შაბათი, მაისი 2, 2026
2 მაისი, შაბათი, 2026

ამოცანები ბიოლოგიაში- ცოდნის ტრანსფერი

0

ბიოლოგიის სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბიოლოგიური ამოცანების ამოხსნა. ეს მოითხოვს თეორიულ ცოდნაზედაფუძნებულლოგიკურ განსჯას, დაგეგმვას, მოკლე ჩანაწერებისა და გამოთვლების გაკეთებას. ამოცანების ამოხსნა აფართოებს თვალსაწიერს, ავითარებს მეხსიერებას, მეტყველებას, აზროვნებას, ხელს უწყობს ბიოლოგიური თეორიების, კანონზომიერებების, მოვლენების უფრო შეგნებულ ათვისებასა და უკეთ აღქმას.

მოსწავლე მაშინაა წარმატებული და მაშინ აქვს მოქნილი აზროვნება,როცა განსაზღვრულ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარვითარებაშიგამოყენება შეუძლია. ამას უწოდებენ ცოდნის ტრანსფერს. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ ამოცანებზე მუშაობა, რომლებიცბიოლოგიაში მიღებული თეორიული ცოდნის ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან დაკავშირებას მოითხოვს. როდესაც მოსწავლე ხედავს მეცნიერების კავშირს ცხოვრებისეულ პრაქტიკასთან, ეს საგანი მისთვის უფრო საინტერესო და გასაგები, მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ხდება.

ბიოლოგიური ამოცანების ამოხსნა შესანიშნავი საშუალებაა მათემატიკასთან, ქიმიასა და ფიზიკასთან საგანთაშორისი კავშირის დასამყარებლად. ბიოლოგიური მოვლენების, პროცესების მთელი წყების ახსნა მოითხოვს გაანგარიშებას, განტოლებების, ქიმიური რეაქციების ტოლობების, ფორმულების, სიმბოლური ნიშნების გამოყენებას. ამრიგად,ბიოლოგიურ ამოცანებზე მუშაობის დროს მოსწავლეები ახდენენ მათემატიკაში, ქიმიასა და ფიზიკაში მიღებული ცოდნის ტრანსფერს. ამიტომ ამოცანების ამოხსნა ბიოლოგიის გაკვეთილებზეც ისეთივე ჩვეულებრივ საქმიანობად შეიძლება იქცეს, როგორიცაა მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის გაკვეთილებზე.

ამოცანების ამოხსნა როგორც თვითკონტროლისა და კონტროლის საშუალება ეხმარება მოსწავლეს, განსაზღვროს ცოდნისა და უნარების ათვისების ხარისხი და პრაქტიკაში მათი გამოყენების დონე, ხოლო მასწავლებელს – გამოავლინოს მოსწავლეების ცოდნასა და უნარებში არსებული ხარვეზები და შეიმუშაოს მათი აღმოფხვრის ტაქტიკა.

ამოცანების დაგეგმვა და გამოყენება ბიოლოგიის სწავლების ყოველ ეტაპზე შეიძლება.მთავარია, ამას გონივრულად მივუდგეთ: სასურველია, მოსწავლეები ერთი და იმავე თემის გარშემო სხვადასხვა ტიპის ამოცანებზე ვამუშაოთ; ახალი მასალის ახსნის დროს საჭიროა ისეთ ამოცანებზე მუშაობა, რომლებიც მასწავლებელს საშუალებას მისცემს, მოახდინოს შესასწავლი თემის პრაქტიკული გამოყენების ილუსტრირება, ხოლო მოსწავლეებს – უფრო შეგნებულად/გააზრებულად აღიქვან ბიოლოგიის თეორია. რეფლექსიის ეტაპზე კი ამოცანები იმის გამოვლენაში დაგვეხმარება, როგორ გაიგეს და აითვისეს მოსწავლეებმა ახალი მასალა. შინ ამოცანების ამოხსნა მოზარდს დამოუკიდებელ მუშაობას აჩვევს.

განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამოცანების ამოხსნას სასწავლო მასალის გამეორებისა და განზოგადების, შეჯამების დროს.

ამოცანების ტიპები უჯრედის ბიოქიმიაში

ამოცანები, რომლებიც უჯრედის ბიოქიმიას ეხება, შეიძლება დავყოთ ხუთ ძირითად ტიპად. პირველი ტიპი დაკავშირებულია დნმ-ს აგებულებასა და თვისებებთან. მეორე ტიპისაა ამოცანები, რომლებიც მოითხოვს ცოდნას მატრიცული სინთეზის რეაქციების შესახებ. მესამე ტიპი ეფუძნება ცოდნას მიტოზისა და მეიოზის პროცესებში უჯრედის გენეტიკური ნაკრების ცვლილების შესახებ. მეოთხე ტიპი ფოტოსინთეზის შესახებცოდნასმოითხოვს, მეხუთე კი – ეუკარიოტულ უჯრედებში მიმდინარე დისიმილაციის პროცესის შესახებ ცოდნას.

გთავაზობთ ხუთივე ტიპის ამოცანების მაგალითებს და მათ ამოხსნას. პირველ სტატიაში განვიხილავთ ამოცანების პირველ ორ ტიპს, ხოლო მომდევნოში – დანარჩენ სამს.

დანართში მოცემულია გენეტიკური კოდის ცხრილი, რომელიც საჭიროა ამოცანების ამოსახსნელად.

პირველი ტიპის ამოცანები აფასებს მოსწავლეების ცოდნას დნმ-ს აგებულებისა და თვისებების შესახებ, დნმ-ს მოლეკულის მოდელის შექმნისა და გამოყენების უნარებს.

ძირითადი ინფორმაცია:

◦ დნმ-ს მოლეკულაში 4 სახეობის ნუკლეოტიდია: ა(ადენინი), თ(თიმინი), გ(გუანინი) და ც(ციტოზინი).

◦ 1953 წელს უოტსონმა და კრიკმა აღმოაჩინეს, რომ დნმ-ს მოლეკულა ორი სპირალური ჯაჭვისგან შედგება.

ჯაჭვები ერთმანეთის კომპლემენტარულია: ერთ ჯაჭვში არსებული ადენინის პირდაპირ მეორე ჯაჭვში ყოველთვის თიმინია და პირიქით (ა-თ და თ-ა); ერთ ჯაჭვში არსებული ციტოზინის პირდაპირ მეორე ჯაჭვში ყოველთვის გუანინია და პირიქით (ც-გ და გ-ც).

◦ დნმ-ში ადენინის რაოდენობა თიმინისას უდრის, ხოლო ციტოზინის რაოდენობა -გუანინისას(ა=თ და გ=ც); ადენინისა და გუანინის რაოდენობა ციტოზინისა და თიმინის რაოდენობის ტოლია (ა+გ = ც+თ) (ჩარგაფის წესი).

  1. ცნობილია დნმ-ს შემადგენლობაში ერთ-ერთი ნუკლეოტიდის რაოდენობა და %-ული შემცველობა. უნდა განისაზღვროს სხვა ნუკლეოტიდების რაოდენობა და %-ული შემცველობა.

ამოცანა 1: დნმ-ს მოლეკულის ფრაგმენტი შეიცავს 560 ნუკლეოტიდ თიმინიანს(თ), რაც ნუკლეოტიდების საერთო რაოდენობის 28%-ს შეადგენს. განსაზღვრეთ დნმ-ს მოცემულ ფრაგმენტში თითოეული დანარჩენი ნუკლეოტიდის რაოდენობა და %-ული შემცველობა.

ამოხსნა: დნმ-ს მოლეკულაში ადენინის რაოდენობა ყოველთვის თიმინის რაოდენობის ტოლია. შესაბამისად, დნმ-ს ამ ფრაგმენტში ადენინის რაოდენობაც 560-ია და მისი შემცველობაა 28%. ა-სა და თ-ს საერთო რაოდენობაა 1120, რაც 56%-ს შეადგენს. გ+ც პროცენტული შემცველობაა 100% – 56% = 44%. გ+ც რაოდენობა აღვნიშნოთ X-ით და შევადგინოთ პროპორცია: X=(1120 X 44)/ 56=880. აქედან გამომდინარე, გ=440, ც=440.

ამოცანა 2: დნმ-ს მოლეკულა შეიცავს 17% ადენინს. განსაზღვრეთ ამ მოლეკულაში სხვა ნუკლეოტიდების %-ული შემცველობა.

ამოხსნა: ადენინის რაოდენობა თიმინის რაოდენობის ტოლია, შესაბამისად, ამ მოლეკულაში თიმინის შემცველობაც 17%-ია. გუანინისა და ციტოზინის წილად მოდის 100% – 17% – 17% = 66%. რადგან ციტოზინისა და გუანინის რაოდენობა ერთმანეთის ტოლია, ც=გ=66%/2=33%.

  1. ცნობილია დნმ-ს მოლეკულაში ნუკლეოტიდების რაოდენობა და უნდა განისაზღვროს დნმ-ს ჯაჭვის სიგრძე.

ამოცანა: დნმ-ს ფრაგმენტში ნუკლეოტიდების რაოდენობაა 2000. განსაზღვრეთ დნმ-ს მოცემული ფრაგმენტის სიგრძე.

ამოხსნა: მოცემულ ფრაგმენტში 2000 ნუკლეოტიდია, ე.ი. 1000 ნუკლეოტიდური წყვილი. ნუკლეოტიდების ერთი კომპლემენტარული წყვილის სიგრძეა 0,34 ნმ, ამიტომ დნმ-ს მოცემული ფრაგმენტის სიგრძე იქნება: 1000 X 0,34ნმ = 340ნმ.

III. ცნობილია დნმ-ს მოლეკულის შეფარდებითი მასა და ერთი ნუკლეოტიდის მოლეკულური მასა. უნდა განისაზღვროს დნმ-ს ამ მოლეკულაში ნუკლეოტიდების რაოდენობა.

ამოცანა: დნმ-ს მოლეკულის შეფარდებითი მასაა 69000, ერთი ნუკლეოტიდის მოლეკულური მასა კი – 345. განსაზღვრეთ ნუკლეოტიდების რაოდენობა დნმ-ს მოლეკულაში.

ამოხსნა: რადგან ერთი ნუკლეოტიდის მოლეკულური მასაა 345, დნმ-ს მოლეკულაში ნუკლეოტიდების რაოდენობა იქნება: 69000/345= 200.

  1. ცნობილია დნმ-ს მოლეკულის შეფარდებითი მასა და ერთი კონკრეტული ნუკლეოტიდის შეფარდებითი მასა. უნდა განისაზღვროს დნმ-ს ამ მოლეკულაში თითოეული ნუკლეოტიდის რაოდენობა.

ამოცანა: დნმ-ს მოლეკულაში, რომლის შეფარდებითი მასაა 69000, ნუკლეოტიდ ა-ს წილად მოდის 8625. განსაზღვრეთ თითოეული სახის ნუკლეოტიდის რაოდენობა, თუ ერთი ნუკლეოტიდის მოლეკულური მასა 345-ია.

ამოხსნა: ნუკლეოტიდების საერთო რაოდენობაა 69000 / 345 = 200. ნუკლეოტიდ ა-ს რაოდენობაა 8625 /345 = 25. ვინაიდან ა=თ, ნუკლეოტიდ თ-ს რაოდენობაც 25 იქნება. გ-სა და ც-ს რაოდენობა იქნება 200 – 50 = 150, ვინაიდან გ=ც, თითოეულის რაოდენობა იქნება 150/2=75.

  1. ცნობილია დნმ-ში რომელიმე არაკომპლემენტარული ნუკლეტიდების რაოდენობა. უნდა განისაზღვროს დნმ-ს რეპლიკაციისთვის საჭირო თავისუფალი ნუკლეოტიდების რაოდენობა.

ამოცანა: დნმ-ს მოლეკულაში ადენინის რაოდენობაა 560, გუანინისა – 440. განსაზღვრეთ დნმ-ს რეპლიკაციისთვის საჭირო თავისუფალი ნუკლეოტიდების რაოდენობა.

ამოხსნა: ვინაიდან ადენინის რაოდენობა უდრის 560–ს, თიმინიც 560 იქნება; ასევე, ვინაიდან გუანინის რაოდენობა 440–ის ტოლია, ციტოზინიც ამდენივე იქნება. დნმ-ს მოლეკულაში ნუკლეოტიდების საერთო რაოდენობა იქნება 560 + 560 +440 + 440 = 2000.

დნმ-ს რეპლიკაცია ნიშნავს დნმ-ს გაორმაგებას, ანუ დნმ-ს ორი იდენტური მოლეკულის მიღებას. დნმ-ს ყოველ ახალ მოლეკულაში ერთი ჯაჭვი საწყისი მოლეკულისაა – დედისეულია, ხოლო მეორე – ახლად სინთეზირებული, შვილეული. ამრიგად, ამ მოლეკულის რეპლიკაციისთვის საჭირო იქნება 2000 თავისუფალი ნუკლეოტიდი.

  1. ცნობილია დნმ-ს საწყისი მოლეკულის მასა, უნდა განისაზღვროს რეპლიკაციის პროდუქტის მასა.

ამოცანა: დნმ-ს მაკრომოლეკულას რეპლიკაციამდე აქვს 10 მგ მასა და მისი ორივე ჯაჭვი შეიცავს ფოსფორის ნიშნულ ატომებს. განსაზღვრეთ:

ა) როგორი მასა ექნება რეპლიკაციის პროდუქტს და რატომ?

ბ) დნმ-ს შვილეული მოლეკულების რამდენ და რომელ ჯაჭვებში არ იქნება ფოსფორის ნიშნული ატომები და რატომ?

ამოხსნა:

ა) რეპლიკაციის პროდუქტის მასა იქნება 20მგ, რადგან რეპლიკაციის შედეგად მიიღება დნმ-ს ორი იდენტური შვილეული მოლეკულა.

