კვირა, ივნისი 8, 2025
8 ივნისი, კვირა, 2025

ვიცი, როგორ დავაინტერესო მოსწავლეები

0

ილია ვადაჭკორიამ ისტორიკოსის პროფესია მამის _ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ შოთა ვადაჭკორიას გზის გასაგრძელებლად აირჩია, მაგრამ მშობლების შეწუხებას მოერიდა და გადაწვიტა ცხოვრებისეულ მოთხოვნებს თავად გამკლავებოდა, ემუშავა და მეცნიერებას მერე ჩაღრმავებოდა. სამუშაოს ძიებაში თურქეთს მიაშურა, თხილი აგროვა, გასამრჯელოთი კომპიუტერი შეიძინა, პროგრამები ისწავლა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის  მშობლიურ სკოლაში ბიბლიოთეკარად დაიწყო მუშაობა. ზოგჯერ ასაკოვანი პედაგოგის ჩანაცვლება უხდებოდა და მიხვდა, მასწავლებლობამ დააინტერესა. მერე თანდათან მოემატა ისტორიისა და სამოქალაქო განათლების საათები, ჭანჭათის სკოლას აკეთის სკოლაც მიემატა. გაკვეთილს გაკვეთილი მოჰყვა… ილიას კი საქმის ზერელედ კეთება არც უყვარს და არც შეუძლია.

_ძალიან საინტერესო და მოტივირებული თაობა მოდის. ერთ რამეს ვაკვირდები: ჩვენს დროს მოსწავლეები პირობითად სამ ნაწილად იყოფოდნენ, წარჩინებულები, საშუალო მოსწრების მქონენი და ასე ვთქვათ, ჩამორჩენილები… ახლა მოსწავლეები ან ძალიან კარგად სწავლობენ, ან საერთოდ არ სწავლობენ. ვინც სწავლობს მართლა მაქსიმუმის მიღებას ცდილობს, გაკვეთილიდანაც, სოციალური ქსელებიდანაც. ზოგიერთი მათგანი ისეთია, ზრდასრული ადამიანის აზროვნება და უნარები აქვს, ჩემი ერთი მოსწავლე გურიის ახალგაზრდული პარლამენტის თავმჯდომარეა, მასთან, როგორც ჩემს თანატოლთან, ისე შემიძლია მსჯელობა.

_ გამოდის, რომ მასწავლებლობა თქვენი საქმე გამოდგა?

_ უნივერსიტეტში ერთი ჩვენი ლექტორი ეუბნებოდა ზარმაც სტუდენტებს, თქვენ სკოლის იქით ვერსად იმუშავებთო… წარმოიდგინეთ, მისი დამოკიდებულება და ცოტა არ იყოს, აქედანაც შემექმნა განწყობა, რომ სკოლაში რა მინდა მეთქი. საერთოდაც ასეთი მიდგომა  მასწავლებლის პროფესიისადმი ინტერესს აქარწყლებს. ახლა, როცა ვმუშაობ მასწავლებლად და გავიცანი უამრავი განათლებული და პატივსაცემი კოლეგა, იმ ლექტორის უპასუხისმგებლობა სრულად გავიაზრე. მოსწავლეები შემოგყურებენ, გისმენენ, შენ კი უნდა მისცე მათ მაქსიმუმი და თან ისე, რომ ეს ცხოვრებაში გამოადგეთ, მათ მომავალში გასაგნებად აძლევ ცოდნას, უნარ-ჩვევებს… უფრო უკეთესი და მნიშვნელოვანი რამ ვერც წარმომიდგენია. მასწავლებლობაში ჩემი აუსრულებელი ინტერესების რეალიზებაც მოვახერხე: სულ მინდოდა ვიდეოგადაღება მცოდნოდა და ახლა ბავშვებთან ერთად ვქმნით სხვადასხვა ვიდოსიუჟეტებს, გვაქვს ბლოგი, სადაც ვტვირთავთ.

_ პედაგოგები ხშირად ჩივიან არ ვართ დაფასებულები, პატივს არ გვცემენო, თქვენთანაც ასეა?

_ რას ბრძანებთ, ჩვენთან სოფელში, ნამდვილად არ არის ასე,  მოსწავლეთა მშობლებისაგან, თანასოფლელებისგან ისეთ მოწიწებას და პატივისცემას ვგრძნობ, ხანდახან 30 წლის კაცისათვის ცოტა უხერხულადაც მეჩვენება.

_ სკოლაში გენდერული ბალანსი ქალთა მხარეს ირღვევა…  

_ გაგვიმართლა, აკეთის  სკოლაში მამაკაცები უმცირესობაში არ არიან, ცხრანი ვართ და თან უმრავლესობა _ახალგაზრდები. ვმეგობრობთ,  სკოლაშიც და სკოლის გარეთაც. მხარს ვუბამთ ერთმანეთს. მამაკაცების ყოფნას სკოლაში, თავისი შედეგები აქვს. ჩვენი სკოლის დირექტორი ამბობს, რომ თქვენმა მეგობრობამ მოსწავლე ბიჭებზე დადებითი გავლენა იქონია, აღარ კინკლაობენ, არ ჩხუბობენ, პირიქით, მეგობრულები გახდნენო. პირველად, მასწავლებლობა რომ დავიწყე, კლასის მართვაში პრობლემებს წავაწყდი, ბიჭებმა შენიშნეს, რჩევები მომცეს, თვითონაც დაელაპარაკნენ მოსწავლეებს და მალე სიტუაცია შეიცვალა. ახლა ფასილიტატორადაც ამირჩიეს, ესეც დიდი პასუხისმგებლობაა და ვცდილობ ყველაფერი მოვასწრო. კოლეგებს თუ რამ დასჭირდათ ჩემგან, მაქსიმალურად მინდა მათი დახმარება.

 

მასწავლებელი ილია ვადაჭკორია

_ რა მეთოდებს მიმართავთ, რომ მოსწავლეებს თქვენს გაკვეთილზე ყოფნა აინტერესებდეთ და ეხალისებოდეთ?

_  განათლების თანამედროვე თეორიები და მიდგომები უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომ  საგაკვეთილო პროცესიც და კლასგარეშე საქმიანობაც საინტერესოდ და სასარგებლოდ წარიმართოს. მოსწავლეს უნდა გაუჩინო ინტერესი თემის მიმართ, უნდა დაანახო, მიახვედრო რაში გამოადგება კონკრეტული თემის შესწავლა ცხოვრებაში. ავიღოთ სამოქალაქო განათლება. ამ რამდენიმე ხნის წინ, ტრეფიკინგის თემას გავდიოდით. შევიტანე კლასში შრომითი ხელშეკრულების ფორმები და დამსაქმებლის პირობები, ვთხოვე გასცნობოდნენ და აერჩიათ სასურველი დამსაქმებელი და მასთან შრომით ხელშეკრულებაზე მოეწერათ ხელი. ბევრმა მათგანმა ზერელედ გადახედა პირობებს და ის დამსქმებელი აირჩია, რომელიც მაღალ ანაზღაურებას ჰპირდებოდა, მათ ყურადღება არ მიუქცევიათ შრომით ხელშეკრულებაში პატარა შრიფტით გაკეთებულ კაბალურ პირობებზე, რომელიც დასაქმებულს  ტრეფიკინგის მსხვერპლად აქცევდა. ასე მიიღო გადაწყვეტილება უმრავლესობამ. 16 მოსწავლიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა წინდახედული. ამის შემდეგ დავიწყეთ თემის გაშლა და მსჯელობა- ანალიზი. ინტერესი მაშინვე გაღრმავდა, ჩართულობა იყო სრული. დარწმუნებული ვარ ეს გამოცდილება არ დაავიწყდებათ და მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ. საინტერესო დისკუსია გაიმართა მოსწავლეებს შორის, როცა ისტორიის გაკვეთილზე დიდგორის ბრძოლასა და ჰანიბალის ბრძოლას შორის, უფრო ზუსტად, გამოყენებულ საბრძოლო სტრატეგიებს შორის მსგავსება- განსხვავებაზე იმსჯელეს, შემდეგ ორ სხვადასხვა მიდგომის : დამოუკიდებლად მივიდა აღმაშენებელი ასეთი სტრატეგიის შემუშავებამდე თუ ის იცნობდა მსოფლიოს საბრძოლო გამოცდილებას,  თავ-თავისი გამზიარებლები გამოუჩნდნენ და არგუმენტებით ამყარებდნენ პოზიციებს. საინტრესო დისკუსია გამოვიდა და ასეთი გაკვეთილები მოსწონთ მოსწავლეებს. ჩართული ვართ სხვადასხვა პროექტებში და იქიდანაც ვიღებთ სასარგებლო რესურსებს. მიყვარს ტრენინგები, რადგან ყოველთვის ახალ პროფესიულ ცოდნას და გამოცდილებას იძენ და მერე ერთი სული გაქვს ეს კლასში როგორ იმუშავებს, როგორ გაართმევ თავს, როგორც პედაგოგი.

_ ილია, მეცნიერებას მასწავლებლობამ სძლია?

_ არა, ნამდვილად ვერ ვიტყვი ასე და მეცნიერულ საქმიანობაზე ისევ ვფიქრობ, ალბათ, დამიდგება ეს დროც. ერთადერთი, რაც მაწუხებს, საჯარო ბიბლიოთეკისა და სხვა სამეცნიერო ბიბლიოთეკების სიშორეა, მაგრამ ამასაც მოევლება. მასწავლებლობა კი სულაც არ შემიშლის ხელს სამეცნიერო საქმიანობაში. პირიქით, ხანდახან ჩემთვის საინტერესო თემებზე მოსწავლეებისაგან ისეთ მოულოდნელ და ხალას მოსაზრებებს ვისმენ, რომ გაოცებული ვრჩები, თან მოგეხსენებათ, გურულებს როგორ უყვართ კამათი და დისკუსია. ჯერჯერობით, სკოლაზეა მიმართული ჩემი ინტერესი. ერთი სული მაქვს გაკვეთილზე დაკვირვების აქტივობებში ჩავერთო. სქემამ სხვაგვარად გამოაცოცხლა სკოლა და პედაგოგები. მომავალ სასწავლო წელს ეს ალბათ, უფრო საგრძნობი იქნება.

 

სიყვარულის მეტაფორები: სასმელ-საკვები

0

„მომწყურდი ახლა, ის მომწყურდი,

ვით უბინაოს – ყოფნა ბინაში…“

გალაკტიონი

„მარადიულობა! მარადიულობა! – სწორედ ეს არის წყურვილი, წყურვილი მარადმყოფობისა, ის, რასაც სიყვარულს უწოდებენ, ადამიანებს შორის სიყვარულს, რამეთუ ორ ადამიანს როცა ერთმანეთი უყვარს, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთს უნდა უკვდავჰყოს თავისი თავი მეორეში. ის, რაც არ არის მარადიული, არც რეალურია…“

მიგელ დე უნამუნი, „უკვდავების წყურვილი“

 

სიყვარულის კიდევ ერთი უნივერსალური ფიზიოლოგიური მეტაფორა: შიმშილი და წყურვილი. სიყვარული გვწყურია და სული იკვებება სიყვარულით… მართალია, ეს განსაკუთრებული სასმელ-საკვებია და, უმეტესად, წყურვილს ვერ იკლავ, მაგრამ გამუდმებულად მიელტვი ამ გრძნობას, როგორც მშიერ-მწყურვალი და იკარგები და ირევი მასში სრულ გაქრობამდე.

სიყვარული – საკვებია და ამიტომ მას აქვს გემო, ეს გემო ხან ტკბილია და ხან -მწარე, ხანაც – ტკბილ-მწარე, მაგრამ როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა:

„ვინ არის, რომ შენსა სიტკბოს

სიცოცხლე არ შეუწონოს?“

დიახ, უმეტესად სიყვარული – სიტკბოა, ამიტომაც ფრაზეოლოგიაში არსებობს გამონათქვამი: „სიყვარულის სიტკბო“.  საკვებთან და სიტკბოსთანაა დაკავშირებული აგრეთვე ფრაზეოლოგიური მეტაფორები: თაფლობის თვე… კანფეტივით ქალი, შოკოლადივით კანი…. სიყვარულის გემო, შენი ტუჩების გემო, მარწყვივით ბაგეები, თვალებით თრობა და სხვა. ამ ტიპის ფრაზეოლოგიზმები უნივერსალურია და ყველა კულტურაშია გავრცელებული.

