სამშაბათი, აპრილი 21, 2026
21 აპრილი, სამშაბათი, 2026

მოხუცი მასწავლებლები

0

მაშინ თედორე მასწავლებელი 80 წლის იყო, მე მაქსიმუმ 12-ის. სულ რაღაც 2 წელი მასწავლიდა.

მაღალი კაცი იყო, ხმელი და სიბერისაგან წელში უდნავ მოხრილი. ალბათ, ახალგაზრდობაში სხარტი კაცი იქნებოდა, ახლა სიბერეს შეენელებინა მისი ნაბიჯი. პატარა ულვაშს ატარებდა და, რა თქმა უნდა, ყოველთვის პიჯაკი ეცვა.

ახირებული ხასიათი ჰქონდა: ვერ იტანდა ქუდს საკლასო ოთახში – მაშინვე ჩამოგართმევდა და დიდი ხნით ჩაკეტავდა კარადაში; შუბლთან შეკრეჭილ თმას, ე.წ. ,,ჩოლკას“ – თქვენს სახეს ვერ ვხედავო, და ეჭვით უცქერდა ჯინსის ქურთუკიან ბავშვებს – მაშინ იშვიათობა იყო სოფელში და თედორესთვის ფუფუნების და შესაბამისად, გაზულუქების ერთგვარი ნიშანი იყო.

დამახასიათებელი მეტყველების მანერა ჰქონდა, ზოგიერთ თანხმოვანს ყლაპავდა ხოლმე, რაც მის ენაკვიმატობას კიდევ უფრო სასაცილოს ხდიდა. თედორე მასწავლებლის მოსწრებულ ნათქვამებზე  ლეგენდები დადიოდა სოფელში. ერთხელ მოსწავლე მიუყვანიათ მისთვის სახლში, აბიტურიენტი,შეუმოწმებია თედორეს მისი ცოდნა და ჩაუქნევია უიმედოდ ხელი, არ გამოვა არაფერიო. შეეხვეწა მშობელი, ბატონო თედორე, ნუ გაგვიშვებთ ასე, გზაზე მაინც დაგვაყენეთო. ერთ წამს დაფიქრდა თედორე, მერე წამოდგა, ამათაც ანიშნა, ადექითო.წავიდა ჭიშკრისკენ, მოით აგერო. ესენი დაბნეულები მივიდნენ, ვერ ხვდებოდნენ, რა ჩაიფიქრა, თედორემ ჭიშკრის ზემოდან გადახედა გზას და ამათ გამოხედა: ა, აგერაა გზაი და გაგიყვანთ ჯვარამდეო ( ჩვენი სოფლის ცენტრს ჯვარს ეძახიან).

სწავლების მეთოდიც და ახსნის მანერაც თავისებური ჰქონდა. დავალებებს ყოველ დღე არ ამოწმებდა, მაგრამ არავინ ვიცოდით, როდის შეამოწმებდა, ყველა დავალება ახსოვდა ზეპირად. ხსნიდა მთელი სულითა და სხეულით, ზუსტად მახსოვს, როგორ ნათდებოდა თავში ყველაფერი თედორეს ახსნისას. ამ დროს არაფერი არ უნდა ჩაგეწერა, მხოლოდ უნდა გესმინა. რომ დაამთავრებდა,მერე გვაძლევდა დროს ჩაწერისთვის. დაფასთან ძირითადად თვითონ იდგა ხოლმე, ჩვენ იშვიათად გამოვყავდით დაფასთან, მაგრამ როცა გამოვდიოდით, მაშინვე ხვდებოდა, ვინ რა ვიცოდით, სად გვიჭირდა და რაში გვჭირდებოდა დახმარება. გიჟდებოდა მშობლების დაბარებაზე! ერთადერთხელ ჩემი მოსწავლეობის ისტორიაში ჩემი მშობელიც დაიბარა, გაკვეთილზე ხითხითის გამო – მენაბდის ქალო,შენცო?!!!

თავიდან არ მენდო და 4-ს მიწერდა „ხუთოსანას“ (დღემდე ვერ გამირკვევია, მართლა ხუთოსანი ვიყავი თუ ინერციით) და მამშვიდებდა: ჩემი 3-იანი 4-იანია უმაღლესში, 4-იანი – 5-იანიო. წლის ბოლოს კაპიტულაცია გამომიცხადა და 5 დამიწერა. თურმე მიდიოდა კიდეც სკოლიდან. თედორეს წასვლით დამთავრდა ჩემი და მათემატიკის ურთიერთობა. გამოსაშვები კლასის გამოცდაზე, ჩემთვის უკვე იეროგლიფებივით რომ ეწერა დაფაზე მათემატიკური ფორმულები და ძლივს ვცოდვილობდი, რაღაც სასწაულით თედორე შემოვიდა დარბაზში (იმ წელს მასწავლებელთა პირველი გამოცდები იყო და თედორეს გამოზრდილ მათემატიკოსებს ისევ 80-ს გადაცილებული მასწავლებელი მოეწვიათ კონსულტაციისთვის) მაშინ, წიგნებში რომაა, ზუსტად ისე ვინატრე, მიწა გამსკდარიყო და თან ჩავეტანე, ოღონდ თედორეს არ დავენახე და ვეცნე. ვერ დამინახა.

ბოლოს რომ ვნახე, ვნახე კი არა, დავინახე, თავის ჭიშკარში შედიოდა. დიდი გოდორი ჰქონდა მოკიდებული.  ერთი-ორად მოხრილი მეჩვენა. ზუსტად ისეთი გულმოდგინება ეწერა სახეზე, როგორც გაკვეთილის ახსნისას. რაღაც ჩამწყდა გულში.

***

ბატონი ელგუჯა ჩემი მასწავლებელი არაა, კოლეგაა, მაგრამ მე მაინც მგონია,რომ ისტორია მეორედება. ისიც მათემატიკოსია. და იმ იშვიათთაგანი,რომლისთვისაც ცხოვრების აზრს კვადრატული ამოცანა არ განსაზღვრავს და ყველაზე მარტივი და აუცილებელი ჭეშმარიტება გამრავლების ტაბულა არაა. სოციალურ თუ ყოფით პრობლემებზე, პოლიტიკაზე თუ ლიტერატურაზე ერთნაირად საინტერესოდ ლაპარაკობს, ყოველთვის აქვს გადანახული მოსათხრობად რომელიმე გულღია და სახალისო ამბავი და მე ძალიან მიყვარს მისი ამბების მოსმენა.

დიდია და თერთმიანი,ძალიან დინჯი, ლეჩხუმელი კაცი. ნაბიჯები და მეტყველება ერთნაირად აუჩქარებელი აქვს(დარწმუნებული ვარ, ახალგაზრდობაშიც ასეთი  იქნებოდა). ერთი უფროსკლასელი ამბობდა,ზარი რომ დაირეკება, სამასწავლებლოდან გამოდის და კართან ელოდება, როდის მინელდება პირველ-მეორე-მესამე კლასელების უთავბოლო რიალი, რომ ნაბიჯი გადადგას, თითქოს გოლიათია და ეშინია ჭიანჭველებს ფეხი არ დაადგასო.

მეორე იხსენებს,ძალიან პროგრესულად მოაზროვნე ტიპიაო: საელჩოს დამზადებული პოსტერი მივუკარი დაფაზე, გენდერულ ბალანსზე იყო, სხვებმა თუ ლექციები და შეგონებები მოაყოლეს, ელგუჯა შემოვიდა, მაშინვე შეამჩნია, მართალიაო, ქალები ჩვენს კულტურაში დაიჩაგრნენ, მაგრამ წამდაუწუმ ამის ტირაჟირება ცოტა მეხამუშებაო.

მესამემ – სულ ბრძნულ რამეებს გვეუბნებაო.

2 წლის წინ ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუარესების გამო სკოლიდან წასვლას აპირებდა, მეთორმეტეთა უმეტესობა მათემატიკას აბარებდა მისაღებ გამოცდაზე და ძალიან უხაროდა იმ კლასში შესვლა. მადლობის ტაშით, ყელში გაჩრილი ბურთებით გააცილეს ელგუჯა მასწავლებელი და კარგად ჩააბარეს გამოცდა. ბატონი ელგუჯა გამოკეთდა და სექტემბერში ისევ დაბრუნდა, აღმოჩნდა, რომ სულ 2 ბავშვს უნდოდა იმ წელს მათემატიკის ჩაბარება. გულდაწყვეტილმა, მაგრამ ღიმილით შემომჩივლა, ეჰ, შევცდი, ტრიუმფით უნდა წავსულიყავიო.გამეცინა.

წელს ისე დაემთხვა, მე რომ მივდივარ სკოლაში, თვითონ ამთავრებს გაკვეთილებს და მიდის. ან ეზოში ვხვდებით ერთმანეთს, ან კიბეებზე, ან სკოლიდან გამოსასვლელ კარში – წელს გადასარევი ურთიერთობა გვაქვს მე და შენო, ამას წინათ მითხრა ღიმილით, გამეღიმა და თავი დავუკატუნე, არ მითქვამს, რომ ეს ,,ურთიერთობაც“ კი მიხარია, მიყვარს, როცა ეზოში შემოვალ და შორიდანვე დავინახავ, როგორ მოაბიჯებს ძალიან ნელი, გამოზომილი ნაბიჯებით ჯიბეებში ხელებჩაწყობილი (სხვათა შორის,სულ ჯინსის შარვალი აცვია) და ძალიან მიყვარს, რომ ბავშვებს უყვართ, ესმით, უსმენენ და მათაც უნათდებათ თავები, როცა ბატონი ელგუჯა მათემატიკურ თუ ცხოვრებისეულ თეორიებს უხსნის.

***

ბებერი ხარისა რქანიცა ხნავენო – ეს ანდაზაც მიყვარს.

გარდაქმნის ბედისწერა

0

აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე საბჭოთა კავშირის დაშლისა და „სოციალისტური ბანაკის“ რღვევის საკითხებს მნიშვნელოვან დროს უთმობენ ხოლმე. მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად მსჯელობენ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გარდატეხის შედეგად წარმოშობილ გამოწვევებზე. მოზარდები კამათობენ თავიანთი სახელმწიფოების მიერ განვლილ გზებზე. თემის შესწავლის დროს ერთ-ერთი მთავარი მეთოდი შედარებაა. ახალგაზრდები ერთმანეთს საბჭოთა რეჟიმიდან დახსნის სხვადასხვა გამოცდილებას ადარებენ. რიგმა ქვეყნებმა გარდაქმნა მშვიდობიანად და საზოგადოებრივი კონსენსუსის შედეგად შეძლეს. სახელმწიფოთა ნაწილი კი დღემდე წარუმატებლად  ცდილობს ძველი რეჟიმისგან, მისი ნარჩენებისგან თავის დაღწევას, გათავისუფლებას.

ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ საბჭოთა რეჟიმიდან დემოკრატიულ სისტემაზე გადასვლის რამდენიმე მარტივ მაგალითს ჩვენც გავიაზრებთ.

თავდაპირველად, საქართველოს შემთხვევაზე გავამახვილოთ ყურადღება. როგორ დატოვა საქართველომ საბჭოთა კავშირი?

1985 წელს საბჭოთა ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ გორბაჩოვმა საქართველოს მაშინდელი ლიდერი ედუარდ შევარდნაძე მოსკოვში გაიწვია და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა. საბჭოთა საქართველოს სათავეში მოექცნენ ადამიანები, რომლებიც „ბოროტების იმპერიაში“ მიმდინარე რეფორმატორულ პროცესებს დიდად არ გულშემატკივრობდნენ. მათ არ ესმოდათ, რატომ უნდა დაენდოთ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები. მათთვის გაუგებარი იყო, თუ რატომ ცდილობდა ცენტრალური ხელისუფლება ეკონომიკური საქმიანობის განსხვავებული სფეროების ხელშეწყობას, არაგეგმური ეკონომიკის განვითარებას. ქართველი კომუნისტები ერთ-ერთ ყველაზე რეტროგრადულ პოზიციაზე იდგნენ და ბრეჟნევის დროინდელი წესრიგის შენარჩუნებას თავიანთ მთავარ ამოცანად მიიჩნევდნენ. საჭიროების შემთხვევაში ისინი მზად იყვნენ ოპონენტთა წინააღმდეგ დაუფიქრებლად გამოეყენებინათ ყველაზე დაუნდობელი და რეპრესიული მეთოდები.

რეტროგრადი ქართველი კომუნისტების ოპოზიციას რადიკალი დისიდენტები წარმოადგენდნენ. ქართველი დისიდენტები ნამდვილი პატრიოტები იყვნენ. თუ ალექსის დე ტოკვილის საზომებით ვიმსჯელებთ, დისიდენტების მნიშვნელოვან ნაწილს სამშობლოს მხოლოდ ემოციური მხარე ჰქონდა გააზრებული. ისინი თავიანთ ქვეყანას მხოლოდ მისტიური პერსპექტივიდან აფასებდნენ. კომუნისტების ოპოზიციას ბევრი ნამდვილად არ ჰქონდა ნაფიქრი სახელმწიფოებრივ ასპექტებზე. სახელმწიფო წყობაზე, კანონებზე, ეკონომიკურ მოდელებზე, საბჭოთა კავშირის ნგრევის შედეგებზე და მათ დაბალანსებაზე ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრები „წითელი დიქტატურის“ დამარცხების შემდეგ აპირებდნენ მსჯელობას. აღსანიშნავია ისიც, რომ ანტისაბჭოთა აქტივისტები მრავალრიცხოვან ჯგუფებს ვერ ქმნიდნენ, ისინი ცოტანი იყვნენ, 1980-იანი წლების მეორე ნახევრამდე მათ ინტელექტუალები და მოსახლეობის გავლენიანი ფენები ღიად მხარს არ უჭერდნენ. დისიდენტთა მოქმედებები სპონტანური და ნაკლებად ინტენსიური იყო. ოპოზიციონერებს მუდმივი კავშირი არ ჰქონიათ თავიანთ უცხოელ კოლეგებთან. ხანდახან მთელი ანტიბოლშევიკური მოძრაობა ციხეში გამოკეტილ მხოლოდ რამდენიმე ადამიანს ითვლიდა. 9 აპრილის შემდეგ ქართველ დისიდენტებსა და ხელისუფლებას შორის რაიმე ტიპის შეთანხმებაზე საუბარი საბოლოოდ იქცა უტოპიად. დამოუკიდებლობის მიჯნაზე მდგარ საქართველოში შეთანხმების მიღწევის მცდელობა შეუძლებელ ამოცანად და მკრეხელურ განზრახვად მიიჩნეოდა.

მაშასადამე, საბჭოთა კავშირის რღვევისას ქართული პოლიტიკის ორივე პოლუსზე ძალაუფლება რადიკალთა ხელში გახლდათ თავმოყრილი.

რა ხდებოდა სხვა ქვეყნებში?

ხშირად სიამოვნებით ვიხსენებ ლიტვის მაგალითს. 1988 წელს ლიტვის კომუნისტურ პარტიას სათავეში ჩაუდგა ალგირდას ბრაზაუსკასი. ბრაზაუსკასი მართლმორწმუნე კომუნისტი არასდროს ყოფილა. მას მემარცხენე პოლიტიკური პოზიციები ჰქონდა და როგორც თავის მემუარებში წერს, დარწმუნებული იყო, რომ მეოცე საუკუნის ბოლომდე აუცილებლად მოუწევდა დამოუკიდებელ ლიტვაში საქმიანობა. თავისი მოლოდინიდან გამომდინარე, ისიც და მისი თანამებრძოლებიც ყოველთვის ემზადებოდნენ თავისუფალ რესპუბლიკაში საცხოვრებლად. ლიტველ კომუნისტებს ჰქონდათ სახელმწიფო სტრუქტურების გარდაქმნისა და რუსეთის გარეშე განვითარების მკაფიო გეგმები. შესაბამისად, არავის გაკვირვებია ის, რომ ცკ-ის პირველ მდივნად არჩევიდან რამდენიმე თვეში ბრაზაუსკასმა კომუნისტური პარტია სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობად გადააკეთა და დისიდენტთა ჯგუფების ინიციატივებს დაუჭირა მხარი. მისი მონაწილეობით გამოაცხადა ლიტვამ დამოუკიდებლობა. პრეზიდენტ ბრაზაუსკასის ინიციატივით დაიწყო ლიტვამ ევროპულ სტრუქტურებში გაერთიანება. მისი პრეზიდენტობის დროს პარლამენტის თავმჯდომარე ანტიკომუნისტი ოპოზიციონერი ვიტაუტას ლანდსბერგისი გახლდათ. მათ ერთად მუშაობაც შეეძლოთ. ნატო-სა და ევროკავშირის წევრად ბალტიური რესპუბლიკის მიღების ცერემონიალზე მილოცვებს პრემიერ-მინისტრი ბრაზაუსკასი იღებდა.

