პარასკევი, მაისი 16, 2025
16 მაისი, პარასკევი, 2025

სად არის მასწავლებელი?

0



 


 


ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ვიკა ბუკიას ტელებლოგს „დედობა ბავშვობაში” ვუყურე. ტელებლოგი გოგონებზე მოგვითხრობს, გოგონებზე, რომლებიც აქვე, ძალიან ახლოს, საქართველოს რეგიონებში ცხოვრობენ, გოგონებზე, რომელთა ბავშვობაც ქორწინებამ ნაადრევად დაასრულა. ჩვენ ვიცნობთ მათ, ვხვდებით ქუჩაში, უფრო ალბათ ზაფხულობით, სოფლებში ჩასვლისას ვხვდებით, სინანულით ვაქნევთ თავს, როცა მათ დაღლილ თვალებს, შრომისგან დამსკდარ ხელებს და უდროოდ დაბერებულ სახეებს ვხედავთ, როცა ვიგებთ, რომ საუკეთესო აკადემიური მოსწრება ჰქონდათ, მაგრამ სწავლა ვერ დაასრულეს.


მე არ ვაპირებ, ციფრები და პროცენტები მოვიტანო, რათა დაგიმტკიცოთ, რამდენად მძიმეა მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც. უამრავი კვლევა და ანგარიში არსებობს, სადაც თავად შეგიძლიათ მართლაც სავალალო სტატისტიკის ნახვა. თვალის დახუჭვა კი ნამდვილად არ ღირს _ ვინმემ ხომ უნდა თქვას, უფრო სწორად, ჩვენ თვითონ ხომ უნდა ვთქვათ, რომ თხუთმეტი-თექვსმეტი წლის გოგონების გათხოვება არ არის ნორმალური და კიდევ უფრო არანორმალურია ის, რომ ჩვენი საზოგადოების ნაწილი ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ხედავს.


ტელებლოგის გმირებიდან ყველაზე მეტად ერთი გოგონა დამამახსოვრდა, სახელად თამთა. ის არ გაუთხოვებიათ ადრე, სკოლაში დადის, სწავლობს და წარმატებულ მომავალზე ოცნებობს, სურს, საკუთარი გზა თვითონ აირჩიოს და მეგობრებიც გაამხნევოს. არადა, მისი კლასელებისა და მეზობლების უმეტესობამ უკვე შექმნა ოჯახი, ბევრი მათგანი შვილსაც ელოდება, უკან არ იხედება, ნაადრევად შეწყვეტილ ბავშვობას არ მისტირის, არც სწავლის გაგრძელება სურს და არც რაიმეს შეცვლა _ ისინი ასე აღზარდეს, უთხრეს, რომ სწავლა ქალის საქმე არ არის, სიყვარული კი… რა დიდი ამბავი უნდა, გაყვები, შეეჩვევი, შეგიყვარდება. თუ შეგზღუდავს _ გაჩუმდები, თუ გცემს _ მაინც გაჩუმდები, თუ ხმის ამოღებას აგიკრძალავს _ რა პრობლემაა, ისედაც ჩუმად ხარ.


აი, თამთა კი გამონაკლისია, მან იცის, რომ უნდა იბრძოლოს, ალბათ დაახლოებით ისიც იცის, როგორ უნდა იბრძოლოს და დააღწიოს თავი ჩარჩოებს. მე მისი ბედი მაღელვებს. ტრადიციულ საზოგადოებას არ უყვარს მეამბოხეები და სამწუხაროდ, არც ყველა ამბოხი მთავრდება გამარჯვებით. თუ თამთა და მისი მსგავსი გოგოები ვერ მოახერხებენ, სასურველი გზით იარონ, მათ რთული ცხოვრება ელით. მშობლიურ სოფლებში, ოცი წლის ასაკში, ისინი გათხოვებისთვის დაბერებულებად ჩაითვლებიან, მათ განათლებასა და მონდომებას ბევრი ვერ დააფასებს, ბრძოლას კი, წლებითა და ადამიანების შექმნილი სტერეოტიპებით გამყარებული ქმედებების წინააღმდეგ, ზოგჯერ სავალალო შედეგამდე მივყავართ. ამიტომ სხვა გზა არ არის _ თუ ჩვენ ჯანსაღი საზოგადოება გვინდა, ამ გოგოებმა უნდა გაიმარჯვონ, ჩათრევას ჩაყოლა არ ამჯობინონ და საკუთარი მაგალითით დაანახონ სხვებს, რომ არჩევანი ყოველთვის არსებობს.


მე, როგორც საქართველოს რიგითი მოქალაქე, როგორც რიგითი გოგო, სხვა გოგოების გადარჩენის რთულ და უმნიშვნელოვანეს საქმეში სკოლისა და მასწავლებლის განსაკუთრებულ როლს ვხედავ და მინდა, ადამიანებმა, რომლებსაც აქვთ პატივი, მომავალ თაობებს ასწავლონ, თავადაც კარგად გააცნობიერონ საკუთარი მისია. მასწავლებლის ფუნქცია ხომ მხოლოდ შავი ასოებით დაბეჭდილი წესების ხმამაღლა გამეორება და საკონტროლო წერის რვეულების წითელი პასტით გასწორება არ არის. ნუთუ მასწავლებელს სიტყვა არ ეთქმის, როცა თოთხმეტი წლის გოგონა სწავლას თავს ანებებს და გარიგებით ქმნის ოჯახს? ნუთუ მასწავლებელს არ ენანება ის ნიჭი და პოტენციალი, რომელიც ისე ქრება, თითქოს ცივ წყალში რეცხვისას საპნის ქაფს გაჰყვა თან და თუ ენანება, სად არის მასწავლებელი, სად არის მისი გულის ტკივილი და მზრუნველობა? და თუკი სოფელი მასწავლებელს არ უსმენს, მაშინ სად გაქრა ტრადიციული პატივისცემა პედაგოგების მიმართ?


ჩემი მიზანი არც ვინმესთვის ჭკუის სწავლებაა და მითუმეტეს, არც შეურაცხყოფის მიყენება. უბრალოდ, მგონია, რომ თვალის დახუჭვა არ ღირს, რადგან შეცდომების გამოსწორება, უმეტეს შემთხვევაში, მათი აღიარებით იწყება. დროა, ვაღიაროთ, რომ მაშინ, როცა თოთხმეტი წლის გოგონებს ათხოვებენ, დუმს სკოლა, დუმს სოფელი, ქალაქი, ყველანი ვდუმვართ და ამით საკუთარ ტოტს ვჭრით.


წარმოდგენა არ მაქვს, კითხულობენ თუ არა ჩემს წერილებს ჩემი ყოფილი მასწავლებლები, მაგრამ მაინც მინდა, ვთქვა, რომ ყველაფერი მახსოვს და მიყვარს ისინი, განსაკუთრებით, რამდენიმე მათგანი, მიყვარს თითოეული სიტყვისთვის, რომელიც მე, ერთ რიგით გოგოს, ჩემი თავის პოვნაში, ჩემი გზის არჩევაში, ჩემი ბრძოლის მოგებაში დამეხმარა.


 


 

პრაქტიკული პედაგოგიკა: როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილი

0

დღეს ძალზე აქტუალურიაინტეგრირებული გაკვეთილების თემა. ახალი
ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამები და გამჭოლი კომპეტენციები
მასწავლებელს საინტერესო ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვისა და ჩატარების
საშუალებას აძლევს.

▪ რით არის
მნიშვნელოვანი ინტეგრირებული გაკვეთილები
,ინტეგრირებული სწავლება?

ადრეულ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება, ანალიზი, განზოგადება და კიდევ უფრო მეტად ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების სინთეზი. რაც უფრო დაქუცმაცებულია სამყარო მოსწავლისთვის სხვადასხვა საგნად“, მით უფრო ჭირს მისი აღქმა და შესწავლა. ასაკთან ერთად ეს
სირთულე იოლად დაიძლევა. ამ კუთხით ასაკობრივ განვითარებასთან ერთად დიდი მნიშვნელობა
ენიჭება კარგად დაგეგმილ და ჩატარებულ ინტეგრირებულ გაკვეთილებს.

განათლების
სპეციალისტები ხშირად საუბრობენ ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ერთი სასწავლო
დისციპლინის შიგნით არსებულ ინტეგრაციაზე. მაგალითად,
ინტეგრაცია მოხდა მათემატიკის შიგნით: ცალცალკე და ერთმანეთისგან მოწყვეტით აღარ ისწავლება ალგებრა და გეომეტრია, რომ არაფერი ვთქვათ ახალ მიმართულებებზესტატისტიკასა და ალბათობაზე.

საბუნებისმეტყველო საგნები პირველი ექვსი წლის განმავლობაში ინტეგრირებულად ისწავლება. ეს ნიშნავს, რომ არსებობ საგანიბუნებისმეტყველება, რომელიც საწყის ცოდნას
აძლევს ბავშვებს
ბუნებრივი გარემოს შესახებ, ასწავლის მის
მახასიათებლებს, ამით
მეცნიერული აზროვნების წინა პირობ ქმნის და სხვ.

  ვრცლად

ამბის მიტანა – პასუხისმგებლობიანი ქცევა თუ ირიბი აგრესიის გამოხატულება

0
დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ხშირად მიაქვთ ენა მასწავლებლებთან, რომ თანაკლასელმა მათ აწყენინა ან, უბრალოდ, არასწორად მოიქცა. პედაგოგები დილემის წინაშე დგებიან: როგორ მოახდინონ რეაგირება იმგვარად, რომ არც მოსწავლის ჩივილი დატოვონ უყურადღებოდ და არც ასეთი ქცევა განუმტკიცონ?

ენის/ამბის მიტანა ქცევის დასწავლილ ტიპს მიეკუთვნება, რომელიც უმთავრესად უფროსი სკოლამდელი და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, თუ უფროსმა ამაზე არასწორი რეაგირება მოახდინა, შესაძლოა, ამგვარი ქცევა უფროს ასაკში ჩამოყალიბდეს სხვისი განკიცხვის, ჭორაობის ჩვევად, რაც აგრესიის ირიბ გამოვლენას წარმოადგენს.

თუ ბავშვს ხშირად მიაქვს ენა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოტივს: მას ან სხვა ბავშვს მართლა ემუქრებათ საფრთხე; ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში და დახმარებისთვის უფროსს მიმართავს; მიაჩნია, რომ დაბეზღებით გიცავთ თქვენ; გაბრაზებულია ვინმეზე და ენის მიტანით ცდილობს მასზე შურისძიებას; ახდენს ძალაუფლების დემონსტრირებას (სხვისი ვნება სხვისი ხელით კონტროლის მნიშვნელოვანი მექანიზმია); უბრალოდ, უმართებულო ფორმით ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას (მაგ.: „მასწ, დღეს მე შევასრულე დავალება, ლუკამ კი – არა!”)

საგულისხმოა ისიც, რომ დაბეზღება ხელს უშლის ჯგუფში თანამშრომლობითი ატმოსფეროს შექმნას. ამგვარმა ქცევამ შესაძლოა გაამწვაოს ურთიერთობა სიბლინგებს (და-ძმას) შორისაც.

გთავაზობთ სამ ძირითად ნაბიჯს ამ პრობლემის მოსაგვარებლად:

1-ელი ნაბიჯი: დაბეზღებასა და ამბის შეტყობინებას შორის განსხვავების დაფიქსირება

უფროსისთვის იმის შეტყობინება, რომ თანაკლასელმა რაიმე დაიშავა ან შეიძლება დაიშავოს, ენის მიტანა/დაბეზღება არ არის. ეს პასუხისმგებლობიანი ქცევაა. ამ შემთხვევაში ქცევის მიზანი საფრთხის თავიდან აცილება/შემცირებაა და არა სხვისთვის ზიანის მიყენება. ბავშვს მადლობა უნდა გადავუხადოთ იმისთვის, რომ დროულად შეამჩნია საფრთხე და ვითარების გამოსწორება სცადა. სასურველია, ბავშვმა იცოდეს, ვის მიმართოს ამა თუ იმ შემთხვევაში დახმარებისთვის. შეგვიძლია, მას სიტუაციური ამოცანებიც შევთავაზოთ იმის გასაგებად, რომელი ქცევა ემსახურება თავის/სხვის დაცვას და რომელი – სხვისთვის ზიანის მიყენებას, რათა ბავშვმა მათ შორის განსხვავება დაინახოს. მაგ., მაიამ შეამჩნია, რომ ბიჭები კიბის მოაჯირზე სრიალებდნენ და უფროსებს შეატყობინა – ამ შემთხვევაში მაიამ იზრუნა სხვებზე; თანაკლასელი მაიას ეუბნება, რომ აღარ იმეგობრებს მასთან, თუ არ მისწერს მეორე თანაკლასელს შეურაცხმყოფელ წერილს – აქ მაიას დახმარება, დაცვა ან იმის სწავლება სჭირდება, როგორ უნდა განახორციელოს ასერტული ქცევა. ასეთ ვითარებაში კარგია, რომ მოსწავლემ თქვენ მოგმართათ დახმარებისთვის. მაგრამ თუ მაიას სურდა ეჩვენებინა, რომ ის სხვებზე უკეთ ასრულებს დავალებას და განაცხადა, მე ფაქიზად შევასრულე ის, სხვებმა კი ულამაზოდო, ამით მან სხვების მიმართ ინსტრუმენტული აგრესია გამოავლინა – ხაზი გაუსვა საკუთარ უპირატესობას (სიტუაციების შეთხზვისას ამბავი გამოგონილ პერსონაჟებს უნდა ეხებოდეს და არა რეალურ ადამიანებს). 

