პარასკევი, მაისი 1, 2026
1 მაისი, პარასკევი, 2026

ანიმალოთერაპია

0

ცხოველები ჩვენი მკურნალები და ფსიქოლოგები არიან. ისინი დადებითად მოქმედებენ დიდზეც და პატარაზეც, აუმჯობესებენ განწყობას, უზომოდ გვაყვარებენ თავს. ამ დადებით ზემოქმედებას ანიმალოთერაპია ეწოდება.

აშშ-სა და ევროპაში მის განვითარებას საზოგადოება მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან ინტერესით აკვირდება. ნისლიანი ალბიონის აფთიაქებში უკვე იყიდება თეთრი „სამკურნალო” ფისოები. ჩრდილოეთ კაროლინას ცხოველებთან ურთიერთობის ინსტიტუტის მკვლევრებმა კი დაადგინეს, რომ კატის კრუტუნი ღია იარებს სწრაფად აშუშებს და ძვლოვან სისტემას ამაგრებს.
ანიმალოთერაპია ცივილიზირებული, მეცნიერულად დამტკიცებული მეთოდია სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. მისი დადებითი ეფექტი დამტკიცებულია მრავალწლიანი ექსპერიმენტებით. როდესაც ბავშვი დაუცველ ცხოველთან ურთიერთობს, პასუხისმგებლობა და დისპიცლინა უვითარდება. ის მას აჭმევს, უვლის, ეთამაშება, მონაწილეობს მის აღზრდაში. ცხოველის პატრონობა ბავშვში საუკეთესო გრძნობებს აღვივებს.
ცხოველებიც იცავენ ადამიანებს მარტოობისგან. ისინი ძალიან მგრძნობიარეები არიან. კარგად ხვდებიან როდის გრძნობს პატრონი თავს ცუდად.
შინაური ცხოველები ხელს უწყობენ ოჯახური ჰარმონიის შენარჩუნებას. ჯგუფური მზრუნველობა ცხოველზე აუმჯობესებს ბავშვებისა და უფროსების ურთიერთობას. ზოგი ცხოველი, მაგალითად, დელფინები ადამიანებს მართლაც კურნავენ – ჩვენი ორგანიზმისთვის სასარგებლო ულტრახმოვან ტალღებსა და ვიბრაციებს გამოსცემენ.
ნებისმიერ ცხოველთან თამაში და წვრთნა ბავშვებში დადებით ემოციას ბადებს. ცხოველი სტიმულაციას უწევს ბავშვის ვერბალურ და არავერბალურ აქტივობას იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ის მას გვერდიდან აკვირდება. ცხოველები გვათავისუფლებენ დაძაბულობისგან, სტრესისგან.
ხშირად ბავშვები ცხოველებს თანატოლებივით ექცევიან – უმეგობრდებიან, ესაუბრებიან, უმხელენ საიდუმლოებებს, უზიარებენ საკუთარ განცდებს. შინაური ცხოველები ოჯახური ურთიერთობის დეფიციტს ანაზღაურებენ მაშინ, როდესაც მშობლები ბავშვებისათვის ვერ იცლიან ან ბავშვებს და-ძმა არ ჰყავთ.
ცხოველის მფლობელი ბავშვები არააგრესიულ ადამიანებად ყალიბდებიან.
ასევე, ცხოველის ყოლა მისწრებაა დაბალი თვითშეფასების მქონე ბავშვებისათვის. ლეკვის წვრთნის დროს ბავშვის თვითშეფასება იზრდება.
შინაური ცხოველების დახმარებით, ბავშვები ვითარდებიან როგორც ინტელექტუალურად, ისე ფიზიკურად. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ცხოველის ყოლა ბავშვისათვის თერაპიული ეფექტის მქონეა და არა მხოლოდ აუმჯობესებს მის ზოგად ემოციურ ფონს, არამედ აძლიერებს იმუნიტეტს. ძაღლის ან კატის მფლობელი ბავშვის ორგანიზმი შედარებით იოლად უმკლავდება სხვადასხვა ინფექციას. თუ ბავშვს ძაღლი ჰყავს, ყოველდღიურად იძულებულია მასთან ერთად ისეირნოს და გარკვეული რეჟიმი დაიცვას.
ძაღლები – ყველაზე გულღია, ემოციური და გონიერი შინაური ცხოველები არიან; დამჯერი, ერთგული, უხარია ბავშვის გვერდით ყოფნა. მარტოხელა ადამიანისთვის ის შეიძლება ნათესავსაც ჩაენაცვლოს და მეგობარსაც. ძაღლის წვრთნა და მასთან თამაში ავითარებს მოტორიკას, ხსნის ფიზიკურ დაძაბულობას. ძაღლთან ერთად ადამიანი იოლად უმკლავდება შიშს, დაბნეულობას და საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსს. ძაღლს შეუძლია ასოციალური, ჩაკეტილი ბავშვების „გახსნა”, მისი ემოციებისგან გათავისუფლება.
კატები – ეს ფაფუკი არსებები გვჩუქნიან სითბოს და თავს დაცულად გვაგრძნობინებენ. კატის სითბო და მისი სხეულის ვიბრაცია კურნავს თავის ტკივილს, ანთებით პროცესებს, ტრავმებს. მისი მოფერება არეგულირებს წნევას. ის შესანიშნავი „ანტიდეპრესანტია”. როდესაც კატას ვეფერებით, ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სიამოვნების დელტატალღები ჩნდება.
აკვარიუმის თევზები – მათზე დაკვირვება განტვირთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. განსაკუთრებით კარგია ფსიქოლოგიური სტრესების შემდეგ. ცნობილია, რომ აკვარიუმის მქონე ადამიანები იშვიათად უჩივიან უძილობას. აკვარიუმის ანაორთქლი ანოტივებს ჰაერს, რაც აუმჯობესებს ასთმიან ადამიანთა ჯანმრთელობა.
ცხენები – ყველაზე ხშირად სწორედ ცხენი რეაგირებს ადამიანის ემოციებზე, მის მოძრაობაზე, ხმაზე. ცხენთან ურთიერთობა სასარგებლოა სოციალური ადაპტაციის პრობლემების მქონე და აუტიზმით დაავადებული ბავშვებისთვის. ცხენთან ურთიერთობა ამშვიდებს ახალნაოპერაციევ ადამიანს, დეპრესიისადმი მიდრეკილს, ასევე, ბავშვებს, რომლებსაც ეშინიათ და არაკომუნიკაბულურები არიან. ჯირითის დროს ხდება ყურადღების კონცეტრირება, მატულობს თვითკონტროლი და თვითორგანიზება.
ჩიტები, ზღვის გოჭები და დეკორატიული კურდღლები – ჩიტებზე დაკვირვება საათობით შეიძლება. მათი ჭიკჭიკი დადებითად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე: გვამშვიდებს, გვანუგეშებს, გვითანაბრებს სუნთქვას და გულის რიტმს. ზღვის გოჭებთან და კურდღლებთან ურთიერთობა საუკეთესოა კომპლექსების დასაძლევად. ტაქტილური კონტაქტი პატარა ზომის, ფაფუკ და აქტიურ ცხოველებთან ადუნებს კუნთებს, ამცირებს შფოთვასა და აგრესიას.
რეპტილიები – ბაყაყებთან, ხვლიკებთან, კუებთან კონტაქტი არეგულირებს ემოციებს, სასარგებლოა კანის ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ნეიროდერმიტის დროს.
თუ სხვადასხვა მიზეზის გამო თქვენს შვილებს არ შეუძლიათ იყოლიონ შინაური ცხოველები, ხშირად ატარეთ ზოოპარკში, ბაღებში, ტბებზე, ცირკში, მთაში, ცხოველების გამოფენებზე. ალერგიულ ბავშვებს ხშირად უყიდეთ წიგნები ცხოველებზე, აყურებინეთ გადაცემები. დღეს ცხოველებთან „შეხების” უამრავი ვარიანტი არსებობს: ჩიტების ჭიკჭიკის აუდიოჩანაწერები, ფილმები ცხოველთა სამყაროზე, კომპიუტერული პროგრამები აკვარიუმის იმიტაციით, კედლის ფოტოშპალიერი, ღია ბარათები, კალენდრები და ათასობით ინტერნეტრესურსი.

მწვანე რევოლუცია

0
მე–20 საუკუნის 60–70–იან წლებში ამერიკელმა უილიამ გაუდიმ საერთაშორისო ლექსიკონში ახალი ტერმინი – „მწვანე რევოლუცია” დაამკვიდრა. ეს კომპლექსური, მრავალკომპონენტიანი ცნებაა, რომელიც უპირველესად განვითარებად ქვეყნებს ეხებოდა. მწვანე რევოლუცია სამეცნიერო-ტექნიკური რევოლუციის მიღწევების მასობრივი დანერგვის პროცესია სოფლის მეურნეობაში. იგი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ახალი აგროტექნოლოგიების, მანქანა-იარაღების, მოწყობილობების, სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების დანერგვის გზით ხორციელდება.

მწვანე რევოლუციამ სტარტი 1943 წელს მექსიკაში აიღო მექსიკის მთავრობის სასოფლო–სამეურნეო პროგრამის ფარგლებში და როკფელერის ფონდის დახმარებით.

მწვანე რევოლუციის საქმეში უდიდესი როლი ითამაშა ამერიკელმა ბიოლოგმა, 1970 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა ნორმან ბორლოგიმ, რომლის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო ღატაკი ქვეყნების სურსათით მომარაგების გაუმჯობესებას და ათასობით ადამიანი შიმშილით სიკვდილისგან გადაარჩინა. მისი სამეცნიერო ნაშრომების წყალობით შესაძლებელი გახდა მაღალი გამძლეობისა და მაღალმოსავლიანი მცენარეული კულტურების გამოყვანა. ეს დაავადებების მიმართ რეზისტენტული ხორბლის ჯიშები, ბევრად მეტ მოსავალს იძლეოდა, ვიდრე ჩვეულებრივი ჯიშები და ბევრად უკეთ რეაგირებდა სასუქებზე. მოგვიანებით მან და მისმა კოლეგებმა იგივე მეთოდები გამოიყენეს აზიაში ბრინჯისა და სიმინდის მოსავლიანობის გასაზრდელად. მაგალითად, 1968 წელს ინდოეთში ხორბლის, ფილიპინებზე კი ბრინჯის რეკორდული მოსავალი იქნა მოწეული.
ასეთმა ახალმა ჯიშებმა შესაძლებელი გახადა განვითარებად ქვეყნებში სურსათის დეფიციტის დაძლევა და საკვების წარმოების საგრძნობლად გაზრდა. ეს პროცესი ისტორიაში “მწვანე რევოლუციის” სახელით შევიდა.
შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესში არაფერია რევოლუციური, რადგან ამ მიზნის მიღწევას ადამიანები უკვე დიდი ხანია ცდილობდნენ. ამიტომ უპრიანი და სწორი იქნებოდა მისთვის რევოლუციის ნაცვლად ევოლუცია დაგვერქმია. სხვათა შორის, მსგავსი ევოლუცია ბევრად უფრო ადრე განხორციელდა მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში : ХХ ს–ის 30–იან წლებში აშშ–ში, კანადაში, გაერთიანებულ სამეფოში, 50–იან წლებში კი – დასავლეთ ევროპაში, იაპონიასა და ახალ ზელანდიაში. თუმცა, მაშინ მას სოფლის მეურნეობის ინდუსტრიალიზაციას უწოდებდნენ, რადგან ამ პროცესს საფუძვლად ედო მექანიზაცია და ქიმიზაცია, რომელიც შერწყმული იყო ირიგაციასთან და სელექციურ მუშაობასთან. მხოლოდ მე–20 ს–ის მეორე ნახევარში, როცა ანალოგიური პრობლემები შეეხო განვითარებად ქვეყნებს, ეს პროცესი „მწვანე რევოლუციად” მოინათლა.

ამერიკელი ეკოლოგი ტეილორ მილერი ორ მწვანე რევოლუციას გამოყოფდა: 1 – განვითარებულ ქვეყნებში და 2 – განვითარებად ქვეყნებში. რუკაზე ნაჩვენებია ორივე „მწავნე რევოლუციის” გეოგრაფიული გავრცელების არეალები. ნათლად ჩანს, რომ მეორე მწვანე რევოლუციამ 15 ქვეყანაზე მეტი მოიცვა, რომლებიც მექსიკიდან კორეამდე გადაჭიმულ სარტყელში მდებარეობენ. აქ აშკარად ჭარბობს აზიის ქვეყნები, და მათ შორის, მოსახლეობის რაოდენობით დიდი სახელმწიფოები, სადაც ხორბალი და/ან ბრინჯი ძირითადი საკვები კულტურაა. ამ ქვეყნების მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ, ისედაც ნაყოფიერებადაქვეითებულ სასოფლო–სამეურნეო მიწებზე დიდი დატვირთვა გამოიწვია. მე–20 ს–ის 60–70–იან წლებში ამ ქვეყნებში დაახლოებით 300 მლნ. ოჯახი ან ქრონიკულად შიმშილობდა, ან გადარჩენის ზღვარზე იმყოფებოდა. სწორედ ამიტომ „მწვანე რევოლუცია” მათ მიერ აღქმული იქნა კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავლის გზად.