სიყვარული – სასმელია, ამიტომ მისით, როგორც სასმელით, თვრებიან,  ფრაზეოლოგიზმი – „სიყვარულმა დამათრო“ – სწორედ აქედან გამომდინარეობს.

სიყვარულის გემოს გასინჯვა კი ეტიმოლოგიურად შესაძლოა ედემის ბაღში ადამისა და ევას მიერ აკრძალული ხილის გასინჯვიდან მოდის. მოკლედ, სიყვარულის გემოს ვერ გაიგებ, თუ არ დააგემოვნე… ანუ: მიირთმევ სიყვარულს… როგორი გემო აქვს მას, ეს სრულიად ინდივიდუალურია, მაგრამ ფაქტი ერთია: ამ საიდუმლოს რომ ჩასწვდე, უნდა გასინჯო…

მოკლედ, რა ხილია სიყვარული? როგორც ჩანს, ამ ხილის გემო ყოველთვის იცოდნენ:

„ახლა კი მინდა, მოგითხროთ ვისისა და რამინის სიყვარულის ამბავი. ეს ვისი და რამინი დაახლოებით ორი ათასი წლის წინათ ცხოვრობდნენ ირანში. მეტყვით, რაღა დროის ადამისჟამობის სიყვარულზე ლაპარაკია, მაშინ იცოდნენ კი, სიყვარული რა ხილი იყოო! სცოდნიათ, ბატონო, და ეს ხილი გემოზედაც უსინჯავთ ხოლმე, როგორც კი ამის შემთხვევა მისცემიათ. (ვისისა და რამინიის სიყვარულის ამბავი,  ფახრ ედ-დინ გორგანელი).

თუ უფრო შორს წავალთ ფრაზეოლოგიზმებში, ძლიერი სიყვარულის გამოსახატავად კანიბალურ მეტაფორებსაც მივადგებით. საყვარელ ადამიანს ხშირად მიმართავენ:  მინდა შეგჭამო, ჩაგყლაპო, ჩაგახრამუნო… ამით თითქოს გამოიხატება სიყვარულის ობიექტის სრულად ფლობის სურვილი და წყურვილი (რომლის მსუბუქ ფორმებიცაა:  ჩქმეტა, კბენა… ).

ერთგვარ კანიბალურ რიტუალს წარმოადგენს პატრიკ ზიუსკინდის რომანი „სუნამო“, რომელშიც მშვენიერი, უმანკო არსებები იწირებიან იმისათვის, რომ მათ სურნელს  ფლობდეს მთავარი პერსონაჟი გრენუი, რათა საკუთარი სიმყრალე დაივიწყოს…  ის „ჭამს“ ქალებს, რათა იკვებოს მათი სურნელით.

„არქაულ კულტურებში  მამაკაცი ,,მჭამელია“, ქალი კი – ,,საჭმელი“, თუმც ლევი-სტროსის აზრით, მითოლოგიურ პლანში ხშირად ხდება ამ თანმიმდევრობის ინვერტირება, შებრუნება, რისი ნიმუშია ,,vagina dentata”… ,,მჭამელობის“ ინვერტირებისას კოსმოგონიურ-მითოსურ პლანში ქალის ფუნქციის გააქტიურების შემთხვევაშიც მამაკაცი ინარჩუნებს თავის საწყის მდგომარეობას. იგი ისევ ,,ქალისმჭამელად“ რჩება, მაგრამ ამავე პროცესში თავადაც ,,შეჭმულია” ,,კაცისმჭამელი“ ქალი-ურჩხულის მიერ. ,,მჭამელობის“ ორმაგი კოდირება – მდედრი და მამრი ორი ურჩხულის ,,კოსმოგონიურ-სექსუალური წრე“ ცოტა უფრო მოგვიანებით ჩნდება მითოლოგიურ წარმოდგენებსა თუ ალქიმიურ იკონოგრაფიაში ,,ერთმანეთისმჭამელი“ წრეშეკრული ურჩხულების სახით” (ხათუნა თავდგირიძე, მითოსური სიმულაიები და მშვენიერი ურჩხული).

სემანტიკური კავშირი სიყვარული – საკვები   ეფუძნება მითოლოგიურ აზროვნებას და კულტურის განვითარების ყველა საფეხურზე პოულობს თავის გამოხატულებას. ჭამა და სექსუალური აქტი იმდენად არის დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ ზოგ ენაში ეს ორი ცნება ერთი სიტყვით აღინიშნება. ეს ღრმა ეტიმოლოგიური და არქაული კავშირი განაპირობებს თანამედროვე სარეკლამო ენაში კვების პროდუქტების დაკავშირებას სექსუალობასთან.

ძალიან პოპულარული გახდა Thames Valley Police-ს მიერ შექმნილი სოციალური რეკლამა – ჩაი და სექსი – რომელშიც იუმორისტულად, მხიარულად გადმოცემულია ინფორმაცია სექსის შეთავაზებაზე (ჩაის შეთავაზების მეტაფორით). რეკლამის მიზანია – სექსზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და მთავარი მესიჯი: სექსი თანხმობის გარეშე – გაუპატიურებაა.

და მაინც, რა არის სიყვარულში შიმშილი და წყურვილი? ან „ურთიერთშეჭმის“ სტრატეგიის საბოლოო მიზანი?

ეს ციტატი საუკეთესო პასუხია:

„ყოფნა! ყოფნა მარადიულად!

ყოფნა უსასრულოდ!

წყურვილი ყოფნისა!

შიმშილი ღმერთისა!

წყურვილი მარადიული და უკვდავი სიყვარულისა!

ყოფნა დაუსაბამოდ! ყოფნა ღმერთად!“ (მიგელ დე უნამუნო)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გეოგრაფიული კარნახი           

0

თანამედროვე პირობებში სასწავლო პროცესი არ შეიძლება  განვიხილოთ, როგორც მხოლოდ ინფორმაციის გადაცემის პროცესი და, შესაბამისად, მასწავლებლის როლიც  მეტად მნიშვნელოვანია, რადგან  ინფორმაციის  მიმწოდებელთან ერთად იგი  მოსწავლეთა შემოქმედებითი საქმიანობის ორგანიზატორიცაა. სწავლების აქტიური ფორმები ხელს უწყობენ  მოსწავლეთა გააქტიურებას და სასწავლო პროცესში მათ ჩართულობას. ამიტომაც  მასწავლებელი აუცილებელია ორიენტირებული იყოს სასწავლო ტექნოლოგიების, ხერხების, მიმართულებების ფართო სპექტრზე.

სწავლების აქტიურ ფორმას მიეკუთვნება  გეოგრაფიული კარნახიც. გეოგრაფიის სასკოლო კურსში არის თემები, რომლებიც  საჭიროებს გაკვეთილზე  სახალისო ელემენტების გამოყენებას,  შედარებით რთული მასალის გამარტივებას, ემოციური დატვირთვის   შემსუბუქებას, ახალი ტერმინებისა და ცნებების შესწავლაში დახმარებას. ამ დროს  გეოგრაფიული კარნახი ერთ-ერთი კარგი საშუალებაა. გეოგრაფიული კარნახი  შესაძლებელია რამდენიმე ფორმით ჩატარდეს.

ციფრული კარნახი

შესასწავლი თემის  შესახებ მოცემული გვაქვს რამდენიმე მართებული და არამართებული მსჯელობა. კარნახი ტარდება ზეპირი ფორმით, მოსწავლეები თავიანთ  პასუხებს მასწავლებელს სპეციალური სასიგნალო ბარათების  საშუალებით აწვდიან: ”+”  ნიშნავს, რომ მსჯელობა  მართებულია, ”-” –  არამართებულია. ამ კარნახის ჩატარება ასევე  შესაძლებელია წერითი ფორმითაც. ამ შემთხვევაში მოსწავლეები რვეულებში ცალკე  გრაფებში წერენ  მართებული ან  არამართებული მსჯელობების ნომრებს. მაგ:

  1. აფრიკას ოთხი ოკეანე ესაზღვრება;
  2. ყველაზე პატარა კონტინენტი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარეობს;
  3. ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეს ყველა მერიდიანი კვეთს;
  4. დედამიწის ყველაზე  ღრმა ტბა აზიაში მდებარეობს;
  5. დედამიწის უგრძესი მდინარე აღმოსავლეთ ნახევარსფეროშია.

პასუხების ცხრილის ნიმუში:

     +     –
3,4, 5 1, 2

ასეთი ტიპის დავალებები საშუალებას გვაძლევს  მოკლე დროში – სულ რამდენიმე წუთში  დავადგინოთ  ამა თუ იმ მასალის ან თემის ათვისებასთან დაკავშირებული  პრობლემები. მასწავლებლის დახმარებით  საკმაოდ სწრაფად ხდება შეცდომების  გასწორება და პრობლემების ლიკვიდაცია. ციფრული კარნახი  ხელს უწყობს  კლასიფიკაციის, ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარებას. ასეთი ტიპის სავარჯიშო  შესაძლებელია გამოვიყენოთ გაკვეთილის დასაწყისში საშინაო დავალების შესამოწმებლადაც და რეფლექსიის პროცესშიც.

 რიცხვითი კარნახი

რიცხვითი კარნახი კომბინირებული დავალებების მაგალითია, რომელიც  შესასწავლი მასალის ფაქტოლოგიას ან კონცეპტუალურ  აპარატს ასახავს. მოსწავლეები უსმენენ მასწავლებლის მიერ მიწოდებული გეოგრაფიული შინაარსის პირობას, მაგრამ  რვეულებში მხოლოდ  შესაბამის არითმეტიკულ მოქმედებას  და პასუხს წერენ. ეს ხერხი  განმავითარებელი კარნახის ყველაზე რთული ფორმაა და სხარტ აზროვნებას მოითხოვს. მისი გამოყენება ყველაზე ოპტიმალურია  ნასწავლი მასალის განზოგადების ეტაპზე.  მაგალითი:

  1. მსოფლიოს ყველა ოკეანეთა რიცხვის მიუმატე კონტინენტების რიცხვი.

პასუხი: 5+7 =12;

  1. კონტინეტების რიცხვი, რომელთაც ეკვატორი კვეთს, გაყავი იმ კონტინენტების რიცხვზე, რომლებიც მთლიანად სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობენ. პასუხი:  2:2=1;
  2. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მდებარე ყინულის საფარით დაფარული სივრცის აღმნიშვნელი სიტყვის ასოთა რაოდენობას გამოაკელი ოკეანეთა რიცხვი, რომელთა სახელი ” ა ” ასოდან არ იწყება. პასუხი:  7-4=3.

რიცხვითი კარნახი მოსწავლეებს წარმოსახვითი აზროვნებისა და მეხსიერების განვითარებაში ეხმარება.

კარნახი  ”კი-არა”

კარნახის საინტერესო ფორმაა  თამაში ”კი-არა”.  მასწავლებელი  ჩაიფიქრებს რომელიმე გეოგრაფიულ ობიექტს რუკაზე.  მოსწავლეებმა მას უნდა დაუსვან კითხვები, რომლებზეც  მასწავლებელი მხოლოდ კი ან არას პასუხობს.

 მაგალითი:

  • ეს ობიექტი ოკეანეში მდებარეობს?  ———- არა
  • იგი კონტინენტზეა?  —————————  კი
  • ეს კონტინენტი ჩრდილოეთ ნახევარსფეროშია? ———-არა
  • ამ კონტინენტს ეკვატორი კვეთს?  ————–არა
  • ამ კონტინენტს ყველა მერიდიანი კვეთს? ———— არა
  • ეს ობიექტი ჰიდროსფეროს ნაწილია? ——–კი
  • იგი   ოკეანეს უკავშირდება?  ———-კი
  • ამ კონტინენტზე თავისი  სიგრძით გამოირჩევა? —კი
  • ეს ობიექტი მდინარე მურეია? —–კი

რუკაზე  მუშაობა

მე-10 კლასში მსოფლიოს რეგიონების შესწავლისას  მოსწავლეებს შესაძლებელია შევთავაზოთ შემდეგი დავალება. დაფაზე ჩამოწერილია დანომრილი ქვეყნების დასახელებები. მოსწავლეები კითხულობენ მათ და იმახსოვრებენ.  შემდეგ  დაფაზე ნაწერი  უნდა დაიმალოს და მასწავლებელი სვამს კითხვებს, რომელთა  მიხედვითაც  მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ   ქვეყნის სახელი და პასუხები აღნიშნონ  კონტურულ რუკაზე შესაბამისი ციფრით ან ქვეყნის სახელით.  ქვეყნების რიცხვი კითხვებთან  შედარებით  მეტია.