მე-2 ნაბიჯი: „არ ვაბეზღებთ ერთმანეთს!”

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები დაინახავენ განსხვავებას ზიანის მიყენების, შურისძიების, საკუთარი უპირატესობის ხაზგასმისკენ მიმართულ ქცევასა და საფრთხის შემცველი სიტუაციის შესახებ გამაფრთხილებელ ქცევას შორის, უნდა შემოვიღოთ წესი: არ ვაბეზღებთ ერთმანეთს! უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს ერთი რამის გაცნობიერებაში: „თუ ეს არ გავამხილე, ამით მე ან ჩემ გარშემო მყოფები ხომ არ დავზარალდებით? სასარგებლოა თუ უსარგებლო ეს შეტყობინება ჩვენთვის?” ამგვარი კითხვების დასმით თქვენ ხაზს უსვამთ, რომ მოისმენთ მხოლოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მე-3 ნაბიჯი: პრობლემებთან გამკლავების უნარის განვითარება

უფროსისთვის ამბის მიტანის მიზეზი ხშირად ის არის, რომ ბავშვმა არ იცის, როგორ მოიქცეს ამა თუ იმ სიტუაციაში და თქვენ გთხოვთ მასზე რეაგირებას. ბუნებრივია, უფროსები უნდა დავეხმაროთ ბავშვებს, მაგრამ თუ ყოველთვის ჩვენ მოვუგვარებთ პრობლემებს, ისინი ვერ ისწავლიან სირთულეების დაძლევას და ვერ ირწმუნებენ, რომ ზოგიერთი პრობლემის მოგვარება უკვე დამოუკიდებლადაც შეუძლიათ. თუ ბავშვი ხშირად მოგმართავთ თხოვნით, მოუგვაროთ პრობლემა, თქვენ კი მიგაჩნიათ, რომ ზოგიერთი დაბრკოლების გადალახვა მას უკვე დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს, ხელი შეუწყვეთ აღნიშნული უნარის განვითარებას. ამაში ოთხსაფეხურიანი მოდელი დაგეხმარებათ.

მოდელის სადემონსტრაციოდ გთავაზობთ სიტუაციას, რომელიც და-ძმას – კოტესა და სოფოს ეხება. სოფო 10 წლისაა, კოტე კი 6-ის.

სოფო მიმართავს დედას: „გინდა გითხრა, რას აკეთებს კოტე?”

1. უპირველესად, მნიშვნელოვანია, ერთი რამ: სანამ ამბავს მოგიტანდეთ, ბავშვი დაფიქრდეს, მისი საქმეა თუ არა ეს. სთხოვეთ სოფოს, დაფიქრდეს, ეხება თუ არა მას კოტეს ქცევა.

2. იმის გაანალიზება, რაში მდგომარეობს პრობლემა. მაგ., კოტემ შესაძლოა რამე დაიშავოს – ის კარადიდან ჭიქის აღებას ცდილობს და შესაძლოა ჩამოვარდეს.

აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, პირველი ორი საფეხური რომ გავაანალიზოთ, კოტეს ქცევა საფრთხის შემცველია – ის ჩემი ძმაა და შესაძლოა დაშავდეს, მაშ, ეს ქცევა გვეხება ჩვენ და მისი გამოსწორება უნდა ვცადოთ. მაგრამ თუ კოტე თანაკლასელს ახალი მულტფილმის შესახებ უყვება, ეს უკვე მისი პირადი საქმეა. 

3. რით შეგიძლია პრობლემის მოგვარება? – „მე შემიძლია ჩამოვუღო ჭიქა, ან მივცე სხვა, რომელიც უფრო ხელმისაწვდომ ადგილას დგას”.

4. პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის არჩევა და მისი განხორციელება. „რა ჯობს, სოფო?” – „ჯობს, სხვა ჭიქა მივცე”. აქ საჭიროა დაზუსტება: „შეგიძლია, თავად მისცე ჭიქა ძმას?” 

ამის შემდეგ აუცილებლად უნდა შევაქოთ სოფო იმისთვის, რომ ძმას დაეხმარა.

ამგვარი მოდელით ბავშვმა უნდა განასხვაოს შეტყობინება მოსალოდნელი საფრთხის შესახებ უბრალო ჭორაობისგან/დაბეზღებისგან. მან უნდა იცოდეს: თუ მიაჩნია, რომ მას ან სხვას საფრთხე ემუქრებათ, აუცილებლად უნდა გაუწყოთ ამის შესახებ; მოგმართოთ მაშინაც, როცა დაბნეულია და არ იცის, როგორ მოიქცეს. ასეთ დროს მას მადლობა უნდა გადაუხადოთ ნდობისთვის და დაეხმაროთ როგორც პრობლემის მოგვარებაში, ისე მის მოსაგვარებლად საჭირო უნარების განვითარებაში.

გორდონ ბრაუნი- „უპირატესობა განათლებას უნდა მიენიჭოს“ პირველი ნაწილი

0
გორდონ ბრაუნი, გაერთიანებული სამეფოს (დიდი ბრიტანეთი) ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს კანცლერი, ამჟამად – გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი განათლების გლობალურ ინიციატივაში და გაეროს გენერალური მდივნის პან გი-მუნის წარმომადგენელი განათლებასთან დაკავშირებულ საკითხებში
გორდონ ბრაუნი: საუნივერსიტეტო განათლების თემას დიდხანს უკანასკნელი ადგილი ეკავა მსოფლიო და საერთაშორისო მოძრაობებისა და ინიციატივების რიგში, დღეს კი, გაეროს გენერალური მდივნის პან გი-მუნის ახალი ინიციატივის „უპირატესობა განათლებას” წყალობით, ის მსოფლიოს პრიორიტეტულ პრობლემათა ნუსხაში დაბრუნდა.

უპირველესად, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდები უნივერსალური განათლების ხელმისაწვდომობის საქმეში თავიანთი თავის მთავარი ადვოკატები გახდნენ. მათ უარი თქვეს დუმილზე, განსაკუთრებით – გოგონებმა, რომლებმაც წამოიწყეს ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოძრაობა თავიანთი სამოქალაქო უფლებების დასაცავად.

ძნელი წარმოსადგენია ადამიანი, რომელზეც არ ემოქმედოს ახალგაზრდა პაკისტანელი გოგონას მალალა იუსაფზაის ისტორიას: 15 წლის მალალას „ტალიბანის” წევრებმა თავში ესროლეს მას შემდეგ, რაც გოგონამ ხმამაღლა განაცხადა ქალთა განათლების უფლების შესახებ. ამ ამბავმა ყველას ყურამდე მიაღწია და მრავალი ჩვენგანი შეძრა.

უკანასკნელ ხანს გახმაურდა აგრეთვე ბანგლადეშელი გოგონების ინიციატივა არასრულწლოვანთა ხშირად იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ. მოძრაობის მიზანია, ხელი შეუწყოს პატარა გოგონების სკოლაში სიარულს, ნაცვლად მათი ნაადრევი, მათივე ნების საწინააღმდეგო გათხოვებისა. ინდოეთში ბავშვთა უფლებების დაცვის კამპანიამ „გლობალური მარში ბავშვთა შრომის წინააღმდეგ”, რომელსაც უფლებადამცველი კაილაშ სატიართი ხელმძღვანელობს, უკვე გამოიღო შედეგი და ათასობით ბიჭსა თუ გოგონას საშუალება მისცა, თავი დაეღწიათ ქარხნებსა თუ ფაბრიკებში მონური შრომისთვის და გაეგრძელებინათ ან დაეწყოთ სკოლაში სიარული.

ამ ახალგაზრდების ბრძოლამ, რომლებიც მათთვის სწავლის უფლების უზრუნველყოფას ითხოვენ, შეუძლებელი გახადა ამ პრობლემის იგნორირება. ამრიგად, ნებისმიერი ქვეყნის მთავრობა მოექცა დიდი ზეწოლის ქვეშ და ვალდებულია, რეალობად აქციოს ათასწლეულის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა – უნივერსალური პირველადი განათლების უზრუნველყოფა.

გარდა მსოფლიოს მძლავრი უფლებადაცვითი მოძრაობებისა, განათლების პრობლემატიკის წამოწევა და მსოფლიო პოლიტიკის პრიორიტეტებს შორის მისი მოხვედრა იმ კვლევებმაც გამოიწვია, რომლებმაც შეისწავლა სხვადასხვა ქვეყნის წარმატებისა და წარუმატებლობის მიზეზები. წლების განმავლობაში საერთაშორისო აკადემიურ წრეებში მიმდინარეობდა ცხოველი დისკუსია იმის თაობაზე, რა იწვევს ქვეყნების წინსვლას და მათ ჩამორჩენას: კულტურა, ინსტიტუტები, იდეოლოგია თუ რესურსების ხელმისაწვდომობა. დღეს მწერლების, მკვლევრებისა და პოლიტიკოსების უმეტესობა უკვე ხედავს კრიტიკულ კავშირს განათლებასა და ეროვნულ ეკონომიკურ წარმატებას შორის.

ადამიანური კაპიტალი მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა იმის ასახსნელად, რატომ არის ზოგიერთი ქვეყანა „საშუალო შემოსავლის ხაფანგში”, ხოლო ზოგი თავს ვერ აღწევს „დაბალშემოსავლიანი ქვეყნის” დამამცირებელ სტატუსს. დღეს ქვეყნის ადამიანური კაპიტალის შეფასებისას დიდი ყურადღება ეთმობა საბაზისო უნარების რაოდენობასა და ხარისხს, ზრდასრული კვალიფიციური მშრომელების რაოდენობას და ექსპერტიზას კვლევისა და განვითარების საკითხებში.

განათლების პირველ ადგილზე დაყენება გადაუდებელი საქმეა, რადგან გამოუყენებელი ნიჭი და პოტენციალი მსოფლიო მასშტაბით სერიოზულ შემაფერხებელ ფაქტორად გადაიქცა. დღემდე 57 მილიონი სასკოლო ასაკის ბავშვი არ დადის სკოლაში, 500 მილიონი გოგონა ვერასოდეს დაამთავრებს საშუალო სკოლას და 750 მილიონზე მეტმა სრულწლოვანმა არ იცის წერა-კითხვა.

კავშირი განათლებასა და ეკონომიკურ წარმატებას შორის ბიზნესისთვისაც აუცილებელს ხდის სასკოლო განათლებისა და სხვადასხვა ტიპის სწავლების ხელშეწყობას. 2020 წლისათვის, მაკკინზის გლობალური ინსტიტუტის პროგნოზის თანახმად, მსოფლიო ორმაგი პრობლემის წინაშე დადგება – წარმოიშობა 40 მილიონამდე მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტის დეფიციტი და იმავდროულად შრომის ბაზარზე არსებული სამუშაო ადგილები არ იკმარებს 95 მილიონამდე დაბალი კვალიფიკაციის მშრომელის დასასაქმებლად. 2030 წელს მსოფლიოს მშრომელთა 3.5-მილიარდიანი არმიიდან მილიარდამდე ადამიანს არ ექნება სრული საშუალო განათლება, რაც მათი ქვეყნების განვითარებას შეაფერხებს.

ამრიგად, თუ დაუყოვნებლივ არ ვიმოქმედეთ, მსოფლიო ბიზნესს ემუქრება აუცილებელი უნარების მქონე ადამიანების მწვავე ნაკლებობა, განსაკუთრებით – ახალ, მზარდ ბაზრებზე და განვითარებად ქვეყნებში, სადაც მალე თავს მოიყრის მსოფლიოს ეკონომიკური აქტივობა. 

მდგომარეობა უდავოდ მძიმეა: სომალიში წერა-კითხვა არ იცის ზრდასრული მოსახლეობის 63%-მა, ნიგერიაში – 39%-მა; სამხრეთ სუდანში მშობიარობისას გარდაცვლილ გოგონათა რიცხვი სკოლადამთავრებული გოგონებისას ჭარბობს.

უმოქმედობამ შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ მიმდინარე საუკუნის შუა წლებში გლობალურმა ეკონომიკამ მოისაკლისოს ნიჭიერი ადამიანები და ყველგან გაიზარდოს უთანაბრობა. ვიტგენშტაინის ცენტრის უახლესი კვლევის თანახმად, რომელიც 21-ე საუკუნის მსოფლიოს მოსახლეობასა და ადამიანური კაპიტალის საკითხებს ეძღვნება, 2050 წლისთვის მალისა და მოზამბიკის მოსახლეობის მხოლოდ 3%-ს შეეძლება უმაღლესი განათლების მიღება. ეს მაჩვენებელი 4%-ს უახლოვდება ნიგერში, ლიბერიაში, რუანდაში და ჩადში და 5%-ია მადაგასკარსა და მალავიში; მთელი ჩრდილოეთი ამერიკისთვის ის 60%-ია, ხოლო სუბსაჰარულ აფრიკაში მხოლოდ 16%-ს აღწევს.
ეს რიცხვები მოწმობს, რომ მსოფლიო გაყოფილია ჯგუფებად, რომლებსაც განათლების სხვადასხვაგვარი შესაძლებლობა აქვთ, რაც მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას კი არ უქადის ხიფათს, არამედ სოციალურ სტაბილურობასაც. დღესაც აქტუალურია აშშ-ის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის ერლ უორენის სიტყვები, წარმოთქმული წინა საუკუნის 60-იან წლებში: „საეჭვოა, რომელიმე ბავშვმა ცხოვრებაში წარმატებას მიაღწიოს, თუ განათლების მიღების საშუალება არ მიეცა… ეს არის უფლება, რომელიც ნებისმიერს თანაბრად უნდა მიენიჭოს”.

