ძვირფასო მასწავლებლებო, ჩვენო ერთგულო მკითხველებო, ჟუნალი “მასწავლებელი” და ინტერნეტგაზეთი “mastasvlebeli.ge”, გილოცავთ ახალ შობა- ახალ წელს!
გილოცავთ ახალ შობა- ახალ წელს!
რას ვუსმინოთ საახალწლოდ
მესმის, რომ უხერხულია ჩემი მხრიდან მუსიკალური რჩევების გაცემა. ვინც მიცნობს, კარგად იცის ჩემი მუსიკალური უვიცობის შესახებ. აღარც კი მახსოვს ჩემი აუდიოთეკა ბოლოს ძირეულად როდის განახლდა. პერიოდულად მას კანტი-კუნტად ემატება სიმღერები, რომლებსაც მეგობრების Facebook-ის კედლებზე წავაწყდები და მოსმენა არ დამეზარება. ხანაც Youtube-ზე ხეტიალისას დავაწკაპუნებ ხოლმე რაიმე ახალსა და მადისაღმძვრელს.
რადგანაც შუბლზე ნამუსის ძარღვს ვერ გავიწყვეტ, კი არ გირჩევთ, არამედ გაგიზიარებთ, თუ რას ვუსმენ ხოლმე ახალი წლის დღეებში, რითი ვიქმნი საახალწლო განწყობას და რითი ვცდილობ ყოველდღიური რუტინისგან დროებით გაპარვას.
Soft Eject – Please just carry on
Soft Eject–ის ეს სიმღერა იმდენად მაგარი რამაა, ბავშვობაში მეგონა, რომ შეუძლებელია ქართველები მღეროდნენ-მეთქი. ასეთი მახინჯი განწყობები დღევანდელ ქართველებს ხშირად გვეუფლება (მგონი მოდურიცაა), მაგრამ ჩემს იმდროინდელ განწყობას უფრო იმას მივაწერ, რომ ის ჯეელები, ახლა რომ უკვე ნაოჭიანი კაცები არიან, საოცარი ინგლისური აქცენტით (უფრო სწორად, აუქცენტოდ) მღეროდნენ უტკბილეს სიმღერას, რომელსაც სიმშვიდის, სიმყუდროვის, ჯადოსნობისა და სითბოს განცდა მოჰქონდა. არაჩვეულებრივი იყო სიმღერის ვიდეოკლიპიც. უცხოობის თუ საუცხოობის განცდას სწორედ ის ქმნიდა. ეკრანზე ჩანდნენ ნათელი სახის ადამიანები, რომელთა მსგავსებსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვხედავდი. მათ თვალებში არ იდგა პურის რიგი, არ ჩანდა მეცხრე ბლოკი, არ ირეკლებოდა თემურ მღებრიშვილი. ისინი დაცლილნი იყვნენ ყოველდღიურობისგან, ანუ იმისგან, რაც ჩვენ ვირუსივით გვქონდა გამჯდარი ტანში. მიხაროდა, როცა წარმოვიდნედი, რომ კლიპის დასრულების შემდეგ ისინი განაგრძობდნენ ბუხრის პირას ჯდომას. იმ ოთახში, რომლის ყოველ კუთხე-კუნჭულში სითბო ტრიალებდა, გარეთ კი ციოდა. ზუსტად ისე, როგორც ჩვენს სახლებში.
My Christmas tree
საოჯახო გარემოს სიტკბოებას მახსენებს ფილმის „მარტო სახლში“ სიმღერა My Christmas tree. ამ მელოდიას ბავშვობაში მივყავარ და მაიძულებს, რომ კიდევ ერთხელ დავფიქრდე მოზარდებზე, რომლებსაც საკუთარი ოთახი ჰქონდათ. ამ ოთახში კი ნაირ-ნაირი სათამაში, ტირის თოფი, პლასტმასის ჯარისკაცები, ხმის ჩამწერი მოწყობილობა, კარგი ტანსაცმელი, ცალკე გამოყოფილი აბაზანა. ბავშვებზე, რომლებსაც შეეძლოთ ეჭამათ ცხელი პიცა ყველით და კურიერისთვის ხურდაც კი არ გამოერთმიათ. ბავშვებზე, რომლებიც საახალხლო არდადეგებზე თვითმფრინავით მიდიოდნენ. მელოდია მიხატავს განცალკევებულად გაშენებული უბნის კონტურებს, საახალხლოდ მორთულ, აბრდღვიალებულ სახლებსა და საშობაო განწყობას, რომელმალ ლამისაა დაკეტილი კარ-ფანჯარა გამომასხვრიოს და გადმოიღვაროს.
გოგი დოლიძე – საშობაო საგალობელი
ამ სიმღერას მაშინ ვუსმენ, როცა სურვილი მიჩნდება, რომ ერთი მტკაველით მაინც ავიწიო მიწიდან, ნაბიჯები ჰაერზე გადავდგა და ნაკვალევი არსად დავტოვო. ამ დროს ისეთი მორიდებული ვხვდები, თითქოს ქრისტეს შობიდან მოყოლებული ქველა ცუდი საქციელის გამო მრცხვენია. თითქოს პროფილაქტიკურ სამუშაოებს მიტარებენ ამ სიმღერის მოსმენისას და როცა მელოდია მინელდება, მიწაზე ვეშვები.
Billy Mack – Christmas Is All Around
Soft Eject-ის სიმღერისგან განსხვავებით, Billy Mack-ი თბილ და მყუდრო გარემოში არ მეპატიჟება. Christmas Is All Around-ის მოსმენისას, ისევე როგორც ტექსტშია, ვგრძნობ როგორ შემომარტყა ალყა შობამ და რაც მთავარია, ეს ძალიან მახარებს.
ჩაი და სიყვარული- მულტისემიოტიკური პრეზენტაციის უნარები
„აღზრდა ჩვეულებრივ გვიბიძგებს ჩვენ ყალბი გზისკენ,
ჩვენ გვწამს იმის, რაც ჩაგვინერგეს….
მღვდელი აგრძელებს ძიძის დაწყებულ საქმეს,
და ასე… ზრდასრული ადამიანი ისევ ბავშვის გავლენაშია.“
John Dryden, “The Hind and the Panther”
როდესაც სტუდენტებს რიტორიკის ლექციაზე დავალებას ვაძლევ, შექმნან და წარმოადგინონ მეტაფორები, ძალიან საინტერესო პრეზენტაციებს ვისმენ. ისინი არასდროს არ ჰგვანან ერთმანეთს, თითოეული უნიკალური და ორიგინალურია. სწორედ ეს ანიჭებს ჩვენს ლექციებს შემოქმედებითობას. სტუდენტები არა მარტო ახალ ცოდნას იძენენ, არამედ მდიდრდებიან კიდეც ერთმანეთის ხედვით. თავიდან ცოტა ეჭვი ჰქონდათ და კითხვებს სვამდნენ: როგორ წარმოედგინათ მეტაფორები უფრო კარგად და იმაზეც ფიქრობდნენ, რა იყო „უფრო კარგი“? ან რა ჩაიფიქრა პროფესორმა და გაამართლებდნენ თუ არა ჩემს მოლოდინს. მაგრამ როდესაც ამ წარმოდგენებისაგან გავათავისუფლე და დაიჯერეს, რომ კარგი ის არის, როგორც თავად იფიქრეს, და რომ შეუძლებელია თუნდაც ერთ თემაზე ორი ერთნაირი პრეზენტაცია, აი, მაშინ კი ნამდვილი „აფეთქებები“ დაიწყო… ჩემთვისაც და აუდიტორიისთვისაც შთამბეჭდავი ის გამოსვლაა, როდესაც სტუდენტი საუბრობს თემაზე, რომელიც უყვარს და აინტერესებს, ბევრი ნაფიქრი აქვს მასზე და კიდევ იმაზე, როგორ გაეხადა მისთვის საინტერესო სხვებისთვისაც ინტერესის გამომწვევი.