მაგალითი:

ქვეყნები: 1) ავსტრია; 2) შვეიცარია: 3) ბელგია; 4) ესპანეთი; 5)  ისლანდია; 6) საბერძნეთი; 7) შვედეთი; 8) გერმანია; 9)  იტალია; 10) ჩეხეთი.

 კითხვები:

ა) ამ მთიან ქვეყნას არა აქვს გასასვლელი ზღვაზე. მისი სპეციალიზაციის მთავარი დარგია ოპტიკური  ხელსაწყოები და საათები. ეკონომიკაში დიდ როლს ასრულებს საბანკო სექტორი.  პასუხი:  2

ბ) ქვეყანა დიდი რვიანის წევრია. მისი დედაქალაქი  ლეგენდის თანახმად შვიდ ბორცვზეა განლაგებული და  ღია ცის ქვეშა მუზეუმია.  ქვეყანა  ეკონომიკური განვითარების დონის მიხედვით ორ ნაწილად –  კარგად განვითარებული ჩრდილოეთ და ნაკლებად განვითარებულ სამხრეთად იყოფა. პასუხი:  9

გ) იგი შიდაკონტინენტური ქვეყანაა. სახელმწიფო ენა – გერმანულია.  ამ სახელმწიფოს დედაქალაქი  მსხვილ  სატრანსპორტო  მდინარეზე მდებარეობს. ცნობილმა კომპოზიტორმა ი. შტრაუსმა ამ ქალაქს თავისი  ვალსები მიუძღვნა.  პასუხი: 1

დ) ამ ნახევარკუნძულოვან ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიაა.  სპეციალიზაციის დარგებია მსუბუქი და კვების მრეწველობა; მაღალ დონეზეა განვითარებული  ტურიზმი.  ამ ქვეყნის დედაქალაქში  მსოფლიოში ცნობილი მუზეუმი –  პრადო მდებარეობს. პასუხი:4

ე) იგი ფედერალური  მოწყობის  სამეფოა.  მის ენერგეტიკაში უდიდეს როლს  ატომური ელექტროსადგურები ასრულებენ.  ქვეყანის სპეციალიზაციის  დარგია მანქანათმშენებლობა, ფერადი  მეტალურგია (სპილენძის წარმოება) და  ალმასების  მოწახნაგება. პასუხი: 3

ვ)  ეს კუნძულოვანი ქვეყანა ნატოს წევრია, მაგრამ არ შედის ევროკავშირის შემადგენლობაში.  იგი  სპეციალიზებულია ენერგეტიკული პროდუქციის გამოშვებაზე.  მას ”ყინულისა და ცეცხლის” ქვეყანასაც უწოდებენ.  ენერგეტიკის საფუძველი – ენერგიის ალტერნატიული სახეებია. პასუხი: 5

ზ) ეს ნახევარკუნძულოვანი სახელმწიფო კონსტიტუციური მონარქიაა. სპეციალიზაციის დარგებია მანქანათმშენებლობა (ავტომობილმშენებლობა), ხე-ტყისა და ცელულოზა ქაღალდის მრეწველობა.  ასევე არის მაღალხარისხოვანი რკინის მადნის ექსპორტიორი. პასუხი: 7

თ) ქვეყანა ლიდერია რეგიონში.  მისი სპეციალიზაციის დარგია ავტომობილების, ჩარხების, საყოფაცხოვრებო ტექნიკის  წარმოება.  მაღალ დონეზეა განვითარებული ქიმიური მრეწველობაც. ქვეყნის სიმბოლოა ბრანდენბურგის ჭიშკარი, რომელიც მის დედაქალაქში მდებარეობს. პასუხი: 8

ასეთი დავალება მოითხოვს დამატებით ცოდნას სხვა სასწავლო დისციპლინებიდან,  სტიმულირებას უწევს შემეცნებითი ინტერესის გაღვივებას,  ავითარებს მხედველობით მეხსიერებას, ყურადღებას,  სივრცით აზროვნებას და ხელს უწყობს  რუკის შესწავლას.

შემოქმედება და  სწავლება  სტერეოტიპების რღვევით იწყება.  გაკვეთილები სწავლების  აქტიური  მეთოდებისა და ფორმების გამოყენებით საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეთა მაღალ ჩართულობას უზრუნველყოფს, ამაღლებს ცოდნის ავტორიტეტს და თითოეული მოსწავლის  ინდივიდუალურ  პასუხისმგებლობას საკუთარი სასწავლო საქმიანობის შედეგზე.

ფიზიკა ამოცანებში – ცვლადი დენი და ელექტრომაგნიტური ინდუქცია

0

 

ელექტრომაგნიტური ინდუქციის კანონის თანახმად, გამტარით შემოსაზღვრული ფართობის გამჭოლი მაგნიტურ ინდუქციის ნაკადის ცვლილების დროს გამტარში აღიძვრება ინდუქციის ემძ, რომელიც გამოითვლება ფორმულით

ვრცლად

 

პროფესორი იმნაიშვილი

0

ტოლსტოისეული ბედნიერი და უბედური ოჯახების მსგავსად, ყველა ცუდი ლექტორი ერთმანეთს ჰგავს, ყველა კარგი ლექტორი კი – კარგია თავისებურად.

ვახტანგ იმნაიშვილი სტუდენტობის პირველსავე დღეს დავინახე. ვერ ვიტყვი გავიცანი-მეთქი. ახალბედა სტუდენტი, თავისი ნებით, ერთი შეხედვით, უმკაცრესი იერის მქონე პროფესორის გაცნობას ვერ გაბედავდა. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VI  კორპუსის, მძიმე კარი 08:15 საათზე სანახევროდ გამოაღო და ქვის ფილაქნებზე სწრაფი ნაბიჯებით გამოიარა, თუმცა ჩანთა, რომლის სახელურიც მაგრად ჰქონდა მუჭში მოქცეული, არც კი ირხეოდა. იმნაიშვილი, მას შემდეგ, რაც დაცვის სამსახურის თანამშრომელს აუდიტორიის გასაღები გამოართვა, კიბისკენ დაიძრა. მერე კიბის პირველ საფეხურთან მდგომ ბიჭს წარბების ქვემოდან ამოხედა და მის მიერ ნათქვამ გულწრფელ სალამს სალმითვე უპასუხა. ის ბიჭი მე ვიყავი.

ამ დღის შემდეგ ერთი წელი გავიდა. მე ვცდილობდი პირველი, მშობლებისგან დამოუკიდებელი ნაბიჯები გადამედგა ცხოვრებაში. დღეები ერთმანეთს მისდევდნენ, მოუმზადებელი დავალებები უხმოდ ენაცვლებოდნენ ერთმანეთს, წასაკითხი თაბახის ფურცლები კი ჩემს საწერ მაგიდაზე კურდღლებივით მრავლდებოდნენ. მე ვცდილობდი მესწავლა ის საგნები, რომლებიც მაინტერესებდა. მეეშმაკა იმ საგნების კოლოკვიუმებზე, რომლებიც ინტერესს არ იწვევდნენ ჩემში. ცოდვა გამხელილი ჯობს – ამას იოლად ვახერხებდი. პერიოდულად მახსენდებოდა ის მკაცრი პროფესორი, რომელიც პირველ დღეს დავინახე. “ნეტავ, რას ასწავლის ის კაცი?” – ვეკითხებოდი საკუთარ თავს, მაგრამ, როგორც ახალგაზრდას გონებას სჩვევია, მალევე მავიწყდებოდა ეს ფიქრი.

Vakhtang Imnaishvili

მეორე კურსზე საბოლოოდ გადავწყვიტე, ჟურნალისტი გავმხდარიყავი. სკოლის პერიოდში შეთხზული თავისუფალი თემების გამო, მეგონა, რომ წერა კარგად გამომდიოდა. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი. ამიტომაც  ქართული ენის კურსის არჩევა მომიწია.  საქართველოში ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ქართულ ენაზე მომუშავე ჟურნალისტმა ქართული ენაც უნდა იცოდეს. სკოლაში ქართული ენა ნესტან კუბლაშვილმა ძალიან კარგად მასწავლა (ვფიქრობ, რომ ის ერთერთი საუკეთესოა მათ შორის, ვინც კი დღეს ქართულ საჯარო სკოლებში ქართულს ასწავლის), მაგრამ სკოლიდან უნივერსიტეტში გადადგმული ნაბიჯი ადამიანის თავში ყველაფერს დავდაყირა აყენებს. იმხანად სემესტრის დასაწყისში, საგნების არჩევის დროს, თსუ-ის ელექტრონულ ბაზაში ქრისტეს ტირილი ისმოდა. სასურველ საგანზე, სასურველ ლექტორთან მოსახვედრად იუდა კიდევ ერთხელ გაყიდდა მაცხოვარს, ძმა კი ძმას სიამოვნებით გამოუსვამდა ყელში ბლაგვ დანას. ამის გამო, გადავწყვიტე, წინასწარ გამეკითხა, ვინ, სად და როგორ ჯობია და კომპიუტერთან მედარაჯა. ალბათ ჩემს ცხოვრებაში ერთით ნაკლები ჭკვიანი ადამიანი იქნებოდა, VI კორპუსის წინ, სტუდენტურ ბირჟაზე ერთი წინადადება რომ არ დამცდენოდა: “ვინ ავირჩიო ქართულ ენაში?” – ვიკითხე და თითქოს თბილისმა ერთხმად იხუვლა: “იმნაიშვილი, იმნაიშვილი”, ისევე როგორც მაჰმუდის სახელს აგუგუნებენ შორეულ მიწაზე. ეს ხმა ექომ გაიტაცა ჭავჭავაძესა და მელიქიშვილზე.

მერე მოხდა ის, რაც ჰოლივუდურ ფილმებში ხდება ხოლმე. უმკაცრესი პროფესორი, რომლის ვინაობაც სულ მაინტერესებდა, ვახტანგ იმნაიშვილი აღმოჩნდა. კაცი, რომელიც ქართული ენის გარდა, გასწავლიდა იმასაც, თუ როგორ დარჩენილიყავი ადამიანად ისეთ გარემოშიც კი, სადაც ადამიანობას არავინ გთხოვდა. გირჩევდა, ყოფილიყავი შენი პრინციპების ერთგული და თავისუფალი ადამიანი. ღიად შეგეტანა ეჭვი იმაში, რაც ყოველთვის გიღრღნიდა გონებას, მაგრამ, საზოგადოებაში გამეფებული ტაბუს გამო, თქმას ვერ ბედავდი.

მისი ლექციები ყოველთვის 08:30 საათზე იწყებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ერთ ზარმაც ყმაწვილს, რომელიც ვაზისუბანში ცხოვრობდა, ცივი ზამთრის დროს 06:30-ზე უნდა გაეღვიძა, მომზადებულიყო და 07:00-ზე გასულიყო სახლიდან, როცა ჩაბნელებული უბნის კორპუსებში ჯერ არცერთი ფანჯრიდან არ გამოდიოდა სინათლე. ქუჩის ძაღლთან ერთად მდგარიყო გაჩერებაზე და კანკალით დალოდებოდა #35 სამარშრუტო ტაქსის. გაჰყოლოდა მას ელბაქიძის აღმართამდე და უნივერსიტეტამდე ფეხით გაეგრძელებინა გზა. ამ რთული დავალების შესასრულებლად ენერგიასა და შთაგონებას თავად ვახტანგ იმნაიშვილი მაძლევდა. ის ყოველთვის თხუთმეტი წუთით ადრე მოდიოდა VI კორპუსთან და ლექციის დაწყებამდე ეზოში სეირნობდა. “როგორ ბრძანდებით, ბატონო ვახტანგ” – ვკითხავდი ჯერ კიდევ ნამძინარევი და უსიცოცხლო ხმით 70 წლის პროფესორს. ის კი ენერგიულად და სხარტად მპასუხობდა: “ყველაზე კარგად”. არც ტყუოდა.

