შაბათი, მაისი 3, 2025
3 მაისი, შაბათი, 2025

ქალის გენდერული როლი „შუშანიკის წამების“ მიხედვით

0

გენდერული თანასწორობისაკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი მთავარი წინააღმდეგობა ეკლესიისგან მოდის. საქართველოში მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი საკუთარ თავს მრევლად მიიჩნევს, მისი წიაღიდან მომავალი სტერეოტიპები(კაცი ოჯახის თავია, ქალს მოთმინება და მორჩილება მართებს, ქალი უტვინო ძვლისგანაა შექმნილი) აფერხებს ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მხატვრული ლიტერატურა ქალის როლსა და ადგილს საზოგადოებაში საკუთარი კონტექსტიდან გამომდინარე, დროის შესაფერისად ასახავდა. თუ თანასწორი თაობების აღზრდა გვინდა, ლიტერატურის სწავლებისას ხაზი უნდა გაესვას ეპოქის მახასიათებლებს, რათა ის სტერეოტიპები, რომლებიც ამა თუ იმ დროისთვის იყო დამახასიათებელი, თანამედროვე მკითხველებმა (მოსწავლეებმა), პირდაპირ არ გადმოიტანონ თავიანთ ყოფაში.

ჯადოსნური ზღაპრის ვ. პროპისეულ ფუნქციათა განსაზღვრებაში პირველი ფუნქცია გმირის სახლიდან გასვლაა. იმისთვის, რომ ქმედება, სიუჟეტი დაწყებულიყო, აუცილებელი იყო პერსონაჟი გზას გასდგომოდა. წინააღმდეგობა, თავგადასავალი ყოველთვის გარეთ მოიაზრებოდა. ასევე იყო ანტიკურ კულტურაშიც.

„ქალი სახლში ელოდა ბედს” და ამიტომ ჯადოსნურ ზღაპარში აქტიური ქალი პერსონაჟი ძალზედ ცოტაა. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გვხვდებიან, როცა იძულებით (დედინაცვალმა გამოაგდო, სასიკვდილო საფრთხეს გაექცა) არიან გარეთ.

ქრისტიანობამ თვისობრივად შეცვალა გმირობის სივრცე. მან ბრძოლის ასპარეზი ადამიანში გადაიტანა და ამით ქალები ერთგვარად თანაბარ პირობებში ჩააყენა მამაკაცებთან.

სახარებისეულმა ისტორიებმაც, რომლის მიხედვითაც ქრისტესთან გოლგოთაზე მხოლოდ ქალები არიან და დამალულია თერთმეტივე მოწაფე; გარდამოხსნის შემდეგ მასთან მიდიან მენელსაცხებლე დედები და რაც მთავარია, თვითონ ღვთისმშობლის სახემ, საგრძნობლად წინ წაწია ქალის როლი საზოგადოებაში. თუმცა, მოგვიანებით, ბიზანტიურ პერიოდში, როცა სახელმწიფომ რელიგია მართვის მძლავრ იარაღად აიღო, ბევრი რამ სახელწიფოსთვის სასურველ მარწუხებში მოექცა და თავისუფალი სივრცე, რომელიც არა მხოლოდ ქალთა საკითხთან მიმართებაში, არამედ ზოგადადაც უსაზღვროა სახარებაში, საგრძნობლად შეიზღუდა.

ის რომ პირველი ქართველი ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟი ქალია, ქრისტიანობის დამსახურებაა. მიუხედავად იმისა, რომ შუშანიკის ქცევის ახსნა სხვა, ადამიანური ასპექტებიდანადაც შეიძლება, (შეურაცხყოფილი ცოლია, პოლიტიკურ ომს უგებს ვარსქენს) მისი ბრძოლის იარაღი ქრისტიანობაა. შუშანიკს სწორედ ადამიანის ქრისტიანულმა გაგებამ მისცა იმის საშუალება, ყოფილიყო გმირი, მოწამე და რაც მთავარია, გამარჯვებული.

პასიური პროტესტი, რომელიც ნებისმიერ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს შეუძლია, დაუმორჩილებლობა – ქრისტიანულ ნიადაგში აქტიური გმირის გაჩენის საშუალებას ბადებს. ასეთი ასპარეზი მანამდე არ არსებობდა.

„შუშანიკის წამებაში” ერთანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, სრული უუფლებობა ქალისა და მეორე მხრივ, სრულიად ახალი განაცხადი იმ დროის საქართველოსთვისაც და ვარსქენისთვისაც – ქალი პიროვნება, რომლის მორევაც შეუძლებელია, რომელიც საკუთარი სულიერი შესაძლებლობებით ქმარზე მაღლა დგას და ფიზიკური ძალა, რომელიც პიტიახშის ხელშია, უძლური ხდება მასთან პირისპირ.

შუშანიკი ვარსქენზე აღმატებულია არა მხოლოდ სულიერად, არამედ გონებრივადაც. დედოფალმა მშვენივრად იცის, რისი გამკეთებელია ქმარი: „და უკეთურებისა მის სახისა ქმრისასა მისისაისა მარადის გულს-ეტყვინ და ევედრებინ ყოველთავე ლოცვის ყოფად მისთვის, რაითამცა ცვალა იგი ღმერთმან სახისა მისგან უგუნურებისა და იქმნამცა გონიერებასა ქრისტეისსა”.

და მზად არის ბრძოლისთვის, მზად არის განითქვას სახელი და სულ მცირე, ინფორმაციული ომი მოუგოს მოღალატე მეუღლეს. სწორედ ამიტომ უკვირს იაკობ შეკითხვა, აღწეროს თუ არა მისი ღვაწლი. შუშანიკს ყველაფერზე წინასწარა აქვს ნაფიქრი.

ვარსქენზე იმავეს ვერ ვიტყვით. ის, როგოც ერთპიროვნული მმართველი, უპრობლემოდ ჰპირდება პეროზ მეფეს:” რომელი იგი ბუნებითი ცოლი არს და შვილნი, იგინიცა ესრევე მოვაქცივე შენსა შჯულსა, ვითარცა-ესე მე.” და სრულებით არ არის მზად იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც სახლში ელოდება. ყოველ შემთხვევაში, მზად მყოფის არაფერი ეტყობა მის შემდგომ ქმედებებს. შუშანიკი უგებს ვარსქენს ყველა პოლემიკას, მისი მოტყუება ქმარს არ შეუძლია.

საინტერესოა, შუშანიკის, როგორც დედის სახე. დღესაც კი ქართული საზოგადოების ნაწილის აზრით, დედობა იმდენად უპირველესი ფუნქციაა ქალისა, რომ შვილების დაბადებით ის თითქოს კარგავს პიროვნული არჩევანის უფლებას, რადგან საზოგადოება მასზე ძალადობს, იყოს უპირველესად შვილებისთვის და მთელი ცხოვრება მოახმაროს მათ.

შუშანიკი თავისი არჩევანიდან გამომდინარე, იძულებულია დატოვოს შვილები. ისინი არასრულწოვანები არიან, წმინდანის რთულ გზაზე ვერ გაიყოლებს, ვარსქენის ფიზიკური ძალადობის სამიზნედ ვერ გახდის, ამიტომ იძულებულია ღმერთს მიანდოს და საკუთარ თავზე იზრუნოს. „უფალო ღმერთო, შენნი მოცემულნი არიან ესენი და შენ დაიცვენ ესენი. … გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაი შენი, უფალო, და მე დამიცევ საქმეთაგან მტერისათა” – ეს ერთგვარი გამიჯვნაა, ისეთი, რომელსაც დღესაც კი ძნელად უგებს ქალს საზოგადოება.

შუშანიკი, მიუხედავად მიღებული შედეგისა (მასზე უკვე სულიწმინდის მადლია გადმოსული, უშვილოებს შვილს აძლევს, ბრებს თვალს უხელს, ავადმყოფებს კურნავს.) უკმაყოფილოა თავისი გენდერული როლით საზოგადოებაში, პროტესტი უთანასწორობის მიმართ მასში იმდენად მძლავრია, რომ „საწყალობელი”ვარსქენის სულზე გამუდმებული ლოცვის ნაცვლად, რაც უფრო ბუნებრივი იქნებოდა წმინდანისგან, მრისხანედ მოითხოვს და ელოდება თანასწორობასა და მიყენებული ტანჯვის გამო ვარსქენის დასჯას: „განვისაჯნეთ მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სად-იგი არა არს თუალღებაი წინაშე მსაჯულისა მის მსაჯულთაისა და მეუფისა მის მეუფეთაისა, სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი, სადა მე და მან სწორი სიტყუაი ვთქვათ წინაშე უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეისა.”

უთანასწორო სტერეოტიპი, რომელსაც შუშანიკი იცავს, რადგან საკუთარი რელიგიის ხალყოფად მიაჩნია, არის ის, რომ ქალისა და მამაკაცის ერთად ჭამა არ შეიძლება: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა დედათა და მამათა ერთად ეჭამა პური?!”

საბედნიეროდ, დღეს ეს წესი დარღვეულია და სქესთა შორის გამიჯვნა აღარ არის ასეთი კატეგორიული, რაც თავისთავად გვაფიქრებინებს, რომ ეკლესიას, სურვილის შემთხვევაში, გენდერული სტერეოტიპების დაძლევის პერსპექტივა აქვს.

აგრესიულ ქცევას ქალისაგან დღესაც ძნელად იღებს საზოგადოება. გასაგები მიზეზების გამო ის მხოლოდ მამაკაცებს ეპატიებათ. იაკობ ხუცესი არ ერიდება თავის პერსონაჟს თითქმის უდანაშაულო ქალისთვის, ჯოჯიკის ცოლისთვის ღვინით სავსე ჭიქა სახეში შეალეწვინოს. ეს ყველაზე წინააღმდეგობრივი საქციელია შუშანიკისა. ეს საქციელი თითქოს შეუფერებელია ქალისთვისაც, დედოფლისთვისაც, ქრისტიანისთვისაც. მისი ამ ქმედების მოტივაცია მრავალგვარი შეიძლება იყოს. პირველი – ის ავლენს საბოლოო გადაწყვეტილებას, საკუთარ სიმტკიცეს, კატეგორიულად აცხადებს უარს კომპრომისზე. მეორე – მან იცის, რომ ფიზიკური წამება ელის და რადგან მოლოდინი ძნელია, ერთგვარად იახლოვებს განსაცდელს. მესამე – პროვოცირებს, რომ ვარსქენის მხეცური ბუნება გამოავლინოს და ბოლოს, რადგან იცის, რომ მთელი მისი ბრძოლა პასიური უნდა იყოს, პირველ ნაბიჯით მაინც ახერხებს აქტიურ ქმედებას, იწყებს თვითონ და ამით ერთგვარ განაცხადს აკეთებს, რომ არ დასჯერდება იმ როლსა და ადგილს, რომელსაც მას საზოგადოება, როგორც ქალს სთავაზობს.

მუსიკალური ვიზუალური ატრაქციონი (I ნაწილი)

0
უნდა ითქვას, რომ თანამედროვე მულტფილმი არაერთ კინომცოდნეს გაუკრიტიკებია. ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 60-იან წლებში მსჯელობდნენ იმაზე, რომ ძალადობისა და სისასტიკის სცენები ბავშვში აუცილებლად აღძრავდა აგრესიას. ფსიქოლოგების აზრით, სკოლამდელი ასაკის ბავშვებზე მულტფილმის განსაკუთრებული ზემოქმედება ისეთი მექანიზმებით აიხსნება, როგორებიცაა შთაგონება (გმირის ქცევის სტერეოტიპად ფორმირება) და მიმბაძველობა (გმირის ქცევის როგორც ბუნებრივისა და მისაღების უპირობო აღქმა). ამიტომ, როდესაც ბავშვისთვის მულტფილმის ჩვენებას გადაწყვეტთ, სასურველია, წინასწარ თავად გადაავლოთ თვალი და შეაფასოთ, ავითარებს თუ არა ის ადამიანის საუკეთესო თვისებებს. მაშინ მულტფილმი ბავშვისთვის არა მხოლოდ გასართობად, არამედ აღზრდა-განვითარების შესანიშნავ საშუალებადაც იქცევა. მაგრამ ნუ დაივიწყებთ, რომ როგორი სრულყოფილიც უნდა იყოს მულტფილმი, ის ვერასდროს შეცვლის უფროსებთან ცოცხალ ურთიერთობას, ამიტომ სასურველია, ძველ თუ თანამედროვე მულტფილმებს ბავშვმა მშობლებთან ერთად უყუროს.

ძნელი სათქმელია, როდის წარმოიშვა ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი დარგი – მულტიპლიკაცია (ანიმაცია), მაგრამ ჰომო საპიენსი რომ ყველა დროში მიისწრაფოდა, გადმოეცა მოძრაობა, ფაქტია.

ადამიანები თანდათან უახლოვდებოდნენ ნახატების „გაცოცხლებას”. დროთა განმავლობაში მათ შეამჩნიეს, რომ განსაზღვრული სიჩქარით ცვლადი ნახატები მოძრაობის ილუზიას ქმნიდა. მე-19 საუკუნემ კაცობრიობას „გასართობი მოწყობილობა” – ზოოტროპი აჩუქა. მისი მეშვეობით სურათები მართლაც „ცოცხლდებოდა”. უმარტივესი ზოოტროპი ჯერ კიდევ უძველეს დროში არსებობდა ჩინეთში. ფრანგმა მხატვარმა და გამომგონებელმა ემილ რეინომ ეს „ჯადოსნური” ხელსაწყო სრულყო და ამგვარად სანახაობით ტკბობის საშუალება მისცა არა ერთ, არამედ მრავალ მაყურებელს. ერთი წლის შემდეგ რეინომ თავად შექმნა ოპტიკური ხელსაწყო პრაქსინოსკოპი, რომლის მეშვეობითაც რამდენიმე ნახატის მწყობრად და მდორედ ამოძრავებით მაყურებლისთვის დასრულებული მოკლე სიუჟეტების ჩვენება შეძლო.

