განვაგრძობთ გეომეტრიული ოპტიკის ამოცანების ამოხსნას. შემოგთავაზებთ აგრეთვე ამოცანებს, რომლებიც ოპტიკურ სისტემებს ეხება.
ვრცლად ოპტიკა-2
განვაგრძობთ გეომეტრიული ოპტიკის ამოცანების ამოხსნას. შემოგთავაზებთ აგრეთვე ამოცანებს, რომლებიც ოპტიკურ სისტემებს ეხება.
ვრცლად ოპტიკა-2
გავლენებზე
მეგავარსკვლავის მუსიკალურ სტილზე გავლენა მოუხდენიათ ჯონი მატისს, ელა ფიცჯერალდს, ჯონ ჰენდრიკსს და თვით იმ ბენდსაც კი, რომელიც ბავშვობაში მისი ფანჯრის მოპირდაპირე მხარეს ტავერნაში უკრავდა… დღეს კი მომღერლის ფანტასტიკური ჯგუფის წევრები ახდენენ გავლენას ერთმანეთის მუსიკალურ სტილზე.
კომერციაზე
გამოსვლებისა და ჩაწერებისგან თავისუფალ დროს ელი სიჩუმეში ყოფნას ამჯობინებს. თუ რამეს უსმენს, კლასიკური მუსიკაა. „ჩვენ გადამეტებულად გვკვებავენ კომერციული მუსიკით, ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ მისგან დისტანცირებას. მუსიკა „სამომხმარებლო საქონლად“ გადაიქცა. მისით სავსეა რეკლამა, ის ჟღერს ლიფტებში, სუპერმარკეტებში, რესტორნებში, ბარებში და ამ აკომპანემენტის თანხლებით ადამიანები თავიანთ საქმეს ისე აკეთებენ, არც კი უფიქრდებიან მუსიკის შინაარსს. ამ დროს კომპოზიტორები და შემსრულებლები მუსიკაში თავიანთ სულს, ფიქრებს, მისწრაფებებს დებენ; ერთი სიტყვით, უმნიშვნელოვანეს გზავნილებს გვიზიარებენ“.
ელი, ავტომობილი და სიჩუმე
ელ ჯეროს ავტოფარეხი იმ პოპვარსკვლავებისას არ ჰგავს, რომლებიც ავტომობილების მთელ ქარხნებს ყიდულობენ, თუმცა სისუსტეები მასაც აქვს. მანქანის ყიდვის დროს მომღერალი ნაკლებპრაგმატულია – იმ მოდელს ყიდულობს, რომლის დიზაინიც მოეწონება, მერე კი აღმოჩნდება ხოლმე, რომ ეს რაღაც ლამაზია, მაგრამ საშინლად მოუხერხებელი – ნამდვილი „ანტიკვარული ჯართი“. „პროფესიონალი მექანიკოსის დაუხმარებლად ოთხთვალას ადგილიდან ზოგჯერ ვერც კი ვძრავ, – ამბობს ელ ჯერო, – ხოლო სალონში მოსახვედრად ფიზიკური ვარჯიშების მთელი კომპლექსის ჩატარება მიწევს“.
ავტომობილებში, რომლებშიც მომღერალი მჯდარა, ყოველთვის „ჟღერდა“ სიჩუმე. „როცა მუსიკას გამუდმებით უსმენ: შინ, სეირნობისას, სუპერმარკეტში, თვითმფრინავსა თუ მატარებელში, – მას ვეღარ შეიგრძნობ, ბგერის, მელოდიის სილამაზეს ვეღარ აღიქვამ. რა თქმა უნდა, მე ვუსმენ სხვადასხვა ჟანრის მუსიკას – საკუთარსაც და სხვებისასაც, მაგრამ უფრო ხშირად ყურთასმენას დასვენების საშუალებას ვაძლევ. ჩემს მანქანაში უმეტესად სიჩუმეა. უნდა იცოდე მუსიკისგან დასვენება, რათა მერე მოუსმინო. და საერთოდ, მე პრაქტიკულად არაფერს ვუსმენ. დიახ, მე ვუსმენ არაფერს“, – ბრძანებს მხიარული მაესტრო.
ფულზე
ჯეროს არასოდეს ენანება ფული ძველი ვინილის ფირფიტებისა და ჩინებული ყავისთვის.
რჩევები ახალგაზრდებს
„იპოვეთ საყვარელი საქმე – მუსიკა იქნება ეს თუ ხელოვნების სხვა დარგი, მშენებლობა თუ მანქანის მართვა… რამე, იმდენად საინტერესო, რომ კომპენსაციის გარეშე შეძლოთ მუშაობა და ეცადეთ, კარიერა ამის საფუძველზე ააგოთ. ასე ყოველდღე დატკბებით იმით, რასაც აკეთებთ. თუ ასეთი რამ მუსიკა აღმოჩნდა, ძალიან გაგიმართლებთ, იმიტომ რომ მუსიკა მსოფლიო ენაა – ის, რაც აერთიანებს ხალხს“.
„აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ბავშვებს, რომლებიც მუსიკას სწავლობენ, სხვა საგნებშიც უკეთესი ნიშნები აქვთ და ცხოვრებაშიც მეტ წარმატებას აღწევენ“.
ქველმოქმედება
ელ ჯერო ქველმოქმედებასაც ეწევა და ცდილობს, რამდენადაც შესაძლებელია, აამაღლოს ამერიკის მოსახლეობის წიგნიერება: „დღევანდელი მონაცემები გამაოგნებელია: ზრდასრული ამერიკელების 48%-ს აბრებისა და სამედიცინო რეცეპტების წაკითხვა და ანკეტის შევსებაც კი არ შეუძლია. მე და ჩემი მეგობრები ვცდილობთ, ამ პრობლემის მოგვარებაში წვლილი შევიტანოთ: ვშოულობთ ფულს, ვყიდულობთ სახელმძღვანელოებს, კომპიუტერებს, ვამზადებთ მოხალისეებს მოსახლეობასთან მეცადინეობათა ჩასატარებლად“.
დროის მანქანა
როდესაც მომღერალს ჰკითხეს, დროის მანქანა რომ არსებობდეს, საით გაემგზავრებოდა და ვის მიიწვევდა ფინჯან ყავაზე, სიცილით უპასუხა: „იცით, მოზრდილი მაგიდა დამჭირდებოდა. აუცილებლად მივიპატიჟებდი ჯაზის ცნობილ მესაყვირეს მაილზ დევისს. ასევე სიამოვნებით დავლევდი ყავას ჯონ ლენონსა და სტრავინსკისთან ერთად. შესაძლოა, მოგვიანებით მიქელანჯელოც გვწვეოდა… ყოველი მათგანი ისტორიას ქმნიდა. სიამოვნებით გავუზიარებდით ერთმანეთს აზრს იმ პროცესებზე, რომლებსაც არა მხოლოდ ვაკვირდებით, არამედ რომლებშიც უშუალოდ ვმონაწილეობთ“.
გრემის შესახებ
ფსიქოლოგის დიპლომის მფლობელ ვირტუოზ ვოკალისტს 25 ალბომი აქვს გამოშვებული. ის იმ იშვიათთაგანია, ვისაც მუსიკის სამყაროს უმაღლესი ჯილდო „Gremmy“ რვაგზის მინიჭებია ჯაზის, რიტმ-ენდ-ბლუზისა და პოპის კატეგორიებში. უკანასკნელი „გრემი“ 2007 წელს მიიღო ალბომისთვის „God Bless the Child“. ჰოლივუდის დიდების ლეგენდარულ ხეივანში ელ ჯეროს ვარსკვლავი 2001 წელს გაიხსნა.
„მუსიკით არ გავმდიდრებულვარ და არც არასოდეს მივისწრაფოდი სიმდიდრისკენ. სამაგიეროდ, როდესაც „გრემის“ მფლობელი ვხდები, ჩემზე საქებარი სტატიები იბეჭდება, მადლიერი საზოგადოება აპლოდისმენტებით მაჯილდოებს, ეს კი ჩემთვის უფრო მეტია, ვიდრე ფული. მერწმუნეთ, არტისტისთვის მისი შემოქმედების დაფასება მატერიალურ კეთილდღეობას გაცილებით აღემატება“.
„ყოველი „გრემი“ საკვირველია, მაგრამ პირველს ვერაფერი შეედრება, – ამბობს მომღერალი, -რაც შეეხება მერვეს, მისი მიღება ნიშნავს, რომ მსმენელს ესმის და უყვარს ჩემი მუსიკა. სწორედ ეს არის მუსიკის შექმნისთვის საუკეთესო სტიმული. თუმცა ჯილდოების გარეშეც გავაგრძელებდი ამ მუსიკის შექმნას. ისიც საკმარისია, რომ ხალხი ამ მუსიკის მოსასმენად მოდის. მაგრამ ჯილდოები, რა თქმა უნდა, მიყვარს“.
მაესტრო დღეს
ელ ჯერო დაუვიწყარი ჯაზური იმპროვიზაციებით დღემდე ახარებს მსმენელს. იგს მიიჩნევს, რომ ღიმილისთვის მოულოდნელ ჯაზურ იმპროვიზაციაზე უკეთესი ხერხი არ არსებობს; რომ ჯაზი ყველაზე ცოცხალი და დინამიკური მუსიკაა. მას სურს, მსმენელმაც იგრძნოს ის, რასაც თავად განიცდის. ელ ჯერო ჯაზფესტივალებისა და კონცერტების ყველაზე სასურველი სტუმარია. კონცერტის წინ მომღერალი ყოველთვის ღელავს, ვინაიდან სურს, მაყურებელს რაც შეიძლება უკეთესი შედეგი აჩვენოს. სიმღერის უნიკალურმა მანერამ და ხმის ოსტატურმა ფლობამ მას ნამდვილი მსოფლიო დიდება და ერთ-ერთი ყველაზე ადვილად ამოსაცნობი მომღერლის რეპუტაცია მოუტანა.
