სამშაბათი, აპრილი 21, 2026
21 აპრილი, სამშაბათი, 2026

გიორგი დიასამიძე ალექსანდრე ქუთათელის პირისპირ  

0

პოსტსაბჭოთა ლიტერატურათმცოდნეობით კვლევებში აქცენტი ძირითადად რეპრესირებული მწერლების ბედსა და მხატვრული ლიტერატურის ანალიზზე კეთდება. ნაკლებადაა შესწავლილი იმ პერიოდის დოკუმენტური პროზა (თან მიმდინარე პროცესების ჭრილში) და მათი ავტორების ბედი. არადა საინტერესოა, თუ როგორ ხდება ისტორიის კორექცია მხატვრული ლიტერატურის, ამ შემთხვევაში დოკუმენტური პროზის, მეშვეობით; ასეთი წნეხის პირობებში რამდენად ობიექტური შეიძლება ყოფილიყო დოკუმენტური პროზა და რა გზას მიმართავდნენ ავტორები თუნდაც თავის გადასარჩენად. როგორც საარქივო მასალების გაანალიზების შედეგად ირკვევა, იმ პერიოდის მწერლები იდგნენ დილემის წინაშე – სიცოცხლე ან სემოქმედება. ბოლშევიკურ პარტიას ისტორიული სიმართლის წარმოჩენის ეშინოდა, რადგან ის აშკარა წინააღმდეგობაში მოდიოდა სამთავრობო პროაგანდასთან. მართალია, მწერლის ამოცანას სულაც არ წარმოადგენს ისტორიუი მოვლენების დეტალური რეკონსტრუქცია და მიზეზ-შედეგობრიობის გამორკვევა, მაგრამ ბოლშევიკური პარტია სწორედ ამას მოითხოვდა ავტორისაგან, ოღონდ რეკონსტრუქცია უნდა მომხდარიყო პარტის იდეოლოგიის შესაბამისად. შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნებოდეს ის ფაქტიც, რომ საბჭოთა ქართულ ლიტერატურაში დოკუმენტური პროზის ნიმუშები მართლაც რომ თითზეა ჩამოსათვლელი.

ჩემმა მოსწავლემ გიორგი დიასამიძემ გადაწყვიტა დაემუშავებინა სიდიდითა და მნიშვნელობით იმ პერიოდის ერთ-ერთ გამორჩეული რომანი _ ალექსანდრე ქუთათელის „პირისპირ“. ამ მწერლის მაგალითი აჩვენებს, რომ მან ყველანაირი შენიშვნა გაითვალისწინა, უმნიშვნელო და უსარგებლოც კი და ასე „გადაარჩინა“ რომანიც და საკუთარი თავიც. გიორგის კვლევის პროცესში ეხმარებოდნენ ქართული ლიტერატურის მუზეუმის თანამშრომელი ია ღადუა და სოვლაბის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი.

რომანის მრავალსაფეხურიანი ცვლილება და მის წინააღმდეგ მიმართული ცენზურის შეტევები ცხადად გვიქმნის წარმოდგენას, რამდენად სერიოზულ იარაღად განიხილავდა კომუნისტური რეჟიმი მხატვრულ სიტყვას; როგორ უფრთხოდა პარტია საკუთარი წარსულის მისგან დამოუკიდებელ ანალიზსა და შეფასებას და რამდენად სარისკო იყო მწერლისთვის ამ გზაზე დგომა.

რომანის „პირისპირ“ გამოქვეყნების შემდეგ (1933 წ.) პირველი მძაფრი პოლემიკა და უსიამოვნება ავტორის მიერ „შამქორის ტრაგედიის“ ეპიზოდის აღწერას მოჰყვა, სადაც რომანის გმირი _ კორნელი მხეიძე, როგორც ახალგაზრდა არტილერისტი, „საბრძოლო ნათლობას“ იღებს და პირველად გადააწყდება სამოქალაქო ომის საშინელებას. მწერლისგან კატეგორიულად მოითხოვდნენ, უკვე დაბეჭდილ ნაწარმოებში დაშვებული ის „ისტორიული შეცდომები“ გაესწორებინა, რომელიც მკითხველს შთაბეჭდილებას უქმნიდა, რომ რეალურად შამქორში მომხდარ საომარ შეტაკებებში ამიერკავკასიის დემოკრატიული მთავრობა დამნაშავე არ იყო და რომ ბოლშევიკურმა ორგანიზაციებმა სათანადო ხელმძღვანელობა ვერ გაუწიეს მასას და ტრაგედია ვერ აიცილეს თავიდან.

1918 წლის იანვარში თბილისი-ბაქოს რკინიგზის ხაზზე, სადგურ შამქორში (ამჟამინდელი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორია) მომხდარ ხოცვა-ჟლეტას, როგორც ისტორიულ მოვლენას, მართლაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბოლშევიკური რეჟიმისთვის პროპაგანდის კამპანიაში, რადგან ისინი სწორედ მსგავსი მაგალითებით ცდილობდნენ დაესაბუთებინათ თავიანთი მორალური და სამართლებრივი უფლება, დაემხოთ ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფოების მთავრობები და საბჭოთა რეჟიმი დაემყარებინათ არგუმენტით, რომ კავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკების მმართველი პარტიები „კონტრრევოლუციონერები“ იყვნენ, უღალატეს „დიდი რუსეთის რევოლუციას“, დანაშაული ჩაიდინეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ და  დიქტატორული რეჟიმი დაამყარეს „მშრომელი მასების“ ინტერესების წინააღმდეგ.

ამ ყოველივეს გამო გამალებული პროპაგანდის კამპანიის ნაწილად ქცეული ისტორიული მოვლენის სხვაგვარი კუთხით ასახვა მხატვრულ ნაწარმოებში ძალზე მტკივნეული აღმოჩნდა ბოლშევიკური პარტიისთვის, რამდენადაც ისინი კარგად აცნობიერებდნენ, რომ ისტორიული (თუნდაც საბჭოთა ისტორიკოსების მიერ გაყალბებული) ნაშრომების მკითხველთა რიცხვი კატასტროფულად დაბალი იყო მხატვრული ლიტერატურის მკითხველებთან შედარებით და სახელმწიფო პროპაგანდის ფორმულა მნიშვნელოვნად დაზარალდებოდა, თუკი მოქალაქეები _ მკითხველები შამქორის შეტაკების შესახებ რომანში წარმოდგენილი ვერსიას მიიღებდნენ.

პარტისტორიისა და პროპაგანდისტული ფორმულის დარღვევის ფაქტით შეშფოთებული ძველი ბოლშევიკი ნოე ლეჟავა, რომელიც რეალურად მონაწილეობდა შამქორის მოვლენებში, როგორც ბოლშევიკური ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი, რომელთაც წააქეზეს ჯარისკაცები, იარაღი არ ჩაებარებინათ და ხელი შეუწყეს ტრაგედიას, კატეგორიული კრიტიკით დაესხა თავს ალექსადრე ქუთათელს და მას ისტორიის გაყალბებაში დასდო ბრალი. თუმცა აღნიშნა, რომ ავტორმა ეს არა შეგნებულად, არამედ ისტორიულ ფაქტებთან ზერელე დამოკიდებულების გამო დაუშვა, მაგრამ მის გამოსვლაში იგრძნობოდა მთავარი დაკვეთა – როგორ უნდა დახატულიყო შამქორის ტრაგედია და როგორ უნდა გადაეკეთებინა ავტორს ნაწარმოების ეპიზოდი. რაოდენ საოცარი არ უნდა იყოს, ამ სხდომაზე ალექსანდრე ქუთათელი მყარად იდგა თავის პოზიციებზე და შეუპოვრად იცავდა საკუთარ შემოქმედებას დ ა ბრალს სდებდა ნოე ლეჟავას, რომ მას არ ესმოდა ისტორიული რომანის არსი.

ბედის ირონიით, პირველი წიგნის მეორე გამოცემისას მხურვალე ბოლშევიკი ნოე ლეჟავა ვერ მოესწრო და ვერ გაიგო, შეცვალეს თუ არა მისი გვარი შამქორის ბრძოლის ეპიზოდში, რადგან ის “დიდი ტერორის” მსხვერპლი გახდა – 1937 წლის 29 დეკემბერს დახვრიტეს კონტრრევოლუციონერობისა და მავნებლობის ბრალდებით.

ბოლშევიკ ნოე ლეჟავას მწერალთა კავშირის სხდომაზე დასწრება უკვე თავისთავად გვიქმნის წარმოდგენას, თუ რა რაკურსით ხდებოდა ნაწარმოებების განხილვა და რას მოითხოვდნენ ავტორისგან. თუმცა ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს დოკუმენტურ პროზასთან და, ბუნებრივია, მისდამი დამოკიდებულება ორმაგად საყურადღებო და საპასუხისმგებლო იყო ბოლშევიკური იდეოლოგიის გამტარებელი მწერალთა კავშირისა და ზოგადად, პარტიისთვისაც. ამიტომ იყო  ასე კრიტიკული და მწვავე ნოე ლეჟავას გამოსვლა. განსაკუთრებით, შამქორის სისხლიანი მოვლენის შესახებ. აქედან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ნოე ლეჟავა, ფაქტობრივად, ახმოვანებს ბოლშევიკური პარტიის შიშსა და სიფრთხილეს დოკუმენტური პროზისადმი – არ იყო საჭირო მოვლენათა რეალური/ისტორიული რაკურსით წარმოჩენა, მთავარი იყო ბოლშევიკური დისკურსი, რომელიც მკითხველს ისტორიულ ფაქტს ისე წარმოუჩენდა, როგორც ეს ბოლშევიკური პარტიისთვის იყო ხელსაყრელი. თუკი დოკუმენტური პროზა თავის მოვალეობას შეასრულებდა, მაშინ ბოლშევიკური იდეოლოგია ვერ იმუშავებდა მთავარი მიზნის შესრულებისთვის – შეექმნა ახალი ცნობიერების ადამიანი, რომლისთვისაც ისტორიაც და რეალობაც იქნებოდა ის, რასაც “მშობლიური და მზრუნველი” პარტია მიაწვდიდა.

1934 წლის 23 მარტს შედგა მწერალთა კავშირის მესამე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა ამხ. ჩხიკვაძე და რომელზეც მთავარმა მომხსენებელმა, მარიამ გარიყულმა ისაუბრა ალექსანდრე ქუთათელის რომანის შესახებ. მომხსენებელი არ იწუნებს რომანს. პირიქით, ამბობს, რომ ის ცოცხლად იწყება და ინტერესითაც იკითხება, მაგრამ იქვე სვამს კითხვას: “სად არიან ქალები? ამოდენა აქტიურ მოქმედ მამაკაცთა შორის სრულად არ მოსჩანს ქალის სახე”. სიტუაცია იძაბება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მარიამ გარიყულს მოჰყავს ადგილი რომანიდან, სადაც პროტაგონისტის (კორნელი მხეიძის) შეყვარებული, ნინო მაყაშვილი შედარებულია ცხენთან. როგორც ჩანს, დარბაზში მყოფმა ს. წულუკიძემ ამ ციტატას მოაყოლა რეპლიკა: “მშვენიერი იყო, მშვენიერი”, რასაც მარიამ გარიყულის მრისხანე შეკითხვა მოჰყვა: “ამხ. წულუკიძე სასიამოვნო იქნება რომ თქვენ ულაყს შეგადარონ?” სხდომაზე გამომსვლელ მწერალთა კრიტიკის მიზეზი ერთადერთი იყო – მწერალმა სრულად ვერ გამოხატა პერსონაჟი, როგორც ბოლშევიკი; ანუ, კორნელი მხეიძე ვერ ჩამოყალიბდა ბოლშევიკად და შესაბამისად, მწერალმა ვერ მოახერხა წარმოეჩინა საბჭოთა ადამიანის ტიპი. არადა, მწერლობის მოთხოვნა ხომ ეგ იყო – ახალი, საბჭოთა ადამიანის ფორმირება. თავად ქუთათელის გამოსვლის სიტყვებში აშკარად ჩანს ავტორის პოზიცია – ლოიალური განწყობა. ის ხვდება, რომ გადასარჩენია რომანიც და საკუთარი თავიც და იწყებს ლავირებას.

სხდომიდან მალევე ავტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის სამდივნოს და სთხოვა, ეშუამდგომლა გამომცემლობის წინაშე. ქუთათელს გამომცემლობისთვის 1937 წლის თებერვალში უნდა ჩაებარებინა რომანის მეორე წიგნი. ამ წერილში ავტორი დაგვიანების მიზეზად შემდეგ ფაქტორს ასახელებს – ვინაიდან რომანში მოქმედება ვითარდება სამოქალაქო ომის ფონზე და გარკვეულწილად წარმოადგენს საქართველოს ბოლშევიკური პარტიის ისტორიის მხატვრულ ილუსტრაციას, ეს მოითხოვს ჩემგან უდიდეს ყურადღებას და ყველა ხელნაწერის გადახედვას; დამჭირდა კონსულტაციები და ა.შ. გასაგებია, რატომ დასჭირდა მას, გადაეხედა უკვე გამოცემული წიგნისთვისაც და გამოსაცემად გამზადებული ხელნაწერებისთვისაც; ასევე გასაგებია, თუ ვისგან უნდა აეღო მას კონსულტაციები, თუ უნდოდა, რომ მის წიგნს მზის სინათლე ეხილა.

მეორე გამოცემა უკვე ცხადყოფს ავტორის პოზიციას. მან გაითვალისწინა თითქმის ყველა მოთხოვნა. მეტიც, ძალიან კარგად მიხვდა, თუ რას ითხოვდა მისგან, როგორც მწერლისგან, ბოლშევიკური იდეოლოგია და თავისი შემოქმედებითი ნება/თავისუფლება სწორედ ამ მოთხოვნებს შეუსაბამა/დაუქვემდებარა. ქუთათელის გულმოდგინებას ისიც წარმოაჩენს, რომ ყოველი შემთხვევისთვის მარიამ გარიყულის შენიშვნაც გაითვალისწინა. ასე გაჩნდა მის რომანში ბოლშევიკი რევოლუციონერი მაროს სახე. რა თქმა უნდა, ეს სახე ხელოვნურია და “კლიშეებით” გადატვირთული, ისევე, როგორც დანარჩენი რევოლუციონერების სახეები, მაგრამ ეს არ არის მთავარი. იმ პერიოდის ლიტერატურაში, მით უმეტეს დოკუმენტურ პროზაში, მთავარი აქცენტი არა მხატვრული სახის შექმნაზე, არამედ საბჭოთა ადამიანის სახის წარმოჩენასა და ხალხისთვის ამ სახის, როგორც ერთადერთი იდეალის, მიწოდებაზე უნდა გაკეთებულიყო.

ამ ყველაფრის შედეგი ის იყო, რომ ავტორს სიცოცხლეშივე დაუფასდა თავდადებული შრომა და მისი ნაწარმოები წარადგინეს სახელმწიფო პრემიაზე. მაგრამ ალექსანდრე ქუთათელმა მაინც ვერ აიცილა პრობლემები. 1953 წელს გარდაიცვალა დიდი ბელადი დ,ა ნიკიტა ხრუშჩოვის პირადი ჩარევით, წიგნი საერთოდ მოხსნეს კონკურსიდან.

