სამშაბათი, აგვისტო 19, 2025
19 აგვისტო, სამშაბათი, 2025

რატომ უყვართ ბავშვებს სკოლა?

0
„ნამდვილად გაუგებარია, სწავლების თანამედროვე მეთოდებმა აქამდე  სრულად როგორ ვერ გაანადგურეს წმინდა მაძიებლური ცნობისმოყვარეობა. ამ პატარა ნაზ მცენარეს სტიმულაციაზე მეტად თავისუფლება სჭირდება. მის გარეშე იგი წყვეტს განვითარებას და იღუპება”. ა. აინშტაინი

მეოცე საუკუნის ბოლოს  ამერიკელმა  ფსიქოლოგებმა ერთმანეთს შეადარეს 102 სკოლის რამდენიმე სხვადასხვა მონაცემი (აკადემიური წარმატება, მე – კონცეფცია, ცნობისმოყვარეობა, შფოთიანობა, კონტროლის ლოკუსი, კოოპერაცია და სხვა ). შედარებით კვლევაში მონაწილეობა ათასმა მასწავლებელმა  და ათასობით მოსწავლემ მიიღო.  აღმოჩნდა, რომ ტრადიციული სკოლისგან  განსხვავებით, ჰუმანისტური, პიროვნებაზე ცენტრირებული სკოლების ფასილიტატორი მასწავლებლის მოსწავლეები:

·მეტად ეკონტაქტებიან მასწავლებელს და ერთმანეთს, მეტ შეკითხვებს სვამენ;
·უფრო ინიციატივიანები არიან;
·მეტ დროს ანდომებენ  საკუთარი სასწავლო ამოცანების გადაჭრას, კოგნიტურ ფუნქციონირებას  (უფრო მეტად ცდილობენ სააზროვნო სტრატეგიების დაუფლებას, ვიდრე დამახსოვრებას );
·ნაკლებად აცდენენ მეცადინეობებს;
·უფრო მაღალი თვითშეფასებით ხასიათდებიან;
·უფრო მაღალი აკადემიური წარმატებებით გამოირჩევიან ყველა სასწავლო საგანში;
·უფრო შემოქმედებითები არიან;
·კოგნიტურთან ერთად, გამოირჩევიან აფექტური სფეროს განვითარებითაც და სხვა.
თვითონ მასწავლებლები :

· მეტად არიან ორიენტირებულები  ინდივიდუალურ, დიფერენცირებულ და შემოქმედებით  მიდგომაზე;
· მეტ ყურადღებას აქცევენ ბავშვის განცდებს;
·ხშირად  მართავენ მოსწავლეებთან დიალოგს;
·სასწავლო პროცესის დაგეგმვის მიზნით მოსწავლეებთან თანამშრომლობენ;
·მუშაობისას ითვალისწინებენ მოსწავლეთა შეხედულებებს;
·ხშირად იღიმიან გაკვეთილზე და სხვა.

 შედეგები ერთგვარად მოულოდნელი აღმოჩნდა თვითონ  მკვლევრებისთვისაც – ჰუმანისტურ სკოლებში ბავშვებს უყვართ  სწავლა!  მოსწავლეები ამის მრავალ მიზეზს ასახელებენ. მათ გამონათქვამებში ასახული ოპტიმიზმი გააზრებულ ახსნას მოითხოვს.  მკვლევრებმა სცადეს კიდეც მისი ახსნა.

    რა თავისებურებებით ხასიათდება ის სასწავლო გარემო, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს განვითარდეს და თანაც ხალისიანი და ბედნიერი იყოს? რა დასკვნები შეიძლება გაკეთდეს ამ კვლევაში მონაწილე მოსწავლეების გამოცდილებიდან? მკვლევრებმა რამდენიმე ასპექტი გამოყვეს:

1.მოსწავლეებს სურთ, რომ მათ ეპყრობოდნენ ნდობითა და პატივისცემით. მოვიტანთ რამდენიმე გამონათქვამს: „ყველა მასწავლებელი პატივს გვცემს და ჩვენც ასევე ვიქცევით”;  „ისინი კი არ ლაპარაკობენ, არამედ  გველაპარაკებიან, ზემოდან  არ გვიყურებენ”; „მასწავლებელი გვენდობა, იცის, რომ ჩვენ ამ სამუშაოს ისე შევასრულებთ, როგორც შეგვიძლია”; „მასწავლებელი კი აღნიშნავს, რომ ეს გარკვეული რისკია, მაგრამ საჭირო და სასარგებლო. მოსწავლეს უნდა ენდო. სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლის დევიზია: განათლება არის რისკი, რომ ენდო”;

2. მოსწავლეებს სურთ თავი იგრძნონ სასკოლო ოჯახის წევრებად. მკვლევრები მიუთითებდნენ , რომ სიტყვა „ოჯახს” სკოლის მიმართ თითქმის ყველა მოსწავლე იყენებს: „ისინი ისე გვეპყრობიან, თითქოს ოჯახში ვიყოთ”; „მე ეს სკოლა ავირჩიე და არც ვნანობ, თითქოს სახლში ვარ…”; ერთ-ერთი მშობელი კი ამბობს: „მომწონს   „საგანმანათლებლო ოჯახის” იდეა, სადაც მასწავლებელსა და მოსწავლეთა შორის კონტაქტი მჭიდროა, პარტნიორულ  და ურთიერთპატივისცემის იდეაზეა დაფუძნებული,  უპირობო სიყვარული  და მხარდაჭერა მოვალეობასთანაა შერწყმული”.

3. მოსწავლეებს სურთ, რომ მასწავლებლები დამხმარენი იყვნენ.  „ჩემს მასწავლებლებს ყოველთვის აინტერესებთ, რითი ვარ დაკავებული, ისინი ყველას მიმართ ყურადღებიანები არიან”. მკვლევარი წერს, რომ ერთ-ერთი მოსწავლე მის შეკითხვაზე, თუ  როგორ ახერხებს მასწავლებელი 140 მოსწავლეს ყოველდღიურად გაესაუბროს, პასუხობს – “ძალიან ძნელია. დღის ბოლოს  მათ  სახეზე აწერიათ, რომ დაღლილები არიან, მაგრამ მზად არიან დაგეხმარონ”.

4. მოსწავლეებს სურთ ჰქონდეთ პასუხისმგებლობა. „მინახავს სკოლის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა  ღონისძიებაში,  დისკუსიაში, სიტყვით გამოდიან კრებებზე, კონფლიქტურ სიტუაციებში… მონაწილეობენ ყველა ღონიძიებაში, რაც სასკოლო ცხოვრებას ეხება და სადაც მათი მონაწილეობა საქმეს წაადგება. ასეთ დროს სკოლის ადმინისტრაცია და მასწავლებლები პატივისცემას გამოხატავენ მათ მიმართ, წაახალისებენ საკითხისადმი მათ აქტიურ დამოკიდებულებას (ნაწყვეტი კვლევის ანგარიშიდან). ერთ-ერთი მოსწავლე კი ამბობს: „ თუ მასწავლებლებმა ასწავლეს  და აგრძნობინეს მოსწავლეებს, რომ ამ სამყაროში მათ თავიანთი  ადგილი აქვთ, მაშინ მოსწავლეს უჩნდება სურვილი მეტი გაიგოს – ისწავლოს როგორ იცხოვროს უკეთ”.

5. მოსწავლეებს სურთ თავისუფლება და არა ყველაფრისუფლება. ამ ორ რამეს ისინი კარგად არჩევენ. მათ მიაჩნიათ, რომ აუცილებელია სტრუქტურის მოქნილობა, რათა პრობლემები თავიდან იქნას აცილებული. „მიმაჩნია, რომ ჩვენი თავისუფლება უფრო მეტად თვითგამოხატვის საშუალებაა და არა ჩვენი უწესობის ან თვითკონტროლის უქონლობის გამოხატულება. ჩვენი თავისუფლება – ეს საკუთარი თავის გამოხატვის თავისუფლებაა”, – ამბობს მოსწავლე.

6. მოსწავლეებს სჭირდებათ ადგილი, სადაც მათ  საქმე გააერთიანებთ. საერთო მიზნების მიღწევა წარმოუდგენელია თბილი, მასწავლებელ-მოსწავლეს შორის თანამშრომლობითი გარემოს არსებობის გარეშე. ყველა იმ სკოლაში, სადაც მოსწავლეს უხარია ყოფნა, არსებობენ მოსიყვარულე ადამიანები, რომლებიც მზრუნველობას სხვადასხვა სახით ავლენენ. მაგ, ერთ-ერთ სკოლაში დამლაგებელს თავისი რუბრიკაც კი აქვს სასკოლო გაზეთში, სადაც მისი სურვილებია გამოთქმული. ერთ-ერთმა მოსწავლემ  მკვლევარს უთხრა: „მასწავლებლები ჩემზე ზრუნავენ, მეხმარებიან არა მარტო თავიანთ საგანში, არამედ სხვა საგნებშიც და პირადი პრობლემების გადაჭრაშიც  კი. სხვა სკოლაში  საგნის მასწავლებელი მეუბნებოდა, რომ არ აინტერესებს სხვა საგანში რა მდგომარეობა მაქვს, მთავარია მის საგანს ვსწავლობდე…  ჩვენთან ასე არაა…”

