,,მთაზე მიდის ორი ხბო, იქით-აქეთ მექცევა’’
პისტი და მომავალი პროფესიის საქმე
ქართული „გილგამეშიანი„ და მისი მთარგმნელი
შიდასასკოლო შეფასების მექანიზმები (ნაწილი პირველი)
ორგანიზაციის წარმატების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წინაპირობას შეფასებისა და მონიტორინგის ეფექტური და გამჭვირვალე სისტემა წარმოადგენს. ორგანიზაციულ მენეჯმენტში იგი წარმატებული შედეგის ერთ-ერთ გარანტად გვევლინება. შეფასება რთული პროცესია და ბევრი თავისებურებით ხასიათდება. წარმატებული საგანმანათლებლო დაწესებულებების უმრავლესობას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის ხელშეწყობის კუთხით გააზრებული აქვს მისი მნიშვნელობა – შედეგით, შესაძლებელია, პროცესის გაუმჯობესება.
აფასებენ გარე და შიდა შემფასებლები. ორგანიზაციამ ობიექტური სურათის მისაღებად სასურველია ორივე ფორმას მიმართოს. გარე შემფასებლად, შესაძლებელია, მოვიაზროთ მაკონტროლებელი ორგანოები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები და ა.შ. მრავალ ქვეყანაში გარე შეფასება საგანმანათლებლო პოლიტიკის ნაწილს წარმოადგენს. შიდა შეფასებას დაწესებულება საკუთარი რესურსებით საკუთარი შეხედულებისამებრ გეგმავს. ჩვენი სტატიის თემას სწორედ ორგანიზაციის შიდა შეფასება წარმოადგენს. შევეცდები, შემოგთავაზოთ მარტივი და პრაქტიკული მეთოდები და მექანიზმები შეფასებისა და მონიტორინგისათვის.
შეფასება-მონიტორინგი სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია და მის მუდმივ გაუმჯობესებას ემსახურება. აუცილებელია, სასკოლო საზოგადოების წევრებმა პასუხი გასცენ რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც შესაძლოა სულაც არ მოგვეჩვენოს რთულად, თუმცა თითოეულ მათგანზე ამომწურავი პასუხის მისაღებად დიდი ძალისხმევაა საჭირო. თავდაპირველად უნდა ჩამოვყალიბდეთ იმაზე, თუ
1.რის შეფასება გვსურს?
2.ვინ უნდა შეაფასოს?
3.როგორ უნდა შეფასდეს (მეთოდები, ხერხები)?
4.რა სიხშირით უნდა შეფასდეს?
რის შეფასება გვსურს – პირველ ეტაპზე სასკოლო საზოგადოება თანხმდება, რა სფეროები უნდა შეფასდეს – სასწავლო პროცესის მიმდინარეობის, მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების, სკოლის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, სასკოლო გარემოს, მასწავლებელთა და მშობელთა თანამშრომლობის ხარისხის და ა.შ.
ვინ უნდა შეაფასოს – ირჩევენ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულ მიმართულებაზე იქნებიან პასუხისმგებელნი. მაგ: გაკვეთილს კათედრის ხელმძღვანელები აფასებენ, კათედრის მუშაობას – დირექტორის მოადგილე და მასწავლებლები და ა.შ.
როგორ უნდა შეფასდეს – აღნიშნული ეტაპი გულისხმობს მეთოდოლოგიის შერჩევას შეფასების მიზნის შესაბამისად. მაგ: სასკოლო გარემოს შეფასება შესაძლებელია განხორციელდეს გამოკითხვით, დაკვირვებით და ა.შ.
რა სიხშირით უნდა შეფასდეს – დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვაფასებთ. მაგ: მოსწავლეთა აკადემიური მოსწრებისა და პროგრესის დიაგნოსტიკური შეფასება შესაძლებელია ჩატარდეს წელიწადში ორჯერ, სემესტრების დასასრულს. ამით სკოლას საშუალება ექნება მუდმივად ადევნოს თვალი პროგრესს.
სკოლის ადმინისტრაცია და შეფასების პროცესში ჩართული პირები თავად შეიმუშავებენ და აყალიბებენ როგორი შეფასების სისტემის დანერგვა სურთ, იზიარებენ თუ არა წარმატებულ სკოლებში არსებულ პრაქტიკას. არ არსებობს მეთოდოლოგიის კონკრეტულად განსაზღვრული ჩამონათვალი, რომელიც აუცილებლად შეფასებას ან მონიტორინგის პროცესს ეკუთვნის.