გიორგი დიასამიძის კვლევამ აჩვენა, რომ ალექსანდ რე  ქუთათელმა შეძლო ბოლშევიკური იდეოლოგიისთვის ფეხის აწყობა და მისი დოკუმენტური პროზა გახდა ისეთი, როგორსაც უკვეთავდა პარტია მწერალს. თავის მხრივ, პარტიამაც შეასრულა თავისი მისია და დოკუმენტური პროზა (ისევე, როგორც მთლიანად ლიტერატურა) თავის გავლენაში მოაქცია და შესაბამისად, ის უკვე აღარ იყო საშიში. მეტიც, არათუ საშიში, გამოსადეგიც კი გახდა. ქუთათელმა საკმაოდ კარგი და საჭირო გამოცდილება მიიღო თავისი რომანით და ისწავლა, რას ნიშნავს წერა სოცრეალიზმის პრინციპების გათვალისწინებით. მართლაც, ეს იყო ნამდვილი გამარჯვება, ოღონდ არა მწერლის, არამედ ბოლშევიკური იდეოლოგიისა, რომელმაც თავის სამსახურში ჩააყენა ისეთი სპეციფიკური ჟანრიც კი, როგორიცაა დოკუმენტური პროზა. მართალია, ამით ამ უაღრესად საინტერესო და საჭირო ჟანრმა ნამდვილი ფორმა და სახე დაკარგა, მაგრამ, სამაგიეროდ, მწერალმა შეინარჩუნა სიცოცხლე და ავტორიტეტი.

უთანამედროვესი ქართული ლიტერატურა

0

ძალიან კარგად მახსოვს, რა ეტაპები გავიარე მკითხველად ჩამოყალიბების გზაზე:

I ეტაპი- აუცილებლად ის წიგნი უნდა წამეკითხა, ჩემი 3 წლით უფროსი ძმა რომ მეტყოდა, ამას შენ ვერ გაიგებო.

II ეტაპი – ვკითხულობდი სულმოუთქმელად ახალ- ახალ ავტორებს და უკვე წაკითხულებს ხელახლა, მილიონჯერ, მთლიანად, ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ძილის წინ შემთხვევით გადაშლილი გვერდიდან დაძინებამდე. ყველანაირი კითხვისთვის მრჩებოდა და მყოფნიდა დრო.

III ეტაპი – ყველა საგამოცდო პერიოდს ვატარებდი ოცნებაში, როგორ გადავაგდებდი ,,კეკელიძე- ბარამიძეს“ ( ფილოლოგები გამიგებენ) და წავიკითხავდი იმას, რასაც მინდოდა და არა იმას, რაც მევალებოდა!

IV ეტაპი – უკვე წაკითხული წიგნების უსაშველო მონატრება და სულელურად აკვიატებული აკრძალვა: ,,არ მცალია ძველების გადასაკითხად, მილიონი ახალი მაქვს წასაკითხი“

V ეტაპი: მკითხველური დეპრესია – რამდენი ახალი წიგნი გამოდის და მე რა ცოტა დრო მაქვს კითხვისთვის.

VI, წამების, ეტაპი: ფილოლოგი ვარ და თავიდანვე არმოწონებული წიგნებიც უნდა დავასრულო, ხომ უნდა დავასაბუთო, რატომ არ მომეწონა ?! (?!)

VII ეტაპი ( 30 წლის ზემოთ, საყოველთაო გაწონასწორებულობის დასაწყისი) – წარმოუდგენელია, ყველა ახალგამოსული წიგნი წავიკითხო, რასაც მოვახერხებ, ისაა, რასაც ვერა, ქვეყანა არ დამექცევა თავზე.

VIII ეტაპი – მკითხველური ქცევა სათავისოდან სასხვისოზე გადავიდა: მხოლოდ იმიტომ  არ ვკითხულობ, რომ მე მაინტერესებს, ყოველი წაკითხული ნაწარმოების ბოლოს კითხვა საკუთარ თავთან: ბავშვებს წავაკითხო? მოეწონებათ?

ლიტერატურა სადღაც კი იწყება, მაგრამ არსად არ მთავრდება. სანამ ვიარსებებთ კაცობრიობა, მანამდე იარსებებს, ,, მარადახალი“ იქნება და სულ გვექნება შეგრძნება, რომ ფეხდაფეხ მივდევთ. ჰო,მივდევთ, ვეწევით, სუნთქვა გვიჭირს,სწრაფად და ძლიერად ვსუნთქავთ, ზოგჯერ გვგონია,სადაცაა გავუსწორდებით, მხარი მხარს უნდა გავუსწოროთ და ისევ გვისწრებს, ხან ცოტათი, ხან იმ სიშორით, რომ მოიხედოს, ბუზის ტოლებსღა დაგვინახავს… თუ ლიტერატურა მართლა გიყვარს, ეს რბოლა არ სრულდება, გაწამებს და თან გატკბობს იმის შეგრძნება, რომ რთულია, ფეხი აუწყო ლიტერატურის თანამედროვეობას. ამას ისიც თუ ემატება, რომ ვიღაც თან უნდა გაიყოლო ამ რბოლაში, თან თუ ეს „ვიღაც“ შენზე მოჩერებული და მთლიანად მონდობილი ბევრი ორი თვალი, ბევრი ორი ყური, ბევრი გული, ფიქრი და ოცნებაა, წარმოგიდგენიათ რბოლის სიმძიმე და სიტკბო ერთად?

აქსიომა მგონია, რომ ეს ,,მარადახალი“ ლიტერატურა არასოდეს არ უნდა დაძველდეს ნამდვილი მკითხველის თავში. განსაკუთრებით ახალგაზრდების იდეებით, ინტერესებით, სკვინჩებითა და ოფოფებით სავსე თავებში. ეს თავები ხშირად უპრობლემოდ ეტანებიან უცხოურ ბესტსელერებს, მაგრამ ერიდებიან ეროვნულსა და უახლეს ლიტერატურას. ძნელია მათი დაინტერესება ამ ლიტერატურით. ხანდახან მომიხერხებია ამ არა მხოლოდ საჩემოდ წაკითხული წიგნებით დაინტერესებულიყვნენ და მოსწონებიათ კიდეც. ახლა მათგან მოწონებულ ნაწარმოებთაგან ავარჩევ რამდენიმეს და  ვიტყვი ორიოდე სიტყვას.

ბესო ხვედელიძის ძალიან საინტერესო მოთხრობა ,,მამა“ –  საფიქრალებითა და სიმბოლოებით დატვირთულ მამაზე, ზედმეტი რომ აღმოჩნდება თუ ზედმეტად რომ გაიხდის თავს. სადალაქოში, დალაქი ვანიჩკასა და იოსკას საუბარით ვიგებთ მთავარი გმირის თავგადასავალს. ფილმის ერთი ფრაგმენტივითაა. მერეა მეტისმეტად ფეხათრეული და გრძელი ასვლა კიბეებზე  ესეც ფილმის კადრია, ოღონდ საგანგებოდ შენელებული. კიბის ბოლოში მისი ოჯახი უნდა დახვდეს იოსკას… მერე რაც ხდება, უნდა წაიკითხოთ. სრულდება კი ასე:

„ -მაპატიეთ, მაგრამ ხომ არ ისურვებდით უფრო მეტი გაგეგოთ მარადცოცხალი ღმერთის შესახებ? – ეკითხება თავაზიანად.

ძველისძველ, ქუსლებდაბრეცილ, დაჭყლეტილ ფეხსაცმელებშია მამა. არც მუხლებგამობერილ შარვალს ეთქმის ახალი; – იღლიებამოსველებული, გრძელსახელოებიანი თაგვისფერი პერანგი კი საერთოდაც დიდი აქვს და უხერხულად ადგას ტანზე.

თევზსა და პურს შეექცევა მამა.“

თამრი ფხაკაძის მოთხრობა ,, ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ და თამთა მელაშვილის ,,გათვლა“, ორი სხვადასხვანაირი ომი, ორი სხვადასხვანაირი ბრძოლის ველი.

პირველში – რა ხდება იქ, სადღაც, ომის ზურგსუკან, როგორ ცხოვრობენ ისინი, ვინც ომში არ მიდიან, ვინც ომს ,,გადაურჩა“ – ბავშვები, ქალები და ,,წუნდადებული“ კაცები. როგორი დაუნდობელი და აუტანელია ომი მაშინაც კი, როცა ტყვიამფრქვევების ხმები არ ისმის. და ეს ყველაფერი მოთხრობილი უცნაურად – მოკლე- მოკლე წინადადებებით, ძალიან ხშირად გამეორებული ,,თქვა“ და ,,ვუთხარი“, კლასიკური დიალოგების გარეშე – პატარა გოგოს არაპროზაული, ბუნებრივად გაუმართავი მეტყველებით, თვალებით კითხვის დროსაც კი ენას რომ მოგტეხს.

და მეორეში – რა ძნელი, ღრმა და ბუნებრივია ფესვების სიყვარული.  რა სხვადასხვანაირები ვართ ადამიანები, რა განსხვავებული ღირებულები გვაქვს და რა სხვანაირი სიყვარულები ვიცით. რას იტევს ხელისგულისოდენა ბოსტნის მეტაფორა და რას გულისხმობს სინამდვილეში ძალიან მასმედიური სიტყვათშეთანხმება ,, კონფლიქტის ზონა“.

კიდევ ყველაზე ტკივილიანი გოგოს, ლია ლიქოკელის, რემინისცენციული მოთხრობა ,,წყლის პირას, მურყნის ჭალაში“ – დაუცველი გოგონა ერთნაირად დამცველი და დამღუპველი სოფლის პირისპირ: „ კარგია სოფელი. თუ გაგიჭირდა, მოვა, გვერდში დაგიდგება. დაბერდები, მოგივლის. მოკვდები, დაგმარხავს…“

„ კარგია სოფელი, ლაპარაკობს. კარგია სოფელი, – თუ არ დაბერდები, დაგაბერებს. დაგადნობს, საფლავს გაგიმზადებს, და თუ არ მოკვდები, ცოცხალს დაგმარხავს…“

კითხულობ მეტისმეტად გაშიშვლებულ გრძნობებს და ტექსტიდან ფუტკრების გაბმული ზუზუნი მოდის. რაც უფრო შედიხარ ამ პატარა ტექსტის სიღრმეში, მით უფრო შემაწუხებელი, გამაღიზიანებელი ხდება ეს ზუზუნი ( რომელიც აქამდე ყოველთვის უწყინარი გეგონა) და ცოტაც დაგრჩა, ხელი აუქნიო წარმოსახვით ფუტკრებს. წარმოიდგენ, თითქოს 16 წლის ჰოლდენ კოლფილდი იყო, ყველასა და ყველაფერზე გაბრაზებული და ამ დაუცველ გოგოს იცავდე.

აი, თუ რომანებზე მიდგება საქმე, ახლახან საბააღებულ ალეკო შუღლაძის ,,გადამალვას“ და გამოსვლისთანავე ყბადაღებულ ( საუკეთესო გაგებით) არჩილ ქიქოძის ,,სამხრეთული სპილოსაც“ დავუმატებდი. ორ შესანიშნავ, საინტერესო, უთანამედროვეს რომანს. იმდენად ტკივილიანი, უცნაური და მოულოდნელია გადამალვის არსი და სურვილი და იმდენი ჩუმი, წყნარი,თბილი, მძიმე, სევდიანი და ყველა შემთხვევაში საინტერესო ამბებითაა მეორე სავსე, რომ წარმოუდგენელია, არ დააინტერესოთ ოფოფიან თავებს.

მე ლიტერატურაში თემის გაცვეთის დიდად კი არ მჯერა ნიჭიერი კალმოსნის ხელში, მაგრამ ვისაც სჯერა, შეუძლია, მშვიდად იყოს და ისე გადაიკითხოს ეს ნაწარმოებები.

თუ მოგინდებათ, უფროსკლასელებსაც მშვიდად წააკითხეთ, საფიქრალი და სალაპარაკო მიეცემათ.

იქნებ მარადახალი ლიტერატურის მდინარის პირას ჩამომსხდარმა სხვა დომენიკოებმაც დაუსვან საკუთარ თავებს კითხვა: „ ნუთუ ყოველივე ეს, ნუთუ ყოველივე ეს?..“

პოსტ ეპიგრაფი:

„ სიტყვებს ეძებდა მარადახალი მდინარის პირას, იტანჯებოდა ღამეულ ტყეში, და შორს, ცისკიდურს დიდის იმედით, ავედრებული მიაჩერდა და – ჰეე, თენდებოდა… გათენებიდან უნდა დაეწყო, კი, ასე სჯობდა, ხომ ისევ აქ ხართ, მოდით, ჩამჭიდეთ უკანასკნელად ეგ უნდო ხელი, ხომ კი სჯობს ასე, მშვიდად დაწყება დამთავრებისას, აჰ, შევეჩვიეთ ერთმანეთს, მგონი…“   გ.დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი“

 

 

აკრძალვის ნაცვლად – გონივრული გამოყენება

0

მოზარდებისა და მედიის ურთიერთობა ყველას გვაწუხებს. ყველაში, რა თქმა უნდა, უფროსებს ვგულისხმობ, რომლებიც ავლაპარაკდებით, ავქოთქოთდებით, გამოსავლის ძებნას დავიწყებთ, სხვებსაც გავუზიარებთ, მაგრამ… სამწუხაროდ, ყველაფერი ძველებურად გრძელდება. მოზარდები ისევ ეკრანებთან რჩებიან. ისევე, როგორც მრავალი ჩვენგანი.

ინტერნეტმა, ფაქტობრივად, შეისრუტა ჩვენი თავისუფალი დრო. მარტო თავისუფალი? ეს პრობლემა გლობალურ პრობლემათა სფეროს განეკუთვნება, დედამიწის სხვადასხვა კუთხეში მოზარდები და ზრდასრულები ერთი „,ბატონის“ მსახურები არიან.

მედიის მკვლევრები ტკბილად იხსენებენ დროს, როცა „ნახატებიანმა ყუთმა“ კი მიიზიდა მაყურებელი, მაგრამ ოჯახური ურთიერთობების გარემო შეინარჩუნა და ერთგვარად განამტკიცა კიდეც. იგულისხმება საერთო ოთახში დადგმული ტელევიზორი, რომლის გარშემო, საღამოობით თუ უქმე დღეებში, მთელი ოჯახი იკრიბებოდა. ქართულ სინამდვილეს ტელევიზიის დამკვიდრების ეტაპზე ერთ ტელევიზორთან შეკრებილი სამეზობლოებიც ახსოვს.

დრონი იცვალნენ და ახლა ბევრ ოჯახში რამდენიმე ეკრანი ირთვება წევრთა განსხვავებული ინტერესების დასაკმაყოფილებლად, უფრო მეტიც: შეიძლება, თითოეულ წევრზე ერთდროულად რამდენიმე ჩართული ეკრანიც მოდიოდეს.

ვინაიდან მოზარდებისთვის ეკრანის აკრძალვამ შედეგი არ გამოიღო, მედიასპეციალისტები მიდგომას ცვლიან და გვირჩევენ, აკრძალვის ნაცვლად ბავშვებს ინტერნეტის გონივრული გამოყენების ჩვევა განვუვითაროთ. ინტერნეტს სარგებლობის მოტანაც შეუძლია, ოღონდ ამისთვის მის შესაძლებლობებში გარკვევაა საჭირო.

