სამშაბათი, ივლისი 1, 2025
1 ივლისი, სამშაბათი, 2025

ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება ისტორიის სწავლების პროცესში (პირველი ნაწილი)

0
უკანასკნელი წლებში, ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით, ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ სხვადასხვა ჟანრის ფილმებს – იქნება ეს წმინდა მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური თუ სხვა სახის კინოპროდუქცია. ხშირად ახალგაზრდობა არა წიგნების, არამედ სწორედ ფილმების საშუალებით იღებს ინფორმაციას როგორც მიმდინარე პროცესების, ასევე ისტორიული მოვლენების შესახებ. დასავლეთის ქვეყნებში უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კინოფილმებისა და სასწავლო ფილმების გამოყენებას სწავლების პროცესში. ჩვენში, ამ თვალსაზრისით, სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. ამგვარი მდგომარეობა მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული: მაგ., მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არქონით, ქართული სასწავლო, პუბლიცისტური და სამეცნიერო ფილმების ნაკლებობით, ამავე ჟანრის უცხოური ფილმების ნაკლები ხელმისაწვდომობით და სხვა.

 

მიუხედავად ამისა, ყველა ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება დაიძლიოს, თუმცა არსებობს კიდევ რაღაც, რაც ჩვენი აზრით ხელს უშლის ფილმების გამოყენებას გაკვეთილზე. სამწუხაროდ, ჩვენი მასწავლებლები არ ფლობენ იმ მეთოდურ აპარატს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება.

ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სამუშაო ფურცლები, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას შეუწყობდა ხელს. ეს მასალა შეიძლება გამოვიყენოთ სკოლაში სოციალური მეცნიერებების (ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების, ასევე ხელოვნების და ლიტერატურის) სწავლებისას, თუმცა ძირითადი აქცენტი ისტორიის სწავლებაზე გამახვილდება.

ფილმების სწავლება ისტორიის გაკვეთილზე.

სასწავლო პროცესში ფილმების გამოყენება ისტორიის მასწავლებლებს საშუალებას მისცემს ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ სწავლების პროცესი. ამგვარი სწავლების დანერგვა განსაკუთრებით საჭიროა, როდესაც განვიცდით სხვადასხვა სახის წყაროების სიმწირეს. ამავე დროს, „ფილმებით სწავლება” მასწავლებელს რამდენიმე საგნის ინტეგრაციის საშუალებას აძლევს, იქნება ეს ისტორია, სამოქალაქო განათლება, ხელოვნება თუ ლიტერატურა. ისტორიის სწავლებისას შესაძლებელია განსხვავებული ჟანრის ფილმების გამოყენება, იქნება ის მხატვრული, სამეცნიერო-პოპულარული, წმინდა დოკუმენტური და სხვა.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მრავალი კინოფილმი, რომელიც ისტორიულ თემატიკას შეეხება, ხშირად ვერ ასახავს წარსულის რეალობას და სავსეა ისტორიული ხასიათის ფაქტობრივი შეცდომებით ან გამოირჩევა ტენდენციურობით. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ფილმი, იქნება ის დოკუმენტური, მხატვრული, ან რომელიმე მხატვრული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი, მისი ავტორების მსოფლმხედველობრივ გავლენას განიცდის. ხშირად ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ისტორიულ ეპოქასა და ვითარებაში იქმნებოდა ესა თუ ის ფილმი – ხომ არ აღმოჩნდნენ მისი შემქმნელები სახელმწიფო ცენზურის ან საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპების წნეხის ქვეშ?

სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ შეძლონ ფილმის ვერსიის შედარება რეალურ ისტორიულ მოვლენებთან და გამოიყენონ ის ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გამონაგონი ისტორიული რეალობისგან განასხვავონ.

სამუშაო ფურცლის გამოყენების ზოგადი ინსტრუქციები

კარგი იქნება, თუ ფილმის ჩვენებამდე მოსწავლეებს, ზეპირი (ლექცია) ან წერილობითი (ნარატივის ფორმით) სახით, მივაწვდით ინფორმაციას ფილმში აღწერილი მოვლენის შესახებ. ასევე, შესაძლებელია რომელიმე ისტორიული თემის შესწავლის და კარგად დამუშავების შემდეგ ვაჩვენოთ მოსწავლეებს ამ თემისადმი მიძღვნილი ფილმი.

ფილმის ჩვენებისას მოსწავლეებს უნდა შევახსენოთ, რომ ისტორიაში ადამიანის დამაბრკოლებელი და მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს არა მარტო სხვა ადამიანი, არამედ ბუნება, სახელმწიფო სტრუქტურები და დაწესებულებები, საზოგადოება, რელიგია. ასევე მნიშვნელოვანია თვით მთავარი პერსონაჟების თვისებებისა და ხასიათის ანალიზი.

ფილმის ნახვის წინ თითოეულ მოსწავლეს უნდა დავურიგოთ შესაბამისი სამუშაო ფურცელი, რომლებიც ფილმის ანალიზისთვისაა განკუთვნილი. წარმოდგენილ სამუშაო ფურცლებზე მასწავლებელს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები, თუ ამას კონკრეტული დავალება, კლასის მომზადების დონე და ფილმის სპეციფიკა მოითხოვს.

შესაძლებელია სხვა ვარიანტიც, კერძოდ, ჯერ ვაჩვენოთ ფილმი (რათა მოსწავლეებს შეექმნათ ზოგადი წარმოდგენა ისტორიული მოვლენის შესახებ), ხოლო შემდეგ დავიწყოთ თემის შესწავლა წერილობითი დოკუმენტების მეშვეობით. ამგვარი მიდგომა გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და დაინტერესებას კონკრეტული ისტორიული თემის მიმართ.

კინოფილმის ჩვენების წინ მოსწავლეებმა კარგად უნდა შეისწავლონ სამუშაო ფურცელი, ხოლო მისი ჩვენების პროცესში აუცილებელია რამდენჯერმე (გააჩნია ფილმის ხანგრძლივობას) შევაჩეროთ (დაახლოებით 5 წუთით) ფილმის მსვლელობა და მივცეთ მოსწავლეებს საშუალება ხელახლა გადახედონ სამუშაო ფურცელს და შეძლებისდაგვარად გააკეთონ ჩანიშვნები. ფილმის დასრულების შემდეგ, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს 10–15 წუთი, რათა მათ შეძლონ საბოლოო პასუხის გაცემა სამუშაო ფურცელზე მოცემულ შეკითხვებზე.

არსებობს სამუშაო ფურცლის გამოყენების განსხვავებული საშუალებები. მაგ. იმის მაგივრად, რომ თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი, შესაძლებელია მასწავლებელმა მთელ კლასს დაუსვას სამუშაო ფურცელზე მოცემული შეკითხვები, რომლებიც საკლასო დისკუსიის საფუძველი გახდება. ასევე, შესაძლებელია სამუშაო ფურცლის შევსება დავავალოთ 4 – 5 მოსწავლიან ჯგუფებს.

განსხვავებული ჟანრის ფილმების ანალიზის დროს, შეფასების კრიტერიუმებიც შესაბამისად იცვლება. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი პედაგოგებისთვის შეგვეთავაზებინა იმ სამუშაო ფურცლების გაცნობა, რომლებიც სხვადასხვა სახის ფილმის შეფასებისთვისაა განკუთვნილი და რომლებიც მათ ისტორიის გაკვეთილის წარმართვაში დაეხმარებათ.

კონკრეტული რეკომენდაციები.ფილმის ნახვამდე მასწავლებელმა უნდა დაავალოს მოსწავლეებს წინასწარ გაეცნონ სამუშაო ფურცლებზე მოცემულ შეკითხვებს, რათა თავიდანვე გასაგები იყოს მათთვის, თუ რაზე გაამახვილონ ყურადღება, ხოლო ფილმის ჩვენების პროცესში ცალკე ფურცელზე გააკეთონ საკუთარი ჩანიშვნები, რათა ჩვენების დასრულების შემდეგ ადვილი იყოს ამ სამუშაო ფურცლის შევსება.

ამგვარი სამუშაოს ჩატარების რამდენიმე ხერხი არსებობს: მაგ. მოსწავლეებს სამუშაო ფურცლების შევსება სახლში დავავალოთ (მას შემდეგ, რაც ნახავენ კლასში ფილმს და წინასწარ, შავად გააკეთებენ ჩანაწერებს). შესაძლებელია, ნაწილ შეკითხვებზე პასუხი კლასში გასცენ, ხოლო ნაწილზე – სახლში. არ არის გამორიცხული, რომ კრეატიულმა მოსწავლემ ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს პლაკატი, რომელიმე ლექსი, ესსე, მუსიკალური ნაწარმოები ან ფერწერული ტილო გამოიყენოს.

შეკითხვები, რომლებიც სამუშაო ფურცლებშია მოცემული. პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: ზოგადი და კონკრეტული შეკითხვები:

კონკრეტული შეკითხვების მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად ჩაუღრმავდა მოსწავლე ფილმის დეტალებს. ამგვარი მიდგომა მათგან მოითხოვს ფილმში სცენებისა და ფაქტების დამახსოვრებას და მათ ანალიზს. ასევე ხელს უწყობს მნიშვნელოვანი სასწავლო უნარების განვითარებას.

რაც შეეხება ზოგად კითხვებს, ისინი უბიძგებენ მოსწავლეებს უფრო მაღალი კატეგორიის უნარების განვითარებისკენ. ასეთი შეკითხვები ხელს უწყობს მოსწავლის მიერ ფილმში გადმოცემული იდეების, მისი საბაზისო სტრუქტურის და ძირითადი ელემენტების გაგებას.

P.S.

1) სამუშაო ფურცლების გამოყენებისას, მასწავლებლებს ვურჩევთ, მოსწავლეებმა შეკითხვებზე პასუხები ცალკე ფურცლებზე დაწერონ, რაც ამ სამუშაო ფურცლების მრავალჯერად გამოყენების საშუალებას მოგვცემს.

2) იმისათვის, რომ მასწავლებლებმა სრულფასოვნად შეძლონ ფილმის ანალიზის სწავლება, მათთვის ქვემოთ მოცემული სამუშაო ფურცლების მიხედვით დაგეგმილია სატრენინგო მოდულის შექმნა და ტრენინგების ჩატარება.

სამუშაო ფურცელი – მხატვრული ფილმი

წაიკითხეთ შეკითხვები სანამ დაიწყებთ ფილმის ყურებას.

ფილმის ჩვენებისას – მოკლე შესვენებებზე და დამთავრების შემდეგ ცალკე ფურცელზე გააკეთეთ ჩანიშვნები. თუ ამ ჩანიშვნებს ფილმის მსვლელობის დროს აკეთებთ, დარწმუნდით, რომ ეს სამუშაო ხელს არ გიშლით ფილმის ყურადღებით ყურებაში.

ფილმის დასრულების შემდეგ, შეეცადეთ მთლიანად შეავსოთ სამუშაო ფურცელი. პასუხები უნდა იყოს სრული და ამომწურავი, რაც განამტკიცებს აზრს იმის შესახებ, რომ თქვენ დაკვირვებით უყურეთ ამ ფილმს და ფიქრობდით მასში გადმოცემულ იდეებზე.

სამუშაო დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც თითოეულ შეკითხვას პასუხს გასცემთ. პასუხები უნდა იყოს სრული და ამომწურავი. პასუხებისთვის შეგიძლია დაწეროთ ერთ აბზაცზე მეტიც კი, თუ ეს აუცილებელია. თქვენ მიერ გაცემული პასუხები უნდა იყოს სტილისტურად და ორთოგრაფიულად გამართული.


1.

დაასახელეთ, ფილმის სათაური, ფილმის შექმნის წელი, რეჟისორის/რეჟისორების გვარი და სახელი. სად ხდება ფილმში მოქმედება? რა ეპოქაში ხდება ფილმში მოქმედება?


2.

ვინ არის ფილმის მთავარი გმირი და როგორია ის?


3.

ვინ ან რა არის ფილმის ანტიგმირი და როგორია ის?


4.

რაში მდგომარეობს ფილმში გადმოცემული კონფლიქტი და რა ძალა უბიძგებს მთავარ გმირს ქმედებისკენ?


5.

არსებობს ფილმში სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი კონფლიქტი, რომელიც მიეკუთვნება დამატებით სიუჟეტურ ხაზს და, რომელიც ხელს უწყობს ძირითადი სიუჟეტური ხაზის განვითარებას? თუ არსებობს, მაშინ აღწერე ის და განსაზღვრე, თუ ვინ არიან მასში ჩართულები?


6.

აღწერე ფილმის მთავარი გმირის სამი მოქმედება, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება.


7.

რომელი მომენტია ფილმში დაძაბულობის კულმინაცია?


8.

რა გზით გადაიჭრა კონფლიქტი?


9.

მთავარი გმირის ხასიათის რა თავისებურებებმა შეუწყო ხელი კონფლიქტის გადაჭრას?


10.

დაასახელეთ ფილმიდან სამი მომენტი, რომელთა ანალოგიებიც შესაძლებელია საკუთარ ცხოვრებაში მოძებნოთ; აღწერეთ ისინი. შესაძლებელია ფილმში ვერ აღმოაჩინოთ ამგვარი სამი მომენტი, თუმცა შეეცადეთ.

