ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

ლევან ალაფაიძე- რატომ აპროტესტებენ ბავშვები სკოლაში სიარულს

0

ჩვენი სკოლები ბავშვების ინსტინქტების საწინააღმდეგოდ მუშაობენ და არა მათთან თანხმობაში

 

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ყველა აღიარებს განათლების აუცილებლობას და მის აბსოლუტურ საჭიროებას თანამედროვე საზოგადოებაში, ბავშვებს ეს დიდად არ აღელვებთ – ისინი ჯიუტად ინარჩუნებენ სკოლისადმი, რბილად რომ ვთქვათ, გულგრილ დამოკიდებულებას და მიუხედავად 21-ე საუკუნის სიკეთეებისა თუ გამოწვევებისა, თვალი და გული მაინც თამაშისკენ გაურბით. ბავშვების უმეტესობა კვლავ აპროტესტებს სკოლაში სიარულს. ეს მდგომარეობა, ალბათ, ყველა მშობლისა თუ მასწავლებლისთვის ნაცნობია. ბავშვების პროტესტი მრავალნაირია – ავადმყოფობის სიმულაცია, გაკვეთილის გაცდენა თუ დაგვიანება, სკოლის მოთხოვნების მინიმალურ დონეზე შესრულება (ან თუნდაც ამ მინიმუმის შეუსრულებლობა), დაბოლოს, სკოლის წესების დარღვევა, თუ ამის შედეგად სერიოზულ უსიამოვნებას არ ელიან… აღსანიშნავია კიდევ ერთი რამ: ჩვენგან განსხვავებით, სკოლისადმი ბავშვების პროტესტი გულწრფელია და არ ნელდება. ბავშვებს დღესაც ისევე ეზარებათ, არ მოსწონთ, არ იზიდავთ და არ აინტერესებთ სკოლა, როგორც სასკოლო განათლების განთიადზე. მთავარი კითხვაა „რატომ?“

პროტესტს ისინიც კი გამოხატავენ, ვისაც კარგი ნიშნები აქვს და თავის გამოჩენა მოსწონთ. ასეთი ბავშვები სკოლის გარემოს აპროტესტებენ თავიანთი ცინიკური დამოკიდებულებით და ხანდახან ტყუილებითაც, რომლებსაც იმით ამართლებენ, რომ ეს აუცილებელია სკოლის სულელური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

რა იწვევს ასეთ მტკიცე პროტესტს? განათლება ხომ სასიკეთო საქმეა; ბავშვებს სჭირდებათ ის, რათა საზოგადოებაში წარმატებას მიაღწიონ. საზოგადოებას სასკოლო განათლების სისტემა ძალიან ძვირი უჯდება და ყოველი ბავშვისთვის (განურჩევლად მათი სურვილისა) განათლების მიცემა, უამრავი სკოლის მართვა მათი უამრავი პრობლემითურთ ერთ-ერთი ყველაზე ძნელი საქმეა.

რა გამოდის? რომ ბავშვები უმადურები არიან? თუ ასეა, მაშინ მეც, თქვენც და ყველა, ვინც სკოლა დაამთავრა და სავალდებულო სასკოლო განათლება მიიღო, უმადურნი ვყოფილვართ…

თუ გახსოვთ, ბავშვობაში ჩვენც ასეთივე პროტესტი გვქონდა სკოლის მიმართ. ეს პროტესტი განსაკუთრებით მძაფრი იყო სასკოლო სისტემის ჩამოყალიბებისას, იმ შორეულ დროში, როდესაც სასკოლო განათლება სავალდებულო გახდა. გაცილებით მძაფრი, ვიდრე დღესაა. მიუხედავად იმისა, რომ იმდროინდელი სასკოლო განათლების მოცულობა ბევრად უფრო მოკრძალებული გახლდათ, მეცხრამეტე საუკუნის ბავშვების კლასში გასაჩერებლად მასწავლებლები სტანდარტული საშუალებებით იყვნენ „შეიარაღებულნი“: ურჩთათვის – ჯოხებით, ხოლო მორჩილთათვის – ბრძანებით.

სასკოლო გარემოსადმი ბავშვების პროტესტზე უაღრესად საინტერესო ესე აქვს ამერიკელ ბავშვთა ფსიქოლოგს, პროფესორ პიტერ გრეის[1]. ბავშვების ბუნებრივი პროტესტის მიზეზების აღსაწერად გრეი იყენებს „ევოლუციური შეუსაბამობის“ კონცეფციას, რომლის დახმარებითაც ცდილობს ახსნას ჩვილებისა და მცირეწლოვანი ბავშვების ჭირვეულობა ღამით მარტო დაძინებისას – მისი აზრით, ბავშვებს იმიტომ არ უყვართ დაძინება, რომ არ უნდათ ღამით სიბნელეში მარტო დარჩენა. ტერმინი „ევოლუციური შეუსაბამობა“ ასახავს იმ განსხვავებას, რომელიც არსებობს ჩვენს დღევანდელ გარემოსა და ჩვენი ევოლუციური წინაპრების საცხოვრებელ გარემოს შორის.

პროფესორ გრეის თანახმად, ადამიანის როგორც ჰომო საპიენსის განვითარების ისტორიის, დედამიწაზე მისი ცხოვრება-მოღვაწეობის 99%–მა მონადირე-შემგროვებელთა ეპოქაში ჩაიარა. ანთროპოლოგები თანხმდებიან, რომ მონადირე-შემგროვებელთა ცხოვრების წესი ის ერთადერთი სტაბილური სისტემაა, რომელიც კი ჩვენმა სახეობამ ოდესმე იცოდა.

ასე იყო, ვიდრე ადამიანი სოფლის მეურნეობას მიჰყოფდა ხელს (სოფლის მეურნეობა დაახლოებით 10 000 წლის წინ ჩაისახა). ამის შემდეგ ჩვენ მოვხვდით მუდმივად ცვალებად და სულ უფრო სწრაფად მოძრავ კულტურული ცვლილებების ქარბორბალაში. ბიოლოგიური კუთხით, ჩვენ კვლავ მონადირე-შემგროვებელთა სახეობა ვართ, რომლებიც მთელი ძალისხმევით ცდილობს შეეგუოს ცხოვრების დღევანდელ პირობებს.

ხსენებულ ესეში პროფესორი გრეი ამბობს, რომ ჩვილებსა და პატარებს იმიტომ არ უყვართ მარტო დაძინება, რომ მონადირე-შემგროვებელთა ცივილიზაციის ეპოქაში ეს მათთვის შესაძლოა სიკვდილით დამთავრებულიყო. „ურჩხულები საწოლის ქვეშ“ იმ დროს მართლა არსებობდნენ. ესენი იყვნენ ტურები, აფთრები, ვეფხვები და ღამის სხვა მტაცებლები, რომლებიც გამუდმებით დაძრწოდნენ ადამიანთა საცხოვრებლის გარშემო და დაეძებდნენ სუსტ, დაუცველ მსხვერპლს. ინსტინქტები და შიშები, რომლებიც ადამიანს იმ ასობით ათასი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბდა, არ შეცვლილა.

სტატიის ამ ნაწილში პროფესორი გრეი ცდილობს, განათლების სიტემის პრობლემები „ევოლუციური შეუსაბამობის“ კონცეფციის მეშვეობით განმარტოს: „როგორც ამ ბლოგის პირველ ესეში აღვნიშნე, მეთოდები, რომელთა მეშვეობითაც მონადირე-შემგროვებელთა ეპოქაში იღებდნენ განათლებას ბავშვები, სრულიად საპირისპიროა იმ მეთოდებისა, რომლებითაც დღეს ვცდილობთ სკოლებში ჩვენი შვილების განათლებას. ანთროპოლოგების მიერ შესწავლილი მონადირე-შემგროვებელთა საზოგადოების უმთავრესი ღირებულება თავისუფლება იყო. მონადირე-შემგროვებლებს სჯეროდათ, რომ მიუღებელია, პიროვნებას რაიმე დააძალო, რამე გააკეთებინო მისი ნების საწინააღმდეგოდ, ბავშვებს კი ისინი პიროვნებებად განიხილავდნენ. მონადირე-შემგროვებელთა თემში მიღებული არ იყო ქცევის თუნდაც შეთავაზება, რადგან ეს შესაძლოა დაძალებად აღექვათ. მათ სჯეროდათ, რომ ადამიანი საკუთარი ინიციატივით ისწავლიდა იმას, რაც თემის (ჯგუფის, ტომის) კეთილდღეობას წაადგებოდა, რადგან თვითონვე დაინახავდა ამ საქმის სასიკეთო შედეგს და მისი კეთების ხალისს იგრძნობდა.

ასეულობით ათასი წლის განმავლობაში ეს გახლდათ ადამიანთა საზოგადოების მთავარი მაორგანიზებელი პრინციპი. მონადირეთა და შემგროვებელთა ცხოვრება მოითხოვდა ძლიერ პიროვნულ ინიციატივას და შემოქმედებას. ასევე – რწმენას, რომ ადამიანები ერთმანეთს გაუზიარებდნენ მონაპოვარს და ითანამშრომლებდნენ, რადგან უნდოდათ, ასე ყოფილიყო.

როგორც ჩანს, მონადირე-შემგროვებლებს ესმოდათ ეს პრინციპები. მათ კარგად ესმოდათ ისიც, რომ ბავშვები მაშინ ჩამოყალიბდებოდნენ თავისუფალ, ერთმანეთისადმი ნდობით აღსავსე, თანამშრომლობისთვის მზად მყოფ და შემოქმედ ზრდასრულ ადამიანებად, თუ მათ ბავშვობიდანვე მიანიჭებდნენ თავისუფლებას. ვგულისხმობ იმ დროს არსებული თემის იმ მორალურ პრინციპებსა და მოდელებს, რომლებიც მოცემულ ჯგუფსა თუ ტომში იყო მიღებული. ჩვენი ისტორიის უზარმაზარი პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ადამიანები მონადირე-შემგროვებლები იყვნენ, ბავშვებს ყოველდღე, მთელი დღის განმავლობაში, სრული თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული თამაშისა და გარემოს კვლევისთვის, რაც მათი თვითგანათლების, თვითგანსწავლის გზას წარმოადგენდა. განათლება ყოველთვის თვითმართული გახლდათ. ამიტომაც არიან ბავშვები ბუნებრივად ცნობისმოყვარენი, კომუნიკაბელურნი და თამაშისადმი მიდრეკილნი – ეს ის თვისებებია, რომლებიც წარმოადგენს ბავშვის შესაძლებლობათა სამოტივაციო ძალას თვითგანათლებისთვის. ამ „ბავშვურ“ თვისებებს ხელს უწყობდა, წაახალისებდა და დახვეწაში ეხმარებოდა ბუნებრივი გადარჩევა, სწორედ იმ მიზნით, რომ მომსახურებოდა განათლების ფუნქციას ბავშვობის თავისუფლების პირობებში.

მაშინ, როდესაც ჩვენ ვაძალებთ ბავშვებს, წყნარად ისხდნენ მერხებთან და უსმინონ მასწავლებელს და აკეთონ მხოლოდ ის, რასაც ეტყვიან, მათი სხეული, მათი ყოველი ნეირონი და კუნთი ამის წინააღმდეგია. ის ამბობს: „ეს შეცდომაა. მე მჭირდება, თვითონვე ვაკონტროლო ჩემი აქტივობა; მჭირდება თამაში იმ უნარების გამოყენებით, რომლებიც მნიშვნელოვნად მიმაჩნია; მჭირდება იმ საკითხების კვლევა, რომლებიც მაინტერესებს და მოსაწყენი არ მეჩვენება; მჭირდება, ყურადღება მივაქციო იმას, რასაც აკეთებენ ადამიანები ჩვენ გარშემო და არა იმას, რასაც ეს მასწავლებელი (რომელიც სკოლის გარეთ, რეალურ სამყაროში, ძნელი წარმოსადგენიც კია) მეუბნება. თუ ეს ყველაფერი არ გავაკეთე, მცოდნე, ღირსების მქონე ადამიანი ვერ გავხდები.

მონადირე-შემგროვებელთა ეპოქაში ბავშვი, რომელიც არ იყო მოტივირებული, თავისი ნების შესაბამისად მიჰყოლოდა ცხოვრებასა და განათლებას, ალბათ ცხოვრებისთვის შეუფერებლად, ცუდად შეგუებულად ჩაითვლებოდა.