გაეროს ინციატივის „უპირატესობა განათლებას” შესასრულებლად ორი წელიღა დაგვრჩა. 2015 წლისთვის საბაზო განათლება პრივილეგიიდან ყველასთვის ხელმისაწვდომ უფლებად უნდა გადაიქცეს. გენერალური მდივანი პანი და მე (გორდონ ბრაუნი – ლ. ა.) მზად ვართ, 2015 წლის ბოლომდე დარჩენილი ყოველი დღე თავდაუზოგავად ვიმუშაოთ და უზრუნველვყოთ ყველა ბავშვის სკოლაში ყოფნა.
***
2012 წლის ივლისში გაეროს გენერალურმა მდივანმა პან-გი მუნმა დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი გორდონ ბრაუნი დანიშნა თავის სპეციალურ წარმომადგენლად გლობალური განათლების საკითხებში გლობალური განათლების პირველი ინიციატივის (GEFI) ხელშესაწყობად. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს, 2015 წლისთვის მიღწეულ იქნეს განათლების ხელმისაწვდომობა ყველა ბავშვისთვის მთელ მსოფლიოში. იგი წარმოადგენს გაეროს ათასწლეულის განვითარების მიზნების ნაწილს.

2000 წლიდან, როდესაც დამტკიცდა გაეროს ათსწლეულის პროგრამა, ამ კუთხით ბევრის მიღწევა მოხერხდა, თუმცა 60 მილიონამდე ბავშვი ჯერ კიდევ სკოლის გარეშე იზრდება. მათ შორის 32 მილიონი გოგონაა, რომელთაგან 28 მილიონი კონფლიქტების ზონაში ცხოვრობს. ბ-ნი ბრაუნის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნა დიდად წაადგება ამ მიზნის მიღწევას. იგი გახლდათ ბრიტანეთის პარლამენტის ლეიბორისტი წევრი 1983 წლიდან, ათი წელი მსახურობდა ბრიტანეთის ხაზინის კანცლერად, ხოლო 2007-2010 წლებში ეკავა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტი. რამდენიმე ხნის წინ ჰარვარდის უნივერსიტეტის კენედის სახელობის მთავრობის სკოლაში ბატონმა ბრაუნმა დაასრულა მუშაობა გლობალიზაციისა და განათლების კვლევით პროექტზე.

ბ-ნი ბრაუნი მეუღლესთან, სარასთან ერთად მუშაობს ინციატივებზე, რომელთა შორისაა პროექტი-ქსელი „დედამიწა სკოლაში”, „გლობალური ბიზნესის კოალიცია გაეროს გლობალური განათლების ინიციატივის მხარდასაჭერად” და „განათლება საზღვრებს გარეშე”. ამ ინიციატივებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კონფლიქტურ ზონებსა და მყიფე სახელმწიფოებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობას. 2013 წლის 12 ივლისს გაეროს ახალი ამბების ცენტრი ესაუბრა ბ-ნ ბრაუნს, რომელიც ნიუ-იორკში ჩავიდა გაეროს ახალგაზრდულ ფორუმზე გამოსასვლელად.

გამოსვლა საგანგებოდ დაიგეგმა მთავარი გამომსვლელის, მალალა იუსაფზაის დაბადების დღისთვის. მალალა, მოგეხსენებათ, 15 წლის პაკისტანელი გოგონაა, რომელიც თალიბანის წევრებმა სასიკვდილოდ გაიმეტეს პაკისტანში მისი საგანმანათლებლო უფლებადაცვითი კამპანიის გამო. საუკუნეების განმავლობაში მსოფლიოში ბავშვების მხოლოდ მცირე ნაწილი იღებდა თუნდაც ნაწილობრივ განათლებას. შესაბმისად, ხდებოდა ბავშვების პოტენციალის მხოლოდ ნაწილობრივი გამოყენება. დღეს კი ჩვენი საბაზო მიზანია, ყველა ბავშვის შესაძლებლობები განათლების მეშვეობით სრულფასოვნად განვავითაროთ.

გაეროს ახალი ამბების ცენტრი: ბ-ნო ბრაუნ, გმადლობთ ჩვენთან საუბრისათვის. ხვალ თქვენ აპირებთ, მიმართოთ ახალგაზრდობის ასამბლეას გაეროში მალალა იუსაფზაისთან ერთად. თქვენ იცნობთ მალალას და მასთან ერთად გიმუშავიათ. რა დაინახეთ მასში ისეთი, რამაც ხელი შეუწყო თქვენს შთაგონებას?

გორდონ ბრაუნი: ხვალ მალალა 16 წლისა გახდება. ის თხელი, ნაზი გოგონაა, რომელიც სასტიკად დაჭრეს პაკისტანში. მე თვალს ვადევნებდი მისი გამოჯანმრთელების პროცესს, მაგრამ არ მახსოვს, ფარ-ხმალი დაეყაროს. მისი ბრძოლის მიზანია, ყოველი ბავშვი დადიოდეს სკოლაში. მის უარს, თავი დაენებებინა ბავშვთა განათლების უფლების დასაცავად ბრძოლისთვის, მოჰყვა დაშინება, მუქარა და საბოლოოდ – მძიმე ჭრილობა, მაგრამ ამან მალალას პოზიცია ვერ შეაცვლევინა – მას სწამს, რომ გოგონებსა და ბიჭებს ყველა ქვეყანაში, მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, აქვთ სკოლაში სიარულის უფლება. ის ყველაზე მამაცი და უშიშარი გოგონაა, ვინც კი აქამდე შემხვედრია.
ადრე ერთი წიგნი დავწერე სიმამაცესა და მის მიზეზებზე. აღმოჩნდა, რომ სიმამაცე რწმენის ძალისა და ადამიანის ნების შეთანხმებაა. ის, რაც მალალას აქვს, გახლავთ რწმენა საქმისა, რომლისთვისაც იბრძვის. ამავე დროს მალალა უდიდესი ნების პატრონია, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ მისი სიცოცხლე ხელყვეს, აზრი არ შეუცვლია.

როდესაც მას ვეკითხები, რა სურს აკეთოს ან რა სურს აჩუქონ დაბადების დღეზე, იგი მპასუხობს: „მე სკოლების აშენება მინდა”. წარმოუდგენელი ამბავია: ახალგაზრდა გოგონა თავის სიცოცხლეს – როგორც თვითონ ამბობს, „მეორე სიცოცხლეს” – მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, როდესაც იგი ცოცხალ-მკვდარი იპოვეს ტყვიით თავში – იყენებს სხვა გოგონების დასახმარებლად, იმისთვის, რომ მათ განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს.

თარგმნა და კომენტარები დაურთო ლევან ალფაიძემ

ადამიანად არყოფნის სევდა

0
 – რა არის სიცოცხლე?     
– სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
სიკვდილი?
– სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.

გოდერძი ჩოხელი 

დღეს დილით, თვალი რომ გავახილე და მოყინული ცხვირი საბანში ჩავმალე, მივხვდი, რომ მართლა დეკემბერია და „ყველაზე ჩემი” სეზონი სასიკვდილო სარეცელზე წევს. ორიოდე ამოსუნთქვა – რამდენიმე ფოთოლიღა შემორჩა ფანჯრის მინაზე ცხვირმიჭყლეტილ შემოდგომას. გაშიშვლებული ვაზის ტალავერი ქარის ყოველ დაბერვაზე სულ სხვანაირად ცახცახებს, თითქოს ტკივილისგან იკლაკნება. რა ქნას, ძნელია სირცხვილსა და სიცივესთან ერთდროულად ბრძოლა. ხანდახან ბეღურები აკითხავენ, ერთად იბუზებიან… წინ გრძელ გზასავით სევდის სეზონია. სხვა გზა არ არის, როგორმე უნდა გავლიოთ ეს უკიდეგანო სევდა, მცენარეებმაც და ადამიანებმაც.

ერთმა გოგომ, ლია ლიქოკელმა, ქარითა და სუსხით დათრთვილული 30 ნოემბრის გაცილება გადაწყვიტა. ამ ამბავს გვერდს გულგრილად ვერ ავუვლიდი, წამოვკრიფე ქუჩაში მოფრიალე ვეღარწითელი-მოშავო ჭადრის ფოთლები და შემოდგომის გასაცილებლად ქალაქის ერთ პატარა, მყუდრო მაღაზიას მივაშურე. აღმოჩნდა, რომ შემოდგომისა და პოეზიის ბევრ მოყვარულს მონდომებია ნოემბრის უკანასკნელი საღამოს პოეზიით დასრულება. ჩემთვის დღემდე ძნელად გადასალახავი ხალხმრავლობის გამო სასწრაფოდ მასპინძლის მშვიდ ხმას და ამბებს შევაფარე თავი, მაგრამ ხმა ხშირად გამირბოდა, კვალი მეკარგებოდა. ბოლოს ასიოდე ქურთუკის, სუნთქვის, მისალმების, ფურცლების შრიალში საბოლოოდ დავკარგე ლექსებისკენ მიმავალი კვალი და წიგნების გადათვალიერება გადავწყვიტე. თან შემოდგომის ბოლო დღეა, სევდიანი ვარ… და თაროებზე სიკვდილს დავუწყე ძებნა (ზამთარს ხომ ძალიან უხდება სიკვდილის მარილით და გლოვის ბინდით შეკაზმული ამბები). დიდხანს არ მიძებნია, ადამიანთა სევდაში შეყუჟულს მივაგენი და წამოვიყვანე.
***
ამ ბოლო დროს საქართველოში პოპულარული გახდა ფენტეზი. ქართველ მკითხველთა დიდ ნაწილს რატომღაც ჰგონია, რომ ამ ჟანრში დაწერილი ლიტერატურა სერიოზულ განხილვას არ იმსახურებს (ზღაპარია) და მხოლოდ დაღლილი გონების „გასანიავებლად” ზღაპრების გავრცობილ, ჩახლართულსიუჟეტიან ვარიანტს წარმოადგენს. იმასაც ამბობენ, ქართული ფენტეზის სალარო ძალიან მწირიაო. 

გოდერძი ჩოხელი პირველად რომ წავიკითხე, სიმართლე გითხრათ, სულაც არ მიფიქრია იმაზე, რა ჟანრს მიეკუთვნებოდა მისი მოთხრობები, მაგრამ ერთხელ ყური მოვკარი, რომ თურმე საქართველოში ფენტეზის ჟანრში წერა ტოლკინის, როულინგის და სხვა, მართლა ძალიან კარგი მწერლების ნამუშევართა თარგმნის შემდეგ დაუწყიათ. არ ვიცი, ლიტერატურის კრიტიკოსები რას ფიქრობენ, მაგრამ მე, როგორც მკითხველი, ვერაფრით დავეთანხმები ამ მოსაზრებას.

ჩემი აზრით, გოდერძი ჩოხელის „წითელი მგელი” ქართული ფენტეზის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. წარმოიდგინეთ, გოდერძი ჩოხელს რომ ამერიკაში ეცხოვრა, ლუკას და მგელკაცი თევდორეს თავგადასავალი იქ რომ დაეწერა, ადამიანთა სევდა რომ ეგროვებინა… მაგრამ ადამიანი-მოთხრობა აქ დაიბადა, საქართველოში, სადაც დღემდე ამოუხსნელ თავსატეხად დარჩა, სადაც სიკვდილმა კითხვების ყანაში მკით გართულს მოაკითხა. კიდევ ბევრი დარჩა მოსამკელი…

ფენტეზის უამრავი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში და მისი მკითხველი საინტერესო ავტორების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, მაგრამ რადგან დღეს სიკვდილს „ვეძებ”, შორს აღარ წავალ, სიცოცხლის კალოსა და დასასრულის ფერფლის მემკვიდრეს ვესტუმრები. ისიც ხომ ადამიანია, ოღონდ ადამიანად ყოფნა რომ მობეზრებია, ისეთი. ჯობს, იქამდე გავესაუბრო, სანამ ხელისგულებზე ცელი შეეზრდებოდეს, სანამ დედას, ცოლ-შვილს, მეგობრებს მოცელავდეს, თორემ მერე, მისი წილი თავთავის ძებნაში გართულს, ვეღარაფერს გავაგონებ.

სიკვდილი კი აგვიანებს… იქნებ ის მილიონში ერთი წელი დაუდგა, როცა თვითონ უნდა მოკვდეს და თან აუცილებლად ადამიანის ხელით. გოდერძის სახემშვენიერი, სინანულით ქანცგაწყვეტილი ჭაბუკის გახსენებაზე ბრედბერის ის დღისა და ღამის გამსწორებელი მომკელი მახსენდება, თვალებში სიგიჟის თეთრი ცეცხლი რომ უთამაშებს და ამერიკის შორეულ მიწაზე განურჩევლად ავლებს მუსრს მწიფე და ნედლ სიცოცხლის თავთავებს, თავისი ერთი მარცვალი სიცოცხლისთვის კი ვერაფრით მიუგნია. 

