; ახალი, უცნობი ფაქტებით; რაციონალური და ემოციური ფაქტორების თანხვედრით; მხატვრული ლიტერატურისა და ცხოვრებისეული მაგალითების გამოყენებით; ვიზუალური და აუდიომასალით; მოკლე ისტორიული ექსკურსით და ა.შ.

2.თვითრწმენა
თვითრწმენა მნიშვნელოვანი მოტივია სწავლისადმი პოზიტიური განწყობის შესაქმნელად. იმისთვის, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთოს, ის დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში და ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს დასახული მიზნის მიღწევაში. წარმატების განცდა მოსწავლეს, საზოგადოდ, ადამიანს ხშირად აღუძრავს სურვილს, აღმოჩნდეს მსგავს მდგომარეობაში, რაც თავისთავად იქცევა შინაგანი მოტივაციის განმაპირობებელ ფაქტორად.
როგორ განვუმტკიცოთ მოსწავლეებს თვითრწმენა?

ამისთვის მასწავლებელი უნდა ფლობდეს ინფორმაციას მოსწავლეების ცოდნის დონისა და კომპეტენციების, სასწავლო პროცესისთვის ხელსაყრელი თუ არასასურველი რწმენის შესახებ. მას შეუძლია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ნეგატიური რწმენის პოზიტიურით შეცვლას. საწყის ეტაპზე სასურველია, მასწავლებელმა მათ ისეთი დავალებები მისცეს, რომლებსაც იოლად დაძლევენ _ ეს უზრუნველყოფს მოსწავლეთა მიერ წარმატების განცდას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შესრულებული საქმიანობის ადეკვატურად შეფასება, მისი პოზიტიური მხარის აღიარება და საჭიროების შემთხვევაში _ კონსტრუქციული შენიშვნების მიცემა. სასწავლო პროცესი, რომელიც დაფუძნებულია ეფექტურ უკუკავშირზე, მოსწავლეს აგრძნობინებს საკუთარ პროგრესს და წარმატებას, თანდათანობითი სტიმულირება კი ხელს შეუწყობს მას, ობიექტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები და განიმტკიცოს თვითრწმენა.

თვითრწმენის განმტკიცება უშუალოდ უკავშირდება კომპეტენციების განვითარებას, რისი მიღწევაც შესაძლებელია მოსწავლეთა ინტერესებისა და ასაკობრივი განვითარების შესაბამისი დავალებებისა და სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით. ამგვარი სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლეთა მიერ სხვადასხვაგვარი გამოცდილების მიღებას. განვითარებული კომპეტენციები კი შემდგომ თავად იქცევა წამახალისებელ ფაქტორად და თვითრწმენის განმტკიცების საფუძვლად.
3. დამოკიდებულება

რა არის დამოკიდებულება?
დამოკიდებულება შეიძლება განიმარტოს როგორც ადამიანის მიერ მოვლენების, ფაქტების, იდეების, პიროვნებების და ა.შ. პოზიტიური ან ნეგატიური შეფასება. ის დამოკიდებულია გარე სამყაროს ინდივიდუალურ აღქმაზე და მომდინარეობს ადამიანის ფიქრებიდან, ემოციებიდან, გრძნობებიდან და გამოცდილებიდან. პირადი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას უმთავრესად ის გარემო, საზოგადოება, რელიგია, კულტურა და ტრადიცია განაპირობებს, რომელშიც ადამიანი იზრდება და ვითარდება. აქვე უნდა ითქვას, რომ დამოკიდებულების შეცვლაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი გარემო, სადაც ღირებულებების, კულტურული და საზოგადოებრივი ნორმების შეფასება-გადაფასება სულ უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, საინფორმაციო საშუალებები და სხვ. გამუდმებით ცდილობენ, შეცვალონ ადამიანის ფიქრები, ემოციები და განცდები ამა თუ იმ საკითხისა თუ მოვლენის მიმართ. აი, ამ რთულ ინფორმაციულ გარემოში მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა შეასრულოს გზამკვლევის როლი მოსწავლეთა პოზიტიური დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში.
ვიდრე უშუალოდ სწავლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულების განხილვას შევუდგებოდეთ, გავეცნოთ მის შემადგენელ კომპონენტებს, რომელთა გააზრებაც მასწავლებელს საშუალებას მისცემს, ადეკვატურად დაგეგმოს და გამოიყენოს შესაბამისი სტრატეგიები მოსწავლის პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოსაყალიბებლად.
დამოკიდებულება სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:

1. აფექტური კომპონენტი მოიცავს ადამიანის ემოციურ რეაქციას კონკრეტული ობიექტების მიმართ. ის გამომდინარეობს ადამიანის ემოციური გამოცდილებიდან. ასეთი დამოკიდებულება ლოგიკური აზროვნების შედეგი კი არ არის, არამედ ადამიანის შინაგანი მიმართებების, გრძნობებისა და განცდების გამოხატულებაა.

2. ქცევითი კომპონენტი კონკრეტულ ქმედებებში აისახება. მოსწავლემ არ იცის, მისაღებია თუ არა მისთვის კონკრეტული ქცევა, სანამ თავად არ გამოსცდის მას პრაქტიკაში. ასეთი დამოკიდებულება უმეტესად საკუთარ ან სხვების ქმედებებზე დაკვირვების შედეგად ყალიბდება.

3. კოგნიტური კომპონენტი ეფუძნება რაციონალურ გამოცდილებასა და ფაქტებს. ასეთი დამოკიდებულება საშუალებას აძლევს ადამიანს, მოვლენები, პიროვნებები, ფაქტები თუ მოსაზრებები შეაფასოს ლოგიკაზე დაყრდნობით, არსებული გამოცდილების საფუძველზე.
მნიშვნელოვანია ასევე, მასწავლებელმა იცოდეს, რომ მოსწავლეთა დამოკიდებულება გარკვეული საკითხების მიმართ და მათი ქცევა ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითად, ის, რომ მოსწავლე უმეტესად მომზადებული მოდის გაკვეთილზე, შესაძლოა სულაც არ ნიშნავდეს, რომ მას პოზიტიური დამოკიდებულება აქვს სწავლის მიმართ. მისი ეს ქმედება შესაძლოა სულ სხვა მოტივით იყოს განპირობებული _ დასჯის შიშით ან/და საჩუქრის მიღების დაპირებით. მასწავლებლის მთავრი ამოცანა კი ის არის, რომ მოსწავლეთა მოტივაცია მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლისა და განვითარებისკენ მიმართოს.
როგორ განვსაზღვროთ მოსწავლეთა დამოკიდებულება და როგორ შევუწყოთ ხელი სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას?