ასე რომ, ჩვენს ბავშვებს აქვთ ინსტინქტები, რომლებიც მათ თავისუფალი თამაშის, გამოკვლევისა და სოციალიზაციის საშუალებით თვითგანათლებისკენ უბიძგებს. მაგრამ სკოლები დაჟინებით ითხოვენ, დავთმოთ თავისუფლება და ვაკეთოთ ის, რასაც გვიბრძანებენ. სკოლებს არასოდეს უმუშავიათ კარგად და თეორიულადაც კი არ შეუძლიათ, კარგად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობა, რადგან ისინი მუდამ ბავშვის ნების წინააღმდეგ არიან მომართულნი და, შესაბამისად, წინააღმდეგობას იწვევენ“.

რა შეიძლება გავაწყოთ ასეთი „ევოლუციური შეუსაბამობის“ წინააღმდეგ? პროფესორ გრეის აზრით, ჩვენ ორი არჩევანი გვაქვს: შეგვიძლია გავაგრძელოთ ბორძიკი დამთრგუნველი სასკოლო სისტემის მეშვეობით და ბრძოლა ჩვენი ბავშვების ინსტინქტებთან ე.წ. „დამაწყნარებელი“ წამლებისა თუ სხვა საშუალებების გამოყენებით თავისუფლებისადმი მათი სწრაფვის დასათრგუნავად ან მივიღოთ ის,  რაც უმეტესობას დღეს განათლებისადმი რადიკალურ, ხშირად გიჟურ მიდგომად ეჩვენება, მაგრამ სავსებით მისაღები და ჩვეულებრივი იყო მონადირე-შემგროვებელთა ეპოქის ადამიანებისთვის. ეს რადიკალური მიდგომა გულისხმობს, დავანებოთ ბავშვებს თვითგანათლება, ჩვენ კი შევუქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც მათ ამის საშუალებას მისცემს.

იდეა, რომ ბავშვებს შეუძლიათ, თვითონვე მართონ თავიანთი განათლება და ეს კარგადაც გააკეთონ, უმრავლესობას აბსურდული ეჩვენება; ჩვენ განათლების იდეა ისე მოგვაწოდეს, რომ დარწმუნებულნი ვართ, თითქოს ის ზემოდან ქვემოთ მიმართულებასა და იძულებას გულისხმობს. მაგრამ მას, ვისაც სურს, სხვაგვარად შეხედოს განათლებას, უამრავი საინტერესო მაგალითი ელის, რომლებიც ნათელყოფს, რომ განათლებისადმი მონადირე-შემგროვებელთა მიდგომამ შესაძლოა შესანიშნავად იმუშაოს ჩვენს საზოგადოებაშიც.

ასეთი მაგალითი უამრავია სადბერი ველის სკოლაში, სადაც ბავშვებს უზრუნველყოფენ იმ რესურსებით, რომლებიც მათ შესაძლებლობას აძლევს, თვითონვე წარმართონ თავიანთი განათლების პროცესი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რესურსები, რომლებიც შესაძლებელს ხდის სხვადასხვა ასაკის ბავშვების ერთად თამაშს, იმ საშუალებებსა თუ ხელსაწყოებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურისთვის და იმ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ ბავშვებს თვითგანათლების პროცესში.

ბევრისდა გასაკვირად, ამ ყველაფერს შესაძლოა გაცილებით ნაკლები ხარჯი და ძალისხმევა დასჭირდეს, ვიდრე მოითხოვს დღევანდელი, ძალმომრეობაზე აგებული სასკოლო სისტემა. ამ ტიპის დაწესებულებები, სტანდარტული სკოლებისგან განსხვავებით, სიხარულითა და აღმაფრენითაა სავსე.

პროფესორ გრეის კონცეფცია დღევანდელი სასკოლო სისტემის „ევოლუციური შეუსაბამობის“ შესახებ შესაძლოა კრიტიკულად და უცნაურად ჟღერდეს, შესაძლოა, დღეს მისი აღქმა ადვილი არ იყოს, მაგრამ აუცილებელია იმაზე დაფიქრება, რაც მის მოსაზრებებში რაციონალურია და მეტ-ნაკლებად რეალისტურად აღწერს სასკოლო სისტემის ძირითად მახასიათებლებს: ძალმომრეობაზე დამყარებულ განათლების პროცესს, ბავშვებისთვის თავისუფლების მეტ-ნაკლებად შეზღუდვას, მცირე ასაკის ბავშვებს შორის, ნაცვლად თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარებისა, კონკურენციის წახალისებას, შერეული ასაკის მოსწავლეთა ჯგუფების არარსებობას და ერთად თამაშის შეზღუდვას, შემოქმედების შეზღუდვას ან მკაცრ რეგლამენტირებას, მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ვერტიკალურ და იერარქიულ სქემას და სხვა თავისებურებებს, რომლებიც ხშირად პირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის თავისუფალ ნებასა და მის შემოქმედებით ბუნებას.

წყარო:

https://www.psychologytoday.com/blog/freedom-learn/201111/why-children-protest-going-school-more-evo-mismatch

[1] პიტერ გრეი (Peter Gray) – ამერიკელი ფსიქოლოგი, ბოსტონის კოლეჯის პროფესორი, ბავშვის ფსიქოლოგიის სპეციალისტი, სტანდარტული საგანმანათლებლო სისტემის კრიტიკოსი, ავტორი პოპულარული წიგნისა „Free to learn: Why Unleashing the Instinct to Play Will Make Our Children Happier, More Self-Reliant, and Better Students for Life(Basic Books, 2013)

მარიამ გოდუაძე – წერის  ათვისებისათვის ინკლუზიურ საკლასო ოთახში, მარია მონტესორის მეთოდი

0

 

„ინკლუზიური განათლება“ იდეალური მიზნისკენ მავალი  ჩართულობის განათლებაა, რომელიც ყველა ჩვენგანისაგან მუხლჩაუხრელ შრომას ითხოვს. თუმცა ინკლუზიური სასწავლო გარემო პედაგოგებს არაერთი გამოწვევის წინაშე აყენებს. მათ, უპირველეს ყოვლისა, უნდა მოახერხონ არადისკრიმინაციული სასწავლო სივრცის შექმნა და ყველა მოსწავლისათვის თანაბარი განათლების მიცემა, რაც ნამდვილად არ არის იოლი პროცესი. განსაკუთრებულ სირთულეებთანაა დაკავშირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის წერის უნარ-ჩვევების გამომუშავება და განვითარება.

აღიარებულია,  რომ წერა რთულად ორგანიზებული ფსიქიკური ოპერაციაა, რომლის დაუფლება მრავალი უნარის კოორდინირებულ განვითარებას გულისხმობს და ამ უნარის ათვისება წარმოადგენს გაცნობიერებულ აქტს, რომლის დაუფლებაც სპეციალურად დაგეგმილი დასწავლის პროცესში ხორციელდება, ამავდროულად მოითხოვს წინდაწინ ტექნიკურ  გავარჯიშებას და ავტომატიზებულ პროცესად იგი მხოლოდ გარკვეული დროისა და გაწაფვის შემდეგ გადაიქცევა.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობისას წერის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე განსხვავებული ტიპის სირთულეები იკვეთება. მაგალითისთვის განვიხილავთ რამდენიმე შემთხვევას (აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლეთა სახელდება პირობითობის პრინციპს ექვემდებარება):

გაგის შემთხვევა – დიაგნოზი: აუტისტური სპექტრის აშლილობა. ასაკი –11 წლის. გაგის უჭირს ასოების გრაფიკული გამოსახულების სწორად მოხაზვა – ფორმის, ზომის, დახრილობის ზუსტად გადმოცემა; ეშლება მსგავსი ასოების „შ“ და „წ“, „ძ“ და „ხ“ ჩაწერა; სირთულეს აწყდება ასოების რვეულის სიბრტყესა და ბადეში მოთავსებისას (წერას იწყებს რვეულის შუაში, ასოები დიდი ზომისაა და არ ეტევა ბადეში, ყურადღებას არ აქცევს ბადეს, ასოებს შორის დიდია ინტერვალი, ან პირიქით, ასოები შეტყუპებულად არის მოცემული); სიტყვების ჩაწერისას ტოვებს, ანაცვლებს ცალკეულ ასოებს და მარცვლებს, სიტყვები დაუსრულებელია; წინადადების ჩაწერისას ტოვებს ცალკეულ სიტყვებს; წერისას აღენიშნება ჯდომის უცნაური პოზა, თვალშისაცემია რვეულის უჩვეულო განლაგებაც; თუმცა გაგის შეუძლია კომპიუტერზე ტექსტის თავისუფლად აკრება. მას მშობლებისაგან დამოუკიდებლად შეუსწავლია ინგლისური  და რუსული ასოების ვიზუალური ხატები, აქვე უნდა ითქვას, რომ გაგი არკვევს მოსმენილი სიტყვების მნიშვნელობებს, საუბრობს უაქცენტოდ რუსულად, ხარვეზებით – ინგლისურად, მაგრამ მოსმენილის ან ნათქვამის ფურცელზე გადატანა არასდროს უცდია და თვლის, რომ არ შეუძლია.

ლუკას შემთხვევა – დიაგნოზი: ქცევითი აშლილობა; ასაკი – 7 წლის. ლუკა მძიმე მოტორული უნარების მქონე ბავშვია. უჭირს ასოების გრაფიკული გამოსახულებების სწორად მოხაზვა – ფორმის, ზომის, დახრილობის ზუსტად გადმოცემა; ეშლება მსგავსი ასოების ჩაწერა; სირთულეს აწყდება ასოების რვეულის სიბრტყესა და ბადეში მოთავსებისას (ასოები დიდი ზომისაა და არ ეტევა ბადეში, ყურადღებას არ აქცევს ბადეს, ასოებს შორის ინტერვალი დიდია); სიტყვების ჩაწერისას ტოვებს, ანაცვლებს ცალკეულ ასოებს და მარცვლებს,  სიტყვები დაუსრულებელია; წინადადების ჩაწერისას ტოვებს ცალკეულ სიტყვებს; წერისას აღენიშნება ჯდომის უცნაური პოზა, თვალშისაცემია რვეულის უჩვეულო განლაგებაც; შეუძლია ნებისმიერი სიტყვის გადაწერა, თუმცა ყურადღებას არ აქცევს ნაწერის მნიშვნელობას.

მართას შემთხვევა – დიაგნოზი: სმენადაქვეითებულობა (მესამე ხარისხის), გონებრივი ჩამორჩენა. ასაკი – 8 წლის. მართას ასოების გრაფიკული გამოსახულებების სწორად მოხაზვა არ უჭირს, თუმცა მისთვის რთულია ასოების დამახსოვრება; სიტყვების გადაწერისას ტოვებს, ანაცვლებს ცალკეულ ასოებს და მარცვლებს,  სიტყვები დაუსრულებელია; წინადადების ჩაწერისას ტოვებს ცალკეულ სიტყვებს; უჭირს განსაზღვრა, თუ რა სიტყვა ჩაწერა, შესაბამისად,  მისი წერის პროცესი სიტყვის შემადგენელი ცალკეული ასოს გადახატვას უფრო ჰგავს, ვიდრე წერით აქტივობას, რამდენადაც არ ხდება ჩაწერილი სიტყვისთვის შინაარსის მინიჭება).

როგორც ვხედავთ, მოცემულ შემთხვევათა განზოგადება შესაძლებელია. ზემოთ დასახელებული თითოეული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვი ხშირად განსაკუთრებულ მხარდაჭერას და სავარჯიშო პროგრამებს საჭიროებს როგორც წინადადების და სიტყვის ხმოვანი შემადგენლობის ანალიზის, ასევე ფონემების გრაფიკული გამოსახვის უნარების განვითარებისთვის. მათთან მუშაობისას მნიშვნელოვანია ჯდომის სწორი პოზის და საწერი საშუალების ხელში მოხერხებულად დაჭერის  უზრუნველყოფა.   მხოლოდ ცალკეული ასოების გრაფიკული გამოსახულების დასწავლაზე აქცენტი კი ამ ტიპის შემთხვევებში არასწორი იქნება. მოსწავლეს უნდა ავუხსნათ, რომ ასოების წერა იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც მისგან სიტყვა, სიტყვებისგან კი წინადადება იგება და რომ სწორედ მათი საშუალებითაა შესაძლებელი საკუთარი ნააზრევისა თუ განცდების გამოხატვა და გადმოცემა.

