პარასკევი, მაისი 1, 2026
1 მაისი, პარასკევი, 2026

კონსტრუქტივისტული გეოგრაფიის გაკვეთილი

0

კონსტრუქტივისტულ პრინციპზე აგებული გეოგრაფიის გაკვეთილი გულისხმობს მოსწავლეთა აქტიურობას, რათა მათ შეძლონ ფაქტების, მოვლენებისა და ცნებების ანალიზი, ინტერპრეტაცია.

არსებობს მეთოდები, რომლებიც უფრო მეტ გააზრებას მოითხოვს. ერთ-ერთი მათგანია ჯიგსოუს ტექნიკა, რომელიც თანამშრომლობითი სწავლების კარგი საშუალებაა. ამ მეთოდს მოსწავლეები უკეთეს შედეგამდე მიჰყავს და თვითორგანიზებისა და პასუხისმგებლობის უნარებს უვითარებს. ასეთი გაკვეთილის ჩატარებისას შესაძლებელია, მასწავლებელი სახელმძღვანელოში მოცემულ რესურსებს გასცდეს და ინტერნეტსივრცეში არსებული ტექსტები და რუკები მოიშველიოს.

გთავაზობთ გეოგრაფიის გაკვეთილის ნიმუშს, რომელიც კონსტრუქტივისტულ პრინციპებზეა აგებული. ჯიგსოუს ტექნიკასთან ერთად მასწავლებელი ამ გაკვეთილზე პრობლემურ ლექციასაც იყენებს. ასეთი ლექცია იწყება ინფორმაციული და პრობლემური კითხვებით. კითხვები პრობლემურია, რადგან მოსწავლეთა პასუხები წინარე ცოდნაზე არ არის დამოკიდებული, ხდება მათი აზროვნების გააქტიურება. ტრადიციული ლექციისგან განსხვავებით, ამ დროს მოსწავლე პასიური მსმენელიდან აქტიურ მონაწილედ იქცევა. ყველა ერთად აყალიბებს ახალ ცნებებს, განიხილავს მოვლენებს, ადგენს მიზეზშედეგობრივ კავშირებს, რაც გაკვეთილს უფრო ცოცხალსა და საინტერესოს ხდის.

თემა: ურბანიზაცია

შედეგი: გეო.VIII.8. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ურბანიზაციის პროცესი.

გაკვეთილი იწყება პრობლემური ლექციით.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, გაიხსენონ მსოფლიოს ისტორიული ქალაქები და მათი წარმოშობის წინა პირობები, ჩამოთვალონ, რომელი მათგანი არსებობს დღესაც და რომელი – არა. პასუხები იწერება დაფაზე.

შემდეგ მოსწავლეები ადგენენ, რატომ არის, რომ ბრიტანული ქალაქი (მოსახლეობის რაოდენობით) უფრო პატარაა, ვიდრე ინდური სოფელი (განვიხილავთ საქართველოს მაგალითსაც). მოსწავლეთა მიერ გამოთქმული ქალაქის განსაზღვრის კრიტერიუმები იწერება დაფაზე. ხდება ქალაქის ცნების დეფინიცია, მნიშვნელობის განსაზღვრა.

ჯიგსოუს ტექნიკა, SWOT ანალიზი და სქემაზე მუშაობა. კლასი იყოფა ჯგუფებად. თითოეულ ჯგუფს ურიგდება ტექსტი – „ურბანიზაციის” ნაწილები და „ქალაქური პრობლემები”. ტექსტიდან გამომდინარე, დავალებები ნაწილდება შემდეგნაირად:

I ჯგუფი – შესავალი და რა არის ქალაქი;

II ჯგუფი – მომსახურების ინდუსტრია და მსოფლიო მნიშვნელობის ქალაქები;

III ჯგუფი – ბუნებრივი გაფართოება;

IV ჯგუფი – „აფეთქება” და მომავალი;

V ჯგუფი – ქალაქური პრობლემები.

ჯგუფები ამუშავებენ ტექსტს. შემდეგ იქმნება ახალი ჯგუფი ხუთივე ჯგუფის თითო წარმომადგენლისგან. ერთ მაგიდასთან თავმოყრილი „ექსპერტები” ჯგუფის დანარჩენ წევრებს აცნობენ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციის იმ ნაწილს, რომელიც წინა ჯგუფში მუშაობისას დაამუშავეს, თანმიმდევრობით წარუდგენენ ახალ ჯგუფს თავიანთ მიერ მოპოვებულ მასალას (ჯერ ჰყვება I ჯგუფის „ექსპერტი”, შემდეგ – II ჯგუფისა და ა.შ.).

ამის შედეგად თითოეული ჯგუფი იღებს სრულ ინფორმაციას ურბანიზაციის შესახებ.

„ექსპერტთა” ჯგუფებს ეძლევათ დავალებები და კითხვები:

1) დადგინონ მსოფლიოს ყველაზე მეტად ურბანიზებული და ყველაზე ნაკლებად ურბანიზებული ქვეყნები;

2) ჩამოთვალონ ამ ქვეყნებში ურბანიზაციის ასეთი მაჩვენებლების არსებობის განმსაზღვრელი ფაქტორები.

რუკა. ურბანიზაციის დონე

შემდეგ მათ უნდა გააკეთონ SWOT ანალიზი.

მოსწავლეებმა ურბანიზაციის ძლიერი და სუსტი მხარეები უნდა დაადგინონ, განსაზღვრონ ის შესაძლებლობები და საფრთხე, რაც ურბანიზაციის პროცესს უკავშირდება. მათ უნდა შეავსონ SWOT ანალიზის სქემა ფორმატებზე.

ძლიერი მხარე სუსტი მხარე
საფრთხე შესაძლებლობა

დასასრულ, მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ საკუთარი მოსაზრება, როგორ გადააქციონ სუსტი მხარე ძლიერად, ხოლო საფრთხე – შესაძლებლობად.

პრეზენტაცია. ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ დავალებას, გამოტანილ დასკვნებს. პრეზენტაციის შემდეგ ყველა ერთად ადგენს საერთო SWOT ანალიზის სქემას და აყალიბებს საერთო მოსაზრებას, როგორ უნდა გადააქციონ სუსტი მხარე ძლიერად, ხოლო საფრთხე – შესაძლებლობად.

ტექსტი: ურბანიზაცია

ურბანიზაცია – ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული და ურთიერთგანპირობებული სოციალურ-ეკონომიკური მოვლენების რთული შერწყმა, რაც გამოწვეულია ქალაქების მზარდი როლით საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. ურბანიზაციის პროცესისთვის დამახასიათებელია ქალაქის მოსახლეობის სწრაფი ზრდა უპირატესად მიგრაციის ხარჯზე, ამიტომაც მის ერთ-ერთ ძირითად მახასიათებლად მიიჩნევა სტატისტიკური ზომა ქვეყნის მოსახლეობის წილისა, რომელიც ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში ცხოვრობს. ურბანიზაციისთვის დამახასიათებელია მოსახლეობის კონცენტრაცია ქალაქებში, რეგლამენტირებული ცხოვრების წესი, რომლისთვისაც ნიშნეულია ანონიმურობა და ფორმალური კავშირ-ურთიერთობები, შრომის რთული საზოგადოებრივი განაწილების საფუძველზე საქონლის წარმოების, მოხმარებისა და მომსახურების ინტენსიური ზრდა, ცხოვრების ქალაქური წესის სტანდარტების დაჩქარებული გადატანა სოფლად.

ქალაქი – მსხვილი დასახლებული პუნქტი, რომელიც ასრულებს სამრეწველო, სატრანსპორტო, სამეურნეო, კულტურული, პოლიტიკური, ადმინისტრაციული ორგანიზაციის ფუნქციებს. ქალაქის კატეგორია ადგილობრივი თავისებურებებით განისაზღვრება შემდეგი ნიშნების მიხედვით: მოსახლეობის რაოდენობა და საქმიანობა, დასახლებული პუნქტის ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა. ქალაქს ახასიათებს დასახლების დიდი სიმჭიდროვე და განაშენიანების კომპაქტურობა. ქალაქი წარმოიშვა ისტორიული განვითარების იმ საფეხურზე, როცა საზოგადოებაში მიმდინარეობდა შრომის საზოგადოებრივი განაწილებისა და სოციალური დიფერენციაციის პროცესები და ამის გამო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებული მოსახლეობის ძირითადი მასიდან გამოიყო სხვა სოციალური ჯგუფები (მმართველი კლასი, ხელოსნები, ვაჭრები და სხვა), რომელთა კონცენტრაციამ გარკვეულ დასახლებულ პუნქტებში ქალაქური ტიპის დასახლების გაჩენამდე მიგვიყვანა.

პირველი ქალაქები, როგორც ადმინისტრაციული და რელიგიური, ვაჭრობისა და ხელოსნობის ცენტრები, ძვ. წ. IV-III ათასწლეულში წარმოიშვა. ქალაქების შექმნამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების განვითარებაზე. ისინი იქცნენ სახელმწიფო ხელისუფლებისა და კულტურის განვითარების ორგანიზაციულ, კერძოდ, სამშენებლო საქმისა და არქიტექტურის განვითარების ცენტრად, ხელი შეუწყვეს ხელოსნობისა და ვაჭრობის (მათ შორის – საერთაშორისო ვაჭრობის) განვითარებას. აქ ჩაისახა სავაჭრო და სავახშო კაპიტალი. ქალაქის ხელოსნობასთან იყო დაკავშირებული ტექნიკის პროგრესი.

ტექსტი: „ქალაქური პრობლემები”

ქალაქში უამრავი პრობლემაა, რომლებიც მის ზრდასთან ერთად იმატებს. დიდი ქალაქებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის სისუფთავისა და ჯანსაღი კლიმატის, ტრანსპორტის განვითარებისა და სატრანსპორტო ნაკადების, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოთხოვნების დაკმაყოფილების ანუ ეკოლოგიურად ჯანსაღი გარემოს შექმნის, ასევე – კულტურული ფასეულობების შენარჩუნების პრობლემები.

ქალაქებში კლიმატური პირობები მნიშვნელოვნად განსხვავდება მიმდებარე ტერიტორიების კლიმატური თავისებურებებისგან: მაღალია ჰაერის ტემპერატურა, განსხვავებულია ატმოსფეროს შემადგენლობა (მაღალია ნახშირორჟანგისა და მტვრის შემცველობა), იცის ხანგრძლივი და მკვრივი ნისლი. დიდი ქალაქები უდიდეს გავლენას ახდენენ ადგილობრივ კლიმატზე, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გლობალური დათბობის პროცესში.

ქალაქების ზრდა მოითხოვს სოციალური, სატრანპორტო და კავშირგაბმულობის კომუნიკაციების თანადროულ განვითარებას, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.

დიდი ქალაქებისთვის დამახასიათებელია ე. წ. „ახალი რისკები”, რომელთა შორის გამოირჩევა სოციალური კონფლიქტები. სხვადასხვა რასის, ეროვნების, რელიგიის ადამიანთა თავმოყრის ადგილებში ხშირია დაპირისპირება.

დიდ ქალაქებში ადმინისტრაციული, საქმიანი და ფინანსური ორგანიზაციები ძირითადად მის ცენტრალურ ნაწილშია განლაგებული. მიწის სიძვირე მათ აიძულებს, ააშენონ მრავალსართულიანი ოფისები, რაც ქალაქის ცენტრში მცხოვრებ მოსახლეობას დიდ პრობლემებს უქმნის.

ასეთი გაკვეთილი შეიძლება თავდაპირველად უფრო ხმაურიანი გამოვიდეს, მაგრამ შემდგომ, როცა მოწაფეებს ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევები ჩამოუყალიბდებათ, ხმაურიც იკლებს. თუმცა მე, სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს „ხმაურიანი” გაკვეთილები.

ჩაის გავრცელების გეოგრაფია

0
ჩაის ბუჩქი მარადმწვანე, მცირე ზომის, მრავალწლიანი (ცოცხლობს 100 წელზე მეტხანს) ბუჩქია. მისი ფოთლები კოფეინს, ვიტამინებს, ეთერზეთებს, ტანინებს და სხვა ნივთიერებებს შეიცავს.

