ორშაბათი, ივლისი 14, 2025
14 ივლისი, ორშაბათი, 2025

როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას

0

 

პოლ ტაფი კანადელი-ამერიკელი ჟურნალისტი და მწერალია, ჟურნალ ნიუ-იორკ ტაიმსის” თანაავტორი და რამდენიმე წიგნის ავტორი, სწორედ მას ეკუთვნის ნაშრომი “როგორ აღწევენ ბავშვები წარმატებას”, რომელიც  ინგლისურ ენაზე პირველად 2012 წელს გამოიცა, ქართულად კი ეს წიგნი საზოგადოებას გამომცემლობა “რადარამმა” წარუდგინა. ავტორი წიგნს სამი წლის განმავლობაში წერდა და ამ ხნის განმავლობაში, საკმაოდ  მრავალი ისტორია მოაგროვა. იგი მოგზაურობდა სკოლიდან სკოლაში, ხვდებოდა მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს. ავტორმა გადაწყვიტა იმის გარკვევა, როგორ შეიძლება წარმატების მიღწევა და რა თვისებები აქცევს ადამიანს წარმატებულად ცხოვრებაში. წარმატების გზაზე კი პოლ ტაფი ერთი შეხედვით, პარადოქსულ მოსაზრებას გვთავაზობს – წარმატებისათვის აუცილებელია, დავმარცხდეთ და დამარცხებას განიხილავს არა, როგორც გამოუსწორებელ  და დამამცირებელ მოვლენას, არამედ როგორც გამოცდილების წყაროს და წარმატების გასაღებს.
 
რა თვისებები ეხმარება ადამიანს რომ ადრეული ასაკიდან პიროვნულ ზრდასა და წარმატებას მიაღწიოს? რომელი თანდაყოლილი თვისებები მიიჩნევა ადამიანის წარმატების საწინდარად? წიგნში ვერ ამოიკითხავთ ვერცერთ მზა რეცეპტს, თუ რა შეიძლება იყოს წარმატების საწინდარი ადამიანის ცხოვრებაში. აქ არის ისტორიები დამარცხებაზე და გამარჯვებაზე, საკუთარ თავთან კონფლიქტზე, სიმამაცეზე, დაუცხრომელ ძიებასა და ოპტიმიზმზე, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანია განათლების მიღების გზაზე.
მკვლევრები ამბობენ, ბავშვის განვითარებაში მთავარი ის კი არ არის, რა რაოდენობის ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლია, არამედ ის თუ როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ განსხვავებული თვისებების  ერთობლიობის გამომუშავებაში. ეს თვისებებია: სიბეჯითე, თვითკონტროლის უნარი, ცნობისმოყვარეობა, კეთილსინდისიერება, გამძლეობა და რწმენა საკუთარი თავის მიმართ.
 
ავტორმა წიგნზე მუშაობისას, ძალიან ბევრი იმსჯელა წარმატებისა და უნარების გამომუშავების თემებზე ეკონომისტებთან, ფსიქოლოგებთან და ნეირომეცნიერებთან, თუმცა როგორც იგი აღნიშნავს მისთვის ყველაზე ფასეული ის ისტორიები და  რეპორტაჟები იყო, რომელსაც სხვადასხვა საჯარო სკოლაში და პედიატრიულ კლინიკაში აწყდებოდა, სადაც ხვდებოდა და ელაპარაკებოდა იმ ახალგაზრდებს, რომელთა ცხოვრებაც ამა თუ იმ თვალსაზრისით თვალსაჩინოს ხდიდა იმ რთულ საკითხს, თუ რომელი ბავშვი როგორ აღწევდა წარმატებას.
 
ამ მოგზაურობისას პოლ ტაფი მრავალ მოსწავლეს და მასწავლებელს შეხვდა, ხვდებოდა აგრეთვე მოსწავლის მშობლებსაც, აგროვებდა მათი ოჯახის შესახებ ინფორმაციას და ცდილობდა გაერკვია, რა იყო წარმატების თუ წარუმატებლობის წინაპირობა, რა უშლიდა ახალგაზრდებს ხელს განათლების მიღებაში. ხშირად ეს სოციალური გარემოდან წამოსული პრობლემები იყო – სიღარიბე, ძალადობრივი გარემო თუ დანგრეული ოჯახების სიმძიმე.
ავტორი ცდილობს გაარკვიოს, როგორ ასვამს ადამიანის წარსული დაღს  მომავალს  და ბავშვობიდანვე პროგნოზირებადს ხდის მათ წარუმატებელ ცხოვრებას. მძიმე თუ პოზიტიური გამოცდილება იმ ადამიანებად გვაყალიბებს, როგორიც მომავალში ვხდებით, თუმცა ამ წიგნის ისტორიები ისეთი ბავშვების შესახებაც მოგვითხრობს, რომლებმაც უარი თქვეს  ცუდ წარსულზე, ერთხელ და სამუდამოდ აქციეს ზურგი ყველანაირ მძიმე მოგონებას და ძალები  იმ მიზნის მისაღწევად მოიკრიბეს, რასაც კარგი მომავალი ჰქვია. ერთ-ერთი ასეთი მაგალითია ქევაუნა ლერმას  ისტორია. ქევაუნას აწეწილი და მოუწყობელი ბავშვობა ჰქონდა, ის ოჯახიდან ოჯახში გადადიოდა, ხან თავშესაფრებში, ხან კი მეგობრების სახლში ცხოვრობდა. ავტორმა გოგონა 2010 წლის ზამთარში გაიცნო. გოგონა მას ეუბნებოდა, რომ სძულდა სკოლა, რადგან დაწყებით კლასებში სწავლას ჩამორჩა, კითხვის საჭირო უნარებსაც არ ფლობდა, სკოლაში მდგომარეობა გაურთულდა და გაკვეთილებსაც აცდენდა. ცუდი ყოფაქცევის გამო კი ჩამორჩენილი ბავშვების კლასში გადაიყვანეს, საიდანაც ბოლოს ჩხუბის გამო გამოაძევეს. როდესაც, ავტორი ქევაუნას შეხვდა უკვე რამდენიმე წლის დაწყებული ჰქონდა რეპორტაჟების წერა იმ ბავშვებზე, რომლებიც სიღარიბეში იზრდებოდნენ  და მათი მომავალიც სიღარიბით იყო დეტერმინირებული. თუმცა ქევაუნას ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ მისმა ცხოვრებამ მოულოდნელად გეზი იცვალა. გოგონამ  გააცნობიერა, რა მოხდებოდა, თუ ცხოვრების წესს არ შეიცვლიდა და მკაცრად გადაწყვიტა წარმატებისთვის ბრძოლა. იგი ყოფილ მეგობრებს ჩამოშორდა, მარტო მეტ დროს ატარებდა, საშინაო დავალებებს ასრულებდა და კითხვის უნარებიც გაიუმჯობესა. ნელ-ნელა ქევაუნამ წარმატებული უფროსკლასელის კარიერა შეიქმნა. “ვის სჭირდება შტერი გოგო. არავის უყვარს დამარცხებულები. ყოველთვის მინდოდა ისეთი ბიზნესლედი გავმხდარიყავი, პორტფელით რომ დადის ქალაქის ცენტრში, და რომელსაც ყველა ასე მიმართავს – ”სალამი, მის ლერმა”. ასეთი იყო ქევაუნას ამბიციები და მას კარგად ესმოდა, რომ იმ პორთფელის ხელში ჩასაგდებად საჭირო იყო ბაკალავრის ხარისხი და, მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახში კოლეჯში არავის უსწავლია, ის დარწმუნებული იყო, რომ თვითონ ამას შეძლებდა. ქევაუნას ისტორიას წარმატებული დასასრული აქვს. მან შეძლო წარმატებისთვის მიეღწია და იმ უნივერსიტეტში ჩაებარებინა, რომელიც  შეერთებულ შტატებში მეცამეტე საუკეთესო უნივერსიტეტად იყო შეფასებული.
წარმატებამდე მისასვლელი გზა არც ისე მარტივია და მხოლოდ მასწავლებლის მონდომება არ კმარა, სასურველი შედეგის მისაღებად. ავტორი მშობლების განსაკუთრებულ როლზეც საუბრობს: “აუცილებელია ბავშვობის ხანას ახლებურად მივუდგეთ, დავიწყოთ ყველაფერი თავიდან, დავსვათ შეკითხვები იმის თაობაზე, თუ როგორ მოქმედებენ მშობლები შვილებზე; როგორ ვითარდება ადამიანის უნარები; როგორ ყალიბდება ხასიათი. რა შეიძლება გააკეთოს მშობელმა და მასწავლებელმა ერთად იმისთვის, რომ მოზარდი აარიდოს მარცხს და წარმატებამდე მიიყვანოს”.
 
იმ ურიცხვ ადამიანთაგან, რომელთაც ავტორი ხვდებოდა იყვნენ მოზარდი დედები, კრიმინალური სამყაროთი დაინტერესებული  ბიჭები, ბავშვები, რომელთა თვალწინაც სხვადასხვა ძალადობის სცენები ხდებოდა. როგორც ირკვევა, ადრეულ სტრესთან გასამკლავებლად მთავარი ძალა ისევ მშობლების ხელშია.  მშობლის კეთილი ზეგავლენა მხოლოდ ემოციური ან ფსიქოლოგიური როდია, როგორც ნევროლოგები ამბობენ, ის ბიოქიმიურიცაა. დედობრივი მზრუნველობა  შეიძლება მტკიცე ბუფერის როლს ასრულებდეს  იმ ზიანის წინააღმდეგ , რომელსაც მძიმე გამოცდილება აყენებს ბავშვს.
 
იმისათვის, რომ ფინიშთან მიხვიდე მხოლოდ საუკეთესო აკადემიური მომზადება არ კმარა, ამასთან ერთად აუცილებელია ფსიქოლოგიური სიძლიერე, რომელიც სრულიად განსხვავებული უნარების მქონე მოზარდს სასურველ შედეგამდე  მიიყვანს. ეს სხვა სახის ნიჭი, ოპტიმიზმი, მოქნილობა და სოციალური ალღოა. ამ უნარების მქონე ბავშვები, ის მოსწავლეები არიან, რომელთაც უნარი შესწევდათ უკეთეს შედეგამდე მიეღწიათ, უარი ეთქვათ სეირნობაზე და სახლში დარჩენილებს დრო მეცადინეობაში გაეტარებინათ. ეს დასწავლილი ოპტიმიზმია, რომელიც ყოველთვის გვეხმარება შეცდომაშიც ჩვენთვის სასარგებლო რამ დავინახოთ. მარცხის პირისპირ აღმოჩენილმა საკუთარი შეცდომები გავიაზროთ და კიდევ ერთხელ ვცადოთ ბედი.
 
 
 

 

ოცნების რაობა

0

ცნობილია, რომ კონკრეტული სახელის წარმოთქმისას ადამიანებს ამ საგნის სრულიად განსხვავებული ფორმები უჩნდებათ ცნობიერებაში, აბსტრაქტულ სახელებთან მიმართებით კი სურათი სრულიად სიურეალისტურია, მით უფრო, თუ ეს სიტყვა, ამავე დროს, კონცეპტიცაა. ასეთ შემთხვევაში, რთულდება სიტყვა-კონცეპტის ერთი ძირითადი მნიშვნელობის დადგენა და მას იმდენი მნიშვნელობა აქვს, რამდენი ადამიანიც წარმოთქვამს მას. კონცეპტის აზრის გასაგებად საჭირო ხდება ამ ენაზე მოლაპარაკეთა კოლექტიური ცნობიერების ანალიზი _ ანუ როგორი და როგორი მნიშვნელობით იყენებენ ამ სიტყვას, როგორი ასოციაციებია დაკავშირებული ამ სიტყვით გამოხატულ ცნებასთან, როგორი იყო მისი არქეტიპული მნიშვნელობა, როგორ გამოიხატება მყარ სიტყვათშეხამებებსა და ფრაზეოლოგიზმებში, აგრეთვე _ ლიტერტურას და სასაუბრო მეტყველებაში.

კონცეპტი წარმოადგენს აზრის ვერბალურ გამოვლინებას, აზრი კი იქმნება ნიშნებით, ჩვენ შეგვიძლია აზრს ჩავწვდეთ მხოლოდ სიტყვების მეშვეობით. კონცეპტი მიეკუთვნება ნაციონალურ ენობრივ ცნობიერებას, იგი ენისა და აზრის ერთიანობაა, რომელიც ასახავს იდეალური ან რეალური სამყაროს საგანს (მოვლენას) და ინახავს ენის ნაციონალურ მეხსიერებაში ვერბალური აღმნიშვნელის სახით.

კონცეპტი _ აბსტრაქტულობის მაღალი ხარისხის სემანტიკური წარმონაქმნია. ჩვენ განვიხილვთ სწორედ ერთ ასეთ კონცეპტს: ოცნება. ამ სიტყვის წარმოთქმას ყოველთვის განსხვავებული წარმოდგენები, აღქმები და ასოციაციები ახლავს ერთი მოლაპარაკის შემთხვევაშიც კი, ამიტომ ამ სიტყვით გამოხატული მნიშვნელობათა ნიუანსები ყოველთვის მრავალფეროვანი და ბუნდოვანია.

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით, სიტყვა ”ოცნება” განიმარტება: 1. იმის წარმოდგენა, რის განხორციელებაც სასურველია;  სასიამოვნო, სანატრელ რამეზე ფიქრი. ”ოჰ, რა კარგი ხარ, ოცნებავ ტკბილო”(ვაჟა)…. 2. გადატ. თვით ის, რაზედაც ან ვიზედაც ოცნებობენ, ოცნების საგანი. ”კატოა ჩემი ოცნება…” (ვაჟა), ”ის არის ჩემი ტკბილი სიზმარი და მომხიბლავი მძლავრი ოცნება”  (აკაკი).

საინტერესოდ განმარტავს სულხან-საბა ორბელიანი ”ოცნებას”: ხოლო ოცნებითი არს ძალი უსიტყველისა სულისა მოქმედება გრძნობათა მიერ, რომელი სახელ-იდების გრძნობად, რამეთუ რომელი არა ჭეშმარიტ  და არსებით იყოს, ცხად არს ვითარ საგონებლობით და ოცნებით იქმნების, ვითარმედ არა რა სადმე ჰპოვო.

სულხან-საბას მიხედვით, ოცნება არის სულის მოქმედება გრძნობათა მიერ, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს; ეს უბრალოდ, სულის მდგომარეობაა, ნეტარი მდგომარეობა, მაგრამ მეოცნებე ადამიანის ტრაგედია მაშინ იწყება, როდესაც ამ ორ სამყაროს ურევს ერთამანეთში და რეალობას ეჯახება. ამ განმარტების მიხედვით, ოცნება და რეალობა ერთი მთელის ნაწილებია და ისეთივე ანტონიმები, როგორებიც: დღე და ღამე, ცა და მიწა, სიზმარი და ცხადი… რომლებიც ერთმანეთზე ზემოქმედებენ, მაგრამ განსხვავებული მხარეებია. გალაკტიონ ტაბიძე ლექსში ”ოცნება და სინამდვილე” ოცნებას უწოდებს ”მწარე გათიშვას ფიქრთა და სინამდვილეს შორის”.

ფრზეოლოგიზმებიდან შეიძლება გამოვყოთ შემდეგი:

ოცნებას კაცი არ მოუკლავს _ რამდენიც გინდა იოცნებე, მაინც არ ახდება

ფუჭი ოცნება _ რეალურ საფუძველს მოკლებული, განუხორციელებელი ოცნება

ოცნებას მიეცა _ ოცნება დაიწყო

ოცნებიდნ გამოიყვანა _ ოცნება შეაწყვეტინა

ოცნების კოშკებს აგებს _ გატაცებით ოცნებობს ძნელად განსახორციელებელ რამეზე

ოცნების მორევში გადაეშვა _ თავდავიწყებით ოცნებობს

ოცნების ზღვაში შეცურა _ თავდავიწყებამ წაიღო

სინტაგმები: ამაო ოცნება, ტკბილი ოცნება, მწარე ოცნება, ტკბილ-მწარე ოცნება, ასრულებული ოცნება, აუსრულებელი ოცნება, ოცნების გზა, ოცნების ბილიკები…

”იმ ოცნებას გაუმარჯოს, რომელიც არასოდეს ახდება” _ ქართული სადრეგრძელოებიდან.

ენაში არსებული უზუსური მნიშვნელობები კონცეპტის ძირითადი საყრდენია, მაგრამ იმისათვის, რომ ჩავწვდეთ ”ქართული ოცნების” აზრს, უნდა განვიხილოთ ის კონტექსტები და მასთან დაკავშირებული მნიშვნელობები, რომელშიც ეს სიტყვა გვხდება ენის ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროში.

 

ოცნება _ ტექსტებში

ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექსტია ”ღარიბი დ ქილა ერბო”, რომელიც კარგად გამოხატავს ქართველის მიმართებს ოცნებასთან. ამ ტექსტის მიხედვით ქართველი კაცი არის იოლად გამდიდრებისკენ მიდრეკილი მეოცნებე, რომელიც ისე გაერთობა ოცნებაში, რომ ყველაფერი ავიწყდება:

”_ ჩავალ ქალაქში, ერბოს მანეთად გავყიდი, იმ ფულით თორმეტ ვარიკას ვიყიდი, დავზრდი, დავასუქებ, მერე ჩავიყვან ქალაქს და თითოს ათ-ათ შაურად გავყიდი, ნაშოვნი ფულით გოჭებს ვიყიდი, დავასუქებ და ორ-ორ მანეთად გავყიდი, შემდეგ სახარე ხბორებს ვიყიდი, ხარებად გავზრდი, გავმართავ ურემს, გუთანს, მოვხნავ, დავთესავ და ავშენდები… ამ ფიქრებში რომ იყო,  ვითომც ურემს შეშა კიდეც დაუდო და ქალაქს გასაყიდად მიაქვს. _ აქ ხომ ხარი ძნელად გაივლის, ხმა უნდა მივცეო და შესძახა: _ ჰამოო! – თან ჯოხი მოუქნია. ერბოიანი ქოთანი ძირს დავარდა და გატყდა, ერბოც სულ დაიღვარა. დარჩა მეოცნებე გლეხი ისეთივე ღარიბი, როგორიც იყო”.

ეს ტექსტი არ შეიქმნებოდა, რომ არა ქართველის თვისება: თავდავიწყებულ ოცნებას მიეცეს და დაკარგოს რეალობასთან კავშირი. ტექსტი სარკეა და როგორც ილია იტყოდა, მასში უნდა ჩაიხედო და დაინახო შენი ავი და არა იმიტომ, რომ იგივე გაიმეორო, არამედ იმისათვის, რომ იცოდე, რა გაქვს შესაცვლელი.

ილია ჭავჭავაძემ ”ბაზალეთის ტბით” ახალი მითი და საოცნებო მისცა ქართველებს:

”იქნებ აკვანში ის ყრმა წევს, ვისიც არ ითქმის სახელი,

ვისაც დღე და ღამ ჰნატრულობს ჩუმის ნატვრითა ქართველი?”

იქნებ ამიტომ ქართველები გამუდმებით ”მხსნელის” მოლოდინში არიან და ამ ”გმირს” სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელს არქმევენ…. ”მხსნელი” კი თითქმის არასდროს არ ამართლებს, რადგან ქართველის მეოცნებე ბუნება ”ღარიბი და ქილა ერბოს” შინაარსით ”იკვებება”…

ილია ჭავჭავაძე კი ისევ იტყვის: ”აწმყო თუ არა გწყალობს, მომავლი შენია!” _ ესეც ცრუ დაპირებასავითაა, თავი რომ გადაირჩინოს ერმა, თორემ ჯერ არ არსებულა აწმყოშემომწყრალთათვის ბედნიერი მომავალი.

კარგია თუ ცუდია ოცნება… უნდა ვიოცნებოთ თუ უნდა დავეხსნათ  ოცნებებს…? ოცნება ჩვენი ცნობიერების თვისებაა და შეუძლებელია, მას დაეხსნა, ისევე, როგორც შეუძლებელია, რომ მხოლოდ ოცნებით იცხოვრო. კონცეპტისათვის ამბივალენტურობა ნიშანია, შესაბამისად, ოცნება სასარგებლოც შეიძლება იყოს და საზიანოც.

ამ აზრს კარგად გამოხატავს ვაჟა-ფშაველას შემოქმედებიდან ორი ფრაგმენტი. ერთ შემთხვევაში, პოეტი ოცნებას კვამლს ადარებს და ნეგატიურად განიხილავს, ხოლო მეორე შემთხვევაში _ პოზიტიურდ.

ერთ-ერთ ესეიში ვაჟა წერს: ”მე კი ღმერთმა დამიხსნას და ზოგის თავში ეს ფიქრი ხანდახან კვამლად გადაიქცევა; ამ კვამლს ოცნებას ვეძახით, თქვენს მტერს, რაც ეს კვამლი იმას, ვის თავშიც ასტყდება, ავარდება, საქმეს დაჰმართებს: თვალებს უბრმავებს, ყურებში ბამბას უცობს… ფიქრიანი და მოსზრებიანი კაციც ძლიერ უფრთხის ოცნებას, – უფრთხის იმიტომ, რომ ოცნება, ჯერ ერთი, ტვინს ულაყებს კაცსა და მეორე _ საქმეს აცდენს…”

ვაჟას  ამ ლექსში  კი ვკითხულობათ:

ჩემის კაცობის გვირგვინო,

ჩემო სამშობლო მხარეო!

