ორშაბათი, მაისი 5, 2025
5 მაისი, ორშაბათი, 2025

როცა მამას უარვყოფთ…

0

ამ ბოლო დროს ოჯახურმა ურთიერთობებმა გამიტაცა. არა, ბოლო დროს არა, გატაცებას დიდი ხნის ისტორია აქვს და 2 წლის წინ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავროკურსადაც იქცა, სახელწოდებით “ოჯახური ცხოვრების დინამიკა”. სტუდენტებთან ერთად გამორჩეული ნაშრომებისთვის facebook–ის გვერდიც შეიქმნა “იფიქრე ჩვენთან ერთად”.


კონსულტაციაზე:
(6 წლის ბიჭი, მძიმე ნევროტული აშლილობა)
ვისთან ერთად ცხოვრობ?
დედასთან.
მამა სად არის?
გავაგდეთ.
როგორ?
გავეყარეთ… გვამცირებს… კაცი არ არის… საუკეთესო წლები მოგვიწამლა…
(14 წლის მოზარდი, მძიმე შაკიკი, გულყრები, დევიაციური ქცევა)
მამა რატომ არ დახატე, თქვენ ხომ ოჯახი ხართ?
უკეთესი იქნებოდა, სულ არ ყოფილიყო ასეთი მამა…
რას გულისხმობ?
დედას ცხოვრება მოუსპო, ღორივით იქცეოდა… ახლა არ მუშაობს…
შენ როგორ გექცევა?
ცუდი ნიშნების გამო არ მეჩხუბება…
სულ ეს არის?
ჰო,… სხვას რას უნდა ველოდო?… გართობისთვისაც კი მე ვშოულობ ფულს…
როგორ?
კალათებს ვწნავ…
ვინ გასწავლა?
მამამ… ბევრი რამე მასწავლა, თევზის დაჭერაც ვიცი… მანქანის ტარებაც… ხეზეც ვმუშაობ ცოტას… გაზაფხულისთვის ნავი გავაკეთეთ, ერთად წავალთ სათევზაოდ.
როგორ ჯდები ნავში იმ ადამიანთან ერთად, ვის სიკვდილსაც ნატრობ?
…მასთან როგორღაც… საინტერესოა ურთიერთობა… როცა დედა მიდის, კარგად ვართ… დედა ვერ ეწყობა, თორემ მე დედასაც ვეწყობი და მამასაც, ცალ–ცალკე…
(6 წლის გოგო, ურთიერთობის პრობლემები, უყურადღებობა, ღამის შფოთვები, მეტყველების პრობლემები, ფრჩხილების კვნეტა…)
მხოლოდ დედა და ძმა რატომ დახატე, შენ და მამა სადღა ხართ?
ჩვენ სხვაგან ვართ, რომ დედა კარგ ხასიათზე იყოს…
ერთად რომ იყოთ?
ცუდი იქნება…
როგორ ცუდი?
(ტირის, ცოტა ხნის შემდეგ)
მხოლოდ დედას არ უთხრათ, მამაც მიყვარს, ძალიან…
(მოზარდი, მძიმე ნევროტული დარღვევები)

თქვენს ბიჭს სჯერა მამის გარდაცვალების ამბავი?
დიახ! სპეციალურად ვუთხარით… ღმერთმა ნუ ქნას, მასთან შეხვედრა მოინდომოს, თავს ვეღარ დააღწევს მემკვიდრეობითობას… მე და ბებო მამის შესახებ მხოლოდ კარგს ვუყვებით, რომ არ იდარდოს და ეცადოს კარგი ადამიანი დადგეს.
(8 წლის ბიჭი, მძიმე დეპრესია და მთელი რიგი სხვა დაავადებები)
მამას რა მოუვიდა?
არ ვიცი…
მამის სიკვდილს არ უმხელთ? (მივმართავთ დედას)
იცის, ვისაუბრეთ… (დედა ტირის), არც კითხულობს და ფოტოების ნახვაც არ სურს.
როცა დედა ოთახიდან გადის, ბიჭს ვეკითხები:
არ გინდა მამას შესახებ გაიგო?
გამოცოცხლებული ბიჭი პირველად მიყურებს თვალებში.
კი, მაგრამ არ შეიძლება…
რატომ?
დედა ისევ იტირებს, არ არის საჭირო.
გაგიზიარებთ ბავშვებთან მუშაობის გამოცდილების შედეგებს:
1.ბავშვებს ერთნაირად ძლიერად უყვართ მშობლები, მათ მიერ დემონსტრირებული ქცევის მიუხედავად (!!!) ბავშვი დედას და მამას იღებს როგორც მთლიანს და საკუთარი თავის უმნიშვნელოვანეს ნაწილს.

2.ბავშვის ურთიერთობას მამასთან და მამის ურთიერთობას ბავშვთან ყოველთვის დედა აყალიბებს. (ქალი შუამავალია მამასა და ბავშვს შორის, სწორედ ის „უთარგმნის” ბავშვს, ვინ არის მამა, როგორია და როგორ უნდა მოექცეს).

3.დედას აბსოლუტური ძალაუფლება აქვს ბავშვზე, როგორც უნდა ისე მოექცევა – ცნობიერად თუ არაცნობიერად.

ეს ძალაუფლება ბუნებამ იმიტომ მისცა, რომ შთამომავლობამ ზედმეტი ეჭვების გარეშე შეძლოს გადარჩენა. თავდაპირველად თვით დედა არის ბავშვის სამყარო, მოგვიანებით კი დედის საშუალებით ეცნობა სამყაროს. მისი თვალებით ხედავს მას, ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რაც დედისთვის არის მნიშვნელოვანი. ცნობიერად თუ არაცნობიერად დედა აქტიურად აყალიბებს შვილის აღქმას.
მამასაც დედა აცნობს, ის გადასცემს მამის მნიშვნელობის ხარისხს.
თუ დედა არ ენდობა ქმარს, ბავშვიც გაურბის მამას.
კონსულტაციაზე:
ჩემი გოგო წლის და 7 თვისაა. ყვირილით გაურბის მამას, ხელში როცა აჰყავს. ტირის და თავის დაღწევას ცდილობს. ამ ბოლო დროს კი სულ ამას ეუბნება: „წადი, არ მიყვარხარ, ცუდი ხარ”.
თქვენ რას გრძნობთ ქმრის მიმართ?
ძალიან ნაწყენი ვარ… ტირილამდე…

4.დედა ასევე აყალიბებს მამის დამოკიდებულებას შვილთან.
მაგალითად, თუ დედა ბავშვის მამას პატივს არ სცემს, შესაძლოა მამაკაცმა ყურადღება არ მიაქციოს ბავშვს.
ძალზე ხშირად მეორდება ერთი და იგივე სიტუაცია: საკმარისია, ქალმა შეცვალოს დამოკიდებულება ბავშვის მამის მიმართ, რომ ამ უკანასკნელს უჩნდება ბავშვის ნახვისა და მის აღზრდაში მონაწილეობის სურვილი.
ეს მაშინაც კი ასე ხდება, როცა მამა წლების განმავლობაში უგულებელყოფდა შვილს.

5.თუ დარღვეულია ყურადღება, მეხსიერება, არაადეკვატურია თვითშეფასება, ქცევა – ბავშვს „აკლია” მამა.

ოჯახში მამის უარყოფა ხშირად იწვევს ბავშვის ინტელექტუალური და ფსიქიკური განვითარების შეფერხების გამოვლინებას.

6.როცა ბავშვს დარღვეული აქვს კომუნიკაციის სფერო, მაღალია შფოთვა, შიშები, ვერ სწავლობს ცხოვრებასთან ადაპტაციას და ყველგან უცხოდ გრძნობს თავს – იმის ნიშანია, რომ საკუთარ გულში დედის ადგილს ვერა და ვერ პოულობს.

7.ბავშვი უფრო ადვილად უმკლავდება ასაკის მატებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, როცა გრძნობს, რომ დედა და მამა მას იღებენ ისეთს, როგორიც არის.

8.ბავშვი ემოციურად და ფიზიკურად ჯანმრთელი იზრდება, თუკი მშობლების (ერთ–ერთის ან წყვილის) პრობლემების ზონის მიღმაა. ბავშვს აქვს თავისი ადგილი ოჯახის სისტემაში.

9.ბავშვი მუდამ უარყოფილი მშობლის მხარესაა. ის ცდილობს ნებისმიერი გზით შეინარჩუნოს მასთან ურთიერთობა.
მაგალითად, მან შესაძლოა გაიმეოროს ბედისწერის, ხასიათის, ქცევის და ა.შ. მძიმე თავისებურებები. ამასთან, რაც უფრო მეტად მიუღებელია დედისთვის ეს თავისებურებები, მით უფრო მკაფიოდ ვლინდება ბავშვში. როგორც კი დედა „უფლებას მისცემს” შვილს დაემსგავსოს მამას, ღიად უყვარდეს, ბავშვს არჩევანი უჩნდება: დაამყაროს მამასთან ურთიერთობა სირთულეების გადალახვის გზით, ან უყვარდეს უპირობოდ – გულით.

10.ბავშვი ერთნაირად ერთგულებს დედას და მამას – სიყვარულით არის „მიჯაჭვული”.

როცა წყვილის ურთიერთობა მძიმდება, ბავშვი თავისი ერთგულებისა და სიყვარულის გამო ღრმად ერთვება მშობლების სატკივარში.
ის იმდენს იღებს საკუთარ თავზე, რომ რეალურად მნიშვნელოვანწილად უმსუბუქებს სულიერ ტანჯვას ერთ–ერთ ან ერთდროულად ორივე მშობელს. მაგალითად, ბავშვი შესაძლოა მშობლების თანასწორი გახდეს ფსიქოლოგიურად: მეგობარი, პარტნიორი. შესაძლოა ფსიქოთერაპევტობაც იტვირთოს. მეტიც, შესაძლოა ფსიქოლოგიურად (დედ–მამას) მშობლებიც კი ჩაუნაცვლოს.

ეს ტვირთი შეუსაბამოა ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. ის საკუთარი საყრდენის – მშობლების გარეშე რჩება.

11.როცა დედას არ უყვარს ქმარი, არ ენდობა, პატივს არ სცემს ან ნაწყენია მასზე, ბავშვში ქმარს ხედავს და ცნობიერად თუ არაცნობიერად შვილს აგრძნობინებს, რომ მისი „მამაკაცური ნაწილი” ცუდია. თითქოს ეუბნება: „ეს არ მომწონს. ჩემი შვილი არ ხარ, თუ მამაშენს ჰგავხარ”.
დედისადმი სიყვარულის გამო, უფრო სწორად, ამგვარ ოჯახურ სისტემაში გადარჩენის ძლიერი სწრაფვის გამო ბავშვი უარყოფს მამას და, შესაბამისად, საკუთარ თავში მამაკაცურს.

ამ უარყოფის საზღაური ბავშვისთვის ძალზე დიდია.
ამ ღალატს ვერასოდეს პატიობს საკუთარ თავს.
საკუთარ თავს დასჯის უბედობით, ავადმყოფობით, ცხოვრებისეული წარუმატებლობით.
ცხოვრება ამ დანაშაულით აუტანელია, მიუხედავად იმისა, აცნობიერებს თუ არა ის მას.
მაგრამ ეს გადარჩენის საზღაურია.
ბავშვის სულიერი განცდები რომ წარმოიდგინოთ, სცადეთ თვალები დახუჭოთ და წარმოიდგინოთ ორი უახლოესი ადამიანი, რომლებისთვისაც სიცოცხლეს არ დაიშურებდით.
სამივენი ხელიხელჩაკიდებულები მთებში აღმოჩნდით.
სადაც ფეხი გედგათ, ის ადგილი უცაბედად ჩაიქცა.
რაღაც სასწაულით თქვენ კლდის კიდეს ჩამოეკიდეთ და ფეხქვეშ მიწაგამოცლილი ორი უსაყვარლესი ადამიანი თქვენზეა დამოკიდებული.
ძალა გეცლებათ და იცით, რომ ორივეს ვერ გადაარჩენთ.
ერთ–ერთი უნდა აირჩიოთ.

ვის აირჩევთ? ამ დროს დედები, როგორც წესი, ამბობენ ხოლმე: „საშინელებაა! უკეთესია, თუკი ერთად დავიღუპებით”.
ჰო, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ცხოვრება ბავშვს შეუძლებელ არჩევანს აიძულებს. ის ირჩევს. ხშირად დედის სასარგებლოდ.
„წარმოიდგინეთ, რომ ერთ–ერთი ადამიანი გაიმეტეთ და მეორე გადაარჩინეთ.
რას იგრძნობთ იმის მიმართ, ვისი გადარჩენაც ვერ შეძელით?
უდიდეს, დამანგრეველ დანაშაულს.
მის მიმართ, ვისთვისაც ეს გააკეთეთ?
სიძულვილს.”

ბუნება ბრძენი – დედისადმი ბრაზი ბავშვობაში ტაბუდადებულია. ამას გამართლება აქვს – დედა არა მხოლოდ სიცოცხლეს გვჩუქნის, არამედ გვინარჩუნებს. მამაზე უარის თქმის შემდეგ, დედა ერთადერთია, ვისაც მხარდაჭერა შეუძლია.
რისხვის გამოხატვით, შესაძლოა ის ტოტი მოჭრა, რომელზეც ზიხარ.
ამიტომ ეს რისხვა საკუთარი თავისკენ მიემართება (ავტოაგრესია).
„არ გამომივიდა, მამას ვუღალატე, საკმარისად არ გავისარჯე, რომ…
მხოლოდ მე…
დედა უდანაშაულოა – ის სუსტია”.
იწყება ქცევის, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის პრობლემები.

12.მამაკაცურობა გაცილებით მეტია, ვიდრე მსგავსება.
მამაკაცურობის პრინციპი – კანონია. სულიერება.
პატიოსნება და ღირსება.

ზომიერების გრძნობა (ზომიერებისა და დროულობის შინაგანი განცდა).
სოციალური თვითრეალიზაცია (სასურველი სამუშაო, მაღალი მატერიალური შემოსავალი, კარიერა) შესაძლებელია, თუკი ადამიანს მამის დადებითი ხატი აქვს.

13.როგორი არაჩვეულებრივიც არ უნდა იყოს დედა, მხოლოდ მამას შეუძლია ბავშვში დიდობის ინიცირება. (იმ შემთხვევაშიც კი, თუკი მამას თავად არ გამოუვიდა საკუთარ მშობელთან ურთიერთობა. ეს ინიცირების პროცესისთვის არც ისე მნიშვნელოვანია).
ალბათ, გინახავთ ზრდასრულები ბავშვებივით ინფანტილურები და უმწეოები?
ერთდროულად უამრავ საქმეს იწყებენ, უამრავი პროექტი აქვთ, მაგრამ არც ერთი ბოლომდე არ მიჰყავთ.
ზოგს საქმის დაწყება ეშინია, სოციალურ თვითრეალიზაციაში აქტიურობის გამოჩენის.
„არას” ვერ ამბობს.
პირობას არ ასრულებს, რთულია დაეყრდნო.
მუდმივად ცრუობს.
ეშინია საკუთარი აზრის, საკუთარი ნების წინააღმდეგ ბევრს ეთანხმება, პასუხისმგებლობა „წელში ღუნავს”.
ან პირიქით, გამომწვევად იქცევა, გარემომცველ სამყაროს „ეომება”, სხვებს უპირისპირდება, უკანონოდაც კი იქცევა.
სოციუმში ცხოვრება მეტისმეტად უძნელდება… ეს ის ადამიანები არიან, ვისაც „ხელი არ მიუწვდებოდა” საკუთარ მამაზე.