ცხადია, ისეთი ადამიანის ლექციები, როგორიც ვახტან იმნაიშვილია, სტანდარტული ვერ იქნებოდა. ის გვერდს უვლიდა სწავლების რუტინულ და მოსაბეზრებელ მეთოდს – წესების დაზუთხვას და დაუჯერებელია, მაგრამ გვასწავლიდა ისეთი მეთოდით, რომ 06:30-ზე აწკრიალებული მაღვიძარას ხმა თავზარს კი არ გცემდა, სასიამოვნოდ ჩაგესმოდა ყურში. იმნაიშვილის მიერ შექმნილი ტესტები დანაღმულ ველს ჰგავდა, რომელიც ფრთხილად უნდა გაგევლო, ნაღმები აღმოგეჩინა, ანუ შეცდომები გეპოვა, გაგენეიტრალებინა, ანუ შეგესწორებინა და გზა გაგეგრძელებინა. პირადად მე, თითო ტესტში, ასე, ხუთჯერ-ექვსჯერ მაინც ვფეთქდებოდი ხოლმე. სულ რამდენჯერმე გამიღწევია ჯანმრთელს სამშვიდობომდე.

დღევანდელი გადმოსახედიდან ასე ვხედავ: ვახტანგ იმნაიშვილმა უსისხლო, უმტკივნეულო ოპერაცია ჩამიტარა, რომელიც ორი აკადემიური სემესტრის განმავლობაში გრძელდებოდა. ისევე როგორც ალკოჰოლიკებს უდგამენ ხოლმე კუნთში კაფსულებს, მან ჩამიმონტაჟა მოწყობილობა, რომელიც ჩემს გონებას მუდმივად აიძულებს იმუშაოს ქართულ ენაზე; შეეცადოს სწორად დაალაგოს წინადადებები; აღმოაჩინოს შეცდომები და გაასწოროს ისინი.

იმნაიშვილის კოლოკვიუმები და გამოცდები სხვათა გამოცდებს არ ჰგავდა. აქ ინტელექტუალურ ქურდობას, ანუ სხვისი ნაწერიდან გადაწერის მეთოდს, არ მივდევდით. განა იმიტომ, რომ ჩვენი ჭინკებით სავსე ტვინები რაიმე მანქანას ვერ მოიფიქრებდნენ. უბრალოდ იმიტომ, რომ გადაწერის გვერიდებოდა. ვიცოდით, რომ ამით მასთან ურთიერთობას გავაფერმკრთალებდით, ურთიერთობას, რომელიც ჩემთვის დღემდე ძალიან ძვირფასია.

ქართული ენის კურსის მიწურულს ვახტანგ იმნაიშვილმა საკუთარი წიგნი მაჩუქა იმის ნიშნად, რომ ჩვენი ურთიერთობა არც მისთვის იყო უმნიშვნელო. წიგნში წერილი დამხვდა, რომელიც ამ სიტყვებით მთავრდებოდა: “მიხარია, რომ მშობლიური ენის მასწავლებლად მაინცდამაინც მე ამირჩიე, და, რაც უფრო მნიშვნელოვანია – თუკი შენი მოლოდინი გავამართლე”.

რამდენიმე თვის წინ ვახტანგ იმნაიშვილი ერთერთ (სწორედ მისი კურსის შემდეგ ვწერ ამ სიტყვას ერთად და არა დეფისით) სატელევიზიო გადაცემაში ვნახე, სადაც საკუთარი სიყვარულის ისტორიაზე ლაპარაკობდა. ეს თემა ირიბად, მაგრამ ყოველთვის თან სდევდა იმნაიშვილის ლექციებს. ერთხელ მელიქიშვილზე შემხვდა. გაიცანი, ეს ჩემი შვილიაო – მითხრა. მეორე დღეს, ლექციის წინ მკითხა:

–         დათო, გახსოვს გუშინ ჩემი შვილი რომ გაგაცანი?

–         რა თქმა უნდა.

–         ის სინამდვილეში ჩემი ცოლია – თქვა და გულიანად გაიცინა. ამ ამბავს ხშირად მახსენებს, როდესაც ტელეფონით ვსაუბრობთ.

ასე გავიცანი ქალბატონი ქეთინო, რომელიც, მართალია, ქმრის ლექციებს არ ესწრებოდა, მაგრამ ყოველთვის ვხედავდით მას, როცა კი იმნაიშვილს სიყვარულზე დასცდებოდა რამე.

ჩემი და იმნაიშვილის ურთიერთობა დღემდე გულწრფელი და სიყალბისგან დაცლილია. ხანდახან ის მირეკავს და მთხოვს, რომ Facebook-ზე ბილწსიტყვაობის გარეშე გამოვთქვა ჩემი აზრი. მე მას ყოველ ჯერზე ვაძლევ პირობას, მაგრამ ხანდახან მაინც მომდის გადაცდომები, რის გამოც ბოდიშს ვუხდი ხოლმე.

… და მაინც, ბატონო ვახტანგ, ნეტავ რამდენჯერ ავფეთქდი ამ წერილის წერისას?

ინტროვერტების „მშვიდი ძალა“

0

სიუზენ კეინის „ინტროვერტების მშვიდი ძალა“ იმ წიგნთაგანია, რომლებზეც საუბარი არ წყდება. მისი ფოტო ჟურნალ TIME-ის გარეკანზე დაიბეჭდა, ხოლო თავად წიგნს, მერამდენე თვეა, წამყვანი პოზიცია უკავია New York Times-ის ბესტსელერთა სიაში. TED Talks-ზე ვიდეო წიგნის შესახებ 13 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.

„ბავშვები ამ ამბის მთავარი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილები არიან“, – ამბობს კეინი. ინტროვერტები, შესანიშნავი, განათლებული, ნიჭიერი და საყვარელი ბავშვები, გამუდმებით გრძნობენ, რომ მათ თავს რაღაც ვერ არის რიგზე. წიგნის ავტორის მიზანი ის იყო, უფროსებს მეტი გაეგოთ ინტროვერტების შესახებ და ასეთ ბავშვებს აღარ ჰქონოდათ პრობლემები, რომლებსაც დღეს ეჯახებიან.

რას ნიშნავს ინტროვერტობა, როგორია ინტროვერტი ბავშვი?

თანატოლებს ინტროვერტი ბავშვი სრულიადაც არ მიაჩნიათ განსხვავებულად. განსხვავებას ხშირად მხოლოდ უფროსები ხედავენ. ინტროვერტები თავიანთ მაქსიმალურ შესაძლებლობას შედარებით მშვიდ, წყნარ გარემოში ამჟღავნებენ. იქვე გრძნობენ თავს ყველაზე კომფორტულად. სწორედ ესაა განსხვავება ინტროვერტებსა და ექსტროვერტებს შორის. უფრო ზუსტად რომ ავხსნათ, მათ სხვადასხვანაირი ნერვული სისტემა აქვთ. ინტროვერტები საუკეთესოდ გრძნობენ თავს, როცა ირგვლივ სიმშვიდეა და არა ქაოსი, ურჩევნიათ, მშვიდ გარემოში ხატვით ან ერთ-ორ მეგობართან ერთად საყვარელი სპორტით შეიქციონ თავი, ხოლო ექსტრავერტებს ხალხმრავალი ადგილები უფრო იზიდავთ. დაბადების დღეზე უამრავი ხალხის დაპატიჟება და გართობა მათთვის საუკეთესო სტიმულატორი და მოტივატორია.

რა საერთო აქვს ინტროვერტობასა და სიმორცხვეს?

ეს ორი სრულიად სხვადასხვა რამაა. სიმორცხვე გახლავთ განსჯის, შეფასების შიში. ეს არის ქცევა, როცა ადამიანს არ სურს, სხვების ყურადღება მიიპყროს და მათი ესა თუ ის შეფასება დაიმსახუროს. ბევრი ინტროვერტი ბავშვი სინამდვილეში სულაც არ არის მორცხვი და პირიქით, შესაძლოა, ექსტროვერტი მორცხვი იყოს. როცა ექსტროვერტი ბავშვები მორცხვობას სძლევენ, ისინი თავიანთი თემის, ჯგუფის, მეგობრების წრის ეპიცენტრში ექცევიან. ასე რომ, ბავშვთან მუშაობის დროს უმნიშვნელოვანესია, კარგად გავარკვიოთ, რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ის და ერთმანეთში არ ავურიოთ ინტროვერტობა, ექსტროვერტობა და მორცხვობა.

 

გრძნობენ თუ არა ინტროვერტი ბავშვები სკოლაში თავს კომფორტულად?

უამრავი სკოლა მონდომებით ეძებს ინფორმაციას იმის თაობაზე, როგორ მიუდგნენ ინტროვერტ მოსწავლეებს, რათა მათ თავი კომფორტულად იგრძნონ. ისინი სვამენ კითხვებს: როგორ გავუჩინოთ ინტროვერტს მოტივაცია, აქტიურად ჩაერთოს საკლასო მუშაობაში? ხომ არ შევცვალოთ სწავლების მეთოდები? ზედმეტ უპირატესობას ხომ არ ვანიჭებთ მოსწავლეებს, რომლებსაც გაკვეთილზე ხელი სულ აწეული აქვთ და საპასუხოდ მზად არიან? რა უნდა იყოს მოსწავლის შეფასების კრიტერიუმი – წერილობით გამოცდაზე ნაჩვენები შედეგი თუ საკლასო ოთახში გამოჩენილი აქტიურობა? „ჩემს წიგნში, – ამბობს კეინი, – სკოლები წავახალისე, წერილობითი გამოცდებისთვის მეტი ყურადღება მიექციათ, ვიდრე კლასში აქტიურობისთვის, რადგან ინტროვერტებს და მორცხვ ბავშვებს უჭირთ გაკვეთილის პროცესში კითხვებზე პასუხის სხარტად გაცემა, ვერ ამჟღავნებენ თავიანთ მაქსიმუმს. ამ დროს ისინი ფიქრობენ: „როგორ მოიქცევიან თანაკლასელები, თუ არასწორად ვუპასუხე?“

 

კარგია თუ არა საკლასო ოთახში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება? ეხმარება თუ არა ამგვარი მიდგომა ინტროვერტებს? იქნებ პირიქით?

სიუზენ კეინი ამბობს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება საკლასო ოთახში ინტროვერტი და მორცხვი ბავშვებისთვის ძალიან სასარგებლოა. მაგალითად, ინტროვერტი თავს უფრო კომფორტულად გრძნობს, როცა საშინაო დავალებისა თუ საკლასო სამუშაოს შესრულება ეკრანთან, საკუთარ კომპიუტერში უწევს. ის მარტივად კრეფს პასუხებს, რომლებსაც თანაკლასელები მხოლოდ ეკრანზე ხედავენ. განხილვა და დისკუსია საჭირო აღარ არის.

როგორ გავხადოთ ჯგუფური სამუშაო ინტროვერტებისთვის კომფორტული და სასარგებლო?

„ჩემი გამოცდილებით, – ამბობს სიუზენ კეინი, – ეს ჯგუფის სტრუქტურაზეა დამოკიდებული. მინახავს ძალიან კარგად წარმართული ჯგუფური სამუშაო, სადაც ყველა ბავშვმა იცის საკუთარი როლი და მინახავს უილიამ გოლდინგის „ბუზთა ბატონიც“, სადაც მხოლოდ რამდენიმე დომინანტი ბავშვი საუბრობს, ყველა დანარჩენი კი გარიყულია. ასე რომ, ჯგუფური სამუშაოს წარმატება მთლიანად მასწავლებელზეა დამოკიდებული.