შენგან შობილი ოცნება

გულს შანთად გავიყარეო.

არ მიმეფარო თვალთაგან,

დამიცევ, დამიფარეო.

ბევრს ტანჯვას გამოვლილი ვარ,

ბევრი დღე ვნახე მწარეო.

არ დაიმალვის, როგორც მზე,

რაც მე ცრემლები ვღვარეო.

ის მოიგონე, მაინცა,

ბეჩავო არე-მარეო!

ჩემს ცრემლს უბეში ინახავ,

ვიცი, სამშობლოს მთვარეო;

არ მიღალატო, ოცნებავ,

მნახოდი მალე-მალეო.

კი არ შემომწყრე, მიმუხთლო,

იარო გარე-გარეო.

თუ ამას იზამ, წინა დღით

საფლავი გამითხარეო.

მოვკვდე, კაცთ ხელი მერიდოს.

ოცნებავ, დაგიბარეო:

შენ მნახე, შენა, მარტო შენ,

გულს მიწა მომაყარეო.

საგულისხმოა, რომ ვაჟა-ფშაველა ერთ შემთხვევაში პრაგმატულად მსჯელობს, პოეზიაში კი ოცნების ფუნქცია სულ სხვაა, ოცნება მეტაფორულად განიცდება, გასულიერებულია და მას ისე მიმართავს პოეტი, როგორც სულიერს, წმინდანს. ოცნება აქ სანუკვარი სამშობლოა.

გიორგი ლეონიძის ”ნატვრის ხის” პერსონაჟი, ელიოზი, ეწირება ოცნებას:

”საწყალი ელიოზი მაინც ვერ გაექცა შემზარავ სინამდვილეს და ოცნების ხეს შეეწირა.”

საინტერესო დამოკიდებულებას ავლენს აკაკი წერეთელი ლექსში ”ჭაღარა” ოცნებასთან.

პოეტი ოცნებას აკავშირებს იმედთან (ცის ნიჭთან), ხოლო ეჭვთან ასოცირდება ოცნების მოკვლა, უიმედობა. ამ ჭიდილში ფინალში აკაკი ამბობს: ”არა, აყვავდეს იმედი…”

ოცნება ამბივალენტური სემანტიკისაა, მასთან ენაში დაკავშირებულია, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი სემანტიკა;

სალექსიკონო აღწერების მიხედვით, ქართულ კულტურაში ამ კონცეპტთან უფრო მეტად განუხორციელებელი ოცნებებია დაკავშირებული, რაც შეეხება პოეზიას, ეს სრულიად სხვა განზომილებაა და პოეზიაში ოცნება წარმოდგენილია უფორმოდ, ქაოსურად, რაც გამორიცხავს კიდეც მის ახდენას. ამიტომ იყოფა ოცნებები: ძველ, დაბერებულ ან ახალ ოცნებებად… აუსრულებელ ოცნებებზე დარდი პოეტების ”მოვალეობაა” (”აუხდენელ ფიქრს ვინ არ იგონებს, ძველ ოცნებებზე რომელი არ წუხს…?”), თუმცა თანამედროვე პოეზიაში შეინიშნება ამგვარი კვნესა-გოდების მოყირჭება და ამიტომ გამოდის ახალი თაობა ”ოცნებების გამძევებლად”… პარადოქსულია, მაგრამ ”ოცნებების ახდენა” იწყება როცა დგება ქმედების დრო, როცა სრულდება ოცნება… ეს მდგომარეობა ცნობიერებისათვის არის მონაცვლეობითი, როგოც ”ჟამი ქვების შეგროვების და ქვების სროლის”, ასევე ოცნებობის და ოცნებების მატერიალიზების…

 

რელიგიები საქართველოში

0
ქრისტიანობამდელი ქართული ღმერთები 
საქართველოში „მამაო ჩვენომდე” არსებობდა ასეთი ლოცვა: „დიდო დედაო, ცაო მშვენიერო, მომცველო ყოველივესი, შემქმნელო და დამბადებელო, უსასრულო სამყაროში დაუტეველო, უმცირესში ჩატეულო, უწონ-უმანძილოვ, ცარიელო და სავსევ, უჟამო, უძრავო, წყვდიადო ცაო, სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო, ერთა და ერთთა ერთობაო, მომეც უფლება უფლებათა, დავრჩე მართალი ჩემ თავ-უფალთან და სამართლიანი სხვათა მიმართ, რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყო თავისუფალი, ვითარცა შენ, ცაო თავნებაო”.
ქართველებს ქრისტიანობამდე საკუთარი, ყველასგან განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ სამყაროს მოწყობაზე. სამყარო (ანუ ხილული, მყარი მატერია) გეომეტრიულად წარმოდგენილი იყო კოსმოსში განფენილი სფეროს სახით, რომელიც შემოსაზღვრული იყო ზღვით ან მთებით. ქვეყნიერების დასასრულს იდგა სიცოცხლის ხე (ბოძი, კოშკი, რქები, ციდან დაშვებული ჯაჭვი და სხვ.), რომელიც ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სამყაროებს აკავშირებდა. სფერო შედგებოდა სამი ჰორიზონტალური და ორი ვერტიკალური ფენისაგან, რომლებიც, უძველესი ქართველების წარმოდგენით, ასე იყო განლაგებული: სამყაროს ცენტრს წარმოადგენდა შუასკნელი (ადამიანთა, ცხოველთა, მცენარეთა სამყარო, შეესატყვისება წითელი ფერი), მის ზევით განფენილი იყო ზესკნელი (ზეციური, ღმერთისა და ღვთისშვილების სამყარო, ფერად თეთრი), ქვევით – ქვესკნელი (მიწისქვეშეთი, გარდაცვლილთა, ქტონური სამყარო, შავი ფერისა), წინ – წინასკნელი (ნათელი, ბარაქიანი სამყარო, შეესატყვისება „აქ” გაგებას, ამასთან, იგი ადამიანთა წინ განფენილი მომავლის სამყაროა), ხოლო უკან – უკანასკნელი (წარსულის სამყარო, ბნელი, საიდუმლო, მოულოდნელობებითა და ფათერაკებით სავსე, „იქ”; ამის გამო მრავალი წეს-ჩვეულების შესრულებისას იკრძალება უკან მიხედვა). ვერტიკალური სამყაროები ერთმანეთისგან გამოყოფილი იყო ჰაერითა და მიწით, ჰორიზონტალური კი – შვიდი (ცხრა) მთით ან ზღვით. ეს სისტემა შემოსაზღვრული იყო გარესკნელით. ერთი სკნელიდან მეორეში გადასვლა ღვთაებებს, გმირებსა და ნახევარღმერთებს შეეძლოთ, ადამიანი ამას მხოლოდ ღვთის ნებით, დროებით ან სამუდამოდ სახეცვალების (გარდაცვალების) შედეგად ახერხებდა. გარდა სიცოცხლის ხისა, სამყაროთა ურთიერთკავშირი შესაძლებელი იყო სასწაულმოქმედი, ფანტასტიკური არსებების (ცხენი, არწივი, ცხვარი, ფასკუნჯი და სხვ.) მეშვეობით.

ყოველივე ამის გამო ქართველები უძველესი დროიდან თაყვანს სცემდნენ ხეებსა და წმინდა ტყეებს, ქვებსა და მთის მწვერვალებს. გამორჩეულ საკულტო ხედ იყო მიჩნეული მუხა. ქართლსა და სამეგრელოში მუხის ნაცვლად ცაცხვი ფიგურირებს, თუმცა სახელად „რკონი” და „ჭყონდიდი” ჰქვია. ხის კულტი გარკვეულწილად სიცოცხლის ხის შესახებ არსებულ წარმოდგენებსაც უკავშირდება, რომლის სიმბოლოა ქართული დარბაზის დედაბოძი. სიცოცხლის ხის გამოსახულების ერთ-ერთი სახესხვაობაა დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ახალი წლის აუცილებელი ატრიბუტი – ჩიჩილაკი.

ქართველი ხალხის უძველეს რწმენა-წარმოდგენებში უდიდესი ადგილი ეკავა ირმის, ცხენის, თევზის, ძაღლის, მგლის, გველის კულტებს, თუმცა ადრებრინჯაოს ხანიდან განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობდა ხარის კულტის მიმართ. ცხოველთა კულტი ნაყოფიერების ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ქართულ მითოლოგიაში ნადირთ ღვთაების სახეა სვანური დალი, რომლის კულტიც დაახლოებული ჩანს ჯგრაგის კულტთან. დალი – ცხოველთა და ფრინველთა, ხოლო ჯგრაგი მცენარეთა სულების განსახიერება. შემდგომ მათ მიიღეს ქალის (დალი) და მამაკაცის (ჯგრაგი) სახე და ოჩოპინტრეს, სამძივარის, ტყაში მაფას მსგავსად ნადირთ პატრონებად ითვლებოდნენ.

ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე ქართველების ღვთაებათა პანთეონს შეადგენდნენ ციური სხეულები ან მათი განმასახიერებელი ღვთაებები, მზე, მთვარე და ხუთი ვარსკვლავი.

ანტიკურ ხანაში ქართულ ასტრალურ პანთეონს სამეული მეთაურობდა. პირველი იყო უფროსად მიჩნეული უზენაესი ანუ მორიგე ღმერთი,  მეორე – ქალღმერთი მზე – მზექალი, მესამე – კვირია.

უზენაესი ღმერთი მთვარე-ღმერთია, იგივე მამა ღმერთი. კვირია ხმელეთის მოურავია, დევთა და ქაჯთა რისხვა. კვირიასადმი თაყვანისცემა ფშავ-ხევსურეთსა და სვანეთშია შემორჩენილი. იგი, სავარაუდოდ, სინათლისა და იმედის ღვთაებაა.

ისტორიული წყაროების ცნობით, აზომ, ქართლის (იბერიის) ხელისუფალმა (ძვ. წ. IV ს., დაახ. 329-305 წ.წ., ალექსანდრე მაკედონელის ეპოქა), იწყო კერპთმსახურება, რაც გამოიხატა ოქროსა და ვერცხლისგან გამოქანდაკებული კერპების გაცისა და გაიმის აღმართვით (ხელნაწერ ტექსტებში გაცი და გაიმი „ყველაზე იდუმალის გამგეებად” მოიხსენიება).

ფარნავაზმა დაამხო აზო და შექმნა კერპი არმაზი (ისტორიული წყაროების თანახმად, ფარნავაზს სპარსულად „არმაზ” ერქვა), რომელიც უკვე „ღმერთად” იხსენიება. ის მიიჩნეოდა ყოველი ცოცხალის შემქმნელად და წესრიგის დამამკვიდრებლად, ხოლო მისი წმინდა ცხოველი იყო ხარი. 

ყოფა-ცხოვრებაში ქართველთა შორის დიდი პატივისცემით სარგებლობდნენ მზის ქალღმერთი – ქალ-ბაბარი (განსაკუთრებით – სვანეთში) და ღმერთების დიადი დედა – ნანა, ცხოველმყოფელ ძალთა ღვთაება და მფარველი. მისთვის მიძღვნილი სახოტბო ჰიმნები შემდგომ „იავნანად” გარდაიქმნა.

მზის სიმბოლო ქართულ მითოლოგიაში თვალია, სიმბოლური რიცხვი – 9, (ქართველთათვის 9 საკრალური სიცხვია).

ისტორიკოსთა ვარაუდით, მცირე აზიიდან მუშქების (მესხების) მოსვლას უნდა უკავშირდებოდეს მეორე ღვთაების ზადენის სახელიც, რომელიც იყო მზის მომფენელი, ნაყოფთა მომცემი, მოსავლის „გამზრდელი”, ჟამთა გამრიგე. 

არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მონაცემებით, იბერიაში შემოაღწია აჰურა-მაზდას კულტის რომელიღაც ფორმამ. იმჟამად როგორც იბერია, ისე კოლხეთი აქემენიანთა იმპერიის პოლიტიკური და კულტურული გავლენის სფეროში იყო მოქცეული. თუმცა, როგორც ჩანს, ეს რელიგა ფართოდ ვერ გავრცელდა.
საინტერესოა საქართველოში ადურ-გუშნასპის ცეცხლტაძრის დაარსება, საიდანაც იღებს სათავეს მიდია-ატროპატენას უძველესი ტრადიცია, რომლის საკულტო ცენტრი იყო შიზის საკურთხეველი, სადაც ენთო საკრალური ცეცხლი ადურ-გუშნასპი.

საინტერესოა ისიც, რომ მთის რელიგიურ ტრადიციაში, რომელიც წარმართობისა და ქრისტიანობის ერთგვარ ნაზავს წარმოადგენს, წმ. გიორგის სალოცავის მსახურებს „დასტურებად” მოიხსენიებენ – ასევე ეწოდება ირანში მოგვს, მაზდეანთა მოძღვარს, ინსტრუქტორს.

იბერიაში აქემენიანთა ხანაში გავრცელებული ირანული წარმოშობის კულტი თანდათანობით შეერია ადგილობრივ კულტებს, მაგრამ მთლიანად არ ასიმილირებულა.

ქარელის მახლობლად, ე.წ. დედოფლის მინდორზე, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩნდა სატაძრო კომპლექსი, რომელიც ძვ. წ. აღ. I ს-ით არის დათარიღებული და წარმოადგენს ირანული არდვი სურა ანაჰიტას ტიპის ნაყოფიერების ქალღმერთისადმი მიძღვნილ ტაძარს. ეს არის ტიპური პართიული ცეცხლტაძარი, რომლის ეზო რამდენიმე ჰექტარზეა განფენილი.

წარმართული ქართლის საკულტო ადგილებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა უფლისციხის სატაძრო კომპლექსი. უფლისციხის კულტმსახურების მთავარი ღვთაება იყო მზე – მითრა, რომლის თაყვანისცემა ირანიდან ბრიტანეთამდე იყო გავრცელებული. მითრაისტული წარმოდგენების მიხედვით, ღვთაება მითრა დაიბადა გამოქვაბულში, რის გამოც ელინისტურ ტრადიციაში მისი ერთ-ერთი ეპითეტია „პეტრაგენოს” – კლდისგან შობილი. უფლისციხის ერთ-ერთ დარბაზში, ე.წ. წითელ ოთახში, კედელზე გამოკვეთილია ხელის მტევნის რელიეფი, რომელიც მზის კულტის სიმბოლოა. იგი წარმოადგენს მფარველობის მაგიურ ჟესტს და მიანიშნებს „სოლ ინვიქტუსზე” ანუ „კოსმოკრატორზე” (კოსმოსიდან მმართველზე). მითრაიზმი III ს-შიც კი დიდ წინააღმდეგობას უწევდა ქრისტიანობას.
რელიგიები ქრისტიანობის შემდგომი პერიოდის საქართველოში
მას შემდეგ, რაც რომის იმპერატორ კონსტანტინე დიდის (308-337 წ.წ.) მიერ ქართლში გამოგზავნილმა იოანე ეპისკოპოსმა ორ მღვდელსა და სამ დიაკვანთან ერთად მცხეთის ეკლესია აკურთხა და მტკვარში ნათლისღების რიტუალი აღასრულა, ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეს ფაქტი ქართულ ისტორიოგრაფიაში აღიარებულია ქვეყნის კონსოლიდაციის საფუძვლად. ქართული ენა საღვთისმეტყველო ენა გახდა და მთლიანად გააერთიანა ქართველური ტომები, რომელთაც სალაპარაკო ენა სხვა ჰქონდათ (მეგრული, სვანური, დვალური). თითქმის უკვე 18 საუკუნეა, მართლმადიდებლობა ქართველთა ეროვნულ სარწმუნოებას წარმოადგენს.

ძვ. წ. VI საუკუნეში საქართველოში ებრაელები მოვიდნენ, რომელთაც თავიანთი სარწმუნოება, იუდაიზმი, დღემდე შეინარჩუნეს. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, იუდეველები სახლობდნენ მცხეთაში, ატენში, მძორეთში, ცხინვალში, თამარაშენში, ალში, სურამში, ჩიხორში, საჩხერეში, ქუთაისში, ხოტევში, ოზურგეთში, გოკიაში, კარალეთში, ახალციხეში. XIX საუკუნეში მათ უმთავრესად თბილისში მოიყარეს თავი. ებრაელთა მეორე ტალღა ახ. წ. II საუკუნეში მოვიდა საქართველოში. მართალია, მათ უკვე დაეკარგათ ებრაული ენა და არამეულად მეტყველებდნენ, მაგრამ შენარჩუნებული ჰქონდათ მოსეს სჯული. ებრაელთა მესამე ტალღამ XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, რუსეთიდან შემოაღწია ჩვენში. ესენი უკვე გერმანულენოვანი, ანუ იდიშზე მეტყველი ებრაელები იყვნენ, რომლებიც კონფესიითაც განსხვავდებოდნენ წინა ტალღების ებრაელთაგან და ე.წ. თალმუდურ (რაბინულ) იუდაიზმს აღიარებდნენ.

მონოფიზიტები, ანუ იმ კონფესიის წარმომადგენლები, რომელსაც ჩვენი მეზობელი სომხები მისდევენ, ხან მცირე, ხან საკმაო რაოდენობით ამ აღმსარებლობის გაჩენის დროიდანვე ცხოვრობდნენ საქართველოში, განსაკუთრებით – სომხეთის სასაზღვრო ზოლში.

XIX საუკუნის დასაწყისიდან ქართველ მონოფიზიტთა კონფესიური ჯგუფები გაჩნდა შიდა ქართლსა და კახეთში.

სხვა მონოფიზიტური კონფესიის, ნესტორიანელობის, მიმდევარ არამეელთა (ე.წ. აისორების) ჯგუფებიც სხვადასხვა დროს, საუკუნეთა განმავლობაში სახლდებოდნენ საქართველოში.

კათოლიკური სწავლების  გავრცელება საქართველოში XIII საუკუნიდან დაიწყო. ისტორიულად, რელიგიის შეცვლა ეროვნების შეცვლასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ თუ მონოფიზიტ ქართველებს სომხებს უწოდებდნენ, კათოლიკე ქართველებს ფრანგებად იხსენიებდნენ (ისევე როგორც მუსლიმებს – თურქებად ან თათრებად).

ისლამის გავრცელება საქართველოში არაბობის დროს დაიწყო. თბილისში თითქმის ყოველთვის იყო მუსლიმი  მოსახლეობა. XVII საუკუნიდან ეს რელიგია აღიარა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დიდმა ნაწილმა. XIX საუკუნის თბილისში მუსლიმებს ჰქონდათ როგორც შიიტური, ისე სუნიტური მეჩეთები. რაც შეეხება საქართველოს ისტორიული პროვინციის, აღმოსავლეთ კახეთის (საინგილო), მუსლიმ ქართველებს, XIX საუკუნის მეორე ნახევრის მონაცემებით, სულ ოთხ სოფელში იყვნენ მართლმადიდებლები, რომლებმაც ეროვნების გრაფაში „ქართველი” ჩაიწერეს, დანარჩენ სოფლებში კი მუსლიმები ცხოვრობდნენ, რომლებსაც ეროვნების გრაფაში “ინგილო” ეწერათ.

ამჟამად სხვადასხვა კონფესიის მუსლიმების რაოდენობა საქართველოში 300 000-ს აღემატება. ისინი უმთავრესად აზერბაიჯანელები არიან. 25 ათასამდე მუსლიმი აფხაზეთში ცხოვრობს.

XIX საუკუნიდან საქართველოში, ძირითადად – რუსეთიდან, აღწევენ როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ჩასახული სწავლებების, ასევე პროტესტანტული კონფესიის წარმომადგენლები.

XIX საუკუნეში ჩნდებიან ლუთერანები (გერმანელები), უმთავრესად – შვაბები. მათი პირველი ჯგუფი თბილისში 1871 წლის 21 სექტემბერს ჩამოსულა. 1819 წლის ბოლოს საქართველოში ექვსი გერმანული კოლონია იყო. ამას 1884 წელს სოხუმის მახლობლად ორი კოლონიაც დაემატა.

იმავე საუკუნიდან საქართველოში გამოჩნდნენ მოლოკნები და დუხობორები. მოლოკნები ძირითადად ბორჩალოს, თბილისისა და სიღნაღის მაზრებში დამკვიდრნენ, დუხობორები კი ჯავახეთში და, გარკვეულწილად, ბორჩალოშიც.

XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოს მოსახლეობის რელიგიური შემადგენლობის სტატისტიკა ასეთია: 1886 წლისთვის თბილისის გუბერნიაში მოსახლეობის 61,35% იყო მართლმადიდებელი, დასავლეთ საქართველოში – 86,61%; მონოფიზიტების, სომხური ეკლესიის მრევლის წილი თბილისის გუბერნიაში – 22,25%-ს, ქუთაისის გუბერნიაში კი 0,83%-ს შეადგენდა; სომხურ-კათოლიკური სარწმუნოების მოსახლეობა აღმოსავლეთ საქართველოში 2% იყო, დასავლეთ საქართველოში – 0,97%. უმნიშვნელო იყო რომაულ-კათოლიკური სარწმუნოების მიმდევართა რაოდენობა: თბილისის გუბერნიაში იგი შეადგენდა 0,46%-ს, ქუთაისის გუბერნიაში – 0,07%-ს. იგივე შეიძლება ითქვას ლუთერანებზე (შესაბამისად 0,63% და 0,12%). სუნიტები თბილისის გუბერნიაში – 8,43%-ს, ხოლო შიიტები 2,41%-ს შეადგენდნენ; ქუთაისის გუბერნიაში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 10,5% და 0,13% იყო. იუდეველები ქუთაისის გუბერნიაში 0,76% იყვნენ, თბილისის გუბერნიაში – 0,94%.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში საქართველოში რელიგიურ-კონფესიური აღწერა აღარ ჩატარებულა, თუმცა მეცნიერები საქართველოს მოსახლეობის რელიგიურ-ეთნიკური შემადგენლობის ზოგად სურათს მაინც გვთავაზობენ. XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან გაასახლეს მუსლიმი ქართველები. ამავე პერიოდში მონოფიზიტების მნიშვნელოვანი ნაწილი მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. სომხურ-კათოლიკურ ეკლესიას იძულებით მიწერილი კათოლიკეები კვლავ რომაულ-კათოლიკური ეკლესიის მრევლი გახდნენ.

XX საუკუნიდან რუსეთიდან გადმოსახლებებს უკავშირებენ ბაპტისტებისა და სუბოტნიკების გამოჩენას თბილისში.
რელიგიური მდგომარეობა საქართველოში 1990 წლის შემდეგ
90-იანი წლებიდან საქართველო მრავალი რელიგიური ორგანიზაციის ინტერესის სფეროში მოექცა. დღესდღეობით უცნობია საქართველოში მოქმედ რელიგიურ ორგანიზაციათა ზუსტი რაოდენობა, მოქმედების არეალი, გავლენის სფეროები. საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე (აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონების ჩათვლით) გავრცელებულია რელიგიური ორგანიზაცია „იეღოვას მოწმეები”. ეს ორგანიზაცია ცალკეულ რეგიონებში 1987-1988 წლებში გამოჩნდა და დღეს უკვე საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. მისი იდეოლოგია ძირითადად მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების უარყოფისაკენ: არ მონაწილეობენ ხელისუფლების ორგანოთა არჩევნებში, თავს არიდებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურს. სახელმწიფო ინსტიტუტებთან ერთად „იეღოვას მოწმეები” უარყოფენ ეკლესიას და მის ინსტიტუტებსაც. გაერთიანება მკაცრი სუბორდინაციით გამოირჩევა და ხელმძღვანელ პირთა შესახებ ინფორმაციები კონფიდენციალურია.

აქტიურად მოღვაწე რელიგიურ გაერთიანებათა შორის არიან ორმოცდაათიანელები, ჭეშმარიტ ქრისტიანთა საზოგადოება, სუბოტნიკები, ევანგელისტები, ე.წ. სტაროობრიადცები ანუ სტაროვერები. ამ უკანასკნელთა საქმიანობა განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოშია შესამჩნევი.

საქართველოში ფუნქციობენ კრიშნაიტების, მუნისტების, ბაჰაისტებისა და სხვა, ე.წ. ახალი რელიგიების ორგანიზებული ჯგუფები და მისიონერები.

ერთი წიგნი, ერთი ფილმი, ერთი ლექსი, ერთი სიზმარი

0
ამას წინათ ფსიქოლოგთან სულ შემთხვევითი საუბრისას ჩემი მთავარი, ყველაზე ხშირად განმეორებადი სიზმრის არსი გავშიფრე. 

მთელი ბავშვობა და მერეც, დიდობაში, მესიზმრება, როგორ მხვდება ქუჩაში სრულიად შემთხვევით ჩემი დიდი ხნის წინ გარდაცვლილი მამა, როგორ ვიგებ, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე ცოცხალი იყო, რომ სხვა ოჯახი და სხვა შვილები ჰყავდა და როგორ მთავაზობს ჩემი ნახევარდებისა და ნახევარძმების გაცნობას.

ჰოდა, ჩემს ბავშვობაზე ლაპარაკისას, სრულიად შემთხვევით მოვყევი, რომ დიდი ხნის მანძილზე მამა მივლინებაში მეგონა, რადგან ასე მითხრეს უფროსებმა.

მაშინ 5 წლის ვიყავი და ყველამ ჩათვალა, რომ სიტყვა „სიკვდილის” გამოყენება პატარა ბავშვთან არ იყო მიზანშეწონილი. რამდენიმე კვირის განმავლობაში ველოდებოდი მივლინებიდან მამაჩემის დაბრუნებას, მერე ალბათ ამიხსნეს, რომ ის სამუდამოდ წავიდა, მაგრამ კითხვა – „რატომ არ ბრუნდება?!” –  ეტყობა ისე ღრმად ჩასახლდა ჩემს ცნობიერსა და ქვეცნობიერში, რომ საკუთარი, ალტერნატიული პასუხი იპოვა ჩემი სიზმრის სახით, სადაც მამა სხვა, უჩვენო ცხოვრებით ცხოვრობდა. ჰო, ალბათ სიმართლე არ უნდა დავუმალოთ ბავშვებს, თუმცა, ვინ იცის…

ეს ისტორია რამდენიმე დღის წინ გამახსენდა, როდესაც მოსწავლეებს ზაფხულში წასაკითხი წიგნებისა და სანახავი ფილმების სიას ვუდგენდი.

ზაფხული როგორი დროა იცით? როცა შთაბეჭდილებები ყველაზე მძაფრია, მახსოვრობა – ყველაზე მარადიული, დრო – ყველაზე თავისუფალი და, შესაბამისად, ბევრის მომცველი.

 უფროსკლასელებს რამდენიმე წიგნთან ერთად  გენიალური ბერძენი კინორეჟისორის, თეო ანგელოპულოსის ფილმის „პეიზაჟი ნისლში” ნახვა დავავალე. ჰო, რთული ფილმია, ალბათ ბევრ რამეს ვერ გაიგებენ, თუმცა მე ეს ფილმი პირველად დაახლოებით მაგ ასაკში ვნახე (დღემდე ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმი) და შთაბეჭდილებები და განცდები დღემდე მახსოვს.
 
   
ეს საოცრად დრამატული  და ტკივილიანი ფილმი ორი ბერძენი ბავშვის დიდ ოდისეას ასახავს – მამისკენ მიმავალ გზაზე. გზა, რომელიც გერმანიაში, ამ აღთქმულ ქვეყანაში – სადაც მამა ეგულებათ – მიდის, მათი ზრდის, ბოროტისა და კეთილის შეცნობის, სამყაროს სრულიად ახლებურად გაგების გზაა… საშიში,  ბუნდოვანი, ხიფათიანი, ზოგჯერ არარეალური…

საოცარი ფილმია, შესანიშნავი ბერძენი კომპოზიტორის, ელენი კარაინდრუს გასაგიჟებელი მუსიკით გაფორმებული, ბოლო კადრი ხომ საერთოდ – ხშირად მესიზმრება ხოლმე. 

ძალიან მაინტერესებს რას მეტყვიან ამ ფილმის შესახებ მოსწავლეები, რას გაიგებენ, რას დაინახავენ. იქნებ რომელიმეს ზვიად რატიანის ეს შესანიშნავი ლექსიც გაახსენდეს:
მცირე ელეგია მამისათვის

აი, ეს ხეა მამაჩემი.
გაგიკვირდა?
მუხას ელოდი?
არა, ეს ხეა მამაჩემი,
ეს ტანწვრილი
და არც ისე ხანდაზმული,
რომელსაც ფხიზლად ძინავს ზამთარში
და გაზაფხულზე პირველივე სითბო აღვიძებს.
ის არ ჩრდილავს ნახევარ ეზოს,
არ აბნელებს დანარჩენ ხეებს,
მისი ჩრდილი მსუბუქია და თვინიერი –
მას შემოდგომის სუსტი მზეც კი
სულ ადვილად ატრიალებს ღერძის გარშემო,
ხოლო ზაფხულში, როცა ჩვენკენ უზომოდ ცხელა,
მისი ჩრდილი, მეტს თუ არა, ხუთ-ექვს ჩვენგანს ნამდვილად იტევს
და ჩვენ ეს გვყოფნის. მეტი არც ვართ.
მეტი არც გვინდა
 მოკლედ, ველოდები სექტემბერს და ჩემი უფროსკლასელების ყველაზე გულწრფელ შთაბეჭდილებებს. 

უმცროსკლასელთათვის საზაფხულო წიგნების სიის შედგენისას ერთი ძალიან კარგი ქართველი მწერლის (სამწუხაროდ უდროოდ გარდაცვლილი) ზაზა თვარაძის სათავგადასავლო წიგნი „მონტებულსუ ანუ ელის არაჩვეულებრივი მოგზაურობა” მახსენდება. როდესაც ეს წიგნი ლიტერატურული პრემია “გალათი”  დაჯილდოვდა, ცერემონიალის წამყვანმა საზეიმოდ გამოაცხადა – ახლა კი ბატონ ზაზა თვარაძეს ვთხოვთ სცენაზეო! (მწერალი კი გარდაცვლილი იყო, ალბათ იმ მშვენიერმა წამყვანმა ვერ წარმოიდგინა, როგორც შეიძლება ასეთი წიგნის ავტორი ცოცხალი არ იყოს და, ჩემი სიზმრის მსგავსად, მწერლის სიცოცხლის ალტერნატიული ვერსია შექმნა. ასე ავხსენი ეს ფაქტი მაშინ.)

„მაგრამ მამა იყო მხოლოდ ნახატებზე. სინამდვილეში კი მამა უკვე რა ხანია, არ ენახათ.

ადრე, ძალიან ადრე, მთელი ერთი წლის წინ, მამამ უცნაური ტანისამოსი ჩაიცვა, სახლიდან წავიდა და მას მერე აღარ გამოჩენილა.

ელენეს ვერ აეხსნა, რატომ აღარ ბრუნდებოდა მამა შინ. წასვლისას მან ყველანი გადაკოცნა და თქვა, მალე დავბრუნდებიო. მაგრამ დრო გადიოდა და მამა არსად ჩანდა.

ელენე მაშინ სულ პატარა გოგო იყო, სკოლაშიც კი არ დადიოდა.  მაინც  ახსოვდა, როგორ დაუჯდებოდა ხოლმე მამა ძილის წინ და ზღაპრებს უამბობდა – ქონდრისკაცებზე, ჯადოქრებზე, მზეთუნახავზე და მზეჭაბუკზე…” – ასე იწყება ეს ამბავი.

ჰოდა, წიგნის მთავარი გმირი, ელიც მამას ეძებს, მისი გზაც ხიფათით, ბოროტი და კეთილი ადამიანებით, ჯადოქრებითა და სასწაულებითაა სავსე. გზა ღრმაღელიდან ოქროყანამდე – სადაც ომში დაკარგული, დაჭრილი მამა უნდა იპოვოს. „მონტებულსუ” ბოლო დროის ერთ–ერთი საუკეთესო ქართული საბავშვო წიგნია, აუცილებლად წააკითხეთ თქვენს მოსწავლეებს.

ზაფხული მოვიდა, დასვენებებით, შთაბეჭდილებებით, ფერებით, მდინარით, ცხელი სიმინდით, სოფლით, მწვანე ბალახით და ცვალებადი განწყობებით სავსე. ვემშვიდობები მოსწავლეებს, თან ფილმებისა და წიგნების  მსუყე ჩამონათვალს ვატან, რომ მათაც მოძებნონ საკუთარი სათქმელი, მფარველი ანგელოზი თუ, უბრალოდ, პასუხი კითხვებზე, რომელთაც ზოგი წიგნებში, ზოგი კი საკუთარ სიზმრებში პოულობს ხოლმე.

მოსწავლის შეფასება მასწავლებლის ყოველდღიური ფიქრის ნაწილია

0
„ყველაფერი, რისი დათვლაც შეიძლება, აუცილებელი არ არის ჩაითვალოს; ყველაფერი, რაც ჩაითვლება, აუცილებელი არ არის დაითვალოს”, – ალბერტ აინშტაინის ამ ფილოსოფიური გამონათქვამის  გააზრება მასწავლებლის  ყოველდღიური ფიქრის ნაწილია… 

მასწავლებლის  ყოველი სამუშაო დღე განსხვავებულია.  ვაღიაროთ,  საუკეთესო მოსწავლეებსაც აქვთ  რთული დღეები. როგორ იქცევიან  მასწავლებლები ამ დროს? როგორია მასწავლებლის  შეფასების ფილოსოფია? აღსანიშნავია, რომ დღევანდელი შეფასების გაგება  ბევრად უფრო კომპლექსურია და უფრო მეტ სიახლეს გვთავაზობს. 

შეფასებების ჰოლისტური გაგების გასააზრებლად პედაგოგიკის სპეციალისტები გამოყოფენ  შეფასების  კონცეფციის 7 საფუძველს:

1.შეფასებას აქვს ბევრი როლი;
2.შეფასება  სწავლების ნაწილიცაა;
3.შეფასებისას სუბიექტურობა არის  ერთგვარი   მოცემულობა;
4.შეფასება არის ერთგვარი ჩარჩო და განსაზღვრავს შედეგებს;
5.შეფასება მუდმივად ხდება;
6.შეფასება მიზნისთვისაა;
7.მუდმივი ექსპერიმენტები შეფასებების დროს რეალობაა.

ეს საფუძვლები გვეხმარება, ერთიან კომპლექსში დავინახოთ სწავლების ურთულესი პროცესი. ასეთი ხედვა  ხსნის კავშირს, რომელიც არსებობს სწავლებასა და შეფასებებს შორის. განვიხილოთ  შეფასების კონცეფციის საფუძვლები:
საფუძველი პირველი – ბევრი როლი

ფაქტია, რომ კარგი შეფასება ასრულებს რამდენიმე როლს. ის აფასებს, თუ რა ისწავლა მოსწავლემ და რამდენად კარგად ახსნა ეს მასალა მასწავლებელმა. ამავე დროს, ის გვიჩვენებს გზას, რომლითაც შეიძლება მიღწევების გაუმჯობესება.  შეფასების ნებისმიერი მექანიზმი მასწავლებლის და მოსწავლის მიღწევებს ასახავს, ზოგიერთი მათგანი კი გვაწვდის უფრო ვრცელ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა უბიძგებს ბავშვებს,  უკეთ ისწავლონ, რისი შეცვლაა საჭირო (შინაარსის გადამუშავება, ღირებულებები, უნარები, მენტალური მოდელი თუ სხვა).  

საფუძველი   მეორე  – შეფასება  სწავლების ნაწილია 

თუ გავეცნობით იმ სწავლებას, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ იყენებენ მასწავლებლები პირველადი შეფასების ძლიერ მხარეებს, დავინახავთ ასეთი სწავლების დიდ უპირატესობას (ბლექი და უილიამსი, 1998).  სწავლება, რომელიც  ეყრდნობა პირველადი შეფასების მონაცემებს  და ეს მონაცემები არის მასწავლებლის სწავლების მეთოდიკის განმსაზღვრელი, საშუალებას გვაძლევს, შეფასება მოვიაზროთ, როგორც სწავლების ნაწილი. ფაქტია, რომ პირველადი შეფასების და სწავლების სტრატეგიების ერთიან კომპლექსში გამოყენებით  სწავლების  შედეგები მკვეთრად უმჯობესდება. ამას მოწმობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევები, მასალები, რომლებიც შეგროვდა სხვადასხვა ჯგუფსა და სკოლაში, სხვადასხვა საგანში. იკვლევდნენ ყველას: 6 წლის მოსწავლეებით დაწყებული სტუდენტებით დამთავრებული. 

საფუძველი   მესამე  – სუბიექტურობა არის  ერთგვარი   მოცემულობა

განათლების სპეციალისტები საუბრობენ  შეფასების სუბიექტურობაზე, როგორც მოცემულობაზე,  სუბიექტურ და ობიექტურ ტესტებზე. აღნიშნავენ, რომ ობიექტური ტესტები არ არსებობს, ისინი სუბიექტურია, პრიორიტეტული სისტემებით, განსჯით, მოწონებით და არმოწონებით. 

რატომ? 

პასუხი ნათელია: ტესტის შემდგენელზეა დამოკიდებული კითხვების სირთულე, ტესტის ფორმატი, გამოყენებული ენა, რაც საბოლოოდ მოქმედებს შედეგებზე. ხშირია შემთხვევა, როდესაც ტესტის ავტორი არის არა ერთი მასწავლებელი, არამედ „სპეციალური კომისია” ან „ექსპერტთა ჯგუფი”. თვით კომისიის მიერ შედგენილ ტესტებზეც კი მოქმედებს კომისიის წევრების წარსული, მათი პირადი აზრი, ხასიათი და სუბიექტიური შეხედულებები. მოსწავლეების შედეგებს განსაზღვრავს ის, თუ რას და როგორ იტყვის ტესტის შემდგენელი/ავტორი. 

საფუძველი   მეოთხე – ჩარჩო და შედეგების განსაზღვრა

ცნობილი ფაქტია, რომ  დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლის ქცევას და მოსწავლეებისადმი მიდგომას  შეფასებამდე. საერთოდ, მოსწავლეებს არ მოსწონთ არც ერთი შეფასება, თუ ისინი მზად არ არიან. კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეების განწყობა ტესტირებისას პოზიტიურია,  როდესაც კარგად აქვთ მომზადებული მასალა და დაცულია შეფასების პრინციპები. როგორც წესი, მიმდინარე შეფასებამ შეიძლება სწავლაზე ნეგატიური გავლენაც მოახდინოს და პოზიტიურიც.  ზოგიერთი მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ გამოცდა აფასებს არა ნასწავლი მასალის მოცულობას, არამედ სწავლის ხარისხს. ეს ამცირებს ბავშვებზე ზეწოლას, ასევე _ მოსწავლეების მიერ გადაწერის ან სხვა „ეშმაკობის” შესაძლებლობას. 

საფუძველი   მეხუთე –  შეფასება მუდმივად ხდება

შეფასება გვთავაზობს მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც დაგვეხმარება სწავლების და სასწავლო აქტივობების გაუმჯობესებაში. ჩვეულებრივ, მასწავლებლები იყენებენ პირველადი შეფასების მონაცემებს, როდესაც ცდილობენ გამოარკვიონ, თუ რა სახის ცვლილებაა საჭირო სასწავლო პროცესში, რათა მოსწავლეთა შედეგები გაუმჯობესდეს. ამ კონტექსტში შეფასება ხდება სისტემატური;  შესაძლოა ყოველდღე შეაგროვოს მასწავლებელმა  მონაცემები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. შესაძლოა ეს არ მოხდეს ყოველდღე, მაგრამ გარკვეული პერიოდულობით უნდა მეორდებოდეს. 

საფუძველი   მეექვსე  –  შეფასება მიზნისთვის

როგორც განათლების სპეციალისტები ამბობენ, შეფასების დანიშნულებაა მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესება და არა მხოლოდ მათი კონტროლი. შეფასების უმნიშვნელოვანესი მიზანია მოსწავლის სწავლის ხელშეწყობა და არა მისი „გამოჭერა”, რაც ძველი სტრატეგიისთვის იყო დამახასიათებელი. ეფექტური შეფასებები (განმავითარებელი, დიაგნოსტიკური, არაფორმალური…), თუ მათ ხშირად და სწორად ჩავატარებთ, გაზრდის მოსწავლეთა სწავლის დონეს. ფაქტობრივად, შეფასება მასწავლებლის  მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ეხმარება მას სასწავლო მიზნების მიღწევაში,  აძლევს  მრავალფეროვან ინფორმაციას. სწორი და ჯანსაღი შეფასება მოტივაციას უმაღლებს ბავშვებს, რადგან ის სასწავლო მიზნის მიღწევის სტიმულატორია და არა წარუმატებლობის დამთვლელი ინსტრუმენტი. 

საფუძველი   მეშვიდე – მუდმივი ექსპერიმენტები შეფასებების დროს 

შეფასებები ნებისმიერ დროსა და გარემოში ვერ იქნება ყველა მოსწავლის შესაფერისი. ბევრ  სკოლაში მასწავლებლები მთელი წლის განმავლობაში ერთად მუშაობენ ჯგუფებში, აკვირდებიან მოსწავლეთა შედეგებს და არკვევენ, რა სახის ცვლილებებია საჭირო; ირჩევენ რაიმე რთულ მიზანს და ცდილობენ, შეიმუშაონ მისი მიღწევის საშუალებები. შემდეგ ეს ჯგუფი ამზადებს საჩვენებელ გაკვეთილებს და აანალიზებს ახალი მეთოდის შედეგებს. ეს პროცესი გულისხმობს მუდმივი შეფასების სისტემას. ზუსტად ასეთი მეთოდი სჭირდება  სკოლას. 

