ხუთშაბათი, სექტემბერი 11, 2025
11 სექტემბერი, ხუთშაბათი, 2025

მწარე და ძვირფასი

0

რაც არ უნდა ვეცადოთ, წინა საუკუნის 90-იანი წლები ჩვენი ცხოვრებიდან არასოდეს გაქრება, რადგან გვინდა თუ არ გვინდა, ჩვენ ყველანი 90-იანელები ვართ და მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჩვენი მაშინდელი ცხოვრება ისეთი იყო, როგორიც იყო. წარსულს ვერც შეცვლი და ვერც დააბრუნებ…

ამ წლებს თავისი ესთეტიკა აქვს, უცნაურობებითა და მრავალმხრივობით გაჯერებული.

გაიხსენეთ ფრაზა: „ხვალ აუცილებლად გაჩვენებთ ფეხბურთს, თუკი სინათლე იქნება”, „მაგას რა უჭირს, სახლში „დვიჟოკი” აქვს და მთელი პრემიერლიგა გაგდებული აქვს. ჩვენ ვიკითხოთ თორემ…”.

კედლებზე გაკრული მარადონასი და კანიჯას პლაკატები, თურქული კოკა-კოლა ბოთლებში და თურქულივე ჯინსები. „ადიბასის” სპორტულები, თბილისში შეკერილი საშინლად უხარისხო ბურთები, რომლებიც ორი-სამი თამაშის მერე აუცილებლად სკდებოდა, მავთულით დაჭერილი საფეხბურთო რეპორტაჟები, გაზეთების გამყიდველისგან სპორტული გაზეთის თხოვება და სხვანი მრავალნი…

იმ დროს, თბილისელი ბოშები რომ რაღაც უცნაურ დანადგარს ყიდდნენ, სახელად „სათამაშო“ ერქვა. ეს „დანადგარი” ნახერხით სავსე პატარა მრგვალი სფერო იყო, რეზინაზე ეკიდა და ბრჭყვიალა ქაღალდში იყო გახვეული. ბოშები ყიდდნენ მამალოებს, საღეჭ რეზინა „ტურბოსა” და „პადბომს” და მთელი ქართველი ერი გია სურამელაშვილის უცნობილეს ჰიტს მღეროდა: „ნაცნობ სიმღერას ვღიღინებ, შენს საყვარელ სიმღერას ვღიღინებ, შენ კი სამუდამოდ წახვედი”.

ფაქტობრივად, ლეგენდად დარჩა საღეჭ რეზინებში ამოსული ქაღალდების, იგივე „ნაკლეინკებისა” და „კინდერის” სათამაშოების გროვების ბუმი. მერე იმ სათამაშოებს თითქოს გააგზავნიდი სადღაც და რაღაც საჩუქარი მოგივიდოდა. ყველამ იცოდა, რომ სათამაშოების თუ „ნაკლეინკების” განსაზღვრულ რაოდენობას ვერ მოაგროვებდა, მაგრამ იმედი ხომ ჰქონდა…

ჩვენ ვიცოდით, რომ „რ” ასო არ არსებობდა სიტყვა „ევრო 96-ის” შესაგროვებლად, კოკა-კოლას ბოთლების თავსახურავების ქვეშ, მაგრამ მაინც გავეშებულნი დავეძებდით ამ მითიურ „რ”-ს, რომელიც ესოდენ ნანატრი ევროპის ჩემპიონატზე დასწრების საშუალებას მოგვცემდა.

90-იან წლებში, 10 მანეთად ბოშები „ფირმა” შოკოლადებსაც ყიდდნენ. კანფეტებს. პირდაპირ ნიფხავიდან იღებდნენ და გაწვდიდნენ.

ნაკრებში ქეცბაია, შოთა და ქინქლაძე, ეროვნული მოძრაობა, კომკავშირის ბილეთების წვა, ქართული სიმღერის შემოძახება დერეფნებში და მასწავლებლების ცრემლიანი თვალები, გაყინული სპორტული დარბაზები და ლეგენდად ქცეული კახი კახიაშვილი, რომელმაც საქართველოდან გაასწრო. მერე გაუტანლობა, შური, მტრობა, დაკარგული წლები, ილუზიების მსხვრევა და ედიკა.

და ყველაფრის გამოვლისა და ნახვის მიუხედავად, ჩვენ 90-იანელები გამოუსწორებელი ოპტიმისტი ხალხი ვართ და დიდი იმედი მაქვს, რომ მუდამ ასეთებად დავრჩებით.

 

 

 

პუბლიცისტიკა და ესეისტიკა სკოლაში და რამდენიმე წიგნი, რომელიც გამოგადგებათ

0

ალბათ დამეთანხმებით, რომ სწავლების ნებისმიერ საფეხურზე მნიშვნელოვანია აკადემიური წერის უნარების გამომუშავება, განსაკუთრებით, საბაზო სკოლაში.

ჩვენი პედაგოგიური მუშაობის მთავარი შედეგი სწორედ ეს უნდა იყოს. ხშირად ვაწყდებით შემთხვევას, როდესაც ჩვენს მოსწავლეებს არასწორად ესმით სხვადასხვა ტიპის ტექსტის დანიშნულება, აზრი, აგების პრინციპები და ტექნიკა. რა დაგვეხმარება? რასაკვირველია, ბევრი კითხვა –  წიგნები და ავტორები, რომელთა საშუალებით წერასაც ვისწავლით და აზროვნებასაც.

ყველა მასწავლებელს წერის სწავლების თავისი სტრატეგია, გეგმა და მეთოდი აქვს, მე კი, უბრალოდ  მინდა  რამდენიმე წიგნი თუ ავტორი, შემოგთავაზოთ, რომელიც აუცილებლად დაგაინტერესებთ.

 

  1. ჯემალ ქარჩხაძე, პუბლიცისტიკა

„წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის პუბლიცისტური წერილები, ესეები და ინტერვიუები, რომლებიც 1988–1998 წლებში ქართულ პრესაში გამოქვეყნდა. თემატიკა მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კონცეპტუალურ ნააზრევს ლიტერატურისა და, ზოგადად, შემოქმედებითი პროცესის შესახებ, ასევე ქართული საზოგადოების კვლევას, კერძოდ, 90-იანი წლების სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების თანადროულ ანალიზს“.

ჯემალ ქარჩხაძე  მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის საუკეთესო წარმომადგენელია, წიგნში მრავალ საინტერესო წერილს იპოვით საქართველოს უახლეს ისტორიაზე, ლიტერატურასა თუ კულტურაზე, აზროვნების თუ გამოხატვის კრიზისზე და მისი დაძლევის გზებზე.

 

  1. პოლ ოსტერი, . კუტზეე, „აქ და ახლა

თანამედროვეობის ორი მწერალი და მოაზროვნე –  პოლ ოსტერი და ჯონ მაქსველ კუტზეე ერთმანეთს მხოლოდ 2008 წელს შეხვდნენ. შეხვედრიდან ძალიან მალე კუტზეემ ოსტერს წერილი მისწერა, რომელშიც თანამშრომლობას სთავაზობდა. მისმა წინადადებამ ოსტერი დააინტერესა. საპასუხო წერილში მან კუტზეეს მათთვის საინტერესო თემებზე ხანგრძლივი დიალოგის წამოწყება შესთავაზა. ასე გაჩნდა ის მიმოწერა, რომელიც ამ წიგნშია წარმოდგენილი.

მეოცე საუკუნის ორი უმნიშვნელოვანესი ავტორი ამ მიმოწერაში სრულიად სხვა სახით წარმოგიდგებათ, თემატიკა მრავალფეროვანია –  ყოფითი და ყოველდღიური ამბები, გლობალური პოლიტიკა თუ ლიტერატურული პროცესი… კითხვის პროცესში წარმოიდგენთ, რომ სწორედ თქვენ ხართ ადრესატიც და ადრესანტიც…

 

  1. უმბერტო ეკომტრის ხატის შექმნა და სხვა ტექსტები

უმბერტო ეკო – უდიდესი მწერალი, ფილოსოფოსი, კულტუროლოგი, სემიოტიკოსი, წარმოუდგენელი ერუდიციისა და უსაზღვრო ცნობისმოყვარეობის მქონე მწერალი.

მის ტექსტებში ყველაფერია – კითხვები, პასუხები, განსჯა, ჩახლართული სიუჟეტი, სარკაზმი, იუმორი, თანაგრძნობა, ცოდნა, ოსტატობა, ინტრიგა, მსოფლიო შეთქმულება, თანამედროვეობა, ისტორია და სრულიად წარმოუდგენელი ლიტერატურული მასშტაბები…

ესეების ამ კრებულში შესულია ავტორის მიერ უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში შექმნილი ტექსტები, მათგან ზოგიერთი – პერიოდიკაში გამოსაქვეყნებლად იყო გამიზნული, ზოგიც ზეპირ მოხსენებას წარმოადგენდა. ეს ერთგვარი, პრაგმატიკული მრავალფეროვნება წიგნს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის, ზეპირი მეტყველებისთვის დამახასიათებელი  იუმორი, სიმსუბუქე, თემათა მონაცვლეობა კი  ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, რომ ავტორი არა მხოლოდ შენთვის წერს, არამედ გესაუბრება კიდეც.

უმბერტო ეკოს ყველაფერი აინტერესებს, ერთგვარი ბავშვური ცნობისმოყვარეობით სვამს კითხვებს და ცდილობს ახალ-ახალი საინტერესო თემა აღმოაჩინოს, პასუხის გასაცემად თავის განსაკუთრებულ ინტუიციას, ცოდნას, კვლევისა და მსჯელობის თანმიმდევრულობას, ცოდნას იყენებს.

 

 

  1. კრებული, სახელწოდებით “XXI ქართული ესე ახლახან გამოიცა და თანამედროვე ქართველი ავტორების 21 ესეს აერთიანებს. კრებულის თემატიკა მრავალფეროვანია, ავტორებს ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სათქმელი თუ გამოხატვის ფორმა აქვთ, თქვენთვის საინტერესო და გამოსადეგ ტექსტს აუცილებლად იპოვით. ხოლო რამდენიმე ესე, ზუსტად ვიცი, რომ გაკვეთილებზეც გამოგადგებათ. ავტორებს არ ჩამოგითვლით, თუმცა მენდეთ, შთამბეჭდავი სიაა.

 

 

  1. აკაკი ბაქრაძე, „მეცხრამეტე საუკუნე“

როდესაც მოსწავლეებთან თერგდალეულებსა და ილია ჭავჭავაძეზე, მამათა და შვილთა თაობების დაპირისპირებაზე, უმნიშვნელოვანეს რეფორმებსა და საგანმანათლებლო პოლიტიკაზე ისაუბრებთ, ეს წერილი ძალიან გამოგადგებათ. შესანიშნავი მოაზროვნე და ფილოსოფოსი, აკაკი ბაქრაძე, როგორც ყოველთვის ზუსტ აქცენტებს სვამს: „მთელი მე-19 საუკუნის მანძილზე ქართულ აზროვნებაში ორი ნაკადი ებრძოდა ერთმანეთს – იმედი და ნიჰილიზმი. ყველაზე უფრო მტკივნეული ის იყო, რომ ნიჰილისტები არ ყოფილან ქართველი ხალხის მტრები. მათ უყვარდათ საქართველო, მაგრამ არ სწამდათ მისი ეროვნული ენერგია. ამიტომ სხვის იმედად ყოფნა ერჩიათ. ურწმუნოება კი გამოწვეული იყო ხანგრძლივი ეროვნული ჩაგვრით”.

 

როგორც ყოველთვის, სასიამოვნო და წარმატებულ სასწავლო პროცესს გისურვებთ!

 

 

დუალური განათლების ისტორიული წინაპირობები ნაწილი მეორე

0

გერმანიის დუალური განათლების ძლიერ მხარეებს შორის, როგორც წესი, განიხილავენ კურიკულუმის დაბალანსებას თეორიული და პრაქტიკული ელემენტებით და ბიზნესის აქტიურ თანამონაწილეობას პროფესიული განათლების სისტემის ყოველ საფეხურზე – ახალი პროფესიების იდენტიფიცირებაში, საგანმანათლებლო სტანდარტების შემუშავებასა თუ კურიკულუმების განვითარებაში, პრაქტიკულ სწავლასა და მისი შედეგების მონიტორინგში. ბიზნესი აქ პროფესიული განათლებისა და წვრთნის სფეროს ერთ-ერთი მთავარი აქტორია სახელმწიფოსთან და სხვა სოციალურ პარტნიორებთან (პროფესიული ასოციაციები, გაერთიანებები, პროფკავშირები) ერთად.

პროფესიულ სასწავლებელსა და საწარმოს თავიანთი სასწავლო გეგმები აქვთ, რომლებიც, თავის მხრივ, ორ ოფიციალურ დოკუმენტს ეფუძნება. საწარმოს ჩარჩო კურიკულუმს შეიმუშავებს გერმანიის პროფესიული განათლებისა და წვრთნის ფედერალური ინსტიტუტის (BIBB) სპეციალური კომისია, რომლის ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ რგოლს წარმოადგენს კერძო სექტორი. პროფესიული სასწავლებლებისთვის კი სტანდარტს ადგენს ფედერალური მხარეების განათლებისა და კულტურის საქმეთა მინისტრების მუდმივი კონფერენცია (KMK).

როგორც აღინიშნა, პროფესიული სასწავლებლის სტანდარტს სახელმწიფო ადგენს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის მოწყვეტილია ბიზნესის პრაქტიკულ მოთხოვნებს. რეალურად სტანდარტში აისახება როგორც შრომითი ბაზრის, ასევე დამსაქმებელთა და დასაქმებულთა არაერთი რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევა, როგორც საგანმანათლებლო საჭიროებების განსაზღვრის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ამიტომ კურიკულუმის დიზაინი შეესაბამება არა მხოლოდ დარგობრივი ცოდნის, არამედ ბიზნესის ლოგიკას.

ბოლო წლებში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ხელშეწყობით საქართველოში შრომითი ბაზრის მოთხოვნებისა და დამსაქმებელთა განწყობების არაერთი კვლევა ჩატარდა. გარდა ამისა, სხვადასხვა სტანდარტებში (პროფესიული სტანდარტი, DACUM), დარგობრივი ექსპერტების რეკომენდაციების გარდა, სამუშაო ადგილზე ჩატარებული კვლევის შედეგებიც აისახა. სახელმწიფო გამოხატავს პროფესიული განათლების განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის, ანუ ბიზნესთან კოლაბორაციის მზაობას. რაც შეეხება პრაქტიკას, აქ ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რომ პოლიტიკამ ყოველდღიურ სასწავლო გამოცდილებებში პოვოს რეალიზება, ანუ ჰოლისტურ ცოდნაზე დამყარებული სასწავლო მასალები და თეორიული გაკვეთილები პრაქტიკულ სასწავლო ველებად, სიტუაციებად და საბოლოოდ – კომპეტენციებად გარდაიქმნას.

„სუფთა ფურცლიდან“ თუ დაკარგული მეხსიერების ძიებაში. როდესაც ვსაუბრობთ კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამშრომლობაზე პროფესიული განათლების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დგება საკითხი – არსებობს კი, ასეთი პარტნიორობის ისტორიული გამოცდილება საქართველოში, თუ ეს თანამშრომლობა „სუფთა ფურცლიდან“ უნდა დავიწყოთ.

ინსტიტუციური სოციალური პარტნიორობის ადგილობრივი გამოცდილების შესახებ საკითხის დასმა ბევრმა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს, თუმცა ისტორიული წყაროები ადასტურებს, რომ ეს გამოცდილება საქართველოში არსებობს. ბუნებრივია, საბჭოთა რეჟიმის პირობებში ის თითქმის, მოიშალა და დავიწყებას მიეცა. სტერეოტიპს საქართველოში კოოპერაციული მუშაობისა და სოციალური პარტნიორობის კულტურის არარსებობის შესახებ არღვევს სათემო განვითარების ცენტრის ფუნდამენტური კვლევა და ორტომეული გამოცემა „ინიციატივა ცვლილებისათვის. თემის თვითორგანიზებისა და თანამშრომლობის გამოცდილება საქართველოში საბჭოთა ოკუპაციამდე“. წინამდებარე პუბლიკაცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მეწარმეთა ამხანაგობებისა და საზოგადოებების საგანმანათლებლო ინიციატივები, სწორედ აღნიშნულ გამოცემებს ეყრდნობა. ეს მაგალითები საქართველოში პროფესიული განათლების სფეროში ბიზნესის თანამონაწილეობის საწყისებად და თანამედროვე გამოცდილებაში მისი როლის გააქტიურების რესურსად შეიძლება მოვიაზროთ.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან საქართველოში ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და წვრთნის სხვადასხვა ინსტრუმენტი ყალიბდებოდა – ეს იყო როგორც ფორმალური განათლების პროგრამები სამეურნეო სკოლებსა და ტექნიკურ სასწავლებლებში, ისე – მოკლევადიანი არაფორმალური კურსები, პრაქტიკული წვრთნები, საჩვენებელი გაკვეთილები და სხვ. არაფორმალური განათლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ხელმისაწვდომი საშუალება იყო, ასევე, დარგობრივი ლიტერატურა და ჟურნალ-გაზეთები.