მწვანე რევოლუცია განვითარებად ქვეყნებში სამ მთავარ კომპონენტს მოიცავს. ესენია: 1. სასოფლო–სამეურნეო კულტურების ახალი ჯიშების გამოყვანა. ამ მიზნით მე–20 ს–ის 40–90 წლებში შექმნილი იქნა 18 საერთაშორისო სამეცნირო–კვლევითი ცენტრი, რომლებიც სხვადასხვა კულტურების გამოყვანაზე იყვნენ ორიენტიურებული. ესენია: მექსიკა – ხორბალი და სიმინდი, ფილიპინები – ბრინჯი; კოლუმბია – ტროპიკული სასურსათო კულტურები; ნიგერია – ჰუმიდური და სუბჰუმიდური ტროპიკული რეგიონების სასურსათო კულტურები, კოტ–დიუვარი – ბრინჯი, პერუ – კარტოფილი, ინდოეთი – მშრალი ტროპიკული რეგიონების საკვები კულტურები და სხვ. ამ ცენტრებს შორის ყველაზე ცნობილია პირველი ორი.

2. მწვანე რევოლუციის მეორე კომპონენტი ირიგაციაა. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მარცვლეული კულტურების ახალ ჯიშებს თავისი პოტენციალის რეალიზება მხოლოდ კარგი წყალმომარაგების პირობებში შეუძლიათ. ამიტომაც მწვანე რევოლუციის დაწყებასთან ერთად ბევრ განვითარებად ქვეყანაში, უპირველესად კი აზიაში, მორწყვას განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიაქციეს.

ამჟამად მსოფლიოში სარწყავი მიწები 19%–ს შეადგენს, მაგრამ ზუსტად მწვანე რევოლუციის გავრცელების რაიონებში იგი ბევრად მეტია: სამხრეთ აზიაში დაახლოებით 40%, ხოლო აღმოსავლეთ აზიასა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში – 35%. რაც შეხება ცალკეულ ქვეყნებს ამ მაჩვენებლით მსოფლიოში ლიდერობენ ეგვიპტე (100%), თურქმენეთი (88%), ტაჯიკეთი (81%) და პაკისტანი (80%). ჩინეთში ირწყვება მთელი დამუშავებული მიწების თითქმის 37%, ინდოეთში – 32%, მექსიკაში –23%, ფილიპინებში, ინდონეზიასა და თურქეთში – 15–17%.
3. მწვანე რევოლუციის მესამე კომპონენტია თავად სოფლის მეუნეობის ინდუსტრიალიზაცია ანუ მანქანების, სასუქების, მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენება. ამ მიმართულებით განვითარებადმა ქვეყნებმა, მათ შორის „მწვანე რევოლუციის” ქვეყნებმა, განსაკუთრებულ პროგრესს ვერ მიაღწიეს.
მწვანე რევოლუციის დადებითი მხარეები უდავოა. მთავარი კი ისაა, რომ მან საკმაოდ მცირე დროში სურსათის წარმოების ზრდა გამოიწვია, როგორც მთლიანად, ისე 1 სულ მოსახლეზე. ზოგიერთმა განვითარებადმა ქვეყანამ სასურსათო პრობლემა საკუთარი მარცვლეული კულტურების წარმოებით მოაგვარა.

მსოფლიო სასურსათო ორგანიზაცია FAO–ს (https://www.fao.org/home/en/) მონაცემებით 1966–1974 წლებში აღმოსავლეთ, სამხრეთ–აღმოსავლეთ და სამხრეთ აზიის 11 ქვეყანაში ბრინჯით დაკავებული სავარგულები მხოლოდ 15 %–ით გაიზარდა, ხოლო მისი მოსავალი – 74%–ით. ანალოგიური მაჩვენებლები აქვს ხორბალს აზიის 7 ქვეყანასა და ჩრდილოეთ აფრიკაში – მინუს 4% და 24%. ყოველივე ამას კი მოჰყვა სასურსათო პრობლემის სიმწვავისა და შიმშილის საფრთხის შემცირება. დადებითია ისიც, რომ მარცვლეული კულტურების მოსავლიანობა 2–3–ჯერ გაიზარდა და ასევე გაიზარდა მოთხოვნილება სასუქებსა და მანქანა–დანადგარებზე.

სხვათა შორის, “მწვანე რევოლუცია” საკუთარი წარმატების მსხვერპლი გახდა. 60-იანი წლებიდან სურსათის წარმოების ზრდამ საკვები გააიაფა, მაგრამ ამავე დროს გამოიწვია სოფლის მეურნეობის სფეროში კვლევასა და ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების შემცირება. თავის მხრივ ამას შედეგად მოჰყვა პროდუქციულობის ზრდის ტემპების შენელება.

რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, მინერალური სასუქებისა და პესტიციდების ფართო გამოყენების გამო წარმოიშვა ეკოლოგიური ხასიათის პრობლემები. მიწების ინტენსიფიკაციამ დაარღვია ნიადაგის წყლის რეჟიმი, რამაც გამოიწვია მასშტაბური დამლაშება და გაუდაბნოება.

დღეს მსოფლიო ახალი გამოწვევების წინაშე დგას. მთელ რიგ რეგიონებში კლიმატურმა ცვლილებებმა, წყლის დეფიციტმა და ბიოლოგიური საწვავის წარმოების გაზრდამ კვლავ გაზარდა სურსათზე მოთხოვნილება. ამიტომ უკანასკნელ ხანებში კვლავ გაისმის მოწოდებები, რომ კაცობრიობას ახალი “მწვანე რევოლუცია” სჭირდება.

საოცარი ბუნებრივი მოვლენები

0
ბუნება საოცარი სისტემაა, რომელიც არასდროს ვიცით, რას გვიმზადებს. ზოგჯერ ჩვენს პლანეტაზე საოცარი ბუნებრივი მოვლენები ხდება, რომელთაგან ზოგს მოეძებნა ახსნა, ზოგი კი ჯერაც ამოუხსნელია. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.

ვრცლად

სამედიცინო გეოგრაფია

0
გეოგრაფიას და მის შემადგენელ დარგებს დღევანდელ დღეს კაცობრიობის პრობლემური საკითხების გადაჭრა მოეთხოვება. ერთ-ერთი მათგანი სამედიცინო გეოგრაფიაა. იგი შეისწავლის ადამიანის დაავადებათა და პათოლოგიურ მდგომარეობათა სივრცობრივ გავრცელებას, გავრცელების მიზეზებს და გეოგრაფიული გარემოს გავლენას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. სამედიცინო გეოგრაფია ვითარდება გეოგრაფიის, სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა მიჯნაზე, მჭიდროდ უკავშირდება ეკოლოგიას, ეპიდემიოლოგიას, ჰიგიენას, ფიზიკურ და ეკონომიკურ გეოგრაფიას. სუფთა ჰაერი და წყალი, ტყე და ზღვა ის დადებითი ფაქტორებია, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
კაცობრიობის ჯანმრთელობის პრობლემა საკმაოდ “ძველია”. შეიძლება ითქვას, რომ მისი გლობალური ხასიათი სხვა გლობალურ პრობლემებზე ადრე გამოვლინდა.
ფეოდალურ ხანასა და კაპიტალიზმის ეპოქაში, როცა ინტენსიურად მიმდინარეობდა სავაჭრო ურთიერთობების დამყარება და მოსახლეობის მიგრაციული პროცესები, საშიში ეპიდემიები ხშირად ვრცელდებოდა….
ცნება „გეოგრაფიული მედიცინა” შემოიტანა იტალიელმა სწავლულმა ბ.რამაცინიმ (1633-1714), თუმცა სამედიცინო გეოგრაფიას ჰიპოკრატემ (ძვ. წ. 460, ძვ. წ. 377 (სხვა მონაცემებით ძვ. წ. 356) ჩაუყარა საფუძველი. მან ყურადღება მიაქცია გარე ფაქტორების ზემოქმედებას, რომ გარკვეული დაავადება, მაგალითად მალარია, გავრცელებულია არა მთიან რეგიონში, არამედ დაბლობ ტერიტორიებზე, სადაც ჭაობები და პარაზიტის გამავრცელებელი მწერებია (კოღო).
სამედიცინო გეოგრაფიის კლასიკურ კვლევად შეიძლება ჩაითვალოს 1854 წელს ლონდონში გავრცელებული ქოლერის კვლევა, რომელიც ექიმმა ჯონ სნოუმ ჩაატარა. მოსახლება პანიკამ მოიცვა, რადგან ჩათვალეს, რომ დაავადება ჰაერით გადადიოდა. ექიმმა სნოუმ შეისწავლა წყლის რეზერვუარის გავრცელების რუკა და დაადგინა, რომ დაავადებული ადამიანები ერთი რეზერვუარის წყლით სარგებლობდა. სნოუმ გააუქმებინა წყლის დაინფიცირებული რეზერვუარი და დაავადებამაც საგრძნობლად იკლო.
მე-20 საუკუნეში კოლორადოს ექიმ – სტომატოლოგებმა შენიშნეს, რომ ბავშვებში კარიესის გავრცელება ფტორის ნაკლებობით იყო გამოწვეული. რაც გამოწვეული იყო მიწიშქვეშა წყლის შემადგენლობით.
სამედიცინო გეოგრაფია შეისწავლის ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსთა ზემოქმედებას მოსახლეობის ჯანმრთელობაზე (კომპონენტური სამედიცინო გეოგრაფია, სამედიცინო ლანდშაფტმცოდნეობა, სამედიცინო-გეოგრაფიული ქვეყანათმცოდნეობა), გარემოს ზემოქმედებას დაავადებათა გავრცელების საზღვრებსა და არეალების სტრუქტურაზე (ნოზოგეოგრაფია), ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობას შორის არსებული კავშირების ტერიტორიულ არაერთგვაროვნებას (სამედიცინო გეოგრაფიული დარაიონება); ამუშავებს სამედიცინო-გეოგრაფიული რუკების შედგენის პრინციპებსა და მეთოდებს.
სამედიცინო გეოგრაფია აქტიურად მონაწილეობს პრობლემის „ადამიანი და ბიოსფერო” შესწავლაში. სამედიცინო-გეოგრაფიული კველა საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტერიტორიებისათვის წინასწარ გავითვალისწინოთ ადამიანის ორგანიზმზე გარემოს გარდაქმნის შედეგად წარმოქმნილი ახალი ბუნებრივ-ტერიოტრიული კომპლექსების ზემოქმედების ხასიათი და შედეგები.
სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევის ორგანიზაციას ეწევა საერთშორისო გეოგრაფიული კავშირის სამედიცინო-გეოგრაფიული კომისია. სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა წარმოებს მოსკოვის გეოგრაფიულ ინსტიტუტში, შორეული აღმოსავლეთის გეოგრაფიულ ინსტიტუტში (ირკუტსკი) და სხვ. სამედიცინო-გეოგრაფიული გამოკვლევები ტარდებოდა ვახუშტის გეოგრაფიულ ინსტიტუტშიც.
საქართველოს სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევის ჩანასახი ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში აღინიშნება (კარაბადინები). პირველი მეცნიერული სამედიცინო-გეოგრაფიული კვლევა საქართველოში ჩაატარა მ. ტოროპოვმა (1864). 1962 წელს თბილისში საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში, ალექსანდრე ჯავახიშვილის ინიციატივით, შეიქმნა სამედიცინო-გეოგრაფიის სექცია, რომელიც კოორდინაციას უწევდა რესპუბლიკის სამედიცინო და გეოგრაფიულ დაწესებულებებში მიმდინარე სამედიცინო-გეოგრაფიული ხასიათის სამუშაოებს.
ფართოდ გამოიყენება სამედიცინო-გეოგრაფიული რუკები – რუკები, რომლებზეც ასახულია გეოგრაფიული გარემოს გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და დაავადებების გავრცელებაზე.
ბუნებრივი პირობების გავლენის გარდა დაავადების გავრცელებაზე დღეს ერთ-ერთი მთავარი გავლენა აქვს ქვეყნის განვითარების დონეს და ჯანმრთელობის დაცვას. გთავაზობთ მსოფლიოს ქვეყნების მიერ ჯანმრთელობის დაცვაზე დანახარჯს ერთ სულ მოსახლეზე.
ჯანდაცვაზე დანახარჯი ერთ სულ მოსახლეზე (აშშ $).