შეგვიძლია ჩეხეთის შემთხვევაც გავიხსენოთ. 1960-იანი წლების ბოლოს ჩეხოსლოვაკიის სათავეში რეფორმისტი კომუნისტი ალექსანდრ დუბჩეკი მოვიდა. მან სოციალიზმისთვის ადამიანური სახის დაბრუნება გადაწყვიტა. დუბჩეკმა დაიწყო ჩეხოსლოვაკიის დეცენტრალიზაციის, ქვეყანაში მედიის გათავისუფლების, სოციალური და პოლიტიკური პლურალიზმის ხელშეწყობა. საბჭოთა კავშირმა დაუმორჩილებელ სოციალისტურ სახელმწიფოს შესაფერისი პასუხი გასცა. პრაღის ქუჩებში რეფორმების მხარდასაჭერად გამოსული ადამიანები ტანკებით დაარბიეს. „პრაღის გაზაფხულამდეც“ და მის შემდეგაც ჩეხოსლოვაკიაში დისიდენტური მოძრაობა არ განელებულა. ინტელექტუალები ინტენსიურად იკრიბებოდნენ, მართავდნენ ანტისაბჭოთა ღონისძიებებს, ბოლშევიკთა საწინააღმდეგო განწყობები მძლავრობდა შემოქმედებით საქმიანობაშიც. ვაცლავ ჰაველს, მილან კუნდერასა და სხვა ხელოვანებს კავშირი ჰქონდათ დასავლეთ ევროპაში მცხოვრებ კოლეგებთან, მათ არ აკლდათ „რკინის ფარდის“ მიღმა მყოფი მოაზროვნეების მხარდაჭერა. 1976 წელს 242 განსხვავებული შეხედულებების, რელიგიის, სოციალური წარმოშობის, საქმიანობის ადამიანმა ერთად მოაწერა ხელი მთავრობისადმი მიმართვის ტექსტს. „ქარტია 77“ ხელისუფლებას ჰელსინკის აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დაცვას სთხოვდა. მოკლედ, ჩეხოსლოვაკიის დისიდენტური მოძრაობა შედარებით მრავალრიცხოვანი გახლდათ, მოქმედებდა ინტენსიურად, მრავალი წლის განმავლობაში, ჰყავდა მხარდამჭერები ხელისუფლებაში, მზად იყო კონსენსუსისთვის. დამოუკიდებლობის შემდეგ ქვეყნის პირველი პრეზიდენტი რესპუბლიკის მთავარი ანტისაბჭოთა მოღვაწე, ვაცლავ ჰაველი გახდა, პარლამენტს კი კომპარტიის რეფორმისტი წარმომადგენელი, „პრაღის გაზაფხულის“ გამო შერისხული ალექსანდრ დუბჩეკი ჩაუდგა სათავეში. ზომიერმა კომუნისტებმა და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე დისიდენტებმა ერთად დაიწყეს ახალი წყობის შენება.

ახლადწარმოქმნილი პოსტკომუნისტური ქვეყნების განვითარება დიდწილად განსაზღვრა გარდაქმნის ბედისწერამ. სამწუხაროდ, ჩვენ არც საბჭოთა კავშირის რღვევის დროს გაგვიმართლა.

 

 

„ვეფხისტყაოსნის“ პატრონყმური „კონსტიტუცია“

0

მოაზროვნე, განათლებული თაობის აღზრდისათვის მნიშვნელოვანია, ტექსტის შესწავლისას განუვითაროთ მათ ქვეტექსტებზე დაკვირვების, პრობლემის აღმოჩენისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის, მწერლის სათქმელის სწორად გააზრების უნარ-ჩვევები. ამისთვის მეტი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ ლიტერატურული ტექსტების ღრმად, გააზრებულად შესწავლას. მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო „ვეფხისტყაოსნის“ პრობლემატიკას, კერძოდ, პოემაში დახატულ პატრონყმურ ურთიერთობებს. საკითხით დაინტერესების მიზნით ტექსტის შესწავლისას მოსწავლეებს ვაძლევ მაპროვოცირებელ, მოტივაციის ასამაღლებელ კითხვებს და პასუხების პოვნისაკენ ვუბიძგებ. მაგალითად, ისინი ინტერესდებიან: რატომ ისწრაფვიან პოემის პერსონაჟები ყმობისაკენ? როგორია პოემის პატროყმური ურთიერთობის „კონსტიტუცია“? რა მოვალეობები აკისრიათ და რა უფლებებით სარგებლობენ ყმები, პატრონები? რა იწვევს მათ შორის ვალდებულებებების რღვევას? შეიძლება, ერთი შეხედვით, მოულოდნელიც აღმოჩნდეს მათთვის პოემის პერსონაჟთა მისწრაფება ყმობისაკენ, რადგან მათი ცოდნა, ძირითადად, მაინც ბატონყმობის ფორმაციას უკავშირდება, სადაც ყმა დაჩაგრულია. სინამდვილეში კი „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟებისთვის ყმობა სრულებით არ არის მათი პიროვნების დამამცირებელი. ტექსტის ღრმად გააზრება მალე დაარწმუნებს მათ, რომ ყმობა რაინდობაა, ასპარეზია თავის გამოჩენისა და ისეთი ადამიანური ღირსებების დამკვიდრებისა, როგორიცაა: ერთგულება, ნდობა, ვაჟკაცობა, ურთიერთპატივისცემა და სიყვარული. ყმობა პოემის პერსონაჟებს საგმირო საქმეებისაკენ უბიძგებს, ხოლო ტექსტში ნაჩვენები მათი უფლებები ქმნის თავისუფალ, მოაზროვნე ყმათა სახეებს.
პატროყმობის ისტორიული არსი და „ვეფხისტყაოსანი“
პატრონყმობა-ფეოდალური ურთიერთობის ამსახველი უნივერსალური ტერმინია და მიღებულია პატრონისა და ყმისაგან. იგი X-XIII საუკუნის საქართველოში იყო დამკვიდრებული როგორც სახელმწიფო წყობილებაში, ისე საზოგადოებრივში და ჰუმანურ ფეოდალურ წყობად ითვლება, რადგან პატრონი არა მარტო მბრძანებელია, არამედ მზრუნველიც. პატრონყმურ-ფეოდალური საზოგადოების რწმენას კარგად გამოხატავს სიტყვები: „რაცა ბედმან ვის რა მისცეს,დასჯერდეს და მას უბნობდეს“. ამ წყობილების არსი ყმების კმაყოფილებაშია, რადგან კმაყოფილი ყმა უფრო სანდოა. გიორგი მეორემ თავისი ურჩი ქვეშვრდომების ალაგმვა მხოლოდ იმით შეძლო, რომ „ყოველი ერთგული და ორგული დაფარა წყალობითა“ და ამ საშუალებით „დაიწყნარა მეფობა თვისი“. ამავე აზრს ავითარებს არაბეთის ძლიერი მბრძანებელიც, როცა შვილს მოწყალების უხვად გაცემას ასწავლის. „უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია“. კარგად იცის ბრძენმა მეფემ, რომ „უხვი ახსნილსა დააბამს“. მომავალი მეფეც ამ გზით აპირებს სვლას. „არ დაარჩენს ცარიელსა, არცა ქალსა, არცა ყმასა“. სამწუხაროდ, ერთგულებისა და მორჩილებისათვის დასაჩუქრება აუცილებელი პირობა ყოფილა, როგორც ისტორიულად საქართველოში, ისე მხატვრულ ნაწარმოებში. რუსთაველი ვერ გაექცა თანადროულ სინამდვილეს.

 

მეფე ღმერთის სწორია პატრონის სამსახური წეს-წყობის საფუძველია, რომელზედაც ფეოდალური სახელმწიფოა დაფუძნებული. ავტორი მეფის ინსტიტუტს მიიჩნევს ძლიერი სახელმწიფოს ფუნდამენტად. მეფის მსახურება, მისთვის თავგანწირვა, შუასაუკუნეობრივი იდეოლოგიით დიდი პატივია, ხოლო მეფის ხელყოფა – უდიდესი ცოდვა. ამ აზრს ავითარებენ პოემის პერსონაჟებიც. „ვინცა მოკვდეს მეფეთათვის, სულნი მათნი ზეცას რბიან“, -აცხადებს ტარიელი. სწორედ ხელმწიფობის გამო დაინდო ტარიელმა როსტევან მეფე. „ხელმწიფობით შემებრალნეს, ამად ხელი არა ვახლე“. მეფის ინსტიტუტის პატივისცემა გამოიხატება იმაშიც, რომ დამარცხებული მეფეც კი (რამაზი) არ არის შეურაცხყოფილი და დამცირებული. მას ფარსადანი სათანადო პატივით ექცევა, რითაც ხაზს უსვამს მეფის ღვთიურ წარმომავლობას, ხელშეუხებლობას. მეფე რომ სამართლიანი და მოწყალე უნდა იყოს, ისე როგორც უფალი ღმერთი, ამას ადასტურებს როსტევან მეფის დახასიათება, სადაც იგი მოხსენიებულია, როგორც „მოსამართლე და მოწყალე“. ყმა ავთანდილის თვალით დანახული პატრონიც ღმერთთანაა გატოლებული.
„პატრონი ჩემი გამზრდელი, ღმრთისაგან დიდად ცხოველი, მშობლური, ტკბილი, მოწყალე, ცა წყალობისა მთოველი“. პატრონის სამსახურს გმირები ერთმანეთს უწონებენ. იგი მათთვის თავის გამოჩენის საშუალებაა და საამაყოცაა. „წამოსულხარ ჩემად ძებნად, პატრონისა სამსახურად, ღმერთმა ჰქმნა და გიპოვნივარ, შენცა ცდილხარ მამაცურად“. ავთანდილი თავს იდანაშაულებს, რომ მეფე-პატრონი მიატოვა, უორგულა. მისივე თქმით, ამის შემდეგ ღვთის შეწევნის იმედი არ უნდა ჰქონდეს. „მას ვუორგულე, წამოვე, მართ დავივიწყე ყოველი, მისი შემცოდე, ღმრთისაგან კარგსა აღარას მოველი“, – სინანულით აცხადებს იგი. ფაქტია, რომ რუსთაველი პატრონისადმი ერთგულების მქადაგებელია. მაშინ ისმება კითხვა: თუ ასეა, რატომ დაუშვა ავტორმა, რომ ავთანდილი პატრონის დაუკითხავად გაპარულიყო და მიეტოვებინა სახელმწიფო თანამდებობა? პასუხი ცალსახაა. სწორედ იმიტომ, რომ რუსთაველისთვის არსებობს პატრონის ერთგულებაზე უფრო მნიშვნელოვანი ადამიანური ღირსება, როგორიცაა გაჭირვებაში ჩავარდნილი ადამიანის დახმარება. მწერალი არ ერიდება პატრონყმური მოვალეობის დარღვევის ფაქტების აღწერას. მაგალითად: ტარიელის მიერ მეფის ბრძანების შეუსრულებლობა, ტახტზე პრეტენზია, სასიძოს მოკვლა, თითქმის ამბოხიც კი. ისევ ჩნდება კითხვა: როგორ დაუშვა მწერალმა შუა საუკუნეებში მსგავსი სახიფათო სიუჟეტის განვითარება?.. მაგრამ ხომ ცხადზე უცხადესია რუსთაველის პრინციპები, რომ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი ღირსება, რასაც სამართლიანობა ჰქვია, ვიდრე ბრმა მორჩილება პატრონისა. სწორედ სამართლიანობის დარღვევას მოჰყვა პატრონყმური ვალდებულების რღვევაც. ავტორი არა მარტო ყმის, არამედ პატრონის ვალდებულებების ასრულებასაც ითხოვს. იგი მხოლოდ სამართლიანობაზე დამყარებული პატრონყმობის მომხრეა. როგორც ჟან-ჟაკ რუსო ამბობდა: როდესაც მთავრობა უზურპატორი ხდება, საზოგადოებრივი ხელშეკრულება ირღვევა. ქვეშევრდომი არაა ვალდებული, დაემორჩილოს უზურპატორს. ჩანს, ასე ფიქრობდა რუსთაველიც, რადგან არც ფარსადანს და არც როსტევანს აზრად არ მოსვლიათ თავიანთი ყმების დასჯა. დიახ! რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, არ გაბრაზებულა როსტევანი, როცა სპასალარმა მეფის დაუკითხავად მიატოვა სახელმწიფო სამსახური და გაიპარა ტარიელის დასახმარებლად. სავარაუდოდ, ფარსადანიც ხვდებოდა თავის არასწორ გადაწყვეტილებას სამეფო გვარის წარომადგენლის (ტარიელის) მიმართ. აშკარად გრძნობდნენ მეფენი თავიანთ უსამართლობას და მხოლოდ საყვედურებით შემოიფარგლებოდნენ. როგორც ვხედავთ, ზოგჯერ, „ვეფხისტყაოსანშიც“ ირღვევა „კონსტიტუცია“. ამ მაგალითებით რუსთაველი ცდილობს, დაამკვიდროს ახალი, უფრო სამართლიანი და ტოლერანტული მსოფმხედველობა.
მოვალეობა, ერთგულება, სიყვარული რა განაპირობებს პოემის პატრონ-ყმათა ურთიერთობებს? რუსთაველი, რომელიც შესავალშივე ხაზს უსვამს პატრონის უზენაესობას და მისი სამსახურის ვალდებულებას („მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსებისა ტკბილისა“), მაინც ვერ გახდა პატრონისადმი „სიტყვაშეუბრუნებელი, მორჩილი“ ყმების მხატვარი. იგი დამოუკიდებელი, თავისთავადი მოაზროვნეა. მისი გმირების პატრონყმური ურთიერთობა ერთგულებაზე, სიყვარულზე, ურთიერთპატივიცემაზეა აგებული. სწორედ ამიტომ აღმოჩნდა, თამაზ ჭილაძის თქმით, „რუსთაველის პატრონყმობა ადამიანისათვის გადაკეთებული, გადააზრებული ხელოვნება“.
ავთანდილი თინათინის დავალების შესრულებას თავის მოვალეობად მიიჩნევს, როგორც ყმა. „პირველ ყმა ვარ, წასვლა მინდა პატრონისა სამსახურად, ხამს მეფეთა ერთგულება, ყოფა გვმართებს ყმასა ყმურად“. რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, თინათინიც სწორედ ასე ფიქრობს. „პირველ ყმა ხარ, ხორციელი არავინ გვყავს შენად სწორად, მერმე ჩემი მიჯნური ხარ…“ ის დავალებას პირველ რიგში ყმას აძლევს, შემდეგ კი სატრფოს. აშკარაა, რომ ორივენი სახელმწიფოებრივ ხედვას ამჟღავნებენ. რა თქმა უნდა, სიყვარული ამ დავალების პირნათლად შესრულების საწინდარია. ავთანდილს ეძლევა შანსი, ამ დავალების შესრულებით თავი გამოიჩინოს არა მარტო როგორც ყმამ, არამედ როგორც მიჯნურმაც. მიუხედავად ამისა, შეუძლებელია, გარდა მოვალეობისა, პოემაში პატრონყმური უთიერთობების სხვა ბერკეტებიც არ დავინახოთ.
ავთანდილისა და შერმადინის ურთიერთობა დაფუძნებულია მეგობრობასა და ნდობაზე. იგი სცილდება პატროყმურ ურთიერთობებს. ეს კარგად ჩანს ავთანდილის ამ სიტყვებში: „ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა“. ავთანდილს ხელს არ უშლის შერმადინის მონა-ყმობა, იყოს მისი მეგობარი და მესაიდუმლე. შერმადინს ენდობა, უმჟღავნებს თავის ხვაშიადს, მისი იმედით ტოვებს ქვეყანას და თავის სანაცვლოდ პატრონადაც „დააგდებს“. საყურადღებოა, რომ „ჯერთ უწვერული“ ავთანდილი მზად არის თავის წერილში, ერთი შეხედვით ღიმილისმომგვრელი სიტყვებით, დაარწმუნოს ქვეშევრდომები, რომ შერმადინი გაუზრდია „ვითა ძმა და ვითა შვილი“. ამ განცხადებით მან თავის ყმებს მეტი პასუხისმგებლობა დააკისრა დავალების ასასრულებლად. „ამას ასრე მორჩილობდით, არის ვითმცა ავთანდილი“. ავთანდილი პატრონის უფლებით ავალდებულებს ყმებს თავისი ბრძანების ასრულებას. შედეგად „იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი სცა“. ავთანდილმა გაითვალისწინა, რომ დაბალი წარმოშობის ადამიანის პატრონად გამოცხადებაზე შეიძლება უარი ეთქვა ლაშქარს, ამიტომ თავისი უფლება დოკუმენტით (წერილი) განამტკიცა. ფაქტია, რომ შერმადინს ავთანდილი უფრო მაღალი რანგის ადამიანების პატრონად ტოვებდა. „ლაშქართა და დიდებულთა ალაშქრებდი, პატრონობდი“.
შერმადინისათვისაც ავთანდილის მეგობრობა უფრო ძვირფასია, ვიდრე ლაშქრის პატრონობა. გულწრფელად სთხოვს იგი პატრონს: „წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო რაცა გინდი“, ხოლო, როცა მის გადაწყვეტილებას მოისმენს, კიდევ უფრო დამწუხრდება. „მაგრა რა ვქნა უშენოსა დამეცემის გულსა ბინდი“, ან „შენ მარტოსა გიგონებდე, მემცა მიწა მიაკვანე“. ამ განცდებს მხოლოდ მოვალეობა ვერ შობს, იგი უფრო მაღალ გრძნობებზეა დაფუძნებული.
მამაშვილური დამოკიდებულება ვლინდება როსტევან მეფისა და ავთანდილის ურთიერთობაში. ნადირობაში დამარცხებული მეფე ავთანდილის სიყვარულით მეფურ ამპარტავნებას იცხრობს. „უხარის ეგრე სიკეთე მისისა განაზარდისა“. არც მონებისგან იყო იოლი სათქმელი მეფისათვის „…მეფეო, ყოლა ვერ ვიტყვით შენსა მაგისად დარებით, აწვეცა დაგვხოც, ვერა ჰგავ…“ აშკარად მეფის სამართლიანობისა და მისი ავთანდილისადმი დამოკიდებულების იმედად მყოფმა მონებმა გაბედეს, მეფისათვის ეკადრებინათ, რომ იგი ავთანდილს ვერ უტოლდებოდა ნადირობაში. სამართლიანობას ავლენს პურობისას „სიძუნწეში ეჭვმიტანილი“ მეფეც. იგი მხოლოდ მაშინ კარგავს წონასწორობას, როცა ავთანდილის გაპარვას შეიტყობს. მეფის მწუხარების მიზეზი არა ყმის მიერ დარღვეული ვალდებულებაა, არამედ იმის ფიქრი, რომ ავთანდილის გარეშე მოუწევს ყოფნა. მამის წუხილს უფრო ჰგავს მეფის მოთქმა, ვიდრე პატრონისას. „მარა მე რა ვქნა გაზრდილო, აწ სახლად მმართებს სენები, გამაღარიბე, დამაგდე…“ ან „ოდეს გნახავ მხიარულსა, ნადირობით შემოსრულსა“. სამართლიანობა და სიყვარული მიაჩნია ავტორს იდეალური პატრონყმური ურთიერთობის საფუძვლად.
პოემის თანახმად, ყმები უფლებრივად შეზღუდული არ არიან. როგორც ვხედავთ, მათ შეუძლიათ გააპროტესტონ პატრონების უსამართლობა, შეუძლიათ იმეგობრონ ყმებთან, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა. თვით მეფესაც კი გაეჯიბრონ და სძლიონ, ისე, რომ ამით არ დაზარალდნენ. დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი: ყმას პატრონის შეყვარების და მასთან ქორწინების უფლებაც კი აქვს. ამიტომაც არ მალავს ავთანდილი მეფე-პატრონის სიყვარულს. „მე პატრონისა ჩემისა ასული შემყვარებია, თვით მეფედ მათად მას ხედვენ, მონები მკლავ-მაგრებია“. საგულისხმოა, რომ ამ აზრს შეგნებულად ხვდება როსტევანი. „მე სიძესა ავთანდილის უკეთესსა ვპოვებ ვერა“, -აცხადებს იგი.
დიახ, „ვეფხიტყაოსანი“ პატრონყმური ურთიერთობის რენესანსული ფორმაა. პოემის პატრონყმური „კონსტიტუცია“ მაღალ სტანდარტებზეა დაფუძნებული, რომლის მიხედვითაც, ყმას უფლება აქვს იყოს პატრონის მეგობარი და მიჯნურიც კი. იგი ასპარეზია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გამოსავლენად. პოემის გმირები ღირსეული ყმები არიან. აი, თურმე რატომ ესწრაფვიან ყმობას „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟები.
სწორედ ნაწარმოების პრობლემატიკის კვლევა-ძიების პროცესში ყალიბდება მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი უნარები, იხვეწება დისკუსიისა და თანამშრომლობის კულტურა. მეტი ყურადღება ექცევა ნაწარმოების შექმნის დროს, ეპოქის სულისკვეთებას, საგანთაშორის კავშირებს, კანონმდებლობით საკითხებს, ხელს უწყობს წინარე ცოდნის გააქტიურებას, მოპოვებული მასალის დახარისხებისა და სათანადო დასკვნების გამოტანის უნარს.