პირველი მომენტი:

მეორე მომენტი:

მესამე მომენტი:


11.

ამოირჩიეთ ჩამოთვლილი მხატვრული ანალიზის ხერხებიდან ორი ხერხი: 1. არქეტიპის ანალიზი; 2. სიუჟეტის განვითარების საფეხურები: ა) შესავალი – მოსამზადებელი ფაზა; ბ) კვანძის შეკვრა, გ) კულმინაცია; დ) კვანძის გახსნა და ე) დასასრული; 3. ძირითადი იდეის განსაზღვრა, 4. მხატვრული სახის (სიმბოლოს) ამოცნობა და ახსნა; 5. მომავლის წარმოსახვა, 6. წარსულში დაბრუნება (მოგონებები), 7. კავშირების დანახვა, 8. ირონიის ამოცნობა და ახსნა, 8. ენობრივი გამოხატვის იმ საშუალებების იდენტიფიცირება, რომლებიც გამოყენებულია ფილმში.

აღწერეთ, რა გავლენას ახდენენ ისინი კინოფილმის მთავარი იდეის გადმოცემაზე და როგორ უწყობენ ხელს პერსონაჟთა ხასიათის გამოხატვასა და მათი აზრების გადმოცემას?


12.

ამოირჩიე ჩამოთვლილთაგან ფილმის ორი სპეციფიკური ელემენტი – 1. ხმა, 2. ფერი, 3. განათება, 4. სხვადასხვა სიშორის კადრები, 5. გადაღების კუთხე, 6. კამერის მოძრაობა, 7. მონტაჟი, 8. კადრების ხანგრძლივობა, რომლებსაც ფილმის გადაღებისას იყენებენ. აღწერე, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი კინოფილმის მთავარი იდეის გადმოცემაზე და როგორ უწყობენ ხელს პერსონაჟთა ხასიათის გამოხატვასა და მათი აზრების გადმოცემას?

ბ ა ბ ა

0
ბაბუა საკუთარ მანქანაში 1988 წლის 15 მარტს გარდაიცვალა. მე 1990 წლის 12 ნოემბერს დავიბადე. ის ტაქსის მძღოლი იყო. იმ დროს, როცა მისი გული ფეთქვას წყვეტდა, წყნეთში იდგა და კლიენტს ელოდებოდა. „ალბათ მიხვდა, რომ შეუძლოდ მყოფი სხვას გზაზე ხიფათს შეუქმნიდა და საკუთარმა კეთილშობილებამ აიძულა ადგილზე დარჩენილიყო”, – მითხრა დედამ, როცა პირველად ვიკითხე, რატომ არ წავიდა ბაბუა საავადმყოფოში, როცა იგრძნო, რომ ჰაერი აღარ ჰყოფნიდა. მას შემდეგ მომყვება გრძნობა, რომ ბაბუაჩემმა საკუთარი სიკვდილით სხვისი სიცოცხლე გადაარჩინა. თავს ვერ დავდებ, შეიძლება უბრალოდ მინდა, რომ ამის მჯეროდეს. „გასვლამდე დიდი ვაშლი აიღო კალათიდან და ხელის გულით გაასუფთავა. შემოსასვლელში, სარკესთან შეჩერდა, თმა გადაივარცხნა და დამიძახა – რუსუდან, წავედიო. რუსუდანს მეძახდა”, – მომიყვა ბებია, როცა ვიკითხე, რა ხდებოდა ბაბუას გარდაცვალების დღეს. ცუდი ამბავი სწრაფად ვრცელდება, მაგრამ მაშინ, 1988 წელს, თურმე, სხვა ყველაფერთან ერთად, ცუდი ამბავიც კი იგვიანებდა. დედას დღემდე სძულს გზა ისნიდან ავლაბრამდე – ადგილი, სადაც იმხანად თბილისის ერთადერთი პროზექტურა იყო.

როდის დავიწყე ბაბუაზე კითხვების დასმა? – ეს მნიშვნელოვანია – ჩემს ძმასთან ხმალაობისას, მოულოდნელად, პლასტმასის ხმლის ქნევის დროს გადავხარშე, რომ მისაღები ოთახის კედელზე ჩამოკიდებული, ულვაშიანი, კეთილი გამომეტყველების მქონე კაცის სურათი, სულაც არ ჰგავდა ჩვენს სახლში ჩამოკიდებულ სხვა ნახატებს. მივხვდი, რომ ეს კაცი, რაღაცის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი იყო აქაურობისთვის – სადაც ვიზრდებოდი; ხალხისთვის – ვინც მზრდიდა; ყვითელი კორპუსისთვის – რომელშიც ვცხოვრობდით; ეზოსთვის – სადაც ვთამაშობდი. 

– ეს არის ბაბა, – დედამ მითხრა – რატომ ბაბა? – იმიტომ, რომ შენი ძმა ბაბუს ვერ ამბობდა და ბაბას ეძახდა, – მიპასუხა მან.

ასე გავიცანი ბაბა, მისი სიკვდილიდან წლების შემდეგ, ერთ ჩვეულებრივ დღეს, როცა არავის გაცნობას არ ვაპირებდი; როცა მხოლოდ პლასტმასის ხმლის ქნევა და ბრძოლაში ვახოს დამარცხება მინდოდა. ასე გავიცანი თვალით უნახავი ბაბუაჩემი, თავისი უბრალო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გნებავთ პელე ან მარადონა, სამაგალითო მამა და ქმარი, თვითნასწავლი მუსიკოსი, მოყვარული ფეხბურთელი და კაცი, რომელიც ძილშიც კი ფხიზლობდა, იქნებ ვინმეს დახმარება დასჭირდესო. ასე ამბობენ. მომკალით და მჯერა. 

56 წლისა გარდაიცვალა. გვიან მოუწია საცხოვრებელი ფუძის შეცვლა. ჩემების სახლი ზუსტად იქ იდგა, სადაც ამჟამად ახალი მერიაა წამოჭიმული. ბაბა იქ დაიბადა, იქ გაიზარდა, იქვე დაოჯახდა და მანდვე ცხოვრობდა, სანამ სახლს ნგრევის ზონაში არ მოაყოლებდნენ და ვაზისუბანში არ უკრავდნენ თავს. შვიდი წლის იყო მამა რომ მოუკლეს – ვლადიმერი, გამომძიებელი კაცი, რომელსაც საკუთარმა თანამშრომელმა უღალატა და ბანდიტთა ალყაში ხელოვნურად მოახვედრა. დედამ გაზარდა, საოცარ გაჭირვებაში. ხანდახან, კიბეზე ჩამომჯდარს, ძალაგამოცლილს, სულ მთლად გამოფიტულს შიმშილისგან მეძინებოდაო ბებიაჩემისთვის უთქვამს. თბილისური და გინდაც სხვა ქალაქების წესი ეგეთია: ასეთ დარდუბალაში გახვეულ ბიჭუნას, ხალხი, ქალაქი, დიდი და პატარა, მდიდარი და ღარიბი ერთი თვალის დახამხამებაში დააყენებს ხოლმე გზაგასაყარზე, არჩევნის წინაშე. ან მარცხნივ უნდა წახვიდე, რაც მეორეზე ბევრად მარტივი გზაა, ან მარჯვნივ – სადაც სიარული ისევე გაგიჭირდება, როგორც მუხლამდე თოვლში. აქეთ, ამ ნაპირზე, მოთმინება, ნებისყოფა, შრომა, წესიერება დაგჭირდება და ხშირად ცარიელი კუჭით სიარულიც მოგიწევს. ბაბამ მარჯვენა ნაპირი აირჩია და გაიმარჯვა კიდეც. 

რას ნიშნავს გამარჯვება? იმის ახსნა უფრო გამიადვილდება, მე რა მგონია გამარჯვება: რამდენიმე თვის წინ, სამსახურიდან შინ მიმავალს, გზად უბნელი შემხვდა – გია. სალამი გავცვალეთ, ერთმანეთი მოვიკითხეთ და ის-ის იყო ერთმანეთს დავემშვიდობეთ და შემოვბრუნდი, რომ ზურგსუკან დამაწია: „შენ არ იცი, რა დიდი კაცი იყო ბაბუაშენი”. ეს არ იყო მოვალეობის მოხდის მიზნით წარმოთქმული, ნაძალადევი სიტყვები; ეს არ იყო პროტოკოლით გათვალისწინებული თავაზიანობა; ეს არც წინასწარ დამუშავებული წინადადება გახლდათ. მე ვიგრძენი, რომ ეს სიტყვები მას თავისდაუნებურად წამოსცდა, ისევე, როგორც ბახუსნარევებს სლოკინი წამოსცდებათ ხოლმე. თითქოს ამ სიტყვებმა თავად ნახეს თავისუფლება, იბრძოლეს და გამოცვივდნენ. სანამ შემოვტრიალდებოდი, ყველაფერი გადავხარშე. ვიცოდი კი რა დიდი კაცი იყო ბაბუაჩემი? – დიახ! სხვათა ხმები მიმტკიცებდნენ ამას. მე კითხვებს ვსვამდი, ისინი მპასუხობდნენ, იხსენებდნენ, იღიმოდნენ, ეტირებოდათ და ისევ იღიმოდნენ. 

– ბევრი მსმენია. – არა. ძალიან ცოტა გსმენია. – სიამოვნებით მოვისმენდი ბევრს. 

და ასე, ბაბას ამბების მოსმენაში გავატარე დიდი დრო. მერე რა, რომ დაღლილი ვიყავი, მერე რა, რომ მგელივით მშიოდა. აი, ეს იყო ბაბას გამარჯვება.

ერთხელ ხელიც კი შევახე ბაბუას. მისი დაბადების დღეზე, ნახევრად ღია კარიდან დავინახე, როგორ დასჩერებოდა დედაჩემი ქაღალდში გადახვეულ ჭაღარა თმას. „მამაჩემისაა”, – მითხრა ახლოსმისულს, მერე ცრემლები მოიწმინდა და ისევ უჯრაში შეინახა. მე გვიან მივიპარე, უჯრა გავხსენი და თითები შევახე მის თმას, ცივსა და ფაფუკს. რამდენიმე დღის შემდეგ კი სიზმრად მესტუმრა ბაბუაჩემი. ეს იყო და ეს. მას შემდეგ აღარც გამოჩენილა. სიზმრის ამბავიც კი არ გადმომყოლია. „სიზმარში ვაწყენინე?” – ვფიქრობდი დილაობით. ყველაზე მეტად კი საკუთარ თავს იმას ვერ ვპატიობდი, რომ შანსი გავუშვი და მისი ხმა ვერ დავიმახსოვრე. 

ერთ დღესაც, ახალგაღვიძებულმა, მისაღებ ოთახში შესულმა შევამჩნიე, რომ ბაბუაჩემი კედლიდან გაქრა. ბებიამ აგვიხსნა, რომ როდესაც ოჯახში ბავშვები იზრდებიან, აჯობებს წინ ვიყუროთ, ვიდრე უკან. მან ბაბას ფოტო ახალ, იქამდე ხელუხლებელ პირსახოცში გადაახვია და გარდერობში შეინახა. და როცა ამას აკეთებდა, ბებია იყო ძალიან ფრთხილი, თითქოს ამითაც უფრთხილდებოდა მეუღლის ხსოვნას. გარდა ამისა, იმ დღეს, ბებია იყო ძალიან დარდიანი. მომდევნო დღესაც და მერეც.

სამაგიეროდ, ვახოს და მე მისი გიტარა დაგვრჩა, რომელსაც საზღვაო ხომალდად ვიყენებდით ხოლმე, ხალიჩაზე გემობანას თამაშის დროს; აკორდეონი, თავისი ჩასადებით (დიდი კუნძული ოკეანეში) და წითელი ფერის დოლი (ოკეანის შუაგულში მდგომი ბოროტი კაცის სასახლე). მუსიკის ნიჭი არცერთს გამოგვყოლია და ინსტრუმენტებს, სამწუხაროდ, მხოლოდ ეს დანიშნულება მოვუძებნეთ. არადა, ბაბუა თურმე დანა-ჩანგლითაც კი აწყობდა მელოდიას. მოლხენები ხომ საერთოდ – მის გარეშე არ ჩაივლიდა თურმე. მხოლოდ ერთხელ დავეჭვდი, იქნებ რომელიმე, თუნდაც ერთმა გენმა იმარჯვა-მეთქი, დამნაშავესავით მივიხედ-მოვიხედე, მივხვდი არავინ იყო ირგვლივ, ჩემი მოკლე თითები სიმებს ჩამოვცხე და ძვლებით ვიგრძენი, როგორ იცვალა გვერდი საფლავში მწოლიარე ჯიმი ჰენდრიქსმა. 

უწყინარი ტყუილით ვტყუი, როცა ვამბობ, ბაბა არასოდეს მინახავს-მეთქი. ვხედავ ხოლმე, წელიწადში ერთხელ. რა დროს? გააჩნია აღდგომა როდის მოუწევს. მისი საფლავი მუხადგვერდშია, თბილისის მეორე ბოლოში, სხვა ბევრი მიცვალებულის საფლავებს შორის. გაზაფხულობით იქ იასამანი ყვავის და კეთილ სურნელს ღვრის. როცა მივალთ და დედაჩემი საკუთარი ცხვირსახოცით მის ფოტოს მტვერს აცლის, მე ვგრძნობ როგორ ცოცხლდება ვახტანგ ჯაფარიძე. ადრეც მითქვამს, რომ ამის გამო მიყვარს აღდგომა, ის თვალით უნახავი ბაბუებისთვის ხელის ჩამორთმევის დღესასწაულია. 