ბ) ფოსფორის ნიშნული ატომები არ იქნება ორ ჯაჭვში – თითოეული მოლეკულის შვილეულ ჯაჭვში, რადგან დნმ-ს ყოველ ახალ მოლეკულაში ერთი ჯაჭვი საწყისი მოლეკულისაა – დედისეულია, ხოლო მეორე – თავისუფალი ნუკლეოტიდებისგან ახლად სინთეზირებული.

VII. ცნობილია დნმ-ს ფრაგმენტის სიგრძე და უნდა განისაზღვროს ამ ფრაგმენტში ნუკლეოტიდების რაოდენობა.

ამოცანა: დნმ-ს ფრაგმენტის სიგრძე 680 ნმ-ია. განსაზღვრეთ ნუკლეოტიდების რაოდენობა მოცემულ ფრაგმენტში.

ამოხსნა: ცნობილია, რომ დნმ-ში ერთი წყვილი ნუკლეოტიდების სიგრძეა 0,34 ნმ. აქედან გამომდინარე, მოცემულ ფრაგმენტში ნუკლეოტიდების რაოდენობა იქნება 680/0,34=2000.

VIII. მოცემულია დნმ-ს ფრაგმენტის ნუკლეოტიდური შემადგენლობა, უნდა განისაზღვროს თითოეული ნუკლეოტიდის %-ული შემცველობა.

ამოცანა: დნმ-ს ერთ-ერთი ჯაჭვის ფრაგმენტის ნუკლეოტიდური შემადგენლობა ასეთია: ცთათაგთააცაგათგგცათგ. განსაზღვრეთ დნმ-ს ამ ფრაგმენტის ორივე ჯაჭვში თითოეული ნუკლეოტიდის %-ული შემცველობა.

ამოხსნა: ამ ფრაგმენტში ნუკლეოტიდების საერთო რაოდენობაა 20, ე.ი. ორივე ჯაჭვში არის 40. ვიცით, რომ დნმ-ში ყოველთვის ა=თ და გ=ც. დავითვალოთ მოცემულ ფრაგმენტში თ-სა და ა-ს რაოდენობა. იგივე რაოდენობა იქნება მეორე ჯაჭვში – თ+ა =5 +7 = 12; ანუ ორივე ჯაჭვში ა+თ=12+12 =24 . იმისთვის, რომ განვსაზღვროთ ა+თ-ს პროცენტული შემცველობა, შევადგინოთ პროპორცია: თუ 40 ნუკლეოტიდი შეადგენს 100%-ს, მაშინ 24 ნუკლეოტიდი შეადგენს X%-ს. X= 24 X 100/40 = 60%. ა=თ=60%/2=30%. გ+ც %-ული შემცველობა იქნება 100% – 60% = 40%. გ=ც=40% / 2=20%.

მეორე ტიპის ამოცანები მოითხოვს ცოდნას ცილების აგებულების, გენეტიკური კოდის, მატრიცული სინთეზის რეაქციების -ტრანსკრიფციისა და ტრანსლაციის შესახებ, აგრეთვე – გენეტიკური კოდის ცხრილზე მუშაობის, უჯრედში მიმდინარე მატრიცული სინთეზის რეაქციების სადემონსტრაციოდ მარტივი მოდელების შექმნისა და გამოყენების უნარებს.

ძირითადი ინფორმაცია:

◦ ცილის სინთეზისთვის აუცილებელი ამინმჟავები რიბოსომაში მიაქვს ტ-რნმ-ს.

◦ ტ-რნმ-ს ყოველი მოლეკულა გადაიტანს მხოლოდ ერთ ამინმჟავას.

◦ ინფორმაცია ცილის მოლეკულის პირველადი სტრუქტურის შესახებ დაშიფრულია დნმ-ს მოლეკულაში.

◦ ყოველი ამინმჟავა დაშიფრულია სამი ნუკლეოტიდის თანმიმდევრობით. ნუკლეოტიდების ამ თანმიმდევრობას ტრიპლეტი ანუ კოდონი ეწოდება.

◦ ტრანსკრიფცია არის დნმ-ს მატრიცაზე ი-რნმ-ს სინთეზის პროცესი.

◦ ტრანსკრიფცია ხორციელდება კომპლემენტარობის პრინციპით.

◦ რნმ-ს შემადგენლობაში თიმინის ნაცვლად შედის ურაცილი.

◦ ანტიკოდონი არის სამი ნუკლეოტიდის თანმიმდევრობა ტ-რნმ-ში, რომელიც ი-რნმ-ს კოდონის ნუკლეოტიდების კომპლემენტარულია.

◦ დნმ-ს აქტიური ჯაჭვი არის გენის ის ჯაჭვი, რომელზედაც ხდება ტრანსკრიპცია.

◦ ტ-რნმ-სა და ი-რნმ-ს ნუკლეოტიდები ერთნაირია(ა, უ, გ, ც).

◦ ანტიკოდონი განსაზღვრავს, რომელ ამინჟავას დაიკავშირებს კონკრეტული ტ-რნმ.

◦ ტრანსლაცია ცილის ბიოსინთეზის პროცესია.

◦ ტრანსლაცია მიმდინარეობს რიბოსომის ფუნქციურ ცენტრში, რომელშიც არის ი-რნმ-ს ორი ტრიპლეტი, ანუ 6 ნუკლეოტიდი.

◦ რიბოსომას არ ახასიათებს სპეციფიკურობა, ანუ შეუძლია „მუშაობა” ნებისმიერ ი-რნმ-ზე.

  1. ცნობილია დნმ-ს ერთ-ერთი ჯაჭვის ფრაგმენტის ნუკლეოტიდური შედგენილობა. მის მიხედვით უნდა აიგოს ი-რნმ და განისაზღვროს შესაბამისი ცილის ამინმჟავური თანმიმდევრობა.

ამოცანა: დნმ-ს ერთ-ერთი ჯაჭვის ფრაგმენტს აქვს ასეთი შემადგენლობა: ააგგცთაცგთთგ. ამ ფრაგმენტის მიხედვით ააგეთ ი-რნმ და განსაზღვრეთ ამინმჟავების თანმიმდევრობა შესაბამისი ცილის ფრაგმენტში.

ამოხსნა: კომპლემენტარობის პრინციპით ავაგოთ ი-რნმ-ს ფრაგმენტი და დავყოთ იგი ტრიპლეტებად: უუც – ცგა – უგც – ააუ. გენეტიკური კოდის ცხრილის მიხედვით განვსაზღვრავთ ამინმჟავების თანმიმდევრობას: ფენ – არგ – ცის – ასპ.

  1. ცნობილია პოლიპეპტიდში ამინმჟავების თანმიმდევრობა. უნდა განისაზღვროს დნმ-ს შესაბამისს უბანში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა.

ამოცანა:პოლიპეპტიდური ჯაჭვის უბანს აქვს ასეთი აგებულება: ალანინი-ლიზინი-ვალინი-სერინი. განსაზღვრეთ დნმ-ს შესაბამის უბანში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა.

ამოხსნა:გენეტიკური კოდის ცხრილის დახმარებით თავდაპირველად განვსაზღვროთ ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა ი-რნმ-ში (ზოგიერთ ამინმჟავას შეესაბამება რამდენიმე ტრიპლეტი. ამოცანის ამოხსნისას, როგორც წესი, მიეთითება პირველი ტრიპლეტი): გცუ-ააა-გუუ-უცუ. დნმ-ს შესაბამისს უბანში ნუკლეოტიდების თანმიმდევრობა იქნება ი-რნმ-ს კომპლემენტარული: ცგა-თთთ-ცაა-აგა.

III. ცნობილია ცილის მოლეკულაში ამინმჟავების რაოდენობა, უნდა განისაზღვროს ნუკლეოტიდების რაოდენობა გენში ან გენის შესაბამისს ჯაჭვში.

ამოცანა: განსაზღვრეთ, რამდენი ნუკლეოტიდი შედის გენის შემადგენლობაში (დნმ-ს ორივე ჯაჭვი), რომელიც შეიცავს ინფორმაციას ინსულინის შესახებ, რომელიც 51 ამინმჟავას ნაშთისგან შედგება.

ამოხსნა: ერთ ამინმჟავას აკოდირებს ნუკლეოტიდების სამეული – ტრიპლეტი. დნმ-ს ჯაჭვის უბანი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას 51 ამინმჟავიანი ცილის შესახებ, შედგება 51X 3=153 ნუკლეოტიდისგან. ვინაიდან გენში შედის ორი ჯაჭვი, მასში ნუკლეოტიდების რაოდენობა იქნება 2 X 153=306.

  1. მოცემულია ცილაში ამინმჟავების რაოდენობა და უნდა განისაზღვროს გენის სიგრძე.

ამოცანა: ცილის შემადგენლობაში შედის 400 ამინმჟავა. განსაზღვრეთ გენის სიგრძე, რომელიც მას აკოდირებს.

ამოხსნა:შესაბამისი გენის ერთი ჯაჭვი შედგება 400X 3=1200 ნუკლეოტიდისგან, ხოლო გენი – 1200 წყვილი ნუკლეოტიდისაგან. ერთი წყვილი ნუკლეოტიდის სიგრძე 0,34 ნმ-ია, აქედან გამომდინარე, მოცემული გენის სიგრძეა 1200 X 0,34 ნმ = 408 ნმ.

  1. მოცემულია დნმ-ს უბანში ტრიპლეტების თანმიმდევრობა, უნდა განისაზღვროს შესაბამისი ცილის ამინმჟავური შემადგენლობა და თანმიმდევრობა.

ამოცანა: დნმ-ს მოლეკულის უბანს აქვს შემდეგი აღნაგობა: აცც-ათა-გთც-ცაც-გგა. განსაზღვრეთ ამინმჟავების თანმიმდევრობა პოლიპეპტიდურ ჯაჭვში.

ამოხსნა: თავდაპირველად განვსაზღვროთ ი-რნმ-ს სტრუქტურა: უგგ-უაუ-ცაგ-გუგ-ცცუ. გენეტიკური კოდის ცხრილის დახმარებით დავადგენთ შესაბამისი პოლიპეპტიდური ჯაჭვის აგებულებას: ტრიფტოფანი-თიროზინი-გლუტამინი-ვალინი-პროლინი.

  1. მოცემულია ტრანსლაციაში მონაწილე ტ-რნმ-ების რაოდენობა. უნდა განისაზღვროს ამინმჟავების, ი-რნმ-ის ტრიპლეტებისა და ნუკლეოტიდების რაოდენობა.

ამოცანა: ტრანსლაციაში მონაწილეობდა ტ-რნმ-ს 30 მოლეკულა. განსაზღვრეთ ამინმჟავების რაოდენობა, რომელიც შედის სინთეზირებული ცილის მოლეკულაში, ასევე – ტრიპლეტებისა და ნუკლეოტიდების რაოდენობა ი-რნმ-სა და გენში, რომელიც ამ ცილას აკოდირებს.

ამოხსნა: თუ ცილის სინთეზში მონაწილეობდა 30 ტ-რნმ, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაუტანიათ 30 ამინმჟავა და, შესაბამისად, სინთეზირებული ცილა 30 ამინმჟავასგან შედგება. რამდენადაც ერთი ამინმჟავა ერთი ტრიპლეტით კოდირდება, ამ ცილას აკოდირებს 30 ტრიპლეტი. ვიცით, რომ ტრიპლეტი 3 ნუკლეოტიდისგან შედგება, ამიტომ ნუკლეოტიდების რაოდენობა ი-რნმ-ში იქნება: 30 X 3=90. რადგან გენი შედგება 2 ჯაჭვისგან, გენში ნუკლეოტიდების რაოდენობა იქნება: 90 X2 = 180.

VII. მოცემულია ი-რნმ-ს ფრაგმენტის აგებულება. უნდა განისაზღვროს ტ-რნმ-ს ანტიკოდონები და ამინმჟავების თანმიმდევრობა.

ამოცანა: ი-რნმ-ს ფრაგმენტს ასეთი აგებულება აქვს: გაუგაგუაცუუცააა. განსაზღვრეთ ტ-რნმ-ის ანტიკოდონები და ამინმჟავების თანმიმდევრობა, რომელიც ამ ფრაგმენტშია კოდირებული. ასევე დაწერეთ დნმ-ს მოლეკულის ფრაგმენტი, რომელზედაც დასინთეზდა ეს ი-რნმ.

ამოხსნა: ი-რნმ დავანაწილოთ ტრიპლეტებად გაუ – გაგ – უაც – უუც – ააა და გენეტიკური ცხრილის გამოყენებით განვსაზღვროთ ამინმჟავების თანმიმდევრობა: ასპ – გლუ – თირ – ფენ – ლიზ. მოცემული ფრაგმენტი შეიცავს 5 ტრიპლეტს, ამიტომ სინთეზში მონაწილეობს ტ-რნმ-ს 5 მოლეკულა. მათი ანტიკოდონები კოდონების კომპლემენტარულია: ცუა, ცუც, აუგ, ააგ, უუუ. ასევე, ი-რნმ-ს მიხედვით კომპლემენტარობის პრინციპით განვსაზღვრავთ დნმ-ს ფრაგმენტს: ცთაცთცათგააგთთთ.

VIII. ცნობილია დნმ-ს ფრაგმენტის ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა. უნდა განისაზღვროს ანტიკოდონების ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა და მათ მიერ დაკავშირებული ამინმჟავები.