7. მოსწავლეებს სურთ მასწავლებლი, რომელიც დაინტერესებულია მათი წარმატებით და არა მარცხით.  ერთ-ერთი მოსწავლე მკვლევარს უყვება: „ჩემი  მასწავლებელი საშუალებას არ მაძლევს დავმარცხდე, ისეთი რთული მდგომარეობიდან გამოვუყვანივარ, რომ მეგონა, აღარაფერი მიშველიდა. მოვა ჩემთან, შემეკითხება, გაარკვევს რა მიჭირს, დამეხმარება, დამატებით მამეცადინებს და ბევრს ისეთ რამეს ჩამიტარებს, რაც არც კი ევალება. არა მარტო მათემატიკის ამოცანების ამოხსნაში მეხმარება, არამედ აინტერესებს, მე როგორ ვაკეთებ ამას, რას ვფიქრობ ამოცანაზე. როცა მას „ფანჯარა” აქვს, შემიძლია ვთხოვო დახმარება და უარს არ მეტყვის, დამელაპარაკება ოჯახურ პრობლემებზეც კი, მომისმენს”. ერთმა სპეც./სკოლის („ცუდი ქცევის” ) მოსწავლემ მკვლევარს მოუთხრო იმის შესახებ,  თუ როგორ წაახალისა ის მასწავლებელმა წარმატებისკენ და ააცილა ციხის გზას: „მან შანსი მომცა. როდესაც რაიმეს არასწორად ვაკეთებდი, ის ნებას მრთავდა კვლავ და კვლავ მეცადა, ვიდრე არ გამომივიდოდა. მოთმინებით ელოდა ჩემს წარმატებას, ასეთი შანსი ბევრ მოსწავლეს არ აქვს, მე გამიმართლა. ასეთ დროს ბევრი მასწავლებელი გაჩქარებს, გიყვირის, საერთოდ არ გელაპარაკება, ან შეიძლება კლასიდანაც გაგაძევოს. ჩემი მასწავლებელი კი არასოდეს მაძლევდა საშუალებას დავნებებულიყავი”. მასწავლებლის  ასეთი დამოკიდებულება კიდევ უფრო ღირებულია „ცუდი ქცევის” მოსწავლეების მიმართ. კ.როჯერსი წერს: “ერთი კოლეგა ციხის სკოლაში ასწავლიდა. მან მითხრა, რომ აღმოაჩინა 3 სერიოზული მიზეზი, რის გამოც პატიმრები ვერ ახერხებენ გაარღვიონ დანაშაულისა და სასჯელის წყეული წრე: 1. ყველა მათგანს აქვს წაკითხულის გააზრების  პრობლემა, რაც ხელს უშლით სოციალური წარმატების მიღწევაში; 2. მათ ვერ გაიხსენეს მასწავლებლები, რომლებიც ადამიანურად ეპყრობოდნენ; 3. ყურადღების ცენტრში მხოლოდ მაშინ ხვდებოდნენ, როცა პრობლემებს ქმნიდნენ.….. საუკეთესო საშუალება დანაშაულის ტალღის შესაჩერებლად, რომელმაც წალეკა ჩვენი ქვეყანა, სკოლების გაადამიანურება შეიძლება აღმოჩნდეს და არა ახალი ციხეების აშენება”, – ასკვნის ის.

8. მოსწავლეებს სურთ ჰქონდეთ არჩევანი, თქვენ წარმოიდგინეთ, სასწავლო პროგრამის შერჩევისასაც კი, ოღონდ სასკოლო ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში. მათ სურთ სრული თავისუფლება, მაგ. ფაკულტატური მეცადინეობის, წრეების  შერჩევისას. აი, რას ყვება სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე: „ჩემს სკოლაში ყველა  მოსწავლეს საშუალებას აძლევენ ყოველ ოთხშაბათს, დილით, 2 საათი პატარებთან იმუშაოს საბავშვო მუზეუმში და მერე დაბრუნდეს სკოლაში. ჩემთვის ეს ძალიან სასარგებლოა,  მიყვარს ბავშვებთან მუშაობა და ბევრ რამეს ვსწავლობ, ვემზადები მათთვის საინტერესო ამბების მოსაყოლად. ზოგი მოსწავლე ბაღში მიდის, ზოგი მუნიციპალიტეტში, ვისაც სად მოსწონს იქ დადის და ყველა კმაყოფილები ვართ. ამ საქმიანობაში ჩასართავად ვემზადებით, გავდივართ გასაუბრებას. ჩვენ ეს ძალიან მოგვწონს”. 

   მკვლევრებმა მოსწავლეებს დაუსვეს რამდენიმე შეკითხვა: 

1. თქვენ საუბრობთ თავისუფლებაზე, რას გულისხმობთ მასში? მოვიტანთ კვლევაში მონაწილე მოსწავლის გამონათქვამს: „ ეს  არის, თუ შეიძლება ასე ითქვას,  გაკონტროლებული თავისუფლება, რომელიც დაცულობის განცდას გიქმნის. როცა უფლებას გაძლევენ  და გეხმარებიან თვითონ გაიგო, რაც ძალიან სასარგებლო და სასიამოვნოა”. 

2. რით გამოირჩევა თქვენი სკოლა?  „აქ ბევრი რამ უკავშირდება თვითშეფასებას. ყველას გვეუბნებიან რა პოტანციალის მატარებლები ვართ და გვეხმარებიან მის განვითარებაში”; „მასწავლებლები და მოსწავლეები გვერდიგვერდ ვდგავართ”; „დისციპლინის პრობლემა არ გვაქვს, მოსაწყენად არ გვცალია, ბევრი საინტერესო საქმე გვაქვს საკეთებელი”.

3. როგორ ხდება თქვენი შრომის შეფასება?  „ჩვენი ნამუშევრები ფასდება, შეიძლება წარუმატებლობა გელოდეს, მაგრამ დიდი ბედნიერებაა იმის განცდა, რომ ეს არც შენთვის და არც სხვისთვის კრახი არ არის. მასწავლებელი კი არ ჩაგისაფრდება რაში გამოგიჭიროს, არამედ  წინასწარ გაფრთხილებს ამ მოსალოდნელი უსიამოვნების შესახებ  და გეხმარება, გვერდით გიჯდება, გელაპარაკება, მიგითითებს და შენც შეცდომის გამოსწორების შანსი გეძლევა”.

4. უფროსკლასელები რაიმე პასუხისმგებლობას გრძნობთ კლასში  ახალგადმოსული მოსწავლეების მიმართ? „რასაკვირველია, ისინი სხვა სკოლებიდან მოდიან. ვეკითხებით მათ – საიდან, რატომ მოვიდნენ. ვუხსნით, რომ არაფერი განსაკუთრებულის კეთება არ არის საჭირო, უბრალოდ, უნდა იყვნენ ისეთები, როგორებიც არიან. და ეს ყველას მოსწონს”.

5. რა პასუხს შემოხაზავდით სკოლაზე: „ვერ ვიტან სკოლას”; „არც მიყვარს, არც მეჯავრება”; „სკოლა კარგია”; „სკოლა მიყვარს”.  „პირადად მე, არც კი გავჩერდებოდი ამ სკოლაში,  რომ არ მიყვარდეს. მე და ჩემს თანაკლასელებს ამ თემაზე ხშირად გვისაუბრია, სკოლა მიყვარს მეც და ჩემს მეგობრებსაც”.
  

SOL – თვითორგანიზებადი სწავლა – მეორე ნაწილი

0
სტატიის პირველ ნაწილში შემოგთავაზეთ ზოგადი ინფორმაცია Weingarten-ის (ვაინგართენი) პედაგოგიური სკოლის მიერ შემუშავებული თეორიის შესახებ, რომელიც სწავლისადმი სისტემურ მიდგომას ეხებოდა. იქვე აღვნიშნეთ, რომ ამ მიდგომის გამოყენება შესაძლებელია როგორც 45–წუთიან გაკვეთილზე, ასევე რამდენიმეკვირიანი პროექტების დროსაც. როგორ განვახორციელოთ იგი პრაქტიკაში? როგორ შევქმნათ ისეთი სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავად შეძლებენ საკუთარი სწავლის ორგანიზებას? ამისათვის აუცილებელია დაცული იყოს შემდეგი წინაპირობები: 

რა აცვია მასწავლებელს…

0
ჩემი პირველი მასწავლებელი ქვრივი იყო და შავი კაბები ეცვა. იმ ფერადი ასოებისა და ფერადი ციფრების სურნელში, რომელიც საკლასო ოთხში იდგა, მისი შავი კაბების უცნაური სიმძიმე კიდევ უფრო მძაფრდებოდა და ზოგჯერ მეგონა, ეს კაბები ნაჭრის კი არ იყო, შავი კვამლივით ჰქონდა შემოხვეული ტანზე და სუნიც ისეთი დამწვარი შეშის დგებოდა ზოგჯერ, ხველა შეიძლებოდა აგვარდნოდა, თუ ახლოს დაუდგებოდი… მიუხედავად ყველაფრისა, ეს არ იყო საშიში ამბავი ჩემთვის. მე მომწონდა მისი სადა შავი ტანსაცმელი, რადგან ამ სიშავის მიღმა რაღაც მაშინ აუხსნელი იდუმალება იდგა და გულსაკლავი სიმართლე იმის შესახებ, რომ დიდობა ცოტათი საშიშია და უკიდეგანოდ საინტერესო. თვითონაც შავგვრემანი ქალი იყო. შავი თმებითა და მუქი თვალებით. თითები ჰქონდა ოდნავ მსხვილი და მუდამ ისეთი თბილი, შეხების გარეშეც რომ ხვდები – თბილია… მე იგი მიყვარდა და მეგონა ჯადოქარი, რადგან მეჩვენებოდა, რომ რასაც გაეკარებოდა, ყველაფერი შავთეთრდებოდა თითქოს. და ეს არ იყო დეპრესიული სიშავთეთრე. ეს იყო მატყუარა ფერებს მიღმა მდგარი სიმართლის დანახვება. 
პირველად სწორედ მან აღმომაჩენინა, რომ ფეიერვერკებს, დღესასწაულებსა და ხმაურიან ბედნიერებათა მიღმა დგას რაღაც სხვა, ძალიან ჩუმი, მართალი სამყარო, სადაც ყველაფერი ისეთივე ოდნავი სევდითაა დამძიმებული, როგორც ნისლი – წყლით. სულ მეგონა, რომ ფერად კაბებში სხვანაირი იქნებოდა. ისიც სხვებივით უნებური მატყუარა, რომ სიცოცხლე მხოლოდ ხმაურია. ამ კაბებმა კი ტანში შეუტანეს მთავარი სიმართლე სამყაროზე და ეს სიმართლეც ყოველი უჯრედით მიიღო ამ ქალმა, თორემ შავკაბიანი ბევრი მინახავს მანამდეც და მას მერეც, მაგრამ მაგრამ ამხელა სათქმელი შეეტანოს კაბის ფერს ტანში, არასდროს მინახავს. ყვირილი რომ არ შეეძლო და არც ხმამაღალი სიცილი, ესეც ამ კაბების ამბები იყო. არ მახსენდება ამ უცნაურ ზღვარს მიღმა გადაედგას თუნდაც ნაბიჯი და ან ამახარხარებელი სიხარულით ავსებულიყოს, ან ამაკივლებელი სიბრაზით. მეც მუდამ მშვიდი ვიჯექი მის წინ: არც მხიარული, არც მწუხარე და არც უგრძნობელი. პირიქით, იმ ჯადოსნურ სამყაროში, რომელსაც ეს ქალი ატარებდა და რომლითაც ასხვაფერებდა ირგვლივ ყველაფერს, იმხელა ემოცია იდგა, იმდენი უწყინარი სიგიჟე, რომ ლექსების წერა დამაწყებინა.
 ეს ლექსები ჯერ მხოლოდ ნივთებსა და მოვლენებში იდგნენ მღვრიედ და გაურკვევლად და სიტყვათა უძლურების გამო არც ჩქარობდნენ ფურცლებზე მიფენას. რას ლაპარაკობდა არ მახსოვს. არც შენიშვნა მახსოვს მისგან, არც – შექება. არც ის, როგორ ხსნიდა გაკვეთილს და საერთოდ, ამ ქალთან დაკავშირებული ამბები მუნჯი კინოკადრებივით მიდგას მეხსიერებაში. 
ერთხელ, არ ვიცი თავბრუ დაეხვა თუ რა მოხდა, წაბორძიკდა, სკამს ჩაეჭიდა, სკამი აყირავდა, ჩანთა ამოპირქვავდა, იქიდან უამრავი ნივთი ამოიყარა და მთელ კლასში მიმოიფანტა საშინელი ხმაურით. მე მომეჩვენა, რომ ჩანთიდან კი არა, ტანიდან ამოეყარა რაღაც ისეთი მთავარი, რაც სიცოცხლეს ნიშნავს. მეგონა მოკვდა!… არ მომკვდარა. ახლაც ცოცხალია. არ ვიცი მის გამოა თუ არა, რომ წლების შემდეგ, მე თვითონ გავხდი მასწავლებელი. ამაზე პასუხი არ მაქვს, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, რომ რატომღაც ეს ქალი საერთოდ არ გამხსენებია მასწავლებლობის დროს. მხოლოდ ერთხელ, როცა მესამეკლასელმა ლიკა ცინაძემ მომწერა წერილი, მაშინ გამახსენდა იგი. ლიკას წერილი კი ასეთი იყო: “თქვენ დღეს ხართ ძალიან ლამაზი, რადგან გაცვიათ ყვითელი ჯემპრი და გიკეთიათ ყვითელი საყურე. მე მიხარია, როცა ხართ ლამაზი. ელენე მეუბნება ჩემზეც მისწერეო. ამასაც უხარია ფერადი რაღაცეები რომ გაცვიათ ხოლმე. ჩვენ გვრცხვენია, რომ ეს მოგწერეთ”.