„სიკვდილმა ჩამაიარა,
ობოლი დახვდა წინაო:
– მე წამიყვანე, სიკვდილო,
ობლობა მომეწყინაო.
– შენ რად მინდიხარ, ობოლო,
შენი პატრონი ვინაო?
ერთი შორი მამიდა გყავ,
ისიც არ არი შინაო.
მე კახეთისკენ მივდივარ,
კაცი მიმიძღვის წინაო,
ცხრა ძმანი გამდიდრებულან,
უნდა ჩავუხდე შინაო,
ისინი უნდა გავყარო,
თავ-თავად მივცე ბინაო”.

ის გაშეშებული, ნანატრი სიკვდილის წამი, დამოკლეს მახვილივით რომ კიდია ფერფლში გახვეული დრიუ ერიქსონის ოჯახისა და საკუთარი ძვლების შემგროვებელი თიკნის თავზე, ოდესმე აუცილებლად ჩამოწყდება, მეტიც, სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ჩარჩენილებს ისევ დამწუხრებული სიკვდილი თუ გაათავისუფლებს – „თავად მოკვდება მათში”. მაგრამ მანამდე ის ერთადერთი ოცნება უნდა აიხდინოს, მილიონი წელი რომ ითმინა და როგორც იქნა, ეს დღეც გაუთენდა…

ისე, რატომ არ შეიძლება, ერთ დღესაც, მაგალითად, ხატობაზე, „ცოცხალ სიკვდილს” პური და ღვინო ვუწილადოთ, სიცოცხლის გვერდით მისი მარადიულობაც დავლოცოთ… ქართველები ვართ ბოლოს და ბოლოს. ერთი ჯღუნაი ყველგან გვყავს (რას ვიზამთ). სამაგიეროდ, ბერი ძმად გაეფიცება, ფიც-ვერცხლს შეჭამენ.

წარმოიდგინეთ, მოდის თქვენთან „ადამიანი-მოთხრობა”, თქვენი სევდა აინტერესებს. უცნაური ინტერესია, მე და ჩემმა ღმერთმა, ორიოდე წუთის წინ აქ მორიგმა საპროტესტო ტალღამ ჩაიარა, მოსახვევიდან ახლაც ისმის ომახიანი შეძახილები, ბრტყელ-ბრტყელი და სოლიდური დაპირებები, „ქატო – იქა, ფქვილი – აქა”, ანუ „ჩვენთან ერთად ყველაფერი კარგად იქნება” ტიპის სულისკვეთება. და სწორედ ამ დროს მიკროფონით კი არა, ფურცლითა და კალმით ხელში მოდიან და გეკითხებიან, „სიკვდილთან ღრეობაზე” რომ მოხვდეთ, რას შეეკითხებოდითო. ოჰო, ძნელია…

„ – მაინც რატომ გვკლავ?
– იმიტომ რომ სიკეთე მინდა თქვენთვის… სულ ადამიანები ხომ არ იქნებით?
– რატომაც არა…
– არ შაგწყინდებათ?
– რო დავბერდებით, მერე რაც გინდა, ის გვიყავი.
– ყველა რომ დაბერდეთ, მაშინ სიცოცხლეს ფასი აღარ ექნება…” 

სიცოცხლეს ფასი აღარ აქვს იმ თვალუწვდენელ ყანაში, სადაც „ქვეყნის მეუფე” დრიუ ერიქსონს ადამიანად ყოფნის სევდა უმძიმებს სულს, „ცელს არ ასვენებს”, იქნებ როგორმე თავისი წილი დასასრული იპოვოს. 

სევდის დღიურში ესეც წერია: ერთი მეთერთმეტე წელში ჩამდგარი ბიჭისთვისაც უკითხავთ, სიცოცხლე რა არიო? სიცოცხლე ისაა, როცა დასახულ მიზანს აღწევო, – სხაპასხუპით უპასუხია ბიჭს. რა ქნას, ჯერ არ იცის, მიზანს იქით რომ ახალი მიზანია, რომ მიზანს მიაღწევ თუ არა, სამანს გადაცდენილი თიკნის თავივით, შეიძლება ეშმაკის კერძი გახდე. ჯობს, ისევ ყვავილად ქცევა ინატრო, მერე რა, თუ მოგგლეჯენ. „სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე, აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა”.
***
ახლა ბუნდოვნად მახსოვს, მაგრამ ბავშვობაში, როგორც ყველა პატარას, მეც ძალიან მეშინოდა სიკვდილის. ამ სიტყვის გაგონებისას შავმოსასხამიანი უსახო ჩრდილი დამეცემოდა და გულს მიკუმშავდა. მერე წამოვიზარდე, „ადამიანთა სევდა” წავიკითხე, მოგვიანებით – „ცელი” და ნელ-ნელა (კარგი წიგნების წყალობით) კენწეროში გატკბილდა, ანუ სიკვდილის შიში სადღაც გაქრა. მას მერე ასეა, ტრადიციასავით – გაილევა თუ არა შემოდგომა, ყველა წიგნში, რომელსაც გამოსაზამთრებლად მოვიმარაგებ, სიკვდილს დავეძებ, რადგან ჯერ კიდევ მჯერა, რომ „ყველაფერი თავიდან იწყება, როგორც ყოველთვის, ჭკნობით”.

საყვარელი ავტორები, ახლობელი ადამიანები

0
ქართული ლიტერატურის სწავლების უმნიშვნელოვანესი მიზანია, შეაყვარო ბავშვებს კონკრეტული  მწერალი. – საოცრად ბანალური ფრაზით დავიწყე ხომ?

არადა, მართლა ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი, შეაყვარო, გააცნო, წარუდგინო ავტორი, როგორც მათნაირი, მათთვის ახლობელი ადამიანი.

ეს ბევრნაირად შეიძლება მოახერხო, მოუყვე ამბებს მწერლის ცხოვრებიდან, გააცნო ბიოგრაფიული დეტალები-ოღონდ  არ დაკმაყოფილდე ცივი და არაფრისმთქმელი თარიღებით- მთავარი მოვლენებია და არა ციფრები.

 უთხარი სად და როგორ ცხოვრობდა, როგორ უყვარდა, როგორ ტკიოდა, როგორი მეზობელი იყო, როგორი მეგობარი, როგორ ეშლებოდა და როგორ ასწორებდა თავის შეცდომებს.

ბიოგრაფიული დეტალები არ გყოფნის? მე გასწავლი კარგ გამოსავალს.

უკვე მისაუბრია შესანიშნავი ელექტრონული რესურსის, ქართული დიალექტური კორპუსის შესახებ. https://www.mygeorgia.ge/gdc/

კორპუსში ყველაფრის პოვნა შეგიძლია, ეძებ სიტყვებს-პოულობ ადამიანებს, ეძებ  მოვლენას-პოულობ ისტორიას, ეძებ ამბავს-პოულობ დრამას…

თუკი კორპუსის საძიებელში ცნობილი ქართველი მწერლების სახელს ჩაწერ, შეიძლება ისეთი ფაქტი  იპოვო, რაც მხოლოდ შენ  კი არა, შეიძლება სხვებმაც არ იცოდნენ.

მაგალითად,  ჩავწეროთ ილია ….

მთქმელი გიორგი ბედუკაძე, საგურამოდან ილია ჭავჭავაძის შესახებ ძალიან საინტერესო ისტორიას გვიყვება:
„ილია სუდათ იყო დუშეთში. ერთმა კაცმა ფული ასესხა მეორესა, მეორემ აღარ მისცა: როდის მომეციო, არ მოგიციაო.
იჩივლა ილიაჲთან: მინდორში მუხაჲ ქვეშ მივეცი ფულიო და აღარ მაძლევსო.

ილიამ უთხრა ფული მიმცემსა: წადი და იმ მუხი ტოტი მაიტანე, რომელთანაც ფული მიეციო, წინ-წინ ნათქომი ჰქონდა: შინ წადი და აღარ მოხვიდეო. ფულის წამღები ალოდინა. მერე უთხრა: ამდენ ხანს იქიდან, სადაც ფული მოქცა, ვერ მოვიდოდაო?

-კი, ბატონო, ორჯერაც უნდა მოსულიყო აქამდეო.

იმით გატეხა. მოწამე არა ჲყოლია და არაფერი უთხრა: ფული მიეციო. იმ კაც ჩააბარეო, თორემ ციხეში ჩაჯდები და ფულსაც გადაიხდიო.

ი კაცმა მისცა ის ფული, გადაიხადა. მეტი გზა აღარა ჲქონდა. გაიგო ილიამ, რო ტყუოდა, ემართა კია და არ აძლევდა…”
აკაკი წერეთლის შესახებ გაინტერესებს რამე?

აბა, ნახეთ, როგორი მხიარული და ონავარი, პატარა ბავშვის ხასიათი შერჩა პოეტს სიცოცხლის ბოლომდე, სხვიტორელი სამსონ ციმაკურიძე გვიამბობს:
„აკაკი მოვიდა ერთ მშვენიერ დღეს თავის რძალთან. დეიწყეს კარტის თამაში. მოუგო შვიდ-თუმან-ნახევარი მარიამს. მეტი ფული იმას აღარ ქონდა და არც ეთამაშა ნისიათ. ერთი ღორი ქვყამდა გასაყიდელი. ვაფასებდით  სამთუმან-ნახევარს. აკაკიმ უთხრა: მეთამაშე მაგ ღორზეო. მოუგო ისიც, მერე დეიწყო სიცილი აკაკიმ: რა ჭყივილით წევიყვან მაგ ღორსაო. გააბრაზა.

წევიდა იმ ღამეს. მეორე დილას გამოუგზანია ბიჭი და დოუბარებია: ააჭყივლე იქა და გააბრაზე ჩემი რძალიო. თავათ წამოსულა და, ახლოს ვენახი იყო, იქ დამჯდარა.

უყურეფს, როგორ აჭყივლეფს ბიჭი ღორს. აკაკი ჯის და იცინის. გამოუვარდა მარიამი ბიჭსა: რას აყვირეფ მაგ გოჭსაო! წაათრიეო! მაშინ გამოჩთა აკაკი და დოუძახა: მოდი, ახლა კუდალა ხარზე მეთამაშეო! აბრაზებდა ასე. მალა კ'არ წაჩხუბებულან, მარა ახელებდა.”….
ფშაველი პელაგია ზურაბიშვილი ვაჟა-ფშაველას უკანასკნელ დღეებზე გვიყვება

-ნეტავი ერთხელ კიდენაო იმ ფშავ-ჴევსირეთის კლდეებისთვინა შამახედნებინაო და მჟავე წყალი დამელიაო [ვაჟამ თქვა სიკვდილის წინო]. _ ჩემი შვილის მამნათლავი იყო ვაჟა, ძალიან მიჩნეული ვიყვენით ერთმანეთში…”
არიან განსაკუთრებული ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეშიც და  სიკვდილის მერეც ზრუნავენ მოყვასზე, აერთიანებენ, ერთმანეთს აყვარებენ მათ.

აი, საინტერესო ისტორია დიალექტური კორპუსიდან,  სოფელ ქისტაურში მცხოვრები ფირუზ კიკოლოვი „სამშობლო ხევსურისას” ავტორის სიკეთის  ამბავს მოგვითხობს:

„ძალიან ტკბილი კაცი იყო. იმისგან წყეინობა თავი დღეში არ გამოიდოდა.
 
მამრე, რაფიელი რო ქალაქში გარდაიცვალა, მაიტანეს აქა ხელისხელათა. ორი ამფიონი მოჲდევდა ისრე: ერთში იმი რამეები ეწყო- ქუდი და რამეები, ერთშიც იმი მენდლები, თითონა კი ხელისხელ მაიტანეს, აქ დაასაფლავეს. მე აგურემ ვაწოდებდი, იგრე ამააშენეჲ. აი, აქ იყო დასაფლავებული, ყველაწმინდა როა, აქა ჭიდილი იმართებოდა ხომე დროები გასატარებლათ. თითონ ეთქო: აქ დამასაფლავეთო. აი, ხო გაგიგიათ, ლექსი როა: ჩემი სამშობლო ის არიო, საცა გავჩენილვარო. 

ძალიან კარქი კაცი იყო, დანანება იცოდა, მიხედვა ხალხისა. შამწეობაჲ აძლემდა ხალხსა. მუშები რო არ ამაივლიდნენ ზვრიდანა, მზარეულ დაუძახემდა: ღვინო დაალეინეთო! შაბრალება ჲქონდა ხალხისა. მუშა რო დეენახა უქუდოთა, დაუძახემდა და ფულ მიჲცემდა: აჰა, იყიდე ქუდი და დაიხურეო! ეხლა შკოლა რო არი, იქა ცხოვრომდა რაფიელი, მაგრამ თითონ კი არა, იმი შვილები. რაფიელის სახლი კიდენა ქვეით არი, იმაჲ ხის სახლი ედგა. ქვეშა მარანი ჲქონდა და მაღლა კიდენა ხის სახლი.

ჰოდა, რაფიელი რო მოკვდა, დიდმარხვა იყო. მამრე გამააცხადეჲ და სუყველაყა კაცმა თითო ჯამი და ხელადა წაიღეჲ”.
მოკლედ, კიდევ ერთხელ იმოგზაურე ქართული დიალექტური კორპუსის მრავალფეროვან და მდიდარ სამყაროში, იპოვე შენი და შენი მოსწავლეების ცნობილი  ავტორის შესახებ სულ სხვა, უცნობი ისტორია და გახადე საყვარელი ავტორი, კიდევ უფრო ახლობელი.  

