ხუთშაბათი, ივნისი 19, 2025
19 ივნისი, ხუთშაბათი, 2025

მანანა მელიქიშვილი – „მოსწავლემ საკუთარი ასაკისა და შესაძლებლობის ადეკვატური მასალა უნდა ისწავლოს“

0
დაბადებისთანავე რაღაცას ვსწავლობთ: ჭამას, ძილს, ღიმილს, მშობლების სიყვარულს. გადის დრო და სწორედ ეს მშობლები, მასწავლებლები, ჩვენზე უფროსები და უფრო გამოცდილები, გვასწავლიან ყველაფერს, რაც ცხოვრების განმავლობაში გამოგვადგება ან, პირიქით, არასდროს გაგვახსენდება. სწორედ ამიტომ ვსვამთ კითხვას: რამდენად ადეკვატურია ჩვენ მიერ ბავშვობაში მიღებული ცოდნა, რამდენად სწორად მოგვაწოდეს ის ინფორმაცია, რომელიც მეხსიერებაში დაგვრჩა, რამდენად უფლებამოსილი არიან მასწავლებელი ან მშობელი, მოგვთხოვონ იმის სწავლა, რაც ან ჩვენს ასაკს არ შეეფერება, ან, უბრალოდ, ვერ ვიგებთ? ამ და სხვა კითხვებზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი მანანა მელიქიშვილი გვიპასუხებს.
– ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში რამდენიმე ვიდეო გავრცელდა, სადაც ბავშვები მათი ასაკისთვის შეუფერებელი შინაარსის მქონე ლექსებს ზედმეტად მანერულად კითხულობენ. აუცილებელია, ბავშვებმა დიდი და სერიოზული შინაარსის ლექსები იცოდნენ? თუ უფრო მშობლის სურვილის დაკმაყოფილებასთან გვაქვს საქმე?
– ბავშვის განვითარებისთვის საჭიროა, მას იმაზე ოდნავ რთული ინფორმაცია მივაწოდოთ, ვიდრე დამოუკიდებლად, ბუნებრივი განვითარების პირობებში აითვისებს, მაგრამ სირთულეც და ინფორმაციის ხასიათიც ადეკვატური უნდა იყოს და მისი განვითარების უახლოეს ზონაში მოექცეს. მშობელი და მასწავლებელი უნდა ჩაერიონ იქ, სადაც ბავშვს დახმარება სჭირდება ანუ თავად ვეღარ ახერხებს ინფორმაციის მოპოვებასა და ათვისებას. თუ ბავშვს განვითარების უახლოესი ზონის მიღმა არსებულ ინფორმაციას მივაწვდით, რაც უნდა ვეცადოთ, მაინც ვერ აითვისებს. ამრიგად, უდავოა, რომ უნდა ვასწავლოთ შედარებით რთული მასალა, მაგრამ არ გავცდეთ კონკრეტულ საზღვარს. წინააღმდეგ შემთხვევაში მის განვითარებაში პროგრესს ვერ მივიღებთ.
– რა პროცესები მიმდინარეობს ბავშვის ფსიქიკაში, როდესაც მისგან ზედმეტს მოვითხოვთ და ვაწვდით განვითარების უახლოესი ზონის მიღმა არსებულ ინფორმაციას? მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც ვაძალებთ იმის გაკეთებას, რაც მის ძალებს აღემატება?
– ასეთ დროს ბავშვს არასრულფასოვნების კომპლექსი უყალიბდება და კარგავს თავდაჯერებას. შემიძლია მაგალითიც მოვიყვანო: ბიჭუნა შეიყვანეს ცეკვაზე. ვინაიდან ცეკვის წრე სასწავლო წლის დასაწყისში დაკომპლექტდა, სხვა ბავშვებმა მეტი იციან, ვიდრე ახალბედამ. ბავშვი ამის ნამდვილ მიზეზს ვერ აცნობიერებს და ჰგონია, რომ, უბრალოდ, სხვები მასზე უკეთესები არიან. იჯერებს, რომ ცეკვას ვერ ისწავლის და წრეზე სიარულზეც უარს აცხადებს. ამრიგად, თავდაჯერება ძლიერი მოტივატორია, რომელიც ინფორმაციის სირთულისა და მისი მიუღებლობის შემთხვევაში იკარგება. ასეთ დროს ბავშვს შესაძლოა გაუჩნდეს პროტესტის გრძნობაც და უარი განაცხადოს სწავლაზე. ურჩევნია, ზარმაცის იმიჯი ჰქონდეს, ვიდრე უცოდინარის.
– არსებობენ ბავშვებიც, რომლებიც მიისწრაფვიან, მეტი გააკეთონ, მეტი ისწავლონ, იყვნენ პირველები, რასაც ნიჭთან ერთად აქტიურობითაც აღწევენ.
– ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ბავშვებს დაახლოებით 7 წლამდე განსაკუთრებით მაღალი თვითშეფასება აქვთ (საზოგადოდ, მაღალი თვითშეფასება არც ისე კარგია, რადგან ასეთ დროს ადამიანს უჩნდება პრეტენზია იმაზე, რაც რეალურად, შესაძლოა, არ ხელეწიფებოდეს, ამას კი საბოლოოდ ერთგვარი იმედგაცრუება მოჰყვება). ეს ის ასაკია, როდესაც ბავშვები ზედმეტად აქტიურები არიან, უნდათ, ყველაფერი მოსინჯონ, იპოვონ ყველაზე საინტერესო და ამ სფეროში დამკვიდრდნენ. ამ დროს მასწავლებლებმა და მშობლებმა აუცილებლად უნდა წაახალისონ (ცხადია, გონივრულ ფარგლებში) და მისცენ გარკვეული მიმართულებაც. უფროსები, მით უფრო – მასწავლებლები, ბავშვის შესაძლებლობას უკეთესად აფასებენ, ამრიგად, სწორედ მათ შეუძლიათ უბიძგონ იმ სფეროსკენაც, სადაც ის ყველაზე მეტ წარმატებას მიაღწევს. აუცილებელი არ არის, ამ დროს მწვერვალებზე ვიფიქროთ, მთავარია, ფრთხილად ვაკონტროლოთ ბავშვის ძიების პროცესი და არჩევანის გაკეთებაშიც დავეხმაროთ.
– როგორია ბავშვის სტრესის ხარისხი, როდესაც სწავლობს ტექსტს, რომლის შინაარსიც არ ესმის?
– ჯერ გავარკვიოთ, რა მიზანი აქვს, საზოგადოდ, ტექსტის დასწავლას: ეს გახლავთ მისი გააზრება და ახალი ინფორმაციის მიღება. თუ ბავშვს ტექსტის შინაარსი ან ცალკეული სიტყვების მნიშვნელობა არ ესმის, ფაქტია, მთავარ მიზანს ვერ ვაღწევთ და ინფორმაციას მხოლოდ მეხსიერების დონეზე ვაწვდით ანუ ვამახსოვრებინებთ განსაზღვრული სიტყვების წყებას. დროთა განმავლობაში ადამიანის მეხსიერება უკანა პლანზე გადაინაცვლებს და დომინანტ ადგილს აზროვნებას უთმობს. ვინაიდან ბავშვს მცირე ასაკში აზროვნების უნარი კარგად არ განუვითარდა, სულ უფრო მეტ სირთულეს აწყდება: ვერ ძლევს პროგრამას და თანატოლებს ჩამორჩება, მით უფრო, რომ მაღალ კლასებში სააზროვნო მასალა უფრო მეტია. ამრიგად, დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ვეცადოთ, მასალის ათვისება არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ მეხსიერებაზე და აზროვნებას მეტი ადგილი დავუთმოთ. თუ ბავშვი ვერ გაიაზრებს, არ ესმის ტექსტი, მისდამი ინტერესს კარგავს და სწავლასაც ანებებს თავს, რადგან სწავლის პროცესი ტანჯვად ექცევა. უფროსების შემთხვევაშიც ასეა – ძნელია, დრო და ენერგია დაუთმო იმის სწავლას, რაც არ გესმის.
– როგორია იმ მასწავლებლის პასუხისმგებლობის ხარისხი, რომელიც მშობლებთან თავის მოსაწონებლად ცდილობს, ბავშვს მეტი ასწავლოს?
– მასწავლებელმა საუკეთესოდ იცის, რა შეუძლია ამა თუ იმ მოსწავლეს. მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ბავშვის განვითარების ხარისხი, შესაძლებლობები და ხელი შეუწყოს მის ადეკვატურ განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ეკისრება პასუხისმგებლობა შედეგზე, რომელსაც საბოლოოდ მიიღებს.
– ბავშვის მდგომარეობა ალბათ მაშინ უფრო რთულდება, როდესაც ძალით ნასწავლი ტექსტის თქმას აუდიტორიის წინაშე აიძულებენ. 
– ცხადია, ბავშვი არ უნდა დავავალდებულოთ, მისი ყოველი ქმედება სიამოვნებასა და ხალისთან უნდა იყოს დაკავშირებული. სწორედ ასეთია ბავშვის განწყობა, როდესაც ამბობს მისი ასაკისთვის შესაფერის, ემოციურად ადეკვატურ ლექსს. თუმცა არსებობს სასკოლო სიტუაცია, როდესაც მას აქვს განსაზღვრული ვალდებულება – ისწავლოს გაკვეთილი და მასწავლებლის კითხვებსაც გასცეს პასუხი. არსებობენ ზედმეტად მორიდებული ბავშვებიც, რომლებსაც ვერაფრით აიძულებ ნასწავლის სხვების თანდასწრებით მოყოლას. ასეთ დროს მასწავლებელმა ინდივიდუალურად უნდა იმუშაოს, ბავშვისადმი მიდგომის განსაკუთრებული მეთოდი გამოიმუშაოს და ნელ-ნელა, აგრესიული ძალდატანების გარეშე აუდიტორიის წინაშე გამოსვლასაც მიაჩვიოს. იმავდროულად, უნდა მოერიდოს სხვა ბავშვებთან მის შედარებასაც, არ უნდა აგრძნობინოს, რომ რაკი სხვას ლექსის ხმამაღლა თქმისა არ ერიდება, მასზე აღმატებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ადამიანს განვითარების ინდივიდუალური ხაზი აქვს.
– ზოგჯერ ბავშვს მაინც უჭირს ტექსტის დამახსოვრება. არსებობს მეთოდი, რათა სწავლა უფრო იოლი და უმტკივნეულო გახდეს? 
– უპირველესად, არამც და არამც არ უნდა დავაძალოთ. ნებისმიერი რამის შესწავლა ურთიერთშეთანხმებით უნდა მოხდეს. შეგვიძლია ჩავრთოთ თამაშიც. ნებისმიერ შემთხვევაში სწავლა სიამოვნების მიმნიჭებელი საქმიანობაც უნდა იყოს და არა მხოლოდ მოსახდელი ვალდებულება. ბავშვებს ნატურალური მეხსიერება და შესაბამისი ნებისყოფა ძალიან კარგად აქვთ განვითარებული, ამრიგად, ტექსტის დამახსოვრება კარგად შეუძლიათ, მასწავლებელმა და მშობელმა კი ეს თვისება სწორად უნდა გამოიყენონ და შედეგსაც აუცილებლად მიიღებენ.
ესაუბრა ია ვეკუა 

ბებოების ჰერბარიუმი

0
„ო, ჩემს ხსოვნაში დალურსმულო ბებოების ჰერბარიუმო!”
ბ. ხარანაული
დღეს ჩემს გოგოს ინტერნეტით გამოწერილი ჩანთა ჩამოუვიდა, ჭრელი, ჭრელი ძაფებით ამოქარგული, შუაში სამი ცალი ძალიან საყვარელი ბუ ახატია. იმდენი ვატრიალე ხელში, შენც შეგიძლია დაიჭირო ხოლმეო, დიდსულოვნად მანუგეშა. მე რომ პატარა გოგო ვიყავი, სად იყო ასეთი ჭრელი ჩანთები. ვერ მოვასწარი, მანამ გავიზარდე, სანამ ინტერნეტით ჩანთების გამოწერა იქნებოდა შესაძლებელი. ახლა აღარ მომიხდება.

რაც ჩემს ბავშვობას აფერადებდა (და არა მხოლოდ ჩემსას) ბებიას დაქსოვილი წინდები იყო, დაშიბულები, როგორც მთიულეთში ეძახდნენ. ისხდნენ შავოსანი ბებოები სადღაც შორს, ისეთ სოფლებში, სადაც საბჭოთა ავტობუსი ძალიან დიდხანს უნდებოდა აჯაყჯაყებას და ქალაქელი შვილიშვილებისთვის გასაგზავნ წინდებს ქსოვდნენ. თუკი რამეზე მწყდება გული, იმ დროიდან, ბებოებია, თორემ დანარჩენი, როგორც რეზო ინანიშვილის ერთი, ახალგაზრდობაში ლამაზი და და ამ სილამაზის დაუნახაობით გაუხარელი ძველი ქართველი ქალი იტყოდა: „გაქრეს ძველი დრო, გაქრა კიდეც, გაქრეს იმის მაქებარიც, ერთ ისეთ კოცნად არ ღირდა, ეხლა კინოში რომ ჰკოცნიან ქალი და კაცი ერთმანეთს!”

მართლაც გაქრენ და აღარ არიან, მათ თავიანთი ისტორია ჰქონდათ, თავიანთ კერებზე სხვა ძაფებით იყვნენ მიბმულნი. დრო რომ გამოიცვალა, ბებოებიც გამოიცვალნენ, ახლა სხვა ამბები ხდება. სოფლები თითქმის დაცლილია, ბებოებიც აქ არიან – სკოლებსა და ათას წრეებზე ატარებენ შვილიშვილებს, ან თვითონაც სამსახურებში გაბმულები შაბათ-კვირას ძლივს ახერხებენ მათ ნახვას, ან მიგრანტები არიან და სკაიპით ადევნებენ თვალ-ყურს შვილიშვილების გაზრდას, ან პირიქით, მშობლები არიან საზღვარგარეთ და ბებიებს დედობა უწევთ. მოკლედ სხვა ამბებია, სხვანაირი სიყვარულებით, სხვანაირი ტკივილითა და სიხარულით.