ამისათვის:

. შექმენით მოსწავლეთათვის უსაფრთხო სასწავლო გარემო;
. შეიტანეთ ურთიერთობაში მეტი სიცხადე და სიზუსტე;
. გამოიყენეთ ეფექტური კომუნიკაცია, როგორც ნდობის ჩამოყალიბების ინსტრუმენტი;
. მიეცით მოსწავლეებს აზრის თავისუფლად გამოთქმის საშუალება;
. გამოხატეთ პატივისცემა მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებებისა და იდეების მიმართ;
. შეეცადეთ განსაზღვროთ, დამოკიდებულების რომელი კომპონენტი უდევს საფუძვლად მოსწავლის შეხედულებას;
. ინდივიდუალური შესაძლებლობებიდან და პირადი ინტერესებიდან გამომდინარე, აქტიურად ჩართეთ მოსწავლე სასწავლო პროცესში და დაანახეთ საკუთარი მნიშვნელობა;
. მიეცით მოსწავლეებს საშუალება, მსჯელობითა და დისკუსიებით თავად განსაზღვრონ პირადი დამოკიდებულება სწავლის მიმართ; გაიაზრონ არსებული დამოკიდებულების გამომწვევი მიზეზები და ფაქტორები;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, როგორ დაეხმარებათ პოზიტიური დამოკიდებულება სასწავლო ამოცანების დაძლევასა და მათ მომავალ წარმატებაში;
. მათ უნდა იმსჯელონ იმის შესახებ, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ნეგატიურმა დამოკიდებულებამ მათ განვითარებასა და მომავალზე;
. წაახალისეთ ისინი, რათა განუმტკიცდეთ თვითრწმენა.
4. მოთხოვნილებები

მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები შესაძლოა ერთმანეთისგან მეტად განსხვავებული იყოს. ამის შესახებ ყველაზე ცნობილ კლასიფიკაციას ამერიკელი ფსიქოლოგი აბრაჰამ მასლოუ გვთავაზობს. ის ადამიანის მოთხოვნილებათა ხუთ კატეგორიას გამოყოფს: 1. ბიოლოგიური (კვების, წყურვილის დაკმაყოფილების, ძილის…) მოთხოვნილებები; 2. უსაფრთხოების (სტაბილურობის, დაცულობის განცდის…) მოთხოვნილება; 3. კუთვნილებისა და სიყვარულის (ოჯახის, გუნდის, ურთიერთობების, ემპათიის…) მოთხოვნილება; 4. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემისა და აღიარების (ამა თუ იმ სტატუსის ქონის, წარმატების, რეპუტაციის მოპოვების…) მოთხოვნილება; 5. თვითრეალიზაციის მოთხოვნილება.
მასლოუს მოთხოვნილებათა იერარქიულ მოდელში ბიოლოგიური, ანუ საბაზისო მოთხოვნილებები ყველაზე დაბალ საფეხურზე განიხილება, ხოლო პიროვნების განვითარებისა და საკუთარი თავის რეალიზაციის მოთხოვნილებები _ ყველაზე მაღალ საფეხურზე. განათლების მიზნები ორიენტირებულია უფრო მაღალი მოთხოვნილებების ყოველდღიურ აუცილებლობად ქცევაზე. მოსწავლეებს ისეთი უნარები და დამოკიდებულებები უნდა ჩამოუყალიბდეთ, როგორიც არის გუნდურად მუშაობის უნარი, სოციალური აზროვნება, სხვისი აზრის მოსმენა და გაზიარება, თვითრეალიზება და ა.შ.
რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთა მოთხოვნილებების დადგენას სწავლის მოტივაციისთვის?

ეფექტური სწავლება მოსწავლეთა მოტივაციის დონეზეა დამოკიდებული. მასლოუს იერარქიის მიხედვით, სწავლის მოთხოვნილების განმსაზღვრელი შეიძლება განსხვავებული დონის მოტივაცია იყოს. მაგალითისთვის მივუბრუნდეთ ზემოთ განხილულ სიტუაციას, რომელიც სწავლის მიმართ მოსწავლის დამოკიდებულებას ეხებოდა. მოსწავლის მიერ დავალების კარგად შესრულება შესაძლოა განპირობებული იყოს: დასჯის შიშით, საჩუქრის მიღების დაპირებით, აღიარების მოთხოვნილებით, ინტერესით და სხვ.

მასწავლებელმა ეფექტური და შედეგზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვისთვის უნდა შეძლოს მოსწავლეთა საჭიროებებისა და მოთხოვნილების დადგენა, განსაზღვროს, იერარქიის რომელ საფეხურზეა მოსწავლე და რა მოტივები უდევს საფუძვლად სწავლას. შედეგად მან უნდა შეიმუშაოს ადეკვატური სტრატეგიები, რითაც უზრუნველყოფს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა აქტიურ ჩართვასა და მათი მოტივაციის ამაღლებას.
როგორც განხილული ფაქტორებიდან ჩანს, მოტივაციის წყაროები მრავალფეროვანია და თითოეული მათგანი გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და მათ წარმატებაში. თუ გსურთ, ხელი შეუწყოთ მოსწავლეთა სწავლის უნარის განვითარებას, ამისთვის აუცილებელია მოტივაციის პრინციპების გააზრება და სასწავლო პროგრამების შედგენისას, ასევე _ უშუალოდ სასწავლო პროცესში მათი გათვალისწინება. ეს საშუალებას მოგცემთ, მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე დაყრდნობით შექმნათ ეფექტური და შემოქმედებითი სასწავლო გარემო და უზრუნველყოთ სასწავლო პროცესში თითოეული მოსწავლის აქტიური და ხალისიანი ჩართვა.

სასკოლო განათლება ახალ ზელანდიაში

0
ახალ ზელანდიაში ბავშვები სკოლაში 5 წლის ასაკში მიჰყავთ. მანამდე ისინი საბავშვო ბაღში (Pre-school) დადიან. საბავშო ბაღში სწავლა ფასიანია და საკმაოდ ძვირიც, რის გამოც ბევრ მშობელს შვილები ბაღში არ დაჰყავს, თუმცა განსაზღვრული კატეგორიის ოჯახებს (ახალგაზრდა ან სტუდენტი წყვილები, დაბალშემოსავლიანი ოჯახები) ბაღის გადასახადს სახელმწიფო უხდის.