ინკლუზიური განათლების შესახებ არსებულ მასწავლებლის გზამკვლევში გამოყოფილია სიტყვის წერის პროცესის რამდენიმე ეტაპი: 1. სიტყვის შემადგენელ ერთეულთა ანალიზ – ხმოვანი ნაკადიდან, მოსწავლემ უნდა გამოარჩიოს ის ერთეულები (მარცვლები და ბგერები), რისგანაც შედგება სიტყვა. მან უნდა განსაზღვროს რომელია პირველი ბგერა, მომდევნო და ა.შ. 2. წინადადების და სიტყვის ხმოვანი შემადგენლობის ანალიზი  – ხმოვანი ერთეულების გარჩევის შემდეგ მნიშვნელოვანია, ამ ერთეულების ცალკეულ ფონემებად იდენტიფიცირება და მსგავსი ჟღერადობის ფონემებისგან განსხვავება. მაგ., დაზუსტება, რომ სიტყვის „ქალი“ შემადგენელი ფონემებია ., ა, ლ, ი  და არა  , ა, ლ, ი.  3. ფონემების გრაფიკულ გამოსახულებებად (გრაფემებად) გადაყვანა – ამისთვის, მოსწავლეს კარგად უნდა ჰქონდეს დასწავლილი ფონემების შესაბამისი გამოსახულებები. მოსწავლემ უნდა აღიდგინოს ფონემის სურათ-ხატი და ხელის შესაბამისი მოძრაობით გამოსახოს საჭირო ასო ანუ შესძლოს ფონემების ჩაწერა. 4. სიტყვის შემადგენელი ერთეულების თანმიმდევრობის დამახსოვრება და მათი რიგის .სწორად ჩაწერა. წინადადების წერისას კი სიტყვების თანმიმდევრობის დაცვაც არის საჭირო.

აღიარებული ფაქტია, რომ ასოს სწორად გამოსაყვანად საჭიროა ნატიფმოტორული უნარი  და აღნიშნულ გზამკვლევში ამ უნარების განვითარებისათვის, ასევე  წერისა და ფონემატური ანალიზისთვის სხვადასხვა რჩევაა მოცემული, თუმცა გვერდი ვერ აევლება დიმიტრი უზნაძის თეორიას, რომლის თანახმად, ადამიანის (ჩვენს შემთხვევაში ბავშვის) ქცევას საფუძვლად უდევს განწყობა, რომელიც  გაცნობიერებული, წარმოსახული სიტუაციაა. მაშასადამე, ბავშვში წერის განწყობის შესაქმნელად მოგვეთხოვება მის მიერ წარმოსახული სიტუაციის რამდენადმე მსგავსი  რეალობის შექმნა.

სწორედ ამგვარი რეალობის შექმნა სცადა მარია მონტესორიმ, რომლის მეთოდი იმ აზრიდან გამომდინარე, რომ აღზრდის ამოცანა მოსწავლის მთელი ძალების ამოქმედებაა, უყურადღებოდ არ ტოვებს შეგრძნებათა, აღქმის და მოტორული პროცესების ერთობლიობას. მის ე.წ. „ნომენკლატურის გაკვეთილებში“ ერთიანდება გეომეტრიულ ფორმებსა და ფერებზე ვარჯიში, რომელიც თანდათანობით რთულდება მასწავლებლის მეთვალყურეობით გარესამყაროზე დაკვირვებით,   ასევე ამოჭრილ გეომეტრიულ ფიგურებსა და ხატვით წინასწარშემუშავებული სისტემის თანახმად (მაგ.: შავი, შემდეგ კი ფერადი დაშტრიხვის მეთოდით), ფერთა სახელდებაზე თამაშით. ეს ყველაფერი თავს იყრის არითმეტიკული მიზნისკენ მავალ სავარჯიშოებში (ციფრებით, „ნულით“, რომელსაც აქვს მნიშვნელობა და არაფერი სულაც არ არის, ციფრების დამახსოვრებაზე ვარჯიშით) და საბოლოოდ გადაიზრდება ასე ფართოდ ცნობილ წერა-კითხვის მეთოდში, რომლის ფსიქოლოგიურ საფუძვლად მოიზრება წერის ფსიქო-ფიზიოლოგიური ბუნება  და ანალიზი იმ მოტორული მექანიზმებისა,  რომლებიც წერის პროცესში მონაწილეობენ. აღნიშნული ანალიზი მიგვითეთებს, რომ ბავშვებს წერა ასო-ბგერათა არცოდნის გამო კი არ უჭირთ, არამედ იმიტომ, რომ მათ ჯერ კიდევ არასაკმარისად აქვთ განვთარებული წერის პროცესში მონაწილე ორგანოები (მაგალითად, შესაბამისი კუნთები ხელის მტევნისა). შესაბამისად, წერის საწყისი ამოცანაა, რომ წინასწარ შერჩეული სავარჯიშოებით წერის პროცესისთვის სწორედ ისინი განვაწყოთ. ამისათვის კი აი, რას აკეთებს მონტესორი:

  • მოცემული მეთოდით წერის სწავლებას იწყებს გეომეტრიული ფიგურების ხატვით;
  • ბავშვი გადადის მათ დაშტრიხვა-შეფერადებაზე;
  • ბავშვი იწყებს წინასწარ დაწერილ  ზუმფარის ქაღალდზე ამოჭრილ, შემდეგ კი მუყაოზე დაკრულ ასო-ბგერებზე თითების შემოყოლებას,  რითაც მას მხედველობითთან ერთად უყალიბდება კუნთოვან-ტაქტილური ასოციაცია;
  • მხოლოდ ამის შემდეგ ვასახელებთ შესაბამის ასო-ბგერებს, შედეგად კი მხედველობითი და კუნთოვან-ტაქტილური შეგრძნება ერწყმის სმენით შეგრძნებას;
  • ბოლოს კი სათითაოდ გამოჭრილი ასოებისაგან ბავშვები სიტყვების შედგენაზე ვარჯიშობენ.

ამ გზით წერის შესწავლის პროცესი მჭიდროდ უკავშირდება კითხვის შესწავლას. კითხვა წმინდა მექანიკური პროცესია, რომელიც მხედველობით აღქმას ბგერად გარდაქმნის. და იგი, აღქმის გაგებით, დაწერილი სიტყვების დახმარებით  იწყება მას შემდეგ, როცა წერა-კითხვის შესწავლის ერთიანი პროცესი ხორციელდება.  ამ მეთოდის თავისებურება არის ის, რომ წერას ბავშვები წერის გზით კი არ სწავლობენ, არამედ წერისთვის მოსამზადებელი სავარჯიშოებით (უმეტესად ხატვისა და დაშტრიხვის მეთოდით).  ისინი წერას კალმის ხელში აღებამდე ეუფლებიან. ამიტომაც წერენ მოულოდნელად ანდა თვითშემოქმედებითად, მას შემდეგ, რაც მასწავლებელი დაშტრიხვის სავარჯიშოებზე დაკვირვებით დარწმუნდება, რომ მათი კუნთოვანი მექანიზმი საკმარისად არის მომზადებული წერის პროცესისათვის და ბავშვებს შესთავაზებს ასო-ბგერის ან სიტყვის ჩაწერას.  წერა-კითხვის შესწავლის მთელი პროცესი კი, მოსამზადებელი სავარჯიშოებით დაწყებული და  დამოუკიდებელი წერით დამთავრებული,  მოითხოვს საოცრად მცირე დროს. მარიამ მონტესორის მტკიცებით,  ოთხ წლამდე ასაკის, სხვებისგან მოძულებულმა და მის მიერ შეკედლებულმა ორმა პატარამ წერა ისე ისწავლა, რომ  სულ რაღაც თვენახევარში შეძლეს ყველა თავისი თანატოლის სახელით  ყოველივე საუკეთესო ესურვებინათ და მადლობა გადაეხადათ ინჟინერ ტალამოსათვის. მონტესორის წიგნში არსებული ფოტომასალა და ილუსტრაციები მკითხველს  სავსებით არწმუნებს წერილების კალიგრაფიული სიზუსტითა შესრულებაში მაშინ, როდესაც სხვა დაწყებითი სკოლების 6-7 წლის მოსწავლეები მანამდე არსებული მეთოდებით მთელი წლის მანძილზე ეუფლებიან  გამართულად წერასა და კითხვას.

უნდა ითქვას, რომ მიუხედავად ასაკობრივი განსხვავებებისა, აღნიშნული მეთოდები წარმატებით ერგება ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ჩვენს შემთხვევას, ასე რომ, ამ საშუალებათა გამოყენება სავსებით შესაძლებელია დღევანდელ სასწავლო სივრცეში, რომელსაც გვიქმნის და გვთავაზობს ინკლუზიაზე დაფუძნებული მიდგომა, თანამედროვე რესურსოთახების არსებობის პირობებში ხომ – მით უფრო. ზუმფარის ქაღალდი კი ბევრი სხვა ტიპის, მაგ., ფერადი ხავერდის ან გოფრირებული ქაღალდებით, პლასტელინით, შეფერილი თეთრი თიხით ან თაბაშირით შეიძლება ჩანაცვლდეს და მათ გამოყენებაში საგნის პედაგოგს სპეცმასწავლებელი დაეხმაროს. შემოქმედებითი აზროვნების განვითარებისთვის, საინტერესო, სახალისო და ეფექტური წერის პროცესის შექმნისთვის კი აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი პოზიტიური ემოცია, სხვადასხვა საგნების ჩვენებით ან ამბის მოსმენით წარმოსახვის განვითარება, მრავალმხრივი ხედვის ჩამოყალიბება და მოსწავლეთათავის იმის შთაგონება, რომ შემოქმედება ყველაზე უძლეველი ძალაა, რომელიც ჩვენში ცხოვრობს  და ზღაპრული უკვდავებისთვის გვამზადებს.

წერის უნარ-ჩვევების განვითარებისათვის დღესდღეობით არსებული სხვა არაერთი საინტერესო  რჩევა ზემოთ ხსენებულ გზამკვლევშია  მოთავსებული.

mont1

mont2

სასარგებლო რესურსები:

ინკლუზიური განათლება, მასწავლებლის გზამკვლევი, თბილისი, 2009;

Oswald Paul, Schulz-Benesch Günter, Basic Ideas of Montessori’s Educational Theory, Maria Montessorri, Extracts from Maria Montessori’s Writings and Teachings, Ideas of Montessori’s Educational Theory: Volume 14 of The Clio Montessori series, Clio Press, 1997.

 

ცირა ბარბაქაძე – სიყვარულის მეტაფორები: მონობა

0

 

„შენს შემხედვარეს, ზეცას მადლი გადაჰფენია,
რომ არ მიყვარდე, აბა, მე სხვა რა დამრჩენია?!
სანამ ვარსებობ, შენი მონა უნდა ვიყო და
შენ გინდ მიხმე და გინდ ნუ მიხმობ, ნება შენია.

ჯალალ-ედ-დინ რ უ მ ი

 

ვერასდროს ვერცერთი მეტაფორა ვერ აღწერს სიყვარულს. მეტაფორებს შეუძლიათ მხოლოდ სიყვარულის გარკვეული ასპექტების წარმოჩენა, რადგან უძლურია ენა ფორმაში (განმარტებაში) მოაქციოს ის, რაც თავისი არსით უფორმო და მოუხელთებელია. თუმცა ამ ენერგიას შეუძლია მრავალი სახე მიიღოს, მრავალგვარად, განსხვავებული სიუჟეტებით გამოვლინდეს სიყვარულის ობიექტებს შორის.

სიყვარულის ერთი ასეთი ასპექტია ობიექტებს შორის „ბატონ-ყმური“ მიმართება (რა თქმა უნდა, მეტაფორებზე საუბრისას ყველაფერი მეტაფორაა). ზოგ შემთხვევაში, ბატონი (ხელმწიფე) თავად სიყვარულია, მაგრამ რაკი სიყვარულის აღქმა მხოლოდ შეყვარებული წყვილებით და მათი ისტორიებით არის შესაძლებელი, ერთგვარად „გადანაწილდება“ ეს როლები. შეყვარებული წყვილიდან უმეტესად ერთი ემონება მეორეს. სიყვარულის „მონური“ სიუჟეტი უმეტესად ერთის მხრიდან მეორისადმი თავშეწირვაა, მიუხედავად ყველაფრისა და ნებისმიერ შემთხვევაში;

ასეთი თავშეწირვის შემთხვევაში, შეყვარებული ბედნიერია ყველაფრით… უბრალოდ იმით, რომ არსებობს მეორე ადამიანი, რომელსაც შეიძლება ეტრფოდეს და არა აქვს მნიშვნელობა: ვინ არის, როგორია, უყვარს თუ არა მას საპასუხოდ და სხვა;  ასეთ შეყვარებულს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „შეპყრობილს“ და „მოჯადოებულს“. სიყვარულის „ბატონად“, „ხელმწიფედ“, „მეფედ“ გამოცხადება აბსტრაქტულია, ასეთ „არარსებულს“ ადამინი ვერ იღებს და როცა შეყვარებულია, ემონება არა აბსტრაქტულ, არამედ კონკრეტულ ადამიანს და საკუტარი სიყვარულის პროექციას ამ ადამიანში, იმ შემთხვევაშიც კი, როცა რჩეული სატრფო იდეალური სიყვარულისგან ძალიან შორს არის. თითქოს ერთს სჭირდება მეორე, როგორც მუზა და საპასუხო სიყვარულის შემთხვევაში, შესაძლოა, სულაც დაირღვეს ეს სიუჟეტი და დასრულდეს სიყვარულიც.