მოსწავლის სწავლის შეფასებაზე, მიღწევებზე,  შედეგებზე უკუკავშირი პედაგოგიური ხელოვნებაა და მასზე სერიოზულადაა  დამოკიდებული მოსწავლის განვითარება.  

ჩნდება კითხვა: კონსტრუქციული და კრიტიკული უკუკავშირი  უფრო დაეხმარება მოსწავლეს, თუ შეფასებისას მხოლოდ დადებითი მხარეების აღნიშვნა? 

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას  სერიოზული მსჯელობა სჭირდება. მართალია, უკუკავშირისას მხოლოდ დადებით მხარეებზე/სწორ პასუხებზე  აქცენტები მორალურად ამხნევებს მოსწავლეს,  მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სწავლაში საუკეთესო შედეგების მიღწევა მხოლოდ შეცდომების დაშვებითა და მათი გამოსწორებით შეიძლება. 

აღიარებულია, რომ  შეცდომებზე სწავლა საუკეთესო მეთოდია. როგორც წესი, სწავლის პროცესის  შესახებ მუდმივი ინფორმაციის მიწოდების იდეას მხარს უჭერენ კოგნიტური სფეროთი დაინტერესებული მეცნიერები და ფსიქოლოგები. მიუხედავად  სწავლების და შეფასების ბევრი პრინციპისა, დეტალები უმნიშვნელოვანესია.    

უკუკავშირის (როდესაც მასწავლებელი აწვდის მოსწავლეს პოზიტიურ ან კრიტიკულ და სარეკომენდაციო ინფორმაციას მისი მუშაობის შესახებ) განხორციელების უამრავი გზა არსებობს, მათ შორის:

ლოკალური – სპეციფიკურ საკითხზე კონცენტრირებული;
გლობალური – განზოგადებული უკუკავშირი;
პერსონალური – ფასდება კონკრეტული მოსწავლის კონკრეტული შეცდომა; 
შედეგზე გათვლილი – ფასდება მთლიანი დავალება. 

პრაქტიკოსი პედაგოგები აღნიშნავენ, რომ ლოკალური, კრიტიკული და სარეკომენდაციო  უკუკავშირი ყველაზე ეფექტურია,  ხოლო გლობალური – ყველაზე არაეფექტური.  ზოგადად, უკუკავშირის და განხილვის ობიქეტი დავალებაა და არა ავტორი (კლუგერი და დენიზი, 1996).

პოზიტიური  უკუკავშირი ეფექტურობის სკალის შუაში მდებარეობს. შეფასება ნაკლებად ეფექტურია, როდესაც ის აფასებს მთლიანად სამუშაოს ან გლობალურ ორიენტაციას. ყველა ჩვენგანი სხვადასხვაგვარად რეაგირებს უკუკავშირზე, გვირჩევნია მივიღოთ დადებითი უკუკავშირი, ვიდრე – კრიტიკული და სარეკომენდაციო. მაგრამ დადებითი შეფასებისას სწრაფად სწავლა არ ხდება. ამიტომ დღეს კრიტიკულ, სარეკომენდაციო, განმავითარებელ შეფასებას დიდ უპირატესობას ანიჭებენ. 

რატომ არის კრიტიკული, სარეკომენდაციო, განმავითარებელი  უკუკავშირი უფრო ხშირად დადებითზე უკეთესი? დადებითი უკუკავშირისას მოსწავლე იღებს ინფორმაციას უკვე მიღწეული წარმატების შესახებ. ამ შემთხვევაში საჭირო არ არის ცვლილება, გაუმჯობესება  ან შესწორება, ამიტომ ის არ გააუმჯობესებს სწავლას მომავალში. კრიტიკული, სარეკომენდაციო/განმავითარებელი შეფასებებისას კი დრო უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. კრიტიკული, კონსტრუქციული უკუკავშირი უნდა მივიღოთ წარმატების წინ. ამ გზით წარუმატებლობის გამოცდილება ტვინში აღინიშნება და მომავალში შეცდომის გამეორებისგან გვიხსნის. ასეთი ინფორმაცია უფრო დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეზე, ვიდრე – პოზიტიური. განმავითარებელი  შეფასება უფრო მეტ მოტივაციას აძლევს მოსწავლეს სწავლისთვის. ეს ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ ბავშვებს სწორად, ზუსტად ისე, როგორც მათ მისი მიღება ურჩევნიათ. ასეთ შემთხვევაში ისინი სწავლით გამოწვეული სტრესის თავიდან აცილებას შეძლებენ. 
არსებობს უკუკავშირით გამოწვეული სტრესის რეგულირების რამდენიმე გზა. 

მიაქციეთ ყურადღება დროს. როგორც წესი, ის მოსწავლეები, რომლებსაც მოცემულ მომენტში აქვთ სტრესთან დაკავშირებული პრობლემები, დეპრესია, დიდი დატვირთვა ან რაიმე ტრავმა (ასეთია მოსწავლეთა 10-დან 40%) უკუკავშირის მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან. 

მოსწავლეები უნიკალურები არიან. ბევრი მოსწავლე დიდ ყურადღებას უთმობს მასწავლებლის კომენტარებს, ზოგიერთისთვის კი თანაკლასელთა კომენტარები უფრო მნიშვნელოვანია. ყურადღება მიაქციეთ, რომ ყველა მათგანს ჰქონდეს თავის გამოჩენის საშუალება. 

თავი აარიდეთ მოსწავლეების დაყოფას. ხშირად ძლიერ, კონკურენტუნარიან მოსწავლეებს სურთ, სწრაფად გაიგონ შედეგები და მათი ადგილი შედეგების სკალაზე, თუმცა ინფორმაცია შეიძლება მათთვის სტრესის საბაბი გახდეს. სჯობს, მათ დაუსახოთ მიზნები შედეგების სკალის მიხედვით, ვიდრე გააცნოთ საკუთარი ადგილი ამ სკალაზე. კრიტერიუმებით განსაზღვრული უკუკავშირი უფრო ეფექტურია, ვიდრე, უბრალოდ, შედეგების ცხრილი. ამ მოსწავლის შედეგის თანაკლასელების შედეგებთან შეადარებას სჯობს, მას ჰკითხოთ: „რეიტინგების სკალაზე რომელ ადგილზე ხარ ამ თვეში და წინა თვეში რომელ ადგილზე იყავი?” 

შენიღბული  უკუკავშირი ზოგჯერ ძალიან ეფექტურია. მოსწავლეებისთვის იმის თქმა, რომ მათ 17 კითხვაზე არასწორად გასცეს პასუხი, არაეფექტურია. ამის მაგივრად, სთხოვეთ მათ, ჩაიწერონ ის რეკომენდაციები, რომლებიც შემდგომი ტესტირებისას დაეხმარებათ. 

შესთავაზეთ განსხვავებული უკუკავშირი. საბედნიეროდ, უკუკავშირისთვის საჭირო აქტივობების რაოდენობა შეზღუდული არ არის. ერთი რომელიმე უკუკავშირის გამოყენება არაეფექტურია, ასე რომ, ნუ მიანიჭებთ უპირატესობას ერთ ან ორ კონკრეტულ აქტივობას. სტრატეგიას არ ექნება 100%-იანი შედეგი ყოველი გამოყენებისას. ზოგისთვის უკუკავშირი ისეთი მარტივი სტრატეგიით მიიღება, როგორიცაა მასალის შეჯამება. 
კიდევ ერთი რამ უკუკავშირის შესახებ: ის უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, კარგი იდეა. ის მოსწავლეს უჩენს სურვილს, გახდეს უკეთესი, ვიდრე არის.

ოპტიმალური უკუკავშირის რეცეპტი არ არსებობს კონკრეტული კლასის საჭიროების გაანალიზების  გარეშე. ოპტიმალურია უკუკავშირი, რომელიც  კონკრეტულ  მოსწავლეს/კლასს დაეხმარება განვითარებაში. ზოგადად კი, პედაგოგიკის სპეციალისტები გვირჩევენ:

1.ლოკალური  უკუკავშირი უკეთესია, ვიდრე გლობალური;
2.სპეციფიკური  უკუკავშირი უკეთესია, ვიდრე პირადული; 
3.მარტივი  უკუკავშირი  უკეთესია, ვიდრე რთული;
4.უკუკავშირის ორივე ტიპის (პოზიტიური და კრიტიკული) ერთდროულად გამოიყენება უფრო ეფექტურია; 
5.ნუ გამოიყენებთ მცირე უკუკავშირს;
6.უკეთესია უკუკავშირის გამოყენება დავალების შესრულების პროცესში;
7.პიროვნული უკუკავშირი უკეთესია, ვიდრე არაპიროვნული;
ერთ-ერთი გამოკვლევის დროს ერთი კლასის, ერთნაირი მიდრეკილების მქონე მოსწავლეებმა ჩააბარეს ტესტები ერთსა და იმავე მასალაზე (თაქმენი, 1999). ტესტირებამდე ისინი სამ ჯგუფად დაყვეს და განსხვავებულად მუშაობდნენ. კერძოდ:
ერთმა ჯგუფმა იმუშავა წინასწარ ანონსირებულ ყოველკვირეულ მოკლე ტესტებზე, 
მეორემ შეასრულა საშინაო დავალება, 
ხოლო საკონტროლო ჯგუფი არ მუშაობდა არც მოკლე ტესტებსა და არც საშინაო დავალებაზე. 

ყველა ჯგუფი გავიდა საბოლოო გამოცდაზე. იმ ჯგუფის შედეგები, რომელიც მოკლე ტესტებზე მუშაობდა, 16%-ით უკეთესი აღმოჩნდა, ვიდრე საშინაო დავალებაზე მომუშავე ჯგუფისა და 24%-ით უკეთესი, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის შედეგები. ყოველკვირეული მოკლე ტესტები წარმატებას განაპირობებს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათ გაუფრთხილებლად არ დავნიშნავთ. განათლების სპეციალისტები კვლევებზე დაყრდნობით გვირჩევენ, შევუდგინოთ მოსწავლეებს გრძელვადიანი განრიგი, რომელშიც გაწერილი იქნება, რა დროს რომელი ტესტი ჩატარდება. ეს მეთოდი აუცილებლად მოიტანს წარმატებას (რუშიო, 2001; თორნი, 2000). 

ფაქტია, წინასწარი გაფრთხილების გარეშე  ტესტების ჩატარება არა მხოლოდ ზრდის ემოციურ დაძაბულობას, არამედ ტვინისთვისაც არ არის სასარგებლო. არსებობს რეკომენდაცია:  ნურასოდეს  „დასჯით კლასს” ტესტით; დამსჯელი ტესტირება სულაც არ აუმჯობესებს  სწავლების შედეგებს.

 მასწავლებელი  ყოველთვის ვერ მოახერხებს, შეარჩიოს შეფასების, უკუკავშირის,  სწავლების იდეალური სტრატეგია და შედეგი მაშინვე მიიღოს. მაგრამ როდესაც მასწავლებლისათვის შეფასების შედეგები არის მისი შემდგომი სწავლების მეთოდიკის განმსაზღვრელი, როდესაც მასწავლებელი ხშირად იყენებს  ეფექტურ უკუკავშირს, განმავითარებელ შეფასებას, დროთა განმავლობაში ის ახერხებს სწავლებისა და შეფასების შერწყმას. ამის შედეგად  სწავლება და შეფასება კლასში მიმდინარეობს ზედმეტი ემოციური დაძაბულობის გარეშე…  როდესაც ვმსჯელობთ  სწავლებაზე, უკუკავშირზე, შეფასებაზე,  ძნელია, არ დავეთანხმოთ ცნობილი გენიოსის ცნობილ გამონათქვამს: „ყველაფერი, რისი დათვლაც შეიძლება, აუცილებელი არ არის ჩაითვალოს; ყველაფერი, რაც ჩაითვლება, აუცილებელი არ არის დაითვალოს”.

როგორ გვკურნავენ ვირტუოზი „მუსიკოსები“ (ნაწილი I)

0
ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ჩიტების ჭიკჭიკმა გულგრილი დატოვოს. ალბათ იმიტომ, რომ ქვეცნობიერად ვგრძნობთ მის სასიკეთო ზემოქმედებას. ის რომანტიკულ განწყობას გვიქმნის, გვამშვიდებს, განგვარიდებს ამქვეყნიური ამაოებით გამოწვეულ მძიმე ფიქრებს. აწონასწორებს ორგანიზმში მიმდინარე ყველა პროცესს და კურნავს სულს. ზაფხულის მზიან დილას ჩიტების სიმღერის ფონზე გამოღვიძება ხომ ერთი სიამოვნებაა!
 
გაზაფხული და ზაფხული ყველაზე ხელსაყრელი დროა ჩიტების ჭიკჭიკით – ამ ეგზოტიკური მეთოდით – მკურნალობისთვის. სწორედ ამ პერიოდში იქნება სასარგებლო სკვერში ან ტყეში გასეირნება. რაც უფრო ღრმად შევალთ ტყეში, მით მეტად გავეცლებით ქალაქის ხმაურს. სუფთა ჰაერს, ტყის სურნელსა და ჩიტების ჭიკჭიკს შესანიშნავი დამამშვიდებელი, რელაქსაციური ეფექტი აქვს. ის სასწაულებს ახდენს, ყოველგვარი მედიკამენტის გარეშე გვარჩენს სხვადასხვა სენისგან. განსაკუთრებით გულისამაჩუყებელია, როცა ვხედავთ, როგორ აპურებს მტრედებს მოხუცი ან როგორ ჩხუბობენ ბეღურები პურის ქერქისთვის. ფრთოსანი „თერაპევტების” სამსახურით ჯერ კიდევ რუსი იმპერატორები სარგებლობდნენ. სასახლის კარზე მიღებული იყო თავის ტკივილის მკურნალობა იადონის რაკრაკით. პეტრე პირველის დროს მომღერალი ჩიტები მოსკოვის ყველა სამიკიტნოში ჰყავდათ. თვით პეტრე საათობით უსმენდა მათ რაკრაკს. აქვე სიამოვნებით გავიხსენებდი ჰ. კ. ანდერსენის ზღაპარს, სადაც ბულბულის გალობა სიცოცხლეს უბრუნებს ჩინეთის იმპერატორს.
ბუნება ისეა მოწყობილი, რომ მასში ყველაფერი ჰარმონიასა და დინამიკურ წონასწორობაში უნდა იყოს. ძნელი წარმოსადგენია გაზაფხული სიცოცხლით სავსე ფრთოსანთა სიმღერის გარეშე. სწორედ ეს „ჰაერის შვილები” აცოცხლებენ ზამთარგამოვლილი ხის შიშველ ტოტებს.
განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს ბავშვთა ეკოლოგიური აღზრდა, რადგან ჩვენი პლანეტა გამოფიტვის ზღვარზე იმყოფება. არ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი რამ, ვიდრე ის, რომ მოზარდ თაობას მისი მოვლა და გაფრთხილება ვასწავლოთ. პლანეტის გადარჩენის შესაძლებლობა სწორედ მომავალი თაობის აღზრდაშია: მასწავლებლებისა და მშობლების საერთო ამოცანაა, ვასწავლოთ  ბავშვებს ყოველივე ცოცხალის სიყვარული, გავაგებინოთ, რომ სახლები, ეზოები, ქუჩები თუ სკვერები ჩვენი საერთო სახლია და თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელია მისი სიჯანსაღისა და სილამაზის შენარჩუნებაზე. ამისთვის ბავშვები თანდათან უნდა შევაჩვიოთ ცოცხალ არსებებზე ზრუნვას. კარგი იქნებოდა მათთვის კუთხის მოწყობა ჩიტების გალიით, აკვარიუმით, ოთახის მცენარეებით – ეს ყველაფერი ბავშვებს სურვილს უღვიძებს, თანაგრძნობით აკეთონ რაიმე სასარგებლო ცოცხალი არსებებისთვის; გაზაფხულობით მოვაწყოთ „ეკოლოგიური დახმარება” დაავადებული მცენარეებისთვის – მორწყვა, გადარგვა, დაფესვიანება-გამრავლება…
ამაზე ფიქრისას გენიალური ზღაპარი – „პატარა უფლისწული” გამახსენდა, რომელსაც ბავშვებიც და დიდებიც სიამოვნებით ვკითხულობთ. აი ციტატა სენტ-ეგზიუპერის წიგნიდან: „თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, იმიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის. ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ, იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ, იზრუნო შენს ვარდზე…”
ბაღებსა და სკვერებში სეირნობისას ემოციური განწყობის ასამაღლებლად ბავშვებს ყურადღება მივაქცევინოთ ფოთლების შრიალზე, წყლის ჩუხჩუხზე, წვიმის შხაპუნზე, ჩიტების ჟღურტულზე; ვასწავლოთ ლექსები და სიმღერები ბუნებაზე, ხოლო შინ რეგულარულად მოვასმენინოთ ბუნების ხმების ჩანაწერები. 
ეკოლოგიური აღზრდისას უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება მუსიკას. თუ ფრთოსანი მეგობარი ჩვენს ბინაში, გალიაში ბინადრობს, უპირველესად, უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება მეტი იმღეროს. ამისთვის შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ბგერითი სტიმულატორი, მაგალითად, მოვასმენინოთ კლასიკური მუსიკისა და ჩიტების რაკრაკის ჩანაწერები. სხვათა შორის, ონკანის მოშვების დროსაც დავინახავთ, რომ ჩვენი ფრთოსანი აუცილებლად აჰყვება წყლის ჩხრიალს. ოჯახში ყოველგვარი ჯიშის ჩიტი მკურნალია: ის განწყობას გვიმაღლებს, სევდას გვიფანტავს და ტკივილებს გვიყუჩებს. მათ ძალიან უყვართ მზრუნველი პატრონები და მზრუნველობას გასაოცარი სიმღერით პასუხობენ. განსაკუთრებით სასარგებლოა ჩიტებთან ურთიერთობა ბავშვებისთვის – ჩიტები ხომ ძალზე აქტიურები არიან, რაც შესანიშნავად შეესაბამება ბავშვების ცნობისმოყვარე ბუნებას. როდესაც ბავშვი ენას იდგამს, მისთვის კარგი იქნება ისეთი პარტნიორის ყოლა, როგორიც მოლაპარაკე და მომღერალი ჩიტია. ფრთოსნების რაკრაკი დადებით გავლენას ახდენს პატარების მუსიკალური სმენის განვითარებაზე. გარდა ამისა, აღგზნებადი ბავშვები უფრო მშვიდები ხდებიან და ადვილადაც იძინებენ.
მოლაპარაკე ჩიტები, თუთიყუშები, შეუცვლელი კომპანიონები არიან მარტოხელა მოხუცებისთვის. ამერიკაში ორნითოლოგებმა გამყოლი თუთიყუშების სპეციალური სკოლაც კი გახსნეს უსინათლოების დასახმარებლად. აქ ჩიტებს შემდეგი სიტყვების გამოთქმას ასწავლიან: „შეჩერდი”, „წადი”, მარჯვნივ გაუხვიე”, – და ა.შ. გამყოლი ძაღლებისგან განსხვავებით, თუთიყუშებს არ ახასიათებთ დალტონიზმი, არ რეაგირებენ კატებზე და მათი მოვლაც გაცილებით ადვილია.
ჩიტების ცხოვრებაში ბგერით სიგნალს (ხმოვან ნიშანს) განსაკუთრებული ადგილი უკავია. სინამდვილეში ჩიტს ხმა თავის გადასარჩენად მიეცა. მის გარეშე ბევრი დაიღუპებოდა, რადგან ვერ შეძლებდა უცხოსგან თავისი ტერიტორიის დაცვას. ისეთი პრიმიტიული ქმნილების „ლექსიკონიც” კი, როგორიც შინაური ქათამია, ათეულობით ასეთ სიგნალს ითვლის – უბედურების, გასაჭირის, გაფრთხილების, საკვების მოპოვების, არშიყობის, შეწყვილების, აგრესიულობის, გუნდურობის გამომხატველს. ფრინველები ხმოვან სიგნალს იყენებენ დედლის მისაზიდად გამრავლების პერიოდში, ბარტყების საფრთხისგან დასაცავად და ა.შ. მაგალითად, მტაცებელი ფრინველები, ბუ და არწივი, ნისკარტის ტკაცუნით საფრთხის შესახებ გადასცემენ ინფორმაციას. ფრთოსანთა ლექსიკონი სხვადასხვა შინაარსის „გადალაპარაკება-შეძახილებს” მოიცავს: „ყურადღება!” „ფრთხილად, საშიშია!”, „ვისაც შეგიძლიათ, თავს უშველეთ!”, თავს გაუფრთხილდით!”, „დაიკარგე აქედან!”
ფრინველებს ძალზე ორიგინალურად მოწყობილი „მუსიკალური ინსტრუმენტი” აქვთ. ის ჰგავს კიდეც ადამიანის სახმო აპარატს და მნიშვნელოვნადაც განსხვავდება მისგან. მსგავსება შემდეგია: ადამიანისა და ჩიტის სახმო აპარატები სასულე ტიპის მუსიკალურ ინსტრუმენტებს მიეკუთვნება. მათში ბგერა ჰაერის მოძრაობით წარმოიქმნება. ფილტვებიდან ამომავალი ჰაერის ნაკადი არხევს დრეკად აპკებს, ხოლო აპკები, თავის მხრივ, ბგერით ტალღებს წარმოშობს. ადამიანის ორგანიზმში ასეთ აპკებს, ვიბრატორებს, ხორხში განლაგებული სახმო სიმები წარმოადგენს. მესაყვირისთვის ვიბრატორის როლს ტუჩები ასრულებს, რომლებიც განსაკუთრებული წესით თავსდება სასულე მუსიკალური ინსტრუმენტის სატუჩეში. ხმის სიმაღლე სახმო იოგების კუნთოვანი დაჭიმულობის ხარისხით განისაზღვრება: რაც უფრო მეტად არის დაჭიმული სახმო სიმები, მით უფრო მაღალია ბგერა. ხოლო ხმის სიძლიერე სახმო იოგების სიმკვრივესა და ფილტვებში ჰაერის წნევის შემჭიდროებაზეა დამოკიდებული.
ადამიანისთვის მეტყველებისას ძირითად რეზონატორებს წარმოადგენს ხორხი, პირისა და ცხვირის ღრუები და ტრაქეა. დიდხანს მიიჩნეოდა, რომ ჩიტებს სახმო აპარატი ადამიანების მსგავსად ჰქონდათ მოწყობილი, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ფრთოსან მომღერლებს ერთი კი არა, ორი ხორხი ჰქონიათ: ზედა, როგორც ყველა ძუძუმწოვარს, და ქვედა. ბგერის წარმოქმნაში მთავარ როლს ასრულებს არა ზედა, არამდე სწორედ ქვედა ხორხი, რომელსაც ძალზე რთული აგებულება აქვს. ქვედა ხორხი ჩიტების ორიგინალური ევოლუციური მონაპოვარია, სხვა ცხოველებთან ის არ გვხვდება. ქვედა ხორხი მდებარეობს ტრაქეის (სასულეს) ქვედა ნაწილში, იქ, სადაც ტრაქეა ორ მთავარ ბრონქში განშტოვდება. ის იმით არის ორიგინალური, რომ აქვს არა ერთი ვიბრატორი – ბგერის წყარო (როგორც ადამიანს და ყველა ძუძუმწოვარს), არამედ ორი და შესაძლოა ოთხიც კი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ფუნქციობს. სხეულის მოძრაობითა და კუნთების დაჭიმვით ჩიტს შეუძლია მნიშვნელოვნად ცვალოს რეზონატორების რთული სისტემის ფორმა და ამ გზით არეგულიროს ხმის სიმაღლე და ტემბრი. ასე რომ, ჩიტის სახმო აპარატი თითქმის მინიორკესტრს (დუეტს ან კვარტეტს) წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც ის ვირტუოზულ „მუსიკალურ ნაწარმოებებს” ასრულებს.
ჩიტების სახმო აპარატს ზომით სხეულის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია, განსაკუთრებით – პატარა მომღერალი ჩიტებისას, ამიტომ სიმღერაში მათი მთელი ორგანიზმია ჩართული. თუ მომღერალ ნიბლიას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ დაჭიმულობისგან მთელი სხეული უთრთის. ყელი წაუგრძელებია, პატარა პირი ფართოდ გაუღია, გაფშეკილი ფრთები და კუდი ტრელების (ნოტის სწრაფი და მრავალჯერადი მონაცვლეობა მეზობელ ნოტთან) ტაქტში ირხევა. სიმღერა ჩიტს ემოციურად და ფიზიკურად მთლიანად იპყრობს. ბგერები ვრცელდება დაბალი ბანის ყვირილიდან (დამახასიათებელია ბატების, იხვებისა და ყვავებისთვის) მაღალ მელოდიურ სტვენამდე (რომელიც ბეღურათა ოჯახისთვის არის დამახასიათებელი).
საყურადღებოა, რომ მრავალი ჩიტის სიმღერის რიტმული მოდულაციები ადამიანის სმენისთვის მიუღწეველია. მათი სახმო აპარატის შესაძლებლობები 50-100-ჯერ აღემატება ადამიანის სმენისას, ასე რომ, ჩვენ, ადამიანებს, ჩიტების ხმები მხოლოდ ნაწილობრივ გვესმის.
ბგერების წარმოქმნისთვის ჩიტები სახმო აპარატთან ერთად სხვა „მუსიკალურ ინსტრუმენტებსაც” იყენებენ: ნისკარტს, ფეხებს, ფრთებს და კუდსაც კი. მაგალითად, კოდალა ბრწყინვალე მედოლეა. კარგი ჟღერადობის მისაღებად ის გამომშრალ ხეს იყენებს, რათა მისი ხმა რაც შეიძლება შორს ისმოდეს; ხანდახან – კონსერვის ქილებსა და რკინის ნაჭრებსაც კი. თეთრი ყარყატი თავის მეგობარს სასიყვარულო სერენადას ხმით კი არ უმღერის, არამედ ნისკარტის ტკაცუნით. ამ დროს იგი თავს ზურგზე გადაიგდებს, ენას უკან გასწევს და დაიგრძელებს, რითაც ბგერის გასაძლიერებლად კარგად რეზონირებულ პირის ღრუს წარმოქმნის.
სკოლა-პანსიონის კურსდამთავრებულ ჩიტებსა და ორნითოლოგების რჩევებზე მომდევნო წერილში მოგითხრობთ.