ახალ ზელანდიაში 400-ზე მეტი სკოლაა. მათი უმრავლესობა სახელმწიფოა, სადაც უცხოელ მოსწავლეებს იშვიათად იღებენ. კერძო სკოლა-პანსიონები კი უმთავრესად სწორედ უცხოელებზეა გათვლილი. არსებობს რელიგიური სკოლებიც. ახალ ზელანდიას, ისევე როგორც მის მეზობელ ავსტრალიას, საკმაოდ მაღალი დონის სასკოლო განათლება აქვს, ამიტომ ამ ქვეყნის საჯარო და კერძო სკოლებს შორის დიდი განსხვავება არც არის.

სკოლები ახალ ზელანდიაში დაწყებით (Primary School, 5-10 წელი), საშუალო (Intermediate School, 10-11 წელი) და დამამთავრებელ (High School 12-18 წელი) კლასებად იყოფა. ტიპური ახალზელანდიური სკოლა შედგება მთავარი შენობისგან (სადაც განთავსებულია ოფისები – დირექტორის, დირექტორის მოადგილის კაბინეტები, სამასწავლებლო, ბიბლიოთეკა და მისთ.) და მცირე სახლებისგან, სადაც საკლასო ოთახებია. უფროსკლასელებს მეცადინეობა მთავარ შენობაშიც შეუძლიათ. სკოლების მფლობელობაშია ასევე სპორტული მოედნები (კალათბურთის, ჩოგბურთის, ფეხბურთის) და საცურაო აუზი.

ამ ქვეყნის სასკოლო განათლების სისტემა ძალიან ჰგავს დიდი ბრიტანეთისას, თუმცა ახალი ზელანდიის სკოლებში უფრო მოქნილი პროგრამაა. სკოლის შემდეგ უნივერსიტეტებში ჩარიცხვაც მარტივად ხდება. მაგ., ინგლისური სკოლებისგან განსხვავებით, აქ არ არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა ამა თუ იმ კლასში სასწავლებლად – საკუთარი მომზადების დონიდან გამომდინარე, მოსწავლეს შეუძლია, მაღალი კლასების პროგრამა ერთ ან რამდენიმე წელიწადში გაიაროს.

სკოლაში სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე ბავშვი მშობელთან ერთად მიდის სკოლაში. მას აცნობენ სკოლის ცხოვრებას, სხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და ა.შ. ამრიგად, ახალბედას ყოველგვარ პირობას უქმნიან უმტკივნეულო ადაპტაციისთვის. პირველივე დღეებიდან თითოეულ მოსწავლეს ეძლევა წიგნი შინ წასაკითხად. თავდაპირველად ეს საკმაოდ მარტივი ტექსტებია, მერე და მერე რთულდება. წიგნები დაყოფილია დონის მიხედვით და სხვადასხვა ფერისაა – ყვითელი, მწვანე, ცისფერი, წითელი და ა.შ. ზოგიერთი მოსწავლე წარმატებით ეუფლება კითხვის ტექნიკას და ხშირად 2-3 წლის მასალის დაძლევაც არ უჭირს.

სკოლებში სწავლა დილის ცხრიდან ნაშუადღევის სამ საათამდე მიმდინარეობს, მაგრამ პირველკლასელები სწავლის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მხოლოდ პირველ საათამდე სწავლობენ. მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ სრული პროგრამით სწავლა.

ახალ ზელანდიაში სკოლა ვალდებულია, მოწაფეები შვიდი წლიდან მიიღოს. მას ხუთი წლის ბავშვების ჩარიცხვის უფლებაც აქვს, მაგრამ თუ პირველი ოთხი კვირის განმავლობაში ნათელი გახდება, რომ ბავშვი არ არის მზად სწავლისთვის (ტირის, სახლში წაყვანას ითხოვს, ტუალეტში დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, მასწავლებლებს ეურჩება და სხვა), მშობლებს რეკომენდაციას აძლევენ, ის სკოლიდან გაიყვანონ.

სკოლაში ჩასარიცხად სხვა საბუთებთან ერთად ითხოვენ ცნობას იმის შესახებ, რომ ბავშვს გაკეთებული აქვს ყველა საჭირო აცრა. გარდა ამისა, ივსება სპეციალური ანკეტა, სადაც მითითებულია ბავშვის ინტერესები. ხსენებულ ანკეტაში, მაგ., ისეთი საინტერესო ნიუანსიც კია შეტანილი, როგორიცაა: „რა სახელით სურს ბავშვს მიმართონ?” მოსწავლეს სრული უფლება აქვს მოითხოვოს, რომ მასწავლებელმა მას დაუძახოს, მაგ., „ნინიკო” და არა „ნინო”; „შოკა” და არა „შორენა”; „ლიკუნა” და არა „ლიკა”; „თაკო” და არა „თამარ” და ა.შ. – და მას მთელი სწავლების განმავლობაში მართლაც ასე მიმართავენ. უფრო მეტიც – მოსწავლის კარადას, მერხს და მისთვის განკუთვნილ ყველა სხვა საგანს მის სახელს სწორედ ამ ფორმით აწერენ.

სკოლები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ბავშვის ყოველმხრივ განათლებას. სასწავლო პროგრამები იმგვარადაა დაბალანსებული, რომ მოიცავს როგორც აკადემიურ საგნებს, ისე სპორტულ წვრთნებს, ასევე მუსიკისა და სხვადასხვა სახელოვნებო გაკვეთილებს. კლასებში ცოტა მოსწავლეა – არა უმეტეს 15-ისა, რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, თითოეულ მათგანს ინდივიდუალურად მიუდგეს და ქმნის შესანიშნავ პირობებს მასალის მაქსიმალური ათვისებისთვის. ყველა სკოლა აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიებით და უსადენო ინტერნეტით.