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს ვებსაიტებზე, ყოველწლიურ მოხსენებებს თან საკმაოდ მრავალფეროვანი სტატისტიკური მასალა და რუკები ახლავს.
ანალიზისთვის რამდენიმე დაავადების გავრცელების რუკას გთავაზობთ.
ტუბერკულიოზის გავრცელება 10 000 კაცზე, 2008წელი.
შაქრიანი დიაბეტი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი და მძიმე დაავადებაა, გავრცელების თვალსაზრისით, შემდეგ რეგიონულ თავისებურებებს აჩვენებს – ზემო იმერეთის და სამცხის მუნიციპალიტეტები მისი ახალი შემთხვევების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით ხასიათდებიან. მათ რიცხვს ასევე შეიძლება მივაკუთვნოთ კახეთი, სადაც თელავისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში რაოდენობა 15-ს აღემატება 10 ათას კაცზე.

შაქრიანი დიაბატის შემთხვევები 10 000 კაცზე
ვირუსული ჰეპატიტის გავრცელება 10 000 კაცზე.

ბრონქული ასთმის გავრცელება 10 000 კაცზე.

ვფიქრობ გეოგრაფიის ერთი გაკვეთილისთვის საინტერესო რესურსია. ჩვენს მოსწავლეებს გეოგრაფიის მეცნიერების აქტუალობასა და პრაქტიკულობას დაანახებს .
გამოყენებული ინტერნეტსაიტები: https://fmagellan.wordpress.com/tag/georgia/
https://www.medicinenet.com/script/main/art.asp?articlekey=18879

გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა

0
შეიძლება ითქვას, რომ ახალი ზელანდია ადგილია, სადაც ქვეყნიერება მთავრდება. დედამიწაზე ვერ ნახავთ ისეთ ქვეყანას, რომელიც ისე შორს იყოს სხვა ქვეყნებისაგან, როგორც ახალი ზელანდიაა. თუ გგონიათ, რომ ავსტრალია იქვე ახლოსაა, ძალიან ცდებით: მათ შორის დაშორება 1200 მილია. სამხრეთ ამერიკიდან ახალ ზელანდიამდე კი 22 ათასი მილის მანძილზე ოკეანის უსასრულო სივრცეა გადაშლილი.

ეს საოცარი ქვეყანა – ახალი ზელანდია (ინგლ. New Zealand; მაორი.– Aotearoa) წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ორ უდიდეს კუნძულზე მდებარეობს, რომელთაც ჩრდილო და სამხრეთ კუნძული ჰქვიათ და მათ ერთმანეთისგან კუკის სრუტე ჰყოფთ. მათ გარდა ახალი ზელანდიის შემადგენლობაში კიდევ 700–მდე პატარა კუნძულია, რომელთა უმრავლესობა დაუსახლებელია. მათ შორის ყველაზე დიდებია: კუნძული სტიუარტი, ანტიპოდის, ოკლენდის, ბაუნტის, კემპბელის, ჩატემის და კერმადეკის კუნძულები. ქვეყნის საერთო ფართობი 268 680 კმ²-ია. ამ მონაცემით იგი ცოტათი პატარაა იტალიასა და იაპონიაზე, და ცოტათი დიდია დიდ ბრიტანეთზე. ახალი ზელანდიის სანაპირო ზოლის სიგრძე 15 134 კმ–ია. ახალი ზელანდია ორ სასაათო სარტყელში მდებარეობს.
წარმოიდგინეთ, როგორ გაოცდებოდნენ 370 წლის წინათ ევროპელი მოგზაურები, როდესაც აღმოაჩინეს, რომ კუნძულები დასახლებული იყო. თუ საიდან მოვიდნენ ახალი ზელანდიის მკვიდრნი, ჯერჯერობით ამაზე გარკვეული პასუხი მეცნიერებს არ გაუციათ. ზოგიერთი მკვლევარი იმასაც კი ფიქრობს, რომ ახალი ზელანდია კაცობრიობის უძველესი სამშობლოა.

ახალი ზელანდიის აბორიგენებს არ ჰქონდათ დამწერლობა, ამიტომ მათი წარმომავლობის შესახებ მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ლეგენდები არსებობს. გადმოცემის თანახმად, დღევანდელი მაორები ოკეანეთიდან – საზოგადოების არქიპელაგის ერთ-ერთ კუნძულ რაიატეადან მოსულან. იქ მცხოვრებთა ბელადს ვინმე კუპეს შეუმჩნევია, რომ გრძელბოლოიანი გუგული – კოხოპეროა – ყოველ წელიწადს კუნძულზე სამხრეთ-დასავლეთიდან მოფრინავდა, რამდენიმე თვის შემდეგ კი უკან ბრუნდებოდა. მან გადაწყვიტა ეპოვა ის ადგილი, სადაც კოხოპეროა ბინადრობდა. კუპე ორი კანოეთი გაემგზავრა, ერთს თვითონ მეთაურობდა, მეორეს კი – ვინმე ნგაკე. ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მათ მიაღწიეს მიწას, რომელსაც კუპემ აოტეაროა უწოდა, რაც „გრძელ, თეთრ ღრუბლებს” ნიშნავს. შორს, ოკეანის სივრცეში, კუნძულის გამოჩენა კუპეს ცაზე „მოცურავე” ღრუბელი ეგონა. სწორედ ეს იყო ახალი ზელანდია.
მეორე ლეგენდის თანახმად, XII საუკუნეში კუნძულ ტაიტიდან ბელადი ტოი შვილიშვილის საძებნად გაემგზავრა. მან მიაღწია ახალი ზელანდიის კუნძულებს და საცხოვრებლადაც იქ დარჩა. XIV საუკუნეში კუნძულს ტაიტის მცხოვრებთა დიდი ფლოტილია მიადგა. კუნძულის ძირითადი მოსახლეობა – მაორები – სწორედ მათი შთამომავლები არიან.

ევროპელებზე უფრო მეტად ალბათ მაორები განცვიფრდნენ, როდესაც კუნძულთან ახლოს 1642 წ. თავიანთ კანოებთან შედარებით უზარმაზარი ხომალდები დაინახეს. ესენი იყვნენ ჰოლანდიელი მეზღვაურები კაპიტან აბელ ტასმანის მეთაურობით. მან რუკაზე ახალი ზელანდიის სანაპიროები აღნიშნა, მაგრამ თავისი გეოგრაფიული აღმოჩენა არ გაუმხელია. ამიტომაც ახალი ზელანდიის ოფიციალური აღმოჩენა 1770 წ. ინგლისელ მეზღვაურს ჯეიმს კუკს ხვდა წილად. მაორები მტრულად შეხვდნენ მოსულებს და ჯ. კუკის მეზღვაურებთან შეტაკებისას რამდენიმე აბორიგენი დაიღუპა. ინგლისელები დარწმუნდნენ აბორიგენების მამაცობაში. მათ არც მუშკეტების და არც ზარბაზნების არ შეშინებიათ და წინააღმდეგობას უწევდნენ მეზღვაურებს. მიუხედავად ამისა, კუკმა კუნძულები ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოაცხადა. სისხლისმღვრელი ომები მაორებსა და ინგლისელებს შორის დიდხანს გრძელდებოდა. ახალი ზელანდია ოფიციალურად მხოლოდ 1840 წ. გამოცხადდა დიდი ბრიტანეთის კოლონიად. დღეისათვის ქვეყანაში მაორების რაოდენობა საკმაოდაა შემცირებული. 1901 წლამდე ავსტრალია და ახალი ზელანდია ერთი ქვეყანა იყო. კუნძულოვანმა სახელმწიფომ დამოუკიდებლობა 1907 წელს მოიპოვა. ამჟამად ახალი ზელანდია ტოკელაუსთან, ანტარქტიკულ როსის ტერიტორიასთან და თავისუფალ ასოციაციაში მყოფ სახელმწიფოებთან, ასევე კუკის კუნძულებთან და ნიუესთან ერთად ახალი ზელანდიის სამეფოს ქმნის.
ახალი ზელანდია უნიტარული სახელმწიფოა, რომელიც დაფუძნებულია კონსტიტუციური მონარქიის პრინციპებსა და საპარლამენტო დემოკრატიაზე. აქ არ არსებობს კოდიფიცირებული კონსტიტუცია, მაგრამ არსებობს მთელი რიგი კონსტიტუციური ბრძანებულებები, რომელთაგან პირველი 1846 წელს, ხოლო უკანასკნელი 1986 წელსაა მიღებული. სახელმწიფო წყობის ძირითად პრინციპებს კონსტიტუციური ბრძანებულებები, კონსტიტუციური ჩვევები და სხვა საკანონმდებლო აქტები ადგენენ. ქვეყანაში ორი ჰიმნია მიჩნეული სახელმწიფო ჰიმნად — «ღმერთო, დაიცავი ახალი ზელანდია» (ინგლ. God, Defend New Zealand) და «ღმერთო, დაიცავი დედოფალი» (ინგლ. God, Save the Queen). ორივეს თანაბარი სტატუსი აქვს, თუმცა «ღმერთო, დაიცავი ახალი ზელანდია» უფრო მიღებულია.

ქვეყნის კლიმატი ჩრდილოეთი კუნძულის ჩრდილოეთში თბილი სუბტროპიკულია, ხოლო სამხრეთით – გრილი ზომიერი. თანაც, ოკეანის სიახლოვის გამო ახალ ზელანდიაში ზამთრისა და ზაფხულის ტემპერატურებს შორის სხვაობა 10 გრადუსს არ აღემატება. კუნძულებზე მრავალფეროვანი ლანდშაფტებია. აქ გვხვდება სამხრეთ ალპების მთები, რომელიც, სხვათა შორის, უფრო დიდია, ვიდრე საფრანგეთის, ავსტრიისა და შვეიცარიის ალპები ერთად, ასევე ვულკანები, ფიორდები, მყინვარები, გეიზერები, ტბები, ტყეები და ვრცელი ბალახით დაფარული დაბლობები.

ქალაქი როტორუა მუდამ ორთქლშია გახვეული იქ არსებული მრავალრიცხოვანი გეიზერების გამო
ახალი ზელანდიის მთავარი სიმბოლოა მისი მწვანე და სუფთა იმიჯი. აქ არ არის ატომური და თბოელექტროსადგურები, სამაგიეროდ მრავლადაა ჰიდროელექტროსადგურები, რომლებიც ბუნებას ზიანს არ აყენებს. ასევე არაა მეტალურგიული და ქიმიური მრეწველობის საწარმოები, ხოლო ტერიტორიის 25% ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებს უკავიათ. ქვეყანაში შექმნილია 14 ეროვნული პარკი, 4 საზღვაო პარკი, 21 საზღვაო და სანაპირო ნაკრძალი და 3000-ზე მეტი რეზერვატი.
ახალი ზელანდიის მოსახლეობა 2013 წლის მონაცემებით 4 242 048–ს შეადგენს. მათ შორის 75% ევროპელია, 15% – მაორები, დანარჩენი კი ემიგრანტები, ძირითადად, ჩინეთიდან, ფიჯისა და სამოას კუნძულებიდან. ქვეყანაში სამი სახელმწიფო ენაა: ინგლისური, ახალზელანდიური ნიშნების ენა და მაორების ენა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, გარდა ახალი ზელანდიისა, აბორიგენების ენა არ არის სახელმწიფო ენად აღიარებული. ასევე, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ დემოკრატიულ ქვეყნებს შორის 1893 წელს პირველად სწორედ ახალ ზელანდიაში იქნა აღიარებული ქალთა და მამაკაცთა თანაბარუფლებიანობა და ქალებმა არჩევნებში მონაწილეობის უფლება მოიპოვეს.

ამჟამად, ”გრძელი, თეთრი ღრუბლების ქვეყანა” განვითარებული სახელმწიფოა. განსაკუთრებით განვითარებულია სოფლის მეურნეობა, კერძოდ კი მეცხოველეობა. იგი აწარმოებს დიდი რაოდენობით მატყლს (მსოფლიოში მხოლოდ ავსტრალიას ჩამორჩება) და ლიდერია რძის პროდუქტების ექსპორტით.