იმ ძველი ყაიდის ბებიებზე ჩვენ თუღა მოვუყვებით, ჩვენ და კიდევ ლიტერატურა. კინოც შეიძლება, მაგრამ ფერადჩანთიანი გოგონები აღარ უყურებენ საბჭოთა შავ-თეთრ ფილმებს. თუმცა იქნებ უყურებენ კიდევაც, მაგრამ ჩემ ირგვლივ რომ გავიკითხე, „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი” არავის ჰქონდა ნანახი, მაშინ როცა, თვითონ ნაწარმოები ბევრს წაუკითხავს.

სესილია თაყაიშვილიც – ქართველი ბებიას კინემატოგრაფიული სახე-სიმბოლო, თუ იციან, „ნატვრის ხით” იციან. ფირი აღადგინეს, მათ სტანდარტებს მიუახლოვეს, თავიდან გავიდა კინოთეატრებში და ალბათ იმიტომ.
საბჭოთა პერიოდში შექმნილი მხატვრული სახეებიდან ოლღა ბებია მაინც უპირველესია. 1960 წელს დაწერილი ეს რომანი დღესაც ქართველი ახალგაზრდობის ერთ-ერთი მთავარი და აუცილებელი საკითხავია. დაფიქრდება მშობელი ან მასწავლებელი, რა შეიძლება ურჩიოს ბავშვს ისეთი, რომ ჩაითრიოს, კითხვის გემო გააგებინოს, თან მხატვრული ღირებულებაც ჰქონდეს. დიდი ძიება არც სჭირდება: „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”.

მძაფრი დრამა ოჯახისა, რომელშიც მხოლოდ ბებია, შვილიშვილი და თითქმის ამ ოჯახის წევრებად ქცეული მეზობლებიღა არიან დარჩენილი, თანაც საყოველთაო გაჭირვების, დიდი სამამულო ომის ფონზე, იმდენადაა გახვეული იუმორის თბილ საფარველში, რომ ყველასთვის საყვარელი საკითხავი ხდება. იცინი, იცინი, შეიძლება სიცილისგან ცრემლებიც კი გადგება თვალებზე და ვერც ამჩნევ, როგორ ივსები ადამიანური სევდით.

ოლღა ბებიას უჭირს – მის მოხუც მხრებზე შვილიშვილის მარტო გაზრდის კი არა, აღზრდის ტვირთიცაა. უჭირს და ნერვიულობს, იწყევლება კიდეც. თუმცა ის, თითქოს ბიბლიური დედაბერია, რომელსაც შეუძლია უკანასკნელი გაიღოს და თანაც ეს, ჩუმად, ბუხრის ცეცხლის შუქზე გააკეთოს, მაშინ როცა ჰგონია, რომ ზურიკელას სძინავს.

ჩემთვის პაპაჩემის დაღვრილი სისხლივით მნიშვნელოვანია ოლღა ბებიას მოქსოვილი წინდები, ბებიების გმირობა ასეთია, ჩუმი, თითქოს საკუთარ კერაზე მიკარგული, ამიტომ უფრო სევდიანი, მაგრამ ქვეყნის, ადამიანის, შვილიშვილების გადარჩენაში ისევე მნიშვნელოვანი, როგორც ჯარისკაცისგან თავის გაწირვა.

ზურიკელა სოფელში დაბრუნდა, მაგრამ ომის დროს გაზრდილი თაობის დიდი ნაწილი ქალაქისკენ დაიძრა. დარჩნენ ომგამოვლილი ბებოები თავიანთ კერებზე. შეიცვალა თაობა და ბებია-შვილიშვილების ურთიერთობაც. ომის, სიკვდილის პირისპირ მათ შეძლეს შვილების და შვილიშვილების სიცოცხლის გადარჩენა. არც მედლები მიუღიათ ამისთვის, არც გმირის სახელი, მაგრამ ეს შიმშილში გაზრდილი თაობა ქალაქისკენ დაიძრა. დარჩნენ შაბათ-კვირას გზისკენ მაცქერლები. ყოველ შემთხვევაში, ჩემს სოფელში ასე იყო. სამ-ოთხ ოჯახში თუ იზრდებოდნენ ბავშვები, დანარჩენები ქალაქიდან ვსტუმრობდით ხოლმე ბებიებს, ომიდან დაბრუნებული პაპა მხოლოდ ერთი იყო.

„ჩემო დათუნა და მზია, ბებო გენაცვალოთ თქვენ! სადა ხართ შვილებო, რატომ არ ჩამოდიხართ, ასე რად დამანატრულეთ თქვენი თავი?!” – რეზო ინანიშვილის „მარტოობის” ეს თხოვნა-სამდურავი ყოველთვის დანაშაულის გრძნობას მიჩენს. მართალია, ჩვენ – მე და ჩემი და – ორღობეში მცხოვრები სხვა ბებიების შვილიშვილებიც თითქმის ყოველ შაბათ-კვირას და ყველა არდადეგებზე იქ ვიყავით, მაინც მგონია, ჩვენა ვართ ეს „დათუნა და მზია”, ჩვენ არ ჩავდივართ ბებიასთან, ჩვენს მოლოდინში ამაოდ ელევათ მათ გულები. მართალია, არც სოფლიდან წამოსვლის გადაწყვეტილება მიგვიღია, არც არაფერი გვერჩივნა ქალაქური და მშობლების მიერ დაწესებული წესრიგისგან თავის დაღწევასა და ბებიას გაცილებით თბილსა და თავისუფალ სივრცეში შეფარებას, მაგრამ იმაში დამნაშავედ თავს მაინც ვგრძნობ, რომ ის ჩვენს მონატრებას ზამთრის სიცივეში ძროხებთან ლაპარაკით იკლავდა.

თუმცა ავიდოდით და ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდებოდა. ისინი გვიყვებოდნენ თავიანთი გათხოვების ისტორიების შესახებ, როგორ იქსოვდნენ სამზითვოდ ფარდაგებს, გვაშინებდნენ ჭინკებით და ავსულებით, გვილოცავდნენ შეშინებულებს და ათასმეერთედ გვიბარებდნენ, რომ კუბოში ჯვრისწერის კაბა უნდა ჩაგვეტანებინა, თორემ დაბერებულებს პატარა ბიჭებად დარჩენილი მათი ქმრები საიქიოში ვერ იცნობდნენ.

„კიდევ ბევრ სამკვდრო ტანისამოსს გასცვეთს ეს ბებო,
კიდევ ბევრჯერ ახდის სკივრის თავს,
კიდევ ბევრჯერ გაამზეურებს
კაბასა და ლეჩაქ-ჩიხტიკოპს.
ბავშვებსაც ბევრჯერ დააცხრება თავზე ქორივით _
„უყურე ამ არგასაზრდელებს,
სათამაშოდ გაუხდიათ ჩემი სამკვდრო ტანსაცმელიო!”
ჩააბრუნებს მოფრთხილებით… სკივრის ძირიდან
თვალსევდიანი, მომლოდინე ქმრის სურათი შემოანათებს”.

ბ. ხარანაული „მიკარნახე ანგელინა”

ამგვარი სკივრების ქექვა, რაღა თქმა უნდა, ჩვენც ძალიან გვიყვარდა. ოღონდ არ მახსენდება, რომ გამოვეჭირეთ. ალბათ ფრთხილად ვიქცეოდით. ყველაზე ხშირად ერთი ბებოსთვის გამოგზავნილ სამკუთხა წერილებს ვათვალიერებდით.

ამ ბებოს ისტორიაც ისეთივე იყო, როგორიც ძალიან ბევრის – ახალგათხოვილი და ფეხმძიმე იყო, ომი რომ დაიწყო. გააჩინა და გაზარდა ბიჭი, რომელიც სხვებივით ქალაქში დამკვიდრდა. ვაჟიშვილი და რძალი მუშაობდნენ, ამიტომ 8-9 წლის ასაკამდე ოთხი შვილიშვილიც თვითონ გაზარდა. ერთ-ერთი მათგანი ჩემი მეგობარია. პატარა გოგოებს სასიყვარულო წერილებზე მეტად რა მიგვიზიდავდა. ვიღებდით, ვკითხულობდით და თან ვათვალიერებდით, რადგან ამ სამკუთხა წერილების არშიები საოცარი სურათებითა და ჩუქურთმებით იყო მოხატული. ის ომი თითქოს ახლოს იყო. სკოლაც და მთლიანად საბჭოთა გარემოც სულ იმ გამარჯვებას ამაყობდა. ფილმებსაც უამრავს ვუყურებდით. მაგრამ ახლა ვხვდები, მაინც ვერ წარმომედგინა ჯარისკაცი, რომელიც ცოლისთვის წერილების არშიებს ასე აჩუქურთმებდა. სამაგიეროდ, კარგად ვაცნობიერებდი, რომ ეს წერილები აგერ ჩემი მეგობრის ბებოსთვის იყო.

რაღაცნაირად განსხვავდებოდა ყველასგან, უფრო ლამაზიც იყო, უფრო დახვეწილიც, თითქოს სოფლური ცხოვრება ვერ მორეოდა, გარეგნობაზე ვერ დაემჩნია მძიმე შრომას თავისი კვალი. ხანდახან ვფიქრობდი, ეს წერილები ინახავს-მეთქი მის სიფაქიზეს.

არადა, დღე და ღამე შრომობდა – ბაღი, ბოსტანი, სათიბ-სახნავი, საქონელი. მათ სწორი ეზო ჰქონდათ, მთიან სოფლებში იშვიათია სწორი ეზოები. ხშირად მთელი სოფლის ბავშვები იქ ვთამაშობდით. ის კი იდგა საზაფხულოდ მოწყობილ სამზარეულო-აივანზე გაზქურასთან და კარტოფილის ღვეზელებს გვიკეთებდა. ჩვენ ვთამაშობდით, დავრბოდით, ვიმალებოდით და კლდის პირას ჭვავის ყანაში ბავშვების დაჭერისა არ იყოს, ასე მგონია, ერთ-ერთი ყველაზე სწორი, რაც მინახავს, ესაა ლამაზი ეზო, სავსე ბავშვებით და აივანზე შავოსანი ბებიით, რომელიც ამ ბავშვებისთვის აცხობს და აცხობს.

წერტილი, წერტილი,მძიმე…

0

 ეროვნული გამოცდების წლევანდელი შედეგების ანალიზი წესისამებრ  ჩატარდება, დასკვნა  გაკეთდება და საგამოცდო პროგრამაში შესაბამის ცვლილებებსაც შეიტანენ. ამჯერად  გვაინტერესებს  გამოცდის  ერთ-ერთი კრიტერიუმის შესახებ მსჯელობა.

 პუნქტუაცია!ის მორფოლოგიასა და ორთოგრაფიასთან ერთად ქართულ ენასა და ლიტერატურაში ეროვნული გამოცდის შეფასების მერვე  კრიტერიუმია.

კრიტერიუმი ითვალისწინებს იმის განსაზღვრას, თუ რამდენად შეძლო აბიტურიენტმა სალიტერატურო ენის შესაბამისი ნორმების დაცვა. მიზანი სერიოზულია, რადგან  „სალიტერატურო ენის ნორმები”  სახუმარო საქმე არ არის – ის თანამედროვე ენის კანონია. კანონი კი მისი აღსრულებითაა  ძლიერი.  საგამოცდო ნაშრომი სწორედ ამგვარი აღსრულებაა.

არ ვისაუბრებთ იმის შესახებ,ჩვენი აზრით, რატომ უნდა ფასდებოდეს პუნქტუაცია ცალკე ქულით  ან რატომ არ შეიძლება მორფოლოგია-ორთოგრაფიასთან პუნქტუაციის გაერთიანებით საერთო კრიტერიუმის არსებობა, მაგრამ,ამჯერად ვიმსჯელოთ მხოლოდ  ზოგადად. ენა პუნქტუაციას,როგორც ორთოგრაფიის ჰარმონიულ ნაწილს ისე უყურებს.

სპეციალურად არასდროს მისწავლია,  სასვენ ნიშნებს ვგრძნობ და ისე ვსვამო, ერთმა ადამიანმა მითხრა, დავამატებ, რომ კარგად „სვამს”. ვეთანხმები იმაშიც,რომ სასვენ ნიშანს უნდა გრძნობდეს მწერალი ადამიანი, რომელიც აზრს წინადადებად ფურცელზე აყალიბებს. თუმცა, თავიდან თუ არ ისწავლა, თუნდაც,უნებურად ის არ  შემოესწავლა, რომ შესვენებას „მძიმე” აგრძნობინებს,”კითხვის ნიშანი” კი – შეკითხვას , ვერაფერსაც ვერ  იგრძნობს.

სწორი პუნქტუაციის საჭიროებაზე როცა  ვმსჯელობთ, მისი მნიშვნელობის არგუმენტად ანეკდოტური კლასიკაც  გვახსენდება , თუმცა, იქვე იმასაც აღნიშნავენ,რომ  წერტილ-მძიმისთვის ნიშნის დაკლება საცოდაობააო ან ვინმეს მკაცრად აფასებენ, უწიგნურია, წერტილ-მძიმე არ იცისო. პირადად არც ერთი რადიკალურობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ვთვლი რომ სასვენი ნიშნების დასმის წესების თუ -არა, პუნქტუაციის  საჭიროების ცოდნა მაინც აუცილებელია.