ახალი ზელანდიის სკოლებში ნიშნებს არ წერენ. უფროსკლასელებს ტესტური დავალებების შესრულების შემდეგ ატყობინებენ მხოლოდ შეცდომების რაოდენობას. მოსწავლეები იღებენ მხოლოდ წლიური შეფასების ანგარიშებს. მთელი წლის განმავლობაში მოსწავლის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მასწავლებლებს შეაქვთ სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებში, რომლებსაც მოსწავლის მოსწრების გამოთვლა და შესაბამისი რეზიუმეს გაცემა შეუძლია. ეს არის გრაფიკული ინფორმაცია კითხვასთან, წერასთან, მათემატიკასთან და სხვ. დაკავშირებული მოსწრების შესახებ. არავითარი დღიურები, მშობელთა ხელმოწერები და მისთანები. მშობელთა კრებები ახალი ზელანდიის სკოლებში თითქმის არ იმართება. ხდება მხოლოდ ინდივიდუალური შეხვედრები მასწავლებელთან წელიწადში ერთხელ ან ორჯერ. ამ შეხვედრაზე მასწავლებელი მშობელს აჩვენებს, რა გააკეთა მისმა შვილმა მთელი წლის განმავლობაში, აცნობს ბავშვის წარმატებებს და მიუთითებს, რას უნდა მიაქციოს მან მეტი ყურადღება. მასწავლებელი არასოდეს ეტყვის მშობელს, რა „არაფრის მაქნისი” და „ზარმაცი” შვილი ჰყავს მას, როგორც ეს საბჭოთა სკოლების მშობელთა კრებებზე ხდებოდა; პირიქით – მუდამ ეცდება, ბავშვის ძლიერ მხარეებზე გაამახვილოს ყურადღება.

მოსწავლეს სწავლის პროცესში საკმაოდ დიდი თავისუფლება აქვს მინიჭებული. მაგ., მას შეუძლია, უნებართვოდ ადგეს და გავიდეს საკლასო ოთახიდან, თუ, მაგ., ჯდომით დაიღალა. შესაძლოა ვინმემ იფიქროს, რომ „ნებაზე მიშვებული” ბავშვი კარგად ვერ ისწავლის, მაგრამ ახალ ზელანდიაში ასე არ არის; მოსწავლეთა მოსწრებაზე ეს გარემოება უარყოფით გავლენას არ ახდენს. კარგ ამინდში მეცადინეობა ხშირად ღია ცის ქვეშ ტარდება.
დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სპორტულ აღზრდას. თითქმის ყველა სკოლას აქვს, მაგ., საკუთარი აუზი. ბავშვებს ცურვას ხუთი წლიდან ასწავლიან. მესამე კლასიდან მათ შეუძლიათ, სხვა წრეებზეც იარონ, მუსიკა იქნება ეს, ცეკვა თუ ხატვა. ეს ყველაფერი უფასოა.

უცხო ენებს დაწყებითი კლასების შემდეგ ასწავლიან. ახალზელანდიურ სკოლებში ყველაზე მეტად ფრანგულის, იაპონურისა და ესპანურის სწავლებაა გავრცელებული. მაგრამ ამ ქვეყნის სკოლების თავისებურება ისიც არის, რომ აქ დიდი რუდუნებით ასწავლიან ჟესტურ და მაორის ენის საფუძვლებს. მაორი ახალი ზელანდიის აბორიგენების ენაა, რომელიც მეორე სახელმწიფო ენად არის გამოცხადებული ინგლისურის შემდეგ.

ახალი ზელანდიის სკოლებში (ისევე როგორც საბავშვო ბაღებში) ბავშვებს საკვები თავად მოაქვთ შინიდან. სკოლებში ბუფეტი ან სასადილო, როგორც ასეთი, არ არსებობს. მოსწავლეს შეუძლია, სკოლის ოფისის მეშვეობით შეუკვეთოს მზა საკვები, რომელსაც ოპერატიულად მიუტანენ. მენიუში შედის პიცა, სუში, ბაგეტი საქონლის ან ქათმის ხორცით, სენდვიჩები და სხვა. როცა სადილის დრო მოდის, ბავშვები საკლასო ოთახში ან სკოლის შენობის გარეთ მოწყობილ მაგიდებთან მიირთმევენ. ზოგიერთი ბალახზეც კარგად სადილობს. სასადილო შესვენება საკმაოდ ხანგრძლივია – ნახევარი საათი, ზოგჯერ მეტიც. ასე რომ, ბავშვები თავისუფლად ასწრებენ როგორც სადილს, ისე თამაშს.

სასკოლო ფორმის ტარება ყველა მოსწავლისთვის სავალდებულოა. ეს სიამოვნება მშობლებს არცთუ იაფი უჯდებათ. ყველა სკოლას აქვს ინდივიდუალური ფორმა საკუთარი ემბლემით, ფერით და ა.შ. ამასთან, არსებობს საზაფხულო და საზამთრო ფორმები.

ახალი ზელანდიის სკოლები საკმაოდ პოპულარულია უცხოელებს შორის. ეს ქვეყანა ყოველწლიურად 30 000 უცხოელ მოსწავლეს იღებს. აქ მათ უსაფრთხოება, ცხოვრების მაღალი დონე და ეკოლოგიურად სუფთა გარემო იზიდავთ.

კითხვის დასმის სტრატეგიები ნაწილი I

0
წინამდებარე სტატიაში გაგაცნობთ კითხვის დასმის სტრატეგიებს. ამ სტრატეგიების გამოყენება მასწავლებელს საშუალებას მისცემს, მოსწავლეებს ანალიზისა და შეფასების უნარი განუვითაროს და სწავლის მოტივაცია აუმაღლოს. ამავე დროს, კითხვის დასმის სტრატეგიები პედაგოგს მოსწავლეთა ობიექტურ შეფასებაში დაეხმარება. 
როგორ ვისწავლოთ კითხვის დასმა

კითხვები საჭიროა იმისთვის, რომ უკეთ შევძლოთ გარე სამყაროში ორიენტირება. ალისონ კინგის თქმით, „მას, ვისაც შეუძლია კითხვის დასმა, შეუძლია აზროვნებაც”, ხოლო „კარგი კითხვა” ისაა, რომელიც ალტერნატიული პასუხების შესაძლებლობას იძლევა. კითხვის დასმა პრობლემის ფორმულირების საშუალებას წარმოადგენს.

