კვირა, ივლისი 20, 2025
20 ივლისი, კვირა, 2025

ემოციებს აყოლილი უმეცრები    

0

ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან ეს წუთები დადგებოდა – დავწერდი მასზე, ვინც სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში და მასწავლა, რომ ყველაფერი უმეცრების აღიარებით იწყება. სულ ყველაფერი. ცხოვრების ყველა გზა. იმხანად თავი ყოვლისმცოდნე მეგონა და ამ რწმენას წყალს ვერაფერი შეუყენებდა – ვერც ყველაზე უხეში შეცდომები, ვერც პასუხგაუცემელი კითხვები, ვერც ძნელად ასახსნელი ყოველდღიურობა. ცხადია, მე და ჩემმა კლასელებმა არ ვიცოდით, რომ არ ვიცოდით.

გამბედაობის მაგალითი მოგვცა: პირველივე დღეებიდან უკიდურესად გულწრფელი იყო. ამბობდა, დარწმუნებული არა ვარ, რომ მართლაც ასეა, შეიძლება სხვა სიმართლეც არსებობდესო; ვერაფრის მტკიცებას ვერ მოვყვები, ვიფიქრებ და ჩემს მოსაზრებას შემდეგ გაკვეთილზე გაგიზიარებთო; შეიძლება ვცდები, მაგრამ ეს ინტერპრეტაცია უფრო ანგარიშგასაწევი მგონიაო… გასული საუკუნის 80-იან წლებში ასეთი ფრაზები მეტად იშვიათად ისმოდა სასწავლო დაწესებულებებში, სადაც თავდაუზოგავად ცდილობდნენ ჩვენს დარწმუნებას იმაში, რომ არსებობდა ყველასთვის მისაღები ერთადერთი ჭეშმარიტება,  ერთადერთი შესაძლო პასუხი.

სხვა მხრივაც განსხვავდებოდა დანარჩენებისგან. თუ აღმოაჩენდა, რომ რაღაც საკითხის შესახებ მოსწავლემ მასზე მეტი იცოდა, თვალები უბრწყინდებოდა. გულისყურით გვისმენდა და ცნობისმოყვარეობას ვერ მალავდა. მეტის შეტყობა უნდოდა – შეეძლო ყველასგან რაღაც ესწავლა. ბევრს კითხულობდა. ახლად გამოსული წიგნებიდან არაფერი გამორჩებოდა ხოლმე. იქნებ ამიტომაც იყო, რომ სკოლის სანახევროდ შეღებილ კედლებში მოქცეული სამყაროს ამოტრიალება დიდ ცოდვად არ მიაჩნდა: ბოლო მერხს მიუჯდებოდა და ყველაზე მონდომებულ მოსწავლეებს გაკვეთილის ჩატარების უფლებას აძლევდა.

მიყვარდა მისი საგანი, რომელსაც ახლა არ დავასახელებ. არც გამორჩეულად საყვარელი მასწავლებლის სახელს და გვარს დავწერ.

როცა მის ადგილას ვიდექი და გაკვეთილს ვხსნიდი, სულ მცირე დაძაბულობასაც კი არ ვგრძნობდი. არც სხვები გრძნობდნენ. შეცდომებისთვის, არასწორი ინტერპრეტაციებისთვის, არასაკმარისი მომზადებისთვის, ჩახლართული წინადადებებისთვის, უადგილოდ ნახმარი ტერმინებისთვის, აშკარა სისულელეებისთვისაც კი სასჯელს არ ველოდით. ერთმანეთს ვუსმენდით და დროდადრო საუბარს ვაწყვეტინებდით, ზოგჯერ უხეშადაც. ზოგჯერ რაღაცის უაზროდ მტკიცებასაც მოვყვებოდით ხოლმე. მშვიდად გვიგდებდა ყურს და ბოლოს შეკითხვებს გვისვამდა. მოვალეობის გამო – არა. ეჭვიც არ გვეპარებოდა, რომ პასუხების პოვნა მართლა უნდოდა, ჩვენი მოსაზრებები კი ძალიან აინტერესებდა.

მეგობარი იყო. არაერთხელ გამოცდილი და საიმედო.

„ჩვენ ემოციებს აყოლილი უმეცრები ვართ, – ამბობს დიდი შვედი რეჟისორი ინგმარ ბერგმანი, – და არა მხოლოდ მე და შენ – ფაქტობრივად, ყველა. ეს კი მართლაც ძალიან დამთრგუნველია. ჩვენ ყველაფერი გვასწავლეს ადამიანის სხეულის, მადაგასკარის სოფლის მეურნეობის, პი-სა თუ რაღაც ოხრობის ფესვის შესახებ, მაგრამ ერთი სიტყვაც არ უთქვამთ სულზე. კატასტროფულად უმეცრები ვართ – არც საკუთარ თავს ვიცნობთ და არც სხვებს. დღეს გაუთავებლად ყბედობენ, ბავშვები ისე უნდა აღიზარდონ, რომ კარგად იცოდნენ, რა არის მეგობრობა, ურთიერთგაგება, თანაარსებობა, თანასწორობა და სხვა ყველაფერიო. მეტისმეტად მოდურია ასეთი საუბრები. აზრად კი არავის მოსდის, რომ ჯერ ცოტა რამ მაინც უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავისა და საკუთარი გრძნობების შესახებ; ჩვენივე შიშის, სიმარტოვისა და გულში ჩაბუდებული რისხვის შესახებ. ასე მიგვატოვეს – სრულიად გამოუვალ მდგომარეობაში, უმეცარნი და სინანულით გატანჯულნი ჩვენივე ამბიციების ნანგრევებში… როგორ უნდა გაუგო სხვებს, თუ არაფერი იცი საკუთარ თავზე?“

ბერგმანის ეს სიტყვებიც სწორ დროს გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში. სწორედ მათ გამახსენეს ის, ვინც მუდმივად ცდილობდა, მეტი შეგვეტყო საკუთარ თავზე, ერთმანეთზე, ერთმანეთის სუსტ და ძლიერ მხარეებზე, თუნდაც ყველაზე სტანდარტულ სივრცეში სამყაროს ამობრუნების შესაძლებლობაზე. ამისთვის იყენებდა თავის საგანს, სახელმძღვანელოს თემებს, გაკვეთილზე გაჩენილ კითხვებს, ნებისმიერი საკითხის ირგვლივ გამართულ კამათს, პირად საუბრებს. მიუხედავად ამისა, როგორც უნდა დავძაბო გონება, ვერ გავიხსენებ ვერც ერთ ბრძნულ ფრაზას, შეგონებას, საბოლოოდ ჩამოყალიბებულ ჭეშმარიტებას, რომელიც მისი პირიდან გავიგონე იმ შორეულ 80-იან წლებში. როგორც ჩანს, თავს არიდებდა ისეთი სიტყვებით საუბარს, რომლების სიკაშკაშეც დაგვაბრმავებდა, ხარბად წავეტანებოდით და განუსჯელად მივისაკუთრებდით.

მის სახელს და გვარს იმიტომ არ ვამხელ, რომ რაც დავწერე, ერთი გამორჩეული მასწავლებლისთვის ხოტბის შესასახმელად არ დამიწერია. თუმცა, შესაძლოა, მაინც ის გამომივიდა, რასაც თავს ვარიდებდი. მეტს ვერაფერს ვიტყვი. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ არ ვიცი და მისი მადლიერი ვარ, ვინც საკუთარ სისუსტეებზე დაფიქრების, საკუთარი უმეცრების გაცნობიერების აუცილებლობა დამანახა და მაგალითიც მომცა.

  ჯავახიშვილი VS გოეთე

0
vintage books and a cup of coffee

ბერნარდ შოუ ჩვეული მახვილგონივრულობით შენიშნავდა: „მან საერთოდ არაფერი არ იცის, მაგრამ თავი ყოვლისმცოდნე ჰგონია _ იდეალური მონაცემები წარმატებული პოლიტიკური კარიერისათვის“. ისტორია მოწმობს, რომ „ყოვლისმცოდნეობის“ მანია ემართება თითქმის ყველა ბელადს, დიქტატორს, დამპყრობელს, დიდი თუ მცირე ძალაუფლების პატრონს. საკმარისია მართვის სადავეების მოხელთება ნებისმიერ დრო-სივრცულ არეალში, რომ განსხვავებულ სავარძელსა თუ ტატხზე მჯდომს უჩნდება განცდა, თითქოს მოულოდნელად გონება უნათდება, გასხივოსნდება და ყველასა და ყველაფრის გაგება, აღქმა, გაანალიზება, გამოცნობა, ამოხსნა შეუძლია. ამიტომაც რთულია მათთან ურთიერთობა. ეს ადამიანისაგან დიდ ჭკუას, მოქნილობასა და სიფრთხილეს მოითხოვს. ყველა ვერ იქნება დიოგენესავით თამამი. როდესაც მაკედონელი სახელგანთქმულ, მაგრამ უპოვარ ფილოსოფოსს ამალით ესტუმრა, ის მზეს ეფიცხებოდა და ყურადღება არც მიუქცევია. არისტოტელეს გაზრდილმა ხელისუფალმა იცოდა მოაზროვნის ფასი, ამიტომაც გამოელაპარაკა და გულმოწყალედ უთხრა, მთხოვე, რაც გინდაო, რაზეც  დიოგენემ უპასუხა, გაიწიე, მზეს ნუ მიჩრდილავო. ამგვარი პასუხით აღფრთოვანებულ  მაკედონელს უთქვამს, მაკედონელი რომ არ ვიყო, დიოგენეობას ვისურვეობდიო.  ხელისუფალთან პირდაპირსა თუ ირიბ შეწინააღმდეგებას არაერთი მწერლის მოცელილი თავიც მოჰყოლია, თუმცა იყვნენ  დაუმორჩილებელი, თავმოყვარე, მოუდრეკელი ხელოვანნიც.

ამჯერად ორ ეპიზოდს გავიხსენებთ მიხეილ ჯავახიშვილისა და გოეთეს ცხოვრებიდან. მათში მწერლისა და ხელისუფლის ურთიერთობის ფსიქოლოგიური ნიუანსები კარგად წარმოჩნდება. ზოგადად, გოეთე, ილია ჭავჭავაძეს „მრისხანე და მიუკარებელ მყინვარწვერს“ რომ აგონებდა, ის მწერალი იყო, რომელიც სახელისუფლებო ელიტაში ტრიალებდა. ვაიმარის სასახლის მინისტრს სიმდიდრემ და კეთილდღეობამ ხელი არ შეუშალა შემოქმედებით საქმიანობაში. 80 წელს იყო გადაცილებული, როდესაც „ფაუსტის“ მეორე ნაწილი დაწერა, სიკვდილსაც თავის სარეცელზე შეხვდა, მშვიდად და უმტკივნეულოდ. მისი უკანასკნელი სიტყვებიც კი „სინათლე, მეტი სინათლე“ _ დარჩა კაცობრიობას.

ჯავახიშვილი იცნობდა სახელისუფლო ელიტას, მაგრამ მათთან არ თანამშრომლობდა, რადგან საბჭოთა იდეოლოგია მისთვის მიუღებელი იყო. მართალია, ჰქონდა პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება, მაგრამ მას შემდეგ, რაც დახვრეტას გადაურჩა, წინააღმდეგობის ფორმად მხოლოდ მხატვრული სიტყვა აირჩია. ამ წინააღმდეგობას შეეწირა იგი. 1937 წელს დახვრეტილი მწერლის არც ბოლო სიტყვები და არც საფლავი არ იცის საქართველომ.

მიხეილ ჯავახიშვილის შვილი ქეთევან ჯავახიშვილი თავის მოგონებებში იხსენებს ერთ ეპიზოდს, როდესაც  ჯავახიშვილი სტალინს, საბჭოთა კავშირის ერთპიროვნულ მმართველს, შეეწინაღმდეგა: „ოცდათექვსმეტ წელს მამა წითელი დროშის ორდენით დააჯილდოვეს. კრიტიკული ისრებისაგან, უფრო სწორედ, კეტებისგან უწყალოდ ნაგვემი მწერლისთვის მთავრობის ამგვარი ყურადღება წამახალისებელი და სტიმულის მიმცემი გახლდათ. ორდენი მამას კრემლში გადასცეს ქართული დეკადის დღეებში. ჯილდოს მიღებისას მას მოკლე სამადლობელი სიტყვა უთქვამს და აღუნიშნავს, რომ მალე გამოქვეყნდება მისი რომანი ცხრასს ხუთი წლის რევოლუციაზე და ამ მოძრაობაში მონაწილე ქართველი ქალის ტრაგიკულ ბედზე. ხელის ჩამორთმევისას სტალინს უკითხავს, რომანს რა უწოდეთო. „ქალის ტვირთი“, _ უპასუხია მამას.  „ქალის ტვირთი, ტვირთი“, _ გაუმეორებია სტალინს და მოულოდნელად _ „ქალის ხვედრი“ ხომ არ აჯობებდაო. „არა მგონია… რომანში ორი ქალი მყავს გამოყვანილი, ერთმა შეძლო რევოლუციონერის მძიმე ჯვრის ტარება, მეორე ამ ტვირთმა გასრისა“, „ო, მაშინ სხვა საქმეა“,_ უთქვამს სტალინს“. თვითონ ქეთევან ჯავახიშვილი მამის საქციელს ასე აფასებს: „აქ ჩანს მიხეილ ჯავახიშვილის ხასიათი. როგორი გასაბედია. სტალინი გირჩევდეს და შენ მაინც შენსაზე იდგე. ალბათ, ბევრი ვერ გაუძლებდა ცდუნებას, თანხმობით ესიამოვნებინა სტალინისათვის“.  მართლაც, არერთი მაგალითია იმისა, რომ ბევრი ვერ უძლებდა ამ „ცდუნებას“.

ამ ეპიზოდში, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, კარგად წარმოჩნდება, მიხეილ ჯავახიშვილის მრწამსი, ზნეობა, სიმამაცე, მეორე მხრივ, პოლიტიკოსის, სტალინის, თავდაჯერებულობა, ყოვლისმცოდნეობის ილუზია, რომელიც მას უფლებას აძლევს, შენიშვნა მისცეს პროფესიონალ, აღიარებულ მწერალს. თუმცა ეს არ არის გასაკვირი. ისტორიამ სტალინის ხელოვნების საქმეებში ჩარევის კიდევ არაერთი მაგალითი იცის.

ამ შეხვედრამ გაგვახსენა გოეთეს  ცხოვრების ერთი ეპიზოდი, რომელსაც  ეკერმანი, მისი უახლესი მეგობარი და მდივანი თავის შესანიშნავ ჩანაწერებში, გვაცნობს. ამ ეპიზოდში მისი და ნაპოლეონის შეხვედრა და საუბარია აღწერილი. ნაპოლეონი ამ დროს დამპყრობელი იყო, გოეთე _ დაპყრობილი ქვეყნის წარმომადგენელი. ეს მათ არ უშლიდა ხელს, ერთმანეთის მიმართ პატივისცემაში. ერთ შეხვედრაზე ნაპოლეონს გოეთესთვის უთქვამს: „თქვენ ხართ კაცი“. ნაპოლეონი კარგად იცნობდა გოეთეს შემოქმედებას, განსაკუთრებით მოსწონდა „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, რომელიც თურმე შვიდჯერ წაეკითხა და ეგვიპტეში ლაშქრობისასაც თან ჰქონდა. მან გოეთე საპატიო ლეგიონის ორდენითაც დააჯილდოვა. გოეთე, მართლაც, მწვერვალივით ზემოდან დაჰყურებდა მიწაზე მიმდინარე ქარიშხლიან პოლიტიკურ მოვლენებს და მის მაღალ შუბლს ერთი ნაოჭიც არ ათრთოლებდა. გოეთეც აღტაცებული იყო ნაპოლეონით, რომელიც, მისი აზრით,  ბედისწერას ეთამაშებოდა. ისინი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს და მათი საუბარს თემა ყოველთვის ხელოვნება იყო.

