შაბათი, სექტემბერი 13, 2025
13 სექტემბერი, შაბათი, 2025

 ჩემი ალუდა ქეთელაური

0

„და მომაგოს მე უფალმან სიმართლისა ჩემისაებრ“ _ ივედრებოდა მეფსალმუნე დავითი. ადამიანი თავისი სიმართლით შეჰყურებს სამყაროს, ოღონდაც მისი ამგვარი მზერის განმაპირობებელი მრავალი რამაა, მათ შორის, უპირველესად, მისი აზროვნება, გარემო, წარსული, ტრადიცია.

ადამიანი ცდილობს ღვთის სამართალს შეუსაბამოს თავისი სჯული, მაგრამ ხშირად ცდება და ერთმანეთში ერევა ჭეშმარიტი და მცდარი. იმავდროულად, თვით წუთისოფელს აქვს თავისი სამართალი, რომელიც ხანდახან არ ეთანხმება ღვთისას. ადამიანმა გზა რომ გაიკვლიოს ჟეშმარიტებისაკენ, ამისთვის მან ის ერთადერთი და შეუმცდარი არჩევანი უნდა გააკეთოს, რომელსაც სიყვარული ჰქვია. სწორედ ასეთ არჩევანს აკეთებს ალუდა ქეთელაური.

  ვაჟა-ფშაველა სამყაროს ადამიანის სულის მოხილვის გზით შეიმეცნებდა. ღვთის ხატად შექმნილი არსების შინაგანი უხილავი უფსკრულების ჭვრეტა იყო მისი მწერლობის უმთავრესი საგანი. „ალუდა ქეთელაური“ კი ის პოემაა, რომელშიც დიდებულად წარმოჩნდა ვაჟა-ფშაველას ცოდნა და გამოცდილება, როგორც წუთისოფლის განგებულებისა, ასევე ადამიანის სულისა, იმ ფარული ჭიდილისა, რომელიც გამუდმებით ხდება სულში კეთილსა და ბოროტს, ანგელოზსა და ეშმაკს შორის.

„მტრის ჯავრის ედგას ლოგინი,

მტრის ჯავრი საბნად ჰფარავდეს“ („კაი ყმა“).

მტერი არ არის მხოლოდ ის, ვინც მამულს ეცილება ადამიანს  ხმლითა თუ სიტყვით. მტერი, უპირველესად, ეშმაკია, რომელიც გამუდმებით ებრძვის კაცს და ღვთისგან განდრეკს, მადლს აშორებს. სულხან-საბა მტერს განმარტავს, როგორც ავის მდომს. თუ ფიქრის მდინარებას მივყვებით, თვალწინ წარმოგვიდგება  კაცი მარტოდმარტო მთელი სამყაროს წინაშე. წუთისოფელი (ევა, მაცდუნებელი) ათასგვარი ხერხით ემტერება ადამიანს და არჩევანისას ეჭვებით გესლავს. სწორედ ამ დროს გამოჩნდება კაი ყმა _ აირჩევს კეთილს (ხშირად დამცირებულის, ნაკლულევანის ნიღბითა თუ საბურველით) თუ ბოროტს (ხშირად, ერთი შეხედვით, უხინჯოსა და ბრწყინვალეს). რაც უფრო მეტად განიწმინდება ადამიანი, მით უფრო მძაფრდება ბრძოლა სინათლესა და სიბნელეს შორის.

ვაჟას აზრით, მტერზე (რომელიც ხანდახან საკუთარი სხეული, სურვილი და გულია) ფიქრი გამუდმებით თან უნდა სდევდეს კარგ ყმას, რადგან მხოლოდ მასზე გამარჯვებით თუ შეიგრძნობს ადამიანი კაცად ყოფნის ღირსებას. Nნამდვილი ცხოვრება ხომ წინააღმდეგობის, მოძრაობის გარეშე წარმოუდგენელია („ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“).

ალუდა ქეთელაური მტერზე მრავალგზის გამარჯვებული კაცია. „მარჯვენეების ჯღრდე“ მოწმობს მის ფიზიკურ სიძლიერესა და სიმამაცეს, ხოლო „დავლათიანობა“, „საფიხვნოს თავში ჯდომა“, „გზიანი სიტყვა“ _ სულიერ ღირსებას. მტერთა სიმრავლე კი აერთებს მის სულიერ-ფიზიკურ ძლიერებას და ერთ მთლიანობაში წარმოგვიდგენს კაცს, რომელსაც უნარი აქვს საუკეთესო არჩევნის გაკეთებისა, საკუთარი თავის გადალახვისა თუ საზოგადოების მიერ აღიარებულ შეხედულებებთან დაპირისპირებისა.

პოემაში ჩვენ თვალწინ ხდება ურთულესი შინაგანი ჭიდილი. ვაჟა-ფშაველა ხატავს, თუ როგორ იბადება ადამიანში სრულყოფილება, როგორ განიწმინდება სინათლე სიბნელისაგან, როგორ თავისუფლდება მადლი და როგორ იწყებს ნათებას ადამიანის სული, ფერნაცვალები, სამოთხისეული, სიყვარულით გასხივოსნებული.

ალუდა ქეთელაურის პიროვნება დაიძლევა მისივე შინაგანი ადამიანით, იმით, რაც სრულყოფილი ხატებაა და მსგავსება ღვთისა _ ხდება ერთგვარი განწმენდა, ამაღლება. ღვთის ხელი აქ უხილავად მოქმედებს, იგი თვით სიყვარულია, რომელიც ცხოვრების ჭაობიდან ამოიყვანს ალუდას მისივე ჯერ გაუცნობიერებელი, შემდეგ კი გაცნობიერებულ-გააზრებული სურვილით და იმ სიმაღლეზე აიყვანს, სადაც ღვთის სასუფეველი თვით მისსავე გულში ცხადად და გამჭვირვალედ განიცდება, როგორც ამბობს უფალი: „ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“, ან „სასუფეველი ღმრთისაი გულთა შინა თქუენთა არს“ („მათეს სახარება“).

ვაჟას მწერლური ოსტატობა სწორედ ასეთი რთული და ღრმა სულიერი მოძრაობების დახატვისას წარმოჩნდება. ალუდა ქეთელაური კაი ყმაა პოემის დასაწყისშიც და ბოლოშიც, ოღონდ, დასაწყისში მიწაზე დგას, ბოლოში კი ზეცაზეა _ მიწისა და ხორცის მთლიანი დამძლევია და, ამგვარად, თავისუფალი, ბედის გამგებელი და არა მორჩილი, ცხოვრებისთვის რქების მომგრეხი და არა წელში მოხრილი.

 პოემაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ერთ შემთხვევას, კერძოდ, მუცალთან შეყრა-შებრძოლებას, რომელიც ალუდას პიროვნების „შერყევას“ იწვევს.  საინტერესოა, რომ პოემაში ეპიზოდურად გამოჩენილი და მალევე მოკლული მუცალი მთელი პოემის ძლიერი შინაგანი მუხტია და ხერხემალი. თითქოს იგი ალუდასთვის შეწირული მსხვერპლია, ერთგვარი ტარიგია, რომელმაც ალუდაში გააღვიძა რაღაც ძლიერი და შთამბეჭდავი.

ალუდას სულიერი შეძვრა გამოიწვია არა მხოლოდ მუცალის ვაჟკაცურმა წინააღმდეგობამ, არა სიკვდილთან მისმა შეურიგებლობამ („ფერს არა ჰკარგავს მგლისასა“), არამედ ალუდასთვის იარაღის ჩუქებამ. თავისი მკვლელი მუცალმა თავის მოყვარედ აქცია, მან თავისი სიცოცხლე, ვაჟკაცობა, ენერგია _ თავისი არსების სიმბოლური ხატება _ იარაღი ალუდას გადასცა. ამით თავის ვაჟკაცობას სიცოცხლე შეუნარჩუნა, მარადიულობა მიანიჭა. ვაჟკაცობა არ უნდა მოკვდეს, ის უნდა გადავიდეს ჭურჭლიდან ჭურჭელში (როგორც ღვთაებრივი სუბსტანცია), რათა ადამიანმა ადამიანობა არ დაკარგოს. ალუდას სახით მან სწორედ ასეთი ღირსეული მეტოქე, შესაფერისი ჭურჭელი დაინახა, რომელსაც უნდა ეტარებინა მისი იარაღი. ალუდას ზნეობრივად ამაღლებულ შემდგომ საქციელს (მარჯვენა არ მოსჭრა, ქალივით ატირდა, აცხონა, იარაღი არ აართვა და სხვა) სწორედ მუცალის უჩვეულო ქცევამ მისცა დასაბამი. მან ისეთი რამ „გაკეთა“, რასაც უნდა შემეტოქევებოდა ალუდა, თუ მართლა ვაჟკაცი იყო. იგი უფრო ღირსეულად უნდა მოქცეულიყო და „მოწინაარმდეგისთვის“ გადაემეტებინა. მუცალი არ შეცდა. ალუდამ მას, მართალია, იარაღი არ აართვა, არ მიიღო ძვირფასი საჩუქარი (აქ უკვე მნიშვნელობა არ ჰქონდა იარაღს, როგორც მატერიალურ ფასეულობას), მან მიიღო მუცალის სულიერება და თავის არსებაში ააღორძინა, არ ჩააქრო, აღაგზნო და მსხვერპლად სახელი, ქონება და სამკვიდრო შესწირა (იგი ხომ მოიკვეთა და გაიწირა სოფლისაგან).

ჯერ მუცალმა დასძლია რჯულისა და მტრობის ძლიერი ზღუდე და ადამიანობა აღიარა უპირველეს დასაფასებლად. მისი საჩუქარი იყო სიყვარული, რომელმაც ალუდას სულში აღმართული მტრობის ზღუდე მოშალა, ჩარჩოები დაარღვია და უეცრად მოვარდნილი სინათლით ადამიანური არსებიდან სიბნელე განდევნა. ეს სიყვარული იყო სწორედ, რომელმაც ალუდას მტრობაზე გაამარჯვებინა. მტერი კი ამ შემთხვევაში ისეთი მოყვარე იყო, რომელსაც ზეადამიანური წინააღმდეგობა სჭირდებოდა (თემი, ნათესავები, სახელი…).

ალუდამ აცხონა მკვდარი ქისტი და დალოცა მისი გვარი („ღმერთმა გაცხონოს მკვდარიო“, „ღმერთმა გიდღეგრძელოს გვარიო“), ე.ი. ალუდამ თავისი მტრების სიმრავლე ისურვა, მაგრამ მუცალი მისთვის მტერი, „რჯულძაღლი“ უკვე აღარ იყო, არამედ ღვთის წყალობა, მადლი, რომელმაც მტრის სიკვდილზე მდუღარე ცრემლები აფრქვევინა. სწორედ ამიტომაც არის, რომ  ალუდა განიცდის მუცალის მოკვლას. იგი თანდათან აცნობიერებს ჩადენილი ცოდვის სიმძიმეს. სწორედ ამ ცოდვის გაცნობიერებაა პოემაში დახატული შეუდარებელი ოსტატობით. ალუდას სახეზე დაწოლილი „შავი ნისლები“ ამხელს მის გულში მოზღვავებულ ნაღველს. „ქავის კარის“ ხილვა სიხარულის ნაცვლად მწუხარებას გაუმრავლებს. თუ აქამდე  მტრის დაღვრილი სისხლი ვაჟკაცურ სახელს უმაღლებდა, ახლა შეაწუხა.

ვაჟა-ფშაველა არაჩვეულებრივი მხატვრული ოსტატობითა და სიძლიერით ხატავს ალუდას განცდებს მუცალის მოკვლის „დანაშაულის“ გამო. ალუდას მუცალის დაღვრილი სისხლი ისე აწუხებს, რომ იგი სისხლის მსმელად გრძნობს თავს. ეს სისხლი კი მას სხვა, ადრე დაღვრილ უამრავ სისხლსაც ახსენებს (მას ხომ ბევრი მტერი ჰყავს დახოცილი). ერთბაშად დაიძრა სისხლის მდინარე და მთლიანად წალეკა ალუდას არსება, სუნთქვა შეუკრა და გაანადგურა. მიხვდა, რომ კაცის კვლა, თუნდაც მტრისა, ყველაზე დიდი უსამართლობაა, ადამიანისათვის შეუფერებელი, უფრო მეტიც, სამარცხვინო საქციელია. მტრობა კი სისხლის გარეშე წარმოუდგენელია, ამიტომ თუ სისხლის დაღვრა არ გინდა, მაშინ მტრობაზე უნდა თქვა უარი, რადგან „შენ რომ სხვა მაჰკალ, შენც მოგკვლენ, მტერს არ შაარცხვენს გვარია“.

აქამდე ალუდას ასე არ უფიქრია. სისხლს იგი ვაჟკაცობის დამადასტურებლად მიიჩნევდა, ამიტომ სისხლს კი არ გაურბოდა, პირიქით, მიისწრაფოდა მისკენ. Aახლა კი ისეთი წარმოუდგენელი ზიზღი იგრძნო თავისი გასისხლიანებული ხელებისადმი, რომ საკუთარი თავის ატანა გაუჭირდა და მთელი თავისი ცხოვრება წარმოუდგა სისხლის ტბორში.

იშვიათია ლიტერატურაში მხატვრულად შესრულებული ასეთი შთამბეჭდავი პასაჟი, სულიერი მდგომარეობის ამგვარი სიმძაფრით დახატვა: „ვისაც მტერობა მასწყურდეს,/ გააღოს სისხლის კარია,/ სისხლ დაიგუბოს კერაში, /თვითანაც შიგვე მდგარია. /ღვინოდაც იმას დაჰლევდეს, /პურადაც მოსახმარია. /პირჯვარი დაიწეროდეს, /მითამ საყდარში არია. /დაიპატიჟოს სტუმრები, /დაამწკრიოდეს ჯარია. /სისხლში დაიგოს ლოგინი,/ გვერდს დაიწვინოს ცალია, /ბევრი  იყოლოს შვილები, /ბევრი ვაჟი და ქალია, /იქვე საფლავი გათხაროს, /იქ დაიმარხოს მკვდარია“.

ალუდას შინაგანი სულიერი ტანჯვა აქ არ დამთავრებულა. დანაშაულისა და ცოდვის შეგრძნება  თანდათან უფრო გაუმძაფრდა. სისხლისმსმელობის განცდა გაღრმავდა და ადამიანის ხორცისმჭამელობის საშინელ, ამაზრზენ განცდაში გადაიზარდა. სოფელმა არ იცის, რა ხდება ალუდას გულში, ან კი საიდან უნდა იცოდეს. ალუდა ხომ რასაც განიცდის, იმაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობს. რა თქმა უნდა, იცის, რომ თქვას, მაინც ვერ გაუგებენ და გონდაკარგულად მიიჩნევენ. ამის გაგება სხვისთვის შეუძლებელია, ეს ადამიანმა თვითონ, ინდივიდუალურად უნდა განიცადოს. ამიტომ ბუნებრივია ის წინააღმდეგობა, რომელიც ჩნდება თემსა და ალუდას შორის.

ალუდასთვის თავდაპირველად მნიშვნელოვანია მხოლოდ კონკრეტული შემთხვევა _ მუცალის მოკვლა, მაგრამ თანდათან ეს ზოგადდება და გადაიზრდება თემთან წინააღმდეგობაში. ალუდა უარყოფს მარჯვენის მოჭრის წესს, როგორც ვაჟკაცის შეურაცხმყოფელს, აგრეთვე, ადამიანის გამოცხადებას მტრად, მისი რჯულის მიხედვით. მისი აზრით, ცხონებისთვის მთავარია ვაჟკაცობა და არა რჯული: „ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ, /მარტოთ ჩვენ გვზდიან დედანი, /ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ /კუპრში მიელის ქშენანი. /ამის თქმით ვწარამარაობთ,/ ღვთიშვილთ უკეთეს იციან, /ყველანი მართალს ამბობენ /განა, ვინაცა ჰფიციან?!”. ალუდა არავის არ განსჯის, იგი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს ამხელს.

