ოთხშაბათი, აპრილი 29, 2026
29 აპრილი, ოთხშაბათი, 2026

რას ნიშნავს იყო ფერადკანიანი ამერიკაში ?

0

ინგლისურენოვანი ბესტსელერის „Americanah“-ის აფრიკელი ავტორი ქალი, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიე, მოგვითხრობს აშშ-ში სწავლის დროს მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ.

მოკლე ცნობა მწერლის შესახებ: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიე – ნიგერიელი ინგლისურენოვანი მწერალი ქალი, დაიბადა 1977 წლის 15 სექტემბერს, ქ. ენუგუში (ნიგერია). ჩიმამამნდა ადიჩიე ძირითადად პროზას წერს. ის არის ბესტსელერების „მეწამული ჰიბისკუსი” (Purple Hibiscus), „ყვითელი ნახევარმზე“ (Half of a Yellow Sun) ავტორი. მიღებული აქვს მრავალი ლიტერატურული პრიზი, იყო მაკ-არტურის ფონდის „გენიოსების გრანტის“ სტიპენდიანტი, სწავლობდა ნიგერიის სახელმწიფო და აშშ-ის რიგ უნივერსიტეტებში. მაგისტრის წოდება ჯონს ჰოპკინსისა და იელის უნივერსიტეტებში მიიღო.

ახალგაზრდა ნიგერიელმა მწერალმა ქალმა, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩიემ, ნიგერიაში სკოლაში სიარულის დროს არ იცოდა, რას ნიშნავდა ადამიანთა დიფერენციაცია კანის ფერის მიხედვით. ეს აშშ-ში კოლეჯში სწავლისას გაიგო. როგორც აფრიკული წარმოშობის შავკანიანს, მას იმის გაცნობიერებაც მოუხდა, თუ რას ნიშნავს იყო ფერადკანიანი ამერიკაში. რასა იმ თემად იქცა, რომლითაც ცხოვრება და რომლის შესწავლაც მას აშშ-ში მოუწია.

რასის წარმომადგენლად თავის აღქმას გარკვეული დრო დასჭირდა. ეს პროცესი ეპიზოდური აღმოჩნდა. მაგალითად, ადიჩიე იხსენებს, რომ ბაკალავრიატში სწავლისას, ერთხელ საუბარი „საზამთროს“ შეეხო. ერთმა სტუდენტმა რაღაც უთხრა აფროამერიკელ კურსელს და სიტყვა „საზამთრო“ ახსენა. აფროამერიკელმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო.

“მაშინ ძალიან გამიკვირდა. ნეტავ რა არის ასეთი ცუდი „საზამთროში“? თანაც, საზამთრო ძალიან მიყვარს“.

ადიჩიემ იგრძნო, რომ მისი აფროამერიკელი თანაკურსელი მასზე ნაწყენიც დარჩა, რადგან მას, აფრიკელს, არ ესმოდა, თუ რატომ უნდა გაეზიარებინა მისი აფროამერიკელი კურსელის გაბრაზება[1] – ადიჩიე მიხვდა, რომ მას არ ესმოდა ის კონტექსტი, რამაც მისი მეგობარი გააბრაზა.

ნიგერიაში, პატარა ადიჩიესთვის არავის უსწავლებია ტრანსატლანტიკური მონათა ვაჭრობის ისტორია. მან აღმოაჩინა, რომ აშშ-ის მონათმფლობელობის ისტორია და მისი დღევანდელი გამოძახილი თავიდან ჰქონდა სასწავლი.

„რასა საკმაოდ უცნაური კონცეფციაა“, ამბობს ადიჩიე, „რადგან მე უნდა მესწავლა, თუ რას ნიშნავს იყო შავკანიანი აფრიკელი ამერიკაში. უნდა დაიმახსოვრო, რომ „საზამთროს“ შენთან ხსენება, თურმე შეურაცხმყოფელია“.

ადიჩიე მაკ-არტურის ფონდის სტიპენდიის მფლობელი და ორი გახმაურებული რომანის, „მეწამული ჰიბისკუსის“ და „ყვითელი ნახევარმზის“ ავტორი გახლავთ. მისი მოთხრობა „ამერიკანაჰ“ იკვლევს ზემოთ ნახსენებ საკითხებს და აღწერს იმ გარემოებებს, რომელიც ასახავს ამერიკაში შავკანიანად ყოფნის თავისებურებებს. მოთხრობა ვითარდება ახალგაზრდა ნიგერიელი წყვილის გარშემო, რომელთაგან ერთი ინგლისში მიემგზავრება, ხოლო მეორე – ამერიკაში.

მოთხრობის სათაური – „ამერიკანაჰ“ – არის ნიგერიული სლენგი იმ ნიგერიელთა დასახასიათებლად, ვინც ამერიკაში ცხოვრობდა და სამშობლოს „გაამერიკელებული“ დაუბრუნდა.

„ამ სიტყვას ნიგერიაში ხშირად გაიგონებთ, – ამბობს მწერალი, – მისი შინაარსი, მსუბუქ დაცინვას შეიცავს“.

რას ნიშნავს იყო აფრიკელი (და არა აფროამერიკელი) ამერიკაში

„ვფიქრობ, აფრიკელები, აფროამერიკელებისგან განსხვავებით, არ არიან დამძიმებულნი ამერიკის რასიზმის საშინელი ისტორიით. ამიტომაც ადამიანები ამერიკაში ხშირად მეუბნებოდნენ: „შენ განსხვავებული ხარ. შენ არ ხარ გაბრაზებული“. ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს სურთ, გაგხადონ იმის მონაწილე, რაში მონაწილეობის მიღება შენ არ გინდა. რადგან რაღაცნაირად  გეუბნებიან, რომ „შენ კარგების კატეგორიაში ხარ“. ვფიქრობ, ეს ამერიკის ისტორიის რეალობების იგნორირებას გულისხმობს. მაგალითად, ადამიანები გეუბნებიან: „რა ადვილია შენთან (იგულისხმება შავკანიანთან) ურთიერთობა“. ამ ფრაზას მოაყოლებენ ისტორიას აფროამერიკელ ქალზე, რომელიც ჩემგან განსხვავებულია. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულებები არასწორია“.

ამერიკული უმაღლესი განათლების ტრადიციების შესახებ

მე ძალიან მომეწონა ამერიკული უნივერსიტეტების სისტემის ლიბერალური კურსი. განსაკუთრებით ის, რომ შეგიძლია აირჩიო ფილოსოფიის, პოლიტიკური მეცნიერებებისა და კომუნიკაციის კურსები. ბაკალავრიატში სწავლისას სრულიად აღფრთოვანებული ვიყავი. როგორც მახსოვს, მაშინ არავითარი გეგმა არ მქონია. უბრალოდ ვფიქრობდი, რომ სახლში დავბრუნდებოდი, რაც პრინციპში მოვახერხე და ახლა ორივე ადგილას ვცხოვრობ. მაშინ ზუსტი წარმოდგენა არ მქონია, როგორ გავაკეთებდი ამას. უბრალოდ ძალიან აღელვებული ვიყავი იმით, რომ მქონდა კურსები და ლექციები, რომლებსაც არა მხოლოდ კარგად ვაბარებდი, არამედ რომლებზე დასწრებაც ძალიან მაინტერესებდა და მომწონდა.

იმის შესახებ, თუ რატომ სურდა ნიგერიაში ყოფნისას ჰქონოდა სწორი თმები

გოგონადან ქალის სტატუსში გადასვლის ნიშანია, როცა შეგიძლია Relaxer-ის გამოყენება და თმების გასწორება. მახსოვს, როგორ ველოდებოდი სკოლის დამთავრების ბოლო დღეს.

…სწორედ სკოლის დამთავრების დღეს ძალიან მსურდა თმის გასასწორებელი მქონოდა და სწორი თმებით მევლო…

შემდეგი ამერიკაში ჩემი ჩამოსვლა იყო, და …აღმოჩნდა, რომ ქალთა სალონში Relaxer-ს ვერ ვყიდულობდი, რადგან ის უსაშველოდ ძვირი ღირდა.

ამიტომაც გავემართე აფთიაქში, შევიძინე თმის გასასწორებელი კომპლექტი და გადავწყვიტე პროცედურა ჩემით ჩამეტარებინა… ეს ამბავი მთლად კარგად ვერ დასრულდა…

თავის კანის დამწვრობების შემდეგ დავფიქრდი და თავს ვუთხარი: „რატომ ვაკეთებ ამას?“ იმ დღის შემდეგ, თმის გასასწორებელი საშუალება აღარ გამომიყენებია…

თუმცა რაღაც დრო დამჭირდა იმისთვის, რომ შევგუებოდი ჩემს ბუნებრივ ხუჭუჭ თმას“.

იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედა მასზე და მის ოჯახზე ომმა ნიგერიაში

„მამაჩემმა ყველაფერი დაკარგა, ყველა მატერიალური საგანი თუ ნივთი, რომელსაც იგი ფლობდა. მან ასევე დაკარგა მამა, რომელიც ლტოლვილთა ბანაკში გარდაიცვალა. მამა დედაჩემმაც დაკარგა. ჩემი მშობლები აშშ-დან სულ რამდენიმე თვის ჩამოსულები იყვნენ, როდესაც ომი დაიწყო… მამაჩემი ჩამოდის ამერიკიდან, იწყებს ლექციებს ნიგერიის უნივერსიტეტში და ცოტა ხანში ომიც იწყება“.

„მახსენდება მამაჩემის ნაამბობი ისტორია ლტოლვილთა ბანაკში მამამისის სიკვდილის შესახებ. ბაბუაჩემი სახელგანთქმული კაცი იყო იგბოს (ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი ერი ნიგერიაში) მხარეში, რაც ნიშნავდა, რომ იგი დიდი პიროვნება გახლდათ. მას ალბათ ერთ-ერთი უმაღლესი ტიტული ჰქონდა თავის ხალხში, რაც შეიძლება მამაკაცმა მოიხვეჭოს.

მაგრამ ომის გამო, მისი მშობლიური ქალაქი დაეცა  და იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა მშობლიური ადგილები და ლტოლვილთა ბანაკისთვის შეეფარებინა თავი. იგი მოკვდა და საერთო საფლავში დაასაფლავეს.

ეს განსაკუთრებით მტკივნეული იქნებოდა მისთვის – მისი სახელის მქონე ადამიანისათვის.

მამა, რომელიც ოჯახში პირველი ვაჟი გახლდათ და რომელიც ყველაფერს დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა, ვერ დაესწრო მამის დასაფლავებას, რადგან შეტაკებების გამო გზა ლტოლვილთა ბანაკამდე დაკეტილი იყო.

იმ დროს მამა ბიაფრას (ნიგერიის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარე, ერთ დროს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, იგბოს ხალხის სამშობლო) სხვა მხარეში გახლდათ და მას მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მიეცა საშუალება, ლტოლვილთა ბანაკში მამამისის დაკრძალვის ადგილი მოენახულებინა.

… როდესაც მან ლტოლვილთა ბანაკს მიაღწია, იქაურებს სთხოვა: „მაჩვენეთ მამაჩემის საფლავი“. ვიღაცამ ხელები გაასავსავა და უბრალოდ უთხრა: „ო, ჩვენ გვამები აი აქ დავფალით“.

ეს მასობრივი, საერთო სასაფლაო აღმოჩნდა. იმ დროს ბევრი ადამიანი გარდაცვლილა. მამაჩემმა შემდგომ მოგვიყვა, რომ იგი მივიდა საერთო სასაფლაოზე და მუჭით აიღო იქაური მიწა. ის ერთი მუჭა მიწა დღესაც შენახული აქვს. ამ ისტორიამ ჩემზე ალბათ ყველაზე მეტად იმოქმედა…“

 

განათლებასა და ქრისტიანობის გავლენაზე თანამედროვე აფრიკაში

ქრისტიანმა მისიონერებმა აფრიკაში განათლება შემოიტანეს. ეს მხოლოდ განათლება არ იყო, ეს იყო რელიგიაც: ორივე ერთდროულად შემოვიდა ჩვენთან. მამაჩემისთვის, რომელიც აღმოსავლეთ ნიგერიაში დაიბადა და სკოლაში 1936 წელს შევიდა, ეს არ იყო მხოლოდ მათემატიკის, ინგლისურის თუ მეცნიერების გაკვეთილები, მას სკოლაში იესო ქრისტეს მოძღვრებასაც ასწავლიდნენ და თან იმასაც ეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი, რასაც მათი მშობლები სახლში აკეთებდნენ (იგულისხმება ადგილობრივი, აფრიკული რელიგიები) დემონური და ბოროტისა იყო…

დღეს კი გვყავს განათლებული აფრიკელების თაობა, რომლებიც უკვე ქრისტიანებად გაიზარდნენ.

თუმცა ისეთ ქრისტიანებად (ტრადიციული გაგებით), ვინც მათთვის გადაცემული ქრისტიანობის გამო, ხელაღებით უარყოფენ და მეტიც, დემონიზაციას უკეთებენ ყველაფერს, რაც ტრადიციულ რელიგიებს შეეხება. მე მჯერა, რომ შესაძლოა იყო ქრისტიანი, მაგრამ პატივს სცემდე სხვა ტრადიციებსაც.

მამაჩემის თაობაში ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ის, რაც მათ მშობლებმა, პაპა-ბებიამ და უფრო შორეულმა წინაპრებმა გადასცეს, აბსოლუტური ბოროტება გახლდათ. ისინი ამ დროს იყენებდნენ სიტყვებს: „კერპთაყვანისმცემელი“ და „წარმართი“.

ამერიკაში ჩემი პირველად ჩასვლისას, როდესაც უნივერსიტეტის კურსს ვიწყებდი (ეს ათი წლის წინ ხდებოდა), ჩემი ოთახის მეზობლებს ჩემ მიმართ გარკვეული შიში და გაკვირვება შევნიშნე. უკვირდათ, რომ მეცვა, მათი სიტყვებით, „ამერიკული“ ტანსაცმელი; ვლაპარაკობდი ინგლისურად; რომ ვიცოდი, ვინ იყო მომღერალი მერაია ქერი…მათ გარკვეულწილად უკმაყოფილებაც შევატყვე: ისინი „ნამდვილ“ აფრიკელს ელოდნენ, ხელში კი მე შევრჩი. შემდეგ, მათ ჩემი „აღმოჩენა“ დაიწყეს…“.

მოგვიანებით, ეჭვი გამიჩნდა: ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ამერიკელების ცოდნა აფრიკის შესახებ, გარდა „ტარზანზე“ გადაღებული ფილმისა, მხოლოდ ჩინუა აჩებეს[2]ფანტასტიკური მოთხრობით შემოიფარგლებოდა. ამ წიგნს, ამერიკაში მაღალ კლასებში სასკოლო პროგრამის მიხედვით ასწავლიან. მაგრამ, როგორც ჩანს, მასწავლებელს დაავიწყდა, ბავშვებისთვის შეეხსენებინა, რომ რომანის მოქმედება ასი წლის წინანდელ ნიგერიაში ვითარდება…

ამ სიცარიელის შესავსებად ჩემს მეგობრებს განელი მწერლის, ამაატა აიდუს მოთხრობების კრებული – „აქ ტკბილს ვერ იპოვით“ – გადავეცი.

ამ კრებულში საოცარი ოსტატობითა და გულწრფელობითაა აღწერილი გასული საუკუნის 60-იანი წლების მოვლენები განის დამოუკიდებლობის შემდეგ. მოქმედ გმირებს უწევთ ცხოვრება ახლადდამდგარი „ახლისა“ და ჯერ კიდევ არსებული „ძველის“ პირობებში, ქალაქისა და სოფლის გარემოში და უეცრად თავს დატეხილ უცნობ მდგომარეობაში, რომელსაც „დამოუკიდებლობა“ ჰქვია. მის მოთხრობებში ვერ ნახავთ წარსულის რომანტიზაციას თუ ახლის დრამატიზებას.

 

მოგიტანთ ერთ მაგალითს: განაში, ტრადიციული ქორწილები, როგორც აიდუს მოთხრობის გმირი ამბობს, „ყოველთვის სავსე იყო დაუჯერებელი სისულელით“.

სხვა სიტყვებით, წარსული არაფრით გახლდათ აუცილებლად „უკეთესი“ – და მწერალი თვითონვე ეჭვქვეშ  აყენებს „უკეთესისა“ და „უარესის“ კატეგორიებს. წარსულის ანალიზი იმით არის ფასეული, რომ იგი კოლონიალიზმის ეპოქის დადგომამდე აფრიკელების შექმნილი გახლავთ,…

ეს ის დროა, როდესაც ადამიანებს ესმოდათ თავიანთი ცხოვრება და მათ ურთიერთობას გარკვეული აზრი ჰქონდა.

აფრიკის „ვესტერნიზაციამ“ საზოგადოებაში არნახული მასშტაბების მომხმარებლური ჟინი – კონსუმერიზმი[3] წარმოშვა; „დასავლური“ ნივთების შეძენისკენ მიმართული დაუოკებელი სურვილი – ნივთებისა, რომლებიც თვითონ დასავლეთსაც აღარ სჭირდება.

ერთი გმირი ამ მოვლენას ასე აღწერს: „უაზრო ნივთებისადმი სწრაფვა, რომლებიც ვიღაცის ქარხანაშია დამზადებული“; მოთხრობის სხვა გმირი ამას სხვაგვარად ხედავს:”ხალხი ყველანაირ რესურსს ხარჯავს, რომ ნახმარი, მაგრამ ამერიკული ტანსაცმელი შეიძინოს“.

აიდუს მოთხრობების ეს კრებული ძველი სტილის სოციალური რეალიზმია, რომელიც კარგ საქმეს აკეთებს რომანისა და პროზისათვის: გართობს.

