სამშაბათი, აპრილი 28, 2026
28 აპრილი, სამშაბათი, 2026

   ჰომეროსიდან გალაკტიონამდე

0

ამბობენ, მაიაკოვსკი ტრაბახობდა, პუშკინთან დიდი სიახლოვე მაქვს, რუსულ ანბანშიც ასო მ და პ, ის ასოები, რომლებზეც ჩვენი გვარები იწყება, ერთმანეთთან ახლოს დგანანო. ამაზე ესენინს გასცინებია და ენამოსწრებულად შეუნიშნავს, კი, ეს ორი ასო ერთმანეთთან ახლოს დგას, მხოლოდ მათ შორის ორი ასოა, ნ და ო-ო. რუსულ ენაზე კი სიტყვა, რომელიც ამ ორი ასოს ერთმანეთთან შეერთებით გამოდის, „თუმცა“ არის.

ეს ამბავი ჩემმა ერთმა დაინტერესებამ გამახსენა. როდესაც გალაკტიონის წიგნს გადაშლი, ლექსები „მესაფლავე“, „გმართებს ტირილი“, „ჰამლეტის ქნარი“ და „ლურჯა ცხენები“ ერთმანეთთან ახლოს დგას, რადგან ისინი 1912-დან 1915 წლებშია შექმნილი. თუმცა ოთხი წელი არცთუ ისე ცოტა დროა და ლექსების სიახლოვე წიგნში უფრო კარგად ჩანს, ვიდრე – ერთი წაკითხვით, მე მაინც მგონია, რომ მათ ერთი რამ აერთინებთ და ეს შექსპირის ტრაგედია „ჰამლეტია“. იმისათვის რომ უკეთ განვმარტო, რას ვგულისხმობ, ცოტა შორიდან უნდა დავიწყო. ერთხელ ერთ ლექციაზე ივა ბრანმა, ჩემმა უსაყვარლესმა მკვლევარმა და მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებულმა პროფესორმა, ასეთი შეკითხვა დამისვა, შენი აზრით, რომელი სტრიქონია საკვანძო „ოდისეაშიო“. მე არც კი დავფიქრებულვარ, ისე მივუგე: „დედა მარწმუნებს, რომ შვილი ვარ მე მამაჩემის, მე კი არ ვიცი, არვის ძალუძს ამის გაგება“. ამ ფრაზას პოემის დასაწყისშივე ეუბნება ოდისევსის შვილი, ტელემაქე, ქალღმერთ ათენას. ეს პასუხი მთელი ტრაგიზმით ასახავს ტელემაქეს მდგომარეობას: თუკი დედამისი, პენელოპე გათხოვებას გადაწყვეტს და გადათქვამს, რომ ტელემაქე ოდისევსის ვაჟია, ტელემაქე იმავე წამს დაკარგავს ყველანაირ უფლებას მემკვიდერობაზე. მით უმეტეს, მაშინ არც დნმ ანალიზის გაკეთება შეიძლებოდა და ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დარწმუნებით შეეძლო, შვილის მამა დაესახელებინა, დედა იყო. ამის შემდეგ პოემაში მოვლენები ისე ვითარდება, რომ ათენაც, ტელემაქეს გულშემატკივარნიც და ოდისევსის ტროას ომში ცოცხლად გადარჩენილი თანამებრძოლნიც არწმუნებენ ტელემაქეს, რომ ის საოცრად ჰგავს მამამისს, გარეგნობით, სიტყვითაც და პასუხითაც. ის ეჭვი კი, რომელიც ოდისევსის ძეს დედის მიმართ გაუჩნდა, პენელოპეს საქციელმა კი არა, ტროას ომის ყველაზე უფრო გამორჩეული გმირის, აგამემნონის თავს დატრიალებულმა ამბავმა გამოიწვია. შინ დაბრუნებული აგამემნონი ყველაზე უფრო სამარცხვინო, არაგმირული სიკვდილით დაიღუპა, ის დაუცველი და შიშველი მოკლეს აბანოში ცოლმა და მისმა საყვარელმა. გავიდა ხანი და აგამემნონის შვილმა ორსეტემ შური იძია ამ მკვლელობის გამო და ორივე მკვლელი სიკვდილით დასაჯა. მიუხედავად იმისა, რომ ორესტემ დედაზე აღმართა ხელი, მას ვერავინ გაამტყუნებდა, რადგან მან სამართალი აღადგინა. ახლა ჯერი ტელემაქეზეა. ოღონდ, ორესტეს სიტუაციისგან განსხვავებით, ტელემაქეს დედაც ჯერ არ გათხოვილა და ტროას ათწლიანი ომის დამტავრების შემეგ ათი წლის თავზე არც მამამისი დაბრუნებულა შინ. ამიტომ, თუკი პენელოპე გათხოვდება, ტელემაქე ორესტესავით ვერ მოიქცევა და სიკვდილით ვერ დასჯის ვერავის, რადგან ეს უკვე სამართლიანი არ იქნება. სამართლის აღსრულება მხოლოდ ცოცხლად დაბრუნებულ ოდისევსს შეუძლია, მხოლოდ მას აქვს კანონიერი უფლება, დასაჯოს თავხედი სასიძოები. ხოლო, თუკი ოდისევსი არ დაბრუნდება და პენელოპე გათხოვებას გადაწყვეტს, ეს მისი არჩევანი იქნება და ტელემაქეს ნებისმიერი საქციელი უკვე კანონსაწინააღმდეგო იქნება. ტელემაქე, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო გონივრულ სამოქმედო გეგმას ადგენს და იდეალურად აღასრულებს კიდეც ამ გეგმას. რომ არა ის სიტყვები, რომლებსაც ის დასაწყისში ეუბნება ათენას, მაშინ პოემა სხვაგვარად წაკითხვის საშუალებას მოგვცემდა, დაკვირვებული მკითხველი კი სრულიად სხვაგვარად შეხედავს პოემასაც და მის პერსონაჟებსაც.

გავიდა საუკუნეები და შექსპირმა „ჰამლეტში“ იგივე პრობლემა შემოგვთავაზა: ჰამლეტის დედა გერტრუდა, რომელიც იმავდროულად დედოფალიცაა, გათხოვების შემდეგ აღარანაირ შანსს არ უტოვებს შვილს. მისი შვილი კი, ტელემაქესგან რადიკალურად განსხვავდება. იმის ნაცვლად, რომ მეტი იფიქროს და, მოჭადრაკის მსგავსად, ყველა ნაბიჯი გათვალოს, სულ სხვა საკითხებითაა გატაცებული. ჰამლეტს ფილოსოფია აინტერესებს, ამიტომაც მესაფლავის მცირე „ლექციის“ შემდეგ იმის შესახებ, რამდენი დრო სჭირდება გვამის გახრწნას და გარდაცვლილი იორიკის თავის ქალის ხილვის მერე ჰამლეტს სრულიად სხვა ფიქრები აღეძრება. მისთვის ცხოვრებაც და სიკვდილიც ერთ პლანში განიხილება, რადგანაც სიკვდილის შემდეგ აღარაფერი აღარ რჩება, რაღა აზრი აქვს სიცოცხლეს, რაღა აზრი აქვს ყველა იმ ქმედებას, შურისძიებას, ღირსებას, სიყვარულს და ამგვარ დროებით კატეგორიებს, თუკი მაინც ყველაფერი ამაო, ყველაფერი დროში გაქრება, მატერიალური გაიხრწნება და ჩვენგან მხოლოდ თავის ქალა დარჩება? სიცოცხლე ამაოა და სიკვდილი ჩონჩხის ნაწილს დატოვებს, დანარჩენს უმოწყალოდ გაანადგურებს. სასოწარკვეთილი ჰამლეტი უარს ამბობს სიყვარულზე, მისთვის ყოფნა კარგავს აზრს და მას არყოფნის სიბრტყეზე ათავსებს; აზრს კარგავს დედის და მისი საყვარლის საქციელი – დედის გათხოვება, რომელიც შვილზე უარის თქმასაც ნიშნავს, რადგან ამ ქმედებით შვილს უკარგავს შანსს, მამის სრულფასოვანი მემკვიდრე გახდეს შურისძიების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ჰამლეტი მცირე ხნით ემსგავსება ტელემაქეს და დედისა და მამაინაცვლის  გამოსაცდელად გონზაგოს მკვლელობას გაათამაშებინებს მსახიობებს, მისთვის ისედაც ცხადია, რომ ქალის ნდობა არ შეიძლება, თუნდაც ეს ქალი დედა იყოს, რომ ნებისმიერ უღირს საქციელს სიმძფრეს უკარგავს სიკვდილის სიახლოვის შეცნობა. მისთვის დანიაც ისევე ყარს, როგორც მანამდე ყარდა არგოსი, აგამემნონისა და ორესტეს სამშობლო ანდა ითაკა, ოდისევსისა და ტელემაქეს სამშობლო. ეს სიმყრალე არგოსში კასანდრამ იგრძნო, დანიის სამეფოში კი მარცელუსმა: „დალპა რაღაც დანიის სამეფოში“. ორესტესგან და ტელემაქესგან განსხვავებით, ჰამლეტის სამოქმედო გეგმა არ ამართლებს, რადგან ამ გეგმის უკან ჰამლეტის სიცოცხლის მიმართ დამოკიდებულებაა, თუმცა მას მაინც სწადია, შთამომავლობამ მისი ამბავი შეიტყოს და ჰორაციოს უბარებს, დარჩეს ამ სასტიკ სამყაროში და შთამომავლობას უამბოს მისი ტრაგიკული ამბავი, ალბათ ისევე, როგორც ორესტესა და ტელემაქეს ამბავს უყვებოდნენ აედები და სხვა ამბებთან ერთად კუნძულიდან კუნძულზე გადაჰქონდათ ამბავი ქალების მოღალატე ბუნების შესახებ.

