გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2017 წლის მეორე ნომერი, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.
ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :
ვრცლად
გამოვიდა ჟურნალ “მასწავლებლის” 2017 წლის მეორე ნომერი, რომელიც საქართველოს ყველა სკოლას და საგანმანათლებლო რესურსცენტრს საჩუქრად გადაეცემა.
ჟურნალის ამ ნომერში წაიკითხავთ :
ვრცლად
უკვე მეოთხე სასწავლო წელია ბავშვების მიერ დაარსებულ ,,მკითხველთა და კრიტიკოსთა“ კლუბს ვხელმძღვანელობ და ბევრი რამ მასწავლეს. თვითონაც ბევრი რამე და ვინმე აღმოაჩინეს. თავს ვიმშვიდებ,რომ რასაც ვაკეთებთ, აუცილებლად დარჩება მათ გონებასა და გულში, აისახება მათ სულზე, სამომავლო გეგმებზე, მიზნებსა და ოცნებებზე. და როცა განსაკუთრებით გაუჭირდებათ, ყველაზე მეტად დასჭირდებათ, სწორედ მაშინ წამოუტივტივდებათ გონებაში, რაზეც ერთად გვიფიქრია, გვისაუბრია, გვიკამათია ან რაც უბრალოდ ერთმანეთისთვის მოგვიყოლია.
ლიტერატურული სამყარო, მადლობა ღმერთს, ამოუწურავია! არც საფიქრალს გამოგილევს, არც სალაპარაკოს, არც აღმოსაჩენს. ამ უკიდეგანო გალაქტიკაში ზოგჯერ თვითონ გადაეყრებიან ხოლმე საოცარ პლანეტებს, ხანაც ჩემი დახმარება სჭირდებათ. არა აქვს მნიშვნელობა, რომელი გზით აღმოჩნდებიან პლანეტაზე, მთავარია, რომ იყვარებენ, სათავისოდ დაიგულებენ. და ახლა ყველას გვაქვს ჩვენ – ჩვენი პლანეტა.
ბავშვებს, ზოგადად, უყვართ აღმოჩენები და „აღმოსაჩენი“ მწერლებიც. ეს ის მწერლები არიან, რომელთა სახელები და გვარები არც საპროგრამო მასალაში დომინირებს და არც ბესტსელერების სიაში ქუხს, მაგრამ მაინც გენიალურები არიან და სიტყვა ,,აღმოსაჩენი“, რა თქმა უნდა, პირობითია. მათთან მისასვლელად ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ მასწავლებელი და მასწავლებელს სჭირდება სიფრთხილე, რომ ისე მიაწოდოს მათი ნაწარმოებები, ამ ავტორების განსაკუთრებულობამ არ დააფრთხოს და აღმოჩენის სიხარული არ გაუფერმკრთალდეთ…
ამ წერილში ჩვენს მხოლოდ ორ ქართველ ,,აღმოჩენაზე“ შევჩერდები. რატომ მაინცადამაინც ქართველი? მე მგონია, საფუძვლიანი მიზეზების გამო:
1) როგორც წესი, მოზარდები საზღვარგარეთელ ავტორებს უფრო ეტანებიან (უცხოს ხიბლი და არჩევანის მრავალფეროვნება ერთნაირად მოქმედებს) და ქართული ლიტერატურა, ძირითადად, რუსთაველი – აკაკი – ვაჟა – ილია ჰგონიათ.
2) ღრმად მწამს, რომ ჯერ მშობლიურ ტბაში უნდა ისწავლო ცურვა, რომ მერე სხვის ოკეანეში თამამად შეცურო.
იმდენად განსხვავებულია და განსაკუთრებულია ერლომ ახვლედიანი, ძალიან მეშინოდა, როგორ მიიღებდნენ მის ნაწარმოებებს. პირველად მისმა სახელმა მაშინ გაიჟღერა ჩვენს კლუბში, როცა ,,არასერიოზულ კაცს“ ვუყურეთ. სცენარი ერლომ ახვლედიანს ეკუთვნის.ძალიან მოეწონათ. მერე ამონარიდები წავუკითხე ერლომის შემოქმედებიდან, ინტერვიუებიდან და მის ჩანაწერებს მოვუსმინეთ. ამას ისიც დაემატა,რომ უყურეს ეპიზოდს მერაბ კოკოჩაშვილის ფილმიდან ,,ცხელი ზაფხულის სამი დღე“, სადაც ერლომის გმირს,რამაზს, შემოკრებილი ჰყავს ბავშვები და სახარებას უკითხავს…
ისეთი შთამბეჭდავი იყო ეს სცენა, თითქოს იჯდა ერლომი ჩვენს კლუბში და ჩვენ გვიკითხავდა…
,,- აი,ასე ვიკრიბებით ხოლმე და ვკითხულობთ.
– თვითონ ვერ წაიკითხავენ?
– მარტო კითხვაში ხომ არ არის საქმე?! ვფიქრობთ, ვმსჯელობთ, ვკამათობთ… რა ვიცი“.
აი, მერე კი წაიკითხეს მისი ,,შურიანი კაცის ამბავი“ და ,,ვანო და ნიკო“, რომ ველოდი, იმაზე მეტად მოეწონათ. ბევრი ფიქრი და კითხვა გაუჩნდათ, ბევრიც ვილაპარაკეთ.
არც აქ არ გავჩერებულვართ. სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე ერლომ ახვლედიანის სცენარით გადაღებული საინტერესო და სახალისო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,საერთო კედელი“( რეჟისორი ა.დარსაველიძე, დამდგმელი რეჟისორი შ. მანაგაძე).
ესეც მოეწონათ. ბევრი საფიქრალი მოგვცა. ამ ფილმით დასრულდა ,,ჩვენი აღმოჩენილი“ უცნაური კაცის ამბავი.
მეორე მწერალი, რომელიც აღმოვაჩინეთ, ჩვენი თანამედროვე, ძალიან საინტრესო ავტორი, კოტე ჯანდიერია. მე ეს მწერალი ძალიან მიყვარს და კიდევ უფრო შემიყვარდა, ლიტერატურულ ჟურნალ ,,არილში“ რომ დაიბეჭდა მისი მონოპიესა ,,ელექტრიკოსი“. აღვფრთოვანდი. მაშინვე გავუზიარე კლუბის წევრთაგან ყველაზე გამოცდილებს, იმათაც მოეწონათ. მაგრამ ამით არ დაგვიწყია მისი შემოქმედების გაცნობა. ჯერ ძალიან საინტერესო და დეტექტიური ხასიათის მოთხრობა წავიკითხეთ ,,განსხვავებული კალიბრის ვაზნა“. ისეთი დამაჯერებელია ავტორი, ძნელია, მხატვრულ გამონაგონად ჩაუთვალო,რასც წერს. ამასთან დაკავშირებით ერთ დროს ძალიან პოპულარული სერიალი ,,ცხელი ძაღლი“ გავიხსენეთ, რომლის სცენარის ავტორი სწორედ კოტე ჯანდიერია, ნუგზარ შატაიძესთან ერთად.
მწერლის ინტერვიუც წავიკითხეთ: „ … ვწერ ძალიან იშვიათად. მწერლობას არ განვიხილავ ჩემს პროფესიად და შემოსავლის წყაროდ. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ მწერალი არცა ვარ. ვწერ მხოლოდ მაშინ, როდესაც მე ეს მანიჭებს სიამოვნებას. ამიტომაც, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება კონტრაქტი დავდო რომელიმე გამომცემლობასთან და ვალდებულება ავიღო, რომ ამა და ამ ვადებში, ამა და ამ თემაზე დავწერ მოთხრობას, ნოველას ან რომანს. ცხადია, პროფესიონალი მწერალი ასე არ იქცევა.ლიტერატურასთან მე ჰედონისტური დამოკიდებულება მაქვს “.
,, კონკიას ღამეც“ წავიკითხეთ, მერე ,,გლობალიზაცია“ – გლობალური ფიქრის მორევში გვიკრა თავი. ისიც გავიგეთ, რომ სწორედ ამ ნაწარმოებით წარსდგა მწერალი ევროპელი მკითხველის წინაშე ბერლინის წიგნის ფესტივალზე.
მხოლოდ ამის შემდეგ მივადექით „არილს“ და „ ელექტრიკოსს“. ბავშვების ემოციებმა ჩემს მოლოდინს ისევ გადააჭარბა. მოეწონათ ნაწარმოების განსხვავებული სტილი, განსხვავებული თემა. აბა, ვინ ელოდება რიგითი ელექტრიკოსისაგან ამდენ ფიქრსა და საინტერესო ამბის მოსმენას?!
„ როცა სხვები გიყურებენ, იძულებული ხარ ითამაშო, ვიღაცის დაწერილი როლი მოირგო, საკუთარი თავი დაკარგო.
არა, კი არ დაკარგო – გადამალო!
მხოლოდ სიბნელეში ხარ დაცული სხვისი თვალებისაგან.
თვალები – სხვაზე ძალადობის იარაღია. განსაკუთრებით, როდესაც ეგ თვალები
სიბნელიდან გიყურებენ“.
