პარასკევი, მაისი 2, 2025
2 მაისი, პარასკევი, 2025

საკითხავი ტექნოლოგიები

0
ყველაზე ამბიციური პროექტი, რომელიც კი ოდესმე განხორციელებულა ინტერნეტში, გიგანტური მსოფლიო ბიბლიოთეკის შექმნაა. ბიბლიოთეკისა, სადაც თავმოყრილი იქნება კაცობრიობის მთელი ცოდნა. კომპანია Google შეუდგა მილიონობით წიგნის სკანირებას თავისი საიტისთვის Google Books. ასეთი პროექტები სხვა ქვეყნებსაც აქვთ. ნორვეგიამ ჯერ კიდევ 2006 წელს წამოიწყო საინიციატივო პროგრამა, რომლის ფარგლებში სახელმწიფომ მთელი თავისი ეროვნული ბიბლიოთეკა უნდა გააციფრულოს.

ციფრული ტექნოლოგიების ყოფით ცხოვრებაში შემოჭრამ შეცვალა წიგნებთან ურთიერთობა. ადრე წიგნის კითხვისას იგებდი სხვა წიგნის შესახებ, იწყებდი მის ძებნას ბიბლიოთეკაში ან წიგნის მაღაზიებში. წიგნს წიგნთან მიჰყავდი. ციფრული ურთიერთობის ფორმა უფრო კომფორტულია: კითხულობ ტექსტს, იგებ სხვა წიგნის შესახებ, იქვე ერთი დაწკაპვით ლინკავ და პოულობ. ორიოდე წუთში შეგიძლია ნახო რამდენიმე წიგნი და გადაწყვიტო, რომლის წაკითხვა გსურს. მცირე ზომის ელექტრომკითხველებში 5000-მდე წიგნის შენახვაა შესაძლებელი. ამ რაოდენობის ნაბეჭდი წიგნებისგან ბიბლიოთეკების შექმნად ხშირად წლები სჭირდებოდა…

მიუხედავად იმისა რომ წიგნმა ტელეფონებში, პირად კომპიუტერებსა და პლანშეტებში შეაღწია, ის მაინც ინარჩუნებს უძველეს პერიოდთან ასოციაციურ კავშირს.

თავდაპირველად ცოდნა და გამოცდილება ზეპირი მონათხრობით და ნამღერით გადაიცემოდა. ინფორმაციის ამ მეთოდით გავრცელება საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა სმენისა და თხრობის კულტურას, რომელიც ბუნებრივად დამკვიდრებულ სტანდარტებს ექვემდებარებოდა. ამბების თხრობა, ე. წ. სთორი თელინგი (story telling) ხვეწდა ენობრივ ქსოვილს, გამოხატვის სიზუსტეს და ლექსიკურ მარაგს. თუმცა მას ნაკლიც ჰქონდა: ინფორმაცია ადამიანის მეხსიერებას ეყრდნობოდა, რომელიც ყოველთვის არ იყო ზუსტი. ყოველი მთხრობელი მოსმენილ ამბავს რაღაცას ამატებდა ან აკლებდა, საკუთარი ინტერპრეტაციით გადასცემდა სხვას. ვინაიდან ენა საკომუნიკაციოსთან ერთად აზროვნების იარაღიც არის, ცოდნას ყოველი ადამიანი განსხვავებულად აღიქვამდა. მეორე პირისთვის მისი გადაცემა ძალზე სუბიექტური მოვლენა იყო.

დღევანდელი ტექნოლოგიური განვითარება გარკვეულწილად საწყისებთან მიბრუნებაა და ძალიან ჰგავს ისტორიული პროცესის ამ პირველ ეტაპს. უამრავ ალტერნატიულ საშუალებას შორის საგანგებოდ იქმნება წიგნების აუდიოჩანაწერები. ჩვენთვის სასურველი ტექსტი შესაძლოა ბოტმა წაიკითხოს, რაც სმენით ცოდნის გადაცემის და თხრობით განათლების მიღების ახალ სტანდარტებს აყალიბებს. გარდა ამისა, არსებობს ლიტერატურული და სხვა ტიპის პორტალები, რომლებიც კომუნალურ შემოქმედებას, აზრთა გაცვლა-გამოცვლას და ამ ყველაფრის ერთ სისტემაში მოქცევას ითვალისწინებს საერთო სახალხო ტექსტის შექმნის მიზნით. ეს ისეთი ტიპის ტექსტია, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ადამიანები ქმნიან, მომდევნო თაობები ავრცობენ, ხვეწენ და ეპოქალურ მოთხოვნილებათა შესაბამისად გარდაქმნიან.

დამწერლობა ექვსი ათასი წელია არსებობს. მისი განვითარების სამ საფეხურს გამოყოფენ. პირველ საფეხურად ეგვიპტური იეროგლიფური (იდეოგრაფიული) და შუმერული ლურსმული წარწერები ითვლება. შემდეგ მოდის სილაბური (მარცვლოვანი) და ალფაბეტური (ანბანური) დამწერლობა. უფრო ადრეულ ეტაპად შეგვიძლია მივიჩნიოთ პიქტოგრაფია, მაგრამ ის არ ასახავს ენის ბგერით მხარეს და დამწერლობას პირობითად თუ ვუწოდებთ. პიქტოგრაფია ნახატების საშუალებით აზრის გადმოცემაა, რომელიც ნებისმიერ ენაზე შეგვიძლია გავიგოთ. ყველა ამ დამწერლობის თავისებურებას საწერი მასალა და მოწყობილობა განაპირობებდა.

იეროგლიფური და ლურსმული დამწერლობა საწერ მასალად იყენებდა ქვას, ძვალსა და თიხის ფირფიტას. სიტყვა „იეროგლიფი” ამოჭრას, ამოკვეთას და გრავირებას ნიშნავს. ლურსმულ დამწერლობასაც ეს სახელი მისი გარეგნული მხარის გამო შეარქვა ინგლისელმა მეცნიერმა თომას ჰაიდმა 1700 წელს. საქმე ის არის, რომ ლურსმული დამწერლობის ნიშნები ძალიან ჰგავს მახვილთავა ბოლოწვეტიან ლურსმნებს. დამწერლობის პირველ საფეხურზე წერის პროცესი კაწვრას და ტვიფვრას უფრო ჰგავდა. ამიტომ არის, რომ მრავალ ენაში „კაწვრა” და „ხატვა” ერთი და იმავე სიტყვით გადმოიცემა. ძველ ეგვიპტურში, ძველ ბერძნულში, ძველ სლავურში, ლათინურში და აქედან – გერმანულში, ფრანგულსა და სხვა ევროპულ ენებში „წერას”, „კაწვრას” და „ხატვას” ერთი და იგივე ძირი აქვს. ქართულ ენაშიც „წერა” თავდაპირველად კვეთას და ჭრას ნიშნავდა, „წერტილი” კი – ნაჩხვლეტს. 

ლურსმულ დამწერლობაში ასოების მოხაზულობას საწერი ტექნოლოგია განაპირობებდა. მაგარი საგნით ასონიშნების გამოყვანა რთული და შრომატევადი პროცესი იყო. წერის მნიშვნელობის ცვლა წერის პროცესთან დაკავშირებულ გარემოზე იყო დამოკიდებული.

დამწერლობის ამ სამი საფეხურის თავისებურებებს სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად საწერი ტექნოლოგიებიც ედო საფუძვლად. ჩინელები თავდაპირველად ბამბუკზე წერდნენ, ძვ. წ. აღ. მეორე საუკუნიდან კი – ბრინჯის ქაღალდზე, რომელიც პირველად მათვე დაამზადეს. ძველ საბერძნეთსა და რომში გასანთლულ ფირფიტებზე, პაპირუსზე, პერგამენტსა და ნიჟარებზე წერდნენ. ძველ რუსეთში საწერად არყის ხის ქერქს იყენებდნენ. მესოპოტამიაში ანუ შუამდინარეთში თიხის გარდა არაფერი მოიპოვებოდა ისეთი, რაც შეიძლებოდა საწერად გამომდგარიყო. იღებდნენ თიხის ცომს და იქამდე ზელდნენ, სანამ სასურველი ფორმისა და ზომის სწორკუთხა ფილას არ მიიღებდნენ. თიხა რომ შეშრებოდა, საწერად უკვე მზად იყო. 

ეტრატი გამძლე მასალა იყო, მაგრამ მისი დამზადება ძვირი ჯდებოდა. ზოგიერთ ხელნაწერ ეტრატს მთელი ფარა არ ჰყოფნიდა, ამიტომ ხანდახან ტექსტს საგრძნობლად ამცირებდნენ ან ხშირად ხმარებულ სიტყვებს შემოკლებით წერდნენ – აქარაგმებდნენ. დღევანდელ სოციალურ ქსელებსა და ჰიპერლიტერატურაში სმაილებისა და სიტყვების შემოკლებით წერა ძალიან ჰგავს დაქარაგმების ძველ პრინციპს. საზოგადოების გარკვეული წრეები წინასწარ შეუთანხმებლად ამკვიდრებენ სიტყვების შემოკლებულ ვარიანტებს, ე. წ. კიბერნატიულ დაქარაგმებას. 

ვინაიდან ეტრატის დამზადება რთული იყო და ძვირიც ღირდა, ზოგჯერ ძველ ეტრატს ხელახლა იყენებდნენ – ხმარებიდან გამოსული წიგნის ფურცლებს ფხეკდნენ, ძველ ნაწერს შლიდნენ და ახალს წერდნენ, თუმცა ძველი ნაწერის კვალი მაინც რჩებოდა. ასეთ ეტრატს პალიმფსესტი ეწოდება. ჰიპერლიტერატურის ნიმუშები, რომლებიც სერვერის გადავსებისგან დასაცავად ბლოგიდან, სოციალური ქსელიდან ან საიტიდან წაიშალა, მაგრამ რომელთა აღდგენა შესაძლებელია, რაღაცით პალიმფსესტებს ჰგავს. მეცნიერები ეტრატიდან წაშლილი ძველი ტექსტების ამოკითხვას ცდილობენ; წაშლილი ფაილების აღდგენაც ხომ შრომატევადი პროცესია, რომელიც უამრავი არაკორექტული ფაილიდან საჭიროს ამორჩევას ითვალისწინებს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, როდესაც პირველი ინტერნეტთაობის შემოქმედებით დაინტერესდებიან, მეცნიერებს სწორედ ასეთი მუშაობის გაწევა მოუწევთ. შემოკლებული სმაილებისა და სიტყვების, წაშლილი ტექსტებისა და ბლოგების აღდგენის პროცესი მთლიანად კომპიუტერული საქმიანობით იქნება შემოფარგლული. ერთ ჰარვეირზე არსებული ფაილების ფენა-ფენა აღდგენის ხანგრძლივი პროცესი პალიმფსესტური ეტრატის შესწავლის კიბერანალოგად წარმოგვიდგება.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ქაღალდის წარმოების თითქმის ყველა ეტაპი მექანიზებულია, ძირითადი პროცესი უცვლელი დარჩა – საქაღალდე მასას განცალკევებული და წყალში დამბალი მცენარეული ბოჭკოებისგან ამზადებენ, მერე კი წყლის დასაწრეტად მფილტრავ ბადეზე აფენენ. ასე ფორმირდება ქაღალდის ტილო. წყლისგან საბოლოო გამოშრობა კი წნეხის ქვეშ ხდება.

გუტენბერგის გამოგონების შემდეგ ტექნოლოგიები ინტენსიურად იხვეწება. თეორია ასეთია: კომპანიები ჯერ უშვებენ ნაკლებად ძლიერი მონაცემების ნაწილს, უფრო გაუმჯობესებულ ვარიანტს კი ლაბორატორიაში ტოვებენ; როდესაც ბაზარი გადაივსება და გაყიდვა იკლებს, ბაზარზე პროდუქტის გაუმჯობესებული ვარიანტი გამოაქვთ. ამ წერილის დაწერიდან გამოქვეყნებამდე გასული დროც შესაძლოა საკმარისი აღმოჩნდეს ახალი ტექნოლოგიის ბაზარზე გამოჩენისთვის.

MediaIdea-ს ანალიტიკოს ნიკ ჰემფშირს (Nick Hampshire) მიაჩნია, რომ „ელექტრონული” წიგნები 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე რევოლუციური ტექნოლოგია გახდება, რომელიც არა მარტო ბეჭდვით ინდუსტრიას, არამედ თავად კონტენტის შექმნის იდეოლოგიასაც შეცვლის. 

როგორი იქნება საწერი და საკითხავი ტექნოლოგიების მომავალი, ძნელი სათქმელია. ხშირად ყოფილა, რომ ამა თუ იმ გამოგონების პრაქტიკული მნიშვნელობა სათანადოდ ვერ შეუფასებიათ, გაუზვიადებიათ ან უმნიშვნელოდ მიუჩნევიათ ცალკეული ტექნიკური მიღწევა. მაგალითად, ერნესტ რუტერფორდი, რომელმაც პირველმა გახლიჩა ატომი 1917 წელს, ამბობდა: ,,ატომის გახლეჩით მიღებული ენერგია ძალიან მცირეა. ვინც იმედოვნებს, რომ ატომების ტრანსფორმაციით ენერგიის წყაროს მიიღებს, სულელურ აზრებსაა აყოლილი”. 1903 წელს მიჩიგანის ბანკის პრეზიდენტმა Ford Motor Company-ში ინვესტირებაზე უარი განაცხადა და ჰენრი ფორდის ადვოკატთან საუბრისას აღნიშნა: „ცხენი მუდამ იქნება ადამიანის სამსახურში, ავტომობილი კი რა არის? – სიახლე, რომელიც მალევე მიეცემა დავიწყებას”. ხოლო დერილ ზანუკი, ჰოლივუდის პროდიუსერი, მწერალი, მსახიობი და რეჟისორი, 1946 წელს ამბობდა: „ტელევიზია მალე დაკარგავს ძალაუფლებას ბაზარზე. ხალხი დაიღლება ყოველ საღამოს ამ ყუთის ყურებით”.