ხანდახან, როცა ბებიაჩემის თვალებს ვუყურებ, ვგრძნობ, როგორც ცდილობს ჩემში ან ჩემს უფროს ძმაში ბაბუაჩემის თვისებების დანახვას. როცა კი ხელმოსაჭიდს რამეს დაინახავს, გრძელ ამბავს მოაყოლებს და ბოლოს სევდიანად გაიღიმებს. „ჯაფარიძეს ერთხელაც კი არ მოუმართავს ხმამაღლა”, – თქვა, როცა საინფორმაციო გამოშვებაში ამბობდნენ, რომ მორიგმა ქმარმა, მორიგი ცოლი გამოასალმა სიცოცხლეს. ჯაფარიძე – ყოველთვის ასე მოიხსენიებს. 
რომანში „შუაღამის შვილები” წერია, რომ ჩვენი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები ჩვენს დაბადებამდე მოხდა; რომ ახალშობილის გონებაში აკუმულირებულია მისი ოჯახის ისტორია. ხანდახან მართლაც მგონია, რომ ბაბუაჩემს 1990 წლამდე ვიცნობდი. მანამდე, სანამ მის გულს ჰაერი დააკლდებოდა; სანამ კალათიდან ვაშლს აიღებდა; სანამ 1988 წლის 15 მარტის დილას გაიღვიძებდა; სანამ დედაჩემი და მამაჩემი ერთმანეთს შეხვდებოდნენ.

რამდენად ეხმარება ბავშვს სკოლის სახელმძღვანელო სამყაროს შემეცნებაში?

0

(მეორე ნაწილი – ლატვიის რესპუბლიკის გამოცდილება)

 

                           ვისთვისაა  განკუთვნილი  წიგნები ?

 

    დაწყებითი კლასების  სახელმძღვანელოების  ხარისხი (ძირითადად მათემატიკასა და მშობლიურ ენაში)  ამავე კლასების მასწავლებლებთან ერთად განიხილებოდა,
რათა
ცხადი გამხდარიყო  სათანადო დონის იყო თუ  არა ისინი  და  პასუხობენ  თუ  არა  მოსწავლეთა მოთხოვნებს. მთავარი კრიტერიუმი მდგომარებდა შემდეგში: ხელს უწყობდა თუ  არა  სახელმძღვანელოები  ემუშავათ მოსწავლეებს დამოუკიდებლად და აქტიურად
ჩართულიყვნენ სასწავლო პროცესში. პედაგოგთა აზრი წიგნების  შესახებ სამ ჯგუფად
დაიყო.


1.   

მაღალი  ხარისხის  წიგნები.  

შემუშავებულია მოსწავლეთა მოთხოვნების
გათვალისწინებით და მათ არჩევნის  მნიშვნელოვან
თავისუფლებას სთავაზობს. ისინი მოსწავლეებისადმი უამრავ კითხვას  შეიცავს იმაში დასარწმუნებლად
,  გაიგეს  თუ არა იდეა  და  სწორდ  ამოხსნეს თუ  არა  ამოცანა (განსაკუთრებით  საშინაო დავალებები), შეიძლება  თუ  არა  მისი  ერთი  ან  რამდენიმე ხერხით  ამოხსნა.მაგ. პირველი  კლასის  წიგნის  ერთერთ  სავარჯიშო   მოსწავლეს სურათების  ლოგიკური თანმიმდევრობ
დალაგებას
სთავაზობ, მაგრამ  მისი  ამოხსნა  მინიმუმ ორი  ხერხით  შეიძლება და  მოსწავლეებმა  ეს  უნდა  განიხილონ. მეოთხე  კლასის სავარჯიშო შეიცავს  დახმარებას – გამოიყენოს
ინტერნეტი; გაკვეთილების  შემდეგ  ბავშვები მას  განიხილავენ  და  თითოეული  გამოთქვამს თავის  აზრს. მოსწავლეებს  სთავაზობენ, მაგ.  მშობლებთან 
საუბარს და  რაიმე  შემთხვევაზე ისტორიის დაწერას, რომელმაც შეცვალა
მათი ოჯახის ან რომელიმე ადამიანის ცხოვრება
.
ისინი უნდა
მოემზადონ ამ საკითხზე დისკუსიისთვის.

     პედაგოგები მაღალ  შეფასებას  აძლევენ ასეთ  წიგნებს,  აღნიშნავენ, რომ  ბავშვებს მოსწონთ ისინი  და  წარმატებებსაც აღწევენ. ასეთი  წიგნების  მთავარი მახასითებელი  ისაა, რომ ის მოსწავლეს სწავლისას აძლევს
თავისუფლებას, მათ ეძლევათ არჩევნის და  გადაწყვეტილების
მიღების
საშუალება; წიგნები გამოიყენება სხვა დამატებით წყაროებთან  ერთად, რომელიც  მოიცავს სავარჯიშოებს  კლასგარეშე 
ცხოვრებიდან.

      დაწყებითი კლასის  პედაგოგები  მიიჩნევენ,
რომ  კარგი  წიგნები ეფექტური  სასწავლ
  პროცესის ორგანიზების დამხმარე საშუალებაა.

     სამწუხაროდ,  ჯერჯერობით  არ  არის  ასეთი  ხარისხის  წიგნების სათანადო  რაოდენობა, ამას  გარდა, ასეთი წიგნების  გამოცემა  ბევრ  დროს  და  თანხას
მოითხოვს. ამიტომ  ჯერ  კიდევ გამოიყენება სხვა დონის წიგნები. მწვავე პრობლემას
წარმოადგენს სამუშაო  რვეულების საკითხიც. სავარჯიშოების  უმეტესობა არ  შეესაბამება  ახალი  პროგრამების  და  ეფექტური  სწავლების იდეას. მაგრამ  მასწავლებლებს, რომლებიც  მშობლების მხრიდან  ზეწოლასაც განიცდიან, მოსწავლეებ
თვის ყველა დავალების შესრულება სამუშაო რვეულებში უხდებათ.
ეს იმის მაგალითია, რომ  ახლებურად  მუშაობის პირობებში, წრე  ისევ  იკვრება და მუშაობის  ნოვატორული მეთოდები  სირთულედ  გადაიქცევა იმ  მასწავლებლებისთვის, რომლები
ისწრაფვიან გააზრებული, მოქნილი
და ახალი  პედაგოგიური  პარადიგმის დანერგვისკენ.


2.   

სასწავლ წიგნები,
რომლებიც იმ გათვლით
აა შემუშავებული, რომ მოსწავლეებ, მეოთხე კლასიც კი, მათ გამოყენება მხოლოდ მასწავლებლის დახმარებით  შეუძლიათ.

ასეთი  წიგნების კლასში  გამოყენების  დროს, მათთან ერთად  აუცილებელია  დამატებითი მასალის  გამოყენება  სასურველი ეფექტის  მისაღებად  და  სწავლების  ხარისხის გასაუმჯობესებლად. მასწავლებლის  დახმარება  გარდაუვალი პირობაა  ასეთი  წიგნებით სარგებლობის  პროცესში, რომელიც  სიტუაციას ძველ პარადიგმასთან  აბრუნებს.

     ასეთ სახელმძღვანელოებში ამოცანებს, როგორც  წესი, ერთადერთი სწორი პასუხი აქვთ.
ისინი  არ ავითარებენ  სააზროვნო და წარმოსახვით
უნარებს, დისკუსიის უნარ–ჩვევას ან  არგუმენტების
საშუალებით საკუთარი პოზიციის დაცვას. ბავშვებისთვის ასეთი  სახელმძღვანელოები  მოსაწყენი და  უინტერესოა. ეს  წიგნები შეესაბამებ
  ოფიციალურ სტანდარტებს, მაგრამ  მათი  ნაკლი  ისაა,
რომ  გამორიცხავენ  არჩევანის საშუალებას და  არ  პასუხობენ მოსწავლეთა მოთხოვნებს, მათ სურვილებს.
ინდივიდუალური  სწავლება  მთლიანად პედაგოგზე, მათ გამოცდილებაზე და პროფესიულ
აზროვნებაზეა  დამოკიდებული. ასეთ  წიგნებში აქცენტი  შინაარსზე, თემების  მრავალფეროვნებაზე  და  არა  უნარ–ჩვევების
და  კომპეტენციის განვითარებაზე  კეთდება.

      3. სახელმძღვანელოები  და  სასწავლო  რესურსები, რომლებიც  პედაგოგთა 
აზრით, დაუმუშავებელი  და  უხარისხოა; ისინი  მუდმივად 
არ  გამოიყენება, მაგრამ  გამოიყენება 
გაკვეთილზე  დამატებით  მასალად.

        მასწავლებლებმა ასეთი წიგნები ასე დაახასიათეს
„წაიკითხე და გაიმეორე”. მოსწავლეებმა ისურვეს, რომ
მასში მეტი ილუსტრაციები
ყოფილიყო; რომ ჰქონოდათ  ამოცანის მათებურად
ამოხსნის
საშუალება. ამას გარდა, მათ უნდათ თანამედროვე, საი
ტერესო ტექსტები და ა.შ. ზოგიერთი ტექსტი ბავშვებმა
ჩათვალეს
, რომ უაზრო
და „ზედმეტად  ბავშვური”
იყო

 

                                                   ჩვენი   ვასწავლით 
„ინტერნეტის   თაობას”

 

       დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისთვის ცოდნის
მიღების ძირითად წყაროს ი
ტერნეტი,
კომპიუტერული მასალები და კომპიუტერული თამაშები წარმოადგენს. უფრო ღრმა  შესწავლის შედეგად  ასეთი  საინტერესო დასკვნა  გავაკეთეთ: მოსწავლეები  ინტერნეტს თამაშისთვის იყენებენ; ამის შემდეგ – სოციალურ ქსელებში თანატოლებთან  კონტაქტისთვის შედიან  და  მხოლოდ ამის  შემდეგ  გამოიყენებენ
მასსასწავლო მასალის  მოსაძიებლად.

    პედაგოგები გვიდასტურებენ, რომ მოსწავლეთა უმრავლესობას
უკვე მესამე კლასში  შეგვიძლია  „ინტერნეტის ბავშვები”  ვუწოდოთ: სწავლისგან თავისუფალ
დროს ისინი  ურთიერთობებს, გართობას, უსისტემო
მოკლე ტექსტების კითხვას
და სხვადასხვა  ვიდეოების  ყურებას უთმობენ, რომელსაც  შემთხვევით აწყდებიან. უკვე  ადრეულ  ასაკში ბავშვებს ემჩნევათ, რომ  სწავლების ტრადიციული  პროცესი, რომელიც ხლაც  პრაქტიკაშია, მოძველდა. ბავშვებს იზიდავს საიტების
თვალიერების პროცესი, მულტიმედიის  საშუალებით  დავალებების შესრულება – ინტეგრირებული  სწავლების  მეთოდი და  მრავალ  სფეროში ცოდნის  მიღება. ეს  ისაა, რისთვისაც  მოსწავლეები მზად არიან. სხვადასხვა სკოლებში სიტუაცია
განსხვავებულია, მაგ. სოფლის სკოლებში მათ ინტერნეტთან  ურთიერთობისთვის ამდენი  დრო  არ
აქვთ. პედაგოგების და ტექნიკური  სპეციალისტების
უახლოეს მიზნებს განმავითარებელი ამოცანებით
ელექტრონული პლატფორმის
შექმნა წარმოადგენს, რასაც  დიდი  დრო  და  ფული  სჭირდება.

    მრავალი წლის  განმავლობაში  ბავშვებს უყვარდათ   ზღაპრების  მოსმენა, მშობლებთან  საუბარი კეთილსა  და  ბოროტზე,  კარგსა  და  ცუდზე.
ახლა ეს პერიოდი სკოლამდელი პერიოდის  რამდენიმე  წლით  შემოიფარგლება,
ისიც
მაშინ, როცა  მათთვის სცალიათ. ბავშვები იზრდებიან, რეგულარულად უყურებენ ტელევიზორს და სურათებს  ინტერნეტიდან, და  მასწავლებლებმა  და  მშობლებმა  ხელი  უნდა  შეუწყონ მათთვის  იმავე  ფასეულობების განვითარებას ახალი საინფორმაციო საშუალებების დახმარებით, მაგ. მულტფილმებით,
თამაშებით  და  თანამედროვე წიგნებით. როდესაც  ბავშვებს  ეკითხებიან ფასეულობებზე იმ მულტფილმების მაგალითზე, რომელში
დიდი რაოდენობით ძალადობა, ისინი  პასუხობენ: “ეს მხოლოდ კომპიუტერული
თამაშია, ეს ხომ სინამდვილეში
არ ხდება”. ძალიან  მნიშვნელოვანია ახალი ინფორმაციული
ველის პოტენციალის დანახვა და არა  კომპი
ტერული  თამაშების და  სატელევიზიო  გადაცემების მთლიანად  უარყოფა.