ისე სევდიანად ყვება ტუსენკას, ციხეში შვილის ნახვაზე მეოცნებე და ამ ოცნებისაგან მუდამ თვალებაციმციმებული ქალის, ამბავს…
„ მერე კომკავშირული უჯრედის თამჯდომარემ, ლენა ლოგინოვამ, აცახცახებულ დედას ცივი სიძულვილით ჩახედა თვალებში და მიახალა: “Ну что, приехала, контра недобитая?! Жаль. что не расстреляли!”
კაცი კიბესთან მიდის და ჭერიდან ჩამოშვებულ სადენზე ჰკიდებს გიტარას.
კაცი:
ეს სიტყვები არ ითარგმნება. ეს ის კომკავშირული რუსულია, რომელიც არც ერთ სხვა ენაზე ასე დამაჯერებლად არ ჟღერს…
დიდი სოციალისტური ექსპერიმენტი, ადამიანთა ახალი ჯიშის გამოყვანის წარმატებული ნიმუში…
ჩვენ, ყველანი ამ ექსპერიმენტის პროდუქტი ვართ… ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად…“
მერე დადგმაც გვინდოდა, ვეღარ მოვახერხეთ. იქნებ მომავალში შევძლოთ.
მთავარია, „აღმოვაჩინეთ“.
ბოლო დროს სულ უფრო მეტი ყურადღება ექცევა ჯანსაღი და სწორი კვების საკითხებს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ბავშვებისა და მოზარდებისათვის. მათი საკვები უნდა შეიცავდეს ყველა იმ აუცილებელ კომპონენტს, რაც საჭიროა ჯანმრთელი ორგანიზმის ფორმირებისა და ზრდისათვის.
კვების კულტურის განვითარება, სწორ და ჯანსაღ კვებაზე წარმოდგენა, სასარგებლო უნარ-ჩვევებისა და საკუთარი ჯანმრთელობისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამ კუთხით სწორი ინფორმირება, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგთა პირდაპირი მოვალეობაა. ამასთან დაკავშირებით გთავაზობთ კლასგარეშე ღონისძიებას. იგი მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავებასა და ქიმიისადმი ინტერესის გაღვივებას შეუწყობს ხელს, რადგან აქ შერწყმულია თამაშის ტექნოლოგია და სასწავლო-კვლევითი სამუშაო. ღონისძიება, ორგანული ქიმიის შესწავლისას ახალი ცოდნის ათვისებისა და ახალი უნარ-ჩვევების ფორმირება-განვითარების პროცესს უფრო ინტენსიურს გახდის.
მოცემული კლასგარეშე ღონისძიება ქიმიაში ინტეგრირებული სახისაა და შემუშავებულია, როგორც თეატრალიზებული წარმოდგენა, სადაც გამოყენებულია აქტიური სწავლების ტექნოლოგიის მეთოდები, სადაც სასწავლო-კვლევით სამუშაოებში მოსწავლეებიც ერთვებიან. თამაშის მთავარი მიზანია, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრებისა და სწორი კვების უნარის გამომუშავება.
ამ დროს ისახება რამდენიმე ამოცანა: ა) საკვები პროდუქტების შედგენილობის, საკვების შემადგენელი ძირითადი კომპონენტების ნივთიერებათა აგებულებისა და თვისებების და მათი ათვისებისას ორგანიზმში მიმდინარე პროცესების შესწავლა. რაციონალური კვების ძირითადი პრინციპების განხილვა; ბ) მოსწავლეთა ხედვების გაფართოება; საგნებისადმი შემეცნებითი ინტერესისა და ერუდიციის გაღრმავება. საკუთარი აზრის სწრაფად და გარკვევით ფორმულირების, ლოგიკურად განსჯისა და განზოგადების, კვლევითი უნარების განვითარება. მიღებული ცოდნის პრაქტიკული გამოყენება; გ) პიროვნული თვისებების აღზრდა-განვითარება, როგორიცაა: საკუთარი თავის რწმენა, დაკისრებული საქმისადმი პასუხისმგებლობის გრძნობა, ჯგუფური მუშაობის ჩვევა, ურთიერთობები ინფორმაციის მიღების მიზნით, საკვანძო საკითხების განსაზღვრა, სხვებისათვის ინფორმაციის გადაცემა, სიტუაციისთვის შესაფერისი კითხვების დასმა, პრობლემის ანალიზი და მისი გადაჭრა, მოცემული ამოცანის პრეზენტაციის უნარი.
საჭირო ინვენტარი: ცხრილები, შტატივები, სინჯარები, დამჭერები, პიპეტები, ხილისა და კერძების მულიაჟები, პროდუქტები (ხილი, ბოსტნეული, ხორცი, კვერცხი, კარაქი, თევზი და ბურღულეული), თემატური პლაკატები, რეაქტივები ( NaOH, CuSO4, HNO3, KMnO4).
მოქმედება მიმდინარეობს იმპროვიზირებული „მრგვალი მაგიდის“ ირგვლივ, რომელსაც უსხედან – წამყვანი, ექიმი-დიეტოლოგი, ქიმიკოსი, ლაბორანტი, ტექნოლოგი და მზარეული.
ღონისძიების მსვლელობა:
წამყვანი: მოგესალმებით, ჩვენი საუბრის თემაა საკვები, რომელსაც ჩვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ბუნებაში არ არსებობს პროდუქტი, რომელიც ადამიანისათვის აუცილებელ ყველა ნივთიერებას შეიცავდეს (გამონაკლისი დედის რძეა და ისიც მხოლოდ ჩვილობის ასაკისთვისაა განსაზღვრული).
საკვები – მრავალკომპონენტიანი ქიმიური სისტემაა, რომელიც ორგანიზმის სასარგებლო, უსარგებლო და მავნე ნივთიერებებით მომარაგების წყაროს წარმოადგენს. ამიტომ ჩვენს ყოველდღიურ რაციონში, მხოლოდ განსხვავებულ პროდუქტთა სწორი კომბინაცია უზრუნველყოფს ორგანიზმს ისეთი აუცილებელი ნივთიერებებით, როგორიცაა ვიტამინები და მიკროელემენტები. მათი ათვისებისა და გადამუშავების პროცესი ბევრადაა დამოკიდებული კიდევ სხვა კომპონენტებზე, რომლებიც საკვების მრავალფეროვნების აუცილებლობაზე მეტყველებს.
იმისათვის, რომ რაციონალურად გამოვიყენოთ პროდუქტების სასარგებლო თვისებები, აუცილებელია მათი ქიმიური შედგენილობის, ტექნოლოგიური დამუშავების სპეციფიკის, რაციონის სწორად შედგენისა და ჯანმრთელობისათვის სასარგებლო რეჟიმის ცოდნა.
იმისათვის, რომ უკეთ გავერკვეთ სასარგებლო ნივთიერებების რა სახეობებს რომელი საკვები შეიცავს, მოვიწვიეთ ექიმი-დიეტოლოგი, ქიმიკოსი, კვების ტექნოლოგი, ლაბორანტი და მზარეული.
ექიმი-დიეტოლოგი: ადამიანი საკვებიდან იღებს, იმ აუცილებელ ნივთიერებებს, რომლებიც ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობისა და განვითარებისათვისაა საჭირო. ეს გახლავთ ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები. თითოეულ მათგანს ორგანიზმში თავისი ფუნქცია ეკისრება. ორგანიზმისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცილები, რომლებიც ორგანიზმის ძირითად შემადგენელ ნაწილს წარმოადგენენ. სწორედ ცილებთანაა დაკავშირებული მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების მუშაობა: ნივთიერებათა ცვლა, ზრდა-განვითარება, გამრავლების და აზროვნებითი უნარები.
ცილებისგან ფორმირდებიან ანტისხეულები, რომლებიც ორგანიზმს საშიში ვირუსებისგან იცავენ, ანუ ცილა ორგანიზმის ინფექციებისადმი წინააღმდეგობის გაწევას, მისი იმუნიტეტის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. ჩვენი ორგანიზმის საშენ მასალას, სწორედ ცილები წარმოადგენს, რადგან ცილოვანი სტრუქტურა ძირითადი შემადგენელი ნაწილია. ცილის ფასეულობას არა მისი რაოდენობა, არამედ ხარისხი წარმოადგენს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ცილები, რომელთა შემადგენლობაშიცაა ამინომჟავები, სწორედ მათ უწოდებენ სრულფასოვანს და ისინი შედის ცხოველური საკვების შემადგენლობაში, მაგალითად: ხორცში, თევზეულში, რძეში და რძის პროდუქტებში, კვერცხსა და ზღვის პროდუქტებში. მცენარეული ცილები ნაკლებად ღირებულია ორგანიზმისათვის. მათ არასრულფასოვან ცილებს უწოდებენ.
წამყვანი: ცილებთან მიმართებაში ხშირად ამბობენ, „რაც მეტი, მით უკეთესი“ – ეს პრინციპი მიუღებელია. ხორცეულის ჭარბი მიღებისას, ნაწლავებში მიმდინარეობს ლპობის პროცესი, რაც იწვევს ორგანიზმის ინტოქსიკაციას. ისტორიკოსთა გადმოცემით, შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში ერთგვარი სასჯელის ფორმა არსებობდა – სიკვდილმისჯილს მხოლოდ მოხარშული ხორცით კვებავდნენ, და ისინი 28-30 დღეში კვდებოდნენ, ანუ იმაზე ადრე, ვიდრე შიმშილობით კვდება ადამიანი. ახლა კი, მოწვეულ ქიმიკოსს და ლაბორანტს ვთხოვთ, ცდით დაგვიდასტურონ, რომ შემოთავაზებულ პროდუქტებში არის ცილები.