პუნქტუაცია ნებისმიერი ენის განუყოფელი ნაწილია, პატარა მძიმეს „დიდის”  შეცვლა შეუძლია.

პუნქტუაციის დანიშნულებაა დაწერილი ტექსტის გამოყოფა და დაყოფა,  გრაფიკული ორგანიზაცია. პუნქტუაცია  წერილობითი ტექსტის გაფორმების წესების ისტორიულად დამკვიდრებული სისტემაა, ენათმეცნიერების ის დარგია, რომელიც ამ სისტემასა და სასვენი ნიშნების გამოყენების ნორმებს სწავლობს.

დაკვირვების შედეგად დაასკვნეს, რომ ნებისმიერ წერილობით ენაში ორთოგრაფიის შემდეგ სწორედ პუნქტუაციაშია ბევრი შეცდომის  ალბათობა. ამაში იოლად დავარწმუნებთ მოსწავლეს, თუ მივცემთ მხატვრულ ტექსტს სასვენი ნიშნების გარეშე და მოვთხოვთ გაიგოს შინაარსი და შემდეგ დასვას სასვენი ნიშნები ისე, რომ გაგვაგებინოს შინაარსი.

შემიმჩნევია, რომ სოციალურ ქსელში სასვენი ნიშნების დასმა-არდასმა ხშირად კამათის საგანიც გამხდარა: რა საჭიროა სასვენი ნიშნები ან რისი მაჩვენებელია პუნქტუაციის ცოდნა-არცოდნა ?!  უეჭველი პასუხია, რომ ცოდნა-არცოდნა ადამიანის მორალური შეფასების კრიტერიუმი არ არის, ამის მიხედვით ვერ იტყვი, რომ ის ვინც სწორად სვამს სასვენ ნიშნებს, კარგია და ვინც ვერ სვამს, ის ცუდია.

სასვენი ნიშნების დასმის „ხელოვნება” ანბანივით  ერთჯერადად რომ არ ისწავლება,ესეც  ფაქტია. პუნქტუაციის მოთხოვნილება თანდათან ყალიბდება ცოდნად და გრძნობად.   თუ სიტყვების სწორად წერის შესწავლაა შესაძლებელი,თუ ვსწავლობთ და ვასწავლით,  რომ უნდა ვწეროთ  „შეურაცხყოფა” და არა-შეურაწყოფა , მაშინ წერტილ-მძიმე-ტირე-ბრჭყალების სწორად ხმარების წესის ცოდნაც შესაძლებელია და ზედმეტად, უსარგებლოდ არ უნდა ჩაითვალოს.

ჩემი აზრით ,პუნქტუაციის სწავლება პირველივე კლასიდან უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს მეთორმეტე კლასის ჩათვლით,რადგან პრაქტიკაში მეორეკლასელიც შემხვედრია, წინადადებებს კი არა, სიტყვებს რომ არ გამოყოფდა ერთმანეთისგან და -მეთორმეტეკლასელიც, რომელიც სიტყვებს კი გამოყოფდა ინტერვალით, მაგრამ წერტილის დასასმელადაც კი შეხსენება სჭირდებოდა.

დაწყებით საფეხურზე პუნქტუაცია უნდა ისწავლებოდეს პრაქტიკულად და „ მხატვრულად”. თეორიულ სწავლება უშედეგოა. შესაბამისად,  პუნქტუაციის არცოდნა არ უნდა „ისჯებოდეს”,მაგრამ ცოდნა უნდა  „ჯილდოვდებოდეს”.  სწავლების საბაზო საფეხურზე  ინფორმაცია პუნქტუაციაზე იზრდება და სრულდება, ხოლო მოთხოვნა და შეფასება ცოდნის  აუცილებელ კრიტერიუმად უნდა იქცეს.

 რაც შეეხება საშუალო საფეხურს, სწორედ ამ ეტაპზე შეიძლება გადაიქცეს  პუნქტუაცია შეგრძნებად და  რამაც ათქმევინა ჩემს ნაცნობს, არ მისწავლია, ვგრძნობო.

გიყვარდეთ სასვენი ნიშნები და შეაყვარეთ ისინი მოსწავლეებს, მიეცით თავისუფლებაო, წავიკითხე ერთგან.

 რვა წლის სოფო ნერგაძის  თხზულებას” სასვენი ნიშნების თავგადასავალს„ შემოგთავაზებთ, რომელსაც „ფეისბუქში” წავაწყდი.

„რა თქმა უნდავიცით, რომ წინადადება წერტილით მთავრდება. მაგრამ, არა მარტო წერტილით. არა! შეიძლება კითხვის, ან ძახილის ნიშნით დამთავრდეს.ახლა კიდროა, ამბავი დავიწყოთ!!!

ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც, ძახიის, კითხვის ნიშნები ერთად დასეირნობდნენ ზეციდან წერილი ჩამოვარდა და მათ თავზე დაეცათ, იმ წერილში ეწერა: გამარჯობა, მე ასოთა ქვეყნიდან გწერთ, გთხოვთ ჩამოხვიდეთ,პრობლემას მერე აგიხსნით. ბავშვებს გაუკვირდათ რადგან მძიმეს გარდა არცერთი სასვენი ნიშანი იყო. ბავშვები ოდნავ შესამჩნევი მოწყენილი იერით შევიდნენ წერტილის სახლში.დედა წერტილმა ჰკითხათ: რა მოხდა? ბავშვებმა წერილი მისცეს და გაიქცნენ. დედამ ყურადღებით წაიკითხა და მიხვდა რაშიც იყო საქმე!ბავშვები გარეთ რომ გავიდნენ წინ ასოთა ქვეყანა გადაეშალათ !!! უცებ პატარა ჯუჯა გადაუხტათ და უთხრათ : აქ ფანქარს რომელიც ძახილის, კითხვის ნიშნებს წერდა წვერი მოსტყდა, არადა მხოლოდ კითხვის,ძახილის ნიშნები და წერტილი აკლდა. ბავშვები მიხვდნენ რა უნდა გაეკეთებინათ, ძახილის ნიშანმა ბრძანებითი წინადადება მონახა,კითხვის ნიშანმა კითხვითი, წერტილმა თხრობითი. მაგრამ კიდევ ერთი წერტილი აკლდათ, დედა წერტილს დაუძახეს,მანაც მონახა თხრობითი და ერთად და ბედნიერად ცხოვრობდნენ. აი რა მნიშვნელოვანია სასვენი ნიშნები”. ძნელი მისახვედრი არაა, რომ სოფოს  უკვე უყვარს სასვენი ნიშნები და მალე  პუნქტუაციას იგრძნობს კიდეც.

ბევრი სასვენი ნიშანი სუნთქვას უკრავს კაცს, მაგრამ ძალიან ცოტაც გაუგებრობას იწვევს, აზრს ცვლის. დანიშნულებით საგზაო ნიშნებს წააგავს, ჩვენს პაუზას, ემოციას, თხოვნას აჩვენებს და მკითხველი სწორად მიყავს.

 სასვენ ნიშნებს მოფრთხილება სჭირდება,ისინი  წერილობით აზრს მისაწვდომს ხდის.  მოსწავლე, რომელიც დროულად და გასაგებად არ  ისწავლის სასვენი ნიშნების დასმას, მთელი ცხოვრება იფიქრებს, რომ ეს მხოლოდ ფილოლოგების საქმეა .

ნუ შევაშინებთ მოსწავლეებს პუნქტუაციით, არ ავჩქარდეთ და ვაგრძნობინოთ, რომ პუნქტუაცია მოქნილია, არ არის საჭირო იმის დაზეპირება, რომ  ყველა „რომს” წინ მძიმე იწერება. ვასწავლოთ თვითშემოწმება წაიკითხონ საკუთარი ნაწერი და დაასკვნან, ამ ნაწერს სხვაც გაიგებს თუ -არა.

რაც შეიძლება თვალშისაცემი გახადეთ სასვენი ნიშნების სიმბოლოები. როგორ მოახერხებთ ამას: მაისურებზე და  ჭიქებზე მიხატვით,ძახილის ნიშნის დღის დათქმით, ძერწვით, კედლებზე  სტიკერებით,  მნიშვნელობა არ აქვს. ერთხელ მივაგენი მშვენიერ თამაშს, იპოვეთ არასწორად დასმული სასვენი ნიშანი-მეთქი და აღმოჩენით კმაყოფილი დავრჩი. სახალისო სამუშაოა  სასვენი ნიშნების ხასიათების დამოუკიდებლად შექმნაც, ასევე- ხმამაღალი კითხვა და ყურადღების გამახვილება შესაბამის ინტონაციასა თუ პაუზაზე.
 …

რა თქმა უნდა, ვასწავლოთ,  მაგრამ „ნუ გადავყვებით”,  ნუ ვაქცევთ პუნქტუაციას ხელოვნურ დაბრკოლებად და ნუ ვაიძულებთ, რომ სასვენი ნიშნებით ნაწერი „გაამშვენიერონ” ხოლმე, ვასწავლოთ და ვაგრძნობინოთ სასვენი ნიშნის ფუნქცია და პუნქტუაციის დანიშნულება.

რამდენიმე ქვეყანაში პუნქტუაციის დღეც არსებობს. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში 24 მაისს აღნიშნავენ.

მოზარდი სპორტსმენის კვება

0
სპორტსმენისათვის სწორად შერჩეული კვებითი რეჟიმი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც კარგი მწვრთნელი. მით უმეტეს ახალგაზრდა სპორტსმენისათვის, რომელიც კარიერის სტარტზევე უნდა მიეჩვიოს სწორად და ჯანსაღად კვებას და თავიდანვე უნდა ირწმუნოს, რომ ყუათიანი საკვები ხშირად პრობლემების შემქმნელი უფროა, ვიდრე დიდი სიკეთის მომტანი.

არადა, სულ სხვანაირად იყო ჩვენს ბავშვობაში. საბჭოთა ეპოქაში ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან მოყოლებული, ყველას გამუდმებულად გვესმოდა, რომ ბევრი ჭამა აუცილებლად მნიშვნელოვანი იყო და განსაკუთრებით ისეთი “მარგებელი” საკვები ფასობდა, რომელიც დღეს უბრალოდ დაუშვებლად ითვლება. ასევე იყო ერთი მეტად უცნაური მიდგომა, რომელიც საბჭოთა კავშირის დანგრევამდე ცოტა ხნით ადრე ფიზკულტურის მასწავლებლებმა და სხვადასხვა სახეობების მწვრთნელებმა ერთხმად უარყვეს. ეს გახლავთ წყლის მიღების აკრძალვა…

ცნობილი ქართველი მორაგბე, მამუკა გორგოძე შარშან გამოცემულ ავტობიოგრაფიულ წიგნში იხსენებს, რომ მთელი ბავშვობა მწვრთნელები უკრძალავდნენ ვარჯიშის შემდეგ წყლის მიღებას. საფრანგეთში სათამაშოდ ჩასულს კი ძალიან გაუკვირდა, როდესაც მწვრთნელებმა ყველა მორაგბეს წყლიანი ბოთლები ჩამოურიგეს და დაავალეს, რაც შეიძლება ბევრი წყალი დაელიათ. 

ვარჯიშის დროს ორგანიზმიდან დაკარგული წყლის მარაგი აუცილებელ შევსებას საჭიროებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ადვილი შესაძლებელია ორგანიზმის გაუწყლოვანება მოხდეს, რაც შეიძლება საკმაოდ მძიმე შედეგებითაც კი დამთავრდეს. მაგრამ საბჭოთა კავშირი აბა რისი უცნაური ქვეყანა იქნებოდა, მსგავსი ერთი შეხედვით მარტივი ჭეშმარიტებებიც კი ასე ადვილად რომ მიეღო? ამის გამო სპორტსმენ მოზარდთა არაერთი თაობა დაიტანჯა უწყლობითა და უფროსების უგუნურებით.

კვლავ სპორტსმენის ჯანსაღად კვებას რომ დავუბრუნდეთ, პირველ ყოვლისა უნდა გავიხსენოთ ავტომრბოლელების დიეტა, რომელიც გამორჩეულად მკაცრია და როგორც ცნობილი აწგარდაცვილი ბრაზილიელი პილოტი, აირტონ სენა ამბობდა: ”საკვების თვლა ავტომრბოლელის ტრაგედიაა”. რამდენიმე ბანანი, ვაშლი, ფორთოხალი, ერთი ნაჭერი უცხიმო ხორცი, გამომშრალი პური და ნატურალური წვენი – ესაა ცნობილი და ლეგენდად ქცეული ავტომრბოლელების მუდმივი საკვები. ისინი ასევე იშვიათად მიირთმევენ მოხარშულ თევზსა და მსუბუქ ბურღულეულს და ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ მათი კვებითი რაციონის უნდა გვშურდეს. თუმცა თუკი ნაჩვენებ შედეგებსა და ამ შედეგების შესაბამის ფინანსურ ანაზღაურებას გადავხედავთ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მომთმენი ნამდვილად მოგებულია.

ქართველი სპორტსმენებისათვის დიეტის დაცვა ხშირად უფრო რთულია, ვიდრე სხვა რამ შეზღუდვა. ალბათ გახსოვთ არაერთი უცხოელი მწვრთნელის წუწუნნარევი პასაჟები იმასთან დაკავშირებით, რომ მათი ქართველი შეგირდები განსაკუთრებით დღესასწაულების შემდეგ (ძირითადად აღდგომა, შობა-ახალი წელი და სხვა…) საწვრთნელ შეკრებებზე გვარიანად მოსუქებულები ბრუნდებიან და მერე ერთი თავის ტკივილია მათი კვლავ ფორმაში მოყვანა. ფორმადაკარგული სპორტსმენი კი (მოჭადრაკეც კი) დიდ შედეგებზე ვერ იფიქრებს.