უნდა ითქვას, რომ რეინოში შესანიშნავად შეერწყა ერთმანეთს მხატვრისა და კონსტრუქტორის ტალანტი. რეინო იყო პირველი, ვინც გამოსახულებისა და ხმის სინქრონიზაცია მოახდინა, გარდა იმისა, რომ ფილმებისთვის მუსიკალურ თანხლებასაც თავად ქმნიდა. ამ ადამიანის მოღვაწეობა ფასდაუდებლად მიიჩნევა.

ემილ კოლი კიდევ ერთი ფრანგი მულტიპლიკატორი, კერძოდ, მხატვარი-კარიკატურისტი, და ფოტოგრაფია. კინოფირზე ჩაწერილი პირველი უხმო მოკლემეტრაჟიანი ნახატი ფილმი მე-20 საუკუნის დასაწყისში (1908 წ.) სწორედ მან შექმნა. ფილმს „ფანტასმაგორია” ერქვა. ეს იყო შავ-თეთრი და სრულიად უხმო მულტიპლიკაციური ფილმი. მისი ცქერა მაყურებლებს კინოპროექტორის არასასიამოვნო, სპეციფიკური ხმაურის თანხლებით უხდებოდათ. მუშაობის პროცესში მხატვარი ყოველი ფილმისთვის ათასობით ნახატს ქმნიდა „სურათების გასაცოცხლებლად”. ემილ კოლი მულტიპლიკაციის ისტორიაში შევიდა როგორც გრაფიკული ანიმაციის შემქმნელი. ისევე როგორც რეინო, ისიც სიღარიბეში, ყველასაგან მივიწყებული გარდაიცვალა.

ეს ყოველივე იყო მულტიპლიკაციის განვითარების ახალი ეპოქის დასაწყისი, მაუწყებელი უდიდესი შემოქმედებითი პოტენციალის არსებობისა.

რუსეთში თოჯინური, მოცულობითი ანიმაციის პიონერად პოლონური ფესვების მქონე მხატვარი და ოპერატორი ვ. სტარევიჩი მიიჩნევა. მისი ფილმების გმირები იყვნენ მწერები: ხოჭოები, ნემსიყლაპიები და ჭიანჭველები. ეკრანზე მწერი-თოჯინები ისე ბუნებრივად მოძრაობდნენ, რომ იმ დროის კინომიმომხილველებს კითხვა ებადებოდათ: „როგორ მოახერხა ბატონმა სტარევიჩმა უსულო საგნების ასე გაწვრთნაო?” თუმცა მწერების გარეგნობისა და ქცევის უზადო ცოდნა სტარევიჩის ერთადერთი ღირსება არ ყოფილა – ის შესანიშნავად ახერხებდა ადამიანთა ხასიათის პაროდირებას. სტარევიჩის შედევრად მიჩნეულია ი. კრილოვის იგავ-არაკის მიხედვით გადაღებული მულტფილმი „ჭრიჭინა და ჭიანჭველა”. თუმცა ამჯერად მინდა, ჩემი ბავშვობის საყვარელი ნახატი ფილმი „გოგონა და დელფინი” (რ. ზელმა) შემოგთავაზოთ:

უნდა ითქვას, რომ საბჭოთა მულტიპლიკაცია ყოველთვის გამოირჩეოდა ჰუმანიზმით, ფაქიზი ლირიკითა და განსაკუთრებული გულწრფელობით.

ნახატი და თოჯინური ფილმების შესაძლებლობები ყოველგვარ საზღვარს სცილდება. ნახატისა თუ უსულო საგნის „გასულიერებით” მულტიპლიკატორს ძალუძს, ეკრანზე ნებისმიერ ფანტაზია-ჩანაფიქრს შეასხას ხორცი.

რაც შეეხება ქართულ მულტიპლიკაციას, ის დაახლოებით 85 წლისაა. კინოფონდი, რომელიც ჩვენმა ანიმატორებმა შექმნეს, სპეციალისტთა აზრით, საამაყოა.

საქართველოში ანიმაციური სტუდია 1929 წლიდან არსებობს. ქართულ მულტიპლიკაციას საფუძველი ვლადიმერ მუჯირმა ჩაუყარა. პირველი ქართული მულტიპლიკაციური ფილმი „არგონავტები” (რეჟ. ვ. მუჯირი) 1935 წელს შეიქმნა. ფილმის მხატვარი ლადო გუდიაშვილია, ხოლო კომპოზიტორი – შალვა აზმაიფარაშვილი.
აკადემიურ დონეზე კი ქართული მულტიპლიკაცია არკადი ხინთიბიძემ აიყვანა. არაჩვეულებრივი ანიმაციური ფილმების ავტორები არიან ცნობილი რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი, ბორის სტარიკოვსკი, გაბო ლავრელაშვილი, შალვა გედევანიშვილი, კარლო სულაკაური და სხვები. ქართველ მულტიპლიკატორებს ყველა ტექნიკურ სტილში (ნახატი, თოჯინური, აპლიკაციური ანიმაცია, პლასტილინი) აქვთ ნაღვაწი.

„გოგონა და შადრევანი” (კომპ. სულხან ნასიძე)
***
მაშინ, როდესაც ევროპაში ფილმების გადაღება, ფაქტობრივად, კუსტარული მეთოდებით მიმდინარეობდა (ასე ვთქვათ, მოყვარული-მულტიპლიკატორის დონეზე, თუმცა ჭეშმარიტი შემოქმედებითი ენთუზიაზმითა და საქმის დიდი სიყვარულით იქმნებოდა ხელოვნების ნამდვილზე ნამდვილი ნიმუშები), ამერიკის შეერთებულ შტატებში ტექნიკური ბაზა საკმაოდ მაღალი დონისა იყო. როდესაც ევროპაში ემილ კოლი პირველ ნახატ ფილმებს ქმნიდა, ამერიკაშიც იკიდებდა ფეხს მულტიპლიკაცია. აშშ-დან დაბრუნებული კოლი გაოცებით ამბობდა: „ამერიკაში ფილმებს ისეთივე სისწრაფით უშვებენ, როგორც ელისეის მინდვრებზე აცხობენ ვაფლს”. სწორედ ამ დროს გამოჩნდა მომავალი მულტიპლიკაციის „მამა” – უოლტ დისნეი. დიახ, მულტიპლიკაციაზე საუბარი ამ ამერიკელი რეჟისორის გარეშე ჩვენი მხრივ დანაშაული იქნებოდა. დისნეიმ 1929 წელს გადაიღო თავისი პირველი შავ-თეთრი მუსიკალური მულტიპლიკაციური ფილმი – „ჩონჩხების ცეკვა”. 

 
იმ დროის ამერიკელი მაყურებელი შეძრული ადევნებდა თვალყურს კ. სენ-სანსისა და ე. გრიგის (კ. სტალინგის მიერ დამუშავებული) მუსიკის ფონზე მოცეკვავე ჩონჩხებს, გაოგნებული არა მხოლოდ სანახობით, არამედ მოძრაობისა და მუსიკის აბსოლუტური სინქრონითაც. ეკრანზე იდეალური ერთობა სუფევდა. პირქუშისა და ფანტასტიკურის, თავშესაქცევისა და არაადამიანურის შერწყმამ მაყურებელზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა. დისნეის სტუდიამ შეძლო შეექმნა მანამდე არარსებული, ძალზე ორიგინალური რამ.

პოპულიზმის ხუთი ნიშანი

0

უკანასკნელ პერიოდში, საზოგადოებრივი დისკუსიების მიმდინარეობის დროს, სულ უფრო ხშირად საუბრობენ პოპულიზმის შესახებ. პოლიტიკური პარტიები, საზოგადოებრივი ჯგუფები, ლიდერები და რიგითი მოხელეები ყოველი ფეხის ნაბიჯზე ადანაშაულებენ ერთმანეთს პოპულისტური გადაწყვეტილებების მიღებაში. მიუხედავად აღნიშნული ცნების ინტენსიური გამოყენებისა, მისი რეალური შინაარსის შესახებ ბევრმა არაფერი იცის. ძალიან ცოტას თუ შეუძლია პასუხი გასცეს კითხვას – რა არის პოპულიზმი?

პოპულიზმი სოციალური ფენომენია, რომელსაც განსაკუთრებული მონდომებით იკვლევენ ფსიქოლოგები, სოციოლოგები და პოლიტიკის მეცნიერების წარმომადგენლები. ცხადია, მრავალფეროვანი სამეცნიერო სამუშაოების კვალდაკვალ, დროთა განმავლობაში ცნების არაერთი და ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგო განსაზღვრება ჩამოყალიბდა. განსაზღვრებათა ნაწილი სოციალურ მოვლენას პოზიტიურ კონტექსტშიც კი აღწერს. ზოგიერთი პოპულიზმს ცალკე იდეოლოგიად განიხილავს. მკვლევართა ნაწილი მას უბრალო სამოქმედო სტრატეგიად მიიჩნევს. არიან ისეთებიც, რომლებიც პოპულიზმს მხოლოდ პოლიტიკური კამპანიის სტილთან და იმიჯთან აიგივებენ. ცალ-ცალკე განვიხილოთ ყველა ძირითადი ხედვა.

ლიბერალები და კონსერვატორები პოპულიზმს დამოუკიდებელ იდეოლოგიად აცხადებენ. მათი აზრით, აღნიშნულ იდეოლოგიას ერთადერთი უმთავრესი მახასიათებელი აქვს. პოპულისტები საზოგადოებას ხელოვნურად, მიზანმიმართულად ანაწევრებენ ორ რადიკალურად ურთიერთდაპირისპირებულ ჯგუფად. მცირერიცხოვან ჯგუფს ბრალდება საზოგადოებაში არსებული ყველა პრობლემის, ყველა უბედურების გამოწვევა. მრავალრიცხოვანი ერთობის უპირველეს ამოცანად კი მტრის განადგურება, მტრის პოლიტიკური ასპარეზიდან გაძევება განისაზღვრება.

პოპულისტურ სტრატეგიას კი სხვა ნიშნებით გამოარჩევენ. აღნიშნულ შემთხვევაში კონკრეტული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი გაერთიანებები უარს ამბობენ ყველა იდეოლოგიურ პრინციპზე და მასების მოსამხრობად ნებისმიერ სამოქმედო გეგმაზე არიან წამსვლელნი. ისინი მზად არიან ისაუბრონ ყველაფერზე, რაც შეიძლება სხვადასხვა სფეროში ნაკლებად კომპეტენტურ ადამიანებს მოეწონოთ. ისინი იმ იდეის მხარეს არიან, რომელიც მოცემულ მომენტში პოპულარულია. თუ დროთა განმავლობაში სხვა პოზიცია დაწინაურდება, პოპულისტებიც უმავლვე ახალი შეხედულების მხარდამჭერებად მოგვევლინებიან. შესაბამისად, პოპულისტური სტრატეგია ნებისმიერ დროს ნებისმიერ კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი მეცნიერი პოპულისტებს ქამელეონებს ადარებს.

პოპულიზმს, როგორც სტრატეგიას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი აქვს. კერძოდ, მისთვის მეასეხარისხოვანია სამეცნიერო დასკვნები და რესურსების გამოყენების ფაქტობრივი შესაძლებლობები. აღნიშნული სტრატეგიის მიხედვით წარმოუდგენელი და დაუჯერებელი მიზნების რეალისტურად წარმოჩენაც კი ხერხდება.

პოპულისტური კომუნიკაციის სტილი მასობრივი წარმოდგენებით, მძაფრი პერფორმანსებითა და ხმაურიანი კამპანიებით ხასიათდება. აღნიშნული მიდგომის მომხრეები დღევანდელ მსოფლიოში მიმდინარე ნებისმიერ წინასაარჩევნო პროცესში პოპულიზმის სერიოზულ ელემენტებს ხედავენ.

სრულ ჭეშმარიტებად ვერც ერთ ჩამოთვლილ ხედვას ვერ მივიჩნევთ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, კარგი იქნება თუ თითოეული მათგანის საერთო ნიადაგზე გაერთიანებას შევეცდებით და პოპულიზმის ხუთ უმთავრეს ნიშანს ცალკე ჩამოვწერთ:

1.„მტრის ხატის” ძიება და მისი გამოყენება მოქალაქეთა დარაზმვის მიზნით;

2.მასების მისამხრობლად ნებისმიერი გეგმის გამოყენებისა და ნებისმიერ კომპრომისზე წასვლის შესაძლებლობა;

3.მყარი იდეოლოგიური პრინციპების არარსებობა. ღირებულებების მუდმივი ცვალებადობა;

4.სამეცნიერო დასკვნებისა და რეალისტური შესაძლებლობების იგნორირება;

5.სპეციფიკური, განსაკუთრებით ემოციური დრამატურგია საზოგადოებრივი კამპანიების წარმოების დროს.