აიდუს დამსახურება მისი ხალასი იუმორი და გონებამახვილური სტილია. ის არ გაწუხებს თავზარდამცემი „მესიჯებით“. როდესაც სულმოუთქმელად „ჩაამთავრებ“ მის მორიგ მოთხრობას, დაჯდები და გაიაზრებ, რომ კმაყოფილებასთან ერთად სერიოზული ინტელექტუალური გამოცდილებაც შეიძინე.

ეს წიგნი განსაკუთრებით სასარგებლო აღმოჩნდა ჩემი ამერიკაში ყოფნის პირველ, „გაუცხოების“ თვეებში. ეს წიგნი სასარგებლო აღმოჩნდა ჩემთვის – ზოგადად მისი „აფრიკული“ სიახლოვისა და იდეების წარმოჩენის იმ სტილის გამო, რომლის წარმოჩენა ასე  ოსტატურად არასდროს შემეძლო.

უნდა ვთქვა, რომ არ მხიბლავს, როდესაც ლიტერატურას ანთროპოლოგიის იდეით განიხილავენ. თუმცა ნამდვილად მსურდა, რომ ჩემს მეზობლებს (საუნივერსიტეტო კამპუსში) განელი მწერლის წიგნი ანთროპოლოგიურ სახელმძღვანელოსავით წაეკითხათ – როგორც გაგრძელება სკოლაში ნასწავლი ჩინუას წიგნისა; როგორც საშუალება, რომელიც მე მათთვის ნაკლებად უსიამოვნო სიურპრიზად გადამაქცევდა.

რა თქმა უნდა, გარდა ამისა, იმედი მქონდა, რომ მათ აიდუს მოთხრობებიც მოეწონებოდათ. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჩემი ამერიკელი მეზობლებიდან აიდუს წიგნი მხოლოდ ერთმა წაიკითხა. იგი ამ საქმეს დიდხანს მოუნდა და როდესაც ვკითხე, რას ფიქრობდა წაკითხულზე, მიპასუხა: „რა ვიცი, ჩემთვის ეს არ იყო ძალიან აფრიკული“.

ყოველთვის მაინტერესებდა რამდენად ახდენს გავლენას ჩვენი კულტურული „ბაგაჟი“ იმაზე, თუ როგორ და რას ვკითხულობთ. ვეჭვობ, რომ ძალიან დიდს. თუმცა გვინდა, რომ ასე არ იყოს. ძალიან მომეწონა ჩემი მეზობლის პასუხი, რადგან გამოვიდა, რომ ამ გადასარევმა აფრიკულმა წიგნმა შეცვალა აფრიკის შესახებ მასში არსებული „ძველი მარაგები“. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ ჩემს მეზობელს არ უთქვამს, დარწმუნებული ვარ, რომ ამ წიგნმა იგი გააცინა და დააფიქრა კიდეც.

 

გამოყენებული წყარო: https://www.npr.org/2013/06/27/195598496/americanah-author-explains-learning-to-be-black-in-the-u-s

 

სტატია თარგმნა და მოამზადა ლევან ალფაიძემ, 14.09.2016

[1]აშშ-ის სამოქალაქო ომის შემდეგ, მონობის აკრძალვის შემდეგ რასისტი თეთრკანიანების სუბკულტურაში გაჩნდა ახალი რასისტული ხატი: თავისუფალი აფროამერიკელების ფერმერული მეურნეობა, რომელშიც ისინი საზამთროსა და ნესვს ზრდიდნენ და ამ პროდუქტების გაყიდვით ირჩენდნენ თავს.  გარკვეული პერიოდი, საზამთროს ფერმერობა აფროამერიკელებისთვის თავისუფლების ნიშანს წარმოადგენდა, რადგან მონობის პერიოდში სამხრეთის შტატებში საზამთრო ხშირად ერთადერთი საკვები იყო, რომლის ჭამასაც მონათმფლობელები მონებს არ უზღუდავდნენ. რასისტებისთვის კი „საზამთრო“ და მისი „თავისუფალი“ გაზრდა, შავკანიანების უსაქმურობის, სიზარმაცის და უქმად ყოფნის სიმბოლოდ გადაიქცა.

[2]ჩინუა აჩებე – ცნობილი ნიგერიელი მწერალი, ავტორი გახმაურებული რომანისა „Things Fall Apart“ („რღვევა“). მისი წიგნები 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი.

[3]კონსუმერიზმს უწოდებენ სოციალურ და ეკონომიკურ წესრიგსა და იდეოლოგიას, რომელიც ადამიანებს სულ უფრო მეტი საქონლის, პროდუქციისა თუ სერვისის შეძენისკენ უბიძგებს.

პიკნიკი

0

რა ასოციაცია გიჩნდებათ სიტყვა „პიკნიკის“ გაგონებაზე?  თუ აპირებთ, რომ მწვანე მდელო, კამკამა მდინარე, ქოჩორა ხეები და ზედ ტკბილად მოჭიკჭიკე  ჩიტები წარმოიდგინოთ, ტყუილად შეწუხდებით. ნურც სანოვაგით დატვირთული  კალათისკენ და მწვანე ბალახზე სახელდახელოდ გადაფენილი  სუფრისკენ გაგექცევათ თვალი.

წარმოიდგინეთ რაიმე ბაღი, შიგ გაშლილი თეთრი კარვები, კარვებში კიდევ მოღიმარი მეცნიერები და სპეციალურად თქვენთვის მოფიქრებული გასართობი ექსპერიმენტებისგან შემდგარი პროგრამა. თქვენ კარავში შედიხართ და რაიმე სახალისოს, ან საინტერესოს  ნახვას თხოულობთ. როგორც იტყვიან, ითხოვე და მოგეცემაო. ჰოდა, მაშინვე სწორედ თქვენთვის რაიმე ლამაზს და უჩვეულოს ჩაატარებენ. ჯერ ერთს, შემდეგ მეორეს, მესამეს… მერვეს… მეათეს… შემდეგ შეიძლება მორიდებით გითხრან, ახლა იქნებ სხვა კარავშიც შეგეხედათ.  ამასობაში საექპერიმენტო მაგიდას გავასუფთავებთ და განვაახლებთო. თქვენ კი, ან მადლობას გადაუხდით და მართლაც სხვა კარვების მონახულებით დაკავდებით, ან შეგიძლიათ უკმაყოფილო სახე მიიღოთ და თქვათ: სულ ეს იყო, წავიდეთ შვილო, წავიდეთ (ეს იმ შემთხვევაში, თუ შვილიც გეყოლებათ თან).

დამავიწყდა მეთქვა, სამეცნიერო პიკნიკი პოლონეთში მოიფიქრეს. პირველად ვარშავაში 1997 წლის 14 ივნისს ჩატარდა. მას შემდეგ ფართოვდება და დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც ტარდება.

ისევ იმას დაუბრუნდები, რითიც დავიწყე. ათასნაირ ხალხს შეხვდებით პიკნიკის დროს. ძირითადად, მეცნიერებით დაინტერესებული მოზარდები მოდიან, რაც ნამდვილად ძალიან კარგია. თუმცა ზოგიერთი  უკმაყოფილოც არის… მაგალითად,  იმით, რომ მხოლოდ თერთმეტი ცდა ნახა. ან ისეთს, თავისი სამკაულების გაწმენდა, რომ სურს. ვერ გაიგეთ ხომ, რისი თქმა მინდა? ახლავე ავხსნი. ერთ პიკნიკზე ვაკეთებდი, ე.წ. „ვულკანს“, რომელიც სინამდვილეში ამონიუმის ბიქრომატის დაშლის რეაქციაა, მაგრამ უმჯობესია ითქვას, რომ „ვულკანს“ გაჩვენებთ. აბა, რომ თქვა, ახლავე ამონიუმის ბიქრომატს დაგიშლით-მეთქი, არავის დააინტერესებს და ყველა გაიქცევა.

„ვულკანი“ კი… ოოო, საინტერესოა.

ამ რეაქციის დროს „ლავაც“ არის. აბა რისი „ვულკანია“? „ლავის“ როლს ქრომის ოქსიდი ასრულებს. დიდი რაოდენობით გამოიყოფა. სხვათა შორის, შეგიძლიათ შეაგროვოთ და შემდეგ იაფ კატალიზატორად გამოიყენოთ. ან შეაგროვოთ, დაასხათ წყალი ისეთი რაოდენობით, რომ ფაფისებრი კონსისტენცია მიიღოთ და ამ მასით თქვენი  ვერცხლის სამკაულები გაწმინდოთ. ჰოდა, სწორედ ამ განმარტებების დარიგებით ვიყავი დაკავებული, რომ ერთმა ქალბატონმა ჯერ საყურეები მოიხსნა, შემდეგ ბეჭედი და გამომიწოდა… იქვე დააყოლა, რამდენ ხანში მოვიდე, როდის დამახვედრებთ გაწმენდილსო…

კიდევ ორი ბატონი მახსენდება. იმ წელს პიკნიკი თბილისობას დაემთხვა და სანამ ჩემს კარვამდე მოვიდოდნენ, სამწვადე, სახინკლე და სასოსისე კარვები უნდა გამოევლოთ. ეტყობა არცერთზე უარი არ თქვეს და როგორც მათივე საუბრიდან გავარკვიე, ღვინით, არყით და ლუდით „მაგარი პერეგაროდკები“ გააკეთეს საბრალო კუჭში.

ჰოდა, ჯერ მხიარულად იყვნენ, კუჭის და თავის ტკივილი მოგვიანებით დაეწყებოდათ. ამიტომ, ჩემს კარავში სულ თითების ტკაცუნით შემოვიდნენ (დაახლოებით ისე, რესტორნებში, რომ ატკაცუნებენ) და მითხრეს – აბაა, რას გვიჩვენებთ?

ჰოო… პიკნიკს რა – ვუთხარი მე… მაგრამ პიკნიკია, უნივერსიტეტის სახე ხარ და სულ ღიმილგადაშლილმა უნდა აჩვენო შენი პროგრამა.

– ფული დავწვათ, ბატონო,

ამაზე გამოცოცხლდნენ…

– ჩვენი თუ თქვენი?

– ჰმ, თქვენი არ ჯობია? სერიოზული სახით ვეკითხები;

– არაა…

დასაწვავად საგულდაგულოდ გადანახული ძველი ქაღალდის ლარიანები გვქონდა მომარაგებული. ქიმიკოსებმა ეს ცდა იციან. ნებისმიერ ქაღალდზე შეიძლება მისი გაკეთება, თუმცა ფული უფრო ეფექტურია. მიხვდით ალბათ, რომ არაფერიც არ დაიწვება. ცეცხლი წაეკიდება, მაგრამ უვნებელი ქაღალდი, ბანკნოტი (რასაც დაწვავთ) შეგრჩებათ ხელში. ბევრს მეხვეწნენ რეცეპტი გაგვიმხილე, სანაძლეოებს მოვიგებთო, მაგრამ მე კვლავ სერიოზული სახით უპასუხე, რომ თუ ქიმიკოსის დიპლომი არ ჰქონდათ, მათ ხელში ცდა არ გამოვიდოდა და ყველაფერი დაიწვებოდა. ეჭვიანად შემომხედეს, ხელი ჩაიქნიეს და წავიდნენ.

ერთი პატარა, ათიოდე წლის  ბიჭიც მახსოვს. ქერა თმები ჰქონდა და ცხვირზე ჭორფლები ეყარა. გავეხუმრე, მზემ გაკოცა-მეთქი? არაო, იუარა, თვალითაც არ მინახავსო. ზემოთ არის თავისთვისო. ყურადღებით მაკვირდებოდა, რას ვაკეთებდი. შაქარი დავწვი გოგირდმჟავით. ამ ექსპერიმენტის დროს ჭიქიდან უზარმაზარი შავი მასა ამოხტება და ეფექტიც ეს არის.

– ეგ რა იყო? მკითხა ბიჭმა,

– შაქარი.

– და სითხე წყალი?

– არაა, – ვიცინი, – წყალს, რომ შაქარს ასხამ, ასე მოსდის ხოლმე? ჰოდა, მეც გამიკვირდა, ჩემთან რატომ არ მოსდისო,-გაიცინა ბიჭმაც.

– ისე, ტყვიის შაქარიც ხომ არსებობს, ერთ  წიგნში წავიკითხე, ძველ რომში ღვინოს ატკბობდნენო…

ჰმ, დაკვირვებული ბიჭი ჩანს.

– არა, ის სხვა შაქარია, გინდა მოგიყვე?

– კიი, სასაცილოდ აბზიკა ცხვირი

1859 წელს ფრანგმა ფიზიკოსმა გასტონ პლანტემ ტყვიის აკუმულატორი გამოიგონა, მას შემდეგ მილიონი ტონა ტყვია დაიხარჯა აკუმულატორის ფირფიტების დასამზადებლად.

– ტყვიაზე გსმენია რამე? – ვეკითხები ბიჭს.

– კი, -მტკიცე და გადამჭრელ პასუხს მაძლევს. მე კი ვაგრძელებ.

მარილმჟავასა და გოგირდმჟავაში ტყვია არ იხსნება. თუმცა, ისეთი სუსტი ორგანული მჟავები, როგორიც ჭიანჭველმჟავა და ძმარმჟავააა,  ტყვიას იოლად ხსნის. გოგირდმჟავასა და მარილმჟავაში მოხვედრისას წარმოიქმნება ტყვიის უხსნადი სულფატის ან ქლორიდის ფენა და ის მას შემდგომი გახსნისგან იცავს. ძმარმჟავაში გახსნისას ტყვიის აცეტატი წარმოიქმნება. ამ მარილს ეგვიპტელმა ქემეიას მიმდევარმა ზოსიმამ  ტყვიის შაქარი უწოდა. ტკბილია, მაგრამ ისევე მომწამლავია, როგორც ტყვიის ყველა მარილი. ძველ რომში ეს არ იცოდნენ და ღვინოს არა მხოლოდ ტყვიის ჭურჭელში ინახავდნენ, კარგი გემოს მისაცემად ტყვიის შაქარსაც უმატებდნენ. მომწამლავია, მაგრამ იაფია. ორჯერ უფრო იაფი, ვიდრე ალუმინი და კალა.

– ახლა გაიგე, რა ყოფილა ტყვიის შაქარი?

– დიახ… და ტყვიაზე მეტი არაფერი იცით?

ჰმ, ეშმაკი ბიჭია, მიწვევს. ეს ერთ ამბავს მახსენებს ორ პატარა დაზე. ერთი მაღალი და უფროსი იყო, მეორე – დაბალი და უმცროსი. მაღალი და უფროსი პაპასთან ერთად სოფელში ჰამაკში ნებივრობდა. თავზე დაბალი და უმცროსი წამოადგათ და თავის დას უთხრა:

  • თათა, შენ დაბალი, მე მაღალი… თათა…

თათა აღშფოთდა, წამოხტა და პატარა დას ზემოდან ჩამოხედა, ვინ არის გოგო შენი დაბალიო. ამ დროს დამ დრო იხელთა და პაპის გვერდით მოკალათდა:

  • ჰო, თათა, შენ – მაღალი და მე – დაბალიო.

ბევრი იყვირა თათამ, ადექი ახლავე, პაპა ჩემიაო, მაგრამ გვიანი იყო.

ჰოდა, მეც დაახლოებით ასე ვთქვი, ვინ არ იცის მეტი არაფერი ტყვიაზე-მეთქი და გავნაგრძე.

მეჩვიდმეტე საუკუნეში ასხვავებდნენ ტყვიას და კალას-პლუმბუმ ალბუმ და პლუმბუმ ნეგრუმ.  ტყვიის  მთავარი საბადო აგლინიტი, PbS ტყვიის სულფიდია. ეს მინერალი, რომ კოცონზე დავდოთ, გოგირდი დაიწვება და გამლღვალი ტყვია დარჩება.  ხის ნახშირი ტყვიის დაჟანგვას ხელს უშლის. რკინაზე ორნახევარჯერ მძიმეა. ძველი რომაელი მეზღვაურები ხის ხომალდებით დაცურავდნენ. როდესაც გემს სადმე დააყენებდნენ, იმისთვის, რომ  ადგილზე გაჩერებულიყო,  ღუზას ტყვიის ნაჭრებს აბამდნენ. ისედაც ტყვიის ფირფიტებს იყენებდნენ სიმძიმისთვის. ხომალდების კორპუსებსაც ტყვიის თხელ ფირფიტებს აკრავდნენ.  შედეგად, ხე მალე აღარ ფუჭდებოდა.

მხატვრები ტყვიის ბაზაზე დამზადებულ საღებავებს იყენებდნენ.  ზოგიერთი ახლაც  მოქმედია. ყვითელი, ტყვიის ქრომატი PbCrO4, წითელი, ტყვიის „სურიკი“, იგივე ტყვიის პლუმბატი Pb2PbO4; ტყვიის მათეთრებელი; ამ უკანასკნელს  ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ როდოსზე ამზადებდნენ. ძალიან ძვირი ღირდა. ერთხელ ბერძენი მხატვარი ნიკეა როდოსიდან საღებავებს ელოდებოდა. გემები ათენის პორტში შემოვიდნენ, მაგრამ… ბედი არ გინდა… ხანძარი გაუჩნდათ. საბრალო მხატვარი ნაპირიდან ადევნებდა თვალყურს. ბოლოს, როგორც იქნა ჩააქრეს. მხატვარმა იფიქრა, იქნებ რამე გადარჩაო. მართლაც, რამდენიმე კასრი უვნებელი დახვდა, ოღონდ როდესაც გახსნა, იქ თეთრის ნაცვლად წითელი საღებავი აღმოჩნდა. ასე ასწავლათ ხანძარმა ერთი საღებავიდან მეორის მიღების წესი.