გავიდა საუკუნეები და უკვე გალაკტიონმა აირჩია ქალის ღალატისა და სიყვარულის მსწრაფლმავლობის მოტივი თავისი ლექსისთვის „მესაფლავე“. უხილავი მესაფლავისა და ლირიკული გმირის დიალოგი შექსპირის „ჰამლეტის“ გამოძახილია, მიუხედავად იმისა, რომ ამ ლექსში ქალი არ არის დედა, ის არც დედოფალია და მას არც შვილი ჰყავს, რომლის წინაშეც თუნდაც იმის გამოა ვალდებული, რომ მემკვიდრეობა არ დაუკარგოს. თუკი ლირიკულ გმირს ლექსის დასაწყისში არ სჯერა მესაფლავის სიტყვები, რომლის მიხედვითაც, „ვინც კი კვდება, იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება“, ლექსის ბოლოს ეს მწარე სიმართლე დასტურდება და მისი სისწორის შესახებ ყველანაირი ეჭვი ბათილდება. ცოცხალთა დავიწყების თემას გალაკტიონი სხვაგვარად აგრძელებს და სიცოცხლის ამაოებას მიღმიერი სამყაროს აღწერით ეხმიანება უკვე სხვა ლექსში. გავიხსენოთ „ლურჯა ცხენები“: „…არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი, ცივ და მიუსაფარი სამუდამო მხარეში. სამუდამო მხარეში მხოლოდ სიმწუხარეა, ცეცხლი არ კრთის თვალებში, წევხარ ცივ სამარეში, წევხარ ცივ სამარეში და არც სულს უხარია. შეშლილი სახეები, ჩონჩხიანი ტყეები, უსულდგმულო დღეები რბიან, მიიჩქარიან“… გასაგებია, რომ ამ ლექსით გალაკტიონი შექსპირის „ჰამლეტს“ არ განმარტავს, მაგრამ ჩემი ვარაუდია, რომ ეს ლექსი, ისევე როგორც „მესაფლავე“, შექსპირის „ჰამლეტის“ ყველაზე პოპულარული პასაჟის გავლენითაა დაწერილი, რომელზეც, თავის მხრივ, ჰომეროსის „ოდისეამ“ და ორესტეს ამბავმა მოახდინა გავლენა. ამ ვარაუდის დასამტკიცებლად დავინტერესდი, რამდენად აზრს მოკლებული არ იყო ჩემი ვარაუდი და, რამდენად შესაძლებელი იყო გალაკტიონის ამ ორ კონკრეტულ ლექსზე ამის თქმა. გასაგებია, რომ შექსპირის პოემას გალაკტიონი კი არა, თითქმის ყველა მოკვდავი იცნობს შინაარსის დონეზე მაინც. მით უმეტეს, გალაკტიონი, რომელიც მარტო შექსპირის პოემით კი არ იყო გატაცებული, არამედ სიჭაბუკეში „ოდისეასაც“ თარგმნიდა. ამიტომაც მის შემთხვევაში ეს შინაარსის უბრალო ცოდნა კი არა, ესაა თემის ახლებური გადამუშავება და ამავე თემის კიდევ უფრო წინ წაწევა. როდესაც შევისწავლე გალაკტიონის „ჰამლეტით“ დაინტერესების საკითხი, აღმოვაჩინე, რომ სწორედ: „მესაფლავესა“ და „ლურჯა ცხენების“ დაწერის თარიღებს შორის და, შესაბამისად,  წიგნის ფურცლებზე მათ განთავსებას შორის დგას ორი ლექსი: „ჰამლეტის ქნარი“ და მონაზონ ოფელიასადმი მიძღვნილი ლექსი „გმართებს ტირილი“. ამ ბოლო ლექსის ადრესატი, ცხადია, ჰამლეტის პერსონაჟია (მონაზვნებს ხომ ქრისტიანი მოწამეების სახელები ჰქვიათ, ამიტომ არცერთი მონაზონი არ დაირქმევს შექსპირის პერსონაჟის სახელს, მით უმეტეს, ისეთი პერსონაჟის სახელს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა), რომელმაც პოემაში არ დაუჯერა ჰამლეტის თხოვნა-შეგონებას მონასტერში წასვლის თაობაზე და ცხოვრება ტრაგიკულად დაასრულა. ოფელიამ უმძიმესი ცოდვა ჩაიდინა და ცხოვრება თვითმკვლელობით დაამთავრა. ჰამლეტის შეგონება გალაკტიონის ლექსში „ჰამლეტის ქნარი“ არა თხოვნასავით, არამედ მოწოდებასავით გაისმის: „წადი, წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია“. სხვა ლექსში გალაკტიონი უკვე მონაზვნად აღკვეცილ შექსპირის პერსონაჟს მიმართავს, წარმოგვიდგენს იმ სიტყვების ადრესატად, რომლებშიც ტირილითა და ცრემლთა ფრქვევით უნდა მოხდეს ადამისა და ევას ცოდვების გამოსყიდვა, იმ ბიბლიური ადამისა და ევას, რომლებმაც, ბოროტი გველის შთაგონებით, კაცობრიობის ოცნება გაანადგურეს და ღმერთი მოთარეშე შურისმაძიებლად გადააქციეს.

რა თქმა უნდა, გალაკტიონის „მესაფლავეს“ სხვა შთაგონების წყაროც შეიძლებოდა ჰქონოდა. იმიტომ რომ გალაკტიონის ლექსში არ ჩანს, რომ ქვრივი იმავდროულად დედაცაა, შესაძლოა, ვიფიქროთ, რომ მასში ვაჟა-ფშაველას ლექსის „მოგონება“ მოტივის გაგრძელებაა. „ნუ მიწყენთ, მომაგონდება ქალის ვაჟისთვის ნათქომი: „თუ შენ არ გხედავ ცოცხალსა, არც მე ვარ ცოცხლად დამრჩომი! ცოცხალი თან ჩამოგყვები, საფლავში დაგეტანები… სატრფო დასტირის ჭაბუკსა, ცრემლი სდიოდა ღვარადა, გულიც რომ უწუხდებოდა, წყალსაც ასხამდნენ კვალადა. გულდაბნედილსა დიაცსა, აბრუნებდიან ძალადა. … – რა უყავ ფიცი, გოგონავ, ჩაჰყევ, ვის მეელოდები? – სად გავყვე, ძმაო, რას ვარგებ, მკვდარს რა ვუშველო ამითა?“

მიუხედავად გალაკტიონისა და ვაჟას ამ ორი ლექსის მსგავსებისა, მე, ზემოთ ჩამოთვლილი არგუმენტების გამო, მივიჩნევ, რომ გალაკტიონი სწორედ „ჰამლეტში“ დასმული პრობლემით იყო დაინტერესებული და მან საკითხი სხვადასხვანაირი დამუშავებით შემოგვთავაზა და იმ დისკურსის მონაწილე აღმოჩნდა, რომელიც ძველ საბერძნეთში დაიწყო და ორიგინალური გადამუშავებით წინ წასწია შექსპირმა. გასული საუკუნის ათიან წლებში კი გალაკტიონის „ჰამლეტით“ გატაცების დასტურია მისი ოთხი ლექსი, რომლებშიც სხვადასხვა სახით აისახა ეს გატაცება.

და ბოლოს უნდა აღვნიშნო, რომ „ლურჯა ცხენებში“ ცენტრალური თემა მხოლოდ მიღმიერი სამყაროს აღწერა არ არის. ლურჯა ცხენები, როგორც ორი სამყაროს შემაკავშირებელი საშუალება, გალაკტიონს არა მხოლოდ საიქიოში გადასასვლელად, არამედ კონკრეტული „ადამიანების“ იქიდან გადმოყვანისთვისაც სჭირდება. რადგან იმ სამყაროში არაფერია სანახავი, იქ აზრი არა აქვს არც ასპარეზობის გამართვას და არც სხვა ამქვეყნიური მოლოდინების განხორციელების იმედად დარჩენას. ამიტომაც უკვე სხვა ლექსში, კერძოდ, 1922 წელს დაწერილ „ეფემერაში“ პოეტმა უკვე სრულიად ახლებურად გააგრძელა საკითხი და მიღმიერი სამყაროს მკვიდრ პოეტთა შეჯიბრი, სადაც უკვე ყველაფერი ამაოა და აზრი ეკარგება მსგავს საქმიანობებს, ამ სამყაროში გადმოიტანა…

როდის ცდება ხალხი?

0

„ვინ არის ნაპოლეონზე, ვოლტერზე, აქამდე მოქმედ და მომავალში დასანიშნ მინისტრებზე უფრო გამჭრიახი? ყველაზე დიდი სიბრძნის აღმოჩენა საზოგადოებრივ აზრში, ხალხის დამოკიდებულებაშია შესაძლებელი“. ხალხი ყველა სწავლულზე უფრო შორსმჭვრეტელად ტალეირანს, ისტორიაში ყველაზე ცბიერ ავანტიურისტს მიაჩნდა. იგი ფიქრობდა, რომ საზოგადოებრივი აზრი ყოველთვის ჭეშმარიტებისკენ არის მიდრეკილი. ტალეირანის აღნიშნული თეზისის მეც მწამს. მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქვეყნად უამრავი გამონაკლისიც არსებობს. თეზისი ყველა სიტუაციაში, ყველა შემთხვევაში არ დასტურდება.

2016 წელს ნობელის მშვიდობის პრემია კოლუმბიის პრეზიდენტმა ხუან მანუელ სანტოსმა მოიპოვა. პრეზიდენტ სანტოსს კოლუმბიის ჯუნგლებში გახიზნულ მარქსისტ პარტიზანებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება დაუფასდა. უკანასკნელი 52 წლის განმავლობაში „ფარკის“ წარმომადგენლები კოლუმბიის მთავრობასთან ომს აწარმოებდნენ. ისინი დაუმორჩილებლობას უცხადებდნენ სახელისუფლებო ორგანოებს, არ აღიარებდნენ ქვეყანაში დადგენილ კანონებს, უარს ამბობდნენ არჩევნებში მონაწილეობაზე. „ფარკის“ წევრები ძალადობრივი რევოლუციის გზით ქვეყნის სათავეში მოსვლას თავიანთ უპირველეს და უმთავრეს ამოცანად მიიჩნევდნენ. ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში მთავრობასა და აჯანყებულ პარტიზანებს შორის მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებას 270 000-მდე კოლუმბიელის სიცოცხლე შეეწირა, ექვს მილიონამდე ადამიანი კი დაზარალდა. დაზარალებულთა ნაწილი სამუდამოდ დაავადდა, ნაწილმა მუდმივი საცხოვრებელი დაკარგა, ბევრი მათგანი დევნილად იქცა. მრავალწლიანი წინააღმდეგობის განმავლობაში „ფარკის“ წევრებმა არალეგალური შემოსავლების მოპოვების არაერთი წყაროს გამოძებნაც მოახერხეს. ნარკოტიკებით ვაჭრობა, იარაღის ბიზნესი, ტრეფიკინგი კონფლიქტის ზონაში დამატებითი რესურსების მობილიზების მთავარ გზად იქცა. აჯანყებულებსა და ოფიციალურ ხელისუფლებას შორის მიმდინარე ბრძოლებმა ქვეყანა არასტაბილურობის მუდმივ კერად ჩამოაყალიბა. ტერორისტული თავდასხმები და ადამიანთა გატაცებები კოლუმბიის ყოველდღიურობის ნაწილად იქცა.