    მოხდა რამდენიმე  მნიშვნელოვანი  ცვლილება, რომელიც  მოითხოვს საპასუხო  რეაქციას    როგორც  მასწავლებლის, ისე საერთოდ  უფროსებისგან.


·        

ბავშვებს  უვითარდებათ  ინფორმაციის ვიზუალური  აღქმის  უნარი, ისინი გრძელი  ტექსტების კითხვას სურათების
და სქემატური გამოსახულებების ყურებას ამჯობინებენ. მოსწავლეები  დიდხანს ვერ  აჩერებენ  თავიანთ ყურადღებას  იმაზე, რაც  არაა  მათთვის  მიმზიდველი და საინტერესო. სწრაფად კარგავენ ინტერესს,
როდესაც  დიდი  დროის  განმავლობაში  მსმენელის მდგომარეობაში  არიან  ან  აზრს  ვერ  მიჰყვებიან.


·        

 ზოგიერთი ტრადიციული
უნარი, როგორიცაა მხედველობით–მოტორული  კოორდინაცია,
კონცენტრაცია, მიზნისკენ  სწრაფვა, მოთმინება
და ა.შ. ვითარდება  ინტერნეტში  თამაშის და  მუშაობის  პროცესში. მასწავლებლის როლი  მდგომარეობს იმაში, რომ  დაეხმაროს  ბავშვს განსხვავებული  სახის  სავარჯიშოების კომბინაციის ბალანსის პოვნაში, ასევე მიხვდეს, რომელი უნარი განუვითარდათ, რომ ისინი  სხვადასხვა სიტუაციაში, მაგ. სკოლის  დავალებების შესრულებისას გამოიყენონ.


·        

იზრდება ინტერნეტით ურთიერთობის სიხშირე და ბავშვები
ადრეულ ასაკში ითვისებენ უცხო ენებს, განსაკუთრებით ინგლისურს. ასეთი ურთიერთობა  მასწავლებლებისა და მშობლებისთვის ართულებს თვალის
მიდევნების პროცესს – რას  კითხულობს  ის, რა არის  მისი  საუბრის თემები  და რა  ფასეულობები აქვს მის გარემოცვას. აუცილებელია შეიქმნას ნდობის ატმოსფერო, რაც ძალიან ეფექტური
საშუალებაა, ვიდრე დასჯა და აკრძალვა. მათი თავისუფლების გამძაფრებული  მოთხოვნა მოუწოდებს მათ აირჩიონ სწავლისადმი ინდივიდუალური
მიდგომა, ამ  პროცესში ეძებონ  პერსონალიზაციის  საშუალებები.

       დაწყებითი კლასების მოსწავლეებს დაუსვეს კითხვა:
„რისთვის გინდათ აიფონი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი და სხვა მსგავსი საშუალებები?”
პასუხი იყო  გონივრული:


·        

მეგობრებთან  ურთიერთობისთვის;


·        

თამაშებისთვის;


·        

მშობლებმა  იცოდნენ სად  ვარ;


·        

გავიგო  ახალი, რაც არ  არის  სახელმძღვანელოში.

დაწყებითი  კლასების 
მოსწავლეებს  ასევე  ჰკითხეს 
სკოლაზე, გაკვეთილებზე, სკოლაში  მომავალ
რეორგანიზაციაზე, მასწავლებლების მანქანებით შეცვლაზე. მათ  მხარი  დაუჭირეს  მასწავლებელთან პირად ურთიერთობას, კლასში ცოცხალ
ურთიერთობას, ამოცანების  ამოხსნას  თანატოლებთან და მასწავლებელთან ერთად.

 

                                                  სოციალურ  ქსელში  მცხოვრები ბავშვი

 

         კვლევაში მონაწილე ყველა მასწავლებელმა აღნიშნა, რომ  მოსწავლეები ადრინდელთან  შედარებით  უკეთესად გამოხატავენ  თავიანთ  ემოციებს, მეტად  აქვთ  განვითარებული საზოგადოებრივი ცხოვრების და შემეცნებითი უნარები. მათ მთავარ თვისებად  ასახელებდნენ კომუნიკაციურ უნარებს, სოციალურ აქტიურობას
ჰიპერაქტიურობის, გახსნილი  აზროვნების და ცნობისმოყვარეობის
ჩათვლით. მასწავლებელთა  დაკვირვებით  მოსწავლეები შეუპოვრობას  ავლენენ  საკუთარი თვისებების  დემონსტრირებისას, მეგობრულ
და ღია ფორმით მონაწილეობენ დისკუსიებში,
შემოქმედებითად უდგებიან  ექსპერიმენტებს.

      მნიშვნელოვანია ბავშვებს დავეხმაროთ სოციალური
უნარებ
ის განვითარებაში. ეს  გულისხმობს, რომ უნდა შეიქმნას სიტუაციები, რომელშიც
ბავშვი იქნება „ლიდერი,  სიტყვით გამომსვლელი
და კარგი მსმენელი, მასწავლებელი  და მოსწავლე”.
ეს ნიშნავს, რომ  მათ უნდა ვენდოთ დავალებ
ის დამოუკიდებლად
შესრულ
ებისას.

      მეორე მხრივ,  არცთუ  იშვიათია  აგრესიული ქცევა, სამართლიანობისთვის  ბრძოლა,
ემოციურად არასტაბილური შემთხვევები თანატოლებისგან მხარდაჭერის მომთხოვნი მოსწავლეების
მხრიდან, რომლებიც გამოცდილების
ნაკლებობას  გადაჭარბებული  ემოციებით უკეთებენ   კომპენსაციას.

    კითხვაზე „არჩევნის  შემთვევაში  ვის  აირჩევდნენ
ერთის  მხრივ  აიფონს, ტელეფონს, კომპიუტერს  თუ  მეორეს  მხრივ  მეგობარს?”
დაუფიქრებლად  უპასუხეს:


       

რასაკვირველია, მეგობარს.


       

მეგობარს  აიფონით  ან  ტელეფონით.

       სკოლებში ახალი  ინოვაციების  დანერგვა ზომიერად უნდა ხდებოდეს. ინოვაციის  დანერგვა
– სოციალური  ფენომენია, ხოლო  ურთიერთობა
,  ცოდნის მიღების  სტილი  და ქცევა – პიროვნების გამოვლენა. ХХI .–ში  გაკვეთილს უნდა  ჰქონდეს  საგანთა შორის  კავშირის  მიმართულება, აქცენტი  უნდა  კეთდებოდეს  კომპეტენციის შეძენაზე, კლასები  კი  უნდა  დგებოდეს  არა ასაკობრივი  ნიშნით, არამედ  ინტერესების და  მოსწავლეთა  მიზნების მიხედვით.

    ტრადიციულ პედაგოგიკასა  და  ინოვაციებს შორის  ოქროს  შუალედის მოძებნა  არც  თუ  იოლი  ამოცანაა.    

 

თარგმანი და რედაქტირება – კახა ჟღენტი 

 


1.   

Источники познаний
ребенка: есть ли среди них учебник?
Жогла И., Туна А.2014. ПРОБЛЕМЫ
СОВРЕМЕННОГО ОБРАЗОВАНИЯ
. № 4-2014


1.      

„განათლების და მეცნიერების რეფორმა საქართველოში”.2008-05-22  https://www.mes.gov.ge/old/index.php?module=publication&page=detals&id=91


2.      

„განათლების რეფორმის ხუთი წელი” ს. ჯანაშია. https://www.tabula.ge/ge/story/52869-ganatlebis-reformis-xuti-tseli.1 აგვისტო, 2010

პასი სალბერგი – ფინეთი საუკეთესო საგანმანათლებლო სისტემით

0
მილიონობით ამერიკელი მშობელი თავს იმტვრევს, როგორ მოიქცნენ შვილების ნიშნების გასაუმჯობესებლად, მასწავლებლებისა და სკოლებში სასწავლო პროცესის ხარისხის ასამაღლებლად. არადა, მათ შეუძლიათ, მაგალითი ფინეთისგან აიღონ, რომლის საგანმანათლებლო სისტემა მთელს მსოფლიოში გამორჩეულია.

ფინელი მოსწავლეების თითქმის სრული უმრავლესობა უმაღლეს შეფასებას იღებს საერთაშორისო სასკოლო გამოცდებში. ისინი შესანიშნავად აბარებენ მათემატიკას, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებს. 2012 წლის საერთაშორისო სასკოლო გამოცდების შედეგები გვიჩვენებს, რომ კორეისა და იაპონიის შემდეგ ფინეთს საუკეთესო შედეგით მესამე ადგილი უკავია, ამერიკის შეერთებული შტატები კი მხოლოდ 21-ე ადგილს იკავებს.

ზოგს მიაჩნია, რომ ფინეთის განათლების მენეჯმენტი უტოპიაა – ზღაპრული სამყარო, სადაც მასწავლებლის პროფესია ყველასათვის სანატრელია, მაღალჩინოსნებს სჯერათ სკოლების შესაძლებლობების, პოლიტიკოსების მთავარი გზავნილები ამომრჩევლისადმი სასწავლო პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა.

ბევრს აკვირვებს, რომ ფინეთში ბავშვები სწავლას შვიდ წლამდე არ იწყებენ და, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები თანატოლებისგან განსხვავებით, საგრძნობლად ნაკლები სამეცადინო აქვთ. ამასთანავე, წლის ბოლოს მათ მხოლოდ ერთი, სტანდარტული ტესტის ჩაბარება უწევთ, რომელიც საბოლოო ნიშანს განსაზღვრავს.

რა უშლის ხელს ამერიკელ მოსწავლეებს, ფინელების მსგავს შედეგს მიაღწიონ?

ამერიკის შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ფინეთში მოქმედებს სამი ფაქტორი, რომლებიც სასკოლო პროცესზე დადებით ეფექტს ახდენს.

* ფინეთში განათლება ყველასთვის უფასოა;
* აქაურ სკოლებში ყველა პირობაა საიმისოდ, რომ მოსწავლეებმა კომფორტულ გარემოში ისწავლონ. მათ გამორჩეული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი აქვთ, ხოლო განსაკუთრებულ საჭიროებათა მქონე მოსწავლეებისთვის მოხერხებული გარემოა შექმნილი;
* მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ეროვნული სასწავლო გეგმა – კურიკულუმი, რომელიც ორიენტირებულია მოსწავლის ინტერესებზე, მის დამოკიდებულებაზე კონკრეტული საგნების მიმართ და არა საბოლოო შედეგზე, ნიშანზე.

ერთად, გუნდურად მუშაობისთვის ფინელ მასწავლებლებს სასწავლო დღის განმავლობაში რამდენიმე საათი აქვთ. ამ დროს ისინი გამოცდილებას უზიარებენ ერთმანეთს, ცვლიან იდეებს და პროფესიულ კავშირებს ამყარებენ. ეს საგრძნობლად უწყობს ხელს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებას.

ამ დროს კი, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის უახლესი მონაცემების თანახმად, აშშ-ის დაწყებითი კლასის მასწავლებლები ორჯერ მეტი დატვირთვით მუშაობენ, ვიდრე ფინელები. 

თამაშს ფინეთის სკოლებში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. აქ ყოველ გაკვეთილს თხუთმეტწუთიანი შესვენება მოსდევს. აშშ-ისგან განსხვავებით, ფინეთში სასკოლო დღე გაცილებით მოკლეა და მოსწავლეებს შინ მინიმალური საშინაო დავალება მიაქვთ, რომ დღის მეორე ნახევარი მეგობრებსა და საყვარელ საქმიანობას დაუთმონ. 

ხშირად გაიგონებთ არგუმენტებს, რომ შეერთებული შტატები ძალიან დიდია და ფინეთთან მისი შედარება ნაკლებრელევანტურია; რომ აქ გაცილებით რთულია საგანმანათლებლო სისტემის ხარისხის გაუმჯობესება. მიუხედავად ამისა, ვერავინ გიპასუხებთ კითხვაზე, რატომ სწავლობენ მოსწავლეები ფინეთში უკეთესად, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ სხვა კუთხეში.

აშშ-ის განათლების მენეჯმენტის ზოგიერთი ასპექტი ხელს უშლის სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. პირველი ის გახლავთ, რომ აქ ყველაზე დიდ ყურადღებას ტესტირებასა და ვეებერთელა მასალის მაქსიმალურად ათვისებას ანიჭებენ. მთავარი მნიშვნელობა შუალედური და საბოლოო გამოცდების შედეგებს, მოსწავლეთა საბოლოო ნიშნებს ექცევა.

მეორე ის არის, რომ აშშ-ის ბაზარზე სკოლების დიდი არჩევანია. აქაური მშობლები ხშირად პრივილეგირებულ სკოლებს ამჯობინებენ. ეს ძალზე ასუსტებს საჯარო სკოლების სტრუქტურას და ამცირებს უპირატესობას. აშშ-ის საჯარო სკოლებში დღეს ბევრად უფრო გამოუცდელი და არაპროფესიონალი მასწავლებლები მუშაობენ, ვიდრე ოდესმე. ამასთანავე, ისინი საკმაოდ ხშირად იცვლიან სამუშაო ადგილს, სკოლას, რაც საბოლოოდ ძირს უთხრის საგანმანათლებლო სისტემას. 