ჩვენს მოსწავლეებს შორის გაბატონებულია აზრი, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე არსებობს „სწორი პასუხი” და თუ კარგად ისწავლეს, დასმულ კითხვაზე პასუხს ყოველთვის იპოვიან. სწორედ ამგვარი მიდგომა ბადებს მოსწავლეებში უსიამოვნო განცდას, როდესაც ისინი ვერ ახერხებენ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემას. ამიტომ საჭიროა იმ წესების დაცვა, რომლებიც ამგვარ პრობლემას აგვარიდებს:

ფრანკფურტი 2013, ნაწილი მეორე

0
სამი წლის წინანდელი ჩემი ფრანკფურტული შთაბეჭდილებები „ლიტერატურულ გაზეთში” დავბეჭდე ამასწინათ, არადა მინდოდა, ცოტა ხანს შემენახა, დამეძველებინა და მერე მიმეჩინა შესაფერისი ადგილი – ან გაზეთის ფურცლებზე, ან სანაგვეში. ახლა ვრწმუნდები, რომ ცხელ კვალზე გამოქვეყნებას თავისი მნიშვნელობა აქვს – განცდები და ემოციები ცოცხალია და ბევრ რამესაც უცვლელად ტოვებ, რასაც წლების შემდეგ გადაამუშავებდი მაინც, თუ არ ამოიღებდი საერთოდ. მაშ ასე, განვაგრძოთ:
8) ჩამოსვლიდან მეორე-მესამე დღე იყო მგონი. ერთმა ტაქსისტმა, თავის კოლეგებზე თუ ზოგადად მთელ ქვეყნიერებაზე შემომწყრალმა, მიგვიყვანა კი არადა, ლამის მიგვანარცხა სასტუმროს კედლებს. მეორემ კი, ქალმა, იმდენი გვლანძღა მე და ნუნუკა ოდილავაძე, მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და თან ჩავეტანე – სადაურები ხართო, მერე ასეთი კარგი ქვეყნიდან ჩამოსულებს ასეთ საშინელ სასტუმროში რა გინდათ, ბოზებით და ნარკომანებით გავსებულია იქაურობაო. თუ სხვა გეძვირებოდათ, ხარისხიანი ხომ მაინც იყო, ახლა იაფი გადაიხადეთ და ქაქში იხრჩობითო. მერე, როცა დანიშნულების ადგილს ვერ მიაგნო, ამაზეც მოგვდგა, – ღმერთო, რა საშინელი დღე მაქვს, ვშრომობ, წრეებს ვურტყამ, ოფლში ვიღვრები და ჩემი დამშვიდება მაინც არ იქნაო. ირანელი გამოდგა, სამშობლოდან დიდი ხნის წინ წამოსული. ნუნუკამ დაუყვავა, მეზობლები ვყოფილვართო. შევატყვე, რომ იმასაც ესიამოვნა, მაგრამ რაღა დროსი იყო: მანამდე კი გამოგვიყვანა წირვა. 

9) შორენა ლებანიძისა და გიორგი კაკაბაძის მიერ ფიროსმანზე დაწერილი წიგნების პრეზენტაცია – დამსწრე აუდიტორიის დიდი ნაწილი ისევ ქართველები ვართ. ეს წინა „ივენთებზეც” შეიმჩნეოდა. ბევრს გაუკვირდა, ზოგმა უკმაყოფილებაც გამოთქვა. მათიც მესმის, მაგრამ უცხოელი გამომცემლებისა და საავტორო უფლებათა აგენტების დაუწყება-მოპატიჟებაზე თავიც რომ მოიკლა, ჯერჯერობით რეალობა მაინც უცვლელია: საქართველოს არ იცნობენ როგორც დამოუკიდებელ, საკუთარი ენისა და დამწერლობის, კულტურისა და მწერლობის ქვეყანას. აქ ჩვენგან დამოუკიდებელი ბევრი მიზეზი და გარემოება შეიძლება აღინიშნოს, მაგრამ ჩვენც გვმართებს ხელის გამოღება. ფრანკფურტის 2017 წლის ბაზრობაზე რომ საქართველომ ღირსეული მასპინძლობა გასწიოს, მთავარ ენებზე თარგმნილი 200-მდე წიგნი მაინც უნდა გვქონდეს, რასაც უამრავი პროფესიონალი მთარგმნელისა და რედაქტორის თავაუღებელი შრომა სჭირდება. ამის თაობაზე ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაც გაიმართა კულტურის სამინისტროს, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის წარმომადგენლებს, გამომცემლებსა და მთარგმნელებს შორის, რომელიც იმ ძირითადი საკითხების განხილვას დაეთმო, ქართული წიგნისა და ლიტერატურის პოპულარიზაციას რომ ეხება.    
 

10) დაღლილ-დაქანცული ვაღებ ჩემს ოთახს, შუქს ვანთებ და ტელევიზორს ვრთავ. აქამდე არ გამხსენებია მისი არსებობა, მაგრამ ახლა თითქოს ხელზე ამაცოცდა შავი პულტი. რად გინდა, რას ნახავ, რას გამორჩები – პუტინი არ ჩანს ეკრანზე? პუტინის დანახვაზე ხშირად ის დღე მახსენდება, 2008 წლის 11 აგვისტო, თითქმის დაცარიელებულ ზუგდიდში ზურაბ ცხონდიას სახლს რომ მივადექი. არ გამკვირვებია, უფრო გამიხარდა, მაშინათვე ვუთხარი, რა კარგია, რომ არსად წასულხართ-მეთქი. სახლს როგორ დავტოვებდიო. მერე ჩამოვჯექით და წამიერი დუმილის შემდეგ, – „კრავაპიცი! ეს რა გააკეთეს, ბიჭო!” – ხმას უწევს თანდათან, მარჯვენა ხელი შემართული აქვს ჰაერში, – „არადა, ღამეები მაქვს დათენებული რუს ფილოსოფოსებზე: ბერდიაევ, შესტოვ, სალავიოვ, როზანოვ, ტრუბეცკოი – წყალში ჩამიყარეს ყველაფერი!” ვზივარ გატრუნული, მთელი დღეა ქალაქში ტანკები მიდი-მოდიან. ზურაბი სავარძლიდან წამოდგება: „მარა დედის ძუძუ რომ არ უწოვია, იმ კაცს რა გინდა მოსთხოვო?!”