1673 წელს ინგლისელმა მინის ოსტატმა ჯორჯ რავინგსტორმა მინის შემადგენლობას ტყვიის ოქსიდი დაუმატა და ბროლი მიიღო. ის იოლად ლღვება, დამუშავებას კარგად ექვემდებარება. ნამდვილი მთის ბროლივით ბრწყინავს. როდესაც ბროლის ნივთს შეიძენთ, დახედეთ ყუთს, ზედ უნდა ეწეროს, რამდენ პროცენტ ტყვიის ოქსიდს შეიცავს, ძირითადად 24%-მდე არის. ამიტომაც,  ბროლის ნაკეთობები მძიმეა.

შევალღოთ სუფთა თეთრი კვარცის ქვიშა, კალიუმის კარბონატი, ანუ პოტაში და ტყვიის ოქსიდი. მივიღებთ მასალას სახელად სტრაზი. მასში სხვადასხვა პიგმენტის დამატებით კი განსხვავებული ფერი გვექნება. სახელი მეთვრამეტე საუკუნის იუველირის სტრაზის პატივსაცემად უწოდეს. ეს არის მინა, რომელიც ძალიან ბრწყინავს. მათი მეშვეობით სხვადასხვა ძვირფასი ქვების იმიტაციას აკეთებენ.

წელს პიკნიკისთვის მომზადებული მძიმე კალათები ერთი კორპუსიდან მეორეში მარტოს გადამქონდა. საკმაო მანძილი იყო. გზაში უამრავი ადამიანი შემხვდა. ნაცნობები იყვნენ თუ არა, არ ვიცი. უბრალოდ აღქვიქვამდი, რომ ბევრი ხალხი იყო (ჩემი გასაჭირი მქონდა). ამდენ ხალხში მხოლოდ ერთი აღმოჩნდა „კაცი“. ჩემთვის უცნობი ბიჭი ხელებში მეცა და კალათები ოთახამდე ამატანინა. როცა მადლობა გადავუხადე, შეიშმუშნა, რას ამბობთო, აბა გულგრილი დავრჩენილიყავი და მეყურებინა, როგორ მოგქონდათ მარტოს ამდენი რამეო?

ჰმ… ყოჩაღ დედამისს! კაცი გაუზრდია!

როგორ ვებრძოლოთ ნარკომანიას (ნაწილი I)

0

 

გაბორ მატე ნარკოდამოკიდებულების სიღრმისეულ მიზეზებსა და იმაზე გვესაუბრება, თუ როგორ უნდა ვებრძოლოთ ნარკომანიას. დოქტორი გაბორ მარტე კანადასა და მის ფარგლებს გარეთ ძლიერი დამოკიდებულების მქონე ადამიანებთან მუშაობს, გადაურჩენია არაერთი სიცოცხლე, კითხულობს საჯარო ლექციებს და მოუწოდებს საზოგადოებას, მეტი გულისხმიერებით მოეკიდოს ნარკომანიით დაავადებულ პირებს. მას მიაჩნია, რომ ბავშვობაში მიღებული სტრესი, ტრავმა ან ემოციური უკმარისობა უნივერსალურ ნიადაგს ქმნის დამოკიდებულების ჩამოყალიბებისთვის.

დამოკიდებულების სათავეებთან

მავნე ნივთიერებების მიღების დროს, იქნება ეს ოპიოიდები, კოკაინი, თუ სხვა სახის ნარკოტიკი, ისინი მართლაც ტკივილგამაყუჩებელივით მოქმედებენ.

ფიზიკურ ტკივილსა და ემოციურ ტანჯვაზე კი ტვინის ერთი და იგივე უბანი აგებს პასუხს. მაგალითად, როდესაც ადამიანი ემოციურ შეუთავსებლობას განიცდის, ამ შეგრძნებაზე ტვინი ისევე რეაგირებს, როგორც დანით მიყენებულ ჭრილობაზე.

ეკჰარტ ტოლემ ზუსტად თქვა – ნარკომანია იწყება ტკივილით და ტკივილითვე მთავრდება.

ყველანაირი მიდრეკილება ტკივილის დახშობის მცდელობაა.

ნარკოდამოკიდებულ ადამიანთან მუშაობის დროს, პირველი საკითხი, რომელიც ყველაზე მეტად მაღელვებს ხოლმე, არის ის, თუ როდის იგრძნო მან ტკივილი და არა საიდან გაუჩნდა ეს მავნე ჩვევა.

აღმოჩნდა, ტკივილი ემოციურ დანაკარგს ან ტრავმას უკავშირდება. თითოეულ მძიმედ დამოკიდებულ ნარკომანს ამ ქალაქის დასავლეთი ნაწილიდან რაიმე ტრავმა აქვს გადატანილი. ასევე, ამ ქუჩებში ვერ ვიპოვით ქალს, რომელიც ძალადობის მსხვერპლი არ ყოფილა.

ნებისმიერი ტიპის დამოკიდებულება – ეს იქნება სექსი, სამსახური, ინტერნეტი ან შოპინგი – ტკივილისგან გაქცევის მცდელობაა.

Rolling Stones ჯგუფის წევრმა, კიტ რიჩარდსმა (ის ჰეროინზე მძიმედ დამოკიდებული იყო) ერთხელ თქვა – საკუთარ თავს სხვადასხვა გზით „ვამტვრევთ“, რათა რამდენიმე საათით მაინც გავექცეთ.

მაგრამ რატომაა, რომ ზოგიერთ ადამიანს არ სურს იყოს ის, ვინც სინამდვილეშია? ამის მიზეზი რაიმე უბედურება და აუტანელი ტკივილია.

ასე რომ, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს მომიყვებიან გენეტიკაზე, თავის არჩევანზე თუ სხვა მიზეზზე. ნამდვილი პასუხი ერთია – ტკივილი.

ერთ ტიბეტურ წიგნში სიცოცხლესა და სიკვდილზე არაჩვეულებრივი განმარტება იყო: რაც არ უნდა აკეთო, ნუ ეცდები თავი აარიდოთ ტკივილს, დარჩი მასთან ერთად, რადგან ტკივილისგან გაქცევის ყველა მცდელობა კიდევ უფრო მეტი ტანჯვის საწინდარია. ზუსტად ეს მოსდით ნარკოდამოკიდებულებს.

მაშინ ჩნდება შეკითხვა – რა უნდა უყოს ადამიანმა თავის უბედურებას?

პასუხი ერთია: მას უნდა უთანაგრძნონ, მან უნდა იგრძნოს სხვების თანადგომა. თუ ამას მოვახერხებთ, დამოკიდებულების მქონე ადამიანს აღარ დასჭირდება ტკივილისგან გაქცევა. ის შეძლებს მის გადატანას. იმისათვის, რომ ტკივილთან ერთად იცხოვრო, გარემოს მხარდაჭერა გჭირდება.

მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ საზოგადოებაში, რომელიც რელაქსაციის ყველაზე სწრაფ მეთოდებს, მომენტალურ დაკმაყოფილებას ან უამრავ თავშესაქცევს ირჩევს.

სხვანაირად რომ ვთქვათ, ვცხოვრობთ კულტურაში, რომელსაც არ შეუძლია ადამიანების  ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.

შესაბამისად, ამ საზოგადოებას ურთულდება ნარკომანიასთან საქმის დაჭერა…

რაში მდგომარეობს დამოკიდებულება?

როგორც პრაქტიკოსი ექიმი, ამჟამად ვანკუვერში, კანადაში ვმუშაობ. მიმუშავია ძლიერი დამოკიდებულების მქონე ადამიანებთან, რომლებიც მოიხმარენ ჰეროინს, კოკაინს, ალკოჰოლს, კრისტალურ მეტამფიტამინს და სხვა ცნობილ ნარკოტიკებს. ეს ადამიანები  იტანჯებიან.

თუკი ექიმის წარმატება პაციენტის სიცოცხლის ხანგრძლივობით განისაზღვრება, მე წარუმატებელი ექიმი შეიძლება დამერქვას, რადგან ჩემი პაციენტები ძალიან ახალგაზრდები იღუპებიან. ისინი კვდებიან შიდსისგან, ჰეპეტიტისგან, გულის სარქველისა და თავის ტვინის ინფექციებისგან, სისხლის მოწამვლისგან. ისინი კვდებიან სუიციდით, ზედოზირებით, ძალადობით, უბედური შემთხვევებით.

მათ რომ დაინახავთ, დიდი ეგვიპტელი რომანისტის, ნაგიბ მაჰფუზის სიტყვები გაგახსენდებათ: „არაფერი ისე არ აფიქსირებს სევდიანი სიცოცხლის შედეგებს, როგორც ადამიანის სხეული“.

ამ შემთხვევაში ასეა, რადგან ეს ადამიანები კარგავენ ყველაფერს. კარგავენ ჯანმრთელობას, კბილებს, სიმდიდრეს, ადამიანურ ურთიერთობებს და ხშირად – სიცოცხლეს.

მაგრამ ესეც ვერ აკავებს მათ და დამოკიდებულნი რჩებიან. არაფერს შესწევს ძალა, უარი გათქმევინოს ამაზე. დამოკიდებულება გჯაბნის. აქ კი ჩნდება შეკითხვა: რატომ?

ერთმა პაციენტმა მითხრა, რომ სიკვდილის არ ეშინია, სიცოცხლე კი აშინებს.

რატომ ეშინიათ ადამიანებს სიცოცხლის?

თუ გინდათ, რომ გაიგოთ, რა არის დამოკიდებულება, ნუ ჩაეძიებით იმას, სადამდე მივიდა ადამიანი. თქვენ უნდა ამოიცნოთ, საიდან დაიწყო ყველაფერი. თქვენ უნდა გაიგოთ, რა ხეირი აქვს ადამიანს დამოკიდებულებისგან? რა არის ამაში განსაკუთრებული და რატომ არ შეიძლება მას სხვა რამ ჩაენაცვლოს?

ნარკომანები იმსუბუქებენ ტკივილს, ინარჩუნებენ სულიერ წონასწორობას, კონტროლის გრძნობას, სიმშვიდეს… მაგრამ დროებით.

ასე ჩნდება შემდეგი შეკითხვა: რატომ ვერ მოახერხეს ადამიანებმა ამ სიკეთის სხვა გზით მიღება? რა მოხდა? როგორ შეუტრიალდათ ცხოვრება?

ისეთი ნარკოტიკები, როგორიცაა ჰეროინი, მორფინი, კოდეინი, კოკაინი, ალკოჰოლი – ტკივილგამაყუჩებლებია. ისინი აბლაგვებენ ტკივილს. მაშინ სწორი იქნებოდა დავინტერესებულიყავით იმით, რატომ ჩნდება ტკივილი?..

ახლახან კიტ რიჩარდსის ბიოგრაფიის კითხვა დავასრულე. ბევრს უკვირს, რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია და ნარკოტიკებს არ გადაჰყვა. თავის ბიოგრაფიაში გიტარისტი წერს, რომ სწორედ დამოკიდებულებაში ეძებდა სიმშვიდესა და თავდავიწყებას. რამდენიმე მშვიდი საათის გამო, მზად იყო აეტანა საშინელი კონვულსიები.

ძალიან კარგად მესმის, რომ ადამიანს დისკომფორტს საკუთარი თავიც კი შეიძლება უქმნიდეს. ზოგჯერ გინდა საკუთარ გონებას გაექცე. დიდი ბრიტანელი ფსიქიატრი ლენგი ამბობდა, რომ არსებობს სამი რამ, რაც ადამიანს აშინებს: სიკვდილი, სხვა ადამიანები და საკუთარი გონება.

ცხოვრების საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ მინდოდა საკუთარ გონებას ჩავკვირვებოდი, არ მინდოდა მასთან პირისპირ დარჩენა. რას ვაკეთებდი ამისათვის? მე არასოდეს მომიხმარია ნარკოტიკები, მაგრამ ყოველთვის სამსახურის გიჟი ვიყავი, მთლიანად მას ვეკუთვნოდი. მქონდა გატაცება – გატაცებული ვიყავი კლასიკური მუსიკის კომპაქტდისკების ყიდვით. ნელ-ნელა ეს ყველაფერი დამოკიდებულებად ჩამომიყალიბდა. ერთხელ კვირის განმავლობაში დისკებზე 8 ათასი დოლარი დავხარჯე. დავხარჯე არა იმიტომ, რომ ასე მინდოდა, არამედ იმიტომ, რომ არ შემეძლო მაღაზიაში არ შევსულიყავი.

ექიმად ყოფნის პერიოდში ხშირად მიწევდა მშობიარეების მიღება. ერთხელ იმისათვის, რომ სასურველი დისკი მეყიდა, მშობიარე ქალი საავადმყოფოში მივატოვე. მინდოდა საავადმყოფოში სწრაფად დავბრუნებულიყავი, მაგრამ როგორც კი მაღაზიაში აღმოვჩნდი, მახეში გავები. ყველა კუთხე-კუნჭულიდან კონსულტანტები ახალ-ახალ დისკებს მთავაზობდნენ.

იმ ორსულმა ბავშვი უჩემოდ დაბადა. სახლში ეს ამბავი ჩემს ცოლს დავუმალე.

როგორც ყველა ნარკომანი, ბევრს ვიტყუებოდი. ვაიგნორებდი საკუთარ შვილებს მუსიკისა და სამსახურის გამო, რომელზეც დამოკიდებული გავხდი. ასე რომ, დღეს უკვე კარგად ვიცი, რას ნიშნავს, გინდოდეს, გაექცე საკუთარ თავს.

დამოკიდებულების ჩემეული განსაზღვრება ასეთია: ქცევა, რომელიც გაგრძნობინებთ დროებით შვებას, დროებით სიამოვნებას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად მოგაყენებს ზიანს, იქონიებს ნეგატიურ შედეგებს და ამ ნეგატივის მიუხედავად, თქვენ ვერ შეძლებთ მასზე უარის თქმას.

ასეთი განსაზღვრების მერე ალბათ მიმიხვდით, რომ არსებობს ბევრი სხვადასხვა დამოკიდებულება.

დიახ, არსებობს ნარკოტიკებზე დამოკიდებულება, ასევე მომხმარებლური დამოკიდებულება, ასევე დამოკიდებულება სექსზე, ინტერნეტზე, შოპინგსა და საკვებზე.

ბუდისტები ხშირად ახსენებენ „მშიერ სულებს“. სულები ცარიელი კუჭის მქონე უზარმაზარი ზომის არსებები არიან. წვრილი კისრები და პაწაწუნა პირები აქვთ. ამიტომ ვერასოდეს ძღებიან და ვერაფრით ივსებენ შინაგან სიცარიელეს.

და ჩვენც, ჩვენივე საზოგადოებაში მშიერი სულებივით ვართ. სიცარიელეს ვგრძნობთ და ვცდილობთ მის ამოვსებას. ნარკომანია ამ სიცარიელის ამოვსების მცდელობაა.

რატომ განიცდიან ადამიანები ტკივილს?

ნუ დააკვირდებით მათ გენეტიკას და ცხოვრებას. ჩემს რთულ პაციენტებთან დაკავშირებით მინდა ვთქვა, რომ მათი ტკივილი ძალადობიდან იწყება. ისინი ძალადობის ქვეშ იყვნენ. ბავშვობაში მათ ცუდად ექცეოდნენ.

თორმეტი წლის განმავლობაში ასობით ქალთან ვიმუშავე. ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყვნენ. ტრავმირებული იყვნენ მამაკაცებიც – სექსუალური ძალადობა, უდიერად მოქცევა, ფიზიკური ძალადობა, მარტოობა, როცა მშობლებს შენთვის არ სცალიათ… აი, საიდან იწყება ტკივილი და ნარკომანიის თემა.

საინტერესოა ადამიანის ტვინიც. ცნობილია, რომ ტვინი გენეტიკურად არ პროგრამირდება. გარემო, რომელშიც ბავშვი იზრდება, მისი ტვინის ფორმირებაზე ზემოქმედებს.

ახლა კი ორი ექსპერიმენტის შესახებ გიამბობთ:

იჭერთ წრუწუნას და საკვებს პირში უდებთ. წრუწუნა სიამოვნებით ჭამს, მაგრამ თუკი საკვებს ცხვირთან ახლოს, ოდნავ მოშორებით დაუდებთ, შიმშილით მოკვდება და პირს არ დააკარებს. რატომ? იმიტომ, რომ გენეტიკურად მას ტვინში არ აქვს რეცეპტორები ქიმიური ნივთიერებისთვის სახელად დოფამინი. დოფამინი გამომუშავდება თავის ტვინის სხვადასხვა ადგილებში.

დოფამინი – სტიმული და ქიმიური მოტივაციაა. ის მაშინ გამოგვიმუშავდება, როდესაც გვიხარია, აღგზნებულნი, ენერგიულნი, ცნობისმოყვარენი ვართ, როდესაც საკვებს ან სიყვარულისთვის პარტნიორს ვეძებთ. დოფამინის გარეშე მოტივაცია არ გვაქვს.

ახლა წარმოიდგინეთ, რას იღებს ნარკომანი?

როდესაც ის კოკაინს, მეტამფიტამინს ან სხვა ნარკოტიკს მოიხმარს, მის ტვინში დოფამინი მატულობს. მაგრამ რა ემართება ტვინს მანამდე?

ის, რომ ნარკოტიკი დამოკიდებულებას იწვევს, მითია. თავისთავად ნარკოტიკი არ იწვევს დამოკიდებულებას, რადგან ადამიანთა უმეტესობა, რომელიც ნარკოტიკს აგემოვნებს, არ ხდება ნარკომანი.

მაშ, როგორ უნდა გადაიქცე ნარკომანად?

