კვირა, მაისი 18, 2025
18 მაისი, კვირა, 2025

ერთხელ ავრანლოში

0
ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამის, UGRAD-ის, გასაუბრებაზე ვთქვი, რომ თუ შტატებში ვერ წავიდოდი, აუცილებლად ვასწავლიდი ინგლისურს საქართველოს რომელიმე რეგიონში.

კონკურსის გავლის შემდეგ, სექტემბერში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრგორამამ „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოში გამგზავნა. რა თქმა უნდა, მასწავლებლები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაგვანაწილეს და ასე მოვხვდი სკოლაში, სადაც 136 მოსწავლეა.
უკეთეს პირობებს ვერც ინატრებ. მთიანი აჭარიდან გადმოსახლებული ეკომიგრანტები და ბერძნები ერთად მულტიკულტურულ გარემოს ქმნიან – ენობრივად, ტრადიციებით, სარწმუნოებით.

მთელმა სოფელმა – არ ვაჭარბებ, უკლებლივ ყველამ – იცოდა, ვინ ჩავიდოდა, რამდენი წლისა, სადაური, „ვისი გორისა”, ზოგიერთმა სოციალურ ქსელშიც მეძება.

ორი დიდი ჩემოდანი, მინიავტობუსი… თურმე დიასახლისის ზარები მძღოლ მეუღლესთან – როგორი გოგო ვჩანდი, „პრეტენზიული თბილისელი” თუ არა მიშავდა რა. მეუღლე ამშვიდებდა, მხიარული გოგო ჩანსო.

ცხრა თვის შემდეგ ჩემი მასპინძელი ოჯახის ბიჭებმა გამახსენეს, მთელი დღეს თქვენს ოთახში იჯექით და დედაჩვენს ვეუბნებოდით, შეიხედე, ხომ არ მოკვდაო.

მახსოვს პირველი რეაქცია, როდესაც თეფში ავსწია (ჩვენებურად – ავწიე) და ნიჟარაში ჩავდე – ეს იყო თბილისელ გოგონებზე შექმნილი სტერეოტიპის უნებლიე მსხვრევა. და აი, როცა ერთ დღეს ჭურჭელიც დავრეცხე, სტერეოტიპები ინტერნეტმიმოწერაში გავრცელებული გაცეცხლებული „ღიმილივით” გაწითლდა და ნაკუწებად იქცა.
ხუთი თვის შემდეგ დიასახლისმა მითხრა, რძლის შემოსვლისა აღარ მეშინია, მგონი, მის შეყვარებას შევძლებო.

დღეს ავრანლოში მეორე ოჯახი მაქვს, სადაც კი არ მივდივარ, მივქრი (დედაჩემი ეჭვიანობს).

მე, საბა და მახარე (ჩემი მასპინძელი ოჯახის შვილები) შინ მეგობრები ვიყავით, სკოლაში – მასწავლებელი და მოსწავლეები. ჩემი მასწავლებლური სახელი „ელისო მასწსა” და „ელისო თიჩერს” შორის ვარირებდა.

არასოდს მისწავლებია სკოლაში. მყოლია კერძო მოსწავლეები, მაგრამ სკოლა სულ სხვა სამყაროა. დედაჩემი მასწავლებელია და, რაღა დაგიმალოთ, მინდოდა, მისგან მოსმენილი შთაბეჭდილებები – კლასში პირველად შესვლისას თავიდან ფეხებამდე რომ ცახცახებდა – არ გამემეორებინა. მე ხომ NGO-ების, ბევრი ახალგაზრდული პროექტის თაობა ვარ და ჩემს თინ-ასაკში თვითონაც გავძღოლივარ ბავშვების სხვადასხვა სიმულაციურ თამაშს.

ღამით უბრალოდ ვიფიქრე გასაცნობ თამაშებზე და ასე შევედი საკლასო ოთახში, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე, ღიმილით. არაჩვეულებრივად ჩაიარა იმ დღემ.

ნელ-ნელა გავერკვიე წიგნებში, სილაბუსებში, თემატურ გეგმებში, ჟურნალის შევსებაში და შევუდექი მასწავლებლობას.

თუმცა მე, მასწავლებელი, მაინც მოსწავლედ ვრჩებოდი. ბავშვებივით ყოველდღე ვამზადებდი გაკვეთილებს და დიდი ზურგჩანთით დავდიოდი. ჩემი ყვითელი ჩანთა სავიზიტო ბარათი იყო, რომლითაც კილომეტრზე მცნობდნენ.

გაკვეთილის დაგეგმვისას ერთი პრინციპი მქონდა: გაკვეთილმა უნდა გაიაროს ისე, რომ არავინ დახედოს საათს. ყოველ საღამოს ვჯდებოდი წიგნებთან და ვფიქრობდი: მე რომ მოსწავლე ვყოფილიყავი, როგორ გაკვეთილზე შევიდოდი ხალისით, რა აქტივობები მომეწონებოდა.

ვიზუალურმა მასალამ საკანცელარიო ნივთების მასწავლებლად მაქცია. ვხატავდი, ვჭრიდი, ვაწებებდი ბავშვებთან ერთად და ასე ვხსნიდით და ვიმახსოვრებდით გრამატიკულ საკითხებს.

მახსოვს, მონიტორინგზე ჩამოვიდნენ და დირექტორს უთხრეს, ეს გოგო გაკვეთილის ახსნისას თვითონაც სიამოვნებას იღებსო.

ყოველ შაბათ-კვირას მავიწყდებოდა, რომ მასწავლებელი ვიყავი, ორშაბათიდან კი ხელახლა განვიცდიდი ჟურნალის (რომელიც საშინლად არ მომწონს) და ცარცის გემოს.

ეს ღია ეთერში გასვლას ჰგავდა.

ცხრათვიანი სწავლების განმავლობაში ხმისთვის არასოდეს, არასოდეს ამიწევია (მახსოვს მერვეკლასელმა გოგონამ მომწერა: „მას, ნუთუ არასდროს არაფერზე ნერვები არ გეშლებათ და წონასწორობიდან არ გამოდიხართ?”). ისე გამეცინებოდა, როცა საკუთარ თავს გაცოფებულს წარმოვიდგენდი, რომ ვფიქრობდი, არაფრით არ უნდა მივსულიყავი ამ ზომამდე. ერთხელ ყური მოვკარი – ადამიანმა რომ იცოდეს, გაბრაზებული რა საშინლად გამოიყურება, აქამდე არასოდეს მივიდოდაო.

სკოლის დირექტორმა მითხრა: „პროფესიით მასწავლებელი არ ხარ, მაგრამ მასწავლებლის კრიტერიუმებს ათიანზე აკმაყოფილებ: 1) უანგაროდ გიყვარს ბავშვები; 2) შეყვარებული ხარ შენს საგანზე; 3) ბავშვებს შეაყვარე ინგლისური”.

ავრანლომ შემიყვარა მე, მე – ის. ჩვენ ერთმანეთი 30°-იან ყინვაში გამოვცადეთ.

მოსწავლე სასწავლო პროცესის მრავალფუნქციური რესურსია

0
მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე ერთ-ერთმა მომხსენებელმა გამოსვლა იმით დაიწყო, რომ მადლობა გადაუხადა იმ მოსწავლეებს, რომელთაც პრობლემები ჰქონდათ სწავლაში. მან კონფერენციაზე წარმოდგენილი, დაპატენტებული მეთოდური ინოვაცია სწორედ ასეთი მოსწავლეების სწავლის ხელშესაწყობად მოიფიქრა.

 მასწავლებელი მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად ყველა ხელმისაწვდომ რესურს იყენებს.პრაქტიკოსი მასწავლებლები და განათლების სპეციალისტები, პრაქტიკასა და კვლევებზე დაყრდნობით, არგუმენტირებულად ასაბუთებენ, რომ მოსწავლე სასწავლო პროცესში შეუცვლელი მრავალფუნქციური რესურსია.

ნინო და მარი ერთ სკოლაში მუშაობენ. მარი დაწყებითი კლასების მასწავლებელია, ნინო კი ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის მეხუთე- მეექვსე კლასებში. ისინი სამშაბათ დღეს მეოთხე გაკვეთილზე სამასწავლებლოში ხვდებიან. ამ დროს არც ერთს არა აქვს გაკვეთილი. ერთ დღეს აღმოაჩინეს, რომ მათ მოსწავლეებს პრობლემები აქვთ კითხვაში.

მარი: მე, უბრალოდ, დრო არ მრჩება, რომ კითხვაში პრობლემების მქონე მოსწავლეებს დავეხმარო. ვიცი, რაც სჭირდებათ: დრო და პატარა ჯგუფებში მუშაობა, სადაც ყველას ინდივიდუალურად დავეხმარებოდი, მაგრამ ჩემს კლასში 28 მოსწავლეა და როდესაც ზოგიერთს დამატებით დროს ვუთმობ, სხვების წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ.

ნინო: ვიცი, რასაც განიცდი… ჩემს პრობლემას მოსწავლეთა რაოდენობა არ წარმოადგენს. ეს მოტივაციის ნაკლებობაა. მე მეხუთე და მეექვსე კლასებთან ვმუშაობ. მათთვის გულის აცრუება ძალიან ადვილია. ვერც კი წარმოუდგენიათ, რომ რაღაცის გაკეთება შეუძლიათ.

მარი: იქნებ გამოსავალი ერთად მოვძებნოთ?

ნინო: შევეცადოთ, ისეთი მეთოდოლოგია შევიმუშაოთ, რომ ჩვენს მოსწავლეებს დავეხმაროთ, დაძლიონ პრობლემები.

მარის და ნინოს ამ საუბრიდან ერთი კვირა გავიდა. ნინოს უკვე ჰქონდა შეთავაზება: მან პრაქტიკული პედაგოგიკის წიგნი გადაიკითხა და გაუჩნდა იდეა, მას და მის კოლეგასმოსწავლეთა ურთიერთდახმარებისმეთოდოლოგია დაემუშავებინათ და დაენერგათ. N

კოლეგებმა ამ საკითხზეიმსჯელეს.პირველ რიგში, მათ ურთიერთდახმარებისა და ურთიერთსწავლების თემაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითები გაიხსენეს:

*მოსწავლეთა ურთიერთდახმარების იდეა ახალი არ არის. ჯერ კიდევ ძველიბერძნები და რომაელები იყენებდნენ ტუტორებს (მეწყვილე-მეურვე მოსწავლე);

*XIX ს-ის ინგლისში, სადაც 400-500 მოსწავლეზე ერთი მასწავლებელი მოდიოდა, მასწავლებელი ჯერ ასწავლიდაუფროს მოსწავლეებს, ხოლო შემდეგ ეს მოსწავლეები ეხმარებოდნენუმცროსკლასელებს;

*მასწავლებლებს ამერიკის ერთკლასიან სკოლებშისხვადასხვა ასაკის მოსწავლეები ჰყავდათ, რომლებშიც უფროსი ან უფრო მაღალიშესაძლებლობების მქონე მოსწავლეები სხვა მოსწავლეებს ეხმარებოდნენ.

ამის შემდეგ კოლეგები მეთოდურ ლიტერატურას გაეცნენ მეწყვილეთა სწავლების ისეთი ფორმების შესახებ, როგორიცაა:

1.სხვადასხვა ასაკის მეწყვილეთა სწავლება;

2.ერთი და იმავე ასაკის მეწყვილეთა სწავლება.

სწავლების პირველი ფორმასხვადასხვა ასაკისმეწყვილეთა სწავლებაა, რდესაც უფროსკლასელებიეხმარებიან დაბალი კლასების/უმცროსი ასაკის მოსწავლეებს. ამ ფორმით სწავლებისას დადებითი შედეგის საფუძველია მომზადებული მეწყვილე-ტუტორის ცოდნა დაუნარ-ჩვევები. მაგრამ სწავლების ამ ფორმას ახლავს სირთულე: იგი ლოჯისტიკურად ძნელად სამართავია გაკვეთილების ცხრილის კოორდინაციასთან დაკავშირებული სიძნელეების გამო.

სწავლების მეორე ფორმა ერთი და იმავე ასაკისმოსწავლეთა წყვილების სწავლებაა. ამ შემთხვევაში დადებითი შედეგის საფუძველია მისი გამოყენების შესაძლებლობა ჰეტეროგენურ კლასში, რომელშიც მოსწავლეებიგანსხვავდებიან სწავლის დონის მიხედვით.

მეწყვილეთა სწავლება, როგორც თავად ტერმინი მიგვანიშნებს, გულისხმობსმოსწავლეების მიერ მოსწავლეების სწავლებას. ეს საინტერესო დეტალია და ორისპეციფიური დადებითი შედეგი აქვს:

პირველი: რადგან სწავლება მიმდინარეობს ერთი ერთზე, ის ინდივიდუალიზებულია, რაც ეფექტურია ყველასიტუაციაში, განსაკუთრებით უნარ-ჩვევების სწავლისას;

მეორე: მეწყვილეთასწავლება მოტივაციის წყაროს წარმოადგენს როგორც მეწყვილე ტუტორისთვის, ისე მეორე მოსწავლისთვის. სწავლაში დახმარება ტუტორისთვის შინაგანი მოტივატორია, რადგან მეწყვილესთან მუშაობის დროს მას უჩნდება საკუთარი კომპეტენციის შეგრძნება(Slavin, 1995). კმაყოფილების გრძნობა აქვს მეორე მოსწავლესაც, რადგან მან ისწავლა, რაც არ იცოდა ან დაეუფლა იმას, რაც არ შეეძლო მანამდე (Brophy,2004).

მეწყვილეთა სწავლების პროცესს აქვს ორი ფაზა: დაგეგმვა და დანერგვა.

მეწყვილეთა სწავლების დაგეგმვა

1.თემის განსაზღვრა: მეწყვილეთა სწავლება შესაძლებელია ნებისმიერ საგანში გამოვიყენოთ, რომლის თემაც შეიცავს კონვერგენტულ ინფორმაციას. შეგვიძლია ვასწავლოთ მეწყვილეთა სწავლების სტრატეგიით, მაგალითად:

·მათემატიკური უნარ-ჩვევები, როგორიცაა ორნიშნა რიცხვის გამრავლება ერთნიშნაზე;

·ენის კონცეპტები, როგორიცაა ზედსართავი და ზმნიზედა;

·სხვადასხვა ადგილის გრძედის და განედის პოვნა.


2.სწავლებისთვის აუცილებელი მასალების მომზადება.

კონვერგენტული თემა საშუალებას აძლევს მასწავლებელს,შეიმუშაოს სპეციფიკური პრაქტიკა და სავარჯიშოები, რომლებიც სწავლებისსტრუქტურასქმნიან.ამისშედეგად ტუტორები ფოკუსირებულნი არიან პრობლემაზე, ხოლო სავარჯიშოები_მასალაზე.

3.მეწყვილის შერჩევა მოსწავლისთვის: მეწყვილეთა სწავლებისას მასწავლებელს შეუძლია აირჩიოს ორი ალტერნატივიდან ერთ-ერთი. პირველი გულისხმობს მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლის დაწყვილებას დაბალი მიღწევების მქონე მოსწავლესთან და სწავლების წარმართვას მაღალი მიღწევების მქონე მოსწავლის მიერ. მეორე ალტერნატივაამეწყვილეთა ურთიერთსწავლება, რომელშიც ორივე წევრი თანაბარი უნარებისაა და ისინი რიგრიგობით ასრულებენ ტუტორის როლს. ასეთი დაჯგუფების დროს მოსწავლეები უბრალოდ ერთად მუშაობენ.