გრძელი გზა თავისუფლებისკენ

0
 „არავინ იბადება სხვა კანის ფერის, სხვა წარმოშობისა და სხვა რელიგიის მქონე ადამიანებისადმი თანდაყოლილი სიძულვილის გრძნობით; ამ სიძულვილს ადამიანები სწავლობენ და რაკი სიძულვილის სწავლა შეიძლება, მაშინ სიყვარულის სწავლაც შესაძლებელი უნდა იყოს”.
6 დეკემბერს 95 წლისა გარდაიცვალა ამ სიტყვების ავტორი, სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი და ადამიანთა თანასწორობისთვის ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო აქტივისტი ნელსონ მანდელა.

მე რომ ისტორიის მასწავლებელი ვიყო, ყველა კლასში აუცილებლად დავუთმობდი თითო გაკვეთილს ნელსონ მანდელას, მისი ცხოვრების მოყოლას და იმ მდგომარეობის ანალიზს, რომელშიც სამხრეთ აფრიკა ნელსონის მმართველობის შედეგად აღმოჩნდა, ავუხსნიდი მოსწავლეებს, რა მნიშვნელოვანია პრინციპების ერთგულება, იდეალების სიცოცხლის ბოლომდე მსახურება, მორალური პრინციპების ცხოვრებაში გატარება და დაუღალავი ბრძოლა იმისთვის, რაც უმნიშვნელოვანესად მიგაჩნია. იმასაც ვეტყოდი, რომ ყველაზე ჰუმანური იდეებიც კი დიდ რისკს შეიცავს, ცალმხრივად დადებითი მოვლენები, სამწუხაროდ, არ არსებობს და ისტორიული მისიების შესრულება ძალიან ჰგავს ბეწვის ხიდზე სიარულს, ამიტომ მას, ვინც ასეთი მისიის შესრულებას იტვირთავს, წარმოუდგენლად დიდი გონიერება და სიფრთხილე მართებს.

იმასაც აუცილებლად ვეტყოდი, რომ სწორედ მანდელასნაირი ადამიანები ცვლიან მსოფლიოს უკეთესობისკენ, მათი პრინციპულობა და გაუტეხელობა აიძულებს დისკრიმინაციულ გარემოს, გახდეს უფრო შემწყნარებელი, ჰუმანიზმისკენ მოუწოდებს იმ ხალხს, ვის ხელშიცაა გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. ჩვენ კი, ყველა დანარჩენმა, უნდა ვიკისროთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა, რათა ერთი უკიდურესობიდან მეორეში არ გადავცვივდეთ, თანასწორობის იდეებმა კრახი არ განიცადოს. მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ სამყარო სწორედ მაშინ ხდება უკეთესი, როდესაც პასუხისმგებლობას ყველა ინაწილებს; ლიდერები მხოლოდ მიმართულების საჩვენებლად არსებობენ.

მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტეტების დიდად არ მჯერა, მიმაჩნია, რომ რაც მეტ ბავშვს ეცოდინება ამბავი ადამიანისა, რომელიც მთელი სიცოცხლე ფერადკანიანთა თანასწორობისთვის იბრძოდა, ყველაზე ცნობილი სინდისის პატიმარი იყო, მძიმე რეჟიმის კოლონიიდან იურისპრუდენციას სწავლობდა ლონდონის ერთ-ერთ უნივერსიტეტში (დისტანციური სწავლების მეთოდით) და ერთ-ერთი პირველი ჩაება შიდსთან ბრძოლის კამპანიაში, მით მეტი ადამიანი მიიტანს გულთან ახლოს თანასწორობასა და სამართლიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს, მეტი ადამიანი იფიქრებს, რომ ცვლილებები შესაძლებელია და ეს შესაძლებლობა ჩვენს ხელთაა.

როლიჰლალა მანდელა, რომელსაც ნელსონი მოგვიანებით, სკოლაში შეარქვეს, სამხრეთ აფრიკის ტრანსკეის პროვინციაში დაიბადა 1918 წელს. ის ადგილობრივი ტომის ბელადის შვილი იყო და გამორჩეული წარმომავლობის წყალობით შეძლო უმაღლესი განათლების მიღება. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ თავის სულიერ მოძღვარსა და მომავალ თანამებრძოლთან ვოლტერ სისულუსთან ერთად საადვოკატო ფირმას ხსნის, რომელიც ფერადკანიანებს ემსახურება. თავისი საქმიანობის გამო ის ყოველდღე ხედავდა რასიზმის მწარე და დამამცირებელ გამოვლინებებს. 1944 წელს მანდელა აფრიკის ნაციონალურ კონგრესს შეუერთდა, რომელიც ფერადკანიანთა სოციალური და პოლიტიკური უფლებებისთვის მებრძოლი, განდის იდეებით შთაგონებული (შესაბამისად, მშვიდობიანი) ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ორგანიზაცია იყო.

ეს ის დრო გახლდათ, როცა სამხრეთ აფრიკაში ფერადი კანი უფლებების მკვეთრ შეზღუდვას ნიშნავდა. 1948 წელს, მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებაში მოვიდა ნაციონალური პარტია, რომელიც აპარტეიდს (რასების ერთმანეთისგან სრულ განცალკევებას) უჭერდა მხარს, ფერადკანიანების მდგომარეობა უფრო მეტად დამძიმდა. მათ უმიზეზოდ ათავისუფლებდნენ სამსახურებიდან, უზღუდავდნენ თეთრკანიანებთან კონტაქტისა და საკუთარ ქვეყანაში გადაადგილების საშუალებას, აკანონებდნენ აზრს, რომ ფერადი კანი დაქვემდებარებულ მდგომარეობას ნიშნავს და ეს ბუნებრივია. ახალმა ხელისუფლებამ და მისმა რადიკალურმა ქმედებებმა მანდელა მშვიდობიანი მეთოდებით ბრძოლის უშედეგობაში დაარწმუნა და რადიკალური წინააღმდეგობის მოძრაობაში გადავიდა. იმ პერიოდში მოწყობილი აფეთქებებისა და დაღუპული ადამიანებისთვის მას მომავალში ბევრჯერ გაკიცხავენ და გმირად კი არა, ჩვეულებრივ ტერორისტად მოიხსენიებენ. ციხეში გატარებული 31 წლის შემდეგ თავადაც უარს იტყვის რადიკალიზმზე, მეტიც – იმ ხალხთან თანამშრომლობასაც კი დაიწყებს, ვინც მისი დაუძინებელი მტერი იყო, ვინც მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ამის გამოც გაკიცხავენ და იტყვიან, რომ მოძალადესთან დიალოგი შეუძლებელია, ის კი მშვიდად განაგრძობს გზას დასახული მიზნისკენ.

შედეგი, რომელიც მანდელამ დაუღალავი ბრძოლით მიიღო, ბრძოლის დასაწყისში წარმოუდგენელი ჩანდა – აპარტეიდი დასრულდა; მანდელა სამხრეთ აფრიკის პირველი ფერადკანიანი პრეზიდენტი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.

„ჩვენ დიდი მოთმინება, ნებისყოფა და მიზანსწრაფვა დაგვჭირდა, რათა ჩვენი ქვეყანა დაგვებრუნებინა. ახლა კი, სიხარულით აღვსილებს, შეგვიძლია ხმამაღლა დავიძახოთ: „გაუმარჯოს თავისუფლებას!” მე თქვენს სიმამაცეს ქედს ვუხრი და გული სავსე მაქვს თქვენი სიყვარულით… მე თქვენი მსახური ვარ… ახლა კი ძველი იარების მოშუშების და ახალი სამხრეთ აფრიკის შენების დროა!.. ნგრევა და დისკრიმინაცია წარსულს უნდა ჩავაბაროთ, ახლა ჩვენს ქვეყანაში ყველას თანაბარი ღირსება და თავისუფლება უნდა ქონდეს… რადგან იყო თავისუფალი, არ ნიშნავს ჯაჭვებისგან გათავისუფლდე მხოლოდ; ნამდვილი თავისუფლება ნიშნავს, იცხოვრო ისე, რომ პატივი სცე სხვის თავისუფლებასაც… ჩვენ უნდა შევქმნათ საზოგადოება, რომელიც მშვიდობისა და ჰარმონიის განსახიერება იქნება”, – ეს სიტყვები მანდელამ გაპრეზიდენტების შემდეგ წარმოთქვა.

ჰარმონიისგან, რომელზეც ნელსონ მანდელა საუბრობდა, სამხრეთ აფრიკა, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ შორსაა. პოსტაპარტეიდულ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ფერადკანიანთა მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა, თანასწორობა კვლავაც მიუღწეველია და რასიზმიც გადაულახავ პრობლემად რჩება. ამჯერად მისი მთავარი მსხვერპლი თეთრკანიანი მოსახლეობაა, რის გამოც 1990-იანი წლებიდან დღემდე ქვეყანა მისმა 20%-მა – დაახლოებით 900 000-მა კაცმა დატოვა. 

თეთრკანიანი მოსახლეობის ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად რჩება მოვლენა, რომელსაც აფრიკანერები „ფერმების მკვლელობებს” (plaasmoorde) უწოდებენ. უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში გამუდმებით ესხმიან თავს თეთრკანიანთა ფერმებს და მეპატრონეთა ოჯახებს ხოცავენ, რასაც წესისამებრ, სასტიკი წამება და გაუპატიურება უძღვის წინ. „სამხრეთ აფრიკის ადამიანის უფლებათა კომისიის” მონაცემებით, 1991 წლიდან დღმდე ფერმებზე 9400 თავდასხმა მოხდა და ამ დროს 2500 კაცი დახოცეს, ფერმერთა ორგანიზაციების მონაცემებით კი დაღუპულთა რაოდენობა 3000-ს აღწევს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დანაშაულის ტენდენცია არასახარბიელოა: 2006-2009 წლებში ფერმების მკვლელობათა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა. 

ვითარებას განსაკუთრებით ის ამძიმებს, რომ სამხრეთ აფრიკის პოლიცია თვალს ხუჭავს თეთრკანიანთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე, რასაც მოწმობს ამ დანაშაულებთან დაკავშირებით დაპატიმრებულთა სიმცირე.

თეთრკანიანი ფერმერების მძიმე მდგომარეობა და ეთნიკური წმენდა საინტერესოდ აქვს აღწერილი ნობელის ორგზის ლაურეატ სამხრეთაფრიკელ მწერალს ჯონ მაქსველ კუტზეეს რომანში „სირცხვილი”, რომლის წაკითხვასაც ასევე ვურჩევდი უფროსკლასელებს, მანამდე კი, ვინაიდან მანდელაზე ვსაუბრობთ, შეგიძლიათ აჩვენოთ ფილმი, რომელიც მის გავლილ გზას ასახავს:

განათლების სისტემის რეფორმის მცდარი მამოძრავებელი ძალები

0
მაიკლ ფულანი

მაიკლ ფულანი (Michael Fullan) არის კანადის ონტარიოს პროვინციის ქ. ტორონტოს უნივერსიტეტის განათლების სფეროში კვლევათა ინსტიტუტის ემერიტუსი პროფესორი. ამჟამად ის, როგორც განათლების საგანგებო მრჩეველი, ემსახურება ონტარიოს პროვინციის პრემიერს. აღიარებულია მსოფლიო დონის სპეციალისტად ორგანიზაციული ცვლილებების სფეროში. ჩართულია მთელ მსოფლიოში მიმდინარე სასწავლო, საკონსულტაციო და შეფასების ცვლილათა პროექტებში.

1. სისტემის მამოძრავებელი ძალები

განათლების სისტემის რეფორმის მამოძრავებელი ძალები ის პოლიტიკური და სტრატეგიული ბერკეტებია, რომლებიც მის წინსვლას განაპირობებს, ხოლო მცდარი მამოძრავებელი ძალები – ის გამიზნული პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მოქმედებები, რომლებიც სასურველ შედეგებამდე ვერ მიგვიყვანს. სწორი მამოძრავებელი ძალები საშუალებას აძლევს მოსწავლეს, მაღალ შედეგებს მიაღწიოს.

ჩვენ აქ განვიხილავთ იმ ბერკეტებს, რომლებსაც ჩვეულებრივ ირჩევენ რეფორმების გასატარებლად; დაგისაბუთებთ მათი წარუმატებლობის მიზეზებს; შემოგთავაზებთ ალტერნატიულ გზებს, რომლებიც დასახული მიზნების უფრო იოლად მიღწევის საშუალებას იძლევა.

განათლების რეფორმის ძირითადი მიზანია, აამაღლოს სწავლის დონე ყველასთვის და დაეხმაროს დაბალი მოსწრების მოსწავლეებს იმ მაღალი დონის უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების შეძენაში, რომლებიც აუცილებელია თანამედროვე სამყაროში წარმატებული ცხოვრებისთვის.