თუმცა არიან გამონაკლისებიც. თუკი ძველი თაობის მკითხველები ქართველ ფეხბურთელს, რეზო ჩელებაძეს გაიხსენებენ, ჩვენ აქედან ბრაზილიელი ჩაპუტკუნებული სუპერმეგოლის, აილტონის სახელს შევაშველებთ, რომელიც საკუთარი სხეულის სიმძიმის მიუხედავად მინდორზეც ქარივით დაჰქროდა და გოლებიც აურაცხელი გაიტანა. მაგრამ გამონაკლისები მხოლოდ გამონაკლისებია და სხვა არაფერი.

სწორად კვება და კვებითი რეჟიმის დაცვა მოზარდებისთვის გამორჩეულად მნიშვნელოვანი რამაა. და თუ რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი, როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან და 30 წელს გადააბიჯებენ, თავად უკეთ მიხვდებიან და ნახავენ…  

ტერორიზმის გეოგრაფია

0

თანამედროვე მსოფლიოში ტერორიზმი ერთ-ერთ მთავარი პრობლემაა და მას უდიდესი ყურადღება ეთმობა. ტერორი, როგორც ბრძოლის ერთ-ერთი ხერხი ფართოდ გამოყენებადი გახდა მთელ მსოფლიოში და უდიდეს მასშტაბებს აღწევს.

ტერორიზმი ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ უკანონოდგანხორციელებული

აქტი, მუქარა ან ძალის გამოყენებაა გარკვეული მიზნების მისაღწევად.ტერორიზმის

მიზანია ხალხის ფართო მასებზე ზეგავლენის მოხდენა და ამ გზითწინააღმდეგობის

გამოხატვა სახელმწიფოს ან სახელმწიფოთა პოლიტიკის თუ სხვადასხვა პოლიტიკური

დაჯგუფების მიმართ.

ტერორიზმი საზოგადოებისთვის საშიში ქმედებაა, რომელსაც თან სდევს ადამიანთამსხვერპლი და სხვა სახის მნიშვნელოვანი ზარალი. დღეისათვის მსოფლიოს მრავალი ქვეყანაგმობს ტერორიზმს, განსაკუთრებით კი, განვითარებული ქვეყნები, რომლებმაცტერორიზმთან ბრძოლა ქვეყნის როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთუმნიშვნელოვანეს მიმართულებად აქციეს.

ტერორიზმის ისტორიას ფესვები საუკუნეთა სიღრმეში აქვს გადგმული. ჯერ კიდევ

1604 წლის 4 ოქტომბერს ინგლისელ ჰაი ფოუქსს აფეთქების გზით სურდა მეფე ჯეიმზ

I-ის მოკვლა; `ნაროდნიკების~ ტერორისტულმა ჯგუფმა 1881 წელს მოკლა რუსეთის

იმპერატორი ალექსანდრე II რომანოვი. სწორედ ტერაქტებს შეეწირა აშშ-ის ოთხი

პრეზიდენტი; ინდოეთში განდების ოჯახის სამი ცნობილი წარმომადგენელი, საზოგადო დასახელმწიფო მოღვაწეები ტერორისტების ხელით დაიღუპნენ; 1972 წელსმიუნხენისსაზაფხულო ოლიმპიურ თამაშებზე 11 ებრაელი სპორტსმენის სიცოცხლე შეიწირატერორისტთა დაუნდობელმა მოქმედებამ. 1981 წელს თურქმა ტერორისტმა მუჰამედალი-ადქმა თავდასხმა მოაწყო რომის პაპ იოანე-პავლე II-ზე. არაბმა ტერორისტებმა 1988 წელსშოტლანდიის საჰაერო სივრცეში ამერიკული თვითმფრინავი ააფეთქეს, რამაც 259 კაცისსიცოცხლე შეიწირა. 2002 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო შეძრა ნიუიორკსა და ვაშინგტონშიგანხორციელებულმატერაქტებმა, რომელთაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

თანამედროვე ტერორიზმი ძალადობის მრავალ სახეს იყენებს,

რომელთაგან აღსანიშნავია: აფეთქებების, მკვლელობების, თვითმკვლელობების,

მძევლების აყვანის, სატრანსპორტო საშუალებათა გატაცების, სახელმწიფო დაწესებულებათა,ბანკების, საიუველირო მაღაზიების გაძარცვის და ა. შ. საშუალებით

მსხვერპლის ან ზარალის გამოწვევა, შიშის დანერგვა და ამ გზით საკუთარი მოთხოვნებისდაკმაყოფილება.

teror1

განარჩევენ ტერორიზმის შემდეგ სახეებს: სახელმწიფოს, პოლიტიკურს, რელიგიურს,

საერთაშორისოს და სხვ. სახელმწიფო ტერორიზმს დიქტატორული ხელისუფლებაახორციელებს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ. ამის მაგალითია გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირსა და გერმანიაში მიმდინარე მოვლენები – ხალხის საშინელიწამება,მკვლელობები, გადასახლება და ა.შ. პოლიტიკური ტერორიზმის მაგალითად შეიძლებადავასახელოთ თავდასხმა პოლიტიკურ თუ სახელმწიფო მოღვაწეებზე. რელიგიურიტერორიზმი გულისხმობს დაპირისპირებას რელიგიურ საწყისებზე. გლობალური მასშტაბით,

დღევანდელ გლობალურ სამყაროში განსაკუთრებულ პრობლემებს ქმნის სხვადასხვა

ტერორისტული ორგანიზაციები, რომელთა ქმედება დემოკრატიული საზოგადოების

წინააღმდეგ ბრძოლისკენაა მიმართული.

დღეისათვის ტერორისტულ აქტებს ახორციელებენ ხმელეთზე თუ ჰაერში, უცხოე-

თის წარმომადგენლობებთან თუ საზოგადოების თავშეყრის მნიშვნელოვან ადგილებში.

აქტები სრულდება, როგორც გარკვეული ობიექტების დანაღმვით, ასევე წერილებსა

თუ ამანათებში გარკვეული ფეთქებადი საშუალებების მოთავსებით.

ყველაზე დიდი ტერორისტული აქტები, რომელმაც მსოფლიო შეძრა არის:

1951წლის 19 აპრილი – ტერორისტული აქტი ფედერალურ შენობაზე ოკლაჰომაში;

1993წლის 26 თებერვალი – ტერორისტული აქტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე

1998წლის 7 აგვისტო – ბომბის აფეთქება აშშ-ს საელჩოს შენობებში ნაირობიში,კენიაში,ტანზანიასა და დარ-ეს-სალამში.

2001წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაზე.

2004წლის 1 სექტემბერი – ბესლანის ტერორისტული აქტი.

2015 წლის 7 იანვარი და 11 ნოემბერი – საფრანგეთი, პარიზი.

2014 წელს ტერორისტების მოქმედებების შედეგად მსოფლიოში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 32 685 კაცს მიაღწია და ეს ციფრი ყველაზე მაღალია ისტორიის მანძილზე. იგი 80 %ით უფრო მეტია 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან. ტერაქტების შედეგად სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი მსოფლიოს 5 ქვეყანაში დაფიქსირდა. ესენია: ერაყი, ნიგერია, ავღანეთი, პაკისტანი და სირია. ამ სიას აგრძელებს ინდოეთი, იემენი, სომალი, ლიბია და ტაილანდი. 2014 წელს ტერორისტების მიერ დაუზარალებელ ქვეყნებს შორის მოხვდა დანია, სლოვენია, ესტონეთი, ზამბია, მოლდოვა კატარი და ქუვეითი. ეს მონაცემები მოცემულია ტერორიზმის გლობალური რეიტინგის Global Terrorism Index), კვლევაში, რომელიც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა The Institute for Economics and Peace). აქედან დაღუპულთა 51% ექსტრემისტული ორგანიზაციის ”ისლამური ხალიფატის”, თალიბანის, ალქაიდასა და ”ბოკო ხარამის” თავდასხმების შედეგია. კვლევა მსოფლიოს 162 ქვეყანაში განხორციელდა და ჩვენი პლანეტის მთელი მოსახლეობის 99.6% მოიცვა.

რუკაზე ნაჩვენებია ტერორიზმის შედეგად ყველზე მეტად დაზარალებული ქვეყნები.

teror2

მართალია, ტერორიზმის კერები ძირითადად რამდნიმე ქვეყანაშია კონცენტრირებული, მაგრამ იმ სახელმწიფოთა რიცხვი, სადაც ტერაქტები ხდება ასევე მუდმივად იზრდება. 2014 წელს მათმა რიცხვმა 93-ს მიაღწია, მაშინ როცა წინა წელს ტერაქტი მსოფლიოს 88 ქვეყანაში დაფიქსირდა.

2014 წელს განხორციელებული ტერორისტული აქტების რუკა

teror3

2014 წელს მოსფლიოში 67 ქვეყანაა იყო, სადაც ტერორისტული აქტების შედეგადაც თუნდაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ანალიტიკური ცენტრის – ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის დამფუძნებლის სტივ კიპელეას აზრით ტერორიზმი უსაზღვრო ტემპებით ვითარდება. ამავე ინსტიტუტის ექსპერტებმა ეკონომიკური ზარალი 53 მილიარი დოლარით შეაფასეს.

დღეს ცივილიზებული მსოფლიო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ტერორისტულ აქტებში ეჭვმიტანილიპირები თუ ადამიანთა ჯგუფები ამხილოს, რათა ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგნენ. ამ საქმეშიგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-ისა და სხვა მაღალგანვითარებული ქვეყნების როლი. ტერორიზმისაყოველთაო გლობალურ საფრთხედ იქცა უკანასკნელ ათწლეულებში როცა მან საერთაშორისო ტერორიზმის ფორმა მიიღო და მთელ მსოფლიოს ტერორიზმის დაემუქრა.ამიტომ მის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია ერთირომელიმე ქვეყნის ან ქვეყანათა ჯგუფის ფარგლებში და მთელი კაცობრიობის ერთიან ძალისხმევას მოითხოვს.

ინდივიდუალური სწავლის სტილის გათვალისწინება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

მახსოვს სკოლის პერიოდში ჩემი მეგობარი ინგლისურ სიმღერებს ადვილად იმახსოვრებდა, ტექსტების დასწავლა კი უჭირდა. მაშინ არ გვიფიქრია, მაგრამ ამ გადასახედიდან უკვე ვიცი, რომ თამრიკო აუდიალური (სმენითი) ტიპის ადამიანია.

სწავლის ტიპი პირობითი ცნებაა და მიგვანიშნებს იმაზე, თუ ვის როგორ ურჩევნია ან უადვილდება სწავლა; ადამიანები უპირატესობას ანიჭებენ ინფორმაციის გადამუშავების (აღქმა, შენახვა) გარკვეულ მეთოდებს. განათლების სპეციალისტებმა ამ თემაზე განსაკუთრებით გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაამახვილეს ყურადღება. ეს თემა დღესაც აქტუალურია. სასურველია, რომ მასწავლებელმა შეაფასოს მოსწავლეთა სწავლის სტილი და მის მიერ გამოყენებული სწავლების მეთოდები მაქსიმალურად მოარგოს მათ ინდივიდუალურ სტილს.

არსებობს სწავლის სტილის კლასიფიკაციის სხვადასხვა თეორიები. ყველასთვის ცნობილია გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია. მან გამოყო 10 ინტელექტი და მათი სწავლის სტილი. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კლასიფიკაციის მიხედვით, შესაძლებლია სწავლის სამი ძირითადი ტიპის გამოყოფა. ეს ტიპებია: აუდიალური, ვიზუალური და კინესთეტიკური. გთავაზობთ გეოგრაფიის გაკვეთილების აქტივობებს თითოეული ინდივიდუალური განსხვავებულობის გათვალისწინებით.

აუდიალური (სმენითი) ტიპები სწავლობენ ყველაზე უკეთ იმას, რაც ესმით. მაგალითად, მათ კარგად შეუძლიათ მელოდიების დამახსოვრება. სწავლისას ისინი საკუთარ თავს უკითხავენ. ახალ სიტყვებს ისინი ხმამაღლა სწავლობენ. ეს ტიპი საკუთარ თავს ხშირად ელაპარაკება. მას სწავლაში ეხმარება კომპაქტდისკები ან ლექციები. ასეთი მოსწავლეებისათვის აქტიური ლექციების გარდა, მისაღები იქნება სწავლება ვიდეო ფილმების გამოყენებით. ავიღოთ თემა დედამიწის აგებულება. მასწავლებელი აჩვენებს BBS-ის ფილმს დედამიწის აგებულების შესახებ და პარალელურად კონკრეტულ თემაზე ესაუბრება. ამ აქტივობაში ვიზუალური ტიპის მოსწავლეც ჩართულია, რადგან ეს მისი კომფორტის ზონაცაა. ვულკანები, მთები, კლიმატი, წყლის რესურსები, ბუნებრივი ზონები. ნებისმიერ ამ თემაზე BBS-ის ფილმები კარგი რესურსი იქნება.

შემდეგი აქტივობა კვლავ ვიზუალური სტილის მოსწავლეებისთვისაა კომფორტული:

მოსწავლეებმა ჯგუფებში ლითოსფეროს ფილების რუკიდან უნდა დაადგინონ ყველაზე დიდი ფილები და თითოეულ მათგანზე განლაგებული კონტინენტები და ოკეანეები.

პრეზენტაციის დროს შეავსებენ ცხრილს.

ვიზუალისტი მოსწავლე ყველაზე უკეთ სწავლობს იმას, რასაც ხედავს. ვიზუალისტებისთვის გეოგრაფიის გაკვეთილზე კომფორტული იქნება და დიაგრამების შედგენა და გამოყენება ცხრილებისა. მათ ასევე სურათებითა და ბარათებით სწავლა უყვართ.