სოლიდური ასაკის მიუხედავად (მომღერალი უკვე 76 წლისაა), ელ ჯერო კვლავაც ახალგაზრდულად გულღია, ხალისიანი და მოძრავია, მუდამ ხუმრობს, ცელქობს, იცინის.
ერთხელ, გასტროლების დროს, მომღერალმა პირდაპირ სცენაზე დაკარგა გონება. ის სასწრაფოდ გადაიყვანეს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. მუსიკოსი მალე მომჯობინდა. დღეს ის ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, სპეციალურ სუნთქვით ვარჯიშებს ასრულებს და აპირებს, 100 წლამდე მაინც იცოცხლოს.
ჩვენი დროის ამ დიდი მუსიკოსის უნიკალური ხმა ამერიკული მუსიკალური კულტურის ერთ-ერთი სიმბოლოა.
„დაბადების დღის წესი თვითონაც არ ესმით და არც შენ გეუბნებიან, რომ როცა თერთმეტი წლის ხარ, ამავე დროს ათისაც ხარ, ცხრისაც, რვისაც, შვიდისაც, ექვსისაც, ხუთისაც, ოთხისაც, სამისაც, ორისაც და ერთისაც. როცა მეთერთმეტე დაბადების დღეზე იღვიძებ, ელოდები, რომ თავი თერთმეტი წლისად უნდა იგრძნო, მაგრამ მსგავსსაც ვერაფერს გრძნობ. თვალებს ახელ და ყველაფერი ზუსტად ისეა, როგორც გუშინ იყო, ოღონდ ახლა დღევანდელი დღეა, შენ კი თერთმეტი წლისად თავს სულაც არ გრძნობ. გგონია, რომ ისევ ათი წლის ხარ; და ხარ კიდეც – იმ წელთან ერთად, რომელიც თერთმეტისად გაქცევს“, – ასე იწყება მექსიკური წარმოშობის ამერიკელი მწერლის, სანდრა სისნეროსის მოთხრობა „თერთმეტი“, რომელსაც ძველ თარგმანებში ქექვისას გადავაწყდი. დიდი ხნის წინ ვთარგმნე და „ლიტერატურული გაზეთის“ რედაქტორს გავუგზავნე – მინდოდა, გულდამძიმებული პატარა გოგოს ამბავს სხვებიც აეღელვებინა.
მოთხრობის მთავარი გმირი – მთხრობელი რეიჩელი არაფრით განსხვავდება იმ უამრავი გოგო-ბიჭისგან, დაბადების დღეზე სასწაულს რომ ელიან – რაღაც ისეთს, რაც ამ დღეს ჭეშმარიტად დაუვიწყარს გახდის. შინ გამომცხვარი ნამცხვარი, არაერთხელ ნამღერი სიმღერა, რომლის თანხლებითაც სანთლებს აქრობენ ხოლმე, ალბათ საჩუქრებიც – მშობლებისგან, ახლობლებისგან… და მაინც, რაღაცის მოლოდინი – აუხსნელი, გულისცემის ამაჩქარებელი. თითქოს თერთმეტი წლისამაც იცი, რომ ყველაზე მთავარი მხოლოდ რიტუალს მიღმა შეიძლება მოხდეს.
„ასაკის მატებას ხომ რაღაც საერთო აქვს ხახვთან, ან იმ რკალებთან, გადაჭრილ ხეს რომ ატყვია, ან ჩემს პატარა ხის თოჯინებთან, ერთმანეთში რომ ვაწყობ ხოლმე – ყოველი წელი მომდევნოში დევს. აი, ასეთია თერთმეტი წლისად ყოფნა“, – ამბობს რეიჩელი.
სკოლაში კი სასწაული ვერაფრით ვერ მოხდება. სანდრა სისნეროსის ამ მოთხრობაში სკოლა რუტინული ქმედებების ადგილია – მასწავლებელი მხოლოდ მოვალეობას ასრულებს, ყველაზე მარტივ და ზედაპირულ გამოსავალს პოულობს, არ აზროვნებს. ვინ არ ყოფილა სასოწარკვეთილი იმის გამო, რომ მოვლენები ცუდი სიზმრის ლოგიკით ვითარდება – ცამდე მართალი ხარ, მაგრამ საკუთარ სიმართლეში ვერავის არწმუნებ?! თუ თერთმეტი წლისას გაკვეთილზე გაიძულებენ, რომ ვიღაცის საძაგელი სვიტერი ჩაიცვა – წითელი პლასტმასის ღილებითა და ჩამოწელილი სახელოებით, თუ არავინ გისმენს („არა, მე… თქვენ ვერ… ჩემი არ არის“) და წინააღმდეგობის გაწევის მცდელობა აზრს კარგავს, თუ ისღა გრჩება, რომ რომელიღაც პაწაწინა ცხოველივით ისლუკუნო, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი – ას ორი წლის იყო! მაშინ ვერაფერს გაგიბედავდნენ. რა იციან უდიდესი უსამართლობის ჩამდენებმა, რომ როცა ას ორი წლის ხარ, ამავე დროს ორმოცდასამი წლისაც ხარ, ორმოცდაორისაც, ოცდაორისაც, თორმეტისაც, თერთმეტისაც და ასე.
ამ მოთხრობის ინგლისურ ენაზე წაკითხვას იოლად შეძლებთ, თუ ბმულს მიჰყვებით:
https://www.stjohns-chs.org/english/nwixon_courses/english-9-111/eleven-by-sandra-cisneros.pdf
ანთოლოგიაში, სადაც წლების წინ პირველად წავიკითხე სანდრა სისნეროსის ეს პატარა შედევრი, მის გვერდით ჯამეიკა კინკეიდის „გოგონა“ და ჯულია ალვარესის „თოვლი“ იყო დაბეჭდილი. როგორც ჩანს, ანთოლოგიის შემდგენელსაც სურდა, სხვებიც აეღელვებინა გულდამძიმებული პატარა გოგოების ბედით.
რა ვთქვათ სკოლაზე? რა ვთქვათ მასწავლებელზე? ან რეიჩელის კლასელზე, რომელსაც მხოლოდ გაკვეთილის დასასრულს ახსენდება, რომ ეს სახელოებჩამოწელილი, წითელღილებიანი სვიტერი მისია. მოულოდნელ პრობლემას მათემატიკის მასწავლებელი სახელდახელოდ მოაგვარებს, მერე კი სახელმძღვანელოს 32-ე გვერდზე მე-4 სავარჯიშოს მიუბრუნდება. მთავარ საქმედ, ძირითად ვალდებულებად სწორედ ამას თვლის – საგნის სწავლებას, პროგრამით განსაზღვრული მასალის გავლას. გაკვეთილის ბოლოს, როცა ყელში გულმობჯენილი რეიჩელი ძველ, დაძონძილ სვიტერს თანაკლასელს უბრუნებს, მასწავლებელი ისეთ სახეს იღებს, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ალბათ კმაყოფილია – მოსწავლეებმა სავარჯიშოები შეასრულეს, ცოდნა განიმტკიცეს, გავლილი მასალა გადაიმეორეს. მერე რა, რომ თერთმეტი წლის გოგოს სამუდამოდ დაამახსოვრდება გულისტკენა – დღე, როცა ცხოვრება ნამდვილი სახით წარმოუდგა.
რადგან თითქმის მთელი მოთხრობა მოვყევი, დასასრულსაც გადმოვწერ მათთვის, ვინც ინგლისურად ვერ წაიკითხავს: „დღეს თერთმეტი წლის გავხდი. დღეს თერთმეტისაც ვარ, ათისაც, ცხრისაც, რვისაც, შვიდისაც, ექვსისაც, ხუთისაც, ოთხისაც, სამისაც, ორისაც და ერთისაც, მაგრამ ნეტა ას ორი წლის ვიყო. ნეტა თერთმეტის არ ვიყო და სხვა, ნებისმიერი ასაკისა ვიყო, იმიტომ რომ მინდა, უკვე ძალიან შორს ვიმყოფებოდე – ხელიდან გაფრენილი პატარა ბუშტივით, იმ პაწია წრესავით, ცაში რომ დაფარფატებს და ისეთი პაწაწინაა, მის დასანახად თვალები უნდა დახუჭო“.
პატარა ბუშტი. პაწია წრე. არ ამბობს, თვალები მოჭუტეო.
უნდა დახუჭო.
მათემატიკა კონსტრუქტივისტული მეცნიერებაა და თითქმის ყველა მასწავლებელი გაკვეთილებს უკვე ამ მეთოდის გამოყენებით გეგმავს. კონსტრუქტივიზმი სხვა არაფერია, თუ არა გამოცდილებისა და წინარე ცოდნის გამოყენებით ახალი ცოდნის აგება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ დროს „სკფოლდინგია“, ანუ სწორი, ადვილად გასაგები და მკაფიო კითხვების მეშვეობით მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, თვითონ იფიქრონ, გაიაზრონ დავალება და მივიდნენ სწორ დასკვნამდე (იმდენად ზუსტად უნდა ვიცოდეთ მათი განვითარების დონე და მათი შესაძლებლობები, რომ „დამარცხება“ უბრალოდ უნდა გამოირიცხოს).
მათემატიკაში ყველა მომდევნო თემა წინა თემის გაგრძელება ან განვითარებაა, ამიტომ გაცილებით ადვილია ამ მეთოდის გამოყენება. პრაქტიკაში ძალიან მეხმარება კონსტუქტივისტული გაკვეთილები, რათა სწავლება მეტად ეფექტური გავხადო. დაკვირვებებმა მიჩვენა, რომ მზად მიწოდებულ მასალას გაცილებით ძნელად იმახსოვრებენ ბავშვები, განსხვავებით იმ საკითხებსა და თემებისაგან, რომლებსაც თვითონ აღმოაჩენენ და შეისწავლიან.