ტურიზმი და ტურისტული ინდუსტრია ახალი ზელანდიის ეკონომიკის მთავარი ელემენტი ხდება, რასაც ხელს უწყობს ქვეყნის ადგილმდებარეობა და მისი ბუნების სილამაზე, ასევე მაღალი დონის სერვისი, მოხერხებული სატრანსპორტო სტრუქტურა და ტურისტების ქვეყანაში მოზიდვის აქტიური პროგრამის განვითარება. დღეისათვის ტურიზმი ქვეყნის მთლიანი ეროვნული პროდუქტის არანაკლებ 10%-ს ქმნის. ტურიზმის სფეროში დაკავებულია თითქმის 18 000 საწარმო და ისინი ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაახლოებით 10%-ს ქმნიან. 2006 წელს ქვეყანა თავის ისტორიაში ტურისტების რეკორდულმა რაოდენობამ – 2 422 000 ადამიანმა მოინახულა.
ახალ ზელანდიაში ძალიან ბევრი ავტომობილია – თითქმის 2,5 მლნ 4.2 მლნ ადამიანზე. ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 1% სარგებლობს მატარებლით და 2% – ავტობუსით. გზებს აქ მარილს არ აყრიან, ამიტომ მანქანები ნაკლებად იჟანგება. შესაბამისად ავტომობილების 2/3–ის ასაკი 7–16 წელია. 2005 წელს ახალი ზელანდია მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, სადაც შემოიღეს ბეგარა ნახშირორჟანგზე, ანუ ატმოსფეროში გამონაბოლქვზე.

ქვეყნის დედაქალაქია უელინგტონი, რომლის მოსახლეობა 431400–ს შეადგენს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ამ ქალაქში ბარებისა და რესტორნების რიცხვი ერთ სულ მოსახლეზე ბევრად აჭარბებს ნიუ–იორკის ბარებისა და რესტორნების რიცხვს.

ახალ ზელანდიაში ძალიან პოპულარულია სპორტი, განსაკუთრებით კი რაგბი. ქვეყნის ეროვნულ გუნდს All Blacks–ს თამაშების 73% –ზე მეტი აქვს მოგებული.

ზელანდიელებმა მოიგონეს ბანჯი–ჯამპინგი.

დაბოლოს, სტატისტიკის თანახმად, ჩვენი პლანეტის ყოველი მესამე მცხოვრები ახალ ზელანდიას საცხოვრებლად ყველაზე კარგ ადგილად თვლის და ოცნებობს მის მონახულებაზე.

ვახუშტი – ისტორიკოსი თუ გეოგრაფი?

0
ვაკეთებ, რაც მიყვარს და ვწერ, რასაც ვაკეთებ… ეს სტატიაც სიყვარულმა დამაწერინა. ჩემს სიყვარულზე მინდა მოგიყვეთ. მე ვახუშტი მიყვარს… დიახ, ვახუშტი ბაგრატიონი, გეოგრაფიისა და ისტორიის ფუძემდებელი.

„…ხოლო ქვეყანა ესე იწოდების სახელითა სამითა. პირველად – საქართველო, მეორედ – ივერია, მესამედ – გეორგია. ხოლო საქართველო არს სახელი ქართლოსის გამო, რომელსა წილად ხვდა ქვეყანა ესე და, სადა აშენა, უწოდა სახელითა თვისითა ქართლი და მის გამო მორჩილთა ანუ წილხდომილთა მისთა ეწოდა საქართველო…
…ხოლო არს მთანი და ტყენი აურაცხელითა ყვავილითა, მწვანითა და სურნელითა აღსავსე, ხენი სხვადასხვა ხითა შვენიერითა ჭალათა და მთათა შინა.

…და მდებარეობს კასპიისა და პონტოს ზღვას შორის. გარნა არს ქვეყანა შვენიერი და ნაყოფიერი ყოვლითა ღვთისა მიერ, და არა ხელოვნებითა კაცთათა…

ხოლო კაცნი ამის ქვეყნისა არიან სარწმუნოებით ქრისტიანენი… ხოლო ანაგებით არიან კაცნი და ქალნი შვენიერნი, ჰაეროვანნი, შავ თვალ-წარბ-თმოსანნი, თეთრყირმიზნი, იშვიათ შავგვრემან და მოყვითან, იშვიათ თვალჭრელ და გრემანი, და მწითურ ანუ თეთრ. ქალთა თმა გარდაშვებული და დაწნული, ხოლო კაცთა ყურთა ზედა მოკვეცილნი; წერწეტნი, უმეტეს ქალნი, იშვიათ სქელნი, მხნენი მუშაკნი, ჭირთა მომთმენნი, ცხენსა ზედა და მხედრობათა შინა კადნიერნი, მკვირცხლნი, მსწრაფლნი… სალაშქროთა შინა ახოვანნი, საჭურველთ მოყვარენი, ამაყნი, ლაღნი, სახელის მაძიებელნი ესრეთ, რამეთუ თვისთა სახელთათვის არა რიდებენ ქვეყანასა და მეფესა თვისსა, სტუმართა და უცხოთ მოყვარენი…”

განა შეიძლება, ამ სიტყვების ავტორი არ გიყვარდეს?! თავადაც ხომ სიყვარულით აქვს გადმოცემული საქართველოს აღწერა – „მწვანითა და სურნელითა აღსავსე”…

მაგრამ ვინ იყო ვახუშტი?

– მასწ, ვახუშტი გეოგრაფია თუ ისტორიკოსი? – გამომცდელად მკითხეს საკლასო ოთახში შესულს ჩემმა მეცხრეკლასელებმა.

– რაო, რა გითხრათ თქვენმა ისტორიის მასწავლებელმა? – მივხვდი, ჩემს კოლეგას ესაუბრა მათთან. ვიცი, მასაც უყვარს ვახუშტი.

– ისტორიკოსიაო, – კიდევ უფრო დაძაბეს სიტუაცია.

გამეღიმა. თან იციან, რომ ვმეგობრობთ. აბა, ისე როგორ გამოვა, კათედრის წევრებმა არ ითანამშრომლონ და არ იმეგობრობონ.

– ვინ იყო ვახუშტი, მოდი, მე, თქვენ და თქვენმა ისტორიის მასწავლებელმა ერთად გავარკვიოთ, – ვუთხარი ჩემებს. ესეც კიდევ ერთი ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა.

მართლაცდა, ვინ იყო ვახუშტი? გეოგრაფი? ისტორიკოსი?

ადამიანი, რომელიც საქართველოს ძნელბედობის ჟამს ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, არც პირადი განსაცდელი დაჰკლებია ბედისგან, და შექმნა ნაშრომები, რომლებიც 300 წლის შემდეგაც მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

„ვახუშტის თხზულება… ყოველი მკვლევარისთვის ყოველთვის აუცილებელი წყარო იქნება… იგი მუდამ უკვდავების შარავანდედით იქნება მოსილი და არასდროს მნიშვნელობა არ დაეკარგება…” – წერს ივანე ჯავახიშვილი.

ვახუშტის ნაშრომი საქართველოს კუთხეების გეოგრაფიულ აღწერას შეიცავს. ფიზიკურ-გეოგრაფიულ მონაცემებთან ერთად იგი აღნუსხავს ციხე-ქალაქებს, სოფლებს, ეკლესია-მონასტრებს, სასახლეებს, ხიდებს, არხებს; აღწერს საქართველოს ცალკეული კუთხეების ლანდშაფტს, კლიმატურ ზონებთან შეფარდებულ მეურნეობის დარგებს, მოსახლეობის სამეურნეო საქმიანობას (როგორც სასოფლო-სამეურნეოს, ასევე ხელოსნურ დარგებსაც).

„ადგილის აღწერაში” თავმოყრილია ისტორიული გეოგრაფიის, ფიზიკური გეოგრაფიისა და ეკონომიკური გეოგრაფიის მონაცემები. ვახუშტიმ დიდი წვლილი შეიტანა ეთნოგრაფიის კვლევის საქმეშიც. მან აღწერა ქართველი ხალხის „ზნეთა” – საყოფაცხოვრებო წესები, გარეგნობა, ჩაცმულობა, ადათები, გავრცელებული დღესასწაულები და რიტუალები, გამოკვეთა ისტორიულ მხარეში მცხოვრებთა ხასიათის თვისებები.

„… სვანი ადვილად საცნობია. იგი არა ჰგავს იმ მთის ხალხებს, რომლებიც სვანეთის გარშემო ბლომად ცხოვრობენ… პირისახით სვანი მაშინვე მთის ქართველებს მოგაგონებთ: თუშებს, ფშავებსა და ხევსურებს. ტანით წარმოსადეგია და საღი შეხედულება აქვს. სვანის ტანსაცმელი მხოლოდ ცოტათი განირჩევა მეგრელისა და იმერლის ტანისამოსისაგან. თავსახური სვანს ორნაირი აქვს: ზამთარში იგი იხურავს მაღალსა და წვეტიან ნაბდის ქუდსა, თეთრსა ან შავსა; ზაფხულში სვანი ხმარობს იმერულს ფაფანაკს, რომელიც ისე პატარაა, რომ საქოჩრეს ძლივსა ჰფარავს. სვანს ტანისამოსზე უფრო უყვარს იარაღი: თოფი, დამბაჩა და ხანჯალი; ხმალს კი სვანები არ ხმარობენ. როგორც თითქმის ყველა მთიულ ხალხს, სვანსაც გამჭრიახი გონება აქვს…” – ასე ახასიათებს ვახუშტი სვანებს.

ვახუშტი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს „დასაწყისითგანთა წესთა”, რომლებიც მას ქართველი ხალხისათვის ბუნებრივად მიაჩნია და „შეძინებულ წესებს”, რომლებსაც უცხოელთა ზეგავლენით შეთვისებულად მიიჩნევს. ვახუშტი აღნიშნავს, რომ ხალხის ცხოვრების წესი ცვალებადია და მასში ახალი ელემენტები ჩნდება.
ვახუშტის მეცნიერული თხზულება „აღწერა სამეფოსა საქართველოსა” წარმოადგენს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან („დასაბამიდან”, „ქვეყნის შექმნიდან”) XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე.

ვახუშტიმ პირველმა მოგვცა საქართველოს ისტორიის პერიოდიზაცია.

ისტორიის საგანზე მსჯელობისას ვახუშტი ისტორიის ცოდნას განმარტავს. „მატიანე განარჩევს კეთილსა და ბოროტსა, მატიანე აღამაღლებს კეთილის ქმნულებასა და გმობს უკეთურთ ქმნულებასა. მატიანე მეტყველებს ჭეშმარიტსა და არა სცბის, და მოწმობს სხვათა და სხვათა. მატიანე განამხნობს კაცსა და ერთგულ ჰყოფს ქვეყნისად; მატიანე აცნობებს ნათესავთ ჩამომავლობასა. და დასდებს თავსა სარწმუნოებისათვის, და მოყვარულ ჰყოფს მოყვასსა მოყუასისა მიმართ”.

ვახუშტის ნაშრომმა „აღწერა სამეფოსა საქართველოსა” ახალი ეტაპი შექმნა ქართული შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიულ აზროვნებაში. ძველ ქართველ ისტორიკოსთაგან განსხვავებით, მან პირველმა თავისი ეპოქის მეცნიერული აზრის დონეზე გაიაზრა ისტორიოგრაფიის საგანი, მეთოდი და მისი შემადგენელი დარგები, გააფართოვა წარმოდგენა ისტორიულ წყაროებზე და დაამკვიდრა მათდამი კრიტიკული მიდგომის პრინციპი.

საქართველოს გეოგრაფიული აღწერა, რომელიც მან ისტორიოგრაფიის ნაწილად მოიაზრა, საფუძვლად დაედო საქართველოში გეოგრაფიული მეცნიერების განვითარებას. საქართველოს გეოგრაფიულ აღწერაში ვახუშტიმ შეიტანა 800 ქედი, 22 ტბა, 73 კულტურული და 53 ველური მცენარე, 550 დასახლებული პუნქტი, 33 მოქმედი საბადო, აღწერა თბილისის განაშენიანება.

ვახუშტიმ საქართველო დაყო მთისა და ბარის განსხვავების ნიშნით. ბარად იგი მიჩნევდა ტერიტორიებს, სადაც გაბატონებული იყო მევენახეობა-მეხილეობა, ხოლო ტერიტორიებს, სადაც აღნიშნული დარგები არ იყო განვითარებული, მთის ზონას მიაკუთვნებდა.

ვახუშტიმ უზარმაზარი კარტოგრაფიული სამუშაო ჩაატარა – შეადგინა ორი გეოგრაფიული ატლასი (ერთი – ხუთრუკიანი, მეორე – ცხრამეტრუკიანი). ევროპელი კარტოგრაფები კავკასიის რეგიონის აღსაწერად XVIII ს-ის მეორე ნახევრიდან XIX საუკუნის შუა ხანებამდე მხოლოდ ვახუშტის რუკებს ეყრდნობოდნენ. ქართული სკოლებისთვის ვახუშტიმ რუსულიდან თარგმნა „მოკლე პოლიტიკური გეოგრაფია” მსოფლიო ატლასთან ერთად.
ვახუშტიმ პირველმა შეისწავლა ქართული გერბები. ატლასში შეტანილია ერთიანი საქართველოს, ცალკეული სამეფოებისა და სამთავროების – კახეთის, ქართლის, ოდიშის, იმერეთის სამეფო გერბები, სვანეთის, გურიის, აფხაზეთის გერბები და სხვა.
კახეთის სამეფოს გერბიქართლის სამეფოს გერბი
აფხაზეთის გერბი სვანეთის გერბი

აი, ვინ იყო ვახუშტი. მოდი, ახლა გავარკვიოთ, ისტორიკოსია თუ გეოგრაფი.