მაგათგან ყველაფერი მოსალოდნელია!

0

მეტალი ბენზინის ნაცვლად – მითი თუ სინამდვილე?

უცნაური არსებაა ადამიანი. ქედმაღალი, ამპარტავანი, მეამბოხე, თავისად – თავისუფლების და სხვისი დამონება-დამორჩილების მოსურნე, დრო-ჟამთან ერთად ცვალებადი და მოცადი… ჩვენი მოდგმის გაჩენის დღიდან სამყარო გამუდმებით იცვლება და ჩვენც ყოველთვის ვპოულობთ შეცვლილ გარემოში არსებობის საშუალებას. რით? – პროფესიების გამოგონებით.

პირველი პროფესია, რომელიც გამოვიგონეთ, ალბათ მონადირეობა იყო. მშიერ კუჭს ამოვსება სჭირდებოდა და მარტო მცენარეების იმედად ვერ დავრჩებოდით. მონადირეობას მალევე მოჰყვებოდა კულინარიული ოსტატობა – მრავალფეროვნების მოტრფიალე ადამიანს მოსწყინდებოდა ერთფეროვანი უმი ხორცის დაგემოვნება. საკუთარ თავს, ტომსა და ნანადირევს დაცვა სჭირდებოდა, ამიტომ ბრძოლისა და თავდაცვის ხერხებიც მალევე უნდა გაჩენილიყო. მით უფრო – ნადირობიდან ომამდე ერთი ნაბიჯია.

ნადირობაც, ბრძოლაც და კერძის მომზადებაც შიშველი ხელებით საკმაოდ უხერხული და ნაკლებად ეფექტური იყო და ადამის მოდგმამ უმალ ახალი პროფესია – მჭედლობა გამოიგონა, რასაც მადნეულის მოპოვება, აგრონომია, მშენებლობა და სხვა დარგების ჩანასახები მოჰყვა.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასე ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა ახალი პროფესიები და ადამიანებიც უფრო და უფრო იწაფებოდნენ. და რაც უფრო დიდ სიმაღლეზე აჰყავდათ ესა თუ ის ტექნოლოგია, მით უფრო უმჯობესდებოდა მათი ყოფა. მაგრამ ეს მიღწევები მხოლოდ ხორციელ საზრდოს იძლეოდა. რა გასაკვირიც უნდა იყოს, ფიზიკურთან ერთად ადამიანი დასაბამიდანვე განიცდიდა სულიერ შიმშილს. პირველს ტექნოლოგიების განვითარებით უმკლავდებოდა, მეორისთვის კი ხელოვნება მოიგონა, რაზეც გამოქვაბულებში აღმოჩენილი კედლის „მხატვრობა“ მეტყველებს.

ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დღეს პროფესიებს ორ დიდ ჯგუფად ყოფენ – სახელოვნებოდ (შემოქმედებითად) და არასახელოვნებოდ. ხელოვანის სტატუსს ატარებს ის, ვისაც კალამი, ფუნჯი, საჭრეთელი, სიტყვა და ტორსის პლასტიკა უჭრის. რას მივიჩნევთ დღეს ხელოვნების ნიმუშად? სიმღერას, ლექსს, ნახატს, ქანდაკებას, არქიტექტურულ ნაგებობას.

უცხოელებს ქვეყნის გასაცნობად, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ამ ღირშესანიშნაობებს ვაჩვენებთ ხოლმე. მაგრამ განა შემოქმედებითი წვის ნაყოფი მხოლოდ ეს არის?

რომელ ტურისტულ სააგენტოს მოუვა აზრად, ტურისტული მარშრუტების ნუსხაში ფაბრიკა-ქარხნები შეიტანოს?

შემოქმედება სულის შიმშილის გამოძახილია და ის მეტ-ნაკლებად ყოველ ჩვენგანს აწუხებს. სამწუხაროდ, ინჟინრებს, მეცნიერებს, მასწავლებლებს შემოქმედებით ადამიანებად არ მიიჩნევენ, თუმცა ვინ იცის, რამდენი მათგანია საქვეყნოდ ცნობილ ხელოვანთა ტოლ-სწორი.

ვინ თქვა ინჟინრის შემოქმედებითობა? იმ ქალაქის სავიზიტო ბარათად, რომელსაც საკრე–კერის ტაძარი და მონმარტრი აქვს, უბრალო „რკინის კონსტრუქცია“ იქცა, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით უფრო საინტერესოა, ვიდრე სანახაობრივად. აშენებითაც სწორედ ამ დარგის მიღწევათა სადემონსტრაციოდ ააშენეს. ბევრი ძირძველი პარიზელი დიდხანს ამრეზით უყურებდა ეიფელის კოშკს, მაგრამ ნაგებობის კონტურმა ნელ-ნელა შეიძინა ხელოვნების ნიმუშის სტატუსი და დღეს ის პარიზის სიმბოლოა.

რა გასაკვირიც უნდა იყოს, ისტორიული ძეგლებით საკმაოდ მდიდარი თბილისის სიმბოლო მთაწმინდა და სატელევიზიო ანძაა, თუმცა ის ვერც ეიფელს დაუდებს ტოლს და ვერც ტორონტოსა თუ შანხაის ტელეანძებს, რადგან მოკლებულია ორიგინალურობას – მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა სერიული წარმოების პროდუქტია.

თუმცა ეიფელის მაგალითიც საკმარისია იმისთვის, რომ ბევრ „ქმნილებას“ სხვა თვალით შევხედოთ – აღმოვაჩენთ, რომ ინჟინრები და გამომგონებლები ხშირად არანაკლები შემოქმედნი არიან, ვიდრე ხელოვანთა ოლიმპოს თავშეფარებულნი.

პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომით თავი გამოიჩინეს მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევრებმაც.

გლობალური პრობლემაა ენერგეტიკა. ნავთობი ილევა. არ ვიმჩნევთ, მაგრამ პანიკამდე შორი არ არის. დროდადრო შეფარვით შეგვახსენებენ, რომ „ტყე შეუნახე შვილებსა“ კონცეფციაში, დროა, „ტყე“ „ენერგომატარებლებით“ შეიცვალოს, რადგან ნავთობის ამოწურვის შემდეგ, თუ ენერგიის ალტერნატიული წყარო ერ მოვიძიეთ, პირველი სწორედ ტყე განადგურდება.

ამიტომ მეცნიერები და მკვლევრები დიდი ხანია ფიქრობენ, რით შეიძლება შეიცვალოს ნავთობი. მოისინჯა თითქმის ყველა მასალა, რომელიც ხელმისაწვდომია და იწვის. გამალებით მუშაობენ წყალბადის, ბიოეთანოლის, ბიოდიზელის მიღების მეთოდების გამარტივებაზე… უკვე მზის შუქისა და ქარის დაჭერა-გარდასახვასაც ვახერხებთ. მზისა და ქარისგან სუფთა ელექტროენერგიის მიღების ტექნოლოგიები სწრაფად ვითარდება. მაგრამ ისინი მთლიანად ვერ ჩაანაცვლებს ბენზინს და დიზელს. ბიოდიზელი, მართალია,  მნიშვნელოვანი ალტერნატივაა, მაგრამ სოფლის მეურნეობის შესაძლებლობები ჩამორჩება მასზე მოთხოვნის დონეს, ამიტომ ნახშირწყალბადოვან საწვავს ის მხოლოდ ნაწილობრივ თუ ჩაანაცვლებს. წყალბადს დიდი და მძიმე საცავები სჭირდება, ამასთან, მაღალია ფეთქებადობის რისკი.

ასე რომ, თავის დამშვიდება ნაადრევია. ჯერ ისევ აქტიური ძიების ფაზაში ვართ.

მაკგილის უნივერსიტეტის მკვლევრები ცდილობენ, გარე წვის ძრავებში საწვავად მეტალის ფხვნილი გამოყენონ. მეტალის წვის ენერგიის გამოყენება ახალი არ არის. მას XX საუკუნის შუა წლებიდან აქტიურად იყენებენ სარაკეტო საწვავებში.

მეტალის წვით დიდი რაოდენობის სითბოს მიღებაა შესაძლებელი, მარტივდება რეციკლიზაციის პროცესი, არ ხდება CO2-ის ემისია.

მოცემული ტექნოლოგია ჯერ დახვეწის სტადიაზეა, თუმცა უკვე მოახერხეს სტაბილური ცეცხლის ალის მიღება მეტალის წვრილდისპერსიულ ფხვნილსა და ჟანგბადის ნარევის ნაკადში. გამოყენების ერთ-ერთი პირველი კანდიდატი რკინაა. დღეს ის მეტალებს შორის ყველაზე მეტი იწარმოება. მისი რეგენერაციის ტექნოლოგიაც უფრო დახვეწილი და იაფია, ვიდრე სხვა მეტალებთან. ტექნოლოგიის ავტორები გვპირდებიან, რომ მალე პროტოტიპული დანადგარის აგებასაც შეძლებენ.

რეზო გაბრიაძისა და ელდარ შენგელაიას „შერეკილები“ ჩემთვის ყველაზე მეტად სწორედ სამეცნიერო თვალსაზრისით არის საინტერესო. ალბათ გახსოვთ: „ადამიანს რა ჭირი გააფრენს ცაში, მაგრამ მაგათგან ყველაფერი მოსალოდნელია!“

სკოლა, სადაც სწავლობთ და ასწავლით  

0

 

ახალგაზრდა პედაგოგის სამსახურში აყვანა იდეალური გადაწყვეტილებაა მრავალი სასკოლო პრობლემის მოსაგვარებლად.  სკოლის ადმინისტრაციამ ახალგაზრდა პედაგოგს შესაძლოა სპეციალურად გადააბაროს სუსტი ან მეამბოხე კლასი, რათა შემდგომში  განტევების ვაცად აქციოს. სამწუხაროდ, ასეც ხდება. ამიტომ ახალგაზრდა მასწავლებელმა, ვიდრე პროფესიული პრობლემების გადაწყვეტას აუღებს ალღოს, უნდა იცოდეს, რომ:

 

1.თქვენ შეიძლება სუსტი კლასი მოგაბარონ

 

ასეთ კლასში ხშირია თვითშეფასების და დისციპლინის პრობლემა. ახალბედას უჭირს მუშაობა, მაგრამ ასეთ სტრესულ გარემოში ის ფასდაუდებელ გამოცდილებას იძენს და სამომავლოდ ნაკლებად უშინდება პრობლემებს.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: აგრძნობინეთ მოწაფეებს, რომ ისინი სხვებზე უარესი არ არიან. უნდა გაუქროთ მათ მსხვერპლის ფსიქოლოგია. არცერთ შემთხვევაში არ დაუწეროთ ძალიან დაბალი ქულები; არ მისცეთ აუარებელი საშინაო დავალება, უმკაცრესი შენიშვნები. ტიპური ბოროტი მასწავლებლის დაღი არ უნდა დაისვათ. ხშირად შესთავაზეთ მოსწავლეებს მათთან ერთად მუშაობა, დაუახლოვდით, ემეგობრეთ, რათა მათ საკუთარი თავის დაიჯერონ. ჩვეულებრივ, სუსტი კლასი მეგობრულია და ჯგუფურ სამუშაოს შესანიშნავად ასრულებს.

