ორშაბათი, აპრილი 20, 2026
20 აპრილი, ორშაბათი, 2026

რენე მაგრიტის სარკე

0

მადრიდიში, ტისენის მუზეუმში, რენე მაგრიტის ტილო „La Clef des champs“ („მდელოების გასაღები“) ინახება.

მადლიერმა ბელგიელებმა ბატონი რენეს პორტრეტი 500-ფრანკიან კუპიურაზეც გამოსახეს და მისი პოპ-არტის, მინიმალიზმისა და ფილოსოფიური კონცეპტუალიზმის ჟანრში შესრულებული ტილოები მსოფლიოს არაერთ მუზეუმშია დაცული.

ტისენი კი ბედმა დაჩაგრა პრადოსთან სიახლოვით – თითქოს მის ჩრდილში ჩაიკარგა. არადა აქ ბევრი სხვა ცნობილი მხატვრის ნამუშევრებიც არის გამოფენილი. თუმცა მაგრიტთან შეხვედრა ჩემთვის განსაკუთრებული აღმოჩნდა.

როდესაც ნახატს, მით უფრო – ამ ჟანრში შესრულებულს, უყურებ, სურვილი გეუფლება, ჩასწვდე ავტორის ფიქრებსა და განცდებს, ამოიკითხო ის, რაც ტილოზე ერთი შეხედვით არ ჩანს…

სად არის გასაღები „La Clef des champs-ზე“? ან რომელ გასაღებს გულისხმობს რენე? ჩამტვრეულ ფანჯარას? მდელოში ხომ კარიდან გასვლაც შეიძლება… ვინ იცის… იქნებ ეს უფრო მოკლე გზაა…

 

მაგრამ ვინ ან რატომ ჩატეხა მინა? სახლი ქუჩის პირას არ დგას. არც ეზოში მოთამაშე ანცი ბავშვები ჩანან… ოთახიც ცარიელია… მოკლედ, კითხვებს რა დალევს – სიურეალიზმში ხომ იმდენი რეალიზმია, რამდენი ადამიანიც ნახატს შეხედავს.

ამიტომ ჩემდა უნებურად ფიქრი ქიმიისკენ გამირბის. ნუთუ რენე იცნობდა მინის სტრუქტურას? ამ ამორფულ, კრისტალთან შედარებით მოუწესრიგებელ, მაგრამ „მეზობლის მსგავსების“ პრინციპით დალაგებულ მდგრად სისტემას, რომელშიც ნაწილაკების მოწესრიგებას საუკუნეები სჭირდება? მინაც ბერდება… ან, თუ ბზარი შეეპარა, შეიძლება თავისთავადაც დაიშალოს მყისიერად. მაგრამ ამ შემთხვევაში ის მცირე ზომის მარცვლებად იშლება, ნახატზე კი აშკარად ჩატეხილი მინაა…

ცხადია, ეს მინა სხვაგვარია. რატომ? დააკვირდით ნატეხებს. ოთახში ჩამოცვენილებს ისევ „ახსოვთ“ პეიზაჟი. ეს რაღაა? ნუთუ რენე ერთი მათგანი იყო, ვისაც სჯერა, რომ მინასა და სარკეს მეხსიერება აქვს? რატომ მიიქცია მან ჩემი განსაკუთრებული ყურადღება? არაერხელ გამიგონია, რომ „სარკე ადამიანის ანარეკლს ინახავს“. შევსწრებივარ, რა საგულდაგულოდ ფუთავენ სარკეს სახლში, სადაც მიცვალებული ასვენია, ან რა რიტუალების დაცვით აგდებენ გატეხილს.

რაიმე მასალის ზედაპირზე სურათის დამახსოვრება ინფორმაციის ჩაწერის ერთგვარი მეთოდია. დიახ, ის, რასაც ჩვენ სურათის გადაღებას ვეძახით, სინამდვილეში ოპტიკური ინფორმაციის ჩაწერაა. ოპტიკური ინფორმაცია კი სუფთა ზედაპირზე არ იწერება – ის წინასწარ საგანგებოდ უნდა დამუშავდეს.

ეს მეცნიერული მიგნება იმდენად საინტერესო და მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ უმალ შეიქმნა ისეთი დარგები, როგორებიცაა ფოტოგრაფია (შავ-თეთრი) და კინემატოგრაფია.

მაინც როგორ ხდება ინფორმაციის ჩაწერა გამჭვირვალე ზედაპირზე?

მინა ამ კუთხით არცთუ მოხერხებული იყო, ამიტომ ის მალე შეცვალა პოლიმერის (ჟელატინის) ფირმა და ქაღალდმა.

გამჭვირვალე ფირის ზედაპირზე თხელ ფენად უსვამენ ვერცხლის ჰალოგენიდს (ძირითადად – ბრომიდს), რომელსაც კრისტალური სტრუქტურა აქვს:

 

ტეტრაედრული კრისტალის წვეროებზე მორიგეობით განლაგდება Ar+ და Brიონები. მათ შორის ექვსივე მხრიდან ტოლქმედი მიზიდვა-განზიდვის ძალების აღძვრით კრისტალი დიდ სტაბილურობას იძენს. მაგრამ სინათლის დასხივებისას ბრომის ანიონი შთანთქავს ფოტონს, რაც ელექტრონის ამოტყორცნას იწვევს. ელექტრონს დანატრებული ვერცხლის კატიონი უმალ მისკენ იწყებს სწრაფვას და მიაღწევს თუ არა, მაშინვე აღდგება თავისუფალ ვერცხლად. შედეგად მიიღება ე.წ. ფარული გამოსახულება, რომელიც ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველია:

 

როგორ გავხადოთ ის ხილული?

გადაღებულ ფირს ქიმიური დამუშავება სჭირდება, ამიტომ ყველა ფოტოგრაფს წინათ ფოტოატელიეში საკუთარი მცირე ქიმიური ლაბორატორია ჰქონდა.

ფარული გამოსახულების ფირის პირველად დამუშავებას გამჟღავნება ჰქვია – თვალით უხილავის ხილულად ქცევა. ქიმიურად კი ეს აღდგენის რეაქციაა. ფირი უნდა მოთავსდეს სპეციალურ ხსნარში, რომელშიც აღმდგენის როლს ჰიდროქინონი ასრულებს. ჰიდროქინონი ვერცხლს აღადგენს ელემენტურ ვერცხლამდე, რომელიც წვრილდისპერსიული ფორმით შავი ფერისაა. შესაბამისად, ფირზე, იმ ადგილას, რომელმაც სინათლის დასხივება განიცადა, შავი წერტილები ჩნდება, მათი ერთობლიობა კი იმ სურათს იძლევა, რომლისკენაც იყო ობიექტივი მიმართული დასხივების მომენტში. მთელი ეს პროცესი სიბნელეში ან სუსტი ენერგიის წითელი შუქის პირობებში უნდა წარიმართოს, რადგან თუ ფირს დღის სინათლეზე გამოვიტანთ, სინათლე მის დაუსხივებელი ნაწილებზეც იმოქმედებს და გამოსახულება წაიშლება. ამიტომ გამჟღავნებული ფირის დამუშავების მეორე საფეხური დაუსხივებელი ვერცხლის ნაწილაკების გამორეცხვას ემსახურება. ამისთვის კი ძირითადად ნატრიუმის თიოსულფატს (Na2S2O3) იყენებენ.

ამ მეთოდით მიღებულ სურათს ნეგატივს უწოდებენ, რადგან მასზე მუქად ჩანს ის, რაც სინამდვილეში ნათელი ფერისაა და პირიქით – ნათელი რჩება გადაღებული ობიექტის ბნელი მხარეები.

როგორ მივუახლოოთ ნეგატივი რეალურ სურათს? მარტივად. იმავე მეთოდით ნეგატივიდან ხელახლა ჩავწეროთ ინფორმაცია ახალ ფირზე ან ფოტოქაღალდზე. ფერები „შებრუნდება“ და პოზიტიურ გამოსახულებას მივიღებთ.

ასე ჩაუყარა საფუძველი საინტერესო ქიმიურმა მიგნებამ შავ-თეთრ ფოტოგრაფიასა და კინემატოგრაფიას, რომლებმაც არაერთი ფოტო- თუ კინოშედევრი შესძინა კაცობრიობის კულტურას.

 

რენე მაგრიტის გატეხილ სარკეზე აღბეჭდილი გამოსახულება ფილოსოფიურ-კონცეპტუალურად მოაზროვნე ადამიანის ფიქრის სიურეალისტური გამოხატულებაა და თუ მას ცოტა „ფილოსოფიური“ თვალით შევხედავთ, გასაგები გახდება, რატომ არის მასში იმდენი რეალიზმი, რამდენი ადამიანიც შეხედავს მას.

კრიტიკული და შემოქმედებითი  აზროვნების  მიდგომების გამოყენება სწავლებაში      

0

მოსწავლეთა შორის კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება თანამედროვე განათლების სისტემის ერთ-ერთი პროირიტეტული მიმართულებაა. საკლასო სივრცეში მის  განვითარებაზე  მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მაგრამ კრიტიკულ და შემოქმედებით  აზროვნებას გააჩნია თავისებურებებიც, რომელთა გათვალისწინებაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მასწავლებლების მოღვაწეობას.   ამ თავისებურებებიდან  რამდენიმე ნიშანი გამოიყოფა:

უპირველესად ის, რომ  კრიტიკული აზროვნება დამოუკიდებელი აზროვნებაა. ამიტომ  მასწავლებლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რომ  ყველა მოსწავლემ ისწავლოს თავისი იდეისა და მტკიცებულებების ჩამოყალიბება, ფაქტებისა და მოვლენების  შეფასება და საკუთარი აზრის დაფიქსირება. მხოლოდ  ამ ეტაპის შემდეგ მიეცემა მასწავლებელს საშუალება,  იმუშაოს მოსწავლეთა კრიტიკული და შემოქმედებითი  აზროვნების   დახვეწაზე.

მეორე მხრივ, კრიტიკული აზროვნების ძირითადი საფუძველი ინფორმირება, ანუ ინფორმაციის ფლობაა. რაიმე რომ კრიტიკულად შეაფასო, ამისათვის ობიექტის შესახებ ინფორმაცია უნდა გქონდეს. ამიტომ წიგნიერების კომპეტენციაზე მუშაობა და  კრიტიკული და შემოქმედებითი  აზროვნების   განვითარება პირდაპირი  მნიშვნელობით აისახება ერთმანეთზე.

მესამე –  კრიტიკული აზროვნება იწყება შეკითხვის დასმით, ანდა  იმ პრობლემის განსაზღვრით, რომლის გადაჭრაც აუცილებელია. ამიტომ შეკითხვის სწორად დასმა, ანუ პრობლემის იდენტიფიცირება და აზრის განვითარება კრიტიკული და შემოქმედებითი  აზროვნების განვითარების აუცილებელი პირობაა.

მეოთხე – კრიტიკული აზროვნება მიისწრაფვის მტკიცებულებებისკენ და დამაჯერებელი არგუმენტაციისკენ, თანაც ისე, რომ სხვის  გამოცდილებას აქ ვერ გამოიყენებ, ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობისას ეს თავისებურებაც ანგარიშგასაწევი და საგულისხმოა.

მეხუთე – კრიტიკულ აზროვნებას სოციალური ხასიათი გააჩნია. ბუნებრივია, რომ ყველანაირი  აზრის, იდეის შემოწმება ხდება, თუკი მას სხვასაც გაუზიარებ. ფილოსოფიური გამონათქვამის მიხედვით „სრულყოფილება მიიღწევა მხოლოდ ერთი გზით –  ყოფნით, არსებობით – რაც უნდა დადასტურდეს სხვათა მიერ“.  შესაბამისად, კრიტიკული და შემოქმედებითი  აზროვნების განვითარებისკენ მიმართული სამუშაოების დაგეგმვისას უნდა დავუშვათ იდეის განხილვაზე მიმართული  აქტივობებიც.

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარების მოცემული თავისებურებები  შეიძლება  აისახოს  მოსწავლეთა საქმიანობის სხვადასხვა სფეროზე, მისი განხორციელების გზა კი  მრვალფეროვანი მეთოდური მიდგომებია, რომლებიც თავისთავადაც ძალიან საინტერესოა, მაგრამ თუ გამოვიყენებთ სასურველი მიმართულებით, შედეგები კიდევ უფრო შთამბეჭდავი იქნება.

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაზე მიმართულ მიდგომებს შორის, სადაც ყველაზე უფრო ხაზგასმულად ჩანს აღნიშნული თავისებურებები,  გამოირჩევა  სინქვეინები და დიამანტი, რადგან მათი შედგენა  მრავალმხრივ ცოდნასა და უნარებს მოითხოვს.