ბევრ ადამიანს მოსწონს ჭამა, მაგრამ ყველას – არა. ბევრ ადამიანს უყვარს არასაჭირო ნივთების ყიდვა, მაგრამ ყველას – არა. ბევრს უყვარს ტელევიზორის ყურებს, მაგრამ ყველას – არა…“

 

 

პროექტი  –   ვიმოგზაუროთ საქართველოს კუთხეებში

0

როგორც გამოცდილებამ მიჩვენა, დაწყებით საფეხურზე მოსწავლეებს უძნელდებათ გეოგრაფიული, კულტურული და ისტორიული მონაცემების გამთლიანება და გააზრება. ამ პრობლემის გადასაჭრელად გადავწყვიტე მოსწავლეებისთვის  სიახლის შეთავაზება. ასე შეიქმნა პროექტი „ტურისტული სააგენტოები“, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვიყენებ და იმედია ბევრ სხვა მასწავლებელსაც დაეხმარება, რათა უფრო საინტერესოდ შეასწავლოს მოსწავლეებს საქართველოს კუთხეები.

    პროექტი ეყრდნობა სტანდარტის მოთხოვნებს:                                                 

 საზ.მეც.5-6. 12. გარემო და ეკონომიკა.

მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მხარე ბუნებრივი რესურსების მიხედვით და იმსჯელოს მათ მნიშვნელობაზე.

საზ.მეც.5-6.22. კულტურა და რელიგია.

მოსწავლეს შეუძლია აღწეროს საქართველოს მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლინებები და განიხილოს შესაბამისი მიზეზები.

პროექტის მიზანი: მოსწავლემ უნდა შეძლოს საქართველოს კუთხეებზე მსჯელობა, სხვადასხვა კუთხის მოსახლეობის კულტურათა მსგავსება-განსხვავებების გამოვლენა; უნდა შექმნას სხვადასხვა პროდუქტი და  განიხილოს, რომელ მხარეში მოგზაურობა იქნება  კარგი  კონკრეტული ინტერესის მქონე მოგზაურისთვის.

გარკვეული რაოდენობის კუთხეების (მაგალითად კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი, სამეგრელო) შესწავლის  შემდეგ კლასს ვყოფ ამავე რაოდენობის „ტურისტულ სააგენტოებად“. ჯგუფებს კენჭისყრით ხვდება ესა თუ ის კუთხე. „ტურისტული სააგენტო“ დაწვრილებით ეცნობა ამ მხარის ისტორიულ-კულტურულ, ლანდშაფტურ,  ეთნოგრაფიულ და ა.შ. თავისებურებებს. თითოეულ სააგენტოში მაქსიმალურად თანაბრად არიან სხვადასხვა შესაძლებლობის მქონე  მოსწავლეები. კენჭისყრის საფუძველზე მათ ურიგდებათ დავალება.  სააგენტოებს ეძლევათ მოსამზადებელი დრო ერთი ან ორი კვირა, კლასის შესაძლებლობების გათვალისწინებით. სააგენტოები თვითონვე ირჩევენ სააგენტოს ხელმძღვანელს, თუ ეს ვერ მოხერხდა, მათ სხვადასხვა გზებით მასწავლებელი ეხმარება. ასევე, სააგენტო თვითონვე ირჩევს  სახელწოდებას.

 თითოეულ სააგენტოს ევალება:

  1. მოამზადოს ელექტრონული პრეზენტაცია კონკრეტული კუთხის შესახებ;
  2. მოამზადოს სარეკლამო პოსტერი;
  3. მოამზადოს ბუკლეტი, რომელშიც მოკლედ იქნება აღწერილი ამ კუთხის ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ლანდშაფტური და ა.შ.  ღირშესანიშნაობები;
  4. მომზადოს სპეციალური რუკა და ზედ აღნიშნოს ის მარშრუტები, რომელსაც მოგზაურს სთავაზობს.

„ტურისტული სააგენტოს“ ხელმძღვანელი ჯგუფში სამუშაოს ანაწილებს. ამ დროს მასწავლებლის ფუნქციაა, მხარი დაუჭიროს ჯგუფებს და დაარწმუნოს მოსწავლეები, რომ მათი სააგენტოს წარმატება მხოლოდ მათ შეთანხმებულ მოქმედებაზეა დამოკიდებული, ანუ ძალა ერთობაშია.

მოსწავლეებმა წინასწარ იციან შეფასების კრიტერიუმები, ისინი მათთანაა შეთანხმებული. პრეზენტაციის დაწყებამდე დაფაზე ვხაზავ და ვწერ შეფასების კრიტერიუმებს, რომელიც შეიძლება მოდიფიცირებული იქნეს სხვადასხვა შემთხვევებისთვის.

 

სააგენტოს სახელი პრეზენტაცია-

2 ქულა

პლაკატი- 2 ქულა ბუკლეტები და ნივთიერი მასალა- 2ქ შემოქმედებითობა-2 ქულა

 

ჯგუფის ორგანიზება-ჩართულობა-1 ქულა

 

დროის გამოყენება- 1 ქულა ბონუსი
               
               
               

 

სააგენტოების მიერ შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციას ერთი გაკვეთილი ეთმობა, თითოეულ ჯგუფს – 7-10  წუთი.  გაკვეთილის დარჩენილი დრო შეფასებასა და რეფლექსიაზე მიდის.

მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სააგენტო ჩაეტიოს მისთვის განკუთვნილ დროში. მხოლოდ ამ შემთხვევაში დაიმსახურებს სააგენტო ქულას. ეს აჩვევს მოსწავლეებს დროის ეფექტურად გამოყენებას.

მოსწავლეთა შეფასება განმსაზღვრელიცაა და განმავითარებელიც. პროექტის დასასრულს თითოეული სააგენტო ავსებს თვითშეფასების კითხვარს, რომელსაც მასწავლებლის დახმარებით მოსწავლეები თვითონვე ქმნიან.

კითხვარის ერთ-ერთი კითხვაა

  • თქვენ რომ მოგზაური იყოთ, რომელი სააგენტოს მიერ შემოთავაზებული მარშრუტით დაინტერესდებოდით?

კითხვარების დამუშავების შემდეგ კარგად გამოიკვეთება, რომელი კუთხის სანახავად  შეიძლება წავიყვანო კლასი ექსკურსიაზე.

ამრიგად, გამოცდილებამ მიჩვენა, რომ პროექტი „ტურისტული სააგენტოები“ ნაყოფიერად მუშაობს, მოსწავლეები უფრო ადვილად იმახსოვრებენ ინფორმაციას, იზრდება მოტივაცია, შეუძლიათ ცოდნის ტრანსფერი, სწავლობენ სამუშაოს ერთობლივად დაგეგმვას, მუშაობას, ერთად ქმნიან პროდუქტს და რწმუნდებიან, რომ ძალა ერთობაშია.

 

 

ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის  მასწავლებელი

 

 

ილია ჭავჭავაძის „განდეგილის“ სწავლებისათვის

0

ილია ჭავჭავაძის „განდეგილი“ ერთ- ერთი იმ ტექსტთაგანია, რომელიც დღემდე კამათისა და დავის საგანია. არსებობს კითხვები, რომლებზედაც ერთმნიშვნელოვანი პასუხები დღესაც არ არის გაცემული. აქედან გამომდინარე, „განდეგილი“ ძალზედ საინტერესო მასალაა კლასში დებატებისა და დისკუსიისათვის. მისი განხილვით, დებატების გამართვით შესაძლებელია მოსწავლეებში ლოგიკური უნარების, არგუმენტირებული მსჯელობის, სხვისი აზრის პატივისცემის გაღვივება-ჩამოყალიბება.

ყველამ ვიცით, მასწავლებლის ძალისხმევის მიუხედავად, კლასში ყოველთვის რჩებიან მოსწავლეები, რომლებიც მოცემულ დავალებას არ ასრულებენ, არ კითხულობენ ტექსტებს და შესაბამისად, ვერ ერთვებიან დისკუსიაში. გაკვეთილი მათთვის უინტერესოა, რადგან თავად არაფერი აქვთ სათქმელი. ვფიქრობ, ილია ჭავჭავაძის ეს პოემა იმის საშუალებასაც იძლევა, დავაინტერესოთ ის მოსწავლეებიც, რომლებიც სახლში არ ასრულებენ დავალებას და არ ერთვებიან საგაკვეთილო პროცესში.

ამისთვის საჭირო იქნება ტექსტობრივი ცოდნის გამოკითხვის შემდეგ პედაგოგმა განმეორებით მოუყაროს თავი სიუჟეტურ საკვანძო საკითხებს და ბავშვებს მოუთხროს იმ დისკუსიების შესახებ, რომლებიც „განდეგილის“ ირგვლივ დაწერიდან დღემდე გამართულა. ასევე სასარგებლო იქნება ცალკეული პასაჟების დეკლამირება, რათა ზარმაცებსაც კი მიეცეთ მსჯელობის საშუალება. თუკი დისკუსიაში მონაწილეობას ისეთი მოსწავლეებიც შეძლებენ, რომელთაც აქამდე თავიანთი დაბალი აკადემიური მოსწრების გამო არ ჰქონიათ მსგავსი გამოცდილება, ეს შეიძლება, სამომავლოდ ბიძგი აღმოჩნდეს და შეეცადონ, მეტად მომზადებულები მოვიდნენ გაკვეთილზე, რადგან ექნებათ მოლოდინი, რომ შეძლებენ საკუთარი აზრის გამოთქმას, იგრძნობენ საკუთარ მნიშვნელობას და აუმაღლდებათ მოტივაცია.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მწერლობა  ქრისტიანულ ფესვებზე დგას, სამწუხაროდ, სასკოლო პროგრამებში არ შედის არცერთი სახარება, ისწავლება მხოლოდ ცალკეული იგავები, რაც ჩვენს მოზარდებს ვერ აძლევს საშუალებას, მეტ-ნაკლებად გაერკვნენ ქრისტიანობის არსში და შესაბამისად, შეძლონ იმ ლიტერატურის სწორი ანალიზი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქრისტიანობასთან.

სანამ კონკრეტულად ჰაგიოგრაფიის სწავლას დაიწყებენ, „განდეგილია“ ის ნაწარმოები, რომლის გაგება-გააზრებასაც აუცილებლად სჭირდება რელიგიური ასპექტების ცოდნა. სამწუხაროდ, პროგრამებიდან გამომდინარე, ეს საკითხი მხოლოდ მასწავლებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. რამდენად ეყოფა მას ინტელექტი და პირადი პასუხისმგებლობა, მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია ქრისტიანობის არსზე, ან თუნდაც ბერ-მონაზვნობის ფუნქცია-დანიშნულებაზე, რამდენად შეეცდება, დაანახოს მოსწავლეებს თავისუფლებისა და პირადი პასუხისმგებლობის სივრცე, რომელსაც ქრისტიანობა საკუთარ მრევლს სთავაზობს?!

ქრისტიანობაზე საუბარი მასწავლებელს ბეთლემიდან არსის ახსნიდან მოუწევს. სწორედ ასე ჰქვია იმ სავანეს, რომელშიც განდეგილი ცხოვრობს:

„და იმ ყინულში შეთხრილს ხვთის ტაძარს

ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი“.

მთავარი კითხვებიც შეიძლება აქედანვე დაიბადოს. არის თუ არა ალეგორიული „განდეგილი“? ჰყვება თუ არა საზოგადოდ რწმენის კრიზისზე? თუ ის ერთი პიროვნების დრამაა და არაფერი აქვს საერთო ზოგად პრობლემებთან?

თუკი გავითვალისწინებთ, რომ მკვლევართა შორის ორივე აზრი არსებობდა, უფრო მეტად შეგვეძლება არგუმენტირებულად ვცეთ პატივი მოსწავლეთა ორივენაირ მოსაზრებას. ასე მოზარდები შეიმეცნებენ საკუთარი აზროვნების მნიშვნელობას და სამომავლოდაც შეეცდებიან, მიიღონ ის სიხარული, რაც რაღაცის მიხვედრას, მერე მის გაზიარებასა და დამტკიცებას ახლავს თან.

შეიძლება გაიმართოს კამათი თემაზე: როდის უნდა წავიდეს ადამიანი ბერად? მაშინ როდესაც უნდა, თავი აარიდოს საცდურს და წმინდად იცხოვროს, თუ მაშინ, როდესაც მისი ცხოვრების საზრისი მხოლოდ ღმერთთან დიალოგშია, როცა მას აღარ აქვს მიწიერი სურვილები და მხოლოდ სულიერი ცხოვრება სურს?

ილიას „განდეგილის“ პერსონაჟის მცდელობა, გაქცეოდა ცოდვებს, კრახით დასრულდა.

„განშორებია ვით ცოდვის სადგურს,

ვით სამეუფოს ბოროტისასა,

სადაც მართალი გზას ვერ აუქცევს,

განსაცდელსა მას ეშმაკისასა“.

„განდეგილის“ მიხედვით, ცხადია, ცოდვა ყველგან მოგაგნებს, თვით მყინვარში გამოკვეთილ გამოქვაბულშიც კი. თავისთავად ისმის კითხვა – უნდა წავიდეს თუ არა კაცი ბერად, თუკი მას ხორციელი ვნებები დათრგუნული არა აქვს? ერთი შეხედვით პასუხი ნათელია და იოლად და სწორხაზოვნად შეგვიძლია მივაწეროთ განდეგილის დაცემა საწყისშივე დაშვებულ შეცდომას, სავარაუდოდ, კლასის მსჯელობაც აქეთ წავა. თუმცა პედაგოგმა უნდა დასვას შემდეგი კითხვა: საერთოდ არის თუ არა შესაძლებელი ადამიანმა სიცოცხლეშივე დაძლიოს ყველა სისუსტე? აქ მას დასჭირდება იმის შეხსენება, რომ ჯვარზე გაკრულმა ქრისტემაც კი გამოავლინა სისუსტე და წამოსცდა საყვედური საკუთარი მამის მიმართ:

„ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაისთვის დამიტევებ მე?“ (მათე 27. 46)

სახარების ამ ფრაზის გაგებასაც შეიძლება მიეძღვნას დისკუსიის მცირე ნაწილი.

თუკი ბავშვები გაიაზრებენ, რომ ქრისტიანობის მიხედვით სანამ კაცი ცოცხალია, მასში ადამიანური სისუსტეც ცოცხლობს, მაშინ მოუწევთ უარყონ თითქმის უკვე ნაპოვნი პასუხი კითხვაზე – რატომ დაეცა განდეგილი? თუმცა მოზარდების ნაწილი შეიძლება შეეცადოს, მაინც გაჰყვეს ამ აზრს და თქვას,  რომ შეიძლება, ცოდვები მთლიანად არ დაიძლევა, მაგრამ ბერად, მით უფრო განდეგილ ბერად წასვლის მოტივი ცოდვისგან გაქცევა მაინც არ უნდა იყოს.

შემდეგი, რაზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, სხივია:

„როს ლოცულობდა იმ სხივსა თურმე,

თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,

და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი,

უფლის ბრძანებით ზედ შეირჩენდა“.

აქ დასაწყისშივე უნდა გაირკვეს, რა არის ქრისტიანობისთვის სასწაული?

სახარებაში ქრისტე სასწაულის მომთხოვნებს „მცირედმორწმუნეებს“ უწოდებს, თუმცა მთელი საეკლესიო მწერლობა აღწერს სასწაულებს, ძირითადად როგორც სულიწმიდის გადმოსვლის აქტს, მაგრამ ამ სასწაულებს ხალხისთვის სიკეთე, კურნება მოაქვს.

თუკი განდეგილის ლოცვას ხალხისთვის, წუთისოფლისთვის შეიძლება ჰქონდეს მნიშვნელობა, სხივი მხოლოდ მისთვისაა – მისი სულიერი მდგომარეობის დასტური, მისი სიმშვიდის გარანტიაა.

იქნებ სწორედ ეს სხივი, მასზე დამოკიდებულება ღუპავს განდეგილს. იქნებ სხივი მისი „მცირედმორწმუნეობის“ ნიშანია.

ქრისტიანობა თავისთავად გულისხმობს სიმშვიდეს, თუმცა სამაგიეროდ ამ ქვეყანაშივე გარანტიებს არავის ჰპირდება. სხივი თითქოს განდეგილის იმქვეყნიური ცხონების გარანტიაა, რაც არ შეიძლება ჰქონდეს ცოცხალ ადამიანს. ის თითქოს საჩუქარია, მაგრამ ისე იჩვევს განდეგილს, რომ მას სხივის გარეშე აღარ შეუძლია არსებობა. ყველას გვახსოვს, როგორი ექსპრესიული სურათია, როდესაც განდეგილი გათენებასა და სხივს ელოდება.

„…მზის ამოსვლასა ელოდებოდა

რად არ ამოდის? რად გვიანდება?

დღემდე თვით ჟამი არარა იყო,

და ეხლა წუთიც რად უძნელდება?

ამოვიდა მზე, მსწრაფლ უკუ-იქცა,

შევარდა სენაკს გახარებული,

და კვლავ მზის სხივი იმავე სვეტად,

ჰნახა სარკმლიდამ გადმოშვებული“.

თუმცა ეს სიხარული ნაადრევი გამოდგა:

„მივარდა ლოცვანს, დააყრდნო სხივზედ

და, ეჰა, სხივმა არ დაიჭირა!

დაესხა რეტი, თვალთ დაუბნელდა,

გაშრა, გაშეშდა ზარდაცემული,

ერთი საშინლად შეჰბღავლა ღმერთსა

და იქავ, სხივ-ქვეშ უტევა სული“.