ეძღვნება ქეთის და სხვა გოგონებს, რომლებიც მოიტაცეს

0
თხელი, სიფრიფანა გოგო იყო. ჩემზე ერთი წლით უმცროსი იქნებოდა. ჩუმი, უპრეტენზიო და მარტოსული. ხომ არიან მარტოსული თოჯინები, რატომღაც არც მეგობრები ჰყავთ, სადმე კუთხეში დგანან ან ფრთხილად ჩამოჯდებიან ხოლმე, თავდახრილები ფრთხილად დააბიჯებენ, კონტაქტში თითქმის არავისთან შედიან, არც კლასელ ბიჭებს ეჩხუბებიან, არც რაიმე აქტივობით გამოირჩევიან. არც კი ვიცოდი , როგორ უნდა მემეგობრა მასთან, თითქმის არ ლაპარაკობდა. მოწყენილი თოჯინა იყო. დედა სხვა ქვეყანაში წასულიყო სამუშაოდ და იქედან, ლამაზ ტანსაცმელს უგზავნიდა. დიდი დრო გავიდა და მეც დამავიწყდა მისი სახელი. ერთხელ სკოლიდან სახლში მიმავალს, ამ სიფრიფანა გოგონას ხელი დაავლო ერთმა უშველებელმა კაცმა და ცოლად წაიყვანა. მე ვფიქრობდი, რომ ეს გოგო უფრო სევდიანი გახდებოდა და, საერთოდაც, ის ჩამქრალი თვალები უფრო გაუქრებოდა. მოტაცების შემდეგ ერთხელ ვნახე ავტობუსის გაჩერებაზე, უფრო მეტად დასუსტებული, დაღლილად გამოიყურებოდა. მის სახეზე ბედნიერების ნიშანწყლის ძებნას აზრიც არ ჰქონდა.

ხანდახან ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ბოროტი ზღაპრებია გოგონებზე, რომლებსაც მოპარეს პირადი არჩევანი და სულ სხვა ცხოვრება შესთავაზეს. პრინციპში არც შეუთავაზებიათ, ისე სტაცეს ხელი და დახურულ სივრცეში გამოამწყვდიეს, როგორც ზღაპრებში, დევები რომ იტაცებენ მზეთუნახავებს და კოშკში გამოკეტავენ, საიდანაც თავის დაღწევის შანსი არ არსებობს.  არსებობს ერთადერთი უვნებელი გზა –  შეგუება. მართალია, ზღაპრებში გამოჩნდება ვინმე ყმაწვილი, რომელიც ბოროტ და მრავალთავიან დევს მოკლავს, მოტაცებულ მზეთუნახავს ციხე-კოშკიდან დაიხსნის და მერე ცოლად შეირთავს. მაგრამ ეს ზღაპრის ნარატივია და მისი კეთილი ბოლო, რომელიც პატარა გოგონებს და ბიჭებსაც კი არ აღელვებს და მშვიდად ჩააძინებს. 
90 – იან წლებში  მოტაცებული გოგონების ამბები დღევანდელი გადასახედიდან მითოსური ამბებივით გამოიყურება, მაგრამ თუ მითოსის და ზღაპრის ბოლო კეთილია, ამ გოგონათა ისტორიები ბედნიერი არ ყოფილა.
ასეთი სიფრიფანა გოგონები ბევრი მოიტაცეს იმ პერიოდში. ქორწილის და ბედნიერების ხმაურისგან სახლებს სახურავი ეხდებოდათ. ალბათ ყველა ბედნიერი იყო ამ გოგონების გარდა, რომლებიც  წაიყვანეს და გამოაწყვეს თეთრი ძაძებით, თითები მოუჭედეს ოქროებით, ნაადრევად აღჭურვეს ყველანაირი ვალდებულებებით ქმრის, ოჯახის და საზოგადოების წინაშე. როგორც იტყვიან  “თავად გამოზარდეს.”

მოტაცება იყო თითქმის ჩვეულებრივი მოვლენა, რომელზეც ნაწილი გოგონებისა ოცნებობდა კიდეც მისი ყალბი, ჰერეოიკული შეფერილობის გამო. ამ  მოვლენაზე ძირითადად აღტაცებით ლაპარაკობდნენ, მაგრამ იყვნენ სხვანაირი გოგონებიც რომლებიც მოტაცებისას წინააღმდეგობას უწევდნენ “მოძალადე პრინცებს” , ამის გამო ზოგს ფეხს ტეხდნენ, ზოგსაც ხელს. ე.წ თაყვანისმცემლების არსებობა თავსატეხი უფრო იყო,  ვიდრე მეგობრებთან საკეკლუცო. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა გოგოზე ბევრად უფროსი თაყვანისმცემელი”. ეს იყო დაუცველობის წლები, როცა ვერ გიცავდა ვერც ოჯახი და ვერც სახელმწიფო, იმიტომ რომ გოგო იყავი, რომლისთვისაც მარტივი იყო ყველაფრის წართმევა. 

მერე ჩემი კლასელი და მეგობარი ქეთი მოიტაცეს. ისიც ისე ჩატენეს მანქანაში, როგორც სხვები. თუმცა ქეთი დაბრუნდა და შემდეგ, ამ ამბავზე ბევრსაც გვაცინებდა, იმიტომ რომ, საერთოდ არ მოიქცა მორცხვ პრინცესასავით. ქეთის შუაღამემდე  ფილმების ყურება უყვარდა და დილით დიდხანს ძილი, ნამდვილად ვერ აიტანდა ამ მოცემულობის დარღვევას, თან სწავლის გაგრძელებას აპირებდა.  

ცოტა ხნის წინ ქუთაისში 12 წლის გოგონა გაუჩინარდა. შემდეგ, როგორც გაირკვა ის გათხოვილი აღმოჩნდა. ერთი კვირის შემდეგ პოლიციამ იგი სახლში დააბრუნა. 36 წლის ე.წ. “მეუღლე” კი  დააკავეს.
ერთი წლის წინ 16 წლის პატარძალი მომავალმა მეუღლემ და დედამთილმა ქორწილის ბოლო სტუმრის გაცილებამდე წაიყვანეს ქობულეთის პოლიციაში. გოგონას დილის 6 საათამდე აიძულებდნენ ეღიარებინა პირველი სექსუალური კავშირი. პოლიციელები მას უსირცხვილოს ეძახდნენ და სიმართლის დამალვის შემთხვევაში ნეკნების ჩამტვრევით ემუქრებოდნენ. გოგონას ორი ექსპერტიზა ჩაუტარეს. ორივეჯერ ქალწული აღმოჩნდა.
ამბავი, რომელიც შემდეგ მოხდა 15 წლის გოგონას ეხება. გოგონა მეზობელმა გააუპატიურა, არასრუწლოვანმა გოგონამ მოხმდარი ფაქტი 5 თვის შემდეგ გაუმხილა მშობლებს. მისი ტრაგედია სოფელში ქილიკის საგანი გახდა. მას კიდევ ეშინია ძალადობის განმეორების..

ძალადობით გამოწვეული სტატისტიკა შემზარავია და უფრო შემზარავია ამ ფაქტებით გამოწვეული საზოგადოების  გულგრილობა. ასეთი ამბავი კი შეიძლება დღესაც მოხდა, ალბათ გუშინაც და გუშინწინაც. ზოგი გახმაურდა, ზოგი დაიმალა და სამუდამოდ შეინახა სირცხვილის, სიმწარის და მარტოსულობის კოლექციებში. მგონი ისეთი რაოდენობითაც ხდება, რომ უკვე აზრი აღარ აქვს პირობითად რას დავარქმევთ ამ გოგონებს, მარიამი იქნება თუ კატო, ნათია თუ თამუნა, არასრულწლოვნები იქნებიან თუ წლოვანები, მათ ერთი რამ აერთიანებთ ძალადობა  და სირცხვილი.

