მიმდევრობით ერთმანეთთან მიერთებული ინდუქციური კოჭა და დამუხტული კონდენსატორი წარმოადგენს რხევით კონტურს – წრედს, რომელშიც აღიძვრება ელექტრომაგნიტური რხევები. რხევის დინამიურ განტოლებას აქვს შემდეგი სახე:
ფიქრნი მკვდრის პირას
გამთენიისას, ჯერ კიდევ ძილის ღმერთის სამფლობელოში მყოფს, ქვეცნობიერად ამეკვიატა, რომ ფილტვის სიმსივნე მქონდა. როგორც ჩანს, ამით მორფეოსიც გაერთო და გამოღვიძების საშუალება არ მომცა, დიდხანს მაწრიალა. ბოლო ხანს რამდენჯერმე შემომიტია იპოქონდრიამ. ბედნიერმა ადამიანებმა არ იციან, იპოქონდრია რა არის. ეს ის მდგომარეობაა, როცა არაფერი გჭირს და თან ყველაფრით ხარ ავად, უფრო სწორად, გონებას გიღრღნის ეჭვი, რომ შენს სხეულში რომელიღაც ვერაგი დაავადება დაბუდებულა.
დიდი ხანია, სიზმრებს გამდინარე წყალს აღარ ვუამბობ. ესეც რომ არა, კიბოს ამბავი სულაც არ ყოფილა სიზმარი. ეს ძილში შემოჭრილი აზრი გახლდათ, რომელიც ზაფხულის ცხელ ღამეს ოთახში შემოფრენილი კოღოსავით გულის გამაწვრილებლად ჩამწუოდა ყურებში. გუნების გამოკეთება ჯერ Guns and Roses-ის November rain-ით ვცადე, რომელიც აქამდე უებარი წამალი იყო ასეთ დრო-ჟამს, მერე კი, როცა „ნოემბრის წვიმამ“ არ გაჭრა, ვიფიქრე, რამე უროსმაგვარი მომიხდება-მეთქი და უშაქრო, მაგარი ყავა დავლიე. ოციოდე წუთის შემდეგ მივხვდი, რომ სიკვდილის შიში კვლავაც სვავივით დამტრიალებდა თავს და თუ წამით თვალს მიეფარებოდა, ვიცოდი, რომ იქვე, შორიახლოს, იჯდა ხეზე და მალე ისევ გამოჩნდებოდა.
მამაჩემს დავურეკე, რომელმაც ჩემი დაჟინებული ზარის გამო პაციენტის კონსულტირება შეწყვიტა და, ბოლოს და ბოლოს, მიპასუხა.
– მგონი, კიბო მაქვს, – ვუთხარი სალმის მაგივრად.
– შენც დილა მშვიდობის.
– ძალიან უშნოდ მახველებს, – არც ამჯერად შევიწუხე თავი სალმისთვის.
– დათო, ნუ გაქვს თავზე ამხელა წარმოდგენა. ამსისქე კიბოიანები არ არსებობენ. ეწევი ისევ? – ზურაბმა ორი კურდღლის დაჭერა სცადა: ჩემს ღიპსაც გაჰკრა კბილი და მისთვის ტაბუდადებული თემაც ხელახლა დააყენა დღის წესრიგში. მამაჩემისთვის კაცობრიობის პირველი მტერი სიგარეტია, მეორე კი ადოლფ ჰიტლერი, ოსამა ბინ ლადენი და ისლამური სახელმწიფო ერთად.
– არა, – ისე ვიცრუე, სინდისს ოდნავაც არ შევუწუხებივარ.
– არადა, მარლბორო დაბრუნებულა, – იხუმრა ზურაბმა. ცხადი იყო, ჩემი ნათქვამი სერიოზულად არ მიუღია, რადგან ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი ასეთი დიალოგი გვქონდა, მაგრამ, რომ დავემშვიდებინე, ანალიზების ასაღებად დამიბარა.
სახლიდან გამოსვლისთანავე მივხვდი, რომ თუ ქვეყნად სამართალი არსებობდა, ასეთ მზიან ამინდში კიბოს დიაგნოზი არ უნდა დაესვათ. ამან ოდნავ დამამაშვიდა. ჯიბიდან მექანიკურად ამოღებული თითქმის სავსე სიგარეტის კოლოფი აფორიაქებულმა მოვისროლე სანაგვე ურნაში და საკუთარ თავს პიროვა დავუდე, ოღონდ ჯანმრთელი ვიყო და აღარ მოვწევ-მეთქი.
ავად მენიშნა, რომ ტაქსის მძღოლი, რომელიც მტკვრის მარცხენა სანაპიროზე აწვდილი ალვის ხეების ჩრდილებზე მიმაქანებდა, უბრად იჯდა და მაშინღა ამოიღო ხმა, როდესაც რადიოში წინასარჩევნო კამპანიის გამო ატეხილი ამბავი ახსენეს. არც ის მესიამოვნა, გზად ჩვეული საცობები რომ არ დამხვდა და სანაპირო ისე გავიარე, თითქოს საპრეზიდენტო კორტეჟში ვმჯდარიყავი. სამყარო ცდილობდა, რაღაც ენიშნებინა ჩემთვის.
რაზე ვფიქრობდი იმ დროს? რაზე მწყდებოდა გული? ალბათ იმაზე, რომ „შურისმაძიებლების“ მომდევნო სერიას ვერ ვნახავდი; ვერ გავიგებდი, ტარგარიენია ჯონ სნოუ თუ მართლა იმ ცხონებულის ცოლისგან მარცხნივ გახედვის ნაყოფი; ვერ დავინახავდი დონალდ ტრამპის სახეს, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებს წააგებდა და კუდამოძუებული დაბრუნდებოდა თავის უგემოვნოდ მოოქრულ ბუნაგში. როგორც ეგოიზმით მოწამლულმა ადამიანმა, ოჯახის წევრებზე ფიქრი ბოლოსთვის მოვიტოვე, დაახლოებით ისე, ვასო ჩორგოლაშვილი რომ ამოდებს სოსოს ნაშრომს სხვა საქაღალდეების ქვეშ.
სანამ ლაბორატორიის თანამშრომელი ჩემი თითიდან მაქსიმალური ინფორმაციის გამოძალვას ცდილობდა, თითი კი შეძლებისდაგვარად უძალიანდებოდა, ვიხსენებდი ამავე კლინიკაში ბავშვობის დროინდელ ვიზიტებს. მაშინ კედლებზე „აბა, დამაცადეს“ გმირები ეხატა და აცრისთვის მოსული, იძულებით ვათვალიერებდი. ალბათ ამიტომ იყო, ეს მულტფილმი ჭირის დღესავით რომ მძულდა. იმხანად სიკვდილზე ცოტა რამ ვიცოდი. ხანდახან სახლის ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ ჩაატარებდნენ ქუჩაზე მწოლიარე ადამიანს, რომელსაც სახეზე მოშავო-მომწვანო ფერი დასდებოდა. მახსოვს, რომ პროცესიას ყოველთვის ბოლომდე ვადევნებდი თვალს, სანამ მიცვალებულს რობერტის, მეტსახელად კუბოს, ავტობუსში არ შეასრიალებდნენ და ისიც სტიქსის მეორე ნაპირისკენ არ დაიძვრებოდა.
ცოტა ხანში მამაჩემმა თერაპევტის კაბინეტში ამომაყოფინა თავი. სერიალი Breaking Bad გამახსენდა. „რა რეაქცია მექნება, ექიმმა, უოლტერ უაიტივით, კიბოს დიაგნოზი რომ დამისვას?“ – ვეკითხებოდი საკუთარ თავს.
– ეწევით? – მკითხა თერაპევტმა და ვიგრძენი, როგორ ამიწვა მამაჩემის მზერამ მარცხენა ლოყა.
– არა. აღარ.
– დიდი ხანია, თავი დაანებეთ?
რა თქმა უნდა, ვერ ვეტყოდი, ამ დილას–მეთქი.
– არა, დიდი ხანი არ არის.
– მაინც რამდენი ხანია?
– დიდი ხანი არ არის, – გავუმეორე შემაღლებული ტონით და მივახვედრე, რომ ამაზე საუბარი უნდა დაესრულებინა.
ვერდიქტის გამოსატანად ექიმს სულ 15 წუთი დასჭირდა, სამაგიეროდ, მოსამართლის ომახიანი ხმით დამძახა: „ჯანმრთელი ხართ. ხველა გაციების ბრალია“.
ვიდეოთამაშში, როდესაც რინგზე მოწინააღმდეგეს უბათქუნებ, რაც უფრო მეტადაა სავსე შენი სიცოცხლის ხაზი, მით უფრო თამამად მოქმედებ. ცდილობ, ილეთები გაიხსენო: „წინ, წინ, სამკუთხედი“ ან „უკან, წინ, უკან, იქსი“. მაგრამ როდესაც სიცოცხლის ხაზი ილევა, თითქოს ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევ – კლასიკურად იბრძვი: ფეხი, მუშტი. ცხოვრებაშიც ასეა: საკმარისია გითხრან, რომ ჯანმრთელი ხარ, გგონია, სამუდამოდ ასე იქნება, ამიტომ აგრძელებ ან იწყებ ექსპერიმენტებს საკუთარ თავზე.
