სამშაბათი, სექტემბერი 16, 2025
16 სექტემბერი, სამშაბათი, 2025

აღზრდის „შეგონებები“ (ნაწილი მეორე)

0

 

ვიცი, მშობლების გარკვეული ნაწილი შეიძლება არ დამეთანხმოს, რადგან ფიქრობს, რომ „ცხოვრება ისედაც ბევრ განსაცდელს და გამოცდას ჩაუტარებს ჩემს შვილს და სანამ შემიძლია, უნდა დავიცვა და მაქსიმალურად ავარიდო უსიამოვნებები, რომლებიც უხვად შეხვდება ზრდასრულ ცხოვრებაში“.

შესაძლებელია მსგავს შეხედულებასაც აქვს არსებობის უფლება, თუმცა, რაც უფრო მეტი საკუთრი ცოდნითა და გამოცდილებით შეიარაღებული შეხვდება ადამიანი ზრდასრულ ასაკს, მით უფრო წარმატებული იქნება ის ცხოვრების მანძილზე.

არ მინდა სტატია ისე დავასრულო, რომ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან „შეგონებაზე“ არ ვისაუბრო.

ამ წერილის დასაწყისში გთხოვეთ გაგეხსენებინათ, თუ როგორ გზრდიდნენ ბავშვობაში. სხვა მრავალ მოგონებასთან ერთად, მინდოდა თქვენს ემოციურ აღზრდასთან დაკავშირებით დაფიქრებულიყავით,  ხომ არ გასწავლიდნენ  ემოციების შეკავებას?

  • ნუ გეშინია სიბნელის, შენ ხომ უკვე დიდი ხარ !
  • დაეცი? გეტკინა? არ იტირო, შენ ხომ უკვე დიდი ხარ!
  • სირცხვილია, პატარები გიყურებენ, შიში არ შეგამჩნიონ!

 

როგორ ფიქრობთ, რას ემსახურებოდა მსგავსი შეგონებები? სავარაუდოდ, თავშეკავებული, ძლიერი, ემოციურად გაწონასწორებული პიროვნების აღზრდის სურვილს. შესანიშნავია, ვერაფერს იტყვი, მაგრამ ყველამ ვიცით,  რომ მედალს ორი  მხარე აქვს.  მოდით დავფიქრდეთ, იქნებ არ იყო სწორი ასეთი მიდგომა?

 

რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ემოციების გამოხატვას? რატომ უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს თავშეკავება, მაშინ როცა მათ სტკივათ, ეშინიათ, შფოთავენ ან სულაც ბრაზი ახრჩობთ. განა ჩვენ, ზრდასრულ ასაკში, არ გვქონია ისეთი შემთხვევები, როცა წყენისა და უსამართლობის გამო ემოციები „ბურთივით ყელში გაგვჩხერია?“ ხომ გახსოვთ, ამ დროს რა ცუდად ვგრძნობთ თავს და განა ერთი „კარგი ტირილი (ან თუნდაც ყვირილი) ყველაფერს არ გვირჩევნია?“

 

მაშინ რატომ ვუწევთ ჩვენს ბავშვებს „დათვურ სამსახურს“?(ეს ფრაზა ჩემი საკუთარი ბავშვობიდან ამომიტივტივდა. სკოლაში  მასწავლებლები „ხუთოსან“ მოსწავლეებს სულ გვამუნათებდნენ: „არ გადააწერინო, რადგან ამით შენ კი არ ეხმარები, არამედ დათვურ სამსახურს უწევ მეგობარს“). რის მიღწევას ვცდილობთ? 

 

გვსურს ბავშვს ვასწავლოთ, რომ ემოციების გამოხატვა ცუდია? და თუ ასეა, მაშინ რატომ გვიკვირს და ვსაყვედურობთ ჩვენს წამოზრდილ შვილებს უემოციობას, უგულობას, თანაგრძნობისა და ემპათიის ნაკლებობას?

 

აქ მინდა, ამერიკელი ფსიქოლოგების, რობერტ და მარია გულდინგების, ერთი მოსაზრება გაგაცნოთ, რომლებიც უფრო შორს წავიდნენ და თვლიან რომ:

ბავშვობაში ასე აღზრდილი ზრდასრული ადამიანები, ხშირად ხდებიან უბედური შემთხვევების მსხვერპლი, რადგან მიდრეკილი არიან „არაფრად ჩააგდონ საკუთარი დაავადებებიც კი, შედეგად შესაძლებელია ადრეულ ასაკში დაიღუპონ რომელიმე ხელმიშვებული ავადმყოფობის გამო. გულდინგების აზრით, ასეთ ადამიანებში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა – სიმსუქნე. რაც იმით აიხსნება, რომ მათ საკუთარი  სხეულებრივი  შეგრძნებებიც კი ატყუებთ. ტყუილს დაქვემდებარება კი ამ ადამიანებმა ბავშვობიდანვე „ისწავლეს“, როცა მათ ასწავლეს, რომ უნდა იყვნენ დამჯერენი და „აუცილებლად უნდა შეჭამონ მთელი ულუფა, რომ საჭმლის დატოვება არა არის კარგი საქციელი“. მშობლებმა ხომ ასწავლეს ბავშვს თავის შეკავება და საკუთარი ემოციების დაფარვა და  ისინი ვინც განსაკუთრებულად დამჯერენი აღმოჩნდნენ, „გადაწყვიტეს“, არათუ არ გამოამჟღავნონ საკუთარი გრძნობები, არამედ თავადაც კი არ მოუსმინონ მათ, რათა უფრო დამჯერენი და თავშეკავებულები გამოჩნდნენ მშობლების გულის გასახარად.

 

ვგონებ, არცთუ ისე სახარბიელო პერსპექტივაა ჩვენი შვილებისათვის და ამიტომ ვეცადოთ აღვზარდოთ ემოციურად მგრძნობიარე, მაგრამ მართვის უნარის მქონე ბავშვები, რომლებსაც სამომავლოდ შეეძლებათ  ყური დაუგდონ, ანგარიში გაუწიონ, არ შეუშინდნენ, აკონტროლონ და მისაღები ფორმებით გამოხატონ საკუთარი სხეულებრივი და სხვა სახის შეგრძნებები თუ  ემოციები.  ამგვარი დამოკიდებულებით აღზრდილი ბავშვები ყოველთვის, ნებისმიერ ასაკში, შეძლებენ სხვა ადამიანებისადმი ემპათიის გამომჟღავნებას.

 

იმედი მაქვს, არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვი – ყველა მშობელი ფიქრობს, რომ მისი შვილი სხვებისგან გამორჩეული, უნიკალური და ძალიან ნიჭიერია.

 

ვეთანხმები ყველა ასეთ მშობელს, ოღონდ მინდა ვთხოვო, რომ „ბოროტად არ გამოიყენოს საკუთარი პატარას ეს „გამორჩეულობა“,  არ დაარწმუნოს ის, რომ მის უნიკალურობასა და გამორჩეულობას, მხოლოდ მშობლები ხედავენ და აფასებენ სათანადოდ და რომ  დანარჩენი სამყარო „უძლურია ეს დაინახოს“. მსგავსი დამოკიდებულებით შესაძლებელია ბავშვი თქვენდა უნებურად გარიყოთ გარშემო  არსებული საზოგადოებისგან,  მას აფიქრებინოთ, რომ მშობლების გარდა ვერავინ, ვერასოდეს შეძლებს მისი ნიჭიერების ჯეროვნად შეფასება/ დაფასებას. ბავშვი, რომელიც ასეთი შეგონების გავლენის ქვეშ იზრდება, ხდება „უცხო“ სკოლაში, თანატოლთა წრეში და, სავარაუდოდ, ეს გაუცხოება მთელ მის მომავალ ცხოვრებაზე აისახება. სხვა ადამიანების  გარემოცვაში ის განიცდის ერთგვარ „მარტოობას და სიცივეს“. ხშირად, საზოგადოება მასზე უსამართლოდ ფიქრობს, როგორც ჩაკეტილ და არაკაცთმოყვარე პიროვნებაზე.

თქვენს მიზანს ხომ არ წარმოადგენს, თქვენი შვილი გაწიროთ მარტოობისთვის? დარწმუნებული ვარ, არა და ამიტომ გაათავისუფლეთ თქვენი შვილი, „ერთადერთი და განუმეორებელი“ ადამიანის წნეხისგან.

 

აქ მინდა  თქვენი საკუთარი ბავშვობიდან ის მომენტი შეგახსენოთ, როდესაც მშობლები,  „კეთილი განზრახვით“ (შვილში მეტი პატივმოყვარეობა და კარგად სწავლის უნარი  რომ გაეღვიძებინათ), ხშირად ვიღაცას გადარებდნენ. მაგალითად, მეზობლის ბავშვს, რომელიც თქვენი თანატოლი იყო და თქვენზე კარგად სწავლობდა ფორტეპიანოს დაკვრას; მაგალითად, მამიკოს კოლეგის შვილი, რომელიც თქვენზე კარგად სწავლობდა მათემატიკას; მასწავლებელიც გემახსოვრებათ, რომელიც მშობელთა კრებაზე თანაკლასელ წარჩინებულ გოგონას გადარებდათ.

 

ამას დავუმატოთ თავად ბავშვების ბუნებრივი სურვილი, გავდეს რომელიმე ცნობილ კინოვარსკვლავს, სპორტსმენს, როკ მომღერალს… ერთი სიტყვით, საკუთარი თავით, უნარებით, შესაძლებლობებით, გარეგნობით უკმაყოფილოა და სურვილი აქვს უკეთესი იყოს.

 

ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ ასეთი ადამიანები ძალიან თვითკრიტიკულები არიან    და მუდმივად  უკმაყოფილოები  საკუთარი პერსონით, გაურბიან საკუთარ თავსაც კი, რადგან მიაჩნიათ, რომ სხვა მათზე ყველაფრით უკეთესია. მსგავსი შეგონებები კი აყალიბებს შინაგან კონფლიქტებს, რომლებიც ზრდასრულობაშიც ისევე ტანჯავს და აწუხებს ადამიანს, როგორც ბავშვობაში.

 

„ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ“ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ეს სიტყვები ყველას შესანიშნავად მოეხსენება და მართლაც, ბავშვობა ეს არის, ზრდასრულობის საწყისი და იქ უნდა ვეძებოთ ჩვენი შემდგომი ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი გარემოებების სათავე. თუ ბავშვს გამუდმებით იდეალს ადარებენ და ასწავლიან, რომ მისკენ უნდა ისწრაფოდეს (მშობლებს ხომ, როგორც შევთანხმდით, შვილებისათვის მხოლოდ სიკეთე სურთ!), სინამდვილეში გამოვა, რომ საკუთარ შვილს არასრულფასოვნების კომპლექსი ჩამოუყალიბეს  ისე,  რომ თავად ეს ვერც კი  გააცნობიერეს.

 

იმედი  მაქვს ,  მშობლები დაფიქრდებიან და მიხვდებიან, რომ იდეალისკენ გადაჭარბებული სწრაფვა და მუდმივად შვილის შედარება  მისაბაძ პიროვნებასთან  სასიკეთოდ არ წაადგება  პატარას.

თქვენც ხომ არ მოგწონდათ და საშინლად გაღიზიანებდათ, როდესაც უფროსები სხვებს გადარებდნენ, მათ მისაღწევ მიზანს თქვენ გისახავდნენ და  საერთოდ მხედველობაში არ იღებდნენ თქვენს ინდივიდუალურ თავისებურებებს?

 

ბავშვისთვის სრულიად ნორმალურია, რომ მას საკუთარი მშობელი სრულყოფილი და უშეცდომო ჰგონია და სანამ ის თქვენ ბრმად  გენდობათ,  ეცადეთ ნდობა „ბოროტად არ გამოიყენოთ“.

წარმოუდგენელია მშობელი, რომელიც აღზრდისას შეგონებებს არ იყენებს. უბრალოდ, ვფიქრობ, ყველა მშობელი უნდა ეცადოს  არ იყოს ზედმეტად კატეგორიული და ზედმეტად მომთხოვნი არც შვილის და არც საკუთარი თავის მიმართ. შეცდომების დაშვება აღზრდის თანმხლები ბუნებრივი, ნორმალური პროცესია და არაფერია ისეთი,  რის გამოსწორებასაც ვერ შეძლებს მოსიყვარულე, თბილი, მომთმენი  მშობელი.

 

თქვენ ნებისმიერ წუთს შეგიძლიათ შეცვალოთ საკუთარი „შეგონებები”

გრაფიკული წინმსწრები აქტივობები

0

გრაფიკულ წინმსწრებ აქტივობას ამერიკელი პროფესორი, მკვლევარი და კონსულტანტი განათლების მეთოდოლოგიურ საკითხებში ჯონ კლარკის ხსნის, როგორც გარკვეული თანმიმდევრობით ან თანმიმდევრობის გარეშე დალაგებულ სიტყვებს, რომლებიც ქმნიან გარკვეულ ურთიერთკავშირს და ცნების ინდივიდისეულ წარმოდგენას. ეს დიაგრამებია, მაგრამ გარკვეულწილად, „ნარატიული“ დიაგრამები, რომლებიც სურათებისა და სქემების ნაცვლად სიტყვებს შეიცავენ, დიაგრამის ფორმა კი კონკრეტული სახის ორგანიზაციულ სტრუქტურას ან აზროვნების მოდელს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება განვაზოგადოთ (მაგალითად, მიზეზი და შედეგი, აღწერა, პრობლემა და მისი გადაჭრის გზები, თეზისი, არგუმენტაცია და მაგალითები და ა.შ.)

სხვა სიტყვებით, გრაფიკული წინმსწრები აქტივობა არის დიაგრამა სიტყვებით, რომლის ფორმას განსაზღვრავს განსახილველი საკითხის შინაარსი, ცნება, პრობლემა. ეს აქტივობა ეფექტიანი ინსტრუმენტია არა მხოლოდ იდეების გენერირებისა თუ მოსწავლეთა ცოდნის გააქტრიურებისთვის, არამედ ნასწავლის ანალიზისთვის, მსჯელობისა და შეჯამებისთვის.

როდის და როგორ შეიძლება გამოიყენოს მოსწავლემ გრაფიკული დიაგრამები

მოსწავლეებს შეუძლიათ გამოიყენონ დიაგრამები როგორც საშინაო დავალების შესრულების დროს, ისე საკლასო სამუშაოს ჩატარებისას. ეს დაეხმარება მათ არსებული ცოდნის, ინფორმაციის მოწესრიგებასა და გამოყენებაში

მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს აქტივობა როგორც ახალი მასალის გაცნობა-წარდგენისას, ისე მასალის ათვისების შემდეგ, შეჯამებისა და მსჯელობის დროს.

გრაფიკული დიაგრამების გამოყენება შესაძლებელია ინდივიდუალური და ჯგუფური სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზებისას

აქტივობის დახმარებით მოსწავლეები:

თვალნათლივ ხედავენ ცნებების, კონცეფციების, განსახილველი საკითხების ურთიერთკავშირს.