სინქვეინი 5 სტრიქონიანი ლექსია, რომელთაგან თითოეულს  აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული ფორმა.  აქედან I ხაზი – არსებითი სახელია, რომელიც  ნარატიული მასალისაგან ქმნის ლექსს (ნარატივს გარდაქმნის ლექსად); II ხაზზე წარმოდგენილია – თითო  არსებით სახელთან დაკავშირებული ორი განსაზღვრება;  III ხაზი უკავია სამ ზმნას (შემასმენელს), რომელიც  ერთ არსებით  სახელთანაა დაკავშირებული;   IV  ხაზი – ეს უკვე მთელი ფრაზაა, რომელსაც გარკვეული  აზრი გააჩნია; V ხაზზე წარმოდგენილია თემის სინონიმი, ანდა ერთი კრებითი სიტყვა (წინადადებაც), რომელიც განსაზღვრავს იმ ემოციურ დამოკიდებულებას, რომელიც აერთიანებს  ყველა ზემოთ მითითებულ  თემას. მაგალითად:

I  – შემოდგომა

II – სხვადასხვა ფერია, დიდებულია

III – მოსვლისას  გვაფერადებს, გვაოცებს

IV – მე ძალიან მიყვარს შემოდგომა

V  – წელიწადის დრო.

სინქვეინის  გამოყენება ყველაზე ეფექტურია უცხო ტექსტის ინპტერპრეტაციისას, რადგან ის ერთგვარი კონსპექტის როლსაც ასრულებს, მასში „ჩატეულია“ დიდი ინფორმაცია, აღწერა, ან დახასიათება ვინმესი ან რომელიმე მოვლენის. მაგალითად, პერიკლეს შესახებ  (ისტორია, VII) მოსწავლის მიერ შედგენილი სინქვეინი  ასე გამოიყურება:

I  – პერიკლე – ადამიანია

II – ჭკვიანია, წესრიგიანია

III – ცხოვრობდა, იღწვოდა, შრომობდა

IV – მისი  მიგნებები ძალიან საინტერესოა

V  – ის დემოკრატია.

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების ყველა უპირატესობა  ძირითადად იკვეთება წერილობითი სამუშაობის დროს. მოსწავლეებისთვის მნიშნელოვანია, რომ მათ ნამუშევრებს ყურადღებით მოვეპყროთ, უნდა დავანახოთ, რომ ისინი რეალურად გვაინტერესებს, რომ აქვთ საშუალება, თავიანთი იდეები  სხვებსაც გაუზიარონ, აზრების დალაგება და შემოქმედება კი თითქმის ერთი და იგივე პროცესია. ამიტომაა ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა მიდგომა საინტერესო და საჭირო მოსწავლეთა შორის კრიტიკული აზროვნების განვითარებისათვის.

ამ მიმართულებით, სინქვეინის გარდა,  საყურადღებოა  დიამანტის გამოყენებაც. დიამანტი –  ესაა მიდგომა, რომელიც ხელს უწყობს მოწავლის შემოქმედებითობას და,  შესაბამისად,  კრიტიკული აზროვნების განვითარებასაც, ასევე ინფორმაციის გადამუშავებას, ტექსტის ანალიზს, ავითარებს მოსწავლის ყურადღებას, ხელს უწყობს მოსწავლის ინტერესების გაღვივებას, შემოქმედებითობასა და საგნის მომზდებასთან დაკავშირებულ სხვა უნარებს. სინქვეინისგან განსხვავებით ის ძირითადად 7 სტრიქონისაგან შედგება:

I  ხაზზე –   არის თემის განსაზღვრა.

II    ხაზზე  – მითითებულია  ორი  ზედასართავი სახელი.

III ხაზზე  – ორი  რეალური მონაწილის ქმედებას ასასხავს.

IV ხაზზე – ორი განმარტებაა ზედასართავის სახელის.

V ხაზზე – ორი  რეალური მონაწილის დახასიათებაა.

VI ხაზზე –  ორი  ზედასართავი სახელია.

VII ხაზზე  – არსებითი სახელია, რომელიც თემის შვიდივე ხაზს აერთიანებს:

კლისთენეს ეპოქის შესწავლისას (ისტორია, VII) მოსწავლეებმა ასეთი ტიპის დიამანტი შეადგინეს:

I  – კლისთენე – კანონმდებელი

II – არჩეულებრივია, ტალანტიანია (ტალანტის  პატრონია)

III – წერს,  შრომობს, თხზავს

IV – გამოქვეყნებულია ხელნაწერების ფორმით

V  – სხდომებზე გამოდიოდა, აქვეყნებდა, მაგრამ უშედეგოდ

VI – ცნობილია, ცნობადი სახეა

VII – დემოკრატია

დიამანტი ასევე გამოიყენება მეტყველების (საგნობრივი ლექსიკის) სავარჯიშოების შედგენისას:

I  – ზაფხულია

II – ცხელია, დუღს

III – ირწყვება ხეები, გადუნებს

IV – მზე, სანაპირო. მდინარე, გარუჯვა

V  – დამსვენებელი, აღშფოთებული, გამსაცვიფრებელი

VI – მიზანდასხულია, დიდებულია

VII – ზამთარი.

აღნიშნული მიდგომემების გამოყენებით მოსწავლეები კარგად გაიაზრებენ წაკითხულ ტექსტებს, გვთავაზობენ წაკითხულის ორიგინალურ დაბოლოებას, თანაც სამუშაოს შესრულებისას ინარჩუნებენ თავისუფლებას და საშუალება აქვთ,  თავისებურად აღიქვან  წაკითხული  და გაგონილი.

მოსწავლეები, რომლებიც ეუფლებიან სინქვეინისა და დიამანტის გამოყენებას, უვითარდებათ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, კომუნიკაციური უნარები და თანამედროვე განათლების სისტემის სხვა პრიორიტეტული მიმართულებები, ამიტომ მსგავსი ტიპის  სავარჯიშოების გამოყენება და კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების თავისებურებების გათვალისწინება გაკვეთილზე,  საგაკვეთილო  პროცესის წარმატების მნიშვნელოვანი პირობაა.

 

კლასში ხმაურის გადაწყვეტის გზები

0

როგორ დავამშვიდოთ მძვინვარე კლასი? როგორ უნდა ჩატარდეს გაკვეთილი, თუ კლასში სულ ხმაურია? რატომ ხდება, რომ ზოგი მასწავლებლის ჩურჩულსაც კი ყურადღებით უსმენენ, ზოგს კი ხმოვანი იოგების დაძაბვა უწევს ყურადღების მისაქცევად? – ასეთ კითხვებს გამოუცდელი ახალგაზრდა მასწავლებლები ხშირად სვამენ.

წესი 1

თუ ახალგაზრდა მასწავლებელი ხართ და მხოლოდ ახლა იწყებთ მუშაობას, არ გაუშვათ  მომენტი ხელიდან! სწორედ პირველი გაკვეთილები განსაზღვრავს თქვენს სამუშაო სტილს. რა იწვევს ხმაურს საკლასო ოთახში? წამოყვირებები ადგილიდან, იმ მოსწავლეთა ქცევა, ვინც  ახალი მასწავლებლის ნერვული სისტემის გამოცდა გადაწყვიტა, ერთ შეკითხვაზე რამდენიმე მოსწავლის ერთდროული პასუხი, გაკვეთილის დასაწყებად კლასის მოუმზადებლობა, მასწავლებლის მოსმენის არცოდნა. ამ პრობლემებთან გამკლავება პირველივე დღეებიდან უნდა დაიწყოთ.

გამოსავალი ბევრია: ეცადეთ ადგილიდან პასუხის გაცემის შემთხვევაში რეაგირება არ მოახდინოთ, მკაცრად და ჯიუტად მხოლოდ იმ მოსწავლეების პასუხები მიიღეთ, ვინც ხელს იწევს და თქვენი დისციპლინის წესებს მისდევს. არ დაუშვათ „მრავალხმიანობა“.  მეთოდურად და თანმიმდევრულად ეცადეთ, რომ მოსწავლეებმა გაცხარებულ კამათშიც კი ბოლომდე მოუსმინონ ოპონენტის აზრს და გაკვეთილზე მოქცევის წესები დაიცვან.

წესი 2

ეცადეთ, კლასს დაუმეგობრდეთ. არ ღირს მუქარებით „ნიშანს დაგაკლებ, დირექტორს დავუძახებ, მშობლებს გამოვიძახებ“ მუშაობის დაწყება.

არსებობს ფსიქოლოგიის კურსიდან აღებული კარგი სავარჯიშო. კლასში პირველ გაკვეთილზე მიიტანეთ დიდი ქაღალდი და ფერადი მარკერები. შესთავაზეთ მოსწავლეებს, რომ თვითონ შეადგინონ გაკვეთილზე მოქცევის წესები. მაგალითად, „არ გამოყენოთ ტელეფონი“, „არ იაროთ საკლასო ოთახში“ და ა.შ. მთავარია, რომ ყველა წესი თვითონ ბავშვებმა მოიფიქრონ და არა მასწავლებელმა!

პირველ რიგში, თქვენ ამით მოსწავლეებს მიახვედრებთ, რომ თქვენ მათ ენდობით (და ეს ძალიან მნიშვნელოვანია!). მეორეს მხრივ, დადასტურებულია, რომ ადამიანს არ უნდა იმ წესების დარღვევა, რომლებიც თავად შეადგინა. ჩამოკიდეთ ჩამონათვალი კლასში კედელზე. თუ რომელიმე წესი თქვენ გეხებათ, მაგალითად, „გაკვეთილის საინტერესოდ ჩატარება“, თავდადებულად დაემორჩილეთ მას.

იყავით თანამიმდევრული: თუ მოსწავლეს ნიშნის დაწერას დაპირდით – დაუწერეთ ნიშანი, თუ პარკში წაყვანას დაპირდით – ასეც მოიქეცით. ნუ გასცემთ დაპირებებს, რომლებსაც შემდეგ არ შეასრულებთ.

წესი 3

ხმაურიან კლასში მთავარია გამოავლინოთ „ბუნტისთავი“ და იპოვოთ მასთ საერთო ენა,  მიდგომა.  ასეთ მოსწავლესთან სცადეთ პირადად გასაუბრება, მოისმინეთ მისი მოთხოვნები, სურვილები, არგუმენტები, შესაძლოა ამან შემდეგი მოქმედება გიკარნახოთ.

წესი 4

ეცადეთ, წესების ყველაზე აქტიური დამრღვევები გაკვეთილზე საუშაოთი დატვირთოთ – სასურველია ეს შემოქმედებითი სამუშაო იყოს. გადაამისამართეთ, სხვა მიმართულება მიეცით მის ენერგიას.

წესი 5

კიდევ ერთი ეფექტიანი საშუალება – იუმორი. თუ აქტიურ დამრღვევს ეხუმრებიან, მშვიდად დასცინიან, არავის უნდება მის ადგილზე ყოფნა. მაგრამ არ დაივიწყოთ ტაქტი: ისე ეხუმრეთ, რომ არ დაამციროთ და ტან მის ნაკლოვანებაზე მიუთითთ. თქვენ მისი სახით მეგობარი და არა მუდმივი თავისტკივილი უნდა გაიჩინოთ.

წესი 6

გაკვეთილი საინტერესოდ ჩაატარეთ! სააკვირდით, რა აინტერესებს ბავშვებს, იპოვეთ მათი გასაღები. აქტიურად გამოიყენეთ სათამაშო ტექნიკა, დაამკვიდრეთ ახალი ტექნოლოგიები, გამოიყენეთ მულტიმედიური საშუალებები. გქონდეთ მომზადებული თამაშები. როგორც კი შეამჩნევთ, რომ კლასის ყურადღება იფანტება, მიიქციეთ მათი ყურადღება – თემასთან დაკავშირებით მოუყევით რაიმე სახალისო, მოიყვანეთ საინტერესო ფაქტები და მაგალითები, შესთავაზეთ თამაში. რაც უფრო დინამიურად იქნება გაკვეთილი აწყობილი, მით უფო ნაკლები დრო ექნებათ მოსწავლეებს „ქაოსის შესაქმნელად“.

წესი 7

ყველა თემა დააკავშირეთ თანამედროვეობასთან. რაც უფრო მეტ დროს დაუთმობთ ახალი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, მით უფრო მეტი შანსი გაქვთ ბავშვების ყურადღება მიიღოთ.