 როცა სოციალურ ქსელში ამ თემაზე ისევ არასრულწლოვნები იწყებენ ლაპარაკს და თავიანთ პრობლემებზე ყვებიან, იმაზე თუ როგორი ტანჯვაა მათთვის ყოველდღიურად სკოლაში წასვლა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, იმიტომ რომ სადაც ისინი მიდიან, როგორც გოგონები ამბობენ “ყველგან ავადმყოფები ხვდებათ”. ეს ავადმყოფი კი არც მეტი და არც ნაკლები ფროტერია, რომელიც ძირითადად ქალებზე და ბავშვებზე ახორციელებს ძალადობას. ფსიქიატრიაში ფროტერიზმი კლინიკური დაავადების აღმნიშვნელი ტერმინია, რომელიც პარაფილიის ერთგვარ სახეობას გულისხმობს, რომლის დროსაც სექსუალური აგზნება ცალხმრივი შეხებით მიიღწევა… “ვერც ავტობუსში ავდივარ და ვერც მეტროში ჩავდივარ”, – მეუბნება 14 წლის გვანცა.

არ ვიცი უყვებიან თუ არა ის გოგონები თავიანთ მშობლებს ან მასწავლებლებს იმ ამბავს, როგორ ხდებიან ყოველდღიურად ფროტერიზმის მსხვერპლი ტრანსპორტში და როგორ ეზარებათ ყველაფერი, რაც გადაადგილებასთან  არის დაკავშირებული. ალბათ არავის უყვებიან და ძალიან სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მოუსმენს მათ, რჩევებს მისცემს და მათ ტკივილსაც გულითადად გაიზიარებს.

არასრულწლოვან გოგონებთან დაკავშირებული ასეთი ამბები ძალიან ბევრია, მედია ხშირად ყველანაირი პროფესიული ეთიკური   ნორმების  დარღვევით გვაცნობს ამ ადამიანების პირად ტრაგედიებს, რითაც სამუდამო სტიგმას ადებს მათ  საზოგადოებრივ ცხოვრებას. სწორედ ჩვენი დაცინვის, ქილიკის და შეუწყნარებლობის გამო ეშინიათ მათ დანაშაულის გაცხადება, რადგან მათი შიში რეალურია, რომ საზოგადოება  მოიკვეთს, ქუჩაში არ დაელაპარაკებიან და არ მიესალმებიან, მუდმივად ეჭვის თვალით შეხედავენ და მის გამოჩენაზე უხერხულად შეიშმუშნებიან. 

ჩემი კორპუსის პირველ სადარბაზოში, ერთოთახიან კოპწია ბინაში დედა-შვილი ცხოვრობდა – პეპელა და ია. მართლა ასე ერქვათ. გაზაფხული რომ დგება, სულ ისინი მახსენდებიან. ცხოვრობდნენ მშვიდად, თავიანთი პრობლემებით თუ სიხარულით, ახარებდნენ ყვავილებს, არავის არაფერს უშავებდნენ, მუშაობდნენ ორი ადამიანის სამყოფი ლუკმაპურისთვის. ხალხს კი ისინი მაინც არ უყვარდა, მაინც ბოროტად ჭორაობდნენ მათზე, მაინც დასცინოდნენ და ათასნაირ ტყუილსა და ბოროტებას უგონებდნენ.  ახლა ვფიქრობ მათნაირი კეთილი ადამიანები მაშინ ნამდვილად არ მხვდებოდნენ. მე და ია ბაღში ერთად დავდიოდით და შუადღის ძილის დროს მტვრიან იატაკზე სველი თითებით ვწერდით ჩვენს სახელებს. შემდეგ ია კარატეზე შევიდა, ჩვენზე მეტად ძლიერი გოგო გახდა, ბიჭებს მისი ეშინოდათ და მგონი დიდად არ უყვარდათ. ქუთაისში რომ ჩავალ, გავიგებ მათ ამბავს.

პოეტიკა და ფონეტიკა -პოეზიის გაგებისა და სწავლების ნიუანსები

0
 დაახლოებით 5 წლის წინ, როცა  ფილოლოგიის ფაკულტეტის ” ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერების” სპეციალობის მაგისტრანტი ჩემი სამაგისტო რეფერატისათვის თემას ვეძებდი, ძალიან მომინდა ჩემივე ლექსების შესახებ გამეკეთებინა პატარა სამეცნიერო სტატია. იდეა იყო ასეთი , რომელიმე ლექსის წერისას ჩამენიშნა რომელ ენობრივ ნიშანში რა სემიოტიკურ ფასეულობას და მნიშვნელობას ვდებდი, რა მეტაფორა როგორი მნიშვნელობით შევქმენი და გამოვიყენე, რას რა ფუნქცია მივანიჭე, მერე ვაპირებდი გამეკეთებინა ანკეტები, რომელთა საშუალებით მკითხველებისაგან გავიგებდი – რა როგორ აღიქვეს. 

შემდეგ ჩემს პირად , ანუ სუბიექტურ ინფორმაციას ობიქტური მონაცემებს შევუდარებდი და ვიტყოდი, როგორ იცვლება ენობრივ – პოეტური ნიშანი შექმნისა და აღქმის პროცესების მაგიურ შუალედში.

რასაკვირველია, ეს იდეა ვერ განვახორციელე, რადგან ძალიან ძნელია თვალი ადევნო, გაზომო, აწონო , იკვლიო  შემოქმედებითი პროცესი.

   ეს პატარა ისტორია და ჩემი ვერგანხორციელებული იდეა ყველაზე ხშირად გალაკტიონ ტაბიძის ლექსების კითხვისას მახსენდება.

 მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონი ერთ-ერთი იმ პოეტთაგანი იყო, რომელიც პოეტური ტროპების გამოყენებაზე, პოეტური ნიშნის ქმნადობაზე , რითმისა და ლექსის მელოდიურ სტრუქტურაზე ბევრს ფიქრობდა და მუშაობდა, მაინც, ვფიქრობ ბევრი რამ გაუცნობიერებლად ხდებოდა და ხვდებოდა მის პოეზიაში – 
ეს გაუცობიერებელი ქმნადობა  იმ ენობრივი მაგიის ნაწილია, რაც ყველაფრის სათავეა რაც კი ხდება ჩვენს ენობრივ სამყაროში – იქნება ეს უბრალოდ ყოველდღიური ნარატივი თუ პოეტური მეტყველება.

 ენაში ზოგიერთი აკრძალული, ანუ არასდროს გამოყენებული თანხმოვანკომპლექსი ან ბგერათა ჯამი მიქმნის ილუზიას, რომ ენა დადებით და უარყოფით ნაწილაკთა ან ქიმიურ ელემენტთა ჯამია, რომელთაგანაც ზოგიერთი წყვილი არასდროს შედის ერთმანეთთან რეაქციაში, ზოგიერთს კი პირიქით, ხშირად გამოყენებული ვალენტობა ახასიათებს.

თუ ენას ამგვარ ელემენტთა ურთიერთობის შედეგად მოვიაზრებთ, მაშინ გარჯვეულწილად საშიშ ნივთიერებას მივიღებთ პოეზიის სახით, რადგან ერთნაირი , დადებითად დამუხტული პროტონების სინთეზია ატომური ბირთვი –აბა სცადეთ, რამდენჯერმე გაიმეორეთ ერთი და იმავე   ან მსგავსი ბგერითი შემადგენლობის სიტყვები, მაშინვე იქმნება  მაგიური კინეტიკური ენერგია, რომელიც ასე ხშირადაა გამოყენებული შელოცვებსა თუ წყევლებში.

დადებით პროტონებად როგორც მხატვრული სახეები, აგრეთვე სინტაქსი,  მაგრამ განსაკუთრებით პოეტური ფონეტიკა წარმოვიდგინოთ– როდესაც ნებისმიერი ორი ბგერა ისეთ რეაქციას იწვევს, რომ პოეტური სასწაული–გარდაუვალია.

როდესაც კიდევ ერთხელ, მერამდენედ მიიღებთ თქვენი მოსწავლეებისგან კითხვას – მას, რატომ უნდა წავიკითხონ პოეზია? თქვენ შეგიძლიათ რამდენიმე მეთოდი გამოიყენოთ სწორედ ამ პოეტური ჯადოქრობის  შესაგრძნობად.

ავიღოთ რომელიმე ლექსი, მაგალითისთვის, გალაკტიონ ტაბიძის  „ქარი ჰქრის”, გავიხსენოთ ტექსტი:
ქარი ჰქრის
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, 
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ… 
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის, 
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ? 
როგორ წვიმს, როგორ თოვს, როგორ თოვს 
ვერ გპოვებ ვერასდროს… ვერასდროს! 
შენი მე სახება დამდევს თან 
ყოველ დროს, ყოველთვის, ყოველგან! 
შორი ცა ნისლიან ფიქრებს სცრის…
ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის, ქარი ჰქრის.
ეს ლექსი ერთ–ერთი ყველა ფონეტიკური ლექსია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიიდან. ეს ის შემთხვევაა, როდესაც აღმნიშვნელი და აღსანიშნი ძალიან გვანან ერთმანეთს. ლექსის შინაარსი არამხოლოდ სიტყვების, მხატვრული სახეების, წინადადებების საშუალებით გამოიხატება, არამედ  ბგერათა ფონეტიკური ნაირგვარობითაც.

ყრუ  ფშვინვიერი  თახმოვანი ქ, სონორსა და ვიბრანტ–რ –სა და ნაპრალოვან ს–სთან ერთად ქარის ქროლვის ვიზუალურ სურათს ქმნის, მიუმეტეს, როდესაც ეს ფონეტიკური პროცესი რამდენჯერმე მეორდება და ხორხისმიერი ჰ–ც ემატება.  შედეგი სრულიად ფანტასტიკურია.