ქიმიკოსი და ლაბორანტი ატარებენ ცდას. საკვლევად აღებულია რძე, კვერცხი, ხაჭო, ქათმის ბულიონი, ხორცი და თხილი. ისინი ატარებენ რეაქციას ცილაზე, რეაქტივებად გამოყენებულია HNO3, Cu(OH)2.
ქიმიკოსი: ხარისხიან ფერად რეაქციებს ცილაზე წარმოადგენს: HNO3 ურთიერთქმედება, რომლის დროსაც ყვითელი ფერის ნალექს ვიღებთ და Cu(OH)2 ურთიერთქმედება, როდესაც ლურჯი ფერის ნალექია. ( შეგიძლიათ ჩაატაროთ ცდები „ხარისხის რეაქციები ცილაზე“).
ექიმი-დიეტოლოგი: ორგანიზმი უკეთ ითვისებს იმ ცილებს, რომლებიც თერმულად არის დამუშავებული. (მოსწავლეები ახდენენ ცდის დემონსტრირებას – პროცესები, რომლებიც ცილის თერმული დამუშავებისას მიმდინარეობს, მაგალითად, კვერცხის შეწვისას.) ტემპერატურაზე მიმდინარეობს ცილის დენატურაცია, ირღვევა ცილის მოლეკულის სამმაგი სტრუქტურა და ამ დროს იგი კარგავს თავის თვისებებს – ხდება გაუმჭვირვალე, წყალში უხსნადი და იძენს შედედების უნარს. ეს ყველაფერი კი აიოლებს მის ხელმისაწვდომობას, კუჭ-ნაწლავური ტრაქტის ფერმენტთა მოლეკულასთან, ამასთან გამოცალკევდება ნახშირწყლები და ხდება ფერმენტების ბლოკატორის ინაქტივაცია. მიუხედავად იმისა, რომ სხეულის 1/5 ცილისაგან შესდგება, ორგანიზმს უმნიშვნელო ცილოვანი რეზერვი გააჩნია. ამიტომ საჭიროა კვების რაციონში, ყოველდღიურად იქნეს ჩართული ცილის შემცველი კერძები. (მოსწავლეები პროდუქტის მულაჟების დემონსტრირებას ახდენენ). ცილის ენერგეტიკული დანიშნულება კი, არც ისე დიდია, ორგანიზმის მიერ გახარჯული ენერგიის მხოლოდ 12–14% მოდის ცილაზე. 1 გრამი ცილა, ორგანიზმს მხოლოდ 4 კკალ-ით ამარაგებს.
წამყვანი: რა წარმოადგენს ენერგეტიკულ მასალას ორგანიზმისათვის?- რა თქმა უნდა ცხიმები. მათი ფუნქცია ორგანიზმში ისეთივე მნიშვნელოვანი და მრავალფეროვანია, როგორც ცილებისა.
ყოველი გრამი ცხიმისა წვის შედეგად იძლევა 9,0 კილო კალორიას, რაც ორჯერ აღემატება ნახშირწყლებისა და ცილების ენერგეტიკულ ღირებულებას.
ქიმიკოსი: მაინც რა შედის ცხიმების შემადგენლობაში? ცხოველური ცხიმების შემადგენლობაში ძირითადად ნაჯერი მჟავები შედის, მცენარეულ ცხიმებში კი – უჯერი მჟავები. ამიტომ ცხოველური ცხიმები მყარი ნივთიერებებია, მცენარეული კი – ძირითადად თხევადი.
ზეთების კოლექციის დემონსტრირება: მოსწავლეები ახდენენ მცენარეული ზეთების და ცხოველური ცხიმების კოლექციის ჩვენებას და ატარებენ ცდას, მზესუმზირის ზეთში შემავალი მჟავების თვისებების დასადგენად.
ცდის მსვლელობა: სინჯარაში, რომელშიც მოთავსებულია კალიუმის პერმანგანატის ხსნარი, ამატებენ რამდენიმე წვეთ მზესუმზირის ზეთს. აკვირდებიან ხსნარის გაუფერულების პროცესს.
ექიმი: ორგანიზმისთვის მცენარეული ცხიმებით შევსების ძირითად წყაროს წარმოადგენენ მცენარეული ზეთები: თხილეული (53-65,6%), შვრიის (6,5%) და წიწიბურას (3,3%) ბურღულეული, ზეთები (99,9%). ცხიმების ნაკლებობა იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის რიგ დარღვევებს, იმუნიტეტის დაქვეითებას, თირკმლის ფუნქციის და მხედველობის დარღვევას, აისახება სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.
წამყვანი: ახლა ვისაუბროთ ნახშირწყლებზე. ცნობილია, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ ჩვენი საკვების ძირითად ნაწილსა და ენერგიის წყაროს. ნახშირწყლებზე მოდის დაახლოებით 56-58% ენერგიისა, რომელიც ორგანიზმს ესაჭიროება კუნთოვანი ქსოვილის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. მოთხოვნილება ნახშირწყლებზე განსაკუთრებით მაშინ იზრდება, როცა ადამიანი ინტენსიურ ფიზიკურ სამუშაოს ეწევა.
ექიმი: ბევრი პროდუქტი (გარდა ფრინველის და სხვა ხორცისა, თევზეულისა და ყველისა), ნახშირწყლებს შეიცავენ სახამებლის ან შაქრის სახით. შეეცადეთ უპირატესობა მიანიჭოთ იმ პროდუქტებს, რომელთა შემადგენლობაშიც ნახშირწყლები არა შაქრის, არამედ სახამებლის სახითაა. მოერიდეთ ტკბილეულს (კანფეტებს, კულინარიულ ნაწარმს, მურაბებს), მაგრამ უარი არ უთხრათ საკუთარ თავს ხილზე. გახსოვდეთ, რომ ჭარბი ტკბილეული, გარდა სხვა მრავალი მავნებლობისა, აზიანებს კბილებს.
მოსწავლეები ახდენენ ცდის დემონსტრირებას სახამებლის და გლუკოზის შემცველობაზე. ცდისათვის კარტოფილზე, პურსა და ყურძენზე აწვეთებენ იოდს.
წამყვანი: რა ვიცით ვიტამინების შესახებ? შეგახსენებთ, რომ სიტყვა „ვიტა“ ლათინურად „სიცოცხლეს“ ნიშნავს. ვიტამინები გარკვეული დოზით ყველა ჩვენგანს სჭირდება ჯანმრთელობისათვის.
ექიმი: თუკი ორგანიზმი ვერ იღებს ვიტამინების საჭირო რაოდენობას, მაშინ შეფერხებულია მისი ზრდა-განვითარება, სუსტდება იმუნიტეტი, ინფექციებისადმი და ნერვიული სტრესებისადმი წინააღმდეგობის უნარი იკლებს. ასევე იზრდება დერმატოლოგიური დაავადებების ალბათობა, სუსტდება ძვლები და კბილები, იწვევს სისხლნაკლებობას, ანუ ანემიას და თმის ცვენას.
დავალება პირველ ჯგუფს: დაასახელეთ რომელი ვიტამინები იცით და რომელი პროდუქტები შეიცავენ მათ? (პლაკატების დემონსტრირება, ვიტმინები; A,D,B,E,C,K)
წამყვანი: ჯანმრთელობისათვის ადამიანის ორგანიზმს ასევე ესაჭიროება განსხვავებული მინერალები.
დავალება მეორე ჯგუფს: დაასახელეთ მინერალური ნივთიერებები და პროდუქტები, რომლებიც მათ შეიცავენ.(პლაკატების დემონსტრირება).
წამყვანი ატარებს ვიქტორინას. მონაწილეებს უსვამს კითხვებს, რაზეც ჯგუფები პასუხობენ. გამარჯვებულია ჯგუფი, რომელსაც მეტი სწორი პასუხი აქვს.