დებატებისთვის კარგი თემაა. გაკვეთილის მიზანი ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომების გაცნობასთან ერთად იქნება ისიც, რომ მოსწავლეები აზროვნებას ისწავლიან, გაიგებენ, რა არის ისტორიისა და გეოგრაფიის არსი, მეცნიერული ნაშრომის ანალიზსა და შეფასებას შეძლებენ და საკუთარი მოსაზრების არგუმენტირებულ დასაბუთებას შეეცდებიან.

კლასი იყოფა ისტორიკოსებად, გეოგრაფებად და სამეცნიერო საბჭოს წევრებად.

ისტორიკოსები და გეოგრაფები წარმოადგენენ პრეზენტაციებს, სადაც ეცდებიან დაასაბუთონ, შესაბამისად, ვახუშტის გეოგრაფობა ან ისტორიკოსობა. პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება დებატები.

სამეცნიერო საბჭო შეაფასებს მათ და გადაწყვეტს, ვახუშტი გეოგრაფია თუ ისტორიკოსი.

კიდევ ერთ აქტივობას შემოგთავაზებთ – გაკვეთილ-ვიქტორინას.

კლასი იყოფა ჯგუფებად. მასწავლებელი ჯგუფებში ურიგებს ბარათებს მოსწავლეებს. თითოეულ ბარათზე წერია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის სახელი: კახეთი, თუშეთი, აჭარა, იმერეთი, გურია, ქართლი, რაჭა, ხევი, სვანეთი… მოსწავლეებმა ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსადან” უნდა ამოიწერონ ინფორმაცია თავიანთი მხარეების შესახებ, ამ მხარეში მდებარე ქედები, ჰიდროგრაფიული ქსელი, დასახლებული პუნქტები, ფლორა და ფაუნა, მოსახლეობის საქმიანობის სფეროები და სხვ. ჯგუფებმა არ უნდა იცოდნენ ერთმანეთის დავალება. დრო შეიძლება მიეცეთ ერთი კვირა ან 10 დღე.

გაკვეთილზე გაიმართება ვიქტორინა. თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ წევრს, რომელიც იქნება ექსპერტთა ჯგუფში. ჯგუფი წარადგენს დავალებას ისე, რომ მხარის დასახელება ამოღებული იქნება ტექსტიდან. დანარჩენი ჯგუფები ეცდებიან გამოიცნონ, რომელ მხარეს ახასიათებს ასე ვახუშტი. ტექსტს ანაწევრებენ, ჯერ კითხულობენ გეოგრაფიულ მდებარეობას, თუ ვერც ერთმა ჯგუფმა ვერ გამოიცნო, შემდეგ გადადიან მეორე ნაწილზე და ა. შ. ექსპერტთა ჯგუფი აკეთებს შეფასებას. ისინი აღნუსხავენ ჯგუფების სწორ პასუხებს ეტაპების მიხედვით, ანუ რომელმა ჯგუფმა რა ეტაპზე გამოიცნო ესა თუ ის მხარე.

ორივე ეს აქტივობა ზოგადი განათლების მიზნების მიღწევაშიც და გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციების განვითერებაშიც დაგვეხმარება და ვინ იყო ვახუშტი – ისტორიკოსი თუ გეოგრაფი, საზოგადოებრივი მეცნიერებებების ურთიერთკავშირში იპოვიან. ყველა ისტორიული მოვლენა და პროცესი გეოგრაფიულ გარემოში მიმდინარეობს, გეოგრაფიული პროცესები და მოვლენები კი – ისტორიულ დროში.
აი, ვინ იყო ვახუშტი.

კიოტოს ოქმი: ვინ გადაიხდის ეკონომიკის განვითარებისა და გარემოს დაბინძურებისთვის?

0
თანამედროვე ტიპის ეკონომიკის განვითარებას თან სდევს გარემოს დაბიძურება და კლიმატის ცვლილება (გლობალური დათბობა). კლიმატის ცვლილება დედამიწის ატმოსფეროს მიწისპირა ფენისა და მსოფლიო ოკეანის საშუალო წლიური ტემპერატურის სწრაფი ზრდის პროცესია. ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დედამიწის ზედაპირზე ბოლო საუკუნის განმავლობაში 0.74 ± 0.18°C-ით გაიზარდა. კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ჯგუფის ექსპერტთა IPCC-ის (Intergovernmental Panel on Climate Change, https://www.ipcc.ch) დასკვნით, დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა მე-20 საუკუნის შუა წლებიდან, სავარაუდოდ, განპირობებულია ანთროპოგენური ანუ ადამიანის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდით, რის შედეგადაც ძლიერდება ატმოსფეროს სათბურის ეფექტი, რაც დედამიწის ქერქისა და ქვემო ატმოსფეროს გახურებას იწვევს. ამავე ორგანიზაციის მოსაზრებით, 21-ე საუკუნეში მოსალოდნელია დედამიწის ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის შემდგომი ზრდა 1,1-6,4°C-ით. სათბური აირების კონცენტრაციის ზრდის შეჩერების შემთხვევაშიც კი ეს დათბობა კიდევ ათას წელს გაგრძელდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის მოსალოდნელი წონასწორობის აღდგენა და საშუალო ტემპერატურის დასტაბილურება.
ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურის ზრდა გამოიწვევს ზღვის დონის აწევას. გაიზრდება კატასტროფული კლიმატური მოვლენების სიხშირე და სიმძლავრე, შეიცვლება ნალექების რაოდენობა და განაწილება. შეიცვლება აგრეთვე სოფლის მეურნეობის მოსავლიანობა, შემცირდება მყინვარები, გადაშენდება ცოცხალი ორგანიზმების ზოგიერთი სახეობა, გაიზრდება დაავადებათა რიცხვი.

საერთაშორისო ორგანიზაცია Global Humanitarian Forum-მა (https://www.ghf-ge.org/) გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც გლობალური დათბობის მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობაა დასახელებული. ამის შესახებ „New Scientist”-ი წერს. მკვლევართა მონაცემებით, ამჟამად გლობალური დათბობის გამო მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 300 ათასი ადამიანი იღუპება. საქმე ის არის, რომ კლიმატის ცვლა იწვევს ისეთი ბუნებრივი სტიქიური მოვლენების გახშირებას, როგორებიცაა გვალვა და წყალდიდობა. გარდა ამისა, ცვალებადი კლიმატი გავლენას ახდენს განვითარებული ქვეყნების სოფლის მეურნეობაზეც, რასაც შიმშილობამდე მივყავართ. Global Humanitarian Forum-ის მონაცემებით, სიკვდილიანობის დიდი წილი (90%) განვითარებულ ქვეყნებზე მოდის. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის დათბობის მსხვერპლთა რაოდენობა ყოველწლიურად 500 ათასამდე გაიზრდება.
ჯერჯერობით უცნობია, დედამიწის რომელი რეგიონი დაზარალდება უფრო მეტად ამ ცვლილებების შედეგად, ამიტომ 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონფერენციაზე „გარემო და განვითარება”, მსოფლიოს 156 სახელმწიფოს მეთაურმა ხელი მოაწერა გაეროს ჩარჩო ხელშეკრულებას კლიმატის ცვლილების შესახებ, რომლის მიზანი იყო ადამიანისთვის სახიფათო კლიმატის ცვლილების, გლობალური დათბობის, საწინააღმდეგო ზომებისა და ღონისძიებების შემუშავება. მოგვიანებით ამ კონვენციას მსოფლიოს პრაქტიკულად ყველა ქვეყანა შეუერთდა.

გაეროს კონვენცია კლიმატის ცვლილების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლის მიზანია ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის ზრდისა და ამით გამოწვეული გლობალური დათბობის შეჩერება.

ხელშეკრულების საწყისი ვარიანტი, ე.წ. ჩარჩო კონვენცია, სათბური აირების გაფრქვევის კონკრეტულ ზღვრებს არ ადგენს. ასეთი ზღვრები დგინდება ქვეხელშეკრულებებით, ე.წ. ოქმებით (პროტოკოლებით). კიოტოს ოქმი მიღებულ იქნა იაპონიის ქალაქ კიოტოში 1997 წლის 11 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2005 წლის 16 თებერვალს. ოქმის განხორციელების დეტალური წესები დადგენილ იქნა 2001 წელს მაროკოში, კლიმატის ცვლილების მხარეთა კონფერენციის მე-7 სესიაზე და ცნობილია მარაკეშის შეთანხმების სახელით. კიოტოს ოქმს საქართველო 1999 წლის ივნისში შეუერთდა.

კიოტოს ოქმი გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში დადებული დამატებითი საერთაშორისო შეთანხმებაა. ოქმის მიზანია ატმოსფეროში სათბურის აირების კონცენტრაციის დასტაბილურება ისეთ დონეზე, რომელიც დედამიწის კლიმატისთვის საშიში არ იქნება. კონვენციისგან განსხვავებით, კიოტოს ოქმი ქვეყნებისთვის სათბურის აირების ატმოსფეროში გაფრქვევის კონკრეტულ (თითოეული ქვეყნისთვის – განსხვავებულ) ზღვრებს (ლიმიტებს, კვოტებს) ადგენს. ქვეყნებს ეძლევათ უფლება, გაფრქვევათა შემცირების ნაწილი სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე შეასრულონ, ანუ, ფაქტობრივად, კვოტებით ივაჭრონ. კიოტოს ოქმის მთავარი თავისებურება ის არის, რომ ოქმი ადგენს ინდუსტრიალიზებული ქვეყნებისთვის სათბურის აირების შემცირების სავალდებულო მიზნებს. ეს გამოიხატება 2008-2012 წლებისთვის ემისიების საშუალოდ 5%-ით შემცირებით 1990 წლის დონესთან შედარებით.

კიოტოს ოქმი ბუნებრივ გარემოსთან მიმართებით ერთადერთი რეალურად მოქმედი მექანიზმია, ჩარჩო დოკუმენტია იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც მიმართულია ატმოსფეროში ადამიანის მოქმედების შედეგად მოხვედრილი ნახშირორჟანგის მოცულობის სტაბილიზაციისა და შემცირებისკენ. ამ ხელშეკრულების ფარგლებში ყველაზე დიდი ვალდებულება, 2008-2012 წლებისთვის განსაზღვრული პროცენტით შეამცირონ სათბურის აირთა ემისია 1990 წლის დონესთან შედარებით, იკისრეს ევროგაერთიანებამ (8%), აშშ-მ (7%) და იაპონიამ (6%). რუსეთმა, უკრაინამ და ახალმა ზელანდიამ იკისრეს ვალდებულება, მოახდინონ ემისიების სტაბილიზაცია 1990 წლის დონეზე. საბოლოო ჯამში, ამ ოქმის რეალიზაციის შედეგად ნახშირორჟანგის ემისია სულ 5%-ით უნდა შემცირდეს. ეს ვალდებულებები საერთოდ არ ეხება განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის – ჩინეთს, რომელიც აშშ-ის შემდეგ ნახშირორჟანგის ყველაზე დიდი მწარმოებელია დედამიწაზე და ინდოეთს, რომელიც მას დიდად არ ჩამორჩება. საბოლოო ჯამში, ეს ორი ქვეყანა, როგორც ჩანს, მრავალჯერ გადაჭარბებს ნახშირორჟანგის ემისიის იმ შემცირებას, რომელსაც განვითარებული ქვეყნები დიდი ჯაფის შედეგად მიაღწევენ.

კიოტოს ოქმის ხელისმომწერი ქვეყნები 2011 წლის დეკემბრის მდგომარეობით

– ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ოქმს და ამავე დროს მოახდინეს მისი რატიფიკაცია
– ქვეყნები, რომლებიც შევიდნენ 1-ელ და მე-2 დანართებში
– ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ოქმს, მაგრამ არ მოუხდენიათ მისი რატიფიკაცია
– ქვეყნები, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ ოქმზე ხელის მოწერისა და მისი რატიფიცირების გადაწყვეტილება
– ქვეყნები, რომლებიც გავიდნენ კონვენციიდან
კიოტოს ოქმი ემისიების გლობალური შემცირებისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უზრუნველყოფს არსებით სტრუქტურას კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული სამომავლო საერთაშორისო ხელშეკრულებებისთვის.

იმის აღიარებით, რომ სათბურის აირების არსებულ მაღალ დონეებზე უმთავრესად პასუხისმგებელნი არიან განვითარებული ქვეყნები 150-წლიანი აქტიური სამრეწველო საქმიანობის გამო, ოქმი მათ „საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობის პრინციპიდან” გამომდინარე ვალდებულებებს აკისრებს.