რატომ ვერ შეძლო განდეგილმა დაცემის შემდეგ ადგომა, ქრისტიანობა ხომ სინანულის რელიგიაა?! იქნებ სწორედ სხივმა დააკარგვინა ის თავისუფალი არჩევანი, რომელსაც სახარება ყოველთვის უტოვებს ადამიანს: დაცემული ადგეს, შეცდენილი სწორ გზაზე წავიდეს. წლების განმავლობაში სწორედ სხივმა ჩაანაცვლა ბერის პირადი ნება, სხივი იძლეოდა პასუხს მთავარ კითხვაზე, ილიას კი, როგორც ქრისტიანს, მწერალს და მოქალაქეს ყველაზე მატად ადამიანის თავისუფლება და პირადი პასუხისმგებლობა ადარდებდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

რატომ უნდა ვაცალოთ მოზარდებს გამოძინება

0

ძილის უკმარისობა უარყოფითად მოქმედებს ნებისმიერი ასაკის ბავშვზე, მაგრამ განსაკუთრებულ პრობლემებს ის მოზარდებს უქმნის. საქმე ისაა, რომ სქესობრივი სიმწიფის  პერიოდში მოზარდის ბიოლოგიური საათი „ფაზებს იცვლის“ და თუ მათ რამე აერიათ, „არეული მდგომარეობა“ მომავალშიც ნარჩუნდება. თუკი ზრდასრულის ტვინი შებინდების პარალელურად ძილის გამომწვევ ჰორმონ მელატონინს გამოჰყოფს, მოზარდებში ეს სისტემა ჯერ კიდევ აუწყობელია, ისინი მელატონინისგან 90 წუთის დაგვიანებით თავისუფლდებიან. ასე რომ, თუ მოზარდი საღამოს თერთმეტ საათზე გაეშურება დასაძინებლად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სინამდვილეში გაცილებით გვიან დაეძინება.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ხმაურიანი მაღვიძარაც კი გაჭირვებით აფხიზლებს მოზარდებს. მონდომების მიუხედავად, ისინი ფეხზე ვერ დგებიან და კარგა ხანს ვერ ფხიზლდებიან ბოლომდე. ბევრი მათგანი პირველ ორ გაკვეთილზე თვლემს, ან  გონებას ვერაფრით იკრებს. ასეთი ნახევრადმღვიძარი, მოტოებზე ამხედრებული მოზარდები განსაკუთრებით დიდ საშიშროებას უქმნიან როგორც საკუთარ, ისე სხვა მძღოლების ჯანმრთელობას.

ამიტომ აშშ-ში რამდენიმე სკოლამ საგაკვეთილო პროცესის დაწყება ერთი საათით გვიან გადაწყვიტა. ედინში, მინესოტას შტატში, გაკვეთილები არა 7:25 საათზე, არამედ 8:25 საათზე იწყება. შედეგები განსაკუთრებით იმ მოზარდებზე აისახა, რომლებიც ნორმალურად სწავლობდნენ. ერთსაათიანმა დილის ძილმა მათემატიკის ტესტების შედეგები 56 პუნქტით, ენის კი – 156 პუნქტით გააუმჯობესა. მოზარდები აღნიშნავენ, რომ გამოძინებულებს სწავლის მოტივაცია გაეზარდათ და დეპრესია ნაკლებად აწუხებთ.

მანამდე, დარმერის უნივერსიტეტში, კენტუკის შტატში, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ  საჯარო სკოლებში მოსწავლეთა ძილის პერიოდი სულ უფრო და უფრო კლებულობდა. ეს კი  დიდი პრობლემა იყო. მათ დაასკვნეს, რომ თუკი პირველ წელს გამოკვლეული მოზარდების 60%-ს რვა საათი ეძინა ხოლმე, მეორე წელს რვასაათიანი ძილით მხოლოდ 30%-მა დაიტრაბახა. ეს მონაცემები ლოგიკურად მოზარდებში გაორმაგებული დეპრესიის სტატისტიკას მიება.

გარდა ამისა, შტატ კენტუკიში სწავლის გვიან დაწყებას დილის ავარიების 25%-ით შემცირება მოჰყვა.

მიუხედავად ამ შედეგებისა, აშშ-ის სკოლების 85% გაკვეთილებს მაინც 8:15 საათზე იწყებს, სკოლების 35% კი 7:30 საათზე ან უფრო ადრე.

სწავლის დროის გადატანას ბევრი სკოლა აპროტესტებს. ზოგიერთი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ამისათვის დამატებითი სასკოლო ავტობუსები დასჭირდება, ხშირად კი უკმაყოფილებას მასწავლებლებიც გამოთქვამენ. მათი თქმით, დილით ადრე საცობები ნაკლებია და თუ სწავლა გვიან დაიწყო, საცობებში გაიჭედებიან.

ჩინოვნიკების უმეტესობას სტატისტიკა საერთოდ არ აინტერესებს. მაგალითად, ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, რომლის გადაწყვეტილებაზეც იყო დამოკიდებული ვესტჩესტერის სკოლაში სწავლის დაწყების დროის დაკანონება, განაცხადა, რომ კვლევების საერთოდ არ სჯეროდა.

დოქტორ მარკ მეჰუოლდი ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს სისულელეს უწოდებს, რადგან საუბარია მოსწავლეების ჯანმრთელობისა და განათლების ხარისხზე. მარკი ძილის დარღვევის მინესოტის რეგიონური ცენტრის დირექტორიცაა. მისი თქმით, ამ საკითხზე საუბრის დროს უფროსი თაობა მხოლოდ საკუთარ კომფორტზე ფიქრობს,  მოსწავლეები კი არც ახსოვს: „სკოლა იმისათვის არსებობს, რომ მოსწავლემ მის სივრცეში განათლება მიიღოს. განათლებას კი ხელშეწყობა და არა ხელის შეშლა სჭირდება“.

„გვეგონა საკმარისზე მეტი მტკიცებულება გვქონდა“, – აცხადებს კეროლ იანგ-კლეინფელდი. კეროლი შტატ კენტუკიში, ნიუ-იორკიდან 30 მილში ცხოვრობს. ვილტონიც ცდილობდა სასკოლო ავტობუსებზე ფულის ეკონომია გაეწია, მისი შვილი სკოლაში სწავლას 7:35 წუთზე იწყებდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ის კევინ სალივსნს, შტატის იმდროინდელ სენატორს შეხვდა, რომელმაც უამბო, თუ რა სიკეთის მოტანა შეეძლო სწავლის გვიან დაწყებას. კეროლს, რომელსაც მოზარდი შვილი ჰყავდა, ეს იდეა მოეწონა. მან და სხვა მშობლებმა დაარწმუნეს ადგილობრივი ჩინოვნიკები და სწავლის დაწყების დრო ერთი საათით წინ გადაწიეს. „მანამდე ჩემი შვილი ყველაფრით უკმაყოფილო იყო. ბუზღუნებდა და უბედური მოზარდის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მერე კი სასწაული მოხდა – ის აღარ უჩიოდა ძილის უკმარისობას. კარგ ხასიათზე იღვიძებდა. გაიზარდა მისი აკადემიური მოსწრება“.

ძილის მკვლევრები მიიჩნევენ, რომ კაპრიზულობა, აგრესიულობა, იმპულსურობა, გაუცხოება ქრონიკული გამოუძინებლობის შედეგი შეიძლება იყოს. იქნებ, მოზარდებს გამოძინების შესაძლებლობა უნდა მივცეთ? ამასთან დაკავშირებით პიტსბურგის უნივერსიტეტის დოქტორი, რონალდ დალი ამბობს, რომ ზუსტად არავინ იცის, რამდენად მძიმდება მოზარდის მდგომარეობა უძილობით, მაგრამ ფაქტია, რომ ძილის უკმარისობა მას ძალიან ვნებს.

ძილის ნაციონალური ფონდის ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ამერიკელ მშობელთა 90% მიიჩნევს, რომ მათ შვილებს საკმაოდ დიდხანს სძინავთ, მაგრამ ბავშვები სხვა რამეს ამბობენ. 60% აცხადებს, რომ დღის განმავლობაში ძილი ერთხელ მაინც ერევა, 20-დან 33%-ს კი კვირაში ერთხელ კლასში მერხზე ეძინება.

სტატისტიკა ჯიუტია: ბავშვებს ძილი არ ჰყოფნით. დასვენების დღეებს თუ არ ჩავთვლით, სხვა დღეებში მათ 7 საათზე ნაკლები სძინავთ – უფროსკლასელებს  6,5 საათი და უფროსკლასელების მხოლოდ 5%-ს სძინავს 8 საათი.

რასაკვირველია, სკოლაში სიარული დამღლელია, მაგრამ თანამედროვე მოზარდებს მაინც გაცილებით ნაკლები სძინავთ, ვიდრე 30-წლისწინანდელ თაობას. საბავშვო ბაღის ასაკის ბავშვთა ძილმაც 30 წუთით იკლო. ადრინდელთან შედარებით ჩვილებიც კი გაცილებით მეტ დროს ატარებენ სიფხიზლეში.

შეიძლება ვინმესთვის ერთი საათით მეტი ძილი არაფერს ნიშნავს, მაგრამ არა  მოზარდებისთვის. ბავშვების ტვინი 21 წლამდე ვითარდება და განვითარების პროცესი უმეტესად ძილის პერიოდზე მოდის. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის მოზარდული პრობლემის სათავე ძილის ქრონიკულ უკმარისობაში იმარხება. ცუდი ძილი დაკავშირებულია სიმსუქნესთან, ყურადღების დეფიციტთან და ჰიპერაქტიურობასთან. ბავშვის ფორმირების დროს ძილის პრობლემა ტვინის სტრუქტურას ცვლის და აზიანებს. ამიტომ ტიპური მოზარდული პრობლემები – კაპრიზულობა, დეპრესია და ჭამის დაუოკებელი მადა ძილის ქრონიკული უკმარისობის ნიშანია.

დოქტორ ავი სეიდხი თელ-ავივის უნივერსიტეტიდან ძილს იკვლევს. ორიოდე  წლის წინ მან 77 მეოთხე და მეექვსეკლასელის ძილი გამოიკვლია. სამი დღის განმავლობაში ბავშვების ერთი ნაწილი ადრე იძინებდა, მეორე – გვიან. აქტივობის რეგისტრატორის გამოყენებით (ეს მოწყობილობა ძილის რეალურ დრო აფიქსირებს), დოქტორის გუნდმა დაადგინა, რომ პირველი ჯგუფის ბავშვებს ღამით 30 წუთით მეტი ეძინათ, მეორე ჯგუფისას კი – 31 წუთით ნაკლები. მესამე ღამის შემდეგ მკვლევარმა ნეირობიოლოგიური ტესტი ჩაატარა, რომელსაც უნდა დაედგინა მოსწავლისა და მასწავლებლის მუშაობის ხარისხი, თუ როგორ აფასებდა მასწავლებელი მოსწავლის შრომისუნარიანობას. შედეგი ის იყო, რომ გამოუძინებელი მეექვსეკლასელი მეოთხეკლასელივით მუშაობდა.

აი, რას ამბობს ძილის დამარეგულირებელი ბიოლოგიური სისტემების სპეციალისტი დოქტორი მერი კარსკადონი: „უქმეებზე მშობლები ხშირად აძლევენ პატარებს გვიან დაძინების უფლებას. დაკარგულ საათებს ბავშვები შემდგომ დღეებში ინაზღაურებენ. თუმცა დოქტორ მონიკ ლებერჟუამ აღმოაჩინა, რომ არასტანდარტულ დროს დაძინება უჩვეულოდ აისახება სტანდარტულ IQ-ტესტზე. ყოველი გადაწეული საათი ბავშვს ტესტში 7 პუნქტად უღირს. დოქტორ პოლ სერატმა ვირჯინიის უნივერსიტეტიდან კი დაადგინა, ამავე მიზეზით დაბალ კლასებში ბავშვებს  ლექსიკონთან მუშაობა უჭირთ“.

ძილის ხანგრძლივობასა და სასკოლო ნიშნებს შორის კორელაცია მკვეთრად ჩანს საშუალო სკოლაში, რადგან სწორედ სკოლის კედლებში მოხვედრის შემდეგ უმცირდებათ ბავშვებს ძილის საათები. მინესოტას შტატის უნივერსიტეტის დოქტორმა, ქეილ ვალსტრემმა 7 ათასზე მეტი უფროსკლასელის ძილთან დაკავშირებული ჩვევა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ფრიადოსნებს „კარგოსნებთან“ შედარებით 15 წუთით მეტხანს სძინავთ, „კარგოსნებს“ კი საშუალო ნიშნების მქონე ბავშვებთან შედარებით 15 წუთით მეტხანს. ვალსტრემის კვლევის შედეგი ზუსტად ემთხვევა მანამდე როდ-აილენდში ჩატარებული კვლევის შედეგებს, რომელშიც 3 ათასი მოსწავლე მონაწილეობდა.

 

 

 

თემატური კარნახი როგორც მოსწავლეთა შეფასებისა და კონტროლის ფორმა

0

შეფასებასა და კონტროლს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სასწავლო პროცესში. ამისთვის მასწავლებლები სხვადასხვა აქტივობას ვიყენებთ: ტესტირებას, თხზულებას, დამოუკიდებელ სამუშაოს, გაკვეთილის მოყოლას… ასეთივე წარმატებით შეგვიძლია გამოვიყენოთ არატრადიციული, ერთი შეხედვით მარტივი, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი მეთოდი – თემატური კარნახი.

კარნახი – ეს არის ცოდნის შემოწმება კითხვების დასმის გზით. ის უნდა შეესაბამებოდეს შესასწავლ თემას, სახელმძღვანელოს და პროგრამას. მასალა შეიძლება იყოს მიმდინარე გაკვეთილის თემა ან ნაწარმოების განვლილი თავი, ან გამიზნული იყოს ახსნილი მასალის უკეთ გაგებისთვის. ის უმთავრესად 20 კითხვისგან შედგება, რომლებიც შეიძლება ორ ვარიანტად შეადგინოს მასწავლებელმა. კარნახი (ანუ კითხვების დასმა) შეიძლება, საჭიროებისამებრ, 10-12 წუთს გაგრძელდეს. მისი ჩატარება სასურველია გაკვეთილის ბოლოს ან, სიტუაციის შესაბამისად, გაკვეთილის ნებისმიერ ეტაპზე. მოსწავლეები თავისუფალ ფურცლებზე წერენ მხოლოდ კითხვის ნომერს და მიუწერენ პასუხს, დასრულების შემდეგ კი მასწავლებელს ჩააბარებენ. შემოწმებისას თითო სწორი პასუხისთვის მოსწავლე მიიღებს თითო ქულას, ნახევარი პასუხი კი შეფასდება 0.5 ქულით.

ამ ტიპის დავალებას შეჯიბრების ხასიათი აქვს და მოსწავლეთა მაღალი მოტივაციით გამოირჩევა. კარნახი ასტიმულირებს მოსწავლის წარმოსახვას, რაც ეხმარება მას, შესასწავლი საგნები საკუთარ იდეებსა და გამოცდილებას დაუკავშიროს. მოსწავლეთა ინტერესი  არც დავალების დასრულების შემდეგ, პასუხების დეტალური განხილვის ეტაპზე ნელდება.

ისტორიის გაკვეთილზე კარნახს თავისებურებებიც აქვს:

  • ისტორიული კარნახის მეთოდური თავისებურება, უწინარეს ყოვლისა, განისაზღვრება თამაშის ელემენტებით, რომლებიც საზოგადოდაა დამახასიათებელი ისტორიული მოვლენების რეკონსტრუირებისთვის, რადგან წარმოსახვას და ვიზუალური მოდელების გამოყენებას ყოველთვის აქვს თამაშის კონტექსტი.
  • კარნახის დროს კითხვა-პასუხის კომპლექსი სწორად უნდა წარიმართოს, კითხვებს უნდა ჰქონდეს თანმიმდევრული ხასიათი და გამოირიცხოს მონოტონური აღქმა. მასწავლებლის კითხვებმა მოსწავლეთა ემოციები უნდა გამოიწვიოს: „ოჰ, ეს ხომ ვიცი!“ „ეს ხომ ადვილია“ და ა.შ.
  • კარნახის დროს გასათვალისწინებელია გამოსაკითხი ინფორმაციის ოდენობაც.
  • კითხვები ძირითადად დახურული ტიპისა უნდა იყოს, გულისხმობდეს მკაფიო, ერთმნიშვნელოვან პასუხს, ნათლად იყოს ფორმულირებული და არ დააბნიოს მოსწავლე. უნდა გვახსოვდეს, რომ პასუხის ხარისხი პირდაპირ უკავშირდება კითხვის ხარისხს.
  • ვინაიდან კარნახი ორ ვარიანტად მიმდინარეობს, პარალელური შეკითხვები თანაბარი დონისა უნდა იყოს. მაგალითად, თუ ჯვაროსნული ლაშქრობების შესწავლისას შეკითხვის 1–ელი ვარიანტი ასეთია: „ევროპის რომელი მონარქები მონაწილეობდნენ მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში?“, – ამავე სირთულისა უნდა იყოს მე–2–ც: „რომელი მეფეები მონაწილეობდნენ მეორე ჯვაროსნულ ლაშქრობაში?“ თუ ეს წესი დაირღვა, კარნახი ჩავარდება, რადგან მოსწავლეები სამართლიანად გააპროტესტებენ დავალებას და მოითხოვენ თანაბარ პირობებს.