მის სიზმარში წარმოჩნდა, თუ როგორ ღრმად განიცდიდა ალუდა ჩადენილ ცოდვას კაცის მკვლელობისას. მას თვითგანსასჯელად არ ეყო, რომ თავი წარმოიდგინა სისხლისმსმელად, კაცის მკვლელად. მან თავი აღიარა კაცის ხორცის მჭამელად. ადამიანი ამაზე  დაბლა ვეღარ დაეცემოდა, ამას იქით ადამიანი ხდებოდა პირუტყვი, მთლიანად განრიდებული ღვთის ხატებასა და მსგავსებას. სიზმარში მუცალმა კიდევ ერთხელ უბიძგა ალუდას იმ გზისკენ, რომელსაც უკვე შესდგომოდა ხევსური. „მომკალო“, _ შეეხვეწა მუცალი, ცრემლიც რომ არ ეტყობოდა თვალზე. „თქვენ დაგრჩეთ წუთისოფელიო“. წუთისოფლისთვის ზრუნვა იყო მხოლოდ მტრობის გამართლება, მარადიულ სოფელს კი მტრობა კი არა, სიყვარული სჭირდებოდა.

მუცალმა დაუნანებლად „დათმო“ აქაური (სიცოცხლე, იარაღი) იქაურისთვის. ახლა ალუდას ჯერი იყო, მათი მეტოქეობა გრძელდებოდა, ოღონდ უკვე არა მტრობაში, არამედ სიყვარულში. ალუდას ეზიზღება, მაგრამ მაინც ჭამს სიზმარში კაცის ხელ-ფეხის წვნიანს. ვაჟა არ იბრალებს მკითხველს და შემაძრწუნებელი სიმშვიდით ხატავს ალუდას მიერ კაცის ხორცის ჭამას. ეს არის ალუდას მიერ საკუთარი თავისთვის გამოტანილი სასჯელი.

ამას უნდა მოჰყოლოდა მისი მთლიანი გამოღვიძება, ერთგვარი კათარზისი, თვალის ახელა და ჭეშმარიტის დანახვა.  ამიტომაც არის, რომ ალუდა „საუფლო წესს“ დაარღვევს. მან უკვე იცის, რომ ეს წესი საუფლო კი არა, ადამიანური, წარმავალი, მერყევი და უსამართლო წესია და შავ კურატს თვითონვე დაკლავს ჩადენილი ცოდვის გამოსასყიდად თავისი „ლამაზი ძმისთვის“. ლამაზი ძმა კი მუცალია, რომელმაც თავისი სიკვდილით ალუდა ჭეშმარიტების გზაზე დააყენა და ცხოვრების არსი შეამეცნებინა. ფრანგულზე ხელის გაკვრისას, როცა ალუდა თვითონვე წააცლის სამსხვერპლოდ მოყვანილ შავ კურატს თავს, მზის შუქი აღმოხდება, ეს არის ღვთაებრივი ნიშანი სამართლიანობისა, თითქოს ალუდას საქციელს ზეცამ მისცა დასტური.

ალუდა ქეთელაური ვაჟკაცი იყო და არ შეეძლო იმ წესებს მიჰყოლოდა, რომელთადმი რწმენაც შეერყა. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა, ძნელი, მაგრამ აუცილებელი  ვაჟკაცობისა და ადამიანობისათვის. ერთი მხრივ, ალუდა დადგა თავისი გაწმენდილი მეობით, ამაღლებული და სულიერად გამარჯვებული. მეორე მხრივ, საზოგადოება, სოფელი და მთელი ცხოვრება _ თავისი წესებითა და კანონებით. ალუდა მიხვდა, რომ სიყვარული იყო სიცოცხლისა და ცხოვრების უპირველესი მიზანი, მხოლოდ ამისთვის თუ ღირდა ეს ცხოვრება.

მუცალი ალუდასთვის მოუნათლავია, მაგრამ მაინც გმირია, რადგან ადამიანობის, სიყვარულის ფასი შეამეცნებინა. ქრისტეს როცა ჰკითხეს, ვინ არის ჩვენი მოყვარეო, მან უპასუხა მოწყალე სამარიტელის იგავით. სამარიელები და იუდეველები ერთმანეთს ექიშპებოდნენ, მაგრამ სწორედ სამარიელმა მოუარა და უპატრონა ავაზაკებისგან ვნებულ იუდეველს და „უსახელოდ“ წავიდა. მან იმგვარი სიყვარული დათესა ადამიანის გულში, რომელიც აუცილებლად იხარებდა და გამრავლდებოდა.

ალუდას გულში სიყვარულის ის მარცვალი ჩააგდო მუცალმა, რომელმაც იღორძინა და ნაყოფიც მრავლად გამოიღო. ეს ნაყოფი კი სწორედ ის სიყვარული იყო, რომელმაც ალუდას მტრობა დააძლევინა, ადამიანთა შორის უამრავი პირობითობით (ადათი, წესი, ტრადიცია) განმტკიცებული კედელი დაარღვევინა.

ალუდა სოფელმა მოიკვეთა, გაწირა. უსიტყვოდ, მორჩილად წავიდა  მშობლიური კერიდან ალუდა. საკმარისი იყო ერთი სიტყვა, მონანიება და შესაძლოა, მისი ბედი სხვაგვარად წარმართულიყო, მაგრამ მან, მიწიერი თვალსაზრისით, უარესი, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით, უკეთესი ნაწილი ამოირჩია. თვითონ კი წავიდა, მაგრამ „ხნულში“ ჩატოვა მარცვალი. ეს იყო მინდია, რომელმაც იგრძნო ალუდას სიმართლე, მაგრამ ვერ გააცნობიერა და ამიტომაც ვერ დაუდგა გვერდით. ეს მარცვალი, დღეს თუ ხვალ, აუცილებლად იხარებდა და აღორძინდებოდა, რადგან ასეთი რჩეულების არჩევანზეა დამოკიდებული ადამიანობის, სულიერების, სამყაროს ბედი.

ალუდა სიძულვილით კი არა, სიბრალულით შესცქერის თანასოფლელებს, რადგან მათ არ შეუძლიათ იმის შეგრძნება და გაგება, რაც ალუდამ განიცადა და მიხვდა. ასეთი ცოდნა კი მხოლოდ დიდი მსხვერპლის ფასად მოიპოვება.  საზოგადოება გადაემტერა ალუდას, მაგრამ ალუდას მტრობა უკვე აღარ შეუძლია: „გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის“ (მათე, 5,44). Aალუდა ამგვარად, უფრო ახლოს დგება ღმერთთან („მაგრამ გაიგებთ ერთხელაც, ვინ ახლო ვდგავართ ღმერთთანა“, _წერს ერთ ლექსში ვაჟა-ფშაველა). იმ სიმაღლეზე, საიდანაც ყველაფერი ცხადად და გარკვევით ჩანს. ეს არის ჭეშმარიტებასთან სიახლოვე და მისი განცდა.

თემი, თავის მხრივ, მართალია, მაგრამ მისი სიმართლე ამქვეყნიურია, (ამიტომაც საყვედურობს ალუდა ცოლ-შვილს: „ჯვარს არ აწყინოთ, თემს ნუ სწყევთ,/ ნუ გადიქცევით ცეტადა“), ამგვარად, ალუდა ჯერ უპირისპირდება თემს, მაგრამ ეს დაპირისპირება შემდგომ ძლევაში გადაიზრდება და სხვა სიბრტყეში გადაინაცვლებს. ალუდა და თემი არ არის ის ორი ძალა, რომელიც პირისპირ უნდა დადგეს.

ალუდასთვის თემი, ამ შემთხვევაში, წუთისოფლის მცირე ნაწილია მხოლოდ, რომელსაც უკვე მაღლიდან დაჰყურებს შემბრალე თვალით. ეს კი მარადისობის სიმაღლეა, სადაც სიძულვილი უკვე შეუძლებელია, რადგან აღარ არსებობს: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან“ (ლუკ. 23,34).

ამაოდ ცდილობს ალუდა ბერდიას „გამოფხიზლებას“: „მითამ, ერთი ვართ, ბერდიავ, /მცხოვრებნი ერთის მთისაო“. ის, რაც ვერ გაიგო თემმა, იგრძნო ბუნებამ, ამიტომაცაა, რომ წუხს იგი: „შტერად დამდგარან მთის წვერნი, /ისმის ხივილი ქარისა“, ამიტომაცაა, რომ თოვს, თითქოს ბუნებას სურს იმ ცოდვიანი კვალის წაშლა, თემმა რომ დატოვა. თოვლი და ქარი ალუდას მარტოსულობის განცდასაც ამძაფრებენ ამ წუთისოფელში.

ღვთის რჩეულობა ტვირთი და პასუხისმგებლობაა არა მხოლოდ საზოგადოების, არამედ ადამიანობის წინაშე: „ღმერთმ ეს გვარგუნა ბედადა“. ალუდამ შესვა ტანჯვის სასმელი და ნებით „ჯვარს ეცვა“.

ალუდას გადაწყვეტილება, მართალია, გულიდან მოდის, მაგრამ მხოლოდ გულში არ ტრიალებს, არამედ გონებით განიბრძნობა და სულით გასხივოსნდება. თემი კი მხოლოდ გულს მინდობია, ამიტომ საყვედურობს მინდია: „სჭრითა და კერავთ გულითა, /გულს ათრევინებთ გონებას, /თავს აჭრეინებთ ცულითა”. თუმცა, თვითონ მინდია გასცდა გულს, თითქოს გონებითაც მისწვდა ალუდას ქცევის მიზეზს, მაგრამ სულიერება არ ეყო, რომ ბოლომდე ჩასწვდენოდა მომხდარის არსს.

ალუდამ კარგად იცის წუთისოფლის წესი, მისი სამართალი. ისიც იცის, რომ უნდა მორჩილებდეს მის ნებას, მაგრამ მან შეიგნო, რომ ადამიანთა მიერ შექმნილი წეს-კანონი ყოველთვის როდია უტყუარი. არსებობს სამყაროს, ღმერთის სამართალი, რომლის მიხედვითაც გამართლდება თემის მიერ დასჯილი ალუდა. მასთან აღარ არის აზოგადოება, მაგრამ მასთან არის ღმერთი: „ნეტარ იყვნენ დევნულნი სიმართლისათვის, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“.

 თემის სიმართლე მხოლოდ თემის სიმტკიცისთვისაა გამიზნული, ალუდას სიმართლე კი სამყაროს ქვაკუთხედია, ურომლისოდაც დაინგრევა და დაიშლება იგი. ეს „ლოდი თავკიდური“ კი სიყვარულია, რომელიც თვითონ არის ღმერთი.

ალუდამ სიძულვილში დაიძინა და სიყვარულში გამოიღვიძა, ზეცნობიერებით გაცისკროვნებულმა, როგორც დანტე წერს „ღვთაებრივი კომედიის“ დასასრულს, წუთისოფლის ჯოჯოხეთის მხილველმა გაიღვიძა „იმ სიყვარულით, რაც აბრუნებს მზეს და ვარსკვლავებს“.

მათემატიკის  გაკვეთილი – უსასრულო კვადრატული ფესვები

0

ყველა  მასწავლებლის მოვალეობაა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საგნის  მიზნების და ამოცანების შესრულება. სწავლების მიზნები მრავალფეროვანია და ცხადია, ყველა მათგანის მიღწევა ერთი კონკრეტული გაკვეთილის (აქტივობის) ფარგლებში შეუძლებელია. მათემატიკის სწავლების მიზნებიდან განსაკუთრებით მინდა გამოვყო შემდეგი:

მსჯელობა-დასაბუთება: ვარაუდის გამოთქმა  და კერძო შემთხვევებში მისი კვლევა

პრობლემების გადაჭრა: კომპლექსური (რთული) პრობლემის საფეხურებად, მარტივ ამოცანებად დაყოფა და ეტაპობრივად გადაჭრა (ამოხსნა), მათ შორის სტანდარტული მიდგომებისა და პროცედურების გამოყენებით.

ვრცლად

 

მათემატიკის გაკვეთილი – უსასრულო კვადრატული ფესვები

 

„ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“

0

ეს სიტყვები იმდენჯერ მოგვისმენია, ხშირად ღიმილსაც გვგვრის და სიზარმაცის უწყინარ გამართლებად მივიჩნევთ. სინამდვილეში კი რამდენიმე ათეული წელია, აღზრდა-განათლებასთან დაკავშირებულ დასავლურ სამეცნიერო ლიტერატურაში ეს მოვლენა ცნობილია როგორც „Gifted Underachievement“ და ფსიქოლოგები, ბავშვთა განვითარებისა და განათლების სპეციალისტები მის მიზეზებს იკვლევენ.

ტერმინი „Gifted Underachiever“ გულისხმობს ადამიანს, რომლის ნიჭიერება აშკარა იყო, მან კი ეს პოტენციალი ვერ გამოიყენა, წარმატებას ვერ მიაღწია (თუმცა ეს სიტყვა სრულყოფილად ვერ ასახავს პრობლემას). კვლევები უმთავრესად ეხება ნიჭიერ მოსწავლეებს, რომლებიც მაღალ აკადემიურ შედეგებს ვერ აღწევენ, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველა პირობა აქვთ, ზოგჯერ კი სულაც გულს იცრუებენ სწავლაზე. აშშ-ში, სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ნიჭიერ ბავშვთა დაახლოებით 40%-ს დაბალი აკადემიური მოსწრება აქვს. საქართველოში ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, მაგრამ ალბათ ყველას გვყავს ნაცნობი, რომელზეც სინანულით გვითქვამს: „სიზარმაცე ხელს რომ არ უშლიდეს, რამდენს მიაღწევდა!“ საქართველოში მასწავლებლები და მშობლები ასეთ შემთხვევებს მარტივად, სიზარმაცით ან მოტივაციის ნაკლებობით ხსნიან. სინამდვილეში კი ნიჭიერი ბავშვი არაერთი მიზეზის გამო ხვდება ამ მდგომარეობაში. ამ მიზეზთა გააზრება აუცილებელია, რათა მშობლებმაც და მასწავლებლებმაც სწორი სტრატეგია შეიმუშაონ ბავშვის დასახმარებლად და მისი შესაძლებლობების მაქსიმალურად განსავითარებლად.

 დიხ

ნიჭიერი, მაგრამ დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეთა საერთო მახასიათებლები

მკვლევართა აზრით, ნიჭიერ მოსწავლეთა დაბალ აკადემიურ მოსწრებას უმთავრესად სამი რამ განაპირობებს:

  1. სწავლის მიმართ ინტერესისა და მოტივაცისი უქონლობა;
  2. გარემო, რომელიც არ უწყობს ხელს მათი ნიჭის განვითარებას და არ წაახალისებს აკადემიურ მიღწევებს;
  3. განვითარების ან სწავლის უნარის დარღვევა, რომელიც ჩქმალავს მათ ნიჭს.

სამივე კატეგორიის მოსწავლეებისთვის დამახასიათებელია დიდი განსხვავება მათ პოტენციალსა (რომელსაც ამჟღავნებს ინტელექტუალური უნარების ტესტირება, მათი ზოგადი ცოდნა, შექმნილი პროდუქტი თუ მშობლების, ახლობლებისა და მასწავლებლების დაკვირვება) და სკოლაში მიღწეულ აკადემიურ წარმატებას შორის. მიუხედავად თითოეული მოსწავლის უნიკალურობისა, „წარუმატებელი“ ნიჭიერი ბავშვების დიდი ნაწილი თითქმის ერთნაირად რეაგირებს ერთნაირ სირთულეებზე და ერთნაირად ახასიათებთ:

  • დაბალი თვითშეფასება;
  • ნეგატიური დამოკიდებულება სკოლისა და სწავლის პროცესის მიმართ;
  • წარმატებისთვის ძალისხმევის დახარჯვისა და გარისკვის სურვილის ნაკლებობა;
  • კონკურსში მონაწილეობის მიმართ დისკომფორტი;
  • შეუპოვრობის, სირთულეებისადმი გამძლეობის ნაკლებობა;
  • კონკრეტული მიზნის მისაღწევად საჭირო ნაბიჯების დაგეგმვის უუნარობა;
  • დაბალი სოციალური უნარები;
  • ორგანიზებულობისა და შესრულების სუსტი უნარები;
  • საკლასო აქტივობებზე უარის თქმა;
  • მასწავლებლისთვის ხელის შეშლა და გაკვეთილის ჩამშლელი ქცევა.