 

  1. მოსწავლეები დიდხანს გამოგცდიან

 

ყურადღება მიაქციეთ ჩაცმულობას, რომ არ გახდეთ დაცინვის ობიექტი. არ იცრუოთ, ამას ბავშვები არ პატიობენ. უცოდინარობა კი თქვენს ავტორიტეტს ძალიან დააზარალებს, ამიტომ მოემზადეთ გაკვეთილისთვის.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: სახლიდან გამოსვლამდე და თითოეული გაკვეთილის წინ აუცილებლად გადაამოწმეთ თავი, როგორ გამოიყურებით სარკეში. არსებობს უამრავი რეალური ისტორია იმის შესახებ, რომ მასწავლებელი გაკვეთილზე კაბის გარეშე მივიდა და ეს გვიან შენიშნა.

 

ჩაიცვით აკურატულად, ელეგანტურად, მოხერხებულად. ბავშვები ყველა წვრილმანს აფიქსირებენ. სამოსზე შემთხვევით მიკრულმა ძაფის ნაგლეჯმა შეიძლება მთელი კლასის ყურადღება გაფანტოს და გაკვეთილი ჩაშალოს. თუ SOS სიტუაციაში აღმოჩნდით, ეცადეთ მდგომარეობა იუმორით გამოასწოროთ, მაგრამ ხუმრობასაც უნდა ჰქონდეს საზღვარი, სწრაფად გადადით საქმეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი ტრაგედია კომედიად იქევა.

 

იყავით გულმოდგინე. ყოველთვის მოემზადეთ გაკვეთილისთვის. თუ დრო არ გაქვთ, არ იფიქროთ, რომ ბავშვები ამას ვერ შეამჩნევენ. თუ კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, გულწრფელად უთხარით ამის შესახებ.

 

უმჯობესია, აღიაროთ და არ დააიგნოროთ დაშვებული შეცდომა. მოსწავლეები ადვილად პატიობენ უცოდინარობას, მაგრამ უფროსის მიერ ნათქვამი ტყუილი კარგა ხანს ახსოვთ. მატყუარა მასწავლებელს პატივს არ სცემენ. მოსწავლეებს მოსწონთ მკაცრი და ჭკვიანი პედაგოგი, ვიდრე ის, ვინც ყოველ ჯერზე მაგიდის ქვეშ გუგლით ეძებს პასუხებს.

 

  1. დატესტვა სტრესზე

 

რამდენს უძლებს თქვენი ნერვები? ეს თქვენ იცით და ალბათ ისიც უნდა იცოდეთ, რომ ბავშვები ბევრად უფრო ამტანები არიან, ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია. მათ უნდა მისცეთ საშუალება ამოგიცნონ. დაინახონ, რა ხასიათი გაქვთ, რაზე ბრაზობთ, რა გახარებთ.  მათთვის მოსაწყენია ერთფეროვანი მასწავლებლების საათობით მოსმენა და ყურება. მათ უნდათ დაგინახონ ნიღბის გარეშე, მიიღონ თქვენგან ნამდვილი ემოციები.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: ყოველთვის ის იყავით, რაც სინამდვილეში ხართ. თუ ცუდი დღე გაქვთ, განაცხადეთ ამის შესახებ და პირიქით – არ დაგავიწყდეთ კარგი განწყობის გაზიარება. ბავშვებს შეუძლიათ და უყვართ კიდეც განცდების გაზიარება. ნიღბიან ადამიანებს კი არ წყალობენ.

 

  1. მოსწავლეები არ ასრულებენ საშინაო დავალებას

 

საოცარი, არა? თქვენ ცდილობთ მათთვის რაღაცის გაკეთებას, ისინი კი ამას არ აფასებენ. აღიარებენ, რომ საუკეთესო მასწავლებელი ხართ, მაგრამ თქვენი საგანი არ აინტერესებთ. თქვენ მათთვის არაჩვეულებრივ გაკვეთილს გეგმავთ, ისინი კი საშინაო დავალებას არ ასრულებენ ან მოუმზადებელი მოდიან და რაღაცებს იმიზეზებენ.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: არასოდეს იწუწუნოთ. არ თქვათ, რომ თქვენი მოლოდინი არ გამართლდა ან თქვენ ამდენი ენერგია დახარჯეთ, მათ კი დაგაღალატეს. თუ რამე არ გამოგივიდათ, პრობლემის გადაჭრის სხვა გზები ეძიეთ.

არ დაივიწყოთ, რომ პედაგოგი ხართ და არა მათი ბოსი. ბავშვებს არ აქვთ თქვენი ვალი. ბავშვები საკუთარ თავისთვის სწავლობენ და არა იმისათვის, რომ გასიამოვნონ. თქვენ შეიძლება მათ პირადად ძალიან მოსწონდეთ, მაგრამ არ მოსწონდეს თქვენი საგანი. იქნებ მომავალი ქიმიკოსები არიან და არა ლიტერატორები, ან – პირიქით. თქვენ ეს არ იცით.

 

ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა ვერ მოემზადნენ იმის გამო, რომ გუშინ ექსკურსია ან რეპეტიცია ჰქონდათ ან გეოგრაფიაში მძიმე საკონტროლოსთვის ემზადებოდნენ, რომლის მასწავლებელიც, თქვენგან განსხვავებით, არაფერს აპატიებს.

 

შეცვალეთ სწავლების სტრატეგია. თქვენ ფეხბურთის მწვრთნელივით უნდა იყოთ – უნდა ჰქონდეთ სათადარიგო სკამი, რამდენიმე ვარიანტი იმისა, თუ როგორ უნდა მოიგოთ ან ფრედ მაინც დაამთავროთ თამაში, რომელშიც თქვენი გუნდია ჩართული.

 

  1. აუცილებელია დისტანცია

 

„რა მაგარია ახალგაზრდა მასწავლებელი! მოდი, დავუმეგობრდები!“ – რომელიმე მოსწავლე ამას აუცილებლად გაიფიქრებს ან ხმამაღლა იტყვის. რომელიღაც მოსწავლე სკოლის დერეფანში ზრდასრულივით მისალმების დროს თქვენთვის ხელის ჩამორთმევას მოინდომებს; რომელიღაც სიყვარულით მოგეხვევათ; რომელიღაც თქვენთან ერთად გასეირნებას მოინდომებს…

 

მოსწავლეები ხშირად უტოლებენ თავს ახალგაზრდა მასწავლებელს, მათთან უფრო თავისუფლად იქცევიან და ზღვრის შეგრძნებას კარგავენ. ახალგაზრდა მასწავლებელსაც შესაძლოა ესიმპათიურებოდეს ვინმე და ზოგჯერ ახლობლურ დამოკიდებულებაზე უარის თქმა გაუჭირდეს, რადგან ახალგაზრდებთან მეგობრობა ყოველთვის საინტერესოა, ყოველთვის გავსებს ახალი ენერგიითა და სიხალისით.

 

მაგრამ ეს სკოლაა. თქვენ მასწავლებელი ხართ, რიგითი პედაგოგი, რომელმაც არ უნდა დაკარგოს დისტანციის შეგრძნება.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ამ შემთხვევაში: ამ კითხვაზე პასუხი ძალიან რთულია. არსებობს გარკვეული საზღვარი, რომელსაც მასწავლებელი თავად აყალიბებს – რა არის დაშვებული და დაუშვებელი, რისი გაკეთებაა ნებადართული მხოლოდ გარკვეულ პირობებში. თუმცა, არსებობს პრინციპები, რომელიც არასდროს უნდა დაირღვეს. მაგალითად, ნუ გადახვალთ მოსწავლეებთან „შენობით“ ურთიერთობაზე, არ დარჩეთ მასთან მარტო დახურულ კაბინეტში, არ ისეირნოთ მოსწავლესთან ერთად კლასის დამრიგებლის ან მშობლების გაფრთხილების გარეშე, მაქსიმუმადე შეამცირეთ მათთან ფიზიკური კონტაქტი, მკაცრად გააკონტროლეთ თქვენი ლექსიკა: დაუშვებელია უხამსი, უცენზურო სიტყვების ხმარება და სხვ.

 

რა თქმა უნდა, ასეთი ჩამონათვალი უფრო დიდია და ამით არ იწურება, მაგრამ ეს მთავარი პრინციპებია.

 

საერთოდ, ეთიკური საკითხები სკოლის განათლების სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი და მტკივნეული თემაა. სექსიზმი, შოვინიზმი, ნარკოტიკები, სექსი, პოლიტიკა – ეს ყველაფერი სასაუბროდ ერთდროულად ძალიან მნიშვნელოვანიც არის და საფრთხილოც. ბავშვი უნდა იყოს ინფორმირებული, იცოდეს ყველაფერი, მაგრამ ჯერ ჩვენ არ გვისწავლია წყაროებთან მუშაობა. რა, როგორ და როდის უნდა ითქვას, მასწავლებლის პასუხისმგებლობაა.

რა თქმა უნდა, შეუძლებელია ყველა დეტალის გათვალისწინება. თითოეულ მასწავლებელს საკუთარი გამოცდილება აქვს. მთავარია, გვახსოვდეს, რომ ყველაზე კარგად მაინც გულწრფელობა, ცოდნა და მოსწავლეების ინტერესებზე ფოკუსირება მუშაობს.

ნობელის პრემიის ლაურეატები საქართველოში (ნაწილი პირველი)

0

11-12 სექტემბერს გამომცემლობების – „არტანუჯისა“ და „ინტელექტის“ მოწვევით თბილისს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი ესტუმრა და გამართა შეხვედრები როგორც მკითხველთან, ისე პრესასთან, გამომცემლებთან, მთარგმნელებთან და რედაქტორებთან. მაშინვე დავინტერესდი, რამდენი ნობელიანტისთვის უმასპინძლია საქართველოს; რა მნიშვნელობას ატარებს მსგავსი ვიზიტები და რა გავლენა მოახდინა მათმა სტუმრობამ როგორც ჩვენს ქვეყანაზე, ისე ლაურეატების შემოქმედებასა და საქმიანობაზე.

საქართველოში სხვადასხვა დროს ოცდათხუთმეტამდე ნობელის პრემიის ლაურეატია ნამყოფი. სამწუხაროდ, როგორც ჩემთვისაა ცნობილი, არასდროს გვიმასპინძლია მედიცინისა და ეკონომიკის დარგში პრემირებულთათვის. არადა ეს უდავოდ წაადგებოდა ამ სფეროების განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. დარგის გამორჩეული წარმომადგენლის ლექციის მოსმენა კარგი შესაძლებლობა იქნებოდა ქართველი სპეციალისტებისთვისაც.

ცხადია, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია ლაურეატის მასპინძლობა ნობელის მინიჭების შემდეგ. ასეთი შემთხვევა თხუთმეტი იყო (ფრიტიოფ ნანსენის, გუსტავ ჰერცის, იგორ ტამის, ნილს ბორის, მიხეილ შოლოხოვის, ბორის პასტერნაკის, ჯონ სტაინბეკის, დედა ტერეზას, ანდრეი სახაროვის, შიმონ პერესის, კარლ ალექს მიულერის, იოჰან გეორგ ბედნორცის, აარონ ჩეჰანოვერის, ორჰან ფამუქისა და სვეტლანა ალექსიევიჩის ვიზიტები). სხვა ფიზიკოსები, მწერლები თუ საზოგადო მოღვაწეები კი პრემიის მიღებამდე, სხვადასხვა დროს სტუმრობდნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქს. მივყვეთ ქრონოლოგიურად, მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე. შემდგომი წლების ვიზიტების შესახებ კი მოგვიანებით მოგითხრობთ.

 

1876-1885 წლები

ბერტა ფონ ზუტნერი (1905 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში)

პაციფიზმის საერთაშორისო მოძრაობის აქტივისტი ბერტა ფონ ზუტნერი პირველი ქალი ნობელიანტია მშვიდობის დარგში. საქართველოში ბერტამ და მისმა მეუღლემ, მწერალმა არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერმა, თითქმის ცხრა წელიწადს დაჰყვეს. აქედან ხუთი წელი ზუგდიდში გაატარეს, სადაც სამეგრელოს დედოფლის – ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის სტუმრები იყვნენ. ისინი ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესთან ერთად იონა მეუნარგიას აქტიურად ეხმარებოდნენ „ვეფხისტყაოსნის“ ფრანგულად თარგმნაში.

1882 წელს ავსტრიელი  წყვილი ზუგდიდიდან თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. არტური ავეჯის ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდა, ბერტა კი ფრანგულ და გერმანულ ენებსა და მუსიკას ასწავლიდა. სწორედ საქართველოში ცხოვრების პერიოდშია შექმნილი მწერალი ცოლ-ქმრის მნიშვნელოვანი ნაწარმოებები და წერილები.

 

სახლი თბილისში, უზნაძის ქუჩაზე, სადაც 1882-1884 წლებში ზუტნერები ცხოვრობდნენ.

 

1899 წელი

კნუტ ჰამსუნი (1920 წლის ნობლის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში)

კნუტ ჰამსუნი უკვე რამდენიმე გახმაურებული რომანის ავტორი იყო, როდესაც 1899 წელს რუსეთის გავლით კავკასიაში იმოგზაურა. ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ორი ნაწარმოები – „ზღაპრული ქვეყანა“ და პიესა – „დედოფალი თამარი“, რომელიც 1903 წელს დანიასა და გერმანიაში გამოიცა. „ზღაპრული ქვეყანიდან“ ჩანს, რომ მწერალს კავკასიაში მოგზაურობამ მრავალი ფიქრი და განცდა აღუძრა. ის, მართლაც, მხოლოდ სამოგზაურო ჩანაწერების დღიური არ არის, არამედ მოგზაურობაა ადამიანის უკიდეგანო, ამოუცნობ სულიერ სამყაროში. ჰამსუნი თბილისში სრულიად ინკოგნიტოდ ჩამოვიდა და არც ერთ თბილისელ ინტელიგენტს არ გასცნობია.

 

1925 წელი

ფრიტიოფ ნანსენი (1922 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში)

ნორვეგიელი მკვლევარი და დიპლომატი ჯერ კიდევ ერთა ლიგის 1920 წლის დეკემბრის სხდომაზე ბევრს ეცადა, რომ საქართველოს ახალგაზრდა, დემოკრატიული რესპუბლიკა ერთა ლიგაში მიეღოთ, თუმცა მის მოწოდებას მხარი არ დაუჭირეს. თავად კი 1925 წელს მოუხდა საქართველოში (თბილისსა და ბათუმში) ჩამოსვლა: ერთა ლიგამ მას თურქეთიდან სომხეთში ლტოლვილების მოწყობის საკითხების შესწავლა დაავალა. კავკასიაში და საქართველოში მოგზაურობის შთაბეჭდილებები, მდიდარი ფოტომასალის დართვით, ნანსენმა დეტალურად აღწერა თავის ჩანაწერების წიგნში „კავკასიიდან ვოლგისაკენ“.

   

 

1931, 1933, 1945 და 1959 წლები

ბორის პასტერნაკი (1958 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში)

ბორის პასტერნაკს 30 წლიანი მეგობრობა აკავშირებდა ქართველ პოეტებთან. ის ოთხჯერაა საქართველოში ნამყოფი და თითქოს მეორე სამშობლო იპოვა ჩვენს ქვეყანაში. 1931 და 1933 წლების ვიზიტებისას პასტერნაკს და მის მეუღლეს – ზინაიდა ნეიჰაუზს „ცისფერყანწელები“ მასპინძლობდნენ. ამ პერიოდს უკავშირდება 30-იან წლებში თბილისსა და მოსკოვში გამოცემული სამი წიგნი, სადაც შესულია როგორც პასტერნაკის თბილისური ციკლის პოეზია, ასევე მის მიერ შესრულებული ქართველი პოეტების (ვაჟა-ფშაველას, ნიკოლოზ ბარათაშვილისა და მეოცე საუკუნის პოეტების) ლექსებისა და პოემების შესანიშნავი თარგმანები.