გოეთე თავისი შემოქმედებიდან განსაკუთრებით გამოარჩევდა რომანს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, რომლის შესახებაც აბობდა: „ეს ქმნილება ვარხვივით საკუთარი გულის სისხლით გამოვკვებე. მასში იმდენი რამეა ჩემი ჩადებული, იმდენი სული და გულია ჩემი საკუთარი, იმდენი გრძნობა-გონება, რომ ათიოდე ასეთი პატარა ტომისაგან შედგენილი რომანი გამოვიდოდა. ამის მიუხედავად, მისი გამოსვლიდან მხოლოდ ერთხელ მაქვს წაკითხული. როგორც უკვე მითქვამს, და მეორედ ამას ვერიდები. ეს წიგნი ხმაურიანი ასაფეთქებელი რაკეტებითაა დამუხტული! დავხედავ და ცუდად ვხვდები, მეშინია, ისევ იმ პათოლოგიურ  მდგომარეობაში არ ჩავვარდე, საიდანაც  ის შეიქმნა“. როგორც ცნობილია, ვერთერის სახის შექმნით გოეთე თვითონ გათავისუფლდა თვითმკვლელობის სურვილისაგან, თუმცა ამ წიგნმა ისეთი დიდი გავლენა მოახდინა მკითხველზე, რომ თვითმკვლელობათა მთელი სერია გამოიწვია, ფსიქოლოგიაში კი გაჩნდა ტერმინი „ვერთერიზმი“, რომელიც უარყოფილი სიყვარულის გამო სუიციდს გულისხმობს.

და ერთი შეხვედრისას სწორედ ამ წიგნზე ჩამოუგდო ნაპოლეონმა გოეთეს საუბარი. ეკერმანი იგონებს: „ნაპოლეონმა, _ ვუთხარი გოეთეს,_ თქვენ მიგითითათ „ვერთერში“ ერთ ადგილზე, რომელიც, მისი აზრით, ყველა დანარჩენებთან შედარებით დაბალ დონეზე დგას. ძალიან მინდა გავიგო, რომელ ადგილს გულისხმობდა.

_აბა, თვითონ გამოიცანით, _ იდუმალი ღიმილით მითხრა გოეთემ.

_ ვფიქრობ, ეს ის ადგილია, სადაც ლოტე ვერთერს დამბაჩებს უგზავნის, ისე, რომ სიტყვაც არ უთქვამს ალბერტისათვის, არ გაუზიარებია მისთვის თავისი ეჭვი და შიში. თქვენ, ცხადია, ყველაფერი გააკეთეთ იმისათვის, რომ მისი დუმილი გაგემართლებინათ, მაგრამ ის მაინც ვერაა საკმაოდ დასაბუთებული სიკვდილის საფრთხის წინაშე, რაც მის მეგობარს ემუქრება.

_ შენიშვნა საკმაოდ მახვილგონივრულია, _ მიპასუხა გოეთემ.  თუმცა ნაპოლეონს ეს ადგილი ჰქონდა მხედველობაში თუ სხვა, ამაზე დუმილს ვამჯობინებ, არც გავამხელ. მაგრამ მისი მოსაზრებაც რომ თქვენსავით  მართებულია, ეს ცხადია“ (გოეთეს საუბრები ეკერმენთან). გოეთე ამ შეხვედრას რიმერთან, თავისი ვაჟის მასწავლებელთან, საუბრისასაც იხსენებს და ადასტურებს, რომ ნაპოლეონის შენიშვნას, „პატივმოყვარეობისა და ვნების ერთმანეთში აღრევას“ დაეთანხმა.

აღმოჩენის გზით სწავლება – პასუხი თანამედროვე გამოწვევებზე

0

ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითად საგანმანათლებლო პრინციპებად აღიარებულია, რომ  სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას, ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით, ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას, უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (ესგ, მუხლი 9.). ამ პრინციპების განხორციელება საქართველოში მასწავლებლებს ავალდებულებს გამოიყენონ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა, შესაბამისი აქტივობების საშუალებით განუვითარონ მოსწავლეებს ამ მიდგომით გათვალისწინებული უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბონ სწავლის მიმართ დადებითი განწყობა-დამოკიდებულება.

ყველასათვის ცნობილია, რომ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომის თეორიული საყრდენი კონსტრუქტივიზმია. კონსტრუქტივიზმი აღიარებს მოსწავლის არსებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მნიშვნელობას ახალი ცოდნის შექმნის პროცესში, მასწავლებელი კი, ადგენს რა მოსწავლის საჭიროებებს, ინდივიდუალურ თავისებურებებს, მონიტორინგს უწევს ამ პროცესს და ხელს უწყობს მოსწავლეთა არა მარტო შემეცნებით, არამედ პიროვნულ განვითარებას.

კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო წარმომადგენელი ჯეიმს ბრუნერია, რომლის შესახებაც არაერთხელ დაიწერა თუნდაც ჩვენს ელექტრონულ ჟურნალში (მაგალითად, იხ. მარინე ჯაფარიძე, ჯერომ ბრუნერი. აქტიური პრაქტიკული გამოცდილების როლი სწავლის პროცესში, ჟურნალი maswavlebeli.ge, 3 ნოემბერი, 2014).

„შეიძლება თუ არა, ასე მოვიქცეთ და იქნება თუ არა მართებული, ბავშვებს თავდაპირველად მივაწოდოთ მინიმალური ინფორმაცია და აღვუძრათ მათ ისეთი ცნობისმოყვარეობა, რომ ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით თვითონვე გამოიტანონ დასკვნების მაქსიმუმი?“ – სვამს ბრუნერი კითხვას და თავადვე გვაძლევს პასუხს. მისი აზრით, ნებისმიერი საგნის დაუფლება მოიცავს სამ ეტაპს, რომლებიც თითქმის ერთდროულად მიმდინარეობს: ეს არის 1. ახალი ინფორმაციის მიღება, რომელიც უპირისპირდება ან აზუსტებს (ავსებს) იმ ცოდნას, რომელიც მოსწავლეს მანამდე ჰქონდა;  2. ცოდნის ტრანსფორმაცია, როდესაც მოსწავლე ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე გარდაქმნის არსებულ ცოდნას და იყენებს მას ახალი ამოცანების გადასაჭრელად და 3. შემოწმების პროცესი, როცა მოსწავლე ამოწმებს გამოტანილ დასკვნებს, უსვამს საკუთარ თავს კითხვებს ახალმიღებული ცოდნის გასააზრებლად. ასეთ პროცესში მასწავლებლის დანიშნულება, ერთი მხრივ, სწავლისთვის ისეთი პირობების შექმნაა, რომლებიც ხელს შეუწყობს აღმოჩენას, მეორე მხრივ კი, აღმოჩენის პროცესის გონივრული მართვაა.

სტატიაში შევეცდებით, გაგიზიაროთ პრაქტიკული გამოცდილება, როგორ შეიძლება მარტივად და რაიმე განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე ვაქციოთ სწავლა აღმოჩენად და დავაკმაყოფილოთ მოსწავლეების ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა და ინტერესი, ავტონომიურობისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სურვილი.

ჩემი ხანგრძლივი პედაგოგიური პრაქტიკიდან ბევრი რამ მაქვს გასახსენებელი, ერთ-ერთი ის მეხუთე კლასია, რომელშიც პირველად მომიწია შესვლა (დიდი ხანი მხოლო საბაზო და საშულო საფეხურის მოსწავლეებთან მიწევდა ურთიერთობა). ახლაც მახსოვს მეხუთეკლასელების გაკვირვებული მზერა, როცა კლასში დიდი ფორმატის ფურცელი შევიტანე წარწერით – „ჩვენი აღმოჩენები“ და ვუთხარი, ჩვენ ყოველ გაკვეთილზე რაღაცას აღმოვაჩეთ და ასეთი ბევრი ფურცელი დაგვჭირდება-მეთქი.

მაშ ასე, აღმოჩენა პირველი. სწორედ იმ დღეს ხალხურ ლექსს „მუმლი მუხასაო“ უნდა გასცნობოდნენ. ლექსის წაკითხვის შემდეგ ვკითხე, იცოდნენ თუ არა, რა არის მუმლი? მოსწავლეებმა ადვილად გასცეს პასუხი (ამოიკითხეს ლექსიკონიდან), ქინქლაო. შემდეგი კითხვის დრო დადგა:

  • თუ მუმლი და ქინქლა ერთი და იგივეა, რატომ გამოიყენა ქართველმა კაცმა ლექსში მუმლი და არა ქინქლა?

მცირეხნიანი საერთო სიჩუმის შემდეგ ერთი-ორმა წამოიძახა:

  • იმიტომ, რომ ასე უფრო ლამაზია. უფრო მუსიკალურია.

 ახლა შემდეგი შეკითხვის დროც დადგა:

  • რატომ არის უფრო ლამაზი და მუსიკალური?
  • იმიტომ, რომ ბევრი „მ“ გროვდება.
  • ესეც თქვენი პირველი აღმოჩენა, რომელიც შეგვიძლია ფურცელზე დავწეროთ. შევეცადოთ, წესად ჩამოვაყალიბოთ.

რამდენიმე ვერსიის განხილვის შემდეგ „ჩვენი აღმოჩენების“ ქვეშ ასეთი წესი გაჩნდა: ერთი და იმავე ბგერების გამეორება ლექსს უფრო ლამაზსა და მუსიკალურს ხდის. ამის დასტურად რამდენიმე მაგალითი მივაწოდე მხოლოდ (მეხუთეკლასელებისათვის ალიტერაციის განმარტება ჯერ ნაადრევად მივიჩნიე, მაგრამ ამისათვის ისინი უკვე მომზადებულები იქნებიან შემდეგ კლასებში).. მთავარი ის დადებითი მუხტი იყო, ის კმაყოფილების განცდა, რომელიც აღმოჩენით მოგვრილმა სიხარულმა და სიამაყემ ერთდროულად აღძრა მოსწავლეებში. აი, რატომ აღვნიშნეთ ზემოთ, რომ შემეცნებითთან ერთად აღმოჩენის გზით სწავლება პიროვნულ განვითარებასაც უწყობს ხელსო. საკუთარი შესაძლებლობების რწმენა, მოლოდინი იმისა, რომ ნებისმიერს შეუძლია არსებული ცოდნისა და გამოცდილების, ინტუიციის საფუძველზე რაღაც ახალი აღმოაჩინოს, ზრდის მოტივაციას, ამაღლებს თვითშეფასებას.

ამის შემდეგ ჩემი მეხუთეკლასელები ინტერესითა და ხალისით ელოდნენ ყოველ გაკვეთილს, რათა რაღაც ახალი (თუნდაც უკვე მრავალგზის აღმოჩენილი) აღმოეჩინათ. მალე შეივსო ფორმატის ფურცელი, ერთი, მეორე…

ერთსაც გავიხსენებ. ახლა ხშირად გვესმის საყვედური: გრამატიკის სწავლება გაქრა ქართული ენისა და ლიტერატურის პროგრამიდანო. მე თუ მკითხავთ, გრამატიკული წესების დასწავლასა და მოსაწყენად ერთფეროვან სავარჯიშოებზე დიახაც უნდა გვეთქვა უარი, მაგრამ, როგორც ხშირად ხდება, პრობლემის გადაჭრის ეფექტიანი გზების ძიებას მასზე საერთოდ უარის თქმა სჯობს, ასე უფრო ადვილია. იმის ნაცვლად, რომ ფუნქციური გრამატიკის სწავლების გზები და საშუალებები მოგვეძებნა, მოსწავლეთა მშობლიური ენის ფლობის არსებული დონე გამოგვეყენებინა გრამატიკული წესებისა და კანონების აღმოსაჩენად, ქართული ენის ბუნებისა და შესაძლებლობების გასააზრებლად, მართლწერისა და მართლმეტყველების ძირითადი ნორმების დასაუფლებლად, გრამატიკა საერთოდ გავაქრეთ სასწავლო პროგრამიდან.

მახსოვს, ერთხელ გაკვეთილზე ტესტური დავალებები შევიტანე კუმშვისა და კვეცის მართებულად გამოყენების წესების აღმოსაჩენად. მას შემდეგ, რაც მოსწავლეებმა ჩასვეს გამოტოვებული სიტყვები სწორი ფორმით, ვთხოვე, წყვილებს ერთმანეთის ნამუშევრები შეესწორებინათ და სადავო საკითხები ერთობლივად განგვეხილა (შესადარებლად და საკუთარი შეცდომების დასადგენად თავად შევთავაზე სწორი პასუხები). ამის შემდეგ ვთხოვე, სწორი პასუხები გადაეტანათ ცხრილში. საბოლოოდ ცხრილმა ასეთი სახე მიიღო:

ა-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც იკვეცება ა-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც არ იკვეცება ე-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც იკვეცება ე-ზე დამთავრებული სახელები, რომლებიც არ იკვეცება
ძმა

ცა

ჭალა

ჩალა

კაბა

დედამიწა

ფაფა

ჩიტუნია

დედოფალა

ცანცარა

უქნარა

უქნარა

მძინარა

ხე

კიბე

ტყე

რძე

ვაკე

ღელე

ჟელე

ატელიე

კუპე

კაშნე

კანაპე

 

ცხრილში მოქცეულ მაგალითებზე დაკვირვებით მოსწავლეებს თავად უნდა აღმოეჩინათ წესი და პირველი „აღმოჩენაც“ ადვილად გაკეთდა:

  • მასწავლებელო, ე-ზე დამთვრებული უკვეცელი სახელებიდან ყველა უცხოურია.
  • მოდით, ახლა ეს წესად ჩამოვაყალიბოთ.

რამდენიმე ვერსიის შემდეგ ფურცელზე ახალი „აღმოჩენა“ გაჩნდა: უცხო ენიდან შემოსული ე-ზე დამთავრებული სახელები არ იკვეცება.

შედარებით დიდხანს იფიქრეს  (მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი მახასიათებელია: მასწავლებელი უსვამს მოსწავლეებს ღია შეკითხვებს და აძლევს დროს პასუხის გასაცემად), მაგრამ მაინც მიაგნეს:

  • მასწავლებელო, ყველა ეს სიტყვა მოფერებით ან დაცინვით არის ნათქვამი (სტილი დაცულია).

ახალი ტერმინის შემოტანის დროც დადგა: კნინობით-ალერსობითი სახელები. ამის შემდეგ წესის ჩამოყალიბებაც არ გასჭირვებიათ წინა წესის ანალოგიით. კიდევ უფრო საინტერესო პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ: არის თუ არა კნინობით-ალერსობითი სახელები ტოროლა, ენძელა, ბიცოლა და ა.შ.? ესენიც ხომ უკვეცელია. გამოითქვა ბევრი საინტერესო ჰიპოთეზა, მაგალითად, „ალბათ, ტოროლა იგივეა, რაც ტრიალა, ის ხომ ტრიალ-ტრიალით მიდის ცაში“, „ენძელა, მასწავლებელო, ძილთან ხომ არ არის დაკავშირებული, როგორც მძინარა?“ და ყველაზე უცნაური ახსნაც: „ბიცოლა ალბათ ნაკლებად უყვარდა ამ სიტყვის მომგონს და დააკნინა“…

ცხადია, ამის შემდეგ „მყისიერი“ სწავლებით[1] მასწავლებელი უნდა ჩაერიოს და მეცნიერულად მართებული ვერსია შესთავაზოს, მაგრამ შესთავაზოს მარტივად, გასაგებად.