მაშ, როგორ უნდა მოიქცეს აშშ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? ფაქტია, რომ ერთი ხელის მოსმით ის ფინეთს ვერ დაემსგავსება, მაგრამ მას საშუალება აქვს ისწავლოს, რომელი მეთოდები ჭრის და რომლები – არა. ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ნაბიჯი ის იქნება, თუ ეს ქვეყანა გააუქმებს უსარგებლო, არაფრისმომცემ ტესტირებებს, რომლებიც უსაზღვრო მასალის ცოდნას მოითხოვს. ამით სკოლას „მძიმე ტვირთის” სტატუსი მოეხსნება და მასწავლებლებს მეტი დრო დარჩებათ, რეალური ცოდნის გადაცემაზე იყვნენ ორიენტირებულნი.

კიდევ ერთი გამოსავალი განათლების თანაბარი ხელმისაწვდომობაა. დაუშვებელია, სოციალური მდგომარეობა განათლების მიღების შესაძლებლობაზე ახდენდეს გავლენას. სახელმწიფომ სათანადო ზომები უნდა მიიღოს, რომ თავიდან აიცილოს ის საშინელი შედეგები, რომლებიც სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვთ. განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობა ფინეთისთვის წარმატების ოქროს გასაღები აღმოჩნდა.

წყარო: https://edition.cnn.com/2014/10/06/opinion/sahlberg-finland-education/index.html?sr=sharebar_facebook
მოამზადა ნინია მაჭარაშვილმა

გაძლიერდი და შეცვალე

0
“ყველაფერი დაიწყო ხეიბართა ინსტიტუტში, სადაც სამი წლის ასაკიდან მომათავსეს. დავიბადე ტვინის მოტორული ფუნქციის დარღვევით. ამას ახლავე ვამბობ, რათა ერთბაშად მოვიშორო ეს საკითხი და სხვა რამეზე გადავიდე. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი ჭრილობაა, რომ ამ სახე-ხატზე დავყავართ, მისით მაფიქსირებენ, თითქოს კანზე მაქვს მოკრული, ჩემი დანახვისთანავე სიტყვა “ხეიბარი” ჩნდება”, – წერს ფრანგი მწერალი ალექსანდრ ჟოლიენი. 

ეს მწერალი  დროდადრო მახსენდებოდა, მაშინ, როცა თბილისის ერთ უბანში მაცხოვრებლებმა შშმ ბავშვებისთვის განკუთვნილი საქანელები ჩამოხსნეს, როცა სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლაში კარი შეადუღეს, რათა ამ ბავშვებს მათი სიბრალული არ გამოეწვიათ, როცა ბაღში 4 წლის აუტისტ ბავშვს სცემეს. არ ვიცი კიდევ რამდენი იყო ასეთი – სააშკარაოზე გამოტანილი გარიყვის და დამცირების ფაქტები და რამდენი ისეთი, რომ მიჩუმათდა და მათზე არაფერი გაგვიგია. ან, პირიქით, აღარ მოგვინდომებია კიდევ რამე გაგვეგო, კიდევ შევწუხებულიყავით და კიდევ ერთხელ დაგვენახა ჩვენი სუსტი მხარე, რომელსაც რეალობის მიღება არ შეუძლია. 

როცა, არასასურველ რამეს ვხედავთ, ვცდილობთ თვალები დავხუჭოთ, დავიძინოთ, დავივიწყოთ ან კიდევ სხვა, ჩვენთვის მისაღები და კომფორტული მოცემულობა წარმოვიდგინოთ. არავის ვაძლევთ უფლებას, ჩვენს თავკერძა სიხარულში სხვისი მწუხარების განცდა შემოგვიტანოს და აგვაღელვოს. იმ შედუღებული კარის ფოტო, მგონი ყველაზე ნამდვილი დადასტურებაა ჩვენი საზოგადოების გულგრილობის, რომელიც ამა თუ იმ გარეგნული ნიშნის გამო მოიძულებს ადამიანებს და მის გარიყვას ცდილობს.

რამდენიმე თვის წინ ქართულ ინტერნეტსივრცეში “გაძლიერდი და შეცვალე” – ასეთი სახელწოდების ბლოგი აღმოვაჩინე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლების ჩანაწერები თავსდებოდა. ისინი ყვებოდნენ თავიანთ ოჯახზე, სიხარულზე, სირთულეებზე, გარემო პირობებსა  და ბავშვებზე, მათი ცხოვრება რომ შეცვალა. პროექტის მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის მშობლების გაძლიერებაა, რათა მათ შეძლონ თავიანთი შვილების უფლებების დაცვა  და გამოცდილების გაზიარება იმ მშობლებისთვის, რომლებიც არ ფლობენ საკმარის ინფორმაციას შვილების უფლებებზე. მშობლები  წერდნენ, თუ მათ მოერიდებოდათ მათი უფლებების დაცვა და ამ უფლებებისთვის  ბრძოლა, თავად იქნებოდნენ დამნაშავე თავიანთი პასიურობით  შვილების უფლებების დარღვევაში. მრავალი სირთულის გადალახვის შემდეგ, დედებმა შეძლეს  ნორმალური გარემო შეექმნათ თავიანთი შვილებისთვის, ებრძოლათ მათი უფლებებისთვის, დაეცვათ ისინი, როცა მათ გარიყვას და მოკვეთას ცდილობდნენ. 

“ოთხი წლის წინ ექიმის კაბინეტში განაჩენი მოვისმინე: თქვენს შვილს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება აქვს მიღებული. უკეთეს შემთხვევაში ის ვერ იცოცხლებს, უარესში – “მცენარე” გეყოლებათ. ცხოვრება იქცა ერთ დიდ კოშმარად და გაუთავებელ ბრძოლად საკუთარ თავთან, ახლობლებთან, ექიმებთან, კეთილის მსურველებთან და სრულიად მსოფლიოსთან. ბრძოლა ჩემი შვილის სიცოცხლისა და უფლებებისთვის”.

“ლიკა ჩვენ როგორც ტკივილი კი არა, როგორც დიდი მადლი, ისე მივიღეთ. მან შექმნა მის ირგვლივ უბედნიერესი გარემო, სიყვარულით და სიკეთით სავსე. არასოდეს გვიფიქრია მისი დამალვა ან იზოლირება, პირიქით, ჩვენ ირგვლივ თითქოს განმტკიცდა პირობა რომ, ის, ვინც ლიკას პატივს სცემდა და მიიღებდა მას არა როგორც საცოდავ, უსუსურ ადამიანს, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის სრულფასოვან, განსაკუთრებული ყურადღების, სიყვარულის საჭიროების პირს, ის ადამიანები იყვნენ ჩვენი კეთილისმსურველები და იმსახურებდნენ ჩვენი მხრიდან უდიდეს პატივისცემას”.

“ვურჩევ ყველა დედას, რომელსაც ჰყავს შშმ ბავშვი, იბრძოლოს იმისთვის, რომ მისი შვილი გაიზარდოს ნორმალურ გარემოში, მეტი ყურადღება და აქტიურობა გამოიჩინოს ბავშვის აღზრდის დროს, არ დაუშვას არანაირი შემაფერხებელი გარემოებები, გაეცნოს სამართლებრივ კანონებს, რომლის მეშვეობითაც ბავშვი შეძლებს მიიღოს სრულყოფილი განათლება, გახდეს ქვეყნის სრულყოფილი, ღირსეული მოქალაქე და არა საზოგადოების დანამატი, რომელიც მხოლოდ შემწეობით ცხოვრობს”, – წერენ დედები.

ალბათ, მათაც და ჩვენც ძალიან დიდხანს გვემახსოვრება  შედუღებული კარი და ჩამოხსნილი საქანელები და რა მიზეზითაც არ უნდა ვეცადოთ ასეთი ქმედების  გამართლება, რთული იქნება მას რაიმე ახსნა მოვუძებნოთ, გარდა იმისა, რომ არ შეგვწევს უნარი მივიღოთ ადამიანები ისეთი, როგორიც არიან, თავიანთი უნიკალური ცხოვრებით  და თვისებებით. ისინი კი ჩვენგან არ ითხოვენ არც სიბრალულს და არც შემწეობას, მათ საზოგადოებაში მხოლოდ თავიანთი წილი ადგილი სჭირდებათ. 

ფიზიკა ამოცანებში – თერმოდინამიკა

0
თერმოდინამიკა შეისწავლის სითბური პროცესების დინამიკას ნივთიერებებში, იკვლევს პირობებს, რომლის დროსაც სითბური ენერგია მექანიკურ ენერგიად გარდაიქმნება. თერმოდინამიკაში ხშირად გამოიყენება ცნება – სისტემა. იგი გულისხმობს ერთმანეთთან გარკვეულ ურთიერთქმედებაში მყოფი სხვადასხვა ობიექტის ერთობლიობას. ამ აზრით სამყარო შეიძლება განვიხილოთ როგორც თერმოდინამიკური სისტემა. სისტემის წნევა, მოცულობა და ტემპერატურა სისტემის ის ძირითადი პარამეტრებია, რომლითაც გამოისახება სისტემის მახასიათებელი სხვა ფიზიკური სიდიდეები – ენერგია, მუშაობა, ენტროპია და სხვა. ერთ-ერთი ძირითადი ფიზიკური სიდიდე თერმოდინამიკაში სისტემის შინაგანი ენერგიაა, რომელიც სისტემის შემადგენელი მოლეკულების ქაოსური მოძრაობის კინეტიკური და მათი ურთიერთქმედების პოტენციური ენერგიების ჯამს წარმოადგენს. კინეტიკური ენერგია განსაზღვრავს სისტემის ტემპერატურას და არსებობს მისი რაოდენობრივი გამოსახულება, რასაც ვერ ვიტყვით პოტენციურ ენერგიაზე – მისი ფორმულით განსაზღვრა სისტემის შემადგენელი მოლეკულების დიდი რაოდენობის  გამო სირთულეებს აწყდება. 

გაგრძელება იხილეთ:

გვარებისა და გოგოების შესახებ

0

ბიძაჩემი რომ გარდაიცვალა, თორმეტი წლის ვიყავი. ის ბოლო იყო ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ვაჟებიდან. ძმებიდან არცერთს „გვარის გამგრძელებელი” არ დარჩენია.  იმ დღეებიდან მახსოვს მხოლოდ ბაბუაჩემი, რომელიც თავდახრილი იდგა შვილის ცხედართან და ჩუმად მოთქვამდა. მისი მწუხარე სიტყვებიდან ერთადერთი წინადადება ჩამრჩა გონებაში: „ეს რა გამიკეთეთ ჩემმა შვილებმა, ერთი ბიჭი მაინც დაგეტოვებინათ რომელიმეს!”

ჩვენ კი იქვე ვისხედით, შვილიშვილები, სამნი, მამების გარეშე დარჩენილი პატარა გოგოები, რომლებსაც ბაბუას გვარი გვქონდა, მაგრამ როგორც ჩანდა, ბაბუასთვის ეს საკმარისი არ იყო. მას „გვარის გამგრძელებელი” სჭირდებოდა, ის, ვისზეც შვილების სიყვარულს გადაიტანდა, ვისაც ოჯახის სიამაყედ გაზრდიდა, ასწავლიდა ცხენზე ჯდომას, იარაღის გამოყენებას და სადღეგრძელოებს. ჩვენ არ გამოვდგებოდით. ჩვენ სხვა გვარების გასამრავლებლად გაგვაჩინეს, ოჯახიდან წასასვლელად, სხვისი კერის გასათბობად. ასე სჯეროდა ბაბუაჩემის თაობის ბევრ მამაკაცს საქართველოში, მამაჩემის თაობიდანაც ბევრი ასე ფიქრობდა (თუმცა, საბედნიეროდ, მამაჩემი არა) და ვიცი, არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ ჩემი თაობიდანაც ბევრს მიაჩნია ქალი მეორეხარისხოვან არსებად, რომელიც ჯერ თავის ოჯახს ეკუთვნის, მერე კი სხვისას.

როგორ მოვახერხე, არ ვიცი, მაგრამ დიდი ხნის მცდელობის შემდეგ, როგორღაც ვისწავლე, გონებაში ღრმად მივაძინო წარსულის უსიამოვნო ეპიზოდები. არც ბავშვობისდროინდელ დაკრძალვებსა და პანაშვიდებს ვიხსენებ ხშირად, თუმცა უკვე ბევრი წელია, ვერაფერს ვუხერხებ ბაბუაჩემის სიტყვებს, რომლებიც პერიოდულად ცოცხლდებიან და მახსენებენ, რომ ვცხოვრობ საზოგადოებაში, სადაც ჩემი სქესის გამო შეცდომას არავინ მაპატიებს.