1945 წელს ის ბარათაშვილის 100 წლის იუბილეზე ჩამოვიდა თბილისში და სიტყვაც წარმოთქვა. ხანგრძლივი მიმოწერის შემდეგ მწერალი ამ დროს ისევ შეხვდა 1937 წელს დახვრეტილი მეგობრის – ტიციან ტაბიძის მეუღლეს, ნინო მაყაშვილს. ქვრივმა პასტერნაკს ტიციანის ცარიელი ფურცლები გაატანა. სწორედ იმ ქაღალდებზე დაიწერა „ექიმი ჟივაგოს“ პირველი გვერდები. ამ რომანმა მწერალს 1958 წელს ნობელის პრემია მოუტანა, თუმცა პასტერნაკს მასზე უარი ათქმევინეს. დევნის პერიოდში, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე, 1959 წელს, ის კიდევ ერთხელ ჩამოვიდა საქართველოში და რეპრესირებული მეგობრების ოჯახები მოინახულა.

ნინო მაყაშვილი-ტაბიძე და ბორის პასტერნაკი

ფოტო დაცულია გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმში, ტიციან ტაბიძის არქივში.

 

1935 და 1960 წლები

იგორ ტამი (1958 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში)

იგორ ტამი გატაცებული იყო ალპინიზმით. ის მე-20 საუკუნის 30-იან წლებშია ნამყოფი საქართველოში: დაიპყრო მწვერვალი ყაზბეგი (1935 წ.). 1960 წელს მისი სტუმრობა ჩვენს ქვეყანაში კი დასტურდება ფოტოთი, სადაც მთამსვლელ კოტე ჯავრიშვილთან, მწერალ ლევან გოთუასთან და მის ძმისშვილთან ერთადაა გამოსახული. გამოქვაბულებით დაინტერესებულ ფიზიკოსზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია ვარძიას, უფლისციხეს, დავით გარეჯსა და ხევსურეთს.

 

მარცხნიდან დგანან: კოტე ჯავრიშვილი, ლევან გოთუა, იგორ ტამი, დევი გოთუა.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ფოტოარქივი.

აქვე უნდა ვახსენოთ რეზო ჭეიშვილის მოთხრობაც. „ტამის მოგზაურობა“ პროფესორ თორნიკე ეფრემიძის მოგონებას ეყრდნობა და მასში ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკოსის საქართველოში ერთ-ერთი სტუმრობა საინტერესოდ და ამ მწერლისათვის ჩვეული იუმორითაა აღწერილი.

1936 წელი

ანდრე ჟიდი  (1947 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში)

კომუნიზმით გატაცებული ფრანგი მწერალი  საბჭოთა კავშირს 1936 წელს ეწვია. როგორც ამბობენ, ბერიას თხოვნით, სტალინმა ანდრე ჟიდს საქართველოში ჩასვლაც ურჩია. სტუმარს ბერიამ მასპინძლებად პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე დაახვედრა, რომლებიც ბევრგან ახლდნენ მწერალს ორი კვირის განმავლობაში. პაოლო მას თარჯიმანის გარეშე შესანიშნავად ესაუბრებოდა ფრანგულად. ვიზიტის შემდეგ, 1937 წელს საფრანგეთში გამოცემულ „სსრკ-დან დაბრუნება“-ში ანდრე ჟიდი ბათუმსა და სოხუმში მოგზაურობას აღწერს.

გერონტი ქიქოძის „თანამედროვის ჩანაწერებში“ ვკითხულობთ: „ფრანგი რომანისტის ანდრე ჟიდის სტუმრობას რამდენიმე კაცი შეეწირა საქართველოში. მათ შორის იყო ჩემი ძმისწული, ფილოსოფიური ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი გივი ქიქოძე, რომლისათვისაც საბედისწერო აღმოჩნდა მისი ფართო ლიტერატურული და მეცნიერული ინტერესი და ნაადრევი გონებრივი მომწიფება. მან ფრანგ მწერალს უწყინარი წერილი მიუძღვნა გაზეთ „კომუნისტში“. ეს წერილი დიდ დანაშაულად ჩაუთვალეს, როდესაც გამოირკვა, რომ ანდრე ჟიდმა საფრანგეთში დაბრუნების შემდეგ ნაკლები აღფრთოვანება გამოიჩინა საბჭოთა წესწყობილებისადმი და კრიტიკულად შეაფასა მისი მიღწევები. ჩემი ძმისწული დაუყოვნებლივ დააპატიმრეს. მან ვაჟკაცურად აიტანა ყველა წამება, რომელიც მიკერძოებულ დაკითხვასთან იყო დაკავშირებული და ერთ ნაშუაღამევს შინ დაბრუნდა სრულიად სახეშეცვლილი. მისი თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა. არ გაუვლია ორიოდე თვეს, ის ხელახლა დააპატიმრეს. ამის შემდეგ მისი კვალი სამუდამოდ გაქრა.“

პაოლო იაშვილმაც, სავარაუდოდ თავდაცვის მიზნით, საბჭოთა სისტემის შესახებ ჟიდის მიერ არასახარბიელო გამოხმაურების შემდეგ მალევე გამოაქვეყნა ლექსი „ანდრე ჟიდს, მოღალატეს“. ასევე მოიქცა ტიციან ტაბიძეც (ლექსი „ხანჯალი“), თუმცა პოეტები და მათი მეგობრები უკვე განწირულნი იყვნენ.

  1. ილო მოსაშვილი, აკაკი თათარიშვილი, ანდრე ჟიდი, პაოლო იაშვილი და ბესო ჟღენტი. თბილისი. Союзфото. ფოტო გამოქვეყნდა გაზეთ „პრავდას“ 1936 წლის 244-ე ნომერში.
  2. „სსრკ-დან დაბრუნების“ პირველი გამოცემის გარეკანი.

 

1945-1955 წლები

გუსტავ ჰერცი (1925 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში)

სტალინის დავალებით დამარცხებული გერმანიიდან 1945 წელს სოხუმის სანატორიუმ „სინოპში“ გადმოიტანეს სამეცნიერო ინსტიტუტი, რომელიც ადრე ინტენსიურად მუშაობდა ატომური იარაღის შექმნაზე. ინსტიტუტის მთელი შემადგენლობა, ხელსაწყო-დანადგარები, მოწყობილობები, ინვენტარი და 300 გერმანელი მეცნიერი, სპეციალისტები, დამხმარე პერსონალი ოჯახებთან ერთად საბჭოთა კავშირში გადმოაფრინეს. ქალაქ სოხუმის სინოპის დასახლებასა და გულრიფშის რაიონის დაბა აგუძერაში შეიქმნა სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, რომელსაც ერთმანეთისაგან ცხრა კილომეტრით დაშორებული ორი დამოუკიდებელი, მკაცრად გასაიდუმლოებული „ობიექტი“ ჰქონდა. აგუძერის „G“ ობიექტს ხელმძღვანელობდა ნობელის პრემიის ლაურეატი გუსტავ ჰერცი. ის ასევე სათავეში ედგა ატომური ენერგიისა და რადარების ლაბორატორიას, სადაც იზოტოპების განცალების მეთოდების სრულყოფაზე მუშაობდნენ და იზოტოპების სამრეწველო მასშტაბით წარმოება დაიწყეს.

 

საფოსტო მარკა, რომელიც აღმოსავლეთ გერმანიაში გუსტავ ჰერცის პატივსაცემად გამოუშვეს.

 

1947 და 1963 წლები

ჯონ სტაინბეკი (1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში)

ამერიკელმა მწერალმა ცნობილ ფოტოგრაფ რობერტ კაპასთან ერთად იმოგზაურა საბჭოთა კავშირში 1947 წელს. შედეგად გამოვიდა წიგნი „რუსული დღიური“, სადაც ჯონ სტაინბეკი დეტალურად აღწერს თბილისში, მცხეთაში, გორსა და ბათუმში ვიზიტსაც.

მეორე ვიზიტისას საქართველოში, 1963 წელს, სტაინბეკს მეუღლე ელენ სკოტი ახლდა. მწერალი, წინააღმდეგობების მიუხედავად, შეხვდა კოლაუ ნადირაძეს და ოჯახით ამერიკაშიც დაპატიჟა. მომდევნო წელს უკანასკნელმა ცისფერყანწელმა მეგობრული წერილიც მიიღო სტაინბეკისგან, სადაც ის იხსენებს საქართველოში გატარებულ დაუვიწყარ წუთებს, ცეკვას…

საინტერესოა ერთი უცნაური გზავნილის ამბავიც, რომელიც სავარაუდოდ ჯონ სტაინბეკს უკავშირდება. კოლაუ ნადირაძემ უცნობისაგან უცხოეთიდან ამანათი მიიღო – უილიამ ბატლერ იეიტსის წიგნს დიდხანს უტრიალა და მასშიც ვერანაირი ბარათი ვერ აღმოაჩინა. როგორც როსტომ ჩხეიძე მიიჩნევს, იეიტსის კრებულის გამოგზავნა თუ „გამოჩენა“ საქართველოში, სტაინბეკის სტუმრობამდე, წინდაწინ ქმნიდა იმ განწყობას, რომელიც მწერლის ჩამოსვლას კიდევ უფრო უნდა გაეღვივებინა. იეიტსი ირლანდიელი პოეტი იყო, ირლანდიასა და საქართველოს კი მსგავსი ისტორიული ბედისწერა გააჩნდათ. ეს იყო დიდი, გრანდიოზული გეგმის ერთი, თუმცა საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი: ამერიკა საბჭოთა კავშირის დაშლას გეგმავდა და, როგორც ჩანს, კონკრეტული დავალებით გზავნიდა ამერიკელ ნობელიანტს საქართველოში. მკვლევარი ვახტანგ ამაღლობელი ასკვნის: სტაინბეკის საქართველოში ჩამოსვლა უნდა განვიხილოთ „ცივი ომის“ მდგომარეობაში მყოფი ორი დიდი ქვეყნის – ამერიკისა და სსრკ-ის – ურთიერთობის კონტექსტში. ამ შეხვედრებს, გარდა კულტურული ურთიერთობისა, პოლიტიკური დატვირთვაც ჰქონდაო. საინტერესოა ვახტანგ ჭელიძის მოგონებაც, რომელშიც აღწერილია სტაინბეკთან შეხვედრის ის მომენტი, როცა მწერალი შეფარულად ანუგეშებს (თუ აგულიანებს) პატარა ერის წარმომადგენლებს, ახლა სხვა დროა, სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ, დიდი სახელმწიფოები გაუწევენ მცირერიცხოვან ერებს მფარველობას და ამერიკა განსაცდელში არ მიგატოვებთო!

 

ფოტო ჯონ სტაინბეკის ავტოგრაფით ვახტანგ ჭელიძის ოჯახის არქივიდან. მარცხნიდან: სერგი ჭილაია, ელენ სკოტი, ნიკო ყიასაშვილი, ჯონ სტაინბეკი და ვახტანგ ჭელიძე. ვაკის პარკი. 1963 წელი.

 

***

ხუთი ფიზიკოსი, რომელთა შესახებაც ქვევით მოგითხრობთ, სავარაუდოდ მე-20 საუკუნის 50-80-იან წლებში იმყოფებოდა საქართველოში. საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფ ქვეყანაში ნობელის პრემიის ლაურეატი რუსი ფიზიკოსების ვიზიტები და მათი საქმიანი კავშირი ქართველ კოლეგებთან უჩვეულო სულაც არ იყო. ამის გამო გაჭირდა ზუსტი თარიღების დადგენაც.

 

ლევ ლანდაუ (1962 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში)

ლანდაუს ნობელის პრემია თხევადი ჰელიუმის პიონერული თეორიების შექმნისათვის მაშინ მიენიჭა, როცა ავტოავარიის შემდეგ სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი საავადმყოფოში იწვა. დიდი ფიზიკოსი სამწუხაროდ შემოქმედებით სამეცნიერო მუშაობას ვეღარ დაუბრუნდა. მანამდე კი ის საქართველოში არაერთხელ ყოფილა, სტუმრობდა თბილისს, სოხუმს, სვანეთს… ნამყოფია სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუში. მეგობრობდა და სამეცნიერო კონტაქტები ჰქონდა ქართველ ფიზიკოსებთან: ელეფთერ ანდრონიკაშვილთან (ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში იგი მისი სტუდენტი ყოფილა), ვაგან მამასახლისოვთან, მათე მირიანაშვილთან, დიმიტრი ღოღობერიძესთან, ხოლო გივი ხუციშვილს, როგორც დოქტორანტს, ხელმძღვანელობდა კიდეც.

 

 

 

პეტრე კაპიცა (1978 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში)

ფიზიკოსი-ექსპერიმენტატორი პეტრე კაპიცას სახელი ლამის სიცოცხლეშივე ლეგენდად იქცა, ნობელის პრემიამ კი რატომღაც დაიგვიანა. სტოკჰოლმში ის მაშინ აღიარეს, როცა უკვე ოთხმოცდაოთხი წლისა იყო. ჯილდო მას მიენიჭა დაბალი ტემპერატურების ფიზიკაში ფუნდამენტური გამოგონებისა და აღმოჩენისათვის, რომელიც მან ნობელამდე 30 წლით ადრე გააკეთა.

კაპიცას მრავალ ქართველ ფიზიკოსთან ჰქონდა ურთიერთობა. როგორც პროფესორი ვახტანგ პარკაძე იგონებს, კაპიცა წერილობით კონსულტაციებს აგზავნიდა თბილისში, როცა ელეფთერ ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით იქმნებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

ფიზიკის ფაკულტეტის კრიოგენური ლაბორატორია.

 

 

 

ნიკოლაი ბასოვი და ალექსანდრ პროხოროვი (1964 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიკის დარგში)

1964 წელს რუსმა ფიზიკოსებმა – ბასოვმა და პროხოროვმა ნობელის პრემიის ნახევარი გაინაწილეს, ხოლო ამერიკელ ჩარლზ ტაუნსს ნობელის პრემიის მეორე ნახევარი ერგო. ჯილდო ფიზიკოსებმა დაიმსახურეს ფუნდამენტური შრომებისათვის კვანტურ ელექტრონიკაში, რომელთა საშუალებით შესაძლებელი გახდა მაზერებისა და ლაზერების შექმნა.

ნიკოლაი ბასოვი და ალექსანდრ პროხოროვი პერიოდულად ესწრებოდნენ სამეცნიერო კონფერენციებს თბილისში, სოხუმსა და ბათუმში.

 

მარცხნიდან: ალექსანდრ პროხოროვი, ჩარლზ ტაუნსი და ნიკოლაი ბასოვი. მოსკოვის ლებედევის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, სადაც რუსმა ფიზიკოსებმა კოლეგას თავიანთი ლაბორატორია დაათვალიერებინეს.

ჟორეს ალფიოროვი (2000 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში)

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ამერიკის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის უცხოელმა წევრმა ჟორეს ალფიოროვმა ნობელის პრემია მიიღო ინფორმაციული და კომუნიკაციური ტექნოლოგიების სფეროში ფუნდამენტური გამოკვლევებისათვის. არჩეულია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელ წევრად. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა კი მას საპატიო დოქტორის სტატუსი მიანიჭა.

ალფიოროვი მეგობრობდა პროფესორ რაფიელ ჩიქოვანთან, რომელსაც არაერთხელ სწვევია ბათუმში. პირველი ცოლისაგან, რომელიც თბილისელი იყო, ფიზიკოსს ქალიშვილი ჰყავს.

 

***

კიდევ რომელი ნობელის პრემიის ლაურეატი ეწვია საქართვლოს 60-იან და მომდევნო წლებში, წერილის მეორე ნაწილში შეიტყობთ.

მასწავლებლის საგნობრივი ცოდნა და ცოდნა საგნის სწავლებისთვის

0

თავიდანვე ვაცხადებ – ამ სტატიის მიზანი ის არ არის, რომ მასწავლებლებმა თავიანთ საგანში ბევრად მეტი საკითხი ისწავლონ პროფესიული განვითარების კურსებსა თუ საგამოცდოდ მოსამზადებელ ტრენინგებზე, ვიდრე ამჟამად იციან და იყენებენ. ჩემი მიზანი ის გახლავთ, რომ მოსწავლეებმა უკეთესად ისწავლონ, მაგრამ ამისთვის საჭიროა, მასწავლებლებმა ხელი შეუწყონ მოსწავლეებს აღიჭურვონ შესაფერისი კომპეტენციებითა და სწავლის გამოცდილებით. სწორედ ამიტომ ვეხები საკითხს მასწავლებლის იმ საგნობრივი ცოდნის შესახებ, რომელიც მას საგნის სწავლებისთვის სჭირდება.