წყარო: https://www.npr.org/sections/ed/2016/02/18/465999756/how-parents-and-teachers-can-nurture-the-quiet-power-of-introverts

,,სიყვარული მარტის თვეში“

0

ის 26 წლის იყო, შთამბეჭდავი წარმოსახვის უნარით დაჯილდოებული. მე კი დამწყები ფანტაზიორი გახლდით. დღემდე მიკვირს, როგორ აღმოვჩნდით ერთ სივრცეში. მე ჯერ თექვსმეტისაც არ ვიყავი და ზრდის პროცესის ,,დასაჩქარებლად“ ძალ–ღონეს არ ვიშურებდი, ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში ჩამივარდებოდა. ფარნის შუქზე – საბნის ქვეშ, სანთლის მბჟუტავ ალზე, მთვარის შუქზეც კი – თუ ზაფხულის ნათელი ღამეები დამებედებოდა. ამგვარი ლიტერატურული შიმშილის დასაპურებლად კარგი მრჩეველი ნამდვილად დროული იყო. ჰოდა, თავი არც დაუზოგავს იმ ოცდაექვსი წლისას. ჩვენი ხანმოკლე ნაცნობობის პერიოდში რამდენიმე საინტერესო ავტორი გამაცნო. მათ შორის იყო გურამ რჩეულიშვილიც. მაშინ ამ ავტორის შესახებ მხოლოდ ის მსმენოდა, რომ უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

მარტის თვე იყო. მორიგი შეხვედრიდან სახლში ვბრუნდებოდი. დამემგზავრა. ჯერ თავისი ახალი მოთხრობა წამიკითხა, მერე კი რატომღაც გურამ რჩეულიშვილი ახსენა და შემპირდა, რომ მის მოთხრობებსაც წამიკითხავდა. პირველი მერცხალი გახლდათ ,,სიყვარული მარტის თვეში“ და მგონი – უკანასკნელიც. ის ბიჭი ისევე მოულოდნელად გაქრა ჩემი ჰორიზონტიდან, როგორც გამოჩნდა. მისგან მხოლოდ ეს ბუნდოვანი მოგონება და მარტის თვის მოურჩენელი სიყვარული დამრჩა.

მართალია, გაგრაში არასდროს დამისვენია და არც საყვარელი მწერლის თუ ბიჭის დაკარგვა მიგლოვია. მაგრამ  რატომღაც სწორედ გურამ რჩეულიშვილს ეძღვნებოდა ჩემი პირველი ნოველა, რომელშიც ახალგაზრდა მწერლისა და ზღვის საბედისწერო  შეხვერაზე ვწერდი. მას შემდეგ ყველა მარტი მის შემოქმედებასთან მიბრუნების საბაბად იქცა,  მოგვიანებით კი ჩვევაში გადაიზარდა.

,ცისკარში“ 1957 წელს პირველად დაიბეჭდა გურამ რჩეულიშვილის ხუთი მოთხრობა: „სიყვარული მარტის თვეში“, „ნელი ტანგო“, „თვირთვილა“, „სათაგური“ და „შემოდგომა ბაბუა კოტესი“. ეროვნულ არქივში მოთხრობის რამდენიმე ვარიანტთან ერთად ინახება ჩანაწერი, რომელშიც გურამი ახალ მოთხრობასთან დაკავშირებულ შეგრძნებებზე წერს:

„…ახლა დავამთავრე ერთი პატარა მოთხრობის წერა, რომელსაც დავარქვი „სიყვარული მარტის თვეში“. ჯერ მხოლოდ დილის ათი საათია. დედას ძინავს, ბებომ კი გაიღვიძა და თავისთვის წვალობს. მე კარგ ხასიათზე ვარ რატომღაც. არა, კარგზე კი არა, უბრალოდ რაღაცას ძლიერადა ვგრძნობ. ამას ვეძახი მე კარგ ხასიათს.“ (1956 წლის 29 მაისი).

guram rcheulishvili

ახალი მოთხრობის სიზმარ–ცხადის მიჯნაზე მყოფი მთავარი გმირიც ,,კარგ ხასიათზეა“… დიდი ხანია სიყვარულთან შეხვედრაზე ოცნებობდა, ისღა დარჩენია, შთაბეჭდილების მოსახდენად რომელიმე ბრძნული გამონათქვამიც მოიშველიოს:

,,იყო არაბეთს ერთი მეფე, მეფე ბრძენი და მჭევრმეტყველი. ერთხელ მეფემ იხმო თავისი მრჩეველი და ჰკითხა:
– ბრძენო! მითხარ ჭეშმარიტება სად არის, ან თუ არის, რასა ჰგავს?
– დიდო მეფეო, – მიუგო ბრძენმა, – ჭეშმარიტება სად არის, არავინ იცის, ხოლო გვანებით იგი კეფასა ჰგავს, რომელიც ვიცით, სად არის, მაგრამ ვერასოდეს დავინახავთ.“

ჩემი შთაბეჭდილება ნოდარის სიტყვებითვე შემიძლია გადმოვცე: ,,დიდი არაფერია, თუმცა სიყვარულია.“ გურამ რჩეულიშვილის ობიექტივში სწორედ ასეთი ამბები ხვდებიან – შეგრძნებების და სამწერტილების ზღვაში მოხვედრილები, ზღვაში, რომელიც, არც თუ ისე ღელავს, არადა, ღრმად თუ შეხვალ, შეიძლება ნაპირი სამუდამოდ დაკარგო.

გურამი რომ მძაფრი შეგრძნებების მოყვარული იყო, ამას მისი შემოქმედება და მეგობრებიც ადასტურებენ. სიკვდილი და სიყვარული კი ის თემებია, რომელსაც ვერც ერთი რისკიანი თავგადასავლების მაძიებელი გვერდს ვერ აუვლის.

,,სიკვდილი მთებში“ შედარებით გვიან წავიკითხე.  გურამი ბევრს წერს მოულოდნელი დასასრულებზე. მის მოთხრობებში სიკვდილის მიერ დადგმული წარმოდგენის მთავარ გმირებად  გარდაცვლილები კი არა, ,,გადარჩენილები“ გვევლინებიან. დასასრულის ელდით შებორკილი ადამიანების დუმილში, საუბარსა თუ მოქმედებაში ერთმანეთს ენაცვლება ცივი გონება და ემოცია, კრიტიკა და თანაგრძნობა. ზემოხსენებულ მოთხრობაში ადგილობრივებს  ,,ცივი გერმანელების“ სიკვდილისადმი დამოკიდებულება აგიჟებს. ცხადია, კავკასიის მთებში, სადაც

დღემდე არსებობს მამაკაცების ,,ზარი“,  მსგავსი ემოციური კონტრასტი ორმაგად თვალისმომჭრელია:

,, – დგას და სურათებს იღებს, მგონი არ უყვარდა!.. თითქოს სულ არ დარდობს“

 ,,გურამი უყურებდა და უკვირდა, როგორ ახერხებდა კურელა დარდისა და საქმის ასე საოცრად შეთავსებას!“

ვაღიარებ, დღემდე მიჭირს მეუღლის დასახიჩრებულ გვამთან მდგომი, ლამაზი ხედების გადაღებით დაკავებული ახლად დაქვრივებული ალფრედის ქცევის ბოლომდე გაანალიზება. ყველა მისი სიტყვა ემოციისგან დაცლილია, მისი საუბარი კი სულ უფრო ემსგავსება თავის მართლებას. თუმცა ვინ იცის, იქნებ სწორედ ასე გამოიყურება რეალობიდან გაქცევის მცდელობა?!

,,- ვინც დარდი არ იცის, მან არც მხიარულება იცის, არც რაიმე ძლიერის გრძნობა. მან მხოლოდ გონებით იცის, რომ არის ძლიერი და სუსტი განცდები.“

და აქვე:  – ,,ნეტა მეც ასე შემეძლოს!“

ხორცმა და სულმა ერთად იგრძნო იმ ადამიანის დასასრული, ოცი წელი რომ ალფრედის სარეცელს იზიარებდაო, – წერდა მოთხრობის ერთ–ერთ ვარიანტში მწერალი. თუმცა საბოლოოდ დასკვნითი ეპიზოდი ავტორისეული ,,ახსნა–განმარტების“ გარეშე დაიბეჭდა –  გურამმა დასკვნების გამოტანა მკითხველს მიანდო:

,,კიბეებზე მსუბუქად ამოვიდა ალფრედი, სწრაფად მოათვალიერა სასადილო და საწოლ ოთახში შევიდა, კარი ღია იყო, სასადილოს სარკეში ჩანდა: ალფრედი იდგა გაშეშებული, მარტოკა, და იმ საწოლს უყურებდა, რომელზეც ქალის კაბა და ყვითელყვავილებიანი ხალათი იყო გადაკიდებული… სარკეში ჩანდა: ალფრედი დაეცა საწოლზე, აღრიალდა. ის ტიროდა, ხმამაღლა ქვითინებდა და ზორბა მხრები უძაგძაგებდა…“

გურამ რჩეულიშვილი ხშირად გვევლინება მისივე მოთხრობების პერსონაჟად. იგი ხან დამკვირვებელია, ხან კი სიუჟეტის განვითარების მწვერვალზე დროშასავით ფრიალებს და მზად არის ყველაზე გიჟური საქციელიც კი ჩაიდინოს, ოღონდ ეს მოდუნებული, ცხოვრების რუტინულ ყოფას აყოლილი ხალხი გამოაფხიზლოს. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ამდენი წლის მანძილზე გადაგვარებული რწმენა–წარმოდგენების ნიადაგით გამოკვებილი ბრბოს ახალ ეპოქაში ,,გადარგვა“ არც თუ ისე ადვილია:

,,აღარ შველის ალავერდობას აღარაფერი… უცნაური განურჩევლობა, უმიზნო დაუოკებელ ვნებაში შეზრდილი, სუფევს გარეშემო და თითქოს ყველაფერს, როგორც რეჟისორის მთავარ ჩანაფიქრს, ხაზს უსვამს ორი ნაცნობი, ოფლში გაღვრილი მოცეკვავე, დარჩენილი უმუსიკოდ და უმაყურებლოდ. უყურებს მათ მანქანიდან ახლად ჩამომხტარი ჩვენი მოთხრობების გმირი და ცრემლებივით ადგება ყელში, უნდა რაღაც გააკეთოს, შეაჯანჯღაროს რითიმე ეს ხალხი.“

ცხენებისა და მთის სიყვარულით სტუდენტობისას ,,დაავადდა“. ხევსურეთის ექსპედიციის წევრებს ალბათ სამუდამოდ დაამახსოვრდათ, როგორ დააქროლებდა ფაფარს ჩაფრენილი გურამი უბელო ცხენს. მაგრამ სიკვდილი მხოლოდ მთის ბილიკებზე და ,,თვირთვილებში“ არ იყო ჩაბუდებული…

ზღვაზე იმდენი მოთხრობა დაუწერია, ძნელია რომელიმე მათგანი გამოარჩიო. მათ შორისაა ,,ნელი ტანგოც“. ზღვის ფონზე გათამაშებული ,,ტრაგედია გმირებით“ ხალხისთვის კიდევ ერთ თავშესაქცევს წარმოადგენს, სალაპარაკო თემას, რომელიც დროებით მაინც გაუყუჩებს ცოცხლად დარჩენილებს ,,ადამიანად ყოფნის ტკბილ სევდას“:

როგორც ვიცი, სკოლაში უკვე ისწავლება გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები (,,ალავერდობა“,  ,,ნელი ტანგო“). გურამი საბავშვო მწერალი ნამდვილად არაა, მაგრამ ჩემი პატარებისთვისაც შევარჩიე ერთი–ორი მოთხრობა. ძალიან მოეწონათ ,,შემოდგომა ბაბუა კოტესი“ – ოცნებებშიც კი შეეზიარნენ და გასხვისებული სახლის ბაღში ერთად აიღეს მანდარინის მოსავალი. თუმცა ყველაზე მეტი მაინც აი ამ პატარა მოთხრობაზე იფიქრეს და იდარდეს:

,,ტკივილი? – არა. რაღაც და გათავდა

პირველი თოვლი სულ თხელი იყო. იმ ღამეს არ გადაიღო, დილისთვის მთელი ველი დაფარა. ახლა უკვე ფეხი ეფლობოდა. მოშივდა ბაჭიას. ციოდა. თოვლი გაქექა და უკანა ფეხებზე ხტომით დაეშვა ჭალისაკენ. ქარი უბერავდა. ვერაფერი იპოვა.

შიოდა.