სამყაროში კი ყველაფერი შეიძლება საინტერესო იყოს: უბრალო ჭანჭიკიდან დაწყებული ბედნიერებით და სიყვარულით დამთავრებული; მით უფრო, როდესაც საგნებს და მოვლენებს რომელიმე კონცეპტის მეტაფორად წარმოადგენ. ესეც არ არის მნიშვნელოვანი… მნიშვნელოვანი ის არის, ამას როგორ გააკეთებ… დიახ, რიტორიკაში სამი მთავარი ასპექტია, რაც ეფექტურს ხდის კომუნიკაციას: თემა – ანუ რაზე ლაპარაკობ, რაზეც ლაპარაკობ, როგორ ლაპარაკობ და რომ სურვილი გაქვს ილაპარაკო. ამ სამ ასპექტს შეესაბამება: ცოდნა, უნარები და მოტივაცია.
ამ შესავლის შემდეგ მინდა განვიხილო რიტორიკის ჯგუფის სტუდენტის, თამარ დუმბაძის, მიერ შექმნილი მეტაფორა: სიყვარული – ცხელი ლიმნიანი ჩაია…
მიუხედავად იმისა, რომ ვიდეო უხარისხოა და სტუდენტსაც მეტყველებაში ბევრი ხარვეზი აქვს (ეს ხომ სავარჯიშოა და ამით სწავლობენ), ყურადღება მინდა მიაქციოთ პრეზენტაციის ფორმატს. თამარი იწყებს ძალიან უშუალოდ: ის ჰყვება, რომ ბევრი იფიქრა იმაზე, რა თემაზე გაეკეთებინა პრეზენტაცია, მერე იმაზე იფიქრა, ეს ყველაფერი როგორ უნდა გაეკეთებინა, რამდენიმესაათიანი ფიქრის შემდეგ შესცივდა და გადაწყვიტა, რომ ცხელი ჩაი ახლა საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ჩაი მოამზადა და ის იყო, სიამოვნებით უნდა მოესვა, რომ ისევ ფიქრმა წაიღო და ჩაის რომ მიუბრუნდა, ის უკვე გაცივებული იყო და უცებ მიხვდა, სიყვარული ძალიან ჰგავდა ცხელ ლიმნიან ჩაის… და თუ რატომ, ამას თამარი ასე აგვიხსნის: მისთვის ჭიქა, რომელშიც ჩაი ასხია, არის ცხოვრება და ეს ცხოვრება არის ჩაი, ჩაი კიდევ – სიყვარულია. რატომ? თამარისთვის სიყვარული ეს არის: ჩაის ფერი (სიყვარულის მთავარი არომატი), შაქარი (სიყვარულის ტკბილი მხარე), ლიმონი (სიყვარულის ხიფათები), ცხელი წყალი (ის, რაც კრავს და აერთიანებს) და ეს ყველაფერი აუცილებლად ერთად და აუცილებლად ჭიქაში. უფრო მეტად რომ დაგავრწმუნოს სტუდენტმა, ამისთვის ის ვიდეო-კლიპებს მიმართავს, რომელიც თავად შექმნა და ვიდეოში გვიჩვენებს ცალ-ცალკე ინგრედიენტებს როგორ მიირთმევს:
პირველ კლიპში თამარი მიირთმევს – შაქარს, შემდეგ კლიპში – ლიმნის წვენს, შემდეგ – მდუღარე წყალს და აღნიშნავს, რომ ასე დანაწევრებული სიყვარული არაფრით საინტერესო არ არის… შემდეგ ამ ყველაფერს აერთებს ჭიქაში და ცხელ ჩაის გემრიელად მიირთმევს.
აქ თამარი სიყვარულის მთავარ ბუნებას შეგვახსენებს: რომ სიყვარული არ არის ცალ-ცალკე ან სიტკბო, ან სიმჟავე… რომ ეს ყველაფერი ერთადაა და კიდევ სიყვარულის ძირითადი კანონი: აუცილებლად დროულად უნდა მიირთვათ და არ გააცივოთ სიყვარული!
ეს უბრალოდ, აღწერაა, მაგრამ დამერწმუნეთ, მეტაფორების ასე წარმოდგენა ძალიან შთამბეჭდავი აღმოჩნდა.
შემოქმედებითი ადამიანები ყოველთვის მეტაფორებით აღვიქვამენ და აზროვნებენ, ძალიან „ღარიბია“ მეტყველება, რომელიც მხოლოდ ცნებით აზროვნებას ეფუძნება, რადგან მასში არ არის ემოცია, რომელიც თქვენს მარჯვენა ნახევარსფეროზე იმოქმედებდა და შემოქმედებას გააღვიძებდა.
რიტორიკის ლექციაზე ასეთი სავარჯიშოები სტუდენტებს უვითარებს აბდუქციურ აზროვნებას. აბდუქციურ აზროვნებაზე საინტერესო გამოკვლევების ავტორია ბეიტსონი. მას არ აინტერესებდა ინდუქციურ-დედუქციური აზროვნების ტიპი, არამედ საგანთა ურთიერთკავშირები, დამოკიდებულებები… მისი ბიოგრაფიის მთავრი კონცეფცია იყო “double bind” ანუ ორმაგი კავშირი (ან შეტყობინება). ბეიტსონი თვლიდა, რომ ყოველგვარ სიტყვას, ჟესტს, ტექსტს აქვს „ორმაგი ხასიათი“: პირდაპირი და გადატანითი, ანუ მეტაფორული. ბეიტსონი ამტკიცებდა, რომ მეტაფორა არ არის მხოლოდ ლიტერატურული ტროპის სახე, ეს არის ადამიანთა შორის კომუნიკაციის ტიპი – ამის შესახებ ადრეც ვწერდი ჩემს წერილებში და ახლაც ვიმეორებ, როცა მეტაფორების პრაქტიკულ პრეზენტაციაზე გადავედით.
მეტაფორული აზროვნება ანალოგიებით აზროვნებაა, რაც ნიშნავს, რომ ერთის ახსნისას ვიყენებთ სხვა საგანს, მოვლენას, ფაქტს… უფრო ნაცნობით ვხსნით უფრო უცნობს; ეს, რა თქმა უნდა, არ არის სრული ახსნა, მხოლოდ ერთი ასპექტია, მაგრამ სრულად სიყვარულის და ბედნიერების ახსნა, არა მარტო ლინგვისტურად შეუძლებელია, არამედ საერთოდაც არ არსებობს…
მეტაფორული ახსნა ეფუძნება იმ კონტექსტს, რომელშიც ვართ. წარმოუდგენელია, სხვა დროს, სხვა დღეს და სხვა კონტექსტში, იმავე სიტყვებით და იმავე მეტაფორით ავხსნათ ის, რაზეც დღეს ვისაუბრეთ.
აბდუქციური ანუ მეტაფორული აზროვნება – ეს აღქმისა და შემეცნების სრულიად განსხვავებული რაკურსია, ის გვაფიქრებს იმაზე, რაზე ვსაუბრობთ და სინამდვილეში, რა გვაქვს მხედველობაში…
ისედაც ჩვენს მეტყველებას აქვს მეტაფორულობის განზომილება, ძალიან ხშირად ვამბობთ ერთს და მხედველობაში გვაქვს სრულიად სხვა რამ და, ზოგ შემთხვევაში, არც ერთი და არც მეორე, არამედ „რაღაც სხვა“, მესამე, რომელიც მეტაფორული კავშრის დროს წარმოიქმნება. მაგალითად: სიშორე თუ სიახლოვე გალაკტიონის მეტაფორაში: „სიშორის შენის სიახლოვე“… რა თქმა უნდა, „რაღაც სხვა“, რაც არსებული ლექსიკით ვერ აღიწერება და ამიტომ გახდა საჭირო მეტაფორის შექმნა.