ასეთი არაერთი მაგალითი შევიძლია მოვიყვანოთ. დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ფრაზები სასაცილოდაც კი ჟღერს. ადამიანი მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ცდილობს, შრომა გაიადვილოს და უფრო კომფორტული გახადოს. ანბანის და, საზოგადოდ, დამწერლობის განვითარება სხვადასხვა ეტაპზე მრავალ სხვა ფაქტორთან ერთად მის გამოსახვით მხარეზეც იყო დამოკიდებული. ახალი ტექნოლოგიები გარკვეული ხნის შემდეგ აუცილებლად შეცვლის ბეჭდვით ინდუსტრიას. სავარაუდოდ, ერთ-ერთი ცვლილება იქნება ავტორის ფუნქციის დევალვირება, რაც ძალიან ჰგავს პირველსაწყისთან მიბრუნებას, როდესაც ტექსტის შენახვა-ინტერპრეტაცია და დროში გადაცემა უფრო პრიორიტეტული იყო, ვიდრე ტექსტის ავტორის ინსტიტუტიზაცია. პარადოქსია, მაგრამ გუტენბერგის გამოგონება, შრიფტის ჩამოსასხმელი საბეჭდი დაზგა, ე. წ. კოპი-პეისტის პრინციპით მუშაობდა და ასოების ერთსა და იმავე თანმიმდევრობას ბეჭდავდა, რამაც ავტორი ტექსტს უფრო მჭიდროდ დაუკავშირა, ვიდრე ეს იყო ხელნაწერთა გადამწერების დროს, რომლებიც უნებლიეთ ან შეგნებულად ცვლიდნენ ტექსტის ქსოვილს და მის ავტორს. საუკუნეების შემდეგ სწორედ კოპი-პეისტის პრინციპის კომპიუტერულ სივრცეში გადანაცვლებამ და ინდივიდუალურ დონემდე დახვეწამ ჰიპერლიტერატურის სფეროში ავტორი ჩამოაშორა ტექსტს და ტექსტის გავრცელება და ინტერპრეტაცია სწრაფი ცვლილების შემძლე მოვლენად აქცია.

პანკისი. გაზაფხული.

0

თუ მაღლა, ღრუბლებისკენ მიმავალ ვიწრო ხეობაში არ გაგივლიათ, თუ არ მოგისმენიათ, რას მღერის მინდვრებს შორის ჩაკარგული მდინარე, თუ ცისკენ თავაღერილი მთები არ გინახავთ, ესე იგი, არ იცით, როგორია ადრიანი გაზაფხული საქართველოში. სიმართლე გითხრათ, არც მე ვიცოდი.

თუ აქაურ ეზოებში არ შეგიხედავთ, არ გასაუბრებიხართ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებით ლამაზი თვალები აქვთ და მაშინაც კი, როცა ცოტას ლაპარაკობენ, დიდ და მნიშვნელოვან სათქმელს გიმხელენ, თუ მათი სახლები არ გინახავთ და გზები, რომლებსაც ისინი ყოველდღე გადიან, ესე იგი, ჯერ კიდევ არ იცით, როგორ ცხოვრობენ ქალები ჩვენს ქვეყანაში. თავს ვერ დავდებ, რომ მე ვიცი ყველაფერი, რაც მათ აწუხებთ, მაგრამ ვცდილობ, გავიგო. შორიდან რომ უყურებ, საქართველოს მთა ცარიელი სილამაზე და რომანტიკაა, ახლოს მისული კი ისეთ ისტორიებს მოისმენ, ისეთ პრობლემებს აღმოაჩენ, ოცდამეერთე საუკუნეში წარმოუდგენლად რომ მოგეჩვენება.

ქალთა საინფორმაციო ცენტრი, არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც მე ვმუშაობ, უკვე რამდენიმე წელია, პანკისშიც ახორციელებს პროექტებს. ხეობა, რომელიც ჯერ შიშს, მერე კი ინტერესს იწვევდა ჩემში, დღეს ჩემი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. შეუძლებელია, ერთხელ ჩახვიდე და მერე დაბრუნების სურვილმა არ შეგაწუხოს, შუა თბილისში არ გაგახსენდეს იქაურობა და არ დაფიქრდე, ნეტავ როგორ არიან ის ბავშვები, რომელთაც არ იციან, როგორია მოწესრიგებულ სკოლაში სწავლა, ის ქალები, რომლებიც საგულდაგულოდ მორგებულ თავსაფრებში უზარმაზარ სევდას მალავენ.

პრობლემა მართლაც უამრავია – არ არსებობს ინფრასტრუქტურა, საბავშვო ბაღები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაქირავებულ სახლებში ფუნქციონირებს, რაც შეუძლებელს ხდის კაპიტალურ რემონტს და სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნას – ბაგა-ბაღები, აღსაზრდელებთან ერთად, წლიდან წლამდე შენობიდან შენობაში მოგზაურობენ, სკოლაში კი სხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ერთ კლასში სხედან და კომბინირებულ გაკვეთილებს ესწრებიან.

ჩვენ მათ გენდერულ თანასწორობაზე ვესაუბრებით. ცალკე ქალებს ვუხსნით, რომ აქვთ უფლებები, რომელთა შესახებაც არ იციან, რომ შვილი მამის საკუთრება არ არის, რომ არავის და არაფერს არ შეუძლია, ქალი მეორეხარისხოვან არსებად აქციოს. ცალკე მამაკაცებთან ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ, იმავდროულად, წარმოუდგენლად სასიამოვნო, როცა თითქოსდა შეუმჩნეველ ძვრებს გრძნობ და ხვდები, რომ ენერგია ამაოდ არ დაგიხარჯავს – ყინული ნელ-ნელა ლღვება.

თუმცა სასურველი შედეგის მიღწევა შეუძლებელია, თუ არ მოგვარდა ის ძირითადი პრობლემები, რაც პანკისელებს აწუხებთ და სასიცოცხლოდ აუცილებელი რამდენიმე ობიექტი მაინც არ ამოქმედდა: საბავშვო ბაღი, სკოლა, ამბულატორია. ალბათ დამეთანხმებით, განათლების გარეშე გენდერულ თანასწორობასა და დემოკრატიულ ღირებულებებზე საუბარი ისევე ძნელია, როგორც მშენებლობის მაღალი სართულებიდან დაწყება.

– აქ ერთხელ მჟავანაძე იყო ჩამოსული, კომუნისტების დროს, – მიყვება პანკისელი ქალი, – მაშინ რომ გვკითხეს, რა გვინდოდა, მოსახლეობამ უნივერსიტეტში კვოტების გამოყოფა მოითხოვა. მეორედ თქვენ მოხვედით და ბიბლიოთეკა გთხოვეთ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რა არის აუცილებელი. სულ ორჯერ დაინტერესდნენ ჩვენი სურვილით და ორივეჯერ განათლება ავირჩიეთ.

ბიბლიოთეკა სოფელ ქვემო ხალაწანში რამდენიმე დღის წინ გავხსენით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დახმარებით. უკვე ოთხ სოფელს ექნება საშუალება, უფრო მეტ წიგნზე მიუწვდებოდეს ხელი, ვიდრე აქამდე. არ გამკვირვებია, რომ ინიციატივა ქალებისგან წამოვიდა. რაიონში, სადაც ოჯახში ძალადობა ჯერ კიდევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება, ხოლო რთულ სოციალურ მდგომარეობას ეთნიკური და რელიგიური თავისებურებებიც ემატება, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ამ ვითარებაში თითოეული წიგნი აგურია, რომლითაც თაროები კი არ ივსება, არამედ უკეთესი მომავალი შენდება, თითოეული განათლებული ადამიანი კი უზარმაზარ რესურსს წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისთვის. პოზიტიური ცვლილებების მნიშვნელობა ქალებს ყველაზე უკეთ ესმით – ამაში ჩემი ყოველდღიური საქმიანობა მარწმუნებს.

მე მჯერა პროგრესის, რომელსაც საკუთარი თვალით ვხედავ, მჯერა განათლების ძალის, რომელიც ცხოვრებას ცვლის, რადგან ვიცი, რომ სტერეოტიპების გაუმჭვირვალე ფარდის მიღმა დგანან ადამიანები, რომლებიც მოითხოვენ და იმსახურებენ უკეთეს ცხოვრებას – სიმკაცრით ცნობილი პანკისელი კაცები, რომელთაც შეუძლიათ, უგემრიელესი ყავა მოგიმზადონ და ქალები, რომლებიც უკეთესი მომავლის იმედით განათლებას ირჩევენ.

თანამედროვე მოზარდების ღირებულებათა ორიენტაციის კვლევა

0

როგორია თანამედროვე ახალგაზრდების ღირებულებათა სისტემა? რას ემსახურება ზოგადი განათლება? როგორი ღირებულებების, ფასეულობების, უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების მქონენი არიან ადამიანები, რომლებიც საშუალო სკოლას ამთავრებენ? ეს ნებისმიერი ქვეყნისთვის პრიორიტეტული და მნიშნელოვანი საკითხი და მუდმივი კვლევის საგანია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სალექციო კურსის – „კვლევა საკლასო ოთახში” – ფარგლებში დაიგეგმა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა მოზარდების წამყვანი ღირებულებების გამოვლენასა და რანჟირებას. (კურსის ხელმძღანელი – ნინო ლომიძე; კვლევის წარმოებაში მონაწილეობა მიიღეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის IV კურსის სტუდენტებმა: თამარ გამყრელიძემ, თამარ გოგინაშვილმა, ელენე ლობჟანიძემ, ანა ხარჩილავამ, თიკო ჩიდრაშვილმა.)

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში საგრძნობლად შეიცვალა სოციო-ეკონომიკური და კულტურული გარემო. ამგვარი ტრანსფორმაცია, პირველ რიგში, მოზარდი თაობის ღირებულებათა სისტემის ჩამოყალიბებაზე აისახება. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ღირებულებათა სტრუქტურის და დინამიკის გამოწვლილვით შესწავლა.

ეს  ჩვენი თანამედროვე სოციო-კულტურული განვითარების ერთგვარი ინდიკატორიც გახლავთ, რაც, ერთი მხრივ, გვიჩვენებს არსებულ მდგომარეობას და, მეორე მხრივ, წარმოდგენას გვიქმნის საზოგადოების განვითარების მოსალოდნელი ტენდენციების შესახებ.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევის ობიექტები საშუალო სკოლის უფროსკლასელები (15-18 წელი) გახდნენ. მოზარდები, რომლებსაც უკვე ჩამოყალიბებული  აქვთ  მათთვის პრიორიტეტული ღირებულებები და ფასეულობები.

კვლევის მიმდინარეობისას გამოვიყენეთ ანკეტირებისა და გამოკითხვის კვლევითი სტრატეგია. მოსწავლეებს ვთხოვეთ განათლების ეროვნულ მიზნებში გაწერილი პუნქტების (ღირებულებებისა და ფასეულობების) რანჟირება (თანმიმდევრობით მათთვის მნიშვნელოვანიდან ნაკლებად მნიშვნელოვანისკენ); გამოვიყენეთ როკიჩის ღირებულებათა ორიენტაციის საკვლევი ტესტი.

სულ გამოიკითხა: 60 რესპოდენტი (კვლევაში მონაწილეობდნენ მოზარდები რუსთავიდან, ზუგდიდიდან, თბილისიდან და ორხევიდან);

ვფიქრობთ, მიღებული შედეგების გაცნობა საინტერესო იქნება განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის, მასწავლებლებისთვის, თავად მოწაფეებისა და, ზოგადად, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.

სტატიაში თავს არ შეგაწყენთ ტექნიკური დეტალების ვრცლად აღწერით, ყურადღებას იმ დასკვნებზე და შედეგებზე გავამახვილებთ, რაც კვლევის შედეგად გამოიკვეთა:

კვლევამ აჩვენა, რომ უფროსკლასელთათვის განათლების მიღების პროცესში პირველ ადგილს განათლების მიღების სურვილი იკავებს. (კითხვის – „სასწავლო პროცესში თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია” – პასუხად, მოსწავლეების 73%-მა განათლების მიღება დაასახელა, 12%-მა – მასწავლებლის კეთილგანწყობის მოპოვება, 10%-მა – კარგი ქულების მიღება…) გამოიკვეთა, რომ მოსწავლეების უმეტესობისთვის სკოლაში სიარული სასიამოვნოა, რადგან გაკვეთილები მათთვის საინტერესოა. ამას გარდა, გამოკითხულთა უმრავლესობა უარყოფს სკოლაში მხოლოდ ატესტატის მიღების მიზნით სიარულს. (მოსაზრებას – „სკოლაში მხოლოდ იმიტომ დავდივარ, რომ ატესტატი ავიღო” მოსწავლეების  უმეტესობა (43%) არ ეთანხმება, 25% საერთოდ არ ეთანხმება, 22% ეთანხმება და10% სრულიად ეთანხმება.)

 კიდევ ერთი მახასიათებელი, რის საფუძველზეც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოსწავლეები მონდომებულები არიან მიიღონ კარგი განათლება, არის ის, რომ მათი უმეტესობისათვის მეგობრებთან გართობა სკოლის ნიშნებზე მეტად პრიორიტეტული არ არის. (მოსაზრებას -„მეგობრებთან შეხვედრა ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სწავლა და კარგი ნიშნები”,  არ ეთანხმება გამოკითხულთა51%…)

ასევე ამის ფიქრის საფუძველს გვაძლევს ის, რომ მათი უმრავლესობა დროულად ცხადდება სკოლაში და არ ავიწყდება სასწავლო ნივთები. (მოსწავლეთა უმეტესობა (47%) ეთანხმება მოსაზრებას:”დროულად ვცხადდები გაკვეთილზე ან სკოლის მიერ ორგანიზებულ სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაზე”, 37% სრულიად ეთანხმება, 13% არ ეთანხმება, 3% საერთოდ არ ეთანხმება). თუმცა რესპოდენტების ნაწილს მიაჩნია, რომ საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე ვერ იყენებს.

გამოკითხულთა უმრავლესობა მასწავლებელთან და სხვა მომუშავე პერსონალთან თავაზიანია, მოზარდები კომფორტულად გრძნობენ თავს სასკოლო გარემოში.

რაც შეეხება ღირებულებებს,  მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებები შემდეგნაირად გადანაწილდა: განათლება; ერთგული, კარგი მეგობრები;ბედნიერი ოჯახური ცხოვრება; თავისუფლება;  ჯანმრთელობა; დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;  თვითდაჯერებულობა;  პასუხისმგებლობის გრნობა;  პროფესიული კარიერა;  სიყვარული; რელიგია.