ბალიბულინგი

0
მე დავიბადე უბანში, სადაც კაცი მოკლეს. არაფერია ამაში გასაოცარი, ჩვენ ყველანი დავიბადეთ უბნებში, სადაც აუცილებლად მოუკლავთ ერთი კაცი მაინც. ეს თითქოს ჩვენი ცხოვრების შემადგენელი აუცილებელი ნაწილია. ჩემს უბანშიც ასე იყო, სხვა კაცებიც მოკლეს, სხვა დროს, მაგრამ მე იმ ერთზე უნდა გიამბოთ, რომლის ამბავიც ყველაზე მეტად ჩამრჩა გულსა და მეხსიერებაში. დიდი დრო დამჭირდა, რათა მომეკრიბა ენერგია და ეს ამბავი კიდევ ერთხელ ამომეტივტივებინა გონებაში, კიდევ ერთხელ და თუნდაც უკანასკნელად. ამიტომ შევეცდები ვიყო პირდაპირი, მოურიდებელი და სასტიკი.

 

ნიკო მოკლესო და გავვარდით. დავყარეთ „პაპკები” მერხებზე და გავვარდით. გაკვეთილების გაცდენის შანსიც გაგვიჩნდა, სადღაც ესეც იყო. სად მიდიხართო, მასწავლებელმა და ნიკო მოკლესო – ჩვენ. ვიდექით მერე კორპუსთან, მთელი უბნის ბიჭ-ბუჭობასთან ერთად. „ვზროსლებს” ვუსმენდით, პატარებს – წადით აქედანო, ვეუბნებოდით. აბა იქ საქმიანი მდგომარეობა იყო. მერე ნიკოს ძმაკაცები მოვარდნენ, რამდენიმე წუთით ხმა გავრცელდა – ჭორიაო, არ მოუკლავთო. ნიკოს ვინ მოკლავდაო – ჩვენც ვთქვით და ჩავიცუცქეთ. კიდევ რამდენიმე წუთი და პოლიციაც მოვიდა. მანდ მივხვდით, რომ მართლა მოკლეს ნიკო, უბნის ბიჭების სული და გული, ყველაზე მაგარი „კაიბიჭი”, ყველაზე ჯიგარი „ვზროსლი” და ყველაზე „ისპალნიწელი”. მომდევნო დღეებში ყველაფერი კიდევ უფრო დალაგდა. მკვლელის ვინაობაც გამოვლინდა.. ან რა გამოვლენა უნდოდა, თვითონაც იქვე მდგარა, ცხედართან, პოლიციის მოლოდინში. ვინ იყო? ვინ იყო და ლადო.. ჩმორიკალადო, „შკოლნიკა” და დედიკოს ბიჭი. აი, ის, სკოლის მასწავლებლებს რომ ყველაზე მეტად უყვარდათ და ქუჩის მასწავლებლებს – ყველაზე ნაკლებად. იასნა ტო, აბა ასეთ საქმეს მასეთი არაკაცი თუ იკისრებდაო, ვთქვით და „ვზროსლი კაიბიჭებს” თავი დავუქნიეთ, როცა იმათ თქვეს, ან ციხეშივე წავშლით ცხოვრებიდან და ან რომ გამოვა – მერეო. ისიც გავიგეთ, ლადო რა კაცი იყო.. კი ვიცოდით, მაგრამ კიდევ უფრო გავიგეთ. რაღაც სატანურ მუსიკას უსმენდა თურმე, ზეპელინგებს და მასეთებს. კიდე კორპუსების წინ რომ გარაჟებია, იქ კატებსაც აწვალებდა და ერთი-ორჯერ უნახავთ, როგორ დაწვა ვიღაცის კატა, არასწორი კაცი იყოო, იძახდნენ „ვზროსლების” მამები. მერე ისიც თქვეს, ნიკომ ძლივს გადაარჩინა ერთი კატაო და მაქედან ამოიჩემა ლადომ ნიკოო, რიტუალი რო ჩაუშალაო, ჰოდა იმიტომაც იმ კატის მაგივრად ნიკო შესწირა სატანასო, კი, ზუსტად მასე ამბობდნენ.

ასე იყო თუ ისე, ლადო 7 წლის მერე გამოვიდა ციხიდან. მაგ დროისთვის ჩვენ უკვე თვითონ ვზიდავდით „ვზროსლობის” უმძიმეს პედაგოგიურ ტვირთს. აბიტურიენტები ვიყავით. ლადოს ციხიდან გამოსვლა მალე გავიგეთ, უბანში გავრცელდა, ნიკოს ძმაკაცები არ ჩანდნენ ის დღეები, სხვა ბიჭები ამბობდნენ, რომ „აბაროტზე” ჩალიჩობენო და უნდათ რო „წიომნათ” ქნან ეგ ამბავიო. რა „წიომნობა” მაგას უნდოდა. ლადო ციხიდან რომ გამოსულა, პირველი სახლში მისულა, მშობლები მოუკითხავს. ერთი დღე გაატარა სახლში, მერე უთქვამს, უნდა წავიდე, რაღაც უნდა დავასრულოო, ამდგარა, პირდაპირ ნიკოს საფლავთან მისულა და იქ დალოდებია დანარჩენებს. ორი დღე იყო საფლავზე ლადო, მთელმა ოჯახმა რომ ძებნა დაუწყო და უბანშიც რომ გავრცელდა ხმა, ლადოდატყდაო, ნიკოს ძმაკაცებიც დაფაცურდნენ. მეორე დღის ბოლოს დაადგნენ ლადოს თავზე და ზედ დააკლეს. უბნის ბიჭები იძახდნენ, საზღვარზე იპოვეს, გარბოდაო, მოიყვანეს და ნიკოს საფლავზე შეუსრულესო, ეგეთი პირობა ჰქონდათო. საფლავების მომვლელი ქალი სხვას იძახდა, 2 დღე იჯდა იმ საფლავთან ბიჭი, არც უჭამია, არც დაულევია, თითქოს რაღაცას ელოდებოდაო.. ერთი კი ვკითხე, შვილო, რამე ხო არ გიჭირს-მეთქი, მარა არაფერიო მითხრა და გავეცალეო. ის კიდე იჯდა იქა და მერე, მეორე საღამოს სროლა რო გავიგე, უკვე მკვდარი დამხვდა, ტვინგახეთქილიო. უბანი ამაყობდა, ნიკოს „ჩერეზძმაკაცები” იძახდნენ, რომ მოსაკლავი უნდა მოიკლას და მერე თქვენც კი იცით, როგორცაა.. უბანი დაწყნარდა, დამშვიდდა, როგორც მაძღარი მგელი, რომელმაც დიდი ხნის შიმშილობის შემდეგ თავისივე ხროვიდან მოისადილა ყველაზე სუსტი.

სინამდვილეში კი ყველაფერი სხვანაირად იყო. დიდი ხანი მაწუხებდა ეს ამბავი. ძალიან დიდი ხანი და ბედად ერთ-ერთ სამეგობრო სუფრაზე ის პოლიციელი გავიცანი, რომელიც აღნიშნულ შემთხვევას იძიებდა. გავიცანი და შანსიც არ გავუშვი ხელიდან, რომ ჩემი საშინელი ცნობისმოყვარეობა, თუ დანაშაულის გრძნობა დამეკმაყოფილებინა. დანაშაულის გრძნობა იმის გამო, რომ ამ მოვლენებისას მეც არაერთხელ გამიმეორებია ვიღაცების ნათქვამი „ჩმორიკა ლადო”, „სატანისტი მოკლეს” და „ნიკოს სული ზეიმობს”ტიპის ფრაზები. მთელი ის საღამო ვლაპარაკობდით მე და გამომძიებელი ლ. და მეც გავიგე, რომ ყველაფერი სულ სხვანაირად იყო.

უამრავი სტატია წამიკითხავს ბულინგზე. რა არის ბულინგი? მარტივად რომ ვთქვათ, ესაა ერთგვარი ძალადობრივი ქცევა, რომლის მიზანიცაა პოტენციური მსხვერპლის დაშინება, დამორჩილება, დამონება. ძალიან ხშირია მისი გამოვლინება სასკოლო ასაკის ბავშვებში, თითქმის ყველა სკოლასა და კლასში სწავლობენ ბავშვები, რომლებიც არიან ბულინგის ინიციატორები, ანუ მჩაგვრელები და ბავშვები, რომლებიც წარმოადგენენ აღნიშნული ქცევის მსხვერპლს. ხშირად უფროსების მიერ ეს ყოველივე არ აღიქმება სერიოზულად და უფრო მეტიც, მას უბრალო ბავშვურ თამაშად იღებენ. არადა სინამდვილეში ამ ყველაფერს ბევრად უფრო ძლიერი ფესვები აქვს და მეტად შეუძლია განტოტვა. თუმცა ჩემს ამბავს დავუბრუნდეთ..

ყველაფერი ბალიბულის თამაშიდან დაიწყო. ლადო ახალი გადმოსული იყო ჩვენს უბანში, შესაბამისად სკოლაშიც თითქმის არავის იცნობდა. როგორც ჩანს, უბნის ბიჭებს არ მოეწონათ, როგორ ეთამაშებოდა ეზოს გოგოებს ვიღაც ტიპი „ბალიბულს”. დაუძახეს, ჯერ ხურდა თხოვეს, მერე ქურთუკი, მერე ის, მერე ეს, როგორც ხდება ხოლმე.. მალე ლადო სიბეჯითისა და კარგი საქციელის გამო სკოლის მასწავლებლებისთვის – საყვარელ მოსწავლედ, უბნის ბიჭებისთვის კი საყვარელ სათამაშოდ იქცა. როგორც ჩანს, ის პირველი შემთხვევა კარგად ჩარჩათ გონებაში. ჰოდა ახლა ისინი თამაშობდნენ ბალიბულს, ოღონდ ხან ლადოს ჩანთით, ხან ლადოს ქუდით, ხან წიგნებით და ა.შ. ლადოს მშობლებისთვისაც არაერთხელ უთხოვია ბინის გამოცვლა, მაგრამ მათ ეს უბრალო ბავშვურ ახირებად აღუქვამთ. მერე ყველაფერი ისე განვითარდა, როგორც ვითარდება ხოლმე. ლადო „დაიშნირეს”. მერე კი..

სანამ თხრობის დასკვნით ნაწილზე გადავიდოდე, მოქმედ მასწავლებლებს მინდა გთხოვოთ, რომ კარგად შეისწავლოთ ყველა ის ტერმინი, რომელიც მე ამ ტექსტში სპეციალურად გამოვიყენე, დაწყებული „ვზროსლებიდან”, გაგრძელებული „ისპალნიწელებითა” და დამთავრებული „შნირით”. თქვენ ყოველდღიურად გიწევთ ურთიერთობა ადამიანებთან, რომლებსაც, თავის მხრივ, ყოველდღიურად უწევთ ურთიერთობა აღნიშნულ ტერმინებთან. თუ, რა თქმა უნდა, არ ფიქრობთ, რომ თქვენს სკოლაში უკვე ყველაფერი შეიცვალა და ბულინგი გაქრა. თუ ასე ფიქრობთ, გირჩევთ კიდევ ერთხელ ჩაიხედოთ მიკროსკოპში, იქნებ რაიმე გამოგრჩათ..

მერე კი ლადოს კრიმინალურ საქმიანობაში ჩართვა გადაწყვიტეს.. მაინცდამაინც მაშინ, როცა ლადოს საბოლოოდ გაუჩნდა შანსი მოშორებოდა ამ ჯოჯოხეთს, რადგან სტიპენდია მოიპოვა და როგორც პოლიციელის მონაყოლიდან გავიგე პოლონეთში აპირებდა სწავლის გაგრძელებას. ძალიან ბედნიერი ყოფილა იმ დღეებში, წავალ და ცხოვრებასაც იქ ავიწყობო, მშობლებისთვისაც უთქვამს, მაგრამ სად იყო ეგრე, როგორც ლადოს უნდოდა.. ის უკვე აღარ ეკუთვნოდა თავის თავს.. კარგმა ბიჭობამ დაღუპა, უბანში ასე თუ ისე იცნობდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც ბეჯით მოსწავლეს და თავაზიან ბიჭს. ჰოდა გეგმა მარტივი იყო, აბა ვინ არ გაუღებდა კარს ლადოს. ლადოს გაუღებდა და ყაჩაღების ხროვას მიიღებდა. მეტსაც გეტყვით, ლადო დათანხმდა ამ გეგმას და დღესაც კი ვცდილობ, არ წარმოვიდგინო, თუ რა წნეხში მოყვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მოუწია. არ ვიცი.. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ზუსტად იმ დღეს, როცა ახალი სათამაშოთი უბნის ბანდას პირველი საქმე უნდა შეესრულებინა, ლადო ნიკოს დაადგა და სამზარეულოს დანა რამდენიმეჯერ ჩაარტყა ჯერ ყელის არეში, შემდეგ კი გულსა და მუცელში. მოკლა იმ კატასავით, რომელიც არც არასოდეს დაუწვავს და არც არასოდეს უწამებია. შესწირა იმ სატანას, რომელთანაც ალბათ მთელ ჩემს უბანში ყველაზე ნაკლები საერთო სწორედ ლადოს ჰქონდა.

ეს იყო და ეს.. განა რა მოვყევი ისეთი, რაც თქვენს უბნებში არ მომხდარა, რაც თქვენს სკოლებში არ მომხდარა, რაზეც თქვენ არ დაგიხუჭავთ თვალი.. არაფერი ახალი.. ბულინგი კი ვითარდება, ახალ ფორმებს ეძებს და პოულობს, ხშირად უფრო ეფექტურადაც, ვიდრე მის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები ახერხებენ ამას. რამდენიმე დღის წინ ისიც გავიგე, როგორ შეემატა ბულინგს ახალი ელემენტი – ვიდეოგადაღება. ადრე თუ აწვალებდნენ და ეს ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა, ახლა ამ ყველაფერში თავისი წვლილი ახალ ტექნოლოგიებსაც შეაქვს.. და ამ ყველაფერში ვინაა დამნაშავე.. ნიკო? ლადო? მე? შენ? ან იქნებ, ბალიბული..

პერფექციონიზმი, როგორც ფენომენი

0

„საუკეთესო-კარგის მტერია” (ვოლტერი)

perfectus ლათინური სიტყვაა და „აბსოლუტურ სრულყოფილებას” ნიშნავს . 1978 წელს ფსიქოლოგმა ჰოლენდერმა (Hollander) ერთ-ერთმა პირველმა განსაზღვრა პერფექციონიზმი, როგორც საკუთარი თავისადმი ყოველდღიურად წაყენებული უფრო მაღალი დონის მოთხოვნები, ვიდრე ამას გარემოება ითხოვს. მოგვიანებით, ბერნსმა დააზუსტა და შეავსო ეს ცნება კოგნიტური პარამეტრით (აზროვნებით) – „ყველაფერი ან არაფერი”. ამ შემთხვევაში მოქმედების შესრულებაში დასაშვებია მხოლოდ ორი ვარიანტი: მაღალი სტანდარტებისადმი შესატყვისობა ან სრული კრახი. ფსიქოლოგმა დონალდ ჰამაჩეკმა (Hamachek ) პერფექციონიზმის ორ სახე გამოყო – ჯანმრთელი და ნევროტული (დესტრუქციული). როგორია ჯანმრთელი პერფექციონიზმი – ადამიანი შრომისმოყვარეა და ლიდერის თვისებებით ხასიათდება, აქტიურია, მოტივირებული, აქვს მაღალი, მაგრამ რეალისტური სტანდარტები, გააჩნია მიზნები და მისი მიღწევის კონკრეტული გზები, აქვს პოზიტიური თვითშეფასება და პრეტენზიის მაღალი დონე. ისახავს ძნელად მისაღწევ მიზნებს, მაგრამ მას ეს პროცესი, განსაკუთრებით შედეგი სიამოვნებს. მუშაობის პროცესში აზარტულია და გარკვეულად ღელავს კიდეც. როგორია ნევროტული პერფექციონიზმი? ამ შემთხვევაში პიროვნებას წარუმატებლობის ძლიერი შიში იპყრობს.