მავანი იტყვის, ამდენი დროის დაკარგვას განა არ სჯობდა, პირდაპირ მიგვეწოდებინა წესები და შემდეგ სავარჯიშოებით განგვემტკიცებინაო. მაგრამ შეიქმნებოდა ასეთ შემთხვევაში  გარემო, რომელშიც დაკმაყოფილდებოდა მოსწავლის სურვილი, გამოეცადა საკუთარი ძალები, ეგრძნო რთული სამუშაოთი გამოწვეული კმაყოფილება? მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ერთ-ერთი ძირითადი პრინციპი ხომ ის არის, რომ არასოდეს გავაკეთოთ მასწავლებლებმა ის, რის გაკეთებასაც მოსწავლე თავად შეძლებს. შეძლებით კი მათ ბევრი რამ შეუძლიათ. მთავარია, მივცეთ ამის შესაძლებლობა.

და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი:  ბრუნერი გამოყოფს აზროვნების ორ სახეს: ინტუიციურს და ანალიზურს. ზემოთ მოყვანილ მაგალითებში ორივე ფორმა იყო გამოყენებული. ისინი ავსებენ ერთმანეთს. მხოლოდ ანალიზურ აზროვნებაზე ორიენტაცია და ინტუიტიურ აზროვნებაზე უარის თქმა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენი სწავლებისათვისაა დამახასიათებელი, ვერ ჩამოაყალიბებს გამბედავ, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებულ და წარმატებაზე ორიენტირებულ თაობას (ოცდამეერთე საუკუნის გამოწვევები კი სწორედ ასეთ ადამიანებს ითხოვს).

მაია ინასარიძე

[1] „მყისიერი“ სწავლება – ეს არის სწავლების ისეთი სტრატეგია, რომლის დროსაც მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას (ლექციის, ახსნა-განმარტებისა თუ საკითხავი მასალის სახით) მათ მიერ დამოუკიდებლად განხილულ საკითხზე იმისათვის, რომ  შეამოწმონ საკუთარი ვარაუდები, მსჯელობები, ის, რაც იკვლიეს. მასწავლებელი ამით „იცავს“ მოსწავლეებს მცდარი დასკვნებისგან. „მყისიერი“ სწავლება შეიძლება განხორციელდეს ინდივიდუალურად, მცირე ჯგუფებში ან მთელ კლასთან იქიდან გამომდინარე, რა საჭიროება დგას საკითხის შესწავლისას.

  ყველა – ყველასათვის

0

ვიდრე სხვები იფიქრებენ, საკუთარ ვარაუდს გაგიზიარებთ… დიახ, დიუმას ცნობილი ფრაზით – „ერთი – ყველასათვის, ყველა-ერთისათვის „ -არის  შთაგონებული ჩვენი მეთოდის პირობითი სახელწოდება. რატომ გადავწყვიტეთ საყოველთაოდ აღიარებული ნათქვამის პერიფრაზირება? ჩვენი წერილი, ვფიქრობთ, ნათლად გაგვცემს ამ კითხვაზე პასუხს.

პრაქტიკოსი მასწავლებლები დაგვეთანხმებიან, რაოდენ რთულია მთელი კლასის ჩართვა გაკვეთილის ყველა ეტაპზე. როგორც წესი, აქტიური, წარმატებული მოსწალეები არიან აქტივობების „გმირები“, დანარჩენები ან პასიურად ერთვებიან, ან სულაც პროცესისგან თავის არიდებას ამჯობინებენ. ამას გაკვეთილის შეფასებისას უფრო ვხვდებით. ძალიან მწარე და შემარცხვენელია იმაზე ფიქრი, რომ მოსწავლემ მოახერხა, გამოეტოვებინა მთელი გაკვეთილი. ამის თავიდან ასარიდებლად დიდი ოსტატობა, მეთოდების მრავალფეროვნება , სხვადასხვა სახის აქტოვობების მოფიქრება, განსხვავებული სირთულის დავალებების შერჩევა გვიხდება.

გაკვეთილის მიზანი-მთელი კლასის ჩართულობა სასწავლო მიზნის მისაღწევად.

გაკვეთილის მეორე ეტაპზე კლასს ვაძლევთ  დავალებას წყვილებში მუშაობისთვის.ვირჩევთ მთლიანად შესწავლილი ნაწარმოების ან რომელიმე  ეპიზოდის გმირს,ან სულაც ბუნების სურათს ან გმირის სახლ-კარს დასახასიათებლად.შევარჩევთ პირველ წყვილს, მაგალითად, მარჯვენა რიგის 1-ლი მერხიდან. წყვილის ერთი-ერთი წევვრი ასახელებს  გმირის თვისებას, მე-2 წევრი კი,ტექსტის გამოყენებით, ასაბუთებს ამ თვისებას.მეწყვილეს უფლება აქვს, დასაბუთება შეავსოს სხვა დეტალებით, რომ იყოს უფრო შთამბეჭდავი და დამაჯერებელი. ყველა წყვილი ცდილობს, რომ აღმოუჩინოს გმირს საინტერესო თვისება და დაასაბუთოს ის. გმირის სხვა თვისებებს, ამავე მეთოდით, აგრძელებენ სხვა წყვილები, ვიდრე არ ამოიწურება მისი თვისებრივი მახასიათებლები. შეიძლება მოსწავლეები დავაწყვილოთ საკლასო ჟურნალის სიის მიხედვით, მაგრამ უმჯობესია გვერდიგვერდ მსხდომნი დავაწყვილოთ და ჩართულობა უზრუნველვყოთ თანმიმდევრობით, მიმდევრობით მდგარი მერხების მიხედვით.

ყველა მომდევნო წყვილს აქვს უფლება,ტექსტის დეტალებით ან საკუთარი მსჯელობით შეავსოს წინა წყვილის პასუხი.ამისთვის მას დამატებითი 1 ქულა ენიჭება.

წყვილის სამუშაო ფასდება 3 ქულით. 1 ქულა ენიჭება გმირის თვისების სწორად გამოკვეთაში, ხოლო 2 ქულა-მის დასაბუთებაში.
10 ქულას იმსახურებენ იმ წყვილის წევრები, რომლებიც მოიპოვებენ 3+1 შეფასებას, საკუთარი დავალების გარდა, აზუსტებენ ან ავსებენ წინა წყვილის პასუხებსაც.

ასევე, 10 ქულას იმსახურებენ იმ წყვილის წევრები, რომლებიც, პედაგოგის დაკვირვებით,დასახასიათებელი გმირის სწორად გამოკვეთილ თვისებას ამომწურავად დაასაბუთებენ.

მეთოდი „გამოვცადეთ“ VIII კლასში. დავასრულეთ აკაკი წერეთლის ისტორიული პოემის, „თორნიკე ერისთავის“, ტექსტის შესწავლა. ვიდრე მოსწავლებს საშინაო დავალებად მივცემდით მთავარი გმირის, თორნიკეს, დახასიათებას, ჩვენი მეთოდის წყალობით, მთელი კლასის ჩართულობით,ზეპირად დავახასიათეთ გმირი. კლასი გაკვეთილზევე მოემზადა საშინაო წერითი დავალების შესასრულებლად. ეს დადასტურდა მომდევნო დღის გაკვეთილზე-საშინაო დავალებები იყო უაღრესად საინტერესო, ინფორმაციული, ტექსტობრივი დეტალებითა და არგუმენტებით გაჯერებული.

ეს მეთოდი, მცირედი მოდიფიკაციით (ინდივიდუალური მუშაობით), გამოვიყენეთ VII  კლასში, ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანის“  I თავის შინაარსი დეტალურად გადმოვეცით მთელი კლასის ჩართულობით.

დავალება ასეთია:  1-ლი მოსწავლე იწყებს  შინაარსის თხრობას ეპიზოდის პირველი ფაქტით ან მოვლენით. დანარჩენები აგრძლებენ, ვიდრე არ გასრულდა მოცემული ტექსტის შინაარსი. ყოველი მომდევნო მოსწავლის მიზანია, გაიხსენოს და გადმოსცეს წინამორბედის მიერ ნაამბობის მომდევნო ამბავი.გარდა ამისა, მას შეუძლია წინა ეპიზოდი შეავსოს დეტალებით და მოიპოვოს დამატებითი 1 ქულა.
10 ქულას იმსახურებს ის მოსწავლე, რომელიც თავის 1 ქულასთან ერთად, დამატებით ქულასაც მოიპოვებს. ასევე, 10 ქულას იმსახურებს ის მოსწავლე, რომლის მიერ  ნაამბობი ეპიზოდი სრული, დეტალური და ამომწურავია.

გაკვეთილის ეს ეტაპი გამოდგა ძალიან საინტერესო,სახალისო. რაც მთავარია, კლასი მზად  იყო საშინაო წერითი დავალების შესასრულებლად:დაყავით ტექსტი ეპიზოდებად; გამოკვეთეთ ერთ-ერთი  ეპიზოდის მთავარი პრობლემა და დაურთეთ თქვენეული კომენტარი. დავალება კლასმა ხარისხიანად და საინტერესოდ შეასრულა. არც ერთი მოსწავლე არ მოსულა დავალების გარეშე. ნამუშევრის წაკითხვის დროს ისინი განმარტავდნენ, მათ მიერ შერჩეული ეპიზოდი წინა გაკვეთილზე რომელმა მოსწავლემ გაიხსენა. ეს იყო ნამდვილი უკუგება,გამოხმაურება, შედეგი.

მაშ, ასე- რატომ დავარქვით ჩვენს მეთოდს „ყველა-ყველასათვის“?

პირველ რიგში, ეს სახელწოდება უკლებლივ ყველა მოსწავლის ჩართულობას გულისხმობს, რაც, ვფიქრობთ, გაკვეთილის მთავარი ღირსებაა, დადებითი მხარეა.

გარდა ამისა, მოსწავლეები (წყვილები) ერთმანეთს „ეხმარებიან“ ქულების მოპოვებაში (ყოველი მომდევნო ყურადღებით უსმენს წინას,ცდილობს უპოვოს ხარვეზი, რათა ის თავად გამოასწოროს და მოიპოვოს დამატებითი ქულა). ეს,მართალია, ერთგვარი გარეგანი მოტივაციაა, მაგრამ შინაგანი განწყობისა და სწრაფვის მატებასაც უწყობს ხელს მეტი წარმატების მოსაპოვებლად, გამოცდილების დასაგროვებლად.

დიახ, მთელი კლასის ჩართულობა არის პედაგოგის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი. ჩვენ სულ ახალ-ახალი გზები თუ საშუალებები უნდა მოვიძიოთ, რათა საგაკვეთილო პროცესის მონაწილე იყოს არა ნაწილი,არამედ ყველა.

ნინო ბილიხოძე
ქ.ოზურგეთის ნოდარ დუმბაძის სახელობის მე-2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

ღვინო და ჯანმრთელობა

0

სამედიცინო სტატისტიკა ასეთ ფაქტს ადასტურებს: ფრანგები, რომლებიც სადილობისას ყოველთვის მიირთმევენ თითო ჭიქა კარგ ღვინოს, გაცილებით იშვიათად იღუპებიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, ვიდრე კონტინენტის ის მკვიდრნი, რომლებიც ალკოჰოლურ სასმელებს მაინცდამაინც არ სცემენ პატივს. ამის მიზეზი, არც მეტი, არც ნაკლები, საქვეყნოდ ცნობილი ფრანგული ღვინო გახლავთ. ბურგუნდიაში ღვინით მკურნალობის საგანგებო ცენტრებიცაა, რომელთაც ენოთერაპიის ცენტრებს უწოდებენ. აქ მკურნალობის შემდეგი პრინციპია დამკვიდრებული: სვით ცოტ-ცოტა და ხშირ-ხშირად! ღვინის დადებითი ზემოქმედების ეფექტი ამერიკელებმაც დაადასტურეს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ისინი, ვინც ყოველდღიურად 200-300 მლ ღვინოს სვამს, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ლოთები ან პრინციპული არამსმელები.

ენოთერაპიის (ღვინით მკურნალობის) და ამპელოთერაპიის (ყურძნით მკურნალობის) შესახებ დღეს ბევრი იწერება. უნდა გითხრათ, რომ მკურნალობის ამ საინტერესო მეთოდებს დიდი ხნის ისტორია და ღრმა ფესვები აქვთ საქართველოშიც. ან რა არის გასაკვირი.

ღვინის ექსპერტების აზრით, საქართველოში, სადაც პირველად გააცნობიერეს ველური ყურძნის კვებითი თვისებები, მოხდა მისი ვაზის კულტურაში გადმოტანა და შემდგომ თანდათანობით ღვინის დაყენების ხელოვნების ჩაწვდომა-დაუფლება. ბუნებრივია, საფუძველი უნდა ჩაჰყროდა ყურძნისა და ღვინის სამკურნალო თვისებების შეცნობა-გამომზეურებას. ასეთ ქვეყნად ძველი დროის მოგზაურთა, მწერალთა თუ ისტორიკოსთა დიდი ნაწილი საქართველოს მიიჩნევს. ჩვენ მევენახეობა-მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია გვაქვს. ასეთია მსოფლიოს ავტორიტეტულ მეცნიერ-სპეციალისტთა აზრიც. ეს უკანასკნელი კი არქეოლოგიურ აღმოჩენებს ეყრდნობა. ამის ნათელ მაგალითად უნდა მივიჩნიოთ 1999 წელს ლონდონში გახსნილი მსოფლიოში უდიდესი და მუდმივმოქმედი გამოფენა, რომელსაც “ვინოპოლისი” (ღვინის ქალაქი) ეწოდება და რომელიც ქართული პავილიონით იწყება, სახელწოდებით “ღვინის აკვანი”. საქართველოდან მევენახეობა-მეღვინეობა ინდოელებს შეუთვისებიათ, აქედან კი თანდათანობით გავრცელებულა ხმელთაშუა ზღვის აუზში (ჯერ ეგვიპტეში, შემდგომ – საბერძნეთში, იტალიაში და სხვ.), სადაც საბოლოოდ ღვთიური ტრილოგიის: ოზიროს- დიონისე-ბახუსის ობიექტი გამხდარა.

ღვინის თერაპიის მარგებლობის შესახებ წარწერა შემონახულია ეგვიპტეში პლა-ხოტეპის (ძვ. წ. IV ათასწლეული) საფლავის ქვაზე. მსგავსი წარწერაა ნაპოვნი ქ. ნიპურის გათხრებისას, რომელიც ძვ. წ. III ათასწლეულით თარიღდება. ჩვენი შორეული წინაპრის, მედიცინის მატრიარქის – მედეას (ძვ. წ. XIVს.) – სამკურნალო 40-მცენარიან ნუსხაში ვაზიც მოიხსენება. ჰიპოკრატე (ძვ. წ. 372-287წწ.) ღვინოს კომპრესების სახით იყენებს ჭრილობათა და რევმატული ტკივილების მოსაშუშებლად და ა.შ. ღვინოს სამკურნალო დანიშნულებით ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომ იყენებდნენ, ამას არაერთი ისტორიული წყარო მოწმობს. ქრისტიანობის შემოსვლამ საგრძნობლად შეუწყო ხელი ენოთერაპიის პოპულარიზაციას. ღვინო, ქრისტიანული ტრადიციით, არა მხოლოდ მხიარულების, სიცოცხლისა და მშვიდობის წყაროა, არამედ სიმბოლური მოციქულია ღვთიური და ადამიანური კავშირისა. ამიტომაცაა, რომ ღვინო ბიბლიაში 450-ჯერ არის მოხსენებული, ხოლო ბაბილონის თალმუდში განხილულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სამკურნალო საშუალება.

დღევანდელ ცივილიზებულ ქვეყნებში ენოთერაპია აღმავლობის გზაზეა. საფრანგეთში, ბორდოს პროვინციაში, XX საუკუნეში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ენოთერაპიული ცენტრი. აქ პაციენტებს ღვინისა და ვაზის აბანოებით, ღვინისა და თაფლის სახვევებით, ღვინის ნიღბებით, დაფქული წიპწებით მკურნალობენ… ანალოგიური ცენტრები გაიხსნა სხვა ქვეყნებშიც. თუმცა ენოთერაპიას, როგორც უკვე მოგახსენეთ, დიდი ხნის ისტორია აქვს. მაგალითად, ცნობილია, რომ XVIII საუკუნის დასაწყისში გერმანელი სწავლული სიდენგამი ღვინოს, როგორც მინერალური ნივთიერებებით მასაზრდოებელ საშუალებას, დედათა და ბავშვთა სამკურნალოდ იყენებდა სისხლნაკლებობისას. ამ მიზნით იგი რაინის წითელ ღვინოებში 0,5-1 გ/ლ-მდე რკინის ფხვნილის დამატებას ურჩევდა. ღვინოზე დამზადებული მრავალი წამალია აღწერილი ქართულ სამკურნალო უსწორო კარაბადინში (X-XIსს.). სამწუხაროა, რომ ჩვენ, ვაზის კულტურის 3-4 ათასი წლით ადრე მქონენი, მსოფლიო “ენოთერაპიულ ბუმს” მხარი ვერ ავუბით. 2003 წელს, როგორც იქნა, კუს ნაბიჯი გადაიდგა და მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტში შეიქმნა ენოთერაპიულ საკითხთა შემსწავლელი ჯგუფი. ჯგუფის ძირითადი მიზანია – ვაზის პროდუქტებიდან ფარმაცევტული პრეპარატებისა და სამკურნალო ღვინის მარკების შექმნა-აპრობაცია. ამ მხრივ საინტერესო ძვრები გვაქვს. მიგვაჩნია და გვჯერა, რომ ვაზის ჯვრით გაქრისტიანებულ ქვეყანას, კვლავაც ვაზ-ღვინომ უნდა შეუწყოს ხელი გაჯანსაღების გზაზე.

ღვინო რთული შემადგენლობის პროდუქტია, რომელიც უამრავ სამკურნალო თვისებების მქონე კომპონენტს შეიცავს. ის ორგანიზმს ამარაგებს მაკრო და მიკროელემენტებით, ვიტამინებით, ამინომჟავებით… მდიდარია მთრიმლავი, საღებავი, პექტინოვანი, ფენოლური ნივთიერებებით (800-ზე მეტი კომპონენტით!). ორგანიზმში მოხვედრისას ღვინის შემადგენელი კომპონენტები ცალკეულად თუ კომპლექსურად განაპირობებენ: კარდიო და რადიოპროტექტორულ, ბაქტერიოციდულ, ანტიოქსიდანტურ, ანტივირუსულ, ანტისტრესულ, ანტისიმსივნურ და სხვა მოქმედებებს. ღვინო ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტსა და ტონუსს, ეხმარება ორგანიზმს საჭმლის შეთვისება-მონელებაში, გამოაქვს ტოქსინები, ხელს უწყობს შარდში შაქრის კონცენტრაციის შემცირებას, რის გამოც კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს დიაბეტით დაავადებულებზე. ღვინის რეგულარულად და სათანადო დოზით მიღება აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესების განვითარებას, ახდენს ქოლესტერინისა და ლიპოპროტეინების ფიზიოლოგიურ ნორმაზე დაბალანსებას.

სოციალური სამართლიანობის პროექტები საკლასო ოთახში

0

ფერგიუსონი, ბალტიმორი, ქლივლენდი, ახალი ორლეანი: ეს ქალაქები ოცდამეერთე საუკუნის რასობრივი დაძაბულობისა და შეუწყნარებლობის სინონიმებად გადაიქცნენ; ამ ქალაქებში მომხდარი ინციდენტები იმ პრობლემებს ააშკარავებენ, რომლებიც აშშ-ში რასებს შორის ურთიერთობებში დღემდე არსებობს.

ჩვენი, როგორც პედაგოგებისა და განმანათლებლების დანიშნულებაა მოვამზადოთ მოსწავლეები ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად და აღვჭურვოთ ისინი იმ თვისებებითა და უნარებით, რომლებიც მათ დასჭირდებათ საზოგადოების სრულყოფილ წევრებად  ჩამოყალიბებისთვის.

ამ მიზნის მისაღწევად, აუცილებელია ბავშვებში განვავითაროთ კულტურული წიგნიერება და დავეხმაროთ მათ  მიზნის სწორად აღქმაში, სოციალური სამართლიანობის პროცესებისა და პროექტების დახმარებით, სხვადასხვა აქტივობებით, რომლებიც მათ განუვითარებს  საზოგადოებაში არსებული ქონებრივი, განათლების და პრივილეგიების უთანასწორობის დანახვისა და გააზრების უნარებსა და დამოკიდებულებებს.

სოციალური მიმართულების პროექტები სკოლის მოსწავლეებს  ცნობიერების ამაღლებით, ადვოკატირების უნარების განვითარებით, საზოგადოებრივი აქტივობით საშუალებას მისცემს  ჩამოიყალიბონ ეს უნარები ზრდასრული ცხოვრებისთვის. ჩამოთვლილი აქტივობები თავიანთი ხასიათით კოლაბორაციულია და თანამშრომლობას გულისხმობს, რომელიც ეფუძნება კრიტიკულ აზროვნებას, წერას და მედიაწიგნიერების უნარებს.

სოციალური სამართლიანობის პროექტები თავიანთი ხასიათით გულისხმობს დისციპლინათაშორის შინაარსს. ეს მოსწავლეებს ეხმარება გაიაზრონ ის მნიშვნელოვანი კავშირები, რომლებიც საზოგადოებას, ისტორიას, კულტურას, ეკონომიკასა და მეცნიერებას შორის არსებობენ.

ცნობიერების ამაღლება

ალბათ საკამათო არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ჩვენი სოციალური და პოლიტიკური პრობლემების უმეტესობა თანაგრძნობის ნაკლებობიდან მომდინარეობს. ამიტომაც სოციალური პროექტებისადმი მიმართული ნაბიჯები ხელს შეუწყობს ბავშვებში ღიაობისა და თვითრეფლექსიის მიდგომების განვითარებას.

კვლევები, ისტორიული ფაქტები და სტატისტიკური მონაცემები, რა თქმა უნდა, აუცილებელია. თუმცა ვფიქრობ, საკითხთან ემოციური კავშირი საუკეთესო საშუალებაა ცნობიერების ამაღლებისთვის – ეს კონცეფციებს უფრო ხილულს გახდის და მოსწავლეებს მათი გათავისების საშუალებას მისცემს.

სოციალური უთანასწორობის თემაზე ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშოა ე.წ. „ქაღალდის ბურთების ტყორცნა“ (ინგლ. Paper Ball Toss ). ეს სავარჯიშო ერთ-ერთ „ჰაისქულში“ ვნახე (ამერიკული საშუალო სკოლის დამამთავრებელი კლასები) და მისი საშუალებით, მასწავლებელმა კლასს ძალიან შთამბეჭდავი გაკვეთილი აჩვენა პრივილეგიების შესახებ: მასწავლებელმა ყველა მოსწავლეს ქაღალდის ერთი ფურცელი მისცა,  სთხოვა დაეჭმუჭნათ  და მისგან  ბურთი გაეკეთებინათ.

ამის შემდეგ, მასწავლებელმა ნაგვის ყუთი აიღო და  ოთახის შუაში, საწერი დაფის ქვეშ დადგა, მან მოსწავლეებს შემდეგი სიტყვებით მიმართა:

„ეს მარტივი თამაშია – თქვენ ყველანი, ამ შემთხვევაში, წარმოადგენთ ჩვენი ქვეყნის მთელ მოსახლეობას. ქვეყანაში ყველას აქვს საშუალება და შანსი გახდეს მდიდარი და გადაინაცვლოს საზოგადოების მაღალ კლასში. საზოგადოების მაღალ კლასში (ფენაში) გადასანაცვლებლად მხოლოდ ის არის საჭირო, რომ დაჭმუჭნული ქაღალდის ბურთი თქვენი ადილიდან ისროლოთ და ამ სანაგვე ყუთში ჩააგდოთ“.

 მოსწავლეებმა, რომლებიც უკანა მერხებზე ისხდნენ, მაშინვე გამოთქვეს თავიანთი უკმაყოფილება, „ეს უსამართლოა!“ ისინი კარგად ხედავდნენ, რომ მოსწავლეებს, რომლებიც წინა რიგებში ისხდნენ, ბურთის ჩაგდების ბევრად მეტი შანსები ჰქონდათ.

 ყველა ბავშვმა ისროლა თავისი ბურთი. როგორც მოსალოდნელი იყო, მოსწავლეებმა წინა რიგებიდან, ბურთები ჩააგდეს (თუმცა ზოგმა ეს ვერ შეძლო), ხოლო უკანა რიგებში მსხდომი ბავშვებიდან, ბურთის ჩაგდება მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა.

სავარჯიშოს შემდეგ, მასწავლებელმა შეაჯამა შედეგები: „რაც უფრო ახლოს იყავით სანაგვე ყუთთან, მით უკეთესი იყო თქვენი შანსები. ასე გამოიყურება პრივილეგიები. შენიშნეთ, რომ პრეტენზია თამაშის პირობების სამართლიანობაზე მხოლოდ იმათ გამოთქვეს, ვინც უკანა რიგებში ისხდნენ“ „რაც შეეხება ბავშვებს წინა რიგებიდან, მათ უბრალოდ არ შეუნიშნავთ ის, რომ მათ პრივილეგირებული მდგომარეობა ჰქონდათ. ისინი მხოლოდ   მათსა და მიზანს (ამ შემთხვევაში, სანაგვე ყუთს) შორის არსებულ ორ მეტრიან მანძილს ხედავდნენ“. “ „თქვენი, როგორც მოსწავლის ამოცანა, რომელიც განათლებას იღებს, არის იმის დანახვა, რომ განათლების მიღებით თქვენ უკვე გაქვთ მინიჭებული პრივილეგია. და ამ პრივილეგიის (სახელად „განათლება“ ) გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ დიდი საქმეები აკეთოთ. ასევე, ეს გაძლევთ საშუალებას დაეხმაროთ, მხარი დაუჭიროთ და ადვოკატებად დაუდგეთ იმათ, ვინც თქვენს უკან, ბოლო რიგებში ზის“.

მეორე, ძლიერი სავარჯიშო, რომელიც სოციალური თანასწორობის იდეას ემსახურება,  ამერიკელი პოეტი ქალის, მრავალი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელის, ჯორჯი ელა ლაიონის ცნობილი ლექსის, „საიდანაც მე ვარ“ (Where I’m from) გამოცდილებაზეა აგებული. ჯორჯი ელა ლაიონის ლექსი, გამოქვეყნების შემდეგ, მსოფლიოში აღიარებული სავარჯიშო გახდა სკოლის ასაკის ბავშვებისთვის. ამ ლექსის მეშვეობით შესაძლებელია პოეტურ ფორმაში მოვაქციოთ ბავშვობის მოგონებები და ლაიონის ლექსის მოდელით დავაწერინოთ მოსწავლეებს თავიანთი წარსულისა და მოგონებების შესახებ. ეს ლექსი, თავისი ორიგინალური ფორმით, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს რეფლექსირება გააკეთონ საკუთარ ცხოვრებაზე და დაგროვილ გამოცდილებაზე, გაუზიარონ სხვებს შთაბეჭდილებები ან მოსაზრებები.  ლექსზე დამყარებული სავარჯიშო საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ჩვენი ახლობლები სხვა კუთხით, შევეხოთ მათ წარსულს, ბავშვობის მოგონებებს და დავრწმუნდეთ,  რამდენი რამ არ ვიცით მათზე და რამდენად ზედაპირულია ჩვენი წარმოდგენები მათ შესახებ.

როგორ გამოვიყენოთ ჯორჯი ელა ლაიონის ლექსის, “Where I’m From” / „საიდანაც მე ვარ“, შაბლონი საკლასო დავალებისთვის?

ცნობილი ლექსის ფორმატის გამოყენებისას, მისი დანახვა შესაძლებელია როგორც ერთგვარი დერეფნისა, რომელსაც სხვადასხვა მოგონებებისა თუ ცოდნის ოთახებში შევყავართ. ამავე დროს, დერეფანში მოგზაურობისას შესაძლებელია წერის სხვადასხვა ფორმის გამოყენება. სავარჯიშოს მთავარი გასაღებია თავს მისცე საშუალება შეხვიდე ამ „ოთახებში“. ნუ იჩქარებთ წინასწარვე გადაწყვიტოთ როგორ და რა ფორმით აღწერთ თქვენს მოგონებებს თუ ნახატებს წარსულიდან. უმჯობესია ამ დროს მიზნად დაისახოთ თვითონ წერა და არა აღწერა. მიენდეთ თავს და წერეთ ისე, როგორც ამას თქვენივე მოგონებები გიბიძგებენ. ეს მოსწავლეებს საშუალებას მისცემს მიმართონ ძალისხმევა როგორც საკუთარი ნაწერისკენ, ისე – მკითხველის პასუხებისკენ:

  • ნაწერი შეიძლება დავიწყოთ როგორც აღწერილობითი შესავალი, რომელიც თქვენი მოგონებებიდან  ასახავს სცენას.
  • შესაძლოა, მოგონება თქვენი მშობლების სამუშაოს შესახებ „გახსნის“ კარს იმ სურათებისკენ, რომელიც მათთან ერთად ყოფნას, მათთან ერთად რამის კეთების მოგონებებს აღწერს. ეს შესაძლოა იყოს იმ საუბრის გახსენება, რომელიც მშობლებთან გქონდათ სამუშაოს შესახებ.
  • რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა წარსულიდან.  შეიძლება დავწეროთ როგორც სცენა ან როგორც დიალოგი მოვლენის შესახებ. ასევე შესაძლოა მოვლენის აღწერა გადაიქცეს ადგილის დახასიათებად, გეოგრაფიული ადგილებისკენ მიმავალი გზების აღწერად, ხოლო დიალოგი – თავისებურ თამაშად, რომელიც მოვლენას აღწერს.
  • შესაძლოა, წერა მაგიდასთან ერთობლივი სადილობის სცენით დაიწყოს, რომლის დროსაც შეკრებილი ადამიანების და მათი დამახასიათებელი თავისებურებების აღწერა ვცადოთ.
  • ხშირად, მოვლენის აღსაწერად კარგია გამოვიყენოთ მუსიკა, რომელიც თან ახლდა აღსაწერ სცენას. მუსიკას, სიმღერებს დიდი მხატვრული გავლენა აქვს მონათხრობზე. ამ დროს შესაძლოა სიმღერიდან სიტყვები ჩავრთოთ  ნაწერში და მასთან მიმართებაში გამოვხატოთ ჩვენი გრძნობები.
  • სცენის აღწერისათვის ძალიან სასარგებლო შეიძლება გახდეს ვინმეს ნათქვამი  სიტყვა ან ფრაზა. მან შეიძლება ლექსის მთავარი შინაარსი შექმნას და ის გამოგახატინოთ, რასაც ვერ ახერხებდით აქამდე, ან არასოდეს გითქვამთ სხვებისთვის.
  • ასეთივე მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს რაიმე საგანი თქვენი მოგონებებიდან. მისი ზომა, ფორმა, ზედაპირი, სუნი ან გემო; ამ ობიექტის წარმომავლობა, მისი ისტორია და თქვენი კავშირი ამ საგანთან (ობიექტთან)  ახალ „კარს“ გააღებს თქვენი მოგონებების „ოთახებში“.

და ბოლოს, გახსოვდეთ, რომ თქვენ საკუთარი თავის „ექსპერტი“ ხართ – ვერავინ ხედავს სამყაროს ისე, როგორც თქვენ; არავის აქვს ის „მასალა“, რომელზეც თქვენ თქვენი შემოქმედება შეიძლება ააშენოთ. რა თქმა უნდა, როგორც ადამიანების უმეტესობამ, თქვენც არ იცით საიდან დაიწყოთ. უბრალოდ დაიწყეთ. მიენდეთ შთაგონებას. დაე, მან გატაროთ. მიეცით შრომის პროცესს საშუალება თვითონვე იპოვოს თავისი ფორმა.

არჩევანი

მოსწავლეები ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობენ, როცა მათ აღელვებთ დავალებული სამუშაო, როდესაც ისინი გრძნობით ეკიდებიან მიღებულ რეზულტატს.

ხელი შეუწყვეთ ამას და დაეხმარეთ მათ იმ საკითხების შერჩევაში, რომლებიც მათ აინტერესებთ და გადაწყვიტეთ, რა ფორმა მოუხდება პროექტს.

მასწავლებლებს შეუძლიათ დავალება არსებული სასწავლო პროგრამიდან შეარჩიონ და მოსწავლეს პროექტის შესრულების რამდენიმე ვერსია შესთავაზონ.

უფრო მეტიც, მიეცით მოსწავლეებს საშუალება გამოიყენონ სოციალური ლინზები მათთვის საინტერესო საკითხების შესწავლა-კვლევისას. დაეხმარეთ მათ ამ მიდგომის განვითარებაში, როდესაც ისინი პროექტის შესრულებაში „ჩაეფლობიან“.

მაგალითად სეტნ-ლუისში (მისურის შტატი, აშშ) ჟურნალისტიკის მასწავლებელმა, დონ გოუბლმა, სტუდენტები დააინტერესა პროექტით, რომელიც სენტ-ლუისის გარეუბანში, ქალაქ ფერგიუსონში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა :

2014 წელს, ქ. ფერგიუსონში, მისურის შტატში, თეთრმა პოლიციელმა დ. უილსონმა, მოკლა მცირე ქურდობაში ეჭვმიტანილი 18 წლის აფროამერიკელი, მაიკლ ბრაუნი, რომელსაც პოლიციელმა დაკავებისას 12 ტყვია ესროლა. პროტესტი განსაკუთრებით გამწვავდა სასამართლოში თეთრი ოფიცრის გამართლების შემდეგ. როგორც წესი, მოსწავლეებისთვის წარსულში მომხდარი მოვლენები დიდ ენთუზიაზმს არ იწვევენ, თუმცა ფერგიუსონში, ახლად მომხდარმა მოვლენებმა მოსწავლეებს ინტერესი გაუჩინა ჩართულიყვნენ მაიკლ ბრაუნის მკვლელობის და მასთან დაკავშირებული ამბების გაშუქებაში, რომელიც საბოლოოდ მოსწავლეების მიერ შექმნილ, წარმატებულ და გახმაურებულ ვიდეო-ისტორიაში გამოიხატა.

ხმა

აუცილებელია მოსწავლეებს მივცეთ საშუალება საკლასო ოთახში საჯაროდ გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები და დამოკიდებულებები  სამყაროს შესახებ, რომელშიც ვცხოვრობთ.

ესეებისა თუ თემების წერის ნაცვლად, რომლებსაც მხოლოდ მასწავლებელი წაიკითხავს, უმჯობესი იქნება მოსწავლეებს მიეცეთ ასპარეზი მთელს მსოფლიოს გაუზიარონ თავიანთი მოსაზრებები. ეს მოსწავლეებისთვის გააასმაგებს მათთვის მიცემული დავალებების მნიშვნელობასა და ღირებულებას.

ჩვენი კლასის კუბაზე მოგზაურობისას, ერთ-ერთი მოსწავლის მიერ გადაღებულმა დოკუმენტურმა ფილმმა უაღრესად საინტერესო დისკუსია წარმოშვა ონ-ლაინ სივრცეში, როგორც კუბაში, ისე – აშშ-ში.  დისკუსიის დროს გამოჩნდა, თუ რამდენად შეიცვალა ისტორიული ფაქტების აღქმა ბევრი მაყურებლისთვის. მოსწავლეების შთაგონებისთვის და საკლასო ოთახზე უფრო ფართო  აუდიტორიასთან სასაუბროდ საჭიროა განვიხილოთ და ხელი შევუწყოთ მოსწავლეთა ნაშრომების გამოქვეყნებას ონ-ლაინ სივრცეში.

ბლოგები

მოსწავლეებს შეუძლიათ შექმნან ონ-ლაინ ჩანაწერები (ე.წ. სოციალური მედიის „პოსტები“), რომლებიც შეიცავენ ტექსტს, საკუთარი ხელით შექმნილ ნახატებს, ფოტოებს, ვებ-კავშირებს (ე.წ. „ინტერნეტ-ლინკებს“), ვიდეოებს მოცემულ თემებზე. ამ ჩანაწერებმა, მათი გამოქვეყნების სიხშირის, სიგრძისა და შინაარსის გათვალისწინებით, შესაძლოა მიიღონ ონ-ლაინ ესეების, ყოველკვირეული რეპორტაჟებისა თუ დიდი მასშტაბის კვლევის ფორმა.

სოციალური მედია

სოციალური მედიის საშუალებით შესაძლებელია მოსწავლეთა გამოქვეყნებულ თემებზე გლობალური ჩართულობის მიღწევა Twitter-ის, Instagram-ის, ან Pinterest-ის სოცქსელების დახმარებით.

სოცმედიის პლატფორმების მიერ შეთავაზებული მოკლე ფორმატები საშუალებას გვაძლევს სწრაფად და პრაქტიკულად უფასოდ მივაწვდინოთ ხმა  პოლიტიკოსებს, გავლენიან ჩინოვნიკებს, ცნობილ მოღვაწეებს , მათი მოხსენიებით (ე.წ. „თაგინგი“) აღნიშნულ ჩანაწერებში და პოსტებში.

იდეები გაკვეთილისათვის:                                                                                                     

  • სოციალური მედიის დახმარებით გამოიკვლიეთ იმ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების და პირების საქმიანობა, რომლებიც სიციალური სამართლიანობის საკითხებზე მუშაობენ;
  • გაუზიარეთ საზოგადოებას თქვენი იდეები სოციალური სამართლიანობის პრობლემებზე ე.წ. „ჰაშთაგების“ მეშვეობით (მსგავსად #blacklivesmatter-ის ჰაშთაგებისა). დაურთეთ პოსტებს ლინკები მნიშვნელოვან სტატიებზე ან თქვენს საკუთარ ბლოგებზე.

ისტორიების თხრობა ვიდეოსა და მულტიმედიური საშუალებებით

ვიდეოსა და ფოტოგრაფიის ძალა ფაქტობრივად კონკურენციის გარეშეა. გამოიყენეთ მობილური ტელეფონები ვიდეოს ჩასაწერად,  მონტაჟისთვის და მათი დახმარებით შექმენით მოკლე ფორმატის ფილმები ან დოკუმენტური ჩანახატები. დღეს უკვე  მნიშვნელოვანია ვიდეო-ისტორიების თხრობის სწავლება. უპრიანი იქნება ამ უნარების სწავლა საკლასო ოთახის პირობებში. მოსწავლეებს უკვე აქვთ შესაძლებლობა გაეცნონ პოლიტიკური თუ სოციალური უსამართლობის შესახებ არსებულ პრობლემებს „იუთუბის“ ვიდეო პორტალისა თუ ჟურნალისტური ონ-ლაინ სამაუწყებლო  პლატფორმების მეშვეობით, საკლასო ოთახიდან გაუსვლელად, კომპიუტერისა და პროექტორის დახმარებით.

პირველადი ან დაწყებითი პროექტისთვის შესაძლოა ვიდეოზე ჩაწეროთ და დაამონტაჟოთ ინტერვიუები ან უბრალოდ თქვენს თემში მცხოვრები სხვადასხვა ადამიანების მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე. შემდეგ განათავსოთ ისინი YouTube-ის არხზე ან Instagram-ის გვერდზე.

იდეები გაკვეთილისათვის:

  • ჩაწერეთ ინტერვიუ იმ ხალხთან, ვინც შეძლო რაიმე პრობლემური საკითხის მოგვარება თქვენს თემში. შეინახეთ ეს მასალა YouTube-ზე ან სხვა ღია საზოგადოებრივ სოციალურ არხზე.
  • შექმენით დოკუმენტური ვიდეო, რომელიც ეხება რომელიმე პრობლემას თქვენს სამეზობლოში და სთავაზობს ხალხს მისი მოგვარების გზებს.
  • შექმენით დოკუმენტური ფილმი რაიმე დადებით მოვლენაზე თქვენს სამეზობლოში და შეატყობინეთ მათ, ვინც არაფერი იცის ამის შესახებ.

ადვოკატირება და დახმარება

მოსწავლეებს აქვთ იმის ძალა, რომ ხელი შეუწყონ ცვლილებას და ეს მოკლე დროში გააკეთონ. აქტივიზმი ნიშნავს პოლიტიკოსებისადმი მიმართული წერილების წერის კამპანიას, კორპორაციების ლობირებას წესებისა თუ პოლიტიკის შესაცვლელად და მონაწილეობას ადგილობრივ მანიფესტაციებში თუ ღონისძიებებში.

მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ რომელიმე საკითხის მხარდაჭერის კამპანიაში, როგორებიცაა ვთქვათ, მოხალისეობა უსახლკაროთა თავშესაფარში ან საკვები პროდუქტების შეგროვების კამპანია გაჭირვებულებისთვის, ე.წ. „ფანდ-რეზინგში“ (სახსრების შეგროვება რაიმე საზოგადოებრივი მიზნისათვის) საქველმოქმედო ორგანიზაციებისათვის.

საუკეთესო გამოცდილება და მისი გაზიარება

სოციალური სამართლიანობის პროექტები შესაძლოა დიდ გამოწვევად გადაიქცეს მოსწავლეებისა თუ მასწავლებლებისთვის, რადგანაც ისინი მათ ყოველდღიური „კომფორტის ზონის“ გარეთ აქცევენ. წარმატებული საქმიანობისათვის, პროექტის განხლივა და მასზე მსჯელობა დაიწყეთ ისეთი გარემოს (ატმოსფეროს) შექმით, რომელშიც მოსწავლეები თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ და თავისუფლად შეძლებენ ერთმანეთისთვის თავიანთი იდეების გაზიარებას. თავის მხრივ, ეს მათ დაეხმარება შექმნან ურთიერთპატივისცემის კულტურა საკლასო ოთახში.

გაითვალისწინეთ და დაიწყეთ ისეთ პროექტებზე მუშაობა, რომლებიც თავიანთი ხასიათით ან პრივატულია (რომლებსაც გაიზიარებთ მხოლოდ საკლასო ოთახის მასშტაბით), ან ფართო საზოგადოებრივ საკითხებს შეეხება და შესაძლოა მათი გასაჯაროება.

გაითვალისწინეთ მოსწავლეთა კომფორტის დონე და კონტექსტი, როდესაც ერთად გადაწყვეტთ, თუ რა დონეზეა შესაძლებელი პროექტის გასაჯაროება ან სხვებისთვის გაზიარება.

გაითვალისწინეთ, რომ იმ ყველაფრიდან, რასაც მოსწავლეებს ვასწავლით, სოციალურ სამართლიანობასთან დაკავშირებული პროექტები  შესაძლოა ყველაზე ფასეული ამოჩნდეს.

ყველა ის უნარი, ფაქტი თუ კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, შეიძლება უშედეგო იყოს, თუ მოსწავლეებს ამ მიღებული ცოდნის გამოყენებას არ ვასწავლით ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს შესაცვლელად და პრობლემების მოსაგვარებლად.

ავტორი: მაიკლ ჰერნანდესი

სინემატიკის ხელოვნებისა და სამაუწყებლო ჟურნალისტიკის მასწავლებელი, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია

წყარო: https://www.edutopia.org/blog/social-justice-projects-in-classroom-michael-hernandez

           დაბადების ალეგორია

0

1989 წელს, იანვარში, გორბაჩოვის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ორი ამერიკელი სტუდენტი ჩამოვიდა უილიამს კოლეჯიდან. 1988 წელს ეს სტუდენტები ამავე კოლეჯიდან ხანმოკლე ვიზიტით ჩამოსული ჯგუფის წევრები იყვნენ. ამერიკელი სტუდენტების თორმეტკაციან ჯგუფს იმდენივე ქართველი სტუდენტი დავხვდით. დამხვედრთა შორის რომ მოვხვედრილიყავი, რამდენიმე პროცედურა გავიარე. როგორც ჩანს, გარკვეულ ორგანოებს სურვილი ჰქონდათ, მასპინძელ სტუდენტებს კარგად წარმოეჩინათ საბჭოთა განათლების სისტემა. ამიტომაც მათი პირველი კრიტერიუმი იყო, ყველა ფაკულტეტიდან თითო ისეთი სტუდენტი შეერჩიათ, რომელიც კარგად სწავლობდა და ინგლისურსაც ფლობდა. ერთ დღეს დეკანის მოადგილემ, რუბენ ენუქაშვილმა, დამიბარა და მითხრა, ინგლისური იცი და ამა და ამ მისამართზე გასასაუბრებლად წადი, დელეგაციას უნდა დახვდეო. ეტყობა, სახეზე მეტყობოდა, რომ დიდად არ გამხარებია რჩეულთა შორის აღმოჩენა და სასწრაფოდ დააყოლა, მოკიდე შენს რომელიმე მეგობარს ხელი, რომელმაც ინგლისური იცის და ერთად წადით, რა ვიცით, რა ხდება, ეგებ ამერიკაშიც წახვიდე მალეო. 1988 წელს სასაცილოც კი იყო ამერიკაში წასვლაზე ოცნება, მაგრამ ბატონი რუბენი საკმაოდ გამჭრიახი აღმოჩნდა და მისი ვარაუდი მალევე გამართლდა. მაშინ ჩემი მეგობარი თეა არ დამზარდა და ერთად შევდექით „ამერიკაში მიმავალ გზაზე“. ზამთარში ამერიკელ სტუდენტთა ჯგუფი ჩამოვიდა, მასპინძლები სწრაფად დავუმეგობრდით სტუმრებს და ოქტომბერში უკვე როლები გავცვალეთ: ამერიკაში ჩვენი სტუმრები იყვნენ მასპინძლები, ჩვენ კი – სტუმრები. ორმა ამერიკელმა სტუდენტმა გადაწყვიტა, უფრო დიდი დროით, ერთი სემესტრით, ჩამოსულიყო საქართველოში, ხოლო მათ ადგილზე ორი ქართველი სტუდენტი წასულიყო უილიამსის კოლეჯში. ასე მოხვდნენ ლიზი სკოტი და სტივ ფეგინი ყველაზე საინტერესო პერიოდში თბილისის უნივერსიტეტში. ორივე მთელი მონდომებით ჩაერთო არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ იმ სტუდენტურ მოძრაობაშიც, 9 აპრილის ტრაგედიას რომ უძღოდა წინ. ორივემ, ქართველების მსგავსად, განიცადა ჩვენი ერის ბედუკუღმართობა, ორივე შეეცადა, რამით მაინც დაგვხმარებოდა ქართველებს, მაგრამ, აბა, რას გააწყობდა ორი 19 წლის სტუდენტი ურჩხულთან ბრძოლაში, მერე რა, რომ ისინი ამერიკელები იყვნენ. ამიტომაც, ლიზიც და სტივიც  თავს ისევე დამარცხებულად და ისევე გამარჯვებულად გრძნობდნენ, როგორც მე და ჩემი მეგობრები. გავიდა წლები. მე და ლიზი ისევ მეგობრებად დავრჩით, ლიზიმ შვილიც კი მომინათლა, რომელიც მისი სეხნიაა და ახლა, მგონი, დღე არ გავა, ერთმანეთს ფეისბუქის ჩატში რომ არ შევხვდეთ.

უნივერსიტეტში რამდენიმე კურსს ვუძღვები, ერთ-ერთის სახელწოდებაა რიტორიკის დიადი ნიმუშები. ამ კურსის ფარგლებში ვასწავლი სამ სამგლოვიარო სიტყვას. აქედან ერთი პერიკლეს სიტყვაა. მეორე სიტყვაზეც (ლინკოლნის გეტისბეგის მიმართვა) და მესამე სიტყვაზეც (საიდუმლოდ დავიტოვებ, რომელ სიტყვას ვგულისხმობ), რომელსაც მე ვასწავლი, სწორედ პერიკლეს სიტყვამ მოახდინა გავლენა. პერიკლეს სიტყვა საკმაოდ გრძელია, მისი დიდი ნაწილი ათენის დემოკრატიის დამსახურებული ქებაა. აი, აბრაამ ლინკოლნის სიტყვა კი ძალიან მოკლეა და ის თავიდან ბოლომდე ერთ ალეგორიაზეა დაფუძნებული, რომელიც თავისუფლების ხელახალ დაბადებას გულისხმობს. სწორედ ამ ალეგორიაზე ვსაუბრობდით მე და ლიზი სკოტი, ჩემი ამერიკელი მეგობარი ჯერ კიდევ 1988 წლიდან, ჩატში ჩვენი მორიგი „შეხვედრისას“. ჩემი აზრით, ლინკოლნის სიტყვა დაბადების ალეგორიას კი არა, ჩასახვიდან დაბადებამდე ემბრიონის, მუცლად მყოფი ნაყოფის მდგომარეობას უფრო ასახავს და ამის დასადასტურებლად ჩემს მეგობარს ერთი სიტყვის ზუსტი მნიშვნელობის მოძიება ვთხოვე. ამ სიტყვაზე ჩემმა სტუდენტმა გამამახვილებინა ყურადღება ლექციაზე და მეც ლიზისთან, როგორც განათლებულ ამერიკელთან, რომელსაც დანამდვილებით ეცოდინებოდა ლინკოლნის სიტყვაც და ბიბლიაც, გადავამოწმე. თუ ჩემი სტუდენტის აზრი მართებული იყო, მაშინ ერთი ზმნა (perish), რომელსაც ლონკოლნი ტექსტის ბოლოს იყენებს, ბიბლიაშიც შესაბამის კონტექსტში უნდა ყოფილიყო ნახმარი და მხოლოდ განადგურების კი არა, მუცლის მოწყვეტის მნიშვნელობითაც. სწორედ ამ საუბრისას მთხოვა ლიზიმ, წერილი დამეწერა (იცის, რომ ინტერნეტგამოცემისთვის ხანდახან წერილებს ვწერ) და ქართველი მასწავლებლებისთვისაც მომეთხრო აბრაამ ლინკოლნის მიერ მოფიქრებული ალეგორიის – თავისუფლების დაბადების ალეგორიის – შესახებ, მით უმეტეს, რომ ლიზი, 80-იანი წლების გამოცდილებამ დაარწმუნა, რომ  ქართველებისთვის თავისუფლების იდეა ყველაზე მნიშვნელოვანია. ლინკოლნი გეტისბერგის მიმართვაში ორჯერ იყენებს სიტყვა „თავისუფლებას“ ერთხელ “Liberty”-ს, მეორეჯერ კი „freedom”-ს. საინტერესოა, რომ პირველ შემთხვევაში (პირველივე წინადადებაში) ლათინურ ფუძეზე დაყრდნობით ნაწარმოები სიტყვით სარგებლობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ ლინკოლნის აზრით, ეს სიტყვა დასაწყისში უცხო იყო ამერიკელებისთვის (თან ლინკოლნმა ტექსტში ამ სიტყვის პირველი ასო დიდი ასოთი დაწერა, რითიც კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი მას), ტექსტის ბოლოში კი გამოჩნდა, რომ ამ სიტყვის მნიშვნელობა თანდათან იმდენად ახლობელი გახდა ამერიკელებისთვის, რომ მათ უკვე ლათინური სიტყვა შეუძლიათ ჩაანაცვლონ ინგლისურით. მიუხედავად იმისა, რომ თავისუფლების დაბადება უმნიშვნელოვანესი ალეგორიაა და მეც ვეთანხმები ლიზის, რომ ქართველებს კარგად გვესმის თავისუფლების იდეა, მაინც ვფიქრობ, რომ ლინკოლნის ტექსტში თავისუფლება გადაჯაჭვულია სიტყვა „თანასწორობასთან“ და, სამწუხაროდ, ამერიკელებისთვის აქსიომად ქცეული დამოუკიდებლობის დეკლარაციის მეორე მუხლის სიტყვები „ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად“ დღემდე გვესმის ისე, რომ თითქმის ყველა და არა ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად.

აბრაამ ლინკოლნის გეტისბერგის მიმართვა (სრული ტექსტი იხ. https://avalon.law.yale.edu/19th_century/gettyb.asp) რომ ორატორული ხელოვნების შედევრია, ამაზე არავინ დავობს. ამ სიტყვას მასწავლებლები თავიანთ მოსწავლეებს ამერიკის სკოლებში ხშირად ზეპირადაც ასწავლიან. არ ვიცი, რამდენად გულისხმობს ტექსტის ზეპირად დასწავლა ტექსტის კარგად გაგებას, თუმცა ზეპირად სწავლაში ცუდიც არაფერია. ჩემი საქმე არაა, მივუთითო ამერიკელ მასწავლებლებს, როგორ მოიქცნენ და როგორ – არა, თუმცა, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუკი ლინკოლნის ამ მიმართვას ჩვენც ვასწავლით ჩვენს მოსწავლეებს იმ ერთი ალეგორიის გამო, რომელიც მოიფიქრა, გენიალურად მიუსადაგა და ვირტუოზულად გამოიყენა ამერიკის პრეზიდენტმა საუკუნეების წინ. ამ ალეგორიას დაბადების ალეგორიას უწოდებენ, მე კი მასში ჯერ არ დაბადებული ნაყოფის ალეგორიას ვხედავ, რომლის ჩასახვიდან 87 წელი, გადატანით კი რვა თვეზე მეტი გავიდა და მის გაჩენას საფრთხე დაემუქრა. განვიხილოთ ტექსტი. ქართულად ამ მიმართვის ძალიან ცუდი თარგმანი არსებობს, რადგან სიტყვების მექანიკური თარგმანისას დაკარგულია ის მნიშვნელობები, რომლებიც აუცილებლად გასააზრებელია ტექსტში:

გეტისბერგის მიმართვა იწყება სიტყვებით „ოთხი ოცეული და შვიდი წლის წინათ“. ბევრად მარტივი იქნებოდა, ლინკოლნს ეთქვა ოთხმოცდაშვიდი წლის წინათ ანდა რვა ათეული წლისა და შვიდი წლის წინათ, მაგრამ ლინკოლნი ინგლისური მეტყველებისთვის მძიმე და უცხო ფორმას არჩევს. სიტყვა „ოცეული“ (score) ბიბლიის ინგლისური თარგმანიდანაა აღებული და მას სალაპარაკო ენაში თითქმის არავინ იყენებს, არავინ ითვლის ინგლისურად ოცეულებით. მაგრამ ლინკოლნმა ამ სიტყვის სახით გასაღები მოგვცა და მიგვანიშნა, რომ დანარჩენი სიტყვების მნიშვნელობაც ბიბლიურ კონტექსტში უნდა გავიაზროთ (მაგ. სიტყვები dedication და consecration. ორივე ზმნას განსხვავებული მნიშვნელობა აქვს რელიგიაში და განსხვავებული – სალაპარაკო ენაში). ამის შემდეგ ლინკოლნი ამბობს, რომ მამებმა (იგულისხმება დამფუძნებელი მამები) აწარმოეს/შექმნეს/მოიტანეს (brought forth) ამ კონტინენტზე ახალი ერი, რომელიც ჩაისახა თავისუფლებაში და უერთგულეს/თავი უძღვნეს (dedicated) იმ დებულებას (proposition), რომ ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად. საქმე ისაა, რომ სიტყვა „კონტინენტი“ ინგლისურ ენაში მდედრობითი სქესისაა და ამიტომაც, გასაგებია კავშირი დამფუძნებელ მამებს, კონტინენტსა და ჩასახვას შორის. „მოიტანეს“ კი აქ ნიშნავს, რომ ერი ჩაისახა ამ კონტინენტზე (ამერიკაში), მაგრამ მისი შექმნის იდეა დამფუძნებლებმა გამოატარეს და მოიტანეს სხვა ადგილიდან (ცხადია, ეს ადგილი არის ევროპა და, კერძოდ, განმანათლებლობის იდეებით შეპყრობილი ევროპა). კონტექსტიდან გასაგები ხდება, რომ 87 წელი, რომელიც დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღებიდან გეტისბერგის მიმართვის დღემდე გავიდა, უკვე 87 კი არა, არამედ რვა მთელი შვიდი მეათედია და ის მუცლად ყოფნის ცხრა თვეს უახლოვდება. გარდა ამისა, ტექსტში ნახმარი სიტყვა „დებულება“ ევკლიდეს გეომეტრიიდანაა აღებული, ეს კი ნიშნავს, რომ, როგორც ყველა გეომეტრიულ დებულებას, დებულებასაც რომ „ყველა ადამიანი შექმნილია თანასწორად“ ესაჭიროება დამტკიცება. დებულება მაშინ დამტკიცდება, თუკი მუცლად ყოფნის ცხრა თვე წარმატებით გაივლის და მომწიფებული ნაყოფი დღის სინათლეს იხილავს. დამოუკიდებლობის დეკლარაცია მიიღეს 1776 წლის 4 ივლისს, 1863 წლის 10 ნოემბერს კი ლინკოლნმა სამოქალაქო ომში დაღუპულთა საფლავზე წარმოთქვა სიტყვა. მისი აზრით, ომში დაღუპული ჯარისკაცები სწორედ ადამიანის თანასწორობის შესახებ დებულების დამტკიცებას შეეწირნენ (თანასწორობა იმ პერიოდში მონობის გაუქმებას ნიშნავდა და ერთ კოალციად გაერთიანებული  ჩრდილოეთის შტატები ამ იდეის გამო დაუპირისპირდნენ სამხრეთ შტატების კოალიციას). ამ ომში წყდება, რამდენად იმსახურებს ნაყოფი, რომელიც თავისუფლებაშია ჩასახული დაბადებას. როგორც ვიცით, დაბადებამდე ნაყოფს ათასი საშიშროება ემუქრება, ერთ-ერთი კი მუცლის მოწყვეტაა. აი, სწორედ ზმნა „perish”, რომელიც განადგურებას აღნიშნავს, ბიბლიაში (კერძოდ, იობის წიგნში) მუცლის მოწყვეტის მნიშვნელობითაც შეიძლება იქნას გაგებული. ამერიკის პრეზიდენტმა რამდენიმე წინადადებაში ალეგორიულად აღწერა თავისუფლებაში ჩასახული დებულების, რომ ყველა ადამიანი (და არა თითქმის ყველა ადამიანი) თანასწორია, მუცლად ყოფნის პერიოდი ჩასახვიდან  დაბადებამდე და ამიტომაც მიიჩნევა გეტისბერგის მიმართვა ორატორული ხელოვნების შედევრად.

ერთგან მიმართვაში ლინკოლნი შენიშნავს, რომ მსოფლიოს არ ემახსოვრება, ვინ რა თქვა ამ ადგილას, მაგრამ ყველას ემახსოვრება ომში დაცემულთა თავდადება. თურმე ლინკოლნს, როცა სიტყვას წარმოთქვამდა, ჩუტყვავილა ჰქონდა და სიცხიანი იდგა ტრიბუნასთან. მისმა სიტყვამ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა აუდიტორიაზე, რადგან ორ წუთში დასრულდა, პირიქით, შესაძლოა, ბევრმა გულში ისიც კი იფიქრა, რომ პრეზიდენტმა ჯეროვანი პატივიც კი არ მიაგო ომში დაცემულებს, განსხვავებით, ედუარდ ევერეტის სიტყვისგან, რომელმაც ორ საათს გასტანა. ლინკოლნის სიტყვა რომ არ გამოქვეყნებულიყო, ალბათ, ყურადღების მიღმა დარჩებოდა და მართლაც არავის არ ემახსოვრებოდა ეს გენიალური ალეგორია,  რომელიც უკვე ამდენი საუკუნეა კიდევ და კიდევ სხვადასხვა ფორმით ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანი, მისი კანის ფერის, მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილების, მისი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად თანასწორია.

 ქეის-მეთოდის გამოყენება გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

გეოგრაფიის თანამედროვე გაკვეთილის განუყოფელი ნაწილია მოსწავლეთა  დამოუკიდებელი პრაქტიკული საქმიანობა – შემეცნებითი და შემოქმედებითი ძიება, პრობლემების ფორმულირების სწავლება, პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა  და გადაჭრა, საკუთარი  პოზიციების დაცვა და არგუმენტირება.  ამ კუთხით ქეის- მეთოდი  ე.წ. case-study   წარმატებით გამოიყენება.

ქეისს რამდენიმე განსაზღვრება აქვს:  ქეისი  – რეალური სიტუაციის აღწერაა;  ქეისი – რეალობის მომენატალური  სურათია,  მყოფადობის, არსებობის  ფოტოგრაფიაა;  ქეისი – არა მარტო მოვლენის  რეალური აღწერაა, არამედ ერთიანი ინფორმაციული კომპლექსია, რომელიც საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ  სიტუაციას.