ამოცანა: დნმ-ს ფრაგმენტს აქვს ნუკლეოტიდების შემდეგი თანმიმდევრობა: თთაგცცგათცცგ. განსაზღვრეთ ანტიკოდონების ნუკლეოტიდური თანმიმდევრობა (თუ არ გავითვალისწინებთ ანტიკოდონისა და კოდონის შეწყვილების ე.წ. „ქანაობის” წესს: ზოგიერთი ტ-რნმ-ს ანტიკოდონს ერთზე მეტი სახეობის კოდონთან დაკავშირება შეუძლია) და ამინმჟავები, რომელთაც ეს ტ-რნმ-ები გადაიტანენ.

ამოხსნა:განვსაზღვროთ ი-რნმ-ს ნუკლეოტიდური შემადგენლობა და დავყოთ ტრიპლეტებად: ააუ – ცგგ – ცუა – გგც. შესაბამისად, ანტიკოდონები იქნება: უუა, გცც, გაუ, ცცგ. გენეტიკური კოდის მიხედვით განვსაზღვროთ კოდონების შესაბამისი ამინმჟავები. შესაბამისად, ამ ამინმჟავებს გადაიტანს ტ-რნმ: ასპარაგინი, არგინინი, ლეიცინი, გლიცინი.

IX.მოცემულია ცილის მოლეკულური მასა. უნდა განისაზღვროს ნუკლეოტიდების რაოდენობა ამ ცილის მაკოდირებელ გენში.

ამოცანა: ადამიანის სისხლის შრატის ალბუმინის მოლეკულის შეფარდებითი მასაა 68400. ერთი ამინმჟავას მოლეკულური მასაა 100. განსაზღვრეთ:

ა) ნუკლეოტიდების რაოდენობა ამ ცილის მაკოდირებელი გენის აქტიურ ჯაჭვში;

ბ) შესაბამისი გენის სიგრძე.

ამოხსნა: თავდაპირველად განვსაზღვროთ ამ ცილაში ამინმჟავების რაოდენობა: 68400/100=684. ვიცით, რომ ერთ ამინმჟავას აკოდირებს სამი ნუკლეოტიდის თანმიმდევრობა, შესაბამისად, დნმ-ს აქტიურ ჯაჭვში ნუკლეოტიდების რაოდენობა იქნება: 684 X 3 = 2052. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი გენი შედგება 2052 წყვილი ნუკლეოტიდისგან. ვინაიდან ერთი წყვილი ნუკლეოტიდის სიგრძეა 0,34 ნმ, ამ გენის სიგრძე იქნება: 2052 X 0,34 ნმ = 697,68ნმ.

  1. ცნობილია ანტიკოდონები და უნდა განისაზღვროს შესაბამისი ამინმჟავები.

ამოცანა: ცილის ხელოვნური სინთეზისთვის სისტემაში შეიტანეს ტ-რნმ-ები, რომლებიც შეიცავს ასეთ ანტიკოდონებს: ცგა, უუა, აცა, ცცა. განსაზღვრეთ, რომელ ამინმჟავებს მიიერთებენ ეს ტ-რნმ-ები.

ამოხსნა: ვიცით, რომ ანტიკოდონი კოდონის (ი-რნმ-ს ტრიპლეტის) კომპლემენტარულია. შესაბამისად, კოდონების ნუკლეოტიდური შემადგენლობა ასეთი იქნება: გცუ, ააუ, უგუ, გგუ. გენეტიკური კოდის ცხრილის დახმარებით განვსაზღვრავთ კოდონების შესაბამისს ამინმჟავებს და სწორედ ამ ამინმჟავებს დაიკავშირებს ტ-რნმ-ები: ალანინი, ასპარაგინი, ცისტეინი, გლიცინი.

  1. მოცემულია გენის აქტიური ჯაჭვის მოლეკულური მასა. უნდა განისაზღვროს მონომერების რიცხვი შესაბამის ცილაში.

ამოცანა: დნმ-ს უბნის ერთ-ერთი ჯაჭვის მოლეკულური მასაა 72450. განსაზღვრეთ ცილაში მონომერების რიცხვი, რომელიც კოდირებულია დნმ-ს ამ უბანში, თუ ერთი ნუკლეოტიდის მოლეკულური მასაა 345.

ამოხსნა: თავდაპირველად განვსაზღვროთ დნმ-ს ამ უბანში ნუკლეოტიდების რაოდენობა: 72450/345=210. ვიცით, რომ ერთ ამინმჟავას აკოდირებს სამი ნუკლეოტიდი, ამიტომ ცილაში მონომერების რიცხვი იქნება: 210/3=70

XII. მოცემულია ცილის მოლეკულური მასა. უნდა განისაზღვროს შესაბამისი გენის მოლეკულური მასა.

ამოცანა: ცილის მოლეკულური მასაა 9000. განსაზღვრეთ გენის მოლეკულური მასა, თუ ცნობილია, რომ ერთი ამინმჟავას მოლეკულური მასა 100-ია, ხოლო ერთი ნუკლეოტიდის მოლეკულური მასა – 345.

ამოხსნა: თავდაპირველად განვსაზღვროთ მოცემულ ცილაში მონომერების (ამინმჟავების) რაოდენობა: 9000/100 = 90. შემდეგ გავიგოთ დნმ-ს ამ ცილის მაკოდირებელ ჯაჭვში ნუკლეოტიდების რაოდენობა: 90 X 3 = 270. შესაბამისად, გენში ნუკლეოტიდების რაოდენობა იქნება: 270 X 2 = 540. გენის მოლეკულური მასა იქნება: 540 X 345 = 186300.

დანართი – გენეტიკური კოდის ცხრილი

danarti

აუტიზმი და საზოგადოება

0

ვერლიბრი და ვერბლანი

0

ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი სტანდარტის თანახმად, საშუალო საფეხურზე მოსწავლემ უნდა იცოდეს მხატვრული ტექსტის ანალიზისათვის აუცილებელი ლიტერატურათმცოდნეობითი ტერმინები.

 

ლიტერტურული გვარებიდან ლირიკული ჟანრის შესწავლისას ურითმო და მეტრულად მოუწესრიგებელი ლირიკული ტექსტების გაცნობისას აუცილებელია ორი სალექსო ფორმის, ვერლიბრის და ვერბლანის განსხვავებების ცოდნა, რადგან ეს ორი სახეობა ყველაზე ხშირად ერევათ ერთმანეთში. ბლოგში გთავაზობთ სამუშაოს ამ მიმართულებით.

წინაპირობა: მოსწავლეებმა იციან სალექსო საზომი, სალექსო სტრიქონის დაშლა თანაბარზომიერ ბგერით ელემენტებად, ასხვავებენ იზოსილაბურ და ჰეტეროსილაბურ საზომებს.

მათ ურიგდებათ სამუშაო ფურცელი, რომელზეც თავმოყრილია ორი სახეობის ლირიკული ტექსტები – თეთრი და თავისუფალი ლექსების ნაკრები.

მითითება ასეთია: დათვალეთ სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობა. საზომი მიუწერეთ ლექსებს გვერდით. რიტმულად მოწესრიგებული ლექსები შემოხაზეთ. ( ანუ ლექსები, რომლებშიც მარცვალთა რაოდენობა სტრიქონებში თანაბარია).

სანიმუშოდ გთავაზობთ რამდენიმე ლექსს:

დავბერდი, ბედს ვერ მოვესწარ,

დაემხო ჩემი სამშობლო,

გულს მიკლავს უიმედობა,

საფლავს ჩავდივარ სიმწარით…

(გრიგოლ ორბელიანი)

სული იზრდება სიმარტოვეში.

მე მესმის, როგორ იზრდება იგი

და ვხედავ, როგორ იკეთებს ყვავილს

და როგორ მიაქვს მზისკენ ყვავილი,

გაქვავებული კოცონის მსგავსი

(ოთარ ჭილაძე)

რა შეუძლია მაწანწალა ძაღლს?

ის ლოკავს ხელებს, რომლებიც კლავენ

და მე არ მინდა, რომ ჩემი შვილი,

დღიდან დღემდე ხედავდეს ამას.

რადგან ძაღლი თუ შეეცოდა,

მერე კაციც შეეცოდება

ძაღლს პირველი ქვა თავში მოხვდა,

შინდის ტოტივით აყვავდა სისხლი

(ლია სტურუა)

ეს ყველაფერი უბრალოდ მიდებ-მოდებაა,

ღობე-ყორე, აბდა-უბდა.

მთელი ქალაქის მაღაზიებს

ერთი შარვლის საყიდლად რომ მოივლისიდა საღამოს გაგეცინება,

იქნებ ეს შენი ბოლო დღე იყო

რაში დახარჯე.

როგორ გიყვარვარ, უფალო,

როგორ მიჭირს შენი სიყვარული გადატანა.

ყველა ძონძი, ყველა კრემიანი ნამცხვარი შენს თავს მირჩევნია;

შვილი არა მყავს, თორემ ვიღას გაახსენდებოდი.

როგორ დაგემდუროთ, ვინც თავიდან მიშორებდით,

ვინც თქვენს ძონძს და თქვენ წილ ლუკმას ჩააჩერდით, ვინც ღმერთს ისე გადამაბარეთ,

ჩემთვის ერთხელ არ გილოციათ.

მეც თქვენსავით ვარ.

როცა ღმერთს კლავდნენ,

არც გოლგოთაზე ვტიროდი

და არც ბრბოდან მიყვირია, ჯვარს აცვით-მეთქი.

სახლში ვიყავი, ან ბაზარში, ან ზეთისხილის ხეებს ვუვლიდი,

როცა ღმერთს კლავდნენ, მე ეს სულაც არ გამიგია.

(თეა თოფურია)

ეგრე სადაა:

რაც გარეთაა, ყველაფერი სიმართლე იყოს,

და რაც ჩემში – თითქმის არასდროს.

შევინიღბე.

არ იყო სხვა გზა.

ჩემ თავს შიგნიდან ვეღარ ვცნობდი,

სხვები – გარედან.

სიმართლე თითქოს გათანაბრდა.

საწყენია, ლექსები გაქრნენ

(ზვიად რატიანი)

ეს ჩვენ დავღუპეთ საქართველო ჩვენი გულწრფელი

და საზეპირო სიყვარულით. როგორ ვუმზერდით,

როგორი რწმენით, რამდენიმე წამებულ შეშლილს,

რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები,

ხოლო წვერებით – თითო წყვილი ელვარე ეშვი.

ისინი მოკვდნენ. საზეიმოდ. თითქმის ელოდნენ

და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი___

უცებ იფეთქეს და აალდნენ, ჩვენ კი ვმღეროდით.

ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ.

(ზვიად რატიანი)

მოსწავლეებს ამ სამუშაოს შესასრულებლად 15-20 წუთი მაინც დასჭირდებათ. დამოუკიდებელი სამუშაოს დასრულების შემდეგ თითოეულ ლექსში დათვლილი იქნება სტრიქონებში მარცვლების რაოდენობა, საზომი მიწერილი იქნება სტრიქონების გასწვრივ. ის ლექსები, რომლებშიც თანაბარზომიერი საზომია გამოყენებული – შემოხაზულია. გამოდის, მათ წინ უკვე დაჯგუფებულია მეტრულად მოწესრიგებული და მეტრულად მოუწესრიგებელი ლექსები. ახლა გვრჩება მხოლოდ საერთო კანონზომიერების აღმოჩენა და სამუშაო რვეულში წესის სახით ჩანიშვნა.

შეჯამება:

ლექსი, ზოგადად, რიტმული და/ან ინტონაციური თვალსაზრისით მოწესრიგებული პოეტური ფორმაა, რომელიც ემყარება განსაზღვრულ ლექსწყობის კანონს. ფორმისა და შინაარსის მხრივ ის არსებითად განსხვავდება პროზაული ტექსტისგან ( ამაზე წინა ბლოგში გვქონდა დეტალურად საუბარი), ლექსწყობის თითქმის ყველა არსებული სისტემა ლექსში გამოყოფს სტროფს, ტაეპს, სალექსო სტრიქონს.

არსებობს სალექსო ფორმები, რომლებიც განსხვავდება კლასიკური, კონვენციური ლექსისგან და ესენია:ვერლიბრი ( თავისუფალი ლექსი) და ვერბლანი ( თეთრი ლექსი).

ამათგანვერლიბრი მეტრულად მოუწესრიგებელი ლექსია. სალექსო სტრიქონი შენარჩუნებულია, თუმცა სტრიქონებში მარცვალთა რაოდენობა არათანაბარია. თავისუფალია აგრეთვე ტაეპების შეწყობა და სტროფული კომპოზიცია( მაგრამ აუცილებელი პირობაა ტაეპთა სალექსო სტრიქონებად განლაგება და რიტმულ-ინტონაციური შეწყობა). ვერლიბრში რითმა, ისევე, როგორც ვერბლანში, არ გვხვდება.

საგანგებოდ უნდა შევჩერდეთ რიტმულ-ინტონაციური შეწყობის ელემენტზეც.

აკაკი გაწერელია ძალიან კარგად ხსნის ვერლიბრის ამ თვისებურებას: „ თავისუფალი ლექსის თავისებურება ისაა, რომ მისი უხმოდ კითხვისას თუ ზეპირი წარმოთქმის დროს საზომი მკაფიოდ არ ვლინდება სისტემის სახით, თავისუფალ ლექსში იგი მონაწილეობს პოტენციურად და მეტწილად აუნაზღაურებელი მოლოდინის სახით” ( აკაკი გაწერელია, რჩეული ნაწერები, ტ მე-3, თბ. 1981);

ვერბლანი კი, როგორც აქ წარმოდგენილი ნიმუშებიც ცხდყოფს, ასევე ურითმო ლექსია, თუმცა, ვერლიბრისგან განსხვავებით, მეტრულად, რიტმულად მოწესრიგებულია. (მაგალითად, გრიგოლ ორბელიანის წარმოდგენილ სტროფში ყველა სალექსო სტრიქონში საზომი თანაბარია);

პრაქტიკული გაკვეთილი – სასწავლო რესურსების გამოყენებით სწავლება

0
სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება. საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება კი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ მიმართულებით (ეროვნულ სასწავლო გეგმაში არის ასეთი თავი – საგანმანათლებლო რესურსები. ამონაწერი ეროვნული სასწავლო გეგმიდან: თავი II. საგანმანათლებლო რესურსები, მუხლი 8. საგანმანათლებლო რესურსების მართვა 1. სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება როგორც მასწავლებლებისათვის, ასევე მოსწავლეებისათვის).