ისეთი ღირებულებები კი როგორიცაა  ტოლერანტობა,  კანონმორჩილება,  სხვისი აზრის გათვალისწინება და ტრადიციულობა მათთვის შედარებით ნაკლებადმნიშვნელოვანია.

რეგიონების მიხედვით შეინიშნება მცირე განსხვავება. მაგალითად, მოსაზრებას: “სიამოვნებით დავდივარ სკოლაში, რადგან გაკვეთილები საინტერესო და სახალისოა”, მთლიანობაში მოსწავლეების უმეტესობა ეთანხმება, თუმცა რეგიონების მიხედვით განსხვავებული პასუხები დაფიქსირდა. ზუგდიდში და ორხევში გამოკითხული მოსწავლეების უმეტესობა არ ეთანხმება ამ მოსაზრებას განსხვავებით თბილისისა და რუსთავისგან. ასევე განსხვავებული მონაცემები დაფიქსირდა მათთვის ტრადიციულობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. თბილისში მცხოვრები მოსწავლეთათვის შედარებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ტრადიციულობა, ვიდრე რუსთავში, ორხევში და ზუგდიდში მცხოვრებთათვის. მთლიანობაში კი მოსწავლეთა უმეტესობისთვის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანია ტრადიციულობა. განსხვავებები ჩანს ასევე სხვისი აზრის გათვალისწინებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ზუგდიდში და ორხევში დაფიქრსირდა ამ კითხვაზე პასუხი – უმნიშვნელო.

ასევე მცირე განსხვავება შეინიშნება სხვადასხვა კლასის მოსწავლეების მოსაზრებებს შორის, მაგალითად, IX კლასის მოსწავლეებისთვის უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია გართობა, ვიდრე XII კლასის მოსწავლეებისთვის. ტოლერანტობა კი პირიქით, XII კლასის მოსწავლეებისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე IX კლასის მოსწავლეებისთვის.

რაც შეეხება განათლების ეროვნულ მიზნებში გაწერილ ღირებულებებს, მოსწავლეებისთვის ყველაზე მეტად ღირებული აღმოჩნდა საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ყველაზე ნაკლებად ღირებული კი ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინდივიდებისა და ჯგუფებისგან ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი და კომუნიკაციაა.

 

საყოველთაოდ ცნობილია, რომ სიცოცხლის ადრეული წლებიდანვე ადამიანში გარკვეული ღირებულებებისადმი საკუთარი დამოკიდებულებების გამოკვეთა, მოგვიანებით კი, სოციალიზაციის პროცესის მეშვეობით, მათი გამყარება ხდება. აუცილებლად მიგვაჩნია იმის აღნიშვნაც, თუ როგორ ესმით კვლევის ავტორებს ცნება „ ღირებულების” მნიშვნელობა.

ღირებულებები განიმარტება, როგორც ღრმად გამჯდარი სტანდარტები, რომლებიც განსაზღვრავს მომავალ ქმედებებს და ამართლებს წარსულში ნამოქმედარს. ეს არის პიროვნული, კულტურული  და ისტორიული ფაქტორებით განპირობებული წარმოდგენები, რომლებიც გავლენას ახდენს ინდივიდის ქცევაზე. ღირებულება არ არის ობიექტურად არსებული რეალობა და ის მუდმივად იცვლება სოციალური, პოლიტიკური, ისტორიული ან ეკონომიკური გარემოს შეცვლის პარალელურად.

სოციუმისთვის პრიორიტეტული ღირებულებები ასახავსქვეყნის და საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურვითარებასაც და ამავედროსმათზეზეგავლენასაცახდენს. ამდენად ამ ტიპის პრაქტიკული კვლევები ყველა დროში აქტუალური და აუცილებელია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აღნიშნული კურსის ფარგლებში კვლევები ამ მიმართულებით კვლავაც მიმდინარეობს.

 

„მზის“ მეტაფორები

0
„მსურის ქება და დიდება ნათლისა წარუალისა,
მზეთა-მზის ვახში თავს მაძეს, მმართებს გარდახდა ვალისა,
ჭირს საცნაურის მზისაცა სწორედ გამართვა თვალისა,
არამც-თუ უცნაურისა ცნობა გზისა და კვალისა”.
დავით გურამიშვილი

ორი მზე – საცნაური და უცნაური! – ასე განმარტავს მას დავით გურამიშვილი. ერთი მზე – ასტრონომიული პლანეტა და მეორე მზე – უფლის მეტაფორა. საცნაური მზისთვის თვალის გასწორებაც კი ჭირს, ხოლო უცნაური მზის (უფლის) გზა-კვალის ცნობა კიდევ უფრო რთულია: „ო! ღმერთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმე! როგორ ჩაუწვდომელნი არიან მისნი სამართალნი და მიუკვლეველნი მისი გზები!”(რომაელთა12, 33).
საინტერესოა მარინა ცვეტაევას „ორი მზეც”: ერთი – ცაზე რომელიც ანთია და მეორე _ მკერდში…

„Два солнца стынут – о Господи, пощади! –
Одно – на небе, другое – в моей груди.”

პოეტი თითქოს მიკროკოსმოსი და სამყაროს ანალოგია… პოეტისთვის გარესამყარო და იქ არსებული მოვლენები ყოველთვის შინაგან განცდათა მეტაფორებია.

მზე – უნივერსალური კონცეპტი და სახე – სიმბოლოა, რომელიც უამრავ კონოტაციურ მნიშვნელობას აჩენს. მათ შორის არის: ბიბლიური, არქეტიპული, მითოსური, ასტრონომიული, ასოციაციური, პოეტური და სხვა მნიშვნელობები. მაინც რას აღნიშნავს მზე? ასტრონომიულად: მზე ირმის ნახტომის გალაქტიკაში, მზის სისტემის ცენტრში ყვითელი ვარსკვლავია, რომლის გარშემო, ორბიტაზე, მოძრაობენ სხვა ციური სხეულები და, მათ შორის, დედამიწაც. ის არის სინათლისა და სითბოს წყარო…

მზე გავლენას ახდენს ადამიანსა და ბუნებაზე იმით, რომ ის განსხვავებული სიჩქარის ენერგიებს ასხივებს… სინათლე და მაგნეტიზმი ქმნის მიწიერ ფორმებს.

მზე უმაღლესი კოსმიური ძალის სიმბოლოა, ყველგანმჭვრეტი ღვთაებაა, მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს უძველესი სურათები გეოცენტრულია, მზე არის სიმბოლური ცენტრი, კოსმოსის გული, ყოფიერების ცენტრი; ის არის აგრეთვე სიმბოლო ინტუიციური ცოდნისა, გონისა, გასხივოსნებისა, დიდებისა და დიდებულების, მეუფების… მზე სამყაროს „თვალია”, ღვთაებრივის ხილული ხატი, სინათლის ტრანსცენდენტული არქეტიპი; მზე „სამყაროს კარია” – ცოდნასა და უკვდავებაში შესასვლელი.

ბევრ ტრადიციაში მზე არის მამაკაცური საწყისი, ზოგ კულტურაში – ქალური. ქართული ფოლკლორული ტარდიციის მიხედვით: „მზე – დედაა ჩემი, მთვარე – მამაჩემი, ბღუჯა-ბღუჯა ვარსკვლავები – და და ძმაა ჩემი!”
მზე – უძრავად მყოფი ცაზე – დროის მიღმაა. ეს არის მუდმივი „ახლა”. ალქიმიკოსებისათვის: მზე გონებაა, Sol et Luna – ოქრო და ვერცხლი, მეფე და დედოფალი, სული და სხეული…

„მზის თავგადასავალი” (როგორც თავად ავტორი უწოდებს მას) დაწვრილებით აქვს გამოკვლეული ვიქტორ ნოზაძეს „ვეფხისტყაოსნის მზისმეტყველებაში”. ამ თავგადასავლის გამოკვლევა მას სჭირდება იმისათვის, რომ თავისი ადგილი მიუჩინოს ამ ისტორიაში „ვეფხისტყაოსნის მზეს”. ჩვენ კი ვიხსენებთ ამ თავგადასავალს იმისათვის, რომ დავინახოთ როგორ ანათებს ქართული „პოეტური მზე”, რას აღნიშნავს, პოეტის რომელ განცდათა სიმბოლოა, რისი მეტაფორაა, რას ადარებენ მზეს ქართველი პოეტები და სხვა.

„ვეფხისტყაოსანში” მზე არის პერსონაჟების მეტაფორა, ანუ: მზე-ადამიანია… ეს გამომდინარეობს უფრო დიდი მეტაფორიდან: მზე უფლის ხილული სახეა; გავიხსენოთ ავთანდილის მიმართვა მზისადმი: „იტყვის: ჰე, მზეო, ვინ ხატად გთქვეს მზიანისა ღამისად, ერთ-არსებისა ერთისა, მის უჟამოსა ჟამისად”… ადამიანი შექმნილია ღმერთის სახედ და ხატად, ამიტომ არის ის „მზის წილი”, ანუ „უფლის წილი”; მით უფრო, ეს ითქმის შეყვარებულ ადამიანზე (ღმერთი სიყვარული არს). სწორედ ამიტომ: ქაჯეთის ციხეში გამოკეტილი ნესტანი სატრფოს წერს: „მზე უშენოდ ვერ იქმნების, რადგან შენ ხარ მისი წილი”.  აქაც ორი მზე: მზე – უფალი და მზე – ადამიანი.

„მზე – თვალი” – უნივერსალური სემანტიკური კავშირი

მზის ერთ-ერთი გავრცელებული მეტაფორაა „მზე – თვალი”. ამ წყვილს შორის არსებული სემანტიკური კანონის მიხედვით, ეს მიმართება არის მიმართება: მიკროკოსმოსი-მაკროკოსმოსი, ანუ ადამიანის გრძნობის ორგანოებს სამყაროში დაეძებნება ანალოგი. ბევრ ენასა და კულტურაში ეს მიმართება აისახება არა მხოლოდ ლექსიკაში, არამედ მითებში, გამოსახულებებში, პოეზიაში…

საინტერესოა ამ მხრივ ქართული ენის მასალა. მზე-თვალის მეტაფორული მიმართება ყველაზე კარგად ჩანს საწყისში „მზერა”. ქართველ ენათმეცნიერთა სარწმუნო მტკიცებით: მზერა-ში სწორედ მზ – ძირი (ანუ მზე) დასტურდება. (მზ-ერ-ა; ამავე ტიპისაა წარმოების თვალსაზრისით ძგ-ერ-ა). მაშასადამე, თვალის ფუნქცია ყურება, ცქერა აღინიშნება ლექსემით, რომელიც სემანტიკურად მზეს უკავშირდება, რაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი მოვლენაა და რაც ადასტურებს ამ უნივერსალური მიმართების (მზე-თვალი) ქართულ ენაში არსებობას.

მზერას სულხან-საბა ასე განმარტავს: ჭვრეტა. მზერაცა ესრეთ განიყოფებიან: ხედვა არს რა თვალით კეთილად ხედვიდეს; ჩენა არს რა აკლდეს და მცირედ ხედვიდეს; მზერა არს რა შორით ხედვიდეს; ჭვრეტა არს რა ხანგრძლით დაკვირვებით უმზერდეს რასმე; ცქერა არს გარჩევით ხილვისათვის ახლორე დაცქერით თვალი დააპყრას; ჭვირობა არს რა სარკმლით გარე გამოიხედვიდეს.

მზე არქეტიპი საერთო ქართველური ფუძე-ენის დონისთვის აღადგინა გიორგი კლიმოვმა.

ქართ: მზე
მეგრ: მჟა/ბჟა
ლაზ. მჟა/ბჟა
სვან. მიჟ/მგჟ

მზე, როგორც არქეტიპული ფუძე, საინტერესო სიტყვაწარმოებას ქმნის ქართულში.

იწარმოება ატრიბუტები: მზიური, მზეგრძელი, მზებნელი, მზედაკრული, მზედალეული, მზედასანბელებელი, მზეთუნახავი, მზეჩამქრალი, მზისდარი, ენამზე და სხვა. საწყისი: მზეობა; ზმნა: ამზიანებს, მზეობს („მზე ვეღარ მზეობს ჩვენთანა, დარი არ დარობს დარულად” (შოთა).

ადამიანის სახელები: მზია, მზისა, მზექალა, ქალთამზე, მზევინარი, მზეჭაბუკი;
ფრინველის სახელი: მზეწვია;
ყვავილი: პირიმზე, მზესუმზირა, მზიურა;
სოფელი: მზეთამზია;
ადგილი: მზისყური, სამზეო;
საგალობელი: მზეშინა და სხვა;
„მზ” ძირია აგრეთვე მზირალში, მზირში, მზვერავში;

მზირი ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში განმარტებულია: ძვ. დამზვერავი, მოთვალთვალე; მსტოვარი, ჯაშუში. („მუნ ახლოს წყარო დიოდა, მასთან ტყე იყო ხშირადო, იქ მოგვეპარნენ, დაგვისხდნენ თხუთმეტი კაცი მზირადო”(დ.გ)).

მზირალი – ვინც ან რაც უმზერს, – მაცქერალი, მაყურებელი, მჭვრეტელი;

თანამედროვე ქართული ენის სიტყვა ზვარი მომდინარეობს ძველი ფორმიდან: მზვარე, მზვარი, რაც ნიშნავს მზიან, უჩრდილო ადგილს (პირ-მზითები ანუ მზვარეები, მალე შრება, იქ მალე იღებს თოვლს (ვა-ჟა) (ქეგლი, ტ. V);
გამზირში აგრეთვე მზირ – ძირია, რომელიც, თავის მხრივ, მზ-იდან იწარმოება. საინტერესოა აგრეთვე “მწეველი” ფორმა, რომელიც მომდინარეობს “მზეველიდან”, და რომელშიც „მზ” ძირი დასტურდება. (აღნიშნული ფორმა დასტურდება სულხან-საბასთან: მზეველი – მწეველი, მომწევი).

ძველ ქართულში მზის-თუალი მზეს, მზის დისკოს აღნიშნავდა („განანათლოს ყოველი ქუეყანაი უფროის მზის-თუალისა”). აღნიშნულ ლექსემაში მზე და თვალი ერთად არის წარმდგენილი, რაც თვალისა და მზის უნივერსალურ ფუნქციურ კავშირზე მიუთითებს.