ასეთი ტიპისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაციის წაკითხვა. სწავლის დროს ის უამრავ ჩანაწერს აკეთებს. ბევრს კითხულობს და ხშირად ოცნებობს ფერებში. ყველაზე კარგად სწავლობს სასიამოვნო გარემოში. კომუნიკაციურ ტიპს საუბრები და დისკუსიები ურჩევნია. სჭირდება სხვებთან ურთიერთობა, ან დიალოგი. სვამს უამრავ შეკითხვას და კარგად სწავლობს ჯგუფებში.

დედამიწის აგებულების, კლიმატის ჩამოყალიბების ფაქტორების, მინერალური რესურსების კლასიფიკაციის სქემებით გამოსახვა, მონაცემების ერთი სახიდან მეორე სახით გამოსახვა, ნომენკლატურის შესწავლისას მარტივი ცხრილების შედგენა – ყველა ეს აქტივობა ვიზუალისტების კომფორტის ზონას წარმოადგენს.

კინესთეტიკური (მოტორული) ტიპი სწავლობს მოძრაობის საშუალებით. მათ ურჩევნიათ მეთოდი “სწავლა კეთების საშუალებით” და უნდათ, გამოსცადონ ყველაფერი. მათ მოსწონთ ფიზიკური აქტიურობა ან საღეჭი რეზინის ღეჭვა სწავლის დროს. მათ არ უყვართ თეორია, მაგრამ უყვართ ექსპერიმენტები. ისინი ფიზიკურად აქტიურები არიან. კინესთეტიკებისთვის კომფორტული იქნება სწავლება როგორც დისკუსიებისა და როლური თამაშები, ასევე კონტურული რუკის შევსება. დედამიწის აგებულების განხილვისთვის სწორედაც მათთვის კონტურული რუკაზე შესასრულებელი სამუშაო იქნება განკუთვნილი.

მართალია, ყოველ გაკვეთილზე შეიძლება ვერ მოხერხდეს სწავლის სტილის გათვალისწინება, თუმცა შედეგის მიღწევაში აქტივობათა მრავალფეროვნება დაგვეხმარება. მით უმეტეს, რომ ძირითად შემთხვევებში თითქმის ყველა ტიპი ამ ტიპების ნარევს წარმოადგენს. არავინაა სწავლის მხოლოდ ერთი ტიპის წარმომადგენელი. ამიტომაც ყველაზე უკეთ მაშინ ვსწავლობთ, როდესაც გრძნობის ყველა ორგანოს ვიყენებთ. ამ დროს ჩვენი ტვინი აქტიურდება სხვადასხვა საშუალებით და კარგად ინახავს ახალ ინფორმაციას. ამავე დროს სწავლის სტილი შეიძლება დროისა და კონტექსტის მიხედვით შეიცვალოს.

ჟიულ ვერნი გეოგრაფიის გაკვეთილზე

0
გეოგრაფია არა მხოლოდ მეცნიერება, არამედ ხელოვნებაც არის. დედამიწის აღწერა, ქვეყნების დახასიათება, მოსახლეობის კულტურისა და ადათ-წესების სათანადოდ გადმოცემა მოითხოვს დიდ შემოქმედებით და მხატვრულ ნიჭს. ამიტომ გეოგრაფებად შეგვიძლია მივიჩნიოთ ისეთი დიდი მწერლები, როგორებიც არიან ალექსანდრ დიუმა, ჟიულ ვერნი, მარკ ტვენი, ჯეკ ლონდონი… მათი ნაწარმოებების მეშვეობით შეგვიძლია ვიმოგზაუროთ და სხვადასხვა ქვეყანა შევისწავლოთ.

 

განსაკუთრებით ჟიულ ვერნის დახმარებით შეგვიძლია მოსწავლეების დაინტერესება. გთავაზობთ რამდენიმე აქტივობას, რომლებიც მე-7 კლასში გეოგრაფიული კოორდინატების თემას ეხება. გეოგრაფიული გრძედისა და განედის შესწავლა რუტინად რომ არ იქცეს და მოსწავლეებმა მისი გამოყენების მნიშვნელობა გააცნობიერონ, შეიძლება ჩავრთოთ გაკვეთილში სათავგადასავლო რომანი „კაპიტან გრანტის შვილები”.

ამ აქტივობათა წყალობით მოსწავლეს გამოუმუშავდება შემდეგი უნარ-ჩვევები:

* შემოქმედებითობა;
* დროსა და სივრცეში ორიენტაციის უნარი;
* ინფორმაციის მოძიების, გაანალიზებისა და გამოყენების უნარი;
* საკუთარი მოსაზრების გამოთქმის, არგუმენტირებისა და დასკვნების გამოტანის უნარი.
ამ გზით მივაღწევთ გეოგრაფიის საგნობრივი სტანდარტით გათვალისწინებულ შემდეგ მიზნებს:
გეო. VII. 2. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა თვალსაჩინოების კითხვა გეოგრაფიული ინფორმაციის მოსაპოვებლად.
* ლეგენდის გამოყენებით გადააქვს ინფორმაცია კონტურულ რუკებზე და სხვა დამხმარე თვალსაჩინოებებზე;
* წარმოსახვით მოგზაურობს დედამიწის გარშემო აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ან დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ; მსჯელობს თარიღთა ცვლის ხაზის დანიშნულებასა და განლაგების პრინციპებზე; ასევე მოგზაურობისას შექმნილ უხერხულობებზე და მათი დაძლევის საშუალებებზე.
გეო. VII. 3. მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება სივრცეში.
* რუკაზე განსაზღვრავს საკოორდინატო ბადის ძირითად ელემენტებს;
* რუკის გამოყენებით განსაზღვრავს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ობიექტების კოორდინატებს (მაგ.: დედაქალაქები, კუნძულები, მწვერვალები და სხვ.);
* ასახელებს ერთ განედზე ან გრძედზე მდებარე ქალაქებს;
* ატლასის საძიებო სისტემის გამოყენებით განსაზღვრავს გეოგრაფიული ობიექტის მდებარეობას;
* იყენებს ტოპოგრაფიულ რუკას და ადგენს მარშრუტებს, ჰორიზონტალების მეშვეობით განსაზღვრავს ადგილის აბსოლუტურ და შეფარდებით სიმაღლეს, ფერდობის დახრილობას.
აქტივობა № 1. ტექსტზე მუშაობის დაწყებამდე მასწავლებელი სვამს კითხვებს:
1. რა არის მერიდიანი?
2. რა არის პარალელი?
3. რა არის გრადუსთა ბადე?
4. რომელი პარალელი უფრო გრძელია – 80-გრადუსიანი თუ 60-გრადუსიანი?
ამ საკითხების განხილვის შემდეგ კლასი იყოფა ჯგუფებად და მასწავლებელი ურიგებს მათ ნაწყვეტს წყაროდან „კაპიტან გრანტის შვილები”.

წყარო: ჟიულ ვერნის წიგნში „კაპიტან გრანტის შვილები” მოთხრობილია ბრიტანელი კაპიტნის გრანტის შესახებ. შოტლანდიაში ინგლისელების ბატონობით უკმაყოფილო მამაცი კაპიტანი გადაწყვეტს, გამოიკვლიოს წყნარი ოკეანის კუნძულები, რომ ერთ-ერთ მათგანზე თავისუფალი შოტლანდიური კოლონია დააარსოს. გავიდა ხანი და გრანტის ექსპედიცია უგზო-უკვალოდ დაიკარგა. მას შემდეგ, რაც მის მიერ ზღვაში ჩაგდებულ ბოთლს პოულობენ, კაპიტნის საძებნელად შოტლანდიელი ლორდი და ლედი გლენარვანები მიემგზავრებიან. მათ მიჰყვებიან გრანტის შვილებიც – მერი და რობერტი. უცნობია, სად განიცადა კატასტროფა გრანტის გემმა, ცნობილია მხოლოდ, რომ კაპიტანი და ორი მეზღვაური გადარჩნენ და იმყოფებიან კუნძულზე, რომელიც განედის 37-ე გრადუსზე მდებარეობს. ნაწერი გაურკვეველია, ამიტომ მოგზაურთა გუნდი მრავალი გამოცანისა და სირთულის წინაშე აღმოჩნდება. მამაც მოგზაურებს უამრავი ხიფათი ელით. გემ „დუნკანით” მოგზაურები თავდაპირველად სამხრეთ ამერიკისკენ მიემართებიან. კიდევ ერთი, მაგრამ მოულოდნელი მგზავრია ექსცენტრიკული ჟაკ პაგანელი (რომელიც ინდოეთში აპირებდა გამგზავრებას). გუნდი მოივლის პატაგონიას, ტრისტან და კუნიას კუნძულს, ამსტერდამის კუნძულსა და ავსტრალიას. თქვენ მათთან ერთად იმოგზაურებთ და ნამდვილი მეგობრობისა და სიყვარულის ძალაში დარწმუნდებით.
მოსწავლეებმა უნდა წაიკითხონ ტექსტი და უპასუხონ კითხვებს:

1. რა გეოგრაფიული ინფორმაციაა მოცემული ტესტში?
2. რატომ მოუხდა „დუნკანის” ეკიპაჟს მსოფლიოს შემოვლა?
3. კიდევ რისი ცოდნაა საჭირო, რომ სასურველ ობიექტს მივაგნოთ?
4. რა არის გრძედი და განედი?
5. რა არის გეოგრაფიული კოორდინატები?
6. რა საჭიროა ორივე გეოგრაფიული კოორდინატის ცოდნა? მოიყვანე მაგალითები.
აქტივობა № 2. პრეზენტაციის შემდეგ შეიძლება მოეწყოს წარმოსახვითი მოგზაურობა რუკაზე. მასწავლებელი კარნახობს გეოგრაფიულ კოორდინატებს და თითოეული ჯგუფი პოულობს შესაბამის ობიექტს. ვინც უფრო მოკლე ხანში იპოვის ყველა ობიექტს, ის იქნება გამარჯვებული.
გეოგრაფიის გაკვეთილების გახალისებაში ჟიულ ვერნის კიდევ ერთი სათაგადასავლო რომანი დაგვეხმარება. ეს არის „80 დღე დედამიწის გარშემო”.

ეს მცირე პროექტია. მასწავლებელი გაკვეთილზე უყვება ბავშვებს ჟიულ ვერნის ბიოგრაფიას და აცნობს მის შემოქმედებას. ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ წარმატების მიღწევამდე მან საფუძვლიანად შეისწავლა მეცნიერების სხვადასხვა დარგი. ჟიულ ვერნიმ შექმნა „არაჩვეულებრივი მოგზაურობის” 65-ტომიანი ისტორია, რომელშიც გაერთიანდა არაერთი სამეცნიერო-ფანტასტიკური, სათავგადასავლო, გეოგრაფიული და სოციალურ-სატირული რომანი თუ მოთხრობა. ის სამეცნიერო-ფანტასტიკური რომანის ერთ-ერთი ფუძემდებელია.

დიდი ფორმატის ქაღალდზე მოსწავლეები ხატავენ კონტინენტების კონტურებს და მონიშნავენ ლონდონს, რადგან სწორედ ამ ქალაქიდან დაიწყო მოგზაურობა რომანის ერთ-ერთმა მთავარმა პერსონაჟმა ფილეას ფოგმა.

კლასი ჯგუფებად იყოფა. ირჩევენ ფერებს და ლონდონთან ამაგრებენ შესაბამისი ფერის ისარს. მოსწავლეები ინდივიდუალურად იწყებენ რომანის კითხვას. ორი კვირის განმავლობაში თითოეული ჯგუფი პერიოდულად აკეთებს მოგზაურობის ჩანახატს, რომელსაც ფორმატზე მიმაგრებულ კონვერტში ათავსებს. ჩანახატის ფორმაზე ჯგუფის წევრები ერთობლივად თანხმდებიან. ეს შეიძლება იყოს წაკითხულის მოკლე შინაარსი, ანალიზი ან ნახატი. კონვერტებში მოთავსდება იმ პრობლემების ნუსხა და აღწერაც, რომლებიც მოგზაურობის (კითხვის) დროს შეხვდათ.

მოგზაურობის მარშრუტის შესაბამისად, ისარი მიუყვება იტალიას, ხმელთაშუა ზღვას, სუეცის არხს… რომელი ჯგუფიც პირველი დაასრულებს მოგზაურობას (კითხვას), დაჯილდოვდება ჟიულ ვერნის სახელობის საპატიო დიპლომით. პრეზენტაციაზე ყველა ჩანახატი გამოიფინება და მოხდება რომანის განხილვა. მთელი ეს მოგზაურობა ხომ სავსეა მოულოდნელობებითა და ხიფათით, რომლებსაც ჩვენი გმირები მედგრად ხვდებიან. თავგანწირვის, სიმამაცისა და ერთმანეთის ერთგულების წყალობით მისტერ ფოგი და მისი მსახური ყველა დაბრკოლებას გადალახავენ და მიზანს მიაღწევენ. მისტერ ფოგი ხომ უაღრესად დისციპლინირებული, გაწონასწორებული და ფიზიკურად ძლიერი ადამიანია.

რაც შეეხება კონტურულ რუკას, შეიძლება, მასზე მუშაობა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს. მე-7 კლასში ცალკეული თემების გავლის შემდეგ შეიძლება მოინიშნოს რელიეფის ფორმები, ჰიდროსფეროს ერთეულები, ქვეყნები და ქალაქები და ა.შ.