ორსავე – ფორმალური და არაფორმალური განათლების – შემთხვევაში ყველაზე ბევრი და ყველაზე უნარიანი ინიციატივა, სწორედ, მეწარმეებიდან მოდიოდა. როგორც ჩანს, მე-19 საუკუნეში ისინი აცნობიერებდნენ ხარისხიანი პროდუქციის წარმოების საქმეში მაღალკვალიფიციური პერსონალის საჭიროებას და მნიშველოვან რესურსებს უთმობდნენ თავიანთ დარგში ზოგადი ცოდნის დონის ამაღლებას. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა 70-იანი წლების ბოლოს, როდესაც საქართველოში პირველი რკინიგზა გაიყვანეს და ადგილობრივი პროდუქცია ექსპორტზე გავიდა.

არაფორმალური განათლება – სამეურნეო ჟურნალ-გაზეთები და დარგობრივი ლიტერატურა. სოფლის მეურნეობა მსოფლიოსა და საქართველოში მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან სრულიად ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. აგროქიმიკატების მოხმარების პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა მცენარეთა მავნებლებისა და დაავადებების სახეობათა რიცხვი, ახალი გამოწვევები კი ახალ ცოდნას საჭიროებდა. მეურნე „შიშველი ხელებით“, სპეციალური ცოდნის გარეშე ვეღარ უმკლავდებოდა მოზღვავებულ სირთულეებს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ, შეიძლება ითქვას, ფატალურადაც იწვნია საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგმა. ვაზი, რომელიც ყველაზე გავრცელებული და მაღალი ეკონომიკური ღირებულების კულტურა იყო საქართველოში, ჯერ სოკოვანმა დაავადებებმა, შემდეგ კი ფილოქსერამ ისე დააზიანა, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ვენახების ფართობი შვიდჯერ შემცირდა. დარგი დაუყოვნებლივ საჭიროებდა შესაძლებლობების (capacity) რეორგანიზაციას ახალი ცოდნით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოიკვეთა მეურნეთა შორის საჭირო ინფორმაციის მასობრივად და მოქნილად გავრცელების საჭიროება. სამეურნეო პერიოდიკა, შეიძლება ითქვას, მაშინდელი არაფორმალური განათლების ერთ-ერთი მთავარი, ყველაზე ხელმისაწვდომი რესურსი გახდა. სპეციალიზებული ჟურნალ-გაზეთები სწორედ კერძო სექტორის ინიციატივით იქმნებოდა და მათივე ფინანსური კონტრიბუციით საზრდოობდა.

ჟურნალი „ვაზი და ღვინო“ 1920 წელს გამოვიდა სწორედ ზემოხსენებული ცოდნის გავრცელების მიზნით, სრულიად საქართველოს მევენახეთა და მეღვინეთა კონგრესის გადაწყვეტილების საფუძველზე. გამოცემა მეღვინეთა ამხანაგობების შემოწირულობებით ფუნქციონირებდა – „კავშირთ კავშირმა“ მას 15 000 მანეთი შესწირა, „კახეთმა“ – 10 000, „ძმობამ“ და „კახურმა ღვინომ“ კი 1000-1000 მანეთი.

ამ პერიოდში უკვე მოქმედებდა სხვა სპეციალური სამეურნეო გამოცემებიც – „გუთნისდედა“, „მოსავალი“, „სასოფლო გაზეთი“, „კოოპერაცია“ და „მეურნე“. აღნიშნული ჟურნალ-გაზეთებიდან მეურნეები ეცნობოდნენ იმ პერიოდის რუსეთისა და ევროპის ქვეყნების სამეურნეო გამოცდილებებს, აგრეთვე სხვადსხვა დარგის მიხედვით, პრაქტიკულ ინსტრუქციებს. ხშირად ამგვარი რუბრიკები კითხვა-პასუხის ფორმატით იყო წარმოდგენილი, რაც მეტყველებს გამოცემის პოლიტიკაზე – როგორც შინაარსობრივად, ისე – ფორმობრივად ახლო ყოფილიყო სამიზნე აუდიტორიასთან.

გარდა სპეციალიზებული ჟურნალ-გაზეთებისა, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით სწავლული მეურნეები თანამშრომლობდნენ საზოგადოებრივ პერიოდიკასთანაც. მაგალითად, ერმილე ნაკაშიძე საკუთარ საცდელ მეურნეობაში ჩატარებული ემპირიების შედეგებს მუდმივად აქვეყნებდა საზოგადოებრივ პრესაში და მეურნეებს უზიარებდა  საკუთარ მიგნებებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, თუ რომელი ბუნებრივი სასუქი ჯობდა სხვადასხვა ტიპის ნიადაგისთვის, იყო თუ არა ღომის ჩალა გამოსადეგი პირუტყვის გამოსაკვებად და სხვ.

საგამომცემლო საქმიანობასა და, ზოგადად, არაფორმალური განათლების განვითარებაში მეოცე საუკუნის ათიან წლებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ, რომელმაც 1914 წელს შეიძინა ჟურნალ „მოსავლის“ ბეჭდვითი უფლებები, 1916 წელს კი ვ. ახოშვილის ავტორობით  გამოსცა მცირე სახელმძღვანელო „ხეხილის დარგვა“.

დარგობრივი ლიტერატურის გავრცელებაზე მუშობდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებაც. როგორც მაშინდელი მკვლევრები, სამეურნეო დარგის მუშაკები აღნიშნავდნენ,  საგამომცემლო საქმიანობას საზოგადოება მეტ-ნაკლებად შედეგიანად ართმევდა თავს. სხვა მხრივ კი სახელმწიფო ორგანიზაცია არ ყოფილა მაინცდამაინც მიყურადებული მეურნეობის მაჯისცემაზე – მის მოქნილობას საგრძნობლად აფერხებდა ბიუროკრატია.

ამ მხრივ გაცილებით უნარიანი გამოდგა პრაქტიკოსი მეურნეებით დაკომპლექტებული ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება და მევენახეთა ამხანაგობა „კავშირთ კავშირი“. მათი  საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიაც დარგობრივი ლიტერატურის გამოცემა და გავრცელება იყო. ორივე ორგანიზაცია ამას საკუთარი რესურსებით ახერხებდა.

ამხანაგობები და საზოგადოებები ხშირად მიავლენდნენ ხოლმე სოფლად სწავლულ აგრონომებს, რომელთა მისია მეურნეთა საჭიროებების, მათ შორის, საგანმანათლებლო საჭიროებების კვლევა გახლდათ. მაგალითად, ქართულმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ 1912 წელს ქართლსა და კახეთში კვლევითი მიზნით სპეციალისტები გაგზავნა. აღსანიშნავია, რომ სწორედ მათი ანგარიშების შედეგად მომზადდა საზოგადოების სამოქმედო და სასწავლო გეგმები.

ის ფაქტი, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოში მარტო სოფლის მეურნეობაში მოქმედებდა 6 პერიოდული გამოცემა, რომელთა არსებობა მეურნეთა საზოგადოებებისა და ამხანაგობების დამსახურებაა, მიუთითებს მათი მხრიდან პროფესიული განათლების მნიშვნელობის სათანადოდ შეფასებაზე და აქტიურ თანამონაწილეობაზე საგანმანათლებლო საქმიანობაში.

არაფორმალური განათლება – საჯარო ლექციები, კურსები, პრაქტიკული მეცადინეობები.  როგორც აღვნიშნეთ, მოკლევადიანი საგანმანათლებლო აქტივობები, რომლებსაც მეურნეთა ამხანაგობები ან საზოგადოებები უძღვებოდნენ, მორგებული იყო კონკრეტულ სამეურნეო საჭიროებებზე. ამ მიმართულებით მუშაობდა ზემოხსენებული „კავშირთ კავშირი“, რომელიც კახეთში ორგანიზებას უწევდა საჯარო ლექციებსა და თათბირებს ისეთი აქტუალური საკითხების გარშემო, როგორიც იყო სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებები, ამერიკული საძირეების შერჩევის მეთოდები და სხვ. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურების მოყვანაზე, შინაური ცხოველებისა და ფრინველების მოვლაზე ცოდნას ავრცელებდა ქუთაისის ქალთა სამეურნეო საზოგადოება.

ცალკე აღნიშნვას იმსახურებს გურიის რეგიონში მოქმედი ამხანაგობების საქმიანობა. 1911 წელს ერმილე ნაკაშიძის მეთაურობით დაარსდა განსაკუთრებით წარმომადგენლობითი ორგანიზაცია – გურიის მებაღეთა საკრედიტო ამხანაგობა, რომელიც დაარსებიდან ორ წელიწადში  393 წევრს აერთიანებდა. კოოპერატივის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სწორედ, საჯარო ლექციების ჩატარება იყო. ათიან წლებში დაარსდა ლანჩხუთის სამეურნეო საზოგადოებაც, რომლის ინიციატივითაც ლექციებისა და პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარების მიზნით ლანჩხუთის სოფლებში ჩამოჰყავდათ სწავლული აგრონომები. ორგანიზაციას პრაქტიკული სწავლისთვის საცდელი მეურნეობები ჰქონდა შეძენილი. გაკვეთილებს ატარებდნენ საზოგადოების წევრთა მამულებშიც.

1913 წელს იყალთოში, კონდოლსა და მუკუზანში სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიზნებისთვის სანერგე მეურნეობები გააშენა ქართულმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამაც. ამ შემთხვევაშიც სწავლა მიმდინარეობდა არა მხოლოდ აღნიშნულ სანერგეებში, არამედ უშუალოდ სამუშაოზე – საზოგადოების წევრთა პირად მეურნეობებში. ორგანიზაცია, თავისი მასშტაბურობიდან და გავლენიდან გამომდინარე, აქტიურად წაახალისებდა და ხელს უწყობდა სხვადასხვა რეგიონში ამგვარი პრაქტიკული სკოლების დაარსებას. იმ შემთხვევაში კი, როცა საკუთარი რესურსებით დახმარებას ვერ ახერხებდა, სათავადაზნაურო ბანკთან დაფინანსების მოსაპოვებლად შუამდგომლობდა.

საზოგადოება მეურნეებს უზრუნველყოფდა არამხოლოდ დარგობრივი, არამედ მართვის ცოდნითაც. 1913 წელს მათი ორგანიზებით ათდღიანი უფასო კურსები ჩატარდა, რომელიც ეხებოდა კოოპერატივების მართვას და ფარავდა შემდეგ საკითხებს – ამხანაგობის ფორმები, მისი დაფუძნება, საქმისწარმოება, კრედიტის აღება და სხვ. კურსები დღეში რამდენიმე საათის მანძილზე მიმდინარეობდა და მას მეურნეობების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

1914 წლის მარტში კავკასიისა და ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებების თაოსნობით მეურნეთა საერთო თათბირი გაიმართა, რომელსაც 200-ზე მეტი გლეხი ესწრებოდა.  თათბირზე სიტყვით გამოვიდა არაერთი სწავლული მეურნე, მათ შორის ვასილ რცხილაძე, მოხსენებით – „სწავლის მნიშვნელობა სოფლის ცხოვრების გაუმჯობესების საკითხში“. თათბირი, თავისი ფორმატითა და დატვირთვით მოგვაგონებს თანამედროვე ექსტენციის პროგრამებს: ინფორმაციის მიწოდება აგროსფეროს თანამედროვე მიღწევების შესახებ და უახლესი ტექნიკის გამოცდა. ამ მიზნით თათბირის შემდეგ სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების მოხმარების საჩვენებელი გაკვეთილებიც ჩატარდა. თათბირის შემდეგ საზოგადოებამ სოფ. მარტყოფში სამეურნეო კომიტეტი გახსნა, რომლის დანიშნულება ასევე დარგობრივი ცოდნის გავრცელება იყო.

როგორც ჩანს, საჩვენებელმა გაკვეთილმა გაამართლა, რადგან მეურნეთა თათბირის გამართვიდან მოკლე დროში ქართულმა სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებამ სოფ. ტყვიავში კიდევ ერთი პრაქტიკული მეცადინეობა ჩაატარა მეხილეთათვის. მეურნეობაში თავმოყრილი გლეხები პ.გ. მელიამ ჯერ სხლვის თეორიასა და ზოგად პრინციპებში გაარკვია, შემდეგ კი მათ თვალწინ დაამუშავა ოთხი წლის გაუსხლავი ხე. გაკვეთილი ინტერაქტიური იყო – გლეხებს სწავლული აგრონომისთვის შეკითხვების დასმის საშუალებაც ჰქონდათ.

არაფორმალური განათლების ის მაგალითები, რომლებიც წინამდებარე პუბლიკაციაში განვიხილეთ, თავის დროზე უმნიშვნელოვანეს რესურსს ქმნიდა თითოეული დარგის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. გამომდინარე იქიდან, რომ აკადემიური, თეორიულად სტრუქტურირებული ცოდნა საქართველოში აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ პირველ ნაბიჯებს დგამდა, ამ დისკურსმა ვერ „დაჩაგრა“ პრაქტიკულ ცოდნაზე მიმართული საგანმანათლებლო მცდელობები. მომდევნო პუბლიკაციაში შევჩერდებით ფორმალური განათლების მაგალითებზე – ტექნიკურ სასწავლებლებსა და სამეურნეო სკოლებზე, რომლებიც კერძო მეწარმეების / მეწარმეთა გაერთიანებების ინიციატივითა და ხელშეწყობით დაარსდა.

 

ბოროტების იმპერიის სპექტაკლები – ოთარ ჭილაძის “აველუმი”

0

„მეც, აველუმის მსგავსად, ოღონდ, აველუმზე მეტადაც და აველუმამდეც, მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს თავისუფალ და სრულუფლებიან მოქალაქედ ვგრძნობ თავს, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველოს ვერ ვგრძნობ თავისუფალ, სრულუფლებიან სახელმწიფოდ. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს არავითარი გარდატეხა ქართველი კაცის ხასიათში. ღმერთმა დაიფაროს! ეს უნიკალური ხასიათია. ქართველ კაცს უფლება უნდა მისცენ დარჩეს ქართველ კაცად – დაანახონ, აუხსნან, რა გზებითაა შესაძლებელი დაცემული, გალახული სამშობლოს აღდგენა და, დამერწმუნეთ, შეუძლებელს შეძლებს, ანუ შეძლებს ამ მართლაც მამულიშვილური მისიის შესრულებას“, _წერს ერთ ინტერვიუში ოთარ ჭილაძე. მისი აზრით, „სრულებითაც არ უნდა იყოს გასაკვირი, მწერალი თანამედროვე შეკითხვების პასუხს წარსულშიც დაეძებდეს“. ეს წარსული კი მის შემოქმედებაში არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადსაკაცობრიო გამოცდილებას მოიცავს. „აველუმში“ სამშობლოს გადარჩენისა და აღდგენის გზების ძიებაა წარმოჩენილი.  ამ რომანშიც მწერალმა მითი გამოიხმო, როგორც სათქმელის გამოხატვის საუკეთესო საშუალება. ”მითოსის გამოყენება… არის შემოწმების, წესრიგის, ფორმისა და მნიშვნელობის დადგენის გზა ამაოებისა და ანარქიის იმ უზარმაზარ პანორამაში, თანამედროვეობა რომ ჰქვია”,_წერს ტომას სტერნზ ელიოტი ესეში “ულისე. მითი და წესრიგი”.  ბერძნული მითოლოგია ოთარ ჭილაძისთვის ის ნაყოფიერი წიაღია, რომლითაც საზრდოობს მისი წარმოსახვა. ქართულ ლიტერატურაში არსებობს მითის აღორძინების დიდი ტრადიციები (გრიგოლ რობაქიძე, კონსტანტინე გამსახურდია, დემნა შენგელაია, ლეო ქიაჩელი). ქართველი მწერლები სხვადასხვა მხატვრული ამოცანის გადაწყვეტისას ხშირად მიმართავენ მითოსურ არქეტიპებს.

“აველუმში” მითი წარმოჩნდება მრავალფეროვანი ნიუანსით: კონკრეტული სინამდვილე მისადაგებულია მითოსურთან, როგორც მარადიულის გამოვლენის ერთი შემთხვევა; მითის პერსონაჟების განვლილ გზას “იმეორებენ” რომანის გმირები, მითის გახსენება ხდება ასოციაციურად, აქცენტირდება მწერლისთვის სასურველი ეპიზოდები; მითოსის გმირი დეჰეროიზდება; მითოსური სახეები გარკვეული ტროპული მნიშვნელობითაც გვხვდება, როგორც მეტაფორა, ეპითეტი, ალუზია, რემინისცენცია და სხვა.