ახლა ისევ ჩვენს ცხელ ჩაის და სიყვარულს დავუბრუნდეთ (მეც ამ წუთს ცხელ ჩაის მივირთმევ და არავითარ შემთხვევაში არ გავაცივებ…).
მეტაფორები იწვევენ რეფლექსიას, ამიტომ ალბათ იმაზეც დავფიქრდებით, რატომ დაუკავშირა ჩვენმა არაცნობიერმა ცხელი ჩაი სიყვარულს…? და არა ხინკალს ან აჭარულს ხაჭაპურს…
რა თქმა უნდა, „სიყვარული – ცხელი ჩაი“ მომდინარეობს სიყვარულის უნივერსალური მეტაფორიდან: სიყვარული – სასმელია… სიყვარული ღვთაებრივი სითხეა, რომელსაც შეყვარებულები სვამენ თასიდან… ნამდვილი სიყვარული მედიტაციაა, გასხივოსნებაა… ამას ინტუიციურად გრძნობენ შეყვარებულები.
ოშოს აქვს საინტერესო წიგნი, რომელსაც ჰქვია: „ფინჯანი ჩაი“ – ეს არის 365 წერილი თავისი მოსწავლეებისადმი… და რატომ „ფინჯანი ჩაი?“…. ფინჯანი ჩაი – ეს მედიტაციაა, ღვთაებრივთან შერთვა, რაც მეტაფორულად ჩაის სმით აღინიშნება.
თუ თქვენ ძენის ოსტატთან მიხვალთ და 1001 კითხვას დაუსვამთ, ის კი დუმილით შემოგხედავთ, ეს ნიშნავს, რომ „თავიდან მოიშორეთ ეს სისულელეები, მიირთვით ფინჯანი ჩაი“.
თუ თქვენ ახლა ჩაის მოამზადებთ და მიირთმევთ, დამერწმუნეთ, სულ სხვა არომატი ექნება… მთავარია, არ გაგიცივდეთ…
გემრიელად მიირთვით.
რატომ არ უნდა შევადაროთ ბავშვები ერთმანეთს
რამდენიმე კვირის წინ სრულიად მოულოდნელად საინტერესო და საყურადღებო შემთხვევის მოწმე აღმოვჩნდი. ორი პატარა ბავშვით ავტობუსში ამოსულ ქალბატონს ახალგაზრდა მამაკაცმა ადგილი დაუთმო. ქალბატონი სკამზე დაჯდა და 3 წლის გოგონა კალთაში ჩაისვა. 4 წლის ბიჭუნა კი დედის წინ ფანჯარასთან დადგა და ქუჩაში ყურება დაიწყო. ქალბატონის გვერდით მჯდომმა მგზავრმა წამოდგომა სცადა, რათა პატარა ბიჭუნა დედის გვერდით დაესვა. დედამ უკმაყოფილო სახით შვილს გახედა და მის გვერდით მჯდომ მგზავრს სთხოვა, არ ამდგარიყო: „ნუ შეწუხდებით, ის მაინც არ დაჯდება, ისეთი ჯიუტი და ურჩია, ვერაფერს გააგებინებ“; „აი, ეს კი“, – მიუთითა კალთაში მჯდომ მეორე შვილზე – „ძალიან დამჯერი და ჭკვიანი ბავშვია“. ბიჭუნამ განაწყენებული სახით შეხედა დედას და მთელი გზა ხმა არ ამოუღია. დედის სიტყვებმა მასში აშკარად აგრესია და სიბრაზე გამოიწვია, რადგანაც დროდადრო ხან დედას გახედავდა უკმაყოფილო სახით და ხან დედის კალთაში მოკალათებულ საკუთარ დაიკოს უყურებდა შურის თვალით. მგზავრებს შეებრალათ „დაჩაგრული“ ბიჭუნა და სიყვარულით სავსე სახეებით უყურებდნენ მას. რამდენიმემ გამოლაპარაკება და მოფერებაც სცადა. თუმცა უცხო ადამიანების ასეთმა „თანაგრძნობამ“ ბიჭუნას გუნება-განწყობა ვერ შეუცვალა – ის ხომ მისმა უსაყვარლესმა და უახლოესმა ადამიანმა სრულიად უცხო გარემოში ყველას წინაშე „დაამცირა“.
ანალოგიურ სიტუაციაში აღმოვჩნდი მაშინაც, როცა ერთ-ერთი მშობელი საკუთარ შვილებს მაცნობდა – „ეს ისეთი კარგი მყავს“, – მიმითითა მის გვერდით ამაყად და თავმომწონედ მდგომ 7 წლის გოგონაზე – „ამას ენაცვალოს დედა, ჩემი სიამაყეა“; „აი, ეს კი“, – მიმანიშნა დედისგან ოდნავ მოცილებით მდგომ 6 წლის ნინიზე, – „ვერ წარმოიდგენთ რა აუტანელია, მომკლა, გამაჭაღარავა, ნამდვილად ბოლოს მომიღებს“. როგორც შემდეგ გავიგე, პატარა ნინი უცნაურ ხერხს მიმართავდა, რომ დედიკოს თვალში თავის დაზე უკეთესი გამოჩენილიყო და მისგან შექება დაემსახურებინა – დილით ადრიანად დგებოდა, დაიკოს ტანსაცმელს უმალავდა, რომ ის დროულად ვერ მომზადებულიყო სკოლაში წასასვლელად, თვითონ კი სასწრაფოდ სკოლის ფორმაში გამოეწყობოდა და ჩანთით ხელში, კმაყოფილი სახით კართან დგებოდა იმის ნიშნად, რომ დაიკოზე უფრო ყოჩაღია და დროულად მოემზადა სკოლაში წასასვლელად. თუმცა დედა კარგად ხვდებოდა მის ნამოქმედარს და შექების ნაცვლად კვლავ სჯიდა დაიკოს დაჩაგვრის გამო.
აღნიშნული სიტუაციები კარგად მიგვანიშნებს იმაზე, თუ რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ბავშვის საკუთარ დასთან ან ძმასთან შედარებამ. ადვილი შესაძლებელია ასეთი შედარებების საფუძველზე მათ შორის აღმოცენებულმა შუღლმა და მტრობამ მოგვიანებით, დიდობაშიც იჩინოს თავი, რაც მშობლებს ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენებს.