მეცნიერებათა დოქტორი, ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი სონია ლივინგსტონი მრავალი წელია იკვლევს ინტერნეტსივრცეში ბავშვებისა და მოზარდების ქცევას. მისი მასშტაბური კვლევა ეფუძნება გამოკითხვებს ინტერნეტში მოზარდების ქცევის შესახებ სკოლაში, შინ და დასვენების დროს.

მისი თქმით, ციფრული სამყაროსთვის თავის შეფარებით მოზარდები თავს აღწევენ მომთხოვნ მშობლებს, გამაღიზიანებელ და-ძმებს, კრიტიკულ მასწავლებლებს. იმავდროულად, მათ ეძლევათ თანატოლებთან ურთიერთობის საშუალება.

მცდარია შეხედულება, თითქოს გაჯეტები მოზარდთა სივრცეს ზრდასრულთა სივრცისგან აცალკევებდეს. უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება, როგორ ურთიერთობენ უფროსები – მშობლები და მასწავლებლები – მოზარდებთან სოციალური ქსელების მეშვეობით.

ლივინგსტონს მოჰყავს მაგალითი, როგორ გამოიყურება მოზარდის ერთი დღე ინტერნეტთან ერთად. ერთმა მოზარდმა დროულად ვერ გაიღვიძა და სკოლაში აგვიანდება, რადგან გვიანობამდე კომპიუტერთან იჯდა. მეორე სკოლაში მშვიდი და კმაყოფილი მივიდა, რადგან მოასწრო, გზაში თანატოლებისთვის თავისი ფიქრები და მოსაზრებები გაეზიარებინა.

გაკვეთილზეც ეკრანს უსხედან. მასწავლებელი იყენებს youtube-ს, საძიებო სისტემებს და ვირტუალურ სასწავლო გარემოს. მასწავლებლები ფეისბუქზეც არიან, მაგრამ მათი უმეტესობა აღიარებს, რომ მეგობრებში მოსწავლეებს არ იმატებს, პირად ზონას იცავს.

თუ ინფორმატიკის გაკვეთილზე მოსწავლეები ტექსტში ფოტოს მოთავსებას სწავლობენ, მუსიკის გაკვეთილზე მათ ტექნოლოგიებთან აღარ აქვთ საქმე, თუმცა შინ დაბრუნებისას ბევრი youtube-ზე ეძებს გიტარაზე დაკვრის გაკვეთილებს.

გაკვეთილების შემდეგ მოზარდები საკუთარ თავს ეკუთვნიან. ბევრი ამ დროს ისევ გაჯეტებს უთმობს. კვლევამ აჩვენა, რომ მოზარდები მაქსიმალურად იხანგრძლივებენ სკოლიდან შინ დაბრუნების პროცესს – ამ დროს თანატოლებთან ურთიერთობას უთმობენ, რომელიც შემდეგ სოციალურ ქსელებში გრძელდება.

მოზარდები სოციალურ ქსელებს იყენებენ გაკვეთილების მომზადების დროს აზრთა გაცვლა–გამოცვლისა ან კონსულტაციისთვის, შემეცნებითი თამაშებისათვის (Minecraft), რომელშიც მათი თანატოლები დედამიწის ყოველი კუთხიდან ერთვებიან.

იკვეთება სხვა სიტუაციებიც, როცა ბავშვები თავისუფალ დროს ხვდებიან მეგობრებს და ახლად წაკითხულ წიგნებზე მსჯელობენ, ან მშობლებთან ერთად სუფთა ჰაერზე სეირნობენ, ან სპორტს მისდევენ, მაგრამ მათი უმრავლესობა მაინც ეკრანთან ზის.

ექსპერტთა აზრით, ინტერნეტის აკრძალვა ან შეზღუდვა უკვე გუშინდელი დღეა. გაჯეტები მოზარდებისთვისაც ისევე აუცილებელია, როგორც უფროსებისთვის. ამიტომ მკვლევრები გვირჩევენ, ყურადღება ინტერნეტის შესაძლებლობათა გააზრებულ და შერჩევით გამოყენებაზე გადავიტანოთ.

მედიამკვლევრებმა შეიმუშავეს რეკომენდაციები, რომლებიც მშობლებს დაეხმარება, შვილებს ინტერნეტსივრცეში გზა გაუკვალონ.

 

რჩევები მშობლებს

  • დაინტერესდით, რას აკეთებს და ვისთან ურთიერთობს ინტერნეტში თქვენი შვილი, ხშირად ისაუბრეთ ამ თემაზე.
  • შეიმუშავეთ სმარტფონის გამოყენების საოჯახო წესები, ოღონდ აუცილებლად გაითვალისწინეთ მოზარდის აზრიც. რაც მთავარია, წესები უნდა დაიცვას ყველამ. მაგალითად, თუ გადაწყვიტეთ, რომ სადილობის დროს არ დახედოთ ეკრანს, ეს წესი უფროსებისთვისაც უნდა მოქმედებდეს.
  • ყურადღება ინტერნეტის სარგებელზე გაუმახვილეთ და არა საფრთხეზე. აუხსენით, რომ საძიებო სისტემებისა თუ ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშემწყობი აპლიკაციების გამოყენება უფრო სასარგებლოა, ვიდრე მეგობრებთან უმიზნო მიმოწერა ან სხვა კონტენტზე დროის კარგვა.
  • აუხსენით, რომ ტექნოლოგიები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დამხმარე ინსტრუმენტებია; აჩვენეთ, როგორ იყენებთ მათ ყოველდღიურ ცხოვრებასა თუ პროფესიულ საქმიანობაში; ამასთანავე, გააფრთხილეთ, რა პრობლემებს შეიძლება შეეჯახოთ.

თუ მაინც შიშობთ, რომ ბავშვი მეტისმეტად ბევრ დროს უთმობს ინტერნეტს, მაშინ უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:

  • ჩემი შვილი ჯანმრთელია და კარგად გამოძინებასაც ახერხებს?
  • საკმარისად ურთიერთობს თანატოლებთან, ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან პირადად და ინტერნეტის საშუალებით?
  • არ აცდენს სკოლას და ძლევს სასწავლო პროგრამას?
  • აქვს ინტერესები და გატაცებები და დროსაც პოულობს მათთვის?
  • კმაყოფილია და სწავლობს რაიმე ახალს და სასარგებლოს ინტერნეტის საშუალებით?

თუ პასუხების უმეტესობა დადებითია, მშვიდად იყავით; თუ უარყოფითი, მაშინ პრობლემა მართლა არსებობს და საჭიროა, მეტი დრო დაუთმოთ მის მოგვარებას.

დაჩის (ზღაპრების) თანამედროვე იმიჯი

0

„იყო ბაჩო და მანო, მაგრამ ცა და მიწა რომ მოგევლოთ, არსად იყო დაჩი“, – ოთხი-ხუთი წლის ვიყავი, პირველად რომ მოვისმინე „დაჩის ზღაპრების“ დასაწყისი და ისიც შევიტყვე, რომ დაჩი მართლა არსებობდა, რომ ავტორს საკუთარ შვილზე დაეწერა წიგნი, რომ შესაძლებელი იყო, ეს მამაცი ბიჭუნა ერთ დღეს ქუჩაშიც კი შეგვხვედროდა. დაჩის თავგადასავლების მოსმენასთან ერთად წიგნის ფერადი ილუსტრაციების თვალიერებაც არანაკლებ მომეწონა, ვინ მოთვლის, რამდენჯერ გადმოვხატე თეთრ, წითელ თუ შავკაბიანი ქალები გრძელი თმებითა და მოღიმარი სახეებით. დედას ვაჩვენებდი და ვეუბნებოდი, ყველაზე მეტად რომელიც მოგწონს, შენ ის ქალი იყავი-მეთქი (დაჩისავით მეც მინდოდა, საკუთარ მშობლებსა და ბებია-ბაბუებს სიყვარულში გავჯიბრებოდი).

მერე დრო გავიდა. ვინ მოთვლის, ყოვლისმცოდნე და ღონიერმა დაჩიმ (ასე მიაჩნდა მანოს) რამდენი ღამე გაატარა ნადირობაში, რამდენი დღე გალია საგმირო საქმეებში, რამდენჯერ გააბრაზა თავისი ძამიკო ბაჩო: „ჯერ არ მოსულა და რა გულზეა ეს თითისტოლაო!“ თანდათან დაჩიმ „მთელ ქვეყანაზე საოცარი მონადირის სახელი გაითქვა. ყველამ გაიგო და დაიჯერა, რომ ცოცხლად დაიჭირა ვეფხვი და მერე… შვილებთან გაუშვა.

დიახ, მართლაც ყველამ შეიტყო დაჩის არსებობა: 1973 წელს დაწერა ოტია იოსელიანმა „დაჩის ზღაპრები“ და პირველსავე კვირას ორმოცდაათი ათასი ეგზემპლარი გაიყიდა. წიგნი მრავალ ენაზე ითარგმნა, დაჩის შესახებ ხმა იაპონიასაც კი მისწვდა.

„იყო ბაჩო და მანო, მაგრამ ცა და მიწა რომ მოგევლოთ, არსად იყო დაჩი“, – ნაცნობი და საყვარელი დასაწყისი ერთ მშვენიერ დღეს საკუთარ შვილებსაც წავუკითხე (ახალი გამოცემა შევიძინე, რომელიც უკვე „დაჩის ზღაპრების“ ორივე წიგნს აერთიანებდა). ახლა მათ დაიწყეს დაჩის ხატვა, სიუჟეტების გათამაშება: ხან ბებია-ბაბუა ამოჰყავდათ ჭაობიდან, ხან მეზობლის გოგოს გადასარჩენად გარბოდნენ, ხან კოსმოსში გაიჭრებოდნენ ხოლმე. ვაკვირდებოდი და უამრავ მსგავსებას ვპოულობდი საკუთარ და ჩემი შვილების ბავშვობას შორის. არ შემცდარა მანო – მისი უმცროსი ძამიკო მართლაც მაგარი ბიჭი აღმოჩნდა, დროც კი დაამარცხა.

ორი წლის წინ მესამედ შევხვდი დაჩის, წიგნის მაღაზიაში თანამედროვე ილუსტრაციებით გაფორმებულ გამოცემას მოვკარი თვალი. პერსონაჟების ახლებურმა იმიჯმა და რაკურსებმა ისე გამიტაცა, კიდევ ერთხელ გადავიკითხე „დაჩის ზღაპრები“ და კიდევ ერთხელ გავიაზრე, რას ნიშნავს გამოთქმა „დროს გაუძლო“.

 

იცნობთ თუ არა დაჩის?

ვფიქრობ, თანამედროვე ქართველი ბავშვები ნაკლებად იცნობენ დაჩის. ამერიკასა თუ ევროპაში ასეთ ლიტერატურულ გმირს უსათუოდ ბრენდად აქცევდნენ. ჩვენ კი სათამაშოც არ გვაქვს. აღარაფერს ვამბობ სამგანზომილებიან ანიმაციურ თუ მხატვრულ ფილმებზე, კომპიუტერულ თუ სამაგიდო თამაშებზე. შესაძლოა მითხრათ, რომ შესაბამისი ტექნოლოგიები არ გაგვაჩნია. მაშ, ქართული წარმოების სასკოლო რვეულებს, დღიურებს, ჩანთებს დააკვირდით – იქნებ რომელიმეზე მაინც მოგიკრავთ თვალი დაჩისთვის (ან სხვა ქართული საბავშვო ლიტერატურის პერსონაჟისთვის)?

არადა, დაჩის ფათერაკები არ აკლია. კითხვის დროს უნებურად ანიმაციურ სიუჟეტებს წარმოვიდგენ ხოლმე: მანო და ბაჩო საუბრობენ, პარალელურად კი მოქმედება ვითარდება, ამბავი იწყება – აი, დაჩი თავის კბილა მეგობრებთან ერთად მარტორქას ყანწით „სხვადასხვა ჩამოსხმის რძეს“ აგემოვნებს; აი, თევზების მეფის, კალმახის, გასანთლულ უსტარს იღებს და არწივზე ამხედრებული, გველეშაპ ბრაკონიერს ებრძვის; ახლა იმას აღარ იკითხავთ, როგორი ექშენია თავი, სახელწოდებით „დაჩი დადგა – მიწა იძრა“: ატორტმანდა სახლები, ხეები, მთები, ცა, კუბიკებისგან აშენებული კოშკი დაინგრა, ეზოში ბავშვების გაყვანილი ქვიშის გვირაბები ჩამოინგრა, შეშინებული ნადირი გამოქვაბულებიდან გამოცვივდა, ჟირაფს ეხვეწებიან, გაიგე, ცა თავზე ხომ არ დაგვემხოო, ვეფხვი და ლომიც კი დაფრთხნენ…

იმედი მაქვს, დრო გავა და სათანადოდ დავაფასებთ ამ პერსონაჟს, მანამდე კი ჩვენი პატარები წიგნს დასჯერდნენ. იქნებ მომავალში რომელიმე მათგანი სახელგანთქმული ანიმატორი, რეჟისორი ან დიზაინერი გამოვიდეს, – დასანანი იქნება, დაჩის არ იცნობდნენ და დასახატი გმირების სიაში ეს მამაცი, სვანურქუდიანი ბიჭუნაც არ შეიყვანონ.

 

გრძნობები, სიყვარულს რომ გულისხმობს.

„დაჩის ზღაპრები“ გრძნობებით სავსე წიგნია, დედის, მამის, დის, ძმის, ბებიის, ბაბუის, ნათესავებისა თუ მეზობლების სიყვარულზე გვიამბობს.

„დედის ზღაპარში“ დაჩი დედას სიყვარულში ეპაექრება. „შენ ყველაზე კარგი ხარ, დედიკო,“ – ამბობს ბიჭუნა. „ყველაზე კარგი მე კი არა, შენ ხარ,“ – ეწინააღმდეგება დედა. დაჩი წყრება – მას ხომ ამქვეყნად დედაზე უკეთესი არავინ ეგულება. მაშინ დედა მეზობლის ქალებთან აგზავნის, მათაც ჰკითხეო. ასე მოივლის დაჩი თეთრ, წითელ და შავკაბიან ქალებს. მისდა სამწუხაროდ, ყველა ერთსა და იმავეს ამტკიცებს – რომ შვილზე უკეთესი ქვეყნად არაფერია! დედა კურდღელი, დედა მგელი, დედა ლომიც ქალებივით ფიქრობენ – შვილები დაუკარგავთ და მზად არიან, მათთვის სიცოცხლე გაიღონ.

საქმე დაჩის სასარგებლოდ მაშინ შემოტრილდება, როდესაც ის დაკარგულ ბაჭიებს, ლეკვებს, ბოკვერებს შეხვდება და მოუსმენს – დედა მათაც მთელ ქვეყანას ურჩევნიათ! მაშ, ვინ ამბობს სიმართლეს, დედები თუ შვილები? – ეს მარადიული კითხვაა და მასზე ერთადერთი პასუხი არსებობს: ორივე მართალს ამბობს, დედა-შვილის სიყვარული დაუსრულებელი შეჯიბრებაა.