მეწყვილეთა სწავლების აქტივობების დანერგვა

მეწყვილეთა სწავლების აქტივობების დანერგვისას ექსპერტები გვთავაზობენ ზოგად რეკომენდაციას: გააცანით და ასწავლეთ შინაარსი ისე, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებთ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქმნის სწავლების კონცეპტუალურ საფუძველს, რასაც მოსდევს მასალის გაგება და ლექსიკური მარაგის ზრდა.

1.მოსწავლეთა დანაწილება წყვილებად: მიეცით მოსწავლეებს სამუშაო ფურცლები, რომლებიც გამიზნულია თემის განმტკიცებისთვის;განსაზღვრეთ სამუშაოსთვის მიცემული დრო და ნათლად ჩამოაყლიბეთ თქვენი მოლოდინები.

2.მონიტორინგის განხორციელება: იმოძრავეთ მერხებსშორის, რათა უპასუხოთ კითხვებს და დარწმუნდეთ, რომ მუშაობა სათანდაოდმიმდინარეობს; შეეცადეთ უპასუხოთ მხოლოდ პროცედურულ კითხვებს; შინაარსთან დაკავშირებულ შეკითხვას მხოლოდ მაშინ უპასუხეთ, თუ ტუტორს ეს არ შეუძლია. ეს მეწყვილეთა ჯგუფებს მეტ პასუხისმგებლობას დააკისრებს. შეამოწმეთ სამუშაო ფურცლები, რათა განსზღვროთ, თუ რა საკითხები უჭირთ მოსწავლეებს და რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება.

3.მეწყვილეების შეფასება: თუ მეწყვილეები ერთად ვერ მუშაობენ, მაშინ მოსწავლეები უნდა გადააჯგუფოთ. მეწყვილეთა სწავლების ერთ-ერთი დადებითი მხარე და მოტივაციის მიმცემი ის ფაქტია, რომ მოსწავლეები ეცნობიან სწავლების სხვადასხვა სტილს; ამით რომ ვისრგებლოთ, მოსწავლეები პერიოდულად უნდა გადავაჯგუფოთ.

4.აზრების გამოხატვის სტიმულირება; ასწავლეთ ტუტორს, უბიძგოს მოსწავლეს ხმამაღალი მსჯელობისკენ. ეს მიმდინარე კოგნიტურ ოპერაციაზე დაკვირვების კარგი შესაძლებლობაა.

ეფექტური მეწყვილე ტუტორების მომზადება


მოსწავლეთა ჩამოყალიბება ეფექტურ მეწყვილე-ტუტორებად მასწავლებელს შეუძლია მიზანმიმართული მუშაობით (Alexander, 2006; Chi, Siler, & Jeong, 2004; Slavin, 1995).გაუწვრთნელი ტუტორი ხშირად თავისი მასწავლებლის ყველაზე ცუდ თვისებებს იმეორებს.

მეწყვილე ტუტორს უნდა შეეძლოს:


მახასიათებელი

საკითხის განმარტება

მიზნის ახსნა

სწავლების დასაწყისში ტუტორმა უნდა ახსნას სასწავლო კონცეპტი ან უნარ-ჩვევა, რათა მიაპყროს მოსწავლის ყურადღება მთავარ საკითხს.

ამოცანაზე ორიენტირება

როდესაც გარეშე საკითხი წამოიჭრება, ტუტორმა უნდა შეახსენოს მოსწავლეს მიზნის შესახებ და მისი ყურადღება უნდა მიაპყროს დარჩენილ გვერდებს, საფეხურებსა თუ მაგალითებს.

ემოციური მხარდაჭერა

ასწავლეთ ტუტორებს დამაკვალიანებელი კომენტარების გაკეთება არასწორი პასუხის შემთხვევაში, მაგალითად: “არა, ასე არაა. ოდი, კიდევ ერთხელ ვცადოთ. პირველად რა უნდა გააკეთო?”

აზრების გამოხატვის სტიმულირება

ასწავლეთ ტუტორს, უბიძგოს მოსწავლეს ხმამაღალი მსჯელობისკენ. ეს მიმდინარე კოგნიტურ ოპერაციაზე დაკვირვების კარგი შესაძლებლობაა.


მეწყვილეთა სწავლება წარმატებით გამოიყენებასსსმ მოსწავლეებთან (Fuchs, Fuchs, &Thompson, 2001). როდესაც სსსმმოსწავლეებთან მეწყვილეთასწავლებას ვიყენებთ, ექსპერტები გვირჩევენ, მივცეთ მათ პროცედურებისთვის აუცილებელი ქცევების მაგალითი საკუთარი ქმედებით და ავუხსნათ, თუ რა წვლილი შეაქვთ მათ სწავლაში(Vaughen et al., 2006). სხვა კვლევების მიხედვით, მეწყვილეთა სწავლება ეფექტურია, როდესაც ასევე ვცდილობთ სოციალური ინტერაქციის გაბმას და დადებითი დამოკიდებულებების განვითარებას სსსმ მოსწავლეების მიმართ (Fuchs, Fuchs, Mathes, Simmons, 1997; Elbaum,Vaughn, Huges, & Moody, 1999; Saddler & Graham, 2005).

კოლეგებმა საკითხის დამუშავების და მოსაზრებების გაზიარების შემდეგ გარკვეული სიახლეები დანერგეს თავიანთ პედაგოგიურ პრაქტიკაში.

მარი მასწავლებელმა მეორე კლასში ქართულის გაკვეთილებზე ასეთი სიახლე დანერგა: კლასი დაყო 14 წყვილად, მათგან 7 წყვილი იყო ტუტორი-მოსწავლე, ხოლო 7 წყვილი _ თანაბარი შესაძლებლობის მქონე მოსწავლე. წყვილებს კვირის დასაწყისში აძლევდა 1 ავთენტურ ტექსტს (ლექსიკური მარაგის, შესაძლებლობის, თემატიკის და ა.შ. გათვალისწინებით). კვირის ბოლოს ქართულის გაკვეთილზე დარიგებულ ტექსტებს მოსწავლეები წყვილში კითხულობდნენ. ეს პროცესი მთელი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე მან ორჯერ შეცვალა წყვილების შემადგენლობა. სემესტრის განმავლობაში ის თავისთვის აკეთებდა ჩანაწერებს პროცესის მიმდინარეობის შესახებ და საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილი იყო.

ნინო მასწავლებელმა მეხუთე კლასში საშინაო დავალების კუთხით დანერგა სიახლე: კლასი დაყო 12 წყვილად, მათგან 7 წყვილი იყო ტუტორი-მოსწავლე, ხოლო 5 _ თანაბარი შესაძლებლობის მქონე მოსწავლე. წყვილებს კვირის დასაწყისში ეძლეოდათ ავთენტური ტექსტები და გააზრებული კითხვის ხელშესაწყობად _ წყვილში შესასრულებელი საშინაო დავალება, რომელიც კვირის ბოლოს უნდა წარმოედგინათ. ტუტორი-მოსწავლის 7 წყვილი მიცემული ტექსტების მიხედვით ავსებდა სქემას: მოვლენა – მიზეზი _ შედეგი, ხოლო თანაბარი შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა წყვილები წერდნენ მიცემული ტექსტების ერთაბზაციანრეზიუმეებს. ყოველ პარასკევს იმართებოდა საშინაო დავალების პრეზენტაციები. ეს პროცესი მთელი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდა. ამ ხნის მანძილზე მან ერთხელ შეცვალა წყვილების შემადგენლობა. მთელი სემესტრი ის თავისთვის აკეთებდა ჩანაწერებს პროცესის მიმდინარეობის შესახებ და საბოლოო შედეგით ძალიან კმაყოფილი იყო.

ნინომ და მარიმ საბოლოო მიღწევები შეაჯერეს და გააკეთეს დასკვნა: მეწყვილეთა სწავლება ამართლებს, რადგან იგი მოსწავლეს აქტიურ როლს ანიჭებს და სწავლების პროცესის ინდივიდუალიზაციას ახდენს. მისი ერთ-ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ მისი კომბინირება შესაძლებელია პირდაპირი სწავლების მეთოდთან.

კვლევები ადასტურებს და ექსპერტები ასაბუთებენ, რომ შედეგის გაუმჯობესება ურთიერთთანამშრომლობით, მხარდაჭერით, აზრების გაცვლითა და ერთმანეთისგან რჩევების მიღებით შეიძლება. მასწავლებელთა თანამშრომლობა ცალკეული პედაგოგის ან პედაგოგების ინიციატივა კი არ უნდა იყოს, არამედ სკოლებში უნდა დაინერგოს თანამშრომლობის პრაქტიკა, რომელსაც სკოლის ადმინისტრაცია დაუჭერს მხარს. სკოლაში მკაფიოდ უნდა ჩამოყალიბდეს თანამშრომლობის მიზნები, ერთობლივი მიზნების განსაზღვრის, კომუნიკაციისა და კოორდინაციის მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს პედაგოგთა პროფესიულ ზრდასა და ცოდნის გაღრმავებას.

ჩემი პედაგოგიური მწარმსინაწილი მეოთხე. მეთოდის ბუნება

0

მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში, მეთოდური საკითხი ბავშვის ინტერესებისა და შესაძლებლობების განვითარების საკითხამდე დაიყვანება. მასალასთან მოპყრობის და მისი წარმოდგენის წესი თავად ბავშვის ბუნების ნაწილია. სწორედ ამიტომ, მე მჯერა, რომ წინამდებარე დებულებები უდიდესი მნიშვნელობის და იმ სულისკვეთების მატარებელია, რომლითაც განათლება წინ მიიწევს:

1.მე მჯერა, რომ ბავშვის ბუნების ჩამოყალიბების პროცესში აქტიური მხარე ჯაბნის პასიურს, გამოხატვა წინ უსწრებს ცნობიერ აღქმას, კუნთების განვითარება უსწრებს სენსორულ განვითარებას, ცნობიერ შეგრძნებებს წინ უძღვის მოძრაობები. მჯერა, რომ გაცნობიერება არსებითად მოტორული ან იმპულსურია და რომ ცნობიერი მდგომარეობები ასახვას მოქმედებაში ჰპოვებენ.
მე მჯერა, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფა სასკოლო საქმიანობაში მეტწილად დროისა და ძალების ფლანგვის მიზეზია. ბავშვის მდგომარეობა პასიურ ათვისებასა და მიმღებლობას ემყარება. შეუსაბამო პირობები მას საშუალებას არ აძლევს მიჰყვეს საკუთარი ბუნების წესს; შედეგი არის წინააღმდეგობა და ამაო ხარჯვა.
 
მე მჯერა, რომ იდეები (ინტელექტუალური და რაციონალური პროცესები) მოქმედების საფუძველზე ქცევის უკეთესი მართვის მიზნით ყალიბდება. ის, რასაც ჩვენ გონებას ვუწოდებთ, პირველ რიგში ქცევის თანმიმდევრულად და ეფექტურად წარმართვის წესია. ორგანიზების გარეშე განსჯისა და გონებრივი უნარებისა განვითარების მცდელობა ჩვენი ამჟამინდელი მიდგომების ძირეული შეცდომაა. შედეგად, ჩვენ ბავშვს პირობითად შერჩეული სიმბოლოებით ვამარაგებთ. გონებრივი განვითარებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს სიმბოლოები, მაგრამ მათ, როგორც ძალისხმევის დაზოგვის საშუალებებს, თავიანთი ადგილი აქვთ. მიმართების გარეშე ისინი უშინაარსო და უსაფუძვლო იდეების მასას წარმოადგენენ, რომლებიც გარედან ძალით არიან თავს მოხვეული.
2.მე მჯერა, რომ სურათ-ხატი სწავლების საუცხოო ინსტრუმენტია. ის, რასაც ბავშვი მისთვის შეთავაზებული თითოეული საგნიდან იღებს, არის უბრალოდ ხატები, რომლებსაც ის ამ საგანებთან მიმართებაში თავისთვის აყალიბებს.
მე მჯერა, რომ იმ ენერგიის ცხრა მეათედი, რომელიც ბავშვისთვის კონკრეტული საგნის სწავლებისკენაა მიმართული, ბავშვის მიერ სათანადო ხატების ფორმირებაზე რომ დახარჯულიყო, სწავლების კუთხით სამუშაო გაცილებით შემსუბუქდებოდა.
მე მჯერა, რომ იმ დროის უდიდესი ნაწილი, რომელიც გაკვეთილების მომზადებასა და წარმოდგენას ეთმობა, შეიძლებოდა უფრო გონივრულად და სასარგებლოდ მიმართულიყო ბავშვის წარმოსახვის ვარჯიშსა და იმ საგნების ზუსტი, ცოცხალი და განვითარებადი ხატების შემუშავებაზე, რომლებთანაც ბავშვს გამოცდილების მიღებისას აქვს შეხება.
3.მე მჯერა, რომ ინტერესები შესაძლებლობების ზრდის ნიშნები და სიმპტომებია. მჯერა, რომ ისინი უნარების განვითარების საფუძველია. შესაბამისად, ინტერესებზე მუდმივ და გულმოდგინე დაკვირვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მასწავლებლისთვის.
მე მჯერა, რომ ამ ინტერესებს უნდა განიხილავდნენ, როგორც ბავშვის მიერ განვითარების მიღწეული დონის მაჩვენებლებს.
მე მჯერა, რომ ზრდასრულ ადამიანს მხოლოდ ბავშვების ინტერესებზე მუდმივი დაკვირვებით შეუძლია შეაღწიოს ბავშვის სამყაროში და დაინახოს, რისთვის არის ის მზად და რა მასალასთან იმუშავებს ის უფრო ნაყოფიერად და მეტი მზაობით.
მე მჯერა, რომ არ შეიძლება ამ ინტერესთა არც მიშვება და არც შეზღუდვა. ინტერესის შეზღუდვა ნიშნავს, ბავშვის ზრდასრულად აღქმას და ამგვარად მისი ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის დაჩლუნგებას, მისი სიმხნევის ჩაახშობას, ინიციატივისა და ინტერესების ჩაკვლას. ინტერესის მიშვება ნიშნავს მუდმივის გარდამავალით ჩანაცვლებას. ინტერესი ყოველთვის მისი რაღაც მიღმიერი შესაძლებლობის ნიშანია; ძალიან მნიშვნელოვანია ამ შესაძლებლობის აღმოჩენა. ინტერესთა მიშვება მის ზედაპირულ გააზრებას ნიშნავს, რისი უეჭველი შედეგიც ჭეშმარიტი ინტერესის კაპრიზითა და ახირებით ჩანაცვლებაა.
4.მე მჯერა, რომ განცდები ქცევათა ანარეკლია.
მე მჯერა, რომ განცდების მათი შესაბამისი აქტივობებისგან განყენებულად აღძვრის მცდელობა არაჯანსაღი და ავადმყოფური გონებრივი მდგომარეობის წახალისებაა.
მე მჯერა, რომ თუკი ჩვენ ყოველივე დადებითთან, ჭეშმარიტთან და მშვენიერთან კავშირში, ქცევისა და აზროვნების ჩვევების გამომუშავებას შევძლებთ, ემოციები საკუთარ თავს თავად მიხედავენ.
მე მჯერა, რომ სიყრუესა და სიჩლუნგესთან, ფორმალიზმსა და რუტინასთან ერთად, ჩვენი განათლება სენტიმენტალიზმის არანაკლები ბოროტებითაა შეპყრობილი.
მე მჯერა, რომ ეს სენტიმენტალიზმი მოქმედებისა და გრძნობის ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობის აუცილებელი შედეგია.