 ლექსის ამგვარად მოსასმენად, პირველ რიგში , სთხოვეთ თქვენს მოსწავლეებს თვალები დახუჭონ, თქვენ ჩვეულებრივი, საშუალო ხმით წაუკითხეთ, მერე წაუკითხეთ ჩურჩულით, შემდეგ გამოყავით ტექსტიდან ცალკე თანხმოვნები:

ქრ ჰქრს ქრ ჰქრს ქრ ჰქრს
ფთლბ მჰქრნ ქრდქრ …

ისინი აუცილებლად დაინახავენ როგორ ქრის ქარი და როგორ მიქრიან ფოთლები მის რიტმზე, მითუმეტეს, რომ სიტყვა „ფოთლებში” ორი ფშვინვიერი თანხმოვნის სინთეზია.
შემდეგ მხოლოდ ხმოვნებს მოუსმინეთ:

აი ი აი ი აი ი
ოეი იია ააა

გესმით ხმოვნების მუსიკა?  დარწმუნებული ვარ, თქვენი მოსწავლეებიც გაიგონებენ მას , შეგიძლიათ რამდენიმე სიტყვით ქართულ ხმოვანთა ნაირგვარობაზე უამბოთ, რომ ა  – ყველაზე ღია ხმოვანია,  ი–ყველაზე ვიწრო…  ქარიც ხომ ასეა, პირველი მობერვა ძლიერია, შემდეგ თანდათან იკლებს…

მოკლედ, თუ გინდათ პოეზია კარგად ასწავლოთ, არ მოგერიდოთ, დაშალეთ ხოლმე იგი შემადგენელ ნაწილებად.

 ფონოსემანტიკა პოეზიის გასაგებად ძალიან მნიშვნელოვანი რამაა, მითუმეტეს, როდესაც საქმე გვაქვს ისეთ პოეტთან, როგორიცაა გალაკტიონ ტაბიძე. 

მისი დღიურები  თუ ჩანაწერები ადასტურებენ,  რომ პოეტმა ბევრი ლინგვისტური საკითხი  ძალიან კარგად იცოდა და სპეციალურად მუშაობდა ტექსტზე ამ ენობრივი ნიუანსების საჩვენებლად.

წერის სათავეებთან

0
ერთდროულად რთულიც არის და სასიამოვნოც წერის სათავეებთან დგომა და ზღვა მასალის მდინარებისათვის თვალის დევნება. რთულია, რადგან იცი, რომ შენი ნაწერი  შენივე სარკეა, და სიტყვების შეკოწიწებას სხვა არაფერი გაიძულებს გარდა იმისა, რომ ამ სარკეში საკუთარი არსებობა ამოიკითხო. სასიამოვნოა ახალი გამოცდილებების  შეძენა, თანაც აქ თითოეული მოწაფისა თუ სტუდენტის ნაშრომიც კინოკადრის ეფექტით ჩაიქროლებს თვალწინ, საყვარელ პედაგოგთა სახეებიც ირეკლება შენიშვნებით თუ თბილი რჩევებით და, ალბათ, ცოტა გასაკვირია, მაგრამ მაინც მიდიხარ იქ, საიდანაც ოდესღაც ყოველი ჩვენგანი მოვედით _ ქართველებისთვის მშობლიურსა და ნათელ წიგნთან („დედა ენა”) და მის თანმხლებ რვეულთან („წერის დედანი”). იაკობ გოგებაშვილმა ხომ თავის საეტაპო წიგნში კითხვა და წერა იდეალურად შეუსატყვისა ერთმანეთს. სწავლების წერა-კითხვის ხერხის ნაცვლად კი კითხვა-წერის ხერხი გამოიყენა და ამით გაგვიადვილა კითხვისა და წერის ერთდროულად შესწავლის ძნელი პროცესი,  თუმცა ენაში ტერმინად მაინც „წერა-კითხვა” შემოგვრჩა.

სტიგმა

0
სკოლაში გატარებული პირველი წლებიდან მახსოვს მასწავლებლების მიერ მოსწავლეების დაყოფა გოგოებად და ბიჭებად და მერხებზე ამავე პრინციპით განაწილება: გოგო-ბიჭი, გოგო-ბიჭი, კარგი მოსწავლეები – წინ, სუსტები – უკან. მახსოვს უკან მსხდომებისგან წინა რიგებში წამოსკუპებული ბეჯითებისთვის დაწიწკნილი თმა და შეძახილები: „დამპალო”, „დებილო”, „დაუნო”… მომდევნო წლებში, როცა უფრო გავიზარდეთ, მერხებზე ისე პურიტანულად აღარ გვანაწილებდნენ, თმასაც იშვიათად ვაწიწკნიდით ერთმანეთს, მაგრამ ეს შეძახილები მაინც სულ ისმოდა. ისიც მახსოვს, რა შეწუხებული სახით გვთხოვა ერთხელ ერთმა მასწავლებელმა, ერთმანეთისთვის ასე არ მიგვემართა. მას შემდეგ ვცდილობდი, მეკონტროლებინა შეურაცხმყოფელი სიტყვების შინაარსი, გარშემო კი მაინც ისმოდა: „დამპალო”, „დებილო”, „დაუნო”…

ორსულობის პირველი კვირებიდან მახსოვს ანალიზები, ანალიზები, დაუსრულებელი ანალიზები. ერთხელაც მეგობართან ვიყავი, რომელსაც უკვე ჰყავდა რამდენიმე თვის შვილი და, როგორც ამ ამბებში ჩემზე გამოცდილს, ვუყვებოდი: ექიმმა მითხრა, რომ მომდევნო კვირას შემეძლო გამეკეთებინა ანალიზი, რომლითაც გაირკვეოდა, ჰქონდა თუ არა ნაყოფს დაუნის სინდრომი. მეგობარმა თქვა, რომ მას არ ჩაუტარებია სკრინინგი – ინფორმაცია უკვე არსებული შვილის ჯანმრთელობაზე ორსულობისას ზედმეტი ნერვიულობის გარდა არაფერს ნიშნავს, თვეების ნაყოფს კი ერთით მეტი ქრომოსომის გამო არ მოიშორებდა. მართალია, მეგობრების სიყვარულს დამატებითი არგუმენტები არ სჭირდება, მაგრამ იმ საღამოს მივხვდი, რომ ზრდასრულ ასაკში სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო იმსახურებენ ადამიანები პატივისცემას, ხდებიან მეგობრები და გიყვარდებიან.
სკრინინგი დაუნის სინდრომზე არც მე ჩამიტარებია, მაგრამ იმ საღამოსაც ბევრი ვიფიქრე და მას მერეც ხშირად ვფიქრობ, რამდენი იტყოდა უარს ნაყოფის მოშორებაზე, თუ ეცოდინებოდა, რომ მას დაუნის სინდრომი აქვს. კითხვა მძიმეა, მაგრამ ლეგიტიმური ჩვენს სინამდვილეში, სადაც სელექციური აბორტების მაჩვენებელი ასეთი მაღალია. ის, ვინც მზად არის, უარი თქვას შვილზე მხოლოდ იმიტომ, რომ გოგოა, ალბათ კიდევ უფრო დაუფიქრებლად მოიშორებს „ავადმყოფ” ნაყოფს. იმ ექიმებზეც ვფიქრობ, რომლებიც მშობლებს ნაყოფის მოშორებას ან უკვე გაჩენილი ბავშვის თავშესაფარში დატოვებას ურჩევენ და იმ მშობლებზეც, რომლებიც სირცხვილის გამო თავიანთ სხვებისგან განსხვავებულ შვილებს იზოლაციაში აქცევენ და ამით განვითარების შანსს ართმევენ. ვფიქრობ ყველაფერ ამაზე და ვხვდები, რომ ადამიანი არც ისე ჰუმანური არსებაა; მიუხედავად პროგრესისა, სიყვარული და თანადგომა მაინც გვაკლია. გვიჭირს განსხვავებულების მიღება და იმის გათავისება, რომ ისინიც ჩვენნაირები არიან, ისევე ესმით, სტკივათ და უხარიათ, როგორც ჩვენ, ისევე სჭირდებათ განათლება და მომავლის იმედი, როგორც ჩვენს შვილებს და ამაში საოცარი არაფერია.

ჩვენ კი, თითქოს ისევ სკოლაში, უკანა მერხებზე ვისხდეთ, გავიძახით: „დებილი”, „დაუნი”… და ცოტაა ისეთი მასწავლებელი, რომელიც გვეტყვის, რომ წესიერი ადამიანები ერთმანეთს ასე არ მიმართავენ.
წესიერი ადამიანები არათუ სიძულვილის ენას არ იყენებენ, არამედ ცდილობენ, სხვებს გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ცოდნა. ასე დაარსდა 2011 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, რომელიც 21 მარტს აღინიშნება. ამ დღეს გამართულ ღონისძიებათა მიზანი დაუნის სინდრომის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა, იმის ახსნა, რომ დაუნი არამცთუ სალანძღავი სიტყვა, დაავადებაც კი არ არის – ის მხოლოდ გენეტიკური ცვლილებაა, რომელიც არც სამარცხვინოა, არც გადამდები და არც მემკვიდრეობითი. ამ დღეს ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტ ხალხს გააგებინონ, რომ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს არა სიბრალული, არამედ სიყვარული და მათდამი მეგობრულად განწყობილი გარემო სჭირდებათ და ამის გაცნობიერება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, ვინაიდან ხშირად სწორედ სიბრალული და უტაქტო კომენტარებია ის, რაც მშობლებს შვილების იზოლაციისკენ უბიძგებს, რაც ადამიანებს სიხარულისა და ბედნიერების უფლებას ართმევს, რაც სტიგმას ამყარებს და განვითარებას უშლის ხელს.
ის, რის ახსნასაც დაუნის სინდრომის დღე ემსახურება, აუცილებელია, ყველა ჩვენგანმა გაითავისოს, ვინაიდან, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება, ასე რომ, ადვილი შესაძლებელია, ერთ დღესაც ჩვენ გვერდით განსხვავებული საჭიროების მქონე ადამიანი აღმოჩნდეს – უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ მასთან. ეს ადვილი არ არის, მაგრამ შესაძლებელია, ისევე როგორც დაუნისსინდრომიანი ბავშვის სრული ინტეგრაცია საზოგადოებაში.
დასაწყისისთვის შეიძლება, ჩვენს შვილებსა და მოსწავლეებს ვთხოვოთ, არასოდეს გამოიყენონ „დაუნი” სალანძღავ სიტყვად, მერე ნელ-ნელა ავუხსნათ მათაც და საკუთარ თავსაც, რომ განსხვავებულობა უბედურებას არ ნიშნავს და იმედი დავიტოვოთ, რომ გაისად უფრო მეტი დედა გამოიყვანს შვილს გარეთ, მეგობრულ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის და 21 მარტი არ იქნება წელიწადის ერთადერთი დღე, როცა ჩვენც ვიგრძნობთ მათდამი ემპათიას. უნდა შევძლოთ და დავანახვოთ მათ, რომ გაგვიხარდება, თუ ჩვენს შვილებთან ერთად ითამაშებენ, ჩვენი მოსწავლეები გახდებიან, სრულფასოვან მოქალაქეებად გაიზრდებიან და მიხვდებიან, რომ ბედნიერება რეალობაა.