წესი 8

გაკვეთილის დასაწყისში ყოველთვის მოახსენეთ ბავშვებს მუშაობის გეგმა. შესაძლოა რაიმე საკითხის დასმა, რომელიც მოსწავლეებს ევალებათ, რომ ამოხსნან გაკვეთილის ბოლომდე. მნიშვნელოვანია, რომ პრობლემა მოსწავლეებისთვის აქტუალური და საინტერესო იყოს. გაკვეთილის ბოლოს აუცილებლად გააკეთეთ შეჯამება – რა გავიგეთ ახალი, როგორ განვითარდა და ამოიხსნა მოცემული საკითხი, ამოცანა.

წესი 9

ხდება ხოლმე ისეც, რომ კლასი თავისი ხასიათით ხმაურიანია. ეს ხდება მაშინ, როდესაც კლასში რამდენიმე ლიდერია ან ასეთი ქცევის მანერა მათთვის უკვე ჩვევაა. ასეთ შემთხვევაში დაგეხმარებათ რამდენიმე ფსიქოლოგიური ხრიკი:

გაკვეთილის გეგმაში შეიტანეთ „დუმილის წუთები“. შესთავაზეთ კლასს დავალების დამოუკიდებლად შესრულება ან მოსწავლეებს რთული ან უჩვეულო შეკითხვა დაუსვით.

ჰიპერაქტიური კლასი მარტივად დასამშვიდებელია, თუ რაიმეს გაკეთებას შესთავაზებთ დახუჭული თვალებით (ფიგურის დახატვა, სიტყვების დაწერა და ა.შ.). 2-3 წუთი სიჩუმეც კი დაეხმარებათ ბავშვებს, რომ მოდუნდნენ და სამუსაოდ განეწყნენ.

(უმცროს კლასებში) თუ მოსწავლეები დიდი დასვენების ან ფიზკულტურის გაკვეთილის შემდეგ შემოდიან, შესთავაზეთ დაიძინონ“ 2-3 წუთი. როგორც წესი, ეს აქტიურობის გრადუსს ამცირებს.

აუცილებლად ჩასვით გეგმაში მცირე ფიზიკური ატქივობა („ახტეს ის, ვისაც შარვალი აცვია. დაჯდეს ის, ვისაც დაბადების დღე მაისში აქვს“ და ა.შ.). რაც უფრო უცვეულო აქტივობა იქნება, მით უკეთესი. კიდევ უფრო საინტერესო იქნება, ეს ყველაფერი გაკვეთილის თემასთან თუ იქნება დაკავშირებული.

ასეთი „წუთების“ ჩატარება უფროს კლასებშიცაა შესაძლებელი. თავიდან ეს სიცილს იწვევს, შემდეგ კი თანდათან ერთვებიან ასეთ ამბებში და შეჯიბრებსაც აწყობენ.

წესი 10

თუ საგანი ჰუმანიტარულია, სცადეთ გარემოს შეცვლა. მაგალითად, ჩაატარეთ გაკვეთილი სუფთა ჰაერზე, მუზეუმში ან სააქტო დარბაზში.

წესი 11

შეგიძლიათ დაგროვებითი ქულების სისტემა შეიმუშავოთ. ამ შემთხვევაში, ქულა არა მხოლოდ ერთ პასუხში, არამედ გაკვეთილის ბოლოს ფიქსირდებაა, მთლიანი ქულა გროვდება გაკვეთილის განმავლობაში. მაგალითად, საშიანაო დავალების სწორად შესრულება – 2 ქულა, ადგილიდან სამი სწორი პასუხის გაცემა – 1 ქულა, დაფასთან სწორი პასუხის გაცემა – 3 ქულა. ეს კლასის შრომისუნარიანობას გაზრდის და ხმაურისთვის დრო აღარ დარჩება. შეიძლება ცუდი ქცევისთვის საჯარიმო ქულების დამატება.

ეს არ არის მარტივი, მაგრამ თქვენ ამით ინდივიდუალურ მიდგომას უზრუნველჰყოფთ, ჩამორჩენილებს აძლევთ შანსს რომ კარგი ქულა მიიღონ.

წესი 12

არასდროს იყვიროთ. თქვენ მაინც ვერ შეძლებთ 20-30 ადამიანზე უფრო ხმამაღლა ყვირილს. თვითონ ხმამაღალი ლაპარაკიც უსიამოვნო განცდას იწვევს.

წესი 13

გიყვარდეთ თქვენი საგანი. თუ თქვენ თვითონ ყვებით თემას აზარტით, საინტერესო ფაქტები მოგყავთ, თუ ყოველთვის მზად ხართ გაკვეთილისთვის, ცდილობთ მასალა გაამრავალფეროვნოთ, იგონებთ არასტანდარტულ დავალებებს, მოსწავლეებსაც „გადაედებათ“ თქვენი აზარტი.

და ბოლოს, რამდენი ხანიც არსებობს სკოლა, იმდენი ხანი არსებობს პრობლემა „ხმაურიანი კლასი“. სამწუხაროდ, პანაცეა არ არსებობს, მაგრამ არსებობს მტკიცე წესი: დისციპლინა საკლასო ოთახში იწყება მასწავლებლის თვითდისციპლინით. თუ თქვენ საკუთარ თავთან მკაცრი ხართ, დარწმუნებული ხართ საკუთარ ძალებში და საგნის მნიშვნელოვნებაში – ყველაფერი გამოგივათ!

 

მასწავლებელი როგორც მსხვერპლი

0

ბავშვები რომ ყველაზე მოწყვლადები არიან, საკამათოც არ არის. თანამედროვე ტექნოლოგიებმა გააადვილა მათზე ძალადობის გამოაშკარავება და, ალბათ, რეაგირებაც. მოზარდების ერთმანეთზე ძალადობის ამბავიც უამრავია. ბულინგი ის უკურნებელი სენია, რომელიც ყველაზე განვითარებულ ქვეყნებსაც კი სტკივათ და აწუხებთ.

 

* * *

90-იანებში პრესტიჟული სკოლის მოსწავლე ვიყავი, ახალგახსნილი ფასიანი სექტორის. ასეთ სკოლებში, ხომ იცით, როგორცაა – მასწავლებელმა ცალკე ხარისხი უნდა შეინარჩუნოს, ცალკე მშობელს უგოროს კოჭი, რადგან მშობელი „დამკვეთია“.

ფიზიკის ახალი მასწავლებელი წლის დასაწყისში მოვიდა სკოლაში. ახალგაზრდა კაცი იყო, ჩვენზე, ალბათ, ათი–თორმეტი წლით უფროსი. რაღაცნაირი ჩაკეტილი. ახლა ალბათ მის სახესაც ვერ გავიხსენებ. წვერი რომ არა, იქნებ სქესიც ვერ გამეხსენებინა.

უცნაური წესი ჰქონდა: ფიზიკის კაბინეტში იკეტებოდა და ზარის დარეკვამდე ერთი წუთით ადრე აღებდა კარს. ჩვენ გაბრაზებულები ვყურყუტებდით დერეფანში და ვილანძღებოდით.

აღარ მახსოვს, პირველად ვინ გაუბედა, ან იმან როგორ მოუთმინა, მაგრამ მალე სკოლაში ხმა გავარდა, რომ ფიზიკის მასწავლებელი შესვენებიდან შესვენებამდე ჩუკენობდა. ცხადია, გამოჩნდნენ გოგოები, რომლებმაც „საკუთარი თვალით დაინახეს“, ბიჭები, რომლებმაც ამის გამო „აგინეს“, მასწავლებლები, ამრეზით ყურება რომ დაუწყეს… ბოლოს ისე გავთავხედდით, ნიშნებსაც აღარ დაგიდევდით, აქაოდა, „ამ ავადმყოფის“ დაწერილ ან მაღალ, ან დაბალ ნიშანს რა აზრი აქვსო.

მასწავლებლების ამოჩემება, დაცინვა, წყობილებიდან გამოყვანა, თანამედროვე და პოპულარული ენით – ბულინგი, დიდი პრობლემაა სკოლებში. პედაგოგები თუ ძალადობენ მოსწავლეებზე, არც მოსწავლეები აკლებენ და საკმარისია, მასწავლებელი ერთხელ აიგდონ, რომ ვითარება შეუქცევადი ხდება.

რამდენი ასეთი „დაგვიბულინგებია“… ქიმიის მასწავლებელს, ვისი დაწერილი წიგნითაც ქიმიას ვსწავლობდით, ხმამაღლა ვუთხარი, გადაწერილი გექნებათ – თქვენ ხომ ქიმიისა იმდენივე გაგეგებათ, რამდენიც მე – კვანტური ფიზიკისა–მეთქი. ფიზკულტურის მასწავლებელს პერმანენტულად სცემდნენ ხოლმე უფროსკლასელები, თუ ის რამე „ზედმეტს“ იტყოდა. ქართულის ასაკოვან მასწავლებლებს დაფაზე კუბოს ვუხატავდით, ახალგაზრდებს – მზეს. გეოგრაფიისას ერთხმად ვაგინებდით (ხმაზე რომ არ ეცნო მაგინებელი), რუსულისას კი სომხურ ენაზე უხამსობებს ვეუბნებოდით.

სხვადასხვა სკოლის ამბებია, ცხადია, მაგრამ ნამდვილი.

მეც ვმუშაობდი სკოლაში და მინახავს, როგორ უტირიათ მასწავლებლებს სამასწავლებლოში. ამ ცრემლებს ისინი არც მოსწავლეებს და არც კოლეგებს არ აჩვენებენ ხოლმე, მაგრამ რაკი ადამიანები არიან, ტირიან. გული სტკივათ და ტირიან.

ზოგი ბავშვების ჩაგვრით „იცავს თავს“, ზოგი ამას ვერ ახერხებს და „მეგობრული“ უჭირავს, ბევრი კი მაინც იჩაგრება. ეს ბევრი ვიღაცის დედა, ცოლი, მამა, ძმაა. შინ ალბათ არ ჰყვებიან სკოლის ამბებს. იქნებ რცხვენიათ კიდეც.

 

ბავშვები დაუნდობლებიც არიან, რადგან მათი მორალური ფილტრი არაცნობიერ აგრესიას ვერ ფილტრავს.

მასწავლებლებისადმი აგრესია მეტწილად ოჯახში, მშობლების მიმართ არსებული სუბლიმირებული შიშის ან პროტესტის გამოხატულებაა. სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულებები, ცხადია, ოჯახებში დამალულ ნაღმებს ვერ გაანეიტრალებენ. ვერც მშობლებს აღზრდიან, რომლებსაც სკოლასთან თანამშრომლობაზე მეტად დაპირისპირება უყვართ. მასწავლებელი კი ხშირად სრულიად დაუცველია: ერთი მხრივ, მასზე ბავშვები ძალადობენ, მეორე მხრივ – კოლექტივი, რომელიც პედაგოგს სისუსტედ უთვლის ბავშვის „ვერდამორჩილებას“. კანონი კი იმდენად ბუნდოვანია, რომ მოსწავლის ხელაღებით გაგდებას კრძალავს და ისედაც, რომელ მასწავლებელს მოუბრუნდება ხელი, თუნდაც ყველაზე უზრდელი ბავშვი „გადასაგდებად“ გაიმეტოს?

ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ. შესაძლოა, დღეს ყველაზე კანონმორჩილი მოქალაქეებიც კი ოდესღაც ცელქი, დაუმორჩილებელი მოსწავლეები ყოფილიყვნენ. უფროსებისთვის თვალის ახვევას ბავშვები ადვილად ახერხებენ, განსაკუთრებით – როდესაც საქმე შვილსა და მასწავლებელს შორის არჩევანს ეხება. მაგრამ ბავშვი ყოველთვის არ არის ჩაგრული და, რა მძიმედაც უნდა ჟღერდეს, ხშირად სწორედ მასწავლებელს სჭირდება მისგან დაცვა (ამაზე ძალიან საინტერესო ფილმი – „ნადირობა“ – გადაიღო ტომას ვინტერბერგმა).

ერთ-ერთი ასეთი „დამბულინგებელი“ ვწერ და დამეჯერება.

 

…ჩემი ფიზიკის მასწავლებელი იმ სკოლიდან გადავიდა. რაღაცნაირად უხმოდ, უპრეტენზიოდ წავიდა. კლასის ჩაკეტვის მიზეზი კი ბანალური ყოფილა: როგორც გაირკვა, შესვენებიდან შესვენებამდე ლოცვანს კითხულობდა.