My Pedagogic Creed
by John Dewey
School Journal vol. 54 (January 1897), pp. 77-80
ARTICLE ONE. WHAT EDUCATION IS

თარგმნა გიორგი მელიქაძემ

“ჩვენებური” გმირები

0
რამდენიმე დღის წინ ქართულ საინფორმაციო სივრცეს ელვის სისწრაფით მოედო ცნობა, რომ თურქეთის განათლების სამინისტრომ თურქეთის საშუალო სკოლებში ქართული ენის სწავლების პროგრამა დაამტკიცა. 
თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის ეს, რა თქმა უნდა, ისტორიული მნიშვნელობის მქონე მოვლენაა და მათთან ერთად ჩვენც კიდევ დიდხანს ვისაუბრებთ ამ გადაწყვეტილების სიკეთეზე. საზოგადოდ კი შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში ბოლო ხანს გადადგმული რეფორმატორული ნაბიჯები, რომლებიც ეროვნულ და რელიგიურ უმცირესობათა უფლებების აღიარებასა და ხელშეწყობას შეეხება, თურქეთის დემოკრატიული განვითარების მაღალ დონეზე მიგვანიშნებს.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ თურქეთში ქართული კულტურის სახლმა თურქეთის განათლების სამინისტროს ჯერ კიდევ 2004 წელს მიმართა თხოვნით მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შესახებ, ხოლო 2012 წელს – ინიციატივით, საშუალო სკოლებსა და რელიგიურ სკოლებში არჩევით საგნებს ქართული ენა დამატებოდა.
სამწუხაროა, რომ თურქეთელ ქართველებს ყველაფერთან საკუთარი ძალებით გამკლავება მოუწიათ და ისტორიული სამშობლოდან საქმის გაჯანჯლების, ხელის შეშლისა და უპასუხისმგებლობის გარდა არაფერი მიუღიათ.

ქართული ენის საგანი სწავლების 244-საათიან პროგრამას ითვალისწინებს და თურქეთის საშუალო სკოლებში მიმდინარე წლიდან ამოქმედდება. თურქეთის ყველა საშუალო სკოლაში ქართული ენის შესწავლის 10 და მეტი მსურველის შემთხვევაში სკოლის ხელმძღვანელობა ვალდებულია, მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასებში ისინი ქართული ენის შესწავლის საშუალებით უზრუნველყოს.

თურქეთის ქართველებმა ეს საუკუნოვანი ოცნება მეორე ილია ჭავჭავაძედ წოდებული ახმედ ოზქანისა (მელაშვილი) და მისი მეგობრების ხსოვნას მიუძღვნეს, რომლებმაც მეოცე საუკუნეში ჩაუყარეს საძირკველი ამ საშვილიშვილო საქმეს და რომელთა მოღვაწეობაც ფასდაუდებელია თურქეთში ქართული ენის გადარჩენის საქმეში.

ამ ზაფხულს სტამბოლში ყოფნისას ჩვენებური მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ფარნა-ბექა ჩილაშვილის დახმარებით ვესტუმრე ქართული კულტურის სახლს, სადაც ის ქართული ენის შესწავლის მსურველებს ქართულს ასწავლიდა. მაშინ შევხვდი სახლის ხელმძღვანელს ერდალ ქუჩუქს (ელიზბარ ციმნარიძეს) და მის მოადგილეს ოსმან ნური ანარს (ანდრია დუმბაძეს), რომლებმაც მწერალ ქევსერ რუჰისთან (ქეთი ხანთაძესთან) ერთად დიდი და ფასდაუდებელი შრომა გასწიეს თურქეთის სკოლებში ქართული ენის პროგრამის შემუშავებისა და დამტკიცებისთვის.


ფარნა-ბექა ჩილაშვილი 

ქართული კულტურის სახლი სტამბოლში თურქეთის ქართველების ჯგუფ „ჩვენებურის” ძალისხმევით დაფუძნდა 2010 წლის 5 ნოემბერს. მას შემდეგ ეს საზოგადოება ქართული კულტურისა და ენის შენარჩუნებისა და განვითარებისთვის უამრავ საქმეს აკეთებს და ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე მხოლოდ პირადი შემოწირულობების ხარჯზე არსებობს.


ერდალ ქუჩუქი (ელიზბარ ციმნარიძე)

ერდალ ქუჩუქის (ელიზბარ ციმნარიძის) დამსახურებაა, რომ პირველად თურქეთის ისტორიაში თურქეთის საზოგადოებრივი ტელევიზიით გადაიცემა დოკუმენტური ფილმი „კავკასიის ქარი”, რომელიც ქართული კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ფილმს თავად ერდალ ქუჩუკი იღებს და შარშან 13 სერია გავიდა ტელევიზიით. ფილმებს იმდენად დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რომ ტელევიზიამ კიდევ 13 სერიის გადაღების სურვილი გამოთქვა.


ქევსერ რუჰი (ქეთი ხანთაძე)

სტამბოლში ოდითგანვე არსებობდა ქართული საგანმანათლებლო კერები, რადგან ქალაქში იყო ქართული უბნები, რომელთაგან უძველესი გურჯი-კაპი („ქართველთა კარი”) ყოფილა, ხოლო XVII საუკუნიდან, ოსმალთა პერიოდში – ვეზირ-ხანი. იქვე არსებული წმინდა პეტრეს იტალიური ეკლესიაც ქართველთა სამრევლოდ ითვლებოდა თურმე, ხოლო ქართველ სასულიერო პირებს პერის უბანში, პაპას-კვეპრში პატარა სასწავლებელი და ეკლესიაც ჰქონიათ.
XVIII საუკუნეში ქართველთა ძირითადი თავშესაყარი ეინი ჯამეს უბანი იყო, ხოლო XIX საუკუნის მეორე ნახევარიდან – პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებული ქართველ კათოლიკეთა სავანე.


ოსმან ნური ანარი (ანდრია დუმბაძე)

1911 წელს პაპას-კვეპრის სასწავლებელში, შალვა ვარდიძის ბინაში, შეიქმნა ქართველთა კლუბი, რომლის შეკრებებსაც თურმე არანაკლებ 150 ქართველი ესწრებოდა. მათ შორის ყოფილან ქართული წარმოშობის ფაშები, მინისტრები, დეპუტატები, გენერლები, ოფიცრები, ვექილები, ექიმები, ვაჭრები, მოხელეები და სტუდენტები.

ქართველთა თაოსნობით სტამბოლში 3 სკოლა ფუნქციობდა: ფერიქოისა, იენიშარისა და უსქუდრისა. სწავლება ქართულ-ფრანგულად, თურქულ-ფრანგულად და ბერძნულ-ფრანგულად მიმდინარეობდა. საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად ქართულ სკოლაში ისწავლებოდა ქართული ენის გრამატიკა, ქართული ლიტერატურა და ისტორია, მათემატიკა, ფიზიკა, ასტრონომია, სამედიცინო საქმე, ფრანგული და ლათინური ენები. ასწავლიდნენ იაკობ გოგებაშვილის „დედაენას”.

აღსანიშნავია, რომ სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა მონასტრის არქივში დღესდღეობით 1523 წლიდან 1980 წლამდე დათარიღებული უამრავ ენაზე დაწერილი ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი 80 000-ზე მეტი წიგნი, ჟურნალი და გაზეთი ინახება, მათ შორის – 1914-1916 წლების ქართული ლეგიონის არქივიც. საინტერესოა, რომ 1908 წლის 26 აპრილს მონასტერში გადაიხადეს აკაკი წერეთლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და ბიბლიოთეკას მისი სახელი უწოდეს.

როგორც საქართველოსთვის, ისე თურქეთის ქართველებისთვისაც საქართველოს გასაბჭოებამ უმძიმესი შედეგები მოიტანა. ნელა-ნელა სამშობლოსთან ყოველგვარი კავშირი გაწყდა და ყველა ქართული საგანმანათლებლო კერა გაქრა. ქართველ კათოლიკეთა სავანის მეოთხე წინამძღვრის, პიო ბალიძის თქმით, ქართული საზოგადოებები თურქეთში უცხოეთში თავისი არსებობით დასაბამიდანვე ცოცხალი პროტესტი იყო რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის მიმართ. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში, დაიწყო ქართული საგანმანათლებლო და კულტურული ცხოვრების გამოღვიძება ახმედ ოზქანის (მელაშვილის) თაოსნობითა და მოღვაწეობით. მის დაწყებულ საქმიანობას დღეს დიდი ენთუზიაზმითა და სიყვარულით აგრძელებს ქართული კულტურის სახლი, რომელსაც ახლა კიდევ უფრო რთული და მძიმე საქმე ელის – მოანდომოს თურქეთში მცხოვრებ ქართული წარმოშობის მოქალაქეებს ქართული ენის შესწავლა.

მომდევნო ბლოგში საქართველოსთვის ჯერ კიდევ უცნობ დიდ ახმედ მელაშვილზე მოგიყვებით.

როგორ ვაქციოთ ლიტერატურის კითხვა სახალისო პროცესად

0

წარმოიდგინეთ,
რომ თქვენ ხართ მოსწავლე; ერთმა მასწავლებელმა გთხოვათ მოთხრობის წაკითხვა და შინაარსის
გადმოცემა, მეორემ კი _ წაკითხულის შესახებ მსჯელობის პროცესში მონაწილეობა და საკუთარი
აზრის გამოთქმა. რომელი დავალება უფრო საინტერესო იქნება თქვენთვის?

სასწავლო
პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოსწავლეები ხალისით ებმებიან დავალებების შესრულებაში, როდესაც
მათ საშუალება ეძლევათ, საკითხით დაინტერესდნენ, ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ, პასუხი
მოძებნონ, თავისუფალი არჩევანი გააკეთონ, საკუთარი აზრი გამოთქვან და ა.შ.

ქვემოთ
გთავაზობთ რამდენიმე სტრატეგიას, რომლებიც დაეხმარება მასწავლებელსა და მოსწავლეებს
მხატვრული ნაწარმოებების დამუშავებასა და საკითხის შეჯამებაში:

 

1. უკეთ გავიცნოთ ნაწარმოების პერსონაჟი.

სთხოვეთ მოსწავლეებს, გაიხსენონ
შესწავლილი ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟები და ჩამოწერონ დაფაზე, ამის შემდეგ
აირჩიონ ერთ-ერთი პერსონაჟი, დაფიქრდნენ და ქვემოთ მოცემული სქემის (იხ. სქემა 1) დახმარებით გაარკვიონ, რა იციან
და ახსოვთ მის შესახებ:


პერსონაჟი:

 

როგორ გამოიყურება პერსონაჟი?

(აღწერეთ
მისი ძირითადი მახასიათებლები)

1.

2.

3.

რას ამბობს პერსონაჟი?

(დაწერეთ,
რა არის მისი სათქმელი)

1.

2.

3

როგორ იქცევა პერსონაჟი?

(აღწერეთ
მისი ქცევა სხვადასხვა სიტუაციაში)

1.

2.

3.

რას გრძნობს პერსონაჟი?

(აღწერეთ
მისი განცდები)

1.

2.

3.

 

რას ფიქრობთ პერსონაჟზე?

(დაწერეთ
თქვენი შეხედულება მის შესახებ)

 

სქემა 1.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები
დაასრულებენ სქემის შევსებას, სთხოვეთ წარმოადგინონ შერჩეული პერსონაჟები და იმსჯელონ
მათ შესახებ.

 

2. დავეხმაროთ ნაწარმოების პერსონაჟს პრობლემის მოგვარებაში.

სთხოვეთ მოსწავლეებს, წარმოიდგინონ
თავი წაკითხული ლიტერატურული ნაწარმოების ერთ-ერთ პერსონაჟად და საკუთარი გადასახედიდან
ჩამოწერონ ყველა ის ძირითადი პრობლემა, რომელიც მის წინაშე დგას.


პრობლემების ჩამოწერის შემდეგ
მოსწავლეები უცვლიან ფურცლებს მეწყვილეებს და წერილობით სთავაზობენ თითოეული პრობლემის
გადაჭრის ალტერნატიულ ან იმავე გზას, რაც ნაწარმოებშია მოცემული, ასევე _ დასაბუთებას,
თუ რატომ არის ეს შეთავაზება ეფექტური და შედეგის მომცემი (იხ. სქემა 2).


პრობლემა

(აღწერეთ
თითოეული პრობლემა)

პრობლემის გადაჭრა

(აღწერეთ
პრობლემის გადაჭრის გზები)

დასაბუთება

(დაასაბუთეთ,
რატომ არის ეს გზა ეფექტური პრობლემის გადასაჭრელად)

1.

 

 

2.

 

 

3.

 

 

სქემა 2.

სამუშაოს დასრულების შემდეგ მოსწავლეებთან ერთად განიხილეთ
შევსებული სქემები.

3. შევქმნათ ნაწარმოების პერსონაჟის სიმბოლო.

სთხოვეთ მოსწავლეებს, წაკითხული
ნაწარმოებიდან გაიხსენონ მოქმედი გმირები და ჩამოწერონ დაფაზე; შეარჩიონ ნუსხიდან ერთი
პერსონაჟი და შექმნან ისეთი სიმბოლო, რომელიც ყველაზე კარგად გამოხატავს მას.


მუშაობის დასრულების შემდეგ
მოსწავლეები წარადგენენ პერსონაჟებს, მათ სიმბოლოებს და ასაბუთებენ, რატომ შეარჩიეს
კონკრეტული პერსონაჟისთვის ესა თუ ის სიმბოლო, რას დაეყრდნენ მისი შერჩევისას და ა.შ.(იხ. სქემა 3.).

4. დავწეროთ წიგნის ჩვენეული შეფასება.

სთხოვეთ მოსწავლეებს, შეარჩიონ
მათთვის სასურველი ნაწარმოები და წაიკითხონ ყურადღებით კითხვის რომელიმე სტრატეგიის
გამოყენებით; კითხვის დასრულების შემდეგ კი მოამზადონ და გაუზიარონ კლასს წაკითხულის
შესახებ საკუთარი მოსაზრება ქვემოთ მოცემული პუნქტების მიხედვით:


·        

გააცანით კლასს ნაწარმოების სათაური და ავტორი;


·        

გაუზიარეთ, რა მოგეწონათ და რა _ არა ნაწარმოებში და რატომ;


·        

ახსენით, რომელ ნაწარმოებს ან ისტორიას გახსენებთ;


·        

იმ შემთხვევაში, თუ თანაკლასელებს მის წაკითხვას ურჩევდით, დაასაბუთეთ,
რატომ უნდა გააკეთონ ეს, რით არის ღირებული ნაწარმოები, რას შეიძენენ ახალს და ა.შ.

 

5. შევცვალოთ მოვლენები და შევქმნათ ნაწარმოების ჩვენეული
დასასრული.
          

სთხოვეთ მოსწავლეებს, გაიხსენონ
ისეთი დასასრულის მქონე ნაწარმოები, რომლის ფინალის შეცვლასაც ისურვებდნენ; საყვარელი
ნაწარმოების შერჩევის შემდეგ დაფიქრდნენ და გადაწყვიტონ, რა უნდათ, რომ მოხდეს ბოლო
თავში.