კითხვის ტიპები

  • ისტორიული კარნახის დროს კითხვები სხვადასხვანაირია, მაგრამ როგორც არ უნდა აიგოს ისინი, მათში აუცილებლად უნდა შედიოდეს კითხვითი სიტყვა (სად? როდის? ვინ? და ა.შ.) და გარემოება (დაასახელეთ… ჩამოთვალეთ… და ა.შ.).
  •  კითხვები მარტივიც შეიძლება იყოს და რთულიც. მაგალითად, მარტივია კითხვა: „ვინ და როდის დააარსა მონღოლთა სახელმწიფო“? – აქ მხოლოდ თარიღისა და ვინაობის დასახელებაა საკმარისი, მოითხოვს გახსენებას, მეხსიერების დაძაბვას; რთულია კითხვა: „რამ განაპირობა მონღოლთა საყაენოს ტერიტორიული ზრდა სხვადასხვა მიმართულებით?“ აქ მოსწავლემ აუცილებლად უნდა ჩართოს წარმოსახვა, გაიხსენოს მონღოლთა დროინდელი რუკა, ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა, მეზობლები, დაპყრობითი ომების მიმართულებები და კითხვას ისე გასცეს პასუხი.
  • კითხვა შესაძლოა გათვლილი იყოს ერუდიციაზე. „რა რის პაპირუსი?“ – ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად აუცილებელია: ა) მოკლედ აღიწეროს პაპირუსის დამზადების ტექნოლოგია, რაც არცთუ იოლია და ბ) განიმარტოს სახელწოდება, რაც შედარებით ადვილია.
  • სხვადასხვა ტიპის კითხვები თანმიმდევრულად უნდა ენაცვლებოდეს ერთმანეთს. მაგალითად, კითხვას: „რა იყო ნორმანების ირლანდიაზე თადასხმის მიზეზი?“ (კითხვა რთულია, მოითხოვს ვიტარების ცოდნას) – მოსდევს კითხვა: „ვინ მეთაურობდა ირლანდიაში ნორმანთა წინააღმდეგ ბრძოლას?“ (კითხვა მარტივია და მხოლოდ დამახსოვრებაზეა გათვლილი).

კარნახი უმოკლესი გზაა ისტორიაში განვლილი მასალის (თემების) გასამეორებლად, რადგან გამოკითხვის ასეთი ფორმა მოსწავლეთა აზროვნების მობილიზებას ახდენს (კითხვა-პასუხის რეჟიმი, უბრალო კითხვისგან განსხვავებით, დიდ ძალისხმევას მოითხოვს) და აღქმას აძლიერებს. შეიძლება ისტორიული კარნახის დაწერა ცნებებზე, თარიღებზე, მაგრამ ის სრულიად სხვა შინაარსს იძენს, როდესაც მას ისტორიული თემების კომპლექსური შესწავლისთვის ვიყენებთ და მოსწავლეთა ცოდნასა და უნარებსაც კომპლექსურად ვამოწმებთ. ისტორიული კარნახის თემატურად ჩატარების უპირატესობა იმითაც გამოიხატება, რომ ამ დროს ყოველი მომდევნო შეკითხვა განსხვავებულ საკითხს ეხება, მაგრამ იმავე თემის ფარგლებში, რაც მოწავლეებს მარცხზე მეტად წარმატებისთვის განაწყობს. ამ დროს მოსწავლის მოლოდინი („ახლა რა შეკითხვა იქნება?“) და მისი გონებრივი აქტივობაც განსაკუთრებულია და ის თავს მოდუნების უფლებას არ აძლევს.

ისტორიის გაკვეთილზე თემატური კარნახის დროს სხვადასხვა ტიპის კითხვებს ვიყენებ: „ვინ?“ – ავლენს ისტორიული პირების ცოდნას; „როდის?“ – ამოწმებს ქრონოლოგიის ცოდნას, მოვლენებისა და ფაქტების ისტორიულ დროსთან დაკავშირების უნარს; „სად?“ – სივრცეში ორიენტაციისთვისაა აუცილებელი; „რა არის ეს?“ – მოსწავლეს ფართოდ ინფორმირებისა და ცნებათა ძირითადი აპარატის მოწესრიგების საშუალებას აძლევს; „ჩამოთვალეთ…“ – მსგავსი ფაქტების დალაგებაზეა ორიენტირებული; „ახსენით, შეადარეთ, დაასახელეთ მიზეზები ანდა შედეგები…“ – ცოდნის ფორმულირებისთვის გამოიყენება.

 

თემატური კარნახის მაგალითი ისტორიაში: „კოლუმბამდელი ამერიკის ცივილიზაციები. ინკები“ (ისტ. VII, 1,2,6,10)

კითხვები:

 

პასუხები:

 

თემატური კარნახი, როგორც მოსწავლეთა ცოდნის კონტროლის და პასუხების მიღების საფუძველი, ხელს უწყობს სწორი კომუნიკაციის დამყარებას გაკვეთილზე, ავითარებს და აკონტროლებს სააზროვნო უნარებს, ხელს უწყობს მოსწავლის დაინტერესებას ისტორიით, ზრდის შეჯიბრებითობის სურვილს, არ ჭირდება დროის დიდი დანაკარგი მოსამზადებლად, არ გულისხმობს პრეზენტაციას, ანდა დაბეჭდვას და ამით მოსახერხებელია გაკვეთილზე, რითაც სწავლის პროცესი გაცილებით სწრაფი და ეფექტურია.

სხეულის ანბანი (მეორე ნაწილი)

0

მეცნიერული კვლევები არავერბალურ კომუნიკაციასა და ქცევაზე 1872 წლიდან დაიწყო. დარვინმა გამოსცა ნაშრომი ,,ემოციის გამოხატვა ადამიანებსა და ცხოველებში“, სადაც ამტკიცებდა, რომ ადამიანები ძირითადი ემოციების გამოხატვის ერთნაირ ხერხებს იყენებენ. ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური სახეობისთვის, გრძნობები და ემოციები კომუნიკაციის თანდაყოლილ ,,ბერკეტებს“ წარმოადგენენ. თუმცა დღეს დარვინს აღარავინ ეთანხმება. ანთროპოლოგები, ფსიქოლოგები და კომუნიკაციის სპეციალისტები  ამტკიცებენ, რომ  ემოციები და ჟესტები  არ არის თანდაყოლი და  უნივერსალური და მათ ახასიათებთ, მინიმუმ, კულტურათაშორისი განსხვავებულობა.

როგორც ვერბალური ენები განსხვავდებიან ერთმანეთისგან კულტურისა და ეპოქის მიხედვით, ასევე განარჩევენ სხვადასხვა ეროვნების, ეპოქისა და კულტურის სხეულის ენას. ყველაზე ინტერნაციონალურ ჟესტად შეხება, ანუ ტაქტილური კონტაქტი ითვლება. რადგან ის ადამიანის ყველაზე პირველ და მნიშვნელოვან არავერბალურ სათქმელს წარმოადგენს. ბავშვის აღზრდა ტაქტილური კომუნიკაციის გარეშე წარმოუდგენელია, მეტიც, მის აუცილებლობას მედიცინის სფეროს ნებისმიერი წარმომადგენელი დაგიდასტურებთ. არადა, კულტურათა უმეტესობა შეხებით კონტაქტზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს. ყველა საზოგადოებას აქვს გარკვეული წარმოდგენა იმის შესახებ, თუ ვის, სად, როგორ და რატომ შეიძლება შეეხოს, მაგალითად: ხელი ჩამოართვას მისალმების დროს, დამშვიდობებისას კი – დაუქნიოს.  დასავლურ სამყაროში ადამიანის სხეულზე/ტანსაცმელზე შეხება უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს, ამას თანამოსაუბრის მხრიდან ერთგვარი ნებართვა სჭირდება. მაგალითად, არაბებისთვის კი მისაღებია ახლო დისტანციაზე დიალოგის წარმართვა და მიუღებელია პროფესიული დისტანციის დაცვით ერთგვარი ,,ამერიკული დიალოგის“ წარმართვა, რომელიც შეიძლება ერთი ოთახიდან მეორეში გადაძახილ–გადმოძახილით გაიმართოს.

არავერბალურ კომუნიკაციაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით მუნჯი კინოს ფენომენს. კინოხელოვნების საწყის ეტაპზე – XIX სკ–ის 90-იან წლებში რობერტ პოლმა, ძმებმა სკლადანოვსკებმა და  აკიმოვმა მოძრავი ფოტოსურათების სადემონსტრაციო აპარატები შექმნეს. თუმცა ძმები ლუმიერების გამოგონებამ, რომელსაც სინემატოგრაფს უწოდებდნენ, ყველაზე დიდი მოწონება დაიმსახურა. კინოხელოვნებამ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიდგა ფესვი.  მათ შორის აღსანიშნავია საფრანგეთი, სადაც ჟორჟ მელიესმა (კინორეჟისორი, მსახიობი, სცენარისტი, პროდიუსერი) ასობით მუნჯი ფილმი გადაიღო. კინოხელოვნება ვითარდებოდა თემატიკისა და ტექნიკური შესაძლებლობების თვალსაზრისით, მაგრამ მისი გახმოვანება დიდხანს არავის უფიქრია.

მუნჯ კინოს აქვს თავისი კანონები, გამომსახველობითი ხერხები და საშუალებები, რომლებიც, პირველ რიგში, სათქმელის სხეულის ენით გადმოცემის ხელოვნებას გულისხმობს. ასე რომ, მუნჯი კინოს მთავარი ღირსება სწორედ მისი სიმუნჯე გახლავთ. მსახიობები პანტომიმისა და საცეკვაო ელემენტების შესწავლას საკმაოდ დიდ დროს უთმობდნენ, ასევე კარგად ერკვეოდნენ არავერბალური კომუნიკაციის სფეროშიც. საუკეთესო არტისტის წოდებას  ის იმსახურებდა, ვისაც ყველაზე გამომსახველი სახე (მიმიკური მრავალფეროვნება) და სხეულით საუბრის (ჟესტები, პოზა) განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა.

სხეულის ენას ასევე ეფექტურად იყენებენ მოცეკვავეები, რომლებიც ჟესტების, პოზებისა და სხვადასხვა ჟანრისთვის დამახასიათებელი მოძრაობების მონაცვლეობით გადმოსცემენ ამა თუ იმ ემოციას, დამოკიდებულებას, ამბავს… არავერბალური გამომსახველობითა და ე.წ. მანერულობით გამოირჩევა ცეკვის ერთ–ერთი მიმდინარეობა – სვინგი (swing – ქანაობა, დაკიდება), რომელმაც XX საუკუნის 20–იანი წლებიდან სამხრეთ აშშ მოიცვა. სვინგი აერთიანებს რამდენიმე საცეკვაო მიმართულებას (ლინდი–ჰოპი, ჩარლსტონი, ჯაივი, ბუგი–ვუგი, როკ–ენ–როლი). მას უმეტესად ჯაზურ კომპოზიციებზე ცეკვავენ. ამ ცეკვების აფროამერიკული ფესვები კულტურათა შორის არავერბალური კომუნიკაციის განსხვავებულობის თეორიას კიდევ უფრო ამყარებს.

 

პანტომიმიკა  ემოციის სხეულით (ჟესტით, პოზით, მიმიკით) და  ხმით გამოხატვის თავისებურებებს შეისწავლის. ხმის ძალა ემოციური აღზნების მდგომარეობაში იბადება, მნიშვნელოვნად იცვლება მისი სიმაღლე და ტემბრი. ინტონაციის რყევის სიმაღლემ შესაძლოა მთელი ოქტავაც მოიცვას. ხმის გამოყენების მიუხედავად, პანტომიმურ წარმოდგენებში სიტყვის წარმოთქმა  დაუშვებელია.

ხმის ტონს, ბგერის სიმაღლის ცვალებადობას და მის შესაბამისობას ადამიანის ,,ემოციურ დიაპაზონთან“ პარალინგვისტიკა შეისწავლის. მოლაპარაკებების წარმატებით წარმართვაში დახელოვნებას ორატორობის ნიჭთან ერთად საკუთარი ხმის ფლობის უნარიც სჭირდება, რადგან წინადადების წარმოთქმისას, როგორც წესი, ხმის ტემბრით, სიმაღლითა და ინტონაციით ვიქცევთ ყურადღებას. ხმით ემოციის გამოხატვის ხელოვნება, როგორც თანდაყოლილ ტიპიური სახის კომპონენტებს, ასევე სოციალური ფონით განპირობებული და გარკვეული პროცესებით ფორმირებული არავერბალური კომუნიკაციის ნიშნებსაც შეიცავს. ხმის ძალის ცვლილება თვითნაბადი უნარია, რომელიც ადამიანის ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარეობს. მაგალითად მოვიყვან ხმის კანკალს, რომელსაც ნერვული დაძაბულობა იწვევს. რაც შეეხება სხეულის მოძრაობას, პანტომიმიკა გადმოსცემს კომპლექსურ რეაქციას, რომელსაც ძლიერი ემოციური გამაღიზიანებელი აღუძრავს.

ადამიანები ჟესტების ენას უმეტესად თავიანთი სათქმელის ხაზგასასმელად იყენებენ. სპეციალისტები გვთავაზობენ საერთო ნიშნების მიხედვით დაჯგუფებულ ყველაზე გავრცელებული ჟესტების ჩამონათვალს, რომლებიც ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში დაგვეხმარება.

გულღია საუბრის დამადასტურებელი ჟესტებია ხელებგაშლილი საუბარი ან ლაპარაკის დროს პიჯაკის/ჟაკეტის ღილების შეხსნა. როცა ადამიანი მსმენელს ხელისგულებს აჩვენებს, ანუ ხელებით საუბრობს ან ტანსაცმლის ღილებს მექანიკურად იხსნის, ცხადი ხდება, რომ ის თქვენდამი კეთილგანწყობილია და მისთვის ეს დიალოგი საინტერესო და სასურველია. ,,გახსნილი ხელებით“ საუბარი ყველაზე კარგად ბავშვებს და იმ უფროსებს გამოსდით, რომლებიც ამაყობენ თავიანთი მიღწევებითა და გადაწყვეტილებებით, ან თვლიან, რომ არაფერი აქვთ დასამალი. როცა ადამიანებს დანაშაულის გრძნობა აწუხებთ, ისინი ხელებს ზურგს უკან, ჟაკეტის სახელოებში ან ჯიბეებში მალავენ.

ღილების შეხსნაც გულღია საუბრის მანიშნებელი ჟესტია. ვინც აზრს უკეთესობისკენ იცვლის, თავის გადაწყვეტილებას ვერბალურ ხატად ჩამოყალიბებამდე ჟესტების ენით გამცნობთ. საერთო საქმის მსვლელობით კმაყოფილი თანამშრომელიც აუცილებლად შეიხსნის ღილს საყელოსა თუ პიჯაკზე და სკამის კიდისკენ გადმოინაცვლებს, რათა უფრო ახლოს აღმოჩნდეს მაგიდასთან, რომელიც ერთმანეთთან გაკავშირებთ.

ეჭვიანობის/უნდობლობის ამსახველი ჟესტები მიანიშნებს მოსაუბრის უნდობლობაზე, როცა ვინმე ცდილობს, რომ ძნელად წასაკითხი გახდეს, მექანიკურად იწყებს შუბლის ან ნიკაპის სრესას და სახის ხელებით დაფარვას ცდილობს, თან მოსაუბრეს თვალს არიდებს.  უნდობლობის მანიშნებელია არაადეკვატური, სიტუაციის შეუსაბამო ჟესტების მომრავლებაც. მაგალითად, თუ თქვენდამი მტრულად განწყობილი ან თავდაცვით პოზაში მყოფი ადამიანი იღიმება, ის მიზანმიმართულად ცდილობს  თავისი დამოკიდებულების  შენიღბვას. თუ მოსაუბრის ფეხები და ტანი გასასვლელისკენაა მიმართული, ადვილი საცნობია, რომ მას საუბრის მალე დამთავრება და წასვლა სურს. უნდობლობის მაჩვენებელი ჟესტებიდან ყველაზე ხშირად გვხვდება საჩვენებელი თითით ცხვირის, ყურის ან თვალის მოსრესა.

როცა თანამოსაუბრე რაიმე სახის საშიშროებას და საფრთხეს გრძნობს, ის იყენებს თავდაცვით ჟესტებს, მაგალითად, მკერდზე გადაჯვარედინებულ ხელებს იფარებს. ხელებმა შეიძლება დაიკავოს სამი განსხვავებული პოზიცია. უბრალოდ ხელების გადაჯვარედინება უნივერსალურ ჟესტად ითვლება, რაც შეიძლება მსმენელისადმი ნეიტრალურმა განწყობამაც გამოიწვიოს. სასურველია, ამ შემთხვევაშიც შეცვალოთ სასაუბრო თემა. გაითვალისწინეთ, რომ თავდაცვითი ჟესტი გადამდებია, თუ მას გარკვეულ სოციუმში (სხდომაზე, ლექციაზე, გაკვეთილზე) ერთ ინდივიდზე მაინც შეამჩნევთ, მალე შეიძლება ჯგუფის წევრთა უმეტესობამ თავდაცვითი პოზიცია დაიკავოს.

თუ თქვენი თანამოსაუბრე გადაჯვარედინებულ ხელებს მუშტებად შეკრავს, ეს მის საბრძოლო პოზიციაზე გადასვლას ნიშნავს. ამ შემთხვევაში, სჯობს რაც შეიძლება მალე შეცვალოთ საუბრის თემა და გააკონტროლოთ თქვენი სხეულის მოძრაობა (ჟესტი, მიმიკა), რაც თანამოსაუბრისთვის თქვენი მხრიდან დათმობაზე წამოსვლად და მორიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმად აღიქმება.

თუ გადაჯვარედინებული ხელების პოზაში მყოფი ადამიანი თითებით საკუთარ მხრებს ჩაფრენია, ესე იგი, უკანასკნელ ძალებს იკრებს მოზღვავებული ნეგატიური ენერგიის შესაჩერებლად. მსგავს პოზას უმეტესად საკუთარი სიმართლის მტკიცების ფაზაში მყოფი ადამიანები იკავებენ. ამ ჟესტს თან ერთვის ოდნავ მოჭუტული თვალებიდან  გამოტყორცნილი გამჭოლი მზერა და ხელოვნური ღიმილი.