მიღებულ ინფორმაციას აორგანიზებენ ლოგიკურად.

ყურადღებას ამახვილებენ მნიშვნელოვან საკითხებზე.

ვიზუალურად გამოსახავენ შესასწავლს, უკეთ იმახსოვრებენ მასალას.

აქტიურობენ ისეთი მოსწავლეებიც, რომლებიც ნაკლებად ერთვებიან პროცესში ტრადიციული/ფრონტალური/ინდივიდუალური გამოკითხვის დროს.

მათ უვითარდებათ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.

სპეციალურ საგანმანათლებლო ლიტერატურაში გრაფიკული წინსმრები აქტივობები შეიძლება შეგხვდეთ შემდეგი დასახელებებით:

გონებრივი რუკა/სემანტიკური რუკა/ასოციაციური რუკა/ცნებების რუკა/ ქსელი

პრაქტიკული გამოყენება

გრაფიკული წინმსწრები აქტივობის გამოყენებისას გაკვეთილებზე ხელს შევუწყობთ მოსწავლის მეტაკოგნიტური უნარების განვითარებასაც. მაგალითად, მეცხრე კლასში ერთ- ერთ გრიფირებულ სახელმძღვანელოში(საგამომცემლო სახლი სწავლანი“ 
თანაავტორები: ვახტანგ როდონაია, ნინო ნაკუდაშვილი, ავთანდილ არაბული, მარინე ხუციშვილი, მანანა გიგინეიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი, ლალი დათაშვილი) ექვსი აკადემიური საათი ეთმობა „ავთანდილის ანდერძს“ ვეფხისტყაოსნიდან. საგულისხმოა, რომ სახელმძღვანელოს პირველი თავი, საუკუნო საგზალი, იწყება სწორედ ამ ნაწყვეტით. მეთოდური მითითების თანახმად, მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად იხსენებს ვეფხისტყაოსნის სიუჟეტს, ანდერძის დაწერის წინაპირობას, კლასში მსჯელობენ იმის შესახებაც, თუ რა არის ანდერძი, როდის და რისთვის იწერება ის და შემდეგ უკვე შეისწავლიან მხატვრული ანალიზის ელემენტებს ( კერძოდ, დაბალი და მაღალი შაირის რაობასა და გარჩევას).

აუცილებლად მიგვაჩნია იმის აღნიშვნა, რომ მოცემული თემის საფუძვლიანად, სიღრმისეულად, საინტერესოდ და მოსწავლეთათვის მისაღებ ფორმებში დასამუშვებლად ექვსი აკადემიური საათი საკმარისი არ არის. სახელმძღვანელოს ავტორების შრომა ნამდვილად პატივსაცემია და ეს ყველაფერი წყალში რომ არ ჩაიყაროს, პრაქტიკასა და საკუთრივ საგაკვეთილო პროცესში გამოკვეთილ პრობლემებიც უნდა გავითვალისწინოთ. ამ კონკრეტული წერილის მიზანი ეს არ გახლავთ, ამიტომ საკითხს აღარ ჩავუღმავდებით.

შევეცდებით გაგიზიაროთ ის გამოცდილება, რამაც კარგი საფუძველი მოამზადა თემით დაინტერესებისთვის და გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია ამ პროგრამული ტექსტის დასამუშავებლად.

დაფის შუაში იწერება ცნება. ამ შემთხვევაში – ანდერძი.

მოსწავლეები ასახელებენ ყველაფერს, რაც ცნების შესახებ ახსოვთ, იციან, გაუგონიათ.

ჩვენს შემთხვევაში დაფაზე ერთმანეთის თანმიმდევრობით გაჩნდა საინტერესო ჩანაწერები: წერილი, სიკვდილის წინათგრძნობა, თხოვნა, სურვილი, ცხოვრების ბოლოსიტყვაობა, ის, რაც რჩება სიკვდილის შემდეგ, სიმდიდრე და ფული?(დაისვა დამაზუსტებელი კითხვა – მხოლოდ მდიდარ ან ფულიან ადამიანებს შეიძლება გაუჩნდეთ ანდერძის დაწერის სურვილი? მოსწავლე დაფიქრდა და საბოლოოდ ჩავინიშნეთ ქონების გადაბარება), „განძი“ და განძი ( ნაანდერძევი ნივთი, მაგალითად, უბრალო საყოფაცხოვრებო ნივთი, შთამომავლებისთვის ისეთივე ფასდაუდებელი შეიძლება იყოს, როგორც  ძვირფასთვლიანი ბეჭედი. ამიტომ ბრჭყალები და მის გარეშე), საიდუმლო,დანაბარები, გამომშვიდობება, მომავალ თაობასთან ურთიერთობა…

დაფაზე ჩანაწერების გაკეთებისას მოსწავლეები ასაბუთებდნენ საკუთარ მოსაზრებებს, მსჯელობდნენ ერთმანეთის ვერსიებზე.

ამის შემდეგ მათ დაურიგდათ ფურცლები, რომლებზეც მოცემული იყო ცნების ენციკლოპედიური განმარტება და აგრეთვე განმარტებები განმარტებითი ლექსიკონებიდან(ნიმუში: ანდერძი _ 1. ხელნაწერი წიგნის ანდერძი არის მინაწერი, რომელიც დართული აქვს ძირითად ტექსტს არეებში. მასში აღნიშნულია ხელნაწერის გადამწერის, შემკვეთელის, ზოგჯერ ავტორის ვინაობა, გადაწერის ადგილი, დრო, გადაწერის მიზანი, საწერი მასალა და სხვა. ანდერძებს, საყურადღებო ცნობების შემცველობიდან გამომდინარე წყაროს მნიშვნელობა ენიჭება; 2. ანდერძს უწოდებენ ასევე სახარებიდან ვნების კვირის პირველ საკითხავს, რომელიც შეიცავს იესო ქრისტეს გამოსამშვიდებებელ საუბარს თვის მოწაფეებთან; 3. იურიდიული ძალის დოკუმენტი, რომელიც პიროვნების გარდაცვალების შემდგ მისი ქონების მემკვიდრეობითობას განსაზღვრავს…)

მიღებული ცნობების გაანალიზების შემდეგ ვუბრუნდებით დაფაზე გამოსახულ „რუკას“ და ვავსებთ შეძენილი ცოდნის თანახმად ან ვათავისუფლებთ ზედმეტი/შეუსაბამო აღმნიშვნელებისგან.

გამოიკვეთა, რომ ანდერძს გარდა მათთვის კარგად ნაცნობი მნიშვნელობისა კიდევ დამატებითი, სხვა მნიშვნელობაც ჰქონია. ამის შემდეგ მოსწავლეებმა სამუშაო რვეულებში შეავსეს ცხრილი – ვიცოდი – ახლა შევიტყვე – მინდა მეტი გავიგო.

სამუშაოს ჯამში დასჭირდა ერთი სრული აკადემიური საათი და მეორე გაკვეთილზემიღებული ცნობების შეჯერება. ამის შემდეგ მოსწავლეები გაეცნენ ცნობილი ადამიანების (დავით აღმაშენებლის, გრიგოლ ხანძთელის, ფრანსუა ვიიონის,სესილია თაყაიშვილის და სხვათა) ანდერძებს. გამოკვეთეს ამ ანდერძების დაწერის მიზანი, იმსჯელეს ავტორების პიროვნულ მახასიათებლებზე, რაც ტექსტებში იყო გამოკვეთილი. ამის შემდეგ კი დავიწყეთ უშუალოდ ტექსტზე მუშაობა.

 

აღზრდის „შეგონებები“ (ნაწილი პირველი)

0

შეგონება, რჩევა, დარიგება, ჩგონება, დარწმუნება

მრავალი წლის წინ ერთერთ, როგორც მაშინ ეძახდნენ, კერძო უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობდი. ეს იყო პედაგოგიური პროფილის დაწესებულება, რომელსაც დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაც ჰქონდა. მახსოვს  ერთხელ  ლექციაზე სტუდენტმა, რომელიც ძალზე დაძაბული მისმენდა მითხრა: „იცით, რას ვფიქრობ? ადრე რომ მომესმინა თქვენი ლექციებისთვის, შეიძლება საერთოდ არ მეფიქრა შვილების გაჩენაზე. ეს რა რთული ყოფილა ბავშვების აღზრდა.“ მაშინ გავიფიქრე, ეტყობა ძალიან გადავაჭარბე და შევაშინე მსმენელები.

ახლაც, როდესაც ეს ისტორია მახსენდება,  ვფიქრობ, ხომ არ ვაშინებ მსმენელს და მკითხველს. მაგრამ ბავშვების აღზრდა რომ ძალიან რთული, საპასუხისმგებლო და მძიმე საქმეა,  ეს უდავოდ ასეა.

ამერიკელი ფსიქოლოგების: რობერტ და მარია გულდინგების კონცეფციის თანახმად, მშობლების ბევრი გადაუჭრელი ფსიქოლოგიური პრობლემა მათ შვილებს გადაეცემა და თანაც უფრო გამძაფრებული სახით. ამერიკელი  ფსიქოლოგების აზრით, მშობლებს შეუძლიათ  საკუთარ შვილებს ადრეულ ასაკში ასწავლონ მხოლოდ ის, რაც თავად იციან. ჰოდა, გადასცემენ მშობლები  საკუთარ ცოდნას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იცხოვროს მათმა შვილმა, როგორი დამოკიდებულებები უნდა ჰქონდეს საკუთარი თავისა და გარშემო არსებული სოციუმის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ არ მსურს მშობლების და აღმზრდელების შეშინება, მაინც მინდა ვთქვა: მოდით დავფიქრდეთ, რა არის აღზრდა? როგორ გვზრდიდნენ  ჩვენ? რა მოგვწონდა და რა არა ჩვენი მშობლების აღმზრდელობითი პრინციპებიდან? და რაც, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესოა, მოდით გავიხსენეოთ რა მიდგომებს და მეთოდებს ვიმეორებთ ჩვენი წარსული გამოცდილებიდან?

აღზრდა არის გარკვეული აკრძალვების და შეგონებების ნაკრები;

სავარაუდოდ, ჩვენც და ჩვენი მშობლებიც მუდმივად ვცდილობთ დავუწესოთ ჩვენს შვილებს გარკვეული აკრძალვები.

 აბა, როგორ?! – ვფიქრობთ ჩვენ, ის ხომ ჯერ ძალიან პატარაა და არ იცის, რომ დანით თამაში არ შეიძლება, გაზქურასთან გაკარება საშიშია, ფანჯრის რაფაზე აძრომა სახიფათოა, ქუჩაში მარტო გასვლა აკრძალულია და კიდევ უამრავი მსგავსი რამ არის, რასაც აუცილებლად კატეგორიული აკრძალვების სიას ვაკუთვნებთ.

გამოდის რომ პატარები ცხოვრებას იწყებენ აკრძალვებით, მაგრამ რა ვქნათ? თქვენ ფიქრობთ, ხომ არ შეიძლება  ბავშვს მივცეთ იმის უფლება, რომ თავი დაიზიანოს. დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს „ოქროს შუალედი“- არ გადავაჭარბოთ, რადგან შესაძლებელია ქვეცნობიერად ბავშვს ჩავუნერგოთ „ცხოვრების შიში“ – “ეს რა საშიში ყოფილა გარემო“,  „ყველაფერი საფრთხის შემცველია“,  ფიქრობს პატარა და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად მიეკრას უფროსებს, მუდამ იყოს მხოლოდ იქ, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობს თავს. მაგრამ დრო ხომ ძალიან სწრაფად გადის და ბავშვებიც იზრდებიან. ოღონდ ეს მხოლოდ დიდებმა იციან, მათმა პატარებმა კი გადაწყვიტეს „არ გაიზარდონ“, რათა მარტო, პირისპირ არ აღმოჩნდნენ ამ „საშიშ, დაუნდობელ სამყაროში“. უფროსები ნერვიულობას იწყებენ (თუმცა ისინი ხომ ისედაც მუდამ ნერვიულობენ, ხუმრობა საქმე ხომ არ არის მშობლობა?), რა ხდება? შენ ხომ უკვე დიდი ბიჭი/გოგო ხარ?! მე ასეთი მშიშარა შვილი არ გამიზრდია, დროა მარტო დაიძინო, საჭმელი ჭამო, თასმები შეიკრა, საბავშვო ბაღში იარო და…

„ბავშვობა — ყველაზე ბედნიერი პერიოდია ადამიანის ცხოვრებაში“. დარწმუნებული ვარ, მკითხველების უმრავლესობა ასე ფიქრობს და არა მხოლოდ ისინი, ეს საყოველთაოდ მიღებული ჭეშმარიტებაა.

ნეტავ ამიტომ ხომ არ „ვაწესებთ“ ერთ ფართოდ გავრცელებულ შეგონებას: „ნუ ჩქარობ გაზრდას“, „ითამაშე, სანამ პატარა ხარ, როცა გაიზრდები, მერე ხომ ვეღარ ითამაშებ“; „ბავშვობა არასოდეს დაბრუნდება, მერე გაიხსენებ ამ დროს, გული დაგწყდება, მაგრამ გვიან იქნება და თან  ჩვენც ხომ ვერ ვიქნებით მუდამ შენს გვერდით“.

რის მიღწევას ცდილობს მშობელი ამ შეგონებით? სავარაუდოდ, უბიძგებს საკუთარ შვილს „არ გაიზარდოს“, დარჩეს მუდამ მისი მზრუნველობის და მფარველობის ქვეშ.

„აჰა, რა გამოდის? თუ უფროსების აკრძალვებს ნაკლებად დავუჯერებ, მაშინ უფრო ადვილად შევძლებ ცხოვრებას? ეს უფროსები ძალიან მიბნევენ თავგზას, ხან არ შეიძლებაო, ხან უკვე დიდი ხარ და რისი გეშინიაო…დავიბენი რა… რა ვქნა? იქნებ ჯობს მათ საერთოდ არ დავუჯერო?“

კარგად თუ დაფიქრდებით, აუცილებლად გაიხსენებთ თქვენი ბავშვობის იმ პერიოდს, როცა ძალიან მოგწონდათ და გეამაყებოდათ, როდესაც მშობლები გეუბნებოდნენ: „შენ უკვე დიდი ხარ“. აქვე, სავარაუდოდ, ამოგიტივტივდებათ ის მოგონებაც, როდესაც ბრაზობდით და ჭირვეულობდით, თუ რამე არ გამოგივიდოდათ. თქვენ იცოდით, რომ მშობლები ამის გამო  უკმაყოფილოები იქნებოდნენ და შესაძლებელია რომელიმე მათგანს კიდეც დაეტუქსეთ:

  • „ასეც ვიცოდი, რომ არაფერი გამოგივიდოდა!
  • „ხომ გეუბნებოდი, რომ წესიერად არაფრის კეთება არ შეგიძლია, არა და უკვე დიდი ხარ “!