БГ – დაბრუნება!

0
წინა პოსტში დავწერე, ორი რუსეთის არ მჯერა, მჯერა მხოლოდ იმის, რომ ამ ქვეყანაშიც არსებობენ პიროვნებები, რომლებმაც საბჭოეთის მენტალურ ტყვეობას თავი დააღწიეს-მეთქი. დღეს სწორედ ასეთ ადამიანზე მსურს საუბარი. მისი ინიციალები ასეთია – Б.Г.

უფროსი თაობისგან ხშირად გამიგია, თუ რა რთული იყო 70–იან წლებში აკრძალული, “კაპიტალისტური” მუსიკის ჩანაწერების მოძიება. ძალიან ცოტა თუ მოახერხებდა სახლში ჰქონოდა ფირფიტები მაგიური წარწერებით: „Pink Floyd”, „Deep Purple”, „Led Zeppelin” „Beatles”, „Status Quo”, „Rolling Stones” და ა.შ. თუკი ასეთ ფირფიტას როგორღაც ხელში ჩაიგდებდით, ახლო-მახლო მცხოვრები ახალგაზრდების თვალში მომენტალურად ძალიან საინტერესო და პატივსაცემ ადამიანად გადაიქცეოდით. პერსპექტივაში რამდენიმე ათეული რუბლის გამომუშავებაც ჰქონდათ – მელომანები თანხას არ იშურებდნენ ფირფიტის დასაქირავებლად და ასლების გადასაწერად. პატივისცემა ერთი-ორად იზრდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საერთოდ უფასოდ დათანხმდებოდით კოპირებას.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მუსიკალური მრავალფეროვნების თვალსაზრისით სწორედ ასეთ რთულ პერიოდს, 70–იან წლებს, ემთხვევა საბჭოთა როკის აღმავლობის დასაწყისი – ალტერნატიული მუსიკის ორი პიონერი ჯგუფის, „Машина Времени”-სა და „Аквраиум”-ის შექმნა. პირველი მათგანი 1969 წელს ანდრეი მაკარევიჩმა ჩამოაყალიბა, მეორე 1972–ში – ბორის გრებენშიკოვმა. წლების განმავლობაში მათ „ანდერგრაუნდში” ყოფნა უხდებოდათ და, ვფიქრობ, რომ არა თბილისი, მათი მუსიკა პოპულარული ასე სწრაფად არ გახდებოდა.    

დიახ, არ მოგესმათ. ბევრმა თქვენგანმა ალბათ არც იცის, რომ თბილისში, 1980 წელს ერთი ძალიან საინტერესო მოვლენა მოხდა. პირველად საბჭოთა კავშირის ისტორიაში, სახელმწიფო ფილარმონიაში მოეწყო ოფიციალური საკავშირო როკფესტივალი საბჭოური როკფესტივალისთვის სრულიად შეუსაბამო სახელით: „გაზაფხულის რიტმები”. ფესტივალი 9 დღე გაგრძელდა და მასში მონაწილეობას 20-ზე მეტი ჯგუფი იღებდა, მათ შორის რამდენიმე ქართულიც იყო: „ლაბირინთი” (რომელმაც საპატიო მე-3 ადგილი დაიკავა), „ვია-75″, „ბლიცი”…

პირველი ადგილი ანდრეი მაკარევიჩის ძალიან კარგმა ბენდმა, „Машина Времени”-მ მოიპოვა, თუმცა მათი გამოსვლა არ გახლდათ ყველაზე ხმაურიანი მოვლენა თბილისის როკფესტივალზე. გაცილებით მეტი აურზაური მოჰყვა „Аквраиум”-ის პერფორმანსს, რომელიც იმ დროისთვის ნამდვილად ყველაზე გამორჩეული და ექსცენტრული იყო. ბენდმა ყველას გასაკვირად, ასეთ „მშვიდობიან” ფესტივალზე შედარებით აგრესიული პანკროკი ააჟღერა. როგორც არტემი ტროიცკი, ცნობილი რუსი მუსიკის კრიტიკოსი და ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი იხსენებს, ჯგუფ „აკვარიუმის” გამოსვლისას სცენაზე სრული განუკითხაობა სუფევდა. ბენდის ლიდერი, ბორის გრებენშიკოვი ერთ-ერთი კომპოზიციის შესრულებისას სცენაზე იწვა და გიტარას ისე უკრავდა, ვიოლონჩელისტი მას (გრებენშიკოვს) ჩელოთი ეყრდნობოდა და ისე უკრავდა, ფაგოტისტი კი სასულე ინსტრუმენტით დარბაზისკენ ავტომატური იარაღის ჯერის იმიტირებას ახდენდა, ასე ვთქვათ, აუდიტორიას ბგერებით ცხრილავდა.

როგორც ამბობენ, ამ დროს ფესტივალის ჟიური პროტესტის ნიშნად დარბაზიდან გავიდა, რადგან მუსიკოსების ამ ქმედებაში „ჰომოსექსუალიზმის’’ ნიშნები დაინახა. „აკვარიუმი” ფესტივალიდან მოიხსნა. როგორც ჩანს, სტანდარტიდან გადახვევა ჯერ კიდევ 1980-ში იწვევდა გაუცნობიერებელ ჰომოფობიას და ეს თემაც, ალბათ, როკის სატანურობის მითის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი გახლდათ. აი, ასე გამოიყურებოდნენ „აკვარიუმის” წევრები 1980 წლის თბილისის როკფესტივალზე.
 
ბუნებრივია, რომ „გაზაფხულის რიტმების” შემდეგ „აკვარიუმის” ლიდერის, 26 წლის ბორის გრებენშიკოვის, ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა – კომსომოლიდან გარიცხეს, უმცროსი მეცნიერ-მუშაკობა ჩამოართვეს, გაუშვეს სამსახურიდანაც. მისი ბენდი ოფიციალურად აიკრძალა საბჭოთა კავშირში. ამის მიუხედავად, „აკვარიუმი” უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა ახალგაზრდულ ანდერგრაუნდში. გრებენშიკოვი ნელ-ნელა საბჭოთა როკის ნამდვილ ქარიზმატულ მამამთავრად გადაიქცა. მისი ინიციალები – БГ – უმნიშვნელოვანესი გახდა იმდროინდელი როკსაზოგადოებისთვის. სწორედ გრებენშიკოვთან მოჰყავდათ ახალგაზრდა, პერსპექტიული მუსიკოსები, რჩევების მისაღებად და გამოცდილების გასაზიარებლად. ბორისის „გამოზრდილია” ყველაზე პოპულარული რუსი როკმუსიკოსი ვიქტორ ცოი, რომლის შესახებ 2012-ში პოსტიც დავწერე. მისი პირველი ალბომის, „45″-ის, პროდიუსერი სწორედ БГ გახლდათ. 

მერე იყო „პერესტროიკა”, საბჭოთა კავშირის დაშლა და ეს სიმღერა 1991-წელს, რომელსაც აუდიტორია ტაშით ეგებება: 

 

საერთო ჯამში, „აკვარიუმმა” არსებობის 42(!) წლის მანძილზე 30 ალბომი გამოუშვა, ბორის გრებენშიკოვი კი საბჭოთა და რუსული როკის ნამდვილ ლეგენდად იქცა. ის გახლდათ პირველი საბჭოთა მუსიკოსი, რომელმაც ამერიკელ როკმუსიკოსებთან ერთად იმუშავა. 1989 წელს მან ცნობილი ჯგუფის, „Eurythmics”-ის ლიდერთან, დეივ სტიუარტთან ერთად ინგლისურენოვანი ალბომი, „Radio Silence” გამოუშვა. გრებენშიკოვს მსოფლიო მასშტაბით არაერთი მნიშვნელოვანი კონცერტი აქვს გამართული, მათ შორის აღსანიშნავია 2007 წლის Royal Albert Hall-ში გამართული კონცერტი, რომელიც ლონდონში მდებარეობს და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ დარბაზს წარმოადგენს. აქ სხვადასხვა დროს ერიკ კლეპტონი, Beatles, Pink Floyd, Deep Purple და ბევრი სხვა ცნობილი ფიგურა უკრავდა. 

საინტერესოა მუსიკოსის პოლიტიკური შეხედულებებიც. ის კრიტიკულადაა განწყობილი შოვინისტური მიდგომების მიმართ, რომელიც რუსულ პოლიტიკას ახასიათებს და საკმაოდ ხშირად აფიქსირებს ამ პროტესტს. ამის დასტურია ბოლო კონცერტი კიევში, რომელიც ევრომაიდანის პროტესტის პარალელურად მიმდინარეობდა. როგორც ამბობენ, „აკვარიუმი” კიევში კიდევ ერთ კონცერტს გეგმავს, რათა საბოლოოდ დააფიქსიროს საკუთარი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ.

თუმცა მანამდე საქართველოს ჯერია.

 
რაციონალური პოლიტიკური შეხედულებების გამო, გრებენშიკოვი ყველგან უყვართ, მათ შორის საქართველოშიც. ამიტომ ლეგენდა ძალიან მალე დაბრუნდება იქ, საიდანაც ის წამოვიდა. 34 წლის შემდეგ, 2014 წლის 12 აპრილს, БГ და „აკვარიუმი” თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე კიდევ ერთხელ დაუკრავენ. გრებენშიკოვი უკვე 60 წლისაა და, სავარაუდოდ, მისი პერფორმანსი ამჯერად აღარ იქნება ისეთი ეპატაჟური, როგორიც მაშინ იყო, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ახალი ალბომი, რომელიც „აკვარიუმმა” გამოუშვა, მუსიკალურად ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანია. თანაც, როგორც ამბობენ, კოლექტივი ძველ, ყველასთვის კარგად ნაცნობ ჰიტებსაც შემოგვთავაზებს.