უკვე გამოდღევებულიყო. კლინიკიდან გამოსულმა, ხარბად ჰაერის ხვრეპა შევწყვიტე, რადგან ვიცოდი, კიდევ ბევრჯერ შევძლებდი იმავეს გაკეთებას. შუქნიშანთან საცობი იდგა. „მწყურია“, – გავიფიქრე. მაღაზიაში შევედი, მაცივარში ხელი ბოლომდე შევყავი და ყველაზე ცივ ბოთლს დავწვდი.
– სულ ესაა? – მკითხა მოლარემ.
რამდენიმე წამს უსიტყვოდ ვუყურე, რადგან ასეთი ფუფუნების საშუალება მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ზურგს უკან შესამჩნევი რიგი იდგა – ჩემი ცხოვრების ხაზი ხომ ჯერ სავსე იყო. მალე „კაპიტანი ამერიკას“ მესამე ეპიზოდი გამოვიდოდა. ბოლოს გავუღიმე და ვუპასუხე:
– და ერთი წითელი მარლბორო.
ჟაკ პრევერი – „როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი“
თუ გინდა, ტექსტის აზრი გაიგო, მასში უნდა „შეხვიდე“… თვალები უნდა დახუჭო და მიჰყვე ინსტრუქციას… ასეთ დროს სიტყვები არ არის უბრალოდ ცნებები, ისინი იქცევიან ვიზუალურად, კინემატოგრაფიულ კადრებად… ცოცხლდება ტექსტი და შენ მასში მხოლოდ თანამონაწილე კი არა, თანაშემოქმედი ხარ და თუმცა ტექსტი-ინსტრუქცია ყველასთვის ერთია, ჩვენ ვიღებთ იმდენ ამბავს, რამდენი მკითხველიც ჰყავს ამ ტექსტს.
აი, ასეთი ლექსია ჟაკ პრევერის „როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი“. წარმოსახვის გარეშე ამ ლექსს ვერ წაიკითხავთ და თუ წაიკითხავთ, ვერ იგრძნობთ და ვერაფერს გაიგებთ. როცა პოეზიის ლექციაზე სტუდენტებთან ერთად ეს ლექსი წავიკითხეთ, ძალიან შემოქმედებითი გამოვიდა. ლექსი იწყება ასე:
ჯერ დახატე
კარღია გალია,
მერე დახატე
რაიმე ლამაზი,
რაიმე მარტივი,
რაიმე მიმზიდველი,
რაიმე სასარგებლო –
ჩიტისათვის…
თითოეულმა სტუდენტმა დაწვრილებით აღწერა საკუთარი წარმოსახვა: როგორი გალია დახატეს და რა შეურჩიეს გალიაში ჩიტს… მრავალფეროვანი კადრი გამოგვივიდა… შემდეგი ეპიზოდი იყო, რომ გალია უნდა გაეტანათ ან ტყეში, ან ჭალაში, ან ბაღში და ტილო ხეზე უნდა მიემაგრებინათ, ხოლო თვითონ ხის უკან უნდა დამალულიყვნენ.
ეს კადრიც შთამბეჭდავი გამოვიდა: ყველამ აირჩია სხვადასხვა ხე, სხვადასხვაგვარად დაიმალნენ: ზოგი ხეს ნახევრად ამოეფარა, რომ გალიისთვის თვალი არ მოეშორებინა, ზოგი – ხეზე ავიდა და ფითლებში შეიმალა, ზოგმა – ცხვირწინ დაიკიდა გალია და სულმოუთქმელად დაელოდა ჩიტის მოფრენას…
შემდეგ უკვე იწყებოდა ლოდინი… არავინ იცოდა, როდის მოფრინდებოდა ჩიტი და მოფრინდებოდა თუ არა ის საერთოდ… მაგრამ მთავარი იყო, რომ მხნეობა არ უნდა დაგეკარგა… ამ ეპიზოდში კი ზოგ სტუდენტს მოთმინებამ უმტყუვნა: „დიდხანს ვერ დაველოდები, თუ მოსვლა უნდა, დროზე მოვიდეს… „ ზოგი კი თანახმა იყო, რომ არ დანებებოდა და უსასრულოდ დალოდებოდა ჩიტის მოფრენას…
ტექსტი იძლევა იმის საშუალებას, რომ თავად გადაწყვიტო, მოფრინებოდა თუ არა ჩიტი… და ვისი ჩიტიც მოფრინდებოდა, იწყებოდა ახალი ეპიზოდი:
ჩიტი რომ მოფრინდება
(თუ მოფრინდება),
დააკვირდი უძირო სიჩუმეს,
დაიცადე, სანამ ის გალიაში შევა,
და როცა შევა,
კარი ფუნჯით ფრთხილად მიკეტე…
აბა, წარმოიდგინეთ, ხეზე ჩამოკიდებულ დახატულ გალიაში შედის ჩიტი და თქვენ კი ფუნჯით ფრთხილად კარი უნდა მიხუროთ.
ყველაზე მთავარი კი შემდეგ ისაა, რომ ამავე ფუნჯით გისოსების წაშლას იწყებთ და ჩიტს ხეზე შემოსვამთ, ყველაზე ლამაზ ტოტზე დაასკუპებთ, არ უნდა დაგავიწყდეთ:
დახატე აგრეთვე ფოთლების სიმწვანე,
ქარის სიგრილე,
მზის ათინათი
და ზაფხულის ხვატში
ბალახში მოფუთფუთე მწერების ხმები…
შემდეგ კი დაელოდე,
როდის დაიწყებს ჩიტი გალობას.
ფინალური კადრია: ჩიტმა გალობა უნდა დაიწყოს… თუ შენი ჩიტი დადუმდა და გაჯიუტდა, ეს კარგის ნიშანი არ არის… ნიშნავს, რომ პორტრეტი ჯერ არ დაგისრულებია, მაგრამ თუ ჩიტმა გალობა დაიწყო, ეს კარგის ნიშანია და იმას ნიშნავს, რომ პორტრეტი დასრულებულია და შენ, როგორც შემოქმედს, ერთი მოქმედების შესრულება დაგრჩა: ბეჭედი დაუსვა და ხელი მოაწერო პორტრეტს კუთხეში, ამისათვის მისი კუდიდან ბუმბული უნდა ამოაძრო… და აქ შექმნა დასრულდებულია, შენი ჩიტი კი ამიერიდან სულ იჟღურტულებს და არასდროს შეწყვეტს გალობას…
ამ ლექსის წაკითხვისა და წარმოსახვის შემდეგ კი თქვენი ცხოვრებაც შეიცვლება, რადგან ეს უბრალო ლექსი არ არის, ეს – მედიტაციაა… ეს არის თავისუფალი ცურვა და შემოქმედის ძალა, მოცემულობიდან საუკეთესო ვარიანტი ამოირჩიოს… თქვენ და მხოლოდ თქვენ აკეთებთ არჩევანს აქ, ამ ნახატის შექმნის დროსაც და ცხოვრებაშიც… თქვენ აგებთ პასუხს იმაზე, მოფრინდება თუ არა ჩიტი და იგალობებს თუ არა…
ამ ლექსზე ბევრი ისტორია წავიკითხე, მრავალი ინტერპრეტაცია, სტუდენტებისგანაც სრულიად განსხვავებული ვერსიები მოვისმინე და ალბათ ბევრი დაიწერება კიდევ და თითოეული იქნება უნიკალური…
ერთი უცნობი ავტორის ვრცელ ესეს გადავაწყდი, „ანტი-პრევერი“ ერქვა, მოკლედ მოგიყვებით: „მე ვერ ვიტანდი პრევერს, მისი გულუბრყვილო, ბავშვური მზერის გამო, იმის გამო, რომ რასაც ის წერდა, ასე უბრალოდ არ არსებობდა ცხოვრებაში: არც ისეთი სიყვარული, არც ისეთი სიბრძნე, არც ისეთი ჩვეულებრივი სასწაულები… და განსაკუთრებით ვერ ვიტანდი მის ლექსს – „როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი“. იქნებ იმიტომ, რომ ჩუმად, საიდუმლოდ მინდოდა, რომ სახლში მყოლოდა ჩიტი… ისეთივე თავისუფალი, როგორც ეს პრევერის ლექსში იყო, მაგრამ მე არ ვენდობოდი პრევერს და ამიტომაც ვერ ვიტანდი, განსაკუთრებით კი მის ლექსს – „როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი“.
ერთხელაც გადავწყვიტე, რომ ყველასთვის დამემტკიცებინა, როგორ ტყუოდა პრევერი, რომ სასწაული არ არსებობდა, რომ ჩიტები ვერ მოფრინდებოდნენ გალიაში, მით უფრო, დახატულში… და დავხატე გალია…არც ისეთი ლამაზი… უბრალო რკინის გალია იყო, მასში არაფერი იყო „ლამაზი, მიმზიდველი ან სასარგებლო ჩიტისთვის“. გალია არც ბაღში გამიტანია და არც ტყეში, ნახატი ფანჯრის რაფაზე მოვათავსე და დავიწყე ლოდინი იმ იმედით, რომ ჩიტი არ მოფრინდებოდა… ამ იმედითვე მიმეძინა… მაგრამ უეცრად გამომეღვიძა და დავინახე, რომ გალიაში ჩიტი იყო….. „ და ასე შემდეგ…
ახლა კი ამ ლექსს მთლიანად გთავაზობთ… გთხოვთ, წაიკითხოთ და მერე მიამბოთ, როდის აჭიკჭიკდა თქვენი ჩიტი და რას ნიშნავს ჩიტის გალობა თქვენთვის?