ჩაის სამშობლო ჩინეთია. იგი სხვადასხვა დროს ფართოდ გავრცელდა, აზიის ქვეყნებში, თუმცა ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა. თუ ჩინეთში ჩაის კულტურა დაახლოებით 350 წელს დამკვიდრდა, იაპონიაში მის დამკვიდრებას თითქმის ნახევარი ათასწლეული მოუნდა – და მხოლოდ 805-810 წლებში გაჩნდა, კორეაში ის 828 წელს აღმოცენდა. შემდგომი პაუზა კი მთელი ათასი წელი გაგრძელდა. თუმცა მალე ჩაის კულტურა არა მარტო აზიის, არამედ ევროპის ქვეყანაშიც გამოჩნდა. 1824-1826 წლებში ჩაის გავრცელების მცდელობა იყო იავასა და სუმატრაზე – იმდროინდელ ჰოლანდიურ ინდოეთში; 1824-1825 წლებში – ვიეტნამში (ანნამე), 1813 წელს – საქართველოში, 1834 წელს – ინდოეთში, 1842 წელს ცეილონზე (შრი-ლანკა) და 1846 წელს – უნგრეთში. უნგრეთის გამოკლებით, ყველა ზემოთჩამოთვლილ ქვეყანაში მე-19 საუკუნის 70-80 -იანი წლებიდან იწყება ჩაის წარმოება. ამ დროისათვის ჩაი კიდევ ორ კონტინენტზე – აფრიკასა (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთი როდეზია – თანამედროვე ზიმბაბვე, აღმოსავლეთი აფრიკა) და სამხრეთ ამერიკაში (ბრაზილია) გამოჩნდა. მე-20 საუკუნის დასაწყისში კი მათ რიგებს სხვა ქვეყნებიც შეემატა: 1900 წელს ირანი, 1920 წელს – ბულგარეთი, 1920-1930 წლებში – რუანდა, ბურუნდი, კონგო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩაი არა მხოლოდ სამხრეთ რაიონებში, არამედ ჩრდილოეთის რაიონებშიც გავრცელდა. მათ შორის, მაგალითად, ჩრდილლოეთ იტალიაში, სამხრეთ შვეიცარიაში, უკრაინის კარპატისპირეთში.

ჩაის გავრცელების არეალები

ჩაის გავრცელების საზღვრებად მიჩნეულია ჩ.გ. 48° და ს.გ. 32°-ებს შორის მოქცეული ტერიტორია. თუმცა საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიუხედავად ხელსაყრელი კლიმატური პირობებისა, ჩაის ბუჩქი მხოლოდ განსაკუთრებულ, განსაზღვრულ და ფართობით შედარებით პატარა ტერიტორიებზე ე.წ. ” ჩაის ლაქებზე” ხარობს. როგორც წესი, ასეთი ”ლაქები” მაღალმთიანი პლანტაციებია, რომლებიც ზ.დ-დან 1500-1700 მ. სიმაღლეზეა გაშენებული. ჩინეთში ასეთი ადგილებია იუნნანი და ფუძიანი, იაპონიაში – უჯი (კიოტოს პრეფექტურა), ინდოეთში – დარჯილინგი, ნილგირისი (მადრასის შტატი) და კაზარანგა (ზემო ასამი), შრი-ლანკაში – კუნძულის სამხრეთი ნაწილი. გავრცელების ფართობის მხრივ გამონაკლისს მხოლოდ ჩინეთი წარმოადგენს, სადაც ჩაი საკმაოდ ვრცელ ტერიტორიებზე იზრდება, თუმცა იგი აქაც ძირითადად ორ ადგილასაა ლოკალიზებული: დასავლეთ რაიონებში (23°-31° ჩ.გ.) ტიბეტის საზღვართან და აღმოსავლეთ რაიონებში (27°-32° ჩ.გ.) ზღვასთან ახლოს.

თანამდეროვე მსოფლიოში ჩაის წარმოება 30-ზე მეტ ქვეყანაში ხდება. ამავე დროს კიდევ დაახლოებით 10 ქვეყანაში ჩაის ბუჩქების გასავრცელებლად ტარდება ექსპერიმენტი. მათ შორისაა სამხრეთი ინგლისი, პორტუგალია, შვეიცარიის სამხრეთი, საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, ანუ, ერთი შეხედვით, ჩაისთვის ”შეუსაბამო” ქვეყნებში.

და მაინც, როცა საუბარი ჩაის შეეხება, პირველად ჩინეთი გვახსენდება, რაც სავსებით მართებულია, რადგან ჩინეთი იყო და არის ჩაის მწარმოებელი უდიდესი ქვეყანა. ამასთან, იგი გამოირჩევა ჩაის, როგორც ფართო ასორტიმენტით, ისე მაღალი ხარისხით. ასევე აღსანიშნავია ინდოეთი და შრი-ლანკა, ხოლო მოგვიანებით მათ კენიაც დაემატა. თუ მე-20 საუკუნის დასაწყისში ჩაის მსოფლიოს მხოლოდ ათამდე ქვეყანა აწარმოებდა, ამჟამად მათი რიცხვი 40-ს აჭარბებს. დღესდღეობით ჩაის უდიდესი მწარმოებელი ქვეყნებია: ჩინეთი, ინდოეთი, შრი-ლანკა, ინდონეზია, იაპონია, კენია, ტანზანია, კამერუნი, მალავი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ჩაი ასევე მოჰყავთ და აწარმოებენ ვიეტნამში, ბანგლადეშში, ნეპალში, მალაიზიაში, თურქეთში, ირანში, საქართველოში, აზერბაიჯანში, ბრაზილიაში, ეკვადორში, პერუსა და ავსტრალიაში.

მსოფლიოს სასურსათო ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით 21-ე საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში წელიწადში 3 მლნ. ტონა ჩაის აწარმოებენ. ამ მასიდან 1 მლნ. ტონაზე მეტი მსოფლიო ბაზარზე გავიდა. ამავე პერიოდში ჩაის უდიდესი იმპორტიორები იყვნენ ინგლისი, რუსეთი, აშშ, კანადა, უკრაინა. 2003 წლისთვის ჩაის წარმოება მსოფლიო მასშტაბით 3.21 მილიონ ტონას შეადგენდა, .2010 წელს კი წარმოებამ 4.52 მილიონ ტონას მიაღწია.

საქართველოში ჩაის შემოტანის სხვადასხვა ვერსია არსებობს. ერთ-ერთის მიხედვით, ჩაი საქართველოში გურიის მთავარმა მამია გურიელმა შემოიტანა. საქართველოში ჩაის, ციტრუსების და სურნელოვანი ვარდის ნერგების შემოტანა მამია გურიელმა მე–19 საუკუნის 10-იანი წლებიდან დაიწყო. 15 წლის განმავლობაში მან ციტრუსებისა და ჩაის ბუჩქების გაშენებით თავის მამულში შესანიშნავი ბაღნარი მოაწყო. თითქმის ათი წლის განმავლობაში მსხმოიარობის, მოსავლიანობის შეუფერხებელმა ფაქტმა ჩაის და ციტრუსების კულტივირების სტაბილური შესაძლებლობები დაადასტურა. საქართველოში ჩაის და სუბტროპიკული კულტურების სამრეწველო-ეკონომიკური განვითარების პერსპექტივა მალე შენიშნეს და ინფორმაცია სწრაფად გავრცელდა მთელ იმპერიაში. მისი გაშენების არეალის გაფართოების შესაძლებლობების დადგენის მიზნით, რუსეთის მთავრობამ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში რამდენიმე ძვირადღირებული სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიცია დააფინანსა. მათი დადებითი დასკვნები საბოლოო ჯამში სოხუმის, ქუთაისის და სალხინოს ბაღების გაშენების სტიმული და საფუძველი გახდა. რუსეთი ვერ ეგუებოდა ადგილობრივ, ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობას. კავკასიაში თუ რამე პროგრესული ხდებოდა, მის გაკეთებას ვორონცოვს და რუს ჩინოვნიკებს აწერდნენ ან ვანდალურად ანადგურებდნენ. ასე მოექცნენ გურიელის ბოტანიკურ ბაღსაც, სადაც რუსეთ-თურქეთის (1854-56წწ.) ომის დროს სამხედროები ჩაასახლეს, რომლებმაც აჩეხეს და გაანადგურეს იგი.

მეორე ვერსიით, საქართველოში ჩაი პირველად 1847 წელს სოხუმის ბოტანიკურ ბაღში შემოიტანეს, საიდანაც ოზურგეთის საცდელ სადგურში გადაიტანეს. მოგვიანებით კი ჩაის ბუჩქები ზუგდიდში დ. დადიანის ბაღში და ოზურგეთის მაზრის სოფ. გორა-ბერეჟოულში, მიხა ერისთავის მამულში დარგეს. თავად მიხა ერისთავს ჩაის კულტურა პირველად ჩინეთში უნახავს, მისი ნაყენი დაუგემოვნებია და რადგან გურიის რეგიონის ჰავა, სადაც ის ცხოვრობდა, ძალიან ჰგავდა ჩინეთის სუბტროპიკულ კლიმატს, გადაწყვიტა ის საქართველოში შემოეტანა და გაეშენებინა. იმ პერიოდისათვის ჩინეთიდან ჩაის ნერგის ან თესლის გატანა სასტიკად აკრძალული იყო, ამიტომ თავადმა ჩაის თესლი გახვრეტილ ტროსტში ჩააწყო და საზღვარზე ისე გადმოიტანა. აქედან დაედო საფუძველი საქართველოში ჩაის კულტურის გავრცელებას. ცოტა მოგვიანებით თავადმა ერისთავმა 1864 წელს პირველად წაიღო ქართული ჩაის ნიმუში რუსეთში სანქტ–პეტერბურგის საერთაშორისო გამოფენაზე. 1899 წელს საფრანგეთში, პარიზის გამოფენაზე ქართული ჩაი დიდი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ამ მაგალითმა აჩვენა, რომ ჩაის ბუჩქი, რომელიც საქართველოში გაიზარდა შეიძლებოდა გამხდარიყო უმაღლესი ხარისხის ნედლეულის მომცემი, როგორც მწვანე, ასევე შავი ბაიხის ჩაის დასამზადებლად.

დიდი მნიშვნელობა ქართულ ჩაის მე–20 საუკუნის 20–იან წლებში მიენიჭა. მაშინ ქვეყანაში მეჩაიეობის განვითარების მიზნით მიღებული იქნა სახელმწიფო პროგრამა. შეიქმნა ჩაისა და სუბტროპიკულ კულტურათა კვლევითი ინსტიტუტი, სადაც გამოიყვანეს ახალი ჯიშები (ქართული 1, ქართული 2, კლონი, კოლხეთი), რომლებიც განუმეორებელი სინაზითა და არომატით გამოირჩეოდნენ.

საბჭოთა პერიოდში უზარმაზარ ქვეყანას აღნიშნული პროდუქტით საქართველო ამარაგებდა, პროდუქციის ხარისხის გაუარესების ხარჯზე გაიზარდა რაოდენობა, რასაც დამღუპველი შედეგი ჰქონდა როგორც ქართული ჩაის ავტორიტეტისთვის, ასევე მისი გემოსა და არომატისათვის.

სამწუხაროდ, მე–20 საუკუნის 90-იან წლებში დაიწყო ქართული ჩაის პლანტაციების განადგურება. ამჟამად, სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ქართული ჩაი განვითარების გზას დაადგა. და, შეიძლება ითქვას, აღორძინების გზაზეა.

როგორ შევადგინოთ გეოგრაფიული დავალებები თვალსაჩინოების გამოყენებით

0

ყველა მასწავლებლისათვის კარგადაა ცნობილი, რომ სწავლის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანია – როგორ, რა ხერხებით, რის მეშვეობით შეგვიძლია შევასწავლოთ მოსწავლეს ეს შინაარსი, ანუ რა და რომელი მეთოდები, რა სახის რესურსები უნდა გამოვიყენოთ ამისათვის.

გეოგრაფიის სწავლებისას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა სახის თვალსაჩინოების გამოყენებას. მათ აქვთ, როგორც ვიზუალური, ასევე ინტელექტუალური დატვირთვა. ასეთი მასტიმულირებელი თვალსაჩინოებები იწვევს დადებით ემოციებს, რაც თავისთავად აისახება შედეგზე – იზრდება მოსწავლეთა აქტივობა გაკვეთილის პროცესში, რაც ხელს უწყობს სააზროვნო, საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების გამომუშავებას. თვალსაჩინოება ხელს უწყობს შესასწავლ საკითხზე კონკრეტული წარმოდგენის შექმნას და უზრუნველყოფს მოსწავლეთა გონებაში მათ ცოცხლად და ღრმად ჩაბეჭვდას, საფუძვლიანად გააზრებას.

გთავაზობთ რამდენიმე დავალებას, რომლიც შედგენილია სხვადასხვა სახის თვალსაჩინოების, კერძოდ კი ფოტოებისა და რუკების გამოყენებით. მსგავსი დავალებების შედგენა სხვადასხვა თემასთან თუ საკითხთან მიმართებაში თითოეულ თქვენგანს შეუძლია.

ვრცლად

პრაქტიკული კვლევის მაგალითი -გლობალიზაცია

0
დამტკიცდა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი, რომელიც წინა სტანდარტისგან განსხვავებულია. მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო განსხვავება ისაა, რომ სტანდარტი ახასიათებს ოთხი კატეგორიის მასწავლებელს, რომელთა შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. დეტალურად სტანდარტს ყველა მასწავლებელი უნდა გაეცნოს, რადგან ის ყველა მასწავლებელს ეხება.