მე არ ვარ ჩვეულებრივი მასწავლებელი – ლადო აფხაზავა

0

„ყველას შეუძლია შეცვლა. როდესაც ამას ვამბობ, ვგულისხმობ ორ რამეს: პირველი- ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეცვალოს საკუთარი თავი, განვითარდეს და გახდეს უკეთესი; და მეორე – ყველას შეუძლია შეცვალოს მის გარშემო არსებული რეალობა” – ამბობს  ლადო აფხაზავა,  რომელიც წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა და წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტული მოიპოვა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო” არის გლობალური კამპანიის The global Teacher prize ნაწილი და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისთვის მათ გაცნობას. ლადო აფხაზავას 17-წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჩიბათში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. მისი პედაგოგიური რწმენა იმ მსოფლმხედველობას ეყრდნობა, რომ ცვლილებები იმ ერთი ადამიანიდან იწყება, რომელსაც აქვს ახალი ცოდნა და აღჭურვილია ამ ცვლილებების მოსახდენი საჭირო უნარ-ჩვევებით. ლადოც სწორედ ამ თვისებების გაღვიძებას ცდილობს თავის მოსწავლეებში  და სურს ისინი უფრო დამოუკიდებელ, ინიციატივიან  და საინტერესო ადამიანებად აქციოს.

გილოცავთ წლის  საუკეთესო  მასწავლებლის სტატუსს. რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება და  რას ცვლის ეს წარმატება თქვენს თემში?

მადლობა. ძალიან სასიამოვნოა, თუმცა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა და ვგრძნობ ამას, თანაც მარტო მე არა. ჩემთან ერთად იმ ათეულში გასულმა მასწავლებლებმაც გაიმარჯვეს და ისინიც ამ ყველაფერს გრძნობენ.  ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი საუკეთესო მასწავლებელია და ჩვენი გამარჯვებით მათი მოტივაცია გაიზრდება. შეძლებენ თამამად გაგვიზიარონ თავიანთი გამოცდილება, რაც, უპირველეს ყოვლისა, მომავალში ეროვნული ჯილდოს აპლიკაციის შევსებით გამოიხატება.  ჩემი თემისთვის, მუნიციპალიტეტისთვის ჩემი გამარჯვება კი დიდი მოულოდნელობა იყო. ისინი ჩემთან ერთად იზიარებენ ამ სიხარულს და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში კიდევ უფრო დამიდგებიან მხარში ახალი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელებაში.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი სამოქალაქო განათლების სწავლება? რა პრობლემებს ხედავთ ჩვენს საზოგადოებაში ამ კუთხით?

სამოქალაქო განათლება ხელს უწყობს ბავშვების პიროვნებებად და მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. სამოქალაქო განათლება ეხმარება მოზარდებს საკუთარი მიზნების განსაზღვრასა და რეალიზებაში, ავითარებს  კრიტიკულ აზროვნებას, ასწავლის გადაწყვეტილების შედეგზე პასუხისმგებლობას. სამწუხაროა, რომ მე და ჩემი თაობის ადამიანებს ეს საგანი არ გვისწავლია. შესაბამისად, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილიც არ ფლობს ამ ცოდნასა და უნარებს, რაც რეალურად აისახება კიდეც ცხოვრებაზე. დღესდღეობით სამოქალაქო განათლების სწავლა-სწავლება ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და ბედნიერ მომავალზეც აისახება.

როგორი იყო თქვენი სკოლის წლები და იმდროინდელი საგანმანათლებლო ატმოსფერო? დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით იმდროინდელ პედაგოგიურ მიდგომებს და ამის საფუძველზე თქვენ რის შეცვლას ცდილობთ?

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა და ზოგადად ცხოვრება ეყრდნობა იმ რწმენას, რომ ყველას შეუძლია შეცვლა. როდესაც ამას ვამბობ, ვგულისხმობ ორ რამეს. პირველი – ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შეცვალოს საკუთარი თავი, განვითარდეს და გახდეს უკეთესი; და მეორე – ყველას შეუძლია შეცვალოს მის გარშემო არსებული რეალობა. ეს მიმაჩნია მნიშვნელოვნად, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან ცვალებად გარემოში და ჩვენი ქვეყნის საზოგადოება ნიშანდობლივი ტრანსფორმაციის პროცესში იმყოფება. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ რაღაცის შეცვლა.

ამას მე მოსწავლეებთან იმით ვაღწევ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, თავიდან მცირე გამარჯვებებით ვაღვივებ მათში საკუთარი თავის რწმენას და რწმენას იმისა, რომ საკუთარი თავი და შენ გარშემო არსებული გარემო შენვე შეგიძლია შეცვალო უკეთესობისკენ. ახალი თაობა ამას ძალიან კარგად ითვისებს და ხდებიან ლიდერები. ძველი თაობისთვის  სკოლა იყო ადგილი, სადაც ცდილობდნენ შიში ჩაენერგათ და ისე ესწავლებინათ. მოსწავლეობის პერიოდში მქონდა მასწავლებლისა და  შეფასების შიში, შემდეგ კი სასჯელის შიში მშობლებისგან, სკოლის დირექტორისგან. ვერ ხედავდნენ, რას წარმოვადგენდი, ჩემზე  მსჯელობდნენ მხოლოდ ნიშნების მიხედვით. მეშინოდა  შეცდომის დაშვება, არაფერს მპატიობდნენ, არ გვასწავლიდნენ იმას, რომ შეცდომის დაშვება საჭიროც კი იყო, რადგან მხოლოდ ასე შეძლებ რამის სწავლას. ამიტომაც მინდოდა შემეცვალა ის, რაც ძალიან მაწუხებდა და შევცვალე კიდეც.

რატომ დაუკავშირეთ ცხოვრება და საქმიანობა სკოლას? რამდენად გააზრებული იყო ეს სურვილი? იცოდით თუ არა, სად მიდიოდით?

მასწავლებლობაზე მაშინ დავფიქრდი, როცა ეკონომიკური ფაკულტეტი დავასრულე და სოფელში ჩავედი.  მაშინ მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი პროფესიის არჩევაში. სკოლაში სწავლისას ბევრი რამ არ მომწონდა და ვერაფერს ვცვლიდი, თუმცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ მასვენებდა ფიქრი, რომ, თუ მასწავლებელი გავხდებოდი, შევძლებდი შემეცვალა ის, რაც მანამდე არ მომწონდა.

მშობლიურ სკოლაში მივედი სტუმრად და იქ დამხვდა მზადება სარაიონო „მანსაკანისთვის“,  თუმცა ვერ ახერხებდნენ სცენარისა და გუნდის ჩამოყალიბებას. სურდათ, გუნდის წევრები მხოლოდ ფრიადოსანი მოსწავლეები ყოფილიყვნენ. გავრისკე და ჩემს თავზე ავიღე  ეს გამოწვევა. მახსოვს,  მოსწავლეებს ვუთხარი, თქვენი ნებით ვინც აქ ხართ, დარჩით, სხვებს კი, როგორც გინდათ, ისე მოიქეცით-მეთქი. თითქმის ყველამ წასვლა გადაწყვიტა და ახალი გუნდი ჩამოვაყალიბე. მას შემდეგ 3 წლის განმავლობაში პირველობას არავის ვუთმობდით.

პირველად რელიგიის ისტორიის საგნის საშუალებით გავხდი მასწავლებელი და რაიონში 5 სკოლაში დავდიოდი, ყველა სკოლაში კვირაში ერთი დღით.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყო ჩემი ბრძოლა, გავმხდარიყავი მასწავლებელი, რომელიც შეცვლიდა არსებულს. 2003 წელს ჩემი სადამრიგებლო კლასის 20 ბავშვი დასასვენებლად  21 დღით  კურორტ აბასთუმანში წავიყვანე. კარგი საშუალება მომეცა არაფორმალურ გარემოში მათთვის ბევრი საინტერესო აქტივობა ჩამეტარებინა, რადგან ამ ყველაფერს სკოლაში არ მანებებდნენ. ცვლილებები ჩემი კლასიდან უნდა დამეწყო და დავიწყე კიდეც. ბავშვებმა ამ ყველაფერს პირობითად „ლადოს ბანაკი” დაარქვეს. ბანაკმა  9 წელი იარსება.  შემდეგ წლებში მასში არა მარტო ჩვენი სკოლის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ვარჩევდი სოციალურად დაუცველ, ობოლ ბავშვებს, რომლებიც იტანჯებოდნენ სხვადასხვა დაავადებით თუ სინდრომით; ლიდერ ბავშვებს, შეძლებული ოჯახის შვილებს და ვცილობდი, ისინი გამეთანაბრებინა და ყველა ლიდერ ბავშვად მექცია, რომლებიც თავიანთ სკოლაში თანატოლთა განმანათლებლები იქნებოდნენ. დავდიოდი მაშინდელ ორგანიზაციებში, რათა  ბავშვებისთვის საჭირო თანხა, 80 ლარი მომეპოვებინა და 21 დღე დამესვენებინა. პროგრამას ორი თვით ადრე ვწერდი და ვიკრებდი მოხალისე მასწავლებლებს.

 

რა არის თქვენი მოსწავლეების მისწრაფებები, რა აინტერესებთ მათ, თქვენ რა მიდგომები გაქვთ ისეთი რომლითაც მათ დააინტერესებთ?

ინფორმაციის საუკუნეში ვცხოვრობთ და შესაბამისად, ჩვენი მოსწავლეები ბევრ ინფორმაციას იღებენ. როცა სკოლაში მოდიან, თუ ისეთ რამეს შესთავაზებ, რაც არ დააინტერესებთ, შესაძლებელია გაკვეთილზეც არ  შემოვიდნენ. ამიტომ ვთვლი, რომ ახლა უფრო რთულია, იყო  ძლიერი და კარგი მასწავლებელი, ვიდრე რამდენიმე ათეული წლის წინ.

ბანაკებში მოსწავლეებთან ერთად ცხოვრების დროს ვაკვირდებოდი ბავშვებს, ვიკვლევდი მათ მოთხოვნილებებს, პრობლემებს, საჭიროებებს. ვაკეთებდი ჩანაწერებს სხვადასხვა შემთხვევაზე და ვიკვლევდი პრობლემას, რომლის ცოდნა მომცემდა მიმართულებას, თუ რა გამეკეთებინა სამომავლოდ.  მუშაობის პროცესში დავრწმუნდი, რომ ბევრმა მოსწავლემ  არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა, თუ მას სკოლაში რამე ცვლილების ან აქტივობის განხორციელების სურვილი გაუჩნდებოდა.

10 წლის წინ დავიწყე დემოკრატიული სკოლის პროექტის შექმნა, რომლის მთავარი მიზანი უნდა ყოფილიყო აქტივობები, რომლებიც უზრუნველყოფდნენ კომუნიკაციისა და ინტეგრაციის გაუმჯობესებას, რადგან მოსწავლეები ამ მხრივ თითქმის არ ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, მოქმედებდნენ განცალკევებით.

წამოვიწყე პროექტი „დემოკრატიული რევოლუცია“, რომლის მიზანი მოსწავლეთა  გააქტიურება, მათი იდეებისა და  ინიციატივების  რეალიზება,  კლასების თანაბარ სიტუაციაში კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა და მათ შორის ჯანსაღი კონკურენცია, დირექციასთან, კლასის ხელმძღვანელებთან, მშობლებთან,  ადგილობრივ და მოსწავლეთა თვითმმართველობასთან კომუნიკაციის გააქტიურებაა.

პროექტი, რომელიც უკვე  ჩვენს სკოლაშია დანერგილი, დიდი პოპულარობით სარგებლობს. ჩემს მოსწავლეებს აინტერესებს  დემოკრატია, აინტერესებს ის, რისი ცოდნის საჭიროებასაც წინასწარ დაუმტკიცებ და დაუსაბუთებ, თუ რაში, რა დროს დასჭირდება ამ ყველაფრის ცოდნა.

 

 

რას ცვლის ასეთი ტიპის პროექტები მოსწავლისა და თემის ცნობიერებაშიარის თუ არა, ეს შედეგები თვალსაჩინო?

სკოლაში, მართლაც, ბევრი პროექტი გაგვიხორციელებია. სხვადასხვა პროექტს სხვადასხვა მიზანი აქვს. ზოგიერთი პროექტით მოსწავლეებში სხვადასხვა უნარ-ჩვევები განვითარებას შევეცადეთ. სხვა პროექტებმა კი სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებასა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

ყოველივე ამან სკოლის საზოგადოებაც შეცვალა. ზემოთ უკვე ვისაუბრე ერთი ასეთი პროექტის შესახებ, რომელიც სკოლაში განვახორციელე და რომელსაც  „დემოკრატიული რევოლუცია“ ჰქვია, რომლის მეშვეობით ჩვენს სკოლაშიც  იგივე პროცესები ხდება, რაც სახელმწიფოში. ამიტომ ჩვენი სკოლა სახელმწიფოს პატარა მოდელია. ამ პროექტში ბავშვების გარდა, თემიც არის ჩართული. შესაბამისად, ბავშვებთან ერთად თემიც ვითარდება.