მალე ოცდარვა წლის ვხდები. მთელი ჩემი ცხოვრება ერთი გაბმული, უძილო და შეუსვენებელი ბრძოლაა საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად, იმის დასამტკიცებლად, რომ გოგოებს ყველაფერი შეგვიძლია, ყველაფერი კარგად გამოგვდის, რომ არ გვჭირდება, ვინმემ ხელი ჩაგვკიდოს და გზაზე დაგვაყენოს, რომ თავადაც ვიცით, რა გვინდა, რომ არავისზე ნაკლებად არ შეგვიძლია არც წერა, არც ფიქრი, არც საქმის გაძღოლა, არც მანქანის მართვა, რომ ჩვენც გვაქვს უფლება, გვიყვარდეს და ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკოთ, რომ ოჯახი მაშინ შევქმნათ, როცა მოგვინდება, ან საერთოდ არ შევქმნათ და მაინც ვიყოთ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები, რომ იმდენი შვილი გვყავდეს, რამდენსაც საჭიროდ ჩავთვლით, ან სულაც არ გვყავდეს, ვიყოთ მარტო და არ გვეშინოდეს, ვიყოთ მარტო და არავისგან ვითხოვდეთ შველას.

იშვიათად, მაგრამ მაინც მეფიქრება: ვეყვარებოდი თუ არა უფრო მეტად ბაბუაჩემს, ბიჭი რომ ვყოფილიყავი? ალბათ, კი. ალბათ ჩამეჭიდებოდა, თავის ჭკუაზე აღმზრდიდა და მეც ვიცხოვრებდი ბიჭების ახალი თაობის დაბადების მოლოდინში, რომ მერე მათთვის გადამეცა ჩემი წესები და ჩვეულებები, რომლებითაც, ალბათ, ვიამაყებდი.

მე გამიმართლა, გამიმართლა, რადგან დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, ქალისთვის დამოუკიდებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. გამიმართლა, რომ ის და მისი დები სწავლობდნენ, მუშაობდნენ, მოგზაურობდნენ და ზუსტად იცოდნენ, რომ არც ჩემი ცხოვრება უნდა ყოფილიყო თუნდაც ყველაზე ახლობელი მამაკაცების მიერ დადგენილ ყალიბს მორგებული. სამწუხაროდ, მე ვიცნობ გოგოებს, რომლებიც სხვანაირად გაზარდეს, სხვა წესებს შეაჩვიეს. მათ, რა თქმა უნდა, თქვენც იცნობთ.

დღეს ბევრს ვლაპარაკობთ ქალთა მკველობებზე, ვწერთ, ვშფოთავთ, ვტირით კიდეც. მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის, რომ დამნაშავე ქმრების დასჯა სირცხვილად ითვლება და, უფრო მეტიც, საზოგადოების ნაწილი მათ გამართლებას ცდილობს. შიში, რომ ქალთა მიმართ ჩადენილი დანაშაული ეპიდემიასავით მოედება მთელ ქვეყანას, საფუძველს მოკლებული არ არის. ფაქტია, რომ ყველა ქალი, ყველა გოგო, ვისაც განათლება არ აქვს მიღებული, ვისაც არჩევნის საშუალებას არ აძლევენ, ვისაც დამოუკიდებლობას დანაშაულად უთვლიან, ვინც ერთხელ მაინც გამხდარა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი, ვინც ერთხელ მაინც მიგვიტოვებია საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლაში მარტო, ვისაც უშედეგოდ უთხოვია შველა სამართალდამცავებისთვის, ყველა, ვისაც უთხრეს, რომ მისი მთავარი ფუნქცია ბიჭის გაჩენაა, ან უბრალოდ, არ მისცეს მუშაობის უფლება – ყველა ეს ქალი და გოგო ხვალ შეიძლება ცოცხალი აღარ იყოს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქალები, რომლებსაც კლავენ, არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან. სინამდვილეში, ყველანი ერთ ქვაბში ვთუხთუხებთ და თუ გვინდა, რომ გადავრჩეთ, უნდა ვიფეთქოთ, ქვაბს თავსახური გადავხადოთ და გზას ვეწიოთ.

ოდესღაც, ბავშვობაში, მითხრეს, რომ ოჯახის ამბების საჯაროდ მოყოლა ულამაზო საქციელია. თუმცა მე მაინც მგონია, რომ განსაკუთრებული არაფერი მიამბნია თქვენთვის, არაფერი მითქვამს ისეთი, რაც აქამდე არ იცოდით. აბა, რა დასამალია, რომ ჩვენს ქვეყანაში ქალობა ტვირთია, მით უმეტეს მაშინ, როცა ერთი ხარ და მთელი პასუხისმგებლობა შენზეა. ძალიან უნდა მოინდომო, რომ ნათესავებმა და ახლობლებმა თავი სინანულით არ გადააქნიონ და არ თქვან, რომ ბიჭი შენს ადგილას სულ სხვანაირად მოიქცეოდა, სხვანაირად ასახელებდა გვარს.

როგორც გითხარით, მალე ოცდარვის ვხდები. მართალია, „გვარის გამგრძელებლად” ვერ გამოვდექი, მაგრამ დამოუკიდებელი და ბედნიერი ქალი ვარ, რომელმაც უკვე რამდენიმე ბრძოლა მოუგო საკუთარ თავს, ოჯახს, საზოგადოებას.

რატომღაც, ეჭვი არ მეპარება, რომ მამა აუცილებლად იამაყებდა ჩემით. ბაბუა? არ ვიცი, ალბათ ისიც, თუნდაც მხოლოდ გულის სიღრმეში.

წერილები ბიძას

0
მამა ადრე გარდამეცვალა. ეს აქამდეც მითქვამს და ახლა, მკითხველი რომ არ გავაღიზიანო, მამა ვის არ მოჰკვდომია, რა გული გაგვიწყალა ამაზე წერითო, მხოლოდ მშრალ ფაქტებს მოვყვები.
იმხანად ერთი პატარა, უსუსური გოგო ვიყავი, აი, ისეთი, ჭექა-ქუხილის რომ ეშინიათ და სიბნელეში ჭინკები ელანდებათ. მამას მეგობარი ჰყავდა, დათო ბიძია. ამბობდა, მე და მამაშენი სისხლით არ ვყოფილვართ ძმები, თორემ ისე ძმებივით ვიყავითო. ქეთუნიეს მეძახდა და სულ იმას ჩამჩიჩინებდა, რომ ძლიერი და სასახელო ქალი უნდა გამოვსულიყავი – ჩვენ ხომ გვინდა, მამას „იქ” გული არ ეტკინოსო. მამას გულისტკენა, მით უმეტეს – „იქ”, არ მინდოდა, ამიტომ თავს ვუქნევდი, ზუსტად ასეთი გამოვალ-მეთქი.
დათო ბიძიას ისეთი სამსახური ჰქონდა, ხშირად ვერ იცლიდა, ამიტომ დამავალა – ამ საფოსტო მისამართზე ყოველკვირა მომწერე წერილი და მთელი კვირის სასკოლო წარმატებებისა თუ მარცხის შესახებ მიამბეო. მეც კვირის ბოლოს დავჯდებოდი და სულ ენაშემოკეცილი ვწერდი წერილებს:
„დათო ბიძია, როგორ ბრძანდებით. დღეს ქართული ენის გაკვეთილზე ყველას ჩვენი საყვარელი ლექსი უნდა გვეთქვა. მე „მესაფლავე” ვთქვი. მასწავლებელი უცნაურად მიყურებდა და მერე შენიშვნა მომცა, ეს ლექსი შენისთანა პატარა გოგოსთვის ჯერ ადრეაო. საღამოს, დედას რომ ვუამბე, ასე მითხრა, შენს გულს რაც ესიამოვნება, ის ლექსები უნდა თქვა, მაგრამ „მთაწმინდის მთვარეც” ხომ იცი და ის გეთქვაო. მე გავჯიუტდი, ეგ – ხო, მაგრამ, აი, ფისოებზე და კურდღლებზე ლექსებს არ ვიტყვი-მეთქი. დედამ მითხრა, კარგი, არ თქვაო”.
ხშირად წერილები უკანვე მიბრუნდებოდა და თან დათო ბიძიას შენიშვნები ახლდა: ამ აბზაცში სიტყვათა წყობა არ მომეწონა, აქ სასვენი ნიშანი აკლია, აქ კიდევ აზრი გაქვს აბურდულ-დაბურდული, დაწერე იგივე წერილი ხელახლა და გამომიგზავნეო. ზოგჯერ გულიც მომდიოდა, მაგრამ უხმოდ ვჯდებოდი და ვწერდი. თან ახალიც ხომ დასაწერი მქონდა…
ერთხელ, სკოლიდან გამოსულს, დათო ბიძია დამხვდა მანქანით. ქეთუნიეო, ხელი დამიქნია და მეც ერთი ნახტომით მასთან გავჩნდი. აქეთ ვიყავი და ვიფიქრე, ახლა ხომ გაკვეთილები უმთავრდება, დაველოდები და სახლამდე მივიყვანო. მანქანაში ჩამჯდარი, ღვედით „დამაბა” და იქვე, მანქანის წინა სათავსიდან, წითელყდიანი წიგნი ამოაცოცა – ეს შენთვისააო. დავხედე და წავიკითხე: „ალფრედ ნობელი – მითი და სინამდვილე”.
ავტორს დაწვრილებით აღეწერა ნობელის გამდიდრების, დინამიტის, ქარხნების ამბები (მათ შორის – აფეთქებული ქარხნისაც). ნახსენები იყო ნიტროგლიცერინიც. ეს წამალი ვიცოდი. ისიც ვიცოდი, რომ ხუმრობით ორი სახელი ჰქონდა: „მკვლელი და მკურნალი”. ერთ ფიზიოლოგს ვიცნობდი, ასაკოვანი კაცი იყო. სულ სხვა სახელი ერქვა, მაგრამ თავის თავს „გოლას” ეძახდა და სხვებისგანაც ითხოვდა, ასე დამიძახეთო. ამბობდა, ჩემს მშობლებს რა ვუთხარი, თორემ ვაჟკაცი რომ შეგეძინება, შეიძლება, გოლა არ დაარქვაო?! ძალიან რთული ვარცხნილობა ჰქონდა. თმა კეფაზეღა შემორჩენოდა. არ იჭრიდა და მთელ თავზე მრგვლად შემოიხვევდა ხოლმე. ძალიან საინტერესო შესახედავი იყო. მეც თვალი მისი თავისკენ გამირბოდა, მაგრამ დედასგან ვიცოდი, რომ უფროსებს არ უნდა მივშტერებოდი და ისე, ოდნავ თუ გავაპარებდი ხოლმე თვალს. მოსიარულე ენციკლოპედიას ეძახდნენ, მაგრამ რაღაცნაირი დაბნეული იყო. ზოგჯერ ჩანთით დიდ ქვებს დაატარებდა, ამბობდა, ქოთნის ყვავილებისთვის მჭირდებაო.
ჰოდა, ამ ფიზიოლოგს ჯიბით მუდამ ნიტროგლიცერინი დაჰქონდა – გული აწუხებდა და ამბობდა, ამით მიდგას სულიო, მაგრამ მკურნალი ხომ არის და იმავდროულად მკვლელიც შეიძლება იყოსო.
თუმცა, მოდი, ყველაფერს თავიდან მოვყვები.
დენთი ვიცით, ხომ, რაც არის? მისი სამშობლო ჩინეთია.
როჯერ ბეკონმა დენთის შესწავლა გადაწყვიტა. არა, როჯერი საეკლესიო პირი გახლდათ და არაფრის აფეთქებას არ აპირებდა. უბრალოდ, ალქიმიკოსობდა და რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს აღწერდა, იქნებ ოქროს ტრანსმუტაციის საიდუმლო ამოვხსნაო. მოგვიანებით ბრალი დასდეს, ოქროს კეთება იცი და არ გვიმხელო. სასჯელად თხუთმეტი წელი საეკლესიო ციხეში გაატარებინეს. მეზობელ კამერაში ბეკონის წიგნები იხდიდნენ სასჯელს, ასევე თხუთმეტი წლით.
1845 წელს შვეიცარიელი ქიმიკოსი ქრისტიან შენბაინი სახლში მოწყობილ ლაბორატორიაში ქიმიურ ცდებს ატარებდა. იმ დროისთვის სახელი უკვე გაეთქვა ოზონის აღმოჩენით. შემთხვევით აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას ნარევი დაეღვარა. მაშინვე ბამბის წინსაფრით შეამშრალა და გასაშრობად დაკიდა. წინსაფარი როგორც კი გაშრა, მაშინვე აფეთქდა. შენბაინმა წინსაფარში შემავალი ცელულოზა უნებურად ნიტროცელულოზად გარდაქმნა. მოგვიანებით მიხვდნენ, რომ ნიტროცელულოზის საფუძველზე უკვამლო დენთის შექმნა იყო შესაძლებელი, თუმცა მხოლოდ 1891 წელს მიიღეს უსაფრთხო ნარევი და მას კორდიტი უწოდეს.
ნიტროცელულოზა გაკვეთილზეც შეიძლება მივიღოთ, ოღონდ ძალიან ფრთხილად და მასწავლებლის ყველა მითითების დაცვით. იღებენ აზოტმჟავასა და გოგირდმჟავას ნარევს. ჩვეულებრივ ბამბას, რომელიც ცელულოზაა, კარგად ასველებენ ნარევში, შემდეგ გაჟღენთილს რამდენჯერმე ჩარეცხავენ წყლით და ფილტრის ქაღალდით გაამშრალებენ. შედეგად ვიღებთ მზა ნიტროცელულოზას და შეგვიძლია ვნახოთ, როგორ იწვის ის ჩვეულებრივ ცელულოზასთან შედარებით, ამიტომ კვლავ ავიღებთ ჩვეულებრივ ბამბას (ანუ ცელულოზას) და ჩვენ მიერ დამზადებულ ნიტროცელულოზას. ორივეს ცეცხლს მოვუკიდებთ. ბამბა დიდხანს განაგრძობს წვას, ნიტროცელულოზა კი სწრაფად, მცირე აფეთქებით დაიწვება.
ზემოთ კორდიტი ვახსენე, რომლის შემადგენლობაშიც ნიტროცელულოზასთან ერთად ნიტროგლიცერინიც შედიოდა. ნიტროგლიცერინი სამატომიან სპირტ გლიცეროლისა და მასში ჩანაცვლებული ნიტროჯგუფებისგან შედგება.
გლიცეროლი 1779 წელს კარლ შეელემ ზეითუნის ზეთისა და ტყვიის ოქსიდის გაცხელებით მიიღო. ნივთიერება მოტკბო გემოსი აღმოჩნდა და გლიცერინი (გლიცეროლი) უწოდეს.
 