სრულყოფილება ადამიანის იდეაფიქსი ხდება. იგი მუდამ უკმაყოფილოა საკუთარი მიღწევებით. სიყვარულის და საყოველთაო პატივისცემის დამსახურების მიზნით საორიენტაციოდ იღებს ისეთ ეტალონს, რაც მის შესაძლებლობებს არ შეესატყვისება. ეს კი მუდმივ დაძაბულობას იწვევს პიროვნებაში. იმისათვის, რომ არ შელახონ საკუთარი უბადლო იმიჯი, პერფექციონისტები ცდილობენ დამალონ დაშვებული შეცდომები ან უარი თქვან ჩანაფიქრზე, ისინი მოქმედებენ პრინციპით „ყველაფერი ან არაფერი”. ელოდებიან იდეალურ მომენტს და ემზადებიან დიდი წარმატებებისთვის. ხშირად ეს მომენტი იგვიანებს, ამასობაში კი სხვები ახალ საქმეებს იწყებენ, შეცდომებსაც უშვებენ, მათ მაგალითზე სწავლობენ და თანდათან წინ მიიწევენ. ძალზე საინტერესოა ე.წ. პროკრასტინაციის (procrastination) ფენომენი, რომელიც საქმის სრულყოფილად შესასრულებლად საგანგებო მომზადებისათვის, საქმიანობის დაწყების გადადებას გულისხმობს. პერფექციონისტის უბედურება სწორედ ის გახლავთ, რომ შეიძლება ეს მომენტი – თავში ყველაფრის იდეალურად დალაგება – არასოდეს დადგეს. უამრავი დრო და ენერგია მიაქვს მეორეხარისხოვან დეტალებზე ფიქრს, სწორედ ეს იგულისხმება გამოთქმაში „საუკეთესო -კარგის მტერია”.

ამგვარად, აუცილებელია განვასხვავოთ საუკეთესო შედეგებისკენ სწრაფვა (რომელიც ადამიანის ბუნებრივ მოტივაციას წარმოადგენს) მისი პათოლოგიური ფორმისგან, რაც გამოიხატება არასრულყოფილების უარყოფაში.

პირველი პიროვნების განვითარების მამოძრავებელი ძალაა, მეორე კი შემაფერხებელი და დამთრგუნავი.

პერფექციონისტული ორიენტაცია ბავშვობიდანვე ფორმირდება. მას ოჯახური აღზრდის თავისებურებები განსაზღვრავს. კერძოდ, ნევროტულ პერფექციონიზმს აყალიბებს ბავშვის გამოცდილება – მშობლის ე.წ. პირობითი სიყვარული – ხარ ისეთი, აკეთებ ისე, როგორიც მას მოსწონს – იმსახურებ შექებას, წახალისებას და პირიქით. თუ მშობელი ბავშვს არ წაახალისებს, ბავშვი ისწრაფვის იყოს კარგი არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავი აარიდოს სხვების საყვედურს, არამედ იმიტომაც, რომ ბოლოსდაბოლოს თვითონაც მიიღოს საკუთარი თავი, მაგრამ რის ფასად? დიდი ძალისხმევისა და დიდი მიღწევების ფასად. ბავშვი აცნობიერებს, რომ მხოლოდ კარგად შესრულებული საქმიანობა ხდის მას ღირსეულ არსებად. როგორც წესი, პერფექციონისტის მშობლები საკმაოდ მკაცრები, მომთხოვნები არიან, თუმცა ამავე დროს, ნაკლებად იციან მხარდაჭერა და გვერდში დგომა. ბავშვი იძულებულია იყოს „შეუმცდარი”, რათა დააკმაყოფილოს მშობლის მოლოდინი და თავი აარიდოს კრიტიკას. გამოყოფენ მშობლის 4 ტიპს, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვებში პერფექციონისტული აზროვნების ფორმირებაზე: 1. მშობლები ზედმეტად კრიტიკულები და მომთხოვნები არიან; 2. მშობლების მოლოდინები და სტანდარტები ზედმეტად მაღალია; 3. მშობლებს არ უყვართ ბავშვის წახალისება, ან განმამტკიცებელი სტიმულები არათანმიმდევრული და ირიბია; 4. პერფექციონისტული განწყობებისა და ქცევის მქონე მშობლები თვითონვე არიან ბავშვისთვის მიბაძვის ობიექტები-მოდელები.

ხართ პერფექციონისტი? აი მისი ნიშნები:

1. გახასიათებთ ძალზე ძლიერი პასუხისმგებლობა, მცირე შეცდომის დაშვებასაც შეუძლებლად თვლით. უმნიშვნელო დეტალებსაც კი ამჩნევს თქვენი მახვილი თვალი;
2. ყველაფერში საუკეთესო გინდათ იყოთ, ისეთ საქმიანობაშიც კი, რომელიც არც კი გაინტერესებთ;
3. დიდ დროს ხარჯავთ და უკანასკნელ წუთამდე ცდილობთ გააუმჯობესოთ შედეგი, მზად ხართ ამას შესწიროთ დრო, ძილი, კვება და ეს უფრო სწორად მიგაჩნიათ, ვიდრე ის, რომ რაღაც არ გააკეთოთ.
4. იდელურისკენ ისწრაფვით. ან ყველაფერი ან არაფერი, მხოლოდ ასე და არა სხვაგვარად. თქვენთვის არსებობს თეთრი და შავი, არ არსებობს რუხი ფერი. თუ იდეალურ შედეგამდე ვერ მიხვედით, ამჯობინებთ უარი თქვათ, რადგან, თქვენი აზრით, რომ დროს კარგავთ იმაზე, რაც გამარჯვებას არ მოგიტანთ;
5. მკაცრად აკრიტიკებთ საკუთარ თავს, სჯით თუ რამე ისე არ გამოგივიდათ, როგორც გსურდათ.
6. დეტალურად აანალიზებთ სიტუაციას და თუ ის ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც ელოდით სვამთ კითხვებს: რაშია საქმე, შევძლებ შეცვალო სიტუაცია?
7. დეტალურად აანალიზებთ შედეგებს. თუ არ გაკმაყოფილებ სვამთ კითხვებს: რატომ ვერ მივაღწიე შედეგს? რა უნდა გავაკეთო, რომ სიტუაცია შეცვალო?
8. ძალზე მგრძნობიარე ხართ კრიტიკის მიმართ და გეშინიათ წარუმატებლობის, რადგან იგი გულისხმობს, რომ სრულყოფილი არ ხართ;
9. ყოველთვის საბოლოო მიზანზე ხართ ორიენტირებული და თუ მას ვერ აღწევთ, პროცესს საერთოდ არ ანიჭებთ მნიშვნელობას;
10. ძალიან ხართ დამოკიდებული სხვა ადამიანების შეფასებაზე.
გთავაზობთ პერფექციონიზმის მრავალგანზომილებიანი სკალის MPS გამარტივებული ვარიანტის პირველ სკალას.
ინსტრუქცია: „ყურადღებით წაიკითხეთ დებულებები და შეაფასეთ სათანადო ქულით.

1 – დებულებას სრულად ვეთანხმები;
2 – ვეთანხმები;
3 – უფრო ვეთანხმები ვიდრე არა;
4 – არ ვიცი;
5 – უფრო არ ვეთანხმები, ვიდრე ვეთანხმები;
6 – არ ვეთანხმები;
7 – სრულიად არ ვეთანხმები.
1. როდესაც რაიმეზე ვმუშაობ, ვერ ვდუნდები, სანამ სრულყოფილებამდე არ მივიყვან საქმეს;
2. ჩემი ერთ-ერთი მიზანია ვიყო სრულყოფილი ყველაფერში, რასაც ვაკეთებ;
3. არასოდეს ვისახავ მიზნად ვიყო სრულყოფილი საქმეში, რითაც დაკავებული ვარ;
4. არ მჭირდება ვიყო გამორჩეულად სრულყოფილი;
5. ვცდილობ, რაც შეიძლება სრულყოფილი ვიყო;
6. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ჩემი მცდელობა იყოს წარმატებული;
7. რასაც კი ვაკეთებ, ყველაფერში ვისწრაფვი, ვიყო საუკეთესო;
8. საკუთარ თავს არ ვუყენებ სრულყოფილებაზე ნაკლებ მოთხოვნას;
9. საშინლად არ მსიამოვნებს ჩემ მიერ შესრულებულ სამუშაოში შეცდომების აღმოჩენა;
10. ვისახავ დიდ და ძნელად მისაღწევ მიზნებს;
11. მიმაჩნია, რომ ყოველთვის მთელი ძალით უნდა ვიმუშაო;
12. არ არის სავალდებულო რასაც კი ვაკეთებ, ყველაფერში საუკეთესო ვიყო;
13. არასოდეს ვისახავ ძნელად მისაღწევ, დიდ მიზნებს;
14. საკუთარი თავისადმი ძალიან მომთხოვნი ვარ;
15. სწავლაშიც და სამსახურშიც ყოველთვის წარმატებული უნდა ვიყო.
გასაღები: ინვერსიული (შებრუნებული) კითხვებია 3, 4, 12,13 ამ კითხვებში ქულები დათვლამდე ასე უნდა შეაბრუნოთ : 7 ქულა =1 ქულას, 6=2 , 5=3 , 4=4 , 3=5 , 2=6, 1=7 ამის შემდეგ შეაჯამეთ თხუთმეტივე დებულების ქულები.
15-60 ქულამდე. რაც ნაკლებია ქულა, თქვენ მით უფრო მეტად გახასიათებთ პერფექციონიზმი.

60 ქულიდან ზევით. პარფექციონიზმი არ გახასიათებთ და რაც მეტია ქულა, მით უფრო ნაკლებად არის იგი თქვენთვის დამახასიათებელი.

წარმოდგენილი ტესტი არის პირველი სკალა, რომელიც გვიჩვენებს რწმენას და მოლოდინებს საკუთარი თავის მიმართ. თუ დაბალი ქულა მოაგროვეთ ეს მიუთითებს, რომ თქვენ გაქვთ ძალიან მაღალი, ხშირად დამქანცველი სტანდარტები, მოთხოვნები, რომელსაც საკუთარ თავს უყენებთ, მუდმივად აფასებთ საკუთარ თავს, აკონტროლებთ საკუთარ ქცევებს, ისწრაფვით სრულყოფილებისკენ.
 
სტატიის ფორმატი არ გვაძლევს საშუალებას, შევამოწმოთ მეორე და მესამე სკალის დებულებები და მონაცემები დავადგინოთ. ისე კი, აღვნიშნავთ, რომ მეორე სკალა ეს არის რწმენა და მოლოდინები სხვა ადამიანების შესაძლებლობების მიმართ, რაც იმაში გამოიხატება რომ შესაძლებელია პერფექციონისტული ტენდენციები სხვის მიმართაც გვახასიათებდეს; გვქონდეს ძალიან მაღალი, არარეალისტური სტანდარტები, მოთხოვნები, რომლებსაც ვუყენებდეთ ჩვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებს, მუდმივად ვაფასებდეთ მათ მოქმედებებს და მათგან სრულყოფილებას მოველოდეთ. ამ ტიპის დამოკიდებულება იწვევს იმას, რომ ხშირად გამოვთქვამთ საყვედურებს, არ ვენდობით და ზოგჯერ მტრულადაც კი ვართ განწყობილი ახლობელი ადამიანების მიმართ. მესამე სკალა კი ადგენს, თქვენი აზრით, როგორ სტანდარტებს გვიყენებენ გარშემო მყოფი ადამიანები. თუ ეს მოთხოვნები ძალიან მაღალია, ამან შეიძლება შეგიქმნათ განცდა – რაც არ უნდა მოხდეს, მაინც ვერ მოვიგებ გარშემომყოფთა გულს.
როგორ ვებრძოლოთ დესტრუქციულ პერფექციონიზმს?

რეკომენდაციები ბევრია, განვიხილოთ რამდენიმე:

1. დასახეთ რეალური მიზნები;
2. სხვებზე გადაანაწილეთ მოვალეობები, იმუშავეთ ჯგუფურად და ითანამშრომლეთ;
3.მიეცით თავს შეცდომის დაშვების უფლება, უფლება იყოთ არასრულყოფილი; 4.ისწავლეთ საქმის დახარისხება – განასხვავეთ მთავარი მეორეხარისხოვანისგან;
5. შეისვენეთ 1-2- დღე და ისე შეუდექით ახალ საქმიანობას, ისწავლეთ შესვენება საქმიანობის პროცესშიც;
6 თუ პერფექციონიზმი ქრონიკულ სტადიაში გადაგივიდათ აწარმოეთ დროის აღრიცხვა – რას რამდენ დროს უთმობთ. გადახედეთ და გაიაზრეთ რა შეიძლება მოჰყვეს ასეთი დაძაბული რეჟიმით მუშაობას. დღის განმავლობაში დაიტოვეთ დრო არასამუშაო აქტივობებისთვის….

მწერალი პერსონაჟის გარსში (ნოდარ წულეისკირის წერაქვული ოცწლეული)

0

გროზნოდან ჩამოსვლისთანავე შვილმა, ირმამ წერაქვში ამომიყვანააქედან იწყება ჩემი პანტედ გარდასახვა.

ამა თუ იმ ქვეყნისა და ეპოქის მწერალი არაერთხელ შერწყმია საკუთარ პერსონაჟს მხატვრულ წარმოსახვაში, თუმცა უფრო ნაკლებყოფით სინამდვილეში, მაგრამ ესეც მომხდარა, განა არა, შემოქმედს წინასწარჭვრეტის წყალობით თუ ქვეშეცნეულად რომ უგრძვნია თავისი მომავალი ბედი.

და ნოდარ წულეისკირსაც ნეტა თავიდანვე უკარნახებდა იდუმალი ხმა, ოდესმე შენს პერსონაჟად გარდაისახებიო?

მიხეილ ჯავახიშვილს პირადი ტრაგედია გამოაქცევდა წერაქვიდანდასა და დედას სადაც დაუხოცავდნენ, იქ სულიერ სიმშვიდეს კი არა, წონასწორობასაც ვეღარ ჰპოვებდა.


 

ნოდარ წულეისკირს პირადი ტრაგედია გააქცევდა წერაქვშიეროვნულ ხელისუფლებას სადაც დაუმხობდნენ და ქვეყნის პრეზიდენტს ჯერ განდევნიდნენ და შემდეგ სულაც სასიკვდილოდ გაწირავდნენ, იმ თბილისში სულიერ სიმშვიდეს კი არა, წონასწორობასაც ვეღარ ჰპოვებდა.

და წერაქვი ასე მოულოდნელად აღმოჩნდებოდა მწერლის თავშესაფარიერთი მწერლის დამკარგავი მეორის მასპინძელი მაინცოღონდ ისეთი პროზაიკოსის, ვინც ამ სახელს წარსული მოღვაწეობით უფრო ატარებდა, თორემ ისე ავად შემობრუნებოდა ბედისწერა, ამიერიდან ეულსა და უარყოფილს ტვირთად უნდა ეზიდა დაუწერელი, მკვდრადშობილი პერსონაჟებისა და გმირების სახეები.

ჩემი მხრივ უთუოდ მოვერიდებოდი ამ ეპითეტსმკვდრადშობილითვითონ რომ არ ამოთქვამდეს უღრმესი ტკივილით.

სოფლის სკოლის მასწავლებლისათვის მწერლობაც უკვე დასრულებულიყო და სიცოცხლეც 1992 წლიდან.

არადა, სულ ცოტა ხნის წინათ იყო, ზვიად გამსახურდია კულტურის მინისტრობას რომ შესთავაზებდა, ამას ემძიმებოდა ეს თანამდებობა და, უარს რომ მოახსენებდა, თავს ამით იმართლებდა:

მწერალი ვარ, ჩემი საქმე მაქვს, არ შემიძლია.

და გაიცინებდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი:

გოეთე ფინანსთა მინისტრი იყო, შენ რა ისეთი მწერალი ხარ, უარს რომ მეუბნები!

ახლა კი

რა უნდა დამეწერა, ვისთვის უნდა დამეწერა? მათთვის, ვინც ტყვია მესროლა?

პანტედ გარდასახულიყო.


(ნოდარ წულეისკირი – ბუბა კუდავას ფოტო.)

თუმც ახლა კი არაპანტე ცაავა გახლდათ იმთავითვე, რაც ეს პერსონაჟი ჩაიფიქრა დადავით აღმაშენებლის ქვამისი სახის ირგვლივ ააგო სიუჟეტად. საკუთარ თავს გამოხატავდა და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, შეგნებულად მოხდა ეს თუ ქვეშეცნეულად. თავის სულს აქსოვდა მის არსებაში, თავის ფიქრსა და განცდას უშურველად ჩუქნიდა და თავისი ბიოგრაფიული დეტალებიც სიმბოლურად გააზრებული შეჰქონდა მის თავგადასავალში.

და თურმე ცხოვრების გარეგნული წესითაც უნდა დამსგავსებოდა თავის გმირსმართლა გამხდარიყო სოფლის მასწავლებელი და სამუდამოდ შერწყმოდა ამ კოლორიტულ პერსონაჟს, რათა მხოლოდ ასე მოეშუშებინა ის იარები, რომლებიც არ ჩანს, მაგრამ მათი გადატანა მარტოობაში თუა შესაძლებელი.

ამუშავებდა მიწას საკარმიდამო ნაკვეთზე, მოჰყავდა მოსავალი და მარტო რჩებოდა წლების განმავლობაში.

ბუნებას, მასთან შერწყმის უნარი თუ გაგაჩნია, ადამიანის გაცოცხლება ძალუძს. წელი წელს მიყვებოდა, სეზონი სეზონს, თანდათანობით მოკვდა ჩემში მწერალი, ცოცხლობდა პანტე.

ეს არ იყო სახალისო, თამაშთამაშა შრომა, მართლა უნდა გარჯილიყო და ეგრძნო შრომის დამქანცველობაც და ისიც, თუ რას განიცდიდა ვაჟაფშაველა, მიწას რომ შებმოდაარც იმას რჩებოდა სინანულისა თუ სასოწარკვეთის დრო და გამოკიდებულიყო ცისა და მიწის ამარა.

ნოდარ წულეისკირის ცნობიერებაში კი ხელშესახებად ჩნდებოდა თავისი მხარის ნოსტალგია, თავსხმა წვიმასა და სინესტეში მაინც განსაკუთრებით აფორიაქდებოდნენ ხოლმე ყრმობისა და ახალგაზრდობის მოგონებანი და თითქოს თვალნათლივ ხედავდა თავის ბავშვურ გატაცებასაც.

მაინც რას შეეძრა ყველაზე მეტად მისი გული და რას აღეტაცა ასერიგად, სიბერეში შესულს ერთ ყველაზე ნათელ სურათად რომ გადაშლოდა გონების მზერის წინაშე?

რას და:

შაშვის ბარტყების დარაჯობას.

ვის რა საქმე გასჩენია ბავშვობაში თავისებურ თამაშად, ამას კიეს, ასეთი უჩვეულო და მოულოდნელი.

ახალშეღინღლულნი და მოზრდილნი ბუდეში რომ ვეღარ ეტეოდნენ და ხშირად ვარდებოდნენ იქიდან, ასეთი ბარტყი განწირული გახლდათან კატას უნდა შეესანსლა, ანდა რომელიმე სხვა მტაცებლის მსხვერპლი გამხდარიყო. პატარა ნოდარი კი ამოიჩემებდა განწირული ბარტყის გადარჩენასწაიყვანდა შინ და ზრდიდა, უჭერდა კალიებს, აღონიერებდა და თვალს ადევნებდა, მოყოჩაღებულნი ნელნელა როგორ იწყებდნენ ფრენას, ჯერ მცირე მანძილზე რომ დაფრთხიალებდნენ, ვიდრე გაშლიდნენ ნახშირივით შავ, უკვე საკმაოდ მოზრდილ ფრთებს და აიჭრებოდნენ ზეცაში.

მოშინაურებულს, ცხადია, სახელიც უნდა რქმეოდა და, როგორც წესი, შოშიტას არქმევდა.

დიდი მოვლაპატრონობისა და ზრუნვის მიუხედავად, მაინც ხშირად ეხოცებოდა?

მაგრამ რამდენიმე შოშიტას ხომ მაინც გაზრდიდა.

და ახლაც შოშიტების გაზრდის პროცესი უნედლებდა გულსაც და ჰმატებდა ძალასაც და სიმხნევესაც, რათა მიწას მიჯაჭვოდა ისე, როგორც ამ მიჯაჭვის წესია.

თუ რას განიცდიდა ვაჟაფშაველა, მიწას რომ შებმოდაო

ეგაა, იმას აქეთიქიდან მისეოდნენ თავისი პერსონაჟები და არ აცლიდნენ გულმშვიდად გარჯას, უეცრად რომ მიჰყრიდა ცელსა თუ ბარს და კალამფურცლის ასაღებად გამოეჩქარებოდა, რათა წერაში ჩაფლულს ახლა წუთისოფლის ქარის შემაძრწუნებელი სისინი ეგრძნო და კვლავ მიწას მივარდნოდა ჟინით ანთებული.