ძალიან, ძალიან მოუნდა ბალახი; თუნდაც სულ ცოტა, უფრო მოუნდა ან თივა, ან ყლორტი.

შიოდა.

რა გემრიელი იქნებოდა ბალახი.

ახლა შუა ველზე მიკუნტრუშობდა.

შიოდა.

უცებ იგრძნო რაღაც.

ტკივილი? – არა.

რაღაც და გათავდა.

ვანომ თავის შვილს დაუძახა და მოკლული ბაჭია აბგაში ჩაუდო:

– მამა, ფეხები მომეყინა, – თქვა ბიჭმა.

– ნუ გეშინია, ერთ საათში შინ ვიქნებით, – დაამშვიდა მამამ.“

ნორვეგიული მუსიკალური ზღაპარი   (III ნაწილი)

0

 

ტყეში ხეტიალის დროს პერ გიუნტი მთის მეფის ასულს გადაეყრება. ასული პერს „ბნელი სულებით“ გარშემორტყმული მამის სამფლობელოში – გამოქვაბულში მიიყვანს, სადაც მათთან ერთად დოვრის მეფის ერთგული უწმინდური არსებები – ტროლები, კობოლდები და ჯადოქრები ცხოვრობენ. ტროლების მეფე საკუთარი წესების თავს მოხვევით მოხეტიალე პერს საბოლოოდ გაუმრუდებს ცხოვრების გზას.

იბსენის დრამის ერთ-ერთი ეპიზოდის მუსიკალური ილუსტრაციაა „მთის მეფის გამოქვაბულში“. ამ სცენაში დამუშავებული კობოლდისეული სახეები სტიქიური, დემონური თვისებებით არიან აღჭურვილნი. ძირითადი თემა კონტრაბასის, ფაგოტისა და ვიოლონჩელისთვისაა დაწერილი. თავშეკავებულად იწყება, ყოველი გამეორებისას უფრო და უფრო ჩქარდება და ბოლოს ბობოქარ prestissimo-ზე მძაფრი აკორდებით წყდება. კომპოზიტორი ოსტატურად შლის ამ სცენის მუსიკას – თემის იდუმალი ხმოვანებით ბანებში გატარებიდან, დინამიკის თანდათანობითი გაძლიერებითა და რეგისტრის ამაღლებით მძლავრად მჟღერ ტონალობამდე. რჩება შთაბეჭდილება, თითქოს გამოქვაბულის ზღაპრული მკვიდრნი უხილავმა ძალამ გრიგალში გაახვიაო.

პერი 40 წლის განმავლობაში დაეხეტება მთელ ქვეყანაზე – ამერიკაში, ჩინეთში, აფრიკაში… ძალაუფლებასა და დიდებაზე მეოცნებე და გამდიდრებული აღმოსავლეთში მოგზაურობისას ბედუინების ტომის ბელადს და მის ქალიშვილს ხვდება. ბელადის ასული ცდილობს, მდიდარ უცხოელს თავი მოაწონოს. მისი გრაციოზული ცეკვა მართლაც ხიბლავს პერს, მაგრამ ცბიერი ანიტრა მეოცნებე მოგზაურს მოხერხებულად გაძარცვავს და მიატოვებს.

დახვეწილი საორკესტრო პიესა, „ანიტრას ცეკვა“, სწორედ ცეკვითაა განსაკუთრებული. ორკესტრის სიმებიანი ჯგუფის უფაქიზესი ჟღერა სამკუთხედის ტემბრითაა შემკული. სიმებიანების ამ ფაქიზ მაქმანში სამკუთხედის ნაზი წკრიალი ძვირფასი ქვების ელვარებას ჰგავს. მუსიკალურ ნაგებობაში იმიტაციები და ნაზი ქრომატული სვლებია ჩაქსოვილი. აკორდული საცეკვაო აკომპანემენტი staccato ოქტავებით იცვლება. პიესა არა მხოლოდ აღმოსავლეთის ველურ სილამაზესა და ანიტრას მოხდენილობას, არამედ მის ხასიათსაც აღწერს – მხიარულს, ცვალებადსა და ცბიერს. გრაციით აღსავსე აღმოსავლური სცენები, „ანიტრას ცეკვა“ და „არაბული ცეკვა“, კონტრასტს ქმნის ნაწარმოების საერთო ეროვნულ კოლორიტთან.

ცნობისთვის: ნორვეგიულ მუსიკაში განსაკუთრებით უხვადაა წარმოდგენილი გლეხური ცეკვები, ეგრეთ წოდებული სლოტერები, ანუ ცეკვები, რომლებსაც ნორვეგიულ ხალხურ ვიოლინოზე უკრავენ (ხალხურ ვიოლინოს ხარდინგული ეწოდება, ჩვეულებრივ ვიოლინოზე პატარაა, აქვს მოკლე ყელი და მკვეთრად გამობურცული დეკა, 4 ნორმალურ სიმს ემატება ოთხი ალიკვოტური (მარეზონირებელი) სიმი, რაც საკრავს ლითონისებრ ჟღერადობას ანიჭებს).

სიცოცხლის განმავლობაში პერი რამდენჯერმე აიხდენს ოცნებას – მოიპოვებს ზღაპრულ სიმდიდრეს, მაგრამ სიცრუით შეძენილს ადვილად კარგავს. ბოლოს, ღარიბი, დაღლილი და სასოწარკვეთილი, სამშობლოში ბრუნდება. ის მოხუცია და მარტოხელა. მისი ცხოვრება ამაოდაა გაფლანგული. პერს ერთადერთი შვება და თავშესაფარიღა დარჩენია – სოლვეიგის უანგარო სიყვარული, თავისი მუზისა, პერის დაბრუნების მოლოდინით რომ ცხოვრობდა და ხსოვნაში ინახავდა ახალგაზრდა, ლამაზი და გულადი ჭაბუკის სახეს.

ასე სრულდება ერთგულებისა და სიკეთის ამბავი, ამბავი იმისა, როგორ გადაარჩენს სიყვარული გზააბნეულს. სოლვეიგის სახე ამაღლებული გრძნობების სამყაროს სიმბოლოა.

ახლა მოვუსმინოთ ნორვეგიის მუსიკალური კულტურის სიამაყეს – „სოლვეიგის სიმღერას“. გულწრფელი სიყვარულით დამუხტული, საოცრად მგრძნობიარე მელოდია მსმენელთა გულებს ადვილად იპყრობს.

დიდი ეროვნული თავისებურებებით გამოირჩევა გრიგის ხალხური ხასიათის მელოდიები. ასეთია მომხიბვლელი „სოლვეიგის სიმღერაც“ – სიუიტის დასკვნითი აკორდი, რომლის დამახასიათებელი მელოდიური საქცევები კომპოზიტორისთვის სამშობლოს სიყვარულის გამოხატვის საშუალება იყო. „ „სოლვეიგის სიმღერა“ ჩემს სიმღერებს შორის ალბათ ერთადერთია, სადაც ხალხური მელოდიის პირდაპირი მიბაძვა შეიძლება დავინახოთ“, – წერდა გრიგი.

სოლვეიგი მღერის განშორებაზე, სიყვარულსა და მარტოობაზე, დროზე, სწრაფად რომ გადის, მაგრამ შეხვედრას არ აახლოებს. მის სიმღერაში გრძნობათა მთელი გამაა გამოხატული: იმედს იმედგაცრუება ცვლის, თავდაჯერებას – ეჭვი. მხოლოდ სიყვარული რჩება უცვლელი.

ეს სევდიანი და ნაზი სიმღერა ერთმანეთის მიმართ კონტრასტული ორი ნაწილისგან შედგება: წამოწყებისა და მისამღერისგან. სიმღერის წამოწყება მშვიდია და თხრობითი. მასში გამოხატულია მწუხარება, ბედის მორჩილება და რწმენა. მისამღერი ნატიფ და მსუბუქ ცეკვას ჰგავს. სოლვეიგისთვის ის იმედის მუსიკაა.

გრიგისთვის განსაკუთრებით ძვირფასი იყო ერთგული, მოსიყვარულე სოლვეიგის სახე, ამიტომ „სოლვეიგის სიმღერა“ მთელ პარტიტურას ლაიტმოტივად გასდევს. ნორვეგიული ხალხური სულით გაჟღენთილი ეს წმინდა და უმანკო მუსიკა გრიგის საუკეთესო ქმნილებათა რიცხვს მიეკუთვნება.

„პერ გიუნტმა“ უკვდავყო, ერთი მხრივ, გრიგის როგორც კომპოზიტორის სახელი, მეორე მხრივ კი იბსენისა როგორც დიდი დრამატურგისა.

„პერ გიუნტის“ მდიდარი სახეები, მაღალი მხატვრული ღირსებები გრიგის სიუიტას თეატრალური მუსიკის ისეთ თვალსაჩინო ნიმუშთა გვერდით აყენებს, როგორებიცაა ბეთჰოვენის „ეგმონტი“ (გოეთეს პიესისთვის), მენდელსონის „ზაფხულის ღამის სიზმარი“ (შექსპირის პიესისთვის), ბიზეს „არლელი ქალი“ (დოდეს პიესისთვის).

კითხვები მოსწავლეებისთვის

  1. რა როლს ასრულებს მუსიკა თეატრში?

მაგალითად: იშვიათია დრამატული სპექტაკლი მუსიკის გარეშე. ის შესაძლოა იყოს ინსტრუმენტული, ვოკალური ან საცეკვაო, როგორც მოქმედების შემავსებელი (პერსონაჟი თავად უკრავს რომელიმე საკრავზე, მღერის ან ცეკვავს). ფსიქოლოგიური ფონის შექმნით მუსიკა მაყურებელს პიესის იდეისა და მოქმედი გმირების ხასიათის გახსნაში ეხმარება.

 

  1. რომელ მუსიკალურ ჟანრებს იყენებს გმირების დასახასიათებლად კომპოზიტორი?

(ქონდრისკაცებთან – მარშს, ანიტრასთან – ცეკვას, ხოლო სოლვეიგთან – სიმღერას).

  1. თეატრალური მუსიკის რომელი ჟანრებია თქვენთვის ცნობილი?
  2. რა არის სიუიტა?
  3. რას ნიშნავს „pastorale“?
  4. „სოლვეიგის სიმღერაში“ რა კონტრასტს ქმნის ერთმანეთთან წამოწყება და მისამღერი?

ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში

0

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd).

 

ბიზნესის უნარჩვევების პროგრამის მიზანია, მოსწავლეებს ადრეული ასაკიდან განუვითაროს ისეთი უნარჩვევები, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, პრობლემის გადაჭრა, ლიდერობა, დაგეგმვა და სხვა.

რა არის ბიზნესის უნარჩვევების პროგრამა?

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd) ორიენტირებულია კითხვისა და მათემატიკის უნარების გაუმჯობესებაზე  I-VI კლასებში. პროექტი საჯარო სკოლებში 2011 წლიდან ხორციელდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით და პროექტში ჩართული დაწყებითი სკოლების ქსელის მეშვეობით G-PriEd და მისი მთავარი პარტნიორი ორგანიზაცია Junior Achievement ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენელთა მონაწილეობით მთელი საქართველოს მასშტაბით 39 საპილოტე სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებს მეწარმეობის, დასაქმებისთვის მზაობის და ფინანსური წიგნიერების საფუძვლებს ასწავლის. G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა 2015 წლიდან ხორციელდება და სთავაზობს უნიკალურ საგანმანათლებლო გამოცდილებას მოსწავლეებს, რომლის შედეგადაც ისინი უკეთ გაიგებენ და აღიქვამენ ბიზნესის სამყაროს, რომელში ჩართვაც მათ სკოლის დასრულების შემდეგ ელით. დაწყებით (I-IV) კლასებში ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილებს კლასის დამრიგებელი ატარებს, ხოლო კერძო სექტორიდან მოწვეული მოხალისეები აღნიშნული პროგრამის წარმატებით განხორციელებაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ, რადგან V-VI კლასებში გაკვეთილებს ისინი უძღვებიან. სწორედ მოხალისეები ქმნიან საკლასო ოთახებში ბიზნესგარემოს და უტარებენ ბავშვებს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც მოსწავლეთა შორის მოტივაციას აღვივებს. გაკვეთილები მოსწავლეებს სახალისო თამაშებისა და აქტივობების სახით მიეწოდება. მოხალისეები მოსწავლეებს აცნობენ ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს, ეხმარებიან მათ პრობლემების შემოქმედებითად გადაწყვეტისა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში.