პირადად ჩემთვის ბორის გრებენშიკოვი და „აკვარიუმი” მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მათ შემოქმედებაში საბჭოთა და შემდეგ უკვე რუსული როკის განვითარების ყველა ეტაპის დანახვა შეიძლება. მათი მუსიკა ყველაფერს მოიცავს: გიჟური პანკ ამბოხიდან ლამაზ, მელოდიურ ბალადებამდე – ბლუზს, ჯაზს, რუსული ფოლკის გავლენით შექმნილ კომპოზიციებს, ფილოსოფიურ, ძალიან ღრმა ტექსტებს, სპეციფიკურ გრძნობებს, რომელიც მხოლოდ მათი მოსმენისას შეიძლება დაგეუფლოს… და, რაც მთავარია, ორიგინალურობას, რომელიც БГ-ს უკვე 40 წელზე მეტია არ დაუკარგავს. 

კონცერტს მოუთმენლად ველი.

12-ში შევხვდებით, ლეგენდავ! 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, მხარდაჭერა და შეფასება

0
“მასწავლებელი უნდა ფასდებოდეს იმისთვის, რომ მან გააუმჯობესოს სწავლება
და არა იმისთვის, რომ დადგინდეს მისი რეიტინგი”.
რენდი ვეინგარტენი, ამერიკის მასწავლებელთა ასოციაციის პრეზიდენტი
მასწავლებლის პროფესიული განვითარების ჩარჩო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გაცნობიერებული აქვს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების მნიშვნელობა. ეს პრინციპი ასახულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში (თავი VI). 

თითოეული მოსწავლისთვის წარმატების შესაძლებლობების მიცემის აუცილებლობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უბიძგებს, შესთავაზოს მასწავლებელს პროფესიული განვითარების ჩარჩო, რომელიც შეიცავს სამ ძირითად კომპონენტს და ხელს უწყობს მასწავლებელთა კომპეტენციების მუდმივ ამაღლებას: 

·სტანდარტი და სერთიფიცირება: მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი მასწავლებლის მომზადების, საგანმანათლებლო პრაქტიკისა და პროფესიული განვითარების შეფასების საფუძველს წარმოადგენს. მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი აყალიბებს საერთო გაგებას იმის შესახებ, თუ რა უნდა იცოდეს მასწავლებელმა და რის კეთება უნდა შეეძლოს მას. მასწავლებელთა სერთიფიცირება ეფუძნება მასწავლებლის სტანდარტს და ადასტურებს, რომ მასწავლებელი მზადაა პროფესიაში შესაბიჯებლად.

·მასწავლებლის მუშაობის შეფასება: მასწავლებლის მოქმედებას საკლასო ოთახში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმისათვის, რომ მოსწავლემ საუკეთესო განათლება მიიღოს. ოპტიმალური სასწავლო გარემოს შექმნა, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების სისტემის დანერგვა და ამ მიმართულებით ეროვნული პოლიტიკის გადასინჯვა მნიშვნელოვანი ფაქტორებია მასწავლებლის წარმატებული მოღვაწეობისათვის. 

·უწყვეტი პროფესიული განათლება: კარგი მასწავლებლები მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლობენ; მათ მუდმივად სჭირდებათ ცოდნისა და უნარების განახლება და გაუმჯობესება, რათა ფეხი აუწყონ ოცდამეერთე საუკუნის სიახლეებს. 
მასწავლებელთა პროფესიული განვითარება

ეფექტური პროფესიული განვითარება წარმოებს მუდმივად, იგი მოიცავს ტრენინგს, პრაქტიკასა და უკუკავშირს. მას საკმარისი დრო ეთმობა და მოიცავს ტრენინგის შემდგომი პრაქტიკის მხარდაჭერას. წარმატებული პროგრამები აგებულია ისეთ სასწავლო აქტივობებზე, რომლებიც იმეორებს საგაკვეთილო გარემოს და ხელს უწყობს მასწავლებელთა სასწავლო ჯგუფების განვითარებას. სულ უფრო მატულობს ინტერესი სკოლის, როგორც არა მხოლოდ სწავლების, არამედ ერთობლივი სწავლის დაწესებულების მიმართ; შესაბამისად, მნიშვნელობას იძენს ის გზები და საშუალებები, რომლითაც მასწავლებლები სისტემატურად უზიარებენ ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას.

ნებისმიერი მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამის მიზნები უნდა მოიცავდეს შემდეგს:

·მასწავლებლის საგნობრივი ცოდნის განახლება უახლესი მიღწევების კუთხით;

·მასწავლებლის უნარ-ჩვევების, დამოკიდებულების და მიდგომების განახლება უახლესი კვლევების შედეგების, სწავლების ახალი მეთოდებისა და ახალი გარემოებების გათვალისწინებით;

·მასწავლებლის ხელშეწყობა სასწავლო გეგმის ან სწავლების სხვა ასპექტებში განხორციელებული ცვლილებების გამოყენებაში;

·ინფორმაციისა და ცოდნის გაცვლა მასწავლებლებთა სასწავლო ჯგუფებს შორის; 

·ნაკლებადწარმატებული მასწავლებლების დახმარება  მათი ეფექტურობის ამაღლების მიზნით.
მასწავლებელთა მხარდაჭერის ფორმები

პროფესიული განვითარება შეიძლება წარმატებული იყოს მხოლოდ ისეთ გარემოში, სადაც მას სათანადო მხარდაჭერა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საჭიროა სკოლის ადმინისტრაციული რგოლიდან (სამინისტრო და მისი უწყებები, რეგიონალური წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები), ვინაიდან ნებისმიერი პროფესიული განვითარების შედეგი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ინიციატივას ადმინისტრაცია. ამდენად, ადმინისტრატორები უდიდეს როლს თამაშობენ წარმატებული პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავებაში. 

განვითარებული ქვეყნების მასწავლებელთა მხარდაჭერის ფორმები შემდეგი სახისაა:

·უნივერსალური, მაღალი ხარისხის მასწავლებლის განათლება, ტიპურად ორიდან ოთხ წლამდე ხანგრძლივობისა, მრავალმხრივი პრაქტიკული ტრენინგისა და საკურსო ნაშრომის შედეგია; 

·სამართლიანი, კონკურენტული ხელფასები _ სხვა პროფესიების ხელფასებთან შესაბამისი, როგორიცაა, მაგალითად, საინჟინრო პროფესია, ზოგჯერ დამატებითი სტიპენდიებით გამყარებული  – მასწავლებელთა მაღალმთიან და რთულად მისადგომ ადგილებში გასანაწილებლად;  

·მენტორობა ყველა დამწყებთათვის, შემცირებული სასწავლო დატვირთვისა და საერთო დაგეგმვის დროის ერთობლიობა; 

·ინტენსიური პროფესიული განვითარებისა და სწავლების მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომელიც შერწყმულია სკოლის დონეზე დაგეგმვასა და ურთიერთთანამშრომლობასთან;  

·მასწავლებლის ჩაბმულობა სასწავლო გეგმების შემუშავებაში, შეფასების სისტემის ჩამოყალიბებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

ასევე, სწორედ ადმინისტრატორებმა უნდა შექმნან ისეთი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს პროფესიული განვითარების კუთხით წარმართულ საქმიანობას. ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ეროვნული პოლიტიკა, სასწავლო და სამუშაო პირობები, მძლავრად მოქმედებს იმ გარემოზე, სადაც შეიძლება დაინერგოს და განხორციელდეს პროფესიული განვითარების ეფექტური სისტემა.
მასწავლებელთა შეფასება

მასწავლებელთა შეფასება ორ მიზანს ემსახურება. პირველი – მასწავლებლის პრაქტიკის გაუმჯობესება ძლიერი და სუსტი მხარეების იდენტიფიცირების გზით შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის; მეორე – მასწავლებლის მიერ მოსწავლეთა სწავლის გაუმჯობესების ხელშეწყობა. 

თანაბრად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მიერ საგნის ცოდნა და საგნის სწავლების უნარ-ჩვევები. სასერტიფიკაციო გამოცდა ამ საგნებს ეხება, ოღონდ მხოლოდ თეორიულ დონეზე. მართალია, თეორიის ცოდნა აუცილებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის საკმარისი სწავლების უნარის შესამოწმებლად. კარგმა მასწავლებელმა უნდა გამოავლინოს კლასში ამგვარი ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა. 
ეფექტურ მასწავლებელს გააზრებული აქვს სტრატეგიების მნიშვნელობა და შეუძლია მისი გამოყენება, რათა მოსწავლეებს დაეხმაროს მიღწევების გაუმჯობესებაში. მას ესმის და იყენებს ბავშვისა და მოზარდის განვითარებასთან დაკავშირებულ ცოდნას მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად და ჩაბმულობის უზრუნველსაყოფად. მას შეუძლია მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენა. მან იცის, სწავლის სტიმულირების მიზნით როგორ შექმნას კლასში დადებითი გარემო.

ეფექტურ მასწავლებლებს ზოგადად ახასიათებთ:

·რწმენა იმისა, რომ ყველა ბავშვს შეუძლია სწავლა;
·რწმენა იმისა, რომ მასწავლებლებიც სწავლობენ და ბავშვებიც ასწავლიან;
·მოსწავლეთა მიმართ პატივისცემა;
·მოსწავლეთა მიმართ მაღალი, მაგრამ განსხვავებული მოლოდინები;
·კლასის კონტროლისადმი ჰუმანური და არაპოლიციური მიდგომა.
კლასის დაკვირვება დირექტორს საშუალებას აძლევს დაადგინოს, ავლენს თუ არა მასწავლებელი ეფექტური მასწავლებლის ქცევით თვისებებს. ამგვარი ინფორმაციის მიღება შეუძლებელია მხოლოდ გამოცდის მეშვეობით. მასწავლებლებმა, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს სასერტიფიკაციო გამოცდა და მაღალი ქულა მიიღეს, შესაძლოა ვერ გამოიყენონ ეს ცოდნა პრაქტიკაში, როდესაც აღმოჩდებიან კლასში, სადაც ყველა მოსწავლე განსხვავებულია. მასწავლებლის სრული შეფასება მოიცავს სწავლების ეფექტურობის, სწავლების ძლიერი მხარეებისა და გასაუმჯობესებელი სფეროების ზუსტ შეფასებას, რასაც მოჰყვება უკუკავშირი, მხარდაჭერა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შეთავაზება. ასევე მნიშვნელოვანია მასწავლებლის შრომის აღიარება და დაფასება.