აზრების მოკრებაში მოსწავლეებს
ძირითადი მოვლენების გარშემო სიტყვათა ჯგუფის შექმნა დაეხმარებათ. ამისათვის სთხოვეთ
მათ, ძირითადი მოვლენა, რომელმაც უნდა შეცვალოს ფინალი, დაწერონ ფურცლის შუაში, გარშემო
კი მიუწერონ მთავრი გმირების სახელები და
ის მოვლენები, რომლებიც გავლენას მოახდენენ პერსონაჟის ცხოვრებაზე. მას შემდეგ, რაც
მოსწავლეები საკუთარ აზრებს მოაწესრიგებენ, სთხოვეთ დაწერონ ნაწარმოების ალტერნატიული
ფინალი და გაუზიარონ კლასს (იხ. სქემა 4).

6. გავითავისოთ პერსონაჟები და შევცვალოთ ნაწარმოების დასასრული.

შეარჩიეთ მოთხრობა, რომელსაც
საინტერესო დასასრული აქვს. მოსწავლეებთან ერთად მოთხრობის დამუშავება შეწყვიტეთ კულმინაციურ
ადგილას და აუხსენით, რომ მათ მიანდობთ ნაწარმოების ფინალის შექმნას. ამისათვის:


·        

მოსწავლეები დაყავით ჯგუფებად; ჯგუფის წევრთა რაოდენობა სასურველია დაემთხვეს
ნაწარმოების პერსონაჟთა რიცხვს;


·        

დაწერეთ პერსონაჟთა სახელები ფურცლებზე და შექმენით იმდენი ნაკრები, რამდენი
ჯგუფიც არის; A


·        

ნაწარმოების გმირების სახელები თითოეულ ჯგუფში გაანაწილეთ კენჭისყრით. გაითვალისწინეთ,
რომ ყველა ჯგუფში ერთნაირი პერსონაჟები უნდა იყოს;


·        

აუხსენით მოსწავლეებს, რომ ჯგუფის თითოეულ წევრს ევალება დაწეროს, როგორ მოიქცევა
პერსონაჟი ნაწარმოების ბოლო მონაკვეთში;


·        

პერსონაჟის ქმედების ასაღწერად მოსწავლეებს მიეცით სქემები და აუხსენით, რომ
სქემის შევსებისას მათ მოუწევთ არა მარტო პერსონაჟის  საქციელის გამოგონება, არამედ იმის დასაბუთებაც,
თუ რას დაეყრდნენ მისი ამა თუ იმ ქმედების აღწერისას (იხ. სქემა 5);


·        

სქემების შევსებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ სთხოვეთ ჯგუფის წევრებს,
გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი ნააზრევი, შეაჯერონ და შექმნან ერთიანი ვარიანტი;



·        

როდესაც ჯგუფების მიერ ნაწარმოების ბოლო ეპიზოდის ვერსიების წარდგენა დასრულდება,
წაუკითხეთ კლასს მოთხრობის დანარჩენი ნაწილი და ერთად იმსჯელეთ ავტორისეული და მოსწავლეების
მიერ შექმნილი სხვადასხვა ფინალის შესახებ.


პერსონაჟი

(დაწერეთ თქვენი პერსონაჟის
სახელი)

პერსონაჟის ქმედება

(აღწერეთ, როგორ მოიქცევა
ნაწარმოების ბოლო ეპიზოდში თქვენი პერსონაჟი)

ქმედების საფუძველი (ახსენით წაკითხულის საფუძველზე, რას დაეყრდენით
მისი ამ ქმედების აღწერისას, მაგ.: პერსონაჟის თვისებას, საქციელს, მის მიმართ სხვების
დამოკიდებულებას და ა.შ.)

 

 

 

 

 

 

სქემა 5.

7. შევქმნათ ახალი ისტორიები  ნაწარმოების გმირების შესახებ.

ნაწარმოების გმირების შესახებ
ახალი ისტორიების დასაწერად:


·        

მოსწავლეებს სთხოვეთ გაიხსენონ წლის განმავლობაში შესწავლილი ნაწარმოებებიდან
პერსონაჟები და ჩამოწერონ დაფაზე;


·        

სთხოვეთ, ნუსხიდან შეარჩიონ ერთ-ერთი გმირი, დაწერონ ფურცლის შუაში მისი სახელი
და მიუწერონ, ნაწარმოებიდან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელი თვისებები;


·        

როდესაც მოსწავლეები დასრულებენ ამ ნუსხის შედგენას, სთხოვეთ, გმირის თვისებების
გათვალისწინებით შეადგინონ პატარა ამბავი. აუხსენით მათ, რომ შეუძლიათ პერსონაჟები
გადაიყვანონ წარსულ ან მომავალ დროში;


·        

ურჩიეთ, რომ ამბის წერისას პერიოდულად ჰკითხონ საკუთარ თავს: “ის ამას მართლა
ასე გააკეთებდა?”;


·        

როდესაც მოსწავლეები დაასრულებენ წერას, სთხოვეთ გაუზიარონ საკუთარი ნაშრომები
კლასს;


·        

შესაძლებელია გამოქვეყნდეს კლასის ანთოლოგიაც.

8.  მოვამზადოთ საყვარელი წიგნის რეკლამა.

სთხოვეთ მოსწავლეებს, გაიხსენონ
მათთვის საყვარელი ის ნაწარმოებები, რომლებიც წლის განმავლობაში გაიარეს; ნუსხიდან
შეარჩიონ ერთი და წარმოიდგინონ, რომ მის სარეკლამო კამპანიას ხელმძღვანელობენ. ამის
შემდეგ გააცანით მოსწავლეებს დავალება. ქვემოთ მოცემული პუნქტების მიხედვით მათ სამწუთიანი
სატელევიზიო რეკლამა
უნდა დაგეგმონ:


·        

ჩამოაყლიბეთ რეკლამის მიზანი;


·        

განსაზღვრეთ, ვინ იქნება სამიზნე ჯგუფი (ასაკი, სქესი, პროფესია და სხვ.);


·        

დახატეთ რეკლამის თითოეული სცენა ან წერილობით გადმოეცით მისი მონახაზი;


·        

გადაწყვიტეთ, ვინ წარადგენს რეკლამას (ცნობილი ადამიანი, მულტფილმის პერსონაჟი
და სხვ.);


·        

დაწერეთ რეკლამის ტექსტი.

სამუშაოს დასრულების შემდეგ სთხოვეთ მოსწავლეებს, გააცნონ
კლასს მათ მიერ მომზადებული რეკლამები.


როგორც ვხედავთ, განხილული სტრატეგიები სასარგებლოა არა მხოლოდ
მოსწავლეების საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად, არამედ შემოქმედებითი აზროვნებისა და
ისეთი მნიშვნელოვანი უნარების განვითარებისთვის, როგორიც არის ანალიზი, სინთეზი, შეფასება,
არგუმენტირება და ა.შ.

Alt-J (∆) – სიახლის ძიებაში

0
სკოლაში რომ ვსწავლობდი, სასწავლო წლის დაწყება ჩემთვის ყველაფერ ახალთან ასოცირდებოდა. ახალი ტანსაცმელი, ახალი წიგნები, ახალი საგნები, ახალი ემოციები. წლიდან წლამდე შემოდგომის პირველი თვე ჩემთვის სიახლის თვედ გადაიქცა. სკოლის შემდეგ, უნივერსიტეტში, სასწავლო წლები შედარებით განსხვავებულად მეწყებოდა – ახალი ლექტორებით, ახალი განწყობებით, თუმცა ძველი პრობლემებით უნივერსიტეტში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მაგარი სტუდენტობა მქონდა. სავსე მნიშვნელოვანი გამოცდილებებით, კარგი ადამიანებით, განხორციელებული და განუხორციელებელი იდეებით, სისტემასთან დაპირისპირებით, ბევრი გართობით, ოდნავ ნაკლები განათლებით (როგორც ყოველთვის) და, რა თქმა უნდა, მუსიკით.

სტუდენტობიდან მოყოლებული, ნამდვილ Music Addict-ად, მუსიკაზე დამოკიდებულ ადამიანად ვიქეცი. ვუსმენდი ყველგან და ყოველთვის, როცა საამისო დრო და შესაძლებლობა მქონდა. უნივერსიტეტში იშვიათად თუ მნახავდა ვინმე ყურსასმენის გარეშე. ამიტომაც ვერ მიძლებდა ვერც ერთი ყურსასმენი ერთ-ორ თვეზე მეტს. მას შემდეგ, რაც სტუდენტობა დამთავრდა და მუშაობა დავიწყე, დროც ნაკლები მაქვს, ყურსასმენებიც მეტხანს ძლებს, მაგრამ მუსიკისადმი ჩემი დამოკიდებულება დღემდე არ შეცვლილა. ერთადერთი, რაც ამ დამოკიდებულებაში არ მომწონს, ის არის, რომ იშვიათად და ძალიან ძნელად ვიღებ ახალ მუსიკას. მყავს მუდმივად თანამდევი ბენდები და მუსიკოსები („ბიტლზი”, მორისონი, ჰენდრიქსი, ჯოპლინი, Pink Floyd-ი, ცოტა ბლუზი, ჯაზი, ერთი-ორი ქართული ბენდი), რომელთაც ყურებიდან არასდროს ვიშორებ, მაგრამ ახლის, განსხვავებულის მიღება თითქმის არ გამომდის. 

ამ დამოკიდებულების შესაცვლელად ისეთი სიახლის ძიება დავიწყე, რომელიც ძველ მუსიკასაც არ მომწყვეტდა და პარალელურად ძალიან საინტერესო და თანამედროვეც იქნებოდა. რთულია ასეთი ბალანსის პოვნა, მაგრამ, საბედნიეროდ, ის ერთმა ბრიტანულმა ჯგუფმა მაპოვნინა – ჯგუფმა უცნაური სახელით და კიდევ უფრო უცნაური, განსაკუთრებული მუსიკით. სულ რამდენიმე თვეა, რაც აღმოვაჩინე. 7 წელია არსებობენ, მხოლოდ ერთი ალბომი აქვთ გამოშვებული. „Alt-J” – ასე ჰქვია ჯგუფს, რომელმაც ბოლო თვეების განმავლობაში გამიტაცა.



ყველაზე მეტად ისეთ ჯგუფებს ვაფასებ, რომელთა მოსმენის დროსაც ძნელი სათქმელია, ვისი გავლენით ქმნიან საკუთარ მუსიკას. „Alt-J”-მ ამ მხრივ ნამდვილად მოახერხა ჩემი განცვიფრება. მათი მუსიკა ძალიან ორგანულია და არც ერთი სხვა ბენდისას არ ჰგავს. იმდენად ინდივიდუალურები არიან, რომ გაგიჭირდება, რომელიმე სტილს მიაკუთვნო. აქ შეხვდებით ინდი როკს, ბრიტანული ფოლკლორის ელემენტებს, ელექტრონულ ხმებს, აკუსტიკურ ჟღერადობებს, კასტანეტების, პერკუსიისა და დრამ სეტის ძალიან საინტერესო სინთეზით შექმნილ რიტმსექციას. მოკლედ, ბენდის მუსიკა ნებისმიერი გემოვნების ადამიანისთვის საინტერესოა.

ჯგუფმა თავის სიმბოლოდ დელტა (∆) აირჩია. სახელი „Alt-J”-ც სწორედ ამ სიმბოლოს გამო დაირქვეს – კომპანია Apple-ის მიერ წარმოებულ კომპიუტერებზე დელტა ორი კლავიშის, Alt-ისა და J-ს კომბინაციით მიიღება. აღნიშნული სიმბოლო მეცნიერებაში განსხვავების ან ცვლილების აღმნიშვნელად გამოიყენება. ჯგუფის წევრებმა ამით იმას გაუსვეს ხაზი, რომ მათი მუსიკა განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა – პირველი ალბომი, „An Awesome Wave”, 2012 წელს გამოსცეს. ბრიტანელმა კრიტიკოსებმა ის ძალზე დადებითად შეაფასეს და ბრიტანეთში წლის საუკეთესო ალბომად აღიარეს. ამის დამადასტურებლად მათ Mercury Prize-იც გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი მანამდე მიღებული აქვთ ისეთ ცნობილ და პოპულარულ არტისტებს, როგორებიც არიან „Franz Ferdinand”, PJ Harvey, „Antony and The Johnsons”, „Arctic Monkeys”, „The XX”, „Portishead” და სხვ.
 
„Alt-J” იმ ბენდების რიცხვს განეკუთვნება, რომლებსაც საქართველოში მასობრივად არ უსმენენ. ქართული პუბლიკის დიდ ნაწილს რატომღაც არ უყვარს ექსპერიმენტული მუსიკა, რომელიც არც ერთი მიმდინარეობის სტანდარტში არ ჯდება. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთი გემოვნებიანი ექსპერიმენტული ჟღერადობა პირადად მე იშვიათად შემხვედრია. ჯგუფის მოსმენისას ქართველი მსმენელი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას ვოკალურ მრავალხმიანობას. საინტერესოა ისიც, რომ მუსიკის მნიშვნელოვან ნაწილს ელექტრონული ხმები შეადგენს, მაგრამ, მიუხედავად  ამისა, კომპოზიციები საოცრად ორგანული და ერთიანია.

ბევრი თანამედროვე ჯგუფისგან განსხვავებით, „Alt-J”-ს ძალიან საინტერესო ლირიკა აქვს. მსმენელს მათი კომპოზიციების აღქმა ერთიორად უადვილდება, როდესაც ამა თუ იმ სიმღერის ბექგრაუნდს ეცნობა. მაგალითად, პირველ ალბომში შესული ერთ-ერთი საუკეთესო ტრეკია „Taro”, რომელიც ორი ფოტოგრაფის, გერდა ტაროსა და რობერტ კაპას სიყვარულის ისტორიას ეხება. ორივე მათგანი ომის გაშუქებაზე მუშაობდა. გერდა ტარო 1937 წელს დაიღუპა, ესპანეთის სამოქალაქო ომის გაშუქებისას. კაპას ცხოვრებაც ანალოგიურად დასრულდა – 17 წლის შემდეგ, სადღაც ჩრდილოეთ ვიეტნამში, ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა ინდოჩინეთის პირველი ომის გადაღების დროს. „Alt-J”-მ ეს ისტორია ძალიან ლამაზი ტრეკით გააცოცხლა:

სულ მალე, ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის, ბენდის მეორე ალბომი, „This Is All Yours” გამოვა. კომპოზიციებს გამოსვლამდე მოვუსმინე და მოლოდინი ნამდვილად არ გამცრუებია. მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის დასაწყისში ჯგუფი სოლო გიტარისტმა გუილ სეინსბერიმ დატოვა (მისი არყოფნა ნამდვილად დაეტყო ახალ კომპოზიციებს), საერთო ჯამში ძალიან კარგი დისკი გამოვიდა.