უმცროსკლასელი და სკოლამდელი ასაკის ნიჭიერი ბავშვები, ჩვეულებრივ, გამოირჩევიან ენერგიით, ხალისით, ცნობისმოყვარეობითა და სწავლის სიყვარულით. შემდეგ ისინი იცვლებიან სასკოლო გარემოს შეზღუდვების, თანატოლთა ზეწოლის, უფროსების არასწორი მოლოდინებისა და საკუთარი შიშების გამო. ცოდნის შეძენის დაუოკებელი წყურვილი თითქოს უეცრად უქრებათ და საკუთარ თავში იკეტებიან.

მასწავლებლები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხშირად ვერ ხვდებიან ნიჭიერ ბავშვთა პრობლემების სიღრმესა და მასშტაბს. ამის ერთ-ერთი მიზეზია ნიჭიერების სტერეოტიპი – ჯერ კიდევ ბევრი მასწავლებელი აიგივებს ნიჭიერებას აკადემიურ მიღწევებთან. ძნელია, ნიჭიერი გეგონოს უპასუხისმგებლო, არაორგანიზებული და მეამბოხე მოსწავლე, რომელიც იშვიათად იღებს მაღალ ქულებს. მეორე: მაშინაც კი, როცა მასწავლებლები აცნობიერებენ რთული მოსწავლის რეალურ პოტენციალს, ისინი ფიქრობენ, რომ წარუმატებლობა მხოლოდ ბავშვის პრობლემაა, რომლის მოგვარება თავადვე შეუძლია – არ ესმით, რომ სინამდვილეში ამ ტიპის სირთულეები პასუხია ოჯახში ან სკოლაში არსებულ პრობლემებზე. ხშირად მასწავლებლები მხოლოდ ასეთი ფრაზებით შემოიფარგლებიან: „ოდნავ მეტი ძალისხმევა რომ დახარჯოს, გაკვეთილზე უკეთ რომ იქცეოდეს და ყველას ხელს არ უშლიდეს, გაცილებით უკეთესი ნიშნები ექნებოდა“.

ნიჭიერ ბავშვთა „წარუმატებლობის“ ზოგადი მიზეზები

მკვლევრები ნიჭიერ მოსწავლეთა დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზებს 5 ზოგად ჯგუფად აერთიანებენ:

  1. ოჯახის გავლენა – პრობლემები ოჯახში, სტრესი, კონფლიქტი, მშობლების არასწორი მიდგომა, წარმატების შესახებ არასწორი მესიჯები, როლური მოდელის არარსებობა, მეტისმეტი ზეწოლა წარმატების მისაღწევად ან სწავლის პროცესის სრული უგულებელყოფა, ყურადღების ნაკლებობა ან გადაჭარბება – ეს ყველაფერი ნეგატიურ გავლენას ახდენს ნიჭიერი ბავშვის სურვილზე, განავითაროს საკუთარი შესაძლებლობები.
  2. ინდივიდუალური თვისებები – ნიჭიერ ბავშვებს ხშირად ახასიათებთ დაუცველობის შეგრძნება, პერფექციონიზმი, შეცდომის შიში, პასიურ-აგრესიული ქცევა, ეგზისტენციალური დეპრესია და გადაჭარბებული თვითკრიტიკულობა. ეს თვისებები ხელს უშლის მოსწავლეს, დაგეგმოს დავალებების შესრულება, მიმართოს ძალისხმევა კონკრეტული მიზნისკენ, გარისკოს, როცა წარუმატებლობის თუნდაც მცირე შანსი აქვს და აიტანოს თანატოლებისგან გამორჩეულობა.
  3. სოციოკულტურული მიზეზები – თანატოლთა წნეხი, სტანდარტებში მოქცევის სურვილი. ბევრი ნიჭიერი მოსწავლე მალავს საკუთარ ნიჭს, რომ სხვებისგან არ გამოირჩეოდეს, რადგან სოციალური თვალსაზრისით ეს სირთულეებს იწვევს. ზოგი ასე იმისთვის იქცევა, რომ ბულინგისგან თავი დაიცვას.
  4. სკოლის კულტურა – ნიჭიერების განსაზღვრის არასწორი მეთოდები, ნიჭიერ მოსწავლეთა უნარების შესახებ არასწორი წარმოდგენა, მოუქნელი სასკოლო პროგრამა, რომელიც ნიჭიერ ბავშვთა საჭიროებებს ვერ ერგება, ხელს უწყობს ასეთი ბავშვების წარუმატებლობას. სასკოლო პროგრამა, რომელიც არ შეიცავს პროგრამის გამრავალფეროვნების ან დაჩქარების, უნარების მიხედვით დაჯგუფების ან ალტერნატიული სწავლების პოტენციალს, ვერ ქმნის ნიჭიერ ბავშვთა განვითარებისთვის საჭირო გარემოს. სასწავლო პროგრამის სათანადო გამოწვევების, სიღრმისა და რიტმის გარეშე ბევრი ნიჭიერი ბავშვი კარგავს სწავლის მიმართ ინტერესს და სკოლის კულტურის მიმართ პატივისცემას.
  5. სწავლების არასათანადო მეთოდები – ნიჭიერი ბავშვები ხშირად რჩებიან სასწავლო პროცესის მიღმა. ბევრი მასწავლებელი არ იცნობს ნიჭიერი ბავშვების საჭიროებებს და სტერეოტიპულად აღიქვამს ნიჭიერებას. მასწავლებელი, რომელსაც არ ესმის, რომ ხშირად ნიჭიერი ბავშვი არათანაბრად ვითარდება ან ჰგონია, რომ ნიჭიერება მხოლოდ აკადემიური წარმატებით გამოიხატება, არარეალურად მაღალ მოლოდინს ამჟღავნებს მოსწავლის მიმართ და იმედგაცრუებას განიცდის, როცა ის ამ მოლოდინს ვერ ამართლებს. ზოგი მასწავლებელი ნიჭიერ ბავშვს „მასწავლებლის ასისტენტად“ იყენებს. ნიჭიერი ბავშვის ასეთი გამორჩევა ხელს უწყობს მის იზოლაციას და ბიძგს აძლევს ბულინგს თანატოლების მხრივ. ბევრ საკლასო ოთახში კი ნიჭიერი ბავშვები უბრალოდ საკუთარი თავის იმედად არიან – მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ ისინი მაინც იოლად აითვისებენ მასალას, ამიტომ დროსა და ენერგიას სხვა მოსწავლეებს ახარჯავენ. რთული დავალებების გარეშე, რომელიც მათ ძალისხმევას და კონცენტრაციას მოითხოვს, ნიჭიერი ბავშვებისთვის სკოლა მოსაწყენი ხდება, ისინი კარგავენ ინტერესს და ეფანტებათ ყურადღება. როცა მასალა მათთვის მეტისმეტად იოლია, მათ არ უვითარდებათ მასალის გარჩევის და ათვისების უნარი, შრომის უნარი, რაც აუცილებელია მაღალ კლასებში აკადემიური წარმატებისთვის.

ნიჭიერ, მაგრამ ნაკლებად წარმატებულ მოსწავლეებთან მუშაობის სტრატეგიები

მასწავლებლისა და მშობლის თანამშრომლობა. მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად უნდა იმუშაონ და ბავშვის შესახებ ინფორმაცია და გამოცდილება ერთმანეთს გაუზიარონ. შემდეგ ერთობლივი ქმედებები დაგეგმონ ბავშვის განვითარებისა და მიღწეული შედეგების ეფექტური შეფასებისთვის. უპირველეს ყოვლისა, საჭიროა სწორი კითხვების დასმა:

  • რაში ამჟღავნებს ბავშვი განსაკუთრებულ ნიჭს?
  • სწავლების როგორ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას?
  • მშობლებისა და მასწავლებლების აზრით, რომლებია ბავშვის სუსტი ან ძლიერი მხარეები?
  • რას ფიქრობს ბავშვი საკუთარი საჭიროებების, ინტერესებისა და სკოლის შესახებ და როგორ შეიძლება ამ ინფორმაციის ინტერპრეტაცია?

გამოიყენეთ ბავშვის ნიჭიერება. როცა ბავშვის წარუმატებლობის მიზეზების აღმოფხვრას ცდილობთ, დაიწყეთ მისი ძლიერი მხარეებით. ნაკლოვანებებზე ყურადღების გამახვილება უბიძგებს ბავშვს, მეტისმეტად მწვავედ აღიქვას თავისი სუსტ მხარეები და უფრო მეტად მოექცეს მათი გავლენის ქვეშ. საჭიროა ეფექტური გზების პოვნა, რომ ბავშვი თავად ჩაერთოს საკუთარი ნიჭისა და ინტერესების ძიებაში. ეს შექმნის იმ თავდაჯერებასა და ძალას, რომელიც ბავშვს სირთულეების გადალახვაში დაეხმარება.

შეიმუშავეთ ბავშვისთვის ინდივიდუალური გეგმა მისი კონკრეტული ნიჭისა და წარუმატებლობის მიზეზების საფუძველზე. ზოგჯერ სწავლის არასათანადო სტილიც აფერხებს ნიჭიერი ბავშვის პროგრესს. მკვლევართა აზრით, ნიჭიერი ბავშვები ზოგჯერ იმიტომ ვერ სწავლობენ კარგად, რომ მათი აზროვნება სრულიად განსხვავდება სკოლების მიერ დამკვიდრებული სტანდარტული აზროვნებისგან. ამ ტიპის ბავშვები თავს არიდებენ კონკურენციას და მაღალი შედეგები აქვთ მხოლოდ იმ კლასებში, სადაც თავიანთ ნებაზე შეუძლიათ საკუთარი ნიჭის გამოყენება სწავლისა და საკუთარი თავის გამოხატვისთვის. ამ ტიპის მოსწავლეეები უკეთ ვითარდებიან გარემოში, რომელიც მათ მოქმედების თავისუფლებას აძლევს და ნაკლებად მოითხოვს ორგანიზების უნარების გამოყენებას. ასეთ გარემოში მასწავლებელს აქვს შესაძლებლობა, მოსწავლის კონკრეტულ საჭიროებაზე იმუშაოს – ორგანიზებისა და დაგეგმვის, მიზნის დასახვისა და შესრულების უნარების განვითარება იქნება ეს თუ მიმდევრობითი დავალებების შესრულების სირთულეების გადალახვა. იმავდროულად, არ გაამახვილოს ყურადღება მოსწავლის სუსტ მხარეებზე და არ შეზღუდოს ის ერთი ტიპის სწავლებით ან აქტივობებით. კვლევები მოწმობს, რომ ნიჭიერი ბავშვები გაცილებით მეტს აღწევენ დიფერენცირებულ გარემოში, სადაც სწავლის მრავალი განსხვავებული მეთოდი არსებობს და სწავლის პროცესი შედეგზე მეტად ფასდება.

უპოვეთ როლური მოდელი. ნიჭიერი, მაგრამ „წარუმატებელი“ ბავშვების პოტენციალის გამომჟღავნებისა და განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს როლურ მოდელს და მენტორს, რომელთანაც მოსწავლეს შეუძლია თავის იდენტიფიცირება და რომელსაც ბაძავს, როცა სირთულეებს აწყდება. ნიჭიერ ბავშვებს ახასიათებთ გადაჭარბებული სენსიტიურობა და თუ თავდაჯერება აკლიათ, განსაკუთრებით უჭირთ ინტერესის შენარჩუნება ან ძალისხმევის მიმართვა პრობლემის გადაჭრისკენ. ამ შემთხვევაში მათ დიდად ეხმარება როლური მოდელის მაგალითი.

მკვლევართა აზრით, ნიჭიერი ბავშვის სიზარმაცეს დაწყებითი კლასების შემდეგ იჩენს თავს და განსაკუთრებით მკაფიოდ უფროს კლასებში მჟღავნდება, ამიტომ დიდი ყურადღბა უნდა მივაქციოთ სკოლამდელ თუ დაწყებით საფეხურებზე ნიჭიერი ბავშვების განვითარებას. ამასთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე მარტივი რჩევა, განსაკუთრებით – მშობლებისთვის:

  1. არ შევუქმნათ ნიჭიერ ბავშვს არასათანადოდ მაღალი მოლოდინი საკუთარი ნიჭის მიმართ – ნუ შევაქებთ მის უნარებს, უმჯობესია, შევუქოთ მიზნის მისაღწევად დახარჯული ძალისხმევა.
  2. ნიჭიერებისა და იოლად ათვისების უნარების გამო არ დავტოვოთ მარტივი სასკოლო პროგრამის ანაბარა – ასეთ ბავშვებს დაწყებითი კლასების პროგრამის ათვისება ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე შეუძლიათ, რის გამოც ვერ ახერხებენ ორგანიზებული შრომისა და დაგეგმვის უნარების განვითარებას; ამასთან, მარტივი პროგრამა იწვევს მოწყენილობას და გაკვეთილის მობეზრებას, რაც ბავშვს ინტერესს უკარგავს სკოლისა და სწავლის პროცესის მიმართ და ხშირად იწვევს მის ხმაურიან ქცევას გაკვეთილზე.
  3. ნუ გავამახვილებთ ყურადღებას მიღწევებზე და ნუ შევადარებთ სხვებს – ამის შედეგად ნიჭიერ ბავშვს პერფექციონიზმი გამოუმუშავდება და ის წინასწარ ამბობს უარს აქტივობაზე, რომელშიც უმაღლეს შედეგს იოლად ვერ მიაღწევს.
  4. ნიჭიერი ბავშვების დიდი ნაწილი დაბალი თვითშეფასებითა და თვითკრიტიკით გამოირჩევა, ამიტომ აუცილებელია, ხელი შევუწყოთ თავდაჯერების გამომუშავებაში. ნუ გავუმახვილებთ ყურადღებას შეცდომებზე, ჯობს, დადებითად შევუფასოთ შრომის პროცესის თითოეული ნაბიჯი.
  5. ნიჭიერი ბავშვები ხშირად არათანაბრად ვითარდებიან – სოციალურ-ემოციური განვითარება და ორგანიზაციული უნარები ჩამორჩება მათ ინტელექტუალურ განვითარებას, ამიტომ ყურადღება მივაქციოთ საჭირო უნარების ჩამოყალიბებას სკოლამდელ ასაკში და დაწყებით კლასებში. ნუ გვექნება ერთი და იგივე მოლოდინი მათი სხვადასხვა უნარების მიმართ, მაგალითად, არაფრით არ შეიძლება ასეთი ფრაზების გამოყენება: „ასეთ ჭკვიან ბავშვს დავალება როგორ გავიწყდება?“, „ამდენი რომ გესმის, ასე ცუდად რატომ იქცევი?“.
  6. ნიჭიერ ბავშვებს ხშირად განსხვავებული აზროვნება ახასიათებთ, რის გამოც ბუნებრივად უჭირთ თანატოლებთან ურთიერთობა. ნუ გამოვარჩევთ ბავშვს თანატოლებისგან და ნუ დავუსახავთ მას მაგალითად სხვებს – ეს მის იზოლირებას გამოიწვევს.

მთავარია, გვახსოვდეს, რომ ჩვენი – როგორც მშობლების, ისე მასწავლებლების – მთავარი მოვალეობაა, მაქსიმალურად განვავითაროთ თითოეული ბავშვის პოტენციალი. გვახსოვდეს, რომ ნიჭიერ ბავშვთა მესამედზე მეტი საშუალო კლასებშივე კარგავს ინტერესს სწავლის მიმართ სხვადასხვა მიზეზის გამო და ერთად ვიმუშაოთ ამ სირთულეების გადასალახავად. დაბოლოს, ნურასდროს ვიტყვით მოსწავლეზე: „ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი“, – რადგან ეს „სიზარმაცე“ სინამდვილეში კომპლექსური მიზეზებითაა გამოწვეული, უმთავრესად – ჩვენ, უფროსების, მიერ, რომლებმაც ვერ შევუქმენით ნიჭიერ ბავშვს სათანადო გარემო და არასწორი ქმედებებით გავუძლიერეთ შიში თუ გულგრილობა სწავლის მიმართ. ჩვენვე შეგვიძლია დავეხმაროთ მათ გადალახვაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

Beyond intellect: Exploring the social and emotional aspects of giftedness, Gail Post;

Meeting the needs of gifted underachievers – individually”, J. Smutney

The underachievement of gifted students: What do we know and where do we go?” Reis, S. & McCoach, D.