11) გიუნტერ გრასის ტრილოგიის წარდგინებაზე ჩვენი ყოფნის შესახებ იმავე დღესვე შეიტყო წიგნისმოყვარულმა ქართულმა საზოგადოებამ. აი, რას წერდა მემატიანე: „ის საოცარი მომენტი, როდესაც ახალი ნობელიანტის ალის მუნროს წიგნის ძიებაში მე და ზვიადი ჰოლ 3.1-ში წავედით. ერთ-ერთ სტენდთან ისეთი ხალხმრავლობა იყო, იქ გავლა თითქმის შეუძლებელი ჩანდა, მხოლოდ ხმა ისმოდა, რომელიც გერმანულ ენაზე რაღაც ტექსტს კითხულობდა. ზვიადმა თქვა, რომ ასეთი ხალხმრავლობა ფრანკფურტში 2010 წელს მხოლოდ გიუნტერ გრასის პრეზენტაციაზე ჰქონდა ნანახი. როგორც იქნა ხალხის ნაკადიდან გამოვაღწიეთ. მე ვთქვი, მგონი ეს ისევ გიუნტერ გრასია-მეთქი. ზვიადმა არ დამიჯერა. ცოტა გავიარეთ და მერე მაინც უკან მოვბრუნდით ამ ამბის დასაზუსტებლად. ეს ბუნჩულა, ულვაშიანი მოხუცი მართლაც რომ გიუნტერ გრასი აღმოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ უკან ვბრუნდებით გიუნტერ გრასის ავტოგრაფიანი მისივე ტრილოგიით და ამ ფოტოებით. დღეს დიდი დღეა!” (გვანცა ჯობავას ფეისბუქ-სტატუსი, რომელსაც ახლდა „თაგი” და „ჩექ-ინი”, და რომელმაც უხვად მოიტანა „ლაიქები” და კომენტარები).
12) სასტუმროსკენ გვიან საღამოს მომავალი კაიზერშტრასეზე ერთ სცენას შევესწარი: ქუჩის კუთხეში მდგომი ქალი და კაცი ერთმანეთს გაცხარებით ელაპარაკებოდნენ. განსაკუთრებით ქალი ვერ იკავებდა თავს, ყვიროდა, კაცისკენ იწევდა, მერე უკან იხევდა, ისევ იწევდა, წინ და უკან, წინ და უკან, დამფრთხალიც და გააფთრებულიც. კაცი გაფითრებული იყო, სიტყვას თუ შეუბრუნებდა ხმამაღლა, რომ მისკენ შემართული ქალის ვნებები დაეოკებინა. შორიდან ვუყურებდი და მიკვირდა ქალის სიძლიერეც და სისუსტეც ერთსა და იმავე დროს. თითქოს სადაცაა ძაფი უნდა გამწყდარიყო, ზღვარი უნდა წაშლილიყო, მაგრამ ბოლო წუთას ორივე იკავებდა თავს, ორივე ფრთხილობდა, ეტყობა ბოლომდე არც ერთს არ ემეტებოდა ერთმანეთი. მერე გაჩუმდნენ, ერთი-ორი ხმამაღალი სიტყვაც გაისმა გერმანულად, მუქარის თუ საყვედურის მსგავსი. ქალი გაბრუნდა და ჩქარი ნაბიჯით გადაკვეთა ქუჩა. კაცი გაეკიდა, სულ ახლოს, ფეხდაფეხ მიჰყვა, მხარზე ხელი გადახვია, ქალმა მოიშორა, კაცი არ მოეშვა, ისევ გადახვია მხარზე ხელი. ლამპიონებისა და ყვითლად აბრდღვიალებული ბანერების შუქზე კარგად ჩანდა ერთი სიმაღლის ორი ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ, რამდენიმე საუკუნის დაგვიანებით, ერთად განეცადა მთელი შექსპირი და ჰომეროსი – ეჭვი, უნდობლობა, ლტოლვა, სიყვარული, სიძულვილი, შერიგება… და ახლა, ამ ვნებებისგან დამუხტულიც და მათზე გამარჯვებულიც, თითქოს ერთ სხეულად მიუყვებოდა კაიზერშტრასეს ნაწვიმარ ქუჩას.  
სამი წლის წინანდელი სტუმრობისგან განსხვავებით, წელს პირდაპირ თბილისში არ ვბრუნდებით. გზას ჯერ სტრასბურგისკენ ვაგრძელებთ, მერე – ამსტერდამისკენ. იქაურ ამბებს სხვა დროს მოვყვები. ასე ჯობია, თორემ რაც ამ ჩემი თავგადასავლების წერა დავიწყე, მეჩვენება, რომ სანამ მე კუთხეში მიმჯდარი ამეებზე ვფიქრობ, სცენას ერთმანეთის მიყოლებით ტოვებენ ის ეპიზოდები, რომელშიც უნდა მეცხოვრა.

ძალადობა მოზარდებში ანუ რატომ არის სპილო უჩინარი

0

„ყველა ბავშვი ერთიმეორეზე უარესია, დედიკომ მითხრა, და ამიტომ აღარ ვეთამაშები მათ, ისინი საშინელი ადამიანები არიან”, – მომდევს მეოთხეკლასელი ანდრო და თან თავის ამბებს მიყვება, „იცი რა, მე არ მიყვარს ისინი, მათ მე მცემეს”. ვცდილობ გავიგო, რატომ, მაგრამ არ მიმხელს: „საიდუმლოა, ვერ გეტყვი””, – და ისევ გარბის.

მეორედ ანდროს ისევ სტადიონთან, ბავშვებთან ვხედავ, ბიჭებს წიხლებს ურტყამს და თანატოლ ლუკას სახეში გამეტებით აწნავს სილას. ბიჭს ლოყაზე გამეტებით მოქნეული ხელის ანაბეჭდი ემჩნევა. მას მეგობარი ესარჩლება და ანდროს უყვირის: „იცი, ლუკას მამა ვინ არის? ადვოკატია და აგერ ნახავ, თუ არ მიგასამართლოს ციხეში, შე ეშმაკო!” „მართლა ეშმაკია ეს!” – ყვირიან ბიჭები. გორგოლაჭებიანი გოგონა მარიამი, რომელიც იქვე ზის, ანდროს მშვიდად უხსნის: „თუ არ მოგწონს ეს ბავშვები, წადი, სხვაგან ითამაშე”. ანდრო დახტის, მაისურს აწვალებს, ბავშვებს მაინც ვერ შორდება, მერე შორიდან ქვებს ისვრის, ბოლო გარბის და ავტოფარეხის სახურავზე ჯდება. იქ კარგა ხანს რჩება.