ზოგიერთ მკვლევარს მიაჩნია, რომ კიოტოს ოქმის ზედმიწევნით შესრულების შემთხვევაშიც კი არ არსებობს გარანტია, რომ ტემპერატურის ზრდის ტემპი შესამჩნევად შენელდება, ამიტომ მრავალი კრიტიკოსი და მწვანეთა მოძრაობის ლიდერი ეჭვქვეშ აყენებს ოქმის მნიშვნელობას, თუ მას გამონაბოლქვების უფრო მნიშვნელოვანი შემდგომი შემცირება არ მოჰყვა.

ოქმის მომხრეები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და რომ UNFCCC-ის მოთხოვნები მომავალშიც გადაიხედება, როცა უკვე აშკარა იქნება ამ შეთანხმების პირველი შედეგები. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიური და კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსის გიორგი ლაზრიევის აზრით, საქართველოში კლიმატის ცვლილების ყველაზე ნეგატიური ზემოქმედება გამოვლინდება შავი ზღვის სანაპირო ზოლში ხმელეთის დატბორვითა და მტკნარი წყლის დაბინძურებით.

კლიმატის ცვლილების ყველაზე უარყოფითი შედეგი აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის ზრდა და გვალვიანობის ინტენსივობის მატება იქნება. ამას დაემატება ჰაერის ტემპერატურის მაღალ მნიშვნელობათა გახშირება (განსაკუთრებით – მარცვლოვანი კულტურების მომყვან რაიონებში), რაც საგრძნობლად დასცემს მოსავლიანობას. ასევე მოსალოდნელია ვაზის კულტურის მოსავლიანობის შემცირება კახეთის რაიონებში. გახშირდება და უფრო ინტენსიური გახდება საშიში ჰიდრომეტეოლოგიური მოვლენები – გვალვები და წაყლდიდობები.

საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სახვითი ხელოვნების ინტეგრირებული გაკვეთილი

0
დღეს უფროსი თაობისგან ხშირად გაიგონებთ საყვედურს, იკარგება ქართული სული, ტრადიციები და ადათ-წესებიო. რა თქმა უნდა, დამნაშავე ისევ სკოლა და მასწავლებელი არიან.

არადა, ჩვენ ხომ ის თაობა ვართ, საქართველოს ისტორია ერთი სახელმძღვანელოთი რომ ისწავლა, საქართველოს გეოგრაფია კი – როგორც საბჭოთა კავშირის რიგითი რესპუბლიკის გეოგრაფია. ახლა საქართველოს ისტორიასაც და გეოგრაფიასაც მთელ სასწავლო წელს ვუთმობთ, მაგრამ „პატრიოტ” თაობას მაინც ვერ ვზრდით. ჩვენს დროს ქართული ხალხური ცეკვის საბავშვო ანსამბლი თითებზე ჩამოსათვლელი იყო, ახლა თითქმის ყველა ბავშვი ცეკვავს, თან როგორი ცეცხლის დანთება შეუძლიათ! ჩვენს დროს არც ქართული ხალხური სიმღერა იყო აქტუალური. ეს – ჩვენს დროს, მაგრამ მამები რისი მამები არიან, შვილებს რომ არ უსაყვედურონ!

სამშობლოს სიყვარულის ლიტონი სიტყვებით სწავლება წარმოუდგენელია და ხშირად უკუშედეგიც კი მოაქვს. ეს ჩვენს თაობას კარგად აქვს გაცნობიერებული. მე-20 საუკუნის პატრიოტული სიმღერებისა და „პოეზიის” ნიმუშების დასწავლამ „დიადი” და „უძლეველი” სამშობლოს (სსრკ-ს) სიყვარული ვერ შთაგვინერგა. სამშობლოს სიყვარულს საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და გეოგრაფიის, ხელოვნების, კულტურის შესწავლა აღვივებს და არა თავსმოხვეული იაფფასიანი „ხელოვნების” ნიმუშების ხმამაღალი აფიშირება, როგორც ამას კომუნისტური პარტია ცდილობდა. სიყვარულიც ცოდნასთან არის დაკავშირებული. თუ მოსწავლე გაიგებს და გაიაზრებს ქართული ანბანის ორიგინალურობასა და უნიკალურობას, ჩასწვდება ქართული არქიტექტურის სიდიადესა და ხალხური პოეზიის სილაღეს, მერწმუნეთ, ეს მეტ გავლენას მოახდენს მასზე, ვიდრე „პატრიოტული” ლექსების დაზეპირება და შემდეგ ხმამაღლა, გამოთქმით კითხვა. მეტად დააფასებს საკუთარ კულტურას და მთების სიდიადის ძებნას კავკასიონზე დაიწყებს და არა სხვა ქვეყნების მთაგრეხილებზე, „ხასანბეგურასაც” მეტი გრძნობით იმღერებს და ქართულ სამოსსაც უკეთ მოირგებს. ვერც სხვა ქვეყნის სიმდიდრე მოხიბლავს ისე, რომ სასწავლებლად წასულმა დარჩენა ამჯობინოს – დაბრუნდება და საკუთარ ქვეყანაზე იზრუნებს.

სიტყვა გამიგრძელდა. არადა ერთი ინტეგრირებული გაკვეთილის იდეა და რესურსები მინდა შემოგთავაზოთ. მე-9 კლასში საქართველოს ისტორიას და გეოგრაფიას ვსწავლობთ. ამ ორი საგნის ინტეგრირება ყველაზე მარტივია. ამჯერად გთავაზობთ ისტორია-გეოგრაფიის ინტეგრირებას სახვით და გამოყენებით ხელოვნებასთან.
თემა: საქართველოს მოსახლეობის ტრადიციები. ხალხური არქიტექტურა, ჩაცმულობა და ადათ-წესების განხილვა მარტო ერთი საგნის პრეროგატივა არ არის. სამივე საგნის საგნობრივ სტანდარტში ნახავთ შედეგებსა და ინდიკატორებს, რომლებიც ამ თემას შეესაბამება.

გეოგრაფიის საგნობრივი სტანდარტი:

გეო. IX. 10. მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ქართული ტრადიციები გეოგრაფიულ თავისებურებებთან მიმართებით.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

● აკავშირებს ხალხური არქიტექტურის მრავალფეროვნებას საქართველოს ბუნებრივ პირობებთან; ადარებს სხვადასხვა ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის სამოსახლოს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (ნახატი, ცხრილი და სხვა);

● მსჯელობს საქართველოს კუთხეებში გავრცელებული ტრადიციული ჩაცმულობის, სამზარეულოსა და სუფრის თვითმყოფადობაზე, უკავშირებს მათ გარემოს თავისებურებებს, ადარებს ერთმანეთს და მსგავსება-განსხვავებებს გამოხატავს მისთვის სასურველი ფორმით (წერს თემას, აკეთებს სტენდს, ჩანახატს და სხვა).
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგნობრივი სტანდარტი:
ს. გ. IX. 7. მოსწავლე იკვლევს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს და შეუძლია იმსჯელოს მათ შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

● მსჯელობს, რა ხერხებით არის შენარჩუნებული და დაცული ქართულ ხელოვნებაში ხალხური შემოქმედების ტრადიციები;

● იკვლევს, რა მსგავსება და განსხვავება ა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნების ნიმუშებს შორის (არქიტექტურა, კედლის მხატვრობა და სხვ. ).
საქრთველოს ისტორიის საგნობრივი სტანდარტი

ისტ. IX. 7. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

● ჩამოთვლის ქართული კულტურის ყველაზე მეტად წარმატებულ დარგებს;
● მსჯელობს ქართული ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლების შექმნის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ.
აქტივობა: ტექსტსა და ფოტოებზე მუშაობა

მასწავლებელი ჯგუფებს ურიგებს ბარათებს.
I ბარათზე წერია ტექსტი „არქიტექტურა”;
II ბარათზე – „სამზარეულო და სუფრის ტრადიციები”;
III ბარათზე – „ქართული ხალხური სამოსელი”.
დავალება: განიხილეთ ტექსტები და დაადგინეთ:

1. რა გავლენას ახდენს გეოგრაფიული მდებარეობა და გარემო პირობები არქიტექტურაზე, ხალხურ სამოსელზე, სამზარეულოსა და სუფრის ტრადიციებზე.

2. საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნება, ხალხური შემოქმედება დააკავშირეთ გეოგრაფიულ მდებარეობასთან.

3. დაადგინეთ, რა გავლენას ახდენს ისტორიული მოვლენები ხელოვნების ნიმუშებზე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხელოვნებაში.

პრეზენტაცია წარმოადგინეთ თქვენთვის სასურველი ფორმით.
არქიტექტურა

ქართული არქიტექტურა დიდი მრავალფეროვნებითა და თავისებურებით გამოირჩევა. საქართველოს ყოველ კუთხეს თავისი დამახასიათებელი არქიტექტურული სტილი ჰქონდა და საცხოვრებელი სახლებიც მხარეების მიხედვით მკვეთრად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ეს განსხვავება ახლა თანდათან მცირდება: საქართველოს ყველა რაიონში ფართოდ გავრცელდა ევროპული სტილი. მიუხედავად ამისა, განსხვავება მთისა და ბარის რაიონებს, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის მაინც საგრძნობია.

აღმოსავლეთ საქართველოს სოფლები უფრო კომპაქტურია და მჭიდროდაა დასახლებული. ეზოები აქ პატარაა და ამიტომ დასამუშავებელი მიწები სოფლის გარეთაა. დასავლეთ საქართველოში საკარმიდამო ნაკვეთები გაცილებით დიდია და საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობებიც ერთადაა. საცხოვრებელი სახლები სხვადასხვა ეთნოგრაფიულ პროვინციაში მეტად განსხვავებულია. სვანეთსა და აღმოსავლეთ კავკასიონის კუთხეებში (თუშეთში, ფშავ-ხევსურეთში) უმეტესად ქვისა და ფიქლის ციხე-სახლებია. ამასთან, განსხვავება საკმაოდაა სვანური და თუშურ-ხევსურული კოშკების არქიტექტურაშიც. ამავე რეგიონებში გვხვდება 2-4-სართულიანი ჩარდახიანი სახლები, აგრეთვე ერთსართულიანი ქვითკირის სახლები მიწის ბრტყელი სახურავით (ძირითადად ფშავ-ხევსურეთში). ფიქლით აშენებული სახლები, როგორც წესი, მშრალი (დუღაბის გარეშე) წყობისაა.
აღმოსავლეთ საქართველოს ბარისა და მთისწინეთის ზონაში საცხოვრებელი სახლი ძირითადად დარბაზის ტიპისა იყო. ქვითა და აგურით აშენებულ ერთსართულიან ნაგებობას საფეხურებრივ-გვირგვინისებური გუმბათის მსგავსი გადახურვა ჰქონდა, რომელიც ბოლოვდებოდა ერდოთი – კვამლისა და სინათლისთვის დატოვებული ხვრელით. დარბაზის გარდა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარის ზოგიერთ რაიონში, განსაკუთრებით – სამცხე-ჯავახეთში, გავრცელებული იყო მიწური სახლები – მიწის სიღრმეში გამოკვეთილი ქვისკედლებიანი და მიწისსახურავიანი ნაგებობები. დასავლეთ საქართველოში, მაღალი ტენიანობისა და ჭაობიანობის გამო, უმეტესად ერთ ან ორსართულიან ხის სახლებს აშენებდნენ, რომლებიც ხიმინჯებზე იდგა და ყავრის ორფერდა ან ოთხფერდა სახურავი ჰქონდა.

სამეგრელოსა და აფხაზეთში ფართოდ იყო გავრცელებული მოწნული, ჩალით დახურული სახლის ტიპი – ფაცხა. XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ახალი არქიტექტურული სტილი დამკვიდრდა: ორსართულიანი, რამდენიმეოთახიანი, ფანჯრებიანი და ხისიატაკიანი სახლები, რომლებშიც ღია კერიის ნაცვლად ბუხრები იყო ამოშენებული.

აღმოსავლეთ საქართველოში სახლები ძირითადად ქვითა და აგურით შენდებოდა, დასავლეთ საქართველოში კი – ხით. გადასახურავად ძირითადად კრამიტი გამოიყენებოდა, გურია-სამეგრელოში კი – ყავარი.