მუზა – როგორც მიუღწეველი, იდეალურისკენ, ღვთაებრივისკენ მუდმივ „სწრაფვაში“ ამყოფებს მიჯნურს და ეს არის მისი „მისია“- ტანჯვის გზით შემეცნება; ფსიქიკის ამგვარი სიუჟეტი დაირღვევა, თუ იქნება თანასწორი და საპასუხო სიყვარული. შეიძლება, სიყვარულის იერარქიაში ამგვარი სიყვარული ერთი ეტაპი იყოს მხოლოდ. ექიმები და ფსიქოთერაპევტები სულის ამგვარ მდგომარეობას აშლილობას და ნერვოზის გამოვლინებას მიაწერენ, რადგან აკვიატებული მიჯაჭვულობა სიყვარულის ობიექტისადმი კარგს არაფერს უქადის მის ცხოვრებას.

მსოფლიო კულტურა – ლიტერატურა, მითები, ყოველდღიური ცხოვრება  სავსეა ამგვარი მონური სიყვარულის სიუჟეტებით.

ნიმუშად შექსპირის ეს სონეტიც გამოდგება:

სონეტი 58

„მაღალმა ღმერთმა მე შენს მონად რადგან მაქცია,

დე, დამიფაროს, შევამოწმო შენი ცხოვრება,

მუდამ მორჩილად მოგიწონებ ყველა საქციელს,

მე რომ მონა ვარ, ეს ყოველთვის მემახსოვრება.

ნება მომეცი, ავიტანო ტანჯვა წყეული,

მე სიმარტოვე მომისაჯა, ალბათ, ბუნებამ,

დაგელოდები, მოთმინებას შენგან ჩვეული,

და არასოდეს არ გავბედავ შენს გამტყუნებას,

აღარასოდეს მომინდება შენ დაძრახვა,

ვისთანაც გინდა, იქ ატარე ჟამი, ნეტარი,

შენ უფლება გაქვს აისრულო ყველა განზრახვა

და აპატიო თავს შენივე ნამოქმედარი.

ჩემი ხვედრია ეს ლოდინი ჯოჯოხეთური,

არ უნდა დამცდეს სამდურავი და საყვედური.

სხვა სონეტში ამავე აზრს აგრძელებს შექსპირი: მონა ვარ შენი. მორჩილებაც მონური მმართებს, მმართებს ლოდინი, რომ ვიხილო შენი სახება;

რა თქმა უნდა, მეორე მხრივ, მწერალი სრულად აცნობიერებს ლირიკული პერსონაჟის ამ მდგომარეობას და ამიტომ წერს:

„თვალნი დამივსო სიყვარულით, ალბათ, გამჩენმა,
სიავე შენი მე სიკეთედ რომ მომაჩვენა…“

კნუტ ჰამსუნს აქვს ერთი პატარა მოთხრობა, „სიყვარულის მონები“ ჰქვია.: კაფე „მაქსიმილიანეს“ მიმტანს თავდავიწყებით შეუყვარდება ერთი მამაკაცი, რომელიც კაფეს ყოველდღე სტუმრობს. ქალი ყურადღებას მიაქცევს, რადგან სხვებისგან განსხვავებით, ამ მამაკაცს მისთვის ქათინაური არასდროს უთქვამს. კაცი სხვაზეა შეყვარებული – მსახიობ ქალბატონზე, „ყვითელ კაბაში“. მიმტანი ქალისთვის ამას მნიშვნელობა არა აქვს, ეხმარება მამაკაცს ყველაფერში, რაშიც და რითაც შეუძლია: აძლევს ფულს „ყვითელი ქალბატონისთვის“, უწმენდს კაფეში დასვრილ ქურთუკს, ერთი სიტყვით, „თავს დასტრიალებს“. კაცი ეუბნება, რომ არ უყვარს და ამ ქალს ხშირად მიმართავს სიტყვით: „მონა“ (გმადლობ, მონა), რომ ის (მამაკაცი), თავის მხრივ,  „ყვითელი ქალბატონის მონაა“, მაგრამ ეს მიზეზი სულაც არ აფერხებს შეყვარებულ ქალს… ბოლოს მამაკაცი თავის „ყვითელ ქალბატონს“ გაეკიდება სხვა ქალაქში, გაუბედურებული შეყვარებული ქალი თავს კედელს ახლის და როცა, ერთ დღესაც, ის გაზეთში ამ კაცის გარდაცვალების ამბავს წაიკითხავს, თავს მის „ქვრივს“ უწოდებს…

არავინ იცის, სიყვარულის რა ფორმაა ეს და როდემდე შეიძლება გაგრძელდეს, ფაქტია, რომ არსებობს და ტანჯვის სანაცვლოდ აძლევს ადამიანებს სიცოცხლის აზრს.
სიყვარულის ეს სიუჟეტი აკაკი წერეთელს ასე ამღერებს:

„მშვენიერო, შენ გეტრფი,

შენი მონა, ერთგული,

შენთვის სულდგმულს შენგანვე

შენთვის მიძგერს ეს გული“

„მონური“  სიყვარულის განსხვავებულ ფორმას ხატავს ალექსანდრე ჭავჭავაძე ლექსში: „სიყვარულო, ძალსა შენსა“. აქ მთავარი – „ხელმწიფე, თვითმპყრობელი“ თავად სიყვარულია, მისი უდიდებულესობა, სიყვარული, ხოლო მიჯნურები არიან „მონები“ (გულები), დამორჩილებულები ამ ღვთაებრივ ენერგიას, რომელშიც ყველა თანაბრდება: მეფე, მონა, ბრძენი, ხელი…

სიყვარულო, ძალსა შენსა ვინ არს რომე არ ჰმონებდეს?
ვინ არს, რომე გულსა ტახტად, ოხრვას ხარკად არა გცემდეს?
შენგან მეფე მონას ეყმოს, შენგან ბრძენი ხელად რებდეს,
და ბულბულსა რად ეძრახვის, რომ შენგამო ვარდს შეჰყეფდეს!

სიყვარულო, ძალსა შენსა ყოველი გრძნობს, არსებს რაცა,
სჯულსა შენსა ყველა ერჩის: ბერი, ერი, მეფე, ყმაცა;
ხელმწიფე ხარ თვითმპყრობელი, ტახტი მზა გაქვს, ჰგიებ საცა,
გულები გყავს ქვეშევრდომად, ამას მეც ვგრძნობ და თვით სხვაცა.

შენის უღლისგან გამოსვლა ნეტა უნდოდეს რადმე ვის!
თუ შენ ხარ ვნების მიზეზი, ლხენაც შენგან არ გვეძლევის?
ნამდვილ კეთილ არს განცხრომა, იგი ნუმც-ოდეს გველევის,
მაშა ცუდია, თუ მაში სიბნელეც არსით ერევის.

„სიყვარულის ხელმწიფება“ „მონა-მორჩილების“ მართლაც განსხვავებული ფოკუსია, ეს არის „დანებება“, „მინდობა“ ღვთაებრივი ენერგიისადმი და არა კონკრეტული ობიექტის (ერთისა მეორის მიმართ) „მონობა“, რითაც მნიშვნელოვნად განსხვავდება ზემოთ აღწერილი „სიყვარულის მონობისგან“, მაგრამ ეს თეორიული აღწერაა… სიყვარული კი თეორიულად და თეორიებში არ ვლინდება…

არსებობს, ერთი მხრივ, მონური სიყვარული და, მეორე მხრივ, სიყვარულის მონობა…

ეძიეთ განსხვავება…

ფოტოგრაფია ქმნის ისტორიას – ნათელა გრიგალაშვილი

0

ინტერნეტგაზეთ “mastsavlebeli.ge “-ს სტუმარია, ფოტორეპორტიორი ნათელა გრიგალაშვილი.

ნათელა გრიგალაშვილი – ეს სახელი დღევანდელ ფოტო ჟურნალისტიკაში უკვე კარგად არის ცნობილი, თუმცა ეს ის ფოტორეპორტიორია, როლის ფოტოებიც ისტორიას ქმნის და ამიტომ, შესაძლოა, მისმა სახელმა საუკუნეებსაც გაუძლოს

 

– ქალბატონო ნათელა, რას ნიშნავს თქვენთვის წამის შეჩერება, რომელიც ცოტა ხანში ისტორიად იქცევა?

– ჩემი აზრით, ისტორია ყველაზე კარგად ჩანს ფოტოში, ზოგადად, ფოტოგრაფიაში. მართალია, იგივე შეიძლება ითქვას დოკუმენტურ კონოზეც, მაგრამ ფილმი მაინც მნახველის თვალწინ ჩაიქროლებს და თუ შევაჩერეთ კადრს, ისიც კვლავ ფოტოდ იქცევა. შეიძლება მწერალი სხვაგვარად ფიქრობს, მაგრამ მე, როგორც ფოტოგრაფი, მჯერა, რომ ისტორია ყველაზე კარგად ფოტოზე რჩება და ფოტოდან ჩანს. ვთქვათ, მინდა გავიგო როგორ ცხოვრობდნენ მეცხრამეტე საუკუნეში, ამას იმ პერიოდის ფოტო უფრო მეტად აღწერს, ვიდრე რომელიმე წერილობითი წყარო. მეც ისტორიას ვქმნი, რომელსაც შემდეგი თაობები ნახავენ და გაიგებენ, როგორ ვცხოვრობდით დღეს. სიტყვა თავისა ამბობს, მაგრამ თვალით ნანახი, მაინც სხვა არის.

– რატომ გაგიჩნდათ სურვილი, რომ მაინც და მაინც დოკუმენტალისტ ფოტოგრაფიას გაყოლოდით?

– ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ ძალიან მინდოდა, რომ ფოტოგრაფია მესწავლა, რაც ჩემს სოფელში წარმოუდგენელი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ვსწავლობდი თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელში, სადაც მეგობარმა მაჩუქა ფოტოაპარატი. როგორც კი ფოტოაპარატი ავიღე ხელში და პირველი კადრი გადავიღე, იმის შემდეგ აღარაფერი დამიხატავს. აქედან დაიწყო ჩემი ფოტოგრაფიასთან ურთიერთობაც. თავიდან ვერ ვაცნობიერებდი რას ვიღებდი ან რატომ, მაგრამ ერთ დღეს მივხვდი, რომ მინდოდა დოკუმენტური ფოტოგრაფი გავმხდარიყავი. შემდეგ მივხვდი იმასაც, რომ მინდოდა გადამეღო ძირითადად სოფელი. ალბათ იმიტომ, რომ სულ მენატრებოდა ჩემი სოფელი, ის გარემო სადაც გავიზარდე და რასაც უკავშირდებოდა ჩემი ბავშვობა – ჩემი ცხოვრების ყველაზე საუკეთესო წლები.