ამა თუ იმ ბერკეტის ეფექტურობის გასაზომავად გამოიყენება ოთხი კრიტერიუმი. აუცილებელია ვიცოდეთ, შეუძლია თუ არა მოცემულ ბერკეტს:

·*გააძლიეროს მოსწავლისა და მასწავლებლის შინაგანი მოტივაცია;
·ჩართოს ისინი სწავლისა და სწავლების გაუმჯობესების უწყვეტ პროცესში;
·*გააძლიეროს კოლექტიური და გუნდური მუშაობა;
·მოიცვას მასწავლებლებისა და მოსწავლეების 100%.

სწორედ შინაგანი მოტივაცია, სწავლების გაუმჯობესება, გუნდური მუშაობა და საყოველთაო ჩართულობაა გადამწყვეტი რეფორმის წარმატებისთვის. მრავალი სისტემის რეფორმირების წარუმატებლობა ამ პრინციპების იგნორირებისა და მცდარი მამოძრავებელი ბერკეტების არჩევის ბრალია.

წარმატების გასაღებია მასწავლებლებისა და მოსწავლეების გაერთიანებული ენერგიის როგორც ცვლილებათა ძირითადი მამოძრავებელი ძალის გამოყენება. ამისთვის აუცილებელია რეფორმის მიზნებისა და მონაწილეთა შინაგანი მოტივაციის გაერთიანება. შინაგანი ენერგია ჩნდება იმის გაცნობიერებით, რომ კარგად აკეთებ იმას, რაც შენ და შენს კოლეგებს მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. მას შემდეგ, რაც სასიცოცხლო მოთხოვნები დაკმაყოფილებულია, ადამიანთა უმრავლესობას მოტივაციას მატებს იმის გაცნობიერება, რომ ეფექტურად მუშაობ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია შენთვის, ფასეულია სხვებისა და მთელი საზოგადოებისთვის. პერსონალური წვლილი უფრო მეტ სიხარულს განიჭებს, როდესაც ის საერთო ძალისხმევის ნაწილია და აერთიანებს პიროვნულ და საზოგადოებრივ მიზნებს. პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც ხელს არ უწყობს ძლიერ შინაგან მოტივაციას ყველა დონეზე, მთელ სისტემას ვერ გარდაქმნის. ასევე განწირულნი არიან მარცხისთვის ის ლიდერები, რომლებიც არ მიისწრაფვიან, განავითარონ ადამიანის პოტენციალი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ძლიერი შინაგანი მოტივაციისა და მზარდი უნარ-ჩვევების აუცილებლობა ძალიან დიდია.

განათლების რეფორმირებისადმი ინტერესმა ბოლო დროს იმატა. ამას ხელი შეუწყო რეფორმის შედეგების ხარისხიანმა ანალიზმა. განათლების საერთაშორისო პროგრამის PISA-სა და კომპანია McKinsey-ს ანგარიშების მიხედვით, საუკეთესო შედეგები წიგნიერებაში, საბუნებისმეტყველო საგნებსა და მათემატიკაში აჩვენა ხუთმა ქვეყანამ: კორეამ, ფინეთმა, ჰონკონგმა, სინგაპურმა და კანადამ. ამ სტატიაში ჩვენ ამერიკასა და ავსტრალიას განვიხილავთ. განათლების სფეროს რეფორმირების კუთხით ბოლო დროს ორივე ქვეყანაში სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა; ორივე ქვეყანა აღიარებს, რომ რეფორმირება მათთვის აუცილებელია. მიუხედავად ამისა, ამერიკა ბოლო წლებში კარგავს რეიტინგს PISA-ს პოზიციებში. ასევე – ავსტრალიაც.

რეფორმის ეფექტური ბერკეტები – ეს გახლავთ პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მოქმედებები, რომლებსაც სასურველ შედეგებამდე მივყავართ. ეფექტური ბერკეტები – ეს ის არ არის, რაც იმედის მომცემად ჟღერს; არც ხმამაღალი ლოზუნგებია და არც დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად ნაჩქარევად მიღებული ზომები; ეს თანხმობასა და მუდმივ განვითარებაში მყოფი ძალების მოქმედებაა, რომლებიც ხელს უწყობს რეფორმის მიზნებისკენ სვლას.

ოთხი მცდარი ბერკეტი ძალიან მიმზიდველი ეჩვენებათ. პოლიტიკოსები ეჭიდებიან ასეთ ბერკეტებს, რადგან ქვეყნის ლიდერებს შედეგების დაუყოვნებლივ მიღება სურთ, მაგრამ ის, რაც იოლ და მხსნელ გადაწყვეტილებად ეჩვენებათ, საბოლოო ჯამში, ავლენს თავის წარუმატებლობას. მაგრამ მოხდება გარდატეხა და აი, რა მაძლევს ამის რწმენას:

·*არაეფექტური მცდარი ბერკეტები სულ უფრო აშკარა ხდება;

·ჩნდება სულ უფრო მეტი პოზიტიური ალტერნატიული გადაწყვეტილება – გასაგები, ხელმისაწვდომი და შთამაგონებელი;

·*რაც მთავარია, ის, ვინც ჩართულია რეფორმების გატარებაში და ვისაც ყველაზე მეტად აბნევს პროგრესის არარსებობა, სოციალური პრობლემების მიზეზებზე დაფიქრდება.

 დღესდღეობით საინტერესოა ის ბერკეტები:

·*რომლებსაც სისტემის გაუმჯობესებისკენ მივყავართ;
·რომელთა მოქმედება და შედეგები ექვემდებარება გაზომვას;
·რომლებიც შესაძლებელს ხდის ლოგიკური ჯაჭვის აგებას, როდესაც X სტრატეგიას Y შედეგამდე მივყავართ.
მათგან განსხვავებით, მცდარი ბერკეტები:
·*იმედის მომცემად ჟღერს, მაგრამ სასურველ შედეგამდე არ მივყავართ;
·*აუარესებს მდგომარეობას;
·*კარგად დაკვირვებისას აღმოჩნდება, რომ ვერ მოახდინა ის გავლენა, რასაც ელოდნენ.

სწრაფი შედეგის მისაღებად მრავალი ლიდერი ირჩევს მცდარ ბერკეტებს.
აი ოთხი მცდარი ბერკეტი და მათი სწორი ალტერნატივა:
გაზომვადობა: პედაგოგთა ტესტირებისა და ნიშნების შედეგების გამოყენება მასწავლებლებისა და სკოლების წახალისებისა და დასჯისთვის – პოტენციალის შექმნის საპირისპიროდ;

ცალკეული ხელმძღვანელებისა და მასწავლებლების პროფესიული განვითარება – პრობლემის ჯგუფური გადაწყვეტის ნაცვლად;

ტექნოლოგიები: სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიების ინვესტირების უპირატესობა და მათ მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი – სწავლების ხარისხზე ყურადღების გამახვილების ნაცვლად;

ფრაგმენტული სტრატეგიები – სისტემური მიდგომის სანაცვლოდ.
 
ოთხივე მცდარი სტრატეგია, რასაკვირველია, რეფორმების დროს გამოიყენება, მაგრამ არც ერთი მათგანი არ აღმოჩნდა წარმატებული. ქვეყნები, რომლებიც ამ სტრატეგიებს ირჩევენ, ვერ აღწევენ მიზანს, უფრო მეტიც – ჩამორჩებიან რეფორმების წარმატებით გატარების კუთხით სხვა ქვეყნებს, რომლებმაც სწორი არჩევანი გააკეთეს. არც ერთ ქვეყანას, რომელიც განათლების სფეროში ლიდერობს, არ უხელმძღვანელია ამ სტრატეგიებით.

ოთხი მცდარი სტრატეგია თავისთავად არ არის ცუდი; ისინი ცუდი ხდება მაშინ, როდესაც მთელი რეფორმა მათზე იგება. ჩვენ ამ სტრატეგიებზე უარის თქმას კი არ მოვითხოვთ, არამედ მათ თანმიმდევრულ გამოყენებას. ოთხი სწორი ბერკეტის გამოყენებას მეტი წარმატება მოაქვს და ეს წარმატება უფრო საიმედო, მტკიცე და საფუძვლიანია.

სწორი ბერკეტები – პოტენციალის აგება, გუნდური მუშაობა, პედაგოგიკა და სისტემური გადაწყვეტილებები – ეფექტურია იმიტომ, რომ პირდაპირ გავლენას ახდენს სკოლის სისტემის კულტურაზე, ცვლის მას. მათგან განსხვავებით, მცდარი ბერკეტები ცვლის სტრუქტურას, პროცედურებს და სისტემის შემადგენელ სხვა ფორმალურ ნაწილებს, ამავე დროს არ ეხება მის არსს და მარცხისთვის წირავს მას.

მსოფლმხედველობა, რომელიც საფუძვლად უდევს სისტემის წარმატებულ რეფორმას – ეს ისეთი მსოფლმხედველობაა, რომელიც მუდმივად აჩენს სისტემის ცვლილების იდივიდუალურ და კოლექტიურ მოტივაციას და მათ შესაბამის ცოდნას. ძალზე ნაყოფიერია აქ განხილული რვა მამოძრავებელი ბერკეტის ერთდროული გამოყენება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ოთხი ნაკლებეფექტური ბერკეტი ასრულებს მეორეხარისხოვან როლს ოთხ სწორთან მიმართებით.

სისტემებს, რომლებიც იყენებენ ოთხ სწორ ბერკეტს, მაგრამ არც ოთხ მცდარს უგულებელყოფენ როგორც მეორეხარისხოვანს, შეუძლიათ წარმატებას მიაღწიონ.

სანამ თითოეული ბერკეტის გამოყენების დეტალურ განხილვაზე გადავიდოდეთ, წარმოგიდგენთ განათლების სისტემის გაუმჯობესების/რეფორმირების ორ მაგალითს:
ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი

ობამას ადმინისტრაციამ და განათლების სამინისტრომ დაიწყეს სერიოზული რეფორმების კამპანია, რომლის დევიზია „რბოლა მწვერვალისკენ”. ამერიკელებს იმედი აქვთ, რომ 2020 წლისთვის განათლების სფეროში კვლავ გახდებიან მსოფლიო ლიდერები. „ჩვენი მიზანია, – აცხადებს ობამა, – კარგი მასწავლებელი თითოეულ კლასში, კარგი დირექტორი თითოეულ სკოლაში”. რეფორმას საფუძვლად უდევს ოთხი პრინციპი:

·განათლებისა და შესაბამისი სისტემის შეფასების ახალი მსოფლიო სტანდარტები;
·მოსწავლეთა შეფასებისა და მასწავლებელთა ეფექტურობის კვლევის საიმედო სისტემა;
·მასწავლებელთა და სკოლების დირექტორთა მუშაობის გაუმჯობესება კანდიდატების შერჩევის, კადრების მომზადებისა და სისტემის წახალისების გზით;
·მდგომარეობის გაუმჯობესება 5 000 ჩამორჩენილ სკოლაში (სულ ქვეყანაში 100 000 სკოლაა).

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აშშ-ის ოთხი ძირითადი მამოძრავებელი ბერკეტია: განათლების ახალი მსოფლიო სტანდარტები; სათანადო შეფასების სისტემა; უკუკავშირი, მათ შორის – ანაზღაურების მასტიმულირებელი სისტემაც; სწავლების ეფექტურობის შეფასება მოსწავლეთა მიღწევების შესაბამისად. იმის გამო, რომ საფუძვლად აღებულია სტანდარტები, რომლებიც განათლების სფეროში წარმატებულ ქვეყნებში, მაგალითად, სინგაპურში, გამოიყენებოდა, ამერიკული სტანდარტი ფასდება როგორც მაქსიმალურად ზუსტი, რომელიც შეესაბამება მაღალი დონის უნარებს და ეფუძნება კვლევების შედეგებს. 

ავსტრალიის მაგალითი

მიზნები და სტრატეგიები, რომლებსაც მისდევს ავსტრალია განათლების სისტემის რეფორმირებისას, ძალიან ჰგავს ამერიკულს. ყველა განათლების მინისტრმა 2008 წლის ბოლოს მიიღო მელბურნის დეკლარაცია ახალგაზრდა ავსტრალიელთა განათლებისა და მიზნების შესახებ, რომელიც განათლების სისტემის ახალ მიზნებს აყალიბებდა. დეკლარაციაში განსაზღვრულია საკვანძო სტრატეგიები და ინიციატივები, რომლებსაც მთავრობა განახორციელებს. სასკოლო რეფორმის მიმართულება მიმაგრებულია განათლების შესახებ ნაციონალურ შეთანხმებას. პრიორიტეტი ენიჭება ოთხ მიმართულებას:

·სკოლაში სწავლების ნაციონალური ჩარჩოების შემუშავება. ამასთან ერთად, სახელმწიფო დაფინანსება უნდა განაწილდეს თითოეულ შტატში სასკოლო სწავლების წარმატების მაჩვენებლების მიხედვით.

·ანგარიშვალდებულების გაძლიერება და საზოგადოებისთვის მოსწავლეთა წარმატებების შესახებ ინფორმაციაზე ხალმისაწვდომობა.

·სკოლაში მიღწეულ წარმატებაში ავსტრალიელ ბავშვებსა და ემიგრანტების შვილებს შორის განსხვავების შემცირება.

·ნაციონალური სასწავლო გეგმის შემუშავება და დანერგვა ყველა სკოლაში.