სტანდარტი დამტკიცებამდე გრძელ გზას გადის. ამ დროს მნიშვნელოვანია მასწავლებლების მოსაზრებების მოსმენა. ამ შეხვედრებზე ძალიან ხშირად სიფრთხილით ეკიდებოდნენ „მკვლევარ მასწავლებელს”, რომლის სახელწოდებიდან მრავალმა არასწორი დასკვნა გამოიტანა, და მიიჩნია, რომ მასწავლებელი ვერ მიაღწევს აღნიშნულ კატეგორიას, თუკი ის არ აწარმოებს სადოქტორო დისერტაციის ანალოგიურ კვლევებს. რა თქმა უნდა, არავინ უშლის მასწავლებელს ასეთი სერიოზული კვლევების ჩატარებას, პირიქით, მსგავსი რამ მართლაც რომ წახალისებული იქნება. მაგრამ ის, რაც სტანდარტითაა განსაზღვრული, ბევრად უფრო მარტივი განსახორციელებელია, მას არ სჭირდება დიდძალი მატერიალური და ადამიანური რესურსების მობილიზება. საკმარისია კვლევა კლასის, მოსწავლის, თუ სკოლის საჭიროებას ეხმიანებოდეს.

ამ სტატიაში შევეცდები მოგაწოდოთ ერთ-ერთი კვლევის იდეა, რაც ნათლად დაგანახებთ, თუ რა ტიპის მოთხოვნებია წაყენებული მკვლევარი მასწავლებლისთვის.

იდეის განვითარება

სტანდარტის სასწავლო პროცესის სწავლების ნაწილში მოცემულია შემდეგი დებულება: „მასწავლებელი კოლეგებთან ერთად იკვლევს სწავლის სტრატეგიების გავლენას მოსწავლეთა თვითეფექტიანობასა და თვითრეგულირებადი სწავლის უნარის განვითარებაზე”.

მე-11 კლასში მოსწავლეები სწავლობენ გლობალური პრობლემის გეოგრაფიას, სადაც შეტანილია გლობალიზაციის ინდექსები.

მასწავლებელმა შეიძლება გამოიკვლიოს, რა როლს თამაშობს შერჩეული სტრატეგია ერთი და იმავე თემის შესწავლაზე. შესაბამისად, თუკი ის ორ პარალელურ კლასს ასწავლის ერთ კლასში თემის გავლისას ახსნის მეთოდს იყენებს. ამისთვის მას მომზადებული აქვს საპრეზენტაციო დოკუმენტი (იხ.პრეზენტაცია ), სადაც ცალ-ცალკეა ახსნილი თითოეული ინდექსი, ხოლო შემდგომ განხილულია თითოეულის ნაკლოვანებები და უპირატესობები.

მეორე კლასში მასწავლებელი იყენებს როლურ თამაშს, სადაც მოსწავლეებს ყოფს ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი კოფის სათაო ოფისია ციურიხში. აქ მოსწავლეები რაოდენობის მიხედვით ჯგუფდებიან: ოფისის წარმომადგენლები – მისი მმართველობა, ატ კერნის ოფისიდან მოწვეული ექსპერტები, ასევე საერთაშორისო ექსპერტები, რომელთა მიზანია მეთოდოლოგიის გაუმჯობესებაზე რეკომენდაციების დადება. მეორე ჯგუფი კი ატ კერნის ოფისშია ჩიკაგოში, სადაც მოწვეულები არიან მისი წარმომადგენლები, კოფის წარმომადგენლები და საერთაშორისო ექსპერტები.
აქტივობები შემდეგნაირად ნაწილდება.

აქტივობა 1 – შესავლის სახით მასწავლებელი მოსწავლეებს გლობალიზაციის განმარტებებს ახსენებს და იწყება მსჯელობა – რატომ არის ასეთი რთული გლობალიზაციის გაზომვა, რამდენად ძნელია სწორი მაჩვენებლების გამონახვა, რომლებზეც ყველა შეთანხმდება, რომ ზომავს გლობალიზაციას (5 წთ).

აქტივობა 2 – თითოეულ ჯგუფს მასწავლებელი ურიგებს ინფორმაციას კოფის და ატ კერნის ინდექსების შესახებ. კარგი იქნება, თუ ბავშვებს კომპიუტერზე ექნებათ წვდომა. ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ დამატებითი ინფორმაცია მოიპოვონ კერნის და კოფის ოფიციალური ვებგვერდებიდან. მოსწავლეები უნდა გაეცნონ ორივე საზომს და ჩაინიშნონ ძლიერი და პრობლემური მხარეები – 15წთ.

აქტივობა 3 – ამის შემდეგ იმართება განხილვები შემდეგი თანმიმდევრობით: თითოეულ ჯგუფში მმართველობა წარადგენს პრეზენტაციას სტუმრებისთვის (3წთ). მოწვეული მხარე წარადგენს, თუ რა ნაკლოვანებებს ხედავს მათ სამუშაოში (3წთ). ამის შემდეგ საერთაშორისო ექსპერტები აღნიშნავენ მეთოდოლოგიის ძლიერ და სუსტ მხარეებს, სთავაზობენ მათი გამოსწორების გზებს (5წთ).

აქტივობა 4 – მასწავლებელი ჯგუფებს აძლევს უკუკავშირს და საშინაო დავალებას: მიგნებებზე – დაწერონ მოკლე 250–სიტყვიანი ანგარიში.

გაკვეთილების ჩატარებიდან 2-3 კვირის თავზე, მასწავლებელს შეაქვს შემაჯამებელი ტესტი გლობალიზაციაზე და მის საზომ ინდექსებზე. ტესტი ორივე კლასისთვის იდენტურია. მასწავლებელი შედეგებს ერთმანეთს ადარებს და წერს კვლევის ანგარიშს.

ამ კვლევის შედეგები საინტერესოა არა მხოლოდ მასწავლებლის პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის, რათა მომავალში გამოიყენოს ისეთი აქტივობები, რომლებიც უკეთეს შედეგზე გასვლის საშუალებას იძლევა, არამედ იმისთვის, რომ შედეგები თავის კოლეგებსაც გაუზიაროს.
ინფორმაცია გაკვეთილის წარმართვისათვის:

“Globe” ინგლისური სიტყვა და გლობუსს ნიშნავს, ხოლო “global” – მსოფლიოს, გლობალურს.

ტერმინ “გლობალიზაციის” წარმოშობა უკავშირდება ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელს, რომელმაც ის 1983 წელს სტატიაში გამოიყენა. ამ ცნებას მრავალნაირად განმარტავენ:

. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვერსიით, ეს არის მთელ მსოფლიოში ქვეყნების ურთიერთობის გაფრთოება მომსახურების, საქონელბრუნვისა და კაპიტალბრუნვის ზრდისა და მრავალფეროვანი ტრანზაქციების შედეგად ტექნოლოგიების სწრაფი გავრცელების ფონზე;

. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ვერსიით – ქვეყნების ურთიერთობათა გაფართოება, რაც განაპირობებს ვაჭრობის, ფინანსების, ადამიანებისა და იდეების ინტეგრაციის ზრდას მთელ გლობალურ ბაზარზე;

. პიტერ ჰაგეტის მიხედვით – პროცესი, რომლის შედეგადაც მოვლენები, აქტივობები და გადაწყვეტილებები, მიღებული მსოფლიოს ერთ წერტილში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოშორებით მცხოვრებ მოსახლეობაზე/თემებზე.

საბოლოო ჯამში, გლობალიზაციას ერთმნიშვნელოვანი განმარტება არ გააჩნია. მას ხშირად აიგივებენ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული იდეების გავრცელებასთან და ერევათ გაერთგვაროვნებაში.

არ შეიძლება გლობალიზაციის შეფასებისას ისეთი ერთმნიშვნელოვანი ცნებებით შემოვიფარგლოთ, როგორიცაა “კარგი” და “ცუდი”. გლობალიზაციის პროცესი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი პროცესია. მან მრავალი ქვეყნის საერთაშორისო სტატუსი, ადგილი და გავლენა შეცვალა. ტექნოლოგიების განვითარებამ, განსაკუთრებით – ინტერნეტმა, ყველა ქვეყანა ერთსა და იმავე საწყის პოზიციაზე დახია და ხელახლა ჩართო ისინი საყოველთაო მარათონში, თითქოს მნიშვნელობა დაკარგა მანამდე არსებულმა კულტურულმა თუ ისტორიულმა წარსულმა, პოლიტიკურმა გავლენებმა და ა.შ. თუმცა უწინარესად სწორედ პოლიტიკურად გავლენიან და ეკონომიკურად დაწინაურებულ ქვეყნებს აღმოაჩნდათ თანხები საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განსავითარებლად, რამაც ინტერნეტი მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახადა და ეს სახელმწიფოები უფრო მეტად დააწინაურა. შედეგად კიდევ უფრო დასცილდნენ ერთმანეთს მდიდრები და ღარიბები. თუმცა ამ ახალ თამაშში ჩაერთნენ სახელმწიფოები, რომლებიც სწრაფად იკვალავენ გზას განვითარებული ქვეყნებისკენ (სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნები).
გლობალიზაციის გაზომვა შესაძლებელია. არსებობს არაერთი მეთოდოლოგია, რომლებიც საშუალებას გვაძლევს, გავარკვიოთ მისი გაზომვის საშუალებები.

AT Kearney ინდექსი და KOF ყველაზე გავრცელებული საზომებია. ისინი მრავალფეროვან მახასიათებლებს ეფუძნება, რომლებმაც შეიძლება წარმოდგენა შეგვიქმნას ქვეყნების საერთაშორისო დონეზე ჩართულობაზე.

ატკერნის (სათავო ოფისი – ჩიკაგო) ინდექსი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ინდიკატორებზე: 1. პოლიტიკური ჩართულობა, მათ შორის – მონაწილეობა კავშირებში, ხელშეკრულებებში, ბლოკებში, ორგანიზაციებში, სამშვიდობო მისიებში; 2. ტექნოლოგიების განვითარება – ინტერნეტმომხმარებლების რაოდენობა, კიბერუსაფრთხოების ჩათვლით; 3. პერსონალური კონტაქტები – ტელეფონები, მოგზაურობები და რემიტანსები (ფულადი გზავნილები); 4. ეკონომიკური ინტეგრაცია – საერთაშორისო ვაჭრობა და პირდაპირი ინვესტიციები.

მართლაც, თითოეული ინდიკატორი და მათი კომპონენტები ნათელ წარმოდგენას იძლევა იმის თაობაზე, რა საშუალებით უკავშირდება ქვეყანა გარე სამყაროს, თითოეულის დაბალი თუ მაღალი მაჩვენებელი კი მკაფიოდ მეტყველებს იმაზე, რამდენადაა ქვეყანა საერთაშორისო დონეზე ინტეგრირებული.

ა.ტ. კერნის ინდექსის მიხედვით გლობალიზაცია 62 ქვეყანაში გაზომილია, რაც მთლიან სურათს ვერ მოგვცემს, და მაინც, აღსანიშნავია, რომ სინგაპური, შვეიცარია და აშშ ამ ნუსხის სათავეში არიან. ცალკეული კომპონენტების მიხედვით ლიდერობენ: ეკონომიკური ინტეგრაცია – სინგაპური; ტექნოლოგიების განვითარება – აშშ; პერსონალური კონტაქტები – შვეიცარია; პოლიტიკური ჩართულობა – საფრანგეთი (რომელსაც სიაში მხოლოდ 23-ე ადგილი ერგო). დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

https://www.atkearney.com/index.php/Publications/globalization-index-data-2007.html

კოფის (შვეიცარია) ინდექსი უფრო მეტ კომპონენტს მოიცავს, თუმცა გამოიყოფა ინდიკატორების სამი დიდი ჯგუფი.

კოფის ინდექსებიდან აღსანიშნავია: ეკონომიკური გლობალიზაცია – ფულადი ნაკადები, ვაჭრობა, პირდაპირი ინვესტიციები, შეზღუდვები, ბარიერები, ტარიფები, გადასახადები; სოციალური გლობალიზაცია – პირადი კონტაქტები, ანუ ტელეფონი, ტრანსფერები, საერთაშორისო ტურიზმი, უცხოელი მოსახლეობა, წერილები, ინტერნეტის მომხმარებლები, ტელევიზორების რაოდენობა და პროგრამების ხელმისაწვდომობა, გაზეთებით ვაჭრობა, “მაკდონალდსის” რესტორნების რაოდენობა, “იკეას” მაღაზიების რიცხვი, წიგნებით ვაჭრობა; პოლიტიკური გლობალიზაცია – საელჩოები ქვეყანაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობა, გაეროს უსაფრთხოების მისიებში მონაწილეობა, საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაციების წევრობა.

იმავდროულად, კოფის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ამ კვლევაში მეტი ქვეყანაა ჩართული.