4 G-PriEd Business Skills 2

რა არის Junior Achievement?

Junior Achievement აშშ-ში დაარსდა და თითქმის ასწლიანი ისტორია აქვს. ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საგანმანათლებლო ორგანიზაციაა, რომელიც სკოლის მოსწავლეებს ექსპერიმენტული და პრაქტიკული პროგრამების საშუალებით მეწარმეობას, დასაქმებისთვის მზაობასა და ფინანსურ წიგნიერებას ასწავლის. ამჟამად Junior Achievement-ის მიერ შემუშავებული პროგრამები მსოფლიოს 123 ქვეყანაში (მათ შორის საქართველოშიც) წარმატებით ისწავლება და მათში ყოველწლიურად 10 მილიონზე მეტი მოსწავლეა აქტიურად ჩართული.

რას მოიცავს დაწყებითი სკოლისათვის განკუთვნილი ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამა?

ბიზნესის უნარ-ჩვევების დაწყებითი სკოლის პროგრამა მოსწავლეებს აცნობს საბაზრო სისტემის მუშაობის პრინციპებს, მათ მიმართებას დემოკრატიულ ღირებულებებთან და იმას, თუ რა პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავად მათ აღნიშნული სისტემის მუშაობაში.

რატომ არის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის განხორციელება მნიშვნელოვანი და რა იქნება მოსალოდნელი შედეგი?

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ ისეთი მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების გამომუშავებას, როგორებიცაა: კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა, კომუნიკაცია, ლიდერობა, გადაწყვეტილების მიღება, გუნდური მუშაობა, არჩევნის სწორად გაკეთება და სხვა. ადრეულ ასაკშივე ასეთი მნიშვნელოვანი უნარების გამომუშავებით მოსწავლეები უკეთ მოემზადებიან სამომავლო განათლებისა და სამუშაო გარემოსათვის.

sagakvetilo procesi2

რა არის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ძირითადი მიმართულებები?

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: დასაქმებისთვის მზაობა, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა.

რა როლი ეკისრება მასწავლებელს და კერძო სექტორის მოხალისეს ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილების ჩატარებისას?

I-IV კლასებში ბიზნესის უნარ-ჩვევების გაკვეთილებს კლასის დამრიგებელი ატარებს და პროგრამას სპეციალური თვალსაჩინოებებისა და სასწავლო მასალების გამოყენებით ახორციელებს. V-VI კლასებში კი გაკვეთილებს კერძო სექტორის მოხალისეები უძღვებიან. ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამის სწავლების მეთოდიკა სრულად არის დაფუძნებული შემეცნებით-სააზროვნო თამაშებზე. გარდა ამისა, მოხალისეები მოსწავლეებს თავიანთ ცხოვრებისეულ და კარიერულ გამოცდილებასაც უზიარებენ. სწორედ მოხალისეები ქმნიან საკლასო ოთახში ბიზნესგარემოს, ატარებენ ინტერაქტიულ გაკვეთილებს, რაც სამომავლოდ მოზარდებს შორის აღვივებს მოტივაციას. მოხალისეები აცნობენ მოსწავლეებს ეკონომიკისა და ფინანსების საბაზისო ცნებებს. ეხმარებიან მათ პრობლემის შემოქმედებითად გადაწყვეტასა და ცხოვრებისეული უნარების განმტკიცებაში.

 

 

ბიზნესის უნარ-ჩვევების პროგრამები და მათი მიმოხილვა

G-PriEd-ის ბიზნესის უნარ-ჩვევების პროექტი მოიცავს I-VI კლასებისათვის განკუთვნილ შვიდ ინდივიდუალურ პროგრამას, როგორებიცაა: „ჩვენ თვითონ“ (I კლასი), „ჩვენი ოჯახი“ (II კლასი), „ჩვენი საზოგადოება“ (III კლასი), „ჩვენი ქალაქი“ (IV კლასი), „ჩვენი რეგიონი“ (V კლასი), „ჩვენი ქვეყანა“ და „ფულზე მეტი“ (VI კლასი).

I კლასი – „ჩვენ თვითონ“

პროგრამა მოსწავლეებს ინდივიდის ეკონომიკურ როლებს ასწავლის – არჩევნის გაკეთების, მიზნების დასახვის, სურვილების და საჭიროებების განსაზღვრის, ფულის გამომუშავების, დანაზოგის გაკეთების, გაზიარებისა და ეთიკური შრომის პრინციპების გაცნობის გზით.

II კლასი – „ჩვენი ოჯახი“

პროგრამაში აღწერილია ის როლები, რომლებსაც ადამიანები ასრულებენ ადგილობრივ ეკონომიკაში. აღნიშნული პროგრამა უზრუნველყოფს მოსწავლეების ჩართვას ისეთ აქტივობებში, რომლებიც დაკავშირებულია საჭიროებებთან, სურვილებთან, სამუშაოსთან, საშუალებებთან და უნარებთან, ასევე ურთიერთდამოკიდებულების პრინციპებთან.

III კლასი – „ჩვენი საზოგადოება“

პროგრამაში განხილულია დასაქმებულთა როლები საზოგადოებაში, სხვადასხვა საქმიანობათა ურთიერთკავშირი და საზოგადოებაში შრომის ორგანიზების საკითხები.

IV კლასი – „ჩვენი ქალაქი“

ამ პროგრამის საშუალებით მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა პროფესიებს, მათთვის საჭირო უნარებს, ეცნობიან თუ რა როლს ასრულებს ბიზნესი ქალაქის განვითარებაში.

V კლასი – „ჩვენი რეგიონი“

პროგრამაში წარმოდგენილია კავშირი სხვადასხვა რეგიონში არსებულ ბუნებრივ, ადამიანურ და კაპიტალურ რესურსებს შორის. მასში განმარტებულია რეგიონული ბიზნესები, რომლებიც მომხმარებელს საქონლითა და მომსახურებით უზრუნველყოფს.

VI კლასი – „ჩვენი ქვეყანა“

პროგრამის საშუალებით მოსწავლეები ითვისებენ პრაქტიკულ ინფორმაციას ბიზნესის მოთხოვნების შესახებ, რომლებიც ინდივიდებს შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის სჭირდებათ.

VI კლასი – „ფულზე მეტი“

პროგრამის მიხედვით, მოსწავლეები სწავლობენ ფულის გამომუშავებასთან, ხარჯვასთან, განაწილებასთან და დაზოგვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ისინი იძენენ თანხის მართვის უნარებს, მათ ცხოვრებაში ფულის როლის და მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერებისათვის.

sagakvetilo procesi1

წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლები პროგრამის შესახებ

„ბიზნესის უნარ-ჩვევები დაწყებით განათლებაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თავიდანვე უვითარებს ბავშვს ისეთ უნარ-ჩვევებს როგორებიცაა: მიზანდასახულობა, პასუხისმგებლობა, ლიდერობა, ამოცანის გადაწყვეტის უნარი, ალტერნატივების ძიება და ა.შ. ჩვენი კომპანიის ბევრი თანამშრომელი სიამოვნებით დათანხმდა ამ პროექტში მონაწილეობას, ვინაიდან ყველას კარგად გვესმის, რომ ეს არის საქართველოს მომავალი და ჩვენი წარმატება მომავალ თაობაზეა დამოკიდებული“.

აიეტი კუკავა, სს „ალიანს ჯგუფი  ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორი

 

„ჩვენი კომპანიისთვის, „თი-ბი-სი ლიზინგისთვის“ ძალიან სასიხარულოა, რომ ამ პროექტში მონაწილეობის შანსი მოგვეცა, რადგან პირველ რიგში „თი-ბი-სი ჯგუფის“ ფასეულობებიდან გამომდინარე, სოციალური პასუხისმგებლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და განათლების სისტემაში მონაწილეობის მიღება, ორმაგად და სამმაგად უფრო მნიშვნელოვანი. აღნიშნული პროგრამა ბავშვებს შანსს აძლევს, რომ ბიზნესის უნარ-ჩვევები და ფინანსური განათლება პატარა ასაკიდანვე გამოიმუშაონ. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, იმ შეცდომების ალბათობა, იმ იმედგაცრუებების ალბათობა, რომლებიც დღეს ხშირად გვხვდება, უკვე მინიმუმამდე იქნება დაყვანილი“.

ნანა მიქაშავიძე, სს „თი-ბი-სი ლიზინგის“ დირექტორი

სიტუაციური სავარჯიშოები ინტერკულტურული განათლებისთვის (მე–2 ნაწილი)

0

თანამედროვე სამყაროს გამოწვევა. სამყაროში, რომელიც სწრაფ ცვლილებებს განიცდის და სადაც კულტურული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარდატეხები ცხოვრების ტრადიციული წესის ერთგვარი გამოწვევა ხდება, განათლებამ მთავარი როლი უნდა შეასრულოს სოციალური ერთობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშესაწყობად. იმ პროგრამების საშუალებით, რომლებიც წაახალისებს განსხვავებული კულტურის, რწმენისა და რელიგიის მქონე ადამიანთა შორის დიალოგს, განათლებას შესწევს ძალა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მდგრადი და ტოლერანტული საზოგადოებების განვითარებაში. ინტერკულტურული განათლება ერთგვარი პასუხია ყველა ადამიანისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის გამოწვევაზე, რომელიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაშია მოცემული: „განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნების სრული განვითარებისა და ადამიანის უფლებათა ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის გადიდებისაკენ. განათლებამ ხელი უნდა შეუწყოს ყველა ხალხის, ყველა რასობრივი თუ რელიგიური ჯგუფის ურთიერთგაგებას, შემწყნარებლობასა და მეგობრობას და ხელი უნდა შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მოღვაწეობას მშვიდობის შესანარჩუნებლად“[i].

ტერმინის შესახებ. ალბათ, საჭიროა დაზუსტდეს ტერმინების – „ინტერკულტურული განათლება“ და „მულტიკულტურული განათლება“ – მნიშვნელობა. მიუხედავად იმისა, რომ სფეროს მკვლევრების უმრავლესობა (ბენკსი, ბენეტი, გეი, კუშნერი, გორსკი და სხვ.) განათლების საკითხებთან მიმართებაში იყენებს ტერმინს „მულტიკულტურული განათლება“, ხოლო სამეცნიერო ნაშრომთა ნაწილში ამ ტერმინებს სინონიმებადაც შევხვდებით: (1) „ინტერკულტურული განათლების იუნესკოს გზამკვლევის“ მიხედვით, ტერმინი „მულტიკულტურული“ აღწერს ადამიანთა საზოგადოების კულტურულად მრავალფეროვან ბუნებას. ის არა მხოლოდ ეთნიკური ან ეროვნული კულტურის ელემენტებს აღნიშნავს, არამედ მოიცავს ლინგვისტურ, რელიგიურ და სოციო-ეკონომიურ მრავალფეროვნებასაც. ინტერკულტურალიზმი დინამიკური კონცეფციაა და აღნიშნავს კულტურულ ჯგუფებს შორის ურთიერთობას. ის განისაზღვრება, როგორც „მრავალფეროვან კულტურებს შორის თანასწორი ურთიერთობები და დიალოგისა და ურთიერთპატივისცემის საფუძველზე კულტურული თვითგამოხატვის გაზიარებულ ფორმათა შექმნის შესაძლებლობა“[ii]. ინტერკულტურული ურთიერთობები გულისხმობს მულტიკულტურალიზმს და ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ ან საერთაშორისო დონეებზე კულტურათაშორისი გაცვლისა და დიალოგის შედეგია. ინტერკულტურული განათლება პასიური თანაარსებობის მიზანს სცდება და მიზნად ისახავს მულტიკულტურულ საზოგადოებებში განვითარებადი და მდგრადი თანაცხოვრების მიღწევას სხვადასხვა კულტურულ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგების, ურთიერთპატივისცემისა და დიალოგის გზით. (2) ტერმინ „ინტერკულტურულ განათლებას“ იყენებს ევროპის საბჭო თავის ვებგვერდზე[iii] და თავისივე პუბლიკაციებში; (3) საქართველოს სამეცნიერო წრეებში თანამედროვე მრავალფეროვანი გარემოს აღსანიშნავად იყენებენ ტერმინს „მულტიკულტურული“, ხოლო განათლებასთან მიმართებაში – ტერმინს „ინტერკულტურული“.