ერთი მხრივ, პატარას ძალიან უჭირს გაიზარდოს და მეორეს მხრივ, ძალიან უნდა კარგი შვილი იყოს…და მის პატარა გონებაში შესაძლოა დიდი ბრძოლები  გაიმართოს. მას სურს სწრაფად გაიზარდოს და ამით უფროსები გაახაროს, მაგრამ როგორ მოახერხოს ეს? ჰოდა, ეწყება ჯიუტობა, ჭირვეულობა, ყველაფერზე შეუძლია იტიროს, საჭმელი არ ჭამოს, გვიან დაიძინოს, სათამაშოები ძალით გააფუჭოს, მასზე პატარა დაჩაგროს.

უფროსები როგორ იქცევიან ამ დროს? როგორ და ისევ უხვად გასცემენ შეგონებებს: „შენ ხომ უკვე დიდი ხარ! რა პატარა ბავშვივით იქცევი! და რა შედეგს ვაღწევთ ამ შეგონებებით? ძალაუნებურად, „უფროსობა“ რაღაც კარგი და მნიშვნელოვანია, ხოლო „პატარობა“ ის მდგომარეობა,  რასაც სასწრაფოდ უნდა გაექცე და თავი დააღწიო.

ალბათ, ნებისმიერ თქვენგანს უნახავს ისეთი ზრდასრული, რომელიც  გამოიყურება და იქცევა როგორც „პატარა ბავშვი“.  მას უჭირს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად  მიღება, ის ქვეცნობიერად  მუდამ ცდილობს ისე მოიქცეს, როგორც მის მშობლებს მოეწონებოდათ.

რადგან საუბარი მშობლების მიერ უხვად გაცემულ „შეგონებებზე“ ჩამოვარდა, კიდევ ერთი გავიხსენოთ: „რა ამბავია ამდენი ფიქრი, მიდი დროზე გააკეთე ის, რასაც ჩვენ გეუბნებით“; „მაგ საკითხს რად უნდა ამდენი მსჯელობა, ჩვენ ხომ აგიხსენით და გითხარით როგორც უნდა მოიქცე? გეყოფა ზოზინი და დროზე გადადი საქმის კეთებაზე (ჭამა, მეცადინეობა….); „შენ ტყუილად გაგყავს ამდენი დრო იმაზე ფიქრში, რაც ისედაც ნათელია და გადაწყვეტილია, ჩვენ უნდა დაგვიჯერო, ჩვენ უფროსები ვართ და შენზე უკეთ ვიცით, რა არის შენთვის საუკეთესო“…

მკითხველი მიმიხვდა, რომ მსურს მშობლები დავაფიქრო ისეთ სიტუაციებზე, როდესაც მისი შვილი მოულოდენელად ჩადის ისეთ საქციელს, რომ ძალიან გაკვირვებულს ტოვებს მშობლებს: „ეს როგორ ჩაიდინა?“ „ეს რამ აფიქრებინა?“  “როგორ მოხდა, რომ არ დაფიქრდა და ისე იმოქმედა?“ მე ვფიქრობ, აქ პასუხი ნათელია: ბავშვი მიჩვეული არ არის დამოუკიდებლად ფიქრს და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან მშობლებმა დიდი „ძალისხმევა ჩადეს“, რომ ეს ასე ყოფილიყო.  მას ხომ სულ „მზამზარეულ“ გადაწყვეტილებებს აწვდიდნენ და ახლა რატომ უკვირთ?

თუ უფრო შორს წავალთ, მოზარდობის ასაკის სხვადასხვა ტიპის ქცევით დარღვევებს შესაძლოა გარკვეული ახსნა მოვუძებნოთ. მსგავსი შეგონებებით აღზრდილი მოზარდები, ცდილობენ სხვადასხვა სახის მისაღები და მიუღებელი ქცევებით ჩაახშონ საკუთარი პრობლემები. ბავშვობაში მათ ხომ არ ასწავლეს მშობლებმა/აღმზრდელებმა სათანადო ფიქრი და განსჯა. მათთვის ხომ უფრო მარტივი და კომფორტული იყო მზა რეცეპტების გაცემა. ყველას გამორჩა მხედველობიდან, რომ საჭირო იყო ბავშვობიდანვე დამოუკიდებლად ფიქრისა და აზროვნების სწავლება.

ზუსტად ვიცი, რომ მზრუნველი, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე მშობელი ხართ და  ცდილობთ არაფერი გამოგრჩეთ და გამოგეპაროთ. თქვენ ხომ კარგად გახსოვთ, ბავშვობაში დედას რომ არ დაუჯერეთ და სკვერში კატამ დაგკაწრათ, ბევრი იტირეთ, ბევრი საყვედური მიიღეთ: „აი, ხომ ხედავ, ეს იმიტომ დაგემართა უფროსებს რომ არ უჯერებ, არადა ჩვენ გაფრთხილებდით, იმედია, ამის შემდეგ მაინც ისწავლი ჭკუას“. და მართლაც, თქვენ „ჭკუა ისწავლეთ“, ახლა თქვენს შვილს სულ აკონტროლებთ, რომ კატას ხელი არ მოკიდოს, არც ძაღლებია სანდო, შეიძლება ბავშვს უკბინოს, ხეზე არ აძვრეს, ხომ შეიძლება გადმოვარდეს, ცივი წყალი არ დალიოს, შეიძლება ყელი გაუცივდეს, ბევრი არ ირბინოს, შეიძლება გაოფლიანდეს და მერე ნიავმა დაუბეროს…

მოკლედ, აბა რა ქნას მშობელმა? ხომ უნდა გაუფრთხილდეს საკუთარ შვილს? უდავოდ, მაგრამ აქაც,  ისევე როგორც ნებისმიერ საკითხში, ზრუნვამ არ უნდა მიიღოს ისეთი სახე, როდესაც ბავშვს შეეშინდება სულ მცირე, მარტივი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება,  როდესაც ბავშვს არ ეცოდინება, რა არის საფრთხის შემცველი, რა არა და ამიტომ ყოველი ახალი საქმიანობის დაწყებისას შფოთვა და შიში გაუძლიერდება იმის თაობაზე, რომ შესაძლოა მცდარ გადაწყვეტილებას იღებს.

ვფიქრობ, არც ერთი მშობლის საბოლოო მიზანი არ არის, საკუთარ შვილს შეშინებულს და უუნაროს ხედავდეს, ამიტომ მიაჩვიეთ თქვენი პატარა დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას და არც მის  მიერ პირველ ეტაპზე დაშვებული შეცდომების შეგეშინდეთ. მერე რა, თუ თქვენ ბავშვობაში კატამ დაგკაწრათ? ხომ გამოიტანეთ საკუთარი გაკვეთილი? ჰოდა, თქვენს შვილსაც სჭირდება პირადი, თუნდაც მცირე, მაგრამ მისთვის მნიშვნელოვანი გამოცდილების შეძენა.

აქ მინდა დროებით შევწყვიტო წერილის წერა და მკითხველს ამოსუნთქვის, დაფიქრების და შეფასების საშუალება მივცე.

ადამიანის ბედი, წიგნის ბედი

0

გგონიათ, ამბავი როცა მთავრდება, იქ არის მისი ნამდვილი დასასრული?  ფიქრობთ, რომ წერტილი მართლაც ამბის ბოლოს ნიშნავს? მართლა გჯერათ დასასრულის დასასრულობის? მე კი დარწმუნებული ვარ, რომ სულ პირიქითაა, ნამდვილი, ცოცხალი, მარად განახლებადი, დაუსრულებელი მოქმედება წერტილის შემდეგ იწყება.

ერთ მშვენიერ დღეს შოთა რუსთველმა დაასრულა თავისი პოემა, ვიზეიმეთ ქორწილები, თან განა ერთი? რამდენიმე – ამისაგან, იმისაგან, აქ , იქ… თითქოს ამბავი დასრულდა, თუმცა, მე რომ მკითხოთ, სწორედ იქ დაიწყო ნამდვილი ამბავი – პოემის წაკითხვის, შეყვარების, გადაწერის, დახატვის, დაზეპირების, გაგრძელების ნამდვილი საგა, მარადიული, ყოველდღიური, მიუხედავად ეპოქისა, პოლიტიკისა, მეფისა თუ მისი ვასლისა, დამპყრობლისა, დაშლისა თუ გაერთიანებისა, ჭირისა თუ სახადისა, სირთულისა თუ სიმარტივისა…

            სამწუხაროდ, პოეტის ავტოგრაფზე კი არა, თუნდაც პოემის დაწერის თარიღთან ოდნავ მიახლოებულ ხელნაწერზეც ვერ ვიოცნებებთ. დრომ, ომებმა, დაუდევრობამ თუ ღმერთმა იცის, რამ გაანადგურა უძვირფასესი ხელნაწერები. თუმცა, ის რაც დაგვრჩა, მაინც საოცრად შთამბეჭდავია…

ნახულობ ამ ხელნაწერებს, აშიებსა და მინდვრებზე მინაწერებს, ჩასწორებებს თუ შენიშვნებს და ხვდები, როგორი ცოცხალი შეიძლება იყოს წიგნი, როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანთა ცხოვრება, მიჰყვეს მათ ბედს ანდაც, ზოგჯერ ბედის საჭე შემოატრიალოს კიდეც, თავის თავზე განიცადოს ყოველი ცვლილება, მის ყდას, ფურცელს დაეტყოს არამხოლოდ ადამიანთა შეხების, არამედ მათი  ყოველდღიური ცხოვრების კვალი…

             მაგალითად, ერთ-ერთი ხელნაწერის ავტორი უცნობია, თუმცა ჩვენთვის საცნაური ხდება მისი თუ ხელნაწერის მომავალი მფლობელის ტრფობის ამბავი, სატრფოს მონატრება, დარდი… შეყვარებული ადამიანის გულიდან ამოძახილია სხვა, ასევე უცნობი გადამწერის ხელნაწერზე – „ჩემნო იმედო, იმედო, იმედო…“ – წერს ის, ერთი სიტყვის რამდენიმეჯერ გამეორებაა, თუმცა იმდენ ამბავს ინახავს…

“ვენაცვალო წიგნო შენსა პატრონსა!” – ამბობს სხვა მინაწერი და თავისი გულის არითმიის მიზეზსაც ასახელებს: „როგორც მე ამ წიგნმა მამიდო ცეცხლი, ღმერთო ისე შენ მოუკიდე ცეცხლი ლევანის ძეს აბა ამას ტანჯვით. ღმერთო ამა ტანჯვით რისთვის დამბადე, რომ გავები სიყვარულის მახეში, როგორც მე ამ წიგნში“.

ზოგან – წიგნი მზითვის უმთავრესი განძია, ქორწინების მთავარი მოქმედი პირი. ერთ ხელნაწერს ასეთი მინაწერიც აქვს  – „ხოლო მეფემ აჩუქა ხახული აბაშიძეს, რომელმაც გამოატანა სამზითვოდ თავის ქალიშვილს ნინოს…“ შემდეგ, როგორც ჩანს ნინო აგრძელებს თავისი ოჯახური ბედნიერების ამბავს: „მე დავიწერე ჯვარი 1886 წლის გიორგობის თვის 10. ჩემი ბიჭი დაიბადა 1887 წლის ოქტომბრის 26 დღეს, მოინათლა 1889 წლის მარტში 3 დღესა პარასკევსა….“

ან ეს ამბავი, აქაც ბედნიერი ქორწინების შესახებ ცნობა  – „იქორწინა ჩემმა შვილმა ილია პატარას ძე ანდრონიკოვმა გრიგოლ მაღალოვის ასულ ნატალიასა ზედა, ქ/ა სიღნაღს… ნიშანი გავატანე ჩემს შვილსა ილია ანდრონიკოვსა აღალოვს ასულს ნატალია გრიგოლის ასულისათვის. ბედნიერი არიან ორნივე მრავალს წელთა მრავალჟამიერ“.

            კიდევ, კიდევ რისი კვალი ამჩნევია წიგნს? ვალების, დიახ, დიახ, ვალების, ხარჯების გასტუმრების, სესხებისა და ჩასესხების. რასაკვირველია, სარაინდო რომანი და ფულის აღნუსხვა ერთმანეთისგან შორს არის. თუმცა, ვინ იცის? განა ვაჭარი უსენიც ამ წიგნის პერსონაჟი არ არის?

„სახლის ქირა რომ ავიღე ერთი თუმანი, სამი მანათი ნანას მივეცი პურის საცხობშია, ორი მანათიცა ივანეს ქუდისთვის გავგზავნე. რაცა დარჩა ხუთი მანათი სამი მანათისა მაშოს კაბა და საცვლები უყიდე, მანათი და ორი შაურით ბიჭს ხალათი და პერანგი სამი აბაზისა შაქარი სამი შაურისა კოჭის ძაფი, ერთი შაურისა ნავთი” და ა.შ და ა.შ.

            ზოგჯერ ნაძლევის დადების თვითმხილველი, ზოგჯერ წყევლისა თუ დამუნათების შემნახველი, ხანაც მემატიანე, ხან ლოცვის ადგილი… ხან ნამდვილი, მკითხველური ბედნიერების მომსწრე -„ამიაშვილის ასული მაია აქანა კითხულობს“… „მიწყალე მე ღმერთო“ – მიუწერია ერთს, „ეს წიგნი ეკატერინესი იყოს, ღმერთმა მოახმაროს“   – უთქვამს მეორეს.   „წელსა ჩყიბ (1812) თვესა ნოემბრის მ (30) ამ რიცხვში დაწერილ არს: საქართველოს აზნაურიშვილი მაისურაძის ასული ნინო; პირველი ხელნაწერი არის და რაც შეცდომით მამსვლია ნუ დამგმობთ“, – დროის წიაღიდან გვესაუბრება მესამე.

წიგნი კი აგრძელებს  ცხოვრებას, მთავარი ამბები ჯერ კიდევ წინ არის, ტარიელისა და ავთანდილის ამბები წასაკითხი, დასახატი და გასაგები – ოცდამეერთე საუკუნის ახალი მკითხველისათვის.

( ტექსტში გამოყენებულია ინფორმაცია „ვეფხისტყაოსნის“ პარალელური კორპუსიდან – https://corpora.iliauni.edu.ge/)

წავუკითხოთ, წავაკითხოთ თუ ავკრძალოთ..