„ყველა პატარა ბიჭუნა პოტენციური უფლისწულია”, – მახსენდება ჩემი მეგობრის სიტყვები და ვადარებ ანდროს დედის ნათქვამს: „ყველა ბავშვი ერთმანეთზე უარესია”. როგორც ჩანს, ანდრომ დაუჯერა დედას, რომელმაც, სამწუხაროდ, კვალიფიციური რჩევა ვერ მისცა შვილს იმის თაობაზე, როგორ მოეგვარებინა კონფლიქტი. დედას, ალბათ, ჰქონდა მიზეზი, მიეცა ასეთი რჩევა – მას სურდა, დაეცვა შვილი ხელახალი ძალადობისგან, მაგრამ ამ გაფრთხილებით მან ანდროსა და სხვა ბავშვებს შორის კონფლიქტი უფრო მეტად გააღრმავა. გადატანილი ძალადობა კი უკვალოდ არ დედისგან ფსიქოლოგიურად წახალისებული ანდრო საკუთარი თავის მოძალადესთან იდენტიფიცირებას ახდენს, ძალადობის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით, ფიზიკური თუ ვერბალური შეურაცხყოფით, ცდილობს შური იძოს გადატანილი დამცირებისთვის და ღირსება აღიდგინოს.
ფსიქოლოგი, GCRT წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის წარმომადგენელი მაია ცირამუა, რომელიც ბავშვთა საკითხებზე მუშაობს, ასეთ ფაქტებს ჩვენი კულტურისთვის ტიპობრივად მიიჩნევს: „სამწუხაროდ, ძალადობრივი ქცევის საუკეთესო გაკვეთილებს მოზარდები საკუთარ ოჯახებში იღებენ, სადაც ხშირად ასეთი მაგიური, ძალადობრივი წრეა შეკრული – მამა ძალადობს დედაზე, დედა პოულობს განტევების ვაცს შვილის სახით, შვილი ჩაგრავს თავისზე უმცროს და-ძმას (ან აწვალებს ცხოველებს) და ა.შ. თუმცა წრე ფართოვდება და ბავშვი ეძებს მსხვერპლს გარეთაც – თანატოლებს შორის. 

ძალადობა ქცევის არა მხოლოდ კარგად დასწავლილი, არამედ უმეტესად დეკლარირებული, „ლეგიტიმური” ფორმაა. „თუ დაგარტყეს, შენც უნდა დაარტყა, თავი არავის დააჩაგვრინო, ლაჩარი ხომ არ ხარ?” – ესეც სტერეოტიპული მიდგომაა; მშობელი, ნაცვლად იმისა, შვილს ასწავლიდეს პრობლემის კონსტრუქციული მოგვარების სტრატეგიას, ზოგჯერ მედიატორის როლსაც ასრულებდეს ან ცდილობდეს, დაანახვოს ბავშვს თავისი წილი პასუხისმგებლობა კონფლიქტურ სიტუაციაში, ქმნის სამყაროს, თანატოლების, პედაგოგების მტრულ ხატებს: „არავინ დაგინდობს, მუდამ მზად უნდა იყო…” ამას ბავშვის ქცევის გართულებამდე მივყავართ. თავს იჩენს შიში, საკუთარი არასრულფასოვნების განცდა, რომელიც ხშირად აგრესიული ქცევით კომპენსირდება. აგრესიულ გამოვლინებას გარემოდან შესაბამისი პაუხი მოჰყვება და ბავშვი აქაც მოჯადოებულ წრეში ექცევა. თანატოლებმა ის გარიყეს მასტიგმატიზირებელი სახელით „ეშმაკი”,ასეთ იარლიყებს კი ხშირად ერთგვარად მაგიური ძალა აქვს, კიდევ უფრო ამძიმებს ბავშვის ქცევას და ფაქტობრივად შეუქცევადი პროცესი იწყება.

ბულინგი, თანატოლთა შორის ძალადობა, დღეს ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზულ კვლევას მოითხოვს. ასევე მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო სივრცეში ანტიბულინგური პროგრამების შექმნა და ამოქმედება, რაც სფეროს სპეციალისტებს გამოწვევის წინაშე აყენებს”.
კითხვაზე, როგორ უნდა გაუმკლავდნენ ამ პრობლემას სასწავლო დაწესებულებები, მაია ცირამუა გვაპსუხობს: „სამწუხაროდ, სკოლა აქ უძლურია, ის ან არასწორად ერევა პროცესში, ან საერთოდ იგნორირებას უკეთებს ფაქტს, ან ყველაფერი ბავშვის სკოლიდან გარიცხვით სრულდება. ზოგჯერ საქმე მშობლების დაპირისპირებამდეც კი მიდის. ორი წლის წინ ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ასეთი ამბავი მოხდა – დედა, რომელიც გაბრაზებული იყო შვილის თანაკლასელზე, სკოლაში მივიდა მასთან „საქმის გასარჩევად”, 11 წლის გოგონა დამრიგებელთან ერთად გარეთ გაიყვანა, ჩაიყვანა სკოლის სარდაფში, სადაც ნაკლები ხალხია და დამრიგებელთან ერთად „გაუსწორდა” მას – მუქარით, ღირსების შემლახავი დამოკიდებულებით, უცენზურო სიტყვებით. გოგონამ, ცხადია, ამის შედეგად ძლიერი ტრავმა მიიღო, ფაქტობრივად, იძულებული გახდა გასცლოდა სიტუაციას და სხვა სკოლაში გადავიდა”.
მაია ცირამუას გამოსავლად მიაჩნია სკოლაში პროფესიონალი სოციალური მუშაკის, მანდატურის ან ბავშვთა უფლებების დამცველის არსებობა, რომელიც ასეთ შემთხვევებზე იმუშავებს, ერთგვარი მედიატორის ფუნქციას შეასრულებს კონფლიქტურ სიტუაციებში და მოზარდებს, რომლებსაც ეს თუ ის ქცევითი ან ემოციური დარღვევა აქვთ, ფსიქოლოგთან გადაამისამართებს.
„ამჟამად განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მანდატურის სამსახურთან თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში არსებობს ფსიქოლოგიური ცენტრები, რომლებიც რთულ ქცევით დარღვევებზე მუშაობს, თუმცა არ ვიცი, აქვს თუ არა ამ სამსახურს სკოლებში მედიაციის ჩატარების პრაქტიკა ან სკოლის მანდატურს – სათანადო პროფესიული უნარები. ვიცი, რომ ამჟამად მანდატურის სამსახურის რებრენდინგი მიმდინარეობს. იმედს ვიტოვებ, სამომავლოდ თქვენ მიერ აღწერილის მსგავსი შემთხვევების მართვა შესაძლებელი იქნება მულტიდისციპლინური მიდგომებით”, – ამბობს ის.

ამასობაში კი გაეროს ბავშვთა ფონდი(UNICEF)  საგანგაშო დასკვნას ავრცელებს, რომლის თანახმადაც ქართველების 60 პროცენტი ბავშვის ძალადობრივი აღზრდის მომხრეა. გარემო, სადაც ბავშვები იზრდებიან, მტრული და აგრესიულია. თითქმის ყველგან – ოჯახში, ბაღში, სკოლაში თუ ქუჩაში – აგრესია ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რომლისთვისაც წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთული და ხშირად დაგვიანებულიცაა. ამ პრობლემებთან ბრძოლა კი სერიოზული გამოწვევაა მთელი საზოგადოებისთვის, რათა ყველამ ერთად, თანაბარი ძალისხმევით ვცადოთ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი ჰუმანური საზოგადოების შექმნაში, განსაკუთრებული როლი კი ამაში მაინც ოჯახსა და სკოლას ეკისრებათ.