 

პირველად რომ გაკვეთილი ჩავატარე, ბავშვები გაოცდნენ. ვერ მიხვდნენ, რატომ ვათამაშებდი. მშობლებიც გაკვირვებული იყვნენ, რადგან ყავით, წვენებითა და ორცხობილებით დავხვდი მშობელთა კრებაზე.

 

მასწავლებლის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაზეც ვისაუბროთრა სჭირდება მასწავლებელს განვითარებისთვის? მასწავლებლის დაბალ მოტივაციაზე საუბრისას ერთერთ მთავარ მიზეზად ხშირად დაბალი ანაზღაურება სახელდება. ეს გადამწყვეტი ფაქტორია?

მხოლოდ მასწავლებლების ხელფასის მომატება სკოლის პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ძალიან დიდ მოტივაციას ქმნის, როცა სკოლის ინფრასტრუქტურა მასწავლებელს მოწესრიგებული და გამართული ხვდება. ასევე მნიშვნელოვანია, სკოლის ადმინისტრაციამ მოახერხოს პედაგოგების პიროვნული რესურსების სწორად გამოყენება და მიმართულების მიცემა, რათა ყველას მონაწილეობით შეიქმნას სკოლისათვის საჭირო და აუცილებელი განვითარების სტრატეგიული გეგმა, რომელშიც ყოველთვის შესაძლებელი იქნება ცვლილებების შეტანა.

 

მასწავლებლის პროფესიაზე ბანალურ განსაზღვრებებს რომ გავცდეთ, მაინტერესებს რითია ეს პროფესია თქვენთვის საინტერესო? რა ისწავლეთ, როგორც მასწავლებელმა 17-წლიანი საგანმანათლებლო პერიოდის განმავლობაში?

მე არ ვარ ჩვეულებრივი მასწავლებელი, რომელიც კმაყოფილდება მხოლოდ სტანდარტული გაკვეთილებით. სულით მაძიებელი ვარ და ვხვდები, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე ვერავინ გავა, თუ მხოლოდ სწავლების ტრადიციული მეთოდებით შემოიფარგლება. ეს იმიტომ, რომ საქმე 21-ე საუკუნის ბავშვებთან გვაქვს. მასწავლებლობა მაძლევს საშუალებას, ვეძებო სწავლების არაორდინალური გზები. ეს ყველაფერი ჩემთვის ექსპერიმენტია და მოსწავლეებისათვის სასიამოვნო პროცესი. ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ ამ სასიამოვნო პროცესით მოსწავლეები სწავლობენ თამაშით, სწავლობენ კეთებით, მე კი მათზე დაკვირვებით ვიზრდები, როგორც მასწავლებელი.

 

 

 

 

თვითმფრინავში საკითხავი

0

კონსულტაციაზე მისული პაციენტები ორმოცი წლის ექიმს, ხალიდ ჰოსეინის მის სადებიუტო რომანზე ავტოგრაფს სთხოვდნენ ხოლმე. „ფრანით მორბენალი“ მალევე გახდა ბესტსელერი და გაყიდულმა ეგზემპლარებმა მილიონებს მიაღწია. თუმცა ჰოსეინისათვის წიგნის გამოცემის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური შემთხვევა თვითმფრინავს უკავშირდება: რთული გადმოსაცემია ავტორის განცდა, როდესაც ის ხედავს, ფრენის დროს გვერდით მჯომი ქალი მის რომანს თავაუღებლად როგორ კითხულობს…

გაბრიელ ტანიე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გავიცანი, შემდეგ კი პრაღაში ვეწვიეთ და დაგვხატა კიდეც. მისი რომანი ჯერ წაკითხული არ მქონდა და შევპირდი, რომ უკანა გრძელ გზაზე, ფრენის დროს აუცილებლად გავეცნობი-მეთქი. თბილისამდე ორი თვითმფრინავის გამოცვლა გვიწევდა და მიუნხენის აეროპორტში ოთხი საათი ყოფნაც, შუალედში. სოციალურ ქსელში „ქანაანის შვილებზე“ ბევრს წერდნენ, თანაც ამ წიგნის წაკითხვა თითქმის ყველას მოგზაურობის ან დასვენების დროს მოუხდა. მისი კითხვა მეც, როგორც ავტორს დავპირდი, ჩასხდომამდე ცოტა ხნით ადრე დავიწყე. „ტანიეს ტბა ჩურჩულებს…“ – უნებურად წამოცდა უცნობ გერმანელ ტურისტს ხევსურეთში მოგზაურობისას.“ – საოცარ ეპიგრაფს თვალი რომ მოვკარი, მაშინვე მყუდროდ მოვკალათდი საკითხავად. რას წარმოვიდგენდი, რომ ამ წიგნის ნახევარი აეროპორტში იყო დაწერილი.

გაბრიელ ტანიე პრაღაში მოღვაწე მამა იოსებ გაჩავას ფსევდონიმია. როგორც ახლახან მის ინტერვიუში წავიკითხე, სადებიუტო რომანს ის ათათურქის აეროპორტში, მე-18-დან 21-ე გეითებს შორის იატაკზე მჯდომი წერდა. ერთხელ ნეაპოლში მივფრინავდი, გადაიდო ფრენა და 12 საათი ვიჯექი აეროპორტში, მგონი ორი თავი სწორედ იქ დავწერეო…

რომანი, რომელსაც ხშირად მოგზაურობისას კითხულობენ, მკითხველსაც მრავალ ქვეყანაში, განსხვავებული კონფესიის პერსონაჟებთან ერთად ამოგზაურებს. სხვადასხვა თავში მოთხრობილი ერთმანეთთან ერთი შეხედვით დაუკავშირებელი ამბები ადრე ნახსენები მწერლის – ხალიდ ჰოსიენის ბოლო რომანს – „მთებმა მთებს უთხრეს“ – მოგაგონებთ. კითხულობ წიგნს – როჰინგების, ინდუსების, პაკისტანელების ამბებს – და გგონია, რომ ეს მწერლის ხერხია – ადგილობრივ ქართულ პრობლემებზე სხვა ერების პერსონაჟებს ალაპარაკოს. საბოლოოდ კი ხვდები, რომ ყველანი ერთნი ვართ დედამიწაზე, ერთნაირი პრობლემები გვაწუხებს; ცხადად ხედავ, რომ მწერლობა მხოლოდ გამოგონილი ამბები არაა, ხანდახან გვერდით გახედვაც კმარა, საოცარი სიუჟეტები კი ერთი ხელის გაწვდენაზეა – როგორც პატარა, ისე დიდი ქალაქების ისტორიის ზედაპირზე. ერთი ისაა – კარგი დამწერი სჭირდება.

„ვერ ვახერხებ, აღარ გამაკვირვოს იმან, თუ რამდენად საინტერესოა ადამიანების ჩვეულებრივი ცხოვრება. ადამიანური სიმართლეების დაუსრულებელი წყება… ისტორიას მხოლოდ ფაქტები აინტერესებს, ემოციები გვერდით რჩება, არაა მიღებული მათი ჩართვა ისტორიაში. მე კი სამყაროს ჰუმანიტარის თვალით ვუყურებ და არა – ისტორიკოსისა. მაოცებს ადამიანი…“ – წერს ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი წიგნში „სექენდ ჰენდის დრო“. გაბრიელ ტანიეს რომანში გამოგონილი პერსონაჟების ცხოვრებას დოკუმენტური ფონი გასდევს (თუმცა, წიგნში უამრავი რეალური პერსონაჟიცაა). უბრალო ადამიანების თვალთახედვიდან, მათი განცდებით ვხედავთ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თხრობაში შემოჭრილი დოკუმენტური ნაკადი და ქართველი მკითხველისათვის ეგზოტიკური ადგილები კი შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. მწერლისთვის, როგორც ჩანს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების საკითხი. ერთ სოფელში, სადაც ბირმის კანონებით როჰინგებს განათლების მიღება კანონით ეკრძალებოდათ, ქვრივი ქალი პერსონაჟის – ფატიმას მიერ თვითნებურად გახსნილი სკოლაც ამის დასტურია. ნიშანდობლივია, რომ საბოლოოდ ბალახებში დამალული მოსწავლეები ხედავენ მოძალადეები მას და სკოლას ერთად როგორ დაწვავენ…

მრავალრიცხოვან პერსონაჟებს შორის რომანს ფატიმას გარდა სხვა ძალიან სახასიათო ქალი პერსონაჟებიც ჰყავს. ეს ქალები ხშირად ძალადობის მსხვერპლნი არიან. მათი სულისშემძვრელი ამბები თავდადების, დედობის, სიყარულის გასაოცარ მაგალითს იძლევიან. ამ ერთი შეხედვით დაჩაგრულ, გონიერ ქალებს გასაოცარი შინაგანი ძალაც აქვთ.

ძალადობა, ომი, ლტოლვილობა და ემიგრაცია კარგად ნაცნობია ქართველი მკითხველისთვის. ეროვნული გმირების როლი, პატარა ერების თავისუფლების საკითხი და მშვიდობის მუდმივი ძიება – წიგნში თანამედროვე მსოფლიოსათვის აქტუალური საკითხები იყრის თავს, რომელიც მკითხველამდე რამდენიმე ხერხით მოაქვს მწერალს: რომანში ჩართული პიესით, პირადი დღიურებითა და წერილებით, პირველ პირში თხრობით… მარადიული სამკუთხედის თემაც აქვეა, სასიყვარულო ხაზიც წიგნს ნატიფად გასდევს. თუმცა ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა დიქტატორის მონოლოგმა, ფიქრებმა კაცისა, რომელიც დელფინების სისხლით სავსე აუზზე სანებივროდ და სიცოცხლის წლების გასახანგრძლივებლად მცირე დერეფანს გადის, რომელიც სამსჯავროზე გასასვლელ გზასაც მოგაგონებთ. მწერალი შესანიშნავად ხატავს ადამიანის ფსიქოლოგიურ სურათს, აღწერს მის წარსულს და პერსონაჟის ტრანსფორმაციაც მკითხველის თვალწინ ხდება. როგორია დიქტატორის ცხოვრებისეული გზა, როგორ ჩამოყალიბდა ერთი მოკრძალებული, გაუნათლებელი ბიჭი მოძალადე, ექსტრემისტ მოლად, რა უცნაურ, გაუცხადებელ სიყვარულს ატარებდა რომის პაპის რჩეული პადრე გულში, რა გარემოებები ცვლის ადამიანს, როგორ შეიძლება შემობრუნდეს მისი ცხოვრება ისე, რომ შეხედულებები შეუცვალოს? – ამას რომანში თავად წაიკითხავთ. წიგნის ვერც ერთ პერსონაჟს ვერ შევრაცხავთ ხელაღებით უარყოფით ან დადებით გმირად. გაბრიელ ტანიე არც ერთ მათგანს არ სწირავს… ყველა წარმოჩენილია როგორც ვნებებითა და სისუსტეებით, ისე მიღწევებით და ისიცაა ნაჩვენები, თუ რა ფასად დაუჯდათ მათ ეს ყველაფერი. მწერალი პერსონაჟის ყველა მხარეს გვანახებს და მკითხველს დიდ საფიქრალს უტოვებს, თუ ვინ იმალება ამა თუ იმ დიდი, ცნობილი პიროვნების უკან. აღსანიშნავია, რომ რომანის პერსონაჟები არა მხოლოდ რეალური ისტორიული პირები არიან, გაბრიელ ტანიეს წიგნში კლასიკოსი მწერლებიც შემოჰყავს და გმირებიც სხვა რომანებიდან.

„ქანაანის შვილების“ ავტორმა ერთხელ საუბარში თქვა, ჩემს პერსონაჟებს წყალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთო. მართლაც, რომანის სიუჟეტი ტბასთან, მდინარესთან, ზღვასთან და ოკეანესთან ვითარდება. ტანიეს პერსონაჟი ნოე კი ბიბლიურ ნოეს მოგაგონებთ. საერთოდაც, მთელი წიგნი იწვევს ბევრ ალუზიას და ძველი აღთქმის პერსონაჟებსაც გამოიხმობს. ზღვასთან მიჯაჭვულობამ კი უნებურად ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გამახსენა…

მთავარი „ქანაანის შვილებში“ მაინც თავისუფლებისკენ სწრაფვაა, ქანაანის პოვნა. რომანის ოთხი გმირისთვის თავისუფლების სიმბოლო კაილაშის დათოვლილი მწვერვალის მსგავსი თეთრი ხომალდი აღმოჩნდება. მატერიალური თუ ფიზიკური სიდუხჭირის მიუხედავად წიგნშიც და ცხოვრებაშიც არსებობს კუნძულები, ნავსაყუდელი სულებისა და გულებისთვის, სადაც მაგიდას უსხედან სხვადასხვა ღმერთის მადიდებელი მეგობრები, ჩაის მიირთმევენ და ხელოვნებაზე საუბრობენ.