0

რამდენიმე ხნის წინ ჩემი ახლობლის სტატუსს გადავაწყდი ფეისბუქზე, ჩიოდა, ზღაპარი ვერ წამიკითხავს შვილიშვილისთვის, ან დედინაცვალი მოითხოვს ქმრისგან გერის აკუწვას და მერე ნახარშის მომზადებას ან მამა ტოვებს ტყეში საცოდავ შვილებს, მოკლედ, ისეთი ამბებია მოთხრობილი, ამის წაკითხვა რომ გავაგრძელო, ჩემს საწყალ შვილიშვილს ღამე აღარ დაეძინებაო. ჰოდა, ჩემმა ახლობელმა რჩევა ჰკითხა გამოცდილ ნაცნობებს. ნაცნობებსაც არ დაეზარათ და მილანძღ-მოლანძღეს ზღაპრები, ზოგიერთებმა დასკვნაც გამოიტანეს, რომ ქართული ზღაპრები არასოდეს არაა კეთილი და გაიხსენეს კეთილშობილური ევროპული ზღაპრები; საქმეში უფრო მეტად ჩახედულმა გულშემატკივრებმა დაინდეს ქართული ზღაპრები, ზღაპრის მოარული სიუჟეტი გაიხსენეს და დაასკვნეს, რომ ქართული კი არა, ზოგადად ზღაპარია ასაკრძალი. მეც არ დამეზარა და ჩემს ახლობელს მოკრძალებული აზრი გავუმხილე ზღაპრების წაკითხვა-არწაკითხვის საკითხზე. სანამ ამ მოკრძალებულ აზრს თქვენც მოგახსენებდეთ, დავძენ, რომ ჩემი ახლობელი ქალბატონი თავადაც მკვლევარია, ჩემი კომენტარები ადეკვატურად გაიგო, გაიზიარა ფოლკლორის სპეციალისტების წუხილი და ფოლკლორისტებს პატარა სასარგებლო რჩევებიც მოგვცა. ამ წერილს არც დავწერდი, რომ არა შემდგომი მოვლენები. საქმე ისაა, რომ ბოლო დროს ფეისბუქზე უკვე ხშირად გადააწყდებით ზღაპრების ღირსების შემლახავ ან ღირსების დამცველ სტატუსებს და კომენტარებს ზღაპრების სასკოლო პროგრამაში თუ კლასგარეშე საკითხვად შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ. ეს დავა არც საქართველოსთვისაა ახალი და არც სხვა ქვეყნებისთვის, ეს დავა საუკუნეებია, დიახ, საუკუნეებია, მიმდინარეობს მთელ რიგ ქვეყნებში. ზოგიერთი მშობელი, პედაგოგი, ფსიქოლოგი, თანამდებობის პირი სხვადასხვა დროს ხან მორალს უწუნებდა ზღაპრის გმირებს, სისასტიკეში და ძალადობაში ადანაშაულებდა მათ, ხანაც თვლიდა, რომ ზღაპრის სიუჟეტები სტერეოტიპების გამყარებას ემსახურება და სექსისტურია. მოპაექრე მხარეებს უკვე ასპარეზი არ ყოფნიდათ და მალე ადაპტირებულ ზღაპრებსაც გამოუცხადეს ომი, მერე ფოლკლორის სხვა ნიმუშებსაც გადაწვდნენ და ბოლოს საქმეებმა საგაზეთო ფურცლებიდან სასამართლოებში გადაინაცვლა. ყველაზე გახმაურებული ინციდენტი ალბათ მაინც ძმები გრიმების ზღაპრებს უკავშირდება, განსაკუთრებით, კონკიას, ფიფქიას, წითელქუდას, რაპუნცელს, გრეტელისა და ჰენსელის ზღაპარს და სხვა ყველასთვის ბავშვობიდან ნაცნობ ზღაპრებს. ჯერ იყო და პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, ზღაპრები თავიანთი იდეოლოგიისთვის მოერგოთ. სწორედ ასე იქცა წითელქუდას ანტაგონისტი მგელი საძაგელ ებრაელად, რომელიც ერჩის გერმანელ ხალხს. ფაშიზმის დამარცხების შემდეგ ზოგიერთმა ზღაპრის კრიტიკოსმა დაასკვნა, რომ გერმანელების სისასტიკე ბავშვობაში ამ სასტიკი ზღაპრების კითხვამ განაპირობა. გაისმა მოწოდებები აკრძალულიყო ძმები გრიმების ზღაპრები, ხოლო სამოციანი წლებიდან დაიწყო არა მარტო ძმები გრიმების, არამედ სხვა ზღაპრების დევნაც ევროპისა და ამერიკის სხვადასხვა სკოლაში და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, გერმანიაში. განათლების მესვეურებმა გაიზიარეს ზღაპრის კრიტიკოსების მოწოდება და უარი თქვეს ზღაპრების სასწავლო მიზნებით გამოყენებაზე. თუმცა ამ ტალღამაც მალე გადაიარა და დღეს ზღაპრები ისევ დაბრუნდა საბავშვო წიგნების თაროებზე, შესაბამისად, მასწავლებლებიც (არა ყველა) მიუბრუნდნენ ზღაპრის ტექსტების სასწავლო მიზნებით გამოყენებას და მშობლებმაც (გამონაკისის გარდა) გააგრძელეს ზღაპრების შვილებისთვის წაკითხვა/მოთხრობა. თუმცა პროტესტი მაინც გაისმოდა ხოლმე, ხან წითელქუდას კალათიდან ალკოჰოლის ამოღებას მოითხოვდნენ, ხანაც ქორწინებამდე კოშკში გამომწყვდეულ ასულთან ჭაბუკის სტუმრობის პასაჟს, მეფის ასულს რომ მერე აღარ გაკვირვებოდა, ტანსაცმელი რატომ აღარ მეტევა ტანზეო, ხანაც სკაბრეზისა და არანორმატიული ლექსიკისგან ტექსტების გაწმენდა-გათავისუფლებას…

არადა, ძმები გრიმები ფოლკლორის პირველი შემგროვებლები იყვნენ. მათი თავდაპირველი მიზანი სულაც არ იყო ზღაპრების ჩაწერა ბავშვების განსანათლებლად. პირველი კრებული, ყოველგვარი ილუსტრაციების გარეშე, 1812 გამოსცეს და ეს წიგნი პატრიოტულ ნაბიჯად უფრო შეფასდა, რადგან ნაპოლეონის მიერ დაპყრობილ გერმანიაში ზეპირი ნიმუშების გადარჩენა ღირსეული საქმე იყო. მაშინ ძმებ გრიმებს არც უფიქრიათ, რომ მათი შეგროვილი გერმანული ზღაპრები იმდენად პოპულარული გახდებოდა, რომ სწრაფად ითარგმნებოდა სხვადასხვა ენებზე და მისი ყველაზე აქტიური მკითხველი ბავშვი გახდებოდა, ხოლო მათი დაწყებული საქმე, ზღაპრის და დანარჩენი ფოლკლორული ტექსტების შეგროვება ჯერ მთელი ევროპის მასშტაბით, მერე კი მსოფლიოს დანარჩენ ნაწილებშიც დაიწყებოდა. გრიმების კრებულს კომენტარები ჰქონდა და ეს კომენტარები ტექსტზე უფრო ვრცელი იყო. ვერც იმას ვიტყვით, რომ არავინ ფიქრობდა ამ ზღაპრების იმ დროისთვის ზოგჯერ შეუსაბამო და შეუთავსებელ მორალურ მხარეებზე. თავად გრიმების კრებულიც რაღაც სახით ადაპტირებული იყო იმდროინდელ, განსაკუთრებით, ქრისტიანულ ნორმებთან. ამიტომაც გრიმების ვერსიაში ბოროტი დედა ანჩხლ დედინაცვლად იქცა, დაუნდობელი მამა ეშმაკმა ჩაანაცვლა, ქორწინებამდე სექსის მიმანიშნებელი პასაჟები გაშალაშინდა, მაგრამ მერედამერე ზღაპრები კიდევ უფრო მეტად ადაპტირდა დროის მოთხოვნებთან და ბოლოს საქმე დააგვირგვინა მულტიპლიკაციამ. დღეს თითქმის ყველა ბავშვი ზღაპრებს, ასე ვთქვათ, უოლტ დისნეის ინტერპრეტაციით იცნობს. მაგრამ საქმე ისაა, რომ არც ეს ინტერპრეტაცია აღმოჩნდება ხოლმე მისაღები ზოგიერთი დარგის სპეციალისტებისთვის (რა თქმა, უნდა, ამ ცალკეულ დარგებშიც ყველა მკვლევარს ერთი პოზიცია ვერ ქნება), იქნება ეს გენდერის საკითხებზე მომუშავე ადამიანი თუ ფსიქოლოგი, პედაგოგი თუ ლინგვისტი.

საქართველოში ზღაპრების წინააღმდეგ პირველად ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში გაილაშქრეს. ცნობილია აკაკის წერილიც, რომელსაც ერთი მასწავლებელი ედავებოდა, ჩვენ გამოსაფხიზლებელ და არა დასაძინებელ წერილებს ველოდებით თქვენგან ჟურნალშიო, რაზეც აკაკის ენამოსწრებულად შეუნიშნავს: „მოდი, მოვიყვანოთ ყმაწვილები, ეგ „ბროწეულის წყარო“ წავუკითხოთ და თქვენი პედაგოგიური ნაწერებიც და რომელმაც უფრო ადრე დააძინოს, ის დარჩეს გამტყუნებულიო“. სერიოზული სახე მიიღო პედაგოგ ნინო ძიძიგურის (რომელიც ზღაპრების შეტანას სახელმძღვანელოებში იმ მოტივით თვლიდა გაუმართლებლად, რომ მოზარდში შიშის, ცრუმორწმუნეობის, ეგოიზმის განვითარებას უწყობს ხელსო) და პროფესორ მიხეილ ჩიქოვანის (იგი წერდა, რომ ზღაპრების ხელოვნური გარდაქმნა, მისი შელამაზება და შევსებაც, ხალხური ზღაპრების ლიტერატურული კანონების მიხედვით გადამუშავებაც კი არ არის მიზანშეწონილიო) დაპირისპირებამ, ნოდარ შამანაძისა და ანა ღვინიაშვილის პოლემიკამ. ვინაიდან დღემდე არ წყდება ზღაპრის მიმართ მტრული დამოკიდებულების გამოვლენა, პერიოდულად თავიანთ თვალსაზრისს აფიქსირებენ ცნობილი ფოლკლორისტებიც (აღსანიშნავია პროფესორ ფიქრია ზანდუკელის შესავალი წერილი წიგნისთვის „წერილები საბავშვო ფოლკლორზე“, პროფესორ ზურაბ კიკნაძის წერილი ჟურნალ „კადმოსში“ და პროფესორ რუსუდან ჩოლოყაშვილის წერილი კრებულში „მხატვრულ სახეთა ტრანსფორმაციის ფორმები ქართულ ფოლკლორში“). რამდენიმე წელია, რაც ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკლორის განყოფილების თანამშრომელი ვარ. არაერთხელ შევსწრებივარ სხვადასხვა სახის კამათს და დაპირისპირებას. მახსოვს, ერთ-ერთი გამომცემლობის ხელმძღვანელმა გამოსაცემად ოცდაათი საბავშვო ზღაპრის შერჩევა გვთხოვა. ნებისმიერმა სპეციალისტმა იცის, რომ ჯადოსნური ზღაპრების დასასრული კეთილია, ხოლო სხვა ნაწილები – ნაკლებად. როგორც იქნა, შევთანხმდით, რომ მეტნაკლებად „კეთილ“ ზღაპრებს შევარჩევდით. მე, რუსუდან ჩოლოყაშვილმა და რუსუდან ცანავამ დიდი მონდომებით შევარჩიეთ ასეთი ზღაპრები, საკმაოდ დიდი შრომა და ენერგიაც გავწიეთ, იოლი საქმე ხომ არაა, ათასობით ზღაპრიდან მხოლოდ 30 შეარჩიო? სამწუხაროდ, ჩვენმა შერჩეულმა ზღაპრებმა დღის სინათლე ვერ იხილეს. შემდეგ, ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში,  განათლების სამინისტროდან გვთხოვეს „კეთილი“ ზღაპრების კრებულის მომზადება. არაქართული გვარის მინისტრი აღშფოთებული იყო ქართული ზღაპრების სისასტიკით და უკვირდა, რატომ არ წერდნენ ქართველები ევროპული ყაიდის ზღაპრებს. ცოტაც და ალბათ რინგზე გაიწვევდა ჩვენი განყოფილების ხელმძღვანელს, რომელიც დიდი ნებისყოფის ხარჯზე ცდილობდა გაენათლებინა ზედაპირულად მოაზროვნე მინისტრი… მადლობა ღმერთს, ეროვნულ სამეცნიერო ფონდში მაინც იყვნენ კომპეტენტური ადამიანები და დაგვიფინანსეს ქართული პროზის 22 ტომის აკადემიურად მომზადება (აქედან რამდენიმე ტომი სწორედ ზღაპრებია, ჯადოსნურიც და ნოველისტურიც). სამწუხაროდ, ეს ტომები მხოლოდ ელექტრონული სახითაა და ელოდება თავის დროს, როდის მოიცლის რომელიმე გამომცემელი და წიგნების სახით გამოსცემს მათ.