ეს პროექტი რამდენიმე გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციის (წიგნიერება, სწავლის სწავლა, სემიოტიკური და სოციალური და სამოქალაქო) განვითარებაში დაგვეხმარება.
მისტერ ფოგის მოგზაურობა
გამოყენებული ინტერნეტსაიტები:
https://ka.wikipedia.org/wiki/

სახალისო გეოგრაფიული დეტექტივები (მე-2 ნაწილი)

0

კატასტროფა ალასკაზე

ერთხელ გეორგ გრაფი და მისი ცოლი ქეითი ერთ-ერთ საღამოზე ლეო გრასის შეხვდნენ. გრასი და გრაფი კლასელები იყვნენ. მართალია, გრასს ძალიან უყვარდა ტრაბახი, მაგრამ ამასთან, იგი საუკეთესო ორატორი იყო და მის მიერ მოყოლილი ისტორიები ბევრ მსმენელს მოსწონდა. ამჯერად ლეომ ალასკაზე თავისი მუშაობის შესახებ დაიწყო საუბარი.

-ჩვენი კომპანია მდინარე კოიუკუკის რაიონში, სრულიად ველურ და უკაცრიელ ადგილას ნავთობს ეძებდა. ამ რაიონში ესკიმოსების მხოლოდ რამდენიმე პატარა დასახლება და უსასრულო ტუნდრაა. აგვისტოს დასაწყისში მე ბრუკსის ქედის მთისწინეთში უნდა გავფრენილიყავი, სადაც ერთ-ერთი ჩვენი ჭაბურღილი იდგა. ნორმალურად ავფრინდით, მაგრამ უკვე ნახევარი საათის შემდეგ ვერტალიოტის ძრავა გაფუჭდა და საფრენი აპარატი მწყობრიდან საბოლოოდ გამოვიდა. პილოტს ვუბრძანე, რომ დაშვებულიყო. სულ რაღაც 10 მეტრიღა გვაკლდა მიწამდე, როცა ძრავა საბოლოოდ ჩაქრა და ჩვენ პირდაპირ ჭაობში ჩავვარდით, რამაც გადაგვარჩინა კიდეც. ვერტალიოტი ჭაობში ნახევარი მეტრით ჩაეფლო, რამაც დარტყმის ძალა შეამცირა. მაგრამ, თურმე უფრო მეტი საშინელება წინ გველოდა: ვერტალიოტის რაცია და სანავიგაციო ხელსაწყოები ჩამოვარდნის გამო მწყობრიდან გამოვიდა. ამიტომ ვერავის გავაგებინებდით ჩვენს ადგილსამყოფელს და ვერც დახმარებას მოვითხოვდით. საბედნიეროდ, ხელთ რუკა და კომპასი გვქონდა. პილოტთან ერთად გადავწყვიტეთ სამხრეთისკენ აგვეღო გეზი, რათა იუკონის ხეობიდან გავსულიყავით. ჩვენ დაახლოებით 100 მილი უნდა გვევლო ტუნდრაში საკვებისა და იარაღის გარეშე. გარდა ამისა, უტყეო ტუნდრაში ვერ ვახერხებდით კოცონის დანთებას. საბედნიეროდ, ზაფხულში ალასკაზე პოლარული დღეა და ეს ჩვენ ღამით გაყინვისგან გვიცავდა. მე კომპასი ავიღე. ისრის სამხრეთი ბოლო ჩვენ წინ მდებარე მაღალი ბორცვისკენ იყო მიმართული. კომპასი ჯიბეში შევინახე და პირდაპირ ბორცვის მიმართულებით წავედი. პილოტი უკან გამომყვა…

რაფს მოსწყინდა ლეოს საუბარი და მსმენელების ჯგუფს გაერიდა. მალე მას მეუღლეც შეუერთდა.

_ ქეთი, შენც მოგბეზრდა ლეოს ”ზღაპრები” თუ უკვე დაამთავრა ლაპარაკი?

-არა, ჯერ არ დაუმთავრებია , თუმცა უკვე იუკონს უახლოვდება. მაგრამ ისე გაუტია, რომ მეც კი შევნიშნე მისი ტყუილები.

იპოვეთ ლეოს მონათხრობში შეცდომები.

პასუხი:
ლეომ თავის მონათხრობში სულ მცირე 4 შეცდომა დაუშვა. პირველი, ალასკის შიდა რაიონებში ცხოვრობენ არა ესკიმოსები, არამედ ინდიელები.

მეორე – ბრუკსის ქედის სამხრეთით მდებარეობს არა ტუნდრა, არამედ ტყეტუნდრა, უფრო მეტიც მდინარეთა ხეობებში გავრცელებულია ტყეები.

მესამე – პოლარულ დღეზე დაკვირვება მდინარე კოიუკუკის რაიონში შესაძლებელია ივნისის ბოლოს და არა აგვისტოს დასაწყისში.

და მეოთხე – კომპასის მაგნიტური ისარი ალასკაზე უჩვენებს ჩრდილოეთის, და არა აღმოსავლეთის მიმართულებას. სწორედ მანდ მდებარეობს ალასკასთან მიმართებაში ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი. შესაბამისად, იუკონის ხეობამდე მისვლას ლეო გრასი ვერ შეძლებდა.

დამწვარი წერილი

დილით ადრე პოლიციის უფროსმა ინსპექტორი გეორგ რაფი გამოიძახა.

– როგორც იქნა ნარკომაფიის მოკავშირე დავაკავეთ. მართალია, დაკავებისას ის წერილის დაწვას ცდილობდა, მაგრამ ჩვენმა ექსპერტებმა შეძლეს დამწვარი ფურცლიდან ნაწილობრივ აღედგინათ ტექსტი. აი ისიც.

პოლიციის უფროსმა რაფს ქაღალდი მიაწოდა.

” … 24 ივნისს იახტა უნდა გავიდეს ლოს-ანჯელესის პორტიდან … და … პაკეტებში 500 გრამი… დრეიკის სრუტის გავლით… თქვენი მეორე გაჩერება კეიპტაუნშია… შტორმის შემთხვევაში… პერტში შეხვდებით ჩვენს რეზიდენტს….”

-სულ ესაა?

-კი. დღეს უკვე 20 ივნისია. იახტა პორტშია. გაემგზავრეთ და იპოვეთ ის. თქვენთან ერთად სერჟანტი რეიც წამოვა.

უკვე ერთი საათის შემდეგ გეორგ რაფი ნავსადგურის კომენდატის კაბინეტში იმყოფებოდა.

-24 ივნისს ჩვენი პორტიდან 6 იახტა გადის – წარმოსთქვა კომენდანტმა.

-შეგიძლიათ მითხრათ თითოეული ამ იახტის მარშრუტი და დანიშნულების ადგილი?

-არა, სერ. კაპიტნები ვალდებულები არიან მხოლოდ დანიშნულების ადგილი გვაცნობონ. ასე რომ, მე მხოლოდ თქვენს ერთ შეკითხვას შემიძლია გავცე პასუხი – სად? მაგრამ არ ვიცი, რა მარშრუტით მოგზაურობენ.
-კარგით, ეს ინფორმაცია მომეცით.
კომენდანტმა მაგიდიდან ფურცელი აიღო და სიიდან იმ დღეს გამავალი ხუთი იახტის საბოლოო დანიშნულების ადგილი წაიკითხა: ”რესიფი, დაკარი, ოდესა, ბომბეი, შანხაი”.

-კი მაგრამ, თქვენ ხომ თქვით, რომ 6 იახტა გადიოდა?

-მეექვსე იახტა სპორტულია. იგი დედამიწის გარშემო მოგზაურობს. ყველა იახტას გაჩხრეკთ?
-არა, ვფიქრობ ერთიც საკმარისია.

რომელი იახტის გაჩხრეკას აპირებდა გრაფი?

პასუხი:
სპორტული იახტის. წერილის თანახმად იახტას სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის გვერდით უნდა გაევლო, რომ ავსტრალიამდე მიეღწია. თუმცა ავსტრალიის ნავსადგურ პერტამდე მისვლა უფრო ადვილია წყნარი ოკეანის გავლით. შესაბამისად, იახტა, რომელსაც ნარკოტიკები გადაჰქონდა, დედამიწის გარშემო მოგზაურობდა.

დაზღვევის საქმე
ერთხელ რაფს მისი ძველი მეგობარი ლიმეტი ესტუმრა. სწორედ ლიმეტისთან ერთად ოდესღაც რაფმა თავისი კარიერა დაიწყო პოლიციაში, მაგრამ მერე მათი გზები გაიყო. ლიმეტმა მსხვილ სადაზღვევო კომპანიაში საგამოძიებო განყოფილებაში დაიწყო მუშაობა და პოლიციიდან წავიდა. თუმცა ხანდახან ის რაფს დახმარებას სთხოვდა ხოლმე და, სავარაუდოდ, ამ დღესაც ამ მიზნით იყო მოსული.

-რაფ! შეგიძლია ერთ საქმეში დახმარება გამიწიო? – პატარა შესავლის შემდეგ იკითხა ლიმეტმა.
-მიდი, დაიწყე. ამჯერად რაშია საქმე.
-ნახევარი წლის წინ ჩვენს კომპანიაში ახალი კლიენტი – ბარი ჰოპკინსი მოვიდა. მან საკმაოდ მსხვილ თანხად დააზღვია თავისი ცოლი, სახლი და იახტა. ერთი თვის შემდეგ მის სახლს მეხი დაეცა და დაიწვა. ხოლო დაახლოებით ორი თვის წინ მისი იახტა ჩაიძირა და ცოლი დაიღუპა. მე ასეთი დამთხვევების არ მჯერა, მაგრამ ხელმოსაკიდიც არაფერი მაქვს, სამწუხაროდ.

-აქამდე რატომ არ მოხვედი?
-ჰოპკინსმა დაზღვევის თანხის მისაღებად განცხადება მხოლოდ 6 დღის წინ შემოიტანა.
-საინტერსოა. აბა უფრო დაწვრილებით მომიყევი.

-ჰოპკინსი საკმაოდ მდიდარი კაცია, ბირჟაზე თამაშობს. საკმაოდ ძვირად ღირებული იახტა ყავდა. დაახლოებით 2 თვის წინ ჰოპკინსი ცოლთან ერთად ჰავაის კუნძულებზე გაემგზავრა. როგორც წესი, ასეთი კრუიზის დროს, მას თან ორი მეზღვაური და სტიუარდი მიჰყავდა თან, მაგრამ ამჯერად მათ გარეშე გადაწყვიტა გამგზავრება. 28 მაისს ისინი ჰონოლულუდან ჩრდილოეთით 200 მილის დაშორებით იმყოფებოდნენ, როცა წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა მოხდა და შესაბამისად გიგანტური ტალღა – ცუნამი წარმოიქმნა.

-მე ვიცი, რა არის ცუნამი, ამიტომ შეგიძლია არ ამიხსნა. იმედი მაქვს, არ აპირებ ჰოპკინსის დადანაშაულებას იმაში, რომ ცუნამის გამოწვევა სურვილის მიხედვით შეუძლია?

-რა თქმა უნდა, არა. ეს უბრალოდ დამთხვევაა. თუ გახსოვს მაისში ტელევიზიით თითქმის მთელი კვირა გადმოსცემდნენ ცნობებს და აჩვენებდნენ სიუჟეტებს იმის შესახებ, თუ რა ზარალი მოჰყვა ამ ტალღას იაპონიასა და ჰავაის კუნძულებზე.

-ჰო, მაგრამ რამდენადაც მახსოვს, მსხვერპლი არ ყოფილა.

-მართალია, მოსახლეობა წინასწარ იყო გაფრთხილებული და ამიტომ მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ ჰოპკინსი ამტკიცებს, რომ ცუნამის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან რადიოს არ უსმენდა. ის და მისი ცოლი მშვიდად ირუჯებოდნენ იახტის ბორტზე, როცა იახტა მოულოდნელად მაღლა ავარდა, მერე კი მკვეთრად გადაიხარა. ჰოპკინსის ცოლი ოკეანეში გადავარდა, თვითონ კი სახელურს მოეჭიდა. ტალღის დარტყმის გამო იახტა გაიბზარა და წყალმა დაიწყო დინება. თუმცა ჰოპკინსმა მოასწრო ავარიული ნავის გადაგდება, თავადაც გადახტა, იახტა კი წყალში ჩაიძირა. მისი ცოლი არსად ჩანდა. განსაკუთრებული შემთხვევისთვის ნავი საჭმლითა და რაციით იყო მომარაგებული. ჰოპკინსმა SOS სიგნალების გაშვება დაიწყო. მეორე დღეს იგი სატვირთო გემმა აიყვანა, რომელიც კანადიდან ჰონგკოკში მიემგზავრებოდა. ჰოპკინსი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. თითქმის 1 კვირა მან გემის ლაზარეთში გაატარა და კიდევ 1 კვირა – ჰონგკოკის საავადმყოფოში. ამის შემდეგ იგი ჰონოლულუში გაფრინდა და ცოლის საძიებო სამუშაოების ორგანიზება დაიწყო იმის იმედად, რომ შეიძლება მან გადარჩენა მოახერხა.

ლოს-ანჯელესში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა, როცა დარწმუნდა რომ ძიებას აზრი აღარ ჰქონდა.

-მაშინ გასაგებია, თუ რატომ მოგაკითხათ მან ასე დაგვიანებით.

-კი, მართლაც. ყველაფერი ლოგიკურად გამოიყურება და ვერაფერში შეედავები, მაგრამ რატომღაც მე მაინც არ მჯერა.

-სწორედაც იქცევი. მე უკვე ვიცი სად ჩაიწვა.

თქვენ თუ შეამჩნიეთ, სად დაუშვა ჰოპკინსმა შეცდომა?