მზე ქმნის ქართულში იდიომებსა და ფრაზეოლოგიზმებს: მზე ამოსდის, მზე დაუბნელდა, მზემ შეხედა, მზე მიყურებს, მზემ თვალი დახუჭა, მზემ თვალი გაახილა, მზე გაუქრა, მზის სინათლეზე გამოიტანა, მზე მოეკიდა, მზის დაკვრა, მზის გული, მზეთა-მზე… იდიომებსა და ფრაზეოლოგიზმებზე დაკვირვება აღმოგვაჩენინებს თვალი-მზის მეტაფორულ ურთიერთკავშირს, როდესაც თვალის ფუნქცია გადატანილია მზეზე და, პირიქით, მზის ფუნქცია თვალზე. მაგალითად: თვალები გაუბრწყინდა, თვალის სინათლე, თვალები გაუნათდა, თვალების ცეცხლი – ყველგან მზის ფუნქცია – ნათება, ბრწყინვა, წვა – არის გადატანილი.

მზე შედის ფიცის ფორმულებშიც, მაგალითად: ჩემმა მზემ, შენმა მზემ, ჩემს მზეს ვფიცავ… „შენმან მზემან, უშენოსა ვერვის მიჰხვდეს მთვარე შენი…” (შოთა); და სხვა.

სეპირის მიხედვით: ადამიანები ცხოვრობენ არა მხოლოდ საგანთა ობიექტურ და საზოგადოებრივი შემოქმედების სამყაროში, ისინი მნიშვნელოვანწილად იმყოფებიან კონკრეტული ენის გავლენაში; იმ ენისა, რომელიც მოცემული საზოგადოების ურთიერთობის საშუალებაა.

შეცდომა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენ შეგვიძლია ენის გარეშე სრულად გავაცნობიეროთ რეალობა; ენა არის დამხმარე საშუალება აზროვნებისა და ურთიერთობის ზოგიერთი პრობლემის გადასაწყვეტად. „რეალური სამყარო” მნიშვნელოვანწილად იგება მოცემული ჯგუფის ენობრივი ნორმების საფუძველზე.

ჩვენ ვხედავთ, გვესმის და ვიღებთ ამა თუ იმ ფაქტსა და მოვლენას ასე თუ ისე იმის შემწეობით, რომ ჩვენი საზოგადოების ენობრივი ნორმები გვთავაზობს მოცემულ ფორმებს (სეპირი).

„ქალაქის არსის შესაცნობად“, ანუ ფანჯრებსა და ფამუქზე

0
სულ ახლახან დიდი მწერალი სტუმრობდა თბილისს. მის ჩამობრძანებას დიდი ვნებათა ღელვა მოჰყვა, რომელიც დღემდე არ განელებულა. ბევრმა გაიხარა მასთან შეხვედრით, ბევრი წიგნს მიუბრუნდა, ბევრმა პირველად აღმოაჩინა ის და დაინტერესდა, ბევრიც ამ ამბით შეურაცხყოფილი დარჩა და ხან თურქეთი ლანძღა, ხან თურქ-სელჩუკების ცოდვები გაუხსენა სტუმარს, ხანაც – მისივე ნაწარმოებში ქართველი ცოლ-ქმრის აუგად მოხსენიება.

მე ძალიან მიყვარს ორჰან ფამუქი, მიყვარს მისი აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის, საგანმანათლებლო საქმიანობის, საუკეთესო პიროვნული თვისებების, უბრალოების გამო, მაგრამ უპირველესად, რა თქმა უნდა, მისი შემოქმედების გამო, რომელმაც სტუდენტობიდან დიდი ხნის შემდეგ შეძლო და სქელტანიანი წიგნებისკენ მომაბრუნა.

პირველად “მე წითელი მქვია” წავიკითხე თურქულად. ეს წიგნი 2008 წელს, უმძიმეს აგვისტომდე ორი თვით ადრე, საჩუქრად ჩამომიტანეს სტამბოლიდან. პირველივე გვერდებიდან მივხვდი, რომ დიდ მწერალთან მქონდა საქმე, დიდ შემოქმედთან, და დიდ რომანთან, შეიძლება ითქვას, სრულიად ახალ რომანთან არა მხოლოდ თურქულ, არამედ მსოფლიო ლიტერატურაში. მას შემდეგ დიდი ინტერესით ველი მის ყოველ წიგნს, ზოგი მიმართლებს იმედს, ზოგი – ვერა, მაგრამ განა შეიძლება, ყველაფერი სრულყოფილი შექმნას შემოქმედმა? მაგალითად, არ მომწონს მისი პირველი რომანი „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები”, მაგრამ ძალიან მომწონს და მის ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად მიმაჩნია „სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი”.

„ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. რა აზრი დევს ნეტავ მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებაში? სამართლიანია თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც? ხანდახან თავს უბედურად ვგრძნობ, რომ დავიბადე დაქუცმაცებული იმპერიის ნანგრევებსა და მტვერში, სიღარიბისა და სევდისგან გახუნებულ და დანგრეულ სტამბოლში – ამ დროს კი შინაგანი ხმა მეუბნება, რომ გამიმართლა”.

ვისაც სტამბოლში უმოგზაურია, ვისაც საკუთარი თვალით უნახავს ის ადგილები, რომლებზეც ფამუქი წერს, დამეთანხმება, რომ მწერალი ძალიან ღრმად, ძირისძირობამდე ჩასწვდა მშობლიური ქალაქის სულს. ძალიან ცოტა ადამიანი მახსენდება, ვინც შეძლო, ასე დაენახა და შემდეგ დაეხატა ქალაქის პორტრეტი, მისი წარსული და აწმყო, შეექმნა თავისი და თავისი ქალაქის ერთობლივი ავტობიოგრაფია: „როცა ჩემს თავზე ვსაუბრობ, მაშინ სტამბოლზე ვლაპარაკობ და პირიქით, როცა სტამბოლს ვახსენებ, აზრს საკუთარ თავზე გამოვთქვამ…”

„სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” ორჯერ წავიკითხე, ერთხელ – თბილისში, მეორედ – სტამბოლში. წიგნსა თუ ფილმს მეორედ იშვიათად ვუბრუნდები, მაგრამ ეს წიგნი სტამბოლივითაა – გინდა, კიდევ და კიდევ მიუბრუნდე, გაიხსენო ადგილები, ისტორიები, დაკვირვებები, რომლებიც შენსავე შთაბეჭდილებებს ემთხვევა. გინდა, თავიდან აღმოაჩინო, არ გწყინდება, თავს არ გაბეზრებს. ერთ-ერთი ასეთი დაბრუნების დროს ეს გვერდი მოვნიშნე და მერამდენედ გავიფიქრე: რა კარგი იქნებოდა, თბილისსაც ჰყოლოდა თავისი ფამუქი…

„ბევრი ისე დადის ქუჩაში, რომ ყურადღებას არაფერს აქცევს. ხალხი გამუდმებით ეჯახება ერთმანეთს, დაბლა ყრის ტრამვაის ბილეთებს, ნაყინის ქაღალდებსა და სიმინდის ტაროებს…

ახლაც მიყვარს საღამოობით, ქუჩაში სეირნობისას, სხვისი სახლების ფანჯრებში, უცხო ოჯახურ სივრცეში შეჭყეტა. აი, ქალი ზის მარტოდმარტო და ბანქოს ქაღალდზე მკითხაობს; ოდესღაც, ზამთრის გრძელ საღამოებში, როცა მამა სახლში არ ბრუნდებოდა, დედა სწორედ ამ პოზაში შლიდა პასიანსს და სიგარეტს ხელიდან არ აგდებდა. ხანდახან ჩვენნაირ, ნარინჯისფრად განათებულ სარდაფებში სავახშმოდ შეკრებილ ოჯახს მოვკრავ ხოლმე თვალს; და რომ ვხედავ, რა თბილად ესაუბრებიან ერთმანეთს, გულუბრყვილოდ ვასკვნი, რომ ბედნიერები არიან. უცხოელებს ყველაზე ხშირად სწორედ სტამბოლში ავიწყდებათ, რომ ქალაქის არსის შესაცნობად მხოლოდ იმის დანახვა არ არის საკმარისი, რაც გარეთ ხდება – ისიც უნდა იცოდე, რა ხდება კედლებს მიღმა…”


ირმა ტაველიძე

0

მასწავლებლის მიერ მომზადებული ,,სენდვიჩები“, ანუ შეფუთული სიმართლის ძალა

0
არსებობს კი იმაზე რთული რამ, როგორიცაა ურთიერთობები?!  ყველა ადამიანი  სხვადასხვანაირად აღიქვამს და იღებს რეალობას. შესაბამისად, ისმის კითხვა: – როგორი ფორმით მივაწოდოთ ამა თუ იმ პიროვნებას ინფორმაცია, რომ მისგან მივიღოთ თანაგრძნობა და არა – თავდაცვა. 

სიმართლის მიმართ ყველა ადამიანი სხვადასხვანაირად რეაგირებს. რაციონალურად მოაზროვნე ოპტიმისტიმისტები პრობლემის დანახვისთანავე გამოსავლის ძებნას იწყებენ, პესიმისტები თუ მელანქოლიკები  – დეპრესიის უფსკრულში ვარდებიან, მაგრამ ხშირად ორივე მათგანისთვის  მტკივნეულია შეუფუთავი სიმართლის ,,მონელება”. შედეგად  ვიღებთ უნდობლობას, უკიდურეს შემთხვევაში კი – ზიზღს ამა თუ იმ პროფესიის ადამიანების მიმართ.  ყველაზე ხშირად მსგავს პრობლემას სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებებში ვხვდებით. 

***

ამას წინათ, ერთი შეუხორცებელი იარით მეც ,,დამასაჩუქრეს”. ერთ-ერთ საავადმყოფოში, გამოკვლევის ჩასატარებლად ოჯახის ახლობელი მივიყვანე. მხოლოდ მუხლი სტკიოდა და უკიდურეს შემთხვევაში წაქცევის გამო გაბზარული ძვლის დიაგნოზს ველოდით.  ანალიზის პასუხების გასაცნობად რომ შევედი, ოფიციალური სახით, ყოველგვარი თანაგრძნობის, ანუ შემოვლითი გზების გარეშე მომახალეს, რომ ეს ჩემი ახლობელი უახლოეს დაბადების დღემდე ვერ მიაღწევდა. სამი საათი გაუჩერებლად  ვტიროდი მოსაცდელში, პირდაპირ იატაკზე ვიჯექი, შეუფუთავი სიმართლის სპაზმებისგან ოთხად მოკეცილი და ვერავინ მოახერხა ჩემი დამშვიდება… ის ადამიანი გარდაცვალებამდე  შვიდი თვით ადრე გამოვიტირე. 

თუმცა დამალული სიმართლეც არანაკლებ მტკივნეულია. რვა წლის ვიყავი, როცა გამზრდელი ბაბუა გარდამეცვალა. არავინ ამიხსნა, დილით სამსახურში თავისი ფეხით წასული კაცი რატომ მოიყვანეს უკან საკაცით და რამდენიმე კვირაში რატომ ,,დავავიწყდით”. სამი თვის უშედეგო მკურნალობის შემდეგ, ბაბუა გარდაიცვალა. ახლაც  ცხადად მახსოვს, როგორ გამაღვიძა შუაღამისას  ბიძაჩემმა,  ჩამაცვა და პირველ სართულზე ჩამიყვანა. მერე ბებიამ შეიცხადა და გაჩერებული საათის გარდა, ყველაფერი დატრიალდა. პირველი ისტერიკა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მაშინ დამემართა. უხმოდ მივვარდი უახლოეს კარს და სანამ ჩემამდე ვინმე მოაღწევდა, რამდენჯერმე მოვასწარი კარზე თავის დარტყმა. რა თქმა უნდა, ბაბუა მიყვარდა, მაგრამ  ახლა ვფიქრობ, რომ ასეთი მძაფრი რეაქცია იმ სამთვიანი დუმილის, იმ გაუსაძლისი იდუმალების შედეგი იყო, პატარა გონებამ ხილულ შედეგად გარდაქმნილი რომ ვერაფრით  გადახარშა.

***

,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების” – ამ დილემის წინაშე მასწავლებელი ყოველდღე დგას. პედაგოგიკის ისტორიას შეუძლია გაგაცნოს პედაგოგთა მიერ საუკუნეების მანძილზე დაგროვილი გამოცდილება, გასწავლოს ინოვაციური მეთოდების გამოყენება, მოგიწოდოს იყო შემოქმედებითი, საინტერესო მასწავლებელი, მოსიყვარულე მეგობარი… ბავშვებს ასწავლო თანატოლებთან ასეთივე ფორმით ურთიერთობა, თანადგომა, ცხრა ძმისათვის ერთი თხილის გულის გაყოფა… ოღონდ ეს ყველაფერი როგორმე უნდა შეუთავსო  ყველაზე ავტორიტეტული ფიგურის – მშობლის მიერ ჩანერგილ, თუნდაც საპირისპირო რჩევებს, რომლებსაც გვერდი ისე ფრთხილად უნდა აუარო, როგორც ტალახში ჩაფლულ  უხილავ ქვას. თუ წამოედე, წაგაქცევს ან წონასწორობას მაინც დაგაკარგვინებს. მოკლედ, ახლადაშენებული ტაძრის ცარიელი კედლები ისე უნდა მოხატო, რომ ოჯახის ხატი არ დაჩრდილო, თორემ ერთი უწყინარი შეხედულების გამო, ბავშვის უნდობლობასთან გამკლავება, უკიდურეს შემთხვევაში კი,  განრისხებული მშობლის განეიტრალება მოსალოდნელ უმუშევრობაზე  მძიმე გადასატანია.

ჩემი აზრით, მასწავლებელი სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულების კი არა, სკოლის პროდუქტია – ერთგვარი თემიდას სასწორი, რომელიც საკუთარი თავიდან გამოსული, მუდამ მიუკერძოებელი და სამართლიანი უნდა იყოს. თუმცა ხელს, რომელსაც ეს სასწორი უჭირავს, ხანდახან ძალიან უჭირს სოციალური თუ ადამიანური თანადგომის გარეშე ამხელა პასუხისმგებლობის ზიდვა. 