ახლა „ბებიას და ბაბუას ზღაპარს“ არ იკითხავთ? მოხუცები შვილიშვილის გადასარჩენად ჭაობში ჩაცვივდებიან, საკუთარ მკერდზე გადაატარებენ დაჩის, ოღონდ ის ხმელეთზე უვნებლად დაბრუნდეს. „კარგად მოიქცნენ ბებია და ბაბუა!“ – აგრძელებს ავტორი და იქვე დასძენს, რომ „ისიც ბუნებრივია, მათ გამო ახლა შვილიშვილი რომ ტირის“. თუმცა დაჩი რისი დაჩი იქნება, ტირილს რომ დასჯერდეს – გამოსავალს მალე იპოვის და არა მხოლოდ ბებია-ბაბუას, ავტორსაც სიამაყით ათქმევინებს: „სანამ შვილიშვილი გყავს, ქვესკნელში ჩასულიც რომ იყო, ამოხვალ!“

მართლაც უკიდეგანო სიყვარულით გახლავთ გაჯერებული „დაჩის ზღაპრები“, პატარაობიდანვე ზღაპრის ენით რომ ასწავლის ჩვენს შვილებს, როგორ მოექცნენ წინაპრებს, მშობლებს, და-ძმებს და ყველა სულიერს თავიანთ გარშემო.

ხშირად მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, ზოგიერთი თავი (თუნდაც „დედის ზღაპარი“ ან „ბებიასა და ბაბუას ზღაპარი“) დამოუკიდებელ, მცირე ზომის წიგნებად გამოცემულიყო. ეს ხომ ისეთი ამბებია, თავიანთი ლიტერატურული ღირებულებით მსოფლიოს საბავშვო კლასიკად აღირებულ მინიატურულ წიგნებს რომ უტოლდება. ისეთებს, როგორებიცაა: „აბა გამოიცანი, როგორ მიყვარხარ“, „პიერი და მთვარე“ და სხვები.

 

როდესაც მამა ავტორია

„დაჩის ზღაპრები“ იმითაც გახლავთ საინტერესო და გამორჩეული წიგნი, რომ მასში ფაქიზად მჟღავნდება შვილისადმი (ამ შემთხვევაში – ვაჟისადმი) მამის განსაკუთრებული დამოკიდებულება. მსგავსი ტენდენცია სხვა საბავშვო წიგნებშიც შემიმჩნევია. მაგალითად, „ოზის ჯადოქარში“, „ვინი-ფუუჰში“, „მონტებულსუში“ (მინდა, რომელიმე წერილში მათ შორის თავშესაქცევი პარალელებიც გავავლო).

ოტია იოსელიანი თავისი დაწერილი თავგადასავლების აქტიური მონაწილეა. მართალია, პერსონაჟად არ გვევლინება, მაგრამ მამის პოზიციასა და შეხედულებებს საინტერესოდ და ორიგინალურად ამჟღავნებს. საკუთარ ვაჟს ისეთად წარმოაჩენს, როგორზეც ოცნებობს: დაჩი, არც მეტი, არც ნაკლები, ვეფვხვების ძუძუმტეა, მეზობლის ბიჭის კარგი მეგობარია, მეზობლის გოგოს სამგზის გადამრჩენელია და ბიძაშვილები ძმებად მიაჩნია. გარდა ამისა, ჰუმანური მონადირეა, ვეფხვს დაიჭერს, აკვნის ქვეშ მისი ტყავი რომ დაიფინოს, მაგრამ ატირებული ბოკვრების დანახვაზე გული მოულბება და გაუშვებს.

ავტორი შვილისთვის (და ყველა სხვა ბავშვისთვის) დარიგებებს არ იშურებს, ტექსტში საუკუნო საგზალივით ტოვებს რჩევებს: მეზობელს თვალისჩინივით უნდა გუფრთხილდე; კინკლაობა და ჩხუბი არ შეიძლება; კარგი მონადირე ის არის, ვინც ნადირს იცავს და თევზის მომრავლებაზეც ზრუნავს; ძნელია, არ იტირო, თვალებს რომ საპონი გიწვავს, მაგრამ რას იზამ, ატანაც საქმეა; მთვარეზე გაფრენას რაკეტა უნდა, შენ კი საკუთარი ველოსიპედისთვის ვერ მოგივლია! ჯერ მიწაზე სიარული ისწავლე, ვარსკვლავები მომთხოვა! (ამ ფრაზებს რომ ვკითხულობ, სულ ბატონი ოტიას ხმა ჩამესმის და სიყვარულით მეღიმება).

 

***

საუბარი დაუსრულებლად შეიძლება „დაჩის ზღაპრებში“ დასმულ ეკოლოგიურ, სოციალურ, საზოგადო პრობლემებზე, ადამიანის ამპარტავნებაზე, გაუმაძღრობაზე, ძალაუფლებისმოყვარეობაზე. ეს აქტუალური საკითხები ბავშვებისთვის გასაგები, მარტივი ენით გახლავთ გადმოცემული. თუმცა საინტერესო თემები მოზარდებისთვისაც უხვადაა. წყალს ჩაჩერებული ახალგაზრდა ქალი და კაცი საკუთარ სიბერეს დაინახავენ, უზრუნველობას დაკარგავენ, დაგროვებას დაიწყებენ („მამის ზღაპარში“)… ასეთი თავი, ახალგაზრდებს ფილოსოფიურ თემებზე სასაუბროდ რომ განაწყობს, წიგნში უამრავია („დედამიწის ზღაპარი,“ „ზღვის ზღაპარი“ და სხვა). მათი ხელხლა გადაკითხვა და გახსენება უფროსებსაც (მშობლებსა თუ მასწავლებლებს) არ გვაწყენს. მერე რა, რომ ზღაპრები ჰქვია და ენის მოჩლექით იწყება, – საბოლოოდ ავტორს კოსმოსში ავყავართ (განურჩევლად იმისა, საკუთარი ველოსიპედის მოვლას ვახერხებთ თუ ვერა).

ფრანგული ენის სწავლებისთვის

0

ცნობილია, რომ ფრანგებს თავიანთი ენისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. მათ პატარაობიდანვე უნერგავენ ფრანგული ენის უპირატესობას. მეტიც – განუწყვეტლივ აღვივებენ მათში საკუთარი ენის უდიდეს სიყვარულსა და პატივისცემას.

მე–19 საუკუნეში საფრანგეთში ორთოგრაფია საგნად იყო შემოღებული, ხოლო კარნახით წერით წლების განმავლობაში მოწმდებოდა მოსწავლეთა ცოდნის დონე.

საფრანგეთის აკადემია ხშირად თავშეკავებულია, როდესაც საქმე ენაში ახალი სიტყვების ოფიციალურად შეტანას ეხება. ენის სპეციალისტები ხშირად ხაზგასმით მიუთითებენ იმ განსხვავებაზე, რომელიც სასაუბრო ენასა და სამწერლო ენას შორის არსებობს. ეს სხვაობა მეტადრე მეგობრებს შორის კომუნიკაციის დროს შეინიშნება. თუმცა ფამილარული ფრანგული ენა მცდარი როდია იმის გამო, რომ დახვეწილი ენისგან განსხვავდება.

ხალხურ მეტყველებასაც თავისი ხარისხი აქვს, ოღონდ ის სპონტანურობით გამოირჩევა. მას არ ადარდებს ენის ნორმების დაცვა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხალხური ფრანგულის ძალიან გავრცელებული ლექსიკური ერთეულებიც კი წერისას არ გამოიყენება.

საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ რამდენიმე სტრიქონს რენო სეშანის პოემიდან „C’est quand qu’on va ou? (=ou est_ce qu’on va?)“ ამ მაგალითებით უკეთ დავაკვირდებით ფამილარულ სტილს.

Je m’suis chope 500 lignes (=j’ai volé), je n’dos pas parler en classe (= je ne dois pas), Bas l’bol de la discipline (=j’en ai assez), y’en a marre c’est dégueulasse (=j’en ai assez, c’est mal). C’est quand même un peu galère (=dur), d’aller chaque jour au chagrin (=au travail), Quand t’as tell’ ment d’gens sur terre (quand il y a tant de monde). Qui vont pointer (=arriver) chez “fout rien” (=des fainéants).

მოდით, კიდევ სხვა ფამილარულ ნუსხას გადავავლოთ თვალი: j’adore cette nana (=fille)/ Demain je reste au pieu (=au lit) jusqu’à midi. C’est une bonne bagnole = voiture; Grouille – toi (=dépêche – toi); fais gaffe, ça glisse (=fais attention). Si on allait au cinoche (=au cinéma); je n’ai plus un radis(=un sou); tu vas recevoir une tarte (=une giffle), si tu continues comme ça; Il est complètement rond (=soûl, ivre);

წავიკითხოთ ერთი პატარა ტექსტი:

“Hier, il m’est arrivé un drôle de truc (=chose) je rentre dans un bistrot pour boire un pot (=un verre). A côté de moi. il y avait une nana =une fille). Je commence à draguer (à séduire à lui faire la cour)/ J’avais l’impression de l’avoir vue quelque part. Je lui demande où elle crèche (=habite), à deux pas d’ici(=près d’ici)”. Je l’ invite à bouffer (=manger), elle se fâche et se barre (=s’en va). Je l’ai revue ce matin – c’st la femme de mon direlo (=directeur). Il m’a viré (=m’a licencié). Il va falloir que je trouve du boulot (=du travail).

აი, კიდევ რამდენიმე მაგალითი ფამილარული ფრანგული ენიდან:

  1. Je connais un petit restau (=restaurant) pas cher
  2. Le proprio (=le propriétaire) n’a pas l’ air sympa.
  3. Je bois du pinard (=du vin) ou de la flotte (=de l’eau)?
  4. Son père est flic (=policier)
  5. Oui, C’est le mec en costard (l’homme en costume)
  6. Je les ai achetées ou les godasses (=tes chaussures)?
  7. Il a un gros pif (=nez)
  8. Il s’est fait couper les tifs (=les cheveux);
  9. On regarde la téloche (=la télé)
  10. Attention, il a un flingue (=un fusil)
  11. Il est complètement dingue (=fou)
  12. Je fais une drôle de tronche (=de tête).

მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ სტანდარტული ფრანგული ენა წარმოთქმითაც განსხვავდება ფამილარულისგან. თუნდაც ის ფაქტი, რომ სწრაფი, გაბმული მტყველების დროს ვარდება “e” caduc – მოკლე, მორბენალი, სწრაფი საუბარი შლის ზოგიერთ ხმოვანს, ახდენს ზოგიერთი თანხმოვნის მოდიფიცირებას. ყველაზე აშკარა ფონეტიკური მოვლენებია: “e”–ს გაუჩინარება, ნაცვალსახელ “il”-ის რედუცია, “e”, “c” ან მისი შერწყმა “y”–თან (y a ნაცვლად “il y a”) წინ “Je”–ს ცვლილება, რომელიც ხდება “ch” (ch’ais – sais pas); “u”–ს გაუჩინარება ხმოვნის წინ (t’as écrit? = tu as écrit?) s’passe – se passe; C’ui – là = celui – là ; C’type = ce type’ C’ qui fait = ce qu’il fait; où va c’gars – là? – où il va cet homme – là; pis = puis და სხვა.

მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა უთხრას იმის შესახებაც, რომ არსებობს ე.წ. „რეგიონული“ ენები: ბასკური, ბრეტონული, კატალონიური, კორსიკული, ოქსიტანიური, ელზასური, ფლამანდიური, – რომლებიც დღესაც კი ბევრისთვის სალაპარაკო ენას წარმოადგენს. თუმცა უნდა გავარკვიოთ მოსწავლეები იმაშიც, რომ საფრანგეთში სახელმწიფო ენა მხოლოდ ფრანგულია, რეგიონული ენები კი ეროვნული მემკვიდრეობისა და ფოლკლორის ელემენტად მიიჩნევა, რომლის გაქრობა არ უნდა იჩქარონ. შეინიშნება, რომ ბოლო წლებში, ენათმეცნიერთა გავლენით, ხალხი პატივს სცემს რეგიონების ენებსა და კულტურას.

რაც შეეხება რეგიონული მახვილით საუბარს, ის არ არის აპრობირებული კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში, რადიოსა თუ ტელევიზიაში ძნელად იშოვის სამუშაოს პირი, რომელიც მკვეთრი რეგიონული მახვილებით საუბრობს.

80–იან წლებში ახალგაზრდებში გავრცელდა და მოდური გახდა არგო – verlan. ეს არის საუბრის განსაკუთრებული მანერა, რომელიც გამოიხატება სიტყვაში მარცვლების შებრუნებით. მაგ., merci გახდება ci-mer; “chébran” – branché; meuf – femme; laisse béton – laisse tomber.

ვერლანი მხოლოდ მოკლე სიტყვებს ეხება. ზოგიერთი პარიზელი ახალგაზრდა ხშირად საუბრობს ამ ენაზე, სხვები – ნაკლებად, ზოგი – სულაც არა. ვერლანის ზოგიერთი სიტყვა სალაპარაკო ენაშიც დამკვიდრდა.

მაგალითები:

méchant ვერლანის ენაზე იქნება chan- mé (ნიშნავს გენიალურ რამეს) la musique – la zic – mu თვითონ სიტყვა verlan შებრუნებულია სიტყვისა l’envers უკუღმა c.à.d.on parle à l’envers.

მოგეხსენებათ, ენა საზოგადოებასთან ერთად ვითარდება, შესაბამისად, შემოდის ზოგიერთი სიტყვა, მას შეიყვარებენ, ხშირად იყენებენ, ზოგს ივიწყებენ, ხანაც დავიწყებულს ისევ აღადგნენ და მიუბრუნდებიან. წერის დროს გამოყენებული ზოგიერთი გრამატიკული მოვლენა საუბარში პრაქტიკულად ქრება. მაგ., კავშირებითი კილოს ნამყო უსრული, მარტივი წარსული; ასევე მომავალ დროს ახლანდელით ანაცვლებენ. მაგ., ნაცვლად J’irai la semaine prochaine”-ისა, ამბობენ J’y vais la semaine prochaine.

ასევე უნდა ითქვას, რომ ადამიანები უარს არ ამბობენ ფრანგულში ზოგიერთი ინგლისური წარმოშობის სიტყვის გამოყენებაზე (le franglais), როგორიცაა “week-end “”zapper” etc “Le déjeuner” avec toi aujourd hui? – impossible, je suis trop speed (=excité)”

 

ბიბლიოგრაფია

Cavilam 03026 Vichy EG/SBR – Atelier Civilisation – avancé – N8 Rubrique – langue” Le Mode” 13.03.1996

სკოლა, სადაც არავინ განგსჯის

0

ბლეკპულის ერთ-ერთ ქუჩაზე, მოკრძალებულ აგურის შენობაში, პატარა გოგონას მუხლებამდე თეთრი წინდები, ტყავის კედები და თეთრი მაისური აცვია, ფრთხილად აწყობს ფაზლს და სკოლის ამბებს გვიყვება. მარია 13 წლისაა და ძალიან უყვარს ინგლისური ლიტერატურა. შესანიშნავად სწავლობდა “რომეო და ჯულიეტას”, ასევე მოსწონდა სტეინბეკის “თაგვებსა და ადამიანებზე”, თუმცა საკლასო ოთახში თავის კონტროლი ძალიან უჭირდა. ადმინისტრაციამ მას სკოლის დატოვება მოსთხოვა და ამჟამად სპეციალურ სკოლაში სწავლობს, სადაც მასავით “ჯიუტი” ბავშვები დადიან. მარია მათთან ერთად ემზადება სხვა სკოლაში გადასასვლელად, სადაც, იმედი აქვს, თვითკონტროლს შეძლებს.