მაგალითისთვის შემიძლია წარმოგიდგინოთ თემა „წილადების გამრავლება ნატურალურ რიცხვზე“. ეს თემა მე-5 კლასში ისწავლება. ამ დროს მოსწავლეებმა უკვე იციან შეკრება-გამოკლების თვისებები, ასევე იციან ტოლმნიშვნელიანი წილადების შეკრება-გამოკლება და გამრავლების არსი. ეს ცოდნა სავსებით საკმარისია მათთვის, გააკეთონ აღმოჩენა და თვითონ მივიდნენ დასკვნამდე, როგორ უნდა გავამრავლოთ წილადები ნატურალურ რიცხვზე. სწორედ ამ საფუძვლებს ვიყენებ და მოსწავლეებს ვთავაზობ ჯგუფურ მეცადინეობას. ვიდრე ჯგუფებს დავალებას შევთავაზებდე, ვიმეორებთ გამრავლების ჩაწერას შეკრების გზით და დაფაზე ვაკეთებთ რამდენიმე მაგალითს (მაგ 3•4=3+3+3+3=12 ან 5•3=5+5+5=15). შემდეგ ჯგუფებს წინასწარ გამზადებულ ბარათებს ვურიგებ.
მათ უნდა გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და წილადების ნატურალურ რიცხვზე გამრავლება შეკრების გზით უნდა შეასრულონ. ბავშვებმა ძალიან კარგად იციან, რომ გამრავლება არის რიცხვის (მათ შორის წილადი რიცხვის) შეკრება რამდენჯერმე. ამიტომ დავალებას მარტივად ართმევენ თავს და იღებენ პასუხებს. მნიშვნელოვანია, რომ მათ ამ პასუხების გადამოწმება გეომეტრიულადაც შეუძლიათ, რადგან მათ ბარათებზე მოცემული დავალება ამის საშუალებას იძლევა. თითოეული გუნდი ამ პასუხებს წერს საჯაროდ, წინასწარ გამზადებულ ფორმატზე. საბოლოოდ ფორმატი ასეთ სახეს იღებს
სწორედ ამის შემდეგ იწყება ის, რისთვისაც მოსწავლეებს ასე ძალიან უყვართ მათემატიკის გაკვეთილები. მათი დავალებაა, კარგად დააკვირდნენ წარმოდგენილ ცხრილს, რომელიც მათივე შევსებულია, კარგად გაიაზრონ აქ მოცემული ინფორმაცია და იპოვონ კანონზომიერება. ბავშვები ძალიან ინდომებენ, რომ სწორედ ისინი გახდნენ აღმომჩენები. საბოლოოდ კლასი მარტივად მიდის დასკვნამდე, რომ წილადის ნატურალურ რიცხვზე გამრავლებისას მრიცხველს ვამრავლებთ ამ რიცხვზე და ვწერთ წილადის მრიცხველში, ხოლო მნიშვნელი იგივე გადადის. ამგვარად შეთავაზებული თემა გაცილებით ადვილი დასამახსოვრებელი სხდება მათთვის. ერთადერთი პრობლემა არის დრო. ამას დიდი დრო სჭირდება. მასწავლებელს შეეძლო ერთ წინადადებაში გადმოეცა წესი, თუ როგორ უნდა შეასრულონ გამრავლება და მერე მაგალითებით განემტკიცებინა საკითხი, თუმცა მიმაჩნია, რომ ცდად ღირს და აღმოჩენით გამოწვეული განცდა და სიხარული იმდენად დიდ კვალს ტოვებს ბავშვების ცნობიერებაში, რომ მათ არასოდეს ავიწყდებათ ნასწავლი მასალა.
ჩემი დაკვირვებით, რადგან მე-5 კლასი ჯერ კიდევ დაწყებითი საფეხურია, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სწავლება გახდეს სახალისო და უფრო მეტად ეფექტური. ჩემი აზრით, ამ კონკრეტული მაგალითის დროს მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ალგებრული მოქმედებების სწავლაა, არამედ მათი შემოწმება გეომეტრიულ მოდელებზეც, რის საშუალებასაც ბარათებზე მოცემული დავალებები იძლევა. სახეზეა ტრანსფერი, რაც კიდევ უფრო ზრდის მეთოდის ეფექტურობას.
დასასრულ მინდა ვთქვა, რომ არასოდეს უნდა შეგვეშინდეს, რომ მოსწავლეები, თუნდაც დაწყებითი საფეხურის, გავიყვანოთ მაღალ სააზროვნო უნარებზე და ასაკის შესაბამისად მივცეთ საშუალება, გაიზიარონ აღმოჩენებით გამოწვეული სიხარული.
ნონა ჩუბინიძე
14 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი
დავით გურამიშვილი და მისი ბედი ქართულ სინამდვილეში ერთ-ერთი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ შეგვიძლია ქართველებს ვიღაცისთვის თუ რაღაცისთვის ძეგლის დადგმა და მერე სამუდამოდ დავიწყება, თითქოს ძეგლით მთავრდება შემოქმედისა თუ პრობლემის კვლევა, თითქოს ყველა საკითხი მის ირგვლივ გადაჭრილია და მეტ კვლევასა და ზრუნვას აღარ საჭიროებს.
თბილისის ცენტრალურ უბანში ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მოქანდაკის მიერ შესრულებული ძეგლი გვაქვს, მიკუთვნებული აქვს კატეგორია: „დიდი პოეტი“ და თითქოს ამით დამთავრებულია მისი კვლევა, განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა სასწავლო დაწესებულებებში, სადაც თითქმის ყველა მასწავლებელი თუ ლექტორი ფაქტობრივად იხვეწება: „ გვენდეთ, მართლა დიდიაო „ და ძნელად ახერხებს ამ სიდიდის ახსნასა და დამტკიცებას კლასისა თუ აუდიტორიისთვის.
პრობლემა მხოლოდ ის არაა, რომ გამოკვლეული და დამტკიცებული ცოტაა, რაცაა, ის ნაშრომებიც რაღაცნაირად ჩრდილშია, თითქოს ქართული საზოგადოებისთვის საკმარისი ავტორიტეტები არ არიან რევაზ თვარაძე, სარგის ცაიშვილი, კორნელი კეკელიძე, ნოდარ ნათაძე…
იქნებ საქმე ისაა, რომ თითოეულ მათგანს ერთმანეთისგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია და არ არსებობს ერთი დადგენილი აზრი ძალიან ფუნდამენტურ საკითხებზეც კი. თუმცა ლიტერატურის აღქმა სუბიექტური პროცესია, მაგრამ ლიტმცოდნეობა მაინც თხოულობს გარკვეული სახელების დარქმევას. ეს პროცესი კი დავით გურამიშვილთან მიმართებაში ფრიად შენელებულია.
გარდა ამისა, არც სწავლების დრო და სტრატეგიაა სწორად დაგეგმილი.
ჩვენი მოსწავლეები მეშვიდე კლაში დავით გურამიშვილის პოემის ნაწყვეტს „სწავლა მოსწავლეთა“ სწავლობენ. საბაზო საფეხურზე ამ ნაწილის შეტანა საბჭოთა ინერციების ნათელი დადასტურება მგონია.
საერთოდ გაუგებარია ქართული ლიტერატურის სწავლების ზოგადი პოლიტიკა – რას ვასწავლით, რატომ ვასწავლით, როდის და როგორ?
ლიტერატურის სწავლებისას საბოლოო შედეგი მხატვრულ სახეთა შეცნობისა და შეგრძნების სიხარული უნდა იყოს. მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა და თუნდაც ტროპის სახეების ცნობა ვერ უზრუნველყოფს ბავშვების მკითხველებად გაზრდას. ეს ფუნქცია მთლიანად პედაგოგის ნიჭსა და მონდომებაზეა მინდობილი. რამდენად ხშირად ჰყოფნის კომპეტენცია საამისოდ მასწავლებელს, სხვა ამბავია. ალბათ ხან ჰყოფნის, ხან – არა, მაგრამ მაინც, გინდაც შეძლოს და საჭირო ფორმით მიიტანოს მოზარდებამდე, სრულიად დაუშვებელია, სახელმძღვანელოში შეტანილი მასალა ინტერესსა და ხალისს (სწავლის, კითხვის ხალისს) არ აღძრავდეს მოსწავლეში.
მე არ შემხვედრია მეშვიდეკლასელი, რომელსაც პირდაპირი, ღია დიდაქტიკა ხიბლავს, რომელზეც შეიძლება გავლენა იქონიოს გურამიშვილის სიტყვებმა:
„ ისმინე სწავლის მძებნელო, მოყევ დავითის მცნებასა,
ჯერ მწარე ჭამე, კვლავ – ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა;
თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა;
ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა.“
დავით გურამიშვილის ტექსტებს ორაზროვნება, გაგების სხვადასხვა სიღრმე ახასიათებს. ზედაპირულად, მარტივი ალეგორიის ამოხსნით, ჯერ უნდა გაიჭირვო და ისწავლო და შემდეგ მოილხენ. უფრო სიღრმეში, აქ შეიძლება ქრისტიანული ფესვებიც ვეძებოთ, საერთოდ, გურამიშვილთან ყველგან შეიძლება ვეძებოთ ქრისტიანული ფესვები. მით უფრო, ჩვენ, დიდებმა ვიცით, რომ:
„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო:
ვინ არის სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო;
ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო;
ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს, ულაგმო და უსადაო. “
ანუ ვიცით, რომ გურამიშვილისეული სწავლის მიზანი გაცილებით უფრო ღრმაა და ზოგად ადამიანური ყოფის პრობლემებამდე მიდის. ჩვენ ვიცით, მაგრამ მეშვიდეკლასელებმა არ იციან. ვერც შეიგრძნობენ და ვერც გაიგებენ, არადა ამ ფინალის გარეშე კონტექსტს სრულიად მოწყვეტილია გურამიშვილისეული კონცეფცია სწავლის შესახებ.