სასწავლო პროცესი უნდა შეესაბამებოდეს ეროვნულ სასწავლო გეგმას. ამავე დროს უნდა იყოს საინტერესო, სახალისო, აქტიური და მრავალფეროვანი. მასწავლებელს სჭირდება ისეთი სასწავლო რესურსი, რომელიც მოსწავლეებს მისცემს მასალაში ჩაღრმავების საშუალებას.

საგანმანათლებლო რესურსი შეიძლება იყოს ყველაფერი, რაც მასწავლებელს ეფექტიანი გაკვეთილის ჩატარებაში დაეხმარება. მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს არსებული საგნობრივი სტანდარტით, პროგრამის შინაარსით და მასზე დაყრდნობით თავად უნდა მოიძიოს და მოამზადოს სასწავლო რესურსები.

რესურსების მოძიება დღეს დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს, რადგან საინფორმაციო ტექნოლოგიების საშუალებით შეიძლება მოვიძიოთ ის დამატებითი ინფორმაცია და მასალები, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას საგაკვეთილო პროცესში. ეს შეიძლება იყოს სურათები, ვიდეოები, ანიმაცია და მრავალი სხვა. ინტერნეტი დღეს უკვე ხელმისაწვდომია ყველასათვის და მოსწავლეებსაც შეუძლიათ მოიძიონ მრავალფეროვანი მასალა ამა თუ იმ საკითხზე. ამ დროს სწავლაც უფრო სახალისო ხდება, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს მოსწავლეების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას. ისტ-ის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ისეთი გაკვეთილების ჩატარებისას, როცა დიდი მნიშვნელობა აქვს დამხმარე ვიზუალურ მასალას, რათა მოსწავლეებისათვის თვალსაჩინო გავხადოთ ბიოლოგიური მოვლენა. მაგალითად: ანიმაციების ჩვენება შემდეგ თემებზე: მცენარის აღმოცენება, ფოტოტროპიზმი, დამტვერვა, განაყოფიერება, მიტოზი, მეიოზი, გულის მუშაობა, ფილტვების მუშაობა და სხვა. ანიმაცია მოსწავლეს ეხმარება პროცესის აღქმასა და მასალის გააზრებაში. ახდენს რა დაკვირვებას, აღწერას, ანალიზს. ეკოლოგიურ თემაზე შექმნილი ფილმები ეხმარება მოსწავლეს უფრო თვალნათლივ დაინახოს და განსაზღვროს პრობლემა, პრობლემის არსებობის მიზეზები, განიხილოს მოსალოდნელი შედეგები, დააკავშიროს რეალობასთან, დასახოს პრობლემის თავიდან აცილების ან გადაჭრის გზები. ეს ფილმები ხელმისაწვდომია You Tube-ზე.

გთავაზობთ სასწავლო ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით დაგეგმილ გაკვეთილს. ეს გაკვეთილი მასწავლებელმა უნდა მოამზადოს საპრეზენტაციო მასალის სახით POWER POINT-ის საშუალებით.

კლასი : მე-11
თემა : უჯრედის მიტოზური გაყოფა
მისაღწევი შედეგები სასწავლო გეგმის მიხედვით
ბიოლ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და ინდივიდური განვითარების ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

იყენებს/ადგენს სქემატურ მოდელს და მსჯელობს მიტოზის როლზე შემდგომ თაობაში კარიოტიპის მუდმივობის შენარჩუნებაში; სინათლის მიკროსკოპით (ან ელექტრონულ ფორმატში) აკვირდება უჯრედებს გაყოფის პროცესში და ამოიცნობს მიტოზის თითოეულ ფაზას;

მისაღწევი შედეგები ესგ-ის მიხედვით
ციფრული წიგნიერება – ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების გამომუშავება მოსწავლეებში.
სემიოტიკური კომპეტენცია – ვერბალური და არავერბალური საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტეპრეტირების, საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარის განვითარება; ინფორმაციის ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარის განვითარება.

ელექტრონული სასწავლო რესურსის შექმნის მიზანი მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე:

ა) მოსწავლეებს ხშირად ეშლებათ მიტოზის ფაზების თანმიმდევრობა, უჭირთ ერთმანეთისგან გამოყონ ცალკეულ ფაზაში მიმდინარე პროცესები.
ბ) მოსწავლეები მიტოზს აღიქვამენ როგორც განყენებულ პროცესს და არა როგორც უჯრედის სასიცოცხლო ციკლის ნაწილს.
გ) პრობლემურია მოსწავლისათვის ქრომოსომების ქცევის ერთმანეთისაგან განსხვავება მიტოზისა და მეიოზის დროს.
ამიტომ საჭიროა დამატებითი აქტივობების დაგეგმვა ამ საკითხების შესწავლისას.
მოსწავლეებს საშუალება აქვთ ნახონ ანიმაციები გაკვეთილზეც და სახლშიც.
გაკვეთილის მინიგეგმა
#1 აქტივობა – გაკვეთილის მიზნების გაცნობა
შედეგი – გაიაზრებენ რა აქვთ გასაკეთებელი და განეწყობიან ჩაერთონ საგაკვეთილო პროცესში

#2 აქტივობა (კითხვა -პასუხი)

სავარაუდო კითხვები:
1. აღწერეთ უჯრედის სასიცოცხლო ციკლი.
2. გაიხსენეთ ვინ აღმოაჩინა უჯრედის გაყოფა?
3. რა არის მიტოზი?
4. დაასახელე ციფრებით აღნიშნული სტრუქტურები.

5. ჩამოთვალეთ მიტოზის ფაზები და დაახასიათეთ.

შედეგი – გაიხსენებენ და გაიაზრებენ ნასწავლს.

აქტივობა #3 (არეული თანმიმდევრობა)

მასწავლებელი – ამოიცანით მიტოზის ფაზები და დაადგინეთ პროცესების თანმიმდევრობა მიტოზის დროს.

ა) ბირთვის გარსის დაშლა;
ბ) ქრომოსომების გამსხვილება და დამოკლება;
გ) ქრომოსომების განლაგება ეკვატორულ სიბრტყეში;
დ) ციტოკინეზი
ე) ქრომოსომების მოძრაობის დაწყება ცენტრისაკენ;
ვ) ქრომატიდების დაშორება;
ზ) ბირთვის ახალი გარსების ფორმირება;

შედეგი- გაიაზრებენ ნასწავლს, განიმტკიცებენ ცოდნას.

აქტივობა #4 – ფოკუსირებული შეკითხვა

მასწავლებელი – იმსჯელეთ მიტოზის ბიოლოგიური როლის შესახებ.

შედეგი- გაიაზრებენ მიტოზური გაყოფის მნიშვნელობას.

აქტივობა #5 – დისკუსია
მასწავლებელი-იმსჯელეთ წყვილებში და წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრება ქვემოთ მოცემულ კითხვებზე:
1. დღეს გენეტიკური ანალიზი საშუალებას იძლევა ორსულობის ადრეულ პერიოდში დადგინდეს, არსებობს თუ არა რაიმე დარღვევა ნაყოფში. რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს?
2. ჩერნობილის აფეთქების შედეგად დასხივებულ ფეხმძიმეებს ხელოვნურად შეუწყვიტეს ორსულობა, რატომ წავიდნენ ექიმები ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე?
შედეგი – ისწავლიან სიტუაციის ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებას.
აქტივობა #6 ფილმის ჩვენება და პასუხი ფოკუსირებულ კითხვაზე
მასწავლებელი – ნახეთ პირველი ანიმაცია მიტოზის შესახებ. დააკვირდი და ამოიცანით ფაზები

ნახეთ მეორე ანიმაცია მიტოზის შესახებ. დააკვირდი, აღწერე მიტოზის ფაზები და ჩახატე

შედეგი – შეძლებენ ერთი სახის ინფორმაციის გადატანას მეორე სახეში

აქტივობა #7 ( მოდელის შექმნა)

მასწავლებელი – წყვილებმა გამოიყენეთ გაკვეთილზე მიღებული ცოდნა, საპრეზენტაციო მასალა (შეგიძლიათ გადაახვიოთ და დააკვირდეთ), პოსტერები მიტოზის შესახებ, ერთჯერადი თეფშები, საძერწი ან ფერადი ძაფები და დაამზადეთ მიტოზის ფაზების მოდელები;

შექმნილი მოდელები გადაეცით არეული თანმიმდევრობით დალაგებული მოდელები;
გაცვალეთ წყვილებმა და სთხოვეთ დაალაგონ თანმიმდევრობით;
შეაფასეთ ერთმანეთი;
მოაწყეთ საუკეთესო მოდელების გამოფენა კლასში.
შედეგი- შემოქმედებითად მიუდგებიან დავალებას და შექმნიან მოდელებს,
დავალება
მასწავლებელი – მოიძიეთ ანიმაციები მეიოზის შესახებ; დააკვირდი მეიოზის პროცესს;
აღმოაჩინე მსგავსება და განსხვავება მიტოზურ და მეიოზურ გაყოფას შორის, შეადგინე ვენის დიაგრამა.
გამოიყენე შემდეგი ლინკები
https://www.youtube.com/watch?v=kVMb4Js99tA
https://www.youtube.com/watch?v=4B071d9Ywbc
https://www.youtube.com/watch?v=-DLGfd-Wpr4
https://sumanasinc.com/webcontent/animations/content/meiosis.html

შედეგი – გამოიყენებენ ისტ-ს მოიძიებენ მეიოზის შესახებ ანიმაციებს, დააკვირდებიან, აღწერენ, შეადარებენ, გააკეთებენ ანალიზს

შეფასება
ა) კითხვარებით;
ბ) რუბრიკის მიხედვით.
ელექტრონული რესურსები გაკვეთილს ხდის საინტერესოს, წარმოაჩენს მასწავლებლის კომპეტენციას, მოსწავლეებს აქტიურად ჩართავს პროცესში, იძლევა ინტერაქტივის საშუალებას.
აუდიო თუ ვიდეო მასალების გამოყენება მოსწავლეს პოზიტიურად განაწყობს, უადვილებს სწავლებას და ამასთანავე უძლიერებს შინაარსისადმი ინტერესს, ამდიდრებს სასწავლო პროცესს.
თუ მასწავლებელი ხშირად მიმართავს ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებას, მოსწავლეებიც ეჩვევიან ისტ-ის გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნას. გარდა იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს ციფრული წიგნიერების უნარების განვითარებას.
სასწავლო რესურსის შექმნის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
1. დადგინოს ლოგიკური კავშირი გაკვეთილის სასწავლო მიზნებს, აქტივობებს, საგანმანათლებლო რესურსებსა და შეფასების კრიტერიუმებს შორის;
2. განსაზღვროს რამდენად უწყობს ხელს რესურსი სწავლის უნარის განვითარებას და ინტეგრირებას, მასალის სიღრმისეულ წვდომას;
3. განსაზღვროს, რა არის რესურსში ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციას;
4. რესურსი უნდა იყოს მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი (გასაგები), სანდო წყაროებიდან მოპოვებული, გარკვეულ სქემას მორგებული და თანმიმდევრული, მოქნილი და ადვილად გასაგები ინსტრუქციით აღჭურვილი.

შემაჯამებელი ტესტური დავალების ნიმუში, შეფასების რუბრიკა და შემაჯამებელი სამუშაოს ანალიზის ფორმა

0

გთავაზობთ შემაჯამებელი ტესტური დავალების ნიმუშს, რომელშიც ტესტური დავალებები არის არაერთფეროვანი (მრავალი არჩევითი პასუხით, შესაბამისობის დამყარება, ილუსტრაციებზე მოცემული ინფორმაციის ანალიზი, დავალება ღია დაბოლოებით) და აფასებს როგორც დაბალ, ისე მაღალ სააზროვნო უნარებს.

სრულად

ცეცხლოვანი ფრინველი (ნაწილი I)

0
„მუსიკა უხილავ ცეკვას ჰგავს, ცეკვა კი – მდუმარე მუსიკას”
ჰიპოდინამიით დაავადების საუკუნეში, როცა ბავშვები დროის უმეტეს ნაწილს წიგნებსა და კომპიუტერების ეკრანებთან ატარებენ, ქორეოგრაფია, როგორც ჯანმრთელობის საწინდარი, ხელოვნების შეცნობის გზით ჩვევაში გადასული ფიზიკური დატვირთვაა. გრაცია, რომელიც ბავშვის ყოველ მოძრაობაში შეიმჩნევა, უფრო და უფრო პლასტიკური, ნატიფი და კოორდინირებული ხდება. დისციპლინა კი ხასიათის ის ერთ-ერთი საუკეთესო შტრიხია, ბავშვობიდან რომ იწრთობა და ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე ესაჭიროება ადამიანს.

ცეკვა ყველაფერ საუკეთესოს ავითარებს, რაც კი ადამიანში დაბადებიდანვეა ჩადებული. ის ხელს უწყობს ბავშვში შემოქმედებითი პოტენციალის გახსნას, არტისტული ნიჭის გამოვლენას. მრავალმხრივი ესთეტიკური აღზრდა მის ცხოვრებას ყველაზე შთამბეჭდავი ემოციებით ავსებს. ერთი სიტყვით, სცენა, თვითშეფასების ამაღლებასთან ერთად მოზარდს დიდ სამყაროში ადაპტირებას საგრძნობლად უადვილებს.