რაც შეეხება ჩემს მოკრძალებულ აზრს: მეც, ბევრი ფოლკლორისტის მსგავსად, მიმაჩნია, რომ ფოლკლორული ნაწარმოებების უდიდესი ნაწილი, ზღაპარი იქნება ეს, სიმღერა თუ გათვლა, ხალხური რწმენა-წარმოდგენების შესახებ უძველეს ინფორმაციას ინახავს, ამ ჟანრებში ხდებოდა საკრალურის პროფანაცია. გვიანდელი ფენებისგან ტექსტების გათავისუფლება და უძველეს შრეებთან მიახლოება ურთულესი, მაგრამ სიურპიზებით სავსე საქმეა. ძალიან მიყვარს ეს პროცესი და ამიტომაც დიდი სიამოვნებითა და გატაცებით ვაკეთებ ჩემს საქმეს. მე ფოლკლორს მეცნიერულად ვუდგები და ვიკვლევ. ამ საქმეში ადაპტირებული გამოცემები ვერ დამეხმარება და ამიტომაც, გული მტკივა, როდესაც გამომცემლები არ ინტერესდებიან ფოლკლორული ტექსტების აკადემიური გამოცემებით და მათ ადაპტირებულ-ილუსტრირებულ გამოცემებზე აქვთ გათვლა. მე პირადად არასოდეს წავუკითხავდი და არც წასაკითხად მივცემდი ჩემს შვილებს ზღაპარს კონკიაზე, რომელიც აქტივისტ გოგოებს შემოიკრებს, კლუბს თუ მოძრაობას დააარსებს და მერე ემიგრაციაში წავა ამერიკაში; სამოქალაქო პოზიციის მქონე ბავშვებზე უამრავი საინტერესო ნაწარმოებია შექმნილი და სწორედ ამ ნაწარმოებებს შევურჩევდი ჩემს შვილებს წასაკითხად, რა საჭიროა კონკიას მივანიჭოთ ახალი, მისთვის უცხო ფუნქცია. და კიდევ ერთი: მე პირადად მარტო ფოლკლორული კი არა, ყველანაირი ტექსტის ადაპტაციის სასტიკი მოწინააღმდეგე ვარ, არასოდეს ვყიდულობდი ჩემი შვილებისთვის არც ადაპტირებულ ჰომეროსს, არც სერვანტესს, არც შექსპირს და არც რუსთველს. მე ჩემი არგუმენტები მაქვს და მიმაჩნია, რომ ლექსიკის სიმდიდრისთვის, გემოვნების დახვეწისთვის, კრიტიკული აზროვნების განვითარებისთვის ავტორის წაკითხვა უპირველესია, თუკი ამის ფუფუნებაა, მაშინ, რა თქმა უნდა, ორიგინალის ენაზე. თუმცა ჩემთვის ისიც გასაგებია, რომ ყველას თავისი გემოვნება, მოსაზრება გააჩნია ამ საკითხზე და ესეც მშობლის არჩევანია და უფლება, რას იყიდის შვილისთვის და რას – არა. მაგრამ, აბა, ახლა ერთი წუთით წარმოიდგინეთ, ჩემს კვლევაში იმ უფლისწულზე ვილაპარაკო, ბაყაყის კოცნის შედეგად რომ მოუხსნა ჯადო ასულმა და არ ვიცოდე, რომ ეს პასაჟი ადაპტაციის (გავიხსენოთ თუნდაც ასტრიდ ლინდგრენის „ჩვენს სალტკროკელები ვართ“, სადაც საყვარელი პერსონაჟი სტინა, იმ იმედით, ბაყაყი უფლსწულად გადაიქცევაო, ბაყაყს კოცნის) შედეგია, ავთენტური ტექსტის მიხედვით კი, ბაყაყს გოგონა კი არ კოცნის, არამედ გამწარებული კედელზე ანარცხებს; ანდა, ლექციაზე კომბლეს ბატონის ცემა დავაბრალო მაშინ, როცა ავთენტურ ზღაპარში ამის შესახებ დუმს, მულტფილმში კი ეს პასაჟი ასეთ სახით ადაპტირდა… ხომ იტყვით, რომ არაკომპეტენტური ვარ? აი, მეც მეშინია, რომ ადაპტირებულ ლიტერატურაზე გაზრდილი თაობა აღარ მიუბრუნდება ორიგინალს და მის მეხსიერებაში არასწორად ჩაიბეჭდება დამახინჯებული სიუჟეტები, გადასხვაფერებული გმირები და კიდევ, ვინ მოთვლის, რამდენი რამ. ამიტომაც მე ასაკზე მორგებული ტექსტების შერჩევის მომხრე კი ვარ, ოღონდაც არა ტექსტების აკრძალვის, რადგან ასე მგონია, ზღაპრებზე გაგულისებულებს დღეს ავტორის ხელიდან გამოსული ნაწარმოებები არ გვახსენდება, თორემ ხვალ და ზეგ, აკრძალვის პირველ ეტაპს მეორე ეტაპი მოჰყვება ავტორების კურიკულუმიდან ამოღების მოთხოვნით და, ვინ იცის, მაზეგ ეგებ ავტოდაფეებიც მოვაწყოთ. ასე დაიწყო ეს პროცესები გერმანიაში (აქ 1933 წლის მოვლენებს ვგულისხმობ)… ჩვენ კი ისტორიას ხომ იმიტომაც ვსწავლობთ, რომ შეცდომები გავაანალიზოთ და მომავალში აღარ გავიმეოროთ?!

სკოლა და თანამედროვეობისთვის საჭირო კომპეტენციები

0

რამდენიმე თვის წინ პედაგოგებისთვის კონფერენციის მოწყობაზე ვმუშაობდი. დარეგისტრირებულებს ელექტრონული ფოსტით ან მოკლე ტექსტური შეტყობინებით (SMS) საკუთარი დასწრების დადასტურება ვთხოვე. ზოგიერთი მონაწილე ამ ინფორმაციას, SMS-ით, თავისი სახელის და გვარის მითითების გარეშე მიგზავნიდა.

სიკ

მსგავსი შეცდომები უნივერსიტეტის სტუდენტებსაც ხშირად მოსდით. ზოგიერთი მათგანი, უცნობი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან, კითხვას საკუთარი სახელისა და გვარის მითითების გარეშე აგზავნის. არ ითვალისწინებენ, რომ პასუხის გაცემა ადვილი არ არის, როდესაც ადამიანი  “რა მივიღე?” მსგავსი ელექტრონული ფოსტის მისამართიდან  vampira99@gmail.com, საკუთარი ვინაობის მითითების გარეშე.

განათლების რა სახის ნაკლთან გვაქვს ასეთ შემთხვევებში საქმე? ამ კონკრეტულ შემთხვევებში, ალბათ კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენების ან ზოგადად ურთიერთობის თანამედროვე ფორმების არასათანადოდ განვითარებულ ჩვევებთან გვაქვს საქმე. თუმცა, თუ განვაზოგადოებთ, თუ პედაგოგიურ პროცესსა და თანემედროვეობის მოთხოვნებს შევაპირისპირებთ, მივხვდებით, რომ ისინი ხშირად აცდენილია ერთმანეთს. შედეგად ვიღებთ ვითარებას, როდესაც ატესტატის აღების შემდეგ, ჩვენს მოქალაქეებს მრავალი ისეთი საბაზისო კომპეტენციის შეძენა ესაჭიროებათ, რომლებიც წესით, ადრეული ასაკიდანვე უნდა განევითარებინათ.

სკოლადამთავრებულებში თანამედროვეობისთვის საჭირო კომპეტენციების ნაკლებობას ხელს უწყობს ის, რომ ტექნოლოგიების გამოყენებას ჩვენი სკოლების უმეტესობაში ცუდად ასწავლიან. სკოლის გარეთ, ინფორმაციის გაცვლისთვის თანამედროვე ადამიანი პრაქტიკულად ყოველ დღე იყენებს მობილურ ტექნოლოგიებს. ეფექტიანად კომუნიკაციის უნარებს კი მათ ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში ნაკლებად უვითარებენ. სკოლების ნაწილში მობილური ტელეფონების გაკვეთილებზე გამოყენება ისევე იკრძალება, როგორც მაგალითად საღეჭი რეზინის ან საბავშვო სათამაშოსი.  კარგ მასწავლებელს კი სინამდვილეში, მობილური ტექნოლოგიები არა მხოლოდ გაკვეთილების უკეთესად ჩატარებაში ეხმარება. მობილურების გაკვეთილებზე ეთიკურად მოხმარება იმის სწავლებისთვისაც სასარგებლოა, თუ როგორ უნდა იყენებდეს მას ადამიანი სკოლის გარეთ არსებულ საზოგადოებაში.

ადამიანების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოშიც, დღეს აქტიურად იყენებს ინტერნეტში არსებულ ვირტუალურ სოციალურ ქსელებს. თუმცა კომუნიკაციის ამ საშუალებების გამოყენება საგანმანათლებლო მიზნების მისაღწევად იშვიათად ხდება. სოციალური ქსელების სასწავლო პროცესში გამოუყენებლობით, მასწავლებლები უმდიდრეს შესაძლებლობებს კარგავენ. სხვა სკოლების, დასახლებების ან საერთოდ უცხო ქვეყნებში მცხოვრებ თანატოლებთან ურთიერთობა მოსწავლეებს მრავალ შესაძლებლობას მისცემდა ენობრივი კომპეტენციებისა და თანამშრომლობის უნარების გასავითარებლად. ვირტუალური სოციალური ქსელები საუკეთესო საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს აღმოაჩინონ ახალი ინტერესები, ისწავლონ დისკუსიების წარმართვა და განივითარონ განსხვავებული მსოფლმხედველობისა  ან კულტურების მატარებელ ადამიანებთან ურთიერთობის უნარები.

სოციალურ ქსელებში გაჩენილი ურთიერთობები მნიშვნელოვანია ე.წ. სოციალური კაპიტალის დასაგროვებლადაც. თანამედროვე სამყაროში, არა მხოლოდ საქართველოში, ნაცნობებისა და მეგობრების ქსელი მნიშვნელოვნად ეხმარება პიროვნებას გაიუმჯობესოს ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრის შანსები. სოციალური კაპიტალი ეხმარება ღარიბებს თავი დააღწიონ შეზღუდულ შესაძლებლობებს, რომელშიც ისინი იზრდებიან.  მათი არასასურველი გარემოდან გარღვევა აკადემიური  წარმატების გარდა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ წარმატების რა მაგალითებს იცნობენ,  ვის შეუძლია მათ რჩევები მისცეს  ან რამდენად შეუძლიათ იპოვონ თანამოაზრეები ან მხარდამჭერები ახალი გადაწყვეტილების მიღებისას.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი სკოლები, სოციალური უნარების გასავითარებლად, არა მხოლოდ ტექნოლოგიებს იყენებენ სუსტად. სასწავლო პროცესი იშვიათად არის ისე დაგეგმილი, რომ მოსწავლეებს ერთმანეთთან  ან ზრდასრულებთან გააზრებულად ურთიერთობა ასწავლონ. სკოლაში  უფრო მეტად მოსწავლეების ინდივიდუალურ და ნაკლებად კოლექტიურ ძალისხმევას აფასებენ. უმეტს შემთხვევაში მოსწავლე წარმატებულად  მაშინ ითვლება, თუ ის დამოუკიდებლად წყვეტს საგანმანათლებლო პრობლემებს, დამოუკიდებლად კითხულობს, დამოუკიდებლად წერს, დამოუკიდებლად პოულობს სავარჯიშოების ამონახსნებს და სხვ. სკოლის გარეთ არსებული ცხოვრება კი სრულიად სხვა მოთხოვნებს აყენებს.

ჯგუფში მუშაობის უნარები დღევანდელ სამყაროში უმეტესად  საქმიანობასა თუ პროფესიულ წარმატებას წარმართავს. ექიმები, ინჟინრები, მომსახურების სფეროში დასაქმებული ადამიანები, მეცნიერები, საჯარო სამსახურსა თუ ბიზნესში დასაქმებულები და თავად სკოლაში მომუშავე პედაგოგებიც ყოველდღიურად არიან სამუშაო, თუ სოციალური ჯგუფის წევრები. მათ მუდამ როლების დანაწილება,  საერთო შეთანხმებების მისაღწევად მოლაპარაკებებსა და კომპრომისებზე წასვლა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება უწევთ.

მართალია, ჩვენს სკოლებში ჯგუფური მუშაობის მიდგომები სულ უფრო ხშირად გამოიყენება, თუმცა, გუნდური მუშაობის პრინციპი განათლების საფუძვლად ჯერ კიდევ ნაკლებად აღიქმება. მაგალითად, მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობა იშვიათად არის სოციალური ჯგუფის წარმატებული მუშაობის მაგალითი. მასწავლებლები და მოსწავლეები როგორც ერთი გუნდის წევრები არ მოქმედებენ. მოსწავლეები და მასწავლებლები იშვიათად თანხმდებიან სწავლების მიზნების, საშუალებებისა და მიდგომების შესახებ. მასწავლებლები უმეტესად ადმინისტრატორების როლში არიან, ხოლო მოსწავლეები დაქვემდებარებულების.  მასწავლებლები მეტწილად ბრძანებებს გასცემენ, რომლებიც მოსწავლეებმა უნდა შეასრულონ. ასეთი გამოცდილების ფარგლებში კი რთულია მოსწავლეებმა თანამშრომლობის ფორმები შეისწავლონ.

სწავლების შინაარსიც მნიშვნელოვნად ჩამორჩება მოსწავლეების გარკვეული ნაწილის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. მაგალითად, თანამედროვე საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურა იშვიათად ხდება სასკოლო სივრცის ნაწილი. უფრო მეტიც, სერიოზული აცდენაა მოსწავლეებისა და მასწავლებლების ლიტერატურულ გამოცდილებას შორის.  მასწავლებლების მცირე ნაწილს აქვს წაკითხული თანამედროვეობაში პოპულარული სერიული ნაწარმოებები, როგორიც არის მაგალითად ჰარი პოტერი  ან პერსი ჯეკსონი და ოლიმპიელები.

ვითარებას ისიც ართულებს, რომ მოსწავლეებისა და მასწავლებლების კულტურული გამოცდილების დაშორება მხოლოდ ლიტერატურით არ შემოიფარგლება. მასწავლებლებს უჭირთ თანამედროვე მუსიკის ჟანრებისა თუ შემსრულებლების ამოცნობა. მათ ძალიან მცირე გამოცდილება აქვთ კომპიუტერული თამაშებით გართობის. მასწავლებლების უმეტესობა აღიზარდა ისეთ გარემოში, სადაც დღევანდელი სამყაროსგან განსხვავებით ნაკლები იყო კომუნიკაციის საშუალებები, ნაკლებად იცვლიდნენ ადამიანები პროფესიებს, სამუშაო და საცხოვრებელ ადგილებს. მასწავლებლების დიდი ნაწილი აღიზარდა სახელმწიფოში, რომელსაც ჩაკეტილი და მკაცრად გაკონტროლებული ჰქონდა სახელმწიფოს საზღვრები, როგორც გადაადგილებისთვის, ისე ინფორმაციისთვის.

საზოგადოებრივი ცხოვრებისა და სკოლის ერთმანეთს აცდენა, მხოლოდ  კომპეტენციების დაბალ განვითარებას არ იწვევს. მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილში ამგვარი დაშორება სკოლის შესახებ დაბალი წარმოდგენების ფორმირებასაც უნდა იწვევდეს. რთულად წარმოსადგენია სკოლა მაღალი რეპუტაციით სარგებლობდეს, თუ კი ის ახალგაზრდობას სათანადოდ არათუ მომავლისთვის, არამედ თანამედროვეობისთვისაც  ვერ ამზადებს. ამიტომაც მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია, განათლების პოლიტიკაში ჩართული ადამიანები და ინსტიტუციები უნდა დაფიქრდნენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს საგანმანათლებლო პროცესი, ტექნოლოგიები, განათლების მიზნები და შინაარსი, რომ ქართული სკოლა მართლაც ოცდამეერთე საუკუნისთვის ამზადებდეს ჩვენი საზოგადოების წევრებს. მასწავლებლები კი მაქსიმალურად უნდა ეცადონ,  გამოცადონ ის,  რაც ჩვენს მოსწავლეებს აინტერესებთ.

ჩემი პირველი მასწავლებელი

0

მე და ჩემი ძმა ის იშვიათი ბავშვები ვიყავით, ვინც პირველ სექტემბერს – პირველი კლასის პირველ სექტემბერს – უკვე იცნობდა თავის მასწავლებელს. მერი ბულია ჩვენი კარის მეზობელი იყო და მან იმ 90-იანებში, უფრო კონკრეტულად კი 1994 წლიდან, ჩვენთვის არა მხოლოდ წერა-კითხვის სწავლება ითავა, არამედ სახლიდან სკოლამდე და სკოლიდან სახლამდე მშვიდობიანად მიყვანაც. აოხრებულ, დარბეულ ქალაქს ყოვედღიურად, დილაობით, სკოლისკენ მიმავალი მოსწავლეები აცოცხლებდნენ, რადგან მათ მშობლებს და მასწავლებლებს ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ ომი, ბინძური პოლიტიკა და განუკითხაობა ცხოვრების წესად არ უნდა ქცეულიყო.