როგორ უნდა დახატო ჩიტის პორტრეტი
ჯერ დახატე
კარღია გალია
მერე დახატე
რაიმე ლამაზი
რაიმე მარტივი
რაიმე მიმზიდველი
რაიმე სასარგებლო
ჩიტისათვის
მერე ტილო ხეზე მიამაგრე
ბაღში
ტყეში
თუნდაც ჭალაში
თვითონ კი ხეს მოეფარე
არ გაინძრე
არ იხმაურო…
ჩიტი ხან მალე მოფრინდება,
ხან კი წლობით გალოდინებს,
სანამ გამოჩენას ინებებს…
ლოდინისას
მხნეობა არ დაკარგო,
ელოდე თუნდაც წლობით,
ჩიტის მოფრენამდე გასული დრო
პორტრეტის ღირსებაზე არაა
დამოკიდებული.
ჩიტი რომ მოფრინდება
(თუ მოფრინდება),
დააკვირდი უძირო სიჩუმეს,
დაიცადე, სანამ ის გალიაში შევა
და როცა შევა,
კარი ფუნჯით ფრთხილად მიკეტე,
მერე სათითაოდ წაშალე
ყველა გისოსი
ისე, რომ ჩიტის ერთი ბუმბულიც არ შეარხიო.
მერე დახატე ხე,
შეურჩიე ჩიტს
მისი ყველაზე ლამაზი ტოტი,
დახატე აგრეთვე ფოთლების სიმწვანე,
ქარის სიგრილე,
მზის ათინათი
და ზაფხულის ხვატში
ბალახში მოფუთფუთე მწერების ხმები…
შემდეგ კი დაელოდე,
როდის დაიწყებს ჩიტი გალობას.
თუ ჩიტი არ გალობს,
ეს ცუდის ნიშანია,
ნიშანი იმისა, რომ პორტრეტი არ გამოვიდა,
მაგრამ თუ ის გალობს, ეს კარგის ნიშანია,
ნიშანი იმისა, რომ პორტრეტი დასრულებულია.
მაშინ ძალიან ფრთხილად ამოაძვრე
ჩიტს ერთი ბუმბული
და სურათს კუთხეში შენი სახელი მიაწერე.
(თარგმანი ლია მეტრეველის)
ღვინო, ჭინჭარი, ტოფუ და სხვა წარმოუდგენელი ნივთიერებები, რომელთა ჩაცმაც შეიძლება
ტანსაცმელი ადამიანის უძველესი გამოგონებაა. ის გვიცავს სიცხისა და სიცივისგან, მავნე გამოსხივებისა და ნივთიერებებისგან, გვამშვენებს. თუმცა ადამიანი დიდი ხანია აღარ იმოსება ცხოველის ტყავით. მოდის ბაზარი ყოველწლიურად გვთავაზობს ახალ, კომფორტულ და გამძლე სამოსს. გაგაცნობთ ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი ქსოვილის ზოგიერთ სახეობას.
დაძმარებული ღვინო
საინტერესო და უცნაური ქსოვილის Micro B-ს შექმნა მხატვარ დონა ფრანკლინისა და მეცნიერ გერი კაასის დამსახურებაა. მეგობართან ერთად ავსტრალიაში მოგზაურობისას კაასმა შეამჩნია ჭურჭელი გაფუჭებული ღვინით, რომლის ზედაპირიც ელასტიკურ აფსკს დაეფარა. ის ძალიან თხელ ტყავს წააგავდა და საკმაოდ მკვრივიც იყო.
ცელულოზური აფსკი აცეტოგენური ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნა. ეს ბაქტერიები ეთილის სპირტს ძმარმჟავად გარდაქმნიან. მეცნიერს დაებადა იდეა, მათი ეს უნარი ქსოვილის შესაქმნელად გამოეყენებინა და დაიწყო ექსპერიმენტი.
2007 წელს შეიქმნა პირველი კაბის პროტოტიპი. იდეის ავტორებმა ექსპერიმენტი სხვადასხვა სახეობის ღვინოზე ჩაატარეს, რათა ფერთა გამა მიეღოთ. ახალი ქსოვილის მთავარი ნაკლი მძაფრი მჟავე სუნია, თუმცა კაასი და ფრანკლინი ამბობენ, რომ სულ მალე სრულყოფენ გამოგონებას და არა მარტო სუნის პრობლემას მოაგვარებენ, არამედ მის ცვეთამედეგობასაც გაზრდიან.
ტოფუს წარმოების ნარჩენები
სულ უფრო პოპულარული ხდება სოიის ყველის წარმოების ნარჩენებისგან დამზადებული ქსოვილის ტანსაცმელი. ამ ბაზრის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ქსოვილს, რომლის სახელწოდებაა Soysilk. სოიის ცილის გაჯირჯვებისა და ვიწრო მილში გატარების შედეგად წარმოიქმნება თხელი ძაფი, რომლისგანაც „სოიის აბრეშუმი“ იქსოვება. საოცარი სირბილის გამო მას მცენარეულ ქაშმირადაც მოიხსენიებენ. „სოიის აბრეშუმი“ განსაკუთრებული სიმყარით არ გამოირჩევა, ამიტომ მას სხვა სახის ბოჭკოებსაც აქსოვენ.
ჭინჭარი
დიდი ბრიტანეთის დე მონფორის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ქსოვილი, რომელიც ნაწილობრივ იმ მცენარისგან შედგება, რომელსაც ბავშვობიდან ვერიდებით. ქსოვილი, რომელიც ჭინჭრის ბოჭკოს შეიცავს, არ ისუსხება, ამასთან, ბამბისაზე გაცილებით გამძლე და იაფია. ჭინჭარი სწრაფად იზრდება, არ სჭირდება ხშირი მორწყვა და სასუქით ნიადაგის განოყიერება. STINGplus 25%-ით მსუსხავი მცენარისგან შედგება, ხოლო 75%-ით – ნატურალური შალისგან, ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიური ქსოვილია.
წყალმცენარეები
2007 წელს ბაზარზე გამოჩნდა უნიკალური ქსოვილი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ხისა და ზოგიერთი სახეობის წყალმცენარის ბოჭკოები. მას SeaCell ეწოდება. ქსოვილი ერთ-ერთი ავსტრიული კომპანიის კვლევითი პროექტის ფარგლებში შეიმუშავეს. ამჟამად კომპანია აქტიურად ეწევა ამ პროდუქტის ხარისხის რეკლამირებას. მისი წარმომადგენლები გვარწმუნებენ, რომ ქსოვილს თითქმის ჯადოსნური თვისებები აქვს: აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს კანის რეგენერაციას და ორგანიზმს იმ სასარგებლო ელემენტებით ამარაგებს, რომლებიც წყალმცენარეთა შემადგენლობაში შედის. ამჟამად მისგან საცვლებსა და თეთრეულს კერავენ, რადგან ბამბაზე გაცილებით რბილია და უკეთ ატარებს ჰაერს.
პლასტიკური ტარა
მთელ მსოფლიოში ნაგავსაყრელებზე ყოველწლიურად მილიონობით პლასტიკური ბოთლი გროვდება და საგრძნობ ზიანს აყენებს პლანეტის ეკოლოგიას, რადგან მათი დაშლა ასობით წელიწადს გრძელდება. სულ ახლახან მკვლევრებმა ამ პრობლემიდან გამოსავალი იპოვეს – მათ შესთავაზეს მწარმოებლებს, პლასტიკური მასისგან ბოჭკო მიეღოთ და ტანსაცმლის წარმოებაში გამოეყენებინათ. ქსოვილმა, რომლის სახელწოდებაა Newlife, ბაზარზე უკვე დაიმკვიდრა ადგილი: გადამუშავებული პლასტიკური მასა არაფრით განსხვავდება ახალი პოლიესტერისგან, თანაც მისი წარმოება გაცილებით იაფია. ზოგიერთმა მოდის სახლმა, მაგალითად, „ჯორჯო არმანიმ“, თავის კოლექციებში გამოიყენა ეს ინოვაციური ქსოვილი და კმაყოფილება გამოთქვა როგორც მისი ხარისხით, ასევე ხელმისაწვდომი ფასით.
ქოქოსის კაკალი
ქოქოსის პალმის ნაყოფი ბუნების ერთ-ერთი შესანიშნავი ქმნილებაა. ადამიანმა უძველესი დროიდანვე დაიწყო მისი უნიკალური თვისებების გამოყენება. ქოქოსის ზეთისა თუ რძის წარმოება უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქოქოსს კიდევ ჰქონია სიურპრიზები ჩვენთვის – მისი ნაჭუჭისა და ბოჭკოსგან ქსოვილის დამზადება ყოფილა შესაძლებელი.
კორპორაცია Cocona Inc.–მა შეიმუშავა მეთოდი, რომლის მეშვეობითაც ქოქოსის ნაჭუჭი სამოსად იქცევა. ამასთან, სხვა ბოჭკოებთან სინთეზით შესაძლებელია ქსოვილის ხარისხის გაუმჯობესება – ის ნაკლებად პრეტენზიული ხდება და მალეც შრება.