14.მხოლოდ მამის გვერდით აცნობიერებს ბავშვი თავდაპირველად საზღვრებს.
საკუთარ და სხვა ადამიანთა საზღვრებს.
ნებადართულისა და აკრძალულის საზღვრებს.
საკუთარ უნარებსა და შესაძლებლობებს. მამის გვერდით იგებს კანონის მოქმედებას, მის ძალას.
(დედასთან ურთიერთობები სხვაგვარი პრინციპით იგება: უსაზღვრებოდ – სრული შერწყმა).
მაგალითისთვის შეიძლება გავიხსენოთ ევროპელებისა (ევროპაში მკაფიოდ არის გამოხატული მამაკაცური პრინციპები) და რუსების (რუსეთში მკაფიოდ არის გამოხატული ქალური პრინციპები) ქცევა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. როგორ პატარა ტერიტორიაზეც არ უნდა აღმოჩნდნენ, ევროპელები ინტუიციურად ისე განლაგდებიან, რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიან, არ არღვევენ ერთმანეთის საზღვრებს, ყველას რჩება ადგილი საკუთარი ინტერესებისთვის.
რუსები ყველაფერს იკავებენ. მათ გვერდზე ადგილი აღარავისთვის აღარ არის.
საკუთარი ქცევით ანგრევენ სხვის სივრცეს, რადგან არ აქვთ საკუთარი საზღვრები.
იწყება ქაოსი.
სწორედ ეს არის ქალური მამაკაცურის გარეშე.

15.მამის წყალობით ყალიბდება ღირსება, პატიოსნება, ნებისყოფა, მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა – ყველა დროისათვის ფასეული ადამიანური თვისებები.

16.იმ ბავშვებს, რომელთაც დედამ მამასთან ურთიერთობა აუკრძალა (ცნობიერად თუ არაცნობიერად) არ შეუძლიათ ძალდაუტანებლად და ბუნებრივად გახდნენ გაწონასწორებული, ზრდასრული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე, ლოგიკური, მიზანდასახული ადამიანები.
მათ უდიდესი ძალისხმევა სჭირდებათ, რადგან ფსიქოლოგიურად ბიჭებად და გოგოებად დარჩნენ – კაცები და ქალები ვერ გახდნენ.
დედის გადაწყვეტილების – „დაეცვა ბავშვი მამისაგან” – საფასური ძალზე დიდია და მთელი ცხოვრება უნდა იხადოს. თითქოს ცხოვრების კურთხევაზე ეთქვა უარი.

„თუ ცოლი პატივს სცემს ქმარს, ხოლო ქმარი ცოლს, ბავშვებიც პატივისცემას გრძნობენ საკუთარი თავის მიმართ. ვინც უარყოფს ქმარს (ან ცოლს), უარყოფს მას საკუთარ შვილებშიც. ბავშვები ამას თვითუარყოფად აღიქვამენ” – ბერტ ჰელინგერი.

17.მამა სხვადასხვა მნიშვნელოვან როლს ასრულებს შვილის ცხოვრებაში. ბიჭისთვის სქესის მიხედვით თვითიდენტიფიკაციაა (საკუთარი თავის მამაკაცად განცდა არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც). მამა მისთვის სამშობლოა, მისი „სამყაროა”.
ბიჭი სხვა სქესის ადამიანს უჩნდება.
ყველაფერი რასაც დედის საშუალებით ეხება – არსებითად განსხვავდება მისგან. ქალიც იმავეს განიცდის.
არაჩვეულებრივია, როცა დედას შეუძლია ვაჟიშვილის სიყვარული, მისი სრულყოფა ქალური ნაკადით, ქალური პრინციპების ინიცირება და სამშობლოში – მამასთან „გაშვება”.

(სხვათა შორის, სწორედ ამ შემთხვევაში შეძლებს ბიჭი დედის პატივისცემას და გულწრფელ მადლიერებას).

18.დაბადებიდან დაახლოებით სამ წლამდე, ბიჭი დედის გავლენის სფეროშია. ის ისრუტავს ქალურს: მგრძნობიარობას და სინაზეს. ახლო, ნდობით სავსე და ხანგრძლივი ემოციური ურთიერთობების უნარს.
სწორედ დედისგან სწავლობს ემპათიას (სხვა ადამიანის თანაზიარობას).
დედასთან ურთიერთობით ეღვიძება სხვა ადამიანებისადმი ინტერესი.
აქტიურდება ემოციური სფეროს განვითარება, ინტუიცია და შემოქმედებითი უნარები – რაც ასევე ქალურ ზონაშია.
თუ დედა გულწრფელ სიყვარულს გამოხატავდა შვილისადმი, ზრდასრულობაში ასეთი მამაკაცი მზრუნველი ქმარი, ალერსიანი საყვარელი და მოსიყვარულე მამა იქნება.

19.ჩვეულებრივ, დაახლოებით სამი წლის შემდეგ, დედა ვაჟიშვილს მამასთან „უშვებს”. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სამუდამოდ. „გაშვება” იმას ნიშნავს, რომ ნებას რთავს შეისრუტოს მამაკაცური და გახდეს კაცი.

ამ პროცესისთვის, ნაკლებმნიშვნელოვანია მამა ცოცხალია თუ არა, სხვა ცოლი ჰყავს, შორს არის წასული თუ მძიმე ბედს ებრძვის.

20.ხდება, რომ ბიოლოგიური მამა არ არსებობს ან არ არის ბავშვის გვერდით. ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რას გრძნობს დედა ბავშვის მამის მიმართ. თუ ქალისთვის მიუღებელია მისი ბედი, თვით ის, როგორც ბავშვის მამა, შვილს სამუდამოდ ეკეტება გზა მამაკაცურისკენ.
თვით ყველაზე ხელსაყრელი გარემოც კი უძლურია ამ დანაკარგის საკომპენსაციოდ.

ის შესაძლოა, სპორტის მამაკაცურ სახეობას მისდევდეს, დედის მეორე ქმარი არაჩვეულებრივი ადამიანი იყოს, ვაჟკაცური, ჰყავდეს მოსიყვარულე პაპა ან ბიძა, მაგრამ ეს ყველაფერი ზედაპირზე რჩება, როგორც ქცევის ფორმა.
ბავშვი ვერასოდეს გაბედავს დედის აკრძალვის დარღვევას.

დედის მიერ ბიოლოგიური მამის მიღების შემთხვევაში აკრძალვა იხსნება, თვით დედა აძლევს მამაკაცურთან ზიარების კურთხევას.
მნიშვნელოვანია, როგორია დედის წარმოდგენაში ბავშვის მამის ხატი. მამაკაცურთან ზიარების უფლების მიცემა დედას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ პატივს სცემს ბავშვის მამას, ან სულ მცირე, კარგი დამოკიდებულება აქვს მასთან.

თუ ასე არ არის, უსარგებლოა ქმრისთვის თქმა: „ეთამაშე ბავშვს. წადით, გაისეირნეთ” და ა.შ. ვერც ქმარი და ვერც ბავშვი ამ სიტყვებს ვერ/არ გაიგებენ.

ზემოქმედება მხოლოდ იმას შეუძლია, რასაც გულით ვიღებთ.
აძლევს თუ არა დედა მამასა და შვილს ურთიერთსიყვარულის კურთხევას?
უთბება თუ არა დედას გული, როცა მამა–შვილის მსგავსებას ხედავს?
თუ მამა აღიარებულია, ბავშვი აქტიურად იწყებს მამაკაცურთან ზიარებას.
განვითარება მამაკაცური გზით წარიმართება, ყველა მამაკაცური თავისებურებით, ჩვევებით, უპირატესობებითა და ნიუანსებით. ბიჭი გაემიჯნება დედისეულ ქალურს და სულ უფრო დაემსგავსება მამისეულ მამაკაცურს.
ასე იზრდება მამაკაცი გამოხატული მამაკაცურით.
ეს პროცესი განსხვავებულია გოგოებთან.
ისიც დაახლოებით სამ წლამდე დედასთან არის და ქალურს ისრუტავს.
სამი–ოთხი წლისთვის მამის გავლენის ქვეშ გადადის და დაახლოებით ექვს–შვიდ წლამდე მისი გავლენის ზონაშია.
ამ დროს აქტიურად ეყრება საფუძველი მამაკაცურს: ნებისყოფას, მიზანდასახულობას, ლოგიკას, წარმოსახვით აზროვნებას, მეხსიერებას, ყურადღებას, შრომისმოყვარეობას, პასუხისმგებლობას და ა.შ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში ხდება იმის გაცნობიერება, რომ გოგო მამისაგან სქესით განსხვავდება. ის დედას ჰგავს და მალე დედასავით ლამაზი ქალი გახდება. სწორედ ამ პერიოდში აღმერთებენ გოგოები მამებს.
წყარო: https://www.stranamam.ru/post/10001587/

თარგმნა ნინო ჭიაბრიშვილმა

 

ერთხელ…

0
ერთ დილით გავიღვიძე და… ნაცნობ პეიზაჟს მივაცქერდი. ფანჯარაზე თევზები ქანაობდა, მინის იქით კი გაშიშვლებული ხეები იდგა და ზამთრის დილას პირქუშ იერს აძლევდა. იქ, ხეებთან, ციოდა, მე კი თბილად ვიწექი და ადგომა არ მინდოდა, მაგრამ ცხრა საათზე სკოლაში უნდა ვყოფილიყავი. არ უნდა დამეგვიანა. დაიგვიანებდი და სკოლის კართან დირექტორი დაგხვდებოდა… კი არ დაგინდობდა – ათას რამეს გეტყოდა. მოკლედ, დაგვიანება არ შეიძლებოდა, ამიტომ სიმამაცე მოვიკრიბე და წამოვდექი… ფანჯრის მინაზე მიმაგრებულ მოქანავე თევზებს სული შევუბერე, უფრო მეტად რომ ამემოძრავებინა და ჩაცმას შევუდექი.

პირველი ქართული ენის გაკვეთილი მქონდა, თანაც საკონტროლო, თანაც თავისუფალი თემა… სახელად – „ერთხელ…” რა გავაკეთე ერთხელ?.. სიმართლე გითხრათ, აღარც კი მახსოვს, რა დავწერე ან რა მივიღე. წერა არ მიჭირდა და ალბათ დავწერდი რამეს…

საქმე ისაა, ახლა ამ გაგანია სიცხეში, ზამთრის ის უჟმური დილა რამ გამახსენა. უცნაურადაა მოწყობილი გონება, ინახავს, ინახავს და, აი, ბატონო, ინებეთ თქვენი ერთი მოგონება… ჰოდა, რაკი ამდენი ვილაპარაკე, ახლაც რამეს მოგიყვებით.

ერთხელ… ფრანგმა ქიმიკოსმა ანრი მუასანმა ფთორი მიიღო. წარმოგიდგენიათ? თავისუფალი სახით მიიღო. არადა, მანამდე ვინ არ სცადა მისი გამოყოფა, მაგრამ ფთორი, რასაც კი გზად გადაეყრებოდა, ყველაფერთან რეაქციაში შედიოდა. მუასანმა ხერხი იხმარა და მთელი მიმღები მოწყობილობა პლატინისგან დაამზადებინა. მართალია, ძვირი დაუჯდა, მაგრამ პლატინასთან ფთორი რეაქციაში ვერ შევიდა.

თუმცა მუასანმა სახელი სხვა ამბით გაითქვა. გრაფიტი და ალმასი რომ ნახშირბადის ალოტროპიაა, გახსოვთ, არა? მუასანსაც ახსოვდა, ჰოდა, გადაწყვიტა, ჩვეულებრივი ნახშირი ალმასად გადაექცია. ხის ნახშირს რკინაში აცხელებდა და ეგონა, მაღალ ტემპერატურაზე კრისტალურ მესერში ატომები გადაეწყობოდა. პირველი ცდის შემდეგ, რეაქციის დასრულებისას, რამდენიმე პაწაწინა ალმასი აღმოაჩინა, თუმცა იმავე შედეგის მიღება ვეღარც მან შეძლო მეტად და ვეღარც მისმა მოსწავლეებმა. ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა… როგორც შემდეგ გაირკავა, სარეაქციო არეში ალმასები ვიღაცამ დაყარა. გაეხუმრა მეცნიერს.

სინთეზური ალმასი მართლაც მიიღეს, მაგრამ მხოლოდ 1955 წელს და სულ სხვა მეთოდით.

მითხარი, რა გახსენდება სიტყვა „ალმასის” წარმოთქმისას და გეტყვი, ვინ ხარ შენ… ხუმრობა იქით იყოს და ამ სიტყვის გაგონებისას ყველას მართლაც სხვადასხვა რამ წამოუტივტივდება გონებაში. ზოგს – საიდუმლოებით მოცული ლეგენდები და თქმულებები მოაგონდება, ზოგს საიუველირო ნაკეთობები დაუდგება თვალწინ, ზოგსაც – საგულდაგულოდ გადამალული ნივთები და გარბის შესამოწმებლად, თავის ადგილზეა თუ არაო. ჰო, ისეთი ხალხიც არსებობს, ძვირფასი ნივთები ცხრაკლიტულში რომ აქვს გადანახული; არც გაიკეთებენ, არც შვილების განათლებას მოახმარენ, არც იმოგზაურებენ, შიმშილით დაიხოცებიან და ვერ შეელევიან. თუმცა რა ჩვენი საქმეა, იყვნენ და დატკბნენ თავიანთი ძვირფასეულობით… მრავალი საუკუნეა, ადამიანი ალმასზე ნადირობს, მაგრამ უმეტესობამ არც კი იცის, რომ ეს ქვა მხოლოდ და მხოლოდ კრისტალური ნახშირბადია, რომელიც, ალმასთან ერთად, წარმოქმნის მურს, ჭვარტლს და ნახშირს.

ალმასს სხვადასხვა შეფერილობა აქვს: ნარინჯისფერი, ცისფერი, ვარდისფერი, ყვითელი, ყავისფერი, ლურჯი, მწვანე, რუხი და შავიც კი. ფერთა სიმრავლე აიხსნება მის სტრუქტურაში არსებული დეფექტებით, ასევე – იმით, რომ ნახშირბადის ატომებს ბორის, აზოტისა და ალუმინისა ჩაენაცვლება. რუხი და შავი შეფერილობა კი გრაფიტის ჩანართებითაა განპირობებული.