ბოლო ხუთი ათწლეულის განმავლობაში ძალაუფლების მოპოვების პრეტენზიის მქონე ნებისმიერი პარტია იძულებული იყო, რომ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში აგრესიული მილიტარისტული პუნქტი ჩაედო. თუ პარტია ხალხს პარტიზანების წინააღმდეგ ომის გაგრძელებას არ დაჰპირდებოდა, ის საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსსაც კი დაკარგავდა. 2010 წელს ხუან მანუელ სანტოსმაც ომის რიტორიკით მოახერხა ამომრჩეველთა უმრავლესობის გულის მოგება. პოლიტიკოსის პრეზიდენტად არჩევა მისმა წარსულმა საქმიანობამაც განაპირობა. საუკუნის დასაწყისში სანტოსი ჯერ ვაჭრობის მინისტრი გახლდათ, მოგვიანებით კი თავდაცვის უწყება ჩაიბარა. ეკონომიკურ სფეროში საქმიანობის დროს მომავალი პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებდა აჯანყებულთა სამეურნეო ბლოკადაში მოქცევისათვის, „ფარკი“ ხშირად პირველადი მოხმარების რესურსების დეფიციტსაც კი განიცდიდა. თავდაცვის მინისტრის პოსტზე კი სანტოსმა ყველაზე დაუნდობელი და შეურიგებელი საჯარო ფიგურის სახელი დაიმკვიდრა. იგი არაერთხელ ხელმძღვანელობდა პარტიზანების წინააღმდეგ წარმოებულ სისხლიან ოპერაციებს.

მიუხედავად წარსულის გამოცდილებისა, ოპონენტების წინააღმდეგ შურისძიების დაუოკებელი სურვილისა სანტოსმა მშვიდობისკენ მაინც გადადგა რამდენიმე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მან უარი თქვა კონფლიქტის ომით დარეგულირების შესაძლებლობაზე და მოსისხლე მტრებთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდა. მრავალწლიანი მოლაპარაკებები შეთანხმებით დაგვირგვინდა – „ფარკმა“ უარი თქვა სისხლისზღვრაზე და არჩევნებში მონაწილეობაც კი გადაწყვიტა. ორმოცდათორმეტი წლის განმავლობაში პირველად კოლუმბიაში გაჩნდა იმის შანსი, რომ ომში მონაწილეობის გამოცდილების არმქონე თაობა დაიბადოს.

როგორ შეხვდა ხალხი სანტოსის მიღწევას?

„ფარკთან“ დადებული სამშვიდობო ხელშეკრულება სახალხო გამოკითხვის, პლებისციტის საშუალებით შეფასდა. მოქალაქეებმა საარჩევნო ურნებთან მისვლით მხარი არ დაუჭირეს პრეზიდენტის ინიციატივას. დევნილებმა, ომის ვეტერანებმა, ომში დაღუპულთა ოჯახის წევრებმა ხმა შურისძიების ბოლომდე მიყვანას, „ფარკის“ მიწასთან გასწორებას დაუჭირეს. პრეზიდენტი სანტოსი დადგა საფრთხის წინაშე, მას შეიძლებოდა მშვიდობისთვის საკუთარი ბრძოლის განახლების მოტივაცია დაეკარგა. ის კინაღამ შეეწირა თავის სამშვიდობო ინიციატივებს. მას მოტივაცია ნობელის კომიტეტმა შეუნარჩუნა. კომიტეტის წევრებმა ასე იციან, არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიმღებ მშვიდობის მაძიებლებს მთელ მსოფლიოს აცნობენ ხოლმე და ხალხებს რიგი მოქალაქეების დაფასებისკენ მოუწოდებენ. სამშვიდობო პროცესი პლებისციტმა ჩააგდო, ნობელის პრემიამ კი სანტოსს ნახევარსაუკუნოვანი ტერორის დასრულების (ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე) ლეგიტიმაცია შესძინა.

როდის ცდება ხალხი?

საყოველთაო გადაწყვეტილებები ხშირად მაშინ არის ხოლმე მცდარი, როდესაც ადამიანებს პატიება არ შეუძლიათ და შურისძიების სურვილი ამოძრავებთ. ალბათ, საინტერესო იქნება სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე კოლუმბიელი ხალხის უმრავლესობასა და ნობელის კომიტეტს შორის არსებული კონფლიქტის განხილვა.

მუსიკა… რამდენი რამ ჟღერს ამ ხმაში

0

ველით თუ არა, იმედითა და სიკეთით სავსე ახალი წელი მაინც მოდის, თანაც უკითხავად. ეს არის დრო, როცა შეგვიძლია, საქმეს ცოტა ხნით თავი მივანებოთ და დავისვენოთ. გამონათქვამი „საქმე არ იცდის“ ახალი წლის დღეებში აზრს კარგავს. ამ დღეებში თვით საქმეც ისვენებს.

და რაც არ უნდა მოხდეს, მუდამ არსებობს ზამთრის არდადეგების საინტერესოდ გატარების მოკრძალებული გზა – წიგნის კითხვა. საახალწლო საჩუქრადაც წიგნია საუკეთესო. ტკბილეული თუ შემოგვეჭმევა, ყველაზე ფასეული რამ, წიგნისგან მოგვრილი დაუვიწყარი შთაბეჭდილებები, სამუდამოდ დაგვრჩება. კითხვა ისედაც დღესასწაულია, ახალი წლის უქმეებზე კი ეს შეგრძნება ორმაგდება. რა მაგარია!

ზღაპრული სიუჟეტები დიდსა თუ პატარას იზიდავს. პატარებს დაუჯერებელი ამბებიც სჯერათ. ალბათ შეგვიმჩნევია, რომ ახალი წლის დღეებში ბავშვობა ჩვენშიც იღვიძებს და მცირე ხნით ზღაპარში გადაგვისვრის.

მზე ყინულის წინააღმდეგ

ვიხსენებ ბავშვობის მულტიპლიკაციურ ფილმებს და მათ შორის ყველაზე საყვარელს – ანდერსენის ზღაპრის მიხედვით გადაღებულ „თოვლის დედოფალს“. ყოველი ზღაპარი ბავშვებს სიბრძნესთან ერთად ერთ ციცქნა სიკეთეს მაინც უწილადებს. ამ ზღაპარში კაი და გერდა მზის სხივებით ტკბებიან, მღერიან, ვარდებს ჰკოცნიან და ესაუბრებიან… ეჩვენებათ, რომ სურნელოვანი ყვავილები მუდამ იხარებენ. გავა რამდენიმე დღე და უშიშარი გოგონა გერდა გატაცებული მეგობრის დასაბრუნებლად წარმოუდგენელ თავგადასავლებში ეხვევა. ახლაც კი მაფრთხობს იმის გაფიქრება, რა მოხდებოდა, ყინულის ნამსხვრევი კაის სამუდამოდ რომ ჩარჩენოდა გულში…

რა კარგია, როცა ყველაფერი კარგად მთავრდება. ამ უკვდავ ზღაპარშიც გერდას სიყვარული, სიკეთე და თავგანწირვა იმარჯვებს.

გაკვეთილი

ლექსი, რომელსაც „გაკვეთილი მეორე“ ჰქვია, ეკა ქევანიშვილისაა. გაკვეთილი უწინარესად შვილისთვისაა განკუთვნილი, მაგრამ მკითხველებისთვისაც, ვინაიდან პოეტური კრებული ყველა იმ ადამიანის საკუთრებაა, ვინც მას გადაშლის და წაიკითხავს. ეკას „ყინულის ლექსიდან“, რომლის „ბექგრაუნდი“ ცეცხლია, მხოლოდ ამ შვიდ სტრიქონს გთავაზობთ – სანახაობრივია და ზამთრის ამინდს უხდება.

„ზაფხულიდან თუ გამომხედავ,

ბოლო სართულის აივანზე შემდგარი

ეს თორმეტი ქანდაკება, ყინულის

– მე ვარ.

ზუსტად ამდენჯერ დავაპირე დაშვება და წამში გამყინა.

არ მიშვებს სუსხი. რამდენჯერაც ამოვისუნთქე,

ფილტვების ეს ხმა გამჭვირვალე ეშვივით შემრჩა…“

რა მოხდებოდა, რომ…

მუსიკალურ ბილიკს, რომელსაც ერთ კეთილ და თბილ საშობაო ფილმამდე მივყავართ, სასიამოვნო კადრების ფონზე მელოდიური სიმღერის გამო გთავაზობთ. უქმე დღეებში ფილმის ყურებაში დროის გატარება, წესით, დიდი დანაშაული არ უნდა იყოს, თუმცა თავად გადაწყვიტეთ, ჩემ მიერ, ორი სიტყვით, მოთხრობილი ამბის ნახვის სურვილი გაგიჩნდებათ თუ არა.

ალბათ, ერთხელ მაინც გაგივლიათ გულში: რა მოხდებოდა, რომ…

ალბათ, თქვენც დაიბნეოდით, მოულოდნელად ახალ რეალობაში რომ გაგღვიძებოდათ.

შობის ღამეს მთავარ პერსონაჟს შანსი ეძლევა, ოდესღაც დაშვებული შეცდომები გამოასწოროს, ის ცხოვრება გამოსცადოს, რომელზეც თავის დროზე უარი თქვა. არჩევანის გაკეთება ყოველთვის ძნელია, რადგან ამ დროს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის დათმობა გვიწევს. ყოველი გადაწყვეტილებით ჩვენში ათობით ალტერნატივას ვკლავთ და ვეღარასოდეს გავიგებთ, რომელი იყო მათ შორის უკეთესი, თუმცა საბოლოოდ იმ გზას ვირჩევთ, რომლისკენაც ყველაზე მეტად მიგვიწევს გული.

ამბობენ, ყველაფერი, რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, უკეთესის საწინდარიაო. არავინ იცის, რამდენად ამართლებს ეს გამოთქმა. და მაინც, ამ შობა-ახალი წლიდან უკეთესობის იმედი ვიქონიოთ.

მუსიკის ანგელოზი

ფრანგი მწერლის გასტონ ლერუს იმავე სახელწოდების რომანის მიხედვით შექმნილი მიუზიკლი „ოპერის აჩრდილი“ გასული საუკუნის 80-იანი წლების ბრიტანული მუსიკალური თეატრის ერთ-ერთ მიღწევად  მიიჩნევა. ლონდონსა და ნიუ–იორკში მთელი მსოფლიოდან ჩასული ათასობით ტურისტისთვის ეს სპექტაკლი ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი სანახაობაა.