ხელებგადაჯვარედინებული ჯდომა საქმიან ადამიანებსაც ახასიათებთ, ისინი ამ პოზით თავიანთ უარყოფით განწყობას და/ან აღმატებულობას უსვამენ ხაზს. ისინი ხშირად თითებით ,,უკრავენ“ საკუთარ ხელებზე, რაც დამამცირებელ ჟესტად აღიქმება.

შემფასებელი ჟესტები ფიქრის და ანალიზის მოყვარულ ადამიანებს ახასიათებს. თუ ადამიანი დიდხანს ზის ლოყაზე ხელმიდებული, ეს ჟესტი მის ღრმად ჩაფიქრებულ მდგომარეობას გვიჩვენებს. თუ მსმენელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმყოფება, ის ნიკაპს ,,ივარცხნის“, რასაც თან სდევს თვალების მოჭუტვა და გამჭოლი მზერა.

ინტერესის დაკარგვასა და საუბრის მალე დამთავრების სურვილზე ქვემოთ დახრილი ქუთუთოები მიანიშნებს, თუმცა ეს ჟესტი შეიძლება თქვენზე უპირატესობის ხაზგასასმელადაც გამოიყენონ. ,,ყურის მოფხანა“, ანუ ყურთან შეხების ჟესტური ვარიაციები ასევე მომაბეზრებელი/არასასურველი საუბრის დამთავრების აუცილებლობაზე მიუთითებს. მოწყენილობის ყველაზე ცხადი მაჩვენებელია თანამოსაუბრის თითქმის შეუმჩნეველი გადაადგილება ან მიბრუნება კარისაკენ (ან ფეხებს მიმართავს გასასვლელისკენ, ან  – მზერას). მოწყენილმა მსმენელმა შესაძლოა თავი ხელისგულებში ჩარგოს, ან ქუდს/ღილს დაუწყოს წვალება. მოთმინებაგამოლეული ადამიანი ტანს წინ სწევს და ხელებით მუხლებს ან სკამის კიდეს ეჭიდება. ასეთ დროს გირჩევთ საუბარი თქვენივე ინიციატივით დაასრულოთ, რადგან მხოლოდ ეს ,,ჟესტი“ გადაარჩენს თქვენს ,,რეპუტაციას“.

როცა თანამოსაუბრე თქვენს მოსაზრებას არ ეთანხმება, მაგრამ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს, შეიძლება იატაკს მიშტერებულმა ტანსაცმლის არარსებული ბეწვის/ბუმბულისგან წმენდა დაიწყოს.

თუ ადამიანს სურს დროის გაწელვა, რათა საკუთარი აზრი კარგად ჩამოაყალიბოს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს, საუბრის დროს შეიძლება უამრავჯერ მოიხსნას და გაიკეთოს სათვალე, მინები გაუწმინდოს და ა.შ. ამ შემთხვევაში სჯობს თანამოსაუბრე დროში არ შეზღუდოთ.

თუ თქვენ გსურთ ხაზი გაუსვათ თქვენს უპირატესობას, მაშინ ხელები ზურგს უკან უნდა წაიღოთ, ნიკაპი კი ზევით ასწიოთ (ყველაზე ხშირად ამ პოზაში სამხედრო პირებს ნახავთ), ან თანამოსაუბრეზე ოდნავ მაღლა დადგეთ. თავდაჯერებული და ამაყი ადამიანების დამახასიათებელი ჟესტია ზურგს უკან ერთი ხელით მეორეს მაჯაზე ჩაჭიდება, რაც განსხვავდება ჟესტისაგან ,,ხელების ციხე–სიმაგრე“, რომელიც იმედგაცრუებული ადამიანის საკუთარი თავის ხელში აყვანის მცდელობას გვიჩვენებს. ადამიანის გაბრაზებას უმეტესად ხელების ზურგისაკენ გადაადგილება მოსდევს. სწორედ ამ ინსტიქტით ნაკარნახევი ფრაზაა – ,,თავი ხელში აიყვანე!“.

სხეულის ენაც ისეთივე  პრინციპებს ეფუძნება, როგორსაც – ვერბალური. მასში რამდენიმე სიტყვა, ანუ  ჟესტი, პოზა და მიმიკა ქმნის ფრაზას, წინადადებას. ამიტომ არ შეიძლება მათ ერთმანეთისგან განცალკევება და ისე გაანალიზება. ეს იგივეა, რომ მოთხრობის ყველა გვერდიდან თითო–თითო სიტყვა ამოიკითხო. თუმცა სხეულის ანბანის შესწავლა კომუნიკაციის უკეთ წარმართვაში უბრალო დამკვირვებლებსაც დაეხმარება.

 

თოვლის ბიოგრაფია

0

ერთი ახირებული ლექტორი გამუდმებით მთხოვდა, მწერლების ბიოგრაფიები მესწავლა და, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესსაც ვიჩენდი, მაინც უკმაყოფილო იყო. მახსოვს, ერთხელ ალექსანდრე საჯაიაზე დაიწყო საუბარი და ჩემგან მოშორებით მჯდომ ბიჭს სთხოვა, ამ პოეტზე რამე ეთქვა. ზამთარი იდგა. უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ნულოვან სართულზე, ნესტიან, გაურემონტებელ, გაყინულ ოთახში ვისხედით ორმოცამდე სტუდენტი და ლექტორი… ადგა ის ბიჭი, რაღაც საცოდავად დაიჯღანა, მერე ჩაფიქრდა, ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიწყო, უკანასკნელ შეშლილ მეოცნებესავით (ჰო, ალბათ ასეთი იქნება უკანასკნელი შეშლილი მეოცნებე) მაღლა აიხედა, რაღაცას თუ ვიღაცას გაუღიმა და დაიწყო:

„თოვლი თოვს. თეთრი ქარია,

თეთრ სამოსელით ვირთვები.

ჩიტებო, რა გიხარიათ,

რისთვის მღერიხართ ჩიტები.

დიდი ზამთარი იქნება?

ნეტამაც ასე ინებოს!

თქვენ მაინც რა გეფიქრებათ,

რა გენანებათ, ჩიტებო?

 გადივლის, დაიფარება

ფიქრებით, თოვლის ქულებით…

თქვენ მაინც ვინ გეყვარებათ…“

და აქ ლექტორმა ანიშნა, გაჩერებულიყო. ბიჭიც გაჩუმდა. თითქოს ეწყინა, რომ არ დაასრულებინეს, თან იფიქრებდი, ახლა უკვე ყველაფერი ფეხზე ჰკიდიაო.

– უკაცრავად, მე ბიოგრაფიულ დეტალებზე საუბარი გთხოვეთ და არა ლექსის წაკითხვა.

– დიახ, ვიცი.

– გისმენთ. დაიწყეთ.

ამანაც ისევ დაიწყო:

„თოვლი თოვს. თეთრი ქარია“…

ლექტორმა ანიშნა, გაჩერდიო.

– ლექსი არ მინდა-მეთქი.

– არ არის ეს ლექსი.

– აბა რა არის?!

– ბიოგრაფია.

სასწაული დღე იყო. სიმართლე ვთქვა, იმწუთას არც ლექტორი მადარდებდა, არც ის სტუდენტი. არც სხვა სტუდენტები. თითქოს საკუთარი თავიც კი მეზიზღებოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სველი სამოსი მეცვა და ვიყინებოდი. ერთი სული მქონდა, როდის გავიდოდი ამ ნესტიანი აუდიტორიიდან. უბრალოდ, დროის გასაყვანად ვუსმენდი და ვუყურებდი იმ ჩვეულებრივ ამბავს, რაც ხდებოდა.

მერე, გარეთ, რუსთაველის მეტროსკენ დავუყევი ქუჩას ფეხით. აქა-იქ თოვლი იდო და კიდევ იწყებდა თოვას. სიგარეტს მოვუკიდე და ისევ ის სულელი გამახსენდა, ლექსზე რომ თქვა, ბიოგრაფიააო. მართალი თქვა. ნამდვილი, შინაგანი მღელვარების, სულის ცხოვრების ბიოგრაფია თუ ვინმეს აინტერესებდა, სწორედ ეს ლექსი იყო და არა „1916 წელს დაიბადა, 1944-ში გარდაიცვალა“.

ალბათ, სიხარულით ავხტები მერხზე და ჩამოვხტები, ავხტები და ჩამოვხტები, თუ ოდესმე ჩემი ერთი მოსწავლე მაინც ასე დაინახავს ავტორს, ასე შეხედავს ლიტერატურას, ასე მაღალი გამოჩნდება თავისი აზროვნებით.

ალმა და  ჩალის ქუდი

0

 

-არ გიკვირს, ყველამ რომ ყველაფერი იცოდა?

-არ მოსწონდათ და ცნობებს აგროვებდნენ.

-როგორც ჩანს, თავიდანვე აითვალწუნეს.

-თვითონაც შეუწყო ხელი. უცხო სიტყვებს ხმარობდა – საგანგებოდ ნასწავლ ტერმინებს. „ნიმფეტამინი“ დაირქვა და თავისი შიშველი მუხლების ფოტოებს აქვეყნებდა ხოლმე. შიშველი ზურგის ფოტოებსაც.

-გახსოვს, რას ვაკეთებდით მის ასაკში?

 

უმზეო ცის ქვეშ ზღვის ზედაპირი ვერცხლისფრად ლივლივებდა. ზაფხულის ბოლო დღის დასასრული თხელი ღრუბლებიდან გამოღწეულ შუქს რაღაც ისეთად ექცია, რასაც მხოლოდ გრძნეული მთხრობლის გამოგონილი, ზღაპრული საღამო ეთქმოდა. ეს მოელვარე წყალი ნამდვილი ვერ იქნებოდა. წყლიდან ამოსრიალებული თევზები და ძვირფასი თვლებივით მიმობნეული წვეთები კიდევ უფრო უძლიერებდნენ განცდას, რომ გაცოცხლებულ სურათს ხედავდა – სხვის თავში დაბადებულს, შელამაზებულს. მოციმციმე უსასრულობა. ზედაპირის ქვეშ ჩამუქებული დრო, რომელიც სხმარტალა თევზებს აჩენდა. ამ სურათის შემქმნელს სანაპიროს თითოეული კენჭის მშვენიერებაზეც ისევე ეზრუნა, როგორც ჰორიზონტის ხაზის იდუმალებასა თუ მეთევზეების ტანსაცმლის ზომიერად გახუნებაზე.

აქ მდინარე ზღვას ერთოდა და სწორედ ამის სანახავად წამოვიდნენ – შესართავის თევზებისა და ფრინველების. ორმოც წელს მიტანებული ორი ქალი ხალხმრავალ სივრცეს გამოერიდა და გეზი უცნობი მიწისკენ აიღო.

ფეხშიშველი მეთევზეები თავიანთ საქმეს აკეთებდნენ – ბადეები ჩაგდოთ, უხვი ნადავლის იმედით იდგნენ და ხმამაღალი გადაძახილებით ამხნევებდნენ ერთმანეთს. დროდადრო უხამსი ხუმრობაც გაისმოდა. იქაურები იყვნენ – მეტყველებაზე ეტყობოდათ. ბადეში მოყოლილების აღსასრული არავის აღელვებდა. მთავარი მათი ამოყვანა იყო – უკვდავების წყლიდან, უსასრულობის ბნელი წიაღიდან. მშვიდად მოლივლივე სივრცე წამიერად იფატრებოდა და ერთად შეყრილი თოლიებიც უმალვე ახმაურდებოდნენ ხოლმე – თავიანთ წილ სიხარულს, ცოცხალი თევზით დანაყრებას ელოდნენ. კაცებს თავს უტიფრად დასტრიალებდნენ, წრეებს ხაზავდნენ, მსხვერპლის გასატაცებლად ხელსაყრელ დროს ელოდნენ. ზოგჯერ მეტისმეტად მსუქან თევზს სტაცებდნენ ნისკარტს და ორიოდე წამში ძირს უვარდებოდათ, იმას კი – იღბლიანს, წყალში დაბრუნებულს – კუდის მოქნევით სიცოცხლის გაგრძელების სურვილის აღნიშვნაღა რჩებოდა.

ღირდა ამის სანახავად წამოსვლა, – თქვა მოწითალოდ თმაშეღებილმა ქალმა, რომელსაც სურათის სრულყოფილება უკვე მობეზრებოდა და ზღვაში შესასვლელად ემზადებოდა.

მეორე ქალს – ჩალისქუდიანს – არაფერი უთქვამს. წიგნი გადაშალა და ერთხანს თვალგაშტერებული ჩასცქეროდა. კითხვის გაგრძელება არც უცდია. სიტყვები ერთმანეთის მიყოლებით უჩინარდებოდნენ იმ აბზაციდან, რომლის პირველ წინადადებასაც გულში მეათედ იმეორებდა. სანიშნად შერჩეული ჭრელი ბალახის ღერი იქვე ეგდო, კენჭებზე.

მეხუთეკლასელები აფორიაქებულები და შეშინებულები დამდევდნენ, სულ რაღაცებს მეკითხებოდნენ. ჩემი მეხუთე. უცნაურად გულმოდგინეები. ძალიან პატარებს მოუწიათ რთულ კითხვებზე პასუხების ძებნა. ამ ამბავზე მარტო ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ. სხვა მასწავლებლებისთვის შეკითხვების დასმა არც უფიქრიათ. სიმართლე უნდა მეთქვა, ოღონდ ისე, რომ დამნაშავის ძებნა და ასეთი რამეები არ დაეწყოთ. თუ ვინმეს დაადანაშაულებდნენ, იმწამსვე გაწირავდნენ კიდეც, დაუფიქრებლად.

-მაინც რას გეკითხებოდნენ?

-მართლა ორსულად არის თუ არაო? უკეთესი არ იქნება, რომ თავი რომ მოიკლასო? თქვენს გაკვეთილზე რომ დაეწყოს მშობიარობა, რა უნდა ქნათო? სკოლის სახურავიდან რომ გადმოხტეს, მოკვდება თუ არაო? თოთხმეტსართულიანის სახურავიდან თუ გადმოხტა, ხომ ნამდვილად მოკვდებაო?

-ადანაშაულებდნენ.

-არა, უფრო თანაგრძნობა ჩანდა – გამოუვალი მდგომარეობიდან გამოყვანის სურვილი.

რა უნდა ეძებნა უზადო პეიზაჟში? რას ეუბნებოდა მნახველს თხელი ღრუბლებით დაფარული ცა, მიწაზე დაფენილი ნაზი შუქი და წყლის ზედაპირი, ზეციურ სიმშვიდეს, წონასწორობას, მიუკერძოებლობას რომ ირეკლავდა?

არ არსებობს არავითარი ღვთაებრივი მიუკერძოებლობაო, გაიფიქრა და წიგნი დახურა. ამ საღამოს ვერაფერს წაიკითხავდა. შემოქმედს ეს საღამო სხვაგვარად ჩაეფიქრებინა – გულისგამაწყალებელი აღწერებისა თუ ბრძნული შეგონებების გარეშე. ბაცი ფერები, კაცებისა და ფრინველების არეული ხმები, ზღვის ნაცნობი სუნი, მუჭში მოგროვილი კენჭების სიგლუვე – ყველაფერი თავისკენ იხმობდა და საბოლოო დასკვნის გამოტანის აუცილებლობას ახსენებდა.

შეიძლებოდა თუ არა, ბოლო თვეების ყველა კითხვა პასუხგაცემულად ჩათვლილიყო? მალე ყველაფერი თავიდან დაიწყებოდა და კიდევ ერთი წელი ისე გავიდოდა, სარკეში ორ-სამჯერ მშვიდად ჩახედვასაც ვერ მოასწრებდა. საქმე საქმეს დაემატებოდა, საფიქრალი – საფიქრალს. ბადესავით გაშლილი დრო კი შეთვალიერებული მსხვერპლის მოლოდინში გაირინდებოდა.

მის თავზემოთ რაღაც აფარფატდა, ქაღალდის ნაკუწივით. ხელი აიქნია და  უცებ ყველაფერი ცხადი გახდა: ბოლო სურათს ხედავდა, ფილმის ბოლო კადრს. წამიც და, ტიტრები გამოჩნდებოდა ღრუბლიან ცაზე, საბოლოოდ დამშვიდებულ ზღვაზე კი მსხვილი ასოებით დაიწერებოდა: „დასასრული“. ამას მათი სახელებისა და გვარების გრძელი ჩამონათვალი მოჰყვებოდა, წლების მანძილზე რომ გარჯილიყვნენ, ებრძოლათ, ეშრომათ, წყალი ღვინოდ ექციათ, ახალი ღვინო ახალ ტიკებში ჩაესხათ, ყველაფერი – თითქმის ყველაფერი – სწორად გაეკეთებინათ და რა?

სურათი ყველაფერს ასრულებდა. ცხოვრებას. სირთულეებს. ხმებს.

დავიფიცე, რომ არასდროს დამავიწყდებოდა. როცა დიდი ვიქნებოდი, ყველა წვრილმანი მემახსოვრებოდა, არც ისე მნიშვნელოვანიც და სულ უმნიშვნელოც. ხშირად ვიფიქრებდი, ხშირად გავიხსენებდი, რომ მაშინდელი გაბრაზებისა თუ უბრალო უკმაყოფილების მიზეზები მეხსიერებას ცოცხლად შემოენახა. მაშინებდნენ, მატყუებდნენ, მაიძულებდნენ, უბალიშოდ დამეძინა და რუსულის კერძო გაკვეთილებზე მევლო. ფორტეპიანოზეც. წამების იარაღად ყველაფერი გამოდგება, ყველაზე უწყინარი ნივთებიც კი. ხანდახან მეგონა, რომ მარტო მოსაფერებლად ვუნდოდი – როცა დროს გამონახავდნენ, მაშინ რომ ჩავესვი კალთაში. კატასავით. საკუთარი თავისთვის მიცემულ პირობას ვინახავ და ეს მეხმარება ხოლმე. მართლა ყველა წვრილმანი მახსოვს. იმ ჩვენს გადარეულ გოგოსაც რომ ვუყურებდი, ჩემი გადარევის წლები მახსენდებოდა – აფორიაქება, დაუფიქრებლად მიღებული გადაწყვეტილებები, საყვარელ ადამიანებზე ზემოქმედების სურვილი, რაღაც ისეთის თქმა, რაც სხვებს ჩემკენ მოახედებდა.