ძირითადი დამოკიდებულებების გარდა, ჩვენი ყურადღება საქართველოში გამოვლენილ გარემოებებზეც უნდა გავამახვილოთ. ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღეს არსებული მძიმე სოციალური მდგომარეობით ძალიან კმაყოფილნი არიან. ისინი შესანიშნავად გრძნობენ თავს. მათ სხვაგვარად ცხოვრება ვერ წარმოუდგენიათ. მათ არ სურთ თავისუფლებისა და კეთილდღეობის სხვებისათვის განაწილება. შესაბამისად, მოქალაქეთა იმ ჯგუფებს, რომლებიც ახალი და აბსოლუტურად შესაძლებელი წესრიგისთვის იბრძვიან, პოპულისტებად მოიხსენებენ. აქედან გამომდინარე, აღნიშნული ცნების გამოყენების შემთხვევებს განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, რათა თავად არ გავხდეთ მანიპულაციის მსხვერპლნი და სტიგმის, იარლიყის მიკერების დანაშაულებრივი პროცესის მონაწილენი.

ზეპირი ისტორიები სკოლაზე -გოგიტაური სკოლაში დარჩა

0

ნიკო გოგიტაური…სოფელს შემორჩა საფლავი და ხსოვნაში ჩაბეჭდილი ამბები…

ჭოპორტი არაგვის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ძველი სოფელია. სკოლა ფერდობზე მდებარეობს. ზემოთ, ეზოს ბოლოში ნაძვები დგას. ამ ნაძვებთან საფლავია, ნიკო გოგიტაურის საფლავი… აქედან სკოლის შენობაც, ეზოც და სოფელიც ხელისგულივით ჩანს.

,,დიდებული ადამიანი”, ,,კეთილშობილი კაცი”, ,,მამასავით მზრუნველი”, ასე შეთანხმებულივით იწყებენ მასზე საუბარს ყოფილი მოსწავლეები – უკვე ოთხმოცს მიტანებულები.

ნიკო გოგიტაური ამ სოფლის სკოლის დირექტორი იყო, სკოლაშივე ცხოვრობდა, ოჯახი არ ჰყავდა, იშვიათად მხოლოდ და აკითხავდა.

– 30-იან წლებში უკვე აქ იყო. ოღონდ სკოლას მაშინ ერთი პატარა, ძველი შენობა ჰქონდა, ახალი მის ხელში აშენდა, – 82 წლის ანზორ საძაგლიშვილი ჭოპორტში გოგიტაურის მოსვლის თარიღის გამოთვლას ცდილობს.

უკვე ჭარმაგი ,,მოსწავლეები” დირექტორის ამბებს კარგად ნასწავლი გაკვეთილებივით იხსენებენ:

– ეს იყო დიდებული ადამიანი, სკოლაზე და ბავშვებზე შეყვარებული კაცი. ჩვენს სოფელს დიდი ამაგი დასდო. სკოლას და მის შემოგარენს თავს დასტრიალებდა. წესრიგს ითხოვდა ყველასგან და თავადაც იცავდა ამ წესებს. გამცდენი არც მოწაფე მოსწონდა და არც მასწავლებელი. სწავლის გარდა, შრომაც გვასწავლა. სკოლას დიდი ეზო ჰქონდა და ყველა კუნჭულს ვამუშავებდით, შრომის გაკვეთილებს ვიღებდით. გამწვანებულ-დანარნარებული გვქონდა იქაურობა, ყველაფერი მოგვყავდა. ამბობდა, დრო მოვა და შრომას საგნად შემოიღებენო, ასეც მოხდა, – გვიამბობს გოდერძი გელიაშვილი, – ისტორიას და გერმანულს გვასწავლიდა, კონსტიტუციასაც. თავაზიანიც იყო და მკაცრიც. ამ სიმკაცრის უკან მზრუნველი ხასიათი იმალებოდა. რამდენი სიკეთე გვახსოვს მისგან. გაჭირვებული წლები იყო, ხალხი შიმშილობდა. ნიკო მასწავლებელმა სკოლის დაბლა სართულში უფასო სასადილო მოაწყო. ჩვენს ეზოში მოწეული მოსავლით დიდ დასვენებაზე ბავშვების დაპურებას ახერხებდა. რამდენჯერ ფულითაც დახმარებია ბავშვებს.

– სკოლაში ორცვლიანი სწავლა იყო. მეორე ცვლაში მივედი. დერეფანში ჩემი ძმა და მისი კლასელები ტორფის ქოთნებს ამზადებდნენ ჩითილებისათვის. თავად ნიკო მასწავლებელმა მოიტანა ,,სტანოკი”, ასეთ საქმეებსაც გვასწავლიდა. ბავშვების ამბავი ხომ იცით, ხელნაკეთი ,,ასანთის თოფი” მქონდა. ჩემმა ძმამ ეს თოფი გამომართვა და გაისროლა თუ გაუვარდა, სწორედ ამ დროს შემოვიდა დირექტორი (პალტომოსხმული დადიოდა ხოლმე). ეტყობა, აფეთქების ხმაზე შეკრთა და პალტოც დაბლა ჩამოუვარდა. წაიყვანა ეს დიდი ბიჭები კაბინეტში და კარგი დღე არ დაადგებოდათ. მე პატარა ვიყავი და უფრო გაპატიებსო, მითხრეს… მეც დავიბრალე… გამიბრაზდა, მაგრამ სხვა პედაგოგები გამომესარჩლნენ, პატარაა, გაუვარდაო და… მასაც გული მოუბრუნდა, მაინც დამემუქრა, ჯარში რომ წახვალ, ისეთ დახასიათებას მოგცემ, შავ საქმეს გაგაკეთებინებენო… მერე, ჯარიდან შვებულებით რომ ჩამოვედი, მივედი სკოლაში ჯარისკაცის ფორმით. უჰ, შენა ხარო? გამომკითხა ყველაფერი, როგორ მსახურობო? როგორი პირობები გაქვთო? ვუამბე ჯარისკაცულ ცხოვრებაზე. წამიყვანა და კლასებში ჩამომატარა – აი, წარმატებული ჯარისკაციო…

– დაბალი კაცი იყო. სულ გაპიწკინებული დადიოდა. კარგი სანაცნობო ჰყავდა. დამეგობრებული ვიყავით თბილისის სკოლებთან. ერთად ვატარებდით კონცერტებს. თბილისში სოფლის მეურნეობის გამოფენა ეწყობოდა და იქ გამაგზავნა ამ ჩვენი მოწეული პროდუქტებით… გაცდენა არ უყვარდა. თუ გააცდენდი, მშობელი უნდა მიგეყვანა. ერთხელ მე და ჩემი მეგობარი წისქვილში გაგვიშვეს. ძველი წისქვილი იყო და ჩაინგრა და ჩავცვივდით წყალში. გადავრჩით, მაგრამ სკოლა გაგვიცდა. გაცდენისთვის გაგვიბრაზდა, გაგვიშვა სახლში. მერე გაეგო, რაც დაგვემართა და დაგვიძახა შეშფოთებულმა ,,მაქა, როგორ გადარჩენილხართო”. ყველაფერი გამოგვკითხა. უფროსკლასელს დამავალა შრომის ,,მასწავლებლობა”, ნიშნებსაც ვუწერდი ბავშვებს… ამ დროს მოხდა სტალინის ამბები, ჩვენც მიტინგი მოვაწყეთ. გაიგეს და მოხსნას ძლივს გადარჩა. მგონი თავისმა სამეგობრომ უშველა, -ამბობს ბატონი გოდერძი.

– უი, გოგიტაურის ამბავი გაიხსენეთ? გაგახარათ ღმერთმა… რომელი ერთი მოვყვე? მისმა სულმა იხაროს, მაშინ მანქანები სად იყო? ,,ლინეიკით” ადიოდა დუშეთში და იქიდან ჩამოქონდა ,,ბულკები” და ,,სიროფი”, რომ გაჭირვებულ ბავშვებს ჩაი დაგველია. შვიდ ნოემბერს მოსწავლეებისათვის საჩუქრები უნდა დაერიგებინათ. მე ვინ მომცემდა? ტროცკისტის შვილი ვიყავი. მაინც შემიტანა სიაში. იცოდა ძალიან გვიჭირდა და მაინც კარგად ვსწავლობდი. ნაცრისფერი ტილოს ,,ჩუსტიკები” მოგვცეს. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ახლაც მახსოვს, საშვიდნოემბრო კონცერტზე ლექსი უნდა მეთქვა, თოვლჭყაპი იყო, ვერ გავიმეტე დასასველებლად – სკოლამდე ფეხშიშველი მივედი, იქ წყაროზე დავიბანე და ისე ჩავიცვი… ერთხელ კლუბთან ლამაზი, დიდი ფანქარი ვიპოვე. ვიფიქრე, ასეთი ფანქარი მხოლოდ გოგიტაურის იქნება-მეთქი და მივედი სკოლაში. იქ ერთ ოთახში ცხოვრობდა. იმ კარს იქით ჩვენ არასდროს შეგვიხედავს. დავუკაკუნე, გაუკვირდა ,,მაქა, რა გინდაო?” ვუთხარი, ოდნავ გამიღიმა, წაიღე, შენი იყოსო…- გვიამბობს ელიკო საძაგლიშვილი-ბეკურაშვილი და ცოტა ხნით სადღაც ფიქრებში მიდის, მერე კი ისევ აშლის მოგოგნებებს:

– მარტო სკოლის კი არა, სოფლის გულშემატკივარი იყო. დედაჩემს ძალიან უჭირდა. ჩემი ძმა ჯარში წაიყვანეს და სანახავად წასასვლელი ფული არ ჰქონდა. ნიკო მასწავლებელთან მივიდა სათხოვნელად. რომ გაიგო, რისთვისაც უნდოდა, უთხრა – ვალად არ გაძლევ, წადი, მოიხმარეო. ასე ეხმარებოდა სხვებსაც. ჩვენთვის რომ ასეთი იყო, ჩვენც გვინდოდა ყურადღების გამოხატვა, ერთხელ ხილი მივართვით. მადლობა გვითხრა და ისევ ბავშვებს უმასპინძლა. ყველაფერს აკვირდებოდა, ბავშვებს ყურს უგდებდა. ერთხელ სიმინდს ვთოხნიდით. გაწვიმდა. კარგია, წვიმა მოუხდებაო, – თქვა ნიკო მასწავლებელმა, ჩემმა ბიძაშვილმა კი უთხრა: არა, მასწავლებელო, წვიმა ბალახს ისევ გააცოცხლებს, ამიტომ გათოხნის შემდეგ სჯობს მზემ დააჭიროსო. დაფიქრდა და იქვე უთხრა: მართალს ამბობ, ჭკვიანი, დაკვირვებული ბიჭი ხარო.

გოდერძი გელიაშვილი: ამ ადამიანმა ჩვენი სოფლისთვის და სკოლისთვის იცხოვრა და ისე მოხდა, სკოლის საქმეს შეეწირა ტრაგიკულად. გითხარით, დიდი სანაცნობო ჰყავდა და ძალიან ცდილობდა ჩვენი სკოლის ბაზაზე სასოფლო ტექნიკუმი დაეარსებინა. საჭირო იყო ფართის მომატება. სამშენებლო მასალების მოსატანად იყო წასული. ხის მასალა მოჰქონდათ სატვირთოთი, თავად კი მსუბუქი მანქანით მოჰყვებოდა. რა მოხდა, არ ვიცი, მაგრამ სატვირთოს შეეჯახნენ და ნიკო გოგიტაური გარდაიცვალა. მგონი, 1960 წელი იყო. მეხივით დაატყდა ეს ამბავი სოფელს. ყველა თავზარდაცემული იყო. ვეღარც წარმოგვედგინა, როგორ უნდა გაგრძელებულიყო ცხოვრება, როგორ უნდა ესწავლათ ჩვენს შვილებს… გოგიტაური და სკოლა უერთმანეთოდ ვერ წარმოგვედგინა. არც გაანება თავი. სკოლაში დარჩა სამუდამოდ. სოფელმა აქვე დაკრძალა, თავისი ნაამაგარი სკოლის ეზოში…

ელიკო გელიაშვილი: სკოლის ეზოში, მაღლა, ბექობზე ნაძვები დგას. ჩვენ დაგვარგვევინა ეს ნაძვები გოგიტაურმა. წყალი ვედროებით აგვქონდა, რომ არ გამხმარიყო. მერე საწყალს იქ მიუჩინეს საბოლოო ბინა. აღდგომას, მიცვალებულების საფლავებზე გასვლისას, ცალკე ვამზადებდი კვერცხებს, ნაზუქსა და ღვინოს და აუცილებლად მივდიოდი გოგიტაურის საფლავზე. ახლა ჩვენც დავბერდით, სოფლის მოამაგე კაცი იყო, სანამ ჩვენ ვიქნებით გვემახსოვრება მისი სახელი. კარგია, რომ დაინტერესდით, ამ წერილით მაინც გაიხსენებს ვინმე…

წერილი მზად იყო, როცა სოფლიდან რაიონულ გაზეთში დაბეჭდილი ნიკოლოზ გოგიტაურის ნეკროლოგი გამოგვიგზავნეს, ესეც მის მოწაფეებს შემოუნახავთ: ნიკოლოზ პავლეს ძე გოგიტაური დაბადებულა 1902 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ბასილეთში. საშუალო სასწავლებელი ოზურგეთში დაუმთავრებია. 1921 წელს დაინიშნა ხიდისთავის საბაზო სკოლის გამგედ. შემდეგ სწავლა თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა და 1933 წელს ფასანაურის საშუალო სკოლის დირექტორად, 1935 წლიდან კი უკვე სოფელ ჭოპორტის საშუალოს სკოლის დირექტორად დაინიშნა, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა. ნიკოლოზ გოგიტაურს მინიჭებული ჰქონდა დამსახურებული მასწავლებლის წოდება. იყო ლენინის, ორი შრომის წითელი დროშისა და საპატიო ნიშნის ორდენოსანი.