ვფიქრობ, ძნელია მოიძებნოს ისეთი მშობელი, რომელსაც არასოდეს შეუდარებია საკუთარი შვილი სხვისთვის. ხშირად ის არ შემოიფარგლება და-ძმების ერთმანეთთან შედარებით და საკუთარ შვილს ადარებს თანაკლასელს, მეზობლის ბავშვს – „შეხედე, გიო როგორი აქტიურია! ღონისძიება არ ჩატარდება, რომ სცენაზე არ იდგეს, შენ კი ერთი ლექსიც არ გითქვამს ჯერ“; „რა კარგად ლაპარაკობს ნინი ინგლისურად. შენ კი მთელი წელია გამეცადინებ და ორ წინადადებას ვერ ამბობ უშეცდომოდ“. ბავშვები არცთუ ისე იშვიათად ისმენენ ასეთ საყვედურებს მშობლებისგან, რომელთაც სურთ, რომ ყველაზე უკეთესი და წარმატებული შვილი ჰყავდეთ. ბევრი მშობელი ფიქრობს, რომ ასეთი შედარებებით ბავშვს გაუღვიძებენ სურვილს, მეტს მიაღწიოს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში შედეგი არცთუ ისე სასურველი და მისასალმებელია. საინტერესოა, რა ემოციები დაეუფლებოდა დედას, საკუთარ შვილს რომ ის მეგობრის დედისთვის შეედარებინა და ეთქვა – „გიოს დედა ბევრად უფრო კეთილი და გაგებულია, ვიდრე დედაჩემი“. ვფიქრობ, ნებისმიერი დედისთვის შვილისგან ასეთი სიტყვების მოსმენა დამთრგუნველი, საწყენი და გამანადგურებელი იქნებოდა. მაშინ რატომ უნდა შეხვდეს ბავშვი თანაკლასელთან, ძმასთან ან მეზობლის ბავშვთან მის შედარებას მშვიდად და უმტკივნეულოდ, მით უმეტეს, როცა ამას მისთვის უსაყვარლესი და უახლოესი ადამიანი, დედა აკეთებს.
მშობლების მსგავსად, ხშირად პედაგოგებიც იყენებენ მსგავს შედარებებს. მაგალითად, თუ კლასში რომელიმე ბავშვი ბეჯითი, აქტიური და მონდომებულია, პედაგოგი ცდილობს, ყველა ბავშვს გაუღვიძოს სურვილი, რომ მას მიბაძონ – „როგორ ვამაყობ, რომ ნიკა ჩემს კლასშია, როგორ მინდა, რომ ჩემი ყველა მოსწავლე ასეთი იყოს“. ერთი შეხედვით, პედაგოგის მიზანი ძალიან კეთილშობილურია, თუმცა, ხშირ შემთხვევაში უარყოფით შედეგს ვიღებთ და ნაცვლად იმისა, რომ ყველამ მას მიბაძოს, შეიძლება მასაც დაუქვეითდეს მოტივაცია და სწავლის სურვილი, ვინაიდან ზედმეტი ქების გამო, მასწავლებლის „ფავორიტი“ მოსწავლე თანატოლთა ჯგუფიდან გარიყული აღმოჩნდება ხოლმე.
ამდენად, ალბათ ღირს დაფიქრება იმაზე, თუ რამდენად საჭიროა ბავშვების ერთმანეთთან შედარება, მაშინაც კი, როცა ჩვენი მიზანი ძალიან კეთილშობილურია და ბავშვის „სასიკეთოდ“ არის მიმართული. როგორც წესი, თანატოლებთან მუდმივი შედარებების საფუძველზე ბავშვში შეიმჩნევა შფოთიანობის დონის მომატება, უქვეითდება თვითშეფასება, უჩნდება საკუთარ თავში დაურწმუნებლობის გრძნობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, იკეტება საკუთარ თავში; ეშინია, რომ არაფერი გამოუვა ისე, როგორც სხვებს; წინასწარ განაწყობს საკუთარ თავს მარცხისა და წარუმატებლობისთვის. არსებობს საფრთხე, რომ დაირღვეს მშობელთან სულიერი კავშირი და ბავშვს დაეკარგოს მის მიმართ ნდობა. ამასთან ერთად, ბავშვს უჩნდება შიში იმისა, რომ ის აღარ ეყვარებათ, თუ არ გახდება ისეთი, როგორიც მის მშობლებს მოსწონთ. ეს კიდევ ერთი დარტყმაა მის თავმოყვარეობასა და თვითშეფასებაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ ბავშვს მივიღებთ ისეთს, როგორიც არის; არ ვეცდებით დავამსგავსოთ სხვას; გვეყვარება და ვიამაყებთ მისით, განურჩევლად იმისა, მარცხს განიცდის, თუ წარმატებას. გავითვალისწინოთ, რომ თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების საკუთარი, ინდივიდუალური გზა და ვერასოდეს დაემსგავსება სხვას. ამდენად, არ არის საჭირო შევადაროთ სხვას და მოვითხოვოთ მისგან, რომ ის სანიმუშო და მისაბაძ თანატოლს დაემსგავსოს. ეს მხოლოდ ზიანის მომტანი აღმოჩნდება, როგორც ბავშვისთვის, ასევე მასთან ჩვენი ურთიერთობისთვისაც. ნუ დავივიწყებთ, რომ აღზრდის საფუძველთა საფუძველი ბავშვის სიყვარულია, რომელსაც ის აუცილებლად უნდა იღებდეს ჩვენგან.
მესამე წერილი სანტა კლაუსს
რა გაძლებს კიდევ ერთ საათს?
თორმეტს არა, თერთმეტის ნახევარს ველოდები – შუქი მოვა. ცენტრალური.
სხვა მხრივ – ადგილობრივი ჰიდროელსადგურის მცირევოლტიანი დესპანი შემომივლიდა ხოლმე, იმდენად სუსტი – ნათურა გადამწიფებულ კარალიოკს უფრო ჰგავდა, ვიდრე მანათობელს. ეს იქით იყოს და იმ წელს DENDY-ს კომპიუტერი მაჩუქეს. ვის აინტერესებს შენი საგანგებოდ დაკლული ინდაური და გოზინაყი. სტუმრები ღვინის ოცლიტრიან ბოცას თვალებით ჭამენ. ისინიც ცენტრალურს ელიან:
„მოსკოვს მაინც მაგარი ესტრადა აქვს, ОРТ-ზე გადავრთოთ როცა მოვა, ჩვენების ბლუყუნს სჯობს”.
როგორც წესი და რიგია, სამზადისი და ბაზარს მიწყდომა წინა დღეს დაიწყო. ეს ტრადიცია ძველთაგან მოგვდევს და ახლაც ნავარდობს. ქალაქს საცობი გუდავს, სოფლის ორღობეებს ტალახი ახრჩობს. მერე თითქოს სული ამოხდაო – 1 იანვარს ქუჩაში გაგივლიათ? მეორე დღეს ახალი წელი ნანადირევივით აგდია და არ ინძრევა. ღამით იმდენი ესროლეს, რა გადაარჩენდა. და ქართველებს ხომ ყველაზე უფრო აღუვსებელი საწყაული გვაქვს – ერთი ახალი წელი სად გვყოფნის. ჰოდა, მივრბივართ მერე, ხელოვნურ სუნთქვას ვუკეთებთ და თოთხმეტ დღეში ვაცოცხლებთ.
არის, იყო და იქნება: ნაძვის ხე და ჩიჩილაკი (ეს უკანასკნელი რამდენიმე წლის მოდაში შემოსული მეცხვარის ქუდივითაა და ვატყობ, მალე მიავიწყდებათ) ერთად აღიმართება, ეკრანი ისევ „ბედის ირონიით” გვაამებს, სამი-ოთხი მარად ცნობადი სახე და რომელიმე ქათმის ბარკლის მწარმოებელი კომპანია მოგვილოცავს, ხოლო სამამულო ესტრადა რესტორნებს განეფინება და კონცერტმოშიებულ ხმას და ჯიბეს აბალახებს. ცუდი ალბათ ამაში არც არაფერია, მაგრამ მაინც…
ჩემი ახალი წელი, სხვა, უცნაურ ასოციაციებს უფრო აღძრავს: მეზობელი, რომელიც ოთხმოცს გადასცდენოდა, 31 დეკემბერს აივანზე გამოდიოდა და გაბრწყინებული თვალებით უყურებდა ათასგვარი მაშხალის ელვა-ქუხილს. წარმოიდგინეთ ადამიანის უკიდურესი ნეტარების გამოხატულება. ვთქვათ ამ მასშტაბის – რომელიმე ჩრდილოურ ტელე-შოუში ალექსანდრ მალინინი პორუჩიკ გალიცინს უგალობს და კამერა შუა ხნის ქალბატონს უახლოვდება. აი, ამგვარი სახე ჰქონდა ამ კაცს და ჩემი ახალი წელიც ამგვარია – გაუცნობიერებელი ნეტარების და იმედის ტალღა (ბოლო სიტყვათშეთანხმებამ თუ ცუდი რამე მოგაგონათ, ჩემი ბრალი არაა).