როგორი საგნობრივი ცოდნა უფრო წაადგება მასწავლებელს დასახული მიზნის მიღწევაში: ის, რომელსაც მოსწავლე ეუფლება (მაგალითად, მათემატიკა საშუალო სკოლის ფარგლებში)? ის, რომელსაც ამ საგნის აკადემიური მკვლევარი ფლობს (მაგალითად, მეცნიერი-მათემატიკოსი)? ის, რომელსაც იყენებს მომიჯნავე საგნის სპეციალისტი ამ საგნიდან (მაგალითად, ინჟენრის ან ეკონომისტის მათემატიკური ცოდნა)? იქნებ რაიმე სხვა ცოდნაც არსებობს, რომელიც სპეციფიკურია მასწავლებლისთვის და არ მოეთხოვებათ სხვა  პროფესიის წარმომადგენლებს?

თუ ამ საკითხებს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის პოზიციიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ საყოველთაოა პრინციპი: საგნის ცოდნა მისი სწავლებისთვის ნიშნავს იმის ცოდნას, თუ როგორ წარმოიქმნება, განივრცობა, ღრმავდება, შეკავშირდება და ვითარდება საგნობრივი სასწავლო შინაარსი მისი შესწავლის პროცესში. ეს იმას ნიშნავს, რომ, როგორც ჯონ დიუი ამბობდა საუკუნეზე მეტი ხნის წინ, სწავლებისთვის განკუთვნილი ცოდნა ორგანიზებული უნდა იყოს როგორც ლოგიკურად, ასევე ფსიქოლოგიურადაც: უნდა ჩანდეს, როგორ შეიძლება დასტრუქტურდეს და დაუკავშირდეს ერთმანეთს იდეები ცოდნის ამ სფეროში, როგორ განეფინება ისინი დროში მოსწავლეების ზრდისა და მომწიფების კვალობაზე.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, საგნობრივი ცოდნის მზა დიდებული შენობის აგებულებისა და შემადგენელი ელემენტების ზუსტი და სრული აღწერილობის ცოდნა საკმარისი არ არის მისი სწავლებისთვის, რადგან ამ აღწერილობის გადაცემით მოსწავლე ვერც სრულ შენობას და ვერც მის ცალკეულ ფრაგმენტებს ვერ ააგებს თავის თავში. შენობის მისთვის განკუთვნილი, ასაკობრივად შესაფერისი ნაწილის კონსტრუირებისთვის მას სჭირდება ასაგები მასალა (მაგალითად, წინარე ცოდნა), კონსტრუირების გამოცდილება (მაგალითად, წინარე ცოდნაზე სააზროვნო მოქმედებების შესრულების წარმატებული მცდელობის შედეგად შერჩეული ნაბიჯები სწორი თანმიმდევრობით) და მის ენაზე, მისი აზროვნების თავისებურებების შესაბამისად დასახული მკაფიო მიზანი (მაგალითად, სპეციალურად შერჩეული, გამოწვევის შემცველი, მაგრამ დაძლევადი დავალება, რომელიც შეაძლებინებს, აქტუალური განვითარების ზონიდან უახლოესი განვითარების ზონაში გადაინაცვლოს).

კონსტრუირების დროს მოსწავლე დაუშვებს შეცდომებს და ეს გამოცდილების მიღების თანმხლები გარდაუვალი პროცესია, მაგრამ ამ შეცდომების დანახვა და მათი მყისიერად აღკვეთა შენების მომდევნო ეტაპებზე შესაძლოა თვითონ ვერც შეძლოს. მაშასადამე, მასწავლებელი მხოლოდ კი არ უნდა აცნობიერებდეს ყოველი საკითხის აგება-ათვისებისთვის საჭირო წინარე ცოდნას, არამედ უნდა ფლობდეს კიდეც ყველა მოსალოდნელი ტიპური შეცდომის ნუსხას მოცემულ სასწავლო საკითხთან დაკავშირებით, ჰქონდეს მათზე სწორი რეაგირების ოსტატობა, ფლობდეს ხარაჩოების შეშველების გზით პრობლემის დაძლევის სტრატეგიებს და ხარვეზების გათვალისწინებით შემდგომი სწავლების წარმართვის კომპეტენციას. მასწავლებელმა უნდა მისცეს მოსწავლეს მისი თავისებურებების გათვალისწინებით შედგენილი შესაფერისი დავალებები, პრობლემის წარმოშობისთანავე ისე დააკვალიანოს, რომ აღმოუფხვრელი ხარვეზები არ დაუტოვოს და ოპტიმალური ტრაექტორიით წაიყვანოს მისი განვითარების პროცესი.

რაკი მასწავლებელი ერთ შეგირდთან კი არ მუშაობს, არამედ ერთდროულად ბევრ ერთმანეთისგან განსხვავებულ მოსწავლეს ამეცადინებს, მან საგნობრივი სასწავლო შინაარსის იდეები მრავალი ფორმით უნდა წარმოაჩინოს, მრავალნაირად გახსნას საკითხი, შეარჩიოს ცნების (მოსწავლეებისთვის) ყველაზე შესაფერისი განსაზღვრება, მოიყვანოს ეფექტური მაგალითები ცნების მნიშვნელოვნების ხაზგასმისთვის, დააკავშიროს ცნება სხვა ცნებებთან იმავე საგანსა თუ მომიჯნავე საგნებში, მოიხმოს საყოფაცხოვრებო სიტუაციები, სადაც ცნება ნაყოფიერად გამოიყენება.

მასწავლებელმა უნდა შეამოწმოს და შეაფასოს მოსწავლის კომპეტენცია და მისცეს მას კონსტრუქციული უკუკავშირი, რომლის შედეგადაც მოსწავლე უფრო მიზანდასახულად იმუშავებს კომპეტენციების დახვეწაზე სავსებით განსაზღვრული, კონკრეტული მიმართულებით, ხოლო მასწავლებელი შეძლებს მისი პროგრესის და წარმატების გაზომვას. ამისთვის მან ზუსტად და სრულად უნდა ამოიცნოს კომპეტენციის დაუფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებიც წარმოდგენილია მოსწავლის ნამუშევარში, მათ საფუძველზე ერთმანეთისგან გამიჯნოს დავალების შესრულების არსებითად განსხვავებული დონეები.

ზემოთ ჩამოთვილი კომპეტენციები თან საგნობრივია და თან პედაგოგიური, ეს არის ერთგვარი საგნობრივ-მეთოდოლოგიური ცოდნა, რომელიც მხოლოდ საგნის მასწავლებელს მოეთხოვება და არა ნებისმიერი სხვა სპეციალობის პროფესიონალს, რომელიც მოცემულ დისციპლინაში აწარმოებს კვლევას ან იყენებს მის იდეებს ყოველდღიური რუტინული სამუშაოის შესრულებისას.

ეს საგნობრივ-მეთოდოლოგიური ცოდნა ყველა საგანში სპეციფიკურია და თან შერწყმულია ბავშვთან მასწავლებლის ურთიერთქმედების თავისებურებებთან. ამიტომ, მაგალითად, მათემატიკის მასწავლებელმა მათემატიკა ცოტა უკეთესად მაინც უნდა იცოდეს, ვიდრე მის მოსწავლეებს მოეთხოვებათ, მაგრამ ბევრად მეტიც რომ იცოდეს, ეს მაინც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ბავშვებს ასწავლოს. საჭიროა, მას მოსწავლეებისთვის განკუთვნილი მათემატიკის ფარგლებში მაინც შეეძლოს ყველა იმ პედაგოგიურ-მათემატიკური მოქმედების შესრულება, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.

შესაძლებელია თუ არა, მასწავლებელს ვასწავლოთ ყველა საჭირო პედაგოგიური თუ ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური დისციპლინა და შემდეგ მან თავად მოახდინოს მიღებული ცოდნა-გამოცდილების პროეცირება რომელიმე სასწავლო საგანზე? ანუ თავად მიხვდეს და გამოიყენოს საგნობრივ-მეთოდოლოგიური ცოდნა, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით? ერთეულ შემთხვევებში, ალბათ კი, მაგრამ არა მაშინ, როდესაც საქმე მასწავლებელთა მთელ 60 000-იან კორპუსს ეხება. ამჟამად მოქმედ მასწავლებელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ სპეციალური საგნობრივ-მეთოდოლოგიური მომზადება უნდა გაიაროს ზუსტად ისევე, როგორც გადიან ცალკე საგნობრივ და ცალკე პედაგოგიურ თუ ფსიქოსოციოლოგიურ მომზადებას.

მასწავლებელთა ე.წ. ზოგადი პედაგოგიური უნარები წმინდა სახით არ არსებობს – საკლასო მენეჯმენტიც კი საგნობრივად ძალიან სპეციფიკურია და მას მშობლიური ენისა და ლიტერატურის გაკვეთილებიდან ავტომატურად, უცვლელი სახით ვერ გადმოვიტანთ სოციალურ-პოლიტიკურ დისციპლინებში, მით უმეტეს – ბუნებისმეტყველებასა და მათემატიკაში. არსებობს მასწავლებელთა საგნობრივ-მეთოდოლოგიური უნარები, რომელთა დასაუფლებლად ოთხივე სახეობის ცოდნაა საჭირო – ზოგადი პედაგოგიურიც, ფსიქოსოციოლოგიურიც, „წმინდად“ ანუ აკადემიურად საგნობრივიც და პედაგოგიურ-საგნობრივიც.

მაგალითს კვლავ მათემატიკის სწავლებისთვის მოვიყვანთ (Deborah Loewenberg Ball, Mark Hoover Thames, Geoffrey Phelps, Content Knowledge for Teaching, Journal of Teacher Education 59 (2008) 389–407.). მათემატიკის სწავლებისთვის საჭირო მათემატიკური ცოდნის არეებია:

  1. ზოგადი საგნობრივი ცოდნა – სწავლებისგან განსხვავებულ ვითარებებში გამოყენებადი მათემატიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები. მაგალითად, ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების ალგორითმი;
  2. სპეციალიზებული საგნობრივი ცოდნა – სწავლებისთვის სპეციფიკური/უნიკალური მათემატიკური ცოდნა და უნარ-ჩვევები. მაგალითად, როგორ არის დაკავშირებული ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების ალგორითმი რიცხვების ჩაწერის პოზიციურ სისტემასა და გამრავლების განრიგებადობის თვისებასთან; ან კიდევ, ჯუფთებადობის თვისების სწავლების დროს მოცემული თვისების საჭიროების წარმოსაჩენად უფრო შესაფერისია (387+950)+50 მაგალითის მოყვანა და არა (387+950)+5;
  3. საგნობრივი თვალსაწიერის შემქმნელი ცოდნა – იმის ცოდნა, თუ როგორ არის დაკავშირებული სასწავლო მათემატიკური საკითხები კურიკულუმის სხვა საკითხებთან. მაგალითად, როგორ უკავშირდება ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების ალგორითმი ორი მრავალწევრის გამრავლებას;
  4. საგნობრივი შინაარსისა და მოსწავლეების მიმართების ცოდნა – ეს არის ცოდნა, რომელშიც კომბინირებულია მოსწავლეების სააზროვნო თავისებურებებისა და მათემატიკის ცოდნა, რომლის საფუძველზე მასწავლებელი წინასწარ განჭვრეტს, რას გაიფიქრებენ მოსწავლეები და რა იქნება მათთვის დამაბნეველი. მაგალითად, ცოდნა იმისა, რომ ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების დროს მოსწავლეებმა მოსალოდნელია შეცდომა დაუშვან მეორე საშუალედო შესაკრების ერთი თანრიგით მარცხნივ წანაცვლებასთან დაკავშირებით; ან დავალებაში „იპოვეთ ტოლობის უცნობი წევრი 5+7 = ?+8“ ცოდნა იმისა, რომ პასუხები 12 ან 20 მოსალოდნელია მაღალი ალბათობით, რადგან ტოლობის ნიშანს მოსწავლეები აღიქვამენ მოქმედების, ამ შემთხვევაში – შეკრების, შესრულების სიგნალად;
  5. საგნობრივი შინაარსისა და კურიკულუმის ცოდნა – მოსწავლეთა განათლების მოცემულ ეტაპზე გამოსადეგი სასწავლო მასალებისა და რესურსების ცოდნა და მათი ისეთი მახასიათებლების გაცნობიერება, რომელთა საფუძველზეც შეიძლება შეირჩეს კონკრეტულ ვითარებაში სასარგებლო თუ შეუფერებელი რესურსები. მაგალითად, იმის ცოდნა, თუ რომელი სასწავლო მასალებია ხელმისაწვდომი ორი რიცხვის ქვეშმიწერით გამრავლების სწავლება/სწავლისთვის, როგორ მეთოდოლოგიურ მიდგომებს ეფუძნება ეს მასალები და რამდენად ეფექტურია ისინი.

სწავლებისთვის საჭირო მინიმალური/აუცილებელი საგნობრივი ცოდნის გარკვევის პრობლემის არასაკმარისი თუ არაჯეროვანი გააზრების შედეგია საგნობრივი კომპეტენციების დამადასტურებელ გამოცდებზე მასწავლებლების და უფრო მეტად საერთაშორისო თუ სახელმწიფო შეფასებებში მოსწავლეთა უაღრესად დაბალი შედეგები. ცხადია, რომ მასწავლებელთა საუნივერსიტეტო მომზადებისა თუ პროფესიული განვითარების საბაზო საგნობრივი პროგრამები ზუსტად და სრულად უნდა ასახავდეს გონივრულ მიდგომებს მასწავლებელთა საგნობრივი კომპეტენციების განვითარებაში. კურიკულუმების, სილაბუსების, მოდულებისა თუ სესიებისთვის თვალის ერთი გადავლებაც საკმარისია, რომ გაგვიჩნდეს ეჭვი: არსებობს კი ეს გონივრული მიდგომები მკაფიოდ ფორმულირებული სახით? და თუ არსებობს, იციან მათ შესახებ მასწავლებელთა საწყისი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მესვეურებმა, პროფესორებმა, ექსპერტებმა და ტრენერებმა? მასწავლებელთა საგნობრივი სტანდარტები და საგამოცდო პროგრამები ხომ არ არის გადასასინჯი? ეგებ ამ დოკუმენტებშია ძაღლის თავი დამარხული; მაშინ რას ვერჩით მათ, ვინც ამ საფუძველმდები დოკუმენტების შესაბამისად ამეცადინებს მომავალ თუ მოქმედ მასწავლებლებს და ატარებს მათ გამოცდებს? და პირიქით, თუ მასწავლებელთა საგნობრივ სტანდარტებსა და საგამოცდო პროგრამებში ყველაფერი რიგზეა, მაშინ რატომ არ იღებენ შესაბამის ზომებს მასწავლებელთა საწყისი მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მესვეურები, პროფესორები, ექსპერტები და ტრენერები თავიანთი პროგრამების გასაუმჯობესებლად?

აქ მოკლედ აღვნიშნავთ, რომ მასწავლებლის საგნობრივი სტანდარტები აშკარად დასახვეწია, თუნდაც ეროვნული სასწავლო გეგმის განახლებული ვერსიის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, თუმცა მოქმედი რედაქციაც შეიცავს აქცენტებს მასწავლებლის საგნობრივი ცოდნის იმ ელემენტებზე, რომლებზეც ზემოთ გავამახვილეთ ყურადღება. ყოველდღიურ პედაგოგიურ პრაქტიკაში მათი იმპლემენტაციის მხრივ კი აღსანიშნავია საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის მიერ გაწეული ძალისხმევა და „მილენიუმის“ პროექტის ფარგლებში მასწავლებლებისთვის ჩატარებული საგნობრივ-მეთოდოლოგიური ტრენინგები. ეს მხოლოდ კარგი დასაწყისია სწორ გზაზე სამოძრაოდ; მას განმტკიცება, განვრცობა და გაძლიერება ჭირდება, თანაც დაუყოვნებლივ და მთელი ქვეყნის, სასკოლო განათლების ყველა საფეხურისა და ყველას საგნის მასშტაბით.