გიზო ურუშაძე – ქართული მიწის საუკეთესო მცოდნე

0
ჩვენ ამ მიწაზე ვცხოვრობთ, ვდგამთ პირველ ნაბიჯებს, ვიშენებთ სახლებს და  ამ მიწაზე მოწეული მოსავლით ვიკვებებით; ძალიან შორს და დიდი ხნით ყოფნისას ფეხსაცმლით სწორედ ამ მიწას ვატარებთ, უკან დაბრუნებული ვკოცნით და მისთვის ვიბრძვით. ეს ჩვენი მიწაა, ოდესღაც სწორედ ასეთი გვერგო, მაგრამ ცოტამ თუ ვიცით, რას წარმოადგენს სინამდვილეში ქართული მიწა, რითია გამორჩეული და საინტერესო, რამდენნაირი ნიადაგი იმალება მის სიღრმეში და რატომაა აუცილებელი მისი თავისებურებების ცოდნა. ეს საუკეთესოდ იცის ჩვენმა რესპონდენტმა, აკადემიკოსმა გიზო ურუშაძემ, რომელიც დღეისთვის საქართველოს საუკეთესო ნიადაგმცოდნედ მიიჩნევა, საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას კი სტუდენტებს უზიარებს. 

აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე უკვე წლებია ნიადაგმცოდნეობის კლუბი ფუნქციონირებს. ეს გახლავთ 10 თვიანი ნებაყოფლობითი კურსი, რომლის განმავლობაშიც, თვეში ერთხელ კლუბის წევრები სასწავლო ექსკურსიებზე დადიან და ადგილზე ეცნობიან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაბნეულ სხვა და სხვა სახეობის ნიადაგებს. კლუბი მხოლოდ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის არ ფუნქციონირებს, მისი წევრები სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც არიან, გიზო ურუშაძე კი ყველა მათგანს თანაბრად უნაწილებს არა მხოლოდ მიწის შესახებ ცოდნას, არამედ მის სიყვარულსაც. 

გიზო ურუშაძე აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორია, გახლავთ საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების პრეზიდენტი, ესპანეთის (ბარსელონა) მეცნიერების და ხელოვნების სამეფო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საერთაშორისო ჟურნალ “აგრარულ მეცნიერებათა მაცნეს” მთავარი რედაქტორი, სხვა და სხვა დროს  კითხულობდა ლექციებს გერმანიასა (დრეზდენის უნივერსიტეტში) და ავსტრიაში (ბუნებრივი რესურსების და სიცოცხლის მეცნიერებათა უნივერსიტეტში), არის რამდენიმე სახელმძღვანელოს ავტორი. 
– ბატონო გიზო, მოკლედ აგვიხსენით, რას გულისხმობს თქვენი პროფესია? 

– ნიადაგმცოდნეობა ნიადაგების შემსწავლელი მეცნიერებაა, თავად ნიადაგი კი ბუნებრივ-ისტორიული სხეული გახლავთ, რომელსაც ნაყოფიერება გააჩნია. საქართველო ამ მხრივ ძალიან მდიდარი ქვეყანაა. აქ შეხვდებით ნიადაგებს, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით პირველად სწორედ საქართველოში გამოჰყვეს, ჯერ კიდევ 1904 წელს, შემდეგ კი ისინი საერთაშორისოდ აღიარეს. უნიკალურია მცხეთაში აღმოჩენილი ნიადაგები, რომლებიც ბევრი ენაზე გამოცემულ სახელმძღვანელოშია შეტანილი, ასევე მუხრანის ყავისფერი ნიადაგები.  უნიკალურია ჩემ მიერ 1968 წელს აღმოჩენილი ყვითელ ყომრალი ნიადაგი, რომელიც დასავლეთ საქართველოში გვხვდება და ა.შ. 

– რატომაა აუცილებელი ნიადაგის კვლევა? რა ინფორმაციას მოიცავს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მიწა? 

– ნიადაგის ფენა პატარაა, სიღრმეში ერთ მეტრსაც არ აღწევს, მაგრამ უდიდეს სიმდიდრეს, ინფორმაციასა და მეხსიერებას აერთიანებს. ნიადაგს კაცობრიობა მუდამ სწავლობდა, რადგან სწორედ მასზეა დამოკიდებული ადამიანის არსებობა, მით უფრო მიწათმოქმედებით ცნობილ ქვეყნებში. მეცნიერებად მე-19 საუკუნის ბოლოს რუსმა გეოლოგმა და ნიადაგმცოდნე ვასილი დოკუჩაევმა ჩამოაყალიბა. ის სამი თვის განმავლობაში სწავლობდა კავკასიის ნიადაგებს და დაასკვნა, რომ ეს რეგიონი, განსაკუთრებით კი საქართველო, ნიადაგების მხრივ დიდი მრავალფეროვნებით გამოირჩევა და რომ ჩვენი ქვეყანა ნიადაგების ბუნებრივი მუზეუმია. ზოგადად ნიადაგის ჩამოყალიბებისთვის ხუთი ფაქტორია საჭირო: გეოლოგიური ქანი, რელიეფი, კლიმატი, ფლორა-ფაუნა და დრო. მაგალითად,  ფასანაურის ნიადაგის ასაკი 10 ათასი წელია, მცხეთისა – 2 მილიონი ანუ საქართველოს იმ მხრივაც გამორჩეული მდებარეობა გააჩნია, რომ ნიადაგის ასაკი და სხვა თავისებურება მოკლე მანძილებზე იცვლება და ამით მრავალფეროვნებას ქმნის. სამწუხაროდ, ასეთი სიმდიდრის პატრონებს მიწის მიმართ ბარბაროსული დამოკიდებულებაც გვახასიათებს. მაგალითად, მსოფლიოში ნიადაგური მიგრაცია პირველად სწორედ აჭარაში დაფიქსირდა ანუ მიწა იმდენად გაფუჭდა, ჩამოირეცხა, გაკაფული ტყეებისა და სხვა ფაქტორების გამო იმდენჯერ დაიმეწყრა, რომ გამოუსადეგარი გახდა და მოსახლეობა იძულებული იყო საცხოვრებლად სხვაგან წასულიყო. 

– ცნობილია თქვენი ნიადაგმცოდნეობის კლუბი, რომელიც სხვა და სხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს აერთიანებს. მოგვიყევით მის შესახებ. 

– სტუდენტებთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს, ამიტომ მიხარია, რომ მათთან აუდიტორიის გარეთაც შემიძლია დროის გატარება. ჩვენი კლუბი აგრარული უნივერსიტეტის ბაზაზე მოქმედებს, თუმცა მისი წევრები არიან თსუ-ს, ტექნიკური, ილიას, გორისა და თელავის უნივერსიტეტების სტუდენტებიც. თვეში ერთხელ, ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს სხვა და სხვა კუთხეში მივდივართ და სასწავლო ექსკურსიებს ვაწყობთ. ეს არის ერთგვარი საველე სკოლა, რომელიც პრაქტიკულ მეცადინეობასა და შესასწავლი მასალის ადგილზე გაცნობას, მისი თავისებურებების შესახებ საუბარსა და სხვა მიმართულებებს აერთიანებს. ყოველი გასვლის შემდეგ სტუდენტებს მიღებული ინფორმაციის დამუშავებასა და მოხსენებას ვთხოვ, უბრალოდ მაინტერესებს, რა გაიგეს ახალი და საინტერესო, თორემ თავად კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია და მხოლოდ სტუდენტების სურვილზეა დამოკიდებული, ჩაერთვებიან თუ არა მის მუშაობაში. 

– რამდენად აქტიურები არიან კლუბის წევრები? ახალ თაობას აინტერესებს ეს დარგი? 

– მათი უმეტესობა კლუბის საქმიანობაში სიხარულით ერთვება. მართალია, ნიადაგმცოდნეობა დიდად გასართობი დარგი არ არის, მაგრამ ბუნებაში გასვლა ყველას კარგ განწყობაზე აყენებს, აუდიტორიის მიღმა ძალიან იცვლებიან და უფრო იხსნებიან. ბავშვებს უყვართ ერთად ყოფნა, ურთიერთობა, საქმის ერთმანეთის დახმარებით კეთება. თუ ბუნება და ეკოლოგია გაინტერესებს, შეუძლებელია არ გიყვარდეს მიწაც – ასე არიან ჩემი სტუდენტებიც. 

– სტუდენტებთან მუშაობთ, მაგრამ გაქვთ რამე პროექტი სკოლის მოსწავლეებისთვის? 

– სკოლებს შორის ოლიმპიადის მოწყობას ვგეგმავ. ეს იქნება ზოგად ცოდნაზე დაფუძნებული შეჯიბრი, რომელიც კონკურსზე მეტად მოსწავლეების ინფორმირებას მოემსახურება. ამგვარ ოლიმპიადას უმაღლეს სასწავლებლებს შორის დიდი ხანია ვატარებთ, ახლა კი სკოლების დრო დადგა.  

– არ ვიცი, რამდენას სწორად ვსვამ კითხვას, მაგრამ მაინც გკითხავთ – რომელია თქვენთვის გამორჩეულად საყვარელი ნიადაგი? 

– საველე გასვლებისას ხშირად გვიერთდება ხელოვნებათმცოდნე თამაზ სანიკიძე და დღის ბოლოს რომელიმე ისტორიული ძეგლის შესახებ ძალიან საინტერესო ამბებს გვიყვება, რაც დღეს უფრო საინტერესოს ხდის. ერთხელ აღნიშნა, რომ ქართველებს ორი გამორჩეული კულტურული სიმდიდრე გაგვაჩნია: „ვეფხისტყაოსანი” და ჯვრის მონასტერი. ასეთი სიმდიდრეები ბუნებაშიც არსებობს, მაგალითად, ხეების ჯიშები ძელქვა და ლაფანი, რომლებიც პირველად საქართველოში აღმოაჩინეს, ამიტომ შესაბამის ლიტერატურაში ლათინურის ნაცვლად სწორედ ქართული სახელწოდებებით მოიხსენიება. რაც შეეხება ნიადაგს, ყავისფერი ნიადაგები – ეს საოცრებაა!

– ნებისმიერ არსებულ მეცნიერებას გააჩნია გამოყენების სფერო. საინტერესოა, ყველაზე მეტად როდის არის საჭირო ნიადაგმცოდნეს გამოცდილება?

– პირველ რიგში, ნიადაგმცოდნეობა სოფლის მეურნეობის განვითარებას ეხმარება. სწორედ ნიადაგმცოდნემ უნდა შეაფასოს და დაადგინოს, რამდენადაა ესა თუ ის ნიადაგი მზად კონკრეტული მცენარის მისაღებად. მაგალითად, წაბლი კირიან მიწას ვერ იტანს, ვერ იზრდება, მაშინვე კვდება, ამიტომ დასავლეთ საქართველოშია გავრცელებული, სადაც ძირითადად მჟავე ნიადაგებია. რამდენიმე წლის წინ კარბონატული მიწით ცნობილ სამხრეთ საქართველოში წაბლის სანერგეს მოწყობა გადაწყვიტეს. ჩითილმა ვერ გაიხარა, ამ პროექტის ავტორებს კი დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ. მათ ნიადაგმცოდნეს დასკვნა რომ ჰქონოდათ, წაბლის ხეს მისთვის შესაფერის გარემოში გაახარებდნენ და პრობლემებსაც აიცილებდნენ. ამრიგად ნიადაგების ცოდნის გარეშე სოფლის მეურნეობის განვითარება შეუძლებელია. 

ნიადაგმცოდნეობას დიდი როლი აქვს ქვეყნის თავდაცვით და სტრატეგიულ სფეროშიც. არსებობს მძიმე ანუ საფლობი ნიადაგები და ქვიშასავით მსუბუქიც. მეოცე საუკუნეში წარმოებული ომების განმავლობაში გაკეთებული დაკვირვებების შედეგად დადგენილია, რომ მძიმე ტექნიკა მძიმე და თიხნარევ ნიადარგში ვერ გაივლის, უბრალოდ ჩაეფლობა. ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეს საომარი სტრატეგიის დამგეგმავმა, მონაცემები კი ნიადაგმცოდნესგან უნდა მიიღოს. სწორედ ეს უკანასკნელი ადგენს მიწის ზედაპირზე ტექნიკის გამტარობის რუკას, რომელსაც მხოლოდ სამხედრო დანიშნულება გააჩნია. ნიადაგმცოდნეს პროფესია აქტიურად გამოიყენება მშენებლობის დარგშიც. სწორედ მის მიერ გაკეთებულ დასკვნაზეა დამოკიდებული, რამდენად მყარი საფუძველი ექნება შენობას. 

რამდენად კარგადაა გამოკვლეული საქართველოს ნიადაგი? დარჩა ამ დარგის მიერ აუთვისებელი ტერიტორიები? 
– თავის დროზე ქართული მიწა სიღმისეულად და მაქსიმალურად კარგად შევისწავლეთ, ზუსტადაა ცნობილი, რომელ მხარეს როგორი ტიპის ნიადაგები გვაქვს, თუმცა დროთა განმავლობაში ეს მონაცემები მოძველდა. საქმე ის გახლავთ, რომ თანამედროვე ცხოვრება ნიადაგზე დიდ ზემოქმედებას ახდენს, მიწა ყველანაირ შხამს ისრუტავს და ბინძურდება, იცვლება, ძველ თვისებებს კარგავს. ეს ყველაფერი ჩვენს ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია, ამრიგად მისი ხელახალი კვლევა და არსებული პრობლემების შესწავლა აუცილებელია. 