ექიმი: კვებასთან დაკავშირებით, უმნიშვნელოვანესია კვების ჰიგიენა, რომელიც შეისწავლის ადამიანის სრულფასოვანი და სწორი კვების საკითხებს. კვების ჰიგიენის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, ჯერ კიდევ 26 საუკუნის წინ, თავად ჰიპოკრატე საუბრობდა ამაზე. „ჰიგიენა“ ბერძნული სიტყვაა და „ჯანმრთელობას“ ნიშნავს, ამგვარად ტერმინი „კვების ჰიგიენა“ განსაზღვრავს ისეთ კვებას, რომელიც მაქსიმალური სარგებლობის მომტანია ადამიანის ორგანიზმისათვის, მისი ასაკის, სქესის, საქმიანობის, ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვის და საცხოვრებელი ადგილის კლიმატური პირობების გათვალისწინებით. კვების ჰიგიენის წესების თანახმად, პირველ რიგში საყურადღებოა ის საკვები პროდუქტები, რომელთაც ადამიანი მოიხმარს, ასევე მათი მომზადებისა და შენახვის წესები. არასწორი შენახვისას ყველა პროდუქტი ადრე თუ გვიან ფუჭდება. ასეთი პროდუქტის გამოყენებისას კი ადამიანი შეგნებულად უქმნის საფრთხეს საკუთარ ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. კვების ჰიგიენის წესების უგულვებელყოფა იწვევს კვებით მოწამლვას, ინფექციურ დაავადებებსა და სხვა გართულებებს. ამიტომ საკვებად გამოყენების წინ აუცილებელია: გულდასმით გაირეცხოს პროდუქტები, ყურადღება მივაქციოთ ვარგისიანობის ვადას და თუ პროდუქტი ვადაგასულია გადავაგდოთ. ხორცპროდუქტები საკვებად გამოყენების წინ თერმულად კარგად უნდა დამუშავდეს. სამზარეულოში მკაცრად უნდა იყოს დაცული სისუფთავის ნორმები, ჭამის წინ აუცილებელია ხელების კარგად დაბანა და დაუშვებელია ხელით ჭამა, საჭმელი გულდასმით უნდა დაიღეჭოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მომნელებელი სისტემას პრობლემები ექმნება, რაც გამოიწვევს ნაწლავებისა და კუჭის ფუნქციონალურ დარღვევებს. ასევე მნიშვნელოვანია საკვების სწორად მიღება, მაგალითად: ტრაპეზი უმჯობესია დავიწყოთ იმ პროდუქტით ან კერძით, რომელიც მეტად წვნიანია, ბოლოს კი მივიღოთ ნაკლებწვნიანი ან მშრალი კერძი. ჭამის დროს არაა რეკომენდებული წყლის მიყოლება, რადგან სითხე კუჭ-ნაწლავური ტრაქტიდან გამორეცხავს სასარგებლო ფერმენტებს, რომლებიც საკვების გადამუშავებასა და მონელებას უწყობენ ხელს.
ცდა#1. რძის პასტერიზაციის ხარისხის განსაზღვრა.
პასტერიზაცია ითვალისწინებს პათოგენური მიკრობების განადგურებას, რომლებიც რძის ხარისხს აფუჭებენ, მაგრამ ამ პროცესში არ უნდა შემცირდეს მასში ცილის შემცველობა.
მიღებულ ნიმუშს დაამატეთ რამდენიმე წვეთი კონცენტრირებული აზოტმჟავა. გააცხელეთ. ყვითელი შეფერილობა მეტყველებს, ცილაში არომატული რგოლების არსებობაზე (ქსანტოპროტეინული რეაქცია).
ცდა#2. დავადგინოთ ახალია თუ არა რძე.
3 მილილიტრ 1% ფენოლის ხსნარს დავამატოთ ამდენივე 1%-იანი სამვალენტიანი რკინის ქლორიდის ხსნარი, აღვნიშნოთ იისფერი შეფერილობა დაუმატოთ 3 მლ. რძე.
გასაღები: ამჟავებული რძე იძლევა მოყვითალო-მომწვანო შეფერილობას.
დაადგინეთ განსხვავებული ნიმუშების სიახლის ხარისხი და ფალსიფიკაციის მიზეზები.
ცდა#3. არაჟანში მინარევების განსზღვრა.
ქიმიურ ჭიქაში ჩავასხათ 10 მლ. ადუღებული წყალი და მასში მოვათავსოთ ერთი კოვზი არაჟანი. გასაღები: მინარევების არსებობის შემთხვევაში (ხაჭო, კეფირი ან სახამებელი), ცხიმი ამოტივტივდება, კაზეინი კი დაილექება.
ცნობილია, რომ სუფთა სახით არაჟანი არ იძლევა ნალექს, განსაზღვრეთ ნიმუშების ფალსიფიკაციის სავარაუდო მიზეზები.
ცდა#4. ხორცის ხარისხის განსაზღვრა (რამდენად ახალია ის?).
გასაღები: თუ ხორცი ახალია, მისი ნახარში გამჭვირვალეა, ნაკლებად ახალი ხორცის ბულიონი მღვრიე ხდება, ხოლო ძველისა კი ჟელესებურია და ნალექიანი.
განსაზღვრეთ სინჯის ფალსიფიკაციის დონე, შეადარეთ რამდენიმე ნიმუში, დაადგინეთ განსხვავებული შედეგების მიზეზი.
ცდა#5. მოცემულ პროდუქტებში განსაზღვრეთ ცილის შემცველობა.
გასაღები: იმ სინჯარაში, სადაც ცილის შემცველობაა, ხსნარი ყვითელ შეფერილობას მიიღებს.
მზარეული: კვება მრავალფეროვანი უნდა იყოს. ადამიანის დღიური რაციონი უნდა შეიცავდეს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების აუცილებელ რაოდენობას, ასევე მინერალებსა და ვიტამინებს. აფთიაქში შესაძლებელია დავამზადოთ საკვები მასა, რომელშიც ზუსტად იქნება დაცული ყველა აუცილებელი ნორმა და მის შემადგენლობაში ადამიანის ორგანიზმისათვის აუცილებელი ყველა კომპონენტი იქნება. თუმცა ეს არ იქნება ჯანმრთელი საკვები, რადგან უგემური გამოვა და ვერ უზრუნველყოფს საჭირო რაოდენობით ნერწყვის გამოყოფას. შესაბამისად, ორგანიზმისთვის ცუდად შეთვისებადი იქნება. მენიუს შედგენისას უნდა გვახსოვდეს რაციონალური კვების მთავარი პრინციპი – კვებისას უნდა დავიცვათ ზომიერება. საკვებიდან მიღებული ენერგია უნდა შეესაბამებოდეს გაცემული ენერგიის რაოდენობას. საკვები ნივთიერებებისადმი მოთხოვნილება იცვლება: სქესის, ასაკის, წონის, სიმაღლის, ადამიანის საქმიანობისა და საცხოვრებელი კლიმატური პირობების თავისებურებების მიხედვით. მოზარდი გაცილებით მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. ეს აიხსნება მათი ორგანიზმის განვითარების თავისებურებებით – ზრდისა და კუთოვანი ქსოვილის აქტივობით.
საქმიანობიდან და დატვირთვიდან გამომდინარე, კოლეჯის სტუდენტებისათვის დღიური კალორიების ნორმა შეადგენს დაახლოებით 3000 – 3200 კკალ.-ს. მოზარდების დღიური კვების რაციონში, ძირითადი პროდუქტების კალორაჟი პროცენტებში ასეთი უნდა იყოს:
კვების რეჟიმი 1-საუზმე 2-საუზმე სადილი ვახშამი
ოთხჯერადი 20%; 15% ; 45%; 20%.
ჯგუფის მონაწილეები ასრულებენ შემდეგ დავალებას.
დავალება: შეადგინეთ დღიური კვების რაციონი 14-16 წლის მოზარდთათვის.
გამოთვლის შედეგები, შევიტანოთ ცხრილში.
გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები, ოპტიმალურ კვებით რაციონზე, საკვები ნივთიერებების მოხმარების დღიური ნორმების დაცვაზე:
ანგარიშის ფორმა:
| კვების რაჟიმი | პროდუქტის დასახელება | მასა(გ) | მოცემულ პროდუქტში სასარგებლო ნივთიერებების შემცველობა (გ) | კალორიულობა (კკალ) | ||
| ცილები | ცხიმები | ნახშირწყლები | ||||
| 1 საუზმე | ||||||
| 2 საუზმე | ||||||
| სადილი | ||||||
| ვახშამი | ||||||
საჭირო მასალები: საკვები პროდუქტების ქიმიური შემადგენლობისა და მათი კალორიულობის ცხრილები.
ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დღიური ნორმები ბავშვისა და მოზარდის საკვებში.
დღიური ენერგეტიკული მოთხოვნილება.
| ასაკი | ცილები(გ) | ცხიმები(გ) | ნახშირწყლები(გ) |
| 3-4 | 50-60 | 60-70 | 150-200 |
| 5-7 | 65-70 | 75-80 | 250-300 |
| 8-11 | 75-95 | 80-95 | 350-400 |
| 12-14 | 90-110 | 90-110 | 400-500 |
| 15-16 | 100-120 | 90-110 | 450-500 |
ბავშვებსა და მოზარდებში დღიური ენერგეტიკული მოთხოვნილება(კკალ),ასაკის მიხედვით.
| ასაკი | რაოდენობა სხეულის საშუალო მასაზე გათვლით |
| 3-4 | 1603-1804 |
| 5-7 | 1804-2305 |
| 8-11 | 2355-2906 |
| 12-14 | 2806-3307 |
| 15-16 | 3207-3508 |
წამყვანი: მოსახლეობის დიდი ნაწილი დაუდევრად ექცევა საკუთარ ჯანმრთელობას. დროის უკმარისობა, კვების კულტურის საკითხებში არაკომპეტენტურობა, თანამედროვე ცხოვრების რითმი – ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ არ ხდება საკვები პროდუქტების სათანადოდ შერჩევა. სწორი და ჯანსაღი კვება უზრუნველყოფს ჰარმონიულ ფიზიკურ და ფსიქო-ნერვოლოგიურ განვითარებას, აძლიერებს იმუნიტეტს და გარემოს მავნე ზეგავლენისადმი ორგანიზმის მედეგობას.
ჩვენს კვებაზეა დამოკიდებული, როგორ ვრძნობთ თავს, როგორ გამოვიყურებით და ისიც კი – როგორ ვაზროვნებთ.