ქალები საქართველოდან – იდეა თავისუფალი გაკვეთილისთვის

0

ხანდახან, არის  ისეთი დღეები სკოლაში, ისეთი საათები, დრო რომ ხელში ჩაგივარდებათ და საშუალება გაქვთ თავისუფალ თემებზე ისაუბროთ მოსწავლეებთან, ისეთ თემებზე რომელიც ორივე მხარეს დააინტერესებს და რომელიც ნამდვილად მრავალფეროვანი დიალოგის ნაწილი გახდება და ნაყოფიერი იქნება  მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც. ასეთი საუბრები მოსწავლეების უმეტესობას  მოსწონს, გაკვეთილის სტრესისგან თავისუფლდებიან, თავიანთ აზრებს უფრო გულახდილად და თამამად გამოხატავენ და თქვენც საშუალება გაქვთ სხვადასხვა, მნიშვნელოვან  თემაზე ესაუბროთ  და მათი აზრიც მოისმინოთ.

მოძებნეთ ფეისბუქის საძიებო ველში გვერდი სახელწოდებით „ქალები საქართველოდან“ და გაეცანით პროექტის მონაწილე ქალების  ისტორიებს, აუცილებლად გაგიჩნდებათ სურვილი ამ პროექტის შესახებ თქვენს მოსწავლეებს  მოუყვეთ. მოუყვეთ იმ ქალების შესახებ, რომლებიც ხშირად ჩვენს გვერდით არიან, მაგრამ ვერ ვამჩნევთ,   რომლებიც სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულები არიან და ამის გამო გარიყა  საზოგადოებამ.  შეგიძლიათ,  მოუყვეთ  ქალებზე, რომლებმაც თავიანთ თავში იპოვეს ძალა, გადაელახათ  პრობლემები და ეპოვათ საკუთარი თავი. ისინიც  გულახდილად ყვებიან  გადალახულ შიშებზე, იმ ეჭვებზე, რომელიც მათ  მიმართ არსებობდა და რომელიც, მათ ერთ მშვენიერ დღეს, დიდი შრომის შედეგად გააქარწყლეს.

ქალებმა, რომლებმაც გაბედეს ხმამაღლა ესაუბრათ თავიანთ პრობლემებზე,  ბევრ საჭირბოროტო და მტკივნეულ საკითხსაც შეეხნენ. მათ  შორის არის განათლება გოგონებისთვის და  გათვითცნობიერებული პროფესიული არჩევანი, რომელიც მთელ ცხოვრებას განაპირობებს. ისინი საურობენ იმ  გარემოზე,  რომელიც ცდილობს ინდივიდის ინტერესები ჩაახშოს.  ყვებიან , როგორ შეძლეს პრობლემასთან გამკლავება,როგორ იპოვეს ძალა, შეეცვალათ საკუთარი გარემო უკეთესობისკენ. ისინი  მუდმივად რაღაცას ქმნიან, ცდილობენ უკეთესი გახედს მათი ცხოვრება. ამ შეუპოვრობით  გამოსდით ყველას დაანახონ, რომ დაუძლეველი პრობლემები არ არსებობს. ცდილობენ საკუთარი მძიმე შრომის ხარჯზე, არანორმირებული სამუშაოს ხარჯზე, იბრძოლონ როგორც საკუთარი, ისე სხვისი კეთილდღეობისთვის და სხვებსაც ამხნევებენ  და ეუბნებიან :,, თქვენს თავში ეძებეთ ძალა, მყარად გადადგით ნაბიჯი, დაანგრიეთ კედელი,  ყველა ბარიერი, დაამსხვრიეთ სტერეოტიპი, შეეწინააღმდეგეთ ყველას, თქვენი შვილი მარტოხელა დედის არ იქნება, იმიტომ რომ წარმატების მაგალითს მისცემთ“.

პრობლემები, რომელზეც ისინი ყვებიან ყველა ქალისთვის ნაცნობია. ეს ჩვენი სინამდვილეა. ქალები გვიამბობენ, როგორ ძალადობდნენ მათზე წლების განმავლობაში, რა პირობებში უხდებოდათ ცხოვრება მათ და მათ შვილებს, როგორ შეეშინდათ ერთ დღეს, მათი შვილიც მოძალადე არ გამხდარიყო და როგორ  დასვეს დიდი წერტილი.  ეს ყველაფერი მარტო მოსაყოლად არის ადვილი.  ასეთ დროს ხომ პრობლემები ზვავის ხელა ხდება და ძნელია, გადარჩე, თუ ამ ზვავს  ძალას არ დაახვედრებ. ეჭვები და უღიარებლობა ამსხვრევს საკუთარი თავის რწმენას. ისინი ყვებიან იმ უნდობლობაზე, რომელიც მათ მიმართ ჰქონდათ საზოგადოებაში,არ სჯეროდათ, რომ ქალები  სათბურებს გამართავდნენ, პროექტებს დაწერდნენ და გრანტს მოიგებდნენ, ტრაქტორის მართვას შეძლებდნენ  და  მრავალი ასეთი სხვა ისტორია .  ეს უნდობლობა კი  პატრიარქალურ გარემოში ცხოვრობის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს, სადაც  წესებს და პირობებს გარემო  გკარნახობს, რომელიც  ქალის ობიექტურ შესაძლებლობებს, მათ უნარებს და ნიჭებს არ ცნობს და ან არ სურს, რომ დაინახოს.

 ,, სულ ვფიქრობდი მერე, რატომ არ ვარგა ქალი რეჟისორი?! არ იცის ამბის მოყოლა? არ იცის კამერაში ჩახედვა თუ კითხვა არ იცის? თუ რა უნარი არ აქვს? კარგი, შეიძლება თქვა, რომ ტანკისტად ყოფნა გაუჭირდება , იმიტომ რომ კუნთებზეა დამოკიდებული. მაგრამ, ამ შემთხვევაში, რეჟისორი არის უბრალოდ გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი,რომელიც წყვეტს სცენარი რომელი მიმართულებით წაიყვანოს და როგორ მოყვეს ამბავი. ამას რატომ ჭირდება რომელიმე კონკრეტული სქესი აუცილებლად?!“- კითხულობს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე  სალომე საღარაძე.

ეს ისტორია კი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან განსახილველად გამოგადგებათ. რომელთაც, ჯერ არ გადაუწყვეტიათ, თუ რა პროფესიას აირჩევენ და ამ არჩევანს რამდენად დამოუკიდებლად და პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. 16 წლის ნინო მარხვაიძე ქვემო ალვანში ცხოვრობს და თავის ისტორიას გვიზიარებს.

,,მათემატიკაა ჩემი საყვარელი საგანი.საკმაოდ ძლიერი ვარ ტექნიკურ საგნებში, მაგრამ ალბათ თქვენც გაგეცინებათ, უცხო ენებზე ვაპირებ ჩაბარებას. თავდაპირველად, ბიზნესის ადმინისტრირების განხრით მინდოდა წავსულიყავი, ეკონომიკა მაინტერესებს, მაგრამ სკოლაშიც მასწავლებლებმა და ოჯახის ახლობლებმაც დამაჯერეს, რომ რადგან გოგო ვარ, დიდი კონკურენციის პირობებში აღმოვჩნდები და ამ განხრით დასაქმება გამიჭირდება. ამიტომ ჩემს თავს უფრო ქალური პროფესია შევურჩიე, თარჯიმნად მაინც ვიმუშავებ.ძალიან ხშირად გარეგნობის გამო მაბულინგებენ სკოლაში. ამბობენ, რომ ძალიან გამხდარი ვარ და ფიცარს ვგავარ. ასეთი დამოკიდებულება გოგოებს გვაკომპლექსებს და საკუთარი გარეგნობის მიმართ უფრო მომთხოვნი ვხდებით“.

ფეიბუქ გვერდზე „ქალები საქართველოდან“  ბევრ განსხვავებულ ისტორიას იპოვით, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც კონკრეტული  მაგალითი სხვადასხვა თემის გასაშლელად და რაც ყველაზე მთავარია,  ეს არ იქნება უცხო,იძულებით  თავსმოხვეული ამბები, რადგან  ქალები, რომლებიც თავიანთ ამბებს გულწრფელად ყვებიან,  ჩვენს გვერდით ცხოვრობენ  და მათი ისტორიებიც ძალიან შინაურია.

ციფრული გრამატიკა „ციფრული თაობისთვის“: როგორ გავხადოთ სწავლება სახალისო

0

21-ე საუკუნე ციფრული ტექნოლოგიების ერაა. უსწრაფესია განვითარების ტემპი თავისი დადებითი და უარყოფითი მახასიათებლებით. ფსიქოლოგები, ექიმები და მასწავლებლები შეშფოთებას გამოთქვამენ სკოლის მოსწავლეების კომპიუტერთან განუსაზღვრელი ხნით მიჯაჭვულობის გამო, მაგრამ გლობალიზაციის პროცესის შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ უმჯობესია, შევიმუშავოთ აქტივობები, რომლებიც ტექნოლოგიების გამოყენებით სასიკეთო გავლენას მოახდენს მოზარდთა შემეცნებითი აზროვნების განვითარებაზე.

ეროვნული სასწავლო გეგმის გამჭოლ კომპეტენციებში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ციფრული წიგნიერების განვითარებას, რომლის მიზანია საგანთა შორის კავშირების დამყარება, ქსელური ძიება, მოტივაციის ამაღლება, ტექსტების ელექტრონულად დამუშავება, შემოქმედებითი, ინოვაციური მიდგომები.
ხშირად მოსწავლეებს უჭირთ გრამატიკული ცნებების დამახსოვრება და პრაქტიკულად სწორად გამოყენება, რადგან მასალა დიდია. ტერმინები ერთმანეთში ერევათ, გარკვეული ხნის შემდეგ კი ავიწყდებათ.

გრამატიკის სწავლება სახალისო რომ გავხადოთ, უმჯობესია, გამოვიყენოთ ციფრული ტექნოლოგიები, რომლებიც ყველაზე მეტად მოსწონთ ბავშვებს და შევქმნათ საგანმანათლებლო თამაშები. ონლაინ სივრცეში უამრავი რესურსის მოპოვებაა შესაძლებელი.

გთავაზობთ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთათვის შექმნილ საგანმანათლებლო თამაშს „მეტყველების ნაწილები“.

● მიზანი: მოტივაციის ამაღლება, ქართული ენის ისტ-თან ინტეგრირებით მეტყველების ნაწილების შესახებ ცოდნის განმტკიცება, ციფრული ტექნოლოგიების დაუფლება

● სტანდარტთან შესაბამისობა:

ისტ. IV. 3. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ციფრული მასალის შექმნისას.
ქართ. IV. 4 მოსწავლეს შეუძლია შესაბამისი ენობრივ-გრამატიკული საშუალებების გამოყენება კონკრეტულ სამეტყველო სიტუაციაში.

● თამაშის პრინციპი: შებრუნებული საკლასო ოთახი ბუკის გარეშე. მოსწავლეებს შეუძლიათ თამაში როგორც სკოლაში, ასევე შინაც.

● კომპიუტერული პროგრამა – https://www.brainrush.com

● თამაშის შექმნის ინსტრუქცია: ვებგვერდზე www.brainrush.com რეგისტრაციის შემდეგ ვიწყებთ ბარათების შექმნას ასეთი თანმიმდევრობით:

1. საძიებო ველში ვირჩევთ ფუნქციას Create.

2. მარჯვენა კუთხეში +create a new Brainrush.

3. Buckets Template – მწვანე უჯრა – Create Buckets Brainrush.

მან1

4. ჩნდება მოზრდილი ბარათი. უჯრაში Title ვწერთ სათაურს „მეტყველების ნაწილები“.

5. მომდევნო გვერდი – მწვანე უჯრა – Add Bucket.

6. თეთრი ბარათი – New Bucket.

7. უჯრაში Label ვწერთ მეტყველების ნაწილის სახელს, მაგ., „ზმნა“.

8. დიდი ბარათის ქვეშ Add item-ზე ხელის დაჭერის შემდეგ ახალ ბარათში „ზმნის“ ქვეშ ვწერთ ნიმუშს, მაგ., „თამაშობს“.

შენიშვნა: ამავე ბარათზე შეგვიძლია დავამატოთ ფოტო და აუდიოჩანაწერი, თუ ამის საჭიროება არის.
9. ამის შემდეგ შეგვიძლია, ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ ზოლში დავამატოთ იმდენი ბარათი და მეტყველების ნაწილი, რამდენიც გვსურს.

საწყის ეტაპზე ვირჩევთ არსებით სახელს და ზმნას, მერე კი შეიძლება მეტყველების სხვა ნაწილების დამატებაც.

თამაში შექმნილია. ვაძლევთ გამოქვეყნების ბრძანებას.

მან2

● თამაშის გამოყენების ინსტრუქცია:

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, თამაში „შებრუნებული საკლასო ოთახის“ პრინციპზეა აგებული. მას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს: ბუკის გარეშე, ნებისმიერი კომპიუტერის გამოყენებით, მოსწავლეს, რომელმაც ვერ მოახერხა სკოლაში მისვლა, შეუძლია, დავალება დისტანციურად შეასრულოს შინ, მასწავლებელმა კი იმავე დღეს ნახოს შედეგი მონაცემთა ბაზაში. ამ ყველაფრის გაკეთება ძალიან ადვილია: პროგრამა Excel-ის ფაილში შეგვაქვს მოსწავლეთა სია, თამაშის გვერდზე Choose file ფანჯარაში მივუთითებთ ფაილს და ვტვირთავთ – Upload file. მოსწავლის მომხმარებლის სახელს (User Name) და პაროლს (Password) პროგრამა ავტომატურად ქმნის. ფაილს ვიმახსოვრებთ კომპიუტერში და შემდეგ პრინტერის საშუალებით ვბეჭდავთ.
მან3

მან4

თავდაპირველად მოსწავლეები საკუთარი ანგარიშით გაივლიან რეგისტრაციას და ეცნობიან თამაშს, მაუსის დაწკაპუნებით ატრიალებენ ბარათებს მეორე გვერდზე, სადაც სწორი პასუხი წერია. ასე სწავლობენ ხალისით. მერე კი, როცა ღილაკ Play-ზე შეხებით თამაშის რეჟიმი ჩაირთვება, ავტომატურად იწყება დროის ათვლა და თამაში.
● მონიტორინგი და შეფასება: პროგრამის დახმარებით მასწავლებელს შეუძლია აწარმოოს მონიტორინგი. მას წვდომა აქვს როგორც ცალკეული მოსწავლეების, ისე მთელი კლასის სტატისტიკურ მონაცემებზე – რამდენ ხანში შეასრულეს დავალება და როგორი შედეგით. ამ შემთხვევაში კლასის 75%-მა წარმატებით გაართვა თავი დავალებას.

მან5

მან6

● შედეგი: მოსწავლეებს მოსწონთ ქართული ენის ისტ-თან ინტეგრირებული ინოვაციური გაკვეთილი და მოტივატორი -ელექტრონული თამაში.

მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვებმა ისწავლეს კომპიუტერის მიზანმიმართულად გამოყენება.
კლასის 75%-მა წარმატებით გაართვა თავი დავალებას.

მეოთხეკლასელმა ცოტნე ფირცხალავამ ერთ კვირაში დამოუკიდებლად შექმნა ახალი საგანმანათლებლო თამაში.

მან7
სცადეთ თქვენც! ეს თამაში ნებისმიერ საფეხურზე, ნებისმიერი საგნის სწავლებისას გამოგადგებათ. ბარათებზე ნებისმიერი შინაარსის მასალა განთავსდება.
წარმატებას გისურვებთ!