– რამდენად ინტერესდებიან ამ დარგით ახალგაზრდა მეცნიერები და რას ისურვებდით ამ მიმართულებით? 
– ახალგაზრდები ცოტანი არიან, მაგრამ რამდენიმე მართლაც საუკეთესო სპეციალისტია, რაც ჩვენს უცხოელ კოლეგებსაც არა ერთხელ აღუნიშნავთ. სამშობლო ყველას უყვარს, მაგრამ კარგია თუ მის მიწასაც გაიცნობენ. შეიძლება სულაც არ გამოხვიდე ნიადაგმცოდნე და ცხოვრება ამ მეცნიერებას არ მიუძღვნა, მაგრამ არაფერი დაშავდება, თუ საკუთარი მიწის შესახებ მეტს გაიგებ, მით უფრო, რომ ამ ცოდნის გამოყენება სახელმწიფოსთვის სასიკეთოდ შეგიძლია. სწორედ ამას ემსახურება ნიადაგმცოდნეობის კლუბი, ამიტომ მყავს ეს ახალგაზრდები შემოკრებილი და ვცდილობ, ჩემ მიერ წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა ყველა მათგანს თანაბრად გავუნაწილო. 
ესაუბრა ია ვეკუა 

მუდმივცვალებადი კონკურენტული გარემო და ცოდნის “დაძველება”

0

მნიშვნელობა არა აქვს გვესმის თუ არა სამყარო; ჩვენ მასში საკუთარი კოორდინატები უნდა ვიპოვოთ.

ა. აინშტაინი
პოსტინდუსტრიულ ერაში ორგანიზაციის წარმატებას უფრო მეტად მისი ინტელექტუალური და სისტემური შესაძლებლობები განაპირობებს, ვიდრე მისი ფიზიკური აქტივები. აღმასრულებლის უნარი, მართოს ადამიანის ინტელექტი და გადააქციოს ის სასარგებლო საქონლად ან მომსახურებად, თანდათან უმნიშვნელოვანესი ხდება. სწორედ ამის გამო იზრდება ინტერესი ინტელექტუალური კაპიტალის, შემოქმედებითობის, „მოსწავლე”-ორგანიზაციებისა და პროფესიული ინტელექტის მართვის მიმართ.

პროფესიული ინტელექტით იქმნება ძირითადი ფასეულობები ეკონომიკაში. რა არის პროფესიული ინტელექტი? როგორ უნდა განვავითაროთ და ვმართოთ ის?
რა არის პროფესიული ინტელექტი?

პროფესიული ინტელექტი დისციპლინის ცოდნაა, რომელიც მუდმივად უნდა განახლდეს. ორგანიზაციაში პროფესიული ინტელექტი ოთხ დონეს მოიცავს, რომელიც ქვემოთ მნიშვნელობის ზრდის მიხედვითაა წარმოდგენილი:

კოგნიტური ცოდნა („რა”–ცოდნა) არის დისციპლინის საბაზისო ცოდნა, დაოსტატება, რომელსაც პროფესიონალი აღწევს ინტენსიური ტრენინგებისა და სერტიფიცირების საშუალებით.

მოწინავე, განვითარებული უნარები („როგორ”–ცოდნა) „წიგნის” ცოდნას გადააქცევს ნაყოფიერ საქმიანობად. ეს არის დისციპლინის ცოდნის გამოყენება რთული რეალური პრობლემების გადასაჭრელად.

სისტემების ცოდნა („რატომ”–ცოდნა) დისციპლინის მიზეზ–შედეგობრივი კავშირების ღრმა ცოდნაა. ის საშუალებას აძლევს პროფესიონალს, დავალებების შესრულების ფარგლებს მიღმა გადაჭრას უფრო ფართო და რთული პრობლემები. ასეთი ცოდნის მქონე პროფესიონალს შეუძლია განჭვრიტოს ერთი შეხედვით უჩინარი ინტერაქციები და მოულოდნელი შედეგები. სისტემების ცოდნის უმაღლესი გამოხატულებაა მახვილი ინტუიცია, მაგალითად, გამოცდილი დირექტორი ინტუიციით ხვდება, რომელი პროექტის დაფინანსებაა საჭირო და როდის.
თვითმოტივირებული შემოქმედებითობა („რატომ”–ზრუნვა) მოიცავს ნებას, მოტივაციასა და წარმატებისადმი შეგუებას. მაღალი მოტივაციისა და შემოქმედებითი სტიმულის მქონე ჯგუფი ხშირად უფრო მეტ წარმატებას აღწევს, ვიდრე უფრო მეტი ფიზიკური და ფინანსური რესურსების მქონე ჯგუფი. თვითმოტივირებული შემოქმედებითობის გარეშე ინტელექტუალურმა ლიდერმა შესაძლოა თვითკმაყოფილების გამო დაკარგოს ცოდნისეული უპირატესობა. მან შესაძლოა ვერ მოახერხოს ცვალებად გარე პირობებზე, კერძოდ კი, ინოვაციებზე მორგება, რომელიც ფასს უკარგავს, „აძველებს” ადრე ნასწავლ უნარებს. სწორედ ამიტომ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაღალი ინტელექტი. ორგანიზაცია, რომელიც თანამშრომლებს „რატომ”–ზრუნვას ასწავლის, ფეხდაფეხ მიჰყვება თანამედროვე უსწრაფეს ცვლილებებს, მუდმივად განაახლებს თავის კოგნიტურ ცოდნას, მოწინავე უნარებსა და სისტემების ცოდნას და სიახლეთა ახალ ტალღაში კონკურენციის შანსს აძლევს საკუთარ თავს.

ცოდნის პირველი სამი დონე – „რა”–ცოდნა, „როგორ”–ცოდნა და „რატომ”–ცოდნა პროფესიონალების გონების გარდა, შესაძლოა ვიპოვოთ ორგანიზაციის სისტემებშიც, მონაცემთა ბაზაშიც ან საოპერაციო ტექნოლოგიებში; ხოლო მეოთხე – ორგანიზაციის კულტურის ნაწილია. ცოდნის მნიშვნელობა შესამჩნევად იზრდება ადამიანის ინტელექტის სკალაზე მოძრაობისას – კოგნიტური ცოდნიდან თვითმოტივირებული შემოქმედებისაკენ. მიუხედავად ამისა, საწარმოთა უმრავლესობა ყურადღებას ამახვილებს საბაზისო (და არა მოწინავე) უნარების განვითარებაზე და თითქმის უყურადღებოდ ტოვებს სისტემების ცოდნას ან შემოქმედებით უნარებს.

ჩვეულებრივ, პროფესიონალის აქტივობა მიმართულია სრულყოფაზე და არა შემოქმედებითობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ საჭიროა შემოქმედებითობა, სამუშაოთა უდიდესი ნაწილი (საფინანსო ერთეულები, საავადმყოფოები, პროგრამული უზრუნველყოფა და სხვ.) მოითხოვს მაღალგანვითარებული უნარების რუტინულ გამოყენებას შედარებით ერთგვაროვანი, თუმცა შესაძლოა რთული პრობლემების გადასაჭრელად. ქირურგს, ბუღალტერს, პილოტს, ატომური ქარხნის ოპერატორს დიდად არ სჭირდება შემოქმედებითობა. მენეჯერმა, რა თქმა უნდა, უნდა მოამზადოს თავისი პროფესიონალები მოულოდნელი და განსაკუთრებული შემთხვევებისათვის, რომლებსაც შემოქმედებითი მიდგომა სჭირდება, მაგრამ მისი ყურადღება მიმართული უნდა იყოს თანამიმდევრულ, მაღალხარისხიან ინტელექტუალურ შედეგებზე.

რაკი პროფესიონალებს სპეციალიზებული ცოდნა აქვთ მიღებული და განსაკუთრებული წვრთნა გავლილი, ხშირად ისინი საკუთარ ხელშეუხებლობაზე აცხადებენ პრეტენზიას. პროფესიონალს არ უყვარს სხვების დაქვემდებარება ან იმ ორგანიზაციული მიზნების ხელშეწყობა, რომელიც მისი განსაკუთრებული შეხედულების კონგრუენტული არ არის. სწორედ ამიტომ არის, რომ პროფესიონალ ფირმათა უმრავლესობა ფუნქციონირებს, როგორც ამხანაგობა და არა როგორც იერარქია და უძნელდებათ ერთიანი სტრატეგიის მორგება.

ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლები საკუთარი კოლეგების მიხედვით საზღვრავენ ქცევის კოდებს და საქმიანობის მისაღებ სტანდარტებს. ხშირად ისინი ეწინააღმდეგებიან სხვა პროფესიების წარმომადგენელთა შეფასებებს. ამგვარი მიდგომა ხშირად პრობლემებს უქმნის მრავალ პროფესიულ ორგანიზაციას. პროფესიონალები ცდილობენ მსგავსი განათლებისა და ფასეულობების მქონე ადამიანთა გარემოცვის შექმნას. ასეთი დისციპლინური დაჯგუფებები მალევე ხდება ჩაკეტილი ბიუროკრატიები, რომლებიც ეწინააღმდეგება ცვლილებებს და შორდება მომხმარებელს.
პროფესიული ინტელექტის განვითარება

წარმატებული ორგანიზაციის საფუძველია ინტელექტის მართვის საუკეთესო გამოცდილება.

საუკეთესოთა რეკრუტირება. ინტელექტის მართვა იმდენად რთულია, რომ მხოლოდ რამდენიმე საუკეთესო პროფესიონალმა შეძლო წარმატებული ორგანიზაციის შექმნა. თუმცა მათაც მუდმივად უწევთ განსაკუთრებული ტალანტების ძებნა და მოზიდვა.

შემთხვევითი არ არის, რომ მართვის წამყვანი კონსულტანტები დიდ რესურსებს იყენებენ რეკრუტირებისათვის და მხოლოდ საუკეთესო ბიზნესსკოლების კურსდამთავრებულებს არჩევენ. ყოველი თანამშრომლის შერჩევამდე Microsoft–ს რეკომენდაციის მქონე ასობით ადამიანთან აქვს გასაუბრება. ამ დამღლელი პროცედურით არა მხოლოდ კოგნიტური ცოდნა ვლინდება და მოწმდება, არამედ მაღალი ზეწოლის პირობებში ახალი პრობლემების გადაჭრის უნარიც. ის კომპანიები, რომლებიც აღიარებენ ტალანტს, როგორც წარმატების უმნიშვნელოვანეს ელემენტს, იმდენსავე დროს ხარჯავენ საუკეთესოთა შერჩევაზე, რამდენსაც პროექტების ხარისხის ანალიზზე.

მაღალკვალიფიციური პროფესიონალები მუშაობას საკუთარი სფეროს საუკეთესო ორგანიზაციებში არჩევენ. შესაბამისად, წამყვან ორგანიზაციებს საუკეთესოთა მოზიდვის მეტი შანსი აქვთ. მაგალითად, საუკეთესო პროგრამისტებს ურჩევნიათ Microsoft–ში დარჩენა, რადგან სჯერათ, რომ ის განსაზღვრავს სფეროს მიმართულებას და მასთან ერთად გაიზიარებენ პირველობის ჯილდოს. მეორეხარისხოვანი ორგანიზაციების ხვედრი მუდამ ჩრდილში დგომა არ იქნება, თუკი მათი მენეჯერები გააცნობიერებენ ტალანტის მნიშვნელობას. როცა მარშალი კარტერი State Street Bank–ს ხელმძღვანელობდა, მან საკუთარი ორგანიზაციისთვის მსოფლიო კლასის მონაცემთა დამუშავების მენეჯერები დაიქირავა. მისი კომპანია ერთ-ერთი წარმატებული გახდა და მთავარ მენეჯერებს მონაცემთა დამუშავების გამოცდილება მეტი აქვთ, ვიდრე ტრადიციული საბანკო განათლება.

ადრეული ინტენსიური განვითარების ხელშეწყობა. პროფესიული „ნოუ ჰაუ” უფრო სწრაფად რეალური რთული პრობლემების მრავალჯერადი გამკლავებისას ვითარდება. შესაბამისად, მრავალი პროფესიონალისათვის სწავლა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული მომხმარებლებთან ინტერაქციაზე. საუკეთესო კომპანიები ხელს უწყობენ ახალი პროფესიონალების სისტემატურ კონტაქტს მომხმარებლებთან, სადაც ისინი გამოცდილი ხელმძღვანელის მეთვალყურეობით მუშაობენ. მაგალითად, Microsoft–ი პროგრამული უზრუნველყოფის ახალ სპეციალისტებს სამ–შვიდკაციან მცირე გუნდებში ამუშავებს. მენტორების ხელმძღვანელობით ისინი რთული ახალის სისტემების შექმნაში მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად მონაწილეობენ.

ზოგიერთი კომპანია საუკეთესო პროფესიონალებს სწავლის გზით სწრაფი და მკვეთრი წინსვლის საშუალებას აძლევს. სამსახურში წვრთნა, მენტორობა და კოლეგების დახმარება პროფესიონალისთვის ცოდნის მრუდზე აღმასვლის მძლავრი სტიმულია. მრავალი კვლევით დასტურდება, რომ ინტენსიურობა და გამეორება გადამწყვეტია მოწინავე უნარების განვითარებაში ისეთი განსხვავებული სფეროებისთვისაც კი, როგორიც არის სამართალმცოდნეობა და ავიაცია.

6–12-თვიანი ამგვარი ინტენსიური გამოცდილების შედეგად ადამიანი ორგანიზაციის მნიშვნელოვანი რესურსი ხდება. შესაბამისი მეთვალყურეობის პირობებში მათ უვითარდებათ სისტემების ინტერაქციის („რატომ”–ცოდნა) შესახებ ცოდნა და უკეთ შეუძლიათ საკუთარი თავის იდენტიფიცირება კომპანიასთან და მის მიზნებთან („რატომ”– ზრუნვა). წარმატებულ ორგანიზაციათა უმრავლესობა ამგვარ წინსვლას ხელს უწყობს მუდმივად მზარდი სირთულეებით, გონივრულად დაგეგმილი მენტორობით, საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი ჯილდოებით და დისციპლინის ცოდნის, სისტემატიზირებისა და განვითარებისათვის მძლავრი სტიმულებით. თითქმის ყველა მძლავრი ინტელექტუალური ორგანიზაცია ხელს უწყობს ამ ფასეულობებს თავისივე დამკვიდრებული კულტურით.