მეცნიერებას კვების შესახებ ნუტრიციოლოგია ეწოდება. ადამიანის ბიოლოგიური მოთხოვნილებები ევოლუციის პროცესში იცვლებოდა. დღეისათვის შეგვიძლია გამოვყოთ, ცივილიზებული ადამიანისათვის შემდეგი არასახარბიელო ცვლილებები კვების სტრუქტურაში, ეს თანამედროვე ტენდენციები ასე გამოიყურება:
მადლობას მოგახსენებთ ყველას მონაწილეობისათვის. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა თქვენს ხელთაა, სწორი და ჯანსაღი კვება კი ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია.
წყარო:
ორივე შემთხვევაში თითქმის ერთნაირი სურათია: დიქტატორი, რომელიც სულ ახლახან ქვეყანას აზანზარებდა, ცოცხალი აღარ არის. ეს, როგორც საქმეში ჩახედული ექსპერტები იტყვიან ხოლმე, ზედაპირული ვიზუალური დათვალიერებითაც დასტურდება. ერთ შემთხვევაში ამაზე მეტყველებს პომპეზური სამგლოვიარო ნიშნები და მოვლენების ლოგიკური ჯაჭვი, მეორეგან – თვითონ დიქტატორის გვამი. მაშინ რა არის დაუჯერებელი? რატომ უჭირს ადამიანს (მით უმეტეს ისეთ ადამიანს, ვინც ამ დიქტატორის მსხვერპლია) ირწმუნოს სიმართლე და სიხარულით თუ არა, შვებით მაინც შეხვდეს მტრის განადგურებას? იქნებ ისაა მიზეზი, რომ სისხლიანი რეჟიმის წინაშე დაუცველისა და განწირულის გონება ურყევ, უცვლელ მოცემულობას სანდო წყაროდ ვერ იღებს, ვერ იაზრებს ერთი შეხედვით მარტივ ჭეშმარიტებას.
შეიძლება დიქტატორი მოკვდეს – შეიძლება კი არა, ერთხელაც ყველა დიქტატორი კვდება – მაგრამ თუ დიქტატორის ძლევამოსილი ხატი გონებაში დარჩა, ის მხოლოდ ფორმალურადაა გვამი, რადგან კვლავაც (და ალბათ უფრო მეტი ძალისხმევითაც კი) განაგრძობს ხალხზე ზემოქმედებას, ახალ-ახალი თაობების დათრგუნვასა და დამონებას.
ასე იყო აქამდე, ასეა ახლაც. ისინი ყველა გზით ცდილობენ ჩვენს გონებაში შემოძრომას და იქ დამკვიდრებას. ცოცხლები, და უფრო მეტად – მკვდრები. ნივთიერად ძალაუფლებადაკარგულები ყველაფერს იყენებენ ამისთვის – სათავისოდ მოქცეულ ისტორიას, ძალაუფლებაზე შეყვარებულ კაცებს, კონტექსტს, სადაც წესრიგის სახელით თავისუფლების შეზღუდვა/წართმევა გამართლებულია.
„მეგრელთა საქმეს“ გადარჩენილმა სევერიან ებრალიძემ კიდევ სამი ათეული წელი იცოცხლა (გარდაიცვალა 1982 წელს, ზუგდიდში) და იმ დრამატული, საბედისწერო ეპიზოდის გახსენებისას, შინაურებთან იტყოდა ხოლმე, – ციხის ჯალათების აუტანელ წამებას ისე არ უმოქმედია ჩემზე, როგორც იქ, მატარებელში მომხდარ ამბავსო; ლიოსას რომანის პერსონაჟი – გენერალი პუპო რომანი ტრუხილიოს დაკრძალვის ცერემონიაზევე დააპატიმრეს, დიდხანს აწამებდნენ, მაგრამ მას უკვე დაემარცხებინა „პირუტყვული შიში“, თავის უმოქმედობასა და ამ მიზეზით ციხეებში ჩაყრილი დომინიკელების გამო პასუხისმგებლობაც აეღო და სიკვდილსაც ღირსეულად ელოდა: „გენერალი ხოსე რენე რომანი ბედნიერი შეეგება ტყვიების უკანასკნელ ჯერს.“
დედაჩემის აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც საბავშვო ბაღის მასწავლებელმა, აგარაკზე ყოფნის დროს, თმა შემიმოკლა. დედამ ხმაურიანი სკანდალი ორი მიზეზით მოაწყო – მე მის დაუკითხავად შემჭრეს თმა და თანაც, მას ძალიან არ უნდოდა „ბიჭურად გახოტრილი“ შვილი ვყოლოდი. მაშინ სხეულის სიგამხდრითაც ბიჭს ვგავდი და როგორც ამბობდნენ, ხასიათიც „ბიჭური“ მქონდა. სხვა ბავშვებივით საჯაროდ არასოდეს ვქვითინებდი, დეიდაშვილი ბიჭების გამონაცვალ კომბინიზონებს მშვენივრად ვიხდენდი და ეზოს სიახლოვეს ყველა ბინძური კუთხე-კუნჭულიც გატაცებით მქონდა შესწავლილი. დედა შფოთავდა. მას უნდოდა მაქმანებიანი გოგო ვყოფილიყავი და მეც არ ვეწინააღმდეგებოდი. უბრალოდ, ყველა სათამაშო, ყვითელთმიანი თოჯინა იქნებოდა ეს თუ პულტიანი მანქანა, ჩემთვის მხოლოდ თამაშის ინსტრუმენტს წარმოადგენდა და ერთნაირად მაინტრიგებდა, უპირატესობის გარეშე.
გენდერულ სტერეოტიპებს ბავშვებს ჩვილობიდანვე ვუნერგავთ და შემდგომ მათ გავლენიან სოციალურ ინსტიტუციაში – სკოლაში ვამყარებთ. ჩვენ ყველანი ვემორჩილებით საზოგადოებაში დაწერილ ქცევის ნორმებს და მათ დაცვას ბავშვებსაც ვთხოვთ. მცირე ასაკის გამო, ბავშვები ის ადამიანები ხდებიან, რომლებიც იოლად ექცევიან გავლენების ქვეშ. უფროსები კი, ნებით თუ უნებლიეთ, საკმაოდ ხშირად ვუქმნით ფსიქოლოგიურ ზეწოლასთან, მათ შორის, გენდერულ ზეწოლასთან გათანაბრებულ სიტუაციებს.
ყოველწლიურად ათობით არასამთავრობო ორგანიზაცია და სახელმწიფო სტრუქტურა გენდერის რაობასა და სიახლეებზე მსუყე ინფორმაციას გვაწვდის. მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც რჩება ქვეყნად, სადაც პატარა ბიჭებს ჩასჩიჩინებენ, რომ გოგოებივით ტირილი სამარცხვინოა, პატარა გოგოებს კი შთააგონებენ, რომ ლეგოთი თამაში მათი საქმე არ არის. გენდერული სტერეოტიპები ცვლიან ბავშვთა აზროვნებას და შედეგად ვიღებთ თაობას, რომელიც ისევე ემორჩილება იმ დაუწერელ ნორმებს, რომელსაც ოდესღაც ჩვენ დავემორჩილეთ.
ამ ყველაფერისთვის გვერდის აქცევა არცთუ იოლი ამბავია, მაგრამ ყველაფერი მინიმალურიდან იწყება, მაგალითად, საკუთარი მეტყველების გაკონტროლებიდან, რასაც მშობელიც მარტივად მოახერხებს და სკოლის მასწავლებელიც. ჩვენ შეგვიძლია უარვყოთ გენდერულ სტერეოტიპების გამამყარებელი ყოველდღიური ფრაზები.
„ნუ ჩხუბობ, შენ ხომ გოგო ხარ!“ – ეს ფრაზა ხშირად გვესმის სკოლაში, ქუჩაში, პარკებში, სახლში. არადა, ჩხუბი არ არის ქცევის განსაკუთრებული ფორმა. ჩხუბი შეუძლია ბიჭსაც და გოგოსაც, ქალსაც და მამაკაცსაც. ბავშვს უნდა განემარტოს არა ის, რომ ჩხუბი მხოლოდ ბიჭისთვის დამახასიათებელი ქმედებაა, მისთვის ბუნებრივი ქცევა, არამედ, ის რომ, საზოგადოდ, ცუდია. ფიზიკური აგრესია ტაბუ უნდა იყოს ნებისმიერი სქესის ბავშვისთვის.
„შენ ხომ გოგო ხარ, არ შეიძლება ასეთი ფეთხუმი იყო“, – კიდევ ერთი გავრცელებული ფრაზა, რომლის ტირაჟირებასაც დაუფიქრებლად ვახდენთ. იმისათვის, რომ აკურატული და მოწესრიგებული იყო, არ არის აუცილებელი გოგოობა. მოსწავლე ბიჭისა და მოსწავლე გოგოს გენეტიკურ კოდში არსად არის მითითებული ის, რომ გოგოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს უფრო კარგი კალიგრაფია, ვიდრე ბიჭს; მის სასკოლო ზურგჩანთაში წიგნები უფრო ლამაზად უნდა ეწყოს, ვიდრე ბიჭის ჩანთაში. ეს არის აბსურდული სტერეოტიპი, რომელსაც ჩვენ ბავშვებს თავად ვახვევთ თავს.