ქვეყნების მონაცემები ხვადასხვა წელს არის გამოკვლეული და იკვეთება საერთო ტენდენცია, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა ხდება გლობალიზებული. ქვემოთ, ბმულზე, მოცემულია ინტერაქტიული რუკა და შესაძლებელია სხვა დამატებით ინფორმაციაზე გადასვლა:
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ახალი სტანდარტი მასწავლებლისგან ითხოვს მეტ შემოქმედობითობას, დიდ ძალისხმევასა და თვითორგანიზაციას, თუმცა შედეგი აუცილებლად აისახება ჩვენს მოსწავლეებზე, საბოლოო ჯამში კი – სკოლებში სწავლების საერთო ხარისხის გაუმჯობესებაზე.

მსოფლიოს გამორჩეული საქალაქო პარკები

0

ქალაქების მცხოვრებლებს ხშირად ძალიან უჭირთ გაექცნენ ყოველდღიურ დამღლელ რუტინას, ისუნთქონ სუფთა ჰაერი და ისეირნონ ბუნებაში. თუმცა ზოგიერთი ქალაქის მოსახლეობას გაუმართლა და მას საშუალება აქვს თავიანთ ქალაქში ლამაზ მწვანე ”კუნძულებს” – საქალაქო პარკებს ესტუმროს.

მსოფლიოს ბევრი ქალაქი აშენებს საქალაქო პარკებსა და ბაღებს, რათა საკუთარ მოსახლეობას კომფორტული გარემო შეუქმნას. ნებისმიერი საქალაქო პარკის მთავარი ამოცანა ხმაურიან მეგალოპოლისში ”მწვანე ოაზისად” ქცევა, ასევე დამსვენებლის გაოცება და გართობაა. ხშირ შემთხვევაში პარკები ქალაქის სულს ასახავენ, ამიტომაც მრავალ ქალაქში საქალაქო პარკები საექსკურსიო პროგრამის აუცილებელი ნაწილია. ამ სტატიაში შევეცდებით გაგაცნოთ მსოფლიოს ულამაზესი საქალაქო პარკები.

 

კანადა, ბრიტანეთის კოლუმბია, ბუტჩარტის პარკი

eeefffrrgfsdfg

ეს პარკი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საქალაქო პარკად ითვლება. იგი ჯერ კიდევ 1907 წელს, როგორც ”დაძირული პარკი”, გამოყენებულიდა მიტოვებული კარიერის ადგილას დაარსდა. პარკმა ”მეორე სიცოცხლე” ბუტჩარტების ოჯახის წყალობით 1921 წელს შეიძინა და მას შემდეგ ბრიტანულ კოლუმბიაში ვიქტორიის ნამდვილ მარგალიტად იქცა. პირველი პარკის მოწყობის შემდეგ, რომელიც დღემდე არსებობს, მალე ბუტჩარტებმა პარკს იტალიური და როზარიას ბაღები, ასევე მრავალი სხვა ყვავილოვანი ღირშესანიშნაობა დაამატეს. მათ შორის გამორჩეულია ვარდების კარუსელი და ბავშვთა პავილიონი. 2004 წელს ამ ადგილს ეროვნული ისტორიული ობიექტის სტატუსი მიენიჭა.

აშშ, ნიუ-იორკი, ცენტრალპარკი

ujfyuyufufudredry6uyuyuiyiiyrti

3.41 კმ² ფართობის ცენტრალპარკიოთკუთხა ფორმის, ვრცელი საზოგადოებრივისაქალაქო პარკია.ის მანჰეტენზე მდებარეობს და აშშ-ში ყველაზე პოპულარულ საქალაქო პარკად მიიჩნევა.მას წელიწადში, დაახლოებით 25 მილიონი მნახველი ჰყქვს. პარკი ნიუ-იორკ სიტის პარკებისა და რეკრეაციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაშია.

ცენტრალპარკი 1857 წელს მაშინ გაიხსნა, როცა აქ ლანდშაფტის დიზაინერებს შორის შეჯიბრება გაიმართა. პარკისსაბოლოო პროექტი ფრედერიკ ლოუ ოლმსტედსა და კალვერტ ვოქსს ეკუთვნის, რომლებმაც მოგვიანებით ასევებრუკლინის პროსპექტპარკი შექმნეს.

მიუხედავად იმისა, რომ პარკის უმეტესი ნაწილი ბუნებრივად გამოიყურება, ის ფაქტობრივად მთლიანად ხელოვნურად არის შექმნილი და მოიცავს რამდენიმე ხელოვნურ ტბას, საცალფეხო ბილიკს, ორ საციგურაო მოედანს, 10 კმ სიგრძის ველოსიპედისტთა ბილიკს, ზოოპარკს და მინდვრებს ბავშვების სათამაშოდდასხვადასხვა სპორტული დანიშნულებისთვის. პარკის სექცია ”The Ramble”პოპულარული ოაზისიაგადამფრენი ფრინველებისთვის და,შესაბამისად, პოპულარულია ფრინველებზე მოთვალთვალეთათვისაც. პარკში შესაძლებელია ნავებით და ბაიდარებით სეირნობა, ზოოპარკის დათვალიერება და კლდეზე ცოცვაც კი. პარკში ყოფნისას არ დაგავიწყდეთ ცნობილ მარწყვის მინვრებზე ეგვიპტურ ობელისკთან შეჩერება, რომელიც ჯონ ლენონის ხსოვნას მიეძღვნა.

ესპანეთი, ბარსელონა, გუელის პარკი

lkkjjjjjtdtuhjfyuiyttior

სახელგანთქმული გუელის პარკი (ესპ. Parque Güell) ესპანეთში, ბარსელონას ზემო ნაწილში, ელ-კარმელის მთაზე მდებარეობს. პარკის ფართობი 17,18 ჰექტარია. გუელის პარკის ავტორი მსოფლიოში ცნობილი კატალონიელი არქიტექტორი ანტონიო გაუდია. მან ის 1900 – 1914 წ.წ. ეუსები გუელის დაკვეთით შექმნა. მან ეს საოცარი საქალაქო სივრცე საცხოვრებელი სამშენებლო ნაგებობებიდან საქალაქო პარკად აქცია.

გუელის პარკის ცენტრალური ელემენტი მთავარი ტერასაა, სადაც მოზაიკით დაფარული ზღვის გველის მსგავსი ფორმის სკამი დგას. მეტად საინტერესოა ფრინველთა არაჩვეულებრივი ბუდეებიც. პარკში მდებარეობს ანტონიო გაუდის სახლი, რომელშიც ცნობილი არქიტექტორი 1906 წლიდან გარდაცვალებამდე (1926 წ.) ცხოვრობდა. აქ ამჟამად გაუდის მუზეუმია განთავსებული.

პარკის დიზაინში შეიმჩნევა კატალონური მოტივები და მისტიციზმი. გუელის პარკი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

 

ნიდერლანდები, ლისე, კიოკენჰოფის პარკი

C

კიოკენჰოფი (de Keukenhof) ნიდერლანდებში მდებარე მსოფლიოში განთქმული სამეფო ყვავილების პარკი და მსოფლიოს მეყვავილეთა მთავარი ღირშესანიშნაობაა. პარკი ასევე ცნობილია, როგორც ევროპის ბაღი. პარკი 1840 წელს დააპროექტეს, ხოლო ყვავილების პირველი გამოფენა 1949 წელს მოეწყო. იგი ამსტერდამსა და ჰააგას შორის, ქალაქ ლისეში მდებარეობს.

პარკის 32 ჰექტარზეა გაშლილი, სადაც 100 სახეობის 7 მილიონამდე ტიტა ხარობს. მათ ყოველ წელს რგავენ და თანაც ისე, რომ გაზაფხულზე ისინი ერთსა და იმავე ადგილას სამჯერ ყვავიან. ასე რომ, თუ თქვენ კიოკენჰოფის პარკს პირველად მარტის ბოლოს ესტუმრებით, ხოლო მეორედ სამი კვირის შემდეგ, ტიტების მიერ შექმნილ სულ სხვადასხვა ფერის პეიზაჟს იხილავთ. პარკი ყოველ წელს 20 მარტიდან 20 მაისამდე იხსნება. ექსპოზიციის ნაწილი პავილიონებსა და სათბურებშია განთავსებული.

ავსტრია, ვენა, პრატერის პარკი
ccccedrertttffddss

ვენის პრატერი ან უბრალოდ პრატერი (გერმ. Wiener Prater) ვრცელი საქალაქო პარკია და ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ლეოპოლდშტადტის რაიონში მდებარეობს. თავდაპირველად პრატერი მხოლოდ მდინარე დუნაის ერთ-ერთ პატარა კუნძულს ერქვა; საუკუნეთა განმავლობაში სიტყვის მნიშვნელობა გაფართოვდა და მიმდებარე მდინარის ნაპირებსაც ეწოდა. ამჟამად, პარკი ძირითადად მდინარისპირა ტყის ლანდშაფტებს მოიცავს.

პრატერის პარკი ვენაში 1788 წელს გაიხსნა. მაშინ, როცა იმპერატორმა იოსეფ მეორემ იგი საზოგადოებისთვის გახსნილად გამოაცხადა და მის ტერიტორიაზე კაფეს მშენებლობის ნებართვა გასცა. მანამდე პარკის ტერიტორიას მხოლოდ სანადიროდ იყენებდნენ. საინტერესოა, რომ პრატერში ნადირობა 1920 წლამდე იყო დაშვებული.

პრატერი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი – ცხენის წაბლის ხეების ხეივნითაა ცნობილი, სადაც აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა. პარკის ღირშესანიშნაობაა ასევე ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა – „Liliputbahn” და გამოგონილი სახლი-ბურთის ფორმის მქონე ”მიკროსახელმწიფო” კუგელ-მუგელი.

 

აშშ, ლოს-ანჯელესი, გრიფიტპარკი.

fdsaghghghghghghghghghghghghghghghghghghghghghghgh

გრიფიტპარკს 1740 ჰა მიწის ფართობი უკავია. ის გამორჩეულია სილამაზით. პარკში, ჰოლივუდის მთების კალთებზე, გრიფიტის ობსერვატორია მდებარეობს. პარკი პოლკოვნიკ გრიფიტ ჯ. გრიფიტის დაარსებულია. 1912 წელს მან დაარსა ფონდი, რათა პარკში ობსერვატორია, პლანეტარიუმი და ამფითეატრი აეშენებინა. ფონდში შესული შემოწირულობების წყალობით გაფართოვდა პარკის ტერიტორიაც.

სამწუხაროდ, პარკში რამდენჯერმე მოხდა ხანძარი. 2007 წელს 330 ჰა-ზე გაშენებული ტყე დაიწვა, განადგურდა ფრინველების ნაკრძალი და სხვა ღირშესანიშნაობები.
დიდი ბრიტანეთი, ლიდსი, რაუნდჰეის პარკი.

theqqqqqqqqqqhbffffhsdfzsdgzsdfgsdfhg
რაუნდჰეის პარკი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქალაქო პარკია. მისი ფართობი 283 ჰა-ია. აქ ყოფნისას მოგეჩვენებათ, რომ თქვენ სრულიად სხვა სამყაროში მოხვდით. აქ სამი ძირითადი ბაღია: არხების ბაღი, რომელიც უძველესი ხეებისგან, ყვავილებით შემოსაზღვრული მართკუთხედის ფორმის ტბისგან და ულამაზესი ვარდების ბაღისგან შედგება; მონეს ბაღი, რომელიც ფრანგმა მხატვარმა მონემ თავის ცნობილ ტილოზე დახატა და ალჰამბრას პარკი, ასევე მართკუთხა ტბითა და შადრევნებით.

პარკის ტერიტორია, რომელიც მოგვიანებით ქალაქ ლიდსის მერის ინიციატივით მოსახლეობის გარკვეულმა ჯგუფმა იყიდა და 1871 წელს საქალაქო პარკად იქცა, ნიკოლსონების ოჯახს ეკუთვნოდა.

პოლონეთი, კატოვიცე და ხოჯუვი, სილეზიის ზოოლოგიური პარკი.

C
C

 

სილეზიის ზოოლოგიური პარკი სილეზიის ცენტრალური პარკის ნაწილია, რომელიც 1954 წელს დაარსდა და რომლის ფართობი 47.6 ჰა-ია. სილეზიის ზოოლოგიური პარკი არა მარტო თავისი ზოოპარკითაა ცნობილი, სადაც 2500 ცხოველი ბინადრობს. პარკში ასევე დინოზავრების უნიკალური მდელოა, სადაც წარმოდგენილია 16 დინოზავრის სრულმასშტაბიანი რეკონსტრუქცია, რომელთა ნაშთები პოლონეთის ექსპედიციამ გობის უდაბნოში იპოვნა. ამ მდელოზე გავლისას მნახველს ისეთი შთაბეჭდილება ექმნება თითქოს მილიონი წლის წინანდელ სამყაროში მოხვდა, როცა ჩვენს პლანეტაზე ეს უზარმაზარი არსებები ბინადრობდნენ.