შეიმუშავეს ახალი მიდგომა განათლების სისტემის ფინანსირებისა და სკოლებთან თანამშრომლობის მიმართ:

·დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე სკოლების დახმარება;

·წიგნიერებასა და მათემატიკაში მოსწავლეთა მიღწევების ასამაღლებლად სპეციალური პროგრამების შემუშავება, განსაკუთრებით ეფექტური ზომების ბაზის შექნის ჩათვლით;

·მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, მათ შორის – ნაციონალური სისტემის რეფორმირებისთვის კადრების მომზადების ორგანიზების ჩათვლით – პროფესიული სწავლება, პროფესიული სტანდარტები მასწვლებლებისთვის, ლიცენზირება, პროფესიული სტანდარტები სკოლის ხელმძღვანელებისთვის, სასკოლო მენეჯმენტი. 

ისევე როგორც ამერიკაში, ავსტრალიაშიც რეფორმის ძირითადი სტრატეგიები და მისი მამოძრავებელი ბერკეტებია სტანდარტები, სისტემის შეფასება, მონიტორინგი, მასწავლებელთა დახმარება და ხელშეწყობა. 
მინდა განვაცხადო, რომ ყველა ეს ამბიციური და ლამაზი გეგმა, რომლებიც სახელმწიფო დონეზეა გაცხადებული, ვერ განხორციელდება არსებული სტრატეგიების ჩარჩოებში. განათლების არც ერთი წარმატებული სისტემა არ მართულა იმ ბერკეტებით, რომლებიც ამერიკამ და ავსტრალიამ აირჩიეს: ამ ბერკეტებს არ გააჩნია ენერგია, რომელსაც შეუძლია ისეთი მოტივაციის შექმნა, რომელიც სისტემის მასშტაბურ ცვლილებას გამოიწვევს. რეფორმირებისას მცდარი ბერკეტების არჩევა აუცილებლად გამოიწვევს სკოლის გარდაქმნის ამბიციური გეგმების მარცხს. საუკეთესო შემთხვევაში, ასეთი სტრატეგიები და ბერკეტები მხოლოდ შეაჩერებს სისტემის საბოლოო რღვევას და გამოიწვევს დროებით გაუმჯობესებას, მაგრამ ვერასოდეს შექმნის მთელი სისტემის რეფორმისთვის აუცილებელ პირობებს. მცდარი ბერკეტები არაეფექტურია, რადგან არ შეუძლია შეცვალოს სკოლის ყოველდღიურობის კულტურა. 
2. ძალისხმევის ფოკუსირება ანგარიშვალდებულებაზე პოტენციალის აგების ნაცვლად

„მკაცრი და სამართლიანი” ანგარიშვალდებულება, როგორც რეფორმის ძირითადი მამოძრავებელი, დაკავშირებულია სტანდარტის, შეფასების, წახალისებისა და სასჯელის გამოყენებასთან. მათი მოქმედების შესაბამისად, განათლების პროცესების მონაწილეებმა რეაგირება უნდა მოახდინონ ჩამოთვლილ ფაქტორებზე და შესაბამისად ცვალონ თავიანთი ქმედებები. აქედან გამომდინარე, იგულისხმება, რომ ანგარიშვალდებულებამ უნდა იმუშაოს როგორც მოტივაციამ და ხელი შეუწყოს ცოდნის მიღებას და კომპეტენციის შეძენას, რაც შედეგების გაუმჯობესებას განაპირობებს. რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, აქციო ანგარიშვალდებულება რეფორმის მამოძრავებელ ძალად – არცთუ საიმედო საშუალებაა სისტემის გაუმჯობესებისთვის. სწორედ ოთხი სწორი ბერკეტი უწყობს ხელს მოქმედებებსა და შედეგებთან მიმართებით უფრო ღრმა და საიმედო ანგარიშვალდებულების სისტემის ფორმირებას.

პრობლემა სტანდარტებსა და შეფასებებში კი არა, მათ დომინანტურობასა და იმ ფილოსოფიაშია, რომელიც მათ უკან დგას და გვარწმუნებს, რომ გარე ზეწოლის შედეგად გაჩნდება შინაგანი მოტივაცია და ცვლილებისთვის მზადყოფნა. ამის ნაცვლად საჭიროა ახალი ცოდნისა და ღრმა მოტივაციის შექმნა. საკმარისია შეიცვალოს პროფესიის პრესტიჟულობისა და პროფესიული ზრდისადმი დამოკიდებულება, რომ იმავე სტანდარტებით და შეფასების ინსტრუმენტებით სულ სხვა დინამიკა ჩნდება. გარდა ამისა, სტანდარტებსა და შეფასებებზე კონცენტრაცია არ იძლევა საშუალებას, მეტი ყურადღება მიექცეს სწავლების ხარისხს, რომელიც ცვლილების მთავარი განმაპირობებელია. მოსწავლეთა შედეგების ცვლილების ძირითადი მამოძრავებელია კავშირი „სწავლა – სწავლება – შეფასება”.

იმისთვის, რომ რეფორმამ იმუშაოს, ფაქტორებმა, რომლებიც მის მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს, გავლენა უნდა მოახდინოს მოტივაციაზე და ხელი შეუწყოს პედაგოგთა უმრავლესობის კომპეტენციის ზრდას. გამოიყენეთ ტესტები, მაგრამ არა ბევრი და შეფასებას მიუდექით როგორც გაუმჯობესების სტრატეგიას და არა გარეგნული ანგარიშვალდებულების მიღების საშუალებას. გამჭვირვალე გახადეთ სწავლება და შედეგები და ისინი არსობრივად გაუმჯობესდება.

გადამეტებული ტესტირების მიმდევრებს აოცებთ შედეგები: წარმატებული რეფორმის შემდეგ სწრაფი წინსვლის ნაცვლად მასწავლებლები სტანდარტებისა და შეფასების ცუნამის ქვეშ ყვებიან. დრო და ენერგია, რომელიც „სტანდარტი – შეფასების” კავშირზე იხარჯება, იმდენად დიდია, რომ აღარ რჩება მაღალი დონის მიღწევის შანსი, რაც ჩართულობას და ოსტატობას მოითხოვს. ახლა ხდება იმის თაობაზე წარმოდგენების გადახედვა, რომელი მოქმედებაა პროგრესული XXI საუკუნის გამოწვევათა გადასახედიდან. ეჭვი არ შეგეპაროთ, მაღალი დონის ცოდნა – კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაწყვეტა, საკუთარი პოზიციის დაცვა, კომუნიკაციური უნარ-ჩვევები (მოსმენის უნარის ჩათვლით), ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება, გუნდური მუშაობა, სამოქალაქო სიმწიფე ამ საუკუნის ბოლომდე ნორმად იქცევა. მცდარი ბერკეტები ბლოკავს სწორი გზით სიარულის ნებისმიერ შესაძლებლობას.

სიტუაციის გაუმჯობესება სკოლების მცირე ნაწილში – ეს არ არის ის გზა, რომელიც მიზნამდე მიგვიყვანს. მთელი განათლების სისტემა უნდა გახდეს უკეთესი და რაც შეიძლება სწრაფად – ექვს ან შვიდ წელიწადში. არ ღირს იმის ლოდინი, რომ ჩამორჩენილი სკოლები მოწინავეებს დაეწევიან, მაშინ როდესაც მთლიანად სისტემა არსაით მიდის. კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მივყავართ კონკრეტულ შედეგებამდე.

მსოფლიოში ვერც ერთი რეფორმა ვერ მიაღწევს წარმატებას, თუ ცვლილებების დროს აქცენტი ანგარიშგებაზე დაისმის. სწორი ბერკეტების სტიმულირებისთვის შედეგებისა და პრაქტიკული მუშაობის გამჭვირვალობა შესაძლოა საკვანძო ფაქტორი აღმოჩნდეს. ის საშუალებას იძლევა, შენარჩუნდეს საზოგადოების ნდობა განათლებისადმი, აიწიოს პედაგოგის პრესტიჟმა – იმ პირობით, რომ საზოგადოების პრიორიტეტული ფასეულობა იქნება პოტენციალის ზრდა, მასწავლებელთა ჩართულობა, ნდობის გაძლიერება. ამ შემთხვევაში ვერტიკალური ანგარიშგება მნიშვნელოვანია მყარი პროგრესისთვის. გარდა ამისა, გამჭვირვალობა ჩართულობასთან ერთად, პოტენციალის გაძლიერება და ნდობა ხელს უწყობს პასუხისმგებლობის წარმოშობას პარტნიორების დონეზე, რაც არცთუ უმნიშვნელოა სისტემის რეფორმირებისთვის.
 
თარგმანი, ადაპტაცია და რედაქცია კახა ჟღენტისა
1. Выбор ложных движущих сил для реформы целостной системы. Майкл Фуллан Вопросы образования №4 за 2011 год 
2. Choosing the wrong drivers for whole system reform .Michael Fullan . Centre for Strategic Education Seminar Series. 204. 2011
3. An analysis of teachers’ professional development based on the OECD’s Teaching and Learning International Survey (TALIS). European Union, 2010 – წერილების მიხედვით

ბილინგვიზმი როგორც მოზარდის განვითარების საწინდარი

0
დღევანდელ მაღალგანვითარებულ სამყაროში მშობლები, განურჩევლად სოციალური სტატუსისა თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ცოდნა და უნარი მისცენ შვილებს კონკურენტუნარიან გარემოსთან გასამკლავებლად. ზოგი სახსრებს არ იშურებს ძვირად ღირებული კერძო სკოლებისთვის, ზოგიც  რეპეტიტორებთან მომზადებას ამჯობინებს; ბავშვები დადიან სპორტულ წრეებზე, ეუფლებიან მუსიკალურ საკრავებს, მღერიან, ცეკვავენ, ხატავენ, თამაშობენ ჭადრაკს და სხვა. განსაკუთრებული ყურადღება კი უცხო ენების შესწავლას ექცევა. როგორც სკოლაში, ისე მის გარეთაც ბავშვები ხშირად ერთზე მეტ უცხო ენას სწავლობენ. რა თქმა უნდა, ერთი ან მეტი უცხო ენის ცოდნა წარმატებული კარიერის წინა პირობად მიიჩნევა ისეთ სფეროებშიც კი, სადაც ეს სულაც არ არის აუცილებელი, მაგრამ ამ თავქუდმოგლეჯილ ესტაფეტაში მშობლების უდიდესი ნაწილისთვის უცნობია ერთი რამ, რაც ძირეულად ცვლის ბავშვის სააზროვნო უნარებს და უმნიშვნელოვანეს შესაძლებლობებს სძენს მოზარდის ტვინის განვითარებას.

წარმოგიდგენთ ბილინგვიზმის, ანუ ორენოვნების ცნებას. ბილინგვიზმი განიმარტება როგორც ადამიანის მიერ ორი ენის ფლობის უნარი, თუმცა პედაგოგიკის ჭრილში დანახული ეს ცნება ასეთი მარტივი ახსნა-განმარტებით როდი შემოიფარგლება.

საზოგადოებაში ოდითგანვე ჩამოყალიბდა ერთგვარი სტერეოტიპი ბილინგვურობის შესახებ: მიიჩნეოდა, რომ ორენოვანი ადამიანების ცალკეული ენობრივი კომპეტენციები საკმაოდ დაბალია; რომ ადამიანები, რომლებიც ორენოვან გარემოში იზრდებიან (მაგალითად, სხვადასხვა ეროვნების მშობლები ჰყავთ ან ოჯახის რომელიმე წევრთან, ბებიასთან ან ბაბუასთან, სხვა ენაზე უწევთ კომუნიკაცია), ორიდან ვერც ერთ ენაზე ვერ ლაპარაკობენ გამართულად, ვერ აგროვებენ სიტყვათა საჭირო მარაგს და აუცილებელ საკომუნიკაციო კომპეტენციებს; რომ, ამის კვალობაზე, ბილინგვურმა ადამიანმა, საბოლოო ჯამში, არც ერთი ენა იცის სათანადოდ, არც მეორე და ორივეზე მეტყველება „უჭირს”.

ფსიქოლოგიური ლინგვისტიკის განვითარებასთან ერთად ბილინგვიზმის მიმართ დამოკიდებულება ძირეულად შეიცვალა. თანამედროვე მკვლევრები ამტკიცებენ, რომ ბილინგვიზმი უფრო მეტია, ვიდრე ორი ენის ცოდნა: ის, უპირველესად, ბავშვის ზოგად გონებრივ განვითარებას ემსახურება. აღსანიშნავია, რომ, კვლევების თანახმად, რაც უფრო ადრე შეისწავლის ბავშვი უცხოურ (მეორე) ენას, მით უფრო მრავალმხრივადაა იგი განვითარებული. როდესაც ბავშვი ადრეულ ასაკში, მშობლიურთან ერთად, სხვა ენასაც ეუფლება, ის მხოლოდ თვალსაწიერს როდი იფართოებს (რაც, თავის მხრივ, მომავალი ზოგადი განათლების საწინდარია) – ადრეულ ასაკში მეორე ენის შესწავლა მოზარდს უვითარებს განსაკუთრებულ სააზროვნო უნარებს, აუმჯობესებს მის მეხსიერებას, ყურადღებას და ინფორმაციის ათვისების უნარს. ბლინგვიზმი ასტიმულირებს ტვინის კოგნიტურ ფუნქციებს, ხვეწს ე.წ. აღმასრულებელ ფუნქციას, რომელიც, თავის მხრივ, პასუხისმგებელია ისეთ სააზროვნო აქტივობებზე, როგორებიცაა დაგეგმვა, ყურადღების ფოკუსირება, დავალების შესრულება და სხვა. გარდა ამისა, ბილინგვური ბავშვები მეტად კრეატიულები არიან და ინდივიდუალიზმით გამოირჩევიან. მათთვის იოლია პრობლემის გადაჭრის უმოკლესი გზების პოვნა და სხვა. აღსანიშნავია, რომ რაც უფრო ადრეულ ასაკში, უკეთ და სიღრმისეულად ეუფლება მოზარდი უცხოურ (მეორე) ენას, მით უფრო უკეთ აქვს განვითარებული ზემოთ ჩამოთვლილი უნარები.