„თმას იმიტომ გქაჩავს, რომ მოსწონხარ!“ – ასე ვამშვიდებთ გოგონებს, რომლებზეც ბიჭები არცთუ უწყინრად ძალადობენ. თმის ქაჩვას ხშირად თან სდევს წამორტყმა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ხელის კვრა და სხვ. რატომ ვარწმუნებთ ბავშვ გოგოს, რომ ეს მან უნდა აიტანოს მხოლოდ იმიტომ, რომ ბიჭის ქცევას სიმპათია განაპირობებს?.. მოზრდილების მხრიდან სიტუაციის ამგვარი შეფასება ძალადობის კულტურის ფარული პროპაგანდაა და სხვა არაფერი. გოგონას აქვს უფლება ჰქონდეს პირადი სივრცე და მისი შელახვა სიმპათიის ეგიდით, რბილად რომ ვთქვათ, არანორმალურია. მით უფრო თუ ბიჭის აგრესიული ქცევა აშკარა დისკომფორტს უქმნის გოგონას და ის წუხს ამაზე.
„ეს გოგო როგორ დამშვენებულა, ბიჭი კი დავაჟკაცებულა“ – რამდენად კარგია საჯაროდ, სკოლაში თუ ქუჩაში, ამაზე ხაზგასმით მითითება? ამით ჩვენ ვამბობთ, რომ გოგონა უნდა იყოს ჰაეროვანი, ნაზი, ლამაზი, ბიჭი – ძლიერი, მამაცი. ის ბავშვი, რომელიც ამ ნორმაში ვერ ჯდება, იოლად შიძლება იქცეს დაცინვის ობიექტად, მაგალითად, ჭარბწონიანი გოგონა ან გრძელთმიანი, ჭრელპულოვერიანი ბიჭი.
უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვების გარეგნობა, მათი გემოვნება, მსოფლმხედველობა ბევრჯერ შეიცვლება, ტრანსფორმირდება მათი შინაგანი სამყარო, ანდა რომც არ შეიცვალოს, ნუთუ არ უნდა მივიღოთ ისეთებად, როგორებიც არიან, თავიანთი წილი მშვენიერებით?.. ამიტომ ხაზის გასმა მხოლოდ, ე.წ. „გარეგნულ ღირსებებზე“, სხვა ბავშვების თანდასწრებით, არცერთ შემთხვევაში არ ღირს.
„ბიჭმა კარგად უნდა ისწავლოს, გოგო უნდა გათხოვდეს და პატრონს ჩაბარდეს“ – ამ მოარული ფრაზის აფიშირება ნამდვილი დანაშაულია. ჯერ ერთი, განათლება ერთნაირად ხელმისაწვდომია ყველა ბავშვისთვის, სქესის მიუხედავად. ასევე, ოჯახის შექმნის მომენტი ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც ბიჭისთვის, ისე გოგოსთვის. ბავშვების თანდასწრებით იმაზე საუბარი, ვისთვის რა უფრო საჭიროა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, ბავშვების დაპროგრამებას უდრის. ხომ შეიძლება რომელიმე ადამიანს არც მოუნდეს ოჯახის შექმნა, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ შეძლოს სხვა ადამიანებზე პასუხისმგებლობის აღება ან არ ისურვოს სწავლის გაგრძელება და თავისი ცხოვრებას სხვა მიმართულება მისცეს?..
გენდერული სტერეოტიპების თავსმოხვევით არ ვუტოვებთ ბავშვებს არჩევნის საშუალებას. ჩვენ დაუკვირვებლად ვისვრით ფრაზებს, რომლებიც ბავშვებისთვის მათი მომავლის განმსაზღვრელი შეიძლება იყოს.
„ნუ ჯდები ცივ ქვაზე, შვილები არ გეყოლება“, – როგორც წესი, ამ რეპლიკით გოგოებს მივმართავთ. თუმცა მცირე ასაკის ბავშვისთვის ეს რეპლიკა არაფრის მთქმელია, ბავშვს რეპროდუქციის არაფერი გაეგება. გარდა ამისა, ცივ ქვაზე ჯდომით გამოწვეული ანთებითი პროცესი არანაკლებ მავნებელია ბიჭისთვის და ნებისმიერი ზრდასრულისთვის. ამ რეპლიკით გოგონებს მივუთითებთ, რომ მათი პიროვნება ნაკლებად მნიშვნელოვანია და გაცილებით მნიშვნელოვანია შობადობაზე პასუხისმგებელი ორგანიზმის გარკვეული ფუნქცია. ეს იგივეა, რომ მწეველ გოგოებს ვუთხრათ: „შენ არასოდეს გეყოლება შვილი“, თითქოსდა მოწევა მხოლოდ გოგოების ჯანმრთელობისთვის იყოს მავნებელი.
„სახლობანა ითამაშეთ, შენ (გოგო) – საჭმელი გააკეთე, შენ (ბიჭი) სამსახურში წადი“ – მშობლის ეს მოწოდება ამყარებს სტერეოტიპს, რომლის თანახმად ქალი ვალდებულია იყოს დიასახლისი.
ახლა გაიხსენეთ, როგორ დიდხანს ვარჩევთ გოგოებისთვის სათამაშო ჭურჭელს, ბიჭებისთვის კი ბურთებს. არადა, არაფერი დაშავდება, თუ ხანდახან მაინც ჩავრთავთ ბიჭებს ნამცხვრის ცხობის პროცესში, გოგოებს კი ლურსმნის მიჭედებას ვასწავლით.
როგორი უნდა იყოს ოჯახის მოდელი, ბავშვის ცნობიერებაში მცირე ასაკიდან ყალიბდება. ქალისა და მამაკაცის როლებს ბავშვი საკუთარი მშობლების მაგალითით საზღვრავს, რაც სარკისებურად აისახება მის თამაშში. ამიტომ როდესაც ბავშვებს სახლობანას თამაშისკენ მოვუწოდებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ კარს მიღმა 21-ე საუკუნეა და ქალი და მამაკაცი მხოლოდ ანატომიურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ცივილიზებულ სამყაროში ქალი დიდი ხანია გამოვიდა „ოჯახის ბურჯის“ და „კარგი დედის“ სტატუსიდან. ბევრ საზოგადოებრივ სფეროში ქალები და მამაკაცები თანაბრად გადანაწილდნენ, თანასწორად მონაწილეობენ პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრების ასპარეზზე. გენდერული თანასწორობა კი ადამიანის უფლებათა განუყოფელი ნაწილია.
„სახლობანას“ თამაშში მამაკაცისა და ქალის როლების განაწილება გაამყარებს გენდერული სტერეოტიპს თუ ბავშვებს ვაჩვენებთ, რომ ქალის ადგილი სახლშია, ის უნდა იყოს დამთმობი და მას არ შეუძლია უხელმძღვანელოს დიდ საქმეს.
დააკვირდით თქვენს შვილებს. თამაშში არ უნდა ჩანდეს, რომ ქალის მოვალეობა მხოლოდ შვილებსა და საკვებ-სისუფთავეზე ზრუნვაა. ასევე, თამაშში არ უნდა ჩანდეს, რომ მამა აგრესიულია, რომ მხოლოდ ის იღებს გადაწყვეტლებას, არის დედაზე უფრო შემოქმედებითი.
პატრიარქალური ჩარჩოებიდან გაღწევა, სტერეოტიპების გარღვევა ყოფით წვრილმანებზე დაკვირვებით იწყება და პარლამენტში წარმოდგენილი ქალების პროცენტული მაჩვენებლით მთავრდება. ჩვენი შვილები – ქალები იქნებიან თუ მამაკაცები, ერთნაირად უნდა მონაწილეობდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამაზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ქვეყნის განვითარების წარმატება. ასე რომ, ნუ ეტყვით ბავშვებს „გოგო ხარ და იმიტომ“, „ბიჭი ხარ და იმიტომ“.
გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა (შემოკლებით – გის-ი (GIS)) განკუთვნილია სივრცითი მონაცემებისა და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის (გის-ში წარმოდგენილი ობიექტების შესახებ) შეგროვების, შენახვის, ანალიზისა და გრაფიკული ვიზუალიზაციისთვის. სხვა სიტყვებით, ეს ის ინსტრუმენტებია, რომლებიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს მოძებნოს, გააანალიზოს და მოახდინოს ციფრული ბარათების, აგრეთვე ობიექტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის (მაგალითად, შენობის სიმაღლის, მისამართის, მობინადრეთა რაოდენობის) რედაქტირება.
გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები დედამიწაზე არსებული ობიექტების და მასზე მიმდინარე მოვლენების გაანალიზების კომპიუტერულ საშუალებას წარმოადგენს. გის–ტექნოლოგიები მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებულ ჩვეულებრივ ოპერაციებს, როგორებიცაა ძიება და სტატისტიკური ანალიზი, გეოგრაფიული რუკის ისეთ უნიკალური უპირატესობებთან აერთიანებენ, როგორიცაა, მაგალითად, ვიზულიზაცია და სხვა. ეს შესაძლებლობები გის-ს ყველა სხვა საინფორმაციო სისტემებისგან განასხვავებს და კერძო და საჯარო ორგანიზაციების ფართო სპექტრისთვის სასარგებლოს ხდის. მისი გამოყენება შეიძლება მოვლენების ახსნისას, შედეგების პროგნოზირებისას და სტრატეგიების დაგეგმვისას.