ჩინეთი, სუჩჟოუ, ოსტატ სადა სეტეის პარკი.

vvvvvvvdsadfffffffAAAAAAAAAAAAA

მსოფლიოს ერთ-ერთ უძველესი – ოსტატ სადა სეტეის პარკი მშვიდი ადგილია ხმაურიან ქალაქ სუჩჟაუში. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული. პარკის მშენებლობა 1140 წელს დამთავრდა.

პარკის ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა ტბორი ”ვარდისფერი ღრუბლები”, რომელიც ულმაზესი ბაღებითაა გარშემორტყმული. ბაღის დასავლეთ სექციაში 5400 კვ.მ.-ის ფართობზე წარმოდგენილი მცენარეებისა და ქვების სხვადასხვა სახეობები წელიწადის სხვადასხვა დროს ასახავენ. და მაინც, ამ ბაღის მთავარი მცენარეები ისეთივე ძველი კვიპაროსებია, როგორც მინგების დინასტია და მრავალი ასეული წლის ფიჭვები. ტბორის ჩრდილოეთ რაიონები ინტელექტუალური მიზნების სამსახურშია, ხოლო სამხრეთი – სოციალური მიზნების.

ჩინეთი, ბეიჯინგი, ბახაის პარკი.

VFGddddddrgewghwghwghwghwghwghwghwghwghwghwghwghwghwghwghwgh

ბახაის პარკი ბეიჯინგის (პეკინის) ცენტრში მდებარეობს. ისტორიულად იგი საიმპერატორო პარკს წარმოადგენდა, რომელიც ”აკრძალული” ქალაქის მთელ პერიმეტრზე იყო გაშენებული. პარკი საკმაოდ ძველია და ის თითქმის 1000 წლისაა.

პარკი ძველი ჩინური ლეგენდის მიხედვით შეიქმნა. ლეგენდა ამბობს, რომ ჩინეთის აღმოსავლეთით ოდესღაც სამი ჯადოსნური მთა – პენლაი, იინჯოუ და ფანჟანგი მდებარეობდა. ამ მთებში კი ღმერთები ცხოვრობდნენ, რომლებიც სამკურნალო მცენარეებით უკვდავების ელექსირს ამზადებდნენ. ბევრი იმპერატორი ეძებდა ამ მთებს უკვდავების ელქსირის ხელში ჩასაგდებად. ბახაის პარკიც სამ კუნძულზეა გაშენებული, რომლებიც ამ ჯადოსნური მთების სიმბოლოებია.

პარკში დამსვენებელსა თუ დამთვალიერებელს საშუალება აქვს მინის დინასტიის მმართველობისდროინდელი მრავალი ისტორიულ-კულტურული ობიექტი იხილოს.

სინგაპური, ფორტ კანინგი

vvvvfasfgasgajdjdudytdtdr

სინგაპური საკმაოდ ხალხმრავალი და ხმაურიანი ქალაქი-სახელმწიფოა, ფორტ კანინგის პარკი კი მართლაც რომ მისი სამშვენისია. პარკი ქალაქის ცენტრში 60მ-იანი სიმაღლის ბორცვზე მდებარეობს. ოდესღაც მას სამხედრო დანიშნულება ჰქონდა, დღეს კი მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს პარკად ითვლება. პარკი საკმაოდ ”ახალგაზრდაა” – იგი 1966 წელს დაარსდა.
პარკის ღირშესანიშნაობებს შორის აღსანიშნავია სანელებლების ბაღი (Spice Garden), რომელიც სინგაპურის დამაარსებლის, ინგლისელი სტემფორდ რაფლსის ბოტანიკური ბაღის ზუსტი ანალოგია. ასევე საინტერესოა გოთიკური კარები და სხვა ობიექტები.

საფრანგეთი, პარიზი, ლუქსემბურგის ბაღი

ssss

ლუქსემბურგის ბაღი (Jardin du Luxembourg; მეტსახელი “ლუკო”‘) პარიზელებისა და პარიზის სტუმრების საყვარელი ადგილია. ლუქსემბურგის სასახლე და ბაღები არქიტექტორმასალომონ დე ბროსიმმარი დე მედიჩისთვის 1615-27 წლებში ააგო.ამჟამად ამ სასახლეში საფრანგეთის სენატია.

პარკი ძალიან კომფორტულია დასვენებისათვის. აქ არის ჩოგბურთის კორტები და საბავშვო მოედნები. ასევე პოპულარულიათოჯინების თეატრი და საქანელები. დროდადრო პარკში უფასო კონცერტები ტარდება. ბაღში 100-მდე ქანდაკებაა, მათ შორის სტენდალის, შოპენის, მონტესკიეს, ბოდლერის, დელაკრუასი და სხვების. ლუქსემბურგის ბაღი თავიანთ ტილოებზე მატისმა, რენუარმა, ტისომ და სხვა ცნობილმა მხატვრებმა ასახეს.

ავსტრალია, მელბურნი, სამეფო ბოტანიკური ბაღი

ffffffffffsaaaaaaaaaaaaaeeedewww
მელბურნის სამეფო ბოტანიკური ბაღი მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ბაღია. იგი 1864 წელს გაშენდა და დღესდღეობით პარკში მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტისა თუ ქვეყნის 12 000 სახეობაზე მეტი მცენარე ხარობს. მცენარეებს სამეცნიერო, ესთეტიკური და სასოფლო-სამეურნეო მიზნებიდან გამომდინარე არჩევდნენ. პარკის ტერიტორიაზე მდებარეობს დედოფალ ვიქტორიას ეროვნული ჰერბარიუმიც.

პარკში სასეირნო ბილიკები ისეა მოწყობილი, რომ ყოველ მოსახვევში მნახველის თვალწინ განუმეორებელი პეიზაჟი იშლება.

იაპონია, ტოკიო, უენოს პარკი

sakiiuyuuraaaaaaallka

უენოს პარკი ტოკიოს ცენტრში მდებარეობს, იგი კანეიძის ტაძრის გაგრძელებას წარმოადგენს. პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე მსხვილი მუზეუმი მდებარეობს: ტოკიოს ეროვნული მუზეუმი, დასავლეთის ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, ტოკიოს ხელოვნების საქალაქო მუზეუმი და ეროვნული სამეცნიერო მუზეუმი. უენოს პარკის კომპლექსის შემადგენლობაშია ასევე იაპონიის პირველი ზოოპარკიც,

პარკი პოპულარულია იაპონელებს შორის. აქ განსაკუთრებით ბევრი დამსვენებელია გაზაფხულზე, მარტის ბოლოს – აპრილის დასაწყისში, როცა პარკში 1000-ზე მეტი ალუბლის ხე – საკურა ყვავის.

 

ბრაზილია, სან-პაულუ, იბირაპუერას პარკი

Parque Ibirapuera
Parque Ibirapuera

 

20 მილიონზე მეტი მოსახლეობის სან-პაულოსთვის კარგი პარკი ნამდვილად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. პარკის ტერიტორიაზე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, საკონფერენციო ცენტრი, სხვადასხვა პავილიონები და პლანეტარიუმი მდებარეობს. ყოველ შაბათ-კვირას პარკში ფერადოვანი შადრევნების ფონზე ბრაზილიური მუსიკის კონცერტი ტარდება. პარკი ასევე ცნობილია სკეიტერებისათვის მოწყობილი სპეციალური გზებით.

როგორც ვხედავთ, ჩვენს პლანეტაზე მრავლადაა საოცარი ადგილები, რომელთა შესახებ ჩვენ წარმოდგენაც კი არ გავქვს. მათ შორისაა საქალაქო პარკებიც.

ტესტები გეოგრაფიაში

0
მოცემული ტესტები მიმართული არ არის მხოლოდ მასალის დამახსოვრებაზე. მათზე პასუხის გასაცემად საჭიროა გეოგრაფიული მოვლენების, პროცესებისა და კანონზომიერებების გაანალიზება.
მცდარია მოსაზრება, თითქოს დახურული, მრავლობითი არჩევნიანი ტესტები მხოლოდ ფაქტობრივი მასალის ცოდნის შემოწმებაზე შეიძლება იყოს ორიენტირებული. სწორედ, ამ მცარი მოსაზრების უარსაყოფად გამოდგება ქვემოთ მოცემული ტესტური დავალებები.
მასალა მომზადებულია გეოგრაფიაში საერთაშორისო ოლიმპიადის მასალებზე დაყრდნობით, ეს და ოლიმპიადის სხვა მოთხოვნები, წინა წლების ტესტები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://www.geoolympiad.org/fass/geoolympiad/what-is-igeo/index.shtml

 ვრცლად

ჰორიზონტის მხარეების სახალისო სწავლება

0
ყველას გვსმენია, რომ რუკა არის გეოგრაფიის ალფა და ომეგა. ეს არ არის გამონათქვამი, რომელიც სხვადასხვაგვარად ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. გეოგრაფიის შესწავლისას სწორედ რუკის ენა არის ამოსავალი. ის ხომ ჩვენ გვაწვდის ინფორმაციას რეალური სამყაროს, ობიექტების, მოვლენების თუ პროცესების შესახებ.

რუკა გეოგრაფებისთვის უმთავრესი სასწავლო რესურსია, რომელიც ინფორმაციას იძლევა ადგილსა და მოსახლეობაზე. თუ გეოგრაფია მოსწავლეებს ბუნებასა და მოსახლეობას შორის კავშირებს ასწავლის, რუკა მათ ეხმარება, წარმოადგინონ, აღწერონ, ახსნან სივრცითი ინფორმაცია, კანონზომიერებები თუ პროცესები, რომლებსაც დედამიწაზე მათ გარშემო აქვთ ადგილი. რუკის კითხვისა და გამოყენების სწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს მოსწავლეთათვის. ის ხელს უწყობს სივრცითი და გრაფიკული აზროვნების განვითარებას. გეოგრაფიის სწავლების პროცესში მათ უწევთ განსხვავებული შინაარსის თუ მასშტაბების რუკების სხვადასხვა მიზნით გამოყენება. გეოგრაფიის მასწავლებლები კი უნდა დაეხმარონ მოსწავლეებს რუკასთან მუშაობის უნარ-ჩვევების განვთარებაში, რომელთა გამოყენებასაც სხვა შემთხვევებშიც შეძლებენ. სასწავლო პროცესში რუკის გამოყენებას არაერთი მიზანი აქვს. გეოგრაფია არ არის ის ერთადერთი მეცნიერება, რომელიც საჭიროებს რუკას, როგორც ცოდნის გამოსახვის საშუალებას. რუკას არაერთი მეცნიერება იყენებს და სწორედ მისი ასეთი გამომსახველობითი თვისებების გამო მრავალი დისციპლინა გამდიდრდა ვიზუალური საშუალებებით. გეოგრაფია ხომ მხოლოდ ზოგადგეოგრაფიული რუკებით არაა ცნობილი, არსებობს თემატური კარტოგრაფიაც, რაც სპეციალური მეცნიერებებიდან მოპოვებული მონაცემების საფუძველზე მუშავდება და დაიტანება ზოგადგეოგრაფიულ საფუძველზე.

თითქოს თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარებამ ტრადიციული რუკები უკანა პლანზე გადასწია, თუმცა რუკის კითხვა მაინც აქტუალურია და ბევრი პროფესიისთვის (სამხედრო, პილოტი, მეტეოროლოგი…) ის ჯერ კიდევ საბაზისოა.
რუკაზე ყოველთვის უნდა იყოს გამოსახული ჰორიზონტის მხარეების მანიშნებელი. ფურცლის ზედა მხარე ჩრდილოეთის მაჩვენებელია, ქვედა – სამხრეთის, მარცხენა – დასავლეთის, ხოლო მარჯვენა – აღმოსავლეთის. ჰორიზონტის მხარეების დიაგრამა სწორედ ამ მიმართულებებს უჩვენებს, თუმცა ოთხი მთავარი მხარის (ჩ, ს, დ, ა) გარდა, ჰორიზონტის მხარეების დიაგრამაზე ოთხი შუალედური (ჩა, სა, ჩდ, სდ) მხარეც არის აღნიშნული. ლათინური დასახელებები ერთგვარად დამკვიდრებულია კარტოგრაფიაში, რის გამოც ხშირად მთავარი და შუალედური მხარეები სწორედ ჰორიზონტის მხარეების ლათინური დასახელებების პირველი ასოებით არის გამოხატული.