 ქეის- მეთოდი  ინსტრუმენტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს  თეორიული ცოდნა გამოვიყენოთ პრაქტიკული ამოცანების შესრულებისას. მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს დამოუკიდებელ  აზროვნებას, სხვისი აზრის მოსმენისა და ალტერნატიული შეხედულების გაზიარების უნარებს, საკუთარი  აზრის  არგუმენტირებულად წარმოდგენას. ამ მეთოდის წყალობით  მოსწავლეებს საშუალება აქვთ გამოამჟღავნონ და განავითარონ   ანალიტიკური და  შეფასებითი უნარები,  ისწავლონ ჯგუფური მუშაობა,  იპოვონ  დასმული პრობლემის  გადაჭრის რაციონალური გზები.

ქეის-მეთოდის ძირითადი ფუნქციაა  ასწავლოს მოსწავლეებს  რთული არასტრუქტურული  პრობლემების გადაწყვეტა, რომელთა გადაჭრა ვერ ხერხდება ანალიტიკური ხერხით.  ქეის-მეთოდი ააქტიურებს მოსწავლეებს, ავითარებს ინფორმაციულ და კომუნიკაციურ კომპეტენციებს.  იგი განსაკუთრებით კარგად გამოიყენება  საზოგადოებრივი  გეოგრაფიის საკითხების შესწავლისას, რადგან ამ სფეროში მუდმივად ხდება შინაარსის განახლება, რაც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს  მოახდინონ სიტუაციის შედარებითი ანალიზი.

ქეისებზე მუშაობა შემდეგ ეტაპებს მოიცავს: ინფორმაციის კრიტიკული გააზრება,  პრობლემის გამოკვეთა, პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე  ორიენტირებული ანალიზი, პრობლემის გადაჭრაზე მიმართული იდეების ძიება ან სამოქმედო  გეგმის შემუშავება.

ქეისებით მუშაობა გაკვეთილზე 3 ეტაპად მიმდინარეობს:

1-ლი  ეტაპი  – გაცნობითი ეტაპი – ინდივიდუალური  მომზადება. ამ  ეტაპზე  ხდება ქეისის გაცნობა და მოსწავლეთა ჩართვა რეალური სიტუაციის განხილვაში.   პრაქტიკა აჩვენებს, რომ გაკვეთილზე  ყველაზე კარგია  1-3 გვერდიანი ნაბეჭდი ქეისის გამოყენება, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია  5-10 წუთის განმავლობაში.

მე-2 ეტაპი  – ძირითადი ეტაპი  – მუშაობა მცირე ჯგუფებში. ამ დროს  ფორმირდება პრობლემის გადაწყვეტის სხვადასხვა მიდგომები. ჯგუფის წევრებმა  უნდა შეიმუშაონ  საერთო მოსაზრება, რომელსაც შეიძლება თან დაერთოს სქემები, თეზისები. უნდა აღინიშნოს, რომ საერთო აზრის შემუშავება  მასწავლებლისათვის  თვითმიზანი არაა. იგი სასურველია, მაგრამ თითოეულ მოსწავლეს შეუძლია ჰქონდეს საკუთარი, განსხვავებული აზრი და გამოთქვას იგი  დისკუსიის დროს ანუ მესამე ეტაპზე. მეთოდი  case-study აღნიშნულ სიტუაციაში კოლექტიური სწავლების  მეთოდის როლშია, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია სწორედ ჯგუფებში მუშაობა და ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. ჯგუფების საქმიანობის პროდუქტები განხილვის საკითხია. მნიშვნელოვანია ერთიანი აზრის  შემუშავება ქეისის დავალებაზე.

მე-3 ეტაპი –  ჯგუფის  საავტორო პროდუქტის პრეზენტაცია თანმხლები დისკუსიით.  თითოეული ჯგუფი  წარმოადგენს   პრობლემის გადაწყვეტის თავის ვარიანტს მოკლედ და მკაფიოდ.   ჯგუფის პრეზენტაციას უნდა დაეთმოს 3 წუთი.  შემდეგ იწყება დისკუსია ჯგუფებს შორის, რომლითაც  სრულდება  კონკრეტულ სიტუაციაზე  მუშაობა და  ამავე დროს აქვს დიდი განმავითარებელი  პოტენციალი.  დიკუსიის დამთავრების შემდეგ მასწავლებელი გამოთქვამს თავის მოსაზრებას, თუმცა არ ამტკიცებს, რომ იგი ერთადერთი და სწორია, რითაც ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ის და მოსწავლეები  პარტნიორები არიან. ამავე ეტაპზე ხდება მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასება.  მაგალითისთვის განვიხილოთ თემა ”საქართველოს  ტურისტულ- რეკრეაციული რესურსები და ტურიზმის განვითარება“. გაკვეთილზე უნდა მოხდეს  ტურისტულ-რეკრეაციული რესურსების პოტენციალის განხილვა და საქართველოში ტურიზმის განვითარების პრობლემის ფორმირების მიზეზების დადგენა და გადაჭრის გზების ძიება ქეისების საფუძველზე. ქეისმა, მოქმედების ეფექტური ვარიანტების გასააზრებლად, ერთდროულად უნდა შეასრულოს ტექნიკური დავალებისა და ინფორმაციის წყაროს ფუნქცია.

განვიხილოთ  ერთი გაკვეთილის ნიმუში.

თემა: ტურიზმი საქართველოში, მე-9 კლასი.

მიზანი: საქართველოში ტურიზმის  განვითარების პრობლემებისა და პერსპექტივების გამოვლენა;  მოსწავლეთა  ინფორმაციული და კომუნიკაციური უნარების განვითარება;

რესურსები: სლაიდ-შოუ ან სარეკლამო ვიდეორგოლი საქართველოს შესახებ, დიაგრამა, ქეისი – ტექსტი ან ინტერვიუ საქართველოს ტურიზმის შესახებ, ინტერნეტი, პროექტორი,  კომპიუტერი.

გაკვეთილის მსვლელობა:

სლაიდ-შოუს ან სარეკლამო ვიდეორგოლის ”კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში“

ნახვის შემდეგ  მასწავლებელი  ეკითხება მოსწავლეებს:  თქვენი აზრით  რა მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული  მოცემული მასალა?

მოსწავლეთა პასუხი:  რეკლამის სახით, რათა რაც შეიძლება მეტი უცხოელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში.

მასწავლებელი აჩვენებს დიაგრამას და  სვამს კითხვას: რაზე  მეტყველებს დიაგრამა: „უცხოელი ტურისტების დინამიკა საქართველოში“.

bl

მოსწავლეთა სავარაუდო პასუხი: დიაგრამის მიხედვით- ადგილი აქვს ტურისტთა რიცხვის ზრდას ან შემცირებას.

მასწავლებელი: თქვენი აზრით ეს დადებითი თუ უარყოფითი მომენტია?  რატომ?

მოსწავლეებს ეძლევათ დრო  არგუმენტირებული პასუხებისთვის. შემდეგ ხდება განხილვა.

მასწავლებელი: უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში შემოაქვთ დამატებითი კაპიტალი და ასეთი სურათი გვაქვს: ა) გვაქვს რესურსული პოტენციალი, რითაც  შეგვიძლია ტურისტების მოზიდვა; ბ)  მცირეა  ტურისტების რიცხვი, ვისაც მათი მონახულება ან დასვენება უნდა.

მოცემული  პრობლემის გადასაწყევტად მოსწავლეებს  ეძლევათ  ქეისი: საქართველოს ტურისტულ რეკრეაციული პოტენციალი და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები.  (ქეისს მასწავლებელი წინასწარ ამზადებს.)

მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფებში 20 წუთის განმავლობაში. მათი დავალებაა: 1. ჩამოაყალიბონ საქართველოს ტურიზმის ძირითადი პრობლემა; 2. განსაზღვრონ მიზეზები, რამაც გამოიწვია ეს პრობლემა;  3.  დასახონ მათი გადაჭრის გზები.

დროის გასვლის შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს შესრულებულ სამუშაოს,  მიმდინარეობს განხილვა.

 გაკვეთილის საქმიანობის პროდუქტი: საქართველოს ტურიზმის პრობლემის ერთიანი  ფორმულირება და მათი გადაჭრის გზების დასახვა.

პრობლემა:   ტურიზმის განვითარების შემაფერხებელი გარემოებები.

პრობლემის გამომწვევი მიზეზები:

  1. ნეგატიური ინფორმაცია საქართველოს შესახებ მსოფლიოს მასობრივი ინფორმაციის წყაროებში (ბუნებრივი კატაკლიზმები, არასტაბილური გარემო და სხვ.)
  2. უცხოელთა პირადი უსფრთხოების  გარანტიების არ არსებობა;
  3. ტურებისა და მომსახურების სიძვირე.

პრობლემის გადაჭრის გზები: საქართველოს ტურისტული ბიზნესის

 განვითარებისათვის  სახელმწიფო პროგრამის შემუშავება.

 

რეფლექსია:  მოსწავლეებმა გაკვეთილი უნდა შეაფასონ სამი პოზიციის  მიხედვით:

  • შინაარსისადმი ინტერესი
  • გაკვეთილის მნიშვნელობა
  • მოსწავლეთა აქტიურობა

საინტერესოა                  7  6    5                4   3     2    1   0       არ არის საინტერესო

სასარგებლოა                  7   6   5    4   3    2    1     0      არ არის სასარგებლო

      ვიყავი აქტიური             7   6   5    4   3    2    1    0       არ ვიყავი აქტიური

საშინაო  დავალება:

მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ სარეკლამო ბუკლეტი ან ფურცელი საქართველოს რომელიმე მხარის ან ადგილის შესახებ, ისე  რომ დააინტერესონ და  შეძლონ  უცხოელი ტურისტების მიზიდვა.

ქეის-მეთოდის გამოყენება ეფექტურია  განვლილი მასალის გამეორებისას და განმტკიცებისას. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ იგი ასევე  პროდუქტიულია ახალი მასალის შესწავლის დროსაც.

მასწავლებლის პრაქტიკული საჭიროებანი სწავლების ეფექტური წარმართვისთვის

0

ახალი საკითხის სწავლების საწყის ეტაპზე ყველა მასწავლებელს უწევს საკუთარი თავისთვის პასუხის გაცემა შემდეგ შეკითხვებზე:

  1. რა არის საკითხის სწავლების მიზანი?
  2. მოსწავლის მიერ რა საკითხების წინასწარი ცოდნა და რა უნარ-ჩვევების ფლობაა საჭირო მოცემული საკითხის შესწავლისთვის?
  3. როგორ და რა დავალებებით მოვახდენ მოსწავლეების მზაობის დიაგნოსტირებას?
  4. რა ინფორმაციით ან შეკითხვებით აღვძრავ მოსწავლეთა ინტერესს და გავაღვივებ ცნობისმოყვარეობას მოცემული საკითხის მიმართ?
  5. როგორი დავალებების საშუალებით შევუწყობ ხელს მოსწავლეებს ცოდნის აგებასა და გააზრებაში?
  6. როგორ დავეხმარებით მოსწავლეებს ცოდნის განმტკიცებასა და უნარ-ჩვევების გაწაფვაში?
  7. როგორი დავალებების საშუალებით შევამოწმებ, გაიგეს თუ არა მოსწავლეებმა საკითხი?
  8. რა ტიპური შეცდომები შეიძლება დაუშვან მოსწავლეებმა მოცემულ საკითხზე მსჯელობისას ან ცოდნის გამოყენებისას (ამოცანების ამოხსნისას, პროექტების შესრულებისას და სხვა) და რა მიზეზით?
  9. როგორ მოვახდენ მოსწავლეთა ტიპური შეცდომების პრევენციას ან/და კორექციას (მაგალითად, შეკითხვები, მაგალითები და კონტრმაგალითები, მოდელები, განზოგადებები და სხვა)?
  10. რომელი დავალებების საშუალებით შევაფასებ მოსწავლეთა მიღწევებს?

ბუნებრივია, რომ მასწავლებელი ეძიებს დახმარებას სხვადასხვა ძირითად თუ დამხმარე რესურსებში – მოსწავლისა თუ მასწავლებლის სახელმძღვანელოში, დამატებითი სავარჯიშოების კრებულებში და ა.შ. მაგალითად, ის ცდილობს წარმოიდგინოს, როგორ გამოიყენებს მოსწავლის სახელმძღვანელოს, თუ ამ წიგნის ერთი ტიპური თავის და პარაგრაფის სტრუქტურა ასეთია:

თავის სტრუქტურა

თავის დასაწყისში:

ა)            სამოტივაციო-საინფორმაციო მასალა;

ბ)            მზაობის სადიაგნოსტიკო მასალა.

რამდენიმე პარაგრაფი თავის ფარგლებში

თავის ბოლოს:

ა) შეჯამება (მაგალითად, მოკლე თეორიული ამონაკრები, დასკვნები, ფორმულები, ახალი ტერმინები და ა.შ.);

ბ) დამატებითი სავარჯიშოების პაკეტი, რომელიც ფოკუსირებულია ესგ ინდიკატორებზე;

გ) ტესტის (არამხოლოდ დახურული ამოცანებით) ნიმუში მოსწავლეთა თვითშეფასებისთვის შეფასების კრიტერიუმებთან ან სქემასთან ერთად;

დ) სავარჯიშოები ცოდნაში ხარვეზების აღმოსაფხვრელად.

ტიპური პარაგრაფის სტრუქტურა

  1. მოსამზადებელი სავარჯიშოები (მაგალითად: სამოტივაციო, წინარე ცოდნის შესახსენებელი, აზროვნების ბიძგის მიმცემი, პარაგრაფში დასმული ამოცანების ქვეამოცანები და სხვა);
  2. თეორიული ტექსტი თანმხლები ამოცანებით და ამოხსნის ნიმუშებით, კონკრეტული მაგალითებითა და ილუსტრაციებით (იდეების გათვალსაჩინოების მიზნით);
  3. საბაზო/ძირითადი სავარჯიშოები:

ა)            ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ორი სახეობის დავალებები (გამააზრებელი – დამაკავშირებელი წინა ან სხვა ცოდნასთან – და ცოდნის განსამტკიცებელი);

ბ)            ცოდნის გამამდიდრებელი დავალებები (მაგალითად, განზოგადებების და კერძო შემთხვევების განხილვა);

გ) დავალებები ცოდნის გამოყენებაზე (მაგალითად, საყოფაცხოვრებო და საგანთაშორისი კავშირების ამსახველი ან შიდასაგნობრივი, რომელიც ცოდნის ტრანსფერს მოითხოვს).

  1. დამატებითი სავარჯიშოები:

ა)            ცოდნის განსამტკიცებელი დავალებები (მაგალითად: კომპლექსური ამოცანები, ძნელი ამოცანები);

ბ)            ცოდნის გამამდიდრებელი დავალებები (მაგალითად: კვლევაზე ორიენტირებული ამოცანები, თავსატეხები).

  1. წინა მასალის გასამეორებელი სავარჯიშოები (მაგალითად, ტიპური ამოცანები გაწაფულობის ხარისხის ასამაღლებლად).

შენიშვნა: თითოეული სახეობისთვის სახელმძღვანელოში მოცემულია ანალოგიური დავალებების წყვილები საკლასო და საშინაო დავალებებისათვის.