რომანის გმირი აველუმი აპირებს, დაწეროს წიგნი, “რომელშიც, მისი ჭკუით, ყველასთვის მისახვედრად, მარადიული სიმბოლოების მოშველიებით, ერთხელ კიდევ ამხელს იმპერიულ სივერაგესა და სისასტიკეს, ანუ დავუშვათ მინოსისა და დედალუსის ურთიერთობის ფონზე, მარადისობის შუქში გაატარებს წარმავალ დღევანდელობას, გინდაც, საერთოდ, ფეხებზე ეკიდოს ეს საკუთარი სიმდაბლითა და უზნეობით შემზარავად დასახიჩრებულ ადამიანს”. ოთარ ჭილაძის უპირველესი სატკივარი, ცხადია, არის “საკუთარი სიმდაბლითა და უზნეობით შემზარავად დასახიჩრებული ადამიანი”, იმავდროულად, “იმპერიული სივერაგე და სისასტიკე”, რომელიც ამრავლებს ადამიანთა ხინჯს.

სწორედ აველუმის, რომანის მთავარი გმირის, წიგნში წარმოჩნდება მითი. კონკრეტულად, მინოსისა და დედალოსის “ამბები” ცოცხლდება თანამედროვე მოვლენების კონტექსტით. “ცოცხლდება” თეზევსი, არიადნე, მინოტავრი და სხვა პერსონაჟები. თომას მანი წერდა: “ყოველ დროში ძევს საიდუმლო, რადგან საიდუმლო ზედროულია, მაგრამ ზედროულობის ფორმა არსებობს ახლა და აქ… რადგან არსი ცხოვრებისა “აწმყოა” (ფრენსის ოტო მატისენი, “მითოლოგიის საჭიროება”, ესეები, თბ. 1989, გვ.490).

მარადიულ სიმბოლოთა მხატვრული ინტერპრეტაციის გზით ოთარ ჭილაძე ცდილობს თანამედროვეობის ზედროული ამოცანის ამოხსნას. სამეცნიერო-კრიტიკულ ლიტერატურაში არსებობს მითის სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაცია: ალეგორიული, ფსიქოლოგიური, რიტუალურ-სოციალური, სტრუქტურალისტური, სიმბოლური, რომანტიკული და სხვა. ოთარ ჭილაძისთვის, რა თქმა უნდა, მითის ინტერპრეტაცია არ არის მთავარი, მაგრამ მაინც ხდება მისი ერთგვარად რომანტიკული “ახსნა”.  რაც მთავარია, მწერალი მითს კონკრეტული მხატვრული ამოცანის გადასაწყვეტად მოიხმობს.

”ადამიანი დგას ამსოფლიური სინამდვილის, გრძნობადობის წინაშე, რომელიც სიმბოლიზებულია მტრულად განწყობილი ურჩხულის, მინოტავრის სახით. ადამიანი თავის ქვენა ბუნებას, რომელიც მიჯაჭვულია ამ გრძნობადობაზე, სწირავს თავის პიროვნულ ძალებს და ნაყოფს (სამსხვერპლო ქალ-ვაჟებს). ეს გრძელდება მანამ, სანამ ადამიანში არ გაიღვიძებს მძლე სული, უმაღლესი “მე” (თეზევსი). მისი გონება, უმაღლესი გონიერება (არიადნე), რომელიც მითებში მეფის ასულის სახითაა სიმბოლიზებული. არიადნე მისცემს თეზევს ძაფს, რომელიც გმირს განსაცდელში გზას აპოვნინებს და გაამარჯვებინებს მტერზე (ქვენა ბუნებაზე, მინოტავრზე). ქვენა საყაროზე, გრძნობადობაზე ამგვარი გამარჯვება არის არსი შემეცნების მისტერიის. ასე რომ, ყოველივე, რაც ამ მითშია მოთხრობილი, თვით ადამიანში ხდება” (ზვიად გამსახურდია, “ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველება”, თბ. 1991).

რომანში მინოტავრის ლაბირინთის ამგვარი ინტერპრეტაცია წარმოდგენილია, როგორც ერთი შრე. აველუმის ცხოვრება, მართლაც, გაიაზრება, როგორც გამუდმებული მსხვერპლშეწირვით გამუდმებული ბრძოლა ქვენა ბუნებასთან. აველუმი იტანჯება: “დაღამდება თუ არა, უდაბნოს ცხელი ქარივით შემაფრინდება ყელ-კისერზე გადატანილი ცხოვრება, ამაგანგაშებს ჩადენილი თუ ჩაუდენელი შეცდომების ღიად დარჩენილ თვალებში ასისინებული წყვდიადი”. აველუმი გრძნობდა, რომ სუსტი იყო “საკუთარი უნებისყოფობით დათრგუნული”. იცოდა, რომ სისულელეს სჩადიოდა და მაინც სჩადიოდა”. მას სურდა, თავი დაეღწია “მავთულხლართებისაგან, ტყვეობისაგან”, ესწრაფვოდა “სამყაროსგან სამუდამოდ იზოლირებული სივრცის” გარღვევას, რადგან სხვებივით ეჩვეოდა ცოდვას: “იძულებით კი არ აკეთებდა იმას, რაც ცოდვა იყო, მაინც რომ აკეთებდა იმას, რაც აუცილებელი არ იყო”.

მინოტავრიც, ამ თვალსაზრისით, ერთ შემთხვევაში, კონკრეტული ადამიანია, იგივე აველუმი. მეორე მხრივ კი, მთელი ერი, რომელიც ასევე ეწირება საკუთარ “ქვენა ბუნებას”. თუ აველუმში იბადება მძლე სული (თეზევსი) და გონება, უმაღლესი ცნობიერება (არიადნე), ერის ცხოვრებაში ამას ვერ ვხედავთ. ეს შორეული მომავალია. “მიტოვებული ქვეყანა კი ისევ კეთილი, ღვთისნიერი, ერთმორწმუნე მეზობლის იმედით იბრუნებდა გულს, ანუ ისევ ფიანდაზად ეგებოდა ფეხქვეშ მარადიულ “მხსნელსა და ქომაგს”, რომელიც, თავის მხრივ, ხან გუბერნიას ეძახდა მოფერებით, ხან “რესპუბლიკას”. ამასობაში კი, დღითიდღე, წამისწამ იბზარებოდა და ირღვეოდა საუკუნეობით ნაგები ციხე-გალავანი ზნეობისა, პატიოსნებისა, კდემამოსილებისა”.

მწერალს ღრღნის ეჭვი და ხანდახან დაუნდობელი მხილებაც იელვებს ხოლმე რომანში: “სულელი თუ ხარ, ბოლომდე სულელი დარჩები, გინდაც ოცი საუკუნე ქრისტეს შობამდე და ოციც ქრისტეს შობიდან ცერებზე იდგე და რვა ხმაზე უმღეროდე მსოფლიოს სამადლობელს შენი ფეხებზე დაკიდებისთვის”. ამ დროს კი შეიძლება, მართლა აღიგავოს მიწისაგან ნეკრესიც და მოწამეთაც, ბაგრატიც და ალავერდიც, იყალთოცა და გეგუთიც.

მინოტავრი კი, გარდა იმისა, რომ რომანში წარმოადგენს ადამიანის ქვენა ბუნებას,  სხეულს, ხორცს, იმავდროულად, სიმბოლოა საქართველოსიც: “შენ კი დადიხარ, დაეხეტები მშობლიურ ქალაქში, როგორც მინოსის ლაბირინთში და სიყვარულის დროშით სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნის გადამლახავს პირველად ახლა გწყდება გული ყველაფერზე, რითაც აქამდე ცხოვრობდი, მაგრამ ადამიანური სიბეცის გამო ვერ ამჩნევდი”. მშობლიური ქალაქის,ზოგადად, მთელი ერის უკეთურებასა და უზნეობას  მწერალი რომანში გამჭვირვალე მხატვრული სახეებით წარმოაჩენს.  მინოტავრი, მითის მიხედვით, ბუშია. მინოსის ცოლმა შვა იგი ზღვის ურჩხულისაგან. ერის წიაღში შობილი მინოტავრი _ გადაგვარებული ზნეობა, ათასგვარი ნაკლისა თუ ხინჯის ხორცშესხმა. ამ შემთხვევაში მითი წარმოჩნდება, როგორც ალეგორია. ერის “მრუშობამ” დაბადა იგი. ზღვის ურჩხული ამ შემთხვევაში რუსეთია. ხვალ შეიძლება ამერიკა იყოს ან სხვა ქვეყანა. მთავარია, რომ არ დაიბადოს მინოტავრი, რადგან ამას მოჰყვება უამრავი მსხვერპლი. მინოტავრის დამარცხება კი ძალიან ძნელია. იგი გამუდმებით მოითხოვს მსხვერპლს, ქალ-ვაჟებს, ე.ი. ერის სასიცოცხლო ენერგიას, მომავალს, ლამაზსა და მშვენიერს. ეს “მსხვერპლშეწირვა” რომანში წარმოდგენილია ორი დიდი “ინკვიზიციით” (1956 წლის 9 მარტი და 1989 წლის 9 აპრილი). აქვე ერთვება  ბიბლიური მოტივიც. ჩნდება აბელის  ალუზიები და სხვა “მარადიულ სომბოლოთა” საინტერესო, ღრმა ვარიაციები).

მინოტავრის ლაბირინთი რუსეთის, “იმავე, ბოროტების იმპერიის” გამოხატულებაცაა. ამ თვალსაზრისით, ეს სახე ყველაზე გამოკვეთილია და ცხადი. ამ ქვეყანაში (საბჭოთა კავშირში) ცხოვრება, ე. ი. მისი კანონების მიყოლა ნიშნავდა საკუთარ სულიერებაზე უარის თქმას. აველუმი “ჩვეულებრივი, რიგითი მსხვერპლია მხოლოდ, ათასთა და ათასთა მსგავსად”. ადამიანის დასათრგუნად მინოტავრზე არანაკლებ შემზარავი “იარაღია”  უმწეობისა და განწირულობის ის შეგრძნება, ყველა გადარჩენილს რომ ეუფლება უნებურად. ასე რომ, საბოლოო ჯამში, “არჩეულნიც” და “ანარჩევნიც” ყველანი მაინც ერთნაირად დაწანწალებენ ლაბირინთის ბნელსა და ნესტიან ტალანებში. ყველანი ერთნაირად ჭყლეტენ ფეხით მინოტავრის ნეხვს, ვიდრე თავად მინოტავრს არ გადააწყდებიან და იმისი ცხოველური ნებით გაუპატიურებულნი, იმის ბინძური, სისხლმიმპალი რქებით გამოფატრულნი, საკუთარ ნაწლავებში გახლართულნი, სულს არ დალევენ, ზოგნი ნამდვილად და ერთხელ, ზოგი კი _ წარმოდგენებში, უსასრულოდ”.

აველუმი სწორედ ამგვარი მსხვერპლია, “წარმოდგენებში რომ ევნება უსასრულოდ”.

მწერალი დაუფარავად, ხან ირონიით, ხან სარკაზმით, ხან ზიზღითა და სიძულვილით წარმოაჩენს “კაცობრიობის ნათელი მომავლისათვის მებრძოლ იმპერიას”, რომელიც ცდილობდა არა მხოლოდ თავისი სამფლობელოს კუთხე-კუნჭულში, არამედ “მთელ მსოფლიოში” დაეცვა წესრიგი. ცდილობდა არაფერი გამორჩენოდა მხედველობიდან, ჩიტის ჭიკჭიკის ჩათვლით. ეს კი, გარკვეული თვალსაზრისით, აუცილებლად ითვლებოდა იმ უზარმაზარი ლაბირინთისთვის, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა და რომელშიც, მინოსის ლაბირინთისგან განსხვავებით, მინოტავრზე ბევრად საზარელი არსებებიც ცხოვრობდნენ, მათ შორის, პროფესორი, რომელმაც კონსერვის ქილის ჟანგიანი ხუფით ყელი გამოსჭრა გოგონას; კაციჭამია დალაქი, სანაძლეოს გულისთვის ბავშვი რომ შეუჭამა მეზობლებს; არასრულწლოვანი მეძავები, ლოთები, ნარკომანები, მანიაკები, “ცხოვრების ახალ წესს რომ ამკვიდრებენ” და “რომლებისთვისაც სულერთი იყო, ვისთან, რის გამო ამოანთხევდნენ თავიანთ თესლსა და მრისხანებას, თითქოს ხელოვნური მეთოდით გავრცელებულს”.

“ბოროტების იმპერია” თავის ბრჭყალებს წლების განმავლობაში სხვადასხვაგვარად ავლენდა. “თავისუფლების იმიტაციაც” ერთგვარი ხაფანგი იყო, რომლითაც უნდოდა, მოეშთო მსხვერპლი, ცინიზმის მახვილით განეგმირა ჯერ კიდევ მოფართხალე გული. ჯაჭვი ოდნავ მოუშვა, თითქოს თავის დასარწმუნებლად, ფრენა კი არა, სიარულიც რომ დავიწყებოდათ მის მონებს. “იმპერიის ყველაზე დიდი ბოროტება ის გახლდათ, განუსაზღვრელი ვადით დატუსაღებულ ხალხს უცებ რომ გამოუცხადა: თავისუფლები ხართო. ხალხი დამდგარ, დამყაყებულ, დაჭაოებულ წყალში ყვინთვას სწავლობდა გაჩენის დღიდან წურბელებსა და ბაყაყებზე სანადიროდ, ახლა კი _ გაფრინდითო და, რასაკვირველია, ვერ გაფრინდებოდნენ, ვიდრე გადაგვარებული, გაკორძებული ფრთა ხელახლა არ გაეზრდებოდათ”.

“ბოროტების იმპერიისგან”, ცხოვრების ამგვარი “არაადამიანური წესიდან” თავდაღწევის წყურვილმა წამოატივტივა რომანში დედალუსის სახე. ბერძნულ მითში ეს სახე მოიცავს რამდენიმე შტრიხს: ლაბირინთის ამგები მინოსოს დავალებით (დანაშაულის გამო სამშობლოდან დევნილი მინოსმა შეიფარა), ფრთების გამომგონებელი, შვილის დამღუპველი, დამნაშავე (ცოდვიანი, მკვლელი), აფროდიტეს ტაძრის ამგები.

აველუმის სახეში ყველა ეს შტრიხი ვლინდება გარკვეული მხატვრული ინტერპრეტაციით. აველუმი დედალუსივით შემოქმედია. დედალუსი  მოქანდაკეა, არქიტექტორი, აველუმი _ მწერალი.  დედალუსმა მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ქანდაკების ხელოვნებაში. კერძოდ, ქანდაკება “გაათავისუფლა” გაქვავებულობისაგან, აამოძრავა. მის ქანდაკებებზე ამბობდნენ, ცოცხლობენ, დადიან, ხედავენ, ქანდაკებები კი არა, სულიერი ქმნილებანი არიანო. მითის მიხედვით, უწინდელ დროში ქანდაკებებს თვალები დახუჭული ჰქონდათ, ხელები დაშვებული და ტანზე მიკრული. დედალუსი კი პირველი იყო, ვინც ქანდაკებას თვალები აუხილა, ხელები სხეულს მოაშორა და ჰაერში ააწევინა. ფეხი აადგმევინა უსიცოცხლოდ გაქვავებულ სხეულებს.

აველუმიც თავისი წიგნებით, საუბრებით, თავისი შემოქმედებით ცდილობდა, მოქალაქეების, იგივე “გაქვავებული ქანდაკებების” თვალის ახელას, ამოძრავებას. ისინი ხომ მარიონეტებივით ხელისუფალთა ნებით მოძრაობდნენ და არა შინაგანი სურვილით. “იმპერია მხოლოდ და მხოლოდ მკვდარი, გაქვავებული მოდელია სიცოცხლისა და, ამდენად, მარადიული მოძრაობა კი არ აინტერესებს, არამედ უძრაობის მარადიულობა, ანუ, ერთ ადგილზე მბრუნავ ბორბალში  გამომწყვდეული ციყვის განუწყვეტელი და ამაო მცდელობა სივრცეში გადაადგილებისა, იმპერიის უკიდეგანო სივრცეებშიც ერთი და იგივე დრო ბრუნავს ბორბალივით. ბორბალში კი ჩვენ, იმპერიის ქვეშევრდომები, დაბადებით იმიტატორები, ვითომ ვმოძრაობთ, ვითომ ნათელი მომავლისაკენ მივისწრაფვით თავგამოდებულნი და, საბოლოო ჯამში, ერთნაირად გაპამპულებულნი გამოვდივართ ძველებიც და ახლებიც. უფრო სწორად, მართლა ახალი კი არ ენაცვლება ძველს, რაც იგივე სიკვდილი იქნებოდა იმპერიისთვის, თუკი ამას დაუშვებდა, არამედ დროგამოშვებით, სახეშეცვლილი “ძველი” გვევლინება “ახლად”, რაც იმპერიის უკვდავების საწინდარია”.

აველუმმა თავისი “ქადაგებით” მიაღწია კიდევაც საწადელს და შვილს  თავისუფლების, ფრენის წყურვილი გაუღვივა. უპირველესად კი თვითონ შეეცადა ლაბირინთიდან თავდაღწევას, გაფრენას (ერთ შემთხვევაში წიგნებით “მხატვრულ სამყაროში” მიფრინავდა. ფრთები _ მისი წარმოსახვა, ფანტაზია. მეორე მხრივ, რეალურად, ფრანსუაზას სიყვარულის გზით ცდილობდა თავის გადარჩენას). სონიას სიყვარული ამავე კონტექსტში მოიაზრება, ოღონდ ორივე შემთხვევაში ჩართულია სხვა სიმბოლოები და ალეგორიები.