1846 წელს იტალიაში ალბერ სობრერომ ამ რეაქციით მოტკბო გემოს ზეთოვანი სითხე ნიტროგლიცერინი მიიღო. მიღების პროცესში შენობა ორჯერ აუფეთქდა, ამიტომ ექსპერიმენტები შეწყვიტა, თუმცა თავისი აღმოჩენა მაინც გამოაქვეყნა.
1865 წელს კი ნობელმა სობრეროს აღმოჩენა დააპატენტა და ნიტროგლიცერინის მისაღებად შვედეთში ქარხანა ააშენა. მანამდე   დენთის შესახებ როჯერ ბეკონის ნაშრომიც შეესწავლა. ნობელს ჯერ ერთი ქარხანა აუფეთქდა, მერე – მეორე. მეორე აფეთქებისას მისი ძმაც დაიღუპა. ამის შემდეგ მიხვდა, რომ ტექნოლოგია უნდა შეეცვალა.
ნიტროგლიცერინისა და სპეციალური შემავსებლის გამოყენებით ნობელმა დინამიტი შექმნა და ზღაპრულად გამდიდრდა. მას „დინამიტის მეფესაც” უწოდებენ.
მეცხრამეტე საუკუნეში ექიმმა, რომელიც ნიტროგლიცერინის საწარმოში მუშაობდა, შეამჩნია, რომ მუშებზე მისი ორთქლი რამდენიმე ხნის განმავლობაში კარგად მოქმედებდა. სწორედ ამ დაკვირვების შედეგად შეიქმნა წამალი, რომელიც მკვლელიც არის და მკურნალიც.
წეღან სამუშაო მაგიდას ვალაგებდი და დათო ბიძიასთვის მიწერილი წერილის ფურცელი მომხვდა ხელში. ეტყობა, ეს წერილი უკან დამიბრუნდა მითითებით, შეცდომები გამესწორებინა. ჰოდა, მოგონებები ამეშალა და ნობელის, დენთისა და დინამიტის ამბებიც გამახსენდა.
ჩემი სტუდენტების უმეტესობას წერა უჭირს. ერთ-ერთ შუალედურად თხზულებას ვაწერინებ ხოლმე ქიმიის რომელიმე საკითხზე. წინასწარ მებოდიშებიან ნაწერის, პუნქტუაციის, აზრის შესაძლო გაუმართაობის გამო და მეც ვპირდები, რომ მხოლოდ შინაარსის ქიმიურ მხარეს მივაქცევ ყურადღებას, დანარჩენ შეცდომებს კი გულისტკივილით ვუყურებ.
იქნებ ბავშვობიდან „იძულებითმა” წერამ მოზარდებს წერა ასწავლოს, წერის კულტურა ჩამოუყალიბოს? აი, თუნდაც საყვარელ ზღაპრის გმირებს რომ სწერონ წერილები, მერე, ოდნავ წარმოზრდილებმა – უკვე სათავგადასავლო რომანების გმირებს… ოღონდ ეს ნაწერები უნდა შემოწმდეს და თუ აუცილებელი იქნება, თავიდან დაიწეროს.
დღეს ჩემს წერილებზე მეღიმება და ხუმრობით ასე ვიხსენიებ: „წერილები ბიძას”. დიახ, სწორედ ბიძას და არა ბიძიას, რადგან თვითონვე ამბობდა, ფაქტობრივად ბიძაშენი ვარო. ბიძას კი წერილები უნდა სწეროო. მეც ვწერდი, მაგრამ უფრო და უფრო იშვიათად და ერთ დღესაც აღარ მიმიწერია… გავიზარდე…
მანამდე კი სკოლაში მომხდარ ყველა ამბავს ფოტოგრაფიული სიზუსტით აღვწერდი:
„დათო ბიძია, როგორ ბრძანდებით? იცით, დღეს სკოლაში რა მოხდა?..”

„დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე“ – მეთოდის გამოყენება ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე

0
ეს მეთოდი საშუალებას აძლევს მოსწავლეს, ჩამოაყალიბოს თავისი აზრი და გაუზიაროს სხვებს.
ეს ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია იმისთვის, რომ მოსწავლეს გამოუმუშავდეს ზეპირმეტყველების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, შეჯამებისა და დასკვნების გამოტანის უნარ-ჩვევები, ჩამოუყალიბდეს ანალიტიკური აზროვნება, მიეჩვიოს სხვისი აზრის პატივისცემას, იყოს კარგი მსმენელი, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში.
მეთოდი სამსაფეხურიანია და თითოეულ საფეხურზე კონკრეტულად არის განსაზღვრული მოსწავლეთა საქმიანობა:
I. დაფიქრდი – მოსწავლეები ინდივიდუალურად ფიქრობენ დასმულ კითხვაზე;
II. დაწყვილდი – მოსწავლეები წყვილდებიან და განიხილავენ მოფიქრებულ საკითხს;
III. გაუზიარე – მოსწავლეები წყვილებში განხილულ საკითხს კლასს უზიარებენ.
ამ მეთოდის გამოყენება სწავლების ყველა საფეხურზე შეიძლება. ის შეგვიძლია მოვარგოთ სხვადასხვა ხასიათის ნაწარმოებს. გამოიყენება წაკითხვამდე, კითხვის პროცესში და კითხვის შემდეგ.
იმისთვის, რომ მოსწავლეებმა ეფექტურად შეძლონ ამ მეთოდის დახმარებით ტექსტის დამუშავება, ვესაუბროთ მათ მეთოდის შესახებ, ავუხსნათ, რომ იგი სამი საფეხურისგან შედგება და განვუმარტოთ, რას მოიცავს თითოეული საფეხური.
თავდაპირველად ვარჩევთ ტექსტს, დავსვამთ კითხვას გამოწვევისთვის, რომელიც უშუალოდ უკავშირდება შესასწავლ საკითხს.
კითხვის დასმა და მასზე პასუხის ძიება სასწავლო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ეხმარება მოსწავლეს, განსაზღვროს მოცემული ტექსტის წაკითხვის მიზანი, ხოლო მასწავლებელს – განსაზღვროს მოსწავლის გაგების დონე.
თუმცა კითხვის დასმას თან ახლავს ორი სირთულე:
1. კითხვაზე პასუხს სცემენ აქტიური მოსწავლეები, მორცხვები და პასიურები კი, როგორც წესი, თვალს არიდებენ მასწავლებელს.
2. პასუხის მოსაფიქრებლად არასწორად განსაზღვრული დრო: კითხვის დასმის შემდეგ მასწავლებელი დაახლოებით ერთი წამის შემდეგ ითხოვს პასუხს; როგორც კი ერთ-ერთ მოსწავლეს გამოიძახებს, დანარჩენები წყვეტენ ფიქრს.
მასწავლებელს ამ ორი პრობლემის მოგვარებას გაუადვილებს მეთოდი „დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე”.
მეთოდის სპეციფიკიდან გამომდინარე (იმის გათვალისწინებით, რომ პასუხს თავდაპირველად მეწყვილეს უზიარებს, მერე კი – მთელ კლასს), მოსწავლეს ეკისრება პასუხისმგებლობა მეწყვილისა და კლასის წინაშე. 
გამოყოფილი დროის შემდეგ მოსწავლე ან მისი მეწყვილე ვალდებული არიან, წარადგინონ როგორც საკუთარი, ასევე პარტნიორის ნააზრევი. აქედან გამომდინარე, ეს მეთოდი ყველა მოსწავლეს აქტიურად რთავს საგაკვეთილო პროცესში.
დაფიქრდი
პირველ ეტაპზე მოსწავლეები ფიქრობენ თავიანთ პასუხზე. ეს არის დრო, რომელიც გამოყოფილია ე. წ. „ჩუმი ფიქრისათვის”, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეს, კარგად მოიფიქროს და ჩამოაყალიბოს პასუხი. კითხვის სირთულიდან გამომდინარე, მოსწავლეს მოსაფიქრებლად შეიძლება მიეცეს 10 წამიდან 2 წუთამდე.
მოსწავლე პასუხის ჩამოყალიბებას ცდილობს არსებული (წინარე) ცოდნის გააქტიურებით.
ამ საფეხურზე მოსწავლეებს უვითარდებათ პასუხისმგებლობის გრძნობა. ისინი ცდილობენ, კარგად ჩამოაყალიბონ სათქმელი, ვიდრე დაიწყებენ პარტნიორთან დისკუსიას.
ამ დროს მასწავლებელს შეუძლია, იაროს კლასში და დააკვირდეს, რას წერენ (იმ შემთხვევაში, თუ მუშაობენ სამუშაო ფურცელზე) ან მოუსმინოს მათ საუბარს, რათა გაარკვიოს, რომელ მათგანს ესმის კითხვის არსი. ეს მოსწავლეებს გაუქარწყლებს სურვილს, ისხდნენ პასიურად, მეწყვილის ნამუშევრის იმედად.
მოსწავლეებს აზრის გამოხატვა წერილობითაც შეუძლიათ. ამისთვის მასწავლებელი იყენებს სამუშაო ფურცელს, რომელიც მოსწავლეებს ინდივიდუალურად დაურიგდებათ. გაზიარების ეტაპზე მათ სწორედ ამ ფურცელზე დაყრდნობით შეუძლიათ პრეზენტაცია. ფურცელს შეიძლება ანგარიშის სახე მიეცეს, რაც მასწავლებელს გამოადგება მოსწავლეთა საბოლოო შეფასებისას.
სამუშაო ფურცელი

კითხვა

 

მე რა ვიფიქრე

 

მეწყვილემ რა იფიქრა

 

რა გავუზიარეთ ერთმანეთს

 

 

 

დაწყვილდი

შემდეგ მოსწავლე უწყვილდება გვერდით მჯდომს ან ერთიანდება ჯგუფში.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა განსაზღვროს წყვილებში მომუშავე მოსწავლეთა ვინაობა.

დაახლოებით 1-3 წუთის განმავლობაში მოსწავლეები განიხილავენ თავიანთ იდეებს. საუბრის დროს ისინი ხელახლა ფიქრობენ და ებადებათ ახალი იდეები. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლე, რომელიც სიმორცხვის გამო თავს იკავებდა პასუხის გაცემისაგან, მეწყვილესთან მაინც განიხილავს თავის იდეას. ეს არის ერთ-ერთი საშუალება, მოსწავლე გახდეს უფრო თავდაჯერებული და თავის შეხედულებაზე თამამად ისაუბროს.

თუ მასწავლებელი შეამჩნევს, რომ წყვილებში მუშაობის დროს რომელიმე მოსწავლე დიალოგში ერთპიროვნულად დომინირებს, უნდა ჩაერიოს, რეგლამენტის რეჟიმზე გადაიყვანოს. ამ შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეს განსაზღვრული სალაპარაკო დრო ეძლევა.
გაუზიარე

მას შემდეგ, რაც წყვილები ერთმანეთის პასუხს მოისმენენ (რასაც3 წუთზე მეტი დრო არ უნდა დაეთმოს), მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, თავიანთი აზრი კლასს გაუზიარონ.

დაწყვილების შემდეგ მოსწავლეებს უფრო მეტი სურვილი აქვთ, გამოთქვან აზრი, რადგან პასუხზე პასუხისმგებლობას წყვილი იყოფს. დაწყვილების შემდეგ მოსწავლეები სათქმელს უფრო ლაკონურად აყალიბებენ, რადგან ჰქონდათ საშუალება, ემსჯელათ და განეხილათ.

გაზიარებაში მათ სამუშაო ფურცელიც ეხმარება, რომელიც შეჯამებისთვის გამოადგებათ. ამ სქემას პირობითად შეიძლება ანგარიშის ფორმაც ვუწოდოთ.

მანანა ბაქრაძე – მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის 124-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

გამოყენებული ლიტერატურა:
1. საგამოცდო პროგრამა და დამხმარე ლიტერატურა (კრებულიდან: „როგორ მოვემზადოთ პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდისთვის). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი. თბილისი, 2012
2. სწავლება და შეფასება – დამხმარე სახელმძღვანელო (II). მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2008

შაქრო

0

„- ფუთქავს ცოტას, იცრიალებს და წაი, გადააბი, თვარა აღარაა იქინე აფერი და მიადგება თხილებს!”