იმ დილასაც ჩვეულებრივ პირველი მე გავვარდი ჭიშკრისკენ, პურისა და ყველის მოზრდილი ლუკმა სულმოუთქმელად გადავყლაპე და სანამ ჩემი ძმა კვალში ჩამიდგებოდა, უკვე ვხედავდი, როგორც ეშვებოდა ჩვენი მასწავლებელი კიბეზე. ის წინ, ჩვენ – უკან. ხმაამოუღებლად მივყვებოდით. სულ მინდოდა მეკითხა (მაგრამ ვერასდროს გავუბედე), იმ სიჩუმეში, რომელსაც მხოლოდ მისი ნაბიჯების ხმა არღვევდა, რაზე ფიქრობდა, უფრო სწორად, ჩვენზე თუ ფიქრობდა. ვერ ვკითხე, მაგრამ იმას კი ვგრძნობდი და ვხედავდი, რომ ხანდახან, ტროტუარზეც და ქუჩის გადაკვეთისას, თავს შემოაბრუნებდა, გამოგვხედავდა და როცა დარწმუნდებოდა, რომ საშიში არაფერია, თავის თანამგზავრთან ერთად აგრძელებდა გზას.

თანამგზავრი ნათელა ჯინჯოლია იყო, რუსულის მასწავლებელი, ქუჩის თავში რომ გვიცდიდა და მერი ივანოვნასთან ერთად აპირებდა შემდეგი ოცი წუთი – სკოლამდე მისასვლელი გზა – პოლიტიკაზე, საჭირბოროტო საკითხებზე და სკოლაზე საუბრით გაელია. ისინი გზადაგზა ჩერდებოდნენ, შეკამათდებოდნენ, საჭირო რეპლიკებს ცვლიდნენ ერთმანეთში. ჩვენც ვჩერდებოდით, დიდად არ გვესმოდა მათი სალაპარაკო თემის შინაარსი, მაგრამ არც გადასწრება გვინდოდა. სულერთია, კლასში მაინც ის მასწავლებელი უნდა დაგვხვედროდა ან თუ არ დაგვხვედროდა, შემოსულიყო მაინც, ვისაც გადავუსწრებდით, მხედველობის არედან დავუსხლტდებოდით. ეს დროებითი ოინები მაინცდამაინც არ გვხიბლავდა, მით უმეტეს, რომ ჩვენს ოინებზე ერთი-ორჯერ მწარედაც მოგვხვდა.

– ბურთი უსულო არსებაა და თავისი ნებით არ მოვა და არ გეტყვით, მორჩით თამაშს, თავი დამანებეთ, საკმარისიაო! – გვითხრა ერთხელ მერი მასწავლებელმა და რომ არ გამცინებოდა, ქვედა ტუჩის ძარღვზე ისე მწარედ ვიკბინე, პირი სისხლით გამევსო. ისე, მართალი იყო, ჩვენზე უფრო ბურთი რომ შეეცოდა – თამაშის აზარტში შესულები დღე-ღამეს ვერ ვარჩევდით და ქუჩაში შუქი თუ ბჟუტავდა, ღამის საათებშიც  შეგვეძლო ნამდვილი მუნდიალის მოწყობა.

მაგრამ ეს მერე, მოგვიანებით, მაშინ კი, 1994-ში, შუქი ისეთივე იშვიათი მოვლენა იყო, როგოც, ვთქვათ, „კიპიტელნიკი“ ახლა. სამაგიეროდ, უშუქოდ და უპატრონოდ დარჩენილ ქალაქში სხვა, ფეხბურთზე გაცილებით სახიფათო თამაშები იმართებოდა დღისითაც და ღამითაც.

ჯიხურს რომ გავცდით და ის-ის იყო თეატრისკენ უნდა გაგვეხვია, რომელიღაც მოსახვევიდან ხრიალის, დგანდგარის, გრუხუნის, ხავილის, ყეფის ხმა მოგვაწყდა ერთიანად. შემობრუნება ძლივს მოვასწარით და ტანკიც გამოჩნდა. შორიდანაც ჩანდა: შიგ მეზღვაურის მაისურგადაცმული ტიპი იჯდა, რომელიც სწრაფად და ნერვიულად მოაგორებდა ტანკს. თავი პირდაპირ ჩვენკენ დაეღერებინა, სიჩქარეს არ უკლებდა და ადგილზე გაქვავებულები, ფეხმოკვეთილები ველოდით, როდის ამოიჭრებოდა ტროტუარზე.

მაგრამ უცებ, თითქოს საჭე გაუსხლტაო, ოდნავ მხარი ექცა და წონასწორობადაკარგული პალმას შეასკდა. პალმა ჯერ დაიზნიქა, შემდეგ წამოიმართა, ისევ დაიზნიქა და გადატყდა. ტანკისტმა ერთი გაოცებულად მიმოიხედა, შეიგინა, რამდენიმე წამით შეგვატოვა მზერა, ტანკი მოატრიალა და გაგვეცალა.

– წამოდით, რას უყურებთ?! – მერი მასწავლებლის ხმამ გამოგვარკვია. შიშნაჭამები, დაზაფრულები ვიდექით და ბოლომდე არ გვჯეროდა, რომ ის, რაც წუთ-ნახევარში მოხდა, ფილმი ან ფილმიდან ჩარჩენილი სიზმრის ეპიზოდი არ იყო. „წამოდით, ფეხი გამოადგით!“ – ხმამაღლა გვეძახდა მერი ბულია და თავისკენ გვექაჩებოდა, თითქოს ეშინოდა, რამდენიმე წამის წინ მომხდარ ამბავს არ მოვენუსხეთ და სწავლაზე კი არა, მშვიდი პალმების აყირავებაზე გვეფიქრა, იმ საქციელებზე, რომელიც დედაენაში არ წერია, მაგრამ აი იასავით სწავლობენ ისინი, ვისაც ომი და სისხლი სწყურია.

– ახლავე წამოდით! – მკაცრი და მომთხოვნი იყო ჩვენი პირველი მასწავლებელი, რომელიც მომხდარს არ იმჩნევდა და იმ წუთას ალბათ ყველაზე მეტად ფიქრობდა ჩვენზე, დათრგუნულ და გადარჩენილ ბავშვებზე.

მეტჯერ არ გაუმეორებია. შებრუნდა და წავიდა. გავყევით.

პრეზენტაციის გაკვეთილები სტივ ჯობსისგან:  „სამთა წესი“

0

ადამიანს შეიძლება ჰქონდეს უდიდესი იდეა სამყაროში, სრულიად ახალი და ცვლილებების მომტანი, მაგრამ თუ მას არ შეუძლია ამაში სხვა ადამიანების დარწმუნება, – ეს იდეა სრულიად არაფერს ნიშნავს.

გრეგორ ბერნსი

ალან დოიჩმანი წიგნში -The Second Coming of Steve Jobs – წერს: სტივ ჯობსი დიდოსტატია, მას შეუძლია, აიღოს რაიმე მოსაწყენი საგანი, მაგალითად, ელექტრონული მოწყობილობების ნაწილები, და შეფუთოს დრამატული ისტორიით. ჯობსს ჰქონდა უნარი, წარედგინა არა მხოლოდ პროდუქტი, არამედ ის იდეები, რომელიც ამ პროდუქტით მიიღწეოდა, მას შეეძლო  შეეცვალა ადამიანთა ცხოვრება, განათლება და გართობა… ის ქმნიდა განსაკუთრებულ მაგნეტიზმს, აზრის მაგნეტიზმს, რაც მის გარშემომყოფებზეც მოქმედებდა და ამის წყალობით რეალიზდებოდა ყველაზე უფრო საოცნებო და, ერთი შეხედვით, მიუღწეველი აზრები. სტივ ჯობსი კომპიუტერებს კი არა, არამედ ადამიანთა შესაძლებლობების გამოვლენის ინსტრუმენტებს ჰყიდდა… ეს კი საგნის სრულიად სხვა მხარეა…

თუ თქვენ არ შეგიძლიათ დაიპყროთ ადამიანთა ყურადღება, თქვენს იდეას, პროდუქტს, არ აქვს წარმატების არავითარი შანსი. ნუ გაწირავთ თქვენს იდეებს, მხოლოდ იმის გამო, რომ არ შეგიძლიათ სათანადოდ წარდგენა… ნახეთ, როგორ აკეთებდა ამას სტივ ჯობსი და მისი მეთოდიკით გაიუმჯობესეთ პრეზენტაციის უნარები. როგორც სტივი ხშირად ამბობდა გამოსვლების და პრეზენტაციების წინ:

„ახლა კი დავიწყოთ…“

Carmine Gallo წიგნში: The Presentation Secrets of Steve Jobs – წერს:

მე მაქვს ცუდი და კარგი ინფორმაცია თქვენთვის. ცუდი ის არის, რომ თქვენ მოგიწევთ თქვენი პრეზენტაციები შეადაროთ სტივ ჯობსის გამოსვლებს, რომელსაც შეეძლო ყველაზე მოსაწყენი საკითხი თეატრალიზებულ წარმოდგენად ექცია, თავისი გმირებით და ურჩხულებით, ზუსტად შერჩეული სლაიდებით გამოეწვია ემოცია და  აღფრთოვანება.

კარგი ინფორმაცია კი ის არის, რომ სტივ ჯობსის გაკვეთილებით დახვეწოთ თქვენი გამოსვლები და სულ ერთია, ვინ ხართ: ბიზნესმენი, მარკეტოლოგი, მასწავლებელი… ერთნაირად საჭიროა, ისწავლოთ ინფორმაციის იმგვარად გადაცემა, რომ შექმნათ მაგნეტიზმი, ახალ განცდათა ველი, რომელიც აღაფრთოვანებს და ენთუზიაზმით აღავსებს მსმენელს.

რა არის „სამთა წესი“?

თითქმის ყოველთვის, სტივ ჯობსი იყენებდა, ე.წ. „სამთა წესს“. ეს ციფრი თითქოს მაგიური იყო მის გამოსვლებში. გამოსვლას ჰყოფდა სამ ნაწილად, ქმნიდა სამ ისტორიას… ინფორმაციებში უმეტესად 3 ფიგურირებდა. ამ წესს ჰქონდა თავისი ენციკლოპედიური ახსნა: „სამთა წესის“ იდეა გაჩნდა მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, როდესაც ჰარვარდის უნივერსიტეტის სწავლულთა ჯგუფი ადამიანის მეხსიერების უნარებს იკვლევდა. ამ კვლევების მიხედვით, ყველაზე სწრაფად უმრავლესობა იმახსოვრებს: 3 ციფრს, 3 ამბავს, 3 წესს…. სწორედ ამ ცოდნაზე აფუძნებდა ჯობსი თავისი გამოსვლების სიუჟეტს.

„სამთა წესი“ გამოიყენა სტივ ჯობსმა თავის ცნობილ გამოსვლაში სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ცერემონიალზე. მან სამი ამბით წარმოადგინა მთელი თავისი ცხოვრება: გულისტკივილით, დამარცხებებით, გამარჯვებებით, სიხარულით, ბედნიერებით, სევდით….

„დღეს მინდა გიამბოთ სამი ისტორია ჩემი ცხოვრებიდან. არაფერი გრანდიოზული, უბრალოდ, სამი ისტორია. პირველი ისტორია: წერტილების შეერთება; მეორე ისტორია: დანაკარგი და სიყვარული; და მესამე ისტორია: სიკვდილის შესახებ“.

რით იყო მომხიბვლელი ეს სამი ისტორია მსმენელებისთვის? უბრალოებით, გულწრფელობით და რწმენით. პირველ ისტორიაში სტივი ჰყვება, როგორ მიატოვა Reed College 6-თვიანი სწავლის შემდეგ. მიატოვა, რადგან მისი აღმზრდელი მშობლების მთელი თანხა იმ სწავლაზე იხარჯებოდა, რომლიდანაც ვერ გაერკვია, რა უნდოდა და როგორ  დაეხმარებოდა კოლეჯი ამის გაცნობიერებაში. მერე აირჩია კალიგრაფიის გაკვეთილები, მაშინ ვერ გაეგო, ეს რაში დასჭირდებოდა, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც გამოვიდა პირველი Macintosh დახვეწილი ტიპოგრაფიით, მიხვდა, კალიგრაფიის გაკვეთილების გარეშე  ეს ვერ მოხერხდებოდაო, – აღნიშნვდა ჯობსი.

ამ ისტორიის აზრი ბოლოს ორატორმა შეაჯამა: კოლეჯში სწავლის დროს შეუძლებელი იყო შემეერთებინა ეს წერტილები, მაგრამ 10 წლის შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა. თქვენ ვერასდროს შეაერთებთ წერტილებს, თუ მხოლოდ წინ იყურებით, ამას შეძლებთ, როდესაც წარსულს გადახედავთ. მიენდეთ ცხოვრებას, კარმას, ბედს… რასაც გნებავთ, ასეთ მიდგომას არასდროს უმტყუნია ჩემთვის და ამან შეცვალა ჩემი ცხოვრება.

საკუთარი ისტორიის კონკრეტული ამბებით ჯობსმა შექმნა ცოცხალი მეტაფორა, ცოცხალი იგავი და ამ ამბავში მთავარი, რა თქმა უნდა, ის აზრი და იდეაა, რომლის მიტანაც უნდოდა მსმენელამდე: მიენდეთ ინტუიციას, არ შეგეშინდეთ ცვლილებების, ადრე თუ გვიან მოვლენათა კავშირს დაინახავთ და ყველა წერტილს შეაერთებთ…

მეორე ისტორია წაგებასა და სიყვარულზეა… 20 წლის ასაკში ჯობსმა მეგობართან ერთად დააარსა  Apple მამის გარაჟში. 10 წლის შემდეგ Apple 2 მილიარდიან კომპანიად იქცა. 30 წლის ასაკში ჯობსი კომპანიიდან გამოაგდეს… გაქრა ის, რაც მისი ცხოვრების აზრს შეადგენდა… როცა თვეების შემდეგ ჯობსი აანალიზებს, რა დარჩა ამ ამბიდან, ხვდება, რომ ერთადერთი, რაც გადარჩა, არის სიყვარული, სიყვარული იმ საქმისა, რომელსაც აკეთებდა. ამ სიყვარულმა მისცა მას ძალა, რომ ახალი ენერგიით ყველაფერი ნულიდან დაეწყო და შექმნა ახალი კრეატიული და წარმატებული კომპანია NeXT.