 

ფონეტიკა რუსული ენის გაკვეთილზე

0
მასწავლებლებთან შეხვედრისას მშობლები ხშირად გამოთქვამენ საყვედურს იმის გამო, რომ საათების მწირი რაოდენობა, ახალი ენის დაწყება მე-7 კლასიდან შედეგის მიღებას ართულებს. აღშფოთება განსაკუთრებით იმატებს, როდესაც ისეთ ნიუანსებზე ვიწყებთ საუბარს, როგორიცაა ლექსიკასა და ფონეტიკაზე მუშაობა. მეთოდისტებს მიაჩნიათ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როდის დაიწყება უცხო ენის სწავლება – მასწავლებლის ხელოვნება ის არის, რომ შეძლოს ენის სწავლების დონეების, ასაკობრივი შესაძლებლობებისა და სწორი მეთოდიკის შერწყმა, იცოდეს, რამხელა ნაბიჯებით, რა დოზით მიაწოდოს სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს ერთი და იგივე საკითხი.

ამჯერად შემოგთავაზებთ მოსაზრებებს ფონეტიკის სწავლების საკითხების შესახებ. 

·საჭიროა თუ არა ფონეტიკის საკითხების შეტანა გაკვეთილზე? როდის? რა დოზით? როგორ?
·რომელ ფონეტიკურ საკითხებზე მუშაობა უნდა დავიწყოთ უპირველესად? 
·როდის, როგორ და რამდენ ხანს უნდა ვიმუშაოთ ინტონაციაზე? 
·საჭიროა თუ არა, გაკვეთილზე მოსწავლეებმა იკითხონ ხმამაღლა და რისთვის?
·როგორ განვუვითაროთ მოსწავლეებს „ფონეტიკური სმენა”?

ფონეტიკის განხილვა სამი ასპექტის გათვალისწინებით ხდება: ენობრივი სტრუქტურის პოზიციიდან, მეტყველების ფუნქციონირებისა და კომუნიკაციის პოზიციიდან. ცხრილში მოყვანილია ფონეტიკაზე მუშაობის პრობლემები და მათი მოგვარების გზები.

N

პრობლემა

პრობლემის გადაწყვეტა

1.

Какие фонетические
ошибки должны устраняться в первую очередь?

 

Должны
устраняться ошибки, и в первую очередь фонологические, так как они мешают
пониманию, например, твердость и мягкость согласных.

 

2.

Надо ли
объяснять, как образуется звук, или достаточно одной имитации?

 

Хорошо, когда
имитация сопровождается объяснением, рисунками, так как не все
ученики способны услышать разницу в
произношении родного и изучаемого языка.
Хотя,
разницу в произношении учащиеся
быстрее услышат, если преподаватель произнесет,
например, английскую фразу с русским акцентом.

 

3.

Какова
последовательность работы над звуком?

В первую очередь
даются звуки, близкие в русском и родном языках, затем те, которых нет в
родном, и потом те, которые в родном отличаются от русских
.

4.

Как работать над
интонацией?

Работа над интонацией требует,
во-первых, знакомства с интонационными конструкциями, во-вторых, большой
работы с позиции коммуникации.

5.

Какой
фонетический акцент допускается?

Такой
фонетический акцент, который не мешает пониманию речи
.

6.

С чего начинать
работу над звуком (с произношения или с аудирования)?

Различение звуков
вначале вырабатывается на уровне аудирования, а затем переносится на
произношение. Рекомендуется постоянно проводить
работу
на аудирование.

 
რა ხარვეზებს ვაწყდებით ლექსიკაზე მუშაობის დროს

1. მოსწავლეები თითქმის არ მუშაობენ აუდირებაზე, შემოიფარგლებიან მხოლოდ მასწავლებლის მოსმენით. მეტ დროს უთმობენ წერით სავარჯიშოებს. ნაკლებად იმეორებენ მოსმენილს.

2. მასწავლებელი არ აკონტროლებს წარმოთქმას ფინალური შეფასების დროს.

3. აუდირება გაკვეთილზე გამოიყენება იშვიათად ან არალეგულარულად.

4. ფონეტიკაზე მუშაობა ხდება სიტუაციიდან გამომდინარე. მასწავლებელს არ აქვს გააზრებული და დაგეგმილი ამ ტიპის დავალებათა თანამიმდევრობა დონეების მიხედვით.

5. გაკვეთილზე ნაკლებად არის გამოყენებული სიმღერები და ლექსები, რაც ხელს შეუწყობდა სწორი რითმიკისა და ინტონაციის ჩამოყალიბებას.


გთავაზობთ სავარჯიშოების ნიმუშებს. 

Упражнения, тренирующие и развивающие фонетический слух учащихся.

1.Слушайте и опознавайте звук (подчеркните в тексте, поднимите карточку с этим звуком).

2.Слушайте пары слогов (слов), отмечайте знаком + (плюс) одинаковые слоги (слова) и — (минус) разные.

3.Записывайте знакомые слова, которые услышите в потоке речи.

4.Слушайте слова (фразы), отметьте в тексте, каким словам (фразам) они соответствуют.

5.Слушайте текст, одновременно читая его, вписывайте в текст пропущенные слова.

6.Слушайте и определяйте тип ИК, в зависимости от этого поставьте в конце предложения точку, вопросительный или восклицательный знак. 



Упражнения, направленные на выработку правильной артикуляции звуков и интонирования.

1.Слушайте и повторяйте про себя.

2.Слушайте и повторяйте вместе с преподавателем (диктором).

3.Слушайте и повторяйте в паузы.

4.Слушайте, читая.

5.Слушайте, повторяйте, читая.

6.Слушайте, повторяйте, записывайте на магнитофон. Сравнивайте свое произношение с произношением диктора (преподавателя).

7.Слушайте, пишите (диктанты).

8.Читайте в транскрипции и записывайте свое произношение на кассету.

9.Слушайте. Ставьте ударения.


Упражнения с коммуникативной установкой

Выполняются на заключительном этапе работы и являются по сути коммуникативными заданиями устных видов речевой деятельности: говорения и слушания. То же самое можно сказать и о видах контроля.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...