თავად აფორიზმად ქცეული „ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა“ თანამედროვე კონტექსტს მოკლებულია. ჯერ ერთი, თანამედროვე სწავლების პირობებში სწავლა ყოველთვის მწარე არაა, ის შეიძლება ძალიან ტკბილი, აზარტული, სასიამოვნო და საინტერესო იყოს (ისევ აღვნიშნავ, თუ გურამიშვილისეულ „სწავლას“ მხოლოდ ზედაპირული მნიშვნელობით გავიგებთ ), მეორეც, თანამედროვე სამყაროში სწავლა-განვითარება უწყვეტი პროცესი გახდა და „რა სრულყოფს“ უკვე სრულიად პირობითი რამაა. დღეს თითქმის წარმოუდგენელია რაიმე საქმის პროფესიონალი, რომელმაც თავისი საქმის შესწავლა დაასრულა და ერთხელ მიღებული ცოდნით ახერხებს იყოს სათანადო სიმაღლეზე. თავისთავად ცხადია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსწავლეები პირდაპირ მიიღებენ დავით გურამიშვილის შეგონებას და შეეცდებიან თავიანთ ცხოვრებაში გაატარონ და გამოიყენონ, მაინც არანაირი სარგებელი არ იქნება, რადგან თანამედროვე მოთხოვნებს ის არ შეესაბამება.
მაშინ ცხადია, რომ ტექსტის თუნდაც მხოლოდ შინაარსობრივი ანალიზისათვის აუცილებელია მთელი ისტორიული კონტექსტის არა მხოლოდ ცოდნა, არამედ შეგრძნებაც, რაც თავისთავად გულისხმობს ერის, როგორც ისტორიული მთლიანობის აღქმასა და ამ ერთან თვითიდენტიფიკაციას, რაც საკმაოდ რთული პროცესია და მაღალ ინტელექტსა და განვითარებულ მგრძნობელობას საჭიროებს.
საერთოდ, გურამიშვილის აღქმა კონტექსტის გარეშე სრულიად წარმოუდგენელია. ის არის პოეტი, რომლის შემოქმედებაშიც პირადი და ეროვნული, ქრისტიანული და ეროტიკული, ისტორიული და მისტიკური თავისუფლად ცვლის და ენაცვლება ერთმანეთს. იქნებ სწორედ ამიტომ რჩება დღემდე ჩრდილში მდგომ პოეტად. ახალი სახელმწიფოებრიობის პირობებში ქართველებს გვიჭირს ემოციური კავშირის დამყარება მეთვრამეტე საუკუნესთან კი არა, ლამის მეოცე საუკუნის დასაწყისთანაც კი. გამოურკვეველი ეროვნული ღირებულებების გამო საერთოდ გვიჭირს ეროვნული თვითიდენტიფიკაცია და საბჭოთა გამოცდილება ფსევდოპატრიოტიზმისაკენ გვექაჩება.
იქნებ ამიტომაც დავით გურამიშვილზე, მის შემოქმედებაზე თითქმის არაფერი ვიცით. არსებობდა საბჭოთა ლეგენდა, რომლის მიხედვითაც ეს იყო ერთა შორის, მოძმე რესპუბლიკებს შორის „გზად და ხიდად“ გადებული პოეტი. მისი იუბილეები პომპეზურად აღინიშნებოდა ხოლმე რუსეთშიც, უკრაინაშიც და საქართველოშიც. საბჭოთა იდეოლოგიას მეტი არც არაფერი აინტერესებდა. მეშვიდე კლასში „სწავლა მოსწავლეთას“ სწავლება სწორედ ამ ინერციას ჰგავს.
კიდევ ერთი თანამედროვეობისთვის საჩოთირო საკითხია სწავლისას ძალადობრივი მეთოდის გამართლება.
სხვა საკითხია აკაკი წერეთლის „ჩემ თავგადასავალში“ სკოლაში სახაზავით ცემის ეპიზოდი. სრულიად გასაგებია ავტორის დამოკიდებულება ამ საქციელისადმი და ისიც, რომ ეს ქცევა მტერი, დამპყრობელი ერის მიერაა თავსმოხვეული. შესაბამისად, თუნდაც ინფორმაციული თვალსაზრისით ამ ნაწყვეტის უმცროს კლასებში სწავლება მიზანშეწონილია და შესაბამის შედეგსაც ვიღებთ.
სულხან-საბა ორბელიანისეული აღზრდის სისტემაც, რომელსაც მისი კრებულის „სიბრძნე სიცრუისას“ პერსონაჟი – ლეონი იყენებს, პირად გამოცდილებისკენ, სამომავლოდ ქვეშევრდომების მიმართ თანაგრძნობისკენაა მიმართული. მართალია, დღეს ვიცით, რომ ბავშვობაში მიღებულმა ამგვარმა ძალადობად შეიძლება თანაგრძნობა კი არა, პირიქით სამომავლოდ აგრესია გამოიწვიოს, მაგრამ თვითონ ტექსტის კონტექსტში ის აბსოლუტურად გამართლებულია და თანაც შედარებით უფროს ასაკში ისწავლება.
აი, გურამიშვილის „ ნუ გენაღვლების სწავლაზედ ყრმის წკეპლის ცემით კივილი“ სრულიად მიუღებელია თანამედროვე ბავშვისთვის. გარდა იმისა, რომ ცემა გამოყვანილია პირდაპირ სწავლის მეთოდად, საკმაოდ მძაფრად, უხეშადაა დახატული სურათი და ბავშვის კივილი, მართლაც რომ, ხმამაღლა და შთამბეჭდავად ისმის. საბოლოოდ ჩვენი მოსწავლეების ცნობიერებაში გურამიშვილთან დაკავშირებით ერთი რამ რჩება : ეგ ის არაა, ბავშვებს წკლეპლით ასწავლეო?!
თუ მაინცდამაინც ამისი სწავლება გვინდა ბავშვებისთვის , უფროს კლასებში ხომ ვასწავლით, მეშვიდეში რა საჭიროა? ვაყვედრით, ახლა თქვენ ხომ აღარ გირტყამთ წკეპლებსო, თუ გვგონია, მხატვრულ ღირებულებაზე დაფიქრდებიან ან იმაზე დაიწყებენ მსჯელობას, რა შეიცვალა კაცობრიობაში, სად მიდიოდა ამდენი აგრესია, რომელიც ბავშვობაში მიღებული ძალადობით უნდა დაგროვილიყო. ამ ყველაფერზე მსჯელობას შეიძლება პედაგოგი წარუძღვეს, მაგრამ ეს მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ხოლო ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სახელმძღვანელო თვითკმარი რესურსი უნდა იყოს.
ვფიქრობ, თანამედროვე ბავშვი საკმაოდ შეიცვალა და დროა, შეიცვალოს დავით გურამიშვილთან პედაგოგიკური მიდგომაც. ღია დიდაქტიკაზე მეტად თანამედროვე ახალგაზრდებს ღია ეროტიკა დააინტერესებთ. რატომ გვეშინია ახალგაზრდებს წავაკითხოთ „მხიარული ზაფხული?! „ თუკი უფროსკლასელებს შესაბამის მოსაზრებებს გავაცნობთ, ისინი ხალისით იმსჯელებენ, სად და როგორ ცვლის ეროტიკულ ვნებებს რელიგიური. სწორედ ეს მგონია უფროს ასაკში თანამედროვე მოზარდისთვის დაინტერესების საწყისად და არა – დიდაქტიკა, მით უფრო მეშვიდე კლასში.
ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობის, `შელოცვა რადიოთი~, სწავლებისას მნიშვნელოვანია მოდერნისტული კონტექსტის გათვალისწინება. ქართული მოდერნიზმის ერთ მძლავრ შენაკადს ნიკო ლორთქიფანიძის პროზა ქმნის. მისი სამწერლო მანერა გამოირჩევა ძიებებით, რაც გულისხმობს თხრობის სტრუქტურის გამრავალფეროვნებას. ამ თვალსაზრისით, საგულისხმოა მისი იმპრესიონისტული სტილი, რომელიც მას გამოარჩევდა მეოცე საუკუნის დასაწყისის ქართველ პროზაიკოსთაგან. ეს კარგად შენიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ, რომელიც თვითონ ქმნიდა მოდერნისტულ პროზას: `ილიას შემდგომ ჩამომდგარ ლიტერატურულ კრიზისს, რომელსაც მოჰყვა ქართულ პროზაში მიშვებული ჯღაბნის სამწუხარო პრაქტიკა, ზღვარი დაუდო რამდენიმე მაღალნიჭიერმა ოსტატმა ქართული სიტყვისამ. ამ ოსტატთა პირველ რიგებში უთუოდ იგულისხმება ნიკო ლორთქიფანიძე. საჭირო იყო ქართული პროზის განახლება, მოდერნიზება ფრაზისა და თემატური სიახლე. იგი დიდი გულმოდგინებით ამუშავებდა დეტალებს. მას კარგად ჰქონდა შეგნებული, რომ მწერალი ისე მომჭირნედ უნდა ხარჯავდეს სიტყვას, როგორც რომელიმე ძუნწი _ ოქროს, რადგან სიტყვაა ჩვენი სიმდიდრე, ტონისა და ფერის ექვივალენტი, სიტყვა ჩვენი უბასრესი იარაღია, ჩვენი საჭრეთელი და ჩვენი ფუნჯი~.