მედიაწიგნიერება ისტორიის გაკვეთილზე

0

სასკოლო  განათლებაში  მნიშვნელოვან როლს ასრულებს მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარება, რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე მსოფლიოში დამკვიდრებული უნარების დაუფლებას.  ეს უნარები ეხმარები მოსწავლეს   მედიასამყაროში ორიენტაციაში, სინამდვილის  რეპრეზენტაციაში,  ინფორმაციის გაფილტვრასა  და კრიტიკულად  შეფასებაში. მოსწავლისათვის მისი მნიშვნელობა შეიძლება შევადაროთ რუკას, რომელიც დაეხმარება მას მედიასამყაროში გზის უკეთ გაკვლევაში, გამოცდილების შეძენასა და ინფორმაციის სანდოობის ხარისხის დადგენაში და ამით გაუადვილებს ცხოვრებას. ასეთი წარმატებების მიღწევა რეალურად  სასწავლო  პროცესში  მედიატექსტების ანალიზის გზითაა შესაძლებელი, რომელიც შემდეგ საკვანძო  შეკითხვებს  ეყრდნობა:

ვინ  ვისთან ამყარებს კომუნიკაციას?                კონკრეტული   ადრესატი/ორგანიზაცია
რა ტიპის ტექსტია ეს? კატეგორიები
როგორ არის შექმნილი? ტექნოლოგიები
როგორ ვიგებთ მის მნიშვნელობას? ენები
ვინ არის  ინფორმაციის მიმღები და როგორ ესმით ის? აუდიტორია
როგორ   წარმოადგენს   საკითხს? გამოხატვა

პედაგოგიკის მეცნიერებაში აღიარებულია, რომ პრობლემაზე დაფუძნებული სწავლის პირობებში  მედიაწიგნიერების  კომპეტენციის დაუფლება სრულიად რეალურია, რადგან ამ დროს მოსწავლეები აქტიურად გამოიყენებენ კვლევით მეთოდებს და მოიძიებენ ფაქტების ნამდვილ მნიშვნელობებს. ამგვარი დამოკიდებულება ზრდის  ისტორიის გაკვეთილების როლს აღნიშნული მიმართულებით, განსაკუთრებით მედიაწიგნიერების ისეთი კონკრეტული პრინციპებიდან გამომდინარე, როგორიცაა:

  • მედია შეიცავს იდეოლოგიურ და ღირებულებით გზავნილებს;
  • მედიას აქვს სოციალური და პოლიტიკური გავლენა.

კრიტიკული პედაგოგიკის გამოყენებით მასწავლებლებს შეგვიძლია  ვასწავლოთ მედიის გზავნილების დეკონსტრუირება, მედიატექსტების დაშლა და მათი შექმნა  კრიტიკული მედიაწიგნიერების ჩარჩოს შესაბამისად, რითაც მეტი შესაძლებლობა  გვეძლევა მომავალი თაობის სწორად გაზრდისა და საღი აზრის გამარჯვებისთვის.

გთავაზობთ ისტორიის გაკვეთილზე მედიაწიგნიერების  კომპეტენციაზე მუშაობის საკუთარ პედაგოგიურ გამოცდილებას: რადგან მედიაწიგნიერებაში უმთავრესი ადგილი უჭირავს  მედიატექსტებს, რომელთა გაფილტვრა და სინამდვილის რეპრეზენტაციაც უნდა ვასწავლოთ მოსწავლეებს.   ამისათვის უპირველესად უნდა შევარჩიოთ მედიატექსტები, ან საჭიროების  შემთხვევაში შევძლოთ „ნაერთი“ ტექსტის შექმნა, მოვიძიოთ სხვა მედიარესურსები და სათანადო  აქტივობების შერჩევით მოვახდინოთ მოსწავლეთა შორის მედიარესურსების  კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება.

მედიაწიგნიერების კომპეტენციაზე მუშაობისთვის X კლასში შევარჩიე დვალეთის  ტერიტორიული  კუთვნილების საკითხი, რომლის  შესწავლისთვის:

 

 I  – მოვიძიე  დვალეთის საზღვრებისა და პოლიტიკური კუთვნილების შესახებ არსებული ინფორმაციები  და  წყაროები;

II   – შევადგინე ახალი ტექსტები და დავგეგმე გაკვეთილი: „წყაროების მიმოხილვა და დვალეთის  ტერიტორიული კუთვნილების საკითხი“;

III – მოსწავლეებმა გაკვეთილზე მიმოიხილეს ეს  მედიაინფორმაციები  და წყაროები;

IV – ხოლო შემდეგ კრიტიკული ანალიზის გზით შეეცადნენ მედიატექსტებში სინამდვილის აღდგენა და შეფასება, და შეძლეს კიდეც.

მოსწავლეთა მთელი ეს საქმიანობა წარვმართე საგნობრივი სტანდარტის მიზნებისა   და  ინდიკატორების  შესაბამისად,  რომლის  შედეგად: მოსწავლეებმა  შეძლეს  და  გააანალიზეს  ისტორიული წყაროები, მონიშნეს დვალეთის საზღვრები, იმსჯელეს დვალეთის ისტორიული საზღვრების პოლიტიკური პროცესებით განპირობებულ ცვალებადობაზე. რუკებისა და ვიდეოფილმის გაანალიზების შემდეგ ტექსტებში მოცემული ინფორმაცია ვიდეოფილმსა და რუკებზე ასახულ ინფორმაციას შეადარეს და მას დაუკავშირეს. გააკეთეს დასკვნები ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარე დვალეთის საზღვრების ისტორიული კუთვნილების შესახებ (ისტ.X.6.).

ამ გზით მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა კონკრეტული გაკვეთილის სასწავლო მიზანი: „მედიარესურსების კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება“.

გაკვეთილზე   გამოვიყენე  შემდეგი    რესურსები:

ა) X კლასის ისტორიის სახელმძღვანელო (ისტორია,  X კლ., შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა – ქართული ბიოგრაფიული ცენტრი“);

ბ)  ჩემ მიერ სხვადასხვა წყაროებისა და მედიასაინფორმაციო საშუალებების  გამოყენებით შედგენილი ტექსტები (ტექსტი 1,2);

გ) ცხრილი – „დვალეთის საზღვრების პრობლემები“;

დ) ისტორიული რუკები („ძველი საქართველო, დვალეთი“, https://www.blogger.ge/post/2018 „საქართველო 1762 წელს“, https://ka.wikipedia.org, ცხინვალის რეგიონი „თანამედროვე საქართველო“ https://www.saunje.ge/index.php?id=109&lang=ka საქართველოს ისტორიული პროვინციების სიტუაციური რუკა“);  ვიდეოფილმი – „საქართველო, ბოლო ათასი წელი“.

გაკვეთილზე,  სამუშაო  რეჟიმში,  აქტივობები  შემდეგნაირად გაიშალა:

 

აქტივობა N1 – წინარე ცოდნის გააქტიურება  და  აქცენტირება პოლიტიკური პრობლემების  მოგვარებაში  მედიატექსტებისა და  ისტორიული წყაროების  სწორის  „წაკითხვის“ მნიშვნელობაზე;  

აქტივობა N2  –   ტერიტორიული პრობლემების შესწავლისას ყურადღების გამახვილება  ნარატიული  ისტორიული  წყაროების  გამოყენების მნიშვნელობაზე;

აქტივობა N3 – მოსწავლეებისათვის ისტორიული მხარე დვალეთის შესახებ წყაროებისა და მედიასაინფორმაციო საშუალებების  გამოყენებით შედგენილი ტექსტების (ტექსტი 1,2) ინფორმაციის გაანალიზება და მიღებული  დასკვნების  საფუძველზე მოსწავლეთა მიერ  ცხრილის – „დვალეთის საზღვრების პრობლემები“ – შევსება (ცხრილი 1);

აქტივობა N4  –   დვალეთის  შესახებ  ისტორიული   რუკების  გაცნობა  (რუკა 1 – ძველი საქართველო, დვალეთი; რუკა 2 – საქართველო 1762 წელს; რუკა 3 – ისტორიული პროვინციების (კუდარო და დვალეთი) სიტუაციური რუკა), ინფორმაციის  გაანალიზება,  ზემოთ შესრულებულ  აქტივობებთან (აქტივობა 1,2,3)  დაკავშირება  და დვალეთის საზღვრების   პრობლემებზე  ცხრილის შევსება  (ცხრილი 2);

აქტივობა N5 – დვალეთის  საზღვრების  შესახებ ორი  ფილმის  ჩვენება  (ფილმი 1 – საქართველოს ტერიტორიული ცვლილებები ბოლო ათასი წლის განმავლობაში,  სადაც ცხადად ჩანს დვალეთი, როგორც საქართველოს ისტორიული ტერიტორია, რომელიც მას გარე ძალების მიერ ჩამოეჭრა; ფილმი მე-2 – „Caucasus Map 1450 1515 Georgia Ossetia Armenia“, რომელშიც გამოიკვეთება დვალეთი და ყველა ის ტერიტორია, რომელიც საქართველოს ისტორიული ძნელბედობის და გარეშე მტრისგან ჩამოეჭრა). მიღებული ინფორმაციის გაანალიზება, დაკავშირება  ზემოთ მოტანილ  აქტივობებთან (აქტივობა 1,2,3,4)   და ცხრილის  -„დვალეთის საზღვრების პრობლემები“  –  ახალი ინფორმაციით შევსება (ცხრილი 3);

 

აქტივობა N6 –   ნარატიული წყაროებიდან,  რუკებიდან  და  ვიდეოფილმებიდან  მიღებული მასალის  ერთმანეთთან შედარება, მსჯელობა  საინფორმაციო  წყაროების მნიშვნელობაზე  და  ცხრილის –  „დვალეთის  საზღვრების  პრობლემები“  (ცხრილი 4) – შევსება.

დასკვნის  სახით,  მოსწავლეთა  აქტივობების   შედეგი აისახა შემდეგ ცხრილში:

 

რა ფაქტორებმა განაპირობა დვალეთის ტერიტორიული ცვლილებები, რომელიც აისახა ნარატივში, რუკაზე და ვიდეოფილმში? პოლიტიკურმა პრცესებმა, გარეშე მტრის თავდასხმებმა.
რამდენად შეესაბამება დვალეთის თანამედროვე ტერიტორიული საზღვრები მის ისტორიულ ტერიტორიას? არ შეესაბამება, რადგან დღეს დვალეთი საქართველოს ნაწილი არაა.
რამდენად დაგვეხმარა ისტორიული წყაროები პოლიტიკური საზღვრების კუთვნილების დადგენაში? მოგვცა ინფორმაცია დვალეთის ისტორიული ტერიტორიული სინამდვილის დასადგენად.

აქტივობა N7 – მოსწავლეები შევაფასე   შემდეგი  კრიტერიუმების მიხედვით:

  1. მოსწავლემ სწორად მონიშნა დვალეთის  საზღვრების ცვლილებები;
  2. შეადარა ნარატიული წყაროები რუკებსა და ფილმში ნანახ მასალას (ნამდვილი და გამონაგონი);
  3. იმსჯელა პოლიტიკურ პროცესებზე;
  4. ინფორმაციები ერთმანეთთან დააკავშირა;
  5. გააანალიზა საინფორმაციო წყაროების მონაცემები დვალეთის საქართველოსთვის კუთვნილების შესახებ;
  6. მოსწავლემ გააკეთა სწორი დასკვნა.
  7. რეფლექსიისთვის გამოვიყენე   – მოსწავლეთა   თვითშეფასების  კითხვარი;
  8. გაკვეთილზე  გამოვიყენე  შემდეგი მულტიმედიარესურსები:

ა) https://www.youtube.com/watch?v=Rn3XNGG1igs

 (ლინკი მოცემულ დროზე  https://www.youtube.com/watch?v=Rn3XNGG1igs

 0:31 – 3:49); https://www.youtube.com/watch?v=C1O985AQflo

 0:25 – 0:40)  https://www.opentext.org.ge/index.php?m=12&y=2007&art=3072

ბ) ქართული პრესის ელექტრონული არქივი, საქართველოს რესპუბლიკა, 2007-05-04, დვალეთი საქართველოა!

გ) https://sangu.ge/images/andrander.pdf

 ენდრიუ ანდერსენი, ისტორიის ფალსიფიკაცია პოლიტიკური ავანტიურიზმის სამსახურში;

  1. მიღებული გაკვეთილი მედიაწიგნიერებაში აიტვირთა  და განთავსდა  როგორც  რესურსი:  https://medialiteracy.ge/ge/resources/id/28/wyaroebis-mimoxilva-da-dvaletis-teritoriuli-kutvnilebis-sakitxi

გაკვეთილმა სრულად წარმოაჩინა მედიაწიგნიერების ისეთი ასპექტები, როგორიცაა, მისი  იდეოლოგიური   და ღირებულებითი  გზავნილები და  მედიის  სოციალური და პოლიტიკური გავლენა;  სათანადო  აქტივობებმა  კი ხელი შეუწყო  ისტორიული სინამდვილის წარმოჩენას, წარსულის რეკონსტრუქციასა და ინფორმაციის კრიტიკულ გაანალიზებაში მედიაწიგნიერების გამოყენების მნიშვნელობის ჩვენებას.

მედიაწიგნიერების გაკვეთილები ჩემი პედაგოგიური პრაქტიკის აქტიურ  ნაწილად  გადაიქცა. ის მე საგაკვეთილო მიზნების მიღწევაში მეხმარება.

 

      დაკარგული ბიჭი და სხვა ამბები – თამაში, როგორც სასკოლო-საგანმანათლებლო აქტივობა

0

გგონიათ ცნობილი ამერიკელი მწერლის, თომას ვულფის პროზის განხილვას ვაპირებ, ლიტერატურული წერილი უნდა დავწერო და ამ შესანიშნავი ავტორის წაკითხვისკენ მოგიწოდოთ?  არა, უბრალოდ სათაური დაემთხვა.

მინდა,  მოგიყვეთ იმ რამდენიმე, მხიარული აქტივობის შესახებ, რომელთაც დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან ვიყენებ, ეს ყველაფერი შესაძლოა კიდევ უფრო გამოგადგეთ, თუ კლასში განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლე გყავთ.

  1. დაკარგული ბიჭი

იყო ერთი ბიჭი, რომელსაც ხან კონცენტრაცია უჭირდა, ხანაც ოცნებებს სულ სხვაგან მიჰყვებოდა ხოლმე, ზოგჯერ კი გონება ეფანტებოდა, ამიტომ გაკვეთილის მსვლელობისას ხშირად იკარგებოდა, ვერც წიგნში იმ მონაკვეთს აგნებდა, რასაც დანარჩენი მოსწავლეები კითხულობდნენ, ვერც კითხვაზე ადეკვატურ პასუხს სცემდა, ზოგჯერ კი ახსნილის გაგებაც უჭირდა. უფრო სწორად, რაღა ერთი, ასეთი ბიჭები და გოგოები ხშირად არიან ხოლმე კლასში.

 ჰოდა, სწორედ მაშინ მოვიფიქრე თამაში, რომელიც ცოტა ხანში მთელი კლასის საყვარელი გასართობი გახდა – თამაში ზღაპრულ და რეალურ შინაარსს ერთნაირად ატარებდა და დაკარგული ბავშვების პოვნა ერქვა.  ვეძებდით დაკარგულ ბავშვებს ყველგან – წიგნში, სიტყვის მიღმა, ცუდად დასმულ შეკითხვაში, არასწორად განაწილებულ აქტივობებში, სხვადასხვა წვრილმანში, რასაც გონების გაფანტვა შეუძლია, ვეძებდით და მერე ვპოულობდით და ვხარობდით.

-ბავშვებო, გიო ( პირობითად) დაიკარგა, მოდით ვიპოვოთ! და ყველა მხიარულად ერთვებოდა, ზოგიერთი წიგნს გადაუშლიდა და იმ კონკრეტულ აბზაცს მიუთითებდა,  სადაც ვკითხულობდით, ზოგი – მასწავლებლის დასმულ შეკითხვას უფრო კარგად, გიოს ენაზე უთარგმნიდა და ასე, ჯადოსნური ზღაპრის საუკეთესო დაბოლოებას ვიღებდით – ბავშვი ნაპოვნი იყო, საკითხი გაგებული, წიგნი – წაკითხული.

  1. ქაჯური ენა

ბავშვობაში არ გქონიათ საიდუმლო ენა, რომლის გაგება მხოლოდ თქვენს დას ან ძმას, მეგობარს ან კლასელს, მოკლედ, თანატოლს შეეძლო? გახსოვთ, როგორ გადასცემდით ერთმანეთს საიდუმლო ინფორმაციას ისე, რომ უფროსებს ვერაფერი გაეგოთ?

ჰოდა, ერთ დღესაც ვიფიქრე, რატომ არ შეიძლება ეს ჩვენი ბავშვური თამაში კლასში ყურადღების კონცენტარციისთვის გამომეყენებინა? თამაში – ენა, რომლის წესებს თავად ვადგენთ, რომელიც მოსწავლეებისგან მეტ ყურადღებას მოითხოვს, თანაც სახალისო გასართობია, თანაც შეიძლება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის ურთიერთობის განსაკუთრებული ფორმა აღმოჩნდეს?