ნოდარ წულეისკირს აღარ აწუხებდნენ თავისი პერსონაჟებიყოველ შემთხვევაში ისე აღარ, სამუშაო იარაღები რომ მიეყარა.

კიდევ კარგი, რაღაც ახალი ნაკადი რომ დაიძვროდა მის სულშიპანტედ გარდასახვა და ბავშვებთან ურთიერთობა სხვა სიყვარულის მარცვალს გააღივებდა მასში.

ჟურნალისტებისათვის ეგზოტიკურ არსებად გადაიქცეოდა და ხან ვინ ჰკითხავდა და ხანაც ვინ: რატომ მიატოვეთ მწერლობა, ქალაქს რატომ გაერიდეთო?..

და ამას უკვირდა, ნეტა რატომ ჩამციებიან, ნუთუ თავისით ვერ უნდა მიხვდნენ, რომ საზოგადო მოღვაწე ნოდარ წულეისკირმა რაც შეეძლო, ყველაფერი იღონა, მწერალმაც იქამდე იშრომა, ვიდრე მიაჩნდა, ჩემი წვალება ფუჭი არ არისო.

ტყვიის მიღების შემდეგ კი უნდა დაესრულებინა და კიდეც დაასრულებდა ცხოვრებას, რომლითაც მანამდე ცხოვრობდა, და დაიწყებდა ახალსიპოვნიდა ადგილს, სადაც საჭირო იყო.

ვისთვის უნდა დამეწერა, მათთვის, ვინც ტყვია მესროლაო?..

ბოლოს ხუთნი გამოვიდოდნენ იმ ეგრეთწოდებული ბუნკერიდან: ძმები პეტრიაშვილები, მარნეულის იმდროინდელი გამგებელი, ერთი ქალბატონი და ნოდარ წულეისკირი.

უნდა გავქცეულიყავით თბილისიდან, მაგრამ საით, არ ვიცოდით.

ცენტრალურ ქუჩებს მშვიდობიანად გაივლიდნენ, მიუახლოვდებოდნენ თბილისის გარეუბანს დააი, იქ უკვე ტყვიებს დაადევნებდნენ.

ქალი ერთ ოჯახს შეაფარებდა თავს, ესენი კი გზას გააგრძელებდნენ და ტყვიებიც თან გამოჰყვებოდათ, სიბნელეში ცეცხლის ნაპერწკლებივით რომ რიალებდნენ ჰაერში.

ტყვიების ზუზუნში ქალაქის შემოგარენიც რომ გამოჩნდებოდა და დანარჩენები გადაწყვეტდნენ: ეს მთა გადავიაროთო, — ნოდარ წულეისკირი განუცხადებდათ:

უჩემოდ წადით, მეტი აღარ შემიძლია, ჩემიანებთან შინ გავბრუნდები, მომკლავენ და მომკლან.

და კიდეც ამოეფარებოდა რაღაც ნაგებობის კედელს და დაელოდებოდა ცეცხლოვანი ტყვიების ჩაწყნარებას. დიდხანს კი მოუწევდა მოცდა, მაგრამ სხვა რა უნდა ეღონაცოტა ხანში კი შეშლილი და განწირული კივილით ვიღაცის ლანდი გაიელვებდა მის თვალწინ: იქ კაცები ჩაცხრილეს! ჩაცხრილესო!..

ეს გახევებული იდგებოდა და მთელ სხეულში სიმწარე დაუვლიდა იმის გაფიქრებაზე, რომ შესაძლოა მისი მეგობრები ჩაეცხრილათ. ამასობაში კიდეც იცისკრებდა. და ეს თავისი ბინისაკენ რომ გამოსწევდა, არავის და აღარაფერს მოერიდებოდათუ მსროლელი გამოჩნდებოდა, ვერ წაუვიდოდა და აღარც ანაღვლებდა.

და შინ კი მიაღწევდა ცოცხალი, მაგრამ მიხვდებოდა, რომ აქედან გადახვეწის გარდა სხვა გზა აღარ დარჩენოდა.

და დედაქალაქსა და მწერლობას ერთად გამოეთხოვებოდა გუნებაშ.


(ნოდარ წულეისკირი, მუხრან მაჭავარიანი, გურამ პეტრიაშვილი, ზვიად გამსახურდია – ჯემალ კასრაძის ფოტო.)

თუ რაიმეს დაწერდა, წერილებს საქართველოს მეორე პრეზიდენტის, ტრანსპორტის მინისტრის, მარნეულის რაიონის გამგებლის, „ღია საზოგადოებასაქართველოსათუ რედაქციის სახელზე, და ყველასმარტოდენ წერაქვის სკოლის გადასარჩენად და მისი ყოფის გასაუმჯობესებლადდა კიდევ რეცენზიას აკაკი ბაქრაძის ბიოგრაფიულ რომანზე გრიგოლ რობაქიძის შესახებ — „კარდუ“, რომლის ანალიზიც პირწმინდად ლიტერატურული არ იქნებოდა და პოლიტიკურ პამფლეტსაც ამიტომ დაემგვანებოდა, მითუმეტეს, მისი შთამაგონებელი გახლდათ არა იმდენად სამწერლო ინტერესი, რამდენადაც ნოსტალგია იმ მძაფრი ჭიდილით აღბეჭდილი დროისა, როდესაც ეს ორნი თავგანწირვით უპირისპირდებოდნენ იმჟამად ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივანს ედუარდ შევარდნაძეს ქართული ენის სახელმწიფოებრივი უფლების გადასარჩენად.

და კიდეც ამოიზიდებოდა ხსოვნის კუნჭულიდან ტრიბუნაზე აღმართული აკაკი ბაქრაძის სახება და ის დაუვიწყარი სიტყვები: თუ არ შეგვიძლია შევცვალოთ კრემლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქართული ენისათვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევის თაობაზე, ის მაინც შეგვიძლია, რომ უარვყოთ ეს კონსტიტუცია. ამით ჩვენ მართლები ვიქნებით შთამომავლების წინაშე, გავაგებინებთ ჩვენს ხალხს, რომ ქართული მწერლობა მკვდარი არ არის და ქართულ ენას არაფრისდიდებით არ დათმობსო.

ახლაც ყურში ედგა, აკაკი ბაქრაძის ჩამოსვლას ტრიბუნიდან რამხელა ტაშისცემა მოჰყვებოდაკინაღამ დაინგრეოდა დარბაზი. და ამ გადასახედიდან როგორ არ დაედასტურებინა კიდევ ერთხელ, რომ იმ დღეს ყველა მწერალი გრაალის მცველი იყო და კიდეც ამიტომ გადაარჩინეს გრაალი!..

იმ რეცენზიას სუსხიან იანვარში წერდა, მუხლამდე თოვლი რომ იდო და მოძრაობა თითქმის შეწყვეტილიყო. და ასეთ დროს უეცრად უნდა გამოცხადებოდა ახალგაზრდა ქალი და მისთვის წინ დაედო ქაღალდების სქელი დასტაპირველი გვერდი თხოვნაწერილი იყო, დანარჩენიხელმოწერები. ხელმომწერები ითხოვდნენ აკაკი ბაქრაძის გადასვენებას მთაწმინდაზე. და ამას სხვა რა შეიძლება გაეფიქრებინა, თუ არა: ჩემი მეგობრის მიერ გადაგდებული კეთილი თესლი ნოყიერ ნიადაგში ჩაფლულაო!..

და ფიქრს ფიქრი მიედევნებოდა: არ არის ყველაფერი დაკარგული, იმედი და რწმენა მართლა გადარჩენილა, მერე რა, რომ პატრიოტები სულს ღაფავენ და კოსმოპოლიტები ზეიმობენ. მოვა დრო და ყველაფერი ისე იქნება, როგორც ამათმოულოდნელ სტუმარსა და სხვა ხელისმომწერთუნდათ. დრო მოიტანს ამას, მთავარია, შევინარჩუნოთ გამძლეობა და გადავარჩინოთ რწმენაიმედი, სწორედ რობაქიძისეული გრაალიო.

მოგვიანო მინაწერი მხოლოდ ამ რეცენზიას არ მიედევნებოდა, სხვა თხოვნაწერილებსაც დაერთვოდა, რაკიღა გამომცემლობაინტელექტიაიძულებდასწორედაც აიძულებდა — „ჩანაწერებისსერიისათვის მასაც, მწერლობას ჩამოშორებულ ნოდარ წულეისკირსაც შეემატებინა თავისი წილი თხზულება და ასე შემობრუნებულიყო სალიტერატურო ასპარეზზე.

ის დოკუმენტები არამარტო ერთი სოფლის სკოლის, არამედ მთელი იმ მხარის ყოფით ცხოვრებასაც რომ აირეკლავდა და მინაწერები ამ რეალობას კიდევ უფრო ცხადლივ წარმოსახავდა, არაერთი ნაფიქრიც გადაინაცვლებდა ფურცელზე და ასე შეიქმნებოდა არცთუ მოზრდილი, მაგრამ საკმაოდ ტევადი წიგნიოცი წელი წერაქვში“, როგორც მწერლის სულიერი ბიოგრაფიის დოკუმენტი და ქვეყნის ისტორიული ცხოვრების ქრონიკაიმ მიუკერძოებლობით აღბეჭდილი, რაც მოსალოდნელი გახლდათ ნოდარ წულეისკირის დარი ღირსეული პიროვნებისაგან.

როდესაც ნანული შევარდნაძე ესტუმრებოდა წერაქვს და თავს გამოიდებდა ამ სოფლისთვისაც და მისი სკოლისთვისაც, პირველი ლედის პატივსაცემად გამართულ სუფრას ნოდარ წულეისკირი უთამადებდა და, მადლობას რომ მოახსენებდა სიკეთის გაღებისათვის, ვერ მოითმენდა და დასძენდა:

ჩემს პოლიტიკურ პოზიციას სიცოცხლის ბოლომდე მაინც არ და ვერ შევიცვლი.

ამ სიტყვებზე სტუმრის ამალა შეიშმუშნებოდა, მაგრამ შეშმუშვნა და შეჩქვიფება მერე უნდა გენახათ, როდესაც ქალბატონი ნანული თამადას ასეთ პასუხს დაუბრუნებდა:

ბატონო ნოდარ, თქვენნაირი ერთგული თანამებრძოლი ჩემს მეუღლეს ერთი მაინც რომ ჰყავდეს, მასზე აღარ ვინერვიულებდი.

რაოდენ გულსაკლავი ამონათქვამია: ერთი მაინცო

მართლა ერთგული ადამიანი ენატრებოდა, თორემ ასეთი ფრაზები მასაც არაერთი მოესმინა, თუნდ წერაქვში ახლა უკვე ედუარდ შევარდნაძის სტუმრობისას იზა ორჯონიკიძე ძალიან რომ გამოიდებდა თავს:

შენთვის ტყვიას შევუშვერ შუბლს.

თუმც მის მღელვარებას იქვე ჩააშოშმინებდა ჯანსუღ ჩარკვიანის მახვილი ფრაზა:

რა ვიცი, შევარდნაძეზე ტერორისტული თავდასხმა უკვე ორჯერ განხორციელდა, მაგრამ შენ იქ არ დამინახიხარ.

ამ სტუმრობისას პრეზიდენტი თან რომ იახლებდა თბილისის თითქმის მთელ ინტელიგენციასა და დიდ დაცვას, ნოდარ წულეისკირისათვის ეს ხომ ის ადამიანები იყვნენ, ტყვია ვისაც დაეშინა მისთვის.

სხვა შემთხვევაში გაერიდებოდა აქაურობას და მაღალ სტუმარს სათოფეზედაც არ გაეკარებოდა, თუკი ეცოდინებოდა, სიტყვის თქმის უფლებას არავინ მომცემსო, ხოლო თუ საჯაროდ გამოსვლის იმედი გაუჩნდებოდა, ისეთივე მკაცრი იქნებოდა მისი გამოსვლა ედუარდ შევარდნაძის წინაშე, როგორც სჩვეოდა და აკი ისე გაეგულისებინა იმ მწარედ მოსაგონარ 70-იან წლებში, „მონანიებისგადაღებისას თენგიზ აბულაძეს თვითონვე შესთავაზებდა ნოდარ წულეისკირიფილმი რომ არ დაბრკოლდეს, ტიტრებში ჩემს სახელს ნუ მოიხსენიებო.

არადა, „მონანიებამისი იმ სიუჟეტით შთაგონებულიყო (ცოდვილი მიცვალებულის ამოთხრა საფლავიდან), რომანს რომ დაედებოდა საფუძვლად — „აფთრებს“, რომლის პირველი ნაწილიც 1997 წელსედუარდ შევარდნაძის ფონდის წყალობით გამოიცემოდა, თანაც მანამდე საქართველოს მეორე პრეზიდენტი უცხოელ კორესპონდენტთან საუბრისასმონანიებისსცენარის ერთერთ ავტორად ნოდარ წულეისკირს დაასახელებდა.


(„აფთრები”, მე-2 გამოცემა, „ინტელექტი”, 2013″.)

არადა, იმ შემზარავი და ფილმისთვისაც ასერიგად შთამბეჭდავი სიუჟეტური ქარგის მიმგნების გასაიდუმლოება დროის გადასახედიდან კომიკურიც რომ გამოჩნდებოდა, მწერლის უბის წიგნაკის ჩანაწერებითაც დასტურდება.

თუ იკრიბებოდნენ თენგიზ აბულაძესთან, ეს ხდებოდა უსათუოდ ღამით და იმ ოთახში არ სხდებოდნენ, ტელეფონი სადაც იდგა. ხოლო როდესაც რეჟისორი სტუმრობდა ხილიანის ქუჩაზე, ბინაში საერთოდ არ შედიოდა: აქ ყველაფერი ჩართულიაო, — ჩუმად გაჰყავდა შინიდან დამზიურშიჩადიოდნენ, მოძებნიდნენ მყუდრო, უკაცრიელ კუთხეს და იქ არჩევდნენ ეპიზოდებს სცენარისათვის. უმთავრესად ეშინოდათ ალექსი ინაურისა და საერთოდ უშიშროების კომიტეტის, რომელთანაც ნოდარ წულეისკირს ისედაც გართულებოდა მდგომარეობა, და ერთხელ მისთვის მძიმე საგანიც ჩაერტყათ თავში და გაეფრთხილებინათ: ვინმესთან თუ წამოგცდება, უარესს ელოდეო. ეს კი, ვინმესთან კი არა, სულაც მწერალთა სასახლეში გამართულ თავყრილობაზე მოყვებოდა ამ ამბავს და გულმშვიდად დაელოდებოდა მუქარის აღსრულებას.

ამჯერად კი შიში უსაფუძვლო არ აღმოჩნდებოდაფილმს ორჯერ დააპატიმრებდნენ. მანამდე კი კინოსტუდიის დირექტორის მოადგილესთან დარეკავდნენიქიდან“: რა უნდა ნოდარ წულეისკირს თენგიზ აბულაძესთანო. და რაკიღა მალული შეხვედრებიც ჭირდა, რეჟისორი გადაწყვეტდა, რომ ფილმს ბევრი ავტორი ჰყოლოდაასე შეუერთდებოდათ ჯერ მისი რძალი, თეატრალური ინსტიტუტის IV კურსის სტუდენტი ნანა ჯანელიძე („სადიპლომო სჭირდება და ბარემ ჩვენთან შეასრულოს ეს სამუშაო“), შემდეგ კი რეზო კვესელავაც, გამოცდილი კინოსცენარისტი.

ფილმის პირველავტორები კი საზოგადოებაში ერთმანეთს არ ესალმებოდნენ. ერთხელ ერთად მოხვდებოდნენ პანაშვიდზე და ვითომ ერთიმეორეს არ იცნობდნენ, ცალცალკე იდგებოდნენ. ეს შეატყობდა თენგიზს მოუსვენრობასწამდაუწუმ რომ აუვლჩაუვლიდა. იფიქრებდა: ალბათ რაღაცის თქმა უნდაო, — და გაყვებოდა. როგორც კი დაიმარტოხელებდა, რეჟისორი გაუწყრებოდა: განიშნებ თვალით, თავით, როგორ ვერ ხვდები, რომ შენთან შეხვედრა მინდაო.

როდესაც ფილმს ჩაუშვებდნენ, ნოდარს ჰონორარს როგორ გამოუწერდნენ, როდესაც არსად, არცერთ დოკუმენტში მისი გვარსახელი არ ჩანდა? მოხერხდებოდა ისე, რომ ჰონორარი აკაკი ბაქრაძის ხელით გამოეგზავნათ, ხოლო გადაღების პროცესშიც რომ უნდა ემუშავა სცენარზე, ლეილა გორდელაძის ფილმზე გააფორმებდნენ რედაქტორად და ხელფასს ამ გზით მისცემდნენ.

* * *

იმდროინდელი ნოდარ წულეისკირის ზოგადი, ზუსტი შტრიხებით გამოკვეთილი ლაკონიური პორტრეტი ასე შემორჩებოდა რეზო ჭეიშვილის დღიურებს, 1983 წლის 6 აპრილს რომ ჩაინიშნავდა მასთან შეხვედრას კინოსტუდიაში:

რას აკეთებს, აღარ ვეკითხები. წაგიყვან თქვა, მანქანა შევთავაზე იმ დღეს, არ ჩამიჯდა, გზას არ გაგიმრუდებო. მარტოხელა, გარიყული მგელივითაა. დიდი პორტფელით დააბიჯებს სრულიად მარტო. ხვალ ხარებააო

აქაც კი, მილიონიან ქალაქში მარტოხელა და გარიყულ მგელს დამსგავსებია და ყველასაგან მივიწყებულ სოფელში რაღა გასაკვირია მისი ის ამოკეტვა საკუთარ თავში

* * *

მონანიებამისი სიუჟეტით შთაგონებულიყოო

თენგიზ აბულაძეს ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდა თუ არა, უკვე გაამჟღავნებდა ფილმის ანონიმი ავტორის ვინაობასაც.

ეს დავიდარაბა არ მოხდებოდა, ედუარდ შევარდნაძეს ამომიზნებული რომ არა ჰყოლოდა ნოდარ წულეისკირი, და ახლა რარიგ შემოტრიალებულიყო წუთისოფელი, რომ საქართველოს მეორე პრეზიდენტთან მიწერილი წერილი ბევრ სასიკეთო სიახლეს მოუტანდა სკოლას, რომელსაც უპირველესად მაინც ავტობუსი ესაჭიროებოდა, რადგანაც ძველი ავტობუსი თანდათან ჯართად გადაქცეულიყო და სექტემბრიდან პედაგოგები უკვე ვეღარ ივლიდნენ თბილისიდან წერაქვში. ასეთი უმნიშვნელო საკითხისათვის ღირდა განა პრეზიდენტის შეწუხება? თურმე აუცილებელიც გახლდათ, რადგან მის ჩაურევლად ესეც კი ვერ მოგვარდებოდა, ახლა კი სკოლასაც უნდა ამოესუნთქა, სოფელსაც და მთელ მხარესაც.

ბატონო პრეზიდენტო, სულიერ უდაბნოში 65 წლის მწერალს ხელში თოხი მიჭირავს ჩემს მოწაფეებთან, მათ მშობლებთან ერთად, ვთოხნი სამ ჰექტარ მიწას, ეგებ სიმინდი მოვიყვანო, მერე ის გავყიდო და ბავშვებს წიგნები ვუყიდო, სკოლას სახურავი გამოვუცვალო და .. ყველაფერ ამას ჩვენ ავიტანთ, ოღონდ ის მასწავლებლები, რომლებიც ასეთი დავიდარაბით ჩამოვიყვანეთ თბილისიდან, ისევ არ დაგვეფანტონ.

ამ ბარათს ჯავახიშვილობის გრანდიოზული ზეიმი რომ მოჰყვებოდა, ამას გარდა პრეზიდენტი სკოლას გადასცემდა 10 000 ლარს, რისი მეშვეობითაც ტრაქტორს შეიძენდნენთუმც უხიფათოდ ვერ გადარჩებოდნენტრაქტორის შეძენისას თაღლითებს გადაეყრებოდნენ, ისინი კი უკეთესს რას იზამდნენ დაჯართად ჩამოწერილ ტრაქტორს შემოაჩეჩებდნენ, რის ვაივაგლახით რომ შეძლებდნენ ჯართის უკან მიბრუნებასაც და თანხის გამოგლეჯასაც.

ის წერილი კი, გაზეთახალი საქართველოსფურცლებიდან რომ გაუგზავნიდაღია საზოგადოებასაქართველოს” (სათაურშივე გაიტანდა: ყველაზე დახურული და ბნელი საზოგადოებაო!) მისთვის ჩვეულ მძაფრ პუბლიცისტურ სტატიად წარმოგვიდგება და არა მხოლოდ გულისწყრომის გამჟღავნებადრატომ არ ერგუნა წერაქვის სკოლას კომპიუტერიო. წერილი აშიშვლებდა სოროსის ქველმოქმედების მოჩვენებითობას და შორს გამიზნულ პოლიტიკური ზრახვებს, სულ მალე რომ უნდა გამოეღო დამღუპველი შედეგი ჩვენი ქვეყნისათვის.