ამ სტატიაში შევეცდებით დაგანახოთ, თუ როგორაა შესაძლებელი მარტივი მაგალითებით შევაყვაროთ მოსწავლეებს ყველაფერი, რაც რუკასთანაა დაკავშირებული; თუ როგორ უნდა მიადევნოს მასწავლებელმა თვალი მოსწავლეთა პროგრესს რუკებთან მუშაობისას. მასწავლებელი უნდა იყოს თანმიმდევრული და ვიდრე რუკებიდან ინფორმაციის მოძიებას მოსთხოვს მოსწავლეებს, მათ თანმიმდევრულად უნდა შეასწავლოს ინფორმაციის გაგება. გახადოს რუკა მათთვის საოცრებების წყარო, რომელშიც შეიძლება ადგილიდან გაუსვლელად მოგზაურობა და უამრავი სიახლის გაგება.

უფრო კონკრეტულები რომ ვიყოთ, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, უკვე მე-5 კლასის მოსწავლეები ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე იწყებენ ჰორიზონტის მხარეების შესწავლას. ბუნებისმეტყველების სტანდარტში განსაზღვრულია შედეგები, რომლებიც ასახავს წლის ბოლოსთვის თუ რისი ათვისება უნდა შეძლოს მოსწავლემ:

ბუნ.V.7. მოსწავლეს შეუძლია ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე.
და
ბუნ.V.8. მოსწავლეს შეუძლია გარემოში ორიენტირებისთვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების/ხელსაწყოების გამოყენება.
ამ შედეგების შესაბამისი აქტივობის მოფიქრება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, რაც უფრო შემოქმედებით, მარტივ და სახალისო დავალებებს მოვიფიქრებთ, მით უფრო გავუმარტივებთ მოსწავლეებს ამ რთულ და საჭირო უნარებში დაოსტატებას.

აქტივობა 1

ამ აქტივობის შესასრულებლად მოსწავლეებმა უკვე უნდა იცოდნენ თუ როგორ გამოიყენონ კომპასი.

აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა რუკაზე, გარემოში ორიენტირებისთვის გეოგრაფიული ინსტრუმენტების/ხელსაწყოების გამოყენება. მიღებული ცოდნის გამოყენება სხვადასხვა პრაქტიკულ სიტუაციაში.

საჭირო რესურსი: მოსწავლეთა რაოდენობაზე გათვლილი ამობეჭდილი ფორმები და კომპასები. მსოფლიოს პოლიტიკური და ფიზიკური რუკები.

ააგეთ სქემა, რომლის მთავარი ღერძი სწორედ ჰორიზონტის ძირითადი და შუალედური მხარეები იქნება. ამის შემდეგ მასწავლებელი თავად ირჩევს დავალების სირთულეს და სქემის ცენტრში ერთ-ერთ სიტყვას წერს: სახლი, სკოლა, ქალაქი, ქვეყანა. თუმცა თანმიმდევრულობისთვის, უმჯობესია დავიწყოთ სკოლის აქტივობიდან. ამისთვის საჭიროა მოსწავლეებს შესავსებად ამობეჭდილი ფორმები დაურიგდეს.

პირველ რიგში, მასწავლებელმა უნდა დაიწყოს სწორედ სკოლის დავალებიდან, რადგან მოსწავლეები ასე უკეთ კარგად გაიგებენ თუ რა მოეთხოვებათ, როგორ უნდა განსაზღვრონ სხვადასხვა ობიექტების მდებარეობა. დავალება სკოლის დონეზე შეიძლება წყვილებში შესრულდეს. მის შესასრულებლად, საჭირო იქნება მოსწავლეების სკოლის ეზოში გაყვანა. თუკი მოსწავლეების რაოდენობა 15-ს აღემატება, უმჯობესია დახმარება თხოვოთ კოლეგას.

ამის შემდეგ მოსწავლეებს სახლში დავალების შესრულება არ უნდა გაუჭირდეთ.
მასწავლებლელმა მაინც უნდა მისცეს ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა დაძლიონ ნაბიჯ-ნაბიჯ ეს სირთულე.

თუ ყველა საკითხი გასაგები იქნება, მოსწავლეები ხალისით შეასრულებენ დავალებას. დავალების შესრულებისას ასევე შეიძლება ჩართონ უფროსები, მეგობრები, და-ძმა, რაც კიდევ მეტ ინტერესს შემატებს შესრულების პროცესს.
ამ ორი დავალების შესრულების შემდეგ მოსწავლეები მზად იქნებიან ქალაქისა და ქვეყნის დავალების შესასრულებლად, ამ დროს შესაძლებელია როგორც ჯგუფებში, ისე ინდივიდუალური მუშაობა. ეს დამოკიდებული იქნება რუკის რაოდენობაზე, რომელიც უნდა ჰქონდეს თითოეულ ჯგუფს, უკეთეს შემთხვევაში თითოეულ მოსწავლეს. გაითვალისწინეთ, რომ დავალების შესრულება ბევრად საინტერესოდ წარიმართება, თუკი ნაწილს დაურიგებთ ზოგადგეოგრაფიულ რუკას, ხოლო სხვა ნაწილს პოლიტიკურს. ამ შემთხვევაში, სქემის შევსების შემდეგ ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ იმ განსხვავებულ დეტალებს, რომლებიც მოიძიეს.

შედეგად: მოსწავლეები შეძლებენ რუკაზე და გარემოში უკეთ ორიენტირებას.

შეფასება: ფასდება, თუ რამდენად ზუსტად იცავენ ინსტრუქციებს, რამდენად აკურტულად ავსებენ სქემას. ასევე რამდენად სწორია დატანილი ინფორმაცია.

აქტივობა 2

საგაკვეთილო აქტივობაში კიდევ უფრო სახალისო თამაშის ჩართვა შეიძლება, რისთვისაც მოსწავლეებს მოუწევთ სასახლის გეგმის ნახაზზე მასწავლებლის მიერ შედგენილი ინსტრუქციით მუშაობა. ამ ასაკში ხომ მოსწავლეებისთვის ძალიან მომხიბვლელია ისტორიები რაინდებზე, მეფეებსა და დედოფლებზე.

აქტივობის მიზანი: ჰორიზონტის მხარეების ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში. სხვადასხვა ობიექტების მდებარეობისა და ურთიერთმიმართების განსაზღვრა.

საჭირო რესურსი: მოსწავლეებს ურიგდებათ ამობეჭდილი ინსტრუქცია და ასევე ამობეჭდილი სასახლის ნახაზი, რომელიც არ არის შევსებული; ფერადი ფანქრები, ან შესაძლოა ფერადი ქაღალდები, მაკრატელი და წებო.

მათ უნდა მისდიონ ინსტრუქციას და ნახაზი მითითებული ნიშნების მიხედვით შეავსონ. მითითებული ნიშნები არის მაგალითად, კარადა, ტელევიზორი და სხვა, რომელთა დახატვა შესაბამის ოთახებში მოსწავლეს ადვილად შეუძლია.

მივყვეთ ინსტრუქციებს (https://www.superteacherworksheets.com/maps/mapskills-castle_WMZNQ.pdf ):

·როდესაც სასახლეში შედიხარ, აღმოჩნდები მისაღებ ოთახში, სადაც დგას ტახტი.
·როდესაც აღმოსავლეთით მისაღები ოთახიდან გახვალ, აღმოჩნდები მოსასვენებელ ოთახში, სადაც დგას ტელევიზორი.
·ყველაზე დიდი დედოფლის საძინებელია, რომელშიც დიდი საწოლი დგას.
·დედოფლის საძინებლის ჩრდილოეთით მისი გარდერობია, აქ კარადაში ბევრი ტანსაცმელია.
·გარდერობის დასავლეთით, ბიბლიოთეკაა, სადაც თაროებზე ბევრი წიგნია.
·ყველაზე პატარა ოთახი სააბაზანოა, სადაც ნიჟარა და აბაზანაა განთავსებული.
·სააბაზანოდან აღმოსავლეთით არის სამზარეულო, მაცივრითა და გაზქურით.
·სასადილოდ იყენებენ მომრგვალებულ ოთახს, სადაც დგას დიდი მაგიდა.
·სამზარეულოდან მეფის საძინებელ ოთახში გადიხარ, სადაც მეფის დიდი საწოლი დგას.
·თუ მეფის საძინებლის დასავლეთით გაიხედავ, აღმოაჩენ გარდერობს მისი ტანისამოსისთვის.
·სასახლის გარეთ მთავარი შესასვლელის სამხრეთით არის ბილიკი, რომელიც ჭიშკრამდე მიდის

·მეფე-დედოფალმა გადაწყვიტეს სასახლეში საიდუმლო ოთახის აშენება, სადაც თავიანთ ქონებას შეინახავენ. ეს იქნება პატარა ოთახი, რომელიც დედოფლის საძინებლის აღმოსავლეთით იქნება. დახატეთ და აღნიშნეთ ეს ოთახი გვირგვინით.

მასწავლებელი ამ ინსტრუქციასთან ერთად მოსწავლეებს შემდეგ ნახაზს ურიგებს:

მოსწავლეები ცდილობენ მოცემული ინსტრუქციის მიხედვით ნახაზზე დაიტანონ შესაბამისი ოთახები, რომლებსაც შესაბამისი სიმბოლოებით აღნიშნავენ (წიგნი, გვირგვინი, საწოლი, კარადა ტანსაცმლით, ტელევიზორი…მისაღები).

ნახაზი შემდეგ სახეს მიიღებს, სადაც ოთახებში შესაბამისი სიმბოლოები/ნიშნები იქნება:

ეს დავალებები მართლაც სახალისო შესასრულებელია და მასწავლებელს საშუალებას აძლევს უზრუნველყოს მოსწავლეთა სრული ჩართულობა, შედეგად კი მათ ეცოდინებათ ჰორიზონტის ძირითადი მხარეები.

შედეგად: მოსწავლეებს შეუძლიათ ჰორიზონტის მხარეების ცოდნის პრაქტიკული გამოყენება.

შეფასება: დავალება ფასდება კრიტერიუმით – რამდენად აკურატულად შეასრულა მოსწავლემ ის, რამდენად სუფთად და ზუსტად არის დატანილი სიმბოლოები, არის თუ არა შეცდომები.
დასკვნის სახით უნდა ითქვას, რომ ამგვარი მარტივი აქტივობები ჩვენს მოსწავლეებს მიმართულებების უკეთ აღქმაში ეხმარებათ. ამისთვის კარგია სწორედ მრავალფეროვანი აქტივობების შეთავაზება, რაც სახალისოს გახდის სწავლებას და მოსწავლეს მხარეების ცოდნას გაუმყარებს. ეს ცოდნა არ არის მხოლოდ იმისთვის, რომ გაკვეთილის შემდეგ მასწავლებლისგან კარგი შეფასება მიიღონ. ეს უნარები მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამოადგებათ. რუკის კითხვა ხომ უნარია, რომლის კარგად განვითარება მოსწავლეებს სივრცით აზროვნებას უვითარებს, ასევე აჩვევს განზოგადებას, უვითარებს წარმოსახვით უნარებს, რაც მომავალში საჭირო და სასიცოცხლოც შეიძლება აღმოჩნდეს.