ჰოდა, რა გაძლებს საათსა და 20 წუთს? ეს ამბავი ტრაგიკულად დასრულდა. მითხრეს, რომ არავითარი მარიო არ იქნებოდა – სტუმრებს ტელევიზორის ყურება უნდოდათ. მეც, პროტესტის ნიშნად, ავდექი და დავწექი. სიზმრად ვნახე, განათებულ დარბაზში ვიდექი. საოცარი ფეიერვერკი იყო ცაზე. პრინცესა დავინახე – მივხვდი, რომ ბოლო ტური დავხურე. ეს გოგო ხომ მაშინ ჩნდებოდა. ძალიან, ძალიან მიხაროდა. აივანზე ჩემი ოთხმოცი წლის მეზობელი იდგა და მიცინოდა.
ჰოდა, სანტა-კლაუს. ჩემი მესამე სურვილი ასეთია. მინდა დენდი მქონდეს მარიოთი. ამას რამენაირად შევძლებ. უბრალოდ ბოლო ტურში გავიდე მინდა. დრაკონი მოვკლა. და ის გოგო წამოვიყვანო.
მეთორმეტეკლასელი მასწავლებელი – კარლო ხუციშვილი
გამომგონებელ კარლო ხუციშვილს უკვე იცნობენ საქართველოში და მის მიღმაც. ახალციხელი მოსწავლის წარმატებებმა საზოგადოების და სპეციალისტთა ყურადღება ერთბაშად მიიქცია. კარლო სასწავლებლად ჯერ კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლაში გადმოვიდა, ახლა კი დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მეთორმეტეკლასელია. კოლეჯი თავად აფინანსებს მის განათლებას. პარალელურად კარლო კომაროვის სკოლაში რობოტექნიკას ასწავლის. ინტერვიუ უკვე მზად იყო, როცა კარლოს 18 წელი შეუსრულდა და 25 დეკემბერს საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში ,,წლის საუკეთესო“, ნომინაციაში – “წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში” გამარჯვება მოიპოვა.
_როგორ გახდით გამომგონებელი?
_ერთ-ერთი სქემის დაშლა-აწყობის დროს გამიჩნდა სურვილი კარგად შემესწავლა მისი ყველა კომპონენტი. შემდეგ შევიძინე ნაწილები, ზოგი ძველ ტექნიკას ამოვაცალე და ასე ავაწყვე პირველი მარტივი სქემა. ძალიან დავინტერესდი. ვატარებდი ექსპერიმენტებს, გამიჩნდა ამბიცია შევჭიდებოდი უფრო რთულ სქემებს. ინტერნეტმა მომცა საშუალება, ბევრი რამ ვიდეომასალით გამეგო, წამეკითხა უცხოური წიგნები ჩემთვის საინტერესო საკითხებზე; თანდათან დამიგროვდა ცოდნაც და გამოცდილებაც. გამოგონებებზე ფიქრი არ მასვენებდა. შევიტყვე გამომგონებელთა კონკურსის შესახებ, გავეცანი პირობებს. უნდა შემექმნა პროექტი, რომელიც საგაკვეთილო პროცესს აღწერდა. ავაწყე ,,იაკობის კიბე“ – რომლის საშუალებითაც მასწავლებელს შეეძლო აეხსნა სხვადასხვა ფიზიკური მოვლენები: იონიზაცია, ნაპერწკლური განმუხტვა. კონკურსზე მოპოვებულმა პრიზმა ჩემი მოტივაცია გაზარდა. ამას მოჰყვა სხვა გამოგონებები, კონკურსები, წარმატებები.
კარლოს პორტფოლიო უკვე უამრავი დიდ-პატარა შედეგითაა ,,გაბერილი“, მათ შორის, გამორჩეული მიღწევებიც დაგროვდა: ლეონარდო და ვინჩის კონკურსში წარდგენილი და გამარჯვებული მულტიკლიმატიზატორი, რომელიც ფერმერებს საშუალებას აძლევს დისტანციურად მოიპოვონ ინფორმაცია მიწის ტენიანობის, ტემპერატურის, მცენარისათვის აუცილებელი ნივთიერებების შესახებ, მიიღონ ინფორმაცია მოსალოდნელ ამინდზე, სეტყვაზე… ამ გამოგონებამ საერთაშორისო ოლიმპიადაზეც (აშშ) მოწონება დაიმსახურა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვება და NACA-ს კენედის ცენტრში მოგზაურობა ისევ მულტიკლიმატიზატორს და ,,დრონს“ მოაქვს. უპილოტო გამნაღმველი სისტემა, რომელიც აიპადით იღებს კოორდინატებს და უპილოტო ,,დრონის“ საშუალებით დაფრინავს. ,,დრონი“ მიდის მითითებულ ადგილზე და ჰაერიდან ახდენს ნაღმის გაუვნებელყოფას. მას გადაადგილების მრავალმხრივი შესაძლებლობები აქვს: ტანკისებრი მუხლუხები, ბორბლები, პროპელერები, ასევე გადაადგილდება წყალში და იქაც აღმოაჩენს ნაღმებს. ამ გამოგონებას საქართველოს მასშტაბით ჩატარებულ იპოს ოლიმპიადაზე მე-2 ადგილი, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიადაზე _პირველი ადგილი და ოქროს მედალი მოაქვს.
_ახლა რაზე მუშაობთ?
_შშმ პირების საჭიროებათა გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი მუშაობს ,, Non_stop“-ზე, რომელიც არის ინოვაციური ეტლი. ეს სიახლე შშმ პირებს გადაადგილების უსაფრთხო და კომფორტულ შესაძლებლობებს გაუზრდის. ეტლი სხვისი დახმარების გარეშე, სწრაფად და მარტივად იმოძრავებს, იოლად გადალახავს დაბრკოლებებს, უსაფრთხოებისთვის ექნება ღვედი, ციმციმა და დამცავი კამერა(აირბაგი), ექნება ქოლგა უამინდობისთვის, გათვალისწინებული იქნება ხელის მტევნის პრობლემის მქონეთა საჭიროება, ექნება გააქტიურებული GPS სისტემა და სპეციალური აპლიკაცია პარკირებისთვის. მეორე გამოგონება პარკირების პრობლემის მოგვარებაზე ორიენტირებული სიახლეა, რომელიც გულისხმობს პარკირების ადგილას ისეთი დაბრკოლების შექმნას, რომლის გადალახვაც მხოლოდ ეტლით მოსარგებლე პირს შეეძლება სპეციალური ბარათის საშუალებით.
ეს ორი პროექტი წარვადგინეთ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში, სადაც 85 გუნდი მონაწილეობდა და საუკეთესო ხუთეულში მოვხვდით, მოვიპოვეთ დაფინანსება მოდელის სრულყოფისათვის. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც თავად ეტლით მოსარგებლენი არიან, მნიშვნელოვანია ფინალში გასვლა, რადგან ფინალისტი NACA-ს კენედის ცენტრში გაემგზავრება და ამჯერად, რაკეტით გაფრენის შესაძლებლობა ექნება.
ახლა ვმონაწილეობ საზოგადოებრივი მაუწყებლის კონკურსში ,,წლის საუკეთესო“ . ამ კონკურსში 2015 წელს მოვიპოვე ,,წლის საუკეთესოს“ წოდება მეცნიერებასა და ინოვაციაში.