ნიკო ლორთქიფანიძის ამ მოთხრობაში მოდერნისტული კონტექსტი უნდა გავიაზროთ ორი მიმართულებით:
როცა ეს მოთხრობა დაიწერა, 1928 წელს, ამ დროს ქართულ პროზაში უკვე შექმნილი იყო მოდერნისტული რომანები: დემნა შენგელაიას `სანავარდო~, გრიგოლ რობაქიძის `გველის პერანგი~, კონსტანტინე გამსახურდიას `დიონისოს ღიმილი~. მოდერნისტულ პროზას ქმნიდნენ სანდრო ცირეკიძე, ჭოლა ლომთათიძე, ლეო ქიაჩელი და სხვები. მოდერნისტულ სტილს (იგულისხმება სიმბოლისტური, ექსპრესიონისტული, იმპრესიონისტული, ფუტურისტული და სხვა იზმის ერთობლიობა) ახასიათებდა თხრობის ასოციაციურობა, მრავალშრიანობა, ფორმის სირთულე, პოეტურ პროზა, მითის აღორძინება, ახალი ტიპის გმირები, ურბანული გარემო, დრო-სივრცული ჭრილების განსხვავებული ხატვა და სხვ.
როგორ უნდა გავიაზროთ ნიკო ლორთქიფანიძის მიერ გამოთქმის ხელოვნების მოდერნიზება? ეს, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს იმპრესიონისტულ სტილს. რა იყო დამახასიათებელი ლიტერატურული იმპრესიონიზმისთვის?
თხრობის ამგვარი მანერა ეყრდნობოდა გადმოსაცემი ამბის რაობას, რომელიც აღმოცენებული იყო შთაბეჭდილებიდან. როგორც ცნობილია ხელოვნებაში, კერძოდ, ფრანგულ ფერწერაში გაჩნდა პირველად ეს სიტყვა, როგორც მხატვრობაში ახალი მიმართულების აღმნიშვნელი. მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში პარიზში ახალგაზრდა მხატვართა ერთმა ჯგუფმა გამოფინა სრულიად განსხვავებული ხელწერის ნახატები, რომლებზეც ფერისა და ხაზის გამოყენების უცნაური ტექნიკა ჩანდა. ერთ ნახატზე, რომლის ავტორი იყო კლოდ მონე, აღბეჭდილი იყო მზის ამოსვლა და სახელწოდებაც შესაბამისი ჰქონდა: „შთაბეჭდილება, მზის ამოსვლა“. ამგვარად, სიტყვა შთაბეჭდილება (იმპრესსიონ-ფრანგ.) იქცა ახალი სკოლის სახელად. რაც შეეხება ლიტერატურას, ცოტა მოგვიანებით გაჩნდა ევროპულ ლიტერატურაში. მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა ნიკო ლორთქიფანიძე ავსტრიაში სწავლობდა, სწორედ მაშინ აქ მოღვაწობდა ორი გამორჩეული იმპრესიონისტი მწერალი: პიტერ ალტენბერგი და არტურ შნიცლერი. წერის იმპრესიონისტული მანერა ყველაზე უფრო მიესადაგა ნიკო ლორთქიფანიძის ესთეტიკურ გემოვნებას და ქართულ ლიტერატურაში სწორედ მან შექმნა გამორჩეული იმპრესიონისტული მხატვრული ნაწარმოებები. ამ სტილის ერთგვარი თეორიული აღწერა მას მოცემული აქვს ნოველაში `უიალქნოდ~, რომელიც იმპრესიონიზმის `მანიფესტადაც~ გამოდგებოდა: `მე სხვადასხვა სურათს მოგაწვდენ ცხოვრებიდან. მათი ერთმანეთთან შეკავშირება შენთვის მომინდვია… მე მაინც მგონია, რომ მკითხველს მეტი ადგილი უნდა დაეთმოს ფანტაზიისათვის, შემოქმედებისათვის… მკითხველს მოსწყინდა ყველაფერი უკვე შემუშავებული თავ-თავის ადგილზე ჰპოვოს… მწერალმა მარმარილო, ტილო, საერთო აზრი, ჩარჩო, ორი-სამი ხაზი დაამზადოს, დაბოლოოება, დამთავრება ნაწარმოებისა მკითხველის გემოვნებას და სურვილს მიანდოს“.
ამ მოთხრობაშიც (`შელოცვა რადიოთი~) მწერალს იმპრესიონისტული სტილით აქვს გადმოცემული მთავარი გმირის, ელი (ელპიდე) გორდელიანის თავგადასავალი. მოთხრობაში გაფართოებულია გმირის `ჰორიზონტალურ ხაზზე~ მოძრაობა. ელი და სხვა გმირები ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობენ, ამგვარად, მწერალს შესაძლებლობა აქვს მკითხველს დაუხატოს ევროპა, გააცნოს ევროპელთა ცხოვრების წესი. შესაბამისად, წარმოაჩინოს ცივილიზაციის განვითარების დონე, თუ რას მიაღწია ადამიანმა მატერიალურ სამყაროში და როგორ აირეკლა ეს მიღწევები სულიერ-ზნეობრივ სივრცეში. რუსეთის, სკანდინავიის ქვეყნების, გერმანიის, საფრანგეთის ურბანული ლანდშაფტები იქცა ელის მატერიალურ-სულიერი სამყაროს ფონად. ეს იყო მოდერნიზმის მთავარი თემა _ ადამიანის ბედის წარმოჩენა ქალაქის `უდაბნოში~. ამ დროის პულსაციას კარგად გადმოგვცემს გრიგოლ რობაქიძე ერთ წერილში: „თანამედროვე ადამიანი დროს სწრაფად იმორჩილებს. იგი ავტომობილით საათში ასსა და მეტ კილომეტრს გადის, თვითმფრინავით კი – უფრო მეტს. ის რადიოტალღებით წამის მცირე ნაწილში თავის ხმას დედამიწის სფეროს ირგვლივ აგზავნის. მას სურს, თვალის დახამხამებაში მთლიანად სრულყოს საკუთარი თავი, იგი ცდილობს, მასში დროის მდინარება აბსოლუტური აწმყოს ერთ-ერთ სახედ შეინარჩუნოს. საშუალება, რომელიც მას ამისათვის ემსახურება, მანქანაა – მაგრამ მანქანა მასზე უკუქმედებას ახდენს, მაშინ, როდესაც ის მასში შეგრძნების ახალ ფორმას იწვევს. შევისწავლოთ ავტომრბოლერის ფსიქიკა. მას მოქმედებაში საზარელი ძალები მოჰყავს. იგი მათ იმორჩილებს, საშინელ სიჩქარეს ავითარებს, ნთქავს სივრცეს, დროს შემზარავად ამოკლებს. სისწრაფე – ის ამითაა შეპყრობილი. რაც შეეხება განვლილ მანძილს, ლანდშაფტთა ფრაგმენტებს, საკუთარ თავში ჩაძირულ წამებს – ეს მას არ აღელვებს. თავის შეგრძნებაში თითოეული დროის შუალედურ სივრცეს აქრობს. იგი უდროობას ან ზედროულობას გამოიხმობს. უდროობას ვერ აღწევს, მაგრამ მასში მიღწევის შესაძლებლობა ღვივის. მისი დაძაბულობა იმდენად აწეულია, რომ ეს შესაძლებლობა მიღწეულამდეა მიახლოებული და თითქმის უკვე აღსრულებულით ტკბება. წინაცდუნებით მოხიბლული, ის უდროო აწმყოს უსინჯავს გემოს: ახალი მისტიკოსი, სიცარიელეს რომ ეჯახება“ („გრეტა გარბო, ვითარცა ზმანება დღევანდელობისა“). ევროპაში ელიც ჩაერთო ამ თავბრუდამხვევ რიტმში, რომელსაც უნდა დაევიწყებინა ოჯახი, მიტოვებული შვილი, ახლობლები, მაგრამ გაქცევამ ვერ უშველა და შეეჯახა „სიცარიელეს“, რომელიც ვერ დაძლია.
მოთხრობაში არა მხოლოდ გმირის ბედი იხატება ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის კონტექსტში, არამედ ერისაც. ცნობილია, საქართველოს ერთგვარი განაპირება კულტურული სივრცისგან, რაც მის ბედისწერად იქცა და რომელიც ჯერ კიდევ იოანე საბანისძემ ასე გამოთქვა: `ვართ ყურესა ამას ქვეყნისასა~. საუკუნეთა განმავლობაში ქართული კულტურა თანაბრად საზრდოობდა აღმოსავლური და დასავლური იდეებით, როგორც გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანა, თუმცა მუდმივად მიისწრაფოდა დასავლეთისკენ. ამას მოწმობს იოანეს განუხორციელებელი სწრაფვა ესპანეთისკენ (`იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება~), „ვეფხისტყაოსნის“ რენესანსული იდეალები, სულხან-საბას ორბელიანის მოგზაურობა იტალიასა და საფრანგეთში, ქართული რომანტიზმისა და მოდერნიზმის ევროპული სულისკვეთება და სხვ.
ქართულმა მოდერნისტულმა ლიტერატურამ ყველაზე კარგად გამოხატა ქართული კულტურის დასავლურ ორიენტირებთან ნათესაობა. ამის გამომხატველია `შელოცვა რადიოთი~. ნიკო ლორთქიფანიძისეული თხრობის ქსპერიმენტულობა მჟღავნდება პერსონაჟთა პორტრეტების ხატვასა თუ ამბების მოზაიკური, ფრაგმენტული გადმოცემის დინამიკაში. უჩვეულო იყო ბულვარული პრესის შემოჭრაც _ ავტორი თხრობაში ჩართავს სარეკლამო ტექსტებს, რომლებითაც მეტ ექსპრესიულობას მატებს ამბებს, კარგად შეიგრძნობს მკითხველი საზოგადოებას, გარემოს, ადამიანურ ურთიერთობებს, პრესის როლს, დროის მაჯისცემას.