პროფესიული გამოწვევების მუდმივი ზრდა. ინტელექტი ფართოვდება, როცა პროფესიონალები სერიოზული გამოწვევის წინაშე დგებიან. საუკეთესო ორგანიზაციების ლიდერები მომთხოვნნი, მეოცნებენი არიან და არ ურიგდებიან სანახევრო ძალისხმევას. ხშირად ისინი მიუღწეველ მიზნებს უსახავენ თანამშრომლებს. მაგალითად, უილიამ ჰიულეტმა Hewlett-Packard–ს საქმიანობის 50%–ით სრულყოფა დაუსახა მიზნად; გორდონ მურმა Intel–ს ყოველწლიურად ყოველი ჩიპის კომპონენტების გაორმაგება მოსთხოვა; რობერტ გალვინმა კი – Motorola–ს ექვსი სიგმა ხარისხის მიღწევა. მრავალმა პროფესიონალმა ასეთი მოთხოვნების გამო შესაძლოა სამუშაოც კი დაკარგოს. სხვები კი ეცდებიან თავიანთი ისედაც მაღალი სტანდარტებისთვის კიდევ უფრო მაღალი თამასის დაწესებას. საუკეთესო ორგანიზაცია საკუთარ პროფესიონალებს მუდმივად აიძულებს, უარი თქვან თავიანთი წიგნისმიერი ცოდნის კომფორტზე, სიმულაციის მოდელებზე და კონტროლირებად პროგნოზებზე. ისინი დაუნდობლად აიძულებენ თანამშრომლებს სულ უფრო რთული ინტელექტუალური ამოცანების გადაჭრას რეალური მომხმარებლების, ოპერაციული სისტემების, ძალზე დიფერენცირებული გარე გარემოსა და კულტურული განსხვავებების პირობებში. საშუალო ორგანიზაციები კი ამისათვის თავს არ იწუხებენ.

შეფასება და „გაცხრილვა”. პროფესიონალებს უყვართ შეფასება, კონკურენცია, საკუთარი უპირატესობის ცოდნა. მაგრამ მათ სურთ სფეროს ექსპერტების ობიექტური შეფასება. შესაბამისად, მკაცრი შიდა კონკურენცია, საქმიანობის ხშირი შეფასება და უკუკავშირი გამორჩეული ორგანიზაციის ტრადიციაა. შედეგად, ხდება პროგრესული „გაცხრილვა”. Microsoft–ი ყოველწლიურად საქმიანობის ყველაზე ცუდი მაჩვენებლების მქონე თანამშრომელთა 5%–ს სამუშაოდან ითხოვს. მძლავრი ორგანიზაციები უშიშარი მერიტოკრატები არიან. ასეთი ორგანიზაციების წარუმატებლობის მიზეზი შესაძლოა ის იყოს, რომ დაავიწყდეთ ობიექტური შეფასებისა და შერჩევითი გაცხრილვის მნიშვნელობა.

ადრეულ აკადემიურ სწავლებას ხანგრძლივი ზიანის მოტანა შეუძლია

0
საბავშვო ბაღებისა და სკოლამდელი საგანმანათლებლო დაწესებულებების მრავალ მასწავლებელს უთქვამს ჩემთვის, – ზოგი გადადგომისთვის მზადყოფნასაც კი გამოთქვამდა, – რომ ძალზე უკმაყოფილონი არიან იმ ზეწოლით, რომელსაც განიცდიან პატარა ბავშვებისთვის აკადემიური უნარების სწავლებისა და ამ უნარების რეგულარული ტესტირების გამო.

 

ეს ხალხი საკუთარი თვალით ხედავს იმ „არაბედნიერების” განცდას, რომელიც ასეთ სწავლებას და ტესტებს მოაქვს მცირე ასაკის ბავშვებისთვის. მასწავლებლები ეჭვობენ, რომ პატარები გაცილებით უკეთესად ისწავლიდნენ თამაშის, გამოკვლევისა და ერთმანეთთან სოციალიზაციის მეშვეობით, როგორც ეს ტრადიციულ საბავშვო ბაღებში ხდებოდა.

მათ ეჭვს სამეცნიერო გამოკვლევებიც ადასტურებს.

ნენსი კარლსონ-პეიჯის, ჯერელაინ მაკ-ლოჰლინისა და ჯოან ოლმონის სტატიაში

[1]

მოყვანილია რამდენიმე იმ გამოკვლევის შედეგები, რომლებიც ადრეულ განათლებაში აკადემიური ორიენტაციისა და თამაშზე დამყარებული საკლასო სწავლების შედარებას ეხება.

შედეგები კვლევიდან კვლევამდე თანმიმდევრულია: ადრეული აკადემიური სწავლება გარკვეულწილად ზრდის ბავშვების შეფასებით ნიშნებს იმ კონკრეტულ ტესტებში, რომლებისკენაც სწავლება იყო მიმართული (რაც ბუნებრივია), მაგრამ ეს დაწყებითი წარმატება 1-3 წლის განმავლობაში ქრება, ხოლო ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ის უკუშედეგსაც იძლევა.

ადრეულ ასაკში აკადემიური სწავლების გრძელვადიანი აკადემიური უპირატესობის დაკარგვა, სავარაუდოდ, ნაკლებტრაგიკულია, ვიდრე ის ხანგრძლივი ზიანი, რომელსაც ადრეული აკადემიური სწავლება აყენებს ბავშვების სოციალურ და ემოციურ განვითარებას.

გერმანიაში ჩატარებული გამოკვლევა, რომელმაც ქვეყნის საგანმანათლებლო პოლიტიკა შეცვალა

70-იან წლებში გერმანიის მთავრობამ დააფინანსა ფართო მასშტაბის შედარებითი კვლევა, რომელშიც თამაშებზე დაფუძნებული პროგრამის მქონე 50 საბავშვო ბაღი შეადარეს სხვა ტიპის, აკადემიურ ინსტრუქტაჟზე დამყარებულ 50 საბავშვო ბაღს (Linda Darling-Hammond and J. Snyder. 1992).

მიუხედავად ბავშვების საწყისი აკადემიური წარმატებისა, სასკოლო სწავლების მეოთხე წელს აკადემიური სასწავლო პროგრამის მქონე საბავშვო ბაღების ბავშვებს ყველა კრიტერიუმით გაცილებით უარესი შედეგი ჰქონდათ, ვიდრე თამაშებზე აგებული პროგრამის მქონე ბაღების მოსწავლეებს. კერძოდ, „აკადემიური” ბაღების ბავშვები უფრო უარესად კითხულობდნენ და უარესად იყვნენ ადაპტირებულნი სოციალური და ემოციური კუთხით. კვლევის პერიოდში, სამთავრობო გეგმის მიხედვით, გერმანიის სკოლამდელი განათლების სისტემა ნელ-ნელა თამაშებიდან აკადემიურ ინსტრუქციაზე დაფუძნებულ მეთოდიკაზე გადადიოდა. დასახელებულ გამოკვლევასაც მიუძღვოდა ერთგვარი წვლილი იმაში, რომ გერმანიამ არსებულ ტენდენციას გადახედა და ქვეყნის სკოლამდელი განათლების სისტემა თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო მოდელებს დაუბრუნდა. აღსანიშნავია, რომ გერმანიის განათლების სისტემის იმდროინდელმა ხელმძღვანელებმა, მათი დღევანდელი ამერიკელი კოლეგებისგან განსხვავებით, ყურადღება მიაქციეს სამეცნიერო გამოკვლევას და მისი შედეგების გათვალისწინებით შეცვალეს არსებული საგანმანათლებლო პრაქტიკა.

ღარიბი ოჯახების ბავშვთა ფართომასშტაბიანი გამოკვლევა აშშ-ში

აშშ-ში რებეკა მარკონის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ (R. A. Marcon, 2002.), რომელიც უმთავრესად დაბალი შემოსავლის მქონე აფროამერიკულ ოჯახებს შეეხებოდა, გერმანულის მსგავსი შედეგები აჩვენა.

როგორც მოსალოდნელი იყო, კვლევამ, რომელიც 343 მოსწავლეს მოიცავდა, წარმოაჩინა შემდეგი: ის ბავშვები, რომლებიც აკადემიურ სწავლებაზე დაფუძნებულ საბავშვო ბაღებში დადიოდნენ, საწყის ეტაპზე უკეთეს შედეგებს აჩვენებდნენ, ვიდრე თამაშზე დაფუძნებული საბავშვო ბაღების მოსწავლეები, მაგრამ სასკოლო სწავლების მეოთხე წელს იმავე ჯგუფს გაცილებით უარესი შედეგი ჰქონდა, ვიდრე თამაშებზე დაფუძნებული ბაღების ბავშვებს – ეს უკანასკნელნი უფრო მაღალ ნიშნებს იღებდნენ სკოლაში, ვიდრე „აკადემიური” სწავლების საბავშვო ბაღების აღზრდილნი. ეს კვლევა არ შეიცავდა ბავშვების სოციალური ადაპტაციისა და ემოციური განვითარების კომპონენტებს.

ექსპერიმენტი, რომლის დროსაც ღარიბი ოჯახების ბავშვებს 23 წლამდე აკვირდებოდნენ

კონტროლირებადი სამეცნიერო ექსპერიმენტის დროს, რომელიც დევიდ ვეიკარტმა და მისმა კოლეგებმა 1967 წელს წამოიწყეს (Larry J. Schweinhart and D. P. Weikart. 1997. “The High/Scope Pre- school Curriculum Comparison Study through age 23), აკვირდებოდნენ მიჩიგანის შტატის ქ. იფსილანტის მკვიდრ 68 ბავშვს ღარიბი ოჯახებიდან. ეს ბავშვები გაანაწილეს სამი ტიპის საბავშვო ბაღებში: ტრადიციულში (თამაშებზე დამყარებული სწავლებით), მაღალი მოთხოვნების საბავშვო ბაღში (ტრადიციულის მსგავსი, თუმცა უფროსების მეტი ხელმძღვანელობით) და პირდაპირი ინსტრუქტირების საბავშვო ბაღში (რომელშიც მთავარი ძალისხმევა მიმართული იყო წერა-კითხვისა და ანგარიშისკენ ტესტებისა და სამუშაო გრაფიკების გამოყენებით). კვლევის მიზნის მისაღწევად გამოყენებულ იქნა ნახევრად შემთხვევითი შერჩევა, შედგენილი ისე, რომ უზრუნველყოფილიყო სამივე ჯგუფის შედარება ყველა შესაძლო მონაცემის მიხედვით. ყოველდღიურ წინასასკოლო გამოცდილებასთან ერთად ექსპერიმენტი ითვალისწინებდა შერჩეული ბავშვების ოჯახებში ვიზიტებსაც ორ კვირაში ერთხელ მშობლების ინსტრუქტირებისა და მათი დახმარების მიზნით. ვიზიტების დროს ყურადღებას ამახვილებდნენ იმავე მეთოდებზე, რომლებსაც პედაგოგები იყენებდნენ შესაბამისი საბავშვო ბაღის ჯგუფში. კერძოდ, ტრადიციული საბავშვო ბაღის მოსწავლის მშობლებს ესაუბრებოდნენ თამაშისა და სოციალიზაციის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე, პირდაპირი ინსტრუქტირების მეთოდით მომუშავე ბაღის შემთხვევაში კი – აკადემიური უნარების, სამუშაო ცხრილებისა და სხვა ამგვარი საკითხების ფასეულობაზე.

ექსპერიმენტის პირველადი მონაცემები სხვა ასეთივე გამოკვლევათა შედეგების მსგავსი აღმოჩნდა – პირდაპირი ინსტრუქტირების მეთოდით მომუშავე ბაღების აღსაზრდელების საწყისი აკადემიური წარმატებები სკოლის დაწყებით კლასებში მალევე გაქრა.

აღსანიშნავია, რომ დევიდ ვეიკარტისა და მისი კოლეგების კვლევა ითვალისწინებდა საბავშვო ბაღის ამავე აღსაზრდელების გამოკვლევას მომავალშიც, როდესაც მათ 15 წელი შეუსრულდებოდათ და კიდევ ერთხელ – როდესაც ისინი 23 წელს მიაღწევდენენ.

კვლევის შედეგად დაადგინეს, რომ 15 და 23 წლის ასაკში ექსპერიმენტის მონაწილე ჯგუფების აკადემიურ მიღწევებს შორის დიდი სხვაობა არ შეინიშნებოდა, მაგრამ დრამატული ხასიათის განსხვავებები იქნა შემჩნეული სოციალურ და ემოციურ მახასიათებლებში. კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ პირდაპირი აკადემიური ინსტრუქტირების ჯგუფის ბავშვებს 15 წლის ასაკში 2-ჯერ მეტი „წესების დარღვევა” ჰქონდათ ჩადენილი, ვიდრე ორი დანარჩენი ჯგუფის აღსაზრდელებს, 23 წლის ასაკში კი საკვლევმა პირებმა, უკვე ზრდასრული ახალგაზრდების რანგში, ქცევის კუთხით მნიშვნელოვანი განსხვავებები გამოამჟღავნეს – პირდაპირი აკადემიური ინსტრუქტირების ჯგუფის წევრებს უფრო ხშირად ჰქონდათ უთანხმოება სხვებთან, უდასტურდებოდათ გაუარესებული ემოციური მდგომარეობა, უფრო იშვიათად ქორწინდებოდნენ და ცხოვრობდნენ მეუღლეებთან და ორი დანარჩენი ჯგუფის წევრებზე გაცილებით მეტი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი (კერძოდ, პირდაპირი აკადემიური ინსტრუქტირების ჯგუფის ახალგაზრდების 39%-ს ჩადენილი ჰქონდა მძიმე დანაშაული, მაშინ როცა დანარჩენ ორ ჯგუფში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 13.5%-ს აღწევდა; აკადემიური ინსტრუქტირების ჯგუფის ახალგაზრდების 19%-ს დანაშაული ჩადენილი ჰქონდა სახიფათო იარაღით, მაშინ, როდესაც დანარჩენ ორ ჯგუფში ასეთი დანაშაული საერთოდ არ აღრიცხულა).