ყველამ იცის

0

არსებობს რაღაცები, რასაც ადამიანები ადრეულ ასაკში სწავლობენ და სიცოცხლის ბოლომდე დაატარებენ ამ ცოდნას, როგორც აღიარებულ ჭეშმარიტებას, რომელსაც გადამოწმება აღარ სჭირდება. მაგალითად, ვიცით, რომ ორჯერ ორი ოთხია, დედამიწა მრგვალია, დედამიწის ყველაზე მაღალი მწვერვალი ევერესტია და ყველა ადამიანს, რომელიც დედამიწაზე ცხოვრობს, თანაბარი უფლებები აქვს. ასეთი რაღაცების ჩამოთვლა მრავლად შეიძლება, მაგრამ იმის გამო, რომ “ყველამ იცის”, ეს ცოდნა აზრს კარგავს, ახალს არაფერს გვეუბნება, ახალი ინფორმაციის მატარებელი არ არის.

არსებობს რაღაცები, რასაც ადამიანები ადრეულ ასაკში სწავლობენ და თუ სიცოცხლის ბოლომდე ისე დაატარებენ ამ ცოდნას, როგორც აღიარებულ ჭეშმარიტებას, რომელსაც გადამოწმება აღარ სჭირდება, მან შესაძლოა პრობლემები შეუქმნას მატარებელს. მაგალითად, თუ დავიჯერეთ, რომ დედამიწაზე ყველა ადამიანს თანაბარი უფლებები აქვს, უარვყოფთ ადამიანის უფლებების შეზღუდვის შესაძლებლობას – მათ შორის, შესაძლოა, ჩვენივე უფლებებისასაც – და თანასწორობისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ. კონვენციებში დეკლარირებული ჭეშმარიტება კი ხშირად სცდება რეალობას. თუ ვამბობთ, რომ ყველა ბავშვმა უნდა იაროს, სულ მცირე, ბაღსა და სკოლაში და სასურველია, მიიღოს უმაღლესი განათლებაც, აუცილებლად უნდა ვიმსჯელოთ იმაზეც, არის თუ არა ჩვენს ახლოს არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში განვითარებისთვის კომფორტული და მეგობრული სივრცე, სადაც ბავშვის შეუძლია გაატაროს დღეში რამდენიმე საათი, მიიღოს ცოდნა და აღიჭურვოს საჭირო უნარებით, ისწავლოს ადამიანებთან ურთიერთობა და გადადგას პირველი ნაბიჯები სოციალიზაციისკენ. თუ ვინმე გვეტყვის, რომ ბავშვებს ვიტამინები სჭირდებათ და მათ რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ხილ–ბოსტნეული, თანაც იმდენად კეთილი აღმოჩნდება, რომ სკოლაშივე დაურიგებს მოსწავლეებს თითო ვაშლს დიდ დასვენებაზე ჩასახრამუნებლად, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ გარემო, რომელშიც იგივე ბავშვები ცხოვრობენ, დაბინძურებული ჰაერით რომ არის გარშემორტყმული და მათ ჯანმრთელობაზე უარყოფით, ზოგჯერ საბედისწერო გავლენასაც ახდენს. ჰაერი და ნიადაგი სუფთაც რომ იყოს, ეს ბავშვები ბევრ სხვა პრობლემასაც ეჯახებიან, რომლებსაც ერთი ვაშლი ვერაფერს უზამს.

არსებობს რაღაცები, რაც, წესით, ყველამ იცის, მაგრამ ეს ცოდნა მათ ვერ იცავს. მსჯელობა რომ გაგვიადვილდეს, შეგვიძლია, რამდენიმე ბანალური ჭეშმარიტება გავიხსენოთ განათლების სფეროდან და თვალი მივადევნოთ, როგორ გამოიყურება ისინი ჩვენს სინამდვილეში.

მაგალითად, ყველამ იცის, რომ ბავშვი, რომელიც ბაღში მიდის, ფიზიკურადაც და ემოციურადაც დაცული უნდა იყოს. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება მისთვის უნდა იყოს კომფორტული ადგილი, სადაც ითამაშებს, შეიძენს ელემენტარულ სოციალურ უნარებს, გაიუმჯობესებს მოტორიკას, მიიღებს ჯანსაღ საკვებს, დასასვენებელ სივრცეს და უსაფრთხო ღია სივრცეს თამაშისთვის. ვინაიდან ბაღი პირველი ადგილია, სადაც ბავშვი ხვდება და ბევრ დროს ატარებს საკუთარი სახლის შემდეგ, იქ მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული თითოეული პატარას საჭიროებები, სისტემა მოქნილი უნდა იყოს, რათა თითოეული ბავშვის ინტერესების შესაბამისად იმოქმედოს.

რა ხდება სინამდვილეში?

2017 წლის 25 სექტემბრის დღის ახალი ამბავი: თბილისში საბავშვო ბაღის მეორე სართულიდან სამი წლის აღსაზრდელი გადმოვარდა. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.

ყველამ იცის ისიც, რომ არ შეიძლება ბავშვების დამცირება, მათდამი სასტიკი მოპყრობა და დასჯა. ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტები კრძალავს ფიზიკური ძალადობის ყოველგვარ ფორმას და უზრუნველყოფს მოსწავლეთა ღირსების პატივისცემას. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის თანახმად კი, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობასთან დაკავშირებულ ზოგად ვითარებას ასახავს, ვკითხულობთ:

მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა დაცვა ძალადობრივი დამოკიდებულებისა და არასათანადო მოპყრობისაგან. ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსების, განსაკუთრებითმოსწავლეებთან აქტიურ კომუნიკაციაში მყოფი პირების და თანატოლების მხრიდან; მოსწავლეთა შორის ბულინგი ურთიერთობის გავრცელებული ფორმაა.

მოსწავლეთა 13.2% და სკოლის თანამშრომელთა 4% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს ცემას, მოსწავლეთა 37% და სკოლის თანამშრომელთა 12.7% ბავშვის მიმართ ძალადობად არ მიიჩნევს წამორტყმას, ყურის აწევა ძალადობად არ მიაჩნია მოსწავლეთა 42.5%–ს და სკოლის თანამშრომელთა 13.9%–ს. მსგავსი დამოკიდებულებდაფიქსირდა მრავალი სხვა ფორმის ძალადობის, მათ შორის ფსიქოლოგიური ძალადობის, მიმართაც.

ძალადობის ფორმათაგან ყველაზე ტიპურია ყვირილი, რომელსაც ყველაზე მეტი მოსწავლე ასახელებს უფროსების მიერ გამოყენებულ მიმართვად. სკოლის მანდატურის მიერ მოსწავლისთვის დაყვირების შემთხვევების არსებობა დააფიქსირა მოსწავლეთა 20.3%–მა, სკოლის ადმინისტრაციის მიერ – 47.1%–მა, დამრიგებლის მიერ – 61.5%–მა, საგნის მასწავლებლის მიერ – 78.8%–მა. სკოლის თანამშრომელთა 25% კი ამას ძალადობად არ მიიჩნევს.

ყველამ იცის, რომ საკუთარი და სხვისი შვილებისთვის საუკეთესო უნდა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, როგორ შევუქმნათ მათ უსაფრთხო გარემო და დავიცვათ მათი ელემენტარული უფლებები, ამიტომ ხშირად უნდა გადავხედოთ ცოდნას, რომელსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ვიღებთ და შევადაროთ რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ.

პოზიტიური ენა  და შექების მეთოდები

0

მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული ენის ფარდობითობის თეორიის თანახმად, ენა ადამინთა აზროვნების ტიპს განაპირობებს. მნიშვნელობათა სოციალური სტერეოტიპები, რომლებიც ჩვენი მსოფლხედვის საფუძველია, სწორედ ენის მეშვეობით იქმნება. ენა ბავშვობიდანვე სამყაროს ხედვისა და მისი სტრუქტურირების განსაკუთრებულ ხერხებს გვიყალიბებს. ეჭვგარეშეა, შთაბეჭდილებათა „კალეიდოსკოპურ დინებაში“ პოზიტიური ენით სამყაროც პოზიტიურად ტრანსფორმირდება. ამიტომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ადრეული ასაკიდანვე რა ემოციურ-ენობრივ კატეგორიებს ვაზიარებთ ან ვიზიარებთ, როგორ მივმართავთ მათ ერთმანეთისა და, განსაკუთრებით, მომავალი თაობებისკენ.

პოზიტიური ენა პოზიტიური განწყობის, ნებელობისა და ქცევის წინაპირობაა. პოზიტიურ ქცევას შედეგიც პოზიტიური მოჰყვება ხოლმე.   მართალია, მრუმე ყოფიერება არცთუ ხშირად გვანებივრებს დადებითი ენერგიებით, მაგრამ ემპათიის და სიმპათიის წყალობით, ენა, როგორც  „ყოფიერების სახლი[1]“ მაშინვე დადებითი გრძნობებითა და დამოკიდებულებებით გვავსებს ხოლმე. იგი იმთავითვე გვთავაზობს  „კარგის პრიმიტივით“ განპირობებულ ემოციურ კატეგორიებს და გამოყენებისთანავე გვიჩვენებს მათ უპირატესობას. ემოციურ კატეგორიებში ამჯერად თავაზიან ფორმებს, საალერსო ლექსიკას ან ამ ლექსიკის მაწარმოებელ აფიქსებს მოვიაზრებთ, რომლებიც უნივერსალურია მცირედი გამონაკლისებით.

ქართულში არაერთი საალერსო აფიქსი[2] მოიპოვება, რომელთა მწარმოებლური მისია, სამწუხაროდ, თანამედროვე მეტყველებაში განილევა და მათი ადგილი უვარგისი, აგრესიული, სკაბრეზული ლექსიკისთვის თავისუფლდება. სამწუხაროდ, საალერსო ლექსიკა, ისევე, როგორც თავაზიანო ფორმები, რომლებითაც საქართველოში ხშირად უცნობებიც კი ერთმანეთს მიმართავდნენ – „გაგიმარჯოს“ (პასუხი „გამარჯობა“-ზე), „თქვენი ჭირიმე“, „გეთაყვა“,  „ძვირფასო“, „ჩემო კეთილო“, „ჩემო ძმისწულო/დისწულო“, „შვილო“, „დედი“, „მამი“ „ოქრო“… – დღეს არცთუ ხშირად გაისმის და, უმრავლეს შემთხვევაში, პირველადი მნიშვნელობისგან დაცლილია. მიხეილ ქვლივიძე წერდა: უცხოელები ‘გენაცვალე’-ს იმიტომ ვერ თარგმნიან, რომ ამ სიტყვის შესაფერი განცდა არ გააჩნიათ, თორემ იმათი ენა ქართულზე ნაკლები როდიაო. განა დღეს ამ გრძნობა-განცდით სავსე „გენაცვალე“-ს ხშირად გავიგონებთ?!

იქნებ ამდენი მანკიერება ერში ენის დაბინძურების გამო დაგვიგროვდა?! იქნებ დროა, სიმპათიის ენა შთავაგონოთ ყველას, განსაკუთრებით კი მომავალ თაობებს, რათა მათში დადებით გრძნობებსა და დამოკიდებულებებს დავუდოთ ბინა?!

კეთილი სიტყვები კეთილ გრძნობებს წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი – კეთილ საქციელს. თუმცა პოზიტიური გრძნობების გადაცემა სიტყვების გარეშე,  სხეულის ენით – ღიმილით, შეხებით, თავის დაკვრით, ხელის ჩამორთმევითაცაა შესაძლებელი. მასწავლებლის ამგვარი ჟესტი ბავშვებს ძალიან მოსწონთ, თავს ამაღლებულად და მოტივირებულად გრძნობენ. თუმცა მათ არანაკლებ სიამოვნებთ შექება და კომპლიმენტები.

მიჩნეულია, რომ კომპლიმენტების სახით დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა სასარგებლო და სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარია, რადგან როდესაც საქმიან პარტნიორებს და, მით უფრო, ბავშვებს ვაქებთ, ჩვენ ვეხმარებით მათ, იგრძნონ თავი მნიშვნელოვნად სხვის თვალში და ვქმნით საქმიანი კონტაქტის კეთილგანწყობილ ატმოსფეროს. ახლობლებისთვის კომპლიმენტის თქმით კი კიდევ უფრო ვამტკიცებთ ახლო ურთიერთობებს.

მგონი, რუსთველის აფორიზმი – „რასაცა გასცემ, შენია, რას – არა, დაკარგულია“, – ისე არაფერს ერგება, როგორც დადებითი ენერგიის გაცემის ხელოვნებას. აკი მარკ ტვენიც ამბობდა: საკუთარი თავის გამხნევების ყველაზე კარგი გზა სხვისი გამხნევებააო. ჩვენი თანამოსაუბრის, მით უფრო, უმცროსი მეგობრების კეთილგანწყობა ჩვენი მოტივაციის წინაპირობაა, რადგან მათგან ხშირად იმაზე მეტი გვიბრუნდება უკან, ვიდრე მოველით.

თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ კონსტრუქციული შეფასება ადამიანის მოქმედებათა ღირებულების აღიარებაა, შექება პიროვნების ღირებულების აღიარებაა. ამ დროს პირველად აუცილებლად უნდა გამოვხატოთ დადებითი დამოკიდებულება. ამის შემდეგ დავაკონკრეტოთ, რა მოგვეწონა და დავასაბუთოთ – რატომ. ყოველ ადამიანს სურს, მოისმინოს საკუთარი თავის შესახებ რაიმე კონკრეტული, რადგან სწორედ შექების კონკრეტულობა აძლევს შესაძლებლობას, იგრძნოს მისი ობიექტურობა და ბუნებრიობა. ამდენად, არა უბრალოდ: „შენ კარგი ბიჭი/გოგონა ხარ!“, არამედ – „კარგად ნასწავლი მასალით ბევრად უკეთ შეძელი ესეს დაწერა“, არა უბრალოდ: „ჭკვიანი ხარ!“, არამედ – „ვაჰ, როგორ შეძელი ასეთი დავალების ასე სწრაფად და ხარისხიანად შესრულება?!“…. მიგვითითებენ, რომ კომპლიმენტის ჩამოყალიბებისას მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ  მცირედ შესამჩნევ დეტალებს და თვისებებს. გარეგანი თვისებებზე  ხაზგასმით ბევრად ნაკლებ შთაბეჭდილებას ვახდენთ, ვიდრე როდესაც აღვნიშნავთ ბავშვის, პიროვნების სულიერ თვისებებს.

შექება სასიამოვნოა, როდესაც:

  • რეალობას შეესაბამება. ადამიანებს სჯერათ მხოლოდ არგუმენტირებული შექების. სხვა შემთხვევაში შეიძლება ეგონოთ, რომ გამორჩენის მიზნით ვაქებთ.
  • შეესაბამება იმას, რასაც აფასებს თავის თავში მოზარდი თუ ზრდასრული. დანარჩენი შინაგანად უარიყოფა.
  • კომპეტენტური, ავტორიტეტული ადამიანისგან გაისმის; ისეთებიც არსებობენ, ვინც ხშირად პედაგოგსაც კი აკრიტიკებს, რა უფლებით მაქებს ან განმსჯისო.
  • მასში არ არის ორმაგი აზრი და მხოლოდ დადებით თვისებებს ეხება. მაგალითად: „კარგი ნაშრომია, ყოჩაღ! დედას კარგად უშრომია!“
  • არ მოსდევს კრიტიკა. მაგალითად: „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ხარ.“
  • კომპლიმენტს თან არ უნდა ახლდეს ჭკუის სწავლება.
  • არ ახლავს რეკომენდაციები და ამ თვისების
    გაუმჯობესების პრაქტიკული რჩევები. ეს უკუკავშირის თემაა.

 

უნდა ითქვას, რომ კეთილგანწყობა თითქმის ყველასთვის მისასალმებელია. უფრო მეტიც, გვირჩევენ, რაც შეიძლება ხშირად შევაქოთ, რადგან ეს მოტივაციას მნიშვნლოვნად ზრდის. მართებული შექების სარგებელი ის არის, რომ დავანახოთ სხვებს მათი ქცევების ეფექტურობა; ვაჩვენოთ, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ყურადღებას აქცევს და, რომ ვინტერესდებით მათი საქმიანობით. ამდენად, შექება და კეთილგანწყობა მოღვაწეობის ყველა დარგში ერთნაირად სასარგებლოა.