ბლუმის ტაქსონომიის გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0
სწავლის თანამედროვე მიდგომებით სწავლა ნიშნავს არა მარტო ინფორმაციის შეძენასა და დაგროვებას, არამედ უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების განვითარებას. ეროვნულ სასწავლო გეგმის საგნობრივ სტანდარტში აღწერილი კომპეტენციები მოიცავს სამი კატეგორიის ცოდნას: დეკლარატიული (სტატიური), პროცედურული (დინამიური) და პირობისეული (ფუნქციური).
ბენჯამენ ბლუმის სააზროვნო (კოგნიტური) უნარების განვითარების ტაქსონომია მასწავლებელს ინტერაქტიული გაკვეთილების დაგეგმვაში, მოსწავლის სააზროვნო უნარების განვითარებაში და ცოდნის დეკლარატიული (სტატიური) კატეგორიიდან პირობისეულ (ფუნქციური) ცოდნამდე აყვანაში ეხმარება.
ბლუმის მიხედვით, აზროვნების ან შემეცნების უნარი ექვს დონედ იყოფა. ეს დონეებია: ცოდნა, გაგება, გამოყენება, ანალიზი, სინთეზი და შეფასება. აზროვნების ეს დონეები განლაგებულია საფეხურებად, სადაც ყოველი მომდევნო დონე უფრო რთულდება და ერთ ან რამდენიმე წინა დონეს მოიცავს. პირობითად ცოდნას, გაგებას და გამოყენებას შეიძლება ვუწოდოთ აზროვნების ქვედა (დაბალი) დონის სააზროვნო უნარები, ხოლო ანალიზს, სინთეზს და შეფასებას კი აზროვნების ზედა (მაღალი) დონის სააზროვნო უნარები. სინთეზი და შეფასება შესაძლოა გადანაცვლდეს იმისდა მიხედვით, თუ რა სახისაა შეფასება. თუ შეფასება არ არის სტრატეგიული და არ უკავშირდება გადაწყვეტილების მიღებას, მაშინ იგი უფრო ზედა ნაკლებად რთული სააზროვნო ოპერაცია იქნება, ვიდრე სინთეზი.
დამეთანხმებით ბლუმის ტაქსონომია მასწავლებლის ის გზამკვლევია, რომელიც მას შედეგის მიღწევაში ეხმარება. ყოველ გაკვეთილზე (გეოგრაფიის გაკვეთილზე) შესაძლოა არ მიიღწეოდეს მაღალი სააზროვნო დონეები, მაგრამ გამოყენების დონის დაძლევა მაინც უნდა ხდებოდეს. გეოგრაფიის გაკვეთილს იმიტომ გავუსვი ხაზი, რომ მარტო რუკასთან დაკავშირებული ნებისმიერი მუშაოებითაც კი შესაძლებელია გამოყენების დონის ამოქმედება, რომ არაფერი არ ვთქვათ იმ მიზეზ-შედეგობრივი კავშირებისა და კანონზომირებების დადგენაზე რასაც გეოგრაფია, როგორც საგანი გვთავაზობს.
გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს:
მე-8 კლასი მოსახლეობის დემოგრაფია.
მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1.რა არის დემოგრაფია?
2.რა არის მოსახლეობის დინამიკა?
3.რა არის ბუნებრივი მოძრაობა?
4.რა არის მექანიკური მოძრაობა?
ამ კითხვებზე პასუხებს მოსწავლეები გეოგრაფიულ ლექსიკონში პოულობენ.
შემდეგ კლასი იყოფა ჯგუფებად და ნაწილდება დავალებები:
პირველმა ჯგუფმა მსოფლიოს მოსახლეობის რიცხვონობისა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკების გამოყენებით მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით 10 ლიდერი და 10 აუტსაიდერი ქვეყანა უნდა დაადგინოს.
ქვეყნები მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით
მეორე ჯგუფმა მსოფლიოს მოსახლეობის სიმჭიდროვისა და მსოფლიოს პოლიტიკური რუკების გამოყენებით დედამიწაზე ყველაზე მჭიდროდ და მეჩხერად დასახლებული რეგიონები და შესაბამისი ქვეყნები უნდა დაადგინოს.
მოსწავლეები ქვეყნებს ორი სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აჯგუფებენ, ეს აქტივობა მხოლოდ გამოყენების დონეს მოიცავს. ის მოსწავლეებს უვითარებს რუკის კითხვისა და გეოგრაფიული ინფორმაციის ინტერპრეტაციის უნარებს . ამავე დროს ისინი ქვეყნების კონფიგურაციებს იმახსოვრებენ.
მომდევნო აქტივობით კი შესაძლებელია მაღალი სააზროვნო დონეების მიღწევა –
მოსწავლეებმა უნდა:
1. განსაზღვრონ, რა მიზეზებით ხდება ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი შემცირება ან მატება. დაალაგონ პრობლემები სიმძაფრის მიხედვით. (გამოყენება და ანალიზი).
2.გამოთქვან მოსაზრება რომელ ქვეყანაში როგორ დემოგრაფიული პოლიტიკას ატარებენ. (სინთზი და შეფასება).
წერილობით გამოთქვან საკუთარი მოსაზრება, თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიული პოლიტიკა.
მეორე მაგალითი: საქართველოს მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდა.
თემის განხილვამდე მასწავლებელს შეუძლია დავალება მისცეს ჯგუფებს: გაიგონ სხვა კლასების მოსწავლეთა რაოდენობა და ცალ–ცალკე დააჯგუფონ ვაჟები და გოგონები. სასურველია, ინფორმაცია არა პარალელური, არამედ სხვა, განსხვავებული კლასებიდან მოიპოვონ (მაგ: მე-6, მე-7, მე-8 კლასები). ერთ ჯგუფი განიხილავს მე–7 კლასს, მეორე – მე–8-ს და ა.შ.
გაკვეთილისთვის მონაცემები უნდა წარმოადგინონ ცხრილის სახით. ფორმატის ქაღალდზე, რომელზეც წინასწარ იქნება დახაზული კოორდინატთა სიბრტყე, თითოეული ჯგუფი გადაიტანს თავის მონაცემებს. მოსწავლეები თავად აგებენ სქესობრივ–ასაკობრივ პირამიდას. ბუნებრივია, ამ ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ სქემატური ნახაზის შედგენაა შესაძლებელი. ამ აქტივობით მოსწავლეები სწავლობენ სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების გრაფიკულად გამოსახვას. (გამოყენება).
შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დაადგინონ კავშირი მოსახლეობის ბუნებრივ მატებასა და სქესობრივ-ასაკობრივ სტრუქტურას შორის. (ანალიზი).
მას შემდეგ, რაც მოსწავლეები თავად ააგებენ სქესობრივ-ასაკობრივ პირამიდას, უკეთ გააანალიზებენ სახელმძღვანელოში მოცემულ ნახაზებსა და დემოგრაფიულ პირამიდებს, თითოეულ ჯგუფს ეძლევა ერთი პირამიდა. ისინი უნდა გაეცნონ და აღწერონ 1989 და 1999 წლების მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი პირამიდები. ასევე დაადგინონ:
1.როგორ იცვლება ქალთა და მამაკაცთა რაოდენობა წლების მიხედვით;
2.ჩამოთვალონ მიზეზები, რომელთა გამო ქალთა რაოდენობა აჭარბებს მამაკაცთა რაოდენობას. (ანალიზი).
ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევრებს და გამოაქვთ დასკვნა, რომ მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ქვეყნის დემოგრაფიულ სიტუაციას.
მასწავლებელი გეოგრაფიული ცნობარიდან მოსწავლეებს ორი კონტრასტული რეგიონის დემოგრაფიულ მონაცემებს აძლევს. მათ უნდა შეადარონ ეს მონაცემები და გამოიტანონ დასკვნა, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ქვეყნის დემოგრაფიულ ვითარებაზე. რეგიონებს მოსწავლეები თავად ირჩევენ. (ანალიზი).
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გამოთქვან ვარაუდი:
1. როგორ დემოგრაფიულ პოლიტიკას გაატარებდნენ საქართველოში?
2.რა ღონისძიებებს დაგეგმავდნენ არჩეული პოლიტიკის გასატარებლად?
დავალებას ასრულებენ ჯგუფებში. სამუშაო საინტერესო და სახალისო რომ იყოს, შესაძლებელია დავალებას მიეცეს ,,კანონპროექტის” სახე. ჩასატარებელი ღონისძიებები პუნქტების (მუხლების) სახით უნდა ჩამოაყალიბონ. პრეზენტაციის დროს შემუშავდება საერთო ,,კანონპროექტი”. (შეფასება).

ჩვენი პლანეტის ცისფერი თვალები

0
ჩვენს პლანეტაზე მრავალი უჩვეულო და საოცარი სილამაზის ტბაა. მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა ფერი გაკვირვებასაც კი იწვევს. მათ ”ფერად” ტბებს უწოდებენ. ამ ტბების წყლები მოწითალო, ლურჯი, მწვანე, თეთრი და შავი ფერისაც კია. წყლის შეფერილობის მიზეზები სხვადასხვაგვარია და მთელ რიგ ფაქტორებზეა დამოკიდებული. ესენია: ადგილმდებარეობა, წარმოშობის ფორმა, ტბის ასაკი, წყლის შემადგენლობა, ტბაში ბინადარი ცოცხალი ორგანიზმები და სხვ.

ზოგიერთი ტბის წყალი ჩვეულებრივი ცისფრის ნაცვლად მოვარდისფრო-მოწითალო ფერისაა, რაც ტბაში გავრცელებული ბაქტერიების ”ბრალია”. იტალიის ალპებში მდებარე ტბა ლაგო-დე-ტორველის მოწითალო ფერი ტბაში ბინადარი მიკროორგანიზმების სიმრავლეს უკავშირდება. ისინი მაშინ მრავლდებიან, როცა წყლის ტემპერატურა +16 გრადუსამდე თბება.

იაპონიის ერთ-ერთ კუნძულზე უნიკალური ორფერა ტბაა. წყალსატევის ფსკერიდან გამოსული რკინის ჟანგი ტბას ვარდისფრად აფერადებს, ხოლო გოგირდის მინარევების დიდი რაოდენობა – ყვითლად. კოლორადოს ტბის წყალი, რომელიც ზ.დ-დან 4550 მ. სიმაღლეზე კორდილიერების მთების სამხრეთით მდებარეობს, მუქი წითელი ფერისაა. ასეთი წითელი ტბები გვხვდება აგრეთვე დასავლეთ ევროპაში და ხმელთაშუა ზღვის ნაპირებთან.

ჩვენს პლანეტაზე სხვა ფერადი ტბებიც გვხვდება. მაგ. იაპონიის ტბა კანკაიძი წითელი ფერისაა, რადგან რკინის შემცველი წყაროებით საზრდოობს, ყაზახეთში მდებარე ტბა კი – სარიკული მოყვითალო-მოყავისფერო ფერის. ტბის სახელწოდებაც თარგმანში ყვითელ ტბას ნიშნავს. ამის მიზეზი კი ტბის თიხიანი სანაპიროა.

ტბა ჰილერი (“Hillier”) ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროსთან ახლოს, საშუალო კუნძულის (Middle Island) პირას მდებარეობს. ამ ტბის განსაკუთრებულობა ის გახლავთ, რომ ის ვარდისფერია, ამასთან ფერი არ იცვლება კონტეინერში ჩასხმის დროსაც. ტბის სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია. ეს პატარა მარილიანი ტბა გარშემორტყმულია თეთრი მარილის ”ქამრით”, რაც მას უფრო ზღაპრულ იერს აძლევს, ვიდრე რეალურს და ბუნებრივს. ტბას ყველა მხრიდან გარს აკრავს ევკალიპტების სხვადასხვა ჯიშის ხეები, ხოლო მცენარეებით დაფარული და სილისგან შემდგარი მიწის ვიწრო ზოლი მას ოკეანისაგან გამოყოფს.

1950 წელს მეცნიერები ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რატომ არის ტბა ვარდისფერი. მათი ვარაუდით, ამის მიზეზი წყალმცენარეები იყვნენ. მაგ. წითელი წყალმცენარე Dunaliella salina, რომელიც წითელი ფერის საღებავს გამოყოფს, რაც წყლის ვარდისფერი შეფერილობის მიზეზია. მაგრამ გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ტბაში არანაირი წყალმცენარე არ არის. დღევანდლამდე დაუდგენელია ტბის ფერის მიზეზი.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტბა არის სენეგალშიც. ქვეყნის დედაქალაქ დაკარიდან 30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ტბა რეტბა, რომლის წყალიც ვარდისფერია, თუმცა მისი ფერი მასშივე არსებული მიკროორგანიზმების არსებობით აიხსნება. ისინი ფოტოსინთეზის დროს ვარდისფერ პიგმენტს გამოიმუშავებენ.

ალჟირში, ქალაქ სიდი-ბელ-აბესის მახლობლად მდებარე ტბა მელნითაა სავსე. ტბაში მელნის არსებობა შემდეგი ფაქტორით აიხსნება: მასში ორი მდინარე ჩაედინება. ერთის წყალი რკინითაა გაჯერებული, მეორის კი ტორფიან ჭაობში გაედინება და შესაბამისად სხვადასხვა სახის ორგანულ ნაერთებს შეიცავს. სწორედ ამ ორი მდინარის შეერთებით ტბაში წარმოიქმნება მელანი. მასში არ ბინადრობენ ცოცხალი არსებები. მისი წყალი მხოლოდ წერილების დასაწერად თუ გამოდგება.
უკრაინის ქალაქ სვალიავას მახლობდად, ზ.დ.-დან 700 მ. სიმაღლეზე მდებარეობს ტბა სინიაკი. ტბის სახელი მის წყალში გახსნილ გოგირდის ნაერთებს უკავშირდება და ტბის წყალიც ამიტომაა ინტენსიური ცისფერი ფერის. ასეთი ტბები მრავლადაა საქართველოში, მათ შორის კი განსაკუთრებით გამოირჩევა ცისფერი და რიწის ტბები (აფხაზეთი).

ინდონეზიის არქიპელაგის კუნძულ იავაზე და იაპონიის კუნძულზე გვხვდება თეთრი ფერის, მაგრამ ”მდუღარე”ტბები. ასევე ინდონეზიის კუნძულ ფლორესზე შეგიძლიათ ნახოთ უნიკალური მოვლენა. კელიმუტოს (Kelimutu) ვულკანის წვერზე ერთდროულად სამი სხვადასხვა ფერის ტბა მდებარეობს. ერთში წყალი მოთეთრო-მოცისფროა, მეორეში – მკვეთრი წითელი, ხოლო მესამეში – ლაჟვარდოვანი ლურჯი.