იმედი მაქვს, ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ბენდი ქართველი მსმენელისთვისაც მისაღები და საინტერესო გახდება. „Alt J”-მ მოახერხა და დიდი სიახლე შემოიტანა ჩემს პირად სივრცეში, ერთგვარ კომფორტის სფეროში, რომლის დარღვევაც ნამდვილად არ არის იოლი. აქამდე მეშინოდა მსგავსი სიახლეების, ახლა კი მიმაჩნია, რომ, როგორც სხვაგან, ისევე მუსიკაშიც სიახლის ძიება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გაიცანით „Alt-J” – ბენდი საზღვრების გარეშე

და ნურასოდეს შეგეშინდებათ სიახლის! 🙂

 

ასერტული ქცევის კონცეფცია საგანმანათლებლო სისტემაში (ნაწილი II)

0
როგორც წინა სტატიაში აღვნიშნეთ, ასერტული ქცევის განხორციელებისას ადამიანი იცავს საკუთარ მოსაზრებებს, გამოთქვამს აზრებს და გრძნობებს პირდაპირ, ღიად, ამავე დროს პატივს სცემს სხვების შეხედულებებს. ასერტული ადამიანი მოქმედებს ზედმეტი მღელვარებისა და დანაშაულის გრძნობის გარეშე. ის პასუხისმგებელია თავის ქცევასა და არჩევანზე. წარუმატებლობის შემთხვევაში მას შესაძლოა დაეუფლოს იმედგაცრუება, თუმცა ამით მისი თვითაღქმა და თვითშეფასება არ ზარალდება. ასერტულ ადამიანს თავისუფლების განცდა აქვს, რადგან მოქმედებს საკუთარი საჭიროებების და არა სხვათა მოლოდინის შესაბამისად. მას აქვს მიღწევის მაღალი მოთხოვნილება, თუმცა იცის, რომ მუდამ გამარჯვებული ვერ იქნება. ასერტული ქცევის ადამიანი ფლობს აქტიური მოსმენის ტექნიკას (ამ უკანასკნელის შესახებ ჩვენს ერთ-ერთ სტატიაში ვისაუბრეთ კიდეც), კოლეგიალურია და ხშირად იყენებს თანამშრომლობის გამომხატველ ფრაზებს, მაგ.: „რას ფიქრობთ ამის შესახებ?” – და სხვა.
როგორ იქცევიან ასერტული მასწავლებლები?
1. ასერტული მასწავლებლები მოქმედებენ სწრაფად, ენერგიულად, მართავენ მოსწავლეების ქცევას ყველა საჭირო შემთხვევაში და ურთიერთობის ყოველ ეტაპზე; მათ არ მიაჩნიათ, რომ ცუდ საქციელს აქვს მისაღები მიზეზი (ბიოლოგიური ფაქტორით გამოწვეული გამონაკლისის გარდა).
2. ასერტულ მასწავლებლებს მკაფიოდ აქვთ გააზრებული ცუდი ქცევის ნეგატიური შედეგები და მოქმედებენ შემუშავებული წესების შესაბამისად. ისინი მართავენ შეხვედრებს მოსწავლეებთან, წერენ დაფაზე წესებს და უხსნიან, ამოწმებენ, გაიგეს თუ ვერა, განმარტავენ, რა საჭიროა ამ წესების შემოღება და დაცვა. მთელი წლის განმავლობაში (პროგრამის ამოქმედებიდან მალევე) გადახედავენ მათ, რათა შეიტანონ შესაბამისი ცვლილებები. სთხოვენ მოსწავლეებს, ჩაიწერონ ისინი და წაიღონ სახლში, აჩვენონ მშობლებს, ხელი მოაწერინონ. ამის შემდეგ წესები ძალაში შედის.
3. წესები ფორმულირებული უნდა იყოს შემდეგნაირად: გაიწეროს, რა უნდა გააკეთოს მოსწავლემ (და არა პირიქით – რა არ უნდა გააკეთოს). მოსწავლეები, რომლებიც არღვევენ წესებს, ისჯებიან. აღსანიშნავია, რომ დასჯა არ გულისხმობს უპატივცემულობას, მტრობას და დამცირებას; ის გულისხმობს მოსწავლისთვის დისკომფორტის შექმნას. მოსწავლემ უნდა იგრძნოს, რომ მან გააკეთა არასწორი არჩევანი, როდესაც დაარღვია წესი და ამით ხელი შეუშალა სწავლაში თანაკლასელებსაც და საკუთარ თავსაც. მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ არჩევანს, დაიცვან ან არ დაიცვან წესები. პოზიტიური შედეგი დგება მათთვის, ვინც იცავს წესებს და ნეგატიური – მათთვის, ვინც თავს არიდებს. არჩევანის უფლება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ ქცევაზე.
4. მასწავლებლები მოსწავლეებს აძლევენ მკაფიო და ზუსტ მითითებებს – ეუბნებიან მათ, რისი გაკეთებაა საჭირო. მაგ., „იყავით ყურადღებით” არაეფექტიანი მითითებაა. უმჯობესია თქვათ: „მინდა, შეწყვიტოთ მოძრაობა, შემომხედოთ და მომისმინოთ ჩუმად, როცა ამ მნიშვნელოვან თემას გიხსნით”. ასერტულ მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ მითითებები მოსწავლეებს სწორი ქცევის განხორციელებაში ეხმარება. ისინი არ ეძებენ შემთხვევას, რომ მოსწავლეები ცუდ საქციელში „გამოიჭირონ”, პირიქით, ყოველთვის მზად არიან, ხაზი გაუსვან მათ კარგ ქცევას. მასწავლებლები აჩვენებენ მოსწავლეებს, რომ ისინი თანასწორი პარტნიორები არიან და არა მოწინააღმდეგენი. კანტერები გვირჩევენ, არ მივმართოთ სასჯელს, თუ ბავშვებთან საუბარი სიტუაციის განმუხტვაში დაგვეხმარება.
5. კარგი ქცევის მქონე მოსწავლეები აღიარებულნი არიან და იმსახურებენ მადლობას წესების დაცვისთვის. ვერბალურ ქებასთან ერთად მასწავლებლები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკას, წამახალისებელ პრიზს, მოსწავლემ შეიძლება მიიღოს ქების ფურცელი, რომელსაც აჩვენებს მშობლებს. გამოიყენება ჯგუფური ჯილდოებიც. მაგალითად, კარგი ქცევისთვის ჯგუფის ყულაბაში იყრება კენჭები. ყულაბის გავსების შემდეგ ტარდება სპეციალური ღონისძიება. ასერტული მასწავლებელი ყოველი ასეთი ღონისძიებისთვის არჩევს შესაბამის აქტივობას, მაგ., „კინოს/თეატრის დღე” და სხვა. 
6. ქცევის ასერტული მართვის პროგრამები უზრუნველყოფს მოსწავლეების უსაფრთხოებას როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. სწავლის პროცესი ხორციელდება უსაფრთხო გარემოში. რასაკვირველია, მოსწავლეები უფრო უსაფრთხოდ გრძნობენ თავს, როცა მასწავლებლები კომპეტენტურად მართავენ კლასს. ასერტულ მასწავლებლებს ახასიათებთ მაღალი სოციალურ პასუხისმგებლობა, ისინი მუდმივად ეკონტაქტებიან მშობლებს, რომლებმაც იციან, რომ მათი შვილები სწავლობენ სამართლიან, მშვიდ, უსაფრთხო გარემოში.
კანტერები გამოყოფენ სამ სტილს ან ფილოსოფიურ პოზიციას, რომლებსაც მასწავლებლები იყენებენ კლასის მართვისას:
1. პასიური მასწავლებლები, რომლებიც ხშირად არიან არათანმიმდევრულნი და არ აქვთ სურვილი, გავლენა მოახდინონ მოსწავლეთა ქცევაზე. ისინი მკაფიოდ ვერ აყალიბებენ, რა სურთ მოსწავლისგან და რა არის მიუღებელი მათთვის. წესების დამკვიდრებისას მათ ახასიათებთ თხოვნის (და არა მოთხოვნის) ტენდენცია. ასეთი მასწავლებლები მოსწავლეებში იწვევენ დაუცველობისა და ფრუსტრაციის განცდას (Charles, Senter, 2011). მოვიყვანთ პასიური მასწავლებლის პასუხების მაგალითებს: „იქნებ შეწყვიტო საუბარი, როცა გაკვეთილს ვხსნი (მუდარის ტონით)”; „რამდენჯერ უნდა გაგაფრთხილო?”; “ანა, წესები მკაფიოდ არის დაწერილი კედელზე. არ ვიცი, რატომ არ იცავ”.
2. პასიური სტილის მასწავლებლებისგან განსხვავებით, აგრესიული სტილის მასწავლებლები ყვირიან, იმუქრებიან, მიმართავენ სარკაზმს. შედეგი შეიძლება იყოს წამიერი, მაგრამ ურთიერთობის ეს სტილი მოსწავლეს ემოციურად აზიანებს, შეურაცხყოფს. აგრესიული პედაგოგი ხშირად კარგავს მოთმინებას და მისი ქცევა ლახავს მოსწავლეთა გრძნობებს, იწვევს მისდამი მოსწავლეთა უპატივცემულობას და აღვივებს შურისძიების გრძნობას. ასეთი მიდგომის ყველაზე უარყოფითი შედეგი შეიძლება იყოს მოსწავლეთა ნეგატიური დამოკიდებულება მასწავლებლისა და, საზოგადოდ, სკოლისადმი. 
მასწავლებლის აგრესიული პასუხის მაგალითები: „დაჯექი და გაჩუმდი”; „დადე ეგ ნივთი, თორემ საერთოდ აღარ გექნება”; „კიდევ ერთხელ მოიქცევი ასე და ნახავ, რასაც მიიღებ. ჩემს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”. აგრესიული მასწავლებელი განიხილავს სიტუაციას, როგორც „მე მათ პირისპირ”. ის ყველაფერს პიროვნულად იღებს.
3. პასიური და აგრესიული (ზოგჯერ მტრული) მიდგომების ნაცვლად, კანტერები უპირატესობას ანიჭებენ ურთიერთობის ასერტულ სტილს – მასწავლებელს, რომელიც ნათლად უხსნის მოსწავლეებს შეზღუდვებისა თუ წახალისების არსს. წარმოგიდგენთ ასერტული მასწავლებლის კომენტარის ერთ მაგალითს: 
გაკვეთილის მსვლელობისას მასწავლებელი მიდის იმ მოსწავლეებთან, რომლებიც ხმაურობენ. მასწავლებელი მათ მიმართავს: „ნინო და გიორგი, კლასის წესები გვეუბნება: როცა ერთი ადამიანი ლაპარაკობს, მთელი კლასი ჩუმადაა და უსმენს მას. მე მინდა, შეწყვიტოთ საუბარი, შეტრიალდეთ და ყურადღება გაამახვილოთ გაკვეთილის თემაზე”. ამ დროს მასწავლებელი მოქმედებს მშვიდად, თავდაჯერებულად და საქმიანად. 
ასერტული მასწავლებლები ხშირად იყენებენ „გაფუჭებული ჩანაწერის” ტექნიკას, რაც გულისხმობს იმავე ან მსგავსი მოთხოვნის რამდენჯერმე გამეორებას, მაქსიმუმ სამჯერ. ზოგიერთ მოსწავლეს უყვარს მასწავლებლის მოთმინების გამოცდა. ამ დროს მასწავლებელი ცვლის ქცევას და წესებიდან გამომდინარე მოქმედებს. 
„გაფუჭებული ჩანაწერის” ტექნიკა ხშირად უფრო ჭრის, ვიდრე მუქარა, ხელის გადასმა და მოსყიდვის მცდელობა. 
ასერტული მასწავლებლები არა მარტო ელიან მათი მოლოდინის ასრულებას, არამედ სიამოვნებით წაახალისებენ სასურველი ქცევის შედეგებს, რაც შემდგომ მოტივაციას უმაღლებს ცუდი ქცევის მქონე მოსწავლეების.
ასერტული მასწავლებლის საკლასო ოთახში სითბოსა და მხარდაჭერის ატმოსფეროა, რასაც დაცულობის შეგრძნებამდე და სწავლისა და სწავლებისთვის ოპტიმალური გარემოს შექმნამდე მივყავართ.
რა დაგვეხმარება ასერტულობაში?
1. დაგეგმვა. დაგეგმვას და მასალების წინასწარ მომზადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ძნელია იყო თამამი და თავდაჯერებული ლიდერი, თუ მოუმზადებელი წარდგები კლასის წინაშე.
2. თანმიმდევრულობა. მასწავლებელმა მკაფიოდ უნდა გამოხატოს თავისი მოლოდინი და იმედი კლასის მიმართ. თუ მკაფიოდ არ ჩამოაყალიბებთ წესებს და განუხრელად არ დაიცავთ მათ, იმავეს უნდა მოელოდეთ მოსწავლეებისგანაც. არ არის მისაღები ისეთი მოთხოვნების წაყენება, რომლებიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
3. იმიჯი. პროფესიისთვის ადეკვატური გარეგნობა დამაჯერებლობას მატებს მასწავლებლის ქცევას. ჩვენ უფრო ასერტულად ვიქცევით მაშინ, როცა გამოვიყურებით საუკეთესოდ, რადგან მეტ თავდაჯერებას ვგრძნობთ.
4. ნაკლები საუბარი და მეტი აქცენტი არავერბალურ კომპონენტზე. მასწავლებლებმა უსასრულოდ არ უნდა ილაპარაკონ პრობლემაზე. ეს კონტრპროდუქტიულია. როდესაც მეტი ასერტულობა გჭირდებათ, დაამყარეთ თანამოსაუბრესთან კონტაქტი თვალებით, ილაპარაკეთ მშვიდად და მკაფიოდ. ასერტულობა არ გულისხმობს ხმამაღალ ლაპარაკს. თუმცაღა ასერტულობა გარკვეულწილად სითამამეს მოითხოვს, ეს არ ნიშნავს, რომ მასწავლებელი მყვირალა უნდა იყოს. ეს, როგორც აღვნიშნეთ, კონტრპროდუქტიულია. ასერტული მასწავლებელი კლასს ხელმძღვანელობს სხეულის ენის გამოყენებით, თვალებით კონტაქტით.
გაკვეთილისთვის სათანადო მომზადება, თანმიმდევრულობა, შესაფერისი იმიჯი, მკაფიო მეტყველება ეხმარება მასწავლებელს, იყოს უფრო ასერტული (La Fon,A. 201
რა შეიძლება იყოს დაბალი ასერტულობის მიზეზი?
1. დაბალი თვითშეფასება; 
2. ჯერ კიდევ ბავშვობაში დაფიქსირებული განწყობები: „იყავი საუკეთესო”, „ყველას უნდა მოსწონდე” და სხვა;
3. თუ მიიჩნევთ, რომ საკუთარი მოთხოვნილებების გამოხატვა ეგოიზმის გამოვლენაა;
4. თუ მიგაჩნიათ, რომ ირგვლივ მყოფებს უსიტყვოდ უნდა ესმოდეთ თქვენი; 
5. თუ მიგაჩნიათ, რომ გრძნობების გულწრფელი და დაუფარავი გამოხატვა მიუღებელია;
6. თუ გწამთ, რომ შეხედულებები არ უნდა შეიცვალო;
7. თუ შიშობთ, რომ უარის თქმის შემთხვევაში დაკარგავთ მეგობრებს; 
8. თუ შიშობთ, რომ დაკარგავთ მეგობრებს გრძნობების ღიად გამოხატვის გამო;
9. თუ თქვენი კრედოა: „არავის არასოდეს არაფერი ვთხოვო!”
ბუნებრივია, ასერტული მიდგომის მიმართაც არსებობს კრიტიკა. კერძოდ, უახლესი კვლევები აჩვენებს, რომ დასჯას, რომელსაც გარკვეული სიფრთხილითა და დოზირებით, მაგრამ მაინც იყენებს ეს მიდგომა, არ მოაქვს სათანადო შედეგი გრძელვადიან პერსპექტივაში. წახალისებისა და დაჯილდოების იდეაც ერთგვარად მანიპულაციურ ქმედებას წარმოადგენს. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს სიტუაციები, როდესაც მასწავლებელი „სჯის” მოსწავლეს, მაგ., რაიმე აქტივობაში ჩაურთველობით. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ ეს მოსწავლისთვის ჯილდო უფროა, ვიდრე სასჯელი, რადგან მას იმთავითვე არ სურდა ამ პროცესში მონაწილეობა. ამ შემთხვევაში, რასაკვირველია, იგი ხშირად მოიქცევა ასე  (Ketteringham, 2007). 
ასერტულ მიდგომას აკრიტიკებენ იმის გამოც, რომ ყველა პრობლემის მიზეზად, რაც კი საკლასო ოთახში წარმოიშობა, მიჩნეულნი არიან მოსწავლეები, რომლებმაც არ იციან, როგორ მოიქცნენ (Curwin and Mendler, 1989). 
კანტერები არსად მიუთითებენ, რომ ქცევითი პრობლემები შესაძლოა გამოწვეული იყოს სწავლების დაბალი ხარისხით (Crockenberg, 1982). კლასის მართვის სხვა მოდელები ითვალისწინებენ ამ კრიტიკას და გვთავაზობენ ლიბერალურ (კ. როჯერსი. მ. მარლენდი) ან შედარებით ლიბერალურ (ი. კუნინი, რ. დრეიკერსი) მიდგომებს, რომელთაც, თავისთავად, ასევე აკრიტიკებენ. არ არსებობს უნიკალური მიდგომა, რეკომენდაცია, რომელიც ყველა მასწავლებლისა თუ მოსწავლისთვის, ყველა სიტუაციისა თუ შემთხვევისთვის გამოდგება. ყველა მათგანი სერიოზულ გააზრებასა და შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს.