თავის საქციელში არავის ადანაშაულებს. “გაკვეთილებს ვშლიდი. მასწავლებლებმა ბევრი შანსი მომცეს, მაგრამ არ გამოვიყენე”, – ამბობს. მისი მთავარი პრობლემა გაბრაზებაა. მას შეუძლია, დეტალურად ჩამოთვალოს, რაც კარგი ცხოვრებისთვის სჭირდება: ტაიმ აუტი, სიმშვიდე, ჯილდო, რომელიც წაახალისებს, მეტი ძილი და მასწავლებლების მიერ აღიარება. ახალი სკოლის მასწავლებლები ყველაფერს აკეთებენ, რომ მარიას ძველი ამბები დაავიწყონ, წაახალისონ და ახალი გამოწვევებისთვის მოამზადონ.

მარია ერთ-ერთია იმ 220 მოსწავლიდან, რომლებიც ამ სპეციალურ სკოლაში დადიან. ახალი კვლევების თანახმად, მისი მსგავსი მოსწავლეების რაოდენობა ინგლისში დღითი დღე იზრდება.

სკოლის ატმოსფერო ძალიან განსხვავდება ჩვეულებრივი, საჯარო სკოლებისგან. აქ კედლები ჭრელია და ღია ფერებში გადაწყვეტილი. კედლებზე პოსტერებია, რომელიც განსხვავებულ გრძნობებს გამოხატავს. “მე და ჩემი ცუდი დღე”, – ამბობს ერთი პოსტერი. “მინდა, შინ წავიდე. მინდა, ვიბრძოლო. მინდა, მიზანი მქონდეს”, – ამბობს მეორე. მეორე სართულზე ხელოვნების ოთახია, სადაც მოსწავლეები ორიგინალურ ნახატებს ხატავენ. პირველ სართულზე ორი წლის კოკერსპანიელი წევს, რომელსაც არჩის ეძახიან და მოსწავლეებს ეკუთვნით. სწორედ ისინი ეთამაშებიან და უვლიან ძაღლს მორიგეობით. ბავშვები ძალიან მშვიდად ხატავენ და მხიარულები ჩანან. ისინი ერთ დროს სკოლიდან პანიკური შეტევებისა და დაუმორჩილებელი ხასიათის გამო გარიცხეს.

საკლასო ოთახები პატარაა, მასწავლებლები მოსიყვარულეები და მხიარულები არიან. “მნიშვნელობა არ აქვს, როგორ განწყობას გამოამჟღავნებენ მოსწავლეები ჩვენ მიმართ. ჩვენ არასოდეს, არასოდეს ვნებდებით, – ამბობს უფროსი მასწავლებელი ვენდი ქასონი. – წელიწადის სხვადასხვა დროს მოსწავლეები სხვადასხვა პრობლემებით მოდიან: ბრაზი, გაღიზიანება, დაუმორჩილებლობა. ჩვენი მიზანია, მოსწავლეები კალაპოტში ჩავაყენოთ. ყურადღება და სითბო არ მოვაკლოთ, რთული გამოწვევების დასაძლევად მოვამზადოთ და საჯარო სკოლებში დავაბრუნოთ, თუმცა ხშირად მათ აქედან წასვლა აღარ უნდათ. საჯარო სკოლებში მათ ბევრი რამ აღიზიანებთ: კლასში მოსწავლეების სიმრავლე, მეტისმეტად ბევრი საშინაო დავალება. ვითარება უფრო მეტად მძიმდება, როცა ბავშვები სახლშიც აწყდებიან პრობლემებს. ჩვენ ვცდილობთ, თითოეულს დამოუკიდებელი სასწავლო გეგმა შევუდგინოთ და შეძლებისდაგვარად მალე დავაბრუნოთ სკოლაში. ყველა მათგანს, ცხადია, სხვადასხვა დრო სჭირდება მიზნის მისაღწევად”.

ქასონს, რომელიც ბლეკპულში დაიბადა და სწავლების ოცწლიანი გამოცდილება აქვს, თავი მოაბეზრეს ჟურნალისტებმა, რომლებიც ამ სკოლას გამუდმებით უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ. არგუმენტად მათ გამოცდების ცუდი შედეგები მოჰყავთ. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს, ინგლისის საგამოცდო მონაცემების მიხედვით, სკოლა თითქმის ბოლო ადგილზე გავიდა. ქასონი იცინის და უკვე, ვინ იცის, მერამდენედ განმარტავს: ეს არ არის სკოლა, სადაც მოსწავლეებს მაღალი დონის განათლებას აძლევენ. ეს ის ადგილია, სადაც მათ ამშვიდებენ, ასწავლიან ადამიანებთან, გარე სამყაროსთან ურთიერთობას, უხსნიან სწავლის დადებით მხარეებს და შინ გაწონასწორებულებს და მოტივირებულებს აბრუნებენ.

ქასონი ამბობს, რომ მთავარი მასწავლებლების შერჩევაა და სწამს, რომ სკოლა კიდევ არაერთ წელს იარსებებს.

წყარო: theguardian.com

 

თვითკმარობა – მშვიდობა საკუთარ თავთან და სამყაროსთან

0

რაღაც ძალიან სევდიან-სასაცილო ამბავია, რომ არც ბოლომდე გულწრფელობა შეიძლება საჯაროდ და არც ტყუილი. უნდა გაზომ-აწონო სათქმელი და იმ საზღვრებში მოაქციო, საიდანაც არავის დააფრთხობ არც ზედმეტი გულწრფელობის სიგიჟით და არც რაფინირებული სიყალბით. ზოგჯერ წარმოდგენა არა მაქვს, სადაა ეს უსაფრთხო სივრცე და გავდივარ კულისებში, მაგრამ იქაც არაა შვება ამ ერთის გარდა: სულ მოდის და მოდის წასვლის დრო და სულ ისმის და ისმის მატარებლის კივილი: ბარგს მიხედეთ, შემოვდივარო ბაქანზე.

მაია სარიშვილი

 

თუ შეიძლება, იქნებ სუპერეგო ძალიან მოკლედ არ მომპარსოთ.

დენიელ კიზი

 

 

თვითკმარი – თავისთავად საკმაოდ მნიშვნელოვანი; სავსებით დამოუკიდებელი მნიშვნელობის მქონე.

თვითკმარობა საკუთარ თავთან თანხმობისა და უსაფრთხოების განცდაა, ღრმად ფესვგადგმული გრძნობა შინაგანი სისრულისა და წონასწორობის. ზედაპირულად თუ ვიმსჯელებთ, ის „უსაფრთხო თვითშეფასება“ – საკუთარი თავის ღირსეულ ადამიანად შეფასებაა. თუმცა, თვითკმარობა ბევრად უფრო ღრმაა, ის არამარტო კოგნიტური, არამედ ემოციური მდგომარეობაა – ფუნდამენტური მთლიანობისა და კეთილდღეობის განცდა.

თვითკმარ ადამიანს დიდად არ ადარდებს, რას ფიქრობენ მასზე სხვა ადამიანები. სხვების მხრიდან გულგრილობა მათზე ნაკლებად მოქმედებს საკუთარი ღირსების ღრმა გრძნობის გამო. ასევე ნაკლებად მოქმედებს შექება და დადანაშაულება, რადგან არასოდეს არის უზომოდ გატაცებული საკუთარი  მნიშვნელოვნებით.

იგივე შეიძლება ითქვას ცხოვრების დადებით და უარყოფით მოვლენებზეც: თვითკმარი ადამიანისთვის ისინი დესტაბილიზაციის უმნიშვნელო საფრთხეა. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ საქმე უემოციო მონსტრთან გვაქვს. უბრალოდ მას მყარი შინაგანი „სიმძიმის ცენტრი“ აქვს, სტაბილურად და ფილოსოფიურად უდგება უარყოფით მოვლენებს და წონასწორობის მდგომარეობასაც სწრაფად აღიდგენს. კეთილდღეობისა და სისრულის შინაგანი განცდის გამო თვითკმარები უფრო სიცოცხლისუნარიანები არიან ცხოვრებისეული უკუღმართობების დროს.

თვითკმარობა გარკვეულ თვისებებს უკავშირდება. თვითკმარებს ძლიერი შინაგანი „კონტროლის ლოკუსი“ აქვთ. მათ აქვთ საკუთარი კურსის განსაზღვრის, საკუთარი გადაწყვეტილების მიღების უნარი და სურვილი და არ დაუშვებენ, რომ მათი ცხოვრებისეული არჩევანი სხვამ გააკეთოს. ისინი ენდობიან საკუთარ ინსტინქტს და მზად არიან, იარონ საკუთარი გზით, მაშინაც კი, თუკი ეს სხვების მოლოდინების საპირისპიროდ სიარულს ნიშნავს. ამიტომ ხშირად აწყდებიან ვერგაგებას ან დაცინვას.

თვითკმარი ადამიანი ნამდვილია (ავთენტურია). როგორც წესი, ის არ თამაშობს როლებს, გულწრფელია და არ ფარისევლობს, რომ ვინმეს ასიამოვნოს. შინაგანი სტაბილურობისა და მთლიანობის გამო მისთვის ნაკლებმნიშვნელოვანია სხვების დასტური ან პატივისცემა, ამიტომ მზად არის გარისკოს და სიმართლე თქვას, თუნდაც სხვებისთვის მოსაწონი არ იყოს. თუკი ლექსს ან ნახატს აჩვენებთ და აზრს ჰკითხავთ, მზად უნდა იყოთ, რომ გულწრფელ შეფასებას მოისმენთ. ის არ ცდილობს სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას და ამიტომ ნამდვილად ყოფნის ფუფუნება აქვს.

ცხოვრების წესის თვალსაზრისით თვითკმარი ადამიანი ბედნიერია საკუთარი თავის გარემოცვაში. ის სოციალურია, მაგრამ განმარტოებაც უყვარს. მაშინ, როცა ზოგიერთი ადამიანი ძნელად იტანს მარტოობასა და სიჩუმეს და გასართობად და ყურადღების გადასატანად ინტერნეტს ან ტელევიზიას იყენებს, თვითკმარი ადამიანი სრულიად ბედნიერია საკუთარ თავთან მარტოობაში. შინაგანი წონასწორობისა და მთლიანობის გამო ის ნაკლებად ეძებს კომპენსაციას მატერიალურ კეთილდღეობისა და სტატუსის სახით. თავი კარგად რომ იგრძნოს, ნაკლებად სჭირდება ძვირადღირებული ნივთები, არც სახელსა და ძალაუფლებას ეძებს მნიშვნელოვნების დასტურად.

თვითკმარობა ფსიქოლოგიის მნიშვნელოვანი ასპექტია და შესაძლებელია ზოგადი კეთილდღეობის წინაპირობად ჩაითვალოს. თვითშეფასება შეიძლება მცენარეს შევადაროთ, რომელსაც ღრმად აქვს ფესვები გადგმული თვითკმარობაში, ამის გარეშე ის მსხვრევადი და არასტაბილურია.

თვითკმარობას ძლიერი კავშირი აქვს ბავშვობის გამოცდილებასთან. ადრეულ ასაკში სასტიკი მოპყრობა და ტრავმა, სავარაუდოდ, სუსტად განვითარებული თვითკმარობის მიზეზი ხდება. კვლევები ადასტურებს, რომ ასაკთან ერთად თვითკმარობის ხარისხი იზრდება. ახალგაზრდებში იდენტობა ჩამოყალიბების პროცესშია და, შესაბამისად, ძალზე ფაქიზი. ამით შეიძლება აიხსნას მათი იმპულსური სურვილები და მისწრაფებები.

თვითკმარობის კონცეფცია არც ახალია და არც რევოლუციური. 2500 წელზე მეტია ის მსოფლიოს სულიერი ტრადიციის შემადგენელი ნაწილია. „ბჰაგავად-გიტაში“ ადამიანის სულიერი გამოღვიძება ასეა აღწერილი: „ის ქების ან დადანაშაულების მიღმაა, მისი გონება მყარია და მშვიდი“, „ის ერთნაირია სიამოვნებისა და ტკივილის დროს; მისთვის ერთია სამყაროს ოქროც და ქვებიც; მის სიმშვიდეს ვერ ამღვრევს ვერც სიამოვნება და ვერც უსიამოვნება“.

ესეც რამდენიმე რჩევა თვითკმარობის განვითარებისთვის:

  1. მუდმივად იზრუნეთ თვითგანათლებაზე. ახალი ცოდნა აკეთილშობილებს ადამიანს და მის ცხოვრებას საინტერესოს და სისხლსავსეს ხდის. ცოდნის მიღების პროცესი არ შეიძლება სასრული გახდეს, დოჩანაშვილისეული „გავძეხი“ დამოკიდებულება ამ შემთხვევაში სიკვდილის ტოლფასია.
  2. დაუსახეთ საკუთარ თავს განსაზღვრული მიზნები. ეს ცხოვრებისეულ რუტინას აზრს აძლევს და სამუშაოზე კონცენტრირებაში გვეხმარება.
  3. ურთიერთობა დაამყარეთ საინტერესო ადამიანებთან, გაიზიარეთ მათი ცოდნა და გამოცდილება.
  4. იზრუნეთ ნებისყოფის განვითარებაზე. უნებისყოფო ადამიანი სიზარმაცისა და აპათიის მსხვერპლია. ვერც სიზარმაცე და ვერ აპათია ვერ დაგვეხმარება თვითრეალიზაციაში.
  5. ისწავლეთ მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობა. ბედის ან მდიდარი ახლობლის წყალობის მოლოდინში ადამიანი ვერ ვითარდება.
  6. ეცადეთ გონივრულად მიიღოთ რჩევა ან კრიტიკა და გამოიყენოთ თვითგანვითარებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://www.psychologytoday.com/blog/out-the-darkness/201303/self-sufficiency-essential-aspect-well-being

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ყოფითი ქიმიური ლაბორატორია

0

მაიერის რეაქცია, ანუ რატომაა შემწვარი საკვები ასეთი გემრიელი და მადის აღმძვრელი?