აველუმი “გადარჩენილია”, რადგან ცოცხლობს და ცხოვრობს, ამიტომ ნებით თუ არა, უნებურად მაინც მონაწილეა ამ “ლაბირინთის” შექმნისა. უფრო ზუსტად კი, სხვა მწერლები და, საერთოდ, “სულგაყიდულნი” (ასეთნი მრავლად იყვნენ იმპერიაში) ამ ლაბირინთს ამტკიცებდნენ თავიანთი იდეოლოგოზებული მხატვრული მაკულატურით).

დედალუსი, მითის მიხედვით, ცოდვილია. ან შურის გამო (შეეშინდა, არ მაჯობოს ოსტატობაში, დიდება არ დამიჩრდილოსო) ათენის აკროპოლისიდან დისწული უფსკრულში გადაჩეხა. ეს ცოდვა მას ძვირად დაუჯდა _ საკუთარი შვილის სიცოცხლის ფასად.აველუმმა ბავშვობაში “გააჩუქა” და _ შვილი შიმშილსა და სიღატაკეს კი გადაარჩინა, მაგრამ მშობლიურ წიაღს მოწყვიტა. შვილის სახელში _ ეკაეკატერინეკატო _ აირეკლა მისი გამუდმებული განცდა ცოდვისა, დანაშაულისა და სინანულისა. ეს ცოდვა იქცა ძლიერ ქვეცნობიერ იმპულსად, რომელმაც საერთოდ წარმართა მთელი მისი ცხოვრება. აველუმს ჰყავს უკანონო შვილი (ფრანგი ფრანსუაზასგან), რომელიც “გადაჩეხილია”, როგორც თვითონ ამბობს, “თავისუფლების უფსკრულებში”. ვროპული თავისუფლება ამ შემთხვევაში წარმოჩნდება, როგორც თავნებობა და უზნეობა.

დედალუსის მითში ძლიერია შვილის დაღუპვის მოტივი. ეს რომანშიც მძაფრად წარმოჩნდება. “თანამედროვე იკაროსები” ტყაპატყუპით ცვივიან (რა თქმა უნდა, უპირველესად, ცოცხლდება თვითმფრინავის გატაცების ამბავი, როგორც რეალური ფაქტი, ხოლო სულიერ პლანში კი შემთხვევათა უსასრულო რაოდენობაა). აველუმის შვილის თაობა “დაღუპული იკაროსებია”. უპირველესად კი, ეკაეკატერინეკატო, რომელიც რომანში ფიზიკურად კი გადარჩება, მაგრამ გაურკვეველია მისი ბედი _ სულიერად დაშლილია და განადგურებული. “ახლაც ტყაპატყუპით ცვივიან ციდან თანამედროვე იკაროსები, ინკუბატორის წიწილებივით ძნელად გასარჩევი ერთმანეთისაგან, რომელთა ასამჩატებლად სიტყვიერი, ზეპირი თავისუფლებაც საკმარისი აღმოჩნდა და, რაკი მშობლიური ლაბირინთიდან გაღწევის შანსი გაუჩნდათ, მიფრინავენ, მიფრინავენ, მიფრინავენ… მიაფართხუნებენ ხელოვნურ ფრთებს, ვიდრე ჩამოცვივდებოდნენ”. მწერალი ხატავს იხვის გუნდივით მოყაყანე ჩიტ-ბიჭუნებითა და ჩიტ-გოგონებით ავსებულ ცას, გულუბრყვილოდ რომ “მიყვიტყიტებენ “თბილ” ქვეყნებისაკენ. დიდი გადაფრენის ჟამი დასდგომიათ მოულოდნელად. სამოცდააწლიანი უიმედო მოლოდინის შემდეგ”.

9 აპრილის თემა რომანში მასშტაბურად წარმოჩნდება. აველუმის შვილის სახე მიტინგების, გაფიცვებისა და შიმშილობის ფონზე გამოიკვეთება. „ვინც სურვილს აჰყვა, ჩამოვარდა კიდეც, საკუთარი სისხლით გადაწითლებულ ლოდებზე გდია, დაჩეხილ-დაჩეჩქვილი”…”ტანკზე შეხტომა იგივე გაფრენაა, ხოლო ერთხელ უკვე გადაგდებული დროშა იგივე ხელოვნური ფრთაა, რომელიც, თავისთავად ცხადია, დიდხანს ვერ გაგაჩერებს ჰაერში”.

მითის მიხედვით, სასჯელის შიშით სამშობლოდან გაქცეული დედალუსი მინოსმა შეიფარა, მაგრამ “მონად” აქცია, თავისი ნების აღმსრულებლად. დედალუსი დატანჯა სამშობლოს ნოსტალგიამ, ამიტომაც გამოიგონა ხელოვნური ფრთები. მხოლოდ ჰაერში ვერ შეუშლიდა ხელს მინოსი. შვილიც გაწვრთნა, დიდხანს ამზადებდა, მაგრამ ტრაგედია მაინც მოხდა. ვერ გაუძლო ლაჟვარდების ცდუნებას იკაროსმა, ზედმეტად მაღლა იფრინა, ფრთები დაეშალა და დაიღუპა. აველუმს მიმართავს მწერალი: “გაფრენის სურვილი ადამიანობის ნიშანია, მაგრამ ფრენა ადამიანის თვისება არ არის. ასე რომ, შენც დამნაშავე ხარ როგორც საკუთარი შვილის (შვილების), ისე საერთოდ ახალგაზრდობის წინაშე. რაკი მთელი სიცოცხლის  მანძილზე ნიშნის თვისებად გადაქცევას ცდილობდი. რაც მთავარია, შენი მოძღვრება (საკმაოდ მაღალფარდოვანი), გნებავთ შემოქმედება (საკმაოდ ბუნდოვანი), ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას კი რ გულისხმობდა, არამედ საკუთარი სურვილის, საკუთარი ოცნების გადანერგვას, შეიძლება საამისოდ სრულიად შეუფერებელ ნიადაგზე, მით უფრო, რომ თავადაც ისევე არ შეგეძლო გაფრენა, როგორც, ვთქვათ, ვირთხას, მაგრამ საცა სამართალია, გუნებაშიც არ დაგიშვია, რომელიმე შენი მოწაფე (მსმენელი, მკითხველი) ანდა თავად მართლა რომ გაფრინდებოდი, ამ სიტყვის პირდაპირი ანუ მითოლოგიური მნიშვნელობით”.

აველუმის მიზანი იყო, შვილები ეხსნა ვირთხად გადაქცევისაგან და თვითონ კი ოცნებას არ გადაჩვეოდა, არ დანებებოდა “ლაბირინთის” წესებს, რადგან ეს უდრიდა მიწისქვეშეთში ჩასვლას, სადანაც ვეღარაფერი ამოგიყვანს სამზეოზე სასიკვდილო სენისა და სისასტიკეში გადაზრდილი ცხოველური სითავხედის, განუკითხაობის მეტი”.

თავისუფლებაზე ფიქრისას მწერალი  ცდილობს ამ სიტყვის მრავალმნიშვნელოვნების დაზუსტებას, ეს რომანიც ხომ თავისუფლების წყურვილმა დაბადა. სახელი აველუმიც თავისუფალ, სრულუფლებიან მოქალაქეს ნიშნავს იმ “საიდუმლო” ენაზე, მხოლოდ მწერალმა რომ იცის. თავისუფლება, მწერლის აზრით, არ უნდა ავურიოთ თავნებობაში. ჭეშმარიტი თავისუფლება ადამიანის გვირგვინია, თავნებობა კი ბორკილები, მაგარამ მწერალი ეჭვობს: “საკითხავია, მართლა შეიძლება თავისუფლების მოპოვება, თუ ისიც იმ დიდ სინათლესავითაა, რომელიც… შემთხვევით შეიძლება იხილოს კაცმა”. ამიტომაც იტანჯება აველუმი. იგი მზად იყო, თავისივე შეკოწიწებული ფრთები დაეფხრიწა და შვილისთვისაც დაუნდობლად ეთქვა, რომ მოატყუა, რომ შეუძლებელი იყო,  ადამიანს ეფრინა.  “მაგრამ თავისუფლების მწარე მარცვალი ყველა ადამიანის არსებაშია ჩათესილი და იმ მარცვლის აღმოსაცენებლად საკმარისია ერთადერთი ნათელი წამიც, რომელიც ადამიანის არსებას შიგნიდან გაანათებს ხოლმე. როგორც ჩირაღდანი რამეს, და მიუხედავად დროის სიმცირისა, ადამიანი მაინც ასწრებს იმის დანახვას, რაც აქამდე მისივე სიბეცისა და მიუხვედრელობის შეუღწეველ, გაუფანტავ წყვდიადში თვლემდა”.იოანე მახარებელი ქადაგებდა: “სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგათავისუფლოთ თქვენ”. “აველუმშიც” შემოიჭრება მძლავრად ეს თემა, მაგრამ ეს თავისუფლება უმაღლესი მიზანია და იქამდე მისაღწევად საჭიროა ძნელი გზის გავლა.

“ჯერ მხოლოდ თავისუფლებაზე ფიქრი დაიბადა ლაბირინთში და ამიტომაც დგას ირგვლივ ასეთი მძაფრი სუნი სისხლისა და ცრემლისა. სისხლი და ცრემლია სულის სანთელი, სულის პურიცა და სულის ფრთაც, ოღონდ ჭეშმარიტი თავისუფლება ალბათ სწორედ ის არის, როცა უფრთოდაც ფრენ. ეს კი მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ადამიანი ბოლოსდაბოლოს შიგნიდანაც დაინახავს საკუთარ არსებას და გააცნობიერებს კიდეც დანახულს”. ეს კი უკვე ჭეშმარიტი რწმენის სფეროა.

თვითონ აველუმს მონობას სიკვდილი ერჩია, მაგრამ შვილზე ფიქრისას სხვაგვარად არჩევდა. დე, მონა ყოფილიყო, ოღონდ ეცოცხლა, მაგრამ არც შვილმა მოისურვა მონობა. მაშინ გადაწყვიტა, აღარ დაეტოვებინა ისიც “აქოთებულ ლაბირინთში”, თუმცა გაფრენას გარკვეული მომზადება სჭირდებოდა… უპირველესად, სურვილი უნდა გადაქცეულიყო თვისებად. თავისუფლება, მწერლის აზრით, ჩანასახის სახით ყოველ ადამიანშია, მაგრამ ეს თვისება დროთა განმავლობაში ან განვითარდება, ან გადაგვარდება.

მიუხედავად ერთობლივი განზრახვისა, მამა და შვილი მაინც ცალ-ცალკე არიან. ლაბირინთის უზნეობის გამოვლენა იყო სწორედ იმ ძაფების დაწყვეტა, რაც მამასა და შვილს ერთმანეთთან აკავშირებდა. “თანამედროვე მინოსის უფხიზლესი და უმკაცრესი ცენზურაც კი გააცურე, მაგრამ ისევ ცხოვრებამ არ გაპატია და თვითონვე აღმოჩნდი ცხოვრების შენეული მოდელის მარადიული ტუსაღი. გნებავს, ბინადარი, თანაც შვილთან ერთად. შენ და შენი შვილი ერთ ჭერქვეშ  კი ცხოვრობდით, მაგრამ სულ ერთმანეთს დაეძებდით ამაოდ, რადგან სწორედ ეს არის, ამას გულისხმობს არსი ლაბირინთისა. განუყოფელის გაყოფას, არსებულის უარყოფას და განუწყვეტელ, გაუთავებელ წანწალს არარსებულისკენ, მაგრამ ვინც საკუთარ მონობას აღმოაჩენს, ის მონა ვეღარ იქნება. შენ კი უფრო მეტი აღმოაჩინე, შენ აღმოაჩინე, რომ საერთოდ ადამიანია მონა”.

აველუმს, ისევე, როგორც დედალუსს, ძველმა ცოდვამ უწია. მისმა შვილმა თავისუფლების სურვილის მოკვლა ხელოვნური ფრთებით გადაწყვიტა, “გადაახტა” სწავლას და გადაწყვიტა პირდაპირ გავლა. აველუმის ფიქრები და ოცნებები თავისუფლებაზე მის წიგნში ტრანსფორმირდა მითოლოგიურ სახეებად. იმავდროულად, ცხოვრებაშიც შემოიჭრა, როგორც ზედროული რეალობები.

მწერალმა იმპერიის, ამ საშინელი ურჩხულის სისასტიკე “მინოსის თეატრის” ამაზრზენი სურათებით წარმოაჩინა: “აველუმის წიგნში, აველუმისგან განსხვავებით, გმირი უკვე გაფრენაზე ფიქრობს, უკვე ხელოვნურ ფრთებს აკოწიწებს, გამალებული_ფიქრის სინამდვილეში ახორციელებს იმას, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია არსებულ სინამდვილეში. მალე მისი ნაფიქრალი მთელ კუნძულზე ვრცელდება შავი ჭირივით. მარადიული შიშისა და მონობისაგან დაბეჩავებული ხალხის სიზმრები ახალი, უცნაური, აშკარად სახიფათო ჩვენებებით ივსება. ჩვენებებს უახლოესი ადამიანებიც კი უმალავენ ერთმანეთს, რადგან ყველა დარწმუნებულია, მარტო თვითონაა ამ დღეში, მარტო მას შეუპყრია ეს ახალი ჭირი და აი, ერთ მშვენიერ დღეს, ადამიანის ბნელი წიაღიდან ადამიანისავე თესლს სააშკარაოზე გამოაქვს მისი დიდი საიდუმლო. ოთხმოცდაათქალაქიანი კუნძულის ერთ ჩვეულებრივ ოჯახში ფრთიანი ბავშვი იბადება. წლობით ნაფიქრი და ნაოცნებარი თესლის თვისებად ქცეულა, რაც, თავისთავად ცხადია, სრულებით არ ესიამოვნება კრეტასნაირ სახელმწიფოს. შეშინებული მშობლები, რასაკვირველია, სასწრაფოდ აჭრიან შვილს ვაზის ფოთლისხელა დაჭმუჭნილ ფრთებს, მაგრამ ფრთების გადანაჭრებიდან ამოხეთქილმა სისხლმა ლამის წალეკოს იქაურობა (სხვათა შორის, ამ ეპიზოდმა იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფრანსუაზაზე, თვითონაც ფრთიანი ბავშვი გააჩინა სიზმარში, ხოლო ცენზურამ ორმოცდათექვსმეტი წლის ტრაგედიის მხატვრულ ინტერპრეტაციად ჩაუთვალა ეს ადგილი აველუმს და არც მთლად უსაფუძვლოდ). ფრთიანი ბავშვების გაჩენის შემდეგ, რასაკვირველია, ქალაქში საგანგებო წესები ცხადდება, გზები იკეტება. უკვე მოლოგინებულსა თუ ჯერ კიდევ მოსალოგინებელ ქალებს ერთად უყრიან თავს, დილიდან საღამომდე იჩხრიკება სახლები და ეზოები, ბოსლები და გომურები, სადაც კი შესაძლებელია ადამიანის დამალვა, და თუკი სადმე ჩვილს ანდა ფეხმძიმე ქალს აღმოაჩენენ, მთელ ოჯახს ხოცავენ დედაწულიანად. გვამებს კი მინოსის თეატრში აგზავნიან. რაც შეეხება მინოსის თეატრს, ჩვეულებრივი თეატრია ისიც, გასართობი, სასეირო, ოღონდ, მსახიობების მოვალეობას აქ საგანგებოდ დაგეშილი ღორები ასრულებენ, თანაც ბევრი არაფერი ევალებათ: “სცენაზე სხვადასხვა ადგილას წინასწარ დამარხული გვამის ნაწილები უნდა ამოჩიჩქნონ დინგებით”.

ფრთიანი ბავშვის გამჭვირვალე სიმბოლიკა “მარადიული დეკორაციების” ფონზე წარმოადგენს თავისუფლების მკვლელობას, რაც რეალურად განხორციელდა 1956 წლის 9 მარტსა და 1989 წლის 9 აპრილს. იმას, რაც აველუმის წიგნში ალეგორიულად წარმოჩნდა და უფრო განზოგადებული იერი მიეცა, მწერალი დაწვრილებით და ცხადად, დაუფარავად დახატავს. აქ კი კონკრეტული ამბავი დაუკავშირდა ზოგადს; ჩნდება მაცხოვრის შობის ალუზია, ჰეროდეს მიერ ჩვილების ამოხოცვა და სხვა ასოციაციები.

9 აპრილი იყო “სპექტაკლი” მინოსის თეატრისა, რომელშიც ღორების მოვალეობა რუსის გამოთაყვანებულმა ჯარისკაცებმა შეასრულეს. ერთი მათგანის წერილით საკუთარი დედისადმი მწერალი არაჩვეულებრივი სიღრმით წარმოაჩენს მათ სულიერ უბადრუკობას.