ამ ისტორიის მთავარ იდეას ჯობსი ასე აყალიბებს: ეს არ მოხდებოდა, მე რომ Apple -დან არ გავეთავისუფლებინე. წამალი მწარე იყო, მაგრამ პაციენტს არგო…. თქვენ უნდა მოძებნოთ ის, რაც გიყვართ… და ერთადერთი საშუალება აკეთოთ დიადი საქმეები, არის ის, რომ გიყვარდეთ ის, რასაც აკეთებთ… თუ თქვენ ჯერ არ გიპოვიათ საყვარელი საქმე, ეძებეთ… არ შეჩერდეთ….!

მესამე ისტორია სიკვდილს ეხება. სტივი ჰყვება: როდესაც 17 წლის ვიყავი, წავიკითხე ასეთი ციტატი: „თუ თქვენ ისე ცხოვრობთ, რომ თითქოს ეს თქვენი ბოლო დღეა, ოდესღაც თქვენ მართალი აღმოჩნდებით“.  მას შემდეგ ყოველ დილით სარკეში ჩემს თავს  ვეკითხები: დღეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყოს, გავაკეთებდი თუ არა იმას, რის გაკეთებასაც დღეს ვაპირებ? და თუ რამდენიმე დღის მანძილზე პასუხია: „არა“…, მაშინ ვხვდები, რომ რაღაც უნდა შევცვალო…

სიკვდილის ხსოვნა – საუკეთესო საშუალებაა გაექცე აზრს იმის შესახებ, რომ რაიმე გაქვთ დასაკარგი… თქვენ უკვე შიშველი ხართ… თქვენ აღარ გაქვთ მიზეზი, არ მიჰყვეთ თქვენი გულის ძახილს…

ასეთია სამ ამბავში… სამ ისტორიაში გადმოცემული სტივ ჯობსის ცხოვრება, რომელიც მან უამბო სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს…

რატომ სამი…?

ეს უკვე იცით….

მომსახურების სფერო და შშმ პირები

0

მომსახურების სფეროში შშმ პირებთან მიმართებაში ორი მნიშვნელოვანი საკითხი არსებობს: დასაქმება და მათი მომსახურების სტანდარტი. მოპყრობის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, საქართველოში სამედიცინო პერსონალიც კი არ არის ჯეროვნად გადამზადებული. დიაგნოზის შეტყობისას პირველი რეაქცია – შეცოდება – სახეზე აწერიათ. ეს სავარაუდოდ გაუცნობიერებელი შიშის გამოხატულებაცაა, რადგან ცოტა თუ იციან, ვთქვათ, აუტიზმის შესახებ.

შშმ ბავშვის სხვადასხვა ადგილას, ამა თუ იმ ღონისძიებაზე ტარება მშობლებისათვის სტრესთანაა დაკავშირებული – აუტიზმის მქონე ბავშვის უცნაურ ქცევაზე საზოგადოების ზოგიერთი წევრის მხრიდან გამკიცხავი მზერის გამო, ეტლით მოსარგებლე ბავშვის შემთხვევაში მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო და ა. შ.

სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, როდესაც საქართველოს მაღალმთიანი კურორტის ერთ-ერთ კაფეში ჩემი ჰიპერაქტიური, აუტიზმის მქონე შვილის ქცევებმა არც პერსონალის და არც სტუმრების ყურადღება არ მიიქცია. არადა მან ფეხზე გაიხადა, სავარძლებზე ისე იხტუნავა, როგორც ბატუტზე; მთელი კაფე ფეხდაფეხ მოიარა, დაათვალიერა, ყველა ნივთს შეეხო, იატაკზე გაფენილ რომელიღაც ცხოველის ბეწვზე წამოწვა, მალე კი საიდანღაც საბავშვო წიგნი მოარბენინა – როგორც აღმოჩნდა, პატარა სტუმრებისთვის წინდაწინ ჰქონიათ გათვალისწინებული სპეციალური, სათამაშოებითა და წიგნებით სავსე კალათა. მისთვის თავისუფლება რომ არ მიგვეცა, ის აუცილებლად დიდი ხმაურით გამოხატავდა პროტესტს და სავარაუდოდ მალევე მოგვიწევდა იმ ადგილის დატოვება. ამ შემთხვევის საპირისპირო ფაქტი მახსენდება: სულ სხვა რეგიონში, ერთ-ერთმა პოპულარულმა კაფე-რესტორანმა სოციალურ ქსელში განცხადება რომ გამოაქვეყნა, – თორმეტ წლამდე ბავშვები ტერიტორიაზე არ დაიშვებიან იქ გამოფენილი ექსპონატების შესაძლო დაზიანების გამოო. სად უფრო იგრძნობენ ბავშვი და მშობელი კომფორტულად თავს, იოლი მისახვედრია.

სტატია მეტწილად ეხება აუტიზმის მქონე შედარებით პატარა ასაკის მქონე პირებს. მოზარდთა და ზრდასრულთა შემთხვევაში სიტუაცია, ცხადია, რთულდება. თუმცა მათ არ უნდა შეეზღუდოთ თავისუფლად გადაადგილებისა და საჯარო სივრცით სარგებლობის უფლება. კვების ობიექტები, მუზეუმები, მაღაზიები თუ ბიბლიოთეკები მზად უნდა იყვნენ შშმ მომხმარებლის მისაღებად: შენობებს უნდა ჰქონდეს პანდუსები, ლიფტები, საბავშვო კუთხეები, უსინათლოთათვის – სპეციალური ბილიკები, ხმოვანი და ბრაილის შრიფტით შესრულებული გზამკვლევები, სასურველია პერსონალმა იცოდეს ჟესტების ენა და ა. შ. ამისათვის საჭიროა ქმედითი ტრეინინგები. მაგალითად, საქართველოში ეტლით მოსარგებლე პირები წუხილს გამოთქვამენ, რომ ხშირ შემთხვევაში კაფის პერსონალმა არ იცის, რომ მათ უნდა მიეხმაროს კარის გაღებაში, ფინჯანი არ უნდა დადგას მაგიდის შუაში, ანუ ისეთ მანძილზე, სადამდეც ხელის გაწვდენა ეტლით მოსარგებლეს გაუჭირდება და ა. შ.

გთავაზობთ რჩევებს, რომელიც, ვფიქრობ, არა მხოლოდ კვების ობიექტების ადმინისტრაციას და რიგით პერსონალს გამოადგება, არამედ მომსახურების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებსაც:

  • იყავით კეთილგანწყობილი და მეგობრული;
  • გულწრფელი ღიმილით გამოხატეთ დახმარების სურვილი;
  • მომხმარებელს უყურეთ თვალებში, ისაუბრეთ ნელა და გარკვევით;
  • არავერბალური მომხმარებლისთვის გამოიყენეთ სენსორული მენიუ, სხვადასხვა ვიზუალური მასალა თქვენს სფეროში;
  • იყოლიეთ ცალკე თანამშრომელი, რომელიც ითავებს შშმ ბავშვზე მეთვალყურეობას, სათამაშოების კუთხესთან მიყვანას და რამდენიმე წუთის განმავლობაში მასთან თამაშს, რათა მშობელმა შეძლოს განტვირთვა;
  • ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ მომხმარებლის უცნაურ ხმას, ქანაობას, რწევას, ბოლთის ცემას ან სირბილს;
  • გაითვალისწინეთ, რომ აუტიზმის მქონე პირთათვის შეიძლება გამაღიზიანებელი იყოს სხვადასხვა ტიპის განათება ან ხმამაღლა ჩართული მუსიკა;
  • მაღალზურგიანი სკამებითა და სხვა მაგიდებისგან პატარა ტიხარით გამოყოფილი მაგიდით შესაძლებელია მყუდრო გარემოს შექმნა რესტორანში. ეს მაგიდა საუკეთესო შეთავაზება იქნება აუტიზმის მქონე ბავშვისა და მისი ოჯახის წევრებისათვის;
  • უზრუნველყავით შეკვეთის ტელეფონით წინასწარ მიღების შესაძლებლობა;
  • მენიუ/კატალოგი/ფასების ფურცელი განათავსეთ დაწესებულების ინტერნეტ გვერდზე, რათა შშმ მომხმარებელმა ან მისმა მეურვემ წინასწარ შეძლოს გაცნობა და თადარიგის დაჭერა;
  • მოემსახურეთ სწრაფად – აუტიზმის მქონე პირებს ძალიან უჭირთ მოცდა;
  • შეეკითხეთ მომხმარებელს, ხომ არ სურს განსხვავებული ტიპის ჭურჭელი, მაგალითად სახურავიანი ჭიქა ან საწრუპი;
  • არ გაგიკვირდეთ, თუ მომხმარებელი არ გიპასუხებთ კითხვაზე ან წესისამებრ არ გადაგიხდით მადლობას იმის მიუხედავად, რომ მას მეტყველება შეუძლია;
  • ნუ იჩქარებთ მაგიდის ალაგებას და საჭმლის გადაყრას – შესაძლოა ბავშვს უჭირდეს ერთ ადგილას გაჩერება და მშობელმა ის გაასეირნა, თქვენს დაწესებულებაში „პატარა ტური მოუწყო“ და აპირებს ისევ მაგიდასთან დაბრუნებას;
  • ზრდილობიანად აცნობეთ თქვენი დაწესებულების შინაგანაწესის შესახებ, მაგალითად: „აქ ხმაური არ შეიძლება“.

რაც არ უნდა „ცუდად იქცეოდეს“ ბავშვი, არ გირჩევთ მსგავსი ფრაზის გამოყენებას: „სასწრაფოდ დატოვეთ ტერიტორია!“, ეს დისკრიმინაციული გამონათქვამია. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ არც შშმ ბავშვის მშობელი/მეურვეა მოხარული, რომ არასასურველი ქცევის ალაგმვა უწევს, უბრალოდ მას სურს, რომ მოზარდი საჯარო სივრცეს შეეჩვიოს, რაც უცხო გარემოში მალევე, ერთი-ორი ვიზიტით არ მიიღწევა. მან უკვე დიდი ენერგია დახარჯა, მრავალი ხერხი სცადა იმისათვის, რომ გარშემომყოფებს ბავშვის გამო დისკომფორტი არ შექმნოდათ. სამწუხაროდ, ყველაფრის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

ასე რომ, გმადლობთ მოთმინებისა და გულისხმიერებისთვის! როდესაც კარგად მოემსახურებით შშმ ბავშვს, შეგიძლიათ იამაყოთ, რომ თქვენი წვლილი შეიტანეთ მისი საზოგადოებაში ინტეგრაციის საქმეში.

ძალადობა ონლაინ სამყაროში

0

ციფრულმა ტექნოლოგიებმა შეცვალა და გარკვეულ წილად გააიოლა ადამიანთა შორის კომუნიკაცია. მოზარდების წრეში ძალზედ მნიშვნელოვანია, ბევრი მეგობარი ჰყავდეთ როგორც ონლაინ, ისე რეალურ სამყაროში. თუმცა, როგორც რეალურ, ისე ონლაინ სამყაროში არსებული ურთიერთობები, მხოლოდ პოზიტიურ კომუნიკაციას არ შეიცავს და ორივე ტიპის ურთიერთობებში ვხვდებით ბულინგის შემთხვევებს (ბულინგი ეს არის ხანგრძლივი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, ერთი ინდივიდის ან ჯგუფის მხრიდან, მეორე ინდივიდზე, რომელსაც არ შეუძლია თავის დაცვა კონკრეტულ სიტუაციაში). (Whitney I. & Smith P.K.: A survey of the nature and extent of bullying in junior/middle and secondary schools.- Educational Research, 35, 3-25, 1993).   

აქ ჩვენ შევეხებით კიბერბულინგს (Cyberbullying) – შევიწროებას, ჩაგვრასა თუ დაშინებას ონლაინ სამყაროში. იგი შეიძლება მოიცავდეს  როგორც უშუალო დაპირისპირებას, ისე პიროვნებისადმი ნეგატიური დამოკიდებულების გამოწვევის მიზნით – ჭორების გავრცელებას ან  პირადი მიმოწერის/სხვა მასალების გამოქვეყნებას –  დამცირებისა და სახელის გატეხვის მიზნით.

არსებობს მონაცემები, რომლის თანახმადაც მოზარდების 20 % გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი (ამ შემთხვევაში მოყვანილია აშშ-ს, კანადისა და ევროპული ქვეყნების მონაცემები, სადაც მოსახლეობაში ინტერნეტის გავრცელება/დაფარვა 90 %)-ს აღემატება (Duggan M. Online Harassment. – report for Pew Research Center, 2014). თანაც, საჭიროა აღვნიშნოთ, რომ კიბერბულინგის შედეგი მსხვერპლისთვის შესაძლოა ძალზედ მძიმე აღმოჩნდეს.

მიიჩნევენ, რომ ძალადობრივი ქცევის განხორციელება კავშირშია გარკვეულ პიროვნულ თვისებებთან. მაგ., ძალადობისადმი შემწყნარებლურ დამოკიდებულებასთან, იმპულსურობასთან, მოუთმენლობასთან,  აგრეთვე, ანტისოციალური და რისკიანი ქცევის განხორციელების მიდრეკილებასთან.  და საპირისპიროდ, პატიოსნება, ემოციური ღიაობა და სინდისიერება ხელს უშლის ძალადობრივი ქცევის გამოვლენას.

რაც შეეხება კიბერბულინგს, მის თავისებურებას დიდად განაპირობებს თავად ინტერნეტ – კომუნიკაციის სპეციფიკა. კერძოდ,დროში შეუზღუდაობა – ინტერნეტ-კომუნიკაციის შემთხვევაში ნებისმიერ დროს არის   შესაძლებელი როგორც  დიალოგის  წამოწყება, ისე  შეწყვეტა.

მულტიმედიურობა – ინტერნეტით მოსარგებლისთვის ხელმისაწვდომია შეტყობინებების მრავალფეროვანი სპექტრი. ეს შეიძლება იყოს ტექსტი, გრაფიკული გამოსახულებები, ვიდეო და აუდიო მასალები.

ანონიმურობა – ინტერნეტ კომუნიკაციის დროს შესაძლებელია რეალური პიროვნების დამალვა, ამიტომ შეიძლება ადამიანმა ნაკლები პასუხისმგებლობა იგრძნოს საკუთარ საქციელსა და სიტყვებზე.

გაშუალებული ხასიათი – ინტერნეტ კომუნიკაცია გამორიცხავს ორ მხარეს შორის პირისპირ კონტაქტს. ამიტომ ურთიერთობისას ვერ ხერხდება დაკვირვება არავერბალურ ნიშნებზე (ჟესტებზე, გამომეტყველებასა და მიმიკაზე), რაც ამცირებს დაპისრისპირებული მხარისადმი ემპათიის გრძნობას.