კულინარია – ეს ყოფითი ქიმიური ლაბორატორიაა და ყველა კულინარი გარკვეულწილად ქიმიკოსია. ყოველი კერძის მომზადება დაკავშირებულია ნივთიერებების გარდაქმნასთან, ანუ ქიმიური რეაქციის მსვლელობასთან. ამ პროცესთან ყოველდღიურად გვაქვს შეხება, როცა ქურასთან მივდივართ რაიმე გემრიელის მოსამზადებლად. ვგრძნობთ ახლად მოდუღებული ყავის, გამომცხვარი პურის თუ შემწვარი ხორცის არომატს, რომელიც შებრაწული პურის ქერქს ან ხორცის ნაჭერს ასდის. საოცარი გემო აქვს ამ პროდუქტებს. ეს ცვლილებები იწვევს პროდუქტების გარდაქმნას მაიერის რეაქციით. ფრანგმა ქიმიკოსმა და ექიმმა, ლუი კამილ მაიერმა, 1910 წელს ერთ-ერთმა პირველმა გამოიკვლია საკვების მომზადებისას მიმდინარე პროცესი. ამ რეაქციას მისი სახელი ეწოდა. მაიერის რეაქცია წარმოადგენს რეაქციათა ჯაჭვს, შაქარსა და ამინონაერთებს შორის (ამინომჟავები, პეპტიდები, ცილები), რომელიც, როგორც წესი, მიმდინარეობს გაცხელებისას. საკვები პროდუქტის გაცხელებისას, წარმოიქმნება დამახასიათებელი სუნი, ფერი და მზა საკვების გემო. მაიერის რეაქცია ჩვენთვის ცნობილია არა მარტო სამზარეულოში, არამედ ყველგან – ნიადაგის ჰუმუსის, ნახშირის, ტორფის, სამკურნალო ტალახების წარმოქმნა ამ რეაქციის წყალობით ხდება, მაგრამ ჩვენ საკვების თერმულ დამუშავებაზე შევჩერდებით.

თანამედროვე ადამიანის ცხოვრება კულინარიის გარეშე, ხოლო კულინარია კი ხარშვის, ცხობისა და შეწვის გარეშე, ძნელი წარმოსადგენია. აქვე უნდა ითქვას, რომ სხვა ყველა ცოცხალი არსება საკვებს თერმული დამუშავების გარეშე მოიხმარს. არსებობს მონაცემები, რომ ჯერ კიდევ სინანტროპები (Homo erectus pekinensis) იყენებდნენ ცეცხლს, ხოლო თანამედროვე Homo sapiens ცეცხლზე ამზადებდა იმთავითვე. ასე რომ, შემწვარ- მოხარშულის სიყვარული, უძველესი დროიდან ჩამოყალიბდა. მაინც რამ აიძულა პირველყოფილი ადამიანი, რომ საკვები ცეცხლზე დაედო და შემდეგ ეჭამა? და რატომ დაიწყო ყველამ საკვების დამუშავება?

რთულია გავიგოთ, როდის და რატომ მოხდა ეს. სავარაუდოდ, რაღაც მიზეზით უმი ხორცი ცეცხლში მოხვდა, შეიწვა, ჩვენმა წინაპარმა კი ცდუნებას ვერ გაუძლო და არომატული ნაჭერი დააგემოვნა. გასაგებია, რომ შემწვარი ნაჭერი გაცილებით გემრიელია უმზე, მარილის, კეტჩუპისა და საკმაზების გარეშეც კი. თუმცა ეს გასაგებია, მხოლოდ არაბიოლოგებისათვის. ევოლუციის თეორიის თანახმად, გემრიელი ის უნდა იყოს, რაც სასარგებლოა და შეიცავს ძვირფას კომპონენტებს (ტკბილეულის ჭარბად მიღება საზიანოა, თუმცა ჩვენს წინაპრებს ეს არ ემუქრებოდათ). რატომაა  შემწვარი გემრიელი? – ეს არატრივიალური კითხვაა. იქნებ სწორედ იმიტომ, რომ მომზადებული საკვები ადვილად ათვისებადია და გემოს რეცეპტორები ამას ხვდებიან. და მალე მომზადებულ საკვებს სარკალურად მიიჩნევდნენ, „ცეცხლით განწმენდილად“. მსხვერპლთ შეწირვისას, როცა პოტენციურ საკვებს წვავდნენ, მისი ნაწილი ცაში ადიოდა კვამლის სახით, როგორც ერთგვარი ძღვენი ღვთაებებისათვის. ასეა თუ ისე, ცეცხლი, ტაფა, ქვაბი და შამფურები, დიასახლისებისა და მზარეულების მთავარი ინსტრუმენტი გახდა, გემრიელი თბილი საკვები კი, ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი სიამოვნება.

საკვების მომზადების ამგვარმა ხერხმა გამოიწვია კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, გლობალური შედეგები. არსებობს საინტერესო თეორია, რომლის თანახმადაც, საკვების თერმულმა დამუშავებამ გამოიწვია ანტროპოგენეტიკური ევოლუცია და დასაბამი მისცა ადამიანის კულტურულ განვითარებას. ჩვენი წინაპრები ყველაფრის მჭამელი ცხოველები იყვნენ. ეს აძლევდათ ევოლუციურ უპიატესობას, რადგან მოხმარების პროდუქტთა დიდი მრავალფეროვნება იყო, მაგრამ ბევრი უარყოფითი ჰქონდა: უმი და უხეში საკვები, ძნელი მოსანლებელი იყო, ამიტომ ბევრის ჭამა უწევდათ, დიდ დროს ხარჯავდნენ მის მოპოვებაზე. სპეციალისტებმა გაიანგარიშეს, რომ შიმპანზე საკვების მოხმარებაზე დღეში რამდენიმე საათს ხარჯავს, თანამედროვე ადამიანი კი საათზე ნაკლებს (რესტორანსა და ბარში გატარებული დრო მხედველობაში არ მიიღება, რადგან, ძირითადად აქ დრო ურთიერთობას ეთმობა). გამოდის, რომ საკვების თერმულმა დამუშავებამ, მნიშვნელოვნად  გაზარდა მონელების ხარისხი, შეამცირა რესურსებზე მოთხოვნილება და ჩვენს წინაპრებს აჩუქა თავისუფალი დრო და ენერგია, რომელიც შეეძლოთ დაეხარჯათ სამყაროსა და შემოქმედების  შეცნობაზე, აზროვნებაზე და სამუშაო იარაღის შექმნაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკვების მომზადებამ Homo sapiens-ს შესაძლებლობა მისცა, ჭეშმარიტად გონიერ არსებად ჩამოყალიბებულიყო.

კარგად დაბრაწული ხორცისა და ახლადგამომცხვარი პურის წარმოდგენაც კი საკმარისია, რომ ნერწყვი მოგვადგეს. რატომაა შემწვარი საკვები ასეთი გემრიელი და მადის მომგვრელი?

სამი უმთავრესი კომპონენტია მოხმარებული საკვების ორგანიკის შემადგენელი: ნახშირწყლები, ცხიმები და ცილები. ნახშირწყლები, რომლებსაც სხვაგვარად, როგორც ვიცით, ბუნებრივ ჰიდროქსილ-ალდეჰიდებს და პოლიჰიდროქსიკეტონებს უწოდებენ, ზოგადი ფორმულით (CH2O)n, თავიანთი მოლეკულების შედგენილობაში შეიცავენ არა მარტო ჰიდროქსილ ჯგუფებს -ОН, არამედ კარბონილურსაც С=О.

ბუნებრივი ცხიმების, ტრიგლიცერიდების (ერთფუძიანი ცხიმმჟავებისა და გლიცერინის რთული ეთერების) მოლეკულებში, ასევე არის კარბონილური ჯგუფები.

ცილები გაცილებით რთული აგებულებისაა. ეს ის პოლიმერებია, რომელთა ჯაჭვებიც აგებულია სხვადასხვა ამინომჟავით. ცილის თვისებები პირდაპირ კავშირშია, მის აგებულებასთან, თუ რომელი ამინომჟავები და რა მიმდევრობითაა მის შემადგენლობაში. 20 ამინომჟავას შორის, რომლებიც ცილის შემადგენლობაშია, არის რამდენიმე, ქიმიური თვალსაზრისით დაუცველი. ესენია: ლიზინი, არგინინი, ტრიპტოფენიდა ჰისტიდინი. მათი მოლეკულები შეიცავენ თავისუფალ ამინოჯგუფებს (-NH2), გუანიდურ ჯგუფს (-С(NH2)2), ინდოლურ და იმიდაზოლურ რგოლებს.

ჩამოთვლილი ჯგუფები დაუცველი არიან, რადგან ცილის მოლეკულის შემადგენლობაშიც კი, ადვილად შედიან რეაქციაში, ნახშირწყლების კარბონილ-ჯგუფთან (С=О), ალდეჰიდებთან და ლიპიდებთან. სხვა ამინომჟავების ამინოჟგუფი რეაქციაში შედის მხოლოდ მაშინ, თუ ეს ამინომჟავა თავისუფალია ან პოლიპეპტიდური ჯაჭვის ბოლოშია. საჭიროა მხოლოდ მაღალი ტემპერატურა, ცეცხლი ან ქურა. სწორედ ესაა კვებით ქიმიაში ცნობილი, შაქარ-ამინური კონდენსაციის რეაქცია, ანუ იგივე მაიერის რეაქცია. დღეს მაიერის რეაქციის შესახებ ბევრი რამაა ცნობილი. უპირველესად, ეს არაა ერთჯერადი რეაქცია, არამედ პროცესების მთელი კომპლექსია, რომლებიც მიმდინარეობს თანმიმდევრულად და პარალელურად, ფერმენტების მონაწილეობის გარეშე და სარეაქციო მასას ყავისფერ შეფერილობას აძლევს. მთავარია, რომ სარეაქციო ნარევში იყოს კარბონილური ჯგუფები (შაქრის, ალდეჰიდების ან ცხიმების შემადგენლობაში) ან ამინოჯგუფები (ცილები). ნათელია, რომ რეაქციების ასეთი ნაკრები იწვევს განსხვავებული აგებულების მრავლობითი პროდუქტის წარმოქმნას, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში „გლიკირების საბოლოო პროდუქტებად“ იწოდება. ამ ჯგუფში შედის ალიფატიური ალდეჰიდები და კეტონები, ასევე ამიდაზოლის, პიროლისა და პირაზინის ჰეტეროციკლური წარმოებულები. სწორედ ეს ნივთიერებები – შაქარამინული კონდენსაციის პროდუქტებია პასუხისმგებელი პროდუქტების თერმული დამუშავებისას  ფერის, არომატისა და გემოს ფორმირებაზე. ეს რეაქცია ტემპერატურის მატებისას სწრაფად მიდის და ამიტომ, ხარშვისას, შეწვისას და ცხობისას ინტენსიურად მიმდინარეობს. მოყავისფრო-ოქროსფერი გარსის პურზე, შემწვარ თევზზე, ხორცზე, გამომშრალ ხილზე ყავისფერი შეფერილობა – მიუთითებს, რომ მაიერის რეაქციას ჰქონდა ადგილი. თერმულად დამუშავებულ პროდუქტს, მუქ შეფერილობას ანიჭებს, მაღალმოლეკულური ნივთიერება მელანოიდინები (ბერძნული დასახელებაა „მელანოს“, რაც ნიშნავს „შავი“), რომლებიც მაიერის რეაქციის ბოლო სტადიაზე წარმოიქმნებიან. უნდა აღინიშნოს, რომ სტანდარტული მელანოიდინების ფერი შავი კი არა, მოწითალო-მოყავისფრო, მუქი ყავისფერია. ისინი წარმოქმნიან შავ პიგმენტებს იმ შემთხვევაში წარმოქმნიან, თუ ცეცხლი იყო ძლიერი და საკვები უყურადღებობით  დაგვეწვა. თავად ტერმინი „მელანოიდინი“, 1897 წელს ო. შმიდენბერგმა შემოიტანა. ყავა, კაკაო, ლუდი, ბურახი, სადესერტო ღვინო, პური, შემწვარი თევზი და ხორცი…. სანამ ჩვენ ამ ყველაფერს მივირთმევთ, მაიერის რეაქცია და მისი პროდუქტი მელანოიდინი ჩვენთანაა. ყოველდღიურად ჩვენ 10 გრამამდე მელანოიდინებს მოვიხმართ, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ მათი სარგებლობისა და ზიანის შესახებ.

ქიმიური თვალსაზრისით, მელანოიდინები, განსხვავებული აგებულების არალეგულარული პოლიმერების ფართო სპექტრს წარმოადგენენ, რომლებიც ასევე მოიცავენ ჰეტეროციკლურ და ქინოიდურ სტრუქტურებს, მოლეკულური მასით 0,2-დან 100 ათასამდე დალტონი. მათი წარმოქმნის მექანიზმი, საკმაოდ რთულია და ბოლომდე შესწავლილიც არაა. საკმაოდ ბევრი შუალედური პროდუქტი არსებობს, რომლებიც ერთმანეთთან და საბოლოო ნივთიერებებთან ურთიერთქმედებენ. მელანოიდინების წარმოქმნას თან ახლავს მრავლობითი არომატული ნივთიერების წარმოქმნა: ფურფუროლი, ოქსიმეთილ ფურფური, აცეტალდეჰიდი, ფორმალდეჰიდი, იზოვალერიანის ალდეჰიდი, დიაცეტილი და სხვა. სწორედ ისინი ანიჭებენ საკვებს ამ მადის აღმძვრელ არომატს. კერძებისა და სასმელების მომზადების ტრადიციული რეცეპტები, მოიცავენ საკვების დამუშავების სტადიებს, რომლებზეც მელანოიდინი წარმოიქმნება. მაგალითად: მუქი ლუდის სახეობების შეფერილობა მელანოიდიზირებული ალაოს დამსახურებაა. გემოს არომატიზატორები და საკვები დანამატები – ეს უკვე მაიერის რეაქციის მზა პროდუქტია, რომლებსაც ცალკე იღებენ და უმატებენ პროდუქტებსა და სასმელებს, ბუნებრივი საღებრებისა და გემოს გამაძლიერებლების სახით. ფასტფუდისათვის საჭირო საკმაზები და არომატიზატორები იმავე წარმომავლობისაა. მაგალითად, ჩაშუშული მკერდის ნაწილის გემოს მქონე საკვებ დანამატს იღებენ მიკროტალღურ ღუმელში, საქონლის ხორცის ფერმენტაციული ჰიდროლიზატური შრობით. რამდენად სახიფათოა ეს ნივთიერებები? ჩვენ ხომ ხშირად გვესმის: შემწვარს ერიდეთ, რადგან დაბრაწული ნაწილები კარცეროგენულ ნივთიერებებს შეიცავენ. მოდით გავერკვეთ.

დღეისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში მრავლადაა ინფორმაცია, მელანოიდინების სასარგებლო თვისებებზე – ანტიოქსიდანტური, ანტიმიკრობული, იმუნომოდულატორული, ასევე მძიმე მეტალების შებოჭვის უნარი. მაიერის რეაქციის პროდუქტების აქტიური ანტიოქსიდანტური თვისებები პირველად 1961 წელს, მოხარშულ ხორცზე ექსპერიმენტებისას აღმოაჩინეს. შემდეგ ნათელი გახდა, რომ მოხარშული ხორცი, ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის ინჰიბირებას ახდენს. თვით ინჰიბიტორის როლში კი მელანოიდინი და მალტოლი გამოდიან, რომლებიც ხარშვისას ხორცში წარმოიქმნებიან.

დღეისათვის მეცნიერები, რომლებიც მელანოიდინების აქტიურ ანტიოქსიდანტურ ბუნებას იკვლევენ, ვარაუდობენ, რომ ეს თვისება დაკავშირებულია მათ სტრუქტურასთან. აქ ქინონური და ჰეტეროციკლური ჯაჭვები შეიცავენ ორმაგი ბმების შეუღლებურ სისტემას.

სწორედ ეს სტრუქტურა იძლევა, თავისუფალი რადიკალების გაუვნებელყოფისა და მძიმე მეტალების შებოჭვის საშუალებას, რაც ორგანიზმისათვის მეტად სასარგებლოა.