შესაძლოა რომანის სტრუქტურაში, აგებულებაში ბევრი სიახლე ვერ შენიშნოთ, თუმცა რაც მხოლოდ ამ ავტორს ეკუთვნის, ეს გულწრფელი სიყვარულია პერსონაჟების მიმართ. ამასთან უნდა აღინიშნოს ტექსტის დახვეწილი ენობრივი ქსოვილი და შესანიშნავი ეპითეტები თუ შედარებები. ჩემი აზრით, ქართულ ლიტერატურას აშკარად განსხვავებული ხმა შემოემატა – კოსმოპოლიტი (ამ სიტყვის ვაჟასეული გაგებით), მოსიყვარულე; სულიერების, მხატვრობისა და განმანათლებლობის ერთად დამტევი, რომლის სადებიუტო წიგნი ერთდროულად ჩამთრევიცაა, ინფორმაციულიც და ძალზე ემოციურიც. თითქოს ფოიერვერკი გადმოიფრქვა ტანიეს ნაწერიდან და მისი შემოსვლა ლიტერატურაში, კონკრეტულად კი რომანის ჟანრში, საკმაოდ ძლიერი და ხმაურიანი აღმოჩნდა – „ქანაანის შვილები“ გამოცემისთანავე იქცა ბესტსელერად. ქართული რომანები იშვიათად თუა გაფორმებული და ძალიან მომეწონა, რომ ამ წიგნს შესანიშნავი ილუსტრაციებიც ერთვის. ისინი წიგნის ავტორმა, ბერდია არაბულმა და ლიზი ლიკლიკაძემ შეასრულეს.

ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გირჩევთ თამამად შეცუროთ ხომალდ “Komandante“-თი უკიდეგანო ლიტერატურულ ოკეანეში.

literatura.ge – ოპტიკური ილუზიები  

0

2004 წლის ივნისში, როცა ვებგვერდი literature.ge აღმოვაჩინე, ის ერთი უსახური ადგილი იყო, უდაბნოს ფერებში. მარტივზე მარტივი დიზაინი, ლიტერატურული ჟანრების კომიკურობამდე მისული ჩამონათვალი, შოთა რუსთაველის სურათი ზედა მარჯვენა კუთხეში. იმ კაცის მოფიქრებულს ჰგავდა, ბავშვობაში წიგნების კითხვა რომ უყვარდა და ძველ სიყვარულს რაღაც აკლდამის მსგავსი აუშენა. დიახ, აქ მშვიდად უნდა განესვენა ლიტერატურას, რომელსაც, ვებსაიტის შემქმნელის წარმოდგენით, სიცოცხლე კარგა ხნის წინ დაესრულებინა. შოთა რუსთაველის სურათიც ერთმნიშვნელოვან მინიშნებად მოჩანდა – სინდისზე ხელი აიღე და წერ?

არ არსებობდა ის, რაზეც ვებსაიტზე შემთხვევით მოხვედრილი მკითხველი და მწერალი თვალს შეაჩერებდა. თუ მეტისმეტად მოცლილი იყავით და ჩამონათვალს ჩაუყვებოდით, აუცილებლად გადააწყდებოდით ორი-სამი მეტ-ნაკლებად ცნობილი ავტორის გვარს და სრულიად უცნობ უამრავ ავტორს. ცხადი იყო, რომ რამდენიმე კლასიკური ტექსტი ვებსაიტის შექმნიდან პირველ ექვს დღეში განეთავსებინათ, მეშვიდე დღეს კი ადმინს დაესვენა და მერე საბოლოოდ აეღო ხელი ქართული ლიტერატურის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი ძეგლების აკრეფაზე.

თავიდან დამაბნეველი იყო ეს უცნაურად ღია სივრცე, სადაც ტექსტის გამოქვეყნებისთანავე შენი გვარი ავტორთა სიას ემატებოდა და დღეში იმდენი ტექსტის გამოქვეყნება შეგეძლო, რამდენსაც მოისურვებდი. ყოველ წუთს გიწვევდა – გაიძულებდა, გამუდმებით გემტკიცებინა, რომ წერა შენი მთავარი საქმეა. ეიფორიით სავსე პირველი დღეები სწორედ ასეთი იყო – ახლად დარეგისტრირებული ავტორი ერთიანად აქვეყნებდა ყველაფერს, რაც კი ვებსაიტზე რეგისტრაციის დღემდე დაეწერა, შემდეგ კი წარმოუდგენელი სისწრაფით იწყებდა ახალი ტექსტების წერას და თითქმის ყოველდღე გამოქვეყნებას.

ვერც ერთი ლიტერატურული პერიოდული გამოცემის რედაქცია ვერ იქნებოდა ასეთი გახსნილი, ვერ დაუშვებდა ამგვარ უპირობო მიმღებლობას. ის, რაც თავიდან გვაცბუნებდა, შემდეგ ყოველდღიურ აუცილებლობადაც კი გვექცა: სულ ნაგავში ვიქექებოდით, მუდმივად რაღაცას ვეძებდით. ყველას თითქოს რაღაც შეგვეყარა: ვწერდით და ვწერდით. გაუთავებლად ვლაპარაკობდით ჩვენს ნაწერებზე, მუდმივად ვუსწორებდით ერთმანეთს, უცერემონიოდ ვერეოდით სხვის სამუშაო პროცესში, დაუნდობლად ვაკრიტიკებდით ყველაფერს, რაც ჩვენს ყურადღებას რაღაცით იპყრობდა.

წლების შემდეგ მეჩვენება, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს იყო – ავტორსა და მკითხველს შორის ყოველწუთიერი ურთიერთობის შესაძლებლობა, წარმოუდგენელი რამ ჩაკეტილ სივრცეებს ნაჩვევთათვის. ვებსაიტის სტრუქტურა რამდენადაც პრიმიტიული იყო, იმდენადვე – კომფორტული. საუბრის წარმართვა ერთადერთ სიბრტყეზე შეიძლებოდა, ყოველი ახალი პოსტი წინა პოსტის ზემოთ თავსდებოდა, ძველი პოსტები კი ავტომატურად იშლებოდა. მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული რაოდენობა რჩებოდა – ყოველი ახალი კომენტარის გამოქვეყნება რომელიღაც ძველი კომენტარისთვის საბედისწერო განაჩენის გამოტანას ნიშნავდა. ამდენად, შეგეძლო უშიშრად გეწერა – უმადურ შთამომავლობას არაფერიც არ დარჩებოდა.

ყველა ერთად ვლაპარაკობდით და ამ ლაპარაკში ყველაფერი ლიტერატურად იქცეოდა. სცენა – იგივე. მოქმედი პირნი – იგივე. ვქმნიდით რაღაც დრამატულ ნაწარმოებს, რომელსაც დასასრული ვერ ექნებოდა, რამდენადაც ნაწერი ყოველთვის იძლეოდა გაგრძელების შესაძლებლობას. სასაუბრო სივრცე თავისუფალი იყო ინტერნეტ-ფორუმებისთვის დამახასიათებელი ნევროზულობისგან: ერთი კვირის წინ ნათქვამს ვერავინ გაგახსენებდა და ვერც პოზიციის რადიკალურად შეცვლაში დაგდებდა ბრალს.

სამუშაო რვეული, შავი ფურცლები – უფრო ამას ჰგავდა literature.ge-ის სასაუბრო გვერდი. ყოველთვის იყო ვიღაც, ვინც შენს კითხვას პასუხობდა და ვიღაც, ვინც შენს კითხვას სხვაგვარად პასუხობდა და ვიღაც, ვინც შენს კითხვაზე პასუხებს სადღაც სხვაგან ეძებდა. ყოველთვის იპოვიდი მოხალისეს, ვისაც ნახევარი საათის წინ დაწერილ ლექსს წააკითხებდი და მოხალისეებს, რომლებიც იმ ლექსისგან აღარაფერს დატოვებდნენ – მარცვალ-მარცვალ გაარჩევდნენ და სტრიქონ-სტრიქონ ქარს გაატანდნენ… სისასტიკე, დაუნდობლობა, სიმართლის პირში თქმა – თითქოს ყველა შეთანხმებულიყო, რომ სიკეთის კეთება მხოლოდ ასე შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, კრიტიკული შენიშვნები ზოგჯერ მოუზომავიც იყო და გაუმართლებელიც, მაგრამ ავტორებისთვის ესეც კი უფრო სასარგებლო ჩანდა, ვიდრე მათი ნაწერების სადავო ღირსებებით არაგულწრფელი აღფრთოვანება.

რატომ ვწერ ამ ყველაფერს? მეჩვენება, რომ რაღაც ძალიან იშვიათის მომსწრე გავხდი, ქაოსის წიაღში ჩასახული მოწესრიგებული მოძრაობების, თითქმის სტიქიური მოვლენის, რომელმაც სახე იცვალა და რაღაც სხვად იქცა. ის გამოცდილება, რომელიც literature.ge-ის ავტორ-მკითხველების ნაწილმა 2004-2005 წლებში მივიღეთ, განუმეორებელი მგონია. სხვა პირობებში ამავე შედეგის მიღება ალბათ შეუძლებელი იქნებოდა. ეს იყო პირველი და ერთადერთი ვირტუალური ლიტერატურული სახელოსნო, სადაც ერთმანეთზე ზემოქმედებით ერთმანეთს ვზრდიდით, ბევრს ვმუშაობდით საკუთარ თავზე, რადგან მეტის გაკეთება გვინდოდა – ხანდახან იმაზე მეტისაც, ვისაც შეგვეძლო.

იმ დროს იმ ადგილას მოხვედრა ალბათ ერთგვარი გამართლება იყო. პირველი ორიენტირების მონიშვნის შესაძლებლობა, ყოველდღიური მუშაობის აუცილებლობის გაცნობიერება. დარწმუნებული ვარ, იმ წლებში რაღაც ნამდვილად ვისწავლეთ. დღეს literature.ge-ის ასლის, ზუსტად იმავე პარამეტრებით ლიტერატურული ვებსაიტის შექმნა სრულიად აბსურდული, არაფრისმომცემი წამოწყება იქნებოდა. ამიტომაც, არ ვლაპარაკობ literature.ge-ზე, როგორც დაკარგულ შესაძლებლობაზე. ის უფრო გამქრალი ადგილია, ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად სამუდამოდ გაუჩინარებული – ადგილი, რომლის მკვიდრთაც, შესაძლოა, ოპტიკური ილუზიების გარდა არც არაფერი უხილავთ.

 

ასაკი

0

დემეტრემ ამ ზაფხულს ერთი უცნაური ჩვევა შემოიჩვია: შინ თუ გარეთ, ნაცნობებსა და უცნობებს ერთი, ერთადერთი შეკითხვით აწუხებდა ხოლმე: „რამდენი წლის ხარ?“. თავიდან მეგონა – სხვებსაც ასე ეგონათ – ეს უბრალო ცნობისმოყვარეობის ამბავი იყო, მაგრამ დრომ გამოაჩინა, რომ დემეტრესთვის ეს ხერხი მხოლოდ გამოცნაურების ან სიმორცხვის დაძლევის საშუალება არ ყოფილა. შეიძლება თვითონ ვერ ხვდება და ალბათ არც სჭირდება ამაში ჩაღრმავება, მაგრამ მან ერთდროულად რამდენიმე კურდღლის დაჭერა შეძლო:

  1. თავისი თამაში იპოვა, რომლის გაყოფა-განაწილება სხვებისთვის (ძმებისთვის, მეგობრებისთვის) არ მოუწევდა;
  2. იმ რიცხვების გააქტიურების საშუალება მიეცა, რომელსაც თვეების განმავლობაში ხარბად ისრუტავდა და ყოველდღიური მარტივი მიმატება-გამოკლება და ამით უფროსებთან თავმოწონება უკვე ყელში ჰქონდა ამოსული;
  3. ნათესავ-მეზობელთა ასაკობრივი ბაზის შექმნის შემდეგ ისეთი რთული მოვლენების თავისებური ახსნა სცადა, როგორიც სიკვდილ-სიცოცხლის საიდუმლოა. ჩვენს სანათესაოში უხუცესი ადამიანის გარდაცვალებისთანავე – მისი სოლიდური ასაკი უკვე იცოდა – თავის დიდ ბებიას მიადგა და გადაწყვეტილად უთხრა, – მე მგონი ახლა შენი ჯერიაო.
  4. რამდენიმე ქალი და, სხვათა შორის, რამდენიმე მამაკაციც სახალხოდ შეარცხინა და გააწითლა, ვინაიდან მათ მყიფე საიდუმლოებას (ასაკის გაუმხელობის სურვილი) საქვეყნოდ მოჰფინა ნათელი.
  5. ის იშვიათი შემთხვევაც აღმოაჩინა, რომ ცოლ-ქმრის წყვილში ეს უკანასკნელი შეიძლება ყოველთვის არ იყოს ასაკით უფროსი, ზოგჯერ პირიქითაც შეიძლება მოხდეს. თუმცა რაღა აღმოჩენა ამას უნდოდა (დემეტრესთვის), ეს ისედაც პირველივე დღესვე შეიტყო დედ-მამის მაგალითზე.