როგორ შეიძლება დავუკავშიროთ ასეთი მძიმე გრძელვადიანი შედეგები იმ სკოლამდელი დაწესებულების ტიპს, რომელშიც საკვლევი პირები დადიოდნენ?

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბავშვებს, რომლებმაც საბავშვო ბაღშივე ისწავლეს თავიანთი აქტივობების დაგეგმვა, სხვებთან თამაში, მოლაპარაკება-შეთანხმება, ადრეულ ასაკშივე ჩამოუყალიბდათ ცხოვრებისთვის აუცილებელი თვისებები – პერსონალური პასუხისმგებლობა და პროსოციალურ ქცევა, რაც გამოადგათ ბავშვობასა თუ ზრდასრულ ასაკში საკუთარი ცხოვრების სწორად წარმართვისთვის, ხოლო ბავშვებს, რომლებსაც ბავშვობიდანვე აკადემიური წარმატებისთვის ზრდიდნენ, განუვითარდათ თვისებები, რომლებიც მიმართულია რაიმე მიზნის მიღწევისკენ, წინ სწრაფვისკენ და რომლებმაც, განსაკუთრებით – სიღარიბის პირობებში, შესაძლოა სხვებთან დაპირისპირებისა და დანაშაულის (როგორც მცდარი საშუალების რაიმე მიზნის მისაღწევად) სახე მიიღოს.

ასევე საყურადღებოა ექსპერიმენტის დროს მშობლებთან განხორციელებული ვიზიტებიც. შესაძლოა, იმ ბავშვების მშობლებს, რომელთა შვილებიც საბავშვო ბაღში თამაშების, სოციალიზაციისა და თვითინიციატივის მეშვეობით სწავლობდნენ, ასევე ჩამოუყალიბდათ ისეთი ქცევა და დამოკიდებულება, რომლებიც განამტკიცებდა და მხარს უჭერდა „სათამაშო” კლასებში ბავშვების მიერ შეძენილ სასიცოცხლო უნარებსა და ღირებულებებს, მაშინ როდესაც „აკადემიური მიღწევის” ჯგუფის ბავშვების მშობლებს განუვითარდათ მიდგომები, რომლებიც მიმართული იყო ინდივიდუალური მიღწევებისა და საკუთარ თავზე კონცენტრირებული ღირებულებებისკენ – ღირებულებებისკენ, რომლებიც არცთუ ისე კარგად ეთანხმება რეალურ ცხოვრებაში წარმატებისთვის აუცილებელ პირობებს.

ავტორი : Peter Grayon May 05, 2015

წყარო : https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201505/early-academic-training-produces-long-term-harm

თარგმნა ლევან ალფაიძემ




[1]

Nancy Carlsson-Paige, Geralyn Bywater McLaughlin, & Joan Wolfsheimer Almon. (2015). Reading Instruction in Kindergarten: Little to Gain and Much to Lose. Published online by the Alliance for Childhood.https://www.allianceforchildhood.org/sites/allianceforchildhood.org/files…

ზაფხულის თამაშები

0
ბავშვობაში ტყეში არავის წავუყვანივარ. ძირითადად “მაკდონალდსში” მივდიოდით. ცოტა რთულია, მშობლები უკეთესად ასეთ გარემოში გაიცნო, აქ მხოლოდ ახალ-ახალ სათამაშოებს ეცნობი, უმეგობრდები და გემრიელ ჩიზბურგერებს მიირთმევ. მამას დღემდე კარგად არ ვიცნობ, იმიტომ რომ იქ, სადაც შვილები მშობლებს უკეთ იცნობენ ხოლმე, არასდროს წავუყვანივარ. სამაგიეროდ, მამაჩემი მთელი ბავშვობა მარწმუნებდა, რომ ჩემი საწოლის ქვეშ მელაკუდები ცხოვრობდნენ, მერე ერთად ვთხზავდით ხოლმე ისტორიებს მელაკუდების შესახებ, რომლებიც მელაკუდურად ფუმფულები იყვნენ და მელაკუდურ საქმეებსაც სჩადიოდნენ. არც ისე ტრაგიკული ბავშვობა მქონდა, თუ არ ჩავთვლით ჩემს წარმოუდგენელ სიყვარულს ბუნებისა და ცხოველებისადმი და ჩემს ოცნებას, ვიკენდებზე ოჯახით წავსულიყავით იქ, სადაც ჰაერი, სიმწვანე და მეტი თავისუფლება იყო. აი ისეთ ადგილებში, სადაც ყველა ადამიანს აქვს ექო. სადაც თამამად შეგიძლია, გაშალო ხელები და თამამადვე, მთელი ხმით იყვირო. დიახაც, უფლება გაქვს, იყვირო სისულელეები. 
ზაფხულში უამრავი რამის მოსწრებაა შესაძლებელი. თქვენი მშობლები დაკავებულები არიან და  ქალაქგარეთ ერთად ვერ მიდიხართ? – აიძულეთ! ფეხები დააბაკუნეთ! მოითხოვეთ! თუ არაფერმა გაჭრა, აცნობეთ მათ, რომ არსებობს სხვადასხვა კლუბი, არა ანონიმ ალკოჰოლიკთა, არამედ მოგზაური ბავშვების კლუბი, სადაც გიდობას ლაშქრობებში გამოცდილი უფროსები გიწევენ და წადით. აუცილებლად წადით. თქვენ შეგიძლიათ, მოიწყოთ ნამდვილი მოგზაურობა ტყეში, ღრეში, მთებში თქვენს თანატოლებთან ერთად და მოინახულოთ უამრავი მაგარი ადგილი. თავგადასავლები  თქვენთან ხანდახან თავისი ფეხით არ მოდიან, ზოგჯერ  საკუთარი ფეხით უნდა მიხვიდეთ მათთან. ასეთ დროს უმჯობესია, სათანადო ფეხსაცმელი გეცვათ და საერთოდაც, აუხსენით მშობლებს, რომ ლაშქრობისთვის განსაკუთრებული აღჭურვილობა გჭირდებათ. 
ვერაფრით დაიყოლიეთ? პროტესტს აცხადებენ გამოცდილ გიდებს განდონ? – სხვა ალტერნატივა მოვსინჯოთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი მეგობარი გყავთ და მათთან ერთად ხშირად თამაშობთ ეზოში. იმაშიც დარწმუნებული ვარ, ეს თამაშები საინტერესოა. მაგრამ ყველაფერი, ისიც კი, რაც საინტერესოა, ერთ დღეს მაინც გვბეზრდება. აბა წარმოიდგინეთ, ანგინის შიში რომ არ გვაწუხებდეს და ყოველდღე ჩვენს საყვარელ ნაყინს განუსაზღვრელი რაოდენობით მივირთმევდეთ, ხომ მოგვბეზრდებოდა? – ასეა თამაშის შემთხვევაშიც. ახალი იდეები მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ. “კალე ბლუმკვისტის” წაკითხვა ხომ არ გეცადათ? – თქვენ შეგიძლიათ, ბევრი რამ შეიტყოთ “ვარდების ომისა” და ათასი ჩახლართული ამბის შესახებ, ქაჯურიც ისწავლოთ და შემდეგ ეს პრაქტიკა თქვენს ეზოშიც დანერგოთ. შტაბების მოწყობა ხომ ყველგანაა შესაძლებელი და საიდუმლოებებიც ყველგან იმალება. მათი გამოაშკარავება კი მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ. 
მე ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ხატვა. მალე ფურცლებიდან კედლებზე გადავედი და მთელი სახლი მოვხატე. დღემდე არ ვნანობ და არა მგონია, ჩემი მხრიდან არასწორი საქციელი ყოფილიყო, მით უმეტეს, რომ ჩემები მალე რემონტს აპირებდნენ და უფლება მქონდა, სადაც მინდოდა და რამდენიც მინდოდა მეხატა. გიყვართ ხატვა? – ეზოში, ფერადი ცარცებით ხომ არ გეცადათ? იქნებ გაგიმართლოთ და მშობლებმა სახლის მოხატვის უფლებაც მოგცენ. ვინ იცის. მე სახლში მთელი ასტრიდ ლინდგრენი მყავდა: რომელიღაც კედელზე პეპის წინდა სძვრებოდა, იქით ემილი  თავიდან საწვნეს ვეღარ იშორებდა, ბიულერბიუელი ბავშვები თივის ზვინებისკენ მიიპარებოდნენ, კარლსონი მურაბის ქილას ვერ შორდებოდა, რასმუსი კი ისევ ოცნებობდა, მზრუნველი მშობლები ჰყოლოდა, რადგან ყველა მზრუნველი მშობელი რატომღაც ხუჭუჭთმიანი გოგონების მოვლით იყო დაკავებული. 
ჰმმ… კომპიუტერსაც არ გაკარებენ ან მხოლოდ განსაზღვრული დროით შეგიძლიათ, თქვენს საყვარელ კომპიუტერულ თამაშს ჩაუჯდეთ? – მშობლები არიან, ვერაფერს ვიზამთ. აუჰ, არადა, ნახევარი საათით მეტი რომ გქონოდათ, ამ დავალებას თავს გაართმევდით და ახლა კი, სხვა გზა არ გაქვთ, შუა გზაზე უნდა მიატოვოთ თამაში. როგორ კარგად მესმის თქვენი. დიალოგი ხომ არ გეცადათ?! იქნებ აუხსნათ მათ, რომ ნახევარი საათი დაამატონ ძველ გრაფიკს, რადგან რამდენიმე მნიშვნელოვანი მისიის შესრულებას ვერ ასწრებთ?! თხუთმეტი წუთი მაინც… სულ თხუთმეტი წუთი… დააინტერესეთ მშობლები ამ თამაშით და აუხსენით, როგორი საინტერესოა. ნუ გგონიათ, რომ ვერ გაგიგებენ. ისინი  თქვენ კიდევ  ბევრჯერ სასიამოვნოდ გაგაოცებენ.
ასე რომ, სანამ ჯერ კიდევ თბილისში ხართ, უამრავი საინტერესო რამის მოფიქრება შეგიძლიათ. არა, რა თქმა უნდა, ძალიან ცხელა, უჰჰ, ძალიან, მაგრამ მალე მშობლებიც გავლენ შვებულებაში, ერთად წახვალთ სოფელში, უამრავი ახალი ხის კენწეროს დაიპყრობთ, ზემოდან გადმოხედავთ სამყაროს, სიმინდებსაც მოიპარავთ. აბა  რას იზამთ! მდინარეშიც გაგრილდებით და მზეზეც დაიბრაწებით. ქუდი არ დაგავიწყდეთ, თორემ მზემ ათასი ოინის მოწყობა იცის. გაიხსენეთ სამხრეთული მზე და ტარასკონელები, რომლებიც ტყუილებს მართალივით ხშირად ამბობენ და მერე ყველაფერს იქაურ მზეს აბრალებენ. ტყუილები კი, აბა რა საკადრისია. არ წაგიკითხავთ ალფონს დოდეს “ტარტარენ ტარასკონელი”? – ამ ზაფხულს მდინარის პირას სცადეთ.

ვაჟას უპირატესობა

0

ვაჟას დაბადების დღე იყო.

ისე ჩაიარა, ვითომც ჩვეულებრივი ამბავი ყოფილიყოს. არადა, ვაჟას მასშტაბის ხალხის ჩამოსათვლელად, ცალი ხელის თითები და ეგაა, მეტი ზედმეტი იქნება.

როცა დაიხედა, ცალი ფეხი იქით ედგა… მერე ცალი თვალიც იქით ეპყრა… ცალ მხარს მიწაზე მიითრევდა… ნახევარი კაცი იყო, მაგრამ დანარჩენებზე დიდი. დევივით. სულ სხვამ, ცოტა გვიან, მისი სათქმელიც თქვა: არათქვენებურ სიზმრებს ვხედავო – თავი მოიწონა და დაიქადნა კიდეც. პირველი იშვიათად იკვეხნიდა, ერთხელ წამოსცდა და ისიც – ამ ნახევრობაზე: „ვნუგეშობ ამით: მიწას მიწურად და ცას ციურად მივე თავაზი”.

მისი მეგობრები, ქვევით, ბარში, მაშინ ზმანებებს გაურბოდნენ – ორთავ თვალს სინათლე სჭირდებოდა – სავსებით სამართლიანად გაურბოდნენ. ამას კი ისე შეეძლო – ცალით საცელი ეზომა და ცალით სიზმარი ენახა. დევივით. აკი პირველად მათი ქორწილი ესიზმრა, ვისაც მიაგავდა. მანამდე არავის წარმოედგინა – არც ამოხსნას ცდილან მაინცდამაინც. არ უკითხავთ უკან მომავალისთვის – რად ხარშავდნენ ეს გოლიათები კაცის თავ-ფეხს, ეგებ ქვაბში თვითონ სტუმარი იყო და საკუთარ თავს შორიდან უმზერდა. ჰოდა, არავის უკითხავს-მეთქი, რამ გააძღო უსმელ-უჭმელი, ისე, რომ ყელშიაც ამოსდიოდა.