კერძო დამატებითი სწავლება: მისი მოდელებისა და შედეგების შედარებითი ანალიზი

0

რეპეტიტორობა დიდხანს იყო დამახასიათებელი
აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებისთვის
 – ისეთებისთვის,
როგორებიც არიან იაპონია, ჰონკონგი, სამხრეთი კორეა, ტაივანი. ბოლო დროს მან იმატა
აზიის სხვა ნაწილშიც, ასევე – აფრიკაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაშიც. ფაქტორები,
რომლებიც გავლენას ახდენს რეპეტიტორობის ზრდაზე, სხვადასხვანაირია, მაგრამ ის ყველგან
მნიშვნელოვნად აისახება სწავლებასა და ოჯახის შემოსავლებზე. მაღალშემოსავლიან ოჯახებს
საშუალება აქვთ, რაოდენობრივადაც და ხარისხობრივადაც უკეთესი დამატებითი სწავლება შესთავაზონ
შვილებს. ასეთ ბავშვებს შეუძლიათ, უკეთესად ისწავლონ სკოლაშიც და საბოლოოდ მაღალანაზღაურებადი
სამსახურიც იშოვონ. დაბალშემოსავლიანი ოჯახების შვილები კი, რომელთაც ამის საშუალება
არ აქვთ, შეიძლება ჩამორჩნენ თანატოლებს და ზოგიერთმა თავიც კი დაანებოს სწავლას. კერძო
მომზადება უშუალო გავლენას ახდენს რეპეტიტორების ხელფასებზე, ხელს უწყობს პროფესიონალების
დასაქმებას და შემოსავლის ზრდას.

რეპეტიტორობა განათლების სისტემის
ჩრდილოვანი მხარეა. ასეთად ის რამდენიმე მიზეზის გამო განიხილება.


პირველესად, ის არსებობს მხოლოდ
იმიტომ, რომ არსებობს საყოველთაო განათლების სისტემა.


მეორე – ის ასახავს საყოველთაო განათლების სისტემის მდგომარეობას; განათლების სისტემის
ცვლილება სტრატეგიის ან ხელმისაწვდომობის მიმართულებით უმალვე ცვლის ჩრდილოვან სისტემასაც.


მესამე – თითქმის ყველა საზოგადოებაში მეტი ყურადღება ექცევა ძირითად სისტემას და არა
ჩრდილოვანს.


მეოთხე – ჩრდილოვანი სისტემის მახასიათებლები ნაკლებად მკაფიოა, ვიდრე ძირითადის.

რეპეტიტორობა მსხვილი ინდუსტრიაა აზიის ქვეყნების უმრავლესობაში
და ვითარდება აფრიკაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. განსაკუთრებით შესამჩნევია
ეს ფენომენი განათლების სტადიის გარდამავალი ეტაპებისთვის, როდესაც მოსწავლე გადადის
დაწყებითი კლასებიდან შუალედურში ან შუალედურიდან მაღალში.

რეპეტიტორობა მნიშვნელოვან გავლენას
ახდენს სწავლის ხარისხსა და შემოსავლებზე. ზოგ მოსწავლეს დამატებითი დახმარების გარეშეც
შეუძლია სწავლა, მაგრამ ოჯახები მეტი კონკურენტუნარიანობისთვის მაინც აგრძელებენ მათ
მომზადებას. მეორე მხრივ, სხვებს, რომლებიც არცთუ კარგად სწავლობენ, ეშინიათ, არ ჩამორჩნენ,
თუ რეპეტიტორების დახმარება არ გამოიყენეს. აქ ჩნდება კითხვები სამართლიანობის შესახებ.
ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ რეპეტიტორის დახმარება არა მარტო განათლების პროცესში
მაღალ მიღწევებს უწყობს ხელს, არამედ მომავალში ამ ბავშვების შემოსავალზეც ახდენს გავლენას.

ეს საქმიანობა განსაზღვრავს თავად
რეპეტიტორების შემოსავალსაც. ბევრი დამკვირვებელი კრიტიკულადაა განწყობილი რეპეტიტორობის
ინსტიტუტისა და მისი შედეგებისადმი, მაგრამ მისი დადებითი მხარეებია მასწავლებლების
(და ამ სფეროში მოღვაწე სხვა პირების) დასაქმება და შემოსავალი.

 

რეპეტიტორობის
მოდელები და ვარიანტები

ძნელია, ჩრდილოვან განათლებაზე მონაცემების
მოძიება, რადგან მას ძირითადად არაფორმალური ხასიათი აქვს. რეპეტიტორები ხშირად არ
არიან რეგისტრირებულნი, რათა გადასახადებს თავი აარიდონ და მოსწავლეთა რაოდენობაც ცვალებადია.
მოსწავლეებიც ხშირად არ ახმაურებენ ამ ფაქტს – ერიდებათ, რომ დახმარება სჭირდებათ ან
არ სურთ, ხაზი გაუსვან მათ კონკურენტულ უპირატესობას თანაკლასელების მიმართ, მაგრამ
კვლევებმა გარკვეული მოდელები და ვარიანტები მაინც გამოავლინა.

მშობელთა დიდი ნაწილისთვის რეპეტიტორთან
ბავშვის მიყვანა მშობლიური მზრუნველობის გამოხატულებაა. რეპეტიტორების დაქირავება უფრო
დიდი სტრატეგიის ნაწილია – როდესაც მშობლები დიდ იმედებს ამყარებენ განათლებაზე, მათთვის
მნიშვნელოვანია გარემო, რომელიც ბავშვებს შემეცნებით აზროვნებას უვითარებს და საერთოდ,
ყურადღებას აქცევენ შვილების სწავლას. ასეთი მიდგომები დამახასიათებელია ამბიციური
და ელიტური ოჯახებისთვის. მათი ინვესტიცია ადამიანურ და სოციალურ კაპიტალში მართლაც
უწყობს ხელს სწავლის ფასეულობის განვითარებას და გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად
უზრუნველყოფს დახარჯული საშუალებების უკან დაბრუნებას. ბავშვები, რომლებიც ასეთ დამატებით
განათლებას იღებენ, წესისამებრ, უკეთ სწავლობენ სკოლაში და განათლების სისტემის უფრო
მაღალ სააფეხურზე აგრძელებენ სწავლას.

მათთან მკვეთრ კონტრასტს ქმნიან დაბალშემოსავლიანი
ოჯახები, რომლებიც მასწავლებლების მხრივ მუდმივად აწყდებიან მათი შვილების „დახმარების”
მოთხოვნას. მაგ., კამბოჯაში მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ
კერძო გაკვეთილებზე სიარულს სთხოვენ. ეს თითქოს არ არის სავალდებულო, მაგრამ მშობლებმა
იციან, რომ თუ შვილები ამ დამატებით გაკვეთილებზე არ ატარებს, მათ არა მარტო არ ეცოდინებათ
ის, რაც პროგრამით უნდა იცოდნენ, არამედ მასწავლებლის მხრივ ცუდ მოპყრობასაც შეეჯახებიან,
პრობლემები შეექმნებათ კლასიდან კლასში გადასვლისას.

ორი განსხვავებული მაგალითი ერთსა
და იმავეზე მეტყველებს: მშობელმა უნდა გათვალოს, როგორი გადაწყვეტილება მიიღოს.

კიდევ ერთი მაგალითი იმისა, როგორ
დაიფაროს განათლების სისტემის ნაკლი. ეგვიპტეში საბაზო სკოლის დამამთავრებელი ეროვნული
გამოცდის შედეგები განსაზღვრავს, ვინ მოხვდება პროფესიული განათლების არაპრესტიჟულ
სასწავლებლებში და ვინ წავა ჩვეულებრივ საშუალო სკოლაში, საიდანაც სახელმწიფო უნივერსიტეტში
მოხვედრა გარანტირებულია. კარგშემოსავლიანი ოჯახები ინვესტიციას დებენ რეპეტიტორებში,
რომ დაეხმარონ შვილებს გამოცდების ჩაბარებაში და საშუალო სკოლაში მოხვედრაში. ასეთი
ოჯახები იგებენ იმით, რომ ადრეულ დანახარჯს იბრუნებენ უნივერსიტეტებში – სახელმწიფო
სუბსიდირების, ხოლო შემდგომ, მუშაობის დაწყებისას, შედარებით მაღალი ხელფასების ხარჯზე.

ამ მაგალითებიდან შეიძლება გამოვიტანოთ
დასკვნა, რომ ზოგიერთ ოჯახს იმედგაცრუება ეუფლება, რადგან განათლება მოითხოვს ხარჯებს,
რომელიც წლიდან წლამდე იზრდება. ამ მიზეზით შეიძლება სკოლაც კი მიატოვებინონ ბავშვს.
გარდა ამისა, მშობლები გადაწყვეტილებას იღებენ ბავშვის სქესის მიხედვით. ზოგიერთ ქვეყანაში
მიაჩნიათ, რომ ინვესტირება ბიჭის განათლებაში ჯობს, რადგან ის უფრო იოლად იშოვის სამსახურს.

 

რეპეტიტორობის
ეფექტურობა

თუ რეპეტიტორობას ინვესტიციის კუთხით
განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ დანახარჯი ყოველთვის არ იძლევა შედეგს. ბევრი რამ დამოკიდებულია
არა მხოლოდ რეპეტიტორობის ხარისხსა და ორიენტაციაზე, არამედ მოსწავლის მოტივაციასა
და უნარებზეც, ასევე – განათლების სისტემის სტრუქტურასა და კონტექსტზე. ამ მხრივ არც
ისე ბევრი კვლევაა ჩატარებული, მაგრამ რაც ჩატარდა, ყურადღებას იმსახურებს.

კვლევებმა აჩვენა, რომ, მაგალითად,
მავრიკიაში რეპეტიტორობა ზემოქმედების ყველაზე ეფექტური საშუალებაა კითხვის უნარის
განსავითარებლად. საბერძნეთში ასევე გამოვლინდა დადებითი კორელაცია კერძო რეპეტიტორობასა
და აკადემიურ მიღწევებს შორის. გერმანიაში რეპეტიტორებთან მოსიარულე ბავშვებს უფრო
მაღალი მაჩვენებლები და მოტივაცია აქვთ. იგივე სურათია კენიაში, სადაც იშვიათობაა,
როდესაც მოსწავლე მეორე წელსაც რჩება კლასში და საერთოდ, ბავშვები იქ მაღალ აკადემიურ
შედეგებს აჩვენებენ.

სხვა კვლევები, პირიქით, იმაზე მეტყველებს,
რომ რეპეტიტორობა კორელაციაში არ არის აკადემიურ მიღწევებთან. ეგვიპტეში ის გავლენას
არ ახდენს მოსწრებაზე. გამოითქვა ვარაუდი, რომ სკოლაში აკადემიური მიღწევების განმსაზღვრელი
ფაქტორია მოსწავლეთა დამოკიდებულება სწავლისადმი და არა რეპეტიტორთან მეცადინეობა.
სინგაპურის ელიტურ ოჯახებში გამოვლინდა უარყოფითი გავლენა ბავშვთა გადატვირთულობის
გამო. ინგლისში აღმოჩნდა, რომ გოგონები ბიჭებზე ნაკლებად აუმჯობესებენ შედეგებს.

კვლევების შედეგებს სიფრთხილით უნდა
მოვეკიდოთ, რადგან სხვადასხვა პირობებში სხვადასხვა კატეგორიის მოსწავლეებისთვის გამოიყენება
რეპეტიტორობის განსხვავებული ფორმები. რეპეტიტორობის ზოგიერთი ფორმა მიმართულია სიტუაციის
გამოსწორებისკენ, ზოგი – დახმარებისკენ, რომ თანატოლებს არ ჩამორჩნენ, ზოგან კი მას
ცოდნის გაფართოებისთვის იყენებენ. ამასთან, რეპეტიტორებად მუშაობენ როგორც კვალიფიციური
პროფესიონალები, ისე სტუდენტები და სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეებიც კი. ბევრი რამაა
დამოკიდებული ბავშვისა და მშობლის მოტივაციაზეც. ზოგჯერ კერძო მასწავლებელთან ბავშვი
წამხედურობის გამო დაჰყავთ, ზოგჯერ კი იმისთვის, რომ უსაქმოდ არ იყოს. მოტივაციისა
და რეპეტიტორობის ფორმების ასეთი მრავალფეროვნების დროს მოსალოდნელია, შედეგები განსხვავებული
იყოს. და მაინც, გონივრულად მიგვაჩნია, ვურჩიოთ შეძლებულ ოჯახებს, თანხა რეპეტიტორებში
დააბანდონ, რადგან ეს საგრძნობლად ზრდის მათი შვილების შედეგებს სასკოლო სისტემაში.

 

სოციალური
გადანაწილება (სტრატიფიკაცია) და ხელისუფლების რეაქცია

იმის გათვალისწინებით, რომ კერძოდ
მომზადების რაოდენობა და ხარისხი ოჯახის შემოსავალზეა დამოკიდებული, რეპეტიტორობა უდაოდ
წარმოადგენს სოციალური სტრატიფიკაციის დახმარებისა და გაძლიერების მექანიზმს. გარდა
ამისა, ის უმთავრესად ქალაქებშია ხელმისაწვდომი. მიზეზთა გამო ხელისუფლებას აშფოთებს
რეპეტიტორობის არსებობა და სხვადასხვანაირი რეაქცია აქვს ამ ფაქტზე.

ზოგიერთი ხელისუფლება უძლურია, რამე
მოიმოქმედოს რეპეტიტორების წინააღმდეგ. ეს დამახასიათებელია იმ ქვეყნებისთვის, სადაც
პედაგოგები იძულებული არიან, მცირე ხელფასების გამო დამატებითი შემოსავალი ეძებონ.
მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, ჩინეთში, ვიეტნამში. მრავალი პედაგოგისთვის
რეპეტიტორობა საარსებო წყაროა. ხელისუფლება უკმაყოფილოა, მაგრამ მას არ გააჩნია რესურსი
მასწავლებლისთვის სათანადო ხელფასის გადასახდელად.