ამრიგად, ინტერკულტურული განათლება ემსახურება მულტიკულტურული გარემოს საგანმანათლებლო მიზნებს.

გთავაზობთ ინტერკულტურული განათლების ხელშემწყობ რამდენიმე სიტუაციური სავარჯიშოს თარგმანს[iv].

ჯიმის შეცდომა

ორი წელია ჯიმი პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების ჯგუფს ხელმძღვანელობს. ახალი ქსელური პროგრამების შექმნისას ის მჭიდროდ თანამშრომლობს არუნასთან ჯგუფის ინდოელ ლიდერთან. ჯიმის კომპიუტერული პროგრამების განვითარების მხოლოდ 25-წლიანი გამოცდილება აქვს, ხოლო არუნას, როგორც იტყვიან „ჭიპი აქვს მოჭრილი“ ამ საქმეში.

წინა კვირის ნამუშევრის გადახედვისას ჯიმიმ შენიშნა, რომ პროგრამის კოდირებაში შეცდომა ჰქონდა დაშვებული. ნახა, რომ არუნას გაესწორებინა მისი შეცდომა, თუმცა დაინტერესდა, რატომ არ გააგებინა მას, რომ მომავალში მსგავსი შეცდომა თავიდან აერიდებინა.

კითხვები:

  • უნდა ეთქვა თუ არა არუნას ჯიმისთვის შეცდომის შესახებ? დაასაბუთეთ.
  • თუკი ჯიმის სურს, რომ მომავალში არუნამ გააგებინოს ხოლმე შეცდომების შესახებ, როგორ უნდა მოიქცეს?

სავარაუდო პასუხი

ამ სიტუაციაში ჯიმი და არუნა ვერ აცნობიერებენ, რომ მათ მოლოდინებზე უდიდეს გავლენას ახდენს მათი კულტურა. ორივე ვარაუდობს, რომ მათი კომუნიკაციის მათეული მეთოდი ერთმანეთის მსგავსია.

აზიურ კულტურათა უმრავლესობაში ხელმძღვანელის კრიტიკა მიუღებელია. არუნა იცავს თავისი კულტურის ნორმებს და ჯიმის შეცდომის შესახებ პირდაპირ კომუნიკაციას თავს არიდებს. მეორე მხრივ, ჯიმი მოელის უფრო პირდაპირ კომუნიკაციას პროექტის ტექნიკური ასპექტების შესახებ.

ჯიმიმ უნდა დაარწმუნოს არუნა, რომ პირდაპირი კომუნიკაცია პროგრამული შეცდომების შესახებ წახალისებულია. მას უნდა გაიაზროს, რომ არუნას დრო დასჭირდება კომუნიკაციის მისეულ სტილთან შესაგუებლად და ყოველთვის უნდა ეცადოს გაგებას, როცა არუნა პირდაპირ მიუთითებს შეცდომებზე. ასევე გარკვეული ძალისხმევა დასჭირდება, როცა არუნა არაპირდაპირი გზით ეცდება პროგრამული შეცდომების მითითებას.

 

ლევანი სამსახურში არ არის

ლევანმა ახლახან დაიწყო მუშაობა დედაქალაქში მდებარე სათავო ოფისში. სწავლებისათვის მას 3 თვე შეერთებულ შტატებში მოუწევს გამგზავრება. მერიმ, ნიუ იორკში მდებარე ოფისის პროექტის მენეჯერმა სატელეფონო კონფერენცია სამშაბათისთვის დანიშნა. ლევანს ამ დროისთვის საელჩოში აქვს შეხვედრა.

მერი: შეგვიძლია ხვალ საღამოს 7:00 საათზე დავილაპარაკოთ, თუ სჯობს შენს დაბრუნებას დაველოდოთ?

ლევანი: უკეთესი იქნება, თუ დაველოდებით, თუმცა შემიძლია ჩავერთო კონფერენციაში, თუ გსურს – თუ საჭიროა.

მერი: გინდა გადავდოთ? მითხარი კი თუ არა!

კითხვები:

  • რა კულტურული და/ან პერსონალური თავისებურებები ახდენს გავლენას კომუნიკაციაზე?
  • სავარაუდოდ რას ფიქრობს/გრძნობს მერი?
  • სავარაუდოდ რას ფიქრობს/გრძნობს ლევანი?

სავარაუდო პასუხი

ლევანი რთულ სიტუაციაშია. მან, როგორც გუნდის ახალმა წევრმა, არაფერი იცის გუნდის კულტურისა და მერის კომუნიკაციის სტილის შესახებ. კომუნიკაციის პროცესში ის ცდილობს მიახვედროს მერი, რომ შეხვედრის გადადება სურს, მაგრამ მერი ვერ იგებს მის არაპირდაპირ შეტყობინებას. რაკი ლევანი გუნდის ახალი წევრია, მან უნდა შეძლოს პირდაპირი კომუნიკაციის სტილის სწავლა და მერის პირდაპირობა უხეშობად არ მიიღოს. მერი, როგორც პროექტის მენეჯერი, უნდა ეცადოს საკუთარი ვირტუალური გუნდის წევრების კომუნიკაციის განსხვავებული სტილის გაგებას. შესაძლოა მან კონსულტანტი მოიწვიოს და მისი დახმარებით შეძლოს ღია დიალოგი კულტურული განსხვავებებისა და გუნდის სამუშაო კულტურის შესახებ.

დაწინაურება

რამდენიმე წელია მერაბი საინფორმაციო ოფიცრად მუშაობს საელჩოში. მის უფროსს, ჰენდრიკს, სურს მუყაითობისათვის დააჯილდოვოს და სთავაზობს საინფორმაციო კლერკად დაწინაურებას და ხელფასის გაზრდას. მერაბი ზრდილობიანად ამბობს უარს შეთავაზებაზე. ჰენდრიკი დაბნეულია.

კითხვები:

  • რატომ შეიძლებოდა მერაბს უარი ეთქვა დაწინაურებაზე?
  • როგორ უნდა მოიქცეს ჰენდრიკი?

სავარაუდო პასუხი

სავარაუდოდ, მერაბი უარს ამბობს ამგვარ დაწინაურებაზე, რადგან საინფორმაციო ოფიცრის წოდება უფრო პრესტიჟულად ეჩვენება, ვიდრე საინფორმაციო კლერკის. თავის მხრივ, ამგვარი დამოკიდებულება შესაძლოა უჩვეულოდ ეჩვენებოდეს ჰენდრიკს, რომელიც ვარაუდობს, რომ ნებისმიერი ადამიანისათვის ხელფასი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტატუსი და თანამდებობა. მერაბისთვის, მართალია, მნიშვნელოვანია ხელფასის გაზრდა, მაგრამ წუხს, როგორ იმოქმედებს მისი სტატუსის შეცვლა მისი ოჯახის სახელზე საზოგადოებაში. თუკი სტატუსის შეცვლას ვერ შეძლებს, ჰენდრიკმა მერაბის თავდადებული შრომის აღიარების სხვა გზა უნდა მოძებნოს. შეიძლება ამჟამინდელი სტატუსის პირობებში შეძლოს მისთვის ხელფასის გაზრდა ან ხელმძღვანელობას სთხოვოს მერაბისთვის სიგელის მიცემა, რომელსაც ის საკუთარ სახლში თვალსაჩინო ადგილზე დაკიდებს.

სხვებსაც უნდა შეხვდე

ამერიკელი მარკი დელიში ცხოვრობს. ის აჯაის ხვდება, რომელიც საჯარო სექტორში მუშაობს. მარკი დაინტერესებულია ადგილობრივ ბიზნესმენთან სურეშთან პარტნიორობით, რომელთანაც ადრე აჯაი მუშაობდა. მარკს აინტერესებს აჯაის აზრი სურეშთან პარტნიორობის შესახებ.

მარკი: იცნობ სურეშს?

აჯაი: რა თქმა უნდა, 10 წლის განმავლობაში ერთად ბევრ პროექტზე ვიმუშავეთ მას კარგად ვიცნობ.

მარკი: მასთან შეხვედრას ვგეგმავ, მინდა მოვსინჯო, შევძლებთ თუ არა თანამშრომლობას. შენ რას ფიქრობ?

აჯაი: მასაც უნდა შეხვდე და სხვებსაც.

მარკი: მადლობა. კიდევ ვის უნდა შევხვდე?

აჯაი: ხომ იცი ბევრი გოგოა, რომელსაც სწრაფად უყვარდება პოპულარული, კარგად ჩაცმული და სიმპატიური ბიჭი. როცა დაქორწინდებიან მიხვდებიან ხოლმე, რომ შეცდომა დაუშვეს, რადგან ბიჭი „ცარიელია“. ზოგი გოგო კარგი ხასიათის ბიჭს ეძებს, მისი ოჯახის შესახებ იგებს ინფორმაციას და მის მეგობრებს ესაუბრება. დაქორწინების შემთხვევაში ეს გოგოები უფრო ბედნიერები არიან, ვიდრე პოპულარულ ბიჭზე გათხოვილები.

კითხვები:

  • უნდა შეხვდეს თუ არა მარკი სურეშს? დაასაბუთეთ.
  • რატომ იკითხა მარკმა სხვა ადამიანებთან შეხვედრის შესახებ?
  • რატომ საუბრობს აჯაი ჰიპოთეტურ ქორწინებაზე?

სავარაუდო პასუხი

მარკის ადგილზე ბევრი ამერიკელი არასწორად გაუგებდა აჯაის და იფიქრებდა, რომ აჯაი ცდილობს წაახალისოს ის და შეახვედროს სურეშს. აჯაის ადგილზე კი მრავალი ინდოელი იფიქრებდა, რომ ის სწორედ საპირისპიროს თქმას ცდილობს („არ შეხვდე სურეშს“). აქ სულ მცირე ორ კულტურულ განზომილებასთან გვაქვს საქმე. პირველი ეს არის პირდაპირი და არაპირდაპირი კომუნიკაცია. ამერიკელები პირდაპირ კომუნიკაციას ამჯობინებენ, თითქოს მოსაუბრეს ეუბნებიან: „პირდაპირ მითხარი, რის თქმა გსურს“, „მითხარი, რას გულისხმობ“, „რა შორიდან უვლი“. ინდოელები უფრო არაპირდაპირ კომუნიკაციას ამჯობინებენ, უფრო თავაზიან სტილს, განსაკუთრებით, როცა საქმე უარყოფით ინფორმაციას ეხება.

მეორე კულტურული განზომილება, რომელიც გავლენას ახდენს მარკისა და აჯაის საუბარზე, არის განსხვავება მაღალი და დაბალი კონტექსტის კომუნიკაციებს შორის. კულტურები, რომლებიც მაღალი კონტექსტის კომუნიკაციას ანიჭებენ უპირატესობას ძირითადად სიტუაციის კონტექსტს ეყრდნობიან ინფორმაციის გადაცემისას. მოსაუბრე ვარაუდით მსმენელი იმდენად გონიერია, რომ შეუძლია სიტუაციის კონტექსტში შეტყობინების გაგება. კულტურაში, სადაც დაბალი კონტექსტის კომუნიკაციაა უპირატესი, ინფორმაციის გადაცემისას უმთავრესად სიტყვებს ეყრდნობიან. ზუსტი სიტყვების შერჩევა და გამოყენება წარმატებული კომუნიკაციის ნიშანია და ხშირად ისინი თავისთავად ცხადზე მხოლოდ იმიტომ საუბრობენ, რომ დარწმუნდნენ, რამდენად გაიგო მსმენელმა.

[i] ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, 1948, მუხლი 26.2.

[ii] UNESCO Convention on the Protection and Promotion of the Diversity of Cultural Expressions (2005), Article 8

[iii] https://www.coe.int/t/dg4/linguistic/EducInter_en.asp

[iv] https://www.shanticonsulting.com/multicultural-communication-case-studies/

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...