საქართველოში, მასწავლებლის მოვალეობებში  ყოველდღიურ სტრესთან ეფექტურად გამკლავებაც  შედის, მისგან ყველა სიტუაციის შესაბამის, სწრაფ რეაგირებას ელის. სტრესის ძირითად გამომწვევ ფაქტორებად შეიძლება ჩაითვალოს  გამუდმებული მოთხოვნები და მინიმალური თანაგრძნობა ადმინისტრაციის, მოსწავლის, მშობლის, კოლეგის მხრიდან. ალბათ დამეთანხმებით, შეუძლებელია წინასწარ  ყველაფრის გათვლა. ზოგჯერ უსამართლო ,,სილას გაგაწნავენ”, ხან  ,,შესაფუთი ქაღალდი”  გითავდება და შესაძლოა, თავად გახდე მშობლის ან მოსწავლის განწყობის გაფუჭების მიზეზი… იდეალური არავინაა.

სხვა მხრივ, მასწავლებლის პროფესია ცოცხალი ორგანიზმივითაა, მუდმივად ვითარდები და იზრდები, ერგები სხვადასხვა გარემოს, დროს, ბავშვებს… აქ არ არსებობს მზა ფორმულა – კლიშე, რომელშიც  ყველა გაკვეთილი ან ურთიერთობა შეგიძლია ჩამოასხა.  მასწავლებლის პროფესია ნარკოტიკივითაა, ერთხელ თუ გემო გაუსინჯე, პრაქტიკის შეწყვეტის შემდეგაც ვერ ივიწყებ. სადაც არ უნდა წახვიდე, ცხოვრების ბოლომდე მასწავლებლად რჩები.

განეწყვე და განაწყვე! 

როცა სკოლაში დავიწყე მუშაობა, ყოველდღიური ურთიერთობებისა და რუტინისგან დაღლილს, პირველ რიგში, საკუთარი განწყობის გადაწყობა მომიხდა, რაც არც თუ ისე ადვილი აღმოჩნდა. სათქმელის ხარისხიანად ,,შეფუთვისთვის”  საკმაოდ მნიშვნელოვანია, თუ როგორი განწყობით ამზადებს მასწავლებელი სათქმელს. რაც შეეხება მშობლებს, მათ დღის ბოლოსაც  ისეთივე მხნე და ღიმილიანი უნდა დახვდე, როგორიც დილით იყავი. არადა, ხანდახან ღიმილი კი არა, სკამიდან ადგომაც  კი გიჭირს. 

მასწავლებლობა ნიშნავს მთელი დღით მარსზე გაფრენას, ოჯახის, მეგობრების, კარგი თუ ცუდი ამბებისგან შორს ყოფნას და თუ გარესამყარომ შენს ნაჭუჭში მაინც შემოაღწია – დაყრუებას, სამუშაო დღის დასრულებამდე.

ასეა თუ ისე, აშლილი განწყობის აწყობა ყოველდღე გვიწევს, სანამ მოსწავლის განწყობაზე ვიზრუნებთ, ჯერ საკუთარი ინსტრუმენტის ჟღერადობას უნდა მივხედოთ.

დიმიტრი უზნაძის პედაგოგიური კონცეფცია 1910 წელს ჩამოყალიბდა. ის ცდილობდა ზედმიწევნით შეესწავლა ქცევის მიზანშეწონილობის საკითხი და ამტკიცებდა, რომ ყველა ცოცხალი არსება გარემოში თავისი მიზნის შესაბამის აქტივობას ახორციელებს. ქართველი მეცნიერი დიდხანს ეძებდა ფსიქიკურ მექანიზმს, რომელიც მსგავს პროცესს  უზრუნველყოფდა. ხანგრძლივი კვლევის შემდეგ, დიმიტრი უზნაძემ  ამ ,,მექანიზმს” განწყობა უწოდა.

განწყობა არაცნობიერია. იგი წარმოიქმნება სუბიექტური ან ობიექტური ფაქტორების აღმოცენების შედეგად. სუბიექტურ ფაქტორს მოთხოვნილება წარმოქმნის, ობიექტურს კი – სიტუაცია, ანუ გარემო, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ ჩნდება მოთხოვნილება, ცოცხალი არსება ეძებს ობიექტს, რომლის მეშვეობითაც მოთხოვნილების დაკმაყოფილებას შეძლებს. მაგალითად:  თუ ადამიანს სწყურია,  ექმნება განწყობა, რომ აიღოს ჭიქა, წყალი დაისხას და დალიოს. 

გამოდის, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შეუქმნას განწყობა (სწავლის) და ობიექტის (ცოდნის წყაროს) ძებნა და მოთხოვნილების დაკმაყოფილება თავად მოსწავლის პრეროგატივაა.

ხშირად, მშობლების მიერ შექმნილი ,,განწყობა” ნაძალადევია, რადგან სიტყვები – ,,აღზრდა” და  ,,წარმატება” მათთვის შვილის სოციუმში უპრობლემოდ დასამკვიდრებელი  ,,მწვანე ბარათია” და მის მოსაპოვებლად მხოლოდ ინტელექტუალური უნარების განვითარება კმარა.  უზნაძის თეორიის მიხედვით კი, საჭიროა ბავშვის ,,მთელი ბუნების მოქმედებაში მოყვანა”.  ჰარმონიულად განვითარებული პიროვნების მისაღებად საჭიროა, რომ აღმზრდელმა მოსწავლის მთლიანი სამყარო შეისწავლოს  და სრული თანაგრძნობა გამოუცხადოს მას.

 აღმზრდელის როლის მორგება ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. პედაგოგთა უმეტესობას  ურჩევნია ასწავლოს საგანი, ვიდრე –  ცხოვრება. არადა, ამ საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა შეუძლებლად მიმაჩნია.  შეიძლება რომელიმე მოსწავლე გულამოსკვნით ატირდეს შუა გაკვეთილზე, ერთი შეხედვით – ცამოწმენდილზე, მეორემ კი რომელიმე ახლობლის მისამართით ვერგასროლილი სიძულვილის გუნდები ისე მოულოდნელად დაგახალოს, რომ ,,სენდვიჩის მომზადების” კი არა, ფიქრის უნარიც დაკარგო. საღამოს კი მოდის მშობელი და გთხოვს, მისი შვილის განწყობა ისე გამოძერწო, მისთვის მისაღები  ქანდაკება გამოგივიდეს. 

სამწუხაროდ, მშობელთა უმეტესობა ცუდად იცნობს საკუთარ შვილებს, ვერ აფასებს მათ რეალურ შესაძლებლობებს. ყველას სურს, რომ მისი შვილი საუკეთესო მოსწავლე იყოს და თუ საწადელს ვერ მიაღწია, შვილის წარუმატებლობას, როგორც წესი, სკოლას და მასწავლებელს აბრალებს.

საინტერესოა, მაინც რა დოზით უნდა იყოს მშობელი ჩართული სასწავლო პროცესში. ჩვენს ქვეყანაში, ამ მხრივაც უმეტესწილად – ინერტული ან ჰიპერაქტიული მშობლების სახით – ორ უკიდურესობასთან გვაქვს საქმე. არადა მარტო მშობლებთან კი არა, მოსწავლეებთან ურთიერთობისასაც აუცილებელია საზღვრის  გავლება. გარდა იმისა, რომ ბავშვი პატარაობიდანვე ეჩვევა ასაკითა და სოციალური სტატუსით მასზე მაღლა მდგომ ადამიანთან ურთიერთთანამშრომლობას, ზომიერ ურთიერთობას, სწავლობს ნებაყოფილობით მორჩილებას, საზოგადოებაში არსებული წესების დაცვის საჭიროებას.

ამ წერილის წაკითხვის შემდეგ, მკითხველი შეიძლება ავტორის სოციალური სტატუსითაც დაინტერესდეს. მათ საძიებო სისტემა ჩემი სახელის განსაზღვრებად  ,,აღმზრდელ-პედაგოგს”  შესთავაზებს. მე კი ჩემს თავს ,,სენდვიჩების დამმზადებელს” დავარქმევდი.  სენდვიჩების, რომლებსაც, რბილად რომ ვთქვა, წარუმატებელი დღის, თვის  ბოლოს, შვილის ,,წარმატებით” დასანაყრებლად მოსული მშობლების  მიღმა თანაგრძნობის გარეშე დარჩენილი, დამშეული ბავშვის თვალები მთხოვენ. 

ერთი მუსიკალური მონოგრამის შესახებ, ანუ “სი ბემოლი – ლა – დო – სი ბეკარი”

0

პირველი ნაწილი

“ადამიანი, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, ფელიქს მენდელსონმა 100 წლით დაკარგული და მივიწყებული, დამტვერილი ნოტებით სამუდამოდ დაუბრუნა სამყაროს. 1829 წლის 11 მარტს ბერლინის სასიმღერო აკადემიის საკონცერტო დარბაზში ფელიქს მენდელსონის ინიციატივითა და დირიჟორობით აჟღერდა გენიალური კომპოზიტორის გენიალური ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოები – „მათეს ვნებანი” და დაიწყო ახალი მუსიკალური ეპოქის ათვლა.

„მათეს ვნებანი”

„დღეს ჩვენ ადამიანი მკვდრეთით აღვადგინეთ. არა! ჩვენ ცოცხალი ლეთარგიული ძილისგან გამოვაღვიძეთ!”
ფ. მენდელსონი
 
მას შემდეგ ბახი არათუ აღარ დავიწყებიათ, უდიდესი კომპოზიტორები: ბეთჰოვენი, ბრამსი, შოსტაკოვიჩი, შნიტკე და სხვანი – მას მიმართავდნენ როგორც მუსიკალური ინფორმაციისა და სულიერი შთაგონების უშრეტ წყაროს. და თუ „გალანტურ” XVIII საუკუნეში ბახის მუსიკა მოძველდა და მოდიდან გავიდა, XIX-XX საუკუნეებში და დღესაც, XXI საუკუნის დასაწყისში, მისი ქმნილებები თანამედროვეა, როგორც არასდროს.
„- იცით რას გეტყვით, გეთაყვა? ბახს მუდმივად უნდა ვეწეოდეთ. ვფიქრობ, თანამედროვეებს მისი არ ესმოდათ… მთელი საუკუნე უნდა გასულიყო, სამეფო ტახტები უნდა შერყეულიყო, მოცარტი და ბეთჰოვენი უნდა გამოჩენილიყვნენ, რომ ბახის მუსიკა ჩვენთვის გასაგები გამხდარიყო… ასი წლის შემდეგ მისი მუსიკა კიდევ უფრო გასაგები გახდება”.
(გოეთე. საუბრები მენდელსონთან)
კონცერტი ორი ვიოლინოსათვის (რე მინორი) II. Largo, ma non tanto
როგორც ერთ-ერთ წინა სტატიაში აღვნიშნე, ბახების უძველესმა საგვარეულომ მსოფლიოს 50-ზე მეტი ცნობილი მუსიკოსი მისცა, თუმცა უდიდესმა შემოქმედებითმა ტალანტმა მაინც იოჰან სებასტიანში მოიყარა თავი. დაწყებითი მუსიკალური განათლება ყველა ბახმა ოჯახში მიიღო. ეს გასაგებიცაა – რა საჭიროა მასწავლებლები, თუ მთელი ოჯახი მუსიკით ცხოვრობს? XVI საუკუნიდან მოყოლებული, ამ გვარის წინაპრები, მცხოვრებნი მთიან თიურინგიაში, იყვნენ ფლეიტისტები, მესაყვირეები, ორგანისტები, მევიოლინეები, კაპელმაისტერები, მუსიკის მთხზველები და ვირტუოზი შემსრულებლები. მათი მუსიკალური ნიჭიერება თაობიდან თაობას გადაეცემოდა.
„ვერ ვიტან ბახს!” ან „ვერ ვიტან მუსიკას!” – ეს გულახდილი და გაბრაზებული ბავშვური გამოთქმა ხშირად გაგვიგონია სამუსიკო სკოლის მოსწავლეებისგან. მოგეხსენებათ, იოჰან სებასტიან ბახის მუსიკა სკოლების სავალდებულო პროგრამაში შედის და სწავლების არაერთ წელიწადს მოიცავს. ბახის მაგალითზე შეისწავლება პროგრამით გათვალისწინებული პოლიფონია (მუსიკალური აზროვნების უმაღლესი ფორმა), რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, სანოტო ტექსტში ყოველი დეტალის გულმოდგინე გაანალიზებასა და დამუშავებას. ის არ იძლევა საშემსრულებლო თავისუფლებას და თვითნებობის საშუალებას.
ბახის უაღრესად ზნეობრივი და ამაღლებული მუსიკა დღემდე რჩება სასწავლო პროგრამებში მოსწავლეთა აზროვნებისა და სულიერი სამყაროს განვითარებისთვის.
როდესაც ვცდილობთ გავარკვიოთ მუსიკისადმი ბავშვების მტრული და უსიყვარულო დამოკიდებულების მიზეზი, ასეთ სურათს ვიღებთ: მათთვის კლასიკური მუსიკის შესწავლა რთულია და უინტერესო. და როდესაც ბავშვი გვარწმუნებს, რომ მას მუსიკა არ უყვარს, სინამდვილეში სულაც არ არის ასე. მას მუსიკა არ უყვარს ნაწილობრივ. და აი, რა არის საინტერესო: ბავშვი სავალდებულო საპროგრამო ნაწარმოებებზე მუშაობის რთულ პროცესში თანდათან გულს იყრის მუსიკის სწავლაზე, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ბახის რომელიმე პოლიფონიურ ნაწარმოებს შეეჭიდება. ცხადია, ეს პროცესი ძალზე შრომატევადია და მოსწავლისგან დიდ ნებისყოფას მოითხოვს, თუმცა ვაწყდებით ისეთ შემთხვევებსაც, როცა ბავშვი ინსტრუმენტთან „კლასგარეშე” ნაწარმოებს, მაგალითად, საყვარელი ჯგუფის კომპოზიციას ან მელოდიას საყვარელი კინოფილმიდან ინტერესით არჩევს-ეთამაშება, მიუხედავად იმისა, რომ მარტივად გასარჩევი და შესასრულებელი არც ის არის. ფილმის სიუჟეტი, საყვარელი გმირები, დამოკიდებულება ჯგუფის წევრების, უმეტესად – სოლისტის, მიმართ ბავშვის მუსიკალურ შთაბეჭდილებას ამძაფრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში ბავშვს შეუძლია სირთულეების გადალახვა. სასურველი შედეგის მისაღწევად მშობლებიც და პედაგოგებიც ჩვენს აღსაზრდელებს, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვასმენინებდეთ კლასიკურ მუსიკას, ხოლო მეტი ეფექტისთვის პარალელურად საინტერესოდ მოვუთხროთ კონკრეტული მუსიკოსის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; ვაჩვენოთ დოკუმენტური და მხატვრული ფილმები მათზე, ვატაროთ მუსიკალურ სპექტაკლებზე. მთავარი მიზანი მათი ინტერესის გაღვიძებაა. როდესაც ბავშვებს წარსულისკენ ვახედებთ, მათი ასოციაცია ისეთივე შორეულია, როგორც ის დრო, ის საუკუნე, ის ეპოქა. ჩვენ ეს მანძილი შეძლებისამებრ უნდა შევუმციროთ. მივახვედროთ, რომ ეს უდიდესი მუსიკოსებიც ოდესღაც იყვნენ მათსავით პატარები, ცნობისმოყვარეები და ზოგჯერ ზარმაცებიც კი. ვინაიდან ბავშვები ძალზე მგრძნობიარე არსებები არიან, რომელთაც ყველაფერზე ადვილად უჩუყდებათ გული, ამიტომ აუცილებლად უნდა ვუამბოთ, რა სიძნელეების გადალახვა უხდებოდა ბავშვობაში მათთვის შორეულ, უცნობ მუსიკოსს. ერთი სიტყვით, ჩვენ ისინი ერთმანეთს უნდა დავამეგობროთ. ასე, პატარ-პატარა კენჭებით, თანდათან საძირკველი ჩაეყრება კლასიკური მუსიკის სიყვარულს.
ახლა კი ერთი საინტერესო ზღაპარივით ამბავი გავიხსენოთ:
ბახების ოჯახში ბავშვს ელიან. ვაჟი თუ დაიბადა, ოჯახს ერთით მეტი მუსიკოსი ეყოლება. თუმცა ყველაფერი ღმერთის ნებაა. აიზენახელმა მუსიკოსმა ამბროზიუს ბახმა ოთხი შვილი უკვე დაკარგა. მისი მეუღლე ელიზაბეტი მერვედ მშობიარობს. ამ დროისათვის ამბროზიუსი 40 წლისაა. მოლოდინი და მღელვარება პიკს უახლოვდებოდა, როცა კარი გაიღო და მახარობლის ხმა გაისმა: „ვაჟია!”
მომავალი უდიდესი კომპოზიტორის დაბადების შესახებ არავითარი სხვა ცნობა არ შემორჩენილა, გარდა მოკლე საეკლესიო ჩანაწერისა: გერმანიაში, აიზენახში, 1685 წლის 21 მარტს დაიბადა იოჰან სებასტიან ბახი.
9 წლის სებასტიანი მოულოდნელად კარგავს დედას, ხოლო ერთი წლის შემდეგ – მამასაც. მასზე მეურვეობას უფროსი ძმა – 24 წლის იოჰან კრისტოფი იტვირთავს. პატარა სებასტიანი ვიოლინოსა და კლავიკორდზე პირველ გაკვეთილებს მამისგან იღებს, მოგვიანებით კი ძმა კეთილსინდისიერად შეასწავლის კლავესინსა და ორგანზე დაკვრას. პიესებს, რომელსაც ძმა სთავაზობს, იგი უმოკლეს დროში და სრულყოფილად ითვისებს. ინტერესით ეცნობა წინამორბედი და თანამედროვე კომპოზიტორების ნაწარმოებებს.
იოჰან კრისტოფის ჩაკეტილ კარადაში გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებების უიშვიათესი სანოტო რვეული ინახებოდა, რომელთა დაკვრა სირთულის გამო მკაცრად ეკრძალებოდა პატარა მუსიკოსს. სებასტიანმა დაუკითხავად აიღო გასაიდუმლოებული რვეული და ღამღამობით, მთვარის შუქზე, მალულად დაიწყო ნოტების გადაწერა. მუსიკისადმი მისი ინტერესი და სიყვარული იმდენად დიდი იყო, რომ არაერთხელ აღუნიშნავს: „რაც უფრო რთულია, მით უფრო ადვილიაო”.
როდესაც სებასტიანი წამოიზარდა, წმ. მიქაელის სკოლაში დაიწყო სიარული. მის მასწავლებელს, ორგანისტსა და კომპოზიტორს გეორგ ბიომს, კრისტოფზე არანაკლები სანოტო ბიბლიოთეკა აღმოაჩნდა. ამჯერად ბიომი თავად ამარაგებდა სებასტიანს სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებებით და ისიც ხარბად ისრუტავდა ახალ-ახალ მუსიკალურ შთაბეჭდილებებს.
ი. ს. ბახის პრელუდია (სი მინორი) ა. ზილოტის ტრანსკრიფციით

წვიმად მოსული ზევსი

0
თქვენ, ჰო, თქვენ, რას ჩაიდენდით საოცნებო ქალის გულისთვის? არა, ამას ისე, სასხვათაშორისოდ ვკითხულობ, თორემ დღეს რომ აღარავინ აღარაფერს აკეთებს, ისედაც ვიცი. ერთი პატარა სერენადის თავიც კი აღარავის აქვს. დროა სხვანაირი, ჩქარი და პრაგმატული. კართან გზა რომ დაგითმონ, უკვე რაღაცას ნიშნავს. თუ გვერდზე გაგწიეს და თვითონვე შეცვივდნენ კისრისტეხით, აუგს ნუ იტყვით – ეტყობა, ეჩქარებოდათ.

მოკლედ, პრაგმატული და ჩქარი დროა. დღეს გალაკტიონის სიტყვებზე – „არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით…” – მხოლოდ კეთილად შეიძლება გაგვეღიმოს. თურმე ასეთებიც ყოფილან.

ახლა ქალბატონებს გკითხავთ: ვინმე სიყვარულს რომ გეფიცებოდეთ და გრძნობის დასტურად საკუთარი მოჭრილი ყური მოგართვათ, რა გუნებაზე დადგებით? მე შემეშინდებოდა… და შევეცდებოდი, რაც შეიძლება შორს გავქცეულიყავი. ჯერ ერთი, ასეთ სიყვარულს არ მოვინდომებდი, მეორეც, აბა, წარმოიდგინეთ, თავისი ყურები რომ შემოელეოდა, ხომ შეიძლებოდა, ჩემსაზე გადმოსულიყო?! არა, არ დამწამოთ, რომ ცუდ ფეხზე ავდექი და რას ვწერ, თავადაც არ ვიცი – ასე გენიალური მხატვარი ვან გოგი მოიქცა, საყვარელ ქალს თავისივე მოჭრილი ყური მიართვა. ოღონდ ვან გოგი ტყვიით იწამლებოდა და ამის შესახებ არაფერი იცოდა. 37 წლისამ სულით ავადმყოფთა დაწესებულებაში დაასრულა სიცოცხლე. ეს უცნაური საქციელიც მივუტევოთ, რადგან ტყვია მძიმე და ვერაგი მეტალია და მისი პირველი სამიზნე ცენტრალური ნერვული სისტემაა.

ჰოდა, დღეს ტყვიაზე ვწერ. მამაკაცებისადმი მიმართვაც მხოლოდ შესავლისთვის დამჭირდა, თორემ პირველად თქვენ გაგატარებთ კარში. ჩვენ თუ ორი წუთით გვიან აღმოვჩნდით კარს მიღმა, ეგ არაფერი, არ დაგვაგვიანდება.
ტყვია ერთ-ერთი იყო იმ შვიდი მეტალიდან, რომლებსაც ალქიმიკოსები იცნობდნენ. ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ, იცით, რა საჩუქარი გამომიგზავნა? „ალქიმიური ტრაქტატის” ადაპტირებული ვერსია. ჰოდა, თუ ამ ტრაქტატს ჩახედავთ, ტყვიაზე ბევრ საინტერესოს შეიტყობთ. მაგალითად, ტყვიას ოქროს ტრანსმუტაციისთვის არ განიხილავდნენ, ანუ ფიქრობდნენ, რომ ტყვია ოქროდ ვერ გარდაიქმნებოდა. სამაგიეროდ, მისგან ტრანსმუტაციისთვის აუცილებელ დანამატს ამზადებდნენ და ის მუდამ გადანახული ჰქონდათ. რეცეპტი ასეთი იყო: აიღეთ ტყვიის ნაჭერი და რკინის კოვზზე გაალღვეთ; გამლღვალი ტყვია იმავე რაოდენობის ვერცხლისწყალს შეურიეთ; მიღებულ მასას იმავე წონის მოხალული მარილი და ძმარი დაამატეთ; ამის შემდეგ მისი ამოშრობა უნდა დაიწყოთ, სანამ მასა არ გაშავდება. სწორედ ასეთი სახით შეგიძლიათ შეინახოთ, როგორც ტრანსმუტაციის ერთ-ერთი ინგრედიენტი. თუ ძმარს „არწივს” დაამატებთ, საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

რას ნიშნავს „არწივი”? „ალქიმიური ტრაქტატის” მეშვიდე თავში, იქ, სადაც სულებზეა საუბარი (შეგახსენებთ, რომ ალქიმიკოსები სულებს ჩვეულებრივ ქიმიურ ნივთიერებებს უწოდებდნენ, უპირატესად მათ, რომლებსაც დამახასიათებელი მძაფრი სუნი ჰქონდათ), აღმოვაჩინე, რომ „არწივი” ამონიუმის მარილებია. შეიძლება ამიაკიც ვიგულისხმოთ.

ტყვია რომ მომწამლავია, ზემოთაც დავწერე. ისტორიიდან ამის შესახებ მრავალი ფაქტის გახსენება შეიძლება. ტყვიით მოიწამლა ბეთჰოვენი, ტყვიას ემსხვერპლა უამრავი ლამაზმანი, რომლებიც კანის გასათეთრებლად ტვიის შემცველ ნელსაცხებლებს იყენებდნენ (ეს ალქიმიკოს ჯაბირის გამოგონება გახლდათ). ტყვიამ შეიწირა ალექსანდრე მაკედონელის ჯარისკაცებიც. იმავე მიზეზით რომის იმპერიაში მრავალი დიდგვაროვანი ოჯახი ამოწყდა, რადგან საკვებს ტყვიის ჭურჭლიდან მიირთმევდნენ. გარდა ამისა, ძველი რომის წყალმომარაგების სისტემა ტყვიის მილებისგან შედგებოდა. ამ მილების დიამეტრი 25-27 სმ იყო, სისქე კი – 3-5 სმ. მილებმა რომს წყალიც მისცა და სიკვდილიც. რომაელები ღვინოსაც კი ტყვიის ჭურჭელში ინახვდნენ – მიაჩნდათ, რომ ასეთი ჭურჭელი ღვინოს არ აფუჭებდა და დამახასიათებელ მოტკბო გემოს აძლევდა. ტყვიის ყველა ხსნადი ნაერთი კი შხამია. მოტკბო გემოზე გამახსენდა – ქემეიას მიმდევარი ეგვიპტელი ზოსიმა ტყვიის აცეტატს ტყვიის შაქარს უწოდებდა და ირწმუნებოდა, რომ ნაერთი შაქარივით ტკბილი იყო.

ძველ რომს დავუბრუნდეთ. წყალი, რომლითაც ქალაქი მარაგდებოდა, ნახშირორჟანგს შეიცავდა, რომელსაც ტყვია წყალში ხსნად ჰიდროკარბონატის ფორმაში გადაჰყავდა –  Pb(HCO3)2. წყალთან ერთად ორგანიზმში ტყვიაც ხვდებოდა, გროვდებოდა და ქრონიკულ მოწამვლას იწვევდა. ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 25-27 წელი იყო და ყველას ფსიქიკური აშლილობა ჰქონდა.

ვენეციაში „კვნესის ხიდია”. ეს ხიდი შუა საუკუნეების ციხეზე გადის, სადაც განსაკუთრებით საშიში დამნაშავეები იხდიდნენ სასჯელს. ციხის სხვენში სპეციალური კამერები ჰქონდათ, რომელთა კედლებიც ტყვიით იყო მოფენილი. აქ ზაფხულში ჯოჯოხეთური სიცხე იდგა, ზამთარში კი ყინავდა. „კვნესის ხიდზე” ამ გატანჯული ხალხის კვნესა ისმოდა.

ტყვია ორგანიზმში ან საჭმლის მომნელებელი სისტემის, ან სასუნთქი გზების მეშვეობით ხვდება. სისხლი მას მთელ ორგანიზმში ანაწილებს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ტყვიის მტვრის ჩასუნთქვა გაცილებით საზიანოა, ვიდრე საკვებთან ერთად მიღება. ქალაქში ეს საფრთხე გაცილებით მაღალია, თუნდაც მეთილირებული ბენზინის გამო, და თუ პოლიმეტალურ საბადოებდსაც ამუშავებენ, იმ ადგილის საქმე ხომ წასულია.

ტყვია ძვლოვან ქსოვილში გროვდება და კალციუმის ფოსფატში კალციუმს ჩაანაცვლებს. რბილ ქსოვილებში (კუნთები, თირკმელები, ღვიძლი, თავის ტვინი) დაგროვებისას ის დაავადება პლუმბიზმს იწვევს. ისევე როგორც სხვა მძიმე მეტალების იონები, ტყვია ზოგიერთ ფერმენტს ბლოკავს. თუ ტყვიის კონცენტრაციამ სისხლში ათჯერ მოიმატა, ფერმენტთა აქტიურობა ასჯერ შემცირდება. შთამბეჭდავია, არა? გარდა ამისა, განვითარდება ანემია, გართულდება თირკმელების მუშაობა, დაქვეითდება ინტელექტი.