ალბათ ვიცით, რომ ბალეტში სცენური ხელოვნების შინაარსი მუსიკალურ-ქორეოგრაფიულ სახეებში ხორციელდება. როგორც წესი, სიუჟეტი შესაძლებელია იყოს ლეგენდა, ზღაპარი, ლიტერატურული ნაწარმოები და პოეზიაც კი.

სიმღერა და ცეკვა ხომ მუსიკის სათავეებია; პირველი, ინტონაციას გვაძლევს, ხოლო მეორე – რიტმს. ცეკვა თავისი ბუნებით მუსიკასთან იმ თავიდანვე არსებობდა. ერთსაც და მეორესაც გამომსახველობა უდევს საფუძვლად. მუსიკა აღმოცენებულია ინტონაციურ გამომსახველობაზე, ხოლო ცეკვა მოძრაობის გამომსახველობაზე. ამიტომ ხანდახან ასეც კი გამოითქმის: „პლასტიკური ინტონაცია”.

ყოველი მუსიკოსისთვის ცნობილია, რომ განსაზღვრული მელოდიურ-ინტონაციური, ტემპო-რიტმული და აკომპანემენტურ-ფაქტურული ფორმულები დამახასიათებელია ვალსისთვის და მაზურკისთვის, ჰაბანერასა და ბოლეროსთვის, ფოქსტროტისა და ტანგოსთვის, ჩარლსტონისა და სტეპისთვის, როკენროლისთვის, ბუგი-ვუგისთვის და სხვა მუსიკალურ-საცეკვაო ჟანრებისთვის. მუსიკა განსაზღვრავს ცეკვას, მაგრამ ცეკვაც ახდენს მუსიკაზე გავლენას და მისგან ძირითადი მოძრაობების ხასიათის შესაბამის მუსიკალურ ფორმულებს მოითხოვს.
ალბათ უნდა გავამხილოთ, ბავშვობისას ზღაპარში მოხვედრაზე ყველას გვიოცნებია. ბევრჯერ მოგვჩვენებია, ჯადოსნური კარი გაიღება და საოცარი თავგადასავლების სამყაროში აღმოვჩნდებით. ეს ის ხანაა, როცა ნებისმიერი დაუჯერებელი მოვლენა ბავშვის წარმოდგენაში რეალობად შეიძლება იქცეს. ზღაპრული და რეალური სამყარო ხომ ორივე ერთნაირად აოცებს პატარას – ფრინველთა სამყარო თუ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. ზღაპარი, თავისი ფანტასტიკური ისტორიებით მათ თვალსაწიერს აფართოებს.

სამყაროს უკიდეგანო მხარეებში არის ლეგენდები საკვირველი ცხოველებისა და ფრინველების შესახებ. ისინი არავის არასდროს უნახავს, თუმცა სხვადასხვა ხალხების მიერ აღწერილი ცეცხლოვანი ფრინველი გასაკვირად ერთმანეთის მსგავსია.

ეგვიპტელებისთვის ფასკუნჯი ოსირისის სულია – ფენიქსი, იმედი გარდაცვალების გზის გადალახვისა. ეგვიპტელების გარდაცვალებულთა წიგნში წერია: „როგორც ფენიქსი გადავლახავ იმ ქვეყნიურ სამყაროს”.

ირანელებისთვის ეს საუცხოო ფრინველი სიმურგია – წინასწარმეტყველების უნარის მქონე. ამავდროულად ის გაორებული ბუნებისაა, „კეთილი” და „ბოროტი” თვისებების მატარებელი.

ებრაელები სასწაულ ფრინველს მილხამს უწოდებდნენ. გადმოცემით, აკრძალული ნაყოფის დაგემოვნება მხოლოდ ამ ფრინველმა უარყო, რისთვისაც ღმერთმა უკვდავება უბოძა.

ჩინელებისთვის ცეცხლოვანი ფენ-ხუანი წმინდა ქმნილებას, სრულყოფილებისა და სულგრძელობის სიმბოლოს წარმოადგენდა. ფრინველის თუნდაც სიზმარში ხილვა ადამიანის ცხოვრებაში შემობრუნების მომენტს ნიშნავდა (მაგალითად, განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვის დაბადება და ა.შ.).

ლეგენდის მიხედვით ფასკუნჯი სლავური ზღაპრის პერსონაჟია. ხალხთა წარმოდგენაში ეს ფრინველი ზეციურ ცეცხლოვან ალთან ასოცირდება. მისი სიკაშკაშე თვალს ისევე ჭრის, როგორც მზე და ელვა.

ჯადოსნურ ზღაპრებში ფასკუნჯი ყოველთვის მიუწვდომელ არსებას წარმოადგენს. ნათქვამია, რომელიმე გმირი ფასკუნჯის ერთ ფრთას მაინც თუ დაეუფლება, უდიდესი ბედნიერება ეწვევა. ის სასწაულებს მხოლოდ ღირსეულებისთვის იმეტებს. ფრინველი ცხრა მთას იქით სამეფოში ცხოვრობს, ედემის ბაღში, რომელიც გარს ევლება მეფე-დედოფლის კოშკს. იმ ბაღში ისეთი ოქროს ვაშლები ხარობს, მოხუცებს ახალგაზრდობასა და სილამაზეს რომ უბრუნებს. ფასკუნჯი ოქროს გალიაში ზის და მეფე-დედოფალს უმღერის. სიმღერისას ნისკარტიდან მარგალიტები სცვივა. მისი სიმღერა ავადმყოფებს აჯანსაღებს, უსინათლოებს მხედველობას უბრუნებს. ღამით ის ცეცხლივით იწვის და გარემოს ანათებს. ფასკუნჯის ერთი ფრთა მთელი სამეფოს ტოლფასია. ეს გასაოცარი ფრინველი ბედნიერებაზე ოცნებას განასახიერებს.

არსებობს ვარაუდი, რომ ამ ზღაპრულ პერსონაჟ ფრინველს ცეცხლოვანი ფრთების სახით პირდაპირი პროტოტიპი ფენიქსი ან უბრალოდ ფარშავანგი ჰყავს. ოქროს ვაშლები შეიძლება ფენიქსების უსაყვარლეს ჩაროზს – ბროწეულის ნაყოფს შევადაროთ.

ფასკუნჯის სახემ გავრცელება უამრავ ლიტერატურულ ნაწარმოებში პოვა. ბალეტის სიუჟეტად გამოყენებულ ერთ-ერთ ვერსიას სტატიის ავტორი დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ.

ზღაპრის სიუჟეტის საფუძველი, როგორც ყოველთვის, კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა. აქ სიკეთის სიმბოლო ივანე უფლისწულია, რომელიც ოქროს ვაშლებსა და საოცარ ფრინველს დაეძებს.

ღამით კოშჩეის სასწაულებრივ სამეფოს შორიდან მხედარი უახლოვდება. ბინდში მკაფიოდ ჩანს ციხე-დარბაზი, გარსშემოვლებული ნაკრძალი ბაღითა და მაღალი კედლით. ბაღში, გამთენიისას საიდუმლო ნათებით ჯადოსნური ვაშლები და ფასკუნჯი ჩნდებიან. ფრინველი გარს ევლება სასწაულებრივ ვაშლის ხეს და უფლისწულ ივანს ვერ ამჩნევს, რომელიც კედელზე ფარულად გადმოსულა. ივანე ფასკუნჯს დაიჭერს. ფრინველი თავის დაღწევას ცდილობს, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ფასკუნჯი მუდარაზე გადადის. უფლისწული შეიბრალებს და ის გაფრინდება. სამაგიეროდ ჭაბუკის ხელში თავის ჯადოსნურ ფრთას დატოვებს.

კოშჩეის მიერ მეფის სამი დატყვევებული ასული ბაღში გამოდის და ვაშლის ხის ირგვლივ იწყებს თამაშს. იქვე მიმალული და სანახაობით მოხიბლული უფლისწული ერთ-ერთ დას ხელს ჩაჭიდებს. ასული მას მოუთხრობს როგორ მოიტაცა ბოროტმა კოშჩეიმ. ზღაპრის გმირი ივანე უმშვენიერესი ტყვეების გათავისუფლებას გადაწყვეტს.

მორჩილი ასულები კოშკში მიიმალებიან. უკვდავი კოშჩეი მსახურებთან ერთად უფლისწულისკენ მიიწევს, რათა ბაღის საზღვრის გადალახვისთვის იგი უსულო ქვად აქციოს. ივანს ფასკუნჯის ჯადოსნური ფრთა და მისი ნაამბობი – კოშჩეის უკვდავობის საიდუმლო ახსენდება… რომ მისი სული უზარმაზარ, ჯადოსნურ კვერცხშია მოთავსებული. უფლისწული მოიპოვებს კვერცხს, ტეხავს და ასე ანადგურებს „უკვდავ” კოშჩეის.

და აი, ბაღი ჯადოსნური სინათლით გაბრწყინდა. თავისუფალნი არიან მეფის ასულნი. ივანე უფლისწული მეფის ერთ-ერთ ასულს მეუღლედ გამოაცხადებს, და ზღაპრულ ქალაქში მშვიდობა, სიყვარული და საყოველთაო სიხარული დაისადგურებს.

***
წერილში ვისაუბრებ იგორ სტრავინსკის შემოქმედებითი ცხოვრების იმ ადრეულ პერიოდზე, სადაც იგი პეტერბურგის სკოლის ტრადიციებს ჯერ კიდევ სრულად იზიარებდა. დაუჯერებლად ლამაზი საორკესტრო ჟღერადობა აფორმებს „ფასკუნჯის” ზღაპარს. ლირიკულ ეპიზოდებში ლირიკული მუსიკა ჟღერს. ზღაპრულში – გასაიდუმლოებული. ბოროტი სახის შესაქმნელად კი უხეშ და მკაცრ ჟღერადობას მიმართავს. ყველაფერი ადგილზეა, როგორც საჭიროა… სწორედ ამით აიხსნება კომპოზიტორის ადრეული პერიოდის ნაწარმოებების პოპულარობა; როგორც ჩვეულებრივ საბალეტო სიუჟეტს, მაყურებელი დანახულსა და მოსმენილს შესაბამისად აღიქვამს. აქ არაფერია უცნაური და თავსატეხი.

იგორ სტრავინსკი XX საუკუნის მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. კომპოზიტორმა რიტმულ ტექნიკაში ახალი ჰორიზონტების გახსნასთან ერთად მუსიკალურ ხელოვნებას სტილისტური მრავალფეროვნებაც შემატა; ხანგრძლივი და ნაყოფიერი შემოქმედებითი ცხოვრების გზაზე გამოკვეთილი ინდივიდუალობით მან შეძლო თითქმის ყველა წამყვან მიმდინარეობას შეხებოდა (ფოლკლორი, ევროპული კლასიკა, სერიული მეთოდი). სტრავინსკის მუსიკა (მუსიკალური ენა, ფორმა, საკომპოზიციო ტექნიკა, მუსიკის გააზრება და მისი დანიშნულება) სრულიად განსხვავდებოდა იმ დროის თანამედროვე კომპოზიტორთა ნაწარმოებებისგან. ის დღემდე აქტუალური რჩება.

სტრავინსკის ახალგაზრდული წლები ბედნიერ წლებადაა მიჩნეული: უზრუნველყოფილი ოჯახი. საგვარეულო მამული. უნივერსიტეტი. ყოველ დღე მარიინის თეატრში სპექტაკლებსა და რეპეტიციებზე დასწრება. მოდერნისტული ხელოვნებით გატაცება. სახლის პირობებში კერძო მუსიკალური განათლების მიღება (კონსერვატორიაში არ უსწავლია). მისი მასწავლებლები იმ დროის ყველაზე მაღალი რანგის კომპოზიტორები რიმსკი-კორსაკოვი და ლიადოვი იყვნენ.

სტრავინსკი დიდი ინტერესით ეცნობოდა ძველ და ახალ მუსიკას. მუსიკალური იდეების თვალსაზრისით ახალგაზრდა სტრავინსკისთვის მნიშვნელოვანი წყარო დებიუსის მუსიკა იყო; გავლენას თავადაც აღიარებდა. და გასაკვირი სულაც არ არის, როცა ბალეტში „ფასკუნჯი” და „პეტრუშკა” უნებლიედ დებიუსი მოგვაგონდება. აი, „კურთხეული გაზაფხულის” შემდეგ კი ფრანგი კომპოზიტორის მუსიკალური ენის გავლენა უკვე აღარ შეინიშნება.

მიტოზის შესწავლა და მიტოზური ინდექსის დადგენა დროებითი პრეპარატების საშუალებით

0

მოსწავლეებისთვის კვლევის უნარების განვითარება თანამედროვე ეროვნული სასწავლო გეგმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, ამიტომ საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ, ბიოლოგიის სწავლებისას მასწავლებლის მიზანია, მოსწავლეებს კვლევის უნარ-ჩვევებიც განუვითაროს. კვლევითი უნარების განვითარება შესაძლებელია როგორც ველზე, ისე სკოლის ლაბორატორიის ბაზაზეც.