 

– ალბათ ასევე ლამაზ მოგონებად დარჩა სკოლა, რომელიც ბავშვობის ნაწილია…

– მე ვცხოვრობდი ხაშურის რაიონ სოფელ თაგვლეთში და დაწყებით კლასებში მყავდა საოცარი მასწავლებელი მარიამ ციცქიშვილი. ჩვენი მასწავლებელი ცხოვრობდა სოფელ ქაშვეთში, რომელიც იყო მეწყერსაშიში ზონა, ამიტომ მთელი სოფელი გაასახლეს ხაშურში, მაგრამ ჩვენი მასწავლებელი ბოლომდე დარჩა სოფელში მარტო. მახსოვს, პირველ კლასში რომ ვიყავი, ორმა ბავშვმა დაიგვიანა. მარიამ ციცქიშვილმა დაგვიანების მიზეზი გამოიკითხა. მოსწავლეებმა უპასუხეს ყვავილებს ვკრეფდითო და ამაზე მასწავლებელი კი არ გაბრაზდა, გაუხარდა და უპასუხათ – გაპატიებთ დაგვიანებას, რადგან სილამაზემ გაგიტაცათ, თანაც მე დღიურს ვწერ და ამ ფაქტს აუცილებლად ჩავწერ ჩემს დღიურშიო. ეს ფაქტი მთელი ცხოვრება დამამახსოვრდა. მერე წლები რომ გავიდა, ჩემი შვილი საკმაოდ მოზრდილი იყო და მივედი მარიამ მასწავლებელის სანახავად. ვკითხე, რატომ არ მიდიხართ ამ სოფლიდანმეთქი, მან კი მიპასუხა, შეხედე, როგორ შემიძლია ამ მთების, ამ მინდვრების მიტოვებაო. მაშინ ვთხოვე ეთხოვებინა დღიურები. აღმოჩნდა, რომ 1952 წლიდან წერდა. როცა დავუბრუნე, მითხრა -დაიტოვე, შენზე კარგი ჩემი დღიურებით აღარავინ დაინტერესდებაო. იგი წერდა – ”წავიღე შექსპირი და გავრეკე ღორები”,” მწვანე მინდორში ვჩანდი, როგორც წითელი ყაყაჩო”. მე შემხვდა მასწავლებელი, რომელსაც ჰქონდა სრულიად განსხვავებული სამყარო, იგი იყო ჩემი ნათელი წერტილი. ის, რომ მე ავირჩიე შემოქმედებითი გზა, სწორედ მარიამ მასწავლებელის დამსახურებაა. იყო სხვა მასწავლებელბიც, რომლებმაც კარგი კვალი დატოვეს ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ ეს იყო ადამიანი, რომელიც აგწევს ზემოთ და მიგახვედრებს, რომ ცხოვრება, მხოლოდ მატერიალური არ არის.

– მოდით, ისევ პირველ ფოტოაპარატს დავუბრუნდეთ

– როდესაც ჩემმა მეგობარმა მაჩუქა ფოტოაპარატი ”სმენა”, მაშინ ფოტოგრაფიას არსად ასწავლიდნენ. ამიტომ დავდიოდი და ყველას ვეკითხებოდი თითო სიტყვას რა- რა იყო. ასე ვისწავლე ელემენტარული რაღაცეები. შემდეგ ერთი წელი ვსწავლობდი, როგორც ფოტოატელიის ფოტოგრაფი. შემდეგ მოვხვდი გურამ წიბახაშვილის და იური მეჩითოვის ჯგუფში. ამ პერიოდში უკვე მქონდა ჩემი ტექნიკა, მაგრამ მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მეტყოდა, რამდენად სწორი იყო ჩემი გზა, საითაც მივდიოდი და რასაც ვაკეთებდი. დღემდე უზომოდ კმაყოფილი ვარ გურამ წიბახაშვილის, რადგან ზურგს უკანაც მუდამ მესმოდა მისი კეთილი სიტყვა ჩემს მიმართ, რასაც ჩვენს პროფესიაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება გასწავლონ ტექნიკა, სხვა ნიუანსი, მაგრამ ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩემი აზრით, მაინც ის, რომ გითხრან, რამდენად სწორ გზაზე დგახარ. გურამს სულ ვეუბნები, ვერ ვიგებ, უფრო კარგი ადამიანი ხარ, თუ უფრო კარგი ფოტოგრაფიმეთქი.

 

ეხლა თქვენ თვითონ კითხულობთ ლექციებს თსუ-ში, რა თვისებაა აუცილებელი მასწავლებლისთვის?

პირველ რიგში უნდა გიხაროდეს ახალგაზრდებთან ურთიერთობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდება. შევამჩნიე ჩემს თავს, რომ ლექციის დროს ბოლომდე ვიცლები, რადგან ამ საქმის კეთება მსიამოვნებს ძალიან. მიხარია, როდესაც გამოჩნდება განსაკუთრებული სტუდენტი, რომელსაც ძალიან აინტერესებს ფოტოხელოვნება. მაგრამ თუ არ აინტერესებთ, განვიცდი – შეიძლება ეს არასწორია. სტუდენტი ითხოვს ლექტორისგან, რომ იგი ბოლომდე დაიხარჯოს. შენც გაქვს შიში, რამე ხომ არ დააკელი, ამიტომ სულ ვთხოვ დამისვან კითხვები. თუ გეკითხებიან, ესე იგი აინტერესებთ, თუ პასიურობენ, არ აინტერესებთ და ამას განვიცდი.

 

– სკოლაში ისწავლება ხატვა, თუმცა, ყველა ბავშვს არ შეუძლია ხატვა. დღეს ყველა ბავშვის ოცნებაა ფოტოაპარატი და ფოტოს გადაღება, ხომ არ დადგა დრო, რომ სკოლაში ელემენტარულ დონეზე მაინც ისწავლებოდეს ფოტოგრაფია?

– საბჭოთა დროს არსებობდა ასე გამონათქვამი – თუ გინდა გააღატაკო შენი მეგობარი, უყიდე მას ფოტოაპარატი. ერთი სიტყვით, ეს ძვირადღირებული სიამოვნებაა. ამიტომ მისი სწავლებაც, ჩემი აზრით, ზედმეტ ფუფუნებასთან იქნება დაკავშირებული. დღეს ფოტოგრაფია რომ მოდაშია, ამას აქვს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი აინტერესებთ თუ არა ბავშვებს პროფესიონალურ დონეზე ფოტოგრაფიის სწავლება. ჩემი აზრით, ეს ნებაყოფლობითი უნდა იყოს, ვისაც უნდა ისწავლის, ვისაც არა, რატომ უნდა დააძალონ. ისე, მე მგონი ერთადერთი ჩემი შვილია, ვისაც არ აინტერესებს ფოტოგრაფია.

 

– თქვენი შვილის განათლებაში თუ ერევით?

– ჩემი შვილი უკვე სტუდენტია და საკმაოდ განათლებული და ნიჭიერია. ზოგჯერ, ბევრ რამეში, მე თვითონ ვეკითხები აზრს. ძალიან ბევრს კითხულობს, ხშირად ჭამის დროსაც არ ანებებს წიგნებს თავს და საკუთარი აღმოჩენები აქვს. ცოტა ხნის წინ მითხრა, რევაზ ინანიშვილს კითხვისას ლობიო და მწნილი მოუხდებაო.

– სკოლასთან დაკავშირებული ხართ პროექტითაც

– სოროსის ცენტრალური, ნიუ-იორკის ოფისის პროექტია – დოკუმენტური ფოტოგრაფია, რომლის ფარგლებშიც მაქვს გრანტი ”სოციალური მდგომარეობა ქართულ სოფლებში და ქართული სოფლის სკოლები”. ამ გრანტის ფარგლებში მქონდა ბედნიერება ვყოფილიყავი რამდენიმე მაღალმთიანი სოფლის სკოლებში. ამ მოგზაურობამ ჩემი ბავშვობა გამახსენა და ამიტომაც იყო ასე მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით მახსოვს დუშეთის რაონის სოფელ არღუნის სკოლა. ამ სკოლის დირექტორი და სამი მასწავლებელი ყოველ სასწავლო დღეს, თოვლში და წვიმაში, დუშეთიდან არღუნამდე ფეხით დადიან. მათ შორის არის 72-73 წლის მასწავლებელი ავთო, რომელმაც ”ვეფხისტყაოსანი” ზეპირად იცის. ეს ასაკიანი კაცი, ისე სწრაფად დადის, რომ მის დაწევას და ფოტოს გადაღებას ძლივს ვახერხებდი. არღუნელი ბავშვები გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სახლში არ მიდიოდნენ, რადგან ეს არის მათთვის ერთადერთი კულტურის ცენტრი. დუშეთის რაიონში კიდევ ერთ სოფელში ვიყავი, სადაც პირიქით, ბავშვები დადიან სხვა სოფლიდან ტყე-ტყე სკოლამდე, თუმცა მათ მასწავლებელი დაყვებათ. მაგრამ მე დამრჩა ძალიან თბილი განცდა. ეს იყო პატარა სოფლების პატარა სკოლები ძალიან დიდი სითბოთი.

 

– არ დაგისვამთ კითხვას, რომელია თქვენი საყვარელი ფოტო, მაგრამ შეგიძლიათ დაასახელოთ ფოტო, რომელმაც წარმატება მოგიტანათ?

– მე არ ვთვლი, რომ წარმატებული ადამიანი ვარ. შესაბამისად ვერც ასეთ ფოტოს დავასახელებ. თუმცა, მაქვს ფოტოები, რომელიც შემიძლია საზოგადოებას ვაჩვენო, გამოფენაზე გავიტანო, მაგრამ არის ფოტოები, რომელიც შემიძლია მარტო მე ვნახო. ნებისმიერი ფოტოს უკან დგას ისტორია, რომელიც ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. სხვათა შორის, ფოტო ღვინოსავითაა, რაც უფრო დიდი დრო გადის, სულ სხვა მნიშვნელობას იღებს და სულ სხვა ფასი ედება. რა თქმა უნდა, არის ფოტოები, რომელიც უფრო მომწონს და მიყვარს, მაგრამ შეიძლება ხვალ აღარ მომეწონოს.

 

ზოგადად ფოტოგრაფია მხოლოდ პროფესიაა თქვენთვის?

ცხოვრებაში რაღაცით უნდა გადარჩე, სიცოცხლე რაღაცით უნდა გააგრძელო. მე ყოველთვის მიჭირდა ცხოვრება, მატერიალურს არ ვგულისხმობ, და ღმერთმა მომცა ამის შესაძლებლობა, რომ გადავრჩი, რაშიც ფოტოგრაფია ძალიან დამეხმარა.

ესაუბრა თამარ კაციტაძე


ნინო კაპანაძე- ალდე კაკაბაძე – სახე ამ დღისთვის

0

ჩვენი შეთანხმებული საუბარი ,,mastsavlebeli.ge“-სთვის რამდენჯერმე გადაიდო, მიზეზი სხადასხვა იყო, ძირითადად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

საქართველოს სახალხო მხატვრის ალდე კაკაბაძის კერამიკულ ნამუშევრებს ,,ძველებური სიმღერა“, ,,მიტოვებული სოფელი“, ,,კახელი“, ,,მარანი ,,ორნი“, ,,მარანი ,,საქართველო“და სხვა საერთაშორისო გამოფენა-კონკურსებზე მაღალი შეფასებები აქვს.

ალდე კაკაბაძეს დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილებს საზოგადოება, სამხატვრო აკადემიაში აღზრდილ მხატვარ-კერამიკოსთა უამრავი თაობა. ისინი სიცოცხლეშიც ხშირად აკითხავდნენ  რჩევებისათვის, განცდების გასაზიარებლად. ან იქნებ, იმ გაკვეთილის კიდევ ერთხელ ჩასაბარებლად, რომელსაც მზრუნველობა, სიყვარული ჰქვია, და რომელიც  ასე მნიშვნელოვანია მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში.

მასთან ჩემი ბოლო სტუმრობის დროს მხატვარ-კერამიკოსი ვერიკო ნოდია შემოგვესწრო.

_აკადემია 2005-ში დავამთავრე, ახლა სკოლაში ვასწავლი კერამიკას. ქალბატონ ალდეს პირველ ლექციაზე სახლში ვეწვიეთ, ეს ლექცია არასდროს დამავიწყდება. კერამიკის ფაკულტეტი ნამდვილად არ იყო ჩემი ოცნება, მაგრამ ქალბატონი ალდეს და ბატონი გია იაშვილის დიდი დამსახურებაა, რომ შემიყვარდა ჩემი პროფესია. პროფესიული ცოდნის გარდა, მან ისეთ სითბოს გვაზიარა, რომ ახლაც მინდა, ხშირად შევხვდე. გამონაკლისი, არ ვარ. ის ასევე ძვირფასია ჩემი ბევრი კოლეგისთვისაც. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანს ვიცნობ და მეც ვცდილობ ჩემს პატარა მოსწავლეებთან ისეთივე დამოკიდებულება მქონდეს, როგორიც მას ჩვენდამი აქვს, ისე შევაყვარო თიხაზე მუშაობა, როგორც მან შესძლო ეს. _ გვითხრა ვერიკო ნოდიამ.

_ კატეგორიული ტონი არასდროს მქონია და ვერ დავიჩივლებ, რომ ამის გამო რამე პრობლემას შევხვედროდი ახალგაზრდებთან, პირიქით, ყოველთვის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ვგრძნობ მათგან._ დასძინა მასპინძელმა და ვერიკოსთვის რამდენიმე რჩევაც მიაყოლა.