ზოგიერთ ქვეყანაში ხელისუფლება აკრძალვასაც
მიმართავს. მაგალითად, მავრიკიაში სადაც რეპეტიტორობას სუსტი განათლების სისტემა წარმოშობს.
სკოლა ვერ უზრუნველყოფს გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, ამიტომ მოსწავლეებს რეპეტიტორის
დახმარება სჭირდებათ. ხელისუფლებამ აკრძალა ეს საქმიანობა, მაგრამ უშედეგოდ. ასეთივე
სურათია სამხრეთ კორეაში. ორივეგან ხელისუფლება აკრძალვის მთავარ მიზეზად ასახელებდა
სკოლებს შორის უთანაბრობის შემცირებას, მაგრამ ამ მეთოდებმა არ იმუშავა. პირიქით, აკრძალვამ
რეპეტიტორობა უფრო მოთხოვნადი გახადა.

იაპონიაშიც მსგავსი სიტუაციაა. იქ
არსებობს
juku
„აუცილებელი ორგანიზაცია” იმ ნაპრალის ამოსავსებად, რომელიც არსებობს იაპონიის განათლების
სისტემაში სახელმწიფო სკოლებში სწავლებასა და მისაღები გამოცდების მასალას შორის. წარჩინებულ
ბავშვებს იქ ცოდნის გასაღრმავებლად გზავნიან, ხოლო ჩამორჩენილებს – იმისთვის, რომ თანაკლასელებს
დაეწიონ.

სხვა ქვეყნებში დინამიკა განსხვავებულია.
დიდ ბრიტანეთში რეპეტიტორობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზია სახელმწიფო სასკოლო სისტემის
მზარდი სტრატიფიკაცია მისთვის დამახასიათებელი რეიტინგების გასაჯაროების, რესურსების
უზრუნველყოფის, წახალისებისა და უკმაყოფილების სისტემით. ლონდონში რეპეტიტორობის ბუმია.
ის ბავშვის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მაგრამ უღიარებელი ფაქტორია. ის არასახარბიელო
მდგომარეობაში აყენებს საშუალო ფენის ოჯახების ბავშვებს და, ამასთან, ამახინჯებს მაჩვენებლებს,
რომლებიც სხვადასხვა რეიტინგში სკოლაში სწავლების ხარისხს ასახავს. შესაბამისად უსარგებლოს
ხდის სახელმწიფოს სტრატეგიას, რომელიც სტანდარტების ამაღლებისკენ არის მიმართული. ხელისუფლებამ
ამ საკითხის იგნორირება მოახდინა, თუმცა ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა, როდესაც 2002
წელს ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი თავისი შვილებისთვის რეპეტიტორებს
ქირაობდა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ხელისუფლება ყველგან ცდილობს, აკონტროლოს რეპეტიტორობა.

 

დასკვნა

კერძო რეპეტიტორობას დიდი ხნის ისტორია
აქვს, ბოლო დროს კი მან ძალზე ფართო მასშტაბი შეიძინა. მისი მამოძრავებელი ძალაა კონკურენტული
გარემო და ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარებისთვის განათლების მნიშვნელობის
ძლიერი რწმენა. აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში რეპეტიტორობის არსებობის მიზეზია
დამატებითი შემოსავლის საჭიროება. რეპეტიტორობა ხელს უწყობს და ავითარებს სოციალურ
სტრატიფიკაციას. ის ასევე ზრდის ნაპრალს ქალაქისა და სოფლის მოსახლეობას შორის, ზოგან
კი გოგონებსა და ბიჭებს შორისაც. ოჯახები, რომლებიც ფულს რეპეტიტორობაში აბანდებენ,
უკეთეს სტარტს აძლევენ შვილებს, მაგრამ ამან შესაძლოა ბავშვების გადატვირთვა გამოიწვოს.
რეპეტიტორობა ყოველთვის არ იძლევა სათანადო შედეგს, რადგან ბევრი რამ არის დამოკიდებული
თვითონ ბავშვზეც, მის მოტივაციაზე, ასევე – ოფიციალური განათლების სისტემის სტრუქტურასა
და კონტექსტზე. რეპეტიტორობა ზოგან ეკონომიკის სოლიდურ სექტორად იქცა.

ჩრდილოვან განათლებას უდიდესი გავლენა
აქვს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე და მეტ ყურადღებას მოითხოვს ხელისუფლებისა
და მკვლევარების მხრივ. რეპეტიტორობის მიზეზებისა და შედეგების შედარებითი ანალიზით
ბევრი რამ ხდება გასაგები, ამას კი, თავის მხრივ, შესაბამის პოლიტიკურ რეაქციებამდე
მივყავართ.

 

გამოყენებული
ლიტერატურა:


1.                 

Марк Брэй. ЧАСТНОЕ ДОПОЛНИТЕЛЬНОЕ ОБУЧЕНИЕ (РЕПЕТИТОРСТВО):
СРАВНИТЕЛЬНЫЙ АНАЛИЗ МОДЕЛЕЙ И ПОСЛЕДСТ
ВИЙ. 2007. пер. с англ. Е. Фруминой


2.                 

Bray Mark. Private Supplementary Tutoring: Comparative Perspectives on
Patterns and Implications

// A
Journal of Comparative Education. 2006.

ფრაზეოლოგიური მეტაფორები – დაპყრობა და მონადირება

0
„ლამაზი ქალი ქალაქია,
კაცი კი – შარაგზის ყაჩაღი”
როგორც ყველასთვის ცნობილია, ამ ორ ლექსემას (დაპყრობა და მონადირება) პირდაპირი მნიშვნელობების გარდა გადატანითი, მეტაფორული მნიშვნელობებიც აქვთ შესიტყვებაში: ქალის (მამაკაცის) დაპყრობა, ქალის (მამაკაცის) მონადირება. 

რა თქმა უნდა, ფრაზეოლოგიური ტიპის მეტაფორები შემოქმედებითი ხასიათის არ არის, მაგრამ მათი გაანალიზება საინტერესო დასკვნებს გაგაკეთებინებთ.

მეტაფორები (მათ შორის, ენობრივი) იქმნება ანალოგიის საფუძველზე… საგნის საგანთან, მოვლენის _ მოვლენასთან, ფაქტისა _ ფაქტთან და სულაც არ არის შემთხვევითი.  ფრაზეოლოგიური მეტაფორები კონცეპტუალური ხასიათისაა და დაკავშირებულია ამ ენაზე მოლაპარაკეთა მენტალური სივრცის სტრუქტურებთან: მსოფლაღქმასთან, ხედვასთან, გემოვნებასთან და სხვა.

ამ მხრივ, ფრაზეოლოგიური მეტაფორები _ დაპყრობა და მონადირება _ არ არის მხოლოდ ქართული კულტურის საკუთრება. არსებობს უნივერსალური ენობრივ-ფრაზეოლოგიური მეტაფორებიც. სხვათა შორის, ენების კვლევა უნივერსალური მეტაფორების გამოვლენის მიზნით გაცილებით მეტ ინფორმაციას მოგვცემდა კულტურებზე. ვფიქრობ, რომ ეს მომავლის საინტერესო და სასარგებლო კვლევები იქნება.

ახლა მკითხველმა მინდა გაიხსენოს, როცა თავად წარმოუთქვამს ან სხვისგან მოუსმენია ფრაზები: ქალი (მამაკაცი) დავიპყარი, ან ქალის (მამაკაცის) გული მოვინადირე… თქვენი აზრით, რამდენად არის ეს ფრაზები სიყვარულთან დაკავშირებული და რას ნიშნავს ვინმეს დაპყრობა და მონადირება…?

მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ მეტაფორებს აქვთ მამოდელირებელი ფუნქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის, რაც მეტაფორაშია მოცემული _ ორი საგანი, ფაქტი, მოვლენა… ერთმანეთთან რეზონანსშია,  ანუ ერთ მოვლენას ჩვენ ვხედავთ მეორე მოვლენის „თვალებით” და სემანტიკური ველი ერთიდან მეორეზე უცვლელად შეიძლება გადავიტანოთ. 

მაშასადამე, როცა ჩვენ ვამბობთ „დავიპყარი” _ ნიშნავს, რომ მე ვარ დამპყრობელი, ქალი (კაცი) არის ტერიტორია და ვახდენ მის ოკუპაციას და ამით ვარ ბედნიერი და დაპყრობილიც, სავარაუდოდ, ბედნიერია… შესაბამისად, მე ვახორციელებ ყველა იმ მოქმედებას, რასაც დამპყრობელი: ვზვერავ, ვადგენ გეგმას, ვიჩენ თანამოაზრეებს, გადავდივარ შეტევაზე და ასე შემდეგ… ფსიქოლოგებიც არ აყოვნებენ და გთავაზობენ: როგორ დაიპყროთ სასურველი ქალი (მამაკაცი) _ 9 გზა, 7 მეთოდი, 6 რჩევა და სხვა… მე მხოლოდ მეტაფორებში ჩადებულ აზრს ვეძებ, თორემ  დაპყრობილი ქალები და კაცები, როგორც ტერიტორიები, არ მაინტერესებს… 

როცა დამპყრობელი ხართ, ელოდეთ ახალ დამპყრობელსაც… სხვა და უცხო დამპყრობლის გამოჩენა თქვენგან უცილობლად ძალას მოითხოვს, რომლის გარეშეც „თქვენს ტერიტორიას” სხვა მიითვისებს. ხოლო იმ შემთვევაში, თუ ორი დამპყრობელი ერთმანეთს შეაკვდება, „ტერიტორია” სხვა არჩევანს გააკეთებს.  ამ აზრის კლასიკური ნიმუშია ხალხური ბალადა: ‘შემომეყარა ყივჩაღი”, რომლის ფინალის ერთი ვარიანტი ასე სრულდება: 

„აქეთ ის კვდება, იქით _ მე, ქალი _ წავიდა სხვისასა”.  

მკვლევარმა და მწერალმა გიორგი შატბერაშვილმა ეს დასასრული ბუნებრივად არ მიიჩნია, რადგან ქართველი ქალისთვის შეუფერებელ ქცევად ჩათვალა, მაგრამ ტექსტს ქმნიან ავტორები (ამ შემთხვევაში, ხალხი) და არა მკვლევრები. ვფიქრობ, დამატებითი ვარიანტები სწორედ ამ დამოკიდებულების გამო გაუჩნდა ბალადას.

და რა ხდება, როდესაც თქვენ ვიღაცის „გულს ინადირებთ”?  მეტაფორული კავშირი ასეთია: გული _ ნადირია… ამიტომ ის უნდა „დაამარცხო”, „განგმირო” და ნანადირევად აქციო, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ის შენი საკუთრება, შენ გეკუთვნის, რაკი მოინადირე. ამ მეტაფორის შემთხვევაშიც ისევ ფიზიკურ ძლასთან გვაქვს საქმე. უნდა იყო კარგი მეომარი, რაინდი, რომ გამუდმებულად იბრძოდე იმისთვის, რაც გინდა და შეიძლება, რომ შენიც იყოს…  ან რაც შეიძლება, რომ გადმოგეცეს, როგორც ჯილდო, როგორც გამარჯვებულს… მაგალითად, ქალი…  

ბევრ ქალს (კაცს) უნდა, რომ მისთვის იბრძოდნენ, მოიპოვებდნენ, სისხლს ღვრიდნენ, სხვებს ამარცხებდნენ… რადგან, ასეთ შემთხვევაში, ქალი შეეფარება ძლიერს სხვა ძლიერის, ან „ყივჩაღის” გამოჩენამდე…. ერთხელ ერთი ჩემი ნაცნობი სიამაყით ჰყვებოდა, სასურველი მამაკაცის დასაპყრობად როგორ „ჩამოაშორა” მას 19 ქალი და როგორ გაჰყვა ცოლად… მაგრამ უფრო გვიან უფრო ძლიერმა ქალმა ისიც ჩამოაშორა თავის დაპყრობილს და ახლა მან მოიპოვა სასურველი მამაკაცი… ასეთ შემთხვევაში, „მსხვერპლს” მოსწონს, როდესაც მისთვის იბრძვიან… 

მეტაფორული კავშირი „სიყვარული _ ბრძოლაა” გამომდინარეობს უფრო დიდი მეტაფორული კავშირიდან: „ცხოვრება _ ბრძოლაა…”

ბუნებრივია, ეს ერთადერთი მეტაფორა არ არის არც ცხოვრების და არც სიყვარულის… თქვენ შეგიძლიათ, თქვენი მეტაფორა აღმოაჩინოთ… შეცვალოთ კიდეც, თუ დაინახავთ, რომ არ მოგეწონათ ის პარადიგმა, რომელშიც უნებურად აღმოგაჩინათ ცხოვრების ჩვევებმა, ენობრივმა ჩვევებმა… კულტურამ (თუ უკულტურობამ)…

სიყვარულის ამგვარი ფრაზეოლოგიური მეტაფორების წყალობით მოპოვება-მონადირების პარადიგმა მხატვრულ შემოქმედებაშიც გრძელდება… რადგან ზემოთ უკვე გითხარით, რომ მეტაფორებს აქვთ მამოდელირებელი ფუნქცია და ისინი ხშირად ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენს ქვეცნობიერში განაგრძობენ ახალი და მსგავსი მოდელების აგებას უკვე არსებულ ფუნდამენტზე… ამის დასტურად უამრავი ნიმუშის მოყვანა შეიძლება, სულ ბოლოს წაკითხულ ერთი  ავტორის ლექსის ფრაგმენტს დავიმოწმებ:

რამიშვილი შალვა
ლამაზი ქალი ქალაქია
ლამაზი ქალი ქალაქია,
კაცი კი – შარაგზის ყაჩაღების ხროვა
ლამაზი ქალის მონადირება ქალაქის აღებას უდრის.
აჰა…
ვდგავართ და ვუყურებთ ამ პატარა კოხტა ქალაქს,
ჩანს ზურმუხტისფერი ბასტიონები,
ფირუზის გალავანიც ჩანს,
მიწათხრილია გარშემო…
ნახე, რა კარგად იცავენ ქალაქს?!
მაგრამ, უნდა შევიჭრათ!….
და ასე შემდეგ… გრძელდება ეს ბალადაც, ვიდრე ქალაქის (ქალის), როგორც ტერიტორიის, დაპყრობამდე და მისი გულის მონადირებამდე… (სრულად ნახეთ აქ; https://www.bu.org.ge/x3210?lang=geo)

დიდი მწერლები ასეთ რჩევებსაც იძლევიან: „თუ ქალის მონადირება გინდა, მომეტებული ყურადღება არ უნდა მიაქციო” (კონსტანტინე გამსახურდია). 

ვთქვათ და, მოინადირე… მერე…?  მერე ექცევი ისე, ვით ნანადირევს… დაჰკიდებ, გაატყავებ და მიირთმევ…
სიყვარულზე, როგორც საკვებზე, შემდეგ წერილში გესაუბრებით.

დასასრულს კი, ერთი მეტაფორული იგავი სიყვარულზე მონადირების და დაპყრობის საპირწონედ: 

ქარი და ყვავილი

ქარს შეუყვარდა მშვენიერი ყვავილი. სანამ ის ნაზად ეალერსებოდა ყვავილს, ისიც ყვავილობითა და არომატებით პასუხობდა სატრფოს. ქარმა გადაწყვიტა, რომ ეს არ იყო საკმარისი და მთელი ძალით დაუბერა ყვავილს, რათა კიდევ უფრო დიდი სიყვარული მიეღო პასუხად… ყვავილმა ვერ გაუძლო ასეთ ძლიერ ვნებას და გადატყდა…
ქარი შეეცადა, ყვავილი გაეცოცხლებინა და ნაზად დაუბერა, მაგრამ ის სულ გაქრა… მაშინ ქარმა დაიყვირა:
_ მე შენ მოგეცი და დაგანახე მთელი ჩემი სიყვარულის ძალა, შენ კი გადატყდი…! როგორც ჩანს, შენ არ გეყო სიყვარულის ძალა ჩემ მიმართ, ესე იგი, არ გიყვარდი…
მაგრამ ყვავილმა არაფერი არ უპასუხა, ის მოკვდა…

ვისაც უყვარს, უნდა ახსოვდეს, რომ ძალით და ძლიერებით არ იზომება სიყვარული.