სახლის მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ხის აივანი. XX საუკუნის მეორე ნახევრიდან ტრადიციულმა არქიტექტურამ ადგილი თანამედროვე ევროპულ სტილს დაუთმო. ამჟამად ძირითად საშენ მასალად გამოიყენება აგური, ცემენტის ბლოკები, რკინა-ბეტონი და თუნუქი. განსხვავებაც სხვადასხვა კუთხეში აშენებულ სახლებს შორის მინიმუმამდე დავიდა.
სამზარეულო და სუფრის ტრადიციები

ქართული ტრადიციული სამზარეულო ერთ-ერთი უმდიდრესია მთელ მსოფლიოში. ეროვნული ტანსაცმლისგან განსხვავებით, ქართული სამზარეულო არა მარტო შენარჩუნებულ იქნა, არამედ ფართოდ გავრცელდა საქართველოს ფარგლებს გარეთაც. წარსულში საქართველოს ცალკეული კუთხეების სამზარეულოებს შორის საგრძნობი განსხვავება იყო. ამჟამად ეს განსხვავება თითქმის აღარ არის და ნებისმიერ კუთხეში ფართოდ გავრცელებულია ის კერძები, რომლებიც ადრე მათთვის დამახასიათებელი არ იყო.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარის რაიონებში ძირითადად ხორბლის პურს (შოთს, ლავაშს) აცხობდნენ, მთაში კი – ქერის ხმიადებს. დასავლეთ საქართველოში ხორბლის მაგივრობას სიმინდი ეწეოდა და ამიტომ მოსახლეობის ძირითადი საკვებიც მჭადი (იმერეთი, გურია) ან ღომი (სამეგრელო, აფხაზეთი) იყო. დასავლეთ საქართველოში ძირითადად სულგუნი და იმერული ყველია მიღებული, აღმოსავლეთ საქართველოში კი – გუდის ყველი. დასავლეთ საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული მრავალფეროვანი მცენარეული საკვები, რომელიც ნიგვზითა და სანელებლებითაა შეზავებული (სხვადასხვა მხალეული), აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობის კვების რაციონში კი ხორცს უფრო დიდი ადგილი უკავია. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში ფართოდ გავრცელებულია ლობიო, ხაჭაპური, ხინკალი, თევზეული, მწნილი და სხვადასხვა საწებლები. მთავარი სასმელი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში ღვინოა. მხოლოდ მაღალმთიან პროვინციებში, სადაც ვენახები არ არის, ღვინოს არაყი და ლუდი ცვლის.

ქართული სუფრის ტრადიციები მკაცრ წესრიგს ემორჩილება. თამადა და სადღეგრძელოები სუფრის აუცილებელი ელემენტებია საქართველოს ნებისმიერი კუთხისათვის. სადღესასწაულო სუფრა ასევე წარმოუდგენელია სიმღერის, ცეკვისა თუ ხუმრობის გარეშე. სადღეგრძელოების თანმიმდევრობა თამადაზეა დამოკიდებული, თუმცა გარკვეული ტრადიციები ჩამოყალიბებულია და სხვადასხვა პროვინციას შორის განსხვავებებიც შეინიშნება. გურიაში, მაგალითად, პირველი სადღეგრძელო მშვიდობისაა, კახეთში კი ოჯახის ჭერს დალოცავენ ხოლმე. აღმოსავლეთ საქართველოში ბოლო სადღეგრძელო საყველაწმინდოა, თუშეთსა და ფშავ-ხევსურეთში კი სუფრაზე განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ წინაპრებისა და გარდაცვლილთა მოგონების სადღეგრძელოებს.
ქართული ხალხური სამოსელი

ქართული კულტურის თავისებურებანი ხალხური სამოსელის მრავალფეროვნებაშიც გამოვლინდა. გამოირჩევა თუშური, ფშაური, ხევსურული, მოხევური, რაჭული სამოსელი. მამაკაცთა შესამოსელიდან ჩოხასთან ერთად აღსანიშნავია ხევსურული სამოსელი და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გავრცელებული სამოსელი ჩაქურა.
ყველაზე მეტად ყურადღებას იქცევს ხევსურული ქალის სამოსელი – ტალავარი, რომელიც ორიგინალური თარგითა და ჭარბი ნაქარგობით გამოირჩევა. მას შინშალის ძაფისგან ქსოვდნენ. ტალავარი რამდენიმე ნაწილისგან შედგება. ესენია: შალის გრძელი კაბა – სადიაცო, ზემოდან – შალისავე შემოსაცმელი ფაფანაგი ან მოკლესახელოებიანი ქოქლო. ხევსური ქალის თავსაბურავია სათაურა და მანდილი, ფეხსამოსი კი – თათები ან ქალამან-წინდა და ბაჭიჭები.

სადიაცოს ორი ძირითადი ნაწილი აქვს: მხარ-ზურგი და გულისპირი. კაბას საყელოსთან სარჩულიანი საყელო აქვს მოყოლებული, მხრებზე მოკერებულია სახელოები, ხოლო კაბის კალთებს ქვემოთ ბრტყელი და ზოლიანი არშია ეკერება, რომელსაც ეწოდება ქოქომონი. ქოქომონის ფერები განსაზღვრული კანონზომიერებითაა განლაგებული: ჯერ შავი ფერია, შემდეგ – წითელი და ლურჯი. კაბა ყელთან სამკუთხადაა ამოჭრილი, სადაც შეიძლება მიეკეროს ღილებითა და მძივებით გაწყობილი პატარა შალის ნაჭერი, ე. წ. ქოქა.

თუში ქალის სამოსი სისადავით გამოირჩევა. ერთმანეთს ენაცვლება შავი, ლურჯი და თეთრი ფერები. ძირითადი ელემენტია შალის ერთიანი კაბა – ჯუბა პერანგისებური თარგით, დეკორაციული სახელოებით შედგენილი ტყავის სამოსელი სახელჩაქნეულა, თავზე დასადგომი კუჭურა და მოსახური მანდილი.

მამაკაცის ჩაცმულობაში, მიუხედავად საგრძნობი ერთგვაროვნებისა, მაინც ხერხდება ზოგიერთი თავისებური კომპლექსის გამოყოფა. ასეთია ხევსურული ტალავარი, რომელშიც შედის ზედატანი, პერანგი, და შარვალ-ნიფხავი, ჩოხა, მრგვლად შეკერილი ნაბდის ქუდი, შიბით ნაქსოვი ფეხსაცმელი, თათებიანი ქალამანი ჯღანი და სხვა. ჩაქურა გავრცელებული იყო აჭარაში, გურიასა და ნაწილობრივ სამეგრელოში. აჭარული კომპლექსის ელემენტებია შალის მოკლე ზედატანი, კვატუჯა ჩოხაჭონია, შალისავე ფართოუბიანი და ხვანჯრით შეკრული შარვალი ჩაქურა, ორჯიბიანი და საყელოიანი ახალუხი ზუბუნი, განიერი და გრძელი კუბოკრული აბრეშუმის სარტყელი თოლაბულუსი, ყაბალახი, ფეხსაცმელი ლაფჩინი და წინდა-პაჭიჭები. ქართლისა და კახეთის ტანსაცმლის ტიპების მსგავსებას აღნიშნავს ისტორიული წყაროები.

საშინაო დავალება: მოსწავლეებმა მოამზადონ პრეზენტაცია თავიანთი მხარის, ქალაქის ან სოფლის არქიტექტურაზე, სამოსელსა და სამზარეულოზე.

საინტერესო გეოგრაფიული ფაქტები

0
რომელ სახელმწიფოებს უწოდებდნენ თავდაპირველად „მესამე სამყაროს” ქვეყნებს?
დღეს ყველამ იცის, რომ „მესამე სამყაროს” ქვეყნებს, ძირითადად, ღარიბი განვითარებადი ქვეყნები მიეკუთვნება. თუმცა თავდაპირველად ტერმინი „მესამე სამყარო” იმ ქვეყნების აღსანიშნავად გამოიყენეს, რომლებიც არ მონაწილეობდნენ, ე.წ. „ცივ ომში” და, შესაბამისად, შეიარაღებისათვის „რბძოლაში”, ანუ მასში იმ სახელმწიფოებს მოიაზრებდნენ, რომლებიც არც „ პირველი სამყაროს” (კაპიტალისტური ქვეყნები და ნატოს ბლოკი) და არც „მეორე სამყაროს” (სოციალისტური ქვეყნები) ქვეყნებს არ მიეკუთვნებოდნენ. ცივი ომის დამთავრების შემდეგ „მესამე სამყაროს” ქვეყნებში ის ქვეყნები აღმოჩნდნენ, რომელთაც მშპ–ს დაბალი მაჩვენებელი ჰქონდათ და ტერმინის გამოყენებისას აქცენტი სწორედ ამ გარემოებაზე გამახვილდა. თუმცა შემდეგ, „მესამე სამყაროს” ბევრმა სახელმწიფომ განვითარებით „მეორე სამყაროს” ქვეყნებსაც კი გაუსწრო.

სად და როდის არსებობდა სახელმწიფო ბიზონია?

1947 წლიდან 1949 წლამდე ევროპის ტერიტორიაზე არსებობდა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი ბიზონია, თუმცა ბიზონებთან მას არანაირი კავშირი არა ჰქონია. ასე ეწოდებოდა ბრიტანული და ამერიკული ზონების გაერთიანებას გერმანიის ოკუპაციის შემდეგ (წინსართი bi — ლათინურად „ორს” ნიშნავს). როცა მათ საფრანგეთის საოკუპაციო ზონაც შეუერთდა ბიზონია ტრიზონიად გარდაიქმნა, ხოლო შემდეგ უკვე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა შეიქმნა.

შეიძლება თუ არა ავტომობილით მოგზაურობა ჩრდილოეთ ამერიკიდან სამხრეთ ამერიკაში?
მართალია არსებობს, ე.წ. პანამერიკული ტრასა, რომლის დანიშნულება მთელი ამერიკის (იგულისხმება ორივე კონტინენტი) გზების ერთ სისტემაში გაერთიანებაა, მაგრამ ჩვეულებრივი ავტომობილით ჩრდილოეთ ამერიკიდან სამხრეთში მაინც ვერ მოხვდებით. დამნაშავე კი ამაში პანამისა და კოლუმბიის საზღვარზე მდებარე ხმელეთის აუთვისებელი ნაწილი, დარენის უფსკრულია. მისი ზომებია 160 X 50 კმ–ზე და აქ გზები არა, მაგრამ სელვა და ჭაობები კი შეგხვდებათ. ამ მონაკვეთის ათვისების მცდელობა იყო 1970–იან წლებში, მაგრამ ინიციატორებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა ინდიელებმა და ეკოლოგებმა. გარდა ამისა, პანამელები კოლუმბიიდან გზის გაყვანის შემთხვევაში ნარკოტრეფიკინგის საშიშროებასაც ხედავდნენ. ასე რომ, ეს ადგილი დღესაც „თეთრი ლაქაა” პანამერიკულ ტრასაზე.

რომელ სახელმწიფოსთან აქვს ყველაზე გრძელი საზღვარი საფრანგეთს?
გაგიკვირდებათ, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე გრძელი საზღვარი საფრანგეთს ბრაზილიასთან აქვს. ეს იმიტომ, რომ სწორედ ბრაზილიას ესაზღვრება მისი სამხრეთამერიკული სამფლობელო – საფრანგეთის გვიანა. საზღვრის სიგრძე 673 კმ–ია. მეორე ადგილას ესპანეთ–საფრანგეთის საზღვარია, რომლის სიგრძე 50 კმ–ით ნაკლებია.

რომელ კუნძულს ფლობენ ესპანეთი და საფრანგეთი მორიგეობით?
ესპანეთისა და საფრანგეთის საზღვარზე, რომელიც მდინარე ბიდასოაზე (ჩაედინება ბისკაის ყურეში) გადის, ე.წ. ხოხბების პატარა კუნძული მდებარეობს. კუნძულის ფართობი სულ რაღაც 6820 კვ.მ–ია. 1659 წელს აქ ხელი მოეწერა მშვიდობიან შეთანხმებას ამ სახელმწიფოებს შორის და ამით დასრულდა მრავალწლიანი ომი. მას შემდეგ კუნძულს კონდომინიუმის სტატუსი აქვს, ანუ ერთდროულად ორივე სახელმწიფოს მმართველობის ქვეშაა. ამასთან ფაქტიური ადმინისტრატორის ცვლილება პერიოდულად ხდება. 6 თვე კუნძულს ესპანეთის ქალაქ ირუნის მუნიცილაპიტეტი მართავს, ხოლო შემდეგ 6 თვე – საფრანგეთის ქალაქ ანდაის მუნიციპალიტეტი. თავად კუნძულზე არავინ ცხოვრობს და მნახველებიც არ დაიშვებიან.
სად მდებარეობს თანამედროვე ქალაქი, რომლის მცხოვრებთა უმეტესობა მღვიმეებში ცხოვრობს?
ავსტრალიის ქალაქი კუბერ–პედი (coober pedy), რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც ოპალის მოპოვების უმსხვილესი ცენტრი, უდაბნოში ძალიან ცხელ ადგილას მდებარეობს. ქალაქის 2000 მცხოვრებიდან უმეტესობა მიწისქვეშა მღვიმეებში ცხოვრობს, რომლებიც რეალურად გამოყენებული და უკვე მიტოვებული მაღაროებია. მათ იქ სრულფასოვანი ბინები აქვთ მოწყობილი და გაყვანილია კომუნიკაციები. გარდა ამისა, ამ მღვიმეებში ბევრი საქალაქო ობიექტი, მათ შორის, სასაფლაო და ეკლესიაა.