…ეს ყველაფერი ახლა წარსულია. ბუნების კანონები არ იცვლება: ამ ქვეყნად მოვდივართ, ვცხოვრობთ და  მივდივართ.  ცხოვრებაში კი ,,…  ჩვენ ვძერწავთ საკუთარ სახეს, იმ დღისთვის, როცა აღარ ვიქნებით“.

პროფესიის არჩევა დედის _ პოეტ მაყვალა მრევლიშვილის გავლენით მოუწია:

_სამხატვრო აკადემიაზე არც მიფიქრია, გული ცეკვისკენ, ცეკვის ისტორიისაკენ მიწევდა. ეს დედას გადაწყვეტილება იყო. აკადემიის აღმართისკენ დედა ამიძღვა. გამოცდაზე პატარა ველურივით ვიყავი, შიშველი ნატურა რომ დავინახე, სირცხვილით ყურებამდე გავწითლდი. კერამიკოსობა მერე შემიყვარდა. ეს არ არის იოლი პროფესია, რომ მხოლოდ სასიამოვნო მომენტები ახლდეს. აქ შემოქმედებითი და ფიზიკური ძალისხმევის მთელი ერთობლიობაა საჭირო. შეიძლება სული და გული ჩააქსოვო, მაგრამ გამოწვაში ყველაფერი წყალში ჩაგეყაროს. მერე ისევ თავიდან იწყება ყველაფერი. ამისთვის მზად უნდა იყო. და მიუხედავად ყველაფრისა, რომ ,,დაგემართება“ კერამიკა, იქ აღარაფერი გაგეგება, ისეთ მოულოდნელ შედეგებს  იძლევა თიხა და ცეცხლი…

აკადემიაში პროფესიის არჩევის გარდა, სხვა არჩევანიც დაუდგა. უფროსკურსელ რევაზ იაშვილთან ნაცნობობა ბაკურიანში სიყვარულად იქცა, სიყვარულს ოჯახი და შვილი მოჰყვა.

_ზღაპარივით მახსენდება ბაკურიანის ამბები. რეზო ბრწყინვალედ სრიალებდა. ათამდე ახალგაზრდა თხილამურებით ბორჯომის კომპოზიტორის სახლამდე ჩავდიოდით, არც ვიღლებოდით, არც რამის გვეშინოდა. მე და რეზო ხუთი წელი დავდიოდით (როგორც მაშინ იტყოდნენ). ძალიან ნიჭიერი კაცი იყო… თიხის სასწავლო პროცესში შემოტანა უკავშირდება ჩემი მეუღლის სახელს. მან არეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილი შავკრიალა კერამიკის დამუშავების მივიწყებული ტექნოლოგია აღადგინა, პრაქტიკაში შემოიტანა ხევსურული ორნამენტები.

სამოციანი წლები ახალგაზრდა მეუღლეებისათვის სავსე იყო შემოქმედებითი წარმატებებით, ახალი ნამუშევრები საერთაშორისო გამოფენები, გამარჯვებები, აკადემიურ საფეხურებზე წინსვლა… და უცებ, ტრაგედია: ავტოავარიის შედეგად რევაზ იაშვილი ხერხემლის დაზიანებას იღებს და სავარძელს ეჯაჭვება.

იყო სასოწარკვეთის, დაბნეულობის წლები, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელებულა.

პაპა, მხატვარი ალექსანდრე მრევლიშვილი, არ მახსოვს, მაგრამ ბებია პელაგია ავალიშვილი ძალიან ეხმარებოდა დედას ჩვენს აღზრდაში.  ბებია იყო გარჯის ქალი და მეც იგივეს მასწავლიდა. ეს ხასიათად მექცა და ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე განცდებს საქმით ვშველოდი. არ უნდა გავჩერებულიყავი, მთავარი ეს იყო.

არც გაჩერდნენ. სამხატვრო აკადემიის ხელშეწყობით ბინა შეიცვალეს და მხატვართა კორპუსში, პირველ სართულზე გადავიდნენ. იმ დღიდან რეზო იაშვილის სახელოსნო აკადემიის ფილიალად იქცა: იქ ტარდებოდა ლექციები, სულ სტუდენტები და კოლეგები ტრიალებდნენ, იქმნებოდა ახალი ნამუშევრები. რეზო იაშვილმა ტრავმის შემდეგ თითქმის 30 წელიწადი იცხოვრა. იცხოვრა აქტიურად, პროფესიული წარმატებების ძიებაში. ეს მაგალითი ძალიან წაადგებათ ადამიანებს, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, წაადგება საზოგადოებასაც, რადგან ერთი კაცის ნებისყოფა მაშინ იძენს ძალას, როცა მის განწყობას ოჯახი და საზოგადოება უჭერს მხარს.

საუბარი რეზო იაშვილისაკენ გაგვექცა, მაგრამ ამაშიც ალდე კაკაბაძის ნებას ვიზიარებთ, რადგან ძნელი არ იყო შეგენიშნათ, რომ საკუთარ საქმიანობაზე საუბარს ის სწრაფადვე ანაცვლებდა მეუღლეზე, შვილზე საუბრით, იმ მოვალეობებზე საუბრით, რომელიც მას წინაპრების წინაშე ჰქონდა:

_დილა რომ გათენდება და თვალს ვახელ, მადლობას ვამბობ, რადგან ვინმეს რომ ეთქვა აქამდე იცოცხლებო, გამეცინებოდა. მართლა გენიალური სიტყვა გვაქვს ქართველებს _ წუთისოფელი. მიჰქრის და ვერაფერს იზამ. დედას არქივი ლიტერატურის მუზეუმს გადავეცი, პაპას არქივი _ხელოვნების მუზეუმს. მინდა ყველაფერს თავისი ადგილი მივუჩინო. აი, ეს სურათებიც: ერთი პაპაჩემის ბიძა სოლომონ მრევლიშვილია, უროლოგიის დოქტორი, მეორე _ პაპას ძმა სოსიკო მრევლიშვილი, ,,კაკანათის“ ავტორი, სხვადასხვა ფსევდონიმით იბეჭდებოდა. უამრავი მასალა, ფოტო და სლაიდი მაქვს… ბებიაჩემს ეკატერინე გაბაშვილის ჭრა-კერვის სკოლა ჰქონდა დამთავრებული, ,,ხუთიანი ჯვრით“ დავამთავრეო, თავს იწონებდა და მართლაც მშვენიერი ხელსაქმე იცოდა, სხვებსაც ასწავლიდა. მისი ნაქარგობები დღემდე შემოვინახე, ძალიან მინდა გადავცე მისი მშობლიური სოფლის _ბრეთის დედათა მონასტერს, სადაც თურმე ხელსაქმეს ასწავლიან.

არ ვიცი, რა ვერ მოასწრო ქალბატონმა ალდემ, მაგრამ  გია იაშვილი ოჯახურ ტრადიციას აგრძელებს _ ახლა ის ასწავლის ახალგაზრდების თიხისა და ცეცხლის შეთქმულების ამბებს.

ალდე კაკაბაძის გარემო სამი საუკუნის მოგონებებით იყო დამუხტული, წლები და განცდები კი _ მის მაღალ შუბლზე  ნაოჭებად დაძერწილი.  ასე დაამახსოვრდებათ ის ადამიანებს, რომლებისთვისაც ყველაზე დიდხანს ძერწავდა  ფაქიზ და შთამბეჭდავ ნამუშევარს _ საკუთარ სახეს.

 

სალომე ბენიძე- გოგოების საკითხავი

0

ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან, ვისთვის ვწერ. ალბათ იმ წიგნის ბრალია, რომლის წერაც გასული წლის შემოდგომაზე დავასრულე და მალევე გამოიცა. ჩემს წიგნს „ქალაქი წყალზე“ ჰქვია. ის ქალებზე და გოგონებზეა, რა თქმა უნდა, ცოტა კაცებზეც და ბიჭებზეცაა, თუმცა ჩემ მიერ შექმნილი სამყარო მაინც ქალების და გოგონების სიზმრებისა და ფიქრების გარშემო ტრიალებს. რატომ? იმიტომ, რომ მეც ქალი ვარ და, როგორც ფრიდა კალო ამბობდა, სწორედ მე ვარ ის, ვისაც ამქვეყნად ყველაზე კარგად ვიცნობ.

ადრე არ მიფიქრია, ვინმე კონკრეტულისთვის მეწერა. თავიდან ჩემი თავისთვის ვწერდი, უბრალოდ, სხვანაირად არ გამოდიოდა და იმიტომ. მერე კი, როცა ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა (ბიჭმა) მითხრა, თავს ვიკავებ შენი წიგნის წაკითხვისგან, რადგან მგონია, რომ გოგოებისთვისაა დაწერილი და მე არ მომეწონებაო, ჯერ მეწყინა, შემდეგ დავფიქრდი, ბოლოს გამეცინა. რა თქმა უნდა, შეუძლია, არ წაიკითხოს. რა თქმა უნდა, უფლება აქვს, ფიქრობდეს, რომ რაც დავწერე, მისთვის არ არის.

ჩემთვის ისიც ხშირად უკითხავთ, არსებობს თუ არა „ქალური ლიტერატურა“ და „მამაკაცური ლიტერატურა“. ამ კითხვის პასუხად ბევრჯერ გადაჭრით განმიცხადებია უარი და მითქვამს, რომ ლიტერატურა ლიტერატურაა და არა აქვს მნიშვნელობა, მას ქალი ქმნის თუ მამაკაცი. ალბათ მეშინოდა, ჩემი დადებითი პასუხით კიდევ უფრო არ დამეკნინებინა და ჩრდილქვეშ არ დამეყენებინა საუკუნეების განმავლობაში ისედაც მიჩქმალული და ცხრაკლიტულებში გამოკეტილი „ქალური ლიტერატურა“, ქალების მიერ შექმნილი ტექსტები, ქალების თვალით დანახული სამყარო.

სინამდვილეში „ქალური ლიტერატურა“ არსებობს, ვითარდება, სამზეოზე გამოდის და არაფრით ჩამოუვარდება „მამაკაცურს“, ლიტერატურა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონდა არსებობის უფლება, ლიტერატურა, რომელიც ხშირად იყო ამოფარებული კაცების გვარ-სახელებს, ლიტერატურა, რომელსაც მტვერი ედებოდა არქივებში, უჯრებში, სხვენებსა და სარდაფებში და უფრო მეტიც, ზოგჯერ გონებაშივე კვდებოდა.

ერთხელ ვთქვი საჯარო გამოსვლაში, რომ ყოველთვის მჯეროდა ელენე დარიანის არსებობის, მჯეროდა, რომ „დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით“ ქალის დაწერილი უნდა ყოფილიყო. ეს ჩემთვის არავის უსწავლებია, არავის უთქვამს, როგორ უნდა მივმხვდარიყავი, როგორ უნდა გამომერჩია. უბრალოდ, ასე ვიგრძენი. სიმართლე დღემდე არ ვიცი. მე ამ ამბავში ჩემი წილი, შეგრძნებითი სიმართლე მაქვს და როგორც საიდუმლოებების მოყვარულ მკითხველს, ესეც მყოფნის.

მაშინ, როცა მსოფლიოში სულ უფრო და უფრო ხმამაღლა ისმის მწერალი ქალების სახელები, ჰოლივუდის ვარსკვლავები კი მათი პოპულარიზაციის მიზნით კამპანიებს აწარმოებენ (მაგალითად, ემა უოტსონმა კლუბიც კი შექმნა ფემინისტური ლიტერატურის ფართო საზოგადოებისთვის გასაცნობად), რიტმს საქართველოც უწყობს ფეხს. ქართველი მწერალი ქალები დღეს ისეთი გაბედულები არიან, როგორც არასდროს. ისინი წერენ, გამოსცემენ წიგნებს, აღარ ეფარებიან ფსევდონიმებსა და სხვის გვარ-სახელებს, დამსახურებულად ხდებიან პრემიების ლაურეატები. მათ უკან მკითხველთა მთელი არმია დგას.

მე მიყვარს ლიტერატურა, რომელსაც დღეს, საქართველოში, ქალები ქმნიან. ჩვენი სინამდვილე, ჩვენი ოცნებები, ყველაფერი, რაც გვიყვარს, გვაწუხებს, გვენატრება – ყველაფერი აქ არის. ის, რაც აქამდე არ თქმულა, ის, რაც სირცხვილად ითვლებოდა, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოსულიყო სააშკარაოზე, დღეს მკითხველის ყურადღებასა და ემოციებს იმსახურებს. ის, რითაც ადრე არავინ ინტერესდებოდა, უკვე ბესთსელერია.