ჩემი წერილის მიზანია, გაგაცნოთ დროებითი პრეპარატების მომზადების მეთოდიკა, რომელიც მასწავლებლებსა თუ მოსწავლეებს მიტოზის ცალკეული ფაზების შესწავლისა და მიტოზური ინდექსის დადგენის საშუალებას მისცემს. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც შემაჯამებელი, ისე პროექტგაკვეთილისა და საკონფერენციო ნაშრომების მოსამზადებლად.
ცდის მასალა: სასაგნე და საფარი მინები, სინათლის მიკროსკოპი, პიპეტი, წკირები, ლანცეტი, სპირტქურა, ქიმიური ჭიქები, ფიქსატორი, საღებავი, პეტრის თასი, მდინარის სილა, გამოხდილი წყალი, 1-1, 5 სანტიმეტრი სიგრძის ფესვი ან ჩანასახოვანი ლებანი (სამუშაო სრულდება ამწოვ კარადაში)

გასათვალისწინებელია:

1. მიტოზის შესასწავლად საუკეთესო ობიექტია მცენარის მერისტემული უჯრედები: ფესვის აპიკალური მერისტემა, ჩანასახოვანი ლებანი, ზრდის წერტილი.

2. საკვლევ ობიექტად შეიძლება გამოვიყენოთ ბარდის, ჩაის, ხახვისა და სხვა მცენარეთა თესლი, რომელიც შეიძლება გავაღვივოთ მდინარის სილაში 24-28 გრადუს ტემპერატურაზე.

ცდის მსვლელობა:

● მოსწავლეები პეტრის ჯამზე მდინარის სილაში ათავსებენ თესლს და აღივებენ. პრეპარატის მომზადების წინ დაფიქსირებულ მასალას ვრეცხავთ გამოხდილი წყალით და დასარბილებლად ვათავსებთ რკინა–ამონიუმის 2%–იან შაბის ხსნარში. 3-4 საათის შემდეგ მასალა ისევ ირეცხება გამოხდილი წყლით და იღებება აცეტოკარმინის ან ჰემატოქსილენის საღებავით. უჯრედთა მაცერაციის მიზნით საღებავში მოთავსებულ მასალას დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში ვადუღებთ სპირტქურაზე.

● შეღებილი და დარბილებული ფესვები ლანცეტის გამოყენებით გადმოგვაქვს პეტრის ჯამზე, ვაჭრით წვეროს (2-3 მმ) და ვათავსებთ კარგად გაწმენდილ სასაგნე მინაზე, ზემოდან კი ვაფარებთ საფარ მინას. ჰაერის გამოსადევნად სასურველია, საფარ მინას ფრთხილად დავაწვეთ ზემოდან. ამის შემდეგ პრეპარატი მზადაა მიკროსკოპში დასათვალიერებლად.

● პრეპარატს ვაკვირდებით ჯერ მცირე, ხოლო შემდეგ დიდ გადიდებაზე. მუშაობა შეიძლება ჩატარდეს ჯგუფებშიც. აუცილებელია პრეპარატის სრული დათვალიერება.
გამოკვლევის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა:

1. მიტოზის ფაზების ამოცნობას – პროფაზა, მეტაფაზა, ანაფაზა, ტელოფაზა;

2. მიტოზის ფაზების თანმიმდევრობის ცოდნას;

3. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ მეტაფაზაში ქრომოსომების დათვლა და სახეობისთვის დამახასიათებელი ქრომოსომული ნაკრების დადგენა;

4. ანაფაზაში აკვირდებიან V ფორმის ქრომოსომებს, აბერაციებს – ფრაგმენტები, ხიდაკები, რგოლები;

5. ტელოფაზაში – ციტოკინეზის პროცესს. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ ამ დროს მცენარეული და ცხოველური უჯრედების ამოცნობა.

პრეპარატის დათვალიერების დროს თვალთახედვის არეში ვითვლით უჯრედთა საერთო და დაყოფის ფაზაში მყოფი უჯრედების რაოდენობას. მონაცემები შეგვაქვს ცხრილში.

მასწავლებელი მოსწავლეებს ასწავლის მიტოზური ინდექსის გამოთვლას.

სურათებზე ნაჩვენებია ინტერფაზასა და დაყოფის ფაზაში მყოფი უჯრედები.
mito1
პრეპარატის სრული დათვალიერების შემდეგ მიტოზური ინდექსის დასადგენად დაყოფის ფაზაში მყოფ უჯრედთა რაოდენობას ვყოფთ უჯრედთა საერთო რაოდენობაზე. დამაჯერებელი შედეგის მისაღებად სასურველია 15-იდან 20-მდე ფესვაკის ან ჩანასახოვანი ლებნის დათვალიერება.
mito2

მიტოზური ინდექსის დადგენა მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ მცენარის ზრდის ინტენსივობა დღე-ღამისა და სეზონების მიხედვით. მათ უკვე იციან, რომ მიტოზი – ესაა ზრდის, განვითარების და უსქესო გამრავლების ციტოლოგიური საფუძველი.

ამ გზით მომზადებული პრეპარატები საშუალებას იძლევა, შევისწავლოთ უჯრედის ბირთვული აპარატი, მიტოზი, მისი ფაზები და ხანგრძლივობა, მიტოზის ცალკეული ფაზის თავისებურებანი, მიტოზური ინდექსი და ქრომოსომულ გარდაქმნათა სპექტრი როგორც ბუნებრივ, ისე ინდუცირებულ პირობებში. აგრეთვე თვალი ვადევნოთ მიტოზური ინდექსის ცვალებადობის თავისებურებებს დღე-ღამისა და სეზონების მიხედვით.

აღნიშნული კვლევების ჩატარება რეკომენდებულია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან, რომლებსაც უკვე გავლილი აქვთ ციტოლოგიისა და გენეტიკის კურსი და შეუძლიათ ბირთვული აპარატის შესწავლა (კარიოტიპის დადგენა, ქრომოსომული აბერაციები). დაფიქსირებულ მასალაზე მოსწავლემ შეიძლება 5-6 თვის განმავლობაში იმუშაოს, ხოლო მიტოზური ინტენსივობის დადგენა, კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, შეიძლება მთელ წელს გაგრძელდეს.

ამ ცდის მეშვეობით მოსწავლეებს უყალიბდებათ ისეთი უნარები, როგორებიცაა დაკვირვება და შედარება, სწავლობენ ექსპერიმენტის ჩატარების მეთოდიკას, მიღებული შედეგების დამუშავებას და ანალიზს.

გაკვეთილის ან პროექტის მიზნებიდან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია ინდივიდუალურად დასახოს მისაღწევი შედეგი.

კვლევითი დავალებები და პროექტები ზრდის სწავლის მოტივაციას, მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან შემეცნების პროცესში, ხდებიან დამოუკიდებლები, კრიტიკულები, სწავლობენ მიღებული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებას და კონკრეტულ სიტუაციასთან მისადაგებას ამა თუ იმ პრობლემის გადასაჭრელად. ამავე დროს იზრდება მათი თვითშეფასებაც.
გამოყენებული ლიტერატურა.
1. https://www. yo­u­tu­be. com/watch?v=cH3vjmjMIZ4
2. https://www. yo­u­tu­be. com/watch?v=vEdNKM9jvtE
3. https://www. yo­u­tu­be. com/watch?v=ELLINOKt_vI
4. https://ncp. ge/ge/activities/aqtivoba-4-droebiti-preparatis-damzadeba-da-mikroskoptan- mushaoba?resid=11045
5. https://ncp. ge/ge/aqtivoba-1-mitozuri-indeqsi?resid=849
6. https://ncp. ge/ge/ainshtainis-laboratoria/tsda-4-udjredis-sasitsotskhlo-tsiklis-shestsavla?resid=857
7. https://www. ysam. ru/receipt/100. html
5.. დ. ძიძიგური, გ. თუმანიშვილი, ციტოლოგია, 2006

როგორ ხარ?

0

წვიმიანი დღეა. რაღაც შემოგვეჩვია ეს წვიმა, სულ წვიმს… გაზაფხულზე წვიმს, ივნისში წვიმს, აგვისტოშიც კი წვიმს და ახლა რაღად გამკვირვებია წვიმის მოსვლა?! მე და ნალექი ერთმანეთს ვერ ვეწყობით, არც თოვლი მიყვარს და არც წვიმა. საჭიროაო, იტყვით. ჰოდა, აგერ, ბატონო, წვიმს, სულაც არ მეკითხება, რა განწყობით შევცქერი ფანჯრიდან.

სოციალურ ქსელში ვიხედები და კოლეგის სტატუსზე მეღიმება. ამ ბოლო დროსო, წერს, კითხვაზე „როგორ ხარ?” ადამიანები  სულ უფრო ხშირად პასუხობენ, რა ვიცი, აბაო.

თურქულ ენაში ამ კითხვაზე პასუხის მრავალი ვარიანტიდან ერთი ასეთია: „fena değilım” – „ფენა დეილიმ”, ანუ ცუდად არ ვარო. გამოდის, ცუდად რომ არ ხარ, ეს უკვე კარგია. მაგრამ თუ ცუდად არ ხარ, ეს სულაც არ ნიშნავს კარგად ყოფნას. მოკლედ, რაღაც შუალედურ მდგომარეობაში ხარ, არც იქით და არც აქეთ.

შუალედური მდგომარეობა შესაძლოა იმ კაცის ყოფასაც ჰგავდეს, ლექსიდან პოეტის ენით რომ გვეუბნება:
„მესროლა ერთხელ! – ამცდა!
მეორედ! – ისევ ამცდა!
ახლაც მიზანში ვყავარ!
შიშით მოველი ამ ცდას!”
(„ინფარქტი”, ტარიელ ჭანტურია)
როცა იტყვი, რომ შუაში ხარ, კარგად და ცუდად ყოფნის შუაში, ბედზეც შეიძლება დაჩივლება:
„უჭკუოს და ბეცს-
მეც ვემდური ბედს!-
როგორც შენ და ის-
გამიმეტა მეც…”
( ტარიელ ჭანტურია)
თუმცა ბედს ვინ არ უჩივის?
„…ხომ კითხულობ ბლოკს,
შოთას, კაფკას, ფეტს…
ვინ, რომელი, სად –
არ უჩივის ბედს!”
(ტარიელ ჭანტურია)
მაგრამ პასუხის იმ ვარიანტს რატომ გამოვრიცხავთ, როცა მართლაც კარგად ხარ?
„მთელი სახე მიცინოდა?
რატომ დაგანახე ცერი?
შენ არ გაგეხარდებოდა? –
დღეს სიკვდილზე ავიცერი!”
(ტარიელ ჭანტურია)

სიკვდილზე აცრა შეუძლებელია, თუმცა სწორი რეჟიმით აცრისთვის ნიადაგის შექმნა შეიძლება. მარილი გიყვართ? მწნილი? თეფშზე ამოღებულ კერძს მარილს კიდევ ამატებთ?

დიახ, სუფრის მარილზე გეკითხებით. უძველეს დროში ალქიმიკოსები მას იდუმალ ნივთიერებას უწოდებდნენ. პარაცელსის აზრით, სწორედ მისგან შეიძლებოდა ფილოსოფიური ქვის მიღება. სპირტში თუ გახსნიდი, მუდმივი ახალგაზრდობის ელექსირად გარდაიქმნებოდა. ძველ ეგვიპტეში კი ბოროტი ძალების სიმბოლოდ მიიჩნეოდა. ეგვიპტელთა აზრით, ეს იყო ნივთიერება, რომელიც ყოველივე ცოცხალს სპობდა. ის ერთადერთი მინერალია, რომელსაც საკვებში სუფთა სახით ვიყენებთ. ბევრი მარილის მირთმევით სიკვდილს ვიახლოებთ. თუმცა, მოდი, ასე ვთქვათ: მარილი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ნივთიერებაა. ის სიცოცხლისთვისაც გვჭირდება. მაგრამ სად არის ის ზღვარი, რომლის იქითაც მარილი საწამლავად იქცევა?

დარვინმა ერთ ლექციაზე განაცხადა, ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლე ორი სუბსტანციის – წყლისა და მარილის – წყალობით ჩაისახაო. ახლა ხომ მარსის ათვისება აქვთ ჩაფიქრებული, ჰოდა პოეტიც კითხულობს:
„…არის თუ არა სიცოცხლე მარსზე?!
არის თუ არა იქ სადმე წყალი?!
სიცოცხლე მარსზე იქნება მაშინ,
როდესაც მარსზე იქნება…”
(ტარიელ ჭანტურია)
მარილი იქნებაო, არ წერს, მაგრამ ალბათ გულისხმობს.
სანამ მარსზე რამეს იპოვიდნენ, ვიტყვი, რომ დედამიწაზე მარილი ყველგანაა: ოკეანეებსა და ზღვებში, მცენარეებსა და სხვა ცოცხალ ორგანიზმებში. სისხლსა და ცრემლშიც მარილია…
„… ვენაცვალე ცრემლის
ერთ, ერთადერთ წვეთს,
ცხოვრებაში ზოგჯერ
ყველაფერს რომ წყვეტს!
ერთადერთ წვეთს ცრემლისას,
ბავშვის თვალზე მომდგარს –
ცვილივით რომ მოალბობს
ტვინარეულ ხონთქარს…”
(ტარიელ ჭანტურია)

მარილი აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის სწორი ფუნქციობისთვის. ნერვულ უჯრედებს შორის სიგნალი სწორედ მისი იონების მონაწილეობით გადაიცემა. ეს რთული მექანიზმებით ხორციელდება, რაც, მერწმუნეთ, ავიცენამ არ იცოდა, მაგრამ ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ ეთქვა, ჩვენი ნაფიქრალი მარილისგანაა შექმნილიო.