სცადეთ თქვენც, როდესაც მოსწავლეები გადაიღლებიან და გინდათ მათი ყურადღება მიიპყროთ, უცებ თქვით – წაბაწავშვეწაბო, წამოწამიწასმიწანეთ! მათი ცნობისმოყვარე მზერა გარანტირებული გაქვთ.  თანაც  ეს საიდუმლო თუ ქაჯური ენა დალაგებული, წინასწარი წესებით შედგენილი ენობრივი სისტემაა, მშვენიერი ლოგიკური სავარჯიშოა, არ მეთანხმებით?

 

  1. სიტყვების შეცვლობანა

ეს მეტყველების სავარჯიშო ჯერ ჩემი შვილისთვის გამოვიგონე, მშვენიერი, მხიარული თამაში გამოგვივიდა კომუნიკაციური ჩაკეტილობის დასაძლევად, ბევრს ვიცინოდით და ვსულელობდით, მერე კი კლასშიც ვცადე.

როგორი თამაშია?

იღებთ რამე სიტყვას და აფუჭებთ, ანუ ცვლით მის ფონეტიკურ შემადგენლობას, ოღონდ ისე, რომ ლოგიკა შეინარჩუნოთ.

მაგალითად, შეგიძლიათ გააჟღეროთ  ყრუ თანხმოვნები, ცვალოთ თანხმოვანთა სამეულები, გადააადგილოთ ხმოვნები:

მაგალითად  – პატარა-პიტირი

იგივე სიტყვა თანხმოვნების შეცვლის შემთხვევაში – პატარა – ბადარა.

 მერე ხსნით წესს, რა რით შეცვალეთ და თქვენ მიერ შემოთავაზებული წესების მიხედვით, ბავშვებმა უნდა გააფუჭონ სხვა სიტყვები. დაღლილ, გონებაგაფანტულ, ჩაძინებულ კლასს ისე უცებ გამოცოცხლებთ, თავადაც ვერ მიხვდებით! აუცილებლად სცადეთ!

 

  1. თამაში – ღიმილის დაბრუნება

ეს ყველაზე მარტივი თამაშია და ყველაზე პოზიტიური. მოსწავლეებს ყოფთ წყვილებად და სვამთ ერთმანეთის პირისპირ,  მათ უბრალოდ უნდა გაცვალონ ღიმილი, გადამდები, გულწრფელი და ლამაზი ღიმილი.

შედეგი გაგაოცებთ, ოთახი განათდება და რთული გაკვეთილების სწავლაც უფრო სასიამოვნო და მხიარული გახდება.

მოიფიქრეთ თქვენი თამაშები,

წარმატებას გისურვებთ!

ტესტები – მუდმივი სტრესის მიზეზი დაწყებით კლასებში

0

დღეს, საქართველოს სკოლებში უაღრესად პოპულარული და მოდური გახდა ტესტირებები. ბავშვებს ტესტებზე მუშაობას დაწყებითი კლასებიდან აჩვევენ, და ფიქრობენ რომ ამით მათ მომავალი ცხოვრებისთვის ამზადებენ, უვითარებენ უნარებს და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ხშირად, ხდება ისეც რომ  სკოლა ტესტირების შედეგად განსაზღვრავს  მასწავლებლის ავკარგიანობას, ბავშვის მიღწევებს და მის მიერ მასალის დაძლევას. ზოგ შემთხვევაში კი ტესტი ერთადერთი შეფასების ინსტრუმენტად გვევლინება.  ამ ბოლო პერიოდში, კი განსაკუთრებით დაწყებით კლასებში, ოლიმპიადების ბუმმა სკოლაში ტესტირებას კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა და დატვირთვა მიანიჭა.  უამრავი მშობლისთვის და მასწავლებლისთვის ოლიმპიადაზე მიღებული ქულით ფასდება მოსწავლის ცოდნის დონე და  მასწავლებლის მუშაობის ხარისხი. უნდა აღინიშნოს  რომ ასე პოპულარული ოლიმპიადებზე გამოყენებული ტესტები, ხშირ შემთხვევაში შეუსაბამო და აცდენილია სასწავლო პროგრამას, მათ ორგანიზატორებს რომ ფინანსური სარგებელი აქვთ, ეს რა თქმა უნდა განსახილველი არ არის, ჩვეულებრივი ბიზნესია და წარმატებებსაც ვუსურვებ,  მაგრამ უნდა ითქვას რომ ამ ყველაფრისგან ყველაზე მეტად  ზიანდებიან, ისტრესებიან და ნერვიულობენ პატარები.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენს სკოლებში დიიდი  „ტესტირომანიაა“ გაჩაღებული: დიაგნოსტიკური, შემაჯამებელი, ყოველკვირეული, ყოველთვიური, სემესტრული და ასე შემდეგ, ამ ორმოტრიალში კი ყველაზე მეტ სტრესს  ბავშვები იღებენ, რომლის დაძაბულობა და ნერვიულობაც  ყველაზე უმნიშვნელო ხდება, ტესტირების შედეგებთან შედარებით.

ტესტირების  დადებითი მხარე ისაა, რომ მოკლე დროში, რესურსების ნაკლები დანახარჯით მასწავლებელი დაახლოვებით იგებს მოსწავლის დონეს თუ შესაძლებლობებს, თუმცა ესეც პირობითია, რადგან შეუძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ტესტზე დაყრდნობით იმის თქმა, ესა თუ ის მოსწავლე როგორი ინტელექტის მატარებელია ან რა ცოდნას ფლობს. ასევე ტესტირება ბავშვებს კონცენტრაციას და ყურადღებას უვითარებთ (თუმცა არსებობს უამრავი სხვა მეტად სახალისო და სასარგებლო აქტივობები კონცენტრაციისთვის/ყურადღებისთვის), და განსაზღვრულ დროში მუშაობას ეჩვევიან.  თუმცა აღნიშნული დადებითი თვისებები სულ არაფერია იმასთან შედარებით, რამდენი უარყოფითიც ახლავს ხშირ ტესტირებას, განსაკუთრებით კი დაწყებით კლასებში (ხაზი მინდა გავუსვა ხშირს, თორემ ტესტის ჩატარება მაგალითად ორ თვეში ერთხელ ნამდვილად შედეგიანი და სწორი იქნება).

  1. რა თქმა უნდა სტერსი, შიში, განცდა. ბავშვისთვის სკოლა უნდა იყოს ის ადგილი, სადაც თავს უსაფრთხოდ გრძნობს, უყვარს გარემო, მოსწონს, აინტერესებს, სიამოვნებს. ყოველკვირეული ტესტები კი მას მუდმივ სტრესის ქვეშ აყენებს, დაძაბული და შეშინებულია. ჩემი 9 წლის გოგონა, ხშირად აღნიშნავს, რომ ტესტებმა მას სკოლა შეაჯავრეს. ჩემს თვალწინ ცხადი ხდება როგორ ქრება სკოლის მიმართ აქამდე ძალიან პოზიტიური დამოკიდებულება, და მის ადგილს შიში, დაძაბულობა ნეგატიური ფიქრები და აზრები როგორ იკავებს.
  2. მასწავლებელმა იცის, რომ ხშირ შემთხვევაში ტესტირების შედეგი მის მუშაობის ხარისხს განსაზღვრავს. ამიტომ ან ცდილობს ტესტის შესწორებისას რაღაცეები მოიტყუოს/შეცვალოს ან დაბალი შედეგების შემთხევაში, მისი რისხვა ( საკუთარი თვითშეფასების დაბალი მაჩვენებელი) ისევ ბავშებს დაატეხოს თავზე: გაზრდილი დავალებებით თუ გადატვირთული საგაკვეთილო პროცესით. შეიძლება ითქვას, რომ ტესტირების შედეგები პირდაპირ მოქმედებს მასწავლებლების თვითშეფასებაზე, მოტივაციას და საკუთარი ძალების რწმენას ნელ-ნელა უკარგავს. მითუმეტეს, ამ ყველაფერს თუ ადმინისტრაციისგან საყვედურიც მოჰყვება. არადა პირიქით უნდა იყოს, მაღალი დონის სასწავლო პროცესის ყველაზე მნიშვნელოვანი, მთავარი ნაწილი მასწავლებლის მოტივაციაა. მოტივირებული მასწავლებლისთვის შეუძლებელი და დაუძლეველი არაფერია.
  3. ტესტიტრება არ იძლევა ინდივიდუალური, დიფერენცირებული მიდგომის საშუალებას. ის ყველას „ერთ ქვაბში ხარშავს“, განსხვავებით ბავშვის შესაძლებლობებისა. რა გვინდა ჩვენ? რისკენ მივისწრაფვით? რომ კლასში ყველა ერთნაირად მოაზროვნე და ერთნაირი შესაძლებლობების ბავშვები გვესხდნენ? ეს არის ჩვენი მიზანი?  რომ ბავშვებში ინდივიდუალიზმი ჩავკლათ და მისი პიროვნება იმით განვსაზღვროთ ა შემოხაზა თუ ბ? როდესაც ყოველი ბავშვი ცალკე აღებული, უნიკალური სამყაროა, რომლის მსგავსი არ არსებობს. ისინი განსხვავდებიან ტემპით, აზროვნებით, სოციალური სტატუსით,  გამოცდილებებით, შინაგანი ინტელექტით, გემოვნებით, გადაწყვეტილებების მიღების განსხვავებული გზებით, აღზრდით და სხვ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მათთვის ერთნაირი ტესტის დადება, რბილად რომ ვთქვათ უსამართლობაა და შედეგიც მაინცდამაინც საინტერესო აღარ არის.
  4. ხშირი ტესტირება (განსაკუთრებით დაწყებით კლასებში) კლავს კრეატიულობას, შემოქმედებითობას. საქმე ის არის რომ ამ გამუდმებულ ტესტების რეჟიმში შეუძლებელია დრო სხვა რამეზე ფიქრისთვის დაგვრჩეს. ტესტებისთვის მზადება – შემდეგ ტესტი, ახლა სხვა საგანში, შემდეგ ისევ სხვა საგანი, მოკლედ ეს წრე-ბრუნვა არ წყდება და ბავშვებს ტესტირების მარწუხებში ვკეტავთ.  იმ დროს, როდესაც მოზარდი ყალიბდება და ფორმირდება ერთი კარგი მოთხრობის წაკითხვა, დაფიქრება და გაანალიზება მისვთის უფრო შედეგიანია, ვიდრე კვირაში სამი ტესტის წერა.
  5. ამდაგვარ დაძაბულ სასწავლო გარემოში, მოსწავლეების ქვეცნობიერი გადადის ბრძოლის რეჟიმზე, რომ ტესტი არ ჩააგდოს, ოლიმპიადაზე კარგი შედეგი ჰქონდეს. ამ პირობებში, კი შეუძლებელია მაღალი სააზროვნო უნარების განვითარება, რაც ამოსავალი წერტილი უნდა იყოს განათლებაში.
  6. ტესტირება არ იძლევა უკუკავშირის საშუალებას. ხშირად მოსწავლისთვის გაურკვეველია, რაში დაუშვა შეცდომა და როგორ გამოასწოროს.
  7. ტესტი ვერ აფასებს მოსწავლის შემოქმედებითობას, პირიქით ის ზღუდავს და ჩარჩოებში სვავს ამ უნარის გამოვლენას.
  8. ტესტის მზადებაში და მისი შედეგების გაანალიზებაში მოსწავლის დროის გარდა იხარჯება მასწავლებლის დროც. ნაცვლად იმისა, რომ მეტი დრო დაუთმონ სოციალურ კვლევებს, ხელოვნებას, ფიზიკურ განათლებას, ისტორიას, მეცნიერებებს, კვლევებს, დაკვირვებებს და სხვ.
  9. შეიძლება მოსწავლეს ჰქონდეს ღრმა ცოდნა ამათუიმ დისციპლინაში, მაგრამ ტესტირებაში დაბალი ქულა აიღოს, სხვადასხვა ფაქტორის გამო. თუ სხვა შემთხვევაში და სხვა პირობებში (კონკრეტული პროექტი, ხატვა, ძერწვა, დისკუსია) ამ მოსწავლეს ექნებოდა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალური გამომჟღავნების.
  10. გამუდმებული დაბალი ქულები და დაბალი შეფასება (მიუხედავად იმისა, რომ დაწყებით კლასებში ქულებით არ ფასდება ბავშვი, ტესტირების შემთხვევაში მასწავლებლები ქულებით შეფასებას მაინც ვერ გაურბიან), მოსწავლეს შეცდომის დაშვების შიშს უნერგავს, თვითრწმენას უკარგავს, რაც მეტად სახიფათო და არასასურველია მისი შემდგომი ნორმალური განვითარებისთვის. ასევე ტესტის შედეგები, მასწავლებლისთვის ბავშვებს ჰყოფს „დამარცხებულებად“ და „გამარჯვებულებად“, ეს კი მათთვის იარლიყის მიწებების ტოლფასია, მასწავლებლის გონებაში მაინც.
  11. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ დროის იმ მომენტს რომელსაც ბავშვი უთმობს ტესტირებას თუ მისთვის მზადებას,  შეეძლო  გამოეყენებინა, რაღაც უფრო მნიშვნელოვანის, ახლის და საინტერესოს შესაქმნელად. ვინ იცის, რამდენი იდეა ჩამქრალა, დროსი უკმარისობის მიზეზით (ისევ ჩემი შვილის მაგალითი უნდა მოვიყვანო: ადრე, როდესაც მას ტესტირებების და უამრავი დავალების სიმძიმე არ დააწვებოდა რჩებოდა თავისუფალი დრო,  ხატავდა, ძერწავდა, ქმნიდა. მართლაც საოცრებებს და დაუჯერებელ არსებებს თუ ნივთებს. უკვე მეოთხე კლასში, აღმოჩნდა რომ ამ ყველაფრისთვის მას დრო თითქმის არ რჩება, ინგლისური, მათემატიკის  თუ სხვა საგნების ტესტებმა, დავალებებმა შეიწირეს მისი ხელოვნებით და შექმნით დაინტერესება. ნელ-ნელა ვატყობ, როგორ ემსგავსება რობოტს და როგორი მექანიკური გახდა მისი ყოველი დღე.  ისღა დაგვრჩენია ძველი ნამუშევრები დავათვალიეროთ, თავად კი დააყოლოს: ნეტავ, კიდევ მქონდეს დრო.)

და ბოლოს, დავასკვნათ რომ გამუდმებული ტესტირებების რეჟიმი ნამდვილ რობოტ ანდროიდებად გვაქცევს და იქნებ არც ტყუიან ის ფანტასტი მწერლები, ჩვენი დედამიწის მომავალი სწორედ მათ ხელში რომ წარმოუდგენიათ. იქნებ ეს ყველაფერი სწორედ იქიდან უნდა დაიწყოს, რომ 9 წლის ბავშვს თავისუფალი დრო წავართვათ. მთავარი ტესტია, შედეგია, ოლიმპიადაა.

რა ქნას მასწავლებელმა? ამ გაგანია ტესტებში რა გამოსავალი იპოვოს? უამრავი ალტერნატიული მეთოდი არსებობს, რომელიც ტესტს ცვლის და უკეთესი შედეგებიც აქვს, არა მხოლოდ რიცხვებში და შედეგებში, არამედ ბავშვის განვითარებაში და მისი მაღალი სააზროვნო უნარების ჩამოყალიბებისთვის. დისკუსია, პროექტები, პრეზენტაციები, კვლევები, სასკოლო გაზეთები, სპექტაკლები, დებატები, ექსკურსიები, ექსპერიმენტები, თავისუფალი წერა, წიგნების კეთება და უამრავი სხვა. მთავარია თითოეული მათგანი სწორად შევარჩიოთ, და არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ჩვენი ამოსავალი წერტილი მოსწავლის პოზიტიური დამოკიდებულება, მისი სილაღე, ინტერესი და ჩართულობის სურვილი უნდა იყოს. მთავარია შევქმნათ და არ დავიზეპიროთ, ვწეროთ და არ შემოვხაზოთ, ჩვენი სათქმელი გამოვხატოთ ნებისმიერი ფორმით – თუნდაც ეს დაფის წინ სპონტანურად დადგმული წარმოდგენა იყოს.