_მასწავლებლობას როგორ შეუდექით?
როგორც გითხარით, უკვე საკმაო ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდა, მაგრამ დიდი დრო და ენერგია დამჭირდა, რადგან არ მყავდა შესაბამისი მიმართულების მასწავლებელი, არ მქონდა ლიტერატურა. ძალიან მინდოდა, ჩემი ცოდნა და გამოცდილება გადამეცა ჩემი თანატოლებისთვის, უმცროსებისათვის და ეს გზა გამეიოლებინა. ახალციხეშიც ვუზიარებდი ჩემს ცოდნას თანატოლებს, ჩემს დას, მაგრამ როცა ,,კომაროვში“ გადმოვედი 2014 წელს, იქ ჩემს ოთახში პატარა ,,ლაბორატორია“ მოვაწყვე. ბევრს აინტერესებდა ჩემი საქმიანობა. თავისუფალ დროს შემყავდა ბავშვები და ვუხსნიდი სხვადასხვა საკითხებს. თანდათან გაიზარდა მსურველთა რიცხვი და ოთახი ძლივსღა იტევდა მსმენელებს. გასუსულები მიგდებდნენ ყურს. ამ პროცესმა სისტემატური სახე მიიღო. ერთ დღეს დირექტორმა შემოგვიღო კარი. ეს ფორმატი ეწინააღმდეგებოდა სკოლის შიდაგანაწესს და ამის თაობაზე გაგვაფრთხილა. ბავშვებმა გადაწყვიტეს მიემართათ თხოვნით, რომ რობოტექნიკის გაკვეთილები მე ჩამეტარებინა. დირექტორმა გაითვალისწინა მათი ინტერესი და მეც მოხალისეობრივად შევუდექი მასწავლებლობას.
რა სირთულეები ახლავს ამ პროცესს?
არანაირი სირთულე არ მქონია, ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა ჩემს ცოდნას სხვებს ვუზიარებ, ჩემთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ვესაუბრები. მე მათი უფროსი მეგობარი ვარ. რა შეიძლება იყოს რთული? ისინი იძულებით არავის მოუყვანია, საკუთარი სურვილით მოვიდნენ. ძალიან აინტერესებთ ყველაფერი, რაზეც ვსაუბრობთ. მერე პრაქტიკულ სამუშაოს ასრულებენ, თავადაც ქმნიან სქემებს, წარმოადგენენ პრეზენტაციებს, ჩვენი გვერდიც გვაქვს. ყველაზე მეტად დროის პრობლემა მაქვს, არ მყოფნის.
რას ნიშნავს სკოლა თქვენთვის, როგორც მოსწავლისთვის? როგორც მასწავლებლისთვის?
სკოლა ის ადგილია, სადაც ვისწავლე ბევრი რამ, მივიღე ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორც სწავლაში, ასევე კლასგარეშე აქტივობებში …. როგორც მასწავლებლისთვის ის ადგილია, სადაც თავს ვგრძნობ ძალიან ბედნიერად. ვხედავ, რომ ჩემი მოსწავლეები უსაზღვროდ ნიჭიერები და მონდომებულები არიან.
როგორი უნდა იყოს დღევანდელი მასწავლებელი?
მოსწავლეზე ორიენტებული, მასწავლებელი უნდა ცდილობდეს სხვადასხვა საშუალებით მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლეს, თვითგანვითარებაზე იზრუნოს. თანაც მასწავლებელს შესაბამისი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს. ერთ ცნობილ და ნაამაგარ მასწავლებელს ვკითხე, რატომ არ არის საქართველოში განათლების მაღალი დონე მეთქი, მან მიპასუხა, როცა შენ ყველაფერს აკეთებ, რომ კარგად ასწავლო, მაგრამ საკუთარი საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ახერხებ და იძულებული ხარ, შვილს სთხოვო დახმარება, დროთა განმავლობაში ხალისი გეკარგებაო. ვფიქრობ, ეს ადამიანი მართალია. სკოლას კარგი მასწავლებელი უნდა ჰყავდეს და მას კარგი ანაზღაურება უნდა ჰქონდეს.
კარლო, როგორი იქნებოდა შენი სკოლა?
რა თქმა უნდა, არა ისეთი, როგორიც დღესაა. ყველანაირად მორგებული იქნებოდა მომხმარებელზე, ანუ მოსწავლეზე. სკოლაში იქნებოდა წესები, რომელსაც თანაბრად დაემორჩილებოდა ყველა. შეიქმნებოდა ისეთი გარემო, რომელშიც ყველა ბავშვს გაუხარდებოდა ყოფნა, სწავლა იქნებოდა სასურველი და არაიძულებითი. სწავლის პროცესი იქნებოდა ღია და გამჭვირვალე პირდაპირი გაგებით: მშობელს და ნებისმიერ პირს შეეძლებოდა ,,ლაივში“ ენახა, რა ხდება საკლასო ოთახში. აუცილებლად შევცვლიდი კლასის მოწყობას: ოთახი აღჭურვილი იქნებოდა სენსორებით. რაც მთავარია, ხშირად შეიცვლებოდა საკლასო გარემო, რომ მოსაწყენი არ ყოფილიყო. შევიმუშავებდი პროგრამებს, რომ მასწავლებელს ნახევარი გაკვეთილი არ დაეკარგა ცხრილების შევსებაზე, ნიშნების დაწერას და გამოყვანას თავად პროგრამა შეასრულებდა. მასწავლებლის როლი მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა და პროცესის მართვა იქნებოდა. სკოლაში ჩატარდებოდა გასართობი გაკვეთილებიც, რომელიც მოსწავლეების ინტერესების გათვალისწინებით დაიგეგმებოდა. მათი სურვილით შეირჩეოდა შაბათ-კვირის აქტივობებიც. სკოლაში გვექნებოდა გაკვეთილები სხვადასხვა პროფესიების არსსა და მნიშვნელობაზე, რათა მოსწავლეს თავისი ინტერესებისთვის მიეგნო. სკოლაში აუცილებლად იქნებოდა რობოტექნიკის ლაბორატორია და სხვა საგნების ლაბორატორიები, რომლებიც ექსპერიმენტების, აღმოჩენების სასწავლო მიზნით გამოყენებას შეუწყობდა ხელს.
რა თვისებებით გამოირჩევა თქვენი თაობა?
ნიჭიერი თაობაა. ვფიქრობ, თუ სახელმწიფოსგან, ქველმოქმედებისგან ხელშეწყობა გვექნება, დიდ წარმატებებს მივაღწევთ. წინსვლა პირდაპირ კავშირშია რესურსებთან. გამომგონებელს მასალებზე ფიქრი და მოპოვება უწევს, ამას ფული ესაჭიროება და დროს და ენერგიას მოითხოვს. ხარისხიან სწავლას რესურსი სჭირდება, რობოტექნიკა მასალებს საჭიროებს. აქ გვჭირდება დახმარება. ჩვენ, წინა თაობებისგან განსხვავებით, ციფრული ტექნოლოგიების თაობა ვართ, ტელეფონებზე, ინტერნეტზე, კომპიუტერულ თამაშებზე დამოკიდებული თაობა, თუმცა მონდომების და სწორად გამოყენების შემთხვევაში, ამ ტექნოლოგიების საშუალებით ფართო შესაძლებლობა გვეძლევა, შევიძინოთ ცოდნა და ეს ცოდნა საჭირო მიმართულებით გამოვიყენოთ.