ღრძილებზე რუხი ნადები მოწამვლის პირველი და უტყუარი ნიშანია. თუ ადამიანს განწყობა უმიზეზოდ ეცვლება და პირში ლითონის გემოც აქვს, მორჩა, მოწამლულა და ეგ არის. ჩვენს დროში ტყვია განსაკუთრებით ბავშვებს ემუქრება. თუ ისინი უხარისხო სათამაშოებით ითამაშებენ და პირშიც ჩაიდებენ, დიდია ალბათობა, სათამაშოს საღებავში არსებული ტყვია მათ ორგანიზმში მოხვდეს. ასე რომ, ჯობს, პატარას ერთი სათამაშო ჰქონდეს და ხარისხიანი, ვიდრე ათი და ტყვიაშემცველი. მოწამვლისას ანტიპოდად ეთილენდიამინტეტრაძმარმჟავა კალციუმს ასახელებენ, ოღონდ ჯობს, მოწამლულმა მაინც ექიმს მიმართოს და მე არ დამიჯეროს – მხოლოდ ქიმიკოსი ვარ, ექიმი – არა.

სემირამიდას დაკიდული ბაღები ხომ გაგიგონიათ? აი, ისინი, მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, ძველ ბაბილონში რომ იყო, თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე. მათ ამეტისის დაკიდულ ბაღებსაც უწოდებდნენ. ამეტისი ბაბილონის მაშინდელი მმართველის, ნაბუქოდონოსორის, მეუღლე გახლდათ. სწორედ ამ ქალბატონისთვის ააგეს ბაღები ჩვ. წ. აღ-მდე მეშვიდე საუკუნეში. ამ ნაგებობის ჰიდრავლიკურ ნაწილში ასევე ტყვია ყოფილა გამოყენებული.

ჩემი ნათქვამიდან ისე გამოდის, თითქოს ტყვია არაფრისთვის გამოდგება და მხოლოდ ზიანი მოაქვს. არადა, ასე არ არის. მას იყენებენ რენტგენოტექნიკაში, როგორც რენტგენის სხივებისგან დამცავ საშუალებას, მისგან იღებენ მრავალ შენადნობს, იყენებენ აკუმულატორის ფირფიტების, სატელეფონო და ელექტრული კაბელების შემოსაფენების დასამზადებლად, კოროზიამედეგი მასალების მისაღებად. ორგანულ მჟავებთან ტყვია წარმოქმნის ნაერთებს, ე.წ. სიკატივებს, რომლებიც აჩქარებს ტექნიკური ზეთებისა და საღებავების გაშრობას.

ბუნებაში საკმაოდ გავრცელებულია ტყვიის კრიალა, გალენიტი – PbS; შედარებით იშვიათია მინერალი ცერუსიტი – PbCO3 – და ანგლეზიტი – PbSO4. ტყვიის მარილების ქიმიურ დასახელებებს განგებ არ ვწერ – თავად გაიხსენეთ. ისე, აქვე ვიტყვი, რომ ტყვიის შემცველი დაახლოებით 80 მინერალია ცნობილი.

ანტიკურ ლეგენდებში მზეთუნახავი დანაე ცხოვრობს, ცხრაკლიტულშია გამომწყვდეული, და აი, ერთ დღესაც მის სარკმელთან ოქროს წვიმა წამოვა. ეს ძველი ბერძნების უზენაესი ღმერთი ზევსი მივიდა მის მოსანახულებლად და ოქროს წვიმის სახე მიიღო. ასეა, როცა ვინმეს ნახვა ნამდვილად გინდა, რამეს მოიფიქრებ. ზევსის გამბედაობა და ფანტაზია ჩვენ ვინ მოგვცა, მაგრამ „ოქროს წვიმის” გაკეთება შეგვიძლია და ეს ზევს არ უნდა ეწყინოს.

აიღეთ ერთი გრამი ტყვიის აცეტატი (ან ტყვიის ნიტრატი) და ამდენივე კალიუმის იოდიდი. თითოეულს დაასხით 175 მლ ადუღებული წყალი. ტყვიის მარილის წყალხსნარს რამდენიმე წვეთი ძმარმჟავა ჩაამატეთ, რომ გამოლექვა შეაჩეროთ. შემდეგ ადექით და ეს ორი წყალხსნარი ერთმანეთში აურიეთ. ნელი გაციებისას ხსნარიდან ტყვიის იოდიდის გამოყოფა დაიწყება. მბრწყინავი ოქროსფერი ქერცლი „ოქროს წვიმად” წამოვა. შეგიძლიათ იხუმროთ, რომ თვით ზევსი გესტუმრათ.

იქვე ისიც შეგიძლიათ დასძინოთ, რომ საქართველოში ზევსივით ბუმბერაზი კაცი ცხოვრობდა, რომელმაც ერთხელ თქვა: „არის ამქვეყნად სიკვდილი ქალით”. ეს კაცი ტყვიით არ მოწამლულა, ამბობენ, სიტყვით მოწამლესო. ჰოდა, ერთ დღესაც ადგა და გაფრინდა…

კატის ალტერნატივა ისტორიის გამოცდაზე – ისტორიული ესე – უტოპია თუ რეალობა?

0
დღეს ქართულ რეალობაში მოსწავლე ფასდება ცოდნის რაოდენობით და არა ხარისხით. მოსწავლეს მასწავლებელი ხშირად ეკითხება – როდის მოვიდა სტალინი ან ჰიტლერი (ან სხვები) ხელისუფლებაში? როდის დაიწყო ინდუსტრიალიზაცია? როდის მოხდა  ჩიხორის, მურჯახეთის, ფარავნის, ლეპანტოს ბრძოლები და ა.შ. უსასრულოდ შეგვიძლია გაგრძელება, ანუ ე.წ. დახურული კითხვების კასკადია. ამ კითხვებით ისევ ისეთ სურათს ვიღებთ, როგორც „ოდესღაც საბჭოთა კავშირში” გვქონდა – მთავარია რაოდენობა და არა ხარისხი. 
როგორ უნდა შევამოწმოთ მოსწავლეთა ცოდნა? ჩვენივე შედეგები? როგორ უნდა გავაკეთოთ ანალიზი – რა არის მათი ძლიერი და სუსტი მხარეები? დახურული კითხვებით ეს ვერასოდეს მოხდება. დახურული კითხვებით ჩვენ ვამოწმებთ მხოლოდ მათ მეხსიერებას  და გვერდზე გვრჩება მოსწავლის ანალიტიკური აზროვნება, სურვილი – იმსჯელოს მიზეზებზე, შედეგებსა და პროცესებზე და შეაფასოს ისინი. 
ესეს წერა არის საშუალება, რომლითაც მოსწავლეებს ვასწავლით ანალიზს, სინთეზსა და შეფასებას. 
ანალიზი გულისხმობს მოსწავლის მსჯელობას და სათაურში დასმული შეკითხვის კრიტიკულ განხილვას. შეუძლებელია, რომ მოსწავლემ გააანალიზოს საკითხი ცოდნის გარეშე და ასევე  შეუძლებელია, რომ საკითხს ისტორიაში ჰქონდეს მხოლოდ ერთი მხარე (არ ვგულისხმობ  რამდენიმე გამონაკლისს, აქსიომას). 
შეფასებაა, როდესაც მოსწავლე აყალიბებს დადებით და უარყოფით არგუმენტებს, განმტკიცებულს ფაქტებით,  მსჯელობებითა და დანასკვებით.  
სინთეზია, როდესაც მოსწავლე აკეთებს საკუთარ დასკვნებს, შესაძლოა გვთავაზობს ალტერნატივებსაც.  
ეს  კოგნიტური აზროვნების ყველაზე მაღალი უნარებია, რაც უნდა განავითაროს ესეს წერამ.   
ისტორიული ესეს წერა მოსწავლის საშუალო საფეხურზე მთლიანი კურსის საბოლოო შედეგი უნდა იყოს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსწავლე მთელი მე-10-ე, მე-11-ე და მე-12-ე კლასებში მუშაობს იმ უნარებისა და ცოდნის შეძენისთვის, რომ ეს პროდუქტი დადოს – დროის განსაზღვრულ პერიოდში დაწეროს ისტორიული თემა. ეს ადვილი არ არის. შესაბამისად, თუ დასაწყისში მოსწავლეებს გაუჭირდათ, არაუშავს. ნუ შეაფასებთ ხისტად და მკაცრად ან შეაფასეთ არა ჟურნალისთვის და ოფიციოზისთვის, არამედ მხოლოდ განმავითარებელი შეფასებისთვის. ეტაპობრივი მუშაობა მსგავს თემებზე შედეგს წლის ბოლოს უკვე მე-10-ე კლასში გამოიღებს, რაც მე-12-ე კლასში საბოლოო დადებით შედეგზე აისახება. 
ვაცნობიერებ იმ დილემას, რომლის წინაშეც ისტორიის მასწავლებლები დღეს დგანან (თუმცა ვაცნობიერებ იმასაც, რომ ბევრისთვის ეს დილემა კი არა, მხოლოდ ბედნიერებაა, რადგან ბევრ მასწავლებელს საქმე კვლავ გაუადვილა. რა ჯობია ძველ მეთოდებს – მოყოლა/ე.წ. ახსნა/გამოკითხვა, თარიღები და თარიღები…). კერძოდ, კატის გამოცდებმა ისტორიაში მასწავლებლებს კვლავ მისცა საშუალება გახდნენ „ბიბლიის”, ანუ სახელმძღვანელოს მიმდევარნი,  მიეჯაჭვონ მას და ის პროგრამა, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმის მიერ შემოთავაზებული „წყალობაა”, მთელი თავისი დინამიკით აამოქმედონ (მურჯახეთის, სოხოისტას, ლეპანტოს ომების თარიღების ცოდნითა და იმ არაფრისმომცემი ისტორიული ფაქტების დაზეპირებით, რისი წყალობითაც მოსწავლეებს დღეს სძულთ ისტორია). მასწავლებელმა დაკარგა შემოქმედებითობა, მოსწავლემ კი – ისტორიის გაკვეთილზე ყოფნის ინტერესი და ხალისი. ისტორია დაემსგავსა იმ ზუსტ მეცნიერებას, რომელსაც ანალიზი არ სჭირდება – როგორც წერია ისეა, რაღა საჭიროა ფიქრი? ფაქტოლოგია და კვლავ ფაქტოლოგია!   
ვაცნობიერებ, რომ თემის წერა მაღალ კლასებში ფაქტობრივად „არაპროგრამულია” და არავის მოეთხოვება, მაგრამ თუ გვინდა, რომ მოსწავლეები აზროვნებდნენ, იყვნენ ლაღნი და თავისუფალნი, სწავლებისას დიდი მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ანალიზს და ღია  დავალებებს, მაგალითად, ესეს წერას.
რატომ არ შეიძლება კატზე, ან თუნდაც ეროვნულ გამოცდებზე ისტორიაში მოსწავლემ ისტორიული ესე დაწეროს? რა არის ამაში შეუძლებელი და უტოპიური?  ოპონენტები სასწრაფოდ იტყვიან – ეს ძნელია, ამისთვის ჯერ მასწავლებელი უნდა მოვამზადოთ. კი, ძნელია! მაგრამ განა იმაზე ძნელია, ვიდრე მოსწავლის მიერ  ტრიენტის კრების, ოპრიჩნინის, ჩრდილოეთის ომის დეტალების დაზეპირება? ამაზე ძნელი, უინტერესო და რუტინული რა უნდა იყოს? წერა? არა! ანალიზი, მხოლოდ ანალიზი უნდა იყოს ისტორიის სწავლა-სწავლების კრედო. თაობებმა ისტორია კვლავ არ იციან… თაობებისთვის ისტორია კვლავ ფაქტების მეცნიერებად რჩება?! 
უნდა შეიცვალოს გამოცდისადმი მიდგომა. საბჭოთა მეთოდი – მოსწავლე ჩავჭრათ – უნდა დავიყვანოთ ევროპულ და ამერიკულ მოდელამდე – მოსწავლეს მივცეთ საშუალება სწორედ გამოცდაზე გამოავლინოს საკუთარი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები, ანუ შემოწმდეს არა ის, თუ რა იცის მოსწავლემ, არამედ – როგორ იცის ის, რაც იცის (რაც თავისთავად უნარებზე აპელირებას გულისხმობს და არა ცოდნაზე). 
და კიდევ ერთი – თუ ეროვნულ გამოცდებზე  მაგალითად ქართულში მოსწავლეებს შეიძლება დაუსვან კითხვა, იმსჯელონ ქალის როლსა და სხვა საკითხებზე, რატომ არ შეიძლება მსგავსი მიდგომა ისტორიაშიც გადმოვიტანოთ? რომ მოსწავლეებმა იმსჯელონ ისტორიული ცოდნიდან გამომდინარე, იმსჯელონ დროის გარკვეული პერიოდის შესახებ;  იმსჯელონ სხვადასხვა საკითხებზე.
სამწუხაროდ, ქართულ სივრცეში მიღებულია ორ-სამ აბზაციანი ესეს წერა, თუმცა ეს მოცულობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ბოლომდე გვიჩვენოს მოსწავლის ცოდნა და სიღრმისეული ანალიზის უნარი. ამიტომ გირჩევთ, რომ ბოლო შემაჯამებელი თემის მოცულობა 5 – 6 აბზაცამდე გავზარდოთ. მიუხედავად იმისა, რომ მისი გასწორება საკმაოდ რთულია, რადგან თემას უნდა ახლდეს შეფასების კრიტერიუმები. ეს არაჩვეულებრივი დავალებაა, სადაც უკვე ცხადზე ცხადად შეგვიძლია მასწავლებლის მუშაობისა და მოსწავლის  შესაძლებლობების დანახვა. სწორედ ამიტომ არის ეფექტური ესეს, როგორც დამამთავრებელი აქტივობის წერა. მით უმეტეს, რომ ესეების შესახებ შეგვიძლია მოსწავლეები წერილობით ვაკამათოთ.  
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს მივცეთ არჩევანი. მე-12-ე კლასი დამამთავრებელი კლასია. მოსწავლეები ამთავრებენ სკოლას და სახელმწიფოს აქტიური მოქალაქეები ხდებიან. მათ ეს განცდა თითოეულმა გაკვეთილმა უნდა გაუღვივოს. ამდენად, არჩევითი კითხვები კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს მათ მოტივაციას – დაწერონ ის, რაც მათ სურთ. 
თემის წერის ჩვევა მოსწავლეებს ყოველდღიურად უნდა განუვითარდეთ. წერითი დავალებები და ადეკვატური მოთხოვნები მათ ამის საშუალებას მისცემთ. მთავარია მოსწავლეები მიხვდნენ, რომ აუცილებელია ესე სხვადასხვა – როგორც დადებითი, ასევე ნეგატიური – კუთხით განიხილონ; რომ აუცილებელია არგუმენტის ფაქტებით გამყარება და ანალიზი; რომ  ერთი აბზაცი ნიშნავს 1 სრულყოფილ არგუმენტს (და არა ერთ წინადადებას, როგორც ეს ქართულ სივრცეშია მიღებული); დაბოლოს, რომ მოსწავლეებმა საკუთარი აზრის გასამყარებლად სასურველია გამოიყენონ ისტორიკოსების თვალსაზრისები. უნდა წარმოადგინონ საპირისპირო მოსაზრებებით დაბალანსებული დასკვნა (ქართულ სივრცეში მოსწავლეებს აჩვევენ, რომ დასკვნაში იყვნენ კატეგორიულები, რომ მკვეთრად დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია). მაგრამ ეს არ არის სწორი: დასკვნა უნდა იყოს დაბალანსებული და მხოლოდ და მხოლოდ უნდა გამომდინარეობდეს თემიდან და არა საკუთარი დამოკიდებულებიდან. ამდენად, თუ მოსწავლეს უწერია შესავალი, შემდეგ ორი პროთეზისური და ორი ანტითეზისური არგუმენტი, შემდეგ ისტორიკოსთა შეხედულებები (რაც სავალდებულო არ არის), ლოგიკურია, რომ დასკვნა იქნება დაბალანსებული.  
ესეს  მაგალითი 
გფრ-ს კანცლერი ვილი ბრანდტი (1969-1974) წერს: „მშვიდობა არ არის ყველაფერი, მაგრამ მშვიდობის გარეშე ყველაფერი არაფერია”.  იმსჯელეთ, რამდენად იზიარებთ ვილი ბრანდტის მოსაზრებას. (20 ქ.)
ღიად დასმულ კითხვაზე, იზიარებთ თუ არა რაღაც მოსაზრებას, ხშირ შემთხვევაში მოსწავლეები მხოლოდ მოკლე პასუხს ანიჭებენ უპირატესობას. სამწუხაროდ, ქართულ რეალობაში ეს მიღებული პრაქტიკაა. ევროპული და საერთაშორისო ისტორიული პრაქტიკა კი სხვაგვარია: ეს არის ღია კითხვა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსწავლე თავისუფალია თავის არჩევანში, მაგრამ ამავე დროს კითხვა ისეა დასმული, რომ მოითხოვს კრიტიკულ შეფასებას. და ის ფაქტი, რომ მოსწავლეებს „ვაჩვევთ” სწორხაზოვანი პოზიციების დაფიქსირებას, ცალსახა და კატეგორიული დასკვნების გაკეთებას, ქმნის რადიკალიზმის საშიშროებას, რასაც  უნდა მოვერიდოთ ამ ასაკობრივ ჯგუფში. მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ და „მივაჩვიოთ”, რომ როგორც თემა, ასევე  დასკვნაც არ იყოს რადიკალური, ცალმხრივი, არამედ კრიტიკულად იყოს შეფასებული. ესეს წერის რეალური მიზანი არ არის ცალსახა პასუხის გაცემა, არამედ ორი ან მეტი ვერსიის გადმოცემა და დასაბუთება. შესაბამისად, ამ შემთხვევაში მოსწავლემ უნდა იმსჯელოს, რომ მშვიდობა არ არის ყველაფერი (სადაც მას ამ თეზისის გასამყარებლად მაგალითების მოტანა მოუწევს – რომ არსებობს ეკონომიკური, სოციალური ფაქტორები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია….), მაგრამ ამავე დროს უნდა განიხილოს საპირისპირო თეზაც – თუ არ არის მშვიდობა, ყოველგვარი „კეთილდღეობა” მოჩვენებითია (ამის კარგი მაგალითია საბჭოთა კავშირი. ცხადია, მოსწავლეს შეუძლია სხვა მაგალითების მოტანაც, მაგალითად – გერმანიის,  რომის იმპერიის – „პური და სანახაობა” და სხვა). 
შეფასების სქემაში (ტექსტის ბოლოს), მოცემულია ის მთავარი მოთხოვნები, რომელიც  მოსწავლემ უნდა შეასრულოს. ესეს წერა არ არის მარტივი პროცესი. როგორც წესი, ქართული რეალობისთვის ჯერ კიდევ სტერეოტიპად რჩება, რომ ისტორიას წერა არ სჭირდება, რომ ისტორია მხოლოდ ზეპირი პასუხები ან მარტივი წინადადებებისგან შემდგარი „არგუმენტებია”; რომ თემის წერა ისტორიაში ჯერ კიდევ  აბსურდია, რადგან ამისთვის არ ვართ „მზად”; რომ კითხვებზე პასუხები ისტორიაში მხოლოდ თითო სიტყვით უნდა ამოიწურებოდეს. (მაგალითად, ჩავიდეს თუ არა დავით ლაშა-გიორგის ძე ჰულაგუ ყაენთან ილხანთა საყაენოში – კი ან არა). დროა, ეს სტერეოტიპები და ასეთი მიდგომები  დაინგრეს, რადგან ისტორიას ძალიან სჭირდება წერა, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. ჩვენი  მოთხოვნა მოსწავლეებისგან ამოიწურება მხოლოდ ცოდნით, გაგებით და, იშვიათად, გამოყენებით, ანუ აზროვნების მხოლოდ დაბალი დონით. 
მეტი სიცხადისთვის მაგალითად ავიღოთ ყველასათვის ნაცნობი თემა-ესე:
იმსჯელეთ, განაპირობა თუ არა დავით აღმაშენებლის პოლიტიკის  წარმატება  მისმა საშინაო თუ საგარეო პოლიტიკამ? 
ერთი შეხედვით, კითხვა ისეა დასმული, თითქოს მოსწავლეს უბიძგებს, რომ გასცეს მოკლე პასუხი – საშინაო ან საგარეო. მაგრამ ეს ასე არ არის.  მოსწავლეებს უნდა ვასწავლოთ, რომ კითხვის ასე დასმა ნიშნავს, რომ მოსწავლემ სწორედ ორივე საკითხი სიღრმისეულად უნდა განიხილოს. მხოლოდ ორივე პერსპექტივის განხილვის შემდეგ ჩაითვლება თემა სრულყოფილად. ამასთან, სასურველია დასკვნაც ურთიერთსაპირისპირო არგუმენტებით იყოს დაბალანსებული.  