ასაკის შეტყობისა და თარიღებისადმი მიძალება ჩემს ბავშვობასაც რეფრენივით გასდევს, მაგრამ მე ადამიანებთან კონტაქტს გავექეცი და შეიძლება ითქვას, ედგარ ლი მასტერსისეული გზა ავირჩიე – სოფელ ურთის სასაფლაოს ძეგლ-მემორიალების შესწავლა. ხელს ისიც მიწყობდა, რომ ჩვენს სოფელში მცხოვრებთა ძვალშესალაგი ახლოს იყო, უფრო სწორად, ჩვენს სახლთანაც ახლოს იყო და საფეხბურთო სტადიონთანაც, თორემ აბა რანაირად გავამართლებდი შინიდან გახშირებულ გამოსვლებს. ბებიაჩემი განათლებული ქალი იყო – „სტუმარ-მასპინძლის“ ის დრამატული ეპიზოდები ხომ იცოდა და დიდი ალბათობით „სფუნ რივერის ანთოლოგიის“ ქართულად თარგმნილი ფრაგმენტებიც წაკითხული ექნებოდა, მაგრამ არც მთლად მაგ ჭკუაზე გახლდათ, უფროსი შვილიშვილისთვის (მეგრულში მაკუჩხურ მოთა ჰქვია) სასაფლაოზე ხეტიალი დაენებებინა.

ჩემი კონსპირაცია ამართლებდა: არავის, მათ შორის არც ჩემს ძმას არ ვეუბნებოდი ამოჩემებული ვიზიტების ამბავს, სამაგიეროდ ცოტა ხანში სრულად შევისწავლე ბოლო ორმოცდაათი წლის განმავლობაში გარდაცვლილი ჩემი თანასოფლელების პირადი ქრონოლოგია; დაბადება-გარდაცვალების თარიღების შემეცნებას მალევე მოჰყვა ამა თუ იმ ადამიანის გარდაცვალების მიზეზთა მოკვლევა, და ამის გამო შეფარული გამოძიების ჩატარება – ჩემი სოფლის მცოდნე ხალხს სახელდახელოდ ჩამოვუგდებდი სიტყვას და რადგან ისედაც ცნობისმოყვარე ბიჭის სახელი მქონდა დაგდებული, არც არავის შეუტანია ეჭვი, საბოლოოდ რისთვის მჭირდებოდა ეს ყველაფერი. ბევრი რამ მეხსიერებაში დალექილი ამ ამბებიდან მოთხრობებსა და რომანებში გამოვიყენე – ადვილი არ ყოფილა მათგან გათავისუფლება, მინდოდა დამაჯერებლად მომეყოლა ის, რასაც მთელი ამ ხნის განმავლობაში ვინახავდი და არც არავისთან ვყვებოდი პირად საუბარში, რადგან ზეპირად გამხელილის დაწერა, დამეთანხმება საქმეში ჩახედული ხალხი, კაიძალი ტვირთია და შრომასაც მეტს მოითხოვს. ზოგჯერ კი ის უცნაურობაც შეიძლება მოხდეს, რომ შენმა მოყოლილმა აჯობოს შენს დაწერილს.

მაგრამ ეს უკვე სხვა ამბავია და სხვაგანაც წაგვიყვანს. ამას არც ვეპირებოდი თავიდან – უფრო იმის თქმა მინდოდა, რომ უცნაური შეკითხვებისა და ამ შეკითხვებს აყოლილი ბავშვებისა ნუ შეგვეშინდება. არც მშობლებს, არც მასწავლებლებს, არც… არც… ჰო, მოთხოვნებივით ჟღერს ეს შეკითხვები, რომელსაც მოუსვენარი, აზარტით დაქოქილი ბავშვები წარმოსთქვამენ, მაგრამ მათგან თავის დაღწევა და იგნორირება ნამდვილად არ იქნებოდა ღირსეული საქციელი. მით უმეტეს, საჩვენო ვარიანტით ჩანაცვლება, როგორსაც ერთხელ მეც შევესწარი – თბილისის წიგნის ფესტივალზე ერთ ცელქ ბიჭს ზლატან იბრაჰიმოვიჩის ავტობიოგრაფიული წიგნი უნდოდა, ცრემლებამდე მისული ხვეწნით არწმუნებდა დედას, დედა-მშობელი კი რომელიღაც მისი ბავშვობისდროინდელი კლასიკოსის წიგნს ტენიდა.

P.S. ცარიელი ასანთის კოლოფებს რომ ვაგროვებ და შენ გეცინება, რა იცი რისთვის ვაგროვებ და რა იცი, რომ ისინი ცარიელია, – ამბობდა ჩემი მეგობარი ტუსკია.

წიგნები, სივრცეები და ადამიანები

0

ერთ მრუმე და ნაცრისფერ დღეს უბნის ბიბლიოთეკას მივადექით. „ნეტავ რა ხდება შიგნით?“ – გავიფიქრე და რკინის გისოსებიანი კარი შევაღე, მერე – მინისა და შევედი. თან ორი ბავშვი მახლავს, ორივეს აინტერესებს, იქ რა ხდება, რამე საკბილოს თუ ვიპოვით. ბიბლიოთეკაში სხვანაირი სუნია და სხვანაირი ფერები. ფერები ცოტათი ამ მოღუშული დღისას წააგავს, სუნი კი ორივეს მოსწონს – ძველი წიგნების სუნიაო, ამბობენ და იმახსოვრებენ.

მას შემდეგ რამდენჯერმე ვესტუმრეთ იქაურობას და ორივე ბავშვი თავად არჩევდა თავისთვის ლიტერატურას. ახალი სივრცეების აღმოჩენა მათთვისაც ისეთივე საინტერესო თავგადასავალია, როგორიც უფროსებისთვის, მგონი, უფრო მეტადაც კი…

დიდი ხანია, ბიბლიოთეკით აღარ მისარგებლია. ბოლო წუთს გადავწყვეტდი ხოლმე, რომ საკუთარი წიგნები ჯობია და ბიბლიოთეკის ბარათი დიდხანს უსარგებლოდ მედო ჩანთაში. ბიბლიოთეკაში ვალდებულებებია: პირველ რიგში – დრო, რომელშიც უნდა ჩაეტიო და რომლითაც უნდა შემოიფარგლო, დრო კი ძნელი მოსაპოვებელი და სამართავია. მაგრამ ამჯერად ბავშვებისთვის მინდოდა წიგნების შერჩევა.

კედლებზე – ქართველი მწერლები, წმინდანები და ისევ წიგნები. თანამედროვე ლიტერატურას ვათვალიერებ. ორი სტენდი უჭირავს. ახალი წიგნები თვალსაჩინო ადგილას არის გამოფენილი და ცოტაა. უმეტესობა შინაც მაქვს. მას შემდეგ, რაც პირადი ბიბლიოთეკის შექმნას შევუდექი, საკმაოდ მოიყარეს თავი, წიგნის ფესტივალებმა კი პირადი ბიბლიოთეკის გამდიდრებას ხელი შეუწყო. მაგრამ სხვა საქმეა საბავშვო წიგნები, რომლებიც არასდროს გვყოფნის.

სამივე ვრეგისტრირდებით, ორი ბავშვი და მე. სიხარულით გვარეგისტრირებენ და გვეუბნებიან, რომ ეს მნიშვნელოვანია მათთვის. ბიბლიოთეკის გადასარჩენადაც და პირადად მათთვისაც… შემდეგ წიგნები გამოაქვთ, საბავშვო წიგნები – ფერადები და გაცვეთილები, მაგრამ ეს უმნიშვნელო დეტალია, საქმე ის არის, რომ ცოტაა ასარჩევად. ბევრი არ არის ისეთი წიგნი, რომელიც ილუსტრირებულიც იქნება და ადაპტირებულიც მცირეწლოვანი გოგონას მოსახიბლავად. ისინი ხომ უფრო მეტი ინტერესით გისმენენ, როცა ნახატებსაც აჩვენებ – გოგონას, რომელიც დათვების ქოხში შევიდა, კურდღელს, რომელიც ისე ირწმუნა საკუთარი თავისა, რომ კუმაც კი გაუსწრო, ბიჭუნას, გოგონას ჯადოსნური ქოთანი რომ მოპარა, კაცს, რომელიც ქარიან ამინდში ქუდს დასდევს და უკვე გურამ პეტრიაშვილის „პატარა ქალაქის ამბებამდეც“ მივედით და ამ სევდანარევ, ზღაპრულ სამყაროში გადავეშვით. ორ-სამ კვირაში თითქმის ყველაფერი გადავიკითხეთ და ბიბლიოთეკაში სიარულის ტრადიციაც დავნერგეთ, მაგრამ ორი-სამი წლის ბავშვებისთვის ადაპტირებული წიგნი ბიბლიოთეკას ცოტა აქვს…

მე კი იმის მოყოლა მინდოდა, რომ მცირეწლოვანს ბიბლიოთეკით არასდროს მისარგებლია. სამივე სახლში, სადაც ვიზრდებოდი და ცხოვრება მიწევდა, განსხვავებული წიგნები გვქონდა. წიგნი ბევრი იყო, მაგრამ ისეთი, რომელიც ვაშლის ხეზე საკითხავად აგიყვანდა – მხოლოდ ბაღდათში, ლამარა ბებიას სახლში. ბებიამ შვიდი შვილი გაზარდა. მის სახლში ყოველთვის იყო წიგნის კითხვის ტრადიცია და ნებისმიერი მკითხველი იპოვიდა თავისთვის საინტერესო ლიტერატურას.

ახლა კი იმ გადარჩენილ წიგნებზე მოგიყვებით, რომლებიც ნონას დამსახურებით გაფანტვას გადაურჩა და ისევ აწყვია ბაღდათის სახლის წიგნის თაროებზე. ნონა ჩემი დეიდაა, რომელიც წლების წინ კურორტ საირმის წიგნის მაღაზიაში მუშაობდა და უმეტესობა წიგნებისა, რომლებიც ჩვენი სახლის თაროებს და ბავშვობის მოგონებებს ამშვენებს, სწორედ მისი შეძენილია. არც იმას დაგიმალავთ, რომ ნონას მიმართ ყოველთვის ვგრძნობდი პროტესტს, მეჩვენებოდა, რომ ცერბერივით იცავდა თავის ბიბლიოთეკას და ყოველთვის ამოწმებდა, დავაბრუნეთ თუ არა წიგნი თაროზე, ამოწმებდა, რას ვკითხულობდით, იყო თუ არა საჩვენო… თუ არ მოეწონებოდა ჩვენი არჩევანი, გამოგვართმევდა წიგნს და სხვას მოგვაჩეჩებდა – აი, ეს წაიკითხეთ, სათქვენო ეს არისო. და მართლაც, ყოველთვის „საჩვენო“ წიგნი მოჰქონდა. ნონაზე უკეთ არავინ იცოდა, რა იმალებოდა პატარა მკითხველისთვის წიგნის თაროების მიუვალ კუნჭულებში და მგონი არც მასავით ეშინოდა ვინმეს, ასაკისთვის შეუსაბამო ლიტერატურას არ გადავყროდით. ამიტომ, როგორც კი თაროებზე წიგნის ძებნას შევუდგებოდით, ნონა სასწრაფოდ გამოაძვრენდა საიდანღაც „საჩვენო“ წიგნებს და გვეტყოდა: „აი, ეს მოგეწონებათ“. ჩვენც ვკითხულობდით: პატარა ჯადოქარსა და ვალპურგის ღამეზე, ნილსსა და გარეულ ბატებზე, დევიდ კოპერფილდზე, ბიულერბიუელ და სალტკროკელ ბავშვებზე. ვკითხულობდით და გვიყვარდებოდა ეს ამბები.