პარიზის ოპერის მიწისქვეშეთში მობინადრე იდუმალი არსების ბნელით მოცული და რომანტიკული ისტორია არაერთხელ ყოფილა ეკრანიზებული. მიუხედავად ამისა, ის მაინც ენდრიუ ლოიდ უებერის შესანიშნავ მიუზიკლთან ასოცირდება.

ლეგენდა 1984 წელს დაიბადა, როდესაც მიუზიკლების „იესო ქრისტე – სუპერვარსკვლავი“, „ევიტა“, „კატები“ ავტორი, ბრიტანელი კომპოზიტორი ენდრიუ ლოიდ უებერი, ახალგაზრდა მომღერალსა და მსახიობ სარა ბრაიტმანზე დაქორწინდა. სარას მაღალი და წკრიალა სოპრანოსთვის უებერმა „რეკვიემი“ შექმნა, თუმცა მას სურდა, მეუღლის ტალანტი უფრო მასშტაბურად წარმოეჩინა და შექმნა კიდეც მიუზიკლი „ოპერის აჩრდილი“, რომელშიც ბრაიტმანმა იდეალურად შეასრულა მთავარი გმირის კრისტინ დაეს როლი. მას ღირსეულ პარტნიორობას უწევდა აჩრდილის როლის შემსრულებელი მაიკლ კროუფორდი.

რომანტიკულმა ისტორიამ, სევდიანი ფინალის მიუხედავად, ელვის სისწრაფით დაიპყრო მსოფლიო. „ოპერის აჩრდილი“ აუდიტორიის ერთ-ერთ უსაყვარლეს ნაწარმოებად იქცა. მას მიღებული აქვს ლოურენს ოლივიეს სახელობის ჯილდო ნომინაციაში „ყველაზე პოპულარული მიუზიკლი“ და პრემია „ტონი“.

უესტ-ენდსა და ბროდვეიზე სპექტაკლი 10.000-ჯერ მაინც დაიდგა, ამერიკის საზღვრებს გარეთ კი წარმოდგენილ იქნა 25 ქვეყნის 149 ქალაქში, სადაც ის 100 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. მიუზიკლი დღესაც ავსებს დარბაზებს.

სცენაზე აჩრდილის იდუმალი, პირქუში სამყარო ადამიანების მოუსვენარ რეალობას უპირისპირდება. „ოპერის აჩრდილი“ მოგვითხრობს ნიჭიერი ახალბედა მომღერლის ქრისტინ დაეს შესახებ, რომელმაც მარტოობას შეჩვეულ ოპერის აჩრდილს მოსვენება დაუკარგა.

აჩრდილის ნიღაბქვეშ რთული პიროვნება იმალება. გენიალური ილუზიონისტი, ინჟინერი, არქიტექტორი, კომპოზიტორი და მომღერალი, თანდაყოლილი სიმახინჯის გამო იძულებულია, სამუდამოდ გაერიყოს საზოგადოებას. ერიკი ოპერის მიწისქვეშეთში სახლდება და მას საკუთარ იმპერიად აქცევს. ის თავს თეატრის ბატონ–პატრონად მიიჩნევს.

ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, ერიკს გრძნობების მიმიკით გამოხატვა არ შეუძლია, ვინაიდან იძულებულია, მუდამ ნიღაბი ეკეთოს. სამაგიეროდ, მას აქვს ხმა – მომაჯადოებელი, ჭეშმარიტად მომნუსხველი. ხმა აჩრდილის ემოციების მთელ სპექტრს გადმოსცემს.

ერიკის ხმა მისი სულია.

ლეგენდის თანახმად, მუსიკის ანგელოზი უმანკო ბავშვებს ევლინება, ხოლო ბიწიერ ადამიანებს სიახლოვესაც არ ეკარება.

ყველაფერი კი ასე დაიწყო: სიკვდილის წინ ქრისტინეს მამა დაჰპირდა, რომ აუცილებლად მოუვლენდა „მუსიკის ანგელოზს“.

გავიდა დრო. ობოლი კრისტინი ოპერის თეატრის მომღერალი გახდა. მუსიკალური ცხოვრება კი სულაც არ ჰგავს ლამაზ ზღაპარს. აქაური რეალობა მკაცრია და არსებობისთვის, მთავარი როლებისა და მდიდარი მფარველების მოსაპოვებლად მუდმივ ბრძოლას მოითხოვს. ნიჭიერ, მაგრამ უცნობ კრისტინს არავინ მისცემს მთავარ როლს. სწორედ ამ დროს მოევლინება მას „მამის დაპირებული“ „მუსიკის ანგელოზი“ ერიკი – შემწედ, მფარველად და მასწავლებლად.

ერიკის სიცოცხლე კრისტინის ხელშია. აჩრდილი, რომელიც ძრწოლას ჰგვრის პარიზს, მხოლოდ კრისტინის წინაშეა უძლური.

მაგრამ აჩრდილის კეთილშობილურ ნაბიჯს მოგვიანებით  არასასიამოვნო მოვლენების მთელი ჯაჭვი მოჰყვება.

ფინალი ერიკისთვის ტრაგიკულია: უპასუხო სიყვარულმა ის თავგანწირვამდე მიიყვანა.

მიუზიკლის სიუჟეტი მაყურებელს ჭეშმარიტი სიყვარულის ძალას აჩვენებს- სიყვარულს შეუძლია, ფიზიკური ნაკლის გამო გულქვად ჩამოყალიბებული ადამიანი კეთილშობილ პიროვნებად აქციოს.

გემშვიდობებით საუკეთესო სურვილებითა და შესანიშნავი ქართული საშობაო სიმღერით.

ბედნიერად.

ველური ბუნება – სტაბილიზაციის ცენტრები

0

ბუნებრივი ეკოსისტემები უფრო დიდი სიმდიდრეა, ვიდრე ალმასის საბადოები ან ბანკის სეიფებში შენახული ოქროს ზოდები. მაგრამ ეს სიმდიდრე ჯერ კიდევ ამოუცნობი და შეუფასებელია. ქვყნები, სადაც ველური ბუნება ჯერ კიდევ შემონახულია, ამ შეუფასებელი და საყოველთაო განძის დამცველებად უნდა ჩაითვალონ. იმავდროულად, ქვეყნები, რომლებიც მოკლებულნი ან თითქმის მოკლებულნი არიან ბუნებრივ ეკოსისტემებს, იდეურად წარმოადგენენ ბიოსფეროს „ეკოლოგიურ მევალეებს“. ასეა იქ, სადაც ბუნებრივი გარემო დაზარალდა, განსაკუთრებით – თანამედროვე მაღალგანვითარებულ ქვეყნებში.

ეკოსისტემების რღვევის შესაფასებლად მიღებულია შემდეგი კრიტერიუმები:

  1. ხელუხლებელი ტერიტორიები – ბუნებრივი მცენარეული საფარის (ბუნებრივი ეკოსისტემების) არსებობა და მოსახლეობის ძალიან დაბალი სიმჭიდროვე – 10 ადამიანზე ნაკლები 1 კვ. კმ–ზე, უდაბნოში – ერთ ადამიანზე ნაკლები 1 კვ. კმ–ზე;
  2. ნაწილობრივ დარღვეული ტერიტორიები – მუდმივი ან ჩანაცვლებადი სასოფლო– სამეურნეო მიწებისა და მეორადი, მაგრამ ბუნებრივად განახლებადი მიწების არსებობა; პირუტყვის მაღალი სიმჭიდროვე, რომელიც აჭარბებს საძოვრების შესაძლებლობებს, ადამიანის მოღვაწეობის სხვა კვალი (მაგ., ტყის გაჩეხვა);
  3. დარღვეული ტერიტორიები – მუდმივი სასოფლო–სამეურნეო ტერიტორიებისა და ქალაქის ტიპის დასახლებების არსებობა, ბუნებრივი მცენარეულობის არარსებობა, გაუდაბურებისა და სხვა სახის დეგრადაციის გამოვლინებანი.

ამჟამად ხმელეთის დაურღვეველი ეკოსისტემების მქონე ტერიტორია შეადგენს ხმელეთის მთლიანი ბიოლოგიური პროდუქტიულობის დაახლოებით 51,9%–ს ანუ 81,5 მილიონ კვ. კმ–ს. ამასთან, უნდა ითქვას, რომ მათი მნიშვნელოვანი ნაწილი მოდის ეკოლოგიურად ნაკლებად პროდუქტიული ყინულოვანი, კლდოვანი და გაშიშვლებული ზედაპირების – ანტარქტიდის, გრენლანდიის, ჰიმალაის და სხვ. წილად. თუ ამ ტერიტორიებს გამოვაკლებთ, დაგვრჩება 57 მლნ კვ. კმ – ხმელეთის მთლიანი ბიოლოგიური პროდუქტიულობის 37%. აქედან გამომდინარე, მათ გავრცელებას დედამიწის ზედაპირზე უკიდურესად არათანაბარი ხასიათი აქვს.

დღეისათვის კუნძულების სახით შემორჩენილი ველური ბუნების მცირე ფართობების გარდა (1 მლნ კვ. კმ) შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე დიდი მასივი, რომლებიც მოიცავს რამდენიმე მილიონ კვადრატულ კილომეტრს. ეს არის ე.წ. გარემო პირობების სტაბილიზაციის ცენტრები, რომლებითაც ბიოსფერო მეტ-ნაკლებად უპირისპირდება წლიდან წლამდე მზარდ ანთროპოგენური პროცესების წნეხს.

სტაბილიზაციის ორი ყველაზე დიდი ცენტრი ჩრდ. ნახევარსფეროში მდებარეობს:

  • ჩრდილოეთ ევროპის (11 მლნ კვ. კმ) სტაბილიზაციის ცენტრი, რომელშიც შედის: ჩდილოეთი სკანდინავია, რუსეთის ევროპული ნაწილი, ციმბირის დიდი ნაწილი და შორეული აღმოსავლეთის უდიდესი ნაწილი;
  • ჩრდილოეთ ამერიკის (9 მლნ კვ. კმ) სტაბილიზაციის ცენტრი, რომელშიც შედის ალასკა და კანადის ნაწილი.

სტაბილიზაციის მეორე ორი ცენტრი მდებარეობს სამხრეთ ნახევარსფეროში:

  • სამხრეთამერიკული სტაბილიზაციის ცენტრი, რომშელიც შედის: ამაზონი მიმდებარე მთებითურთ (10 მლნ კვ. კმ).
  • ავსტრალიური სტაბილიზაციის ცენტრი, რომლის ნახევარი უკავია უდაბნოს. გარემო პირობების სტაბილიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიო ოკეანეც.