მოთხრობის სათაური გამომხატველია ერთგვარი ანტაგონიზმისა, რომელიც ტრადიციისა და ცივილიზაციის ერთგვარ კონფლიქტურ შეხვედრას აღნიშნავს. ცივილიზაციის სიმბოლოა რადიო, შელოცვა _ ტრადიციისა, ძველი კულტურისა, რწმენისა. შელოცვამ ძალა დაკარგა რადიოთი გადაცემისას. ეს იმასაც მიანიშნებს, რომ შელოცვა დაკავშირებულია სამშობლოსთან, ფესვებთან. ელის შელოცვა საქართველოში უშველიდა, ტექნიკური ცივილიზაციით (რადიოთი) გაშუალებულ შელოცვას კი ძალა აღარ ჰქონდა. თანამედროვევობის ფიზიკა სრულიად დევნიდა მეტაფიზიკურს სამყაროდან.
ელი გორდელიანი მოდერნისტული ეპოქის ქალია, რომელსაც აქვს განათლება, თავისუფალია და რომლისთვისაც ეგოისტური მე წინა რიგშია. მას უნდა, რომ იყოს პიროვნება, მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ქართულ ტრადიციულ შეხედულებებს. ამგვარი არჩევანი იყო ევროპელ ჰექსლეისთან ერთად წასვლა უცხოეთში, ამერიკელ ბრომლეისთან მეგობრობა, გველებთან ცეკვა. ამ უკანასკნელით ის ცდილობდა, თითქმის დაკარგული პიროვნულობის აღდგენას, საქართველოში დაბრუნების `დამსახურებას~. აშკარაა ავტორის სიმპათია მის მიმართ, მიუხედავად დაბნეულობისა, უძღები შვილობისა და დაკარგულობისა, მწერალი მის ფერფლს ბარათაშვილის საფლავზე მოფანტვის ღირსად მიიჩნევს. ელი მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოა, მისი მოგზაურობა, რუსთან, ინგლისელ-ფრანგთან, ამერიკელ თუ ქართველ თაყვანისმცემელ-ქმრებთან ურთიერთობა ქვეტექსტებითაა დატვირთული. ელის შერეული სისხლი აქვს: მამა ქართველი თავადი შალვა გორდელიანი, დედა _ გერმანელი, იოჰანე ვახერერის ასული მატილდა. ასე რომ, ეს ერთგვარი სისხლისმიერი გაორება თითქოს მის ბუნებაშიც არის ასახული. ქართული სახელი ელპიდე საბუთებში დარჩა და მას ელის ეძახიან. `იმ წელს სხვა არაფერი შემატებია ქართულ მშვენებას~, _ ასე სიმბოლურად აფასებს მის დაბადებას მწერალი. იგი ყურადღებას ამახვილებს ხელოვნების როლის მნიშვნელობაზე ადამიანის სულიერ ცხოვრებაში. ევროპის მუზეუმებში ფერწერული შედევრების მონახულება, მათით `თრობა~ ავლენს ელის გამორჩეულ ბუნებას, რომელსაც არ მიეცა შესაძლებლობა გახარებისა, ისევე როგორც თვითონ საქართველოს არ ჰქონდა საშუალება თავისი ტრადიციის შესაფერისი განვითარებისა და მუდმივად პატრონის ძიებაში იოყო.
მოთხრობის დროული არეალი მოიცავს მეოცე საუკუნის დასაწყისს, პირველ მსოფლიო ომს, რევოლუციებს, თანმდევი პროცესებით, რომელთა შორისაა ზნეობრივი ღირებულებების დაცემა, საზოგადოების დეგრადაცია: `ძაღლებს მიუგდეს მოკლული ადამიანების ცხედარი. და აღშფოთებული პუბლიცისტი ყვიროდა, ძაღლებს მაინც ნუ გაუფუჭებთ ზნესო~. ერთადერთი მწერალია, რომელიც ამ ყოველივეს თვალყურმადევარია. თუმცა, ამ დეტალს ერთგვარი თვითირონიაც ახლავს: „აქ იყო მწერალი, ჩასაწერ-წიგნაკ გახსნილი ახალ სტილსა და ახალ შინაარსს რომ ეძებს – ის“.
საგულისხმოა, როგორ ახასიათებს ეპოქას მწერალი: უკვე დაწერილია `მერანი~ (ბარათაშვილი), `აჩრდილი~ (ილია ჭავჭავაძე), `ელგუჯა~ (ალექსანდრე ყაზბეგი) და ერი თვრება `ვეფხისტყაოსნით“. ესე იგი, არსებობს დიდებული წარსული, რომელსაც თითქოს გაგრძელება არა აქვს, ან ისეთივე ტრაგიკული აქვს, როგორადაც ელის ცხოვრება იქცა. ნახსენები ტექსტები ქმნიან ინტერტექსტუალურ „გასასვლელებს“ მოთხრობის ჩარჩოდან, რათა მკითხველმა აწმყოს სიცარიელე შეიგრძნოს, დაფიქრდეს, გაანალიზოს. ნებისმიერ დროში აქტუალური ეგზისტენციალური პრობლემები ამ მოთხრობაშიც მნიშვნელოვანია. გმირების ყოფა, მათი სიცოცხლე თუ სიკვდილი, სიყვარული თუ სიძულვილი, ბედნიერების წყურვილი, ნოსტალგია გადაჯაჭვულია კონკრეტულსა თუ ზოგად წუთისოფლისეულ კანონზომიერებებთან.
„რად გამომრიყე, ღმერთო, ამ ბუღალტრების საუკუნეში“, _ ჩივის კონსტანტინე სავარსამიძე, „დიონისოს ღიმილის“ მთავარი პერსონაჟი, საკუთარი თავის შემეცნებისთვის სულიერსა და მატერიალურ გზებზე მოხეტიალე, ეროპის დიდი ქალაქების ხორციელ კომფორტსა და სულიერ უდაბნოებს ზიარებული. ბუღალტერი მისთვის ანგარიშიანობის, პრაგმატულობის სინონიმია. საქართველოში კი ფულს ყოველთვის ერთგვარი ამრეზით ეკიდებოდნენ. ამ ყოველივეს კარგად აანალიზებს ევროპელი ჰექსლეი, როდესაც ელის ამერიკელი ბრომლეის ფულის შოვნით გატაცებასა და ქართველთა ბუნებაზე ესაუბრება: „ქრისტეს მოციქულებმა, უბრალო მებადურებმა დაიპყრეს ქვეყანა თავიანთი გატაცებით, თავდადებით და რად გიკვირთ, რომ ამერიკელები იძენდნენ სიმდიდრეს, როცა ისინი ისეთივე თავდადებულნი არიან სიმდიდრისთვის. ევროპას აღარ აქვს შეურყვნელი მისწრაფება სიმდიდრისადმი… იგი გატაცებულია პოლიტიკური, მეცნიერული, მხატვრული იდეებით. როგორც თქვენ არა გყავთ როკფელერი, მორგანი, ბრომლეი, ისე მათ არ ჰყავთ ლენინი, ბეთჰოვენი, კანტი… თქვენ მხოლოდ ნახევარი გულით ეკიდებით სიმდიდრეს, დოვლათს _ ამერიკელები „ნახევარი გულით“ ეკიდებიან მეცნიერებას, ხელოვნებას, პოლიტიკას. თქვენთვის პირველია სახელი აზროვნების მეფობისა, ჩვენთვის პირველია _ მეფობა სიმდიდრეზე… თქვენ, ქართველები, ყველაზე უფრო არსებობის შენარჩუნებაზე ფიქრობდით და ჭეშმარიტად განსაცვიფრებელია, როგორ გადაიტანეთ ამდენი მრავალგვარი უბედურება… მაკვირვებს, როგორ გადარჩით ამდენ მტერს, მტერს უცხოს, შემოსეულს, მტერს შინაურს და თქვენ გაკაჟებული იბრძოდით არსებობისთვის _ ეს არის პირველი. ყველა დანარჩენი _ ევროპული გატაცება მეცნიერებით, პოლიტიკით, ხელოვნებით და ამერიკის დევიზი _ სიმდიდრე, დოვლათი, დოლარი _ თქვენთვის მეორეხარისხოვანი მოთხოვნილება იყო თქვენი სულისა“. ნიკო ლორთქიფანიძემ ამ მოთხრობაში თხრობის ახალი ტექნიკა გამოიყენა იმ სულიერი კრიზისის დასახატავად, რომელსაც განიცდიდა ღვთისაგან მიტოვებული ადამიანი და დაბნეული დაეძებდა ხსნის გზას.
პოლიბიოსი, ბერძენი ისტორიკოსი, ძვ. წ. II ს., “ისტორია”.
ჩემი შედგენილი ისტორიიდან მკითხველი მხოლოდ მაშინ გამოიტანს სასარგებლო დასკვნებს, როდესაც გაიგებს, თუ როგორ და რომელი სახელმწიფო ორგანოების წყალობით მოახერხეს რომაელებმა 53 წლის განმავლობაში თითქმის მთელი დასახლებული სამყაროს დაპყრობა და განუყოფელი ბატონობის ქვეშ მოქცევა, რადგან ადრე მსგავსი არაფერი ყოფილა. სრულყოფილ სახელმწიფო წყობილებად შეიძლება ჩავთვალოთ ის წყობილება, რომელშიც ყველა ფორმის თავისებურებაა გაერთიანებული. რომაელთა სახელმწიფოში მმართველობის სამივე ფორმა იყო წარმოდგენილი, ამასთანავე ძალაუფლება ამ დამოუკიდებელ მმართველებს შორის ისე თანაბრად და სწორად იყო განაწილებული, რომ არავის შეეძლო ეთქვა, ქვეყანა მოწყობით არისტოკრატიულია, დემოკრატიული თუ მონარქიული…
რომის რესპუბლიკის სამ მიწაზე ერთდროულად არსებობდა მონარქია, არისტოკრატია და დემოკრატია, რომლებიც ისე შერწყმული იყო ერთმანეთთან, რომ ძნელი იყო განსაზღვრა, მმართველობის რომელ ფორმას ექვემდებარებოდა სახელმწიფო – არისტოკრატიულს, დემოკრატიულს თუ მონარქიულს. კონსულების ძალაუფლებით თუ ვიმსჯელებდით, მმართველობა წმინდა მონარქიული და სამეფო იყო. თუ სენატის ძალაუფლებას გავითვალისწინებთ, მმართველობას არისტოკრატიული ფორმა ჰქონდა. დაბოლოს, ქვეყნის საქმეების ადმინისტრირებაში ხალხის მონაწილეობის მიხედვით ყველაზე შესაფერისი სახალხო მმართველობა იყო.