ხე
„აბრეშუმის კომფორტულობა, ქაშმირის სინაზე და საცვლის სიმსუბუქე“, – ასე აფასებენ ამ საინტერესო ქსოვილს, რომელსაც ლენპური ეწოდება. ის განსაკუთრებული ტექნოლოგიით იწარმოება – ფერმენტების ზემოქმედებით თეთრი (კანადური) ნაძვის მერქანი გარდაიქმნება ბოჭკოდ, რომლისგანაც შემდეგ ხარისხიანი ქსოვილი მზადდება. ეს ქსოვილი ადვილად ირეცხება, მალე შრება და ფორმას არ კარგავს. ლენპურისგან შესანიშნავი სპორტული სამოსი იკერება, რადგან კარგად იწოვს ტენს, შთანთქავს სუნს, ინარჩუნებს სითბოს ზამთარში და გრილია ზაფხულში, ამასთან, უტილიზაციისას მთლიანად იშლება და ტოქსიკურ ნივთიერებებს არ გამოყოფს.
სიმინდი
ამერიკულმა კომპანია Nature Works LLC–მ 2005 წელს დაიწყო საკუთარი ტექნოლოგიით შექმნილი ბოჭკოს წარმოება, რომელიც ბაზარზე Ingeo-ს სახელითაა ცნობილი. ნედლეულად იყენებენ სიმინდის შაქარს, რომელიც პოლიმერიზაციის პროცესში პლასტიკად გარდაიქმნება. პლასტიკური ძაფებისგან მიიღება გრანულები, რომლებისგანაც ბალიშებსა და გადასაფარებლებს ამზადებენ. პოლიესტერის შემცველ ხელოვნურ ქსოვილებთან შედარებით ამ ქსოვილის უპირატესობა ისაა, რომ ეკოლოგიურია, იაფი და ხელმისაწვდომი. „სიმინდის ქსოვილის“ წარმოებაზე 65%-ით ნაკლები ენერგია იხარჯება, ვიდრე პოლიესტერის ან ნეილონისაზე.
ყავის ნალექი
ტაივანის ტექსტილის საწარმო Singtex Industrial–მა ქსოვილის ბოჭკოს დაუმატა გამოყენებული ყავის მიკრონაწილაკები, მარტივად რომ ვთქვათ, ყავის ნალექი, რომელსაც სუნის შთანთქმის უნარი აქვს. ამ ექსპერიმენტის შედეგად შეიქმნა ახალი ქსოვილი, რომელსაც ამჟამად სპორტული ტანსაცმლისა და ინტერიერის დეტალების წარმოებაში იყენებენ.
ქსოვილი, რომელიც 2%–ით ყავის ნალექის მიკრონაწილაკებისაგან შედგება, შესანიშნავად იცავს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, ადვილად იწოვს და აკავებს ტენს, ყავის შემცველობა კი უსიამოვნო სუნსაც ნიღბავს.
მიქსინის ლორწო
მიქსინები, ზღვის უმარტივესი ცხოველები, უკვე 500 მილიონი წელია ცხოვრობენ მსოფლიო ოკეანეში, ზომიერი და სუბტროპიკული სარტყლის წყლებში. მიქსინები თევზებს ჰგვანან, მაგრამ ბიოლოგიურად მათ შორის არსებითი განსხვავებაა – მიქსინებს არ გააჩნიათ ყბები, ამიტომ ევოლუციის პროცესში ლორწოს გამომუშავება ისწავლეს. სწორედ მისი საშუალებით უსხლტებიან მტაცებლებს.
ქსოვილის წარმოებაში მიქსინების ლორწოს გამოყენების იდეა გველფის უნივერსიტეტის თანამშრომელ დაგლას ფაჯს ეკუთვნის. მეცნიერი ამტკიცებს, რომ ამ გზით მიღებული ქსოვილი ნეილონზე ათჯერ უფრო გამძლე და მტკიცეა.
წყარო:
https://listverse.com/2013/09/14/10-unusual-items-used-as-fabric/
გეოგრაფიული პროგნოზი და მისი მნიშვნელობა
ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის პროგნოზირება რაციონალური ბუნებათსარგებლობის აუცილებელი პირობაა. ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გეოგრაფიული პროგნოზირება, რადგან ის კომპლექსური შინაარსისაა და გვაძლევს ბუნებრივი და ბუნებრივ-სამეურნეო სისტემების დინამიკის შეფასების საშუალებას როგორც მისი ცალკეული კომპონენტების, ისე ინტეგრირებული მაჩვენებლების გამოყენების დროს. გეოგრაფიული პროგნოზირება გულისხმობს მეცნიერულად დასაბუთებული თეორიების შემუშავებას ბუნებრივი გარემოს მდგომარეობისა და განვითარების ტენდენციების შესახებ რაციონალური ბუნებათსარგებლობის კუთხით. გეოგრაფიული პროგნოზირება იგივე გეოგრაფიული კვლევების ჩატარებაა მომავალში ბუნებრივი გარემოს მდგომარეობის შესახებ. გეოგრაფიული პროგნოზირების ძირითადი ერთეულები – სივრცე და დრო – პროგნოზის ობიექტსა და მიზანთან და კონკრეტული რეგიონის ბუნებრივ-სამეურნეო თავისებურებებთან ერთად განიხილება.
გეოგრაფიული პროგნოზირების საფუძველია, ერთი მხრივ, გეოსისტემებისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი დინამიკური და ევოლუციური ტენდენციები, მეორე მხრივ კი – სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არსებული და პერსპექტიული გეგმები, ტექნიკის პროგრესი, რაზეც დამოკიდებულია ბუნებრივ კომპლექსებზე კაცობრიობის ზემოქმედების მიმართულებები.
გეოგრაფიული პროგნოზის სიზუსტე და წარმატება მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის – იმაზეც, რამდენად სწორადაა შერჩეული და არჩეული მთავარი ფაქტორები და მეთოდები, რომლებიც პრობლემის გადასაჭრელადაა საჭირო. გეოგრაფიული პროგნოზების კლასიფიკაცია ასეთია:
ა) კომპონენტების მიხედვით (ანუ დარგობრივი) – ჰიდროლოგიური, მეტეოროლოგიური, ნიადაგური და სხვ. და კომპლექსური, როცა ბუნებრივი კომპლექსის მდგომარეობის დინამიკა მთლიანობაში ფასდება;
ბ) პროგნოზები ერთმანეთისგან მასშტაბითაც განსხვავდება. გეოსისტემების დონის მიხედვით განასხვავებენ ლოკალურ (სივრცობრივი მასშტაბი რამდენიმე კვ. კმ-დან რამდენიმე ათას კვ. კმ.-მდე), რეგიონულ (რამდენიმე ათასი კვ. კმ.-დან რამდენიმე ასეულ ათას კვ. კმ.-მდე) და გლობალურ (რამდენიმე ასეული ათასი კვ. კმ.-დან სისტემის იმ ტერიტორიულ დონემდე, როცა ის გეოგრაფიულ გარსს ქმნის) პროგნოზებს. მაგალითად, ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა და მასთან დაკავშირებული კლიმატის ცვლილების პროგნოზი გლობალური მასშტაბისაა, მდინარეების ამუდარიასა და სირდარიას წყლების არხებში გადანაწილება და შედეგად ბუნებრივი გარემოს ცვლილების პროგნოზი – რეგიონული მასშტაბისა, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის შექმნის შედეგად გამოწვეული ბუნებრივი გარემოს ცვლილებები – ლოკალური.
გ) დროის მიხედვით გამოყოფენ მოკლევადიან (დროითი მასშტაბი – რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღმდე), საშუალოვადიან (რამდენიმე დღიდან წლამდე) და გრძელვადიან (წლიდან რამდნიმე ასეულ ან ათას წლამდე) პროგნოზს. ცნობილია ისეთი პროგნოზებიც, რომლებიც გათვლილია რამდენიმე ათასწლეულზე და 1 მლნ წელზეც კი. მაგალითად, მყინვარების უკან დახევის ან გავრცელების პროგნოზი, გაუდინარი ტბების წყლის დონის რყევა და სხვ. თუმცა ასეთი პროგნოზები არცთუ ზუსტია – პროგნოზირება ხდება ბუნებრივი ცვლილებების მიმართულებით და სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები გათვალისწინებული არ არის.
ადამიანის ცხოვრებაში მეტად აქტუალურია მოკლევადიანი პროგნოზები, ხოლო ყველაზე მნიშვნელოვანი წლიური, სეზონური და თვის პროგნოზებია. მაგალითად, ამინდის, მდინარეებში წყლის დონის ცვლილებისა და მისი ხარჯის სეზონური რყევის, ზვავების ჩამოწოლის, მეწყერებისა და ღვარცოფების წარმოქმნის პროგნოზი, რათა დროულად იქნეს მიღებული პრევენციული ზომები და თავიდან იქნეს აცილებული მისი კატასტროფული შედეგები. გრძელ- და საშუალოვადიანი პროგნოზირებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს რამდენიმე ფაქტორი: რამდენად ღრმადაა შესაძლებელი წარსულში ბუნების განვითარების კანონზომიერებებში გარკვევა, რამდენად ხანგრძლივად და ზუსტადაა შესაძლებელი მოსალოდნელი ბუნებრივი პროცესებისა და მოვლენების წინასწარმეტყველება. მაგალითად, მთის თანამედროვე მყინვარების კვლევისას შესაძლებელია მათი გაჩენისა და განვითარების ისტორიაში შეხედვა. იმ ვარაუდზე დაყრდნობით, რომ მყინვარები მომავალშიც იმავე კანონების მიხედვით განვითარდება, რომლებითაც წარსულში ვითარდებოდა, შესაძლებელია მათი განვითარების გრძელვადიანი პროგნოზის გაკეთებაც. ამ პროგნოზის საფუძველს იძლევა გაუდინარი ტბების ფსკერზე დალექილი ქანებიც.