რა თქმა უნდა, წიგნებს არა აქვთ სქესი. სამაგიეროდ, სქესი აქვთ მათ ავტორებს, რომლებიც, პირველ რიგში, საკუთარ გამოცდილებასა და მსოფლმხედველობაზე დაყრდნობით წერენ. ფაქტმა, რომ დღეს, ქართულ ლიტერატურაში, ქალების ხმა ისმის, შეიძლება, თაობების აზროვნება და, უფრო მეტიც, მათი ბედი შეცვალოს, გოგონებს საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული განუმტკიცოს, ბიჭებს კი ცხოვრება, ურთიერთობები, სიყვარული სხვა კუთხიდან დაანახოს.

დიახ, „ქალური ლიტერატურა“ არსებობს, ოღონდ არსებობს არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ კაცებისთვისაც. ქალები საუკუნეების განმავლობაში კითხულობდნენ მამაკაცების დაწერილ წიგნებს, შესაბამისად, უსამართლობაა, ქალების შექმნილი ტექსტებს იარლიყი მივაკრათ და მხოლოდ ქალების საკითხავად დავტოვოთ, რადგან თუკი თანასწორობისა და ბალანსის მიღწევა გვინდა, ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ, ისეთებს, როგორებიც სინამდვილეში ვართ, ისეთებს, როგორებიც საკუთარ და არა სხვების წიგნებში ვართ.

მაინც ვისთვის ვწერ მე?

რა თქმა უნდა, ყველასთვის, ვინც ჩემს ნაწერებამდე მივა.

რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის, ვისაც ლიტერატურა უყვარს.

თუმცა, ცოდვა გამხელილი სჯობს და, პირველ რიგში, ალბათ მაინც ქალებისთვის და გოგონებისთვის ვწერ, მათი უკეთესი ცხოვრებისთვის, მათი კარგად ყოფნისთვის, მათთვის ვწერ, მათთვის, ვისაც ჩემი სიტყვა უფრო სჭირდება, ვიდრე სხვებს, ვინც ჩემგან გამხნევებას ელოდება, ვისთანაც საერთო სათქმელი მაერთიანებს.

ის, რასაც მე ვწერ, ალბათ ბევრისთვის „ქალური ლიტერატურაა“.

გადავწყვიტე, მეთქვა, რომ მე მხოლოდ ვამაყობ ამით.

 

სალომე ბენიძე

 

 

 

 

 

 

 

რევაზ ხოფერია- რა უნდა ვიცოდეთ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების შესახებ

0

საჯარო სკოლასთან შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით.  მასში მითითებულია:

– შრომითი ხელშეკრულების სარეგისტრაციო ნომერი, მისი დადების თარიღი და ადგილი;

– ხელშეკრულების მხარეების ვინაობა და მისამართი;

– მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა;

– შრომითი ხელშეკრულების მხარეთა უფლებები და მოვალეობები;

– სამუშაო დრო და დასვენების დრო;

– სამუშაო ადგილი;

– თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე;

– შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი;

– ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი;

– ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულებების ხანგრძლივობა და შვებულების მიცემის წესი;

– მხარეთა პასუხისმგებლობის წესი;

– შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების შეწყვეტა;

– შრომითი ხელშეკრულების ეგზემპლართა რაოდენობა;

– შრომით ხელშეკრულებაზე ხელმომწერი მხარეების რეკვიზიტები.

შრომით ხელშეკრულებაში კანონმდებლობის შესაბამისი სხვა, დამატებითი პირობაც შეიძლება იყოს მითითებული. ამასთან, იცოდეთ, რომ სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. სკოლა ვალდებულია შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გაგაცნოთ სკოლის შინაგანაწესი, შემდგომში კი – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება.

რა უფლებები და ვალდებულებები აქვს სკოლას თქვენს მიმართ?

სკოლა ვალდებულია, შეგიქმნათ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემო და მუშაობისათვის აუცილებელი პირობები. სკოლას ეკისრება ვალდებულება, აგინაზღაუროთ ის ზიანი, რომელიც გამოწვეულია სკოლის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევით. თუ სკოლა დააყოვნებს თქვენი შრომის ანაზღაურებას, მისი ვალდებულებაა დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაგიხადოთ დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.

საჯარო სკოლა ვალდებულია, გაზარდოს თქვენი შრომის ანაზღაურება სკოლის ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სკოლა ვალდებულია შეგიქმნათ სასწავლო პროცესისათვის საჭირო გარემო, მოგაწოდოთ სასწავლო და მეთოდური სახელმძღვანელოები, უზრუნველყოს თქვენი აკადემიური თავისუფლება, არ შეგზღუდოთ ის გაუმართლებელი რეგულაციებით და წესებით, რადგან თქვენ გაქვთ უფლება ასწავლოთ თავისუფალ გარემოში. რა თქმა უნდა, აკადემიური თავისუფლება არ გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმისაგან თავისუფლებას.

სკოლამ ხელი უნდა შეგიწყოთ კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამ მიზნით, სკოლა, თქვენი მოთხოვნის შემთხვევაში, ვალდებულია 6 წელიწადში ერთხელ მოგცეთ ანაზღაურების გარეშე შვებულება 1 წლამდე ვადით, სამუშაო ადგილის შენარჩუნებით.

არსებობს შემთხვევები, როდესაც დროებით შრომისუუნარო ხართ. თქვენ გაქვთ დახმარების მიღების უფლება დროებითი შრომის უუნარობის მთელ პერიოდზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სკოლა ვალდებულია დაიცვას კონსტიტუციით გარანტირებული თქვენი უფლებები და თავისუფლებები და არ დაუშვას დისკრიმინაცია რაიმე საფუძვლით. თუ თქვენ მიმართ დისციპლინური საქმის წარმოება დაიწყება, ის უნდა წარიმართოს მხოლოდ სკოლის შინაგანაწესით დადგენილი წესით, სამართლიანი პროცედურებით და თქვენ უნდა გქონდეთ წერილობითი განმარტების მიცემის უფლება ჩადენილ დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით.

რა ვალდებულებები გეკისრებათ თქვენ, როგორც შრომითი ხელშეკრულების მხარეს?

თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ თითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებასა და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვათ მოსწავლის უფლებები და ინტერესები. ვალდებული ხართ მოემზადოთ თითოეული გაკვეთილისთვის და ეფექტიანად წარმართოთ სასწავლო პროცესი. გარდა ამისა, თქვენ მონაწილეობა უნდა მიიღოთ სასკოლო სასწავლო გეგმების შემუშავებაში, შეაფასოთ მოსწავლეების პროგრესი, უზრუნველყოთ კლასში წესრიგი, დისციპლინა და იზრუნოთ მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე. თქვენ უნდა შეძლოთ პარტნიორული ურთიერთობის დამყარება მოსწავლეთა მშობლებთან და მოსწავლის აღზრდისა და განვითარების პროცესში ჩართულ სხვა პირებთან.

ამასთან, თქვენი ვალდებულებაა, იზრუნოთ როგორც საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, ასევე სკოლის განვითარებაზეც. ეს ხარისხიანი ზოგადი განათლების აუცილებელი კომპონენტია. თუ თქვენ ამ ვალდებულებას არ ასრულებთ ან არაჯეროვან ყურადღებას აქცევთ, საეჭვოა, განათლების ხარისხი მაღალი იყოს სკოლაში.

რა უფლებები გაქვთ?  

შეგიძლიათ სკოლის მართვაში მონაწილეობის მიღება და ამას ვერავინ აგიკრძალავთ. მართვაში მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ პირადად ან არჩეული წარმომადგენლის მეშვეობით. სკოლაში არსებული საჯარო ინფორმაციის მოთხოვნისა და მიღების უფლებაც გაქვთ ისე, რომ შეგიძლიათ არც კი მიუთითოთ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზეზი.

თუ სკოლაში თქვენ შესახებ რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს, თქვენი უფლებაა, იცოდეთ ასეთი წარმოების შესახებ, ჩაერთოთ წარმოებაში, მიიღოთ ყველა დოკუმენტი და გამოთქვათ აზრი დამოუკიდებლად ან წარმომადგენლის მეშვეობით. თქვენი უფლებების დასაცავად შეგიძლიათ გაასაჩივროთ სკოლის გადაწყვეტილებები.

შვებულება შეგიძლიათ მოითხოვოთ სკოლაში მუშაობის დაწყებიდან 11 თვის შემდეგ. თუმცა, სკოლის დირექტორთან შეთანხმებით შესაძლებელია შვებულება ამ ვადის გასვლამდეც მიიღოთ. თქვენთვის ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში არანაკლებ 40 სამუშაო დღეს შეადგენს, რაც გათვალისწინებული უნდა იყოს შრომითი ხელშეკრულებით. ამასთან, განსხვავებული ვადა შეიძლება განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებით. გაქვთ ანაზღაურების გარეშე შვებულების მიღების უფლებაც, რაც წელიწადში არანაკლებ 15 კალენდარულ დღეს შეადგენს.

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს შრომითი ხელშეკრულება?

თქვენთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება სკოლამ შეიძლება შეწყვიტოს, თუ დაარღვევთ ხელშეკრულების პირობებს ან ჩაიდენთ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელ ქმედებას. კანონმდებლობით გათვალისწინებულია მასწავლებელთან ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობა არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.

რა წესით უნდა მოხდეს ცვლილებების შეტანა შრომით ხელშეკრულებაში?

შრომით ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილება ან დამატება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით. სკოლა ცალმხრივად ვერ შეცვლის შრომითი ხელშეკრულების პირობას. თუმცა, გამონაკლისიც არსებობს: თქვენი თანხმობა არ არის საჭირო, როდესაც შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებები კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებითაა განპირობებული.

შეთანხმებული ცვლილებები ან დამატებები უნდა გაფორმდეს წერილობით, რაც შრომითი ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია და ძალაში მხოლოდ მხარეთა სათანადო ხელმოწერის შემდეგ შედის.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სკოლასთან შრომით-სამართლებრივი დავა გაქვთ?

რომელ უწყებას უნდა მიმართოთ, თუ სკოლიდან გაგათავისუფლეს ან ასეთი საფრთხის წინაშე დგახართ – ადმინისტრაციულ სასამართლოს თუ სამოქალაქო სასამართლოს? რა დოკუმენტები უნდა წარადგინოთ სასამართლოში და როგორ უნდა დაასაბუთოთ თქვენი მოთხოვნა? რა სასამართლო პრაქტიკა არსებობს ამ საკითხზე საქართველოში? როგორ უნდა განსაზღვროთ წინასწარ, თქვენს დავას სკოლასთან აქვს თუ არა წარმატების პერსპექტივა?

ამ საკითხებზე მომდევნო წერილებში დავწერ. ვიცი, გაინტერესებთ.

ნათია არაბული- მოლეკულური ორბიტალების თეორია

0

რატომ აქვთ ნივთიერებებს განსხვავებული თვისებები? რატომ ატარებს დენს სუფრის მარილი გამლღვალ ან გახსნილ მდგომარეობაში? რატომ არის სანთელი რბილი და დაბალ ტემპერატურაზე ლღვება, მაშინ როდესაც ალმასს ლღობის მაღალი ტემპერატურა აქვს და ძალიან მტკიცეა? რატომ ახასიათებს სპილენძს და, საზოგადოდ, მეტალებს ბზინვარება, ღუნვადობა, გრეხადობა, დენის გამტარობა? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად უნდა ვიცოდეთ, რომ ნივთიერების თვისებები მისი შემადგენელი ნაწილაკების (იონების, მოლეკულების, ატომების) ურთიერთქმედებაზეა დამოკიდებული.

ვრცლად

ლევან ლორთქიფანიძე – რატომ ვერჩით ვიკიპედიას?

0

მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-ენციკლოპედია 15 წლის გახდა. ჯიმი უელსმა, პორტალის დამფუძნებელმა პირველი სტატია 2001 წლის იანვარში გამოაქვეყნა. დღეს „ვიკიპედიის“ გარეშე გლობალური ვირტუალური სივრცე წარმოუდგენელია. თავის შედეგებს მიაღწია ქართულენოვანმა ინტერნეტ-ენციკლოპედიამაც. ქართული „ვიკიპედია“ ასი ათასზე მეტ სტატიას აერთიანებს და საერთაშორისო რეიტინგში არც თუ ისე ურიგო პოზიციას იკავებს (54-ე 291-ს შორის). ყველა დაწესებულება ცდილობს ენციკლოპედიაში საკუთარი ადგილის მოპოვებას.

მიუხედავად საყოველთაო პოპულარობისა, „ვიკიპედიის“ ქართულენოვან ვებგვერდს უამრავი პრობლემა აქვს. ქართველი „ვიკიპედიელები“ არაერთი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან.