ბერძნული მითის მიხედვით, შვილის დაკრძალვის შემდეგ დედალუსმა გზა გააგრძელა და სიცილიაში ჩავიდა, სადაც მეფე კაკალოსი მბრძანებლობდა. აქ მან საიმედო თავშესაფარი ნახა. კოკალოსად რომანში ფრანგი პოლო, ფრანსუაზას მამა გვევლინება, რომელიც თვით აველუმს არა, მაგრამ მის შვილს კი “შეიფარებს”, რადგან იგი მისი შვილიშვილია. ამ შემთხვევაში კოკალეს სახეს წამოატივტივებს თვით დედალუსის ამბავი და პოლთან მისი შერწყმა ხდება იმ ეფექტისთვის, რაც თავის დროზე გამოიწვია მფრინავი კაცის ნახვამ. ხოლო პოლისთვის საბჭოეთიდან ჩასული იმავე მოვლენასთან ასოცირდება. ამ “სატუსაღოდან” გასვლა ხომ სასწაულს ედარებოდა.

რომანში ხშირად იშლება ზღვარი აველუმის წიგნსა და მწერლის ნაფიქრს შორის. ეს მოულოდნელობის საინტერესო ეფექტებს ქმნის. აველუმის წარმოსახვის მითოლოგიური პასაჟები მის რეალურ ცხოვრებაშიც იჭრება. “სიცილიის მეფე კოკალე (ბატონი პოლი) ოჯახითურთ სასეირნოდ გამოსულიყო და ფრთიანი კაცი რომ დაინახა, გაუკვირდა, დაკეცილი ქოლგა, რომელსაც ხელჯოხად ხმარობდა, მისკენ გაიშვირა და იკითხა, რა ცხოველიაო, მაგრამ როცა უპასუხეს, ეგ ადამიანიაო, უფრო უარესად გაოცდა და გადაწყვიტა, უფრო ახლოს ენახა, გამოლაპარაკებოდა უცნაურ არსებას, რომელიც ერთდროულად ფრთიან კაცსაც ჰგავდა და ფრთებდაჭრილ ანგელოზსაც. აველუმს ფრთების ნარჩენები ძონძებივით  ეკიდა მხრებსა და მკლავებზე. ვინა ხარ, საიდან ხარო, _ ჰკითხა კოკალემ, რამ გამოგაშტერა ადამიანო, ეს ხომ საყვარელი შვილიშვილის მამააო, _ უთხრა ქალბატონმა მადლენამ ქმარს და ამ მოულოდნელი შეხვედრით აღელვებულმა, ქოლგა მოხდენილად დაიბზრიალა მხარზე!”

დედალუსის სახის კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი “ცოცხლდება” რომანში. იგი სიცილიაში, მეფე კოკალეს სამფლობელოში განაახლებს აფროდიტეს ტაძარს (აფროდიტე ხომ ზღვის ქაფიდან ამოსული სიყვარულისა და მშვენიერების ქალღმერთია). აველუმიც “აფროდიტეს”  ტაძრის მსახურია, რადგან გამუდმებით იღებს მსხვერპლს სიყვარულისთვის.

თავის დროზე ჯოისმა ოდისევსის მოგზაურობას აწმყოში პაროდირებით თანამედროვეობის ცოცხალი სურათი დახატა. აველუმიც რაღაცნაირად იმეორებს დედალუსის გზას. ეს გზა, იმავდროულად, შინაგანი სულიერი მოძრაობის ამსახველია. მითიური თეზევსის სახე კიდევ ერთხელ წამოტივტივდება, როცა ქვეყანაში მომძლავრებული არეულობისას აველუმი შეეცდება თავისი როლისა და ფუნქციის გარკვევას. აველუმს იცნობდნენ, როგორც ნიჭიერ შემოქმედს. ახლა კი, ანარქიის დროს თითქოს გაუჩინარდა. იგი წინასწარ გრძნობდა მოსახდენს და ღელავდა. მუდამ თავისუფლებას ესწრაფვოდა, მხოლოდ გულის სიღრმეში ახსენებდა მის სახელს, მხოლოდ ოცნების საკუთრებად თვლიდა, ახლა კი ხელისუფლებამ ხალხს “ზემოდან გადმოუგდო”, გააყალბა, გააუფასურა. “აველუმს ვეღარ ამჩნევდნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, თავად რომ უნდოდათ გამოჩენა”. ხალხს უკვირს, რომ ვერ ხედავს მას “ახალშობილ გმირთა” და “საზოგადო მოღვაწეთა” შორის. აველუმი კი გრძნობს, რომ იმპერიის “მარადიულმა, ღვთაებრივად უხილავმა მესვეურებმა არა თუ მისი სიმტკიცე და სიჯიუტე, არამედ საერთოდ, მისი ამქვეყნიური არსებობა აქციეს ანაქრონიზმად”. განცდები კი აველუმის წიგნში მხატვრულ სახეებად ტრანსფორმირდება და ასე გამოიხატება თანამედროვეობის დაკნინებული სულიერება. იცვლება წარმოდგენა გმირობასა და გმირებზე. ამიტომაც აველუმის წარმოსახვაში ცოცხლდება არა ნამდვილი თეზევსი, მამაცი და უშიშარი, არამედ მხდალი, გოგოდ გადაცმული. “ელადის ახალი გმირი” არა მხოლოდ შეიტყობს, მთელი არსებით იგრძნობს, არაფერს რომ არ წარმოადგენს საერთოდ არც მტრისთვის, არც მოყვრისთვის. გულამოვარდნილი კი გამოვარდება თანამემამულეთა სანახავად, მაგრამ არაფერი გაეგებათ მისი, არც კარგად იცნობენ, არც ავად. თავის გრძელ სკამზე სხედან და სიკვდილის მოლოდინში კანაფს ღეჭავენ, არაფერი ეტყობათ განწირულებისა”.

გრძელი სკამები იგივე კიბეებია (მთავრობის სასახლის, უნივერსიტეტის, ტელევიზიისა და სხვ.), სადაც ისხდნენ ის ახალგაზრდა გოგო-ბიჭები, შიმშილობდნენ, კევს ღეჭავდნენ და “ერთი სული ჰქონდათ, როდის ეცემოდათ მინოტავრის აყროლებული ამონასუნთქი, ხმლები რომ ეშიშვლათ…” აველუმი ხედავს, რომ ამ ახალგაზრდებს უბრალოდ აღარ სჭირდებათ გმირი (კანაფს ღეჭავენ _ ეს არიადნეს გორგლის კანაფია. ახალ თაობას აღარ ესმის აველუმის _ თეზევსისა. მათ არ სჭირდებათ ასეთი გმირი). თვითონვე სურთ, რომ იყვნენ გმირები. “ის კი, მათი სახელოვანი წინაპარი, შემცბარი და ნირწამხდარი, უკვე უნებლიეთ, უაზროდ იმეორებს, ესა და ეს ვარ, ამისა და ამის შემქმნელი და თავადაც დაეჭვებულა, თავადაც უჭირს დაჯერება, მართლა რომ არსებობს, ანდა მართლა რომ არსებობდა ოდესღაც”.

აველუმი თავისი იდეალებით, ფიქრებით გარიყული აღმოჩნდა, უცხო იმ ახალგაზრდებისთვის, რომელთა გამოხსნასაც ფიქრობდა თეზევსივით. აველუმი იქცა ზედმეტად, სასაცილოდაც კი, ამიტომაა, რომ თეზევსი გოგოდაა გადაცმული და კიკინები აქვს მიმაგრებული (აქილევსის ასოციაცია _ ქალად გადაცმული რომ ემალება ომს). “აველუმსაც ესღა ევალებოდა მხოლოდ _ ღირსების შენარჩუნება _ შეგნება იმისა, უკეთესიც რომ იქნებოდა ცხოვრება უიმისოდ, ანუ არასასურველ მოწმეთა და მეთვალყურეთა და ყველაფრის დამმახსოვრებელთა და, აქედან გამომდინარე, ხელის შემშლელთა, დამმუნათებელთა გარეშე. საფუძველიც ჰქონდა ამგვარი ფიქრისა, რაკი ახალმა ძალამ ერთბაშად მოურჩინა მარადიული სატკივარი და ერთბაშად დაუსვა წერტილი მის მარადიულ საფიქრალს, უპირველეს ყოვლისა, მისი დანიშნულება და მნიშვნელობა გადაშალა, გააცამტვერა”.

მითოლოგიურ სახეთა მხატვრული ინტერპრეტაციის გზით მწერალი მარადიულს, უჩინარსა და ძნელად მისაწვდომს კონკრეტულ სახეთა ხორცშესხმით მოსახელთებელს ხდის და ამით მკითხველს სამყაროს ჭეშმარიტ არსს აზიარებს. აველუმი, იგივე ადამი, მარადის “ევნება” საკუთარი სულის გაორების გამო. „ცხოვრება მითში,_ წერდა თომას მანი, _ერთგვარი ზეიმია. აქ წასული გარდაიქმნება აწმყოდ, ის იქცევა რელიგიურ აქტად…ის იქცევა  ნადიმად… წარსულის აღორძინებად აწმყოში”. ამგვარად აღორძინებს ოთარ ჭილაძე “წარსულს აწმყოში” და მარადიული სიმბოლოების მხატვრული ინტერპრეტაციის გზით ქმნის წიგნს _ საუკუნის ხატს.

 

ცა ჩემი სოფლის თავზე

0

სამეგრელოში მხედრიონელები რომ შემოვიდნენ, პირველ კლასში ვიყავი. კარგად მახსოვს, გაკვეთილის დროს სროლის ხმა გავიგეთ, არ დამავიწყდება ჩემი მასწავლებლის თვალები, რომელიც ოთხზე იდგა და ჩვენც გვიყვიროდა დაწექითო. სანამ დავწვებოდი, თვალი მოვკარი სატვირთო მანქანის ძარაზე იდგნენ თავწაკრული კაცები და ჰაერში ისროდნენ ავტომატებს.

 

გზის პირზე მცხოვრებ ხალხს სახლებში უვარდებოდნენ, ძარცვავდნენ და აუპატიურებდნენ. ღამით თურმე,  გარეთ გასვლის ეშინოდათ და ქვაბებში ისაქმებდნენ. არ ვიცი,  ჯაბა იოსელიანს ასე რატომ უყვარდა ჭაღები, თურმე აგროვებდა. სადაც კარგ ჭაღს ნახავდნენ, ჩამოხსნიდნენ ხოლმე და სკოლა–ინტერნატში მიჰქონდათ, სადაც ჯაბას შტაბი ჰქონდა გახსნილი.

 

ერთ დღეს, ალბათ შემოდგომა იყო, რადგან დედაჩემი მოგროვებულ ფოთლებს წვავდა, ბავშვები ეზოში ვთამაშობდით. შორს ორი თვითმფრინავი გამოჩნდა, რომლებიდანაც ჭურვები ჩამოყარეს მდინარის ნაპირზე. არ ვიცი რატომ, ალბათ დასაშინებლად. დღემდე მაქვს დარჩენილი თვითმფრინავის შიში.

 

მახსოვს, ერთხელ ვიღაცამ თქვა, მოდიანო. დედაჩემმა რაც გვქონდა, ყველაფერი ჩაგვაცვა მე და ჩემს დას, ძლივს დავდიოდით, მერე სახლი აურია, რომ ეფიქრათ, აქ უკვე ყოფილან და ძვირფასეულობის ძებნას აზრი არ აქვსო. იმ ღამით მთელმა სოფელმა ერთ დიდ თხრილში, ცეცხლის პირას გავათენეთ, მეორე დღეს ნელ-ნელა დავბრუნდით სახლებში.

 

შეიძლება,  ბავშვური ფანტაზიის ნაყოფია, მაგრამ მახსოვს გადამფრენი ჩიტებივით გუნდ–გუნდად დაფრინავდნენ თვითმფრინავები, საიდან ჰყავდათ ამდენი, არ ვიცი. შიშით გარეთ ვერ ვყოფდით ცხვირს. ერთ კაცს თურმე თოხი ჰქონდა მხარზე გადებული, თოფი ეგონათ და თვითმფრინავიდან მოკლეს.

 

სიტუაცია რომ დალაგდა, თვითმფრინავი როცა გამოჩნდებოდა, ბავშვები თავქუდმოგლეჯილი ვეძებდით დასამალ ადგილს, მარტო ჩემი პატარა ბიძაშვილი მისდევდა თვითმფრინავს ჯაბას დედის გინებით, სანამ თვალს არ მიეფარებოდა. ცხოვრებაში სულ  რამდენიმე  ადამიანი მძულს: მათ შორისაა,  ჯაბა იოსელიანი. ის ტელეინტერვიუ ყველას გექნებათ ნანახი, სადაც მეგრელებზე ამბობს, ეგენი უნდა ამოწყვიტო და მაგ ტერიტორიაზე სხვა დაასახლოო, რამ უნდა გაგამწაროს ისე, რომ შენი ქვეყნის მოქალაქეებზე ასე ილაპარაკო?! არც მწერლად და არც დრამატურგად ვარგოდა ეგ კაცი და ჩემთვის დიდი გამოცანაა,  რატომ მარხია იქ, სადაც მარხია. ადამიანი, რომლის ისტორიული სტატუსი გარკვეული არაა, რატომ უნდა დაასაფლავო მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, გაუგებარია. იმიტომ არ ვამბობ, რომ მეგრელი ვარ, საქართველოს ნებისმიერ კუთხეს რომ ისე მოქცეოდნენ, როგორც სამეგრელოს მოექცნენ, მაინც ამას ვიტყოდი, ცხადია. ალბათ ოდესმე გამოჩნდება ქეთევან ბარათელი, რომელიც ვარლამ არავიძესავით მიწაში არ გააჩერებს, ყოველ შემთხვევაში, უსამართლობა ნამდვილად არ იქნება.

 

ჰიბრიდიზაცია

0

ჩვენი კორპუსის დაცვის სამსახურში ერთ ცვლაში მუშაობდნენ გეო და ფარვიზი. გეო სომეხია, ფარვიზი – აზერბაიჯანელი. გეო წინათ მძღოლი იყო, მთელი საბჭოთა კავშირი აქვს მოვლილი, მაგრამ ბოლო ოცი წელია, ერევანშიც აღარ ყოფილა. ფარვიზსაც ჯარის შემდეგ საქართველოდან ფეხი აღარ გადაუდგამს. სომხეთში მივლინებიდან გეოსთვის ყოველთვის ჩამომქონდა სომხური კონიაკი, რაც მას ძალიან ახარებდა, ფარვიზი კი გულდაწყვეტილი მეკითხებოდა ხოლმე, ბაქოში როდის მიდიხარ, იქაური ჩაი რომ ჩამომიტანოო. 2015 წელს ბაქოში ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადა გაიმართა და მომეცა შანსი, მისთვისაც შემესრულებინა დანაპირები. მერე სამსახური შევიცვალე და გეო და ფარვიზი კარგა ხანს აღარ მინახავს. ცოტა ხნის წინ შევიარე ძველ სამსახურში. ფარვიზი შორიდან ვიცანი, ეზოში მზეს ეფიცხებოდა. დაღონება ეტყობოდა სახეზე. გეო მოვიკითხე. სხვა კორპუსში გადაიყვანეს სამუშაოდო. ფარვიზს კი არა, მეც დამწყდა გული…

რა შეიძლება ეწოდოს გეოსა და ფარვიზის ფენომენს? ამბობენ, ეს ტოლერანტობის გამოხატულებააო, ჩემთვის კი მას სხვა ახსნა აქვს: ეს ქართული ჰიბრიდიზაციის შედეგია

ეს ტერმინი ალბათ ბევრს გაუგონია და სკოლის ბოტანიკის სახელმძღვანელოში დახატულ წითელყვითელმარცვლებიან სიმინდს აგონებს. ჰიბრიდიზაცია წინაპართა ნიშან–თვისებების მატარებელ ახალი ინდივიდს წარმოშობს. ასეთი ჰიბრიდიზაციის შედეგია იეთიმ გურჯის შემოქმედება, ძველი თბილისის არქიტექტურა… აქ ქართული, სომხური, აზერბაიჯანული, საზოგადოდ, აზიური და ევროპული კულტურები ერთმანეთში კი არ არის აღრეული, არამედ მათი ჰიბრიდიზაციის შედეგად ვიღებთ ახალ ფენომენს, რომელსაც უკვე ქართული ჰქვია. ამიტომ ყოველგვარი კირკიტი იმის გასარკვევად, ქართული კულტურა აზიურია თუ ევროპული, აზრს მოკლებულად მიმაჩნია.

ასეა ატომთა სამყაროშიც. წლების განმავლობაში ვერავინ ახსნა, რატომ ავლენდა ნახშირბადატომი ძირითად ოთხვალენტოვნებას და როგორ ახერხებდა მუდმივად „აღგზნებულ“, ანომალიურ მდგომარეობაში ყოფას. ატომური ორბიტალების ცნება საკმარისი არ აღმოჩნდა ნახშირბადის ფენომენის ასახსნელად, რომლის თანახმადაც, ნახშირბადატომს უნდა ჰქონოდა 1s და 3p ელექტრონი (ან 2s და 2p). ამ შემთხვევაში მეთანის წარმოქმნისას ნახშირბადატომთან დაკავშირებული წყალბადტომები სხვადასხვა მანძილზე უნდა განთავსებულიყვნენ, რადგან წარმოიქმნებოდა 1 s-s და 3 s-p კოვალენტური ბმა. ვერც მეთანის მოლეკულის პირამიდული მოდელი მოიწონებდა თავს არქიტექტურული პროპორციების სისადავით – მისი სანაქებო სიმეტრია დაირღვეოდა და მასთან ერთად ბზარი გაუჩნდებოდა მის ტიტანურ ამტანობასა და გამძლეობას გარეგანი აგრესიული ფაქტორების მიმართ.

ბუნებამ გამოსავალს ელექტრონების ჰიბრიდიზაციაში მიაგნო: ამ სასიცოცხლოდ უმნიშვნელოვანეს ატომს 1s და 3p ელექტრონის ნაცვლად მათი ჰიბრიდიზაციით მიღებული ოთხი ერთნაირი sp3 ღრუბელი ჩამოუყალიბდა.

 

ორი დღის წინ ფარვიზი დავინახე და შორიდანვე მივესალმე, სალამ–ალეიქუმ, მეთქი. შორიდანვე მიპასუხა: „ალეიქუმ სალამ, გაიხარე, ელიზბარ-ჯან“.

   სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი

0

ეკატერინე გაბაშვილის „თინას ლეკური“

 

იყო ქალი და იყო გმირი, გაცილებით ძნელია. ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი შეზღუდული სარბიელია, თუმცა არის სხვა ასპექტებიც, მაგალითად, შვილები. „შუშანიკის წამების“ სწავლებისას, როდესაც დედოფალი შვილებს ტოვებს, ბევრი მოსწავლე აპროტესტებს  მის საქციელს. ვეკითხები ხოლმე, როგორ ფიქრობენ, აქვთ თუ არა მათ დედებს სხვა ბავშვისთვის თავგანწირვის უფლება, ბევრი მპასუხობს, არაო. მაშინ როცა მამებს გმირობის უფლება ყოველთვის აქვთ.  მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანობამ ქალი გმირისთვის მშვენიერი სარბიელი შექმნა, ასეთი პერსონაჟები მაინც ცოტაა.

საგაკვეთილო სივრცეში ცალკე კამათის თემაა, რა არის გმირობა, ვის შეიძლება, ვუწოდოთ გმირი, როგორი სიკვდილია გმირული სიკვდილი? შეიძლება მოკვდე სამშობლოსთვის, იდეისთვის, ვიღაცის გადასარჩენად, რწმენისთვის, მაგრამ ყველა შემთხვევაში, გმირის სიკვდილი სიკვდილს თრგუნავს, ან პირდაპირი მნიშვნელობით – იხსნის ადამიანის ან ერის სიცოცხლეს, ან ირიბად – უპირისპირდება სიბნელეს, უმეცრებას და ტოვებს სასიცოცხლო კვალს, რომელიც თავისთავად თრგუნავს სიკვდილს.

საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, ამ რელიგიის კვალი ყველაფერს ატყვია: ყოფას, კულტურას, ხელოვნებას. თუმცა მაინც იშვიათია ისეთი მხატვრული სახე, რომელიც ასე ზუსტად იმეორებდეს ჯვარცმული ქრისტესადმი ნათქვამ ეპითეტს „სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“, როგორც ეს  ეკატერინე გაბაშვილის ნოველა „თინას ლეკურშია“. მით უფრო იშვიათია ასეთი გმირი ქალები.

ალბათ სიმბოლურია, რომ მოქმედება გიორგობა დღეს ვითარდება. მთელი სოფელი სადღესასწაულოდ ემზადება. ყველას მზადა აქვს მოსალხენი, ყველგან ცეცხლი ანთია, ყველა სახლის სახურავიდან მძლავრი კვამლი ამოდის. მხოლოდ თინა და მისი ობოლი შვილიშვილები არიან მშიერ-ტიტვლები, მხოლოდ მათ კერიაზე არ ანთია ცეცხლი.

„ყოველი ბინიდგან ძლიერი კომლი ამოდის, დიდი და პატარა ცეცხლს აჩაღებს, რომ მისის სხივით მაინც ინუგეშოს გაბუტულ პატარძალივით ღრუბლებში მიმალულ მზის გამოჯავრებული.
მთელ სოფელში მარტო თინას კერაა გაცივებული, მარტო მისი შვილიშვილები სიცივისაგან გალურჯებულნი სხედან ცივ კერასთან და ძველ ნაგლეჯ საბანში გახვეულნი მშიერი მგლის ლეკვებივით ყმუიან: “დიდედო, ცივა, ცივა! დიდედო, გვშია, გვშია!..”“
გაჭირვება გაცილებით მწარეა, როცა ირგვლივ ლხინია, როცა ყველა მდიდარია – ერთი კი ღატაკი, როცა ყველა მაძღარია – ერთს კი შია. ასეთ დროს სოფელს, საზოგადოებას, რაღა თქმა უნდა, აქვს პასუხისმგებლობა, იზრუნოს იმ ერთ გაჭირვებულზე, მით უფრო, როდესაც საუბარი ობოლ ბავშვებსა და მოხუც, ავადმყოფ ბებიაზეა. მაგრამ სოფელი თავის ლხინშია გართული, ისინი თითქოს არავის ახსოვს, თითქოს არავინ იმწარებს საყოველთაო დღესასწაულს ობოლ-მშივრების ხსენებით, თითქოს სიცივე, რომელიც გიორგობისთვისთვის ზედმეტად მკაცრია, მთელი სოფლის არსშია გამჯდარი. გადასარჩენია არა მხოლოდ ობლები, რომლებსაც სცივათ და შიათ, არამედ სოფელიც, საზოგადოებაც, რომლებსაც ეს ობლები არ ახსოვს.

ეკატერინე გაბაშვილს, თავად ადრე დაობლებულს,  ბებია მკაცრი მემამულე ჰყავდა. როგორც ამბობენ, პირველი პროტესტი უსამართლობის მიმართ სრულიად ბავშვს, სწორედ ბებიასადმი გამოუხატავს. როგორი საინტერესოა ადამიანის ბუნება, დაისწავლის ძალადობრივ, უსულგულო ქცევას, თუ გაუჩნდება წინააღმდეგობის სურვილი და საკუთარ თავში გამოძერწავს ზნეობრივ ადამიანს, რომელმაც სუსტი, მოხუცი, ავადმყოფი ბებიები არა მხოლოდ უნდა დაიცვას, არამედ გმირებად უნდა დახატოს, გმირებად, რომელთა სიკვდილსაც სიკვდილის დათრგუნვა შეუძლია.

სასოწარკვეთილი თინა ბატონების კარზე მიდის, სახლი შემაღლებულზეა და თინას აღმართი, თავისი გოლგოთა აქვს ასავლელი. ეს გზა ასაკისა და ავადმყოფობის გამო მისთვის მართლაც გოლგოთასავით მძიმეა. ბატონის სახლში საერთო მიზეზს მხიარულებისას ისიც ემატება, რომ მისი დღეობაა და ამიტომაც, მართლაც სამეფო სუფრაა გაშლილი. მაძღარი ხალხი მაგიდებთან ვეღარ ჩერდება და იწყება ცეკვა-თამაში. ეკატერინე გაბაშვილი არ ყვება, როგორ იბადება მის პერსონაჟში ლეკურის ცეკვის გადაწყვეტილება. ის უბრალოდ წინასწარ აღწერს თინას მოგონებებს, როდესაც ახალგაზრდა იყო, როდესაც ამავე ბატონის სახლში ასეთივე დღესასწაულზე ლამაზი და ჯანმრთელი ცეკვავდა, როდესაც ბატონებისგან შაბაშებსა და აღფრთოვანებულ შეძახილებს იმსახურებდა. მერე ეს მოგონებები წყდება, თინა უკვე მოხუცი და დავრდომილია და სახლში შემცივნული, მშიერი ობლები ელიან. გადაწყვეტილება ახალგაზრდა, მომხიბვლელ ყმაწვილთან გაცეკვებისა, არც იქნებოდა გააზრებული, ეს უთუოდ უკანასკნელი, მძლავრი იმპულსი უნდა ყოფილიყო, რომელიც გაუაზრებლად, ქმედებასთან ერთად გაჩნდა. სწორედ ამიტომ, ეკატერინე გაბაშვილი არაფერს ამბობს, როგორ გადაწყვიტა თინამ ცეკვა, მხოლოდ ქმედება აღწერს და ეს არის ამ შემთხვევაში მხატვრული სინამდვილის ყველაზე სწორი, ყველაზე დამაჯერებელი გზა:

„დარბაზის გაღებულ კარებში მრავალი მოსამსახურენი იდგნენ და პირდაღებულნი უცქეროდნენ ბატონების ლხინს და ნადიმს; ამათში ორიოდე გლეხკაცის ჭუჭყიანი მაზარაც მოსჩანდა და მათ შორის დედაკაცებიც მორცხვად გამოიყურებოდნენ. უცებ ამ კარებიდგან წამოვიდა ბებერი თინათინა, ოთახის კუთხეში მიაყუდა თავისი ბერკეტი, იქვე ფლოსტები წაიძრო და მარტო წინდების ამარა ყმაწვილ მოთამაშეს გამოეთამაშა. სტუმართ ყიჟინი ასტეხეს დართულნი და ბრწყინვალე მანდილოსანნი ისტერიულმა სიცილმა შეიპყრო, სახლის პატრონი გასახტებული, გაოცებულ იდგა და არ იცოდა, რა ექნა, გაეგდებინებინა ლაქიებისთვის ეს გამბედავი, კონკებში გახვეული მოხუცი, თუ სხვებთან ერთად დაეწყო სიცილი და აღტაცებული ყიჟინი.“

ამ საერთო მხიარულებას უცებ მოეღება ბოლო. თინა კვდება და თითქოს სინდისი იღვიძებს ხალხში.

„იატაკზე გაშეშებული ეგდო სათამაშოდ ხელებგაშლილი, თვალებდაჭყეტილი, საოცარის ტანჯვით ჯვარცმული თინათინა და თავის საზარელის შეხედულებით იქ მყოფთა გულში რაღაც სინდისის ქეჯნას იწვევდა.“

არც ხალხში დაბადებულ სინანულს აღწერს ეკატერინე გაბაშვილი დაწვრილებით. მათი საქციელიც, გაიღონ მოწყალება ობლებისათვის იმპულსურია. სინდისი ხშირად იღვიძებს ხოლმე, მაგრამ ყოველთვის როდი ღრმავდება და არქმევს მოვლენებს თავის სახელებს. ხშირად ამ გაღვიძებული სინდისის დასამშვიდებლად ერთჯერადი, იმპულსური ქმედება, ვთქვათ, მოწყალების გაღებაა საკმარისი.

თუმცა თინას ჯვარცმას მოაქვს ყველაზე მთავარი ნაყოფი, მისი ობოლი შვილიშვილები სიცივითა და შიმშილით სიკვდილს გადაურჩებიან.

დღეს, როდესაც ახალი სახელმძღვანელოების შექმნა აქტუალური თემაა, ძალიან მინდა ეს ნოველა ჩვენი შვილების თვალთახედვის არეში მოხვდეს.

„თინას ლეკური“ ერთ- ერთი იმ ნაწარმოებთაგანია, რომლითაც შეიძლება საფუძველი მოვამზადოთ ჰაგიოგრაფიის სწავლებისათვის. სანამ ჩვენი მოსწავლეები სასულიერო მწერლობის შესწავლას დაიწყებენ, სასურველია ქრისტიანულ მოტივებს, ქრისტეს ჯვარცმის, სიკვდილზე სიკვდილით გამარჯვების, დამნაშავე და გადასარჩენი საზოგადოების ამბებს საერო მწერლობის ნიმუშებით გაეცნონ. ასე უფრო გაუადვილდებათ იმ მხატვრული სინამდვილის გაგება, რომელიც სასულიერო მწერლობაში დახვდებათ.

გარდა ამისა, სამოქალაქო აქტივობის, პასუხისმგებლობის, აქტიური თუ პასიური აგრესიის, დანაშაულის, საზოგადოებრივი გულგრილობის თემებზე სასაუბროდ მშვენიერი საწყისია „თინას ლეკური.“

თუმცა მთავარი მაინც ტექსტის მხატვრული ღირებულებაა. როგორ ახერხებს ავტორი ღრმად რელიგიურ სტრუქტურაზე დაყრდნობით შექნას რეალიზმის ნიმუში, რომელიც გულგრილს ვერ დატოვებს ვერც ერთ მკითხველს. რა განაპირობებს „თინას ლეკურის“ მძაფრ ემოციურ ზემოქმედებას, რის ხარჯზე იქმნება მხატვრული სინამდვილე, რომელიც არ აჩენს ეჭვებს, რომელიც მიუხედავად მძაფრი, ტრაგიკული სიუჟეტისა, სიყალბის, გინდაც ჰიპერბოლიზაციის განცდას არ ტოვებს?

ერთ-ერთი პრობლემა სასკოლო სივრცეში ლიტერატურის სწავლებისას მოსწავლეთა მიერ ჟანრულ კუთვნილებაში გარკვევაა. სამწუხაროდ, ვერ ვახერხებთ, მივცეთ შესაბამისი ცოდნა, მოთხრობა ნოველისგან განასხვავონ. მხოლოდ განმარტება ნოველისა, საკმარისი არაა.

საყოველთაოდ ცნობილია, ეკატერინე გაბაშვილი ქართულ მწერლობაში რამდენიმე მცირე ჟანრის, მათ შორის ნოველის ფუძემდებლად ითვლება.

„თინას ლეკური“ კლასიკური ნიმუშია ნოველისა. მისი ამ კუთხით სწავლებაც საინტერესო იქნება.

საგაკვეთილო განხილვის თემად შეიძლება იქცეს ნოველის საკვანძო საკითხები, რა ნიშნითაა თინას ლეკური“ ნოველა? არის თუ არა, განსხვავებული, გამორჩეული ამბავი, იძლევა თუ არა განმარტებებს, არის თუ არა ემოციური, რადგან ნოველა თავის საწყისს ხალხურ სიტყვიერებაში იღებს, საინტერესო იქნება ამ მხრივ ყურადღების გამახვილებაც.

ასევე მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის კონტრასტის ეფექტის ჩვენება. „თინას ლეკურის“, როგორც ლიტერატურული ტექსტის კვლევისას, მარტივად იქნება შესაძლებელი იმ განსხვავებების გამოყოფა, რომლებიც ნაწარმოების მძაფრ ემოციურ ქსოვილს ქმნის.  თუნდაც უმარტივესი დავალებით, გამოყონ „კარგი“ და „ცუდი“ ამბები, საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვისაც კი ნათელი გახდება, რამ გამოიწვია მათში ემოცია. ამგვარი გამოცდილებით ისინი მომავალში შეძლებენ უფრო რთული ტექსტების ლიტერატურულ კვლევასაც.

ვფიქრობ, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო, მომავლის სახელმძღვანელოებში (საბაზო საფეხურზე) აუცილებლად შესატანია „თინას ლეკური,“ რომელიც თავისი მხატვრული ღირებულებით, გენდერული ნიშნით, ქრისტიანული სტრუქტურითა და მარადიულად არსებული სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხით უმნიშვნელოვანესი და ბევრის მიმცემი ტექსტია ჩვენი მოსწავლეებისათვის.

 

 

 

გრამატიკის აპოლოგია

0

„სასვენი ნიშნები არიან შეშლილნი,

მოჰგვანან უეცრად დაბნეულ მძივებს,

მძიმე არასდროს არ არის წერტილი,

წერტილის დასმა კი ყოფილა მძიმე“.

ვახუშტი კოტეტიშვილი

 

ბავშვებს ერთნაირად არ უყვართ გრამატიკა და ლექსები.

ზუსტად არ მახსოვს, მე როდის და რატომ შემიყვარდა პოეზია.

ჩვენი სახლი სავსე იყო ლექსთა ნაირ-ნაირი კრებულებით. რიგრიგობით ვიღებდი თაროებიდან, ვკითხულობდი და ვიყვარებდი ჩვენი სახლის ბინადარ პოეტებს.

ვერც ერთ საპროგრამო ლექსს ვერ ვამბობდი უშეცდომოდ, სამაგიეროდ, ვსწავლობდი უამრავ არასაპროგრამო ლექსს და ჩემთვის, მარტო, ვკითხულობდი ხოლმე ზეპირად.

არც ის მახსოვს, როდის შევწყვიტე ლექსების სწავლა ან რომელი ლექსი ვისწავლე ბოლოს, არ მიცდია გახსენება.

ახლა აღარ ვსწავლობ ლექსებს, მაგრამ სულ ვკითხულობ.

არც გრამატიკის შეყვარების ამბავი მახსენდება, მაგრამ მახსოვს, რომ ვერასოდეს ვიზეპირებდი წესებს საყოველთაო ზეპირობის ხანაში. არაჩვეულებრივად მიხსნიდა ჩემი მასწავლებელი და ყოველთვის მეხალისებოდა გრამატიკის სავარჯიშოების წერა.

ჩემს მოსწავლეებთან გრამატიკაზე საუბარს იმის აღნიშვნით ვიწყებ, რომ მშობლიური ენის გრამატიკის 90%-ის ცოდნა თანდაყოლილია და მე მხოლოდ 10% უნდა ვასწავლო. ეს ამბავი ახალისებთ. ყველა ჩემმა მოსწავლემ იცის მარტივი ფორმულა: გრამატიკა = გამართულ წერა-კითხვა-ლაპარაკს. სულ ვეუბნები, რომ გრამატიკა სწორედ ეს არის და არაფერი სხვა.

გრამატიკა რომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოეზიის შექმნაში, ამაზე ბევრჯერ დაწერილა.

მე მინდა, იმაზე დავწერო, როგორ შეიძლება, პოეზია დაეხმაროს გრამატიკას.

ეს აზრი ჩემი მეგობრის ლექსმა შთამაგონა. ბევრი ფილოსოფია არ სჭირდება, პირდაპირ ასე ჰქვია – „სავარჯიშო (მსაზღვრელ-საზღვრულის ბრუნება)“:


„ ის კაცი ფანჯრიდან გადმოხტა.

იმ კაცმა ფანჯრიდან გადმოხტომამდე

ჩვეულებრივზე დიდხანს ფურცლა

საკუთარი ფიქრის დავთრები.

იმ კაცს ფანჯრიდან გადმოხტომამდე

არ დავიწყებია დილის საუზმე,

საუზმის წინ და საუზმის შემდეგ

კბილების გამოხეხვა,

თმის დავარცხნა

და ათასი აუცილებელი

მსხვილი წვრილმანი.

იმ კაცის ფეხსაცმლიდან

ფანჯრიდან გადმოხტომის შემდეგ

გამოძვრა კოჭლი, მოხუცი ჯუჯა,

მოაგროვა იმ კაცში შემავალი და

იმ კაციდან გამომავალი გზები,

თავისზე პატარა გუდაში ჩააწყო

და სანამ თვალს მიეფარებოდა,

მშვიდად თქვა, რომ

იმ კაცით, ისევე, როგორც სხვაკაცებით,

არასოდეს არაფერი დამთავრდება.

იმ კაცად ქცეული პატარა სამყაროს მიმართება

დიდ სამყაროსთან

ფანჯრიდან გადმოხტომის შემდეგ

მიმატებისა თუ გამოკლების მეთოდით

თავიდან ბოლომდე შეიცვალა, დაიშალა

და სხვა მიმართებაში გადავიდა.

კაცო, ფანჯრიდან გადმოხტომის შემდეგ

აბსურდული გახდა შენი წოდებითი

და ვეღარასოდეს გაგრძელდები“.

 

|ნათია ნაცვლიშვილი|

 

რა თქმა უნდა, მხოლოდ მაღალი კლასებისთვის გამოდგება ეს ლექსი და არა მარტო მსაზღვრელ-საზღვრულის გახსენებისას, არამედ ჩვენებითი ნაცვალსახელის ბრუნებისასაც ძალიან საინტერესო მასალაა, შესაბამის სავარჯიშოს ან სქემასაც თუ შეუდგენთ.

ამ ლექსით დანახული გრამატიკული საკითხები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ბავშვებისთვის, რომ გადავაწყვიტე, სხვა თემებთან დაკავშირებითაც მომეშველიებინა პოეზია.

ყველაფერი, რაც ქართულ ზმნას უკავშირდება, რთულია. მათ შორის – სუბიექტური და ობიექტური პირის ნიშნებიც. როგორც ახსნისას, ისე უკვე ახსნილისა და შესწავლილის შესამოწმებლად გამოდგება მორის ფოცხიშვილის ლექსი:

 

 

„ სიცოცხლის ხე ისევ ისხვლება,

ბედს უნდა, ერთმანეთს გაგვყაროს, _

მე ვხმები,

შენ ხმები,

ის ხმება

და მაინც ყვავილობს სამყარო.

 

ხმელი ტოტებივით ვიმსხვრევით,

ვიწვით და ღუღუნებს კერია, _

მე ვმღერი,

შენ მღერი,

ის მღერის

თურმე ნაკვერჩხლები მღერიან.

 

მღერიანსიმღერით მკვიდრდება

სული და ვიშუშებთ იარებს, _

მქუხარე მსოფლიო მშვიდდება.

და მაინც მსოფლიო ღრიალებს

 

და მყარი ოცნების ქვიტკირი

ირღვევადუღაბი მწირია

მე ვტირი,

შენ ტირი,

ის ტირის

თურმე ტრომბონები ტირიან.

 

ცივდება ვულკანურ ნოტების

ლავა დამაესტრო ისჯება

ფესვებით, ტოტებით, ყლორტებით

მე ვრჩები,

შენ რჩები,

ის რჩება

 

და როგორც მშიერი ობობა,

ცა იცდისდიდია ცის ძალა, _

ვიღაცა იცდიდეს ოღონდაც,

მე წავალ,

შენ წახვალ,

ის წავა!

 

ჩვენ წავალთვარსკვლავებს გავცდებით,

თუმც წასვლა ძალიან ძნელია, _

მე მელის,

შენ გელის,

მას ელის

დიდი გზაღმერთები გველიან!


 

ასევე ძალიან სახალისო იქნება ბავშვებისთვის, თუ ავირჩევთ ნებისმიერ ექსპრესიულ ლექსს, სასვენ ნიშნებს გავაქრობთ და მათ ხელახლა გაჩენას მოსწავლეებს დავავალებთ. თან ვთხოვთ, გვერდით მოკლედ მიუწერონ, პუნქტუაციის რომელი წესით იხელმძღვანელეს. მაგალითად, მურმან ლებანიძის ლექსი „შეჩერდი, მოასწარ!“

 

გვიმრები, ძეწნები, ძეძვები ჩახლართული,

გზა უხვევს, ანაზდად შეხედესაოცრება:

პატარა ხეობაში პატარა ნაკადული

პატრა წისქვილის

ლაჯებში გამოძვრება.

 

შეჩერდი! აქ ჩვენი ბავშვობის ბუდეა!

დგას ჯუჯა წისქვილი, როგორც ჩაფიქრება!

არ ვიცი, არ ვიცი, კარგი თუ ცუდია,

დრო რომ დადგება და ეგ რომ არ იქნება!

 

შეხედე საბრალოს, სალპობად ჰყუდია!

არ ბრუნავს დოლაბი, სიმინდი არ იფქვება!

ვერ გეტყვი, ვერ გეტყვი, კარგი თუ ცუდია, –

ჩვენ რომ ვიქნებით და

ეგ რომ არ იქნება!

 

მაგის ძველ დიდებას ჭალას ჩაუვლია,

საცაა ჩაიჩოქებს, თავხელში წამოწვება

შეჩერდი, მოასწარ, – დანაშაულია

მაგისი ყურების

არმოსწრება!“


მერე იყო და ინტერნეტში შემთხვევით გადავაწყდი საბავშვო ლექსს სასვენ ნიშნებზე, რომელიც IV, V, VI კლასებში გამოდგება. სხვა სავარჯიშოებთან ერთად, სადაც სასვენ ნიშნებს დასვამენ ბავშვები, კარგი იქნება, თუ ამ ლექსსაც დავურიგებთ და დავავალებთ, ლექსის მიხედვით შეადგინონ და ჩამოწერონ წესები მაგალითებითურთ. თუმცა მასწავლებელმა უნდა აუხსნას, რომ ლექსში მოხსენიებულ წესთაგან ერთ-ერთი შეიცვალა, სახელდობრ, თანდებულების გამოყოფა („თანდებულებიც გამოვყავ“ ) და ახლა სხვა წესი მოქმედებს.

 

„კარგი იქნება, ისწავლოთ

თხზულების სწორად დაწერა,

უნდა იცოდეთ უთუოდ

სასვენნიშნების მართლწერა.

მძიმემ თქვა: მძიმედ მოვდივარ,

ხშირად სიტყვებსაც ვიხსენებ,

ერთნაირ წევრებს გამოვყოფ,

თითოეულთან ვისვენებ.

გვიხმობს ძახილის ნიშანი,

შვეული ხაზი წერტილით,

არდასრულებულ სათქმელს კი

დაუსვი მრავალწერტილი.

და თუ სხვის ნათქვამს გვიამბობ,

სხვისი სახელ და გვარებით,

ორივე მხრიდან დახატე

ქვემოთ და ზემოთ ბრჭყალები.

ტყუპი სიტყვები გავყავი,

ჩავუსკუპდი და ვატირე,

თანდებულებიც გამოვყავ,

ჩვენთან ბაქიობს სულ ტირე.

ორი წერტილი სიტყვასთან

თვის საამბობელს გამოთვლის,

ყველაფერს ჩაგიკაკალებს

და მეგობრებსაც ჩამოთვლის.

რომ არ იცოდა მართლწერა, –

კითხულობს კითხვის ნიშანი, –

ბექამ იმიტომ მიიღო

წერაში ცუდი ნიშანი?

– მე თავში ვდგავარ, სულ ცალკე,

და ვერ ვიქნები ვერვისი,

დიალოგებში მომიხმე, –

გვკარნახობს ტირედეფისი.

ბოლოს წერტილიც გამოჩნდა,

დაიმსახურა მან ნდობა,

ათასი რამე გვიამბო

და დაასრულა მოთხრობა.

 

|მანანა ტონია|

 

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ „გრამატიკულ პოეზიას“ ორი რამ უნდა ახლდეს თან:

1) შესაბამისი სქემები და სავარჯიშოები, რომლებიც ლექსში ფოკუსირებულ მასალას იქნება მორგებული

და

2) ლექსი, უპირველეს ყოვლისა, მაინც ლექსია, ესთეტიკური ტკბობისა და დაფიქრების საშუალება (რა თქმა უნდა, სასვენი ნიშნების ლექსის გარდა), და მერე – სხვა დანარჩენი. აუცილებლად უნდა დავუთმოთ დრო ლექსის გააზრებასა და გათავისებას. მაგალითად, ლექსზე გრამატიკული დაკვირვების შემდეგ შეგვიძლია, მოსწავლეებს დავაწერინოთ მხატვრული ესე, რომელიც აზრობრივად დაუკავშირდება ლექსის იდეას.

მართალია, უშუალოდ გრამატიკას კი არა, არამედ ლექსიკას ეხება, მაგრამ მართლწერისა და მართლმეტყველების განუყოფელი ნაწილია ბარბარიზმები. ჰოდა, ბარბარიზმები რომ ვისწავლეთ, ნიკო გომელაურის ლექსზე ძალიან იხალისეს, ჯერ ბარბარიზმებს ქართული სიტყვები შეუსაბამეს, მერე ინგლისურიდან შემოსული ბარბარიზმებისგანაც სცადეს მსგავსი ლექსის შექმნა:

„საროჩკა“, „ნასკი“, „კრაოტი“, „პოლი“ –

მართლაც რომ ქართველს არა ჰყავს ტოლი.

„კუხნა“, „ბალკონი“, „ზალა“, „პადვალი“,

– მითხარით ენა ამის ბადალი.

„პესოკი“, „სუმკა“, „ტუფლი“, „იუბკა“.

„რომელი გოდა ხარ?“ – „თხუთმეტი სუტკა“.

„მოვპარე სპიჩკა – მაქვს ეს პრივიჩკა“.

„ლამპოჩკა“, „ჩაინიკი“, „კრაოტი“, „სტოლი“ –

ამბიცია ულევია, ინტელექტი – ნოლი.

„შოფერი“, „მატორი“, „პაკრიშკა“, „ლიჟები“.

საბა და ილია – „იმენა“ გიჟები“.

მგონია, რომ ასე ნელ-ნელა, ხალისით და დაკვირვებით, მხოლოდ გრამატიკის კი არა, პოეზიის სამყაროსაც უშინაურდებიან და გული მომეცემა ხოლმე. იშვიათად, როცა შევამჩნევ, რომ „გრამატიკული პოეზიით“ რომელიმეს გულის სიმებს შევეხე და მოეწონათ ის, რასაც აკეთებენ, მაშინვე ჩემი საყვარელი სტრიქონები ამომიტივტივდება გონებაში ფორუყ ფაროხზადეს ერთ-ერთი ლექსიდან:

მე იმ მოწაფესავით მარტო ვარ,

რომელსაც გიჟივით უყვარს თავისი გეომეტრიის გაკვეთილი,

– ოღონდ მინდება, სიტყვა „გეომეტრია“ „გრამატიკით“ შევცვალო.

დროის მართვის სადავეები მოსწავლეებისთვის

0

თანამედროვე ცხოვრების რიტმი იმდენად სწრაფია, რომ ხშირად მოსწავლეები კი არა, მასწავლებლებიც ვერ ახერხებენ დაგეგმილი საქმეების ბოლომდე მიყვანას. დაბალი პროდუქტიულობის მიზეზი შეიძლება ბევრი რამ იყოს, მათ შორის დაღლილობა, სტრესი, სიზარმაცე. ამ ყველაფერთან გამკლავება კი სავსებით შესაძლებელია, თუკი დროის მართვის, ანუ თაიმ მენეჯმენტის საიდუმლოებებს ეზიარებით. დროის სწორი განაწილება აწესრიგებს ცხოვრებას, გვეხმარება მიზნების მიღწევაში და იმაში, რომ საერთო რიტმიდან არ ამოვვარდეთ. სულიერი წონასწორობის შენარჩუნებისთვის თაიმ მენეჯმენტის პარალელურად აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ჯანმრთელობას, დავიტოვოთ დრო დასვენებისთვის, რომლის გარეშე ცხოვრება აზრს ნებისმიერ ასაკში კარგავს. ჩვენი რჩევები დაეხმარება მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი სკოლაშიც კარგად ისწავლონ და სკოლის გარეთაც არ ჩამორჩნენ საინტერესო აქტივობებს, იქონიონ თავისუფალი დრო ჰობისთვის, მეგობრებისთვის, ოჯახის წევრებისთვის.

დაგეგმეთ დღე

როგორც წესი, დღის პირველი ნახევარი მოსწავლეებისთვის კარგად არის შედგენილი: ისინი დილით ერთსა და იმავე დროს იღვიძებენ, მიდიან სკოლაში, სხედან გაკვეთილებზე, ისვენებენ შესვენებებზე… მაგრამ სკოლის შემდეგ თავისუფალი პერიოდი აქვთ. მოსწავლეს უჩნდება იმის ცდუნება, რომ სადაც მოუნდება, იქ წავიდეს; მაშინ იმეცადინოს, როცა საჭიროდ ჩათვლის.

ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია. თუმცა საქმე იმით მთავრდება ხოლმე, რომ „ერთი წუთით“ სოციალურ ქსელში შესული მოსწავლე იქ მთელ დღეს ატარებს. ამასობაში საღამოვდება და საშინაო დავალებების შესრულების თავიც აღარ გაქვს.

საჭიროა დღის სტრუქტუირება. ყველაზე მარტივი მეთოდია წინა საღამოს მომდევნო დღის დაგეგმვა – ფურცელზე გაწერა, როდის და რას აკეთებ, რა ვადებში, რამდენ საათში. გაწერის პროცესში გამოიკვეთება რამდენი თავისუფალი დრო გრჩება, როგორ შეიძლება მისი განაწილება.

თუკი საქმე ბევრია, გამოყავით პრიორიტეტები და ნაკლებად აუცილებელი საქმეების სია ზეგინდელ ჩამონათვალში გადაიტანეთ. ქაღალდზე ჩამოკიწკიწებული ამოცანები დაგეხმარებათ, რომ არ გადაუხვიოთ მიზნისაკენ მიმავალი გზიდან. თაიმმენეჯმენტის სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ დაგეგმილი საქმეები თქვენს ნაყოფიერებას 25%-ით გაზრდის.

თუ დღის განმავლობაში ახალი პუნქტი მოგემატათ, ჩაამატეთ სიაში, დასრულებული საქმეები კი ამოშალეთ, რაც კმაყოფილებას გაგრძნობინებთ და მოტივაციის მომენტს გაგიზრდით. ისწავლეთ უარის თქმა ისეთი ამოცანების გადაჭრაზე, რომლებიც არ შედის თქვენს პრიორიტეტებში.

ქაღალდზე ჩამოწერილი საქმეების სია საშუალებას მოგცემთ, სწორად მართოთ დრო.

მნიშვნელოვანია, რომ მაგიდა, სადაც მეცადინეობთ, არ იყოს არეული. შემჩნეულია, რომ არაპროდუქტიული ადამიანების მაგიდაზე ქაოსია ხოლმე. ქაოსი ხელს უშლის ყურადღების კონცენტრირებას.

დაისახეთ გასაგები მიზანი

თითქოსდა მიზნის დასახვა პრობლემას არ წარმოადგენს. თქვენ ხომ მშვენივრად იცით, რომ ბიოლოგიის გაკვეთილისთვის ინტერნეტიდან რაღაც გაქვთ მოსამზადებელი, ლიტერატურაში კი თემაა დასაწერი. მაგრამ როგორც კი სამეცადინოთ ჯდებით, ფიქრი გერევათ, არ იცით საიდან დაიწყოთ. იწყებთ ჩაის მოდუღებას, მერე კი ხსნით კომპიუტერს და აი, უკვე სულ სხვა საინფორმაციო ნაკადმა გაგიტყუათ.

დასახული ამოცანის გადაჭრისათვის აუცილებელია გქონდეს მიზნები. მიზანი უნდა იყოს მკვეთრი, მაგალითად, ასეთი: „სკოლის მერე ამა და ამ დროს წასაკითხი მაქვს 30 გვერდი“, ან „დღეს 10 ქულა უნდა მივიღო“.

აუცილებელია მიზანი არ იყოს მიუღწეველი. ოცნება ყველას შეუძლია და საოცნებო მიზნებიც არსებობს, მაგრამ თუ მას ვერ შეასრულებ, დროის ხარჯვაც არ ღირს. წარმატებას რომ მიაღწიოთ, რეალისტურ ვადებზე და თქვენს შესაძლებლობებზე იფიქრეთ, შემდეგში კი ამ შესაძლებლობებს ნელ-ნელა დახვეწთ.

განსაზღვრეთ მთავარი

საქმეებში რომ არ ჩაიძიროთ, დაყავით ისინი ჯგუფებად, მათი აუცილებლობიდან და მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე. თუ ხვალ საკონტროლო წერა გაქვთ, ის პრიორიტეტში უნდა იყოს. ვიდრე სკოლიდან მოსულს გონება გერჩით, ამ საქმეს მიხედეთ. მოიკრიბეთ ძალები და პირველ რიგში ის გააკეთეთ, რაც ყველაზე მეტ სარგებელს მოგიტანთ.

მნიშვნელოვანი საქმის განსაზღვრის შემდეგ, შეაფასეთ მისი შესრულების შედეგები. დროის განსაზღვრულ პერიოდში აკეთეთ მხოლოდ ერთი საქმე. თუ მას მიატოვებთ და მერე კვლავ მიუბრუნდებით, თქვენს ეფექტიანობას 5-ჯერ მაინც შეამცირებთ.

თანაც, ყველაზე სანერვიულო და რთული საქმის პირველ რიგში მოცილება კმაყოფილების განცდას მოგიტანთ და სხვა, შედარებით მარტივი გაკვეთილების სწრაფად შესრულების მოტივაციას გაგიზრდით.

იპოვეთ საკუთარი რიტმი

ჩაატარეთ ექსპერიმენტი და გაარკვიეთ დღის რომელ მონაკვეთში ხართ მეტად შრომისუნარიანი. საქმე ისაა, რომ ადამიანები დროის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვაგვარი პროდუქტიულობით  გამოირჩევიან. ვიღაც უფრო ეფექტიანად დილის საათებში მეცადინეობს, ვიღაც კი საღამოს ითვისებს მასალას. დააკვირდით თავს. მას თქვენზე კარგად არავინ იცნობს.

იქნებ, ერთი საათით ადრე უნდა გაიღვიძოთ და მაშინ უკეთ დაიზეპირებთ ლექსს? იქნებ, შუადღეზე ძილი და დასვენება გჭირდებათ? იქნებ, ყველა საქმის მოცილება ერთდროულად გირჩევნიათ და არ არის საჭირო მათი გადანაწილება?

მუშაობის დროს იმუშავეთ

ეფექტიანი მუშაობის ოქროს წესია იმ საქმეში ჩაღრმავება, რომელსაც ასრულებთ. ერთ საქმეზე კონცენტრირებული მოსწავლე გაცილებით სწრაფად ახერხებს მის გაკეთებას.

გირჩევთ, გაკვეთილების მომზადების პერიოდში გათიშოთ მობილური ტელეფონი, ჩაკეცოთ ბრაუზერი, გამოხვიდეთ სოციალური ქსელებიდან. ეს არცთუ მარტივია, მაგრამ ასე თქვენი მეცადინეობის ნახევარი საათი უფრო პროდუქტიული იქნება, ვიდრე ფეისბუქის პარალელურად მეცადინეობის სამი საათი. ვიმედოვნებთ, რომ გაჯეტების გათიშვა ნელ-ნელა ჩვევაშიც გადაგივათ.

ბევრი ადამიანი რუტინული სამუშაოს შესრულების დროს ტაიმერს აყენებს. ვთქვათ, მათემატიკაში 25 წუთს მეცადინეობთ და მერე 5 წუთს ისვენებთ. მერე ისევ აყენებთ ტაიმერს. გვერწმუნეთ, ასე თქვენი გონება გაცილებით საღად იმუშავებს.

ხშირად მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეებს ეჩვენებათ, რომ თუ დღეში ათი საათი არ იმეცადინეს, წარმატებას ვერ მიაღწევენ, მისაღებ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ, სკოლაში დაბალ ქულებს მიიღებენ… ეს მცდარი შეხედულებაა. არ დაივიწყოთ, რომ ტვინი იღლება. დაღლილ მდგომარეობაში ის ვერ ითვისებს მასალას და მოსწავლე დროს ტყუილად კარგავს.

იპოვეთ მოტივაცია

ყველა მოსწავლეს უწევს ისეთი საგნის სწავლა, რომელიც არ მოსწონს. იმისათვის, რომ საგანი უსწავლელი არ დარჩეს, უნდა მოიძებნოს მისი სწავლების მოტივაცია. საამისოდ გამოდგება ნებისმიერი იდეა, ადამიანი, რომელიც თქვენში პოზიტიურ ემოციებს აღძრავს. მაგალითად, კედელზე დაიკიდეთ შელდონ კუპერის პოსტერი, რომელსაც ნამდვილად არ მოეწონებოდა თქვენი ჩამორჩენა ფიზიკაში. შეგიძლიათ, თითოეული ნასწავლი გაკვეთილის მერე საკუთარი თავი შოკოლადით დააჯილდოვოთ. თხოვეთ დედას რამე გისაჩუქროთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის საძულველ საგანში მაღალი ნიშანს მიიღებთ.

ჩაანაცვლეთ საქმეები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტვინი იქანცება ერთფეროვანი სამუშაოსგან. ამიტომ სამუშაო გეგმის შედგენის პროცესში გაიმრავალფეროვნეთ მეცადინეობის თქვენეული სისტემა – მათემატიკის მერე იმეცადინეთ ისტორია, ფიზიკის ათვისების მერე გადადით ლიტერატურაზე, ლიტერატურიდან – ბიოლოგიაზე.  შეუნაცვლეთ ერთმანეთს ტექნიკური, საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული საგნები.

ასეთივე პრინციპით შეარჩიეთ თქვენი ჰობი და დასვენების საშუალებები. ასეთი განტვირთვა გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე მეგობრებთან გატარებული რამდენიმე საათი. მით უფრო, რომ სახლში დაბრუნებული კი ისევ კომპიუტერს მიუჯდებით და მათთან საუბარს ეკრანიდან განაგრძობთ.

გაერთიანდით სხვებთან

შეუძლებელია ყველა საგანი საუკეთესოდ იცოდე. სხვისი რვეულიდან გადაწერაც ცუდი იდეაა – ის მხოლოდ დროებით მოგიტანთ შედეგს. ამიტომ თხოვეთ თქვენს კლასელს დაგეხმაროთ იმ საგნის ათვისებაში, რომელიც თქვენთვის პრობლემურია. სანაცვლოდ კი, თქვენ დაეხმარებით მისთვის პრობლემური საკითხების გავლაში. ასეთი ფორმატის ურთიერთდახმარება კარგი შედეგების მომტანია ხოლმე. ჯერ ერთი თქვენი კლასელიც გაიმყარებს ცოდნას და თქვენც არ დარჩებით წაგებული. ხშირად ისეც ხდება, რომ თანატოლებს ერთმანეთის ენა უფრო კარგად ესმით, ვიდრე მასწავლებლის ახსნილი.

გააანალიზეთ შესრულებული სამუშაო

შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერს სწორად აკეთებთ – თქვენ შეადგინეთ შესასრულებელი საქმეების დეტალური ჩამონათვალი, გულმოდგინედ მიყვებით მას, მაგრამ დღის ბოლოს ძალაგამოცლილი ხართ. ეს იმის ნიშანია, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ.  გრაფიკის შედგენისას შეცდომა გაგეპარათ.

კვირის ბოლოს აუცილებლად გადახედეთ თქვენ მიერ გაწეულ სამუშაოს. დაფიქრდით, რატომ ვერ შეასრულეთ გეგმა, რა იყო მიზეზი? დღის განმავლობაში ჰკითხეთ თავს: რომელი საქმეებია ყველაზე მნიშვნელოვანი? რა შემიძლია გავაკეთო არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად? როგორ გამოვიყენო დრო მაქსიმალურად სასარგებლოდ?

 

 

       გაზაფხულის გაკვეთილები

0

„ეს გაზაფხული

მე მოგიყვანე…“

ბესიკ ხარანაული

 

 

რაც გინდათ დაარქვით _ ეგოიზმი, გულაჩუყება, თუნდაც რამე უფრო მკაცრი და გაბრაზებული _ მაინც სხვანაირი გაზაფხულები მახსოვს მე და, იყო ეს გაზაფხულები ჩვენს ქალაქში, სოფლებში, ქვეყანაში და, ალბათ მთელ დედამიწაზე, იყო, ისევე როგორც ჩვენ ვიყავით იმ წარსულში და, გაზაფხულები კი, სწორედ იმ წარსულის წიგნში, საკუთარ თავს გვამახსოვრებინებდა.

ჩემი ბავშვობის გაზაფხულები _ სკოლის ფანჯრიდან, სახლის ფანჯრიდან,  აივნიდან დანახული და შესუნთქული!

დიდი, ლურჯი თვალებით შემოდიოდა, ზამთარგამოვლილი ხეების მკლავებით და ყინვისგან დამზრალი მიწის ნაფეხურებით, ყველგან ჰქონდა ადგილი _ მიწაზეც, ბალახზეც, ხეზეც, ცაშიც _ ყველგან მას უთმობდნენ ადგილს მის ფრთებს დანატრებული ადამიანები, მარტო ზამთარ- კი არა, _ ომგამოვლილი, უღელტეხილებგამოვლილი, სიკვდილგამოვლილი ადამიანები!

ჩემი სკოლის წინ, ზუსტად ჩემი საკლასო ოთახის ფანჯრების გასწვრივ  (9 წელი ამ ოთახში გავატარე, ერთ მერხთან, ადგილ და მეზობელ-მოუცვლელად), ალვების მწკრივი იყო, ალვების უკან _ დაქანებულ ფერდობზე, ნაძვები და მესამე რიგში კი ნუშები და ალუბლები ჩაეყარა თავის დროზე ვიღაცას, ვისაც ბუნების დღესასწაულის ცქერა ალბათ ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებდა და რატომღაც ასე გადაწყვიტა, ამ თანმიმდევრობით შეექმნა პატარა ბაღი, წელიწადის ოთხი სეზონის და ზედაც კიდევ მარადისობის ფერებით სავსე.

სწორედ ამ დამრეცი ბაღიდან ამოყოფდა ხოლმე თავს ჩვენი გაზაფხული, საკლასო ოთახის ფანჯრებზე ცხვირმიჭყლეტილები პირველად იმ ბაღის ნუშებს წავასწრებდით ახალგაფეთქილ კვირტებს, მერე ატმები მიყვებოდა, მერე ალაგ-ალაგ სამეზობლო სივცეებში – ტყემლები და ალუჩები (იყო ეს ხეები ჩვენს ქალაქში, ნამდვილად იყო!), ავტეხდით ერთ დავიდარაბას, ვინმე ძალიან სულაკაწკაწებული რტოსაც წაატეხდა ხოლმე რომელიმე აყვავებულ ხეს, შეყვარებულისთვის ან ვინმესთვის მისართმევად, ან, უბრალოდ, მუჭში დიდხანს გასაჩერებლად, რათა დაუღალავად ჩაეყნოსა და ჩაეყნოსა იმ კვირტების ბუტკოების თაფლი და ბადაგი.

მახოვს, პატარა მიწის ნაკვეთიც გვქონდა იმ ბაღის გადმოსწვრივ, სკოლის მეორე მხარეს, ტირიფების წკირებით კოხტად შემოსალტული დაბალი ღობე ერტყა გარშემო (ერთმა მასწავლებელმა თავის ხელით გააკეთა ის ღობე და ზოგიერთ მოსწავლეს ტირიფის ტოტებით მსგავსი სილამაზეების დაწვნაც ასწავლა); ჰოდა, ჩაგვიყვანდა ხოლმე შრომის მასწავლებელი იმ ნაკვეთში, გადაგვიშლიდა გაზაფხულისგან თავის კანში ვერდატეულ მიწას, როგორც კარგ წიგნს, გადაგვიფურცლავდა ნიჩბის პირით და, შევესეოდით ამ თბილორთქლიან, მაყვლისფერ წიგნის ფურცლებს და ვავლებდით ოხრახუშის, კამის, პიტნის წვრილ ხნულებს და ვწერდით მასში ჩვენს სიცოცხლისხელა ოცნებებს და ვდებდით მასში ჩვენს გულებს _ ახალთახალი გაზაფხულისგან, სიყვარულისგან, სულ ახალ-ახალი შეგრძნებებისგან აზანზარებულს და სიხარულის ცრემლებით სველს…

იყო დიდი ამბავიც, როცა მიწის ბელტის ქვეშ ნეშომპალით ნაკვებ ვარდისფრად დატიკნულ ჭიაყელებს ამოვატრიალებდით,  უცებ გაჩნდებოდა უწყინარი ლეგენდა იმაზე, რომ სადღაც, ამ ჭიაყელების, მატლების და ხოჭოების ქვეშ უფრო დიდი და საშიში არსებები ცხოვრობენ, რომ უფრო ღრმად თუ ამოვთხრით, შეიძლება ისეთ სანგრებსაც მივაგნოთ, ისეთ მღვიმეებს და სარკოფაგებს!.. და, მზეზე აფართხალებული, თითის სიგრძე ჭიაყელების ისტორიიდან იქმნებოდა ჩვენი პირადი მითოლოგია, თავის განუმეორებელი გმირებით და ანტიგმირებით, მითის კანონის თანახმად, ყოველივეს ეძლეოდა თავისი სახელი და, ამ თამაშებშიც იყო რაღაც სახიფათოც და გულუბრყვილოც, მტკივნეულიც და ბედნიერიც!..

ამასობაში ფრჩხილები მიწით გვევსებოდა, ყველაზე ნაზს და ფაქიზს ჩვენს შორის _ რომელიმე გოგოს ბებერებიც უჩნდებოდა თითის და ხელისგულის შესაყარზე, მუხლისთავებიც გვესვრებოდა, რადგან ახალი ბაღის გაშენება ჩვენგან დაჩოქებასაც ითხოვდა, მიწის შეხებას, მაგრამ, აბა ვინ ჩიოდა ამას _ წინასწარ თავბრუ გვეხვეოდა ჩვენი ნაჯაფის შედეგების წარმოდგენით _ როგორ ამოიზრდებოდა სულ ცოტა ხანში ამ მიწიდან ჩვენი დათესილი მცენარეები, როგორ მოვუვლიდით, კიდევ უფრო გავზრდიდით, მერე დავკრეფდით, მოვიწევდით, მერე…

იმ მცენარეებივით, იმ მიწის ნაგლეჯზე ჩვენც გვზრდიდით მაშინ, გაზაფხულის გაკვეთილებო!..

ახლა კი… ბევრი უნდა იარო, ქუსლები უნდა გადაიტყავო, ამ ქალაქში აყვავებულ ხეებს რომ შეეფეთო, გაზაფხულის მახარობლებს რომ შეხვდე! აღარც ის მხიარული მიწის ნაგლეჯებია სკოლის ეზოებში, აღარც დამრეცი ან სწორფერდა ბაღები, ზეცისკენ აწვდილი დედამიწის სიხარულები…

ან იქნებ, არის სადმე ისევ, იქნებ ისევ ტარდება რომელიმე სკოლის ეზოში შრომის, მიწის, გაზაფხულის გაკვეთილები? იქნებ ისევ ბაღებიდან მოდის პირველი შეტყობინება, მისი აღმატებულება _ გაზაფხულის მობრძანების შესახებ, ბაღებიდან და არა, ვთქვათ, ინტერნეტიდან? იქნებ ისევ ეთხვრებათ ახალთახალ მზის გულზე ატკარცალებულ გოგო-ბიჭებს ხელისგულები და მუხლისთავები, როცა თავიანთი მიწის ნაგლეჯებზე რგავენ, თესავენ, ისარგაყრილ გულებს დებენ და მოსამკელის მოლოდინით ინუსხებიან?

თუ ასეა, მაშ ნუ დაიზარებთ, გადაუღეთ ფოტოები ასეთ ბაღებს, ასეთ ნაკვეთებს, თქვენი ხელით გადაშლილ მიწის წიგნებს, ოხშივარიან ფურცლებს, თქვენი ხელით დარგულ და დათესილ სიცოცხლეებს და გამომიგზავნეთ, მე გაზაფხულებს ვაგროვებ, ვინ იცის, რისთვის გამოგვადგეს!..

ჩემი მისამართია _ ninia80@gmail.com

გაზაფხულის გაკვეთილების კურსდამთავრებული, ეკოლოგიურად სუფთა და ნატურალური მოლოდინის მაგისტრი.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...