პასუხი:

იმ ადამიანსაც კი არ გაუჭირდება ჰოპკინსის შეცდომის დანახვა, რომელიც ძალიან სუსტად ერკვევა გეოგრაფიაში. რა თქმა უნდა, ცუნამი მის იახტას ვერაფერს დააკლებდა, რადგან ამ ტალღას დამანგრეველი ეფექტი მხოლოდ სანაპიროსთან ახლო ტერიტორიებზე აქვს და არა ღია ოკეანეში, სადაც ის შეუმჩნეველია და არა სახიფათოა.
უიღბლო მეთევზე

ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ ქუჩაზე პატარა მაღაზია გაძარცვეს. ეჭვმიტანილად ვინმე რონი კლარკი ცნეს, რომელიც უკვე ორჯერ იყო შემჩნეული მსგავს საქმიანობაში. საქმის გამოძიება გეორგ გრაფს მიანდეს.

-უარყოფა არ გამოგივა, რონი, ორი მოწმე გვყავს, რომლებმაც დაინახეს, როგორ ტრიალებდით თქვენ გუშინ მაღაზიასთან.

-ისინი ცდებიან, ინსპექტორო. გარწმუნებთ, რომ მთელი გუშინდელი დღე მე ზღვაზე გავატარე.
-ვის შეუძლია ამის დადასტურება? თქვენ ვინმემ გნახათ?
-არა. სამწუხაროდ, მე არავის შევხვედრივარ.
-ეს არასერიოზულია, რონი. როგორ შეიძლება მთელი დღის განმავლობაში პლაჟზე არავინ შეგხვედროდათ?
-მოიცათ, ინსპექტორო, ახლავე აგიხსნით ყველაფერს. მე პლაჟზე უთენია გავედი, რათა მეთევზავა. ამ დროს კი იქ კაციშვილი არ იყო. მოტორიანი ნავი ავიღე, ნაპირს ნახევარი მილით დავშორდი და ღუზა ჩავაგდე. თევზაობამ იმედი არ გამიმართლა: თევზი არ მოდიოდა და უკვე შუადღისთვის უკან დასაბრუნებლად მზადება დავიწყე. აი, სწორედ ამ დროს დაიწყო ყველაფერი: ნავის მოტორი ვერაფრით ავამუშავე. მასში ალბათ ან წყალი მოხვდა, ან არ ვიცი კიდევ რა. წარმოიდგინეთ ჩემი მდგომარეობა: მე თან ნიჩბებიც კი არ მქონდა, ნაპირამდე ხმამაღალი ყვირილითაც ვერავის გავაგებინებდი. რომ არა ტალღები, მე ახლაც ოკეანეში ვიქნებოდი. ჩემდა საბედნიეროდ, ტალღებმა ნაპირზე გამომრიყეს, თუმცა ამას დარჩენილი მთელი ნახევარი დღე დასჭირდა და მხოლოდ ღამე მივაღწიე ნაპირს. ამიტომაც ვერავინ მნახა.

-ეს მართალი არაა, რონი. თქვენი ნაამბობი სიცრუეა.
რატომ არ დაიჯერა გეორგ რაფმა რონის ვერსია?

პასუხი:
ტალღები ვერ გამოიყვანდა რონი კლარკის ნავს ნაპირთან, რადგან ტალღებში წყლის მოძრაობა ვერტიკალურია, და არა ჰორიზონტალური.

ოკეანეების გლობალური პრობლემები

0
ოკეანე დედამიწის ზედაპირის უმეტეს ნაწილს, 71%-ზე მეტს იკავებს. ერთ სულ მოსახლეზე საშუალოდ 311 მლნ.ტონა წყალი მოდის. ოკეანე გავლენას ახდენს ატმოსფეროს მდგომარეობაზე და წარმოადგენს საკვებისა და სასარგებლო წიაღისეულის წყაროს. ის ყველაზე პროდუქტიული ეკოსისტემაა დედამიწაზე, თევზჭერის 80%-ს სწორედ ოკეანე განაპირობებს. იგი არის სიცოცხლის აკვანი პლანეტაზე.
ოკეანე მნიშნელოვან გარემოსდაცვით ფუნქციას ასრულებს:
– დიდი წვილილი მიუძღვის დედამიწაზე სიცოცხლის არსებობასა და კლიმატის ჩამოყალიბებაში;
– გავლენას ახდენს ატმოსფეროს შემადგენლობაზე და წარმოადგენს მინერალური რესურსების მნიშვნელოვან „საწყობს”;
– დიდი გავლენა აქვს მეტეოპროცესებზე: წყლის მასა დაბალ განედებში, ტროპიკებში, მზის სითბოს აგროვებს, რომელიც შემდეგ გადაადგილდება მაღალი განედებისკენ, რაც ხელს უწყობს ატმოსფეროს ცირკულაციას, საბოლოოდ კი განსაზღვრავს კლიმატის ჩამოყალიბებას.
– პლანქტონის როლი განუზომელია ატმოსფეროს შემადგენელი აირების დაბალანსებისთვის. იგი აღიარებულია, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ჟანგბადის წყარო. ატმოსფეროში არსებული ჟანგბადის 50–70% ფიტოპლანქტონისაგანაა წარმოქმნილი ფოტოსინთეზის პროცესში. ანთროპოგენური ზემოქმედებით გამოწვეული თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემა ნახშირბადის ციკლის დარღვევაა. ბისფეროში მოხვედრილი CO2 – ის ნახევარი ოკეანის ცოცხალი ორგანიზმების მიერ შეიწოვება.
– მნიშვნელოვანია ოკეანის როლი ადამიანის ცხოვრებაში: იგი ასრულებს გარემოსდაცვით, თევზჭერის, ნედლეულის მოპოვების, რეკრეაციულ, სატრანსპორტო და სხვა ფუნქციებს.
მსოფლიო ოკეანის მნიშვნელობიდან ერთ-ერთია თევზჭერა, წლიური შემოსავალი აღემატება 55 მილიარდ დოლარს.
საკვების მხოლოდ 1% მოდის ოკეანეში, მაგრამ ცხოველური ცილების ¼ სწორედ მსოფლიო ოკეანის წილზეა. მაგალითად მიანმარს, ჩინეთს, იაპონიას ცხოველური ცილების ნახევარზე მეტს სწორედაც ოკეანე აძლევს. ღია ოკეანეში აქტიურად ვითარდება „მარიკულტურა”, ე.წ. ოკეანის „რანჩო”. ტერმინი „მარიკულტურა” ნიშნავს სასარგებლო წყალმცენარეების, მოლუსკების, თევზებისა და სხვა ორგანიზმების მოშენებას ზღვების სანაპიროზე, ლიმანებსა და მდინარეების ესტუარებში. ამჟამად მათზე მოდის წყლის პროდუქტების 1/10. მარიკულტურის განვითარებას უძველესი ტრადიცია აქვს, იაპონიაში უკვე 200 წლის წინ ხდებოდა მოლუსკების კულტივირება. უახლოეს ათწლეულში კი „მარიკულტურა” კაცობრიობას 50 მლნ. ტონა საკვებ პროდუქტს მისცემს.
საერთაშორისო წყლის ტრანსპორტის წლიური შემოსავლი 150 მლრდ. დოლარს აღემატება. საზღვაო ტრანსპორტი გამოირჩევა მაღალი დინამიურობით და დაბალი თვითღირებულებით.
ოკეანისა და მისი სანაპიროს რეკრეაციული დანიშნულება ძალიან დიდია. მას აქვს სამეცნიერო ღირებულებაც. სწორედ ოკეანეშია აღმოჩენილი პლანეტარული მნიშვნელობის აღმოჩენები, რომლის შესწავლაც ადამიანს ეხმარება გაიგოს დედამიწის წარმოშობა და ევოლუციის გზა. ოკეანეში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა და დაადასტურა ოკეანის გაფართოება და დედამიწის ქერქის მუდმივი მოძრაობა, საიდანაც ხდება დედამიწის „გაახალგაზრავება”, .რაც უფრო მეტად იზრდება მსოფილო ოკეანის როლი კაცობრიობის განვითარებაში, მით მეტად იზრდება მსოფლიო ეკონომიკაში მისი წილი და მით უფრო მეტად იჩენს თავს სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები. უპირველესი პრობლემა ბიოლოგიური რესურსების ამოწურვაა. ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წარმოუდგენელი იყო, რომ მსოფლიო ოკეანე, რომელიც დედამიწის ¼ -ს იკავებს, შეიძლებოდა დაბინძურებულიყო და ბიოლოგიური რესურსები ამოწურულიყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი ეკოლოგიური პრობლემა დაბინძურებაა, რაც გულისხმობს პირდაპირ ან არაპირდაპირ ნივთიერებებისა და ენერგიის მოხვედრას წყალში. არსებობს სხვადასხვა სახის დაბინძურება: ქიმიური, ფიზიკური, მექანიკური და ბიოლოგიური. დაბინძურების 70% -ს განაპირობებს სახმელეთო წყაროები, მათ შორის განსაკუთრებით წარმოების, მშენებლობის, კომუნალური და სოფლის მეურნეობის და რეკრეაციის. მთავარ საფრთხეს წარმოადგენს კანალიზაცია, ქიმიკატები (ლითონები), ნაგავი, პლასტმასის და რადიოაქტიური ნარჩენები. ზოგიერთი მათგანი ტოქსიკურია და ნელა იხრწნება, გროვდება ცოცხალ ორგანიზმებში.
მსოფლიო ოკეანის დაბინძურების ყველაზე დიდი ნაწილი მოდის მინერალურ რესურსებზე. მათ შორის ნავთობზე და ბუნებრივ გაზზე, რომელთა მოპოვება უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე საოცარი ტემპით გაიზარდა მსოფლიო ოკეანის შელფზე (განსაკუთრებით არქტიკაში). დღეს უკვე წლიური შემოსავალი 200 მლრ. დოლარზე მეტია. თანამედროვე ტექნოლოგიებით ნავთობის მოპოვება ხდება 500 მეტრ სიღრმეზე, რაც უკვე სცილდება კონტინენტურ შელფს და იწვევს „ზღვის” ნავთობის ფასის ზრდას. დადგენილია, რომ ოკეანეში ყოველწლიურად 1,5 მლნ ტონამდე ნავთობი იღვრება, მაშინ როცა 25 მლნ ტ ნავთობი სრულიად საკმარისია, რომ მთელი მსოფლიო ოკეანის ზედაპირი 0,1 მმ სისქის ნავთობის აპკით დაიფაროს.
ნავთობის აპკი მსოფლიო ოკეანეს ზედაპირზე
მსოფლიო ოკეანე ასევე მდიდარია ჰიდროქიმიური ნედლეულით, რომელსაც შეიცავს წყალი: ნატრიუმით, მაგნიუმით, კალციუმით, კალიუმით, ბრომით, იოდით და სხვა ელემენტებით. მსოფლიო ოკეანის ხელშეუხებელ საბადოს წარმოადგენს ახალგაზრდა რიფული ზონები. წყალი თბება 50-60°С -მდე, მარილიანობა კი იზრდება 260%-ით. მაღალი მარილიანობის პირობებში ცხელ წყალში ჩამოყალიბდა ძვირფასი ლითონები, სულფიდური მადნები, რომლის კონცენტრაცია ზოგჯერ 10-ჯერ მეტია, ვიდრე რკინის, მანგანუმის ხმელეთზე არსებულ საბადოებში.
მსოფლიო ოკეანე კოლოსალური ენერგიის წყაროა, რომელსაც ადამიანი ჯერ კიდევ ბოლომედე ვერ იყენებს. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ მიქცევა-მოქცევის, ოკეანური დინებების, ტალღების, ტემპერატურის გრადიენტის გამოყენება გარემოს თითქმის არ აყენებს ზიანს. ამოუწურავია მძიმე წყალბადის თერმობირთვული სინთეზი დეიტერიუმთან (წყალბადის მძიმე იზოტოპი; ჟანგბადთან შეერთებისას წარმოიქმნება ე.წ. „მძიმე წყალი”, რომელიც ჩვეულებრივი წყლისგან გასხვავდება თავისი თვისებებით). დეიტერიუმის რაოდენობას 1 ლიტრ ოკეანურ წყალში შეუძლია მოგვცეს იმდენი ენერგია, რამდენიც 120 ლიტრ ბენზინს.
ოკეანეს რესურსების აქტიურმა ათვისებამ „დემოგრაფიული ზეწოლის” გაძლიერება გამოიწვია. მოსახლეობის განსახლებამ სანაპირო ზოლში გადაიწია. 100 კილომეტრიან სანაპირო ზოლში 2,5 მილიარდი ადამიანია დღეს დასახლებული. ამას თუ დავამატებთ ტურისტებისა და რეკრეანტების რაოდენობას, გამოდის, რომ „სანაპირო” მოსახლეობა გაცილებით გაიზარდა. სანაპირო ზოლში ურბანული ფართობიც გაცილემით მეტია, ვიდრე შიდა რეგიონებში. მხოლოდ საზღვაო ტურიზმის (საკრუიზო ტურიზმი) შემოსავალი დაახლოებით 50 მილიარდ დოლარია.
სანაპიროზე არაორგანიზებული დასვენება – ტურიზმი, პიკნიკები, მზისა და ჰაერის აბაზანების მიღება და სხვ. მთელი რიგი მდინარეების, ტბებისა და წყალსაცავების დაჭუჭყიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. გამოკვლევებით დადგენილია, რომ სანაპიროებისა და თავთხელი ზონების ბუნებრივ კომპლექსებში ხვდება სხვადასხვა დამაბინძურებელი და ბიოგენური ნივთიერებები ამ ადგილებში დამსვენებელთა დიდი კონცენტრაციის გამო. ისინი უშუალოდ ან წყალში ხვდებიან, ან ნაპირებზე რჩებიან, და შემდეგ კი ჩამდინარე ნაკადებით ირეცხებიან, ან ნიადაგში ჩაირეცხებიან და გრუნტის წყლებით ხვდებიან წყალსატევებში.
აშშ-ში წყლის ეკოსისტემებზე და წყლის ხარისხზე ტურისტების მავნე ზეგავლენის შესაფასებლად მოდელირების სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით ჯორჯიის ტბაზე გამოკვლევები ჩატარდა. ამ შეფასების ეფექტური საშუალება იყო მკვდარი წყალმცენარეების გროვების მრავალფაქტორული ანალიზი, რომელიც ტბის ირგვლივ მდებარე 125 საცდელ სადგურში აიღეს. შედეგად შეადგინეს ტბის ცალკეულ ადგილებზე მკვებავი ნივთიერებების ზეგავლენის რუკა. იმიტაციური მოდელის საფუძველზე შესწავლილი იქნა ამ ტბის ეკოსისტემების რთული ურთიერთკავშირები. ძირითადი მოდელების ცვლილებით, როგორიცაა წყალში ფოსფატების შემცველობა, მოდელირებული იყო ეკოსისტემების ყველა კომპონენტის მიხედვით დატვირთვების ზემოქმედება გარემოზე.
დასვენების მრავალ ზონაში არ არის გადაწყვეტილი ტერიტორიების სანიტარული დასუფთავების საკითხი, ნარჩენებს ნაპირზე მარხავენ, ყრიან ბუნებრივ ღრმულებში ან ტოვებენ ადგილზე. ამ ნარჩენების ერტი ნაწილი, ოკეანეს დინებების მეშვეობით წრნარი ოკეანეს ჩრდილოეთ ნაწილში დაგროვდა და ხელოვნური, ნაგვის კუნძული შექმნა, რომლის ფართობი ამერიკის შეერთებული შტატების ფართობს აღემატება.
ნაგვის კუნძული წყნარ ოკეანეში
ამ კუნძულის გარდა, კიდევ ოთხი უდიდესი ნაგვის გროვაა წყნარ, ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეებში.
მსოფლიო ოკეანე განიხილება ასევე საომარი მოქმედებების სასტარტო ტერიტორიად. სახმელეთო ტრანსპორტისგან განსხვავებით იგი გამოირჩევა მაღალი სიჩქარითა და მაქსიმალური გეოგრაფიული და სტრატეგიული მობილობით. აქედან გამომდინარე ოკეანე გახდა გეოპოლიტიკური ინტერესის სფერო.
მსოფლიო ოკეანემ, როგორც ჩაკეტილმა ეკოსისტემამ ძნელია გაუძლოს ინტენსიურ ანთროპოგენურ ზეწოლას. რაც ქმნის მისი სიკვდილის რეალურ საფრთხეს. გამოჩენილმა ნორვეგიელმა მოგზაურმა ტორ ჰეიერდალმა თქვა: „მკვდარი ზღვა – მკვდარი პლანეტა”.
ზღვები და ოკეანეები კაცობრიობის მემკვიდრეობითი საგანძურია და მათი ბედი ძირითადად დამოკიდებულია საერთაშორისო თანამშრომლობაზე. სამწუხაროდ მნიშვნელოვანი სირთულეები არსებობს გარემოსდაცვითი ღონისძიებების შემუშავებას, რატიფიცირებასა და დაცვის მექანიზმებში.
თუ, მდგომარეობა უკეთობისკენ არ შეიცვალა, ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინათ რა ელის მსოფლიო ოკეანეს მომავალში:
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილებით შეიმქნას ახალი საზღვაო ნაკრძალი, რომლის ფართობი 1.27 მილიონი კვადრატული კილომეტრი იქნება. ნაკრძალი შეიქმნება წყნარი ოკეანის საზღვაო პარკის ფსკერზე, რომელიც მდებარეობს ჰავაის კუნძულებსა და ამერიკის სამოას (ამერიკის კუნძულოვანი ტერიტორია წყნარ ოკეანეში) შორის. იგი მთელს მსოფლიოში უდიდესი საზღვაო ნაკრძალი იქნება და ნებისმიერი სამეწარმეო საქმიანობა აღნიშნულ რეგიონში აიკრძალება.
გამოყენებული და საინტერესო ინტერნეტსაიტები:
https://www.grandars.ru/student/mirovaya-ekonomika/problema-mirovogo-okeana.html
https://ecology-education.ru/index.php?action=full&id=533
https://geographyofrussia.com/problema-mirovogo-okeana/
https://www.globaltrouble.ru/problemy_mirovogo_okeana.html