ჩვენი საუბარი სხვა საკითხებსაც შეეხო, კარლოს სპორტული შედეგებიც აქვს, კარატეში შავი ქამრის მფლობელია, თუმცა ცხოვრებაში ეს არასდროს გამოუყენებია, კარლოს გამოგონებების თანაავტორი ხშირად მისი და ანა ხუციშვილია. მოსწავლე მასწავლებელს უყვარს კონკურსები და უყვარს გამარჯვებები, ახალ ძალას მატებს აღიარება. პროფესიული არჩევანი ელექტროინჟინერიას უკავშირდება. არ უყვარს უსამართლობა. ოცნებობს ახალ გამოგონებებზე, ოჯახის კეთილდღეობაზე, სიყვარულის ამბავი არ გაგვიმხილა, ის კი გვითხრა, რომ მისი რჩეული განათლებული და ორიგინალური ადამიანი იქნება.
ყიყლიყოოო…
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. მოკლედ, ერთი ვირი იყო, მეწისქვილესთან ცხოვრობდა და თავს მძიმე შრომით ირჩენდა. ბედი გინდა ყველაფერში, შეიძლება ვირად დაიბადო და სულ ბაფთებსა და ბუმბულებში გაცხოვრონ. არ გჯერათ? თავად მაქვს ნანახი სოციალური ქსელში ჰამაკში მოკალათებული ვირუკა, რომელსაც არწევდნენ და ზედ დაჰხაროდნენ. იმასაც ისეთი შეფერებული ჰქონდა, სახეზე ეწერა, ვიმსახურებ ასეთ ნებივრობასო. ჩვენი საბრალო ვირი კი წისქვილში ტომრებს ეზიდებოდა. ერთ დღესაც სახლიდან გააგდეს… დაბერდიო, უთხრეს… ვირი ოპტიმისტი იყო და ქალაქ ბრემენში გადაწყვიტა წასვლა. ყური ჰქონდა მოკრული, ბრემენში ქუჩის მუსიკოსებს კარგ ფულს უხდიანო. ყროყინი შეეძლო და გზას გაუდგა.
დიდხანს იარა თუ ცოტა, გზად ძაღლი შემოხვდა, ისიც პატრონს გამოეგდო სიბერის გამო. მთელი ახალგაზრდობა უნადირია, პატრონისთვის ერთგულად უმსახურია, ახლა კი ცრემლად იღვრებოდა, აღარავის ვჭირდებიო. ვირმა დაარწმუნა, რომ ისიც ბრემენში უნდა წასულიყო. გზა ერთად განაგრძეს.
მცირე ხნის შემდეგ, კატა დაინახეს. ისიც სახლიდან იყო გამოგდებული, ვირს და ძაღლს სიამოვნებით შეუერთდა, ბრემენისკენ აიღო გეზი.
აქ მცირე ხნით თხრობას შევწყვეტ და ვიტყვი, რომ ჩემს სადარბაზოს ორი კატა შემოეკედლა. უფრო სწორედ, ისე გამოვიდა, მე ამომიჩემეს. მუდმივად მითვალთვალებენ და საჭმელს მთხოვენ. დედა-შვილი არიან. დედას „კატუშა“ დავარქვი, შვილს „ფინტიკოზ დარდიმანდიანცი“, უხდება რაღაც ეს სახელი. უკანა ფეხებზე დგომა და რამდენიმე წამით გაჩერებაც ვასწავლე. ბრჭყვიალა თვალები და რაღაცნაირი ფლიდი სახე აქვს. თითქოს ულვაშებში იღიმება კიდეც, შენ პირი ჩამიტკბარუნე და ჰა, ვიდგები უკანა თათებზეო. სიტყვა „ჩხაკის“ ეშინიათ. მეც მათ შიშს ვიყენებ და როცა ძალიან თავხედობენ, შევეკითხები ხოლმე: „მოვიდნენ ახლა „ჩხაკები?“. მაშინვე იმალებიან.
კვლავ, ბრემენისკენ მიმავალთ დავუბრუნდეთ. გზად დაკვლას სასწაულებრივად გადარჩენილი მამალი ნახეს. ისიც მათი ჯგუფის წევრი გახდა.
დაღამდა უკვე. ბრემენის მისადგომებიც გამოჩნდა. ხედავენ, სადღაც იქვე სახლი დგას, შუქი გამოდის. მისვლა და შეხედვა გადაწყვიტეს, ამასობაში ყველას მოშივდა, დასვენებაზეც უარს არ იტყოდნენ. ფანჯარაში შეიხედეს, რას ხედავენ. სუფრა ხორაგით არის სავსე, დამსხდარან ყაჩაღები და ღრეობენ. რა ვქნათ, ეს ყაჩაღები როგორ შევაშინოთო და მოიფიქრეს: ვირმა წინა ფეხები ფანჯარაზე შეაწყო, ზურგზე ძაღლი შეახტა, ძაღლზე კატა აცოცდა, კატას კი მამალი მოექცა თავზე.
ერთი, ორი და სამიი… ყველამ თავისებური შემოსძახა. ვირი აყროყინდა, ძაღლი აყეფდა, კატამ კნავილი მორთო, მამალმა კიდევ… ყიყლიყოოო… დაიყივლა. ისეთი მონდომებით ყვიროდნენ, რომ უცებ ფანჯარა გაიღო და ყველანი ოთახში შეცვივდნენ. ყაჩაღებს შეეშინდათ და ტყეში გაიქცნენ. ამათ კიდევ, გული იჯერეს სმა-ჭამით. ბოლოს დაღლილები მიწვნენ და მიეძინათ.
ყაჩაღები ტყეში კი გაიქცნენ, მაგრამ შორს კი არ წასულან. სახლს ტყიდან აკონტროლებდნენ. ხედავენ, შუქი ჩაქრა. ერთი ყველაზე ყოჩაღი ყაჩაღი გაგზავნეს, გაიგე, რა ხდებაო. ფეხაკრეფით მიიპარა და სახლში შევიდა. სამზარეულოში ორი ნაკვერჩხალი ღუოდა. მივალ ახლა და ცეცხლს ავანთებო, იფიქრა. სინამდვილეში, ეს კატის თვალები ღუოდა ნაკვერჩხალივით, მივარდა ყაჩაღს და დაჩხაპნა. ისიც თავის საშველად გულგახეთქილი კარისკენ გაიქცა. კარებთან ძაღლი იწვა. მიწვდა და ფეხზე უკბინა. ეზოში გამოქცეულ ყაჩაღს, ახლა ვირმა უთავაზა წიხლი. მამალმა კი თავზე დასძახა: ყიყლიყოოო…
კოჭლობით დაბრუნდა ტყეში ყაჩაღი, ცუდი ამბავი მაქვს ძმებო, ჩვენს სახლში დევები დასახლებულან, ძლივს გამოვასწარი ცოცხალმაო. აქ აღარ დაგვედგომება, ისევ მეზობელ ტყეს უნდა შევაფაროთ თავიო.
ყაჩაღების სახლში მეგობრები დასახლდნენ და ღრმა სიბერემდე ბედნიერად იცხოვრეს.
ჰმ… ძმებ გრიმებს მშვენიერი ზღაპარი დაუწერიათ. რაღაცნაირად გულუბრყვილო და კეთილი. თან არც ყაჩაღები გეცოდება… ყაჩაღები არიან და იმიტომ.
ზღაპარი სპეციალურად გიამბეთ. ახალი წელი მოდის…მამლის წელია…
ქიმიის გაკვეთილიც საახალწლო ჩავატაროთ.
ცდა #1-„ზამთარი ჭიქაში“… უკაცრავად, უბრალო ჭიქაში კი არა, ქიმიურ ჭიქაში.