არსებობს კვლევები, რომელთა თანახმად, ადრეულ ასაკში უცხოური ენის შესწავლა ამცირებს ხანდაზმულობისას დემენციის – მეხსიერების ასაკობრივი დაქვეითების – შანსს. კვლევები გვიჩვენებს, რომ ბილინგვური ადამიანები ალცჰაიმერის დაავადებისგანაც კი უფრო მეტად არიან დაზღვეულნი, ვიდრე რიგითი მონოლინგვები (ერთენოვნები). როგორც ჩანს, ბილინგვიზმი ერთგვარი „ვარჯიშია”, რომლის შედეგადაც ტვინი გამუდმებით ინარჩუნებს „ფორმას”.

რაღა თქმა უნდა, კარგი მეხსიერება წარმატების საწინდარია. ინფორმაციის იმ უდიდეს ნაკადთან გამკლავება, რომელსაც მოზარდი სკოლაში თუ სკოლის გარეთ იღებს, მეხსიერების განსაკუთრებულ სისხარტეს მოითხოვს. კვლევების თანახმად, ბილინგვური ადამიანების მეხსიერება უკეთ ფუნქციობს. ბილინგვიზმი დადებით გავლენას ახდენს როგორც ეპიზოდურ, ისე სემანტიკურ და მუშა მეხსიერებაზე.

ბილინგვური ადამიანის განსაკუთრებული უპირატესობა სამყაროს მრავალფეროვანი და მრავალმხრივი შეცნობის უნარია. სამყაროს შემეცნებისა და ინტერპრეტაციის უნარი მათ მონოლინგვებზე უკეთ აქვთ განვითარებული.

უდავოა ისიც, რომ რაც უფრო მეტი ენა იცის ადამიანმა, მით უფრო მოთხოვნადია ის შრომის ბაზარზე. სწრაფად განვითარებადი ინტერნეტტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამყაროში ხომ კომუნიკაცია წარმატების უმთავრესი პირობაა.

მკითხველს, ალბათ, დაებადება კითხვა: როგორ გავზარდოთ ორენოვანი ბავშვი, თუ ოჯახის ყველა წევრი ერთ ენაზე ლაპარაკობს?

ამ შემთხვევაში სასურველია, ბავშვი სკოლამდელ ასაკშივე ვაზიაროთ უცხოურ ენას. ურიგო არ იქნება, ოჯახის რომელიმე წევრი მას უცხოურ ენაზე ესაუბრებოდეს – ბუნებრივ გარემოში, ძალდაუტანებლად, ვალდებულების გარეშე ბავშვი ყველაზე ადვილად ითვისებს უცხოურ ენას. ენის შესწავლა ხომ ავტომატური უნარია, რომელიც გენეტიკურად გადაეცემა ადამიანს. სწორედ ამ უნარს უნდა ვუმადლოდეთ ადრეულ ბავშვობაში მშობლიური ენის შესწავლას. 

თუ ვერც ჩვენ და ვერც ოჯახის სხვა წევრები ვერ ვახერხებთ პატარასთან უცხოურ ენაზე საუბარს, უმჯობესია შევარჩიოთ ისეთი სკოლამდელი დაწესებულება, სადაც უცხოურ ენასაც ასწავლიან. თუ ბავშვი ბაღში არ დაგვყავს და მისთვის აღმზრდელის ან ძიძის დაქირავება გვიწევს, ვეცადოთ, ისეთი აღმზრდელი მოვიწვიოთ, რომელმაც უცხოური ენა იცის. თუ ეს სკოლამდელ ასაკში ვერ მოვახერხეთ, ვეცადოთ, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ბავშვისთვის სკოლის დაწყებითი საფეხურიდანვე უცხოური ენის სწავლებას.

გაუმარჯოს უკრაინას!

0

გუშინ  თბილისში      მოთოვა. 
გუშინ მივხვდი, რომ ზღვის გადაღმა მცხოვრებ, თავისუფლების მოყვარე ხალხს, ჩაფხუტიანი სპეცრაზმელებისა და პრეზიდენტის გარდა, სხვა რაღაცებიც აბრკოლებთ. 
გუშინ  თბილისში      მოთოვა. 
გზები გაიჭედა, წყლის მილები დასკდა, ხალხი გაავზნევდა და აწუწუნდა, ტაქსი გაძვირდა, გაზის ქურებს მეტი ცეცხლი მოედო, ზოგრმა ბებიების მოქსოვილი ნაქსოვი წიდები მორგო. თბილისელებმა კარადებში ღრმად შენახული,  ნაფტალინისსუნიანი სვიტრები გამოიღეს.
გუშინ  თბილისში      მოთოვა. 
არადა, რა ჯობია თოვლს. გვიან ღამით მეგობართან ერთად ვარაზის ხევს რომ ჩამოუყვები, თან ბორძიკობ, აქაოდა ფეხი არსად დამიცდესო. მაღლა აიხედავ და თეთრი ვარსკვლავები სახეზე გერეჯგვება. ცინგლი მოგდის – ჯიბეში მოთავსებულ ცხვირსახოცს კი მისწვდი, მაგრამ ამოღება გეზარება. ჰაერს ისრუტავ და ყინვა სასუნთქებს გიწვავს. ზამთარია, ყინავს.
გუშინ  თბილისში      მოთოვა.
ეს თოვლი სულაც არ იყო ისეთი, ჩემს ბავშვობაში რომ ჩამობარდნიდა ხოლმე ვაზისუბნის ნაძვებზე. მაშინ წარმოდგენა არ მქონდა რა ხდებოდა ქალაქის ცენტრში, რამდენი მანქანა შემოეხვეოდა ერთმანეთს, რამდენი გინება გამოიჭედებოდა მძღოლების პირიდან. არც ზღვის გადაღმა მცხოვრები თავუსუფლების მოყვარე ადამიანების ბედი მანაღვლებდა.
გუშინ  თბილისში      მოთოვა.
ახლაღა ვხვდები, ბავშვობაში პირველი თოვლის წამოსვლა არასოდეს მინახავს. ძილის წინ, ფანჯარასთან მდგომი, წარბშეკრულ, მკაცრ  გარემოს ვტოვებდი და დილით მთლად გაჭაღარავებული მხვდებოდა. „თოვლი მოვიდა” – ასე მესალმებოდა ბებია, ჯერ კიდევ ცალთვალგახელილსა და გაუზმორავს. ჯერაც რომ ტკბილ სიზმარზე ხარ მოჭიდებული და სააქაოში გადმოსვლა არ გინდა – აი, ასეთ ბედში მყოფს.  უდავოდ, ეს ყველაზე კარგი დილამშვიდობისა იყო. ეს დილა სკოლაში წასვლად ღირდა.
ისე ხდება, რომ ბავშვები თოვლში სიარულისას მეტს ფიქრობენ, სუფთაზე ბაჯბაჯი ურჩივნიათ და მეტ სიამოვნებასაც იღებენ. სადარბაზოდან რომ გადიან, ფეხშეუხებელ თოვლს აბიჯებენ და სკოლამდე თავიანთი ბილიკი გაჰყავთ. ზრდასრულები კი იოლ გზებს ეძებენ, სხვის ნაფეხურებს მიუყვებიან – ასე რომ უფერო უსაფრთხო და მარტივია, ალბათ იმიტომ. ასეთ გზას ნაკლები თავისტკივილი მოაქვს.  საოცარია, ბავშვები თოვლში სიარულისას აკეთებენ იმას, რაც ადამიანმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა აკეთოს – საკუთარ ნაკვალევებს ტოვებენ. არასწორხაზოვანს, ნაბარბაცებს, მიხვეულ-მოხვეულს, მაგრამ მაინც საკუთარს. ამ ჩვევას, წლების შემდეგ უმეტესობა ღალატობს, გამონაკლისები კი თავიანთ ჩვენებაზე რჩებიან და როგორც წესი, ასეთი ხალხი იოლად იცნობა.
გახსოვთ, პირველი თოვლის დროს, დიდი დასვენების გვირგვინი რა არის? – ფანჯრის რაფაზე ჩამოფერფლილი თოვლისგან გუნდის შეკოწიწება და იმ გოგოსთვის სროლა, ვინც ყველაზე მეტად მოგწონს. ხო უაზრობაა? უაზრობაა, მაგრამ ეგრეა. იმ წმინდა და უაზრო ტრადიციაზე აღარაფერს ვამბობ, გაკვეთილების შემდეგ 5 კილო თოვლით რომ უნდა გაუმასპინძლდე შენს რჩეულს. მე ასეთი სახის ეროტიკა არ მიზიდავდა. ალბათ იმიტომ, რომ ქალის წითლად აღაჟღაჟებული ლოყები არასოდეს მომწონდა. ამ ტრადიციის გამო სხვა ბიჭებზე განაწყენებული გოგონების ნუგეში უფრო საჩემო საქმე გახლდათ.
ციგა არ მქონდა.  უფრო სწორად, ჩემი სართულის საშრობში, ჭერთან, შემოდებული იყო რკინის კონსტრუქცია, რომელზეც სახლში ამბობდნენ ციგაა, ოღონდ გაუმართავიო. მთელი ცხოვრების განმავლობაში ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ის რკინის კონსტრუქცია ჭერში დაიბადა, ჭერში იცხოვრა. მერე კი, ერთ დღესაც, გაქრა და თან წაიღო სრიალის ოცნება. ციგა არა, მაგრამ 14 ლარიანი, რკინისკაუჭიანი ბათინკები მქონდა, რომლებსაც ფეხის დაცურებისგან უნდა დავეცავი. პირველსავე დღეს, როცა ბათინკებით თავის მოწონების სურვილი მტანჯავდა, გოგონების თვალწინ, მე-8 და მე-11 კორპუსებს შორის ისე ამოვყირავდი, რომ ორი კვირის განმავლობაში მხოლოდ  ჩაიში ჩალბობილ ორცხობილას ვჭამდი.
ჩემი პირველი თავბრუდამხვევი სიმთვრალეც პირველი თოვლობისას იყო. კლასელთან შევიკრიბეთ და ბაბუამისის დაწურულ წითელ ღვინოს მივეძალეთ. ამ სიხარბემ შედეგი მალევე გამოიღო – საქართველოს სიყვარულით აღტკინებული ახალგაზრდები თვალსა და ხელ შუა შემოვეფანტეთ ერთმანეთს. ზოგი სააბაზანოში, ზოგი საძინებელში. პირადად მე, ქუჩაში დავიკარგე. რამდენ ნაბიჯსაც ვდგამდი, იმდენჯერ ბრუნავდა დედამიწა. „ოღონდ ეს დასრულდეს და აღარასოდეს დავლევ” – თავს პირობა მივეცი. ბოლოს, სკოლასთან მივათრიე სული და გრძელ სკამზე წამოვწექი. მაღლა საოცრება ხდებოდა. თოვლი ტეტრისის ფიგურებივით მოიწევდა ჩემკენ და ცა რულეტივით ტრიალებდა. ღრმად ვსუნთქავდი და ზამთრის სუსხი ჩემს ფილტვებში ცემენტივით ქვავდებოდა. გამაყრუებელი სიჩუმე იდგა, რომელიც უფრო ღრმა იყო ვიდრე ჯონი კეიჯის კომპოზიცია. ასეთ კადრებს ვერცერთი რეჟისორი დამანახებდა. ცხადია, იმ დღეს, საკუთარი თავისათვის მიცემული პირობა 2 დღის შემდეგ დავარღვიე და სკოლის ბოლო წლები ისე გავლიე, ყველა ჯერზე ამ ერთხელ პატიებას ვთხოვდი ღმერთს.
ჩვენ ყველანი, ეგოისტები ვართ. თოვლი გვიყვარს მანამ, სანამ ის სუფთაა, სანამ მთვრალი მამაკაცები მას არ შეურაცხყოფენ, სანამ არ მობერდება და შავ ფერს არ მოიკიდებს. გიყვარდეს თოვლი და გძულდეს თოვლ-ჭყაპი, ალბათ იგივეა რაც გიყვარდეს შენი ახალგაზრდა ცოლი და შეიძულო ის მაშინ, როცა ნაოჭები გაუჩნდება; ერთ ვეებერთელა მოედანზე იცავდე თავისუფლებას მხოლოდ მანამდე, სანამ გარშემომყოფები არ შემოგეფანტებიან, სანამ ცხელი გული არ გაცივდება.
გუშინ თბილისში მოთოვა. ეს უფრო შემზადება იყო, ვიდრე თოვლი. იმედი მაქვს ხვალ ვაზისუბნის ნაძვებს ჩამობარდნის და ყველანი ჩვენ-ჩვენი გზებით წავალთ. ბარბაცით, მაგრამ ჩვენ-ჩვენი გზებით.
გაუმარჯოს     უკრაინას!
 
 
 
 
 
 
 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...