საშუალოვადიანი პროგნოზი მოითხოვს ლანდშაფტის რიტმული, მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი და ტექნოგენური ცვლილებების ყოველმხრივ შესწავლასა და კვლევას. მაგალითად, წყალსაცავების მშენებლობის დროს საინტერესოა არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური გარადქმნები, არამედ ბუნებაში მომხდარი ცვლილებებიც, რომლებიც წყლის ახალი ობიექტის გაჩენას მოჰყვება.
არსებობს გეოგრაფიული პროგნოზირების მეთოდთა წყება. ზოგ მათგანს წინათაც იყენებდნენ, თუმცა არ შეიძლება, მათ უნივერსალური ვუწოდოთ. გეოსისტემების მოსალოდნელ ცვლილებათა წინასწარმეტყველებისას ეს მეთოდები გეოგრაფიაში ერთდროულად გამოიყენებოდა. ზუსტი პროგნოზის მთავარი პირობაა იმ მკვლევარი-სპეციალისტის მიერ ბუნების განვითარების კანონზომიერების ღრმა ცოდნა, რომელიც კონკრეტულ პროგნოზზე მუშაობს და მრავალფაქტორიანი პროცესებისა და მოვლენების კავშირების შესახებ სწორ განსაზღვრებას გვაძლევს.
ბუნებრივი გარემოს პროგნოზირების შედარებით დამუშავებულ მეთოდებს მიეკუთვნება ფიზიკურ-გეოგრაფიული ექსტრაპოლაცია, ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალოგია, ლანდშაფტურ-გენეტიკური მწკრივები, ფუნქციური ურთიერთკავშირები, ექსპერტული შეფასება.
ფიზიკურ-გეოგრაფიული ექსტრაპოლაციის მეთოდი ადრეულ ეტაპზე გამოვლენილ ბუნებრივი კომპლექსის განვითარების მიმართულების გავრცელებას და მომავალში მის სივრცობრივ-დროით დინამიკას ემყარება. თუ ექსტრაპოლაციის მეთოდით გავაკეთებთ მსოფლიოს მოსახლეობის ზრდის პროგნოზს, აღმოჩნდება, რომ პლანეტის მოსახლეობა მომავალშიც იმავე ტემპით გაიზრდება. თუმცა სხვა, უფრო სრულყოფილი მეთოდების მიხედვით, პროგნოზი სულ სხვნაირია: დედამიწის მოსახლეობა 30-40 წლის შემდეგ კი არ გაიზრდება, პირიქით, შესაძლოა შემცირდეს კიდეც.
ფიზიკურ-გეოგრაფიული ანალოგიის მეთოდი ეფუძნება იმ მოსაზრებას, რომ ერთი ბუნებრივი კომპლექსის პირობებში გამოვლენილი პროცესის (ანალოგის) განვითარება შეიძლება განსაზღვრული ცვლილებებით გადატანილ იქნეს სხვა, პირველის იდენტური პირობების კომპლექსზე. გეოგრაფიული ანალოგიების მეთოდის გამოყენებისას ხდება ერთი ლანდშაფტისთვის დადგენილ კანონზომიერებათა სხვა, ანალოგიურ ლანდშაფტზე გადატანა. ეს მეთოდი საკმაოდ შეზღუდულია და მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტების მსგავსების პირობებში მუშაობს, რადგან დადგენილი კანონზომიერებები განსაზღვრულ გეოგრაფიულ ზონაში მხოლოდ ამ ზონისთვისაა დამახასიათებელი.
ექსტრაპოლაციის ან დროებითი ანალოგიების მეთოდი ბუნებრივ გარემოში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ პროგნოზს თანამედროვე პირობებში მომხდარ ცვლილებებზე დაყრდნობით აკეთებს. მათი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო და აუცილებელია კავშირი სხვა მეთოდებთან, რადგან ბუნებრივი მოვლენების უმრავლესობა არათანაბრად და, ამავე დროს, მრავალი სხვადასხვა ტიპის ფაქტორის ზემოქმედებით მიმდინარეობს. ინდიკაციური მეთოდი ეფუძნება გეოსისტემის ყველა კომპონენტს და იქ მიმდინარე პროცესებს შორის მჭიდრო ურთიერთკავშირს. ამ დროს ერთი ინდიკატორის, მაგალითად, მცენარეულობის საშუალებით შესაძლებელია განისაზღვროს გეოსისტემაში მოსალოდნელი ცვლილებების შესაძლო ვარინატები. ამ მეთოდს ძირითადად მოკლევადიანი პროგნოზირებისას იყენებენ.
გარემოს ცვლილებათა ზუსტი შეფასებისა და პროგნოზირების დროს მეტად მნიშვნელოვანია ადგილის ლანდშაფტური რუკის შედგენა. რუკა, ფოტოსურათის მსგავსად, აღრიცხავს ბუნებრივი გარემოს კომპონენტების მდგომარეობას დროის მოცემულ პერიოდში. ასეთი რუკების საშუალებით შესაძლებელია ბუნებრივ კომპლექსებში მოსალოდნელ ცვლილებათა განსაზღვრა. ამ პოზიციიდან გამომდინარე, აეროფოტოგადაღებებს დიდი მნიშვნელობა აქვს პროგნოზისთვის.
ლანდშაფტურ-გენეტიკური მწკრივების მეთოდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ბუნებრივი პროცესების სივრცობრივ ცვლილებათა განვითარების დადგენილი კანონზომიერებები შეიძლება გადატანილ იქნეს მათ დროებით დინამიკაში და პირიქით.
ფუნქციური ურთიერთკავშირების მეთოდი ეფუძნება იმ ფაქტორების გამოვლენას, რომლებიც საპროგნოზო პროცესის დინამიკას განსაზღვრავს, ასევე – მათ შორის და ამ პროცესის მაჩვენებლებს შორის ურთიერთკავშირის პოვნას.
ექსპერტული შეფასების მეთოდი გულისხმობს საპროგნოზო ობიექტის მომავალი მდგომარეობის განსაზღვრას სხვადასხვა დარგის სპეციალისტთა – ექსპერტთა – მოსაზრებების, შეხედულებების შესწავლით.
თანამედროვე პირობებში საპროგნოზო ამოცანების გადასაწყვეტად სულ უფრო მეტად იყენებენ გეოსისტემის მათემატიკური მოდელირების მეთოდს. მისი სიზუსტე დამოკიდებულია იმ ფაქტორების მოცულობის ხარისხზე, რომლებიც გარემოზე ზემოქმედებს. ამ დროს იქმნება იმიტაციური კომპიუტერული მოდელი, რომელიც ბუნებრივი კომპლექსების დრო–სივრცით კავშირებს ასახავს.
გეოგრაფიული პროგნოზის ძირითადი პრინციპები ეფუძნება იმას, რომ ბუნებაში მიმდინარე პროცესები და ცვლილებები განსაზღვრულ პირობებში მიმდინარეობს, განსაზღვრულ კანონზომიერებებს ემორჩილება და გეოსისტემებს შესაბამისი ფუნქციური თავისებურებები აქვს.
მე მქვია საზოგადოება
ალბათ იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომელიც მშვიდად გაიხსენებს იმ დროს, როცა საკლასო ოთახში საზოგადოებასთან ურთიერთობის პირველ გაკვეთილებს გადიოდა. ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლებლის დასრულებიდან თხუთმეტიოდე წლის შემდეგ ჩემი ცხოვრების მატარებელი ისევ სკოლის კართან გაჩერდა და აღმოვაჩინე, რომ ამ ხნის მანძილზე ურთიერთობების თვალსაზრისით არაფერი შეცვლილა. ახლაც არსებობენ მომხიბლავი და გავლენიანი ლიდერები და მასხრად აგდებული უიღბლოები. ჩემთვისაც უამრავჯერ გაუკრავთ კბილი კლასის ფავორიტს და მის ამალას, მიზეზად ჩემს სახეზე გაზაფხულის დადგომისთანავე გაკვირტული ჭორფლებიც ჰყოფნიდათ. ვინ მოთვლის, რამდენი ვაზის ცრემლი და კიტრის ნაფცქვენი დამიხარჯავს მათ მოსაშორებლად. ახლა კი რამდენჯერაც სარკეში თვალს მოვკრავ, ლამისაა ბოდიში მოვუხადო, დარდისგან ჩამქრალ–მილეულებს, ჩემი შვილის გაზაფხულში გადაბარგებულებს.
****
მოსწავლეების უმეტესობას უჭირს სასკოლო სოციუმში თვითდამკვიდრება. ამის მიზეზად შეიძლება იქცეს: სპეციფიური გარეგნული მახასიათებელი (გრძელი ცხვირი, წითური თმა…), დაბალი თვითშეფასება, განუვითარებელი სოციალური უნარ–ჩვევები, გადამეტებული სიმორცხვე და თვითგამოვლენის შიში, თვითგანვითარებისა და საზოგადოებისადმი გამოვლენილი გულგრილობა, ჰიპერაქტიურობა და სხვა.
თანამედროვე ბავშვი ვის არ მოხიბლავს სხარტი გონებით, მიზანდასახულობითა თუ სითამამით, თუმცა მის ქცევას ,,მისაღები“ იშვიათად შეიძლება ეწოდოს. ერთ–ერთ მიზეზად, რის გამოც ხშირად ინდივიდის სოციალიზაციის პროცესი ფერხდება, აღზრდის პრობლემასაც ასახელებენ. მშობლების მცდელობა, შვილი პირადი გამოცდილების საფუძველზე აღზარდონ, ხშირად უსარგებლო მცდელობად რჩება, რადგან მათი დაბადებიდან უკვე რამდენიმე ათწლეული გავიდა. ამ დროის მანძილზე ბავშვობის ,,შენარჩუნება“ ერთეულებს თუ შეუძლიათ.
უფროსები ყველაზე ხშირად ერთსა და იმავე შეცდომას უშვებენ – ბავშვებს პასუხისმგებლობას არიდებენ, სახლში არაფრის გაკეთებას ანდობენ, გამუდმებით შენიშვნას აძლევენ, მის აზრს არაფრად აგდებენ და საუბარს ხშირად აწყვეტინებენ… სასურველია ბავშვს პატარაობიდანვე გაუჩინოთ ყოველდღიური საზრუნავი, მაგალითად: საკუთარი ნივთების მოწესრიგება, ყვავილების მორწყვა, შინაური ცხოველის/ფრინველის დაპურება, ნაგვის გატანა. პატარები სიამოვნებით ასრულებენ მსგავსი ტიპის დავალებებს, თან ყოველდღიურ პასუხისმგებლობასაც ეჩვევიან.
შეიძლება ბავშვი საკუთარი თავისა და ნივთების მოწესრიგებას შეაჩვიოთ, მაგრამ მათ უმეტესად უჭირს დროის ლიმიტის დაცვა, ამიტომ ამ უნარის განვითარებაც პატარა ასაკიდან უნდა დაიწყოთ. როცა რაიმეს დაავალებთ, ყოველთვის განუსაზღვრეთ ვადა ამ დავალების შესასრულებლად.
თუ რომელიმე მოსწავლე დაცინვის საგანი დაბალი აკადემიური მოსწრების გამო ხდება, მაგრამ ამავე დროს ის კარგად ხატავს, ცეკვავს ან მღერის, მასწავლებელს შეუძლია კლასის წინაშე მოახდინოს მისი ნიჭის დემონსტრირება. ამ ჟესტით ის მთელ კლასს დაანახებს ათვალწუნებული თანაკლასელის ძლიერ მხარეს, თან, ე.წ. განდეგილს საზოგადოების წინაშე თანადგომას გამოუცხადებს. ავტორიტეტული უფროსის მხრიდან გამოხატული სიმპათია მოზარდს საკუთარი თავისადმი რწმენასაც გაუღვივებს და საზოგადოების თვალშიც საგრძნობლად აამაღლებს.
კლასის დამრიგებელი უდიდეს როლს ასრულებს ინდივიდების სოციალიზაციის პროცესში. ძლიერი პედაგოგი კი ყოველთვის შექმნის სასურველ ,,ამინდს“ კლასში. პირველ რიგში, საჭიროა კლასის ერთ გუნდად გარდაქმნა. თუ დაწყებითი საფეხურიდანვე სკოლის ერთ–ერთ მთავარ პრიორიტეტს გუნდური ქმედება წარმოადგენს (კლასის რეიტინი, სპორტული შეჯიბრებები კლასებს შორის, ლაშქრობა, პიკნიკი და სხვა), მოსწავლეს სოციუმში ინტეგრაციის პროცესი საგრძნობლად უადვილდება. როცა სკოლის მთავარი პრინციპია – ,,ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის“ და ამის მაგალითად თავად სკოლის უფროსი თაობა (პედაგოგები, ადმინისტრაცია) გევლინება, მოზარდებში თავის გამოჩენის ხერხებიც იცვლება – დაცინვას თანაგრძნობა ანაცვლებს, ხელის კვრას კი – ხელის შეშველება.
და მაინც, სასურველია, საკლასო ურთიერთობები დაწყებით საფეხურზევე მოწესრიგდეს, მანამდე, სანამ მასწავლებელი მოზარდებისთვის ავტორიტეტს წარმოადგენს. საბაზო საფეხურზე, ე.წ. თეთრი ყვავების განდევნის პროცესი შეიძლება ფიზიკურ ანგარიშსწორებაშიც გადაიზარდოს. მისი განეიტრალება კი მშობლებისა და სკოლის ადმინისტრაციის ჩარევის გარეშე ვეღარ ხერხდება. თუმცა სადამსჯელო ღონისძიებები პრობლემას ბოლომდე ვერ აღმოფხვრის, პირიქით, შეიძლება უფრო დაამძიმოს. მსგავსი კონფლიქტები უმეტესად მსხვერპლის სხვა სკოლაში გადაყვანით სრულდება.
მოჩხუბრების გაშველებისას მასწავლებლები ხშირად ორივე მხარეს ადანაშაულებენ. არადა, მუშტი–კრივის ინიციატორი ხშირად ერთი და იგივე პიროვნებაა. თუ ინციდენტი სისტემატურად მეორდება, ჩვენ კი მხოლოდ ორივე მხარის თანაბრად ვსჯით, შედეგად მივიღებთ დაუცველობის სინდრომით დაავადებულ მოზარდს და დაუსჯელობის სინდრომით ,,დასაჩუქრებულ“ მოძალადეს.
სასკოლო კონფლიქტების წარმოშობას გარკვეულწილად სასკოლო რეჟიმიც უწყობს ხელს. თანამედროვე საგანმანათლებლო დაწესებულებების დღის წესრიგში ბავშვს დაახლოებით ნახევარი საათი რჩება სოციალური უნარების დასახვეწად, რადგან თავისუფალი თამაშის დრო წლიდან წლამდე მცირდება. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ თავისუფალი თამაშისთვის დრო თითქმის არ გამოიყოფა საბავშვო ბაღის უფროს ჯგუფებშიც, შესაბამისად, 4–5 წლის ბავშვის თამაში ბაგა-ბაღის ასაკის აღსაზრდელებისას ემსგავსება. ყველაზე მეტად გუნდური თამაშის უნარი ითრგუნება. არადა, სკოლამდელი დაწესებულება სწორედ სოციალიზაციის პროცესს უნდა უყრიდეს საფუძვლებს.
სოციუმში ინტეგრირების შეფერხება, მოსწავლეების სიმრავლესთან ერთად, მასწავლებელთა რაოდენობამ და ხშირად ცვლამაც შეიძლება გამოიწვიოს. მრავალრიცხოვან კლასში მსხვერპლი ერთდროულად რამდენიმე ჯგუფის დაცინვის ობიექტად შეიძლება იქცეს. მასწავლებლებს კი უჭირთ მსგავსი შემთხვევების დიდ ჯგუფში გაკონტროლება. რაც შეეხება პედაგოგების სიმრავლეს, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს შეიძლება გაუჭირდეთ მათი სახელების დამახსოვრება ან ერთმანეთში აერიოთ. თუ პირველკლასელთა დამრიგებელი ბრძანდებით და მსგავსმა პრობლემამ თქვენს კლასშიც იჩინა თავი, შეადგინეთ, ე.წ. მასწავლებელთა რუკა, რომელზეც მათ ფოტოებსა და სახელებს მიაწერთ. შეგიძლიათ პატარებს მასწავლებელთა პორტრეტები თავადვე დაახატვინოთ. მსგავსი „მოკარნახეების“ დახმარებით, მასწავლებლები ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე შეახსენებენ თავს ახალბედა მოსწავლეებს.
თუ რომელიმე ბავშვს თანაკლასელთა სახელებიც ავიწყდება, რა გასაკვირია, რომ მას კლასთან ინტეგრაციის პრობლემა შეექმნება?! მსგავსი პრობლემის თავიდან ასაცილებლად სოციალური თამაშები დაგეხმარებათ. წარმოგიდგენთ ერთ–ერთ მათგანს, რომელსაც ყოველ წელს ვიყენებ პირველკლასელებთან:
,,მე მქვია – მე მიყვარს“
მასწავლებელს ამბობს: – მე მქვია (ნინო), მე მიყვარს (კითხვა) და გაითამაშებს კითხვის პროცესს. შემდეგ მთელი კლასი იმეორებს: ,,მას ჰქვია ნინო, მას უყვარს კითხვა“. მასწავლებელი მიუთითებს ერთ-ერთი მოსწავლეზე და ახლა მან უნდა წარუდგინოს თავი საზოგადოებას. ასე გრძელდება ბოლო მოსწავლის ჩათვლით. შემდეგ შეგიძლიათ მოსწავლეების მეხსიერებაც გამოსცადოთ – რომელი ბავშვისკენაც ხელს გაიშვერთ, კლასმა მისი სახელი და საყვარელი საქმიანობა უნდა გაიხსენოს. როგორც ხედავთ, ,,გაცნობანას“ თამაში სასარგებლოსთან ერთად საკმაოდ სახალისოცაა.
ფსიქოლოგთა აზრით, დაცინვის მოყვარულთა განიარაღების ყველაზე ეფექტური საშუალება გულგრილობაა. სჯობს ათვალწუნებულ მოსწავლეს, პირველ რიგში, ამ იარაღის გამოყენება ვასწავლოთ. თუ ბავშვს გრძელი ცხვირის, ზედმეტი წონის, ჭორფლების ან წითური თმის გამო დასცინიან, მოსწავლემ ყველას უნდა დააჯეროს, რომ ეს ამბავი სულაც არ აღელვებს. სასურველია, მასწავლებელმა დაცინვის ობიექტის მსგავსი გარეგნობის მქონე საინტერესო ადამიანები წარუდგინოს კლასს ან თავად ბავშვებს მოაძიებინოს რომელიმე მულტფილმის, კომიქსის ან წიგნის გმირი, რომელსაც ყველაზე მეტად გვანან. თუმცა დაცინვის განეიტრალების ყველაზე ეფექტურ საშუალებად მაინც იუმორი რჩება.
იუმორის გრძნობა ის მნიშვნელოვანი უნარია, რომელიც არა მარტო მასწავლებლებმა, მშობლებმაც პატარა ასაკიდანვე უნდა განუვითარონ შვილებს. კინოჩვენება დაგეგმეთ? შეარჩიეთ კარგი კომედიური ფილმი. შეგიძლიათ ხანდახან ანეკდოტები მოუყვეთ ან ხუმრობები ერთად მოიფიქროთ, იუმორისტული მოთხრობები გაითამაშოთ. თუ გსურთ, მოსწავლეებს საკუთარ გარეგნობაზე წარმოდგენა შეაცვლევინოთ და გარკვეულ კომპლექსებიც გაუქარწყლოთ, საკუთარი თავის კარიკატურის დახატვა სთხოვეთ. მსგავსი სახალისო დავალებების დახმარებით „ფიზიკური ნაკლი“ ნელ–ნელა გარდაიქმნება განმასხვავებელ ნიშნად, დაცინვა კი – ჯანსაღ ხუმრობად.
მთავარი მაინც ისაა, რომ მოზარდებს საკუთარი თავის შეცნობა, მისი ობიექტურად შეფასება და განსხვავებულობისადმი პატივისცემა ვასწავლოთ. ამ უნარებით შეიარაღებული პიროვნება კი ნებისმიერ ინდივიდთან მოახერხებს ჯანსაღი ურთიერთობის დამყარებას, საზოგადოებრივი აქტივობების წარმართვის პროცესში კი გუნდის ძლიერ რგოლად მოგვევლინება.
მუსიკალური სმენა: სახეობები
სიმღერა ყველას შეუძლია. ის სასიამოვნოა და სასარგებლო ჯანმრთელობისთვის.
თუ სიმღერა სიამოვნებაა, ყველას რატომ არ უყვარს მუსიკის გაკვეთილები? რატომ უჭირთ ბავშვებს „ნოტში მოხვედრა“, ტემპისა და რიტმის შენარჩუნება, თუნდაც უბრალო ბგერის გამოცემა? პასუხის გასაცემად, ალბათ, ჯერ მუსიკალური სმენის რაობა უნდა გავარკვიოთ და მის ნაირსახეობებს გადავავლოთ თვალი.
სმენა ხმოვანი სამყაროს აღქმის უნარია. ის სხვადასხვაგვარია. ფიზიკური სმენა საშუალებას გვაძლევს, აღვიქვათ ჩვენ გარშემო არსებული ხმები: ტალღების ხმაური, ფოთლების შრიალი, ფუტკრების ბზუილი… აქ ადამიანს ბევრი მოცილე ჰყავს – ცხოველთა თითქმის მთელი სამყარო. ცხოველებს გაცილებით მახვილი სმენა აქვთ, ვიდრე ჩვენ და ამაში, ალბათ, არაერთხელ დავრწმუნებულვართ. მაგალითად, ძაღლი მანამდე ცქვეტს ყურებს და იწყებს ყეფას, სანამ ჩვენ უცხო ნაბიჯების ხმას გავიგონებდეთ, კატა კი ფრთხილად მიიპარება კედლისკენ, რომლის უკან თაგვი ეგულება, თუმცა ჩვენ მისი უხმო ფხაკუნი არც კი გვესმის.
მაგრამ არსებობს სხვა სმენაც – მუსიკალური, რომელიც ადამიანის უნიკალური თვისებაა. მუსიკალური სმენა მუსიკალური აზროვნების საფუძველია.
მაინც რა არის მუსიკალური სმენა?
მუსიკალური სმენა ბგერის სიმაღლის აღქმის ანუ ბგერებს შორის კავშირის ამოცნობის, წარმოდგენის, დამახსოვრებისა და გამეორების უნარია, მათი შეხამების არსში წვდომა და მხატვრული მნიშვნელობის გააზრება. მუსიკალური სმენა იმ აუცილებელი უნარების ერთობლიობაა, რომელთა საშუალებითაც სრულფასოვნად აღვიქვამთ და ადეკვატურად ვაფასებთ მუსიკის ღირსებებსა და ნაკლოვანებებს. სწორედ ასეთი სმენაა აუცილებელი ყოველი მუსიკოსისთვის, კომპოზიტორისთვის, ხმის რეჟისორისთვის, მუსიკისმცოდნისთვის.
ბგერათა სიმაღლის აღქმის ხასიათის მიხედვით მუსიკალური სმენა ორი სახისაა: შეფარდებითი (სავალდებულო) და აბსოლუტური (არასავალდებულო).
შეფარდებითი (სავალდებულო) სმენა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: მელოდიური, რიტმული, ანალიტიკური, შინაგანი, ჰარმონიული, კილოური, ინტონაციური, ტემბრული, პოლიფონიური. ყოველი ეს კომპონენტი მუსიკოსს ნაყოფიერ შემოქმედებით მუშაობაში ეხმარება. მათგან სმენის განსავითარებლად უმნიშვნელოვანესია მელოდიური, ჰარმონიული და პოლიფონიური კომპონენტები.
არასავალდებულოს კი მიეკუთვნება აბსოლუტური და ფერადი (სინესთეზიური) სმენა. სმენის ეს „მხედველობითი“ ნაირსახეობა ფერადი ასოციაციებითაა განპირობებული ანუ კონკრეტულ ფერთან დაკავშირებული ბგერითი აღქმის უნარია. ეს ასოციაციები სუბიექტური ხასიათისაა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა მუსიკოსისთვის ერთი და იგივე ტონალობა სხვადასხვა ფერთან ასოცირდება. მაგრამ, როგორც ჩანს, საერთო კანონზომიერებები მაინც არსებობს. მაგალითად, შემთხვევითი არ არის, რომ სევდიანი ნაწარმოებები უმეტესად სი მინორში იწერება, ხოლო ხალისიანი, მხიარული – რე მაჟორში.
აბსოლუტური სმენა ადამიანის ბგერითი მეხსიერების განსაკუთრებული ფენომენია. აბსოლუტური სმენა ბგერის აბსოლუტური სიმაღლის განსაზღვრის უნარია ეტალონურ (საწყის) ბგერასთან შედარების გარეშე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს არის ნებისმიერი საკრავის ან ადამიანის ხმის ჟღერადობის ზუსტი სიმაღლის განსაზღვრის ნიჭი, როცა დაუფიქრებლად, ყოველგვარი ინტერვალური გადათვლის გარეშე, ზუსტად შეგვიძლია აჟღერებული ნოტის დასახელება.
აბსოლუტური სმენა თანდაყოლილი ნიჭია. მისი ხელოვნური განვითარება შესაძლებელია, მაგრამ ეს იქნება აბსოლუტური სმენა შეფარდებით. სტატისტიკის მიხედვით, აბსოლუტური სმენა 10.000-დან ერთ ადამიანს აქვს. უდიდეს მუსიკოსთა შორისაც კი ცოტაა ასეთი სმენის მქონე. თუმცა მუსიკოსისთვის შეფარდებითი სმენა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე აბსოლუტური.
აბსოლუტური სმენის დახასიათების შემდეგ შეფარდებითი სმენა მასზე ნაკლებმნიშვნელოვნად ნუ მოგვეჩვენება. შეფარდებითი (ინტერვალური) სმენა არის უნარი, განვსაზღვროთ ბგერათა სიმაღლეების თანაფარდობა ინტერვალებში, მელოდიასა და აკორდებში საწყის (ეტალონურ) ბგერასთან შედარებით. შეფარდებით სმენაში მთავარი ბგერებს შორის თანაფარდობაა. ბგერების მოსმენას ვსწავლობთ რაიმე ორიენტირთან შეფარდებით, სადაც მთავარი ბგერებს შორის მანძილის სწორად განსაზღვრაა. სწორედ ეს გახლავთ მუსიკალური სმენის საფუძველი. კარგად ორგანიზებული მეცადინეობის შედეგად შეფარდებითი სმენა ისე კარგად ვითარდება, რომ თითქმის უთანაბრდება აბსოლუტურს.
ახლა შეფარდებითი ანუ სავალდებულო სმენის უმთავრეს კომპონენტებს შევეხოთ.
მელოდიური სმენა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მუსიკალური უნარია. ეს არის მელოდიის აღქმის (ბგერის სიმაღლე, მოძრაობის მიმართულება, რიტმული ორგანიზაცია) დამახსოვრებისა და გამეორების უნარი, ანუ ის მელოდიის გამომსახველობითი შინაარსის ათვისების, განცდის, გამოცნობისა და გამეორების უნარით მჟღავნდება.
მელოდიური სმენის საფუძველი კილოს შეგრძნება და მუსიკალური სმენითი წარმოდგენაა. სწავლების პროცესში მელოდიური სმენა განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე ადის, სადაც ის უკვე ნოტების ჩაწერის უნარით გამოიხატება.
ჰარმონიული სმენა მჟღავნდება, უპირველეს ყოვლისა, მრავალხმიანობის აღქმის უნარით. ჰარმონიული სმენა ჰარმონიული თანახმიანობის (ბგერების აკორდული შეხამებისა და მათი თანმიმდევრობების) მოსმენისა და არპეჯირებული (დაშლილი) სახით გამეორების უნარია ხმით ან მუსიკალურ საკრავზე. პრაქტიკაში ეს გამოიხატება მოცემული მელოდიისთვის აკომპანემენტის სმენით შერჩევით ან მრავალხმიან გუნდში სიმღერით.
ჰარმონიული სმენის საფუძველი, მელოდიური სმენის მსგავსად, კილოს შეგრძნება და მუსიკალური სმენითი წარმოდგენაა. ჰარმონიული სმენის განვითარება დაკავშირებულია უშუალოდ ბგერის სიმაღლის სმენითი ამოცანების ანალიზთან და წარმოადგენს მუსიკალური სმენის განვითარების მაღალ საფეხურს.
პოლიფონიური სმენა მუსიკალური ნაწარმოების საერთო ბგერით ქსოვილში ორი ან მეტი ცალკეული ხმის ერთდროული მოძრაობის მოსმენის უნარია. უფრო გასაგებად რომ ითქვას, ეს არის ერთმანეთთან შეხამებული რამდენიმე ერთდროულად განვითარებული მელოდიური ხაზის დანაწევრებულად აღქმისა და გამეორების ნიჭი. პოლიფონიური სმენა მუსიკალური აღზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რთული მიმართულებაა.
სოლფეჯიოში მეცადინეობა, უპირველეს ყოვლისა, მიზნად უნდა ისახავდეს მელოდიური, ჰარმონიული და პოლიფონიური სმენის განვითარებას.
სმენისა და სმენითი მეხსიერების განვითარება ორი გზით უნდა მიმდინარეობდეს:
- მოსწავლის მაქსიმალური დატვირთვა მელოდიური სმენითი შთაბეჭდილებებით (დამახსოვრება, გარჩევა, ფურცლიდან კითხვა, ტრანსპონირება და სხვა);
- დაგროვილი შთაბეჭდილებების ელემენტარული გააზრება (მელოდიის სტრუქტურისა და მიმართულების ანალიზი, ტონიკის მოძებნა და სხვა).
ეს ორი გზა ერთმანეთს უნდა ავსებდეს.
ჰარმონიული და პოლიფონიური სმენა მელოდიურ სმენაზე გაცილებით მაღალი საფეხურია და მისი განვითარება მოსწავლეთა მუსიკალურ–სმენითი ევოლუციის მომდევნო ეტაპს წარმოადგენს.
უნდა გვახსოვდეს, რომ სმენა, სხვა უნარების მსგავსად, სისტემატური მუშაობის პროცესში ვითარდება.
წიგნები ზარმაცებისთვის
მხატვრული ლიტერატურის ავტორიტეტი დღეს მოზარდებში, თითქოს ეჭვის ქვეშ დადგა. თქვენ რას და როგორ უპასუხებთ შვილს, ბავშვს, რომელიც გკითხავთ – რატომ უნდა წავიკითხო წიგნები? – და თავისუფალ დროს სრულად დაუთმობს კომპიუტერს – ონლაინთამაშს ან ონლაინინფორმაციის მოძიებას. „თუ წიგნებს წაიკითხავ, აუცილებლად წარმატებული იქნები“, – პასუხი თითქოს აღარ გაჭრის. რადგან, ჩვენც და პატარებსაც, ძალიან მარტივად შეგვიძლია ვიპოვოთ, შევამჩნიოთ ადამიანები, რომლებსაც სულაც არ წაუკითხავთ ბევრი წიგნი, ან საერთოდ არ წაუკითხავთ მხატვრული ლიტერატურა და კარიერული წარმატების ნაკლებობას სულაც არ უჩივიან. ამ შემთხვევაში შემდეგი არგუმენტები გამოგვადგება:
- მსოფლიო მხატვრული ლიტერატურიდან ვიგებთ ისეთ ინფორმაციას, რასაც იშვიათად თუ გავიგებთ სხვა წყაროდან. ვეცნობით სხვადასხვა კულტურას, ადამიანებს, მათ ხასიათს, ტრადიციებსა და ჩვეულებებს. ვპოულობთ მსგავსებასა და განსხვავებებს, რაც კონკრეტული კულტურის შეცნობაში გვეხმარება;
- წიგნების კითხვა ადამიანს აძლიერებს – როცა ბევრი წაგიკითხავს, იცი, თუ როგორ გადარჩნენ ინჟინერი სმიტი და მისი მეგობრები ლინკოლნის კუნძულზე, როგორ მოიკრიბა ძალა ბილი მილიგანმა, როგორ დაამარცხა ჰარი პოტერმა მსოფლიოს უდიდესი ბოროტება ლორდი ვოლდემორი, როგორ გაანადგურა ფროდომ საურონის ბეჭედი – რწმუნდები, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. მთავარია, იცოდე, როგორ მოიქცეოდა, როგორ გზას აირჩევდა ამოცანის ამოსახსნელად საყვარელი გმირი შენს ადგილზე;
- მხატვრული ლიტერატურა გვაძლევს უდიდეს წარმოსახვას. მხატვრული სამყარო ჩვენთვის უფრო რეალური და საინტერესო ხდება, ვიდრე რეალური. ჩვენს საყვარელ გმირებთან ერთად, რომლებიც ზუსტად ვიცით, როგორები არიან, როგორ გამოიყურებიან, როგორი ქცევა და ჩვეულებები ახასიათებთ, ვსწავლობთ, ვმარცხდებით, ერთად ვზეიმობთ გამარჯვებას;
- მხატვრული ლიტერატურის კითხვა ავარჯიშებს გონებას. უწიგნური ადამიანისათვის, ვისაც გონება მხატვრულად გავარჯიშებული არ აქვს, შესაძლოა, პირველი მარცხი უკანასკნელი აღმოჩნდეს და ეგონოს, რომ სამყარო მის თავზე დაინგრა.
იმისთვის, რომ ადამიანებმა წიგნები იკითხონ, მსოფლიოს გამომცემლობებმა არაერთ ეშმაკურ ხერხს მიმართეს. მაგალითად, შექმნეს ზოგიერთი, სქელტანიანი წიგნის მომცრო, შემოკლებული ვერსია – მარტივად და დაუზარლად წასაკითხი. ქართული გამოცდილებიდან გამომდინარე, გაგახსენდებათ „ვეფხისტყაოსნის“ მხატვრულად გადაკეთებული, გამარტივებული ვერსია, რომელსაც აქტიურად იყენებდა ზოგიერთი აბიტურიენტი.
ერთი თვის წინ ვებგვერდმა www.boredpanda.com გამოქვეყნა ექსტრემალურად მოკლე ვიზუალები მსოფლიოს ყველაზე ცნობილი წიგნების შესახებ. ეს იმისთვის, რომ ზარმაცებს ამ ლიტერატურის მოკლე შინაარსი მაინც სცოდნოდათ.
მაგალითად,
ომი და მშვიდობა – ყველა დამწუხრებულია. თოვს.
დონ კიხოტი: კაცი თავს ესხმის ქარის წისქვილებს. ცოტა უბერავს.
აღმოხდების მზე – დაკარგული თაობა თვრება. ისინი კვლავ დაკარგულები არიან.
ულისე – დუბლინი, რაღაცა, რაღაცა, წინადადებაზე გადახტომა.
დანაშაული და სასჯელი – მკვლელი თავს ცუდად გრძნობს. აღიარებს დანაშაულს. მიდის ციხეში. თავს უკეთ გრძნობს.
ახალს არაფერს ვიტყვი გამეორებით, რომ კითხვა სასარგებლოა ზემოთ ხსენებული არაერთი მიზეზის გამო. ერთი მხრივ, ზარმაცი ადამიანებისაც მშურს, რომლებსაც წიგნების წაკითხვის სიამოვნება წინ აქვთ და მთელი ეს ისტორიები, დადებითი და უარყოფითი პერსონაჟები ახლა უნდა გაიცნონ.
თან დავურთოთ ბმული: https://www.boredpanda.com/abridged-classics-books-shortened-comics-wrong-hands-john-atkinson/?utm_source=facebook