რამდენიმე ძალაუფლება, რომლებიც მიესადაგებოდა კონსტიტუციის განსაზღვრულ ნაწილებს იმ დროს, რომელზედაც საუბარი გვაქვს, მცირე ვარიაციებით დღესაც არის შემორჩენილი. დავახასიათოთ ისინი.
კონსულები, როდესაც ისინი რომში იმყოფებიან, სანამ ჯარებს საბრძოლველად გაუძღვებიან, ხელმძღვანელობენ სახალხო საქმეებს. ყველა სახელმწიფო თანამდებობის პირი, ტრიბუნების გარდა, ემორჩილება მათ და ასრულებს მათ განკარგულებებს. ისინი წარადგენენ ელჩებს სენატში. მათ ასევე შეაქვთ სენატში განსახილველი საკითხები და ხელმძღვანელობენ დეკრეტების გამოცემას. მათ ფუნქციებში ასევე შედის მონაწილეობა ხალხის მიერ წარმოებულ ყველა საქმეში, სახალხო კრების მოწვევა, მათთვის სენატის გადაწყვეტილებების გაცნობა, უმრავლესობით მიღებული ყველა დადგენილების რატიფიკაცია. ისინი სარგებლობენ აბსოლუტური ავტორიტეტით როგორც ომის საკითხების მომზადებისას, ასევე უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებისას; განსაზღვრავენ, რა სამსახურის გაწევა დაავალონ მოკავშირეებს მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ნიშნავენ სამხედრო ტრიბუნალებს, ადგენენ ლეგიონებს, ახორციელებენ საჭირო გაწვევებს, აწესებენ სასჯელს ბრძოლის ველზე ყველასთვის, ვინც მათ დაქვემდებარებაშია. გარდა ამისა, მათ უფლება აქვთ საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგონ თანხები სახელმწიფო ხაზინიდან, რასაც ახორციელებს კვესტორი, რომელიც ყოველთვის მზად არის მათი განკარგულებების შესასრულებლად. თუ ვინმე აღნიშნულ წყობას დააკვირდება, სამართლიანად მიიჩნევს მას სამეფო წყობად. ნება მიბოძეთ, მხოლოდ აღვნიშნო, რომ ამ საკითხებში ან მომავალში ნახსენებ საკითხებში რაიმე ცვლილებების შეტანა არ შეცვლის მონათხრობის ძირითად პრინციპს.
სენატს უპირველეს ყოვლისა, ევალება სახალხო ფინანსებზე ზრუნვა და მათი მართვა. ხაზინაში მიმდინარე ყველა შემოსავლები თუ გასავლები კონტროლდება სენატის მიერ. კვესტორს უფლება არ აქვს, გამოყოს თანხა რაიმე ღონისძიებისათვის სენატის დეკრეტის გარეშე, გარდა იმ თანხებისა, რომლებიც გამიზნულია კონსულების მომსახურებისათვის. ისეთი თანხებიც კი, რომლებიც საჭიროა სახელმწიფო შენობების ასაგებად და შესაკეთებლად, ხუთ წელიწადში ერთხელ გამოიყოფა მხოლოდ სენატის სპეციალური განკარგულებით. სენატის კომპეტენციაში შედის აგრეთვე ნებისმიერი დანაშაულის გამოძიება, ჩადენილი იტალიის ნებისმიერ ნაწილში, ისეთი, როგორიცაა ღალატი, შეთქმულება, მოწამვლა, მკვლელობა. გარდა ამისა, სენატმა უნდა განიხილოს და მოაგვაროს სადავო საკითხები როგორც კერძო პირებს, ასევე ქალაქებს შორის: გაკიცხოს დამნაშავეები, მხარი დაუჭიროს მათ, ვისაც გამოსარჩლება და დაცვა ესაჭიროება. მთლიანად სენატს აქვს მინდობილი ისეთი საქმეები, როგორიცაა იტალიის ელჩების დაგზავნა, ერთმანეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნების შერიგებაში მონაწილეობა, რჩევა-დარიგების მიცემა; განკარგულებების გაცემა, ზავის პირობების შემუშავება ან ომის დენონსაცია (ლათ. ხელშეკრულების გაწყვეტა). რომში უცხო ქვეყნების ელჩების ჩამოსვლისას სენატი განსაზღვრავს მათი მიღებისა და გამასპინძლების რეგლამენტს, აგრეთვე, ამზადებს პასუხებს მათ მოთხოვნებზე.
ყოველივე იმაში, რაც ახლა ჩამოვთვალეთ, ხალხი არ მონაწილეობს. რომში კონსულების არყოფნის დროს ჩამოსული ადამიანები ქვეყნის მმართველობას აღიქვამენ როგორც არისტოკრატულს. ბერძნები და სხვა უცხოელები, რომლებიც რაიმე მოლაპარაკებებს აწარმოებენ რომაელებთან, ადვილად რწმუნდებიან, რომ ყველა საკითხს სენატი წყვეტს.
ახლა შეიძლება ვიკითხოთ, რა მონაწილეობას ღებულობს ხალხი ამ მმართველობაში, როდესაც სენატი, ერთი მხრივ, აღჭურვილია უმაღლესი ძალაუფლებით რამდენიმე ინსტანციაში, რომლებიც ჩამოთვლილი იყო, და განსაკუთრებით ყველა საკითხში, რომლებიც სახელმწიფო ფინანსების ზედამხედველობას და განკარგვას ეხება; როდესაც, მეორე მხრივ, კონსულები უფლებამოსილნი არიან აბსოლუტური უფლებით ახორციელონ ომის მომზადება და იმოქმედონ სრულიად უკონტროლოდ ბრძოლის ველზე. თუმცა, არსებობს მართვის ერთი მნიშვნელოვანი შტო, რომელიც ხალხზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, ხალხი არის ყველა წახალისებისა თუ სასჯელის ერთპიროვნული გამანაწილებელი, რომელიც არის შემაკავშირებელი ყველა სახელმწიფოსი და სამეფოსი, ერთი სიტყვით, ყველა საზოგადოებისა. როდესაც მათ შორის განსხვავებები იგნორირებულია, ანუ როდესაც ისინი განაწილებულია არასამართლიანად, შედეგად მიიღება უწესრიგობა და არეულობა. მმართველობის შენარჩუნებაც შეუძლებელია, როდესაც ცუდი და კარგი ერთი და იგივე საზომით იზომება. როდესაც რაიმე კანონდარღვევა ხდება, ხალხი მოქალაქეების დაჯარიმებას მოითხოვს, განსაკუთრებით ისინი, ვინც ადრე მაღალ თანამდებობაზე იყო. ხალხს ეკუთვნის უფლება ვინმეს სიკვდილით დასჯისა. ამ საკითხთან დაკავშირებით მათ ერთი წესი გააჩნიათ, რომელიც ქებით არის მოსახსენებელი. ბრალდებულს უფლება ეძლევა წავიდეს რომიდან და საკუთარ თავს თვითონ მოუწყოს გადასახლება, თუ რომელიმე ტრიბას მიერ არ არის გასამართლებული, დატოვოს რომი მშვიდობიანად და წავიდეს რომელიმე კონფედერატ ქალაქში. სახელმწიფო თანამდებობის პირებიც ინიშნებიან ხალხის მიერ, რომლებიც ყველაზე ღირსეულს ირჩევს და ეს არის საუკეთესო ჯილდო, რაც კი შეიძლება რომელიმე მთავრობამ მიანიჭოს მათ დამსახურებისათვის. ხალხზეა დამოკიდებული ამა თუ იმ კანონის მიღება ან არმიღება, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ომისა და მშვიდობის საკითხების გადაწყვეტაც. როდესაც რაიმე ხელშეკრულება იდება, ომის დამთავრების ან ზავის შესახებ, ხალხის მიერ ხდება დოკუმენტის რატიფიცირება ან გაუქმება. ამრიგად, აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხალხი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის მართვაში და სახელმწიფო იყო ნამდვილად დემოკრატიული. ასეთია რომის რესპუბლიკაში გაერთიანებული მმართველობის სამი ფორმის შესაბამისი ადმინისტრირების სამი სფერო. ახლა ისღა დაგვრჩენია, განვიხილოთ, თუ რა გზით ეწინააღმდეგება ან ეთანხმება თითოეული ფორმა სხვა ფორმებს.