ეს მარცხი მისთვის მეტად პრინციპული იმიტომ გახლდათ, რომ პირად კონკურსში კი არ დამარცხებულიყო და მისი მოთხრობები კი არ დაეწუნებინა ვინმეს, დაიწუნეს წერაქვის საქმე.

წერაქვის საქმე მარტო ჩემი პირადი საქმე არ არის, ვისაც ესმის, ის საერთო ქართული საქმეა. ამიტომ ჩამაბარეს. მე არ მითხოვია თბილისისათვის სამსახური, აქეთ მთხოვეს.

და დაბეჯითებით აცხადებს, საერთო ქართული საქმე რომ არა, სოროსის გრანტს არ ვითხოვდიო. და უფრო მკაცრადაც და მწარედაც:

ძველი კაგებეს მსგავს დაწესებულებას მე სამათხოვროდ ხელს არ გავუწვდიდი.

ის კი არა, დაიმუქრებოდა: ამ წერილს ვთარგმნი და ჯორჯ სოროსს გავუგზავნი მოთხოვნით: გააუქმოს ეს საზოგადოება და ახალი შექმნას, ვისაც ეცოდინება საქართველოს ჭეშმარიტი ფასიო.

მოგვიანო მინაწერში აღნიშნავდა, რომ გაზეთში გამოქვეყნებული ეს მღელვარებით აღსავსე წერილი წაეკითხა ოთარ ჩხეიძეს, მოთათბირებოდა თავის შვილებს, დაერეკა რედაქციაში და შეეტყობინებინა, რომ ჩხეიძეთა ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებით, წერაქვის სკოლას იმ დროისათვის საუკეთესო კომპიუტერი ექნებოდა. მართლაც ორიოდ კვირაში ეწვეოდნენ სანატრელი საჩუქრით და, გარდა კომპიუტერისა, სკოლას წიგნებსაც ჩაუტანდნენ.

ამ მეგობრული და კარგი ადამიანური ჟესტით მათ სინათლე შემოიტანეს ჩემს საცოდავ სკოლაში. ჩხეიძეების ჩამოსვლითა და მათი განუმეორებელი საჩუქრით წერაქვის სკოლისათვის ახალი სიცოცხლე დაიწყო.

აქ ნაგულისხმევია და, საქმეში ჩახედულ ადამიანთათვის, სტრიქონსა და სტრიქონს შუა თვალნათლივ გამოსჭვივის სილუეტი იმ პიროვნებისა, ვისი შემწეობითაც მოხერხდებოდა ამ პატრიოტული აქციის ხორცშესხმაჩვენი ოჯახის წევრის, ზაზა ოქუაშვილის, ვის სახელსაც მანამდეც და მას შემდეგაც დაუკავშირდებოდა არაერთი საქვეყნო და საქველმოქმედო საქმე.

ამის კიდევ ერთ დასტურს თუნდ ნოდარ წულეისკირის ამავე წიგნის ფურცლებზე იპოვნის მკითხველი, როდესაც ავტორი მადლობას უძღვნის ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებას ჭეშმარიტად ნამდვილი ლიტერატურის გამოცემისათვის, უშუალოდ აკაკი ბაქრაძისკარდუცადა სხვა მნიშვნელოვანი წიგნებიც ზაზა ოქუაშვილის თანადგომით იხილავდნენ მზის სინათლეს.

ნატეხებად გადავიდოდა წიგნის ფურცლებზე მემუარული ჩანაწერები თავის პერსონაჟად გადაქცეული მწერლის ყოფიდან, ეპიკას განდგომოდა და ლირიკულ ჩანართებში მოიოხებდა გულს, ისიც გამომცემლობა ძალიან რომ შეუჩნდებოდა.

არადა, უბის წიგნაკში გაელვებულ და მიმოფანტულ სახეთაგან არაერთი შეიძლება გამხდარიყო მისი მოთხრობისა თუ რომანის პერსონაჟი, ყოველ შემთხვევაში ავტობიოგრაფიული რომანის ფურცლებზე კოლორიტულად და კანთიელად წარმოსახულიყო.

აგერ უცხოელი ჟურნალისტი გაოგნებული მისჩერებია ძველებურ ნაკვერჩხლის უთოს და მოწონების ნიშნად ამბობს: რა იშვიათი ანტიკვარი გქონიათო, — რის პასუხადაც მასპინძელმა არცთუ სახარბიელო ვითარება უნდა გაუმხილოს: ამ იშვიათ ანტიკვარს ხშირად ვიყენებთ, რადგანაც შუქი არა გვაქვს ხოლმეო. ჟურნალისტმა კი თარჯიმანს რამდენჯერმე უნდა ჩაჰკითხოს და უსაყვედუროს კიდეც: სწორედ ვერ მითარგმნი რაღაცას, თორემ სამუზეუმო ნივთზე ასეთ რამეს როგორ მეტყოდნენო.

აგერ ქართველი ჟურნალისტი იმით უნდა დაინტერესდეს, თუ რატომ აღარ წერს აღიარებული მწერალი, ვინცამ შეკითხვით გაბეზრებულიამჯერად იუმორს მოიმარჯვებს: თაბახის ფურცელი არ გამაჩნია და იმიტომო. იმას გულში ჩარჩებოდა ეს სიტყვები და ერთ შეკვრა თაბახს რომ გამოუგზავნიდა, თან შემოუთვლიდა: იქნებ ახლა მაინც დაწეროთ რაიმე, თუ მართლა თაბახის უქონლობაა ნამდვილი მიზეზიო.

ესსასოებით შემოიტანდა თაბახის იმ ლურჯ შეკვრას და საწერ მაგიდაზე დაიდებდა.

აგერ საპატრიარქოს ტელევიზია სტუმრებია ახალ ნაავადმყოფარს, ინსულტის გადატანის შემდეგ მეტყველება ჯერაც რომ უძნელდება. აბო ტფილელზე იღებდნენ დოკუმენტურ ფილმს და მისი ჩაწერა სურდათ, როგორც რომანის — „ღვაწლი და წამება აბოსი და იოანესი” — შემქმნელისა. ჩაიწერდნენ ინტერვიუს და მალევე გაბრუნდებოდნენ, მასპინძელს კი განსაკუთრებით დაამახსოვრდებოდა ეს სტუმრობა და უბის წიგნაკში დითირამბად ამოსკდებოდა, ცხადია, არამარტო იმწუთიერი შთაბეჭდილება:

ეს მუდამ ასე იყო: ადამიანები, რომლებიც საპატრიარქოს ირგვლივ ტრიალებენ, ნამდვილად გამოირჩევიან, მათ ათასშიც კი გამოარჩევს მცოდნე თვალი. იშვიათი ხალხია, ყოვლად უბოროტონი და მშვიდნი. ღმერთმა ქნას, რომ საპატრიარქოს მიდამოებში უფრო ბევრი და ბევრი ადამიანი დაიარებოდეს.

სულიერად თვითონაც იქ ტრიალებდა, საპატრიარქოს ირგვლივ, იმ მიდამოებში დაიარებოდასიჯიუტით, ტანჯვითა და წვალებით. თუკი ვინმეს დახმარება მოუნდომებია, უსათუოდ დიდი ბრძოლით უნდა მიეღწია, ხშირად კი ვერც აღწევდა მიზანს.

საკუთარი პრინციპები სხვისი გულისათვის არაერთხელ გადამიდია გვერდზე, მაგრამ მათთვის არასოდეს მიღალატია


ამ ზნეობრიობით წარმოდგება ჩვენს წინაშე ჩანაწერების ამ ციკლის — „ოცი წელი წერაქვში” — ავტორი, ვინც იმიტომაც შეცვლიდა მტკიცე გადაწყვეტილებასმიეტოვებინა წერადა კვლავ დაუბრუნდებოდა მწერლობას, რათა წინ წამოეწია თავისი ქალიშვილისირმა წულეისკირისის პატარა დიდი საქმეები, რომლითაც მას შეეძლო ესულდგმულებინა გარშემომყოფნი; და ამასთან ერთად ეჩვენებინა ადამიანური საქმეები, რომელთა კეთებაც ამა თუ იმ მიზეზთა გამო ავიწყდებათ ხოლმე.

საგანმანათლებლო და საქველმოქმედო ფირმაკრიალოსნისდაფუძნება უნდა დაკავშირებოდა ირმა წულეისკირის სახელს, მამასთან ერთად განათლების ლამპარს რომ აანთებდა ამ მივარდნილ და სახელმწიფოსაგან მიტოვებულ მხარეში, და მის შვილსთათიასუნდა აღედგინა ამ ფირმის საქმიანობა დედის მოულოდნელი აღსასრულის შემდეგ — 2012 წლის 18 სექტემბერს ტელევიზიით ნაჩვენები ციხის შემზარავი კადრების ნახვა რომ აღმოჩნდებოდა ირმასათვის საბედისწერო

თათია უნდა ამოდგომოდა მხარში პაპასაც უბის წიგნაკის ჩანაწერებისათვის ლიტერატურული ფორმის მინიჭებისას, რადგანაც ოთხმოც წელს გადაშორებული ინსულტგადატანილი მწერლისათვის დამოუკიდებლად წერაც საძნელო შეიქნებოდა.

დასაბუთებული მიზეზი ჰქონდა, რატომ აეღო წერაზე ხელი.

და ახლაც დასაბუთებული მიზეზით მოემარჯვებინა კალამი.

მე ზუსტად ვიცი, ამჯერად ვისთვის და რისთვის ვწერ.

და წინასწარვე იხილავდა იმ სურათს, წუთისოფლიდან გამგზავრება თვითონაც რომ მოუწევდა, იმქვეყნად პირველყოვლისა ირმას რომ მოძებნიდა და უსათუოდ ჰკითხავდა:

როგორ ხარ, შე ადამიანო?!

შე ადამიანოო

რაოდენ ნაცნობი, გაცვეთილი და, ამავდროულად, უცნობი და შეუბღალავი სიტყვაა, რომელიც ნოდარ წულეისკირის მწერლად ხელახლა დაბადების მეგზურად ქცეულა იმ გულისმომკვლელ სინამდვილეში, სადაც ბევრს დავიწყებია ადამიანის რაობა. და რა შეიძლება ესურვებინა თვისტომთათვის ღირსეული გზის გამომვლელ მწერალს, თუ არა:

ყველას ადამიანობა შეგაძლებინოთ ღმერთმა!

* * *

შაშვის ბარტყები ხშირად ცვიოდნენ ბუდიდან და ეს მათ უთუო სიკვდილს ნიშნავდარა იხსნიდათ კატისა თუ სხვა მტაცებელთა ბრჭყალებისაგან?!.

მაგრამ გადამრჩენად უნდა მოვლენოდათ პატარა ბიჭი, ვინც თავისი სიყმაწვილის მისიად მიიჩნევდა მათ გაზრდამოღონიერებასაც და ჰაერში ატყორცნასაც, რათა შოშიტებს ეგემათ სილაღე და თავისუფლება, ეგრძნოთ ღვთისაგან ბოძებული სიცოცხლის მშვენიერება.

ეს ნოდარ წულეისკირის ბავშვობისდროინდელი თამაში გახლდათშაშვის ბარტყების გადარჩენა, და სხვა აღარც აღარაფერი უნდოდა, დადარაჯებოდა მათ გადმოცვენას ბუდიდან, რათა ციმციმ გაექროლებინა შინ.

ყველას ადამიანობა შეგაძლებინოთ ღმერთმაო, — ჯერ კიდევ იმ თამაშში გამოწრთობილიყო ეს შეგონება, იმხანად უფრო ბუნდოვნად ნაგრძნობი, ვიდრე გამოიკვეთებოდა, სიტყვიერ გარსს მოირგებდა და თავისებურ გვირგვინად დაადგებოდა იმ პატარა ბიჭის მხატვრულ ხილვებს, ცხოვრებასა და ღვაწლს.

ერთგულება და განტევების ვაცები

0
გუნდი, რომელსაც თითქმის ოცი წელია ვგულშემატკივრობ, წელს ჯგუფში ჩარჩა. უფრო მეტიც, ინგლისის ნაკრებმა D ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და რაც თავი და ინგლისელების მიერ ჩატარებული მატჩები მახსოვს, ყველაზე საშინლად ითამაშა.

სანამ ამ მიზეზების გასარკვევად შეთხზულ ურიცხვ სტატიას, სტატუსს და კომენტარს მოილევს და მოინელებს საფეხბურთო სამყარო, ერთი ფრაგმენტი გავიხსენოთ დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნიდან:
„როცა საქმე ცუდად მიდის, წარუმატებლობის მიზეზად აუცილებლად ვინმე კონკრეტული უნდა დასახელდეს. თუნდაც მსოფლიო ჩემპიონატი რომ ავიღოთ: ინგლისის ნაკრების მარცხი 1998 წელს მე დამბრალდა, 2002-ში დევიდ სიმენს. 2000 წელს ევროპის ჩემპიონატის განტევების ვაცი, საზოგადოების მოლოდინის გაცრუების გამო, ფილ ნევილი აღმოჩნდა. მედიას და მაყურებელს ყოველთვის სჭირდება როგორც გმირი, ასევე დამნაშავეც”.

ბექჰემის თეორიას თუ წლევანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე განვაზოგადებთ, ალბათ ძნელი იქნება კონკრეტული დამნაშავის მოძებნა, ვისაც ინგლისის ნაკრების ასეთი სავალალო შედეგი დაბრალდებოდა, მაგრამ სამაგიეროდ ვერც გმირს, გამოკვეთილ მოთამაშეს დავასახელებთ, ვინც ბოლომდე დაიხარჯა, ნიჭიც და იღბალიც გამოიყენა და ყველას დაუმტკიცა, რომ ფეხბურთი მხოლოდ გუნდური სპორტი არ არის და თითოეულ ფეხბურთელს თავისი განსაკუთრებული როლი აქვს. და ამ ერთმა ფეხბურთელმა ხშირ შემთხვევაში მთელი გუნდის საქმე შეიძლება გააკეთოს. მაგალითისთვის ურუგვაელი ლუის სუარესიც გამოდგება, „ლივერპულის” ფორვარდი, რომელმაც ორი თამაში იმყოფინა იმისთვის, ერთდროულად ორი ტიტულოვანი ნაკრები დაებრუნებინა სამშობლოში და თვითონაც, არასპორტული საქციელის გამო, გუნდს დროზე ადრე დამშვიდობებოდა.

ვიცი, რომ ინგლისის ნაკრებს ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში, შესაძლოა ბრაზილიელებზე, გერმანელებზე, ჰოლანდიელებზე და ესპანელებზე მეტი არა, მაგრამ არც ბევრად ნაკლები. და ეს იმ დროს, როცა ინგლისელები თხუთმეტ წელზე მეტია სანაკრებო დონეზე მეოთხედფინალს ვერ გასცდნენ. ერთგულებაც ამას ჰქვია. იმაზე არაფერს ვამბობ, პრემიერლიგას ლამის მთელი ფეხბურთისმოყვარული საქართველო რომ უყურებს შაბათ-კვირაობით, ხოლო „მანჩესტერ იუნაიტედს”, „არსენალს” და „ლივერპულს” თაობები რომ ქომაგობენ. 

ბევრისგან მსმენია: ქვეყანას, რომელსაც უძლიერესი ჩემპიონატი აქვს, ყველა სათამაშო პოზიციაზე დიდი ფეხბურთელები და მსოფლიოს ყველა კუთხეში ასეთი ერთგული გულშემატკივარი ჰყავს, რატომ არ შეუძლია, ვთქვათ, კოსტა რიკისა და ურუგვაის ბარიერის გადალახვა? მხოლოდ მწვრთნელია დამნაშავე? მაგრამ როი ჰოჯსონამდეც ხომ მაღალი კლასის მწვრთნელები იყვნენ ინგლისის ნაკრებში?

ამ უპასუხო კითხვების მოსმენის შემდეგ უცნაური რამ მემართება, დაახლოებით ისეთი, უნივერსიტეტში სწავლისას, გამოცდების დროს რომ მჭირდა. მახსოვს, რამდენჯერ გადამიდია გვერდზე საგამოცდო საკითხები და სუფთა ქაღალდზე სხვა რაღაცების წერა დამიწყია – გონებაში მოსული ფიქრების, ჩახლართული სიუჟეტების, გამომცდელი ლექტორების პორტრეტების, ერთი სიტყვით, ათასი აზრიანი და უაზრო წვრილმანის, ოღონდ იმ დადგენილი და დაწესებული აუცილებლობისთვის ამერიდებინა თავი. 

ახლაც, როცა ინგლისის ნაკრების კრიზისზე ჩამოვაგდე სიტყვა, უცებ ის შემთხვევა მომაგონდა, უეინ რუნის რომ უწერია თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში. თქვენც გეხსომებათ. 2008 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში „მანჩესტერ იუნაიტედი” „ჩელსის” ხვდება. თამაშის ძირითადი დრო ფრედ მთავრდება. პენალტების სერიაში, როცა ანგარიში 4:4-ია, პენალტის ნიშნულთან ჯონ ტერი მიდის, მეხუთე პენალტის შესასრულებლად. მას ამ დარტყმით შეუძლია თავის გუნდს გამარჯვება მოუტანოს. 

რუნი უიმედოდაა, ბედი არ გვაქვს, რაღა მაინც და მაინც ჯონ ტერი, „ჩელსის” გმირი და კაპიტანი. თან ინგლისის ნაკრების ვარჯიშებზე მახსოვს მის მიერ შესრულებული პენალტები და არასოდეს მინახავს აეცილებინოსო:
„ის მარჯვნივ დარტყმას აპირებს, ედვინ ვან დერ სარი მარცხნივ ხტება და ჯონი ურტყამს. უეჭველი გოლია, მაგრამ სულ ბოლო წამს მას ფეხი უსრიალდება, საყრდენი ფეხი გაურბის და ბურთს კარს აცილებს. სიხარულისგან შევხტი. ჯონ ტერი ინგლისის ნაკრებში ჩემი თანაგუნდელია, მაგრამ ამ წუთას ეს არ მაინტერესებს. მისი შეცდომა ძალიან მახარებს. ეს ეგოიზმია, რომელიც ნებისმიერ ფეხბურთელს აქვს. ჯონი გაზონზე ჯდება, თავს ხრის და გაბრაზებულია. მე თავს ამაყად ვწევ”. 

ტერის უიღბლობა და გაფუჭებული პენალტი თანაგუნდელებზეც მოქმედებს – ცოტა ხანში უკვე ედვინ ვან დერ სარი იგერიებს ნიკოლა ანელკას დარტყმულს და „მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემპიონთა თასის მფლობელია. 
და ამ დროს ხდება ის, რაც არა მხოლოდ უეინ რუნისთვის არის შთამბეჭდავი ამბავი, არამედ ყველასთვის, ჩვენთვის, ვინც ფეხბურთს, ინგლისის ნაკრებს და ინგლისურ გუნდებს ვგულშემატკივრობთ. მოდით, ისევ რუნის მოვუსმინოთ:
„ირგვლივ სიგიჟეა. ჩვენი გულშემატკივარი გაგიჟებულია. მეც გიჟს ვგავარ. რონალდუ მინდორზე წევს და ცრემლებში იხრჩობა; ჯონ ტერიც მინდორზე წევს და ტირის. ვხედავ, როგორ მირბის მასთან გარი ნევილი, თავსხმა წვიმაში, რათა დაამშვიდოს. გარი მართლაც ბრწყინვალე ადამიანია… ჩვენ „იუნაიტედისათვის” ვთამაშობთ, ისინი „ჩელსისთვის”, მაგრამ ინგლისის ნაკრებში თანაგუნდელები ვართ და მძიმე სანახავია ასეთ დღეში მყოფი ჩემი თანაგუნდელები…”.

ალბათ ამ ერთ ეპიზოდად ღირს ცხოვრება და ფეხბურთი. ის წიგნიც, სადაც ეს ცხოვრება და ფეხბურთი შეიძლება გადაიკვეთოს ერთმანეთში. 

დღეს გარი ნევილი ინგლისის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელია, ჯონ ტერიმ კი ნაადრევად დაასრულა სანაკრებო კარიერა. არადა, რამდენიმე წლის წინ არც ერთი იყო მწვრთნელი და არც მეორე მხოლოდ „ჩელსის” ანაბარა, ორივენი… მაგარ ფეხბურთს თამაშობდნენ. ისეთ ფეხბურთს, მარტო სანახაობრივს კი არა, ცხოვრებასავით ტკბილ-მწარეს, მოულოდნელს, მარცხითა და გამარჯვებებით აღბეჭდილს, იღბლიანს და შეცდომიანს.
ბლოგში გამოყენებულია ციტატები წიგნებიდან:
დევიდ ბექჰემი – „ჩემი მხრიდან” (ინგლისურიდან თარგმნა სალომე ბენიძემ, „არტანუჯი”, 2013). 
უეინ რუნი – „ათი წელი პრემიერლიგაში” (ინგლისურიდან თარგმნა ივანე ჩხიკვაძემ, „არტანუჯი”, 2013).

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...