მელანოიდური პოლიმერის

სტრუქტურის

ფრაგმენტი.(gls-ნარჩენი D-გლუკოზის)

 

უკანასკნელ წლებში ყავის მელანოიდინების კვლევებს მეცნიერები იმ მოსაზრებამდე მიჰყავთ, რომ მათ სიმსივნის რისკების შემცირება ძალულთ. გარდა ამისა, ისინი აძლიერებენ გლუტათიონ-S-ტრანსფერაზის ოჯახის ფერმენტების სინთეზს, რომლებიც სხვადასხვა ქსენობიოტიკებს უვნებელჰყოფს, ხოლო კორეელ, იაპონელ და გერმანელ მეცნიერთა ჯგუფმა ვირთხებზე ჩაატარა ექსპერიმენტი, რომლის შედეგადაც გამოჩნდა, რომ მოხალული ყავის მარცვლების არომატი (მაიერის რეაქცია) ცვლის ზოგიერთი გენის მუშაობის მექანიზმს, ტვინში ხდება ცილების სინთეზირება, რაც უძილობით გამოწვეული სტრესის შედეგებს ამცირებს. ამგვარად, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ყავის არომატით გამოღვიძება სასარგებლოა ტვინისათვის, ამასთან სასიამოვნოცაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დილიდან დაღამებამდე ყავას უნდა მივირთმევდეთ. ჯანდაცვის ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის წარმომადგენელი, კვლევების ხელმძღვანელი, იაპონელი მეცნიერი იოსინორი მასუო თვლის, ყავის დაყნოსვაც საკმარისია, რომ არ დავლიოთ.

უნდა ვაღიაროთ, რომ მელანოიდინები ცუდად იშლებიან საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით და კუჭ-ნაწლავური ტრაქტი მათ არ იწოვს. თითქოს ეს მათ უარყოფით თვისებად უნდა ჩავუთვალოთ, თუმცა ნუ ვიჩქარებთ. მელანოიდინები იმავე ფუნქციას ასრულებენ, რასაც საკვები ბოჭკოები აუმჯობესებენ მონელების პროცესს და ბიფიდობაქტერიების ზრდის სტიმულირებას ახდენენ, ანუ პრებიოტიკების თვისებები აქვთ – ეს კი უკვე დიდი პლიუსია. და მაინც, რას უკავშირდება საუბრები კარცეროგენებზე? საქმე ის გახლავთ, რომ ძალიან მაღალი ტემპერატურისას მაიერის რეაქციის მიმდინარეობისას, შესაძლოა მართლაც წარმოიქმნან ტოქსიურიან კარცეროგენული ნივთიერებები. მაგალითად, აკრილამიდი წარმოიქმნება 180°C-ზე მაღალ ტემპერატურაზე ცხობის ან შეწვისას. ასეთ დროს  მიმდინარეობს მელანოიდინების თერმული დაშლა, ამიტომ არ ღირს ძალიან შევწვათ.  აი რა არის საინტერესო: მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ მაიერის რეაქციის ზოგიერთი პროდუქტები, იმ ფერმენტების წარმოქმნის სტიმულაციას ახდენენ, რომლებიც მონაწილეობენ ტოქსინების, მათ შორის აკრილამიდის, შებოჭვაში. ხოლო მოდელურმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ მაღალმოლეკულური მელანოიდინები თრგუნავენ კარცეროგენული N-ნიტროზამინების წარმოქმნას.

რა თქმა უნდა, მინუსად შეიძლება ჩაითვალოს, რომ მაიერის რეაქცია ამცირებს ცილების ბიოლოგიურ ღირებულებას, რადგან ამინომჟავები, განსაკუთრებით ლიზინი, ტრეონინი, არგინინი და მეთიონინი, რომელთა ნაკლებობასაც ყველაზე ხშირად განიცდის ორგანიზმი, საქარიდებთან შეერთებისას, მიუწვდომელი ხდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისათვის – შედეგად ვერ ხდება მათი შეთვისება. მაგრამ დამეთანხმეთ, რომ ღირს დავიკლოთ მცირედი ამინომჟავები, საკვების მადისაღმძვრელი სუნის, გემოსა და შეხედულებისათვის. ამ ფაქტორების გარეშე ხომ შეუძლებელია საკვების სრულფასოვანი გადამუშავება. საკვები უნდა იყოს გემრიელი!
იმისათვის რომ შევაფასოთ მელანოიდინების ზიანი და სარგებელი, აუცილებელია პრობლემას კომპლექსურად მივუდგეთ, ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორებისა და დეტალების გათვალისწინებით. ეს სირთულეს წარმოადგენს, მაგრამ არის სხვა გზაც – დღეს მაიერის რეაქციისათვის ნაპოვნია კატალიზატორები და ინჰიბიტორები. ჩვენ ვიცით, როგორ მოქმედებს рН-გარემოები, ტემპერატურა, ტენიანობა, კომპონენტების თანაფარდობა პროცესისი მსვლელობისას და წარმოქმნილ ნივთიერებათა სპექტრი. ამ პარამეტრებს, ჩვეულებრივ ყურადღება ექცევა საკვები პროდუქტების წარმოებაში. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მაიერის რეაქცია მართვადი ხდება, ამიტომ კულინარიული დამუშავებისას სავსებით შესაძლებელია, მხოლოდ ორგნიზმისათვის სასარგებლო თვისებების მქონე სტანდარტული პროდუქტების მიღება.

წყარო:

  1. https://www.scienceofcooking.com/maillard_reaction.htm
  2. https://web.archive.org/web/20041029235215/https://www.agsci.ubc.ca/courses/fnh/410/colour/3_82.htm
  3. https://www.hij.ru/read/what-we-eat/92/
  4. https://pubs.acs.org/doi/abs/10.1021/jf8001137
  5. https://7bigspoons.com/nootropics/caffeine/coffee-aromatherapy-give-brain-bit-buzz/

 

 

კეთებით სწავლა გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

პროგრესული განათლების მოძრაობა, რომლის მთავარ პრინციპსაც გამოცდილებით ანუ „კეთებით“ სწავლა წარმოადგენს, ამერიკელი ფსიქოლოგისა და განათლების სპეციალისტის, პროგრესივისტული განათლების პრინციპების აქტიური იდეოლოგის ჯონ დიუის სახელს უკავშირდება. დიუის კონცეფციით, სწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი გამოყენების უნარი – კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ცოდნა სამყაროსთან ურთიერთობის პროცესში ყალიბდება.

კეთებით სწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლე საკუთარი ცოდნის, წარმოსახვის, ინტელექტისა და შემოქმედების ნაყოფს ხედავს. ეს მას სიამოვნებას ანიჭებს, რაც, ერთი მხრივ, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების სტიმულს აძლევს, მეორე მხრივ კი აცნობიერებინებს და აჩვევს მას, რომ მოფიქრება და ჩანაფიქრის განხორციელება ერთი მთლიანი პროცესის ორი ფაზაა.

კეთებით სწავლების ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენების დროს მოსწავლეს ვაწვდით ზუსტ ინსტრუქციას ექსპერიმენტის ან სიმულაციისთვის და არა ინფორმაციას. ამის მიზანია, მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის ან ჩვევის ფორმირებას.

გთავაზობთ გეოგრაფიის ერთი გაკვეთილის ნიმუშს „კეთებით სწავლის“ გამოყენებით.

 

კომპასის დამზადება

გაკვეთილის მიზანია: მოსწავლემ შეძლოს გარემოში ორიენტირება კომპასის საშუალებით და მარტივი კომპასის დამზადება.

საჭირო მასალა:

I ცდისათვის – კომპასი, მაგნიტი, ხისა და პლასტმასის სახაზავები, საშლელი, რკინის ლურსმანი, ფანქარი, ქაღალდის რკინისა და პლასტმასის სამაგრები;

II ცდისთვის – კომპასი, მაგნიტი, დიდი ზომის ნემსი ან მახათი, ქაღალდის ლითონის სამაგრი, პლასტმასის ან ფაიფურის ღრმა თეფში ან თასი, წყალი, ხის საცობი.

გაკვეთილის მსვლელობა:

  1. წინარე ცოდნის გააქტიურება.

აჩვენეთ მოსწავლეებს მაგნიტი, სთხოვეთ გაიხსენონ მისი თვისებები და უპასუხონ კითხვებს:

* რა თვისება ახასიათებს მაგნიტს? (მაგნიტს მიზიდულობისა და განზიდვის უნარი აქვს.)

* რამდენი პოლუსი აქვს მაგნიტს? (ორი)

* როგორ საგნებს იზიდავს მაგნიტი? (რკინისას)

* რა კავშირია მაგნიტსა და კომპასს შორის? (კომპასის მთავარი ნაწილია მაგნიტური ისარი)

  1. ცდები მაგნიტის გამოყენებით

პასუხების მოსმენის შემდეგ აჩვენეთ მოსწავლეებს სხვადასხვა საგანი (მაგ., ფანქარი, საშლელი, რკინის ლურსმანი), სთხოვეთ ივარაუდონ, რომელი მათგანის მიახლოებისას შეიცვლის კომპასის ისარი მიმართულებას და ვარაუდები ცხრილში ჩაინიშნონ. შემდეგ დაურიგეთ ეს საგნები და სთხოვეთ, სათითაოდ მიიტანონ კომპასთან, დააკვირდნენ, რა მოხდება თითოეულ შემთხვევაში, შედეგები კვლავ ცხრილში ჩაინიშნონ და მათ მიხედვით გამოიტანონ დასკვნა: სად დაემთხვა ცდის შედეგი მათ ვარაუდს?

ამის შემდეგ სთხოვეთ, კომპასთან მიიტანონ მაგნიტი, ჯერ – ერთი პოლუსით, მერე – მეორით, კვლავ დააკვირდნენ კომპასის ისარს და აღწერონ, რა მოხდა. ცდის ჩატარების შემდეგ გამოიტანონ დასკვნა.

III. კომპასის დამზადება

უთხარით მოსწავლეებს, რომ თავადაც შეუძლიათ დაამზადონ მარტივი კომპასი და სთხოვეთ, თქვენი ინსტრუქტაჟის მიხედვით იმოქმედონ:

ნემსი (მახათი) ყუნწის მხრიდან 50-ჯერ მაინც ერთი და იმავე მიმართულებით გაუსვან მაგნიტს. შეამოწმონ, დამაგნიტდა თუ არა ნემსის ყუნწი. ამისთვის მასთან მიიტანონ რკინის სამაგრი. თუ ნემსის ყუნწმა სამაგრი მიიზიდა, ესე იგი ის უკვე დამაგნიტებულია.

თასში ჩაასხან წყალი. ნემსი დადონ ხის საცობზე. მიიღებენ მარტივ კომპასს. აუხსენით, რომ კომპასის ისრის ფუნქციას ნემსი ასრულებს, რომლის დამაგნიტებული ყუნწი, ისევე როგორც კომპასის ისარი, ჩრდილოეთს უჩვენებს. შემდეგ საცობი ფრთხილად ჩაუშვან წყალში, დააკვირდნენ პროცესს და აღწერონ იგი (საცობი ერთხანს წყალში იმოძრავებს, მერე კი გაჩერდება).

ჰკითხეთ მოსწავლეებს, მათი აზრით, რომელ მიმართულებას უჩვენებს ამ დროს ნემსის ყუნწი. (ჩრდილოეთს)

სთხოვეთ, ნამდვილი კომპასის საშუალებით შეამოწმონ, მართლა აჩვენებს თუ არა ნემსის ყუნწი ჩრდილოეთის მიმართულებას.

 

  1. IV. კომპასით მოძრაობა

სთხოვეთ მოსწავლეებს, დაიდონ კომპასი ხელისგულზე და ისე შემოატრიალონ, რომ ჩრდილოეთის აღმნიშვნელი „N“ ნიშანი ისრის ლურჯ ბოლოს გაუსწორდეს.

 

ჰკითხეთ მათ:

* რომელ მიმართულებას უჩვენებს ისარი? (ჩრდილოეთს)

* რომელ მხარეს იქნება სამხრეთი, დასავლეთი და აღმოსავლეთი? (სამხრეთი – უკან, დასავლეთი – მარცხნივ, აღმოსავლეთი – მარჯვნივ)

სთხოვეთ, მათი დგომის წერტილიდან განსაზღვრონ, რომელ მხარეს მდებარეობს სკოლის შენობა, სკოლის სპორტული მოედანი და სკოლის მთავარი შესასვლელი. პასუხები ჩაინიშნონ ფურცელზე.

პასუხების მოსმენის შემდეგ სთხოვეთ, იმოძრაონ კომპასის საშუალებით: გადადგან 2 ნაბიჯი დასავლეთით, შემდეგ 3 ნაბიჯი სამხრეთით, 4 ნაბიჯი აღმოსავლეთით და 2 ნაბიჯი ჩრდილოეთით. დგომის ბოლო წერტილიდან ისევ განსაზღვრონ, რა მიმართულებით მდებარეობს სკოლის შენობა, სკოლის სპორტული მოედანი და სკოლის მთავარი შესასვლელი.

პასუხები კვლავ ჩაინიშნონ ფურცელზე და წინა პასუხებს შეადარონ. გამოიტანონ დასკვნა: შეიცვალა თუ არა საგნების მდებარეობა მათი (მოსწავლეების) გადაადგილების შემდეგ?

დასასრულ, მოკლედ შეაჯამეთ ჩატარებული აქტივობა და სთხოვეთ მოსწავლეებს, შინ კომპასის გამოყენებით დაადგინონ, მათი სახლიდან რომელ მხარეს მდებარეობს ესა თუ ის ობიექტი, მაგალითად, მაღაზია, ხე, ავტოფარეხი.

 

მზის საათი

გაკვეთილის მიზანია: მოსწავლეებმა დაამზადონ მზის საათი და შეძლონ მისი მეშვეობით ჩრდილზე დაკვირვება.

საჭირო მასალა: 50 სმ სიგრძის სწორი ჯოხი, მუყაოს ან ფანერის ნაჭერი (50X50 სმ), სადგისი (ან მაკრატელი), წებო, ცარცი.