სად მდებარეობს აფრიკაში მიწა, რომელიც არც ერთ სახელმწოფოს არ ეკუთვნის?
ეგვიპტისა და სუდანის საზღვარზე მდებარეობს 2060 კვ.კმ. ფართობის ტერიტორია ბირ–ტავილი, რომელიც არცერთ სახელმწიფოს არ ეკუთვნის. საქმე ის გახლავთ, რომ 1902 წელს ბრიტანეთმა ამ ქვეყნებს შორის ახალი ადმინისტარციული საზღვარი გაავლო და ეგვიპტეს ბირ–ტავილი გადასცა, ხოლო სუდანს – ჰალაიბის სამკუთხედი – შედარებით უფრო დიდი ფართობის ტერიტორია. მაგრამ ეგვიპტემ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ძველ საზღვრებში მოითხოვა დაბრუნება და უარი განაცხადა ბირ–ტავილზე. სუდანსაც არაფრის შეცვლა არ სურს და ამიტომაც არც ის მიიჩნევს მას თავისად. ასე რომ, აფრიკის კონტინენტის ეს ნაწილი ჯერაც არცერთი ქვეყნის საკუთრება არაა.

სად და როდის მდებარეობდა ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქი ევროპის საზღვრებს გარეთ?

1808 წელს პორტუგალიის სამეფო ოჯახი ნაპოლეონის ჯარებისგან თავდაცვის მიზნით რიო–დე–ჟანეროში გაიქცა და ეს ქალაქი თავისი ქვეყნის, ანუ პორტუგალიის დედაქალაქად გამოაცხადა. ამიტომაც რიო–დე– ჟანერო იყო და რჩება ისტორიაში ერთადერთ ქალაქად, რომელიც იყო ევროპული სახელმწიფოს დედაქალაქი, მაგრამ არ მდებარეობდა ევროპაში. ასე გაგრძელდა 1822 წლამდე, ბრაზილიის დამოუკიდებლობის მოპოვებამდე.

რისთვის იყო გამიზნული მსოფლიოში პირველი ფაზლი?
მსოფლიოში პირველი ფაზლი 1760 წელს ინგლისელმა კარტოგრაფმა ჯონ სპილსბურმა გამოიგონა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მას გასართობი დანიშნულება კი არა, არამედ საგანმანათლებლო მიზანი ჰქონდა, რადგან ის იმდროინდელი ევროპის ქვეყნების დაჭრილ რუკას წარმოადგენდა. სწავლების ასეთი მეთოდი საკმაოდ თვალსაჩინო იყო და ბავშვებს ძალიან მოეწონათ. უკვე მრავალი წლის შემდეგ სხვა ადამიანებმა სათამაშო ფაზლების გამოშვება მოიფიქრეს.

უცნაური რუკები

0
იმის გასაგებად, როგორ არის მოწყობილი მსოფლიო, რა თქმა უნდა, შეიძლება, ძალიან ბევრი ვიკითხოთ, ვიძრომიალოთ ინტერნეტში, ჩავატაროთ ექსპერიმენტები და გამოვიტანოთ დასკვნები, თუმცა ასევე შესაძლებელია, ვნახოთ საინტერესო და ამავე დროს უცნაური რუკებიც, რომლებზეც მსოფლიოს შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია შედარებით გასაგებად და თვალსაჩინოდაა მოცემული.

დღეს მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ასეთი რუკა, რომლებიც ასახავს არა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ადგილებს ან მოსახლეობის სიმჭიდროვეს, არამედ სხვა ფაქტებს, მაგალითად, ინტერნეტსაიტებისა და ინტერნეტბრაუზერების გავრცელების გეოგრაფიას, Facebook-ის მეგობრებს შორის კავშირებს, ქვეყნებს, სადაც „მაკდონალდსის” რესტორნებია და სხვ. განვიხილოთ რამდენიმე ასეთი არასტანდარტული რუკა.

1. მსოფლიოს 40-მდე ქვეყანას არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. რუკაზე მწვანე ფერით სწორედ ასეთი ქვეყნებია აღნიშნული.

2. ეს კი ჰიპოთეტური რუკაა. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნები, რომელთაც ზღვაზე გასასვლელი აქვთ, უცბად ჩაიძირებიან, მსოფლიო ასეთ სახეს მიიღებს. თავად ხედავთ, რამდენი ქვეყანა გაქრება.

3. დღეს ჩვენი ცხოვრება ინტერნეტის გარეშე, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელია. ინტერნეტი ქმნის გლობალურ საინფორმაციო სივრცეს და წარმოადგენს მსოფლიო ქსელის საფუძველს.

ინტერნეტსაიტი ერთობლიობაა ვებგვერდების, სურათების, ვიდეოებისა და ა. შ., რომლებიც ატვირთულია ერთ ან რამდენიმე სერვერზე და, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია ინტერნეტით ან ტელეფონით. რუკაზე ნაჩვენებია ყველაზე პოპულარული ინტერნეტსაიტების გეოგრაფია მსოფლიოში.

4. ინტერნეტბრაუზერი წარმოადგენს პროგრამას, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ნახოს HTML დოკუმენტების ინფორმაცია ვებსერვერიდან ან ფაილური სისტემიდან. ამჟამად მრავალი ინტერნეტბრაუზერი არსებობს. მათ შორის პერსონალური კომპიუტერებისთვის ყველაზე პოპულარულია: Internet Explorer, Mozilla Firefox, Safari, Google Chrome, Opera. ეს რუკა გვიჩვენებს ყველაზე პოპულარული ბრაუზერების გავრცელებას მსოფლიო მასშტაბით.

5. მსოფლიოში ჯერ კიდევ არსებობს ქვეყნები, სადაც ინტერნეტის გამოყენებას მთავრობა მკაცრად აკონტროლებს. ამ რუკაზე შავი ფერით სწორედ ასეთი ქვეყნებია აღნიშნული.

6. როცა მარკ ცუკერბერგმა თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან ედუარდო სავერინთან, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისთან ერთად ჰარვარდის უნივერსიტეტის სტუდენტობის დროს Facebook-ი დააარსა, ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ მალე ეს სოციალური ქსელი ძალიან პოპულარული გახდებოდა და თითქმის მთელ მსოფლიოს მოიცავდა. Facebook-ის მომხმარებლებს შეუძლიათ დაამატონ მეგობრები და გაგზავნონ მესიჯები, შექმნან და განაახლონ პერსონალური პროფაილები, რომ თავის შესახებ აცნობონ მეგობრებს. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია შეუერთდეს ქსელს ქალაქის, სამუშაო ადგილის, სკოლის ან რეგიონის მონაცემების მიხედვით. რუკა Facebook-ის მეგობრებს შორის კავშირების გეოგრაფიას ასახავს.

7. ცათამბჯენი თავისუფლად მდგომი ნაგებობაა, სადაც ერთზომიერად განაწილებული სართულები ვერტიკალურადაა განლაგებული და ბოლო სართული არანაკლებ 500 ფუტ (152 მ) სიმაღლეზე მდებარეობს. ის ადამიანთა საცხოვრებლად და სამუშაოდ არის განკუთვნილი. თანამედროვე მსოფლიოში 1500-ზე მეტი ცათამბჯენია. რუკაზე წითლითა და ფორთოხლისფერით ის ქვეყნებია აღნიშნული, სადაც ცათამბჯენები დგას.

8. ბოლო რამდენიმე წელია, ერთობ მოდური გახდა ეგრეთ წოდებული IQ ტესტები, რომელთა საშუალებითაც თითქოსდა შესაძლებელია ადამიანის ინტელექტუალური დონის შეფასება. ინტელექტის კოეფიციენტი – IQ (ინგლის. IQ – Intelligence Quotient; იკითხება როგორც „აი ქიუ”) ადამიანის ინტელექტის დონის რაოდენობრივი შეფასებაა და აღნიშნავს ინდივიდის ინტელექტის დონის შეფარდებას იმავე ასაკის საშუალოსტატისტიკური ადამიანის ინტელექტის დონესთან. იგი ითვალისწინებს ლოგიკურ აზროვნებას, დასახული მიზნის მიღწევისა და დასაბუთებული მსჯელობის უნარს, თვითკრიტიკას. 0-დან 19-მდე IQ გონებაჩლუნგობას მოწმობს, 20-36 ერთეული – აზროვნების უკმარობას, 69-85 ერთეული ნორმასთან ახლოა, 86-114 ნორმაა, 115-124 ერთეული ნორმაზე მეტია, 125-134 ერთეული ინტელექტის მაღალი დონეა, 135 ერთეულზე მეტის მფლობელები კი გენიოსები არიან. IQ ტესტები აზროვნებაზეა გათვლილი და არა ცოდნის დონეზე (ერუდიციაზე). ერთი სიტყვით, ინტელექტის კოეფიციენტი საერთოინტელექტუალური ფაქტორის შეფასების მცდელობაა. რუკა გვიჩვენებს IQ-ს დონეს მსოფლიოს ქვეყნებში.

9. ალბათ საინტერესოა იმის ცოდნა, სად ცხოვრობს ყველზე მეტი მეცნიერი. რუკა გვიჩვენებს მეცნიერთა რაოდენობას 1 მლნ კაცზე მსოფლიოს ქვეყნებში.

10. თუ გიყვართ ბიგ-მაკი და კარტოფილი ფრი, ამ რუკის დახმარებით შეიტყობთ, მსოფლიოს რომელ ქვეყნებში შეძლებთ მათ დაგემოვნებას. რუკაზე წითელი ფერით ის ქვეყნებია აღნიშნული, სადაც „მაკდონალდსის” რესტორნებს შეხვდებით.

11. ყავა ყველა ქვეყანაში ალბათ ყველაზე პოპულარული სასმელია. კოფეინის შემცველობის გამო იგი მასტიმულირებელ მოქმედებას ახდენს. ყავა მოჰყავთ ლათინურ ამერიკაში, აღმოსავლეთ აფრიკაში, არაბეთსა და აზიაში, მაგრამ მას მთელი მსოფლიო მოიხმარს. რუკაზე ასახულია ყავის მოხმარების გეოგრაფია მსოფლიოს ქვეყნებში.

12. მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში ავტომობილები მარცხენა ზოლში მოძრაობენ. აღმოჩნდა, რომ მარცხენა ზოლში სიარულს საკმაოდ დიდი ხნის ისტორია ჰქონია. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ძველად ცხენით მოგზაურნი ძირითადად მარცხენა ზოლში მოძრაობდნენ. ვინაიდან ადამიანთა უმრავლესობა მემარჯვენეა, ცხენოსნები მარცხენა მხარეს მოძრაობისას უფრო ადვილად მოახერხებდნენ ერთმანეთისთვის რამის მიწოდებას. პირველი სამართლებრივი აქტი, რომელიც მარცხენა ზოლში მოძრაობას დაარეგულირებდა, დიდ ბრიტანეთში 1756 წელს ლონდონის ხიდთან დაკავშირებით შეიქმნა.

მეთვრამეტე საუკუნის ბოლოს აშშ-შიც დაიწყო მოძრაობის გადატანა მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვენა მხარეს მასობრივი მოძრაობა კი მხოლოდ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან იღებს სათავეს. პორტუგალიაში 1928 წელს შეიცვალა მარცხნივ მოძრაობის წესი მარჯვნივ მოძრაობით, იტალიაში – მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, ხელისუფლების სათავეში მუსოლინის მოსვლის შემდეგ, ავსტრალიამ და ჩეხოსლოვაკიამ ეს წესი გერმანიის მიერ ანექსიისა და ოკუპაციის შემდეგ შეცვალეს, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, პანამამ და არგენტინამ – მხოლოდ 1943 და 1945 წლებში, ჩინეთში კი მარჯვნივ მოძრაობა შემოღებულ იქნა 1946 წელს.

1978 წელს იაპონიის პრეფექტმა ამერიკული ოკუპაციის შემდეგ შემოღებული მარჯვნივ მოძრაობის წესი კვლავ მარცხნივ მოძრაობით შეცვალა, სამოამ კი მარცხნივ მოძრაობა 2009 წელს შემოიღო, რომ სამხრეთ წყნარი ოკეანის სხვა ქვეყნებს შეერთებოდა.

ამ რუკაზე წითელი ფერით ის ქვეყნებია აღნიშნული, სადაც ავტომობილები გზებზე მარჯვენა ზოლში მოძრაობენ, ხოლო ლურჯით – ის ქვეყნები, სადაც მარცხენა ზოლში მოძრაობაა წესი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...