ისტორიული
ესეს ორგანიზების ცხრილი

შესავალი (პარაგრაფი
1)

(შესავალში მოსწავლემ
უნდა აჩვენოს, თუ რამდენად ესმის მას თემა, რა არის ესეს შეკითხვა- საკამათო საკითხის
არსი და რატომ არის მნიშვნელოვანი ამ საკითხის სხვადასხვა კუთხით განხილვა); რა იქნება  მოსწავლის მიზანი ამ ესეში.

არგუმენტი
1

(თეზისის გასამყარებლად) პარაგრაფი
2

თეზისი (მაგალითად, მეფის მიერ
გადადგმული პირველი ნაბიჯები საშინაო საქმეებში პირველი წარმატებების გარანტია იყო.
ფაქტები და მსჯელობები;  (
ისტორიკოსთა აზრები, თუ
ეს შესაძლებელია. კარგი და ეფექტურია არგუმენტის გასამყარებლად მოსწავლემ ისტორიკოსთა
შეხედულებები გამოიყენოს)  და დანასკვი, ანუ
მინიდასკვნა, შეჯამება – რისი თქმა სურდა მოსწავლეს ამ არგუმენტით? 

არგუმენტი 2

(თეზისის გასამყარებლად) პარაგრაფი
3

არგუმენტი 3

(თეზისის საწინააღმდეგოდ) პარაგრაფი
4

არგუმენტი 4

(თეზისის საწინააღმდეგოდ) პარაგრაფი
5

 დასკვნა

(უნდა იყოს დაბალანსებული და არ
უნდა დომინირებდეს ერთი მკვეთრი პოზიცია; უნდა იყოს წარმოდგენილი რამდენიმე ან ორივე
ვერსია;  უნდა გამომდინარეობდეს მხოლოდ თემიდან.
ახალი ფაქტების შემოტანა დასკვნაში მიუღებელია.
პარაგრაფი 6

 

ესეს შეფასების კრიტერიუმი

 

0: 

დავალება არ
არის შესრულებული ან არ შეესაბამება/არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს და არ შეფასდება
არც ერთი ქულით.

1–3: 

ნამუშევარი
არ პასუხობს კითხვაში დასმულ მთავარ მოთხოვნებს. მოსწავლეს აქვს მწირი ცოდნა. ნამუშევარი
ბუნდოვანი და გაუგებარია. მოსწავლე არა მხოლოდ ვერ ავლენს ცოდნას, თუ ვინ არის გფრ-ის
ლიდერი (და რას ნიშნავს გფრ), არამედ ვერ იაზრებს დავალებას.

4–5: 

არის კითხვის
გაგების მცირე მცდელობა. ისტორიული დეტალები მოცემულია, მაგალითად, მოსწავლე საუბრობს
გერმანიის მიერ ორივე მსოფლიო ომის დაწყებაზე, საუბრობს ჰიტლერზე და ტოტალიტარული
სახელმწიფოების ლიდერებზე, საუბრობს ცივ ომზე, თუმცა ზოგადად. გარდა იმისა, რომ მისი
ცოდნა მხოლოდ ზედაპირულია, ამავე დროს ბუნდოვანია და არ არის ნაჩვენები კავშირი ამ
მაგალითებს შორის. ისტორიული კონტექსტი ბუნდოვანი და გაუგებარია; კითხვაზე მინიმალური
აქცენტია გაკეთებული.
 

6–7: 

პასუხში ჩანს
მოსწავლის გარკვეული ისტორიული, თუმცა შეზღუდული, ცოდნა. ისტორიული კონტექსტი შესაძლოა
დაცული და გასაგებია, თუმცა ისტორიული პროცესი ნამუშევარში ნაკლებადაა ნაჩვენები,
აკლია მსჯელობა. პასუხი მხოლოდ ნაწილობრივაა გაცემული.  მაგალითად, მოსწავლე საუბრობს გერმანიის მიერ
ომების დაწყების შესახებ, ცივი ომის შესახებ, ცივ ომში გერმანიის მნიშვნელობაზე,
გერმანიის მიმართ ევროპისა და ამერიკის დამოკიდებულებაზე, დასავლეთის მიმართ საბჭოთა
კავშირის დამოკიდებულებაზე, თუმცა ეს ცოდნა მწირი და არა სიღრმისეულია. მოსწავლე
ძირითადად
 უპირატესობას
ანიჭებს თხრობას – რა მოხდა, და არა მოვლენას – რატომ მოხდა. ამასთან, გარდა ნარატიული
ხასიათის პასუხისა, კითხვას არ აქვს გაცემული ამომწურავი და კრიტიკული პასუხი, რაც
ნიშნავს იმას, რომ მოსწავლემ კითხვას მხოლოდ მოკლე პასუხი გასცა (მაგალითად, იზიარებს
ან არ იზიარებს, და არ განიხილავს საკითხს ორივე კუთხით).

8–9: 

ესეში დასმული
კითხვა მოსწავლის მიერ მეტწილად გაგებული და გააზრებულია. ჩანს ისტორიული ცოდნა.
მაგრამ ის არ არის სიღრმისეულად გააზრებული. ცოდნა უფრო ნარატიულია, ვიდრე ანალიტიკური
(უფრო თხრობითი ფორმა აქვს, ვიდრე არგუმენტირებული). წარმოდგენილია ლიმიტირებული
რაოდენობის არგუმენტი; ზოგიერთი არგუმენტი ბუნდოვანია და არ არის გაშლილი. ნაწილობრივ
თან ახლავს კრიტიკული კომენტარები. არის მცდელობა, რომ მოსწავლემ ისტორიულ კონტექსტში
წარმოადგინოს მოვლენები და აჩვენოს ისტორიული პროცესის გაგება-ანალიზი. ნამუშევარი
სტრუქტურული და თემატური თანმიმდევრობითაა დაწერილი.  

10–12: 

პასუხი ხაზს
უსვამს, რომ კითხვა ძირითადად გაგებულია, თუმცა ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ
არის. ცოდნა საკმაოდ მყარია. კრიტიკული კომენტარები თემას შესაძლოა თან ახლდეს. მოვლენები
წარმოდგენილია კონტექსტში, გაგებულია ისტორიული პროცესი, გააზრებულია მსგავსებები
და განსხვავებები სხვა ფაქტებთან; განხილულია მოვლენებისადმი სხვადასხვა მიდგომა  და ინტერპრეტაცია, თუმცა ის არ ეყრდნობა ისტორიულ
ცოდნას და ზოგადია. სტრუქტურა დაცულია და ნამუშევარი კარგად გასაგებია.  

13–15: 

მთავარ კითხვაზე
პასუხი გაცემულია დამაკმაყოფილებლად. მაგალითებში ჩანს სპეციფიკური ცოდნა; ანუ მოსწავლე
არ კმაყოფილდება ზოგადი ფაქტების ჩამონათვალით, არამედ აკონკრეტებს ფაქტებს და გამოაქვს
დასკვნები. მოსწავლის  არგუმენტაციას ამყარებს
ანალიზი. მოვლენები განხილულია ერთ კონტექსტში. ისტორიული პროცესები კარგადაა გააზრებული.
მოცემულია მოვლენების მსგავს მოვლენებთან შედარებითი ანალიზი. ნამუშევარში შესაძლოა
მოცემული იყოს სხვადასხვა კრიტიკული აზრის განვითარებაც;  წარმოდგენილია არგუმენტაცია.   

16–20: 

კითხვა  ზუსტად არის გაგებული. სრულად და სიღრმისეულადაა
გააზრებული კითხვაში დასმული მოთხოვნა. გამოყენებულია დეტალური სპეციფიკური ცოდნა.
ამ ცოდნით გამყარებულია არგუმენტები. კარგად არის გადმოცემული ისტორიული პროცესი
– მსგავსებები და განსხვავებები, მოვლენები კონტექსტუალურად არის განხილული, წარმოდგენილია
ისტორიკოსების კრიტიკული შეფასებები.  ნამუშევარი
ეფექტურია.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...