ამჟამად მოქმედ მოსწავლის სახელმძღვანელოებში წარმოდგენილია მასალის თემატური დაგეგმვა, ანუ საკითხები თანმიმდევრულად განიხილება ერთმანეთზე დაშენების პრინციპის შესაბამისად მათი შინაარსობრივი კავშირების და გართულება-გაძნელების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში კლასში მუშაობა მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე განსხვავებულ შედეგსა თუ ინდიკატორზე ესგ-დან, რომელთაგან დომინირებს რომელიმე ერთი-ორი, თუმცა ასეთი აქცენტირება არ გამორიცხავს საგრძნობ ძალისხმევას სხვა შედეგებისა თუ ინდიკატორების მიმართულებით.

თემატურ-შინაარსობრივ წინსვლას თან სდევს წინსვლა ესგ შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევის თვალსაზრისითაც. რადგან სახელმძღვანელოს სტრუქტურული ერთეულები (თავები და პარაგრაფები) სულაც არაა ფოკუსირებული რომელიმე ერთი შედეგის მიღწევაზე, ამიტომ ასეთი სტრუქტურული ერთეულის დასრულებისას, როგორც წესი, იშვიათად თუ სრულდება ესგ რომელიმე შედეგზე მუშაობა – უმრავლეს შემთხვევაში ხდება მხოლოდ პარალელური წინსვლა რამდენიმე შედეგის მიმართულებით, მიიღწევა მხოლოდ რამდენიმე, ე.წ. “საშუალედო შედეგი”, ანუ “ქვეშედეგი”, რომელიც ინდიკატორთა რომელიმე კრებულს წარმოადგენს.

შესაბამისად, მასწავლებელთა წინაშე ხშირად ისმის საკითხი შემაჯამებელი დავალებებისა და განმსაზღვრელი შეფასების შესახებ: რა უნდა შევამოწმო – რომელიმე შედეგის მიღწევა თუ თემატიკის “დაფარვა”? როგორც წესი, მასწავლებლები მეორეს ასრულებენ, რაც არც თუ მთლად თანხმობაშია ესგ კონცეფციასთან, მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასება კი შემაჯამებელი დავალებების საშულებით წლის განმავლობაში 10-ჯერ მაინცაა ჩასატარებელი. ამიტომ აქტუალურია საკითხი იმის შესახებ, თუ რის შეჯამება-შემოწმება ხდება ამ 10 შემთხვევაში: დასამახსოვრებელი ინფორმაციის, სასწავლო შინაარსის გააზრებული ათვისების თუ  საგნობრივი კომპეტენციების ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტისაც, როგორიცაა ესგ შედეგებსა და ინდიკატორებში ასახული უნარ-ჩვევები. შესაბამისად უნდა დაიგეგმოს შეკითხვების შერჩევაც ამ შემაჯამებელი დავალებისთვის და შეფასების სქემა/რუბრიკაც.

უკეთ რომ გავერკვეთ ამ საკითხში, კვლავ მივმართოთ მასწავლებლების პედაგოგიურ პრაქტიკას და მოქმედ სახელმძღვანელოებს. გარდა მოსწავლის სახელმძღვანელოსი, მასწავლებელი სარგებლობს მასწავლებლის სახელმძღვანელოთიც. ამ სახელმძღვანელოდან მისთვის ნათელი უნდა გახდეს, თუ რა ადგილი უკავია მის მიერ დასახულ სასწავლო მიზნებს სახელმძღვანელოს მიზანთა ან შედეგთა რუკაზე, სადაც წარმოდგენილია ესგ შედეგების მიღწევის “ტრაექტორია” სახელმძღვანელოს ავტორთა ჩანაფიქრის შესაბამისად.

შედეგთა რუკა არის ცხრილი, რომელიც წარმოგვიდგენს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა მიერ სტანდარტის შედეგების მიღწევის სქემას. გამართული მეთოდოლოგიური აპარატის მქონე სახელმძღვანელოში სტანდარტის რთული შედეგები, რომელთა მიღწევაც დროის და ენერგიის მნიშვნელოვან რესურსებს მოითხოვს, დაშლილია საშუალედო შედეგებად, ანუ ქვეშედეგებად, რომლებიც ასახავს ქვეამოცანების გადაჭრას სტანდარტის შედეგის მიღწევის გზაზე.

სასწავლო გეგმის ერთეულების თანმიმდევრულად გავლის კვალობაზე მოსწავლე წინ მიიწევს სტანდარტის შედეგების სრულად დაკმაყოფილების გზაზე (ქვემოთ იხ. საშუალედო შედეგების ცხრილის ფრაგმენტი, სადაც შედეგთა დანომვრაში პირველი არაბული ციფრი მიუთითებს საგნობრივი სტანდარტის მიმართულების ნომერს, მეორე არაბული ციფრი  – მოცემული მიმართულების ფარგლებში არსებული სტანდარტის შედეგის ნომერს, ხოლო რომაული ციფრი – მოცემული სტანდარტის შედეგის შესაბამისი საშუალედო შედეგის ნომერს. მიღწეული შედეგი აღნიშნულია “მსხვილი დახრილი შრიფტით” და სტრიქონში მარჯვნივ აღარ მოსდევს გაგრძელება).

თავი I თავი II თავი III თავი IV თავი V თავი VI
საშუალედო შედეგი 1.1.I

 

 

 

საშუალედო შედეგი 2.1.I

 

 

 

საშუალედო შედეგი 3.1.I

 

სტანდარტის  შედეგი 1.1

 

 

 

საშუალედო შედეგი 2.1.II

 

 

 

სტანდარტის  შედეგი 3.1

 

 

 

 

საშუალედო შედეგი 4.1.I

 

 

 

საშუალედო შედეგი 1.2.I

 

საშუალედო შედეგი 2.1.III

 

 

 

 

 

 

 

 

 

საშუალედო შედეგი 4.1.II

 

საშუალედო შედეგი 4.2.I

 

 

 

საშუალედო შედეგი 1.2.II

 

სტანდარტის  შედეგი 2.1

 

 

 

 

 

 

საშუალედო შედეგი 3.2.I

 

სტანდარტის  შედეგი 4.1

 

საშუალედო შედეგი 4.2.II

 

 

 

სტანდარტის  შედეგი 1.2

 

 

 

 

საშუალედო შედეგი 2.2.I

 

 

 

საშუალედო შედეგი 3.2.II

 

 

 

 

საშუალედო შედეგი 4.2.III

 

 

 

 

 

 

 

 

სტანდარტის  შედეგი 2.2

 

 

 

სტანდარტის  შედეგი 3.2

 

 

 

 

სტანდარტის  შედეგი 4.2

ახლა უკვე ნათელია, თუ რა უნდა შეამოწმონ მასწავლებლებმა ამა თუ იმ სასწავლო ერთეულის ბოლოს დაგეგმილი განმსაზღვრელი შეფასების დროს.

შეჯამებისთვის აღვნიშნავთ, რომ მასწავლებლის სახელმძღვანელოში მასწავლებელს საუკეთესო შემთხვევაში ასეთი სურათი წარმოუდგება (ქვემოთ იხ. სახელმძღვანელოთა პაკეტის კომპონენტების შესაბამისობის ამსახველი ცხრილი):

მასწ. წიგნის სტრუქტურული ერთეული მოსწ. წიგნის სტრუქტურული ერთეული მათემატიკური შინაარსი პედაგოგიური დანიშნულება
თავის ზოგადი მიმოხილვა. თავის შესავალი. პრობლემის დასმა; მათემატიკის ისტორიის ფრაგმენტი; პარადოქსები ან უჩვეულო ფაქტები (ინტერესის აღმძრავი) მონაცემები; საგანთაშორისი კავშირები და საყოფაცხოვრებო სიტუაციები. მიზნების განაცხადი და მოტივაცია.
მეთოდური რეკომენდაციები პარაგრაფისათვის (მოსწავლეთა მოსალოდნელი ტიპური შეცდომებისა და  მათი პრევენციის ხერხების, აგრეთვე განმავითარებელი შეფასებისთვის საჭირო აქტივობებისა და ინსტრუმენტების მითითების  ჩათვლით) პარაგრაფი ეროვნულ სასწავლო გეგმასა და საგნობრივ პროგრამაში (ესგ შედეგებსა და ინდიკატორებში) დაფიქსირებული მათემატიკური ცნებები, დებულებები, მეთოდები (ხერხები), პროცედურები ან მათ შორის მიმართებები ახალი მათემატიკური ცნებების, იდეების, ამოხსნის ხერხების, პროცედურების ან მათ შორის მიმართებების გაგება ან/და დაუფლება ან/და გამოყენება; მათემატიკური ცნებების, დებულებების, მეთოდების (ხერხების), პროცედურების ან მათ შორის მიმართებების ათვისება, უნარ-ჩვევების განვითარება და ოსტატობის ან/და გაწაფულობის ზრდა.
თავის შეჯამება (ესგ და საგნობრივი პროგრამის შედეგები და ინდიკატორები, რომლებზეც მიმდინარეობდა მუშაობა, საშუალედო შედეგები  და, მათ შორის ისინი, რომლებზეც დასრულდა მუშაობა). თავის შეჯამება და თვითშეფასება. მოკლე თეორიული ამონაკრები, დასკვნები, ფორმულები და სხვა; ტესტის ნიმუში ესგ ინდიკატორების ამსახველი დავალებებით;

თვითშეფასების კრიტერიუმთა ბადე;

პროექტები და ჯგუფური სამუშაოები.

რეფლექსია, ცოდნის დასისტემება და თვითშემოწმება, პროგრესის შეფასება.
დამატებითი სავარჯიშოები ამოხსნებით. დამატებითი სავარჯიშოები და გამეორება. საწვრთნელი სავარჯიშოები ძირითადი პროცედურების შესრულებაზე, უმარტივესი ამოცანები, ძიებითი ამოცანები შემოქმედებითობის მაღალი პოტენციალით, სახალისო და თავსატეხი ამოცანები განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეების სასწავლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საგანგებო ვითარებაში პედაგოგიურად მიზანშეწონილი მეთოდიკური მიდგომის განხორციელება (მაგალითად, საკორექციო მუშაობა შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად, აზროვნების სისხარტის განმავითარებელი ამოცანები, წვრთნა პროცედურების შესრულების ჩვევების განვითარებისთვის).
შემაჯამებელი დავალება (ტესტი, ე.წ. “საკონტროლო წერის” ჩატარებისთვის ან პროექტი ან ზეპირი გამოკითხვის “ბილეთები” და სხვა). განმსაზღვრელი შეფასება. ესგ მოთხოვნებისა და საგნობრივი პროგრამის შედეგებისა თუ ინდიკატორების ამსახველი ამოცანები პედაგოგიური მიზნების იერარქიის (ბლუმის ტაქსონომიის) პრინციპების მიხედვით. ესგ მოთხოვნებისა და საგნობრივი პროგრამის შედეგებისა თუ ინდიკატორების შესრულების შემოწმება, მოსწავლეთა კომპეტენციებისა და შესაძლებლობების გაზომვა, მიღწევების დონის დაფიქსირება.

სახელმძღვანელოების სტრუქტურის, მათი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციების, ესგ-ს შედეგებისა და ინდიკატორების, საგნობრივი პროგრამისა და მეთოდოლოგიური აპარატის ასეთი კომპლექსური გააზრება, ვიმედოვნებთ, დაეხმარება მასწავლებლებს სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვაში.

მიდიოდა ლომი ტყეში, ანუ ამბავი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობისა

0

ყველა პროფესიას ჰყავს გამორჩეული ხალხი, მამებს და დედებს რომ ვეძახით. იურისპრუდენციაში ჩემთვის გამორჩეულია ვალტერ ელინეკი, ვიღაცისთვის – უოლტერ ელინეკი ან ოლტერ ელინეკი. მოკლედ, სახელს მნიშვნელობა აქვს, რადგან მეორე ელინეკიც არსებობდა ამავე პროფესიაში, ისიც გამორჩეული. მისი სახელია გეორგი, ანუ გეორგ ელინეკი.

ჩვენ ახლა ვალტერ ელინეკი გვაინტერესებს. ამ ადამიანმა მეოცე საუკუნის დასაწყისში გამოსცა ნაშრომი: „კანონი, კანონის გამოყენება და მიზანშეწონილობა“. მისი ნააზრევი, ძირითადად, სახელმწიფო მმართველობას და ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობას ეხება.

ნაშრომის ერთ ნაწილში სახელმწიფო მმართველობის უკანონო ან კანონიერი გადაწყვეტილების საილუსტრაციოდ ელინეკს მოაქვს ლომზე ნადირობის მაგალითი. ეს ამბავი ასეთია:

ქალაქთან ახლოს, ტყეში ლომი გამოჩნდა. ლომის მოსაკლავად გზას გაუდგა ორი მონადირე, ანუ მათ მიზნად დაისახეს ლომის მოკვლა.

ლომის გამოჩენისთანავე ერთი მონადირე ისვრის ჰაერში. რას იტყვით? როგორ ფიქრობთ, სწორი გადაწყვეტილებაა? ცხადია, არასწორი გადაწყვეტილებაა. ჰაერში სროლით მონადირე მიზანს ვერ მიაღწევს. გამოყენებული საშუალება არასათანადოა.

ახლა შევცვალოთ ფაქტები და სხვა ვერსია განვიხილოთ: მონადირე გაისვრის, თუმცა ტყვია მოხვდება არა ლომს, არამედ მეორე მონადირეს. ამ შემთხვევაში მონადირე მიზნის საწინააღმდეგოდ მოქმედებს და მიზნის მიღწევა კიდევ უფრო საეჭვოა, ვიდრე პირველ შემთხვევაში. ეს შემთხვევა მიუთითებს განხორციელებული ქმედების საზიანო ხასიათზე.

კიდევ ერთი განსხვავებული ვერსია: მონადირე გაისვრის, ტყვია მოხვდება ლომს, თუმცა არ მოკლავს მას. ხედავთ? ლომის დაჭრა მიზნის ფარგლებშია, თუმცა სრულად ვერ აღწევს მიზანს. ამ შემთხვევაში გამოყენებული საშუალება არასაკმარისია. მონადირეს მიზნის მისაღწევად ცოტა მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა.

და ბოლო ვერსია: მონადირე მოკლავს ლომს, თუმცა ამით არ კმაყოფილდება და კიდევ ერთ ტყვიას ესვრის მას. იმედი მაქვს, აღშფოთდით. ეს შემთხვევა ძალის გადაჭარბებაზე მიუთითებს.

ეს მაგალითი მარტივად შეგვიძლია გადმოვიტანოთ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობაზე. რამდენი სახელმწიფო ორგანიზაცია გინახავთ, არამიზნობრივად რომ საქმიანობს? ან სხვას რომ უშლის ხელს საქმიანობაში, ან საკმარის ძალისხმევას რომ არ იჩენს მიზნის მისაღწევად? ძალის გადაჭარბების შემთხვევებიც არის, სამწუხაროდ. თუმცა, ეს ყველაფერი სახელმწიფო ორგანოების საქმიანობისთვის დამახასიათებელია. ადრეც ხდებოდა და მომავალშიც მოხდება. მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ, სად ვმუშაობთ, რა არის ამ ორგანიზაციის მიზანი და რის მიღწევას ვაპირებთ. ასეთ შემთხვევაში, შევამცირებთ არასწორი, არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღების რისკს.

საერთოდ, ცხოველის მოკვლის ამბავი არ მომწონს, მაგრამ სახელმწიფო ორგანოების უკანონო საქმიანობის საილუსტრაციოდ გამოდგება, თანაც გამოგონილია.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...