სირთულეებს შორის უმთავრესი, ალბათ, საზოგადოების დამოკიდებულება გახლავთ. ადამიანები კითხულობენ ენციკლოპედიის სტატიებს, ინტენსიურად იყენებენ სტატიებში აღმოჩენილ ცნობებს, მაგრამ საჯაროდ ყოველთვის აკრიტიკებენ და აქილიკებენ რესურსს. უამრავი ჩასაფრებული განსაკუთრებული მონდომებით ცდილობს უმნიშვნელო თუ საყურადღებო შეცდომების აღმოჩენას და მათ შესახებ არაადეკვატური ჩოჩქოლის, ხმაურის ატეხვას. ბევრმა ვერ გაიგო, რომ „ვიკიპედია“  მხოლოდ საუნივერსიტეტო და აკადემიურ სივრცეებში შექმნილი ვებგვერდი არ არის. მას მხოლოდ პროფესორები და აკადემიკოსები არ ქმნიან. უელსის მიერ დაფუძნებულ ენციკლოპედიას რიგითი მოქალაქეები, კონკრეტულ ენაზე მოლაპარაკე თემები, ხალხები ამდიდრებენ. „ვიკიპედია“ შეცდომების გამოსწორებაში დახმარების, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელთა თანამშრომლობის, ცოდნის გაცვლისა და დახვეწის პროდუქტია. პროდუქტის ფორმირების პროცესში მონაწილეობის მიღება კი ყველას შეუძლია, ოღონდ მათ წინასწარ უნდა იცოდნენ, რომ ამ საქმისთვის ისინი გასამრჯელოს ვერ მიიღებენ. მაშასადამე, ონლაინ-ენციკლოპედია თუ არ ვარგა, ეს პორტალის ბრალი არ არის. უნივერსალური ცოდნის გამაერთიანებელი ცნობარის ხარვეზებსაც და უპირატესობებსაც ჩვენ თავად განვაპირობებთ.

ბევრისთვის გაუგებარია „ვიკიპედიის“ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იდეაც. საიტის დამფუძნებლებს, ავტორებს არასდროს ჰქონიათ პრეტენზია, რომ მათ გვერდზე გამოქვეყნებული სტატიები აბსოლუტურ ჭეშმარიტებას წარმოადგენენ. ენციკლოპედია მხოლოდ პირველადი ინფორმაციის წყაროა, რომელიც დაინტერესებულ პირს სხვა წყაროებზე წვდომის შესაძლებლობას აძლევს, საკითხის უკეთ შესწავლისკენ უბიძგებს.

ონლაინ-ენციკლოპედიის კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა ვანდალიზმი გახლავთ. მთელ მსოფლიოშიც და საქართველოშიც არსებობენ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მიზნით სტატიებს ამახინჯებენ. ზოგიერთის ამოცანა ინსტიტუტის ან საჯარო ფიგურის დისკრედიტაცია გახლავთ, ზოგიერთი კი ვანდალიზმით უბრალოდ ერთობა. ცხადია, მსგავსი შემთხვევები ასი ათას სტატიაში უფრო მკაფიოდ ჩანს და ადვილად შესამჩნევია, ვიდრე მილიონიან კრებულებში. რაც მთავარია, დიდი ქვეყნების შემთხვევაში ვანდალიზმს  თავიანთი შრომით მოხალისეები უპირისპირდებიან ხოლმე. სამწუხაროდ, ქართული „ვიკიპედია“ მოხალისეების, სტატიების შემქმნელების მწვავე დეფიციტს განიცდის.

თუმცა, ყველაფერი არც ისე ცუდად არის. ჩვენს ქვეყანაშიც ძალიან ბევრი კარგი რამ ხდება ონლაინ-ენციკლოპედიასთან დაკავშირებით. იცით თუ არა, რომ ქართული „ვიკიპედიის“ დედაქალაქის ფუნქციას ხაშურის მუნიციპალიტეტი ასრულებს, რადგან დაბა სურამში ჯაბა ლაბაძე ცხოვრობს. ბ-ნი ჯაბა ისტორიის მასწავლებელია. მას ვებგვერდისათვის ათი ათასზე მეტი სტატია აქვს დაწერილი. პედაგოგი საკუთარ მოსწავლეებთან ენციკლოპედიას მიწასთან არ ასწორებს ხოლმე. პირიქით, იგი ცდილობს, რომ მთელი სკოლა, მთელი დაბა, მთელი რაიონი ჩართოს უნივერსალური ცოდნის ერთადერთი ქართულენოვანი წყაროს გამდიდრების პროცესში. მისი საქმიანობა აღნიშნული მიმართულებითაც წარმატებულია. ჯაბა ლაბაძის დამსახურებაა, რომ ჩვენს „ვიკიპედიას“ ბევრი სერიოზული კონტრიბუტორი და აქტივისტი ჰყავს.

მგონი, ურიგო არ იქნება, თუ ამგვარ მასწავლებლებს მოვუსმენთ და დავიწყებთ კამპანიას „1 მოქალაქე = 1 სტატია“. ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა ანალოგიური კამპანიის საფუძველზე მიაღწია უდიდეს პროგრესს.

ირმა ტაველიძე- სასკოლო ზეიმების სევდა

0

მწამს, რომ წაკითხული წიგნები მკითხველებს ცვლიან. შესაძლოა, ამ რწმენის საფუძველი არც ისე მყარი იყოს. არაფერს ვამტკიცებ. უბრალოდ, მწამს.

ამ რწმენით ვცხოვრობ, ვწერ, ვკითხულობ და წიგნებს ვურჩევ მათ, ვისი ბედ-იღბალიც მაღელვებს. ვისი ბედ-იღბალიც გაღელვებს, იმას ბევრი წიგნი უნდა წააკითხო – ასწავლო, როგორ უნდა ამოათრიოს საკუთარი თავი, თმაში ხელჩავლებულმა, ყოველდღიურობის დაგუბებული, სუნდაკრული წყლებიდან.

რაკი ერთმა შეძლო, ჩვენც შევძლებთ.

სწორედ ასე წავაკითხე ჩემს მეგობარს თანამედროვეთაგან ალბათ ყველაზე დიდი ამერიკელი მწერლის, ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“ – წიგნი, რომლის წაკითხვასაც ყველა მასწავლებელს ვურჩევდი. ძველი მეგობრები ვართ და ალბათ სხვაც ბევრი მოვახვიე თავზე – ჩემი შეხედულებები, მოსაზრებები, ვარაუდები, შიშები, გემოვნება. ქართულის მასწავლებელია და სულ რაღაცას ეძებს.

ამიტომაც გამიკვირდა და გულიც მეტკინა, როცა ერთ დღეს ასეთი სასკოლო ზეიმის მოწყობა მოინდომა: მოსწავლეებს თანამედროვე ქართველი პოეტების ლექსები ზეპირად უნდა ესწავლათ და ავტორებთან შეხვედრისას ეთქვათ. პოეტები მოსწავლეებს მოუსმენდნენ და მერე თვითონაც იტყოდნენ რამეს, სკოლის წლებს გაიხსენებდნენ, შეკითხვებსაც უპასუხებდნენ.

ფილიპ როთის „პორტნოის სინდრომი“ სულ ახალი წაკითხული ჰქონდა. აღარ ჩამოვთვლი იმ წიგნებს, რომლებიც მანამდე წაიკითხა.

რა მოხდა? ის, რომ მასწავლებლის ცნობიერებაში სასკოლო ზეიმის იდეა იმ სახით გაცოცხლდა, რა სახეც ათწლეულების წინ ჰქონდა საბჭოთა იდეოლოგიის შუქით განათებულ სამასწავლებლო ოთახებში. სხვა შესაძლებლობა იმთავითვე გამოირიცხა. თითქოს ზეიმი ისაა, როცა ვიღაც საგანგებოდ ამ დღისთვის ნასწავლ ლექსს ამბობს – სხაპასხუპით, წაბორძიკების გარეშე. საგრძნობლად ღელავს და ამის გამო სტრიქონებს მარცვლები აკლდება, მაგრამ ზეიმის ორგანიზატორები და მსმენელები დიდსულოვნად მიუტევებენ. სუნთქვაშეკრული, წამოწითლებული მოსწავლისთვის ეს მორიგი ვალდებულებაა, უკვე ვალმოხდილები კი მოუთმენლად ელოდებიან ღონისძიების დასრულებას.

ბევრჯერ ვყოფილვარ ასეთი ზეიმის მონაწილე.

მოწვეული სტუმრები – გრძელი და მოსაწყენი გამოსვლებით, მუდმივი შიში (ბოლოსწინა სტროფის დასაწყისი არ დამავიწყდეს), უცნაური გამომეტყველება მასწავლებლების სახეებზე (სტუმრებს ისიც კი ნაზად უღიმის, ვინც არასდროს იღიმება), საერთო დაძაბულობის განცდა და წარუმატებლობის მოლოდინი (მაინც დამავიწყდება, მაინც დამავიწყდება…) დასკვნა: საზეიმო არც არაფერია, ზეიმის მიზეზი საერთოდ არ არსებობს. სკოლას თავისი მომაბეზრებელი ვალდებულებები აქვს. ეს არის და ეს.

ძველი ფოტოების თვალიერებისას სასკოლო ღონისძიებებზე გადაღებულ ფოტოებს ერთს დავხედავ და გვერდზე სწრაფად გადავდებ ხოლმე.

ერთადერთი დრამატული სანახაობა, რომელიც ღიმილით მახსენდება, უდროოდ დაღუპული ქართველი პოეტების პატივსაცემად იყო მოწყობილი. „მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ“. ნახევრად ჩაბნელებული სცენის სიღრმეში ვიდექით და ხელში დაფნის რტოები გვეჭირა. სცენის მარცხენა კუთხესთან ფიალაში ცეცხლი ენთო – წარმოსახვითი პოეტის წარმოსახვით საფლავზე. „სალოცავად ქართველობა მეყოფა, საფიცავად შენი თაფლის თვალი“.  რიგრიგობით მივდიოდით საფლავთან, ლექსს ვამბობდით და მერე დაფნის რტოს ფიალის გვერდით ვდებდით. „დაუკარით! ჯერ ხომ სისხლი გვიდგას ძარღვში, ჯერ ხომ საროს ფოთლები არ გასცვენია“. პირველად სიცილი მაშინ აგვიტყდა, რეპეტიციებზე მოსმენილი „გაფრინდი, შავო მერცხალო“-ს ნაცვლად ჩაბნელებულ დარბაზში „ჩიტი-გვრიტი მოფრინავდა“ რომ გაისმა (უფროსკლასელი, ვისაც საღამოს მუსიკალურად გაფორმება დაავალეს, სუსტი აღმოჩნდა ორნითოლოგიაში). მერე კი ერთმა მოსწავლემ, ალბათ მღელვარებისგან, ხმელი დაფნის რტო ფიალას ზემოდან დაადო. მეორემ იფიქრა, ალბათ უდროოდ დაღუპულ პოეტებს პატივი ასე უნდა მივაგოთო და თვითონაც იგივე გაიმეორა. დაფნის რტოები ატკაცუნდა და მთელი დარბაზი კვამლში გაეხვა.

სწორედ ეს სცენა გამახსენდა, მიქელანჯელო ანტონიონის „Blow-Up” პირველად რომ ვნახე.

ზოგადად, ზეიმი კი კარგი რამაა, მაგრამ თუ სასკოლო ზეიმის კონცეფცია ისევე ვერ გასცდება დეკლამაციას, როგორც ათწლეულების წინ, თუ მოსწავლეები მხოლოდ პატარა დეკლამატორები იქნებიან და არავინ იზრუნებს მათ საზეიმო განწყობაზე, ნამდვილ სიხარულსა და კმაყოფილებაზე, მაშინ არც არაფერი შეიცვლება სკოლებში. ყველაზე კარგი მასწავლებლებიც კი უნებურად ისევ გაიმეორებენ ძველ შეცდომებს – ისევ შეაშინებენ მოსწავლეებს, დათრგუნავენ, წარმოსახვას შეუზღუდავენ, წიგნების კითხვისა და ცვლილებების სურვილს გაუქრობენ.

თანამედროვე ქართველ პოეტებთან შეხვედრა არ გამართულა. მეგობარი კიდევ ერთხელ მენდო.  ჩემი წარმოდგენით, წიგნების გადაშლა და ლექსების წაკითხვა საკმარისი იქნებოდა. მხოლოდ და მხოლოდ სიამოვნებისთვის. სიხარულისთვის.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...