ეს იმიტომ, რომ ტბები წარმოქმნილია სხვადასხვა ვულკანების კრატერებში, რომლებიც მდიდარია სხვადასხვა მინერალებით. სწორედ ეს მინერალები აფერადებენ ტბების წყალს. თეთრი და ცისფერი ტბების წყალში სხვადასხვა კონცენტრაციითაა გახსინილი მარილები და გოგორდის დიდი რაოდენობა, ამიტომაც წყალი მუდმივად ბუყბუყებს. ტბების თავზე ორთქლია. წითელ ტბაში კი პირიქით – ყველაფერი მშვიდადაა. მისი ფერის მიზეზი კი დიდი რაოდენობით რკინის შემცველობაშია.

ბარენცის ზღვაში, კუნძულ კილდინზე ბუნების ჰიდროლოგიური ძეგლი, უნიკალური ტბა “სამარე” (Моги́льное) მდებარეობს. ტბა ხუთ ”სართულადაა~ დაყოფილი და მტკნარი და მარილიანი წყლის ფენები ერთმანეთს ენაცვლება. უშუალოდ ფსკერთან, რომელიც ლამითაა დაფარული, წყლის გოგირდწყალბადით გაჯერებული ფენა მდებარეობს. ის მოკლებულია სიცოცხლეს. მეორე ”სართულზე~ ბაქტერიები ბინადრობენ, რომლებიც ინტენსიურად შთანთქავენ გოგირდწყალბადს. მესამე ”სართული~ თევზებით, ზღვის ზღარბებითა და ზღვის ვარსკვლავებითაა დასახლებული; მეოთხე ”სართული~ კი თითქმის დაუსახლებელია, რადგან ამ ფენაში ცხოველთა ნორმალური არსებობისათვის არასაკმარისი მარილიანობაა. მეხუთე ”სართული~ მტკნარ და გამჭირვალე წყალს უკავია და მტკნარი წყლის ბინადართა ნამდვილ სამეფოს წარმოადგენს.

მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მარილის ტბა პოტოსისა და ორუროს დეპარტამენტებში, ანდების დაბოლოებაზე, ზღვის დონიდან 3,656 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 10,582 კმ²-ია. ტბის შიდა ნაწილი დაფარულია საკვები მარილის 2-8 მ სისქის ფენით. წვიმების სეზონზე ეს მლაშობი წყლის თხელი ფენით იფარება, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ”სარკედ” გარდაიქმნება.

ტბა ასევე მდიდარია ლითიუმით. სწორედ აქ მდებარეობს მსოფლიო ლითიუმის მარაგის 50-70%. ტბაზე ბინადრობს ვარდისფერი ფლამინგოების რამდენიმე სახეობა. იდეალური სიბრტყისა და მინიმალური დახრილობის, სუფთა და გამჭვირვალე ჰაერის გამო, ეს რეგიონი იდეალურია დედამიწის თანამგზავრული დაკვირვებისათვის.

ხელს უწყობს თუ არა საერთაშორისო დახმარებები ქვეყნების განვითარებას

0
საერთაშორისო დახმარებათა შესახებ ერთგვაროვანი პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები: სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი თუ სხვები, – დიდი თანხებით ეხმარებიან ქვეყნებს, რომლებსაც საკუთარი ძალებით განვითარების შეზღუდული საშუალება აქვთ.

ჩვენ შევეცდებით, ორივე პოზიცია განვიხილოთ: მათიც, ვისაც ამ დახმარების აუცილებლობაში ეჭვი არ შეაქვს და მათიც, ვისაც მიაჩნია, რომ ამით სარგებელზე მეტი ზიანის მოტანა შეიძლება.

სწავლებისას ამ საკითხებზე ყურადღების გამახვილება მნიშვნელოვანია, რადგან თანამედროვე ურთიერთდაკავშირებულ და ურთიერთდამოკიდებულ მსოფლიოში მოსწავლეს საერთაშორისო პროცესებზე, ფინანსების ბრუნვაზე, მათ განაწილებაზე ინფორმაცია უნდა ჰქონდეს.

გაეროს გენერალური ასამბლეის 1970 წლის რეკომენდაციის თანახმად, ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებს, რომლებიც დონორებს წარმოადგენენ, თავიანთი მშპ-ს 0,7% ყოველწლიურად საერთაშორისო დახმარებისთვის უნდა გაეღოთ, მაგრამ ეს რეკომენდაცია მეტწილად შეუსრულებელი დარჩა, მრავალი ქვეყნისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტული არ აღმოჩნდა. მსხვილ დონორებს შორის არიან აშშ, გერმანია, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი და იაპონია. დახმარებისთვის 0,7%-ზე მეტს ხარჯავენ მხოლოდ დანია, ლუქსემბურგი, ჰოლანდია, ნორვეგია და შვედეთი.

ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს ის, რომ მთავრობები ანგარიშვალდებულნი არიან საკუთარი მოსახლეობის წინაშე და იმისთვის, რომ მომავალშიც გარანტირებული ჰქონდეთ ხელისუფლებაში დარჩენა, სხვა ქვეყნების დასახმარებლად ფულის ხარჯვას მისი ადგილობრივი საჭიროებებისკენ მიმართვა ურჩევნიათ. გარდა ამისა, განვითარებულ ქვეყნებში პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის დაბერება, რადგან სულ უფრო იზრდება სიცოცხლის ხანგრძლივობა და გადასახადები მისამართია სწორედ ხანდაზმულთა კეთილდღეობისკენ, ეს კი სოციალური მიმართულებით დამატებით კაპიტალდაბანდებებს მოითხოვს.

რა თქმა უნდა, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ საერთაშორისო დახმარებათა უმეტესი ნაწილი განვითარებადი ქვეყნებისა და რეგიონებისკენ არის მიმართული. ჯამური დახმარების საშუალოდ 70% აფრიკისა და აზიის ქვეყნების წილად მოდის, დანარჩენი კი სხვა რეგიონებზე ნაწილდება. მაგალითად, 2006 წელს ტოპათეულში იყვნენ ნიგერია, ერაყი, ავღანეთი, პაკისტანი, სუდანი, კონგო, ეთიოპია, ვიეტნამი, ტანზანია და კამერუნი.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნები აშკარად უმძიმეს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ სიტუაციაში იმყოფებიან, საერთაშორისო დახმარებათა კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ:

Øდახმარება ხშირად ვერ აღწევს ყველაზე ღარიბ მოსახლეობამდე;
Øდახმარების უმეტესი ნაწილი ხმარდება დონორის მიერ განხორციელებულ სერვისებს, ასევე ხორციელდება მათი საქონლით, რაც ნიშნავს, რომ ის კვლავ განვითარებულ ქვეყნებს უბრუნდება;
Øდახმარების შედეგად შესაძლოა იზარალოს ადგილობრივმა მოსახლეობამ;
Øდახმარებამ შესაძლოა გააჭიანუროს რეფორმები (მაგ., მიწის რეფორმა);
Øდახმარებამ შესაძლოა ქვეყანა გარე ფაქტორებზე დამოკიდებული გახადოს.

ხშირად დახმარება საკვებით ხდება. მსოფლიო საკვები პროგრამის ფარგლებში 755 მლნ-ის მობილიზება მოხერხდა. ამ თანხით დაეხმარნენ 80 მლნ ლტოლვილს კონფლიქტის ზონიდან, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში კი ქრონიკულად შიმშილობს 800 მლნ კაცი.

საკვებით დახმარება ძლიერ აზარალებს ადგილობრივ ფერმერებს, რომლებიც ვითარდებიან და ადგილობრივ ბაზარზე ფეხის მოკიდებას ცდილობენ. მათი პროდუქციის გასაღების ბაზარს ჩაენაცვლება დახმარების უფასო საქონელი, რაც მათ კონკურენტუუნაროს ხდის. განსაკუთრებით საზიანოა არაერთჯერადი დახმარება – ამ დროს ფერმერი თავს ანებებს სოფლის მეურნეობას და დახმარების შეწყვეტის შემდეგ ქვეყანა შიმშილობის საფრთხის წინაშე დგება.

საკვებით საერთაშორისო დახმარება ყოველთვის ასეთ უარყოფით შედეგებს როდი იწვევს – ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული კასასტროფის შემთხვევაში, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს მიწისძვრითა თუ სხვა ბუნებრივ-კატასტროფული მოვლენებით, ასევე ომითა თუ ადამიანის მიერ გამოწვეული სხვა კატასტროფებით.

უკეთ რომ წარმოვიდგინოთ, უმთავრესად რისთვის იხარჯება განვითარებისკენ მიმართული დახმარება, წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმ სფეროებზე, რომლებზეც ის ნაწილდება. ყველაზე მეტი წილი განათლებას, ჯანდაცვას, სოციალურ და ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას ხმარდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია ვალების დაფარვა თუ ჰუმანიტარული დახმარება. ეს ის სფეროებია, რომელთა განვითარებას ქვეყნების უმეტესობა დამოუკიდებლად ვერ გაართმევდა თავს.

სრულყოფილი სურათისთვის აუცილებელია იმ რეგიონების ცოდნაც, რომლებიც დახმარებას იღებენ. წრიული დიაგრამა სწორედ ამ განაწილებას აჩვენებს. მასზე დახმარების მიმღებთა შორის ყველაზე მცირე წილი ევროპისაა. სუსტიდან ძლიერამდე დახმარება, საჭიროებიდან გამომდინარე, იკლებს.
ძირითადი, განვითარების დახმარება „ზემოდან ქვემოთ” პროცესია, რაც გულისხმობს, რომ მისი მასშტაბი შეიძლება საკმაოდ ფართო იყოს. მისი მოცულობიდან გამომდინარე, ასეთ დახმარებას მეტწილად სამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ, რაშიც ჩართულნი არიან საერთაშორისო ექსპერტები; დახმარებას გეგმავენ ქვეყნის გარეთ მოქმედი ორგანიზაციები, ხშირად კარგად არის დაფინანსებული, სწრაფი რეაგირების საშუალებაა ბუნებრივი კატასტროფების შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღებისა და დაგეგმვის პროცესში მინიმალურია.

სხვადასხვა ტიპის განვითარების დახმარების ეფექტიანობა შეგვიძლია 2 სვეტად გამოვსახოთ, რომლებშიც ახსნილი იქნება, როდის შეიძლება იყოს დახმარება ეფექტიანი და როდის – არა.
როდის არის დახმარება ეფექტიანი როდის არის დახმარება უეფექტო
როდესაც მას აქვს ჰუმანიტარული ხასიათი ქვეყნები გადაავადებენ ადგილობრივი რესურსების მობილიზაციას, ეფექტურ მართვას
მოაქვს დამატებითი რესურსები, რომლებიც პირდაპირი ინვესტიციების შემთხვევაში სხვა კომპონენტებზე ნაწილდება ის ანაცვლებს ინვესტიციებს, ადგილობრივ დაბანდებებს, ინფრასტრუქტურა მხოლოდ დახმარებაზეა დამოკიდებული
საპროექტო სამუშაოებში სააერთაშორისო ექსპერტებთან ერთად ადგილობრივთა ჩართვით იზრდება მათი კვალიფიკაცია ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანა თვითკმარი გახდეს, შესაძლოა გაიზარდოს დახმარებაზე მისი დამოკიდებულება
შეუძლია დახმარება სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გატარებისას მრავალ ქვეყანას ჰგონია, რომ კვების დახმარება სოფლის მეურნეობას დაეხმარება, რაც შეცდომაა. ადგილობრივი ფერმერები უფასო საქონელთან მიმართებით კონკურენტუნარიანობას კარგავენ, რამაც შესაძლოა მათ საქმიანობა მიატოვებინოს
პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, დახმარება შეიძლება ხან შეჩერდეს, ხან გაუქმდეს
დახმარების პროექტების განხორციელებისას გარემოს ფაქტორები ხშირად უგულებელყოფილია
მოკლევადიანი დახმარებები არ იწვევს ქვეყნის გრძელვადიან განვითარებას
დახმარებას მოჰყვება გარკვეული პროდუქცია დონორი ქვეყნებიდან, რომელიც ხშირად ყველაზე ეკონომიური და საუკეთესო არ არის
დახმარების დიდი ნაწილი ვერ აღწევს მოსახლეობის იმ ნაწილამდე, რომელსაც ის ყველაზე მეტად სჭირდება
მიუხედავად ბევრი კრიტიკისა, უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო დახმარებები ხშირად ერთადერთი საშუალებაა ქვეყნებისთვის, თავს დააღწიონ უკიდურეს გაჭირვებასა და პრობლემებს, თუმცა მისი დაგეგმვისას მეტად უნდა იქნეს გათვალისწინებული ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები, ცოდნა და გამოცდილება. პროცესებში მათი მეტი ჩართულობა დამატებითი ინვესტიციაა ადგილობრივი კადრების პროფესიული განვითარებისთვის, ეს კი ამ ქვეყნების უკეთესი მომავლისკენ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქნება.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...