მოსწავლეთა აზროვნების განვითარება

0

განათლების მრავალ ფსიქოლოგს სჯერა, რომ აზროვნება სკოლაში უნდა  განვითარდეს. მაგრამ ცხადია, აზროვნების სწავლება გაცილებით მეტ აქტივობას მოიცავს, ვიდრე  სტანდარტულ გაკვეთილზე ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ „სააზროვნო” კითხვებზე  პასუხის  გაცემა  ან  მასწავლებლის მიერ  წამოჭრილ  დისკუსიებში მონაწილეობაა. მაშ რა არის საჭირო კიდევ? ერთ-ერთი მიდგომის თანახმად, ყურადღება გამახვილებულ უნდა იქნას აზროვნების უნარ-ჩვევების განვითარებაზე სპეციალური პროგრამებით (რომლებიც პირდაპირ ამ უნარ-ჩვევების სწავლებაზეა გათვლილი) ან არაპირდაპირი მეთოდებით (რომლებიც  აზროვნების  განვითარებას  ჩვეულებრივ  სასწავლო  გეგმას დაურთავენ). აზროვნების უნარ-ჩვევების სპეციალური პროგრამის უპირატესობა არის  ის, რომ მოსწავლეებს არ სჭირდებათ საგნის მასალის ექსტენსიური, ფართო ცოდნა უნარ-ჩვევების დასაუფლებლად. მოსწავლეებმა, რომლებსაც ჩვეულებრივ უჭირთ სასწავლო პროგრამის ათვისება, შეიძლება ამ პროგრამების დახმარებით წარმატებას მიაღწიონ და განუმტკიცდეთ თვითეფექტიანობის განცდა. მისი უარყოფითი  მხარე  კი  ის  არის, რომ  ამ  ზოგად უნარ-ჩვევებს მოსწავლეები ხშირად პროგრამის ფარგლებს გარეთ მანამდე ვერ  იყენებენ, სანამ მასწავლებლები მათ არ ასწავლიან მის გამოყენებას სხვადასხვა საგნის შესწავლისას, სხვადასხვა სიტუაციაში.

აზროვნების განვითარება ყველა კლასში. მოსწავლეთა აზროვნების განვითარების კიდევ ერთი გზა არის კოგნიტური მოსწავლეობა სასწავლო გეგმით/კურიკულუმით გათვალისწინებული  პროგრამის  დროს – პრობლემის ანალიზის,  გადაჭრისა  და  ლოგიკური  აზროვნებისას. დევიდ პერკინსი და მისი კოლეგები მასწავლებლებს მის კლასში გახორციელებას ურჩევენ. მისი არსის თანახმად, არსებობს ცნობისმოყვარეობა, კრეატიულობა  და  მოლოდინი,  რომ  მოსწავლე  ისწავლის და  გაიგებს.  ამგვარ  კლასში  განათლება  აღქმულია,  როგორც ინკულტურაცია, ცოდნის  დაუფლების  ფართო  და  კომპლექსური პროცესი, რომელიც ეთანხმება ვიგოტსკის სწავლების თეორიას – მხარდაჭერით სწავლას. ისევე, როგორც ოჯახი გვაძლევს ენის პირველ გაკვეთილებს, სასკოლო კულტურა აზროვნების გაკვეთილს გვიტარებს, როცა გვაძლევს კარგი  აზროვნების, სააზროვნო პროცესების მიმართულების მიმცემი ინსტრუქციების  ნიმუშებს და წაახალისებს პროცესებს სხვებთან ურთიერთობის გზით.

კრიტიკული აზროვნება. კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები სასარგებლოა  თითქმის ყველა ცხოვრებისეულ სიტუაციაში – მედიის რეკლამების შესაფასებლადაც კი, რომლებითაც მუდმივად “გვბომბავენ”. როცა ხედავ შესანიშნავი ადამიანების  ჯგუფს, როგორ სვამენ  გამაგრილებელ  სასმელს საცურაო კოსტუმებში გამოწყობილი, შენ უნდა გადაწყვიტო, არის თუ არა კავშირში სექსუალობა ხილის სასმელის არჩევანთან. განათლების  სპეციალისტები ვერ შეთანხმდნენ სკოლაში კრეატიული აზროვნების განვითარების  საუკეთესო  გზაზე.

მრავალი წელია მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, თუ რაზე უნდა იქნას გამახვილებული ყურადღება სკოლებში – პროცესზე თუ  შინაარსზე, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებზე თუ საბაზო ცოდნაზე, მაღალი დონის აზროვნებაზე თუ აკადემიურ ინფორმაციაზე. განათლების ზოგიერთი სპეციალისტი თვლის, რომ მოსწავლეებს უნდა ასწავლონ აზროვნება, მაშინ როცა  სხვა სპეციალისტების აზრით,  მოსწავლე  ვერ  ისწავლის  „აზროვნებას”  აბსტრაქტულად. ისინი უნდა ფიქრობდნენ რაიმე კონკრეტულზე, რაღაც სახის შინაარსზე. რაზე უნდა გაამახვილონ მასწავლებლებმა ყურადღება – ცოდნაზე თუ აზროვნებაზე?

1995  წლის  28  აპრილის  სტატიაში „უმაღლესი განათლების  ქრონიკები” გაკეთებული  იყო  შემდეგი განცხადება:

„კრიტიკული  აზროვნება  ეფექტიანი კითხვის, წერის, საუბრისა და მოსმენის ქვაკუთხედია. ის საშუალებას გვაძლევს, დავუკავშიროთ შინაარსის ცოდნა ისეთ განსხვავებულ მიზნებს, როგორიცაა თვითშეფასება, თვითდისციპლინა, მრავალმხრივი განათლება, ეფექტიანი თანამშრომლობითი სწავლა და პრობლემის გადაჭრა. ის საშუალებას აძლევს ყველა ინსტრუქტორსა და ადმინისტრატორს, აიმაღლოს საკუთარი სწავლისა და აზროვნების დონე“.

როგორ  უნდა ისწავლონ მოსწავლეებმა კრიტიკული აზროვნება? განათლების ზოგიერთი სპეციალისტი მასწავლებლებს ურჩევს, ასწავლონ აზროვნების უნარები ფართოდ  გავრცელებული ტექნიკის პროგრამების საშუალებით, როგორიცაა, პროდუქტიული აზროვნების პროგრამა. ექსპერტი ლიდერები ავტომატურად იყენებენ გარკვეულ მეტაკოგნიტურ  სტრატეგიებს. ამიტომ  განათლების  ბევრი სპეციალისტი  და  ფსიქოლოგი  იძლევა  რეკომენდაციას, პირდაპირ  ასწავლონ  დამწყებებს  ან  ცუდ  მკითხველებს  ამ  სტრატეგიების  გამოყენება.  მაიქლ პრესლის „სტრატეგიის  კარგი  მომხმარებლის” მოდელი  და  პალინსკარისა  და ბრაუნისეული ურთიერთსწავლების მიდგომა მეტაკოგნიტური უნარების პირდაპირი  სწავლების  წარმატებული  მაგალითებია. ამ  მიდგომების  კვლევა, როგორც  წესი, ყველა  ასაკის  მოსწავლეებთან  წარმატებულია.

კრიტიკული  აზროვნების  გამოკვეთილი  ოპონენტის ე.დ. ჰირშის აზრით კი:

რეალურად  აუმჯობესებს თუ არა მიღწევებს კრიტიკული  აზროვნების  ასეთი  პირდაპირი  სწავლება  ან  თვითმონიტორინგი  ეს  საკითხი მკვლევართა შორის დავის  საგანია.  მაგალითად,  კრიტიკული  აზროვნების  შესახებ  ჩატარებული  კვლევა მოკლებულია დამაჯერებლობას.  კრიტიკული აზროვნების სწავლება რამდენიმე ქვეყანაში მრავალი წლის  განმავლობაში ხორციელდებოდა. ამის მიუხედავად, კვლევებმა ცხადყო, რომ სხვადასხვა ეროვნების მოსწავლეები, ისეთი განსხვავებული ქვეყნებიდან, როგორიცაა, ისრაელი, გერმანია,  ავსტრალია,  ფილიპინები  და  აშშ,  მათ  შორის  ისინიც,  ვისაც  ნასწავლი  აქვს  კრიტიკული  აზროვნება,  მაინც  აკეთებენ  ხოლმე  არასწორ  ლოგიკურ  დასკვნებს

იმის მიუხედავად, რომ მეტაკოგნიტური უნარების სწავლებაში განათლების მეცნიერებამ წარმატებებს მიაღწია, მკვლევრები მაინც გვაფრთხილებენ, რომ არის  მომენტები, როცა ამგვარი სწავლება ხელისშემშლელი უფროა, ვიდრე ხელშემწყობი. რობერტ სიგლერი ფიქრობს, რომ თვითმონიტორინგის სტრატეგიების სწავლებამ დაბალი  მიღწევების  მქონე მოსწავლეებში შეიძლება ხელი შეუშალოს ადაპტაციური სტრატეგიების  განვითარებას. რთული და უცნობი სტრატეგიების გამოყენების დაძალებამ შეიძლება  ზედმეტად  გადატვირთოს მოსწავლის  მუშა  მეხსიერება და  მან ვეღარ  გაიგოს  გაკვეთილის შინაარსი და მნიშვნელობა. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ასწავლო მოსწავლეებს კონტექსტიდან სიტყვების მოფიქრების სტრატეგიები, შეიძლება უფრო მომგებიანი  უბრალოდ  ლექსიკონიდან  მეტი  სიტყვის  დასწავლა იყოს.

იმის მიუხედავად, რა მიდგომას გამოიყენებთ კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის,  მნიშვნელოვანია  გააგრძელოთ  დამატებითი  ვარჯიში  და პრაქტიკა.  ერთი გაკვეთილი საკმარისი არ არის.  მაგალითად,  თუ  თქვენმა კლასმა  განიხილა  გარკვეული  ისტორიული  დოკუმენტი  იმის  განსასაზღვრად, ტენდენციას  ასახავდა  ის  თუ  პროპაგანდას,  თქვენ  უნდა  განაგრძოთ  სხვა ისტორიული  დოკუმენტების, თანამედროვე  სტატიების ან ახალი ისტორიების გაანალიზება. სანამ აზროვნების უნარ-ჩვევები არ გახდება  სრულყოფილი და შედარებით ავტონომიური, მათი ახალ სიტუაციებში  გამოყენება ნაკლებად წარმატებულია. ამის ნაცვლად მოსწავლეები გამოიყენებენ ამ უნარ-ჩვევებს მხოლოდ სოციალური მეცნიერებების გაკვეთილების დროს და არა მეგობრების,  პოლიტიკოსების  ან  სულაც  თოჯინათა  მწარმოებლების განცხადებებისა  და დიეტოლოგთა  გეგმების შესაფასებლად.

აზროვნების ენა.  აზროვნების  ენა  შედგება  ბუნებრივი  ენობრივი  ტერმინებისგან, რომლებიც  აღნიშნავენ  მენტალურ  პროცესებსა  და  შედეგებს. სიტყვები: ფიქრი, ვარაუდი,  ეჭვი,  რწმენა,  ჰიპოთეზა, მტკიცებულება,  მიზეზები,  შეფასება, გამოთვლა,  განსაზღვრა,  ეჭვის  შეტანა  და  თეორეტიზირება – მათი მცირე ნაწილია. მოსწავლეთა მეტყველება კლასში სავსე  უნდა  იყოს  აზროვნების  აღმნიშვნელი  ცხადი,  გასაგები,  ზუსტი და  მდიდარი  ლექსიკით.  იმის  ნაცვლად,  რომ  თქვათ:  „რას  ფიქრობ  გიორგის პასუხზე?”  მასწავლებელმა  შეიძლება  დასვას  ისეთი სააზროვნო კითხვები, როგორიცაა: „რა დამადასტურებელი საბუთების მოტანა შეგიძლიათ გიორგის პასუხის  სასარგებლოდ  ან  საპირისპიროდ?” „რა  ვარაუდს  გამოთქვამს გიორგი?” „რა  ალტერნატიული ახსნები არსებობს?“ ლექსიკით მდიდარ  ატმოსფეროში  მოსწავლეები,  როგორც  წესი,  აზროვნების  შესახებ  უფრო ღრმად ფიქრობენ. მოსწავლეები მეტს სწავლობენ, როდესაც საუბრისას  ინტერპრეტაციას მიმართავენ, აანალიზებენ და ახსნა-განმარტებებს იძლევიან. უბრალო აღწერილობითი საუბარი მოსწავლეებს სწავლაში ნაკლებად წაადგება. გაცილებით სასარგებლო იქნება ისეთი საუბარი, რომელიც ხსნის, ადგენს მიზეზს, გამოყოფს ნაწილებს, ქმნის შემთხვევებს, იცავს პოზიციებს ან აფასებს მსჯელობებს.

თამაშების  როლი, კომუნიკაციური უნარების ფორმირებაში

0

თამაშები გაკვეთილზე ხელს უწყობს ურთიერთობების ფორმულირებას. ამიტომ მათი საგაკვეთილო პროცესში გამოყენება მნიშვნელოვანია.

ქვემოთ მოტანილი დავალებები მხოლოდ მაგალითებია იმისა, თუ როგორ უნდა „დავიწყოთ“ თამაშები. ასე გაწერილი ისინი ცოტა უსიცოცხლოდ მოჩანს, მაგრამ მერწმუნეთ, როგორც კი მოსინჯავთ თამაშის სახით სწავლებას, მერე ვერასოდეს უღალატებთ ამ მეთოდს.

 

იცანით სურათი

კლასის ბოლოში, მაგიდაზე განთავსებულია ჟურნალებიდან ამოჭრილი სურათები. დაყავით კლასი ჯგუფებად და მაგიდისგან მოშორებით განალაგეთ ისინი. ყოველ ჯგუფს მიანიჭეთ სახელი („ა“, „ბ“, „გ“…) და ყოველ მონაწილეს კი რიგითი ნომერი (1,2,3,4,…). მასწავლებელს, ყოველი ჯგუფის ნომერი პირველი მონაწილე მაგიდასთან მიჰყავს და აჩვენებს სურათს (იწერს, რომელს რომელი სურათი შეხვდა). ეს მონაწილეები ბრუნდებიან თავიანთ ჯგუფთან და ცდილობენ, აღწერონ ნანახი სურათი. ამასობაში მასწავლებელი მაგიდაზე სურათებს ურევს.

ამის შემდეგ ყოველი ჯგუფის მეორე მონაწილე მიდის მაგიდასთან და ცდილობს მოძებნოს პირველი მონაწილის მიერ აღწერილი სურათი. საჭიროების შემთხვევაში, მეორე მონაწილეს შეუძლია მიბრუნდეს ჯგუფში და დასაზუსტებლად შეკითხვები დაუსვას პირველს.

თუ მეორე მონაწილე დარწმუნებულია თავის არჩევანში, მას მოაქვს სურათი ჯგუფთან. ამ დროს პირველი ნომერი ტოვებს ჯგუფს და დანარჩენი წევრები ადასტურებენ მეორე ნომრის არჩევანს. შემდეგ, არჩეულ სურათს მასწავლებელს წარუდგენენ.

თუ სურათი სწორადაა ამოცნობილი, მაშინ უკვე მეორე ნომერი ბრუნდება მაგიდასთან და ყველაფერი მეორდება. ჯგუფებს შორის მიდის შეჯიბრი, რომელი უფრო სწრაფად დაასრულებს, თუნდაც ორ წრეს.

            ეს თამაში (თუ უცხო ენის გაკვეთილია) მოსწავლეებს სტიმულს აძლევს, რომ შესასწავლ უცხო ენაზე ისაუბრონ, ამასთან ავითარებს ლექსიკას, აყალიბებს პრეზენტაციისა და ლოგიკურად აზროვნების უნარებს. მოსწავლეები ენთუზიაზმით დაიწყებენ სირბილს ჯგუფსა და მაგიდას შორის. მასწავლებლის ამოცანაა – პროცესის ისეთი ორგანიზება, რომ არ შეიქმნას ქაოსი.

ამ თამაშის გამოყენება სწავლების ნებისმიერ საფეხურზე შეიძლება.

ვარიანტები

კლასში გადაადგილების გარეშე თამაშის ვარიანტი: თამაშის ყოველ მონაწილეს ეძლევა კონვერტში ჩადებული სურათი, რომელიც დანარჩენებმა არ უნდა ნახონ. მას შემდეგ, რაც წარმოდგენილი იქნება ყველა სურათის აღწერა, მასწავლებელი კრებს სურათებს და მაგიდაზე შლის მათ. ჯგუფს ევალება, გამოიცნოს, რომელი სურათი ჰქონდა მხედველობაში თითოეულ მონაწილეს.