ხმელეთზე პირობების მასტაბილიზებელ ფუნქციას უმთავრესად ტროპიკული ტყეები, წყლისა და ჭაობის სავარგულები ასრულებს. ხელუხლებელი ტყეები დღეს დედამიწის დაახლობით 13,5 მლნ. კვ. კმ–ს ფარავს. ამასთან, ამ პლანეტარული სიმდიდრის 68% თავმოყრილია მხოლოდ 3 ქვეყანაში: რუსეთში (3,5 მლნ კვ. კმ), კანადაში (3,4 მლნ კვ. კმ) და ბრაზილიაში (2,3 მლნ კვ. კმ).

 მარ1

ნორვეგიის ფიორდები

მან2

რუსეთის ევროპული ნაწილი

მან3

ალასკა

ერთი მხრივ, დღეს არსებული ხელუხლებელი ეკოსისტემები, მათ შორის – უდიდესი კონტინენტური მასივები, დიდ როლს ასრულებს CO2–ის შთანთქმაში, ბიომასის გლობალურ წრებრუნვასა და გარემო პირობების სტაბილიზაციაში. სწორედ ამიტომ არის, რომ ატმოსფეროში არ იმატებს CO2–ის კონცენტრაცია. მეორე მხრივ, ათვისებული ტერიტორიის (ის ხმელეთის 67%–ს შეადგენს) ნახევარი ადამიანს დარღვეული ეკოსისტემების აღდგენისთვის რომ გამოეთავისუფლებინა, ეს საშუალებას მოგვცემდა, ამჟამად გამოყენებადი ორგანული საწვავის წვის დროსაც კი მომხდარიყო ატმოსფეროში CO2-ის დაგროვების პროცესის სტაბილიზაცია.

მსოფლიოს ქვეყნები თავიანთი სოციობუნებრივი პარამეტრების მიხედვით შეიძლება დაიყოს სამ ჯგუფად:

  • ქვეყნები, რომლებშიც ეკოსისტემების 60% არ არის დარღვეული – ასეთია 8 ქვეყანა;
  • ქვეყნები დაბალი სასტარტო ეკოლოგიური პირობებით (დაცული ბუნებრი ეკოსისტემები 10%-ზე ნაკლებია) – ასეთია 91 ქვეყანა;
  • ქვყნები, სადაც ბუნებრივი ტერიტორიები 10-დან 60%-მდეა – ასეთია 67 ქვეყანა.

კონკურენციის გარეშეა ჩრდ. ნახევარსფეროში მდებარე ორი უდიდესი ქვეყანა – რუსეთი და კანადა, რომელთა წილადაც მოდის ხმელეთის პირველადი ეკოსისტემების 35%. რუსეთში ხელუხლებელი ტყეების ფართობი მსოფლიო რესურსების მესამედს შეადგენს, ამიტომ ეს ორი ქვეყანა განსაკუთრებულ როლს ასრულებს პლანეტარული ბიოსფეროს შენარჩუნებაში. იმავე შედარებით წარმატებულ ჯგუფში შემავალი დანარჩენი ქვეყნებია: ალჟირი, მავრიტანია, ბოტსვანა, ლესოტო, გაიანა და სურინამი, – მაგრამ მცირე ფართობისა და იმის გამო, რომ ორ შედარებით დიდ ფართობზე (ალჟირსა და მავრიტანიაში) ხელუხლებელი ეკოსისტემები უმთავრესად წარმოდგენილია უდაბნოებისა და ნახევარუდაბნოების სახით, გლობალურ ეკოდინამიკაში მათი როლი შედარებით მოკრძალებულია.

დაბალი სასტარტო-ეკოლოგიური დონის ქვეყნების შესახებ შეიძლება ითქვას, რომ მათი უმრავლესობა თავმოყრილია გარემო პირობების დესტაბილიზაციის სამ ძირითად ცენტრში:

  • ევროპული – მოიცავს ცენტრალურ, დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს (ნორვეგიისა და ისლანდიის გარდა), ასევე – ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილს. აქ შემონახული ბუნებრივი ეკოსისტემების საერთო ფართობი 8 მლნ კვ. კმ–ია, ბუნებრივი ეკოსისტემების 8%;
  • ჩრდილოეთამერიკული – აშშ (ალასკის გამოკლებით), სამხრეთი და ცენტრალური კანადა, მექსიკის ჩრდ. ნაწილი – 9 მლნ კვ. კმ, სადაც თავმოყრილია ბუნებრივი ეკოსისტემების 10%;
  • სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიური – ინდოსტანი, მალაიზია, ბირმა, ინდონეზია (კუნძულ სუმატრის გამოკლებით), ჩინეთი (ტიბეტის გამოკლებით), იაპონია, კორეის ნახევარკუნძული, ფილიპინები – 7 მლნ კვ. კმ, სადაც ბუნებრივი ეკოსისტემები 5%-ზე ნაკლებია.

ადვილი შესამჩნევია, რომ ზემოთ დასახელებულ სამივე კონტინეტზე ერთ „პოლუსზე“ მდებარეობს ევროპისა და ჩრდ. ამერიკის ქვეყნების ბლოკი, სადაც მრეწველობა კარგად არის განვითარებული, ხოლო მეორეზე – განვითარებადი ქვეყნები, სადაც მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია, ხოლო ცხოვრების დონე – დაბალი.

ამერიკის აღმოჩენამ და შემდგომ სამრეწველო რევოლუციამ ბუნებრივ ეკოსისტემებში მკვეთრად გაააქტიურა რღვევის პროცესები. ბუნებრივი გარემო ბოლო 400 წლის განმავლობაში მძლავრ ანთროპოგენურ ზემოქმედებას განიცდიდა. განვითარებული მრეწველობის ქვეყნებში არახელსაყრელი ეკოლოგიური სიტუაცია, როგორც წესი, შეხამებულია მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვესთან. ამის გამო ეკოლოგიური საჭიროებისთვის გეოგრაფიული სივრცის გამოთავისუფლება სერიოზულ პრობლემებთან არის დაკავშირებული.

განვითარებული ქვეყნების, რომლებიც უზრუნველყოფენ საწარმოო პროდუქციის მსოფლიო ექსპორტის 80%-ს, მეორე მნიშვნელოვანი თავისებურებაა უცხო ეკოლოგიური გარემოს, პირველ რიგში „მესამე მსოფლიოს“ ქვეყნების გამოყენება, საიდანაც მოედინება ნედლეულის მძლავრი ნაკადი ქიმიური საწარმოებისთვის, ამიტომ განვითარებული ქვეყნები თავიანთ ტერიტორიებზე წარმოქმნიან მსოფლიო ნარჩენების 2/3-ს.

შედარებით უარესი სასტარტო ეკოლოგიური პირობები აქვს საპირისპირო პოლუსის ქვეყნებს, რომლებიც შედის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გარემო პირობების დესტაბილიზაციის ცენტრში. ესენი არიან მეტწილად განვითარებადი ქვეყნები, რომლებმაც გააკეთეს სერიოზული ნახტომი ინდუსტრიალიზაციისა და ახალი ტექნოლოგიების მოხმარების სფეროში. აქ მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია, თითქმის არ გვხვდება დაურღვეველი ეკოსისტემები.

ამ მხრივ განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბანგლადეში, სადაც ტერიტორიები ბუნებრივი ეკოსისტემებით საერთოდ აღარ დარჩა, ასევე – ინდოეთი, სადაც ტერიტორიები ბუნებრივი ეკოსისტემებით შემორჩენილია მხოლოდ 1%–ით. სწორედ ამას შეესატყვისება ინდირა განდის ადრინდელი რიტორიკული შეკითხვა: სწორედ სიღარიბე ხომ არ წარმოადგენს ყველაზე დიდ გამჭუჭყიანებელს?

ქვეყნები, რომელთა ტერიტორია და მოსახლეობის სიმჭიდროვე იძლევა მისი ბუნებრივი გაფართოების საშუალებას ქვეყნის მოსახლეობის დაუზარალებლად, ეკოლოგიური სივრცის დონორებად მიიჩნევა. ასეთებია რუსეთი, კანადა და ნაწილობრივ აშშ., ასევე – სკანდინავიის ნახევარკუნძულის ქვეყნები და სამხრეთ ამერიკის განვითარებადი ქვეყნების მნიშვნელოვანი ნაწილი. მათი ტერიტორია მომავალში შესაძლოა ბიოსფეროს სტაბილიზაციის პლაცდარმი გახდეს. მაგრამ, რამდენადაც მათ მიღწევებს გამოიყენებს მთელი მსოფლიო, ქვეყნები, რომლებიც ამ ჯგუფში არ შედიან, შეიძლება განვიხილოთ ეკოლოგიურ მომხმარებლებად ანუ რეციპიენტებად. ამასთან, არსებობს ქვეყნები, რომლებიც არც ერთ ამ კატეგორიას არ მიეკუთვნებიან, ანუ შუალედური მდგომარეობა უკავიათ, მაგალითად, პაკისტანი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

ზოველივე ზემოთქმული პოზიციის მხოლოდ ერთი მხარეა. საქმე ის არის, რომ მსოფლიოს ძირითადი ფინანსურ–ეკონომიკური პოტენციალი, როგორც წესი, მიმართულია იქით, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია ველური ბუნების კუნძულები, ოაზისები. აქედან გამომდინარე, ქვეყანა–რეციპიენტები, თავის მხრივ, შეიძლება გამოვიდნენ დონორების როლში, მაგრამ უკვე ფინანსური დონორებისა, რომლებიც ეწევიან ბუნებრივი ეკოსისტემების ხარჯების სუბსიდირებას მსოფლიოს სხვა ადგილებში.

ეს უკანასკნელი ეხება ინდუსტრიულად განვითარებულ ქვეყნებს, გარემოს მთავარ გამჭუჭყიანებლებს და სათბური აირების ემისიის ძირითად წყაროს. ეს ქვეყნები ძირითადად არსებობენ სხვისი ეკოლოგიური სივრცის მოხმარების ხარჯზე – იმ სივრცისა, სადაც ბუნებრივი ეკოსისტემები შენარჩუნებულია.