კარტოგრაფია და გეოგრაფიული ანალიზი საიხლეს არ წარმოადგენს, მაგრამ გის-ი ამ ამოცანებს უკეთესად და უფრო სწრაფად ახორციელებს, ვიდრე სხვა, მანუალური მეთოდები. მის შექმნამდე გადაწყვეტილებების მიღებასა და პრობლემების გადაწყვეტაში გეოგრაფიული ინფორმაციის გამოსაყენებლად აუცილებელი უნარები მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ადამიანებს ჰქონდათ.
დღესდღეობით გის-ი მრავალმილიარდდოლარიანი ინდუსტრიაა, რომელშიც მთელი მსოფლიოდან ათასობით ადამიანია დასაქმებული. გის-ს ასწავლიან სკოლებში, კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში. პროფესიონალები ყველა სფეროში სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, რომ გეოგრაფიული მიდგომებით აზროვნება და მოქმედება უფრო ხელსაყრელია. მაგალითად, ვეძებთ ახალი ოფისის ჩასადგმელ ადგილს, ბანანის პალმების გასაზრდელად საუკეთესო ნიადაგს თუ სასწრაფო დახმარების მანქანის ოპტიმალურ მარშრუტს, აუცილებლად გვიწევს გეოგრაფიული კომპონენტის გათვალისწინება. გის-ი რუკების შექმნის, ინფორმაციის ინტეგრირების, სხვადასხვა სცენარის ვიზუალიზაციის, კომპლექსური პრობლემების გადაჭრის, ახალი იდეების წარდგენისა და ეფექტური გადაწყვეტილებების პოვნის ისეთ შესაძლებლობებს მოგცემთ, როგორიც მანამდე არასოდეს გქონიათ. გის-ს იყენებენ როგორც ინდივიდები, ისე ორგანიზაციები, სკოლები, მთავრობები და საწარმოები, რომლებსაც პრობლემების გადაჭრის ინოვაციური გზების პოვნა სჭირდებათ.
გის-ი ინფორმაციას მსოფლიოს შესახებ თემატური ფენების კოლექცის სახით ინახავს. ამ ფენების ერთმანეთთან დაკავშირება გეოგრაფიის მეშვეობით არის შესაძლებელი. ამ მარტივმა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანმა კონცეფციამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ გის-ი შეუცვლელია მრავალი რეალური პრობლემის გადაჭრისას, ავტომანქანების მოძრაობისთვის თვალყურის დევნება იქნება ეს თუ დაგეგმარების დეტალების სათანადოდ დაფიქსირება ან გლობალური ატმოსფერული ცირკულაციების მოდელირება.
ნებისმიერი გეოგრაფიული ინფორმაცია შეიცავს კონკრეტულ გეოგრაფიულ მონაცემებს (მაგალითად, განედი და გრძედი ან კოორდინატთა სისტემა) ან უფრო ზოგად მითითებებს, როგორებიცაა მისამართი, საფოსტო ინდექსი, აღწერის რაიონის სახელი, ტყის ადგილმდებარეობა ან გზის დასახელება. ავტომატური პროცესი, რომელსაც გეოკოდირება ეწოდება, ზოგადი გეოგრაფიული მონაცემებიდან (მაგალითად, მისამართი) კონკრეტული გეოგრაფიული მონაცემების (მრავალი ადგილისთვის) გამოყვანის შესაძლებლობას გვაძლევს. ეს საშუალებას გვაძლევს, დავადგინოთ ტყის ან საწარმოს ან თუნდაც რაიმე მოვლენის (მაგალითად, მიწისძვრის) ზუსტი მდებარეობა დედამიწის ზედაპირზე, მერე კი გავააანალიზოთ ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია.
გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები გეოგრაფიული მოდელების ორ ფუნდამენტურად განსხვავებულ ტიპს იყენებენ: ვექტორულ და რასტრულ მოდელებს. ვექტორულ მოდელში ინფორმაცია წერტილების, ხაზებისა და პოლიგონების შესახებ X და Y კოორდინატების სახით ინახება. წერტილოვანი ობიექტის (მაგალითად, ჭაბურღილის) ადგილმდებარეობის განსაზღვრა ასეთი კოორდინატების ერთი წყვილის მეშვეობით არის შესაძლებელი. ხაზობრივი ობიექტების (მაგალითად, გზებისა და მდინარეების) განსაზღვრა შესაძლებელია წერტილოვანი კოორდინატების ნაკრების მეშვეობით. პოლიგონური ობიექტები, მაგალითად რეალიზაციის არეალები, შეიძლება ასეთი კოორდინატების მარყუჟების მეშვეობით განისაზღვროს. ვექტორულ მოდელს განსაკუთრებული წარმატებით იყენებენ უცვლელი ობიექტების განსაზღვრისას. მაგრამ ცვლადი ობიექტების (მაგალითად, ნიადაგის ტიპის ან საავადმყოფოში მკურნალობის ფასების) განსაზღვრისას მისი გამოყენება შეზღუდულია. ასეთი დროში ცვალებადი ობიექტების განსაზღვრისას რასტრული მოდელი გამოიყენება. რასტრული გამოსახულება ქსელური უჯრედების ნაკრებია და ძალიან ჰგავს დასკანერებულ რუკას ან ნახატს.
გეოგრაფიული მონაცემების შენახვის როგორც ვექტორულ, ისე რასტრულ მოდელებს თავისი უპირატესობები და ნაკლოვანებები აქვს. თანამედროვე გის-ები ორივე მოდელს წარმატებით იყენებს.
გის-ი გამოიყენება კარტოგრაფიაში, გეოლოგიაში, მეტეოროლოგიაში, მიწათმოწყობაში, ეკოლოგიაში, მუნიციპალურ მართვაში, ტრანსპორტში, ეკონომიკაში, თავდაცვაში, ბიზნესში.
გის-ი საშუალებას იძლევა, ნებისმიერი ტიპის საქმიანი ინფორმაცია მისი ადგილმდებარეობის მიხედვით ვმართოთ. შეგვიძლია, განვსაზღვროთ მომხმარებლების ადგილსამყოფელი, ოფისების ადგილმდებარეობა, დავგეგმოთ სამარკეტინგო კამპანიები, მოვახდინოთ გაყიდვების ტერიტორიების ოპტიმიზაცია და საცალო ვაჭრობის სქემების მოდელირება. გის-ი მოგვცემს დამატებით უპირატესობას, რომელიც დაგვეხმარება, ჩვენი ფირმა წარმატებულ და კონკურენტუნარიან საწარმოდ ვაქციოთ. გის-ი მონაცემების უკეთესად გაგებისა და შეფასების საშუალებას მოგცემთ, რადგან მისი მეშვეობით თქვენს მონაცემთა ბაზაში დაცულ ინფორმაციას გრაფიკულ ფორმატში გამოსახავთ. გის-ის მეშვეობით სიმბოლოების, ფერების ან მონაცემთა ბაზაში დაცული მონაცემების მნიშვნელობათა შეცვლის შედეგად თქვენი ფირმის შესახებ არსებულ გეოგრაფიულ ინფორმაციასაც შეცვლით.
გის-ი ქალაქების, რაიონების ან სულაც მთავრობების მიწათსარგებლობის საჭიროებათა ვიზუალიზაციისა და დაგეგმარებისთვის გამოიყენება. მას სოფლის მეურნეობის არაერთ დარგში იყენებენ. მისი მეშვეობით შესაძლებელია სხვადასხვა კულტურის მოსავლის მართვა, კულტურების როტაციის მეთოდიკის მონიტორინგი და ცალკეული ფერმებისთვის ან მთელი სასოფლო-სამეურნეო რეგიონებისთვი ნიადაგების გამოფიტვის წინასწარმეტყველება.
ადგილობრივი მთავრობები გის-ს ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად იყენებენ. ხშირად ერთი უწყების ან დეპარტამენტის მიერ შეგროვებული და გამოყენებული მონაცემები სხვებისთვისაც ხელმისაწვდომი და სასარგებლოა.
გის-ი შეიძლება რისკების მართვასა და შეფასებაში დაგვეხმაროს, რადგან გვიჩვენებს, რომელი რეგიონები შეიძლება დაზარალდნენ ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების შედეგად. ამის განსაზღვრის შემდეგ მოვლენათა სხვადასხვა სავარაუდო განვითარებისთვის შესაძლებელია პრევენციული ზომების დაგეგმვა. სამხედრო ანალიტიკოსები და კარტოგრაფები გის-ს ფართოდ იყენებენ, მაგალითად, საბაზისო რუკების შესაქმნელად, დისლოკაციების შესაფასებლად და ტაქტიკური გადაწყვეტილებების მისაღებად.
გის-ი მთელ მსოფლიოში აქტიურად გამოიყენება ახალი ობიექტებისთვის ადგილმდებარეობის შესარჩევად ან უკვე არსებული ობიექტებისთვის ალტერნატიული ადგილმდებარეობის მოსაძებნად. მას ასევე იყენებენ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვასა და ლოჯისტიკური პრობლემების მოგვარებაში. გის-ი სასარგებლოა როგორც სარკინიგზო სისტემის ან საავტომობილო გზების მდგომარეობის მონიტორინგის განსახორციელებლად, ასევე საქონლის ან მომსახურების მიწოდებისთვის საუკეთესო მარშრუტების განსასაზღვრად.