გადაადგილების გარეშე თამაშის გართულებული ვარიანტი: ზემოთ აღწერილი ვარიანტის გართულება შესაძლებელია, თუ ჯგუფის თითოეულ წევრს რიგრიგობით, ინდივიდუალურად მოუწევს ყველა სურათის ამოცნობა.

ისტორიები

თხზულების შედგენა ჯაჭვური პრინციპით

ჯგუფი განლაგებულია წრეზე. პირველი მონაწილე (ან მასწავლებელი) კითხულობს რაიმე ისტორიის პირველ აბზაცს. ჯგუფის წევრები წრიული მიმდევრობით ამატებენ აბზაცებს. ისტორიები შეიძლება იყოს ძალიან მარტივი:

„მას ძალიან მოსწონდა ეს სურათი“;

„ამ სურათზე იყო მისი ქალიშვილი“;

„მაგრამ ქალიშვილს არ მოსწონდა, მას მიაჩნდა რომ ცუდად გამოიყურებოდა ამ სურათზე “;

„ერთხელაც ქალიშვილმა გადააგდო სურათი“.

ვარიანტი

თამაშის გართულება შეიძლება, თუ ჯგუფს მივცემთ, როგორც პირველ, ასევე ისტორიის ბოლო ფრაზას. მონაწილეებმა ისე უნდა დაამატონ საკუთარი აბზაცები, რომ ისტორიის დასაწყისიდან დასასრულამდე ლოგიკური ხაზი არ დაირღვეს. თამაში საკმაოდ სახალისოა, როცა პირველი და ბოლო აბზაცები ერთმანეთთან აშკარა კავშირში არაა. მაგალითად:

დასაწყისი: „ძაღლი ტრომბონზე დაკვრას სწავლობდა“.

 დასასრული: “ბებიაჩემი ვერ იტანს სპაგეტს“.

 

მუნჯი ისტორიები

მასწავლებელი ჟესტებით ჰყვება ამბავს. მოსწავლეები მორიგეობით სიტყვიერად „თარგმნიან“ მასწავლებლის მონათხრობს. მაგალითად: „ის სადილობდა. საჭმლის ნაჭერი იატაკზე დავარდა. მან ძაღლს უხმო. ძაღლმა აიღო დავარდნილი ნაჭერი. ამ საქციელისთვის მას მოეფერნენ“.

ბოლოს მთელი კლასი იმეორებს ისტორიას. მასწავლებლის ერთი ტაში ნიშანია, რომ კლასმა მხოლოდ ბოლო ფრაზა უნდა გაიმეორონ, ორი ტაში ნიშნავს, რომ მათ მთელი ისტორია უნდა მოჰყვნენ თავიდან ბოლომდე – თითო მოსწავლემ თითო აბზაცი.

ისტორია ბარათებზე

ყოველ მოსწავლეს ურიგდება ბარათი მოკლე ისტორიით მშობლიურ ენაზე. მოსწავლემ ეს ისტორია კლასს უცხო ენაზე უნდა უამბოს. კლასი ფრაზების მიხედვით იმეორებს ამ ისტორიას, ოღონდ მშობლიურ ენაზე. გამოიყენეთ მარტივი ისტორიები.

 

თამაში ბარათებისა და სათამაშო კოჭების გამოყენებით

კოჭებით თამაში

კოჭებით თამაში საუკეთესო მეთოდია ანგარიშის შესასწავლად. აქ მოვიტან სამეულში თამაშის მაგალითს. ყოველი ჯგუფისთვის დაგვჭირდება ჟეტონები ან სათამაშო კუპონები, ასევე ერთი ან რამდენიმე კუბი.

პირველი მოთამაშე ისვრის კოჭს, დანარჩენი ორი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ პირველი დაასახელებს ციფრების რაოდენობას კუბიკებზე. მოსწავლე, რომელიც პირველმა გასცა სწორი პასუხი, იღებს ჟეტონს. თუ პასუხი არასწორია, მოსწავლე კარგავს ჟეტონს. შემდეგ მეორე მოსწავლე ისვრის კოჭს და ასე გრძელდება წრეზე, სანამ არ დამთავრდება ჟეტონები. იმარჯვებს ის მონაწილე, რომელიც ჟეტონების მაქსიმალურ რაოდენობას დააგროვებს. თამაში დიდი ხალისით მიმდინარეობს და მოსწავლეს სწრაფად ანგარიშის სწავლაში ეხმარება.

 

თამაში ბარათებით

ბარათები სიტყვების შესწავლის კარგი საშუალებაა. მონაწილეთა წყვილებს ურიგდებათ დაახლოებით ორმოცდაათბარათიანი ნაკრები. ბარათის ერთ მხარეს უცხო ენაზე დაწერილი სიტყვაა, მეორე მხარეს – წვრილი შრიფტით დაწერილი თარგმანი. ბარათები მიმდევრობით, უცხოენოვანი სიტყვით ზემოთ, ამოაქვთ ნაკრებიდან. მოსწავლე, რომელიც პირველი თარგმნის სწორად, იღებს ბარათს. თუ თარგმანი არასწორია, ბარათი მოწინააღმდეგესთან გადადის. მოგებულია ის მონაწილე, ვისაც მაქსიმალური რაოდენობის ბარათი დაუგროვდება.

ვარიანტი

ბარათების შეკვრა მაგიდის ცენტრში განთავსდება. სამ-ოთხკაციანი ჯგუფები რიგის მიხედვით წარმოადგენენ თარგმანის საკუთარ ვერსიას. თუ თარგმანი სწორადაა გაკეთებული, ბარათი შეკვრის ბოლოში გადადის. თუ ვინმე არასწორ პასუხს გასცემს, ბარათი მას გადაეცემა, რათა თამაშის ბოლომდე ეს სიტყვა ისწავლოს. მოგებულია ის მონაწილე, რომელსაც თამაშის ბოლოს ყველაზე ნაკლები ბარათი ექნება.

 

მოსწავლეთა გამოსვლები

ყველა მოსწავლემ უნდა წარუდგინოს ჯგუფს მოკლე მოთხრობა საკუთარი ინტერესებისა და მიდრეკილებების შესახებ (ჰობი, საყვარელი მუსიკის ჟანრი, ავტორი, კერძი და ა.შ). ეს ჯგუფის წევრებს ერთმანეთის უკეთ გაცნობაში ეხმარება. მიეცით მოსწავლეებს ერთი კვირა დავალების მოსამზადებლად.

საგნები

მოსწავლეებს სთხოვენ, გაკვეთილზე მოიტანონ უჩვეულო ნივთი. ახდენენ ნივთის კლასისთვის დემონსტრირებას და მათ უნდა გამოიცნონ, რა დანიშნულება აქვს მას. ჩვეულებრივ, მოსწავლეებს ისეთი ნიმუშის მოტანას სთხოვენ, რომელიც მათ ინტერესებთან ან ჰობთან არის კავშირში.

ახალი ამბები

მოსწავლეები გაზეთებიდან ირჩევენ ახალ ამბავს და მას კლასს აცნობენ. გამოსვლა შეიძლება კვირის მანძილზე მომზადდეს. დამატებით კლასმა ის საკითხები უნდა განიხილოს, რომლებსაც ეს საგაზეთო სიახლე ეხება.

როლური თამაშები

როლური თამაშები განსაკუთრებით ღირებულია, როცა საკითხი ენების შესწავლას ეხება. პედაგოგი როლებს მცირე ჯგუფებში ანაწილებს. შემდეგ ხდება მათი გათამაშება. მაგალითად, წყვილიდან ერთი მონაწილე სასტუმროს მუშაკის როლშია, მეორე – უცხოელი სტუმრის, რომელსაც ოთახის დაჯავშნა სურს. შემდეგ როლები იცვლება.

სავარჯიშო

უცხოენოვანი სიტყვის ან ფრაზის დასასწავლად საჭიროა მისი რამდენჯერმე გულდასმით გამეორება. ამგვარი სავარჯიშო, საშუალებას იძლევა, გავიმყაროთ გრამატიკული ცოდნა, გავიუმჯობესოთ გამოთქმა და ლექსიკური მარაგი. ასეთი სავარჯიშოები სახალისო გახდება, როცა თქვენ ენთუზიაზმს გამოხატავთ და სწრაფ ტემპში მუშაობთ. წარმოთქვით სიტყვა ან ფრაზა და კლასს მისი გამეორება სთხოვეთ. კლასთან ერთად ის მაქსიმუმ  ექვსჯერ გაიმეორეთ და ახალზე გადადით. ასეთი სავარჯიშოები ერთ-ორ წუთზე მეტს არ უნდა გაგრძელდეს.

ცვლილებების შეტანა

მოიფიქრეთ ადვილად შესაცვლელი წინადადება. მაგალითად: „სადაა ზეთი?“. მასწავლებელი სთავაზობს ფრაზას და კლასი იმეორებს მას. შემდეგ შეგიძლიათ შეცვალოთ არსებითი სახელი – „სადაა კატა?“. მეორე ვარიანტია, როცა სათითაოდ იძახებთ მოსწავლეებს და ისინი ახალ არსებით სახელს გთავაზობენ.

პინგ-პონგი

მასწავლებელი სთავაზობს ფრაზას, კლასი მასზე შეკითხვით რეაგირებს:

„მე ვიყავი კინოში“. – „თქვენ მოგეწონათ კინოში?“

„მე ვკატაობდი ველოსიპედზე“. –  „ხომ არ ჩამოვარდნილხართ?“

ახალი სიტყვების სწავლება

შეეცადეთ ახალი სიტყვები მათი წინადადებებში გამოყენებით ასწავლოთ, რადგან ასე უკეთ აითვისებენ. იმუშავეთ მცირე ჯგუფებში. მაგალითად, „სამზარეულოს“ თემის შესწავლისას:

„სადაა ტილო?“,  „სადაა ჯამი?“, „სად დევს კოვზები?“, „მე ახალი ჩაიდანი მჭირდება“, „ახალი ქვაბი მინდა“, „მე მჭირდება ახალი…“.

დარწმუნდით, რომ ეს ახალი სიტყვები ნამდვილად საჭიროა. ადამიანისთვის გაცილებით ადვილია უცხო ენიდან მშობლიურზე თარგმნა, ვიდრე პირიქით. ამიტომ სიტყვები ჯერ ამ მიმართულებით უნდა ვასწავლოთ, შემდეგ პირიქით. ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მიმოხილვა.

ბარათების დემონსტრირება.

ბარათები შეგვიძლია ვიყიდოთ ან თავადაც დავამზადოთ. ყოველ მათგანზე მოვათავსოთ სურათი. მონაწილეები ცალკეული სიტყვით, ფრაზით ან სრული წინადადებებით აღწერენ სურათს: „პატარა ძაღლი“, „დიდი ძაღლი“,  „შავი კატა“, „პატარა თეთრი კატა“ და ა.შ. ეს ბარათები კარგია მიმოხილვისთვის.

 

სხვა თამაშები და დავალებები

პირამიდა

მოსწავლეები წყვილად მუშაობენ და ერთმანეთს თავიანთი თავის შესახებ უამბობენ. შემდეგ წყვილები ოთხეულებად ერთიანდებიან. ყოველი წყვილი, უამბობს ჯგუფს, თუ რა შეიტყო საკუთარ მეწყვილეზე. შემდეგ ოთხეული რვაკაციან ჯგუფად იქცევა და ა.შ.

 გამოიცანი საგანი

მოსწავლე ჩაიფიქრებს საგანს და ასახელებს მის პირველ ასოს. დანარჩენები ეკითხებიან ამ საგნის შესახებ: „რა ფერისაა?“, „მაგიდაზე დიდია?“. ის, ვინც სწორად გამოიცნობს, ამის შემდეგ ჩაიფიქრებს სხვა საგანს და ა.შ. თამაში შეჯიბრადაც გარდაიქმნება, თუ კლასს ჯგუფებად დავყოფთ. გამარჯვებული ის ჯგუფია, რომელიც პირველად გამოიცნობს.

ვარიანტი

მასწავლებელი აღწერს საგანს, მოსწავლეებმა კი შეკითხვების საშუალებით უნდა გამოიცნონ, მაგალითად: „ეს რაღაც მძიმეა?“, „ის შუშისაა?“, „მაგიდაზე იდგმება?“ და ა.შ.

 

რად მუშაობ?

მოსწავლე ჩაიფიქრებს რაიმე საქმიანობას (ან აიღებს ბარათს, რაიმე პროფესიის წარწერით). დანარჩენი მონაწილეები აძლევენ კითხვებს: „გიწევს თუ არა მგზავრობა?“, „გაქვს თუ არა მაღალი ანაზღაურება?“ და ა.შ. ამ შემთხვევაშიც ვარიანტები იდენტურია, რაც იყო წინა თამაშისას „გამოიცანი საგანი“.

თარჯიმანი

ერთი მონაწილისთვის ნებადართული მხოლოდ მშობლიურ ენაზე საუბარია, მეორისათვის – შესასწავლ უცხო ენაზე, მესამე კი – თარჯიმნობს. მაგალითად: უცხოელს სურს რკინიგზის სადგურზე მოხვედრა, მშობლიურ ენაზე მოსაუბრე კი ცდილობს აუხსნას გზა.

ვახმოვანებთ ვიდეოს

ვუშვებთ ფილმს უხმოდ. მოსწავლეებმა ის უნდა  „გაახმოვანონ“.

სულ ერთი წუთი

ენების სწავლებისას შეიძლება რადიო- და ტელეგადაცემების ადაპტირება. მოსწავლეებს „ქუდიდან ამოაქვთ“ თემები და მოცემული თემის გარშემო ერთწუთიან გამოსვლას აკეთებენ. საერთოდ, მოსწავლეები მოსაფიქრებელ დროს ითხოვენ, რათა მოამზადონ გამოსვლა.

 ბებოს კალათა

ჯგუფი ჯდება წრეზე ან ნალისებურად. მონაწილეები მიმდევრობით იმეორებენ მათი წინამორბედის წარმოთქმულ სიტყვას და ამატებენ საკუთარს, მაგალითად: „ბებოს კალათაში აღმოვაჩინე ხილი“, „ბებოს კალათაში აღმოვაჩინე ხილი და ბოთლით ღვინო“. დიდ ჯგუფებში თამაში ცოდნასა და დამახსოვრებაზე გამოცდას ემსგავსება.

პლაკატი

კლასს წარუდგენენ დიდ სურათს ან პლაკატს მრავალი ელემენტით. მასწავლებელი კითხულობს: „სად არის პლაკატზე ძაღლი?“. მოსწავლეებმა უნდა უპასუხონ: „ბაღში“. ამ სავარჯიშოს მიზანია – გრამატიკაზე მუშაობა. ამიტომ მოითხოვეთ სრული პასუხი: „ძაღლი დარბის ბაღში“. დროებზე მუშაობისას პლაკატზე ცვალეთ წარწერა: „დღეს“, „გუშინ“, “ხვალ“.

რას ვაკეთებ?

მოსწავლე გოგონას ეძლევა ბარათი რაიმე საქმიანობის აღწერით. მაგალითად:  თქვენ დგახართ და საკუთარ საქორწილო კაბას ეფერებით, ხვალ ქორწილი გაქვთ. მოსწავლე ამ პროცესს ქმედებით აღწერს და ჯგუფმა უნდა გამოიცნოს – რას აკეთებს ის. შეიძლება დაუსვან  შეკითხვები, რომლებზეც მხოლოდ მოკლე პასუხია შესაძლებელი – „კი“ ან „არა“.

 

მოიფიქრეთ თამაშისა და სავარჯიშოების საკუთარი ვერსიები

 

თქვენ შეგიძლიათ მოიფიქროთ ახალი თამაშები და სავარჯიშოები. აქ მოტანილი მაგალითები დასაწყისისთვის მოგეხმარებათ, შემდეგ კი თავად მოიფიქრეთ. გაითვალისწინეთ მოსწავლეების წინადადებები.

აუცილებლად გამოიყენეთ თამაშები, ისინი აღვიძებენ ურთიერთობის სურვილს – რაც უმთავრესი პირობაა ნებისმიერი ენის შესწავლისას. თამაშები თქვენს გაკვეთილებს ხალისს შეჰმატებს, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ხშირად ნუ გაიმეორებთ ერთსა და იმავე თამაშს.

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press. 2009, p. 300-308.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...