მარილი ნატრიუმისა და ქლორისგან შედგება. მარილის დისოციაციის შედეგად წარმოქმნილი ნატრიუმის იონები მონაწილეობს ნერვული უჯრედების ფუნქციობასა და იმპულსების გადაცემაში, უჯრედში გლუკოზის ტრანსპორტირებაში, კუნთების შეკუმშვაში, თუმცა ნატრიუმთან მიმართებით ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ნატრიუმი ორგანიზმში წყალს აკავებს, რასაც შესაძლოა არცთუ სასურველი შედეგი მოჰყვეს. სისხლძარღვებში ზედმეტმა სითხემ შესაძლოა წნევის მომატება გამოიწვიოს. ამრიგად, ჭარბი ნატრიუმი წნევის მატებას უწევს პროვოცირებას, მომატებული წნევა კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების (ინსულტის, ინფარქტის), ასევე – თირკმელების უკმარისობის რისკფაქტორია. ზოგიერთი წყაროს მტკიცებით, მსოფლიო ბაზარზე უკვე გამოჩნდა ე.წ. მარილის შემცვლელი პრეპარატები, სადაც ნატრიუმის იონი კალიუმის ან მაგნიუმის იონითაა შეცვლილი. თუმცა მათი ავკარგიანობა საბოლოოდ ჯერ არ დაუდგენიათ. გარდა ამისა, ნატრიუმზე სულ მთლად უარის თქმაც არ ივარგებს. გამოდის, რომ საუკეთესო გამოსავალი მარილის დოზირებული მიღებაა. ერთი დღე-ღამის განმავლობაში ნახევარი გრამი მარილია საჭირო. თუმცა ამ ნორმას, მგონი, არავინ იცავს… საშუალო იაპონელი დღეში 40 გრამ მარილს გეახლებათ, ამერიკელი – 20 გრამს, ევროპელები კი წელიწადში თურმე 5 კგ მარილს მიირთმევენ. ამ ხალხმა ასე თუ გააგრძელა, ერთ ფუთ, ანუ 16 კილოგრამ მარილს სამიოდე წელიწადში შეჭამენ და ერთმანეთსაც უკეთ გაიცნობენ.

ეს – ხუმრობით, სერიოზულად კი ის ვთქვათ, რომ ერთ ჯერზე 30 გრამი მარილი ფაქტობრივად სასიკვდილო დოზაა. თუ ყოველდღიურად გადავამეტებთ მარილის ნორმას, ორგანიზმში ნატრიუმის ქლორიდი ჭარბად დაგროვდება. ამის შედეგად მოიმატებს დატვირთვა გულზე, თირკმელები ვერ მოასწრებენ ორგანიზმიდან წიდის გამოდევნას, მეტაბოლიზმი მთლიანად ამოვარდება კალაპოტიდან. მარილი ორგანიზმის დაშლას დაიწყებს.
მარილი კარგი კონსერვანტია და მომაკვდინებელია ბაქტერიებისთვის. სწორედ ამიტომ დაიწყეს კონსერვირებისას მისი გამოყენება. დაკონსერვებულმა საკვებმა მოგზაურობის განვითარებას შეუწყო ხელი. მოგზაურები სწორედ ასეთი მარაგის იმედად მიდიოდნენ ახალი კონტინენტების აღმოსაჩენად. ვენეციელმა მოგზაურმა მარკო პოლომ მეცამეტე საუკუნეში ჩინეთის მონახულებისას აღწერა ქვამარილისგან დამზადებული მონეტები. მეცხრამეტე საუკუნეში ეთიოპიაში მარილს მსხვილი ფულის ნაცვლად იყენებდნენ, წითელი წიწაკა კი წვრილის მაგივრობას ეწეოდა.

მარილს ან ზღვის წყლის ამოშრობით მოიპოვებენ, ან ქვამარილის საბადოებიდან. ერთ-ერთ მინერალს, რომლისგანაც ასევე იღებენ მარილს, ჰალიტი ჰქვია. ის ნახევრად გამჭვირვალეა და მოვარდისფრო. მისგან ლამპრებსაც აკეთებენ. ასეთი ლამპარი მიკროკლიმატს უფრო სუფთასა და გამჭვირვალეს ხდის.

მარილის დღიური ნორმა რომ ნახევარი გრამია (ჩაის კოვზის მესამედი), ზემოთ უკვე დავწერე, მაგრამ თუ მარილზე საერთოდ უარს ვიტყვით, საიდან მივიღებთ ამ აუცილებელ ნახევარ გრამს?

აღმოჩნდა, რომ სავსებით ბუნებრივად – პურის, ბოსტნეულის, ყველის და სხვა იმ პროდუქტების მეშვეობით, რომლებსაც დღის განმავლობაში ისედაც მივირთმევთ. იმის თქმა მინდა, რომ თუნდაც მარილი ხელოვნურად არ შევიტანოთ რაციონში, დღიური ნორმის გარეშე არ დავრჩებით.

თუ მარილს გამუდმებით ჭარბად გამოვიყენებთ, ეს ხელს შეუწყობს ორგანიზმში წყლის შეკავებას და სისხლძარღვების სანათური შევიწროვდება. შედეგად არტერიული წნევა მოიმატებს. ჭარბი მარილის გამო სითხის შეკავების თანმხლები პრობლემებია ჭარბი წონა, ჭარბი შაქარი, ჭარბი ქოლესტერინი.

მარილის მოყვარული ადამიანების ენაზე მარილის აღმქმელი რეცეპტორები დომინირებს, სხვა გემოზე პასუხისმგებელი რეცეპტორების მგრძნობელობა კი სუსტდება. როგორც კი მარილს შეამცირებთ, ეს უმალვე დაიბრუნებენ აქტიურობას.

ჭარბი მარილის მიღების შემთხვევაში ორგანიზმიდან კალციუმი გამოიდევნება. კალციუმის დაკარგვისას კი ოსტეოპოროზის განვითარების ალბათობა იმატებს.
მოკლედ, თქვენი არ ვიცი, მე კი მარილზე მთლად უარის თქმას არ ვაპირებ. თუმცა საგრძნობლად შევამცირებ მის მოხმარებას.
სერიოზული თემაა, მაგრამ სტატიას თავიდანვე ოდნავ სახუმარო ელფერი მივეცი.
რატომ? – 2016 წელი მოგვდგომია კარს, მაიმუნისა…
„მაიმუნობს რაღაცას
მაიმუნის წელი! –
წიგნი წიგნზე შეადეს –
პო, ტოლსტოი, ბელი…
დიდი მაიმუნია
მაიმუნის წელი!..”
(„2004 – მაიმუნის წელი”, ტარიელ ჭანტურია)

სწავლების ინტერაქტიული მეთოდები – ქეის-ტექნოლოგია, დებრიფინგული გაკვეთილი

0
ინტერნეტი რომ მხოლოდ გასართობი საშუალება არ არის, ყველამ კარგად ვიცით. ბევრი საინტერესო მასალის პოვნა შეიძლება იქ. ასე წავაწყდი ინგლისურენოვან საიტზე ჩემთვის ახალ ამ მეთოდს. ძალიან მომეწონა, ვთარგმნე და თქვენც გიზიარებთ. გამოვიყენე ქუთაისის უნივერსიტეტის მასალაც ამავე თემაზე, რომელიც ასევე ინტერნეტის საძიებო სისტემამ შემომთავაზა. ვფიქრობ, ამ მეთოდს მშვენივრად გამოვიყენებთ სხვადასხვა საგნის მასწავლებლები, მათ შორის – ფილოლოგებიც. უახლოეს ხანში ამავე მეთოდით შედგენილი გაკვეთილის სცენარსაც შემოგთავაზებთ. ახლა კი – თავად ქეის-ტექნოლოგიისა და დებრიფინგული გაკვეთილის შესახებ.

განმავითარებელი სწავლების პირობებში აუცილებელი ხდება თავად მოსწავლის მაქსიმალური აქტივობის უზრუნველყოფა საკვანძო კომპეტენციების ჩამოყალიბების პროცესში, რადგან ეს კომპეტენციები მხოლოდ პირადი გამოცდილების შედეგად ყალიბდება. მრავალი მკვლევარი საგანმანათლებლო ინოვაციებს უკავშირებს სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს, რაც გულისხმობს საქმიანობის ისეთ სახეობებს, რომლებიც მასალისადმი შემოქმედებით მიდგომას მოითხოვს და ქმნის პირობებს თითოეული მოსწავლის გასახსნელად.

ცნება ინტერაქტიული (Inter − ორმხრივი, act − მოქმედება) გულისხმობს ურთიერთქმედებას, ვინმესთან საუბრის, დიალოგის რეჟიმში ყოფნას. აქტიური მეთოდებისგან განსხვავებით, ინტერაქტიული მეთოდები ორიენტირებულია მოსწავლეების უფრო ფართო ურთიერთობაზე არა მხოლოდ მასწავლებელთან, არამედ ერთმანეთთანაც. ამასთან, სწავლების პროცესში მოსწავლეთა აქტივობა დომინირებს.

ინტერაქტიულ მეთოდებს შეიძლება მივაკუთვნოთ დისკუსია, ევრისტიკული საუბარი, „გონებრივი იერიში”, როლური, „საქმიანი” თამაშები, ტრენინგები, ქეის-მეთოდი, პროექტების მეთოდი, ჯგუფური მუშაობა საილუსტრაციო მასალასთან, ვიდეოფილმების განხილვა და ა.შ.

ქეისზე მუშაობა სასწავლო მიზნით პირველად ჰარვარდის ბიზნესსკოლაში გამოიყენეს 1908 წელს. საქართველოში ამ ტექნოლოგიის გამოყენება რამდენიმე წლის წინ დაიწყეს.

ქეის-მეთოდით (Case study) სწავლება გულისხმობს რეალური ეკონომიკური, სოციალური, საყოფაცხოვრებო თუ სხვა პრობლემის გამოყენებას (ინგლ. case – შემთხვევა) სასწავლო მიზნით. ქეისზე მუშაობის დროს მოსწავლეები ეძებენ და აანალიზებენ დამატებით, მათ შორის – მომავალ პროფესიასთან დაკავშირებულ, ინფორმაციას ცოდნის სხვადასხვა სფეროდან. მეთოდის არსი ასეთია: მოსწავლეებს სთავაზობენ რეალური ცხოვრებისეული სიტუაციის გააზრებას. ამ სიტუაციის აღწერილობა მხოლოდ პრობლემას კი არ ასახავს, არამედ ცოდნის იმ კომპლექსის გააქტიურებასაც უწყობს ხელს, რომლის ათვისება აუცილებელია მოცემული პრობლემის გადასაწყვეტად. ამასთან, თვით პრობლემას არ გააჩნია ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტა. ქეის-მეთოდის გამოყენების დროს პრობლემის იდენტიფიკაცია და მისი მოგვარების გზების ძიება მასალების პაკეტის – ქეისის საფუძველზე ხდება. ქეისში მოთავსებული სიტუაცია სხვადასხვა წყაროს მეშვეობითაა აღწერილი. ეს წყარო შეიძლება იყოს სპეციალური ლიტერატურა, სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალები, მასმედია… ამრიგად, ქეისი მოიცავს არაერთგვაროვან ინფორმაციას განსაზღვრული პრობლემის ირგვლივ. ასეთი ქეისი ერთსა და იმავე დროს დავალებაც არის და ინფორმაციის წყაროც ეფექტური მოქმედების ვარიანტების გასააზრებლად.

ქეის-მეთოდი სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც რთული სისტემა, რომელშიც ინტეგრირებულია შემეცნების ნაკლებად რთული მეთოდები. მასში გაერთიანებულია:
·მოდელირება,
·სისტემური ანალიზი,
·პრობლემური მეთოდი,
·გონებრივი ექსპერიმენტი,
·აღწერა,
·კვალიფიკაცია,
·დისკუსია,
·თამაში და სხვ.
მოსწავლეს (ან მოსწავლეთა ჯგუფს) დავალებად შეიძლება შევთავაზოთ მოხსენების, პროექტის ან პრეზენტაციის მომზადება.
ქეის-მეთოდი როგორც სწავლების ინტერაქტიული ხერხი მოსწავლეთა უფრო და უფრო პოზიტიურ დამოკიდებულებას იწვევს. ისინი მასში ხედავენ თამაშს, რომელიც მათ თეორიული საფუძვლების ათვისებასა და მასალის პრაქტიკული გამოყენების დაუფლებაში ეხმარება.
ქეისთან მუშაობის დროს მოსწავლეებს უყალიბდებათ:
·პრობლემის გადაჭრის,
·კომუნიკაციის,
·პრაქტიკაში საგნობრივი ცოდნის გამოყენების,
·მოლაპარაკების წარმოების,
·საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღების,
·რეფლექსიის უნარები,
·ტოლერანტობა.
სასწავლო პროცესში ქეის-ტექნოლოგიას შეუძლია ხელი შეუწყოს:
·სასწავლო მოტივაციის ამაღლებას;
·ინტელექტუალური უნარების განვითარებას, რომლებიც მოსწავლეებს მომავალ პროფესიულ საქმიანობაში გამოადგებათ.
ქეისების ტიპები
·საწვრთნელი
·შემსწავლელი
·ანალიტიკური
·კვლევითი
·სისტემაში მომყვანი
·მაპროგნოზირებელი
საქმიანობის რეკომენდებული თანმიმდევრობა:
·1 ნაბიჯი – ამოცანის ახსნა
·2 ნაბიჯი – ქეის-დავალების შესახებ ინფორმაციის შეგროვება
·3 ნაბიჯი – გადაწყვეტილების მიღება
·4 ნაბიჯი – ალტერნატიული გზების ძიება
·5 ნაბიჯი – შედარებითი ანალიზი
·6 ნაბიჯი – გადაწყვეტილების პრეზენტაცია
მოსამზადებელი ეტაპი:
·ქეისის ადგილის განსაზღვრა სამუშაო პროგრამაში
·წყაროს ძებნა
·მეცადინეობის მსვლელობის აღწერა
გაცნობითი ეტაპი:
·სამუშაო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა
·ოპტიმალური ფორმების არჩევა
ანალიტიკური ეტაპი:
·ჯგუფებში პრობლემების განხილვა
·გადაწყვეტილების მომზადება
შემაჯამებელი ეტაპი:
·ქეისით განსაზღვრული დასრულებული დავალების წარმოდგენა
·შედეგების დიაგნოსტიკა

შეფასების ობიექტები:

·ჯგუფებში, კლასში მუშაობაზე დაკვირვება
·დებრიფინგული გაკვეთილი
დებრიფინგი

ინგლისური ტერმინი „debriefing” ცოდნის „გამოწურვას” ნიშნავს. ეს მეთოდი პერველად ჯეფრი მიტჩელმა გამოიყენა. დებრიფინგი გულისხმობს პროცესს, რომელიც უკუკავშირს მოიაზრებს. მისი მიზანია ანალიზის საშუალებით ინფორმაციის მიღება (ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ეს მეთოდი საერთოდ არ გამოიყენება; თუ იყენებენ – სხვა სახელით. ჩვენში უფრო პოპულარულია „რეფლექსია” და „დისკუსია” – საკამათო საკითხების განხილვა.)
რას გვაძლევს ქეის-ტექნოლოგიის გამოყენება?
პედაგოგს მისი მეშვეობით შეუძლია:
·თანამედროვე სასწავლო-მეთოდური რესურსების ბაზაზე წვდომა;
·მოქნილი სასწავლო პროცესის ორგანიზება;
·გაკვეთილის ნაკლებ დროში მომზადება;
·კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლება;
·სასწავლო პროცესის ზოგიერთი ელემენტის განხორციელება არასაგაკვეთილო დროს.
მოსწავლეს:
·დამატებით მასალაზე მუშაობა;
·კონსულტაციის ბაზაზე მუდმივი წვდომა;
·საატესტატო გამოცდებისთვის დამოუკიდებლად მომზადება;
·ჯგუფის სხვა წევრებთან ურთიერთობა;
·თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დაუფლება.

საკვანძო კომპეტენციები

„საკვანძო კომპეტენციები” (key skills) წარმოადგენს სხვა სპეციალური, საგნობრივად ორიენტირებული კომპეტენციების გასაღებს, საფუძველს. საკვანძოს კი იმიტომ უწოდებენ, რომ მათი როლი არსებითია ნებისმიერი სპეციალობითა და პროფესიით საქმიანობისთვის. მათი მნიშვნელობა იმისდა მიხედვით იზრდება, რამდენად ითხოვს გარემო ადამიანისგან ცვლილებებთან შეგუების უნარს. საკვანძო კომპეტენციების განვითარების დონე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს საქმიანობის ხარისხსა და მის პროდუქტიულობას. ადამიანის ინდივიდუალური ცხოვრების გზაზე ეს აისახება მის წარმატებებში პრაქტიკული საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, პროფესიულ, საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში.

„საკვანძო კომპეტანციების” განსაზღვრისადმი ერთიანი მიდგომა ამჟამად არ არსებობს, მაგრამ შეიძლება ჩამოვაყალიბოთ მათი არსებითი ნიშან-თვისებები: საკვანძო კომპეტენციები წარმოადგენს უნივერსალურ მენტალურ საშუალებებს, ადამიანისთვის მნიშვნელოვანი მიზნების (შედეგების) მიღწევის ინსტრუმენტებს (ხერხებს, მეთოდებს); საკვანძო კომპეტენციები ხელს უწყობს რთულ ვითარებაში შედეგის მიღებას; საშუალებას აძლევს ადამიანს, დამოუკიდებლად თუ სხვებთან თანამშრომლობის გზით მოაგვაროს პრობლემები, ე.ი. „მოერიოს” სირთულეებს, რომელთა გადასალახავად მზა საშუალებების სრული კომპლექტი არ არსებობს

სამყარო ფაქტი არ არის, ის შესაძლებლობაა ანუ ენა საზღვრებში და საზღვრებს მიღმა

0
„…ენა უმალ ზღვარს ჰგავს, რომლის გადალახვამაც, შესაძლოა, სიტყვის ზებუნებრივი თვისებები აღმოგაჩენინოს; ენა მოედანია, რომელიც წინასწარაა მომზადებული მოქმედებისთვის.
ის ერთდროულადაა შეზღუდვაც და შესაძლებლობების დიაპაზონის აღმოჩენაც…”
როლან ბარტი, „წერის ნულოვანი დონე”

ბარტის ამ ციტატის აზრი შეგვიძლია მეტაფორულად გადმოვიტანოთ ენიდან ადამიანის ცნობიერებაზე… ცნობიერებაც (და მერე ცხოვრებაც) ხომ ერთგვარი სცენაა, წინასწარ მომზადებული სპექტაკლისთვის… ამ სპექტაკლების შემოქმედი ისევ ჩვენი ცნობიერებაა, ყველა საჭირო შემთხვევისთვის მყარ დისკზე აქვს შენახული სიუჟეტები (გაიხსენეთ ფრაზეოლოგიზმი: „რა სპექტაკლებს დგამ?”)

ემოციები, გრძნობები, განცდები მთავარი პერსონაჟები არიან… წინასწარმოცემული სცენარის განვითარება დიდ ინტერესს არ უნდა იწვევდეს, მაგრამ ცნობიერება ახალი პერსონაჟებით ჩანაცვლებულ სპექტაკლს სიახლედ აღიქვამს… და ეს ასეცაა. ახალი პერსონაჟების თამაშში არის რაღაც მომხიბვლელი, რადგან განსხვავებული ელემენტები არიან. ერთ მშვენიერ დღეს (ან საღამოს) პერსონაჟი სცენარს (ავტორს) აღარ დაემორჩილება და იწყებს სიუჟეტის შეცვლას… აი, ეს არის საინტერესო და აქედან იწყება ბარტისეული „შესაძლებლობების დიაპაზონის” აღმოჩენაც… წინასწარმოცემულობის გადალახვა… კოლექტიური ცნობიერებიდან გასვლა, კლიშეების დაძლევა, სტერეოტიპების მსხვრევა… ეს არის მდგომარეობა, როდესაც ენა (შესაბამისად, ცნობიერება) გადის საზღვრებიდან და სრულიად განსხვავებული პარამეტრების განზომილებაში ხვდება. ეს განზომილება შეიძლება აღიწეროს, როგორც ცნობიერების კვანტურობა, თუმცა, როგორც მეცნიერები ამბობენ, კვანტურობის აღწერა კლასიკური მეთოდებით შეუძლებელია… მხოლოდ მეტაფორულად და არაპირდაპირ… ასე რომ, მეც მეტაფორულად გამოვიყენებ.

ვფიქრობ, გასეტი ერთგვარად განავრცობს ბარტის აზრს, როდესაც მეტყველების აქტზე საუბრობს: „ენა გამოთქმის განუსაზღვრელი შესაძლებლობებითაა სავსე, ამიტომ მეტყველება შედგება არა მხოლოდ იმისაგან, რასაც თავისთავად ამბობს, არამედ იმ შესაძლებლობების აქტუალიზაციისაგან, გამოთქვას რამე მთელი სიტუაციის მნიშვნელობის გაცნობიერებით…” (გასეტი, ადამიანი და ხალხი”).

ამ შემთხვევაში გასეტი საუბრობს ზეპირ მეტყველებაზე და იმაზე, როგორ შემოდის მეტყველების პროცესში მთელი გარემო, ის კონტექსტი, რომელშიც მეტყველება მიმდინარეობს. მათ შორის: მსმენელები, საგნები, მოვლენები… ყველაფერი, რაც „იქ და მაშინ” ხდება. ამდენად, ასეთი უბნობა უნიკალურია და მისი განმეორება შეუძლებელი. გასეტი ასეთ კომუნიკაციაში გულისხმობს ნებისმიერ დეტალს, მაგალითად, საუბრობ და გარეთ თოვა იწყება…  ყველაფერი ჩართულია აზრის ამ უნიკალურ ინტერპრეტაციაში, არა მარტო ენა… „ენა” ხდება ყველაფერი, რაც გარშემოა და ატარებს გარკვეულ და შემავსებელ მნიშვნელობას მთლიანი აზრის გადმოსაცემად…. ამიტომ ის გასულია ჩვეულებრივი საზღვრებიდან და ტრანსპერსონალურია.

პოეზიის ენის კვანტურობას კი კარგად ხსნის ოქტავიო პასი: „პოეზია, გარდა იმისა, რომ მეტყველების ფაქტად რჩება, იგი, ამავე დროს, მის საზღვრებს გარეთაც იჭრება… ენის სტიქიის მოძრაობაში ჩაფლული, მისი ნაწილაკების გადაადგილებით გართული პოეტი ან თვითონ ირჩევს სიტყვებს, ან სიტყვები ირჩევენ პოეტს…”

როგორია საზღვრებს გარეთ „გაჭრილი” ენა…? ეს ის მდგომარეობაა, როდესაც სუბიექტი და ობიექტი დაკარგულია, როდესაც შინაგანი და გარეგანი გახსნილია ერთმანეთში, როცა შინ და გარეთ აღარ არსებობს… პოეტი, რომელსაც ჰგონია, რომ სიტყვებს არჩევს აზრის გადმოსაცემად, სხვა ფოკუსიდან ისე ჩანს: რომ სიტყვები არჩევენ მას… აქ ისევ ბარტის პოსტმოდერნული მეტაფორა გამოგვადგება „ავტორის სიკვდილის” შესახებ. პოეტი -მედიუმია… ის, უბრალოდ, გამტარია… რომელი განზომილების აზრის გამტარი…? ამაზე ღირს ფიქრი, რადგან პოეზია (ისევე, როგორც მთლიანად, ლიტერატირა) შეუძლებელია ყოველთვის „ღვთაებრივი” აზრის მიმღები იყოს…

ცნობიერების ტრანსპერსონალურ მდგომარეობაში პოეტის პიროვნული „მე” იშლება, იფანტება… ხან სუბიექტი ობიექტად იქცევა… ხან – ყველად და ყველაფრად… „მე შენ ვარ” – ამბობს ნოვალისი. მე – ეს სხვაა (ლაკანი), მე – ასეთი სიტყვა არ არსებობს (პრიგოვი)…

პაატა შამუგიას ერთ ლექსში – „ლინგვისტიკის წრე”- სწორედ ასეთი „კვანტური გასვლაა” აღწერილი: როდესაც პოეტი „სუპერპოზიციაშია” (ესეც მეტაფორულად) ხდება ის სიტყვა, რასაც წერს:
გამუდმებით ასეა:
ვხდები ის სიტყვა, რომელიც მე მომემართება,
და ყველა სიტყვა, რომელიც მე მომემართება,
და მახსენებს სივრცის სიმყარეს,
ცდილობს, მომცეს თავისი სახე,
თავისი გარსი და სურვილთა მყიფე ლოგიკა…..
………..
და მე – პოეტი,
მე – მეძავი,
მე – პატრიარქი,
მე – ტერორისტი,
ლიბერალი,
ავტომრბოლელი,
მე – ცირკის მუშა,
გენიოსი და ღვთისმშობელი…
……………….
და ძილის წინ უკვე იმდენი ვარ,
ყველაფერს აზრი ეკარგება,

თვლას – მითუმეტეს….”

პოეტი იმ განზომილებიდან გველაპარაკება, სადაც სიმყარე არ არის და ამიტომ უფრთხის სიტყვებს, როგორც მნიშვნელობის და ფორმის მქონე ელემენტებს, რომლებიც მას სადღაც კვანტურ და ტალღურ განზომილებაში „სივრცის სიმყარეს” ახსენებს… ამგვარ სუპერპოზიციაში მყოფი კი ერთდროულად არის: პოეტი, მეძავი, პატრიაქი, ტერორისტი, ლიბერალი, პრეზიდენტი და ასე შემდეგ….

ცნობიერების კვანტურ მდგომარეობას განსხვავებულად აღწერს პოეტი დათო ყანჩაშვილი. მისთვის სასრულობა და უსასრულობა მატრიოშკების სამყაროთია წარმოდგენილი: ყველაფერი ერთმანეთშია ჩალაგებული, ყველაფერი ერთმანეთში იხსნება და გაგადის და, საბოლოოდ, პოეტი აერთიანებს, მასშია ეს ყველაფერი:
„ჩემში შენ,
შენში ბავშვი,
ბავშვში მარტივი სამყარო.
მარტივ სამყაროში
უშნოდ დახატული სახლები,
სახლებში ადამიანები,
ადამიანებში
გრძნობები და შეგრძნებები,
შეგრძნებებში და გრძნობებში
სხვა ადამიანები.
სხვა ადამიანებში ერთმანეთი და
ბავშვები.
ბავშვებში დიდები,
დიდებში მოხუცები,
მოხუცებში მკვდრები,
მკვდრებში
მოხუცები,
მოხუცებში დიდები,
დიდებში ბავშვები.
ბავშვებში მარტივი სამყარო
და უშნოდ დახატული სახლები („მატრიოშკების სამყარო”).
პოეტი რატი ამაღლობელი კი ამ განზომილების დროისა და სივრციდან გასვლას ასე გამოხატავს:
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა.
ვიწრო ბილიკის მაგიერ
ათი ათასი გზა მინდა.
გზა მინდა მნათობებიდან,
შენკენ მავალი გზა მინდა…..
ყველა ვარსკვლავში წვა მინდა,
ყველა ვარსკვლავში სვლა მინდა,
ყველა ვარსკვლავის ცვლა მინდა,
მინდა გამოსვლა წამიდან,
ვეებერთელა ცა მინდა… („სეკვენცია”)
P.S. და ბოლოს, პოეტებო (და არა მარტო): სამყარო ფაქტი არც გინდათ და არც არის… ის შესაძლებლობაა, ქმნადობა კი თქვენს ხელთაა!

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...