გის-ის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქცია რუკების შედგენაა. სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ფართოდ იყენებენ მას, რათა სხვებისთვის უფრო გასაგები გახადონ გეოგრაფიული მონაცემები. გის-ში რუკის შესაქმნელად არ არის აუცილებელი, გამოცდილი კარტოგრაფი იყოთ.
გის-ი დიდად გვეხმარება გარემოს დაცვაში. თუ პროფესიონალი ეკოლოგი ხართ, გის-ი შეგიძლიათ გამოიყენოთ რუკების შესაქმნელად, სახეობათა ინვენტარიზაციის განსახორციელებლად, გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად ან დამაბინძურებლების კვალის მისაგნებად. ჩვენს დროში ტყეების მართვა სულ უფრო რთული და კომპლექსური ამოცანა ხდება. გის-ის დახმარებით მეტყევეებს შეუძლიათ ადვილად დაინახონ ტყე როგორც ერთიანი ეკოსისტემა და მისი პასუხისმგებლობით მართვა უზრუნველყონ. გის-ის გარემოსდაცვითი მიზნებით გამოყენების მაგალითების ჩამოთვლა უსასრულოდ შეიძლება.
გის-ს ასევე ფართოდ იყენებენ გეოლოგები ყოველდღიურ საქმიანობაში, კერძოდ, გეოლოგიური მახასიათებლების შესასწავლად, ნიადაგებისა და გეოლოგიური შრეების გასაანალიზებლად, სეისმური ინფორმაციის შესაფასებლად ან გეოგრაფიულ თავისებურებათა სამგანზომილებიანი მოდელების შესაქმნელად. გის-ის გამოყენება ასევე შესაძლებელია სადრენაჟო სისტემების შესასწავლად, გრუნტის წყლების შესაფასებლად, წყალგამყოფების ვიზუალიზაცისთვის და სხვა ჰიდროლოგიური მიზნებისათვის. გაზისა და ელექტროკომპანიები გის-ს ყოველდღიურად იყენებენ რუკების შესადგენად და სისტემების ინვენტარიზაციის ჩასატარებლად, ტექნიკური უზრუნველყოფის აღსარიცხავად, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დასადგენად, დისტრიბუციის ანალიზის მოდელირებისას, ტრანსფორმატორების განლაგებისა და კრედიტების ანალიზისთვის.
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მასწავლებლებო და მშობლებო, ცოტა ხნის წინ მოგიყევით ჩემს პირად გამოცდილებაზე, როგორ ვემზადებით პირველი კლასისთვის, როგორ შევარჩიეთ სკოლა და რა წინასასკოლო აქტივობები დავგეგმეთ, რომ მომავალი სასწავლო წელი ჩემი პატარა პირველკლასელისთვის მაქსიმალურად სასიამოვნო და სასარგებლო იყო.
ამ წერილში ფსიქოლოგის რჩევებსაც მოგაშველებთ. ყველასთვის აქტუალურ წინასასკოლო მომზადების პროცესზე ნეიროფსიქოლოგს, ნეიროგანვითარების ცენტრის ქცევითი თერაპიის სერვისის ხელმძღვანელს, ილიასა და ივავე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტების ლექტორს, ნინო ოქროსაშვილს ვკითხე, შემდეგ მისი რეკომენდაციები შევკრიბე, ერთად ჩამოვაყალიბე და ახლა მინდა, თქვენ გაგიზიაროთ.
მშობლისა და ფსიქოლოგ-თერაპევტის მოსაზრებები ბევრგან გადაიკვეთა, რაც, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ნებისმიერი თერაპია, ნებისმიერი ახალი ნაბიჯი და მოვლენა, ნებისმიერი სასიკეთო ცვლილება მშობლის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია და ბევრი იდეა, რომელიც პრაქტიკული გამოცდილებით ჩნდება, წარმატებული შედეგის გარანტიაა.
მაშ, ასე, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, როგორ მოვამზადოთ აუტისტური სპექტრისა და აუტიზმის მქონე ბავშვი სკოლისთვის.
როგორ უნდა იყოს აღჭურვილი სკოლა, რა უნდა იცოდნენ მასწავლებელმა და მშობელმა, როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი სკოლისთვის, როგორ ვარჩევთ სკოლას, რა პროცედურებია გასავლელი და ა.შ.
პირველ რიგში, რასაკვირველია, მთავარი როლი მასწავლებელს ენიჭება, სწორედ მან უნდა დაგეგმოს თავისი სტრატეგია, გაესაუბროს მშობლებს, ფსიქოლოგს, გააგებინოს დანარჩენ მოსწავლეებს აუტიზმის შესახებ. სწორედ მასწავლებლის სურვილით, საჭიროების შემთხვევაში მულტიდიციპლინური ჯგუფი აფასებს მოსწავლეს, სასწავლო გეგმას არგებს მის საჭიროებებს, ქმნის ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას და სვამს დამხმარე თერაპევტის საჭიროების საკითხს. თუმცა, შესაძლოა, სწორედ მულტიდიციპლინური ჯგუფი დაეხმაროს მშობლებს კონკრეტული სკოლის მოძებნაში.
სასურველია მომავალი მოსწავლე სასკოლო მზაობის ტესტითაც შეფასდეს. „სასკოლო მზაობის ტესტი“ არის კვლევა, რომელიც ძალიან სასარგებლო იქნება მოსწავლისათვის, რადგანაც გამოაჩენს სამუშაო სტრატეგიის ინდივიდუალურ თვალსაჩინოებებს.
ის, რომ მასწავლებლის როლი ამ პროცესში უმთავრესია, არავისთვის არაა ახალი. სწორედ მან უნდა შეარჩიოს სწორი მეთოდები იმისათვის, რომ მოსწავლის მოტივაცია გაზარდოს, დააკვირდეს მის უნარებს და ძლიერი მხარეების საშუალებით სცადოს მოსწავლეს კლასთან ურთიერთობა გაუმარტივოს. აუცილებელია მშობელმა მასწავლებლებს წინასწარ გააცნოს ბავშვის მოთხოვნების რეპერტუარი, როგორი ფორმით ითხოვს ყურადღებას, პასუხს ანდაც ტუალეტში თუ წყლის დასალევად გასვლას.
არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის გათვალისწინებაც საჭიროა. აუტისტური სპექტრის ბავშვმა შესაძლოა ვერ მოახერხოს რიგის დაცვა, თხოვნის გარეშე წამოიძახოს პასუხი, გაუჭირდეს სურვილების გადავადება, მოთმინების გრძნობამ უმტყუნოს. აქ საჭიროა ბალანსი, რასაკვირველია, კლასში მოქცევის გარკვეული წესები მასაც უნდა ეხებოდეს, თუმცა ფრთხილად უნდა მოვიქცეთ, რომ არ ჩავახშოთ მისი ინიციატივა, რომლის გამოვლენაც მან დიდი ბარიერის გადალახვის შემდეგ გაბედა.
თუ მოსწავლეს ხმაურის ეშინია, საწყის ეტაპზე შეიძლება ყურსასმენებიც გამოვიყენოთ, რომელსაც ზარის დარეკვის წინ მოვარგებთ, ან წინასწარ გავაფრთხილოთ, რომ ახლა ზარი დარეკავს, თუ ხალხმრავლობა აწუხებს, კლასში ყოფნას თანდათან უნდა შევაჩვიოთ.
მშობელს შეუძლია წინასწარ იმუშაოს ბავშვთან მსხვილი და ნატიფი მოტორიკის განვითარებაზე, ყურადღების კონცენტრაციაზე, მაგალითად, შეგვიძლია ბავშვს ვთხოვოთ ორი მოქმედების ერთად შესრულება – ვთქვათ, იმღეროს რომელიმე მელოდია და ამავდროულად, რიტმულად დაუკრას დოლზე, ან იმღეროს და იმავდროულად გააფერადოს. როდესაც ორი მოქმედების სინქრონიზებას შეძლებს, შემდეგ მესამეც შეგიძლიათ დაუმატოთ.
მოდით, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, წინასასკოლო მომზადებისა და ორგანიზების რა საფეხურებს გადის ბავშვის მშობელი : სასურველია გქონდეთ ბავშვის ახალი შეფასება და ახალდასმული დიაგნოზი. არჩევთ სკოლას, რეგისტრირდებით, მიდიხართ განათლების სამინისტროში და ითხოვთ თქვენი შვილის უნარების შეფასებას მულტიდიციპლინური ჯგუფის მიერ. მულტიდიციპლინური ჯგუფი ფსიქოლოგსა და მასწავლებელთან ერთად გეგმავს სასწავლო პროცესს, ადგენს ინდივიდუალურ სასწავლო გეგმას, განსაზღვრავს სპეცპედაგოგის საჭიროებას. მოსწავლეს ამზადებთ სკოლისთვის, წინასწარ ანახებთ იმ სივრცეს, სადაც უნდა ისწავლოს, გააცნობთ მასწავლებელს და სკოლის ფსიქოლოგს.
ძალიან მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ თქვენ, მშობელი, ამ რგოლის უმთავრესი წევრი ხართ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ჩართულობის, მონიტორინგის, ყურადღების გარეშე არაფერი გამოვა, როგორც არ უნდა გაგიმართლოთ სკოლასა და მასწავლებელში.
წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ!