ორშაბათი, ივნისი 9, 2025
9 ივნისი, ორშაბათი, 2025

         თეიმურაზ ხევისთავის დასაცავად

0

მიხეილ ჯავახიშვილი წერს `ჯაყოს ხიზნებში~: `ქართული კალამი ორეულია  გოლგოთის ჯვრისა,  ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს~. ეს მწერლის დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაა,  ამიტომაც არის `ჯაყოს ხიზნები~ მწერლის  თვითგვემა, თვითმხილება. მიხეილ ჯავახიშვილი ჯვარს აცვა საბჭოურმა რეჟიმმა. `ჯაყოს ხიზნებს~ 1924 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ვწერდი და ვგრძნობდი, რომ ჩემს გულს ცეცხლი ეკიდებოდა, ხოლო სული იმ დროის სისხლში მქონდა ამოვლებული. `ჯაყო~ გმინვაა ჩემი სულის~, _ ეს სიტყვები მიხეილ ჯავახიშვილმა თავის უბის წიგნაკში ჩაწერა. ძნელია ამაზე უკეთესად `ჯაყოს ხიზნების~ შეფასება. ეს რომანი, მართლაც, გმინვაა, ოღონდ არა მხოლოდ მწერლის, არამედ ერის სულისა. 1924 წელს ქართველმა ერმა კიდევ ერთხელ გაიბრძოლა თავისუფლებისათვის და სისხლის ნიაღვარში ჩაიხრჩო. ამ სისხლმა გაუყუჩებელი ტკივილი დაუტოვა მწერალს.

1923 წ. ნაციონალურ-დემოკრატიული პარტიის წევრები დააპატიმრეს, მათ შორის,  მიხეილ ჯავახიშვილი, რომელიც ორთაჭალის ციხეში 6 თვე იჯდა. დაპატიმრებულთაგან ბევრი დახვრიტეს. მიხეილ ჯავახიშვილსაც დახვრეტა ჰქონდა მისჯილი, მაგრამ პავლე ინგოროყვას, ნიკოლოზ ყიფშიძესა და კიდევ რამდენიმეს სერგო ორჯონიკიძისათვის უთხოვიათ, რომ მწერალი არ დაესაჯათ. მართლაც 1923 წლის 3 აგვისტოს მიხეილ ჯავახიშვილი გაათავისუფლეს. ამის შემდეგ იგი აქტიურად შეუდგა წერას და საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა სიტყვით, მხატვრული შემოქმედებით, ნელი მოქმედების, მაგრამ ყველაზე მძლავრი იარაღით.

მიხეილ ჯავახიშვილი მოთხრობებითა და რომანებით ამხელდა საბჭოთა რეჟიმს. ქართულ მწერლობაში ასეთი გამბედაობა მხოლოდ ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა. მართლაც, ბევრი რამ ანათესავებს ამ ორ მწერალს: ერის ბედისა თუ მხატვრული სიტყვისადმი დამოკიდებულება _ მხილების პათოსი, გროტესკი, ძარღვიანი ქართული.

მიხეილ ჯავახიშვილი იგონებს, როგორ შეხვდა ყმაწვილობაში, წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სასწავლებლის მოსწავლე, ილიას მისსავე დღეობაზე. იქ მას რუსული აქცენტით წაუკითხავს ბარათაშვილის ლექსი. ილიას შეუქია. ვიღაცას უთქვამს, მწერლობას აპირებსო. `მაშინ მწერლობა აზრადაც არ მქონია~, _ იგონებს მიხეილ ჯავახიშვილი. 1907 წელს კი ილიას სისხლით მოსვრილ ბალიშზეც ედო თავი. სწორედ მაშინ მიიღო ალბათ მისტიკური ნათლობა _ ტანჯვით გზის გავლისა და ჯვარცმისათვის. მის საარქივო ჩანაწერებში ერთი ასეთი სამომავლო თემაა მონიშნული: `ბნელ ღამეს მამადავითის სასაფლაოზე ავედი. ლანდი მომეჩვენა, ილია ჭავჭავაძე გაცოცხლებულიყო. წამომყვა. საქართველო დავატარე. ყველაფერი ნახა. მესაუბრა~.

უცხო კალთას შეფარებული, უპატრონოდ მიგდებული, გაუქმებული ტაძარივით მივიწყებული, გაპარტახებული მამულის ბედი იყო მწერლის მთავარი საფიქრალი. უბის წიგნაკში ჩაუწერია: `ჩვენი ეპოქა _ რევოლუცია ჩემთვის საშინელი ტრაგედიაა… სჯობდა, სჯობდა უფრო ადრე გავჩენილიყავი ან უფრო გვიან~.

`ჯაყოს ხიზნებში~ – ერთგვარი თვითგამოტირებაც იყო _ თვითდასჯა იმის გამო, რომ ვერაფერი მოახერხა, ვერაფერი გააწყო და ერი მგელს, საბჭოურ რეჟიმს, შეატოვა ხელში. `ჯაყოს ხიზნებმა~ გამოქვეყნებისთანავე (დაიბეჭდა ჟურნალ `მნათობში~ 1924 წელს) ყურადღება მიიქცია და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ჭარბობდა იმგვარი კრიტიკული წერილები, რომლებშიც მწერალს ბრალს სდებდნენ ინტელიგენციის შეურაცხყოფასა და არაობიექტურობაში. მწერალზე თავდასხმებით განსაკუთრებით გამოირჩეოდნენ იდეოლოგიზებული პროლეტარი მწერლები.

1925 წ. 17 მაისს რუსთაველის თეატრში `ჯაყოს ხიზნების~ გმირების გასამართლებაც კი მოეწყო. ამის თაობაზე ხელმოუწერლად გამოქვეყნდა წერილი (ანონიმი ავტორი სერგო კლდიაშვილი იყო). ნიკა აგიაშვილი იგონებს: `დისპუტს დავესწარი. საზოგადოება აღშფოთებული იყო რომანით. ერთმა უთხრა მიხეილს: რაღა ოსი დაგვასვი თავზეო. მიხეილი ადგა და უპასუხა: `ჯაყოს ხიზნები~ საბჭოთა სინამდვილემ დამაწერინაო. მაშინ ყველა გაჩუმდა~.

მიხეილ ჯავახიშვილის არქივში შემონახულია ამ დროს  გამოქვეყნებული ზოგიერთი წერილი ჩანაწერებით. ვ. ხუროძის (1924 წ. #5,6.  `მნათობი~) ვრცელი წერილის იმ ადგილას, სადაც წერია, რომ ჯაყოს მსგავსი ტიპი შემთხვევითიაო, მიხეილ ჯავახიშვილს მოუნიშნავს: `კომუნისტური გაზეთებიც კი სავსეა ჯაყოსებური ტიპებით და ამბებით~. ხოლო სადაც ეწერა, რომ მწერალი აღტაცებულია ჯაყოთი, მინაწერია: `ეგრე რამ გაგასულელა?~

ასეთი გასულელება კი, სამწუხაროდ, დიდხანს გაგრძელდა. ყველასათვის ცნობილია 1979 წ. გამართული სატელევიზიო დისკუსია თემურ ჩხეიძის მიერ დადგმული `ჯაყოს ხიზნების~ სატელევიზიო სპექტაკლის გამო. საზოგადოების ერთი ნაწილი ისევ აღშფოთდა, ისევ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი. შიშველი მხილება და დაუნდობელი თვითკრიტიკა (სახარებისეული დირეს დანახვას რომ გულისხმობს საკუთარ თვალში) კვლავ მიუღებელი აღმოჩნდა.

ი. გომართელის წერილის (1925 წ. ჟურნალი `ახალი გზა~; #17) იმ ადგილას, სადაც წერია: `ფსიქოლოგიის გაშუქებაში მიხეილ ჯავახიშვილი დიდი ხელოვანი და იშვიათი ოსტატია. ასეთი ანალიზი ჩვენი ინტელიგენციის ერთი ნაწილის სულიერი ავადმყოფობისა ჯერ არავის მოუცია ჩვენს სიტყვაკაზმულ მწერლობაში~ _ მწერალი შენიშნავს: `ავტორის გლოვა თეიმურაზის ბედისა არ გესმის?~

თეიმურაზ ხევისთავი კერძო, კონკრეტული ადამიანის სახეცაა და, იმავდროულად, სიმბოლურიც. ხიზნობა კი უნებობაა, ტყვეობაა, საკუთარ უფლებებზე უარის თქმაა, თავისუფალი არჩევნის ღვთით მომადლებული ნიჭის დაკარგვაა, უსასოობაა, ეშმაკისკენ მიდრეკა და მასთან უნებური გარიგებაა, ღვთის გზიდან აცდენაა… ამიტომაც რომანი შეიძლება რამდენიმე ასპექტით გავიაზროთ და მთავარი გმირის სახეში სხვადასხვა სიღრმის სააზროვნო შრეები მოვინიშნოთ:

თეიმურაზის, როგორც კერძო კაცის ბედი კონკრეტულ საზოგადოებაში;

თეიმურაზის, როგორც ერის გარკვეული ისტორიულ-კულტურული რაგვარობის, არსებობის პრობლემა;

თეიმურაზის, როგორც საზოგადო, უნივერსალური ადამიანის, სულიერი სამყაროს კანონზომიერებანის გარკვევა და შემეცნება. ამ შემთხვევაში, `გარეთ~ დატრიალებული დრამა არქეტიპულ საწყისებს (სულიერი, მშვინვიერი, ხორციელი) შორის კონფლიქტად გავიაზროთ. ამგვარად, თეიმურაზიც, მარგოცა და ჯაყოც პერსონიფიცირებულ ვნებებად წარმოდგებიან, რომელთა საშუალებით მწერალი თვითშემეცნებას მიესწრაფვის, რათა ამ გზით სამყაროს ჭეშმარიტებას ეზიაროს.

რომანი თეიმურაზ ხევისთავის ჯაყოსთან შეხვედრით იწყება და ამას მოჰყვება დიდი გამოცდა _ ტანჯვა-წამებით აღსავსე. ეს თვითონ ცხოვრებაა _ წუთისოფელი _ თავისი ულმობელი კანონებით, ამიტომაც ჭარბობს რომანში ბნელი ფერები. რომანტიკული და ამაღლებული აქ თითქმის არ არის, რადგან არც უმწიკვლობა და უმანკოებაა, რომელმაც სინათლე უნდა დაბადოს. რომანში ადამიანის დაცემა, მისი გულიდან სასუფევლის განდევნა და ჯოჯოხეთის დამკვიდრება ნიუანსური სიზუსტითაა წარმოდგენილი. სწორედ ეს ნიუანსები ამხელს მიხეილ ჯავახიშვილის მწერლურ ოსტატობას, რომლის გზითაც მან მკითხველს ადამიანის სულის უჩინარი უფსკრულების მოხილვის საშუალება მისცა. რომანი ლოცვით მთავრდება _ მწყემსი უცილობლად იპოვის თავის დაკარგულ, გზააბნეულ ცხვარს, ოღონდაც ლოცვის ძალას ნუ დაკარგავს ბნელიდან სინათლის მხმობელი.

ცხოვრების ხიზნობა (სამოთხიდან გამოდევნა) გარდაუვალია, როგორც უფლის ნებით დაშვებული გამოცდა (ტანჯვის გზით სულის გამოსაწრთობად), მაგრამ მისგან თავდახსნა ადამიანის თავისუფალი ნების არჩევანია. მწერალს სურს, რომ მკითხველმა დაიჯეროს _ თეიმურაზი ამ არჩევანს გააკეთებს.

ზნეობრივი დაცემისა და არარაობად ქცევის პროცესში რწმენის დაკარგვის უდიდეს მნიშვნელობას კარგად იცნობს ქართული ლიტერატურული ტრადიცია. მიხეილ ჯავახიშვილი რომანში წარმოაჩენს, თუ როგორ შლის და ანგრევს ადამიანის მთლიანობას, სიმტკიცესა და ნებას ურწმუნოება. ძველი და ახალი აღთქმიდან მოყვანილი ციტატები (ლოცვები, იგავები, მცნებები) ადამიანის ღვთისკენ მისწრაფებას ამხელენ. მწერალი მიგვადევნინებს თვალს, თუ რა ცვლილებებს იწვევს რწმენა კაცში, როგორ განწმენდს და აამაღლებს. თეიმურაზისთვის რწმენის განახლება `ამოძრავების~ წყარო გახდა (თუმცა, მისი `საქმე~ წარმოსახვას არ გასცილდა, მაგრამ მოვლენების საღი შეფასების უნარი მიანიჭა). ბიბლიიდან მოყვანილი ყოველი იგავი თუ სტრიქონი გმირის გარკვეული სულიერი მდგომარეობის რაგვარობის გამომხატველია.

თეიმურაზის დადანაშაულება ნიშნავს, დაადანაშაულო თვითონ მიხეილ ჯავახიშვილი. თეიმურაზი ხომ მისი ალტერ-ეგოა. მწერალმა ამ რომანით კიდევაც დაიდანაშაულა თავი და თუ რამ ცოდვა ჰქონდა, თავისი მოწამეობრივი აღსასრულით  გამოისყიდა.

რა ვერ შეძლო და რა შეძლო თეიმურაზმა? ანუ როგორ დამარცხდა ხორციელად  და როგორ გაიმარჯვა სულიერად?

  1. მან ვერ შეძლო არსებულ ძალადობრივ რეჟიმთან შეგუება. სამოღვაწეო ასპარეზს გაეცალა. თავისი საქმე გააგრძელა, როგორც შეეძლო. ისევ ძველ-სიგელ-გუჯრებს დასტრიალებდა, კითხულობდა, ფიქრობდა. თავის ქვეყანაში ემიგრანტად იქცა. მისთვის ეს იყო დროებითი გაცლა ბრძოლის ველიდან, მოლოდინი. ჟამი ქვათა შეკრებისა. ძალების მოკრებისა. ნახუცარ ივანეს ეუბნება: `ბავშვებს იმას არ ვასწავლი, რისაც თვითონ არ მწამსო~. ეს კი დასტური იყო სიბრძნისა: `საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან~.
  2. მან ფიზიკური გადარჩენისთვის არაფერი დათმო, ნახუცარ  ივანესავით `წვერი არ გაიკრიჭა~ და დარჩა თავისი შეხედულებების ერთგული.
  3. მან გადაწყვიტა სულიერად გადარჩენილიყო და დალოდებოდა თავის დროს. ამგვარად, იგი აღასრულებს ქრისტიანულ მცნებებს _ ითმენს დამცირებასა და შეურაცხყოფას. მარჯვენაში რომ არტყამენ, მარცხენას მიუშვერს, სამოსს რომ ართმევენ, პერანგსაც აძლევს.
  4. მან ჯაყოს ძალადობას ძალადობით არ უპასუხა. ქრისტიანული მორალი დაიცვა, რადგან კარგად იცოდა სახარებისეული სწავლება, ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე განიგმირება.
  5. იგი არ იქცა კაცის მკვლელად. მას შეეძლო ჯაყოს მოკვლა, როდესაც მოულოდნელად მძინარეს დაადგა თავზე. ამგვარად, შეასრულა ქრისტიანული მცნება `არა კაც-ჰკლა~.
  6. მან თავი არ მოიკლა. თვითმკვლელობის ცოდვა არ ჩაიდინა (ჰქონდა ამის მცდელობა). ღვთის შექმნილის ბედი ღმერთსვე მიანდო.
  7. მას საერთოდ არ შეუძლია სისხლის დაღვრა, ქათამსაც კი ვერ დაკლავს.
  8. იგი თავისი უმწეობით იქცა ვაჟა-ფშაველასეულ იდეალის გამოხატულებად: `ბალახი ვიყო სათიბი,/არა მწადიან ცელობა,/ ცხვრადვე მამყოფე ისევა,/ოღონდ ამშორდეს მგელობა~ `ჩემი ვედრება~). ეს ერთგვარი იდეალისტური მსოფლმხედველობა  მან პრაქტიკულად განახორციელა. ის დარჩა ბალახად და არ იქცა ცელად, დარჩა ცხვრად და არ იქცა მგლად. მსხვერპლად ყოფნა არჩია ჯალათობას.
  9. ის უარს ამბობს მგლური კანონებით ცხოვრებაზე. ერთ ეპიზოდში თეიმურაზი თითქოს მიხვდება ფეხზე წამოდგომის წუთისოფლისეულ პირობას, საკუთარ სულში ძალების მოკრებას მგლური კანონების აღსასრულებლად. ამიტომაც შეატრიალდა კიდევაც ქრისტიანული მცნებები და გადაწყვიტა, მიჰყოლოდა შეგონებებს, რომლებითაც ცხოვრება წვრთნიდა თავის `რჩეულებს~: 1. მგლებთან მგლობა და ცხვრებთანაც მგლობა; 2. ცხვარი ღმერთს მოსაწველად, გასაკრეჭად და შესაჭმელად გაუჩენია; 3. ვინც ღილი მოგწყვიტოს, ის თავით-ფეხებამდე გაატიტვლე, ხოლო ვინც არაფერი დაგიშავოს, ის გაატყავე; 4. ცხოვრების მდინარეში პირაღმა ცურაობა გიჟების საქმეა. წყალს გაჰყევი, სამშვიდობოს გაგიყვანს; 5. ვისაც ერთი ტყავი აქვს, ორი გააძრე, ვისაც ორი აქვს, ხუთი ააგლიჯე, ვისაც არაფერი არა აქვს, ათი წააძრე; 6. მადლს ნურავის უზამ, თორემ დამადლებულ მადლობას არ გაპატიებს და სამაგიეროს შხამით გადაგიხდის; 7. სიკეთეს ნუ დათესავ, თორემ ლენცოფა ამოვა.

ამ ამაზრზენ `კანონებს~ როცა ისმენს ნახუცარი ივანე, კი არ შეცბუნდება და შეშფოთდება, არამედ კვერს უკრავს თეიმურაზს და ემოწმება, რომ, მართლაც, ყველაფერი ასეა ცხოვრებაში. თვითონაც თავისი გამოცდილებით დარწმუნდა მათს ჭეშმარიტებაში. თეიმურაზმა, საბედნიეროდ, ვერ შეძლო ამ `კანონების~ მიყოლა, რადგან ასე ადამიანობას დაკარგავდა და ჯაყოს დაემსგავსებოდა.

მწერალი თითქოს ჩიხში ემწყვდევა. რა ქნას? მგელს მხოლოდ მგელი თუ დაამარცხებს, ამიტომ იქნებ სჯობდეს, რომ ცხვარი მგლად გადაიქცეს? მაგრამ არა, მიხეილ ჯავახიშვილს სჯერა, ღმერთი არ მიატოვებს თავის შექმნილს, ამიტომაც არის, რომ რომანი ლოცვითა და დიდი მოლოდინით მთავრდება. კოშკში დამწყვდეული მარგო თავის გამომხსნელს მოელის, თეიმურაზი ფეხზე უნდა წამოდგეს ჭირს დავდაღწეული რაინდივით და ღვთის სახელითა და შემწეობით მოიპოვოს დაკარგული საუნჯე.

  1. მან არ იძია შური ჯაყოზე, ეს საქმე ღმერთს მიანდო. `ჩემი არს შურისგება და მე მივაგო~ (პავლე მოციქულის ეპისტოლე ებრაელთა მიმართ, 10, 30).
  2. მან შეასრულა მცნებები: `არა იპარო~, „არა ცილი სწამო მოყუასსა შენსა ზედა წამებითა ცრუითა“.
  3. მან იპოვა ძალა საკუთარ თავში და არ მისცა გვარი ჯაყოს შვილს _ არ თქვა თავის არსსა და მეობაზე  უარი. ერთგან ამბობს: `მე მომღუნეს, მაგრამ ვერასოდეს დამიმორჩილებენ~.
  4. მან აპატია მარგოს ღალატი, რადგან მიხვდა, რომ თვითონ დაარღვია სახარებისეული სწავლება: „ნუ მისცემთ სიწმინდეს ძაღლებს: ნურც თქვენს მარგალიტს დაუყრით ღორებს, რათა არ გათელონ იგი თავიანთი ფეხით და მოგიბრუნდნენ და დაგფლითონ თქვენ“. მართალია, მასში იფეთქა ადამიანისათვის ბუნებრივმა სხვისი განკითხვის სურვილმა, მაგრამ გაახსენდა სახარებისეული `არა განიკითხოთ~, ან `პირველმა იმან ესროლოს ქვა, ვინც თვითონ უცოდველია~, ან `რატომ ხედავ ბეწვს  სხვის თვალში, როდესაც შენს თვალში დირე ვერ შეგიმჩნევია~. მან თვითონაც სთხოვა პატიება მარგოს. ის დაემსგავსა ჯვარცმულ მაცხოვარს, რომელმაც ღმერთს შეავედრა ჯვარმცმელები: ღმერთო შეუნდე, რადგან არ იციან, რას იქმანო.
  5. მწერალმა ის დაყუდებულ შიო მღვიმელს შეადარა _ წმინდანს, რომელმაც 7 წელი ორმოში გაატარა. თეიმურაზისთვისაც ჯაყოსთან გატარებული დრო, ხიზნობაა, ორმოა, საიდანაც განწმენდილი ამოდის. ეს ის დროა, როდესაც ის კითხულობს სახარებებს, ფსალმუნებს, ბიბლიის სხვა წიგნებსაც და სულიერად ძლიერდება. ხვდება, რომ მთავარია, ადამიანი სულიერად გადარჩეს. მხოლოდ რწმენაა ნამდვილი იარაღი და ფარი ხილული თუ უხილავი მტრის წინააღმდეგ. მხოლოდ რწმენა შეაძლებინებს შიშველი ხელებით ბოროტების დამარცხებას, როგორც დავითმა შურდულით სძლია გოლიათს. რომანის ბოლოს, ის ზანდუკიდან იღებს ხატს და ლოცულობს. სინათლისა და სიკეთის რწმენით მთავრდება რომანი. ამ სინათლისა და სიკეთის მატარებელი კი თეიმურაზია. ის დარჩა გულით წმინდად და როგორც 9 ნეტარებაშია: `ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ~. რომანის ბოლო ეპიზოდი ამას ადასტურებს. ის დევნილია, შეურაცხყოფილი და დამდაბლებულია, მაგრამ არ ბოროტდება.
  6. თეიმურაზმა გააკეთა არჩევანი სიკეთის, სიყვარულის, რწმენის, მოთმინების, მიმტევებლობის სასარგებლოდ. ის ამ უმწეობამ, ტანჯვამ სულიერად გაზარდა და აამაღლა. ეს ჩანს ბოლო ეპიზოდში. თეიმურაზი: კიდობნიდან ამოღებულ ძველ `ხატს კუთხეში დაასვენებს, სანთელს აუნთებს და პირქვე დაემხობა. მეტანიით, სასოებით და ცრემლით ლოცულობს თეიმურაზ ხევისთავი: – წმიდაო ღმერთო! წმიდაო ძლიერო! წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ!.. უფალო ძლიერო! ყოვლისა შემძლევ და სათნოიანო! მოგვეც ჩვენ, დავრდომილთა და უღირსთა ძეთა შენთა, მოთმინება ულეველი, მშვიდობა უსაზღვრო და რწმენა უძირო.

კვლავ გარეთ გაიხედავს ნუგეშისცემული თეიმურაზი. ისევ ასვეტილა ბნელ სივრცეში ბნელი კოშკი. იმ კოშკიდან კვლავ მოსჩანს იმედის სანთელი. ისევ მობრუნდება თეიმურაზ ხევისთავი და გულშვებით გაიღიმებს: აღარსად სჩანან ძაღლის მძორები. აღარც მათი სუნი მოსდის იმედნაკრავ ნაკაცარს. ისევ ელის ნაქმრევი ნაცოლარს. ისევ დაყუდებულ შიო მღვიმელივით იცდის თეიმურაზ ხევისთავი~.

 ეს იყო ჯავახიშვილის რწმენა, რომ საკუთარ თავში იპოვიდა ძალას და   წინააღმდეგობას გააგრძელებდა სულის ამოხდომამდე, რაც გააკეთა კიდევაც თავისი მხატვრული შემოქმედებით. ამ რომანის დაწერის, 1924 წლის შემდეგ კიდევ ბევრი იღვაწა, სანამ  ჯვარს აცვეს_ 1937 წელს მწერალი დახვრიტეს.

 მათემატიკა და პოეზია – ინტეგრირებული გაკვეთილი

0

როდესაც გაკვეთილების ინტეგრირებაზე ვსაუბრობთ, ალბათ საქმეში ჩაუხედავი ადამიანი ძნელად თუ წარმოიდგენს, როგორ შეიძლება, ერთი შეხედვით, ერთმანეთისგან დაშორებული დისციპლინების, მაგალითად, მათემატიკისა და პოეზიის გაერთიანებას. მაგრამ, თუკი შევთავაზებთ, აიღონ რომელიმე საინტერესო კონცეპტი და შეეცადონ, ამ კონცეპტის ირგვლივ ისაუბრონ ჯერ ერთი, შემდეგ კი მეორე დისციპლინის ფარგლებში, აღმოაჩენენ, რომ ამ დისციპლინებს ბევრად მეტი რამ აქვთ საერთო, ვიდრე მანამდე ეგონათ. მე, როგორც ფილოლოგმა და პეტრემ, როგორც მატემატიკოსმა, გადავწყვიტეთ რამდენიმე ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარება იმ პირობით, რომ ამ გაკვეთილებში ერთი საგანი აუცილებლად მათემატიკა იქნებოდა. ჩვენს მოსწავლეებს ასეთი გაკვეთილები ძალიან მოეწონათ, რადგან  პირველად შეხედეს საგნებს განსხვავებული კუთხიდან. გთავაზობთ გეგმას, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერი დაინტერესებული მასწავლებელი ჩაატარებს ინტეგრირებულ გაკვეთილს. რა თქმა უნდა, ამ წერილში წარმოდგენილი მაგალითები კონკრეტული ასაკობრივი კატეგორიისთვისაა (მეთერთმეტე კლასი) განკუთვნილი და მათი შეცვლა აუცილებელი იქნება, თუკი თქვენი მოსწავლეები სხვა ასაკობივ კატეგორიას განეკუთვნებიან.

გაკვეთილის დასაწყისში დავსვათ ასეთი შეკითხვები (სასურველია, შეკითხვები პროექტორის საშუალებით გავუშვათ და დისკუსია სხვა მიმართულებით არ წავიდეს. გაკვეთილის ამ ნაწილს დავუთმოთ 6 წუთი): არსებობს თუ არა სილამაზის უნივერსალური განმარტება? არსებობს თუ არა საერთო მახასიათებელი, რომელსაც ერთნაირად განვიცდით, როდესაც ვუცქერით ან ვუსმენთ იმას, რაც ყველას მიერაა აღიარებული როგორც ლამაზი? დაიძებნება თუ არა ისეთი ნიშანი, რის მიხედვითაც დახასიათდება ლამაზი? ამ შეკითხვებზე პასუხის გასაცემად შევთავაზოთ მოსწავლეებს, ჩამოთვალონ, რა ან ვინ მიაჩნიათ ლამაზად, რომელი მუსიკა ან ლექსი ჰგონიათ ლამაზი. ჩამონათვალი დაადასტურებს, რომ ადამიანებს სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ სილამაზეზე, მათ განსხვავებული მუსიკა, ლიტერატურა, სპექტაკლი მოსწონთ. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სილამაზე არის ის იარლიყი, რომელსაც ვაკრავთ აღსაწერ საგანს ან მოვლენას და ეფუძნება კულტურული და პირადი შეხედულებების კომბინაციას. ასეთ განმარტებას პირობითად სილამაზის სუბიეტური აღქმა ვუწოდოთ.

სილამაზის სუბიექტური აღქმა დამოკიდებულია იმ კულტურაზეც, რომელშიც ვტრიალებთ. მოსწავლეებს სანიმუშოდ შეგვიძლია რამდენიმე სლაიდიც ვუჩვენოთ. ჩვენ გამოვიყენეთ კარენი გოგონას ფოტო სამხრეთ ტაილანდიდან (ამ ტომში ქალების სილამაზე კისრის სიგრძეზეა დამოკიდებული, ამიტომაც გოგონებს ბავშვობიდან კისერზე (და ფეხებზეც) ჩამოაცმევენ რგოლებს, რომელთა რაოდენობაც წლიდან წლამდე იზრდება, სანამ კისერი სასურველ ზომას არ მიაღწევს), კარამოჯონგელი ქალის ფოტო (ამ ტომის ქალების სილამაზე ნაიარავ სახეშია, ამიტომაც ისინი სპეციალურად ისახიჩრებენ სახის კანს, რათა ნაჭდევმა სამუდამოდ „გაალამაზოს“ მათი სახე), მურსი ქალის ფოტო (ამ ტომის ქალები ქვედა ტუჩში სპეციალურად დამზადებულ თიხის ფირფიტას ითავსებენ. ფირფიტის დიამეტრის ზომა 10-დან 15 სანტიმეტრამდეა და მისი განსხვავებული ორნამენტებით მორთვა ქალის ღირსების საკითხია) და მამაკაცის ფოტო ბოროროს ტომიდან (ბოროროს ტომის მამაკაცები ნიგერსა და ნიგერიაში სახლობენ. ისინი თავიანთ თავს მსოფლიოში ყველაზე ლამაზ მამაკაცებად მიიჩნევენ. ყოველწლიურად ატარებენ ვააკეს, სილამაზის კონკურსს, რომლისთვისაც განსაკუთრებულად იკაზმებიან და იღებავენ სახეს). ყველა ეს ფოტო ადვილი მოსაძებნია ინტერნეტში. გაკვეთილის ამ ნაწილს დაუთმეთ 2 წუთი.

თუმცა, ე.წ. სუბიექტური სილამაზის გარდა, არსებობს ობიექტური სილამაზეც. აღმოჩნდა, რომ ობიექტური სილამაზის უკან დგას მათემატიკა, კერძოდ, ოქროს კვეთა, იგივე ფი, იგივე, ოქროს პროპორცია. მიუხედავად იმისა, რომ იგი მუდმივად არსებობდა, მისი აღმოჩენა რამდენჯერმე მოხდა, ამიტომაც აქვს რამდენიმე სახელწოდება: ჯერ მე-16 საუკუნეში უწოდეს ღვთაებრივი პროპორცია, შემდეგ მე-18-ში –  ოქროს კვეთა, ბოლოს კი – მე-19 საუკუნეში ბერძნული ასო „ფი“-თი აღნიშნეს.  φ სიმბოლო, რომელიც ამ ცნებას გამოხატავს,  1.618 შეადგენს (აქ შეგიძლიათ დაფაზე დახატოთ წრფე, რომელსაც გაყოფთ ორ არატოლ ნაწილად და აღნიშნავთ ასოებით A, B, C, შემდეგ კი ახსნით, რომ AC შეფარდება AB-თან ისევეა 1.618, როგორც AB შეფარდება AC-თან). ოქროს კვეთა მოიძებნება მუსიკაში, პოეზიაში, არქიტექტურაში და არა მარტო ადამიანის მიერ შექმნილ დარგებში. თუკი დავაკვირდებით, ოქროს პროპორცია გვხვდება ადამიანის სხეულის აგებულებაში, დნმ-ში, ყველაზე მოულოდნელ ადგილებში მთელი სამყაროს მასშტაბით (აქ შეგიძლიათ აჩვენოთ სხვადასხვა სლაიდი, რომელზეც გამოსახული იქნება პართენონი, ჯოკონდა, გირჩი, ანანასი და სხვ. სულ ამ ნაწილს დაუთმეთ 5 წუთი და დაასრულეთ ფრაზით, რომ ხუმრობაშერეული შეკითხვა, ხომ არ არის ღმერთი მათემატიკოსი, საფუძველს მოკლებული არ არის).

როგორც აღმოჩნდა, სილამაზის უკან მათემატიკური ფორმულები დგას და სილამაზის აღწერა მათემატიკის ენითაა შესაძლებელი. ახლა საკითხს შებრუნებულად შევხედოთ. დგას თუ არა მათემატიკის უკანაც სილამაზე? თუ მათემატიკა მათემატიკაა და მისი შეფასება სილამაზე-სიუშნოვის კრიტერიუმებით დაუშვებელია?

მათემატიკოსები მიიჩნევენ, რომ ფორმულა ლამაზია, თუკი ის სადაა და მოკლე და, თუკი მას ახსნითი ძალა გააჩნია. ასევე ფიქრობენ საბუნებისმეტყველო დარგის წარმომადგენლებიც, რომლებიც თეორიის სილამაზესაც სისადავეში, ლაკონიურობასა და ახსნით უნარში ხედავენ. ახსნით ძალაში იგულისხმება ის, რომ ლამაზმა ფორმულამ ან თეორიამ უნდა დააკავშიროს, ერთი შეხედვით, წარმოუდგენელი და დაშორებული კონცეპტები. 1+1=2 არ არის ლამაზი (თუმცა სადა და მოკლეა), რადგან ის არ აკავშირებს დაშორებულ კონცეპტებს. ლამაზია ეულერის, აინშტაინის, პითაგორას და სხვ. მიგნებები. თუმცა ახლა ყურადღებას ისეთ მაგალითებზე შევაჩერებთ, რომელთა ამოსახსნელად გრძელი და მოკლე გზები დაიძებნება. ორივე გზას სწორ პასუხამდე მივყავართ, მაგრამ ვნახოთ, რომელი გზა უფრო ლამაზია (მათემატიკის ნაწილს დაუთმეთ 20 წუთი და არ დაგავიწყდეთ, მაგალითების ამოხსნის პროცესში მოსწავლეები ჩართოთ). მოსწავლეებს დაუსვით შეკითხვა: ოდესმე თუ ამოგიხსნიათ რაიმე ამოცანა და შემდეგ თქვენი ამოხსნით ყოფილხართ კმაყოფილი?  ეს  კმაყოფილება მხოლოდ სწორი პასუხის მიღებამ გამოიწვია თუ ეს კმაყოფილება იმით იყო გამოწვეული, რომ ამოხსნა იყო ეფექტური, სტილისტური ან თუნდაც ლამაზი ?

ამის  შემდეგ მოსწავლეებს  შევთავაზოთ  ამოცანის ამოხსნის ორი გზა: (აქ შეიძლება თავად მოსწავლეებისაგან მოვისმინოთ ამოხსნები, ხოლო შემდეგ პროექტორით გავუშვათ ქვემოთ მოყვანილი ორი ამოხსნა).

გახსენით ფრჩხილები და გაამარტივეთ:

ამოხსნა1.

რა

ამოხსნა 2.

დავსვათ შეკითხვა: რომელი ამოხსნაა  უკეთესი ?

ორივე ამოხსნა გვაძლევს სწორ პასუხს და  მაინც მეორე ამოხსნა უკეთესად გამოიყურება. ის  უფრო ელეგანტური და ლაკონიურია,  ვიდრე – პირველი.  აქვე შეგვიძლია მოვიშველიოთ  დენვერის უნივერსიტეტის პროფესორის სტენ გადერის სიტყვები „მათემატიკის არსი ის კი არაა, რომ მარტივი გავართულოთ, არამედ ის, რომ რთული გავამარტივოთ – The  essence  of  mathematics  is  not  to  make simple things complicated, but  to  make  complicated things simple” . ამ სიტყვების შინაარსია სწორედ ის, რომ ყველაფერი  ლამაზი არის მარტივი. აქვე  შეგვიძლია, დასტურად მოვიშველიოთ ცნობილი განტოლებები, რომლებიც აღწერენ სამყაროს:

პ

არ არის გასაოცარი, რომ სამყარო აღიწერება მათემატიკური განტოლებებით?! ეს განტოლებებია, რომლებმაც შეაძლებინა ადამიანს, მიეღწია მთვარეზე, შეექმნა ინტერნეტი და  გაეგო ადამიანის სხეულის მუშაობა.

ამის შემდეგ მოსწავლეებს ვუსვამთ შეკითხვას: რომელი განტოლებაა თქვენი ფავორიტი და რატომ? თუ შევაჯამებთ, დავრწმუნდებით, რომ ყველა ეს განტოლება პირველ რიგში არის მარტივი და ლამაზი. ე.ი. მათემატიკა შეიძლება გამოვიყენოთ სილამაზის განსაზღვრისათვის და სილამაზე არის მათემატიკაშიც. აქ  შეიძლება  მოსწავლეებს ვთხოვოთ, მოიფიქრონ ლამაზი და ელეგანტური ამოხსნები  მათემატიკაში. ე. ი. მათემატიკა დგას სილამაზის უკან და სილამაზე  არის თავად მათემატიკაშიც.

სილამაზე დაიძებნება მთელ რიგ დარგებშიც, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ხელოვნებაზე, კერძოდ, პოეზიაზე, სილამაზეს ეძებენ კომპიუტერულ მეცნიერებებში, საბუნებისმეტყველო დარგებში. ხშირად ტერმინ „სილამაზეს“ ანაცვლებენ სიტყვით „მოხდენილობა, ელეგანტურობა“.

გაკვეთილის ბოლო 10 წუთი პოეზიას დაუთმეთ, ორი წუთი კი გაკვეთილის შესაჯამებლად მოიტოვეთ. პოეზია მოხდენილად, მარტივად გადმოგვცემს ურთულეს იდეებს. მაგ. სიბერის აღწერა ბევრნაირად შეიძლება. პოეტი კი ასე იტყვის: „მე გარდასრულვარ სიბერე მჭირს ჭირთა უფრო ძნელია“. ამაზე მოხდენილად ვერავინ დაახასიათებს სიბერეს. ანდა ვინ დაახასიათებს პოეტებზე უკეთ სიყვარულს („ეკერებოდა გულმკერდზე ქმარს მარგალიტის ღილადა“), სიცოცხლის მსწრაფლმავლობას („ფიფქი მეცემა ცხელ ხელებზე და ფიფქი კვდება, რაა სიცოცხლე?“) და სხვა ურთულეს კატეგორიებს? თხოვეთ მოსწავლეებს სხვა მაგალითებიც გაიხსენონ, როდესაც, პოეზიის საშუალებით, სადად, მოხდენილად და მარტივად გადმოვცემთ სხვადასხვა რთულ კატეგორიას. ეჭვი არ მეპარება, თქვენს მოსწავლეებსაც, ჩემი და პეტრეს მოსწავლეების მსგავსად, უამრავი მაგალითი გაახსენდებათ პოეზიიდან სიკვდილზე, მეგობრობაზე, ვაჟკაცობაზე, წელიწადის დროებზეც კი.

მაგალითები გვარწმუნებს, რომ პოეზიაც, მათემატიკური ფორმულების მსგავსად, ახერხებს, ურთულესი და ერთმანეთისგან დაშორებული კონცეპტების შეკავშირებას. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სილამაზე და მოხდენილობა სწორედ სისადავესა და რთულის მარტივად ახსნის ძალაშია. ეგებ სილამაზე გრძნობებისა და გონების დაკმაყოფილების საიდუმლოც კი იყოს?

და ბოლოს, რატომ დავინტერესდით სილამაზის კონცეპტით? ეგებ სილამაზის აღმოჩენამ ჭეშმარიტებაც გვაპოვნინოს?! სილამაზე ხომ ჭეშმარიტებაა და ჭეშმარიტება სილამაზე?!

გაკვეთილი დაასრულეთ ინტრიგით: მოსწავლეებს უთხარით, რომ დღესაც არსებობს ისეთი მათემატიკური ამოცანები, რომლის ელეგანტური ამოხსნისთვისაც დიდი პრიზებია დაწესებული. მათი ამოხსნა კომპიუტერის დაუხმარებლად უნდა მოხდეს. თითქმის ყველა დიდი მათემატიკოსი აღმოჩენებს ადრეულ ასაკში აკეთებდა და ამიტომაც შესთავაზეთ, დაძებნონ ასეთი თავსატეხი ამოცანები და თავისუფალ დროს შეეცადონ, მათი ამოხსნის გზები ეძებონ. ამგვარი ინტელექტუალური დავალების შესრულება ხომ ორმხრივად დადებითია, რადგან სარგებლობაც მოაქვს და სიამოვნებასაც გვანიჭებს.

გაკვეთილის მომზადების პროცესში შემდეგი რესურსები გამოვიყენეთ:

http://www.toktalk.net/2009/12/15/of-science-math-and-beauty/

https://www.goldennumber.net/golden-ratio-history/

https://philosophy.about.com/od/Philosophical-Branches/a/Aesthetics.htm

https://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/vaja_pshavela/Poemebi/stumar-maspindzeli.pdf

https://courses.washington.edu/dtcg/texts/data/jr/drops.html

https://poetry.ge/poets/shota-rustaveli/poems/9761.vefxistkaosani-ambavi-rostevan-arabta-mefisa.htm

მუსიკოსთა გასაჭირი

0

ზოგჯერ კომპოზიტორებიც კი საუბრობენ განათლების სისტემის პრობლემების შესახებ. რამდენიმე მათგანისთვის გულდასმით მომისმენია კიდეც. მათი უმრავლესობა ერთ კონკრეტულ სირთულეზე ამახვილებს ყურადღებას. მუსიკოსებს აწუხებთ ის, რომ სკოლასა და კონსერვატორიას შორის დამაკავშირებელი რგოლი ფაქტობრივად არ არსებობს. საბჭოთა ეპოქაში დასახელებულ ორ ინსტიტუტს ერთმანეთთან სამუსიკო სასწავლებლები და მუსიკალური მრავალწლედები აკავშირებდნენ. ევროპული ქვეყნების მრავალ სკოლაში საორკესტრო და საგუნდო წრეების არსებობა და მათზე განსაკუთრებული ზრუნვა ჩვეულებრივი მოვლენაა. შესაბამისად, კონტინენტურ დასავლეთში მოზარდს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიდან უმაღლეს სამუსიკო სასწავლებელში მოსახვედრად არაორდინარული წინააღმდეგობების გადალახვა არ უწევს. დღევანდელ საქართველოში კი უამრავ მოსწავლეს ეღობება გრიბოედოვის ქუჩისკენ მიმავალი გზა.  მათ არ აქვთ შესაძლებლობა კონსერვატორიაში ჩარიცხვამდე საკუთარი მუსიკალური მონაცემების სრულყოფაზე თავისუფლად იმუშაონ. მუსიკალური მრავალწლედების რაოდენობა და დაფინანსება კატასტროფულად შემცირებულია. ხანდახან ბავშვებს ქალაქის ერთი ბოლოდან მეორე ბოლოში უწევთ სიარული, რათა სასწავლო დარბაზამდე მიაღწიონ. მშობლებს საუკეთესო გამოსავლად კერძო პედაგოგების დაქირავება ესახებათ. მოკლედ, დღეს სკოლიდან კონსერვატორიაში მოხვედრას მხოლოდ განსაკუთრებული ტალანტები ან რეპეტიტორის მხარდაჭერის საშუალების მქონე პირები ახერხებენ. ჩვენ ირგვლივ კი მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ვლადიმერ ჰოროვიცივით ვერ უკრავენ, მაგრამ აქვთ ნიჭი, არ ჰყავთ პერსონალური მასწავლებლები და კონსერვატორიასთან დამაკავშირებელი რგოლის არარსებობის გამო საშემსრულებლო ხელოვნების ნაცვლად ბიზნესის ადმინისტრირების, ტურიზმის მენეჯმენტის ან სისხლის სამართლის სწავლა უწევთ. ბუნებრივია, საყვარელ საქმიანობას მოწყვეტილი პირები მაინცდამაინც ბედნიერად ვერ გრძნობენ თავს და მთელი ცხოვრება აწუხებთ იძულებითი არჩევნის სიმძიმე.

 იშვიათად სასწაულებიც ხდება ხოლმე. როგორც წესი, სასწაული დიდხანს არ გრძელდება. გაელვების შემდეგ საოცარ მოვლენებს კვლავ ძველი წინააღმდეგობები ანაცვლებენ.

წლის დასაწყისში ვერის ბაღში ერთ შესანიშნავ ადამიანს გადავეყარე. მან ჩვენი თანამოქალაქის შესახებ მომიყვა. ბიჭი ჩვენს ქალაქში, მრავალშვილიან და ნაკლებად მდიდარ ოჯახში დაიბადა. სწავლობდა ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში. საკუთარი მუსიკალური ტალანტის გამოვლენაში ძირითადად ოჯახის წევრები ეხმარებოდნენ. დიდი დავიდარაბის შემდეგ, დამაკავშირებელი რგოლის გარეშე მოსწავლემ სკოლიდან კონსერვატორიაში მოხვედრაც მოახერხა. მისი შრომა და განსაკუთრებული მონაცემები დამკვირვებელთათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა. მალე მან გრიბოედოვის ქუჩიდან „მუსიკალურ ჰარვარდად“ აღიარებულ ხელოვნების უნივერსიტეტშიც გადაინაცვლა. რეალური ზღაპარი აქ არ მთავრდება. საერთაშორისო სასწავლებლის მრავალეროვან ჯგუფში ქართველი სტუდენტი ერთ-ერთი მოწინავე მსმენელი გახლავთ და თანაკურსელებს არაფრით ჩამოუვარდება. ალბათ, ბევრი თქვენგანი იკითხავს, თუ სკოლის მერხიდან პრესტიჟულ კონსერვატორიაში ჩარიცხვა შეძლო და საკუთარი ნიჭის გამოვლენასაც ახერხებს, რაღა უნდა აწუხებდეს მას? რაღა უნდა უშლიდეს მას ხელს, რათა მშვიდად განიცადოს სრული ბედნიერება?

„მუსიკალურ ჰარვარდში“ მოხვედრილ თითქმის ყველა სტუდენტს ვიღაც მფარველობს. ზოგიერთი სტუდენტის ძვირადღირებული ინსტრუმენტით მომარაგებაზე სახელმწიფო ზრუნავს. ზოგიერთ ახალგაზრდა მუსიკოსს კი მეცენატები აძლევენ უფლებას, რათა მათი სახელით შეძენილი „სტრადივარიუსებით“ ისარგებლონ. მხოლოდ ჩვენს თანამემამულეს არ ჰყავს სერიოზული მხარდამჭერი. შესაბამისად, მის შესასრულებელ მთავარ პარტიებს სხვები ასრულებენ. შეიძლება ყველაზე ნიჭიერი იყო, მაგრამ თუ ინსტრუმენტი არ გაქვს, შენს ადგილს სხვა დაიკავებს. თურმე, დარვინიზმის პრინციპებს მუსიკალურ სამყაროშიც ჰქონია თავისი სასტიკი გამოვლინებები.

            ამგვარ პრობლემებსა და მოვლენებზე დაკვირვება ერთი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას გვაძლევს. თანამედროვე საქართველოში აკადემიური მუსიკალური განათლება ცუდად დაფასებული სფეროა. იმედია, სასტიკი წინააღმდეგობების არსებობის მიუხედავად, ბევრი იდეალისტი მოსწავლე მაინც არ იტყვის უარს საყვარელ საქმიანობაზე.

ერთხელ მაინც შემომხედე თვალებში

0

ასეთი ჩვევა მაქვს: ვცდილობ, არც ერთი ახალი ქართული ფილმი არ გამომრჩეს. „ანას ცხოვრების“ თრეილერს რამდენჯერმე მოვკარი თვალი, მაგრამ როცა გავიგე, რომ დრამა მთავარი გმირის – ანასა და მისი მცირეწლოვანი აუტიზმის მქონე ვაჟის გარშემო ვითარდება, მაშინვე „სასწრაფოდ სანახავთა“ სიაში მოვინიშნე და ფილმის საქართველოს კინოთეატრებში გამოსვლის პირველივე დღეს გავეშურე მის საყურებლად.

ანა მარტოხელა დედაა და თავის სარჩენად უამრავ ადგილას უწევს მუშაობა. სკლეროზიან ბებიასაც მის გარდა არავინ ჰყავს. ანას ბიჭი – სანდრო ინტერნატში ცხოვრობს ძალიან გულისხმიერ, ასაკიან მასწავლებელთან ერთად. თუმცა დედა მიიჩნევს, რომ იქ მისი შვილი სათანადოდ ვერ განვითარდება და ბიჭის ფასიან სკოლაში გადაყვანაა საჭირო. ახალგაზრდა ქალის მდგომარეობისადმი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გულგრილნი არიან. მას ხომ ხელფასი აქვს, არადა ზოგს ქაღალდის ფული კარგა ხანია არ უნახავს, მხოლოდ რკინის ფულის არსებობის შესახებ თუ იცის. ანას კი ნორმალურად აცვია, არ შია, ხოლო მისი მიზანი საზოგადოების თანაგრძნობას არ იწვევს. აუტიზმის მქონე ვაჟის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ის ამერიკაში სამუშაოდ წასვლას გადაწყვეტს, ყიდის სახლს და თაღლითურ გარიგებაში ეხვევა.

როგორც რეჟისორმა ნინო ბასილიამ თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში, თემა ერთნაირად აქტუალური აღმოჩნდა სხვადასხვა ქვეყანაში. რაც არ უნდა განვითარებული იყოს ქვეყანა, მარტოხელა დედებს გარკვეული პრობლემის მოსაგვარებლად ბრძოლა მაინც უწევთ. ფილმი სცდება საქართველოს სოციალურ ფონს, სასიყვარულო ხაზის შემოსვლა კი ნებისმიერი ეროვნების მაყურებელს დრამაში კიდევ უფრო ითრევს. ანას ცხოვრება სავსეა ახალ-ახალი სტრესით, ის რამდენჯერმე იღებს გაუაზრებელ გადაწყვეტილებასაც, დგამს გამოუსწორებელ ნაბიჯებს, თუმცა არასდროს მიდის მორალურ კომპრომისზე.

აღსანიშნავია მსახიობების ბრწყინვალე შესრულება, განსაკუთრებით კი ეკა დემეტრაძეს (ანა) და ბავშვებს გამოვყოფდი. დრამატული 108 წუთის განმავლობაში ჩემთვის ერთ-ერთი ძლიერი და ემოციური სცენა შვილთან მისული დედის მონოლოგი აღმოჩნდა. დედისა, რომელმაც ახალი ფეხსაცმელი მიიტანა ინტერნატში. „შემომხედე! ერთხელ მაინც შემომხედე თვალებში… დედა ვარ შენი! ფეხი როდის გაგეზარდა, შვილო?!..“ დიალოგი დედასა და შვილს შორის არც სულისშემძვრელი სიტყვების შემდეგ შედგება. აქ მაყურებელი ვერ ნახავს ისეთ შთამბეჭდავ სცენას, როგორიც ნანა ჯანელიძის ფილმ „იავნანაში“ უნახავს, ვერ გაიგონებს შვილის ნათქვამ „დედას“, ვერც რაიმე სიტყვას პასუხად… მაგრამ ცხადად დაინახავს გაუსაძლის ყოფას, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოზარდების მშობლებს უწევთ ცხოვრება. ფილმის რეჟისორს უდავოდ მადლობა ეკუთვნის აუტიზმის თემის წამოწევისთვის და იმისთვის, რომ საზოგადოებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე აჩვენებს რეალობას.

„ანას ცხოვრებაში“, რომელიც, ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობასა და ისეთ გარემოს ხატავს, სადაც მარტოხელა დედას ყველა გზა აქვს მოჭრილი, სადაც ახალგაზრდა ქალი მუდმივად წინაღობას აწყდება, საბოლოოდ მაინც ხედავ სხივს – ახალ სიცოცხლეს. ჩემი აზრით, ამ ძლიერ ფილმს კარგი ფინალი, თუმცა სუსტი საფინალო კადრი აქვს. როდესაც კადრი შეშდება, მაყურებელს შთაბეჭდილება ექმნება, რომ ფირის წუნია. არადა ჯობდა ტიტრები შავი ფონის ნაცვლად პირდაპირ კადრებზე გადასულიყო.

ნიშანდობლივია, რომ ამ ფილმის პრემიერაზე დასწრება მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ჩემი ნათესავისა და მეგობრის ცხოვრებაში. საქმე ისაა, რომ ეტლით მოსარგებლე გოგონა წლების განმავლობაში არ იყო კინოთეატრში ნამყოფი. კინოთეატრ „რუსთაველის“ სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ არ აქვს ადაპტირებული გარემო და უარით გამოგვისტუმრეს. დარბაზები მეორე-მესამე სართულებზეა განთავსებული, სადაც მხოლოდ კიბის საშუალებით თუ მოხვდები. არანაკლებ აღშფოთებული ვარ კინოთეატრ „ამირანზე“, სადაც ბილეთების რამდენიმე დღით ადრე შეძენისას დაგვამშვიდეს, რომ ეტლით მოსარგებლე უპრობლემოდ დაესწრებოდა სეანსს. ჩვენც ვენდეთ, რადგან დარბაზი პირველვე სართულზე მდებარეობდა. ჩვენებაზე მისულები კი ფაქტის წინაშე აღმოვჩნდით: დარბაზში შესასვლელად კიბის ორი საფეხურის ჩავლაა საჭირო და არც სკამებზე მოსათავსებლადაა რამენაირი ხელშეწყობა – იქაც გვერდებზე კიბე გხვდება. ეტლით მოსარგებლე დამოუკიდებლად ვერ მოხვდება დარბაზში, მეტიც, ზედა რიგებში დასაჯდომად ის აუცილებლად ხელში უნდა აიყვანო. რაც შეეხება პანდუსს, ის ჩემდა გასაოცრად ფოიედან გარდერობისკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა, ხოლო გარდერობი არ მუშაობდა. როგორც ჩანს, მოლარემ იგულისხმა მეორე დარბაზი, სადაც სკამების რიგებს კიბის ნაცვლად დაქანება მიუყვება, ბილეთი კი სულ სხვა, ეტლისათვის ყოვლად შეუსაბამო დარბაზისა მოგვყიდა.

პრობლემებს, რომელზეც ქართული მხატვრული ფილმების ყურებისას ცრემლს ვღვრით, რეალურად ვაწყდებით ყველგან, მათ შორის დედაქალაქის ცენტრში მდებარე პრესტიჟული კინოთეატრების შენობებშიც. შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს ადაპტირება ხომ მხოლოდ ერთი ტუალეტი და პატარა პანდუსი არაა?!. კარგი იქნება, თუ პერსონალიც სათანადოდ გადამზადდება.

ვითამაშოთ…  

0

-კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, დიდი მადლობა, რომ ჩამოსვლა  არ გადაიფიქრეთ.

ასე, ათათურქის აეროპორტში პასპორტის კონტროლის ოფიცრები თითოეულ მგზავრს ესალმებიან. ხომ კარგად ვიცი,  პიარის ნაწილია, მაგრამ მაინც კეთილად მოქმედებს.

ეს ახლა ხდება… ერთი დღით ადრე კი, ამ დროს, სამზადისში ვარ. სადმე წასასვლელად მომზადება ბავშვობიდან მიყვარს, იმაზე ღელვაც, რამე არ დამრჩეს. ვალაგებ, თან ტელევიზორში ახალ ამბებს შევცქერი და ვხედავ, რომ იქ სადაც მივფრინავ, მორიგი აფეთქება მომხდარა. კადრში არეულობაა, აღელვებული სახეები, ვინ საით გარბის თვითონაც არ იცის, ამდენი გარდაცვლილია, იმდენი დაჭრილია…

ჰმ… და ამაღამ იქ მივფრინავ?…

თუმცა, მაშინვე არაკი მახსენდება, ვაჭარზე და სიკვდილზე. სიკვდილმა ვაჭარს შეუთვალა, ხვალ შინ დამხვდი, შენთან მოვდივარ და ვითამაშოთო. ვაჭარს სიკვდილთან თამაში არ უნდოდა, იფიქრა, ამას როგორ ვერ უნდა ვაჯობოო, ადგა და ბადახშანში (დღევანდელი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი და ტაჯიკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი)  გაემგზავრა. იქ, სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, სახლი არ ჰქონდა და იფიქრა სიკვდილი „შინ“ ვეღარ მომაკითხავსო. საღამოს სასტუმროში გულის არეში ტკივილი იგრძნო, დამძიმდა და სუნთქვა გაუჭირდა. გაიხედა და საწოლთან სიკვდილი არ ზის? ხომ შეგპირდი,  „შინ“ მოგაკითხავო, ჰოდა, ეს სასტუმრო ამ წუთას შენთვის „შინ“ არისო, მეც აქ ვარო. არაკი იმის თქმას ცდილობს, რომ რაც გიწერია, ის ყველგან მოგეწევა, თბილისშიც, სტამბულშიც და ბადახშანშიც.

ჰოდა, წყნარად გავაგრძელე ჩემოდნის ჩალაგება.

ახლა კი აქ ვარ და ჩემოდანს უკვე აეროპორტის გასასვლელისკენ მივაგორებ.

ქალაქში ისეთი სიმშვიდეა, თითქოს გუშინ არაფერიც არ მომხდარა. თვალში რაც მოგხვდება, ქუჩები  ხალხით არის სავსე და ყველა სამსახურისკენ გარბის. პოლიციელების რაოდენობაც გაზრდილია და მეტროს სადგურებშიც გჩხრეკენ, მაგრამ ამას ისე დელიკატურად აკეთებენ, მგონი კმაყოფილიც კი რჩები, რომ გაგჩხრიკეს და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ. ყოველ შემთხვევაში, ცდილობენ, რომ იზრუნონ.

სასტუმროში ოდნავ ვისვენებ და სასეირნოდ გავდივარ. ფაქტიურად სასეირნოდ მგზავრობის დღეები მაქვს, დანარჩენი დრო უნივერსიტეტში უნდა ვიყო.

ამინდში არ მიმართლებს. წვიმა დამალობანას მეთამაშება. წამოიწყებს, გაჩერდება.. ისევ და ისევ… დაიწყებს თუ არა, სადმე ჩაიხანაში ვაფარებ თავს, გადაიღებს, გარეთ გავდივარ. ვთამაშობთ მე და წვიმა.

ჩაიხანაში ჩაი მოაქვთ, დროულია, ცივა ცოტა. ვსვამ და თან ინტერიერს ვათვალიერებ. უცებ ვგრძნობ, რომ გვერდით ვიღაც მიჯდება. ვიხედები და ვეფხვივით შეფერილი კატა მრჩება ხელში. გრძელი თეთრი წარბები და ულვაშები აქვს, ჭროღა თვალებით დაკვირვებით მიმზერს და კატური ენით მესაუბრება. მიმტანმა მაშინვე დამამშვიდა, ნუ გეშინიათ, ჩვენი კატაა და „ბუქალემუნი“ ქვიაო.

-„ბუქალემუნი“? ეს ხომ ქამელეონს ნიშნავს,-მიკვირს…

-ჰო,   თვალების ფერს იცვლის ხოლმე,-იცინის მიმტანი.

-„ბუქალემუნ“, მოდი ვითამაშოთ, ამასაც თითქოს ქართული ესმისო, თათს მიღერებს, რომ ხელი თათზე მივარტყათ.

წვიმამ გადაიღო, ქამელეონთან თამაში კარგია, მაგრამ, სანამ არ წვიმს, ისევ გარეთ უნდა გავიდე. ჩაიხანადან ოდნავ ქვემოთ დავეშვები, იქ გულჰანეს (ვარდების) ბაღი მეგულება, სწორედ კარგი სასეირნოა. ეს ბაღი ზუსტად თოპ ქაფის სასახლის ქვემოთაა, ადრე აქ სულთნის ცოლები სეირნობდნენ (ალბათ ზედამხედველების თანდასწრებით). ახლა კი, მხოლოდ პოლიციაა და კატები. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, კატები ყველგან არიან და რა პატივში არიან, ნეტა იცოდეთ. კიდევ მეც ვარ, მათ გარდა სხვა ვინმემაც ხომ უნდა ისეირნოს?

გულჰანეს ბაღში ისლამური მეცნიერების ისტორიის მუზეუმია, თან ღიაა, როგორ შეიძლება, აქ ვიყო და არ შევიდე? დამთვალიერებელი მხოლოდ მე ვარ, დანარჩენები სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, რომლებიც მეცნიერების ისტორიის მიმართულებით სწავლობენ და ლექციების ნაწილი სწორედ მუზეუმში უტარდებათ.

ყურადღებას შესასვლელშივე იპყრობს პტოლემეუსის მიერ შედგენილი რუკების მიხედვით შექმნილი  გლობუსი. გლობუსი სამნაირია, ერთი -ხმელეთის და ზღვების, მეორე -ვარსკვლავების, მესამე  ფაქტიურად იგივეს იმეორებს, ოღონდ რომელიღაც სულთნის მიერ შექმნილი დიზაინით არის გაფორმებული. ესენი ასლებია, ორიგინალები სადღაც სხვაგან ინახება.

ბაღის ნაწილი სამკურნალო მცენარეებს აქვს დათმობილი. აქ ყველა ის მცენარეა, რომელიც იბნ სინას, იგივე ავიცენას თავის წიგნში „Canon of Medicine“ აქვს აღწერილი. მეთორმეტე საუკუნეში ეს წიგნი ლათინურად ითარგმნა და მაშინდელი ევროპული მედიცინის ფუნდამენტად იქცა.

ალქიმიკოსები მხოლოდ ალქიმიით არ იყვნენ დაკავებული. მათი ნაწილი ალქიმიკოს-ექიმი იყო, მეორე ნაწილი კი ალქიმიკოს-მინეროლოგი. ყველანი ელექსირს, ანუ ფილოსოფიურ ქვას ეძებდნენ, მაგრამ აქ მთავარი მიზანი იყო. ანუ, რა მიზნისთვის ეძებდნენ? ერთნი ფიქრობდნენ, რომ ელექსირით ოქროს ტრანსმუტაციას შეძლებდნენ, სხვებს  კი მისი გამოყენება მედიცინისთვის სურდათ. იბნ სინაც სწორედ მედიცინას ემსახურებოდა და შესაძლებელია სამედიცინო მიზნებისთვის მცენარეებს იყენებდა. მის წიგნში საკმაოდ ვრცლად არის აღწერილი მცენარე Nigella sativa L. რომლის თოთხმეტი ქვესახეობა არსებობს.

ქართულად სოინჯი ქვია. გურიაში შავკაკალას ეძახიან, აჭარაში ფიქრობენ, რომ სისამი, იგივე ცისამია;  სამეგრელოში-უჩა კაკალი; სულხან-საბა ორბელიანი და დავით ჩუბინაშვილი-იკვლივს უწოდებდნენ; რაფიელ ერისთავი-სურიჯას; ივანე ჯავახიშვილი კი -ჩიტისთვალას, სონიჯს ან სოლინჯს.

ფარულთესლოვნების კლასს, ორლებნიანებს  და ბაიასებრთა ოჯახს ეკუთვნის. ჩვენთან ისეთ მცენარეებს ენათესავება, როგორიცაა ფრინტა, კატაბარდა, ცხვირსატეხელა.

აქ  ეს მცენარე უფრო ფიტოქიმიური კუთხით გვაინტერესებს. გულჰანეს 2016 წლის კვლევებში მასზე საკმაოდ საინტერესო ჩანაწერებია. მცენარის თესლის ქიმიური იდენტიფიკაცია  ბოლომდე არც არის გამოკვლეული. თუმცა, თანამედროვე კვლევებში შემდეგი იკითხება: ეთერზეთები (0.5-1.6%), ცხიმი (35,6-41, 6%), ცილები (22.7%) და ამინო მჟავები, მათ შორის შეუცვლელიც. აქვეა  უხეში ბოჭკოები, რკინა, ნატრიუმი, სპილენძი, თუთია, კალიუმი, კალციუმი, ვიტამინები. შეიცავს პროვიტამინ კაროტინსაც, რომელიც ორგანიზმში A ვიტამინად უპრობლემოდ გარდაიქმნება, რადგან თესლი საკმარისი რაოდენობის ცხიმსაც შეიცავს.  მათ შორის, ისეთ უჯერ ცხიმოვან მჟავებს, როგორიცაა ლინოლენის და ოლეინის მჟავები.

ავიცენა ამ მცენარისგან ზეთს ხდიდა, რომლის მთავარი მოქმედი ინგრედიენტი თიმოქინონი (TQ), დითიმოქინონი (DTQ), თიმოჰიდროქინონი (THQ) და თიმოლი (THY) იყო. ექსტრაქტი ცივი გამოწურვის წესით უნდა დამზადებულიყო და იყენებდნენ, როგორც ჩვეულებრივ ზეთს სალათებისთვის, ან წყალთან და თაფლთან ერთად მიირთმევდნენ.

ასეთი მდიდარი ქიმიური შემადგენლობით Nigella sativa L. რას აღარ განკურნავს?! მაგალითად, ანტი-ალერგიული ეფექტი აქვს და იმუნოპროტექტორია. ძალიან ეფექტური ყოფილა ბრონქიალური ასთმის პრევენციისთვის. მისგან გამოხდილი ზეთისთვის  ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო ეფექტიც შეუმჩნევიათ. ავიცენა Nigella sativa L.-ს სპირტხსნარს ფსორიაზის სამკურნალოდაც იყენებდა. თუმცა, ძალიან შორს წასული პროცესი არ უნდა ყოფილიყო. წარმოიდგინეთ და სილამაზისთვის (ანუ, კოსმეტიკისთვის) განკუთვნილ ნელსაცხებლებსაც უმატებდა, რადგან მისი აზრით, კანი სუფთავდებოდა და ახალგაზრდობას ინარჩუნებდა.

Nigella sativa L.-ს თესლის ექსტრაქტს სისხლში შაქრის დოზის შემცირებაც შეუძლია, რაც ნიშნავს, რომ დიაბეტის საწინააღმდეგოდაც გამოიყენება.

თირკმელებში კენჭების ჩამოყალიბება ახლაც აქტუალურია და მაშინაც ასე ყოფილა.  კენჭოვანი წარმონაქმნის 80%  კალციუმის ოქსალატი და ფოსფატი გახლავთ. Nigella sativa L.-ის ექსტრაქტის სპირტხსნარი კალციუმის ოქსალატის ნაშთებს ამცირებს.

ეს და სხვა მრავალი ინფორმაცია კვლევის შედეგადაა მიღებული და ამაზე სამეცნიერო სტატიების ის  რაოდენობა მოწმობს, რაც  Nigella sativa L.-ის თვისებების კვლევის შედეგებზეა გამოქვეყნებული.

თავად ავიცენა კი წიგნში აღნიშნავდა, რომ ეს მცენარე შესაძლებელია განხილული ყოფილიყო, როგორც ერთ-ერთი ელექსირთაგანი, რადგან ფილოსოფიური ქვის დანიშნულება, მისი აზრით, იყო-ჯანმრთელი ადამიანი.

მუზეუმიდან გამოსულს მხარზე წვიმა მიკაკუნებს…ვითამაშოთ… წვიმასთან თამაში არ მინდა, არ მიყვარს. წვიმას ძალიან ვუყვარვარ, ყველგან ცდილობს წამომეწიოს და ჩემთან ითამაშოს. თამაშის წესები ასეთია, მე გავრბივარ, წვიმა  დასასველებლად მომდევს. ახლაც გავიქეცი და რომელიღაც საოჯახო კაფეში შევასწარი. რაღაცნაირი ძველებური ხალხური დიზაინით მოეწყოთ, გვერდზე კუთხეში  თეთრებში გამოწყობილი ქალები დიდ მრგვალ ფიცრებზე ცომს ძალიან თხლად აბრტყელებდნენ. სანამ მათ ვუყურებდი, მიმტანი შემეგება, აქეთ მობრძანდითო, ნამდვილი ქაიზერული მანტის სახლში ხართ, ძალიან გაგიმართლათო.

მანტი ჩვენებური ხინკლის მსგავსია, ოღონდ ძალიან პატარებად არის მოხვეული და  თეფშზე ბევრი ეტევა, ზემოდან არაჟნის მსგავს მასას ასხამენ და ათასნაირ სუნელს აყრიან. მიმტანი მიწვევს, აქეთ შეგიძლიათ „ოტომანურ“ სტილში ფეხმორთხული დაჯდეთ და ისე მიირთვათო.

რატომაც არა, დავჯდები ფეხმორთხმით, მანტისაც შევექცევი და სტატიაში რა თემაზე დავწერო, გულჰანეს წლევანდელი კვლევების კრებულის წიგნიდან ავარჩევ.

აჰა, მშვენიერია…დეტლევ ქუინტერნი, დემეტ თაპშინარი, „Nigella sativa L.-ის იბნ-სინასეული ისტორიული მიმოხილვა და მასზე დაფუძნებული სამედიცინო ცოდნა…

პრაქტიკული ცოდნის დემონსტრირება

0

შესაძლოა, სწავლის მეტ-ნაკლებად ბუნებრივი მეთოდი მიბაძვაა, ბავშვებიც ხომ სწორედ ასე სწავლობენ მშობლიურ ენაზე ლაპარაკს და ეს მეთოდი 100%-ით ამართლებს! როგორ შეუძლია მასწავლებელს ამ მეთოდის გამოყენება სამუშაო პროცესში?

თუ ჩვენ შევთანხმდებით, რომ დემონსტრირება არის – „ვაჩვენოთ როგორ?“, მაშინ გასაგები ხდება, როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს მეთოდი ნებისმიერი საგნის მასწავლებლის სამუშაო პროცესში. დემონსტრირების გამოყენება შესაძლებელია პრაქტიკული (ფსიქო-მოტორული) უნარების სწავლებისას, მაგალითად, როგორ გამოვიყენოთ პითაგორას თეორემა; როგორ გავაანალიზოთ ლექსი, ან როგორ მოვახდინოთ სოციოლოგიური თეორიის კრიტიკული ანალიზი. დემონსტრირებათა უმრავლესობას უნდა მოჰყვეს სადემონსტრაციო საკითხის პრაქტიკაში დამოუკიდებლად განხორციელება.

დემონსტრირების მეთოდის გამოყენება არ უყვართ დამწყებ მასწავლებლებს. მათ ახსენდებათ საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები, რომელთა დემონსტრირების მეთოდი არ ამართლებდა, ამიტომ თავადაც უფრთხიან მსგავს ჩავარდნებს. მაგრამ საშიში არაფერია, თუ ყველაფერს წინასწარ დაამუშავებთ.

უმრავლეს შემთხვევაში დემონსტრირების მიზანია, აჩვენოს მოსწავლეებს „კარგი პრაქტიკის“ მაგალითი, რომელიც შეიძლება გადავიღოთ ან ადაპტირება მოვახდინოთ. დემონსტრაცია აჩვენებს, როგორ შეიძლება ამოცანათა გადაჭრა და რა მიიღწევა ამით, რა ხარისხით უნდა შესრულდეს სამუშაო, როგორია ხარისხიანად შესრულებული სამუშაოს მაჩვენებლები და ა. შ.

სამუშაოს  ტექნოლოგიის უზრუნველყოფა შესაძლოა ნიმუშის მეშვეობითაც (ანუ კარგად შესრულებული სამუშაოს მაგალითზე). მაგალითად, ტექსტების რედაქტორის საქმიანობის სწავლებისას პედაგოგს შეუძლია, წარმოადგინოს კარგად გაფორმებული ცხრილები; მაგიდის გაწყობის სწავლებისას – აჩვენოს იდეალურად გაწყობილი მაგიდა. სასარგებლო იქნება უარყოფითი მაგალითების დემონსტრირებაც, მაგალითად: „აი, ორი საქმიანი წერილის მაგალითი, ყოველ მათგანში ოთხი უზუსტობაა, შესძლებთ მათ აღმოჩენას?“.

საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგები ხშირად ახდენენ განსხვავებული ფენომენის დემონსტრირებას ექსპერიმენტების დემონსტრაციის გზით. ამასთან მნიშვნელოვანია, არ ვუბიძგოთ მოსწავლეებს მასწავლებლის ქმედების გამეორებისკენ, რადგან ეს სახიფათოა.

მომზადება

 

დასაწყისისთვის დარწმუნდით, რომ მოსწავლეები მზად არიან, სრულად გაეცნონ საწყის ინფორმაციას და რომ მათ იციან, რა მიზნით ტარდება დემონსტრირება. თუ ეს პროცესი დიდ დროს მოითხოვს, შესაძლებელია მისი ცალკეულ ნაწილებად დაყოფა და ისე წარმოდგენა.

დემონსტრირებისას მოსწავლეებს უწევთ გადაჯდომა და მოძრაობა. ასეთ შემთხვევაშიც კი შესაძლოა დემონსტრაცია ყველამ კარგად ვერ დაინახოს. ამიტომ უკეთესია ის პატარა ჯგუფებში ჩავატაროთ. შესძლებენ თუ არა მოსწავლეები დამოუკიდებლად განთავსებას, თუ თქვენ უნდა მიუთითოთ? ყველა შემთხვევაში, მიეცით მათ საშუალება, შეძლებისდაგვარად ახლოს მოიწიონ. ზოგი პედაგოგი წინასწარ ანაწილებს ადგილებს – მაგალითად, ყველა წინა მერხზე მსხდომი მოსწავლე მასწავლებლისგან ხელმარჯვნივ ჯდება; მეორე რიგი – ხელმარცხნივ და ა.შ. ამით თავიდან ვიცილებთ „ადგილებისთვის ბრძოლას“. თუ ლაბორატორიაში ხართ, წინასწარ განსაზღვრეთ, დასვამთ თუ არა მოსწავლეებს წინა მერხებზე.

მუშაობისას ხელს შეგიშლით თუ არა „სარკისებური გამოსახულების“ პრობლემა? ჩვეულებრივ, ეს არაა ხელისშემშლელი ფაქტორი, თუ პროცესი არ მოითხოვს, რომ მოსწავლეებმა დემონსტრირებისას თქვენი ქმედებები გაიმეორონ, მაგალითად, როგორც ეს ცეკვის სწავლებისას ან ფიტნესვარჯიშებზე ხდება.

როგორ შესძლებთ მოსწავლეთა აქტივობის ამაღლებას დემონსტრირების პროცესში? ამის მიღწევა კითხვების მეშვეობითაა შესაძლებელი. ასევე შეგიძლიათ რომელიმე მოსწავლეს შესთავაზოთ, კლასის წინაშე მოახდინოს თქვენი დემონსტრაციის წარმოდგენა ან ადაპტირება მოსწავლეთა ერთობლივი ნამუშევრის  მეშვეობით. სამეცნიერო ექსპერიმენტებისას, მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაიწერონ შედეგები.

დემონსტრირებამდე წინასწარ მოახდინეთ მისი აპრობირება, შეამოწმეთ ყველა საჭირო ატრიბუტი. ყოველი შემთხვევისთვის გაითვალისწინეთ ყველა დამატებითი საშუალებები, რაც შესაძლოა დაგჭირდეთ. შეგიძლიათ ერთდროულად იმუშაოთ და კომენტარებიც გააკეთოთ? შესაძლოა  დემონსტრირებამ იმაზე მეტი დრო წაიღოს, ვიდრე ეს განსაზღვრული გქონდათ?

ძალიან მნიშვნელოვანია, წინასწარ განვსაზღვროთ მისი საკვანძო საკითხები, რადგან ზოგჯერ შეიძლება ისინი მრავალფეროვან წვრილმანებში გაგვებნეს ან გაგვეპაროს. ასევე წინასწარ, დაფაზე ან პროექტორზე უნდა მოვამზადოთ მისი რეზიუმე. დაბოლოს, გაითვალისწინეთ თუ არა უსაფრთხოების ტექნიკის ყველა პირობა?

დემონსტრირება

 

წინასწარ მოამზადეთ და გამართეთ საჭირო დანადგარები, შესაძლო ხარვეზების ასაცილებლად, თან ისე, რომ ყველა მოსწავლეს შეეძლოს მისი კარგად დანახვა. მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ მოსწავლეებისთვის  გასაგებია, რის დემონსტრირებას აპირებთ და რატომ,  სთხოვეთ მათ თქვენთან ახლოს გადმოჯდომა. ნუ დაიწყებთ, სანამ ყველა არ დაჯდება.

დემონსტრაციის მსვლელობისას გააკეთეთ განმარტებები, სასურველია გამოიყენოთ კითხვები: „შემდეგ რა უნდა გავაკეთო?“, „რატომ ვაკეთებ ამას ასე?“, „ რას უნდა ვერიდო ამ შემთხვევაში?“, „და რა მოხდება თუ…?“. მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ ყოველი ქმედების მიზანი, ყველა „რატომ“ და  „რა“. მუდმივად მოახდინეთ საკვანძო საკითხებზე ხაზგასმა.

დემონსტრირებისას არ იჩქაროთ, საჭიროების შემთხვევაში მოგვიანებით უფრო ადეკვატურ ტემპში გაიმეორეთ. თუ სამუშაოს შესრულების რამდენიმე მეთოდი არსებობს და გინდათ ყველა მათგანი აჩვენოთ, მაშინ მიმდევრობით გააკეთეთ ეს. ძალიან ძნელია პარალელურ რეჟიმში შევასრულოთ დემონსტრაცია, ვისაუბროთ, დავსვათ შეკითხვები და ვუყუროთ აუდიტორიას, მაგრამ უნდა ვეცადოთ ამის გაკეთება. ეს მნიშვნელოვნად გააძლიერებს თქვენი დემონსტრაციის ეფექტს.

თქვენ დაგჭირდებათ უკუკავშირი – ისწავლეს კი მოსწავლეებმა, რაც თქვენ გადაეცით? გასაგებია მათთვის ამ მეთოდის ყველა „რა“ და „რატომ“? ამის გასარკვევად კიდევ გაიმეორეთ თქვენი დემონსტრაცია ისე, რომ უკვე თავად ბავშვები ხელმძღვანელობდნენ თქვენს ქმედებებს. მუშაობის მსვლელობისას დასვით კითხვები: „რატომ უნდა გავაკეთოთ ეს?“,  „და რატომაა საჭირო თავიდან ამის გაკეთება?“ და ა. შ.

უკუკავშირის ეტაპის გარეშე არსებობს საფრთხე, რომ მოსწავლეთა ნებისმიერი დამოუკიდებელი სამუშაო, რომელიც დემონსტრაციას მოჰყვება, შეიძლება სათანადო გააზრების გარეშე და ცუდად  იქნას შესრულებული.

საჭიროების შემთხვევაში, რამდენჯერმე გაიმეორეთ დემონსტრაცია, სანამ არ დარწმუნდებით, რომ ის კარგად გაიგეს. სანამ მოსწავლეები შეუდგებიან სამუშაოს დამოუკიდებლად შესრულებას, მიაწოდეთ მათ ისეთი დეტალები, რაც საშუალებას მისცემს მათ, დაინახონ სამუშაოს შესრულების სისწორე.  ეს „ხარისხის ინდიკატორები“, მუშაობისას ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან მოსწავლეებს თვითშემოწმებისა და კორექტირების საშუალებას აძლევს.

შეცდომის დაშვების შემთხვევაში, გაიცინეთ  და შეძლებისდაგვარად აქციეთ ეს „აღმზრდელობით მომენტად“ : „აი, ხედავთ, რატომაა საჭირო ამის აუჩქარებლად გაკეთება! თქვენ მეტი დრო გექნებათ, ასე რომ, მეც უკეთეს შედეგებს მოველი თქვენგან!“.

უფრო ხანგრძლივი და რთული დემონსტრაციებისას, შეეცადეთ ჩამოარიგეთ ფურცლები, სადაც მოსწავლეები ჩაინიშნავენ მნიშვნელოვან დეტალებს და ჩაიწერენ სამუშაოს შესრულების ტექნოლოგიას.

მიბაძვის, ანუ „მოდელირების“ მეთოდით სწავლება, მაშინაც კი მიმდინარეობს, როცა ამას საერთოდ არ გეგმავდით. ცნობილია, რომ მოსწავლეები მეტ ყურადღებას მასწავლებლის ქმედებას აქცევენ და არა ლაპარაკს. თუ სთხოვთ მოსწავლეს, რომ მან გამორთოს დენის წყარო ელექტროწრედში ცვლილებების შეტანამდე, ან დაიბანოს ხელი სამუშაოს დასრულებისას, ან თავაზიანად მოეპყროს პაციენტებს – ჯერ თავად გააკეთეთ ეს. თუ მოითხოვთ, რომ მოსწავლეებმა დაიცვან უსაფრთხოების ტექნიკის წესები, ან წესრიგში იქონიონ სამუშაო სივრცე, ანაც ენთუზიაზმით მოეკიდონ საქმეს, მაშინ თქვენ თავად უნდა მისცეთ ამის მაგალითი!

გაიაზრეთ, რის დემონსტრირება უნდა მოახდინოს საკუთარ მაგალითზე, თქვენი საგნის პედაგოგმა და ასეც მოიქეცით.

ზოგიერთი ხერხი, რომელიც შეიძლება გამოგადგეთ

 

მინჯი დემონსტრაცია. მასწავლებელი ამბობს, რომ დემონსტრაცია ჩაივლის განმარტებების გარეშე, და სთხოვს აუდიტორიას, ყურადღებით ადევნონ თვალი მის ქმედებებს, რადგან ბოლოს მათ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. ხშირ შემთხვევაში ეს  მოსწავლეებს  ყურადღების  კონცენტრირებაში ეხმარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ დემონსტრაციაში მოულოდნელი ან გაუგებარი ასპექტია.

დემონსტრაცია „მავნე რჩევების“  სტილში. ჩვენ შეგვიძლია კარგად ვისწავლოთ სხვის მიერ განზრახ დაშვებულ შეცდომებზე. შეეცადეთ ამ დროს არ დააბნიოთ მოსწავლეები და არ „დაეხმაროთ“ მათ, ისწავლონ სამუშაოს არასწორი მსვლელობა. მოსწავლეებს, რა თქმა უნდა, წინასწარ სთხოვენ დემონსტრაციაში შეცდომების პოვნას. თუ სამუშაოს არასწორი მსვლელობა დაარღვევს უსაფრთხოების ტექნიკის ნორმებს, მაშინ სჯობს, ვერიდოთ ამ ხერხის გამოყენებას. ეს გზა იუმორის თანხლებითაა ეფექტური.

სოკრატესეული დემონსტრაცია. დასაწყისშივე, პედაგოგი კლასს სთხოვს, მისცეს მას სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ინსტრუქციები. მიჰყევით მათ დირექტივებს და თან მეტი სიცხადისათვის დასვით შეკითხვები. ეს მეთოდი შეიძლება ძალიან სახალისო აღმოჩნდეს, თუ ბავშვების მოწოდებული ინსტრუქციები გაუაზრებელი იქნება. ასეთ შემთხვევაში თქვენ შეიძლება აწუწუნდეთ და დაიჩივლოთ, რომ სამუშაო არ გამოდის!

მოსწავლეთა მიერ ჩატარებული დემონსტრაციები. მოსწავლეებსაც შეუძლიათ ამ სამუშაოს შესრულება, და არა მხოლოდ თქვენ შემდეგ.

 

თვითშემოწმება: პრაქტიკული უნარების დემოსტრაცია

 

  • არის თუ არა თქვენი დემონსტრაცია ყველა მოსწავლისათვის თვალსაჩინო?
  • გააზრებული აქვთ თუ არა მოსწავლეებს, რისი დემონსტრაცია წარუდგინეთ და რა იყო ამის მიზანი?
  • დემონსტრაციის მსვლელობისას ცდილობთ თუ არა მოსწავლეთა გააქტიურებას შეკითხვების მეშვეობით?
  • ჩაატარეთ თუ არა დემონსტრაცია სათანადო ტემპში და მოახდინეთ თუ არა მისი განმეორებები საჭიროების მიხედვით?
  • მიიღეთ თუ არა უკუკავშირი მოსწავლეთა მიერ პროცესის გაგებასთან დაკავშირებით?
  • ითვალისწინებთ თუ არა უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნებს?
  • მიაწოდეთ თუ არა „ხარისხის ინდიკატორები“, რათა მოსწავლეებმა შესძლონ საკუთარი დამოუკიდებელი სამუშაოს შემოწმება?

წყარო:

1.Geoff Petty.Teaching Today a Practical Guide. 4-th Edition Publisher: Oxford University Press. 2009, p. 210-215.

პოეტის საქმე

0

ხოლო მე სკამზე ვიდექი და ხმა მიკანკალებდა. მერე დავმშვიდდი და რიხი შემემატა. ბოლოს სულაც ყვირილზე გადავედი. საყელო გამიოფლიანდა, თვალები დამებინდა და ჩამოვვარდი. ტკივილმა არა, ტაშის ხმამ დამაფრთხო და გამომაღვიძა. საშინელი სიზმარი დამჩემდა – ვითომ სუფრაზე მოვხვდი და ლექსის წაკითხვა მთხოვეს. ზრდილობიანი კაცი ვარ, ძველი ხერხის – აბა მესხი რომ მოვიდეს, ფეხბურთის თამაშს ხომ დააძალებთ და ა.შ. გამოყენება უცხო ხალხთან არ შემიძლია. ისევ სკამზე ავდივარ. არადა აღარ მინდა. მომბეზრდა უკვე. ის ძველი სასკოლო საზეპირო რომ გადავაკეთოთ და ასე ვთქვათ: პოეტი ხარ და ხამს!:) არადა რამდენი ხამსაა, ზღვა ვერ დაიტევს. მაგალითად, ეს ხალხი (იხ. საზოგადოება) დაჟინებით ითხოვს: მოვალეობათა ნუსხაში ყველასგან წამებული ან ყველაფერზე მეამბოხე რაინდის, ქარიშხლიან დღეს გაცრეცილი შარვლით კუბოების დევნის, უკეთესი შემთხვევისას – ამბროზიის ნელსურნელებით ტკბობის, ედემის ვაშლების დაუღალავად კბეჩის, სადღეგრძელოების ხავილის და მჯიღის გულზე ბრახუნის მთავარ პუნქტებად შეტანას. პოეტისგან ითხოვს ანუ. არც უკანასკნელი უარობს ხოლმე, მით უფრო თუ ლექსებს ვერ წერს. დიახ, ეს ახლა ხდება. თქვენ თვალწინ. მიუხედავად ამ პროფესიის ხალხისადმი ერთი შეხედვით ინტერესის კლებისა. აბა – ის პოეტი რა პოეტია – და მოჰყვება ამას …….XIX საუკუნის II ნახევრის ქართულმა მწერლობამ პოეტის ცნების სამი ავტორისეული დეფინიცია შესთავაზა მკითხველს. სამივეში მისი როლი მიღმიერ სამყაროსა და წუთისოფელში ნაწილდება, იგია ერთგვარი მედიატორი ქვეყანასა და ზეციურ საუფლოს შორის: “მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა; ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა” (ილია ჭავჭავაძე), “შუაკაცი ვარ უბრალო, ხან მიწისა ვარ, ხან ცისა” (აკაკი წერეთელი), “ვამაყობ იმით, რომ მიწას მიწად და ცას ციურად მივეთავაზი” (ვაჟა-ფშაველა), ამას მოჰყვა მეოცეს სიმბოლისტური დასაწყისი „სამარცხვინოა პოეტისთვის სხვა კარიერა გარდა თვითმკვლელობის” (ვალერიან გაფრინდაშვილი), მერე იყო „პოეტი კლასის მომღერალი” (ირაკლი აბაშიძე) – სიმღერა სავარძელს და ბიჭვინთასაც გულისხმობდა, მერე „პოეტი უნდა ხალხში იყოს, სხვა საქმე არ ჰქონდეს” (მურმან ლებანიძე). ეს მარტო ფრაზებად კი არა, ინსტრუქციებად იქცა. „შემკვეთიც” და „შემსრულებელიც” ამას ითხოვდა და ირგებდა. არადა ხომ შეიძლება ამდენი კატეგორიული „უნდა” აღარ იყოს. და ითქვას ასეც: პოეტი ტიპური სოციალური ცხოველია, რომელსაც შეუძლია, გარდა თავისი ძირითადი მოწოდებისა, ჰქონდეს განსხვავებული პროფესიაც (იყოს თუნდაც მღებავი, მექანიკოსი, მიმტანი, კონფორმისტი, ნონკონფორმისტი, მსუქანი (ეს ერთ-ერთი ცნობილი ლექსის მიხედვით სირცხვილი იყო), მილიონერი, ჯიბეგახეული, ლოთი, ფხიზელი, გნებავთ პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მინისტრი (მეჭურჭლეთუხუცესი!) ან მოხდეს ისეც, თუკი იგი „ჰაერში დაფრინავს” (ფრთიანი ფრაზა), მხოლოდ ჩარტერული რეისით და ასე შემდეგ. მგოსანი კი მაინცდამაინც ღმერთთან (თუ უნდა, არავინ უშლის) კი არ ლაპარაკობდეს (სამფრთიანი ფრაზა), არამედ ვთქვათ, რომელიმე მოწყალე გამომცემელთან, ვისი მოტყუებაც (ანუ კრებულის დატყუება) არანაკლებ რთული საქმეა, ვიდრე მთელი ერის მაგივრად ცოდვების ვირტუალური მონანიება. ვაცალოთ პოეტს ადამიანად ყოფნა. ახალი ტიპის მითიც ავიშოროთ, რომლის მიხედვითაც, კაცი, რომელიც პარალელურ რეჟიმში ლექსებსაც წერს და ვთქვათ, კარტოფილსაც ხარშავს (ერთი ნელთბილი და უკვე კარგად მივიწყებული ავტორის არ იყოს), გმირია. იგი არაფრით განსხვავდება საბჭოური დითირამბებისგან (შესანიშნავი მევენახე, ამავდროულად ჰყავს მოხუცი, ბრმა დიდი ბაბუა და სოფლის საბჭოს კლუბის მუსიკალურ ანსამბლში გიტარაზე უკრავს). თქვენ კი ისევ დაჟინებით მოდიხართ და ლექსის წაკითხვას მთხოვთ. მართალია სიზმარში, მაგრამ მაინც მოდიხართ. რა ვქნა, ზრდილობიანი კაცი ვარ და უცხო ხალხი ხართ. ჯანდაბას, მომაწოდეთ სკამი, შემოვდგები. შემოვდგები და ვიტყვი:„ექსპრესის მოლოდინში ვოკზალის გადაღმა თქვენ ყველას ოყნა გჭირდებათ, თქვენი…”(ტიციან ტაბიძე).  თქვენი (მარად) გიორგი კეკელიძე.

კიდევ ერთხელ მშობელთა კრების შესახებ

0

კარგად მახსოვს, როგორ ვიტანჯებოდი მშობელთა კრებების დროს. კლასის დამრიგებლის მცდელობის მიუხედავად, ეს ძალიან მოსაწყენი პროცესი იყო. სულ მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ სხვადასხვა პოლუსებზე მყოფი მშობლები და მასწავლებლები კოლექტიურ სჯა-ბაასს. ამ დროს მეჩვენებოდა, რომ მათი აქტიურობის ფონზე უვარგისი დედა ვიყავი, რომელსაც სათქმელი არაფერი ჰქონდა.

მიუხედავად ყველაფრისა, მშობელთა კრებაზე არცერთხელ არ დამიგვიანია, არც დამიმთქნარებია. ექსკურსიების თანხასაც დროულად ვდებდი, ოღონდ ამ ექსკურსიაზე მხოლოდ ერთხელ ვიყავი. პრინციპში, ცუდი არ იყო – სამახსოვრო ფოტები გადავიღეთ.

როგორც წესი, მშობელთა კრებაზე მორჩილად ვჯდებოდი მერხთან და ტელეფონის ზარს ვთიშავდი, თითქოსდა სადღაც სპექტაკლზე ან ინტერვიუზე ვყოფილიყავი.

რადგან ჩემი ბავშვები კარგად სწავლობდნენ, საჯარო შენიშვნებს პრაქტიკულად არ ვიღებდი. მეტიც, ბევრი საქებარი სიტყვა მომისმენია, რის გამხელა ახლაც კი მეუხერხულება.

როგორც კი მასწავლებელი ჩემი რომელიმე შვილის ქებას დაიწყებდა, დისკომფორტს ვგრძნობდი. განსაკუთრებით იმ მშობლებთან მიმართებაში, ვისი შვილებიც არცთუ კარგად სწავლობდნენ. ეს მშობლები კეთილმოსურნედ, მაგრამ ოდნავ ალმაცერად გადმომხედავდნენ ხოლმე და  რომელიმე აუცილებლად იტყოდა: „თქვენ რა გენაღვლებათ. აი, ჩემი შვილი კი ისეთი ნიჭიერი და ზარმაცია…“ ამ დროს რა უნდა მექნა, არ ვიცოდი. რატომღაც ჩემი შვილის შრომისმოყვარეობის მერიდებოდა და ზოგადი ფრაზით: „ალბათ სხვა საქმეშია ძალიან ყოჩაღი “, ანდა თანაგრძნობის ღიმილით შემოვიფარგლებოდი.

მშობელთა კრება რომ დასრულდებოდა, ისეთი გახარებული გამოვდიოდი სკოლიდან, ლამის უმცროსკლასელივით ასკინკილა მერბინა. დარწმუნებული ვარ, კლასის დამრიგებლისთვისაც შვება იყო რამდემიმესაათიანი კრების დასასრული.

ყველა მშობელთა კრება ერთმანეთს ჰგავდა. იქ ძალიან ცოტას საუბრობდნენ ინდივიდუალურ მიდგომებზე, შემოქმედებითობაზე, აღზრდაზე; უფრო მეტს – ნიშნებზე, დისციპლინაზე, სიგარეტის მოწევაზე. მერე კლასში რიგრიგობით შემოდიოდა ხან ერთი საგნის მასწავლებელი, ხან – მეორე და საჯაროდ არჩევდა ბავშვების ნიშნებისა და ყოფაქცევის საკითხს. ასეთი მიდგომების მართებულობაში ყოველთვის მეპარებოდა ეჭვი და როდესაც ამის შესახებ ერთადერთხელ დავსვი შეკითხვა, კლასში ისეთი სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა, რომ უვარგისი დედობის კომპლექსი კიდევ უფრო გამიმყარდა…

მშობელთა კრებაზე სხვა საკითხებიც გარჩეულა, მართლაც რომ საჭიროებდა კოლექტიურ გადაწყვეტილებას. ეს იშვიათად ხდებოდა და ალბათ ამის მოგვარებაც მობილური ან ინტერნეტკავშირის დახმარებითაც შეიძლებოდა.

განათლების სფეროს სტატისტიკოსები მუდამ ითვლიან რაღაცას – რამდენ საათს მეცადინეობს ბავშვი სახლში, რამდენ კილოგრამიანია მისი სასკოლო ჩანთა, რამდენი კალორია უნდა მიიღოს მოსწავლემ სკოლის სასადილოში… მათ ისიც კი გამოთვალეს, რომ ათი-თერთმეტი წლის განმავლობაში მშობელი, სულ ცოტა, 50 მშობელთა კრებას ესწრება, სადაც, სულ ცოტა, თავისი ცხოვრების 100 საათს ატარებს. ბევრია ეს თუ არა, მთავარი როდია.

მშობელთა კრების პრობლემა არა დრო, არამედ ფსიქოლოგიური დისკომფორტია, თანაც, ორივე მხარისთვის. კრებაზე დასწრება სავალდებულო არ არის (მასწავლებლებიც კი სულ უფრო ხშირად ჩივიან, რომ მშობლები ნაკლებად ინტერესდებიან შვილების სასკოლო ცხოვრებით), მაგრამ ფაქტია, რომ მშობლები მაინც ესწრებიან.

საბოლოოდ კი კრება ყოველთვის ერთსა და იმავე სახეს იღებს – საშუალო სტატისტიკური მასწავლებლები ბავშვების დაბალ აკადემიურ მოსწრებაში მშობლებს ადანაშაულებს, მშობლები კი მასწავლებლისკენ იშვერენ ხელს. უმეტეს შემთხვევაში, მშობელთა კრება ისე მთავრდება, რომ არცერთ მხარეს არ აქვს კმაყოფილების განცდა.

მშობელთა კრების კიდევ ერთი მინუსი მამების პასიურობაა. ბავშვის მამა კრებაზე ათასში ერთხელ თუ მოვა. ისიც იმიტომ, რომ დედას რაღაც სერიოზული პრობლემა აქვს, კრებაზე დასწრება კი აუცილებელია. მასწავლებელს არ შეუძლია მამებს მშობელთა კრებაზე სიარული აიძულოს, მამებს კი ჰგონიათ, რომ კრება ქალის საქმეა.

დედას და ბებიას, რომელიც ქართულ ოჯახში შვილისა და შვილიშვილის მიმართ მამაზე გაცილებით ლმობიერია, სახლში „შელამაზებული“ ინფორმაცია მოაქვს. არადა, გარკვეულ ასაკში მამის როლი, მით უფრო ბიჭი მოზარდის აღზრდაში, ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, სკოლაში მეტ მასწავლებელ მამაკაცს რომ ემუშავა, მამებიც მეტ ინტერესს გამოიჩენდნენ შვილების სასკოლო ცხოვრების მიმართ.

დღეს მშობელთა კრებაზე მოსული მშობლებისა და მასწავლებლების ტიპურ სახეებს გამოვყოფთ:

მშობლები

„მატრაკვეცების“ ორი კატეგორია არსებობს. პირველი – მშობელთა კრებაზე ძვირფასი სამკაულებით მორთული მოდის, სკოლის მერხთან ფეხი ფეხზე გადადებული ჯდება და ზემოდან ცქერის პოზიციით უსმენს მასწავლებელს, რომლის საუბარი არ აინტერესებს, რადგან სხვა „ჰაერით სუნთქავს“, ვიდრე დაბალხელფასიანი მასწავლებელი.

„მატრაკვეცების“ მეორე კატეგორია ინტელექტუალურია და უყვარს მასწავლებლისთვის ჩამჭრელი შეკითხვების დასმა. ამ მშობლებს ყველაფერთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება აქვთ. ინტელექტუალები აქტიურად უყურებენ ტვ-ის, ზოგჯერ კონსულტაციებზეც დადიან სპეციალისტებთან და, რაც მთავარია, „ყველაზე კარგად“ იციან, ვინ რა დონის მასწავლებელია.

„მერაშუაშივარ“ მშობლები“ – მშობელთა ეს კატეგორია საერთოდ არ აფიშირებს თავის მოსაზრებებს, კრებაზე არც რაიმე სახის კომენტარს აკეთებს. მას არც თავისი შვილის ამბები აინტერესებს და არც სხვების. არც ის იცის, აქ რატომ მოვიდა. ასეთი შეიძლება იყოს მოსწავლის მამაც, რომელსაც ცოლის შეცვლა მოუწია. მას სახლამდე ზუსტი ინფორმაცია ვერ მიაქვს, რადგან ის რაღაც გაუგებრობაში მოხვდა და ვერ მოასწრო გარკვევა, „დემოკრატების“ მშობელთა კრებაზე რა თემებზე საუბრობდა მასწავლებელი.

„შემცვლელები“ – ისინი „მერაშუაშივარ“ მშობლებს“ ჰგვანან, მაგრამ მათგან განსხვავებით ზუსტად ამახსოვრდებათ, რა ეცვა მათემატიკის მასწავლებელს და როგორი მაკიაჟი ჰქონდა ინგლისური ენის მასწავლებელს. ამ კატეგორიაში შედიან მოსწავლეების უფროსი დები, დეიდები, ძიძები და ბებიები. ისინი ფურცელზეც კი ინიშნავენ მასწავლებლის გამონათქვამებს. თუმცა ეს სულ არ ნიშნავს იმას, რომ მშობლებამდე სათქმელი სწორად მიაქვთ.

„მშობლები“ – ეს ის კატეგორიაა, რომელიც სკოლაში სიმართლის დასადგენად მოდის, შესადარებლად – რას იტყვის მისი შვილი და როგორ შეაფასებს მას მასწავლებელი. „მშობლები“ ადეკვატურები არიან, არავის ადანაშაულებენ, მზად არიან თანამშრომლობისთვის, ილუზიების გარეშე აფასებენ განათლებისა და აღზრდის თემას, სკოლას, მასწავლებლის შრომას. მათ იციან, რა მიზანი და პასუხისმგებლობა აქვთ აღებული. ასეთი კატეგორია უმცირესობაშია.

„ფანტომები“ – სკოლის კრებაზე საერთოდ არ დადიან. კლასში ყოველთვის არსებობს ერთი მშობელი, რომელსაც მასწავლებელი ვერასოდეს ხვდება და ვერასოდეს ხედავს. ასეთი „ფანტომები“ მხოლოდ წლის შემაჯამებელ საზეიმო ღონისძიებებზე მატერიალიზდებიან.

მასწავლებლები

„განწყობის ადამიანი“ – მას შეუძლია ყველა დამსწრე გაანადგუროს, შეუძლია იყოს კეთილი, გამგები და მპატიებელი. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განწყობაზეა. ის პასუხს ვერ აგებს საკუთარ ემოციებზე ვერც ბავშვებთან და ვერც მათ მშობლებთან. ასეთ მასწავლებელთან შეხვედრას ყველა თავს არიდებს.

 „მშფოთვარე“ –  ის მამაკაცი დამრიგებელია, სულ მუდამ ატრიალებს ხელში ცხვირსახოცს ან „შპარგალკას“, რათა კრების დროს სათქმელი არ აერიოს. მას შუბლზე ოფლი ასხამს, სახე წითელი ლაქებით აქვს დაფარული. მშობლების ნებისმიერი შეკითხვა, რომელიც  ხანგრძლივ მონოლოგს აწყვეტინებს, დიდი ხნით აბნევს მას. ამიტომ უმჯობესია არც არაფერი ჰკითხოთ. „მშფოთვარე“ არსებითს არაფერს ამბობს. არ წყვეტს პრობლემებს. ის მალევე ამთავრებს მშობელთა კრებას.

„ავტორიტეტი“ – არასდროს იბნევა, მობილიზებულია, ხმამაღლა საუბრობს მბრძანებლური ტონით, აქვს მკაცრი გამოხედვა. მშობლებს, ისევე როგორც თავის სადამრიგებლოს მოსწავლეებს, მხოლოდ გვარებით მიმართავს და სრულ მორჩილებას მოითხოვს. მშობლებს ეშინიათ მასწავლებლის, რადგან, თუ ისე არ მოიქცევი, როგორც მათ სურთ, თავ-ბედს გაწყევლინებს. „ავტორიტეტი“ ბავშვების ინტერესებსაა ამოფარებული და საუკეთესოს მოითხოვს მათთვის – ახალ ფარდებს, ძვირადღირებულ ექსკურსიებს… ხშირად მშობელთა კრებას იმ მოსწავლეთა ჩამონათვალით იწყებს, ვინც ცუდად სწავლობს ან ვისაც დავალიანება აქვს.

„დემოკრატები“ – „ავტორიტეტებისგან“ განსხვავებით, ისინი იშვიათად უბრაზდებიან ვინმეს. მათი პრინციპი თავისუფლებაა და ეს პრინციპი ბავშვებზე, მშობლებსა და კოლეგებზე ვრცელდება. მშობელთა კრებისთვის „დემოკრატები“ არ ემზადებიან და არც ის იციან, რაზე უნდა ილაპარაკონ. ამიტომ ლაპარაკობენ ყველაფერსა და არაფერზე. განხილვის თემა შეიძლება გახდეს მათემატიკის ჩაშლილი გაკვეთილი და რომელიმე მოსწავლის ახალი ვარცხნილობა. „დემოკრატების“ მიერ ორგანიზებულ მშობელთა კრებაზე მშობლები უწესრიგოდ დადიან, ან მოდიან ისინი, ვისაც ლაპარაკი არ ეზარებათ. „დემოკრატი“ მასწავლებელი დარწმუნებულია, რომ მის კლასს პრობლემები არ აქვს, სინამდვილეში კი ერთ მშვენიერ დღეს ყველა პრობლემა ერთდროულად იჩენს თავს და ვიღაცის ან მშობლების გამოსასწორებელი ხდება.

„კლასის დამრიგებელი“ – მას მშობელთა კრება მშვიდად მიჰყავს. გეგმა წინასწარ აქვს შედგენილი. საუბრობს თავისუფლად. ის მუდამ საქმის კურსშია, როგორ  იქცევიან მოსწავლეები. სხვა მშობლების თანდასწრებით არ საუბრობს რომელიმე მოსწავლის ნიშნებსა და ქცევაზე. მშობელთა კრებაზე ის განიხილავს გლობალურ პრობლემებს და მშობელთა აზრის დაფიქსირების შემდეგ გამოსავალსაც სთავაზობს მათ. „კლასის დამრიგებელი“ ყოველთვის ეძებს კომპრომისს, რადგან ესმის, რომ მასწავლებლისთვის და მშობლისთვის ყველაზე მთავარი ბავშვის ინტერესია. მისთვის ყველა მოსწავლე თანაბრად ძვირფასია, ყოველ შემთხვევაში ამაში სურს დაარწმუნოს მშობლები. ის კეთილმოსურნე, პოზიტიური და სამართლიანი ადამიანია.

ავთო მასწავლებელი

0

ავთო უკვე 21 წელია სკოლაში სპორტს ასწავლის. ადრე მის საგანს ფიზიკური აღზრდის კულტურის სწავლება ერქვა, ახლა კი უბრალოდ სპორტი ჰქვია. სწავლების მეთოდიკაში ბევრი რამ მართლაც შეიცვალა. მაგრამ არ შეცვლილა ადამიანების დამოკიდებულება. მისი სკოლის მოსწავლეებსაც და განსაკუთრებით კი მათ მშობლებს სპორტისადმი უცნაური, ირონიული დამოკიდებულება აქვთ და ამ საგანს დიდად არ წყალობენ.

ავთო ძალიან ჯიუტი კაცია და არასოდეს ნებდება. წლების მანძილზე ასი წერილი მაინც მისწერა სხვადასხვა ორგანიზაციას, მაგრამ ვერა და ვერ ეღირსა ახალ სპორტულ ინვენტარს და მის ბავშვებს კვლავ ძველ ტაიჭზე და ორძელზე უწევთ ვარჯიში, თუკი ამას საერთოდ ვარჯიში შეიძლება დაერქვას, რადგან სპორტის გაკვეთილებს მოსწავლეების უმეტესობა ტრადიციულად აცდენს და ვინც არ აცდენს, მაინცდამაინც არც ისინი გამოირჩევიან დიდი ენთუზიაზმით.

ორი წლის წინ სკოლაში კაპიტალური რემონტი ჩატარდა და ავთოს ძველ და დაბზარულ სპორტდარბაზსაც დაადგა საშველი. გამოიცვალა საკალათბურთო ფარები, მაგრამ მხოლოდ გარემონტებული დარბაზი საკმარისი ნამდვილად არაა, როდესაც საგანს ამბიციური სახელი „სპორტი“ ჰქვია და ხშირად იმის პირობებიც კი არაა, რომ ბავშვებმა ნორმალური ბურთით ითამაშონ.

ავთო ერთ-ერთ პატარა ქალაქში სკოლის სპორტის მასწავლებელია და მან კარგად იცის, რომ მისი ქალაქის შემოგარენის სოფლის სკოლებში კიდევ უფრო მეტად რთულადაა სპორტის სწავლების საქმე.

„აი გუშინ ვიყავი აქვე ახლოს სოფელში და მათ მასწავლებელს იქით დავეხმარე. მე რომ სხვას დავეხმარები, ხომ ხვდებით, ისინი რა დღეშიც იქნებიან… ხელბურთის ბურთი ვაჩუქე, ძალიან კარგი გამოცემა მაქვს მსოფლიოს ჩემპიონატებზე – ისიც წავუღე. ასეთი წიგნებით სწავლება არ გვევალება, მაგრამ ბავშვებს ყველაზე მეტად სწორედ ეს აინტერესებთ და მე იმითაც კმაყოფილი ვიქნები, რომ ჩემმა მოსწავლეებმა (გოგო იქნება ეს თუ ბიჭი) გარინჩაც იცოდნენ, მიხეილ მესხიც და ეუსებიოც. მარტო სირბილითა და აზიდვებით ბავშვებს სპორტს ვერ შეაყვარებ“, – ამბობს ავთო მასწავლებელი და ტუჩმოტეხილი ჩაიდნიდან ჩაის ასხამს.

ავთო მასწავლებელი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის უგულვებელყოფაზეც წუხს და ამბობს, რომ სიგარეტის მწეველი ბავშვის დანახვაზე წლების სიცოცხლე აკლდება.

„რამდენჯერმე დავადექი ჩემს ბავშვებს, რომლებიც სიგარეტს ეწეოდნენ. ეს ჩემთვის ყველაზე რთულად გადასატანი ამბავი იყო. მშობლებიც დამიბარებია ამის გამო, ბავშვებთან სპეციალური გაკვეთილიც ჩამიტარებია, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდები, რომ ასეთი პრობლემები პირველ რიგში ოჯახში უნდა გადაიჭრას. თან, ვის რაში ადარდებს სპორტის ერთი მასწავლებლის სიტყვები, როდესაც ამ ქვეყანაში ყველას ჰგონია, რომ სხვაზე მეტი იცის და არაფერი ეშლება“.

როდესაც ავთო მასწავლებელს დავემშვიდობე, ჩამოსართმევად გაწვდილ ხელში უცნაური მედალი ჩამიდო. ახალგაზრდობაში ბატონი ავთო საკმაოდ ცნობილი მძლეოსანი იყო და ბევრი მედალი და ტიტულიც აქვს მოპოვებული. ეს ჩემი საჩუქარიაო, მითხრა. თუ გაინტერესებს მსგავსი რამეები, კიდევ ბევრ მედალს გაჩვენებო.

მედალზე ახალგაზრდა ლენინის გამოსახულება იყო დატანილი და სრულიად ჩვეულებრივად ეწერა, რომ მისი მფლობელი ახალგაზრდული სპარტაკიადის პირველადგილოსანი იყო. საქართველოში, როგორც წესი, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ძალიან ჩვეულებრივად ხდება.

მარინა ვაშაყმაძე

0

(სხარტად და გასაგებად, როგორც მასწავლა)

პირველი კურსის პირველ სემესტრში, როცა უხელფასო სტაჟირებებსა და უფასო ტრენინგებს ისეთივე გააფთრებული დავეძებდი, როგორც ახლა – ხელფასიან სამსახურს, „რადიო თავისუფლების“ მედიასკოლაში განცხადება გავგზავნე. გასაუბრებაზე რომ დამიბარეს, ხელისგულების გაოფლიანება მაქედანვე დამეწყო და მანამდე გამიგრძელდა, სანამ უკვე გასაუბრებული, გამსაუბრებლებმა, გასასაუბრებელი ოთახიდან  თავაზიანად არ დამაპანღურეს. „ყურებამდე გაღიმებულის“ მნიშვნელობას მაშინვე მივხვდი, როცა მარინა ვაშაყმაძე პირველად დავინახე. ოთახის შუაში რომ სკამი იდგა, იმაზე დავჯექი, ფეხი ფეხზე გადავიდე (ბოდილენგვიჯის შესახებ არაფერი ვიცოდი) და ისეთი გამოცდილი სახე მივიღე, როგორიც მხოლოდ ჟურნალისტიკის პირველი კურსის პირველსემესტრელ სტუდენტს შეიძლება ჰქონდეს და მეც მარინა ვაშაყმაძისნაირად ვცადე გაღიმება. მაშინაც ვიღიმოდი, როცა ოფლიანი ხელისგულებით მუხლი დავისველე, მაშინაც, როცა პირველი სისულელე წამოვაყრანტალე, მაშინაც, როცა მარინამ „მიმჩიხა“ და მაშინაც, როცა ზემოხსენებულ პანღურთან ერთად მარინას პირველი „ნო, ნო, ნო“ მივიღე.

575470_328093427272295_1856489122_n

ერთი წლის შემდეგ,  sms.tsu.ge-ის სამკვდრო-სასიცოცხლო მარათონში ჩაბმულმა აღმოვაჩინე, რომ „ახალი ამბების ჟურნალისტიკა 1“-ის გასწვრივ „მარინა ვაშაყმაძე“ წერია. ჰმ, ის ყურებამდე გაღიმებული ქალი (აქ ის იტყოდა – აი, ეგრე, „იხმარე ,,ქალი” თამამად! ეს ქალბატონო და ბატონო რა უბედურებაა?!“), რომელმაც პირველად მიმარტყმევინა თავი კედელზე. მოვასწარი, ავირჩიე.

303-ე აუდიტორიასთან მარინა ვაშაყმაძეს ველოდებით. ტრადიციულად აგვიანებს. სანამ კიბეებზე ამოვიდა  ნაცნობი, ყურებამდე ღიმილით, შავი ვიწრო შარვლით, ხელში ფურცლებით, ყელზე ჩამოკიდებული „რადიო თავისუფლების“ ბეიჯითა და სათვალით, თმაზე შვიდჯერ მაინც გადაისვა ხელი, ისე სწრაფად, როგორც მხოლოდ მას სჩვევია. საქაღალდეები მაგიდაზე დაყარა, მაღალი სკამი გამოაჩოჩა, ნახევრად ჩამოჯდა, ხელები გაასავსავა (ამ სიტყვის ზუსტი მნიშვნელობით) და აბა, დავალებები დამიწყვეთ მაგიდაზეო, გამოაცხადა. ამ წამიდან დაიწყო მარინა ვაშაყმაძის მასტერკლასი. სწორედ აქ მიჩხვლიტა პირველად ვენაში და შემიყვანა ინექცია, რომელსაც თვითონ ჟურნალისტიკის სიყვარულს ეძახის.

420390_431904900224480_374861473_n

ქარიზმატული, ემოციური, გულწრფელი, აუდიტორიაში თავბრუდამხვევად მოსიარულე და თმის გასწორების „ტიკით“ შეპყრობილი მარინა პირველი იყო, ვინც ჟურნალისტიკის საფუძვლების ჩვენთვის გასაცნობად სხეულის ენას, მუსიკას, სამზარეულოსა და ცხოველებს ერთნაირი წარმატებით „ხმარობდა“. ქალმა კატალონიური ფეხსაცმლით, ნელ-ნელა ჩამოგვაცალა სახიდან თვითკმაყოფილი გამომეტყველებები და გვასწავლა, როგორც ვიცინოთ საკუთარ შეცდომებზე, მაგრამ აღარ გავიმეოროთ ისინი. გვასწავლა, რომ „ამბის დაწერამდე, პირველ რიგში უნდა განვსაზღვროთ, რა არის ჩვენი სათქმელი. მეორე რიგში უნდა ვიფიქროთ, როგორ ვუპასუხოთ ამ ამოცანას. მესამე რიგში კი ერთი ადგილი ავწიოთ და მოვიძიოთ ცოცხალი ან დოკუმენტური წყაროები!“  ჩაგვინერგა, რომ „კარტოფილი არის მთავარი! – ჩვეულებრივი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრება კარგ ახალ ამბებად უნდა გადავაქციოთ!“ გაგვაფრთხილა, რომ ნაწერი, რომელსაც ინსტრუქცია სჭირდება, რომ ეს არ არის კატა და არის ლომი, არ ვარგა!“  მოკლედ, ქალმა ხმამაღალი სიცილითა და ყურებამდე ღიმილით, მიმახვედრა, რომ ჟურნალისტიკა ჩემი საქმეა. საქმე, რომელიც მინდა ისეთივე სიყვარულით ვაკეთო, როგორითაც მარინა გოგი გვახარიას ზარებს პასუხობს.

P.S. ქალბატონო მარინა, ეს არ არის კატა, მაგრამ არის კი ლომი?!

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...