სუბლიმაციას ეფუძნება. გვჭირდება ნაძვის ხის პატარა ტოტი და ბენზოის მჟავა (თეთრი ფერის ფხვნილია). ქიმიურ ჭიქაში 30-40 გრამი ბენზოის მჟავას ფხვნილი ჩავყაროთ, იქვე ჩავდოთ ნაძვის ტოტი და ჭიქას ფაიფურის პატარა ჯამი დავაფაროთ. ჭიქა სპირტქურაზე დავდგათ და დაველოდოთ, რა მოხდება. ცოტა ხანში ბენზოის მჟავა სუბლიმაციას დაიწყებს. ანუ მყარი მდგომარეობიდან აირადში გადავა (თხევადი ფაზის გამოტოვებით). ჭიქა ბენზოის მჟავას აირით გაივსება. ჭიქა გადმოვდგათ სპირტქურიდან და გაციებას დაველოდოთ. გაციებისას მჟავას აირები ნაძვის ტოტზე დაილექება. ჭიქაში კი დათოვლილი ზამთრის იმიტაცია გვექნება.
სხვათა შორის, ბენზოის მჟავას საკვები პროდუქტების წარწერებზე E210 აღნიშვნით შეხვდებით. სამრეწველო მასშტაბით ბენზოის მჟავას ტოლუოლის დაჟანგვით ღებულობენ. ამავე დროს, ბუნებრივ ნაერთადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სხვადასხვა კენკროვნების შემადგენლობაშიც შედის. რძის ისეთ პროდუქტებშიც წარმოიქმნება, როგორიცაა იოგურტი, კეფირი და ა.შ. რა თქმა უნდა, კონსერვირებულ პროდუქტებში ის გაცილებით მეტია, თუმცა, თუ ამ კონსერვებს მინიმალური რაოდენობით მივიღებთ, ძალიანაც არაფერს დაგვიშავებს. სტანდარტი 1 კგ პროდუქტზე 5მგ ბენზოის მჟავაა.
მაინც, რა ტიპის პროდუქტებში შეიძლება შეგვხვდეს? ხილის წვენებსა (არა ნატურალურში), მურაბებსა და ჯემებში, ბოსტნეულის კონსერვში (მწნილეულშიც), ნაყინში, ლუდში, კანფეტებში, რომლებიც შაქრის შემცვლელს შეიცავენ. შებოლილ თევზეულში, მარგარინში და საღეჭ რეზინაში.
სხვათა შორის, ზოგიერთ ანტისეპტიკურ მალამოებშიც შედის, რადგან კარგად უმკლავდება ბაქტერიებსა და სოკოს.
როდესაც ბენზოის მჟავა ადამიანის ორგანიზმში ხვდება, ცილის მოლეკულებთან შედის რეაქციაში და ჰიპურმჟავად (N-ბენზოილგლიცინი) გარდაიქმნება. მხოლოდ ამის შემდეგ შარდთან ერთად გამოიდევნება ორგანიზმიდან. თირკმელებისთვის ეს დამატებითი დატვირთვაა.
თუმცა ამ მჟავას შემცველი პროდუქტების გამოყენების საფრთხე სხვაა. მაღალ ტემპერატურაზე ბენზოის მჟავადან შეიძლება სუფთა ბენზოლი წარმოიქმნას. ეს კი ორგანიზმისთვის კარცეროგენია, რომელიც კიბოს განვითარების საფრთხეს ქმნის. უფრო კონკრეტულად რომ დავწეროთ, კონსერვები (ბოსტნეულის), რომლებიც ამ მჟავას შეიცავენ არ უნდა გაცხელდეს, ცივად უნდა იქნეს მირთმეული. ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ E210 და E300 (ასკორბინის მჟავა) შორის ასევე შეიძლება რეაქცია წარიმართოს და ბენზოლი წარმოიქმნას, თუმცა ამ საქმესაც მაღალი ტემპერატურა, ანუ კონსერვის გაცხელება სჭირდება.
ცდა #2-„ნიტროცელულოზის ნაძვის ხე“.
შეგახსენებთ, რომ ცდები მხოლოდ მასწავლებელთან ერთად კეთდება. დამოუკიდებლად ჩატარების შემთხვევაში, შეიძლება მარცხი მოგივიდეთ და …
ჯერ ნიტროცელულოზა უნდა დავამზადოთ.
ავიღოთ ორი წილი კონცენტრირებული გოგირდმჟავა და ერთი წილი კონცენტრირებული აზოტმჟავა. ამ ორი მჟავას შერევით მიღებულ ნარევს მანიტრირებელი ნარევი ეწოდება. ვურევთ ქიმიურ ჭიქაში. ჭიქა ყინულებიან ჯამში უნდა იდგეს. საქმე ის გახლავთ, რომ მჟავების შერევისას დიდი რაოდენობით სითბო გამოიყოფა და აუცილებელია გაციება.
მიღებულ ნარევში 100%-იან ცელულოზას, ანუ ბამბას ვათავსებთ. ვტოვებთ ათი-თხუთმეტი წუთით, რომ მთლიანი ცელულოზა გაიჟღინთოს. ცელულოზა გლუკოზას ნაშთებისგან შედგება, რომელიც, თავის მხრივ, ჰიდროქსილის ჯგუფებს შეიცავს. ჰიდროქსილის ჯგუფები ნიტროჯგუფებით ჩანაცვლდება. ეს კი მისი წვის უნარს ზრდის. კონცენტრირებული გოგირდმჟავა კი, რეაქციის დროს გამოყოფილი წყლის შთანთქმისთვის არის საჭირო. ცელულოზის გაჟღენთვის შემდეგ, ჭიქის შიგთავსს დიდი რაოდენობის ცივი გამდინარე წყლით ჩავრეცხავთ. ცოტა სოდაც ჩავამატოთ, დარჩენილი მჟავების გასანეიტრალებლად. როდესაც ბამბა (უკვე ნიტროცელულოზად გარდაქმნილი) კარგად გაირეცხება, შეგვიძლია ხელით ავიღოთ, გავწუროთ და თოკივით დავახვიოთ. სწორედ ასეთი თოკებისგან უნდა ავაწყოთ ნაძვის ხე. ქაღალდზე ჯერ ნაძვის ხის ფორმა დავხაზოთ, შემდეგ ფორმაზე ნიტროცელულოზის თოკივით დაგრეხილი ბამბა გავფინოთ და… ცეცხლი მოვუკიდოთ. ნიტროცელულოზა ძალიან სწრაფად იწვის, ამასთან კვამლი არ გამოიყოფა. სიბნელეში განსაკუთრებით ლამაზი სანახავი იქნება.
ბრემენში რამდენიმე წლის წინ მეც გახლდით. ქალაქის მოედანზე ბრემენელი მუსიკოსების ძეგლია. ვირზე ძაღლი შესკუპებულა, ძაღლზე – კატა, კატაზე – მამალი. ასეთი ცრურწმენა არსებობს, ვირუკას თუ ფეხებზე ხელს მოკიდებ ან მამალს შეეხები, ჩანაფიქრი აგიხდებაო. გაგეღიმებათ და მსურველების რიგი იდგა. მეც ჩავდექი… ვირუკასაც ხელი მოვუთათუნე, მამალსაც მივწვდი, ჩაფიქრებისას თვალებიც დავხუჭე და ჰაერიც ღრმად ჩავისუნთქე…
არაფერიც არ ამიხდა…
თუმცა… შეიძლება მამალი თავის წელს ელოდება. გახსოვთ ხომ, ყაჩაღის დაფრთხობისას საბოლოო სიტყვა სწორედ მამლის იყო.
გესმით? შორიდან ყივილი ისმის… ყიყლიყოოო…
ყველას ბედნიერი ახალი წელიო…