გარდა ალმასისა, ნახშირბადი ოთხ ალოტროპულ მოდიფიკაციას წარმოქმნის: გრაფიტს, კარბინს, გრაფინსა და ფულერენს. ალმასსა და გრაფიტს კრისტალური სტრუქტურა ატომური აქვთ, მაგრამ მესერში ატომების განლაგებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ალმასის კრისტალურ მესერში ნახშირბადის თითოეული ატომი სხვა ატომებთან ახორციელებს ოთხ კოვალენტურ ბმას ტეტრაედრის წვეროების მიმართულებით. ამით აიხსნება ალმასის სიმაგრე. გრაფიტში ნახშირბადის ატომები განლაგებულია წესიერი ექვსკუთხედის წვეროებში, რომლებიც შრეებს ქმნიან. მეზობელ პარალელურ შრეებს შორის მანძილი გაცილებით მეტია, ვიდრე ერთსა და იმავე შრეში მეზობელ ატომებს შორის. ეს იწვევს შრეებს შორის კავშირის შესუსტებას, რის გამოც უბრალო მექანიკური ზემოქმედებითაც კი გრაფიტი ადვილად იშლება ფენებად, რომლებიც თავისთავად მტკიცეა. ალმასის სიმკვრივე 3510კგ/კუბ. მ–ია, გრაფიტისა კი 2250კგ/კუბ. მ. ალმასი ელექტრულ დენს და სითბოს არ ატარებს. გრაფიტს ლითონური ბზინვა ახასიათებს და ელექტრული დენისა თუ სითბოს კარგი გამტარია.

ნახშირბადის მესამე მოდიფიკაცია კარბინია, ჰექსაგონური სტრუქტურის მქონე შავი ფხვნილი. პირველად ის სინთეზური გზით მიიღეს, მერე კი ბუნებაშიც აღმოაჩინეს. 2800 გრადუსამდე გახურების დროს ის გრაფიტად გარდაიქმნება.

მომდევნო მოდიფიკაციას ინჟინერ რიჩარდ ფულერის პატივსაცემად ფულერენი ჰქვია. ამ ინჟინრის მიერ აგებული გეოდეზიური კონსტრუქციები ფულერენის აღნაგობის პრინციპით არის შექმნილი. ნაერთთა ეს კლასი ხუთ– და ექვსწევრიან ციკლებს მოიცავს.

სადღეისოდ სრულადაა შესწავლილი C60, რომელიც 20 ექვსკუთხედისა და 12 ხუთკუთხედისგან შედგება. ფულერენის კრისტალები ნახევარგამტარია. C60 ფულერენი ფეხბურთის ბურთს მოგვაგონებს, C70 – რაგბის ბურთს. ფულერენი 400-მდე ნახშირბადატომისგანაა მიღებული.

ნახშირბადი მურსაც წარმოქმნის. ჩვეულებრივი მური შავი პიგმენტია. ის, ალმასისგან განსხვავებით, ქიმიის გაკვეთილზეც შეგვიძლია მივიღოთ. პარაფინის სანთლის ალი ცივი მასიური საგნისკენ  მიმართეთ. წარმოქმნილი შავი ნაფიფქი დროდადრო მოფხიკეთ. ასეთ პირობებში პარაფინი არასრულად იწვის და ნახშირბადის დიოქსიდთან (ნახშირორჟანგთან) ერთად წარმოიქმნება ელემენტური ნახშირბადი – მური.

ქვანახშირზე რაღას იტყვით?

მრავალი საუკუნეა, ადამიანი წვის რეაქციას იყენებს –  თბება, საკვებს ამზადებს, ცხოველებს აფრთხობს. წვის რეაქციისთვის, რაღა თქმა უნდა, ხეებს წვავდნენ და გადაწვავდნენ კიდეც ყველაფერს, ერთ დღესაც წიაღისეული ქვანახშირი რომ არ აღმოეჩინათ. ისიც შეამჩნიეს, რომ ის შეშზე შედარებით სამჯერ მეტ სითბოს იძლეოდა. მეჩვიდმეტე საუკუნის ინგლისში ნახშირს უკვე აქტიურად მოიპოვებდნენ და სახლებსაც ათბობდნენ.
ინგლისში ნახშირს მადნისგან რკინის მისაღებადაც იყენებდნენ. რკინის ოქსიდს ნახშირით აღადგენდნენ, რის შედეგადაც რკინა და ნახშირორჟანგი გამოიყოფოდა. რკინის აღსადგენ ნახშირს ხის დაწვით იღებდნენ და ალბათ მუსრსაც გაავლებდნენ ხეებს, მეთვრამეტე საუკუნეში აბრაჰამ დერბის ხის ნახშირის ნაცვლად ქვანახშირის გამოყენების მეთოდი რომ არ გამოეგონებინა. ამ გამოგონებამ მეტალურგიას მთელ მსოფლიოში გაუკაფა გზა. 

ნახშირთან დაკავშირებული კიდევ ერთი დიდი გამოგონება მატარებელი იყო. პირველი მატარებლები პირველ მანქანებზე ასი წლით ადრე გამოჩნდა და მათი საწვავი სწორედ ქვანახშირი იყო. რკინიგზის გამოჩენამ მსოფლიო შეცვალა.

რა არის ქვანახშირი? ეს მილიონი წლის წინათ მცხოვრები მცენარეების ნარჩენებია. ყოველ წელს ხეებს ფოთლები სცვივათ. მიწაზე დაცვენილი ფოთლები მიკროორგანიზმების გავლენით ლპობას იწყებს და თუ ეს პროცესი ანაერობულ პირობებში მიმდინარეობს, როგორც, მაგალითად, ჭაობში, მაშინ ყველა მცენარეული ნარჩენი ტორფად გარდაიქმნება. ტორფი მიწის ქვეშ გროვდება და წნევის გავლენით ნელ–ნელა იქცევა ნახშირად, მერე – ქვანახშირად, მერე – ანტრაციდად (უძველესი ნახშირია, რომელსაც გრაფიტისმაგვარი ბზინვარება ახასიათებს). მისი გარდაქმნის საბოლოო სტადია კი გრაფიტია. ეს პროცესი ძალიან ნელა მიმდინარეობს და მილიონობით წელს გრძელდება. 
ერთხელ… დერბიმ მეტალურგიის განვითარება ადგილიდან დაძრა, რადგან ხის ნახშირის ქვანახშირით შეცვლის ხერხს მიაგნო…
ერთხელ… მატარებელი გამოიგონეს, ააშენეს, აამოძრავეს და საწვავად ხის ნახშირი გამოიყენეს…
ერთხელ… ანრი მუასანმა ალმასის მიღება სცადა…
 
ერთხელ… აი, ამწუთას ზამთრის ის დილა გამახსენდა. იმ დღეს ქართულში საკონტროლო წერა გვქონდა თავისუფალ თემაზე „ერთხელ”… ნელ-ნელა ისიც მახსენდება, რომ წერის შემდეგ ეზოში ხმაურიან დამალობანას ვთამაშობდით…
„როცა გეტყვი „ი”, მაშინ გამოდი,
როცა გეტყვი „ე” – არ გამოხვიდე…”

სხვა ბათუმი

0
ზაფხულობით საქართველოს დედაქალაქად ბათუმი იქცევა. ჩვენი თანამოქალაქეებიც და უცხოელი ვიზიტორებიც ცხელი თვეების განმავლობაში ზღვისპირეთის ამ უმშვენიერეს ქალაქში ყოფნას ამჯობინებენ. სამწუხაროდ, სტუმართა უმრავლესობას ბათუმის მთავარ ღირსშესანიშნაობად ზღვა და ფეშენებელური გასართობი დაწესებულებები მიაჩნია. ჩვენი თვალსაწიერი ამ ქალაქის საიდუმლოებებს და უმცირეს დეტალებში ჩამალულ მნიშვნელოვან მოვლენებს ვერ სწვდება. სანაპიროზე გასვლამდე ერთი საათით მაინც თუ გაისეირნებთ პატარა ქალაქის უყურადღებოდ მიტოვებულ ქუჩებში, ისტორიას აღმოაჩენთ.

 

მე ბათუმელი არ გახლავართ და იშვიათად ვსტუმრობ ამ ქალაქს. უმეტესად სამუშაოდ ჩავდივარ და ურბანული ისტორიის გასაცნობადაც ძალიან ცოტა დრო მრჩება. არც გაზეთ „ბათუმელების” საქალაქო კრებულები წამიკითხავს ბოლომდე. მიუხედავად ამისა, გავბედავ და მოკირწყლულ ქუჩებში ჩემი ხეტიალის გამოცდილებას გაგიზიარებთ.

ჩვენ ხშირად ვამტკიცებთ, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმთავრესი წინაპირობა ადგილობრივი მრეწველობის გაძლიერებაა. აჭარის რეგიონს სხვადასხვა ინდუსტრიული დარგის დაფუძნებისა და მათი წარმატებით ამუშავების მდიდარი გამოცდილება აქვს. ქალაქის შემოსასვლელში, გარეუბან ბენზეში, ხელოვნების ცენტრის გვერდით, კოხტა სამსართულიანი შენობა დგას, რომელიც ორიგინალური არქიტექტურით აუცილებლად მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. შენობაში ბათუმის ტექნოლოგიური მუზეუმია განთავსებული. რამდენიმე სტუდენტს ისეთი სიხარულით შეგვეგებნენ, თავი იამაიკაში ჩასული ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეები გვეგონა. ალბათ სტუმარი აქ იშვიათობაა – ამიტომაც ააფორიაქა მუზეუმის თანამშრომლები დამთვალიერებელთა შედარებით მრავალრიცხოვანი ჯგუფის დანახვამ.

მუზეუმმა სავსებით გაამართლა ჩვენი მოლოდინი. მისი ორივე სართული საინტერესო ექსპონატებითაა სავსე. აქ თვალს მიადევნებთ, როგორ დაიწყო საქართველოში ნავთობის მრეწველობა და რას აკეთებდნენ ამ დარგის განვითარებისთვის ალფრედ ნობელის საქართველოში მოღვაწე ძმები, ბათუმით მოხიბლული როკფელერები და როტშილდები. ექსპოზიცია ამომწურავ პასუხს გაგცემთ კითხვებზე, საიდან და როგორ დაიწყო ჩვენს ქვეყანაში თამბაქოსა და ჩაის წარმოება ან როგორ ბეჭდავდნენ და ავრცელებდნენ რევოლუციონერები აკრძალულ ქართულენოვან ლიტერატურას რუსული ოხრანკის გვერდის ავლით.

საინტერესო ადგილები ქალაქის ცენტრშიც მრავლადაა. დარწმუნებული ვარ, ყველა ყოფილხართ პიაცას კოშკთან, რომელიც ბათუმის ახალი არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე თვალში საცემი ნიმუშია. ამ შენობიდან ორიოდე ნაბიჯზე, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, ძველისძველი ორსართულიანი სახლი დგას, რომლის პირველ სართულზე მეორადი ტანსაცმლისა და სუვენირების მაღაზიაა გახსნილი. იაფფასიანი აბრების გვერდით გასული საუკუნის წარწერასაც შეამჩნევთ. ტექსტი იუწყება, რომ ამ სახლში ეგნატე ნინოშვილი ცხოვრობდა და ბათუმელ მუშათა აჯანყებების ფონზე თავის შესანიშნავ მოთხრობებს წერდა, თან საფუძველს უყრიდა საქართველოში მემარცხენე მოძრაობას.

კოშკიდან საწინააღმდეგო მიმართულებით თუ წახვალთ, კოსტავას ქუჩას მიადგებით. სწორედ აქ იყო სტამბა, სადაც 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კონსტიტუცია დაიბეჭდა. ოკუპაციისა და დედაქალაქიდან დევნილობის მიუხედავად, საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ მაინც დაამტკიცა და გამოსცა იმ პერიოდის ევროპისთვის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ძირითადი კანონი. გარდა საქართველოსი, ჩვენი რეგიონის ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა თავისი კონსტიტუციის შემუშავება და დამტკიცება. მაშასადამე, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი მოვლენის აღსრულებაც ბათუმს უკავშირდება.

კოსტავას ქუჩას გენერალ მაზნიაშვილის ქუჩა კვეთს. შეგვიძლია, ისიც შევიტანოთ ჩვენს საექსკურსიო მარშრუტში. რატომ? სწორედ ამ მიდამოებში გაიმართა 1905 წლის რევოლუციის პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეტაკება დემოკრატიული ძალების კოალიციასა და მეფის ჯარებს შორის. მაშინ ბათუმელმა დემოკრატებმა დიდ წარმატებას მიაღიეს და რამდენიმე თვით ქალაქის ნაწილზე საკუთარი მმართველობაც დაამყარეს. ახალი მმართველობის პირობებში თავისუფალი არჩევნების, საყოველთაო განათლებისა და ახალი შრომის კანონმდებლობის შექმნა იგეგმებოდა, მაგრამ, საუბედუროდ, არაბოლშევიკური რევოლუცია ბათუმშიც დამარცხდა.

სულ ბოლოს რუსთაველისა და ასათიანის ქუჩების კუთხისკენ გასეირნებას შემოგთავაზებთ, სადაც ძველ ბათუმურ სახლზე ძალიან საინტერესო შინაარსის აბრაა მიკრული. უზომოდ მიყვარს ანტონ ჩეხოვის შემოქმედება. მსოფლიოს უამრავი დრამატურგის, ლიტერატურათმცოდნისა თუ რეჟისორის მსგავსად, მეც მიმაჩნია, რომ მისი პიესები გლობალური კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. სკოლას ვამთავრებდი, როდესაც შესანიშნავი „სამი და” წავიკითხე – ნაწარმოები, რომელიც, ვფიქრობ, საუკეთესოდ წარმოაჩენს პრივილეგიებჩამორთმეული იმპერიული ინტელიგენციის ყოფას და ზედმიწევნით აღწერს იმ განათლებული ადამიანების უუნარობას, რომლებიც ვერ გრძნობენ გარემოებათა ცვლილებას და, მიუხედავად შესაძლებლობისა, მიზანს ვერ აღწევენ. სწორედ ამ სახლში უცხოვრიათ დებ შატილოვებს, რომელთა ცხოვრებაზე დაკვირვებამაც შთააგონა ჩეხოვს ამ ლეგენდარული პიესის შექმნა.

***
ბათუმში მოგზაურობის შემდეგ ერთი ნატვრა გამიჩნდა: ძალიან მინდა, ვინმემ საგანგებო რუკა შეადგინოს, სადაც ჩემსავით უცნაური ადამიანები მათთვის საინტერესო ისტორიულ ადგილებს აღმოაჩენენ. ვფიქრობ ტურიზმის ახალი მიმართულებით განვითარება ყველაზე სასარგებლო სწორედ მოსწავლეებისა და უახლესი ისტორიის მასწავლებლებისთვის იქნება.

ზვიად ქორიძე – ახალგაზრდებს შემეცნებითი პროგრამები სჭირდებათ

0

მედია საზოგადოების ინფორმირების ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა, თუმცა ხშირად ახსენებენ მოზარდებზე მის უარყოფით გავლენას. რას ფიქრობენ ამის შესახებ მედიაექსპერტები და რას ურჩევენ პედაგოგებს? ამაზე mastsavlebeli.ge-ს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე ესაუბრა.

– ზვიად, ცნობილია, რომ ახალი თაობა ზედმეტად არის დამოკიდებული კომპიუტერსა და ტელევიზორზე. ინფორმაციის ძირითადი წყაროც მისთვის ეს ტექნიკური საშუალებებია. რა დადებით და უარყოფით გავლენას ახდენს მოზარდზე ეს დამოკიდებულება?
– ზედაპირული შეფასებით, დღეს მოსახლეობის უმრავლესობა სწორედ ტელევიზიასა და ინტერნეტზეა დამოკიდებული და ცდილობს, მათი მეშვეობით მიიღოს ინფორმაცია, თუმცა მე ამ მოსაზრების განზოგადებას არ ვემხრობი. უფროსი ასაკის მოქალაქეები უფრო მეტად ტელევიზიის მეშვეობით იღებენ ინფორმაციას. ინტერნეტს ისინი ძირითადად სოციალურ ქსელებში ამ ინფორმაციის შესახებ საკუთარი მოსაზრებების გასავრცელებლად იყენებენ. შესაბამისად, იქმნება ტელემედიით გავრცელებული (არცთუ უტყუარი) ინფორმაციების ალტერნატიული, ვირტუალური მედიასივრცე, რომელსაც ასევე არ აქვს სიზუსტის პრეტენზია. მოზარდ თაობას ასეთი მედიათამაში არ ხიბლავს. ის უმეტესად ხვდება, რომ ტელემედიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის სანდო და ცდილობს, გონება ამ ნაკადით არ გადაიტვირთოს. ახალგაზრდებს მეტი შემეცნებითი პროგრამის ყურება სურთ, ტელემედია კი მათ ასეთი პროდუქციით ვერ უზრუნველყოფს, ამიტომ მრავალი მათგანი ინტერნეტში ეძებს შემეცნებით მასალებს. ბუნებრივია, არიან ისეთებიც, ინტერნეტს გასართობად, სათამაშოდ რომ იყენებენ, თუმცა თავად პროცესი მაინც ჯანსაღია. ჩვენს ციფრულ საუკუნეში ინტერნეტი არავინ უნდა აღიქვას ფუფუნებად ან დროის არარაციონალურ ხარჯვად; ის ადამიანის ერთგვარ უფლებად იქცა და მან მართებულად უნდა შეისწავლოს ამ უსაზღვრო სამყაროში ნავიგაციის მეთოდები, მიიღოს შესაბამისი ცოდნა.
– საქართველოში მოზარდ ტელემაყურებელს, სამწუხაროდ, არცთუ დიდი არჩევანი აქვს – მისი ასაკისთვის შესაფერისი გადაცემები თითქმის არ არსებობს, მეტადრე – შემეცნებითი, რაც ასე საჭიროა ბავშვის განვითარებისთვის. უნდა რეგულირდებოდეს თუ არა საბავშვო გადაცემები ტელეარხებზე, თუნდაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე?
– სატელევიზიო არხებზე გადაცემებს კი არ უნდა არეგულირებდნენ, არამედ აკეთებდნენ. კარგად მესმის, რომ შემეცნებითი გადაცემების მომზადება ძვირი სიამოვნებაა და კერძო არხები ამ გზას არ მისდევენ, მაგრამ მიმაჩნია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მაინც ეს საკითხი პრიორიტეტული უნდა იყოს. საზოგადოდ, ტელევიზიას სამი მთავარი ფუნქცია აქვს: მოქალაქეების ინფორმირება, შემეცნება და გართობა. ტელეარხმა რომელიმე მათგანს კი არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა, არამედ მათ შორის ბალანსი დაიცვას. ტელევიზია მოქალაქის ინტერესების დასაცავად და დასაკმაყოფილებლად უნდა შეიქმნას და არა მის სამართავად.

– ქართული ტელეარხებით ხშირად გადაიცემა ძალადობრივი თუ სხვა ისეთი ქმედებების ამსახველი ფილმები, რომლებიც მოზარდზე უარყოფით გავლენას ახდენს. ასეთ ფილმებს ხშირად არც ასაკობრივი ცენზის ნიშანი უზის. როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა ან ვის ეკისრება ამის გამო პასუხისმგებლობა?
– ძალადობრივი კადრების შემცველი ფილმები მხოლოდ ქართულ ტელეარხებზე არ გადის, ეს პრობლემა მრავალ ქვეყანაში დგას, თუმცა დასავლურ სივრცეში მისი მოგვარების თვითმარეგულირებელი მექანიზმები მოიფიქრეს: ცდილობენ, ასეთი ფილმები გაუშვან გვიან, წყალგამყოფი დროის შემდეგ; დაადონ ასაკობრივი შეზღუდვის აღმნიშვნელი ტიტრი; ფილმის ანონსირების დროს მოუწოდონ მაყურებლებს, ბავშვები ეკრანს მოარიდონ. ასეთი მიდგომა ზრდის მედიის სოციალურ პასუხისმგებლობას. სხვა, უფრო მკაცრი საკანონმდებლო ნორმების შემოღება სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის შესაძლოა სარისკო აღმოჩნდეს.
– საქართველოში ძალიან ცოტაა მოზარდი მკითხველისთვის განკუთვნილი ჟურნალ-გაზეთებიც. ბევრს მიაჩნია, რომ პრესა მოსწავლეებისთვის საინტერესო და საჭირო აღარ არის. როგორია თქვენი აზრი ამის თაობაზე?
– ბეჭდური პრესის ტირაჟები საზოგადოდაც და საქართველოშიც მკვეთრად ეცემა. ეს საყოველთაო ტენდენციაა და მისი ზედმეტი დრამატიზება არ ღირს. დღეს მედიასაშუალებები ფართო პროფილის მედიაპლატფორმების შექმნას ცდილობენ. დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებისთვის საინტერესოა მიწოდებული მასალების არა მხოლოდ ფორმა, არამედ შინაარსიც, თუმცა საბავშვო მედიის მესვეურებმა იმაზეც უნდა იფიქრონ, რომ თავიანთი პროდუქცია მოზარდებს მათთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით მიაწოდონ.
– ხშირად ამბობენ, რომ ქართველი მოზარდები მეტისმეტად პოლიტიზებულები არიან. ეს ალბათ მედიის გავლენის ბრალიცაა. როგორ შეაფასებდით მოზარდების პოლიტიკაში ჩართვას და რას ურჩევდით მასწავლებელს, რომელსაც მოსწავლეები პოლიტიკურ მსჯელობაში ითრევენ?
– მოზარდები უნდა იყვნენ პოლიტიზებულნი, რადგან ისინი ჩვენი სახელმწიფოს ხვალინდელი სრულფასოვანი მოქალაქეები არიან. მათ უნდა მიიღონ სათანადო პოლიტიკური განათლებაც და ეზიარონ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ეფუძნება თანამედროვე სახელმწიფო. პოლიტიკა არ არის სალანძღავი სიტყვა. იგი აღნიშნავს პოლისის (ჩვენს შემთხვევაში – სახელმწიფოს) ცხოვრებას და ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება, არის პოლიტიკა. რატომ უნდა გვინდოდეს ისეთი ახალგაზრდების ყოლა, რომლებსაც ცხოვრებასთან დაკავშირებული კითხვები არ აღელვებთ? პრობლემა ის არის, რომ ჩვენი დროის პედაგოგები ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად მზად არ არიან, ამიტომ მათ არ სურთ, ახალგაზრდები პოლიტიკით დაინტერესდნენ. პოლიტიკით დაინტერესება სრულიადაც არ ნიშნავს რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის წევრობას და პარტიული დისციპლინით ცხოვრებას – ეს სწორედ რომ არ მომწონს და მიმაჩნია, რომ პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა მოზარდები თავიანთი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის არ უნდა გამოიყენონ; პრობლემას მე დღეს უფრო პედაგოგთა ღირებულებების სისტემასა და მათ პოლიტიკურ განათლებაში ვხედავ. ამიტომაც უჭირთ მათ მოსწავლეებთან დისკუსია და პოლიტიკურ მსჯელობაში ჩართვა. სახელმწიფოს ნორმალური განვითარებისთვის სახიფათოა სკოლა, რომელიც დაცლილია პოლიტიკური დისკუსიებისგან, დებატებისა და დემოკრატიული ღირებულებებისგან და რელიგიური იდეოლოგიზმებითაა გამდიდრებული. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ სწორედ ასეთი სკოლა გვაქვს.
– ბოლო ხანს ბევრი ჩივის, რომ მოზარდები მეტისმეტად დაშორდნენ წიგნს, აღარაფერს ვამბობთ პრესისადმი მათ გულგრილობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მოწაფეობიდანვე პრესისადმი სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბება?
– პრესის კითხვას ვერავის დააძალებ. ადამიანი გაზეთს ან ჟურნალს მაშინ კითხულობს, როდესაც იგი საინტერესოა. მოსწავლე თუ პრესას არ კითხულობს, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ მას კითხვა არ უყვარს – ჩემთვის ეს იმის მანიშნებელი უფროა, რომ პრესა არ არის მიმზიდველი. თემის ასეთი სტიგმატიზება – “მოზარდები დაშორდნენ წიგნს” – გაუმართლებლად მიმაჩნია. ისინი არ დაშორებიან წიგნს. უბრალოდ, უფროსი ასაკის ადამიანები და განსაკუთრებით პედაგოგები არ არიან მზად მკითხველ მოზარდებთან საუბრისა და დისკუსიისთვის. პედაგოგთა კვალიფიკაციის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სწორედ იმის გარკვევა უნდა იყოს, რამდენად ხშირად კითხულობს იგი ლიტერატურას, რამდენად ინტენსიურად ეცნობა თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებს. მხოლოდ ასეთ პედაგოგებს შეუძლიათ, მოსწავლეებს წიგნთან მიახლოებაში დაეხმარონ.

საზაფხულო საკითხავი: უსასრულო ამბების სამეფოში

0

სანამ კიდევ ერთ გემრიელ საზაფხულო საკითხავს დავაგემოვნებდეთ, ორიოდე წუთით მწერლის სახელოსნოშიც შევიხედოთ. წიგნის წერის დროს სათქმელის გადმოცემის ფორმაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც საინტერესო სიუჟეტი და პერსონაჟები. სამოსივითაა, რომელიც შინაარსს ისევე უნდა მოარგო, როგორც ამა თუ იმ სიტუაციას უხამებ საკუთარ გარდერობს (მთაში ქუსლიანი ფეხსაცმლით ხომ ვერ წახვალ).  საბავშვო ლიტერატურის ყველაზე გავრცელებული ჟანრია ზღაპარი – ეროვნული ფოლკლორის მთავარი ფორმა, რომელსაც ბევრი საბავშვო მწერალი მიმართავს. ამ ჟანრის ნაწარმოებები ბავშვებს ყველაზე მეტად უყვართ. საბავშვო პოეზიას დიდი ადგილი უკავია პატარების აღზრდა–განათლებაში. არც საგმირო თემატიკის ბალადას აკლია თაყვანისმცემელი. იმ საინტერესო გზას, რასაც ბავშვი მცირე ზომის პროზაული თხზულებებიდან რომანებამდე გადის, ხომ ვერაფერი შეედრება. თუმცა არსებობს ჟანრი, რომელიც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად „უხდება” საბავშვო ლიტერატურას. ესაა ფენტეზი.

ფენტეზის ფესვები ფოლკლორში, ლეგენდებსა და ხალხურ თქმულებებში უნდა ვეძებოთ. ის სამეცნიერო ფანტასტიკაზე გაცილებით თავისუფალია და მეცნიერულ დამაჯერებლობას არ მოითხოვს. იქ, სადაც წიგნსა და რეალობას შორის საზღვარი არ არსებობს, მკითხველს – წიგნის მთავარ პერსონაჟს – შეუძლია, თვალის დახამხამებაში გადაადგილდეს დროსა და სივრცეში, მოინახულოს ადამიანური ფანტაზიის სანახები, გაეცნოს არნახულ მითურ არსებებს, წიგნის დასასრულს კი ისევ საკუთარ რეალობას დაუბრუნდეს. ალბათ მიხვდით, მინდა, საბავშვო ფენტეზის ერთ–ერთ საუკეთესო წარმომადგენელზე – მიხაელ ენდეზე გესაუბროთ.

გერმანელი მწერალი დაიბადა 1929 წელს, გამთენიისას, მხატვრისა და მოქანდაკის ედგარ კარლ ენდესა და ფიზიოთერაპევტ ლუიზა ენდეს ოჯახში. მიხაელის მამის ნახატები იშვიათად იყიდებოდა და ენდეები საკმაოდ ხელმომჭირნედ ცხოვრობდნენ. ამის გამო მშობლიური ქალაქი მიატოვეს და მიუნხენის ერთ–ერთ რაიონში – ობერმენცინგში დასახლდნენ. კულტურის ცენტრში მოხვედრა ხელოვან ენდეს სიღარიბისგან თავის დაღწევის იმედად ესახებოდა. ასეც მოხდა, მალე ედგარი არა მარტო პოპულარული და მოთხოვნადი მხატვარი გახდა, არამედ კოლეგების აღიარებაც მოიპოვა. თუმცა უდარდელი ცხოვრება მხოლოდ ოთხ წელიწადს გაგრძელდა. 1935 წელს კულტურის სფეროსაც დაეტყო მესამე რაიხის პოლიტიკური ხელი და ენდეების ოჯახში სიღარიბე დაბრუნდა. მალე მიხაელის მამის ნახატები აკრძალულ ხელოვნების ნიმუშთა სიაში მოხვდა.

მომავალ მწერალს სიღარიბეზე მეტად დედისა და მამის დაძაბული ურთიერთობა აღელვებდა. ლუიზა იძულებული გახდა ემუშავა, თუმცა მისი ხელფასით ოჯახის რჩენა ჭირდა. მიხაელს ხშირად ესმოდა იმედდაკარგული მამისგან განაჩენივით მწარე სიტყვები: „ჩვენ ვერ შევძლებთ ამ ბავშვის შენახვას!” – და მიტოვების მუდმივი შიში ტანჯავდა. ის ვერც სკოლაში გრძნობდა თავს კარგად, ვერ იტანდა გაკვეთილებს, თანაკლასელებსა და მასწავლებლებს, ეძებდა ისეთ მეგობრებს, რომლებიც ყოველდღიურობისგან გაქცევაში დაეხმარებოდნენ.

1940 წლის გაზაფხულზე მიხაელმა მიუნხენის ერთ–ერთ გიმნაზიაში განაგრძო სწავლა (1996 წლიდან ეს სასწავლებელი, ყოფილი მაქსიმილიანის გიმნაზია, მიხაელ ენდეს სახელს ატარებს). რელიგიის გაკვეთილებზე მომავალმა მწერალმა წიგნების გამყიდველის შვილი გაიცნო. მატიასი საუკეთესო მოსწავლე იყო და ენდესნაირ სუსტი ნებისყოფის, ზარმაც მოსწავლესთან მეგობრობაზე არც უფიქრია. ისინი ქალაქის დაბომბვის დროს საევაკუაციო სამალავში ერთად მოხვედრამ დააახლოვა.

მატიასს კითხვა ძალიან უყვარდა, ამასთან, გატაცებული იყო კლასიკური მუსიკით, მხატვრობითა და თეატრით. ახალი მეგობრის ცხოვრების სტილით აღფრთოვანებულმა მიხაელმა ერთხელაც თავად სცადა ლექსის დაწერა. მის პირველ ლექსში „აპოკალიფსის ლოცვა” მეორე მსოფლიო ომის საშინელი კადრები ირეკლება.

1947 წელს მიხაელ ენდე შტუტგარტის ვალდორფის სკოლაში გადავიდა და ნაქირავებ ბინაში დამოუკიდებლად ცხოვრება დაიწყო. მატიასიც მასთან ერთად სწავლობდა. მეგობრის წყალობით მიხაელი ამერიკული ბიბლიოთეკის ხშირი სტუმარი გახდა. ბიჭები არც თეატრალურ წარმოდგენებს აკლდებოდნენ და ხანდახან თავადაც დგამდნენ პიესებს. იმავე წელს გამომცემლობამ „Esslinger Zeitung” ენდეს ლექსები გამოაქვეყნა.

ორი წლის შემდეგ მომავალი მწერალი სამსახიობო ხელოვნების შესასწავლად მიუნხენში დაბრუნდა. იმ დროისთვის მას უკვე რამდენიმე პიესა ჰქონდა დაწერილი და დადგმული. სწავლის პერიოდში მიუნხენის თეატრში პატარ–პატარა როლებს ასრულებდა. სასცენო მსახიობის დიპლომის აღებისა და რენდსბურგის თეატრში რამდენიმე მეორეხარისხოვანი როლის შესრულების შემდეგ მწერალი მიუნხენსა და ლიტერატურას დაუბრუნდა. თავდაპირველად მხოლოდ თეატრალურ პიესებს წერდა.

ბავარიის რადიოში მუშაობისას (1956 წელს) მიხაელ ენდემ რეპორტაჟის მოსამზადებლად იტალიაში იმოგზაურა. მწერალზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება პალერმომ მოახდინა. ქალაქის პატარა და მყუდრო მოედნებზე საღამოობით უცნაური შეხვედრები იმართებოდა. აქ მიხაელმა მოისმინა მრავალი საინტერესო ისტორია, რომელთა მთხრობელებსაც მსმენელი არასოდეს აკლდათ. ერთ–ერთ მათგანს, რომლის ისტორიაც ეცნო, მწერალი დიდხანს ესაუბრა და ძალიან მოუნდა, მის მიერ მოგონილი ისტორიები ვინმეს ისევე მოეყოლა ხალხისთვის, როგორც ახლა ეს მოხუცი აცოცხლებდა თითქმის ერთი საუკუნის წინ გარდაცვლილი ალექსანდრე დიუმას სიტყვებს.

მალე მიხაელს ერთმა თანაკლასელმა საბავშვო ილუსტრირებული კრებულისთვის პატარა თხზულების დაწერა სთხოვა, მწერალმა კი ზღაპრის ნაცვლად ხუთასგვერდიანი რომანი შეთხზა. ასე დაიბადა ჯიმ ღილაკისა და მემანქანე ლუკასის ისტორია („Jim Knopf und Lukas der Lokomotivführer”), რომელიც ორ ნაწილად გამოიცა. რომანს წარმოუდგენელი წარმატება ხვდა წილად. ის 19 ენაზე ითარგმნა და მწერალს უზარმაზარი ჰონორარი მოუტანა.

1972 წელს მიხაელ ენდემ კიდევ ერთხელ გაახარა მკითხველი. „მომო” 30 ენაზე ითარგმნა და გამოცემიდან ორი წლის შემდეგ მწერალს საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის ლიტერატურული პრემია მოაპოვებინა (1996 წლიდან პრემიის მფლობელს ფულად ჯილდოსთან ერთად მომოს ქანდაკებაც გადაეცემა).

ენდეს ყველაზე ცნობილი რომანი, „დაუსრულებელი ამბავი”, 1979 წელს გამოიცა. წიგნის მიხედვით გადაიღეს რამდენიმე ფილმიც (ვოლფგან პეტერსენმა (1984), ჯორჯ მილერმა (1990) და პიტერ მაკდონალდმა (1994)). წიგნმა ბევრი ნაციონალური და საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა. ასეთმა წარმატებამ მასწავლებლებლები ენდეს რომანის სასწავლო მასალაში ჩართვაზეც დააფიქრა.

 

მიხაელის შემოქმედებაში ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი დაიწყო. თითქმის ყოველკვირა იბეჭდებოდა მისი ზღაპრები და საბავშვო თხზულებები. მალე მწერლის საუკეთესო კრებულებს კიდევ ერთი – „Der Goggolori” შეემატა, რომლიც მიხედვითაც უილფრედ ჰილერმა საკმაოდ წარმატებული ოპერა დადგა.

მიხაელ ენდე მომავალ ცოლს 1952 წელს შეხვდა, მაგრამ მასზე მხოლოდ თორმეტი წლის შემდეგ იქორწინა და რომის ახლოს, ვილაში (Casa Liocorno) დასახლდა. ინგებორგ ჰოფმანის გარდაცვალების შემდეგ (1985) მწერალი მიუნხენში დაბრუნდა. მას შემდეგ მიხაელმა თავისი წიგნების მთარგმნელთან ერთად რამდენჯერმე იმოგზაურა იაპონიაში, მიუნხენში კი მარიკო სატოსთან დაწყვილებული დაბრუნდა და 1989 წელს იქორწინა კიდეც მასზე. მაგრამ მანამდე მწერალი საკუთარი აგენტის თაღლითობის წყალობით ლამის ციხეში გამოამწყვდიეს. გამომცემლობა „Thienemann-Verlags”–ის აქტიური ჩარევის შედეგად მსოფლიოში სახელგანთქმული მწერალი მართლმსაჯულების ბორკილებს კი გადაურჩა, მაგრამ მისი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.

მიხაელ ენდეს ბოლო ნაწარმოები „თავისუფლების საპყრობილე” („Das Gefängnis der Freiheit”) 1992 წელს გამოიცა. სამი წლის შემდეგ მწერალი კიბოთი გარდაიცვალა და, ანდერძის თანახმად, მოცარტის მუსიკის თანხლებით გააცილეს უკანასკნელ გზაზე. ოპერის სახელმწიფო თეატრის გუნდმა კი ენდეს ერთ–ერთი წიგნის მიხედვით შექმნილი ოპერის, „Der Goggolori”–ს აჟღერებით გამოხატა მწუხარება.

მკითხველის მიერ დასასრულებელი ისტორია

 

მიხაელ ენდეს შემოქმედებიდან ყველაზე უასაკო წიგნად „დაუსრულებელი ამბავი” მიმაჩნია. ეს რომანი მართლაც აურინივით ყოვლისმომცველი და უსასრულოა, მის ფურცლებზე ყველა მკითხველი თავის კვალს ტოვებს. ფანტაზიის სამეფოს ისტორია პატარებისთვის თუ მხოლოდ თავშესაქცევი საკითხავია, ზრდასრული და გონიერი მკითხველი ზღაპრული სიუჟეტის მიღმა დაფარული სათქმელის ამოკითხვასაც ახერხებს.

წიგნის სიუჟეტი ორ სამყაროში – რეალურსა და წარმოსახვითში – ვითარდება. რეალური სამყაროს მთავარი გმირი პატარა მკითხველი ბასტიანია, რომელსაც ზღაპრულ სამყაროში ნელ–ნელა, კითხვა–კითხვით შევყავართ.

უფროსკლასელი ბიჭებისგან შევიწროებული ბასტიან ბალთაზარ ბუქსი ერთხელაც ხულიგნებს წიგნის მაღაზიაში დაემალება. ბიჭუნა სწორედ ბატონ კორეანდერთან გადააწყდება „დაუსრულებელ ამბავს”, რომელსაც მოიპარავს და წასაკითხად სკოლის სხვენზე განმარტოვდება.

წიგნში ახალბედა მონადირის, ობოლი ატრეიუს თავგადასავალია აღწერილი. განსაცდელში ჩავარდნილი ფანტაზია აურინის მფლობელი ბიჭის იმედად დარჩენილა. მტერი კი უბრალოდ არარაა, არაფერია. ადამიანები მიჩვეულები ვართ ხილულ მტერთან ბრძოლას წიგნებშიც და რეალობაშიც, მიხაელ ენდეს რომანი კი ამ მხრივაც გამოირჩევა. არადა, განა არსებობს რამე არარსებობაზე, გაქრობაზე უფრო საშიში?! პატარა დედოფლისთვის ახალი სახელის მოფიქრება მხოლოდ მკითხველს შეუძლია. თუმცა ამის შესახებ ატრეიუ მრავალი დაბრკოლების გადალახვის შემდეგ შეიტყობს. იმედის დრაკონთან დამეგობრებული აურინის მფლობელი ფარ–ხმალს არასოდეს ყრის და არც თავხედი მკითხველის თავნება ფანტაზიით აწეწილი ამბების დალაგებას თაკილობს.

რომელ ბავშვს არ უოცნებია პერსონაჟობაზე?! ჰოდა, ეს წიგნიც ოცნებების ახდენაზეა. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ „შეიძლება წლობით ოცნებობდე აუხდენელი სურვილის ასრულებაზე, მერე კი უცებ ოცნება აგიხდეს და ის ინატრო, ნეტავი ამ სურვილის ახდენა არასდროს მენატრაო”.

არადა, ფანტაზიის ყოფნა–არყოფნის საკითხი და ჩაკეტილი წრიდან გაღწევა – ამბის გაგრძელება მკითხველის ხელშია. სამწუხაროდ, ბასტიანს პატარა დედოფლისთვის სახელის დარქმევა აგვიანდება, იმ დროისთვის ფანტაზია თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ მთვარის ასულს სწამს, რომ გულისხმიერი მკითხველის წარმოსახვას ფანტაზიის სამეფოს აღდგენა შეუძლია და მას აურინსაც კი ანდობს. ჯადოსნური თილისმა ადამიანის შვილს დიდ ძალაუფლებას ანიჭებს და მის წარმოსახვას ხორცს ასხამს.

ბასტიანი ქმნის ახალ არსებებსა და ადგილებს, უდარდელად გადაადგილდება ფანტაზიაში, ტკბება აურინის მიერ მინიჭებული ძალაუფლებით და ვერ ხვდება, რომ თილისმის მეორე მხარეს ამოტვიფრული სიტყვები – „გააკეთე, რაც გინდა” ხაფანგია და ამულეტი მის მფლობელს თავის ნებაზე ათამაშებს. ყოველი სურვილის ასრულება ბასტიანის მეხსიერებიდან მოგონებათა ნაწილს შლის. ბოლოს ბიჭს კეთილისა და ბოროტის გარჩევაც ავიწყდება, ძალაუფლების წყურვილი კი ისე აბრმავებს, რომ მთვარის დედოფლისა და ატრეიუს წინააღმდეგაც გაილაშქრებს. დამარცხებული ბასტიანი ყოფილი მეფეების ქალაქში ათობით მეხსიერებაწართმეულ, უსურვილო ბავშვს შორის დაეხეტება და საკუთარი სახელიც კი აღარ ახსოვს. ატრეიუ და იმედის დრაკონი რომ არა, ბასტიანი ძალაუფლების კიდევ ერთი მსხვერპლი გახდებოდა და ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა უკან.

დაუფიქრებლად შექმნილი პერსონაჟები დიდ დაბრკოლებებს უქმნიან ბასტიანს. მწერალი ამით მკითხველს შეახსენებს, რომ ამქვეყნად ყველა არსებას აქვს კონკრეტული დანიშნულება და მიზანი, რომლის გარეშე ცხოვრება ბასტიანის მიერ შექმნილი ჯამბაზ–ჩრჩილების სასოწარკვეთილი გუნდის უმისამართო ხეტიალს ემსგავსება. ავტორი წერტილის დასმის აუცილებლობაზეც მიგვანიშნებს, რადგან დაუსრულებელი ამბები ბორკილებივით იჭერს მკითხველს ფანტაზიის საპყრობილეში, საიდანაც თავის დახსნა მეგობრის თავგანწირვის ტოლფასია.

ვისაც ამ შესანიშნავი წიგნის პერსონაჟობა სურს, ბასტიანის მეგზურობის იმედი უნდა ჰქონდეს. თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია, რომელსაც მიხაელ ენდეს საყვარელი ქალაქის პატარა მოედნებზე ოდესმე აუცილებლად მოყვებიან მეზღაპრენი.

სასკოლო ასაკის თავისებურებანი

0
უნდა მივიყვანოთ თუ არა სკოლაში 6 წლის მოზარდი

თქვენს პატარას 6 წელი შეუსრულდა და შესაბამისად ოჯახში გახშირდა საუბარი მის სკოლაში მიყვანაზე. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, აუცილებელია სწორი არჩევანის გაკეთება იმ კრიტერიუმების გათვალისწინებით, რომლებიც მოზარდის სკოლაში შეყვანისათვის მზადყოფნას განსაზღვრავს. ხსენებული კრიტერიუმები შემდეგში მდგომარეობს –პირველ რიგში ასაკი, შემდგომ თავად მოზარდის სურვილი, წავიდეს სკოლაში, მისი ზოგადი განათლების დონე და ბოლოს, ჯანმრთელობა. ბუნებრივია, ნებისმიერ ოჯახში ისმება საკითხი, ჩამოთვლილთაგან რომელ კრიტერიუმს უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რომელი კრიტერიუმია ყველაზე მთავარი? ამ კრიტერიუმებს შორის მთავარი, ექსპერტთა და სპეციალისტთა განმარტებით, ფიზიოლოგიური, სოციალური და ფსიქოლოგიური განვითარების დონეა. ერთ-ერთი მათგანის შეუსაბამო მდგომარეობა, შესაძლოა მოზარდის სკოლასთან შეუთავსებლობის სერიოზული მიზეზი გახდეს. ბავშვის სკოლაში შეყვანის მზადებისას აუცილებელია მხედველობაში იქნეს მიღებული მისი განვითარების შესაბამისობაში მოყვანა, რომლის მეშვეობითაც ის იოლად გაართმევს თავს დაწყებითი სასკოლო განათლების მოთხოვნებს, იოლად მოახდენს ადაპტაციას სასკოლო გარემოსთან და თავისთავად იგულისხმება თანაკლასელებთანაც.

მაშ ასე, – ჯანმრთელობა – ეს გახლავთ პირველი კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს, უნდა შეიყვანოთ თუ არა თქვენი პატარა სკოლაში. მშობელი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს, ღირს თუ არა მოზარდის სკოლაში შეყვანა იმ შემთხვევაში, თუ მას რაიმე ქრონიკული დაავადება აწუხებს, ან კიდევ 6 წლამდე ასაკში მძიმე დაავადება აქვს გადატანილი. ეს გარემოებები ბავშვის იმუნიტეტს ასუსტებს და ზრდის იმის რისკს, რომ სკოლაში სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას რომელიმე სხვა დაავადებითაც დასნებოვანდეს. ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია. ამასთანავე სასურველია მშობელს ახსოვდეს, რომ სასკოლო განათლებასთან ადაპტაცია, ჯანმრთელი ორგანიზმისათვისაც კი შესაძლოა ძნელად გადასატანი აღმოჩნდეს, ვინაიდან გარემოს შეცვლა და ახალ რეგულაციებში შესვლა საკმაოდ დიდ დატვირთვას იწვევს ნებისმიერ ორგანიზმზე, იწვევს იმუნიტეტის შესუსტებას, რაც შესაძლოა რიგი დაავადებების გამომწვევი გახდეს.

არსებობს ე.წ. “საპასპორტო” და “ბიოლოგიური” ასაკის ცნება. “ბიოლოგიური ასაკი” – ეს გახლავთ მოზარდის შინაგანი ორგანოების სამზადისი მის წინაშე დამდგარი ცვლილებების მიმართ, “საპასპორტო ასაკი” კი, უბრალოდ ბავშვის ამქვეყნად მოვლინების დღიდან აითვლება. საკმაოდ ხშირია შემთხვევები, როდესაც “საპასპორტო და ბიოლოგიური ასაკი” ერთიმეორესთან თავსებადობაში არ მოდის. სამწუხაროდ, მშობლების უმრავლეობა ყურადღებას არ აქცევს, რომ 6-7 წლის ბავშვის ორგანიზმის განვითარება არ შეესაბამება მის წლოვანებას. აღნიშნულ ასაკში მოზარდის ორგანიზმი ძალიან სწრაფად იზრდება და ფორმირდება. გოგონები გაცილებით უფრო სწრაფად ყალიბდებიან, ვიდრე ვაჟები და ეს პროცესი განსაკუთრებული სისწრაფით ზაფხულში ვითარდება. რაც შეეხება ზამთრის პერიოდს, პროცესი მნიშვნელოვნად შეფერხებულია და მოცემულ შემთხვევაში ხშირია მოზარდის წონაში დაკლება, რაც უთუოდ მიუთითებს, რომ მისი ორგანიზმი სასკოლო სწავლების დატვირთვას ვეღარ აუდის და შესაბამის რეაქციასაც იძლევა.

სკოლამდელი ასაკის მოზარდის ორგანიზმი ჩამოყალიბების პროცესშია. ფორმირებას განიცდის მისი სახსრები, ხერხემალი, სისხლძარღვთა სისტემა და კუნთოვანი ქსოვილები. აღნიშნულ ასაკში მნიშვნელოვნად იზრდება ძვლოვანი სისტემაც და თუ 6-7 წლის მოზარდში ჯერაც არ გახლავთ დასრულებული და ჩამოყალიბებული ხსენებული პროცესები, მაშინ ნათელი ხდება, თუ რატომ ვერ ახერხებენ მოზარდები თუნდაც მცირე ხნის მანძილზე სასკოლო მერხთან მშვიდად და ცმუკვის გარეშე ჯდომას. მოზარდის სტატიკური, ანუ მერხთან წყნარად ჯდომის მოცემულობა გაცილებით ძნელი წარმოსადგენია, ვიდრე მისი, ვთქვათ ფიზიკური მომზადების გაკვეთილზე აქეთ-იქით სირბილი. რაც უფრო მცირე ასაკისაა მოზარდი, მით მეტია მის ცნობიერებაში მოთხოვნილება მოძრაობისადმი, ხოლო ხანგრძლივი იძულებითი `დამუხრუჭება~ მის ცნობიერებას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. სხეულის ზრდის დაუსრულებელ პროცესში უხეში ჩარევა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მოზარდის ორგანიზმზე, რამაც საბოლოო ჯამში, შესაძლოა სავალალო შედეგებამდეც მიგვიყვანოს, – მათ შორის ხერხემლის გამრუდებასა და სხვა დაავადებებამდე.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ მოზარდის ხელის მტევნის კუნთებიც ასევე ჩამოუყალიბებელია და მათმა დაძაბვამ წერის პროცესში, შესაძლოა ხელის კუნთის გარკვეული პათოლოგიები გამოიწვიოს. ამიტომ, წერითი ვარჯიშები 8-12 წუთზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.

6-7 წლის ასაკში მოზარდის გულ-სისხლძარღვთა სისტემა ჩამოყალიბებას განაგრძობს. აღნიშნულ პერიოდში ბავშვის ორგანიზმი უკიდურესად მგრძნობიარეა და მასზე ზედმეტი დატვირთვა ყოველთვის უარყოფითად მოქმედებს. დღის რეჟიმის გონივრული გათვლა, სწავლის, შრომისა და დასვენების სწორი დაგეგმვა უზრუნველყოფს პატარას ნორმალურ ჩამოყალიბებას.

მოზარდის ორგანიზმის გარემოსთან ადაპტაციის საკითხში უმთავრესი როლი ცენტრალურ ნერვულ სისტემას ენიჭება. 6-7 წლის ბავშვების ფსიქიკა უკვე მზადაა, მიიღოს ინფორმაციისა და სიახლეების მნიშვნელოვანი ნაკადი. ამ ასაკში უკვე ფორმირებულია ყურადღების განსაკუთრებული ნიშან-თვისებები. თუმცა, მხოლოდ 8-9 წლის ასაკში ახერხებენ ბავშვები კონცენტრაციასა და განსაკუთრებული ყურადღების მობილიზებას. ერთია, რომ ამა თუ იმ საგნის სიტყვიერი ახსნა-განმარტება გაცილებით არაეფექტურია, ვიდრე ვიზუალური. ბავშვის ცნობიერება ელვის უსწრაფესად ხტის ერთი საგნიდან მეორეზე და ამიტომაც მოზარდისთვის უფრო მნიშვნელოვანია ვიზუალური ახსნა, ვიდრე ვერბალური.

ბავშვის საერთო აქტივობას მისი ფსიქოლოგიური აქტივობა, ემოციურობა, ინტენსიურობა, არსებობის ახალ სახეობაზე გადართვა და მისი რეაქციები განსაზღვრავს. მოზარდის დამოკიდებულებას ამა თუ იმ საგნისადმი მისი ცნობიერება განსაზღვრავს. საკუთარ ასაკთან ფიზიოლოგიურად ე.წ. “ჩამორჩენილი” ბავშვები ხშირად ყურადღების გაფანტულობითა და ინტერესის არქონით გამოირჩევიან. სამწურად, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული პრობლემები თავს იჩენს არა დაწყებით, არამედ მეორე და მესამე კლასებში.

მშობლების ყველაზე ხშირი შეცდომა შვილის სკოლაში მიყვანისას საერთო განვითარების არასრულფასოვანი შეფასება გახლავთ. დღეისათვის “ინფორმაციის საუკუნეში”, როდესაც მოზარდი უამრავ რამეს იგებს ტელევიზიის, ინტერნეტისა თუ სხვა საშუალებებით, მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილის ცნობიერება უკვე საკმაოდ მომზადებულია სასკოლო განათლების მისაღებად.

არსებობენ ასევე “სულსწრაფი პირველკლასელები”, რომელთათვისაც სკოლაში ადაპტაციის პროცესი საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს. თუმცა, მოზარდების ეს კატეგორია გაცილებით სწრაფად იღლება, ისინი პრეტენზიულები და კონფლიქტურები ხდებიან თანაკლასელებთან. ამასთანავე, საკმაოდ ხშირად ექმნებათ პრობლემები ანბანის ათვისებასთან, ზოგადად კითხვასთან და ციფრების გამრავლებასთან.

მშობელს სპეციალისტის დახმარების გარეშე შეუძლია განსაზღვროს, მზადაა თუ არა მისი შვილი სკოლაში შესასვლელად.

მაშ ასე, მომავალ პირველკლასელს უნდა ჰქონდეს შემდეგი უნარები:

ჩამოყალიბებული აღქმის უნარი – უნდა შეეძლოს მოიძიოს შესაბამისი ფიგურა ერთიმეორეზე აგებული სხვადასხვა ფორმისა თუ ფერის ნახატებიდან;

უნდა შეეძლოს გაამახვილოს ყურადღება ნებისმიერ საგანსა თუ მოვლენაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც ეს უკანასკნელი მისთვის საინტერესო სულაც არ არის;

ბავშვს უნდა ჰქონდეს განვითარებული კოორდინაციის უნარი, რაც მდგომარეობს შემდეგში: მოზარდს აუცილებლად უნდა შეეძლოს სახაზავის და მისთანების გარეშე სწორი ხაზების გავლება (ზიგზაგების გარეშე), უნდა შეეძლოს საბავშვო მაკრატლის საშუალებით ამა თუ იმ ნახატის გამოჭრა, ასევე უნდა ეხერხებოდეს მარტივი ნახატების საკუთარი ხელით კოპირება და რა თქმა უნდა, არჩევდეს მარცხენა და მარჯვენა მხარეებს;

მოზარდისათვის აუცილებელია ჰქონდეს მეხსიერების გარკვეული რესურსი, დაიხსომოს მიცემული დავალება და შესრულების ბოლომდე არ დაივიწყოს ის;

აღნიშნულ ასაკშვი ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს საკუთარი გვარი, სახელი და მშობლების ვინაობა, ასევე ქალაქის სახელწოდება, რომელშიც ის ცხოვრობს, უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ცხოველთა თუ ფრინველთა სამყაროზე, ასევე მსოფლიოს ცნობილ ქალაქებსა და ღირსშესანიშნაობებზე;

მოზარდს აუცილებლად უნდა გააჩნდეს “ემოციური ცნობირება”, ანუ იმპულსური ქმედებების შემცირების უნარი. ეს კი მდგომარეობს შემდეგში – ბავშვმა უნდა შესძლოს ორიენტირება სასკოლო მოთხოვნილებებზე – ანუ მხედველობაში გვაქვს ის მომენტი, როდესაც ცნება “საჭიროა” გაცილებით აჭარბებს ცნებას “მინდა”.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მოზარდის შესაძლებლობები ვერ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ კროტერიუმებს, სულაც არ არის საჭირო საგონებელს მივეცეთ. ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად სამედიცინო სფეროს უამრავი სპეციალისტი ჰყავს (მათ შორის ლოგოპედები, ბავშვთა ფსიქოლოგები, პედაგოგები და ასე შემდეგ). ნუ დაივიწყებთ, რომ ბავშვთა ფსიქოლოგია 6-7 წლის ასაკში საკმაოდ არამდგრადია და დროული ჩარევის შემთხვევაში ნებისმიერი შეცდომის გამოსწორებაა შესაძლებელი.

მომზადა კახა ჭაბაშვილმა

წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლება დაწყებით საფეხურზე

0
მოსწავლეთა მეტყველების დაბალი კულტურა მრავალგზის დადასტურებული ფაქტია და გადაულახავ სირთულედ არის ქცეული პრაქტიკოსი მასწავლებლების ყოველდღიურ ცხოვრებაში. არაერთი მცდელობის მიუხედავად, სწავლების სისტემაში ეს პრობლემა დღემდე მოუგვარებელია. მიზეზი მრავალია: ლექსიკის სიღარიბე, ფრაზების გაუმართაობა, გრამატიკული ნორმების არცოდნა, აზრის სრულყოფილად გადმოცემისთვის საჭირო საშუალებებისადმი ზერელე დამოკიდებულება ან მათი სრული იგნორირება და სხვა.

 

არ შევჩერდები მშობლიური ენის უპირველეს და უმნიშვნელოვანეს როლზე სასწავლო პროცესში; შევეხები მხოლოდ მისი სწავლების ძირითად საკითხებს დაწყებით საფეხურზე და გაგაცნობთ წერითი მეტყველების განვითარებაზე მუშაობის ეფექტურ გზებს.

 

სწავლების პროცესში წინასაანბანო პერიოდშივე გამოვყოფთ იმ ნაწილებს, რომლებზე მუშაობასაც ზეპირად ვიწყებთ. ბავშვებს ისეთი დავალებები ეძლევათ, რომელთა შესრულებაც შემდგომ წერითი მეტყველების განვითარებას უზრუნველყოფს. მარტივად რომ ვთქვათ, ბავშვებმა “წერა” ანბანის შესწავლამდე მათთვის ხელმისაწვდომი და სახალისო ფორმით უნდა დაიწყონ. ამ თვალსაზრისით ძალზე ეფექტურია ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ანუ „მასწავლებელი კალამი”, კარგად შერჩეული მეთოდი კი მიზნის მიღწევის გზაა.

 

სწავლების მეთოდის შერჩევისას მასწავლებელმა უნდა განსაზღვროს გაკვეთილის მიზანი და სავარაუდო შედეგი – რა უნდა იცოდეს და რისი გაკეთება უნდა შეძლოს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული გაკვეთილის მსვლელობაც და სწავლების მეთოდიც.

მეთოდის შერჩევისას უნდა დავფიქრდეთ:

·დაგვეხმარება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი დასახული მიზნის მიღწევაში;
· შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი აქტივობას;
· შეესაბამება თუ არა ჩვენ მიერ შერჩეული მეთოდი მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და გამოცდილებას;

· ტექნიკურად შესაძლებელია თუ არა მისი განხორციელება (ხელმისაწვდომია თუ არა რესურსები, გვეყოფა თუ არა დრო, შესაძლებელია თუ არა ამ რაოდენობის მოსწავლით მეთოდის ეფექტიანად განხორციელება).

სწავლის სავარაუდო შედეგების ჩამოყალიბებისას მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ერთი რამ: მოსწავლეს მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესახებ ცოდნის მიღებაში კი არ დაეხმაროს, არამედ გამოუმუშაოს მას ზოგადი/ტრანსფერული უნარებიც (მაგალითად, კომუნიკაციისა, პრეზენტაციისა, თანამშრომლობისა და სხვ.). სასურველი შედეგის მიღწევაში კი მას სწავლების ადეკვატურად შერჩეული მეთოდები დაეხმარება. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება გულისხმობს მოსწავლეთა საჭიროებას, შესაძლებლობას, ინტერესებს, სწავლების სტილს. მიზნის მისაღწევად კი მასწავლებელი უნდა იყენებდეს მრავალფეროვან სასწავლო საშუალებებსა და რესურსებს, მათ შორის – ელექტრონულ რესურსებსა და ისტ-ს. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ გამოყენებული ტექნოლოგიები ნამდვილად საგაკვეთილო პროცესის ნაწილი უნდა იყოს.

წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლებისას კარგია ერთობლივი წერა. ენობრივი პრაქტიკა გულისხმობს მოსწავლეთა მიერ შეთხზული ტექსტის თვალსაჩინოდ ჩაწერას და შემდეგ ამ ტექსტზე მუშაობას. ეს მეთოდი ითვალისწინებს ტექსტთან მრავალმხრივ მიბრუნებას და მრავალფეროვანი სავარჯიშოების დაგეგმვასა და შესრულებას. თავად მეთოდი იმით არის საინტერესო, რომ მოიცავს აზროვნების, მეტყველების, წერისა და კითხვის პროცესებს. ამასთანავე, მეთოდი სახალისოა და მოსწავლეები სიამოვნებით ერთვებიან მუშაობის პროცესში. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ენობრივი პრაქტიკის ეფექტურობა ენების სწავლებაში. ჩემ მიერ განხილული მეთოდი კარგად გამოიყენება პირველ და მეორე კლასებში, თუმცა მისი გამოყენება სხვა ფორმით შეიძლება მეოთხესა და მეხუთეშიც. ერთ-ერთი უმთავრესი შედეგია ნაფიქრსა და დაწერილს შორის კავშირის დამყარება და ტექსტის ძირითადი მახასიათებლების გააზრება, რაც მოსწავლეებს ეხმარება წერა-კითხვის კონცეპტუალური საფუძვლების გაცნობიერებაში, კერძოდ, იმისა, რომ რასაც ვფიქრობთ, შეიძლება გამოითქვას, რასაც ვამბობთ, შეიძლება დაიწეროს, რასაც ვწერთ, შეიძლება წავიკითხოთ, ანუ მე შემიძლია წავიკითხო ის, რაც დავწერე და აგრეთვე ისიც, რაც სხვამ დაწერა ჩემთვის წასაკითხად.

თუ თვალს გადავავლებთ ეროვნული სასწავლო გეგმით მონიშნულ მიზნებს, აღმოვაჩენთ, რომ ენობრივი პრაქტიკის გამოყენება თითქმის ყველა სასწავლო მიზნის მიღწევაში ეხმარება მოსწავლეებს, ტექსტის კონცეპტების დაუფლება იქნება ეს, კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ამოცნობილი ლექსიკური ერთეულების მარაგის შევსება თუ სხვა. ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ეფექტურად გამოიყენება წინასაანბანო პერიოდიდანვე, როცა მოსწავლეები წერა-კითხვის ბუნებრივი, არაფორმალური ათვისების ბაზიდან ფორმალურად შესწავლის საფეხურზე გადადიან.

ახლა განვიხილავ უშუალოდ გაკვეთილის მსვლელობას. მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოიმარაგოს რესურსები, განსაკუთრებით – თვალსაჩინოება: ილუსტრაცია, სათამაშო თუ სხვა რამ, – რის შესახებაც მოსწავლეებმა ტექსტი უნდა შექმნან. ენობრივი პრაქტიკა გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტექსტების შესაქმნელად. მთავარია, რომ დამწყები მკითხველები ეცნობიან ტექსტის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა სათაური, აბზაცი, სტრიქონი და ა. შ. იმავდროულად მოსწავლეებს უვითარდებათ ფანტაზია, ინფორმაციის სტრუქტურირებისა და თხზვის უნარები.

კითხვის სწავლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის ავთენტურობას, მასწავლებელს უნდა ახსოვდეს: კითხვის დაწყებამდე მოტივაციის აღძვრა საფუძველია იმისა, რომ მოსწავლე შემდეგ ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთვება კითხვის პროცესში და აქტიურად შეასრულებს კითხვის სავარჯიშოებს.

გამოწვევის მიზნით მასწავლებელი სვამს კითხვას: რას აკეთებენ მწერლები? მოსწავლეთა პასუხების შემდეგ სთავაზობს მათ, გახდნენ მწერლები და მოიგონონ ამბავი. შემდეგ აჩვენებს თვალსაჩინოებას, რომლის შესახებაც უნდა იყოს ტექსტი, მაგალითად, სათამაშო სპილოს, ჟირაფს – შეიძლება ილუსტრაციაც – და ეკითხება, რა არის ეს. სთავაზობს მოსწავლეებს, ისაუბრონ სოფელზე, გაიხსენონ, როგორია, წელიწადის რომელ დროს უფრო მოსწონთ და რატომ. ამის შემდეგ გადადიან ამბის შეთხზვაზე. ყველა მოსწავლე გამოთქვამს თავის ნააზრევს, ჯერ – ზეპირად. მომდევნო ეტაპია წერა. მასწავლებელი ახსენებს ბავშვებს, რომ თავად იქნება კალამი და მოსწავლეების ნააზრევს დაფაზე დაწერს.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები და მასწავლებელი შეთანხმდებიან, რის შესახებ აპირებენ წერას, არჩევენ სათაურს, შემდეგ – პირველ წინადადებას. თუ მოსწავლეებს დაწყება უჭირთ, პირველი წინადადება შესაძლოა მასწავლებელმა შესთავაზოს. შემდეგ მასწავლებელი კითხვების მეშვეობით ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას. ასეთი დავალებები ერთობლივ ფიქრთან ერთად საინტერესო და სახალისო გამოწვევაა მოსწავლეებისთვის.

თავდაპირველად უნდა დაიწეროს სათაური. ბავშვები ასახელებენ ვერსიებს, არჩევენ საუკეთესოს და მასწავლებელი იწყებს წერას. მოსწავლეები ადგილს ურჩევენ სათაურს. მასწავლებელი წერს მას შუაში. შემდეგ გადადის ტექსტზე და ეკითხება მოსწავლეებს, საიდან დაიწყოს წერა. მოსწავლეები ახსენებენ, რომ პირველი სიტყვა აბზაცით იწერება. რომელია სიტყვის პირველი ასო? მასწავლებელი აგრძელებს მოსწავლეთა ნააზრევის დაფაზე გადატანას. სტრიქონის დასრულების შემდეგ კვლავ ეკითხება, სად გააგრძელოს წერა ან როგორ გაკვეთოს სიტყვა მეორე სტრიქონზე გადასატანად. მოსწავლეები თანდათან აცნობიერებენ წერის მნიშვნელოვან მხარეებს. პატარა მწერლები, ერთი მხრივ, აკვირდებიან, როგორ წერენ გამოცდილი მწერლები, ამ შემთხვევაში – მასწავლებელი დაფაზე, მეორე მხრივ კი უშუალოდ მონაწილეობენ ასოების დასახელება-დაწერაში, სასვენი ნიშნების სწორად დასმაში და ძალდაუტანებლად იძენენ, იუმჯობესებენ წერის უნარებს.

ეს არის სწავლების მოდელი, რომელიც პასუხისმგებლობის ნაბიჯ-ნაბიჯ გადაცემას ეფუძნება. მასწავლებელი ზოგიერთ მოსწავლეს წერტილს დაასმევინებს, ზოგს ამა თუ იმ სიტყვის ან სათაურის ადგილმდებარეობას შეარჩევინებს, ზოგიერთს ასოს დააწერინებს, ზოგს – სიტყვას ან მთელ წინადადებას.

ერთობლივი წერის პროცესზე საუბრისას ხაზგასასმელია წერის დროს ბავშვების მიერ დაშვებული შეცდომები. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა თვითონ კი არ შეასწოროს, არამედ კითხვების საშუალებით მიუთითოს და მისცეს მოსწავლეს შეცდომის დამოუკიდებლად გამოსწორების საშუალება.

ვინაიდან ენობრივი განვითარება თანმიმდევრული პროცესია და ბავშვები ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ ითვისებენ ენობრივ სტრუქტურებს, მასწავლებელმა ზოგიერთი შეცდომა, კერძოდ, იმ ტიპის შეცდომები, რომელთა თეორიული არსი ბავშვებისთვის უცხოა, ამ ეტაპზე რეაგირების გარეშე უნდა დატოვოს.

ბოლოს მასწავლებელი წაუკითხავს მოსწავლეებს დაწერილ ტექსტს და სთხოვს, ყურადღებით მიადევნონ თვალი. შემდგომ თავად მოსწავლეები კითხულობენ ტექსტს ერთობლივი კითხვის ვარიაციებით. მაგალითად, ჯერ – მხოლოდ ბიჭები, ან მხოლოდ გოგონები, შემდეგ – ვისაც და ჰყავს ან ვისაც ტორტი უყვარს და სხვა. კითხვის დროს მასწავლებელი ხელს უნდა აყოლებდეს ამოსაკითხ სიტყვებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა აქ არ დაამთავროს ამ ტექსტზე მუშაობა, იმავე ან მომდევნო გაკვეთილებზეც აქტიურად გამოიყენოს იგი, სხვადასხვა მიზნით მიუბრუნდეს მას და ამით მოსწავლეებს ტექსტის დამოუკიდებლად აღქმის საშუალება მისცეს. მომდევნო გაკვეთილისთვის მასწავლებელი მოსწავლეთა მიერ შექმნილ ტექსტს დიდი ფორმატის ქაღალდზე გადაწერს და დაფაზე გააკრავს ნიმუშად. შემდეგ გადაწერილი ტექსტის მეორე ეგზემპლარს დაჭრის წინადადებებად და სთხოვს მოსწავლეებს, ააწყონ წინადადებები დაფაზე გაკრული ნიმუშის მიხედვით.

 

მეორე აქტივობა ანუ ტექსტის სიტყვებად დაშლა შედარებით გართულებულ ვარიანტს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ბავშვებს სიტყვებად დანაწევრებული ტექსტის გამთლიანება უწევთ. ისინი შეადარებენ სიტყვების ბარათებს ტექსტის დედანს, რომელიც კვლავ დაფაზეა გაკრული. მნიშვნელოვანია, რომ ენობრივი პრაქტიკის დროს გამოყენებული სიტყვები მასწავლებელმა სხვა აქტივობებშიც ჩართოს. მაგალითად, ფონოლოგიურ სავარჯიშოებში, სიტყვების კლასიფიცირებასა თუ ახალი წინადადებების შედგენაში. სასურველია, მოსწავლეებმა თავადვე დაასურათონ თავიანთი ტექსტი. ამისთვის მასწავლებელი ტექსტს ნაწილებად ყოფს და ურიგებს ჯგუფებს ან წყვილებს შესაბამისი ილუსტრაციის შესაქმნელად. კარგი იქნება, თუ შემდეგში მასწავლებელი ბავშვების მიერ ენობრივი პრაქტიკის მეთოდის გამოყენებით შექმნილ ტექსტებს შეაგროვებს, გადააწერინებს მათ თაბახის ფურცლებზე ან, თუ წერა არ იციან, თავად დაეხმარება გადაწერაში, დაასურათებინებს და წიგნებად აკინძავს. ამგვარად მოსწავლეებს ექნებათ საკუთარი წიგნები, რომლებიც მათთვის ძვირფასი გახდება როგორც მათი შრომის შედეგი და, ამასთანავე, იქცევა მოტივაციის წყაროდ. სასურველია, ეს წიგნები კლასში გამოიფინოს, სახლში წაიღონ და მშობლებს აჩვენონ ან სკოლაში გაიმართოს პრეზენტაცია, რაც კიდევ უფრო აუმაღლებს მოტივაციას თითოეულ მოსწავლეს.

მე-5 და მე-6 კლასში ეს მეთოდი შედარებით გართულებული ვარიანტით შეიძლება გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ამ კლასებში ყურადღებას აღარ გავამახვილებთ იმაზე, რომელი ასოს შემდეგ რომელი დავწეროთ ან სად იწერება სათაური – აქ უკვე გრამატიკული ნორმების დაცვას, შედარებით რთული წინადადებების ჩამოყალიბებას და მსჯელობას ექცევა ყურადღება. გარდა ამისა, დღეს, როცა კომპიუტერი ყველა მოსწავლისთვის ხელმისაწვდომია, ამ მეთოდის ფინალი – გააჩნია, რომელ კლასში ვიყენებთ მას – შეიძლება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გავხადოთ. დაფაზე დაწერილი მოთხრობა თუ ჩანახატი სხვადასხვა ჯგუფმა შეიძლება სხვადასხვა პროგრამაში მოამზადოს საპრეზენტაციოდ.

დასასრულ, მინდა, რამდენიმე ძირითად საკითხზე გავამახვილო ყურადღება. ენობრივი პრაქტიკის პირველივე კლასიდან გამოყენებით ჩვენ, შეიძლება ითქვას, ერთგვარად ვაბალანსებთ კითხვის სწავლების ტრადიციულ გზასა და ფონეტიკურ ვარჯიშებს და ვაღვივებთ კითხვისადმი როგორც გაგება-გააზრების პროცესისადმი მოსწავლეთა პოზიტიურ დამოკიდებულებას. ცალკე უნდა აღინიშნოს მოსწავლის მოტივაცია როგორც მკითხველის ფორმირების უმნიშვნელოვანესი წყარო. მოტივაციის აღძვრა და მისი შენარჩუნება სწავლის, ამ შემთხვევაში – კითხვის პროცესის, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

ამრიგად, წარმატების მისაღწევად პროფესიული განვითარება პროცესად უნდა აღიქვა და არა ერთჯერად ღონისძიებად. ვერ ვიტყვით: „დღეს ერთ კარგ გაკვეთილს ჩავატარებ და ჩემს მოსწავლეებს წერას, კითხვასა და აზროვნებას ვასწავლი”. ინტერაქტიული მეთოდიკა საშუალებას გვაძლევს, გავააქტიუროთ მოსწავლის შემეცნებითი შესაძლებლობები, ხელი შევუწყოთ კრიტიკული აზროვნებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ სწავლების მეთოდები და სტრატეგიები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენების წინაპირობა ეფექტიანი სტრატეგიების დაუფლებაა. მე როგორც მოქმედ მასწავლებელს ზემოთ დასახელებული მეთოდი და აქტივობები შესაფერისად მიმაჩნია წერა-კითხვის დაბალანსებული სწავლებისათვის.

კლასში ბავშვის სტატუსზე მოქმედი ფაქტორები და სოციალური კომპეტენციის მნიშვნელობა უმცროს სასკოლო ასაკში

0
სკოლაში შესვლისთანავე პატარა მოსწავლისთვის მნიშვნელოვანი ხდება თანატოლებთან ურთიერთობა. დადგენილია, რომ სოციალური კომპეტენტურობით გამორჩეული ბავშვები უფრო იოლად ეგუებიან სასკოლო გარემოს და აკადემიური მოსწრებაც ხშირად უკეთესი აქვთ. ოჯახიდან ან ბაღის ჩვეული გარემოდან მოსული მოსწავლისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, „ახალ ოჯახში” თავს უსაფრთხოდ გრძნობდეს, დაცულობის შეგრძნებას კი, უპირველესად, ახალი ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა განაპირობებს. რაც მეტად იღებს ადამიანს ჯგუფი, რაც მეტი სიყვარულით ეპყრობა და აღიარებს, მით მეტად უვითარდება მას თვითპატივისცემა, რაც ეხმარება კიდეც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენაში.
მეგობრული ურთიერთობების დინამიკა
რობერტ სელმანმა (Selman, 1981) შეისწავლა 7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების მეგობრული ურთიერთობები. მისი კვლევის მეთოდი ლორანს კოლბერგისას ჰგავდა – ბავშვებს ისიც სთავაზობდა დილემურ სიტუაციებს და უსვამდა კითხვებს.
დილემა: „კეტი და დები ხუთი წლიდან მეგობრობენ და საუკეთესო მეგობრები არიან. მათ მეზობლად ახალი გოგონა გადმოვიდა, ჯანეტი. ჯანეტი ძალიან არ მოეწონა დების, რადგან ზედმეტად პრანჭია და ბაქია მოეჩვენა.
ერთხელ მათ ქალაქში ცირკის დასი ჩამოვიდა. ჯანეტმა კეტი დაპატიჟა. კეტი საგონებელში ჩავარდა, რადგან მანამდე დაჰპირდა დების, რომ საღამოს მას ესტუმრებოდა. როგორ უნდა მოიქცეს კეტი?”
ბავშვების მსჯელობაზე დაყრდნობით სელმანმა მეგობრობის 4 სტადია გამოყო:
I სტადია 5-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს. ამ ასაკში მეგობარი ის არის, ვისთან ერთადაც ბავშვი უზის მერხს, ვისაც ეთამაშება ეზოში, ვინც მასთან ახლოს ცხოვრობს. ამ ასაკის ბავშვებს ჯერ არ შეუძლიათ სხვის ადგილას თავის დაყენება, ამიტომ მიაჩნიათ, რომ კეტი ცირკში უნდა წავიდეს.

II სტადიაში (7-დან 9 წლამდე) ჩნდება განცდა, რომ გრძნობები სხვა ადამიანსაც აქვს. ამ ასაკის ბავშვი ამბობს, რომ კეტი მხოლოდ მაშინ უნდა წავიდეს ცირკში, თუ დები წინააღმდეგი არ იქნება.

III სტადიაში (9-დან 12 წლამდე) ჩნდება წარმოდგენა იმის შესახებ, რომ მეგობრები არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებიან. იბადება ურთიერთნდობაც. ამ ასაკის ბავშვები ამგვარად მსჯელობენ: კეტისა და დების განსხვავებული, უფრო ხანგრძლივი და მჭიდრო ურთიერთობა აქვთ, ისინი ენდობიან ერთმანეთს.

IV სტადიაში (11-12 წელი) ბავშვებს შეუძლიათ გაიაზრონ ურთიერთობა სხვისი პოზიციიდანაც. ამ სტადიაში მყოფი ბავშვი ასე მსჯელობს: „კეტიმ და დებიმ უნდა გაუგონ ერთმანეთს და გაარკვიონ სიტუაცია”.
სელმანის თანახმად, გარდატეხა მეგობრულ ურთიერთობაში მაშინ ხდება, როდესაც ადამიანი სხვის ადგილას თავის წარმოდგენის უნარს იძენს.

ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია მეორე ადამიანთან ახლო, ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა. მეგობრობის წყალობით ბავშვები იმეცნებენ სოციალურ ნორმებს და ივითარებენ თვითპატივისცემის გრძნობას.

კლასში ბავშვის მდგომარეობა განაპირობებს მის თვითგრძნობას. მიკროსოციალური ჯგუფების მეგობრობა V-VI კლასებიდან ხდება აქტუალური. ჯგუფი არის შედარებით მყარი ერთობა ბავშვებისა, რომლებიც მუდამ ურთიერთობენ ერთმანეთთან და იზიარებენ საერთო ღირებულებებს. ჯგუფს აქვს თავისი ნორმები, რომლებიც გავლენას ახდენს ჯგუფის თითოეულ წევრზე. ჯგუფს შიგნით მის წევრებს გარკვეული სტატუსიც აქვთ: ზოგი ლიდერია, ზოგი კი ლიდერს ემორჩილება. მაგრამ 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვების ჯგუფს, შედარებით უფროსებისგან განსხვავებით, არ ახასიათებს მეტისმეტად მკაცრი ნორმები და შიგნით განაწილებული როლები.

ამიტომაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი უმცროს სასკოლო ასაკში ჯგუფის შეკვრაზე, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარების განვითარებაზე ორიენტირება, ვინაიდან ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ზოგიერთი მოსწავლე კლასიდან გარიყული აღმოჩნდება, ეს კი ხელს უშლის მათ შემდგომ ადაპტაციას სოციალურ გარემოში.

სამეგობრო წრიდან გარიყული სწორედ ის ბავშვები აღმოჩნდებიან, რომლებიც აგრესიულები არიან, ან მეტისმეტად მორცხვები. გარიყვისა და მუდმივი ფრუსტრაციის გამო აგრესიულები უფრო მეტად აგრესიულები ხდებიან, მორცხვი და მშფოთვარე ბავშვები კი მუდმივი თავდასხმის ობიექტებად იქცევიან. რაც შეეხება კლასში პოპულარულ ბავშვებს, აღმოჩნდა, რომ ისინი მეტად მონაწილეობენ საერთო საქმეებში, შეუძლიათ სხვებთან თანამშრომლობა და თანატოლთა დახმარება. ეს ბავშვები წარმატებითაც გამოირჩევიან სასწავლო, სპორტულ თუ საქმიანობის რომელიმე სხვა სფეროში.

კლასის შეკვრასა და პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას დაწყებით კლასებში დიდად უწყობს ხელს თანამშრომლობითი სწავლება და თავად მასწავლებლის დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ. გაგაცნობთ ორი ექსპერმენტის შედეგებს. პირველი უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებზე საზაფხულო ბანაკში ჩაატარეს (Sherif, Harvey, White, Hood & Sherif, 1961). ბავშვებს სთავაზობდნენ აქტივობებს, რომლებიც მათგან ზოგჯერ კონკურენციას მოითხოვდა, ზოგჯერ კი თანამშრომლობას. აღმოჩნდა, რომ დავალების შესრულების დროს, როდესაც ჯგუფს უქმნიდნენ კონკურენტულ გარემოს, იზრდებოდა „საწინააღმდეგო” ჯგუფის წევრების მიმართ აგრესია, მაგრამ საკმარისი იყო, თანამშრომლობაზე ორიენტირებული დავალება შეეთავაზებინათ, რომ ჯგუფის წევრებს შორის დაძაბულობა მაშინვე ქრებოდა.

ძალზე საინტერესო შედეგი აჩვენა კვლევამ, რომელიც ეხებოდა „პრობლემური მოსწავლეებისადმი” ბავშვების დამოკიდებულებას (White, Kistner, 1992). პირველკლასელებსა და მეორეკლასელებს უჩვენებდნენ ფილმს „პრობლემურ მოსწავლეზე” (რომლის როლსაც მსახიობი ასრულებდა). ის კლასსაც გარიყული ჰყავდა. ფილმის ყურების შემდეგ მასწავლებელი ხაზს უსვამდა ამ მოსწავლის დადებით მხარეებს. ამის შემდეგ გამართული დიკუსიის დროს ბავშვები დადებითად ახასიათებდნენ მოსწავლეს. ამგვარად, „პრობლემური” მოსწავლის მიღებით მასწავლებელს შეუძლია გავლენა მოახდინოს კლასში ბავშვის სტატუსზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, რომ კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული პედაგოგზე. ამისთვის აუცილებელია, მასწავლებელმა კლასში იმგვარი გარემო შექმნას, სადაც მოსწავლეებს საერთო მიზნის მისაღწევად თანამშრომლობა და თითოეული თანაკლასელის მიმართ კეთილგანწყობის დემონსტრირება მოუწევთ.

წერითი მეტყველების განვითარების გზები დაწყებით კლასებში (წერილი III)

0

წინა წერილებში აღვნიშნეთ, რომ მეტყველების განვითარებაზე მუშაობის პროცესში მოსწავლეს, უპირველეს ყოვლისა, იმ სინამდვილის შესახებ უნდა შეექმნას ზოგადი წარმოდგენა, რასაც მეტყველება წარმოადგენს. მან მეტყვე­ლება უნდა გააცნო­ბიეროს, როგორც საკუთარი პრაქტიკული მოქმედება. ეს კი მოითხოვს მასალის სპეციალურ ორგანიზებას და მოვლე­ნათა ანალიზისათვის საჭირო მოქმედებებს. მოსწავლე მიგვყავს იქითკენ, რომ მკვლევარის პოზიციაში აღმოჩნდეს _ მიაგნოს ამოცა­ნის გადაწყვეტის გზებს, გამოიჩინოს ენობრივი ალღო და ენობრივი განზოგადების უნარი.

ვრცლად

ზედმეტად ბევრი, ზედმეტად სწრაფად

0
სექტემბრის მოახლოებასთან ერთად მშობლების ფუსფუსი პიკს აღწევს. ახალ სასწავლო წელს მათი შვილები სკოლაში შედიან. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს პატარების სასკოლო ნივთებზე ზრუნვა კი არა, ისაა, თუ რამდენად არიან ისინი მზად სწავლისათვის.

2010 წლის 17 ივლისს „კანონში განათლების შესახებ” შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ზოგადი განათლების სისტემაში სწავლის დაწყების ასაკი 5 წელი გახდა. ცვლილება 2011 წლის სასწავლო წლიდან ამოქმედდა. მაშინ სკოლაში არაერთი ხუთი წლის მოსწავლე შევიდა, რომლებსაც შემდეგში პრობლემები შეექმნათ. მათი სასწავლო პრობლემები განხილულია კვლევაში – „ხუთი წლის ასაკის მოსწავლეების სწავლების პრობლემების კვლევა”, რომელიც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ეგიდით ჩატარდა.

მკვლევრებმა საინტერესო შედეგები გამოაქვეყნეს. ისინი გვიამბობდნენ, რომ ხუთი წლის მოსწავლეებს სწავლების პრობლემები პირველ სემესტრშივე შეექმნათ. მასწავლებლების თქმით, 5 წლის ბავშვების განათლება არ არის ინდივიდუალურ დონეზე განსახილველი. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ბავშვი ინტელექტუალურად კარგად არის მომზადებული, იცის კითხვა, წერა, მაინც უჭირთ მოსწავლეობა, აქვთ სივრცისა და დროის სხვაგვარი აღქმა, მოტორიკა, მეტყველების აპარატი. ფსიქოლოგები მიუთითებენ იმაზე, რომ 5 წლის მოსწავლეებში მოიმატა ფსიქიკურმა პრობლემებმა. ეს ვლინდება უნებლიე შარდვით, ტიკებით, ენის ბორძიკით, შიშებით, სკოლაში გულის რევით, მუცლის ტკივილით.

პრობლემები გამოვლინდა უშუალოდ აკადემიურ უნარ–ჩვევების ათვისებაში, თუმცა უფრო საგულისხმოა ამ ბავშვების ფსიქიკური მდგომარეობა, ფიზიკური და ემოციური სტრესი. გარდა ამისა, პრობლემატური საკითხი ის არის, რომ მასწავლებელთა უმრავლესობას არ აქვს გავლილი ტრენინგი 5 წლის ბავშვების თავისებურებების შესახებ. ის მასწავლებლებიც კი, რომლებსაც ამგვარი მომზადება გაუვლია, ნაკლებ ნებას გამოხატავს 5 წლის ბავშვებთან თავისებური მიდგომის გამოყენებასთან დაკავშირებით.

ნეიროფსიქოლოგი, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თამარ გაგოშიძე ამბობს, რომ ცნება – სკოლისათვის მზაობა – ფსიქოლოგიასა და პედაგოგიკაში რამდენიმე კომპონენტს გულისხმობს. ეს არის შემეცნებითი, ანუ კოგნიტური, ნებელობითი, ფიზიკური და ემოციურ-პიროვნული მზაობა. თუ ბავშვი აქედან ერთი კომპონენტით მაინც ჩამორჩება თავისი ასაკისთვის შესაბამის მაჩვენებელს, მისი სკოლაში შეყვანა დაუშვებელია.

თამარ გაგოშიძის აზრით, აუცილებელია ერთმანეთისგან განვასხვაოთ წერა-კითხვის სწავლება და სკოლისთვის მზაობა. ბავშვმა შეიძლება ძალიან კარგად ისწავლოს წერა-კითხვა, შევიდეს სკოლაში და მხოლოდ მეორე კლასში დაიწყოს ჩამორჩენა. ეს სკოლისთვის მზაობის აუცილებელი კომპონენტებიდან ერთ-ერთის ნაკლებობით აიხსნება და ასე გამოიხატება: თავიდან ნიჭიერების, კარგი სმენითი და მხედველობითი მეხსიერების საშუალებით ბავშვი ახერხებს ყველაფრის დამახსოვრებას. როცა ხედავს, რომ მშობელს და მასწავლებელს ეს მოსწონს, წახალისებულია, ცდილობს მაქსიმუმი გააკეთოს და გამოსდის კიდეც, იზეპირებს ასოებს, მარცვლებს. მაგრამ როგორც კი შესასწავლი მასალა იზრდება, მოტივაცია უფრო და უფრო იკლებს და ბავშვს პროგრამის დაძლევა უჭირს.

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, შვეიცარია, ფინეთი, დანია, უნგრეთი, ლიხტენშტეინი და ესტონეთი ოფოციალური სკოლის დაწყების ასაკია 7 წელი, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიაში, ახალ ზელანდიასა და ავსტრალიაში 5 წელი.

1870 წელს დიდ ბრიტანეთში დაამტკიცეს საკანონმდებლო აქტი, რომლის მიხედვითაც 5 წელი სავალდებულო სასკოლო ასაკად განისაზღვრა. დიდი ბრიტანეთის განათლების კვლევის ეროვნული ფონდის, კვლევითი განყოფილების დირექტორი, კაროლინ კლარკი აღწერს მიზეზს, თუ რატომ დაწიეს დიდ ბრიტანეთში სწავლის სავალდებულო ასაკი 5 წლამდე. მკვლევარი გვიამბობს, რომ ეს გამოწვეული იყო ბავშვთა შრომითი ექსპლუატაციის მიზნით შინ და გარეთ. გარდა ამისა, მთავრობა ამ გზით ასევე ცდილობდა ხელი შეეწყო დამსაქმებლებისათვის, რადგანაც ბავშვების სკოლაში ადრე შეყვანა ნიშნავდა სკოლის ადრე დამთავრებას და შესაბამისად, სამსახურისთვის უფრო ადრეულ მომზადებას მისი მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ ედო არც საგანმანათლებლო და არც ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებული რაიმე მოტივი.

უკანასკნელ წლებში განათლების სპეციალისტებისა და ფსიქოლოგების დიდი ნაწილი მკაცრად დაუპირისპირდა სასკოლო განათლების ადრეულ ასაკში დაწყებას. 2013 წელს ინგლისში კამპანიაც კი წამოიწყეს სახელწოდებით „ზედმეტად ბევრი, ზედმეტად სწრაფად”, რომელიც აერთიანებს ადრეული განათლების ექსპერტების დიდ ჯგუფს. ისინი ეწინააღმდეგებიან 5 წლის ასაკში ბავშვების სკოლაში შეყვანას.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...