გამოყენებული ინტერნეტსაიტები და ლიტერატურა:

  1. ნანი გვარიშვილი, „ხმელეთის ეკოსისტემები“
  2. https://greenalt.org

საჭირო გაკვეთილები ინტერნეტიდან

0

როდესაც საქმე ინტერნეტის ავკარგიანობაზე მიდგება ხოლმე და იწყება მსჯელობა იმის შესახებ, რამდენი დრო შეიძლება გაატაროს ბავშვმა სხვადასხვა ასაკში მოციმციმე ეკრანთან, ან  რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მის ცხოვრებაზე ამ დროს, სულ მახსენდება ის პერიოდი, როდესაც პირველად აღმოვჩნდი ინტერნეტთან და ის აღფრთოვანება, რაც უზომო და საოცრად ჭრელ ინფორმაციაში საათობით ძრომიალისას მეუფლებოდა. ინტერნეტის გარეშე ჩემი და ალბათ მილიონი სხვა ჩემნაირი ადამიანის ცხოვრება სრულიად სხვანაირი და უფრო მოსაწყენი იქნებოდა. ამიტომაც მე იმ ადამიანების რიცხვში ვარ, რომელიც ბავშვისა და ტექნოლოგიების დამეგობრებას პატარა ასაკიდანვე მიესალმება და გატარებულ დროზე მეტად იმ ინფორმაციის ხარისხზე აკეთებს აქცენტს, რომელთანაც ბავშვს აქვს წვდომა. იმ დროიდან დღემდე, როდესაც მე პირველად აღმოვჩნდი ინტერნეტთან, თავად ინტერნეტში ბევრი რამ შეიცვალა.  განსაკუთრებით  მიხარია, რომ ახლა უკვე არის ქართულენოვანი სასწავლო რესურსები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანების თუ დაწესებულებების ინიციატივით იქმნება ხოლმე. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ბავშვს სასწავლო მასალებზე მეტად გასართობი სივრცეები აინტერესებს, მაგრამ მაინც შემიძლია რამდენიმე ისეთი პროექტის შესახებ მოგიყვეთ, რომლებიც თქვენს შვილებსა და მოსწავლეებს დიდი ალბათობით, დააინტერესებს და თქვენც მშვიდად ყოფნის საშუალებას მოგცემთ ის ფაქტი, რომ ინტერნეტიდან ისინი სასარგებლო ინფორმაციას იღებენ.

  1. ონლაინ ილიაუნი (https://online.iliauni.edu.ge/ka/home/all/date/) – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შექმნილი პორტალია, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოისმინოს ლექციები მისთვის საინტერესო თემაზე. თემების არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია, ვიდეოების ხარისხი მშვენიერი, პორტალიც განახლებადია და ადვილად შესაძლებელია, სანამ არსებულ ლექციებს ნახავთ, მათ ახალი, კიდევ უფრო საინტერესო ჩანაწერები დაემატოს.

ილია

ქუჩის აკადემია – არტარეას მიერ შექმნილი ლექციების ციკლია, სადაც ნაკლებად აკადემიურ გარემოში სხვადასხვა პროფესიის ადამიანები თავიანთ საქმიანობაზე, გატაცებებზე, სურვილებსა და ინტერესებზე საუბრობენ. თემატიკა ფართოა და ყველაფერი შეიძლება ნახოთ: კოსმოლოგია, ციფრული ტექნოლოგიები, ბრეიქდანსი, არქიტექტურა, თანამედროვე ხელოვნების საკითხები, ურბანისტიკა, ეკონომიკა, ელექტრონული და კლასიკური მუსიკა და ა.შ.

აკად

პოდკასტები ევროკავშირის შესახებ (https://soundcloud.com/user-790717466 ) – ევროპის კურსდამთავრებულთა ასოციაციის პროექტია, რომელიც ყოველკვირეულ პოდკასტებს აერთიანებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებთან, სასწავლო, სამუშაო და კულტურულ პროგრამებთან დაკავშირებით.

 

ასტროფოტოგრაფია და ვიზუალური ასტრონომია საქართველოში – კოსმოსის, ფოტოგრაფიისა და თავგადასავლების მოყვარულებისთვის არაჩვეულებრივი რესურსია. ხელსაწყოები, რომლებიც გეხმარება უკეთ დააკვირდე ცას; ადგილები, საიდანაც კარგად ჩანს ესა თუ ის პლანეტა ან თანავარსკვლავედი; პერიოდები, როდესაც უკეთესად შეიძლება დააკვირდე სამყაროს – ათასი საინტერესო რამ შეიძლება აღმოაჩინო ამ გვერდზე.

 დავიცვათ ტოლერანტობის ტრადიცია – ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ შექმნილი ვიდეოების სერიაა, რომელიც ნათლად აჩვენებს, როგორი ბუნებრივია ქართული კულტურისთვის ტოლერანტობისა და მიმღებლობის უნარი და ამის საილუსტრაციოდ ქართველი მეფეების, წმინდანების, მწერლებისა და სხვა მნიშვნელოვანი ადამიანების ფრაზები და მოქმედებები აქვთ მოტანილი.

როგორ შევაფასოთ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის სკოლაში?

0

ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაზომვის მექანიზმი შეიმუშავა Amnesty International-მა ერთ-ერთი პროექტის „Becoming a Human Rights Friendly School (A Guide For Schools Around The World)“ ფარგლებში.

უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ შეკითხვებს. შემოხაზეთ პასუხი. მიღებული ქულები კი დააჯამეთ.

შეფასების შკალა:

1 = არა (ან არასდროს);

2 = იშვიათად;

3 = ხანდახან;

4 = ხშირად;

5 = დიახ (ან ყოველთვის).

  1. ჩემი სკოლა არის ადგილი, სადაც მოსწავლეები არიან დაცულნი და თავს გრძნობენ უსაფრთხოდ. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 3, 5).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში არავინ განიცდის დისკრიმინაციას რელიგიის, ჩაცმულობის, მათი მეგობრების მრწამსის ან რაიმე სხვა ნიშნით. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 1, 2, 16).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემი სკოლა ქმნის თანაბარ შესაძლებლობებს, უზრუნველყოფს თანაბარ წვდომას რესურსებზე. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 2, 7).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში ყველას თანაბრად მიეწოდება ინფორმაცია აკადემიური, ექსტრაკურიკულარული და კარიერული შესაძლებლობების შესახებ და ყველა თანაბრად არის წახალისებული.(ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი: 2).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში შემიძლია, თავისუფლად გამოვხატო ჩემი შეხედულებები (კულტურული, პოლიტიკური ან სხვა სახის შეხედულებები) და იდეები. შეხედულებების გამოხატვის დროს არ მიჩნდება შიში, რომ შეიძლება დისკრიმინაციის მსხვერპლი გავხდე.(ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 18, 19).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში ადამიანები თავისუფლად იღებენ მოსწავლეებს, მათ ოჯახებს, მასწავლებლებს, ასევე სკოლის სხვა თანამშრომლებს, რომლებიც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი არიან და განსხვავებული წარმომავლობა აქვთ (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 2, 6, 13, 14, 15)

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემი სკოლის მართვა დემოკრატიულია. ჩემს სკოლაში ყველას (მოსწავლეებს, მასწავლებლებს, სხვა დასაქმებულ პირებს და მშობლებს) აქვს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში, კერძოდ, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მათ სასკოლო ცხოვრებაზე ახდენს გავლენას (სკოლაში არსებული წესები, სკოლის პოლიტიკა, მიზნები, სტრატეგია). (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 20, 21, 23).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. როდესაც სკოლაში ვინმე დისციპლინურ წესებს დაარღვევს ან რაიმე ინციდენტი მოხდება, მონაწილეთა მიმართ საქმის გარემოებების გამოკვლევა სამართლიანი პროცედურებით მიმდინარეობს. სანქციის შეფარდებაც სამართლიანია. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 6, 7, 8, 9, 10).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. როდესაც ჩემს სკოლაში ვინმე ისეთ საქციელს ჩაიდენს, რომელიც ნეგატიურ გავლენას შეიძლება ახდენდეს სხვის უფლებაზე, მათ ეხმარებიან, რომ მომავალში შეცვალონ ქცევა და აღარ შელახონ სხვისი უფლებები. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 6, 7, 8, 9 და 10).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. როდესაც სკოლაში კონფლიქტი წარმოიშობა (უთანხმოება, ჩხუბი), პრობლემას ვაგვარებთ არაძალადობრივი და თანამშრომლობის გზით. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 3, 5 და 28)

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. როდესაც ჩემს სკოლაში ვინმეს ბრალდება დარღვევის ჩადენა ან რაიმე გადაცდომა, ის ითვლება „უდანაშაულოდ”, სანამ საწინააღმდეგო არ დადასტურდება. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლი: 11)

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში არავის ექცევიან ან აკისრებენ ისეთ სანქციას, რომელიც არის ღირსების შემლახველი და რომელიც მას თავს არ აგრძნობინებს როგორც ადამიანს. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 4, 5).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. თუ სკოლაში ვინმემ შემოიტანა საჩივარი დისკრიმინაციული მოპყრობის გამო, სკოლაში არსებობს საჩივრის განხილვის შესაბამისი პოლიტიკა და პროცედურა. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 3, 6, 7).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში შესაძლებელია ჟურნალ-გაზეთების ან სხვა სახის პუბლიკაციების შექმნა და გავრცელება ცენზურის ან დასჯის შიშის გარეშე. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 19, 27).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში ერთმანეთს ახალისებენ, რომ შეისწავლონ სამართალთან და სამართლიანობასთან, გარემო პირობებთან, სიღარიბესთან და მშვიდობასთან დაკავშირებული გლობალური პრობლემები. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 26, 29).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში გვაქვს შესაძლებლობა, მოვისმინოთ, წავიკითხოთ და გავიგოთ სხვა ადამიანების მიდგომებისა და იდეების შესახებ. ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრებების გაცნობას ხელს უწყობს კურიკულუმი, სასწავლო სახელმძღვანელოები, ბიბლიოთეკა. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 2, 19, 27).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ადამიანები, რომლებიც ჩემს სკოლაში მუშაობენ, იღებენ სათანადო ანაზღაურებას, რაც საჭიროა ცხოვრების ადეკვატური სტანდარტისთვის, მათთვის და მათი ოჯახებისთვის. ისინი ანაზღაურებას იღებენ დასვენების დღეებშიც. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 4, 22, 24, 25).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში ყველა პატივისცემით ეპყრობა სხვა ადამიანის პირად სივრცესა და ნივთებს. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 12, 17).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში მე ერთ-ერთი ვარ, რომელიც იღებს პასუხისმგებლობას, რომ სხვა ადამიანები არ შექმნიან დისკრიმინაციულ გარემოს, ზიანს არ მიაყენებენ სასკოლო საზოგადოებას. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 1, 29).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

  1. ჩემს სკოლაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ შემიზღუდავს ჩემს უფლებებსა და თავისუფლებებს. (ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, მუხლები: 30).

შემოხაზეთ შეფასება:

1;         2;         3;         4;         5.

დააჯამეთ შეფასება: ———-

ატომური და ბირთვული ფიზიკა (გაგრძელება)

0

ბირთვულ ფიზიკაში მიღებულია მასის ატომური ერთეული, რომელიც, კილოგრამებში გამოსახული, რიცხობრივად ტოლია ნახშირბადის იზოტოპის  ატომის მასის 1/12-ისა: 1მაე=კგ. მასის ატომური ერთეულის ეკვივალენტური ენერგია ტოლია: 1მაემევ.

ცხრილში მოცემულია ზოგიერთი ბირთვის მასა მევ-ში:

ვრცლად:

ატომური ფიზიკა მეორე ნაწილი

ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი ყველა სკოლას და მასწავლებელს!

0

გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2016 წლის  ბოლო ნომერი, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად  ეგზავნება.

ამ ნომერში წაიკითხავთ:

ვრცლად

სარჩევი

 

^E3CA8E6F3DAC13163E20FDC83FE5A26BB4BC48EB6242CE60F6^pimgpsh_fullsize_distr

გულქანი და ეთერო

0

მასწავლებელი რომ ვყოფილიყავი, ალბათ უფრო ქართული ლიტერატურის მასწავლებელი ვიქნებოდი და მეშვიდე ან მერვე კლასელებს ვაჟა-ფშაველას ცხოვრებას სახელმძღვანელოებში შეტანილი ბიოგრაფიებით არ ვასწავლიდი. ტყუილი შრომაა – გონებაში მხოლოდ ფაქტები და თარიღები შედის და სტატისტიკურ მარაგს უფრო ამდიდრებს, ვიდრე წარმოსახვას.

ცხოვრება ადამიანის ვნებები, მიწყდომ-მოწყდომა, სიხარული, გამარჯვება და მარცხია – და ეს რომ სკოლის ასაკიდანვე ვიცოდეთ, მგონი, აჯობებდა, მით უმეტეს, დიდი კაცის კვალს და საქმეს ადევნებულებმა.

ჩვენში ბევრი კარგი ბიოგრაფიული წიგნი დაწერილა, ახლაც იწერება, მაგრამ ის ერთი, რომელსაც ძალიან უჩვეულო და მშობლიური სახელი ჰქვია, ფორმითაც და მნიშვნელობითაც გამორჩეულია.

eter tataraidze

1987 წელია, ივლისის თვე და ჩარგალში ჩასულ ეთერ თათარაიძეს გულქან რაზიკაშვილი ეუბნება:

„სიღარიბე, შვილწვრილობა და ძალიან, ძალიან მაკვირვებს, ის ფიქრი საიდანღა ჰქონდა მამასა, შვლის ნუკრზე საფიქრლად ნეტა როდის დაჯდა ჩემი მამა, სუ აღელვებული, სუ დაღალული…

მამაჩემსავით მე რას გამოვიყვან, ან რას გიამბობ, ჩემო ქალო, მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი!“

ვაჟა-ფშაველას ცხოვრება-შემოქმედების გასაღებიც მგონი ეს არის – გენიოსის შვილის მონათხრობი, რომელსაც მამა ღმერთის ტოლად უცნია და არათუ გადმოცემით, საკუთარი თვალით ახსოვს. მისი წასვლიდან დიდი ხნის შემდეგ კი უცებ ის სიტყვები აღმოხდება, რასაც ალბათ მთელი ცხოვრება ინახავდა.

დიდი ადამიანის შვილობა, ერთდროულად მადლიცა და ტვირთიც, გულში ჰქონდა გამოტარებული გულქან რაზიკაშვილს, ბევრი ისეთი ამბავი გადაენახა ამ გულის კუნჭულებში საიდუმლოდ, რომელიც სამუდამოდ დაგვეკარგებოდა, ეთერ თათარაიძე რომ არა.

ამირან არაბული იხსენებს, გულქანთან ჩემი სტუდენტობისდროინდელი შეხვედრის ჩანაწერები რომ წაიკითხა უბის წიგნაკში, არ მომეშვა ეთერო, საშველი და მოსვენება არ მომცა, სანამ ჩარგალში არ წავიყვანე, და იმ დღიდან სულიერი ერთობის, თანაზიარობისა და ლამის ნათესაური ბილიკი გაიკვალა ჩვენ შორისო.

„მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი“ ბევრი რამ მიზეზით საჭირო და სასარგებლო წიგნია. ჯერ ერთი და მთავარი, ვაჟა-ფშაველას შესახებ არსებული ალბათ ყველაზე სანდო წყაროა: აქ კარგად ჩანს ვაჟას ხასიათი, ყოფა, ოჯახი, ურთიერთობები სოფელთან („ბარემ იკვეთეს მამაჩემი, მაგრამა ღმერთმა და ქვეყანამ არ მაიკვეთა“); პირად თემებსაც ეხება გულქანი („ვაჟას ქალები უყვარდაო!… სადა სცალოდა წაწლობისა და ქალებისთვინა; მე არ ვიცოდი, მამაი რაი იყო, მაშ, ფიი!.. რომელი მწერალია, რო ქალებზე არა სწერდეს!.. ფეთებას შეიყრიდა, ქალი რასა ჰქვიანო, განა ქალს არ ახსენებდა, ქვეყანა ლამაზიც არი და უშნოცა, თვალების ჭკვაზე უნდა იაროს კაცმაო?.. გულის ხმაზე უნდა იაროს, გულის ჭკვაზედაო, – იცოდა…“).

კიდევ იმით არის საინტერესო, რომ ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების რეალურ პროტოტიპებზეც გვაძლევს ინფორმაციას. თუნდაც ეს ფრაგმენტი: „ბუები“ არ წაგიკითხავ, ეთერო? ეგეც თავის ობლებზე აქვ დაწერილი ბეჩავ მამასა. „ვერ მოჰხელეო“. – რამდენჯერ ვეძახდით ობოლ-ოხრები ერთმანეთსა დაკარგულ საქონზედა შავშუაღამესა. ეეე!..“ ან ეს: „ხმელი წიფელი? როგორ არ მახსონ! აი, ზენ სადამ იყო ხმელი წიფელი, ახუნის გორ. საქონი დამიდიოდა, რას არ მახსონ… ჩემ გულს რა შედრეკდა…“.

კიდევ ის, რომ ამბებით მდიდარი წიგნია. ეტყობა, ეთერ თათარაიძემ ბოლომდე გახსნა გულქან რაზიკაშვილი და თითქმის ყველაფერზე ალაპარაკა: აკაკისგან ნათქვამი „ენას გიწუნებ, ფშაველოს“ ვაჟასეული გამოხმაურება ოჯახში (მისი ლექსი „აკაკის პასუხად“ ყველამ ვიცით); დედინაცვალისა და გერების ურთიერთობა; „სტილნი“ მწერლებთან ქალამნიანი პოეტის შეხვედრები; ბიძის – თედოსა და ძმის –  ლევანის ტრაგიკული აღსასრულის ნამდვილი ვერსიები; ჩარგლიდან შორს – დიდუბეში დამარხული მამის მონატრება…

ქართულ დოკუმენტურ ლიტერატურაში, ბიოგრაფიულ რომანებში იშვიათად მოიძებნება ასეთი მარგალიტი, ტკივილიანი, ემოციურად სრულყოფილი და დამაჯერებელი, ისეთი, ეს ადგილი რომაა:

„ისე მივდივარ სამარეში, მამის სამარე არ მინახავ. რო დამიწყებენ, განახვებთო, ვატყუებ, ვყოფილვარო, ზოგთა. ეთერო, შენ იცოდე სიმართლე, რო მე მამის სამარე არ მინახავ, არა, ქალო, არ შემიძლავ იმის საფლავის ნახვა, არა. მე ვინც მიყვარდა, იმის საფლავს რა მანახვებს. არა ვნახავ იმის სამარესა, არა. წარმოვიდგენ, რო ძვლებიღაა და რანაირათ უნდა ავიტანო, იქავ გავთავდები, იქავა“.

ისტორიული ტექსტის ქვეტექსტები

0

 

სწავლის პროცესში ტექსტს ძირითადი და, მაშასადამე, უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია, თუმცა „ტექსტის“ ზუსტი და ერთმნიშვნელოვანი გაგება თანამედროვე ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებებში არ არსებობს. საყოველთაოდ მიღებული განმარტების მიხედვით:

  • ტექსტი ისაა, რაც ითქმება;
  • ტექსტს უცილობლად აქვს დიალოგური სტრუქტურა, ანდა შეიცავს სხვათა მინიშნებებს ტექსტის ავტორის პოზიციაზე.

ტექსტისგან განსხვავებით, ქვეტექსტი დაფარული აზრია, რომელიც აღადგენს ზოგადი სიტუაციის კონტექსტს და გვეხმარება იმის დანახვაში, რაც „გასათვალისწინებელია“; ქვეტექსტი ის არის, რაც იკითხება „სტრიქონებს შორის“, რაც პირდაპირ არ გამოთქმულა, მაგრამ გამომდინარეობს სიტუციიდან, ცალკეული დეტალებიდან, რეპლიკიდან, დიალოგში მონაწილე პირების სიტყვებიდან თუ ქმედებიდან და არაპირდაპირი მინიშნებებით კიდევ უფრო გასაგებს ხდის ტექსტს.

განურჩევლად იმისა, რა ტიპისაა ტექსტი (ავტობიოგრაფია, მატიანე, მოგონება, ქრონიკა, სამეცნიერო ნაშრომი თუ სხვა), ქვეტექსტი გარკვეულ წარმოადგენას გვიქმნის კონკრეტული ეპოქის კულტრულ კონტექსტზე და როგორც ტექსტის ნაწილი, „ირიბად“ მიგვითითებს რეალურ ვითარებაზე. ამიტომ ქვეტექსტის „წაკითხვა“ ისტორიული ტექსტების გაგებისთვის მეტად მნიშვნელოვანია და მას ისტორიის გაკვეთილებზე სათანადო ყურადღება უნდა მივაქციოთ.

როდის მიმართავენ ისტორიულ ტექსტში ქვეტექსტს?

უმეტესად მაშინ, როცა სათქმელის აშკარად გაცხადება სახიფათო ან არადელიკატურია და ამჯობინებენ, „დაფარული“ დატოვონ ძირითადი იდეა ანუ კონტექსტი.

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ისტორიული ტექსტების ქვეტექსტის ფარული აზრის ამოცნობა/ამოკითხვა?

ამის ეფექტური საშუალებაა ტექსტების კრიტიკული შესწავლა, გაანალიზება და ინტერპრეტაცია, ამიტომ მოსწავლეთა საქმიანობას თუ ამ მიმართულებით წავმართავთ, მიზნის მიღწევა გაცილებით გაადვილდება.

განვიხილოთ პრაქტიკული მაგალითი:

უძველესი ქართული საისტორიო ძეგლი, რომლითაც მოსწავლე ქართული ისტორიული ტექსტების გაცნობას იწყებს, არის ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“, სახელდობრ, ინფორმაცია კავკასიაში ქათლოსისა და მის შთამომავალთა დამკვიდრების შესახებ. მეორე უმნიშვნელოვანესი ნაშრომი, რომელსაც ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საქართველოს ისტორიის შესწავლისას, არის სუმბატ დავითის ძის თხზულება ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა – აქ საუბარია ბაგრატ III-ზე, რომელიც საქართველოს ისტორიაში მოიხსენიება როგორც ერთიანი საქართველოს პირველი მეფე.

ტექსტების უკეთ გაცნობისა და ავტორეთა რეალური მიზნების ამოცნობის მიზნით მოსწავლეებს შევთავაზოთ:

  • გაეცნონ ისტორიულ წყაროებს და ყურადღებით წაიკითხონ ტექსტები;
  • გააანალიზონ მასალა და უპასუხონ დასმულ კითხვებს;
  • გამოთქვან ვარაუდები და გამოიტანონ სათანადო დასკვნები.

ტექსტი I – ლეონტი მროველი მოგვითხრობს: ა) „სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა – ამათ თჳსთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს… ხოლო შვილთა შორის მისთა გამოჩნდეს კაცნი რვანი, გმირნი ძლიერნი და სახელოვანნი, რომელთა სახელები ესე არს: პირველს ერქუა ჰაოს, მეორეს – ქართლოს, მესამესა – ბარდოს, მეოთხესა – მოვაკან, მეხუთესა – ლეკ, მეექუსესა – ჰეროს, მეშვიდესა – კავკას, მერვესა – ეგროს… უჩინა ქართლოსს საზღვარი: აღმოსავლით – ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით –ზღუა პონტოსი; სამხრით – მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და… მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი – ღადო, მთა მცირე, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი. და ამათსა ზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს… და ესე ქართლოს მოვიდა პირველად ადგილსა მას, სადა შეერთჳს არაგჳ მტკუარსა, და განვიდა მთასა მას ზედა, რომელსა ეწოდების არმაზი. და პირველად შექმნა სიმაგრენი მას ზედა, და იშენა მუნ ზედა სახლი, და უწოდა მთასა მას სახელი თავისა თჳსისა ქართლი. და ვიდრე აღმართებამდე მუნ-ზედა კერპი არმაზისი ერქუა მთასა მას ქართლი, და მის გამო ეწოდა ყოველსა ქართლსა ქართლი, ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“.

ტექსტი მეორე – ბ) „მეფეთა ცხოვრების“ მიხედვით ქართლს, ფარნავაზიანების გარდა, განაგებდნენ ნებროთიანთა და არშაკუნიანთა დინასტიის წარმომადგენლები; ჩნდება ასევე აღმოსავლეთ რომის, იმავე ბიზანტიის იმპერიის და სასანიანთა დინასტიის წარმომადგენლებთან კონტაქტი: „და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ… მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთისი, ნათესავითგან ცოლისა მისისა, დედის დისწული… რომელსა ერქუა სახელი მირვან… ეზრახა მირვან არშაკს, და მისცა ასული თჳსი ძესა არშაკისა, არშაკს… მეფე იქმნა სპარსეთს ქასრე ანუშარვან სასანიანი… მისცა ქართველთა მეფედ ძე მისი“ მირიანი.

ტექსტი III – სუმბატ დავითის ძე ბაგრატ III-ის შესახებ: „დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ჴელმწიფებითა ნებიერად განაგებდა. მეფე სპარსთაჲ თჳს მეგობრად და ერთგულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა უფროჲს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთ მეფესაცა შიში აქუნდა ამისი ყოვლადვე“.

III. დავალება – შეადარეთ ერთმანეთს წყაროთა მონაცემები:

  • რაზეა საუბარი პირველ და მეორე ტექსტში?
  • ტექსტებიდან გამოყავით ძირითადი იდეა, თეზა და მოიყვანეთ არგუმენტები.
  • რას მოგვითხრობს მესამე წყარო?
  • მოხაზეთ პირველი წყაროს სამოქმედო სივრცე.
  • განსაზღვრეთ მოქმედების არეალი მეორე წყაროს მიხედვით.
  • როგორია მესამე ტექსტში აღწერილი სივრცის მასშტაბი?
  • რა მსგავსება/განსხვავებაა ამ წყაროთა „სამოქმედო სივრცეს“ შორის?
  • რის მეფედ მოიაზრება ბაგრატ III?
  • რა პრეტენზია გამოსჭვივის ლეონტისთან?
  • რატომ იწერება „მეფეთა ცხოვრება“?
  • მიმართა თუ არა ავტორმა ქვეტექსტს? როგორ ფიქრობთ, ჰქონდა თუ არა ლეონტის რაიმე ფარული ზრახვა წყაროს შექმნის დროს? რა ზრახვა შეიძლება ყოფილიყო ეს?
  • როგორ შეგვიძლია ავტორის პოზიციის შემოწმება?
  • გამოთქვით ვარაუდი: რა ითქვა ხმამაღლა და რა დამალა ავტორმა.
  • გამოიტანეთ დასკვნა: რა მიზანს ემსახურება ისტორიულ წყაროთა ქვეტექტი?

სავარაუდო პასუხები:

1) პირველში საუბარია ძველი ქართული ტრადიციის შესახებ, თუ როგორ იქმნება „ყოველი ქართლი“ – „ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“, რომელსაც შემდეგ განაგებენ ფარნავაზიანები, როგორც სახელმწიფო „ყოველი ქართლის“ შემოქმედნი.

2) მათგან განსხვავებით, მოგვიანებით, ბაგრატოვანი მეფეების (ბაგრატ III) მიერ იქმნება ახალი სახელმწიფო „ყოველი კავკასია“ – „ჯიქეთითგან ვიდრე გურგენამდე“, ეს კი მიუთითებს, რომ ბაგრატიონები უპირისპირდებიან ძველ ქართულ სამეფო დინასტიას – ფარნავაზიანებს, რომელთაც შექმნეს სახელმწიფო „ყოველი ქართლი“ – „ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა“.

3) თუ ყურადღებით დავუკვირდებით ლეონტი მროველის ტექსტს, შევამჩნევთ, რომ „ყოველი კავკასიის“ იდეა როგორც ქართლოსის ჩამომავალთა ქმედებების მიზანი ფარულად უკვე არის გაცხადებული უძველეს ეპოქაში და ბაგრატოვანი მეფეები ერთგვარად აგრძელებენ, არ ივიწყებენ ლეონტისეული „ყოველი კავკასიის“ იდეას.

4) ახალი იდეოლოგიური თვალსაზრისი გამოსჭვივის ქვეტექსტში – ე.წ. მწიგნობრულ ლეგენდაში კავკასიის ხალხთა ერთი საერთო წინაპრისგან წარმომავლობისა და ქართლში ფარნავაზიანთა გარდა მეზობელი ქვეყნების სამეფო დინასტიების – ნებროთიანთა, არშაკუნიანთა, ხოსროიანთა წარმომადგენლების მოღვაწეობის შესახებ, ანუ ქართლის სამეფო დინასტიისა და მეზობელი ქვეყნების დინასტიების კავშირის შესახებ.

5) „მეფეთა ცხოვრების“ ისტორიულ ტექსტს საფუძვლად უდევს გარკვეული იდეოლოგიური ქვეტექსტი – ახალი იდეოლოგიური თვალსაზრისი, რომელიც მიუთითებს ქართული სამეფო კარის პოლიტიკურ მისწრაფებებზე და მინიშნებად გამოყენებულია როგორც ორიგინალური, ისე უცხოური ლიტერატურული წყაროები, რომელთაც ავტორი ერთიანი სიუჟეტური ხაზით აერთიანებს.

6) ქართველ მოღვაწეთა პოლიტიკური ზრახვანი შედარებით თამამადაა გაცხდებული მოგვიანო პერიოდის ავტორთა მიერ, როდესაც ისინი ბაგრატ III-ის მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობენ.

7) როგორც ჩანს, სათქმელის პირდაპირ თქმას ერიდება ლეონტი მროველი და სამეფო კარის „მიზნებზე“ მხოლოდ მათი „ქმედებებით“ მიანიშნებს.

8) სათქმელის „გადამალვა“ მოქმედების თავისუფლებას მისცემდა სამეფო კარს, მაგრამ არ დაავიწყებდა ძირითდად სამოქმედო გზას, რითაც პოლიტიკურ პირებს გაუადვილდებოდათ მიზანზე აქცენტირება და შესაფერისი გზების მოძიება.

წყაროთა შედარების, ანალიზისა და კრიტიკული შესწავლის მეშვეობით მოსწავლეები გაეცნენ ქვეტექსტის როლს ისტორიულ თხზულებებში, აღადგინეს ძველი ქართული საისტორიო თხზულებების ავტორთა პოლიტიკური და იდეოლოგიური მისწრაფებები, გაიფართოეს და სრულყვეს ცოდნა საქართველოს ისტორიაში, გაეცნენ ერთიანი ქართული მონარქიის „კონკრეტულ სამოქმედო გეგმას“, განუვითარდათ კრიტიკული ანალიზისა და ტექსტთან კომუნიკაციის უნარები, ამიტომ ამ მიმართულებით მოსწავლეთა მუშაობა მისასალმებელი და ეფექტურია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სუმბატ დავითის-ძე, ცხოვრებაჲ და უწყებაჲ ბაგრატონიანთაჲ;

2.      ლეონტი მროველის პოლიტიკური თვალთახედვა, „ლიტერატურული ძიებანი“ №25,  შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, თბ., 2005

3.      ლ. ბრეგაძე, ქვეტექსტის ფუნქციისა და ფუნქციონირებისათვის, „ლიტერატურათმცოდნეობის თანამედროვე პრობლემები“ (II საერთაშორისო სიმპოზიუმი, (ნაწილი I),თბ., 2009

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...