მას შემდეგ, რაც ზემოთხსენებულ პირველ და მეორე შეკითხვაზე სასკოლო საზოგადოება პასუხს გასცემს, იწყება მნიშვნელოვანი ეტაპი – მეთოდოლოგიის შერჩევა და პროცესის დაგეგმვა. შეფასებისა და მონიტორინგის სახელმძღვანელოს მიხედვით შეფასება პასუხობს კითხვას – ვახორციელებთ თუ არა ღონისძიებებს შესაფერისად. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას ინფორმაციის სანდოობა წარმოადგენს. ამავე სახელმძღვანელოს მიხედვით, შეფასების ეტაპები შემდეგნაირადაა გამიჯნული (შესაძლებელია, იგი ჩვენს სასკოლო სისტემასაც მოვარგოთ):
1.წინარე შეფასება ხორციელდება სისტემის შემუშავების/ფორმულირების ადრეულ სტადიაზე, სასწავლო წლის დასაწყისში, რაც გულისხმობს ფუნდამენტურ კვლევას სასტარტო პოზიციის შესაფასებლად.
2.შუალედური შეფასება – ტარდება პროცესის მიმდინარეობის დროს, სემესტრის დასასრულს, რათა შეფასდეს პროგრესი და საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს მიზნის მისაღწევი გზები.
3.რეტროსპექტიული შეფასება – ხორციელდება პროცესის დასრულების შემდეგ. მას შეიძლება წლის დამამთავრებელი შეფასებაც ეწოდოს. ამით სკოლის ადმინისტრაცია იღებს ინფორმაციას როგორ განხორციელდა დაგეგმილი სამუშაოები; რა პროგრესი განიცადა ერთი წლის განმავლობაში ორგანიზაციამ.
4.კომპლექსური შეფასება – ეს არის საბოლოო შეფასება სკოლისა და დამოუკიდებელი, გარე ექსპერტების მიერ. რამდენიმე წელიწადში ერთხელ (სკოლის მაგალითზე 3 ან 6), რითაც ორგანიზაცია აჯამებს საერთო შედეგებს.
შეფასების პროცესის განუყოფელი ნაწილია მონიტორინგი. რა განსხვავებაა ამ ორ ცნებას შორის? მონიტორინგი არის პროცესი, რომელიც გულისხმობს მუდმივად ინფორმაციის შეგროვებას და მის ანალიზს „თვალყურის სადევნებლად” და იმის გასაკონტროლებლად, თუ „რა ხდება”. მონიტორი მეთვალყურეობს და აკონტროლებს პროცესს. შეფასება აზუსტებს რამდენად სწორად განვახორციელეთ დაგეგმილი სამუშაო და პერიოდულად ამზადებს ნიადაგს „კი” ან „არა”-ს ტიპის კითხვებისათვის. უშუალოდ შეფასების პროცესი ხელს უწყობს მონიტორინგს.
შეფასება შეიძლება იყოს ეპიზოდური, მაგალითად, სემესტრში ერთხელ, წელიწადში ერთხელ და ა.შ. მონიტორინგი კი თავისი არსით რეგულარულია. შეფასებისა და მონიტორინგის პროცესში სრულიად დასაშვებია გამოვიყენოთ მსგავსი მეთოდები: დაკვირვება, გამოკითხვა, ინტერვიუ, ფოკუსჯგუფი, ანკეტირება და ა.შ. ამ შემთხვევაში პროცესის ორგანიზატორი თავად ირჩევს მიზნის შესაბამის მეთოდებს. დღესდღეობით ფართომასშტაბიანი პროგრამებისა და პროექტების შესაფასებლად მონიტორინგის სხვადასხვა მეთოდი გამოიყენება, რომელიც გამოყენება შესაძლებელია სკოლაშიც:
1)დაინტერესებული მხარეების გამოკითხვა;
2)ინტერვიუ;
3)ადმინისტრაციული მონაცემების გამოყენება;
4)ექსპერტთა პანელი – ითვალისწინებს სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნას შესაფასებლად. სამუშაო ჯგუფის წევრები არიან დამოუკიდებელი ექსპერტები; ისინი რამდენიმე შეხვედრისა და ფუნდამენტური განხილვის შემდეგ ერთობლივ პოზიციას აფიქსირებენ;
5)SWOT ანალიზის მეთოდი და ა.შ.
სკოლაში შეფასებისა და მონიტორინგის გამართული სისტემის აწყობა რთულ და ხანგრძლივ მუშაობასთან ერთად ფინანსურ და ადამიანურ რესურსებსაც მოითხოვს. პროცესის უკეთესად გასააზრებლად სტატიის მომდევნო ნაწილში შემოგთავაზებთ პრაქტიკულ მაგალითებს სხვდასხვა ტიპის სკოლისთვის.
ზღვა ფიქრობს… ფიქრობს…

მასწავლებლის ოქროს გასაღები
სკოლის მოგონებათაგან ბევრი დავივიწყე. ზოგი ისეთი იყო გასახსენებლადაც კი არ ღირდა. ახლა უკვე იმაზე ვფიქრობ რა დამამახსოვრდა კარგად, ვინ იყო ჩემი გამორჩეული მასწავლებელი, რა ვისწავლე მათგან.
სკოლა, თითქმის ტყეში იყო, მდინარესთან ახლოს. სად იყო ეს სკოლა, ამას არ გავამხელ და საიდუმლოდ დავიტოვებ. იქ თითქმის სულ წვიმდა, სკოლის პირდაპირ ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობა იდგა. ახლაც დგას. ცოტა სევდიან ამბავს ჰგავს. მაგრამ არაფერი მსგავსი. საკლასო ოთახში რუხი ფერებია, ფანჯრიდან დიდი ხეები ჩანს, ტოტები და ფოთლები მზის სხივების შემოღწევას ხელს უშლის. ხეებს იქით მდინარეა. გარეთ უამრავი ფიჩხი ყრია. ალბათ შემოდგომის პირია, ან დასასრული, თუ სწორად ვიხსენებ. იქ ასეთ დროს უკვე კარგად ცივა. ირგვლივ, ყველგან წებოვანი სინესტეა. მე მომწონს ასეთი ადგილები. გაკვეთილზე განსაკუთრებული არაფერი ხდება. ქართულის გაკვეთილია და შესაბამის პროგრამას გავდივართ. ჯგუფში სამი მოსწავლე ვართ – მე, ერთი გოგო და ერთი ბიჭი, სამივე მასწავლებლის წინ ვხსედვართ და ყურადღებით ვუსმენთ. შემდეგ, კახა ამბობს, რომ ღუმელში ცეცხლი ქრება და ეზოში გადის, მდინარესთან ახლოს ფიჩხს აგროვებს და ოთახში შემოაქვს. ღუმელი გუგუნებს. ჩვენი მასწავლებელი კი გვიყვება ამბავს, რა ხშირად სტუმრობდნენ მის ოჯახს გიორგი ლეონიძე და სხვა მწერლები ფშავში, გვიყვება მამაზე, იქაურ ცხოვრებაზე, მეურნეობაზე, თექის დამუშავებაზე.
სხვა გაკვეთილებზე ხმაურია. ქართულის გაკვეთილზე მშვიდად ვზივართ, არ ვებრძვით არც ერთმანეთს და არც მასწავლებელს, არც ხელის გულები გვიოფლიანდება. ეს მაშინ ხდება, როცა მათემატიკური ფორმულების გამოყვანას ვერ ვახერხებთ. ამ გაკვეთილზე სხვანაირი ნდობა და ურთიერთპატივისცემაა, ეს ყველაფერი თავიდანვე, ძალდაუტანებლად გაჩნდა. ჩვენ ერთმანეთისთვის არაფერი გვითქვამს ისეთი, რომ შემდეგ გვენანა. არც საიდუმლო გაგვიმხელია, უბრალოდ ჩვენმა მასწავლებელმა გადაწყვიტა თავისი ამბები მოეყოლა ჩვენთვის და ჩვენც მოვინუსხეთ, მისი კეთილი გავლენის ქვეშ მოვექეცით, მის მიმართ უნებლიეთ მოვიდა შინაგანი პატივისცემა, ისე, რომ ჩვენი თავისუფლება ერთი წუთითაც არ შეზღუდულა, პირიქით, უფრო თავისუფლები გავხდით.
ამ პოსტში მინდა ვისაუბრო ნდობაზე და ორმხრივ პატივისცემაზე მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის.
რა არის მასწავლებლის მოსწავლესთან ურთიერთობის გასაღები? როგორ შეუძლია მას შეცვალოს მოსწავლის ცხოვრება, ახალი გზები დაანახოს და მისი ქცევის ფორმირებას ხელი შეუწყოს. როგორ, შეიძლება იმეგობროს მასთან? როგორ, შეიძლება ურთიერთობის ნდობაზე დაფუძნება? რადგან მასწავლებლობა ყველაზე საპასუხისმგებლო და რთულ საქმედ მეჩვენება და არც ის მინდა, არაკომპეტენტური დასკვნები გავაკეთო და არც მზა პასუხები მაქვს კითხვებზე, ამის მიუხედავად ინტუიციით ვხვდები, რომ მასწავლებელი, რომელიც ახერხებს განაწყოს კლასი მის მიმართ პატივისცემითა და სიყვარულით, მას ყველაფერი გამოუვა. მასწავლებელი, რომელიც ცდილობს არ ჩაკლას ინდივიდუალიზმი და წაახალისოს მოსწავლეების შემოქმედებითი უნარები, არ მოაქციოს ისინი სტანდარტულ ყალიბში, არამედ პირიქით, გასაქანი მისცეს მათ თავისუფლებას და მათ განსაკუთრებულ ხასიათს, მოსწავლეებისგანაც იგრძნობს რეალურ უკუკავშირს.
ერთ ამბავს მოვყვები, მართალია მე არ გადამხდენია, მაგრამ ერთი მოსწავლე გოგონას ბლოგზე ამოვიკითხე. ის წერს, როგორ შესძულდა რაღაც პერიოდის განმავლობაში ვაჟა-ფშაველა, რადგან მასწავლებელი აიძულებდა, ვაჟას სტილში ეწერათ თემები. თხზულებაში გამოეყენებინათ სიტყვები “მრუმე”, “თვალებბარჩხალა მზე”, გოგონა არ ემორჩილებოდა ამ წესს და თემას ისევ თავისი სიტყვებით წერდა. გასწორებულ ნაშრომში კი თავის სიტყვებს წითლად ჰქონდა ხაზი გასმული და ისევ “თვალებბარჩხალა მზე” ეწერა და ა.შ ბლოგის ბოლოს, კი განაწყენებული მასწავლებლის კომენტარია მოსწავლის მიმართ : „ნუ არაამქვეყნიურობ”, „პუნქტუაციურ და ორთოგრაფიულ შეცდომებს მიხედე, რითაც დედასაც არცხვენ და საკუთარ თავსაც”.
მიუხედავად ასაკისა, ჩვენ ყველანი სრულფასოვანი ადამიანები ვართ ჩვენი ღირსებებით და შეცდომებით. ჩვენი შეცდომები ჩვენი პირადი პასუხისმგებლობაა და მასზე ვალდებულების აღება არც ოჯახს და არც ნათესავებს არ ეკისრებათ. და როცა ისევ ოჯახის და დედის შერცხვენაზე ვკითხულობდი, ერთი საბჭოთა გადმონაშთი გამახსენდა – სტენდი, სადაც გამოკრული იყო თანამშრომელთა ფოტოები – “ვინ გვარცხვენს” და “ვინ გვასახელებს”. როგორ განისჯებოდნენ ადამიანები საჯაროდ სხვადასხვა მორალისტების მიერ თავიანთი პატარა შეცდომების გამო და როგორ ხდებოდა მათი ჩარჩოებში მომწყვდევა, მათი პიროვნულობის უგულებელყოფა. ასეთი მიდგომა თავიდანვე გამორიცხავს ნდობას და პატივისცემას ორ ადამიანს შორის.
ჩემი ქართულის მასწავლებელი კი სექტემბრიდან ალბათ ისევ მოკრძალებული ღიმილით გაუღიმებს თავის მოსწავლეებს, გიორგი ლეონიძის და სხვა მწერლების სტუმრობაზე მოუყვება და ნდობის უხილავ ძაფებს გააბამს ფშავის ერთ უბრალო საჯარო სკოლაში. თავისუფალ დროს კი თექაზე იმუშავებს და დაქარგავს.
აწუხებთ თუ არა თქვენ შვილებს დეპრესია?
წაკითხვისთანავე დაივიწყეთ
არწივი
სწავლა და სწავლება კლას-კომპლექტში
მულტფილმები და ვიდეოკლიპები/სიმღერები რუსული ენის გაკვეთილზე – მეორე ნაწილი
ლექსიკურ დავალებებს, სამუშაო ცხრილებს, პაუზებად დაყოფილ ტექსტს, სადაც წამების სიზუსტითაა დაფიქსირებული დრო (როდის უნდა შეაჩეროთ ჩვენება) და ბოლოს კარაოკეს. ჩემ მიერ შემოთავაზებული დავალებები შესაძლებელია შეიცვალოს ან სტატიის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, შეიქმნას ახალი, სხვა ტიპის და შინაარსის, კლასის დონისა და შესაძლებლობის დავალება. სამოდელო გაკვეთილის ბოლოს გთავაზობთ მთელი მულტფილმის სრულ ტექსტს, რომლის გამოყენება შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ. ამ ტექსტის გამოყენებით შესაძლებელია მასწავლებელმა სხვა საკომუნიკაციო უნარის გასავითარებელი დავალებები შეარჩიოს. მაგალითად, კითხვის სტრატეგიების გამოყენებით ან რაიმე სხვა.