დღეს ადამიანებს ნაკლებად გვაქვს გამიჯნული ონლაინ და რეალურ სივრცეში არსებული სანაცნობო წრე. ჩვენ ხშირ შემთხვევაში ინტერნეტის მეშვეობით ვურთიერთობთ იმავე ადამიანებთან, ვისთანაც რეალურ სამყაროში. შესაბამისად, ბულინგიც შესაძლებელია გადავიდეს სკოლის ეზოდან სოციალურ ქსელში და პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში ბულინგი განიმარტება როგორც აგრესიის ხშირი გამოვლენა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მხრიდან,  მაგრამ ზემოთ დასახელებული თავისებურებებისა და მეტადრე კომუნიკაციის ანონიმურობისა და გაშუალებული ხასიათის გამო – მოძალადე შეიძლება ნაკლებ პასუხისმებლობას გრძნობდეს საკუთარ საქციელზე. ამავდროულად, ბევრი ონლაინ პლატფორმა სუპერვიზიის ნაკლებობას განიცდის, მიუხედავად სუპერვიზიის ფორმებისა, პირადი მესიჯები ანონიმურია და შესაბამისად მხოლოდ მგზავნელსა და მიმღებს აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია. თანაც, მოზარდები მეტად გაცნობიერებულნი არიან ონლაინ კომუნიკაციაში ვიდრე უფროსები და შეუძლიათ მათი იმგვარი მართვა, რომ უფროსებმა ეს ვერც კი აღმოაჩინონ.

აქედან გამომდინარე, მოძალადის ტიპი ონლაინ და ოფლაინ სამყაროში შესაძლოა განსხვავებული იყოს.  როგორც მაღლა არის ნახსენები, გამომდინარე იქიდან,  რომ მხარეები ვერ ხედავენ ერთმანეთს, ამიტომ მეტად არიან კონცენტრირებულნი საკუთარ თავზე და და ნაკლებად აღელვებთ მეორე ადამიანის გრძნობები და რეაქციები, რაც თავის თავად ზრდის რისკიანი და აგრესიული ქცევის განხორციელების ალბათობას. აგრეთვე, კიბერ სივრცეში მოძალადედ შეიძლება იქცეს ის ადამიანიც, რომელიც არ გამოირჩევა ფიზიკური ძალით და თავადაც ყოფილა ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ, ურთიერთობის გაშუალებული ფორმა შესაძლოა დამახინჯებული ფორმით თვითდამკვიდრების საშუალებად იქცეს.  არ არის გამორიცხული, რომ ინდივიდი რეალურ გარემოში საკმაოდ რბილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდეს.

კიბერბულინგის შედეგები შესაძლოა მეტად მძიმე აღმოჩნდეს გარკვეული მიზეზების გამო: რთულია მოძალადის პიროვნების იდენტიფიკაცია, ამასთანავე ინტერნეტს აქვს მყარი მეხსიერება, სადაც დიდი ხნის განმავლობაში რჩება ინფორმაცია. მოზარდები, რომლებიც ხდებიან კიბერბულინგის მსხვერპლნი, ამის შესახებ არ ესაუბრებიან უფროსებს, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მათ არ თვლიან კომპეტენტურად აღნიშნულ საკითხში. კიბერ ბულინგისგან დამალვა შეუძლებელია (განსხვავებით ოფლაინ სივრცეში ბულინგისგან), ვინაიდან ეს შეიძლება მოხდეს არა მხოლოდ ეზოში ან სკოლაში, არამედ ნებისმიერ დროს მაგ.,  სმარტფონის საშუალებით.

კიბერბულინგის რამდენიმე ფორმა არსებობს – რომლებიც  კომუნიკაციის მხარეების ჩართულობითა და თანმდევი შედეგების მიხედვით განსხვავდება.

ძალადობის ყველაზე უწყინარ ფორმად მიიჩნევა – ადამიანის განდევნა (მაგ., დახურული ჯგუფიდან), რის მიზანიც არის, ადამიანს აგრძნობინონ საკუთარი აუტსაიდერობა. ამგვარმა ქცევამ  შესაძლოა გამოიწვიოს/გაამწვავოს კონფლიქტი. თანაც, გარიყულ ადამიანს ყოველთვის ჰგონია, რომ მისი განკითხვა ხდება მის ზურგს უკან. ამგვარი ქცევა შეიძლება ერთი ადამიანის (ჯგუფის ლიდერის) მიერ იყოს ინიცირებული და გაზიარებული ჯგუფის სხვა წევრების მიერაც.

მეტად საშიშ ფორმად მიიჩნევა – შევიწროვება, იგი ვლინდება ხანგრძლივ, მიზანმიმართულ შეურაცხმყოფელ ან მუქარისშემცველ შეტყობინებების გაგზავნაში. ამგვარი ქცევა სერიოზულ ზიანს აყენებს მოზარდის თვითშეფასებას, და აიძულებს, განიცადოს შიში.

შემდეგი ფორმაა – ,,გახსნა’’ ,,გამოაშკარავება’’, რომელიც მოიაზრებს ფართო სოციალურ ქსელში პირადი ინფორმაციის გავრცელებას, ავტორის თანხმობის გარეშე ან ადამიანის წერილების კითხვას. აგრეთვე, მისი თანხმობის გარეშე. ბულინგის მსგავს ფორმას შეიძლება მოჰყვეს განსხვავებული შედეგი, გამომდინარე მასშტაბებიდან.

კიბერბულინგის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევა სხვისი აქაუნთის გამოყენება წერილების დასაგზავნად. ბევრი ამას ბავშვურ გართობად მიიჩნევს. თუმცა, ამან შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის რეპუტაციას.

2014 წელს  Pew Research Center ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხულ რესპონდენტთა 73 %  კიბერბულინგის შემსწრე ყოფილა (თავად გამხდარა თავდასხმის მსხვერპლი/შესწრებია ამგვარ ქცევას). მოზარდების 18,8% დან – 40.6 % მდე თავად ყოფილა მსხვერპლი. ყველაზე ხშირ ფორმად რესპონდენტები ასახელებდნენ  შეურაცხმყოფელი კომენტარის განთავსებას სოციალურ ქსელში ( მოზარდების 14% ხაზს უსვამს ამ ფაქტს) მოზარდთა –  3 % აღნიშნავს   მათი მონაწილეობით შეურაცხმყოფელი ვიდეოს დაუკითხავად გამოქვეყნებას (Rivers I. & Noret N. The prevalence and correlates of cyberbullying in adolescents: results of five-year cohort study, American Psychological Association, 2007). მოზარდთა 7 % აღნიშნავს, რომ მიუღია მუქარის შემცველი ან შეურაცხმყოფელი შეტყობინებები. კვლევის თანახმად, მოზარდთა 11% დან 20 % მდე ყოფილა თავად ბულერი, ამასთანავე 11% მოზარდებისა აღნიშნავს, რომ ბოლო თვის განმავლობაში ორჯერ ან სამჯერ მიუმართავთ ამგვარი ქცევისთვის.  9 % აღნიშნავს, რომ დაუწერიათ შეურაცხმყოფელი კომენტარები და 5 % უშუალოდ დამუქრებია კონკრეტულ ინდივიდს.

რაც შეეხება გენდერულ განსხვავებებს, გოგონათა 22% და ვაჟების 19 % ერთხელ მაინც გამხდარა კიბერბულინგის მსხვერპლი. რაც შეეხება თავად ბულერებს, გოგონების 14 % და ვაჟების 18.5 % ყოფილა ჩართული ამ პროცესში. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ ამგვარი გატაცების პიკი მოდის საბაზო საფეხურზე, და საშუალო საფეხურზე მისი რაოდენობა მცირდება.

აღმოჩნდა, რომ განსხვავებულია ძალადობის მსხვერპლთა ქცევა. რესპონდენტთა  60 % -მა აღნიშნა, რომ ახდენს ძალადობრივი ქცევის იგნორირებას, რესპონდენტთა 40 – % კი სხვადასხვაგვარ რეაგირებას ახდენს. გამოკვეთა რეაგირების იმგვარი ფორმები, როგორებიცაა: კონფრონტაციაში ჩართვა, მოძალადის დაბლოკვა, საიტის ან ონლაინ სერვერის ადმინისტრატორისთვის შეტყობინების გაგზავნა, ფაქტის  აფიშირება –  სხვა ადამიანებისგან მხარდაჭერის მიღების მიზნით, პროფილის გაუქმება, სახელის შეცვლა, თავის არიდება იმ ფორუმებზე შესვლისგან, სადაც მოხდა დაპირისპირება, სამართალდამცავებისთვის მიმართვა.

მართალია, კიბერ ბულინგი უშუალოდ ფიზიკურ ზიანს არ აყენებს ადამიანებს, მაგრამ იგი სერიოზულ ემოციურ და ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს, როგორც მსხვერპლ, ისე მოძალადე მოზარდებზე.

2010 წელს ჩატარებული კვლევების თანახმად (Cyberbullying Research Center report, 2010),  ძალადობის შემდგომ მსხვერპლთა 44 % გრძნობდა ბრაზს, 26 % იყო დათრგუნვილი, ჰქონდა წყენისა და შიშის განცდა, რესპონდენტთა მხოლოდ 30 %-მა  განაცხადა, რომ მათზე ემოციურად  არ უმოქმედია განხორციელებულ ძალადობას.

ელისონ დემპსისა და მისი კოლეგების ჩატარული კვლევის თანახმად, ავტორები მოზარდთა ემოციური პრობლემების ერთ-ერთ მიზეზად კიბერბულინგს ასახელებენ. ავტორთა აზრით,  იგი ხდება აგრეთვე დაბალი თვითშეფასების განმაპირობებელი. ამასთანავე, ეს ეხება როგორც მსხვერპლს, ისე მოძალადე მხარესაც (რომლებიც თვითდასამკვიდრებლად არასასურველ ქცევას მიმართავენ).

ვინაიდან ძალადობა უსიამოვნო ნალექს ტოვებს, არსებობს რეკომენდაციები უფროსთათვის, თუ როგორ დაიცვან ბავშვები ამ საფრთხისგან:

პირველ რიგში მნიშვნელოვანია თავად ბავშვებს ავუხსნათ, რომ საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი პირადი ფოტოები, საკონტაქტო ინფორმაცია, ვიდეო. თუ მოზარდი სარგებლობს სოციალური ქსელით, სასურველია იცოდეს, რომ ჯობს დაიმეგობროს მხოლოდ ის ადამიანები, რომელთაც რეალურად იცნობს.  სოციალურ ქსელში ურთიერთობისას თავად იყოს ზრდილობიანი, არ გამოიყენოს უხეში და სხვების შეურაცხმყოფელი სიტყვები, არ გამოიყენოს სოცქსელები ჭორების გასავრცელებლად,  თუ სხვა აყენებს შეურაცხყოფას, თავი აარიდოს კონფრონტაციას, შესაძლებელია მომხმარებლის დაბლოკვაც, ადმინისტრატორისთვის მიწერა, ან ქვეყანაში არსებული ცხელი ხაზის გამოყენება.

რას უნდა მიაქციონ მშობლებმა ყურადღება:

ბავშვი იწყებს შფოთვას, ამბობს უარს სკოლაში წასვლაზე.

ბავშვი მუშაობდა კომპიუტერით, სარგებლობდა ინტერნეტით  და შემდეგ მკვეთრად დაანება თავი. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმ მიზეზით, რომ  მას არა აქვს იმ ტიპის დავალებები,  რომელიც ინტერნეტის გამოყენებას საჭიროებს, ან უბრალოდ მოყირჭდა,  მაგრამ ფაქტს უნდა მიექცეს  ყურადღება, ბავშვის გუნება – განწყობილებიდან გამომდინარე.

ბავშვი იწყებს ღელვას, როდესაც მოსდის შეტყობინებები და ამავდროულად სისტემატურად იღებს გარკვეულ შეტყობინებებს.

ვინაიდან ბულინგი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს მოზარდთა პიროვნულ განვითარებასა და თვითგრძნობაზე, ბევრ ქვეყანაში ჩატარდა კვლევა (ფინეთი, დანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, იაპონია), რომლის დროსაც მოხდა ბულინგის ფენომენის სისტემური შესწავლა  მისი პრევენციის მიზნით.

კვლევებზე დაყრდნობით ფინეთში შემუშავებულია სასკოლო პროგრამა (Kiva), რომელიც სასკოლო ბულინგის შემცირებას ემსახურება.  აღნიშნული პროგრამა შემუშავებულია ტურკუს უნივერსიტეტში, ფინეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დაფინასებით. მისი ავტორები არიან მეცნიერები, რომლებიც ათწლეულის განმავლობაში მუშაობდნენ სასკოლო ძალადობის მექნიზმების კვლევაზე. პროგრამის ავტორები თეორიულ საფუძვლად სოციალურ-კოგნიტურ თეორიას მიიჩნევენ. კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, ავტორები ძალადობრივი ქცევის განხორციელებისკენ მიდრეკილებას მაღალი სტატუსის მოპოვების მცდელობით ხსნიან და მის გაგრძელებასაც მეტწილად ჯგუფის წევრთა რეაქციით გაპირობებულად მოიაზრებენ. პროგრამის მთავარი მიზნებია: მსხვერპლისადმი ემპათიის გაზრდა; მსხვერპლთა დასახმარებელი სტრატეგიების განხორციელება, რომელიც ზრდის მათ თვითეფექტიანობას, ცნობიერების ამაღლება იმასთან დაკავშირებით  თუ რა როლს თამაშობს ჯგუფი ბულინგის შეწყვეტის თვალსაზრისით. პროგრამა მოიცავს სასწავლო გეგმას (გაკვეთილებსა და ონლაინ თამაშებს), რომლებიც  განკუთვნილია ყველა მოსწავლისთვის. აგრეთვე, პროგრამა მოიაზრებს კონკრეტულ ღონისძიებებს მსხვერპლი, აგრესორი მოზარდებისა და თანაკლასელებისათვის, რომლებიც მხარს უჭერენ მსხვეპლს, იმ მიზნით რომ აღიკვეთოს ძალადობა.   პროგრამა განკუთვნილია 3 ასაკობრივი ჯგუფისთვის: 6-დან 9,  10-დან 12  და 13-16 წლამდე ბავშვებისათვის. შემუშავებულია მასალები მშობლების, პედაგოგებისა და მოსწავლეებისთვის. გზამკვლევების, ვიდეო და ონლაინ თამაშების, პოსტერების სახით.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. Whitney I. & Smith P.K.: A survey of the nature and extent of bullying in junior/middle and secondary schools.- Educational Research, 35, 3-25, 1993.
  2. Duggan M. Online Harassment. – report for Pew Research Center, 2014. URL:https://www.pewinternet.org/2014/10/22/online-harassment/
  3. Rivers I. & Noret N. The prevalence and correlates of cyberbullying in adolescents: results of five-year cohort study, American Psychological Association, 2007
  4. Smith P., Madhavi J., Carvalho M. & Tippet N. An investigation into cyberbullying, its forms, awareness and impact, and the relationship between age and gender in cyberbullying. A report to the Anti-Bullying Alliance, 2011.
  5. Cyberbullying Research Center report, 2010. URL: https://www.cyberbullying.us.
  6. https://www.kivaprogram.net/

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...