მსვლელობა:

  1. წინარე ცოდნის გააქტიურება

სთხოვეთ მოსწვალეებს, გაიხსენონ ბუნების გაკვეთილზე ნასწავლი მასალა და უპასუხონ კითხვებს:

* საიდან ამოდის მზე? (აღმოსავლეთიდან)

* როგორ გადაადგილდება მზე ცის თაღზე? (ჯერ სულ ზევით და დასავლეთისკენ იწევს, ხოლო მას შემდეგ, რაც შუადღისას ცაზე უმაღლეს წერტილს მიაღწევს, ქვემოთ ეშვება და დასავლეთისკენ მიემართება, სანამ ჰორიზონტს არ მიეფარება)

* როგორ იცვლება საგნის ჩრდილი ცაზე მზის მოძრაობისას? (ჩრდილი ცაზე მზის მოძრაობას მიჰყვება: მიმართულებას იმის მიხედვით იცვლის, საიდან ეცემა მზის სინათლე სხეულს)

* რა სიგრძისაა ამ დროს საგნების ჩრდილი? (შუადღისას საგნების ჩრდილი ყველაზე მოკლეა)

* როდის არის მზე ჰორიზონტზე ყველაზე მაღლა? (შუადღისას)

* როგორ იცვლება ჩრდილის სიგრძე დღის სხვადასხვა მონაკვეთში? (დილით და საღამოს ჩრდილი გრძელია, ხოლო შუადღისას – ყველაზე მოკლე)

* რომელ მიმართულებას გვიჩვენებს შუადღის ჩრდილი? (ყოველთვის ჩრდილოეთის მიმართულებას)

  1. პრაქტიკული მუშაობა – მზის საათის დამზადება

სთხოვეთ მოსწავლეებს, იმუშაონ თქვენი ინსტრუქციის მიხედვით:

ა) შუაში გახვრიტონ მუყაოს (ან ფანერის) ნაჭერი;

ბ) ნახვრეტში ჩაასხან წებო და შიგ ჯოხი ჩაარჭონ;

გ) მუყაო (ფანერი) გაიტანონ გარეთ და მზით განათებულ ადგილას დადონ;

დ) ჯოხის ირგვლივ 1 მეტრი რადიუსის წრე შემოხაზონ;

ე) საათში ერთხელ დააკვირდნენ და აღნუსხონ ფურცელზე ჯოხის ჩრდილის სიგრძე და მიმართულება;

ვ) თითოეულ მდებარეობას მიუწერონ შესაბამისი დრო;

ზ) დღის ბოლოს ფურცელზე მონიშნული წერტილები შეაერთონ. შედეგად ისინი მიიღებენ დანაყოფებიან ფურცელს, რომელზეც ჩრდილი მოძრაობს, ანუ მზის საათის ციფერბლატს შექმნიან.

სთხოვეთ მოსწავლეებს, უპასუხონ კითხვებს:

* რა ფორმის ხაზი მიიღეთ წერტილების შეერთებით?

* როგორ იცვლებოდა ჩრდილის სიგრძე დღის განმავლობაში? (მოკლდებოდა)

* რა მიმართულებას აჩვენებს ჩრდილი დილით, საღამოს და შუადღისას? (ჰორიზონტზე მზის მდებარეობის შესაბამისად, ჩრდილი დღის განმავლობაში იცვლის მიმართულებასა და სიგრძეს. დილით გრძელია, შუადღისას – მოკლე, საღამოს კი ისევ გრძელდება. დილით ის მიმართულია აღმოსავლეთით, საღამოს – დასავლეთით, შუადღისას კი ჩრდილოეთით)

* რა დაამზადეს მათ? (მზის საათი).

* რა ჰქვია მუყაოს შუაში აღმართულ ჯოხს? (გნომონი)

 

 

 

მზის საათი

მეორე დღეს კიდევ ერთხელ შეამოწმებინეთ მოსწავლეებს მზის საათი: სთხოვეთ დააკვირდნენ, ზუსტად იმავე მდგომარეობას იკავებს თუ არა ციფერბლატზე დღის სხვადასხვა დროს ჯოხის (გნომონის) ჩრდილი.

გაითვალისწინეთ, რომ დროის გასაგებად ციფერბლატი მზეზე ზუსტად ერთსა და იმავე ადგილას უნდა მოათავსოთ.

გაკვეთილის ბოლოს უთხარით მოსწავლეებს, რომ ძველად, სანამ ისრებიან საათს გამოიგონებდნენ, ადამიანები მზის საათს იყენებდნენ. მზის საათზე ჩრდილი ისარივით მოძრაობს და დროს აჩვენებს. საათი საკმაოდ ზუსტია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს: სიზუსტეს მხოლოდ რამდენიმე დღე ინარჩუნებს, უკვე ორი კვირის შემდეგ კი შესამჩნევი გახდება, რომ დროს არასწორად აჩვენებს. ეს იმიტომ, რომ ცაზე მზის მოძრაობის ხაზი (ტრაექტორია) წელიწადის დროების მიხედვით იცვლება. შესაბამისად, ორი კვირის შემდეგ, მაგალითად, დილის 11 საათზე მზე ცაზე სულ სხვა წერტილში იქნება. თუმცა არსებობს სხვანაირი საათებიც, რომლებიც ყოველთვის ზუსტ დროს აჩვენებს.

 

რეკომენდაცია:

სკოლის ეზოში მზის საათის დასამზადებლად დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ საიტზე:

www.sunclocks.com/pics/fs-001.htm

ვინ არის ის, ასეთი უცნაური? (I ნაწილი)

0

გოგონას დიდებაზე ფიქრი გულშიც არ გაუვლია 

ყველაფერი არც ისე რთულად არის და არც ისე მარტივად. უნდა ითქვას, კლასიკური და პოპულარული მუსიკის საზღვრების გადაკვეთა კარგა ხანია შემჩნეულია. არ უნდა გაგვიკვირდეს, ეგრეთ წოდებული, „არასერიოზული“ მუსიკა მუდმივად „სერიოზული“ მუსიკის გავლენის ქვეშ რომ ექცევა. მუსიკალური განათლების მიღების საფუძველი ხომ რთული და დამქანცველი მრავალფეროვანი კლასიკური რეპერტუარის შესწავლაზე დგას, საიდანაც თავისუფალი არჩევნის სახით „ტკბილ“ ნაყოფს უკვე კენწეროში მოვიპოვებთ. მყარი ნიადაგი კი საკუთარი გზის შერჩევა-პოვნაში ძალიან გვეხმარება.

რაღა თქმა უნდა, ზევით აღნიშნულ გავლენას წერილის ვერც მთავარი პერსონა გაურბის, თუმცა მის ინტერესს უფრო „ახალი“, XX საუკუნის მუსიკა წარმოადგენს. ლაბირინთი, რომლის გავლაც ამ წერილით მოგვიწევს, საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ადამიანის სამყაროს შეეხება.

 

ექსცენტრული მდიდარი წარმოსახვის ისლანდიელი მომღერლის, კომპოზიტორისა და მსახიობის შემოქმედება ერთდროულად ალტერნატიულ როკს, ინდი პოპს, IDM, ტრიპ ჰოპს, მოდერნ კლასიკს ითავსებს. „მუსიკალური ხმაური“, რომელსაც საკულტო ისლანდიელი გვთავაზობს, მუდმივად ექსპერიმენტების სიყვარულითაა განპირობებული. ის თანამედროვე სცენის ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური და ზეორიგინალური ხელოვანია. ამ ექსცენტრული გარეგნობის მიღმა უკიდურესი თვითგამოხატვისთვის დიდზე დიდი, დაუღალავი შრომა დგას.

 

***

ისლანდიელმა მუსიკოსმა კარიერა არც მეტი, არც ნაკლები 11 წლისამ დაიწყო. თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

 

ვინაიდან ისლანდიაში გვარები საერთოდ არ არსებობს, ჩვენი მთავარი პერსონის გვარს გვერდი ინტერესის გარეშე ავუაროთ და მხოლოდ მისი სახელით დავკმაყოფილდეთ. იმ მხარეში სახელის დარქმევასთან ერთად მიღებულია მამის ან დედის სახელის დამატება. მაგალითად, ბიორკ გუდმუნდსდოტირი. აქ სახელი „ბიორკი“ სცენური ფსევდონიმი არ გეგონოთ, ის ისლანდიურად „არყის ხეს“ ნიშნავს, ხოლო გუდმუნდსდოტირი – გუდმუნდის ქალიშვილს.

ბიორკ გუდმუნდსდოტირი 1965 წლის 21 ნოემბერს რეიკიავიკში, თავისუფალი შეხედულებების მქონე ჰიპების ოჯახში დაიბადა. აიკიდოს მასწავლებლისა და ელექტრიკოსის ქალიშვილმა არაერთხელ დაგვარწმუნა, რომ ვიკინგების ნამდვილი შთამომავალია, ძლიერი, შეუპოვარი ხასიათით, აბსოლუტური უკომპლექსობით, ელფის სიმაღლითა და ესკიმოსის მსგავსი ვიწრო თვალებით.

ბიორკის ჰიპი დედა ისლანდიაში ყველაზე გრძელი თმითა და მაროკანული სამაჯურებით იყო განთქმული. ქალიშვილის დაბადების შემდეგ მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, თუმცა დედა მეორედ დაქორწინდა. სამი წლის ბიორკი ჰიპ მამინაცვალთან, ყოფილ გიტარისტთან იზრდებოდა, რომელსაც არც მუშაობა უყვარდა და არც დისციპლინა. დღეებს ბიორკთან ზღაპრების მოყოლასა და გართობა-თამაშში ატარებდა. ბავშვისთვის მკაცრი აღმზრდელი ვერც დედა აღმოჩნდა. საბოლოოდ კი აღმოჩნდა, რომ მშობლებმა გოგონას პიროვნულ ჩამოყალიბებაზე უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინეს.

ჰიპების კომუნად ქცეული ოჯახი თავშეყრისა და გართობის საუკეთესო ადგილი იყო მხატვრებისთვის, მუსიკოსებისთვის და სხვა საინტერესო პიროვნებებისთვის. პატარა ბიორკს მოზრდილები დღე და ღამე სიამოვნებით უყვებოდნენ ზღაპრებს, უმღეროდნენ სიმღერებს. ბიორკი პატარაობიდანვე ჰიპების გავლენის ქვეშ მოექცა და მათ შეხედულებებსაც იზიარებდა. მომავალში, ეს ბოჰემური ატმოსფერო ბიორკის მოწოდებისა და მუსიკალური განათლების საფუძველი ხდება.

„ისლანდიაში იმ უმცირესობას წარმოვადგენდი, რომელიც ჰიპების ათი ადამიანისგან შემდგარ კომუნაში იზრდებოდა და სადაც ერთადერთი ბავშვი – მე ვიყავი. აქ გაიარა ბავშვობის წლებმა. ჰიპების კულტურამ ჩემს ცხოვრებაში მყარად გაიდგა ფესვები. ამ ოჯახიდან მუდამ უცნაური მოწოდებები მოისმოდა: „მოდი, კედლები იისფერი პეპლებით მოვხატოთ“, „ორი დღე მხოლოდ ბანანი ვჭამოთ“ და ა.შ. ყველას გრძელი თმა ჰქონდა. ყველა ვეგეტარიანულ საჭმელს მიირთმევდა და შეუსვენებლად უსმენდა ჯიმი ჰენდრიკსს. ყველას უყვარდა ერთმანეთი და ენდობოდა ერთმანეთს. ჩამოყალიბებული ატმოსფერო ნამდვილ ბედნიერებას ჰგავდა. საღამოს შემეძლო დასაძინებლად არ წავსულიყავი, ვიდრე თავად არ მოვისურვებდი. არაფერს მიკრძალავდნენ. ნდობის ეს გარემო თვითგამოხატვის სრულ შესაძლებლობას იძლეოდა. ყოველგვარი უხერხულობის გარეშე შეგეძლო ნებისმიერი რამის შექმნა. საერთოდ, ადამიანები უხერხულობის გამო საკუთარ გრძნობებს ვერ გამოხატავენ. იმის გამო ღელავენ, რას იფიქრებენ მათზე სხვები, რისკის ეშინიათ. მე კი მუდამ ვრისკავ. ეს ერთადერთი ხერხია შთამაგონებელი ხელოვნების შექმნის. რისკი თავისთავად ძალზე შთამაგონებელია. უფროსები მასწავლიდნენ ყველაფრის ყველასთვის განაწილებას, საქმის ბოლომდე მიყვანას, არავის და არაფრის შიშს, ყოველი დღის უკანასკნელ დღედ მიჩნევასა და სისხლსავსედ გატარებას“ , – იხსენებს ბიორკი.

ახირებულმა და თავნება გოგონამ დამოუკიდებელ ცხოვრებას ადვილად აუღო ალღო. ყველაფერს აკეთებდა, რასაც მოისურვებდა. „სანადიროდ ხშირად დავდიოდი, კოცონზე ნანადირევს ვამზადებდი და ველურ ბუნებაში სრულიად მარტო დღეების განმავლობაში „ვიკარგებოდი“. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პირველი დამოუკიდებელი შენაძენი კარავი და საძილე ტომარა იყო“. ცხოვრობდა გოგონა თავისთვის „ტყეში“, დიდებაზე ფიქრი გულშიც არ გაუვლია.

გოგონას უსაქმური და უდარდელი ატმოსფერო, რა თქმა უნდა, ძალიან ხიბლავდა, მაგრამ როდესაც წამოიზარდა, ვერ იგუა.

 

ბიორკი მუსიკალურ ბავშვად დაიბადა. ერთი წლის ასაკში მუსიკის ხმაზე ინაბებოდა. ორი წლისამ ყველა სიმღერა მიუზიკლიდან „მუსიკის ჰანგები“ ზეპირად იცოდა, რაც გახდა კიდეც ხანგრძლივი ურთიერთობის საფუძველი „მუსიკის სასწაულებთან“.

როგორც ზევით აღვნიშნე, ბიორკს თავისუფლებისა და თვითგამორკვევის უნარი დედამ განუვითარა. ბიორკმა პატარაობიდანვე იცოდა, რომ აქვს პროფესიის, ცხოვრების წესის თავისუფალი არჩევანი და უკვე მოზარდობისას გააცნობიერა, რომ მისი ბედი მხოლოდ მისსავე ხელშია.

მამინაცვალი გოგონას ძალზე დიდ დროს უთმობდა. ზღაპრული ატმოსფეროს შექმნის გარდა, მისთვის გიტარაზე სხვადასხვა სახის მუსიკასაც უკრავდა. ერთად ამუშავებდნენ მელოდიებს, არჩევდნენ აკორდებს, წერდნენ ტექსტებს სიმღერებისთვის.

5 წლის ბიორკი დედის და მამინაცვლის წყალობით უკვე ფლეიტასა და ფორტეპიანოზე უკრავდა. მუსიკალური სკოლის ორკესტრში არფაზე დაკვრას და სიმღერასაც დაეუფლა. მისი განსხვავებული ნამღერი გულგრილს არავის ტოვებდა. მიუხედავად იმისა, რომ არც გამები და არც სასწავლო პროგრამა იზიდავდა, ნაწარმოების სრულყოფამდე მიყვანას მაინც ყოველთვის ცდილობდა.

ბუნებრივია, ზღაპრებით გამოკვებილი და აბსოლუტურად თავისუფლების მოყვარე უკონტროლო ბავშვი ჩვეულებრივი ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ვერც ჩვეულებრივ გარემოს შეეგუებოდა ადვილად, ვერც ჩვეულებრივ მუსიკას შექმნიდა და ვერც ჩვეულებრივად იმღერებდა.

რეიკიავიკის მუსიკალურ სკოლაში ერთ-ერთ საჩვენებლ კონცერტზე, სადაც ბავშვები ლექსებს კითხულობდნენ და მღეროდნენ, 11 წლის ბიორკმა „I love to love” იმღერა, რომლის ბრწყინვალე შესრულებამ მასწავლებლები აღაფრთოვანა. ნამღერი მამინაცვლის ინიციატივით მუსიკის მასწავლებელმა ისლანდიის რადიოს გადასცა. ჩანაწერის ეთერში გაჟღერების შემდეგ ხმის ჩამწერმა სტუდიამ პატარა მომღერალთან კონტრაქტიც დადო. რადიოთი წარმატების შემდეგ მშობლებს გოგონას სადებიუტო ალბომის ჩაწერა შესთავაზეს.

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...