 

გარდა ამისა, არსებობს თვალსაზრისები, რომლებიც სასკოლო თუ არასასკოლო ცხოვრებაში აუცილებლად უნდა  გავითვალისწინოთ. „შექებით დასჯა“ – ასე ჰქვია ალფიე  კონის (Alfie Kohn) 1993 წლით დათარიღებულ შესანიშნავ წიგნს, რომელშიც ავტორი აჩვენებს, რომ შექებით ადამიანების დასჯაც კი შესაძლებელია, თუკი არ ვფლობთ იმ სტრატეგიებს, რაც ეფექტური და უვნებელი შექებისთვის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.    წიგნში თავები ეძღვნება შექების პრობლემის საკითხებს.   ერთ-ერთი საფრთხისშემცველი მაგალითი შეიძლება იყოს  მარტივი ამოცანის/დავალების შესრულების გამო შექება. ასეთ დროს მოზარდს/ადამიანს უმტკიცდება განცდა, რომ მას მხოლოდ მცირედი მოეთხოვება. „ეს აშკარად ის არის, რაც მომეთხოვება…“, – ფიქრობს იგი. მეორე მაგალითში ავტორი გვიხსნის,  თუ როგორ შეიძლება ჩაახშოს საღ აზრს მოკლებულმა შექებამ სწავლისა თუ კვლევის ჟინი და საკითხებისადმი კონცენტრირება. სამაგიეროდ, აკადემიური წარმატების მისაღწევად შრომის პროცესში შექება ბევრად უკეთესად „მუშაობს“, ვიდრე „ცრუ“ შექებანი. კაროლ დვეკი (Carol Dweck)  საუბრობს ფიქსირებული, მდგრადი და მზარდი აზროვნების შესახებ. ბავშვები, ფიქსირებული აზროვნებით, მიიჩნევენ, რომ გონებრივი შესაძლებლობას, ინტელექტს, ჭკუას მეტნაკლებად სიმყარე ახასიათებს და მათი ბევრად შეცვლა შეუძლებელია, მაგრამ ბავშვები, მზარდი გონებრივი შესაძლებლობებით მიიჩნევენ, რომ ინტელექტის განვითარება შესაძლებელია. ასეთებს მიღწევები ძალისხმევის დამსახურებად ესახებათ.

 

 

  მდგრადი აზროვნება მზარდი აზროვნება
რას და როგორ მივაღწევ? ზედმეტი მსხვერპლშეწრვის გარეშეც შეიძლება ვგავდეთ ჭკვიანს. სიახლეს მაინც ვისწავლი, სირთულისა და რისკების მიუხედავად.
მარცხი რაა? მარცხი დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია. მარცხი დაბალი ძალისხმევისა და სტრატეგიების ნაკლებობის მაჩვენებელია.
ძალისხმევა რაა? ძალისხმევა დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია. ძალისხმევა ააქტიურებს და იყენებს აზროვნებას.
ტიპური პასუხი სირთულეების შემდეგ ნაკლები ძალისხმევა მეტი ძალისხმევა
თვითდამაზიანებელი თავდაცვა მაღალი: არამზაობა დაშვებული შეცდომებისადმი დაბალი: მოხარულია, ისწავლოს შეცდომებსა და შეფასებაზე
სირთულეების შემდგომი მოქმედება შესუსტებული თანაბარი ან გაძლიერებული

რა თქმა უნდა, მზარდი აზროვნება ბავრად მიმზიდველია. მაგრამ როგორ შეიძლება ბავშვებში მისი განვითარება და რა ადგილი აქვს ამ საქმეში შექებას? საქმიანი შექებით ჩვენ ბავშვს ვეხმარებით მისი ძალისხმევის ან სტრატეგიების შეფასებაში:

  • „კარგად გიმუშავნია!“ ან
  • „ამის მისაღწევად კარგი სტრატეგია უნდა გამოიყენო“.

მაგრამ თუ ვეტყვით, „კარგად გიმუშავნია, ძალიან ჭკვიანი ბიჭი/გოგო ხარ!“ მათში შინაგანი ხარისხის განცდას დავაფიქსირებთ, ასე კი იფიქრებენ, რომ კარგები არიან და  რომ სესაცვლელი არაფერი აქვთ.

ეფექტური შექებისთვის ალფიე კონი Alfie Kohn (1993) გვთავაზობს რჩევებს, რომლებითაც შექების საფრთხისშემცველი შედეგის რისკები განილევა:

  1. აქციეთ შექება რამდენადაც შეიძლება სპეციფიკურად.
  2. აიცილეთ სიყალბე
  3. შექებისას არ შეადაროთ.

მთავარია, დავიცვათ აკურატულობა, რეალისტურობა და კონსტრუქციულობა[3]. არსებობს  შეკითხვით შექების ტიპები. მაგალითად:

„შენს მუშაობაში ყველაზე უფრო თანატოლები რას აფასებენ?“ – ამ შეკითხვის უპირატესობა ადამიანის გააქტიურებაა. ნაცვლად იმისა, რომ იმათ იფიქრონ: „ეს დიდი ვერაფერია“, მათ დავეხმარებით გავააზრებინოთ,  როგორ შეძლო ეს: „მართლაც როგორ შევძელი? მოდი, აბა ვნახო…“.

 

სასარგებლო რესურსები:

  1. Cohen, G. L., & Steele, C. M. (2002). A barrier of mistrust: How negative stereotypes affect cross-race mentoring. In J. Aronson (Ed.), Improving academic achievement: Impact of psychological factors on education (pp. 303-328). San Diego: Academic Press.
  2. Dweck, C. (2002). Messages that motivate: How praise molds students’ beliefs, motivation, and performance (in surprising ways). In Aronson, J. (Ed.), Improving academic achievement: Impact of psychological factors on education (pp. 37-60). San Diego, CA: Academic Press.
  3. Dweck, C. (2006). Mindset, the new psychology of success. Random House.
  4. Kohn, A. 1993. Punished by Rewards: the Trouble with Gold Stars, Incentive Plans, A’s. Praise and Other Bribe. s. New York: Houghton Mifflin
  5. https://www.amazon.com/Mindset-Psychology-Success-Carol-Dweck/dp/1400062756
  6. https://www.managementsite.com/507/learning-to-compliment-effectively-.aspx

 

[1] როგორც ჰაიდეგერი უწოდებდა ენას.

[2] -უკა, -უნა, -ინა, -ილო, -იკო…

[3] https://www.gingerich.net/

სამოქმედო გეგმა  საგაკვეთილო დაკვირვებისთვის

0

საგაკვეთილო დაკვირვება, გარე დაკვირვება, სამოდელო გაკვეთილი – ეს ის მოთხოვნებია, რომელიც დღეს ყველას აინტერესებს. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე საქართველოს სხვადასხვა მხარეში მიხდება პედაგოგებთან შეხვედრა. როგორი მრავალფეროვანიცაა ჩემი მოგზაურობა, პრობლემებიც  ასეთივე მრავალფეროვანებით ხასიათდება. განსაკუთრებით მცირე კონტიგენტიანი სკოლების პედაგოგები წუხან. ჯგუფური მუშაობის გაგონებაზე მწარედ ეღიმებათ. არადა, ჯგუფური მუშაობის მიზანი, ხომ მოსწავლის პიროვნული და თანამშრომლობითი სოციალური უნარების ჩამოყალიბება, შემეცნებითი და კომუნიკაციური უნარების განვითარებაა. მცირე კონტიგენტიანი სკოლის პედაგოგებს გაკვეთილის გეგმას შევპირდი. გთავაზობთ ჩემს მიერ ჩატარებულ ჩვეულებრივ სამუშაო გაკვეთილს, რომლის გამოყენება საგაკვეთილო დაკვირვებისთვისაც შეიძლება.

თუ კლასში 2 ან 3 მოსწავლეა, მაშინ ჯგუფებს დავალებას ეტაპობრივად ვუნაწილებთ. მართალია, სრულყოფილი ჯგუფი ვერ შეიქმნება, მაგრამ მთავარია, რომ მოსწავლეები დამოუკიდებლად შეასრულებენ დავალებებს, იფიქრობენ, იმსჯელებენ და თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას.

გთავაზობთ მე-8 კლასის 2 გაკვეთილის სამოქმედო გეგმას.  პირველ გაკვეთილზე მოხდება ქვეყნების დაჯგუფება და მინი დისკუსია, მეორე გაკვეთილზე კი ახალი კრიტერიუმების შერჩევა.

თემა: განვითარებული და განვითარებადი მსოფლიო.

მიზანი:  მოსწავლემ უნდა შეძლოს მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის პრინციპები და ქვეყნების კლასიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმების დახასიათება.

გეო.VIII. 9. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს მსოფლიოში რეგიონების გამოყოფის პრინციპები და ქვეყნების კლასიფიკაციის მნიშვნელოვანი კრიტერიუმები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • აკვირდება ქვეყნების ჩრდილოეთად და სამხრეთად დაყოფის (ეკონომიკური განვითარების დონის მაჩვენებელ) რუკას და ცხრილში ქვეყნებს განვითარების დონის მიხედვით აჯგუფებს;
  • ილუსტრაციების ანალიზის საფუძველზე შეიმუშავებს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებელ საკუთარ კრიტერიუმებს (სამუშაო ადგილები, სავაჭრო ობიექტები, საშუალო ხელფასი, ტრანსპორტი, საცხოვრებელი) და გამოთქვამს მოსაზრებებს;

აქტივობა №1.  გეოგრაფიულ საშუალებებზე მუშაობა.

მიზანი: მოსწავლემ უნდა დააჯგუფოს ქვეყნები მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ქვეყნების (მშპ-ის საერთო მოცულობის ან მშპ 1 სულ მოსახლეზე) რუკებს და სთხოვს, დააჯგუფონ ცხრილში ქვეყნები განვითარების დონის მიხედვით;

მდიდარი ღარიბი
 

 

 

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს სახელმძღვანელოში მოცემულ გაერო-ის მიერ შემუშავებული კრიტერიუმების ჩამონათვალს და სთხოვს მათ, რომ ეს ქვეყნები დააჯგუფონ ახალ ცხრილში:

განვითარებული გარდამავალი განვითარებადი.
 

 

 

 

აქტივობა № 2. მინიდისკუსია.

მასწავლებელი სვამს სადისკუსიო კითხვას:

  1. როგორ გგონიათ, რის საფუძველზე იქნა შერჩეული ის კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც ხდება ქვეყნის განვითარების დონის განსაზღვრა?
  2. რატომ უწოდებენ ამ კრიტერიუმებს ადამიანის განვითარების ინდექსს?

აქტივობა N 3. შეჯამება.

დისკუსიის შეჯამებისთვის მოსწავლეები აკეთებენ SWOT ანალიზს.

 

ძლიერი მხარე

 

 

 

სუსტი მხარე

 

 

საფრთხე

 

 

 

შესაძლებლობა

 

 

 

 

 

მეორე გაკვეთილი.

მიზანი: მოსწავლემ უნდა დაახასიათოს მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები. შეიმუშაოს ქვეყნის განვითარების დონის მაჩვენებლის საკუთარი კრიტერიუმი და არგუმენტირებულად (მინიმუმ 2 არგუმენტი) დაასაბუთოს საკუთარი პოზიცია.

აქტივობა4. როლური თამაში.

მოსწავლემ უნდა დაახასიათოს მსოფლიოს განვითარებული და განვითარებადი ქვეყნები. ჯგუფებმა ტექსტისა და რუკების გამოყენებით უნდა წარმოაჩინონ ამ ორი ტიპის ქვეყნების თავისებურებები და განსხვავებები.

პირველი ეტაპი: მასწავლებელი მოსწავლეებს უცხადებს, რომ ისინი არიან ქვეყნების განვითარების შემსწავლელი ორგანიზაციის წევრები და ყოფს მათ ჯგუფებად.

  1. 1. განვითარებადი ქვეყნების შემსწავლელი ჯგუფები (3 ჯგუფი);
  2. მოსწავლეებმა უნდა „შეიმუშაონ“ საკუთარი კრიტერიუმები, რომლებსაც საჭიროდ მიიჩნევენ ქვეყნის განვითარების დონის დასადგენად და დაასაბუთონ საკუთარი პოზიცია.
  3. 3. ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც შედიან ევროკავშირის, გაერო-ისა და ნატო-ის წარმომადგენლები.

ტექსტი. ტერმინში განვითარებადი მოიაზრება ისეთი ქვეყნები, სადაც შედარებით დაბალია ცხოვრების დონე, განუვითარებელია ინდუსტრიული ბაზა და ჰუმანური განვითარების ინდექსი (HDI) საშუალო ან დაბალია. ტერმინმა ხმარებიდან განდევნა შედარებით ადრინდელი, ცივი ომის პერიოდში გამოყენებული ტერმინი – „მესამე მსოფლიო“, რომელმაც დროთა განმავლობაში ნეგატიური ასოციაცია შეიძინა.

განვითარება მოიცავს თანამედროვე ინფრასტრუქტურას (ფიზიკურსა და ინსტიტუციურს); ასევე, დაბალი დამატებითი ღირებულების სექტორებიდან, როგორიცაა სოფლის მეურნეობა და ბუნებრივი რესურსების წარმოება, უფრო მაღალტექნოლოგიურ და ინტელექტუალურ სფეროებზე გადანაცვლებას. განვითარებული ქვეყნების ეკონომიკა ემყარება მუდმივ, თვითუზრუნველყოფად ეკონომიკურ ზრდასა და ცხოვრების მაღალ დონეს. თუმცა „განვითარებად ქვეყნად“ მსოფლიოს ყველა ნაკლებად განვითარებული ქვეყნის მოხსენიება მიზანშეწონილი არ არის: ზოგიერთი ღარიბი ქვეყანა საკუთარ ეკონომიკურ სიტუაციას ვერ აუმჯობესებს, პირიქით, ხანგრძლივ ეკონომიკურ კრიზისს განიცდის.

რუკა: ჰუმანური განვითარების ინდექსი

მსოფლიოს ფერადი რუკა ჰუმანური განვითარების ინდექსის მიხედვით.  მწვანე ფერით აღნიშნულია ქვეყნები, სადაც ჰუმანური განვითარების მაჩვენებელი მაღალია, ყვითელი/ნარინჯისფერი მიუთითებს საშუალო ჰუმანურ განვითარებაზე, ხოლო წითელი – დაბალ ჰუმანურ განვითარებაზე.

აქტივობა N 5. დისკუსია.

მოსწავლემ უნდა შეძლოს ჩამოთვლილი კრიტერიუმებიდან ოპტიმალური ვარიანტების შერჩევა.

დისკუსიის შედეგად შესაძლებელია საერთო კრიტერიუმების დადგენა და გაერო-ში წარსადგენი პროექტის დაგეგმვა და მომზადება.

პრეზენტაცია:

ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევარს და მსჯელობენ მოცემული დავალების შესახებ. ექსპერტთა ჯგუფის წევრებს აქვთ უფლება, ჩაეძიონ კითხვებს და რეკომენდაციები მისცენ მოპასუხეებს. ჯგუფებმა უნდა ახსნან და დაამტკიცონ, რამდენად ზუსტად განსაზღვრავს მათ მიერ შერჩეული კრიტერიუმები ქვეყნის განვითარების დონეს.

მოსწავლეს ევალება, მოიფიქროს რამდენიმე კრიტერიუმი, სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით შეარჩიოს ერთი და  დაასაბუთოს, რატომ მიანიჭა აღნიშნულ კრიტერიუმს უპირატესობა, რით არის ის მნიშვნელოვანი.

 

შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი.

შეფასების რუბრიკა.

შეფასების კრიტერიუმები                                       მიღწევის დონეები

 

 

1

 

 

2

 

3

 

4

მოცემული კრიტერიუმების მიხედვით ქვეყნების დაჯგუფების უნარი. ვერ აჯგუფებს ქვეყნებს მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.

 

 

 

 

 

მოცემული კრიტერიუმების მიხედვით ქვეყნების დაჯგუფებისას უშვებს უამრავ უზუსტობას.

 

მოცემული კრიტერიუმების მიხედვით ქვეყნების დაჯგუფებისას უშვებს მცირე უზუსტობებს.

 

უშეცდომოდ აჯგუფებს ქვეყნებს მოცემული კრიტერიუმების მიხედვით.
არგუმენტირებული დასაბუთების უნარი. ვერ ასაბუთებს არგუმენტირებულად.

 

 

 

ცდილობს მოიყვანოს არგუმენტი, თუმცა ვერ ასაბუთებს. მოჰყავს ორი არგუმენტი, თუმცა ვერ ასაბუთებს. მოჰყავს ორი არგუმენტი და ასაბუთებს.

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...