ამის მერე მის ცალ თვალს აღარასდროს შეუხედავს ხორცისთვის საკვებად.
თვითონ კი ზუსტად მიხვდა, რომ გაიყო. ნუ შეშინდებით, თუ ამასაც თავის თავს ეუბნებოდა – ერთით მეორეს – „გამოღმით მე ვარ, გაღმით – შენ”…

იას უთხარით ტურფასა

 

ამაზე ვინმესთვის ხომ უნდა ეამბა, ჰოდა, იასთან დააბარა.
თუ მსოფლიო სევდა არსებობს, ამაზე შორს ის ვერ წავა. თუ წავიდა – ყალბი იქნება, აი, ძია რომანტიკოსთა დიდ ნაწილს რომ სჩვეოდა, ისეთი – გულზე მჯიღით და მჯიღზე ცრემლით.
დააბარა, ეგებ ჯობს, მიწაშივე, დაბადებამდე მოკვდეო. ანუ არასდროს. ნუ მოხვალო, განა სულ მუდამ მზეაო. ისე დააბარა, რომ არ სურვებოდა, ადგებოდა და ამოვიდოდა. ხომ უნდა გაეგო – რას უმალავდნენ ასე ლამაზს. სწორედ ესაა დიდი სევდის მთავარი ხიბლი – ტკივილს შეგებება მაშინ, როცა მისი არიდება შეიძლება. თუ წარმავლობის მანამდელ ჰიმნებს გავიხსენებთ – ანტისიმღერა გამოვა. „ყოველივე ამაოა” – ისე უფერულდება, მის დამწერს რომ გაუხარდებოდა.
გამოტყუების სიზმარია – სიცოცხლის ასატანად გამოწვევა.
„ქეიფი” გახსოვთ? ეგეც გენიალური ცრუს სიმღერაა. ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა. წაღმა ფიქრი მაინც არ შეეძლო – სიფხიზლე ერჩივნა – სოფელი რომ უკუღმა ტრიალებდა, მისი წისქვილი მაშინ ფქვავდა.
გველის-მჭამელი
ისიც იცოდა, რომ ახალ საუკუნეს რაღაც დიდი უნდა დაენგრია. სიზმრები აქაც ეხმარებოდნენ, ამის ამოცნობაში. ჰოდა, ხვდებოდა რომ ეს დიდი შეიძლება მისი ცალი თვალიც ყოფილიყო – სამყაროს ენა რომ გაეგო და სადავეც ეპყრა. საითაც უნდოდა, იქით გადახრიდა ამ ზმანებებს. მაგრამ ერთხელ ქარ-წვიმა მიაწყდა, მეორე – დახუჭული თვალის ბზარიდან შეეპარა და „ათასგან ციხე ირღვევა/ქავ-ციხეებთან სახლია/ამოდენს საბრალოობას/მარტო მოზარე აკლია,/ ჩვენ ვითომ არა გვიჭირდა, /ვითომ უვნებლად ვიყვენით, /ბოლოსა ვნახე სახლკარით, რომ ჩვენაც გავირიყენით, /მოასქდა ღვარი ზენაით, /ლიბო მაჰგლიჯა ციხესა”.
მიხვდა, სიზმრები უნდა დაემალა მეორისგან და პირველის ქუთუთო დაიხურა.
ვითომ ასეც დამთავრდა.
P.S. ვაჟა-ფშაველაც სიზმარია. თვალღია ქვეყანას ესიზმრა და მაშინ, როცა არ ელოდა. და ვერ ჩახვდა ქვეყანა ნასიზმრევს, შეშინებულმა, დილით წყალს მოუყვა და გააყოლა. მალე წყალი უკან მოუბრუნდა. მას მერე სულ ახსოვს და ვერ ამოუხსნია. ახსოვს და არ ითვალისწინებს.

სასკოლო ეთიკური კოდექსი

0
პრემიერ მინისტრს რომ არ დაესიზმრება, იმხელა ძალაუფლება გააჩნიათ მასწავლებლებსო,  ჩერჩილს უთქვამს; ამ ქონებას  რომ კარგი მენეჯერი  უნდა, ამას მსოფლიო პედაგოგიკა ამბობდა, ამბობს და სასურველია, რომ მომავაშიც თქვას.

ჩენი წერილის ინსპირატორი სოციალური ქსელით აქტიურად განხილული ნიუსი გახდა -პედოფილიისთვის 22 წლით დასჯილი ამერიკელი მასწავლებელი. 

აქვე შევაფასებ . სამ მოსწავლესთან რომ სექსი ექნება და წინა სკოლიდან მერველკლასელთან სექსუალური ურთიერთობის გამო დაუთხოვიათ, პედაგოგობაა თუ პედოფილია?! სექსმუშაკისთვის პედოფილია „მეგზურობადაც” შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ პედაგოგისთვის -არა!  შესაბამისად,  არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირზე პასუხისგებაც  სექსმუშაკისთვის სხვანაირი იქნება და პედაგოგისთვის-სხვანაირი.

შინაარსობრივად შესაძლებელი და განსხვავებული სიტყვათშეთანხმებებია-„ პედაგოგი პედოფილი” და „პედოფილი პედაგოგი”. მათ  საერთო, მხოლოდ, კომპოზიტების პირველი სიტყვა „პედ-ბავშვი” აქვს. 

ჩემი აზრით, პედოფილი პედაგოგი დასასჯელია – როგორ, რა ფორმითა და რა ზომით, ეს კანონმდებლობის საკითხია.ამ ნიუსზე  სოციალურ ქსელში ატეხილი კამათისას მსჯელობას ვერიდებოდი, რადგან უეჭველად  ვემხრობოდი მხოლოდ სამ რამეს: რომ ეს მასწავლებელი პედოფილია, რომ აუცილებლად უნდა დაესაჯათ და რომ 22 წელი, ზოგადად, ერთი ადამიანის სიცოცხლისთვის დროის ძალიან გრძელი მონაკვეთია.

 თუ სკოლაში ასწავლის ადამიანი, მაშინ პედაგოგის კოდექსს უნდა იცავდეს,  თუ ექიმია -ექიმის და თუ მეძავია-მეძავისას.  პროფესიონალიზმი დილეტანტიზმს ვერ ეგუება. 
განათლების სფეროში ეთიკის კოდექსი არსებობს  საქართველოშიც და – საზღვარგარეთაც. ეს ის სეგმენტია, რომელიც ყველა ქვეყნის განათლებაშია.  

ვიდრე კოდექსის შინაარსს შევეხები, უმთავრესი უნდა აღვნიშნო, რომ სკოლის კოდექსში სამი მხარე უნდა მოიაზრებოდეს: მოსწავლე,მშობელი და მასწავლებელი. 
 
განათლების სფეროში ეთიკის კოდექსის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და თუ რამე აქვს საერთო სხვადასხვა ქვეყნის განათლების სისტემას, ეს, პირველ რიგში, სისტემის ეთიკური კოდექსია. მოსწავლე და მშობელი სკოლაში მოსვლის დღიდან სამმხრივი ურთიერთობის განმსაზღვრელი კონტრაქტის ხელმომწერები უნდა ხდებოდნენ.   სახელმწიფოს კი ამ კონტრაქტის ნოტარიუსის ფუნქცია ექნება.  
პირველივე ორთვიანი პრაქტიკიდან, მაშინ 22 წლის ვიყავი, მეხსიერებას რამდენიმე ძახილის ნიშანი ჩაებეჭდა. პირველი, რომ, სკოლაში მხოლოდ შენი სურვილის მიხედვით არ უნდა შეიმოსო, მეორეც, რომ სიტყვა უნდა მოზომო, ყველაფერზე საუბარი-ყრანტალი კლასში არ შეიძლება და მესამე იყო, იყალბე და მოჩვენებითობა არ გაგივა, თუ  შეგეშალა ან  არ იცი, გამოტყდი.

ალბათ, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თვალსაჩინო სახეა, ვინმე მიბაძავს ან ვინმეს თვალი უშნოდ გაექცევა. ყველას კარგად გვახსოვს თუ რა იოლია მოზარდობისას საზღვრის დარღვევა, გადაბიჯგადმობიჯება. 
 საკუთარი დაუდევრობით გამჭვირვალე ქვედაკაბიან მასწავლებელს კიბეზე ასვლისას კიბის ბოლოდან  მოსწავლე ვაჟების მზერა მიყვება; მასწავლებლისგან ვითომიუმორით ნათქვამი, გასწორდი  ყვავის ბუდეს რომ დამსგავსებიხარო, მოსწავლეს არც საქმეში ეხმარება და არც არასდროს ავიწყდება. კოდექსშიც ასეა: მასწავლებელი არ აყენებს მოსწავლეს სიტყვიერ ან ფიზიკურ შეურაცხყოფას და არ ახდენს მასზე ემოციურ (ფსიქოლოგიურ)ზეწოლას: მუხლი 4. 2. ან მასწავლებელი თავისი საქმიანობისას(!),  ყოველთვის პუნქტუალურია და აცვია მოწესრიგებულად :მუხლი 3.6.
მოსწავლის ქცევის წესებში წერია, რომ: მოსწავლე არ ცხადდება სკოლაში თამბაქოს ნაწარმითო, მაგრამ მასწავლებლის ეთიკურ კოდექსში არსადაა მითითებული, რომ სკოლაში მოსწავლის დასანახად მასწავლებელი არ უნდა ეწეოდესო, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის მაგალითს უნდა აძლევდესო-კი. არ ვგულისხმობ, რომ უმალავდეს, უბრალოდ ამისთვის ცალკე ოთახი უნდა იყოს, რომელშიც მოსწავლეები  განსაკუთრებული ნებართვის გარეშე არ შედიან. მე დღემდე არ მომწონს, რომ სამასწავლებლოში თამამად ვეწეოდი და მოსწავლეებიც თავის ნებაზე შემოდიოდნენ. ვიცი, რა აუტანელია უყურო, შენი მოზარდი შვილის მასწავლებელი სიგარეტს როგორ ეწევა, გინდა-კაცი და გინდა-ქალი. მრცხვენია, რომ ასეთი მასწავლებელი ვიყავი. 

რაღაცები დღემდე არ მომწონს. ერტხელ ერთ-ერთმა მშობელმა სახელითა და შენობით ფამილარულად მომმართა -ვერც მაშინ ვიგრძენი თავი კარგად. თუმცა, ბუნებრივად მეჩვენება,  რომ ჩემი „ნამოწაფრები” დღეს, როცა სკოლაში აღარ ვართ, მხოლოდ სახელითაც მომმართავენ. ამასობაში, აღმოვაჩინე, რომ არ არსებობს მშობლის ქცევის კოდექსი, მაგრამ არსებობს ცალმხრივი ურთიერთობის – მასწავლებლისა მშობლის მიმართ და სხვათა შორის ამასაც ვკითხულობ: მასწავლებელი თანამშრომლობს მოსწავლის მშობელთან და თავაზიანია მასთან ურთიერთობაში…ისეთი ბურლესკურია, სიტყვა რომ შემოგაკლდება, და უპასუხებ: ეგრე უნდა იყოს, მა,რა?! 

… ერთი რამ მინდოდა მეთქვა, რომ ისევე, როგორც აუცილებელია პროფესიული ეთიკის კოდექსი, აუცილებელია სასკოლო ურთიერთობების ეთიკის კოდექსიც. ჩაიდება მასში თქვენ-შენობით მიმართვა, სექსუალური ურთიერთობების დაშვება-აკრძალვა თუ ის, რომ მასწავლებელი მშობელს ან პირიქით ენას არ უნდა უყოფდეს, ეს ტაქტიკაა. სტრატეგია კი სამმხრივი ხელმოწერა და სამმხრივი პასუხისმგებლობაა.    
არ მახსოვს, სკოლაში ჩემი იდეალური მასწავლებელი მოსწავლეებს შენობით მოგვმართავდა თუ -არა,  მაგრამ „ თქვენობით” რომ  გვეპყრობოდა, მახსოვს.
   …
არის საკითხები, რომლებიც ერთგვაროვან შეფასებას უნდა იმსახურებდეს და პრობლემებიც, რომელთა გადაწყვეტა საერთო აზრითაა შესაძლებელი. ,,მას, ვისაც სიცოცხლის უმთავრეს საგნად გაუხდია მშობლიური ქვეყნის ბედნიერება, ვინც თავგამოდებულად და შეუპოვრად ებრძვის დაუღალავად ყოველს დაბრკოლებას, რომელიც მის სამშობლო ქვეყანას წარმატების გზაზედ გადაღობებია; ვისაც მთლად დაკარგულად მიაჩნია ყოველი წამი, რომელიც არ მოუხმარნია მამულის ზრუნვისათვის, ვისაც ედაგვის გული მამულის ტანჯვითა, უხარის მისი ლხენითა; ვინც ბედნიერია მის ბედნიერებით, უბედურია მის უბედურებით და ვინც მზად არის ღიმილით შესწიროს მას თავისი სიცოცხლე”(იაკობ გოგებაშვილი) -აბა, როგორ არ უნდა იყოს ასეთი, გინდა მასწავლებელი და გინდა-მშობელი. მაღალი ზნეობა და ინტელექტი მხოლოდ პედაგოგის საჭიროება ვერ იქნება. მოსწავლე კი  ჯერ მაყურებელია და მიმბაძველი.

არა ?!

წესი და რიგის დაცვა ყველასთვის და ყველაფრისთვის კარგია.
  
        

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...