როდესაც კონსულებს, ზემოთ აღნიშნული უფლებებით აღჭურვილებს, ომში მიჰყავთ ჯარი, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლისშემძლეებად გამოიყურებიან, სინამდვილეში ისე ძლიერ არიან დამოკიდებულნი სენატზე და ხალხზე, რომ მათი დახმარების გარეშე ვერცერთ ჩანაფიქრს ვერ განახორციელებენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯარს სჭირდება მუდმივი მომარაგება სხვადასხვა აუცილებელი მასალით. მაგრამ არც მარცვლეული, არც ტანსაცმელი და არც სამხედრო ჯამაგირი არასოდეს მიეცემა ლეგიონებს სენატის საგანგებო განკარგულების გარეშე. ნებისმიერმა წინააღმდეგობამ ან შეჩერებამ სენატის მხრიდან შეიძლება საერთოდ გააუქმოს გენერლების გადაწყვეტილება. სწორედ სენატი აიძულებს კონსულებს, რომ შეწყვიტონ დასახული გეგმის განხორციელება ან საშუალება მისცეს, ბოლომდე მიიყვანონ იგი, რისთვისაც ყველა ცალკეულ პროვინციაში იგზავნებიან შემცვლელები ერთწლიანი ვადის გასვლისთანავე, ან ისინი რჩებიან იმავე თანამდებობებზე. სენატს აგრეთვე შეუძლია განადიდოს და გააზვიადოს მიღწეული გამარჯვებები, ან პირიქით, გააკრიტიკოს და გააუფასუროს ისინი. ის, რასაც რომაელები ტრიუმფს ეძახიან და რომელიც წარმოაჩენს გენერლების შთამბეჭდავ მოქმედებებს საზეიმო პროცესიაში ყველა მოქალაქისათვის სამზერლად, შეიძლება არ ჩატარდეს სათანადო ზარზეიმითა და დიდებით, ან რაიმე სხვა სახით, თუ ამაზე თანხასთან ერთად არ იქნება სენატის თანხმობა, რომელიც ყოველივე ამისთვის არის საჭირო. მეორე მხრივ, არანაკლებ აუცილებელია, რომ კონსულებმა, რაც არ უნდა შორს იყვნენ რომიდან, შეინარჩუნონ ხალხის კეთილგანწყობა. ხალხი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, აუქმებს ან ამტკიცებს ყველა ხელშეკრულებას, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ კონსულები, ვიდრე სამსახურს შეუდგებოდნენ, ვალდებულნი არიან ხალხის სამსჯავროზე წარადგინონ თავიანთი წინა საქმიანობა. ამრიგად, თანამდებობის ეს პირები ვერასოდეს იქნებიან უსაფრთხოდ, თუ ისინი არ შეეცდებიან სენატისა და ხალხის კეთილგანწყობის მოპოვებას.
ამგვარადვე, სენატი, მიუხედავად დიდი უფლებამოსილებისა, ვალდებულია დაუთმოს გარკვეული ყურადღება ხალხს და იმოქმედოს მასთან შეთანხმებულად ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას. განსაკუთრებით სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი კანონდარღვევისას, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს, დაუშვებელია გამოძიების დასრულება და სასჯელის აღსრულება, თუ ხალხის მიერ არ იქნება დამტკიცებული სენატის მიერ მანამდე მიღებული გადაწყვეტილება. თვით სენატთან უშუალოდ დაკავშირებული საკითხების განხილვაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იგივე კონტროლი. თუ ოდესმე მიღებულ იქნება კანონი, რომელიც შეამცირებს სენატორების უფლებამოსილებას, მათ უპირატესობას ან ჩამოართმევს მათ ქონების ნაწილს, მთლიანად ხალხის გადასაწყვეტია, დაამტკიცონ თუ არა ეს კანონი. უფრო მეტიც, ერთი ტრიბუნის ჩარევაც კი საკმარისია, რომ არა მარტო შეჩერდეს სენატის მიერ საკითხის განხილვა, არამედ არ ჩატარდეს არცერთი კრება და სხდომა. ამჟამად ტრიბუნთა მოვალეობა გულისხმობს იმ მოსაზრებების გამოხატვას, რომლებიც ყველაზე მეტად სასიამოვნოა ხალხისათვის, მათი ინტერესებისა და მიზნების გათვალისწინებით. ამრიგად, სენატი, ყველა აღნიშნულ მიზეზთა გამო, იძულებულია ანგარიში გაუწიოს და დააკმაყოფილოს ხალხის სურვილები.
დავალება: გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს.
კითხვები:
პასუხი:
პასუხი:
პასუხი:
პასუხი:
კონსულები | სენატი | სახალხო კრება |
პასუხი:
პასუხი:
ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის: აქ მოცემულია სავარაუდო პასუხები, რომლებიც წყაროს ანალიზისას გამოგადგებათ. თუმცა, შესაძლებელია მოსწავლეთა პასუხები არ იყოს ზუსტად იმგვარი, როგორც აქ არის მოტანილი. მთავარია, მათი პასუხები იყოს ლოგიკური და დასაბუთებული. წერითი დავალების შესრულების შემდეგ, შესაძლებელია მოსწავლეებს შორის გავმართოთ მცირე დისკუსია და ამ წყაროსა და სახელმძღვანელოზე დაყრდნობით ვიმსჯელოთ რომის რესპუბლიკის მმართველობის შესახებ.
დავალება: გაეცით პასუხი ქვემოთ დასმულ შეკითხვებს.
კითხვები:
სავარაუდო პასუხი: ავტორს უნდა ახსნას, თუ რამ გამოიწვია მოკლე დროში რომის გაძლიერება და დიდი ტერიტორიების დაპყრობა.
სავარაუდო პასუხი: სრულყოფილად შეიძლება ჩაითვალოს ის სახელმწიფო წყობილება, რომელშიც ყველა ფორმის მმართველობაა გაერთიანებული და რომლებიც აწონასწორებენ ერთმანეთს.
სავარაუდო პასუხი: არისტოკრატიულს, მონარქიულს და დემოკრატიულს.
სავარაუდო პასუხი: მონარქიული – კონსულების ხელისუფლება; არისტოკრატიული სენატი; დემოკრატიული – სახალხო მმართველობა (სახალხო კრება).
რომის რესპუბლიკის მმართველობის შტოების ფუნქციები პოლიბიოსის მიხედვით
კონსული | სენატი | სახალხო კრება |
· კონსულთა ფუნქციაში შედის საგარეო ურთიერთობები: კონსულები წარადგენენ ელჩებს სენატში.
· კონსულთა ფუნქციაა მიმდინარე სახელმწიფო საქმეების განიხილვა: 1)კონსულებს შეაქვთ განსახილველი საკითხები სენატში; 2) კონსულები იწვევენ სახალხო კრებას; 3)კონსულები მონაწილეობენ ხალხის მიერ წარმოებულ ყველა საკითხის განხილვაში; 4) კონსულები აცნობენ ხალხს სენატის გადაწყვეტილებებს. კონსულებს გააჩნიათ საკანონმდებლო ფუნქცია: 1) კონსულები ხელმძღვანელობენ დეკრეტების გამოცემას; 2) კონსულები ახდენენ სახალხო კრების უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების რატიფიკაციას. · კონსულებს გააჩნიათ სამხედრო ფუნქცია: 1) კონსულები ხელმძღვანელობენ სამხედრო მომზადებას; 2) კონსულები ხელმძღვანელობენ სამხედრო მოქმედებებს; 3) კონსულები განსაზღვრავენ მოკავშირეებისთვის სამხედრო დავალებების შესრულებას; 4) კონსულები ნიშნავენ სამხედრო ტრიბუნალებს; 5) კონსულები ადგენენ ლეგიონებს; 6) კონსულები ადგენენ სამხედრო გაწვევას; 7) კონსულები აწესებენ სასჯელს ბრძოლის ველზე; 8) კონსულები განკარგავენ სამხედრო თანხებს სახელმწიფო ხაზინიდან. |
· სენატის ფუნქციაში შედის ფინანსების განკარგვა და კონტროლი: 1) სენატი აკონტროლებს ხაზინაში მიმდინარე ყველა შემოსავალ-გასავალს; 2) სენატი აფინანსებს ყველა სახელმწიფო მშენებლობას;
· სენატს აკისრია სასამართლო ფუნქცია: 1) სენატის ფუნქციაში შედის იტალიის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულებების გამოძიება. 2) სენატს ევალება კერძო პირებსა და ქალაქებს შორის სასამართლო დავების წარმართვა · სენატს ევალება საგარეო ურთიერთობების წარმართვა: 1) ელჩების გაგზავნა უცხოეთში; 2) უცხო ქვეყნების ელჩების მიღება; 3) ზავის პირობების შემუშავება; 4) ომის დენონსაცია. · სენატს აკისრია საკანონმდებლო ფუნქცია: 1) სენატი იღებს სხვადასხვა სახის კანონებს.
|
· სახალხო კრებას აქვს სასამართლო ფუნქცია: 1) ხალხი არის წახალისებისა და დასჯის გამანაწილებელი: 2) სახალხო კრება აჯარიმებს მოქალაქეებს. 3) სახალხო კრებას გააჩნია სიკვდილით სჯის მოქალაქეებს;
· სახალხო კრებას აქვს საკანონმდებლო ფუნქცია: 1) სახალხო კრება იღებს გარკვეულ კანონებს. 2) სახალხო კრება ახდენს ომის დამთავრებისა და საზავო ხელშეკრულების გაუქმებას ან რატიფიცირებას · სახალხო კრების ფუნქციაა მიმდინარე სახელმწიფო საქმეების განიხილვა: 1) სახალხო კრება ნიშნავს სახელმწიფო მოხელეების გარკვეული ნაწილს.
|
სავარაუდო პასუხი: როგორც ცხრილშია მოცემული, სამივე სახელმწიფო ორგანოს მრავალი ფუნქცია გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, რაც ურთიერთკონტროლის საშუალებას იძლევა და რაც საშუალებას არ აძლევს რომელიმე შტოს მოახდინოს ხელისუფლების უზურპაცია. მაგალითად, საკანონმდებლო საქმიანობა შედის სამივე შტოს ფუნქციებში; საგარეო საქმეებს განსაზღვრავენ როგორც კონსულები, ასევე სენატი და სხვა.
ტექსტის მიხედვით, კონსულთა საქმიანობას აკონტროლებს როგორც სენატი, ასევე ხალხი, ხოლო სენატისას – ხალხი. (შესაძლებელია პასუხის უფრო ვრცელი იყოს).
სავარაუდო პასუხი: პოლიბიოსის მიხედვით, რომის რესპუბლიკაში მოქმედებდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპი, რაც თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედია, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ ძველი რომის რესპუბლიკა დემოკრატიული სახელმწიფო იყო.
მალე, ჟურნალ “მასწავლებლის” ახალი ნომერი, საქართველოს ყველა სკოლს და მასწავლებელს!
ამ ნომერში წაიკითხავთ მასწავლებელი 5