ენერგიის ალტერნატიული წყაროები

0
დღესდღეობით მსოფლიოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგში უფრო და უფრო მეტად იყენებენ ენერგიის არატრადიციულ ანუ ალტერნატიულ წყაროებს. ენერგიის ალტერნატიული წყარო უნდა იყოს განახლებადი, ნაკლებად აბინძურებდეს გარემოს და, რაც მთავარია, აგვარებდეს საწვავის პრობლემას, ამიტომ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა გარემოსდაცვითი და ამოწურვადი რესურსების შენარჩუნების მიზნით დიდ ყურადღებას აქცევს მზის, ქარის, წყლის, გეოთერმული ენერგიის გამოყენებას.
2012 წლის მონაცემებით, ალტერნატიული ენერგეტიკული ტექნოლოგიების მიხედვით შემდეგი ქვეყნები ლიდერობენ:
მზის ენერგიის გამოყენება პირველად გასული საუკუნის 80-იან წლებში სცადეს. პირველი ჰელიოსადგურიც 1984 წელს აშენდა. დედამიწა 500-ჯერ მეტ ენერგიას იღებს მზისგან, ვიდრე მთელი მსოფლიოს ენერგოსისტემებში გამოიყენება.
მზის ელექტროენერგიისა და სითბოს ძირითადი უპირატესობებია: იმპორტირებულ საწვავზე დამოკიდებულების შემცირება, ენერგომომარაგების ნაირსახეობის გაუმჯობესება, დეფიციტური ბუნებრივი რესურსების დაზოგვა, CO2-ის გამოყოფის შემცირება ძალზე დაბალი ხარჯის საფუძველზე, ურბანული დაბინძურების შემცირება, ენერგიის ულევი და მყისიერი წყაროს არსებობა, ასევე – ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება და ეკონომიკის სტიმულირება.
საქართველოს უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს. ქვეყნის ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური ენერგია რეგიონების მიხედვით 1 კვ. მ ფართობზე 1250-1800 კვტ საათია, ხოლო საშუალო ენერგია იმავე 1 კვ. მ ფართობზე დღეში 4,2 კვტ საათს უტოლდება. ანუ, თეორიულად, ერთი საშუალო ოჯახისთვის საკმარის ენერგიას მზე დედამიწის 1,5-2,0 კვ. მ ფართობზე აფრქვევს.
მარტივი გათვლები ადასტურებს, რომ თუ აშენდა 140-150 კვ. კმ ფართობის ჰელიოსადგური (თბილისის ტერიტორია 350 კვ. კმ-ს შეადგენს), მიღებული ელექტროენერგია მთლიანად დააკმაყოფილებს ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნას. აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთი საქართველო გაცილებით მზიანია, ვიდრე დასავლეთი. გასული საუკუნის მიწურულს საქართველოში ფართოდ გავრცელდა მზის ენერგიაზე მომუშავე თბომომარაგების სისტემები.
მზის ენერგია საქართველოში შესაძლებლობას იძლევა, მივიღოთ 40-500C ტემპერატურის წყალი. საქართველოს მთაგორიან ადგილებში მდებარე, ძნელად მისასვლელი და მცირედ დასახლებული სოფლების, გეოლოგიური პარტიების, მწყემსების სადგომების, სამთამადნო სამუშაოების, სამხედრო-საველე პირობების, კავშირგაბმულობის (სატელეკომუნიკაციო) სარეტრანსლაციო სადგურების, საავარიო სიტუაციების ენერგიით მომარაგების ოპტიმალურ ვარიანტს წარმოადგენს მზის ენერგიის გარდამქმნელები.
ქარის ენერგიას მექანიკური ენერგიის მისაღებად კაცობრიობა ჯერ კიდევ ჩვენს წელთააღრიცხვამდე იყენებდა, ხოლო ელექტროენერგიის მისაღებად მისი გამოყენება XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო.
მსოფლიო ეკონომიკურად ეფექტური ქარის პოტენციალი 72000 გვტ-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება თანამედროვე მოთხოვნებს. ეკონომიკურად ეფექტურად ითვლება ქეს-ების (ქარის ელექტროსადგურები) გამოყენება, როდესაც ქარის საშუალო წლიური სიჩქარე 50 მ სიმაღლეზე 6,4 მ/წმ-ის ტოლია.
ქარის ენერგიის დადებითი მხარეები
* არის ენერგიის განახლებადი წყარო;
* არ აბინძურებს გარემოს სათბური აირებით;
* ამცირებს იმპორტირებულ ორგანულ სათბობზე დამოკიდებულებას;
* ამაღლებს ენერგოუსაფრთხოების დონეს;
* იაფია (უკუგების პერიოდის შემდეგ);
* ქმნის კონკურენციას ენერგოპროდუქტებზე.
თუმცა ქარის ენერგიას უარყოფითი მხარეებიც აქვს: ქეს-ი მოითხოვს დიდ ფართობს, საფრთხეს უქმნის გადამფრენ ფრინველებს, გამოსცემს ვიბრაციას და ხმაურს.
ქარის ენერგეტიკას ამჟამად აქვს ყველაზე კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ტექნოლოგია. მეცნიერთა შეფასებით, ქარის ელექტროსადგურების წილი მსოფლიო ენერგეტიკაში 2025 წლისთვის 10%-ს მიაღწევს.
საქართველოში ქარის სრული თეორიული ენერგოპოტენციალი შეადგენს 1300 მლრდ კვტ. საათს, მაშინ როდესაც საქართველოს მდინარეების სრული თეორიული ენერგოპოტენციალი 135 მლრდ კვტ. საათია. აღსანიშნავია, რომ ქარის ენერგიის უდიდესი წილი მოდის ზამთრის იმ თვეებზე, როდესაც ჰიდროელექტროსადგურები წყლის რესურსების დეფიციტს განიცდის.
ქარის ენერგეტიკული ბუნებრივი პოტენციალის მიხედვით საქართველოს ტერიტორია ოთხ ზონადაა
დაყოფილი:
1. მაღალი სიჩქარეების ზონა – სამხრეთი საქართველოს მთიანეთი, კახაბერის ვაკე და კოლხეთის დაბლობის ცენტრალური ნაწილი; სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა – 5 000 საათზე მეტი წელიწადში;
2. ნაწილობრივ მაღალსიჩქარიანი და დაბალსიჩქარიანი ზონა – მტკვრის ხეობა მცხეთიდან რუსთავამდე, ჯავახეთის სამხრეთი ნაწილი, შავი ზღვის სანაპირო ზოლი ფოთიდან კახაბერის ვაკემდე; სამუშაო პერიოდის ხანგრძლივობა – წელიწადში 4500-5000 საათი;
3. დაბალსიჩქარიანი ქედების ეფექტიანი ექსპლუატაციის ზონა – გაგრის ქედი, კოლხეთის დაბლობი და აღმოსავლეთი საქართველოს დაბლობები;
4. დაბალსიჩქარიანი ქედების შეზღუდული გამოყენების ზონა – იორის ზეგანი და სიონის წყალსაცავი.
საქართველოს ტერიტორიის დანარჩენი ნაწილის ქედები ქარის ელექტროსადგურების ექსპლუატაციისთვის არ გამოდგება.
კვლევამ გამოავლინა ქარის ეფექტური ელექტროსადგურების პერსპექტიული მშენებლობის რამდენიმე მოედანი, მათ შორის:
გეოთერმული ელექტროსადგურები ფუნქციობს ისლანდიაში, იტალიაში, ესპანეთში, ახალ ზელანდიაში, რუსეთსა და იაპონიაში.
პირველი მცირე სიმძლავრის გეოთერმული სადგური 1904 წელს აშენდა იტალიის პატარა ქალაქ ლარდერელოში.
ჩვენი ქვეყნის გეოთერმული წყლების საერთო რეზერვი დღეში 160 000 კუბურ მეტრს აღემატება. ამ რესურსების 8% ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, თუმცა გეოთერმული ველები სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოშიც გვხვდება. ქვეყნის მასშტაბით 44 საბადოში არსებული გეოთერმული წყლის რესურსები 206 ჭისა და ოთხი წყაროს საშუალებით გამოედინება. მათი ტემპერატურა 30-დან 110 გრადუს ცელსიუსამდეა. ქვეყნის გეოთერმული რესურსები მაღალი ხარისხისაა, შეიცავს გახსნილი მარილების მინიმალურ რაოდენობას, რაც გამოყენების პროცესში ამცირებს სკალირებას. ამჟამად საქართველოში გეოთერმულ ენერგიას იყენებენ პირდაპირი გათბობისთვის, სათევზე გუბურის გათბობისთვის, სამრეწველო აპლიკაციებისა და სათბურების გასათბობად.
ალტერნატიულ წყაროდ შეიძლება ჩაითვალოს ბიოგაზი. ბიოენერგია ბიომასის ხრწნის შედეგად მიღებული ენერგიაა. ბიოენერგიის მიღება შეიძლება ტემპერატურის, წნევისა და მოცულობის მუდმივობის პირობებში.
მომგებიანი გეოგრაფიული მდებარეობის, ტყეებისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი კლიმატის წყალობით საქართველოს აქვს ბიომასური ენერგოსადგურების შექმნის უდიდესი პოტენციალი, განსაკუთრებით – გათბობისა და ცხელი წყლის მისაღებად. ბიომასა სოფლად ენერგომომარაგების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ მიიჩნევა და ძალზე პერსპექტიულია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყნის მთელი ტერიტორიის 40% ტყეებითაა დაფარული.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...