გადააბამ და ზიხარ. ძროხა ძოვს, მერე ეზარება და დაწვება. იცოხნება, ბუზებსა და ქინქლებს იგერიებს. ფიქრობ სკოლაზე, გოგოზე, რომელიც ყველას უყვარს, შენი ჩათვლით, „დენდიზე” და „სუბორზე”, რომელიც ალბათ არასდროს გექნება და, შესაბამისად, მეზობლის „დენდიზე” და „ტანკების” მეხუთე ტურზე, „ტურბოს” „ნაკლეიკებზე” გამოსახულ ლამბორგინიზე და ბიმოტაზე, რომელიც გაიზრდები და გამდიდრები და გეყოლება. და კიდევ – ბოტასებზე, ფეხს რომ დაადგამ და ძირზე რაღაც ანათებს, ეგეთზე. უცებ ძროხა დრუნჩს მოაბრუნებს და თვალებში ჩაგხედავს. უყურებთ ერთმანეთს, ასე, ორი-სამი წუთი. მერე ისევ მიაბრუნებს თავს და აგრძელებს ცოხნას და შენ ისევ ფიქრობ ბოტასებზე, „ტურბოზე” და „ფინალ-94″-ზე, რომლის მეხუთე ნომერი, ბაჯო, ძნელად ამოდის.

არაფერია ბუკოლიკურ საათებზე უფრო გრძელი.

უკვე წვიმს. როცა წვიმდა, დედაჩემი ქოლგით მიშვებდა სკოლაში და ეგ ითვლებოდა ყველაზე სამარცხვინო ამბად. იმის იქით მხოლოდ რეიტუზები და კედელი იდგა. ჰოდა, როგორც კი მოსახვევს გავცდებოდი, ვკეცავდი ამ ქოლგას და ერთ მიტოვებულ სახლთან, ძველი ფოსტა-გაზეთების ყუთის უკან ვჩურთავდი. მივდიოდი სველი სკოლაში, ვითარცა გმირი. უკანა გზაზე იშვიათად წვიმდა. და იდგა მსოფლიოში ყველაზე რუხი ამინდები. მოვდიოდით და გუბეებს ვახტებოდით, როგორც ტრადიცია მოითხოვდა. გუბეებს ჰქონდათ გრძელი, ანუ „იშვიათიმანქანარომგამოივლისბენზინიჩამოწვეთავსდაააჭრელებს” ფერი. ჩვენ მოვდიოდით მხიარულად, ასეთი სევდიანი ამინდისთვის დიდად შეუსაბამოდ. ეს – ნახევარღამე დღეების გამო. და კიდევ – შეშის შემოსატანად რომ გავიდოდი, ბაბუაჩემის „ბუშლატას” მომახურავდნენ. წვიმას აქვს ამ „ბუშლატის” სუნი. სახსოვართაგან უსასტიკესია სუნი. არც იბზარება და არც ცვდება – იქით გცვეთს და გბზარავს. „სურნელი” ძნელად უხდება ამ სიტყვას – მეტისმეტად ანაზებს. არადა, სუნი მკვლელი რამაა. ადამიანის ცალკე ნაშრომია, ოდესმე შევეჭიდები საშრომად. არის გვიმრის სუნი, ახალმოჟლემილი ჩაის სუნი. კიდევ – თხის ნაკელის სუნი, სოფლის გზაზე რომ მიდიხარ და შორიდან გცემს. სველი ძაღლის სუნი, სახლის სუნი, ოთახით სავსე ჰაერის სუნი და სახლის სუნი, ოღონდ დიდი ხნის უნახავის. და სხვა. და სხვა.

და კიდევ: შემოდგომის წვიმიანი დილის ოთხმოცდაათიანების გურული მეტაფორა გალანცული ლამპის შუშაა. გალანცული გულისხმობს გაჭვარტლულს. გაჭვარტლული ნიშნავს, რომ წუხელ გვიანობამდე არჩიეს თხილი და ხან ქარი წამოუბერავდა, ხან მოხუცი ქალი აუწევდა უნებლიეთ ფითილს. უფრო სწორად, მეტაფორა ამ შუშის გაწმენდაა, დილით, ძველი წიგნიდან ამოხეული ფურცლით. ძველ წიგნებს ხომ ის ბედი ჰქონდათ გურიაში, რომ ან ცეცხლს ანთებდნენ, ან ჩეჩმაში მიჰქონდათ, ან ეგრე, ლამპის შუშას წმენდნენ. დასაკლავი ქათმებივით გამოჰქონდათ კარადიდან, ოღონდ ეგ იყო, რომ ამ წიგნებს კრიახი არ შეეძლოთ, მხოლოდ უცნაური სევდით თუ გათქვამდა მოსალოდნელი ინკვიზიციის შიშს „მსოფლიოს ისტორია მეოთხეკლასელთათავის. 1974 წელი” ან „მანდარინო, შენ გურიის ოქრო ხარ, კოლმეურნის ვერცხლ ხელებში მბზინავი” (ლექსების კრებული).

გინახავთ, როგორ ანთებს ცეცხლს ფრაზა: „ვეტექიმმა სხიერელმა გულმოდგინედ აიკაპიწა მკლავები და თქვა”? აღარ ვიცი, რა თქვა სხიერელმა. ფურცელი გაშავდა.

ბაბუაჩემმა თავი წვიმიან დღეს ჩამოიხრჩო. მე ვნახე და მზერა ამარიდებინეს, მაგრამ დაკრძალვის დღეს დავაკვირდი და ცალი თვალი ჩავარდნილი ჰქონდა – ის, რომელიც სტკიოდა და ვერ ხედავდა. და პირი – მკაცრად მოკუმული, ნერვიულად, თითქოს გვიბრაზდებოდა. ლექსებს წერდა და რომანტიკული კაცი ეთქმოდა, მაგრამ პრაგმატული საქმეებიც შეეძლო. უბრალოდ, ნერვიული იყო სიცოცხლეში და სიკვდილის შემდეგაც გადაჰყვა. ჰქონდა კი საბაბი: სულ ბოლოს შვილი მოუკვდა. მანამდე, სულ ადრე, დები ზრდიდნენ. მამამისმა, ჩემი სახელისა და გვარის კაცმა, გიორგი კეკელიძემ, ბოლო ცოლი 54 წლისამ შეირთო, 16 თუ 17 წლის, და მალევე დაშორდა. ბაბუაჩემი დარჩა მისგან. შაქრო მეუბნებოდა, როგორ აშინებდნენ ბავშობისას დედამისით, რომ რამე შვილისმიერი გრძნობები არ დაელანდათ ამ უცნობი ქალისადმი. 18 წლისამ ნახა დედა პირველად. მატარებელში მუშაობდა გამცილებლის თანაშემწედ, მაგრამ დიდი ფიქრები ჰქონდა. სოფელში რომ დაბრუნდა, სურებში, თეატრალური კლუბი შექმნა, თვითონ თამაშობდა და რეჟისორობდა. პარტიაშიც შევიდა. რადგან სოფლის მართვა მოესურვა და „უმაღლესი” ვალდებულებად უთხრეს – 30 წლისამ ჩააბარა ინსტიტუტში. ხულოში რომ გაუშვეს მასწავლებლად, იქვე განაწილებული ბებიაჩემი შეირთო და დაბრუნდა სურებში. იყო სკოლის დირექტორი და კულტურის სახლის გამგე და კოლექტივის თავმჯდომარე. მოკლედ, მინიამერიკული ოცნება.

სოფლის ღამეულ ხმათაგან ბევრია მაგიური. წვიმა თუნუქის სახურავზე ან მდინარის ჩხრიალი, თავი რომ თითქოს ქვებზე გიდევს. ან ბაყაყების ჯიუტი ყიყინი. ტურის ყრუ კივილი. ბუს ხმა – მარტოობის მანიფესტი. მაგრამ მთავარი მაინც ჭრიჭინაა, თუ რაღაც მწერი, ზაფხულის ღამის საუნდტრეკს რომ მღერის გაუჩერებლად. ამას ოთახში უცებ შემოფრენილი და ფარდაზე მიმჯდარი ციცინათელა თუ შეედრება, მაგრამ ეს სხვა ჟანრია. ამ ხმებზე მიყურადება ბაბუაჩემმა მასწავლა. დაყრუებული ჭა გეცოდინებათ. გაუქმებული, ანუ. უვარგისი, მომწვანო წყლით, შიგნით ჩამხრჩვალი ქათმის ფრთებით. დღემდე არ ვიცი, რატომ დაარქვეს დაყრუებული. შეიძლება, იმიტომაც, რომ რასაც ჩასძახებ, იმას აღარ ამოგძახებს, რა ვიცი… იმ ჭასთან ახლოს იყო ჩვენი ჭიშკარი. გურიაში ჭიშკარი ნიშნავს ჭრიალსაც და ყველა სახლის ჭიშკარი სხვადასხვანაირად გამოსცემს ხმას. „ციალეს კარი გეიღო”, „მაყვალიეს ჭიშკარი გეიღო”, „ალისტრახოს ჭიშკრის ხმაია მაი, ჩვენი არა”. ეს ხმა გულისხმობს, რომ „სტუმარი მევიდა”, მაგრამ ისეთი სტუმარი, დაძახება რომ არ უნდა. ან მეზობელი გადადის მეზობელთან შენი ეზოს გავლით. ამგვარი ჭრიალა ჭიშკარი არის მნიშვნელოვანი გასაღები გურული ცხოვრების ჭიშკრის შესაღებად. ჯერჯერობით – ისევ ცოცხალი.

და ნათებები. ნათებები. ღამის. ლობიოს ელვა – ასე ეძახდა ბაბუა ზაფხულის უმიზეზო და მოულოდნელ ელვებს, წვიმა და ქუხილი რომ არ მოჰყვებოდა. ლობიოს ზრდისო. ციცინათელა უკვე გითხარით. მთვარე არ უყვარდა, თუმცა, როგორც მითხრა, ადრე სიმთვრალისას ეხმარებოდა შინ მისაგნებად სოფლის რთულ ბილიკებზე. მერე უსარგებლო გახდა. შუაცეცხლის ნაკვერჩხალი: მიაშტერე თვალი, მიაშტერე. ეიხედე ახლა მაღლა. რას ხედავ? და კიდევ – ზღვისკენ, დასავლეთშით, სადღაც პორტისკენ, რომელსაც მე და ბაბუა ერთად ვუყურებდით, ცა ჩანდა ძალიან წითელი. და ხან მძაფრდებოდა ეს სიწითლე და ხან ბაცდებოდა. როგორც ცივილიზაციის გაუგებარი, შორეული დღესასწაული. ჩვენ ვუყურებდით და ვოცნებობდით. მე – მომავალზე. ის – წარსულზე. არსებობს წარსულზე ოცნებებიც. ეს სრულიად განსაკუთრებული რამეა, იშვიათი ხალხის ხელობა.

თავგადასავლების მოყვარული იყო. დაუდგრომელი. ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა. ვგავარ ამ ამბავში. რომ ბრმავდებოდა, ეგ იყო ალბათ ყველაზე დიდი წერტილი მისთვის.  ერთ შემთხვევას ყვებოდა ხშირად,  არაფრით გამორჩეულს, მაგრამ რადგან ხშირად – ჩამრჩა. თურმე სოხუმში ერთ რუს ქალს ყვარობდა. იცნობდა ამ ქალის ქმარსაც. და ძმასაც. ერთხელ უსვამთ ძმას, ბაბუაჩემს და მის სატრფოს. მოსულა ქმარი. უკაკაკუნებს, უკაკუნებს ამათ და უკვე ჩაძინებულებს ვერ აღვიძებს. ბოლოს შეუღია ფანჯარა და ასე დაუძახია:
შაქრო, რიმა, შურა,
ეტა კულტურა??
ვერაფერი ისტორია თავისთავად. მაგრამ გითხარით უკვე, ხან მოყოლით არ გამოდის, რადგან ჩვეულებრივი ამბებია, რომელიც მხოლოდ შენთვისაა არაჩვეულებრივი…

ზღაპრების მოყოლა იცოდა. მაგრამ თავისებურის – ორი საგა ჰქონდა, დაუსრულებული. გზადაგზა თხზავდა. ერთს ერქვა – ანჩური და ბანჩური, მეორეს –  ოჩილარე და ოხლიჩარე.  ამათგან მხოლოდ ოხლიჩარე იყო ცუდი კაცი.

დანარჩენი – თქვენი მოსაწონი. ეს დაუსრულებული ზღაპრები ცალკე ამბავია – უკიდურესად პრივატული და ინტიმური, მხოლოდ მთხრობელის და მსმენელის. ალბათ ასეთი იყო ადრე ოდისეა, სანამ ფურცელმა არ გაყინა. ბაბუაჩემი ზღაპრები გაიფანტნენ. ძვლივს ვიხსენებ ხოლმე სიუჟეტებს, სადაც მე სულ მქონდა პატარა როლი. მაგრამ მთავარი. ამიტომაც, მხოლოდ ზღაპარში ჩემი ,,გამოჩენის’’ მერე ვიძინებდი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...