„იმ არეულობის პერიოდში“, როდესაც ბევრ სხვა რამესთან ერთად წიგნის მაღაზიებიც გაქრა, საირმის წიგნის მაღაზიაც დაიხურა და ბევრმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა სივრცემ არსებობა შეწყვიტა, ნონა ვერ შეეგუა წიგნებთან განშორებას და საკუთარი წიგნების დამცველი გახდა, ჩვენთვის კი – პირადი ბიბლიოთეკარი. ახლა, როდესაც ბაღდათის სახლში ჩავდივარ, საჩემო ლიტერატურა თან მიმაქვს. ნონა ყურადღებით ათვალიერებს ახალ წიგნებს და წუხს, რომ მსოფლიო ლიტერატურის სერიის შევსება ვერ მოასწრო. სხვა წიგნებზეც დარდობს, რომლებიც სახლში ვერ მოიტანა.

ყველა ადამიანს საკუთარი მედიუმი ჰყავს, რომელიც სხვადასხვა სივრცესთან აკავშირებს. ჩემთვის ასეთი შუამავალი წიგნებია, რომლებიც ცხოვრების ყველაზე ლაღ პერიოდში გადამისვრის, იმ განცდებსა და იმ მოგონებებთან, მეხსიერების სიღრმეებში რომ იმალება.

ეკოთამაშები გეოგრაფიის გაკვეთილზე

0

ტყის რესურსების დაცვა

მიზანი: მოსწავლემ განსაზღვროს საკუთარი ადგილი და მონაწილეობა ბუნებრივი რესურსების აღდგენის საქმეში.

საჭირო მასალა:  დიდი ფორმატის ქაღალდზე დაწერილი კითხვარი ხის შესახებ, ფურცლები, საწერ-კალამი, წამზომი, დიდი ზომის თასი (ჯგუფების რაოდენობის მიხედვით) და მიწის თხილი (თითოეული თასისთვის 16 ცალი), კითხვარი ხის შესახებ:  დაახლოებით რა სიმაღლისაა ხე? განიერია თუ ვიწრო? რბილი ხეა თუ მაგარი? სად იზრდება? (ქვეყანა, კონტინენტი, ადგილი); ბევრი ტოტი აქვს თუ ცოტა? რა ფერისაა ხე? როგორი ფორმის ფოთლები აქვს? რა ბინადრობს ხეზე? რა სჭირდება ხეს არსებობისთვის?

მსვლელობა:

წინარე ცოდნის გააქტიურება:  რა ვიცით ხეების შესახებ?

კლასი დაყავით წყვილებად, დაურიგეთ წინასწარ მომზადებული კითხვარი „ხის შესახებ“  და სთხოვეთ, რომ თითოეულმა დამოუკიდებლად შეავსოს. კითხვარის შევსების შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს უცვლიან ანკეტებს და ცდილობენ გამოიცნონ, რომელ ხეზეა საუბარი. შემდეგ ერთმანეთში ამოწმებენ პასუხების სიზუსტეს.

თამაში: „რესურსების დილემა“ (არჩევანი)

უთხარით მოსწავლეებს, რომ მათ ამ თამაშისას მოუწევთ არჩევნის გაკეთება.

აიღეთ დიდი თასი, რომელიც პირობითად ტყეს წარმოადგენს. ჩაყარეთ თასში თხილი. თითოეული თხილის მარცვალი ერთ ხეს შეესაბამება.

დაყავით კლასი ოთხკაციან ჯგუფებად და თითო ჯგუფს მიეცით „ტყე“-თასი 16 „ხით“ (ანუ 16 თხილის მარცვლით).

მოსწავლეებს გააცანით თამაშის ინსტრუქცია.

თამაშის მიზანია,  განსაზღვრონ, რისთვის სჭირდებათ ხეები და საჭიროებიდან გამომდინარე, ჯგუფმა რაც შეიძლება მეტი „ხე“ მოჭრას;

„ტყეში“ (თასში) მხოლოდ 16 „ხეა“ (თხილი), რადგან ეს არის „ტყის“ მაქსიმალური ტევადობა. ყოველი ოთხი მოჭრილი „ხისთვის“ თითოეული მოსწავლე ერთ ქულას მიიღებს. რაც უფრო მეტ „ხეს“ მოჭრიან, მით მეტი ქულა ეძლევათ. თამაშისას, მოსწავლეებს შეუძლიათ, მოჭრან ყველა „ხე“, მოჭრან რამდენიმე „ხე“ ან საერთოდ არცერთი „ხე“ არ მოჭრან;

მოსწავლეებს ეძლევათ ოთხი 20-წამიანი რაუნდი, როცა მათ „ხის“ მოჭრა შეუძლიათ. თქვენ ამცნობთ მათ რაუნდის დაწყებისა და დამთავრების დროს. თუ პირველი რაუნდის შემდეგ თასში „ხე“ დარჩება, მეორე რაუნდისთვის თითო დარჩენილ „ხეზე“ ერთი „ხე“ დაემატება. მაგ. თუ ოთხი „ხე“ დარჩა კიდევ ოთხი დაემატება, მაგრამ ყოველი ახალი რაუნდის დაწყების დროს „ტყეში ხეების“ რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 16 „ხეს“, რადგან „ტყე“ მეტს ვერ იტევს.

შემდეგ იგივე თამაში გაიმეორეთ უკვე 8-კაციან ჯგუფებში, რათა მოსწავლეებმა ნახონ, რა კავშირია მოსახლეობის რაოდენობის ზრდასა და ხეების მოხმარებას შორის. რაც უფრო იზრდება მოსახლეობის რიცხვი (ჯგუფის წევრების რაოდენობა), მით მეტი რესურსი (ამ შემთხვევაში ტყის რესურსი) სჭირდებათ.

თამაშის დამთავრების შემდეგ შეაჯამეთ კლასთან ერთად ჩატარებული აქტივობა: მაქსიმუმ რამდენი ქულა მიიღეს მოსწავლეებმა, ჯგუფებმა? რატომ ემატებოდა ხე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თასში (ტყეში) რამდენიმე ხე იყო დარჩენილი? (იმიტომ, რომ თუ ყველა ხე მოიჭრა, ხეები ვეღარ გამრავლდება). რომელი იყო საუკეთესო სტრატეგია ხეების მოჭრის დროს? (რვა ხის მოჭრა ყოველ რაუნდში).

შეჯამება

დასასრულ, მოკლედ შეაჯამეთ გაკვეთილი. უთხარით მოსწავლეებს, რომ ტყის რესურსების გამოყენებისას მეტად მნიშვნელოვანია მათ აღდგენასა და დაცვაზე ზრუნვა. სთხოვეთ მათ, კიდევ ერთხელ ჩამოთვალონ ის რესურსები, რომელთაც გაფრთხილება და აღდგენა სჭირდება (ტყე, წყალი, მიწა, ცხოველთა სამყარო).

ბოლოს, სახლში საშინაო დავალებად მიეცით, დახატონ პლაკატი და მოიფიქრონ სლოგანი, რომელიც ტყის რესურსების დაცვასა და აღდგენას ასახავს.

რეკომენდაცია:

მშობლებთან და სკოლის დირექციასთან ერთად თქვენ და თქვენმა მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეთ ხეები, ხეებს დაარქვით მოსწავლეთა სახელები და სთხოვეთ მათ, რომ თავიანთ მოსახელე ხეზე იზრუნონ.

სათაური: ბუნებრივი რესურსების გამოყენება

მიზანი:  მოსწავლემ შეძლოს, აღწეროს და გააცნობიეროს ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობა ადამიანისათვის.

საჭირო მასალა:  წამზომი, სასტვენი (საყვირი), 4-5 ცალი რგოლი ან სხვა რაიმე მრგვალი საგანი, დაახლოებით 40-მდე რბილი საგანი, რომელთაგან თითოეული ისე უნდა იყოს დანიშნული, რომ რაიმე ნივთს წარმოადგენდეს (თითოეულ სათამაშოზე სამაგრით დამაგრდეს ფურცლები წარწერებით, მაგ. შეშა, წყალი, საცხოვრებელი ადგილი, სამსახური, ადამიანები, განათლება, სამედიცინო მომსახურება, საწვავი რესურსები (ნავთობი, ქვანახშირი და ა. შ.), სუფთა ჰაერი, ლითონები, მიწა, სატრანსპორტო საშუალებები და ა. შ.).

მსვლელობა:

გონებრივი იერიში.

გაკვეთილი დაიწყეთ კითხვებით:

რა არის ბუნებრივი რესურსები? (ბუნებრივი რესურსებია ის, რაც ბუნებაში მოიპოვება, და რასაც ადამიანი თავისი არსებობისა და საქმიანობისთვის იყენებს).

როგორი ბუნებრივი რესურსები არსებობს? (ამოუწურავი და ამოწურვადი. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, არსებობს აღდგენადი და აღუდგენელი).

ბუნებრივი რესურსების გარდა, კიდევ რა სჭირდება ადამიანს, საზოგადოებას, ქვეყანას ნორმალური არსებობისა და განვითარებისათვის? (განათლება, სამედიცინო მომსახურება, საცხოვრებელი ადგილი, სისუფთავე და ა. შ.).

თამაში „ბრძოლა რესურსებისათვის:

დაყავით მოსწავლეები პატარა ჯგუფებად ისე, რომ ყველა ჯგუფში თანაბარი რაოდენობის წევრები იყვნენ. განუმარტეთ მოსწავლეებს, რომ თითოეული ჯგუფი არის გარკვეული ცივილიზაცია და მათ  არსებობისათვის მთელი რიგი საგნები სჭირდებათ, რომლებიც უნდა მოიპოვონ.

ერთი სათამაშო რგოლი მოათავსეთ სათამაშო ადგილის შუაგულში და მოთამაშე რგოლიდან ყველა თანაბარი მანძილის დაშორებით დააყენეთ. რგოლის შუაში დააწყვეთ რბილი საგნები.  სთხოვეთ მოსწავლეებს, რომ რგოლის ირგვლივ წრე გააკეთონ და აუხსენით, რომ მათი ამოცანაა რბილი საგნების თავიანთი გუნდის რგოლში მოთავსება, თუმცა გარკვეული წესების დაცვით.

გააცანით მოსწავლეებს თამაშის წესები: თითო მონაწილეს ერთ წასვლაზე მხოლოდ ერთი საგნის გადატანა შეუძლია; არ შეიძლება საგნების სროლა ან გადაგორება; არ შეიძლება რგოლში საგნების დასაცავად მოთამაშის დაყენება; მონაწილეებს საგნების მოტანა ნებისმიერი, თუნდაც სხვა ჯგუფის რგოლიდანაც შეუძლიათ.

წესების გაცნობისა და თქვენი ნიშნის შემდეგ მოსწავლეები იწყებენ თამაშს რამდენიმე რაუნდად.  თითო რაუნდი 30 წმ. გრძელდება. ყოველი რაუნდის შემდეგ მოაწყვეთ განხილვა, თუ რა მოიტანა ან შეაგროვა თითოეულმა გუნდმა თავიანთ „ცივილიზაციაში“ და რა აკლიათ. მაგ. წყალი, აქვთ ცუდი სანიტარული პირობები და ა. შ.

თამაში გაიმეორეთ რამდენჯერმე, სანამ მონაწილეები წარმატებულ „ცივილიზაციას“ არ შექმნიან. ეს კი მაშინ მოხდება, როცა გუნდები მიხვდებიან, რომ საჭიროა სავაჭრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და რესურსების გაცვლა, გაზიარება, ყიდვა-გაყიდვა ერთმანეთისგან რესურსების მოპარვის ნაცვლად.

შეჯამება:

თამაშის დასრულების შემდეგ, სთხოვეთ მოსწავლეებს უპასუხონ კითხვებს:

მათი აზრით, რატომ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს რესურსების მოპოვებაში? (რესურსების არსებობა ქვეყნის განვითარების, ეკონომიკური ძლიერების, ადამიანთა კარგი ცხოვრების საფუძველია).

რომელი რესურსების მოსაპოვებლად დაიწყეს ბრძოლა დასაწყისში? (თვლიან იმ რესურსებს, რომლებიც სულ პირველად მოიპოვეს).

რომელი რესურსებია ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის? (მაგ. წყალბადის რესურსები).

ერთმანეთთან შეჯიბრით შესაძლებელია მიზნის მიღწევა? (არა).

როგორ შეიძლება მიზნის მიღწევა? (თანამშრომლობით).

 

 

ვიდეობლოგი

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- სტატიები განათლების საკითხებზე

ჟურნალ „მასწავლებლის“ თითოეული ნომრის მომზადებისას, ცხადია, ვფიქრობთ მასწავლებელზე და იმ საჭიროებებზე,რომელთა წინაშეც ის ახლა დგას. ვფიქრობთ მასწავლებელზე, რომელიც ჩვენგან დამოუკიდებლადაც ფიქრობს, როგორ მოემზადოს გაკვეთილისთვის, რა...