თანატოლთა ზეწოლისგან თავისუფალი სასკოლო გარემო

0
ჯანსაღი და უსაფრთხო სასკოლო გარემო მნიშვნელოვანია როგორც სკოლის მოსწავლეებისთვის, ისე მშობლებისთვის, სკოლის ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის. თანატოლთა ზეწოლა, ცხადია, საფრთხეს უქმნის ჯანსაღ და უსაფრთხო სასკოლო გარემოს და უარყოფით გავლენას ახდენს, პირველ რიგში, მოსწავლეებზე, ასევე მშობლებსა და სკოლის თანამშრომლებზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ფენომენი ოჯახის და სკოლის ფარგლებს სცდება და მთლიან თემს თუ საზოგადოებას მოიცავს, როგორც გამომწვევი მიზეზების, ისე შედეგების თვალსაზრისით. წინამდებარე წერილში თანატოლთა ზეწოლის გავრცელებულ ფორმებსა და მათი პრევენციისა და დაძლევის სტრატეგიებზე ვისაუბრებ.

 

კვლევები ცხადყოფს, რომ ბავშვების 65% ერთხელ მაინც ყოფილა სიტყვიერი ძალადობის სამიზნე, ხოლო 20% _ სხვადასხვა ტიპის ძალადობის მსხვერპლი (საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის და მედიცინის განვითარების ფონდი, “ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები”, გვ.20). თანატოლთა ზეწოლის შესახებ მონაცემები არ გვაქვს, თუმცა ბოლო 50 წლის განმავლობაში თანატოლთა ზეწოლის სტატისტიკური მაჩვენებელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება. გავრცელებულია ძალადობის ხუთი ძირითადი ტიპი: სიტყვიერი, ფიზიკური, ემოციური, კიბერ და სექსუალური ზეწოლა/ძალადობა.


სიტყვიერი ძალადობა

სიტყვიერი ძალადობა დამამცირებელი სიტყვების, განცხადებების, სახელდების ფორმით გამოიხატება. ხშირად სიტყვიერი მოძალადეები სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს არჩევენ თავიანთ სამიზნედ. ამ ფორმის ძალადობის აღმოჩენა ყველაზე რთულია, რადგან უფროსების წინაშე არ ხდება. ხშირად სიტყვიერ ძალადობას დაუყოვნებლივ არ აქცევენ ყურადღებას თითქოს ნაკლები სიმძიმის გამო, მაშინ, როცა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში მან მნიშვნელოვანი ემოციური დაღი შეიძლება დატოვოს.


ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა

ემოციური (ფსიქოლოგიური) ძალადობა არის სიტყვიერი ან/და ქცევითი ზემოქმედებით ბავშ­ვში შიშის, დამცირების, მარტოობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის საზიანო სხვა მდგომარეობის პროვოცირება. ემოციური ძალადობა იწვევს ბავშვის თვითშეფასების დარღვევას ან დაქვეითებას. ის აერთიანებს როგორც ბავშვის წინააღმდეგ მიმართულ მოქმედებებს (სიტყვიერი აგრესია, დადანაშაულება, დამცირება, მუდმივი ნეგატიური შედარება თანატოლებთან, დაშინება), ისე უმოქმედობას ბავშვთან მიმართებაში (ემოციური უარ­ყოფა, სოციალურად გარიყვა, განდევნა, თანაგრძნობისა და მხარდაჭერის დეფიციტი). ემოციური ძალადობა შეიძლება ვლინდებოდეს ცალკე და ასევე შეიძლება წარმოადგენდეს ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის შემადგენელ ნაწილს.


ფიზიკური ძალადობა

ფიზიკური ძალადობა არის ბავშვის ნების საწინააღმდეგოდ მასზე ფიზიკური ზემოქმედება, რომელიც ხელყოფს პირად სივრცეს, ტკივილს აყენ­ებს და/ან იწვევს სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებას. ეს არის გაცნობიერებული ქმედებები, როგორიცაა ცემა, ჩქმეტა, ღიტინი, თმის მოქაჩვა, ხელის კვრა, პანღურის ამორტყმა, დაწვა, კბენა, მოგუდვა, ნებისმიერი ტკივილის მიყენება (სილის გაწვნა, ნემსით ჩხვლეტა და ა.შ.). გარდა ამისა, ფიზიკურ ძალადობად ითვლება თავდასხმა ცივი ან ცეცხლსას­როლი იარაღით და ჯანმრთელობითვის, სიცოცხლისთვის სახიფათო ნებისმიერი სხვა სა­გნის (მძიმე, გახურებული, მჩხვლეტავი, მჭრელი და სხვა) გამოყენებით (“ბავშვზე ძალადობის ძირითადი საკითხები”, გვ.14).


სექსუალური ძალადობა

სექსუალური ძალადობის ფორმებს წარმოადგენს ისეთი ქმედებები, როგორიცაა სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნა, თვალთვალი, პორნოგრაფიული სურათების გადაღება/ჩვენება, სექსუალური შინაარსის ფილმების ან პორნოგრაფიული ჟურნალების ჩვენება, გაუპატიურება ან გაუპატიურების მცდელობა, სასქესო ორგანოების დემონსტრირება. ბავშვზე სექსუალური ძალადობა თავისებურებებით ხასიათდება. ძალადობის ამ ფორმის დადგენა/აღმოჩენა საკმაოდ რთულია, რადგან სექსუალური ძალადობის მხვერპლი, სირცხვილის, მორიდების დაშინების, მუქარის, შიშის, სტრესის ფონზე, მალავს ძალადობის ფაქტს, რითაც მოძალადე მხარეს ქმედების გამეორების ან გამძაფრების შესაძლებლობა ეძლევა იმავე ან სხვა მსხვერპლთან.


კიბერძალადობა

უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე სწრაფად იმატებს კიბერძალადობის სტატისტიკური მაჩვენებლები. თანატოლთა შორის კიბერძალადობის ფაქტები ძალადობის სიტყვიერ, ემოციურ ან სექსუალურ ფორმებს შეიძლება აერთიანებდეს. ეს ტელეფონის, სოციალური მედიის ან სხვა საკომუნიკაციო საშულებების გამოყენებით ხდება. ყველაზე გავრცელებული ფორმებია: თანატოლის დაშინება, დაცინვა, შეურაცხმყოფელი განცხადებების გაკეთება, ფოტოების გამოქვეყნება და ა.შ. კიბერძალადობის შემთხვევაში, აგრესორის დადგენა ძალზე რთულია, რადგან კიბერსივრცეში მარტივად შესაძლებელია კომუნიკაციის განხორციელება ზუსტი იდენტობის გამოვლენის გარეშე. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის ბევრ შტატში თინეიჯერებს შორის თვითმკვლელობის რიცხვის ზრდა კიბერძალადობას, როგორც ერთ-ერთ გამომწვევ ფაქტორს, უკავშირდება.

იმისათვის, რომ სასკოლო გარემო ძალადობის ზემოთ აღწერილი ფორმებისგან თავისუფალი იყოს, აუცილებელია, სკოლაში არსებობდეს ა) თანატოლთა ზეწოლის ფაქტების გამოვლენის მექანიზმები, ბ) ძალადობის პრევენციის სისტემა და გ) რეაგირების ეფექტური პროცედურები.


თანატოლთა ზეწოლის ფაქტების გამოვლენის მექანიზმები

არსებობს მოსაზრება, თითქოს თანატოლთა ზეწოლა უფრო გავრცელებულია დიდი ზომის კლასებში ან სკოლებში. თუმცა აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კორელაცია თანატოლთა ზეწოლის პრევალენტობასა და სკოლის/კლასის ზომას შორის არ არის. ამდენად, თანატოლთა ზეწოლის საკითხები ყველა ტიპის სკოლისთვის საყურადღებოა. აგრესორები, როგორც წესი, მსხვერპლად ირჩევენ ისეთ მოსწავლეებს, რომლებიც ფიზიკური სისუსტით, ემოციური სენსიტიურობით და საპასუხო ქმედების უუნარობით ხასიათდებიან. თუმცა ძალადობის აღმოფხვრისკენ მიმართული ნებისმიერი პროგრამის პრეზუმფციად უნდა იქნას მიჩნეული, რომ ნებისმიერი მოსწავლე შეიძლება გახდეს ზეწოლის მსხვერპლი _ თუნდაც ის მოსწავლეები, რომლებიც რიგ შემთხვევაში აგრესორებად გვევლინებიან.

თანატოლთა ზეწოლის ფაქტების გამოვლენისთვის ეფექტური მექანიზმი შეიძლება იყოს თანატოლთა მხარდაჭერის კომიტეტი, რომელშიც მოსწავლეები, მასწავლებლები, მშობლები და სკოლის თანამშრომლები გაერთიანდებიან. კომიტეტში ისეთი პირები უნდა გაწევრიანდნენ, რომელთა მიმართ ნდობა მაღალია და რომელთაც, საჭიროების შემთხვევაში, მოსწავლეები თავისუფლად მიმართავენ თხოვნით.

ზეწოლის ფაქტების გამოვლენისთვის ეფექტურია ზედამხედველობის სისტემის არსებობა სკოლის ტერიტორიაზე, ფიზიკური პირის ან ვიდეოთვალის მეშვეობით. ზეწოლის მასშტაბურობის და კონკრეტული ფაქტების სიღრმისეულად გამოსაკვლევად სკოლაში, ასევე, რეკომენდებულია მოსწავლეთა წერილობითი გამოკითხვის ჩატარება ყოველწლიურად, ანონიმური ფორმით. სკოლაში შეგიძლიათ დადგათ დალუქული ყუთიც ანონიმური ბარათების მოსათავსებლად. ამ მეთოდების გამოყენებისას მოსალოდნელია, თავდაპირველად ვერ შეძლოთ ინფორმაციის მოპოვება, თუმცა თუ წაახალისებთ მოსწავლეებსა და მშობლებს, გამოიყენონ სკოლის მიერ დანერგილი მექანიზმები სასწავლო გარემოს გაუმჯობესების მიზნით, დროთა განმავლობაში ისინი შეძლებენ თქვენ მიერ შეთავაზებული მექანიზმების გამოყენებას.


ძალადობის პრევენციის სისტემა

კვლევებით დადგინდა, რომ მასშტაბური სასკოლო პროგრამის მეშვეობით, რომელშიც ჩართული იქნებიან მოსწავლეები, მშობლები, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, ფსიქოლოგები და თემის წევრები, თანატოლთა ზეწოლის ფაქტების შემცირება შესაძლებელია 50%-ით. უფრო მეტიც, თანატოლთა ზეწოლის პრევენციის პროგრამები ხელს შეუწყობს სხვა ტიპის ანტი-სოციალური ქცევის ფორმების შემცირებასაც (ვანდალიზმი, თვითდაზიანება, აპათიურობა, ქურდობა, მოსწავლის მიერ მასწავლებელზე ან მშობელზე ზეწოლა ან პირიქით).

ადრეული ასაკიდან თანატოლთა შორის ძალადობის პრევენციის ყველაზე ეფექტური პროგრამები პიროვნული ხასიათის ფორმირებაზეა ორიენტირებული. პროგრამები, რომლებიც მოსწავლეებში პოზიტიური თვისებების ჩამოყალიბებას უწყობს ხელს, ირჩევს რამდენიმე (5-10) პიროვნულ თვისებას, რომელსაც წლის განმავლობაში ბავშვებს შეასწავლის სპეციალური კვირეულის ფარგლებში. ეს თვისებები შეიძლება იყოს: პასუხისმგებლობა, გულწრფელობა, პატიოსნება, ურთიერთპატივისცემა, თავდაჯერებულობა, ტოლერანტობა, ერთგულება, თავმდაბლობა, სიკეთე და ა.შ. კვირის განმავლობაში ყოველდღე 10-15 წუთი ეთმობა პიროვნული ხასიათის პროგრამის აქტივობებს, რომლებშიც ერთიანდება გაკვეთილის გეგმები, რეალური ამბები, სადისკუსიო შეკითხვები, სამოტივაციო ციტატები, რეკომენდებული დავალებები, ინტერაქტიული აქტივობები, ლიტერატურული წყაროები. კონკრეტული აქტივობების გარდა, მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და მშობლები კვირეულის განმავლობაში არჩეული თვისების დემონსტრირებას ახდენენ და საილუსტრაციოდ იყენებენ ფოტოებს, ფილმებს, მუსიკას. პროგრამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, სასურველია, მასში ჩართული იყოს მთლიანი თემი და მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცეთ, თემის ლიდერების გამოცდილების შესახებ მოისმინონ. სკოლამ შეიძლება მოიწვიოს ბანკის, საკრებულოს, გამგეობის, მერიის, სათემო ჯგუფების, მედიის, ადგილობრივი ორგანიზაციების, საავადმყოფოს წარმომადგენლები.

აღნიშნული პროგრამა ძალადობის პრევენციის სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი შეიძლება იყოს. პროგრამების განხორციელების შემთხვევაში, აუცილებელია, პროგრამის შედეგების განსაზღვრის მიზნით განხორციელდეს პრე- და პოსტ-გამოკითხვა მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს შორის, რათა განისაზღვროს, რა ცოდნა შეიძინეს პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა და რამდენად გამოიხატება შეძენილი თვისებები მათ ქმედებაში.


რეაგირების პროცედურები

თანატოლთა ზეწოლამ სკოლაში მღელვარება და შიში შეიძლება დანერგოს და უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე. აქვე წარმოგიდგენთ ზოგიერთ რჩევას თანატოლთა ზეწოლაზე რეაგირების ეფექტურ პროცედურებთან დაკავშირებით:

·აუცილებელია, სკოლამ მყისიერად გააკეთოს რეაგირება თანატოლთა ზეწოლის თითოეულ ფაქტზე.

·ინდივიდუალურად ესაუბრეთ აგრესორ მოსწავლეს ბრალდების გარეშე. გახსოვდეთ, რომ თქვენი მიზანია ძალადობის ფაქტების აღმოფხვრა და არა აგრესორის დადანაშაულება.

·ესაუბრეთ ზეწოლის მსხვერპლს და აღმოუჩინეთ სათანადო დახმარება, მათ შორის ფსიქო-ემოციური.

·გააკეთეთ როლური გათამაშება ძალადობის სიმულაციით აგრესორთან.

·გააკეთეთ როლური გათამაშება მსხვერპლთან რეაგირების ასერტულ ფორმებზე.

·აიღეთ პასუხისმგებლობა პრობლემის გადაჭრაზე.

·შეიმუშავეთ დისციპლინარული ზომები, რომლების შესახებაც წინასწარ ინფორმირებული იქნებიან მოსწავლეები.

·ჩაუტარეთ სკოლის თანამშრომლებს და მშობლებს ტრენინგი კონფლიქტის მართვისა და გადაჭრის საკითხებში. კონფლიქტური სიტუაციის დროს ისინი ერთ ენაზე უნდა საუბრობდნენ და თანმიმდევრული უნდა იყოს მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და მშობლების რეაგირება. იხილეთ შემდეგი ვებგვერდი კონფლიქტის მართვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად: https://www.crinfo.org/educationtraining/teaching-materials;


ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...