-ყურადღების მიქცევა უნდოდა და ამიტომ გააკეთა?

-ალბათ.

კიდევ კარგი, ზღვაში ჩამავალი მზე და გაწითლებული ჰორიზონტის ხაზი არ ჩანდა – სჯეროდა, რომ ასეთ დასასრულს არავინ იმსახურებდა. მერვე ა კლასის დამრიგებელიც კი, რომელმაც მოსწავლის დედას პირში მიახალა: „თქვენი შვილი ორსულადაა. აქამდე როგორ ვერ მიხვდით?“

ამის მერე აღარაფერი იქნებოდა. გაგრძელების შეუძლებლობა ცხადად მოჩანდა. დრო აქ და ახლა მთავრდებოდა. მეთევზეებს შინ დაბრუნება არ ეწერათ. არც ეს ღრუბლები გაიფანტებოდნენ და აღარც დიდრონი ტალღები აგორდებოდნენ ზღვაზე.  თვითონაც ბოლოჯერ ასცქეროდა ცას, რაღაც დიდს, ნათელსა და მშვენიერს რომ მალავდა.

იმ მდგომარეობისთვის მიეღწია, როცა სურვილები უწინდებურად აღარ გაწამებენ – იცი, რა უნდა გსურდეს და დიდი ძალისხმევის გარეშე ახერხებ ასრულებას. სიხარულის სიმარტივე თუ სიმარტივით გამოწვეული სიხარული დამამშვიდებლად მოქმედებს. თვითგანვითარება. თვითკონტროლი. ჯანსაღი ცხოვრების წესი. ხელმისაწვდომი ჯილდო – ზღვისპირა ქალაქში მეგობართან ერთად გატარებული კვირა.

ალმა – წითლად თმაშეღებილი ქალის სახელი.

ისწავლა, როგორ უნდა დაეზოგა ფული; როგორ უნდა ეზრუნა დედაზე ისე, რომ ზედმეტ ყურადღებას ქალი არ შეეწუხებინა; რომელ თაროებზე უნდა ეძებნა დიაბეტიანებისთვის განკუთვნილი პროდუქტები სუპერმარკეტებში და შინ მისულს როგორ უნდა დაეთანხმებინა დედა საყვარელი ტკბილეულობის ნაკლებად მავნებლით ჩანაცვლებაზე.  ხანდახან გაჯიუტდებოდა და არ უჯერებდა ხოლმე, თუმცა ერთხელაც არ აჰყოლია ცდუნებას, რაიმე ფორმით დაესაჯა – საყვარელი თოქ-შოუს ყურების უფლება არ მიეცა ან შორეულ სამოციან წლებში შავი ზღვისა თუ ბალტიის ზღვის სანაპიროებზე მომხდარი დაუჯერებელი ამბები ბოლომდე არ მოესმინა.

-გახსოვს, რა ფერი დაედო დედამისს?

-კარი რომ გაგვიღო, არა? ვერც კი მიხვდა, ჩვენ რაღა გვინდოდა.

-ბოდიში იმავე დღეს უნდა მოგვეხადა. არ ვიცი, რას ველოდებოდით. მაშინაც შევაშინეთ – არ გვინდოდა, მაგრამ ასე გამოვიდა. ამდენი დრო გავიდა და მაინც სულ იმაზე ვფიქრობ, ყველამ რომ ორ წუთში იცოდა, რა და როგორ უნდა მომხდარიყო. ნებისმიერ მძიმე დანაშაულს მიაწერდნენ, დამნაშავის მოძებნის აუცილებლობა რომ გაჩენილიყო.

-ხომ გითხარი, თვითონაც შეუწყო ხელი-მეთქი. თავის შიშველ მუხლებს, შიშველ ზურგს სურათებს უღებდა და ნაცნობს თუ უცნობს აჩვენებდა. კიდევ რაღაც საშინელ ამბებს ჰყვებოდა – ვითომ მეგობრის მამა გაუპატიურებას უპირებდა და გაექცა.

-იქნებ ეს არ გამოუგონია?

-სულ რაღაცას იგონებს. სულ რაღაც არარსებულ საფრთხეებზე ლაპარაკობს.

მარჯვნივ გაიხედა. ვიღაცები შენიშნა – მათკენ მოაბიჯებდნენ. ჯერ ძალიან შორს იყვნენ საიმისოდ, რომ უსათვალოდ კარგად გაერჩია. სათვალის მოძებნა და მორგება კი ზაფხულის ამ მშვიდ, ზღვის სუნით გაჯერებულ, მარტივი მიგნებების იმედით სავსე საღამოს არ უნდოდა. ისევ ტიტრებისა და იმ ერთადერთი სიტყვის გამოჩენას ელოდა. ჩალისქუდიანი გმირის ლოგიკური, ბრწყინვალე აღსასრული. უმოძრაო ღრუბლები. თითქოს უხილავ ხელს ბოლო კადრი მანამდე გაეყინა, სანამ ეს – ქვემოდან მიშტერებული – რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს, ყველაზე არსებითს არ დაინახავდა.

-თვითმკვლელობა?

-როგორ უნდა მოკვდეს ზღვის ნაპირას წამომჯდარი ქალი, რომელიც ჰორიზონტისკენ ნაბიჯის გადასადგმელად ერთ მიზეზსაც კი ვერ პოულობს?

-ლ. უ. – მისი ინიციალები.

– იმასაც მეკითხებოდნენ, თქვენი შვილი რომ ყოფილიყო ორსულად, რას იზამდითო. მეხუთეკლასელები. ეგენი მისვამდნენ ყველაზე გულისგამხეთქ კითხვებს. როგორ ვცდილობდი, ყველაფერი კარგად ამეხსნა, მაგრამ არ გამომდიოდა. ერთ გოგოს ვიცნობდი, რომელმაც თავი სწორედ ამის გამო მოიკლა ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში. მაღალსართულიანი შენობიდან გადმოხტა. კარგი, ჭკვიანი გოგო იყო. ძალიან გამიჭირდა ამის გადატანა. ყველას გაგვიჭირდა. სკოლა დამთავრებული ჰქონდა. ცხრამეტი წლის იყო. წარმოგიდგენია? ალბათ მშობლების შეეშინდა, მითქმა-მოთქმის, ცხოვრების…

 – ის ქალი მომეწონა. დედამისი.  

– შენი შვილი – ცამეტი წლის ბავშვი – რომ ყოფილიყო ორსულად, რას იზამდი?

 

თავიდან სამივე ქალი ეგონა. როცა მოუახლოვდნენ, კიდევ ერთხელ გახედა. იმავე წამს გამხიარულდა – როგორ შეესაბამებოდა ეს სამი ახალმოსული ყველაფერს, რაც სურათს თითქმის ხელშესახებ ჩარჩოში მოექცია! მათი ადგილი თითქოს იმთავითვე განსაზღვრული იყო. შორიახლო ჩამოსხდნენ, ზუსტად იქ, საიდანაც ხმის მოწვდენას შეძლებდნენ. ესეც თითქოს ვიღაცას გაეთვალისწინებინა, ყველა წვრილმანი გულმოდგინედ გაეთვალა. უკვე ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ მათ გარეშე სრულყოფილი ვერაფრით იქნებოდა ეს საღამო – ზაფხულის ბოლო ზღაპარი, მოულოდნელი სიმარტივითა და მოსალოდნელი ილუსტრაციებით.

ანაფორიანი მღვდელი რაღაცას ახრამუნებდა. მუხლებზე ვარდისფერი ცელოფნის პარკი ედო – იმ რაღაცით სანახევროდ სავსე. მის თანმხლებ ქალს წვრილი ყვავილებით მოჩითული შავი კაბა აეწია და წყალში შესულიყო. ჩამოშლილი მუქი თმა თეძოებამდე სწვდებოდა. წამდაუწუმ უკან იხედებოდა და ამათ უღიმოდა – მაღალ, ტანსრულ კაცსა და თორმეტი-ცამეტი წლის გოგოს, ერთიანად ჭორფლიანს, ჭრელ საცურაო კოსტიუმში გამოწყობილს, კენჭებისა და ერთი ბეწო თეთრი ნიჟარების შეგროვებით გართულს. თითოეული ზუსტად იმას აკეთებდა, რაც არაერთხელ გაეკეთებინა – უბრალოდ, ჩვევის ძალით, დიდი ფიქრისა და გონებაში გამკრთალი ყოველი აზრის გაანალიზების გარეშე.

მოეწონა ისინი. გულის სიღრმეში ამართლებდა კიდეც მღვდელს, რომელსაც ალბათ სურდა, ხალხმრავალი სანაპიროსთვის, უცხო თვალის სიხარბისთვის გამოერიდებინა ცოლ-შვილი. და თვითონ რატომღა გამოერიდა სხვებს? მართლა შესართავთან დატრიალებული დრამატული ამბების სანახავად მოვიდა? იქნებ სულაც მისი – განმარტოების მოყვარული კაცის – იყო ეს სურათი: ცა, ზღვა, გაუმაძღარი ფრინველები, ბედისწერასთან მებრძოლი თევზები, ხმაურიანი მეთევზეები, მთელი გულისყური რომ ბადეებისკენ მიემართათ? იქნებ სხვისი ფილმის ბოლო კადრებს შეესწრო და იმით, რასაც აქამდე ფიქრობდა, ყველა სინამდვილეს ასცდა?

კარგა ხანია, იცოდა: სუსტ მხედველობას არ უნდა ნდობოდა, არც სახელდახელოდ შექმნილ წარმოდგენებსა და  ნაჩქარევად გამოტანილ დასკვნებს, არც საკუთარ თავს, მაშინ, როცა ეს უკანასკნელი მონდომებით არწმუნებდა: ცხოვრების თავიდან დაწყება შესაძლებელიაო.

– წავიდეთ?

– სიმართლემ ყველას იმედი გაუცრუა. თითქოს გოგოს დანაშაული კიდევ უფრო დაამძიმა იმან, რომ ორსულად არ აღმოჩნდა. კიდევ უფრო აუტანელი გახდა ვიღაც-ვიღაცებისთვის. სხვათა შორის, მასწავლებლებისთვისაც. დედამისზეც რას აღარ ამბობენ – თითქოს მეორედ გათხოვება დიდი ცოდვა იყოს. იმას კი სხვა სკოლაში გადაყვანა არც უფიქრია – გაივლის დრო და დაავიწყდებათო. დაავიწყდებათ?

– უბრალოდ, ამდენს აღარ ილაპარაკებენ.

– თუ ისევ რაღაც არ მოხდა…

– რა უნდა მოხდეს…  მეტ  ყურადღებას მივაქცევთ. ამ გოგოსთვის თავიდანვე უფრო მეტი დრო უნდა დაგვეთმო. მერე რა, რომ კარგად სწავლობს და უცხო ტერმინებით ლაპარაკობს. „ნიმფეტამინი“. ნეტა ეს რომ მობეზრდება, რას დაირქმევს?   

– იქნებ, უბრალოდ, თავს ვიმშვიდებთ?   

– მივეჩვიეთ თავის დამშვიდებას.

– ჩემი შვილი რომ ყოფილიყო… არა, რა აზრი აქვს წარმოდგენას… წავიდეთ.

 

გულაღმა იწვა და სულ მცირე უხერხულობასაც კი არ გრძნობდა იმის გამო, რომ ასეთ შეუფერებელ ვითარებაში ესაუბრა უცნობებს უცნაურ სახელიან ნისლეულებსა და მარადიული ბუნდოვანებისთვის განწირულ საკითხებზე. არა, სულის უკვდავებაზე არ ულაპარაკიათ. მღვდელმა ვარდისფერი ცელოფნის პარკი გამოუწოდა – ხელისგულისოდენა ორცხობილები შინ გამომცხვარს ჰგავდა. უარი არ უთქვამს – ამასობაში მოშივებოდა კიდეც.

ისეთს ვერაფერს მიაგნო, საბოლოო დასკვნის გამოსატანად რომ გამოადგებოდა.

ადგომა და წასვლა – საკუთარ ცხოვრებაში დაბრუნება – იმაზე რთული გამხდარიყო, ვიდრე წარმოედგინა. ერთხელ ალმამ – სწორედ ამან, მოწითალოდ თმაშეღებილმა – ახლა უკვე წასასვლელად გამზადებულმა და მის ჩალის ქუდთან საყვედურნარევი მზერით დამდგარმა – რომელიღაც ციხის ნანგრევებზე აიყვანა და იქ მცირე ხნით დატოვა. ის წუთები უსასრულოდ გაგრძელდა. ზემოდან გადმოჰყურებდა უზარმაზარ ველს და ფიქრობდა, რომ გაჩენის დღიდან ამ ადგილას იდგა. არავის იცნობდა, არაფერი ენახა ადრეული შემოდგომის ნათელი ცის, სასიამოვნოდ შემთბარი მიწის, გაშავებული საუკუნოვანი ლოდებისა და ბალახის ღეროზე აცოცებული ჭიანჭველების გარდა. გრძნობდა, როგორ სუნთქავდა. ცოცხალი იყო – არ იცოდა, რატომ, რისთვის, როდემდე, მაგრამ ეს გაურკვევლობა სულ ოდნავაც არ ანაღვლებდა. მთავარი ციხის ნანგრევებზე დგომა იყო, ველის  დამკვირვებლად ყოფნა, ყველა სულიერისა თუ უსულოს ხმის მოსმენა.

ახლაც იგრძნო, რომ საფრთხე ხელშესახები გამხდარიყო. საფრთხედ იქიდან ჩანდა, მეორე მხრიდან. აქედან მხოლოდ იმას ხედავდა, რაც ყოველმხრივ ხიბლავდა და თითქოს არწმუნებდა კიდეც, სამყაროს მშვენიერება, თვალშისაცემი კანონზომიერებები შემთხვევითობის შედეგი ვერ იქნებაო. ეს აზრი გულს სიმშვიდით უვსებდა, ორიოდე წუთით მაინც. სულერთი იყო, ვინ მოაწერდა ხელს ამ სურათს, ვინ აღიარებდა, რომ სანაპიროს კენჭების თვლას გადაჰყვა და მომლოდინე ადამიანების სახეები სულ გადაავიწყდა.

რამდენჯერმე სცადა წამოდგომა, მაგრამ თითქოს სხეული უწინდელ მორჩილებაზე უარს უცხადებდა. მის რომელიღაც ნაწილს სურათში სამუდამოდ დარჩენა უნდოდა.

თავი გააქნია.

ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა.

გაბნეულ ნივთებს ნაჩქარევად წამოკრეფდა და უკანასკნელად გახედავდა ზღვის ვერცხლისფერ ზედაპირს – ზაფხულის ბოლო საჩუქარს; უკაცრიელ სანაპიროს, სულ მალე ბინდბუნდის სიგრილეში რომ გაეხვეოდა; დახურულ წიგნს, რომლის მთავარი გმირიც უპასუხო სიყვარულს მოეკლა და ხელის გაწვდენაზე დაგდებულ სანიშნეს – ჭრელი ბალახის ღერს.

– მაშინვე ვთქვი – მგონი, სულაც შენ გითხარი – ბიჭის გამო გააკეთებდა-მეთქი. ისიც ვიცოდი, რომელი ბიჭის გამოც. ორ წელზე მეტია, მაგათ კლასს ვასწავლი. არა, ისეთი არაფერი შემიმჩნევია, აღნიშვნა რომ ღირდეს. მხოლოდ და მხოლოდ ვვარაუდობდი.

– ყველაზე საშინელი მაინც დამრიგებლის სიტყვები იყო.

– ჰო.

– იცი, სტუდენტობისას, ერთი ბიჭის ყურადღების მისაქცევად რა გავაკეთე? ხელი მაჯიდან იდაყვამდე ბინტით შევიხვიე, რომ მოსულიყო და ეკითხა, რა მოგივიდაო? რაღაც სისულელეც მქონდა მოფიქრებული, ჩემი წარმოდგენით, დამაჯერებელი და ამაღელვებელი.

– მერე?

– არაფერი უკითხავს. საერთოდ არ გამოუხედავს ჩემკენ.

– ამას მეტისმეტი მოუვიდა. თავის თავზე ასეთი ხმები როგორ გაავრცელა! თანაც იცოდა, რომ კლასელები ისედაც ალმაცერად უყურებდნენ.

–  გახსოვს, რას ვაკეთებდით მის ასაკში?

– როცა სახლიდან ყველა წავიდოდა, თვალებზე შავ ფანქარს ვისვამდი ხოლმე და ეგ იყო.

– კარგად გაიხსენე.

 

ჩუმად მიდიოდნენ. საღამოს სიგრილეც სიამოვნებდათ და ზღვისპირა ქალაქის პატარა სახლების დანახვაც. იმაზე მეტი ახსოვდათ, ვიდრე სურდათ, ვიდრე სწორი პასუხების პოვნისთვის იყო აუცილებელი.  ერთს უზარმაზარი საზაფხულო ჩანთა ეკიდა მხარზე, ძირითადად გამოუსადეგარი ნივთებით სავსე, მეორე კი უბრალო, წვრილზონრიან ჩალის ქუდს მარცხენა ხელით მიაქანავებდა.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...