მასწავლებლის მუშაობის შეფასება შეიძლება იყოს მარტივი, მაგალითად, დირექტორის მიერ მასწავლებლის კლასში მუშაობისა და ქცევის შეფასება. შეფასება შეიძლება იყოს კომპლექსური და მოიცავდეს მშობლების, თანამშრომლების, სკოლის ადმინისტრაციის და თავად მოსწავლეების მიერ გაკეთებულ შეფასებებს. შეფასება არ უნდა იყოს ერთჯერადი. ის უნდა იყოს მიმდინარე, უნდა ხდებოდეს ყოველწლიურად.
მასწავლებლის შეფასების სისტემა

მასწავლებლის შეფასების სისტემის ჩამოყალიბებისა და ამოქმედებისას ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. პირველ რიგში, იგი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმასა და სტანდარტებს. მეორე რიგში, შეფასების სტრუქტურა უნდა იყოს მკაფიოდ და გარკვევით გაწერილი იმისთვის, რომ მასწავლებლებს ნათლად ესმოდეთ _ რას ითხოვენ მათგან. დაბოლოს, სავალდებულოა უკუკავშირი. 

ასე, რომ მასწავლებელთა შეფასების სისტემის კომპონენტებია:

·პროფესიული სტანდარტები, რომლებიც იძლევა პროფესიის აზრიან, ზოგად ხედვას. სტანდარტი წარმოადგენს პროფესიონალთა შორის გაზიარებულ დებულებებს იმის თაობაზე, თუ რა უნდა იცოდნენ მასწავლებლებმა და რისი კეთება უნდა შეეძლოთ მათ მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად და საკუთარი პროფესიული ზრდისთვის. სტანდარტებში მოცემული უნდა იყოს მასწავლებელთა საკვანძო კომპეტენციები მოსწავლეთა სწავლის ხელშეწყობისთვის.

·(მასწავლებლების მუშაობაზე) დაკვირვების სტანდარტები, რომლებიც უნდა მოიცავდეს დებულებებს მასწავლებლების მუშაობისა და მოსწავლეთა სწავლის ამსახველი ფაქტობრივი მონაცემების შეგროვებისა და ამ მონაცემების კატეგორიების შესახებ. სისტემაში განსაზღვრული უნდა იყოს თითოეული მათგანის წონა. მასწავლებლის სწავლების ხარისხის განსაზღვრა სხვადასხვა მონაცემის შეგროვებას საჭიროებს (გაკვეთილებზე დაკვირვება, მშობელთა გამოკითხვა, მოსწავლეთა ტესტის ქულები და სხვა), რომლებიც ისე უნდა დაჯგუფდეს, რომ წარმოაჩინოს მასწავლებლის მიღწევები. მიღწევების გაზომვა უნდა ითვალისწინებდეს წონების, სტანდარტების დასახვისა და ჯამურ ქულებთან დაკავშირებულ საკითხებს.

·დანერგვის/განხორციელების სტანდარტები უნდა მოიცავდეს შეფასების მნიშვნელოვან დეტალებს, როგორიცაა, მაგალითად, როგორ არიან ჩაბული შეფასებაში მასწავლებლები, ვინ აფასებს მათ, რა სიხშირით ხდება შეფასება, როგორ გამოიყენება შეფასების შედეგები, როგორ მიეწოდებათ მასწავლებლებს უკუკავშირი. ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემის საფუძველი შეფასების მიზანი უნდა იყოს.

·პროფესიული კონტექსტის სტანდარტები, რომლებიც უნდა აღწერდეს სკოლაში სწავლება/სწავლის პირობებს. მოსწავლეები და მასწავლებელები ვერ გაიხსნებიან სწავლისა და სწავლებისთვის არახელსაყრელ გარემოში. ეს გარემო შეიცავს როგორც ფიზიკურ, ასევე სტრუქტურულ ელემენტებს, სასკოლო კულტურასა და კლიმატს. სწავლება/სწავლის პირობების საზომები უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ ფაქტორებს: დრო, რესურსები და მოწყობილობები, მასწავლებლების უფლებამოსლებანი, ლიდერობა, პროფესიული ზრდა, სასკოლო კლიმატი და უსაფრთხოება. 

·მხარდაჭერის სისტემების სტანდარტები, რომლებიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს მასწავლებლის მთელი კარიერის განმავლობაში, დასაქმების პირველი წუთებიდან საკარიერო და პროფესიონალური წინსვლის ჩათვლით. მისი დებულებები უნდა მოიცავდეს სქემას, თუ როგორ მოხდება იმ მასწავლებლების დახმარება, ვინც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს: მათ უნდა მიეცეთ საკმარისი შესაძლებლობა, რომ გააუმჯობესონ სწავლება. ამგვარი მხარდაჭერის სისტემები მოიცავს: რელევანტურ მაღალხარისხოვან მიმდინარე პროფესიულ განვითარებას; პროფესიაში შეყვანას; მონიტორინგს და კონსულტაციებს; პროფესიულ სასწავლო ჯგუფებში ჩაბმას; სანიმუშო გაკვეთილების შესწავლას; ქოუჩინგს (პირად ინსრუქტაჟს მწვრთნელისგან).

ამჟამად საქართველოში არ არის ჩამოყალიბებული მასწავლებელთა შეფასების სისტემა. იმისთვის, რომ მასწავლებელთა შეფასება პროფესიული განვითარების ერთ-ერთ კომპონენტად ჩამოყალიბდეს, საწყის ეტაპზე შეფასება უნდა ჩაატაროს დირექტორმა. შეფასება საუკეთესო სამსახურს გაუწევს მასწავლებელს და მოსწავლეს იმ შემთხვევაში, როცა ის არის პროფესიული განვითარების სისტემის და არა სასერტიფიკაციო გამოცდის ნაწილი. მასწავლებელს ქულები უნდა მიენიჭოს  ყოველწლიური შეფასების შედეგად და ეს ქულები აღიარებულ უნდა იქნას პროფესიული განვითარების სისტემის მიერ.  

მასწავლებელთა შეფასების ეფექტური სისტემის კრიტერიუმები

მასწავლებელთა შეფასების ეფექტური სისტემის კრიტერიუმებია:

1.მასწავლებელთა შეფასება უნდა დაეფუძნოს მასწავლებლის სტანდარტს და უნდა იყოს ძალიან დახვეწილი, რათა შესაძლებელი გახდეს ყველა კატეგორიის მასწავლებლის შეფასება _ დამწყებიდან ექსპერტამდე;

2.შეფასება უნდა მოიცავდეს მრავალფეროვან ფაქტობრივ მონაცემებს მოსწავლეთა სწავლის, მასწავლებლის საკლასო პრაქტიკისა და პროფესიული წვლილის შესახებ სწავლების კონტექსტთან დაკავშირებული ინტეგრირებული, ურთიერთდაკავშირებული სახით. ყველა შეფასება, რომელიც მოსწავლეთა პროგრესს უკავშირდება, შესაბამისი უნდა იყოს სპეციფიკური კურიკულუმისა და იმ მოსწავლეების ცოდნისა, რომელთაც კონკრეტული მასწავლებელი ასწავლის;

3.შემფასებლები გარკვეულები უნდა იყვნენ სწავლებასა და გაწვრთნილი შეფასების სისტემაში (უკუკავშირის მიწოდების პროცესისა და მასწავლებლების მიმდინარე სწავლის მხარდაჭერის ჩათვლით). კრიტიკული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში (მაგალითად, ტენიური თუ განახლება), შემფასებელთა ჯგუფის წევრები შესაფასებელი სფეროს ექსპერტები უნდა იყვნენ. 

4.შეფასება უნდა დასრულდეს კონსტრუქციული უკუკავშირით და პროფესიული განვითარების შესაძლებლობის შეთავაზებით, რომლებიც მასწავლებლის მიზნებისა და საჭიროებების შესაბამისია და უნდა მოიცავდეს როგორც ფორმალურ სასწავლო შესაძლებლობებს, ასევე კოლეგებთან თანამშრომლობას, გაკვეთილებზე დაკვირვებასა და ქოუჩინგს.

5.ექსპერტი მასწავლებლები უნდა მონაწილეობდნენ ახალბედა მასწავლებლებისა და დახმარების საჭიროების მქონე მასწავლებლების შეფასების პროცესში; მათ შეუძლიათ საგნობრივ-მეთოდოლოგიური კომპეტენცია და პიროვნული ავტორიტეტი გამოიყენონ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შეთავაზებული იქნება ინტენსიური და ეფექტური მხარდაჭერა და გადაწყვეტილებები ტენიურისა და გაგრძელების შესახებ იქნება საფუძვლიანი;

6.მასწავლებლებისა და ადმინისტრატორებისგან შედგენილმა კომისიამ თვალყური უნდა ადევნოს შეფასების პროცესს და უზრუნველყოს მისი მაღალი ხარისხი, მიუკერძოებლობა და სანდოობა. პრაქტიკით დადასტურებულია, რომ ამგვარი კომისიები ხელს შეუწყობს უფრო დროული, სამართლიანი და კარგად დასაბუთებული საკადრო გადაწყვეტილებების მიღებას, თავიდან აიცილებს მასწავლებელთა განაწყენებასა და საჩივრებს. მასწავლებლები და სკოლის ლიდერები ჩაბმული უნდა იყვნენ შეფასების სისტემის ჩამოყალიბებაში, დანერგვასა და მონიტორინგში იმის უზრუნველსაყოფად, რომ სისტემა სათანადოდ ასახავდეს კარგ სწავლებას, ეფექტურად ფუნქციონირებდეს, უკავშირდებოდეს მასწავლებლებისთვის საჭირო სასწავლო შესაძლებლობებს და კანონზომიერ შედეგებს იძლეოდეს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...